მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 2)
ერთმა თვემ ზლაზვნით ჩაიარა. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა. მომწონდა ჩემი ახალი სანაცნობო წრე, თანაკურსელების უმეტეს ნაწილს კარგად გავუგე. სკოლაში მუდამ მიჭირდა ბავშვებთან კონტაქტი, რადგან ყოველთვის განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. უნივერსიტეტში თითქოს ყველა რაღაც საერთო მიზნის მიღწევას ვცდილობდით და ეს გვაახლოებდა. გარდა ამისა, იყო კიდევ მრავალი ფაქტორი, ყველა ხვდებოდა, რომ გავიზარდეთ, უკვე გაცილებით მეტი სერიოზულობა და კონცენტრაცია მოგვეთხოვებოდა. სამსახურში ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, ბოლომდე გუნდის წევრად არ მაღიარებდნენ, მაგრამ არც გარიყულად ვგრძნობდი თავს. ჩვენი უფროსი, ბატონი ლადო, ყოველ საღამოს მისმენდა, მაგრამ არასდროს აკეთებდა კომენტარს. არ ვიცოდი, რას ფიქრობდა ჩემს რეპერტუარზე, რომელსაც გამუდმებით ვცვლიდი. გიო ძალიან კონტაქტური აღმოჩნდა, ყოველთვის მამხნევებდა და კლავიშსაც სწორედ მაშინ წამახმარდა, როცა განსაკუთრებულად ვნერვიულობდი. ჯგუფის სოლისტიც გავიცანი, მართას ვოკალური მონაცემებით მოხიბლული ვიყავი, მაგრამ როოგორც კი სცენას დატოვებდა და იოგებს მხოლოდ სასაუბროდ მოიხმარდა, მოხუცი მწეველის ხმა ამოსდიოდა. გიგა რატომღაც დისტანციას იცავდა, ჩვენი სამსახურეობრივი ურთიერთობა მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა. საბასთვის თავის არიდება არ გამჭირვებია, რადგან აღარ გამოჩენილა. თათია და ნიკა ყოველს საღამოს გადიოდნენ სასეირნოდ, რაც საშუალებას მაძლევდა ძვირფასი სიმარტოვე მთელი სხეულით შემესრუტა. უკვე ყვავილებით მორთული აივნისთვის თავი შემეფარებინა და დედაქალის შეყვარება დამეწყო. ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის საგრძნობლად აცივდა. უქმე დღეებისთვის ბათუმში წასვლა გადავწყვიტე და თათიაც მაშინვე ამყვა. - ბილეთები როდის ვიყიდოთ? - ვკითხე და აივანზე გასასვლელ შუშის კარს გამწმენდი სითხე შევასხურე. - ნიკასაც უნდა წამოსვლა... - მიკროეკონომიკის სამუშაო რვეული ხმაურით დახურა და წითელი ხაზებით დატვირთულ ყდას დააცქერდა. - ნიკა თუ წამოვა, საბა აუცილებლად მანქანით წაგვიყვანს. - ძალიანაც კარგი, ფულს დავზოგავთ. - მთელი შინაგანი ენერგიის მობილიზება დამჭირდა, რომ უკმაყოფილება არ შემტყობოდა. - საბასთან ერთად წამოხვალ? - ისე გაუკვიდა თითქოს მტერთან პაემანზე წასვლას დავთანხმდი. - რამე პრობლემაა? - გაპრიალებულ შუშას თვალი მოვწყვიტე და თათიას დაბნეულ სახეს დავაკვირდი. - ნიკასთვის უთქვამს, არამგონია ჩემთან ერთად წამოსვლის იდეამ გაახაროსო. - თუ თვითონ აქვს ჩემთან რამე პრეტენზია, მატარებელიც მშვენივრად ჩამიყვანს. - სააბაზონს კარი უხეშად გამოვაღე. საწმენდი ტილო გავრეცხე და ისე ძლიერად გავწურე, თითები ამეწვა. - ცოტა რთული ბიჭია... - თათია უკან ამეტუზა. - არავინაა მარტივი. ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ, გადავწყვიტე სიტუაცია მეტად აღარ დამეძაბა და უბრალოდ დავთანხმდი. თვითონ იქცეოდა უცნაურად და სულაც არ ვაპირებდი ეს იარლიყი ჩემთვის დამეტოვებინა. წასვლა პარასკევი საღამოსთვს დავგეგმეთ. პარასკევი იყო, თბილი და მზიანი ამინდი. უნივერსიტეტიდან ნაშუადღევს დავბრუნდი. კარადის ძნელად მისაწვდომი დახლიდან ცარიელი ჩემოდანი ჩამოვიღე და გასასვლელთან გავხიდე. - რად გინდა? - თათიამ მაშინვე დახურა ლეპტოპი. - ცარიელია, თბილი ტანსაცმელი უნდა წამოვიღო. ამ ერთმა თვემ ჩვენს ურთიერთობაზეც იმოქმედა. გულითადი მეგობრები ვერ გავხდით, მაგრამ გასაყოფიც არაფერი გვქონდა და მასთან ერთად ცხოვრებით კმაყოფილებას ვგრძნობდი. - აბა, მზად ხართ? - სამზარეულოში ვიყავი, როცა ნიკას ხმა მომესმა და სისხლი ამიდუღდა, თითქოს პირველად გავიაზრე, რომ ბათუმში მივდიოდი. სანამ ბინას საფუძვლიანად გამოვკეტავდი, ნიკამ ჩემს ცარიელ ჩემოდანს ხელი დაავლო და ლიფტის კაბინაში აესვეტა. მცირე წინააღმდეგობის შემდეგ ინება და დამიბრუნა, მაგრამ ისეთი უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო, თითქოს სამი წლის ბავშვს სათამაშო წავართვი. საბა ჩვეული თავმომწონებით იდგა ალაპლაპებულ მანქანასთან, უკანა კარს ოდნავ მიყრდნობილი. საგულდაგულოდ შემათვალიერა და საბარგულის კარი უხმოდ გააღო. - ლურჯი? - ჩემს ჩემოდანს წარბაწეული დააკვირდა. - არაქალურია? - მსუბუქად ჩავდე და ტალღებისფერ თვალებს შევხედე. - ზედმეტად. - ტუჩის კუთხე დამცინავად აეპრიხა. - ზედმეტია, როცა ფერებს გენდერული ნიშნით ყოფენ. - თვალი ავარიდე, თათია და ნიკა უკანა სავარძლებზე ნაწილდებოდნენ. ღია საქარე მინასთან დავიხარე. - მეღადავებით? - კაი რა... - თათია ნიკას მიეხუტა და თაფლისფერ სფეროებში ვედრება ჩაუდგა. ოხვრით დავიკავე წინა სავარძელი და ღვედი საგულდაგულოდ შევიკარი. საბა უკვე კმაყოფილი სახით ატრიალებდა გასაღებს. თვალის ასარიდებლად მობილური მოვიმარჯვე, გადახლართულმა ყურსასმენის კაბელმა სრულ სასოწარკვეთილებამდე მიმიყვანა. ბოლოს შევეშვი... - გაქვს რამე ნორმალური? - საბას გვერდულად შევხედე. - გარეგნობას გულისხმობ თუ ხასიათს? - გზას თვალი მოსწყვიტა და ზღვისფერი მზერა მომაპყრო. - მუსიკას. - სახეზე ალმური მომედო. - შეამოწმე. - თვალით მანიშნა. ჩართვის ღილაკს თითი გაუბედავად დავაჭირე. ჰაერი მაშინვე დაიმუხტა სასიამოვნო ნოტებით. „What a wonderful world“ გაისმა, სხეული ისევ ჯაზის მარიონეტად მექცა და თვალები გაუაზრებლად დავხუჭე. ზღვა მთლიანად შავი იყო და ტბასავით უძრავად იდგა, ნაპირას მდგარ მაღალ სილუეტს ვუახლოვდებოდი და ფეხქვეშ კენჭების ნაცვლად ქვიშას ვგრძნობდი. - რა ხდება? - ვკითხე და ჩემკენ შემობრუნებული სილუეტი მეცნო. - როგორ ფიქრობ? - მისი ხმა ჰქონდა, მისი ნაკვთები, მაგრამ თვალის ფერი სიშავეს შეეჭამა. - შენ გეკითხები! - ქვეცნობიერის დონეზე ვხვდებოდი, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო. - ცოდვები უკვალოდ არ ქრებიან... - სახე გვერდულად მოეღრიცა და ჩემს სიმაღლეს გაუსწორა. - როგორ გამოასწორებ? ვუყურებდი სიბოროტითა და სისასტიკით სავსე უკუნეთ თვალებს. - როგორ გამოვასწორო? - გაიღვიძე! - სახეზე საშინელი ღიმილი გადაფინა. - ლიტა, გაიღვიძე... - შორიდან მომესმა საბას ხმა და შეხტომისას ღვედმა სავარძლის საზურგეზე მიმანარცხა. - სად ვართ? - მანქანა დამფრთხალმა მოვათვალიერე, საშინლად მცხელოდა და ჰაერი არ მყოფნიდა. - ზესტაფონში, ყავის საყიდლად გადავიდნენ, რომელი გინდა? - დაბნეული თვალებით დამაკვირდა. დაბნეული, ზღვისფერი თვალებით... - ამერიკანო. - მზერა ავარიდე, მშვიდად ამოვისუნთქე და ღვედი შევიხსენი. გრილი ჰაერი მესიამოვნა, დიდხნიანი ჯდომისგან წელი მიბჟუოდა და მუხლებში სუსტ ტკივილს ვგრძობდი. ბათუმამდე თვალი ვეღარ მოვხუჭე. ვერც საუბარში ავყევი მხიარულ თანამგზავრებს. - ორი წუთით გააჩერებ? - ზღვის დანახვისას თავი ვერ შევიკავე. ბნელში შეჭრილი ქალაქი სულ ახლოს მოჩანდა. თავი თანხმობის ნიშნად დამიკრა. მონატრებული ნაწილაკები ფილტვებში შევაგროვე და ამოსაშვებად მენანებოდა. სუნთქვაშეკრული გავყურებდი ღამის სიბნელეში შთანთქმულ ზღვას და ტალღების რიტმული ღელვის ხმა ყველაზე მშვენიერი მელოდიასავით ჩამესმოდა. თათია და ნიკა სურათების გადაღებით ერთობოდნენ. საბა ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა. - კარგი ხედია... - სიბნელეში ჩაკარგულ სივრცეს სრული სერიოზულობით გახედა. - ეს არ არის უბრალოდ კარგი ხედი. - აბა, რა არის? - ისევ დამცინავად გადმომხედა. მზერა გარშემორტმულ ჰორიზონტზე გადავიტანე და მლაშე ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. - სახლი!.. ზურა სადარბაზოსთან დაგვხვდა. - მამა! - მანქანიდან გადასვლამდე ვიყვირე, გადავხტი და ჩემკენ სირბილით მომავალს ჩავეხუტე. - ლიტა, როგორ მომენატრე... - როხროხებდა და გულში ძლიერად მიკრავდა. - მეც მომენატრე. - როგორ იმგზავრეთ? - ხელი გამიშვა და მანქანიდან გადმოსულ სამ სილუეტს დააკვირდა. - მშვიდად. - მაშინვე გაუღიმა ნიკამ და საბარგულიდან ჩემი ჩემოდანი ბუმბულივით მსუბუქად გადმოიღო. - ვინცობთ ერთმანეთს? - ზურას ყურადღება საბაზე გადაერთო, ხელი მხარზე მომხვია და მიმიხუტა. - არა, მე საბა ვარ, ნიკას ნათესავი. - ხელი გამოუწოდა, დაძაბულ სახეზე თვალი შევავლე და უსიამოვნო გრძნობამ მუცელში დამიარა. - ზურა. - ღიმილით ჩამოართვა ხელი. - მადლობა, რომ უსაფრთხოდ ჩამომიყვანე. - დაიხარა და თავზე მაკოცა. ჩემი საძინებლის კარი ფრთხილად გავაღე, სიბნელეში მოცულ ოთახს ვუყურებდი და შუქის ჩართვა არ მინდოდა... ბოლომდე უნდა მეგრძნო აქ დაბუდებული აურის გემო. - ეს შენ მოამზადე? - ეჭვის თვალით დავხედე სავახმშმოდ გამზადებულ საქონლის ოსტრს. - შევუკვეთე. - ცოტათი დაიბნა. გემრიელი ვახშმისა და საუბრის შემდეგ გზის მტვერი წყალს გავატანე და საძინებელში შევიკეტე. საწოლზე ზეწარივით უძრავად ვეფინე, ჭერზე დახატულ ვარსკვლავებს ვუმზერდი და უცნაური გრძნობა სულს მიფორიაქებდა. რამდენჯერაც საკუთარი თავი საბაზე ფიქრში გამოვიჭირე, იმდენჯერ გავაქნიე თავი, მაგრამ ეს მოძრაობა აზრებს ვერ ცვლიდა. ადამიანების მიმართ ცალსახა დამოკიდებულება არასდროს მქონია. ყველას განსხვავებულად აღვიქვამდი, ქუჩაში მიმავალი ბევრჯერ გავჩერებულვარ, ჩემს ირგვლივ მოძრავი სახეებისთვის შემიხედავს და მივმხდარვარ, რომ ისინიც ჩემნაირი ადამიანები არიან, თავიანთი ყოველდღიური საზრუნავით. ნივთებს სწორხაზოვნად აღვიქვამდი, მაგრამ გარემოსთან დამოკიდებულების ახსნა ნამდვილად მიჭირდა. საათობით შემეძლო ფოთოლცვენის ყურება, დილიდან დაბნელებამდე ვმჯდარვარ ზღვაზე მიშტერებული... ზღვის გახსენებაზე ჯერ საბას თვალები გამახსენდა, მერე მთლიანად საბა. ადამიანი, რომელიც ისეთივე შეუცნობელი გახდა ჩემთვის, როგორც კოსმოსი, როგორც რაღაც არაამქვეყნიური ქმნილება. თუ თვალები სულის სარკეა, ის ადამიანი არ გამოდის. არავინ იმსახურებს ზღვისფერი თვალების ქონას. ჩემს მიერ შედგენილი ფსიქოლოგიური პორტრეტი სრულ სისულელედ მომეჩვენა. ალბათ, ზოგადად ასეთი იყო, ყველას უღრენდა ან ეთამაშებოდა. თვალის გახელისთანავე პირად ვარსკვლავებს შევხედე და ენერგიამ ტანში გამიარა. ჯერ კარგად არ იყო გათენებული, ასე რომ შემეძლო თითქმის ცარიელ სანაპიროზე ხელებგაშლილს მევლო. იოგასთვის განკუთვნილი სამოსი სწრაფად ჩავიცვი და სახლის კარი გარედან გადავკეტე. ზურა მიჩვეული იყო ჩემი ბათუმური დილის რუტინას და მისი დარდი არ მქონია. იოგამ გარდატეხის პერიოდში გამიტაცა. გარკვეული დრო ჩემი ცხოვრების წესი იყო, თუმცა მერე თანდათან გადავეჩვიე და მისგან მხოლოდ ტანსაცმელი დამრჩა. სანაპირომდე მისასვლელი ბულვარის ზოლი თითქმის უკაცრიელი დამხვდა, მხოლოდ რამოდენიმე მორბენალი შემხვდა. იოდით გაჟღენთილ ჰაერს ვისუნთქავდი და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გაგონებული ქვების ღრჭიალი დენის უწყვეტი ტალღებივით მტოკავდნენ. სულ ახლოს ჩამოვჯექი. ზღვა ღელავდა და ნაპირს მოხეთქებულ ყოველ ტალღას უკან დახევისას კენჭები ჩხრიალით მისდევდნენ. რომელიღაც ქართული ლექსიდან მახსოვდა, რომ ეს ხმაური აბლოდისმენტები იყო. თოლიების ჭყივილზე კი უკულტურო მსმენელი გამახსენდა და ხმამაღლა გამეცინა. - ანეკდოტებს გიყვება? - ნაცნობ ხმაზე თავი მოვაბრუნე. ცისფერ მაისურში გამოწყობილ საბას მოზრდილ თმაზე გრილი ქარი ექაჩებოდა. - არ გცივა? - მის ნაცვლად გამაჟრიალა და მოსასხამი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე. - არა. - ჩემს გვერდით ჩამოჯდა, ხელში კენჭი აიღო და იმ წამს გამოწოლილ ტალღას მოუქნია. - ნუ ესვრი, ძლივს ჩაწყნარდა! - გაბრაზდება? - დამცინავი ლაჟვარდები მომაპყრო. - თბილისის ბალოტში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ზღვა ცოცხალია. - სრულიად თავდაჯერებულმა ვუპასუხე. - ანუ, ზღვა სახლია და თან ცოცხალია? - კიდევ ბევრია, მაგრამ ვერ გაიგებ. - გავბრაზდი, რადგან კენჭებს ისევ ისროდა. - აქ მღერი ხოლმე? - შეცვლილი ბგერები მომესმა. - ყოველთვის. - გიტარის გარეშე? - სხვაგან ვმღერი ხოლმე ამის გარეშე. - უსასრულო ჰორიზონტისკენ მივუთითე. - ესეიგი, გიტარა ზღვის შემცვლელია? - ახლოს ხარ. - წამით თვალი შევავლე და ისევ თოლიებს დავაკვირდი. - იმღერე და გეტყვი, რომელი უკეთესია. - ისევ ის ცინიზმით გაჟღენთილი გამოწვევა. - ხელები გააჩერე და ვიმღერებ. - წარბაწეულმა მივუთითე და თითებს შორის მოქცეული ქვა მაშინვე მოძმეებს დაუბრუნა. გამჭოლ მზერას თვალი ავარიდე და ჩემს საყვარელ ჰორიზონტს გავხედე. - „ საით მიფრინავენ თოლიები ნეტავ, ცისკენ მიდიან და ბრუნდებიან ჩვენთან, მე ისევ შენსკენ გამოვყვები სიყვარულის გზას, ქუჩის ბოლოს მოლოდინი დგას...“ თითქმის ტერფებამდე მოქაფებული ტალღა უკან გაბრუნდა და კენჭებიც ხმაურით გაედევნენ. - აი, მქუხარე აბლოდისმენტებიც... - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, მერე კი მომიბრუნდა და ინტერესით სავსე ზღვებით მომაშტერდა. - თვალები არ დაგიხუჭავს. - იმიტომ, რომ რისი წარმოდგენაც მინდა, ისედაც აქაა... - ვთქვი და საკუთარმა სიტყვებმა დამაბნია. თვალებში ვუყურებდი და ზღვისკენ გახედვა არ მინდოდა. სუნთქვა შემეკრა და ფეხზე წამოვხტი. - უნდა წავიდე, ნახე როგორ მოუმატა ტალღებს, აღარ ესროლო!.. სანამ რამეს იტყოდა ჩქარი ნაბიჯით გავეცალე, ზღვიდან წამოსული ქარი თმას წინ მიყრიდა, ვიცოდი, რომ ხმაურიანად მივდიოდი, მაგრამ არაფერი მესმოდა. სასეირნო ზოლზე გავჩერდი და უკან მიხედვა გავბედე. საბა ისევ ისე იჯდა, ორივე მტევანი კენჭებზე დაეყრდო და აღარ ისროდა. საღამოსთვის ძველი მეგობრების ნახვა დავგეგმე. ზურა მთელი დღე სამსახურში იყო, ამიტომ სახლის დალაგება გადავწყვიტე და ცოტა გამიკვირდა, ყველაფერი იდეალურად იყო დალაგებული, წიგნის თაროზეც კი არ იდო მტვერი. ზურას საძინებელში შევაბიჯე და თითქმის ცარიელ ტუმბოზე მზერა გამიშეშდა. ჩარჩოში ჩასმული სურათიდან მე ვიღიმოდი, მაგრამ ეს არ იყო მთავარი ამბავი. აქ კიდევ უნდა ჰქონოდა სხვა ჩარჩოც. დახლები ამოვქექე და ვიპოვე. საკუთარი თავი ვიპოვე, ოღონდ ათი წლით უფროსი. „სან-რემოს“ გადახურულ აივანზე ვიყავი. ცარიელ მაგიდასთან დაძაბული ვიჯექი და ზღვას ვუცქერდი, თუმცა არ მამშვიდებდა. მეგობრები მალე მოვიდოდნენ, განსაკუთრებით ერთი მათგანის მოსვლა მჭირდებოდა. - ლიტა! - თამუნამ სამი მეტრის მოშორებით იყვირა და ხელებგაშლილი წამოვიდა. მაშინვე წამოვდექი და ჩავეხუტე. - როგორ მომნატრებიხარ! - მეც ისე მომენატრე... - დიდ, თაფლისფერ თვალებში ჩავხედე და დაძაბულობა ოდნავ მომშორდა. - აბა, რატომ დამიბარე უფრო ადრე? - ხელჩანთა სკამის საზურგეზე გადაკიდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. - მგონი, ზურას ვიღაც ჰყავს. - სახე ხელებში ჩავრგე და თვალები მაშინვე ამეწვა. - საიდან მოიტანე? - დედას ფოტო ტუმბოს დახლში ვიპოვე, სახლი სულ დაწკრიალებულია... - გაშლილ თითებს შორის გამოვიჭყიტე. - ლიტა, ათი წელი გავიდა უკვე... - თერთმეტი წელი გავიდა, მაგრამ... - ხმა ამიკანკალდა და დასამშვიდებლად ღრმად ჩავისუნთქე. - მაგრამ მაინც ბრაზობ. - დაასრულა და ჩემი ხელი თბილ ხელებში მოაქცია. - დედაშენი სულ ცოცხალი იქნება თქვენთვის, მას ვერავინ ჩაანაცვლებს... - ჩაანაცვლა, როგორც ჩანს! - მამაშენს უფლება აქვს ბედნიერი იყოს. შენ წახვედი, მარტო დარჩა... წარმოიდგინე, როცა ვინმე შეგიყვარდება და დაქორწინდები სრულ სიმარტოვეში იქნება. - სადაც ვიქნები იქ წავიყვან... - ვიაზრებდი, რომ სწორ მხარეს მახედებდა, მაგრამ თითქოს თვალის დახუჭვა მერჩია. - გინდა, რომ მთელი ცხოვრება იგლოვოს? - არა... - ჩამოგორებული ცრემლი სრუტუნით მოვიწმინდე. - მაგრამ, არ მინდა ვიღაცის გამო დედაჩემი ტუმბოს უჯრაში შეჩურთოს. - დაელაპარაკე და შენი პოზიცია უთხარი. - სკამის საზურგეს მიეყრდნო და მზრუნველი მზერა გამისწორა. - თუ ვინმე ჰყავს და ეს სერიოზულია, შენთვის გაცნობა ენდომება, მაგრამ ალბათ ნერვიულობს... - ურჩევნია სერიოზული ურთიერთობა ჰქონდეს და ვიღაც დროებითი არ აჰყავდეს იმ ბინაში, სადაც დედა ცხოვრობდა! - გინდა რომ მამაშენს სერიოზული ურთიერთობა ჰქონდეს? - სათნო სახეზე ღიმილი გადაეფინა. - რა სწრაფად შეიცვალე აზრი. - ნუ დამცინი! - გავუბრაზდი, მაგრამ ღიმილი მაინც გამეპარა. სხვებიც მალე მოვიდნენ და საღამომ მხიარული ხასიათი მიიღო. მივხვდი, რომ მენატრებოდა ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე. შავ ღვინოს ვწრუპავდით და სასაცილო მომენტებს ვიხსენებდით. მევსებოდა ის დანაკლისი, რომელსაც ბოლო ერთ თვეში სიღრმისეულად გაედგა ფესვი. თურმე მხოლოდ ქალაქი და ზღვა კი არა, ყველაფერი მენატრებოდა, რაც აქ დავტოვე. დარბაზიდან მუსიკის ხმა მკვეთრად ისმოდა, მაგრამ საუბარში ხელს არ გვიშლიდა და ყურადღებას თითქმის არ ვაქცევდით. მხოლოდ მაშინ დამიარა ყველა ტალღამ, როცა ამსტრონგის ის მელოდია გაჟღერდა, რომელიც საბას მანქანაში ჩავრთე. - ჯაზის ფანო, წამო გეცეკვო! - თემო ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოუქნელობის შესახებ ბევრი მსმენოდა და მენახა, მაინც გავყევი. მოცეკვავე წყვილებს შევერიეთ და რიტმს ავყევით. - თემო, ცოტა ნელა... - ლამის თვალები გადმომცვივდა, როცა მეორედ დამაბიჯა ფეხზე. - რესტორანში ბოტასს რომ ჩაიცვამ მაგის ბრალია. - აქეთ გადმომაბრალა თავისი უგერგილობა. - თეთრია ეგ ბოტასი. - კბილებს შორის გამოვცერი. - უფრო სწორად, იყო! - დამდებთ პატივს? - ნაცნობ ბარიტონს გავყევი და საბას მზერას შევეჩეხე. - იცნობ? - თემომ ეჭვით აათვალიერა და ეშმაკურად გამომხედა. - ვიცნობ. - ვუპასუხე და უარის სათქმელად საბასკენ მივტრიალდი. - მაშინ, აჰა... - ხელი გამიშვა და ლამის მიმახუტა. - მაგას ეწუწუნე. - ჩემი დაბრიალებული თვალების პასუხად მხიარულად გამიცინა და აივნისკენ დაიძრა. საბას თავაზიანობის ნიშნად მსუბუქად გავუღიმე და ხელი გაუბედავად დავადე მხარზე. ვიგრძენი, როგორ შემომიცურა წელზე ხელი და ჩვენს შორის გაჩრილი დისტანცია შეამცირა. ძველებური ღიმილი სახიდან არ მოშორებია, ამღვრეული ზღვისფერი თვალებით თვალებში გაფაციცებით ჩამაცქერდა და მეორე ხელში ჩემი მტევანი მოაქცია. თუ აქამდე ვფიქრობდი, რომ ვალსის ცეკვის რამე გამეგებოდა, ვცდებოდი. იდეალურად ასრულებდა თითოეულ მოძრაობას, ტრიალისას საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება მქონდა. მერე ამ სიმსუბუქეს წელზე ხელის შემოხვევით მიზღუდავდა, მერე ისევ ბუმბულივით ვტრიალებდი. - ზღვაში გამავალ ხიდზე რესტორანია და შენ აქ ხარ, უცნაურია არა? - ყურში ჩამჩურჩულა და ისევ დასატრიალებლად გამანთავისუფლა. - უცნაური ის უფროა, რომ აივნიდან კენჭებს არ ისვრი. - ვუპასუხე, როგორც კი მის მკლავებს დავუბრუნდი. მუსიკა შეწყდა და მომეჩვენა, რომ იმაზე ადრე დამთავრდა, ვიდრე აქამდე მთავრდებოდა ხოლმე. - ვისთან ერთად ხარ? - ვკითხე, როგორც კი საცეკვაო ტერიტორია დავტოვეთ. - ნიკასთან და მის მშობლებთან ერთად. - კარგი, მე მეგობრებს დავუბრუნდები. - ღიმილით გამოვემშვიდობე, თითქოს მის სახეზე სინანულის ფერიამ გაიფრინა და ამის შემჩნევით კმაყოფილს ლამის ფრთები გამომესხა. - ვინაა ის ღვთაება? - ნინო მაგიდასთან მისვლამდე მეცა. - თათიას შეყვარებულის მამიდაშვილი. - მხრები ავიჩეჩე და ჭიქაში დარჩენილი ღვინო ერთ ყლუპად შევსვი. - მთლად შინაური ყოფილა. - თემო სიცილისგან გადაბჟირდა და მწიფე პომიდვრის ფერი დაედო. სახლში რომ დავბრუნდი, ზურა ტელევიზორს უყურებდა. ფეხსაცმელი კართან გავიხადე და სააბაზანოს ნიჟარასთან დავაწყე. - ნახე ბავშვები? - ტელევიზორი გამორთო და ფეხზე წამოდგა. - კი... - სამზარეულოში შევედი, ჭიქაში წყალი ჩამოვასხი და მისაღებში ისევ ზურას დავუბრუნდი. - ხვალ მივდივარ და დედას სურათის წაღება მინდა... - თვალს იატაკს არ ვაშორებდი. - აარჩიე რომელიმე... - არა, იმ სურათის წაღება მინდა, რომელიც საძინებელში გქონდა. - მზერა გავუსწორე. - უჯრაში შენახვას ასე სჯობს. ზურა უღონოდ დაეშვა სავარძელზე და თავი სევდიანად ჩაქინდრა. - როდის უნდა გამაცნო? - მისმა რეაქციამ გული მომილბო და გვერდით მივუჯექი. - გაცნობა გინდა? - გაოცებული თვალებით შემომხედა. - მინდა ვნახო ვინ გილაგებს სახლს და ვინ აკეთებს ისეთ გემრიელ ოსტრს. - გავიცინე, მაგრამ თვალებში სითხე მაინც მომაწვა. - შემდეგ ჩამოსვლაზე აუცილებლად გაგაცნობ. - მასში ჩამდგარი იმედის სხივი მთელი არსებით ვიგრძენი და მისი ჩაქრობის არანაირი სურვილი არ გამჩენია. - წყალს გადავივლებ. - რამოდენიმე ყლუპი მოვსვი და ჭიქა სამზარეულოს დავუბრუნე. - ძილინებისა. ძილის წინ ისევ ვარსკვლავებს მივაშტერდი და დავფიქრდი. არ იყო არაფერი საგანგაშო, თუ ზურა ბედნიერი იქნებოდა. დედა გამახსენდა... გრძელი, ქერა თმა და ნახშირივით შავი თვალები ჰქონდა, თოვლივით თეთრი იყო, მაგრამ ბოლოს რომ ვნახე უფრო ფერმკრთალი მომეჩვენა. მაშინ რვა წლის ვიყავი და წესიერად ვერ ვიაზრებდი მომხდარს. ერთ დღეს დედა წავიდა და ვეღარ დაბრუნდა. დიდი, ყავისფერი ყუთი იდგა ავეჯისგან დაცლილ მისაღებ ოთახში და სიშავეს ყველაფერი დაეჩრდილა. მახსოვს, ვყვიროდი, რომ იმ ყუთიდან ამოეყვანათ... მიკვირდა, რატომ არ ეღვიძებოდა ჩემს განწირულ კივილზე და როგორ ძლებდა იქ, იმ საშინლად მახინჯ ყუთში. მომდევნო დღეები ბუნდოვნად მახსოვს, მეზობლის სახლში ვიყავი რამოდენიმე დღე და მოხუცი ქალი ტირილით მიხსნიდა, რომ დედა სულ ჩემთან იქნებოდა, არ წასულა, ბუნებას შეერია, წვიმის სახით მომეფერებოდა. - შეიძლება რომ , დედა ზღვას შეერიოს? - ვკითხე და წარმოვიდგინე, რა ლამაზად ამოვიდოდა წყლიდან. - თუ იგრძნობ რომ ზღვაშია, ესეიგი მას შეერია. - მიპასუხა და ამის შემდეგ ზღვა გახდა ჩემი ნავსაყუდელი. უსასრულო, წარმოუდგენელი ფერის, იმ დღის შემდეგ ტალღებისთვის კენჭი აღარ მისვრია. კიდევ რამდენის დედა შეერია ცისა და დედამიწის გასაყარს? ვინ იცის... მეორე დილით საფლავზე წავედი. ვიდექი იქ, სადაც მისი სხეული მიწად იქცა და მიკვირდა, რომ მის სიახლოვეს სანაპიროზე უფრო მეტად ვგრძნობდი, ვიდრე აქ. ბავშვობაში სიმღერა დავუწერე და ყოველ მოსვლაზე ვუმღეროდი ხოლმე. საფლავის ქვიდან ჩვეული სინაზით მიღიმოდა. - „ნაბიჯებით გადავთვალე გზა შენამდე, ყვავილებიც დაგიკრიფე, მომყვებიან... თაიგულად შეგიკარი გაზაფხული, ტკივილები მხოლოდ შენით მორჩებიან, აი, მოჩანს შენი ბინა, თეთრი ქვები, ვერ ვეჩვევი, რატომ მხვდები მწოლიარე? როცა ადრე შენზე უფრო მოფუსფუსე, ვერვინ ვნახე, დედამიწა მოვიარე. და კითხვები თავად მისვამს კითხვის ნიშანს, შენთვის ნაკრეფ ჭრელ ყვავილებს ვართავ ქვაზე, ნეტავ ვინმე გაიგებდეს როგორ მცივა, თითქოს ვიღაც სულში სევდის თოვას მაჩვევს.“ სველი ღაწვები სწრაფად შევიმშრალე და გამხმარი ყვავილები ახლით შევცვალე. თბილ ტანსაცმელთან ერთად რამოდენიმე კლასიკური სამოსიც ჩავდე ჩემოდანში და საძინებელს თვალი მოვავლე. ჩემი თანამგზავრები უკვე ეზოში მელოდნენ. ზურამ ბარგს ხელი დასტაცა და ერთად ჩავედით. თათია და ნიკა უკანა სავარძელზე ისხდნენ. საბამ საბარგულის კარი გააღო და ჩემი ლურჯი ჩემოდანი გულგრილად ჩატენა. - ჭკვიანად იყავი და მალე ჩამოდი... - ზურამ გულში ჩამიკრა და საშინელმა აზრმა გამიელვა, მალე უნდოდა მისი ახალი სიყვარულის ჩემთვის გაცნობა. - ყვავილები აუტანე ხოლმე, მთლიანად ჩამჭკნარი იყო... - ყურში ჩავჩურჩულე და შემოხვეული ხელები მოვაშორე. - ლიტა... - თვალებში ჩამაცქერდა. - შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი სიამაყე, სიმდიდრე, ღირსება, ყველაზე დიდი საჩუქარი... არ დაგავიწყდეს. უხმოდ მოვტრიალდი და საბარგულთან გაშეშებული საბას მზერას შევეჩეხე. არ მომეწონა მის გამომეტყველება, არც მისი ამღვრეული თვალები. თბილისამდე სრული მდუმარებით ვიმგზავრე. თათია და ნიკა საუბრობდნენ, იშვიათად საბაც ჩაერეოდა. თითქოს შორიდან მესმოდა მათი ხმები, თუ ძალიან შევწუხდებოდი ყურსასმენებს ვიშველიებდი და ჯაზიც მაშინვე გამიტაცებდა მუსიკალურ პლანეტაზე. ტანსაცმელი მალევე დავალაგე ტევად კარადაში. წამოღებული სურათი საწოლის გვერდით, ტუმბოზე მოვათავსე და მინის დამცავს თითი გადავუსვი. ისეთი ლამაზი იყო... შემდეგმა ორმა დღემ თვალის დახამხამებაში ჩაიარა, მთელი ჯგუფი ქვიზებისთვის ვემზადებოდით და კონსპექტები ხელიდან ხელში გადადიოდა. ოთხშაბათის საღამო იყო, ჩემი სამუშაო დღე. ჩიხოლში ჩასმული გიტარა მხარზე გადავიკიდე და ბარისკენ მიმავალ გზას დავადექი. გრილი საღამო იყო და თავს ისე უცხოდ აღარ ვგრძნობდი, როგორც ადრე. ბარი ნახევრად ცარიელი დამხვდა, რაც სამუშაო დღისთვის სრულიად ნორმალურად ჩავთვალე. - დღეს ოთხ სიმღერას გაქაჩავ? - ბატონი ლადო ისევ ბარის დახლთან მოკალათებულიყო. - კი... - დავიბენი, მაგრამ თან მესიამოვნა. - სტუმრები ითხოვენ, რომ შეკვეთებიც იმღერო ხოლმე. - თვალები გამომცდელად მოჭუტა. - თითო შეკვეთაში სტანდარტულად ოც ლარს გადაიხდიან, ან შეგიძლია თანხა შენ დააწესო. - არ შემიძლია. - განგაშის სიგნალმა მთელი სხეული მოიცვა. - რატომ? - იმას ვერ ვიმღერებ რასავ ვერ ვიგრძნობ... - ენის ბორძიკით ავუხსენი. - ამიტომაც აგიყვანე. - ჩაეღიმა და პირველად ვიგრძენი მისგან, რომ მოსწონდა რასაც ვაკეთებდი. - ანუ შემიძლია შეკვეთების გარეშე ვიმუშავო? - რა თქმა უნდა. - ისევ ძველი გამომეტყველება დაუბრუნდა და მაშინვე გავეცალე. მუსიკოსებისთვის განკუთვნილ სცენასთან პატარა მაგიდა იდგა და სწორეს ის წარმოადგენდა ჩვენს მოსასვენებელს. შესანიშნავი სამეული უკვე ადგილზე იყო და მათკენ დავიძარი. - სად დაიკარგე? - ამოახველა მართამ და ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩააქრო. - ბათუმში. - შეძლებისდაგვარად გავუღიმე. - ბატონმა ლადომ მთხოვა, რომ დღეს ოთხი სიმღერა შევასრულო... - არჩეული გაქვს? - მომმართა გიგამ და ცოტა გამაკვირვა. - სამი მქონდა მოფიქრებული, დავამატებ რომელიმეს. - „სულს მოგცემ“ შეგიძლია? - კი, მარტივი აკორდებია. - არც კი მჯეროდა, რომ ამდენი მესაუბრა. - ჩარკვიანის რეპერტუარი გიხდება და მაგას მიაწექი, განსაკუთრებული გრძნობა და მოფერება უნდა თითოეულ ნოტს, რაც ნამდვილად კარგად გამოგდის. - ამბობდა და თვალები ერთიანად ეწვოდა. - პირველ დღეს რომ იმღერე, დაინგრა დარბაზი! - გიოს აღტაცებულმა ხმამ ღიმილის შეკავების ყველა უნარი წამართვა. - მადლობა, რომ მამხნევებთ... - ვიგრძენი რომ იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. სახლში იმაზე გვიან დავბრუნდი, ვიდრე დაგეგმილი მქონდა. თათია თავჩახრილი იჯდა დივანზე და თვალს მარიდებდა. - რა გჭირს? - გიტარა კუთხეში ავაყუდე და თანამცხოვრებს შორიდან დავაკვირდი. - რამოდენიმე წყლის ჭიქა გამიტყდა. - დამნაშავესავით ამომხედა. - ხვალვე ვიყიდი. - ჭიქების მეტი რა არის ამ სახლში, არაა საჭირო. - მაინც ვიყიდი... - როგორ გაგიტყდა? - სკანდალის სუნი მეცა. - შემთხვევით... - ნიკა აქ იყო? - ხელები გულზე დავიკრიფე, თავი ოდნავ დამიკრა. ამოვიოხრე და გვერდით მივუჯექი. - თათია, მომიყევი და სულ თუ ვერაფერი გირჩიე, გულს მაინც მოიოხებ. - ისევ იმ თემაზე. - კიდევ რამეს გაძალებს? - მთელი სხეული დამეძაბა. - თუ მაინცდამაინც ქალწულად გინდა გათხოვება, დავქორწინდეთო. - ტუჩი ნერვიულად მოიკვნიტა. - ეგ არ ქნა!.. - არ მინდა, რომ დავშორდეთ... - თათია, თვრამეტი წლის ხარ, სწავლობ, მშობლები ყველანაირად ხელს გიწყობენ, ახლა დაქორწინებით იმდენ რამეს გამოტოვებ. - ისეთს რას გამოვტოვებ ნიკას დაკარგვად რომ ღირდეს? - სასოწარკვეთილი მზერა გამისწორა და ვიეჭვე, რომ თითქმის თანახმა იყო ქორწინებაზე. - შენს სურვილებს... გინდა დაქორწინება? - არა, მაგრამ... - თუ დაქორწინდებით, მზად იქნები იმ ურთიერთობისთვის, რომელზეც ახლა თავს იკავებ? - ვიქნები, იმიტომ რომ ქმარი იქნება. - ესეიგი, საქმე მხოლოდ აპკშია? - შენ გექნებოდა ურთიერთობა შეყვარებულთან? - ნიშნის მოგებით გამომხედა. - აუცილებლად მექნება. სანამ ადამიანს მთელ ცხოვრებას დაუკავშირებ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ყველანაირად უგებ. მაგრამ ეს ჩემი აზრია და შენ თუ გინდა, რომ ქმარს ასი გრამით მეტი ჩაბარდე ეს შენი არჩევანია. - კომუნისტი გოიმი ვარ... - თავი დანანებით გააქნია. - არა, ინდივიდი ხარ და შენს სურვილს პატივს ვცემ. ისე ქენი, რომ ნიკამაც სცეს პატივი შენს პიროვნებას. - ლიტა, არ ესმის! - ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა. - მთავარია შენ მოუსმინო საკუთარ თავს. - ხვალ კიდევ დაველაპარაკები, თუ ისევ თავისებურად გაუტია, სჯობს ურთიერთობაში შესვენება ავიღოთ. - დივნიდან ადგა და სააბაზანოს კარი გამოაღო. - ახალი ჭიქები არ დავინახო, თორემ დავამტვრევ!.. - მუქარის თანხლებით გავუღიმე და მთელი დღის დაღილობა ერთიანად მომაწვა. თათიას დილის ცხრა საათზე ეწყებოდა პირველი ლექცია, ამიტომ დიდი ალიაქოთით დატოვა სახლი. წინ მთელი ერთი საათი მქონდა და ყვავილების მორწყვა გადავწყვიტე. პატარა დოქი მხოლოდ ნაწილს ეყო. სამზარეულოში შევბრუნდი, მაგრამ კარზე აჩქარებულმა კაკუნმა შესასვლელშივე გამაშეშა. თათიაზე გამეცინა, იმ გადარბენაში რაიმე რომ არ დარჩენოდა ის უფრო გამიკვირდებოდა. - ღიაა, შემოდი! - გავძახე და ძველ საქმიანობას დავუბრუნდი. დოქი წყლით შევავსე და აივანზე ისე გავედი, ოთახისკენ არც კი შემიხედავს. - ასაუზმებ? - საბას ხმამ შემაკრთო და ჭურჭელი რომ არ გამვარდნოდა, ორივე ხელი შემოვხვიე. - მეგონა, თათია ამობრუნდა... - თავის გამართლებასავით ჩავილუღლუღე და დარჩენილი წყალი ყველაზე დიდ ქოთანში ჩავუძახე. - თვალისმომჭრელი ხედია. - დიდი არაფერი. - წინ ჩალაგებულ შენობებს გავხედე და უკმაყოფილება ვერ დავმალე. - როგორი თავმდაბალი ხარ. - მის სიტყვებზე თვალი ჰორიზონტს მოვწყვიტე. იდგა და თავხედი ღიმილით მათვალიერებდა. გამახსენდა, რომ უმოკლესი ღამის პერანგი მეცვა და სისხლი ძარღვებშივე ამიდუღდა. - ეს გამომართვი! - დოქი მკერდზე მივაბჯინე და საძინებლისკენ გავიქეცი. გონებაში უკანასკნელი სიტყვებით გამოვლანძღე და რბილი ხალათი წამის მეასედში შემოვიცვი. არეული სუნთქვა ჰაერის ღრმა ჩასუნთქვებით დავარეგულირე, ისევ მისაღებ ოთახს დავუბრუნდი, მაგრამ საბა ვერ ვიპოვე, არც აივანზე იყო. სამზარეულოდან ხმაური შემომესმა. - რას აკეთებ? - ბოროტი ბადრაგივით დავადექი. - ყავას. - ისე მიპასუხა, თითქოს ყოველდღე ამ საქმიანობით იყო დაკავებული. - ვხედავ, ზოგადად აქ რას აკეთებ? - როგორი მკაცრი ტონია, ხალათის გარეშე რომ თქვა გაცილებით სექსუალური იქნება. - ორი ჭიქა მოიმარჯვა და გვერდი ღიმილით ამიარა. - არ ვარ შენს ხასიათზე. - უკან ავედევნე. - აივანზე თუ აქ? - უცოდველი მზერა გამისწორა. - აქ. - სარწეველა სკამი არასაკმარისად ტევადი იყო. - მომწონს, როცა გოგომ იცის რაც უნდა. - თვალი ჩამიკრა, ფინჯნები მაგიდაზე დააწყო და ზედმეტად შინაურულად მოკალათდა დივანზე. - მეც მომწონს, როცა ბიჭმა იცის რა უნდა. - სავარძელზე ხალათის სწორებით ჩამოვჯექი. - რა გინდა? - გითხრა რა მინდა რომ თავი უფრო მოგაწონო? - ყავა ფრთხილად მოსვა და ღრმა სფეროებით დამაცქერდა. - მითხარი რა გინდა და წადი. - მოთმინების ფიალა საოცარი სისწრაფით მევსებოდა. - დავლევ და გეტყვი. - ღიმილით აიღო ფინჯანი. ცხელ ყავას პირის დათუთქვით ვსვამდი და თვალს არ ვაშორებდი, ვერაფრით გამეგო რა უნდოდა. - ნიკამ მითხრა, რომ დაქორწინებას აპირებენ. - საბოლოოდ ამოღერღა. - თათია დაშორებას აპირებს. - დარჩენილი სითხე გამოვცალე. - რამე უნდა მოვიფიქროთ რომ არც ერთი მოხდეს და არც მეორე. - ორის ურთიერთობაში მესამე და მეოთხე ზედმეტია. - უნივერსიტეტში არ გაგვიანდება? - ცინიკურად შეხედა კედელს, მის მზერას თვალი გავაყოლე და გიჟივით წამოვხტი. მხოლოდ თხუთმეტი წუთი მქონდა. ტანსაცმელი ისე ჩავიცვი, არც კი შემიხედავს ზუსტად რა იყო. თმის სავარცხელი უხეშად ჩამოვისვი რამოდენიმეჯერ. - მანქანით ვარ და გაგიყვან. - ფეხსაცმელს ვიცვამდი, როცა ფრიად შეწუხებული სახით ამესვეტა. - ტაქსით გავალ. - ჩანთა მხარზე მოვიგდე და სახლის გასაღებს დავწვდი. - შორი გზით წაგიყვანს. - დანებებას არ აპირებდა. - კარგი, ოღონდ მალე გამოდი. - ლამის ჩემი ხელით გამოვაგდე სახლიდან. როგორც კი ღვედი შევიკარი, მანქანა ადგილს მოსწყდა და ჰაერის უკმარისობისგან ფილტვები დამებერა. - შეანელე! - საჭეზე შემოდებულ ხელზე ხელი წავავლე და შეძლებისდაგვარად მოვუჭირე. - ნუ გეშინია, კარგად ვატარებ. - მითხრა, მაგრამ ჩემი ხელის მოშორება არ უცდია. - არა, შეანელე... - პანიკამ ძვლებამდე ჩააღწია და მთელი სხეული ისე ამტკივდა, თითქოს მილიონი ქინძისთავი ერთად მჩხვლეტდა. - კარგი, ნუ ტირი... - ვიგრძენი, როგორ მოგვაკლდა სიჩქარე და მის მკლავს ჩაფრენილი თითები მოვაშორე. თვალები მომდგარი სითხისგან გავითავისუფლე და საბას ფრთხილად გავხედე. - სისწრაფის შიში მაქვს. - ვცადე ამეხსნა. - არ ვიცოდი, დიდი ხანია? - პირველად ვნახე როგორია, როცა მართლა მითანაგრძნობს. - რვა წლიდან. - ორი მანქანის გადამეტებულ სიჩქარეს შეწირული დედა გამახსენდა. - რამე სერიოზული მოხდა? არ ვიცი რა პასუხის გაცემას ვაპირებდი, მოულოდნელად აწკრიალებულმა მობილურმა ყურადღება გამიფანტა. - გისმენ, იო. - ყველა შიში ჰაერში გამეფანტა. - როგორ ხარ? - უკვე კარგად, შენ? - დღეს თუ მნახავ უკეთესად ვიქნები. - სამზე ვამთავრებ, გეცლება? - დაგირეკავ და სადმე წავიდეთ. - კარგი, გელოდები. მობილური ჩანთაში ჩავაბრუნე და ნაცნობი შენობა დავლანდე. - შენც მოგწონს ეგ იო? - დამცინავად გაიმეორა მისი სახელის შემოკლებული ვარიანტი. - მეგობრობაზე გსმენია რამე? - მაშინვე გავღიზიანდი. - მსმენია და მაგაშია საქმე. - წამით თვალი გამისწორა და მანქანა გააჩერა. - მადლობა. - ღვედი სწრაფად შევიხსენი, გადმოსვლისას წავიბორძიკე და კიბის საფეხურებს სირბილით შევუყევი. - ლიტა, რაღაც დაგრჩა. - საბას ხმა წამომეწია და მივტრიალდი. - რაა? - ზუსტად მახსოვდა, რომ ყველაფერი ჩანთაში მქონდა. მალევე წამომეწია და ერთი საფეხურით ქვემოთ გაჩერდა. სულ ოდნავ იყო ჩემზე მაღალი. კითხვით სავსე მზერა გავუსწორე და მის თვალებში დანახულ ტალღებზე გამახსენდა რომ ტაღღები ზღის ნაოჭებია. ტუჩებზე რაღაც თბილი და საოცრად რბილი შემეხო, ორივე ხელით თავს მიჭერდა და მკოცნიდა, მისი კანის სურნელი ნესტოებში შემიძვრა და სასიამოვნო არომატმა გამაბრუა. ისე იყო როგორც სიზმარში, რაღაცის გაკეთება რომ გინდა და ვერ აკეთებ, სხეული არ გემორჩილება. თუმცა ეს სიზმარი არ იყო, ან იქნება მისი შეჩერება არ მინდოდა? მომხდარის მთელი სიცხადე მხოლოდ მაშინ აღვიქვი, როცა თავი უკან გასწია და ამღვრეულ თვალებში კმაყოფილება ჩაუსახლდა. - ამაზე იფიქრებ, როცა მას შეხვდები. - ხელი ფრთხილად გამიშვა, მანქანაში ისე ჩაჯდა და წავიდა, ერთხელაც არ შემოუხედავს. ეს ნამდვილად სიზმარი იყო, რადგან გაქცევა მინდოდა და ვერ გავრბოდი. დაგვიანებული სტუდენტი კიბეზე მოექანებოდა და მის დანახვაზე გამოვცოცხლდი. სიბრაზე, წყენა, გაურკვევლობა და სხვა მრავალი ემოცია აუდიტორიის კართან დავტოვე. ვიცოდი გამოსვლისას ისევ აქ დამხვდებოდა, ვიცოდი და გულის მიუვალ კუნჭულებში მიხაროდა კიდეც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.