ლურჯი ცის ფერი (თავი I)
‘იტირებენ... გამლანძღავენ... გამიბრაზდებიან... შევეცოდები... თუმცა არავინ ეცდება, გამიგოს!’ ქეთი დევდარიანი წ ი ნ ა თ ქ მ ა წარმოვიდგენ: ქვეყანას, ქალაქს, რომელიც მართლა არსებობს... სივრცეს... დროს... ადამიანურ ურთიერთობებს... სამყაროს... ღმერთს... წარმოვიდგენ: ცხოვრებას, რომელიც შესაძლოა სხვანაირად წარმოსადგენი ყოფილიყო, თუმცა ახლა ასეთი წარმომიდგენია... უფრო მეტად წარმოვიდნენ: მომენტებს, რომლებიც შესაძლოა მოხდა ან შესაძლოა, სხვანაირად მომხდარიყო... ანდა არასოდეს მომხდარა და მსურდა, მომხდარიყო... წარმოვიდგენ: ყველას, ვინც შესაძლოა არსებობდეს ან მე მსურს, რომ იარსებოს... ანდა არ არსებობს... წარმოვიდგენ იმასაც: როგორ შეიძლება არსებობდეს ეს ყველა, ჩემს წარმოსახვაში... წარმოვიდგენ: ჩემს თავს, ისეთს როგორიც ყოველთვის წარმომიდგენია... ანდა, ცოტა სხვანაირს, წარმოდგენისათვის შესაფერს... წარმოსახვა ფოტო აპარატის კამერას ჰგავს... მე წარმოვიდგენ ყველაფერს... შენც წარმოგიდგენ... სცადე და შენც წარმომიდგინე... წარმოგვიდგინე... ----------------------------------------------------------------------------------- ჩ ა მ ო ს ვ ლ ა შიშინებდა... ხრიხინებდა... ჰაერს ეპუებოდა, თითქოს ეჯიბრება და თუ დამარცხდება, ფრთებს დააცლიანო... ნელ-ნელა მიწისკენ მიისწრაფვოდა... სხვანაირად სუნთქვას იწყებდა, ერთ დიდ ოჰ-ს დავიძახებ და ამით ყველაფერი დამთავრდებაო, თუმცა... მეტად აშიშინდა... მეტად ახრიხინდა... მეტად შეეპუა ჰაერს, ფრთების შესანარჩუნებლად... წინ წაქანდა... სხეული მოადუნა... იგრნობოდა, რომ ამ დავარდნას ვერ აუვიდოდა... თითქოს მხოლოდ ამისთვის არსებობდა... თითქოს მხოლოდ ამისკენ მიილტვოდა... ერთხელ ღრმად ამოისუნთქა, ოჰ-ც არ დაუძახებია, ისე დაასკდა მიწის ზედაპირს... და როგორც იქნა მიწაზე დაჯდა... ყველა ფეხზე წამოიჭრა... შიგნით მყოფებმა, რომლებსაც ცოცხლად ყოფნის მადლიერების საკუთარი თავებისთვის გამხელა (ამჯერად) კიდევ ერთხელ მოუწიათ, ერთმანეთს ტაში შეაგებეს... ღიმი სახეზე მხოლოდ რამდენიმე წამით შენარჩუნდა, მალევე, ისე მოხდა, რომ მნიშვნელოვანი ადგილი ისევ თავიანთმა ხარახურამ დაიკავა... ამოდენა საცობი კოსმოსსაც კი შეურაცხყოფდა... ისინი ერთმანეთში შეტ....ჟილიყვნენ სენდვიჩის ფენებივით, სუნთქვა კი უკვე მთლიანად ჭირდა... წითელ კაბიან ქალბატონს, რომელსაც თასმა გახსნოდა, სკამებს შორის გასვლისას, ფეხი რამდენჯერმე წაუბორძიკდა... მის უკან მდგომი, ახმახი მამაკაცი რომ არა, წითელ კაბიანი ალბათ, კიდევ რამდენიმე წუთით გადაკეტავდა კოსმოსურ საცობს... სივიწროვის შემაშფოთებელმა შეხუთულობამ ადრე თუ გვიან მაინც გადაიარა... ახალ ჰაერზე გაჭრილი, პირდაღებული ჭრელტანსაცმლიანები, ირგვლივ თვალების ცეცებას ვერ წყვეტდნენ... გამგუდველად მოდიოდა საიდანღაც სუნამოთა ვარდისფერი სურნელება, რომელიც თითქოსდა ყველას ცხვირში უღიტინებდა, თუმცა არავის ადარდებდა... ერთი ჰაერიდან მეორე ჰაერში გადასახლება საერთოდაც არ იყო იოლი... ერთი ჰაერიდან უჰაერობაში გადასახლება კი კიდევ უფრო მეტად რთული... მფრინავი ბუნაგი კი უკან დარჩა თავისი კოპწია ფრთებითა და ოცნებებით... მიწაზე, უკან... საიდანღაც ისმოდა ქალაქის ხმები... მანქანები... ავტობუსები და გზები... გზები, გადახატული ქუჩებით... ჭრელი აივნები... ჩაკეტილ სახლთა აგურები, უმოწყალოდ რჩებოდნენ უკან... უკან რჩებოდა წარსულიც... უკან რჩებოდნენ წამებიც... ის ახალგამოჩეკილი წამებიც, რომლებიც წამიერად იმ წარსულის წამებს უერთდებოდნენ, რომლის წარმოსათქმელად წამებიც კი არ კმაროდა... სადღაც გაქრნენ სხვები... სხვები სხვათა სამყაროდან... სხვები სხვათა წარსულიდან... გაიფანტნენ და გზები... გზები, დაფენილნი, გულაღმა მწოლიარენი, უდრტვინველად იტანდნენ ჭრელტანსაცმლიანთა სიმძიმეებს, სიმძიმეებს, რომლებსაც მათი ცოდვები კიდევ უფრო ამძიმებდა... და ის აქ იყო... ამ წარსულების თითოეულ წამს ამოფარებული... ამჯერად ქორფა წამად გადაქცეული, გატრუნული სუნთქავდა ახალ ჰაერს... ის ჩამოვიდა... მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი მატარებელის თუხთუხი არც მოისმოდა... თითქოს რაღაცამ ჩაყლაპა, რაღაცამ შთანთქაო... დაფენილ ლიანდაგს მძაფრი მასაჟები ყელში ამოსდიოდა... მის წინ რამდენიმე ჭრელტანსაცმლიანი იჯდა, რომელთაგანაც ზოგიერთს მკვდარივით ეძინა, ზოგიერთი კი ფანჯრებიდან გასცქეროდა წარსულის წამებში ჩარჩენილ ხეებს, გადახატულ გზებს და ფერად აივნებს... ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ასევე შეუმჩნევლად რჩებოდა უკან მათი ფიქრები, მსგავსაც წარსულის წამებში ჩარჩენილი ხეებისა, გადახატულ გზებისა და ფერად-ფერადი აივნებისა... ის წრიალებდა... სწყუროდა კიდეც... ხელში დაკუჭულ ქაღალდს ატრიალებდა, რომელიც საცეცებიანი კონტროლიორისთვის ამაყად უნდა ეჩვენებინა, თუმცა მაინცდამაინც ამჯერად არ ჩნდებოდა შავ-ბნელი კუნჭულებიდან საცეცებიანი... მავანი ალბათ გრძნობდა მათ სამართლიან მყუდროებას უთუხთუხო მატარებლის ვაგონებში... ყრუდ უხურდა საფეთქლები მას... თვალები კი გაურკვეველი შიშისაგან ყოველ გაფაჩუნებაზე ავტომატურად ეღებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვებთან ერთად იყო... უკნიდან ვიღაცების ლაყბობა მოისმოდა... რაღაცას ისინი ერთი ტრაგედიით შემოეკრიბა... იმ საერთო ტრაგედიას კი ისიც შეერთებოდა... მგზავრობა გაუსაძლისი გახდა... მას ძილი მოერია... თმაგახუნებული ქალბატონი, რომელაც ხელში თხელი ლოცვანის წიგნაკი ეჭირა, მატარებლის ყოველი გაჩერების გამოცხადებისას პირჯვარს იწერდა, თითქოს რაღაც უხილავს აკავებდა... მასთან არ უშვებდა... თუმცა, მგონი, ის იმდენად გადაღლილი იყო, ნახევრად თვალებდახუჭულს, ფიგურები ერთმანეთში ერეოდა... მზეც სხვანაირი იყო, რომელიც თავისი სხვანაირი განწყობილებით დასავლეთის ცის კარიბჭესთან მიესვენებოდა... HD ხარისის სრულყოფილებამ მაინც ვერაფერი განაწყო... სხვანაირი მზე სმარტფონში იმავე წითელ ბურთულად ჩამახსოვრდა, როგორიც აქამდე იყო... ამან კი მას კიდევ უფრო გაუფუჭა განწყობა... ყრუდ მოკრუტუნე ძილისისპირული გაუმძაფრა... იქნებ, ხეები ეცადა, ანდა რკინიგზის დახვეული სადენები, რომლებიც გაცილებით ფოტოგენურად გამოიყურებოდნენ... ამასობაში მათი გაჩერების სახელწოდებაც გაისმა და... მას ერთ-ერთი მულტფილმიდან ფრაზა გაახსენდა, თუმცა მხოლოდ გულში გაეღიმა... ეს არც დიდუბე იყო და არც - ბიბუბე... ეს ნოივიდი იყო... მ ი ს ვ ლ ა ჰაერსაც თავისებური სუნი ჰქონდა... ბინები სხვანაირად იცქირებოდნენ... ხეები ოდნავ გადახრილიყვნენ და ფოთლებს არც თუ ისე მოწიწებით აშრიალებდნენ... მათ ხელში მძიმე ჩემოდნები ეჭირათ, ფეხზე ძლივს იდგნენ, ძალაგამოცლილები... ციდან მზე უკვე გაუჩინარებულიყო... მიუხედავად ამისა, ცა მაინც დილის მაკიაჟს ინარჩუნებდა... ისინი წინ მიდიოდნენ, თუმცა არც ერთმა იცოდა, სად მიდიოდა გზა... ‘მოდით ტაქსის მძღოლებს ვკითხოთო!’ - ბრძნული აზრი მოუვიდა ერთ-ერთს... ‘ჯობს, გუგული დეიდა მეპი დავიხმაროთო!’ - ამტკიცებდა მეორე... ‘ახლავე გაჩუმდით, არაფერი გვჭირდება, ტელეფონში მაქვს დამსაქმებლის მიერ ჩაწერილი ხმოვანი მიმართულებებიო!’ - გასაოცარი ალტერნატივა წამოჭრა სათვალიანმა გოგონამ... ბოლოს ისე მოხდა, რომ ტაქსის მძღოლმა და ვერც ხმოვანმა შეტყობინებამ დიდი ვერაფერი შედეგი გამოიღო... ისინი კითხვა-კითხვითა და ხმოვან-ხმოვანი შეტყობინებებით გაუდგნენ გზას... შემოხვდათ უცნაური სახლები... ჩაიარეს ხიდი... 15 კიბის საფეხურიც... ზებრაზე ავტომობილები სამი კილომეტრის მოშორებით აჩერებდნენ... პატრონთან ერთად მომავალ ძაღლს, შარვალ-კოსტიუმი ამშვენებდა... რაღაცით ყველაფერი საოცრად განსხვავებული და ამავდროულად - საოცრად მსგავსი... როგორც იქნა, გზა გასწორდა... ჩემოდანთა ბორბლების რახარუხსზე გზად შემხვედრები უსიამოვნოდ რეაგირებდნენ... ბიზონივით სქელმა ბიჭმა ინგლისურის ცოდნა დაიკვეხნა, ‘იქნებ, და ასე უფრო მარტივად გავიკვალოთ გზაო?’, თუმცა შემხვედრებს საცეცები მხოლოდ ნაცნობი სიტყვების გაგონებაზე ერხეოდათ... გზა წინ და მარჯვნივ მიდიოდა... შესახვევთან ისრის ფორმის ნიშანი დაერჭოთ, რომელიც სხვა ქუჩის დასაწყისზე მიანიშნებდა... და მან შეამჩნია, რომ ახლოს იყვნენ დანიშნულების ადგილთან... ფურცელზე დაიხედა, რომელშიც გარკვევით იყო მინიშნებული ბინის მისამართი... ‘დირ-დორ-ფერ შტრასე თორმეტიო!’ ... დაიყვირა, ვიღაცამ... აღმოჩნდა, რომ ისინი მართლაც დანიშნულების ადგილზე იყვნენ... ს ა ხ ლ ი და ს უ ნ ე ბ ი ასე გადაეწყვიტათ ვიღაცებს, რომლებიც ოდესღაც, ალბათ, რაღაცებზე უპირატესობას ფლობდნენ, რომ ეს სახლი აუცილებლად 12 ნომერი უნდა ყოფილიყო... ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, და მას მეხუთე კიბეზე ფეხის დადებისას, ცხვირში უსიამოვნო სუნმა შეუღიტინა... ექსვი, შვიდი, რვა, ეს სუნი მას ძველ, ხის სახლს აგონებდა, სოფელში, რომელშიც დარჩენასაც მას ახალი წლის დღეებში აიძულებდნენ... ცხრა, ათი... ბაგაბუგით გამოვიდა რამდენიმე ბიჭი ოთახიდან, რომელიც კიბიდან ხელ-მარჯვნივ მდებარეობდა... მან გაურკვევლად დაიწყო თვალებცეცება... თითქოს უკვე ნოსტალგია აწვებოდა, თითქოს უკვე სახლის მძაფრი სუნი იმ ახალი წლის ღამეებს ახსენებდა, სოფელში გატარებულს, რომელიც მას ყოველთვის ასე ძალიან ეზიზღებოდა... და რომ შეძლებოდა, ალბათ, ახლა იმ მომენტში, ამ ზიზღნარევი ახალი წლის დღეებს სიამოვნებით გაატარებდა სოფელში... თუნდაც სოფელში... ‘ზევითაც არის რამდენიმე ოთახი... წამო, ვნახოთო!’ - ხმაურით ავარდა ერთ-ერთი მესამე სართულზე. ‘ქვემოთ არ მოდიხართ, გუშინ ჩამოსულმა ხალხმა უკვე ყველაფერი ქვემოთ ჩაიტანაო!’... სამზარეულო ერთი შეხედვით ცუდი არ იყო, თუმცა საერთო იყო, რაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებდა საერთო სურნელებას... სამზარეულო ორი შეხედვით შავი სკამების, მაცივრის, გასახუხი აპარატის, კარადებისა და მაგიდისაგან შედგებოდა... სამზარეულო სამი შეხედვით სარეცხ მანქანასაც იტევდა, რომელიც მოგვიანებით, (როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა მასში ევროიანის ჩაგდებით იმედგაცრუება განიცადა), უბრალოდ საშრობი აღმოჩნდა... სამზარეულო ოთხი შეხედვით კი გაურეცხავ თეფშებს ნიჟარაში მოამწყვდევდა... და სამზარეულო ხუთი შეხედვით კი მხოლოდ გრძელი, განიერი და დარაბებიანი ფანჯრებით იყო გამორჩეული, რომლის მიღმაც ფერადი სახლები მოჩანდა... და ის სიჩუმის საოცარი შეგრძნებაც, რომელიც ირგვლივ ასე ჰაეროვნად ირხეოდა... და სახლის საშინელი სუნიც, რომელიც ამ შეგრძნებებს კიდევ უფრო ამძაფრებდა... და ის ახალი წლის ღამეები, ის საზიზღარი ღამეები... ‘რომელი ოთახი ჯობია? ქვემოთაც ხომ არ ვნახოთო?’ - დაუყვირა მას ქერათმიანმა... ცოტა არ იყოს, ქერათმიანი თავხედობდა... ეს სითავხედე კი ქერათმიანის აშვერილ, აყლონწილ და უვიც ვიზუალს, კიდევ უფრო გამაღიზიანებელს ხდიდა... ისინი ქვემოთაც ჩავიდნენ... ქვემოთ ცხელოდა... ვიღაც უკვე კარტოფილსაც წვავდა... ‘ჩვენ გუშინ ჩამოვედით, ძმაო, აქით ოთახები უკვე დანაწილებულიაო!’ - დაადასტურა ნაცრისფერშარვლიანმა, რომელსაც მაისური სპორტულში რიგიანად ვერ ჩაეტნია... ზემოთ ვიღაცები ხმაურობდნენ... ცხელ ოთახში უკვე მოესწროთ ოთხი ლოგინის ჩადგმა, გვედრით მწვანე ტუმბოებით... ერთ-ერთ საწოლზე ვიღაც გაშხლართულიყო, თითქოს მთელი დაღლილობის სტრესს იხსნიდა, თუმცა ისეთ სიცხეში და ჩახუთულობაში ორმაგად იღლებოდა... და კარტოფილს შეწვამდე აღარაფერი უკლდა... მას ძალიან შიოდა... თითქმის ერთი დღე იყო, რაც არაფერი ეჭამა... ‘ეი, თქვენ ბიჭებო, აქეთ უკვე მოეწყვეთ, ჩვენთვის ადგილი თავისუფალი აღარ არისო?!’ - იკითხა ქერთმიანმა, რომელსაც იმ წამსვე აუღაჟღაჟდა მოყვითალო ლოყები... ‘არა, ძამი, პირველი სართული უკვე დაკავებულია, რამე პრობლემა ხომ არ არისო?’ და ქერათმიანს კიდევ უფრო დააჩნდა აშვერილ, აყლონწილ და უვიც ვიზუალზე, ლოყების ასე შთამბეჭდავად აღაჟღაჟება... და ამის გაგონებაზე მას კიდევ უფრო მეტად შეუღიტინა სახლის სუნმა... თუ ეს შემწვარი კარტოფილი თავისებური სუნი იყო, რომელიც მას სიცხიანი ზაფხული დღეებს აგონებდა... ზაფხულის, რომელიც ყოველთვის მომაბეზრებლად გადიოდა, ხოლო მოგვიანებით კი მას ყოველთვის სანატრელ მოგონებად უტივტივდებოდა... ‘წამო, ზევით ავიდეთ, მესამე სართულიც ვნახოთო!’ - მხარზე ხელი დაჰკრა ქერათმიანმა მას... მას კი წამიერად მოუნდა, ქერათმიანის ხეპრე პერსონა იმ ცხელ ოთახში გამოეკეტა და თვალით არასოდეს ენახა... და შემწვარი კარტოფილი მისთვის არავის შეუთავაზებია... მიუხედავად იმისა, რომ მას ასე ძალიან შიოდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი სუნი მას ასე ძალიან ანდომებდა ტირილს... ჯ-ე ბ ი როგორც აღმოჩნდა, ოთახში 4 საწოლი იდგა... სამი მათგანი უკვე იკავებდა იქაურობას... ამბობდნენ, რამდენიმე მათიანი კიდევ დარჩა ჩამოსასვლელიო... სავარაუდოდ ამ ოთახში ერთი არაჩვეულებრივი ადგილი მასაც შეხვდებოდა, ფანჯრის ქვეშ... ის კუთხეში მოთავსდა კედელთან და კართან ახლოს... კარი მთლიანად მინის იყო, ამიტომაც გარეთ მყოფები, თვალნათლივ ხედავდნენ შიგნეულ საიდუმლოებებს... ზეწრები დაულაგებელი და აჩურჩნილი მიეყარათ... ‘ამის დედაც, ეს არის, ზეწრები და საბანი დაგხვდებაო?’ - გვარიანად შეიგინა ღიპიანმა, რომელსაც ყოველი ანერვიულებისას თვალები ეკარკლებოდა და ტუჩი რაღაცნაირად ზემოთ ეწეოდა... თურმე მხოლოდ მატრასებზე უნდა დაეძინათ... კიდევ კარგი, მას დიდი პირსახოცი ჰქონდა წამოღებული... ‘ზემოთ ადგილები აღარ არის, გოგოებმა დაიკავესო!’ - კარში შემოიჭრა ქერათმიანი... მან მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ ქერათმიანი მხრებში ოდნავ მოხრილიყო... შესაძლოა, განზრახ იხრებოდა... ‘ჩემს ახალ ძმა-ბიჭებს სათანადო პოზებით ხომ უნდა ვესაუბროო?!’... მესამე სართულზე ჩახუთულობა იყო... და მას როგორ შიოდა... მან მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ საფეთქლები უხურდა, პირში საშინელი გემო ჰქონდა და წამით თვალების მოხუჭვა უნდოდა... თუმცა შიშველი მატრასები და ქერათმიანის ლაყბობა... ‘წამო, ბიჯო, იქნება ქვემოთ ჯობდეს ოთახი, აქ ეს ტიპები რაღაცა არ მევასებიანო!’ - მას აღიზიანებდა, როდესაც ვინმე ასე განსაკუთრებით გამოკვეთდა ბიჯოს თქმისას - ჯ-ს და მევასებიან-ს იმავე წინადადებაში ჩააკვეხებდა... როგორ უნდოდა, მას ქერათმიანი ქვემოთ გაესტუმრებინა და მონარჩენი ხაჭაპურის ნაჭერი, რომელიც გუშინ გზად სახლიდან წინასწარ გამოატანეს, ერთიანად გადაეყლაპა... ქერათმიანი ცოტა ხანი ფეხს ითრევდა, თუმცა მალევე ქვემოთ ჩაბრახუნდა... და მან ხაჭაპურის ნაჭერი ეგრევე ამოაძრო პატარა შავი ჩანთიდან, რომელსაც გზად მარცხენა ჩამოსაკიდი საერთოდ მოსწყვეტოდა... საოცარი ნეტარება იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კუჭში არაფერში ჩასულიყო... მთელი პირის ღრუ აეწვა... ვერ გაეგო, ეს სიამოვნების ტკივილი იყო, თუ უფრო მეტად იმის, პირში სულ რაღაც 13,5 საათი რომ არაფერი ჩაეკარებინა... ‘ბიჯო, იგენი მაღაზიაში წავიდნენო!’ - ამობრაგუნდა ქერათმიანი... მას იმ მომენტში საერთოდაც არ აინტერესებდა ვინ, სად წავიდა, თუმცა ის კი ცხადი იყო, რომ ჯ-ების მოსმენა მთელი სამი თვე არ ასცდებოდა... და სწორედ ეს აღონებდა... ცოტა ხნით თვალი მოხუჭა... არ ადარდებდა, რომ იმ შიშველ მატრასზე აქამდეც ვიღაცას დაედო ზურგი... შესაძლოა, უფრო ბინძურს, ქეციანს, ოფლიანს ან ჭუჭყიანს... არც ის ადარდებდა, რომ ამ ნახევარფიქრებს მისთვის ალერგიული ქავილის გამოწვევაც შეეძლო... ახლა მას მხოლოდ ეძინებოდა... წყლის დალევის თავიც არ ჰქონდა, მიუხედავად მარილიანი ყველისა და პირის სიმშრალისა... არც ის გაუგია, ქერათმიანი რამდენჯერმე რომ ამობრუნდა მასთან ახალი ამბებით ისევ, თუმცა მძინარეს, ვერანაირი სიტყვა შეჰკადრა, მითუმეტეს ჯ-ებიანი... თვალი, რომ გაახილა პირდაპირ სმარტფონს ეცა... 10-ს უკლდა ოცი... და თუმცა გარეთ ბოლომდე მაინც არ ბნელოდა... ქერათმიანს მის გვერდით აერჩია საწოლი, ფეხი ფეხზე გადაედო და უშნოდ გაღიმებული, სმარტფონს ჩაშტერებოდა... ‘ბიჯო, იმგენმა ველოსიპეტები მეიპარესო!’ - ამჯერად ქერათმიანმა ჯ აღარ აკმარა... ტ-ც დაამატა და ზედ კიდევ - მეიპარეს... დ ი ლ ი ს მ ო ლ ო დ ი ნ შ ი ღამე საშინლად იწელებოდა... თითქოს ყველას უნდა სძინებოდა, მაგრამ არავის ეძინა... მესამე სართულიდან ხმები ჩამოდიოდა... ხელოვნურად კისკისებდნენ... ღიპიანი, რომელსაც ყოველი ანერვიულებისას თვალები ეკარკლებოდა და ტუჩი რაღაცნაირად ზემოთ ეწეოდა, სამზარეულოში გასული, ნადავლზე ტრაბახობდა: ‘ხედავთ, ჯერ ჩამოსული არ ვარ და უკვე ველოსიპედი მოვიპარეო!’... ამის გამგონე ქერათმიანს პირი ყეყეჩური გამომეტყველებით დაეღო, იმის იმედით, რომ ვინმე მიაწერდა ქურდობის ნადავლში მონაწილეობას... ‘მე გერმანიაში აქამდეც ვყოფილვარ, ბევრგან მიმუშავიაო’ - ამობდა მოკლეშორტიანი... ‘ეგ კი მარა, ფოსტაში მაგარ მაყუთს ხევენო!’... შემდეგ, მოჰყვნენ იმის მოგონებას, ყვავის-ჩხიკვის-მამიდა სად და როგორ მუშაობდა გერმანიაში... აღმოჩნდა, რომ ყვავს მაკდონალდსში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და საერთოდაც არ ყოფილა კმაყოფილი მაყუთით... ჩხიკვი თურმე მცხობელად განამწესეს სანაყინეში... თავად მამიდა კი რისი მამიდა იყო, რომ მანქანით ფოსტის წერილები არ ეთრია... ‘როგორც დამსაქმებელმა თქვა, ჩვენ ფოსტის საწყობში ვიმუშავებთ, თურმე მძიმე ყუთებიც იქნება, მარა 30 კილოზე მეტი არაო!’... თვალებმილულულს, მკაფიოდ მოხვდა ყურში უკანასკნელი სიტყვები... მისთვის აქამდეც ეთქვათ, რომ ფიზიკურად მძიმე სამუშაოზე მოუწევდა მუშაობა, თუმცა შარშანდელი გამოცდილების ფონზე, მას 30 კილოიანი ყუთების შიში სრულიად გაქრობოდა... ახლა მხოლოდ ის სურდა, სამზარეულოში მსხდომთ, საუბარი შეეწყვიტათ და მისთვის ძილი ეცდიათ... დამსაქმებლისგან იცოდნენ, რომ მეორე დღეს, სამსახურში 10 საათზე უნდა გამოცხადებულიყვნენ... სმარტფონი პირველს უჩვენებდა, მაგრამ ძილის ანგელოზები არსად ჩანდნენ... მას კი ძალიან შიოდა... მგზავრობისგან დაღლილს მაღაზიაში გასვლაც კი შეეზარა... უკანასკნელი ხაჭაპურის ნაჭერიც კი გამოთავებოდა... მუცელი უხურდა... დაღლილობამაც გაუარა, მხოლოდ შიმშილი აწუხებდა და ხვალინდელ დღეზე ფიქრი... თავი ასწია, ირგვლივ მოიხედა... ღიპიანი ხვრინავდა... ქერათმიანს ანთებულ მობილურზე ჩასძინებოდა... ის წამოდგა და სამზარეულოში გავიდა... იქ ღამის და სიგარეტის წუნი იდგა... გარდა ამისა, კიდევ იყო რაღაცის სუნი, რაც მისი ცხვირის მგრძნობიარე რეცეფტორებს აქამდეც შეეყნოსათ, თუმცა ნახევრადჩაძინებულზე, რთული იყო ამის გახსენება... მან მაგიდაზე პურის ფინჩხები შენიშნა და იქვე, გასახუხი აპარატიც, რომელშიც ერთი ნაჭერი პური გაჩხერილიყო... ის დაუფიქრებლად ეცა მარჯვენა ხელის თითებით პურის ნაჭერს და პირდაპირ პირში შეიგდო... ალალბედად, პატარა მაცივარიც გამოაღო... ღამე მართლაც სიურპრიზებით იყო სავსე... მაგრამ ის საშინელი სუნი... მაცივარში თხელი ლორის ნაჭერიც იპოვა, რომელსაც ვიზუალი უფრო უკეთესი ჰქონდა, ვიდრე გემო... ნამწვავის სუნი ქვემოდან მოდიოდა... ამას მოჰყვა ღრიანცელის მოჭარბებაც... ქვემოთა სართულს ჯერ კიდევ არ ეძინა... მას თითქოს კუჭიც დაუწყნარდა... ჭიქა წყალი დააყოლა... წყალი უგემური ეჩვენა... ახსოვდა, რომ თმის ცვენასა და კანის გამოშრობას იწვევდა... და იმ საშინელი სუნის სიმძაფრე, მგონი, უფრო მეტად ცხვირშესაცემი იყო... გადაწყვიტა, ოთახში დაბრუნებულიყო და ხვალინდელ დღეს გამოძინებული შეხვედროდა... მოკუჭული ნაჭრები, რომლებსაც ბალიშებად ასაღებდნენ, კიდევ უფრო მეტად მოკუჭა და თავქვეშ ამოიდო, ხოლო პირსახოცი კიდევ ერთხელ გადაასწორა ხელით და ლოგინზე მხოლოდ ამის შემდეგ დაწვა... ფიქრების გარეშე ჩაეძინა... შუა ღამით, ძილის დროს, გვერდის მოცვლისას, გაახსენდა, რომ იმგვარი სუნი ს ჰქონდა... დ ი ლ ა , ხ ი დ ი , ფ ე რ ე ბ ი თვალი რომ გაახილა, დარაბებს მზის სხივები მოსდგომოდა... ღიპიანს და ქერათმიანს ჯერ კიდევ ღრმად ეძინათ... რვა საათი სრულდებოდა... ზემოთა სართულიდან ხმები ჩამოდიოდა, ალბათ, უკვე გაეღვიძათ... ვიღაც ამობრაგუნდა კიდეც... ტყლშშშშშრუუუუ... უკანასნელი ხმა მოყვა ტუალეტის კარის გაღებას... ვიღაცამ საერთო დერეფანში გაიარა... ის ლოგინში ვეღარ მოიცდიდა, რადგან სხვები უკვე დედამიწის დაპყრობას იწყებდნენ... მოწესრიგების შემდეგ, ვიწრო დერეფანში, მესამე სართულის კიბეებთან, დიდი სარკის წინ დადგა... ზემოდან თეფშების ხმა ისმოდა... უნდოდა, მაღაზიაში გასულიყო, მაგრამ გზა არ იცოდა... ზოგიერთს ეძინა, ზოგიერთს კი საჭმლის მარაგი უკვე გააჩნდა... ახსოვდა, რომ ჩემოდანში საღეჭი რეზინი უნდა ჰქონოდა, რომელიც ჭორების მიხედვით, შიმშილის გრძნობას აქრობდა თურმე... დილა ჩვეულებრივი იყო... მზიანი, თბილი... განწყობა რაღაცნაირად უჩვეულო... ზემოდან ვიღაცები ჩამოვიდნენ ჩანთებითა და ფურცლებით ხელში... ‘რაშობი, არ მოდიხარო?’ - იკითხა მაღალმა მამაკაცმა, რომელსაც სახე ისე მოქცეოდა, ეტყობოდა, მხოლოდ სარგებლის მიღება სურდა სხვებისგან... ‘უკვე მივდივართო?’ - იკითხა მან... აღმოჩნდა, რომ რამდენიმეს ერთად წასვლა გადაეწყვიტა... შიმშილის ფონზე მასაც ერჩივნა სახლიდან გასვლა, იქნებ და, გზაში რაიმეს წასწყდომოდა... საჭირო ფურცლები აიღო და მათ გაჰყვა... ისინი საუბრობნენ ოჯახზე, ქალაქზე, ამინდზე, რაც ყველაზე მეტად ენატრებოდათ... ‘კი, მარა მთელი წელი აქ ჩამოსვლას ნატრობდი და ახლა, რა გაწუწუნებსო?’ - ეუბნებოდა ერთი მეორეს... მაგრამ მას მართლაც უნდოდა სახლში დაბრუნება... გზა გრძელდებოდა... ისინი გაუჩერებლად მიაბიჯებდნენ... მიმოფანტულიყვნენ... უკან რამდენიმე მათგანიც წამოეწიათ, ქერათმიანის ჩათვლით... ქერათმიანი ვიღაცას გვერდით ამოუდგა და ლაყბობას შეუდგა... ‘ტელეფონში გზაც მაქვს მითითებული, რაღაც ხიდს რო მივადგებით, იქიდან ახლოს არისო!’ - ამბობდა სათვალიანი გოგონა... ხიდი ჯერ არსად ჩანდა... მანქანები ნელ-ნელა მოძრაობდნენ... გზაში რაღაც ხმები ისმოდა, თითქოს ზებუნებრივი, თითქოს უჩვეულო... მას რაღაც ფიქრები უტრიალებდა ‘ვაი და კიდევ გამომაგდონო?!’... შარშანდელი ჯერ კიდევ მძიმედ ჩარჩენოდა... ‘დაინახეთ, ვიღაც კაცს ფეხზე არ ეცვა და ცეკვავდაო?!’ - წამოიყვირა ქერათმიანმა... ქერათმიანი ყველას შესჩენოდა... ხან ვის დაუწყებდა ლაპარაკს, ხან კი - ვის... გზად არავის ასვენებდა... უკნიდან ველოსიპედებიანები წამოეწივნენ... რამდენიმე ბიჭმა, რომელთაც სიცხისა და ეგოიზმისაგან სახე წამოსწითლებოდათ და პირები უაზროდ დაეღოთ, ველოსიპედებიანებს საუბარი გაუბეს... ‘გუშინ საღამოს ვიჩალიჩეთო!’... ‘ჯერ არ ჩამოსულან და უკვე ქურდობა დაიწყესო!’ - წყრომით ჩაილაპარაკა ლამაზმა ქალბატონმა, რომელიც სათვალიან გოგოს გვერდიდან არ შორდებოდა... ველოსიპედებიანები წინ გაიჭრნენ... ‘დაგველოდეთო!’ - დაიყვირა ქერათმიანმა ქალბატონმა, რომელსაც კატის მსგავსი სახე ჰქონდა და ეტყობოდა, რომ კატასავით გაიძვერა იყო... თუმცა ველოსიპედებიანებს უკან არ მოუხედავთ... ‘ხიდის იქით ვეღარ წავლენო’... ყველამ იცოდა გზა ხიდამდე... არავინ იცოდა, რა ელოდათ მათ ხიდს იქით... ‘ბიჯო, არ გინდა ველოსიპეტები ჩვენც ვიჩალიჩოთო?’ - გაიცინა ქერათმიანმა, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ვინმეს აიყოლიებდა... მან ჩვეულებრივ დააიგნორა ქერათმიანის მორიგი ლაყბობა და სიჩუმით მოიშორა... ‘ფორმებსაც მოგვცემენო?’... წინ სიმწვანე მოჩანდა... ‘ალბათ, ჰოო... აბა, ჩვენი ტანსაცმლით, ხოარ ვიმუშავებთო?’... სამსართულიანმა სახლმა, რომელსაც კოშკის ფორმისა და აივანზე წამოსკუპული მანეკენის გამო რაპუნცელის კოშკი დაერქვა, უკლებლივ ყველა დაატყვევა... ‘30 კილო სულ არა ვარ, ამდენ პაკეტს რა ამაწევიებსო?!’ მაშინვე ყველამ ფოტოების გადაღება დაუწყო რაპუნცელის კოშკს... ‘დამსაქმებელმა თქვა, ძალიან მძიმე პაკეტები არ იქნებაო!’... აღმართიც წამოიმართა... შემდეგ, ხეებიანი დაღმართი... რამდენიმე მანქანამ გვერდი აუარათ... და ოქროსფერი, ნათელი ყანები... პურის თავთავები... ოქროსფერი მინდვრები... ‘ეეფცჩიუუუ!’... ‘Gesundheit-ო!’... გაახსენდა, რომ ალერგია ჰქონდა, რომელიც კილომეტრებიდან აღწევდა... ყველაფერი ოქროსფერი იყო... უკან კი მწვანე ხეები რჩებოდნენ... გზას მზე აცხუნებდა... სიჩუმეს ველოსიპედების ზართა წრიკინი არღვევდა... ‘აი, ხალხო, ხიდიო!’ - წამოიყვირა ერთ-ერთმა... ერთი ჩვეულებრივი ხიდი იყო, რომელზეც ფურგუნიანი მანქანები დაგუგუნებდნენ, არადა ასოციაციბი მანამდე სხვას იუწყებოდნენ... და ისინი ხიდის ქვეშ გაძვრნენ... სახეზე ნიავმა შემოუფრინა... რამდენიმე ველოსიპედიანი იქვე ჩამომჯდარიყო, იფურთხებოდა... ‘ამის მერე, მგონი, პირდაპირ მივდივართ, ნაგვის ქარხნის შენობა უნდა გამოჩნდესო!’... პურის ყანები არ მთავრდებოდნენ... ოქროსფერები... ისინი მის ქვეცნობიერში მონატრებას აღვივებდნენ... ალბათ, დღის შემდეგ, ოქროსფერი და ყვითელი, მხოლოდ მონატრების ფერი იქნებოდა მისთვის... ‘აუ, აქ შევხტები და ფოტო გადამიღეთო!’ - აკისკისკდა კატის სახიანი ქალბატონი და პურის თავთავები გადათელა, თუმცა ფოტო არავინ გადაუღო... ყანები, ოქროსფერები... ‘იქნება გავიკითხოთ, აქედან, ნეტა შორიაო?’... მოქანცულიყო მაიმუნისსახიანი... ვიწრო, ეკლებიან ბილიკზე, მკვეთრად დამჩნეულიყო ველოსიპედის ბორბალთა კვალი... ისინი შორს გაჭრილიყვნენ... ‘ხომ ვუთხარით, დაგველოდეთთქო?!’ - ჩაიწუწუნა ლამაზმა ქალბატონმა, რომელიც სათვალიან გოგონას გვერდიდან არ შორდებოდა... შეუმჩნეველი დაღმართი დაიწყო... უცნაური სუნიც მომძლავრდა... ოქროსფერებმა თვალთახედვა გადაავსეს... მას პირი გამოშრობოდა... საბედნიეროდ, წყალი თან ჰქონდა... ‘ბიჯო, როდის მივალთო?!’ - ამჯერადაც არ დაიშურა ქერათმიანმა თავისი ჯ-ები... ‘მგონი, უკვე მივედითო!’ - დაიძახა ვიღაცამ უკნიდან... თურმე მაიმუნისსახიანს ყვითელი მანქანა დაუნახავს, წარწერით DHL... მალე გაქრნენ ოქროსფერები... თვალს ამჯერად წითელი, ყვითელი და შენობის ნაცრისფერი მოხვდა... ფერები, ოქროსფერები... და ხიდი... და დილა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.