რაც მტრობას დაუნგრევია... (სრულად)
თავი 1 ეს ამბავი, რომლის მოყოლას ახლა ვაპირებთ, უხსოვარ დროს მოხდა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ფორმირებული ერთიანი სახელმწიფო და თითოეული კუთხე მხოლოდ და მხოლოდ ან საერისთვასო, ანდაც პატარა ქალაქ-სახელმწიფოს წარმოადგენდა. თუმცა ამჯერად მინდა თქვენი ყურადღება დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი იმერეთის საერისთავოს მივაპყრო. მაშინ მას არგვეთის სახელით იცნობდნენ, რომელიც წესით იბერიის სამეფოს შემადგენლობაში ითვლებოდა. თუმცა მისი მმართველი თავისი საერისთავოს ასე დატოვებას და ვინმეს მორჩილებას სულაც არ გეგმავდა. დაბადებიდანვე დაჰყვა ამაყი და ქედმოუხრელი ხასიათი ვარდან რატიანს და მასზე უფრო მეტი ძალაუფლების მქონე ადამიანის მორჩილებაც დიდად არ ეპიტნავებოდა. საერისთავოს მართვის სადავეები ჯერ კიდევ ოცი წლის ყმაწვილკაცს გადაეცა, როდესაც მამამისი, ბაგრატი, ჯიქეთის დასაპყრობად გაგზავნა იბერიის მმართველმა და უკან აღარ დაბრუნებულა. ჭორად იყო გავრცელებული, პიტიუნტის მისადგომებთან მოჰკლეს ბაგრატი თავად მისმა მეომრებმა, რადგან შეიტყვეს ჯიქეთელებთან შეკვრას აპირებდა, აქეთ უნდოდა დასხმოდა თავს იბერიასო. თუმცა რამდენად მართალი იყო ეს ყველაფერი, თავდადებით ვერავინ იტყოდა. დაობლებულმა ვარდანმა თავადვე იტვირთა მასზე მინდობილი უმცროსი დის, მირანდას გაზრდაც, იბერიის მმართველს თავიც დაუხარა და ერთგულება შეჰფიცა, სიცოცხლის გადასარჩენად. ოცი წელი მართავდა ვარდანი არგვეთს იბერიის მმართველის ჩრდილქვეშ. ოცი წლის განმავლობაში ძალას იკრებდა და ჭადრაკის ფიგურებს ისე ილაგებდა გარშემო, როგორც მისთვის და მისი შთამომავლისთვის უკეთესი იქნებოდა. არც მირანდას საშუალებით დამყარებულ კავშირებზე უთქვამს უარი და ისიც კი გაუხარდა, გურიელებთან დანათესავება ჩაიშალა და მათ ნაცვლად მზეჭაბუკ ნუქიფს რომ მისთხოვდა ქალი. სამწუხაროდ მზეჭაბუკი მალევე გარდაიცვალა, თანაც ისე, რომ ერთი მემკვიდრეც კი ვერ დატოვა, თუმცა მისი და მირანდას მმართველობის პერიოდში იმდენი მოახერხა, რომ კოლხეთს ჯიქეთის მცირე, მაგრამ ყველაზე მიუდგომელი ნაწილი შემოუერთა და სამეფოდ აქცია. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ქვეყნის მართვის სადავეები მირანდას გადაეცა. არც ვარდანს უცდია დიდხანს. დაობლებიდან მეორე წელსვე ბიჭი შეეძინა, რომელსაც შალვა დაარქვა და მის მეტი შვილი აღარ ჰყოლია. მისი მსახურები ამას კაცის ძალაუფლებისადმი გადამეტებულ სიყვარულს აწერდნენ. ტახტი უფრო მეტად აინტერესებს, ვიდრე ცოლიო, ზურგს უკანაც კი დასცინოდნენ და ამის გამო არაერთ მის მრჩეველს მოუწია არამხოლოდ თანამდებობის, არამედ თავის დაკარგვაც. ვარდანი შვილს ნამდვილი ჯარისკაცივით ზრდიდა, არ ერიდებოდა მის დასჯასა და არც სხვა ბავშვებისგან არჩევდა, თუმცა მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. დაბადებიდანვე მუქ ჩალისფერთმიან ბიჭუნას მამამისივით ხასიათი დაჰყოლოდა და რაც უფრო მეტად იზრებოდა, მით უფრო ემსგავსებოდა კაცს. მისმა ოქროსფერმა კულულებმაც იცვალეს ფერი და დროთა განმავლობაში გამუქდნენ. გარეგნობაც შეეცვალა, უფრო მეტად დაიხვეწა და როგორც კი რვა წელი შეუსრულდა, ვარდანმა მაშინვე კოლხეთს გაგზავნა. ლევან ყოჩივარსა და მირანდას ანდო მისი აღზრდა, თავად კი არგევთის მართვას დამშვიდებით შეუდგა. ლევან ყოჩივარი ვარდანის ყრმობის მეგობარს წარმოადგენდა და მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გაბარებული იყო და ვარდანისგან შორს, უფლისციხეში იზრდებოდა, მაინც არასდროს დავიწყებია. ისიც რვა წლის იყო, აღსაზრდელად უფლისციხეში რომ გაუშვეს, შემდეგ კი უკან რომ დაბრუნდა, მირანდა უკვე გათხოვილი დახვდა. ბავშვობიდან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა ქალთან და რაღაცნაირად გულიც კი დასწყდა, უკვე წამოჩიტული და გალამაზებული რომ ვერ იხილა მირანდა. მის მოგონებებში ქალი ჯერ კიდევ სამი წლის ბავშვად დარჩენილიყო, რომელიც კისკისით დასდევდათ მას და ვარდანს და ცხოვრებას ჯერაც ვერ მოესწრო მისთვის საკუთარი ანაბეჭდის დატოვება. თუმცა უფლისციხემდეც მარტივად ჩააღწია ხმებმა, რომ გურიელმა მირანდაზე დაქორწინება გადაიფიქრა და ვარდანს მისი მითხოვება მზეჭაბუკისთვის მოუწია. ამ შემთხვევაში კი სახელი სულაც არ ამართლებდა ნუქიფს. მზეჭაბუკს ნაყვავილარი სახე, კოტიტა ხელფეხი და ჩამრგვალებული ტანი ჰქონდა. ვარდანის წერილებიდანვე ხვდებოდა, რომ მირანდასნაირ მზეთუხავ ქალს სულაც არ შეეფერებოდა კურატივით ჩასუქებული და შეუხედავი მზეჭაბუკი, თუმცა სხვა გზა არ იყო და მასაც ამ დათმობაზე წასვლა მოუწია. ლევანი არგვეთში დაბრუნებისთანავე მალევე გაგზავნა ვარდანმა კოლხეთში და იქ დაასახლა. კაცს ამით უნდოდა მირანდას იქ ყოფნის წლები ცოტა მაინც გამოეცოცხლებინა და თანაც ლევანზე უფრო სანდო დასაყრდენს ვერ კი იოცნებებდა დანათესავებულ, თუმცა მისთვის მაინც ასე უცხო მიწაზე. რა იცოდა, მისი ეს ერთი მარტივი და არც თუ ისე დიდად ამბიციური გადაწყვეტილება რა ქარიშხალს დაატრიალებდა მომავალში. ცხრა წლის შემდეგ კი დაუნანებლად გაამგზავრა შალვა ლევანთან და სწორედ მას ანდო მისი აღზრდაც. თოთხმეტ წელს ზრდიდა ყოჩივარი ვარდანის ვაჟს და ნამდვილად ვერ დაუკარგავდით მასზე დახრჯულ ამაგს. რატიანი ნამდვილ ვაჟკაცად აქცია და შალვას დაუმორჩილებელი და ფიცხი ხასიათიც მოაქცია ოჟებქვეშ. თუმცა კი იყო ერთი. ცოლი არასდროს შეურთავს ლევანს. სასახლეში ჭორის დონეზე დადიოდა, ჩვენს დედოფალს ტრფობს არგველი ვაჟკაციო, თუმცა ვერავინ ბედავდა პირდაპირ მისთვის ეკითხათ ან თუნდაც ზურგს უკან ჩურჩულით მაინც გაეგებინებინათ მისთვის ეს აზრი. ხოლო, აბა, დედოფალს მსგავს სიტყვებს ვინ შეჰკადრებდა? ზოგი იმასაც იძახდა, ლევანს მაკედონიაში ჰყავს თავისი სატრფო, მეფის ასული ყოფილა, რომელიც სულ სხვაზე გაათხოვეს, თუმცა ქალსაც ისევე ჰყვარებია ყოჩივარი, როგორც კაცს და გათხოვებიდან მალევე გადამხტარა სასახლის უმაღლესი კოშკიდანო. იმის მერეა, არავის ახლოს რომ არ იკარებს და ასე ცალად დაიარებაო. არა და, რამდენი ბანოვანი ეტრფოდა ლევანს? ბევრი შეჰნატროდა მას და ელეთმელეთი ემართებოდათ ყოველ მის ჩავლაზეც კი. თუმცა ყურადღებას არც ერთს აქცევდა კაცი. ვერვინ დაუწუნებდა ყოჩივარს ვერც ახოვნებას, ვერც გარეგნობას, ვაჟკაცობას და ვერც სიჩაუქეს. აბა, ვინმეს ზედმეტი შეებედა, საკადრის პასუხსაც მაშინათვე მიიღებდა. აღმზრდელისაგან სწორედაც რომ საუკეთესო თვისებები შეითვისა შალვამ და ოცდაორი წლის კვლავ არგვეთში გამოემგზავრა, ამჯერად ლევანთან ერთად. მართალია, მირანდა ორივეს გამოეტირა, თუმცა აუცილებლობა მოითხოვდა მათ უკან დაბრუნებას. ამასობაში კი ვარდანს იმდენი მოეხერხებინა, რომ დღე დღეზე ომის წამოწყებასაც კი შეძლებდა. ერთ-ერთი მთავარი პოზიციის ჩაბარებას კი სწორედ თავისი ვაჟისთვის აპირებდა. ხოლო რამდენიმე დღეში ნამდვილად მიიღო მამისგან პირველი დავალება. შალვა უფლისციხისა და მისი მისადგომების ასაღებად გაუშვა. თუმცა რატიანმა სულ სხვა მიმართულება აირჩია. უფლისციხის ნაცვლად უფრო ღრმად დასავლეთისკენ გაეშურა და ალყა გურიელების საერისთავოს შემოარტყა. გურიელებს ფაზისის მისადგომები ეკავათ და კოლხეთისგან ყოველთვის დამოუკიდებლები იყვნენ. ვერც მზეჭაბუკმა და მირანდამ შეძლეს მათი დამორჩილება და კოლხეთისთვის მისი დაქვემდებარება. გურიელები ყველასგან გამორჩეული ერისთავები გახლდნენ. ახოვნებსა და გამხდრებს გენშივე დაჰყვებოდათ მუქი ჩალისფერი თმა და თავისუფლების სიყვარული. მუდამ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ და თავს არავის აჩაგვრინებდნენ. იმჟამად საერისთავოს კახაბერ გურიელი მართავდა. კაცს ერთადერთი ქალიშვილის, ულამაზესი ელენეს გარდა არ ჰყავდა სხვა მემკვიდრე, ამიტომაც მთელს თავის იმედებს სწორედ მასზე ამყარებდა. ელენე მართლაც რომ ყალმით ნახატი იყო. მაღალსა და გამხდარს ულამაზესი ჩალისფერის თმა ეყარა მხრებზე და სილამაზესთან ერთად არნაკლები ჭკუა დაჰყოლოდა. განსაკუთებით მამაზე გიჟდებოდა და მართალია ხელის გულზე დაატარებდნენ და არაფერს აკლებდნენ, ანებივრებდნენ კიდეც, ელენე ყველაზე კეთილშობილი და ნაზი არსება იყო მთელს საერისთავოში. როგორც გურიელთა საერისთავო წარმოადგენდა კოლხეთის მარგალიტს, ისე იყო ელენეც მთელი გურიელთა საგვარეულოსთვის. *** -შეტევაზე! - ღამის ბინდბუნდში გაისმა შალვა რატიანის ხმა და მისმა ჯარმაც მაშინვე ალყა შემოარტყა ფაზისის ციხესიმაგრეს. უკვე რამდენიმე დღე იყო გასული, რაც ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ არც ერთ მხარეს დიდი წარმატება არ ჰქონია. გურიელები თავდაუზოგავად იბრძოდნენ, თუმცა იმასაც კარგად ხედავდნენ, თუ რაოდენ დიდი იყო მტრის რაოდენობა. ჩირაღდნების სინათლეზეც კი ხედავდენ არგვეთელთა კარვების სიმრავლეს. მათ შუაში კი ყველაზე დიდი შალვა რატიანის კარავი იყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მხედართმთავარი კარავში ჩამომჯდარიყო და თავის მეთაურებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავდა ციხის აღების გეგმას. -სჯობს ამ კუთხიდან შევუტიოთ, - იძახდა ერთ-ერთი და ციხის იმ მხარეზე მიუთითებდა, რომელიც ზღვის ნაპირს უერთდებოდა, თუმცა სწორედ ის ადგილი იყო ყველაზე ძნელად მისადგომი. ჯარისკაცთა ორი მესამედი თუ ამ სირთულის დაძლევას შევწირეთ, მაშინ რაღა გამოვაო, მაშინვე უარყო შალვამ და ისევ მთავარი კარიბჭის შემტვრევა და ქალაქში ამ გზით მოხვედრის განხილვა დაიწყო. ამასობაში კახაბერ გურიელმა საიდუმლო გვირაბით მეორე მხრიდან მოუარა და სულ რამდენიმე ასეული მეომრით თავს დაესხა მტრის ბანაკს. მამის ამ ქმედებას კი ელენე გალავნიდან ადევნებდა თვალს. ისიც კარგად დაინახა, როგორ მოაქციეს ალყაში კახაბერი და დაჭრილიც კი როგორი შემართებით იბრძოდა. ბოლოს კი მტრის ჯარისკაცთა სიმრავლემ შთანთქა. -მამაა! - იკივლა ქალმა და თვალიდან ცრემლები გადმოსცვივდა, თუმცა უკვე გვიან იყო. დიდი ალბათობით გურიელი საკუთარი სახლისა და ხალხის დაცვას შეეწირა. ახლა კი ჯერი ელენეზე იდგა. მას უნდა დაეცვა იქაურობა. ის იყო ფაზისის ბატონ-პატრონი და პასუხისმგებლობის სიმძიმეც ერთიორად გაზრდილიყო. -მთავარსარდალს მიხმეთ! - გასცა თავისი პირველი ბრძანება და თავად თვალს მიეფარა. თითოეულ ჯარისკაცს ჩამოუარა გასამხნევებლად და დაანახვა, რომ ისიც მათსავით არ ტოვებდა იქაურობას, არ გარბოდა და ციხე-კოშკის ყველაზე დაცულ ოთახში არ იკეტებოდა. ელენე კახაბერის ნამდვილ მემკვიდრეს წარმოადგენდა და უკან დახევას სულაც არ აპირებდა. მთავრასარდალი მალევე გამოცხადდა და მხოლოდ თავის დაკვრით მიესალმა. ახლა ყველაზე მეტად კახაბერთან ერთად ყოფნა ერჩივნა ბრძოლის წინა ხაზზე, რადგან სწორედ მისთვის ჰქონდა ფიცი მიცემული სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოლა, მაგრამ კახაბერმა აქ დატოვა, ციხის შიგნით, ელენეს მიმიხედეო. -გისმენთ, მბრძანებელო, - მიმართა კაცმა და ელენეს წინ თავდახრილი გაჩერდა. -ჩემითაც ვხედავ რომ რთულ მდგომარეობაში ვართ, თუმცა მომახსენეთ ზუსტად რა ხდება! -ქალბატონო, არგვეთელები ყველა მხრიდან გვიტევენ. მათ ჯარს ბოლო არ უჩანს. ალბათ, გათენებამდე ჭიშკარსაც შემოამტვრევენ. -მოსახლეობის გახიზვნა თუ დაიწყეთ? -ქალები და ბავშვები უკვე საიდუმლო გვირაბს გასცდნენ და სამშვიდობოს არიან. ახლა მოხუცებს ვხიზნავთ ნელ-ნელა. -ძალიან კარგი. -რას ვაპირებთ? -ფაზისი ჯერ არავის დანებებულა. მითუმეტეს ვიღაც გადამთიელ არგვეთელებს არ მოუხრის თავს! - ელენეს ხმაში ფოლადის სიმტკიცე იგრძნობოდა და ახლა ხვდებოდნენ, კახაბერს ვაჟიც რომ ჰყოლოდა, მაინც ელენე დაიკავებდა ფაზისის ტახტს. ის იყო დაბადებული სამართვად და არა სხვა რომელიმე. -რას გვიბრძანებთ, ქალბატონო? -ჭიშკარი გაამაგრეთ რითაც კი შეძლებთ. ურმები, ხის სოლები, წყლითა თუ ზეთით სავსე კასრები, ყველაფერი მოიტანეთ და ჯებირი შექმენით. ასე იოლად ვერ მიიღებს შალვა რატიანი იმას, რასაც წაეპოტინება! -როგორც მიბრძანებთ, - მაშინვე თავი დაუკრა კაცმა და ბრძანების შესასრულებლად გაემართა. თავად ელენემ კი კვლავ გალავანზე გადაინაცვლა. ამჯერად მშვილდოსნების გვერდით დადგა და თავადაც შეიარაღდა. ქალიშვილისთვის დამახასიათებელი ყოველდღიური სამოსი ეცვა - გრძელი კაბა, რომელიც ხელს უშლიდა, ამიტომ ერთი ხელის მოსმით დაახია მკლავები იდაყვებამდე და გაოცებულ მეომრებს მხოლოდ გაუღიმათ. -ჩემს ბრძანებაზე! - იკივლა ქალმა, რათა თითოეულისთვის მიეწვდინა ხმა ამ ხმაურში და მათთან ერთად მოზიდა მშვილდი, - დაიცადეთ, დაიცადეთ, კიდევ უფრო ახლოს მოუშვით, - გასცემდა ბრძანებებს და მიზანში იღებდა მოწინააღმდეგეებს, - ახლა! იყვირა ელენემ და ცაში ასობით ისარი ერთდროულად აიჭრა. მართალია, ზოგიერთმა მოიფიქრა და თავი ხის ტანს ანდაც ფარს შეაფარა, მაგრამ უმეტესობა მოცელილი დაეცა ძირს. სწორედ ამ დროს გამოვიდა თავისი კარვიდან შალვა რატიანი, რათა თავადაც ჩაბმულიყო ბრძოლაში და შორიდანაც მშვენივრად მოჰკრა თვალი საკუთარ მეომრებთან ერთად მებრძოლ ელენეს. -რა მდგომარეობა გვაქვს? - ჰკითხა იქვე ჩავლილ ერთ-ერთ ასისთავს და თვალი მაინც გალავნისკენ გაურბოდა. -ჭიშკარს ძალიან მალე ავიღებთ, ბატონო... -თუმცა? -თუმცა ძალიან ბევრ მეომარს ვკარგავთ. კახაბერ გურიელი ტყვედ ავიყვანეთ. მძიმედაა დაჭრილი და ახლა მკურნალთა კარავშია. -და ის ვინ არის? - ხელით გალავნისკენ ანიშნა, სადაც ელენეს კიდევ ერთი ბრძანება გაეცა და მისი მეომრების რამდენიმე ათეული გაენადგურებინა. -კახაბერის ასულია. ახლა ის უდგას სათავეში მათ. -ე.ი. ერთი პატარა ქალი გიგებთ? - იყვირა სიბრაზეატანილმა შალვამ და განრისხებული კვლავ კარავში შებრუნდა. რაღაც უნდა მოეფიქრებინა, თორემ ასე მთელს ჯარს ტყუილუბრალოდ გაწყვეტდა. -მელანი, პაპირუსი და შიკრიკი სასწრაფოდ! - გასცა ბრძანება და თავის სახელდახელოდ შეკრულ მაგიდასთან მოთავსდა წერილის დასაწერად, - ვნახოთ, ჩვენს შორის რომელი უფრო ჭკვიანია, - ჩაიცინა კაცმა და წერას შეუდგა. *** -ქალბატონო ელენე, - ქალთან მისი ერთ-ერთი გაოფლილი მსახური მიიჭრა და დაიჩოქა. -რა ხდება? - იკითხა გურიელის ასულმა და თავისი მშვილდი სხვას გადაულოცა. -შიკრიკი გეახლათ არგვეთელთა ბანაკიდან. -რაო? - გაოცდა ქალი და მტრის ბანაკს გახედა. -დიახ, აი, პაპირუსიც. ელენემ მაშინვე გაშალა და ჩირაღდნის შუქზე გაარჩია ახლადშემშრალი მელნით გამოყვანილი ასოები. -სულ მთლად შეშლილა თუ ჰგონია, რომ თქვენივე ფეხით მიხვალთ მასთან! - რამდენიმეწამიან ჩამოწოლილ სიჩუმეში გაისმა გაბრაზებული მთავარსარდლის ხმა და ახლაღა მიხვდა ელენე, რომ კაცი მის ზურგს უკან იდგა და მასთან ერთად კითხულობდა პაპირუსს. -რა მდგომარეობა გვაქვს ახლა? - იკითხა ჩაფიქრებულმა ქალმა და პაპირუსს ჩირაღდნიდან გადაუკიდა ცეცხლი. იგი მაშინვე აალდა და სულ მალე ქალს ხელში ნაცარიღა შერჩა. -თქვენი ბრძანება შევასრულეთ, თუმცა უშედეგოა ყველაფერი. სჯობს ჩვენც გახიზვნაზე ვიფიქროთ, - ამოიოხრა მთავარსარდალმა და ქალის წინ თავი დახარა. -გასაგებია. გულს უკლავდა ელენეს მისი ქალაქის მსგავს მდგომარეობაში ნახვა. გონება გამალებული მუშაობდა, თუმცა ვერ ხვდებოდა რა უნდა მოემოქმედა. ბოლოს მხრებჩამოყრილმა მიიღო დაგაწყვეტილება და სასახლისკენ აიღო გეზი. -ქალბატონო, საით ქალბატონო? - ერთგული ძაღლივით აედევნა მთავარსარდალი და წამით გზაც კი გადაუღობა. -შევუსრულებ რაც უნდა, მივალ მასთან. ახლა კი, გამატარეთ! - მოკლედ მოუჭრა ელენემ და კაცის ყვირილისთვის ყურადღებაც არ მოუქცევია, ისე ავიდა საკუთარ ოთახში და თავის საუკეთესო ფარჩის კაბაში გაეხვა. -მამათქვენს თავი იმისთვის არ გაუწირავს, რომ თქვენც მას მიბაძოთ და ერთ ღამეში ყველა მმართველი დაუკარგოთ ფაზისს, - ოთახის კარს მიღმა ყვიროდა კაცი, თუმცა ელენე მას ყურადღებას აღარ აქცევდა. -ტყუილად მელაპარაკებით ამდენს. მე უკეთ ვიცი, რატომ გაწირა თავი მამამ და მეც სწორედ იმავე მიზეზით ვდგამ ამ ნაბიჯს. -კი, მაგრამ, მას ხომ ვერ ვენდობით! დიდი ალბათობით, მაშინვე სიცოცხლეს გამოგასალმებთ! -თუმცა ჩემი ხალხის უსაფრთხოებისთვის უნდა ვცადო მაინც! თუ შემიძლია, რომ თუნდაც ერთი ფაზისის მცხოვრები მაინც გადავარჩინო ჩემი სიცოცხლის სანაცვლოდ, ამას უანგაროდ გავაკეთებ. ახლა კი გზიდან ჩამომეცალე! -ქალბატონო... -გახსენით ჭიშკარი! და ელენე გურიელმა ცეცხლის ალით განათებულ ღამეში გააბიჯა. მერე რა, რომ მის გარშემო ქაოსი სუფევდა, ქალი ისე მტკიცედ მიაბიჯებდა, ერთი ისარიც კი არ ეკარებოდა. გეგონებოდათ, თავად ათენა ჩამოსულა ოლიმპოდან და მეომრებს შორის დააბიჯებსო. შიშის ნატამალიც კი არ იკითხებოდა გურიელის ასულის გაქვავებულ სახეზე. თუმცა შინაგანად ერთიანად დაჭიმული იყო და შიშს მასში იმაზე უფრო მყარად გაედგა ფესვები, ვიდრე თითოეულ მეომარში. ყველაზე დიდ კარავთანაც მიაღწია, რომლის შესასვლელთანაც ორი ბუმბერაზი მებრძოლი დაეყენებინათ. ქალი ცოტა ხანს დააყოვნეს და ბოლოს კარვის კალთა ფართოდ ასწიეს, რომ ელენე შიგნით შეეტარებინათ. ღამის სიბნელიდან გაჩახჩახებულ კარავში შესვლა დიდი ხნის განმავლობაში წყვდიადიდან მზეში გაბიჯებას ჰგავდა. სინათლემ თვალი მოსჭრა, თუმცა წამითაც არ შემდრკალა. -ე.ი. შენ ხარ ის, ვინც ამდენი მეომარი დამიხოცა? - გაისმა მკაცრი ხმა და ამდენ მამაკაცშიც კი ადვილი გასარჩევი გახდა თუ რომელი იყო მათ შორის შალვა რატიანი. *** -რაო? - ახალი ამბის გაგონებისას მთლად გადაირია ვარდანი და ფიალა იატაკს დაანარცხა, - მე უფლისციხეში არ გავუშვი? რანაირად აღმოჩნდა ფაზისში? კაცი ბრდღვინავდა და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. შემდეგ კი მსახური იხმო და რამდენიმე წერილის დაწერა დაიწყო. *** კარგად დაბნელებულიყო და გარეთ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ყველა სახლში შეყუჟულიყო და ალაგ-ალაგ თუღა დაინახავდით მბჟუტავ სინათლეებს. გვიანმა მგზავრმა სწორედ მაშინ ინება ბაზრის მხრის გადაჭრა, მჭედლის სახელოსნოს მხარი უქცია და სოფლის განაპირად კარგად დამალულ გისოსებს მიადგა. აქ უკვე ელოდა მსახური, რომელიც ჩირაღდნით შეიარაღებულიყო და მანამდე მას საგულდაგულოდ მალავდა, არავის რომ შეენიშნა. -ქალბატონის სანახავად ვარ მოსული, - ხმადაბლა გადაულაპარაკა მსახურს, რადგან ბიჭი სულაც არ ჩქარობდა გისოსების გახსნას. -ვიცი, გელოდებათ. -მერე რაღას უცდი, ყეყეჩო? გინდა, მისი რისხვა დაიმსახურო?! -ნაბრძანები მაქვს ჯერ გაგჩხრიკოთ, ხოლო შემდეგ შეგიშვათ მასთან, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა და მასთან ერთად ჩირაღდნის შუქიც ათამაშდა. სანამ ახალგაზრდა მისი სამოსს ამოწმებდა, მანამდე თავში მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა. რამდენჯერაც არ უნდა შესულიყო ამ ქალთან, ნდობის მიუხედავად მაინც ჩხრეკდნენ. საინტერესოა, ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო? მისი შეფასებით, არც ჭკუით გამოირჩეოდა დიდად და არც სილამაზით. ერთი ჩვეულებრივი ბანოვანი იყო სასახლის კარზე და მეტი არაფერი. არადა, დედოფლის შესაფერისი მიხვრამოხვრით გამოირჩეოდა და ცოტა უფრო მდიდარი ქმარი რომ შეხვედროდა, ალბათ, თავისუფლად მოახერხებდა ტახტზე ჯდომასაც. მსახურმა ბიჭმაც დაასრულა ამასობაში თავისი საქმე და ჩირაღდანმომარჯვებული წინ წარუძღვა ბნელ გვირაბში, რომელიც თითქოს უსასრულოდ გაიწელა, სანამ მის ბოლოს სინათლე გამოჩნდებოდა. ქალი პირდაპირ კართან დახვდათ. მსახური ხელისაქნევით დაითხოვა და პირდაპირ მას მიაჩერდა. -რაიმე ახალი მითხარი, ომი რომ დაიწყო ეგ მეც ვიცი, - თავიდანვე გააფრთხილა ქალმა. -მეუფე ვარდანი ჩვენი დედოფლის, მისი დის, მირანდას ხმობას გეგმავს თავისთან, - არც მას დაუწყია მიკიბვმოკიბვა, პირდაპირ უთხრა და გულის ჯიბეში გადამალული წერილი გამოაჩინა, - აშკარაა დახმარება სჭირდებათ. -შენ ფულს ამბების მოტანაში გიხდი და არა აზრების დაფიქსირებაში, - ხმა გაუმკაცრდა ქალს და წერილი სხარტად ჩამოართვა. ერთი თვალის გადავლების შემდეგ კი პერგამენტის ნაჭერი ჩირაღდანს მიუშვირა და წამში ჩაფერფლა, -ეს წერილი შენ საიდან? -ერთ-ერთ დუქანში ის კაცი გამოვათვრე, ვისაც იგი დედოფლისთვის მიჰქონდა, შემდეგ კი მისი ასლი გავაკეთე, რათა დაკარგვა არავის შეენიშნა. -სხვა? -მხოლოდ ეს იყო, ქალბატონო. -კარგი, თავისუფალი ხარ. ისევ იმ გზით გაბრუნდი. ჯამაგირი გისოსებთან გელოდება. შემდეგ კი ქალი დემონსტრაციულად შებრუნდა და ჩირაღდნის გარეშე შეაბიჯა წყვდიადში. თავი 2 -ყველამ დაგვტოვეთ! - გასცა ბრძანება შალვა რატიანმა და მკაცრი მზერა მოავლო მის ირგვლივ შემოკრებილ მამაკაცებს, რომელთა შორის ლევან ყოჩივარიც მოსჩანდა. -კი, მაგრამ, მბრძანებელო... - შეჭოჭმანდა ერთ-ერთი მრჩეველი და თვალით გაზომა ჯერ კიდევ კარვის შესასვლელთან მდგარი ელენე, - იქნებ მას რაიმე აქვს ჩაფიქრებული? არ არის სანდო. -თქვენი აზრით, ერთი პატარა გოგო მომერევა? - მეხის გავარდნას ჰგავდა რატიანის ხმა და თვით გურიელის ასულსაც კი გამოესახა სახეზე მღელვარება, ასე კარგად რომ მალავდა, - ყველამ დაგვტოვეთ-მეთქი! საბოლოოდ მაინც დამორჩილდნენ შალვას ბრძანებას. ლევანი კი ხმისამოუღებლად უცქერდა ყველაფერს, განსაკუთრებით კი თავის აღზრდილს და ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში. სწორედ ის იყო ბოლო, რომელმაც კარავი დატოვა, თუმცა შორს არსად წასულა, იქვე ტრიალებდა და იმაზე ფიქრობდა, რა შეიძლება მოჰყოლოდა გურიელის ასულის მათ ბანაკში გამოჩენას. -მინდა, რომ დაცვა გააძლიეროთ, - უთხრა იქვე მდგარ გუშაგს და ისიც ლევანის ბრძანების შესასრულებლად გაიქცა. „ახლა შიშის დრო არ გაქვს, ელენე“ - გაიფიქრა ქალმა და თვალი თვალში გაუყარა შალვას. -ასე, ასე, - ცნტრში მდგომ სავარძელზე ჩამოჯდა კაცი და ირონიული მზერით აათვალიერა გურიელის ასული, - აბა, აქ რამ მოგიყვანათ? ქალმა ხმა ჩაიწმინდა და თავის დაკვრის შემდეგღა დაიწყო საუბარი: -ვიცი, რომ თქვენს არმიას ვერ დავამარცხებთ, ამიტომაც აქ მოსალაპარაკებლად მოვედი. იმედი მაქვს, თქვენს იმ პირობას შეასრულებთ, რასაც წერილში მწერდით. მინდა, რომ ჩემი ხალხი და მამაჩემი გაათავისუფლოთ! -მე კიდევ ახლა ჩემს საწოლში ყოფნა და ერთი კარგი გამოძინება მინდა, - თითქოს აბეზარ ბუზს იგერიებსო, ისე გადმოუგდო სიტყვები, შემდეგ კი წინ გადმოიხარა, მუხლებს მკლავებით დაეყრდნო და სახეცა და ხმაც დაუსერიოზულდა, - ახლა ჩემს ტერიტორიაზე ხართ და არ მგონია, ბრძანებების გაცემა თქვენი მხრიდან სწორი არჩევანი იყოს. ჩვენ ერთი მიდგომა გვაქვს, ან გამარჯვება და ყველაფერი, ანდაც სიკვდილი. და როგორც ახლა მხედავ, სიკვდილს სულაც არ ვგეგმავ. მოლაპარაკებებს არასდროს ვთანხმდები და მაშინ თქვენ რატომ უნდა მოგისმინოთ, გურიელის ასულო? -იქნებ დაფიქრებულიყავით მაინც? - მზერას წამითაც არ აცილებდა შალვას, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ქალებს მამაკაცების მორჩილება მართებდათ და არა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, - მოხსენით ალყა, კახაბერ გურიელი გამოუშვით და ყველაფერზე თანახმა ვართ. ხარკი გსურთ? გადავიხდით. რამდენ ოქროს მონეტასაც იტყვით იმდენს. თავადაც იცით, ზღვაზე გასასვლელის გამო ჩვენთან ვაჭრობა ჰყვავის. ხარკის სხვა ვარიანტებზეც დაგთანხმდებით. რამდენი ქალ-ვაჟი გსურთ? თქვენს მოკავშირეობაზეც არ ვიტყვით უარს და ჯარსაც შემოგაშველებთ ხოლმე. -რატომღაც ვერ დამაინტერესეთ. მაგ ყველაფერს ისედაც მივიღებ თქვენი ქალაქის აღებით, - მხრები აიჩეჩა კაცმა. -ვიცოდი, რომ არც ასეთი მარტივი იქნებოდა თქვენთან საუბარი, - ამოიოხრა ქალმა და თითქოს ბედს შეეგუაო, შალვასგან მოულოდნელად სულ ოდნავ ჩაიხსნა კაბის უბე, საიდანაც ქათქათა მკერდის ნაწილმა გამოანათა, - რას იტყვით იმაზე, რომ მე ის მაქვს, რაც თქვენ გსურთ? -ოჰო, ჩვენი საუბარი უფრო საინტერესო ხდება. თქვენი აზრით, რა მსურს, ელენე? - სავარძელში გასწორდა კაცი და გურიელის ასულის სახელი პირველად წარმოთქვა. ასე მიმართვამ იმდენად შეაკრთო, რომ ისედაც არეული ქალი, სულ მთლად აიბნა და სახეზე წამოწითლდა. -ეს მე ვარ, - ძლივს ამოღერღა ქალმა და ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა ყელში. მის სახეზე კი სიწითლემაც არ დააყოვნა. იცოდა, თავის დახრა არ ივარგებდა, ამიტომ თვალის არიდებაც კი არ უცდია. შალვა რატიანს უყურებდა და ამასთანავე მის გარდა ყველგან იყურებოდა. თითქოს კაცის ადგილას სივრცე მთლიანად გადღაბნილიყო. შალვა კი იმასაც კარგად ხვდებოდა, თუ რა ნერვების ფასად უჯდებოდა ელენეს მის წინ ასეთ მდგომარეობაში დგომა, თუმცა უკან დახევას არ აპირებდა. მართალია, ეს თამაში ქალმა წამოიწყო, თუმცა გამარჯვებული ის იქნებოდა. -მომიახლოვდი, - დაიჩურჩულა კაცმა და წარბებსქვემოდან ანთებული მზერით გამოხედა. გურიელის ასულმა გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და უკვე რატიანის წინ იყო, კაცმა უეცრად რომ მოავლო ხელი და მოულოდნელად მის კალთაში აღმოჩნდა. ქალმა ოდნავ წამოიკივლა და სახეზე უარესად წამოხურდა. მამამისის გარდა სხვა მამაკაცთან არასდროს ყოფილა მსგავსად ახლოს და უხერხულადაც კი იყო. იცოდა, გათხოვების შემდეგ მაინც მოუწევდა ქმართან ურთიერთობა, თუმცა რატიანი არც მის ქმარს ჰგავდა და არც მამამისს. -მამაცი ნამდვილად ყოფილხართ, გურიელის ასულო, - ხმადაბლა უთხრა კაცმა და მარჯვენა ხელით სახე წამოაწევინა, მისკენ გადაიხარა და სულ რამდენიმე სანტიმეტრიღა იყო მათ შორის დარჩენილი, - თუმცა სიტყვებს საქციელით უნდა დამტკიცება. რატომ არ გინდათ ახლავე სცადოთ? ასეთი მოულოდნელობით შემკრთალმა ქალმა ლამის გონება დაკარგა და უარესად დაიბნა, როცა შალვას სახის ნელ-ნელა მიახლოება აღიქვა. ახლა რაღა უნდა ექნა? „შენ ამას შეძლებ, ელენე, მერე რა, რომ გამოუცდელი ხარ“, - შემოუძახა საკუთარ თავს და შალვას მოქმედებას აღარ დალოდებია, აკანკალებული ხელები ნელა შემოჰხვია კისერზე და თავად მისწვდა მამაკაცის ტუჩებს. რატიანი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა ელენეს ასეთი თამამი მოქმედებით და არც მას აღარ დაუხანებია, გალეულ წელზე მძლავრად შემოაჭდო დაძარღვული მკლავი, მეორით სახეზე მიეფერა და თავადაც აჰყვა კოცნაში, უფრო სწორად კი თავად აიღო სადავეები და დიდხანს აღარ მოსცილებია. ტუჩებიდან ყელს ჩაჰყვა, ყელიდან კი მკერდის იმ ნაწილს მიეფერა ხელით და ტუჩები დააკრა, რომელიც კაბიდან კარგად უჩანდა გურიელს. ქალს ერთიანად გასცრა სხეულში, შემდეგ კი იმდენად აეწვა ბოლოს ნაკოცნი ადგილი ეგონა, თითქოს გავარვარებული შანთი დაადეს და დადაღესო. ალერსის გაგრძელებაში რატიანს ხელი მის კარავში შემოვარდნილმა ერთ-ერთმა ჯარსიკაცმა შეუშალა. ელენე მაშინვე წამოხტა და აწითლებულმა კაბა შეისწორა, შალვამ კი ბრაზით აღსავსე მზერა მიაგება მის წინ მუხლებზე დამხობილ მებრძოლს. -ცუდი ამბავი მაქვს, ბატონო, - ძლივს ამოღერღა კაცმა და თავის აწევაზე არც კი უფიქრია. იცოდა, რაზეც მიდიოდა, როცა აქ გამოგზავნეს ცუდი ამბის შესატყობინებლად. შალვას ფიცხი ხასიათის გათვალისწინებით შეიძლება ცოცხალსაც კი ვერ გამოეღწია კარვიდან. -რა მოხდა? - სავარძელს მკლავით ჩამოეყრდნო რატიანი, თან იქვე მდგარ გურიელის ასულს არ აცილებდა მზერას. უკვე ხვდებოდა, რომ მოტანილ ამბავში სწორედ ელენე იქნებოდა დამნაშავე. -სანამ თქვენ მოლაპარაკებებს აწარმოებდით ელენე გურიელთან, ფაზისელებმა შემოგვიტიეს და ყველა ტყვე გაათავისუფლეს. ამასთანავე რამდენიმე ჩვენი კაპიტანიც გააყოლეს ხელთ. შალვამ კარგად დაინახა, როგორ გამოესახა ელენეს სახეზე ღიმილი და ფეხზე ძალიან ნელა წამოდგა. -ანუ შენ... -რა თქმა უნდა, მე. აბა, გეგონა მხოლოდ თავად ხარ ყველაზე ჭკვიანი და ქალებს გონება არ გვიჭრის? როგორ გგონია, აქ ყველანაირი გეგმის გარეშე მოვიდოდი და არაფრისმომცემი მოლაპარაკებების გამო ჩავაგდებდი საკუთარ თავს შენს კლანჭებში? არგვეთელს რაღაც უნდა ეთქვა, თუმცა კარავში შემოვარდნილმა მეომარმა არც ამჯერად მისცა ამის საშუალება. პირიქით, მოულოდნელად ფეხზე წამოიჭრა, ხელი ხმალზე გაიკრა და გურიელის ასულისკენ გაემართა ყვირილით. აშკარა იყო, ქალის მოკვლა ჰქონდა განზრახული და მის წინ არანაირი ბარიერი არ იყო. -ვიცოდი, რომ შენი ბანაკში შემოშვებით დიდ შეცდომას ვუშვებდით. თუმცა მე, ერთ ჩვეულებრივ ჯარისკაცს ვინ მაქცევს ყურადღებას? მაშინვე უნდა მოგვეკალი, როგორც კი შენი ციხე-სიმაგრის ზღურბლს გადმოსცილდი! ცივი ლითონი ერთიანად ლაპლაპებდა ჩირაღდნების შუქზე და გურიელი დარწმუნებული იყო ფხის გასინჯვა საჭირო არ იქნებოდა. მაშინვე გასჭრიდა ყველაფერს რასაც კი შეეხებოდა. კახაბერის მიერ გაზრდილი მარტივად სცნობდა იარაღს და განსაკუთრებით კარგად ერკვეოდა ცივი ლითონისგან დამზადებულ ნაკეთობებში. ამიტომ თვალები დახუჭა და აღსასრულისთვის მოემზადა. თურმე რა მარტივად სრულდება სიცოცხლე. დაბადებას საათები სჭირდება, სიკვდილს კი მხოლოდ რამდენიმე წამი... მართალი ყოფილა, ადამიანი მხოლოდ სიკვდილის წინ იგებს სიცოცხლის ფასსო. მაშინ ნატრობ, ნეტავ, კიდევ ცოტა ხანს მაცოცხლა, ხომ ყველაფერს შევცვლიდიო. თუმცა, მეორე შანსი მიეცემა თუ არა, იმ წამს თუ არა, ცოტა ხანში აუცილებლად ივიწყებს საკუთარ სიტყვებს და ისევ ისე აგრძელებს ცხოვრებას, როგორც ამას მთელი დროის განმავლობაში აკეთებდა. ასეა, გულმავიწყი და ყველაზე დაუდევარი არსებაა ადამიანი. ხმალმა ჰაერი მარტივად გაჰკვეთა და ელენეს თავზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. გურიელის ასულს ხელი ჰკრეს და ქალსაც მოუწია თვალების გახელა. ელენე წაბორძიკდა და კარავში სახელდახელოდ დადგმულ მაგიდას დაეჯახა, შემდეგ კი ძირს დაეცა და მუხლების და ხელისგულების წვამ აგრძნობინა, რომ ორივე მათგანი გადასტყავებოდა. თუმცა ახლა ამას ჩიოდა? მის წინ გადაშლილ სანახაობას სულგანაბული მისჩერებოდა და მგონი, სუნთქვაც კი დავიწყებოდა. მისთვის ხელი შალვას ეკრა. თავად იმ მეომრის წინ იდგა, რომელსაც ქალის მოკვლა განეზრახა და მისი მოქნეული ხმალი მუჭში მოექცია, რომლიდანაც თქრიალით მოსდიოდა სისხლი. თვალებიდან კი ნაპერწკლებს ისროდა. -როგორ ბედავ და ჩემი ბრძანების გარეშე ხმალს აშიშვლებ ჩემსავე კარავში? - იყვირა რატიანმა და იმდენად ძლიერ უბიძგა ხმლის წვერიდან, რომ აბჯარასხმულმა კაცმაც ძირს მოადინა ბრაგვანი. შალვას კი ხელის გული უარესად გადაესერა. -აბა, კიდევ გაბედე მსგავსი რამ და ნახავ რაც მოგივა! - კბილებში გამოსცრა კაცმა და მის ყვირილზე კარავში შემოცვენილ მსახურებს ხელით ანიშნა ძირსდაგდებულ მეომარზე, - აქედან გაიყვანეთ და საპყრობილეში ჩააგდეთ. არც მისი სამაგალითოდ დასჯა დაგავიწყდეთ! - მიაძახათ ბოლოს. -აქ რა მოხდა? - კარავში მხოლოდ ლევანიღა დარჩენილიყო და გარშემო გამეფებულ არეულობას მზერა მოავლო. -ისეთი არაფერი! - ძლივს გადაუგდო სიტყვა კაცს და გაჭრილ ხელს დახედა, - ჯანდაბა, ნაიარევი დამრჩება! აღზრდილის სიტყვებისთვის ყურადღებაც აღარ მიუქცევია ლევანს, მაშინვე ქალთან მიიჭრა და ხელი გაუწოდა. -დაგეხმარებით, გურიელის ასულო. -ტყუილად ირჯები. მაგის ბრალია ეს არეულობაცა და საერთოდ ყველაფერი! -ქალის პატივისცემა არასდროს უნდა დაივიწყო თუნდაც მოსისხლე მტერი იყოს შენი! - არანაკლები სიმკაცრე გაერია ხმაში ლევანს და გაფითრებული ელენე ფეხზე წამოაყენა, - ჯერ ადამიანი ხარ და მხოლოდ შემდეგ მტერი, მეომარი და თუნდაც მკვლელი! -აბა, მას ჰკითხე, თუ გამოიჩენდა ადამიანობას, თუნდაც წამით რომ შევბრუნებულიყავი და დაუცველი ზურგი მეჩვენებინა! ახლა რომ გავჩხრიკოთ და კაბაში დამალული პატარა ხანჯალი აღმოვუჩინოთ, არც კი გამიკვირდება. -ჭკუას მოუხმე, შალვა! - ვეღარ მოითმინა ლევანმა და უყვირა. რატიანს იშვიათად თუ ახსოვდა ყოჩივარის სულ ოდნავ აწეული ხმა. მაშინაც კი, როცა ძალზედ გაბრაზებული იყო, ისეთ სასჯელს მოუფიქრებდა, წამითაც არ იტოკებდა ნერვებს ხოლმე, თუმცა ამჯერად მიხვდა, რომ ძალიან შეტოპა და სჯობდა სულ ბოლო ზღვარს მაინც არ გადასცილებოდა. ისიც იცოდა, მის გამზრდელს კარგად მოეხსენებოდა, რას აკეთებდა წამის წინ და როგორ აჰყვა ცდუნებას. -კარგი, კარგი, - ლევანთან