შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა - 4


13-01-2021, 21:08
ავტორი ემილიანე
ნანახია 1 523

ვხვდებოდი, როგორ მექაჩებოდა ცხოვრების ახალი ეტაპი თავის ფერხულში ჩასაბმელად, თუმცა მე ამისთვის ბოლომდე მზად ჯერ არ ვიყავი. ბევრი სიახლე ერთდროულად დამატყდა თავს და ვაღიარებ, შეგუება ცოტა არ იყოს მიჭირს. ზოგადად, ისეთი ადამიანი ვარ მიჩვეულზე გადაჩვევა მიძნელდება. ჩემი ძირითადი სამყარო სკოლა და კლასელები იყვნენ. ახლა კი, იმდენი ახალი პიროვნება გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ცოტა ავირიე. თუმცა ყველაფერს დავძლევ, უბრალოდ დრო მჭირდება.
თაკოსთან დაახლოებით 2 საათი გავატარე. ბევრი ამბავი მომიყვა თავისი ცხოვრებიდან. ისეთი გულწრფელობით მიყვებოდა, მიკვირდა. მე კი ვიცი, რომ სანდო ადამიანი ვარ, მაგრამ ის რატომ მენდობოდა ასე ? მე თვეები მაინც მჭირდება იმისთვის, რომ ადამიანთან ჩემს პირადზე საუბარი დავიწყო, ზოგი კი მართლა მაკვირვებს, რა გულღიად შეუძლიათ საუბარი. ძირითადი სასაუბრო თემა ბიჭები იყვნენ. თინეიჯერობიდან დაწყებული, თუ ვინმეს მოსწონებია უკვე ყველას სახელები ზეპირად ვიცოდი. მე კი, დიდად არ მხიბლავს როცა ახალ გაცნობილ გოგონასთან ბიჭების იქეთ სასაუბრო ცოტაა. ყველაზე უინტერესო თემაა ჩემთვის. როგორც უკვე მიხვდებოდით, ბიჭებთან საერთო ენას დიდად ვერ ვპოულობ. უფრო სწორად, არც ვცდილობ. როგორც კი ჩემ მიმართ ვინმე ყურადღებას გამოიჩენდა, ავტომატურად ვბლოკავდი და ახლოს მოსვლის საშუალებას არ ვაძლევდი. ამიტომ, სიმართლე გითხრათ ვინმე მოსულიყო, პირისპირ დამდგომოდა და ეღიარებინა რომ ვუყვარდი, მსგავსი პრეცედენტი არ მახსენდება. სკოლაშიც „უკარებას“ მეძახდნენ. ლაივში იცით როგორიც ვარ. სოციალურ სივრცეში პასუხს არავის ვცემდი და შესაბამისად ეს ზედმეტსახელიც შემერქვა. არ ვიცი ასე რატომ ვიქცეოდი, მაგრამ ჩემი ინტერესის სფერო არავინ არ იყო. ყველა ზედმეტად პრიმიტიულად მეჩვენებოდა. მე უფრო ღრმა ადამიანები მომწონს.
- შენზე არაფერს მომიყვები? - ჩამეძია თაკო.
- დამისვი კითხვები და გიპასუხებ.
- აი, მაგალითად. როგორი ბიჭები მოგწონს? - ისევ ბიჭები. უკვე დავიღალე.
- სიმართლე გითხრა ამაზე არასდროს მიფიქრია, თუმცა შემიძლია ჩამოგითვალო როგორები არ მომწონს. უშველებელი სია მაქვს - გაგვეცინა ორივეს.
- გიგის რას უწუნებ ? ეგ ბიჭი გუშინაც მომხვდა თვალში. საკმაოდ სიმპათიურია. გავიცანი კიდეც. ამიტომ იცოდა დღეს ჩემი სახელი.
- არც მომწონს და არც ვიწუნებ. უბრალოდ ჩემთან ნეიტრალურად იყოს. აბეზარი ხალხი არ მიყვარს.
- რას გულისხმობ ?
- დილით ვხატავდი და თავზე დამადგა. გამოლაპარაკებას ცდილობდა, მაგრამ არ ავყევი და წამოვედი.
- კარგი რა ! ნეტავ ჩემთან მოსულიყო , მე არ გავიქცეოდი გიგი - წაიწუწუნა სიცილნარევი ხმით. მივხვდი რომ მე და თაკო ამ თემაში აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსზე ვიყავით. ამიტომ თემა გადავიტანე.
- უნივერსიტეტი მოგწონს?
- კი, ძალიან. სიტუაციაც, ბავშვებიც. ვინც გავიცანით ჯერჯერობით ლექტორებიც კარგები არიან, მაგრამ რაღა დაგიმალო ვიბლიანის მეშინია. - მისი გვარის მოსმენისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა. უცნაური გრძნობა იყო. ვერ ვიტყვი, რომ მისი მეშინოდა, მაგრამ რაღაც უცნაურს კი ნამდვილად ვგრძნობდი. - მის ლექციაზე 1 საათით ადრე მოვალ მგონი. თან კარგად უნდა ვიმეცადინო, თორემ ეჭვი მაქვს მაგრად გაგვწურავს.
- კი, მოახერხებს. დარწმუნებული ვარ. - სახლში წამოსასვლელად გავემზადე. დღეისთვის საკმარისი იყო. სხვადასხვა მხარეს ვცხოვრობდით, ამიტომ მეტრომდე მარტო წავედი. ჩემი განუყოფელი ნაწილი-ყურსასმენები, მოვიმარჯვე და გზას გავუყევი. სასიამოვნო, თბილი სიო ქროდა და თმას მიფრიალებდა. ჩემს საყვარელ მუსიკას ვუსმენდი. (The Czars – Drug ) სადღაც, შორეულ ფიქრებში მივყავდი. მიყვარს როცა მუსიკას ვუსმენდი და ასე ვუყურებდი გარესამყაროს. თითქოს, ყველაფერი უფრო განსაკუთრებული მეჩვენებოდა.
ვიბლიანზე დავფიქრდი... მის პიროვნებას ვერ ვხსნიდი. უხეში, გოროზი, ამპარტავანი, ყეყეჩი.. ბევრი სიტყვით შემიძლია „შევამკო“, თუმცა არის ხოლმე მომენტები, როცა მაოცებს. თუნდაც, როცა თაკო ლექციაზე შემოიყვანა, დღეს მოვიდა და როცა მეგონა მთელ უნივერსიტეტს შეყრიდა, მომიბოდიშა. თუმცა ბოლოს საშინლად ცივი მზერით შემომხედა და გარეთ შურდულივით გავარდა. ეტყობა რომ ძალიან ინტელექტუალური და ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ საზიზღარი თვისებები აქვს. რატომ გადავეყარე საერთოდ ამ კაცს? ამ ყველაფერზე მარის აზრს როდის მოვისმენდი ერთი სული მქონდა.
- ემიკო, მგონი ამ კაცს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს - როგორც კი სახლში მოვედი, დედას მივესალმე, დღევანდელი ამბები უცებ გავცვალეთ და ეგრევე მარისთან გავიქეცი. ის ფსიქოლოგიაზე სწავლობს და ყველაფერს ამ კუთხით უდგება, ამიტომ არცაა გასაკვირი საუბარი პირდაპირ ასე რომ დაიწყო, ყველაფრის მოსმენის შემდეგ. - ასე მგონია რაღაც ტრავმა ექნება გადატანილი და მასში ორი პიროვნება ებრძვის ერთმანეთს. არის რაღაც ძალა, რაც მას საშუალებას არ აძლევს გულღია იყოს. ეს მისი ცივი იმიჯი თითქოს ფარია. - ამ ყველაფერს ისეთი სერიოზული სახით ყვებოდა და იმდენად იყო როლში შეჭრილი ისტერიკული სიცილი ამიტყდა. საპასუხოდ რაც მოხვდა პირველად ხელში, ყველაფერი მესროლა - ტელეფონი, ბალიში და ბოლოს ჩუსტიც კი.
- გოგო, შენ ძალიანაც კი ნუ შეიჭრები ფიქრებში - სულს ძლივს ვითქვამდი. - რა ტრავმა ? ტიპი ჩვეულებრივი დესპოტია, რად უნდა ამდენად ჩაღრმავება ?
- გეუბნები მე შენ, ქალბატონო ემილიანე. ნახავ თუ მართალი არ აღმოვჩნდები.
- ჰო, აი. ირაკლი ვიბლიანს მეტი საქმე კი არ აქვს დამიჯდება და თავის ცხოვრებაზე მეჭორავება. - სიცილისგან ცრემლებს ვიწმენდდით.
- ნახავ თუ არა. ყველაფერი ნელ-ნელა გაიხსნება.
- ჰო, ამასობაში შენ ფსიქოლოგიც გახდები და მერე ვურჩევ კარგ ადგილს სადაც აბრაზე გარკვევით ეწერება „ ფსიქოლოგი - მარიამ მჭედლიძე “. იქნებ თავისნაირი შერეკილი მეგობრებიც ჰყავდეს და იმათაც ურჩევს, შენთან რომ მოვიდნენ.
- ემიკო, ჩუსტი არ გეყო მგონი. - გაიბუტა და ზურგი შემაქცია.
- კარგი, კარგი. ნუ მიბრაზდები. ოღონდ შენ არ გაიბუტო და ტრავმა რომ არ ჰქონდეს გადატანილი ცხოვრებაში, აწი დავმართებ. - თავისი ჩვეული კისკისი ატეხა და „შემირიგდა“.
- პატარა ტრავმებს უკვე აყენებ. აწი უარესებს ველი შენგან - თქვა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
- ვეცდები - იმ საღამოს სულს ვერ ვითქვამდით, იმდენი ვიცინეთ. ვიბლიანი თან კარგი საჭორაო, თან ძალიან დამაფიქრებელი ადამიანი გახდა ჩემს ცხოვრებაში. მარისგან რომ გამოვედი, სამეცადინოს ჩავუჯექი. მეორე დღეს „ბატონი აისბერგის“ სემინარი მქონდა ჩასაბარებელი. კარგად უნდა მოვმზადებულიყავი ფსიქოლოგიურადაც და მასალაც უნდა მცოდნოდა. გავათენე ლამის, იმდენი სამეცადინო იყო. თუმცა ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი.
პარასკევს, უკვე ჩვეული რუტინა შევასრულე. ვიბლიანის სემინარი 12 საათზე მქონდა, მაგრამ 11ზე უკვე იქ ვიყავი. მერჩივნა იქვე გადამეხედა მასალისთვის, ჩეპე არ მინდოდა დამმართნოდა. ვაი და დამგვიანებოდა, ვიცით უკვე რა „შემწყნარებელიც“ იყო ამ საკითხში. სემინარის დაწყებამდე, თაკომ დამირეკა ერთად შევიდეთო, მეც შესასვლელთან დაველოდე და აუდიტორიაში ერთად ავედით. ძალიან ნერვიულობდა.
- ალბათ, ბევრ დამაბნეველ კითხვას მოგვაყრის.
- რაც მასალაში იყო ვისწავლე და სასწაულს ნუ მოგვთხოვს. - ვეცადე დამემშვიდებინა. - ჩვეული, გოროზი სახით შემოვიდა, ცივად მოგვესალმა და სიის ამოკითხვა დაიწყო. თითოეული სტუდენტის სახელისა და გვარის ამოკითხვისას თავს მაღლა სწევდა, რომ ყველა დაემახსოვრებინა.
- ბერულავა თამარი.
- ვარ - უპასუხა თაკომ.
- როგორც ჩანს, შენიშვნამ გაჭრა თამარ - უთხრა ნიშნისმოგებით. თაკო ისედაც ნერვიული იყო, როგორც შევამჩნიე და ეს რომ უთხრა დაიბნა. ხმა აღარ ამოუღია. მე უპასუხოდ ვიცი, ვერ დავტოვებდი. რაღაცას მაინც ვეტყოდი. თუმცა ჯერჯერობით ჩემსა და ვიბლიანს შორის სიწყნარე იყო.
- გელოვანი ემილიანე.
- ვარ. - მე და თაკო, როგორც ჩანს სიაშიც ერთად ვიყავით.
- ადვოკატი გვერდით გყოლიათ, თამარ. - ჩაილაპარაკა ირონიულად.
- ის, რომ თანასწორუფლებიანობის მხარეს იჭერ, არ ნიშნავს რომ ადვოკატი ხარ.- გამოვცერი ცივად. გაიგონა, თუმცა არ ამყვა. ძალიანაც კარგი. სრული სია ამოიკითხა და გამოკითხვა დაიწყო. ერთხელ ამოკითხული სიით, უკვე ყველას სახელი და გვარები დაიზეპირა და თუ ვინმეს გამოიკითხავდა ყველას სახელით მიმართავდა. ჩემამდე ყველაზე ბოლოს მოვიდა. თუ რაიმე კითხვის დასმა შეიძლებოდა, ყველაფერი დამისვა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით „გამწურა“. ყველაფერზე გავეცი პასუხი. ბავშვები დაბნეულები იყვნენ, ზოგმა 1 კითხვასაც ვერ გასცა პასუხი, ან თუ გასცა აზრი ბოლომდე ვერ ჩამოაყალიბა. ზოგმა უპასუხა, მაგრამ 5დან სამს, მაგალითად. მე გაცილებით მეტი კითხვა დამისვა, ვიდრე სხვებს. აღარ ჩუმდებოდა. ბოლოსდაბოლოს, შემეშვა და მეც ამოვისუნთქე.
- ყოჩაღ, ყველაფერს კარგად უპასუხე - გადმომიჩურჩულა თაკომ. შენიშვნამ არ დააყოვნა.
- მგონი, გასაგებად ვთქვი, რომ ვერ ვიტან ლექციაზე გადალაპარაკებას. - თქვა მკაცრი ტონით. მე ძლივს გავიგონე ისე ჩუმად მითხრა და რა ხელი შეუშალა ნეტავ სემინარის მსვლელობაში? ეს კაცი უკვე ძალიან მაღიზიანებდა. ჟურნალთან დაჯდა და ყველას ქულა სათითაოდ გამოგვიცხადა. 3 ქულიანი სემინარიდან ძირითადად ყველას 0 დაუწერა, მხოლოდ რამდენიმეს - 1, მათ შორის თაკოსაც.
- მხოლოდ გელოვანს ექნება 2 ქულა. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს დარჩეს.- სემინარის დრო ამოიწურა. ყველამ დატოვა აუდიტორია. ვინ გაუბედავდა ბატონს საყვედურის თქმას.
- გავიდეთ, ემილიანე - მითხრა თაკომ.
- შენ წადი და გამოვალ. - მხოლოდ მე და ვიბლიანი დავრჩით აუდიტორიაში. სახეზე ისეთი კმაყოფილება ეტყობოდა, თითქოს სპეციალურად გააკეთაო.
- გისმენთ, ემილიანე.
- ვერ ვხვდები და ამიხსენით რატომ მიწერთ 2 ქულას - მძიმედ წამოვდექი და პირდაპირ მის წინ დავდექი, ამაყად. ისიც წამოდგა სკამიდან და ზევიდან დამხედა. ცოტა არ იყოს შევკრთი და ვინანე კიდეც, დავჯერებოდი 2 ქულას-თქო.
- იმის კვალობაზე, რომ ჯერ 2 ქულა არც კი დამიწერია სემინარზე, მგონი კმაყოფილიც უნდა იყო.
- უკაცრავად ? როგორც გითხარით, სტიპენდიაზე მქონდა პრეტენზია. ამიტომ, როცა მთელი მონდომებით ვიმეცადინე თქვენი სემინარისთვის, არ გაქვთ უფლება, დამაკლოთ ქულა. ან ამიხსენით მაინც რატომ მაკლებთ, შემდეგისთვის რომ გამოვასწორო.
- შემდეგისთვის, გაითვალისწინე, პატარა ქალბატონო, რომ ლექტორს ზედმეტი არაფერი უნდა უთხრა და არაა აუცილებელი ყველაფერს პასუხი გასცე.
- ანუ, მხოლოდ იმის გამო მაკლებთ ქულას, რომ თამარის ადვოკატი არ ვარ-მეთქი გითხარით?
- მხოლოდ ამიტომ, რა თქმა უნდა არა. ეს 2 ქულა შენთვის მოტივაცია იყოს, იმისთვის რომ სამამდე ახვიდე. უფრო მეტი მოინდომო და მეტი იმუშავო საკუთარ თავზე.
- მე საკუთარ თავზე იმაზე მეტს ვმუშაობ და იმაზე მეტს ვაკეთებ ვიდრე გგონიათ. ამიტომ, იცით რა? ადექით და საერთოდ გაანულეთ. არ მჭირდება თქვენი დამადლებული ქულა. რაც მთავარია, ცოდნა მრჩება და გამოცდაზე, როცა ნაშრომის ავტორის ანონიმურობა დაცული იქნება და ვერ გაიგებთ, გელოვანის რომელია, იმედია ამ დროს მაინც, ობიექტური იქნებით. - ერთ ამოსუნთქვაში მივახალე სათქმელი.
- ლექციაზე გაგვიანდება. - მითხრა უკმაყოფილოდ. მანაც იცოდა და მეც, რომ ჯერ 5 წუთი მაინც ჯერ კიდევ მქონდა, მაგრამ ამით თითქოს მომიშორა.
- თქვენ მაგაზე ნუ ღელავთ, ზოგიერთისგან განსხვავებით სხვები 15 წამით დაგვიანების გამო, კარს მიღმა არ დამტოვებენ. - ვუთხარი მწყრალად და კარი ხმამაღლა გავიჯახუნე. აქაც კი გამოვძებნე საშუალება „მეკბინა“. გავცეცხლდი. თავს არ ვიქებ, მაგრამ მართლა კარგად ჩავაბარე და თურმე მხოლოდ იმიტომ დამაკლო, რომ მოტივაცია არ დამეკარგოს. იდიოტი ! ჩემი ნება რომ იყოს ახლავე გავგლეჯდი შუაზე. თუმცა, პასუხიც საკადრისი გავეცი. ახლა, თუნდაც გაანულოს და აქტივობაში სემესტრის ბოლოსაც 0 დამიწეროს, მაინც ჩავაბარებ.
ლექციაზე, რა თქმა უნდა, არ დამიგვიანია. პირველივე მერხთან დავჯექი, თაკო სასწრაფოდ მოვიდა ჩემთან, რა გითხრაო. არ მინდოდა ამაზე ვრცლად საუბარი. მისთვის არაფერი მომიყოლია, რა ინციდენტებიც დამემართა ვიბლიანთან.
- არ ვიცი, საფუძვლიანი მიზეზი ვერ მითხრა რატომ დამიწერა 2 - მხოლოდ ეს ვუთხარი. ვიბლიანზე, დედაჩემთანაც კი არ ვსაუბრობდი. მხოლოდ მარიმ იცოდა და სრულიად საკმარისი იყო ეს ჩემთვის. ლექციაზე, ცოტათი გაფანტული ვიყავი, იმდენად მახრჩობდა ბოღმა.
როგორც იქნა ეს დღე ჩამთავრდა და სახლში წამოვედი. უნივერსიტეტთან არც თუ ისე შორს ვცხოვრობდი და გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა. თანაც, სამეცადინოც არაფერი მქონდა და შემეძლო დრო სეირნობისთვის დამეთმო. ამისთვის, შაბათ-კვირა წინ მქონდა. სახლში მოსვლას დაახლოებით 2 საათი მოვანდომე. ნელ-ნელა მოვდიოდი და პარალელურად ბევრ რამეზე ვფიქრობდი. საფიქრალი არ მელეოდა. ვღელავდი ამ სემესტრის აკადემიურ მოსწრებაზე. ვიბლიანი თუ ასე გააგრძელებდა, ნამდვილად გამიფუჭებდა საქმეს. ვღელავდი, ახალ სამსახურზეც, რომელსაც უკვე ორშაბათიდან ვიწყებდი. დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე, თუმცა სხვა გზა არ მქონდა, ეს ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. დამხმარედ რომ დავიწყებდი მუშაობას, არ მომიწევდა სრულ განაკვეთზე ყოფნა. ამიტომ დავინტერესდი ამ ვაკანსიით, იმიტომ რომ მე პარალელურად უნდა ვისწავლო. ლექციების და სემინარების გაცდენა თუ მომიწევდა, არ მაწყობდა. მაქსიმუმ 2 საათზე მე ყველაფერს ვამთავრებდი და ამის შემდეგ პირდაპირ სამსახურში წავიდოდი და დაახლოებით 7 საათამდე ვიქნებოდი. ვიცი, რომ რთულია, როცა მთელი დღით გადაღლილს ამდენი სამეცადინო გელოდება, მაგრამ რას ვიზამთ. ეს ჩემი გზაა, ღირსეულად უნდა გავიარო.
ფიქრებში გართული სახლს ისე მოვუახლოვდი ვერც გავიგე. გასეირნებამ მიშველა. ნეგატიური ფიქრები გონებიდან განვდევნე. იმ წყეულ ზებრაზე გადავდიოდი, როცა წამიერად გაჩერებული მანქანებისკენ გავიხედე. „KI-007-NG”-დან დაჟინებული მზერა ვიგრძენი, ხელით მანიშნა „გზა შენიაო“. კიდევ ერთი დამთხვევა. თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე და ზებრა გადავჭერი. როგორც ჩანს, სადღაც აქეთ ცხოვრობს. იმედია ამ ზებრაზე ერთმანეთს აღარასდროს გადავეყრებით.
- ეს კაცი სულ რატომ უნდა მხვდებოდეს. რა ჯანდაბაა? - ბურდღუნით მივდიოდი. ვინმეს რომ დავენახე იფიქრებდა გიჟია, საკუთარ თავს ელაპარაკებაო. ამ სეირნობით მეგონა ნეგატიური ენერგიები ჩემგან განვდევნე, თუმცა ვიბლიანის დანახვისთანავე ისევ ცუდ განწყობაზე დავდექი. ეს კაცი ჩემზე უარყოფითად მოქმედებს.
სახლში როგორც კი მივედი, ვჭამე და მარის გავაკითხე. დედას უკვე პირველი მოსწავლე მიეღო და ამეცადინებდა. ხელს ისედაც არ შევუშლიდი, მაგრამ გაცლა ვამჯობინე, თან მარის ნახვაც მინდოდა. ჩემდა გასახარად, სახლში დამხვდა.
- არ გინდა გარეთ გავისეირნოთ? - შევთავაზე მე. იმდენად სასიამოვნო ამინდი იყო, სახლში ყოფნა არ მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად ვისეირნე. მარიც დამთანხმდა და გავედით.
- აბა, მომიყევი დღევანდელი ამბები. - ჩამეძია ინტერესით - სემინარმა როგორ ჩაიარა?
- 2-იანი მაჯახა. არადა 3 მეკუთვნოდა.
- მაგ კაცისგან ეგეც კარგია.
- კი, მეგონა რომ 0-ს დამიწერდა, მაგრამ თუ მიწერ ქულას, ბარემ ობიექტურად შემაფასე. მართლა კარგად გავეცი ყველაფერს პასუხი. პრეტენზია რომ გამოვთქვი, ასე მითხრა მოტივაცია უფრო მეტი რომ გაგიჩნდეს იმიტომო. ბარემ რახან გამახსენდა, ონლაინ ჟურნალი უნდა შევამოწმო. - ტელეფონი ამოვიღე და უნივერსიტეტის საიტზე შევედი. სადაც სამოქალაქო სამართლის გრაფაში ერთიანი ეწერა. ისე გავბრაზდი ლამის ტელეფონი გავტეხე. - ეს კაცი ნამდვილი გველია. ხომ დამიწერა 2 ქულა, ახლა რატომ ჩამომაკლო.
- იქნებ შეეშალა.
- მაგას არაფერი შეეშლებოდა, განზრახ დამიწერა. ეს როგორ მოვუთმინო?
- ამ კაცთან დაპირისპირება აშკარად ცუდის მომტანია. იქნებ ტაქტიკა შეცვალო და უფრო მომთმენი გახდე ?
- ვერ ვუთმენ, მარი, ვერა ! ისე იქცევა პირდაპირ მაცოფებს. ყველასგან მორჩილებას ითხოვს და მე რომ ასეთი არ ვარ, ამიტომ ამომიჩემა. სწავლის სურვილსაც მიკარგავს ასეთი ქცევა. - სიბრაზისგან თვალები ცრემლებით ამევსო. იქვე რომ მყოლოდა ალბათ რამეს ვესროდი. ვგრძნობდი, როგორ მზიზღდებოდა ეს კაცი. თაკოს გადავურეკე, მაინტერესებდა მას თუ დააკლო ქულა. თუმცა, არა ! მხოლოდ მე ამომიჩემა. საერთოდ ასეთი ჩვევა მაქვს, თუ რამეზე ძალიან გავბრაზდი ისტერიკა მემართება და მეტირება. არა და, როცა მართლა სატირალია რამე მაშინ ვერ ვტირი. თითქოს ვიყინები. მამა რომ გარდაიცვალა, იმდენად ცუდად ვიყავი, 1 ცრემლიც არ გადმომვარდნია. ეს სიტუაცია მამას სიკვდილთან შედარებით, ელემენტარულია, მაგრამ ვინმეს რომ დავენახე იფიქრებდა რა პატარა ბავშვივით ტირის ქულაზეო. მაგრამ ასე არაა. გავცოფდი, სწორედ ამან გამოიწვია ჩემი ასეთი მდგომარეობა. ვერ ვიტან, როცა ვბრაზდები, მერე თავს ვეღარ ვიმორჩილებ ხოლმე. მარი ცდილობდა დავეწყნარებინე, მაგრამ ხომ ვიცი, სანამ ვიბლიანი საკადრის პასუხს არ მიიღებდა მანამდე ვერ დავწყნარდებოდი. ამ პასუხების გაცემაში, კი ვიცი რომ საქმეს ძალიან ვიფუჭებდი, მაგრამ მიღირდა. უსამართლობას ბავშვობიდან ვერ ვეგუები.
სახლში მალევე გამოვბრუნდით. ძალიან წამიხდა გუნება. მინდოდა ჩემს ოთახში შევსულიყავი და მარტო დავრჩენილიყავი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა უფრო აჯობებდა. ძალიან ავირიე. ამ ფიქრებში როდის ჩამეძინა ვერც გავიგე.
მთელი შაბათ-კვირა უხასიათოდ ვიყავი. ვცდილობდი მაქსიმალურად დამეტვირთა თავი, რომ ფიქრისთვის ბევრი დრო არ დამრჩენოდა. რახან ორშაბათიდან მუშაობას ვიწყებდი, მთელი კვირის სამეცადინოს გადავხედე, ცოტათი მაინც აზრზე რომ ვყოფილიყავი. ვგრძნობდი, რომ შინაგანად მოუსვენრად ვიყავი და კიდევ უფრო მეტად მეჯავრებოდა ვიბლიანი, ამხელა გავლენას რომ ახდენდა ჩემზე. მართალია უარყოფითს მაგრამ მაინც.
ორშაბათი დილა ფაცა-ფუცით დავიწყე. ვღელავდი, პირველი სამუშაო დღე იყო. დილით, ორ ლექციას დავესწარი, სასწრაფოდ სახლში მოვირბინე, კლასიკურად გამოვეწყვე და სამსახურის გზას დავადექი. შეზღუდული არ ვიყავი, თუმცა კლასიკურად უნდა ჩამეცვა. მეც რა მექნა, თეთრი პერანგი ჩავიცვი და შავი კლასიკური შარვალი. თმას მაღლა იშვიათად ვიწევდი, დღეს ეს გამონაკლისი დავუშვი. სამსახურში ვერ გამაცილეს, დედა სკოლაში იყო, მარი - უნივერსიტეტში. თუმცა, დილით ორივემ წარმატებები მისურვა.
კომპანია ჩემს სახლთან, საბედნიეროდ, ახლოს იყო. ამიტომ ფეხითაც ჩვეულებრივად მივიდოდი იქამდე. „წყეულ ზებრას“ მივუახლოვდი. გამახსენდა მასთან დაკავშირებული ფაქტები და უსიამოვნოდ შევიშმუშნე. თუმცა, არ მინდოდა ამაზე ბევრი მეფიქრა. არ მივცემდი ვიბლიანს უფლებას დღევანდელი დღე გაეფუჭებინა, ისედაც მიხაროდა რომ დღეს უნივერსიტეტში არ გადავყრივარ, თორემ დარწმუნებული ვარ თარსი დღე მექნებოდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი დანიშნულების ადგილს, გული ლამის საგულედან ამოხტომას ლამობდა. ძალიან ვღელავდი, ეს კომპანია მენდო და საშუალება მომცა თავი გამომეცადა. არ მინდოდა, რომ იმედები გამეცრუებინა. თავიდან 1 თვე მაინც, სტაჟირება უნდა გამევლო, რა თქმა უნდა, ამხელა საქმეს თავიდანვე ხელს ვერ მოვკიდებდი, სწავლის გარეშე. მაგრამ, კარგი კომპანიაა და ეს სტაჟირებაც მინაზღაურდება.
როგორც იქნა, მივედი და კარი შევაღე. წინ გოგონა შემომეგება, ვისი ადგილიც უნდა შემეცვალა. დეკრეტში გადიოდა და 2 წელი მაინც არ დაბრუნდებოდა. გასაუბრება სწორედ მასთან გავიარე. მთავარი ადვოკატი იმ დღეს გასაუბრებას არ ესწრებოდა, როგორც მითხრეს ობიექტური მიზეზების გამო. თავის თანაშემწეს აბსოლუტური ნდობა გამოუცხადა, ასე და ამგვარად ამიყვანეს.
თანაშემწეს ნინო ერქვა, დაახლოებით 30 წლამდე ქალბატონი იყო. მრგვალი მუცლით სიარული, უკვე ვატყობდი რომ უჭირდა.
- მალე ელოდებით პატარას? - მინდოდა თავაზიანი ვყოფილიყავი და ორსულობის შესახებ ვკითხე. როგორც მითხრა ადვოკატს ნახევარი საათი დააგვიანდებოდა და მანამდე უნდა დავლოდებოდით.
- 6 თვის ვარ, 1 თვეში გავალ დეკრეტულ შვებულებაში. ტყუპები მყავს და იმდენად რთული ორსულობა მქონდა, მირჩევნია ცოტა ადრე გავიდე. უკვე იმხელა მუცელი მაქვს, 1 თვეში წარმომიდგენია რა იქნება და ვატყობ, რომ უკვე მოვალეობის შესრულება მიჭირს.
- გასაგებია. წარმომიდგენია როგორი საყვარლები იქნებიან. პირველი ფეხმძიმობაა?
- არა, მეორე. 4 წლის ბიჭუნა მყავს.
- რა კარგია.- უზომოდ მიყვარს ბავშვები. სულ მინდოდა დედმამიშვილი მყოლოდა, მაგრამ დედაჩემს ჩემზე იმდენად რთული მშობიარობა ჰქონია, ძლივს გადაგვარჩინეს. მის მერე მამამ მეორე შვილი ვეღარც უხსენა და ამიტომ „ილია“ ვერ დაიბადა.
- მოდი, სანამ დრო გვაქვს, აქაურობას დაგათვალიერებინებ. ლამაზად მოწყობილი კომპანია იყო, სადაც 4 იურისტი მუშაობდა. მე ერთ-ერთი მათგანის თანაშემწე უნდა ვყოფილიყავი. საბუთების დახარისხება, ხელშეკრულებების შედგენა, კლიენტების წინასწარი ჩაწერა, ტელეფონზე პასუხის გაცემა, ყავის მომზადება და მსგავსი საკითხები მეხებოდა. დიდ პასუხისმგებლობასთან მქონდა საქმე.
ნინომ ყველაფერი დამათვალიერებინა და ბოლოსთვის მოიტოვა, ჩვენი მთავარი კაბინეტი. უკვე ამ ოთახისკენ გვქონდა გეზი აღებული, როცა კარი გაიღო და ნინოს რეაქციიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ჩემი უფროსი შემოვიდა.
- აი, ბატონი ირაკლიც მოვიდა. - უცნაურად ავღელდი, მისკენ შევტრიალდი და ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე. დამთხვევა, კიდევ ერთი დიდი დამთხვევა. ბატონი ირაკლი, ირაკლი ვიბლიანი მიმზერდა. მინდოდა, რომ იქედან ავორთქლებულიყავი. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, რა დამატყდა თავს. - გაიცანით, ეს თქვენი ახალი თანაშემწე, ემილიანეა.
- გამარჯობა ემილიანე - მომესალმა ისე, ერთი ნაკვთიც კი არ შეტოკებია სახეზე.
- გამარჯობა - მაქსიმალურად ვეცადე, ომახიანად მეთქვა, თუმცა დაბნეულობა სახეზე მეწერა. არ ვიცოდი განგება რას მიმზადებდა, თუმცა ის დანამდვილებით ვიცოდი, რომ ამ კომპანიაში სტაჟირების ბოლომდეც კი არ გამაჩერებდა.



№1  offline წევრი EllaTriss

იმის მიუხედავად, რომ კომენტარებს არ პასუხობ, იმედს ვიტოვებ, ნახულობ მაინც.❤
უზომოდ მომწონს ეს ისტორია, აი ვაბოდებ ვიბლიანზე უკვე. ამ მოკლე დროში, როგორ შემიყვარდა ასე მეც ვერ გავიგე :დ
სასწაულად კარგი იყო და დარწმუნებუოი ვარ, წინ კიდევ ბომბი გველოდება❤

 


№2  offline წევრი ემილიანე

EllaTriss
იმის მიუხედავად, რომ კომენტარებს არ პასუხობ, იმედს ვიტოვებ, ნახულობ მაინც.❤
უზომოდ მომწონს ეს ისტორია, აი ვაბოდებ ვიბლიანზე უკვე. ამ მოკლე დროში, როგორ შემიყვარდა ასე მეც ვერ გავიგე :დ
სასწაულად კარგი იყო და დარწმუნებუოი ვარ, წინ კიდევ ბომბი გველოდება❤

ყველაფერს ვნახულობ. დიდი მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს ჩემი ისტორია. დაელოდეთ შემდეგ თავს ❤️

 


№3  offline წევრი OKI ME

ჩემდა სამარცხვინოდ გამომპარვია ახალი თავები ((( ჰიდა, ახლა ჩავუჯექი.

ოოჰ, ირაკლიი, ირაკლიი, შენ ვინ ხაარ?! ნერვულ სისტემას სერიოზულად უზიანებს გოგოს :დდდ

აბა, წავედი . შემდეგი, ორი თავიც წავიკითხო ერთი, რა ხდება გავიგო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent