პროტაგონისტი (მეორე ნაწილი)
...გონებაში დაწერილი, უხილავ სცენაზე გადმოტანილი და შემდგომ არანჟირებული სპექტაკლების მთელი კასკადი. ფანტაზიით დახუნძლული გონების თამაში საკუთარ მესთან. სპექტაკლები ყველაფერზე: წარსულზე, მომავალზე, აწმყოს შესაძლო განვითარებაზე, ქალაქებზე, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე, ოკეანეზე, დეაზე, მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელში თვალმოკრულ ლურჯთმიან გოგოზე, ქუჩის კუთხის მაღაზიის მეპატრონე პუტკუნა ქალზე, ჭაღარა თმებს წითელი საღებავით ვერადავერ რომ იფარავს და ღიმილისას ორი ოქროს კბილი ისე უელავს, სადაცაა წარმოსახვითი სპექტაკლის ცარიელი დარბაზისთვის სინათლის ახალი წყარო გამოჩნდეს. ამ ყველაფერს უნებლიედ აკეთებდა. უნებლიედ კინძავდა საკუთარ გონებაში დანახულს, გაგონილს, წარმოდგენილსა თუ წარმოუდგენელს და გონებაშივე გამოსცემდა წიგნებად. დიდი მეოცნებე იყო. თავისი ოცნებების მოკლე ანალიზს ვინმეს თუ გაანდობდა, პასუხი თითქმის ერთი და იგივე იყო: „ეეე, ოცნებას კაცი არ მოუკლავს თომა“. ის კი საერთოდაც არ ფიქრობდა სიკვდილზე და ვერც იმას იგებდა, ასე რატომ პასუხობდნენ. დიდად არც აინტერესებდა, უბრალოდ ხანდახან მოუნდებოდა, რომ მის ამ წარმოდგენებს ვიზავი ჰყოლოდა და ცოტათი იმედგაცრუებული რჩებოდა საპასუხოდ მოსალოდნელს რომ ვერ იღებდა. თავს მარტოდ არ გრძნობდა. არც ყოფილა მარტო. მეგობრებიც ჰყავდა და ოჯახიც, უბრალოდ იმ სურვილს, რომელიც მას ამოძრავებდა არც ერთი ყოფნიდა და არც - მეორე. ეს დაუოკებელი სურვილი თითქოს ვინმე სხვას ითხოვდა. არც ამას აქცევდა ყურადღებას და ბევრსაც არ ფიქრობდა, თუმცაღა ხანდახან დააფიქრებდა ხოლმე. დეამ მასში რაღაც შეცვალა. თითქოს რაღაც მექანიზმი აამუშავა, რომელიც მანამდე გამორთულ იყო. თითქოს ჯერაც არ გაცნობილი გოგო იყო მისი სპექტაკლების ვიზავიც, მისი ოცნებების გამზიარებელიც და ის, ვინც ამ ყველაფერს მასხრად არ აიგდებდა. არ იცნობდა, მაგრამ საიდანღაც დანამდვილებით იცოდა, რომ სწორედ ის იყო ამ ყველაფრის თავიც და ბოლოც. დეა. გათენდა.. გაღვიძება, დედას დატოვებული წერილი, საუზმე, სკოლისთვის მომზადება და მისკენ მიმავალი გზა. თითქოს არაფერი მომხდარა. რუტინამ ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნა მათ შორის, თომას ფიქრებიც. უცვლელი იყო ყველაფერი სკოლაშიც. მთელი დღის განმავლობაში კოტესთან ლაპარაკი, სიცილი მასთან ერთად, ინგლისურის მასწავლებლის შენიშვნა ამის გამო და ქართულზე მოყოლილი გაკვეთილი. თომა ჩვეულ კალაპოტში ჩამჯდარიყო. ვეღარ ეფიქრებოდა გუშინდელზე და არც ახსოვდა. დღემ ზუსტად ისევე სწრაფად ჩაიარა, როგორც ყველა დანარჩენმა, გუშინდელამდე. ოთხშაბათი სწრაფად მიილია. ხუთშაბათი დადგა. თომას პირველი გაკვეთილის დღე სამსახიობო წრეზე, რაც თავად საერთოდ არ ახსოვდა. არც გაახსენდებოდა რომ არა დედას წერილი, რომელიც ელენემ სამსახურში წასვლამდე თომას დაუტოვა. თომა წერილის წაკითხვის მომენტიდან გაერთო ფიქრებში. ფიქრებში, სადაც დეა ეგულებოდა. სასაცილოა, რომ მომენტებში ავიწყდებოდა კიდეც, როგორი იყო დეა გარეგნულად, რადგან იგი მხოლოდ 2ჯერ, ისიც წამიერად ჰყავდა ნანახი. სკოლაში გაკვეთილებმა მოსალოდნელზე სწრაფად ჩაიარა. კოტე სკოლაში არ ყოფილა. წინა დღეს თომას მიწერა, რომ ხუთშაბათს ქიმია ჰქონდათ, რომელიც მას უეჭველად გამოიძახებდა და მორიგი ორიანი ჟურნალში კოტეს საერთოდ ბოლოს მოუღებდა, ამიტომაც დილას სავარაუდოდ თავის ან მუცლის ტკივილი მოიმიზეზა, რამაც გაამართლა კიდეც. ერთი სიტყვით, სკოლაში თომას შფოთვით აღსავსე სახე არავის შეუმჩნევია. სახლში სწრაფად დაბრუნდა, საათი ორს უჩვენებდა, როცა კარი შეაღო, ჩანთა ცალი მხრიდან მოიხსნა და სადილის გაცხელებას შეუდგა. დრო დაგეგმილზე სწრაფად გადიოდა, თუმცა თომა არ ჩქარობდა, რადგან წინასწარ გათვლილი ჰქონდა, თუ რომელი ავტობუსი რომელ დროს ჩერდებოდა მისი სახლიდან ახლოს მდებარე გაჩერებაზე. ყველაფერმა მისი გეგმის მიხედვით ჩაიარა და ოთხი საათისთვის უკვე შენობის შესასვლელში შედიოდა, როცა უკნიდან შაკო და დემე წამოეწიენ. -ბარო თომა როგორ ხარ - ჩვეული, მხიარული ტონით ჰკითხა შაკომ. -კარგად შაკო, თქვენ როგორ ხართ? - მხიარული ტონი გადაედო თომასაც. -ჩვენც კარგად. აბა მზად ხარ პირველი გაკვეთილისთვის? -წესით კი. ამასობაში ბიჭები შენობაშიც შევიდნენ, თუმცა შესასვლელში თომას „ნაცნობმა“ დაცვამ შეაჩერა. -საით გაგიწევიათ ბიჭებო? - ბიჭებმა შეამჩნიეს, რომ ბარიკადები, რომლებიც ორი დღის წინ უფუნქციოდ იდგა, ახლა ჩართული იყო. -თეატრალური წრის გაკვეთილი გვაქვს ხუთ საათზე. ბატონი ფრიდონი და ქალბატონი ეთო გვასწავლიან. - უპასუხა შაკოსგან და თომასგან განსხვავებით არ დაბნეულმა დემემ. -ახლა გაგატარებთ, თუმცა სანამ უკან გამოხვალთ ქალბატონ ელენესთან შეიარეთ და ბარათები გამოართვით. სხვა დროს ამ ბარათით მოგიწევთ სარგებლობა. ბარათის გარეშე არ დაიშვებით. - სრული სერიოზულობით უთხრა დაცვამ ბიჭებს, თუმცა მაინც ღიმილის მომგვრელად ჟღერდა მისი აღნაგობისა და დიდი ლოყების გამო. ჯიბიდან თავისი ბარათი ამოიღო და ბიჭები სათითაოდ გაატარა. სასურველი ოთახისკენ მიმავალ გზას ბიჭები აჩქარებული ნაბიჯით გაუყვნენ, რადგან მცირე შეფერხების გამო ორიოდე წუთი აგვიანდებოდათ. დიდი ოთახის დიდივე კარები შეღებული დახვდათ. ოთახში პუჰებზე ალაგ-ალაგ ისხდნენ ბავშვები. ზოგი ახლადგაცნობილი ერმანეთში ლაპარაკობდა, ზოგიც ტელეფონში იყურებოდა. პუჰების წინ სკამზე ჩამომჯდარი ფრიდონი და ეთოც ერთმანეთში საუბრობდნენ. თომას თვალებმა დეა იპოვა და ყველაფერი ახლიდან იგრძნო. ის, ვისაც არც კი იცნობდა მასზე მოქმედებდა და თანაც როგორ.. ბიჭები გიორგისთან დასხდნენ და მოიკითხეს. რამდენიმე წუთში ფრიდონმაც დაიწყო: -ბავშვებო, თუ შეიძლება ყურადღებით. - რამდენიმე წამი დაელოდა, სანამ ყველა დაწყნარდებოდა და განაგრძო. - პირველ რიგში სალამი. მიხარია, რომ ყველას გხედავთ. დღეს ჩვენი პირველი გაკვეთილი იქნება. მე და ქალბატონი ეთო ვეცდებით, რომ ყოველ გაკვეთილზე პრაქტიკული სავარჯიშოების გარდა, მცირე ისტორიასაც გაზიაროთ. დღეს დავიწყებთ სწორედ ამით, ქალბატონი ეთო ახლა გიამბობთ პირველი თეატრის შესახებ ისტორიაში. ქალბატონი ეთოს მონოლოგით ბავშვებმა შეიტყვეს, რომ თეატრის ისტორიის საფუძვლები დაკავშირებულია იტალიასთან და საბერძნეთთან. თომას ეთოს ნაამბობი ნაწილნაწილ ჩაესმოდა. მისი მთლიანი ყურადღება დეასკენ იყო მიმართული, რომელიც თომასგან ოდნავ მოშორებით იჯდა. ეთომ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მთელი არტისტიზმით ისაუბრა და შემდეგ ფრიდონმა პირველი პრაქტიკული სავარჯიშო დააანონსა. სავარჯიშო ადამიანის ანატომიასთან პირდაპირ კავშირში იყო. უფრო კონკრეტულად, ბავშვები ფეხზე წამომდგარნი ეუფლებოდნენ სხვადასხვა ტექსტის დროს, სხვადასხვა ხელის მოძრაობას, მიმიკებსა და ინტონაციას. თომა კვლავ ღრმად იყო ფიქრებში ჩაძირული. პერიოდულად მხოლოდ მაშინ ფხიზლდებოდა, როცა შაკო მის დასანახავად, სახუმაროდ დემეს წამოარტყამდა ხოლმე ან პირიქით, დემე პასუხობდა მას. პირველმა გაკვეთილმა კარგად ჩაიარა. გრძნობათა მოძალების მიუხედავად, თომამ დავალებები მაინც კარგად შეასრულა. შემდეგი გაკვეთილი შაბათს იყო ჩანიშნული დილის თორმეტზე. დამშვიდობების შემდეგ თომამ რატომღაც დროზე ადრე დაკრა ფეხი და წავიდა. ალბათ ცოტა გადაიღალა კიდეც ამდენი გრძნობის და უმისამართო ფიქრების მოძალებით და განტვირთვა სურდა. შენობის შესასვლელში, ბარიკადთან იყო მისული, როცა მიხვდა, რომ ელენესთან ბარათის ასაღებად შევლა დავიწყებოდა. დაცვა მისკენ ზურგით იყო მიტრიალებული, ამიტომაც თავი ოდნავ ნაკლებად იგრძნო შერცხვენილად და ის ისაა უკან უნდა მობრუნებულიყო, რომ დეამ თავისი ბარათით გაატარა. იმ წუთას თომას ტვინში და გულში ატომური აფეთქება მოხდა. დაბნეულმა თომამ ერთი წამის შემდეგ გაანალიზა რაც ხდებოდა მის თავს და ძლივს გაიარა უკვე გახსნილ ბარიკადში, რომელიც საცაა დაიხურებოდა. დეამ თავისი თავიც გაათავისუფლა და ბრინჯივით დაბნეული თომას წინ აღმოჩბდა. -მადლობა - ძლივს ამოილუღლუღა ბიჭმა, თუმცა ეცადა ნერვიულობა არ შეტყობოდა. -არაფრის, მივხვდი ბარათი რომ არ გქონდა და ამიტომაც გაგატარე. - გაეღიმა გოგოს. თომა ღიმილში, რომელიც ზაფხულის დაისს ჰგავდა, წამიერად და სამუდამოდ დაიკარგა.. ისევ დეამ განაგრძო: -შენ თომა ჰო? - ისევ იღიმოდა. -კი. და შენ დეა. სასიამოვნოა. - გაეღიმა ბიჭსაც, რომელმაც თავი ხელში ძლივს აიყვანა. ამასობაში დეა და თომა შენობიდანაც გავიდნენ და წამიერი პაუზა მათ საუბარში კვლავ დეამ დაარღვია: -ბარათი.. ქალბატონ ელენესთან მიდი შაბათს და მოგცემს. -კი ვიცი, დაცვამაც ეგ მითხრა დღეს, მაგრამ ისე სწრაფად წამოვედი დღეს უკან, რომ სულ დამავიწყდა. - თომას გული გამალებით ძგერდა. ეს რომ თქვა, იმ ადგილსაც მიადგნენ, სადაც ქუჩა ორად იყოფოდა. ორი დღის წინ თომამ დეა სწორედ თავის გაჩერებაზე შეამჩნია, მაგრამ გზის გასაყარზე ისე ჰკითხა აქედან საითო, თითქოს არაფერი იცოდა. -მოგწონს აქაურობა? - ჰკითხა დეამ. -ჯერ-ჯერობით კი. შენ? -მე ძალიან მომწონს. ფრიდონი და ეთო ისეთი საყვარლები არიან.. -კი მართლა საყვარლები არიან. - გაეცინა თომას. -შენც აბიტურიენტი ხარ ჰო? - განაგრძო დეამ. -კიი სამწუხაროდ. - კვლავ გაეცინა ბიჭს. -და სად აპირებ სწავლის გაგრძელებას? -წარმოდგენა არ მაქვს. ერთადერთი ვარიანტი, რომელიც ოდნავ რეალურია არქიტექტურაა. შენ? -ძალიან მინდა მსახიობობა და აქაურობაც ისეთი კარგია.. მაგრამ.. -ჰო, ვიცი ეგ მაგრამ.. - დეასა და თომას შორის პირველად გაჩნდა თანაგრძნობა. -სად ცხოვრობ, თომა? -ჭავჭავაძეზე, შენ? -მეხუმრები? - გაეღიმა დეას. როგორი ლამაზი იყო. - მე რამიშვილზე ვცხოვრობ, ჭავჭავაძის კვეთაზეა. -კი კი ვიცი. - ბავშვივით გახარებულმა უპასუხა თომამ. -აქ რითი დადიხარ ხოლმე? -ჯერ ჯერობით 87 ნომერი ავტობუსით, თუმცა შაბათობით შეიძლება დედამაჩემმა წამომიყვანოს ხოლმე. -რა მაგარია, მეც ოთხმოცდაშვიდით დავდივარ ხოლმე. - გულწრფელი ღიმილით უთხრა დეამ. -გამოდის შეიძლება აქამდე ერთადაც ვიაროთ ხოლმე. -იმედია. საერთო გზაზე მიმავალთა დიალოგი ისე აეწყო, თითქოს ერთმანეთს წლებია იცნობდნენ. თომას გული ისე უძგერდა, სადაცაა საგულიდან ამოვარდებოდა. არც კი სჯეროდა, რომ დეა მის გვერდით მოდიოდა და მას ელაპარაკებოდა. ძველი, დანჯღრეული და ყვითელი ოთხმოცდაშვიდით მგზავრობა ასეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა. ბედად, ორი ადგილი ერთმანეთის მიყოლებით იყო თავისუფალი და წყვილმა მთელი გზა ერთმანეთის გვერდით გაატარა. ოცწუთიანი მგზავრობისას ბევრ რამეზე მოასწრეს საუბარი. თომას გაჩერება ერთით უსწრებდა დეასას, ამიტომაც უკვე ჭავჭავაძის გამზირზე, დეამ ერთი გაჩერებით ადრე დაიწყო ჩასვლისთვის მზადება. ჩასვლამდე თომას ფეისბუქი გაუცვალა და დაემშვიდობა. თომაში არსებული ატომური ბომბი ბოლო 40 წუთის განმავლობაში უთვალავჯერ აფეთქდა. დეა ზუსტად ის აღმოჩნდა, ვინც ეგონა და ეს ყველაფერზე მეტად ახარებდა. თავის გაჩერებაზე გაღიმებული ჩამოვიდა და სახლს მიაშურა. ელენე უკვე სახლში იყო და ბიჭს ანერვიულებული ელოდა. თომამ კარები შეაღო თუ არა ღიმილი სახეზე შეახმა: -ზარის ხმა გათიშული რატომ გაქვს?! მილიონჯერ დაგირეკე! წარმოდგენა მაინც გაქვს როგორ ვინერვიულე? - ცოტაც და ქალს ცრემლები წასკდებოდა. მოულოდნელობის ეფექტით გაბრუებულმა თომამ სირცხვილით „მაპატიეო“ ამოილუღლუღა და გაბრაზებულ დედას ჩაეხუტა. -არც მაპატიე უშველის ამას და არც ჩახუტება, გეხვეწები შემდეგში ჩაურთე ხმა ტელეფონს კარგი? - გულში ჩაიკრა თომა. -კარგი. - ღიმილით უპასუხა თომამ, იცოდა, რომ გამოუვალ სიტუაციაში მისი ღიმილი ელენეზე ყოველთვის წამალივით მოქმედებდა. -ხელები დაიბანე, გამოიცვალე და სავახშმოდ გამოდი. სამეცადინო ბევრი გაქვს? -არც ისე. - აბაზანიდან გასძახა თომამ. -დღეს რა ხდებოდა პირველ გაკვეთილზე თეატრალურში? -ძაან მომეწონა. მიხარია, რომ შევედი. - უპასუხა უკვე აბაზანიდან გამოსულმა თომამ. -მეც მიხარია. მიდი ახლა გამოიცვალე და სანამ შეჭამ გაკვეთილებსაც მოასწრებ. -საჭმელი რა გვაქვს? -სპაგეტი. ბიჭი ოთახში შევიდა, გამოიცვალა და უმალვე ლეპტოპს მიაშურა. სასწრაფოდ შევიდა ფეისბუქზე და უფრო სწრაფად დასერჩა: „Dea Chagelishvili”. ორიოდე მოხუცი ქალის, სკოლის მასწავლებლისა და საავიაციო უნივერსიტეტის ლექტორის ამავე სახელით დარეგისტრირებული ექაუნთების მონახულების შემდეგ ბიჭმა სასურველი ვარიანტი ჰპოვა და გული კინაღამ ჩაუწყდა, როდესაც პროფილის ფოტოზე დეა ვიღაც ბიჭთან ერთად იყო აღბეჭდილი. გულაჩქარებულმა თომამ კიდევ რამდენიმე ფოტო ნახა დეას პროფილზე ამ ბიჭთან ერთად და შემდეგ ბიჭის კომენტარებიც ნახა: „Chemi ertaderti <3” “mmikvarxar chemo pataraa” “chemi princesa ???? ????” და დეას პასუხებიც. ქართულად და ნორმალურად დაწერილი: „მეც მიყვარხარ <3“ „მეც <3“ „<3“ სხვანაირ პასუხებს დეასგან არც ელოდა, რადგან იცოდა, თვითონ დეა იყო სხვანაირი, თუმცა მოლოდინზე საუბარი ზედმეტი იყო. მთელი მისი ოცნებები, თომას მთელი იმედები ერთიანად ჩაიყარა წყალში. „მეგობრობის თხოვნას“ წარმოუდგენელი ზიზღით დააჭირა მაუსის ღილაკი და ათიოდე წუთში გოგონამაც დაამატა. იმედგაცრუებულად გაეღიმა თომას, როდესაც დეას პროფილზე მეგობრებისათვის დადებული რამდენიმე ფოტო იპოვა. დეას თომას საყვარელი მუსიკალური ბენდის - Arctic Monkeys-ის ფოტოები ედო.. მერე თომა დეას შეყვარებულის პროფილსაც ეწვია. “Datunaa Gogichashvilii”. ტიპიური ქართველი, „გაჩითული“ თინეიჯერი ბიჭის გვერდი იყო, რომელსაც ვერ გაურკვევია, fuckboy-სა და ქურდულ მენტალიტეს შორის რომელი უნდა აირჩიოს. ფოტოებიც შესაბამისი ედო: შავ-თეთრი ფოტოები ზოგი სიგარეტით ხელში, ზოგიც საძმაკაცოსთან და ზოგიც ერთი და იმავე პოზაში დამუღამებული. ამ ფოტოებს, ასეთი ბიჭებისთვის კიდევ უფრო დამახასიათებელი, უცნობი გოგოების ნახევრადშიშველი ფოტოები მოსდევდა. და ბოლოს ერთადერთი, ყველასგან გამორჩეული (ყოველ შემთხვევაში თომასთვის ასე იყო) ფოტო - დეასთან ერთად წარწერით: “chemi dedopalii ????” ყველაფერი გაიგო თომამ ერთი რამის გარდა, რატომ ან როგორ მოეწონა და საერთოდ შეუყვარდა დეას, რომელიც სრულიად სხვანაირი, ლამაზი, ჭკვიანი და მომხიბვლელი იყო, ვიღაც დათუნა, ტიპიური, გაჩითული ფაქბოი. ვერ ხვდებოდა ამას და აღარც უცდია ჩაძიება. თომას ყველა იმედი გაცრუვდა და უაზრო სცენარები, რომელსაც აქამდე გონებაში წერდა დიდ ნაგვის ყუთში მოისრლა. ერთადერთი, რაც თომას რჩებოდა ის იყო, რომ დეა ყველაფრის მიუხედავად სჭირდებოდა. სჭირდებოდა, როგორც მეგობარი, რადგან მასთან ოც წუთში ყველაფერ ისეთზე შეძლო საუბარი, რაც კოტესთან (მის საუკეთესო მეგობართან) 10 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა. ამ ფიქრებში იყო გართული ოთახის კარი ელენემ რომ შემოაღო და უთხრა ვახშამი მზად არისო. ვახშამმა და დედასთან საუბარმა ისე ჩაიარა, თითქოს არაფერი მომხდარიყო, თუმცა თომა ამას ძალით არ აკეთებდა. ასეთი ხასიათი ჰქონდა, რაიმეზე უარს თუ იტყოდა - მას აღარ ჩაეძიებოდა ან გაეკიდებოდა. ვახშმის შემდეგ იმეცადინა და დაიძინა. ტკბილად ეძინა თომას, მისი სიზმრებიდან გაქრა დეა და ალბათ, არც აღარასდროს დაბრუნდებოდა.. ოქტომბერი იწურებოდა. ღამე უწვიმია. სუსხი დილა გათენდა. თომამ ნახევრად გამოფხიზლებულმა ჩაიცვა, გაიხეხა კბილები, ნახა დედას დატოვებული წერილი და მხოლოდ საუზმისას გამოფხიზლდა სრულიად. ერთადერთი, რაც სკოლაში წასვლისკენ უბიძგებდა, კვირის ბოლო დღეობა იყო. პარასკევს შვიდი მარტივი გაკვეთილი უტარდებოდა, აქედან ერთ-ერთი - სპორტი, ამიტომაც მაინც სრული ენთუზიაზმით გაემართა სკოლისაკენ და დღის პირველი ნახევარი, ძირითადად კოტესთან ერთად სიცილში დაჰყო. სკოლიდან სამი საათისთვის დაბრუნდა, დაქანცულმა მიირთვა სადილი და შუადღის ძილს მიეცა. რომ გამოფხიზლდა, უკვე ხუთი საათი ხდებოდა. პარასკევი მისთვის თავისუფალი დღე იყო, ამიტომაც თავს პატარა გართობის საშუალება მისცა. დედას მოსვლამდე ხან მუსიკებს უსმინა, ხან რომელიღაც იუთუბერის ვიდეოებს უყურა და ხანაც იმ ფილმის ყურება განაგრძო, თითქმის ერთი წელია რომ დაუმთავრებია. ფილმის დამთავრებამ ამჯერადაც წარუმატებლად ჩაიარა. თომამ ფეისბუქზე Milky Chance-ის Stolen Dance გააზიარა, რომელსაც თითქმის მთელი დღე უსმინა და ბედად, მისი გაზიარებული დეამ მოიწონა. რომ ნახა წამიერად გული აუჩქარდა, მერე გაეცინა, ეს ხომ არაფერს ნიშნავდა და თანაც, დეაზე მხოლოდ, როგორც შესაძლო მეგობარზე ფიქრობდა. საცობის გამო ელენეს სახლში მისვლა აგვიანდებოდა და თომას მიწერა „იმედია რვა საათისთვის მოვალო.“ მარტოობისგან, მუსიკების მოსმენისა და იუთუბერების ყურებისგან გადაღლილ თომას ფეისბუქზე სქროლვის მეტი აღარაფერი დარჩენოდა, როცა მოულოდნელად დეამ მიწერა: “ჰეი როგორ ხარ?“ „კარგად დეა შენ?“ „მეც კარგად“ – „შენი გაზიარებული ლინკი ვნახე, ვგიჟდები მაგ სიმღერაზე“ – „მერე შენი ატვირთული ფოტოებიც დავათვალიერე და როგორც ჩანს გემოვნებაში დამთხვევები გვქონია :დ“ „კი“ – „მგონი ეგრეა“ მერე ცოტახნიანი პაუზა იყო. თომა უცნაურ გრძნობას შეეპყრო და გადაწყვიტა პაუზა თავად დაერღვია: „რას შვრები“ – „ემზადები ხვალისთვის? :დ“ „ხვალ რა ხდება“ – „ა ჰოო..“ „თეატრალურისთვის“ - ისე სწრაფად უპასუხა თომამ, ვერც მოასწრო მეორე მონაწერის წაკითხვა. „კი ვემზადები :დ ერთი სული მაქვს ეთო კიდევ ვნახო. ძაან მომწონს ეგ ქალი“ „კი ძალიან არტისტულია :დ“ მერე კიდევ რამდენიმე წამიანი პაუზა ჩამოვარდა და ისევ დეამ განაგრძო: „კაი წავედი კერძო მასწავლებლის გაკვეთილები მაქვს სამეცადინო“ – „დროებით“ „დროებით“ ბევრი ფიქრი ტრიალებდა თომას თავში, თუმცა საბოლოოდ აჯობა ამაზე საერთოდ აღარ ეფიქრა და დედას მოსვლამდე დრო კოტესთან მიმოწერაში გაატარა. კოტე პარასკევობით მშობლებთან და და-ძმასთან ერთად სოფელში მიდიოდა, იქიდან კი კვირას საღამოობით ბრუნდებოდა ხოლმე. ახლაც სოფელში იყო და თომას ემესიჯებოდა. თომას გარკვეულწილად ეხმარებოდა კიდეც კოტეს გოგოებთან გადახდენილი ამბების მოსმენა და გამოგზავნილ მიმებზე სიცილი იმაში, რომ დეაზე, უფრო სწორად, მასთან მცირე მიმოწერაზე არ ეფიქრა. დეაზე ფიქრები რომ საბოლოოდ ჩაახშო, სახლში დაქანცული ელენეც დაბრუნდა. ეტყობოდა, მძიმე დღე ჰქონდა და საციცოცლო ენერგიასაც პარასკევი აძლევდა. გადაღლილობის მიუხედავად არ დავიწყებია, რომ თომას შეპირებული იყო პარასკევი საღამოს ფილმების ყურებაში გატარებას და მათი კინომატოგრაფიული მოგზაურობა „ჰარი პოტერით“ დაიწყო. „ჰარი პოტერი“ ელენესაც და თომასაც ძალიან უყვარდათ. ბავშვობაში, როცა მამა.. ბავშვობაში, როცა „ჰარი პოტერს“ უყურებდნენ ხოლმე და ბებია-ბაბუაც ჯერ კიდევ მათთან ცხოვრობდნენ, მზია ბებო დაუღალავად ცდილობდა ამ „ეშმაკისეული“ ფილმის გაკრიტიკებას. მერე ჯერ ელენეს, შემდეგ კი ზაზას ათასი რჩევა-დარიგებით ავსებდა: „ესაოდა ეშმაკისეულიაო“, „ესაოდა ერის გადაგვარებას ემსახურებაო“, „ესაოდა ქრისტიანობამ აკრძალაო“ და ა.შ. ელენე და ზაზა ღიმილით უხსნიდნენ ქალს, რომ თავადაც ენახა ფილმი და დარწმუნდებოდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სრული სისულელე იყო, თუმცა ქალი ჯიუტად აგრძელებდა ხან როულინგის, ხან კი ნაწარმოების ლანძღვას. „ჰარი პოტერის“ ყურება ელენესაც და თომასაც ყოველ ჯერზე ზაზას ახსენებდა, თუმცა უფრო ღიმილით, ვიდრე ცრემლებით. „ცეცხლოვან თასამდე“ რომ მივიდნენ, დედა-შვილს ძილი მოერია და დარჩენილი ნაწილების ყურება შაბათისთვის გადადო. დილის თერთმეტ საათზე თომა ელენემ გააღვიძა. ერთ საათში ბიჭი თეატრალურზე უნდა ყოფილიყო და მას ჯერ ნაჭამიც კი არ ჰქონდა, თუმცა ელენემ დაამშვიდა და უთხრა მანქანით გაგიყვანო, ამიტომ ბიჭმა ტანზე გადავლებაც, მომზადებაც და საუზმის ჭამაც მოასწრო. „ლურჯა ცხენებში“ მისულს კარებში ნაცნობი დაცვა შეეგება, რომელმაც თომა უკვე იცნო. ბიჭმა მთელი სიმორცხვით და თავის შეცოდებით აუხსნა წინაზე ბარათის აღება დამავიწყდაო და დაცვამაც ბოლო გამონაკლისი დაუშვა. გახარებულმა თომამ დარბაზს მიაშურა. გიორგი, დემე და შაკო მოინახულა და საუბარშიც აყვა, სანამ გაკვეთილი დაიწყებოდა. პირველის წუთებისთვის ფრიდონმა და ეთომ ჩვეული არტისტიზმით დაიწყეს თეატრის ხელოვნებაზე საუბარი. დეა არ ჩანდა. თომას ეფიქრებოდა, თუ სად შეიძლება ყოფილიყო იგი. „ალბათ თავის დათუნასთან ერთადაა პაემანზე“ ერთი ეს გაიფიქრა და პრაქტიკული სავარჯიშოების კეთებაც დაიწყო. გაკვეთილის მიწურულს ფრიდონმა ბავშვებს შემდეგი გაკვეთილისთვის ტექსტები დაურიგა და მათი მომზადება დაავალა. თომას ამჯერად არ დავიწყებია ქალბატონ ელენესთან შევლა ბარათის ასაღებად და მისი კაბინეტისკენ დაიძრა. კარებზე დააკაკუნა და თან შეაღო: -შეიძლება? -გამარჯობა თომა, შემოდი. - ბიჭმა კაბინეტში შეაბიჯა. -აბა როგორ ხარ? რამ შეგაწუხა? - ღიმილით უთხრა ქალმა. -რაღაც ბარათი მაქვს ასაღები და დაბლა დაცვა რომაა, თქვენთან გამომაგზავნა. -კი, კი. ახლავე მოგცემ შენს ბარათს. - გამოარო უჯრა ქალმა და სასურველი ნივთის ძებნა დაიწყო. - მანამდე მომიყევი, როგორ შეეჩვიე აქაურობას. სხვა ბავშვები თუ გაიცანი? -აქაურობა ძალიან მომწონს. ბავშვებიც და მასწავლებლებიც კარგები არიან. აი შაკო და დემე რომ არიან, თუ იცით, ისინი გავიცანი. -კი, ვიცი, ვიცი. - გაეცინა ქალს. - დანაშაულიც იქნებოდა მათი უცოდინრობა. ქალმა უჯრიდან ბარათი ამოიღო და თომას მისცა. ბარათზე ინგლისური ასოებით ეწერა “TOMA BARAMIDZE” და რაღაც ციფრები. დამშვიდობებისას ქალმა თომას შეახსენა, რომ იქითა კვირიდან პირველი თვის გადასახდელების გადახდა იწყებოდა და შეუთვალა არ დაგავიწყდესო. უკან გამობრუნებულმა თომამ შესასვლელისკენ აიღო გეზი. ცარიელ შემოსასვლელ დერეფანში დაცვა ამჯერად მარტო მომავალი თომასკენ იყურებოდა და გაეღიმა, როცა ბიჭმა უკვე ბარათით ისარგებლა გასასვლელად. ეს კაცი ნამდვილად მულტფილმების სამყაროდან იყო გამოპარული.. რამდენიმე წუთში თომას ელენემ მოაკითხა. ქალმა შაბათი დღის შვილთან ერთად გატარება გადაწყვიტა და სახლისკენ გზად, მაკდონადსში შეიარა. სახლში რომ დაბრუნდნენ, უკვე ხუთი საათი იყო დაწყებული. თომამ გაკვეთილების მომზადება დაიწყო, ელენემ კი ვახშმის. ბიჭს შიგადაშიგ მაინც ეფიქრებოდა იმაზე, თუ რატომ გააცდინა დღეს დეამ გაკვეთილი. რატომ არ მოვიდა. ფეისბუქზეც რამდენჯერმე შეამოწმა და უკანასკნელად წინა დღეს იყო აქტიური.. შვიდი საათისთვის თომამ მეცადინეობა დაასრულა. დამღლელი, თუმცა სასიამოვნო შაბათი დღის გაგრძელება ელენემ ვახშმის შემდეგ „ჰარი პოტერის“ დარჩენილი ნაწილების ყურებით მოახერხა თომასთან ერთად. ღამის პირველის წუთები იყო, ყველა ნაწილის ყურება რომ დაასრულეს და დასაძინებლად დაწვნენ. სასიამოვნოდ დაღლილ თომას შიგნიდან რაღაც აწუხებდა. მაინც ჯიუტად აინტერესებდა, თუ რატომ გააცდინა დღეს დეამ გაკვეთილი და დასაძინებლად გამზადებული ფეისბუქზე შევიდა. დეა უკვე მეორე დღე იწყებოდა, რაც ფეისბუქზე არ შემოსულა. ახლა უკვე სძლია თომას ინტერესმა და დეას მიწერა: “rogor xar“ – “dges ratom ar ikavi?” დაახლოებით ნახევარი საათი ელოდა პასუხს, თუმცა ვერაფერი მიიღო. მერე ძილიც მოერია და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.. დილას ადრიანად გაეღვიძა თომას, ჯერ ცხრა საათიც არ იყო გამხდარი. თვალები მოიფშვნიტა და ტელეფონს დახედა. გული აუჩქარდა, როცა დეას მესიჯი დახვდა. გოგონამ პასუხი ღამის ხუთის ნახევარზე დაუბრუნა, პასუხმა კი თომა ძალიან აანერვიულა: “shen rogor xar toma” – “gushin dilas chemi babuachemi moyva avariashi.” – “axla reanimaciashia, mteli dgea ak vart” – “madloba mokitxvistvis” თომა დეას პასუხმა წამიერად გამოაფხიზლა და სასწრაფოდ მიწერა: “ახლა როგორაა ბაბუ” – „ექიმები რას ამბობენ“ – „შენ როგორ ხარ დეა“ დეა იმ მესიჯის მიწერის შემდეგ ონლაინზე არ ყოფილა. თომამ ისეთი გულწრფელობით მიწერა ეს სიტყვები, რომ დეა ალბათ გაოცდებოდა 3 დღის გაცნობილი ბიჭი ასე რატომ ნერვიულობს ჩემს გამოვო, თუმცა თომას ეს ნაკლებად ადარდებდა. ისე ნერვიულობდა დეაზე და ბაბუამისზე, თითქოს მისი ოჯახის წევრი ყოფილიყოს. კვირა დღე ისე მიუახლოვდა დასასრულს, რომ თომამ თითქმის ვერაფერი შეამჩნია დეაზე მუდმივი ფიქრის გარდა. საღამოს თერმეტ საათზე დეამ უპასუხა: “მე არამიშავს“ – „ბაბუს მესამე ოპერაციას უკეთებენ ახლა“ – „ვნერვიულობ ძაან“ – „საავადმყოფოში ვარ ახლაც“ თომა ელვის სისწრაფით ეცა ტელეფონს და მიწერა: „დამშვიდდი დეა“ – „ყველაფერი კარგად იქნება“ – „ვიცი შეიძლება ეს სიტყვები არაფერს ნიშნავდეს შენთვის“ – „მაგრამ გულით გეუბნები“. თომა გულწრფელად ღელავდა. დეამ უპასუხა: „დილას პურის საყიდლად იყო გასული“ – „გზაზე გადადიოდა და ვიღაც იდიოტმა მანქანით გაიტანა“ – „ისე გაიქცა ვერავინ დაინახა ვინ იყო“ – „ექიმები ვერ გვაიმედებენ.“ „მესმის შენი დეა“ – „მართლა მესმის“ – „მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება მალე“ „მადლობა თომა“ მათ მესიჯებს შორის რამდენიმე წუთიანი ინტერვალი იყო. ელენე უკვე დასაძინებლად იყო დაწოლილი, თომაც საწოლში იწვა: „დეა მელაპარაკე“ – „ნებისმიერ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ იქნებ დაგეხმაროს“ – „გახსოვს arctic monkeys-ზე რომ მეუბნებოდი მეც ვუსმენო?“ – „შენი საყვარელი სიმღერა რომელია?“ „only one who knows..” ეს თომას საყვარელი სიმღერაც იყო.. In a foreign place, the saving grace was the feeling That it was a heart that he was stealin' Oh, he was ready to impress and the fierce excitement The eyes are bright, he couldn't wait to get away And I bet that Juliet was just the icing on the cake Make no mistake, no „მეც ძალიან მიყვარს ეს სიმღერა“ – „შენი საყვარელი ფილმი რომელია?“ „ეშმაკი ატარებს პრადას“ – „შენი, თომა?“ „ჰარი პოტერის ყველა ნაწილი.“ ამ და სხვა მსგავსი კითხვებით თუ საუბრით, თომა დეას მთელი ღამის განმავლობაში ეხმარებოდა ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებოდა. რამდენიმე საათი გაუჩერებლად წერდნენ ერთმანეთს. დეა მთელი ოჯახით საავადმყოფოში იყო და ოპერაციის დასრულებას ელოდებოდა. ღამის ოთხი საათისთვის გოგონამ თომას მოუბოდიშა, ადამ სენდლერის ფილმებზე ლაპარაკი შეაწყვეტინა და მიწერა: „თომა ბაბუს ექიმი გამოვიდა დერეფანში და მოდის“ თომას მთელი სხეული აუცახცახდა, თუმცა მაინც დეას დამშვიდებას ცდილობდა: „დეა ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე“ პაუზამ ათიოდე წუთი გასტანა. თომა ცოტაც და გასკდებოდა ნერვიულობით და დეამ მიწერა: „თომა ყველაფერმა კარგად ჩაიარა“ – „ბაბუა აპარატზე აღარაა შეერთებული და მალე გამოფხიზლდება“ თომამ სიხარულით ისე წამოიყვირა, კინაღამ ელენე გააღვიძა. „ხომ გეუნბებოდი“ – „ძალიან გამიხარდა“ „მადლობა თომა.“ – „დამეხმარე“ – „თორემ ისე ვიყავი ცრემლები მდიოდა“ ამის წაკითხვაზე თომას ჟრუანტელმა დაუარა. „არაფერია სამადლობო“ – „დაიძინე რა“ – „ბევრი ინერვიულე და უნდა დაისვენო“ „მამაჩემი წამიყვანს სახლში და დავიძინებ“ – „უნდა გავიდე თომა“ – „ძილინებისა“ „შენც ძილინებისა დეა“ „<3“ ვერ დაიძინა თომამ.. ჭამდა ფიქრები პირდაპირი მნიშვნელობით. უხაროდა კიდეც, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ ამაზე მეტად ის უხაროდა, რომ მთელი ღამის განმავლობაში დეა მას წერდა და არა ვინმე სხვას, მეგობარს ან საერთოდ დათუნას, თავის შეყვარებულს. არ იცოდა მომდევნო დღეს მიწერდა თუ არა საერთოდ რამეს დეა. ერთი კი დანამდვილებით იცოდა, ეს ღამე კიდევ დიდ ხანს არ დაავიწყდებოდა. დილის შვიდის ნახევარზე ჩაეძინა.. მეორე დილას გაეღვიძა თუ არა, ტელეფონთან მივარდა. მზრუნველობის შეგრძნება გაუჩნდა დეასადმი და ყოველივეს უნებლიედ აკეთებდა. დეა მათი დამშვიდობების შემდეგ ონლაინზე აღარ ყოფილა. თომამ მიწერა: “rogor xar dea” პასუხს არ დაელოდა. იცოდა, რომ დეას ეძინა და რთული დღის შემდეგ ისვენებდა. საწოლიდან ადგა, თვალები მოიფშვნიტა, ოქტომბრის თბილი კვირა დღე იყო. ოთახში სიჩუმეს მხოლოდ მეორე ოთახიდან გამოსული ელენეს ხმა არღვევდა. თავის მეგობარს ელაპარაკებოდა მესენჯერის ვიდეო ქოლით, რომელიც გერმანიაში იყო წასული საცხოვრებლად და საქართველოს პერიოდულად სტუმრობდა. თომა დედას ჩუმად მიესალმა, ქალმაც ცალი თვალით გახედა და ხელი დაუქნია. სააბაზანოში შესულმა სარკეში ჩაიხედა. თვალები სულ სისხლიანი ჰქონდა. არანაკლებ რთული ღამე იყო მისთვის, თუმცა დეასთან მაინც რა შედარებაა. კბილების გამოხეხვისას, აბაზანის მიღებისა და საუზმისას გაუჩერებლად ფიქრობდა წუხანდელზე. მის გონებას ფიქრების კორიანტელი იყო დამტყდარი და წასვლას არსად არ აპირებდა. საუზმეს რომ მორჩა, საათი უკვე ორს აჩვენებდა. თავის ოთახში შევიდა და ტელეფონს დახედა. დეამ მიწერა: “dilamshvidobis toma” – “ukve kargad” – “shen rogor xar?” „მეც კარგად“ – „ბაბუა როგორაა“ დეამ მალევე უპასუხა: “narkozidan am dilit gamovida” – “axla unda movemzado da mama wamiyvans mosanaxuleblad” ცოტახნიანი პაუზის შემდეგ ისევ დეამ მიწერა: “თომა გუშინ ძალიან დამეხმარე“ – „მადლობა“ – „ძალიან მიხარია რომ გაგიცანი“ უცნაური გრძნობით აივსო თომა. ეს არც სიყვარული იყო, არც მეგობრობა, არც რაიმე სხვა. დეა მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა და უბრალოდ ის ფაქტიც ახარებდა, რომ მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს რთულ დროს დაეხმარა. თომამ ამ მესიჯის წაკითხვის მერე იმხელა პაუზა აიღო, ალბათ დეას ეგონა, რომ ბიჭი აღარაფერს მიწერდა, თუმცა თომამ უპასუხა: “მეც ძალიან მიხარია რომ გაგიცანი დეა“ – „და მიხარია თუ ოდნავ მაინც დაგეხმარე“ გულწრფელები იყვნენ ორივენი, ცამდე გულწრფელები. თომამ მგონი ამ დღის მერე ინის და იანის კანონი ბოლომდე იწამა. ყველაფერ კარგში შესაძლებელია ცუდის დანახვა და ყველაფერ ცუდში შესაძლებელია კარგის. ყველაფერს კარგს თან მოსდევს ცუდი და ყველაფერ ცუდს თან მოსდევს კარგი.. კვირა დღემ ჩვეული რიტმით ჩაიარა. სხვაობას მხოლოდ თომა გრძნობდა. მისთვის რაღაც შეიცვალა, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა რა. ნელთბილი ოქტომბრის მორიგი კვირა საღამო იყო, მშვიდი და მყუდრო. ჩაბნელებულ ქალაქს მხოლოდ ღამის განათებები და გველებივით დაკლაკნილი მანქანების ნეონი ანათებდა. ის დრო იყო, როცა ბავშვები ეზოებიდან ბრუნდებოდნენ, ოჯახებში ფილმების ან საკვირაო გადაცემების ყურებას იწყებდნენ და უბნის მაღაზიები ბოლო კლიენტებს ემსახურებოდნენ. თომასთან და ელენესთან იმ დღეს სტუმრად ბებია-ბაბუა იყვნენ. შვილიშვილი და რძალი მოინახულეს, თან ზაზას ძმის შვილი ჰყავდათ მოყვანილი და თომა მთელი დღე თანატოლ ბიძაშვილთან ერთად ერთობოდა. სასიამოვნოდ დამღლელი დღის ბოლოს, სტუმრები რომ გააცილეს და სუფრა აალაგეს, თომამ თავის ოთახს მიაშურა. მაგიდაზე დადებული ტელეფონი აიღო და დეას მესიჯი დახვდა: “როგორ ხარ?“ თომა აღელდა. სულ დაავიწყდა, რომ დეა და ბაბუამისი მოეკითხა.. „კარგად შენ?“ – „ვაპირებდი დღეს მომეწერა მაგრამ სტუმრები მყავდნენ და..“ დეამ რამდენიმე წუთში უპასუხა: „მეც კარგად“ – „თომა იმის გამო მოგწერე რომ მაინტერესებდა როგორ იყავი“ – „საერთოდ არ ხარ ვალდებული რამე ამიხსნა და სულ გახსოვდეს ჩემს პრობლემებზე“ თომა მესიჯის წაკითხვის შემდეგ თითქოს დამშვიდდა, თუმცა გულზე მაინც უცნაურად მოხვდა. „დავივიწყოთ“ – „ბაბუა როგორაა?“ „უკეთაა. უკვე ველაპარაკე მაგრამ დიდხანს არ გამაჩერეს“ – „რამდენიმე ათეული ნაკერი და ორი მოტეხილობა აქვს“ „ხომ არ უთქვამთ, რამდენ ხანში გამოწერენ?“ „ექიმმა 1 კვირა აქ უნდა გაატაროს და მერე ვნახოთო“ – „აღარ გვინდა სულ ცუდზე ლაპარაკი“ – „როგორი დღე გქონდა“ „დამღლელი“ – „რომ გითხარი სტუმრები მყავდნენ-მეთქი“ – „ჩემი ბიძაშვილი, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი იყვნენ ჩვენთან.“ – „მთელი დღე ვერთობოდით ;დ“ „კარგიაა :დდ“ „ჰო, თან ეს ბიჭიც ჩემხელაა და კარგია შენი ტოლი ბიძაშვილი რომ გყავს“ „ეჰ“ – „მე საერთოდ არ მყავს ბიძაშვილები“ „ცუდია, მაგრამ მაინც არაუშავს :დ“ დეამ და თომამ ეს საღამოც ერთმანეთთან მიმოწერაში გაატარეს. კარგად ესმოდათ ერთმანეთის, თითქოს რაღაც კავშირი არსებობდა მათ შორის. დეამ თომას თავის შეყვარებულზე უამბო. იმედგაცრუებული ღიმილი დაედო თომას სახეზე, როცა დეა დათუნაზე ჰყვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში იცოდა დეა მარტო არ იყო და შეყვარებული ჰყავდა, მაინც ჰქონდა მინიმალური იმედი ან უფრო მეტად ოცნება, რომ დეას შეიძლებოდა მის მიმართ მცირე გრძნობა მაინც ჰქონოდა. მერე მიხვდა, რომ სჭირდებოდა დეა. რა სტატუსითაც არ უნდა ყოფილიყო მის ცხოვრებაში, მაინც სჭირდებოდა იმიტომ, რომ გრძნობდა ის და დეა ერთმანეთთან ყველაფერზე შეძლებდნენ საუბარს. რამ აგრძნობინა ასე თავი არ იცოდა, თუმცა ერთი დანამდვილებით გაიაზრა - დეა მის ნამდვილ მეგობრად ჩამოყალიბდა. ორშაბათსაც თითქმის მთელი დღე წერდნენ ერთმანეთს დეა და თომა. ბევრ რამეზე ისაუბრეს. ძირითადად მუსიკასა და თეატრზე ლაპარაკობდნენ. ერთმანეთსაც თბილად დაემშვიდობნენ და სამშაბათიც დადგა. სამშაბათს თეატრალურის მესამე გაკვეთილი უნდა ჰქონოდათ. თომა მოუთმენლად ემზადებოდა ხუთი საათის მოსვლისათვის, უნდოდა დეა ენახა. მიუხედავად იმისა, რომ რეალობაში გულწრფელადაც უჭირდა ლაპარაკი, სერიოზულ თემებზედაც და მიმოწერა ერჩივნა, მაინც უნდოდა დეასთან სწრაფად შეხვედრა. ხუთს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, ოთხმოცდაშვიდი ნომერი ავტობუსით ზანდუკელის ქუჩის კვეთას მიადგა და საკუთარ გაჩერებაზე ჩამოვიდა. ცოტაც და დეას ნახავდა. შესასვლელში ნაცნობ დაცვას უკვე მიესალმა, ბარათი გაატარა და დარბაზისკენ დაიძრა. ხუთი წუთი აკლდა ხუთს დარბაზში რომ შევიდა. თითქმის ყველა იქ იყო სტეფანიასა და მეგის გარდა. დემე, შაკო და გიორგი თომას შეეგებნენ და მოიკითხნენ. დეა დუმდა. თომას ღიმილი სახეზე შეაშრა, როცა დეამ დაინახა, მაგრამ არც მიესალმა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს არც იცნობდა. იმდენად ბუნებრივად აკეთებდა ამას დეა, რომ თომამ ერთი წუთით გაიფიქრა, ეს სამი დღე ვინმე სხვას ხომ არ ვწერდიო. პირველად ატკინა დეამ. გუნების შეცვლა ბიჭებმაც შეატყვეს. როგორ აღარ ჰკითხეს რა სჭირდა, თუმცა ამაოდ, თომა ამბობდა, რომ კარგად იყო. ამბობდა, მაგრამ საერთოდაც არ გრძნობდა კარგად თავს. წინა გაკვეთილზე დავალებული ტექსტი გოეთეს "ფაუსტიდან" ფეხზე ამდგარს საერთოდ დაავიწყდა და მისი იდეალური დღე, კიდევ უფრო იდეალურად გაგრძელდა. ერთი სული ჰქონდა, როდის მორჩებოდა გაკვეთილი და სახლში წავიდოდა. ახლა აქაურობის გაცლაზე მეტად, არაფერი უნდოდა. შვიდის ნახევრისთვის, გაკვეთილი რომ დასრულდა, მოკლედ დაემშვიდობა ბიჭებს და თითქმის სირბილით წავიდა გასასვლელისკენ. სახლში დაბრუნებულს ელენეც სახლში დახვდა. დედამ ვერაფერი შეატყო თომას, თბილად დახვდა და ვახშმისთვის კარტოფილი შეუწვა. თომა ოდნავ დამშვიდდა. ბიჭი ძალიან იმედგაცრუებული იყო. ფიქრობდა, რომ დეას ალბათ უბრალოდ ბაბუამისის ამბავზე ვინმე სჭირდებოდა დარდის გასაზიარებლად და სხვა ვერავინ რომ ვერ ნახა, იგი აარჩია - თომა, რომელიც რეალურად არაფერსაც არ ნიშნავდა მისთვის. სასტიკად იმედგაცრუებული იყო. შებინდებისას დეამ მიწერა. Arctic Monkeys-ის "505" დაულინკა. თომამ ვეღარ მოითმინა და ცხელ გულზე ყველაფერი მიაყარა: "მეხუმრები?" - "მთელი დღე მაიგნორე დღეს გამარჯობაც კი არ გითქვამს და ახლა მუსიკას მილინკავ" - "სერიოზულად?" დეამ რამდენიმე წუთი არ უპასუხა. მერე მიწერა: "თომა არაა ეგრე როგორც შენ ფიქრობ" - "მინდოდა დღეს გამარჯობის თქმაც მაგრამ არ ვიცი" - "ამ ყველაფრის მერე არ ვიცი როგორ უნდა დამეწყო საუბარი" - "არ გამომდის ასეთი რამეები" - "მაპატიე". თომას წამლად მოედო ეს სიტყვები და რაც მთავარია, ყველა ფიქრი მოსპო იმაზე, რომ დეასთვის არაფერს ნიშნავდა. ბოლოს უკვე თვითონ თხოვდა პატიებას. ყველაფერი რომ გაირკვა, გაეცინათ კიდეც დღევანდელზე. ყველაფერი ჩვეულ რიტმში ჩადგა. ისევ საუბრობდნენ მუსიკაზე, ხელოვნებასა და თეატრზე. შუაღამე იყო. რაც დეა გაეცნო, სულ დაერღვია თომას ძილის რეჟიმი. გვიანობამდე ელაპარაკებოდა ხოლმე. ახლაც ბევრი თემა რომ მოიარეს, ოჯახის წევრებზე დაიწყეს ლაპარაკი. მერე თომამ ელენეს პროფილი დაულინკა და დეამ, თვალიერება რომ დაასრულა თომას ჰკითხა მამამისი არც ერთ ფოტოში რატომ არ ჩანდა.. ..