დაპირისპირებას უკან დახევა ამჯობინა და დანებდა. -მე აქ სულ სხვა რაღაცისთვის შემოვედი და ახლა დროს მაკარგვინებ, - ამოიღმუვლა ყოჩივარმა და შალვას წერილი დაანახვა, - ცოტა ხნის წინ მოიტანა შიკრიკმა. -ამჯერად რაღა მოხდა? -ვარდანმა მირანდა დაიბარა თავისთან. -ეგ მოსალოდნელიც იყო. -თუმცა ვიღაცამ გაბედა იმდენი, რომ ადგა და მამიდაშენი მოიტაცა. ხოდა, აქ იმის სათქმელად შემოვედი, რომ უნდა წავიდე. -რა ქნა? - იყვირა შალვამ და მაგიდაზე მთელი ძალით დაარტყა ხელი. მაგიდა ერთიანად შეზანზარდა, ხოლო მასზე დადგმული წყლით სავსე სურა კი იატაკზე აღმოჩნდა და ნაწილებად დაიფშვნა. გურიელის ასული უარესად გადაფითრა და მობუზული შველივით ეკრო კარვის კალთას. რას არ მისცემდა, ახლა თუნდაც ისევ ფაზისის ციხე-სიმაგრეში ყოფილიყო და არგვეთელი მეომრებისთვის ისრები წვიმასავით დაეშვა, თუმცა იგი უკვე შორეულ მოგონებად, იმ სიზმრად მოსჩანდა, რომელიც წინა ღამით ენახა და დილით გაღვიძებულს აღარც კი ახსოვდა. -აი, წერილი. ახლა დროს ვკარგავ. უნდა წავიდე, - ორიოდე სიტყვაღა მიუგდო აღზრდილს და მაშინვე გასასვლელისკენ წავიდა. -კარგი, იმდენი კაცი წაიყვანე, რამდენიც გსურს და როგორც კი ფაზისს ავიღებ, მეც შენ შემოგიერთდები. -არა. არ ქნა ეგ. აშკარაა, ვიღაცამ სახელდახელოდ დაგეგმა ეს გატაცება. მას მარტო მეც ვეყოფი. შენ ჯერ აქაურობას მიხედე და შემდეგ ის გააკეთე, რის შესასრულებლადაც რეალურად გამოგიშვა ვარდანმა! ლევანს მეტი აღარც დაუცდია, უკანმოუხედავად გავარდა კარვიდან, უკვე შეკაზმულ თავის თაფლისფერ ბედაურს მოახტა და ღამის სიბნელეს შეერია. -შენ სადღა მიიპარები, ელენე? - ლევანის გასვლიდან მაშინვე ქალზე გადაიტანა მთელი ყურადღება კაცმა და უკვე გასასვლელთან მისულს თავს ქორივით წამოადგა, - რაღაც არ მგონია, რომ მე და შენ საუბარი დაგვესრულებინოს! -რა გინდა? ვიცოდი, რომ არასდროს გაათავისუფლებდი ჩემს ხალხს! დროზე მომკალი და დავასრულოთ ეს ფარსი! სიამაყე დაჰბრუნებოდა გურიელის ასულს და წელშიგამართული უკვე მეორედ გრძნობდა სიკვდილის სუსხიან სუნთქვას საკუთარ კისერთან. თუმცა, აშკარა იყო, რატიანს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. მოულოდნელად ქალს დაზიანებული ხელი წელზე მოავლო და თავისკენ დაქაჩა. შემდეგ კი ირონიულად ჩახედა თვალებში და ძალიან ხმადაბლა გამოსცრა სიტყვები: -მოგკლა? და ამით მე რა? რა ყრია შენს მოკვლაში? თან ყელში წაუჭირა მეორე ხელი, მაგრამ არც იმდენად მძლავრად, რომ რამე დაშავებოდა ქალს. ელენე ერთიანად აკანკალდა, შემდეგ კი გულწასული ჩაესვენა კაცის მკლვებში. *** რას წარმოადგენდა მირანდა რატიანი? იგი მართლაც რომ დედოფლად დაბადებული ქალი იყო. ბუნებას მისთვის თანაბრად დაებერტყა და მოემადლებინა ჭკუაცა და სილამაზეც. ადრეულ ასაკში დაობლებულს და უფროსი ძმის იმედად დარჩენილს წესით მალევე უნდა დაეკავებინა ფაზისის ტახტი, რადგან სწორედ კახაბერ გურიელზე იყო დანიშნული, თუმცა მოულოდნელად სიტუაცია შეიცვალა და ფაზისის ნაცვლად კოლხეთის დედოფლობა არგუნა ბედმა. იმედებგაცრუებული დარჩა მირანდა. არა და მოუთმენლად ელოდა იმ დროს, როდესაც კახაბერის ცოლი გახდებოდა. ისიც კი წარმოედგინა, როგორი შვილები ეყოლებოდათ. შემდეგ კი... ბედმა მწარედ დასცინა და მაისის თაფლის ნაცვლად ხელში მჟავე ტყემალი შეაჩეჩა. სილამაზით დაჯილდოებულ ქალს სულაც არ ეპიტნავებოდა კასრივით მრგვალი მზეჭაბუკ ნუქიბის ცოლობა და მასთან ყოველ ღამით სარეცლის გაყოფა. თუმცა ქალმა იმდენი მოახერხა, რომ სულ რამდენიმე წელში ჩამოშლილი და დაქუცმაცებული კოლხეთი ხელახლა შეაკვრევინა ქმარს, მეფედ აკურთხებინა და ასეთი დაუმორჩილებელი ჯიქეთიც კი კოლხეთის ნაწილად და მეხარკედ აქცია. ერთადერთი მხოლოდ ფაზისიღა იყო ხელშეუხებელ მარგალიტად დარჩენილი. მხოლოდ მისი დამორჩილება ვერ მოახერხა. თუმცა, თითქოს ტკბილ ლუკმასავით ბოლოსთვის იტოვებდაო. წლების განმავლობაში ხელშეუხებლად ტოვებდა და თავის დროს ელოდა. ნათქვამია, ადამიანს ქალი აგაშენებს და სწორედ ისვე დაგღუპავსო. ახალგაზრდობაშივე გამეფებულ ნუქიბს სულ რამდენიმე წელშივე მოუხდა სიცოცხლესთან გამოთხოვება. ბევრს აცდუნებდა მირანდას სილამაზე. მართლაც რომ ქალღმერთს ჰგავდა, განსაკუთრებით მაშინ თავის ბზინვარე მზისფერ დალალებში დიადემას რომ დაიმაგრებდა ხოლმე. ფარჩა-აბრეშუმში გახვეული კი თვით მეფისთვისაც ხელშეუხებლად მოჩანდა. ომშიწასული მზეჭაბუკის მაგივრობასაც ბევრი სთავაზობდა ქალს, თუმცა არც ერთს ახლოს არ იკარებდა. ერთადერთი ვინც ყოველთვის გვერდით ჰყავდა, ეს ლევანი იყო და იმდენი მოახერხა, მეფის მრჩევლადაც კი დაანიშნინა კაცი. სასახლეში ძალიან ბევრს კი უკვირდა, ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში როგორ მოახერხა ყოჩივარმა ნუქიბის გულის მოგება და მის დარბაზში ადგილის მოპოვება, თუმცა ჭკუას მოუხმობდნენ და ხმამაღლა არაფერს იძახდნენ ხოლმე. შემდეგ კი მირანდა დაქვრივდა. მთელი კოლხეთი დარდობდა მათი სულგრძელი მეფის გარდაცვალებას. ბევრს ისიც უკვირდა, ასე ძალღონით აღსავსე კაცი, ამდენ ომში გამობრძმედილი ასე უცებ რამ დასცაო, თუმცა მიწას ისე მიაბარეს, არავინ უწყოდა, რა დაემართა მზეჭაბუკს რეალურად. სასახლის მკურნალისგან იცოდნენ, რომ მეფეს დიდხანს არ უწვალია, წამში გათავდა, თუმცა მასაც კი აშფოთებდა ნუქიბის ასეთი აღსასრული. კოლხეთის მმართველად მირანდა დარჩა და რადგან მზეჭაბუკს არც შვილები დარჩენოდა და არც ვინმე ახლობელი ჰყავდა, დედოფლის სიკვდილის შემდეგ მთლიანად მმართველობა იმ ადამიანს გადაეცემოდა, ვისაც მირანდა დაასახელებდა. ქალი კი ასეთ ადამიანად მხოლოდ თავის საყვარელი ძმისშვილს - შალვას ხედავდა. წლების განმავლობაში დაბრძენებულს აღარ სჯეროდა სიყვარულის და მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე გაეფაერთოებინა სამეფო და ამასთანავე მშვიდობა და სტაბილურობა შეენარჩუნებინა ქვეყნის შიგნით. ლევანს კი კვლავაც არ იშორებდა გვერდიდან. განუყრელ მეგობრებად იყვნენ ქცეულნი, რომლებიც შვილივით ზრდიდნენ მათთვის მობარებულ შალვას და წლობით ნაგროვებ გამოცდილებას უზიარებდნენ. მირანდას არც ის გაჰკვირვებია, როცა ამბავი მოუვიდა, ვარდანი უფლისციხეზე აპირებს თავდასხმასო და მითუმეტეს, არც იმას - უფლისციხის ნაცვლად შალვა ფაზის რომ მიადგა და ჯერ მისი შემოერთება სცადა. მოელოდა კიდეც, რომ ძმა არგვეთში დაიბარებდა და ისიც წერილის მოსვლისთანავე მოემზადა და გრძელ და დამღლელ გზას დაადგა. ვარდანს ახლა მისი გვერდში დგომა და რჩევა ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა. თუმცა ვინ წარმოიდგენდა, რომ კოლხეთის დედოფალს ვინმე მოტაცებას გაუბედავდა? მდინარის პირთან იყვნენ დაბანაკებულნი, მოულოდნელად რომ დაესხნენ თავს და მირანდა ისე გაიტაცეს, მისმა მხლებლებმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს. რაც კი სამკაულები ჰქონდა, ყველაფერი ჩამოჰგლიჯეს და გლეხის ტანსაცმელში გამოწყობილი ხელპირაკრული ქალი გამხმარი ჩალით სავსე ურემზე შეაგდეს. მართალია მდევარი კუდში მოსდევდათ, თუმცა ყაჩაღებმა მოახერხეს იმდენი, რომ ადვილად ჩამოეცილებინათ და კბილებამდეშეიარაღებულ ხალხთან სულ მარტო დარჩა ქალი. მაგრამ წარბი წამითაც კი არ შეუხრია და არც რომელიმესთვის თავის დახრას აპირებდა. წელშიგამართული იჯდა და ამრეზით გადაჰყურებდა თითოეულ მათგანს, რომლებსაც ისე დაებურათ სახე, მხოლოდ თვალებიღა უჩანდათ. -ერთი ამას დაგვიხედეთ, რაა, - წამოიწყო ერთ-ერთმა და გაჩერების შემდეგ ქალი სულ ძალით ჩამოიყვანა ურმიდან, - ისე გვიყურებს, თითქოს თავად დედოფალი იყოს, ჩვენ კი ხოჭოები, რომლებსაც ფეხის მსუბუქი დაბიჯებით გაჭ....ტს. ვერავინ გიშველის ქალბატონო. ახლა ჩვენს ხელში ხარ! შემდეგ კი ამაზრზენად გადაიხარხარა და ქალი ერთ-ერთ ნესტის სუნად აყროლებულ ოთახში ჩაკეტა. *** ლევან ყოჩივარი იმდენად სწრაფად მიაქროლებდა ცხენს, რომ ერთ კვირაში დასაფარი მანძილი მხოლოდ სამ დღეში დაფარა. ღამღამობით თუ ჩერდებოდა და ისვენებდა, ისიც რამდენიმე საათით და იმის გამო, რომ ებრალებოდა მისი ასე ერთგული ცხოველი. მერე კი მზის პირველივე სხივებზე კვლავ უნაგირ უბრუნდებოდა და ჩრდილოეთისკენ აგრძელებდა გზას. იმ ადგილსაც მალევე მიაღწია, სადაც დაბანაკებულები იყვნენ. დიდებულები ისევ ადგილზე დაუხვდნენ, ხოლო ჯარის ნაწილი დაფანტულიყო და ახლომახლო მდებარე თითოეულ სოფელს ჩხრეკდა. იმ ღამით ბანაკში დარჩა ლევანი. უკან დაბრუნებული ჯარის მონათხრობიც მოისმინა, არავინ არაფერი იცის, თუმცა ხმა დადის ამ ბოლო დროს აქვე გიენოსთან რამდენიმე ყაჩაღი გამოჩენილა და ხშირია, მდიდრებს აწიოკებენ და გლეხებს ნადავლს უწილადებენო. ხალხიც მათი მადლიერია და აბა, რომელი ჭკუათმყოფელი გასთქვმს მათ ადგილსამყოფელსო. იცოდა, ასე ჯარის სოფელ-სოფელ სიარული არაფრისმომცემი რომ იყო. ხოდა გადაწყვეტილებაც მალევე მიიღო. სულაც არ იყო სასიამოვნო მოსასმენი მსგავსი ამბები. ისედაც გული უსკდებოდა კაცს, ვაიდა, რაიმე დაუშავონ მირანდასო. მეორე დილას კი თითქოს მიწამ უყო პირიო, არსად აღარ სჩანდა. მხოლოდ ხმალი წაეღო თან, ხოლო ცხენი და ძვირფასი აღკაზმულობა იქვე დაეტოვებინა. დიდხანს იფიქრა ლევანმა, რომელ გზას დადგომოდა, შემდეგ კი ერთ-ერთ გზაჯვარედინთან მდებარე დუქანს მიაშურა, რომელიც დიდად არაფრით იყო გამორჩეული, თუმცა იმან მიიზიდა, რომ ძალიან ბევრი ნაბადწამოსხმული ადამიანი შედი-გამოდიოდა. ერთ-ერთ ნაფოტებიდან გამოჩორკნილ მაგიდას მიუჯდა და ყველი და ლუდი შეუკვეთა. თან მალულად ათვალიერებდა იქაურებს. უმეტესობა გლეხებს წარმოადგენდნენ და ყველსა და გამხმარი პურის ყუას შეექცეოდნენ. ცოტა ხანში კი ვიღაც მიუჯდა გვერდით. არა და უამრავი მაგიდა იყო თავისუფალი. -აქ პირველად გხედავთ, მეგობარო და რა დაგკარგვნია? - ჰკითხა მცირე დუმილის შემდეგ და კიდევ ერთხელ შემფასებლურად შეათვალიერა. -გავლით ვარ, - მოკლედ მოუჭრა ლევანმა. -და სად მიდიხარ, თუ საიდუმლო არაა? -გიენოსში. -გამყოლი არ გჭირდება? მარტო კაცისთვის ზედმეტად საშიშია ასე გარე-გარე სიარული. -არ ვარ მშიშარა. -მაგას არც არავინ გეუბნება, კაცო, - შეიცხადა და მხარზე ხელი დაჰკრა, - მიდი, ლუდზე დამპატიჟე და ერთად გავიდეთ. ლევანმაც კიდევ ერთი კათხა მოითხოვა და შემდეგ კაცს მიუბრუნდა. -გავიგე, აქეთ გახშირებულა ყაჩაღობა. -მასეა, მასე, - კათხა მოიყუდა თუ არა, რამდენიმე წუთში ჩაცალა კაცმა და მაგიდაზე დაახეთქა. ლევანმა კი კიდევ ერთი კათხა შეუკვეთა, - ძალიან ბევრი დაბნელების შემდეგ გარეთ ცხვირსაც კი ვეღარ ჰყოფს. მოიწი, აბა, აქეთ, მოიწი, ხო, მოიწი. არ ვიკბინები. გინდა საიდუმლო გაგანდო? -რა საიდუმლო? -იმ ყაჩაღების მეთაური ჩემი შვილია, - მთელი სიამაყით წარმოთქვა კაცმა და გაიჭიმა, - მხოლოდ იმ მდიდრებს ძარცვავენ, რომლებიც ამოსუნთქვის საშუალებასაც არ გვაძლევენ. ამასწინათ კი კიდევ ერთი ქალბატონი შევიპყარით. ლევანს ლამის სულმა სძლია, იქვე არ ეწამებინა და სიტყვა-სიტყვით არ დაეფქვევინებინა სიმართლე, თუმცა თავი მალევე შეიკავა და უინტერესო ტონით ჰკითხა: -მართლა? -მართლა, მართლა. იმ ქალს ისეთი ძვირფასეულობა აღმოაჩნდა, თვით ჩვენს დედოფალ მირანდასაც რომ არ დაესიზმრება! -აბა, მაშინ შენ ისიც გეცოდინება, სად ჰყავთ ის ქალი და რას უპირებენ. -ვიცი, აბა, არ ვიცი?! - კიდევ ერთი კათხის გამოცლის შემდეგ შემთვრალი ღიმილი შეაგება ყოჩივარს, - აქვე ჰყავთ ქოხში, ტყის შუაგულში. იმ სამკაულებს გაჰყიდიან თუ არა, იმ ქალით ერთი კარგად გაერთობიან და მერე ან მოჰკლავენ, ანდაც საკუთარ ხასად დაიტოვებენ. -მაგასაც ვნახავთ! - მაგიდაზე ხელი დაარტყა კაცმა, შემდეგ კი წამოხტა და მაშინვე გარეთ გავარდა. -რა დაემართა? - გაოცდა უკვე შემთვრალი კაცი, ცოტა ხანს კიდევ იბჟუტურა რაღაცები, შემდეგ კი სადაც იჯდა, იქვე ჩამოდო თავი და დაიძინა. *** დაღამებულზე მიადგა ყოჩივარი ძლივსგანათებულ ქოხს. მის გარშემო რამდენიმე გუშაგი დადიოდა, ამიტომაც ერთ-ერთის მოკვლა და ბუჩქებში გათრევა მოუწია, შიგნით რომ შეპარულიყო. ქოხს ზუსტად იმ მხრიდან შემოუარა, საიდანაც ფანჯრები აჭედილი იყო, რაც შეეძლო უხმაუროდ ამოაძრო რამდენიმე უხეიროდ ჩაჭედებული ფიცარი და ძლივს გადაძვრა იმ პატარა ხვრელში. ცოტა ხანს იცდიდა, რომ თვალები სიბნელეს შესჩვეოდა. შემდეგ კი კუთხეში მჯდარი ქალიც შენიშნა და თავისუფლად ამოისუნთქა. -დააგვიანე, - დაიჩურჩულა ქალმა, როგორც კი თოკებისგან გათავისუფლდა, შემდეგ კი ლევანს მოეხვია და ერთიანად ჩაიმალა კაცის მკლავებში. -ყოველთვის ასეთი ხიფათიანი როგორ უნდა იყო? - გულში ძლიერად იკრავდა ქალს და თან თმაზე ეფერებოდა, - არ იდარდო, აქედან გაგიყვან. შემდეგ კი მირანდას ბაგეებს დაეკონა და რამდენიმე წუთს ჰკოცნიდა. როცა ახმაურებული გუშაგების და ყაჩაღების ხმა მოესმა, მხოლოდ მაშინ მოსწყდა და ზურგს უკან ამოიყენა. -მგონი დროა, ვიღაცებს თავისი ადგილი მივუჩინო. ასე არ არის? ხმალი მედგრად ჩაბღუჯა და საბრძოლველად მოემზადა. თავი 3 გონს რომ მოვიდა, თავი უბჟუოდა და თვალებიდანაც ნორმალურად ვერ იხედებოდა. ნუთუ ემოციურად ამდენად იმოქმედა, რომ ამ წამს თავს ასე შეუძლოდ გრძნობდა?! ცოტა ხანში კი ყველაფრის მარტივად აღქმა შეძლო და ნანახმა გააკვირვა. უზარმაზარ საწოლზე იწვა და მისი ორივე ხელი საწოლის თავზე უხეში ნაჭრით იყო მიბმული. სწორედ ამიტომაც გრძნობდა მკლავების დაბუჟებას და იმ ადგილას, სადაც თოკი უჭერდა, კანი გადახეხვოდა და ეწვოდა კიდეც. იმდენად მოუხერხებლად იწვა, რომ ხერხემალი დასჭიმვოდა. ახლა ზურგის ტკივილიც აწუხებდა. ყველაფერს კი ის ემატებოდა, რომ კაბის კალთა გახეოდა და კოჭებთან ერთად ბარძაყებამდე მთელი ფეხი უჩანდა. -აქ როგორ მოვხვდი? - დაიჩურჩულა თავისთვის, თუმცა პასუხს ვერ მიაგნო. ბოლო რაც ახსოვდა, მხოლოდ გულის წასვლა და რატიანის მკლავებში ჩავარდნა იყო. თუმცა გურიელის ასული ასე უმოქმედოდ ვერ იწვებოდა, ამიტომაც რაც კი ძალა ჰქონდა, ერთიანად მოქაჩა თოკს, თუმცა ნაჭერმა უარესად გადაუხეხა კანი და დაიკვნესა. შემდეგ კი უკვე შიშველი ტერფების ტყავზე შეხების ხმა გაიგო და გაშეშდა. რამდენიმე წამში კი ფარდა გადაიწია და შალვა რატიანიც გამოჩნდა. კაცს მხოლოდ ხალათი ემოსა და ისიც ისე გადაღეღვოდა, რომ მოშიშვლებული გულ-მკერდი მოუჩანდა. თმებიდან კი წურწურით ჩამოსდიოდა წყალი. -გურიელის ასულსაც გაუღვიძია, - ქალის დანახვისას გაიღიმა და საწოლისკენ სვლა განაგრძო, - აბა, თავს როგორ გრძნობ? -მეხუმრები, ხომ? -რას ბრძანებთ, როგორ ძალმიძს აუგი სიტყვა გაკადროთ და გულში მსგავსი რამ გავივლო? -ცინიკოსობას მოეშვი, თუ შეიძლება და ამხსენი! - ლამის ეკივლა ელენეს. -როგორც გენებოთ, - კვლავ გაიღიმა შალვამ, შემდეგ კი საწოლის თავთან დადებულ საუთარ ხმალს წამოავლო ხელი და იმდენად სწრაფად მოიქნია, ელენემ მხოლოდ შეკივლება და თვალების დახუჭვა მოასწრო. არ ეგონა, ცოცხალი თუ გადარჩებოდა საერთოდ ანდაც რომელიმე კიდურს თუ არ დაჰკარგავდა. მობუზული იწვა და თვალის გახელასაც კი ვერ ბედავდა. ძალიან იყო შეშინებული და ერთიანად კანკალებდა. -მაჯები მაჩვენე, - დაიბუბუნა შალვამ და გურიელის ასულმაც დაუფიქრებლად გაუწოდა ჯერ ისეც შეკოჭილი ხელები. რატიანმა ფრთხილად შეხსნა დარჩენილი თოკის ნაჭრებიც და არსაიდან გამოჩენილი პატარა ხის ყუთიდან ბლანტი მძაფრსუნიანი მალამო გადახეხილ ადგილებზე გადაანაწილა. შალვას ქცევამ გააოცა გურიელის ასული. ყველაფერს მოელოდა ამის გარდა და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა კაცს. მორჩა თუ არა მალამოს წასმას, ყუთი იატაკზე დადო, შემდეგ კი ანცი ღიმილით გადაიხარა ქალისკენ და მოშიშვლებულ ქათქათა ფეხზე მარცხენა ხელი აასრიალა. -რას... რას აკეთებ? - თუმცა ხელები აღარ ჰქონდა დაბმული, მათ ამოძრავებას ვერ ახერხებდა. ჯერ ისევ არ იყო გამოსული რატიანის მზრუნველობით გამოწვეული შოკიდან, რომ ახლა კიდევ ერთი დაემატა. -რისთვისაც აქ მოხვედი იმას, - კიდევ უფრო დაიხარა ქალისკენ და ტუჩები ყელზე მიაწება, - თუ გახსოვს, თავად იყავი ყველაფერზე წამსვლელი. თანაც შენი ეშმაკობის გამო ტყვეებიც დავკარგეთ, - ბრაზი შეერია ხმაში და თავის გასაკონტროლებლად ხელები მთელი ძალით მოუჭირა საწოლის თავს. ელენე გაშეშებული იწვა და იმასაც ვერ ხვდებოდა, რა გაეკეთებინა. კახაბერისგან სრულ თავისუფლებაში აღზრდილს ისიც კი ვერ წარმოედგინა, რომ მისი სურვილის წინააღმდეგ ვინმე რაიმეს შეჰკადრებდა, თუმცა შალვა რატიანი ბუნების არც ერთ კანონს არ ემორჩილებოდა. კაცი წამითაც კი არ წყვეტდა ალერსს და ქალს რამდენიმე ადგილას ნაკვალევიც კი დააჩნდა. ყველაზე მკვეთრი კი მისი მკერდის კაბიდან გამოჩენილ ნაწილზე აღმოჩნდა. ქალი ერთიანად კანკალებდა და საკუთარი თავის გამოგლოვაც გადაეწყვიტა რატიანი ისევე მოულოდნელად რომ მოსცილდა, როგორც თავს დაესხა და მის გვერდით დაიკავა ადგილი საწოლზე. -იცი, პირველი გაკვეთილი, რომელიც ლევანისგან ვისწავლე იყო ის, რომ ცხოვრებაში იმ ყველაფერს ვერ მიიღებ, რაც გსურს. რაც არ უნდა რეალური სურვილი იყოს და როგორ გულითაც არ უნდა გინდოდეს მაინც. და თუ მიიღებ, მას რაღაც ცუდი აუცილებლად მოჰყვება. ყველაფერს დამსახურება უნდა და მხოლოდ ოცნება არასდროს კმარა. ელენე გასუსული უსმენდა რატიანის სიტყვებს და ვერაფრით ხვდებოდა, რატომ მოუნდა ასე გულახდილი საუბარი მასთან. თანაც კაცის მკლავები იმაზე მეტად ბოჭავდა, ვიდრე თავად შალვას ჰქონდა მისთვის მოხვეული. ზურგიდან ეკვროდა და აშკარა იყო, მოშორებას არც კი განიხილავდა. -მაშინ ათი წლისაც კი არ ვიქნებოდი, ლევანს რომ გავუმხილე, სანადირო შევარდენი მინდა-მეთქი, - კვლავ განაგრძობდა თხრობას და წამითაც არ წყვეტდა ქალის სხეულზე ხელის სრიალს. თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ სიამოვნებდა ასე ძალიან ამ სიფრიფანა გოგოს ამდენად დაბნევა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა, - კარგიო. მიპასუხა და მეორე დღესვე მაჩუქა. მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. შევარდენი უკვე გაწვრთნილი იყო და ყველანაირი ზედმეტი სიტყვის გარეშე მემორჩილებოდა. ყოველ ღამით იმ იმედით ვიძინებდი, ნეტავ მალე გათენდებოდეს, რომ დილით კვლავ მისით ტკბობა შევძლო-მეთქი. თუმცა... - დანაღვლიანდა კაცი და თავი გადააქნია. -რა მოხდა? - მაშინვე იკითხა ელენემ და ვერც კი მიხვდა, თურმე როგორი ინტერესით უსმენდა რატიანს. -იმ დღეს მზესაც კი დავასწარი გაღვიძება. მამლებსაც კი არ ეყივლათ და ქანდარაზე შემსხდრები მშვიდად თვლემდნენ. მე კი იქით წავედი, სადაც წინა ღამით ჩემი შევარდენი დავტოვე. ჩვეულებრივ ჩაჩს ვაფარებდით და ისე ვტოვებდით, რომ არავის დასხმოდა თავს და არ გაფრენილიყო. იქ მისულს კი კისერმომტვრეული დამხვდა. ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა დარტყმა იყო ჩემთვის. ლევანმა მითხრა, ღამით მამიდაშენის კატა შემოიპარა და მისი შეჭმა სცადაო. დანამდვილებით ვიცოდი, რომ მირანდა მამიდას კატა არაფერ შუაში იყო. და იმ დღეს მასწავლა ეს ყველაფერიც. -და მე რა შუაში ვარ? - მთლად დაიბნა ელენე, არადა გულიც კი მოუკლა შალვას ისტორიამ და ჯერ კიდევ დარდობდა იმ პატარა ბიჭზე, რომელსაც ასე ნანატრი შევარდენი ჯერ შეაყვარეს, შემდეგ კი ასე მარტივად მოუკლეს. -იმის თქმას ვცდილობ, რომ ლევანი მართალი იყო. ცხოვრებაში ყველაფერს მარტივად ვერ მიიღებ და თუ მიიღებ, მაშინ მას მოყოლილი სიმწარეც უნდა აიტანო. თუმცა ერთი რამ ვერ გათვალა ლევანმა. მე შალვა რატიანი ვარ და სწორედ იმას ვიღებ ცხოვრებისგან, რაც ასე ძალიან მინდა, თან ისე, რომ თაფლს შერეულ შხამს არაფრად ვაგდებ. მე ლოდინიც შემიძლია და არ ვაპირებ რაიმეს ძალდატანებით მიღებას ქალისგან. თუმცა კი, გპირდები, რომ იმას აუცილებლად მივიღებ, რაც მინდა. -ძალდატანებით არ აპირებ მიღებას? - აქ კი აფეთქდა ელენე და რატიანისკენ გადაბრუნდა, - და ჩემს სახლზე თავდასხმა და მისი ხელში ჩაგდების მცდელობაც მშვიდობიანი მოლაპარაკებებია, არა? შალვამ თავისთვის ჩაიცინა, შემდეგ კი არც კი უკითხავს, ისე მისწვდა ელენეს თხელ ბაგეებს და ისე ეამბორა, ქალს დადუმების გარდა სხვა გზა აღარ დარჩენოდა. იმდენად ნაზად ჰკოცნიდა კაცი, რომ წამით თავიც კი დაკარგა და თავადაც აჰყვა კოცნაში. -შენი ხმა აღარ გავიგო, ელენე, - მოსცილდა თუ არა, ესღა ჩაიბურტყუნა, შემდეგ კი თვალები მილულა და ისე ჩამოეძინა, გურიელისთვის ხელი წამითაც არ გაუშვია. თავადაც ვერ ხვდებოდა რატიანი, რატომ მოსწონდა ასე ძალიან გურიელის ასული. ეს თითქოს ერთი შეხედვით უსუსური და დაუცველი ქალი, წამში იცვლიდა სახეს და ავაზას ემსგავსებოდა, რომელსაც სისხლი სწყურია და მზადაა ყველა დაგლიჯოს, ვინც კი გზად გადაეღობება. რატიანსაც ჰყავდა საკუთარ ხელში გამოზრდილი ავაზა მამიდამისის სასახლეში, რომელიც სტუმრად ჩამოსულმა ბერძნებმა აჩუქეს. ცხოველი ჯერ კიდევ თვალაუხელელი იყო, რომ ჩამოიყვანეს და შალვამაც თავად იკისრა მისი გაზრდა. ისიც იმდენად შეეჩვია, რომ მხოლოდ მისი ხელიდან თუ ჭამდა საკვებს და თუ საჭირო იყო, პატრონთან ახლოსაც კი არ აკარებდა არავის. ძალღლივით ერთგული წლები არ მოსცილებოდა შალვას და ახლა, როცა ასე შორს იყო მისგან, გულში მონატრების ნაპერწკალი გაჰღვივებოდა კაცს. ნერვებს უშლიდა უკვე ასე გაწელილი ომი და ამ ადგილიდან ძალიან შორს, მშვიდ ადგილას ყოფნაზე არ იტყოდა უარს, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდებოდა, როგორც მას სურდა. ამჯერად ამ ყველაფრის წარმმართველი მამამისი იყო. შალვა კი დიდ პატივს სცემდა მამას და მისი თითოეული სიტყვა კანონივით იყო. თავისებურად ორივე ძალიან ლამაზია, ელენეცა და ჩემი ავაზაცო, გულში ფიქრობდა სისხამ დილას, როდესაც მშვიდად მძინარე ქალს უყურებდა და თან ტანზე იცვამდა. თან მიხვრა-მოხვრითაც როგორ ჰგვანან ერთმანეთსო. აბჯრის ჩაცმაც არ დავიწყებია რატიანს. თავადაც ვერ მიხვდა, სურვილმა რომ წამოუარა, ელენესკენ დაიხარა და ჯერ ოდნავ შეახო ტუჩები ლოყაზე, შემდეგ კი მისი გრძელი თმებიდან ერთ ერთ კულულს დასწვდა, რამდენიმე წამს უყურა, შემდეგ კი ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და იქაურობა თვალისდახამხამებაში დატოვა. *** გურიელის ასულს მალევე გამოეღვიძა. ვერც კი ხვდებოდა, ასეთი დაღლილი თუ იყო და საერთოდაც, მას მამაკაცთან ერთად ძილიც კი ვერ წარმოედგინა, თუ ეს უკანასკნელი კახაბერ გურიელი არ იყო, თუმცა წუხანდელმა ღამემ თითქოს დასცინაო, ისე გაახსენდა, როგორ ტკბილად და უშფოთველად ეძინა საკუთარ მტერთან ერთად ჩახუტებულს. ერთიანად წამოახურა და სახეზეც გადაწითლდა, როცა გაახსენდა, როგორ ჰკოცნიდა კაცი და რამდენიმე წამს სახეზე ხელებაფარებულიც კი იწვა ისე, რომ არც კი ინძრეოდა. -ახლა რას აპირებ, ელენე? - ეკითხებოდა საკუთარ თავს, თუმცა პასუხი არა და არ სჩანდა და ქალმაც არ იცოდა, რა მოემოქმედებინა. ერთადერთი რაც ამშვიდებდა იყო ის, რომ მისი მსხვერპლი უაზრო არ გამომდგარა. მამამისი რატიანის ტყვეობაში აღარ იმყოფებოდა და დარწმუნებული შეეძლო ყოფილიყო, რომ მას ახლა საუკეთესო მკურნალები ედგნენ თავს და არაფრის დიდებით დაუშვებდნენ, თუნდაც ერთი თმის ღერი რომ ჩამოვარდნოდა. ბოლოს წამოდგა და იქაურობას მოავლო თვალი. აშკარად სულ სხვა კარავში იყო. ეს პირველისგან განსხვავებით მორთულობითაც განსხვავდებოდა და სიდიდითაც. უფრო მეტად დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა, ვიდრე საომარი გადაწყვეტილებების მიმღებს. -ოჰო, გაგიღვიძიათ, გურიელის ასულო, - ამჯერად ნამდვილად უჩუმრად წამოადგა თავს შალვა და ღიმილით შეათვალიერა ჯერ ისევ ძილისგან ღაწვებაღუებული ქალი. სწრაფად დაიძრა მისკენ, ხელის ერთი მოხვევით მკერდზე აიკრა და არც ელენეს დაბნეულობაზე დაუმალავს ანცი ღიმილი. -სწრაფად მოემზადეთ, ქალბატონო, სტუმარი გელით, - დაუტოვა ორიოდე სიტყვა და მაშინვე გასცილდა. -სტუმარი? - თვალები გაუფარდოვდა ქალს. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, არგვეთელების კარავში ვინ შეიძლება სტუმრებოდა. ვაი, თუ ცუდი ამბავი მოჰქონდა? არა, სასწრაფოდ უნდა გაეგო ყველაფერი. სახეზე წყლის შესხმისა და თმების დამაგრების შემდეგ კი ფარდა ერთიანად გადასწია და რატიანს წინ დაუდგა. -ნამდვილად მოგინდომებია, - ამრეზით ჩაიცინა კაცმა და შემდეგ მოსაცმელი გაუწოდა, - ეს მოიხურე, თორემ ყველა დაინახავს, როგორი ღამე გქონდა წუხელ. ელენეს აღარც დალოდებია, ისე გააბიჯა დღის სინათლეში და გეზი საკუთარი კარვისკენ აიღო. გურიელის ასული მობუზული მიჰყვებოდა და თან ცდილობდა, მისკენ მიმართული ზიზღნარევი მზერისგან თავი როგორმე აერიდებინა. აქ რომ მოდიოდა, ნერვიც კი არ უტოკდებოდა სახეზე, ვერავინ შეამჩნევდა, ასეთი შეშინებული თუ იყო, ახლა კი, ახლა ყველა ემოცია სახეზე ეწერა. ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყივით მხოლოდ ის უნდოდა, დედა ჩიტს მალე ეპოვა და მისი დაცული ფრთის ქვეშ შეეფარებინა. -მხოლოდ თქვენს შემდეგ, - კარვის კალთა გადასწია რატიანმა და სახეზეგადაკრული ირონიული ღიმილით პირველი სწორედ ელენე შეატარა. შიგნით კი მართლაც რომ ის ადამიანი დახვდა, ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. მის წინ ქედმოხრილი ომია იდგა, ფაზისის მხედართმთავარი და კაციშვილმა არ იცოდა, რისთვის მოსულიყო აქ. ომია ასაკით არც თუ ისე დიდი იყო, თუმცა წლოვანებასთან შედარებით ჭკვიანი იყო და საომარ საქმიანობაში ხომ საერთოდ არაფერი შეეშლებოდა. სწორედ მისი სიბრძნის და სწორი გადაწყვეტილებების გამო დააწინაურა უბრალო ჯარისკაცი კახაბერმა ჯერ ასისთავად, შემდეგ ხუთასისთავად, ბოლოს კი მხედართმავრობაც უბოძა. ერთმანეთშეზრდილი ელენე და ომია კი საუკეთესო მეგობრებად ქცეულიყვნენ და ერთმანეთს მუდამ ყველაფერში ეხმარებოდნენ. -ომია, შენ აქ რას აკეთებ? - გაკვირვების დამალვა არც კი უცდია ელენეს. -შემოთავაზება გვაქვს მასთან, - კბილებში გამოსცრა კაცმა და არანაკლები მტრული მზერა აჩუქა მისკენ მომზირალ რატიანს. -მაშ, გისმენ, რისთვის შეწუხებულხარ? -გთხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ელენე გურიელი, - დაიწყო ომიამ, თუმცა ამას შალვას ისეთი სიცილი მოჰყვა, კაცმა თავი ძლივს შეიკავა, რომ შიშველი ხელებით იქვე არ მიეხრჩო ეს თავხედი ადამიანი. -მართლა? და სამაგიეროდ რას მთავაზობთ? -ას ნარჩევ ქალ-ვაჟს და ჩემს თავს თქვენს მძევლად. ციხე-სიმაგრის ბატონ-პატრონიც თქვენ იქნებით და მთელი ფაზისიც სწორედ თქვენ გაღიარებთ, როგორც ერთადერთ მმართველს. -ომია, არა! - წამოიძახა ელენემ და მისკენ გაიწია კიდეც, თუმცა რატიანმა იმარჯვა, მკლავში ხელი ჩაავლო და ადგილზე გააშეშა. -ერთი ნაბიჯიც რომ გდადგა, იცოდე, მოგკლავ, - ხმადაბლა უთხრა ქალს, შემდეგ კი ერთიანად დაჭიმულ ომიას გახედა და დამცინავი ღიმილით დააჯილდოვა, - იცი, რაღაც ვერ დამაინტერესა თქვენმა შემოთავაზებამ, - მხრები აიჩეჩა შალვამ, - რამდენიმე დღეც და ჩათვალე, რომ ფაზისი უკვე ჩემია. რაც შეეხება გურიელის ასულს, - და ელენეს შემფასებლური თვალით გადახედა, - მასში თვით რომის მეფეც რომ შემომთავაზოთ, მაინც უარს ვიტყვი! ახლა კი იქ წადი, საიდანაც მოსულხარ და მადლობა მითხარი, რომ საერთოდ ცოცხალს გიშვებ აქედან! -შენ! - იყვირა მოთმინებაგამოლეულმა ომიამ და რატიანისკენ გაიწია კიდეც, თუმცა კარავში დაუყოვნებლივ დაუძახებლადაც შემოცვივდნენ ჯარისკაცები და ფაზისელ მხედართმთავარს მხრებში სწვდნენ. -ომია, ომიაა, - თავისთვის სლუკუნებდა ელენე და აცრემლიანებულ თვალებს არ აცილებდა კაცს. -რა ვუყოთ მას, ბატონო? - იკითხა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა და ქედმოხრით ახედა შალვას. -ასწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეს არგვეთელებთან, შემდეგ კი მისიანებს გადაეცით. არც ერთი ფაზისელი მეომარი არ მჭირდება ამჯერად ბანაკში! კაცების გასვლის შემდეგ კი გაცეცხლებული მიუბრუნდა ელენეს და იმხელა ხმაზე დაიგრგვინა, ქალს არ ეგონა, თუ არ დაყრუვდებოდა. -აბა, გურიელის ასულო, ამიხსნი, ვინ ხართ შენ და ომია ერთმანეთისთვის და რატომ შეგტკივა გული ასე ძალიან მასზე? *** მირანდა რატიანს იმის გახსენებაც კი აღარ უნდოდა, როგორ დააღწიეს მან და ლევანმა ყაჩაღებს თავი და როგორც დაბრუნდნენ საკუთარ ბანაკში. როდესაც ყოჩივარი აირჩია და გვერდით დაიყენა, რგოგორც დედოფალმა, მას თავისი სიცოცხლეც ანდო და იცოდა, კაცი არასდროს დააღალატებდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, ლევანის იმედი მუდამ შეეძლო ჰქონოდა. ბანაკში დაბრუნებულმა კი პირველი რაც გააკეთა, ბრძანების გაცემა იყო, რომ სასწრაფოდ გაეგრძელებინათ გზა და არგვეთში რაც შეიძლება ჩქარა ჩასულიყვნენ. არც იმ ძონძების ტარებას დაგიდევდათ, რაც ყაჩაღებმა ჩააცვეს და არც სამკაულების დაკარგვას. მთავარი იყო ძმასთან მალევე მიეღწია. არგვეთს უახლოვდებოდნენ კიდეც, ვარდანის გამოგზავნილი ჯარი რომ შეეგებათ და არგვეთის სასახლემდე სწორედ მათ მიაცილეს. იქაურობის დანახვისას მაშინვე იგრძნო, თუ რა ენატრებოდა, რა აკლდა ამდენ ხანს და ასე გამალებით რატომ სთხოვდა გული აქ ჩამოსვლას. ამდენი წლის გადაკარგული შვილი სახლს დაბრუნებოდა და სიხარულით აღარც კი იცოდა, რა მოემოქმედებინა. მერე რა, რომ ეს დაბრუნება შეიძლება მცირეხნიანი ყოფილიყო. სულ რამდენიმე წამიც კი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, რომ სიცოცხლეს ფერები დაბრუნებოდა და ახლა თუნდაც უკანვე გაბრუნებულიყო, სულაც არ ანაღვლებდა. სასახლეში დაბინავების შემდეგ კი ჯერ მოსასვენებლად წავიდა და ძმასთან შეხვედრა შემდეგი დღისთვის გადადო, შემდეგ კი თავის ოთახში დაიბარა კოლხი დიდგვაროვნები და ბრძანებების გაცემა დაიწყო, თუ რა უნდა მოემოქმედებინათ, ვისაც უკან გზავნიდა სპეციალური დავალებებით მისი იქ არ ყოფნის პერიოდში. პირველ რიგში კი სწორედ კანონების გამკაცრება და გუშაგების დამატება იყო საჭირო ქუჩებში. დანარჩენს დაბრუნების შემდეგაც მოევლებოდა. მეორე დღეს დის მისვლას არც კი დალოდებია, თავად ვარდანი გამოეცხადა ოთახში, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა შვილის დაუმორჩირებლობა და გრგვინავდა. არც ლევანის დაძახება დავიწყნია და ყოჩივარიც მორჩილად იტანდა ძველი ამხანგის საყვედურებს. -გესმით მაინც, შალვამ რა ჩაიდინა? - ბრდღვინავდა ვარდანი და ოთახში ბოლთას სცემდა, - ჩემი ამდენხნიანი წვალება ლამის ერთიანად წყალში ჩამიყარა! ამის გამო გამოგიგზავნეთ და გაზრდევინებდით თქვენ?! ეს არის თქვენ მიერ აღზრდილი ბავშვი? ეს ასწავლეთ? -ვარდან! - ძმის სიტყვები ვეღარ მოითმინა მირანდამ და დაუყვირა, - ზედმეტი მოგდის! -კიდევ მე მომდის ზედმეტი? მალევე რომ არ გამეგო შალვას დაუდევრობის შესახებ, ახლა ალბათ ვერც კი ვილაპარაკებდით! საკუთარი ძალებით მომიწია უფლისციხეზე იერიშის მიტანა, როდესაც მცხეთას ვუმიზნებდი და შალვას იმედი მქონდა! ეს ყველაფერი მოულოდნელი უნდა ყოფილიყო და სულ რამდენიმე დღეში უნდა ამეღო, თუმცა ახლა გაფრთხილებულნი არიან იბერნი და დიდია შესაძლებლობა, რომ ეს ომი რამდენიმე წელსაც კი გაგრძელდეს! -მე თუ მკითხავ, - საუბარში ჩაერია ლევანი და დაბღვერილი ვარდანის დანახვის მიუხედავად, მაინც განაგრძო დაწყებული სიტყვა, - შალვა ძალიანაც სწორად მოიქცა, ჯერ ფაზის რომ შეუტია და არა უფლისციხეს. -მართლა? ვითომ რატომ? ფაზისი ჩვენს ზურგს უკანაა და არაფერში მარგია! -რადგან ფაზისი მეც არ მემორჩილება, ხოლო შალვა მას აუცილებლად აიღებს, შემდეგ კი მათ ჯართან ერთად ერთი-ორად გაძლიერებული დაგეხმარება მცხეთის აღებაში, - ამჯერად მირანდამ ითავა ლაპარაკი. -ან გაძლიერებული დამეხმარება, ანდაც იმ ჯარს ერთიანად შეაწყვეტს მაგ ციხის აღებას და შეიძლება თავადაც კი ვეღარ დაბრუნდეს უკან! -მე კი სულ სხვანაირი ხმები მომდის, - არ ნებდებოდა ქალი, - ფაზისი სადაც არაა, გატყდება. არ არსებობს ციხე-სიმაგრე, რომლის აღებაც შეუძლებელია. მე კი კარგად ვიცნობ ჩემს აღზრდილს და ვიცი, რისი გამკეთებელიცაა. -ასე გამეტებით რომ იცავთ შალვას, მეტი არ მინდა, მართლა მიუღწევია წარმატებისთვის! იცოდეთ, ორივენი თავებს გამოემშვიდობებით და ჩემი შვილიც უკან მოგყევბათ! -მაგის არც უფლება გაქვს და არც შესაძლებლობა, - მხრებში გაიმართა მირანდა და იმდენად მტკიცე ხმით თქვა, რომ ვარდანი მიხვდა, ახლა მის წინაშე ნამდვილი დედოფალი იდგა და უმცროს დასთან შანსიც კი არ ჰქონდა. ქალი პატარაობიდანვე გამორჩეული იყო თავისი ჭკუით და ვარდანს ხშირად აშინებდა კიდეც. მის სიდიადეს ვერც ერთი მოკვდავი ვერ უძლებდა და ამის დადასტურებას მზეჭაბუკ ნუქიბიც წარმოადგენდა. ვარდანმა ჭკუას მოუხმო და უკან დაიხია. მორიდებითაც კი შეათვალიერა ბერძნულ კაბაში გამოწყობილი და, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო დამშვენებულიყო, სიბრძნეც მომატებოდა და ამოიოხრა. კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მოულოდნელად კარზე რომ დააკაკუნეს, შემდეგ კი ოთახში მსახური შემოიჭრა. -რა ხდება? - იკითხა ვარდანმა. -ბატონო, საბერძნეთიდან დელეგაცია გვყავს სტუმრად. ცოტა ხნის წინ შემოვიდნენ სასახლის ეზოში. -ბერძნები არგევთში? - გაიოცა ვარდანმა და ლევანს გადახედა. -ისინი დედოფალთან შეხვედრას მოითხოვენ. -ვისთან? - აქ კი გაოცება ვეღარ დამალა რატიანმა. -დედოფალ მირანდასთან შესახვედრად არიან ჩამოსულები. გაუგიათ, რომ ფაზისში ომია, თავად კოლხეთის დედოფალი კი აქ გამომგზავრებულა. ამიტომაც მათაც აქ ჩამოაკითხეს. -მაშ კარგი. დიდ დარბაზში შეიყვანეთ და მეც მოვალ, - ხმა ამოიღო მირანდამაც და მსახური დაითხოვა, - ახლა კი დამტოვეთ. ელჩების მისაღებად უნდა გამოვეწყო, - მიმართა ძმას და ლევანს და ზურგი აქციათ. ყოჩივარი უკვე კართან იყო მისული, მოულოდნელად მირანდას ხმა რომ შემოესმა. -ლევან, ორი სიტყვა მაქვს სათქმელი შენთან, - დაელოდა, სანამ ვარდანის ნაბიჯების ხმაც არ მიწყდა დერეფანში და მხოლოდ ამის შემდეგ დაილაპარაკა, - სანამ ისინი დარბაზში შეუყვანიათ, ჩადი მათთან და გამირკვიე, ვინ არიან და რა მიზეზით ჩამოსულები. მაინტერესებს, ჩემი რომელი ვარაუდი გამართლდება. მთლად უცოდინრად დახვედრა არ ივარგებს. ყოჩივარმა უხმოდ გაიხურა კარი და სასახლის ეზოში სახელდახელოდ გაშლილი კარვებისკენ აიღო გეზი. მოელოდა კიდეც, რომ ყველაზე დიდი და ძვირფასი კარავი თავად ელჩის იქნებოდა და აინტერესებდა კიდეც, ამჯერად ვინ ირჩიეს ბერძნებმა კოლხეთში გამოსაგზავნად. მოულოდნელად კი უკვე დიდი ხნის მივიწყებული ხმა შემოესმა და გაშეშდა. შეუძლებელია ეს ეფიმია ყოფილიყო! თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებოდა და სულ რამდენიმე წამში აღმოაჩინა რომ მის წინ მისი ძველი „ნაცნობი“ იდგა. -ლევან? არ მოველოდი შენს აქ ნახვას, - გაოცება არ სცილდებოდა ქალის სახეს. -აქ... აქ რას აკეთებ? - დაბნეული იყო ლევანიც. -მე ვარ ელჩი. და შენ? -მე?.. მე დედოფლის მრჩეველი ვარ. -ვფიქრობდი კიდეც, მაგ თანამდებობას მარტივად რომ დაიკავებდი. -დედა, - ამჯერად ახალგაზრდა გოგონას ხმა შემოესმათ შორიდან და ორივემ იქით გაიხედა, მათკენ ჩალისფერთმიანი ლამაზი ქალი მიდიოდა და თან კალათით რაღაც მოჰქონდა. -შვილიც გყავს? - იკითხა ლევანმა და თან თვალს აცილებდა გოგონას ნაცნობ ნაკვთებს. -სულაც არ ვაპირებდი ამის თქმას. ვერც კი ვიფიქრებდი, ოდესმე ისევ თუ შევხვდებოდით ერთმანეთს, თუმცა ამდენი ხნის შემდეგ სიმართლის თქმას იმსახურებ. ლევან, ეს კალიოპეა, ჩვენი ქალიშვილი. კაცს თავზარი დაეცა, პირი გაუშრა და გამოსახულებებმაც კი დაიწყო გაორება, თუმცა ის კი კარგად შეამჩნია, როგორ მოკურცხლა მირანდას მსახურმა სასახლისკენ და ხვდებოდა, რომ წინ ძალიან მძიმე საუბარი ელოდა. -შვილი?! - რამდენიმე წუთში გაისმა კიდეც მირანდას გრგვინვა და თითქოს ცაზე მეხიც კი გავარდაო, თუმცა რეალურად ქალის ამოძახილი სასახლის და მისი ოთახის კედლებს არც კი გასცილებია. შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა დარბაზისკენ. თავი 4 -აბა, გურიელის ასულო, რაღაც პასუხი არ მესმის და იქნებ მითხრათ, ვინ ხართ ერთმანეთისთვის ომია და შენ? -ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ უნდა გითხრა რამე. -ყველაზე არასწორ დროს ავლენ სიჯიუტეს, ელენე, და მერწმუნე, კარგს არაფერს დაგაყრის ეს ყველაფერი! -მხოლოდ ერთადერთი პასუხი მაქვს თქვენს შეკითხვაზე - თქვენი საქმე არ არის! -კარგი. ძალიან კარგი. თავად გამოუტანე საკუთარ თავს განაჩენი! - უკვე ბრდღვინავდა კაცი და სურვილი კლავდა, ყველაფერი დაეფშვნა, რაც კი ხელთ მოხვდებოდა. -მცველებო! - დაიგრგვინა მოულოდნელად და კარავში შემოჭრილ ორ კარისკაცსს გურიელზე ანიშნა, - ქალბატონი მოსასვენებელ კარვამდე მიაცილეთ და დარწმუნდით, რომ ვერსად გაიქცევა. მასთან არავინ შევა და არც გამოვა ჩემი ბრძანების გარეშე. გასაგებია? მცველებმა მხოლოდ თავი დაუკრეს, შემდეგ კი დაელოდნენ თუ როდის გავიდოდა ქალი, რომ უკან გაჰყოლოდნენ. ელენეს სიმწრით ჩაეცინა. ამრეზით ააყოლა თვალი მის წინ მდგარ არგვეთელს. იმ წამს იმდენი რამ იკითხებოდა ქალის თვალებში, მაგრამ არც ერთი მათგანი უქადდა რატიანს რაიმე კარგს. მშვენივრად ხვდებოდა კაცი, რომ ახლა ელენე მას იმ ხოჭოდ აღიქვამდა, გაჭ....ტვის შემდეგ მყრალ სუნს რომ აყენებს. თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ იქცეოდა ამ გოგოსთან ასე უცნაურად. რატომ კარგავდა გონს და საღად აზროვნების უნარს. მაგრამ სხვა გზასაც ვერ ხედავდა. მოულოდნელად ელენე შეირხა და სანამ რატიანი რამეს მოისაზრებდა, ისეთი სილაქი უთავაზა, კაცს თვალთ დაუბნელდა. -ამ ყველაფერს არ შეგარჩენ, შალვა, დარწმუნებული იყავი ამაში, - ბოლო სიტყვები დაუტოვა ელენემაც და მერე ამაყი მიმოხვრით უკანმოუხედავად გაჰყვა მცველებს. *** უკვე ორ კვირაზე მეტი იწურებოდა, რაც შალვა რატიანი ფაზისის ციხეს შემორტყმოდა და წარმატებითაც მიიწევდა წინ. აღმოსავლეთიდანაც კარგი სიახლეები მოდიოდა. მამამისს უფლისციხე აეღო და ახლა მცხეთას მისდგომოდა. ლევანს კი მამიდამისი დაეხსნა ყაჩაღებისგან და ქალი არგვეთშიც ჩაეყვანა. ყველაფერი ისე ლაგდებოდა, როგორც მას სურდა და აწყობდა. ერთადერთი გურიელების ჯიუტი ასული იყო, კვლავ რომ ვერ გაეტეხა და ნერვების ჭიად რომ შესჩენოდა. ის იყო მიზეზი მისი უძილოდ გათენებული ღამეების და არა ომის ქარცეცხლი. მართალი იყო ლევანი, როცა ეუბნებოდა, სამყაროში ყველა არსების მორჯულებაა შესაძლებელი ქალის გარდაო. მის გონებაში შემძვრალიყო ეს სიფრიფანა ქალი და მოსვენების საშუალებასაც არ აძლევდა. არც პოზიციების დათმობას აპირებდა და მისი ფიქრებიდან გაძევებაც კი არ აღმოჩნდა ასე მარტივი. რას არ მისცემდა, ახლა გვერდით ლევანი რომ ჰყოლოდა და მისთვის რჩევა მიეცა, როგორ მოქცეულიყო. მაგრამ თითქოს გუმანით გრძნობდა, მისი აღმზრდელი არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იყო, უსიტყვოდ იტანდა ყოველივეს. თანაც იცოდა, ლევანი მუდამ გვერდით ვერ ეყოლებოდა და უკვე დრო იყო თავადაც გადაეწყვიტა რაღაც-რაღაცები. -ბატონო, ბატონო, - გულამოვარდნილი მივარდა მასთან სისხლსა და ტალახში ამოსვრილი ჯარისკაცი და მდაბლად დაუკრა თავი, - ციხეში შევაღწიეთ. ამდენი ხნის განმავლობაში ძლივს სასიხარულო სიახლე შეიტყო შალვამ, თავადაც სწრაფად გადაიცვა აბჯარი და ბრძოლის ველზე გაიჭრა. ამდენხნიანი თავდაცვის და გათენებული ღამის შემდეგ გატყდა ფაზისი. მისმა ლითონის გისოსებმა და ხის სქელმა ჭიშკარმა ერთდროულად დაიკვნესა, ვეღარ გაუძლო არგვეთელების მძლავრ კატაპულტებსა და უშველებელ ძელებს. ერთი ამოიკვნესა და დანებდა. თავად ფაზისელების მხედართმთავარი კი ბოლომდე იბრძოდა. მაგრამ ვერც მან გაუძლო. საბოლოოდ კი ერთ-ერთი არგვეთელის შუბმა მძიმედ დაჭრა ბარძაყში. უგონოდ მყოფი ჩაუვარდა ხელთ რატიანს და დიდხანს აღარც უცოცხლია, იმ საღამოსვე ამოხდა სული. რაც შეეხება კახაბერ გურიელს, მის ასავალდასავალს ვერავინ მიაგნო. *** შალვა რატიანი ციხის აღებიდან მალევე მიხვდა, ფაზისელების გულს ასე მარტივად ვერ მოიგებდა და არც ბრძოლაში არ გაჰყვებოდნენ. ამიტომაც ელენე გურიელი მოაყვანინა. შემდეგ ყველა იქ მყოფი შეკრიბა, იყო ეს არგვეთელი თუ ფაზისელი და მათი თანდასწრებით გამოაცხა, რომ სულ მალე მათი ერისთავის ასულზე იქორწინებდა. ამით რამდენიმე საერისთავო გაერთიანდებოდა და უფრო მძლავრ პოლიტიკურ ერთეულსაც მიიღებდნენ. თავად ელენე იმდენად გაოცებული იყო ამის გაგონებისას, გაშეშდა და შეწინააღმდეგებაც კი ვერ მოიფიქრა. გონს მხოლოდ ციხე-სიმაგრის დარბაზში მოვიდა, სადაც შალვას სათათბიროდ შეეკრიბა თავისი ასისთავები და სანამ ვინმე რამეს იტყოდა, კიდევ ერთი მწარე ალიყური აჭამა თავგასულ არგვეთელს. ასისთავები შეიშმუშნენ და აღარ იცოდნენ, საით გაეხედათ. ვერ ხვდებოდნენ, როგორ აძლევდა რატიანი ვიღაც ქალს ამდენის უფლებას, თუმცა ხმამაღლა ვერაფრის თქმას ვერ ბედავდნენ. ამასობაში კი ელენე გამობრუნდა და დარბაზიდან ფეხაჩქარებით გავიდა. -რას გვიბრძანებთ, ბატონო, გავყვეთ უკან? - ხმა ამოიღო ერთ-ერთმა მცველმა და მთლად აპილპილებულ შალვას კითხვით მიმართა. -მაინც ვერსად გაიქცევა. ყველგან ჩვენი ჯარისკაცები არიან. ის კი ერთადერთი ქალია ამდენ მამაკაცში. მასთან შორიახლოს იმოძრავეთ და თუ რამეს დააპირებს, მაშინვე შემატყობინეთ! ერთ-ერთმა ასისთავმა მხოლოდ შალვას მსახურის გასვლის შემდეგ ამოიღო ხმა: -და ჩვენ რას ვაპირებთ ახლა? -რამდენიმე დღით აქ გავჩერდებით. დავისვენებთ, ძალებს აღვიდგენთ, შემდეგ კი მამაჩემის არმიასთან შესაერთებლად გავემართებით. -ფაზისლები? -მათ მოუწევთ ჩვენთან ერთად წამოსვლა. დასვენების ეს რამდენიმე დღე მათვისაცაა განკუთვნილი. -როგორც თქვენ ბრძანებთ, ბატონო. - მაშინათვე ყველა დაეთანხმა კაცს, - ციხე-სიმაგრეში რამდენი კაცის დატოვებას ფიქრობთ? -ორასი მგონი საკმარისი უნდა იყოს. თქვენ რას იტყვით? -მე ას ორმოცდაათამდე ვფიქრობდი, მაგრამ ორასი ნამდვილად საკმარისი უნდა იყოს. -მაშინ ძალიან კარგი. შევთანხმდით, - თქვა და ცოტა ხანში კრებაც დაითხოვა. ამ დროს ელენე გურიელი თავის უკვე გაპარტახებულ სახლს უყურებდა და ვერ იჯერებდა, რომ ერთ დროს ეს ადგილი მწვანეში იყო ჩაფლული და ყვაოდა. მაგრამ სიმართლეც უნდა ეღიარებინა. არგვეთელებს მის განადგურებაში იმაზე ნაკლები წვლილი მიუძღვოდათ, ვიდრე თავად ფაზისელებს. მიხვდნენ რა, რომ რატიანის რაზმთან დამარცხება ეწერათ, საკუთარი ხელით წაუკიდეს ცეცხლი აქაურობას და რაც კი რამ ლამაზი ებადათ, ყველაფერი გადაწვეს. გურიელის ასული ვერ ხვდებოდა, როგორ შეეძლოთ ასე გაემეტებინათ ის ყველაფერი, რის შექმნასაც ამდენი წელი, შრომა და ძალა შესწირეს. მაგრამ ერთი კი ესმოდა. ადამიანი ყველაზე უგნური და გულღრჯო არსებაა ყველა ცოცხალ არსებას შორის. იგი მზადაა საკუთარი ხელით გაანადგუროს ყველაფერი საუკეთესო, რისთვისაც წლები იწვალა. შეაკვდება და სხვას არ დაუთმობს ასე მარტივად. ურჩევნია არც მას ჰქონდეს და არც სხვას. მართლაც რომ ის ავი ძაღლია, რომელიც არც თავად ჭამს და არც სხვას აჭმევს. სასახლის ჩრდილქვეშ მიდიოდა ცდილობდა გაეხსენებინა ყველა ის ძვირფასი მომენტი, რომლებიც ამ კედლებქვეშ გაეტარებინა, მაგრამ თითქოს გონებას უარი განეცხადებინა მის მორჩილებაზე, სათუთად ინახავდა თითოეულს და ქალს მხოლოდ რამდენიმე დღის წინანდელი მოგონებები თუ ამოუტივტივდებოდა ხოლმე. ასე სეირნობა სეირნობაში მიადგა კიდეც სასახლის ბაღს. ადრე აქ უთვალავი ფერადი ყვავილი ჰყვაოდა წელიწადის ნებისმიერ დროს, ახლა კი ერთიანად გაპარტახებულიყო. ქალს მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრიც, რომ შეიძლება უკანასკენალად ხედავდა აქაურობას და მიუხედავად იმისა, რომ აქაურობისგან აღარაფერი დარჩენილიყო და გულს სტკენდა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა, ჯიუტად არ წყვეტდა თვალიერებას. ვარდების ბუჩქებსაც ჩაუარა და იმ მხარეს წავიდა, სადაც კახაბერმა სპეციალურად მისთვის მეტრ-ნახევრიანი ბუჩქებისგან ლაბირინთი მოაწყობინა. ლაბირინთს სულ ორთი შესასვლელ-გასასვლელი ჰქონდა, ერთ-ერთს კი პირდაპირ ზღვის ნაპირას მიჰყავდით. ელენემ ლაბირინთის თითოეული კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდა და არც გასჭირვებია მასში გზის გაკვლევა. უკვე უნდა გამოსულიყო კიდეც, მოულოდნელად ფეხი ერთდროულად რაღაც რბილსა და დახვეულს რომ დაადგა. შემდეგ კი მუხლთან ახლოსვე მწვავე ტკივილი იგრძნო და მხოლოდ კაბის კალთის აწევისას დაინახა ბალახებში გასრიალებული შავი გველი, რომელსაც ტანზე ფორთოხლისფერი ლაქები გასდევდა. *** თითქოს გული უგრძნობდაო, შალვა რატიანი ადგილზე ვერ ისვენებდა და როგორც კი მისმა ერთ-ერთმა მსახურმა კარი დაუკაკუნებლად შემოგლიჯა, მაშინვე მიხვდა, ელენეს რაღაც რომ შემთხვეოდა. -რა მოხდა? -ბატონო, ელენე გურიელი მკურნალთა კარავშია. თქვენ ხომ მთხოვეთ, თუ რაიმეს დააპირებს ან დაემართება, მაშინვე მომახსენეო. -რა დაემართა? - მთელს ტანზე ცივლმა ოფლმა დაასხა კაცს და მაშინვე კარისკენ გაიქცა. -ბაღში სეირნობდა, როდესაც გველმა უკბინა, - ძლივს დააწია ბოლო სიტყვები დერეფანში გაქცეულ რატიანს. მკურნალთა კარავში ელენე გურიელი სიცხისგან იწვოდა და ნაკბენიც საშინლად სტკიოდა. ქალს მთელი სხეული დაბუჟებოდა და ნელ-ნელა ქუთუთოებიც უმძიმდებოდა. მთავარ მკურნალს მხოლოდ ის მოეხერხებინა, რომ ნაკბენს ზემოთ მჭიდროდ შემოეჭირა ნაჭერი, რათა სისხლს ნაკლებად ემოძრავა და შხამიც უფრო ნაკლებად მოსდებოდა ორგანიზმს. -ვინმე მჭირდება, ვინც შხამს ამოსწოვს, - დაიყვირა ექიმმა და სწორედ ამ დროს კარავში რატიანის ფიგურაც გაკრთა. ელენე უკვე გონს ჰკარგავდა, მაგრამ შალვას დანახვამ თითქოს ძალა დაუბრუნაო. ოდნავ წამოიწია საწოლზე და გაორებულ შალვას გახედა. -თქვენ რა აქამდე არ გიმკურნალიათ მისთვის? - ცოფებს ყრიდა რატიანი, - თუ საიდუმლო არაა, ვის ან რას ელოდებოდით? -ჩვენ... ჩვენ... - დაიბნა მკურნალი, მაგრამ კაცს მისთვის ყურადღებაც აღარ მიუქცევია, ელენეს საწოლთან დაიხარა და ქალს დააკვირა. შემდეგ კი წამში მიიღო გადაწყვეტილება. -მე ამოვწოვ შხამს. -არა, ბატონო! - კვლავ იყვირა მკურნალმა, მაგრამ ამჯერად შეცბუნებისგან, - ეს ძალიან საშიშია. ამან შეიძლება მოგკლათ! -თქვენ არც ერთს გსურთ ხელის განძრევა, ხოდა, ამას მე თავად ვიზამ, - მზერით გაბურღა ყველა იქ მყოფი. რატიანმა საწოლთან ჩაიჩოქა, ელენეს ფეხი ფრთხილად მოიქცია ხელებში და მაცდური ღიმილით გახედა ქალს. -არ გინდა, - ძლივსღა ამოიჩურჩულა ელენემ და სახეზე ერთიანად აწითლდა, - ის მართალია, შეიძლება მოკვდე. მაგრამ მის სიტყვას ამ ბოლო ხანებში აღარავინ იღებდა ყურად. მკურნალმა მხოლოდ ისღა მოახერხა, შალვა შეემოწმებინა რომელიმე კბილი ხომ არ ჰქონდა გაფუჭებული, ანდაც ღრძილი დაშავებული და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა ჭრილობიდან შხამის ამოწოვის უფლება. -ერთი პატარა გველი ვერ შეძლებს ჩემს დამარცხებას, - თავდაჯერებული ღიმილით დაიჩურჩულა შალვამ და ქალის თხელ ფეხს ტუჩებით დაეკრო. *** ელენე გურიელი გონს რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა. სხეულში ჯერ ისევ გრძნობდა სისუსტეს, მაგრამ აღარც მზერა უორდებოდა და თავსაც ბევრად უფრო ჯანსაღად გრძნობდა, ვიდრე იმ დღეს, გველმა რომ უკბინა. -ერისთავის ასულო, რა კარგია, გონს რომ მოხვედით, - მისი გაღვიძებით გახარებულმა მსახურმა შვებით ამოისუნთქა და წამოჯდომაშიც მიეშველა. -რამდენი ხანია, რაც ასე ვარ? -მესამე დღე დაიწყო, ჩემო ქალბატონო. -და შალვა? სადაა, როგორაა შალვა? -ბატონი რატიანი ჯერაც უგონოდაა. -რაა? - თავზარი დაეცა ქალს და სასწრაფოდ წამოდგა. -რას აკეთებთ? თქვენი ადგომა ჯერ არ შეიძლება! -შალვასთან წამიყვანეთ ახლავე! - არც მკურნალისთვის დაუჯერებია, არც მსახურებისთვის სასახლისკენ ბორძიკით გაუდგა გზას და მანამ არ გაჩერებულა, სანამ რატიანის ოთახთან არ ამოყო თავი. თავიდან კართან დაყენებულ მცველებს მისი შეშვება არ სურდათ, თუმცა ბოლოს მაინც დანებდნენ და გურიელის ასულმა ძლივს იცნო სიცხისგან გადაფითრებული რატიანი. საწოლის გვერდით მდგარ პატარა მაგიდაზე მსახურებს თასში ჩასხმული ძმარი და სუფთა ტილოები დაეტოვებინათ. ქალმაც მაშინვე მისკენ აიღო გეზი. შორიდანაც კი გრძნობდა, როგორ ცუდად იყო კაცი და ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. რამდენჯერმე გამოუცვალა შუბლზე ძმრიანი საფენი, შემდეგ კი საწოლის გვერდით ჩამოჯდა და კაცის ხელს თავისი დაადო. -გითხარი განანებ-მეთქი და შენ ასე მარტივად ნებდები? არ მეგონა, მშიშარა თუ იქნებოდი, - დაიწყო ჩახლეჩილი ხმით და თან ნაზად ეფერებოდა მის ხელს. ცოტა ხანს კვლავ გაყურსული იჯდა და ღმერთმა უწყის, რაზე ფიქრობდა. შემდეგ კი თითქოს გადაწყვეტილება მიიღოო, თვალები აუკიაფდა და მზერა საწოლთან ლამაზად დალაგებულ რატიანის აბჯარზე გაუშეშდა. -მაგრამ ახლა აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. მე და შენ ცოლ-ქმარი ვერასდროს ვერ ვიქნებით. ეს ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ ერთმანეთის მტრებად დავიბადეთ და ასევე ვასრულებთ. დაასრულა თუ არა, ნელა წამოდგა, დარჩენილი ძალ-ღონე მოიკრიბა და რატიანის ორლესულმაც ჰაერი მარტივად გაჰკვეთა. *** ლევანი გაოცებული აცეცებდა თვალებს და ყურებს ვერ უჯერებდა. ვერ ხვდებოდა, დაეჯერებინა თუ არა ეფიმიასთვის, თუმცა უკვე მის წინ მდგარ კალიოპეში თავისთან აშკარა მსგავსებებს ხედავდა. ბრმა უნდა ყოფილიყავით ახლადგამომცხვარი მამა-შვილის ერთნაირი თვალის ჭრილი, სახის მოყვანილობა და სხეულის აღნაგობა ვერ დაგენახათ. მაგრამ ლევანი იმდენად ეფიმიასა და კალიოპეზე ვერ ფიქრობდა, რამდენადაც იმაზე თუ როგორ უნდა გადარჩენოდა მირანდას ცოცხალი. ქალს ყოველთვის ფიცხი ხასიათი ჰქონდა და ვაი მას, ვინც მის კლანჭებში აღმოჩნდებოდა, როდესაც გაბრაზებული იყო. ფიქრებიდან ისევ ეფიმიას ხმამ გამოიყვანა: -ლევან, კარგად ხარ? -რა?.. არ ვიცი, ალბათ. -ვხვდები, ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ სიმართლის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. კალიოპემ ისედაც ყველაფერი იცის და შენი გაცნობაც ყოვველთვის ძალიან უნდოდა. -ახლა არა, გთხოვ, - ამოიოხრა კაცმა და ისიც გაიხსენა, თუ რისთვის გამოგზავნა აქ მირანდამ. -კარგი, მაშინ იყოს, როცა მოისურვებ, - მხრები აიჩეჩა ქალმა და გაბრუნება დააპირა. -ეფიმია, რატომ ხართ აქ? -მოსალაპარაკებლად, ლევან, - ნაზად გაიღიმა ქალმა. -ეგ ვიცი. რომელ საკითხთან დაკავშირებით? -ბოდიში, მაგრამ ამას მხოლოდ დედოფალს თუ გავანდობ. ახლა კი შენის ნებართვით, მე დაგტოვებ. დედოფალთან აუდიენციისთვის უნდა მოვემზადო. ყოჩივარი ამჯერად გაოცებულთან ერთად გაწბილებულიც იყო. არა, ნამდვილად არ ასცდებოდა მირანდას რისხვა. მძიმე ნაბიჯებით მიიწევდა სასახლისკენ, როცა ერთ-ერთმა მსახურმა ამბავი მიუტანა, მირანდამ ბერძენი სტუმრების მიღება გადაიფიქრა და მეორე დღისთვის გადადოო. ქალისგან ასეთ ნაბიჯს არ მოელოდა. საერთოდაც მირანდასგან მსგავსი დაუფიქრებელი საქციელი წარმოუდგენელიც კი იყო. მაგრამ მის ნებას დაჰყვა და თავად წავიდა ეფიმიას გასაფრთხილებლად. გვიან ღამით, როცა სასახლეში ყველას მშვიდად ეძინა, ისე ჩუმად გააბიჯა დერეფანში და დედოფლის ოთახებისკენ აიღო გეზი, ყველაზე დაკვირვებულ და ფრთხილ ჯაშუშსაც კი გამოეპარებოდა. იმედოვნებდა, ქალი მოუსმენდა მის ახსნა-განმარტებას და მის დამშვიდებასაც შეძლებდა, მაგრამ პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. მართალია, მირანდა ვერ იტანდა მის ოთახთან მცველები რომ იდგნენ ხოლმე, მაგრამ ამჯერად ორის ნაცვლად ოთხი გუშაგი გაემწესებინა. ლევანი დარწმუნებულიც კი იყო, მცველებისთვის როგორმე რომ აევლო გვერდი, ქალის ოთახში მაინც ვერ შეაღწევდა, რადგან კარი ჩარაზული დახვდებოდა. -ნუთუ ამდენი ხნის მანძილზე საერთოდ ვერ გამიცანი, მირანდა? - თავისთვის ჩაიცინა კაცმა და ამჯერად სულ სხვა მიმართულებით აიღო გეზი. თურმე დავიწყნოდა, როგორი ჭადრაკული განლაგება ჰქონდა სასახლეს. ბავშვობაში მთელ დღეებს აქ ატარებდა, ახლა კი რამდენიმე დერეფანი აერია და იმის ნაცვლად სახურავზე გასულიყო, სასადილო დარბაზში ამოჰყო თავი. -ჯანდაბა! - თავისთვის შეიკურთხა კაცმა, მაგრამ საკუთარ განზრახვაზე ხელი არ აუღია. ახლა უფრო მონდომებით დაიწყო დასახული გეგმის განხორციელება და ამჯერად გამოუვიდა კიდეც. საკუთარი ხმალი სახურავში საგულდაგულოდ ჩაასო ისე, რომ მასზე მობმული თოკზე დაკიდებული სიმძიმისთვის თავისუფლად გაეძლო. მერე კი მოზომილი მოძრაობით კედელზე დაშვება იწყო. *** სასახლის კედლებს შორის მხოლოდ ლევანი არ იყო ის ადამიანი, რომელიც მთელი სიფრთხილით გადაადგილდებოდა. მისი მაგალითისთვის მიებაძა ერთ ქალბატონსაც, რომელსაც ერთხელ უკვე შევხვდით, ოღონდ დედოფალ მირანდას სასახლეში. ქალი ამჯერად სულ სხვა ჯაშუშს ხვდებოდა. ლოდინმაც დიდ ხანს არ მოუწია. მზარეულის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა, რომელსაც ფქვილის სუნი ასდიოდა, მხოლოდ წამით გაუსწორა მზერა ქალს და საგულდაგულოდ გადამალული პერგამენტი პერანგის სახელოდან გამოაძვრინა. -ეს დედოფლისთვისაა, - დაიჩურჩულა და წამშივე აორთქლდა იქიდან. -აუცილებლად მიიღებს, აუცილებლად, - ჩუმადვე თქვა ქალმა და ჩამოწოლილ სიბნელეში გაუჩინარდა. *** -შენ აქ რას აკეთებ? - თვალები დააბრიალა მირანდამ ფანჯრიდან შემომძვრალი ლევანის დანახვისას. -სადმე იყავი გასული? - ეჭვისთვალით აათვალიერა კაცმა და სხარტი მოძრაობით რაფიდან იატაკზე გადახტა. -შენი საქმე არაა, - თვალები აატრიალა ქალმა და ხელის ერთი შევლებით ჩამოიშალა ტალღოვანი კულულები, რომელიც თავსაბურავის საშუალებით გაეკოჭა. -მირანდა, უნდა ვისაუბროთ, - ამოიოხრა ლევანმა და საწოლთან მდგარი ქალისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კიდეც, მაგრამ სულ ტყუილად. ქალმა მაშინვე გააჩერა. -შენ ის მითხარი, გამიგე თუ არა, რისთვისაც გაგიშვი?! -მირანდა... -იმედებს მიცრუებ, იცი?! -გეფიცები, კალიოპეს შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა და ეფიმიასთან ურთიერთობა შენამდე ძალიან ადრე იყო! -რამის ახსნა გთხოვე? არა! ხოდა ახლა აქედან მიბრძანდი. ხვალ მაგ შენს ყოფილ მიჯნურთან მაქვს მოლაპარაკებები. ლევანი მიხვდა, ზედმეტად გაჯიუტება ახლა უფრო მეტად გააღიზიანებდა მირანდას და მომავალში მისი შემორიგება კიდევ უფრო მეტად გაჭირდებოდა. მაგრამ ვერც ამის გარეშე გავიდოდა აქედან. ქალის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოიმწყვდია მკლავებში და ტუჩებზე ნაზად დაეკრო. შემდეგ კი აღარაფერს დალოდებია, ისე გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. *** მეორე დღეს ელჩების მიღება საუზმის შემდგომ იყო დანიშნული. ყველაფერი წესისამებრ მიდიოდა. დიდ დარბაზში შეკრებილიყვნენ დიდებულები და საბერძნეთიდან ჩამოსული სტუმრები. თავად ელჩებიც აქ იყვნენ დედოფლისთვის მისაძღვნელი საჩუქრებითურთ, რომელთა შორის ულამაზესი ფარშევანგებიც მოჩანდა. დიდებულებშივე ტრიალებდა ვარდან რატიანიც, მაგრამ რატომღაც ამ შეკრების მთავარი პირი არსად ჩანდა. ლევანიც კი აღელდა, თუ რატომ იგვიანებდა ასე მირანდა. არა და ქალს არასდროს სჩვეოდა მსგავსი საქციელი. ჩურჩულით გამოხატავდნენ წყენას არგვეთელი დიდებულები, თუ არ მოდიოდა, გავეფრთხილებინეთ მაინცო. არა ნაკლები ემოცია შეიმჩნეოდა ბერძნების სახეზეც, მაგრამ ახლა ისინი ნამდვილად არ იყვნენ იმ მდგომარეობაში, თუნდაც რაიმეზე გამოეთქვათ პრეტენზია. სხვა გზა აღარ დარჩენოდათ. უნდა დალოდებოდნენ. და მაშინ, როდესაც ყველა დაშლას და უკან გაბრუნებას აპირებდა, სწორედ იმ წამს გაიხსნა დარბაზის კარი და სწრაფი, მაგრამ თავდაჯერებული ნაბიჯებით მოსიარულე მირანდა გამოჩნდა, რომელსაც სახეზე ანცი ღიმილი დასთამაშებდა. ქალი ბერძნულ სამოსში გამოწყობილიყო. ტანს ჰაეროვანი ლაჟვარდისფერი ნაჭრისგან შეკერილი კაბა უმშვენებდა. რომ არა ნაჭრის რამდენიმე ფენა, ნამდვილად გამჭვირვალე იქნებოდა და ქალის ყველა ღირსებასაც ადვილად გამოაჩენდა. კაბას რამდენიმე ადგილას ჭრილი ჰქონდა და მირანდას ნატიფი მკლავები, ზურგი და მუცლის არე იმდენად მიმზიდველად მოჩანდა, დარბაზში მყოფი ყველა მანდილოსნის თვალებიდან შურის მარცვლები მშვენივრად იგრძნო დედოფალმა, მამაკაცებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ჩალისფერი დალალები სათუთად დაევარცხნა და გაეშალა. თავზე კაბის მსგავსად ჰაეროვანი, მაგრამ ოქროს ფირუზის თვლებით გაწყობილი დიადემა დაემაგრებინა. ლევანიც კი გაოცებული უყურებდა ამ სანახაობას და პირის დახურვაც დავისწყნოდა. მხოლოდ გამოფხიზლების შემდეგღა მიხვდა ქალის ჩანაფიქრს. ელჩები ბოლო წუთამდე ალოდინა და ზუსტად იმ დროს მოვიდა, როდესაც აღარ ელოდნენ. ბერძნულ სამოსში გამოწყობა კი, თანაც ასეთ ფორმაში, იმას მიუთითებდა, რომ მირანდა თავს არავის გააბრიყვებინებდა და მათზე რამდენიმე თავით მაღლა იდგა. ქალმა ოთახის შუაგულში დადგმული ტახტი დაიკავა. მხრებგამართული დაეყრდნო სახელურებს და ღიმილით დაიწყო: -ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. მგონი აჯობებს თუ საქმეს არ გადავდებთ და ახლავე დავიწყებთ. რას იტყვით? შემდეგ კი თავით გადაეშვა იმ საქმეში, ასე ძალიან რომ უყვარდა და ესმოდა. თავი 5 მიუხედავად იმისა, რომ სუსტად იყო, მიუხედავად იმისა, რომ რატიანის ხმალი ძალიან მძიმე იყო და ეგონა უშველებელი ლოდის აწევას შესჭიდებოდა, ქალმა მაინც მარჯვედ დაიჭირა. ერთ ხელს მეორე მიაშველა და სვენებ-სვენებით აღმართა. -ვიცი, რომ სიცოცხლე შემინარჩუნე, მაგრამ სულ ტყუილად. მე და შენ ერთად ვერასდროს ვიქნებით. ამას აქვე და ახლავე დაესმება წერტილი, - დაიჩურჩულა ელენემ. აი, მერე კი ლითონის ცივმა, მაგრამ ასე ნატიფად ნაჭედმა ნაჭერმა ჰაერი სისინით გაჰკვეთა და ის-ის იყო ქალის სხეულში უნდა შეჭრილიყო, ამჯერად უკვე მეორედ რატიანის მტევანმა რომ იხსნა. შალვა ერთიანად გადაფითრებული იწვა და არც მკლავში ჰქონდა საკმარისი ძალა, მაგრამ ელენეს მოქნეული ხმალი მაინც შეაჩერა. იწვა და თვალებიდან ცეცხლს ისროდა. -მერამდენედ უნდა დავიჭრა შენი გადარჩენისას? - იკითხა გაბრაზებულმა და ქალს ხმალზე ხელი აუკრა. ელენე ჯერ გაოცებული შეჰყურებდა წამში გამოფხიზლებულ რატიანს, შემდეგ კი ძირს დაგდებულ მახვილს. რა იყო, ამ კაცს გამძაფრებული ყნოსვა ჰქონდა მასთან დაკავშირებით და მაინცდამაინც მაშინ ჩნდებოდა ხოლმე, როცა მას საფრთხე ემუქრებოდა. -რა?.. რანაირად? -რას აპირებდი, ელენე? - ქალის სიტყვებისთვის ყურიც არ უთხოვია, ისე ჰკითხა და ძალაგამოცლილი ნელ-ნელა წამოიწია საწოლზე. -ვერ დაინახე? -მე კი დავინახე, მაგრამ... საერთოდ რაზე ფიქრობდი? სულ გაგიჟდი? იმის გამო კი არ გადამირჩენიხარ, ჩემი ავადმყოფობით რომ გესარგებლა და თავი მოგეკლა! გველის ნაკბენი საკმარისი არ იყო? - ხმა ვეღარ მოთოკა რატიანმა და აყვირდა. ელენეს წამში მოაწვა აქამდე ნაგროვები ცრემლები და ლოყებიც დაუსველდა. -საჭირო იყო, გესმის? საჭირო იყო და არის ჩემი სიკვდილი! გადარჩენისთვის ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მე არასდროს მითხოვია შენთვის! -რა გინდა ელენე? ქალმაც თითქოს იგრძნო, რომ მის გრძნობებზე ეკითხებაო, გულის გადაშლა გადაწყვიტა. უნდა ამოეტანა ის ყველაფერი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში აგროვებდა და ტვინს უწამლავდა ქალს. -სიკვდილი მინდა, შალვა, - ამოთქვა გურიელმა და თვალი აარიდა. იმასაც ვერ მიხვდა, პირველად რომ მიმართა სახელით რატიანს. -რატომ? -ვერ ხვდები არა? - მწარედ ჩაეღიმა ქალს, შემდეგ კი ახსნაზე გადავიდა, - არ ვიმსახურებ არც ფაზისის ერისთავის ასულის ტიტულს, არც გურიელის გვარს. საერთოდ არ ვარ ღირსი იმ პატივისცემის, რასაც ჩემი ხალხისგან ვიღებ. -თავადაც ხვდები, რომ ბოდავ თუ მე გითხრა? -არა, დამაცადეთ, ბატონო ჩემო, - ვერც კი მიხვდა, ისე გადავიდა თქვენობით მიმართვაზე. საერთოდაც, როგორ უბედავდა შენობით მიმართვას, ვერც კი ხვდებოდა. ალბათ, იმის ბრალი თუ იყო, რატიანიც რომ მუდამ შენობით მიმართავდა. -ვერც ჩემი ოჯახის იმედის გამართლება მოვახერხე, ვერც იმ ადამიანების გამო ვიძიე შური, რომლებმაც ფაზისისთვის გასწირეს თავი. ვერ შევძელი თქვენი მოკვლა, ვერა! და არც თავის მოკვლის საშუალებას მაძლევთ! ახლა გასაგებია? - ცხარე ცრემლით ტიროდა ელენე, - უბრალოდ მომეცით ნება, მოვკვდე. აღარ შემიძლია ასე! რატიანი გაოცებული შესცქეროდა ამ ერთიციდა არსების ემოციურ ამოფრქვევას. სულაც არ მოსწონდა, რასაც ელენე იძახდა, რადგან თვლიდა, რომ იმაზე ძლიერი ოყო, ვიდრე თავად აფასებდა საკუთარ თავს. არ იმსახურებდა მსგავს დამოკიდებულებას, მითუმეტეს კი საკუთარი თავის მხრიდან. მეტს ნამდვილად ვეღარ გაუძლო და წამში მოიქცია მკლავებში გურიელის ასული. მჭიდროდ ჩაიკრა გულში და მანამ არ გაუშვია ხელი, სანამ ქალმა სლუკუნიც არ შეწყვიტა და ერთიანად არ დამშვიდდა. -ხვალვე დავტოვებთ ფაზისს, გპირდები, - ამოიჩურჩულა კაცმა და იმდენად ნაზად შეეხო ტუჩებით ქალის თმას, ელენემ ვერც კი გაიგო, - არც ერთი ჩემი მეომარი არ დარჩება აქ. ამიერიდან მტრები აღარ ვიქნებით. -მართლა? - ძლივს მოიბრუნა ენა პირში ელენემ და გაფართოებული თვალებით ახედა რატიანს. -რა თქმა უნდა. მე ყოველთვის სიმართლეს ვამბობ და შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ არასდროს მოგატყუებ. -სანაცვლოდ რას ითხოვთ, თქვენო აღმატებულებავ? - ირონიულად იკითხა ელენემ. ხვდებოდა, რატიანი ისე არაფერს გააკეთებდა, სანაცვლოდ რაიმეს თუ არ მოელოდა. -თქვენო აღმატებულებავ? - ტიტული ცუდად მოხვდა ყურში და წარბები აზიდა, - საიდან მოიტანე, რომ ასე უნდა მომმართო? - გაეცინა და ქალის კითხვას წაუყრუა. -თქვენ ხომ მეფობას აპირებთ. ჩვენზე აღმატებული იქნებით. სხვანაირი მომართვა უბრალოდ მართებული არ იქნება. -მართალია, - რაღაცნაირად ჩაეღიმა კაცს და ელენეს თმაზე მიეფერა, თავი წამოაწევინა და თვალებში ჩახედა, - მაგრამ მე თუ მეფე უნდა ვიყო, მაშინ შენ ჩემი დედოფალი იქნები და მხარს დამიმშვენებ. სხვაგვარად არ იქნება, გასაგებია? ელენეს ჟრუანტელმა დაუარა. ჟრუანტელს სითბო წამოეწია გზად და სასიამოვნო თრთოლვამ მოიცვა ქალის სხეული. რაღაცნაირად გაბედნიერდა, მაგრამ მოსმენილის დაჯერების უფლება ბოლომდე მაინც ვერ მისცა საკუთარ თავს. -კითხვაზე არ გიპასუხიათ. -კითხვაზე? რომელ კითხვაზე, ელენე? - თბილი ხმით ეჩურჩულებოდა რატიანი და ქალის თმებში თითებს დააცოცებდა. -ვიცი, რომ სანაცვლოდ რაღაცას მოითხოვთ. არ გინდათ, ამდენი სიტყვის დახარჯვა. უბრალოდ მითხარით რას მოითხოვთ ფაზისის დატოვების სანაცვლოდ. -მოდი, ჯერ ეს თქვენობითი და ზედმეტად თავაზიანი ტონი მოვაცილოთ აქედან, კარგი? -მიპასუხეთ! -ელენე! -კარგი, მიპასუხე, - იგრძნო, როგორ გაუჭირდა ქალს ამ სიტყვების წარმოთქმა, მაგრამ მაინც გაბედა. -გახსოვს, რა პირობით მოხვედი ჩემთან? - ამოიოხრა კაცმა და ელენეს თავი წამოაწევინა. -მერე? - ნერწყვი ძლივს გადაყლაპა ქალმა და ტანში გააცია. -მინდა, რომ შენი პირობა აასრულო... -ვიცოდი, - სიტყვის დასრულებაც არ აცადა, მაშინვე წამოხტა ფეხზე, მაგრამ სისუსტის გამო თავბრუ დაეხვა და კვლავ საწოლზე ჩამოჯდა, - ვიცოდი, რომ რაღაც მსგავსს მომთხოვდი. ანუ სამუდამოდ უნდა დავკარგო იმედი, რომ ფაზისს კიდევ ვნახავ და შენი ხასა უნდა ვიყო? - უკვე პანიკური შეტევა ემართებოდა ქალს. -რა სიტყვებია, ელენე! საკუთარ თავს ასეთ შეურაცხყოფას როგორ აყენებ? თან აზრის დამთავრებაც არ მაცადე! -თითქოს განსხვავებულს მეტყოდი რამეს! როგორ არ გესმის, შალვა, რომ თითოეული შენი მოქმედებით ისედაც შეურაცხყოფას მაყენებდი და მამცირებდი! -იმას ნუ მაბრალებ, რაც თავად წამოიწყე, - ხმა გაიმკაცრა შალვამ. -მე წამოვიწყე? - თვალები გაუფართოვდა ელენეს და იმდენად ხმადაბლა იკითხა, მზადაც კი იყო რატიანი საკუთარი შიშველი ხელებით იმწამსვე მიეხრჩო, - კარგი, შეიძლება მე წამოვიწყე კიდეც, მაგრამ რა მიზეზით აღარ კითხულობ? მე შემოვესიე შენს სახლს უზარმაზარი ჯარით და სხვა გზა აღარ დაგიტოვე ამის გარდა? -დიახაც, რომ თავს პირველები თქვენ დაგვესხით, - არ დაუთმო რატიანმაც და თვალი თვალში გაუსწორა. -დარწმუნებული ხარ, რომ ისევ არ გძინავს? როგორ... რა პირით იძახი, რომ თავს ფაზისი დაგესხათ! -თავს ნუ ისულელებ ელენე! -მე? თავად მიყვები რაღაც დაუჯერებელს და კიდევ მე ვცდილობ შენს გაცურებას? -სიმართლე რომ ითქვას, მამაჩემის დანაბარების შესასრულებლად მივემართებოდი. უფლისციხეს უნდა შემოვდგომოდით და ჯერ ის უნდა აგვეღო, მაგრამ არგვეთიდან ახალი გამოსულები ვიყავით, ფაზისელები თავს რომ დაგვესხნენ. -რაა? შეუძლებელია. მაგის მსგავსი ბრძანებაც კი არ გაცემულა ჩვენთან! - ყურებს ვერ უჯერებდა ელენე. -გერბების ცნობას მაინც ნუ მასწავლი, ელენე. მთელი ბავშვობა მაგაში მამეცადინებდა ლევანი. რაღაც არ მგონია, ორი ოქროს ვერძი, რომელთაც რქები ერთმანეთში აქვთ გადახლართული რომელიმე სხვა საერისთავოს გერბი იყოს. -რამდენი კაცი დაგესხათ თავს? - ეჭვის თვალით აფასებდა ელენე კაცის თითოეულ სიტყვას და მაინც ბოლომდე ვერ იჯერებდა მოსმენილს. -არ დაგვითვლია, მაგრამ სადღაც ას კაცამდე ნამდვილად იქნებოდნენ. თითოეულს აბჯარზე ჰქონდა გერბი ამოქარგული და დროშაც ეკავათ ხელთ. -გეფიცები, შალვა, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. მამას არანაირი მსგავსი ბრძანება არ გაუცია. თუნდაც გაეცა, რა სარგებელს მივიღებდით ამით ჩვენ, ამაზე არ დაფიქრებულხარ? პირდაპირ მობრუნდი და ფაზისს შემოარტყით ალყა. მამა მძიმედ დამიჭერით, ქალაქი ამიოხრეთ და კიდევ რამეს ითხოვ ჩემგან? -აბა, დაფიქრდი, ელენე. ჩემი მოკვლით არაფერს მიიღებდით? -რას, შალვა? საერთოდ არ გიცნობდით. შეიძლება მამა ხვდებოდა კიდეც მამაშენის გეგმებს, მაგრამ გეუბნები, ფაზისი დამოუკიდებელი საერისთავოა და მას ხელი არ აქვს არც არგვეთთან, არც იბერიასთან და არც კოლხეთთან. -ჰო, თქვენ მხოლოდ რომთან, საბერძნეთთან და მსგავს დიდ სამეფოებთან გაქვთ ურთიერთობა. მადა დიდი გქონიათ! -იმაზე არ დაფიქრებულხარ, რომ ვინმემ მოაწყო ასე? -ვის რაში უნდა დასჭირვებოდა? -იმას, ვინც ვერ იტანს ვერც ფაზისს და ვერც არგვეთს, - ჩაფიქრებული სახით იყურებოდა ელენე, - დაფიქრდი, ვინ ითბობდა ჩვენი ორი საერისთავოს გადაკიდებით ხელს. -ვფიქრობ და ვერ ვხვდები და ელენე, საერთოდ რაზე ვკამათობთ, ხვდები? -აბა, რას მოელი ჩემგან? მოვიდე და მაშინვე მკლავებში ჩაგივარდე? -ამჯერად გაჩუმდი და ბოლომდე მოისმინე, რის თქმას ვცდილობ. ჰო, გაითვალისწინე კიდეც, რომ რამდენიც არ უნდა იფართხალო ზღვიდან ამოვარდნილი თევზივით, მაინც ისე იქნება, როგორც მე მინდა! -შალვა... - დაიწყო კიდევაც ელენემ, ისევ უნდა შესწინააღმდეგებოდა, პირზე რომ ააფარა ხელი და ასე გააჩუმა. -მისმინე, ელენე, ერთხელ უკვე გითხარი და კიდევ გიმეორებ, როგორც შენს ხალხს გამოვუცხადე, შენ ჩემი დედოფალი გახდები და არავინ სხვა! ხოლო, რაც მინდოდა გაგეგო, არის ის, რომ შენ ჩემი ხასა კი არა, ჩემი ცოლი იქნები. ამაზე კი მაშინვე ვიზრუნებთ, როგორც კი არგვეთში ჩავალთ. -რა? - ამას კი ნამდვილად არ მოელოდა ელენე. -ნუ გგონია, რომ შემიყვარდი და ამიტომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, - მაშინვე გაუქარწყლა ყველანაირი იმედი ქალს და ანცად გაიღიმა, - უბრალოდ საქმეს ასე სჭირდება და მე ჩემს მიცემულ სიტყვას, არასდროს გადავდივარ. ახლა თუ შეიძლება ან დამტოვე, ანდაც დიდი საწოლია და ჩემთან ერთად დაიძინე. ხვალ დიდი დღეა. ფაზისიდან მივდივართ და მოემზადე. -ჩემთან ერთად ძილს ვერც ეღირსები, - ნერვები მოეშალა ქალს და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა. *** მეორე დღეს დილაადრიან დაიძრა არგვეთელთა ჯარი ფაზისიდან. მიდიოდა უკან, თავიანთ მამულში და უკან იტოვებდა ერთ დროს ულამაზესი, ახლა კი გაპარტახებული ფაზისის ხედებს. ფაზისში ყოფნის მიუხედავად, მაინც ვერ მიაგნეს კახაბერ გურიელს და არავინ უწყოდა, მიწამ უყო პირი კაცს თუ ცამ. ეს ელენეს აშფოთებდა, მაგრამ საკუთარ ბედზე უფრო მეტს ღელავდა. რატიანმა დილით არც ერთ მსახურს არ მისცა უფლება აბჯრის ასხმაში დახმარებოდა. ეს ჩემი ცოლის მოვალეობააო და ელენეც საკუთარი ხელით უკრავდა ტყავის თითოეულ თასმას. შალვას კი ამ დროს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა და სიტყვებით ვერ აღვწერთ, რამდენად სიამოვნებდა ქალის ასე წვალება. კაცმა არც ჩარდახიან ურემზე მოთავსების უფლება მისცა ელენეს. მისთვის სულ ერთი იყო, მიუღებელი იყო თუ არა, ქალისა და მამაკაცის ერთი ცხენით მგზავრობა. მოახტა თუ არა თავის ულაყს, წამშივე წაეტანა ელენესაც და თვალისდახამხამებაში შემოისვა წინ. გურიელის ასულმა ცოტა ხანს კი იფართხალა, მაგრამ ბოლოს დამორჩილება მოუწია. გულში იქადნებოდა კიდეც, ამას აუცილებლად განანებთო, მაგრამ რამდენად მოახერხებდა თავისი დანაქადნების შესრულებას, არავინ იცოდა. ცხვრის ფარასავით გაიწელა არგვეთელებისა და ფაზისელების არმია გზაზე. ორი დღის გზა დაუგრძელდათ და მხოლოდ მეხუთე დღის მიწურულს გამოჩნდა არგვეთის ციხის მისადგომები, ისიც შორიდან. მეორე დღიდან ელენე გურიელისთვის სულ სხვანაირი ცხოვრება იწყებოდა. ხვდებოდა, იქ მხოლოდ საკუთარ გონებას უნდა ნდობოდა და სასახლის ინტრიგებშიც მოუწევდა გარევა. *** მირანდასა და ბერძნების მოლაპარაკებების პირველმა დღემ არც თუ ისე სახარბიელო შედეგით ჩაიარა, როგორსაც ეფიმია მოელოდა. ქალმა ვერ გათვალა, რომ კოლხეთის დედოფალი ამდენად ცბიერი იქნებოდა და თითქმის ყველა ასპექტში დასჯაბნიდათ. მირანდასთვის მირთმეული საჩუქრებიც კი არ მიიჩნიეს დედოფლისთვის შესაფერისად არგვეთელმა დიდებულებმა, როდესაც დაინახეს, მოლაპარაკებების შუა ნაწილში როგორ შემოიყვანეს დარბაზში ქალის მსახურებმა მოთვინიერებული ავაზა, რომელმაც იქ შეკრებილებიდან თითოეულს შეუღრინა და მხოლოდ ქალის ტერფებთან გაწვა გაყურსული. ლევანსა და ვარდანსაც კარგად მოეხსენებოდათ, რომ ეს ავაზა მირანდას სულაც არ ეკუთვნოდა, მაგრამ ქალი ამით თავს იწონებდა უცხოელ სტუმრებთან და ხმის ამოღებას, აბა, როგორ გაბედავდნენ?! ეფიმია იმან უფრო მეტად გააბრაზა, დარბაზიდან გამოსულმა რომ დაინახა, თუ როგორ მიუშვა მირანდამ მათ ნაჩუქარ ერთ-ერთ ფარშევანგზე ავაზა და სასახლის ეზოშივე დააგლეჯინა. მშვენივრად მოეხსენებოდა, ბერძენი სტუმრებიც რომ ხედავდნენ ამ ყველაფერს. ავაზის შეჩერებაც სცადა რამდენიმე დაცაცხანებით, მაგრამ უკვე დაგეშილ მხეცს რა გააჩერებდა?! ბოლოს კი მსახურებს უკვე გაგლეჯილი ფრინველის ბუმბულების მოგროვება უბრძანა, ლამაზია და რამეში მაინც გამოგვადგებაო. იმ წამს ეფიმიამ აღარ იცოდა, სად წასულიყო. ვერ ხვდებოდა, მირანდა დედოფალი ამას ძალით სჩადიოდა და მაინცდამაინც მისი დელეგაცია ჰყავდა ამოჩემებული თუ ყველასთან ასეთი იყო. არა და სულ სხვანაირი ხმები ესმოდა ამ ქალზე საბერძნეთში. ყველა იმას გაიძახოდა, ასეთი თვალისმომჭრელად ლამაზი და ჭკვიანი დედოფალი ჯერ არ ჰყოლია კოლხეთსო. ქალის სილამაზეში ეფიმიაც დარწმუნდა. მირანდას არც ქცევა ეშლებოდა მათთან და ნამდვილად დიდებულადაც მიიღო სტუმრები, ერთი სიტყვით, დედოფლის შეფასერისად იქცეოდა, თუმცა ქალის ყველა მოქმედებას თან მინიმუმ ერთი მაგრამ მუდამ სდევდა. თავად ბერძენ ქალბატონსაც არ აკლდა არც სილამაზე და არც ჭკუა, მაგრამ ხვდებოდა, მირანდა ყველანაირად რომ სჯობნიდა. მას კი სახლში ხელცარიელს წასვლა ნამდვილად არ უნდოდა. აქამდე სადაც ელჩად იყო მივლენილი, იმდენს ახერხებდა, თითოეული სამეფოდან მათთვის სახარბიელო პირობებით დაბრუნებულიყო. მისთვის არც კოლხეთი წარმოადგენდა რაიმე დაბრკოლებას თავდაპირველად, მაგრამ აშკარა იყო, მირანდას გაცურებასა და ათენისთვის ხელსაყრელი მოლაპარაკებების გამართვას ჩამოსვლის დღიდან წყალი ჰქონდა შემდგარი. აი, ეს რატომ ხდებოდა, ამას აუცილებლად გაარკვევდა ქალი! მარტივად არ დანებდებოდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი მოწინააღმდეგე. მომდევნო დღეებში გამართულმა მოლაპარაკებებმაც არანაირი შედეგი გამოიღო. ბოლოს კი იმდენს მიაღწიეს, რომ მირანდა ტახტზე გაბეზრებული სახით იჯდა და ერთი სული ჰქონდა, მალე დასრულებულიყო ეს მასკარადი. კიდევ კარგი, ამას მხოლოდ ლევანი ამჩნევდა. წლების განმავლობაში ქალთან გატარებულ დროს რაღაც სასიკეთო მაინც გამოეღო და ლევანი ახლა მირანდას სახის ნაკვთების მოძრაობითაც კი ხვდებოდა, რას ფიქრობდა ქალი და იმ სითბოსა და თავაზიანობით შენიღბული წინადადების უკან რეალურად რას გულისხმობდა. რამდენჯერმე ეფიმიაც ელაპარაკა. ქალი გაოცებას ვერ მალავდა დედოფლის გამო, მაგრამ ლევანს ზედმეტი სიტყვაც კი ვერ დასტყუა. ამაზე უარესად გაბრაზდა ბერძენი, თუმცა ყოჩივართან არაფერი შეუმჩნევია და ცოტა ხნით მიყუჩდა. სამაგიეროდ ლევანი გამოელაპარაკა კალიოპეს რამდენჯერმე. დარწმუნდა რა, რომ ზრდილობიანი, კარგად აღზრდილი ქალიშვილი იყო, რომელიც დედამისს აღმერთებდა და ქალის სიტყვას არასდროს გადავიდოდა, ცოტა დამშვიდდა. ისიც გაიგო, კალიოპეს ათენში საქმრო რომ ელოდა და როგორც კი უკან დაბრუნდებოდა, მაშინვე დაქორწინებას აპირებდნენ. კაცმა არც კი იცოდა, რა უნდა ეგრძნო ახლდაგამოჩეკილი შვილის მიმართ. იმაში ეჭვი არც შეუტანია, რომ ეფიმია ტყუილს ეტყოდა. იცოდა ქალმა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ლევანისთვის ეს თემა და არც ამგვარი უმსგავსობის ჩამდენი იყო. *** დღეები თავისთვის მიედინებოდა. გაჭიმული მოლაპარაკებების დასრულებას კი ბოლო არ უჩანდა. არც ერთი ქალი არ თმობდა საკუთარ პოზიციას და ორი ძუ ლომის დაპირისპირებას ყოველ დღე ხედავდნენ არგვეთის დიდებულები. ის დღეც ისე დასრულდა, სასწორის არც ერთი მხარე, მცირედითაც კი არ გადახრილა რომელიმესკენ. სამაგიეროდ სასახლეში ახალი ამბავი მოიტანეს, შალვა რატიანი ფაზისიდან დაძრულიყო და რამდენიმე დღეში არგვეთშიც ჩამოაღწევდა. იმ ღამით ცაზე ახალი მთვარე ამოცურებულიყო და უკუნეთ სიბნელეს ოდნავ თუ ანათებდა მისი ნამგლისებური ფორმიდან მომავალი ვერცხლისფერი სინათლე. არგვეთის სასახლის კედლებს შიგნით ჩირაღდნებიც კი ჩაექროთ და თითქოს ამითაც ხელს უწყობდნენ იმას, რაც რამდენიმე ოთახში ერთმანეთის მიმდევრობით მოხდა. ძალზედ ფრთხილმა ლანდმა უჩუმრად გადაჭრა რამდენიმე დერეფანი და ყოჩივარის საძინებელთან შეჩერდა. კარზე ნაზად და მხოლოდ მათთვის გასაგებ ენაზე მიუკაკუნა და შიგნით მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, როგორც კი კაცმა იგი გამოაღო. ლევანის საძინებელი ნამდვილად არ ყოფილა გაჩახჩახებული, მაგრამ სიბნელეს მაინც ფანტავდა აღმოსავლეთ კუთხეში ჩაშენებულ ბუხარში დანთებული ცეცხლი. მართალია, გარეთ მაისის თბილი ღამე იდგა, მაგრამ სასახლის რიყის ქვით ნაშენებ კედლებში მაინც საგრძნობლად ციოდა. ღამის სტუმარს ხალვათად ეცვა და ლევანმა მიხურა თუ არა კარი, ის ტანსაცმელიც მოიშორა და კაცისკენ თამამად გაიწია. -მომენატრე, - ესღა დაიჩურჩულა ყოჩივარმა, შემდეგ კი კოლხეთის დედოფალს მკლავები მოხვია და იმდენად ძლიერად ჩაიკრა მკერდში, თითქოს მის სამუდამოდ ასეთ მდგომარეობაში დატოვებას აპირებდა. -გაჩუმდი! - ბრძანებასავით გამოუვიდა ქალს, მაგრამ არც ანაღვლებდა. მიჩვეული იყო, ყველა მას რომ ემორჩილებოდა და ბრძანებების გაცემას არც ლევანთან წყვეტდა. -თავად თუ მაინც იცი, რაზე ბრაზობ? - თავი გადააქნია კაცმა, თუმცა აღარ მოუცდია პასუხისთვის, ხორცისფერ მსხვილ ბაგეებს მისწვდა და მასთან ერთად გადაინაცვლა საწოლზე. *** მირანდას თავი ყოჩივარის მკერდზე მოეთავსებინა და რაღაცაზე ჩაფიქრებული თითებს კაცის თმაში დააცოცებდა. რაც ლევანს ყოველთვის მოსწონდა. საძინებლის კარზე კვლავ ჩუმად რომ დააკაკუნეს. ქალმა მაშინვე წამოსწია თავი და გაოცებულმა შეხედა მასზე არანაკლებ გაოცებულ ყოჩივარს. ასე გვიან წესით ყველა სულდგმულს ეძინა მცველების გარდა, მაგრამ მირანდა გუმანით გრძნობდა, რომ ახლა კარს იქით მცველი ნამდვილად არ იდგა. კოლხეთის დედოფალი სასწრაფოდ წამოდგა და საღამური ხალათი მოისხა, შემდეგ კი ოთახში დადგმულ შირმას ამოეფარა და ლევანმაც მხოლოდ ამის შემდეგ გასწია კარგად ჩარაზული კარისკენ. ცეცხლი უკვე მინავლებულიყო, ამიტომ მირანდამ საერთოდ ვერ გაარჩია ვინ იდგა დერეფანში, სანამ კაცი ხელისკვრით ოთახში არ შემოაგდეს. მას კი უკან თავად ეფიმია მოჰყვა. ბაგრატ რატიანის ასული თავს იკავებდა, მაგრამ როდემდე, ამას ოთახში ქალის სტუმრობის ხანგრძლივობა და მიზეზი განსაზღვრავდა. -ეფიმია, ხომ მშვიდობაა? - იკითხა ლევანმა და უჩუმრად თვალი შირმისკენაც გააპარა, რამე მაინც გავარჩიოო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. -არ ვიცი, მაგრამ ახლა აქ შენთან სალაპარაკოდ ნამდვილად არ მოვსულვარ, - თმები მხარზე გადაიყარა ეფიმიამ და კაცისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ლევანმაც წამში უკან დაიხია. ნელ-ნელა ხვდებოდა, რა მიზეზით იყო მასთან მისული ქალი და ეს სულაც არ მოსწონდა. მითუმეტეს მირანდაც ოთახში იყო, რომელიც თავდასხმისთვის გამზადებულ ვეფხვს ჰგავდა და ნებისმიერ წამს შეეძლო ეფეთქა. ეფიმია კი წამით არ იხევდა უკან და კაბის ნაწილის გახდაც მოესწრო. -მგონი, მე და შენ წლების წინ დავასრულეთ ურთიერთობა, - თითქოს გამოფხიზლდაო, მაშინვე მკლავში ეცა ქალს და ძირს დაგდებული ნაჭრებიც მიაწოდა, - სისულელეს ნუ ჩაიდენ, გთხოვ. -რამდენიმე კვირაა ამ სასახლეში ვარ გამოკეტილი, შენს დედოფალს ველოლიავები, მაგრამ უშედეგოდ. იქამდეც კი დავეცი, რომ შენთან მოვედი და ერთ ცინტალ ალერსს მამადლი? -არაფერს არ გამადლი, უბრალოდ გულრწფელად გეუბნები, რომ არ ღირს მსგავსი სისულელის ჩადენა და სჯობს წახვიდე. -ძალიან შეუცვლიხარ კოლხეთის ჰავას, ლევან, დედოფლის ერთგული ლეკვი გამხდარხარ და ვერ შეგიმჩნევია, - ჩაეცინა ქალს, თვალი მოავლო ოთახს, ცოტა ხანს მზერა ზუსტად იმ შირმაზე შეაჩერა, რომლის უკანაც მირანდა იდგა. შემდეგ კი ყოველგავრი სიფრთხილის გარეშე გაიხურა კარი და დერეფანში მიიმალა. -აბა?! - წამში გაისმა მირანდას ხმა და ლევანმა წამით ინატრა, ნეტავ საერთოდ არ გამეცნო ამ ქალებიდან არც ერთი მათგანიო. -რა, აბა, მირანდა? აქ არ იყავი? ვერ დაინახე რა გავაკეთე და რა ვუთხარი? -ხშირად გსტუმრობს ხოლმე? -ახლა ამაზე უნდა მეჩხუბო? - დაღლილი ხმით ამოიოხრა კაცმა და საწოლზე დაეშვა. -ზედმეტად ბევრს ვითმენ უკვე და შენთვისვე იქნება უკეთესი, პირველი სტუმრობა იყოს მისი. -არც კი ვიცი, რამ წამოუარა. ამასწინათ რომ მელაპარაკა, რა მკითხა და რა ვუთხარი, შენც კარგად იცი, მაგრამ მსგავსი სურვილები არასდროს გასჩენია. -კარგი მჯერა, - ეჭვნარევი მზერით დააჯილდოვა კაცი, შემდეგ კი ადგა და ეფიმიასგან განსხვავებით, ჯერ ლევანი გაახედა. მერე ფრთხილი ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს. მაგრამ არც ერთს შეუმჩნევია ფარდების ჩრდილში ცბიერი ღიმილით გახვეული ქალი, რომელმაც ჯერ ლევანის ოთახის კარს გახედა, შემდეგ კი მირანდას გავლილ გზას და თავისთვის დაიჩურჩულა: -გამოგიჭირეთ! თავი 6 მეორე მოვლენა დედოფლის მიერ ლევან ყოჩივარის ოთახის დატოვებიდან სულ ცოტა ხანში მოხდა. არგვეთის სასახლის ერთ-ერთი მზარეულის საძინებელ ოთახში პატარა კრება გამართულიყო. ოთახი სულაც არ წარმოადგენდა საოცრებას, მაგრამ იმ დროს იქ მყოფები ამითაც კმაყოფილდებოდნენ. სულ ოთხი ადამიანი შემოსხდომოდა კუთხეში მდგარ მაგიდას. აქედან ერთ-ერთი კი ის ქალი იყო, რამდენიმე ღამის წინ მზარეულმა დედოფლისთვის გადასაცემი წერილი რომ მიაწოდა. ლაპარაკიც სწორედ ამ ქალმა დაიწყო: -ახალი ამბები გვჭირდება სასწრაფოდ. ყველასთან ერთად არ უნდა გაეგო დედოფალს, მისი ძმიშვილი რომ აქეთ მოემართება. -ბოდიშს გიხდით, ქალბატონო, - ამოილაპარაკა ერთ-ერთმა მამაკაცმა და თავი ჩახარა, - მაგრამ ჩვენც მაშინ გავიგეთ და უბრალოდ ვეღარ მოვახერხეთ თქვენთვის გვეცნობებინა. -მაგის გარდა სხვა რა გვაქვს? -ჭორების სახით მოაღწია ჩვენამდე, რომ შალვას გურიელის ასული მოჰყავს თან. აქ ჩამოსვლის შემდეგ აპირებს მასზე დაქორწინებას. -რაო? - ახლა კი ნამდვილად ვეღარ შეიკავა ქალმა თავი და ფეხზე წამოიჭრა. -მართალია, ეს მხლოდ ჭორია, მაგრამ რამდენიმე ჩვენმა კაცმაც მოგვიტანა მსგავსი შინაარსის ამბავი, - ამჯერად მზარეული ჩაერთო საუბარში. -როგორ... -ფაზისის აღების შემდეგ გამოუცხადებია, ქალბატონო, რომ ელენე გურიელზე იქორწინებდა. -როგორ... ეს როგორ გამი... ეს როგორ გაუბედა დედოფალს? - თავს ვერ თოკავდა ქალი და მაგიდაზე ხელსაც ურტყამდა, - ფაზისელი ქალის შემოყვანა იქნებოდა ოჯახში? ის არ იკმარეს, რომ ჯერ მეუფე ვარდანისთვის მიცემული პირობა გატეხეს და მირანდაზე უარი თქვეს, მერე კოლხეთის დედოფალს ეურჩებოდნენ, ახლა რატიანების ოჯახში უნდათ შემოსვლა? ეს არ მოხდება! სანამ ქალი ბობოქრობდა, მამაკაცები თავჩაღუნულნი უგდებდნენ ყურს. განსაკუთრებით ფხიზლად კი მესამე მათგანი იყო, რომელსაც სახეზე ჩრდილი ფარავდა და დანარჩენ ორ მსახურს ისიც მსახური ეგონათ. ხვდებოდნენ, ქალი მხოლოდ მათ ოთახში იმიტომ აწყობდა შეხვედრებს, რადგან სიფრთხილისმოყვარული დიდებული იყო. სასახლეში კი ყველაზე შეუმჩნეველი სწორედაც რომ მსახურები არიან. მათ იმდენად უჩუმრად შეუძლიათ გადაადგილება, ვერავინ ვერ გაიგებს. თუნდაც გაიგო, მსახურები იყვნენ და მათზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა. შეუმჩნევლობა კი იმ დროს არგვეთის სასახლეში ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგარი თვისება იყო. -შალვა ხვალ აქ იქნება და ვარდანს ნამდვილად არ მოეწონება მისი გადაწყვეტილება, - ხმა ამოიღო მესამე მამაკაცმაც, - რამდენიმე დღეში ბეატა ჩამოდის. -ბეატა? ბეატა ძელური? კუხეთის მეფის ქალიშვილი? -დიახ, ქალბატონო. მეუფე ვარდანს დიდი ხანია პირობა აქვს მიცემული მეფე ლეონისთვის, რომ შალვა მის ქალიშვილს შეირთავს ცოლად. სწორედ ამიტომ ეხმარება ჯარით კუხეთი არგვეთს. -ბერძენი სტუმრებისგან რა ისმის? -სასიკეთო არაფერი, - ჩაიდუდღუნა ჩრდილში მჯდომმა და ამოიოხრა, - ვფიქრობ, ჯერ წასვლას არ აპირებენ. ზედმეტად ჯიუტი ჩანს ქალბატონი ეფიმია. -ფიქრობ? - ირონიულად აღნიშნა ქალმა და სახე კუშტი გაუხდა, - ზედმეტად ბევრი ფიგურა იყრის ერთად თავს, - საკუთარი ფიქრები გაახმოვანა და საფეთქლები დაიზილა და უხმოდ გაუსწორა მზერა ჩრდილში მჯდომს. „ახლა არაფერში მაწყობს დედოფლის გარდა სხვა ქალი, რომელსაც შალვა ანგარიშს გაუწევს და დაუჯერებს. ელენე გურიელი მოახლოებული საშიშროებაა, სადაც მთავარ როლს შეასრულებს, ვატყობ. შალვა სულ გაგიჟებულა, თუ ფიქრობს, რომ გურიელის ქალს დედოფლად დაისვამს. შეუძლებელია, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი გურიელი გახდეს. მოვკვდები და ამას არ დავუშვებ!“ - საკუთარ ფიქრებში წასულიყო ქალი და ტვინს იჭ....ტდა, როგორ მოქცეულიყო, რომელი ფიგურა გაეწირა, რომ მის დასახულ მიზანს საფრთხე არ დამუქრებოდა. -სხვა? მხოლოდ გურიელის ასულის არგვეთში ჩამოყვანის ამბავი ვიცით წინასწარ? მამამისი სად არის? რას აკეთებს? როგორ დაუშვა, რომ შალვას მისი ქალიშვილი არგვეთში მოჰყავს და ცოლადაც კი ისვამს? იცის ვინმემ კახაბერზე რამე? - ეს სახელი იმხელა ზიზღით წარმოთქვა, იქ მყოფთაგან თითოეულს ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. მსახურებმა ერთმანეთს გადახედეს. არც ერთს არ სურდა ქალისთვის იმის თქმა, რომ კახაბერის ადგილმდებარეობა არავინ იცოდა. ბოლოს ისევ ჩრდილში მჯდომმა გაბედა ხმის ამოღება. -დაკარგულია. -რაა? -კახაბერ გურიელის ადგილმდებარეობა არავინ იცის. ჩვენთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ფაზისისთვის ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. -ეს ხომ შესანიშნავია? -არ დამისრულებია, ქალბატონო. -კიდევაა რამე? -დიახ. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მისმა ქალიშვილმა იხსნა. თავად შალვას მძევალი გახდა, მამამისი და სხვა ტყვეები დაიხსნა და ფაზისში გახიზნა. ციხის აღების შემდეგ კი სპეციალურად გააჩხრეკინა ბატონიშვილმა შალვამ თითოეული კუნჭული, მაგრამ კახაბერის ნიშანწყალსაც ვერ მიაგნეს. -უმაქნისები! მძიმედ დაჭრილი კაცის თავიდან მოშორებას რაღა უნდა?! -ქალბატონო... -ხმა! არც ერთის ხმა არ გავიგო ცოტა ხანს. ფიქრი მჭირდება! ყველაფერი ისევ ჩემი მოსაგვარებელი გახდა. კაცებმა უკან დაიხიეს და ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. მხოლოდ ეზოდან შემომავალი ჭრიჭინების და ალაგ-ალაგ აყეფებული ძაღლის ხმა თუ არღვევდა იქ გამეფებულ სიწყნარეს. ქალს სახე დაძაბვოდა, დანარჩენები კი სწორედ მას მისჩერებოდნენ. -კარგი, - ცოტა ხანში მართლაც ამოიღო ხმა ქალმა, - ეს სიტუაციაც კი შეგვიძლია გამოვიყენოთ საჩვენოდ. -რას გვიბრძნებთ, ქალბატონო? შეგვიძლია, გურიელის ასული ისე გავაქროთ, ვერავინ ვერაფერი გაიგოს. -არა, არა. შემოვუშვებთ მას ამ სასახლეში, მაგრამ ამავდროულად ჩვენებურ დახვედრას მოვუწყობთ! ცბიერად გაიცინა ქალმა და იმ დროს ნამდვილად ჰგავდა დედოფალს, რომელმაც წინა დღეს მსგავსი ღიმილით დააჯილდოვა ბერძენი სტუმრები. -მანამდე კი მირანდა დედოფლის კაბას მიხედეთ. ხვალისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს! მსახურების დასტურს აღარც დალოდებია. იცოდა, მის ბრძანებას სულიერი ვერ გადავიდოდა. ამიტომ ამჯერად სრული სიფრთხილის დაცვით გაიხურა ოთახის კარი და დერეფანში გაუჩინარდა. *** არგვეთის სასახლე დილიდან აფუსფუსებულიყო. ვარდანის ბრძანებით საზეიმოდ უნდა დახვედროდნენ ბრძოლაში გამარჯვებულ მის შვილსა და ჯარს. სასახლის ეზოშივე გაეშალათ უზარმაზარი სუფრა, რომელიც შემწვარ-მოხრაკულებითა და მეფე ლეონის მიერ გამოგზავნილი ღვინით იწონებდა თავს. მოსამსახურე ქალები კი ცხელ-ცხელ შოთებს დაატარებდნენ და ყუადაბრაწული პურებით ავსებდნენ ცარიელ ადგილებს. არგვეთის მბრძანებელს ბერძენი სტუმრებიც გაეფრთხილებინა და ისინიც დიდი მოლოდინით ელოდნენ უკვე სასახლის ჭიშკარს მოახლოებული ამალის შემოსვლას. წინა რიგებში ვარდან რატიანს, ლევან ყოჩივარსა და მირანდა რატიანს დაეკავებინათ ადგილი. კოლხეთის დედოფალს ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე, ტანს კი ულამაზესი ზურმუხტისფერი კაბა უმშვენებდა, რომელსაც ჰარმონიულად შერწყმოდა ფარშევნგის ფერადი ბუმბული. ეფიმიას ამის დანახვაზე მწარედ ჩაეცინა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. თუმცა ამან ნამდვილად მიაღებინა თეთრად გადათენებული ღამის შედეგად შემუშავებული გეგმის სირულეში მოყვანის გადაწყვეტილება. მირანდა დედოფალი ინანებდა მის მიმართ გამოჩენილ სითავხედეს. პირველი ეზოში სწორედ შალვა რატიანის ქურანი შემოიჭრა. ვარდანს სახეზე ღიმილი გამოესახა, მაგრამ წამშივე მოეღუშა, როგორც კი მის შვილს შემოხვეული სიფრიფანა სხეული დაინახა. მის ყურამდეც მიეღწია შალვას სიტყვებს, ელენე გურიელს შევირთავ ცოლადო, მაგრამ აქამდე ჭორი ეგონა და თავს დაჯერების უფლებასაც არ აძლევდა. ახლა კი, სინამდვილეს თვალებში ჩახედა და დაჯერებაც მოუწია. სიმართლე ითქვას, ეს ის არ იყო, რასაც თავად გეგმავდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებდა. მართალია, ყველაფერი ისე ვერ წავიდა, როგორც სურდა, იღბალმაც ცოტა არ იყოს და მწარედ დასცინა, თუმცა ბედის ბორბალს კვლავ თავისკენ შემოაბრუნებდა. რას გრძნობდა ელენე გურიელი იმ წამს? დიდი დოზით დაბნეულობას. ამას კი თან ერთვოდა შიშის გრძნობაც, რომელსაც საკუთარი ალესილი კლანჭები მჭიდროდ ჩაესო ქალის სხეულისთვის და გაშვებას არას დიდებით არ გეგმავდა. მშვენივრად ხედავდა მისკენ მიმართულ დამშეულს მზერას, შთანთქმით რომ ემუქრებოდნენ. მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, თუ რაოდენ შორს იყო სახლიდან და საყრდენადაც კი ვერავის ხედავდა, რომ მიჰკედლებოდა. ციხის კედლებიც ისეთი ცივი ეჩვენა, მაისის მზით გაჩახჩახებულ შუადღისით შეამცივნა და უსიამო ჟრჟოლვამ მოიცვა მთელი მისი სხეული. მაგრამ ყველაზე მეტად თვალში მაინც ზურმუხტისფერ კაბაში გამოწყობილი ულამაზესი ქალი მოხვდა. იმდენად უცხოდ გამოიყურებოდა ამდენ ერთფეროვან მომლოდინეებში, თითქოს თავიდანვე აფრთხილებდა ელენეს, ყველაზე საშიში სწორედ ის უნდა ყოფილიყო და მისგან თავი რაც შეიძლება შორს უნდა დაეჭირა. შალვა რატიანი ჯერ თავად ჩამოხტა ცხენიდან, შემდეგ კი ხელი შეაშველა გურიელის ასულს და მარტივი მოძრაობით ამოიყენა გვერდით. ვარდანი, თითქოს ელენე ვერ შეამჩნიაო, მხოლოდ შვილს გადაეხვია და მკერდზე დდხანს ჰყავდა მიკრული. შემდეგ მისი ადგილი ლევანმა და მირანდამაც დაიკავეს. თითოეული მათგანი ულოცავდა წარმატებულ ლაშქრობას და უკან საღსალამათად დაბრუნებას. ლაშქარიც ნელ-ნელა განლაგდა ციხის გარშემო და ვარდანმა დამსწრეები სუფრასთან მიიწვია. ცოტა ხანში კი იქაურობა დატოვა და თან მხოლოდ შალვა, ელენე, ლევანი და მირანდა გაიყოლა. -რაზე ფიქრობდი? - უყვირა შვილს და ხელის დარტყმასაც არ მოერიდებოდა, მირანდას დაბრიალებული თვალები რომ არ შეემჩნია, - მე შენ ფაზისის ასაღებად გაგგზავნე თუ უფლისციხისა? -მამა... -ხმა არ გამაგონო! - ყვირილს აგრძელებდა ვარდანი და ზიზღნარევი მზერით აჯილდოებდა კედელთან წვიმაში მოყოლილი ლეკვივით აწურულ ელენეს, - სიტყვა არ გეთქმის, შალვა! თან მხოლოდ ეგ ურჩობა არ იკმარე, უკან ფაზისელ ქალთან ერთად დაბრუნდი და აცხადებ, რომ მის ცოლად მოყვანას აპირებ. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, გესმის? დღედღეზე ჩამოვა შენი საცოლე და სწორედ მასზე დაქორწინდები. რაც შეეხება გურიელის ქალს, იქ დაბრუნდება, საიდანაც მოსულა. აქ კი ვეღარ მოითმინა შალვამ და ხმა აიმაღლა. -არავითარ შემთხვევაში! ძალიან დიდ პატივს გცემ მამაჩემო, შენი გულისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი, მაგრამ ამ საკითხში ვერ დაგეთანხმები! სიტყვა მივეცი მის ხალხს და მის გადასვლას არ ვაპირებ! -მის ხალხს? გგონია ქეციან ძაღლად მაინც ჩაგაგდებდნენ, მათი ციხე-სიმაგრის აღება რომ არ გადაგეწყვიტა? -ამ საკითხზე კამათს არ ვაპირებ, მამა. -არც მე. ისე იქნება, როგორც ვთქვი და ამის განხილვას არ ვაპირებ! მირანდა ჯერ დუმდა, მაგრამ როგორც კი შენიშნა, რომ მამა-შვილს შორის ეს დაპირისპირება შეიძლება უფრო მეტად გახელებულიყო, მაშინვე ჩაერია. -ჭკუას მოუხმეთ, თუ შეიძლება, ორივემ! სასახლის ეზოში ამდენი სტუმარია, ამ დარბაზშიც ერთ-ერთი დიდებული გვარის წარმომადგენელია, თანაც ქალბატონი, თქვენ კი ბავშვებივით კინკლაობთ! -მირანდა, ახლა ამის დრო არ არის. მე მას რძლად არასდროს მივიღებ! -რძლად მიიღე-მეთქი, არც მითქვამს. ჭკუას მოუხმე, ხმას დაუწიე და როგორც მომავალ მეფეს შეეფერება, ისე ილაპარაკე. -მირანდას ვეთანხმები, - საუბარში ჩაერთო ლევანიც და ელენეს მხარში ამოუდგა, - ეს სიტყვები ერთხელ შალვას ვუთხარი და ახლა კი შენ გეუბნები, - „ასე შეუგნებლობაში როგორ დაემსგავსეთ ერთმანეთს მამა-შვილი“, გაიფიქრა, ხმამაღლა კი სულ სხვა რამ თქვა, - ადამიანობა არასდროს უნდა დაგავიწყდეს და თუნდაც მოსისხლე მტერი იდგეს შენს წინ, პატივისცემა მაინც უნდა გამოიჩინო. შენ კი ახლა მასპინძელი ხარ, ვარდან და სტუმარს ასე არ უნდა ხვდებოდე. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს სტუმარი ქალია. -ერთმანეთის კუდები! - ჩიაბურტყუნა ვარდანმა და ხმისამოუღებლად დატოვა იქაურობა. -წამოდით, გურიელის ასულო, თქვენს ოთახამდე მიგაცილებთ, - მკლავი გამოსდო ყოჩივარმა ქალს და დარბაზიდან გაიყვანა, - შემდეგ კი აბანომდეც. ვატყობ დამღლელი დღის შემდეგ გესიამოვნებათ. -მადლობა, - აწყლიანებული თვალებით გახედა უკვე მეორედ მის დამცველს და მის ნებას დაჰყვა. *** შალვა რატიანი უყურებდა დარბაზიდან გასულ ელენე გურიელს და შემდეგ მის გვერდით მდგარ მირანდა რატიანს. ამ ორ ქალს შორის უფსკრულისხელა განსხვავება იგრძნობოდა, მაგრამ არც ერთმანეთს ჩამოუვარდებოდნენ რამით. სწორედ იმ წუთს გაახსენდა ლევანის ერთ-ერთი გაკვეთილი, რომლის ჩაბეჭდვასაც განსაკუთრებით მოითხოვდა მისგან აღმზრდელი. ამ ქვეყანას ქალები მართავენო, უთხრა მაშინ ლევანმა და შალვამაც პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და აღიქვა, მაგრამ შემდეგ ყოჩივარმა სხვანაირად გააგრძელა. „-ამ ქვეყანას ქალები მართავენ შალვა და სწორედ მათ უნდა უფრთხილდე ყველაზე მეტად. ჯერ ქალზე უფრო ცბიერი არავინ და არაფერი შეუქმნია სამყაროს. რაც უფრო მომხიბვლელია, მით უფრო შხამიანია. ცხოველებშიც ასეა. ძუს უფრო უნდა უფრთხოდე, ვიდრე ხვადს. ხოლო ერთდროულად სილამაზეცა და ჭკუაც თუ აქვს მომადლებული, მაშინ გაქვს ცუდად საქმე. ქალს მარტივად შეუძლია კაცის გარეშე ცხოვრება, მაგრამ პირიქით არასდროს. თითქოს ჩვენ ვართ ოჯახის უფროსებიცა და ბურჯებიც, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. კარგად დაუფიქრდი და მიხვდები, რომ ოჯახში ქმარი რომც დაიღუპოს, ცოლი ოჯახის გამო აგრძელებს ცხოვრებას, შვილებს უმამობას არ აგრძნობინებს და ისე დააყენებს სწორ გზაზე, ერთს არ დაიწუწუნებს. კაცებს კი ამისთვის აუცილებლად სჭირდებათ ქმარი. იმედს ვიტოვებ, შენ მაინც შეგხვდება ისეთი ცოლი, მასზე თავისუფლად დაყრდნობა რომ შეძლო. ერთმანეთის ტოლ-სწორნი იყვნეთ და ის არ გწონიდეს შენ.“ ამ მომენტში კი მართალია ელენე ჩაგრული იყო, სამაგიეროდ მირანდა სწონიდა ყველა დანარჩენს. *** მთელი სააბაზანო ორთქლით იყო სავსე და იმის დანახვაც კი ჭირდა, იყო ოთახში ვინმე თუ არა. რეალურად სააბაზანო უზარმაზარ დარბაზს წარმოადგენდა, რომელსაც ფანჯრები არ ჰქონდა და მისი განათება მხოლოდ ჩირაღდნებით თუ ხერხდებოდა. იატაკი მთლიანად ფილებითა და მოზაიკით დაეფარათ. თითოეული ეს ფილა თუ ფერადი ქვა ისე იყო დალაგებული, რომ თუ ზემოდან გადმოხედავდით, ერთიან სურათსაც დაინახავდით. იატაკზე ზღვის ქაფისგან ვენერას შობა იყო გამოხატული. ქალს მხოლოდ მკერდი და ბარძაყებამდე ადგილი ჰქონდა დაფარული ზღვის ტალღებით, ქვაზე იყო შემოსკუპებული და ჰაეროვან თმას, რომელსაც ნიავი უფრიალებდა, ხელით ივარცხნიდა. აშკარა იყო, ოსტატის ხელს საგულდაგულოდ ეზრუნა ამ სილამაზის შექმნაზე. ოთახის ორივე მხარეს რამდენიმე პატარა აუზი განეთავსებინათ, რომლებშიც წყალი მათ ქვემოთ არსებული სათბობი ოთახიდან ცხელდებოდა. პატარა აუზებს გასცდებოდით თუ არა, შეგხვდებოდათ ხის შირმა, რომელიც ყველაზე დიდ აუზთან მისასვლელ გზას ღობავდა. სწორედ ეს დიდი აუზი გახლდათ ის, რომლითაც მთელი რატიანების საგვარეულო სარგებლობდა. მასში ჩასვლის უფლება მხოლოდ დიდებულებს ჰქონდათ და არავის სხვას. იმ დღესაც სწორედ ეს აუზი გაეხურებინათ და ელენე გურიელიც ნეტარებას მისცემოდა ამდენხნიანი სტრესული სიტუაციებისა და უთავბოლოდ გაწელილი მგზავრობის შემდგომ. ის ის იყო, წყლიდან ამოსვლას აპირებდა, რომ სააბაზანოს კარმა გაიჭრიალა და ოთახში გრილი, თუმცა ამავდროულად სუფთა ჰაერი შემოიტანა. შიშველი ტერფების ფილაქნებზე მსუბუქად ტყაპუნის ხმა მარტივად აღწევდა მის ყურამდე და დარწმუნებით გეტყოდათ, რომ ახლა მისკენ შალვა რატიანი ნამდვილად არ მიიწევდა. გურიელის ასულმა ყველაზე შორეული კუთხისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე წამში ორთქლის მიუხედავად მაინც გაარჩია ქალის ნატიფი სხეული, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი თხელი ზეწარი ფარავდა. ნადვილად არ ცდებოდა. ახლა მის წინაშე დედოფალი მირანდა იდგა და ღიმილით შესცქეროდა. -უი, გამარჯობა ელენე, არ ვიცოდი, აქ თუ იყავი, - სიჩუმე ქალის ნარნარა ხმამ დაარღვია. შემდეგ კი ერთიანად შემოიხსნა ნაჭერი და წყალში გრაციოზული მოძრაობით ჩავიდა. -როგორ გიკითხოთ, ქალბატონო? - ვერ მიხვდა, როგორ უნდა მიემართა ქალისთვის და დაბნეულმა სახე ცხვირამდე წყალში ჩაჰყო. -რა ქალბატონო, ელენე? - გადაიკისკისა მირანდამ და მისმა ექომ მთელი დარბაზი მოიარა, - მე და შენ ფაქტობრივად ნათესავები ვართ უკვე. დაივიწყე ეს ფამილიარობა და როგორც მოგიხერხდება, ისე მომმართე. ჩემი შალვასგან არაფრით გარჩევ და საკუთარ შვილად მიმაჩნიხარ, ჩათვალე. -მგონი აჯობებს თუ მე წავალ და ხელს არ შეგიშლით, - მაინც მორცხვობდა გურიელი და თვალებს დაბნეული აცეცებდა. -რატომ? დარჩი, ვისაუბროთ. ამაზე კარგ ადგილს მეორეს კი ვერ ნახავ. აქ სიმშვიდეა, სიწყნარე და ნაკლები ყურიც. -იცით, მე... -რთულია, არა, ასე შორს ყოფნა საკუთარი სახლიდან? - ქალის სიტყვებისთვის არ მიუქცევია ყურადღება, ისე ჰკითხა და იქვე მდგარი სურნელოვანსითხიანი ფლაკონებიდან ერთ-ერთი წყალს შეურია. -ნუ მორცხვობ და სიმართლის თქმისაც ნუ გეშინია. ჩათვალე, რომ მეგობარს ესაუბრები. თანაც ჩემზე უკეთ არავინ იცის, თუ რას ნიშნავს სახლის მონატრება. -საშინლად... საშინლად მენატრება იქაურობა, - დანებდა ელენეც და შედარებით ახლოს მიიწია მირანდასთან, - ცხოვრებაში აქამდე ამდენი ხნით არასდროს მოვცილებულვარ იქაურობას. თან ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. თითქოს ფრინველი ვიყო, რომელსაც ფრთები მოსტეხეს, ახლა ისე ვგრძნობ თავს. -მესმის, მერედა როგორ მესმის შენი. მზეჭაბუკის ცოლი რომ გავხდი და აქედან წავედი, მეგონა, ნორმალურად ვეღარც კი ვისუნთქებდი, თუმცა შემდეგ მიჩვევას იწყებ და ყველაფერი თავის ადგილას დგება. საერთოდაც ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თან იმდენად მარტივად და ისე მალე, თავადაც კი გაკვირვებული დარჩები. -არ ვიცი, არ მგონია... -ოჰ, მერწმუნე ასე იქნება. რომ თქვი, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ დავტოვე ფაზისიო, შალვამ გაიძულა რამე? - ლამაზად ამოქნილი წარბი ასწია მირანდამ და გურიელის დაღონებულ ასულს დააკვირდა, - მოვკლავ მაგ სულელ ბიჭს! არა და, თითქოს ქალთან მოქცევის წესები ვასწავლე და არ უნდა შეშლოდა! - წყალს ხელი გამეტებით დასცხო ქალმა და სუსტი ტალღებიც გამოიწვია. -არა, იცით... შალვა ნაკლებად შუაშია, - თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ იცავდა კაცს, რომელიც მის მოსისხლე მტერს წარმოადგენდა. ალბათ, მაინც ის ფაქტორი მოქმედებდა, რატიანმა რამდენჯერმე რომ იხსნა მისი სიცოცხლე, თანაც ასე დაუნანებლად. -გიყვარს, ხომ ასეა? - თითქოს ელენეს ფიქრებს გამოეხმაურაო, იმდენად შესაფერის დროს დასვა შეკითხვა მირანდამ, გურიელი გაოცებული მიაჩერდა. -მე... მე არ ვიცი. -ეგ პასუხი არ არის, ჩემო საყვარელო, - ჩაიცინა ქალმა, შემდეგ კი ელენესთან მიცურდა და იმდენად ახლოს გაუჩერდა, ცოტა არ იყოს, შეშინდა ფაზისელი ასული. -მითხარი, - ხმადაბლა თქვა ქალმა და ანთებული თვალებით მიაჩერდა აწითლებულ ელენეს, - მისი დანახვისას სუნთქვა და გულისცემა გიჩქარდება? თვალები გიფართოვდება, მკერდი გეჭიმება იმდენად, რომ გტკივა, მაგრამ ეგ ტკივილიც კი გსიამოვნებს, - ჩურჩულებდა მირანდა და თან თმაზე ეფერებოდა გურიელს, - მუცელში სიამოვნების წვეთები ერთ დიდ წრეს კრავენ და ჭიპის გვერდით გროვდებიან. ერთი სული გაქვს როდის მოგიახლოვდება, თუნდაც სულ ოდნავ მოგეფერება და ესეც კი დაგაკმაყოფილებს? -თქვენ... თქვენ საიდან იცით? - უკვე ღრმად სუნთქავდა ელენე. მირანდას თითქოს ჰიპნოზის ქვეშ მოექცია, ვერც მზერას აშორებდა და ვერც ადგილიდან იძვროდა. -შეყვარებული ყოფილხარ, ელენე და ვერ მიმხვდარხარ, - გადაიკისკისა ქალმა და მაშინვე მოსცილდა, - იცი, საიდან მივხვდი? ჩემთან რომ იცავ ჩემს ხელში გაზრდილ კაცს, რომელსაც საკუთარ თავზე უკეთესად ვიცნობ. იცავ, მიუხედავდ იმისა, რომ შენი მტერია და შენზე იძულებით ქორწინდება. კარგი, აღარ გვინდა ამაზე, - გაიცინა და თვალი აარიდა, - ერთხელ აუცილებლად მესტუმრე ჩემს სასახლეში. რძის აბაზანებს მიგაღებინებ. წარმოდგენაც არ გაქვს, რამხელა სიამოვნებაა. ელენემაც ამოისუნთქა და გაგონილით დაზაფრული მაშინვე ამოვიდა აუზიდან. ზეწარმოხვეული კარისკენ მიემართებოდა, მოულოდნელად რომ მობრუნდა. -და თქვენ? -რა მე? - მირანდა ნაზად დაატარებდა სხეულზე ნაჭერს, გურიელის ხმა რომ მოესმა და ისე გამოეპასუხა, მისკენ არც კი გაუხედავს. -თქვენ თუ გყვარებიათ? -ოჰ, ჩემო ძვირფასო, სიყვარული ჩემისთანა ქალისთვის არ არის. მე თუ მკითხავ, ეგ გრძნობა მხოლოდ მიამიტებისთვისაა. არა არ გეწყინოს, ნამდვილად ჭკვიანი ხარ, მაგრამ არა იმდენად, რომ სიყვარულს იქით არსებული უფრო მნიშვნელოვანი რაღაცების არსებობა დაინახო. ჩემნაირი ქალებისთვის მხოლოდ ძალაუფლების სიყვარული თუა მისაღები. თქვენ ვერ ხვდებით, მაგრამ რეალურად რა მოაქვს მაგ გრძნობას ტკივილის გარდა? ძალაუფლება კი უსაზღვროა. მუდამ შეგიძლია უფრო მეტის მიღწევა. არც გულნატკენი დარჩები და არც ვინმეზე იქნები დამოკიდებული. მართალია, პასუხისმგებლობაც იზრდება ამ ყველაფერთან ერთად, მაგრამ თუ ჭკუა ოდნავ მაინც გიჭრის, მარტივად შეგიძლია იგი ისე გადაანაწილო, ზურგზე ზედმეტ ტვირთად რომ არ დაგაწვეს. -გასაგებია, - ჩაიჩურჩულა ელენემ და რაღაცნაირად დაზაფრული შეტრიალდა კარისკენ. უკვე უნდა გასულიყო, მირანდას ბოლო სიტყვები რომ დაეწია. -ერთხელ ჩემთანაც იყო მსგავსი შემთხვევა და სწორედ მის შემდეგაა მხოლოდ ძალაუფლების რომ მჯერა, - ამ სიტყვებს იმდენი ღვარძლი ამოაყოლა თან, ელენე უარესად დაიზაფრა. მაშინვე გამოხსნა კარი და კოლხეთის დედოფალი საკუთარ თავთან მარტო დატოვა. *** ლხინი შებინდებულზეც გრძელდებოდა. ეფიმიას კი მოსვენება დაეკარგა. უკვე დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ვარდანმა იქაურობა დატოვა და წამითაც კი აღარ გამოუხედავს გარეთ არც ერთს. მსახურები აქეთ-იქით დარბოდნენ და სუფრაზე მსხდომთ წამით არ ტოვებდნენ, მაგრამ მათ შორის ვერც ერთი ვარდანის პირადი მსახური ვერ შეამჩნია. მის თავში გეგმა უკვე მომწიფებულიყო. თვალებით კალიოპეს ძებნა დაიწყო და ერთ-ერთ არგვეთელ დიდებულთან ლაპარაკში გართული მალევე შეამჩნია. სწრაფი ნაბიჯებით მივიდა მათთან და ღიმილით ჩაერია საუბარში: -დიდი ბოდიშის მოხდით, ჩემს ქალიშვილს მოგტაცებთ. -რას ბრძანებთ, ქალბატონო, - თავაზიანი პასუხი დაუბრუნა ახალგაზრდამ, შემდეგ კალიოპეს წამოდგომაში დაეხმარა და დედა-შვილმაც უკან მოიტოვა სუფრა. -რამე მოხდა, დედა? -ჩვენი დრო მოვიდა, კალიოპე. რასაც გეტყვი, მინდა კარგად დაიმახსოვრო და დაუფიქრებლად შემისრულო. -დედა, მაშინებ. -საშიში არაფერია, ჩემო მშვენიერო. დედოფალ მირანდას, ელენე გურიელსა და შალვა რატიანს უნდა ეშინოდეთ ჩვენი. შემდეგ კი საკუთარი გეგმა მშვიდი ხმით გაანდო. თავი 7 ლამაზი, მაგრამ არც თუ ისე ჭკვიანი ქალი იყო ბეატა. შავგვრემანს ულამაზესი მწვანე თვალები ამშვენებდა. არც პირისახის მოყვანილობას უჩიოდა და არც ტანს. დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლეონი შვილისთვის შესაფერისი განათლება მიეცა, მაგრამ ბუნებას ჭკუა-გონება ნაკლებად დაემადლებინა ქალისთვის. სიმართლე ითქვას, ბეატა და შალვა დიდი ხანი იყო ერთმანეთს იცნობდნენ. ისიც იქიდან, რომ ერთხელ შემთხვევით მოხვდა კუხელი მეფის ასული კოლხეთში. უკან, თავის სამეფოში ბრუნდებოდნენ, როდესაც იმ ურემს ღერძი გაუტყდა, რომლითაც ბეატა მგზავრობდა. უბრალო გლეხის სახლს ან დუქანს ვერ აკადრებდნენ მეფის ასულს, ამიტომ მირანდას სთხოვეს თავშესაფარი. დედოფალმაც დიდი პატივით მიიღო და იმავე საღამოს, სტუმრებისთვის გამართულ ნადიმზე შეხვდნენ პირველად ერთმანეთს ბეატა და შალვა. დედოფალს კარგად მოეხსენებოდა, რომ კუხელი მეფის ასული აკვანშივე დაენიშნათ მის ძმისშვილზე. ამიტომაც შემფასებლურ მზერას არ აშორებდა ჯერ კიდევ 14 წლის ბავშვს და ყველაზე ხშირად სწორედ მას უცქერდა. თავიდანვე თვალში არ მოუვიდა ქალს ზედმეტად დაბნეული და ხშირ შემთხვევაში დეტალებზე დაუკვირვებელი მეფის ასული, მაგრამ ვარდანს უკვე გადაეწყვიტა ორივეს ბედი და მირანდა ვეღარაფერს შეცვლიდა. თავიდან თითქოს აითვალწუნეს ერთმანეთი შალვამ და ბეატამ, მაგრამ საერთო ენაც გამონახეს, მას შემდეგ რაც რატიანს ლევანი დაელაპარაკა. მეფის ასულის გამგზავრების შემდეგაც არ დაუკარგავთ ერთმანეთი. თვეში ერთხელ მაინც წერდნენ ხოლმე წერილებს და ქალის გულშიც ნელ-ნელა იფურჩქნებოდა ლამაზი გრძნობა. მაგრამ რამდენიმე წელში წერილების რაოდენობამ იკლო, ბოლოს საერთოდ შეწყდა და შალვასაც მიავიწყდა მისი საცოლე. აი, ბეატას კი სულაც არა. არგვეთისკენ გულაფანცქალებული მიიწევდა კუხელი მეფის ასული და არ იცოდა, რომ სასახლეში მოულოდნელი სიურპრიზი ელოდა. *** არგვეთის სასახლეში ჩამოსვლიდან მეორე დილა გათენდა. ისიც ისეთივე მზიანი და ნათელი იყო, როგორც წინა დღე, მაგრამ ელენე გურიელს ასე სულაც არ ეჩვენებოდა. მართალია, ლევანმა მისი წარმომავლობისთვის შესაფერის ოთახამდე მიაცილა, მაგრამ აბანოდან უკან დაბრუნებულს სიტუაცია შეცვლილი დახვდა. ოთახის კართან შუბმომარჯვებული მცველები იდგნენ, მათ წინ კი ერთი თავდახრილი მსახური ქალი დაყუდებულიყო. -ჩემო ქალბატონო, -მდაბლად დაუკრა თავი მსახურმა. თვალებში შეხედვას ვერ უბედავდა, - მეუფე ვარდანმა თქვენი სხვა ოთახში გადაყვანა გვიბრძანა. ელენე მოელოდა კიდეც მსგავს საქციელს რატიანისგან. იგი სულაც არ წარმოადგენდა სასურველ ხიზანს, ამიტომ ხმისამოუღებლად გაჰყვა ქალს. მსახურმა სასახლის პირველ სართულზე ჩაიყვანა, სადაც მხოლოდ მოსამსახურეთა ოთახები მდებარეობდა. იქამდე იარა, სანამ ყველაზე ბოლოს მდებარე ოთახს არ მიადგნენ, რომელიც ერთმა ჩირაღდანმაც თავისუფლად გაანათა. აქ ერთი პატარა საწოლი იდგა თივის ლეიბით, ჩალის სკამი და ერთიც ფეხმორყეული მაგიდა. ერთი პლუსი მაინც ჰქონდა ამ ოთახს - უზარმაზარი ფანჯარა ამშვენებდა, რომელიც პირდაპირ სასახლის ეზოს გაჰყურებდა, მაგრამ ამასთანავე ერთმანეთზე მჭიდროდ მიკრული ხის გისოსებით აეჭედათ. -მადლობა, - დაიჩურჩულა გურიელმა და ქალის გასვლას აღარ დალოდებია, მოწყვეტით დაჯდა. მირანდასთვის ნათქვამი სიტყვები გაახსენდა, ფრთებდატეხილი ფრინველი მგონია თავიო. ახლა ყველაფერთან ერთად გალიაშიც იჯდა და ღმერთმა უწყოდა, როდესმე ეღირსებოდა თუ არა აქედან თავის დაღწევა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, მზერა ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა და იმაზე ფიქრობდა, ამ სასახლიდან თავი როგორ დაეხსნა. აქ ერთი მოკავშირეც კი არ ჰყავდა, იმ ადამიანზე საუბარიც ხომ ზედმეტი იყო, ვისაც თვალდახუჭული შესძლებდა მინდობოდა. როგორმე უნდა მოეხერხებინა და უჩუმრად გაპარულიყო, მაგრამ ამას როგორ იზამდა, წარმოდგენა არ ჰქონდა. არც სასახლეს იცნობდა და არც ის იცოდა, როდის იცვლებოდნენ გუშაგები. არა, ბოლო მათგანს მარტივად დაადგენდა, მაგრამ მერე რა ექნა? თან რაღაცნაირად გული ეთანაღრებოდა. მირანდასთან ნაღიარებმა სიტყვებმა თავი ახლა შეახსენეს. მას შალვა უყვარდა, მაგრამ როდის ან როგორ შემოიჭრა ეს გრძნობა მის გულში, წარმოდგენა არ ჰქონდა. ყველაფერთან ერთად, სულაც არ აპირებდა რატიანისთვის ეს ეგრძნობინებინა. კაცს ისედაც არ აკლდა თავდაჯერება და ახლა ესეც რომ გაეგო, ალბათ საერთოდ აღარავის ჩააგდებდა ღორის ტილადაც კი. *** დილის მზის სხივები ელენესთანაც შეიჭრა ოთახში, მაგრამ ქალს ყურადღებაც არ მიუქცევია. მხოლოდ მაშინ გამოერკვა ფიქრებიდან, როცა ეზოდან ხმლების ჭახაჭუხი მოესმა. წამოდგა და ფანჯრიდან გაიხედა. გულაფანცქალებულს ეგონა, ომი აქამდეც ხომ არ მოვიდაო, სინამდვილეში კი ხელთ ერთმანეთთან მოვარჯიშე ჯარისკაცები შერჩა. თითოეული მათგანი მძიმედ შეჭურვილიყო. მხოლოდ ერთი გამოირჩეოდა ყველასგან. ელენემ თვალები მოჭუტა, უკეთ რომ დაენახა. რა თქმა უნდა, ის ერთადერთი შალვა უნდა ყოფილიყო. სხვებისგან განსხვავებით მსუბუქად აღჭურვილიყო და ხელშიც მხოლოდ საკუთარი ხმალი ეპყრა. ჯარისკაცებს მისთვის წრე შემოერტყათ. შალვა კი ბრძოლით ცდილობდა მათგან თავის დახსნას და ხმალს მთელი თავისი მონდომებითა და ოსტატობით იქნევდა. რაზეც უნდა აღინიშნოს, რომ ცუდად ნამდვილად არ გამოსდიოდა. მოწინააღმდეგეები ნამდვილად არ ინდობდნენ ერთმანეთს. ელენეს ის აშფოთებდა, რომ ყველას ხელთ ნამდვილი ხმლები ეპყრათ და არა - სავარჯიშო. ერთი არასწორი მოქნევა და რომელიმე მძიმედ დაშავდებოდა. მათგან კი ყველაზე მეტად ქალს რატიანის დაშავების საფრთხე აშფოთებდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბატონი იყო, არც ერთი მეომარი არ თმობდა თავის პოზიციას და შალვას გამეტებით უტევდა. წრე ნელ-ნელა ვიწროვდებოდა და შალვასაც ნაკლები სივრცე რჩებოდა ხმლის მოსაქნევად. ბოლოს წრეზე მდგომების ხმლები ყელზე რომ მიებჯინა, მაშინ მოუწია თავადიშვილსაც დანებება. მაგრამ ორთაბრძოლა ამით არ დასრულებულა. დაღლილი ჯარისკაცები ეზოს გასცილდნენ, მათი ადგილი კი ახლებმა დაიკავეს. ამჯერად შალვას ორ-ორნი შეუტევდნენ. ელენე ვერ მიხვდა, მზემ დააჭირა და ამიტომ დაცხა თუ იმის გამო, რომ რატიანმა, სანამ შეტევაზე გადავიდოდა, წელს ზემოთ გაიხადა უნაკლო მხარ-ბეჭი გამოაჩინა. გურიელს გული შეუფრთხილდა და უფრო მეტი გაფაციცებით დაიწყო შეჯიბრის ცქერა. მართალია, შალვაც გადაღლილი იყო, მაგრამ მაინც მედგრად იბრძოდა და რამდენიმე ხელი მისი გამარჯვებითაც დასრულდა, მაგრამ არა სულ ყველა. ელენე იმდენად იყო გართული რატიანის ცქერით, ვერც კი მიხვდა, რამდენი დრო გასულიყო ამასობაში. საუზმის გარეშე დარჩა. არც მსახურს მოუტანია რამე მისთვის და არც სასადილო დარბაზში უხმია. თითქოს ყველას გადავიწყებოდა მისი იქ ყოფნა. მზე ზენიტში მოექცა და შეჯიბრიც დასრულდა. შალვას ოფლისგან მთელი სხეული დასცვაროდა, მაგრამ არც შემშრალებას ჩქარობდა და ჩაცმას. იქვე მდგარი ტიკიდან ყელის გასასველებლად წყალი მოსვა, ხმალი თავის მსახურს ჩააბრა და ეზოს მოავლო მზერა. დილიდან მოყოლებული გრძნობდა მზერას, რომელიც ბეჭებს უშანთავდა და თითქმის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ სასახლის რომელიღაც კუთხიდან ელენე გურიელი უთვალთვალებდა. ახლა კი აპირებდა გაერკვია, თუ საიდან უმზერდა ეს ჯიუტი ქალბატონი. სასახლის ბოლომდეც არ იყო მისული, გურიელის ასულის სილუეტს რომ მოჰკრა თვალი და ბაღის გავლით იმ მხარეს წავიდა. -ელენე, - იმდენად მოულოდნელი იყო შალვას ხმის გაგონება თანაც სარკმლის გარედან, ქალს შეეშინდა და უფრო მეტად აფართხალებულ გულზე ხელი მოიჭირა, - არ მეტყვი, რა გესაქმება ამ ოთახში? -თავად რა გინდა აქ? - რატიანის კითხვას წაუყრუა ქალმა. -თუ გეტყვი, რომ ჩემი მომავალი ცოლის სანახავად მოვედი, რას იზამ? -არ დავიჯერებ, - მხრები აიჩეჩა ქალმა, - თანაც შენი მომავალი ცოლი ახლა ამ სასახლისკენ მომავალ გზაზეა და ჩემგან რა გინდა, ვერ ვხვდები. -და მაინც, ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია. რას აკეთებ ამ ოთახში? ჩემს საცქერლად თუ შემოიპარე, უკეთესი ადგილებიც მოიძებნებოდა სასახლეში, თუნდაც მეორე სართულის აივანი. ქალი ერთიანად წამოწითლდა სახეზე. მიხვდა რომ გამოიჭირეს. ამან კი რატიანს უფრო ფართო ღიმილი მოჰგვარა, ვიდრე აქამდე დასთამაშებდა სახეზე. -არ მიპასუხებ? -მე აქ ვცხოვრობ, შალვა, - ამოიკნავლა ქალმა და თავი დახარა. არ უნდოდა, კაცს დაენახა, რამდენად უსუსური იყო თვალებამღვრეული, წამი წამზე ცრემლის ბურთულები რომ გადმოსცვივდებოდა. -როგორ? - თვალები შუბლზე აუვიდა კაცს. ეგონა მომეყურაო. -რა როგორ? -ელენე, მორჩი ხუმრობას და სიმართლე მითხარი, რა გინდა მსახურთათვის განკუთვნილ ოთახში? - თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეყვირა. -მე არასდროს ვამბობ ტყუილს! - აღშფოთდა ელენე და რატიანს თვალი თვალში გაუყარა. -ჰო, არა? - ჩაეცინა კაცს, - განა მე გავათავისუფლე მოტყუებით კახაბერ გურიელი მტრის ბანაკიდან. -არც მაშინ მითქვამს ტყუილი. უბრალოდ ყურადღება გაგიფანტეთ. სხვა არაფერი. და თუ ასე ძალიან გაინტერესებს, რატომ ვარ ამ ოთახში, გეტყვი! - ნერვებმა უმტყუნა ქალს და მაგიდაზე ხელი დაარტყა, - მამაშენმა გამამწესა აქ! ახლა დაკმაყოფილდი? -რა თქვი? ელენე, გაიმეორე, რა თქვი! - ხელები ჩასჭიდა ხის გისოსებს და მთელი ძალით მოეჭიდა. -რამე ვერ გაიგე? -ღმერთო ჩემო, ელენე! საკუთარი თავის დაფასებას და დაცვას ოდესმე დაიწყებ? - ამოიღრინა რატიანმა და მოულოდნელად გონებაში გავლებულმა ფიქრმა გააღიმა, - არსად წახვიდე. ამ პრობლემას ძალიან მალე მოვაგვარებ! შალვამ რამდენჯერმე თავისკენ მოქაჩა გოსოსებს, სუსტი ადგილი იპოვა და სწორედ იქ დაუწყო ჯაჯგური. მისდა ბედად ამ გისოსების გამკეთებელს ლურსმნების ბოლომდე ჩაჭედება დასზარებოდა და ხის რამდენიმე ნაჭერი მარტივად ააგლიჯა. -რას აკეთებ? - გაოცებული უყურებდა ელენე რატიანის მოქმედებას და ოთახიდან გასვლა აზრადაც არ მოსდიოდა. -საპყრობილიდან გათავისუფლებ. მართალია, არც შენ ხარ მეფის ასული და არც მე შენი თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწული, მაგრამ აღარაფერი მიკლია. ბოროტი დედინაცვალი თუ არა, ბოროტი სამამთილო ნამდვილად გყავს, - გაეცინა შალვას, - ელენე, მოდი, - ფანჯარაში ხელი შეყო კაცმა და თავისკენ იხმო. -სულ გაგიჟდი? -ელენე, მოდი-მეთქი! ქალმა გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ფანჯარასთან გაჩერდა. -ახლა რაფაზე ამოდი და მაცადე, რომ ბოლომდე გიხსნა აქედან. -იცი, ამ ოთახს კარებიც აქვს. -ელენე, ნუ ჯიუტობ. უბრალოდ ამოდი რაფაზე და ხელზე დამეყრდენი. თავადაც ვიცი კარის დანიშნულება. გურიელის ასული დანებდა. მართლა ავიდა რაფაზე და შალვას გამოწვდილ ხელზე ხელი ჩასჭიდა. შემდეგ კაცმა იმარჯვა. სხარტად მოავლო ხელი წელზე, თავისკენ დაითრია და ფრთხილად გადმოსვა მიწაზე. -ნახე, რთული არაფერი ყოფილა, - საკუთარ მკერდზე აკრულ ქალს დასჩურჩულა და თმებზე ოდნავ შეეხო ტუჩებით. -რას ვაპირებთ? -მამაჩემთან ვაპირებ დალაპარაკებას. შენ კი მხარს დამიმშვენებ. -ისედაც ვერავინ მიტანს ამ სასახლეში. იქნებ, აქ დავრჩენილიყავი და ნაკლებად მოვხვედროდი თვალში ხალხს? -აბა, ტყუილს არ ვამბობო? -რა? - ვერ მიხვდა ელენე და კაცისგან რამდენიმე ნაბიჯით ჩამოცილებულმა თვალებში შეხედა. -ჰო. არ ვტყუიო და ამ წამს იცრუე. -რას... -არავის მოვწონვარ აქო, - ანცი ღიმილით ლაპარაკობდა შალვა და კიდევ უფრო აბნევდა ელენეს, - და მე არავინ ვარ? ქალი იმდენად დაიბნა, სიტყვა ვეღარ თქვა. ისევ სიწითლემ წამოუარა და თავი დახარა. შალვამ კი ხელი ჩაჰკიდა და სასახლის მთავარი შესასვლელისკენ წავიდა. ამ დროს ვარდან რატიანი მთავარ დარბაზში იყო ლევანთან, მირანდასა და რამდენიმე მხედართმთავართან ერთად და ბრძოლის ველზე მიმდინარე ამბებს განიხილავდა. არ მოელოდა, შვილი თუ ასე დაუკითხავად შევიდოდა და ამდენი ხალხის წინაშე შეარცხვენდა. -დაგვტოვეთ, - მხედართმთავრებს ხელი აუქნია ვარდანმა და მზერით გაბურღა შვილის ზურგს ამოფარებული ელენე. -რას ჰგავს შენი საქციელი, მამა? - კარების დახურვის შემდეგ ამოიღო ხმა და შეტევაზეც გადავიდა. -ჩემი საქციელი რას ჰგავს თუ შენი, შალვა? - არ მოითმინა ვარდანმაც და იყვირა, - შუა ომში ვართ. შენ კი აქ შენი პრეტენზიების განსახილველად მოდიხარ და მნიშვნელოვან საქმეს მაცდენ! -მინდა შეგახსენო, რომ არც თუ უმნიშვნელოა ის საკითხი, რის განხილვასაც ვაპირებ. მეფობა გინდა, მაგრამ იმას არ უკვირდები, თუ რას სჩადიხარ. გავიწყდება, რომ ხალხი სწორედ შენი ქცევიდან იღებს მაგალითს. შენ უნდა იყო მისაბაძი მათთვის, მაგრამ ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებ. -მართლა? - ცინიკურად ჩაიცინა კაცმა. -ყურადღებას არ აქცევ იმას, რომ ელენეც დიდგვაროვანია. გურიელია და არაფრით ჩამოუვარდება შენი სასახლის კარზე წარმოდგენილ მაღალი ფენის ხალხს. ესეც რომ არ იყოს, ქალია და მისი პატივისცემა გმართებს! -ვარდან, რაზე ლაპარაკობს შალვა? - აქამდე ჩუმად მდგომმა მირანდამ ამოიღო ხმა და ძმას მიაშტერდა. -მე აგიხსნი, მამიდა, - მამამისს სიტყვის თქმა არ დააცადა, ისე განაგრძო შალვამ, - ელენე მსახურთათვის განკუთვნილ ოთახში გაამწესა. დღეს შემთხვევით რომ არ გამეგო, ალბათ ისევ იქ იქნებოდა. -ვარდან! - ამჯერად სიბრაზე ქალსაც მოერია და ძმა თვალებით გაბურღა, - სულ დაკარგე ჭკუა, არა? -ნუ გავიწყდებათ, რომ ჩემს სასახლეში ხართ ყველანი და აქ ბრძანებებს მე გავცემ! -მერე ეგ იმის უფლებას გაძლევს, რომ იუხეშო და ადამიანებს ზემოდან უყურო? -რა თქმა უნდა! -ვარდან... - მაგრამ მირანდას შალვამ აღარ დაასრულებინა სიტყვა. -რახან ასეა, მაშინ დღეიდან ელენე ჩემს ოთახში იცხოვრებს! -როგორ ბედავ? - იყვირა ვარდანმა. ელენეც გაოგნებული უყურებდა რატიანს და იმდენსაც ვერ ახერხებდა, ხმა ამოეღო, რამე ეთქვა და შეწინააღმდეგებოდა. -თავად მაიძულე. შემდეგ კი აღარაფრისთვის აღარ დაუცდია, ყველას ზუურგი აქცია და დარბაზი დატოვა. ელენე გაშეშებული იდგა და ვერ გაეგო როგორ მოქცეულიყო, მირანდა რომ მიუახლოვდა. -თავის დაფასებას თუ დაიწყებ და დასაცავად ენასაც თუ ამოიდგამ, ურიგო არ იქნება, - გვერდზე ჩავლისას უთხრა ქალს და ლევანთან ერთად დატოვა იქაურობა. -მეგონა, არ მოგწონდა, - აღნიშნა ქალის საქციელით გაოცებულმა ყოჩივარმა. -არც ახლა ვგიჟდები. უბრალოდ არ მომწონს სუსტი მოწინააღმდეგეები. *** თითქოს ელენეს ჯინაზე მოატანა ღამემ ასე მალე. მთელი დღე ფეხს ითრევდა. ცდილობდა შალვასთვის თავი აერიდებინა და გამოუვიდა კიდეც. ბაღში დასეირნობდა და თავს ასე ირთობდა, მაგრამ ჩამობნელდა თუ არა, თავის ასე შექცევა აღარ გამოუვიდა. თან ღამეს ბაღში ნამდვილად ვერ გაატარებდა. თავიდან ვარდანი წინააღმდეგი იყო, ელენეს არც ძველ ოთახში დავაბრუნებ და არც ჩემს შვილთან ერთად იცხოვრებს ერთ ოთახშიო, მაგრამ ცოტა ხანში ეს ამბავი ჭკუაში დაუჯდა. გურიელის ასულის ღირსების შემლახავ მშვენიერ ამბად მიიჩნია და დათანხმდა. ახლა კი ქალი შალვას ოთახის კართან იდგა და არ იცოდა, შესულიყო თუ ისევ იმ პატარა ოთახში დაბრუნებულიყო. თან დაღლილობაც თავისას შვრებოდა და ორგანიზმი ძილს სთხოვდა. ბოლოს გაუბედავად შეხსნა კარი და ოთახში შეიძურწა, მაგრამ ადგილზევე გაშეშდა. ცოტა ხნის წინ ხალიჩაზე მიწოლილი ავაზა, რომელსაც შალვა ეფერებოდა, ქალის დანახვისთანავე ფეხზე წამოვარდა და თავდასასხმელად ღრენით მოემზდა. ცხოველს ფოსფორისფერი თვალები უელავდა და ეშვებდაკრეჭილი მზად იყო ნებისმიერ წამს ესკუპა და ნაწილებად დაეგლიჯა მოწინააღმდეგე. -შალვა, - წამოიკნავლა ელენემ და შეშინებულმა გახედა კაცს. -უი, მოხვედი? - გაიღიმა რატიანმა და ავაზას ყურის ძირში მოფხანა, - გაიცანი, ეს ჩემი ხალიანაა. ხალიანა, ეს ელენეა და არ იჭმევა. თითქოს პატრონის სიტყვები გაიგოო, მოჭიმული სხეული მოადუნა ცხოველმა და შალვას მუხლთან გაუხახუნა თავი. -მოდი, - ამჯერად ელენეს გახედა კაცმა და ხელი გაუწოდა, - მოდი, ნუ გეშინია. არ შეგახრამუნებთ არც ერთი, - ბოლო სიტყვას ხაზი განსაკუთრებულად გაუსვა და გაიღიმა. -მართლა არ მეცემა? -არა, ჭკვიანია ხალიანა და მისი პატრონისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს არაფერს უშავებს. მოდი, ჩვენთან დაჯექი. ელენეს ბოლო სიტყვები განსაკუთრებით მოხვდა გულზე და ტანში ერთიანად გასცრა. შემდეგ კი გაუბედავად მიუახლოვდათ და ხალიჩაზე მუხლებით დაეშვა. ცხოველმა თავი კალთასთან მიუტანა ელენეს, ერთი დაყნოსა, მერე კი ისევ გაწვა და შალვას მიეტმასნა. თითქოს ამით ქალს ანიშნებდა, ჩემი პატრონის გაყოფას სულაც არ ვაპირებ არავისთანო. -მიდი, მოეფერე. არაფერს დაგიშავებს და მოგეჩვევა კიდეც. -არ მინდა, მადლობა. ასე ახლოს რომ ვარ მასთან, ესეც საკმარისია, ვგონებ. -ჩემო ლამაზო, ნახე, ელენეს ისევ ეშინია შენი, - სიცილით მოეფერა ხალიანას, თან მოფერებას არ წყვეტდა, - არა და როგორი უწყინარი ხარ. -ჰო, აბა, წეღან ჩემს დასგლეჯად ამ სასახლის კატა იყო მზად? -ხალიანა ყოველთვის მზადაა ჩემს დასაცავად. შენც მტერი ეგონე და ამიტომ. ცოტა ხანს ჩუმად იყვენე, შემდეგ კი ისევ შალვამ ამოიღო ხმა. -ელენე, დაწექი, მიდი და დაიძინე. უკვე ზეზეურ გძინავს. -ერთი პირობით, - მაშინვე გამოცოცხლდა ქალი. -გისმენ, - დასერიოზულდა შალვაც. -შენი ოთახია, შენივე საწოლი და მხოლოდ ჩემთვის დათმობას ვერ გთხოვ. ორივე დავწვებით, მაგრამ შუაში ხმალს ჩავიდებთ. კარგი? -რახან მთლად ხალიჩაზე ხალიანასთან ერთად დასაწოლად არ მიმეტებ, მადლობელი ვარ, - გაიღიმა კაცმა, - მაგრამ არც თუ ისე აღვფრთოვანებულვარ მაგ იდეით. -თანახმა ხარ? -სხვა გზა არაა. ამიტომ ასე იყოს, - თავი დაუქნია კაცმა და წამოდგა. ოთახის ბოლოში დადებული აბჯრიდან ფრთხილად გამოასრიალა ხმალი და ელენესთვის არც შეუხედავს, საწოლის შუაში დადო. -კმაყოფილი ხარ? -სრულებით, - მადლიერების ნიშნად ნაზად გაიღიმა ელენემ, შემდეგ კი წამოდგა და გაუხდელად შეწვა საწოლში. *** მეორე დღეს საუზმე ახალი დასრულებული ჰქონდათ, სასახლეში მალემსრბოლი რომ მოვიდა და მეფის ასული ბეატას ჩამობრძანების ამბავი ახარა ვარდანს. სულ ცოტა ხანში კი თავად ძელურის ამალაც გამოჩნდა. ვარდანი დიდის ამბით გამოეგება სტუმარს, გვერდით შვილიც ამოიყენა. ტრადიცია მოითხოვდა, თორემ შალვა სულაც არ აპირებდა სასახლიდან ფეხის გადგმას. მამიდასაც ატყობდა, რომ ბეატას ჩამოსვლით არც დედოფალი მირანდა იყო დიდად აღფრთოვანებული. მაგრამ ერთი კია, ქალი ყოველთვის სკეპტიკური თვალით უყურებდა ნებისმიერ მდედრობითი სქესის წარმომადგენელს, ვინც მასთან ახლოს აღმოჩნდებოდა ხოლმე. -მეფის ასულო, - მიწაზე დაშვებაში მიეშველა ქალს ვარდანი და ხელზე ეამბორა, - მახარებს თქვენი ჩამობრძანება. ვიმედოვნებ, კარგად იმგზავრეთ და არანაირ საფრთხეს გადაჰყრიხართ გზაზე. -გმადლობთ, - თავი დაუკრა ბეატამ ვარდანს და უჩუმრად გააპარა თვალი შალვასკენ. გულში უსიამოვნოდ გაკენწლა, როდესაც რატიანის გვერდით მისთვის უცნობი ულამაზესი ქალი შენიშნა. -შალვა, - შვილს თავისთან უხმო კაცმა და ბეატასთვის ლამის ძალით გამოადებინა ხელმკლავი, - მეფის ასული მის მოსასვენებელ ოთახებამდე მიაცილე. შალვამ შეუმჩნევლად აატრიალა თვალები, შემდეგ კი მამის სიტყვას უთქმელად დაჰყვა და სასახლეში შეაბიჯა. -როგორ ხარ, შალვა? - მსახურებისგან უჩუმრად გადაუჩურჩულა ქალმა და სიყვარულით სავსე თვალები შეანათა. -მადლობა კარგად, თავად? -ახლა უკვე მშვენივრად. უბრალოდ ამხელა გზაზე მგზავრობამ დამღალა. -არგვეთი ნამდვილად შორსაა კუხეთისგან. მაგრამ ეგ არაფერი. დაისვენებთ და უკეთ გახდებით. ბეატას კიდევ ერთხელ უსიამოდ გაჰკენწლა გულში. თავად ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა რატიანს. შალვა კი რას აკეთებდა? თქვენობით ესაუბრობოდა, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებასაც არ იჩენდა და ალბათ, ერთი სული ჰქონდა, როდის მივიდოდნენ მისთვის განკუთვნილ ოთახამდე, რომ მალე დაეღწია თავი. -აი, მოვედით, - მისდა საუბედუროდ ძალიან მალე თქვა კაცმა, ოთახის კარი თავადვე გაუღო, თავის დაკვრით შეატარა და შემდეგ მალევე გაშორდა იქაურობას. *** ძელური სულ ცოტა ხნის დაბინავებული იყო ოთახში და ისვენებდა, ჩუმი კაკუნის ხმა რომ მოესმა. გული აუფრთხიალდა. იქნებ შალვამ გადაწყვიტა ჩემი მონახულება, რომ განმარტოვებით დავილაპარაკოთო. იმედით სავსე თვალებით გამოხსნა კარი, მაგრამ ხელთ კიდევ ერთი უცხო ადამიანი შერჩა. -დიახ? -მეფის ასულო, - თავის დაკვრით მიესალმა ქალი და ანიშნა, ოთახში შემომიშვითო. -უკაცრავად, მაგრამ ვინ ბრძანდებით? -ბოდიშს გიხდით, რომ არ გაგეცანით. მე კალიოპე გახლავართ. ათენიდან ვართ ჩამოსულები დედოფალ მირანდასთან მოსალაპარაკებლად. -კი მაგრამ, მე რა შუაში ვარ? -ახლავე აგიხსნით, - ოთახს თვალი მოავლო კალიოპემ, ბეატას წინ სავარძელში მოთავსდა და ჩუმი ხმით დაიწყო, - ხომ ნამდვილად მარტოები ვართ? -დიახ. არც ერთი ჩემი მსახური არაა აქ. რა ხდება? -აქ თქვენს გასაფრთხილებლად მოვედი, მეფის ასულო. გახსოვთ ის გოგონა, დღეს თქვენი დახვედრისას ბატონიშვილ შალვას გვერდს რომ უმშვენებდა? -დიახ, - უემოციო ნიღაბი მოირგო ქალმა, მაგრამ გულმა ცუდი უგრძო. -შალვამ ჩამოიყვანა და ყველას თავის საცოლედ გააცნო. გუშინ კი თავის ოთახშიც კი გადაიყვანა. -როგორ? - თავზარი დაეცა ბეატას, - მისი საცოლე ხომ მე ვარ? -მამამისის ჯიბრზე იქცევა ასე, თორემ არ მგონია, რომ მისი სიყვარულით იწვოდეს. -მადლობა გაფრთხილებისთვის. -კიდევ რაღაც მინდა რომ გითხრათ. -გისმენთ. შემდეგ კი კალიოპემ რამდენიმე დღის წინ ეფიმიას მიერ შედგენილი გეგმა გაანდო კუხელ მეფის ასულს. *** -დედოფალო, ერთი წუთით შეიძლება? - ბერძენ სტუმრებთან საუბარი შეაწყვეტინა ქალს ყოჩივარმა და გვერდით გაიხმო. -რა ხდება, ლევან? -სიახლე მაქვს ბეტასთან დაკავშირებით. -გისმენ, - მაშინვე დასერიოზულდა ქალი. -წეღან კალიოპე ესტუმრა. ერთმანეთს შეეკრნენ. -რის ან ვის წინააღმდეგ? -ელენეს შალვას გზიდან ჩამოშორებას გაერთიანებული ძალებით აპირებენ, მაგრამ სამოქმედო გეგმაზე არ შეთანხმებულან ჯერ. -და დავიჯერო ეს კალიოპემ თავისით მოიფიქრა? - თვალები დააწვრილა მირანდა და ეფიმიას გახედა, მერე კი ისევ ლევანს მიუბრუნდა. -არ მგონია. -კარგი. რახან ომი უნდათ, მიიღებენ კიდეც. ჯერ-ჯერობით ელენე აქ მჭრდება და აქ დარჩება. ჯერ არ იციან, ვის უპირისპირდებიან! თავი 8 მეფის ასული ბეატას ჩამოსვლის შემდგომ თითქოს ყველაფერი დალაგდა, რეალურად კი სასახლეში სიტუაცია უფრო დაიძაბა. ბრძოლის ველიდან კარგი ამბები ნამდვილად არ მოსდიოდა ვარდანს. იბერიის მეფე არც იმდენად უვიცი აღმოჩნდა, რამდენადაც მას რატიანი მიიჩნევდა და მედგარ წინააღმდეგობასაც უწევდათ. კაცი ცალკე ამაზე დარდობდა, ცალკე კი სასახლეში არსებული მდგომარეობა აშფოთებდა. აქეთ მირანდა და ათენელი სტუმრები იბრძოდნენ, იქით შალვა ურჩობდა. ელენე გურიელის სასახლეში ყოფნაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. ბეატას გამოჩენის შემდეგ მართლაც ბევრი რამ შეიცვალა ელენესთვის. რატომღაც მოხშირდა მისი მოუხერხებლობა თანაც საჯაროდ. იმდენჯერ შერცხვა დიდებულებთან, ოთახიდან გამოსვლა აღარ უნდოდა ხოლმე. ერთხელ, მეფის ასულის ჩამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მირანდა კიდევ ერთ მიღებას მართავდა და რატომღაც ელენეც მიიწვია. დარბაზობა წუთი წუთზე უნდა დაწყებულიყო. თავისი ადგილისკენ მიემართებოდა, ბეატას რომ ჩაუარა და რატომღაც აყირავდა კიდეც. წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ხალიჩაზე გაიშოტა. ყველაფერთან ერთად ის ერთადერთი კაბაც გაეხა, რომელიც ემოსა. სულ მთლად გადაწითლებულმა დატოვა იქაურობა და ოთახს მიაშურა. ამის შემდეგ იყო, შალვამ იმ საღამოსვე სკივრები რომ შეატანინა მსახურებს. რამდენიმე დღეა, რაც გზაშია, ნახე, იმედია, ყველაფერი წამოიღეს ფაზისიდანო. ელენეს ესიამოვნა, იმაზე მეტად ვიდრე ამას მოელოდა. კაცისკენ შეტრიალდა კიდეც მადლობის გადასახდელად, მაგრამ შალვა იქ აღარ დაუხვდა. მართალია, ისევ ერთ ოთახში ეძინათ, მაგრამ ხან ისევ ხმალი იდო მათ შორის, ხან რატიანი საერთოდ არ მოდიოდა, ხანაც იატაკზე იძინებდა ხალიანასთან ჩახუტებული. მეორე შემთხვევა სასახლის ბაღში მოუხდა ელენეს. ბილიკზე მისეირნობდა და ბედნიერი შესცქეროდა იქვე აყვავებულ ვარდის ბუჩქებს. ვარდისფერი, წითელი, ყვითელი, თეთრი და შავი ვარდები ისე შერეოდნენ ერთმანეთს, ნამდვილად ულამაზეს სანახაობას ქმნიდნენ. ელენე თავდაჯერებით მიიწევდა წინ და თან ვარდის კოკრებს ხელით ელაერსებოდა. ამ ბილიკზე უკვე დიდი ხანია დასერნობდა და მისი ყოველი კენჭის მდებარეობაც კი იცოდა, მაგრამ მწარედ შეცდა. მოულოდნელად ფეხი არსაიდან გაჩენილ საშუალო ზომის ქვას წამოჰკრა და პირდაპირ წვეტიან კენჭებზე წაიქცა. თითქოს ეს არ ეყოფოდა, წამში მეორე მხრიდან ბეატამ და კალიოპემ გადმოუხვიეს. დამცინავი მზერით შეათვალიერეს ქალი და დასახმარებლადაც კი არ შეჩერებულან. ელენე ლამის ატირებულიყო. მუხლებიცა და ხელის გულებიც გადაჰყვლეფოდა. მარცხენა ფეხი სტკიოდა და არც მკერდი ჰქონდა უკეთეს დღეში. დიდი ალბათობით, საშინლად დაულურჯდებოდა. მაგრამ ბედს ბოლომდე არ გაემეტებინა ქალი და მხსნელად შალვა მოუვლინა. არავინ იცის იმ წამს იქ საიდან აღმოჩნდა, მაგრამ ელენეს დროულად რომ წამოადგა თავს, ეს ცხადზე უცხადესი იყო. თითქოს შორიდანვე გრძნობდა, როდის ეხვეოდა გურიელი შარში და მაშინვე იქ ჩნდებოდა მის დასახმარებლად. შალვამ პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში და სასახლისკენ გასწია. თან სიცილს ვერ იკავებდა, რაზეც ელენე ბრაზდებოდა. მაგრამ კაცის ძლიერ მკერდს მიყრდნობილი იმ წამს სულ სხვაგან დაფრინავდა. რატომღაც აშფოთებდა ბოლო პერიოდში შალვას გამოცვლა. ირონიული რატიანი თითქოს ვიღაცას თბილი და მზრუნველი კაცით ჩაენაცვლებინა, რომელსაც განსაკუთრებით ელენესთან ამჟღავნებდა. მსახურებთან, მეფის ასულ ბეატასთან და ხშირ შემთხვევაში მამამისთან კი ისევ ისეთი ცივი და უხეში იყო. ელენეს ფეხი ეღრძო. მკურნალმა ელასტიკური ნაჭრით მჭიდროდ შეუკრა და რამდენიმე დღის განმავლობაში სიარული აუკრძალა. ამ დროის განმავლობაში რატიანი უვლიდა. კალიოპე და ბეატა კი თვალებიდან ცეცხლს ისროდნენ. უიღბლობა გამოჯანმრთელების შემდეგაც არსად გამქრალა. იმ დღეს ფეხზე პირველად წამოდგა და ყველას დაუხმარებლად გაიარა ქალმა. მიზეზი აღარ ჰქონდა, ვახშმად რომ არ ჩასულიყო, ამიტომ დასწრება მოუწია.დარბაზში ორი მაგიდა იდგა. პირველს მხოლოდ მამაკაცები შემოსხდომოდნენ და კარგად მოილხენდნენ კიდეც. მეორის გარშემო კი ქალბატონებს დაეკავებინათ ადგილი. მაგიდის თავში, რა თქმა უნდა, დედოფალი მირანდა მოთავსებულიყო. ელენე სუფრასთან ახალი დამჯდარი იყო, მსახურებმა წვნიანის განაწილება რომ დაიწყეს. კერძს საოცარი სურნელი ჰქონდა, მაგრამ ამასთანავე ისეთი ოხშივარი ასდიოდა, დარბაზში საშინლად ჩამოცხა. მსახური ელენეს თეფშისკენ გადაიწია, მოულოდნელად მეფის ასულის გამოწეულ სკამს რომ გამოედო და ეს ქაფქაფა მასა გურიელისკენ გაფრინდა. ერთი კი გაუმართლა, მის კაბას გადაესხა, მაგრამ მაინც იმდენად ცხელი იყო, ელენემ კანის წვა მაინც იგრძნო. ბეატამ ბოდიში მოიხადა, არ ვიცოდი, ასე თუ მოხდებოდაო. თვალებამღვრეულმა ელენემ კი სირბილით დატოვა იქაურობა. შალვაც უკან გაყოლას აპირებდა, ფეხზე მირანდა რომ წამოდგა. ძმიშვილი ხელის აწევით შეაჩერა და გურიელის გავლილ გზას ამაყი ნაბიჯებით გაუყვა. სამაგიეროდ გაბრაზებულმა რატიანმა ჯავრი საწყალ მსახურზე იყარა და მისი დილეგში ჩაგდების ბრძანება გასცა. ოთახში შესვლამდე კარზე დააკაკუნა ქალმა და პასუხს აღარ დალოდებია, ისე შევიდა. ელენეს კაბა გამოეცვალა და ახლა ფეხებზე შეწითლებული კანის გაგრილებას ცივი ტილოებით ცდილობდა. მირანდამ ჯერ ოთახს მოავლო მზერა, შემდეგ კი გურიელის ასულს მიაჩერდა. ქალმა კარგად დაინახა კუთხეში თავმოხდილი სკივრი, საიდანაც ელენეს კაბების გარდა მისი რამდენიმე ნივთი იმზირებოდა. სულ ზემოდან კი უკვე გახუნებული, მაგრამ უცხოდ მოქარგული ყაბალახი იდო. მირანდას თვალები გაუფართოვდა ამ ნივთის დანახვისას, წამით ჩაფიქრდა კიდეც, თითქოს რაღაცის მოგონებას ცდილობსო. ცოტა ხანში წარბები გახსნა და ელენეს ღიმილით გახედა. -მომეცი, დაგეხმარები, - გრილი საფენის გამოსაცვლელად გაიწია ელენემ, მირანდამ რომ დაილაპარაკა, - მიდი, შენ დაწექი და მე მაცადე. -კი, მაგრამ თქვენ... - გურიელი თვალებს ვერ უჯერებდა. -ასე ნუ მიყურებ, ელენე, - გაიღიმა ქალმა და ლამის ძალით წამოაწვინა, - მიუხედავად იმისა, ასეთი საშიში რომ ვჩანვარ, მეც მაქვს გული და გრძნობები. ბოლო-ბოლო შეიძლება დედაშენი ვყოფილიყავი. ხმლით დაჭრილი ადამიანის მოვლაც მეხერხება და დამწვარისაც. ახლა კი, თუ შეიძლება, ნუ ჯიუტობ და შენი მოვლა მადროვე. -მმმ... მადლობა, - ენა დაება ქალს და მოხერხებულად მოთავსდა საწოლზე. მირანდამ არ დააყოვნა. კაბა ფრთხილად აუკეცა და მხოლოდ გაწითლებული ადგილები გამოუჩინა. მერე დასვრილ კაბას შედარებით სუფთა ნაჭრები მოახია, სურიდან ცივი წყალი გადმოასხა და ელენეს დაწითლებულ ადგილებზე გადააფარა. ცივის შეხება ესიამოვნა ქალს და თვალები მინაბა. -ამდენს როგორ ითმენ, ელენე? - ოთახში ჩამოვარდნილი დუმილი დააღვია მირანდამ, როდესაც მეორედ გამოუცვალა გრილი საფენები, - შენ ადგილას დიდი ხნის წინ მივუჩენდი ყველას საკუთარ ადგილს და კლანჭებს გამოვაჩენდი. ელენემ თავი გვერდით გაატრიალა. სულაც არ სურდა მირანდას თვალებში დაენახა, რომ ქალს ეცოდებოდა სისუსტისა და უსუსურობის გამო. -კი მაგრამ, როგორ? აქ სრულიად უცხო ვარ. თან დიდად გულზე არავის ვეხატები, - ბოლოს მაინც გაანდო თავისი გულისტკივილი. -და ბეატაა აქაური თუ კალიოპე? მაოცებ ელენე. არავისზე ნაკლები არ ხარ. არც სილამაზე გაკლია და არც ჭკუა. მხოლოდ გამბედაობა გჭირდება. საკუთარი თავის უნდა ირწმუნო. ამჯერად დაგეხმარები. ბეატა არც მე მეხატება დიდად გულზე. ჰოდა, ჩათვალე, რომ ჩემი სახით სანდო მოკავშირე გყავს. ქალის სიტყვებმა ცოტა არ იყოს დააფრთხო ელენე. მირანდა კი საწოლიდან წამოდგა და ფანჯარა გამოაღო. -ისედაც ძალიან ცხელა. არ მესმის, საერთოდ რატომ ხურავენ ამ ფანჯრებს, - შემდეგ კი რაფას ხელებით დაეყრდნო და ქვემოთ გადაშლილ ბაღს დააცქერდა, - მიუხედავად ყველაფრისა, ლამაზია, არა, აქაურობა? -დიახ. -მმმ... მიყვარს ეს სურნელი, - ოთახში უკვე ვარდების გამაბრუებელი სურნელი დატრიალებულიყო. მირანდამ ხარბად შეისუნთქა და თვალებდახუჭულმა გაიღიმა, - სახლს მახსენებს და თან ძალაუფლებასაც. ელენე ხმისამოუღებლად უცქერდა და არ იცოდა, რა ეთქვა ქალისთვის. -იცი, ჩემთან სასახლეში თავიდან ყველა ვარდის ბუჩქი ამოვაძირკვინე მზეჭაბუკს. მათი დანახვაც კი არ მინდოდა. კოლხეთი ვერასდროს იქნებოდა არგვეთი და ვარდები ტყუილად გამაბრაზებდნენ. მაგრამ შალვამ ეს გადაწყვეტილებაც შემაცვლევინა. ერთ დღეს, მაშინ თუ არ ვცდები, 15 ან 16 წლის უნდა ყოფილიყო, ხელში ულამაზესი ალისფერი ვარდით დაბრუნდა სასახლეში. ის და ლევანი პიტიუნტში იყვნენ წასულები რაღაც საქმეზე. კარგად მახსოვს, შალვას ჩემი ხელით მოქარგული ყაბალახი ეხვია. უცხო ფერის იყო და ნაქარგებიც ჭრელი სირმების გამო გამოირჩეოდა, მაგრამ მთლიანობაში საოცრად ლამაზი იყო. ჰოდა, სასახლეში რომ დაბრუნდა, აღარც ეს ყაბალახი ჰქონდა და სამოსიც ერთიანაც შემოჰგლეჯოდა. რა დაგემართა-მეთქი, რომ ვკითხე, მხოლოდ გამიღიმა და უბეში სათუთად დამალული ალისფერი ვარდი გამოაჩინა. მამიდა, ამ ყვავილის გახარება მინდაო. თავიდან ნებას არ ვრთავდი, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა. თავად წვალობდა მის გახარებაზე-მეთქი რომ გითხრა, მოგატყუებ. მებაღეებს გადაულოცა და თავად მიივიწყა. სამაგიეროდ ერთ წელიწადში ულამაზესი ბაღი გამიშენეს. მხოლოდ ალისფერი ვარდები გვაქვს და სხვა არც ერთი ფერი არ გაჭაჭანებულა. რომ მეწვევი, აუცილებლად განახებ რძის აბაზანების შემდეგ, - დაასრულა თუ არა მოყოლა, გაიცინა, ელენეს თვალი ჩაუკრა. თითქოს ამით ეუბნებოდა, დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს და მიმიხვდი მინიშნებასო. შემდეგ კი არაფრისთვის დაუცდია, კარი გაიხურა და იქაურობა დატოვა. სამაგიეროდ ელენემ ვეღარ მოისვენა. მხოლოდ იმასღა ფიქრობდა, რომ ეს ქალი ჯადოქარი იყო. არც ერთხელ ყოფილა შემთხვევა, მირანდას რაიმე უმიზეზოდ ეთქვას. ყოველთვის იკითხებოდა დაფარული აზრი მის სიტყვებში და არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი. გურიელმა სკივრიდან მეწამული ფერის ყაბალახი ამოაძვრინა, ნაზად მიეფერა და მოგონებებში გადაეშვა. *** „უკვე ერთი თვე ხდებოდა, რაც კახაბერსა და ელენეს ფაზისი დაეტოვებინათ და პიტიუნტში ათევდნენ ღამეს. მამა დაჰყოლოდა ერთადერთი ქალიშვილის სურვილს და საკუთარი სასახლისგან შორს წამოსულიყვნენ. რატომ ასე შორს სახლიდან, ამ კითხვაზე ელენე ვერ გიპასუხებდათ, მაგრამ გულში ჩარჩენოდა მისი მასწავლებლის მიერ მოყოლილი ამბები ამ დასახლების შესახებ. ჰოდა, კახაბერმა რომ ჰკითხა, რომელი ადგილის ნახვა გინდაო, დაუფიქრებლად დაუსახელა და ისინიც აქ წამოვიდნენ, რა თქმა უნდა, გადაცმულები. სულაც არ ეპიტნავებოდა ერისთავ გურიელს, ვინმეს მათი რეალური წარმომავლობა გაეგო. ელენე აღტაცებული შეჰყურებდა ზღვის ნაპირს. არა, ზღვა როგორ არ ენახა ფაზისელ დიდგვაროვას, მაგრამ აქაურობა მაინც ბევრად განსხვავდებოდა. წყალი ლაჟვარდისფერი იყო, სანაპირო კენჭებით დაფარული, ხოლო ორ ნაბიჯს გადადგამდით თუ არა უკან, ნაძვების სიმწვანე გშთანთქავდათ წამში. იმ სახლის პირდაპირ, სადაც გურიელები ღამეს ათევდნენ, ბაზარი წამომართულიყო. დილიდან საღამომდე ისმოდა ხმაური და ბედნიერი შეძახილები. ელენეს ძალიან მოსწონდა ეს ყველაფერი, განსაკუთრებით კი თვალს ყვავილთა სიფერადე სჭრიდა. რომელ მცენარეს არ წააწყდებოდით აქ - ადგილობრივს თუ უცხო ქვეყნიდან შემოტანილს, მაგრამ ვერც ერთ დახლზე ვერ ნახავდით ალისფერ ვარდს, რომელიც მხოლოდ აქ ხარობდა და მაცხოვრებლები წმინდა მცენარედ მიიჩნედნენ. ყვავილები შემოღობილი სასახლის ეზოში ხარობდა და ადგილობრივების გარდა იქ შესვლა ყველას ეკრძალებოდა. ელენემ ბევრჯერ სცადა თუნდაც ერთი კვირტის ხელში ჩაგდება, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს დანებდებოდა კიდეც, წამოსვლის წინა დღეს ის ამბავი რომ არ მომხდარიყო. იმ დღეს პიტიუნტში რომაელები ჩამოვიდნენ. მთელი დასახლება ახმაურდა. ყველა ამ ამბავზე საუბრობდა და სტუმრების დასახვედრად ემზადებოდნენ. ელენეს საოცნებო ულამაზესი ვარდებიც დაკრიფეს და ჩამოსულების პატივსაცემად სანაპიროსკენ წაიღეს. გურიელის ასულიც აეღელვებინა ასეთ ფუსფუსს. თავისი ერთ-ერთი ულამაზესი კაბა გადაეცვა, თავზე კი ყვავილების გვირგვინი დაემაგრებინა, რომელიც დილით კახაბერს ეყიდა მისთვის. ერთად აპირებდნენ გასვლას, ერისთავს საქმე რომ გამოუჩნდა და შვილი მსახურთან ერთად გაუშვა სანაპიროსკენ. ნელა მიემართებოდნენ დანიშნულების ადგილისკენ, უეცრად რამდენიმე ადამიანმა რომ ჩაუქროლათ გვერდით. ერთ-ერთს ხელში სწორედ ალისფერი ვარდების თაიგული ეჭირა. დანარჩენებს კი ყაბალახებით აეხვიათ სახეები და ისინიც სანაპიროსკენ მიიჩქაროდნენ. ამ სიჩქარე-სიჩქარეში ერთმანეთს მხარი ვეღარ აუქციეს და მიწაზე გაიშოტნენ. ვარდები აქეთ-იქით მიმოიფანტა. -უკაცრავად, - კაცს ხელი მიაშველა ყაბალახიანმა და ყვავილების წამოკრეფაც უნდოდა, კაცმა რომ გააჩერა. -არ გინდათ, ვარდებს ნუ შეეხებით! -დახამარება მსურს თქვენი, მაგრამ როგორც გენებოთ, - თავი დაუკრა ვარდების კვლავ თაიგულად შეკვრით გართულ კაცს და იქაურობას გაეცალა. მალე იქაურობას კაციც მოსცილდა და დიდის ამბით გაეშურა სანაპიროსკენ. სამაგიეროდ ელენე აღარ მიიჩქაროდა. გოგოს თვალები ძირს დავარდნილ თითქმის გაუშლელ ვარდის კოკორს მისჩერებოდა, რომელიც ცოტა გვერდით გადავარდნილიყო და პატრონს შეუმჩნეველი დარჩენოდა. გურიელის ასულს სულმა სძლია, ყვავილს დასწვდა და ფრთხილი მოძრაობით საკუთარ გვირგვინში ჩააქსოვა. ვარდმა ისე გამოანათა მინდვრის ყვავილების ფონზე, როგორც მზის გულზე აბრჭყვიალებულმა ლალმა ჩვეულებრივ კენჭებს შორის. რომაელ სტუმრებს შესაბამისი დახვედრა მოუწყვეს, სუფრაც მშვენიერი გაიშალა და ყველამ მოილხინა. უკვე ბინდდებოდა, ელენე რომ გამოეცალა სუფრას და შინ დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ის მოხდა, რასაც არანაირად არ მოელოდა. ხალხის ყაყანს კარგად გამორიდებულნები იყვნენ ის და მისი მსახური წინ ვარდების მფლობელი კაცი რომ გადაუდგათ. -საით გაგიწევია ქურდო? - შეჰყვირა კაცმა. -მე... - წამში აიბნა ელენე და მოიბუზა, - რაღაც გეშლებათ. -არაფერიც. თავზე გვირგვინი რომ გადგას, ნუთუ მეჩვენება რომ ჩემი ვარდი გაქვს დამაგრებული? - არ ცხრებდა კაცი. -იცით, მე... მე ის ქუჩაში ვიპოვე. ახლავე დაგიბრუნებთ ასეთი მნიშვნელოვანი თუა. -ახლა აღარავის სჭირდება, დამჭკნარა! - გამოწვდილ ყვავილს ხელი ჰკრა და ელენეს ჩააფრინდა მკლავში, - შენ კი ქურდობისთვის უნდა დაისაჯო! რომელი ხელით მოიპატე? სწორედ ის უნდა მოგაჭრა! -არა, გეშლებათ, - სიმწრისგან თვალებიდან ცრემლი გაყარა გურიელის ასულმა და ხელის გათავისუფლება სცადა. მისი მსახური უკვე გაქცეულიყი კახაბერის მოსაყვანად, - გამიშვით. -ქალს ხელი უშვი! - ზურგს უკან გაიგონა ხმა ელენემ და თავის მიბრუნებაც არ დასჭირვებია, ყაბალახიანი ახოვანი ბიჭი მასსა და კაცს შორის რომ ჩადგა. -შენი დროც მოვა, - კაცმა გურიელის ასულს მუქარით დაუქნია თითი, მერე კი წელზე დამაგრებულ ხმალს დასვდა და წამში იშიშვლა, - თუ ასეთი მაგარი ხარ და მისი დაცვა გსურს, მაშ სიკვდილისთვის მოემზადე! ელენე გახევებული უმზერდა როგორ იბრძოდნენ მისი გულისთვის. ყაბალახიანი მარჯვედ იქნევდა ხმალს, მაგრამ გამოუცდელობა ეტყობოდა და ამის გამო დაიჭრა კიდეც. გოგომ წამში მიატრიალა სახე, არ უნდოდა დაენახა როგორ მიიღო მორიგი ჭრილობა მისმა მხსნელმა. ცოტა ხანში ხმლების ხმაც მიწყდა, მაგრამ თავის მიტრიალებას მაინც ვერ ბედავდა. -დროა აქაურობას გაეცალო, - მხარში ხელი ჩაავლო ყაბალახიანმა. ამჯერად სახე მთლიანად უჩანდა. წამით მათი თვალებიც შეხვდა ერთმანეთს. მერე კი მათკენ ცხენზეამხედრებული კაცი გამოემართა. -შალვა, მივდივართ, ახლავე! - იყვირა მათ გვერდით ჩაქროლებისას და ბიჭს მეორე ცხენი იქვე დაუტოვა. შალვაც მარდად მოახტა ცხენს და გახევებული ელენე იქვე დატოვა. უკანმოუხედავად მიაჭენებდა ცხოველს, მოგვიანებით რომ აღმოაჩინა, ყაბალახი სადღაც დაეკარგა. უკან მიბრუნებას ვეღარ მოახერხებდნენ, ამიტომ გულდაწყვეტილმა ცხენს სადავე მიუშვა და უფლება მისცა თავის ნებაზე წასულიყო. -მადლობა, - დაიჩურჩულა გულაფართხალებულმა ელენემ მას შემდეგ, რაც მამაკაცები თვალს მიეფარნენ. ქალმა მხოლოდ იქვე დაგდებულ ყაბალახს მოჰკრა თვალი. მტვრი ჩამოფერთხა და გულში ჩაიკრა. -მადლობა, გადარჩენისთვის. *** ერთი შეხედვით მშვიდი ღამე ჩამოწვა სასახლეში. იმდენად მშვიდი, ვერავინ იფიქრებდა, კიდევ ერთი ინტრიგა თუ მზადდებოდა, თანაც ისეთი ყველაფერს თავდაყირა რომ დააყენებდა. ამჯერად მხოლოდ ორნი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ქალს მხოლოდ თხელი ხალათი ეცვა და ეტყობოდა დასაძინებლად ემზადებოდა. კაცი კი ჯერ ისევ სადარბაზო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. -ახლა რას ვშვრებით? - დუმილი სწორედ მან დაარღვია. -დროა ნელ-ნელა სცენას სათითაოდ ჩამოვაცილოთ. პირველი კი ბეატა წავა აქედან. მას დედოფლის ბერძენი სტუმრები უნდა მიჰყვნენ და ყველაზე მთავარი - ვარდანი! -კი მაგრამ... - შეფიქრიანდა კაცი, მაგრამ სიტყვის დაძვრაც არ აცადა, ისევ ქალმა განაგრძო. -ამ ბოლო დროს დედოფლის ძმის მოქმედებები მაფიქრებს. მოხშირდა შემთხვევები, რომ თავგამოდებით იცავს ბერძენ სტუმრებს. როდიდან გახდა ასეთი თავდადებული მათ მიმართ? -მგონი ვიცი რატომაც, - მოულოდნელად ხელი მაჯაში ჩაავლო და მოფარებულში გაიყვანა, - შეხედე, - უთხრა და იქით გაახედა, საითაც თავად იყურებოდა. ორივემ კარგად დაინახა, როგორ მიიწევდა ხალვათად ჩაცმული ლანდი ვარდანის საძინებლებისკენ. ამ ლანდში კი მშვენივრად ამოიცნეს დედოფლის ბერძენი სტუმარი. -მირანდას ვერაფერი მოუხერხა და მისი ძმის საწოლში შეძვრა?! ჭკვიანურია. მაგრამ ის ვერ გაითვალისწინა, რომ დედოფალი ანგარიშს მხოლოდ რამდენიმე ადამიანს უწევს და მათ შორის ვარდანი ბოლო ადგილასაა. -აბა, არც ლევანთან გამოუვიდათ რამე და ჯერ-ჯერობით შალვაც მაგრად დგას, - ჩაიცინა კაცმა. -ჯერ-ჯერობითო სწორად თქვი. დროა გურიელის ასული ჭკუაზე მოვიყვანოთ. შალვას გონება გავუნათოთ. დროა ერთი იდეა ჩავაწვეთოთ „უფლისწულს“. -ეგ მარტივია და მერე? -მერე თითოეულს ისე გავაქრობ, ვერც მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ჩემი დაგეგმილია. ვარდანს და ელენეს კი ტკბილი ლუკმასავით ბოლოსთვის მოვიტოვებ. გურიელის ხსენებაზე, კახაბერზე გაარკვიეთ რამე? -არა. ზეცამ უყო პირი თუ მიწამ, წარმოდგენა არ გვაქვს. ჩვენი მსტოვრები მიიჩნევენ, რომ დიდი ხნის მკვდარია. -მათთვისვე აჯობებს მასე იყოს. ის ერთადერთია, რომელსაც ჩემი გეგმის ჩაშლა შეუძლია. -ცოცხალი რომ იყოს, ამას აქამდე არ გააკეთებდა? -იქნებ ისიც ჩემსავით თავის დროს ელის? -არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა კაცმა, - მაგრამ იყოს ისე, როგორც შენ გინდა. *** ელენემ რამდენიმე დღეში მოიშუშა დამწვრობა ისე, რომ კვალიც კი არ დარჩენილა მის ქათქათა ფეხებზე. თითქოს ამას ელოდაო დედოფალიც, იმ დღესვე გამოუგზავნა გურიელის ასულს მოწვევა, საღამოს კიდევ ერთ მიღებას ვმართავ ჩვენს სტუმრებთან და მსურს აუცილებლად დაესწროო. მირანდას მსახურმა დანაბარებთან ერთად თან კაბაც მოიტანა. ქალბატონმა სპეციალურად თქვენთვის შეაკერინაო. ელენე გაოცებული უყურებდა ბერძნული სტილის თხელ ნაჭერს და ვერ გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა გარისკვად. მერე კი მირანდას სიტყვები გაახსენდა, თავდაჯერება გაკლიაო. ჰოდა, უნდა დაემტკიცებინა, რომ არავისზე ნაკლები იყო და თავისი ბრჭყალებიც გამოეჩინა. ბოლოს მაინც გამოეწყო კაბაში, დალალები ჩამოიშალა და ამაყი ნაბიჯებით გაუყვა დარბაზისკენ მიმავალ დერეფანს. *** ამასობაში კალიოპე კვლავ ბეატას ოთახს სტუმრებოდა. თან სახელოში დამალული პატარა ბოთლი გამოაჩინა. -ეს დედამ გამოგიგზავნათ, - ჩუმად გადაუჩურჩულა, - ძალზედ ძლიერია და სულ რამდენიმე წვეთია საკმარისი. -მადლობა, - თავი დაუკრა მეფის ასულმა და შემდეგ თავისი მსახური იხმო. *** დედოფალს მიღებაზე მხოლოდ ბერძენი სტუმრები კი არა არგვეთელი დიდებულებიც მოეწვია. მათ შორის შალვა რატიანიც გამორეულიყო, მაგრამ გურიელის ასული არსად ჩანდა. ცოტა ხანში მსახურებმა სუფრაც გაშალეს და მოლხენა უნდა დაწყებულიყო, დარბაზის კარი რომ გაიღო და ნარნარი მოძრაობით ელენემ შემოაბიჯა. მირანდამ ამაყი ღიმილით გადახედა მის გვერდით მდგარ ლევანს და თვალი ჩაუკრა. გურიელის ასულის დანახვაზე მამაკაცების უმრავლესობამ ისევე დააღო პირი, როგორც ცოტა ხნით ადრე მირანდას დანახვისას. მაგრამ დედოფლისგან განსხვავებით ელენეს უფრო სადად ეცვა. მხოლოდ ქათქათა მკლავები და მაღალი კისერი მოუჩანდა, რომლებიც ოქროს მსუბუქი სამაკულებით შეემკო. -ბოდის გიხდით, დედოფალო, - მირანდას თავი დაუკრა და თავისი ადგილისკენ უნდა წასულიყო, მირანდამ რომ შეაჩერა. -მოდი, გვერდი დამიმშვენე, - გაუღიმა ქალმა, შალვას ანიშნა გაწეულიყო და გურიელის ასული თავისთან დაისვა. მეფის ასულ ბეატას ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდათ რაღაც მწარე შეეჭამა და მალე წამოაზიდებდა. თუმცა თავის დროს ელოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოატარებდნენ მსახურები ღვინოს. მათ არ დაუგვიანებიათ. დაბარებულებივით გამოჩდნენ და სწორედ მისი მსახური აღმოჩნდა ის, რომელმაც მათ სასმისები სისხლისფერი სითხით შეუვსოთ. -ეს ჩვენი სტუმრების საპატივცემულოდ იყოს, - სიტყვა წარმოთქვა მირანდამ და პირველმა სწორედ მან მოსვა ერთი ყლუპი თასიდან. მას იქ შეკრებილებმა მიბაძეს. რამდენიმე წუთში კი შალვამ მთელს სხეულში ისეთი სიმხურვალე იგრძნო, ოფლმა დაასხა. თვალები აემღვრა და ვნებამ ერთიანად შემოუტია. ასე არასდროს დამართნია. რამდენჯერ დაულევია, მაგრამ პირველივე ჭიქას ეს როგორ უნდა მოეხერხებინა, ვერ ხვდებოდა კაცი, მაგრამ ამაზე ფიქრის თავიც კი აღარ ჰქონდა. -რაღაც თავს შეუძლოდ ვგრძნობ, - მოულოდნელად წარმოთქვა ბეატამ და შალვას მკლავზე ხელი დაადო, - იქნებ ოთახამდე გაგეცილებინეთ, ბატონიშვილო? -ნუთუ? - გაიკვირვა მირანდამ, - თუ ცუდად ხართ, ჩემო ძვირფასო, მე თავად მიგაცილებთ ოთახამდე. -მეც ვერ ვარ კარგად, მამიდა, - დაბინდული თვალებით გახედა ქალს შალვამ და მაშინვე ფეხზე წამოიჭრა, - ბოდიში. სწრაფი ნაბიჯებით გაიჭრა და ოთახს მიაშურა. -რაღას უცდი, ელენე, გაჰყევი! - ჩურჩულით უბრძანა გურიელს და თავად ისევ მეფის ასულს მიუბრუნდა, - წამობრძანდით, ძვირფასო. სანამ დარბაზიდან გავიდოდნენ, მირანდამ ლევანს ცბიერი ღიმილით ჩაუკრა თვალი. კაციც მიუხვდა მინიშნებას და თავადაც მსგავსი ღიმილით დააჯილდოვა. *** -შალვა, კარგად ხარ? - ოთახში შევიდა აფორიაქებული ელენე. იქ წელსზემოთ შიშველი შალვას დანახვისას წამოიკივლა და თვალებზე ხელები აიფარა. -არა, ნამდვილად არ ვარ კარგად და ჩემი დახმარება მხოლოდ შენ შეგიძლია! - ამოიღმუვლა მამაკაცმა და ქალი სხეულზე აიკრა. -რას აკეთებ? - შეცბა ქალი და ხელიდან დაუსხლტა, - შენ ახლა ცივი წყალი გამოგაფხიზლებს! -ისეთი ლამაზი ხარ, ელენე! გიხდება ეს კაბა, - ჩურჩულებდა შალვა და კატის ნაბიჯებით უახლოვდებოდა ქალს. მაგრამ გურიელის ასულმა იმარჯვა, იქვე დადგმულ სურას ხელი წაატანა და რაც კი წყალი იდგა, მთლიანად რატიანს გადააცალა. -რას... რას აკეთებ? - ერთიანად გაოგნებული იყურებოდა შალვა, მაგრამ სახეზევე ეტყობოდა, რომ უკან დახევას არ აპირებდა. -იმას, რაც საჭიროა! - თავდაჯერებულმა უპასუხა ქალმა და მეორე სურისკენაც უნდა გაეწია, შალვამ რომ იმარჯვა. ცალი ხელით გააკავა, მეორე კი წელზე შემოხვია და ქალის ვარდისფრადაღუებულ ბაგეებს დაეწაფა. ახლა მხოლოდ ეს თუ დაამშვიდებდა მის აფორიაქებულ სულს. გურიელის ასული თავიდან ფართხალებდა, მაგრამ მალევე დაწყნარდა და თავადაც აჰყვა კოცნაში. ისევ რატიანი გაჩერდა და ისევე მოსცილდა, როგორც მიეწება ქალს. შემდეგ კი სასწრაფოდ შემოიცვა პერანგი და უკანმოუხედავად გავარდა ოთახიდან. *** უკვე შეღამებულიყო, თავისი აღმზრდელის საძინებელს რომ მიაშურა. -დღეს აქ დავიძინებ, - ამოიბურტყუნა კაცმა და საწოლზე მიეგდო. ლევანს გაეცინა და მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ ამოიღო ხმა. -იქნებ დროა შალვა? -რისი? -როდემდე უნდა დაძრწოდე ასე უსახლკარო ლეკვივით?! -რას გულისხმობ? -ქორწილს, - თვალი ჩაუკრა კაცმა და ზურგი აქცია. ცოტა ხანში კი მისი ფშვინვაც გაისმა. ყოჩივარს მშვიდი ძილით ეძინა. სამაგიეროდ შალვა ათენებდა თეთრად და აღმზრდელის სიტყვებზე გამალებული ფიქრობდა. თავი 9 ცას მტრედის ფერი ედებოდა, შალვამ საბოლოოდ რომ მიიღო გადაწყვეტილება. ყოჩივარისგან განსხვავებით წამითაც არ მოუხუჭავს თვალი და აღმზრდელის მიერ ნათქვამ სიტყვებზე ფიქრობდა, რომლებიც პარაზიტებივით შესეოდნენ მის ტვინს და იმდენად ფუთფუთებდნენ, უბრალოდ უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. ისედაც სასმლისგან აღგზნებულს, თავის მოთოკვა უჭირდა, ახლა კი უარესად არეულიყო. ჯერ კიდევ გრძნობდა ვენებში სისხლთან ერთად მოძრავ ვნებას და თავს ძლივს იკავებდა. სამაგიეროდ გადაწყვეტილება მიიღო თუ არა, თითქოს გონებაც მოეშვაო, თვალები თავისით მიეხუჭა და მამლის ყივილზეც აღარ გაუხელია. ვერც ის იგრძნო, როგორ წამოდგა ლევანი საწოლიდან და საკუთარი საქმეების გასაკეთებლად წავიდა. რამდენიმე დღე დამჯერ შვილად იქცა და ვარდანის თითოეულ მითითებას ასრულებდა. მიუხედავად იმისა, სიამოვნებდა თუ არა, დროს ბეატასთანაც ატარებდა და ეჭვის ალებით აკიაფებულ ელენეს მზერაზე გულში სიამოვნებით იცინოდა. თითქოს ამით სამაგიეროსაც უხდიდა გურიელის ასულს, ორიოდე დღის წინ მათ შორის მომხდარი კამათის გამო. როგორც ყოველთვის ელენე მისგან თავს შორს იჭერდა და შალვას ისიც კი უთხრა, რაც გინდა ის გიქნია. თუ საჭიროა, ბეატა უნდა მოიყვანო ცოლადო. რატიანი ამაზე გადაირია. ე.ი. შენთვის არაფერს ვნიშნავ, მხოლოდ იმ შენს ფაზისში დაბრუნება გსურს, არაო?! ჰოდა, რაღაც მხრივ, მამამისს მადლობასაც კი უთვლოდა, ბეატას აქ ჩამოყვანისთვის. ახლა მხოლოდ შესაფერისი მომენტი სჭირდებოდა, საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ამ მომენტსაც არ დაუყოვნებია და იმავე საღამოს გამოჩნდა. ვარდანს სასწრაფოდ გამგზავრება მოუწია უფლისციხეში. იქაური გლეხები აჯანყებულიყვნენ და სულაც არ აპირებდნენ არგვეთის ბატონობის ქვეშ ყოფნას. თავიდან კაცმა ისიც იფიქრა, შალვასაც თან წავიყვანო, მაგრამ ბოლო წუთს რატომღაც გადაიფიქრა და საკუთარ მცველებთან ერთად დაადგა არც თუ შორეულ გზას. სამაგიეროდ მისი გამგზავრება შალვამ სათავისოდ გამოიყენა. უკვე საღამოვდებოდა და დიდებულებიც ნელ-ნელა იშლებოდნენ სასახლიდან. ვახშამი სულ რამდენიმე წუთის გათავებული იყო. რატომღაც გურიელის ასულს იმ ავბედითი შემთხვევის შემდეგ აღარ გამოუთქვამს სურვილი, საერთო ვახშმებს დასწრებოდა, ამიტომ მუდამ უკვე მისაკუთრებულ ოთახში ვახშმობდა. ოქროს თასიდან წყლის მოსმას ასრულებდა, ოთახში შალვა რომ შეიჭრა თვალების ციმციმით. -ელენე, ადექი და გამომყევი, - თბილი ხმით მიმართა კაცმა და მისი დანახვით ცხვირაბზუებულ ქალს გაუღიმა. -ვვახშმობ, არ მცალია. მოგვიანებით იყოს, - თმები ზურგს უკან გადაიყარა გურიელმა და მოხერხებულად ჩაასო ჩანგალი კარგად შემწვარ ქათმის ნაჭერს. ამ ბოლო დროს ზედმეტად ამაყიც კი ეჩვენებოდა შალვას. თითქოს თავდაჯერებულობა შეეძინა გურიელის ასულს და ამ ყველაფერს სიამაყეც თან მოჰყოლოდა. დიდად ზედ აღარავის უყურებდა და მათი ნათქვამიც აღარ მიჰქონდა გულთან, რაც ერთი მხრივ, მოსწონდა კიდეც შალვას. მაგრამ მეორე მხრივ - აშფოთებდა. ის იყო პირველი, რომელიც ელენეს ყურადღების მიღმა რჩებოდა. ამის გამო არაერთხელ მოშლია ნერვები ამ დღეებში, მაგრამ აუცილებლად ერთიანად „ვაზღვევინებო“, გულში იქადნიდა და მისთვის დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა. -კარგი, დაგელოდები, - მხრები აიჩეჩა კაცმა, ოთახიდან გაიჭრა და ცოტა ხანში უკან ხალიანასთან ერთად დაბრუნდა. ელენე ისევ ილუკმებოდა. თითქოს მის ჯინაზე ჭამდა ასე ნელა. თითოუელ ლუკმას იმდენად ნელა ღეჭავდა, შალვა ლამის იყო ჭკუიდან გადასულიყო. -მალე მორჩები? - მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ევსებოდა, ამიტომ სანამ რადიკალურ ზომებს მიმართავდა, მანამდე კითხვა დაუსვა. -ვერ ხედავ?! ვჭამ, - კვლავ მხრების აჩეჩვით შემოიფარგლა ქალი. -მირანდა მამიდას ამის გამო აუცილებლად მოვთხოვ პასუხს, - თავისთვის ჩაიბურტყუნა რატიანმა და მის ფეხებთან დაცუცქულ ხალიანას ყურს უკან მოფხანა. შალვას მაშინ ამოეწურა მოთმინება, როცა მსახურებმა სასახლეში ჩირაღდნების ანთება დაიწყეს, გარეთ კარგად ჩამობნელდა, ელენე კი ისევ ილუკმებოდა. -თავად მაიძულე, - დაიღრინა კაცმა, ლანგარს ხელი აჰკრა და ნახევრადშეჭმული წიწილა ხალიანას საკბილოდ აქცია. ავაზაც თითქოს დარიგებული ჰყავდაო (არადა, აქამდე მსგავსად არასდროს მოქცეულა. ზედმეტად პატივმოყვარე ჰყავდა შალვას. ძირს დაგდებულს არაფერს ეკარებოდა. მხოლოდ საკუთარი ჯამიდან მიირთმევდა და შალვას და მაქსიმუმ მირანდას ხელიდან), მაშინვე ეცა ძირს დაგდებულ ხორცს და წამში მხოლოდ დამსხვრეული ძვლებიღა დატოვა. -რა გააკეთე? - ფეხზე წამოიჭრა ქალი. -ის რაც საჭირო იყო. ახლა კი წამომყევი! -არსად წამოსვლას არ ვაპირებ! -ელენე, ნუ ჯიუტობ! ჩვენი ამბავი ერთხელ და საბოლოოდ უნდა მოვაგვაროთ! ამ სიტყვების გაგონებისას ქალს სხეულში გასცრა. თავიდან გაუხარდა, იქნებ საბოლოოდ მოეგო გონს რატიანი და ჩემს სახლში გაგზავნას აპირებს და ვარდანის წასვლას ელოდებოდაო. მერე გული მოეწურა. თუ მართლა ამას გეგმავდა, გული დასწყდებოდა. გონებაში ისიც კი გაივლო, იქნებ ბეატას ცოლად მოყვანასაც დასთანხმდა უკვეო. შალვამ ხელი მაჯაში ჩაავლო და დერეფანში გაარბენინა. მაგრამ სახლში დაბრუნების იმედებმა წამში მიატოვეს, როგორც კი დედოფალ მირანდას საძინებლებთან აღმოჩდნენ. შალვამ კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა და პასუხს დაელოდა. -მობრძანდით, - მალევე გაისმა ოთახის შიგნიდან ქალის ოდნავ გადაღლილი ხმა და შალვამაც დაუყოვნებლივ შეაღო კარი. -გამარჯობა, მამიდა, - მხიარულად შესძახა კაცმა, კარი უჩუმრად მიკეტა და ელენე გვერდით ამოიყენა. მირანდა მაგიდას მისჯდომოდა და პაპირუსზე გამალებული წერდა რაღაცას, ამიტომ ოთახში შესულთათვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია. რატიანს ლევანის იქ ყოფნა არ გაჰკვირვებია. ასე იცოდა მამიდამისმა. როცა რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებდა, ყოჩივარს გვერდიდან არასდროს იშორებდა. კაცთან ერთად შეეძლო საათობით ჩაკეტილიყო ოთახში და იქამდე არ გამოსულიყვნენ, სანამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას არ მოიფიქრებდნენ. ახლაც რაღაც მნიშვნელოვანი იქნებაო, გაიფიქრა ბიჭმა და დაელოდა, როდის მოიცლიდა მირანდა მისთვის. -გამარჯობა, ჩემო ბიჭო, - ღიმილით დაილაპრაკა ქალმა და მათკენ არც გაუხედავს ისე ამოილაპარაკა, - მიდი, ჩამოსხედით. მალევე დავასრულებ და თქვენც მოგხედავთ. -აქ რა გვინდა, შალვა? - დედოფლისთვის ხელი რომ არ შეეშალა, გადაუჩურჩულა კაცს და მისგან ოდნავ მოშორებით მოთავსდა, - ან რას ნიშნავდა შენი საქციელი და სიტყვები? -ცოტა ხანში გაიგებ და მერე ხელიდან ვეღარ დამისხლტები, - ელენეს საქციელზე გაეცინა რატიანს. მისი თვალების ბრიალისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, მომღიმარ ყოჩივარს თვალი ჩაუკრა და ამით კაცის ეჭვიც დაადასტურა. დედოფალიც, როგორც იქნა, მორჩა წერას. დაღლილმა თვალებზე ხელი მოისვა. პაპირუსი კარგად დააგორგლა და ლევანს გაუწოდა. მანაც უხმოდ გამოართვა და ოთახიდან გაუჩინარდა. -აბა, ახლა მითხარით, ასე გვიან რისთვის მწვევიხართ? - ღიმილით გადახედა ძმიშვილსა და ელენეს. -შენი დახმარება გვჭირდება, მამიდა, - საუბარი შალვამ ითავა და ფეხზე წამოდგა. ელენეს თითქოს ისევ მიეცა იმედი. ახლა დედოფალს სთხოვს, ელენეს გაპარებაში შენი დახმარება მჭირდებაო. მართალია, ამ სასახლის ბატონი იყო, მაგრამ იქნებ მასაც სჭირდებოდა მასზე უფრო აღმატებული ადამიანის დახმარება?! აქ კი ასეთი მხოლოდ მირანდა იყო. -გისმენ. -მე და ელენე უნდა დაგვაქორწინო, - მშვიდი ხმით წარმოთქვა რატიანმა და მამიდის რეაქციას დააკვირდა. -დარწმუნებული ხარ? - ისეთი სახით იკითხა ქალმა, თითქოს რაღაც მსგავსს თავადაც მოელოდაო. სამაგიროდ ელენეს იმდენად გაუფართოვდა მოსმენილის გამო თვალები, ლამის ბუდიდან გადმოსცვივდა. ხომ არ მომეყურა ან ზმანებას ხომ არ ვხედავო, ყოველი შემთხვევისთვის მკლავზე იჩქმიტა, მაგრამ ძალიან ემწარა და დარწმუნდა რომ ცხადში იყო. მირანდა კი თავისას მიერეკებოდა. ეს ქალი მაინც რაღამ გააგიჟაო, თავისთვის ფიქობდა ელენე და სიტყვის ჩაკვეხებასაც ვერ ახერხებდა. -დარწმუნებული თუ არ ხარ შალვა, ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა. ქორწინება სახუმარო თემა ნამდვილად არაა. ამ ნაბიჯით შენ საკუთარ ბედს წყვეტ. კარგად დაფიქრდი. გინდა, რომ მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება მის გვერდით გაატარო, მას გაუზიარო სარეცელი... -იქნებ ხვალ ან ზეგ ვკვდები? - გაიცინა შალვამ, - უცოლო ხომ არ დავიღუპები ეს ვარდივით ახალგაზრდა? -რას ბოდავ, შვილო? - თვალები დაუბრიალა ქალმა. -აბა, რას მეკითხები, მამიდა? დარწმუნებული რომ არ ვიყო, ამას არც არასდროს გთხოვდი. ნუ, ისიცაა, რომ შენ გარდა ამ სასახლეში არავინ დაგვაქორწინებს. ვარაზი ამას არას დიდებით იზამს. მამას გაფრთხილებული ეყოლება, რომ თუ ჩემ გვერდით ბეატა არ იქნება, ისე სხვაზე არავისზე დამაქორწინოს. მის გარდა კი მხოლოდ მეფეს აქვს უფლება ეს გააკეთოს. მამიდა, შენ დედოფალი ხარ და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი. სწორედ ამიტომ გთხოვ შენ ამას. -ჰო და თან ჩემს იქით გზა არ გაქვს, - გაიცინა ქალმა და მსახურს უხმო. -მოიცადეთ, მოიცადეთ, - როგორც იქნა, გამოფხიზლდა და ხმა ამოიღო ელენემ, საქორწინო ლენტის მოსატანად გაგზავნილ მსახურს შეავლო თუ არა თვალი, - მართალია, არ მაქვს უფლება, უარი ვთქვა მასზე ქორწინებაზე, - თავით შალვასკენ ანიშნა, - მაგრამ იქნებ გეკითხათ, მინდა თუ არა ეს მე?! -დამშვიდდი, ჩემო მომავალო მეცხედრევ, - თბილად გაუღიმა კაცმა და ხელი ჩაჰკიდა, - ისედაც ყველამ ვიცით, რომ გინდა. ელენე გველნაკბენივით უკან გახტა, მაგრამ რატიანის ხელებმა არ გაუშვა უფრო ახლოს მიიზიდა. ამასობაში მირანდას გაგზავნილი მსახურიც დაბრუნდა. ბიჭს ხელში ოქროქარგული სპილოსძვლისფერი ნაჭერი ეჭირა. მსახურს უკან ლევანი მოჰყვა. მირანდას დიდხანს აღარ უყოყმანია. ლენტი წყვილს შემოახვია ხელებზე, საგულდაგულოდ და ლამაზად გამონასკვა, შემდეგ კი ცერემონია დაიწყო. წყვილის გარშემო დადიოდა და ლარნაკიდან ამოღებულ ყვავილებს აყრიდა. შემდეგ ლევანის მოტანილი ბრინჯი შეაყარა მუჭებით, თან დაბალ ხმაზე გალობდა. არც სურნელოვან წყალს იშურებდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ აპკურებდათ ხოლმე. ელენე გაოცებული აცეცებდა თვალებს. ვერაფრით ხვდებოდა, როგორ ამოყო თავი ამ სიტუაციაში. არა, შალვა უყვარდა, მირანდასთანაც კი აღიარა ეს, მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი ცოლი გახდებოდა. ვარდანი ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო. შალვას საცოლე ჰყავდა და თავად ამ სასახლეში რას წარმოადგენდა, არავინ იცოდა. ხშირ შემთხვევაში ზედაც არ უყურებდნენ და ამცირებდნენ ხოლმე. ამას განსაკუთრებით ვარდანისა და მეფის ასული ბეატასგან გრძნობდა. ახლა კი მირანდა მათ ძალიან ბევრი ადამიანის ნების წინააღმდეგ აქორწინებდათ. ბოლოს მირანდა გაჩერდა და ორივეს კითხვა დაუსვათ, სურდათ თუ არა ორივეს, ერთმანეთის თანამეცხედრეები ყოფილიყვნენ. შალვამ წამსვე გასცა პასუხი. ელენე კი თავჩაქინდრული იდგა და ხმას არ იღებდა. მირანდამ ეს მის სიმორცხვეს მიაწერა, ლევანის გამოწოდებული ბასრი ხანჯლით ერთი ხელის მოქნევით გაჭრა საქორწინო ლენტი და წყვილი ცოლ-ქმრად გამოაცხადა. -ვიცოდი, რომ შენი იმედი ყოველთვის უნდა მქონოდა, მამიდა, - თქვა შალვამ და ქალი გულში დიდი სიყვარულით ჩაიკრო, - მადლობა. მართლა, სათხოვარი მაქვს ბეატარზე. -არ ინერვიულო, მივხედავ, - თვალი ჩაუკრა ქალმა და ხელით ანიშნა, აქედან დამეკარგეთო. შემდეგ კი აღარაფრისთვის დაუცდია, ელენე ხელში აიტაცა და საკუთარი ოთახისკენ ასე გაემართა. გზად რამდენიმე მსახური შემოხვდა. მათ შორის კუხელი მეფის ასულისაც იყო ერთ-ერთი, მეორე კი თავად კალიოპე გახლდათ. ბერძენ ასულს თავი მისალმების ნიშნად დაუკრა, მაგრამ არ გაჩერებულა. პირდაპირ ოთახში შეიჭრა, ხალიანას გარეთ გაუძახა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოსვა ელენე ძირს. -გახსოვს, ჯერ კიდევ ფაზისში გაშლილ კარავში რა გითხარი? - დახრილი თავი ნიკაპში ხელის წავლებით ააწევინა გურიელს და აწყლიანებულ თვალებში ჩააკვირდა. -რა? -მე თუ მეფე გავხდები, შენ იქნები ჩემი დედოფალი-მეთქი, - ყურთან უჩურჩულა ქალს და იგრძნო, როგორ გააკანკალა, - მეფობამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია, მაგრამ ჩემს ერთადერთ დედოფლად უკვე გაქციე. სიტყვას ყოველთვის ვასრულებ, ელენე და ამიერიდან აღარანაირი ხმალი აღარ გამაგონო! ქალის პასუხისთვის აღარ დაუცდია, ფრთხილად შემოხვია მკლავები წელზე, საწოლისკენ წაიყვანა და ისე, რომ გურიელის ტუჩებისთვის ტუჩები არ მოუშორებია, ერთიანად გადაეშვა ცოლ-ქმრის მოვალეობის სიტკბოებაში. *** -ასე გვიან საით მირანდა? - ოთახიდან გამოსულ ქალს უკან აედევნა ლევანი და წამში გვერდითაც ამოუდგა. -შალვას სათხოვარი უნდა შევუსრულო. -ბეატასთან მიდიხარ, არა? -რა თქმა უნდა. უკვე დროა, აქაურობა დატოვოს და თავის მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდეს. -მაშინ მე არაფერში გჭირდები. ამას თავადაც მოაგვარებ. -თან ძალიან მარტივად. შენ კი შეგიძლია დაისვენო. ახალგაზრდა აღარ ხარ, ლევან. -მაგაზე პასუხი თავადაც იცი, - ეშმაკურად გადაულაპარაკა კაცმა და ისე, რომ ვერავის შეემჩნია, ქალს ყელში ვნებიანი კოცნა დაუტოვა, - გელოდები! შემდეგ კი სულ სხვა მიმართულებით გაუხვია და მირანდას საშუალება მისცა ის საქმე ეკეთებინა, რაც ასე კარგად გამოსდიოდა. ბეატა დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც კარზე კაკუნი შემოესმა და მის გასაღებად გაემართა. ერთი კი შეფიქრიანდა, ვინ უნდა იყოსო, მაგრამ მაინც უყოყმანოდ გამოაღო და ხელში გაღიმებული მირანდა შერჩა. ამ ქალზე იმ დღის შემდეგ იყო გაბრაზებული, რაც ოთახამდე მოაცილა ვითომ ცუდადგამხდარი. ქალმა წამში დააყენა თავზე სასახლის მკურნალები, მეფის ასულია ცუდად და მიხედეთო. თავიდან შეიფერა კიდეც, ყურადღებას მომაქცევენ და შალვაც მესტუმრება ხოლმეო, მაგრამ მერე აღმოაჩინა, რომ თავისივე დაგებულ მახეში სულელურად თავადვე გაება. მკურნალები თავს დასტრიალებდნენ დედოფლის თხოვნით და ბეატას რამდენიმე დღე საწოლიდან ადგომის საშუალება არ მისცეს. არც შალვა სტუმრებია და არც ვინმე სხვა კალიოპეს თუ არ ჩავთვლით. ახლა კი ისევ მირანდა იდგა მის წინ და ისევ იღიმოდა. -შეიძლება შემოვიდე? - მშვიდი ხმით იკითხა ქალმა და პასუხს არც დალოდებია, ისე შევიდა ოთახში. ბეატამ ერთი ამოიოხრა, მერე კარი მიხურა და სავარძელში ჩამომჯდარ ქალს შეხედა, რომელიც ამ უბრალო ნივთზე ისე მოხდენილად მოთავსებულიყო, გეგონებათ საკუთარ სასახლეში საკუთარ ტახტზე ზისო. -გისმენთ, - დუმილის დარღვევა თავად ითავა და მის წინ გაჩერდა. -პირდაპირ გადავალ სათქმელზე ძვირფასო, რადგან სხვა საქმეც მოსაგვარებელი მაქვს და მეჩქარება. მგონი, სტუმრობა გაგიგრძელდა, არ მეთანხმები? -რა? - დედოფლის ნათქვამმა დააბნია და შეაშფოთა კუხელი მეფის ასული, - რას გულისხმობთ? -კარგი, მაშინ დაგიმარცვლი და ისე აგიხსნი, ჩემო ძვირფასო. დროა კუხეთში დაბრუნდე. მადლობა სტუმრობისთვის, მაგრამ აქ აღარაფერი გესაქმება! -თქვენ!.. თქვენ ამას არავინ გკითხავთ! მე შალვას საცოლე ვარ და მალე მას ცოლად უნდა გავყვე! -დარწმუნებული ხარ? - ჩაიცინა ქალმა, შემდეგ კი სახელოში დამალული ლენტი დაანახა შეშფოთებულ ბეატას, - ხომ იცი ეს რაც არის? ცოტა ხნის წინ დავაქორწინე შალვა და ელენე. ჰოდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ დროა აქედან წახვიდე. -არა! ამას არ ვიზამ! ასე არ შეგიძლიათ რომ მომექცეთ! -როგორ არ მიყვარს, მუქარაზე რომ გადავდივარ, მაგრამ თავად მაიძულებ, - ამოიოხრა ქალმა და ამჯერად სახელოდან ის ბოთლი გამოაძვრინა, რომელიც კალიოპემ გადასცა, - არ მითხრა, ვერ ვხვდები რაზე მანიშნებთო. არც იმდენად სულელი ხარ. -კი მაგრამ, ეს თქვენ საიდან... როგორ? -რჩევას მოგცემ, ძვირფასო. როდესაც რაიმე ფარულის გაკეთება გსურს, ეფიმიასა და კალიოპეზე ბევრად უკეთესი მეწყვილე უნდა შეარჩიო. მინდა, რომ ჩემი ძმის დაბრუნებამდე წახვიდე, თუ არა და სხვანაირად დავილაპარაკებთ მე და შენ, თანაც მარტო კი არა, მთელი დარბაზის წინაშე! მირანდა მედიდურად წამოდგა და კარისკენ გაემართა. უკვე უნდა გასულიყო, რომ ღიმილით შემობრუნდა მთლად გადაფითრებული ბეატასკენ და ბოლო სიტყვები უთხრა: -ჰო, მართლა, ვიზრუნებ, რომ საზღვრამდე შალვამ მიგაცილოს. ტკბილი ძილი, ძვირფასო! კარი გამოიხურა და გაღიმებული დაუყვა დერეფანს. კუხელი მეფის ასული იმდენად სუსტი მოწინააღმდეგე იყო, მისმა უბრალო სიტყვებმაც კი გაჭრა. მაგრამ ახლა სწორედ იქითკენ მიემართებოდა, ვინც შედარებით ძლიერად მიაჩნდა. სტუმრების ბანაკში მხოლოდ აქა-იქღა შემორჩენოდა მბჟუტავი სინათლეები. თუმცა მირანდას გაუხარდა, რომ ეფიმიას კარვიდან გამომავალი სინათლე დალანდა. მცველებმაც უყოყმანოდ გაატარეს ქალი და კარვის კალთაც გადაუწიეს შიგნით შესასვლელად. -ასე გვიან არ გელოდით, დედოფალო, - გაოცება ვერ დამალა ქალმა და მსახურებს ხელით ანიშნათ, მარტო დაგვტოვეთო. -ვფიქრობ, დროა ჩვენ შორის ყველაფერი გავარკვიოთ, არ მეთანხმებით? -საინტერესოდ ჟღერს, - ტახტზე ჩამოჯდა ეფიმია, სამაგიეროდ მირანდა არ ჩერდებოდა და კარავში დადებულ ათსგვარ ნივთს ხელით ეხებოდა. -თანაც ეს პირისპირ უნდა მოხდეს და არა სხვების თანდასწრებით, რადგან არ მინდა თქვენი უხერხულ სიტუაციაში ჩაყენება. -მართლა? მაინც რას გულისხმობთ? -ნუთუ ვერ ხვდებით? არა და საოცრად ცბიერი ქალბატონი ბრძანდებით. ვაღიარებ, თავიდან სწორად ვერ შეგაფასეთ. -ნუთუ? - ჩაიცინა ქალმა და კეფაზე ლამაზად დახვეულ დალალებზე ხელი ჩამოისვა. -თავიდან მხოლოდ ერთი უბრალო ელჩი მეგონეთ, რომელსაც ჩემი გაცურება და ჩემი ქვეყნის დაჯაბვნა უნდოდა. -და... - თითქოს სიტყვას აშველებდა მირანდას. მხოლოდ დედოფალს ალაპარაკებდა, თავად კი ქალის თითოეულ ნაბიჯს თვალს ადევნებდა. -ვაღიარებ, თავიდან იმდენი ვერ გავთვალე, თუ სადამდე შეგეძლოთ შეგეტოპათ. -სასიამოვნოა იმის მოსმენა თქვენგან, რომ ძლიერ მოწინააღმდეგედ მთვლით, მგრამ ვფიქრობ, აქ ამის სათქმელად არ ხართ მოსული. -რა თქმა უნდა. აქ ბევრად უფრო სერიოზული მიზეზის გამო ვარ მოსული. მინდა აქაურობის დატოვება და თქვენ ქვეყანაში დაბრუნება გთხოვოთ... ან მოვითხოვო. გააჩნია, თავად რომელ ვარიანტს აირჩევთ. -ანუ ჩემი გადასაწყვეტია? - ირონიულად ჩაეცინა ეფიმიას და თავადაც წამოდგა. -დიახ. -თხოვნაზე უარი რომ განგიცხადოთ და მოთხოვნაზეც? რას იზამ, მიბრძანებთ? ჩემზე თქვენი ძალაუფლება არ ჭრის. -ნუთუ ასე მიცნობთ, ძვირფასო? - გაოცებული სახე მიიღო მირანდამ და გულზე ხელი მიიდო, - ასეთი მიამიტი ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვე თქვენზე? მე მაპატიეთ, ეს როგორ მომივიდა! -მოეშვით ჩემს დაცინვას და ერთი მიზეზი მაინც მითხარით, რატომ უნდა წავიდე ნებით აქედან თანაც ხელცარიელი? -ხელცარიელი რატომ? არგვეთის ბატონის სხეულის სითბოს ნაზიარები დაბრუნდებით უკან. განა ეს ცოტაა? -სამაგიეროდ თავად ლევანის სითბო არ მოგაკლდებათ, არა? - არც თავად დათმო ეფიმიამ და ქალს ანიშნა, ყველაფერი ვიციო. -თავადაც გამოგიცდია და იცით, როგორი მშვენიერი პარტნიორია, - არ დაბნეულა მირანდა, - რატომ უნდა ვთქვა მასზე უარი? -და არ შეგრცხვებათ, ყველამ რომ გაიგოს თქვენ ორის შესახებ? -უი, მართლა? როგორ აპირებ ჩვენს გამოაშკარავებას, გამიმხილე, არ დამიმალო, გთხოვ. -და თავად როგორ აპირებ ჩემს იძულებას აქედან წასავლელად? -ნამდვილად გინდა იცოდე? -რა თქმა უნდა. -რახან არ იშლი, - მხრები აიჩეჩა მირანდამ. შემდეგ კი მასაც დაანახა ის ბოთლი, რაც ბეატას უჩვენა, - არ მითრა, არ მეცნობაო. -არც გეტყვი, მაგრამ მხოლოდ ეს გაქვს? ხომ იცი, საკმარისი არაა. -რას ამბობ, ჩემო ძვირფასო, მაგას დაგამადლი? ახლა თავად მიპასუხე, არ შეგრცხვება მთელი დარბაზის და პირველ რიგში საკუთარი ქალიშვილის წინაშე, ჩემი ძმის საყვარლობას რომ „დაგაბრალებენ“? -მართლა? როგორ აპირებ დამტკიცებას? -იმდენად ჩუმადაც ვერ მოძრაობ სასახლეში, რომ ვერავის შეემჩნიე. -მსახურის სიტყვას არ დაიჯერებენ, - ზურგზე კატასავით არ ეცემოდა ეფიმია. -სამაგიროდ ლევანისას დაიჯერებენ. შენი აზრით, ვის სიტყვას უფრო მეტი წონა აქვს, არგვეთელი მთავრის, რომელიც კოლხეთის დედოფლის მრჩეველია თუ ათენის ელჩისას? გირჩევნია, შინ სულ მთლად შერცხვენილი დაბრუნდე? ეფიმია გაშეშდა და იმდენად ზარდაცემული იყო მოსმენილისგან, სიტყვის თქმასაც ვეღარ ახერხებდა. -კარგი, - ამოღერღა საბოლოოდ, - თქვენ გაიმარჯვეთ, დედოფალო. -მე ყოველთვის ვიმარჯვებ, - ქალის სიტყვები შეიფერა მირანდამ და გასასვლელისკენ წავიდა, - რაც მალე იზამ, მით უკეთესი. ქალის პასუხს არ დალოდებია, ისე გამოვიდა სასახლის ეზოში, მედიდური ნაბიჯებით გადაჭრა გზა და პირდაპირ ლევანის საძინებლისკენ აიღო გეზი. *** -რადგან ბეატაცა და ეფიმიაც გზიდან ჩამოვიცილეთ და სასახლეში ზედმეტი აღარავინაა, უკვე შეგვიძლია მთავარზეც გადავიდეთ, - ღამის სიბნელეში ავად გაისმა ქალის ხმა და ჩირაღდნის ალის მოკიაფე სინათლეზე მისმა კბილებმა იელვეს. *** შემდეგ კი სასახლეში ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა... ვარდანისთვის გზაშივე ეცნობებინათ შალვასა და ელენეს დაქორწინების ამბავი და არგვეთში ისეთი გაცოფებული მოიჭრა, კაციშვილი ვერ აკავებდა. იმ დღეს უმცროსმა რატიანმა პირველად იგემა მამის სილის გემო. აღარც მირანდასთვის შეუხედავს ზედ, მაშინვე ბეატას საძინებლისკენ გაიქცა, იქნებ როგორმე გული მოვაბრუნებინო ჩვენკენო, მაგრამ ისიც რომ წასული დახვდა, სულ მთლად გადაირია. რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ საძინებელში იყო ჩაკეტილი. არც თავად გამოდიოდა და არც ვინმეს უშვებდა შიგნით. ერთ უმთვარო ღამესაც ელენე საშინელი წყურვილის გრძნობამ გააღვიძა. ფრთხილად დაეხსნა მასზე სუროსავით შემოხვეულ რატიანის მკლავებს და წამოდგა, რომ იქვე მდგარი სურიდან ყელი გაესველებინა. მაგრამ ჭურჭელი ცარიელი აღმოჩნდა. დერეფაშიც გამოიხედა. არც მცველები სჩანდნენ ახლომახლო და არც მსახურები. ამიტომ ხალათი მოისხა, ჭურჭელს ხელი წაატანა და სამზარეულოს მიმართულებით დაეშვა. როგორც იქნა, წყურვილი მოიკლა და სურაც გადაავსო. უკვე გამოსვლას აპირებდა, შემთხვევით ვარდანს რომ შეეჩეხა. -უკაცრავად, - თავდახრილს უნდოდა გასვლა, მაგრამ კაცმა მაჯაში ხელი ჩაავლო და უკან შემოაბრუნა, - გნებავთ რამე? -მესმის რა დაინახა ჩემმა შვილმა შენში, - ელენესდა გასაოცრად მშვიდი ხმით დაილაპარაკა კაცმა. -ვერ გავიგე... -ვიცი, გგონია, რომ მძულხარ და ვერ გიტან, მაგრამ ასე არაა, - მონოლოგს აგრძელებდა კაცი. კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ჯერ კარადიდან თიხის დოქით ღვინო გამოიღო და ის დალია. სიტყვის სათქმელად პირიც გააღო, მაგრამ მხოლოდ ხრიალიღა აღმოხდა და მაშინვე ხელი ყელზე იტაცა. -რა მოგივიდათ? - შეჰკივლა ელენემ და კაცს მხარში ამოუდგა, მაგრამ იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მასთან ერთად დაემხო იატაკზე. ვარდანი ხრიალს აგრძელებდა. თვალის გუგები ერთიანად დაუწითლდა და რეალურად ვერაფერს აღიქვამდა. ვერც იმას, როგორ ცდილობდა ელენე მის გამოფხიზლებას ცივი წყლით. მოულოდნელად სიბნელეში ქალის ლანდი გაკრთა. რატიანს მოჩვენება ეგონა, მაგრამ აშკარად დაინახა, როგორ გაიღიმა და მაშინ მიხვდა თუ რა დაემართა. დიდი ძალისხმევის საშუალებით თავი ელენესკენ მიაბრუნა, იქნებ ენიშნებინა, ეს გოგო მაინც გადაერჩინა, რადგან საფრთხეში ისიც იყო. მაგრამ სიტყვების ნაცვლად მხოლოდ ორი ასო ამოუშვა. -მი... - და მაშინვე გონი დაკარგა. სამაგიეროდ ელენემ დაკვირვებით მოათვალიერა იქაურობა. ვერავინ რომ ვერ დაინახა და ვერც ვარდანის შველა მოახერხა, მაშინღა დაიკივლა და მთელს სასახლეში ექოდ გახმიანდა: -დაგვეხმარეთ! თავი 10 მკურნალებისა და მსახურების ტევა აღარ იყო ვარდან რატიანის ოთახში. ხან ვინ გაიქცეოდა ერთ მხარეს და ხან ვინ მეორე მხარეს. ელენეც იქვე კუთხეში მიყუჟულიყო და დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. მკურნალების უმეტესობას სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველება ეხატა და თავს დანანებით იქნევდნენ. კიდევ ერთხელ გამოუცვალეს ძმრიანი საფენი კაცს, რომელიც სიცხისგან იწვოდა, ოთახის კარი რომ გაიღო და შიგნით შალვა შემოიჭრა მირანდასთან ერთად. -რა ხდება? - იყვირა შეშფოთებულმა და ანერვიულებულმა სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა, - ვინმე გამარკვევს, რა ხდება? მკურნალებს ერთ-ერთი მამაკაცი გამოეყოთ, თავადიშვილი გვერდით გაიხმო და სიტუაციის ახსნა დაუწყო. ჯერ-ჯერობით ვერც ერთ მათგანს ვერ გაეგოთ, თუ რა სჭირდა არგვეთის მპყრობელს, მაგრამ ეჭვობდნენ, რომ ერთ-ერთი ძლიერმოქმედი საწამლავი უნდა შეეპარებინათ მის სასმელში. შალვამ გაიგო თუ არა, რომ ეს ყველაფერი ვარდანს მაშინ დაემართა, როცა ელენეს ესაუბრებოდა, ქალს ერთი გამბურღველი მზერა ესროლა, მერე კი ოთახში მყოფთ მიუბრუნდა: -სასწრაფოდ დაგვტოვეთ! -კი, მაგრამ, ბატონიშვილო... - შეკამათება სცადა მკურნალმა. -ახლავე ყველამ დაგვტოვეთ-მეთქი! შენც მამიდა, გთხოვ, - მიუბრუნდა ქალს და მანაც მშვიდად აქცია ზურგი. დაინახა თუ არა, რომ გურიელის ასულიც კარისკენ მიემართებოდა, მკლავში ხელი ჩაავლო და კბილებში გამოსცრა: -შენ საითღა გაგიწევია? -ყველამ დაგვტოვეთო, არ თქვი? -მერე მე ყველაში შენ არ მიგულისხმიხარ. -რა ხდება, შლავა? რამე დავაშავე? -ეგ მე უნდა გკითხო. რამე ხომ არ გაქვს ჩემთვის სათქმელი, ელენე? რამე დააშავე? -რატომ მიყურებ მასეთი თვალებით, შალვა? - ვერ ხვდებოდა, რას მოითხოვდა მისგან კაცი და გაოცებული აცეცებდა თვალებს. -ჰოო? აბა, უკან გაიხედე. რას ხედავ? და ახლაღა მიხვდა. მამამისის მოწამვლას სწორედ მას უკავშირებდა და არა ვინმეს სხვას. აქ კი ნამდვილად ვეღარ მოითმინნა ელენემ და სახეში მწარე სილა სტკიცა აწ უკვე მის ქმარს. -როგორ ბედავ?! - თვალებიდან ცეცლს ისროდა ქალი. -რას როგორ ვბედავ, ელენე? დავიჯერო უბრალო დამთხვევაა, რომ მაინცდამაინც იმ ადამიანის გვერდით გახდა ცუდად მამაჩემი, ვისაც ვერ იტანდა? -ანუ შენს ვარაუდში დარწმუნებული ხარ? წამითაც არ გაივლებ თავში, რომ უდანაშაულო ვარ? -აბა, რა გინდოდა შუაღამისას იქ, ელენე? -წყალი... წყალი მინდოდა. სურა ცარიელი დამხვდა, ამიტომ ქვემოთ ჩასვლა მომიწია. -და არც ერთი მსახური და არც დაცვა არ იყო ახლომახლო? -არა! -თავადაც ხომ ხვდები, როგორ აბსურდს მიმტკიცებ ახლა? თითოეულ მათგანს საკუთარი მოვალეობის შესრულებაში ვუხდით ფულს! -შალვა, ზედმეტი მოგდის! არაფრის გამო მდებ ბრალს! -მე რაღაც ასე დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი, - ოთახში დაუკითხავად შემოვიდა მირანდა და იმედგაცრუებული თვალებით შეხედა გურიელს, - ეს ბოთლი შენს ნივთებში იპოვეს, - თქვა და პატარა თიხის ჭურჭელი შალვას გაუწოდა, - მკურნალმა როგორც კი დასუნა, მაშინვე მიხვდა, რომ საწამლავი იყო. -მაინც რომელი? -„სასიკვდილო მორიელის“ შხამია. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოხვდა არგვეთში, რადგან აქ მასეთი მორიელები არ ბინადრობენ. მასეთებს მხოლოდ სპარსეთში თუ შევხვდებით. ელენე გურიელი გაოცებული მისჩერებოდა ხან ერთს, ხანაც მეორეს და ვერ მიმხვდარიყო, ცხადი იყო თუ სიზმარი, რაც მის თავს ხდებოდა. თუმცა გაკვირვებიდან რამდენიმე წამში სიბრაზემ შემოუტია და იმდენად ძლიერად გაჰკრა ხელი ქმარს, რომ შალვას საწამლავის ბოთლი ხელიდან გაუვარდა და ათას ნაწილად დაიფშვნა. -ამის ატანა უკვე შეუძლებელია! - იკივლა ქალმა და არანაკლებ გაცეცხლებულ ქმარს შეხედა, - რაც ამ სასახლეში მოვედი, მას მერე დამცირების გარდა სხვა არაფერი მახსოვს! დამნაშავე ყველაფერში მე როგორ უნდა ვიყო? კარგი, ბეატასი მესმის. ვხვდები, რატომ გადამემტერა, მაგრამ მამაშენი? მამაშენს უმიზეზოდ ვძულდი და ჩემი დამცირების არც ერთ შანსს არ უშვებდა ხელიდან. ახლა კი შენც მათ მსგავსად იქცევი. თუ გჯერა, რომ ამის ჩადენა შემეძლო, მისი მოკვლა შემეძლო, მაშინ სალაპარაკო არაფერი გვქონია! -მცველებო! - ელენეს სიტყვებისთვის დიდად ყურადღება არ მიუქცევია სიბრაზისგან დაბრმავებულ ბიჭს და სანამ მსახურები ოთახში შემოვიდოდნენ, არანაკლებ გამანადგურებელი მზერით დაასაჩუქრა ცოლი, - ქალბატონი საკუთარ ოთახამდე მიაცილეთ და დარწმუნდით, რომ იქიდან არსად წავა. ელენემ ირონიულად ჩაიცინა და სანამ ორი ახმახი მცველი საბოლოოდ გაიყვანდა ოთახიდან, შალვას ბოლო სიტვები დაუტოვა: -ამ ყველაფერს არ გაპატიებ შალვა. ეს საბოლოო დამცირება იყო, რომელსაც შენგან ვიტან. მოვა დღე და ყველაფერს ერთიანად განანებ, მაგრამ შენთვის უკვე გვიანი იქნება! მერე კი ამაყი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. *** თითქოს ვარდანის საწოლად ჩავარდნას ელოდნენო, იბერიაც შეტევაზე გადმოვიდა და არც თუ ისე კარგი ამბები მოდიოდა ბრძოლის ველიდან. შალვას ვეღარ გაეგო, როგორ მოქცეულიყო. ერთი მხრივ მამას ვერ ტოვებდა, ვაი, და მაშინ გარდაცვლილიყო, როცა აქ არ იქნებოდა?! მაგრამ იმის იმედი მაინც ჰქონდა, რომ კაცი ამასაც გაუძლებდა და თავის ოცნებასაც აიხდენდა. მეორე მხრივ კი - ჯარს სჭირდებოდა მისი გვერდში დგომა და სარდლობა. ელენეს მიმართაც არეული გრძნობები მოსვენებას არ აძლევდა. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ მამამისი მართლა მან მოწამლა. არ ჯდებოდა მის საქციელში, მაგრამ ფაქტები რომ მის წინააღმდეგ მიუთითებდა? მამიდამისის უფრო ეჯერა, ვიდრე ძალით წამოყვენილი „გადამთიელის“, რომლისთვისაც იძულებით გამხდარი ქმარი იყო და მეტი არაფერი. შალვას იმედი არ გამართლდა. მკურნალების თავდადებული მცდელობის მიუხედავად, არგვეთის მმართველმა ერთი კვირა გაჭირვებითა და წამებით გაატანა. გამუდმებულმა ცხელებამ თავისი გაიტანა და კაციც მიიცვალა. არ დაუკრძალავთ. როგორც მაშინდელი რელიგია ქადაგებდა, სასახლის ეზოში უზარმაზარი კოცონი ააჩახჩახეს და კაცის ფერფლი ანცად მობერილმა ნიავმა გულში ჩაიკრა და კავკასიონის ბუმბერაზი მთებისკენ წაიღო. გლოვის დრო ნამდვილად აღარ იყო. თანაც იბერიას უკვე კუხეთიც მხარს უჭერდა და იმდენი მოეხერხებინათ, ნელ-ნელა უკან დახევა უწევდათ არგვეთელ ჯარისკაცებს. შალვასაც შესანიშნავი მიზეზი მიეცა. იქაურობას დაუყოვნებლივ გასცილდა და უკვე ბრძოლის ველზე გაჭრილმა გაიგო, რომ მალე მამა გახდებოდა. *** ომი იმაზე მეტად გაიჭიმა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა, მაგრამ არგვეთში თითქოს საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ მათთან ახლოს ადამიანები იხოცებოდნენ. საინტერესოა, როდემდე უნდა შესწირვოდნენ უბრალო ჯარისკაცები მათზე ძალაუფლებით ზემდგომი ხალხის ინტერესებს, მაგრამ მათ არავინ არაფერს ეკითხებოდა. ელენეს შინაპატიმრობაც მას შემდეგ დასრულდა, რაც ერთ დღეს მსახურმა შემთხვევით გულწასული იპოვა ქალი. თავიდან იმას აბრალებდნენ, რომ ხშირ შემთხვევაში გურიელი საჭმელს პირს არ აკარებდა, მაგრამ სიმპტომები მომრავლდა და ამის დაიგნორება აღარ შეიძლებოდა. ჰოდა, სასახლის მკურნალმაც გადაჭრით დაუსვა დიაგნოზი. იმ დღიდან მოყოლებული ლამის ყველა მასზე ზრუნავდა და თავს ევლებოდა, მაგრამ მირანდა ჯერ ისევ ცივი იყო. თითქოს თავს ებრძოდა, ეპატიებინა თუ არა ძმის სიკვდილი, მაგრამ შალვას შვილის წარმოდგენისთანავე ბედნიერდებოდა. სამაგიეროდ ელენეს არ მოსწონდა ზედმეტი ყურადღება. ყველა მას უყურებდა. ერთი ვერ ამოესუნთქა ისე, მსახური რომ არ მივარდნილიო და ეკითხა, რამე ხომ არ გიჭირთ ქალბატონოო. მიუხედავად იმისა, რომ ქმარზე გაბრაზებული იყო, მაინც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს, თუ რა ცნობას მოიტანდა ომიდან მალემსრბოლი. თავადაც არ მოელოდა, იმდენად ინერვიულა, როცა მაცნემ შალვას დაჭრის ამბავი მოიტანა. მართალია, მხოლოდ მკლავში იყო დაჭრილი რატიანი და რამდენიმე დღეში უკეთ გახდებოდა, მაგრამ ელენეს მაინც თავისი დაემართა. მუცლის წამოზრდასთან ერთად უცნაურობა დასჩემდა ქალს. თითქოს ყოველი გვერდით ჩავლილისგან საფრთხეს მოელოდაო, თითოეულს აკვირდებოდა, ეჭვის თვალით უყურებდა და გამალებული ფიქრობდა, ვისთვის იქნებოდა ყველაზე მეტად ხელსაყრელი ვარდანის სიკვდილი და ამის ელენესთვის გადაბრალება. ამ ფიქრებში გართული უმეტეს დროს სასახლის ბაღში ატარებდა. სუსხიანი შემოდგომის მიწურულისა და უფრო მეტად სუსხიანი ზამთრის დასაწყისის მიუხედავად ბაღი მაინც თავისებურად ლამაზი იყო. ხეებს ფოთლები მთლად გასცვენოდა და ხშირად თრთვილით გალამაზებულები იწონებდნენ ხოლმე თავს სასეირნოდ ადრიანად გამოსული ელენეს წინაშე. ერთადერთი რაც უცვლელი დარჩენლიყო ეს ლაბირინთი იყო. იგი ძალიან ჰგავდა ფაზისის ლაბირინთს და ელენეც თითქოს თავს სახლში გრძნობდაო. ყურადღებას ნაკლებად აქცევდა, რომ ფაზისულისგან განსხვავებით პატარა იყო და დროის უმეტეს ნაწილს სწორედ აქ ატარებდა. ერთ-ერთი ასეთი ადრიანი სეირნობის დროს შემთხვევით გადააწყდა თავპირშებურვილ მამაკაცს, რომელსაც ტანსაცმლიდან ოქროს საწმისის გერბი მოუჩანდა. თავიდან შეკრთა და მაშინვე გაეცალა, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში კაცთან შემთხვევით გადაყრა რომ გახშირდა, ადგა და გამოლაპარაკება გაბედა. -ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან? - ცალი ხელი მუცლისთვის შემოეხვია გურიელს, მეორეთი კი სახელოში ჩამალულ პატარა ხანჯალს მალავდა და თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა. -დამშვიდდით ქალბატონო, - თავი მორჩილად დაუკრა უცნობმა და ყაბალახის ნაწილი ჩამოიხსნა, რამაც მისი სახე გამოაჩინა. ახალგაზრდას თაფლისფერი თვალები და ჩალისფერი წვერ-ულვაში ამშვენებდა. -კითხვაზე მიპასუხე! ბიჭმა ჯერ ყურადღებით მოათვალიერა იქაურობა, შემდეგ კი ელენესკენ მიიწია და ჩურჩულით გაანდო თავისი სათქმელი. -აქ მამათქვენმა გამომგზავნა, ჩემო ქალბატონო. -როგორ? - თვალები შუბლზე აუვიდა ქალს. -დიახ. აქ ბატონი კახაბერის ბრძანებით ვარ ჩამოსული. მან ყველაფერი იცის და თქვენი უკან დაბრუნება სურს. -როგორაა... როგორაა მამაჩემი? -თავს მშვენივრად გრძნობს და ფაზისსაც რეალურად ის მართავს, მაგრამ ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. არ სურს სიტუაციის გართულება. მართალია, ციხე-სიმაგრეში არგვეთელი მმართველი ზის, მაგრამ მამათქვენი ტყიდანაც მშვენივრად ართმევს საქმეს თავს. -კარგი და რატომ უნდა გენდო? იქნებ აქაურების მიერ ხარ მოგზავნილი? -ბატონმა კახაბერმა თქვენთან აი, ეს გამომატა, თუ არ დამიჯერებდით, - ამოილაპარაკა კაცმა და უბიდან პატარა ნაჭერი ამოაძვრინა. წამსვე იცნო ელენემ. ეს უბრალო ნაჭერი სულაც იყო. წლების წინ მან და დედამისმა კახაბერს საკუთარი ხელით მოუქარგეს. ნაკეთობა არც იმდენად ლამაზი გამოვიდა, მაგრამ კაცისთვის ზედმეტად ძვირფასი იყო. ამიტომ მას არასდროს იშორებდა და მუდამ თან დაატარებდა. ასე იძახდა, ყველაფერთან ერთად იღბალიც მოაქვს ჩემთვისო. -კარგი, მჯერა შენი, - იმედით აღსავსე თვალებით დააკვირდა ქალი მის წინ მდგარს, - რა გეგმა აქვს მამაჩემს? -მე თქვენი დღესვე უკან დაბრუნება მქონდა ნაბრძანები, მაგრამ რადგან ბავშვს ელოდებით, ეს საქმე ცოტა გაჭიანურდება. მის დაბადებამდე უნდა მოვითმინოთ. ორსული ქალის მგზავრობა მეტად თვალშისაცემი იქნება. თანაც ისეთ დროს უნდა გაგაპაროთ, არავინ რომ მოელის! ფაზისში აჯანყება მზადდება, მაგრამ მისი გადაწევაც ადვილი მოსახერხებელი იქნება. მთავარია, თქვენ დაბრუნდეთ უკან და ამბოხიც მაშინვე დაიწყება. კახაბერ გურიელი ერთადერთი ქალიშვილის და შვილიშვილის დასაცავად თავსაც კი გაწირავს! -არა, ამას არ დავუშვებ! ისედაც საკმარისი მსხვერპლი მოჰყვა ამ უაზრო ომს! მამაჩემს გადაეცით, რომ აპრილის ბოლოსთვის მოვილოგინებ და სწორედ მაგ დროისთვის დაგეგმოს ყველაფერი! მამაკაცმა თავი დაუკრა, კვლავ ყაბალახში გაეხვა და იქაურობა ისე დატოვა, არავის გაუგია. სამაგიროდ ელენეს დაუბრუნდა იმის იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. იმ დღის შემდეგ ხშირად ხვდებოდა გურიელის ასული უცნობს. მასაც ფაზისიდან ახალი ამბები მოჰქონდა ხოლმე ქალისთვის. რამდენჯერმე კახაბერის წერილიც მოიტანა და კიდევ უფრო გაახარა ელენე. ომს კი ბოლო არ უჩანდა... *** ის წელიწადი ყველაზე უცნაური აღმოჩნდა ყველასთვის. თითქოს თავიდანვე იგრძნობოდა, რომ რაღაც მაინც უკუღმა წავიდოდა. მარტში იმდენად თბილი ამინდები დაიჭირა, არგვეთში ხე არ დატოვა, კვირტები არ დასკდომოდა და არ აყვავებულიყო. სამაგიეროდ დაიწყო თუ არა აპრილი, ამინდმა იმდენად აურია, მხოლოდ ქარსა და წვიმებს არ დასჯერდა, თვის ბოლოს ყინვაც მოაყოლა და უკვე შეფოთლილ-ნაყოფმოსხმული ხეები ერთიანად დააზრო და გააფუჭა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ყინვიან ღამით ჯერ ქალის კივილმა შეძრა მთელი სასახლე, მერე კი მას ბავშვის ტირილი ჩაენაცვლა. ელენეს გულზე ეწვინა ნაჭრებში გამოხვეული პატარა. სიხარულის ცრემლები ღვარად სდიოდა სახეზე და ცოტა ხნით ადრე განცდილი ტკივილი აღარც კი ახსოვდა, მიუხედავად იმისა, რომ სხეული ჯერ ისევ სტეხდა. თავისდა გასაოცრად ბიჭი შეეძინა. რამდენს არ ეჩიჩინნენ, განსაკუთრებით კი მირანდა, შალვას ჩამოსვლამდე ბავშვს სახელს ნუ დაარქმევო. იმ ამბების შემდეგ განსაკუთრებით მას აღარ ენდობოდა ელენე. არ დაანება, თავისი გაიტანა და ასე შეემატა რატიანების გვარს კიდევ ერთი წარმომადგენელი - კახაბერ რატიანი. *** ერთი თვისაც არ იქნებოდა კახაბერი სასახლეში მაცნე რომ მოიჭრა, ჩვენი ბატონი წარმატებით დაასრულებს მოლაპარაკებებს და მალე აქეთ გამოეშურებაო. აი, მაშინ კი აჩქარდა ელენე. აქამდე თუ შვილს უფრთხილდებოდა და ასე პატარა ბავშვის ტარებას ერიდებოდა, თანაც პატარა რატიანი არც იმდენად მშვიდი იყო, ამჯერად უკან დასახევ გზებს ვეღარ ხედავდა. იქაურობას მანამ უნდა გასცლოდა, სანამ შალვა დაბრუნებას მოასწრებდა. მისდა ბედად სწორედ იმ საღამოს ჩამოვიდა არგვეთში მამამისის მსახური. დიდხანს ბჭობდნენ, თუ როდისთვის დაეგეგმათ გაქცევა, მაგრამ ვეაფერზე შეთანხმდნენ იმის გარდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე უნდა მომხდარიყო. კაცი იმასაც ურჩევდა, სამ დღეში მთვარე მთლად მიილევა და ისეთი უკუნი ღამე ჩამოწვება, გარეთ სულიერი არ გაიჭაჭანებსო. -ვნახოთ, - ჩაფიქრებულმა გადააქნია თავი ელენემ და ჩვილი დაარწია, - სხვა გზა თუ ვერ მოვნახეთ, მაშინ მასე ვქნათ. ბოლო სიტყვები დაუბარა და სასახლისკენ გაეშურა. დერეფანი ბოლომდე არ ჰქონდა ჩამთავრებული, მირანდა რომ გამოეცხადა. -როგორ ხართ, ელენე? - ღიმილით ჰკითხა და ცალი ხელით ბავშვს მიეფერა. -მშვენივრად და თავად? - მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ ეპიტნავებოდა მასთან საუბარი, მაინც გაჩერდა და ჩვილი მკერდზე უკეთესად მიიკრა. -რა მიჭირს, - ქალის საქციელზე ჩაიცინა მირანდამ და ელენეს გვერდით მიჰყვა, - მაგრამ აქ შენს მოსაკითხავად არ მოვსულვარ. -მივხვდი. თქვენ არასდროს აკეთებთ უბრალოდ რამეს. -ამ დროის განმავლობაში კარგად გაგიცვნივარ. თუმცა ახლა ჩემზე კი არა, შენზე მინდა გესაუბრო. -... - სიჩუმე არჩია ქალმა. -ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად გხედავენ ბაღში მოსეირნეს, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს. როგორც გავიგე, განსაკუთრებით ჩვენს ლაბირინთს სწყალობ და იქ რამდენჯერმე თანმხლები პირიც შეამჩნიეს. -ვერ ვხვდები, რაზე მიმანიშნებთ, - გულგრილად აიჩეჩა მხრები, თან თვალი არ მოუშორებია შვილისთვის. -დარწმუნებული ხარ, ელენე? - მკლავში ხელი ჩაავლო ქალმა და ადგილს მიალურსმა. თან მზერას არ აშორებდა მის თვალებს. თითქოს ასე სურდა მის ტვინში ჩაძვრომა და სიმართლის საკუთარი თვალით დანახვა, - არაფრის თქმა არ გსურს? -არა. თუ შეიძლება, ხელი გამიშვით, მტკენთ. მირანდამ მაშინვე მოუშვა სვავის კლანჭებივით ქალის მკლავზე ჩავლებული თითები, გაიღიმა და ესღა დაამატა: -ფრთხილად იყავი, გურიელო ასულო. ისე არ შემოგიბრუნდეს ბედი, რომ საკუთარ დაგებულ მახეში, თავადვე გაება. -მეც იმავეს თქმა მსურდა, - არც ელენემ დაუთმო. აღარ იყო ის პატარა გოგო, რომლადაც ამ სასახლეში ჩამოსვლისას გრძნობდა თავს. ქორივით ჩაფრენილმა წელიწადმა იმდენად ბევრი რამ დაანახვა და ასწავლა, თავადაც რომ ვერ წარმოიდგენდა. აქამდე თუ შიშით კრთოდა ხოლმე, ახლა ასე აღარ იყო. ქალი გამხდარიყო, რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და მის ასეთად ჩამოყალიბებაში კოლხ დედოფალს ლომის წილი მიუძღვოდა. მან ასწავლა და დაანახვა, რომ თუ საკუთარ ძალებს არ გამოამზეურებ, ცხოვრება ისე გადაგივლის და გადაგსანსლავს, თვალსაც არ დაახამხამებს. განსაკუთრებით რთულდება საქმე თუ ქალად დაიბადე. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ცხოვრება, არამედ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა. ამიტომ სხვის ზურგს უკან ამოფარება უნდა შეწყვიტო და იმოქმედო! *** კაცის ნათქვამი გამართლდა. სამი დღის შემდეგ ისეთი უკუნი ღამე ჩამოწვა, ორი მეტრის იქით კი არა, ორი ნაბიჯის იქით არ ჩანდა არაფერი. ამას თან დაერთო კოკისპირული წვიმა და გეგონებოდათ, ცა ჩამოსვლას ლამობს და სადაც არაა მეორედ მოსვლა დაიწყებაო. მიუხედავად ამისა, უკან არ დაუხევია ელენეს. მსგავსი წვიმების მეტი რა ენახა ფაზისში. თან იქ ზღვა ჰქონდათ გვერდით და ქარიშხლებს ჩვეულნი იყვნენ. მხოლოდ ერთზე დარდობდა - პატარა არ გასციებოდა. სასახლის ეზოში გამოვიდა თუ არა, მაშინვე გაილუმპა. გულში საკუთარ თავს ემადლიერებოდა, შვილი ამდენ ნაჭერში რომ გამოახვია. ქალს ერთი გრძელი ნაჭერი სხეულზე ამოეტარებინა და მხართან მაგრად გამოენასკვა. სწორედ ამ ნაჭერში ეწვინა ჩვილი, რომელსაც მხოლოდ სახე მოუჩანდა, მაგრამ ელენემ მალე ისიც დაუმალა და საკუთარი მოსასხამის ქვეშ ძალიან ფრთხილად მოაქცია. სასახლის უკანა ეზოში იდგა და მას ელოდა. ისეთი ამინდი იდგა, მცველებსაც მიეტოვებინათ საკუთარი მოვალეობები და იქვე, პატარა მიწურში შეყუჟულიყვნენ. თუმცა მაინც ფხიზლობდნენ და ყოველი გაფაჩუნებისას სხარტად იყურებოდნენ ჩირაღდნის მბჟუტავი სინათლის თანხლებით, რომელსაც წვიმა მალევე ასველებდა და აქრობდა. კახაბერ გურიელის გამოგზავნილ კაცს არ დაუგვიანია. მალევე გამოჩნდა ჰორიზონტზე ცხენზეამხედრებული და თან მეორეც მოიყოლა ელენესათვის. -ხომ ყველაფერი კარგადაა? - ქალის დანახვისთანავე იკითხა და ცხოველზე ამხედრებაში მიეხმარა, - იმედი მაქვს, არავის შეუმჩნევიხართ. -არა, არა. სანამ მთელმა სასახლემ არ დაიძინა, ფეხი არ გამომიდგამს გარეთ. ახლა ერთადერთი ის მაშინებს, კახაბერმა არ იტიროს გზაში. ჯერ-ჯერობით სძინავს, მაგრამ შეიძლება მალევე გამოიღვიძოს. -სწორედ ამიტომ ახლავე უნდა წავიდეთ, რომ მისი გაღვიძების დროისთვის რაც შეიძლება შორს ვიყოთ აქედან. ელენეც დაეთანხმა და ორივე მხედარი სიბნელეში გაუჩინარდა ისე, რომ თვით დედოფლის მიერ მიჩენილმა მსტოვრებმაც კი ვერაფერი გაიგეს. *** შალვა რატიანმა ღიმილაკრული სახით შეაბიჯა სასახლის ეზოში. ერთი სული ჰქონდა, თავი დაეღწია ამდენი მომლოცველი ადამიანისგან, დროულად მოეშორებინა აბჯარი ტანიდან, რომელიც ამდენი ხანი არ მოეცილებინა და თითქოს მეორე კანი გამხდარიყო მისი. თუმცა იმდენად ამძიმებდა, რომ მისი ატანა აღარ ჰქონდა. თითქმის წელიწადი გაეტარებინა უშუალოდ ომის ქარცეცხლში და ვერც საკუთარი ცოლით მოასწრო ტკბობა და ვერც საკუთარი ვაჟის დაბადება ნახა. ახლა ერთი სული ჰქოდა, ჯერ აბანოში შესულიყო, მერე კი ელენესა და თავის შვილს მოხვეოდა და ცოტა ხნით მაინც დაესვენა. რა იცოდა, რომ სასახლეში ნაწილობრივ, მაგრამ მაინც გამარჯვებულად დაბრუნებულს ერთი ალიაქოთი და აურზაური დახვდებოდა. ღიმილი მაშინვე სახეზე მიეყინა შალვას როგორც კი ყველაფერი მოისმინა და ბრაზმა იმდენად აიტანა, ხელის ერთი მოსმით ჩამოიგლიჯა გულისპირზე დამაგრებული აბჯარი. მხოლოდ ცხენის გამოცვლა მოისაზრა, მერე კი ათი კაცისგან შემდგარი რაზმი გაიყოლია თან და ისევ უსასრულოდ გაწელილ გზას დაადგა. *** ამასობაში ელენე გურიელს კარგა მანძილით მოეხერხებინა არგვეთის სასახლის ჩამოტოვება მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გზის ნაცლად ტყე-ღრეებით უწევდათ გადაადგილება და თითქმის სამ საათში ერთხელ ჩერდებოდნენ, რომ ქალს შვილი გამოეკვება. ამ დროს დედა-შვილს მარტოს ტოვებდა კაცი და იქვე ახლოში ბოლთას სცემდა, ანდაც გზას ზვერავდა, ხომ არავინ მოგვყვებაო. დიდი ხანი იყო, რაც კოლხეთის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ და იმაზე უფრო მეტი სიფრთხილით უწევდათ გადაადგილება, ვიდრე არგვეთის ტერიტორიაზე. ელენეს ლამის ყოველ კუთხეში მსტოვარი მოლანდებოდა. შედარებით დამშვიდდა, როცა დაჭაობებული ადგილები გამოჩნდა. უკვე ახლოს იყვნენ ფაზისთან. ამწვანებული ტყეების დანახვა კი ამაში უფრო მეტად არწმუნებდა. ნელ-ნელა შიშმაც უკან დაიხია მის გულში და ადგილი იმედის ახლადგაღვივებულ თესლს დაუთმო. -ქალბატონო ელენე, მოვედით, - დიდი ხნის დუმილის შემდეგ ამოიღო ხმა კაცმა და ცხენი შეაჩერა. -სად მოვედით? - გაოცდა ქალი, რადგან იქაურობა ნამდვილად არ ჰგავდა მის სახლს. მისგან ხელმარცხნივ კიდევ ერთი ჭაობი იწყებოდა, ხოლო მთავარი გზა მას გვერდს უქცევდა და შემაღლებულ ადგილებს შორის იკარდებოდა. გარშემო მხოლოდ ერთადერთი სახლი მოსჩანდა, რომლიდანაც, მისდა გასაოცრად, მხიარულად ამოდიოდა კვამლი. ნუ, თავად ასე ეგონა. -ბატონმა კახაბერმა გადაწყვიტა ასე. ფაზისამდე ჯერ კიდევ დიდი სავალია. თქვენც ვერ გამოიყურებით კარგად. ამიტომ მასთან მიმინოს გაგზავნა და თქვენი ამბის შეტყობინება მომიწია. თავადაც დატოვა სასახლე და აქ გაჩერდა. ახლა ქოხში გელოდებათ. მე აქ დავრჩები, თქვენ კი შებრძანდით. მსახური მაშინვე მიეშველა ცხენიდან ჩამოსვლაში, შემდეგ ორივე ცხენს აღვირში მოავლო ხელი და გზიდან გადაიყვანა. ელენემ რამდენიმე წამს უყურა, თუ როგორ აბამდა კაცი ხეებზე ცხენებს, შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთქა და ამაყი ნაბიჯებით გასწია ქოხისკენ. -ჩემო პატარავ! - კარამდე მისვლაც ვერ მოასწრო, იქიდან კიდევ უფრო მეტად ჭაღარაშერეული კახაბერ გურიელი რომ გამოიჭრა და შვილის დანახვით აღტკინებული მისკენ გაიქცა. -მამა... მამიკო... - ცრემლები წასკდა ელენეს და მამამისს მთელი ძალითა და სიფრთხილით გადაეხვია. თავი 11 -ჩემო ლამაზო, ჩემო საყვარელო... - ეფერებოდა შვილს კახაბერი და ქოხში შესულები დაჯდომის უფლებას არ აძლევდა, - როგორ დამეტანჯე, მამი... შენ საერთოდ არ უნდა შეგხებოდა ეს ომი. უნდა დაგეჯერებინა ჩემთვის და დედაშენთან და ჩვენს ხალხთან ერთად უსაფრთხო ადგილას გახიზნულიავი. -ხომ იცი, რომ რაც არ მინდა, იმას ვერავინ მაიძულებს, მამა? -ვიცი, ვიცი და ამიტომაც ვიძახი. შენი ნათქვამა ხარ და ხშირ შემთხვევაში ეგ სულაც არაა კარგი! -შენ დაჭრილი იყავი მამა. ტყვედ ჩავარდი და რაღაც ხომ უნდა გვექნა? მალე ომიაც ბრძოლას შეეწირა. -მასზე არანაკლებ დამწყდა გული, - ამოიოხრა კაცმა, - საკუთარ შვილად მივიჩნევდი. შენთვის ის ძმასავით იყო. -ჰო, ნამდვილად. სიცოცხლეს იმსახურებდა, მაგრამ ომი ასე მოქმედებს. სწორედ იმ ადამიანს გართმევს, ვინც ყველაზე მეტად გეძვირფასება. შენით დაიწყო, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გამწირა და თითქოს სამაგიერო გადამიხადა შენი გადარჩენისთვის, ომია წამართვა. უეცრად პატარამ წამოიტირა და ფაზისის მთავარიც თითქოს ახლაღა გამოერკვაო. მაშინვე მას მიაქცია ყურადღება და თვალებში იმხელა სითბო ჩაუდგა, არ იცოდა, რეალურად როგორ გამოეხატა. -შეიძლება? - ბავშვის რწევით გართულ შვილს ჰკითხა და მისკენ ხელი გაიწვდინა. -რა თქმა უნდა, - გაიღიმა ელენემ და მთელი სიფრთხილით გადაუწვინა ბავშვი. პატარა გურიელის გაშლილ მკერდზე ლამის ჩაიკარგა, მაგრამ მალევე დამშვიდდა და რამდენიმე წამში თვალებიც მილულა. -ღმერთო, მასზე უფრო ციცქნა იყავი, როცა დაიბადე. ახლა კი საკუთარ თავს შეხედე. უკვე თავად გყავს შვილი. პატარა ბავშვის ხელში ჭერა მომნატრებია. სხვათა შორის, არასწორად გეჭირა, ამიტომ ტიროდა, - ბოლოს შენიშვნაც მისცა შვილს და კვლავ პატარას დახედა, - მართლა, რა ჰქვია? -შენი სეხნიაა, მამა. თითქოს ისეთი არაფერი უთქვამს ელენესო, მაგრამ იცით როგორ გაუხარდა. წელში გასწორდა, გაიჯგიმა და ფართოდგაღიმებულმა დაარწია შვილიშვილი. *** -ახლა რას ვაპირებთ? - ცოტახნიანი დასვენების შემდეგ იკითხა ელენემ. -ცოტა ხანს კიდევ გავჩერდეთ აქ. დაღლილი ხარ და უნდა დაისვენო, მერე კი, საღამო ხანს ფაზისისკენ დავიძვრებით. -კარგი, მაშინ მე წამოვწვები, რადგან მართლა დავიღალე ამდენი ხნის განმავლობაში ცხენის ჭენებით. ისე რას ფიქრობ, მხოლოდ ფაზისის დასამორჩილებლად წამოიწყეს ეს უაზრო ომი? ამ კითხვის მოსმენისას ფერი დაკარგა გურიელმა. განა თავად არ დაფირებულა? სანამ ლოგინად იყო ჩავარდნილი, მუდამდღე ამაზე ფიქრობდა და მხოლოდ ერთადერთ ახსნამდე მიდიოდა. ვერ ხვდებოდა, სჯობდა გაემხილა შვილისთვის სიმართლე თუ არა. -მამა?! -რა, რამე მითხარი? - ფიქრებიდან გამოერკვა კაცი და ელენეს გახედა. -შენ რას ფიქრობ-მეთქი, გკითხე. -არ ვიცი, ელენე. მართლა არ ვიცი, მაგრამ ყველაზე ლოგიკური ახსნა სწორედ მე მომეპოვება. მგონი აჯობებს თუ სიმართლეს გაიგებ. შენ წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ ვნერვიულობდი, როცა ვიცოდი, რომ იმ სასახლეში მარტოდმარტო იყავი გამოკეტილი იმ კუდიანთან ერთად. -ვის ან რას გულისხმობ? - ტახტზე წამოიწია ქალმა და მაშინვე ინტერესის ნაპერწკლები აუთამაშდა თვალებში. -დიდი ალბათობით ეს ყველაფერი ერთი ადამიანის მოწყობილია. იგი ყველაზე ცბიერი არსებაა, ვისაც კი მთელი ცხოვრების განმავლობაში შევხვედრივარ... შემდეგ კი კაცმა ყველაფერი მოუყვა შვილს, რასაც კი ეჭვობდა. *** -ვინ იფიქრებდა... - ელენე ჯერ ისევ შოკში იყო, - მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ბოლომდე არასდროს უნდა მივნდობოდი, მიუხედავად იმისა, რომ კეთილად მექცეოდა. ყოველთვის ვგრძნობდი მისგან წამოსულ სიცივეს. თითქოს რაიმე დამეშავებინოს. მიუხედავად იმისა, რომ მამამისის მონაყოლი მხოლოდ და მხოლოდ კახაბერის ვარაუდი იყო, ელენე მაინც ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ მამამისი სიმართლეს ამბობდა. -თუ მე მართალი ვარ, მაშინ დროზე გამოგისწრია. ჩათვალე, რომ შვილმა გადაგარჩინა სიკვდილს. მან ვარდანიც კი არ დაინდო. წარმოდგენა მიჭირს, იქ რომ დარჩენილიყავი, შენ რა დღეში ჩაგაგდებდა. ოჰ, ღმერთო, თუ მე მართალი ვარ, მაშინ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი გამოდის და შენც სწორედ ჩემ გამო ისჯები. მაპატიე, შვილო, ასეთი ბედისთვის რომ გაგიმეტე. -რას ამბობ, მამა? ხომ იცი, სულ რომ შენი ბრალი იყოს ყველაფერი, შენ რომ წამოგეწყო ეს უაზრობა, მაინც შენ დაგიჭერდი მხარს! ჩემთვის ყველაზე ძვირფასი შენ და დედა ხართ და ახლა ეს პატარაც. ოჯახს არ ირჩევენ, მამა. ოჯახი ის ერთადერთი საყრდენია, რომელიც მუდამ შენ გვერდით იქნება, რაც არ უნდა ჩაიდინო. ყველამ უარი რომ თქვას შენზე, საკუთარი მშობლები მიგიღებენ, რადგან მათ გაგზარდეს, მათ შეიტანეს ყველაზე დიდი წვლილი შენს აღზრდასა და ჩამოყალიბებაში. მათ გაქციეს ისეთად, როგორიც ხარ და მიუხედავად შენი მიღებული გადაწყვეტილებებისა, მათ მაინც უყვარხარ. ჰოდა, უმადურობა იქნება შვილის მხრიდან, ზუსტად ისევე ან უფრო მეტადაც რომ არ უყვარდეს ოჯახი, ვიდრე მათ უყვართ. ამიტომ თავს ტყუილად ნუ იდანაშაულებ. ძალით კი არ გაგიგზავნივარ რატიანების ბანაკში! -ჩვენ გასაგებია, მაგრამ შენი ქმარი? მასზე რას იტყვი, ელენე? -რა შუაშია ახლა აქ შალვა? -შუაში არა, თავშია, ჩემო ძვირფასო. შენ თუ თავს ისულელებ, კარგი, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ მე ხომ ვხედავ, არა? როგორც კი ვინმე მას გიხსენებს, თვალები გენთება და სახეზე ალმური გედება. შეიძლება ვერ ხვდები, მაგრამ გიყვარს შენი ქმარი, მიუხედავად ყველაფრისა. -ახლა ნამდვილად არ მსურს შალვაზე ლაპარაკი, - თვალი აარიდა ქალმა და ფანჯარასთან მივიდა, რათა უკვე ჩამოღამებული გარემო შეეთვალიერებინა. გაიხედა თუ არა, გაშრა. -მამა... მამა შალვა... - ძლივს მოახერხა ორი სიტყვის გადაბმა ერთმანეთზე. -რა შალვა? -შალვაა აქ! უნდა წახვიდე! - თითქოს ხომ მშვიდი ხმით ამბობდა, მაგრამ მაინც ეტყობოდა, როგორ ღელავდა. იმ მხრიდან კი სადაც ცოტა ხნით ადრე მათი ცხენები იყო მიბმული, ახლა შალვა რატიანი იმზირებოდა და ირონიული ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. *** -მამა, გთხოვ წადი. ვიცი, მე არაფერს დამიშავებს, მაგრამ იმავეს შენზე ვერ ვიტყვი, - სასოწარკვეთილი იყო ელენე და აღარ იცოდა, რა ექნა. -რას ამბობ, შვილო? შენ დაგტოვო აქ მარტო, ისევ იმ ჯოჯოხეთისთვის გაგიმეტო და მე მშვიდად დავბრუნდე უკან? მირჩევნია, თავი შევაკლა, ვიდრე კვლავ შენს ტანჯვას ვუყურო! -არა, არა! - ამ სიტყვების გაგონებაზე, ერთიანად გასცრა ტანში და ლამის მუხლი მოეკვეთა, - მე კარგად ვიქნები, მამა. შალვა არასდროს მომქცევია ცუდად. პირიქით, ყოველთვის ჩემ მხარეს იყო, მიცავდა და მამამისსაც კი დაუპირისპირდა. -ჰოდა, თუ მასეა, მაშინ ვნახოთ, რა ვაჟკაციცაა. აქ დამელოდე ელენე და მაცადე მასთან პირადად საუბარი. რატიანის ქოხში შემოსვლას აღარ დალოდებია, თავადვე გამოაღო კარი კაცმა და გარეთ გავიდა. ელენეს თავადაც სურდა, რომ მიჰყოლოდა, მაგრამ მისმა პატარამ ისევ წამოიტირა და მანაც დაუყოვნებლივ ხელში აიყვანა. არა და, როგორ სჯეროდა, რომ შალვა მანამ ვერ მოაგნებდათ, სანამ სამშვიდობოს არ იქნებოდნენ გასულნი, მაგრამ სულ ტყუილად. ალბათ, მაშინვე გამოეკიდა, როგორც კი მისი გაუჩინარების ამბავი გაიგო და ახლა მოაგნო კიდეც. ომს ერთიანად გადაესხვაფერებინა კაცი. თმა მოზრდოდა, სხეული იმაზე უფრო მეტად დაკუნთვოდა, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ალაგ-ალაგ ნაიარევებსაც ამჩნევდა ელენე, მაგრამ ყველაზე უფრო კაცის თვალები შეცვლილიყო. იმდენად სხვანაირად იმზირებოდა, გვერდი ჩავლისას ელენე ალბათ ვერც იცნობდა. რატიანი და გურიელი მშვიდად საუბრობდნენ ყველასგან მოშორებით, თუმცა შალვას ყოველ წამს იქითკენ გაურბოდა თვალი, სადაც ელენე ეგულებოდა. თავად გურიელის ასული კი ვერ ბედავდა მათ საუბარში ჩარეულიყო. ვერ გადავიდოდა მამის სიტყვას. ბოლოს კახაბერმაც მისკენ გამოიხედა და გაღიმებულმა ხელის დაქნევით ანიშნა, ჩვენთან მოდიო. აი, მაშინ კი ანერვიულდა ქალი. შვილი კვლავ მოსასხამის კალთას ამოაფარა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას. თუმცა მათთან მისვლა მშვიდად მაინც არ დასცალდა. მოულოდნელად რატიანის მხლებლებიდან ერთ-ერთი წამოდგა, გაოცებულ თანაგუნდელებს მოხერხებულად აუარა გვერდი და მოშიშვლებული ხმლით პირდაპირ კახაბერ გურიელს ეცა. ელენემ მხოლოდ შეკივლება მოასწრო. მათკენ გაიქცა კიდეც, მაგრამ უკვე გვიან იყო. ფაზისელი მთავარი უსულოდ იწვა ბალახზე. -შეიპყარით! - იმ წამსვე იყვირა შალვამ და პირველი თავად ეცა მოღალატეს, - ვინ დაგავალა, ახლავე მიპასუხე, ვინ დაგავალა ამის ჩადენა? - ღრიალებდა და თან გულზე აჭერდა უბიდან ამოღებულ ხანჯალს. კაცი კი დუმდა. სახეზე მხოლოდ ღიმილი დასთამაშებდა. -ახლავე მიპასუხე ვინ დაგავალა, თუ გინდა, რომ ცოცხალი გადარჩე! -თქვენ თუ არა, ის მაინც მომკლავს, - საკუთარ ბედზე მწარედ ჩაეცინა კაცს. -ვინ ის? იქნებ შემიძლია მისგან დაგიცვა, - მოთაფვლაზე გადავიდა შალვა. -თვით მამათქვენმაც კი ვერ დაიცვა მისგან თავი და თქვენ მე როგორ დამიცავთ? -მითხარი ვინ იყო და ისე გადაგმალავ, კაცი-შვილი კი არა, თავად ალი რომ გეძებდეს, ისიც კი ვერ მოგაგნებს. -არ გინდა, შალვა, - განადგურებული ხმით მიმართა ელენემ და ფეხზე წამოდგა, - მე ვიცი, ვინც გააკეთა ეს. მოსასხამი ერთიანად სისხლით მოსვროდა ქალს. ამოვარდნილი ნიავი კი მის შეშრობას ლამობდა. თითქოს ჩვილმაც იგრძნო, რა უბედურება დატრიალდა ცოტა ხნის წინ, მაშინვე ტირილი მორთო. -ელენე?! - შალვას ვეღარ გაეგო, რა მოემოქმედებინა. ადგილზევე მოეკლა მკვლელი თუ თავის ცოლს მოხვეოდა და დაემშვიდებინა. თან ერთი სული ჰქონდა, საკუთარი შვილისთვის წამით მაინც მოეკრა თვალი და მოფერებოდა. ელენემ ქმარს თვალი აარიდა და პირდაპირ მიწაზე წაქცეულ კაცს მიუახლოვდა. -კოლხეთის დედოფლის ბრძანებას ასრულებდი, ხომ ასეა? - უემოციო ხმით იკითხა ქალმა და მხოლოდ მოვალეობის მიზნით დაარწია ჩვილი, რომ გაეჩუმებინა. -რას ამბობ, ელენე? - თვალები შუბლზე აუვიდა შალვას. სამაგიეროდ კაცს არ გაჰკვირვებია. პირიქით თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ამრეზით გაიღიმა. -რას და სიმართლეს! ეს ყველაფერი მამიდაშენის მოწყობილია! მან მოკლა მამაშენი, მანვე მოაწყო ეს მასკარადი და ახლა მამაჩემიც შეიწირა! ქალს ხელახლა წასკდა ცრემლები და იმდენად ამოუჯდა გული, რომ ლამის საკუთარი შვილიც ხელიდან გაუვარდა. შალვამ ამას ვეღარ გაუძლო, მსახურებს უბრძანათ, ხეზე მიაბით და ყურადღება მიაქციეთ, არსად გაიქცესო, მერე კი ელენეს მოეხვია მთელი ძალით... *** უკვე თენდებოდა, მაგრამ არც რატიანი და არც გურიელი ხმას არ იღებდნენ. ელენე ჩუმად ქვითინებდა, შალვა კი გულის მოოხებას აცდიდა. ამ დროის განმავლობაში მოესწრო კახაბერ გურიელისთვის კოცონის მომზადება, მკვლელის დასჯაცა და თავისი ჯგუფის ნახევრის უკან გაგზავნა, რათა მისი ბრძანება ჩაეტანათ არგვეთში მირანდასთან დაკავშირებით. ბოლომდე მაინც არ ეჯერა, რომ მამიდამისი იყო ამ ყველაფერის თავი და თავი, მაგრამ მისი გამოკეტვის ბრძანება მაინც გასცა. ახლა კი საკუთარი შვილით ხელში იჯდა და მის მშვიდ სუნთქვას იმდენად ბედნიერი ადევნებდა თვალს, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ელენე მხოლოდ მაშინღა გამოერკვა, როცა პატარამ კვლავ ტირილი დაიწყო და შალვამ ვერაფრის დიდებით მოახერხა მისი გაჩუმება. -მომიყვანე, ჭამა უწევს. ისედაც მთელი ღამე ვაშიმშილე და ცოდოა, - ტირილისგან ხმა ჩასწყდომოდა ქალს. შალვამაც უპრობლემოდ გადაულოცა და ამჯერად მას მიაჩერდა. -არ გინდა, რომ გარეთ გახვიდე? -და მერე შენ კვლავ გამეპარო? არა, გმადლობ! -შალვა, კახაბერს უნდა ვაჭამო! -მერე? ჩემი გრცხვენია? შენი ქმარი ვარ ბოლოს და ბოლოს. ელენემ მხოლოდ ისღა მოახერხა, კაციკენ ზურგით შებრუნებულიყო და შვილის დანაყრება დაიწყო. -ძალიან ვწუხვარ. არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო, - სიჩუმე რატიანის ხმამ დაარღვია და გაოცებულმა ელენემაც მაშინვე ქმრისკენ მიატრიალა თავი. -არ გინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. -ელენე, მე მართლა არაფერი ვიცოდი! ეს ომი ჩემი წამოწყებული სულაც არ ყოფილა. -შენ არც არავინ გადანაშაულებს. -ჰო? მე კი სულ სხვა რამეს ვკითხულობ შენს თვალებში. გამაგებინე, როგორ ახერხებ, მაშინაც შენ იყო გაბრაზებული, როცა მე უნდა ვიყრიდე შენზე ჯავრს? -რამე დავაშავე და არ ვიცი? -ელენე, შენ გაიქეცი! ყველაფერი დატოვე და ჩვენს შვილთან ერთად გაიქეცი. იმის ნაცვლად, რომ სასახლეში დაბრუნებულს ბედნიერება მეგრძნო, სიცარიელისა და შიშის გრძნობის გარდა, არაფერი დამხვედრია! -სიცარიელე რატომ, მამიდაშენი ხომ იქ იყო? - ირონიულად ჩაიცინა ქალმა და ჭამის დროს ჩაძინებული პატარა ტახტზე წამოაწვინა. მხოლოდ ამის შემდეგ გაუსწორა ქმარს თვალი. -შენი აზრით, ახლა ორივე ერთსა და იმავეზე ვსაუბრობთ? - დაღლილი ხმით დაილაპარაკა შლავამ და ჩალის სკამზე ჩამოჯდა, - რა თავში სახლელად მჭირდებოდა მამიდაჩემი? მე ჩემი ცოლ-შვილის ნახვა, გულში ჩაკვრა და მოფერება მინდოდა, მათი სითბოს შეგრძნება, თქვენ კი არ დამხვდით! გული მშვიდად მქონდა, ელენე და კახაბერი უსაფრთხოდ არიან სასახლეში და არაფერი უჭირთ-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად. იცი, მაინც რამდენი ცუდი რამ გამოიწვია ომმა? იმდენი ყაჩაღი დაიარება ამ მხარეებში, რამე რომ დაგმართნოდათ, სად მიდიოდი?! -... -ყველაზე დიდი საშინელება, რაც კი ადამიანს გამოუგონია, ომი ყოფილა, - ამოიოხრა შალვამ და თავი ხელებში ჩარგო, - ახლაც კი არ ამომდის თავიდან დაჭრილ, გაწამებულ ადამიანთა სახეები და ტკივილნარევი ხმა. და რისი გულისთვის? თავის დროზე მამაჩემს რომ ეცოტავა არგვეთი და უფრო მეტი მოუნდა. ერთი ადამიანის ინტერესებს ამდენი ადამიანი არ უნდა შესწირვოდა! -ხომ დაასრულე ყველაფერი, არა? - ეს კი ჰკითხა ქმარს, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ როგორ მოახერხა შალვამ ეს. -მერე? ამდენ განადგურებულ სოფელს, დანგრეულ ოჯახს და გარდაცვლილ ადმიანს განა რამეს უშველის? -სამაგიეროდ მომავლის იმედს ჩაუნერგავს ხალხს. -არ ვიცი, ელენე. ახლა ერთი რამის გარდა, არაფერი არ ვიცი. -მაინც რა? -ჩემ ოჯახთან ერთად მინდა! შენთან და კახაბერთან ერთად მინდა. მიყვარხარ და მინდა, რომ ჩემთან ერთად დაბრუნდე უკან. ეს სიტყვები ჯერ კიდევ მანამდე უნდა მეთქვა, სანამ იმ დასაწვავ ომში წავიდოდი, მაგრამ... -მაგრამ არ მითხარი. -მეგონა, ხვდებოდი. ჩემს საქციელებს უკვირდებოდი და... -რომელ საქციელებს შალვა? ერთი მათგანი მაინც დამისახელე, რომლითაც მაგრძნობინე, რომ ჩემ მიმმართ რაიმე თბილს გრძნობდი! -ელენე, ყველას დავუპირისპირდი შენი გულისთვის და მთელი არგვეთის გადაწვაც რომ ეთხოვათ, ალბათ მაგასაც ვიზამდი. ასეთ საქციელს კი მხოლოდ იმ ერთადერთისთვის სჩადიან, რომელიც მთელი გულით უყვართ! -... -მესმის, შეიძლება არგვეთში დაბრუნება არ გსურს მას მერე, რაც თავს გადახგდა და გავიგებ კიდეც, ახლა რომ შენს სახლში დაბრუნება მოინდომო, მაგრამ ელენე მჭირდები, - ბოლო სიტყვები მთელი თავისი ემოციით ამოთქვა და სკამიდან წამოდგა. ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქალს და სახეზე მოეფერა, რაზეც გურიელს თვალები თავისით დაეხუჭა. -ელენე, დაბრუნდები არგვეთში და კვლავაც იქნები ჩემი დედოფალი? ჰკითხა და პასუხს არ დალოდებია, ისე შეაერთა მათი ტუჩები. ელენემაც ვეღარ გაუძლო ცდუნებას და დაუფიქრებლად აჰყვა კოცნაში. ამით თითქოს უთქმელად გასცა პასუხი ცოტა ხნის წინანდელ კითხვაზე. *** შალვა ქალს ზურგიდან მიჰკრობოდა და იმდენად მჭიდროდ ხვევდა ხელს, გეგონებოდათ, აღარასდროს აღარ აპირებს მის გაშვებასო. ელენეს კი წინ შვილი ეწვინა და მას ეთამაშებოდა. -იცი, - საუბარი ისევ შალვამ დაიწყო, - ფაზისზე თავდასხმაც მამიდაჩემის ჩაგონება იყო. მთელი ბავშვობის განმავლობაში მესმოდა, რომ ურჩი სამთავრო იყავით და კოლხეთის დედოფალს არაფრად აგდებდით. ლევანიც ხშირად ახსენებდა ხოლმე გადაკრულად. ჰოდა, მეც საშუალება მომეცა თუ არა, მამიდას წადილი ავუსრულე და ფაზისი დავიპყარი. -შენთვის ძალზედ ძვირფასი ადამიანია, არა? - ქმრისკენ გადაბრუნდა ქალი და ამჯერად კახაბერი მათ შორის ჩააწვინა. -მამაჩემთან არ ვყოფილვარ ისე ახლოს, როგორც მასთან და ლევანთან ვიყავი. ლევანს თუ ვეურჩებოდი ხოლმე, მამიდას მაგას ვერასდროს ვუბედავდი. რაღაც ისეთი აქვს, რომელიც გიმორჩილებს და გაიძულებს ყველანაირად ეცადო, რომ მას ასიამოვნო. ცხოვრებისგან ის ვისწავლე, რომ სწორედ ის ადამიანები გვტკენენ ყველაზე მეტად და იმედს გვიცრუებენ, რომლებსაც ახლობლებად მივიჩნევთ. ამიტომ ვცდილობ ხოლმე, რომ გულთან ახლოს არავინ მივუშვა. თუმცა შენ გამონაკლისი ხარ, - გაეცინა და სახეზე ისევ ისე თბილად მიეფერა, - ვერ ხვდები, რამდენად მიმძიმს მისი ღალატის გადახარშვა. ერთადერთი ქალი იყო, ვისაც ვეთაყვანებოდი და პატივს ვცემდი. ახლა შენ გამოჩნდი და მერწმუნე, შენც რომ მიღალატო, ვეღარ გადავიტან. -შალვა, არ გინდა... -არა, ელენე. მინდა იცოდე, რომ არც იმდენად ძლიერი ვარ, როგორც შენ გგონია. ჩემი გატეხვაც შესაძლებელია და პირველი ბზარები უკვე გამიჩნდა. ახლა ყველაფერი შენზეა. როგორ მომივლი - დაემატება ამ ბზარებს ახლები თუ თიხით შეწებდება. -ზედმეტად ბევრს ითხოვ ჩემგან, - შეწუხდა ქალი. -არა. ეს შენ არ გწამს საკუთარი თავის. შენ ხომ არ იცი, როგორ უსუსურად ვიგრძენი თავი, როცა პირველად გნახე. ჩემს კარავში შემოხვედი და მეგონა იქვე მომკლავდი, ისეთი მზერით მიყურებდი. არა და, თავიდან რომ გავიგე, ქალი ხელმძღვანელობს ფაზისელებს და მას ვერ ვაკლებთ ვერაფერსო, გამეცინა. შენი ნახვის სურვილი მკლავდა. მაინტერესებდა, ვინ იყავი ასეთი. ხელში კი ერთი სიფრიფანა ელენე შემრჩი ჩემზე ჯიუტი და უტეხი ხასიათით. უბრალოდ ერთს ვერ ვხვდები, არგვეთში ჩასვლისას რამ შეგცვალა ისე, იმდენს რომ იტანდი. -ჩემთვის უცხო ადგილას აღმოვჩნდი, შალვა. იქ სადაც საერთოდ ვერავინ მიტანდა. ჩავთვალოთ, რომ შეგუების მომენტი მქონდა. არც შენ მეხატებოდი დიდად გულზე, მაგრამ ერთადერთი იყავი, ვისი იმედიც მქონდა. არავის ვენდობოდი, მათ შორის არც შენ, მაგრამ გულის სიღრმეში მწამდა, რომ რაც არ უნდა დამჭირვებოდა, შენ აუცილებლად დამეხმარებოდი. -ჩემი ჭკვიანი, - ჩაიცინა კაცმა და კიდევ ერთხელ მიეფერა სახეზე, - ცოტაოდენი სითბო რომ გამოგეჩინა და გეგრძნობინებინა, კი არ მეწყინებოდა. -ახლა რა იქნება? -არ ვიცი, ელენე. ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ და მოდი, ამაზე მოგვიანებით ვიფიქრებ, კარგი?! შენ მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე - დაბრუნდები ჩემთან? გურიელის ასული ცოტა ხანს შეყოყმანდა. იმ დღეს მომხდარმა ყველა ემოციამ ერთიანად იჩინა თავი და მთლად არია ქალი. დადებითი პასუხის გაცემა ისევე უნდა, როგორც უარყოფითის და ორ ცეცხლს შუა იწვოდა. -მხოლოდ ერთი პირობით, - როგორც იქნა, ხმა ამოიღო ელენემ, - თუ დედოფალი მირანდა სათანადოდ დაისჯება. -როგორც კი უკან დავბრუნდებით, მაშინვე მოვიწვევ დარბაზს და მამიდას გავასამართლებთ, - უმძიმდა ამ სიტყვების თქმა კაცს, მაგრამ მაინც ამოთქვა და ელენეს დაქნეული თავისა და თბილად მომზირალი თვალების დანახვის შემდეგ ოდნავ მაინც მოეშვა გულზე. ძლიერად მოხვია მკლავი და ცოლ-შვილი მკერდში ჩაიკრა. -იმ ვარდების ბაღს არგვეთშიც გაგიშენებ, წლების წინ ასე რომ მოგეწონა, - თბილი ხმით უჩურჩულა შალვამ და ქალს გაოცებისგან დამრგვალებულ თვალებზე ტკბილად აკოცა, - ელენე, მე ყველაფერი მახსოვს, რაც შენ გეხება! -მეც მიყვარხარ, - იმავე ტონალობით უჩურჩულა ელენემაც და სახეზე ერთიანად აფორაჯდა. *** მეორე დილით ვარდანის მსგავსად დაწვეს კახაბერ გურიელის სხეული. კოცონის ალი ცას სწვდებოდა და იმდენად ხმამაღლა ტკაცუნობდა, ახლოს გაჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო. თვალცრემლიანი უყურებდა ელენე ჰაერში გაფანტულ კვამლსა და ფერფლს. ვერ იჯერებდა, რომ ოდესღაც ეს ფერფლი იმ ბუმბერაზ ადამიანს ეკუთვნოდა, რომელიც ერთმა ხმლის მოქნევამ დასცა. მანამ არ დაძრულა ადგილიდან, სანამ ერთიანად არ ჩაინავლა და დაიწვა ყველაფერი. მერე კი შალვამ მოჰხვია მკლავები და საკუთარ ცხენზე შემოისვა. მის თუნდაც წამით გაშვებასაც კი აღარ აპირებდა კაცი. უკან ბრუნდებოდნენ - სადაც ყველაფერი დაიწყო და ალბათ, დასრულდებოდა კიდეც. ეპილოგი "შალვა, ჩემო ძვირფასო! დიდი ალბათობით ამ წერილს რომ იპოვი, ცოცხალი აღარ ვიქნები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერს გამიგებ და ოდესმე მაპატიებ კიდეც. ახლა შეიძლება სიბრაზე ბობოქრობს შენში და გთხოვ, უკანასკნელი თხოვნა შემისრულო, ცხელ გულზე არასდროს მიიღო გადაწყვეტილება! შენ ჩემთვის ის შვილი იყავი, რომელიც არასდროს მყოლია და რაც არ უნდა მომხდარიყო, ვერასდროს დაგიშავებდი რამეს. ო, რამდენი რამ დამრჩა შენთვის უთქმელი, მაგრამ ამის დრო არ მაქვს. საკუთარ თავს თავად გამოვუტანე განაჩენი და იმედი მაქვს, ოდესმე მაინც მოახერხებ ამის გამო ჩემს პატიებას. სიმართლის ცოდნას ნამდვილად იმსახურებ. ყველაფერი სწორედ აქ, არგვეთში დაიწყო. მაშინ მამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ჯიქეთზე გასალაშქრებლად ემზადებოდა, მაგრამ იქამდე კიდევ ორი ზაფხული და შემოდგომა იყო დარჩენილი. თხუთმეტ წლის ვითვლიდი, არგვეთს ფაზისელი დიდებულები რომ მოადგნენ. მამას არასდროს ეშლებოდა სტუმართმასპინძლობის წესი. კარზე მომდგარ სტუმარს უკან არას დიდებით გააბრუნებდა, სულ რომ მკვლელი და ყაჩაღი ყოფილიყო. არც ფაზისელებისთვის უთქვამს უარი და შეიკედლა. იბერიისკენ მიემართებოდნენ და გზად ჩვენთან შეჩერდნენ. თავიდან დიდად ყურადღებას არც ერთს ვაქცევდი. ეს მამას მოთხოვნაც იყო. არ უნდოდა, რომელიმე ჩემით დაინტერესებულიყო. თუმცა ერთ დღესაც მდინარესთან სეირნობის დროს ერთმანეთს მაინც გადავეყარეთ. მე ფეხი დამიცდა და ადიდებულ ტალღებში ჩავვარდი (წინა რამდენიმე დღის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა და ვერც ფაზისელი სტუმრები ჰყოფდნენ გარეთ ცხვირს და ვერც ჩვენ). კახაბერმა გადამარჩინა და იმ დღის შემდეგ დავახლოვდით. ღამ-ღამობით ჩუმად ვხვდებოდით ხოლმე სასახლის ბაღში და ერთმანეთს სიყვარულს ვეფიცებოდით. კახაბერმა იმდენი მოახერხა, მართლა შემაყვარა თავი და იბერიის გზას ჩემზე დანიშნული გაუყვა. მამა ცოტა უკმაყოფილო კი იყო. არ უნდოდა, ასე შორს გავეთხოვებინე, მაგრამ ფაზისს სანდო და ძლიერ მოკავშირედ ხედავდა და თავს ამით იმშვიდებდა. ჩემგან ერთი რამ დაიმახსოვრე, შალვა. გულმოკლულ ქალზე უფრო საშიში, მხოლოდ ის ქალი შეიძლება იყო, რომელიც დედაა და მის შვილს ემუქრები. მაშინ მართლა ყველაფერზე წავა და არც შურისძიებაზე იტყვის უარს. რა ქნა კახაბერმა, ასე რომ გადავემტერე? იბერიიდან დაბრუნებულმა კვლავაც სიყვარული შემომფიცა და თავისად დაგულებული მშვიდად წავიდა ფაზისში. ორ წელიწადში კი, როცა მამა გარდაიცვალა და ვარდანი ავიდა ტახტზე, მოულოდნელად გამოგვიცხადა, რომ ჩვენი ნიშნობა გაუქმდა, რადგან ცოლი მოიყვანა. ჩემი ყველა იმედი თავზე ჩამომექცა. მხოლოდ ცალკე საუბრის შემდეგ გამიმხილა გურიელმა რეალური მიზეზი. შენი სილამაზით მოვიხიბლე და მხოლოდ ამიტომ მინდოდა შენი შერთვაო. ჩემი ბავშვური გატაცება იყავიო. იმაზე უფრო მწარე აღმოჩნდა ამის გაანალიზება, ვიდრე იმისა, რომ სიშორემ გაანელა ჩვენი სიყვარული და მან სხვა ქალზე გამცვალა. ზოგჯერ სჯობს სიმართლე გაუმხელელი დარჩეს, თორემ გულს იმაზე მეტად გვტკენს, ვიდრე ათასი ხანჯლისგან მოყენებული ჭრილობა, რომელზეც მარილს დაუნანებლად გაყრიან. ალბათ გგონია, რა მოხდა მერეო, მაგრამ ამას შენ ვერ გაიგებ, რადგან კაცი ხარ. ქალისთვის პირველი სიყვარული სულ სხვა გრძნობა და ემოციაა. ქალს თუ უყვარს, უყვარს მთლი გულით და იმედგაცრუებაც და წყენაც იმავე დოზით იცის. შენ ვერც წარმოიდგენ, რა დღეში ვიყავი, როცა მზეჭაბუკს მიმათხოვეს. ჯერ გლოვა არ დამესრულებინა არც მამასი და არც დამსხვრეული ოცნებების, რომ იმ მუხის კასრს გამაყოლეს. თითქოს რაღაც ნივთი ვყოფილიყავი, ისე გამიმეტა ვარდანმა, წამით არ დაფიქრებულა. არადა ვევედრებოდი, არ გინდა, ნუ იზამ ამას-მეთქი. არ შეისმინა. ჰოდა, ახლა ის მიიღო, რაც დაიმსახურა. კახაბერს სწორედ ჩემი ბავშვური ოცნებების დანგრევა ვერ ვაპატიე და მასზე შურისძიებას არც ვნანობ. იგი თავის ოჯახთან ბედნიერი იყო, შვილი ჰყავდა, მე კი - მე არაფერი მქონდა. ამდენ ხანსაც იმიტომ ვიცდიდი, რომ შურისძიება შურისძიებას არ უნდა ჰგავდეს. ის უნდა იყოს მოულოდნელი და რაც მთავარია, არ უნდა მოხდეს სახალხოდ. ყველაზე მთავარია დროის შერჩევა იცოდე და ლოდინი შეგეძლოს. შეიძლება მთელი ცხოვრება ლოდინში გაატარო, მაგრამ წყურვილი არასდროს კვდება. შენც პატარაობიდან გაწვდიდით მე და ლევანი საჭირო ინფორმაციას და სწორედ ამიტომ გადაწყვიტე ფაზისის აღება. თუმცა რას ვიფიქრებდი, რომ ცოლად მაინცდამაინც კახაბერის ქალიშვილს დაისვამდი?! ამიტომაც ვარდანის სიკვდილი მას გადავაბრალე. მეგონა, ასე მაინც აგიცრუვდებოდა გული მასზე და გურიელების გვარს მწარედ გადავუხდიდი ჩემი გაუბედურებისთვის, მაგრამ ელენე მართლა შეგყვარებია. ამიტომ კიდევ ერთ რჩევას მოგცემ - გვერდიდან არ მოიცილო და მასზე ისე იზრუნე, რომ არასდროს მოუნდეს შენზე შურისძიება, თორემ ვერ გადაურჩები. ქალი ყველაზე სათნო და ლამაზი ქმნილებაა, მაგრამ ამასთანავე ცბიერი და ბოროტი. ერთადერთი ვინ მეცოდება, ვინც შევიწირე და თან გავიყოლე, ეს ლევანია. მას მართლა მთელი გულით ვუყვარდი, მაგრამ იგი ჩემთვის კარგი საყვარელი უფრო იყო, ვიდრე ნამდვილი სიყვარული. ჩემმა ნაფლეთებად ქცეულმა გულმა ძალაუფლების გარდა სხვის შეყვარება ვეღარ შეძლო. არადა ნამდვილად კარგი ადამიანია. იმსახურებდა ნამდვილ ბედნიერებას. ახლა კი ჩემთან ერთად კვდება, რადგან არც აქ მტოვებს მარტოს. შემეძლო მასთან ერთად გავქცეულიყავი, მაგრამ ჩემს ღარიბულ სიცოცხლეს მხოლოდ ასეთი დასასრული თუ შეეფერება. ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი და მთელი გულით გისურვებ ბედნიერებას. მშვიდობით სამუდამოდ... შენი მირანდა მამიდა დედოფალი კოლხეთისა“ რატიანს ეს წერილი არასდროს მიუღია. მირანდამ ჯერ ისევ მელანშეუმშრალი თავის საწერ მაგიდაზე დატოვა, ჩემი ძმიშვილი მარტივად მიაგნებსო, მაგრამ გაღებული ფანჯრიდან შემოფრენილმა შავმა მტრედმა მაგიდაზევე დატოვებული ქალის ღვინის ჭიქა წააქცია და პაპირუსზე გადააქცია. მისგან მხოლოდ ყავისფერი ფაფისმსგავსი მასაღა დარჩა. მირანდა ამას არ შესწრებია, რადგან უკვე აღარ სუნთქავდა. *** არგვეთში დაბრუნებულ შალვას კიდევ ერთი მოულოდნელობა დაატყდა თავს. მამიდამისს ოთახის კარი შიგნიდან ჩაეკეტა ეს ორი დღე იყო და მსახურებიც ვერ ბედავდნენ შიგნით შეჭრას. რატიანს გულმა მაშინვე რეჩხი უყო და არავის დალოდებია, თავად შეანგრია კარი და დაზაფრული ადგილზევე გაშეშდა. მზის ათინათში გახვეულიყო მირანდა რატიანი. ისევ ის ლაჟვარდისფერი კაბა ეცვა, რომელიც მაშინ ბერძენი დელეგაციის მიღებისას და თავსაც თავისი უცვლელი დიადემა უმშვენებდა. მართლაც რომ დედამიწაზე ჩამოსულ ქალღმერთს ჰგავდა. თვალდახუჭული ისე იწვა, თითქოს ახლახან ჩასძინებიაო. თუმცა რეალურად ქვასავით გაშეშებულიყო ქალი. ცალი ხელი მასსავით გაშეშებული ლევანისთვის ჩაეჭიდა, ხოლო მეორეში პატარა გრაგნილი ეჭირა. ეს მისი ანდერძი იყო. მოულოდნელად საწოლის ქვემოდან გველი გამოსრიალდა. შალვა არც შეუმჩნევია, ისე ასრიალდა საწოლზე, ქალს კისერზე შემოეხვია ისე, თითქოს ეფერებაო. შემდეგ კი თავი ისე ასწია, რომ მისი ნაწილი დიადემისას შეერწყა. მხოლოდ თავის აწევის შემდეგ გაარჩია შალვამ მისი რაობა. ეს სამეფო კობრა იყო... *** იმ დღის შემდეგ ამინდი მეტად აირია. თითქოს ბუნებაც რაღაცას გლოვობსო. კოცონის ანთებაც კი არ აცადა არგვეთელებს, ისეთი სეტყვა წამოაყარა. ამიტომ მირანდა რატიანისა და ლევან ყოჩივარის მიწისთვის მიბარება მიუწიათ. მომავალ წელს კი მათი საფლავებიდან უსურვაზი ამოიწვერა, რომელიც იქვე დარგულ ხეს მთელი ტანით გადაენასკვა. საშინელი წელი გამოდგა გლეხებისთვისაც. გვალვას სეტყვა და კოკისპირული წვიმა ცვლიდა. ოქტომბრის თვეში კი ისეთი ყინვები დაიჭირა, ერთიანად დააზრო ყველაფერი... ფაზისი კოლხეთს, კოლხეთი კი არგვეთს მიუერთდა და ტახტზე შალვა რატიანი დაჯდა თავის დედოფალთან ერთად. იმ დღის შემდეგ ქუჩაში გასული ადამიანი ყველაზე ხშირად მხოლოდ ერთ ფრაზას თუ მოჰკრავდა ყურს: -მეფე მოკვდა... გაუმარჯოს მეფეს!.. დასასრული 28/06/2020 *** იმედი მაქვს მოგეწონებათ გულაფანცქალებული ველი შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.