მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 4)
რას გრძნობს ადამიანი, როცა მართლა კარგადაა? მანამდე არასდროს დავფიქრებლვარ. მის გვერდით სამარისებულ სიჩუმეში ვიჯექი და ჩვენს გადაჭდობილ თითებს დავყურებდი. იქნებ ეს იყო ის სრულყოფილი ბედნიერება, რომელსაც ზღვის სანაპიროზე დავეძებდი, ამაზე ფიქრი არ შემეძლო. ეს არ იყო ის გრძნობა, რომელიც ღრუბლებში ფრენას გამახსენებდა, ვგრძნობდი, რომ მიწაზე მყარად ვიდექი და მისი მაჯის პულსაცია ჩემი გულისცემის ექოდ ქცეულიყო. მანქანა სადარბაზოსთან გაჩერდა, მაგრამ ჩვენი მტევნები არ დაშორებულან. - ჩვენ კიდევ გავისეირნებთ. - საბამ უკანა სავარძლისკენ გაიხედა. - სახლში ვიქნებით. - თათიას დაბნეულობით სავსე ბგერებმა თითქოს ბურანიდან კინწისკვრით გამომაგდო. მზერა საბასკენ გავაპარე, არასრულყოფილ განათებაზეც კი შევამჩნიე სიბნელეში ჩაკარგული სილაჟვარდეები, რომლებიც მიყურებდნენ. მხოლოდ კარის დახურვის ხმით მივხვდი, რომ მარტონი დავრჩით. რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ სიტყვები იოგებშივე მეკარგებოდა და ველოდი, არ ვიცოდი რას, მაგრამ რაღაცას ველოდი და ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბა სრული მდუმარებით მიყურებდა, ჩვენი შეერთებული მტევნები თავისკენ წაიღო და ჩემი ხელის ზურგს თვალდახუჭული ეამბორა. - ვსეირნობთ? - დაძაბულობის განსამუხტად პირზე მომდგარი პირველივე სისულელე წამოვროშე. - აქვე პატარა სკვერია, იქ ჩავიდეთ. - თვალები რამოდენიმეჯერ ზედიზედ დაახამხამა. მანქანიდან ერთდროულად გადმოვედით, სწრაფად შემოუარა წინა მხრიდან და ჩემი ხელი დაიბრუნა. - ეს ძალიან უცნაურია... - გულის სიღრმეებიდან ამოვთქვი და მთელი სხეული დამეძაბა. - რა არის უცნაური? - ეს! - ერთმანეთში ახლართული თითებისკენ მივუთითე. პასუხად მხოლოდ ჩაიცინა და ხის გრძელ სკამზე ჩემთან ერთად ჩამოჯდა. ისევ აუტანელი სიჩუმე... წვიმის წვრილი ნამები ასფალტს ჭორფლივით მოედო. ვიჯექი, მასთან სულ ახლოს, ისევ მის მტევანს მინდობილი და ძირს მოფენილ ყვითელ ფოთლებს დავყურებდი. - რას ფიქრობ? - საბას ხმა შორიდან მომესმა. - ფოთლებზე ვფიქრობ... ნახე, წვიმა როგორ აცეკვებს... - თავისუფალი ხელი გავიშვირე და საკუთარ აზრებზე გამეცინა. - საინტერესო ფიქრები გაქვს, მაგრამ ჩვენზე გეკითხები. - იმედგაცრუება შეეპარა ხმაში. - შენ აქ ხარ და მეც აქ ვარ... - შორი გზით შემოვუარე. - და წვიმს. - სახეზე ისევ ეშმაკმა გადაურბინა. - ამას აქ წვიმას ეძახით? - ღამეს ფსკერიდან ავხედე. - თუ ასეა, ბათუმის წვიმაში შეიძლება დაიხრჩო... საკუთარი ენაკვიმატობით კმაყოფილმა შევხედე და შევცბი, სულ ახლოს იყო, ცხვირის წვერით ლამის ცხვირზე მეხებოდა. - და შენ რას ფიქრობ? - დანამულ შუბლზე შუბლი მივადე. - ახლა ვერაფერზე ვფიქრობ, ერთის გარდა... - ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა. ტუჩებზე სულ ოდავ შემეხო სირბილე, მაგრამ არ მეყო. უფრო მივეკარი, თითები თმაში შემიცურა და მის ტჩებზე მიწებებულს მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში. წვიმდა და, ის აქ იყო... ჩემთან. სადარბაზომდე ხმა არცერთს ამოგვიღია. თავი ზღაპარში მეგონა, მეჯლისზე ვიყავი და როგორც კი გათენდებოდა, ჩემი ეტლი კვახად იქცეოდა. დამთავრდებოდა ამბავი, რომელიც არც არასდროს დაწყებულა. გაცილებით მარტივი იყო საბასთან საუბარი მაშინ, როცა უხეში და ცინიკოსი იყო. ფეხდაფეხ უხმოდ მომყვებოდა და ეს სიჩუმე მძულდა... - მინდა სადღაც წაგიყვანო, როდის გეცლება? - მკითხა, როგორც კი სადარბაზოს სიბნელეს შევერიეთ. - ხვალ ვმუშაობ, ზეგ მცალია... - ყველა უარყოფითი ფიქრი სუსტი ღრუბელივით გამეფანტა. - მიყვარს, როცა მღერი. - ხვალ მოდი და მომისმინე. - თვალი ჩავუკარი და ლიფტის გამოძახების ღილაკს თითი დავაჭირე. - აუცილებლად მოვალ. კაბინაში შევაბიჯე და რვიანი მივუთითე, საბა არ შემომყვა, უბრალოდ იდგა და დაჟინებით მიყურებდა. - მიყვარს, როცა მისმენ... - საკუთარი ხმა ძლივს გავიგონე, გამიღიმა და კაბინის კარმა ჩვენს შორის გაჩრილი სივრცე ხმაურით გაჭრა. ჩემი და თათიას ურთიერთობისთვის სახელი ვერ მომეძებნა. ერთად ვცხოვრობდით, თუმცა სულ ეს იყო. იმ საღამოს, როცა სახლში ავედი და ნიკა სიტყვის უთქმელად წავიდა, არ ვიცოდი მომხდარისთვის რა ახსნა მომეძებნა. თათიამ უბრალოდ გამიღიმა და ამ ღიმილიმა მაგრძნობინა, რომ ჩემი მეგობარი იყო. ჩვენს შორის მილიონობით განსხვავების მიუხედავად შეგვეძლო გაგვეგო ერთმანეთის და როცა სიტყვები საჭირო არ იყო, არც გვეთქვა. ამ აღმოჩენამ საოცრად გამათბო. სოციალური ქსელების დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, თუმცა გარკვეული დოზით მაინც ვიყენებდი. ვცადე, საბა მომეძებნა, მაგრამ ამაოდ. დაუოკებელი სურვილი მქონდა მის შესახებ მეტი ინფორმაცია გამეგო. თითქოს, ყველანაირად დაფარული იყო მისი პიროვნება, და ამ ფარდის გადაწევა მთავარ საფიქრალად მექცა. კლასიკური ორშაბათი გათენდა. უნივერსიტეტში ყველაფერი ძველებურად იყო. კვირის ბოლოსთვის მუზეუმში წასვლა დავგეგმეთ და მოუთმენლად ველოდი ამ დღის დადგომას. სახლში ენერგიით სავსე დავბრუნდი. არ წვიმდა, თუმცა ღრუბლიანი ამინდი იყო და ეს მომწონდა. მომწონდა, რადგან ასეთ ამინდში თბილისი ძალიან ჰგავდა ბათუმს. სემინარის მომზადებას თითქმის ვამთავრებდი, როცა თათია მოვიდა. ბათუმის გახსენებისთანავე ზურა დამიდგა თვალწინ. თითქმის ყოველდღე მირეკავდა და მეკითხებოდა, თუ როდის ჩავიდოდი ისევ. ფაქტი, რომ მონატრების გარდა სხვა მიზნითაც უნდოდა ჩემი ნახვა, გულს ორად მიგლეჯდა. მინდოდა ბედნიერ ყოფილიყო, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვერეოდი. ჩემს ცხოვრებაში ახალი ადამიანების შემოსვლას არასდროს გავურბოდი, რადგან ქვეცნობიერად თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. ჩემი ოჯახი იყო ზურა და დედისგან დარჩენილი სურათები. თითქოს უსაფრთხოება შეირყა, იქამდე რისიც მწამდა ირგვლივ შემომენგრა. საღამომდე ამაოდ ველოდე საბას მოსვლას, მერე ჩემი სიმებიანი მეგობარი მხარზე შემოვიგდე და სამსახურის გზას დავადექი. დარბაზის ლურჯი განათება ისე მკვეთრად აღარ მჭრიდა თვალს, თამბაქოს ნისლსაც შევეჩვიე და შემაწუხებლად აღარ მიმაჩნდა. ბატონი ლადო ისევ ბარის დახლთან მოკალათებულიყო, განუყრელი სიგარა კბილებს შორის მოექცია და კვამლისგან ამწვარი თვალი მოეჭუტა. დამინახა თუ არა, ხელი ასწია და ორი თითის მოხვრით მიხმო. - საღამო მშვიდობისა. - თავაზიანი ღიმილით მივუახლოვდი. - ამ დღეებში სტუდიაში უნდა მოხვიდე. - სიგარა თითებს შორის მოაქცია და ჩამქრალი თვალები გამისწორა. - ბენდთან ერთად შენი სახეც უნდა იყოს პოსტერზე. - კარგი, მადლობა... - საკუთარი გულისცემის გარდა აღარაფერი მესმოდა. კოლეგების მაგიდისკენ ავტომატურად დავიძარი, სტუმრები თვალს ჩურჩულით მაყოლებდნენ, უცნაური იყო, თუმცა მუდმივ კლიენტებად ჩავთვალე და გზა განვაგრძე. მხოლოდ გიგა დამხვდა. - გამარჯობა. - მღელვარებისგან ლამის ვუყვირე. - უკვე გაიგე? - ტუჩის კუთხე აეპრიხა და სკამზე გასწორდა. - კი, მაგრამ ბატონი ლადოსთვისთვის თქმის მომერიდა, დღის პირველ ნახევარში არ მცალია ხოლმე. - ვერ გავიგე. - სახე ერთიანად შეეცვალა. - სურათის გადასაღებად დილით ვერ მოვალ. - მაგიდაზე დაყრდნობილ ხელზე ნიკაბი ჩამოვდე. - მეტი არაფერი გაგიგია? - არა... - სისხლი ძარღვებიდანვე ამიორთქლდა. - შენი ბოლო ნამღერი გიომ გადაიღო და სოციალურ ქსელში, ჩვენს გვერდზე გაავრცელა. - აღელვებისგან ორივე ხელი გაშალა. - გუშინ საღამოს ატვირთა და დღეს უკვე მილიონი ნახვა აქვს. - ჰა? - სკამის საზურგეს უღონოდ ავეკარი. - ხალხი წინასწრ ჯავშნის ადგილებს, რომ შენ მოგისმინონ, ორშაბათია და ბარი თითქმის სავსეა. - უჩვეულოდ გადავსებულ სივრცეს თვალი მოვავლე, ყველა ისევ მე მიყურებდა. სანამ ჩემი გამოსვლის დრო მოვიდოდა, თითქმის ვერაფერს ვგრძნობდი, პანიკამ მთელი ძალით შემომიტია. არასდროს მიყვარდა, როცა ჩემზე დიდ მოლოდინებს ამყარებდნენ, მეშინოდა რომ ყველაფერს გავაფუჭებდი. - კარგად ხარ? - საბას ხმამ რეალობის შეგრძნება დამიბრუნა და ხელებში ჩარგული თავი წამოვწიე. მაგიდასთან იდგა, ჩემკენ დახრილ სახეზე განწირული მზერა შევავლე. - ვნერვიულობ. - ფეხზე გაუბედავად წამოვდექი და განიერ მხრებს თავი შევაფარე. სასიამოვნო შეგრძნებამ თბილი ტალღასავით დამიარა და შვებით ამოვისუნთქე. - არაფერი გაქვს სანერვიულო. - წყნარი ზღვები გამისწორა. - დარწმუნებული ვარ, სამოთხეში შენს სიმღერებს უსმენენ. - კომპლიმენტი მითხარი? - გამეცინა და დასადგურებულმა სიჩუმემ მიმახვედრა, რომ უნდა მემღერა. - ყურადღებით გისმენ. - ერთი ნაბიჯით მომშორდა. შემაღლებულ სკამზე საგრძნობლად დამშვიდებული ჩამოვჯექი. თითებით პირველი აკორდი მოვძებნე და თვალები დავხუჭე. ვეცადე, მაგრამ საყვარელი ფერები ვერაფრით წარმოვიდგინე. თვალის გახელისთანავე საბას დავუწყე ძებნა და ვიპოვე. ვიპოვე ზღვები, რომლებიც ჩემს წინ იდგნენ და მათ დასანახად მოგონებებში ჩაძირვა აღარ მჭირდებოდა. - „ მისმენ... ვიცი, რომ შენ მისმენ, ნუ დამიკარგავ იმედს, იმედს, რომ ხარ...“ საღამომ იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე წარმომედგინა. საბა ბოლომდე დარჩა და, ბოლოს ხმაურიანი კაფე ერთად დავტოვეთ. სუფთა ჰაერმა გამომაცოცხლა, თითქოს ახალი სუნთქვა გამეხსნა. კორპუსის მახლობლად ისევ იმ სკვერში შევაბიჯეთ და ხის ნაცნობ სკამს დავეპატრონეთ. ხელის ჩაკიდებას ვერცერთი ვბედავდით. - იცი, რომ უსამართლობას აქვს ადგილი? - საბოლოოდ ხმა ამოვიღე და რატომღაც გავბრაზდი. - რა კუთხით? - დაბნეული მზერა გამისწორა. - შენზე არაფერი ვიცი, არაფერს მეუბნები... - არც შენ მეუბნები. - ჩემივე თანასწორობის პრინციპი დამიპირისპირა. - მე სიმღერით ვამბობ სათქმელს. - აღიარების შემრცხვა და თვალი ავარიდე. ისევ იმ ფოთლებს დავხედე, წინა ღამის წვიმას ერთიანად ჩაელპო. გული დამიმძიმდა. მეგონა წვიმა აცეკვებდა, თურმე განადგურების მეტი არაფერი გაუკეთებია მათთვის. იქნებ ადამიანებშიც ასეა? გვგონია, რომ ფრთები გვესხმება და თუ მოვინდომებთ ვარსკვლავებსაც მივწვდებით, მაგრამ სინამდვილეში ნელა ვკვდებით, ქვესკნელისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ. - არ ვჩქარობ, რომ ამ ურთიერთობას სახელი დავარქვა. - განათებულ ლამპიონს თვალი შეავლო. - შენთან ყოველი საუბარი ან შეხება ომს გავს, ყოველთვის მეწინააღმდეგები, მაშინაც კი როცა ერთ აზრზე ვართ და საერთო სურვილები გვაქვს. - მე არ ვიცი შენ რა სურვილები გაქვს. - დამნაშავესავით ჩავიბურტყუნე. - მინდა, რომ როცა მღერი თვალები გაახილო და მხოლოდ მე მიყურო, იცი რატომ? - იმიტომ, რომ ეგოისტი ხარ! - სიცილი ვერაფრით შევიკავე. - ახლოს ხარ. - გამიღიმა, მაგრამ სევდიანად. - როცა გისმენ, ყველანაირი ბნელი მხარე სინათლით იჩრდილება, ფიქრები და გეგმები მეცვლება... როცა მიყურებ და ისე მღერი, თავს მნიშვნელოვნად ვგრძნობ. ბათუმში მითხარი, რომ თვალებს მაშინ არ ხუჭავდი, როცა იმას ხედავდი, რისი დანახვაც გინდოდა. - მიხარია, თუ შენზე დადებითად ვმოქმედებ. - ყურებამდე გასულ ღიმილს ვერაფერს ვუხერხებდი. ვხვდებოდი, რომ მართლა მისმენდა. - სახლამდე მიგაცილებ. - ფეხზე წამოდგა და ზემოდან დამაცქერდა. ორმა კვირამ ისე გაიარა, გაურკვევლობიდან ვერაფრით გამოვედი. საბა ისევ ძველებურად აორთქლდა. თათიამ რამოდენიმეჯერ სცადა რაღაც კითხვები დაესვა, მაგრამ პირველივე სიტყვაზე უაზროდ ვღიზიანდებოდი. ბარში ძველებურად თვალდახუჭული ვმღეროდი და ამაოდ ვეძებდი სავსე დარბაზში ტალღისფერ თვალებს. ჩავთვალე, რომ ყველაფერი შეცდომად მიიჩნია და ჩემთვის თავის არიდება გადაწყვიტა. მოახლოებულმა შუალედურმა გამოცდებმა მასზე ფიქრის საშუალება არ მომცეს. გამოცდების შემდეგ ერთკვირიანი დასვენება გველოდა, შემეძლო ბათუმში წავსულიყავი, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ თბილისში დავრჩებოდი. ვკვდებოდი, ისე მინდოდა სანაპიროზე გასვლა, ძველი შეგრძნებების გაღვიძება, მლაშე ჰაერის ფილტვებისთვის ჩუქება, მაგრამ გარდაუვალ ახალ ნაცნობს ვერიდებოდი. უკანასკნელი გამოცდის შემდეგ სახლში დავბრუნდი და მთელი ღამის ნათევი სხეული საწოლზე მივფინე. მობილურის გაბმულმა ვიბრაციამ გამომაფხიზლა. ჩაბნელებულ ოთახს თვალი მოვავლე. - გისმენ, იო. - ვთქვი და ყელში მოდებული ხრინწის ჩაწმენდა ჩახველებით ამაოდ ვცადე. - ჩემს საჩუქარს დიდი ხანი ველოდო? - მოჩვენებითი გულისწყრომით სავსე ბგერები მომესმა. - დღეს ბარში მოდი და იმას გიმღერებ, რასაც მეტყვი. - ჯარიმის სახით მესამე სიმღერაც გემატება. - მაშინვე გამხიარულდა. - კარგი, ოღონდ მეტს ნუ მომთხოვ, სულ სამი სიმღერის უფლება მაქვს იქ. - ლოკაცია ჩამიგდე. - დამემშვიდობა და ჩაბნელებული ეკრანი საწოლზე დავაგდე. ერთი ძალიან კარგი თვისება ჰქონდა იოანეს, ყოველთვის შეეძლო განწყობის გადმოდება. ასევე, ბევრი ლაპარაკი უყვარდა და ვინაიდან ჩემი სათქმელი თითქმის აღარაფერი რჩებოდა, ეს კომფორტის ზონას მიქმნიდა. თათიას წინ კიდევ ერთი გამოცდა ელოდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ბარში წამოსვლა და საღამოს ცხრა საათისკენ ნიკასთან ერთად დავიძარით. დარბაზში თითქმის ყველა ადგილი დაკავებული იყო, იოანე უკვე კუთხის მაგიდასთან იჯდა, ჩვენც მას შევუერდით. პირველი ორი სიმღერა თვითონ შემირჩია, ხოლო მესამე მე მომანდო. ბოლო გამოსვლაღა იყო დარჩენილი, ოთხი სტუდენტისთვის ყველაზე საინტერესო თემაზე-გამოცდებზე ვსაუბრობდით, როცა თითქოს სახე ამეწვა და შემოსასვლელისკენ გავიხედე. ის იყო... საფირმო, დამცინავი ღიმილით გვიახლოვდებოდა და ისე მიყურებდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. - უჩემოდ ერთობით? - გვერდითა მაგიდას თავისუფალი სკამი ააცალა, ჩემსა და იოანეს შორის ჩადგა. - შემოგთავაზე, მაგრამ უარი მითხარი. - ნიკამ ცალყბად გაუღიმა და დაცვარული შუბლი ნერვიულად მოისრისა. - დღეს ლიტა სპეციალურად ჩემთვის მღერის. - სადღესასწაულოდ გამოაცხადა იოანემ და წამის წინ უდარდელად ჩამომჯდარს დაბნეული მზერა შეავლო. - არ ვიცოდი შეკვეთებს თუ იღებდი. - გამომხედეს ზღვებმა. - ეს ჩემი საჩუქარია იმ დღისთვის, რესტორანში ბარბაროსებივით რომ მოვარდით. - თვალი ავარიდე. ორაზროვანმა ემოციამ მთლიანად მშთანთქა. მიხაროდა, რომ ისევ ვნახე, ისევ გავიგონე მისი ხმა, ამ სიხარულს აჩქარებული გულისცემაც მოწმობდა. ვბრაზობდი, რადგან თითქმის სამი კვირა სადღაც დაიკარგა. გულს მიხეთქავდა ეს გაურკვეველი ურთიერთობა, მაგრამ არაფერს ვნანობდი. გიტარა მუხლებზე შევისწორე და მიკროფონი ჩემკენ მოვწიე. თვალები ძლიერად დავხუჭე, მაგრამ მაინც მისი თვალები დავინახე. ზღვასავით უძირო, მღელვარე. ზღვა, რომელშიც ცურვა არ ვიცოდი და თუ შევტოპავდი დავიხრჩობოდი კიდეც. - „ ყვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარს, და აყრის ფიფქებად შენს სახლის კარს, გეძახი, არავინ არა მცემს ხმას, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს... და მაინც ყვითელი ფოთლების მწამს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს...“ - ყველაზე კარგი იყო... - იოანე წამოდგა და გულში ჩამიკრა, არც საბას დაჟინებული მზერა გამომპარვია. - წავიდეთ? - თათიამ ვედრებით სავსე თვალებით ამომხედა. - თქვენ წადით, მე და იო ცოტა ხანს კიდევ დავრჩებით. - ისე ვთქვი საბასთვის ზედაც არ შემიხედავს. სკამი ხმაურიანად გასწია და ერთიანად დაძაბული გამომეტყველებით წამოდგა, თათიას და ნიკას არც კი დაელოდა, პირდაპირ გასასვლელისკენ გავარდა. - რამე პრობლემა აქვს? - იოანემ ცისფერი თვალები დაქაჩა. - კი, თავში. - გაგულისებულმა ჩავილაპარაკე და სკამზე დავეშვი. იოანეს ისტორიების მოსმენას ოც წუთზე მეტ ხანს ვერ გავუძელი. მთელი დღის დაღლილობა ერთიანად მომერია და სახლში წასვლა გადავწყვიტე. არც გიტარის წაღებისთვის აღმომაჩნდა საკმარისი ენერგია და ბარმენს მისი შენახვა ვთხოვე. იომ სადარბაზომდე მიმაცილა. - მადლობა დღევანდელისთვის. - ქერა თმა თითის წვერებით აიჩეჩა. - ერთი წელი ხმას აღარ ამოიღებ. - გაღიმების ძალა ჯერ ისევ მქონდა. - დასვენებებზე ბათუმში წახვალ? - არა, აქ ვაპირებ ყოფნას. - არც მე წავალ ქუთაისში და ცოტა ვიბოდიალოთ, რას იტყვი? - იმედით სავსე მზერა მომაპყრო. - არა მგონია სახლიდან გამოსვლა მომინდეს, სახლში წადი. - ხელი დავუქნიე და თავი სადარბაზოს სიბნელეს შევაფარე. ლიფტის გამოძახების ღილაკს თითი დავაჭირე და მანამდე ზურას შეტყობინებებს თვალი გადავავლე. კაბინის კარი ხმაურით გაიღო, რვიანს თითი დავაჭირე და საპასუხო წერილისთვის მობილურს მივუბრუნდი. კაბინის ჩაკეტვამდე ზედმეტმა ხმაურმა თავის აწევა მაიძულა. საბა ნახევრად დახურულ კარში მოქნილად შემოძვრა. - აქ რა გინდა? - მთელი სხეული გამეყინა. - დალაპარაკება. - ღილაკებს თვალი შეავლო. - მე არ მინდა. - ხელები გულზე ჯვარედინად დავიკარი. რამოდენიმე ღილაკი ერთდროულად გააწითლა და მოულოდნელად ყველაფერი სიბნელემ მოიცვა. მხოლოდ მრგვალი წრეების სინათლეს ვხედავდი, თუმცა ჩემს წინ მდგომი სილუეტის აღსაქმელად არასაკმარისი აღმოჩნდა. - გაგიჟდი? - სიბნელეს გავუბრაზდი. - ახლავე გამოასწორე. - მე მხოლოდ გაფუჭება ვიცი. - უფრო იდუმალი იყო მისი ბგერები, როცა ვერ ვხედავდი. ჩემი სიზმარი გამახსენდა, სადაც ყველა ლამაზი ფერი სიშავეს შეეჭამა, ცივმა ოფლმა დამასხა. - თათიას დავურეკავ... - ხელის კანკალით ავკრიფე შესაბამისი ნომერი, მაგრამ სანამ ზარს გავუშვებდი, ხელიდან წამგლიჯა და წამის წინ გაჩენილი სინათლის სხივიც გაქრა. - ჯერ ვისაუბრებთ. - ცივილიზებულადაც შეგვიძლია, დამიბრუნე მობილური! - შავ სივრცეს შევებრძოლე, უმისამართოდ მოქნეული ხელი მალევე დამიჭირა და კაბინის კედელს ზურგით მიმალურსმა. - ხომ გითხარი, შენთან საუბარი ომს გავს. - ვერ ვხედავდი, მაგრამ მისი სუნთქვა და ბგერები სულ ახლოს მესმოდა. - შეგიძლია ის გააკეთო, რაც ყველაზე კარგად გამოგდის და თავი ამარიდო. - როგორც ხედავ, არ შემიძლია. - მხოლოდ სხეულით ვხედავდი და ვგრძნობდი, როცა მიხვდა, რომ წინააღმდეგობას აღარ გავუწევდი, ხელი გამიშვა და მომშორდა. - რა გინდა? - მოთმინება საბოლოოდ ამომეწურა. - მინდა, სადღაც გამომყვე. - ალბათ ვერ ამჩნევ, ლიფტში ვართ გაჭედილები. ისევ ღილაკებს მიუბრუნდა და რამოდენიმე მცდელობის შემდეგ მოულოდნელმა სინათლემ დამაბრმავა. - შეგვიძლია, წავიდეთ. - ხმაში აღელვებული ნოტები გაეპარა. - არსად წამოვალ, სანამ არ მეტყვი რას ნიშნავდა შენი გაქრობა, ან ახლა გამოჩენა. - ამის ცოდნა ძალიან გინდა? - თავი ჩემკენ დახარა, მისმა მზერამ თვალებიდან ტუჩებისკენ გადაინაცვლა და ოდნავმა ღიმილმა სახეზე გადაურბინა. - არც ისე. - უნიჭოდ მოვიტყუე. კარი გაიღო და უცხო სართულზე გავვარდი. - მანქანაში დაგელოდები. - სერიოზული გამომეტყველებით გასწორდა და კიბის საფეხურებზე დაეშვა. დარწმუნებული იყო, რომ ჩავიდოდი, მაგრამ იმედგაცრუება მასაც უნდა ეგრძნო, ამიტომ სახლში ასვლა გადავწყვიტე. მშიოდა, მაგრამ ყელში არაფერი გადამივიდა და შხაპის შემდგეგ საწოლში ჩავეფერთხე. იმ აწმყოზე დავფიქრდი, რომელიც წარსულმა მომიტანა და რომელიც მომავალს მომიტანდა. საბას უცნაურობა გონებას მირევდა, მაგრამ ჩემი გრძნობებიც არ აკლებდნენ. ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ ეს ნაცნობობა თავიდანვე განწირული იყო, სასიკეთოს არაფერს მომიტანდა. ტკბილ-მწარე მოგონებებს დამიტოვებდა და ვინანებდი, რომ ოდესღაც თავს უფლება მივეცი მასზე ეფიქრა. იმ დღეს მივხვდი, რომ საბა მენატრებოდა და დედა მჭირდებოდა. მჭირდებოდა ვინმე ისეთის კალთაში ჩამედო თავი და მომეყოლა ყველაფერი, ვისაც უანგაროდ ვეყვარებდი, არ გამკიცხავდა, თავზე ხელს გადამისვამდა და მეტყოდა, რომ ცხოვრება ასეთია... ზედმეტი სიტკბო ყოველთვის მწარე გემოს ტოვებს და თუ არ გარისკე, ცხოვრება უგემური გახდება. მეტყოდა, რომ ადამიანი, რომელმაც ზღვის ფერები მოიპარა, მეც მომპარავდა სულის ნაწილს, მაგრამ შეიძლებოდა უფრო მეტი მოეცა და ამის გასაგებად ისევ და ისევ რისკი იყო საჭირო. ამის სათქმელად ისევ მხოლოდ საკუთარი თავი მყავდა. ცივი, მაგრამ მზიანი დილა გათენდა. თათია უკვე წასული დამხვდა. საუზმისთვის სამზარეულოს მივაშურე, მაცივრის კარი გამოვაღე, მაგრამ კვერცხი არსად იყო. მაღაზიაში ჩასვლის იდეა საშინლად მთრგუნავდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. საშინაო სამოსი გადავიცვი და კარი საგულდაგულოდ გამოვკეტე. სადარბაზოდან მთქნარებით გავედი და ნაცნობ სედანზე თვალი გამიშეშდა. მინას ორივე ხელი დავადე და მანქანის სალონში შევიჭყიტე. საბას მანქანის საჭეზე თავი დაედო და ეძინა. საქარე მინაზე დავაკაკუნე. თავი სწრაფად წამოსწია და თვალები მოიფშვნიტა. კარი გავაღე და წარბაწეული ჩავჯექი. - აქ გაათენე, რომეო? - წაშლილ სახეზე თვალი შევავლე და ძალიან მომინდა, რომ აჩეჩილი თმა შემესწორებინა. - ხომ გითხარი მანქანაში დაგელოდები-მეთქი? - გიჟი ხარ, ხვდები? - ჩემს მიერ წარმოებული ფსიქოლოგიური პორტრეტის საბოლოო განაჩენი გავანდე. - შენ კიდევ ამ გიჟს მანქანაში ჩაუჯექი. – ნიშნის მოგებით გამომხედა. რამოდენიმე წამით სრულ მდუმარებაში შევყურებდით ერთმანეთს, არ ვიცოდი, ის რას ხედავდა, მაგრამ მე სასოწარკვეთილ ადამიანს ვხედავდი და რატომღაც სინდისი მაწუხებდა. თვალი ავარიდე და მანქანიდან გადმოვედი, ბოლო მომენტამდე მეგონა რომ რამეს იტყოდა, ან უბრალოდ შეხებით გამაჩერებდა, მაგრამ როცა მისკენ მივტრიალდი, უბრალოდ დაძაბული სახით მაშტერდებოდა. - საღამოს გამომიარე და იქ წავიდეთ, სადაც სამი კვირის წინ დამპატიჟე. - საქმიანი გამომეტყველებით მივაყარე და მისი სახის ცვლილებამ სიხარულის ჩიხში შემიყვანა. მიხაროდა, რომ ჩემმა სიტყვებმა მასში რაღაც დადებითი გამოიწვიეს, მაგრამ მეშინოდა, რომ ამის მილიონჯერ გამეორების სურვილი გამიჩნდებოდა. თათია ბოლო გამოცდიდან სამ საათში დაბრუნდა, ისადილა და პატარა ჩანთის თანხლებით ბათუმისკენ აიღო გეზი. რა თქმა უნდა, ნიკაც თან გაჰყვა. ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ვიღაცის გამო საყვარელ ქალაქში წასვლაზე უარს ვიტყოდი. თუმცა ბოლო დროს ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, რაც ჩემს გეგმებში არ შედიოდა. საღამოს, ზუსტად შვიდ საათზე უცხო ნომრისგან შეტყობინება მომივიდა. – „ ერთ საათში სადარბაზოსთან გელოდები.“ ადრესანტის ვინაობაზე ტვინი ნამდვილად არ მიჭ....ტია, ვიცოდი, რომ საბა იქნებოდა. ტანსაცმლის რამოდენიმე ვერსია მოვისინჯე, მაგრამ თითქოს სპეციალურად ამ დღისთვის დაემართათ რაღაც. საბოლოოდ შავი, გამჭვირვალე კოლგოტი და ამავე ფერის კაბა შევარჩიე. თმა საგულდაგულოდ ჩამოვივარცხნე და არც მსუბუქი მაკიაჟი დამვიწყებია. გული დაჭერილი ჩიტივით მიფართხალებდა და საკუთარ აღელვაბაზე ვბრაზობდი. თხელი პალტო შემოვიცვი და ზუსტად რვა საათზე ჩავედი ეზოში. მანქანის კარს მსუბუქად ეყრდნობოდა, მუქი ჯინსის შარვალი და ტყავის ქურთუკი ისე უხდებოდა, მომდგარმა ნერწყვმა ლამის დამახრჩო. - კარგად გამოიყურები. - მინიმუმ სამჯერ ამათვალიერა და საბოლოოდ მზერა გამისწორა. - გმადლობ, შენც. - ვერაფრით დავფარე კმაყოფილების შეგრძნება. კარი ღიმილით გააღო და თავის დაკვრით მიმიპატიჟა. - ასეთი თავაზიანობა რას მივაწეროთ? - გვერდი ავუარე და მგზავრის სავარძელი დავიკავე. - პირველ პაემანს. - კარი ფრთხილად მომიხურა და სანამ მანქანას შემოუვლიდა, სუნთქვა შემეკრა. მართალი იყო, ეს ჩვენი პირველი პაემანი იყო და თავი ლამაზ სიზმარში მეგონა. სანაპიროს გასწვრივ საშუალო სიჩქარით მივდიოდით და ჰაერში ჯაზის ნოტები დაფრინავდნენ. - ზამთარი მაშინ მოდის, როცა ადრე ღამდება. - საბას ხმამ ღრმა ფიქრებიდან დამაბრუნა. - ტემპერატურა არაფერს გეუბნება ხოლმე? - ეგ არაფერს ნიშნავს, შეიძლება ზაფხულში სიცივისგან გაიყინო ან შუა ზამთარში ისე დაგცხეს, ცივი ნიავი ინატრო. - წამით თვალი გამისწორა და ისევ წინ გადაშლილ გზატკეცილს მიუბრუნდა. - მაგას სახელი აქვს და გაციება ჰქვია. - ცინიკურად ჩამეცინა. - იქნებ გაციებაა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა და როცა თავი ჯანმრთელები გვგონია, სწორედ მაშინ გვჭირს რაღაც? - პარალელურ სამყაროში ალბათ ასეცაა. - ეჭვის თვალით გავხედე. - ჩვენ ვინ ვიქნებოდით ერთმანეთისთვის პარალელურ სამყაროში? - ხელზე მისი თითების შეხება ვიგრძენი და ისედაც აჩქარებული გული ლამის სხეულიდან ამომივარდა. - ალბათ, მტრები ვიქნებოდით. - გაუბედავად ჩავჭიდე ხელი და ვიგრძენი, როგორ დალაგდა ყველაფერი. მანამდე ყველა ემოცია ჰაერში დაცურავდა, მერე კი არსაიდან გრავიტაცია გაჩნდა და შტორმი ჩაწყნარდა. აბანოთუბანში ავედით და მკვეთრ აღმართს შევუყევით. რაღაც მომენტში მინდოდა ფეხით ასვლა შემეთავაზებინა, მაგრამ ზუსტი მანძილი არ ვიცოდი, ამიტომ გაჩუმება ვარჩიე. მანქანა რომ გაჩერდა და საქარე მინიდან გავიხედე, ოდნავ მაღლა ძველი ეკლესია დავლანდე. ლამპიონების შუქზე იქაურობა ნამდვილ სამოთხეს ჰგავდა. - სად ვართ? - ერთიანად მონუსხული ვათვალიერებდი გარემოს. - ნარიყალაზე. - ჩემი რეაქციით აშკარად კმაყოფილი იყო. ვიწრო ბილიკს ფეხით გავუყევით, ჩამწრივებული ხეების მიუხედავად ღამის თბილისის სინათლე კარგად მოჩანდა. - არ მეგონა, თუ ასეთი ლამაზი იყო... - მიწაზე ჩამოსულ ვარკვლავებს შევყურებდი. - სიბნელეში ყველა ფერი უკეთ ჩანს. - ხელი ჩამჭიდა, გამაჩერა და მისკენ მიმაბრუნა. - არ გეთანხმები. - მის ჩაშავებულ სფეროებს დავაკვირდი. - როცა ყველაფერი ნათელია, ჭეშმარიტების დანახვა რთულდება. - თითის წვერები ნელა დამისვა ლოყაზე და სიამოვნებისგან თვალები მიმენაბა. - მხოლოდ ბნელში ჩანს ნამდვილი სახეები, ნამდვილი სურვილები... ჩვენკენ მომავალ წყვილს რომ თავისუფლად გაევლო, კიდისკენ მივიწიეთ და როგორც კი ჩაგვიარეს გზა განვაგრძეთ. ქართლის დედასთან რომ მივაღწიეთ, უკვე დაღლილი ვიყავი. - მედეას ძეგლზე დიდია, არა? - დამცინვად ჩამომხედა. - სამაგიეროდ მედეა მითოლოგიური პერსონაჟია, ქართლის დედა კი უბრალოდ ალეგორიული ქანდაკება. - თავიდან ხის იყო. - ისე განაგრძო, ჩემი შხამიანი ისარივით ნასროლი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. - დროებით დაიდგა, თუმცა მერე ალუმინით დაფარეს. ოცდაათ წელზე მეტხანს უძრავად იდგა. - მერე? - ამის შესახებ ვიცოდი, მაგრამ მისგან უფრო საინტერესოდ ჟღერდა. - მერე მთლიანად ალუმინის დაამზადეს და ეს დადგეს. - მაღალი, თეთრი ქანდაქებისკენ მიმითითა. - სანამ ძველს აიღებდნენ, მთელი ორი დღე, თბილისს ორი ქართლის დედა ჰყავდა. - არ ვიცოდი... - ისევ აციმციმებულ ქალაქს გავხედე. - რატომ ჩაანაცვლეს? - არ ვიცი, მაგრამ კარგი კითხვაა. - მაინცდამაინც აქ რატომ ამოვედით? - ვგრძნობდი, რომ ეს ადგილი მისთვის უბრალოდ ლამაზ ადგილზე მეტი იყო. - შენ ჩემზე მეტის გაგება გინდოდა, ჩემი გაცნობა კი აქედან უნდა დაიწყო. - ხის თავისუფალ სკამთან მიმიყვანა და ორივე ერთდროულად ჩამოვსხედით. - დაახლოებით ათი წლის წინ ჩემი მშობლები დაშორდნენ, მაშინ ცამეტი წლის ვიყავი და დედის გარეშე დავრჩი. სამყარო ისეა მოწყობილი, რომ როცა წყვილი შორდება, შვილი უმეტეს წილად დედასთან რჩება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულად იყო. - რატომ დაშორდნენ? - გაჩრილი პაუზის ამოვსება კითხვის დასმით გადავწყვიტე. - დედამ ვიღაც გაიცნო და თითქმის ორი წელი მასთან ერთად ცხოვრობდა. მერე მამაჩემს შეურიგდა და დღემდე ერთად არიან. - და მთელი ორი წელი არ გინახავს? - არა, მთელი ის დრო აქ ამოვდიოდი და მის ნაცვლად ქანდაკებას ვესაუბრებოდი. იმ პერიოდში, სკოლის პრეზენტაციისთვის თბილისის არქიტექტურულ ნამუშევრებს ვამზადებდი და თვალში მომხვდა მოსაზრება, რომ ქართლის დედა ყველა იმ ქართველის დედა იყო, ვისაც მშობელი სჭირდებოდა. - შენ კი დედა გჭირდებოდა... - იმაზე მეტად მესმოდა მისი გულის ტკივილი, ვიდრე ამას რომელიმე წარმოვიდგენდით. - მის ნაცვლად ალუმინის გროვა მყავდა. - თვალი ამარიდა და მის პროფილს მიშტერებულმა დავინახე, რომ ყბა ოდნავ შეეკუმშა. - ლამაზი გროვაა... - მხრები ოდნავ ავიჩეჩე. - შენი მშობლები არასდროს დაშორებულან? - უცნაური მზერით გამომხედა. - არა, არც კი უჩხუბიათ. - მოგონებებში ჩავიძირე, თუმცა მსგავსი ვერაფერი ვიპოვე. - დარწმუნებული ხარ? - თვალები მოჭუტა. - იმდენად, რომ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. - ხელები გულზე დავიკრიფე. - ასეთი კომფლიქტური ვის დაემსგავსე? - შვილები მშობლებს არ ემსგავსებიან, ცალკე პიროვნებები არიან და ჩვენც, მათ შორის. - ახლა მთელი მეცნიერება რომ ამოატრიალე, ხვდები? - ტუჩები მოკუმა, მაგრამ ღიმილი მაინც გაეპარა. - ყველაფერი მეცნიერებამდე არ დადის. - ცივმა ნიავმა ძვლებამდე დამიარა და ხელები უფრო მჭიდროდ შემოვიკარი. - მოდი... - ქურთუკის ელვა სწრაფად გახსნა, გვერდები გასწია და ჩასახუტებლად მიხმო. - არ მცივა. - ისევ უნამუსოდ მოვიტყუე. - ბანალურად გავიხადო და მოგახურო? - ჩემივე პრინციპებით ნუ მებრძვი, თუ შეიძლება. - მისკენ მივჩოჩდი და მივეხუტე. მაშინვე მომაფარა ქურთუკის კიდეები. სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებამ მთლიანად მომიცვა. - რატომ დაიკარგე? - ხანდახან უნდა დაიკარგო, რომ გიპოვონ. - დაიჩურჩულა და თავზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი. - ვინ გიპოვა? - წამოვიწიე და უკუნეთ თვალებს გავუსწორდი. - შენ!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.