ბედისწერა - 5
ცხოვრება ხშირად გვაოცებს თავისი სიურპრიზებით. ბევრჯერ ხდება ისეთი რამ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. ეს ადამიანში განსაკუთრებულობის შეგრძნებას ბადებს, თუმცა ჩემ შემთხვევაში, დამთხვევებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ამდენი ემოციისგან უკვე თავბრუსხვევის შეგრძნება მქონდა. ჩემს ცხოვრებაში წარმართულ მოვლენებს, უკვე მე თვითონ ვეღარ ვეწეოდი. ირაკლი ვიბლიანის ჩემ წინ დანახვამ დამადუმა. როგორც ლექტორი ხომ სასწაული იყო და როგორც უფროსი უკვე წარმომიდგენია რაც არის. წამიერად მინდოდა რომ უბრალოდ ავმდგარიყავი და წამოვსულიყავი იქედან, მაგრამ ჩემი სიამაყე ამის საშუალებას არასდროს მომცემდა. არ ვაფიქრებინებდი რომ სუსტი ვარ და გავიქეცი. - ნინო, ჩვენ ერთმანეთს ისედაც ვიცნობთ - მიმართა თავის ჯერ კიდევ ასისტენტს. - მართლა ? საიდან ? - ჩემი სტუდენტია - თქვა და გაეცინა. - მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ - ვთქვი, რაც შემეძლო ომახიანი ხმით. - ესე იგი, ასეა თუ ისე უკვე იცნობთ ერთმანეთს. ეს საქმეს უფრო გაამარტივებს - თქვა ნინომ. ჰო, აბა რა ? ბატონი ირაკლი ისეთი მარტივი ადამიანია, სიამოვნებაა მასთან კომუნიკაცია. - კარგი, ემილიანე. შევუდგეთ საქმეს. კაბინეტში გამომყევი. - თქვა მოჭრით. ეტყობა რომ ამ კაცს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. - ნინომაც თვალით მანიშნა დროზე გაჰყევიო. როგორც კი კაბინეტში შევედით თავისი წესები გამაცნო. მის წინ ჩამოვჯექი. - დაჯდომის უფლება არ მომიცია, თუმცა რახან დაჯექი უკვე, კარგი. - რა უტაქტოა ! დავიჯერო, ნინოსაც ასე ეტყოდა? სკამი ხმაურიანად გავწიე და ფეხზე წამოვდექი. - არ მითქვამს ადექი-თქო, მაგრამ კარგი, ნება შენია. დავიწყოთ იქედან, რომ ოფისში ყოველ დღე დაახლოებით სამ საათზე მოვდივარ. ვიცი, რომ სტუდენტი ხარ და ამ დრომდე აქ ყოფნას არ გავალდებულებ. უბრალოდ, მე როცა აქ მოვალ უნდა დამხვდე. ჩემი მოსვლისთანავე ყავა უნდა შემომიტანო კაბინეტში. ასევე, ხშირად ვსადილობ აქ. გვაქვს სამზარეულო, ნინო გაჩვენებდა უკვე. საჭმლის კეთება იცი, იმედია, ხომ ? - რომ მცოდნოდა ჩემს მოვალეობებში ესეც შევიდოდა, გავივლიდი კულინარიულ კურსებს, ბატონო ირაკლი. - იცი-მეთქი ? - მითხრა უკმეხად. - გააჩნია რით იკვებებით. - ძირითადად, ჯანსაღ სალათებს მივირთმევ. - რა უინტერესო ადამიანია, ყოველ დღე სადილად სალათს რა აჭმევს? დაილოცოს ქართული სუფრა - ხინკალი, ხაჭაპური, ლობიანი, მწვადი. რა სალათი ?! - ნინო ამიხსნის რა ინგრედიენტებითაც ამზადებს და დავიმახსოვრებ. - იმედია, შხამს არ გაურევ - იხუმრა უკბილოდ. სხვათა შორის, სულაც არ იყო ცუდი იდეა. - ჩემი ჰუმანურობა არ მომცემს ამის საშუალებას, არ ინერვიულოთ. - ვუპასუხე ირონიულად. „თუმცა, ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი“ - დავამატე გონებაში. - კარგი ასისტენტი მკითხავდა, როგორ ყავას სვამთო ? - ისედაც ვიცი - ვუპასუხე მშვიდად. - საიდან იცი? - ორმაგი ამერიკანო, უშაქროდ - ვუთხარი ამაყად. სახეზე შეეტყო რომ არ ელოდა სწორ პასუხს, ამიტომ დავამატე - სხვათა შორის, დეტალებს მეც ვაკვირდები. -ამით ჩვენი კაფეტერიის შემთხვევა გავახსენე, როცა ჩემს ბლოკნოტზე მითხრა, ერთმა დეტალმა მიიქცია ჩემი ყურადღებაო. თავი უკმაყოფილოდ გააქნია, არ ესიამოვნა ჭკუაში რომ ვაჯობე. - დაგვიანებას ვერ ვიტან. - დიახ, ვიცი. - ჩემი ყველა საბუთი, ალფავიტის მიხედვით უნდა იყოს ყოველთვის დალაგებული და არც ერთი შეცდომა. -კარადისკენ მიმითითა, სადაც დოკუმენტების ზღვა ელაგა. - შენი ოთახი ჩემ გვერდითაა - ხელი მარცხნივ გაიშვირა. ეს ორი ოთახი ერთმანეთისგან მინის კედლით იყო გამოყოფილი. ეს არ შემიმჩნევია, როცა ნინოს ეს ოთახი უნდა დაეთვალიერებინა ჩემთვის, მაშინ მოვიდა ზუსტად. მინის კედელი საშუალებას მაძლევდა დამენახა მისი დიზაინი. პატარა, საყვარელი ოთახი იყო. მაგიდაზე პერსონალური კომპიუტერი იდგა, ასევე ტელეფონი. სადაც დღის განმავლობაში ალბათ რამდენი ზარი შემოდის. ასევე, პატარა სავარძელი და ჟურნალმაგიდა. ასისტენტისთვის, იდეალური კაბინეტია. მაგრამ, ის ფაქტი რომ კედელი მინის იყო და ყოველთვის ამისთვის უნდა მეყურებინა, არ მომწონდა. კედელს დასაშვები ჟალუზიც ჰქონდა და ნებისმიერ დროს ჩამოაფარებდი, თუმცა ეს ალბათ ბატონი ირაკლის სურვილზე იყო დამოკიდებული. - ჩემს ყოველ შეხვედრაზე თან გამომყვები, როცა ოფისში იქნები, ამით საქმის დეტალებში უფრო გაერკვევი. - მე ოფისის მუდმივ წესრიგში ყოფნა მევალებოდა. ბევრი საქმე არ იყო, ამიტომაც დამთანხმდნენ ნახევარ განაკვეთზე, თუმცა დარწმუნებული ვარ ვიბლიანთან ნახევარი განაკვეთით მუშაობა, 3 სრულ განაკვეთს უდრის. - კვირაში მხოლოდ 1 დღე გექნება დასვენება - კვირას. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა ნინო ოფისში მჭირდებოდა და კვირასაც ვიბარებდი. ამიტომ, ჩემი ზარი არ უნდა გაგიკვირდეს. - კიდევ ერთი გაფრთხილება, ვერ ვიტან შავს. ამიტომ, როცა ოფისში მოხვალ, ნებისმიერი ფერის კლასიკური ზედა გეცვას, ოღონდ სრულად შავებში არ იყო. - ეტყობა უნივერსიტეტში მოხვდა თვალში შავებით რომ ვმოძრაობდი და ამიტომ გააკეთა ეს კომენტარი. თორემ, დღეს თეთრი ბლუზით ვიყავი წარმოდგენილი. ეს მაინც პირველი დღისთვის ჩავიცვი, თორემ იდეაში შავებზე გადასვლას ვაპირებდი. - აქ ჩვენი პრინციპები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ბატონო ირაკლი. შავს არ გავიხდი. - ძალიან საინტერესოა რატომ ? - დაჟინებით მომაჩერდა. - მამა მყავს ახალი გარდაცვლილი და არანაირი სურვილი არ მაქვს ფერადი მეცვას. - მამას გარდაცვალებიდან სულ რაღაც თვე-ნახევარი იყო გასული. ვიცი რომ შავებით მთელი ცხოვრება ვერ ვივლი, თუმცა ახლა ასე მინდოდა და ასე ვგრძნობდი თავს კომფორტულად. ამის თქმისას გაშეშდა, არ ელოდა ჩემს ასეთ პასუხს და სახე გაუქვავდა. თვალებიც კი აუწყლიანდა. ასეთმა რეაქციამ ძალიან გამაკვირვა. - მესმის, ვწუხვარ - ყელში გაჩხერილი ბურთის გამო, ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები. ნერწყვი გადაყლაპა და წამიერი პაუზის შემდეგ გააგრძელა - შავი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე. - სპეციალურად შევათვალიერე მისი ჩაცმულობა, ნაცრისფერ შარვალთან და კედთან ერთად, კრემისფერი მაისური ეცვა. - შემიძლია მიზეზი გავიგო ? - კი მართალია, ცოტათი ზღვარს გავცდი, თუმცა მაინტერესებდა. - ეს შენ არ გეხება - მითხრა ცივად. ეს ფრაზა უკვე მისგან მეორედ მესმის. - თუ შეძლებ, მოხარული ვიქნები. თუ არადა, ამის გამო სამსახურიდან არ გაგაგდებ. - ლოგიკურ ვადებში, გავიგებ შენს ასეთ მდგომარებას. - ლოგიკურ ვადებშიო. გუნებაში გამეცინა. ამან კი არ იცის, რომ ლამის მთელი ჩემი ცხოვრება შავებით ვმოძრაობ. მამას ხათრით ვიცვამდი ხოლმე სხვადასხვა ფერს. - დაასრულეთ? - ვკითხე წინა პასუხისგან გაღიზიანებულმა. - ჯერჯერობით სულ ესაა. თუ რამის დამატება მომინდება, სხვა დროს გეტყვი. ახლა შეგიძლია ნინოსთან გახვიდე და სადილი შემომიტანო. მან მიგითითოს, თუმცა შენი გაკეთებული იყოს. იცოდე მივხვდები. - არც დამჭირდება ტყუილის თქმა, ჯერჯერობით არავინ მომკვდარა ჩემი გაკეთებული საჭმლით.- ვთქვი და კარისკენ წავედი. - ემილიანე ! - გამაჩერა მკაცრმა ხმამ. - გისმენთ - ცივად შემოვბრუნდი. - ვერ ვიტან ირონიას, განსაკუთრებით ჩემი თანამშრომლისგან. - როგორც იტყვით, ბატონო ირაკლი. - ვუთხარი და ვითომ საყვარლად გავუცინე. არა და ესეც ირონია იყო, უბრალოდ ამაზე ვერაფერს მეტყოდა. გავუცინე, წავიდეს და მიმტკიცოს ირონიული იყო თუ არა. სახელით პირველად მივმართე. მე თვითონაც მეხამუშა. გონებაში ათას რამეს ვეძახდი, გარდა თავისი სახელისა. - სადილი 15 წუთში მაგიდაზე მედოს. - თვალები სიბრაზისგან ავატრიალე, თუმცა ეს არ დაუნახავს. სასწრაფოდ ნინოსთან მივედი და დრო დავინიშნე. - 15 წუთში სადილიო, „მიბრძანა“, უნდა მასწავლო გაკეთება. - კარგი, წავიდეთ. არ უყვარს დაგვიანება. - უკვე ვხვდები. - სამზარეულოში გავედით, სადაც ყველანაირი აღჭურვილობა იყო. ნინომ მაცივრიდან ავოკადო, პომიდორი, კიტრი, დაკონსერვებული სიმინდი, ქინძი და სხვა ინგრედიენტები გამოიღო. - მარტივი მოსამზადებელია, უბრალოდ ყველაფერი ერთმანეთში უნდა აურიო, მაგრამ თავისი ტექნიკა აქვს. კიტრს და პომიდორს ბოლომდე უნდა ჰქონდეს კანი გაცლილი, ოდნავ მაინც თუ შეხვდა სადმე, დაივიწყე , აღარ შეჭამს. დაჭრისას, მაქსიმალურად ეცადე, ფორმები ერთმანეთს ჰგავდეს. არაპროპორციულად დაჭრილი არ უყვარს. მარილი საერთოდ არ დაუმატო, მხოლოდ ოდნავ პილპილი, ძმარიც ოდნავ უბრალოდ არომატისთვის და ცოტა ზეითუნის ზეთი. - ღმერთო ჩემო, 15 წუთში ხელოვნების ნიმუში უნდა შევქმნა, თავისი სიმეტრიების გათვალისწინებით, თუ უბრალოდ მარტივი სალათი? ახლა იმაზე უნდა ვიდარდო რამე ზედმეტი არ მომივიდეს. ნინომ მომზადება დაიწყო მიყურეო, თუმცა შევაჩერე. - გამაფრთხილა შენი მომზადებული იყოს, მივხვდებიო - მე თვითონ გამეცინა ჩემს ნათქვამზე. ასე აქვს ნინოს მომზადებული კერძები შესწავლილი რომ ეგრევე მიხვდება? - რახან ეგრე თქვა, ანუ მართლა მიხვდება და სჯობს არ გავრისკოთ. მე თვალს გადევნებ და თუ რამეს არასწორად გააკეთებ შეგისწორებ. - იცი რა ნინო, მოდი შენ აქ დაჯექი და დაისვენე. - ხელი მოვკიდე და სკამისკენ წავიყვანე. - შენ საკმარისი მითხარი უკვე. როგორც გავაკეთებ, ისე გავაკეთებ. შეცდომა თუ არ დავუშვი ისე ვერ ვისწავლი. - თავიდან გამიძალიანდა, ასე როგორ შეიძლებაო, თუმცა საბოლოოდ გავიმარჯვე. ხელები დავიბანე და საქმეს შევუდექი. თან დროს ვაკვირდებოდი, უკვე 10 წუთი მქონდა დარჩენილი. ვიბლიანზე რაღაცებიც მაინტერესებდა. ასე ნინოს როდის დავიმარტოხელებდი, არ ვიცი. - ნინო, ბატონი ირაკლი ყოველთვის ასეთი ცივია ?- შევეკითხე გულგრილად, თითქოს საერთოდ არ მაინტერესებდა. - მკაცრი არის , ნამდვილად. არ უყვარს უზუსტობები, შეცდომები. თუმცა ძალიან კეთილი ადამიანია. ჩემი ქმარი მის სახლში დაცვად მუშაობს, მე ასისტენტად. წლებია უკვე ვიბლიანებს ვიცნობთ. ჩემთვის უსაფუძვლო შენიშვნა არასდროს მოუცია და ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩასაფრებულია რაიმე შემეშალოს. რაც ორსულად ვარ, მაქსიმალურად ცდილობდა არ დავეტვირთე, მაგრამ ისეთი სამსახურია შრომას მოითხოვს და უკვე მეც უხერხულად ვგრძნობდი თავს, მე შევთავაზე აწი ვაკანსია გამოვაცხადოთ-თქო. ამ ორსულობაში იმდენი რამე მავიწყდება, რომ ჩემს თავზე ნერვები მეშლება. ამ საქმეს კი გულმავიწყობა არ უყვარს. ჩემს პატარა მათეს აუტისტური სპექტრი დაუდასტურდა 2 წელია. როგორც კი ბატონმა ირაკლიმ ეს გაიგო, საუკეთესო ცენტრები და ექიმები მოიძია ქალაქში და მკურნალობას გვიფინანსებს. მისი ისეთი მადლიერი ვარ, სიტყვებით არ შემიძლია გადმოვცე. იმასაც გვეუბნებოდა, საზღვარგარეთ გადავიყვანოთო, თუმცა ჯერ ამის საჭიროება არ არის. იმდენად დიდი შედეგი აქვს ბავშვს, იმედი მიჩნდება. - გულში სითბო ჩამეღვარა. ანუ არ ყოფილა ეს კაცი ისეთივე სასტიკი, როგორიც მეგონა. ადამიანობაც სცოდნია. თან ავოკადოს ოთხკუთხედებად ვჭრიდი და თან მთელი გულისყურით ვუსმენდი. - შავებს რატომ ვერ იტანს? - როგორ? - ჩემი კითხვა თავადაც გაუკვირდა. - გამაფრთხილა შავები არ ატაროო. - არ ვიცი, მე მხოლოდ შავები არასდროს მცმია და ჩემთვის არასდროს მოუცია შენიშვნა ამ კუთხით. თანაც, თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარს. მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და მათეს მდგომარეობას ყოველდღიურად იბარებს. სხვა სალაპარაკო თემა ჩვენ არ გვაქვს. მეც არ ვაბეზრებ ხოლმე ზედმეტი შეკითხვებით თავს, ისე ძალიან ღრმა ადამიანია. - ფეხის ხმა გავიგონეთ. ნინოც გაჩუმდა. დაგვხედა ბატონმა. - ძალიან კარგი გიქნია ნინო, რომ არ ეხმარები. - სამზარეულოში ხელებგადაჯვარედინებული შემოვიდა. ყველაფერს გადახედა რასაც ვაკეთებდი. - ეს ემილიანემ მოისურვა, თავად გავაკეთებ ყველაფერსო. - გამჭოლი მზერა მესროლა და სამზარეულოდან გავიდა. - ამან შექება რა არის არ იცის ხომ? - საყვედური თუ არ თქვა , ანუ უკმაყოფილო არ არის. შექებას არ ელოდო - გაეცინა ნინოს. - შენ სემინარზე უნდა ნახო რა დესპოტია. - გადაიკისკისა. - ქულებს გვაკლებს - დავამატე და ამაზე სიცილს უმატა. - მართლა ? არ მჯერა. ძალიან სამართლიანი ადამიანია. - მე მაგას სამართლიანობის ვერაფერი შევატყვე. რომ მცოდნოდა ჩემი უფროსი ვინ იქნებოდა, ლამის უარი მეთქვა სამსახურზე. - ვთქვი და დაბანილი ხელები შევიმშრალე. უკვე ყველაფერი გავაკეთე, მაქსიმალურად ზუსტად დავჭერი, ცოტა პილპილი, ზეთი და ძმარი მოვასხი. ყველაფერი ლანგარზე გადავიტანე. - ნინო, პური ? - სადილად პურს არ ჭამს, მხოლოდ საუზმეზე იღებს. მაცივარში ფორთოხლის წვენია, აი ეგ დაუსხი ჭიქაში და მორჩა. - ამ კაცის წესები პირველივე დღეს ყელში ამომივიდა. რა უცნაური ადამიანია, ჩიტივით იკვებება მგონი. წვენი დავასხი და კაბინეტისკენ დავიძარი. იმედია მოეწონება. ნინო აღარ გამომყვა. - გემრიელად მიირთვით - ვუთხარი და ლანგარი წინ დავუდე. - გმადლობ. სადილად ნებისმიერი რამ შეგიძლია მოიმზადო. - გმადლობთ, მაგრამ ისევე ჯანსაღად არ ვიკვებები როგორც თქვენ და ამიტომ არა მგონია მაცივარში ჩემთვის სასურველი რამ მოვძებნო. - რა გიყვარს? - ამ კითხვას არ ველოდი. - სერიოზულად მეკითხებით? - რა თქმა უნდა. - ეუცნაურა ამას რატომ მეკითხებაო. მაგრამ გაოცებული პირიქით მე ვიყავი. - რავიცი, ხაჭაპური მიყვარს ძალიან. - წვენი? - კოლა. - შეგიძლია ნინოს დაუძახო? - გარეთ გავედი და ნინოს თვალით ვანიშნე შემოდი-თქო. - გისმენთ ბატონო ირაკლი. - ემილიანესთვის ხაჭაპური და კოლა გამოიძახე. მიუთითე, რომ სასწრაფო შეკვეთაა. შენ შეგიძლია წახვიდე. დღეისთვის საკმარისი იყო. დანარჩენს მე თვითონ ავუხსნი. - კარგით. მაშინ მე დაგემშვიდობებით. სასიამოვნო იყო ემილიანე შენი ახლოდან გაცნობა. - ჩემთვისაც ნინო. - გამიღიმა და კაბინეტი დატოვა. - ბატონო ირაკლი, არ იყო საჭირო მართლა. თუ რამეა, მე თვითონ მოვიტან სახლიდან გამზადებულს. - არა მგონია უნივერსიტეტსა და ოფისში სირბილის დროს რამის გამზადების დრო გქონდეს, ამიტომ საჭიროა. ან შენ თვითონ თუ რამეს მოიმზადებ, ყოველ კვირაში მოდის აქ მომმარაგებელი და სასურველი პროდუქტები აღნიშნე. ნინო ყველაფერს გასწავლის რით უნდა შეავსო მაცივარი - ამ მზრუნველობით გაოცებული დავრჩი. - ჩემთვის ჩემი თანამშრომლების კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია. - ვაფასებ თქვენს მზრუნველობას. - ეს მზრუნველობა კი არა ჩემი მოვალეობაა - მითხრა მკვახედ. ძლივს რაღაც კარგი ვუთხარი და ისიც უგულებელყო. ვისწავლი ჭკუას. - კარგი, დაგტოვებთ. - მისაღებში გავედი და იქვე ჩამოვჯექი. შეკვეთა ძალიან მალე მოვიდა. მეც სამზარეულოში გავედი და იქ გავხსენი ჩემი ხაჭაპური. უგემრიელესი იყო. ბავშვობიდან ვგიჟდები ხაჭაპურზე. პირველი ლუკმა მქონდა ჩაკბეჩილი, თავზე ვიბლიანი დამადგა, თავისი ლანგრით. მეთქი აქ გამისკდეს მიწა. არ ვიცოდი როდის უნდა შევსულიყავი ლანგრის წამოსაღებად. ვიფიქრე, მეც რომ შევჭამ მერე შევაკითხავ-თქო. - მე ავიღებდი, ბატონო ირაკლი.- სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე და ცივად გავუშვი ხაჭაპურის ნაჭერს ხელი. - არა, არა. მშვიდად გააგრძელე ჭამა. ზოგადად, არ მიყვარს ჩემი დასვრილი ჭურჭელი სხვას რომ გააქვს. ეტყობა ნინოს ეს ფაქტი გამორჩა. ბოდიში, რომ მყუდროება დაგირღვიე. - ეს კაცი ხანდახან მაოცებს. ხან ზრდილობიანობის განსახიერებაა, ხან ყინული. ჭურჭლის რეცხვა დაიწყო. მართლა არ ველოდი. საქმეს მალე მორჩა და ხელები შეიმშრალა, გასვლას აპირებდა და მე შევაჩერე. - ბატონო ირაკლი, - ჩემკენ მობრუნდა. - ეს ხაჭაპური ზედმეტად დიდია ჩემთვის და არ გნებავთ, რომ დამეწვიოთ? - ცხიმიან საჭმელს არ ვჭამ. - კარგით რა. აი ამ საყვარელმა, პატარა ნაჭერმა რა უნდა გიქნათ? - საწყალი თვალებით გავხედე. ჟინი მქონდა რაღაც ადამიანური ეჭამა ამ კაცს. ნინომ მაცივარი რომ გამოაღო ყველაფერი მწვანე იყო. მესმის, რომ ჯანსაღი კვება კარგია, მაგრამ სულ ასეც არ შეიძლება. - ემილიანე, რატომ ცდილობ რომ მაცდუნო ? - ჭამა ცოდვა არ არის, ბატონო ირაკლი. ხანდახან თქვენს თავსაც მიეცით საშუალება ის ჭამოთ რაც გინდათ. - მის პასუხს აღარ დაველოდე, სუფთა თეფში დავუდე და სკამი გამოვუწიე. მივაჩერდი, მაინტერესებდა რას იზამდა. ერთი ამოიოხრა და დაჯდა. - მგონი 3 წელია არ მიჭამია. - სერიოზულად? როგორ გაძელით ? - კარგად მაქვს გააზრებული, რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ახლა მაცდუნე. - კარგით რა. რა აზრი აქვს ისეთ ცხოვრებას სადაც იმას ვერ აკეთებ რაც შენ გინდა, თუნდაც ეს ჭამას ეხებოდეს. 3 წელი კი არა, 3 კვირა ვერ გავძლებ ხაჭაპურის გარეშე. იცით? დედა იხსენებს, ბავშვობაში ხაჭაპური სამკუთხედად თუ არ იყო დაჭრილი არ ჭამდი და ერთხელ, ნათესავთან სტუმრობისას შემარცხვინე ეგ ხაჭაპური სამკუთხედებად დაგეჭრათ, ეგ რანაირიაო და ტირილი დაიწყეო. - მართლა ? - გულიანად გადაიხარხარა. ეს კაცი ასეთი გაცინებული არასდროს მინახავს და გამიკვირდა კიდეც, თურმე სიცილიც შესძლებია. - კიდევ კარგი ეს შენი გემოვნებითაა დაჭრილი. - კი, ვერ დავიწუნებ. ჩემი გაკეთებული სალათი მოგეწონათ? - არაუშავდა. სხვა დროს გამოასწორებ. - ბატონო ირაკლი - მივმართე და შევყოვნდი. - გისმენ, ემილიანე - მითხრა და ხაჭაპურის ნაჭერი გემრიელად ჩაკბიჩა. - რატომ არასდროს მეუბნებით რა არის გამოსასწორებელი ? - ჩაეღიმა. - ემილიანე, ჭამა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამ დროს კამათი და დაძაბულობა არ შეიძლება, თანაც ხომ მიყურებ 3 წლის შემდეგ ვეზიარე ნეტარებას და არ გვინდა სხვა თემების განხილვა. - კარგით - გულწრფელად დავეთანხმე. ჩვენი აზრები ჭამასთან დაკავშირებით, ნამდვილად ემთხვეოდა ერთმანეთს. 8 ნაჭრიანი ხაჭაპური იყო და რომ მეგონა 1 ცალის ჭამაზე დავითანხმებდი, შემიზიარდა და ნახევარი შემიჭამა. ამდენი ჭამისგან ვეღარ ვსუნთქავდი. 4 ნაჭერი ხაჭაპური ბოლოს როდის ვჭამე არ მახსოვს, მაგრამ სახლში შერბენისას ჭამა ვერ მოვასწარი და ნამდვილად მშიოდა. თან ჩემი უფროსი ჩემ გვერდით იყო და პასუხისმგებლობები არ მიხმობდა, ამიტომ მშვიდად მივირთვი. თან ძალიან მიხაროდა, რომ ჩემი დახმარებით ამ ადამიანმა ნორმალური საკვები მიიღო. - ეს იყოს პირველი და ბოლო - მე მეუბნებოდა, მაგრამ უფრო მეტად თავის თავს აძლევდა პირობას. ჩამეცინა. თეფშები ავალაგე.-დაგეხმარები-მითხრა და თეფშებს მართმევდა. - რას ამბობთ ? მე თავად გავაკეთებ. თქვენ კაბინეტში დაბრუნდით. - კარგი, მაშინ გელოდები. ხელშეკრულების შედგენის ტიპებს აგიხსნი. - კარგით. - იქაურობა 5 წუთში მივალაგე და კაბინეტში დავბრუნდი. - დაჯექი, ემილიანე. - აჰა, მაძლევთ უფლებას ? - წეღანდელი ინციდენტის გამო „ვუკბინე“. - მგონი გითხარი, ირონიას ვერ ვიტან-მეთქი და ეს არასდროს დაივიწყო რომ შენი უფროსი ვარ. - კარგით, ბატონო ირაკლი - ვუთხარი და თან ჩამეცინა. სულ 5 წუთის უკან ჩემი უფროსი ჩემთან ერთად ხაჭაპურს მიირთმევდა და თეფშებს ხელიდან მგლეჯდა, მე დავრეცხავო. ახლა კი ისევ ყინულად იქცა. ვერ გავიგე ამ კაცთან როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს. ხელშეკრულებებზე დაიწყო საუბარი. რამდენი სახის არსებობს, როგორ იდება და ა.შ. ეს ყველაფერი ჩემთვის რთული იყო. ჯერ უნივერსიტეტშიც არ მქონდა ნასწავლი , მაგრამ არაუშავს. რაც მთავარია მიხსნიდნენ და მეც ყველანაირ ინფორმაციას ღრუბელივით ვისრუტავდი. ყველაფრის ნიმუში მანახა და იქვე ამომიპრინტერა კიდეც. სახლში წაიღე და გადახედეო. ყველა მხრიდან სამეცადინო მქონდა. იმედია ჩემი ტვინი „Error”-ს არ დამიწერდა. - ჯერ ბევრი სამუშაო არ გვაქვს, 1 თვიანი შვებულება გვაქვს აღებული და იქეთა კვირიდან ვიწყებთ აქტიურად მუშაობას. შენ ამ დროს იმიტომ დაგიბარე, რომ სანამ 5 წუთიც კი არ მექნება თავისუფალი, პირადად მე უფრო მეტი რამის ახსნა მოვასწრო. როცა მე ვეღარ მოვიცლი, ამ ყველაფერს ნინო გააკეთებს. ჩემ გარდა აქ სამი ადვოკატია კიდევ. სხვადასხვა სფეროში არიან ოღონდ. შენ მათთან შეხება არანაირად არ გექნება. პირად ურთიერთობებს კი სამსახურში ვერ ავიტან. - ახლა ესეც შეზღუდა. ჯერ ისედაც არ ვაპირებდი არავისთან რომანის გაბმას, მაგის სურვილი რომც მქონდეს, ფიზიკურად დრო არ მაქვს. - ახალგაზრდა ადვოკატები არიან. ერთს განსაკუთრებით ერიდე, თომა ნაკაშიძეს. სისხლის სამართლის სფეროშია. უძლიერესია თავის საქმეში, თან მამაჩემის მეგობრის შვილია. ვერ ვექცევი ისე როგორც მინდა, მაგრამ აქვს ქცევები, რაც არ მომწონს.- ვერაფერი გავიგე რას გულისხმობდა, მაგრამ დიდად არც მაინტერესებდა. მე ირაკლის და ნინოს იქეთ არავინ მანაღვლებდა ამ კომპანიაში. როგორც მივხვდი, ვიბლიანის დაარსებულია აქაურობა და მოწვეული ჰყავს ადვოკატები. სამ სართულიანი შენობა იყო. ზევით მე არ ავსულვარ, მაგრამ პირველი სართული მთლიანად ვიბლიანის განკარგულებაში იყო. ამასობაში, საღამოს 7 საათი მოახლოვდა. უკვე თავი მტკიოდა ამდენი რამის მოსმენით და გაგებით, თუმცა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა ეს. ბევრ პირველკურსელს არ უმართლებს ჩემსავით და ღმერთის მადლობელი ვარ. - დღეისთვის სულ ეს იყო, ემილიანე. თუ ასე გააგრძელებ 1 თვეში ძალიან ბევრი რამე გეცოდინება. - მეჩვენება თუ შემაქო ? - კარგით, ბატონო ირაკლი. მე წავალ მაშინ. - შემიძლია დაგტოვო სადაც ცხოვრობ. - არა, არ შეგაწუხებთ. ისედაც ახლოს ვცხოვრობ. ფეხით წავალ. - მგონი საკმარისად დაიღალე დღეს და ფეხით წასვლას აჯობებს გზად დაგტოვო. - აღარ შევეწინააღმდეგე. მართლა დაღლილი ვიყავი. ნივთები ავიღეთ, ყველაფერი ჩაკეტა და მანქანაში ჩავსხედით. თავიდან უკან ვჯდებოდი. - ემილიანე, რას აკეთებ ? - რა მოხდა? რამე არასწორად გავაკეთე? - ვერ მივხვდი რას აპროტესტებდა. - მე შენი ტაქსის მძღოლი კი არ ვარ, უკან რომ ჯდები. მგონი შენი უფროსი და ლექტორი ვარ. წინ დაჯექი. - თან სიცილს ვერ იკავებდა. უხმოდ დავემორჩილე. მე მომერიდა და წინ მაინც არ დავჯექი, ამან კიდევ დამცინა. ღვედი შევიკარი. თავიდან უხმოდ ვმგზავრობდით. საუბარი მე დავიწყე, გულში ჭეჭკად მქონდა ჩარჩენილი მისი საქციელი. - ბატონო ირაკლი. - გისმენ. - მითხრა ისე, რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია. - თქვენზე ძალიან გაბრაზებული ვარ - ისეთი ბავშვური გულუბრყვილობით ვუთხარი, სიცილი ვერ შეიკავა. - რატომ ? - აღიარეთ, რომ იმ სემინარზე ყველაფერი კარგად ჩაგაბარეთ, ჯერ 1 ქულა დამაკელით და მერე საერთოდ 2. რატომ მექცევით ასე ? რას ვაკეთებ არასწორად? ამიხსენით. ამ წამს არც უფროსი ხართ ჩემი და არც ლექტორი. შეგიძლიათ თავისუფლად მესაუბროთ. - მანქანა ხმაურიანად დაამუხრუჭა. გამჭოლი მზერით გამომხედა და საუბარი დაიწყო. - ემილიანე, მე უფროსი სხვანაირი ვარ და ლექტორი კიდევ სხვანაირი. ვერ ვიტან როცა არ მემორჩილებიან. თანაც გააცნობიერე ის, რომ ორივე სიტუაციაში შენზე მაღლა ვდგავარ. ვერ ავიტან შეპასუხებას, ცინიზმს, აუდიტორიის წინაშე ჩემს შეურაცხყოფას და ა.შ. მოგიწევს ჩემი ხასიათის შესწავლა, იმიტომ რომ განგებისგან ჩემთან დიდი დროის გატარება გხვდა წილად. არც ერთ ადგილას არ გაწყობს ჩემთან დაპირისპირება, თორემ ამაზე ბევრად უარესიც ვარ მერწმუნე. ვაღიარებ, ნიჭიერი ხარ და ამიტომ არ ვავლენ შენთან იმ სახეს, რაც გეკუთვნის - ამაზე უარესი სახეც თუ აქვს და ამის გამომჟღავნებას ჩემთან აპირებს, საგიჟეში წასაყვანი გავხდები. თანაც დამამადლა არ ვავლენ, თორემ გეკუთვნისო. - ის 1-იანი კიდევ მწარე გაკვეთილი იყოს შენთვის და მაგალითი, როგორ უნდა მოიქცე მომავალში. არ გეგონოს, რომ იმ ქულას ან შეგიცვლი, ან რაიმე უპირატესობა გექნება აუდიტორიაში, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი თანამშრომელი ხარ. აქტივობაში ჩემთვის ყველაფერი შედის - ცოდნაც, დასწრებაც, მოქცევაც და ა.შ. ასე რომ მოგიწევს ჩემს წესებს დაემორჩილო, სხვა გზა არ გაქვს. ვხვდები, ძალიან გაინტერესებდა ამ ყველაფრის პასუხი და მგონი გასაგებად აგიხსენი. კიდევ გაქვს რაიმე შეკითხვა? - არა, სახლში წამიყვანეთ. - ბუზღუნით ვუთხარი. - ნუ მბრძანებლობ, ემილიანე - თვალები გადაატრიალა.- წაგიყვან, შენს დატოვებას ისედაც არ ვაპირებდი. - რანაირი კაცია, ვერაფერი გავუგე. დღეს თითქოს მისი კარგი მხარეები დავინახე, მაგრამ ბოლოს ყველაფერს აფუჭებს. ე.ი. ბატონ ვიბლიანთან ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც მას უნდა და არაფერზე არ უნდა შეეწინააღმდეგო. საკუთარი აზრი თუ გაქვს, მორჩა ! დომინანტობა მესმის, ჩემი უფროსია, ლექტორია. მაგრამ ასეთი ?! როდის მიმიყვანდა სახლში ერთი სული მქონდა. ამ ადამიანთან ამდენი დროის გატარების გამო, მედალიც კი მეკუთვნის. გზას ვუჩვენებდი, 5 წუთში მომიყვანა. იმ ცნობილ ზებრას რომ გავუარეთ გვერდი, გაეცინა. - ესე იგი აქ ცხოვრობ, ამიტომაც მხვდები ამ ზებრაზე ხშირად. - უპასუხოდ დავტოვე. ჩემს კორპუსთან მივედით. - მადლობა და ნახვამდის. - ნახვამდის, ემილიანე - გადმოსვლისას კარი ხმაურიანად მივკეტე, ეს ზუსტად ვიცი არც ერთ კაცს არ მოსწონს. - ბოდიში, შემთხვევით მიმეჯრახუნა - საწყალი სახით გავხედე. თავი უკმაყოფილოდ გააქნია, სახეზე ეწერა ამ გოგოს არაფერი ეშველებაო. მანაც კარგად იცოდა და მეც, რომ ეს ძალით გავაკეთე, მაგრამ ვერ დამიმტკიცებს, ამიტომ შემეშვა და სწრაფად გამეცალა. კმაყოფილმა ჩავიხითხითე და უცებ დავფიქრდი რა ვუთხარი. ღმერთო, ემილიანე, „მიმეჯრახუნა“ რა სიტყვაა? დაუწერე ეგეთი სიტყვები ხელშეკრულებებში და რომ გამოგიშვებს სამსახურიდან, ნახავ ! ხანდახან ჩემი თავი მე თვითონ არ შემიძლია, ვიბლიანს რა მოვთხოვო. კიბეები სასწრაფოდ ავირბინე. ერთი სული მქონდა დღევანდელი ამბებისგან, როდის დავიცლებოდი. P.S მადლობას გიხდით, ყველას, ვინც ერთგულად კითხულობთ ჩემს ისტორიას. მოგწონთ, აფასებთ, აკრიტიკებთ და ა.შ. თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გამიხარდება, თუ გამიზიარებთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.