შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური ჰარემიდან, თავი 5


21-01-2022, 21:45
ავტორი Impermeable
ნანახია 1 327

თავი 5,

თოფქაფის სასახლე

მბრძანებლის ქცევით განცვიფრებული ბარბაცით მივუყვებოდი ვიწრო გაჩირაღდნებულ დერეფანს, ვითარცა რაიმე მათრობელა შარბათით ფეხარეული. მოგონებები უნდობლად ჭვრეტდნენ გონების უშორეს ხვეულებს. სწორედ ამ დერეფნის მიღმა გვირაბში ვიხილე პირველად და ჯერ კიდევ ვერ გამიცნაურებია, მისი სიცოცხლის ხსნით ჩემი თავი ვიხსენ თუ დავღუპე. ჩემის უნორჩესის გულით მთელი სიცხადით ცნობიერ ვარ რა ბეწვის ხიდზედაც დგას ბედი ჩემი მბრძანებლის გულში ჩავარდნის შემდგომ, თუმცა ამ ვითარებაშიაც კი უწინარესად ის მაფრთხობს, ესმა სულთნის ზრახვებისა რომ არა ვუწყი რა, ეგებ დედობილის ხელთ მომაკვდინებელ იარაღად ვიქცე? მიუხედავად გონებით დაუთვლელი ამაგისა, ჯერ კიდევ იჭვნეულ ვარ სულთნის წრფელის გრძნობების მიმართ მბრძანებლისადმი.

მსახურმა მაცნობა, რომ ესმა სულთანს აუდიენცია ჰქონდა მბრძანებელთან და ჰარემის მხევლებთან ერთად მომეცადა. სასახლის ამ ნაწილში სარკმელთ ფიგურულად დასერილი შირმა და რკინის სქელი გისოსები ჰქონდა „ფადიშაჰის მშვენიერი მხევლების დასაცავად“, რადგან „ეს ჰურიები სარგებლობდნენ ყველა მიწიერი სიამოვნებით, გარდა თავისუფლებისა“. თავის დროზე ხომ მეც მათთაგან ვიყავ, რომ არა ესმა სულთანი, ვინ უწყის, ეგებ ფადიშაჰის კი არა რომელიმე ფაშას ჰარემს განვემწესებინე ნაქშიდილ სულთანს. და აწ, ისევ ამ სასახლის და ქვეყნიერების მბრძანებლისადმი აშიქი ვინ უწყის, საით წარმიტაცებს ეულად დარჩენილ ლერწამს.

მოსასვენებელი დარბაზი მათრობელა შარბათის სურნელს მოეცვა. სჩანს, რაღაც სიამე გარდაგვხვდა, შარბათით გამასპინძლება მხოლოდ მბრძანებლის ოჯახის წევრებს, ვალიდე სულთანს ან იქბალთ (სულთნის ფავორიტებს) ხელეწიფებოდათ. ცნობისმოყვარე მზერა მოვავლე ქალწულთ, რომელთა შორისაც უიოლესად შევიცან ესქისარაის ჰარემის მხევალნი. გამოცნაურების შემდგომ შარბათით გამასპინძლების მიზეზიც შევბედე, რომე მეკითხა.

ჰოშიარ ჰანიმი ფადიშაჰმა წმინდა პარასკევის საღამოს იხმოო, ლახვრად დამესო გულს მათი ნაამბობი. დასაბამითვე განწირულს ჩემს ჯერ კიდევ ნორჩ გრძნობებს დავსტიროდი, როგორ შეეძლო მას ჯერ ერთ ქალწულთან არშიყი, საღამოს კი მემკვიდრის გასაჩენად მეორესთან სარეცლის გაზიარება. ისედაც ვუწყოდი, რომ ქვეყნიერების მბრძანებელი დიაურისგან განსხვავებით მრავალი მხევლის გულისა და სხეულის განმკარგავი იყო, მაგრამ ქალწულებრივი მეტისმეტის მიამიტობით მტკიცედ მსწამდა, რომე წმინდა პარასკევის დღეს ჯერ არვისთან იზიარებდა. მოარულ ხმას ქიზლარ აღამ მისცა დასტური, როს მონებს ჰოშიარისადმი ნაბოძები მბრძანებლის ძღვენი მოატანინა, მეწამული ხავერდის კაბით რომ დამშვენებულიყო ზევითგან. მედიდურად უმზერდა ჰოშიარი ჯარიეებს - ჰარემის უუფლებო მხევალთ და თავის გამორჩეულობას უსვამდა ხაზს. იჭვს, შურს, იმედგაცრუებას მოეცვა ყალბის ღიმილით შემკული ჯარიეები.

ჯარიელიკი (ქალთა მონობა) უძველესის დროიდან აღმოსავლეთს გამეფებულიყო. ოტომანთა ჰარემში პირველი მონები XII საუკუნეს, სულთან ორხანეს დროს გაჩნდნენ. მერმეთ ამისა აქამომდის, როს ჰარემსა შინა მონების ცოლებად მოყვანის ტრადიცია დამკვიდრდა, განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობდნენ ჩერქეზნი,გურჯნი და სლავნი..

ყველაზე ლამაზი მონები სულთანთან განსაკუთრებით დაახლოებულნი იყვნენ.სულთანი მათგან ოთხს მსახურებად ირჩევდა, ოთხი კი - გიუზიდე (ფავორიტი) ხდებოდა. წესით მეც და ჰოშიარიც რიგითი ჯარიეები ვიქნებოდით, რომ არა ალაჰის ნებით ჩვენს უბადრუკ ყოფაში გამოჩენილი ესმა და ბეიჰან სულთნები, რომელთაც შვილობილად შეგვითვისეს, რათა ჩვენის გამოისობით სულთნის კარზე თავისი გავლენა არ დაჰკარგვოდათ.

ტკივილიან სურათს გაზაფხულის ბაღში გავეცალე; ქალფას კრძალვით ვაცნობე, რომე ესმა სულთანს ბაღში დაველოდებოდი. ატმის, საკურას და კიდევ ჯერაც უცნობ ხეთა ყვავილებად აფეთქებულ გაზაფხულის ბაღს თეთრ, ვარდისფერ და მოლურჯო-ისსფრად დაეფინა ქულები. ყველაფერი ყვაოდა ირგვლივ. ნეტა როგორ უნდა უხაროდეს გაზაფხულის მოსვლა ამ ბაღს, როცა იქ ცრემლად იღვრებიან მხევალნი ჰარემისა, ან ეს ოქროს თევზნი როგორ უმკლავდებიან აუხდენელ ოცნებათა ტყვეობას? ან ბულბული როგორ უნდა გალობდეს, ნუთუ ისე სმენადახშულია, რომ ჩვენი გოდება არრა ესმის რა? ათასობით მხევალს ამ ბაღისთვის უზიარებინა გულისნადები, ზოგნი ნებსით, ზოგნიც ძალით რომ ჰარემის ჯარიედ გაეხადათ. განა ყველას უმართლებდა და მბრძანებლის სარეცელს იზიარებდა? არრა და არრა. იქნებ უმანკოდ დარჩენა სჯობდეს კიდეც მხცოვანი სულთნის სხეულთან შესისხლხორცებას? ესმა სულთნის სასახლეში შევიტყვე, რომ ქალწულთ, რომელნიც 9წლის ჰარემში ჯარიებობის შემდგომ სულთნის სარეცელს არ გაიზიარებდნენ, თავისუფლდებოდნენ, დიდებულ მზითვს უბოძებდნენ, სახლს ისტანბულის კარგს ალაგას, და რომელიმე ფაშას შერთავდნენ, არა ქალწულთ მზითვს და ჯამაგირს უძღვნიდნენ და ამ უკანასკნელთ შეეძლოთ წესისამებრ გადაეწყვიტათ გათხოვება ან მარტოდ დარჩენა. Ზოგი მათგანი ისევ ჰარემში დაწინაურებას ირჩევდა, აქაურ ფუფუნებას დაჩვეული, როგორც ოქროს გალიას ეთვისება იქ აღზრდილი იადონი. ჩვენი ქალფაც ერთ-ერთი ამათთაგანი გახლდათ. ათასგვარ ნატანჯ ისტორიებს იტევდა ეს სასახლე და მისნი ბინადარნი, განა ყველას ჩვენსავით უმართლებდა, ახალგაზრდა უფლისწული რომ გაეფადიშაჰებინათ?
ამ ფიქრებში გართულს ვერც წარმომედგინა, ისრედ გამეპარა ჟამთა სვლა. ღიმილშემკული ესმა სულთანი მომიახლოვდა და მახარა:

- ყოჩაღ, ბეზმიალემ, სჩანს, საუკეთესოდ შეგითვისებია გუვერნანტკების ნამეცადინები. მბრძანებელი ფრიად მოგიხიბლავს და შენი თავი მთხოვა.
წესით უნდა მეხარა ახალის ამბით, თუმცა უკანასკნელ მოვლენათა გამო ფრიად დამწუხრებულ ვიყავ.

- რად სდუმხარ? ფადიშაჰს უკვე ვამცნე რომ ჩემი რიგითი ჯარიე არ ხარ, ჩემი ფარველობის ქვეშ აღიზარდება და ისე ვერ მოგეპყრობა როგორც რიგით ხარჭას, ასრეთ რომ ეს კვირა სასახლის სტუმრები ვიქნებით, ვალიდე სულთანიც უნდა მოხიბლო და ერთი კვირის შემდგომ გადასწყდება ბედი შენი. ერთსა გთხოვ, ჰოშიარს უფრთხილდი, მას განსვენებული ფადიშაჰის მუსტაფას ქალიშვილი ბეიჰან სულთანი მფარველობს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია მამის სიკვდილი და ჩემზედაც განრისხებულ არს. მბრძანებლის გაფადიშაჰებამდე გამართა მეჯლისი და თავად შესთავაზა ჰოშიარის ხელი ფადიშაჰს. სწორედ ამიტომ არის იგი იქბალქადინი და მუცლით მბრძანებლის ორი შვილი ატარა, ალაჰის წყალობით ორთავე გოგო, დაე ალაჰმა ნუ მოასწროს მემკვიდრის ხილვას, ჯერ კიდევ რომ ლამობს ჩასახვას, თქვენ ორს შორის ვინც ბრძანებლის გულის სულთანი გახდება, ფადიშაჰის კეთილდღეობაც მასზედ იქნება.

გამეხებულ შევბრუნდი უკან. მხევალთ უკვე ჰოშიარი ჰამამში შეეყვანათ და ფადიშაჰის მისაღებად ამზადებდნენ. საგანგებოდ მორთულ მოკაზმულმა კიდევ ერთი მედიდური მზერა გვსტყორცნა და მბრძანებლის ოთახისკენ გაემართა ინაჩების თანხლებით. ცრემლები რომ უკუმექცია, ჯარიეებთან მასლაათი გავაბი გუნების გამოსაკეთებლად. მათგან ყველაზე ლაღი გულიზარი იყო, რომლის სულთანაც მაშინვე უხილავი სიმები გავაბი. გულიზარმა დეტალურად მითხრო ყველა ის ჰარემის წესი, რაზეც აქამდე მხოლოდ ყურმოკვრით მსმენოდა. პარასკევისა და შაბათის განასკუთრებულობაზე მანამდეც ეამბათ ჩემთვის. ამ დღეებში მხოლოდ ცოლებს ჰქონდათ პატივი სულთნის სარეცელი გაეზიარებინათ. დანარჩენს დღეებში კი, თუ კი მბრძანებელი ლაშქრობაში არ იმყოფებოდა, რამდენიმეს გზით შეგეძლო სულთნის გულისკარამდე მისვლა. მთავარი კი იყო, როგორმე შენი გამორჩეულობით მიგექცია მისი უდიდებულესობის ყურადღება, ისე რომ ეტიკეტი და ჰარემის მკაცრი კანონები არ დაგერღვია. ყველაზე მარტივი მბრძანებლისადმი მიძღვნილ ცეკვებში მონაწილეობა გახლდათ. თუ დაიმსახურებდი მის მზერას და თეთრ ხელსახოცს გიბოძებდა, მაშინ იმ საღამოს ოქროს გზა გელოდა მბრძანებლის სამყოფელში. ასევე პატივი დაგედებოდა, თუ სულთნისათვის შარბათის მიტანას დაგავალებდნენ. ვისაც ამ მხრივ არ უმართლებდა, ვალიდე სულთნის კეთილგანწყობის მოპოვებას სცდილობდნენ. ვალიდე სულთანს ხელეწიფებოდა კვირაში ერთხელ თავადვე ესახსოვრა რომელიმე გოგო ფადიშაჰისთვის. მბრძანებელს კი დედის ძღვენზე უარის თქმა ნამდვილად არ ძალუძდა. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იქნებოდი იქბალი (იღბლიანი), თუ ფადიშაჰი თავად შეგამჩნევდა. როგორც გულიზარმა მეტისმეტი აღტაცებით მახარა, სულთანი საჩუქარს უძღვნიდა იმ ჯარიეს, რომელთანაც ღამის გატარებას აპირებდა. საღამოს რჩეულს აბანოში უშვებდნენ, თავისუფალ და სუფთა სამოსს მოარგებდნენ, ათასგვარ ნელსაცხებლითა და სამკაულით შემკულს სულთნის სამყოფელში მიაბრძანებდნენ. იქ ის კართან იცდიდა, სანამ სულთანი დაწოლას არ ინებებდა. საძინებელში შესული, მუხლებზე დაჩოქილი მიდიოდა მის საწოლამდე და მხოლოდ მერე დგებოდა ფეხზე და სულთნის გვერდზე წვებოდა. მეორე დილას სულთანი აბაზანას იღებდა, გამოიცვლიდა და თუ მასთან გატარებული ღამე მოეწონებოდა, მონას საჩუქარს უძღვნიდა. ეს მონა შემდეგში შეიძლებოდა ფავორიტადაც ქცეულიყო. გულიზარი თავად სწორედ ამგვარს ბედზე ოცნებობდა, ვინაიდან დიდად ვერც ვალიდეს კეთილგანწყობა ვერა და ვერ მოეპოვებინა, და ვერც ქალფის და ქიზლარ აღასი, ცეკვებში რომ ჩაესვათ. ის ის იყო დავაპირე მეთქვა ჩემის ამბისა, რომ უცაბედად უკნიდან თმებში ძლიერი მოქაჩვამ და მერმედ სილის გაწვნამ ელდა დამცა და თავვერშეკავებული თავდამსხმელის ფეხრთით გავიშხლართე.

- შეითან, ალაჰმაც წყეულ გყოს. ალაჰმა ბერწად დაგაბეროს. - უშვერი სიტყვებით მლანძღავდა ჰოშიარი და თვალებიდან მრისხანების ნაპერწკლებს ყრიდა. შენი ბრალია, ყველაფერი შენი ბრალია. შენ მოხველ სასახლეში და ვინ იცის, რა ეშმას ხერხებს მიმართე. ალაჰმაც დღე დაგიბნელოს.

გაოგნებული წამოდგომასაც ვერ ვბედავდი. როცა ქიზლარ აღამ ხელი თავად გამომიწოდა, დავინახე როგორ მიათრევდნენ თითქმის შეშლილ ჰოშიარს ინაჩები.

- რა მოხდა, რას მერჩოდა? - ძლივსძლივობით ამოვთქვამდი სიტყვებს და გახურებულ მარჯვენა სახეზე ხელის შეხებას ვცდილობდი. გულიზარიც გვერდით ამომიდგა და ესმა სულთნის სამყოფელთან არსებულ მხევლების ოთახში მიმაცილეს, სახეზე მალამო მაცხეს და მამცნობეს, რომ რამდენიმე დღეში სიწითლე გამივლიდა, მანამ კი ოთახი არ დამეტოვებინა.

მეორე დღეს საუზმე გულიზარმა მომართვა, კარი მაგრად ჩარაზა და დაწვრილებით მომითხრო წინა დღის ამბნი უთქმელნი. როგორც სჩანს, მბრძანებელს ჰოშიართან სარეცლის გაზიარებაზე უარი განეცხადებიდა. ამით თავზარდაცემულ ჰოშიარს უარი სასახლესთან ჩემს გამოჩენასთან დაუკავშირებია, ვიღაცას ისიც უთქვამს ესმა სულთნის შვილობილი რომ ვარ და იწრო ჭკუით ჩასთვალა, რომ მბრძანებელში ვეცილებოდი. ამ ამბავმა რომ მბრძანებლის ყურამდე მიაღწიოს, ვერას იხილავს მის სარეცელს, ამად რომ მთელს ჰარემს ამ ამბავზედ ბაასი აგვეკრძალა.

მზე რომ სასახლის ბაღს გაუსწორდა და ოქროცურვილად შეჰღება არემარე ესმა სულთანმაც ინება ჩემი მონახულება და მხევლებს ალაგს მოსვლა იკადრა.

- მოხარული ვარ თქვენის ხილვით სულთანო, დიდად გმადლობთ, - მსწრაპლ წამოვსდექ და მის კალთას თავდახრილი ვეამბორე. უმალვე ქათქათა ლერწმის თითები ნიკაპქვეშ ამომდო და მზერა ტკივან სახეზე უკმაყოფილოდ შეაჩერა. მოკლე მისალმების შემდგომ მყისიერად მკითხა:

- რა დრო სჭირდება მოშუშებას?

- აქიმმა ათიოდე დღეო, სულთანო.

- არამც და არამც, ყოველივეს ვიღონებ, რომ ვენეციური მალამოები დაგახმაროთ. შენი დანიშნულება ნუ დაგავიწყდება. დაიხსომე, აქ ფუჭად გატარებული თითოეული დღით მბრძანებელს წელიწადით სშორდები.

მიუხედავად იმისა, რომ დიაურთა თვალში ჰარემის ბინადარი დიდად მაცთუნებელ არსებებად წარმოვუდგენივართ, პირველი რასაც აქ შევიმეცნებთ, მორჩილებაა. ამიტომ, მიუხედავად ესმა სულთნის მშობლიური მზრუნველობამოკლებული დარიგებისა, თავი ყოველივეზე მორჩილად დავუკარი და კიდევ უფრო გავმეცადინდი მალამოები მალიმალ დამეფინა.

***

ალაჰის წყალობითა თუ ვენეციური მალამოების გამოისობით მალევე მოვმჯობინდი და პირველივე ცნობაც მოვიდა ვალიდე სულთნის აუდიენციაზე გამოძახებისა. მომზადებაში გულიზარი დამეხმარა, სასახლის ბაღიდან ჩუმად დაკრეფილი ვარდით ზეთისხილის ზეთთან შეზავებით ნელსაცხებელი დაემზადებინა, რომელიც როგორც კი სახეზე ვიცხე, საოცარ სურნელებასთან ერთად ხავერდოვანი ვარდისფერით გაცოცხლდა ღაწვები. სარკეში საკუთარი გამოსახულების ხილვით ფრიად კმაყოფილმა დავსტოვე მხევლების ოთახი და ვალიდე სულთნის სამყოფელისკენ გავეშურე, თან გზად გუვერნანტკების ყველა დარიგებას ვიხსენებდი სასახლის ეტიკეტზე.

მიუხედავად იმისა, რომ ნაქშიდილ სულთანის მიერ ესქისარაიში ჩემი დატოვებით გულმოკლულ ვიყავ, ვალიდე სულთნის ხილვისთანავე თავი მშობლიურ გარემოში ვიგრძენი. ძვირფასი ხალიჩებით შემკულ კვარცხლბეკზე ოქროთი მოვარაყებულ ტახტრევანზე დედა დედოფალი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ქორფა თეთრი პირისახე ქალწულებრივი სილამაზით ყვაოდა და ვერაფრით გაივლებდი გულშიაც კი, თუ მბრძანებლის დედა ბრძანდებოდა და არა ახლად შეკოკრებული ქალწული. საოცრად შვენოდა ჰასეკი ჰიურემისდროინდელი გვირგვინი ზურმუხტისფერ თვალებზედ, ამავე ფერის ოქრომკერდით გაწყობილი კაბაც კალთებად დაშვებულიყო კვარცხლბეკზე, რომლის ფეხრთითაც მარჯვნივ ესმა სულთანი, ხოლო მარცხნივ მბრძანებლის ნახევარდები დაბრძანებულიყვნენ. მაროკოულ ყავას საოცარი სურნელებით აღევსო სამყოფელი, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმოდა მხევლის მიერ ქნარზე დაკრული ისტანბულის ცა. დანარჩენი ჯარიეეები ფეხზე მდგომი თავდახრილი ელოდნენ ნებისმიერ ბრძანებას, რომ დაუყონებლივ შეესრულებინათ.

მოწიწებით ჯერ ისლამური, ხოლო მერე ევროპული პრინცესების დარად მისალმების შემდგომ ფრიად კმაყოფილმა ნაქშიდილ სულთანმა გულთბილად მომიკითხა, დაწვრილებით გამომკითხა ესმა სულთნის სასახლეში ყოფნისას თავს გადახდენილი ამბნი, უმბნი, არაკნი და მაროკოული ყავაც შემომთავაზა. სასახლეში ამ ეგზოტიკური და ძვირფასი სასმელის დაგემოვნება მხოლოდ სულთნის, მისი ოჯახის და ფავორიტების უფლებამოსილება გახლდათ, ამრიგად ფრიად მოხიბლული ვაპირებდი მის დაგემოვნებას, რომ ესმა სულთანმა თვალით მანიშნა უარი მეთქვა.

- მშვენიერებასთან ერთად არათვალთხარბიც ყოფილა, ჭეშმარიტად რომ მბრძანებლის შესაფერისია, მშვენიერ თანხლებას გაუწევს მბრძანებელს ევროპის სამეფოთა მეფე-დედოფლების, ჰერცოგ-ჰერცოგინიებისა თუ პრინცესების მიღებისას.

ვალიდე სულთნის სამყოფელი ფრთებშესხმულმა დავსტოვე. სჩანს ნაქშიდილ სულთანს წინდაწინვე განესჭვრიტა ჩემი ღირსეულ თანხმლებად აღზრდა ესმა სულთნის გამოისობით. როგორც სჩანს, მბრძანებელი დიდად ეტრფოდა დასავლეთის ყოფა ცხოვრებას და მე მასთან ის კარიბჭე ვიყავ, რომლითაც ევროპული კულტურით ტკბობა ძალუძდა.

არ გასულა რამდენიმე დღე, რომ ქიზლარ აღამ მახარა, მბრძანებელი აუდიენციაზე გიხმობსო. ეს პირველი შემთხვევა იყო სასახლეში, როცა მბრძანებელი არა პირდაპირ სარეცლის გასაყოფად, არამედ იმ დარბაზში მიხმობდა, სადაც ღირსეულ სტუმრებს მასპინძლობდა. სასახლის ბინადართ გაოცების, აღშფოთების, რისხვის და/ან აღტაცების ტალღამ გადაუარა. უკანასკნელი რჩევა-დარიგებები მივიღე ქალფასა და ქიზლარ აღასგან და ინაჩების თანხლებით მეფის დარბაზს გავეშურე.

ვუახლოვდებოდი უზარმაზარ ჩუქურთმებით შემკულ კარიბჭეს და გული გამალებით სცემდა. მინდვრის პეპელათა და გაზაფხულის მახარობელ ჩიტთა გულისფეთქვა ჩემს მუცელს შინა შერწყმულიყო და ერთიან ცახცახს ავეტანე. წესისამებრ თავდახრილი შეველ უზარმაზარ დარბაზს შინა, რომლის ბოლოსაც დიდებული ტახტრევანი ამშვენებდა, საიდანაც შავ ხავერდის მოსასხამში გამოწყობილი მბრძანებელი იქედნურად მიხმობდა. ის ის იყო მუხლმოდრეკას და კაბის კალთაზე ამბორს ვაპირებდი რომ ფეხი კვარცხლბეკის საფეხურს წამოვჰკარ და ფადიშაჰის ფეხრთით მოწყვეტით დავეშვი. სირცხვილისგან ალმურმოდებულ თავის აწევის უნარი ცხრა მთასა და ცხრას ზღვას იქეთ გამფრენოდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ღირდა ლოდინად ეს თავი. კარგია რომ ამათი ურთიერთობა განსხვავდება და სტანდარტული ხარჭასავით არ ვითარდება. თუმცა ეჭვი მაქვს ესმა სულთანს რაღაც აქვს ჩაფიქრებული

 


№2  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნინი
ღირდა ლოდინად ეს თავი. კარგია რომ ამათი ურთიერთობა განსხვავდება და სტანდარტული ხარჭასავით არ ვითარდება. თუმცა ეჭვი მაქვს ესმა სულთანს რაღაც აქვს ჩაფიქრებული

მადლობა, რომ მომყვებით. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას წინ ძალიან საინტერესო თავებია. heart_eyes

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

ვაუ ვაუ და კიდევ ვაუუ ძალიან მაგარია მაგრამ მთლად ერთიწლითაც ნუ დაიგვიანებკიდევ რა
: ) ????

 


№4  offline წევრი Impermeable

《Sunshine》
ვაუ ვაუ და კიდევ ვაუუ ძალიან მაგარია მაგრამ მთლად ერთიწლითაც ნუ დაიგვიანებკიდევ რა
: ) ????

დიდი მადლობა, როგორც იქნა ცივილიზაციას ვეღირსე და აღარ დავაგვიანებ <3 ხვალ დავდებ ახალ თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent