სიცრუის სადგური 3
*** ერთი კვირის შემდეგ სოფი მესხს სამსახურში აუხსნეს, რომ რესტორნის მთავარი მეწილე მუსიკალურ გაფორმებას სხვა ხედვით ანაცვლებდა და ვიდრე მისი კანდიდატურის დარჩენის საჭიროებაში არ დაარწმუნებდნენ, დროებით უნდა დამშვიდობებოდნენ. როდესაც ფინანსური გამართულობა ასე ძალიან ესაჭიროებოდა, სწორედ მაშინ დაიწყო ბედის ბორბალმა დაჩქარებულად წაღმა ტრიალი. ახალი ამბავი ძალიან არ ესიამოვნა, მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა. გამომუშავებული თანხა აიღო და რესტორნის თანამშრომლებს დაემშვიდობა. ორი კვირის თავზე კვლავ გამოისახა იმედის სხივი- სამსახური სხვა რესტორანში დაიწყო და ფინანსური კრიზისის აღმოფხვრისთვის ოდნავი შვება იგრძნო, თუმცა მისმა ბედნიერებამ იქაც ცოტა ხანს გასტანა. უმუშევრად დარჩენილმა მუსიკოსმა ბოლოს ისღა მოიფიქრა, რომ კერძო მოსწავლეებთან კარდაკარ დაეწყო სიარული და მუსიკალურ სამყაროში თავის დამკვიდრება და პროფესიული დახელოვნება მომავლისთვის გადაედო. გაზეთებში გაუჩერებლად გამოქვეყნებული განცხადებების შედეგად მხოლოდ ორი მოსწავლე გამოუჩნდა, მაგრამ უკიდურეს მდგომარეობამდე მისულს, რომლისთვისაც შიმშილი უცხო არ იყო, იმ დროისთვის სრულიად აკმაყოფილებდა. ერთ დღეს სახლში დაბრუნებულს კართან ყვავილების თაიგული დახვდა. გაოცებისგან მიმოიხედა, ვერავინ დაინახა, ყვავილებში მოთავსებული ბარათი ამოიღო და წაიკითხა: -„სოფი მესხს უცნობი თაყვანისმცემლისგან.“ თაიგული სახლში შეიტანა და ლარნაკში ჩადო, ბარათი კი, ხელში დაჭმუჭნა და ნაგავში მოისროლა: -„უცნობი თაყვანისმცემლისგან“- გაიმეორა და ცოტა ხნით ჩაფიქრდა, მაგრამ ეჭვი რომ ვერავიზე მიიტანა, გონება ფიქრისგან აღარ გადაღალა და ყურადღება სადილის მომზადებაზე გადაიტანა. - ჩვენს დელიკატესებს შევხედოთ და რამე ძაან გასული საჭმელი გავაკეთოთ,- საკუთარ თავს დასცინოდა და მაცივრის თაროებს უიმედოდ ათვალიერებდა, სადაც რამდენიმე კვერცხი, ფსკერამდე დასული ზეთის ბოთლი, ნახევარი ქილა მარწყვის ჯემი და ბოსტნეული მოიძებნებოდა. კვერცხი მოსახარშად გაზქურაზე შემოდგა და სალათის დაჭრა დაიწყო. უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა და მეზობელმა დატოვებული კონვერტი შეაჩეჩა ხელში: -ეს კონვერტი დატოვეს და მთხოვეს, შენთვის გადმომეცა. სახლში არ იყავი და... სოფიმ ქალს კონვერტი გამოართვა და დამტოვებლის ვინაობა ჰკითხა. -ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, მგონი რომელიღაც კომპანიის კურიერი იყო. ზუსტად აღარ მახსოვს რა სახელი მითხრა. -თავად აღნიშნა, რომ კურიერი ვარო? -დიახ, ასე თქვა. -როგორ გამოიყურებოდა? -მაღალი, შავგვრემანი და გამხდარი ბიჭი იყო. ასაკით პატარა ჩანდა. ალბათ, სტუდენტი იქნებოდა. -გასაგებია, გმადლობთ,- მშვიდად მიუგო და როგორც კი მეზობელი გაისტუმრა, კონვერტი გახსნა. იქ ოპერისა და ბალეტის თეატრის ორი ბილეთი იდო, რომელიც მუსიკალურ საღამოს უკავშირდებოდა. -საინტერესოა ვინ დგას ამ საჩუქრის მიღმა,- გაიფიქრა და ბილეთები დაკვირვებით შეისწავლა. რამდენიმე დღეში ილანასგან გაიგო, რომ აღნიშნულ კონცერტში იღებდა მონაწილეობას და ასე საჯაროდ პირველად უნდა წარმდგარიყო ისეთი სერიოზული მაყურებლის წინაშე, რომელსაც ოპერისა და ბალეტის რეგულარულად მოსიარულე სტუმარი ერქვა. დაპირდა, აუცილებლად მივიდოდა და ასეც მოიქცა, აღნიშნულ დროს, აღნიშნულ ადგილას ბავშვობის მეგობართან ერთად გამოჩნდა და დარბაზში ცნობისმოყვარე მზერით შევიდა. ეგონა, საჩუქრის ავტორს მიაგნებდა, მაგრამ ამაოდ. არეულ მსმენელებში ისეთი ვერავინ შეამჩნია, რომელზეც ეჭვს მიიტანდა. კონცერტი დაიწყო. დიდმა მაესტრომ, ლევან მდივანმა აღტაცებით წარუდგინა იქ მყოფთ ახალი პიანისტი, ნუცა მალიძე და ორკესტრს სადირიჟოროდ ჩაუდგა. -არამზადა კაცი! როგორ ვერ ვიფიქრე? შენი მოწყობილი უნდა იყოს ეს აურზაური, რომ კიდევ ერთხელ გამამწარო,- სიტყვები გონებაში გაივლო და უცნაურად აწრიალდა. სოფის გულში ეკალივით ესობოდა სახეგაბადრული, ლურჯ კაბაში გამოწყობილი ნუცას ფორტეპიანოსთან ხილვა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა. ვიდრე მუსიკა დარბაზში ვრცელდებოდა, ძლივს უძლებდა თავს დამტყდარ სატანჯველს და ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს ცოცხლად ატყავებდნენ და შიგნეულობას აცლიდნენ. -უკაცრავად,-მოუბოდიშა მეგობარს და ტუალეტისკენ გაიქცა. იქ შესვლისთანავე სარკესთან მყოფ ქალებს გვერდი აუქცია, კაბინაში ჩაიკეტა და ცრემლებს თავისუფლად გადმოდინების საშუალება მისცა: -რისთვის ღმერთო, რისთვის? -წაიჩურჩულა, ხელის გული შუბლზე მიიბჯინა და ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, რომ უჰაერობისგან არ დამხვრჩვალიყო. როცა მომჯობინდა, მაკიაჟი შეისწორა და ნაძალადევად დაყენებული მშვიდი სახით დაბრუნდა დარბაზში. ლევან მდივანისთვის და ნუცა მალიძისთვის რომ არ ეყურებინა, ილანას სახე ამოიჩემა და მთელი წარმოდგენის განმავლობაში თვალი არ მოუშორებია. საღამოს დასასრულს მეგობარს ფოიეში დაელოდა და როგორც კი ილანას მოჰკრა თვალი, შურდულივით გავარდა მისკენ: -უნდა მოგკლა. -რა დავაშავე? -ხომ იცოდი, რომ ნუცა მალიძეს ვერ ვიტან. რატომ არ მითხარი, რომ ისიც იღებდა მონაწილეობას? -ჩემი პირველი გამოსვლა იყო. დავიჯერო, მეგობრის გულისთვის ნუცა მალიძის ყურებას ვერ აიტანდი? -ავიტანე, მაგრამ რის ხარჯზე? -ძლიერი გოგო ხარ. ვიცოდი, რომ გაუძლებდი. -ჩემგან ყველა მხოლოდ მოთმინებას და ატანას ელოდება. იმაზე არავინ ფიქრობს, რას ვგრძნობ და როგორ ვინგრევი. -დროა, სინამდვილეს თვალები გაუსწორო. -ვუსწორებ, მაგრამ მიღება არ მინდა, გესმის? უსამართლობის მიღება არ მინდა! -ნუცა მალიძის გამო, სოფი მესხმა რატომ უნდა შეწყვიტოს გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა? ეს იგივეა ჩემთვის, რაც ორ მხატვარში ერთ-ერთს მეორე სძულდეს და ამის გამო ხატვაზე უარი თქვას. -მუსიკაზე უარს არ ვამბობ, უბრალოდ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ სიარულს მაიძულებენ. აი, ეს არის პრობლემა და სიბინძურე, რაშიც ახლა მიწევს არსებობა. -სოფი, ასე თუ გააგრძელებ, ფსიქოლოგიურად არამდგრად პიროვნებას დაემსგავსები. -ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასე არ მოხდეს. სხვებისგან განსხვავებით, სუსტი არ ვარ. -ზოგჯერ ძლიერებსაც ღალატობთ ნერვები. -ჩემზე არ იდარდო, ყველაფერს გავართმევ თავს. -ცუდად არ გამიგო, გთხოვ. -არ გიგებ. ვიცი ასე რატომაც მოიქეცი და შენი პირდაპირობის ამბავიც არ მესწავლება, მაგრამ სიმართლე რომ დამიმალე, მეწყინა. -მაპატიე. არ მეგონა, თუ ასეთი მწვავე რეაქცია გექნებოდა. -შენ როგორ რეაქციას ელოდებოდი? ავღფრთოვანდებოდი? -არა, ეგ არ მიგულისხმია. მეგობრების დიალოგი ლევან მდივანის გამოჩენამ შეწყვიტა: -ძალიან კარგად გამოხვედი, თავისუფალი იყავი და ბუნებრივი. -დიდი მადლობა, ბატონო ლევან,- მოწიწებით უთხრა გოგონამ და გაუღიმა. მამაკაცმა იქ მდგომ სოფის თვალი აარიდა და შენობის გარეთ გავიდა. -მე წავალ, გილოცავ წარმატებულ გამოსვლას. კიდევ ბევრი მომელოცოს. ბოდიში, მაგრამ ვეღარ გავჩერდები, მელოდებიან, - წარმოთქვა სოფიმ და ბავშვობის მეგობარს დაუწყო ძებნა. *** კონცერტის შემდეგ ლევან მდივანი და მეგობრები ერთად შეიკრიბნენ. ვიდრე საერთო მხიარულება კიდევ უფრო დიდ ლხინში გადაიზრდებოდა, ლევანის ახლო მეგობარი და ოპერისა და ბალეტის თეატრალური ხელმძღვანელი, დათო მდინარაძე ეზოში მაყალზე მწვადს წვავდა და მაესტროს ახალ პიანისტზე ესაუბრებოდა: -ლევან, სიმართლე გითხრა, ჩვენი ახალი პიანისტით დიდად ვერ მოვიხიბლე. -რატომ? რა ხდება? -სხვანაირად არ გამიგო, შენი და კონსერვატორიის კომპეტენტური თანამშრომლების აზრს პატივს ვცემ, მაგრამ მეგის შემდეგ ეს გოგო ვერ მივიღე. -მართლა? ძალიან მიკვირს. -ცუდი არ არის, შეიძლება ახალია და მერე უკეთესად გაართვას თავი, არ ვიცი, მგონი იმის ბრალია, რომ მეგის შესრულების მანერას მივეჩვიე, მაგრამ მომეჩვენა, თითქოს ცალკე მდგომ კუნძულზე ის იჯდა, დანარჩენები -აქეთ ისხდნენ. დღეს ორკესტრი ვერ აღვიქვი ერთსულოვნად. -მესმის, რასაც ამბობ. ჰო, ახალია და როცა მოგვეჩვევა, ბევრ რაღაცას დაამუღამებს. პირველი გამოსვლის კვალობაზე ნორმალური იყო. -აი, მაგაშია სწორედ საქმე. ორკესტრს ნორმალურობა არ უხდება. ის უნდა იყოს არანორმალური, გესმის? სიგიჟე უნდა იყოს, გადამდები ეიფორია, სადაც ყველა ინსტრუმენტის ხმა ერთხმოვნად, ტკბილხმოვნად ან რაც გინდა ის დაარქვი, ისე უნდა ერეოდეს ერთმანეთში, ან რას გიხსნი? მეც კაი ვიღაც ვარ, თითქოს შენ თვითონ არ იცოდე. -არ იჯავრო, მივხედავთ მაგ საქმეს. ყველაფერი რიგზე იქნება. -იმედი მაქვს, თორემ დღევანდელი საღამო ნააჰ, პიანისტის ამბავში მოიკოჭლებდა, - სახე დაეჯღანა დათოს და შამფურები გადაატრიალა. იმ საღამოს არა მხოლოდ პიანისტის, არამედ დანარჩენი ახალი წევრების შესახებაც გაიჟღერა პროფესიონალების აზრმა და რატომღაც ყველა ერთ აზრზე იდგა - ნუცა მალიძეს იდეალურ კანდიდატად არცერთი მოიაზრებდა. ლევანიმაც იცოდა, რომ ნუცა საშუალოზე მაღალი დონის მუსიკოსი იყო, თუმცა არა მაღალი დონის, რომელსაც ორკესტრი ორგანულად შეირწყამდა. უკან ვეღარ დაიხევდა, საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა და მზად იყო, ახალი წევრისთვის საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე დაწვრილებით აეხსნა და ესწავლებინა ყველა ის დეტალი, რაც მაგალითად, სოფი მესხთან არ დასჭირდებოდა. *** იმ ღამით სოფიმ პიანინოსთან გაათენა. სევდიანი რეპერტუარი ამოიჩემა და ნაღვლიან განწყობას ყველაზე მეტად ავსტრიელი გენიოსის, მოცარტის ნაწარმოებები მოარგო. ღამემ ციდან ნელი ტემპით იწყო გადასვლა და მზის სხივებს მისცა ციალისთვის ასპარეზი. კლავიშებზე მიძინებულს სიზმრად კარნეგი ჰოლი წარმოუდგა. მისით აღფრთოვანებული პუბლიკა სოფის სამყაროში შეჭრილიყო და არცერთს აღარ უნდოდა იქაურობის დატოვება. ლამაზი იყო მისგან შექმნილი მუსიკალური