შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფლების კონტრაქტი (თავი III)


21-08-2020, 19:37
ავტორი Fallen Inquisitor
ნანახია 733

თავი 3
თავისუფლებას ყველა დროში სხვადასხვა ფასი და გემო ჰქონდა. ამას ჩემ წინ მდგარმა ღვინის სავსე ჭიქამ კი არა, უბრალოდ ჩემი ფანჯრის ხედმა მიმახვედრა. ღამეა. იმ შეგნებით, რომლითაც მე აღმზარდეს, წესით, ამ დროს გარეთ არავინ უნდა დადიოდეს. სამყარო ხომ არაა ის ადგილი, სადაც თავი შეგიძლია, მშვიდად იგრძნო. ფათერაკი ხომ მუდამ თან დაგვდევს, განსაკუთრებით კი - ღამე. თითქოს, უბედურებას შეეძლოს ამოარჩიოს დღის რომელ მონაკვეთში დაგვატყდეს თავს.
ფანჯარაში ვიხედები. ქვემოთ უსასრულობაა. რამდენჯერ მინატრია ამ უსასრულობას ღამის წყვდიადში შევერთებოდი და მეც მისი ნაწილი ვყოფილიყავი, მაგრამ ფანჯრის შიგნით დაუსრულებელი საქმეები მექაჩებოდა. ჩემ უკან, ღია კარში, თომასს სძინავს. მას შემდეგ, რაც მართლა მომინდა თავისუფლებისკენ მიმავალი გზა ლოგიკური და რაციონალური გამეხადა, ვთხოვე, ცოტა ხნით ჩემთან ეცხოვრა. ორი საათის წინ, როცა ვსაუბრობდით, გამომიტყდა, რომ მის ცხოვრებაში ერთი ქალი გამოჩნდა. ბუღალტერი, საკმაოდ კარგი სამსახურით. რა თქმა უნდა, გამიხარდა. თომასი ადამიანია, რომელსაც დალაგებული ურთიერთობა, ჩემსავით, ვერასდროს ეღირსა. ყოველ ახალ შესაძლებლობაზე კი ორივეს იმედი გვქონდა, რომ ეს ბოლომდე გაგრძელდებოდა. მისი გულშემატკივარი ვარ. მიხარია. თანაც, ისიც ვიცი, რომ რაც არ უნდა დიდ ურთიერთობაში გადაეშვას, თომასი ჩემთან მუდამ გააზიარებს თავის ნაწილს. ეს მას ჩემად ხდის. ეს მე მამშვიდებს.
ღამის უსასრულობიდან სიმღერების და გართობის ხმა მოდის. მახსენდება, როგორ არასდროს ვყოფილვარ მსგავსი მხიარულობების ორგანული ნაწილი და წამით ვიღუშები. მგონია, მხოლოდ გამზარდეს. თითქოს, ჩიტი ვიყავი და გალიაში გამოკეტვა იყო საჭირო, რომ გადავრჩენილიყავი. თითქოს, გარეთ ნადირები მელოდნენ. თუმცა ცხოვრებამ ნადირებს მაინც შემახვედრა. ახლა მათ კოლეგებს ან მოწინააღმდეგე მხარეებს ვუწოდებ, მაგრამ ამ ნადირობამ, ამ სისხლის წოვამ, აშკარად, ჩემს ცხოვრებაში 20 წლით დააგვიანა.
მუხლები იშვიათად გადამიყვლეფია ქუჩაში თამაშით, რადგან, პრინციპში, ქუჩაში არც არასდროს ვთამაშობდი. არ მყავდა მეზობელი-მეგობარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო, ქუჩა საკმაოდ სავსე იყო ჩემხელა ადამიანებით. ამის გამო ემოციური ინტელექტი არ გამაჩნია. ამის გამოც არ მყავს ახლა სანდო ადამიანები, ალბათ..
მინდება, ჩავიცვა და ამ მხიარულებას შევუერთდე. მიუხედავად ყველაფრისა, არ მიჭირს კონტაქტის დაწყება ხალხთან. ჩემთვის კრიტიკული ამ მუხტის შენარჩუნებაა მხოლოდ. ვიცი, რომ ამაღამ შემიძლია მეც გავერთო, მაგრამ უკან ვერ ვბრუნდები და ვერ მივდივარ მათთან. თითქოს, გვერდით ოთახში მშობელს ეძინოს და ჩემს ხმაურზე გაღვიძებულმა ჯერ მეჩხუბოს და შემდეგ, დამსაჯოს.
ღვინის ჭიქას ვცლი.
ამ ფანჯრის ხედს ახსოვს, როგორ თამაშობდნენ ასაკოვანი ადამიანები პატარა ბავშვებთან ერთად ბურთს. ბევრი არაფერი მდომებია. არა მუდამ, არამედ მხოლოდ ერთი მომენტით მსურდა მეც იმ ბავშვების ადგილას ვყოფილიყავი. ვგრძნობდი, რომ ეს ასაკოვანი ადამიანები თუ ახლა ასეთ ენერგიაზე იყვნენ, წარსულში უკეთესებიც იქნებოდნენ და ძალიან თბილ გარემოშიც გაზრდიდნენ შვილებს. აი, იმ შვილების ადგილას მინდოდა ყოფნა და რა მივიღე საჩუქრად ცხოვრებისგან. ფსიქოლოგი, უაზროდ დიდი შემოსავალი და ასეთივე სახლი. რა თქმა უნდა, მიყვარს ჩემი ოჯახი. მათ გამო თავს აუცილებლად გავწირავ და გავგიჟდები მათ რომ რამე დაემართოთ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ყოველი დღის რაღაც მომენტში ისინი ჩემ მიმართ ტოქსიკურები ხდებოდნენ და მე აღარ შემეძლო ამ ყველაფრის ფონზე იმის კეთება, რაც ყველაზე მეტად შემიძლია. ბევრი რამის ნიჭი სწორედ ამან ჩაკლა ჩემში. მორალურად მიმაჩნდა, რომ ოჯახი პირველი მხარდამჭერი უნდა ყოფილიყო, მე კი, სამწუხაროდ, ოჯახში თავს მხოლოდ ფინანსურ ტვირთად ვგრძნობდი.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ გზამ მტკიცე გამხადა. რაღაც მხრივ, მართლა კარგია, ამდენი რამ რომ მოვასწარი გამომევლო. რაღაცნაირად ეს ამდენი გულისტკენა და ჩაგვრა ჩემი კლასელების მხრიდან და გაგების ვერმიღება ოჯახიდან, ისეთ ბუშტად შეიკრა, რომელიც გავხეთქე და გავძლიერდი.
გამეღიმა.
ამ ადგილამდეც მოხვედი, ქეით დარსონ, ძლიერი ქალი ხარ. შენ ეს შეძელი.

**
- ღვინოს როცა სვამ, იცი, როგორ მინდა მაგ ფანჯარას მოგაგლიჯო?! - ხუმრობით და ნამძინარევი ხმით მეძახის თომასი.
- ოჰო, გაუღვიძია. -ოთახში ვბრუნდები.
- არ გინდა, სადმე მყუდრო სახლი იყიდო? რაში გაწყობს მრავალსართულიან კორპუსის ციხეში ჯდომა. გარდენია გიყვარს? შეგიძლია მოიწყო კერძო სახლში. მე კიდევ შემეძლება შაბათ-კვირა უკანა ეზოში ხორცი შეგიწვა. თუ ძალიან გამიმართლა, ჩემს ოჯახსაც მოვიყვან ხოლმე. -ეშმაკურად გამიღიმა.
- ესე იგი, ჩემი ვარდების კი არა, შენი ოჯახის გასანიავებელი ჯინი გჭირს, სულელო. -სიცილს ვეღარ ვიკავებ.
- მოდი აქ. -ნაზად მეუბნება და მიხუტებს. ასე მუდამ იქცევა, როცა გრძნობს, რომ საკუთარ თავთან ერთი დიდი საუბარი გადავიტანე და უნდა, თუ კი რამე არასწორი დასკვნა გამოვიტანე, გამიქროს.
- არ მეძინება, თომ...
- ვიცი, დი. -თმაზე მეფერება. - ეგ ფსიქოლოგი რამეში გშველის?
- წავა, რა. -თითქმის ვცრუობ.
- არ გინდა ხვალ ტბაზე წავიდეთ? თან შენი გეგმები განვიხილოთ და ცოტა ვიცურაოთ კიდეც?
- უარს გაგიბედავ? -ვეკითხები ეშმაკურად.
- თუ გეყოფა სითავხედე, მემ. -მეუბნება და უფრო ძლიერად მიხუტებს.

**
ასე ჩახუტებულებს დილამდე გვეძინა, მერე ისევ გამომეღვიძა და ჩანთების ჩალაგებას შევუდექი.
ჩემი სალაშქრო ჩანთა კარადიდან გაჭირვებით გადმოვაგდე და ჩემდა გასაკვირად, თან თაბახის ფურცლის ნაგლეჯი გადმოჰყვა. ზედ წარწერით „წერილი ჩემს თავს“ და წერილის პირველივე წინადადება: „გამარჯობა, ქეით, მე ქეითი ვარ და მე დამსხვრეული ვარ . . .“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent