#21 (თავი II)
II გულმა რეჩხი დამიწყო, ყველაფერი მეტისმეტად ჩახლართული ჩანდა. თავიდან მეგონა, სამი თვე, უბრალოდ, იზოლაციაში ვიქნებოდი, ახლა კი ვგრძნობდი, რომ ეს წყეული თამაში იყო. ფლინის თამაში, რომელშიც ოცდამეერთე, გამოუცდელი მოთამაშე გაება და ამ მოთამაშეს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ისე არ დაასრულებდა, როგორც დანარჩენები. რა სასაცილოა, როდესაც ადამიანებს გვგონია, რომ სხვებისგან განვსხვავდებით. სინამდვილეში, ყველანი ერთნაირები ვართ. ყველას ფსიქიკა ბროლის პატარა ფიგურას ჰგავს, რომელიც ბეტონის იატაკთან უეცარი შეჯახების შედეგად, უბრალოდ, გამოუსადეგარ, მჭრელ ნამსხვრევებად იქცევა. არც მე ვიყავი გამონაკლისი. ის, რაც თავის დროზე ჩემს ოჯახში ხდებოდა და რაც გადავიტანე, დაღად უკვე იწონებდა თავს ჩემს ნერვულ დაბოლოებებზე. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად ვიგემე სიმშვიდე და ჩემივე მიდრეკილების გამო, თავი შარში გამეყო, ეს სიმშვიდეც ვერ შევინარჩუნე. სუსხის სქელი ქურქი ყოველთვის მხრებზე მეგდო და მზად იყო კისერზე შემომხვეოდა. დარეტიანებულმა ჩავირბინე კიბეები, ლიფტს არ დავლოდებივარ. ლამის, გათიშული, ინერციით ჩავჯექი მანქანაში, რომელზეც კორნელმა მიმითითა და ისე ვიმგზავრეთ, დროის გასვლა ვერც კი გავიგე. სწრაფად მიაქროლებდა მძღოლი ავტომობილს. მე და კორნელი კი უკანა მხარეს ვიჯექით და ერთმანეთს ზედაც არ ვუყურებდით. ძლიერად მქონდა გამოხატული სურვილი - დავკვირვებოდი და შემესწავლა ეს ამოუცნობი ობიექტი, რომელიც ყველგან და ყოველთვის იდეალური ჩანდა. ახლაც, ფეხი ფეხზე გადაედო, ტყავის საზურგეს მიყრდნობოდა და ხელში სიგარეტის ღერი ეჭირა. ძალიან ვეცადე დამენახა - რა სიგარეტი იყო, მაგრამ ჩემი მცდელობა კრახით დასრულდა. მის ცალყბა ღიმილით მივხვდი, რომ შემამჩნია და თავი ფანჯრისკენ გავაბრუნე. საკუთარ თავზე გავბრაზდი და ჩემი ლურჯი პულოვერის სახელოების წვალება დავიწყე. მანქანის მინის დაორთქლილი ზედაპირი ბავშვობაშიც სულ მომწონდა და ზედ ვხატავდი კიდეც სხვადასხვანაირ ფიგურებს… ბავშვობაში. მაგრამ რაღაც ძალამ შიგნიდან მიბიძგა და ვერც ახლა შევიკავე თავი. გაუცნობიერებლად რიცხვი ოცდაერთი დავწერე მინაზე. ფიქრების ცუნამმა წალეკა ჩემი ტვინი მსწრაფლ და ერთიანად ამემღვრა მოგონებები, რომელთა დავიწყებას შევალიე მთელი თორმეტი წელიწადი. არა, ახლა მხოლოდ ექსპერიმენტზე უნდა მეფიქრა, ამიტომ თვალები დავხუჭე და გონება ამ მიმართულებით წავიყვანე. მაგრამ... ... - მიდიხარ? - საწყალი ხმით ამოვთქვი სრუტუნს შორის ბგერები. - მივდივარ. - იყო მტკიცე პასუხი. - მაგრამ შენ ჰომ მითხარი, არასოდეს დაგტოვებო. - ბავშვის გამტყდარი ხმა ევედრებოდა დარჩენას. - მამა! ჰომ მითხარი, რომ სულ ჩემთან იქნებოდი, რომ, რომ… მამა! - შენ ჩემი შვილი არ ხარ! - იღრიალა კაცმა და თვალებში მრისხანების ნაპერწკლები აენთო. მისი შემოდგომის ფოთლისფერი თვალები გეენის ცეცხლს აშუქებდნენ და შეძრწუნებამდე მაშინებდნენ. - გაიგე? აღარასოდეს დამიძახო მამა! - ყელში მწვდა და შემაჯანჯღარა. - არ გაბედო! შენ ჩემი შვილი არ ხარ! - მომიქნია და ხეს ხერხემლით შემაჯახა. - არა, მამა! მე შენი შვილი ვარ, შენი შვილი! - განწირული კივილით გავეკიდე უკვე დაძრულ მანქანას და წავიქეცი. - არ დამტოვო, მამიკო! მიყვარხარ, მამა! მამა! - მუხლები გადავიტყავე, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი. ცრემლები ნაკადულივით მდიოდა და გარემოს გარჩევა უკვე შეუძლებელი ხდებოდა. - პასუხი დედაშენს მოსთხოვე! - ეს იყო ბოლო, რაც ფსევდო-მამისგან გავიგე. არც მისი ხმა, არც ნაკვთები, აღარაფერი შერჩა ჩემს კოჭლ ცხოვრებას. არც შემთხვევითი შეხვედრა სადღაც გადაკარგულში, ბედის ირონიის წყალობით. მისი კვალი გაქრა. მოგვიანებით გავიგე, რაც დაემართა, მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს. ძალიან დავაგვიანე, როგორც ყოველთვის. როგორც იმ დღეს. მონატრება ჩემს ჩრდილად იქცა, რომელიც სულ თან დამყვებოდა - სიბნელეშიც კი. ... - მის მეგან! - კორნელის ხმამ გამომაფხიზლა. უკვე მოვედითო. - ჰო, მოვედით. - ვთქვი და გარემოს გადავხედე. ხრიოკი მინდვრის გარდა, ირგვლივ ვერაფერი დავლანდე. არც გისოსები იყო, არც მავთულხლართები, არც არაფერი. მხოლოდ სამსართულიანი სახლი, რომელიც გაურემონტებელი ჩანდა. მოგრძო მართკუთხა ფორმა ჰქონდა და უსაზიზღრესად ნაცრისფერი იყო. დიდხანს თუ გაუშტერებდით თვალს, ისე ერწყმოდა პეიზაჟს, რომ მის არსებობაშიც ეჭვი შეგეპარებოდათ. ჩემი ყოფილი სამზარეულო გამახსენდა, სადაც გავიზარდე და სადაც ათასში ერთხელ, როცა რაიმე პროდუქტს მოვიგდებდი ხელთ, სადილს ვამზადებდი, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის. თუ შეიძლება იმ თხევად, ჟელესმაგვარი სტრუქტურის წვნიანს სადილი ვუწოდოთ. ძმის ხსენებამ თვალები ამიმღვრია და გულს, თითქოს, მეტალის ბადე შემოაკრესო. მესერებოდა. - თორმეტს თხუთმეტი წუთი აკლია, მეგან. ჰომ არ მოგვეწია? - შემომთავაზა ფლინმა და მანქანიდან გადავიდა. ახლაღა შევამჩნიე, რომ მისი მანქანა ჩემი ერთოთახიანი ბინის ფასს სამჯერ მაინც აღემატებოდა. ჩამეცინა, ისევ ფული. მაინც ყველაფერი პრიმიტიულ ბანკნოტებზე დადის. - სიამოვნებით. - ვუთხარი და მის ქმედებას მივბაძე. არ შევიმჩნიე ჩახრინწული ხმა, რომლითაც ბგერები ძლივ-ძლივობით შევაკოწიწე. ასიოდე მეტრში ვიყავით საპყრობილედან, რომელშიც სამი თვე უნდა გამეტარებინა. ნეტავ, რატომ აირჩია ეს ადგილი?! ქალაქისგან ამდენად მოშორებით... გაქცევა რომ მოგენდომებინა, წარმატების მიღწევის შანსი ნულს უტოლდებოდა. თითქოს, თავად შენობა და ადგილი იყო სპეციალურად ისე არჩეული, რომ დაეთრგუნე. სულ უფრო და უფრო ვწრმუნდებოდი, რომ ციხისკენ მივდიოდი. არ ვიცი - სად ვიყავით, არ ვიცი - აქედან სახლში როგორ დავბრუნებულიყავი. ერთი ღერი სიგარეტი გამომიწოდა. მეც დაუყოვნებლივ დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში ჩემი ფავორიტი სიგარეტით სავსე კოლოფი მედო. არ მჩვეოდა ასე უტუხი ღალატი საყვარელი თამბაქოსი, მაგრამ მაინც მომინდა სხვა. ზოგჯერ, აუხსნელი სურვილი გვიტევს ჩვეულს და საყვარელს ვუღალატოთ და რაღაც ახალი გავსინჯოთ. ამაზრზენია, თუმცა ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილი. - რაზე ფიქრობთ? - მისი ხმა კვლავ სუსხით იყო გაჟღენთილი. ზოგჯერ მეგონა, რომ უბრალოდ ფიტული იყო, რომელიც საუბრობდა. არ მჯეროდა მისი არც ერთი სიტყვის, რომელიც ტელევიზიით ჰქონდა ნათქვამი ან ჟურნალში დაბეჭდილი. რაც კი რამ იყო ინტერნეტში - ყველაფერი გადავქექე. ყველა მისი მიმიკა, ჟესტიკულაცია და აურა. ვერ ამოვხსენი. ის ვიღაც სხვა იყო, არაამქვეყნიური. უცხო, ჯერ კიდევ აღმოუჩენელი პლანეტის აურა ჰქონდა, მეტისმეტად მშვიდი, მაგრამ ვხვდებოდი - ჩემი დახორკლილი მკლავები მისი მსუსხავი ხმის შედეგი რომ იყო - სულაც არ იყო შემთხვევითობა. ძალიან მაღალი იყო, სქელი, ხორცისფერი ტუჩებით და ხორბლისფერი კანით. - მოგონებებმა შემომიტიეს. - არ დავუმალე და ნაფაზი დავარტყი. - წარსული ძალზედ საინტერესო რამ არის. - გაყინული ბგერები ამოაყოლა თებერვლის ორთქლს. - ჰო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალითაა გაჟღენთილი. - ირონია არ დავაკელი. - ფიქრობ, რომ კრიმინალით გაჟღენთილი წარსული საინტერესოა? - თავი ჩემკენ არ შემოუბრუნებია, მაგრამ თავს დავდებ, მისი თვალები ჩემკენ იმზირებოდნენ. ვერ გამეგო, შენობით ფორმაზე როდის გადავედით. - გააჩნია ვის რა აინტერესებს, გააჩნია ვის როგორი ცხოვრება აქვს გავლილი და როგორი სურს, რომ იყოს მისი წარსული. - ამოვისუნთქე სიტყვები. - ძირითადად, აინტერესებთ - როგორი იქნება მომავალი, მეგან. - არა, კორნელ. ხალხს საკუთარი წარსული დავიწყებაზე მეტად, ამქვეყნად არაფერი სურს. სინანული, სინდისის ქენჯნა, "ახლა რომ დამაბრუნა წარსულში, ყველაფერს სხვანაირად ვიზამდი" - ეს ის ძირითადი ფიქრებია, რაც ადამიანებს ძილის წინ ერთხელ მაინც სტუმრობენ. - შენც გიფიქრია მსგავსზე? - რა თქმა უნდა. - მხრები ავიჩეჩე. - შენ არა? - და თუ ადამიანს სინდისის ქენჯნა არ გააჩნია? - ტუჩის კუთხის ჩატეხვით კიდევ ერთხელ მანიშნა, რომ ცინიზმი მისი სტიქია იყო და მისით საზრდოობდა. - არ არსებობს ასეთი ადამიანი. - წარბი ავწიე. - მართლა ეგრე ფიქრობ? - შენ არა? - არა. - სინდისი არ გაგაჩნია? - მე ეგ არ მითქვამს. - რა იგულისხმე მაშინ? - ის, რომ ზოგს არც ცნება სინდისი აქვს, არც მორალი და არც სხვა დანარჩენი, რომელნიც ადამიანებად გვაქცევენ. - ხმაზე ეტყობოდა, რომ ნოსტალგიამ მასაც დარია ხელი. - ამგვარ არსებას ადამიანსაც ვერ ვუწოდებ. - მშვიდად ვუპასუხე. - მეგონა აღშფოთდებოდი და მტკიცებას დაიწყებდი. - გაეცინა. - მეც ეგრე მეგონა. - ვთქვი და ბოლო ნაფაზი დავარტყი. სიგარეტი ჩავაქრე და ე.წ. სახლისკენ ავიღე გეზი, რომელიც ჩემი საპყრობილის როლს შეითავსებდა მომდევნო სამი თვის განმავლობაში. ადამიანები არ იცვლებიან. იცვლება შეხედულება ცხოვრებასთან დაკავშირებით. იცვლებიან გარემოებები, რომელნიც გვაიძულებენ ვიყოთ ის, რაც სინამდვილეში ვართ ან პირიქით - არ ვართ. … შენობაში შევედით თუ არა, სასტიკმა სიცივემ ძვალ-რბილში გაატანა და გამაკანკალა. მას კი სახეზე არანაირი მიმიკა აღებეჭდა. ალბათ, ხშირად სტუმრობდა ამ საზარელ ადგილს. საზარელს იმიტომ ვამბობ, რომ ბეტონისგან შემდგარი კედლები შთაბეჭდილებას გიქმნიდნენ, თითქოს, სადაცაა დაპატარავდებოდნენ და ოთხად მოკრუნჩხვას გაიძულებდნენ. მეტისმეტად ნაცნობი შეგრძნება იყო, რომლის დავიწყებასაც, ისევ და ისევ, წლებია ვცდილობდი - ახლა მარწუხებივით ჩამაფრინდა და გული მიგრძნობდა, რომ არც მომდევნო სამი თვის განმავლობაში დამტოვებდა. - გეშინია? - ხმადაბლა მკითხა. - რა მნიშვნელობა აქვს? - უბრალოდ, მაინტერესებს - რას გრძნობ. - ეს ადგილი… სპეციალურად შეარჩიე? - კარს მივაშტერდი, რომელსაც #21 ეწერა. - მდებარეობას გულისხმობ? - ჰო. - ჰო. - რატომ? - უბრალოდ, მომეწონა და ეს სახლი ავაშენე. - მხრები აიჩეჩა. - შენს წინადადებებში სიტყვა "უბრალოდ" ძალიან ხშირად მხვდება. - მხოლოდ შენ? - გაეღიმა. - ყველგან, ყველასთან და ყოველთვის იყენებ ამ სიტყვას. მაინც ვერ ვხვდები - რა დატვირთვას აძლევ. - ზოგჯერ ჩაღრმავება პასუხების ნაცვლად, უფრო მეტ კითხვას წარმოქმნის. - ამიტომ გირჩევნია ყველაფერი "უბრალოდ" იყოს. - ჰო, ასე მირჩევნია. ასე უფრო მარტივია, იოლია შეეგუო, როდესაც - უბრალოდ. … 1.02. ოთახი იმაზე პატარა აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. შესვლისთანავე ორ ნაბიჯში საწოლი იდგა, რომელზეც წოლა, მისი მეტისმეტად მყარი სტრუქტურის გამო, შეუძლებელი იყო. საწოლის მოპირდაპირე მხარეს უზარმაზარი სარკე იყო, თავისი პირსაბანითურთ. ხელმარჯვნივ საპირფარეშო და შხაპი. მუქი ფერის ტონები, ლურჯი, ნაცრისფერი, შავი… ვერც ერთ ნათელ ფერს დალანდავდით. სინათლე კი… ჯანდაბა! არც ერთი ნათურა, რომელიც აქაურობას გაანათებდა. მხოლოდ ერთი გისოსებიანი სარკმელი, რომლიდანაც გავარვარებულ ბურთსაც კი უჭირდა სხივების შემორტყოცნა. ოცდაათ წელს მივუკაკუნე და მაინც შეძრწუნებამდე მეშინოდა სიბნელის. კარი რკინის, ჟანგმოკიდებული და სიძველის სუნისგან აყროლებული... როგორც კი ეს სუნი ნესტოებში შევუშვი, ყბები ამიმჟავდა და პირში სისხლის გემო ვიგრძენი. აქა-იქ ლაქები ჰქონდა კარს და წამიერად გავიფიქრე - იქნებ, ნამდვილად სისხლის სუნია და არ მეჩვენება-მეთქი. თუმცა მსწრაფლ უკუვაგდე ეს მოძალებული და დაუპატიჟებელი ფიქრი და მოუხერხებელ საწოლზე ვარსკვლავივით გავიშოლტე. - როგორც ვხედავ, უკვე გაშინაურდი. - მითხრა ფლინმა. შევკრთი. დამავიწყდა, რომ ის ჯერ კიდევ აქ იყო. - ვცდილობ. ბოლოსდაბოლოს აქ სამი თვე უნდა ვიცხოვრო. - თავი წამოვწიე და შევხედე. კარს იყო ზურგით მიყრდნობილი. ირგვლივ არავინ და არაფერი. რომ მოენდომებინა, ისე გამაქრობდა - ჩემი პოვნის შანსი აღარ იარსებებდა. - ცდილობ საკუთარ თავს მოარგო? - მისმა კითხვამ გამომაფხიზლა ამ დაძაბული ფიქრებისგან. - რა თქმა უნდა. ან უნდა მოერგო სიტუაციას ან უნდა მოარგო იგი შენს სურვილებს. - და თუ ვერ? - მომეჩვენა, თუ სევდის ნოტები დავიჭირე მის ხმაში?! - თუ ვერ - ეგუები. - ამოვისუნთქე სიტყვები. - არასოდეს! არასოდეს შეეგუო მოცემულობას! - კბილებს შორის გამოსცრა. - მოცემულობის შეცვლა უნდა მოახერხო, მეგან! - თქვა და გავიდა. კარი მოიჯახუნა და მე მეგონა, რომ მთელი შენობა შეზანზარდა. რა მოუვიდა? რატომ გაბრაზდა? არ ვიცი, მაგრამ ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია. კარი დაიკეტა და ექსპერიმენტი დაიწყო… არ მჯეროდა, რომ სამსახურიდან სამი თვით რეალურად დამითხოვეს და მგულშემატკივრობდნენ. - იცი, რამდენი მსურველი ჰყავს ფლინს?! - ყურმილში ჩამკიოდა ჩემი უფროსი. ქერა ქალი იყო, მაგრამ იმდენად ბავშვური, რომ ზოგჯერ ეჭვიც კი შეგეპარებოდა, რომ ამდენად მსხვილ კომპანიას ფლობდა. უბადლო ექსპერტი იყო. - აუცილებლად უნდა მოიგო! მჯერა შენი! და იცოდე, ათი პროცენტი ჩემია! - გადაიკისკისა და გამითიშა. ეს ზუსტად იმ დღეს მოხდა, როდესაც ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე. ლეონს ჰომ ენა პირში ვერ გაუჩერდება, თან ჩემს უფროსზე ღამეებს ათენებს და ორ-სამჯერ ათავებს კიდეც. ამის გახსენებისას ხმამაღლა გამეცინა. გამახსენდა - როგორ დასდევდა ფოტოების გადასაღებად ან პაემანზე დასაპატიჟებლად, მაგრამ ოლივია ყოველთვის უარზე იყო. "თუ კაცი გინდა მიიჯაჭვო - კარგა ხანს არ უნდა მისცეო". თითის ქნევით მეუბნებოდა, მისი თეძოს მოძრაობა კი, როცა ლეონს დაინახავდა - მეტყველებდა იმაზე, რომ არც მას გაუთენებია ერთი ღამე მასზე ფიქრში. ... არასასიამოვნო ფიქრები მომაწვა, წარსულმა ჩამითრია და დაძინება ვამჯობინე. მერე, რა, რომ საწოლი უკიდურესად მოუხერხებელი იყო… მერე, რა, რომ ლამფის შუქზე ვიძინებდი ყოველთვის და სიბნელეს ჭირის დღესავით გავურბოდი. მერე, რა… იმ კუნაპეტი ღამით ის ვნახე სიზმარში. ის, ვისზეც ფიქრი საკუთარ თავს ავუკრძალე. ის, ვისზეც მზე და მთვარე ამომდიოდა და ვინც მიმატოვა. გადაწყვიტა მივეტოვებინე ისე, რომ არავის არაფერი ჰკითხა. არავისთან სიტყვა დასცდენია. რამდენჯერ შემომხვევდა ნატვრა თავის თბილ ხელებს და კბილებს შორის ვცრიდი ბრაზის მჭახე ნოტებს - ეთქვა ერთადერთი სიტყვა, რომლითაც მე მის მთელ წიგნს წავიკითხავდი! ერთადერთი წყეული სიტყვა! მაგრამ არა… მან არ მომცა საშუალება, რომ მის მიერ გაყვითლებულ ფურცლებზე გაკრული ხელით ნაწერი, სიმძიმით გაჟღენთილი ემოციები ამომეკითხა. და ამაში მე ვიყავი დამნაშავე... 2.02 გათენება ვერც კი გავიგე, ისე დააკაკუნა კარზე ადამიანმა, რომლის ვერც სახეს ვხედავდი, ვერც ხელებს. გუშინაც იყო მოსული, მაგრამ მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. კარში არსებული ჭრილი ჭრაჭუნით გაიღო და ე.წ. საუზმე მომართვეს. სხვა რა გზა მქონდა, ლანგარი ავიღე და მომცრო მაგიდაზე, რომელიც ახლაღა შევამჩნიე, რომ საწოლის გვერდით იდგა, მოვათავსე. დიდხანს ჩავყურებდი საჭმელს, რომელიც მომიტანეს. ამჟავებული კომბოსტოს სუნი ცხვირს მიწვავდა. ჰო, მოთუშული კომბოსტო იყო, რომელსაც, ღმერთმა უწყის, ვადა როდის გაუვიდა და ჩემთვის გაურკვეველი სითხე. ხასხასა ვარდისფერი იყო - კისელს ჰგავდა. გამახსენდა, რომ დღეში ორჯერ უნდა მოეტანათ ჩემთვის საკვები და გადავწყვიტე მოგვიანებით მეჭამა. კვების რეჟიმი, სახლიდან მუშაობის დროს, სრულიად არეული მქონდა, ამიტომაც დიდად არ ვუჩიოდი უჭმელობას. წამით წარმოვიდგინე ჩემი მყუდრო ბინა, სადაც ყველაფერი ჩემს გემოზე მოვაწყვე და უკვე მონატრება შემომეპარა. იმ მაგიდაზე დაჯდა, რომელიც ახლახანს შევამჩნიე და სიყვარულით აღსავსე მზერით მიყურებდა. მაგიდა მორყეული იყო და მონატრებას გაუჭირდა წონასწორობის შენარჩუნება. ერთი ხელის მოსმით უკუვაგდე, რადგან იგი არ გამომადგებოდა - ექსპერიმენტის ბოლომდე გავლას თუ ვაპირებდი. ენერგიულად ავდექი და პლასტმასის კბილის ჯაგრისს დავწვდი, რომელიც პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული და უცნაურად იღიმოდა. კბილის პასტა, სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე და თავ-ბედს ვიწყევლიდი - თუ ეს პუნქტი შედიოდა ხელშეკრულებაში, არასდიდებით მოვაწერდი ხელს-მეთქი. დილის რიტუალი ჩემთვის ყოველთვის წმინდა იყო და ახლა კომფორტის ზონიდან ამოვარდნამ, ცოტა არ იყოს დამაბნია და გამაბრაზა. ამის დედაც! შევიკურთხე და კბილების გამოხეხვა დავიწყე. სარკეში საკუთარი თავის ყურება დიდად არასდროს მომწონდა, მაგრამ ახლა საქმე უნდა მეპოვა, რომლითაც თავს გავირთობდი ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში. პირველი, რისი შესწავლაც დავიწყე - ჩემი ანარეკლი იყო. სარკე ორშრიანი აღმოჩნდა, ასეთი პირველად მენახა და ვერ ვხვდებოდი - რისთვის იყო განკუთვნილი კარცერში მსგავსი სარკეები. თუმცა კბილების გამოხეხვის პერიოდში გამახსენდა, რომ მონაწილეთაგან, ვინც სრული სამი თვე დაჰყო აქ, შვიდმა თავი მოიკლა. აქ? ამ "საკანში" ? თუ სადმე სხვაგან? წარმოვიდგინე შვიდი გვამი, რომელიც ჩემს ადგილას იყო აქ, ამ ოთახში. ზოგმა, ალბათ, ვენები დაისერა, ზოგმა თავი ჩამოიხრჩო, ზოგმა რა… ცივი ოფლი ნიაღვარივით ჩასრიალდა ხერხემლის მალების გასწვრივ და შემამცივნა. თავი გავიქნიე, იდიოტური აზრების მოსაცილებლად. ეს ოცდამეერთე კარცერი იყო, აქ არავინ მომკვდარა! უშედეგოდ შთავაგონებდი თავს. ამაში სუსტი ვიყავი, სამწუხაროდ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საწოლზე წოლისგან გვერდები მტკიოდა, მაინც წამოვწექი და ვცადე უძილო ღამეები, რომელნიც პროგრამირებაში გამეთენებინა - ახლა ამენაზღაურებინა და ღრმა ძილს მივეცი საშუალება, დაჰპატრონებოდა მთელ ჩემს ცხოვრებისგან დაღლილ სხეულს, რომელიც დიდძალი ძალისხმევის მიუხედავად, რათა მეცოცხლა და საკუთარი და საკუთარი თავი გამომეკვება, ძლივ-ძლივობით მიათრევდა ჩემი სულის აყროლებულ გვამს. ორიოდე საათში კი - ოფლში გახვითქული თავბედს ვიწყევლიდი, რომ ჩამეძინა. ისინი დამესიზმრნენ. ოცივე. ოცივე მკვდარი, გახრწნილი… და ეს ჩახრინწული, ხრიალისმაგვარი ხმა, რომელიც ძლივს გასაგონად მეჩურჩულებოდა… "მეგან, სანამ დროა… სანამ დროა, მეგან!" გულისცემა ძლივს დავირეგულირე, თვალებს სწრაფად ვახამხამებდი შიშისგან, რათა ეს სურათი დამებლოკა ჩემს ტვინში. მკვირცხლად წამოვხტი და შხაპს მივაშურე. მაგრამ ამაოდ. წყლის ცხელი წვეთები, რომელნიც აქამდე მეფერებოდნენ, მამშვიდებდნენ და ჩურჩულზე ჩუმად მეუბნებოდნენ, რომ - ესეც გაივლის, რომ ყველაფერი კარგად იქნება - ახლა დუმილის გარდა არანაირ ხმას გამოსცემდნენ. ეს იყო სიჩუმე, რომელსაც სიკვდილის ცელი ეპყრა ხელთ და დროს ელოდებოდა. დრო კი ნელ-ნელა მიიზლაზნებოდა თავის საცალფეხო ბილიკზე, მოსაუბრის გარეშე. ჯანდაბა! ამის დედაც! არა, მე ჭკუიდან არ შევიშლები. ეს მხოლოდ სიზმარი იყო. უბრალოდ, კორნელის სიტყვები ჩამებეჭდა გონებაში და ეგაა. ჰო, დამშვიდდი, მეგან! 03.02 უკვე მესამე დღე იყო, რაც კორნელის ციხესიმაგრეში ვიყავი გამოკეტილი. შეგრძნება მქონდა, თითქოს, ეს ყველაფერი ჩემი ნება კი არ იყო, თითქოს, მე კი არ დავთანხმდი და ხელი მოვაწერე, არამედ - დამაძალეს. ტვინში ჩამიბეჭდეს, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, რომ ეს ყველაფერი ჩემ სასიკეთოდ იქნებოდა და ის ათი მილიონი, რომელზეც საუბარი მიდიოდა, ყველანაირ იარას მომიშუშებდა. სასაცილოა! ზოგჯერ, გვგონია, რომ ჩვენ ასე გვინდა - სინამდვილეში კი სხვის მიერ ჩანერგილ "ჩვენს" სურვილს მივყვებით. ასე მომივიდა მეც. კორნელს მეტისმეტად მაგიური უნარი ჰქონდა, დაეჯერებინა შენთვის ის, რაც მას სურდა. ოღონდ საპირისპირო არგუმენტებით. რამდენჯერ მითხრა - დაფიქრდიო. მაგრამ მე მეგონა, რომ ეს მხოლოდ პროვოკაცია იყო მისი მხრიდან. თითქოს, ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა და ამან გამაბრაზა. მან ითამაშა ჩემს ადამიანურ სისუსტეზე - ვიყო სხვებზე მაღლა. ვიყო იმ ხუთი პროცენტის ნაწილი, რომელიც თავისუფლად გააგრძელებდა ცხოვრებას და არაფერი დაეტყობოდა. მაგრამ ამასთანავე, ვხვდებოდი, რომ მას სჭირდებოდა ასეთი ადამიანი. ის, ვინც შეძლებდა ამის გაკეთებას და შუა გზაში არ მიატოვებდა დაწყებულს. ჯერ არ ვიცოდი რისთვის, მაგრამ აუცილებლად გავიგებდი! ეს ადამიანი მეგანმა მიზანში ამოიღო და აუცილებლად გაანადგურებს! ... რაოდენ სუსტია ადამიანის ფსიქიკა. როდესაც გგონია, რომ ყველაფერი გადახარშე, რომ ის წარსულის ნარჩენები, რომლებიც სხეულზე იარებად დაგრჩა, წარსულმავე წაიღო… სისულელეა ეს ყველაფერი. დამპალი ლეში, რომელიც მიყუჩდა, ელოდება - როდის გახსნი შენი სულის ყველაზე ბნელ კარიბჭეს, რათა თავისი გვამის არომატი მოაფრქვიოს შენს უსუსურ ცნობიერებას. ზოგს გამოსდის და უმკლავდება, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს ერთი რაღაც დამალული პანდორას ყუთი მაინც, რომელიც მოსვენებას არ აძლევს და როცა ჰგონია, რომ თავი დააღწია შფოთვას, რომელიც სხეულში უმისამართოდ დაძრწოდა - ის კვლავ იჩენს თავს და ერთიანად უფრო ძლიერად გიტევს. ელვის სისწრაფით მრავლდება და სხეულის თითოეულ უჯრედს გიღრღნის, შენ კი შეგუების გარდა არაფერი შეგიძლია, რადგან უკვე ყველანაირი ხერხი სცადე, რათა თავი დაგეძვრინა ამ მახესგან. "არასოდეს! არასოდეს შეეგუო მოცემულობას!" კორნელის ხმამ დუმილი გააპო და ექოდ ამოიტვიფრა გაურემონტებელ კედლებზე. ყინულით დაწერილ ასოებს შორის, იმედისმომცემი ნაპერწკალი ძლივს შესამჩნევად კიაფობდა. "მოცემულობის შეცვლა უნდა მოახერხო, მეგან!" ... წინ და უკან დავდიოდი. საჭმელს, რომელიც დღეში ორჯერ მოჰქონდათ, მხოლოდ იმიტომ ვიღებდი, რომ უჭმელობისგან გული არ წამსვლოდა. ჭამის შემდეგ კი ათიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ ტუალეტისკენ გავრბოდი და გული მერეოდა. ზოგჯერ, იქვე ვჭამდი ხოლმე, რომ არ მერბინა. ეს ამაზრზენი საკვები, რომელსაც ყოველდღე აძვრენდნენ კარის ჭრილში ციხის სალაფავსაც კი არ ჰგავდა. ერთხელ ვერ მოვასწარი და შიგნეულობით მთელი იატაკი მოვრწყე. კარზე ვაბრახუნებდი და შველას ვითხოვდი, მაგრამ ამაოდ. ხმა არავინ გამცა. ამ უკაცრიელ ადგილას ჩიტებიც კი არ ჭიკჭიკებდნენ. არც ბაყაყების ყიყინი და ჭრიჭინების ჭრიჭინი ისმოდა სადმე. საბოლოოდ მომიწია ჩემი მაისურის გახდა და იატაკის აწმენდა. ნაგვის ურნა არსად იყო, ამიტომ პირსაბანში ჩავაგდე და წყალი მოვუშვი, იქნებ, ეს აყროლებული სუნი ცოტათი მაინც გასცლოდა ჩემს ტანისამოსს. ახლა კი ოთხი დღე უნდა მეცადა, რომ კიდევ ერთი ხელი ტანსაცმელი მოეტანათ ჩემთვის. მციოდა, მკბენარი მატერიისგან დამზადებული საბანი ვერ მათბობდა. წინ და უკან დავდიოდი საათობით. ვცდილობდი მეხმაურა მაქსიმალურად, რომ დუმილს, სიჩუმეს გავქცეოდი. ველაპარაკებოდი საკუთარ თავს და გეგმებს ვაწყობდი - რას გავაკეთებდი იმ ათი მილიონით, რომელსაც მოვიგდებდი ხელთ… ეს მხოლოდ მესამე დღე იყო და მე ვხვდებოდი - რატომ იყო თხუთმეტი დღე მაქსიმუმი, რომელსაც უმკლავდებოდნენ საექსპერიმენტო ვირთხები. მე ვირთხა ვიყავი, რომელიც როგორღაც უნდა გადარჩენილიყო. ხმის გამცემი არავინ მყავდა. სიჩუმე, რომელიც ადრე ჩემი მეგობარი მეგონა - გამოიუცხოვდა და ზედაც არ მიყურებდა. ყურებში გაურკვეველი ხმა მიწიოდა და ბალიშს, რომელიც ძალიან უხეში ქსოვილისგან იყო შეკერილი, ორივე ყურზე გამწარებით ვიფარებდი, რათა არაფერი გამეგონა. თუმცა კვლავ ამაოდ. ჩემი ფიქრები, რომლებმაც არაცნობიერის ჯურღმულებიდან გამოაღწიეს, აფთრებივით მეცნენ და ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ. იმ დღეს საკვები არ მიმიღია. ვარჯიშისგან ოფლით გავიწუწე, რადგან ვიცოდი, ხასიათს გამომიკეთებდა, მაგრამ შედეგი მხოლოდ ის იყო, რომ შარვალიც, რომელიც მეცვა, გასარეცხი გახდა. ცუდი იდეა იყო ფიზიკურად თავის დატვირთვა, სასიამოვნოზე მეტად საზიანო აღმოჩნდა - ტანსაცმლის გარეშე დარჩენილი მე, გაყინული სხეული და კუნთების ტკივილი. არანაირი ენდორფინი, დოფამინი თუ სეროტონინი. მხოლოდ განუსაზღვრელი დაღლა. რაში გაყავი თავი, მეგან? პ.ს. აი, შეპირებული მეორე თავიც ზუსტ დროს. თუ წაიკითხავთ, უკომენტაროდ არ ჩაიაროთ. ამოაფრქვიეთ, რას ფიქრობთ, რას გრძნობთ, რა გგონიათ, რომ მოხდება ან ნებისმიერი სხვა რამ, თუ გსურთ, რომ თქვათ! გელით მოუთმენლად |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.