შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 9)


23-02-2021, 10:26
ავტორი Melice
ნანახია 3 255

მაისის შუა რიცხვებისთვის თათია ბათუმში გაემგზავრა.
ბოლო დროს საგრძნობლად ჩამომშორდა, თითქოს, ჩემთან ლაპარაკის ეშინოდა.
არაფერი მითქვამს, მაგრამ გულის სიღრმეში ვბრაზობდი. იცოდა, შუქურა ვისგანაც იყო და ხმა არ ამოიღო. შავ ყუთში აკურატულად ჩალაგებული წითელი ვარდები მის თვალწინ ჩავუძახე ნაგვის ურნაში. სწორედ იმ დღიდან ამარიდა მზერა.
დავრჩით მხოლოდ მე და ჩემი ღრუბლის ნაფლეთი, რომელსაც გამუდმებით ეძინა და თუ ეღვიძა, ფარდაზე ცოცვის ხელოვნებას ეუფლებოდა.
დავმშვიდდი. არ მინდოდა დაბრუნებული ბიჭი ზღვისფერი თვალებით, მაგრამ ვიცოდი, რომ დაბრუნება უნდოდა და ამან დამამშვიდა. ვიგრძენი, როგორ გამინახევრდა მტკივნეული ჩხვლეტა. თუ მასაც სტკიოდა, ესე იგი ამ ომში მარტო არ ვიყავი.
თვეების წინ მიტოვებულ საქმეს დავუბრუნდი და ძველი ლექსების გაცოცხლება თავიდან დავიწყე.
მთელი დღე ჭერიდან საშინელი ხმაური ისმოდა, ამიტომ გიტარა, საწერი კალამი და ფურცლები აივანზე გავხიზნე.
ბინდი ჩამოწვა, ქუჩებში ლამპიონები აანთეს. სამუშაოს გასაგრძელებლად მისაღებ ოთახში შევბრუნდი, მაგრამ თითქოს განგებ, ახლა უფრო გამეტებით ჩამოდიოდა ღრჭიალის ხმა.
ერთხანს მოცდა გადავწყვიტე და დროის გასაყვანად სალათი დავჭერი. მსუბუქი ვახშმის შემდეგაც არ შეწყდა ხმაური. მოთმინების ძაფი წვრილი რეზინასავით გაიწელა და სადღაც შუაში გაწყდა.
სინათლის სიჩქარით ავირბინე კიბის საფეხურები და სამჯერ დავაკაკუნე. როცა მივხვდი, რომ კარის გაღებას არავინ აპირებდა, მუშტით დავაბრახუნე.
ნაბიჯების ხმა გარკვევით გავიგე და მკაცრი მოთხოვნების კორიანტელი აზრებად დავალაგე.
- გისმენთ. - ოცდახუთ წლამდე იქნებოდა, წელსზემოთ შიშველი.
- ძალიან ხმაურობთ. - ვცადე თვალი ამერიდებინა, მაგრამ სულელი გოგოსავით დავიბენი.
- ლიტა? - ერთი ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა. - ვერ მიცანი? დაჩი ვარ...
- დაჩი? - სახეზე კარგად დავაკვირდი. შავ თვალებზე წამწამების მთელი არმია ერტყა. - იოანეს მეგობარი?
- გიჟების წვეულებიდან. - გაიცინა და თეთრი კბილების წყება გამოაჩინა. - აქ ცხოვრობ?
- ზუსტად შენს ქვემოთ. - წარბი ავწიე.
- ბოდიში, ალბათ შეგაწუხე. - თავი დემონსტრაციულად მოიქექა და სხეული გაჭიმა. - ეს ბინა ვიქირავე და დღეს ვლაგდები.
- კარგი, ერთი დღე მოგითმენ. - გავუღიმე და კიბისკენ გავტრიალდი.
- დროებით, მეზობელო. - გზად დამაწია და კარი გაიხურა.

ორმა დღემ თითქმის უხმაუროდ ჩაიარა. სწორი ნოტების შერჩევაში თავით გადავეშვი და ჩემს ერთადერთ მსმენელს - შუქურას გამუდმებით ვეკითხებოდი აზრს.
- მოგწონს? ხომ კარგია? - ძალიან რომ მივაშტერდებოდი საწყლად ამოიკნავლებდა და ისევ ფარდას მიახტებოდა.

ბარისკენ მიმავალ გზას ნელი ნაბიჯით დავადექი. ვიგრძენი, როგორ წამომეწია ვიღაც და მთელი სხეული დამეძაბა.
- ლიტა!.. - არასასურველი ხმის გაგონებაზე შვება და სინანული ერთიანად ვიგრძენი.
- გამარჯობა. - დაჩის სუსტად გავუღიმე.
- გიტარაზე უკრავ? - მხარზე შემოგდებულ ინსტრუმენტს გახედა.
- არა, შორიდან ვაკვირდები ხოლმე. - თვალები ავატრიალე.
- მყუდრო ბარი ხომ არ გეგულება სადმე, ახლოს?
- მარტო მიდიხარ?
- მარტო ცხოვრების დაწყება მარტომ უნდა ავღნიშნო. - სიბნელეშიც კი მკვეთრად გამოანათა ღიმილმა.
- წამოდი, მაშინ. - თავით გზისკენ ვანიშნე და გავტრიალდი.
- დასალევად მეპატიჟები? - მაშინვე ამედევნა.
- არა, გემოვნებიანი მუსიკის მოსასმენად.

ბარში ჩასვლისთანავე გამოვემშვიდობე და მუსიკოსების მაგიდისკენ გავწიე, მხოლოდ მაშინღა მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი. ბარის დახლთან, ლადოს გვერდით ჩამოჯდა და სანამ ისევ გამომხედავდა, მზერა ავარიდე.
- ახალი სიმღერა მაქვს... - გაუბედავად დავიწყე და სამი წყვილი თვალიც მაშინვე მომაშტერდა.
- რომელი? - გიო ლამის სკამიდან წამომიხტა.
- პეტრე გრუზინსკის ლექსია, „გაბზარული კერპი“. - ვუპასუხე და გიგას გავხედე. სულ ოდნავ გაეღიმა.

სიახლეებს ყოველთვის ბოლოსთვის ვინახავდი, იმ დღესაც ასე გადავწყვიტე და სანამ აკორდებს ავიღებდი, შუბლი წვრილი ოფლით დამეცვარა. მზერის ჩაბნელებამდე თვალი დაჩის მოვკარი. ისევ იქ იჯდა, ფეხები მაღალი სკამის რკინის რიკულზე შემოეწყო და მიყურებდა. მომინდა, რაღაც მეგრძნო. გულის აჩქარება, თვალების გახელის სურვილი, მცირე აღელვება მაინც.
მაგრამ არაფერი იყო.
მხოლოდ სიბნელე, რომელიც შიშინა პიქსელებით გადაიტვირთა და მალე ზღვის მოძრავ სურათად გადაიქცა.
ქაოსით მოცულ, აფრებდაძენძილ გემს ვხედავდი, ზღვის უდაბნოში უიმედოდ ჩაკარგულს. გრიგალსა და უღმერთო შტორმში მეზღვაურების გარეშე ცდილობდა გადარჩენას. დალეწილი ჯებირებითა და დანაკუწებული ანძებით იდგა გემების სასაფლაოზე და ცდილობდა, ცოცხალი გადარჩენილიყო. უყვარდა მის თავზე მოტრიალე ფრთაგაშრილილი ალბატროსები. თეთრად მოსული ჭირისუფლები.
ვხედავდი და ვგრძნობდი, რომ ეს გემი მგავდა.
გადავწყვიტე იქამდე მეცოცხლა, სანამ მოვკვდებოდი.
- „ გაბზარულ კერპად მეჩვენები,
უთვალავ კოცნით გაცრეცილ ხატად,
მაგ კოცნის კვალი დღემდე არ ჩანდა,
ან ვერ გამჩნევდი,
მე შენი მწამდა,
რას შეგამჩნევდი
სიწმინდის გარდა?
ფერწასულ ხატად მეჩვენები,
გაბზარულ კერპად,
რომ დარჩა კენტად,
მლოცველის და მრევლის გარეშე...“

სახლის გზას დავადექი, ისევ პატარა სკვერში აღმოვჩნდი. ხის სკამზე არასასურველი სტუმარივით ჩამოვჯექი და სივრცეს თვალი გავუშტერე.
„ მე დავიკარგე... და მინდა, რომ ისევ მიპოვო.“ - გამუდმებით მიტრიალებდა თავში, თუმცა არ მინდოდა მისი პოვნა. ძველ გრძნობებს სადღაც სიღრმეში ეძინათ, განძს დადარაჯებული დრაკონებივით ფშვენდნენ და ერთი უმნიშვნელო ბგერაც საკმარისი იქნებოდა.
ავფეთქდებოდი...
არაფერი დამეტყობოდა, მაგრამ სხვისი სინათლისთვის გაშვებული შაშხანასავით ჩავიწვებოდი.

მეორე დღეს თათია დაბრუნდა.
უნივერსიტეტში წასასვლელად ვემზადებოდით. ბოლოჯერ ვიმეორებდი სემინარისთვის განკუთვნილ მცირე მასალას.
- ჩემი მეჯვარე იქნები? - წარბები ერთმანეთს დაუახლოვა და ოდნავ გამიღიმა.
- ქორწინება საბოლოოდ გადაწყდა? - შემოთავაზება ვერც კი გავიაზრე, ბოლომდე მჯეროდა, რომ გადაიფიქრებდნენ.
- თვის ბოლოს ნიშნობა გვექნება. ისაუბრეს ჩვენმა მშობლებმა და ერთად დავგეგმეთ.
- და ქორწილი როდის იქნება? - დღეები გონებაში გადავთვალე.
- ალბათ, ივლისის ბოლოსკენ. - დასაფიქრებლად თვალები მოჭუტა. - მიბრაზდები, ხომ?
- საიდან მოიტანე? - საოცარი მოქნილობით გავიოცე. - შუქურას გამო არ გიბრაზდები და თუ სხვა მიზეზი უნდა მქონდეს, მითხარი და ვნახოთ.
- ანუ, იქნები ჩემი მეჯვარე?
- ბავშვიც უნდა მოვნათლო? - თავი ოდნავ დავუკარი.
- აუცილებლად. - თვალები გაუნათდა.
- ძალიან კარგი. - მესიამოვნა, რომ ეს პატივი მე მომანდო. - ოცი წლის ვარ და ჯერ არავინ მომინათლავს, ამიტომაც იზრდება დებილი თაობა!..


სანამ წიგნების კითხვას შევძლებდი, მათით თამაში მიყვარდა. გადმოვალაგებდი ოჯახის მცირე ბიბლიოთეკას და იატაკზე ერთმანეთისგან მცირე მოშორებით ავაყუდებდი. დავხედავდი საკუთარ ნამოქმედარს და კიდეში მდგარ წიგნს თითს წავკრავდი ხოლმე. ერთი წიგნი მეორეს წააქცევდა, მეორე მესამეს და ასე გრძელდებოდა უკანასკნელამდე. თავიდან აღფრთოვანებისგან ადგილზე ვხტუნავდი, მაგრამ როგორც კი ბოლო წიგნი დაეცემოდა, სიხარული დაჭერილი ჩიტივით მიფრთხებოდა ხელიდან და უხმოდ ვალაგებდი.
დღეებიც ზუსტად იმ წიგნებივით მიჯრით წაიქცნენ და თვის ბოლოს ბათუმისკენ მიმავალ მატარებელში ჩავსხედით.

შუქურას წაყვანაც მინდოდა, მაგრამ რამოდენიმე დღის გამო მისი გაწვალება უსამართლობად მივიჩნიე. დაჩის სახლის გასაღები ჩავაბარე და ვთხოვე თავისუფალი დრო იქ გაეტარებინა. საკვების და წყლის მიწოდების შესახებაც განვანათლე და ბოლომდე დასარწმუნებლად იოანეს შევუთანხმდი, რომ გააკონტროლებდა.

ბათუმის რკინიგზის სადგურთან თანამგზავრებს დავემშვიდობე და სახლისკეს მიმავალი გზა ტაქსით განვაგრძე.
ბატარა ზურგჩანთა მქონდა, ცალ მხარზე მოგდებული.
იმ ბინის კართან ვიდექი, სადაც გავიზარდე, სადაც ჩემი სახლი და თბილი კერა მქონდა.
ყველაფერი ცვალებადია. შეიძლება შეიცვალო ცხოვრების სტილი, ვარცხნილობა, აზროვნების ცვლილებაც კი შესაძლებელია, ფიქრებიც ამინდებივით მოდიან და მიდიან, გრძობებიც ტემპერატურასავით გათბობს და გყინავს. ყველაფერს შეცვლი, ან ისინი შეგვცლიან, მაგრამ ყოველთვის იპოვი გზას, სახლში დასაბრუნებლად.
ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო.
დავბრუნდი, მაგრამ არა იქ, სადაც მინდოდა.

გაუბედავად დავაკაკუნე, გაიღო და ზურა კართან გაიხიდა.
- ლიტა? როგორ გამახარე... - გადამეხვია. მეგონა, არ მესიამოვნებოდა მისი სურნელი, გამაღიზიანებდა და გამახსენებდა, რომ მისი ცოდვების გამო პასუხი მე მომთხოვეს, ხარბად ჩავისუნთქე ნაცნობი სუნამოს არომატით გაჟღენთილი ჰაერი და ვიგრძენი, რომ დავიღალე.
- მარტო ხარ? - მისაღები ოთახიდან ხმაური შემომესმა და კისერი წავიგრძელე.
- მარინაა სტუმრად, ლუკასთან ერთად. - თვალები აემღვრა.
გვერდი ავუარე და ოთხაში შევაბიჯე. სავარძელში ღრმად ჩაფლული, თინეიჯერობისა და ბავშვობის ზღვარზე მყოფი ბიჭი შორიდანვე შევნიშნე. ორივე ხელში მობილური ჩაებღუჯა ცერა თითებს გამალებით უსვამდა ეკრანზე.
მარინა მაგიდასთან იდგა. როგორც ჩანდა, გაიგო ჩემი ხმა და დაძაბული ღიმილი სახიდან არ შორდებოდა.
- გამარჯობა. - ოდნავ გავუღიმე.
- გაგიმარჯოს, როგორ იმგზავრე? - თითებს აწვალებდა.
- ნორმალურად. ცოტა მშია და შევჭამ რამეს. - ჩანთა კუთხეში მივყუჟე. - თქვენ გააგრძელეთ საუბარი.
- არა, დაისვენე და ახლავე გაგიცხელებ საჭმელს. - ისე აჟიტირდა, თითქოს გაყინული გადამთიელისთვის თბილი სახლის კარი გამეღოს.
- გამოვიცვლი მაშინ. - იმდენად უცნაური სიტუაცია იყო, ზუსტად არ ვიცოდი, რა უნდა მექნა.

ჩემს საძინებელში შევიკეტე. უკვე გვიანი საღამო იყო და ოთხაში გვარიანად ბნელოდა.
თხელი კაბა გადავიცვი და საწოლზე ჩამოვჯექი.
ოჯახივით გამოიყურებოდნენ და სულაც არ ჰგავდნენ სტუმრებს. მალე ერთად ცხოვრებასაც გადაწყვეტდნენ და იმ სივრცეში ჩემი ადგილი აღარ დარჩებოდა.
მე თვითონ გავურბოდი ბათუმში ჩამოსვლასა და მათში გარევას, მაგრამ თითქოს რაღაც ჩამწყდა. წყლით სავსე ჭიქაში ჩავარდნილ ცხიმის წვეთს ვგავდი. მარტო ვტივტივებდი და გამუდმებით ცდილობდნენ ჩემს მოშორებას. კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა გაისმა.
- ლიტა, მზადაა. - მარინას ხმა ვიცანი და აბეზარი ფიქრები ფუტკრებივით, ზუზუნით გამეცალნენ.
- გამოვალ. - გავძახე, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია.
კარი სულ ოდნავ გაიღო და ქერა თავი მორიდებული ღიმილით გამოჩნდა.
- შეიძლება, შემოვიდე?
- უკვე შემოხვედი. - ისე ვუსაყვედურე, თითქოს ოთახზე კი არა, რაღაც უფრო მასშტაბურზე ვედავებოდი.
სახეალეწილი მომიახლოვდა და ჩემს გვედით, ჩემსავე საწოლზე ჩამოჯდა.
- ვიცი, შენთვის რთულია... - ისე ფრთხილად დაიწყო, წამით საკუთარი თავი მტვრევად ლარნაკად წარმომიდგა. ერთი ზედმეტი შეხება და მცირე ნაწილებად დავიფშვნებოდი.
- თქვენი შვილისთვისაც რთულია, ალბათ.
- ლუკასთვის უცხოა მამაკაცის გარემოცვა. - სევდიანად გაიღიმა. - მოგიყვები, თუ დამპირდები, რომ ამ თქვენობით ფრომას მოიშორებ.
- კარგი. - თვალები ზედიზედ დავახამხამე.
- ოცდაათი წლის ასაკში შემიყვარდა ადამიანი, რომელიც არ უნდა შემყვარებოდა, მაგრამ მიხარია, რომ შევხვდი. პატარა გოგო აღარ ვიყავი, ვიცოდი, რა მინდოდა და როგორ. ისე მოხდა, რომ ის რუსეთში წავიდა, მე კი ორსული მარტო დავრჩი.
- იცოდა? - თვალები დამიწვრილდა.
- იცოდა, მაგრამ დასარჩენად მიზეზი არ ეყო. - თლილი თითები ერთმანეთს გადააჭდო და დააცქერდა. - მაინც მიხარია, რომ მას შევხვდი და ლუკა გამიჩნდა. მას უკვე ოჯახი და პატარა ბავშვები ჰყავს.
- თუ დაბრუნდება, მიიღებ?
- ეს მთლიანად ლუკას გადასაწყვეტია. - ხელები გაასავსავა. - თუ მოუნდება, რომ მამასთან ურთიერთობა ჰქონდეს, ექნება, ხოლო თუ უარს იტყვის, ახლოსაც ვერ გაეკარება.
- მე ის ვიგულისხმე, თქვენ თუ მიიღებთ? - ნერვიულად გამეცინა.
- არა, ეს გამორიცხულია. - მწარედ გაეღიმა. - როცა რაღაც მთვარდება, ამას აუცილებლად გრძნობ. სანამ რუსეთში წავიდოდა, მეფიცებოდა, რომ ვუყვარდი და გვირილასავით მაცლიდა ფოთლებს, სიყვარულის სახელით.
- ანუ, ტოქსიკური ურთიერთობა გქონდათ. - დიაგნოზი დავსვი.
- როგორი ზუსტი ტერმინია. - თავი დამიკრა. - ერთი და იგივე საწამლავს ადამიანი ორჯერ არ იღებს, თუ რათქმაუნდა, თვითმკვლელობას არ ცდილობს.
- განადგურებული ურთიერთობის ახლიდან შენება, თვითმკვლელობის ტოლფასია? - არსაიდან მოსული კითხვა დავსვი.
- თუ ურთიერთობა ჯანსაღია, მაშინ ეს გამბედაობას უფრო ჰგავს.
- თვითმკვლელობაც ხომ მოითხოვს გამბედაობას, არა?
- არა, ეგ მარტივია. მხოლოდ წამით იქნები გაბედული და მორჩა. იმ ყველაფერზე გადაბიჯება და სიცოცხლის გაგრძელება კი ნამდვილად დიდი სიმამაცეა. - თაფლისფერი თვალები დაუმრგვალდა. - ახლა, მამაშენი რომ გვისმენდეს, იფიქრებდა რომ შენზე ცუდ გავლენას ვახდენ. ვზივარ აქ, ამხელა პედაგოგი ქალი და სიკვდილზე გელაპარაკები.
- მომწონს, როგორც საუბრობ. - გაუაზრებლად შევაქე და გავიაზრე, რომ მართლა მომწონდა.
- მხოლოდ მაშინ, როცა თანამოსაუბრეც საინტერესოა. - წამოდგა და შარვალი გაისწორა. - გვიანია და ჩვენ წავალთ. შენ კი მშვიდად ივახშმებ.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანს დარჩენა ვთხოვე, მაინც წავიდნენ. სამზარეულოში შევიყუჟე და შეგრილებული წვნიანი ხელმეორედ გავაცხელე.
ღრმა თეფშში მოთავსებულ კერძს კოვზით ვიღებდი და ნელა ვხვრეპდი. ზურა შემოვიდა და ჩემს პირდაპირ დაჟინებული მზერით ჩამოჯდა.
- იშვიათად მირეკავ ხოლმე. - თვალებში ისე მიყურებდა, თითქოს გადაშლილი წიგნის წაკითხვას ლამობდა.
- იშვიათად მცალია. - თვალი ავარიდე.
- ნათელას თითქმის ყოველ დღე ელაპარაკები. დარწმუნებული ვარ, თამუნას უფრო ხშირად.
- მერე? - თითქოს თავი დიდ ფიალად გადამექცა. ნელა მევსებოდა მდუღარე ლავით.
- თამუნა ძალიან მიყვარს, მაგრამ მე მამაშენი ვარ. - ხმაში ნაწყენი ბგერები გაერივნენ და მადა საბოლოოდ დავკარგე. - ახალი წლის საღამოსაც კი მასთან იყავი.
- მიზეზი მქონდა. - თვალები ისე ამეწვა, თითქოს ვულკანი ტერფებთან ამიფეთქდა და მისმა ფერფლმა მხედველობაზე ცეცხლი დამინთო.
- მესმის, იმ ბიჭს ეჩხუბე და ცუდ ხასიათზე იყავი, მაგრამ ეს შენი სახლია.
- სად აპირებთ ცხოვრებას, როცა დაქორწინდებით? - ჩავთვალე, რომ ამ კითხვისთვის დასმისთვის საჭირო დრო იყო.
- არ ვიცი. აქ, ან მასთან. მაგრამ მარინას ბინა ამაზე უფრო პატარაა. - სამზარეულოს თვალი მოავლო. - ვფიქრობ, ორივე ბინა გავყიდოთ და ერთი დიდი ვიყიდოთ.
- ესეიგი, ეს არ ყოფილა ჩემი სახლი. - გაწიწმატებული წამოვხტი და თეფში წყლის ნიჟარაში გავრეცხე.
ჩუმად იჯდა და მიყურებდა.
- ღამემშვიდობისა. - ისე დავემშვიდობე, არც კი შემიხედავს და საძინებლისკენ ისე გავწიე როგორც ხიდზე ამოგდებული თევზი მიფართხალებს წყლისკენ, რომ ისევ ისუნთქოს, რომ ისევ ცოცხალი დარჩეს.


მზის პირველივე სხივზე გამეღვიძა და სანაპიროსკენ ერთიანად აჟიტირებულმა გავწიე.
მედუზების მომლაშო სუნი ბულვარის ზოლიდანვე ვიგრძენი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ზღვა სარკესავით კრიალა და უძირო იქნებოდა.
იცოდით?
მედუზებს სიბინძურე არ უყვართ.

მცირე ზომის ტალღები რიტმულად ეფინებოდნენ კენჭებზე.
მოდიოდნენ, თეთრი ღრუბელივით დაეფინებოდნენ და სანამ შეჩვევას მოვასწრებდი, უკან გარბოდნენ.
თვალუწვდენელ ჰორიზონტს გავხედე.
თითქოს სახლი წამიბილწეს.
მყუდრო ნავსაყუდელი დამირბიეს და იქ თავს ძველებურად ვეღარ ვგრძნობდი.
რამოდენიმე საათი ქვებზე უძრავად ვიჯექი და მზერა სივრცეში მეკარგებოდა. ჩემი გონება ზღვაში გაქროლილ მეკობრეს ჰგავდა, მაგრამ სხეული მხოლოდ კენჭებსა და ტალღების მოტანილ ნიავს სჯერდებოდა.

დრო ისე სწრაფად გავიდა, თითქოს ვიღაცამ კადრის გადახვევის ღილაკს თითი დააჭირა და საათები წამებში ჩაატია.
ჯერ მეთევზეები გამოლაგდნენ, შემდეგ - ცურვას მოწყურებული ბათუმელები. მზემ დედამიწას მჭრელი სხივები ჩააჭირა და სანამ თავი ამიდუღდებოდა, სახლში წასვლა გადავწყვიტე.
- ლამაზი გოგო, მომე ხელი, მომავალი გითხრა... - მოხუცი ბოშა წინ გადამეღობა.
- არა, გმადლობთ. - შევათვალიერე. თავზე ჭრელი ნაჭერი შემოერტყა. კეფიდან მსხვილი ნაწნავი ჩამოედინებოდა, შავ სისქეში მრავლად გარეოდა ვერცხლისფერი.
- ხუთი ლარი და ყველაფერს იცი...- ხელზე ხელი ფრთხილად წამავლო.
თვალებში მწვანე ფერი ჩაღვროდა. ქუთუთოები შესიებოდა, ხოლო თვალის ქვედა არე ჩანთებივით ჩამოეკიდა.
- კარგი... - ქვებს დავუბრუნდი.
გრძელი კაბა მოქნილად შემოიკეცა და ჩემს წინ ლოტუსის ფორმაში ჩამოჯდა.
- ხელის გულები ნახე. - გატეხილი ქართულით მიმითითა, შეკავებული ღიმილით შევუსრულე.
- ეს ბეჭედი ბიჩმა „გიპადარკა“? - იოანეს ნაჩუქარ სამკაულს თითი გადაუსვა.
- თქვენ მითხარით. - უცნაურად გავმხიარულდი. - თქვენ ხომ ყველაფერს ხედავთ.
- ო, მე ხედავ... არაა ბედი. - თავი უარის ნიშანად გააქნია. - იმდენი ცელია აქ დადიხარ და გიხვარს ზღვა...
- ხელის გულზე დაინახეთ? - თვალები გამიფართოვდა.
- არა, ეგა ჩემი თვალით დავინახე. - გაიცინა და ოქროს ორმა კბილმა მზის სხივები აირეკლეს.
- მერე?
- მე სულ აქა ვარ, იმდენი ცელია უკვე. - ხელი ჰაერში აიქნია და ცხვირამდე მოსული მოგონებები გაფანტა. - სულ იხავი. ის იქნება ბედი, ვისაც ასეთი თვალები ექნება. - წარბები ასწია და ნიკაპით ზღვისკენ მანიშნა.
- სისულელა. - ხელები უკან გამოვგლიჯე და ფულისთვის ჯიბე მოვიჩხრიკე.
- ფული არა, მუსიკა მინდა. - თვალები აუწყლიანდა.
- გიმღეროთ? - აზრების მოსაკრებად თვალები ზედიზედ დავახამხამე. - ესეც იცით?
თავი ოდნავ დამიკრა და მუდარით სავსე მზერა გამისწორა.
ამოვიოხრე. მის სახეზე დამჩნეულ დროის ნაკვალევს დავაკვირდი. მრგვალი და მეტყველი თვალები ჰქონდა. ალბათ, ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი იყო.
ზღვას გავხედე და ტალღების ხმაზე საჭირო რიტმი დავიჭირე.

- „ გრანადის ახლოს, წყაროსთან ახლოს,
ბოშა ქალები ავსებდნენ დოქებს
და თან მღეროდნენ ბოშურ სიმღერებს,
ბოშურ სიმღერებს...
როცა მოვკვდები, ჩამატანეთ ჩემი გიტარა,
როცა მოვკვდები, მე დამმარხეთ ფორთოხლის ბაღში,
როცა მოვკვდები, მე დამმარხეთ ყველა ყვავილში,
როცა მოვკვდები...
გრანადის ახლოს, წყაროსთან ახლოს,
ბოშა ქალები ავსებდნენ დოქებს
და თან მღეროდნენ ბოშურ სიმღერებს,
ბოშურ სიმღერებს.
გრანადის ახლოს და მზესთან ახლოს,
მას ჰქონდა სახლი,
პატარა სახლი...
და აივანი ჰქონდა პატარა,
და აივანზე ხარობდა ვარდი...“

გავჩუმდი და მზერა ზღვიდან ჩემს მოხუც ბოშაზე გადავიტანე.
- არ გაჩუმდი... - მისაყვედურა და ისევ გაინაბა.
გამეცინა, რატომღაც ძალიან მომინდა, რომ გამეხარებინა. მზერა ზღვას დავუბრუნე და გაქცეული რიტმიც თავისი ნებით ჩამბარდა.

- „ ასე მღეროდნენ ბოშა ქალები,
ასე ტიროდა თეთრი გიტარა,
როგორც ქარები ტირიან ზამთარს,
ტირიან ზამთარს...
ცბიერებანი ჩვენი დროის დაიფერფლება,
მხოლოდ და მხოლოდ უდაბნოა მარადიული,
ოცნება მზეზე და კოცნაზე დაიფერფლება,
მხოლოდ და მხოლოდ უდაბნოა მარადიული.
ყური მიუგდე, მეგობარო, ამ დიდ სიჩუმეს.
იგი სავსეა ტალღის ხმაურით...
იგი სავსეა ტალღის ხმაურით
და სინანულით...“

ყელში მწარე ბურთი მომაწვა და სიმღერის დასრულება ვეღარ შევძელი. თვალი გარემოს მოვავლე. მარტოკა ვიჯექი მზის სხივებით გამთბარ ქვებზე. ჭრელი თავშალი მოქნილად მიაბიჯებდა და მშორდებოდა.

ზღვამ მორიგი ტალღა მოაფრქვია ნაპირს და ხელის გულივით გადამიშალა. დავაკვირდი, მაგრამ სანამ რაიმეს გავარჩევდი, უკანვე წაიღო.

სახლში დავბრუნდი და საწოლში ჩაწოლისთანავე ბურანმა მორევივით ჩამითრია.
ნაშუადღევს გამეღვიძა და ყავის ერთი ფინჯანი დამჭირდა, აზროვნების უნარი რომ დამბრუნებოდა.
როგორც კი აბაზანიდან გამოვედი, ნიშნობის წვეულებისთვის ჩაფიქრებული კაბა საგულდაგულოდ დავაუთოე და ამ უკანასკნელზე იმდენი დრო დავხარჯე, რომ თმა თითქმის ბუნებრივად გამიშრა.
რამოდენიმე მცდელობის შემდეგ, მსუბუქი მაკიაჟიც მოვახერხე და როცა ვარცხნილობის მოწესრიგებასაც მოვრჩი, უკვე საკმაოდ გვიანი იყო.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და საკუთარ ანარეკლს დავაკვირდი. ხმამაღლა თქმას ვერ ვბედავდი, მაგრამ გონების თუ გულის რომელიღაც ნაწილში ვხვდებოდი, რომ საბას ნახვის დიდი რისკის წინაშე ვიდექი და ძლიერი უნდა ვყოფილიყავი.
ზურას გამოვემშვიდობე და გამოძახებული ტაქსის დასახვედრად ეზოში ჩავედი.
თბილი საღამო იყო. მზეს ზღვაში ჩასძინებოდა და ნარინჯისფერი სიზმრები ცაში ღრუბლებად დაეტოვებინა.

წვეულება პატარა, მყუდრო რესტორნში მიმდინარეობდა. შესვლისთანავე თვალი მოვავლე შეკრებილ საზოგადოებას.
სილუეტი, რომლის დანახვისაც ასე მეშინოდა, არსად იყო.
დაძაბულობა მომეხსნა, მაგრამ გულის გამაწყალებელი შეგრძნება მთელი სხეულით შემომიძვრა და სინანულად ჩამისახლდა.
მინდოდა, რომ აქ ყოფილიყო.
მინდოდა და ვაღიარებდი, რადგან თუ ჩემს განცდებს საკუთარ თავთან დავმალავდი, ისევ დავიკარგებოდი... ჩემივე სხეულის ლანდად გადავიქცეოდი.

თათია და ნიკა აგვიანებდნენ. მანამდე დროის გაყვანა გადავწყვიტე და იმ თანაკლასელებს შევუერთდი, რომელთაც საერთოდ ვერ ვემეგობრებოდი, მაგრამ მხოლოდ მათ ვიცნობდი და სხვა გზა არ იყო.

მოვიდნენ.
თათიას გრძელი, ბაცი ვარდისფერი კაბა ეცვა და უბრალოდ კი არ ანათებდა, ერთიანად ჩახჩახებდა. ნიკას იმავე ფერის პერანგი შეერჩია და ერთმანეთს საოცარი სიზუსტით ავსებდნენ.
ის დღეები გამახსენდა, როცა თბილისში, სამზარეულოს მაგიდასთან ოთხნი ვვახშმობდით. ორ შეყვარებულ წყვილს ვგავდით.
რეალურად კი იქ წყვილი მხოლოდ ერთი იყო.
ორი შეყვარებული.
ერთი გაბოროტებული.
ერთი კი - სულელი.

თეთრ პერანგში გამოწკეპილმა მიმტანმა შამპანიურის ჭიქებით სავსე ლანგრით ჩამიარა. სწრაფად დავუბრუნე ცარიელი ჭიქა და ახალი ავწაპნე.
ყველაფერი შედარებით პოზიტიურად გამოიყურებოდა, როცა რჩევა ალკოჰოლს დავეკითხე.

უხვად გამოფენილ ფურშეტს გავხედე, თუმცა თვალში არაფერი მომივიდა და ისევ ჩემს შუშხუნა მეგობარს მივუბრუნდი.
პატარა სცენიდან ნელი ვალსის ნოტები გადმოიღვარა. ახლადდანიშნული წყვილი საცეკვაოდ გასრიალდა.
ვუყურებდი და ნათლად ვხედავდი ძაფებს.
უფრო კონკრეტულად, ორ ძაფს.
თათიას თვალებიდან გამოდიოდნენ და ნიკას თვალებს უერთდებოდნენ.
- საღამო მშვიდობისა, ლიტა. - ქალის ბგერები იყო. ერთდროულად უცხოც და ნაცნობიც.
ხმის მიმართულებით გავიხედე.
შუახანს მიღწეული ქალი იყო. თმა კოხტად გადაევარცხნა და კეფასთან დაემრგვალებინა. საოცრად ჰგავდა ერთ ჩემს ნაცნობს.
- გამარჯობა. - ჭიქა ისე გამოვცალე, მისთვის თვალი არ მომიშორებია. - ქალბატონო ლია.
- როგორ ხარ? - ქვემოდან ამომხედა.
- გადასარევად, თქვენ?
- მე ჩემი შვილი მენატრება. - ისე მითხრა, თითქოს საბა მე გავაგდე ქვეყნიდან.
- უკვე? ჯერ ხომ ორი წელი არ გასულა?

ხალხს შორის მოლივლივე ლანგრიდან კიდევ ერთი ჭიქა მოვიპარე.
- ბევრს ნუ დალევ. - ისევ იქ იდგა.
- უკაცრავად, ვინ ბრძანდებით? - ყოველი გადაყლაპული ნერწყვი ტვინის უჯრედებში გამეხსნა. - შეიძლება საბა დაარწმუნეთ, რომ მსხვერპლი ხართ, მაგრამ მე მსგავსი სისულელეების არ მჯერა.
- მე არ ვთვლი, რომ მსხვერპლი ვარ. - ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა. - რაც საბამ გააკეთა, ეს უპატიებელი დანაშაულია. ის ჩემზე იყო გაბრაზებული, მაგრამ მე ვერ მატკინა და...
- და მე მიპოვა! - ხმამაღლა გავაწყვეტინე.
- არა მხოლოდ შენ... - თვალებში მტკიცედ ჩამხედა. - მან შენ იმიტომ გატკინა, რომ თავისი თავისთვისაც დაეშავებინა.
- ზედმეტად ნუ ჩავხლართავთ... - გველივით დავისისინე. - რა გნებავთ?
- თუ შენ ეტყვი საბას, რომ დაბრუნდეს, დაბრუნდება... - მზერაში მუდარა ჩაუდგა.
- აქედანვე დაგეწყოთ!.. რა საჭიროა ამდენი ფანტაზია? თითქოს ყველანი უცოდველი კრავები ხართ და მგლის კვალზე არასდროს გივლიათ.

სწრაფი ნაბიჯით გავეცალე და როცა რამოდენიმე ნაბიჯით გავცდი, მხედველობა დამებლარა. გადავწყვიტე, მეტის დალევით აღარ გამერისკა და სკამზე უღონოდ ჩამოვჯექი.

თათიას მრავალჯერადი თხოვნისა და მუდარის შემდეგ, ადგილობრივი მუსიკოსის გიტარას ხელი დავავლე და ის მელოდა ავაჟღერე, რომელიც ლიასთან საუბრის შემდეგ გამუდმებით თავში მიტრიალებდა.

„ ნუ აკვირდები ასე ჩემს სახეს,
არას გეტყვიან ჩემი თვალები,
მე საგიჟეთის პალატაც ვნახე
და ჩარაზული ციხის კარებიც...
ვისწავლე გულში ჩამარხვა სევდის,
ნაძალადევი სიცილიც ვიცი,
მე აღარა მწამს თვით ღვიძლი დედის
და არა მჯერა არც ერთი ფიცის...
შენ ვერ გაიგებ, მე რა მწადია,
შენ ვერ მიხვდები, მე რა მიტაცებს,
ან ვის ვუმღერი ლექსებს დარდიანს,
მე ამ მშფოთვარე დედამიწაზე...
.ნუ შემომფიცებ მე ერთგულებას,
არ დავიჯერებ, რაც უნდა ითქვას,
მე ქვეყანაზე არ მეგულება
გაუტეხავი არც ერთი სიტყვა...
შენ ვერ გაიგებ, მე რა მწადია,
შენ ვერ მიხვდები, მე რა მიტაცებს,
ან ვის ვუმღერი ლექსებს დარდიანს
მე ამ სისხლიან დედამიწაზე...“

გიტარა პატრონს დავუბრუნე და ძველი მოსაუბრისკენ გავემართე.
- აღარასდროს დაბრუნდეს. - მილოცვასავით მივახარე და ვიგრძენი, ჩემმა ქვეცნობიერმა ოქროს გვირგვინი თავზე როგორ შემოიდგა.



მეორე საღამოს თბილისში ვაპირებდით წასვლას.
დილიდან ნათელას შევეხიზნე. ნაშუადღევს კი დედასთან სტუმრობა დავგეგმე.

წვრილ კენჭებს შორის მცირე რაოდენობის ბალახი ამოწვერილიყო. ყვავილები სრულიად ცარიელ ვაზაში ჩავაწყვე და ქვაზე გამოკვეთილ მშობელთან ჩამოვჯექი.
- წელს დიდი თოვლი მოვიდა, არა? - ისე შევხედე, თითქოს პასუხს რომელიმე გზით აუცილებლად დამიბრუნებდა. - ისე დაგათოვლა და მერე ისე ჩაგადნა, ერთხელაც ვერ ამოვედი... ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი, რომ დამოუკიდებლად მოსვლა შემძლებოდა და შენთან უფრო ხშირად მევლო. გავიზარდე და საერთოდ აღარ ამოვდივარ. დაგათოვლა და ვერ გადავწმინდე. ძალიან შეგცივდა?..

სველი ღაწვები სწრაფად შევიწმინდე.
თვალით გადავზომე საფლავი და იქ სადაც დედის გული მეგულებოდა, მტევანი მსუბუქად დავადე. ძალიან მსუბუქად, რომ არ სტკენოდა.
- მართლა აქ ხარ? - ჩავძახე სამარეს, მაგრამ პასუხად მხოლოდ ნიავი ქროდა.


თბილისში ღამის პირველისკენ ჩავედით. სახლში შესვლისთანავე შუქურა შემომეგება და დიდხანს, ძალიან დიდხან იკრუტუნა.
გათენდა თუ არა, დაჩის მადლობა გადავუხადე და ყველაფერი ძველ წყობას დაუბრუნდა.
უნივერსიტეტი, სახლი, სამსახური, სკვერი...
ერთფეროვან დღეებს შუქურა მინათებდა და მილამაზებდა.
დაჩის ჩემი ბამბის ნაგლეჯი ისე შეუყვარდა, თითქმის ყოველდღე მოდიოდა.

ქორწილი ოც ივნისს დაიგეგმა. თათიას საოცნებო ლოკაცია, „სან-რემო“ იყო. მათ ქორწილზე პასუხისმგებელმა მშობლემაც მაშინვე დაჯავშნეს ეს უკანასკნელი. პატარა, მაგრამ მდიდრული წვეულება გამოვიდოდა.
თათია კაბას ერთ-ერთ სახელმოხვეჭილ დიზაინერთან იკერავდა, მეც იგივე მაიძულა და ეს პრობლემაც წარსულს ჩავაბარე.

თორმეტი ივნისი იყო.
ფინალური გამოცდიდან ერთიანად დაღლილი დავბრუნდი და სავარძელზე მოწყვეტილი ყვავილივით დავეშვი. შემდეგი გამოცდა სამ დღეში მქონდა და მომზადებას არ ვჩქარობდი.
სადილად გემრიელი სპაგეტი მოვამზადე , მაგრამ მხოლოდ ჩემს სადილად. საღამოს თათია და ნიკა ერთად ამოვიდნენ და ვახშმად მიირთვეს.
- მომავალ წელს აქვე ახლოს უნდა ვიქირავოთ ბინა. - ნიკა ჯერ ისევ სპაგეტისგან დატოვებული შთაბეჭდილების ქვეშ იყო.
- ხანდახან მავიწყდება, რომ მალე მოწყენილობისგან მოვკვდები. - ხასიათი წამიხდა.

კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა და მაშინვე გასაღებად გავემართე. ზღურბლთან დაჩი წამოჭიმულიყო და ცალყბად მიღიმოდა.
- ჩემთან გეპატიჟები. - საეჭვოდ გახარებულმა წამოიმღერა. - მეგობრები არიან სტუმრად, იოანეც აქაა...
- ვინაა? - ნიკა პრინცესას დაცვასავით გადამიდგა და დაჩი ეჭვით აათვალიერა.
- ზედა მეზობელი და იოანეს მეგობარი. - სწრაფად გავაცანი. - ეს ნიკაა.
- მახსოვს, იოანეს დაბადების დღის წვეულებიდან - დაჩიმ თავი დამიქნია. - ეს და კიდევ ერთი უხეში ბიჭი იყო.
უცნაურმა გრძნობამ მთელი სხეული დამიმძიმა.
- თქვენც ამოდით, ადგილი ყველას გვეყოფა. - დაიპატიჟა ჩემმა სტუმართმოყვარე მეზობელმა და კიბეებს სირბილით აუყვა. - გელოდებით.
- გამორიცხულია. - ნიკამ კარი ისე მიხურა, თითქოს პატარა სახელმწიფო ვიყავით, რომელსაც დიქტატორი მართავდა.
- თქვენ აქ დარჩით და მე ავალ. - სპაგეტისგან დალაქავებულ მაისურზე დავიხედე. - ჯერ გამოვიცვლი.

იგივე სტილის მაისურით ჩავანაცვლე და როგორც კი გასასველთან მივედი, დანიშნული წყვილი უკვე იქ მელოდა.
- ჩვენც მოვდივართ. - გამეკეკლუცა თათია.

მხიარულად შეგვხვდნენ და სასმელი შემოგვთავაზეს. მხოლოდ ცივ, გაზიან სასმელზე დავთანხმდით, რადგან მეორე დილიდან უნდა გვემეცადინა.
- „სიმართლე თუ მოქმედება“ ვითამაშოთ? - წამოიძახა იოანემ და ყველანი დაეთანხმნენ.
იდეა არ მომეწონა. არც სიმართლის მოყოლა მინდოდა და არც რაღაც სისულელეების კეთება.
- მე დავიწყებ, როგორც მასპინძელი. - დაჩი პოზიციებს არ თმობდა. - ლიტა, სიმართლე თუ მოქმედება?
- სიმართლე. - წარბები ავწკიპე.
- რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფები? - თქვა და სიტყვების ამ წყობაზე ყველას გაგვეცინა.
- არა. - პირველი სიმართლე სადღესასწაულოდ გამოვაცხადე. - ახლა ჩემი ჯერია. თათია, სიმართლე თუ მოქმედება?
- სიმართლე.
- რატომ ამირჩიე მეჯვარედ? - ვკითხე და ვინანე, რადგან იქ მარტონი არ ვიყავით.
- იმიტომ, რომ არ მინდა კავშირი დავკარგოთ. - თბილად გამიღიმა და სხეული თბილი ტალღებით გამევსო.

პირველი წრე წარმატებით დატრიალდა, ყველამ მხოლოდ სიმართლე აირჩია. თამაშს რომ აზრი შესძენოდა, გადავწყვიტეთ, ერთი სიმართლის შემდეგ, ორი მოქმედება ყოფილიყო.
- ლიტა, სიმართლე თუ მოქმედება? - დაჩიმ ეშმაკურად გამიღიმა.
- მოქმედება. - თათიას თავისუფალი არჩევანის საშუალება დავუტოვე.
- ჩემთან ერთად წამოდი პაემანზე.
რამოდენიმე წამი მეგონა, რომ მომესმა. სხვების გაოგნებულ სახეებს რომ გავხედე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ დაჩიმ ეს სიტყვები რეალურად წარმოთქვა.
- ეგ რას ნიშნავს? - მაშინვე დაიძაბა ნიკა.
- რა ხდება? - იოანეც ფეხზე წამოხტა.
დაჩის მზერის მიმართულებაც კი არ შეუცვლია. ნახშირივით შავი თვალებით შემომცქეროდა და რამოდენიმე წამში ერთხელ ყორნის ფრთის ბოლოსავით გაფრენილი წამწამები ხედვას უბნელებდნენ.
- თქვენ რატომ აღშფოთდით? – „დამცველებს“ გამკიცხავად ავხედე.
- არააქვს ასეთი წესებით თამაშის უფლება. - ნიკამ წელზე დოინჯი შემოირტყა.
- აქვს. - საშინლად გავბრაზდი. - წამოვალ.
- არ ხარ ვალდებული. - იოანეს სახეზე სრული სასოწარკვეთა ეხატა.
- ვიცი, მაგრამ თამაში თამაშია. - თავმომწონედ გამოვაცხადე და ვინაიდან თავდაპირველი მუხტი უკვე გაფუჭებული იყო, მალევე დავიშალეთ.
დაჩიმ გაგვაცილა და კართან ოროსანი მოსწავლესავით აიტუზა.
- რომელზე გამოგიარო? - გამომწვევად გამიღიმა.
- რვისკენ, ოღონდ ზეგ. - ნიკას ჩაფრენილ მზერას ზურგის ტვინით ვგრძნობდი.
- რაიმე კონკრეტული იდეა გაქვს?
- მაქვს. - განზე გავდექი და ნიკა გავატარე. როცა გამისწორდა, მხოლოდ მაშინ ვინებე ადგილის დასახელება. - კარტინგები.


შეპირებული პაემნის საღამო იყო. ჯინსის შარვალსა და თეთრ მაისურში გამოვეწყვე და თმა ცხენის კუდად შევკარი.

დათქმულ დროს კარზე მოზომილი კაკუნის ხმა გაისმა.
ცალი ხელი კედლისთვის მიეყრდნო და ოდნავი ღიმილი სახეზე დასთამაშებდა.
- კარგად გამოიყურები. - შემათვალიერა, თუმცა არც თვითონ გამოიყურებოდა ნაკლებად.
- როლში ნუ შეიჭრები. - სუსტად გავუღიმე.

ნაცნობმა შენობამ მტკივნეული განცდები მომიყვანა და ცხვირწინ დამიწყო.
ვიწრო ოთახის გავლით ვრცელ დარბაზში გადავინაცვლეთ. ცარიელ ტრასას გავხედე. ჩვენს გარდა კიდევ ოთხი ახალგაზრდა ნაწილდებოდა მანქანებზე.
- შენ ნელ ვერსიაზე დაჯექი. - დაჩიმ მომცრო ვარიანტზე მიმითითა.
- მე თვითონ გადავწყვეტ. - ჩაფხუტი თავზე ჩამოვიმხე და სწრაფ ავტომობილში ჩავხტი.
რვა სრული წრის უფლება გვქონდა. გაზის პედალს მხოლოდ ნახევრამდე ვაჭერდი. მართალია, ყველა მისწრებდა, მაგრამ უსაფრთხოდ და ყოველგვარი ექსესების გარეშე ვმოძრაობდი.
ხიდზე ავდიოდი, როცა ვიღაცამ წუილით ჩამიქროლა და ლამის გვერდი გამკრა. პედალს ბოლომდე ჩავაწექი და წამის მეასედში ხიდის სათავიდან დავეშვი.
„დაღმართზე პედლიდან ფეხი უნდა აგეშვა“. - საბას ხმა უბრალოდ კი არ მომესმა, მისი სახე ცხადად დავინახე და ტერფი გამიშეშდა.
სანამ მოსახვევში შესასვლელად საჭეს მოვაბრუნებდი, საბურავებისგან აშენებული მაღალი ჯებირი უკვე მეორედ შევანგრიე და ინერციით ისე ძლიერად მივენარცხე ჯერ საჭეს, ხოლო შემდეგ სავარძლის საზურგეს, რომ მთელი სხეული საშინლად მეტკინა.

ნელა გადმოვფორთხდი, ჩაფხუტი მოვიხსენი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. კბილები მიკაწკაწებდა.
რამოდენიმე მანქანა მიყოლებით გაჩერდა.
- კარგად ხარ? - მეძახდნენ, მაგრამ კონკრეტულად არავისი ხმა გამიგია.
გასასვლელისკენ მიმავალი გზა ფეხით გავიკვლიე.
შენობიდან კისრისტეხით გავვარდი და კიბის პირველივე საფეხურზე ჩამოვჯექი.
ცუდი აზრი იყო იქ მისვლა.
სისწრაფის შიში ასე თუ ისე დაძლეული მქონდა, მაგრამ აქ უფრო დიდი ფობია იმალებოდა. არ უნდა შევხებოდი, არ უნდა გამეღიზიანებინა.
- სხვაგან წავიდეთ? - დაჩი ჩემს გვერდით ჩამოჯდა და ინტერესით სავსე მზერა მომაპყრო.
- სახლებში წავიდეთ. - თვალი ავარიდე.
- ის საბაა რაღაც შუაში, ხომ ასეა? - იმდენად დიდი თანაგრძნობა ჩაააქსოვა, რომ მინდოდა, მაგრამ ვერ გავბრაზდი. - რამდენჯერაც ვახსენე, იმდენჯერ შეცბი, დაიბენი, დაიკარგე...
- მაშინ, იქნებ შეწყვიტო მისი ხსენება? - საბოლოოდ მაინც მოვახერხე გაბრაზება.
- გინდა, რომ აღარ ვახსენო?
- მინდა. - ფეხზე წამოვდექი, შენობისკენ გახედვას ვეღარ ვბედავდი. - წასვლაც მინდა.


ტაქსი კორპუსის მახლობლად გაჩერდა.
სადარბაზოს მწყობრი ნაბიჯით მივუახლოვდით.
- ლიტა, მე არ ვიცი რა მოხდა და რა მოგივიდა, მაგრამ მინდა, რომ უფრო ხშირად გნახო... - მკლავზე ხელი ნელა წამავლო და გამაჩერა.
- თუ მართლა გინდა ჩემთან რაიმე სახის ცივილური ურთიერთობა, მაშინ აღარასდროს უნდა თქვა, რომ რაიმე მომივიდა. - მარჯვენა წარბი უკიდურესად მაღალ წერტილს მისწვდა.
- საერთოდ დავმუნჯდები!.. - ისე შეჰყვირა, სიცილი ვერცერთმა შევიკავეთ.

სულ ახლოს იყო. გრძელი წამწამების ჩრდილი ღაწვებზე ეფინებოდა და ძალიან ჰგავდა ზღაპრიდან გადმოსულ მომხიბვლელ პრინცს.
ოღონდ, ის ჩემთვის არ იყო.
ის უნდა შეხვედროდა თავის პრინცესას, რომელსაც ჯერ არავინ ჰყვარებია და ერთმანეთისთვის პირველი კოცნის აღმაფრენა უნდა გაეზიარებინათ.
უფრო და უფრო მიახლოვდებოდა დაჩის სახე და ჩემი ფიქრები ფანქრით დაწერილი სტრიქონებივით იშლებოდა.

- ლიტა... - ნაცნობი ბგერები გონებაში გამხმარი ვარდივით ჩამეფშხვნა და საღი აზრის მოსახმობად თავი ოდნავ გავაქნიე.
ჩვენი ცხვირის წვერები უკვე ერთმანეთს ეხებოდნენ, როცა უკან გველნაკბენივით გავხტი და მის უკან მამაკაცის სილუეტი დავლანდე.
სილუეტი, რომელიც ძალიან მეცნობოდა.
იდგა, ხელები უღონოდ ჩამოეშვა და სახე მთლიანად მოედუნებინა.
პირი გამიშრა, მუხლებში სისუსტის ტალღამ დამიარა და ჰაერი ფილტვებიდანვე ამიორთქლდა.
- ლიტა, ფერი არ გადევს. - დაჩიმ ოდნავ შემანჯღრია.
- კარგად ვარ. - წამით თვალი გავუსწორე და ისევ იმედგაცრუებულ სილუეტს მივუბრუნდი.
აღარ იყო.
ისევ დაუნდობელი მოჩვენებები.
ისევ ქვეცნობიერის ხრიკები...
იმ ადგილას მივირბინე, სადაც წუთის წინ მისი სხეული დავინახე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
ნამდვილად იქ იყო! არ მომჩვენებია...
ხმა შეიძლება ჩაგესმას, სხეული მოგელანდოს, მაგრამ არომატი?
ის აქ იყო, ჩემთან...



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

როგორც იქნა დაბრუნდა ვაჟბატონიი
მაგრამ ეს დაჩი უშნოდ გამოეჩხირა რაღაცა, არ მომწონს
თან მგონი ლიტამ გადახარშა უკვე და აღარ მგონია შეურიგდეს საბაჩკას
ბოშამ როგორ ზუსტად უთხრა ❤️❤️❤️❤️❤️❤️
მოკლედ ახალ თავს ველიიი ????

 


№2  offline წევრი Melice

სტუმარი მარიკო
როგორც იქნა დაბრუნდა ვაჟბატონიი
მაგრამ ეს დაჩი უშნოდ გამოეჩხირა რაღაცა, არ მომწონს
თან მგონი ლიტამ გადახარშა უკვე და აღარ მგონია შეურიგდეს საბაჩკას
ბოშამ როგორ ზუსტად უთხრა ❤️❤️❤️❤️❤️❤️
მოკლედ ახალ თავს ველიიი ????

შევეცდები ბევრი არ გალოდინოთ ❣️

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

მე დაჩისთან შანსზე დავფიქრდებოდიი, რადგან იმისთვის არ ღირს ლოდინი რომელიც შენს დასაბრუნებლად არაფერს აკეთებს, ადგა წავიდაა არც პატიება უთხოვიააა და არც კი უცდია მისი სინანული დაენახვებინა ლიტასთვის, ასე ვთქვათ შუამავლების საშუალებით უნდოდა აზრის გაგებაა, ჩემი აზრით საბა რა ლაჩარიც იყო ისევ ისეთად დარჩაა ჩემს თვალშიი, მისი სინანულიც კი აღარ მინდაა, ამდენი ხანიი საყვარელ ადამიანს არ ტოვებენ, მითუმეტეს თუ თავის საქციელს ნანობდაა, მისი იმედ გაცრუებული სახეც კი ბოღმისმომგვრელია ჩემთვის რადგანმაგის უფლება არ აქვს ჯერ თავის ეგოს რომ ვერ აჯობაა შემდეგ კიი წავიდაადა უკან არც მობრუნებულაა, ფეხებში უნდა ჩავარდნოდაა ლიტას საბაა და აი ყველაფერიი უნდა გაეკეთებინაა რომ თავისი შეცდომა გამოესწორებინა, მაგრამ ის ამდენი ხნის მანძილზეე მიმალულიყოო, ჩემთვის წინა თავზეც დაგიწერე ეს წყვილი ვეღარ შედგებაა, არის რაღაცებიი რომელიც არ იპატიებაა.

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

აიიი რა ტანჯვააააა, რამდენხანს ველოდი რო დაედასტურებინათ, გავწამდი რასაც ქვია -_-

"-ლიტა... - ნაცნობი ბგერები გონებაში გამხმარი ვარდივით ჩამეფშხვნა და საღი აზრის მოსახმობად თავი ოდნავ გავაქნიე.
ჩვენი ცხვირის წვერები უკვე ერთმანეთს ეხებოდნენ, როცა უკან გველნაკბენივით გავხტი და მის უკან მამაკაცის სილუეტი დავლანდე."

ლიტა კიარა, მე შევხტი იმხელაზე, ხელიდან ლამის გამივარდა ტელეფონი :დ


"სხეული დავინახე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
ნამდვილად იქ იყო! არ მომჩვენებია...
ხმა შეიძლება ჩაგესმას, სხეული მოგელანდოს, მაგრამ არომატი?
ის აქ იყო, ჩემთან..."
მანდ არის გოგონი მაააააანდ ^-^ მე უფრო გამიხარდააააააა :დ :დ :დ

^-^ ვგონებ, აი ახლა იწყებააა რაღაც ძალიან მაგარი ^-^

ველი ახალ თაავს ^-^

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან. ძალიან მომწონს ლიტას პერსონაჟი. როგორც ქარიშხალი ჭიქაში. ისე ტრიალებს მის შიგნით იმედგაცრუება. ღალატით გამოწვეული. გაცრუებული პირველი სიყვარულის მომწარო მომჟავო არომატი და სიზედმეტის შეგრძნება. როცა საკუტარ სახლში ცხიმის წვეთად. წყლის ჭიქაში. გრძნობს თავს. მინდა ავღნიშნო. საოცარი შეფდარებები გაქვს. მომწონს მიგნებული და ზუსტი სიმღერებიმ სიტუაციას რომნუხდებიან. ლიტას შურისძიება. ლიაზე და საბაზე. მტკივნეულად და სამართლიანად რომ მოქმედებს. მომწონს მისი დამოკიდებულება ნებისმიერ ფაქტთან იცის რაუნდა. და არმინდა ჯიბრზე რამე გააჯკეთოს. ის პრინცია. მაგრამ ჩემი არარის. იცის რომ ბათუმის ზღვასავით ლურჯთვალა ბიჭია მისი გულის ფეთქვაა. მოუთმენლად გელოდებიი. ათასი ყოჩაღ შენ

 


№6  offline წევრი Melice

Qeti qimucadze
ძალიან. ძალიან მომწონს ლიტას პერსონაჟი. როგორც ქარიშხალი ჭიქაში. ისე ტრიალებს მის შიგნით იმედგაცრუება. ღალატით გამოწვეული. გაცრუებული პირველი სიყვარულის მომწარო მომჟავო არომატი და სიზედმეტის შეგრძნება. როცა საკუტარ სახლში ცხიმის წვეთად. წყლის ჭიქაში. გრძნობს თავს. მინდა ავღნიშნო. საოცარი შეფდარებები გაქვს. მომწონს მიგნებული და ზუსტი სიმღერებიმ სიტუაციას რომნუხდებიან. ლიტას შურისძიება. ლიაზე და საბაზე. მტკივნეულად და სამართლიანად რომ მოქმედებს. მომწონს მისი დამოკიდებულება ნებისმიერ ფაქტთან იცის რაუნდა. და არმინდა ჯიბრზე რამე გააჯკეთოს. ის პრინცია. მაგრამ ჩემი არარის. იცის რომ ბათუმის ზღვასავით ლურჯთვალა ბიჭია მისი გულის ფეთქვაა. მოუთმენლად გელოდებიი. ათასი ყოჩაღ შენ

ერთია, მთელი გულით შეადარო პერსონაჟის ემოცია წყლის ჭიქაში მოხვედრილ ცხიმის წვეთს, მაგრამ მეორეა სწორად გაგიგოს მკითხველმა.
ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობ, იგებ და მოწონების ღირსად თვლი ❣️❣️

მემსის, ყველას თავისი შეხედულება აქვს და განსხვავებულად ხედავს ისტორიის გაგრძელებას. ❣️
ეს მხოლოდ მონეტის ერთი მხარეა, ერთისგან დანახული და ნაგრძნობი.
დაველოდოთ ❤️

 


№7 სტუმარი ანატაჩი

და მაინც,არ მინდა ზედმეტი პერსონაჟები.თავისებულრი ამ ერთეულ პერსონაჟებზე.უბრალოდ მინდა მალე მიხვდენ, ეს შტერები რო ერთმანეთს იქით არა გზა.მე საბასთან მინდა ,ველოდები ახალ თავსნს დავიგროვებ .უბრალოდ მინდა ვნახო როგორ ფურორით მიხვალ ბოლომდე .წარმატებები .მალ -მალე დადე რო მე დავაგროვო.

 


№8  offline წევრი Melice

ანატაჩი
და მაინც,არ მინდა ზედმეტი პერსონაჟები.თავისებულრი ამ ერთეულ პერსონაჟებზე.უბრალოდ მინდა მალე მიხვდენ, ეს შტერები რო ერთმანეთს იქით არა გზა.მე საბასთან მინდა ,ველოდები ახალ თავსნს დავიგროვებ .უბრალოდ მინდა ვნახო როგორ ფურორით მიხვალ ბოლომდე .წარმატებები .მალ -მალე დადე რო მე დავაგროვო.

გმადლობ ❣️
ვეცდები ხშირად დავდო ❤️

 


№9  offline წევრი OKI ME

არც დაჩი და არციოანე არაა ლიტას ადამიანი. სწორად, მსჯელობს ლიტა ორივესთან მიმართებაში. არც საბა იყო და არის კარგ დღეში და მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მოიქცა, აბა არიქა და დაჩისთან იყოს ან იოანესთან ეგრე არაა რა. ორივე დაიტანჯებიან.

დაბრუნდა ჩემი ბიჭი ❤️ იმედი მაქვს დაბრუნდა და ლიტას და მე არ მოგვჩვენებია :დდდ საბა უბრალოდ სხვანაირად ვერ განთავისუფლდებოდა გულში დაგროვილი წყენისგან, რომელსაც ფესვები ღრმად გადგმული ჰქონდა მის გულში, სულში და გონებაში. დარწმუნებული ვარ საშინლად განიცდიდა და ახლაც განიცდის.

თათია მესაყვარლება და რა გავაკეთო? :დდ ნიკა კი არის გადაფოფრილი ისე როგორც კრუხივი წიწილას :დდ ❤️❤️

აი, ის მაინც მითხარი რა, დამასპოილერე თუ გინდა, ან რაც გინდა ის დაარქვი ოღონდ მითხარი :დდ მამამის არ დაელაპარაკება? ეს კაცი გადამრევს მე. :/ მარინა მომწონს ზურასგან განსხვავებით.

ჰო, რომ დაფიქრდე ცოტა ისე ჩანს. გიყვარდეს ადამიანი, რომლის მამა და დედაშენი ერთად ცხოვრობდნენ. ვნახოთ, ძალიან მინდა ერთად იყვნენ და არანაირი დაჩი, იოანე, სხვანი და სხვანი გამოჩნდნენ მის ცხოვრებაში. :დდ

აა, ჰო კიდევ, მთავარი კინაღამ გამომრჩა. ვგიჟდები, ისე მომწონს ქართული სიმღერები რომ გაქვს სულ, მთელ ისტორიაში. თან ყველა საოცრი სიზუსტით გაქვს შერჩეული და უმეტესობა, ჩემთვის უძვირფასესია, უსაყვარლესია და ბევრი კარგი მოგონების მატარებელია. ❤️❤️ ნუ, საოცრად, რომ წერ და გადმოსცემ თითოეულ გრძნობებს ეს ცალკე თემაა. აღფრთოვანებული ვარ შენით ❤️ წარმატებები ❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი Melice

Megioki
არც დაჩი და არციოანე არაა ლიტას ადამიანი. სწორად, მსჯელობს ლიტა ორივესთან მიმართებაში. არც საბა იყო და არის კარგ დღეში და მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მოიქცა, აბა არიქა და დაჩისთან იყოს ან იოანესთან ეგრე არაა რა. ორივე დაიტანჯებიან.

დაბრუნდა ჩემი ბიჭი ❤️ იმედი მაქვს დაბრუნდა და ლიტას და მე არ მოგვჩვენებია :დდდ საბა უბრალოდ სხვანაირად ვერ განთავისუფლდებოდა გულში დაგროვილი წყენისგან, რომელსაც ფესვები ღრმად გადგმული ჰქონდა მის გულში, სულში და გონებაში. დარწმუნებული ვარ საშინლად განიცდიდა და ახლაც განიცდის.

თათია მესაყვარლება და რა გავაკეთო? :დდ ნიკა კი არის გადაფოფრილი ისე როგორც კრუხივი წიწილას :დდ ❤️❤️

აი, ის მაინც მითხარი რა, დამასპოილერე თუ გინდა, ან რაც გინდა ის დაარქვი ოღონდ მითხარი :დდ მამამის არ დაელაპარაკება? ეს კაცი გადამრევს მე. :/ მარინა მომწონს ზურასგან განსხვავებით.

ჰო, რომ დაფიქრდე ცოტა ისე ჩანს. გიყვარდეს ადამიანი, რომლის მამა და დედაშენი ერთად ცხოვრობდნენ. ვნახოთ, ძალიან მინდა ერთად იყვნენ და არანაირი დაჩი, იოანე, სხვანი და სხვანი გამოჩნდნენ მის ცხოვრებაში. :დდ

აა, ჰო კიდევ, მთავარი კინაღამ გამომრჩა. ვგიჟდები, ისე მომწონს ქართული სიმღერები რომ გაქვს სულ, მთელ ისტორიაში. თან ყველა საოცრი სიზუსტით გაქვს შერჩეული და უმეტესობა, ჩემთვის უძვირფასესია, უსაყვარლესია და ბევრი კარგი მოგონების მატარებელია. ❤️❤️ ნუ, საოცრად, რომ წერ და გადმოსცემ თითოეულ გრძნობებს ეს ცალკე თემაა. აღფრთოვანებული ვარ შენით ❤️ წარმატებები ❤️❤️❤️


გმადლობ, პირველ რიგში❣️
სპოილერს რაც შეეხება, სამყაროში არაფერი რჩება დამალული ან გაურკვეველი...
მეტს ვერაფერს გეტყვი ❤️

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

"ესეიგი ეს არ ყოფილა ჩემი სახლი" _დღეს ამით დავიწყებ რა. საყვარელ ადამიანთან დაშორება თანაც ასე მტკივნეულად ერთია , მაგრამ ამავდროულად მამის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვა , ხო ალბათ დაკარგვაა ის რაც ხდება მათ შორის.
ახლა ლიტა ჩემთვის უსახლკაროდ დარჩენილი გოგონაა ,არაფერია იმაზე მტკივნეული როცა ძველ მყუდრო თავშესაფარს შენს ადგილს, სულის სიმშვიდის წერტილს გართმევენ. ამ გოგოს ცხოვრებაში ყველაფერი ერთად ხდება და როგორ უმკლავდება ...
აღარ ვიცი რა ვთქვა ისე აღვიქვამ ყველაფერს , ისე განვიცდი მინდება რამე გავაკეთო მათ დასახმარებლად.
დიახ , მათ დასახმარებლად არა მხოლოდ ლიტას , არამედ ლიტას და საბას .
წინაპრებისგან მიღებული ცოდვების გამო რომ ისჯებიან ყველაზე მძიმე, უსამართლო და აუტანელი ალბათ ეს სასჯელია ...
ისევ იმდენი რამ მინდა ვთქვა გავჩერდები სჯობს თორემ ძალიან გამიგრძელდა

 


№12  offline წევრი Melice

sameone crazy girl
"ესეიგი ეს არ ყოფილა ჩემი სახლი" _დღეს ამით დავიწყებ რა. საყვარელ ადამიანთან დაშორება თანაც ასე მტკივნეულად ერთია , მაგრამ ამავდროულად მამის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვა , ხო ალბათ დაკარგვაა ის რაც ხდება მათ შორის.
ახლა ლიტა ჩემთვის უსახლკაროდ დარჩენილი გოგონაა ,არაფერია იმაზე მტკივნეული როცა ძველ მყუდრო თავშესაფარს შენს ადგილს, სულის სიმშვიდის წერტილს გართმევენ. ამ გოგოს ცხოვრებაში ყველაფერი ერთად ხდება და როგორ უმკლავდება ...
აღარ ვიცი რა ვთქვა ისე აღვიქვამ ყველაფერს , ისე განვიცდი მინდება რამე გავაკეთო მათ დასახმარებლად.
დიახ , მათ დასახმარებლად არა მხოლოდ ლიტას , არამედ ლიტას და საბას .
წინაპრებისგან მიღებული ცოდვების გამო რომ ისჯებიან ყველაზე მძიმე, უსამართლო და აუტანელი ალბათ ეს სასჯელია ...
ისევ იმდენი რამ მინდა ვთქვა გავჩერდები სჯობს თორემ ძალიან გამიგრძელდა

მიხარია, რომ ორივეს გულშემატკივრობ ❣️

 


№13 სტუმარი ტაისა

გულ-მუცელი ამომიტრიალა მართლა შენმა ნაწერმა, არ ვიცი ასე როგორ მოგაქვს ემოციები <333

გელოდები მოუთმენლად <3

 


№14  offline წევრი ნანა73

ისე ძალიან მომწონს, ჩემი აზრი რომ მეტად გავშალო სიტყვები მეკარგება....
ეს თითქმის არ მახასიათებს, მაგრამ აქ? - არ ვიცი ეს უბრალოდ ისტორიის წარმოდგენას არ ტოვებს.
ბევრად მეტია, ცხოვრების სინამდვულეა, ყალბი და შეთხზული ემოციების გარეშე.
მხატვრულია, გულის სიღრმეში რომ იშლება და მოედინება ძარღვებში...
მართლა ძალიან მიხარია ასეთი რომ აღმოჩნდი ავტორო და წინა ისტორიასაც ვკითხულობ შუალედებში.
ბრავო! არაჩვეულებრივი გოგო ხარ!!!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№15  offline წევრი Melice

ტაისა
გულ-მუცელი ამომიტრიალა მართლა შენმა ნაწერმა, არ ვიცი ასე როგორ მოგაქვს ემოციები <333

გელოდები მოუთმენლად <3

გმადლობ ❣️ ვეცდები ბევრი არ გალოდინოთ ❤️

ნანა73
ისე ძალიან მომწონს, ჩემი აზრი რომ მეტად გავშალო სიტყვები მეკარგება....
ეს თითქმის არ მახასიათებს, მაგრამ აქ? - არ ვიცი ეს უბრალოდ ისტორიის წარმოდგენას არ ტოვებს.
ბევრად მეტია, ცხოვრების სინამდვულეა, ყალბი და შეთხზული ემოციების გარეშე.
მხატვრულია, გულის სიღრმეში რომ იშლება და მოედინება ძარღვებში...
მართლა ძალიან მიხარია ასეთი რომ აღმოჩნდი ავტორო და წინა ისტორიასაც ვკითხულობ შუალედებში.
ბრავო! არაჩვეულებრივი გოგო ხარ!!!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა ❤️
უბედნიერესე ვარ, თუ მოგწონთ და თქვენში დადებით ემოციებს იწვევს ❤️

 


№16  offline წევრი gogincha

მწყინს რომ აქამდე არ ვკითხულობდი თქვენა შემოქმედებას? საოცრად კარად აღწერთ სიუჟეტებს, გადასვლებიც შესანიშნავია, ერთდოულად ჰარმონია მაგრან ამავე დროს დაძაბულობაც, თუმცა ეს არ იწვევს მკითხველში დისკომფორტს. მიხარია რომ აღმოგაჩინეთ.წარმატებები

 


№17  offline წევრი ვიპნი

დღეს ჯგუფში პოსტი ვნახე ამ მოთხრობაზე,მადლობა იმ გოგონას,მადლობა შენ ჩემო ძვირფასო ასეთი ემოციებისთვის და გრძნობებისთვის,ახლა მხოლოდ მარინას და ლიტას საუბარი მიტრიალებს თავში,ნუთუ მართლა თვითმკლელობაა ერთხელ დანგრეული ურთიერთობის აღდგენა თუ გამბედაობაა ,მინდა რომ მეც მეყოს გამბედაობა ლილიტივით. ძალიან,ძალიან კარგი გოგო ხარ ,აწი სულ მემახსოვრება შენი ნიკი❣️❣️❣️

 


№18  offline წევრი Melice

gogincha
მწყინს რომ აქამდე არ ვკითხულობდი თქვენა შემოქმედებას? საოცრად კარად აღწერთ სიუჟეტებს, გადასვლებიც შესანიშნავია, ერთდოულად ჰარმონია მაგრან ამავე დროს დაძაბულობაც, თუმცა ეს არ იწვევს მკითხველში დისკომფორტს. მიხარია რომ აღმოგაჩინეთ.წარმატებები

უღრმესი მადლობა ❣️
მიხარია, რომ მოგწონთ ❤️

 


№19  offline წევრი Melice

ვიპნი
დღეს ჯგუფში პოსტი ვნახე ამ მოთხრობაზე,მადლობა იმ გოგონას,მადლობა შენ ჩემო ძვირფასო ასეთი ემოციებისთვის და გრძნობებისთვის,ახლა მხოლოდ მარინას და ლიტას საუბარი მიტრიალებს თავში,ნუთუ მართლა თვითმკლელობაა ერთხელ დანგრეული ურთიერთობის აღდგენა თუ გამბედაობაა ,მინდა რომ მეც მეყოს გამბედაობა ლილიტივით. ძალიან,ძალიან კარგი გოგო ხარ ,აწი სულ მემახსოვრება შენი ნიკი❣️❣️❣️

მაბედნიერებს ფაქტი, რომ არის რაღაც დეტალები, რაც გაფიქრებთ და გონებაში გრჩებათ ❣️
ძალიან დიდი მადლობა ❤️

 


№20 სტუმარი Tamara

როგორ მიხარია რომ აღმოვაჩინეთ❤️ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა

 


№21 სტუმარი ანუ

როდის დადეებ?

 


№22  offline წევრი Melice

ანუ
როდის დადეებ?

დღეს ალბათ ვეღარ მოვასწრებ ((
ხვალ ავტვირთავ ❣️

 


№23 სტუმარი მარ

ველოდები,მალე დასრულდება?

 


№24  offline წევრი Marikagogolqdze

აჰა როგორც იქნა
ღირსი კია აწრუწუნოს ლიტამაც. მალე დადებთ???♥️♥️♥️

 


№25 სტუმარი სტუმარი tamri

წავიკითხე "ლანგრით მორთმეული " და ძალიან მომეწონა თუმცა "მემკვიდრეობითი ცოდვა " საერთოდ სხვა განზომილებაა ???? საოცრად წერ და იმედია გაგვანებივრებ კიდევ შენი შემოქმედებით ????მადლობა ????
პ.ს ველოდები შემდეგ თავს

 


№26  offline წევრი Melice

მადლობა ყველას მოლოდინისთვის ❤️
ეს დღეები მარტო ვერ დავრჩი, რომ ჩავჯდომოდი ❤️
დღეს ავტვირთავ ახალ თავს და ალბათ ხვალ დაადასტურებენ❣️

 


№27  offline წევრი Marikagogolqdze

დღეს არ დებთ ახალ თავს??

 


№28  offline წევრი Melice

Marikagogolqdze
დღეს არ დებთ ახალ თავს??

დღეს დავდებ, მაგრამ მეორე დღეს დასტურდება ხოლმე.

 


№29 სტუმარი სტუმარი მარი

მალე დადებ? ^-^

 


№30  offline წევრი Melice

სტუმარი მარი
მალე დადებ? ^-^

დასტურს ელოდება ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent