შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროტაგონისტი (მეხუთე ნაწილი)


21-02-2021, 21:41
ავტორი ეკე
ნანახია 669

დიდი სცენის წინ მყოფი ნარჩევი საზოგადოება რამდენიმეწუთიან, გაუჩერებელ ტაშს უკრავს სცენაზე მყოფ პროტაგონისტს. სასცენო გრიმისგან სახე, ხელები და ფეხები თითქმის არ უჩანს. ხასხასა წითელი ფარდების ანშლაგის ფონზე დახურვის დროს იგი ფიქრობს ყველაფერზე და არაფერზე. თითქოს უსასრულო ღიმილში წამიერად გაკრავს მოულოდნელი გრძნობისგან გამოწვეული უცნაური მიმიკა. სასცენო ქარიზმატულობით აღსავსე ძველ მდგომარეობას უბრუნდება, ქუდს თავიდან მადლობის ნიშნად იხდის და მთელ დარბაზს ქედს უხრის.
წამიერად დარბაზი შრება. ბურჟუაზია სადღაც ორთქლდება, თუმცა ამას ფარდის გადახურვამდე ერთი წამით ამჩნევს. სახეზე უწინდელი, თითქოს შეშინებული მიმიკა უბრუნდება და ვერ ხვდება, რა მოხდა. გაშეშებულის უკან წამიერად ჩნდება ნაცნობი სილუეტი. უკან ბრუნდება და სილუეტს ამჩნევს, რომელიც ისეა გაცრეცილი, საცაა ჰაერს სამუდამოდ შეერწყმობა.
მკრთალი სხეული, რომელსაც ძლივს ამჩნევს, ნელნელა წინ იწევა, თავს მისკენ ხრის და სადაცაა შეეხება. ახლოდანღა ამჩნევს ნაცნობ ვარდისფერ ტუჩებს და მათი გასინჯვის სურვილი იპყრობს. ტუჩები მისკენ იწევა, სილუეტი სულ უფროდაუფრო ნათელი ხდება, ხოლო სხეული რეალური. პარალელურად მთელ დარბაზში ქვრება შუქები და გაურკვეველი მისამართიდან მომავალი ლამპიონიღა ანათებს ორი ადამიანის დაუოკებელ სურვილს, შეერწყან ერთმანეთს. პროტაგონისტი იმდენად ახლოსაა მათ შეხებასან, რომ მისი სუნთქვიდან მომავალ სიოსაც კი გრძნობს საკუთარ სახეზე. მათ შორის დისტანცია თითქმის გაბათილებულია და წამიერად სილუეტი ძველენურ სახეს იბრუნებს, მერე კრთება და ჰაერში სამუდამოდ უჩინარდება.
-არ წახვიდე.
კოსმოსისკენ მიისწრაფი. ცის ნაწილი ხდები. ვარსკვლავის მტვრიდან ვარსკვლავად გადაიქცევი. ვერავის და ვერაფერს დაინახავ მაგრამ თავად, ადვილი შესამჩნევი იქნები. როცა მათთან ღამე იქნება შენ მათი იმედი იქნები. უსასრულო სივრცეს შოპენის ნოქტიურნის ხმა ექნება. მარადიულად იქნები იქ, სადაც არ არსებობს გრძნობები, სიკეთე, ბოროტება, სიყვარული, სევდა.. მხოლოდ და მხოლოდ მუსიკა. მუსიკა შენი მოგონებებიდან. მეც მანდ ვიქნები თომა, შენთან ერთად, სამუდამოდ.
-მამა!
მეორე დილას საწოლიდან სხვა თომა ადგა..
მიუხედავად იმისა, რომ დედასთან ერთად მთელი დღე სახლში უნდა გაეტარებინა, რაღაც არ ასვენებდა. მშვიდად ფორიაქობდა და ელენეც ვერაფერს ამჩნევდა.
ორშაბათი უსაშველოდ გაიწელა, ძირითადად ელენესთან ერთად ფილმების ყურებასა და ოდნავ მოგვიანებით - მეცადინეობაში.
ცივი სამშაბათი გათენდა, ნოემბრის შუა რიცხვები დამდგარიყო და ტემპერატურაც ნელნელა დაბლა იწევდა.
თეატრალურზე კინოსეანსების ბოლო დღე იყო.
ფილმებისადმი თომას სიყვარულის მიუხედავად, გადაბმულად ამდენი გაკვეთილის მანძილზე ფილმების ყურება, ცოტა არ იყოს და მობეზრდა.
„ლურჯა ცხენებთან“ მისულს, შესასვლელთან თომა, დემე და გიორგი დახვდა.
თომას გაუხარდა დემე რომ დაინახა. ბებიამისის გარდაცვალების შემდეგ რეგენერაციის პერიოდი დაწყებულიყო.
-ბარო თომა. - ძველებური ტემბრით მიუგო დემემ.
-როგორ ხართ ბიჭებო?
-შენ რას შვრები.
-ახალს არაფერს. - გაეცინა. ბიჭებმა თომასკენ ცოტა ახლოს მიიწიეს და თითმის ჩურჩულით უთხრეს.
-ბაღში გადავიდეთ სანამ დაიწყება მოვასწრებთ. - თომა ვერ მიხვდა, რას გულისხმობდნენ. მერე შაკომ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა დანარჩენების დასანახად.
თომას ტვინს აზრების კორიანტელი დაესხა თავს, თუმცა მორჩილად გაყვა ბიჭებს პატარა სკვერისკენ.
მასისგან შედარებით მოშორებით, ბიჭებმა სიგარეტის გაბოლება დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ კოლოფი სავსე იყო, ერთი და იმავე ღერს ეწეოდნენ და აწოდებდნენ ერთიმეორეს.
შაკოს პროფესიონალური, დემეს არანაკლები და გიორგის არც თუ ისე წარმატებული ნაპასის შემდეგ ჯერი თომაზე დადგა. სამივემ ალმაცერად გახედა ბიჭს.
-აქამდე არ მოგიწევია?
-არა.. არასდროს. - უპასუხა დაბნეულმა თომამ.
-მერე გამომართვი და გასინჯე. - მხარზე შემჯდარი ეშმაკივით შეუციცინა გიორგიმ და დანარჩენებიც აიყოლია.
თხოვნის, დაფიცებისა და ათასი სხვა ხერხის მოსინჯვის შემდეგ ბიჭებმა მაინც მიაღწიეს საწადელს და თომამ სიგარეტის ღერი გიორგის ხელიდან გამოართვა.
ფურცელში შეხვეული უცხო მასა ორ თითს შორის მოაქცია, როგორც აქამდე ენახა და პირისკენ მიმართა. საშინლად მწარე გემო ჰქონდა ნიკოტინის ჩასუნთქვას და ხველებამაც არ დააკლო.
-შენ ნაპასის დარტყმაც არ გცოდნია. - გაეცინა შაკოს.
თომა ჯერ კიდევ ახველებდა და პასუხის დაბრუნებაზე არც უფიქრია.
პირველი, წარუმატებელი სიგარეტი თომამ ნაგვის ყუთისკენ გაისროლა და მგონი, საკუთარ თავსაც აღუთქვა ამის მერე აღარასდროს მოვწევო.
კიდევ ცოტა ხანს გაჩერდნენ სკვერში. მერე დემემ სათითაოდ ყველას დაურიგა თითო-თითო საღეჭი რეზინი, თავადაც ჩაღეჭა (შაქრის გარეშე(:) და შენობისკენ გაემართა.
თომა ვერ ხვდებოდა სიგარეტის ერთმა ჩასუნთქვამ დააბოლა, თუ ცოტა სენტიმენტალური გახდა, მაგრამ მოხიბლული იყო ნოემბრის თბილისის სიყვითლით. ასეთი ქუჩებზე ყოველთვის ჩარკვიანის ორღანი 78 ახსენდებოდა. თომა, თავისი ზოგჯერ უცნაური, მრავლისთქმელი, სრულიად უაზრო, ბინძური, სასტიკი აზრებისა თუ ფიქრების მიუხედავად, ყოველთვის კარგად გრძნობდა თავს ისეთი მუსიკის მოსმენისას, როგორიც ეს უკანასკენელი იყო. ერთი სიტყვით, მისი სტილიდან თითქმის ბოლომდე ამოვარდნილი მუსიკა, როგორღაც სიმპათიას ჰპოვებდა.
ამ ფიქრებში გართულმა, დაგვიანებულის სტატუსით შეაბიჯა დარბაზში, კევის ღეჭვით, ბიჭებთან ერთად.
ეთო და ფრიდონი არასდროს არ უწყრებოდნენ მოსწავლეებს ამ მიზეზის გამო, თუმცა პატარ-პატარა შენიშვნებს მაინც ეუბნებოდნენ და არც ამჯერად აღმოჩნდა გამონაკლისი, მით უმეტეს კინოჩვენება უკვე დაწყებულიყო.
ყურადღებამიქცეულმა საზოგადოებამ საკუთარი ადგილი ჰპოვა.
თომა ჯერ იმაზე ფიქრობდა, რა ფილმს უყურებდნენ და ეს რომ ვერ დაასკვნა, იმაზე გადავიდა, თუ რას ამბობდა მისი სიუჟეტი.
რამდენიმე წუთიანი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ დიდ ეკრანზე რომელიღაც დანიური თანამედროვე ფილმი გადიოდა მეცხვარე კაცზე.
დანიელ მეცხვარეზე გადაღებულ სინემატოგრაფიის შედევრზე მეტად, თომა იმაზე შფოთავდა, თუ რა მოხდებოდა ელენეს სიგარეტის შესახებ რომ გაეგო.
ფილმის არც ერთი კადრისთვის თომას ყურადღება არ მიუქცევია. საკვირველია, რომ დეასაც კი ვერ ამჩნევდა. ეგ კიარა, მგონი დეა მიესალმა და თომას პასუხიც კი არ გაუცია.
აფორიაქებული გამოვიდა შენობიდან. ვერ ხვდებოდა, თავად ეჩვენებოდა თუ მართლა ასე ყარდა სიგარეტის სუნით და მცირე იმედს მაინც იტოვებდა, რომ ეს მხოლოდ მისი გამზაფრებული შეგრძნებები იყო.
ჯიბის ფული ხელისგულზე გადაითვალა და სასურველ შედეგამდე რომ მივიდა პატარა ჯიხურისკენ გაეშურა, რომელიც მის გაჩერებამდე ოციოდ მეტრში იყო დადგმული.
ჯიხურის პროპორციებში იდეალურად ჩამჯდარმა გამყიდველმა ხურდა გადაითვალა და თომას საღეჭი რეზინი გაუწოდა.
მგონი, ცხოვრებაში პირველად დაღეჭა ათი კევი ასე სწრაფად.
სახლამდე დედას დაურეკა და ოდნავ გასახარებელი ინფორმაცია მიიღო: ელენეს ცოტა შეაგვიანდებოდა.
შინ დაბრუნებულმა ჯერ კბილები გამოიხეხა, მერე აბაზანაში, თაროდან თმის ფენი გამოიღო და მესამე სიჩქარეში გადართული მიუშვირა თავის პირს.
შორიდან ვინმეს ალბათ გაეცინებოდა კიდეც ამის ნახვაზე. თომას ახლა სიგარეტის კი არა, ფენის სუნი ასდიოდა.
როცა საბოლოოდ დაწყნარდა, მერე გაახსენდა, რომ თითქმის მთელი დღის უჭმელი იყო და ორგანიზმა თავი შეახსენა.
სადილი რომ დაასრულა, ცოტა ხანი ტელევიზორს უყურა, მერე ტელეფონზე გადავიდა და საქმიანობა მეცადინეობით დაასრულა.
შებინდებისას დედა დაბრუნდა. მარტო არ იყო. ელენეს თან, მისი ორი მეგობარი ჰყავდა მოყვანილი, მათგან ერთ-ერთი თომას ნათლიაც იყო - მაკა, ხოლო მეორე - ნინო.
ნინო, მაკა და ელენე ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ. ნინომ და მაკამ ერთ ფაკულტეტზეც კი ჩააბარეს, თუმცა ელენე არასდროს დავიწყებიათ და ისევე მეგობრობდნენ, როგორც მანამდე. მათმა მეგობრობამ დროსაც გაუძლო და ახლა მეგობრების გარდა, ერთმანეთის შვილების ნათლიების ამპლუაც ჰქონდათ.
თომა ნინოს შვილს კარგად იცნობდა და ბავშვობაში მისი განუყრელი მეგობარიც იყო. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ნელნელა დაშორდნენ ერთმანეთს და ახლა, 17 წლის ასაკში ერთმანეთისთვის თითქმის უცნობები იყვნენ, რომლებიც მხოლოდ დღესასწაულებზე ხვდებოდნენ ერთმანეთს დაძალებითი ღიმილით.
მაკა ადრეულ ასაკში გათხოვდა და შვილიც ადრე გააჩინა. მისი ბიჭი თომაზე თითქმის 12 წლით უფროსი იყო და თომას ის მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი.
ელენემ თან ტორტი მოიტანა.
თომა მაკა ნათლიასაც შეეგება და ნინო დეიდასაც. ერთხანს მათ დასმულ შეკითხვებს (რა ხდება შენკენ, რაზე აბარებ, შეყვარებულზე რას შვრები) სცემდა პასუხებს, მერე კი ოთახში შებრუნდა და მეცადინეობას მიეცა.
მეცადინეობა რომ დაასრულა და ოთახიდან თავი გარეთ გამოჰყო, დედას მეგობრები უკვე წასულები იყვნენ. ელენე ჭურჭელს რეცხავდა.
თომა ტორტის დარჩენილ ნაჭრებს მიეძალა და ტკბილეული რომ დალაშქრა, ელენესთან გააბა ბაასი.
მერე თავის ოთახში შებრუნდა და დაძინება დააპირა.
საწოლზე წამოგორებულმა, ძილის წინ ტელეფონი აიღო.
დეას მესიჯი დახვდა:
“დათუნა და მე ერთმანეთს დავშორდით“ - მესიჯი დაახლოებით ერთი საათის წინ ჰქონდა მოწერილი და მის მერე, ონლაინზე არც ყოფილა.
გრძნობა, რომელიც თომას დაეუფლა, თითქოს დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა სხვა შეგრძნებას იტევდა.
თავს ცუდად გრძნობდა, რადგან დეა ამ ამბავს მარტივად ვერ გადაიტანდა, თუმცა ამავდროულად ირიბად უხაროდა (ამ სიხარულის გამო ძულდა თავის თავი.), რადგან დათუნას დეას ღირსად არასდროს თვლიდა.
მესიჯი რომ წაიკითხა, ცოტა ხანს პასუხი არ დაუბრუნებია.
ფიქრები ჭამდა.
ერთ მომენტში დეას ტუჩებიც გაახსენდა..
მერე მიწერა:
„რა მოხდა“. - და თვითონ მიხვდა, რომ ეს შეკითხვა ახლა ყველაზე სულელური იყო მათ შორის, რაც კი შეეძლო დაესვა.
დეა მაშინვე შემოვიდა და მესიჯი ნახა.
პასუხი მოგვიანებით მიწერა.
„არ ვიცი. მგონი ასე უბრალოდ მოხდა.“
„როგორ ხარ“
„იცი, ცუდად არ ვარ. უბრალოდ თავს უცნაურად ვგრძნობ“
„არ ვიცი სწორად გამიგებ თუ არა, მაგრამ მიხარია, რომ ცუდად არ ხარ“ - ცოტახნიანი პაუზის შემდეგ ისევ თომამ მიწერა. – „მგონია რო დათუნა შენი ღირსი არასდროს არ ყოფილა.“ - თომას თავადაც გაუკვირდა, ამ ტექსტის მიწერის გამბედაობა როგორ აღმოაჩინა საკუთარ თავში.
„მართლა ასე ფიქრობ?“
„კი გულწრფელად ეგრე ვფიქრობ“
„მადლობა თომა“
მერე კვლავ დეამ მიწერა.
„მე დავშორდი დათუნას. აღარაფერს ვგრძნობდი მის მიმართ“ - თომამ არ იცოდა, რა ეპასუხა და ისევ დეამ განაგრძო რამდენიმე წუთში. – „უბრალოდ არაფერს ვგრძნობ და მიხარია, რომ აღარაა ჩემთან“.
არის რაღაც მისტიური, რაღაც ლამაზი, ღამე, სიჩუმეში ერთმანეთთან გულწრფელად მოსაუბრე ორ მეგობარში და მეტია თითქოს ამაზეც.
თომას უნდოდა, რომ დეას დათუნაზე აღარ ეფიქრა და მომდევნო საათებში კარგად გადაიტანა კიდეც სასაუბრო თემები ერთიდან-მეორეზე.
არ უნდოდა, რომ დეას თავი ცუდად ეგრძნო, მით უმეტეს დათუნას გამო. თითქოს, რაღაც უხილავი, დამცველობითი ფუნქცია ჰქონდა გამომუშავებული (ბიოლოგიის წიგნის ტერმინებით რომ ვთქვათ)..
ნოემბერი ბოლომდე დაეტყო თბილისს.
ოთხშაბათი იყო, 17 რიცხვი, ზაზას დაბადების დღე..
ელენე და ზაზა თანაკურსელები იყვნენ. ერთმანეთი პირველივე კურსზე გაიცნეს და მალევე დამეგობრდნენ.
ოთხმოცდაათი-ორიათასიანების წლების თბილისში მათი მეგობრობა მალევე გარდაიქმნა სიყვარულად.
ელენე ამბობდა, რომ ჯერ ზაზას შეუყვარდა იგი, ზაზა კი საპირისპიროს ამტკიცებდა.
საბოლოოდ, სიყვარულში მაინც ზაზა გამოუტყდა მესამე კურსზე.
თავდაპირველად ელენემ იუარა (მაგრამ ამ ისტორიის მოყოლისას ყოველთვის თან რთავდა მეც მიყვარდა მაგ დროსო), ზაზამ ფარხმალი არ დაყარა და რამდენიმე თვეში უთხრა ვერ ვძლებ შენ გარეშეო. ელენემაც ვეღარ შეიკავა თავი და პირდაპირ მიახალა, რომ მასაც გულში ჰყავდა ჩავარდნილი.
შეყვარებულობის პერიოდი რამდენიმე წელს გაუგრძელდათ, 2000 წელს იქორწინეს და მალევე თომა დაიბადა.
დროის პერსპექტივაში გაწელილმა გეგმებმა, თომას მომავალ ცხოვრებაზე ფიქრმა და ახლადშეუღლებული წყვილის ბედნიერებამ დიდხანს ვერ გასტანა..
სამწუხაროდ რეალობა ისეთი არაა, როგორც ოსტინის რომანები.
უკვე რამდენიმე წელია, რაც 17 ნოემბერი ცრემლებთან ასოცირდება.
თორმეტს საათს ოდნავ იყო გადაცდენილი თომას რომ გაეღვიძა.
სკოლას აცდენდა, თუმცა არც ისე სახარბიელო მიზეზის გამო.
ოთახიდან რომ გამოვიდა, ელენე სამზარეულოში დახვდა.
ქალი ხაჭაპურებს აცხობდა საფლავზე წასაღებად.
თომა რომ დაინახა, ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა. გულში ჩაკრულმა თომამ ზაზას დღე მიულოცა და დედამაც კიდევ უფრო ახლოს მიიხუტა.
ძლიერი იყო ელენე. უდიდესი გრძნობის მიუხედავად, რომელიც ამ დღეს უასმაგდებოდა, თომას თვალწინ ერთ ცრემლსაც კი არ იდენდა.
საფლავზე შუადღისთვის გავიდნენ.
თომას დიდად არ მოსწონდა, როცა მამას საფლავზე სხვა ადამიანებსაც ხედავდა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ეს სხვა ადამიანები ოჯახის წევრები ან ზაზას მეგობრები იყვნენ, მაინც არაკომფორტულად გრძნობდა თავს.
საღამოს შვიდ საათზე, ცარიელ საფლავზე მხოლოდ ელენე და თომა დარჩნენ.
თომა ელენეს ჯერ ნაგავის ალაგებაში, შემდეგ კი საფლავის ქვის გაწმენდაში დაეხმარა:
-თომა, დე წადი შენ მანქანაში, ეს ნაგვის პარკიც გაიყოლე და მოვალ მეც ხუთ წუთში.
თომა უპასუხოდ დაემორჩილა და გასასვლელისკენ წავიდა, თუმცა გზაზე თავი უკან რომ მოატრიალა, მაინც დაინახა საფლავის ქვასთან ჩამუხლული, ატირებული ელენე..
მანქანაში დაბრუნებული ელენე უკვე დაწყნარებულიყო.
იმ საღამოს, მეტი არც ულაპარაკიათ.
სემესტრის დასრულებამდე თვენახევარიღა რჩებოდა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა და კვლავაც ხდებოდა, რომ თომა ბოლომდე ვერც ასწრებდა გაანალიზებას.
თეატრალური წრე, ახალი მეგობრები, დეა, კონტრაქტი, იტალია..
ამაზე ფიქრი უარესი თავისტკივილი იყო.
ხუთშაბათს ფრიდონი და ეთო მეტყველების კურსებს ატარებდნენ.
ასობგერების დაურბილებლად, სწორად გამოთქმის სწავლა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა.
თომასდა გასაკვირად, დეა თეატრალურზეც იყო მოსული და არც ცუდად ყოფნა ეტყობოდა. პრინციპში, არც იყო ცუდად მომხდარის გამო და ამას თავადაც ეუბნებოდა თომას.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო იყო,მომწონს ეს მოზარდები,ვნახოთ აბ რას უპირებ შენს პერსონაჟენს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent