შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი ნაწილი 2 (სრულად)


18-11-2021, 20:39
ავტორი Impermeable
ნანახია 4 199

ფლეშბექი

თალხისფერ ღრუბლებს გადაეკრათ საციციანოს ზეცა. ავდრად მომზირალნი ბოღმით ივსებოდნენ მიწაზედ დატრიალებული ცოდვის შემყურე. ტყის ხმებში დისონანსი შეჰქონდა ეტლითა და ტალახით დამძიმებული ცხენის ფლოქვების ხმას. ეტლის ორივე სარკმელი შავი ხავერდის ფარდით დაბურათ. მხოლოდ შუაღამე, მეეტლე და ტყის ბინადარნი იყვნენ მოწმე მოულოდნელი სტუმრის გამოჩენისას.

სახეზე ჩიხტიკოპის ფატა ჩამოეფარა და ცრემლებისთვის სრული გასაქანი მიეცა. ოდესღაც ესოდენ დამახასიათებელი მედიდური და ამაყი მზერა წყვდიადს დაეკავებინა და ის ღიმილიც სამუდამოდ აღეკვეთა, ბავშვობაში ანცად რომ დასთამაშებდა. მონაცვლეობით ტივტივდებოდა გონებაში ის მოგონებები, რომლის გამოც მშობლიური მხარე ეძვირფასებოდა. მშობლიური მხარე, რომლისთვისაც ახლა დაფარული უნდა ყოფილიყო.

იფნისის მისადგომებს მეეტლემ სვლა შეანელა და არაქათ გამოცლილმა ცხენებმაც შვებით ამოისუნთქეს.

- ბატონო, დარწმუნებული ხართ?
- ნუ ღელავ, სვიმეონ, აქედან მარტო გავაგრძელებ.

ერთიანად შავ კაბაში მოსილმა, ზემოდანაც შავი მოსასხამი მოისხა და ქურდივით შეიპარა მშვიდ ძილს მიცემულ სოფელში. მიუყვებოდა შარას ღირსებაშელახული, პატივაყრილი და შერცხვენილი, გულში დედა ღვთისმშობელს ევედრებოდა სულიერს არავის არ გადაყროდა. ახსენდებოდა ბავშვობის ოინები, რამდენჯერ შეუშინებია შებინდებისას თამაშით დაღლილს ამ გზად დათუნას, ჭინკა ვარო. ნეტავ ახლაც აქ ყოფილიყო, ნეტავ შესძლებოდა ძუძუმტეს დობილის დახსნა.

ისევ ისე იდგა ძიძისახლიკარი, როგორც ბავშვობაში. წამით ისიც გაიფიქრა, ეს ყოველივე მხოლოდ ცუდი სიზმარია და რომ გაიღვიძებს წყაროს მოუყვებოდა ძიძასთან ერთად, მაგრამ ამაოდ. ყეფით გამოეგება შავა, მოფერებით გაუწყრა, ჩუმად, მასპინძელნი არ გავაღვიძოთო და არც კაბას გამიკრა კბილიო.

ყეფაზე კარი ღრჭიალით გაიღო და წელში ოდნავ მოხრილი თავსაფრიანი ქალი გამოვიდა.

- სამტროდ მოხველ თუ მოყვრად?- ძილისგან შეცვლილი ხმით გამოსძახა სტუმარს.

- დედილო, მე ვარ, ანა.

- თავადისასულო? - უფალო, რით მომმადლე ეს სიხარული? ამ დროს აქ რამ მოგიყვანათ შვილო? ეტლი გაცუდდა? ბატონიშვილი სადა ბრძანდება? მობრძანდით და კეთილად მიიღეთ დედაბრის მასპინძლობა.

- დედილო, აქ მარტოკა მოველ მეტადრე სასიცოცხლო საქმეზედ. დედილო, ფეხქვეშ მიწა მეწვის და ცოდვის ანგელოზნი მახვევიან გარს.

- ანა, შვილო, მაშინ, აქ მოდი შემოგხედო. - წამით დაივიწყა მარიამმა წოდებრივი მიმართვები და შეშფოთებულმა გაათავისუფლა თავისი ძუძუის რძით გაზრდილი მოსასხამისგან. ცრემლებისგან დაეღარა დარდიანი ნაოჭებით დაფარული სახე. თავადის ასული ანა მის წინაშე განადგურებულიყო და ძველებური დარბაისლური მედიდურობა სადღაც გაცამტვერებულიყო.

- ბატონიშვილს ისევ უთამაშნია. ამჟამად მხოლოდ მამულების დაგირავებამ ვერ უშველა, მოვალენი სასახლეს მოვარდნენ და ყოვლად უხამსი წინადადება შესთავაზეს ჩემთან ღამის სანაცვლოდ დასტურ-ლამათი გამოექვითათ ყველა ვალი.

- მიწა კი გამისკდეს. მერმეთ ბატონიშვილმა რა ბრძანა?

-იძულებულია გვირგვინი დააგირაოს, თან მამისეულ თავსამკაულს მთხოვს. თუმცაღა ვეჭვობ, თავსამკაული არა თავისთვის არამედ ხარჭისთვის უნდა. მეტადრე სამწუხაროდ, რაც უნდა ვჰმალო, ყოველი სულიერისთვის ცნობილია ბატონიშვილის ღრეობისკენ მიდრეკილი ჩვეულებანი.

- ბატონმა აქედან წაყვანისას რომ გისახსოვრათ ზურმუხტის პეპლით, იმ სამკაულზეა საუბარი?

-სწორედაც მიმიხვდით დედილო. ახლა ჰხედავთ, რა ცეცხლშიცა ვიწვი. ჩემს სახელის შერცხვენას ბატონიშვილს სისხლად ამოვადენ.

-ცხელ გულზე არაფერი მოიმოქმედო, ანა… - ვაჟმონატრებულ მარიამ მანელიშვილს შიში მოჰგვარა თავადისასულ ანა ორბელიანის თვალებში გამკრთალმა შურისძიების სხივმა.

***

დავუდი

ხელზე ვემთხვიე და დავემშვიდობე. დალოცვის შემდგომ მაშინვე მერიემის სანახავად გავემართე, თავიდან არ ამომდიოდა კობას სიტყვები, ვიღაც ზალინამ უთხრა ლეას ადგილსამყოფელი სანდრო ურთმელიძესო. ერთადერთი ზალინა მერიემი იყო, რომელმაც ჩვენთან გადმოსვლისთანავე უარი განაცხადა ძველ იდენტობაზე. საიდან იცნობდა სანდროს? კითხვები არ მასვენებდა, მასზე პასუხები კი მხოლოდ მერიემს შეეძლო რომ ჰქონოდა. მერიემი, რომელიც მუდამ ლეას უკან იდგა, ამხნევებდა და უმეგობროდ დარჩენილს ზურგს უმაგრებს, მის ზურგსუკან მეგობრის ყოფილ ქმარს ინფორმაციას აწვდიდა.

თვალს არ ვუსწორებდი დადშეგულებულის ნაღალატევ ისარს, გონებაცა და გულიც მყისიერად უარყოფდა ზურგში ნაცემ ლახვარს, მერიემი, რომელსაც მრავალჯერ დაუმტკიცებია უპირობო ერთგულება, ყველა ხელთ არსებული წყაროთი, საიდის შემდეგ უდიდეს მტერთან, ლეას ქმარყოფილთან ჯაშუშად ქცეულიყო, მაგრამ მტკიცედ მჯეროდა, რომ მისი მოსმენის გარეშე ყველა გადაწყვეტილება აფეთქებული გულის მიერ საღ გონებაზე გამარჯვება იქნებოდა.

- სალამ ალეიქუმ. - ჩვეული თავაზიანი პირფერობით შემომეგება დედინაცვალი. - როგორ მიხარია შვილო შენი დაბრუნება. ახლავე ვაცნობებ ბატონ ალის.

- მალეიქუმ ალ სალამ. მადლობა მოკითხვისთვის. არ არის საჭირო ბატონი ალის შეწუხება. თავად ვეახლები. მერიემი სად არის?

დამაკმაყოფილებელი პასუხის მოსმენის შემდგომ ქალთა მოსასვენებლისკენ გავეშურე, სადაც მერიემი ნილაის რუსულ ენაში ამეცადინებდა.

- ძმაო, როგორ მიხარია შენი ნახვა. ჩემს დანახვაზე ნილაი წამოფრინდა და ყელზე ჩამომეკიდა.

- ნილაი, უკვე დიდი გოგო ხარ, სირცხვილია უფროს ძმასთან ესე მოქცევა. - დატუქსვაც მიიღო მერიემისგან.

მონატრებული დის მოკითხვით გულშეჯერებულმა ვთხოვე, მერიემთან მარტო დავეტოვებინე, მანაც გაკვირვებულმა დამიტოვა ბოლო მზერა, რაც ლეა გავიცანი, სასახლეში მერიემთან მარტო დარჩენა მართლაც არ იყო კარგი ტონი მამაკაცის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ დობილი იყო, სასახლის ბინადართათვის ის მაინც ახალგაზრდა გასათხოვარ ქალად მიიჩნეოდა.

- მერიემ, ზუსტად 15 წუთს გაძლევ თავი იმართლო და მითხრა ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდე. - მოკითხვის გარეშე პირდაპირ რომ სათქმელზე გადავედი, ჯერ მოულოდნელობისგან გაშეშდა, თვალები ცრემლით აევსო და მზერითვე შემევედრა მომისმინეო.

- ძმაო დავუდ, მე არც კი ვიცი, როგორ დავიწყო, როგორ აგიხსნა და შენამდე მოვიტანო ჩემი გულდარდი. შენ იმ დროს შემიფარე, ცოცხლად სიკვდილისთვის განწირულს მაშინ გამომიწოდე დახმარების ხელი, როცა ირგვლივ ყველამ, საკუთარმა ოჯახმაც კი ზურგი მაქცია. ახლაც მხოლოდ ერთს გთხოვ, როგორც მაშინ მომისმინე, ახლაც რაც არ უნდა გითხრა, დამასრულებინე ჩემი მონოლოგი და მერე შენს გადაწყვეტილებას დავემორჩილები. - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ვანიშნე, საუბარი გაეგრძელებინა.

- მე სადაც გავიზარდე იქ, ქალები მამაკაცის თვალთაგან მაქსიმალურად დამალული ჰყავდათ. შენ წარმოიდგინე, ღვიძლ დეიდაშვილებსაც კი ჩადრის გარეშე 12 წლის მერე არ ვუნახივარ. ასეთ გარემოში საიდის გამოჩენა ნებისმიერი იქაური გოგონასთვის კონკიას ზღაპარს ჰგავდა. მეც მისი ეშხით მოხიბლული გულმოდგინედ ვაწყობდი ოცნების კოშკებს, სანამ ერთ დღესაც ხუხულასავით თავზე არ ჩამომენგრა. მერე შენ გამოჩნდი, როგორც რაინდი მიხსენი სატანჯველისგან და მეც კიდევ ერთხელ ვიწამე ზღაპრების. და მე შენ შემიყვარდი, უფრო სწორად შენში ჩემი ბავშვური გულუბრყვილო ოცნებები შემიყვარდა იდეალურ პრინცზე. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე დად მიმიღე, სადღაც გულის სიღრმეში არ ვკარგავდი იმედს, რომ ოდესმე შენც როგორც ქალს აღმიქვამდი, ვცდილობდი ყველაფერი შემემეცნებინა, მტვერსასრუტივით შემესრუტა ახალი ინფორმაციები და ცოდნა, მხოლოდ ასე თუ გავხდებოდი შენი ღირსი. მერე კი, მერე ლეა გამოჩნდა და შენი მისდამი მზერისას მაშინვე გავაცნობიერე ღრუბლებს აზიდული ოცნებების აბსურდულობა. დანახვისთანავე ლეა ამ ბრძოლაში გამარჯვებულად გამოვაცხადე და მასთან დაახლოებით სამუდამოდ მოვიჭერი შენამდე, როგორც მამაკაცამდე მოსასვლელი ყველა გზა. არ ვიცი ჩემი ისევ გჯერა თუ არა, ისევ მენდობი, თუ არა მაგრამ დამიჯერე, ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი თითოეული ნაბიჯი ლეას საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდა. შენ რომ მოგესმინა როგორი აღტაცებით საუბრობდა ალესანდროზე, როგორ ტკიოდა და იტანჯებოდა, შენც მისი ზრახვების მოზიარე გახდებოდი. ჰო, მე დავეხმარე ალესანდრომდე ხმის მიწვდენაში, მე დავეხმარე გაქცევაში, რადგან გულის სიღრმეში მეგონა, რომ შენი სურვილი ლეასადმი იმდენად ძლიერი იყო, თავს ვეღარ გააკონტროლებდი და საბედისწერო შეცდომას დაუშვებდი, მის სხეულს მისი ნების გარეშე შეეხებოდი და სულს დაუსახიჩრებდი, როგორც ეს მე საიდმა გამიკეთა.

- თავად თუ გჯერა რასაც ამბობ - ხმა გამებზარა- როგორ დაუშვი გონებაშიც კი რომ მას მის ნების წინააღმდეგ რამეს დავუშავებდი.

- მე გხედავდი. შეგიძლია საკუთარ თავს მოატყუო, მაგრამ მე ვერა ძმაო დავუდ. იმდენად შეპყრობილი იყავი ხელშესახები ოცნებით, რომ თავს ვერ აკონტროლებდი. გხედავდი, როგორ იპარებოდი მალულად მის ოთახში და მძინარეს საათობით უყურებდი, ზოგჯერ ეფერებოდი კიდეც, დიდი შანსი იყო, ერთხელაც მოთმინების ძაფები გაგწყვეტოდა. მე დღემდე მჯერა, რომ მაშინ სწორად მოვიქეცი, რომ არა ლეას გაქცევა, ის ვერასდროს გაერკვეოდა საკუთარ გრძნობებში და მის თვალში მოძალადედ დარჩებოდი, რომელმაც საყვარელ მამაკაცს დააშორა. მას მერე ალესანდროსთან მქონდა კომუნიკაცია, ისიც მარწმუნებდა, რომ თავისი სიყვარულის გადასარჩენად იბრძოდა. ყველაზე საშინელი რამ კი, რასაც ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს ის იყო, რომ მის შიკრიკად ვიქეცი. მე მივეცი ალესანდროს შენი ნომერი, როცა ლეა ყავდა წაყვანილი, მხოლოდ მისი დაბრუნებისას შევიტყვე, რომ თურმე იძულებით ჰყავდა გამოკეტილი. ვერ აღგიწერ, როგორ განვიცადე, ვერც შენ, ვერც ლეას თვალებში ვეღარ გიყურებდით, თავი უკანასკნელი მოღალატე მეგონა, რომელმაც მისთვის ძვირფას ადამიანებს ზურგში ლახვარი დასცა. პასუხს ალესანდროს ვთხოვდი და ამასობაში გავაცნობიერე, რომ ისიც ზუსტად ჩემნაირი იყო, მარტოსული, სიყვარულისგან გულგატეხილი, შინაგანად კარგი, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებული ადამიანი. შენ ვერ წარმოიდგენ ალესანდროს როგორი მადლიერი ვარ. მან ჩემი უმცროსი და გამოისყიდა, 13 წლის ასაკში გათხოვებას გადაარჩინა და თბილისში წამოიყვანა. მისი წყალობით დღეს ჩემს დას მიზნადქცეული ოცნებები აქვს, სწავლობს, განათლებას ღებულობს, და მომავალს იმედის თვალით შეჰყურებს. რაც არ უნდა თქვა, რაც არ უნდა მოიმოქმედო, მხოლოდ ამ საქციელის გამო მაინც ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერი.

- შეგეძლო ჩემთვის გეთქვა... - ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი მერიემის ნაამბობს.

- შენ და ლეას საკმარისად გაგირთულეთ ისედაც ცხოვრება. აი, ალესანდროს კი მართლაც წამალივით ჭირდებოდა რაიმე მისია, მიზანი, რომელზეც ყურადღებას გადაიტანდა და ბრაზი არ დაახრჩობდა, არ გაბოროტდებოდა. ეხლაც, ლეას ჩასვლის შესახებ მხოლოდ იმიტომ შევატყობინე, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ლეა იქ უსაფრთხოდ იქნებოდა. ალესანდრომ შეძლო და საკუთარ შინაგან დემონებს გაუმკლავდა. იმედია შენც შეძლებ იგივეს და შურისძიების წყურვილს უფლებას არ მისცემ, გული და გონება დაიმონოს.

გამეხებული ვიდექი და უაზროდ შევსცქეროდი მერიემს.

- დავუდ, ძმაო, რამე მითხარი გთხოვ. იყვირე, ოღონდ რაიმე მითხარი, მისაყვედურე თუნდაც.

- წადი.

- რა თქვი?

- წადი მერიემ. შენ თავისუფალი ქალი ხარ. დროა საკუთარ ცხოვრებას თავად მიხედო. როგორც ვხედავ, ჩემი მფარველობის გარეშე მშვენივრად შეგიძლია “საქმეების” მოგვარება. შეგიძლია შენი დანაზოგი აიღო და საქართველოში წახვიდე შენს დასთან, ოღონდ ერთი პირობით, მე და ლეას აღარსადროს მოგვიახლოვდე.

- რას ამბობ? ვერ დაგკარგავთ. თქვენ ჩემთვის ყველაფერი ხართ. რა დანაზოგი?
შენს სახელზე ანაბარია გახსნილი, ჩემთან ოფისში მიდი და ყველა საჭირო საბუთს მოგცემენ, ამით დავასრულოთ.

კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მერიემი თუმცა უკანმოუხედავად გამოვედი ოთახიდან და ჩვენს როგორც ლეა იტყოდა, ფლამინგოსფერ სახლში ჩავიკეტე. გონება, გული, სხეულის თითოეული უჯრედი ილტვოდა ლეასკენ, მისი სურნელი ჯერაც რომ შერჩენოდა საწოლზე უდიერად მიყრილ ბალიშებს. აქ თითქოს კედლის თითოეული დეტალი გაჟღენთილიყო ლეათი. აქ გატარებული ცეცხლოვანი ღამეები, ლეას მიერ შესრულებული ვერშესადარები მუცლის ცეკვა, ვნების მორევში ახდენილი სექსუალური ფანტაზიები, მისი კისკისის ხმა ყურებში ჩამესმოდა და გამომწვევად მიხმობდა თავისთან. მზად ვიყავი, პირველივე რეისით წავსულიყავი თბილისში, მაგრამ ჰქონდა კი ლეას ანალოგიური მზაობა ჩემთან შეხვედრის? ეს მაფერხებდა და ამყრალებული თოკით მიკრავდა ხელ-ფეხს. ერთადერთ გზად მოლოდინის უსასრულო წუთებთან გამკლავებისთვის მედინაში წასვლა დავისახე. დაუდ ფაშას საფლავსა თუ დაუდიეს ბაღში ყველაზე მეტად ვგრძნობდი ჩემს წინაპართან უხილავ კავშირს და საბედისწერო სიყვარულის მფარველობის თავსაბურავით შემოსვას. სწორედ იქ შევძლებდი აზრების დალაგებასა და ლეამდე მისასვლელი სწორი გზის პოვნას.

***

ლეა

ერთი თვეა დედამიწაზე საკუთარი ნავსაყუდელი დავკარგე. ერთი თვეა ყველგან გავურბივარ დავუდის მონატრებას და პირდაღებული ჭრილობების მოშუშებას ამაოდ ვცდილობ. ვერავინ და ვერაფერი მშველის, ვერც თინას და კობას მცდელობები, ვერც დედას აქამდე წარმოუდგენელი მზურნველობა, ვერც ალესანდროს სინანული და პატიების თხოვნა მეგობრებად დარჩენის პერსპექტივით. მტკივა, სხეულის და სულის ყოველი უჯრედი მტკივა ჩემი ნახევრის გარეშე. თითქოს გული ამომაცალეს და ბოროტმა ჯინებმა უდაბნოს ყველაზე ღრმა ქვიშაში ჩაფლეს, ხოლო სკივრის გასაღები ისევ დავუდს აჰკიდეს. მეგონა ძლიერი ვიყავი, მეგონა გამათრახებაზე უარესი ვეღარაფერი დამემართებოდა, მაგრამ დავუდისგან გაქცევა სხვა არაფერი იყო, თუ არა საკუთარი თავისგან გაქცევა. წამოსვლის წინ თავადვე გადავიჭერი ყველა უკან დასაბრუნებელი გზა და ერთადერთ სახსოვრად ზურმუხტისპეპლიანი თავსამკაული დავიტოვე. მართალი იყო ალესანდრო, როდესაც ამბობდა, რომ ცხოვრება სასრული გეომეტრიული მწკრივია, ხოლო ცხოვრების თითოეული ეტაპი თითოეული წევრი. ჩემი ცხოვრება შორსაა დადებითი სასრული მწკივისგან, უფრო ნიშანმონაცვლეობითია, რომლის წევრებს რიგრიგობით დადებითი და უარყოფითი ნიშნები აქვთ. და თუ ალესანდრო დასრულდა, როგორც რიგითი წევრი, დავუდის შემთხვევაში თვით დარიხლეს თეორემაც კი უძლური იყო აღმოეჩინა დადებითი იყო თუ უარყოფითი, თუმცა კი ერთი რამ ცხადი იყო, სწორედ დავუდი იყო ჩემი სასრული მწკრივის ბოლო წევრი და ერთადერთი გასაღები საუკუნო ბედნიერებისა ან ტანჯვისა რიცხვების სასრულეთში.

მას შემდეგ რაც საკუთარი ცხოვრების ამაოებაზე ბოთლის კამპანიაში ფიქრისას ოთახიდანაც არ გამოვდიოდი და თინას ვერანაირმა ხვეწნა-მუდარამ ვერ გაჭრა, სხვა გზა რომ არ დარჩა, ბოლოს საღათას სიზმრებიდან წივი წყლის ჭავლმა გამომაფხიზლა, რომელსაც სახეში გალაწუნებაც მოჰყვა. ბინგოო! ამ ყოველივეს დადწოდებული დაქალი თინა სჩადიოდა.

- ლეა, გამოფხიზლდი. ვერ გიყურებ, უაზრო თვითგვემას მიცემული როგორ ინადგურებ შენს თავს, იმ კაცს, ასე რო აღმერთებ და ყველას, ვისთვისაც ძვირფასი ხარ.
შენნნ მე წწყალი შემასხი? - სასმლისგან გონებადაბინდულმა ძლივს ამოვღერღე.
ლეა, თუ ღმერთი გწამს, ან კოსმოსის ძალები, ან რავიცი რაც გინდა ის, გამოფხიზლდი და შენს თავს შეხედე, რას დაემსგავსე. ორი კვირაა, გადაბმულად სტაჟიანი ლოთივით სვამ და ოთახსა თუ თავში ბარდაგი მოგიწყვია. - მკლავში ხელი ჩამჭიდა და მაიძულა სარკიდან გაშტერებული გამოსახულებისთვის თვალი გამესწორებინა.

- არ არსებობს. - გაოცებისგან აღმომხდა და ჩემი სიმთვრალისგან გადაასფალტებულმა ტვინის ნაოჭებმაც მამცნო, რომ რაღაც ისე ვერ იყო. - ეს არსება მე ვარ? - სარკიდან მომზირალ თვალებდასიებული, თმაშეუღებავ და აბურძგნულ, სმისგან შესიებულ სხეულთან მხოლოდ შეჭუჭყიანებული საღამური მქონდა საერთო.

- ყველაფერს გაფიცებ, ბოლოს როდის იბანავე? - უკვე ცხვირზე იფარებდა ხელს თინა და მეც ვგრძნობდი ნენე 5 შეგრძნების დაბრუნებას სხეულში.

რამდენიმე საათიანიანი ხეხვის შემდეგ როგორც იქნა დამიბრუნდა სისუფთავის შეგრძნება. აბაზანიდან გამოსულს ოთახი დალაგებული და განიავებული დამხვდა.

- ამასაც მოვერევით ლეა. კარგად იცი, რომ არასდროს გიწონებდი არჩევანს. კულტურულად, მენტალურად და გეოგრაფიულად სრულიად საწინააღმდეგო გარემოში აღზრდილი, რაც არ უნდა პრადვინუტი ტიპი ყოფილიყო, მაინც საფრთხედ მიმაჩნდა შენთვის. მაგრამ თქვენ ორმა მგონი იმაზე მეტი გადაიტანეთ, ვიდრე ვენესუელურ-ბრაზილიურ-ინდურ-თურქული სერიალების ყველა გმირმა ერთად. თქვენი შემყურე, მეც კი, აქამდე თუ უბრალოდ მეგონა რომ კობასთან სექსი მისწორდებოდა, ახლა დავიჯერე, რომ ეს ქიმიური რეაქციები, რასაც სიყვარულს ეძახით, მართლა არსებობს და შენ წარმოიდგინე რომანტიკისიც კი ვირწმუნე. ახლა ვხედავ, როგორ იტანჯებით ორივე ცალ-ცალკე, გეგონება შუა საუკუნეები იყოს და შენ ციხესიმაგრეში გამოკეტილი პრინცესა იყო, რომელსაც ცხრათავიანი ურჩხული მართავს, და ის კიდე რაინდი, რომელიც წმინდა გრაალის მოსაპარად გაუშვეს. რატომ ირთულებთ ადამიანებო ცხოვრებას?

თინას თითოეულ სიტყვა თითქოს ისევ აბრუნებდა ნაოჭებს ჩემს ტვინში და არსებული რეალობის აბსურდულობას განგაშის ღილაკად აქცევდა, სანამ გადაწყვეტილება მომწიფდებოდა. მთელი დღე ამაოდ ვცდილობდი დავუდთან დაკავშირებას, თითოეულ მცდელობაზე სასოწარკვეთილება და უიმედობა ისევ შლიდა თავის საცეცებს. რისი იმედი მქონდა? იმ ყველაფრის მერე რაც დავუდი თავთან მედგა, უსიტყვოდ მივლიდა, ეგონა, რომ საკუთარი მზერის ღირსადაც არ ვთვლიდი. ისე წამოვედი, სიტყვა არ მითქვამს და ახლა რა, ერთ ზარზე გამოფრინდებოდა? მერიემთან ვეღარ დავრეკავდი, მას შემდეგ რაც ალესანდრომ ყველაფერი მომიყვა მათ კავშირზე, დრო მჭირდებოდა დასაფიქრებლად, შემეძლო თუ არა მისი პატიება. სულ მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ახლა კი ყველა უმწეობა ერთიანად დამეცა თავში. კარგა ხნის საკუთარი თავის უაზროდ დატუქვსის შემდეგ როგორც იქნა ჩემი გონების სიბნელეშიც გამოანათა. ნილაი, ის უთუოდ სიხარულით მეტყვის დავუდის ადგილსამყოფელსა და მდგომარეობას. რამდენიმე წუთიანი გულთბილი მოკითხვის შემდეგ არცთუ ისე სასიხარულო ინფორმაცია შევიტყვე, დავუდი მედინაში წასულიყო.

მედინა, დაუდიეს ბაღი, დაუდ ფაშას საფლავი. ნელ-ნელა მიცოცხლდებოდა მოგონებები დავუდის ნაამბობიდან. რომ არა უკიდურესი სასოწარკვეთა, დავუდი არაფრის დიდებით არ წავიდოდა მარტოსულების სავანეში. მტკიცედ გადავწყვიტე უკანასკნელად გამერისკა და მასთან ჩავსულიყავი. თუმცა ჩემი გადაწყვეტილების რეალობად ქცევა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე, ერთი შეხედვით მეგონა.

გამიმართლა, რომ საუდის არაბეთის საელჩო ახლად გახსნილიყო თბილისში. თუმცა საელჩოში პირველივე ზარის განხორციელებაზე ლამის ცრემლები წამომცვივდა უიმედობისგან. მტკიცე და შეუვალი ტონით, მამაკაცის ბარიტონმა მომითხრო, რომ ქალისთვის საუდის არაბეთის ტურისტული ვიზის დამოუკიდებლად მიღება, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. საუდის არაბეთი ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსანახულებელი ქვეყანა იყო არამუსლიმი ვიზიტორებისთვის, იმის გამო, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ორი წლის წინათ არ მოქმედებდა ტურისტული ვიზა. მხოლოდ მუსლიმებს, რომლებიც ყოველწლიურ პილიგრიმულ მსვლელობაში, ჰაჯიში იღებდნენ მონაწილეობას, ჰქონდათ ქვეყანაში შესვლის უფლება.

რეალობა შეიცვალა ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის არაბული კომისიის თავმჯდომარეს, პრინც სულთან ბინ სალმან ბინ აბდულაზიზის განცხადებების შემდეგ. თუმცა დღეის მდგომარეობით, მოქმედი რეგულაციებით ქალს აუცილებლად თან უნდა ახლდეს მამაკაცი. ზრდილობიანად დავემშვიდობე საელჩოს თანამშრომელს და არვიცი, რამდენ ხანს ვქვითინებდი დივანზე ბალიშებში თავჩარგული, კობამ რომ თავი ამაწევინა.

-ლეა, მაპატიეთ, უნებურად გავიგონე თქვენი საუბარი. მე მაქვს მოქმედი ვიზა და თუ ჩემთან ერთად შეიტანთ განაცხადს, მარტივად მოგვარდება ეგ პრობლემა.

- კობა, რას ამბობ, ჩემს გამო მედინაში წამოხვალ?

- მხოლოდ თქვენს გამო არა, ჩემი გულითადი მეგობრის გამოც. - უნებურად მოვეხვიე ამ ბრგე კეთილ კაცს, თავდაპირველად შრეკს რომ მაგონებდა, და თან მეცინებოდა, რანაირად ახერხებდა, რომ ამდენხნიანი ნაცნობობისა და მათთან ცხოვრების მერეც თქვენობით ესაუბრა ჩემთან, მისი მეგობარი გოგოს დაქალთან და საუკეთესო მეგობრის ცოლთან.

მეორე დღეს შედარებით მოწესრიგებული და მოკრძალებულად შემოსილი ბილტმორში საუდის არაბეთის საელჩოში ვიყავით ვიზის განაცხადზე. ყველა პროცედურას 2 კვირა მაინც დასჭირდებოდა, ასევე მოგვაწოდეს ე.წ. ქცევის წესების კატალოგი, სადაც გაწერილია ის 19 რეგულაცია, რომელთა დარღვევაც დამსვენებლებს ძვირად დაუჯდებათ, მათი დიდი ნაწილი სასაცილო იყო, სატირალი რომ არ ყოფილიყო. მაგალითად, საუდის არაბეთში "უხამსი ტანსაცმლის" ტარება აკრძალულია, ასეთად კი მინი კაბები მიიჩნევა. მინი კაბა არის ყველა ის კაბა, სადაც წვივი ჩანს. შესაბამისად, ქალებს ქვეყნის ქალაქებსა თუ უდაბნოში მათი ტარება ეზღუდებათ, ისევე როგორც ირანში, მანდილოსნება უსაფრთხოების მიზნით თავსაბურავები უნდა შემოიხვიონ. მამაკაცებისთვის კი რეკომენდირებულია გრძელი შარვლები. ქვეყანაში მკაცრად არის აკრძალული ღია სივრცეში სასიყვარულო ურთიერთობები, კოცნა და ა.შ. სასურველია, წყვილმა ხელის ჩაკიდებისგანაც თავი შეიკავოს. აი, ამის დამწერს როგორ წარმოუდგენია, რომ მე დავუდს რომ ვიპოვი შორიახლოს ცქერას დავჯერდები, ძალიან მაინტერესებს.!

ქუჩაში ნაგვის დაყრა, გადაფურთხება და მსგავსი ქმედებებიც ასევე სასტიკად ტაბუდადებული თემაა. უცხო ადამიანებისთვის დაუკითხავად, ფოტოს ან ვიდეოს გადაღებამ შესაძლოა, კონფლიქტი გამოიწვიოს. ალკოჰოლის მიღებაც არალეგალურია. ჰო და მთავარ, მხოლოდ დაქორწინებელ წყვილს შეუძლია სასტუმროს ერთ ნომერში ღამის გათევა.

ვიზიტორები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ წესებს არ დაიცავენ, მაღალ ჯარიმებს უნდა ელოდნონ. საელჩოს წარმომადგენელმა მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ რომელიმე რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში უცხოელ დამსვენებლებს 1500 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

წარმოდგენა არ მქონდა, ეს ორი კვირა როგორ გადამეგორებინა. ფიქრები დაწყებისთანავე ოხშივარადენილი ორთქლდებოდნენ და არაფერ ხელჩასაჭიდს არ მიტოვებდნენ. შუაღამემდე უაზროდ ვბორგავდი, ხან გვერდს ვიცვლიდი ამაოდ. ბოლოს როგორც იქნა, ჩამეძინა.

დაბურულ ტყეში მივდიოდი, ტყის შრიალს ჩემ ფეხქვეშ ნაფოტების ხმა და აქა-იქ რომელიღაც ცხოველის ყმუილი თუ აძლევდა ხმათა დისონანსს. არ მახსოვს, აქ როგორ, საიდან მოვხვდი, ერთადერთი რაც ვიცოდი ის იყო, რომ გზის გაგნებას ვცდილობდი. უკვე ბინდდებოდა და შიშიც ერთი-ორად მემატებოდა. უცებ მოხუცი ქალის ძახილი გავიგე: ლეა, შვილო, აქეთ მომხედეო. შიში უფრო გამიმძაფრდა. რატომღაც ნათლად წარმოვიდგინე კუდიანი დედაბრების ზღაპრები არცთუ ისე სასიამოვნო დასასრულით და იქვე მამლის ფეხებზე შემდგარი ქოხი, სადაც ოხშივარადენილი ქვაბი თუხთუხებდა შუა ცეცხლზე ჩემს მოსახარშად გამზადებული. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ვიღაცამ ზურგზე ხელი შემახო. მოულოდნელობისგან მთელი ხმით შევკივლე და მოვტრიალდი. ჩემს წინ შაოსანი მოხუცი იდგა სანდომიანი სახით და ერთი და იმავე ფრაზას იმეორებდა.

- თუ გინდა, რომ განთავისუფლდე, თუ გინდა რომ სინათლე იხილო, თავსამკაული მიეც წყვდიადს.

- ქალბატონო, ვერაფერი გავიგე. გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ აქედან გასვლაში.

- თავსამკაული მიეც წყვდიადს, განთავისუფლდი, მიეც წყვდიადს და იხილე ნათელი.

ერთიანად ცივ ოფლდასხმულს გამომეღვიძა. ვერაფრით ამომეხსნა უცნაური სიზმრის მიზანი. თუმცა თავსამკაულზე ერთადერთი რაც მახსენდებოდა, დავუდის ნაჩუქარი ზურმუხტისპეპლიანი თმის სარჭი იყო, ნილაი სულთნის დანატოვარი. ნაშუადღევს ისეთი დეტალი გამახსენდა, რომ მივხვდი ფაზლმა როგორ დაიწყო ფორმის მიღება ჩემს წინაშე. ფურცელი თავსამკაულის ესკიზით, რომელიც არქივში ვიპოვე, ხვედურეთის ეკლესია და იქ მოთხრობილი ამბები, რომ ეს თავსამკაული თავადისასულ ანა ორბელიანს ეკუთვნოდა და დაუდ ფაშამ ფრანგი ვაჭრისგან გამოისყიდა.

ბევრი აღარ მიფიქრია, დიდუბეში წავედი და გეზი ხვედურეთისკენ ავიღე. ისევ იმ სახლს მივადექი, რომელსაც დავუდთან და ბატონ თემურთან ერთად ვესტუმრე. როცა თავი გავახსენე, ჩემი ნახვა ძალიან გაუკვირდათ, თუმცა ეკლესიაში მისვლაზე უარი არ მითხრეს. წინამძღვარმა ისევ იგივე გაიმეორა, რაც მაშინ, არაფერი ახალი და ხელჩასაჭიდი. თუმცა დამპირდა, რომ საკურთხეველში დაცულ სკივრს კიდევ ერთხელ შეამოწმებდა, მანამდე კი დრო რომ გამეყვანა, საფლავებს შორის დავიწყე სიარული. ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ძველისძველ ქვის საფლავებზე გამოსახული ბარელიეფებისა და წარწერების წაკითხვა. ერთ-ერთ სიძველისგან გაცრეცილ ოდესღაც ქართული ვაზისმტევნიანი ნაჩუქურთმევ ქვაზე ჯერაც იკითხებოდა:

“უკანასკნელი ძღვენი დედა მარიამს ბაბილოვანის სამეფოს ბედნიერი ხელმწიფისგან. “ -
მაშინვე ლოგიკურად მივხვდი, რომ ეს უთუოდ დაუდ ფაშას დედის მარიამის საფლავი იყო.

მხარზე ხელის დადება ვიგრძენი, რომელმაც ისევ ისეთი სუსხნარევი შეგრძნება მოიტანა, როგორც სიზმარში. პირგამეხებულმა ერთადერთი პირჯვრის გადაწერაღა მოვახერხე, ისევ იმ ქალის სახეს რომ წავაწყდი, სიზმარში, უდაბურ ტყეში რომ გამომეცხადა.

- მაპატიე, შვილო, მოხუც დედაბერს, მგონი შეგაშინე.

- თქვენ, აქ, საიდან, როგორ… ენა დამება.

- შენი შეშინება არ მინდოდა, მაგრამ არც ჩუმად ყოფნა შემიძლია. ეს, ეს თავსამკაული უნდა მოიშორო შვილო, გაგაუბედურებს. სახე ჩამქრალი გაქვს, ნუთუ უკვე დაგიშავა რამე.

- უკაცრავად, ჩემი წასვლის დროა. - შეშინებული გამოვტრიალდი, რომ მოძღვრის ხმა გავიგე.

- გოგონას დაეხსენ მარო, ნუ აშინებ. - ქალიც საჩქარობლად მომშორდა.

-შვილო ჩემო, ნუ შეგეშინდება, ეს ჩვენი მოხუცი მაროა, მარტოხელაა და სიბერეში ცოტა ჭკუიდან გადავიდა, გამუდმებით რაღაც წყევლაზე საუბრობს და ვიღაცას ეძებს.

- სად ცხოვრობს მამაო, მარო ბებო?

- შენ რად გაინტერესებს საწყალი ქალის საცხოვრებელი? - ეჭვნარევი ხმით იკითხა მამაომ.

- ისე უბრალოდ, თუ მარტოხელა მოხუცია იქნებ დავითანხმო და მოხუცთა სახლში წამომყვეს, ჩემს მეგობარს აქვს ხანდაზმულთა საოჯახო სახლი და საკუთარი ბებოსავით მიხედავს.

- კეთილი გული გქონია შვილო ჩემო, აი ამ სერის გადაღმა ტყის პირას პატარა ოდა დგას, იქ ცხოვრობს.

შებინდებისას უკვე მოხუცის სახლთან ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა დამეკაკუნებინა თუ დამეძახა.

- შვილო, მანდ რამდენ ხანს უნდა იდგე, შემოდი.

დღეს ყველა შვილოს რატომ მეძახის. უკვე საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი, აშკარა იყო, თავს ძალით ავუტეხე ხათაბალა. ცოტა შიშით, მაგრამ მაინც თამამად შევედი.

- დროა დავასრულოთ დიდი ხნის წინ გასაკეთებელი საქმე. მოვასვენოთ ცხონებული ანას და მარიამის სულები.

- იქნებ ჯერ ამიხსნათ რის გაკეთებას აპირებთ?

- როგორ, შენ რა არაფერი იცი? აბა ეს თავსამკაული საიდან გაქვს, მთელი ცხოვრება შევალიე მის ძებნას.

- თუ ანა ორბელიანს გულისხმობთ, მეც ვიცი, რომ ოდესღაც ეს სამკაული მას ეკუთვნოდა, ქმარმა ფრანგ ვაჭრებს მიჰყიდა, რომლისგანაც დაუდ ფაშამ გამოისყიდა. და თავის მეუღლეს აჩუქა. შემდეგ კი მემკვიდრეობით ჯერ დაუდ ფაშას შვილთაშვილის ცოლს ერგო, მერე კი მისმა შვილმა მის კანონიერ მეუღლეს, მე მისახსოვრა როგორც საგვარეულო რელიქვია.

მოხუცი წაბარბაცდა, ხელი რომ არ შემეშველებინა, უთუოდ წაიქცეოდა. შეხებისას ვიგრძენი როგორ განელია აქმვეყნიურ ტვირთს თუ ჟამთა სვლას ხორცი მისი სხეულიდან და ძვალგადაკრული ტყავი დარჩენილიყო.

- გაიხსენე, ვისაც ეს თავსამკაული ჰქონდა, როგორ იცხოვრეს?

- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ დავფიქრებულვარ.

- სიყვარული ეღირსათ?
- კი ყველას დიდი სიყვარული ეწვია.
- და ამ სიყვარულის ნაყოფის დაგემება შეძლეს?
- კი, უბრალოდ…. ნაადრევად გარდაიცვალნენ. ნილაი სულთანი გაიტაცეს და შერცხვენას არჩია თავისი ღირსება ამგზით დაეცვა და თავი ჩამოიხრჩო. დავუდის ბებიაც ნაადრევად გარდაიცვალა, დავუდის დედა კი მეორე შვილზე მშობიარობას გადაჰყვა.
- შენ, შვილო, შენ ბედნიერი ხარ? შენ იგემე შენი სიყვარულის ნაყოფი?
- მე ვიყავი, მაგრამ ახლა შორს ვარ ჩემი სიყვარულისგან.
- მაგას არ ვგულისხმობ. - მომიახლოვდა და მუცელზე ხელი დამადო. - აქ არ გრძნობ ხოლმე სიცარიელის შეგრძნებას?
- თქვენ, თქვენ ეს საიდან იცით?
- ვერც შენ იგემე ნაყოფი. ვერასდროს იხილავ შენი სიყვარულის ლოგიკურ გაგრძელებას, სანამ ამ თავსამკაულს ატარებ. თუ შეძელი და შობე, შენ შეუერთდები წყვდიადს.
- რას ამბობთ?

- დროა სიმართლე შეიტყო, ახლა ყურადღებით მისმინე და დამპირდი, რომ ამ ღამესვე დავუსვამთ წერტილს წყევლას. თავადის ასული ანა ორბელიანი და დათუნა თქვენ რომ დაუდ ფაშად იხსენიებთ ძუძუმტეები იყვნენ ერთად გაზრდილები. რომ ცოდნოდა ანას ეს სამკაული მის ხელთ აღმოჩნდებოდა, დამიჯერე არასდროს გადადგამდა ამ ნაბიჯს და ძუძუმტეს საუკუნო ტანჯვისა და მარტოობისთვის არ გაიმეტებდა. ანას ეს თავსამკაული მამამ უსახსოვრა და როცა ბატონიშვილს ცოლად გააყოლეს თან წაიღო.მიუხედავად ანას თვალისმომჭრელი სილამაზისა და სათნოებისა, ბატონიშვილი ერთი გათამამებული მემკვიდრე იყო, რომელიც მეუღლეს არად დაგიდევდათ, დროსტარებასა და თამაშს გვირგვინიც კი ლამის გადააყოლა. ანას ეგონა თავიდან, რომ თავსამკაულიც თამაშისას წააგო. სინამდვილეში ბატონიშვილს სიჭაბუკიდან ერთი გლეხის გოგო ყვარებია, რომელიც ყმა იყო და ეს თამაში და ლოთობაც მისი დავიწყებისთვის მოეგონებინა. რომ ვერას გააწყო საკუთარ თავთან და სიყვარულმა თუ ვნებამ საღერღელი აუშალა, ფარული შეხვედრები დაუწყია და ის გოგო გაუბახებია. გოგოს ქუთაისში სახლი აუშენა და მთელ ქონებას მას ახმარდა. ღირსების შელახვით პატივაყრილმა, გონება დაბინდულმა თავადისასულმა კი შურისძიების მიზნით მჩხიბავს მიმართა და სამკაულს ცხრა თაობის წყევლა დაადო, მას შემდეგ, ვინც ამ საკმაულს შეითვისებს, ჯერ დიდ სიყვარულს იგემებს, მერე კი ტრაგიკულად დაკარგავს, ვერც სიყვარულის ნაყოფის ხილვას ეღირსება. რამდენჯერაც მის დასაბრუნებლად ნაბიჯს გადადგამს, სულს და სხეულს წყვდიადს მისცემს. წყევლის დადების მერე თავსამკაული თავადისასულმა ბატონიშვილის სახელით გაუგზავნა ძღვნად გოგოს. გოგოსაც სულ თან ჰკეთებია და მთელს იმერეთს სალაპარაკოდ გაუხდია ბატონიშვილის ზნედაცემულობა. მალე ბატონიშვილის ოჯახი რუსეთს გადაასახლეს და ორსული გოგო რუს ქალაქისთავს მიჰგვარეს, რომელმაც ნამუსი აჰხადა. საწყალმა გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და სიკვდილის წინა წერილში თავსამკაული ისევ ბატონიშვილს დაუტოვა. წერილი რომ ნახეს, ბატონიშვილის მევალეებმა, თავსამკაული დასტურლამათი აიღეს და შემდეგ ფრანგ ვაჭარს მიჰყიდეს. როცა ანა ორბელიანმა შეიტყო, რომ თავსამკაულმა ძუძუმტემდე ჩააღწია, უკვე გვიანი იყო, ვერც მან და ვერ დათუნას დედამ, მარიამმა ვერ შეძლეს თავსამკაულის გამოგზავნაზე დაუდ ფაშასთვის სიტყვის მიწვდენა. წყევლამ 9 თაობა მოიცვა და უკვე ყველას გვარს შეეხო, ბატონიშვილებს, ორბელიანთ, მანელიშვილებს. მე ანას შვილთაშვილი ვარ, ჩემი და, ბებიაჩემი ყველანი ტრაგიკულად დაიღუპა, რაც ამ წყევლის შესახებ შევიტყვე, გადავწყვიტე უსიყვარულოდ ცხოვრება ამერჩია და ჩემი ცხოვრება მისთვის მიმეძღვნა, რომ წყევლა სამუდამოდ გამექრო.

- და რა არის საჭირო ამისთვის?

მოხუცმა ძველისძველი ხის ტუმბოდან გაცრეცილი ყვითელი ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო და ხმამაღლა წაიკითხა.

- ოდეს წყვდიადი გამეფდეს, მსხვერპლისა და მაწყევარის სისხლნი შეერთდნენ და წმინდა მირონით ჰქმნან ნათელი. - ბევრი დრო არ გვაქვს, უნდა ვიჩქაროთ.

ღამის 12 საათზე ეკლესიის ეზოში ვიყავით. გულაკანკალებული თეთრი ანაფორით ვიდექით და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა წინამძღვარი მოგვიახლოვდა. მერიემის საფლავს მივუახლოვდით. მამაომ თავსამკაული გამომართვა და საფლავის ქვაზე დადო. პეპლის ზურმუხტის ფრთებს მორიგეობით დაეწვეთა ჯერ მოხუცის, შემდეგ ჩემი სისხლი და მეწამულ ლაქად იქცა. მამაომ ლოცვა დაიწყო და ვიგრძენი, როგორ მეცლებოდა მუხლებში ძალა. ზურგზე არსებულმა ყველა იარამ თითქოს პირი ერთიანად დააღო და აუტანელი ტკივილი მომგვარა, მუცელი ათუხთუხებულ ქვაბს დაემსგავსა, სადაც თითქოს ჯოჯოხეთის კუპრს ხარშავდნენ, მოხუცს გავხედე რომელიც საბრალისად დაკვარჩხულიყო და გაშეშებული ისმენდა, მამაოსაც უკანკალებდა მუხლები, თუმცა ლოცვას არ წყვეტტა, როცა ცხრავე სანთელი ჩაიფერფლა, შუბლზე ჯვრის ფორმით ზეთი გვაცხო. მეც არ მახსოვს როდის, როგორ, მაგრამ პირქვედამხობილი მუხლმოდრეკილი ვიყავი და ნელ-ნელა მიბრუნდებოდა სასიცოცხლო ძალები. თავსამკაულს შევხედე და გაოცებულმა საკუთარ თვალებს არ დავუჯერე. ზურმუხტის ფრთები ერთიანად დაბზარულიყვნენ და ბზარში მეწამულ ძარღვებად გაწოლილიყო სისხლი.

- მორჩა? ახლა რა იქნება? ან ამ თავსამკაულს რა უნდა მოვუხერხოთ?

- წყვდიადი დავამარცხეთ ლეა, განთავისუფლდი. ბოროტი აწი ვერას დაგაკლებს. იმედია აწი მაინც ირწმუნებ, ლოცვაში გაძლიერდი და იქნებ ოდესმე დავუდიც მოაქციო ჩვენს რჯულზე. რაც შეეხება ამ სამკაულს, ნუღარ იდარდებ, ეკლესიას ჩვენი განგებანი გვაქვს ჯადოც განადგურებაზე. მარო, ახლა შეგიძლია შენც მშვიდად იცხოვრო, სხვათა შორის ლეას მშვენიერი შეთავაზება ჰქონდა შენთვის, იქნებ მოგესმინა.

ახლაღა გამახსენდა ხანდაზმულთა სახლი. მოხუცმა სიხარულით შეკრა მცირეოდენი ბარგი და ერთიანად სახე-ფერცვლილი დიდი ენთუზიაზმით წამომყვა. ვინ იცის, იქნებ ბერიკაცებს შორის მეც ვიპოვო დაგვიანებული სიყვარული და ქალწულად კვდომა აღარ მომიწიოსო მთელი გზა ხუმროვდა და ბავშვივით ხითხითებდა. მოხუცს გულთბილად დავემშვიდობე და დავპირდი, რომ სულ მალე დავუდთან ერთად ვესტუმრებოდი.

საღამოს თინა და კობა ისეთი გაოგნებულები მისმენდნენ, ორი დღე ჩემს ძებნაში ყველაფერი გადაექოთებინათ. მივხვდი, რომ ჩემი ნაამბობის 1 %-იც არ სჯეროდათ. თინამ სიცხის გაზომვაც დამიპირა. არც მე დავიჯერებდი, თავად რომ არ გადამხდენოდა, ამიტომ ისევ გაჩუმება ვარჩიე. ვუთხარი რომ უბრალოდ ხვედურეთში წავედი, რათა საკუთარ თავში გავრკვეულიყავი.

***

2 კვირის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ მედინაში შესვლის უფლება მხოლოდ მუსლიმებს აქვთ, დავუდის ცოლის სტატუსმა ნება მომცა ამ ქალაქში შემოვსულიყავი. მადინატ ალ-ნაბი (წინასწარმეტყველის ქალაქი) ქრისტიანთათვის დახურულია. ქუჩებში ყველგან ეტყობოდა ისლამის მკაცრი კანონების ზეგავლენა. ხელ-ფეხ შეკრულივით დავდიოდი ბურქით მოსილი ერთის მხრივ დავუდთან მოსალოდნელი შეხვედრის გამო, მეორეს მხრივ, მეშინოდა, ჩემდაუნებურად რაიმე წესი არ დამერღვია.

დაუდიეს ბაღში ისევ ყვაოდნენ საუდის არაბეთისთვის უჩვეულო ჩინური ვარდები, თეთრით მოსილი ფიგურა ქვის მოსასვენებელზე ჩამომჯდარიყო და ჰორიზონტს გასცქეროდა. ზღვისფერ თვალებში მთელი სამყაროს სევდა მოგროვილიყო. მონატრებისგან გულმა ისე მომიჭირა, წამით შევბარბაცდი. ბოლოს რაც ძალი და ღონე მქონდა მოვიკრიბე და შორიდან გავძახე:

- დავუდ, მე მოვედი.

თეთრითმოსილის განიერი მხრები წამით შედრკა, თუმცა ისევ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა.

წამში დავფარე სირბილით მისკენ დარჩენილი მანძილი და ხმამაღლა გავძახე:

- დავუდ მანელიშვილო, იცოდე, ახლა თუ არ მობრუნდები პირველივე ბილეთით თბილისში დავბრუნდები.

- არ მეჩვენები, შენ, შენ ნამდვილი ხარ. - დაბნეული შემომეგება მონატრებული მზერა, შემდეგ კი გონს ვერ მოვედი ისე ამიტაცა ხელში და დამაბრზრიალა.

- ლეა, ჩემო ლეა, არ მჯერა რომ აქ ხარ.

- დავუდ, დამსვი, დაგვიჭერენ.

აბნა ალხატიია أبناء الخطيئة (ცოდვის შვილები) ხმამაღლა დაიძახა ვიღაც მოხუცმა და მაშინვე რამდენიმე კაცი ჩვენკენ დაიძრა.

სწრაფად, გავიქცეთ- ხელი ჩამჭიდა დავუდმა ვიწრო ჩიხებში გამაქანა. რამდენიმე უბანი სირბილით მოვიარეთ და როგორც კი ერთ- ერთ შენობას მოვეფარეთ შესასვენებლად გავჩერდით. სულს ვეღარ ვითქვამდით სირბილისგან, ბურქაში სუნთქვა ისედაც მიჭირდა, მითუმეტეს ამდენი სირბილის შემდეგ. დავუდმა საჩქარობლად გადამაძრო ბურქა თავის მკლავებ ქვეშ მომიქცია და როგორც იქნა ერთმანეთს გავუსწორეთ მონატრებული მზერა ორივეს კისკისი აგვიტყდა.

ტუჩებზე თითი დავადე და ვანიშნე არაფერი ეთქვა. ახლა ამ წამს, როცა ყოველივემ დავუდის გარდა აზრი დაკარგა, თითოეული სიტყვა ზედმეტი იქნებოდა.
მონატრებულ ტუჩებს დავეწაფე და საყვარელი კაცის სხეულში ავიხლართე წმინდა ქალაქში, და არას დაგიდევდით, რომ ამის გამო შეიძლება სიკვდილითაც დავესაჯეთ. დავუდის გარეშე გატარებული თითოეული წამიც კი სიკვდილზე უარესი სასჯელი იყო.

- გახსოვს ადრე გითხარი, თუ აქ ჩემს გულში ლეა არ იქნება, მაშინ აღარც დავუდი იარსებებს მეთქი. როცა სეიდაბადში პირველად გიხილე, მაშინვე ვიფიქრე, ეს ქალი ან ალაჰის ანგელოზია და შეიტანის სასჯელი მეთქი. დანახვისთანავე შემოიჭერი გულში და ნისლად გაფანტე ყველა სხვა გრძნობა, რათა მთელი გული მხოლოდ შენი სიყვარულით ავსებულიყო. მერე ეს გული ამომჭერი და ცხრა მთას იქით წაიღე. დღეს კი მოპარული გული დამიბრუნე
.
- შენ შემიყვარე და ჩემსკენ მანამდე იარე, სანამ არ გენდე, სანამ სულის ყველაზე ფაქიზ სიმებს არ შეეხე და ჩემად არ დაგიგულე. შენ მე საკუთარი თავი მაპოვნინე დავუდ, არა სპეტაკი, არა იდეალური, არამედ ისეთივე როგორც ჩემი სახელია, ლეა, ქალი თავისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით, სათნოებებით და ცოდვებით, ახლა კი მომეხვიე, მომეხვიე და აღარასდროს გამიშვა.


***

ოქროსფერ დაისში ჩაძირულიყო წმინდა ქალაქი. "ალ მადინა ალ მუნავარაჰ" (გაბრწყინებული ქალაქი) მოწმე იყო სიყვარულისა, რომელსაც ვერც დრომ, ვერ კულტურთშორისმა უფსკრულებმა ვერაფერი დააკლო. ხალიფა ოსმანის საფლავის ახლოს, თეთრ საფლავის ქვას სისხლისფერი ჩინური ვარდი ამშვენებდა. მდუმარედ იდგნენ დავუდი და ლეა სახელოვანი წინაპრის საფლავზე და იმ პირობის შესრულებას იღებდნენ ვალად, თვით ბედნიერმა ბაბილოვანის ხელმწიფემაც რომ ვერ შეძლო.


***

ეპილოგის მაგიერ.

“მერმეთ ვითხოვთ თქვენი მოწყალე გულისაგან, რომ ლოცვით ნუ დამივიწყებთ. კაცი ქვეყანაზედ მოვა და ვენახს გააშენებს, რომ ნაყოფი მიიღოს, თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ, ვითხოვ თქვენი მოწყალე დედობისაგან, თუ შეგეძლოს, წამოსვლას ნუ დაიზარებთ, თქვენი ძე ბადადის ხელმწიფე “დაუდ-ფაშა”, 1821 წელი”.



№1  offline წევრი goddess

დასრულდა? დავიწყო წაკითხვა?

 


№2  offline წევრი Impermeable

goddess
დასრულდა? დავიწყო წაკითხვა?

კი დასრულდა შეგიძლიათ დაიწყოთ და გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები <3 <3

 


№3  offline წევრი salomea1992

არ მჯერა რომ ეს ისტორია დასრულდა, თუმცა ლოდინად ნამდვილად ღირდა heart_eyes ყველასგან განსხვავებული ისტორიაა ამ საიტზე ასევე საინტერესო დასასრულით

 


№4  offline წევრი Impermeable

salomea1992
არ მჯერა რომ ეს ისტორია დასრულდა, თუმცა ლოდინად ნამდვილად ღირდა heart_eyes ყველასგან განსხვავებული ისტორიაა ამ საიტზე ასევე საინტერესო დასასრულით

დიდი მადლობა შეფასებისთვის

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კი შეუდარებელი ნაწარმოები საინტერესო საოცარი და არც მე მჯერ რომ დამთავრდა და წყვილმა შეძლო დიდი სიყვარულის შენარჩუნება ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან ლამაზი ისტორია იყო.დიდი მადლობა❤

 


№7  offline წევრი goddess

შეუდარებელი იყო, გამართული, აზრიანი, საკმაოდ დიდი ინფორმაციის შემცვლელი და უკვე ჩემი ფავორიტი ისტორიაა ♥️

 


№8  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნესტანი
კი შეუდარებელი ნაწარმოები საინტერესო საოცარი და არც მე მჯერ რომ დამთავრდა და წყვილმა შეძლო დიდი სიყვარულის შენარჩუნება ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????♥️

უღრმესი მადლობა თქვენ რომ მოჰყევით ამ ისტორიას და მის გმირის ერთგულ მკითხველად, მუხედავად იმისა, რომ თავებს შორის ზოგჯერ ძალიან დიდი პაუზები იყო. დიდი მადლობა შეფასებისთვის heart_eyes relaxed

სტუმარი მარინა
ძალიან ლამაზი ისტორია იყო.დიდი მადლობა❤

მადლობა თქვენ heart_eyes

 


№9  offline წევრი Impermeable

goddess
შეუდარებელი იყო, გამართული, აზრიანი, საკმაოდ დიდი ინფორმაციის შემცვლელი და უკვე ჩემი ფავორიტი ისტორიაა ♥️

უღრმესი მადლობა, ძალიან მახარებს თქვენი შეფასება heart_eyes

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან აზრიანად წერთ. ძალიან მომეწონა. ხშირად გაგვახარეთ ახალ ახალი სიურპრიზებით. წერა გააგრძელეთ კარგად გამოგდით. უუკარგესია.????

 


№11  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნანა
ძალიან აზრიანად წერთ. ძალიან მომეწონა. ხშირად გაგვახარეთ ახალ ახალი სიურპრიზებით. წერა გააგრძელეთ კარგად გამოგდით. უუკარგესია.????


უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის <3 ახალი ისტორიის ატვირთვა უკვე დავიწყე და იმედია იქაც შემომიერთდებით heart_eyes

 


№12 სტუმარი სტუმარი გვანცა

მადლობა ამ საოცარი ისტორიისთვის. სულ სხვა სიუჟეტს ველოდი და არ ვნანობ სრულად დადებას რომ დაველოდე, სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვეთ. დასასრულიც როგორი კარგია.გელოდებით ახალი ისტორიით, წარმატებები თქვენ!

 


№13  offline წევრი Impermeable

სტუმარი გვანცა
მადლობა ამ საოცარი ისტორიისთვის. სულ სხვა სიუჟეტს ველოდი და არ ვნანობ სრულად დადებას რომ დაველოდე, სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვეთ. დასასრულიც როგორი კარგია.გელოდებით ახალი ისტორიით, წარმატებები თქვენ!


უღრმესი მადლობა შეფასებისთვის. ახალი ისტორიის განთავსებაც დავიწყე, უბრალოდ ჯერ თავებად იდება <3 <3 <3

 


№14 სტუმარი Სალომე

Ძალიან საინტერესო და კარგი იყო❤️ დიდი მადლობა❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი teko❤️❤️❤️

Sityvebi ar myofnis zalian magari istoriaa yvelanairad srulyofili ❤️❤️❤️ madlba didi am lamazi istoriistvis

 


№16  offline წევრი Impermeable

სტუმარი teko❤️❤️❤️
Sityvebi ar myofnis zalian magari istoriaa yvelanairad srulyofili ❤️❤️❤️ madlba didi am lamazi istoriistvis

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ <3 <3

 


№17 სტუმარი სტუმარი კრავაი

განსხვავებული, ეგზოტიკური, ემოციური ისტორია იყო და რაც მთავარია ავტორს ეტყობა ინტელექტი, რაც გამოარჩევს ამ საიტის ავტორების უდიდესი ნაწილისგან.

 


№18  offline წევრი Impermeable

სტუმარი კრავაი
განსხვავებული, ეგზოტიკური, ემოციური ისტორია იყო და რაც მთავარია ავტორს ეტყობა ინტელექტი, რაც გამოარჩევს ამ საიტის ავტორების უდიდესი ნაწილისგან.

ვერ წარმოიდგენთ როგორი კომპლიმენტია ჩემთვის ეს შეფასება. უღრმესი მადლობა. ბევრს ვფიქრობდი, დამედო თუ არა ამ პლატფორმაზე კონკრეტულად ეს ისტორია, მრავალთა შორის აქაც აღმოვაჩინე ჩემთვის საინტერესო ავტორები და სწორედ ამან მიბიძგა, ჩემს ისტორიასაც ეხილა დღის სინათლე. მადლობა

 


№19 სტუმარი სტუმარი მანანა

2 დღეა თავი არ ამიწევია, ისე ჩამითრია კითხვამ ყველაფერი დამავიწყა ???? ძალიან საინტერესო, ემოციებით დატვირთული და ისტორიული ამბებით მდიდარი ისტორიაა. მოხარული ვარ, რომ გიპოვეთ და ამავსეთ ემოციებით. მადლობა ყველაფრისთვის ♥️♥️ სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს სხვა ისტორიებსაც ♥️????????

 


№20  offline წევრი Impermeable

სტუმარი მანანა
2 დღეა თავი არ ამიწევია, ისე ჩამითრია კითხვამ ყველაფერი დამავიწყა ???? ძალიან საინტერესო, ემოციებით დატვირთული და ისტორიული ამბებით მდიდარი ისტორიაა. მოხარული ვარ, რომ გიპოვეთ და ამავსეთ ემოციებით. მადლობა ყველაფრისთვის ♥️♥️ სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს სხვა ისტორიებსაც ♥️????????

ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის ♥️♥️♥️♥️♥️♥️ შემდეგი ისტორიის ატვირთვაც დაწყებულია "დღიური ჰარემიდან" შეგიძლიათ ასე იპოვოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent