მივიწყებული
დედაჩემს მხოლოდ და ჰყავდა და ისიც ესპანეთში იყო. ბებია და ბაბუა სვანეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდნენ, მანამდე სანამ ბაბუ არ გარდაიცვალა. შემდეგ ბებიაც დაავადმყოფდა და ქალაქში ჩამოვიყვანეთ. მალე ისიც წავიდა. მე მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი ქალაქში. ეროვნულები ჩავაბარე თუ არა, მივხვდი დასვენება არ მაწყენდა, ამიტომაც სვანეთისკენ გავწიე. მართალია, ბებია-ბაბუის სიკვდილის შემდეგ სახლი დაცარიელდა, მაგრამ ჩემს მშობლებს მისი გაყიდვა არც კი უფიქრიათ. საქართველოს ეს ნაწილი განსაკუთრებით მიყვარდა. დედას ჩემი ამხელა მანძილზე მარტო გაშვება არ უნდოდა, მაგრამ მთელი რიგი წინაღობების მიუხედავად, ჩემი მაინც გავიტანე. ასე რომ, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს გზას გავუდექი ჩემი ახლადშეძენილი მანქანით. მშობლები კი ზღვაზე გავგზავნე. მართალია, მართვის მოწმობა არც ისე დიდი ხნის აღებული მქონდა, მაგრამ ბიძიამ პატარაობიდანვე მასწავლა „შოფრობა“. მესტიაში სუპერმარკეტი ვიპოვე და იქ შევედი. მანქანა დავაპარკინგე, საფულე ავიღე და მანქანიდან გადავედი. შიგნით სიგრილე იყო. სექციებს შორის დავდიოდი და საჭირო პროდუქტებს ვეძებდი. სასუსნავები რომ ვიყიდე, წავედი, ყველაფერი მანქანაში ჩავაწყვე. მეორეჯერ შესვლაც დამჭირდა, ამჯერად სარეცხი საშუალებებით დატვირთული დავბრუნდი უკან. სოფელში აღდგომის დღეებში ავდიოდით მხოლოდ, რომ საფლავზე ავსულიყავით. ბებია და ბაბუა იქ გვყავდა დაკრძალული. მანქანაში ჩავჯექი თუ არა წვიმაც წამოვიდა . საათი ოთხს აჩვენებდა. ერთი საათის სავალი გზა მაინც დამრჩა. ტელეფონი აწკრიალდა, დედა რეკავდა. დავამშვიდე რომ კარგად ვიყავი. საუბარს მოვრჩი თუ არა, მანქანა დავქოქე და გზა გავაგრძელე. ცა შავ ღრუბლებს დაეფარა და შემზარავად გამოიყურებოდა, რაც უფრო მაღლა ავდიოდი წვიმაც იმატებდა. მალე, ისე კოკისპირულმა წვიმამ დაიწყო, რომ ვეღარაფერს ვხედავდი. საერთოდ არ მხიბლავდა ასეთ ამინდში გზის გაგრძელების იდეა. მანქანა გადავაყენე და ავარიული ჩავრთე. ცოტას გადაიღებდა თუ არა, გზას გავაგრძელებდი. აქამდე ჩართული რადიო გამოვრთე. მიყვარდა წვიმის ხმა. ერთგვარი თერაპია იყო ჩემთვის. ფანჯარა ოდნავ ჩამოვწიე. სალონი საოცარი სურნელით გაივსო. ტანზე ბუსუსებმა დამაყარა, ჩანთაში შავი სვიტერი ვიპოვე და ყვითელ სარაფანზე გადავიცვი. სავარძელი უკან გადავწიე და წამოვწექი. შიშველ ფეხებზე პლედი . ვერც კი მივხვდი ისე ჩამთვლიმა. . თვალები რომ გავახილე აღარ წვიმდა. ცოტა შებინდებულიყო. მაჯაზე დავიხედე, შვიდის ნახევარი იყო. კუჭმა თავი შემახსენა. დილის მერე არაფერი მქონდა ნაჭამი. სახლიდან წამოღებული სენდვიჩი მოვიძიე და მადიანად შევექეცი. ჭამას რომ მოვრჩი ხელები გავიწმინდე, პლედი მოვიშორე და მანქანა დავძარი. ნახევარი საათი კიდევ ვიარე. მალე სოფლის გზაზეც გადავედი. ახალგაზრდას ვერავის იპოვიდი სოფლის მოსახლეობას შორის. მხოლოდ რამდენიმე მოხუცი იყო დარჩენილი, რომლებიც არ აცივებდნენ მშობლიურ კერას. გზა იმდენად დაეფარა ბალახს, რომ ერთგან შესახვევს კინაღამ გავცდი. ასეთივე მდგომარეობა იყო ეზოებშიც. არაფერი ეტყობოდა ამას სოფლის ხმაურიანი ცხოვრების. სახლს რომ მივუახლოვდი დამბურძგლა. მანქანა გვერდზე მივაყენე. შუა გზაშიც რომ დამეყენებინა, ხელს მაინც ვერავის შევუშლიდი. წინ გზა გრძელდებოდა, მაგრამ დიდი მსხლის ხე წაქცეულიყო და მანქანით გვერდს ვერანაირად ვერ აუვლიდი. მანქანა ჩავაქრე. ჩემი თეთრი ბოტასები მაღალყელიანი ბათინკებით ჩავანაცვლე. ტელეფონი და გასაღები ავიღე და მანქანიდან გადავედი. ზედმეტად სუფთა ჰაერმა ფილტვები ამიწვა. ჩემს წინ ხის ორსართულიანი სახლი იდგა. პატარა რკინის ჭიშკრიდან აივნამდე ქვით მოკირწყლული ბილიკი მიუყვებოდა. ეზოში შესვლა მინდოდა მაგრამ ჭიშკარი არ გაიღო, კლიტე იმდენად იყო ჩაჟანგული, რომ ძვრა ვერ ვუყავი. სამაგიეროდ, დამპალი ღობის სარები იოლად მოვთხარე და გვერდით მივაწყვე. ბილიკს გავუყევი, კიბის ორ საფეხურს ავახტი, ისე, როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი და აივანზე ავედი. ჩარაზული კარი შევაღე. ყველაფერი გვარიანად იყო დასასუფთავებელი. ამის დალაგებას დღეს ვერ შევძლებდი, მითუმეტეს მგზავრობისგან საშინლად ვიყავი დაღლილი, ამიტომაც ქვედა სართულზე ყველა ფანჯარა გავაღე რომ ცოტა მაინც განიავებულიყო. მანქანაში დაძინების იდეა საერთოდ არ მხიბლავდა. ტანსაცმელი გამოვიცვალე და ჩემი პატარა საძინებელი კარგად მივალაგე, რომ გემრიელად დამეძინა. პატარა ოთახი იყო და რაც მთავარია მყუდრო. სიძველის სუნი იყო გამჯდარი ყველაფერში. კარადიდან საბანი გამოვიღე და ლოგინი გავაწყვე, საღამურებიც ჩავიცვი და საბნის ქვეშ შევძვერი. ჩემდა გასაკვირად ტელეფონი იჭერდა. დედაჩემს მოკლე მესიჯი მივწერე, რომ მშვიდობიანად ჩავედი. მალე ჩამეძინა. დილით უცნაურმა ხმამ გამაღვიძა, თავიდან მეგონა მომეჩვენა, სანამ მერცხალი არ დავინახე. ოთახში წრეზე დაფრინავდა, კედლებს აწყდებოდა და გასასვლელს დაეძებდა. ზლაზვნით წამოვდექი და თვალები მოვისრისე. ფანჯარასთან მივედი და გავაღე. დაინახა თუ არა ღია ფანჯარა, მაშინვე გარეთ გაიჭრა. გარეთ გავიხედე, ცაზე ღრუბლის რამდენიმე ნაგლეჯი დავლანდე. გადავწყვიტე ხვალ თინა ბებოს ვსტუმრებოდი. თინა ბებო ჩვენი სახლიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდა. ბებია და ის ბავშვობაში ახლო მეგობრები ყოფილან. თედო პაპას სიკვდილის შემდეგ დამარტოსულდა. სამი შვილი ჰყავდა: ორი ბიჭი და ერთი გოგონა. ქალიშვილი ამერიკაში სწავლობდა და იქ გააგრძელა ცხოვრება, ბიჭები თბილისში ცხოვრობდნენ ოჯახთან ერთად. თბილი შავი შარვალი და ყვითელი სვიტრი ჩავიცვი. ვისაუზმე და სახლის დალაგება დავიწყე. ბებიას და ბაბუას ოთახები ფრთხილად გამოვგვე, პირველი სართული მთლიანად დავასუფთავე. კარადაში ჭურჭელი მოვიძიე. ყველაფერი დავრეცხე, დავამშრალე და უკან დავაბრუნე. ისე მოსაღამოვდა, ვერც გავიგე. ყავა მოვადუღე, აივანზე გავედი, სარწეველა სკამზე დავჯექი და ფეხებზე პლედი გადავიფარე. .................................................. (მოგონება) 7 აპრილი იყო, პარასკევი. დამღლელი გაკვეთილების შემდეგ, როგორც იქნა ზარი დაირეკა. ბავშვები ეზოში გამოლაგდნენ. სალომეც გამოჩნდა. ბავშვებს შორის გზა გამოიკვლია და სკოლის ჭიშკართან ნაცნობი მანქანა დაინახა თუ არა, თვალები გაუნათდა. მამამისიც შორიახლოს იდგა და სიგარეტს ეწეოდა. — როგორც ვხედავ პირობა არ დაგირღვევიათ ბატონო მამა – უთხრა და ჩაიხითხითა. — როდის გადავსულვარ სიტყვას ქალბატონო სალომე? კარები გაუღო და გოგონაც მანქანაში შეხტა. თვითონ საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა. — ხვალ, სვანეთში მივდივართ...– მშვიდად უთხრა ქალიშვილს. გოგონას აღფრთოვანებულ შეძახილებს ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო – თინა ბებოს დაბადების დღეა და უნდა ვესტუმროთ. მთელი დღე აჟიტირებული იყო სალომე. ორშაბათის გაკვეთილებიც იმეცადინა, სოფელში რომ ვიქნები უნდა გავერთო, იქ დრო არ მექნებაო. საჭირო ნივთებიც ჩაალაგა და დაიძინა. მეორე დღეს ისაუზმეს თუ არა მაშინვე გზას გაუდგნენ. სალომე დედასთან ერთად უკან იჯდა, წინ ბებოს დაუთმეს ადგილი. — ტორტის გარეშე როგორ შეიძლება? – ვერ ისვენებდა სალომე. — შვილო, ხომ გამოვაცხვე ნამცხვარი?! — მერე რა, ნამცხვარი სხვაა. — კარგი სალომე, მაშინ გავიაროთ და ვიყიდოთ ტორტი.... სახლში რომ მივიდნენ, უცებ მილაგდნენ და იუბილარისკენ გასწიეს. თინა ბებო ეზოში იჯდა და წიწილებს საკენკს უყრიდა. შავი, მრავალგან დანაკემსი კაბა ეცვა. სტუმრები რომ დაინახა, გაკვირვებისგან აღარ იცოდა რა ექნა. მილოცვების შემდეგ, ბებო დაფაცურდა და უცებ გააწყო სუფრა. — თინა, შენები არ აპირებენ ამოსვლას? — როდის ამოსულან, ახლა რომ გავახსენდე – სევდიანად ჩაილაპარაკა მან ..... ................................................ დილით ავდექი თუ არა, თინა ბებოს საყვარელი ნამცხვრის ცხობა დავიწყე. შუადღისთვის ამოვიცვი ჩემი ყვითელი ვალინკები და გზას გავუდექი. ეზოს რომ მივუახლოვდი, დარწმუნებული ვარ ლოყები ახურებული მქონდა. ჭიშკარი შევაღე, ეზოში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. სახლის კარები ფართოდ გაეღოთ. ეზო დაგვილ-დასუფთავებული იყო. თეთრი ბებერი ძაღლი ღრენით მომიახლოვდა, მერე მიცნო და ცქმუტვა დაიწყო. სახლში შევედი. თინა ბებო სავარძელში იწვა და ფეხებზე პლედი გადაეფარებინა. სიკვდილს მოეცვა ყველაფერი. უკანასკნელიც წავიდა, წავიდა ისე, რომ უკან აღარც მოუხედავს. ძლიერი წვიმა დაიწყო, თითქოს ცა ტიროდა ყველას სატირალს. ძაღლი ყრუდ ყმუოდა, მერე თავი ჩახარა და სადღაც გაიძურწა. გასვენებიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ სახლის ჭიშკარზე აბრა დააკრეს, წარწერით ,,იყიდება“. პ.ს ამ სურათისთვის ბოდიში,მაგრამ სხვა არაფერი ამატვირთვინა და დავიტანჯე. ისეთი არაფერია, უბრალოდ მანამდელი სახეა ამ მოთხრობის. იმედია მოგეწონებათ.პირველია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.