სასრულეთი (თავი 49)
თავი 49 დავუდი ლეა წავიდა... საბოლოოდ მაინც წავიდა. განა არ შემეძლო შემეჩერებინა? მთელი ამ ხნის მანძილზე როცა მზერას მარიდებდა, ჩემგან ზურგშექცეული იწვა, მაინც ვგრძნობდი აჩქარებულ გულისცემასა და ათრთოლებულ სხეულს. დარწმუნებული ვიყავი, რომ მომენდომებინა, აეროპორტში რომ მივსულიყავი, გადავაფიქრებინებდი. მაგრამ მე ხომ უარი ვთქვი, ეგოისტი ვყოფილიყავი. საკმარისად ვავნე, საკმარისად ვატკინე, ის ტკივილები განვაცდევინე, შუა საუკუნეებში, უფლებააყრილი ქალები რომ განიცდიდნენ. ყოველივე ამის შემდეგ დარჩენა როგორ მეთხოვა. ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, ადრე თუ გვიან ისევ გადაიყრებოდა ჩვენი გზები, ახლა კი საკუთარი დაკარგული თავები უნდა გვეპოვნა, უერთმანეთოდ დაგვემარცხებინა შინაგანი დემონები. გონება მაიძულებდა დამშვიდებას, გული კი მზად იყო ყველაფერი ჯანდაბაში გამეშვა, საიდზე შურისძიებაც და თბილისკენ მიმავალი პირველივე რეისის ბილეთი ამეღო. მიჭირდა უმისოდ გათენებაც და დაღამებაც, აღარც განთიადი იყო იმედისმომცემი, და აღარც დაისი სულის განმქარვებელი. შვებას ღამეულ სიზმრებში ვპოულობდი, მხოლოდ აქ ვხედავდი, მხოლოდ აქ ვეხებოდი მის აჩრდილს, მხოლოდ აქ ვაცოცხლებდი ნაცნობ სურნელს და შეხებას. მინდოდა, სიგიჟემდე მინდოდა, ეს სიზმრები მისთვისაც გამეზიარებინა. იქნებ ყველა ამ შეგრძნებას, თავიდან განცდილს იმ საწყის წერტილამდე მიეყვანა, ერთმანეთი რომ გვაპოვნინა. ერთადერთი ხავსი, რასაც ვეჭიდებოდი კობა იყო. მას შემდეგ, რაც თინა მასთან გადავიდა საცხოვრებლად, დიდი ალბათობით ლეას ყველა ნაბიჯი ეცოდინებოდა. ამ ფიქრებით გულს ვიმშვიდებდი, კობას ზარი რომ საბედისწეროდ გაისმა. - ჩამოვიდა, როგორაა, სად არის ახლა?- სანამ პასუხს გამცემდა, სუნთქვაც კი შეკრული მქონდა. -ამოისუნთქე ადამიანო. ჯერ მომიკითხე, ვინ ვარ, როგორ ვარ. კარგადაა, აქაა ახლა თინასთან. - ხმაში შეყოვნება შევატყვე, თითქოს რაღაცის თქმა უნდა და ვერ გადაუწყვეტია, გააჟღეროს თუ არაო. - კობა, მითხარი. - ხო გითხარი. - ეგ არა, შენ ის მითხარი რასაც მიმალავ. - მცირეხნიანი შეყოვნების შემდეგ როგორც იქნა ამოღერღა: - აქ სანდროა ურთმელიძე. - მოულოდნელობისგან ტელეფონი გამივარდა. - მანდ რა ჯანდაბას აკეთებს ეგ , ლეასთან მიკარება არ გაბედოს, საიდთან როგორც კი გავასწორებ ანგარიშს, მაგასაც მივხედავ. - დამშვიდდი, როგორც ამბობს, როგორც დიდი ხნის მეგობარი ისეა მოსული. დაემშვიდობა ლეას, და უთხრა, რომ დიდი ხანია გაინთავისუფლა თავი ამ გრძნობისგან და მხოლოდ ბედნიერებას უსურვებს, როგორც მეგობარი კი გვერდით დაუდგება. ვიღაც ზალინა ახსენა. ძალიან დავახლოვდითო, მან მითხრა, რომ ჩამოდიოდიო. იცნობ მანდ ეგეთ ვინმეს? - მოულოდნელი ინფორმაციისგან გულ-მკერდის არეში