და თომამ, პირველად მისი სიცოცხლის მანძილზე გულწრფელად ისაუბრა ვინმესთან მამამისზე: "მამაჩემი თითქმის არ მახსოვს" - "იცი იმ დღეს, ავარია, როცა მოხდა" - "ჩემი დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად მიდიოდა სამსახურიდან." - "დედაჩემი ამას დიდხანს მიმალავდა და ერთხელ როცა ბებიაჩემთან ვიყავი დარჩენილი, შემთხვევით გავიგე ბაბუაჩემის და ბებიაჩემის დიალოგიდან." - "35 დღე კომაში იყო" - "ბოლოს ვეღარ გაუძლო მისმა ორგანიზმმა" - "დეა" - "მე დღემდე ჩემ თავს ვადანაშაულებ მამაჩემის სიკვდილში" დეა ჯერ არაფერს პასუხობდა მესიჯებს, რომლებს შორის ინტერვალიც რამდენიმე წუთი იყო. ტიროდა თომა. ცხარე ცრემლით ტიროდა. ტკიოდა, ენით აღუწერელ ტკივილს განიცდიდა, როცა ამ საიდუმლოს დეას უზიარებდა. ტკიოდა, რადგან ამ ყველაფერს საკუთარ თავსაც უმალავდა. თავის ფიქრებს გაურბოდა, თუმცა ბოლოს ვეღარ შეძლო გაქცევა. ტიროდა დეაც. ყოველთვის ყველა ადამიანისთვის წარმოუდგენლად ძნელია, როცა ვინმე ასეთ რამეს გაიზიარებს და შენ პასუხი უბრალოდ არ გაქვს. განიცდი, გრძნობ, თუმცა არ იცი რა უპასუხო. და დეას სიტყვებმა, რომელიც საპასუხოდ თომას მიწერა, ბიჭისთვის ბევრად მეტი იყო ვიდრე უბრალო ნუგეში ან უბრალოდ სიტყვები: "თომა ახლა შენს გვერდით რომ ვიყო მთელი ძალით ჩაგეხუტებოდი" "მადლობა დეა" - "შენ ერთადერთი ხარ, ვინც ეს იცის.." თომას თვალზე ჯერ კიდევ ცრემლები ჰქონდა, თუმცა უცნაურია, რომ რაღაც კუთხით თავს ბედნიერად გრძნობდა. ერთი მხრივ იმიტომ, რომ მიხვდა ცოტა ხნის წინ თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო გაანდო სხვას და იცოდა, რომ ამისათვის სწორი ადამიანი იპოვა. ძალიან უხაროდა, რომ ეს ადამიანი დეა იყო. ცრემლები მოიწმინდა, არასდროს უყვარდა თავის თავზე ცრემლების დანახვა. ეგ კიარა, თითქოს გაურბოდა კიდეც ატირებულ მეს. ტირილის დროს ცდილობდა გაეღიმა ან კარგ რამეზე ეფიქრა და თუ ასე არ გამოდიოდა, მაშინ ყველასგან შორს, მარტო იწყებდა მოთქმას. უცნაური შეგრძნება იყო დეას წინ ტირილი.. თომას გონებამ დეას თავს არნახული ფასი დასძინა. დეა ახლა იმდენად ღირებული იყო თომასთვის, რომ მის გულის ტკენას ალბათ.. ალბათ კი არა დათუნასაც არაფრის ფასად აპატიებდა. რამდენიმე წუთიანი, ოდნავ უხერხული პაუზის შემდეგ საუბარი დეამ გაანახლა: "თავს როგორ გრძნობ თომა?" "უკეთ" - "ამაზე აღარ ვილაპარაკოთ რა" "კარგი" "იცი" - ცოტახნიანი პაუზა აიღო დეამ. თომა ვერ მიხვდა რის მოწერას ცდილობდა. - "მე მძულს მამაჩემი" თომა არაფერს წერდა, იცოდა, რომ დეა რაღაცის თქმას ყოყმანობდა, ამიტომ აცდიდა. "თორმეტი წლის რომ ვიყავი ერთი ჩვეულებრივი დღე იყო.. სკოლიდან ბაბუაჩემთან და ბებიაჩემთან უნდა წავსულიყავი წესით, მაგრამ სკოლაში მუცელი თუ თავი.. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს რაღაც ამტკივდა და ამიტომ გეგმები შეიცვალა. დედა სამსახურში იყო. საკმაოდ დიდი სახლი გვაქვს და ძნელია კარების ხმის გაგება ყურს თუ არ დაუდგებ. სახლში რომ შევედი ჯერ შემოსასვლელი, მერე მისაღები გავიარე. დედაჩემის და მამაჩემის ოთახის კარი ღია იყო და ხმები გამოდიოდა.. კარი ბოლომდე გავხსენი და დავინახე, როგორ ჟი*ავდა მამაჩემი ვიღაც ქალს." - დეას რამდენიმე წუთი აღარაფერი მიუწერია. თომას ენა ჰქონდა ჩავარდნილი. დეამ რამდენჯერმე აკრიფა და წაშალა ტექსტი დაბოლოს მიწერა: "მეზიზღება მამაჩემის ყველა ქმედება იმ წამის შემდეგ. ისე მოიქცა, თითქოს 5 წლის ბავშვი ვყოფილიყავი და თითქოს ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა მამაჩემი ვიღაც დეიდასთან ერთად საწოლში. ისე მშვიდად ადგა, ჩაიცვა, ის ქალი გააცილა ვითომ არაფერი მომხდარა. მერე წინ დამიჯდა და მშვიდად მითხრა ჩათვალე არაფერი არ მომხდარაო. ა." დუმდა თომა. დუმდა დეაც. ორიოდე წუთის მერე თომამ მიწერა: "ახლა მე ჩაგეხუტებოდი შენს გვერდით რომ ვყოფილიყავი". ნეტავ მართლა ასე ყოფილიყო, იმ მომენტში ერთმანეთის გვერდით ყოფილიყვნენ და უბრალოდ ჩახუტებულიყვნენ. ჩახუტებით მოეშუშებინათ ოდნავ მაინც ერთმანეთისთვის ის ტკივილი, რომელიც მათთვის განგებამ, ბედმა ან ღმერთმა მოავლინა. დეამ საპასუხოდ ერთი გული გაუგზავნა. ეს გული ალბათ მთელ დედამიწას და სამყაროს გადაზიდვავდა თავისი სიმძიმით.. "დეა" - "დედაშენმა იცის?" - რამდენიმე წუთიანი თვითგანხეთქილების შემდეგ ხელის კანკალით მიწერა თომამ. "არა" - "არაფერი" - "გთხოვ ამაზე ნუღა ვილაპარაკებთ" "კარგი." ცოტა ხანი ისევ სიჩუმე იყო. სიჩუმე ვირტუალურ სამყაროში, სადაც ის კიდევ უფრო ხმაურიანია. მოგვიანებით დეამ მიწერა: "რას აკეთებ?" "მამაჩემის ფოტოებს ვათვალიერებდი" "თომა რაღაცის თქმა მინდოდა" - "ის ყველაფერი რომ მომიყევი წეღან იმის მერე მინდოდა მეთქვა" - "ვიცი რომ ჩემმა სიტყვებმა შეიძლება არაფერი შეცვალოს, მაგრამ რომ არ გითხრა არ შემიძლია" - "არ არის შენი ბრალი." - "მამაშენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შენი ბრალი არაფერი არაა." "მართლა ასე ფიქრობ?" "კი" "მადლობა დეა." ამ ღამემ თომას ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, უფრო სწორად თვითონ თომა გახადა სხვანაირი. თითქოს ციტატა "მებრძოლთა კლუბიდან" - And suddenly, i felt nothing რეალურ ცხოვრებაში გადმოვიდა. ცოტა ხნის მერე დეამ მიწერა: "ძილინებისა თომა." "ძილინებისა” " " თომამ ტელეფონი გამორთო, მთელი ძალით გულზე მიიხუტა და ცოტა ხანი არაფერზე ფიქრობდა. დეა მისი პირველი ნამდვილი მეგობარი იყო. გათენდა. დილის რუტინის შემდეგ თომა სკოლისკენ გაეშურა. პერიოდულად წუხანდელზე ეფიქრებოდა. ფიქრობდა დეას მიღმა, იმ მომღიმარი სახის მიღმა რამხელა ტკივილი იმალებოდა. ფიქრი რომ განაზოგადა მიხვდა, რომ ყველა ადამიანს დედამიწის ზურგზე აქვს რაღაც, რაც შიგნიდან კლავს. წყეული სამყარო. სკოლის შემდეგ კერძო მასწავლებელთან ჯერ ინგლისურის, მერე კი ქართულის გაკვეთილი ჰქონდა. ექვსი საათისთვის სახლში დაქანცული მოვიდა. დეას მესიჯი დახვდა. გაეღიმა. "როგორ ხარ?" "კარგად შენ?" თომა დაგვიანებულ სადილს შეექცა და თან ტელევიზორს უყურებდა. ჭამა რომ დაასრულა დეას პასუხიც დახვდა: "კარგად" - "რას შვრები?" "რავი ახლახანს მოვედი სახლში და ვისვენებ" - "შენ რას?" "მე რაღაც ფილმს ვუყურებდი მარა ცოტა ძნელი საყურებელი და გასაგები იყო და გამოვრთე" - "დოგვილი" - "ნანახი გაქვს?" "არა მაგრამ მსმენია" დეას და თომას დიალოგი მარტივად აეწყო და მაშინ შეწყდა ელენე რომ სახლში დაბრუნდა. თომას არასდროს არავისთან არ ჰქონია მსგავსი ურთიერთობა. მეგობრული ურთიერთობა, სადაც არ მოუწევდა ფეხბურთზე, ქრაშებზე ან პარალელურ კლასელი გოგოების ტრუსებზე და მკერდის ზომაზე საუბრის მოსმენა. მას ჰქონდა ურთიერთობა, სადაც თავადაც შეეძლო საუბარი. გულწრფელი საუბარი იმაზე, რაზეც მართლა ფიქრობდა ან, რაც მართლა მოსწონდა, ეს კი თავს ძალიან კარგად აგრძნობინებდა. დამღლელი ოთხშაბათი ხუთშაბათმა ჩაანაცვლა. ხუთ საათზე თომას თეატრალური ჰქონდა. ეცინებოდა. სამშაბათს ის ნაწყენი იყო დეაზე, რადგან იგი "არ" იმჩნევდა, ახლა კი თავად ნერვიულობდა, რადგან არ იცოდა გულწრფელი მიმოწერის შემდეგ, რეალობაში რას იზამდა. მან ხომ ისიც კი არ იცოდა მისასალმებლად რა სიტყვა გამოეყენებინა. გამარჯობა? ძალიან უცნაურია საუბრისას. პრივეტ? თომასი ნამდვილად არაა. ჰეი? უბრალოდ არა. ვა დეა? კარგი რა, ის ხომ დეაა და არა შენი მეზობელი 15 წლის გიორგი. ამ ფიქრებში გართულს დრო ისე გაეპარა, რომ ვერაფერს მიხვდა. რის ვაი-ვაგლახით ჩაიცვა და სირბილით წავიდა გაჩერებისკენ. შესასვლელში რომ შეაბიჯა და უჩვეულოდ ხალხის ნაკლებობა შენიშნა, კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო და დარბაზისკენ სირბილი გააგრძელა. დარბაზში რომ შევიდა ფრიდონს და ეთოს უკვე ჩვეული ისტორიების მოყოლა ჰქონდათ დაწყებული თეატრზე. პუფებისკენ მიმავლმა დეას თვალებიც შენიშნა, რომელიც მას უყურებდა და იმდენად დააბნია, კინაღამ წაიქცა. ადგილზე მისულმა მასწავლებლებს მოუბოდიშა და ბიჭებთან თავისუფალი პუფი დაიკავა. პერიოდულად დეას მომზირალ თვალებს გრძნობდა. ერთ მომენტში, ეთოს ტელეფონზე დაურეკეს, ლაპარაკი შეწყვიტა და ფრიდონმაც პირი გაასველა. დეამ თომასკენ გაიხედა, მისი თვალები დაიჭირა და ხელი დაუქნია. თომას გული გაუთბა. საპასუხოდ, ბიჭებისგან უჩუმრად მანაც ხელი დაუქნია. თომას იმ დღეს აღარაფერი შეშლია გაკვეთილზე. პირიქით, იმდენად თავდაჯერებული იყო, საკუთარი თავისაც უკვირდა. გაკვეთილი რომ დამთავრდა ბიჭებმა ისე სწრაფად ჩაავლეს ხელი თომას, რომ დეასთვის ვერაფრის თქმა მოასწრო. გასასვლელისკენ მიმავალმა ბიჭებმა თომას უთხრეს, რომ აქედან მაკდონალდსში მიდიოდნენ: -ფული თუ არ გაქვს არაა პრობლემა. - გადაულაპარაკა დემემ თომას. - აგერ, ამ ვაჟბატონს გუშინ მთვრალმა მამამისმა 50 ლარი მისცა და გვაგულავებს ბიჭებს. - ხელით ანიშნა შაკოსკენ. -ეგრეა თან რაღაც ამბავი გავიგეთ და მაგაზეც მოგიყვებით შენ და გიოს. - ჩაერთო შაკო. -რა ამბავი? -იქ მოგიყვებით-თქო. ბიჭები დერეფანს სწრაფი ნაბიჯით გაუყვნენ და შენობიდანაც მალე გააღწიეს. შენობიდან გამოსულები რუსთაველის მეტროში ჩავიდნენ და ცოტა ხანში თავი თავისუფლებაზე ამოყვეს. "გალერეა თბილისის" ოთხი სართულის ავლის, შეკვეთისა და საჭმლის აღების შემდეგ ბიჭები სასურველ, გაშლილ მაგიდასთან აღმოჩნდნენ, როცა შაკომ დაიწყო: -მოკლედ ბიჭებო, კარგი ამბავი გვაქვს მე და დემეს. -ვა, აბა? - ღეჭვა-ღეჭვით თქვა გიორგიმ. -ესე იგი, დღეს თეატრალურზე ზედმეტად ადრე მივედით. ჰოდა რომ მივედით დარბაზიც ჩაკეტილი იყო ჯერ. შენობა ბოლომდე არც მე და არც დემეს ნანახი არ გვქონდა, ხოდა გავუყევით დერეფანს. ელენეს კაბინეტი ხო იცით სადაცაა. მოკლედ სადღაც მანდ ვიყავით მისულები ერთ-ერთი კაბინეტის კარი შეღებული რომ დაგვხვდა. დაგვხვდა ერთია, მარა მთავარი გითხრათ. კაროჩე, შიგნით იყო ვიღაც კაცი ჩვენი სკოლის დირექტორთან. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, თან ხო იცი ამ ლურჯა ცხენების დანჯღრეულ შენობაში კამერებიც არაა. ხოდა მე და დემემ დრო ვიხელთეთ და ამათ მოვუსმინეთ. ვიცი ცუდი ადამიანები ვართ და ბლა ბლა ბლა მარა უნდა გენახათ რა მოვისმინეთ. -ჰე ახლა თქვი მალე. - შემოუძახა უკვე ჭამა დასრულებულმა გიორგიმ მთელი ინტერესით. -კაროჩე ეს კაცი აღმოჩნდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორი. ამ ჩვენი წრიდან სემესტრის ბოლოს აარჩევენ ერთ ბავშვს, რომელსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრი გაუფორმებს კონტრაქტს თავისი ხელფასით და რამე. და პლიუს დააფინანსებს იტალიის რომელიღაც სამსახიობო სკოლაში სწავლებისთვის. გიორგის ჭამისგან დაღლილი ყბა ჩამოუვარდა და თომაც ზედ მიყვა. -კაი ახლა გვეღადავებით რაღაცას. - ბრაზით უთხრა გიორგიმ. -არა რას გეღადავებით. დღე-დღეზე იტყვიან ფრიდონი და ეთო. ახლა უკვე დაიჯერა გიორგიმ და ბიჭებს შორის ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოწვა. -ერთი წამი ანუ.. კონტრაქტი.. ხელფასი და იტალია? - ძლივს თქვა შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა გიორგიმ. -კი-თქო, კი. რა ვერ გაიგე. თუ გინდა დაგიმარცვლი. -არა არა დამარცვლა ნაღდად არ მჭირდება. -თომას გახედე, მგონი ისე გაოცდა ენა ჩაუვარდა. -აქ ვარ, ცოტა დრო დამჭირდა გაანალიზებისთვის პროსტა. -ბიჭებო - დაიწყო დემემ. - ერთმანეთს უნდა შევპირდეთ რო სემესტრის ბოლოს, ჩვენიდან ერთ-ერთი თუ დაასახელეს არც გაგვიტყდება და არც გავბრაზდებით. -გაგვიტყდება კიარა მაგაზე მეტად არაფერი გამისწორდება - შემოუძახა შაკომ. -ჰო იმედია ჩვენგან რომელიმე იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.