მეგი პორპინსი
მეცხრე თავი ბაბუა სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და ახლახანს ჩამოვიდა ჩვენს ქალაქში. მოულოდნელად ავად გახდა და საავადმყოფოში დააწვინეს. ეტყობოდა, საქმე სერიოზულად იყო, რადგან დედა, სამსახურის ნაცვლად,მთელ დღეებს მასთან ატარებდა და საღამოს აცრემლებული ბრუნდებოდა სახლში. ერთ დღეს დედამ გამომიცხადა: – დღეს შენც მოდიხარ ბაბუს სანახავად, მიდი, ჩაიცვი! – კარგი რა, დეე! მშვენივრად ვარ მეგისთან, ბაბუას წესიერად არც ვიცნობ. ისიც კი არ ვიცი, რა ვუთხრა! – მას ძალიან უნდა შენი ნახვა, შესაძლოა, უკანასკნელადაც. აბა, სწრაფად ჩაიცვი! – მკაცრად თქვა დედამ. ჩასაცმელად რომ მივლასლასებდი, მეგის ვკითხე: – მეგი, რა უნდა გავაკეთო იქ? – ტყუილად დარდობ, შიო, დარწმუნებული ვარ, ეს შენთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება. რაიმე მოაყოლე ბაბუას. იცი, მოხუცებმა ბევრი საოცარი ამბავი იციან! თანაც ისეთები, რომ ყურებს არ დაუჯერებ და მთელი ცხოვრება გემახსოვრება. მოდი, შეკითხვები წინასწარ მოვიფიქროთ, ხელიდან არ გაუშვა ეს შანსი! – რა შანსი? – ბებრული სიბრძნისა და თავგადასავლების მოსმენის შანსი, ანუ შესაძლებლობა, ჩემო პატარავ!.. გზაში დედამ მითხრა, რომ ბაბუა თითქმის ვერაფერს ხედავდა. პალატაში რომ შევედით, ლოგინში ზურგზე იწვა და მძიმედ სუნთქავდა. ჩემი ხმა რომ გაიგონა, ღიმილით წამოიძახა: – აი, მოვიდა ჩემი ოქროს ბიჭი. მოდი, ბაბუ, მოდი! – თქვა მან ოხვრით. – თითქმის ვეღარ გხედავ, შიო, დიდი ხანია არ მინახავხარ, ალბათ, გაიზარდე, გალამაზდი... – ჰოო, რამდენიმე სანტიმეტრით გავმაღლდი...- უხასიათოდ ვუთხარი მე. მერე ბაბუამ სკოლის ამბები გამომკითხა და ღიმილით მისმენდა. უცებ ჩემი შეკითხვები გამახსენდა. მეგი მართალი აღმოჩნდა, ბაბუა ყველაზე მარტივ კითხვაზეც უჩვეულოდ მპასუხობდა. – ბაბუ, აბა თუ გახსოვს, რამდენია თერთმეტს მივუმატოთ თორმეტი? – გააჩნია, რას მივუმატებთ: თუ 11 ნაყინს 12 ნაყინს მივუმატებთ, შენც იცი, ოცდასამი გამოვა, მაგრამ თუ 11 ნაყინს 12 მარწყვს მივუმატებთ, მაინც 11 ნაყინი გამოვა, ოღონდ12 მარწყვით, არა? რას იტყვი? – გამიღიმა ბაბუამ. – არ ვიცი, ვიფიქრებ! – ოოო... ეს სწორი პასუხია. დაუფიქრებლად წამოძახება ცუდია. იფიქრე, ბაბუ, იფიქრე. თანამედროვე ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანია! დრო ადრინდელზე სწრაფად გარბის. ადამიანები ისე არიან დაკავებული ყოველდღიური საქმიანობით, რომ ხშირად ფიქრისთვის ვერ იცლიან!.. აი, ბაბუა კი, თურმე, მუდამ ფიქრობდა და ფიქრობდა... ერთხელ მოუფიქრებია, როგორ გადაეკეთებინა ძველი საბავშვო ლექსები ისე, რომ თანამედროვე ბავშვებს მეტი სიამოვნებითა და ხალისით წაეკითხათ. ერთ მათგანს თქვენც გაგიზიარებთ. ორიგინალი: ფისუნია კატა, მაგიდაზე ახტა, გადმოაგდო ვაზა, ბებო გააბრაზა. გადაკეთებული: ფისუნია კატა, მაგიდაზე ახტა, ვაზა არა, ლარნაკი, გატეხა და ჩახტა. ცოტა წაეთამაშა, შემოატყდა მგონი, სასადილო ოთახს გაუფუჭა ფონი. დაამსხვრია დოქი, მიაყოლა ყანწი, ვერ გაიგო, როგორ? (რაღა დროის აწი), ცოდოაო ბებო, ამ კატისთვის ნუ ღლით, დაიჭირეს ფისო ხულიგნობის მუხლით. ამ ლექსზე მე, ბაბუამ და დედამ ბევრი ვიცინეთ. სახლში დაბრუნებისთანავე მეგის ვუთხარი: – როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მართალი აღმოჩნდი, მოხუცებთან საუბარი საინტერესო ყოფილა. – დიახ, ნამდვილად! – მიპასუხა და ეტიკეტის ერთი წესიმასწავლა. თურმე, უფროსი როცა შემოდის და შენ ზიხარ, პატივისცემის ნიშნად, სასურველია წამოდგე სკამიდან ან წამოიწიო მაინც. ასე შემაჩვია ჩემმა ძიძამ უფროსების მოსმენას და მათ პატივისცემას. (ნაწყვეტის დასასრული) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.