ჩხვლეტა ვიგრძენი, თითქოს ზურგსუკან ლახვარი ჩამსცეს. - ზალინა? დარწმუნებული ხარ? თვალი არ მოაშორო. მისმინე, მისაღებში კამერა ისევ ხომ გაქვს, დღის ბოლოს მთელი დღის ჩანაწერი მომაწოდე. - დამიჯერე, ტყუილად ღელავ, მაგრამ მაინც ვერ გავიგე ლეა მარტო როგორ გამოუშვი ან რა მოხდა თქვენს შორის. განადგურებულია გოგო, თვალებჩამქვრალი, ვერ ვცნობ. - ერთ-ორ კვირას დავაცდი რომ ის იპოვოს, რასაც ეძებს, როცა მზად იქნება, მეც ჩამოვალ. აი, მერე რომ ხელს ჩავჭიდებ, აღარასოდეს გავუშვებ. კობასთან საუბრის მერე ორად გახლეჩილ აჩრდილად ვიქეცი. ერთი ნაწილი საიდზე შურისძიების გეგმას ამუშავებდა ბიჭებთან ერთად, მეორე ნაწილი კი ღამეებს ჩანაწერების ყურებაში ათენებდა. კიდევ კარგი, რომ თინამ თავისთან დარჩენაზე დაითანხმა. მართალია შორს იყო, მაგრამ მისი ყოველი ნაბიჯი ვიცოდი. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ სიმართლე თინასთვისაც არ უთქვამს. მართალია, საიდის მიერ გატაცებაზე მოუყვა, მაგრამ მთავარი დაუმალა. ძირითად მიზეზად კი მოიდო, გამიჭირდა იქაურ ტრადიციებთან შეგუება და დრო მჭირდება საკუთარ თავში გასარკვევადო. მართალია, თინაც ეჭვის თვალით უყურებდა ამ მიზეზს, მაგრამ არ ეძიებოდა. მანაც ჩემსავით შესანიშნავად უწყოდა, თუ თავად ლეა არ მოინდომებდა, თუ თავად არ გაიხსნებოდა, აზრი არ ჰქონდა ფუჭ, არაფრისმომცემ მცდელობებს. საღამოს ბიჭებთან ერთად გეგმის დეტალებს ვარკვევდით კარებში მამაჩემის სილუეტი რომ დავლანდე. - სალამ ალეიქუმ ბატონო ალი - მოწიწებით შემოიპატიჟა ჯემალმა. - მალეიქუმ ალ სალამ. შვილებო, მარტო დამტოვეთ ვაჟიშვილთან. - მის ბრძანებასავით გაჟღერებულ ხმაზე წამსვე დაცარიელდა ოთახი და ავისმომასწავლებელი სიჩუმე გამეფდა. ხელი გამომიწოდა, მეც ვემთხვიე და თავდახრილი დავდექი. - დავუდ, შვილო, - ფრთხილად დაიწყო, ჩანდა თითოეულ სიტყვას უფიქრდებოდა, ზომავდა და ისე აჟღერებდა - როდესაც შენ გაჩნდი, ჩემს ცხოვრებაში სინათლე შემოიტანე. შვილი ალაჰის საჩუქარია. მემკვიდრის დაბადება კი ალაჰის წყალობა ჩვენ მიერ დათესილი სიკეთისთვის. დიდება ალლაჰს, რომელმაც გვიწყალობა შვილები ჩვენდა თვალის ჩინად. ამავდროულად შვილი, მისი სწორად აღზრდა დიდი გამოცდაა, რომელსაც ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ. ალაჰის უდიდეს წყალობათაგან ერთ-ერთი შვილია, რომელიც ადამის მოდგმისთვის მიუცია. შვილი ადამიანზე ღვთის მიერ მიბარებული ამანათია, რომელსაც თვალისჩინივით გაფრთხილება სჭირდება. ყოველი ამანათი ადრე თუ გვიან თავის ნამდვილ პატრონს უნაკლოდ უნდა დაუბრუნდეს. თუ ამანათი მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგულია ან კიდე დაზანებულია მასზე პასუხისმგებელი პირი აუცილებლად საყვედურს ან სასჯელს მიიღებს. კარგად იცი, ჩვენში ვაჟს როგორი განსაკუთრებული სიყვარულით ელიან, თუმცა მოწმე ხარ, რომ მე არასდროს გამირჩევიხართ შენ და ნილაი ერთურთისგან. მშობელმა მადლიერება უნდა გამოხატოს ღვთის წინაშე, იმისათვის რომ მან ღვთისგან მიიღე ძალიან დიდი წყალობა შვილის სახით; გაუფრთხილდეს ღვთისგან შვილის სახით მიღებულ ამანათს ისე, როგორც ღვთის მიერ მობარებულ განძს; ყურანისა და სუნნეთის შესაბამისად სწორი სულიერი აღზრდა მისცეს მას; კეთილი მოუწოდოს და ბოროტი აუკრძალოს; თუკი შვილს რაიმე უბედრუება დაატყდება თავს ან მისი მონაწილეობით რაიმე უსიამოვნო საქმე მოხდება, ეს იქნება ავადმყოფობა, კატასტროფა, შვილის უხეირობა თუ სხვა ტიპის უსიამოვნება, მშობელმა მოთმინებით უნდა შეხვდეს ყველა ღვთის წერას და მოთმინებით უნდა ევედროს თავის გამჩენს ამ უბედურებისგან ხსნისათვის. - ამას ახლა რატომ მეუბნები? რაც არ უნდა მკაცრი იყო, ვიცი, რომ გიყვარვართ და ჩვენს გამო სიცოცხლესაც გაიღებ. ნუთუ ფიქრობ რომ ალაჰის სწავლება არ მახსოვს? - როგორც გითხარით, შვილი კაცისთვის ყველაფერია. თქვენ, ორივე სინათლე ხართ, მაგრამ არა პირველი. პირველი სინათლე კაცს მაშინ ეწვევა, როცა ცხოვრების მეგზურს, მთავარ სიყვარულს შეხვდება, მაშინ სამყაროს, რომელიც ალაჰმა გვიბოძა, სულ სხვა ფერები ემატება და ნათდება. საბრალოა ის კაცი, ვინც ცხოვრებას ისე გაივლის, რომ ამ სინათლეს თვალით ვერ იხილავს. ასეთი სინათლე ჩემს ცხოვრებაში სულგანათლებულმა დედაშენმა შემოიტანა. მან მასწავლა, რომ ღირსება და ვაჟკაცობა პირველ რიგში სიკეთითა და ადამიანობით განისაზღვრება. ის თქვენში აგრძელებს სიცოცხლეს მაგრამ ჩემთვის ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარად რჩება, ამიტომ… - ამიტომ მოიყვანე მეორე ცოლი? ასე ეცი მის სულს პატივი? - ახლა ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. დედაშენის ადგილს ამქვეყნად ვერავინ დაიკავებს, ალაჰისა და ერის წინაშე ის ჩემი თვალისჩინი, პირველი ცოლი იყო და ასეთად დარჩება, ვიდრე ჩემი სული მის სულს არ შეუერთდება. კარგად იცი, რომ შენი არჩევანით დიდად მოხიბლული არ ვიყავი, მერჩივნა, მორწმუნე მუსლიმი ყოფილიყო შენი ერთგული ცოლი. ყოველმა მუსლიმმა ქალი იქნება თუ კაცი ისეთ მეუღლეზე უნდა შეაჩეროს არჩევანი, ვინც მისი და მისი ოჯახისთვის სახეირო იქნება როგორც ამქვეყნიურ, ასევე იმქვეყნიურ ცხოვრებაში. მათ არამარტო მეუღლე, არამედ ისლამის გზით მავალი შვილებისთვისაც უნდა შეარჩიონ მშობელი, რომელიც მათ სამოთხისკენ მიმავალ გზაზე გაუძღვება. როგორც გლეხი მოსავლის დასათესად ნოყიერ და მოსავლიან მიწას არჩევს, ისე უნდა შეარჩიოს მუსლიმმა ახალგაზრდამ თავისი ცხოვრების თანამგზავრი და მომავალი შვილების დედა, რომელიც ისლამის წესების დაცვით სამაგალითო შვილებს გამოუზრდის. ვერასდროს წარმომედგინა არჩევანს სხვა რჯულისაზე თუ შეაჩერებდი, თუნდაც ჩვენეული გურჯი ყოფილიყო. მაგრამ ლეა მივიღე, მივიღე და მეორე შანსიც მოგეცით ერთად ყოფნისთვის. ვიცი, რომ სხვაგვარად დაგკარგავ, შეიძლება ცოლიც შეირთო, შვილებიც იყოლიო, მაგრამ იმ სინათლეს დაკარგავ ამდენი წელია ამაოდ რომ ვეძებ და დედაშენის გარდაცვალების მერე ვერ მიპოვნია. ვერ დავჯდები მშვიდად და როგორც მამა, ვერ ვუყურებ როგორ ნადგურდები. წადი, თუ გინდ გურჯთა შორის იცხოვრე, ოღონდაც კი ის სინათლე დაიბრუნე, მაგ თვალები რითაც გქონდა გაცისკროვნებული მისი ხილვისას. გაოცებული ვუსმენდი მამისეულ დარიგებას, და ვიხსენებდი, რომ ბოლოს ასეთი ნამდვილი ემოციები მის სახეზე მხოლოდ დედის გარდაცვალებისას მენახა. - მამა, არც კი ვიცი რა გითხრა. არც კი მჯერა, რომ აქ თვით ბატონი ალი გამომეცხადე და ამდენი ხნის მერე გულწრფელად, თამაშის გარეშე მესაუბრები. ალაჰმა უწყის, როგორ მინდა ყველაფერი მივატოვო და ჩემი გულის სულთანთან გავიქცე, მაგრამ არ შემიძლია. სანამ ნაბიჭვარ საიდს არ ვაზღვევინებ, ვერ მოვისვენებ. - გამომყევი.- ამოდენა მონოლოგის მიერ მძიმედ ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა. უხმოდ ავიღეთ გეზი ბაღდადის გარეუბნისკენ და ომისგან გაუბედურებულ ნანგრევებად ქცეულ ფერფლისფერ შენობას მივუახლოვდით. ირგვლივ საყოფაცხოვრებო ნივთების ნაფლეთები ადასტურებდა, რომ ოდესღაც ეს შენობა 4 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი იყო, რომლისგანაც ორი პირისაგან მიწისა აღგვილიყო და მხოლოდ ფასადის ერთი მხარე შემორჩენოდა. შუადღის მზეზე ალაგ-ალაგ ამოყრილ ასფალტს ორთქლის გუბეები დასჩენოდა, კონდიციონერიანი ავტომობილიდან გადმოსულს მხუთავი სიცხე ყელში ისე მიჭერდა, თითქოს ხელახლა მოვყევი ხანძარში და სადაცაა კვამლი გამგუდავდა. მამამ დაცვას ხელით ანიშნა, გარეთ დაგვლოდებოდა და შენობისკენ წავედით. ყველასგან მიგდებული შენობის ბნელ დერეფნებში გზას მობილურის ეკრანებით ვინათებდით. - აქ რატომ მოვედით? - ისევ მე გავბედე ხმის ამოღება. ჩემს წინ წასული მოტრიალდა და სიბნელეშიც კი ვიგრძენი ჯიხვისებრი გამომცდელი მზერა. - დავუდ, ჩემო შვილო, ცოტა ხნის წინ ტყუილად არ მოგიყევი შვილებზე, ცოლზე და იმ სინათლეზე, რაც ამ უკანასკნელთ კაცისთვის მოაქვს. - აქ გული მტკივნეულად მომეკუმშა, ალაჰის გარდა არავინ უწყოდა რამხელა ტკივილს ვიმარხავდი, მე ხომ არდაბადებული შვილის მამა ვიყავი. - ისიც გითხარი, თუ რაიმე დადებითი გამაჩნია, დედაშენმა მასწავლამეთქი. მაგრამ შენთვის მთავარი არ მითქვამს, ჩემმა სულთანმა მთავარი მასწავლა, რამაც კაცად მაქცია - ეს მიტევებაა. - ვერ გავიგე რისი თქმა გინდა. - მორწმუნე ადამიანს თავისი ცოდვები წარმოუდგენია, როგორც უზარმაზარი მთა და თვითონ ამ მთის ძირში ზის. სულ იმის შიში აქვს, რომ ეს მთა ერთ დღეს ჩამოიშლება და ქვეშ მოიყოლებს; ის, თუ როგორ მთას აღმართავ, სრულიად შენზეა დღეს დამოკიდებული. წინ ისეთ მთას ნუ დადგამ, რომ ზვავადქცეულმა შენთან ერთად შენი შვილების მომავალი დედა, ლეაც მოიყოლოს. ახლა კი იქ შედი. - ხელით მანიშნა ნახევრად დანგრეული შენობაში შემორჩენილ რკინის ჟანგიან კარზე და თავად მძიმე ნაბიჯებით გამშორდა. - მე გარეთ დაგელოდები. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა კარს მიღმა, ან რა ქარაგმებით მესაუბრებოდა. ისედაც დამძიმებულ სულს კიდევ უფრო მიმძიმებდა მისი შეგონებები. ჟანგიანი კარის სახელურს ზიზღით წავეტანე, ისიც ჭრიალით ისე გულის გამაწვრილებლად გაიღო, თითქოს წინასწარ მაცნობდა, იქით არ შეხვიდე, ცხოვრების მთავარი გამოცდა გელისო. დამპალმა ნესტის და სისხლის სუნმა ცხვირი ამიწვა და პირში მეტალის მჟავე გემო ვიგრძენი. გული წამომეზიდა და საყელო ავიფარე, სიბნელეს თვალი მოვატარე და კუთხეში ტანსაცმელშემოფლეთილი დასისხლიანებული სხეული დავინახე. ინსტიქტურად მივიჭერი, რომ დავხმარებოდი. თან ვერ ვხვდებოდი, საკუთარი მამა როდის გახდა ცივსისხლიანი, ან ის საუბარი რაღატომ დასჭირდა, რომ მისი თანამონაწილეობით ალაჰის შვილი, ადამიანი ამ მდგომარეობამდე მივიდა. -ფრთხილად გადმოვატრიალე უგონო სხეული და მოულოდნელობისგან ელდა მეცა. ეს ნაცემი, გასაცოდავებული არსება საიდი იყო. ერთ ადგილას გავშეშდი, ჩემს წინაშე ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი მტერი იდგა, არსება, რომელმაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასს მზე დაუბნელა, მოუშუშებელი იარები დაუტოვა, სულის ფერები წაართვა. სხვა დროს, სხვა ადგილას არც კი დავფიქრდებოდი, ისე გამოვასალმებდი უბადრუკ სიცოცხლეს, დიდი ამბავი, თუ დედამიწაზე ერთი ნაკლები ნაგავი იქნებოდა. ახლა, ასე უმწეოზე როგორ გამესვარა ხელი, რა ვაჟკაცობა ან ღირსების აღდგენა იქნებოდა უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვება? თუმცა შეიტანმა ისიც გამახსენა, თავად ზურგს უკან რომ მესროლა. მოღალატე ალი რიზას მემკვიდრისგან სხვას არც ველოდი. მაგრამ მე, გამამართლებდა კი მამაჩემი ან დაუდ ფაშა. აი, თურმე რატომ მესაუბრებოდა ქარაგმებით ბატონი ალი. ნიადაგს სინჯავდა, არჩევანის წინ მაყენებს და აინტერესებს აღვმართავ თუ არა ისეთ მთას, რომელიც ყველას მოგვიყოლებს, ყველას, ვინც ჩემთვის ძვირფასია. იქვე დაგდებული ბოთლით სახეზე წყალი შევასხი, რომ გამოფხიზლებულიყო და თავისი არარაობა კაცურად მაინც ეღიარებინა. იარაღი დავუმიზნე და ვაიძულე, ხმა ამოეღო. - მაინც მოხვედი ძაღლო? მეგონა ბოლომდე ძვირფას მამიკოს ანდობდი ჩემს მოკვლას. შენ ხომ სპეტაკი დავუდი ხარ, სათნო და კეთილი, სისხლგასვრილს არც ლეა მიგიღებდა. - ხრიალით ლაპარაკობდა, თუმცა მაინც განირჩეოდა ღვარძლით ამოსული სიტყვები. შემხმარსისხლიან გახეთქილ ტუჩზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. ვიცოდი, ვიცოდი, რომ არაკაცი იყავი, ქალი ყოველთვის ერთჯერად სათამაშოდ მიგაჩნდა, სხვის სიყვარულს თვალს უტიფრად ადგამდი და იმისებდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, იმ დონის ნაძირალა თუ იყავი, ქალზე ხელი აღგემართა. ვითომდა შენთვის სასურველი ქალის უარით განრისხებულს სამუდამოდ დაგედაღა მისი სული და სხეული. მითხარი, ახლა კმაყოფილი ხარ შენი უბადრუკი სიცოცხლით? ზალინასთვის იძიე ხო შური? ვერ აიტანე პოტენციური სახარჭე ხორცი რომ აგაცალე და ლეა შურისძიების იარაღად აქციე. დამპალი ხარ, ძაღლი, რომელიც საკუთარ ნეხვში უნდა ჩალპეს. - სახიდან ირონიული ღიმილი გაუქრა, თუმცა მაინც ღვარძლით სავსემ ამოთქვა: - აი აქ კი ცდები. მართალია, ზალინა კარგი ნაშა იყო, ეგზოტიკური, აკრძალული ხილი, მაგრამ მის ანგარიშს სხვა გზითაც გისწორებდი და გაგისწორებდი. აი, ლეა კი სამოთხის ის ვაშლია, ორივე თანაბრად რომ გვაცდუნა. განა შენ არ იყავი, კანონიერ ქმარს რომ გამოსტაცე? თუ წარსულის ცოდვები დაგავიწყდა? იქნებ ფიქრობ, რომ სიყვარულისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას? მაშინ რატომ გიკვირს ჩემი ქმედება? არ დაიჯერებ, მაგრამ ლეას დანახვისას პირველად ვიგრძენი ლტოლვის გარდა რაღაც სხვა. მაშინ, როცა აუზზე თამამად მოშიშვლებულს ვხედავდი, მადისაღმძვრელი სხეულის მიღმა იყო ის, რამაც მაგნიტივით მიმიზიდა. ეს შინაგანი თავისუფლება იყო, ის თავისუფლება რომელიც მე, შენ, და ერაყში გაზრდილ ყველა გურჯს თუ არაბს გვაკლია. ტრადიციებით, ადათებითა თუ გვარის მოთხოვნებით ბავშვობიდანვე რომ წაგვერთვა, ის თავისუფლება. ამიტომ იყო, რომ ვერ დაგითმე, მიუხედავად ჩვენი შუამავლებისა თუ გვარის დაჟინებული მოთხოვნისა, რომ საუკუნოვანი ქიშპი შეგვეწყვიტა. ქალით დაიწყო და ქალით მთავრდება. მაგრამ ერთი რამ იცოდე, მე ლეაზე ხელი არ ამიწევია, მაშინ, საჯაროდ ბიძაჩემის და ბიძაშვილის წინაშე რომ დამამცირა, ყველაზე მცირედი სასჯელი განვუსაზღვრე, სარდაფში ჩაკეტვა ჭკუის სასწავლებლად. იმავე ღამეს მამაჩემმა მიხმო, გზაში ვბრუნდებოდი, როცა მომხდარის შესახებ შევიტყვე. ვწუხვარ. თუ გინდა მომკალი, , ლეა მაინც აღარასდროს მიმიშვებს. - პირველად ვხედავდი ასეთ საიდს, გასაცოდავებულს, დანისლული ყორნისფერებით, რომლებიც ცრემლით ავსებოდა და წამიერად ამხელა კაცი ბავშვივით აზლუქუნებულიყო. არ ვიცი იმ მომენტში რაზე ვფიქრობდი, არც ის ვიცოდი, სიმართლეს მეუბნებოდა თუ არა. იარაღი დავუშვი და კბილებში გამოვცერი: - აქედან გააჯვი და გაფრთხილებ, არასდროს გადამეყარო. ლეას უმადლოდე შენს უბადრუკ სიცოცხლეს. დაბნეული მომჩერებოდა, თავდახრილი იმდენად მორჩილად ელოდა საკონტროლო გასროლას, რომ წამოდგომაც ვერ გაბედა. - აქედან გაეთრიე მეთქი. - მე, ასე, ამ ფორმაში როგორ. ქეჩოში წავავლე და მანქანისკენ წამოვათრიე. - აქ დატოვე, მოაკითხავენ, რატომ მოგყავს? - მამა გთხოვ, არ ჩაერიო. მადლობა ყველაფრისთვის. საჭესთან თავად დავჯექი და საიდი უკან ჩავაგდე. სხეული ცემისგან ისე დაუძლურებოდა, ზუსტად ვიცოდი მაგდენი გამბედაობა არ ექნებოდა, დაძრული მანქანიდან გაქცევა რომ ეცადა. - სად მიგყავარ. - შიშით ამოიკითხა. - ბატონ აბდულაჰთან. ნახოს ბიჭი, რომელსაც სუნეთი თავად ჩაუტარა და შვილობილად თვლის, რა ჩიტიცაა. - დავუდ არ გინდა. არასდროს მნახავ. ოღონდ აბდულაჰთან არ მიმიყვანო. - აირჩიე აბდულა ან ბაზარი. შემიძლია ბაზარში დაგტოვო. ბომჟი ეგონები და შეგიფარებენ. მიხვდა, რომ თხოვნას აზრი არ ჰქონდა. ბატონი აბდულაჰი ჯერ გაღიმებული შემეგება, თუმცა როგორც კი ავტომობილის კარი გავაღე, და იქ ცოცხალმკვდარი ნახევრად შემოფლეთილ ტანსაცმლიანი საიდი დაინახა ყელში მწვდა. - რა ჩაიდინე. მესმის, რომ მტრები ხართ, მაგრამ ასე როგორ გაიმეტე. ალაჰის წინაშე ძმები ხართ, ნუ ივიწყებ. მე ჩავატარე ორივეს სუნეთი (ერთი კაცის (ნათლია) მიერ წინდაცვეთილები ერაყის ჩრდილოეთით ალაჰის წინაშე ძმებად ითვლებიან- ავტ) - მამა-შვილურად გთხოვ, მომისმინე და მერე იმ სასჯელს მივიღებ, რასაც დამაკისრებ. საიდს გადმოსვლაში აბდულაჰის დაცვა დაეხმარა და სახლში შეუძღვა, ჩვენ კი პალმების ბაღის სიღრმეში შადრევანთან გავემართეთ, რომ საუბრის მოწმე არვინ გამხდარიყო. აბდულაჰი გაოცებული მისმენდა, წამითაც არ შეპარვია ეჭვი ჩემს სიმართლეში და ისიც კი მკითხა, თავად რა სასჯელს განუსაზღვრავო. - მამა აბდულაჰ, იცი, რომ ამ ორი საუკუნის მანძილზე საკმარისად დაიღვარა სისხლი და საკმარისად იყო ქიშპი ჩვენს გვარებს შორის. ჩემთვის საიდი უკვე ცოცხალი ლეშია, მთავარია არსად არ გადამეღობოს და ჩემი გვარის არცერთ წევრს არ ჩამოუვარდეს თმის ღერი. მშვიდობა ყველას გვურს. - ალაჰმა მშვიდობა და წყალობა არ მოგაკლოთ. გამრავლდით შენ ცოლთან ერთად, როგორც ისმაელი. ხელზე ვემთხვიე და დავემშვიდობე. დალოცვის შემდგომ მაშინვე მერიემის სანახავად გავემართე, თავიდან არ ამომდიოდა კობას სიტყვები, ვიღაც ზალინამ უთხრა ლეას ადგილსამყოფელი სანდრო ურთმელიძესო. ერთადერთი ზალინა მერიემი იყო, რომელმაც ჩვენთან გადმოსვლისთანავე უარი განაცხადა ძველ იდენტობაზე. საიდან იცნობდა სანდროს? კითხვები არ მასვენებდა, მასზე პასუხები კი მხოლოდ მერიემს შეეძლო რომ ჰქონოდა. მერიემი, რომელიც მუდამ ლეას უკან იდგა, ამხნევებდა და უმეგობროდ დარჩენილს ზურგს უმაგრებს, მის ზურგსუკან მეგობრის ყოფილ ქმარს ინფორმაციას აწვდიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.