არასწორ მხარეს #4
დღე მშვენივრად გაიყვანეს დედა-შვილმა. ჯერ სავაჭრო ცენტრი შემოიარეს და ხელში იმდენი რამ ეჭირათ, ძლივს იკავებდნენ. ამაზე ორივეს ეცინებოდათ და ხალხის ყურადღებას იქცევდნენ, მაგრამ ისე ჰყავდათ მონატრებული ერთმანეთი და ისე უნდოდა ნათიას მეტი დრო გაეტარებინა ანაბელთან, საერთოდ არ ადარდებდა ეს ფაქტი. უცებ პატარა, შვილის ტოლ გოგოდ იქცა. ოღონდ მისთვის ესიამოვნებინა და ის დაკარგული დრო შეევსო, ამაზე მეტად არაფერი უნდოდა. სიცხისგან და ამდენი სიარულისგან გათანგულები პარკინგზე მანქანაში ცოტა ხანს ისხდნენ და კონდენციონერით გრილდებოდნენ. - დე, როგორ მოგეწონა? - ძალიან მაგარი იყო, დედა. ასეთი დღე ჯერ არასდროს გვქონია. გთხოვ, კიდევ წავიდეთ ხოლმე, კარგი? - კატის თვალებით უყურებდა ანაბელი დედას და პირმცინარი სახე ჰქონდა ბავშვს. - ამიერიდან სულ შენ გვერდით მიგულე. სადაც მოგესურვება, იქ წავიდეთ და ყველა შენი სურვილი ავასრულოთ, ჩემო პატარა. - სავარძლიდან გადაიხარა ნათია და ლოყაზე აკოცა შვილს, მერე ლამაზ, ოქროსფერ თმებზე მიეფერა და თავისი ბავშვობა გაახსენდა. მისი პატარაობა იყო ანაბელი და ამას არა მარტო თვითონ, ყველა ამბობდა. - მიხარია, ჩემი დედიკო რომ ხარ! - ისეთი ჭკვიანი თვალები ჰქონდა გოგოს და სერიოზული გამომეტყველება, ვერავინ იფიქრებდა რომ მხოლოდ შვიდი წლის იყო. უფრო დიდივით აზროვნებდა. შეიძლება ეს დედისგან სიშორემ და ისეთ კარგაღმზრდელობითმა გარემომ განაპირობა, სადაც გაიზარდა. თუმცა, რაღა შეიძლება, ნამდვილად. სხვანაირი ბავშვი იყო ანაბელი. ყველა ქცევასა და სიტყვაში ეტყობოდა. ხომ არიან ბავშვები, რომლებიც ნაადრევად იზრდებიან რაღაც მიზეზების და გამო, ზუსტად მსგავსად იყო ეს პატარა გოგოც. - მე კიდევ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი გქვია! - თვალები უბრწყინავდა ნათიას. სადღაც ფიქრობდა კიდეც, რომ შესაძლოა ბავშვს მის მიმართ არც ისე თბილი დამოკიდებულება ჰქონოდა და ეს არ იქნებოდა არანაირად გიას და მაიას ბრალი, მაგრამ ზუსტად სწორი ინფორმაციის მიწოდებით მოახერხეს ამ ორმა დედა-შვილს შორის თბილი დამოკიდებულების შენარჩუნება. - დე, მომისმინე, ნინო ხომ იცი შენ, ჩემი დაქალი? - როგორ არა, ბებოსთან მოდიოდა ხოლმე ჯერ მარტო, მერე ქმართან ერთად. მეც მნახულობდა და მელაპარაკებოდა, შენზე მიყვებოდა რაღაცებს, იცი? - ჰო, დე, - გაუხარდა ქალს მეგობრის ყურადღება. - აი, მაგასთან უნდა წავიდეთ ახლა, კარგი? თორემ გაგვიბრაზდება. მერამდენე დღეა ჩამოვედი და ჯერ კიდევ არ მინახავს. შორიდან კი ვიცნობ მის ქმარს, მაგრამ ახლოსაც ხომ უნდა გავიცნო? - კარგი, წავიდეთ. მე მომწონს ნინო, შენ გგავს, იცი? ძალიან თბილია, სულ კარგად მექცეოდა. რამდენჯერმე წიგნებიც მომიტანა საჩუქრად და მე ყველა წავიკითხე. - ღიმილით ყვებოდა ბავშვი ამბავს და ეს ღიმილიც უფრო უხარებდა გულს ნათიას. - წავიდეთ მაშინ, ჩემო ჭკვიანო! მანქანა აამუშავა ქალმა და პარკინგი დატოვა. გზიდან ნინოს დაურეკა მისამართის დასაზუსტებლად. - ნი, შენთან მოვდივარ, მისამართი ჩამიგდე, რა. - ამის თქმა მოასწრო მხოლოდ და უცებ გათიშა დაბნეულმა, რადგან მის წინ გადასასვლელზე ბაჩანა დაინახა ანასთან ერთად და წამით გაითიშა. ვერ გაიგო რა ხდებოდა მათ შორის და მთელი დღე რას აკეთებდნენ ერთად. ახლა უფრო ჩანდა დისტანცია, ვიდრე იქ, სავაჭრო ცენტრში. სიგნალს ხელი დააჭირა და ბაჩომ მაშინვე გამოხედა. ისევ ცინიკურად იღიმოდა ბიჭი, რამდენჯერაც ქალს დაინახავდა, მუდმივად ეს გამომეტყველება ჰქონდა. ისევ უნდოდა ლაპარაკი ბაჩანასთან, ეს გაურკვევლობა ბოლოს უღებდა და აღიზიანებდა, საგონებელში აგდებდა. სანამ ხალხი გადავიდა, ამასობაში ნინომაც მოიწერა მისამართი და თავგზააბნეული დაადგა გზას. საცობების და მიუხედავად, ბევრი არ დაგვიანებიათ მისვლა. კორპუსის ქვეშ, მაღაზიაში შევიდა ანაბელთან ერთად. ტკბილეული და შავი ღვინო იყიდეს. რამდენიმე წუთში კი კარის წინ იდგნენ და დაკაკუნებაც ვერ მოასწრო, მაშინვე გაუღო ნინომ კარი. - ვაიმე, ღმერთო ჩემო! ეს ქალი სულ უფრო და უფრო ლამაზდება! - თითქმის იყვირა მეგობრის დანახვით გამოწვეული სიხარულით ქალმა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ. - როგორ მომენატრე, ნეტავ იცოდე და როგორ მომენატრა შენთან ჭორაობა. ხომ არ ,,გაგერმანელდი'', ჰა? - სიცილით თქვა და შიგნით შეიპატიჟა სტუმრები. - ჩემი პატარა სტუმარიც აქ ყოფილა! სულ შენი ასლია, ნათი. შენც მომენატრე, ჩემო ლამაზო გოგო. ვეღარ გინახულე, თორემ კიდევ გიყიდე წიგნები. რამდენი ხანია მე და შენ აღარ მოგვიწყვია წიგნების საღამო, არა? - გულში ჩაიხუტა ანაბელი ქალმა. - მეც მომენატრეთ და წიგნების საღამოც მომენატრა, ძალიან კარგი იყო ყოველთვის. - მორცხვად თქვა ბავშვმა და დედის გვერდით ადგილი დაიკავა დივანზე. ისე მოზომილად საუბრობდა, ყველას უკვირდა. თუმცა უყურებდა როგორი პატივისცემით გამოირჩეოდნენ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები ერთმანეთის მიმართ და თვითონაც ასე იქცეოდა, ამ ზღვარს იცავდა. მიუხედავად იმისა რომ ნინო მისთვის ძალიან ახლობელი იყო, თქვენობით ესაუბრებოდა. - ნი, ძალიან გალამაზებულხარ. ხომ იცი, რომ ამბობენ - ქალი ოცდაათი წლის მერე ლამაზდებაო, თუ ვინმე მკითხავს ვინ გახსენდება ეგეთიო, პირველი შენ გამახსენდები. - არც შენ აკლებ! ეგ კი არა, ქმარი სად გყავს? - სამსახურში, სად იქნება? მალე მოვა, იცის ხოლმე დაგვიანება. ვერა და ვერ მოვაშლევინე ეგ. შენ მითხარი, როგორ ხარ? ისე უცებ გამითიშე ტელეფონი, ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი. - ძველებურად, როგორც წასვლამდე და წასვლის მერეც. ჰო, გადასასვლელთან ვიყავი, ხალხი გადადიოდა და უცებ რომ გავაჩერე მანქანა, თან დავიბენი და გაგითიშე. - შვილის გასაგონად იცრუა ქალმა. - კარგი, ეგ არაფერი. ყავა დავლიოთ ახლა და ვილაპარაკოთ, ბევრი გვექნება მოსაყოლი შენც და მეც. - დე, შენ თუ გინდა, აი, იმ კომპიუტერთან დაჯექი და აკეთე, რაც მოგესურვოს, ან ტელევიზორს უყურე. - ბავშვს მიმართა ნათიამ. თვითონ სამზარეულოში უნდოდა გასვლა და ცალკე საუბარი მეგობართან. - არა, ტელევიზორი მირჩევნია, ,,წიგნების თაროს'' ვუყურებ ხოლმე და თუ ჩამირთავთ? - კითხვისნიშნიანი თვალებით ახედა ანაბელმა ნინოს. - კი, ჩემო გოგო, მაგაზე გაწყენინებ? ბავშვი რომ მოაკალათეს, მარტო დატოვეს და სამზარეულოში გავიდნენ. - მითხარი ახლა, ვინ დაინახე იმ გადასასვლელზე, ასე რომ დაგაბნია? - მაშინვე ჰკითხა ნინომ ნათიას. - შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებ ვერასდროს, რა! ბაჩანა დავინახე თავის მეგობართან ერთად. - ისევ? - ჰო, ნი, ისევ. აღარც იმ სამმა წელმა მიშველა და საერთოდ უშველებელიც მჭირს მგონი, რა ვიცი. თითქოს ყველაფერი მაქვს, არაფერი მაკლია და თან სულ დამყვება მაინც დანაკლისის შეგრძნება. - მახსოვს ჩვენი ბოლო საუბარი ამ თემაზე. ახლა რას ფიქრობ? - ახლაც იგივეს, ბაჩანა მჭირდება, მაგრამ ის ერთ მხარეს დგას და მეორე მხარეს მთელი ჩემი ცხოვრება. არადა, ისეთია, ხელს რომ არაფერში შეგიშლის, პირიქით, ყოველთვის გვერდში დაგიდგება, შენც ხომ იცნობ მას. უბრალოდ, არის ზღვარი, რომლის დაცვაც მინდა. - მესმის, კი. ვინ როგორ შეეგუება ამ ამბავს, ეგეც ხომ მნიშვნელოვანია? - ყავას ფინჯნები მაგიდაზე დაალაგა ნინომ ტკბილეულთან ერთად. - ბავშვს გავუტან და მოვალ ახლავე. - მადლობა! - ტელევიზორის ყურებაში გართულმა ანაბელმა ძლივს მოწყვიტა თვალი ეკრანს და ტკბილეულისთვის მადლობა გადაუხადა ნინოს. - გამაგიჟებს ეს ბავშვი, რა! უჭკვიანესია! - აღტაცებით თქვა ქალმა. - გიას და მაიას გაზრდილია, აბა, როგორ გინდა? - კმაყოფილი სახე ჰქონდა ნათიას მშობლების გახსენებისას. - ჰო, რას ვამბობდით? გავაგრძელოთ. - არ ვიცი, ნი. დაბნეული ვარ ძალიან. ვიხლიჩები. თან ვერც ვმალავ მასთან ურთიერთობის სურვილს, იმდენად ძვირფასია ჩემთვის. თუმცა, ეს თექვსმეტწლიანი სხვაობა ჩვენ შორის სხვისთვის როგორი გასაგები აღმოჩნდება, აი, საქმეც ეს არის. - სევდა ედგა თვალებში ერგემლიძეს. ფიქრებით კვებავდა მის ტვინს და ათას რამეზე ორჭოფობდა. ვერ გადაეწყვიტა რა იყო სწორი და რა - რა. უმთავრესად მისი შვილის მომავალი ადარდებდა და იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეცვლიდა ბაჩანას და მისი ურთიერთობა ანაბელის მომავალს. - ნათი, ყველა გაგიგებს. ხომ იცი, როგორი ოჯახიც გყავს. შენი ბედნიერებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი. მერე რა, რომ უმცროსია? როცა გაიცნობენ, საერთოდ დაავიწყდებათ ასაკი. ბაჩანა ისეთი კარგი ადამიანია, შეუძლებელია ვინმეს თავი ვერ მოაწონოს. იცის რა უნდა. მე ტყუილად არ გეტყვი შენ ამ სიტყვებს, დარწმუნებული რომ ვარ, იმიტომ ვამბობ. რა თქვა ახლა, რომ ჩამოხვედი? ნახე უკვე? - ვნახე, კი. ვილაპარაკეთ კიდეც. ნაწყენია ჩემზე. მეც ვერ ვუხსნი სწორად, ალბათ, რის გამოც წავედი ან უბრალოდ მისმენს და მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ დავტოვე და არა თვითონ ფაქტი. - ნუ, ის ამას ჯერ ცალი მხრიდან უყურებს, რადგან ნაწყენი და გაბრაზებულია. შენ მაშინ რომ აგეხსნა მისთვის ყველაფერი, შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ წინასწარ რა ვიცით, როგორი ნაბიჯი უნდა გადავდგათ? - ვერ გაიგებდა, მაშინ რომ მეთქვა, როგორც ახლა ვერ მიგებს. უნდა აგეხსნა ჩემთვისო მითხრა. მე ისედაც მიჭირდა წასვლა, რომ დავლაპარაკებოდი და ეთქვა არ წახვიდეო, წამში გადავიფიქრებდი, ამიტომ უბრალოდ მივწერე რომ მივდიოდი და მორჩა. მე ვიდექი, წინ ჩემი შვილი, უკან ჩემი ოჯახი და მეორე მხარეს ბაჩანა. ვერავინ ვერ გაიგებს როგორ მიჭირდა ის დრო და ვერასდროს მოვინელებ ამ დაკარგულ სამ წელს. მეგონა, უკეთესი იქნებოდა. ჩვენი ურთიერთობა არც ჩემს პროფესიულ ნორმებში ჯდებოდა და მომავლის დანგრევაც არ მინდოდა, მთელი ცხოვრება ამისთვის ვწვალობდი, უკან როგორ დამეხია? ახლაც არეული ვარ, ხან ერთს ვამბობ და ხან მეორეს, ვერ ვლაგდები. მასთან საუბარი წყალივით მჭირდება. - გულისცემა ნერვიულობისგან ყელში ჰქონდა ამოსული ქალს, ემოციებს ვეღარ იტევდა, ისე განუწყვეტლივ ლაპარაკობდა. მეტისმეტად გულწრფელი იყო მეგობართან. - ვიცი, რომ მარტივი არ არის. რაც მარტივია, ის უინტერესოა, ეგ არ გეშლება შენ. თუ მისი დაბრუნება და მასთან ყოფნა გინდა, მაშინ უნდა იმოქმედო. სამი წელი ცოტა არაა, რომ რაღაცები არ შეცვლილიყო. მის ცხოვრებაში რა ხდება შენ უკვე აღარ იცი, ამიტომ კი არ უნდა დასევდიანდე, უნდა იფიქრო რა ჯობია. პირველ რიგში ანაბელია, ააწყობს კი მასთან ურთიერთობას? ანაბელი თუ მას ვერ შეეგუა, მაშინ არაფერს აზრი არ ექნება. - მთელი საუბრის პერიოდში ხელი ნათიას ხელზე ედო ნინოს და აგრძნობინებდა რომ, როგორც არ უნდა ყოფილიყო, აუცილებლად მის გვერდით იქნებოდა. - ანაბელზე წინ არავინ არ დგას ჩემს ცხოვრებაში. თუ რამეს ვაკეთებ, მხოლოდ მისთვის. საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. ბაჩანა კიდევ სულ სხვაა. არც ის ვიცი, როგორ უნდა დავიბრუნო. რა უნდა გავაკეთო ისეთი, რომ მასში წყენა გადავფარო? თან ისე მიყვარს, ისე მჭირდება... ვერ ვხსნი. ამ მონატრებამ სულ გამაგიჟა. - დრო გიჩვენებს ყველაფერს, ნათი. თქვენ უნდა დასხდეთ და ყველა საკითხზე ისაუბროთ წერტილ-წერტილ, რა თქმა უნდა, მხოლოდ თქვენზე არა. იქ ანაბელია, იქ შენი კარიერაა, იქ გია და მაიაა, ნიკოა, ბევრი ადამიანია, ხვდები? და ლაშაა, რომელმაც იცის რომ შვილი ჰყავს. მართალია, თავს არ იკლავს არც ბავშვის ნახვით და არც მოკითხვით, მაგრამ ამ ურთიერთობაზე რომ გაიგებს, იქნებ მოინდომოს კიდეც? ბავშვს თავ-გზა არ აურიოს, თვითონ ვერ დაულაგებია იმას მისი ცხოვრება. რამდენჯერმე გადავაწყდი, ხან რომელი ქალი ჰყავს გვერდით და ხან - რომელი. ვიცი რომ ძალიან გიყვარს ბაჩო, მაგრამ რაღაც საერთო შეგნებამდე უნდა დახვიდეთ. ჯერ ის უნდა გაარკვიოთ თუ გინდათ ერთმანეთი, ანუ ის თუ ისევ დაგიბრუნდება და მერე რა მოყვება თქვენი ურთიერთობის დასერიოზულებას. არ ფიქრობ, რომ მაიასთან და გიასთან ლაპარაკი კარგი იქნებოდა? - შეფარვით შეაპარა კითხვა ქალმა. რადგან იცნობდა ამ ორს და იცოდა როგორები იყვნენ, დარწმუნებული იყო რომ კარგ რჩევებსაც მისცემდნენ შვილს. მით უმეტეს, როცა თავად ბევრი ტანჯვა გამოიარეს სიყვარულის გამო და დღემდე ერთმანეთით უდგათ სული. - არ ვიცი... სწორი იქნება? ბაჩანამ არ უნდა იცოდეს, რომ ვაპირებ მაიას და გიას დაველაპარაკო? - დაბნეული თვალები და ამღვრეული მზერა ჰქონდა ქალს. დავითულიანი ერთადერთი იყო, ვინც მის დაბნევას და გზის არევას ახერხებდა. არადა, ქალმა ყოველთვის იცოდა რა უნდოდა, მაგრამ როცა საქმე ბაჩოს ეხებოდა, თითქოს ყველაფერი ირეოდა და ბუნებრივ სახეს კარგავდა. - ჯერ უნდა გაარკვიო, თუ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა. თუ არ გაგრძელდა, რისთვისღა უნდა დაელაპარაკო? - ჰო, მართალი ხარ, - დაეთანხმა ნათია მეგობარს. - მოგახვიე თავს ჩემი პრობლემები. მითხარი, შენ როგორ ხარ? - მე კარგად, ჩემი ქმარიც მშვენივრად. ცოტა დედამთილთან ვერ ავეწყვე, თორემ... - რატომ? რა დაგიწუნა? - იდეაში არც არაფერი, მაგრამ მისმა შვილმა რომ ყურადღება ჩემზე გადმოიტანა და უფრო მეტ ყურადღებას მე მითმობს, მაგან აჭრა. - კარგი, რას ამბობ? მიკვირს ძალიან. პატარა ბიჭი ხომ აღარ იყო დათო უკვე? - ჰოდა, ეგ რომ ვერ გაიგო და წამდაუწუმ მსაყვედურობდა რაღაცებზე, იმიტომაც გადმოვედით ცალკე. ჩემი ბინა გავყიდე და ერთად ვიყიდეთ მე და დათომ. - მაგაზე უფრო არ გადაირია? - არაუშავს, გადაუვლის. უნდა ისწავლოს, რომ შვილი მთელი ცხოვრება მასთან ვერ იქნება და დათოს თავისი ცხოვრება აქვს. არ ვიცი, რა ეგონა. ორმოცი წლის კაცია უკვე და თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებებს. დათომ შენამდეც სულ ვჩხუბობდითო, ახლა უფრო დიდი მიზეზი მიეცა ჩემი სახით. არც მირეკავს, არც მე ვურეკავ, ნახვაზე ხომ ზედმეტია საუბარი, ამიტომ განვერიდე. ასე არ ჯობდა? მეც არ მინდა დედა-შვილს შორის ჩავდგე, დათოს კი აქვს მასთან ურთიერთობა, მაგრამ ყოველთვის აფრთხილებს. - კი, ასე ჯობდა ნამდვილად. შენც სულ იმაზე უნდა გეფიქრა მასთან თანაცხოვრებისას, რა ეწყინებოდა და რა - არა. რთულია ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა. მამამთილი? - მამამთილი კარგა ხნის წინ გარდაიცვალა, კიდევ კარგად იყო ცოლის ხელში. - აბა, მარტოა ახლა ის ქალი? - არა, მულიც მყავს და ერთად ცხოვრობენ. აი, შენმა გერმანიაში წასვლამ როგორ დაგვაშორა, ერთმანეთზე ამბები აღარ ვიცით სრულყოფილად. კი ვლაპარაკობდით ხოლმე, მაგრამ მაინც... გია და მაია როგორ არიან? - კარგად, ახლა მეორე შვილიშვილი აგიჟებთ და ასე. - გაეცინა ნათიას მათ გახსენებაზე. - ანაბელი მარტო ზის რა ხანია, გავაკითხოთ, არ მოიწყინოს. სამზარეულოდან მისაღებში გადმოინაცვლეს კვლავ და მერე ანაბელთან ერთად გააგრძელეს ჭორაობა. ისიც ისე უსმენდა და უგდებდა ყურს, როგორც ზრდასრულ ადამიანს შეეფერება და აქა-იქ სერიოზულ წინადადებებსაც იტყოდა ხოლმე. მერე ნინოს ქმარიც მოვიდა და ყველამ ერთად ივახშმეს. დრო ისე უცებ გაილია სასიამოვნო საუბარში, ცხრა საათი იქნებოდა ალბათ, ანაბელი და ნათია ნინოსგან რომ წამოვიდნენ. *** ერგემლიძის ჩამოსვლა ისე დაემთხვა, რომ შაბათ-კვირა მოუწია. ორშაბათს კი გააცდინა ანაბელმა სკოლა საპატიო მიზეზით, მაგრამ უკვე მეტის გაცდენა თვითონ აღარ მოინდომა და ხმამაღლა გამოუცხადა დედას, რომ სკოლაში წასვლა უნდოდა. ნათიაც რას გააწყობდა? დაუჯერა შვილს. არც თვითონ უყვარდა გაცდენა, პასუხისმგებლიანი შვილის შემხედვარე მით უფრო. თვითონ მიიყვანა სკოლაში, დამრიგებელიც მოინახულა და დაუბარა მოგაკითხავ წამოსვლისასო. ხუთი გაკვეთილი ჰქონდა დღეს, ამიტომ ორის ნახევარზე უმთავრდებოდა. სადღაც პირველი საათი იქნებოდა, როცა სკოლის შესასვლელთან მაღალი, წვერიანი კაცი, რომელსაც ცხვირზე მზის სათვალე დაეკოფსებინა, წინ და უკან მიმოდიოდა ნერვიულად. ეტყობოდა, ვიღაცას ელოდა. უკვე ორის ოც წუთზე ბავშვები ნელ-ნელა გამოდიოდნენ სკოლიდან და ანაბელიც გამოჩნდა. გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა დედამისს, შეუძლებელი იყო ვერ ეცნო კაცს. მიუახლოვდა ბავშვს, რომელიც თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა დედის მოლოდინში. - გამარჯობა, პატარავ. - გამარჯობა, თქვენ ვინ ხართ? - ინტერესით ახედა ანაბელმა წინ მდგომს. - მე ლაშა ვარ, შენ ანაბელი, ხო? - დიახ, მე ვარ. - გაკვირვებული იყურებოდა ბავშვი. ვერ გაეგო, ვინ იყო. ვერც იცნო. რა იცოდა როგორი იყო მამამისი? ფიზიკურად არ უნახავს არასდროს მისი ფოტოც კი. - მამაშენი ვარ, ანაბელ. - მამაჩემი? მაია ბებომ მითხრა, რომ დედას ვერ გაუგეთ, სადღაც იყავით წასული და აღარ დაბრუნდებოდით ჩვენ სანახავად. მე არ გიცნობთ თქვენ, არსად მინახიხართ. - წასული ვიყავი, მაგრამ მოვედი და მინდა, რომ ახლოს გაგიცნო. არ გინდა ნაყინი ვჭამოთ? - არა, არ მინდა. დედას ველოდები, მის გარეშე ვერ წამოგყვებით, ნებართვა უნდა მომცეს. - ანაბელს კითხვები უჩნდებოდა, მაგრამ დედის მოსვლას ელოდა. იცოდა, რომ ნათია აუხსნიდა ყველაფერს და ისე არ დატოვებდა. დაასრულა თუ არა საუბარი, ქალიც გამოჩნდა მანქანით. ლაშა რომ დაინახა ბავშვთან მდგომი, მაშინვე გაცოფდა და გიჟივით მივარდა. - შენ აქ რას აკეთებ? - გამარჯობა მაინც გეთქვა. - ირონიული იყო კაცი. - გეკითხები. - ჩემი შვილის გასაცნობად მოვედი. გუშინ დაგინახეთ სავაჭრო ცენტრში. ლამაზი ყოფილი ცოლი და უკვე გაზრდილი შვილი არ უნდა მომენახულებინა? ძალიან გგავს, ეგრევე მიხვდები ვისი შვილია. - შენი შვილი უკვე შვიდი წლისაა, რომ იცოდე. ზედმეტს ნუ ლაპარაკობ, სიტყვებს დაუკვირდი. - ჰო, დიდი დრო გასულა, მაგრამ არც ახლაა გვიან, არა, პატარავ? - ცხვირზე თითი დაჰკრა ბავშვს. - სახლში წავიდეთ, დედა. არ მინდა მასთან. - ხელი მოჰკიდა დედას ანაბელმა და მიეხუტა. ეუცხოვა ეს სიტუაცია და ანერვიულდა კიდეც. - ვერ ხედავ როგორ აანერვიულე? ისიც არ შეგიძლია, რომ თავი ნორმალურად გააცნო, - შეუღრინა კაცს ერგემლიძემ. - როგორც შენ იტყვი, დე, ისე მოვიქცეთ. - არ გინდა გამიცნო, ანაბელ? - არ ეშვებოდა ბავშვს ლაშა. - წავიდეთ, რა, დედა. - უკვე ხვეწნაზე გადავიდა ანაბელი. - წავიდეთ. ჩვენ კიდევ შევხვდებით და გავარკვევთ რა გინდოდა აქ, რისთვის მოხვედი. ნახვამდის. - გაცოფებული ლაპარაკობდა ნათია, ანაბელს ჩანთა გამოართვა და იქაურობას სწრაფად გაეცალნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.