სამყარო, ჰაეროვანი, ფერადი, გადარეული, მკაცრი, მოსიყვარულე, სასურველი, ლმობიერი, ცივი, თბილი და ყველანაირი. ყურებში ჩაესმოდა მქუხარე ტაშის ხმა, შეძახილები და საოცარი ენერგიით ივსებოდა. არაჩვეულებრივი განცდა იყო გამოსვლა კარნეგი ჰოლში - იქ, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები იყრიდნენ თავს. ყვავილებს ხელში ვეღარ იტევდა და როიალზე, ზოგსაც სცენაზე აწყობდა. მოულოდნელად, ყვავილებმა ჭკნობა იწყეს და შავი ფარდა ჩამოეფარა ყველაფერს. გოგონა დაიბნა და შეშინდა. საშინელმა ემოციამ გააღვიძა: -მგონი უკვე ვგიჟდები,- ჩაილაპარაკა და ძილბურანში მყოფი საძინებლისკენ გაემართა. *** შუადღე იყო, როდესაც ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ეკრანს დახედა და ილანას ნომერი რომ დაინახა, მაშინვე უპასუხა. -სოფი, ბოდიში მინდა მოგიხადო. კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, ცუდად გამომივიდა. ჩემი ინტერესები პირველ ადგილას დავაყენე, მაგრამ გეფიცები, გამიზნულად და ბოროტულად არ გამიკეთებია, თავისთავად მოხდა. -თავს ნუ იმართლებ, შეუცდომელი არავინ არის, ყველაფერი ხდება. -იმედი მაქვს, ამით ჩვენს მეგობრობას საფრთხე არ დაემუქრება. -სისულელეების ლაპარაკს მოეშვი. უბრალოდ ის დაგანახე, მე რაც ვიგრძენი. შენთან კამათს მეტი არაფერი სარჩული არ ედო. -მესმის და ვნანობ. -მორჩი თავის დადანაშაულებას. აღარ არის საჭირო გართულებები. -მოხვალ ჩემთან? დედაჩემმა შენი საყვარელი შოკოლადის პუდინგი გააკეთა. -დღეს კერძო გაკვეთილების დღე მაქვს, მოსწავლეებს ვამეცადინებ და აუცილებლად გესტუმრებით. მეგობრებმა საათი დათქვეს და დიდხანს აღარ გაუგრძელებიათ ბაასი, სოფი ილანასთან ლაპარაკის დროს მიღებული შეტყობინების კითხვას შეუდგა, სადაც მოსწავლის მშობელი მოწიწებით და ფრთხილად შერჩეული სიტყვებით სწერდა, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო, მუსიკის გაკვეთილების გაგრძელებას აღარ აპირებდნენ. -ძალიან გაგიტკბა ჩემთან თამაში, იღბალო. დედაც ვატირე მე შენი,- ამოიგმინა და გაშლილი ხელის გული დასცხო კედელს. *** საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც სოფი ილანას სახლის კართან იდგა. -როგორ გამახარე, რომ მოხვედი. ერთი დიდი ლამბაქი შოკოლადის პუდინგი მაქვს შენთვის!- ილანამ სიყვარულით შესცინა მეგობარს. -ერთადერთ რაღაცაში გამიმართლა ცხოვრებაში, მეგობარი ისეთი შემხვდა, როგორსაც ვიმსახურებ,- მთელი გულწრფელობით თქვა სოფიმ და ილანას დედისკენ წავიდა გადასაკოცნად. ერთმანეთის თბილად მოკითხვა რომ დაამთავრეს, შინ მომზადებული ნუგბარის დასაგემოვნებლად სამზარეულოში გავიდნენ. -ეს მე უნდა შევჭამო? სად უნდა ჩამეტიოს? -მუცელში,- გაეცინა ილანას. -მკლავ, ჰო? -დიახ, უნდა ჩაგაძაღლო. -რას მერჩი? -შოკოლადის პუდინგით არავინ კვდება. ასე, რომ აღმართეთ ეგ ჯადოსნური კოვზი თქვენი ლამაზი თითებითა და გაიქანეთ პირში,- ხუმრობის ხალისზე მოვიდა ილანა. -რას მიკეთებ, ადამიანო? გავსუქდებიიი. -მორჩი წუწუნს. აბა, თვალები დახუჭე და თქვი აამ...- თავისი ხელით ამოიღო პატარა კოვზით პუდინგი და ტუჩებთან მიუტანა. -აამ...- გაიმეორა სოფიმაც. მეგობარმა დრო იხელთა და თვალებდახუჭულ გოგონას ცხვირ-პირი შოკოლადის პუდინგით გაულამაზა. -ვაიმე, არ არის ეს ჭკუათმყოფელი. უშველოს ვინმემ რამე,-ხელსახოცით მოიწმინდა გამხიარულებულმა სოფიმ დათხვრილი სახე,- ვალი უნდა დაგიბრუნო,- სოფიმ მზაკვრულმა აზრებმა დაუწყეს ლიცლიცი და რამდენიმე კოვზი პუდინგი ხელის გულზე დაიდო, კარგად გაიზილა მეორე ხელზეც და აკივლებულ ილანას მთელი სახე მოუსვარა. გოგოების კივილზე ილანას დედა სამზარეულოში შევარდა: -შევხედავ ამ ორს და ვიტყვი, გაიზარდნენ-მეთქი, თვალს მოგარიდებთ და ბავშვებივით იქცევით. -მე არაფერ შუაში ვარ, ამან დაიწყო,- სოფიმ თითი გაიშვირა მეგობრისკენ და გადაბჟირებულ, პუდინგში ამოგუნგლულ მეგობრის ცქერისგან სიცილს ძლივს იკავებდა. -კარგი, დანარჩენი მენანება, ვერ გავიმეტებ შენთვის. წამოდი დავიბანოთ და ზრდასრული ადამიანებივით დავაგემოვნოთ,- ფეხზე წამოდგა სოფი. ვიდრე გოგონები სააბაზანოში იყვნენ და ხორხოცობდნენ, ამასობაში მეორე მოსწავლის მშობელმა დარეკა. სოფი აწკრიალებულ ტელეფონს ეცა და წამოწყებული მხიარულება ერთიანად ჩაშხამდა. -რა მოხდა?- მეგობრის ცვლილება ილანაზეც გადავიდა. -შენს წინაშეა „მის უიღბლობა“ ილ, დილით პირველი მოსწავლე, ახლა კი მეორე დავკარგე. -ვაი,- პირზე ხელი აიფარა შეწუხებულმა,- მართლა რა ჯანდაბაა? ვინ დაგწყევლა? -უფ! უკვე აღარ ვიცი რამდენ რამეზე ვიჯავრო. -და რა მიზეზი გითხრეს? -არ უნდათ და მორჩა! -კი მაგრამ ხომ უნდოდათ? თვითონ არ შეგეხმიანნენ? -ასე იყო, მაგრამ აღარ უნდათ. -რამე დაგიწუნეს? -არ ვიცი და არც მაინტერესებს. ახლა იმას ვფიქრობ, რა გავაკეთო შემდეგი და თავი რითი გადავირჩინო. -გამოჩნდება რამე, აი, ნახავ. ღმერთი არ გაგწირავს. მეც დაგეხმარები. სოფი ხელსახოცს დასწვდა და უნებურად წამოსული ცრემლი მოიწმინდა. რაც მის თავს ხდებოდა, ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ყველაფრის თავი და თავი მხოლოდ ლევან მდივანი იყო. მისგან დადებული ნაღმები დროდადრო ფეხთან უფეთქდებოდა და პატარ-პატარა ორმოებში აგდებდა. სოფი მესხი დღითი-დღე სუსტდებოდა და ძალა ეცლებოდა. რას წარმოიდგენდა, რომ ყველაზე დიდი ორმო ჯერ კიდევ წინ ელოდა და თუ სხვისი წესებით შედგენილ თამაშში არ ჩაერთვებოდა, საბოლოოდ დაენარცხებოდა მიწაზე და ხერხემალში გადამტვრეულს მომავლის ოცნებებზე ხელის აღება მოუწევდა. *** მიღებულმა ტკივილებმა მაინც არ დააძაბუნეს, ინტერნეტში საერთაშორისო კონკურსი მოძებნა, რეზიუმე შეადგინა, ლექტორებს რეკომენდაციები დააწერინა და ვიდეო-ჩანაწერებთან ერთად გადააგზავნა. მოკლე ხანში პასუხად თანხმობა მიიღო კონკურსში მონაწილეობაზე, მაგრამ საჭირო იყო თანხების მოძიება, რომლებიც მგზავრობისთვის არ გააჩნდა. ვერც ნათესავებმა გაუმართეს ხელი და არც სხვადასხვა დაწესებულებებში დატოვილმა განცხადებებმა უშველეს დაფინანსების მოსაპოვებლად. -როცა ერთ საქმეში ყველა გზა იხერგება და არსაიდან ჩანს ნათელი, შენ უბრალოდ ფარ-ხმალი უნდა დაყარო და სხვა გზას ეწიო, - უკანასკნელმა წარუმატებლობამ და წინ და უკან უსარგებლო სირბილმა საბოლოოდ გატეხა მუსიკოსი და ბედის უკუღმართობას დაემორჩილა. ნოტების სახელმძღვანელოები გადამალა და სასოწარკვეთაში ჩავარდნილს პიანინოსკენ აღარც გაუხედავს. მყარად გადაწყვიტა, რომ პროფესია, რომლისთვისაც მრავალი წელი თავი ჰქონდა გადადებული, უკვე აღარაფერში სჭირდებოდა, რადგან მისგან მხოლოდ ჩირქიანი და მტკივნეული მოგონებების გარდა, აღარაფერი სასიამოვნო აღარ მოდიოდა. რამდენიმე დღეში თავი სხვა ცხოვრებისთვის შეამზადა. გადაწყვიტა, კოსმეტოლოგიის კურსი გაევლო და სილამაზის სალონში დაეწყო მუშაობა. მოსწავლეებისგან შერჩენილი ფულის ნაწილს ლომბარდში დატოვებული მშობლების ოქროულის თანხაც დაურთო და სალექციო კურსზე პირველადი შენატანი გააკეთა. ახლა წინა პლანზე კანის ანატომია, სახის კანის ტიპები, პათოლოგიები, მისი მოვლა, ღრმა წმენდა, პიგმენტური ლაქების მოცილება და ამ საკითხთან დაკავშირებული უამრავი საკითხი წამოჭრილიყო, რომელიც არც თუ ისე უინტერესოდ მოეჩვენა. კვირაში ორჯერ ორ საათს პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებზე ატარებდა და ოთხთვიანი სწავლების შემდეგ დასაქმების იმედებსაც ისახავდა. *** ლევან მდივანი არაჩვეულებრივად აკონტროლებდა სოფის ცხოვრებას და სავარაუდო გათვლებსაც დროულად აკეთებდა როდის რომელ სვლაზე გადასულიყო. ყველანაირი წინაპირობა შექმნა, რომ სოფი მესხი მეტ-ნაკლებად ადვილი სამართავი ყოფილიყო და სწორედ მაშინ გამოჩნდა წინასწარ მომზადებული მაცდუნებელი ელექსი/რით ხელში, როცა არ ელოდა. სოფიმ მისგან მისაწვევი ბარათი მიიღო, სადაც ეწერა, რომ პრივატულ საღამოზე რამდენიმე ნაწარმოების შესასრულებლად ეპატიჟებოდა და საკმაოდ კარგ ანაზღაურებასაც სთავაზობდა. არ მალავდა, რომ ორგანიზატორი თავად იყო. წერილთან ერთად ავანსის სახით ჩეკიც თან დაერთო და მოუთმენლად ელოდა მისგან პასუხს. -საძაგელი! დავჭირდი და გავახსენდი. მალიძეს მიმართოს, მე პრივატულ საღამოებზე მოსიარულე მაწანწალა არ ვარ, რომ მორჩენილი ნასუფრალებით ვიკვებო,- კბილებში გამოსცრა და კოსმეტოლოგიის თეორიული მასალის კითხვა დაიწყო. მოულოდნელად გაახსენდა, მისი ახალი წამოწყების შესახებ ილანასთვის ნათქვამი არ ჰქონდა, საკითხავ მასალას თავი დაანება და მეგობრის ტელეფონის ნომერი აკრიფა. -შენ და კოსმეტოლოგია? სიცხე ხომ არ გაქვს, საყვარელო? -არანაირი ტემპერატურის მატება არ მიფიქსირდება, ჩემო ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყოფო. თავის მოვლა ისედაც მიყვარდა, რასაც ვაკეთებ, არ ვნანობ და ძალიანაც მომწონს. -როგორ დავიჯერო, რომ ბახი, ბეთჰოვენი და ჩაიკოვსკი სხვების კანის მოვლის ზრუნვაზე ფიქრში გადაცვალე. -არავინ არაფერში არ გადამიცვლია. უბრალოდ მუსიკა წარსულად ვაქციე, ფორტეპიანოს სუდარა მივაფარე და ნოტების სახელმძღვანელოები მეტაფორიულად ცეცხლის ალს მივეცი. ისე იწვიან, ნეტა განახა, ახლაც კი ცხვირში მცემს მათი სუნი. სხვათაშორის, ძალიან სასიამოვნო სურნელი აქვთ. ცოტა დო, რე და სი ნოტები ნერვებს მიშხამავენ, გაჰკივიან სხეული გვეწვისო, მაგრამ არაუშავს, როცა იქნება, დანარჩენებივით მისიკვდილდებიან. -ხუმრობის დროა? -არ ვხუმრობ. ძალიან სერიოზულად ვამბობ და რომ შემეძლოს, ამ პიანინოსაც ზურგზე ავიკიდებდი და აივნიდან პირდაპირი რეისით მეოთხე სართულიდან ვაფრენდი. -შემთხვევით სატანა ხომ არ შემოგაჯდა ზურგზე? -კი და პატარა რქებით რომ ვერაფერი დამაკლო, ახლა გამწარებული კუდს იქნევს და ცოტა ზურგს მტკენს. ახლა მიყუროს ამან, რას ვუზამ. -ვაიმე, სულ გაუფრენია. სოფიიიიი, ალოოოოო! -დიახ, დიახ, გისმენთ. თქვენი ხმა დაიკარგა. -არ ხარ კარგად და ახლავე შენთან მოვდივარ. -ჰო, კარგი, ძალიანაც ნუ შეშინდები. გადახვევა იყო. თავს ვგრძნობ ისე, თითქოს დიდი ტვირთი მოვიხსენი. რასაც აზრი არ აქვს, იმაზე დროის კარგვა აღარ მინდა. რა არის ამაში გაუგებარი? მაინცდამაინც სიგიჟეს რატომ უკავშირებ, შეცვალო ის, რაც არ ამართლებს? -ყოველთვის მეგონა, მწვერვალებზე მოსიარულე მუსიკოსი იქნებოდი. -ძალიან გთხოვ, ეგ მეორედ აღარ მითხრა. არავინ იცის, ხვალ-ზეგ ვინ რად იქცევა. არაფერია ცუდი იმაში, ცხოვრებას ახალი სახით დაუბრუნდე. მთავარია, დიდ ტალღას არ შეუშინდე, არ დაუწვე და თევზებისგან შეჭმული არ გამოირიყო. -მდა... -შენ ის მითხარი, იქნები ხვალ ჩემი პაციენტი? -რას ბოდავ? -სახის ღრმა წმენდა უფასოდ არ გინდა? -შენ უნდა გამიკეთო? -კი. -არა, მადლობა, კანი არ ამაცალო, შემეშვი. -მენდე და მოდი. არ ინანებ. -წერას ჰყავხარ ატანილი. სახე რომ დამიჯიჯგნო, ტალღები და გამორიყვა მერე ნახე შენ. -მოდიხარ, თუ სხვას ვუთხრა? -სხვას უთხარი. -აუ, კარგი, რა. მართლა ძალიან მჭირდება. - ჩემი სახე საექსპერიმენტო ლაბორატორია ნუ გგონია. გმადლობთ გულისხმიერებისთვის, მაგრამ არ მინდა. -ილ. -რა ილ? -არასერიოზულად ნუ ეკიდები ჩემს ახალ პროფესიას, ხელმძღვანელიც იქ იქნება და ყველაფერი მისი ზედამხედველობის ქვეშ მოხდება. -რაკი ეგრეა, ჯანდაბას შენი თავი, წამოგყვები, მაგრამ ნეტა არ მინდა რამე მომწიო. -რამდენჯერ უნდა მითხრა? მწყინს. -ნუ გწყინს. სიფრთხილეს ვიჩენ. -მისამართს მოგწერ და ხვალ დილით ათ საათზე იქ იყავი. -მოვბუნძულდები, - პირობა დადო ილანამ. -არ გადამაგდო. -არა-მეთქი! -კარგი, ვთიშავ,- შვებით ამოისუნთქა და სმარტფონი გვერდზე გადადო. *** მეორე დღეს ილანას ჯერ ერთსაათიანი ლექციის მოსმენა მოუწია, რომელიც მხიარული ხელმძღვანელის წყალობით, ხალისიან გარემოში წარიმართა და შემდეგ პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდნენ. ილანას მღელვარება დაეტყო. სოფიმ მაშინვე შეამჩნია: -არ მითხრა, რომ გადაიფიქრე. -თქვენ ისეთი დალაგებული „სასტავი“ ხართ, „კლიანუს სმერწი ბაბუშკი“ მართლა მაგრად მეშინია. -ნუ ღლიცინებ და სახე დადე, ქალო, თორემ...- გაეცინა სოფის. -ბოლოში გაასერიოზულე და დავდებ. -ილ! ნუ მარცხვენ, - თვალები გადააბრუნა შეწუხებულმა სოფიმ. ის იყო, პროცედურაზე უნდა გადასულიყვნენ, როდესაც ლევან მდივანის ტელეფონის ნომრიდან სოფის ტელეფონზე ზარი შევიდა. -რა ჯანდაბა უნდა?- გაიფიქრა და სხვები რომ არ შეეწუხებინა, დაბალ ხმაზე უპასუხა. -მეგონა, დინჯად მოეკიდებოდი შემოთავაზებას და პასუხს მაინც დამიბრუნებდი. მამაკაცი სიტყვები ბოლო აკორდი იყო მესხისთვის და გადმოსასვლელად მომზადებული ლავასავით გადმოსჩქეფა: -არანაირი საქმე არ მაქვს თქვენთან! მოკიდეთ ხელი თქვენს გამოგზავნილ თანხას და მიბრძანდით ჩემი ცხოვრებიდან! ნუ მაწუხებთ თქვენი არსებობით! მდივანი არ ელოდებოდა ასეთ პასუხს და სახტად დარჩა: -რა თქვი? -რაც გაიგონეთ. -ძალიან ხომ არ ბობოქრობ? როგორც გატყობ, სისხლში გაქვს. -რა ძალიან დაინტერესებული ყოფილხართ ჩემით. ვხედავ, სისხლში რა მაქვს, იმასაც კი იკვლევთ. კონკურსზე ამას ვერ გატყობდით. -მოხვალ, თუ არა? -არა! -კარგად დაფიქრდი. -მე არ ვცვლი პასუხებს. -მართლა? -აჰამ. -გასაგებია,- სხვა ტონით თქვა ლევანმა და გათიშვის ღილაკს თითი დააჭირა. სოფი აუღელვებლად შევიდა ოთახში და ნერვიც არ შერხევია, გულმოდგინედ შეუდგა საქმეს. ერთ საათში ილანას სახე საგრძნობლად შეიცვალა და კარგი შედეგით კმაყოფილი მეგობარი კვლავ დაპირდა საკუთარი სახის მინდობას მომავალ კოსმეტოლოგს. *** სახლში მისულ სოფის გადაუხდელობის გამო, ელექტროენერგია ინკასატორის მიერ ჩაჭრილი დახვდა. -ესღა მაკლდა, -პრობლემებით დამძიმებული დივანზე მიესვენა და საფულის ჩხრეკვა დაიწყო, მაგრამ ფული, რომელიც იქ ჰქონდა, მაქსიმალური ეკონომიით, რომ დაეხარჯა და ისიც მხოლოდ საკვებზე, მხოლოდ რამდენიმე დღეს თუ გაატანინებდა. ლევანის მიერ გამოგზავნილ ჩეკს დახედა და გაბრაზებულმა მაგიდაზე მიაგდო. მერე საძინებელში შევიდა და საწოლზე საცოდავად მოიკუნტა. არსებული გარემო მთელი თავისი სისასტიკით უნგრევდა დაუმორჩილებელ სულს. ძლიერი ადამიანის სტატუსს აცლიდა და დაუნდობლად მიაქანებდა საბრალოთა რიცხვებში. სოფი იბრძოდა. იბრძოდა სულიერი და ფიზიკური გადარჩენისთვის, მაგრამ ახლა დილემის წინაშე იდგა -ამ ორიდან მხოლოდ ერთის გადარჩენა შეეძლო. მასზე იყო დამოკიდებული რომელს უშველიდა- სულს თუ სხეულს? ფაქტი ჯიუტი იყო, დახმარება ორივეს სჭირდებოდა, მაგრამ მაინც, სული თუ სხეული?.. მთელი ღამე იფიქრა, ოთახიდან ოთახში გალიაში გამომწყვდეული მხეცივით იარა. სურვილები პრიორიტეტებად დაჰყო, ასჯერ გაზომა ხვავად დაგროვილი აზრები და როგორც იქნა, უსასრულო წვალების შედეგად შეგონებებთან დაზავდა, თუმცა ცალსახა იყო, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მოუწია. შუადღე დამდგარიყო, როდესაც ლევან მდივანის ტელეფონის ნომერი ხელის კანკალით აკრიფა და ზუმერის გასვლას დაელოდა. მეორე მხრიდან თვითკმაყოფილი მამაკაცის ხმის ტონი ამოიცნო. ყელს მიბჯენილი ნერწვი ძლივს გადაყლაპა და დაიწყო: -რა ტიპის წვეულებაა და რომელი ნაწარმოებების შესრულება მომიწევს? -მიხარია, რომ შენში გონიერებამ გაიმარჯვა,- სუსტად ჩაეცინა ლევანს,- მხოლოდ სამი ნაწარმოების შესრულება მოგიწევს. რეპერტუარში სრული თავისუფლება გაქვს. ვენდობი შენსავით დახვეწილი ქალის გემოვნებას. -ზუსტად უნდა ვიცოდე, რა ტიპის ღონისძიებაა, სტუმრად ვინ იქნებიან და როგორი გემოვნების ადამიანები არიან. სხვა შემთხვევაში, ნაწარმოებების შერჩევა გამიჭირდება. -რაც არ უნდა დაუკრა, სოფი მესხის მიერ შესრულებული მუსიკა აბსოლუტურად ყველა სტუმრისთვის იქნება მისაღები. -კარგი, რა გაეწყობა? იყოს ისე, როგორც ამბობთ. აქ მითითებულ მისამართზე და დროზე მოვიდე? რამე ხომ არ შეიცვალა? -არაფერი. ყველაფერი იგივე რჩება. -ხვალ საღამოს შევხვდებით,- ბოლო სამი სიტყვა ჩქარა მიაყარა და გულშეკუმშულს ტელეფონი ხელიდან ჩამოუცურდა. ცოტა ხანი გათიშული იყო, ვერაფერზე ვეღარ ახერხებდა კონცენტრირებას. შემდეგ ძალა მოიკრიბა, სიმწრისგან თვალები დახუჭა და მუშტები შეკრა, ჩეკს ხელი დაავლო, ჩანთაში ელექროენერგიის დავალიანების ქვითართან ერთად ჩაუძახა და ბინის კარი გაიხურა. ______________________________________________________________________________ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ მკითხველს. მართლა არ ველოდებოდი ასეთ გამოხმაურებას და იცოდეთ, რომ კომენტარებში დაფიქსირებული თქვენი ემოციები, პერსონაჟებზე გამოთქმული აზრები, მათი დახასიათებები, თუ როგორ ჩანან თქვენს თვალში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათბობს და მახარებს. მომავალ თავამდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.