შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხასრილის ტუსაღი (სრულად)


20-09-2022, 15:32
ნანახია 2 437

ელფთა სამეფოში ხასრილის ციხე-კოშკი იმ სიმაგრეებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ჯერ კიდევ უხსოვარ დროს აიგო. არავინ იცოდა დანამდვილებით როდის ჩაეყარა მიწა ან ვისმა მტკიცე ხელებმა ააგო იგი. ხასრილის სიმაგრე ელფთა სამეფოს ერთ-ერთი უცნაურობა და, ერთი შეხედვით, სასწაულიც იყო.
გარეგნულად სხვა სიმაგრეებისგან დიდად არ განსხვავდებოდა და დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა. თუმცაღა, ხასრილს ჰქონდა ის, რაც არ გააჩნდათ სხვა კოშკებს და სწორედ ეს თვისება ხდიდა მას გამორჩეულსა და არამიწიერს. არასოდეს, მისი მშენებლობის პირველი დღიდან დღემდე, ხასრილი არასდროს გატეხილა. ელფთა სამეფოში მრავალი მტკიცე საცავი, სათვალთვალო კოშკი და სიმაგრე იყო, მაგრამ ხასრილი ერთადერთი იყო. თითქოს იგი განსხვავებული და ზოგჯერ ცოცხალიც კი იყო. თითქოს თავისი, ყველასგან უხილავი, ზეცით დაპირებული მისიით გაჩნდა და უკანაკსნელ დღემდე უნდა შეესრულებინა მოვალეობა და მტკიცედ მდგარიყო.
ეს პირქუში, უძველესი და დაუდგომელი სიმაგრე ელფთა სამეფოს უკიდურეს სამხრეთში მდებარეობდა. ზუსტად ვერც ერთი წყარო იუწყებოდა მის წარმოშობას. ზოგიერთი ამბობდა, რომ სიმაგრე არა ელფების, არამედ მთის ხალხის ნამუშევარი იყო. თავისი პირქუშობითა და ამოუცნობობით, სწორედ ამ ერთადერთ ხალხს შეეძლო მისი შექმნა. ეს კოშკი, რომლის ნამდვილი ფუნქციაც კი უცნობი იყო და სიმაგრის სტატუსი მას ელფებმა მისცეს, მხოლოდ მთის ხალხის ნამოქმედარი უნდა ყოფილიყო, სწორედ ისეთივე, როგორიც მათ მიერ აშენებული სხვა გაურკვეველი ადგილები და შენობები. სწორედ ამიტომ, ელფებს მიაჩნდათ, რომ ხასრილი მთის ხალხის აგებული იყო. ამიტომ, მას ბევრი მათგანი გვერდს უვლიდა და თვალს არიდებდა, რადგან არავინ იცოდა მთის ხალხის ვინაობა, მათი მიზნები და ნაგებობები, რომელთაც კვალად ტოვებდნენ. მათი ფუნქცია და აზრი შეუცნობელი და ამოუცნობი იყო. ბევრს ხასრილიც დაწყევლილად მიაჩნდა, როგორც ისინი, ვინც იგი ააგო.
ელფებში ხასრილზე ბევრი თქმულება და ლეგენდა იყო. არსებობდა ის აზრიც, რომ, ვითომდა, ხასრილი პირველშობილმა ელფებმა ააგეს, ან, რომ ეს შენობა თავად ზეცის მიერ იყო აღმართული. ზოგიერთი ელფი მას შიშით ეთაყვანებოდა და პატივს მიაგებდა. მაგრამ ყველა, ვისაც კი ხასრილის შესახებ სმენოდა და იცოდა, ცდილობდა მისგან შორს დაეჭირა თავი და მასთან საქმე არ ჰქონოდა. ზოგიერთი ვაჭარი შიშით გზას ირთულებდა და იგრძელებდა, რათა სიმაგრეს არ გადაყროდა გზად, რადგან ფიქრობდნენ, რომ იგი ცუდ ბედსა და უბედურებას მოუტანდათ. ამიტომაც, ყველა ერიდებოდა ამ სიმაგრესთან საქმის დაჭერას. მაგრამ ცხადი იყო, რომ მთელ სამხრეთში ამ კოშკზე ძლიერი საყრდენი სამეფოში არ იყო. ნამდვილად კოშკი იყო თუ არა, დანამდვილებით ცნობილი არც ეს იყო, მაგრამ ცხადი იყო, რომ მტკიცე სიმაგრის მოვალეობას იგი პირნათლად და ერთგულად ასრულებდა. ჯერ ვერავის შეეძლო მისი დაზიანება, ამიტომ სამეფოს საზღვარი მუდამ საიმედოდ იყო დაცული და დატოვებული.
ელფთა ყველა მეფე, თავის დროს, გონივრულად იყენებდა ამ სტრატეგიულ ფუნქტს და მუდამ სადარაჯოზე და ყურადღების ქვეშ ჰქონდა. სიმაგრეც ერთგულებით პასუხობდა.
კოშკს მრავალნაირად ეძახდნენ. ბევრი მისი სახელის წარმოთქმას საერთოდაც გაურბოდა. ხასრილი ელფურიც იყო და ადამიანურიც. შავი ტბის ტომებისთვის ეს სიმაგრე აუღებელი ოცნება იყო. ასწლეულების განმავლობაში ეჭირათ მასზე თვალი, პატივს მიაგებდნენ და ადიდებდნენ, მაგრამ მასთან მიკარების გამბედაობა არასდროს ჰქონიათ, რადგან იცოდნენ, რომ იგი ელფებს ეკუთვნოდა. კოშკი ელფი მეფის იყო და სამეფოც აფასებდა კოშკს. თუმცაღა, ხალხში ბევრს მიაჩნდა, რომ კოშკი არავის საკუთრება არ იყო და ვერც გახდებოდა, რადგან ამ მიწიერებას არ ეკუთვნოდა.
შავი ტბის ხალხში ბევრი თხზულება და ამბავია ხასრილზე მიძღვნილი. ხოტბას ასხამდნენ, ადიდებდნენ და, ამავდროულად, სიკვდილივით ეშინოდათ მისი. ამიტომ სახელი „ხასრილიც“ მეტწილად ტბის ხალხისგან მოდის და იგი ელფებშიც იგივენაირად დარჩა და დამკვიდრდა. ელფებიც უმეტესად „ბნელ კოშკს“ ეძახდნენ, ძველ ელფთა შთამომავლები კი ზოგჯერ კოშკს „დაწყევლილსაც“ უწოდებდნენ, რადგან ძველი მოდგმის ელფებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ კოშკში რაღაც შავბნელი და უწმინდური ბინადრობდა.
არც ელფთა გამორჩეულ მეომრებსა და გუშაგებს უხარებდათ გულს მისი დარაჯობა და მასში ცხოვრება. არც არავის ჰქონია სურვილი კოშკის შიგნით შესულიყო და მისი ბინადარი გამხდარიყო. ამიტომაც ამ შავბნელ ადგილს მუდმივი მაცხოვრებელი არ ჰყავდა. მხოლოდ სულშეხუთული გუშაგები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და იცვლიდნენ ზნესა და გონებას, როდესაც მასში შედიოდნენ და როდესაც მას ტოვებდნენ.
ამიტომაც, თავისი სახელისა და ამოუცნობობის გამო, კოშკი მუდმივად სიმარტოვისთვის იყო გაწირული. იგი საუკუნეთა განმავლობაში ცარიელი იყო, იქამდე, ვიდრე მას პირველად თავის დღეში ბინადარი გამოუჩნდებოდა. თან, არა უბრალო ვინმე ან ელფი გუშაგი, არამედ თავად ელფთა სამეფოს დედოფალი კასალანდრა თავისი ავლადიდებით. ერთი შეხედვით, ეს თითქოს წყალობასაც ჰგავდა. თითქოს, მხოლოდ დედოფალს, თავისი სინათლითა და ბრწყინვალებით, შეეძლო ამ ადგილის წყევლის ახსნა და მისი გათავისუფლება, მასში სინათლისა და სიკეთის მოტანა.
გაურკვეველი დროით, დედოფალი კასალანდრა, თავისი მცირე მსახურებითურთ, ხასრილის სტუმარი, მისი მუდმივი ბინადარი ან სრულებით ტყვე გახდებოდა. ამ უცნობ, დაუსრულებელ დროში ან კასალანდრა შეცვლიდა სიმაგრეს, ან სიმაგრე ჩაყლაპავდა დედოფალს. ამ საბედისწერო ადგილზე დედოფლის მოსვლა იყო გამოსასყიდი და ამასთანავე, სასჯელი იმ დანაშაულთა გამო, რომლებიც მას სამეფოს წინაშე მიუძღოდა.
დღეები კვირებმა შეცვალეს, კვირებს კი თვეები მოსდევდათ თან. დედოფლისა და სიმაგრის ჭიდილი კი ერთის გამარჯვებითა და მეორის მარცხით დასრულდებოდა. უპირატესობა კი ცხადად ერთის მხარეზე იყო. რაც უფრო გადიოდა დრო, კასალანდრა სულ უფრო უფერულდებოდა, სუსტდებოდა და უძლურდებოდა. კოშკი კი ისევ ისე უდრეკად და მყარად იდგა, ფერსა და შნოს არ იცვლიდა. თავისი სიბნელითა და პირქუშობით, სიმაგრე ყველაფერს თან ნთქავდა, ყველა სულიერსა და ნებისმიერ სინათლეს ისრუტავდა. გამონაკლისი არც დედოფალი აღმოჩნდა. კასალანდრა სულ უფრო რწმუნდებოდა ტბის ხალხის რწმენებსა და თქმულებებში და მისი გონებაც უფრო ცარიელი და დაბურული ხდებოდა.
ერთ საღამოს, ისევე, როგორც დაისზე ყოველთვის სჩვეოდა, კასალანდრა ტახტზე სარკმლის წინ იჯდა და მზის ჩასვლას გაჰყურებდა. კარის გაღება და მაგიდაზე ლითონის ხმა ოთახში ყრუდ გაისმა, მაგრამ დედოფალი არ შერხეულა. უძრავი მდუმარება და შეკრული ჰაერი ბინდივით მოდებულიყო კასალანდრას ოთახსა და გონებას.
- ვახშამი მოგიტანეთ, - გაისმა სიჩუმეში დედოფლის ერთგული მსახურის, შალინურის, ხმა, - დედოფალო.
კასალანდრამ დიდხნიანი დუმილის შემდეგ თქვა:
- იცი, მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობ, რატომ გამომიშვა მეფე ერონიდასმა აქ. რატომ აქ და არა სხვაგან. თუნდაც ციხეში. ვფიქრობ, უწყვეტად ვფიქრობ და პასუხად მხოლოდ ერთი მომდის თავში. მეფემ აქ გამომიშვა, რადგან ჩემი ადგილი აქაა. დაწყევლილმა სულმა დაწყევლილ ადგილას უნდა იცხოვროს. სხვაგან არ დაედგომება. ჩემი დამძიმებული სულისა და ტვირთის ადგილი მხოლოდ აქ არის. აქ იმისთვის კი არ მოვედი, რომ ცოდვები გამოვისყიდო ან დანაშაული მოვიხადო. არც იმიტომ ვარ აქ გამოკეტილი, რომ ამ კედლებმა გონებიდან გადამიყვანონ ან გამტეხონ. აქ ვარ, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემი ადგილია აქ. მე აქაურობის მტერი არ ვარ. არც ეს ადგილია ჩემი მოქიშპე. პირიქით, ჩვენ ყველაზე კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენ მეგობრები ვართ. მოკავშირეები. საერთო მიზნები გვამოძრავებს და მსგავსი წესებით ვცხოვრობთ - ჩვენ ვანადგურებთ. ჩვენ დაწყევლილები ვართ და ჩვენს გარშემოც ყველასა და ყველაფერს ვწყევლით.
უკან მდგარმა მსახურმა პასუხად ესღა თქვა:
- თქვენ ცდებით, დედოფალო. თქვენ აქ საცხოვრებლად არ მოსულხართ. თქვენ აქ ძალების მოსაკრებად მოხვედით. თქვენი ადგილი სასახლეშია. მხოლოდ ის ადგილია თქვენი საკუთრება და ჭეშმარიტი სამყოფელი.
- დედოფალო, - ჩაეცინა კასალანდრას, - მართალი ხარ, შალინურ. დედოფლის ადგილი სასახლეშია. მაგრამ, თუკი ასეა, მაშინ რას უნდა აკეთებდეს დედოფალი კოშკში დატყვევებული. მართალია, დედოფლის ადგილი სასახლეშია. მე დედოფალი არ ვარ. მე რომ დედოფალი ვიყო, ახლა აქ არ ვიქნებოდი. მე ცუდი დედოფალი ვარ. დედოფლის ადგილი აქ არ არის. ის სასახლეშია.
კასალანდრამ თვალები დახუჭა და მზის უკანასკნელ სხივებს მიუშვირა სახე.
- ეს კოშკი ჩემი სულია, - თქვა ჩუმად.
შალინური დედოფლის გამო წუხდა. ბნელ ოთახში მიმოიხედა და ნაუცბათევად თქვა:
- უკვე დაბნელდა. სანთლებს ავანთებ.
- აქ სულ ბნელა, - მიუგო კასალანდრამ და ცის შემუქებულ სილურჯეს შეაპარა თვალი.
- მსგავსი ფიქრებით გონებას ნუ იმღვრევთ, დედოფალო. ცხადია, ახლა სასახლეში სრული ქაოსი იქნება. სასახლე თავდაყირა იდგება თქვენ გარეშე. მაგრამ არეულობა დიდხანს არ გაგრძელდება. ნათელი დღეებიც დადგება!
- ზეცას ვვედროთ, რომ დადგება. ეს სასჯელი უკვე განსაცდელად მექცა. როდის დასრულდება ეს ტანჯვა! როდის უნდა მოვიხადო ყველა შეცდომისათვის! ვლოცულობ, რომ ეს წყვდიადი მალე დასრულდეს. მაგრამ მის ბოლოს ვერ ვხედავ.
- მეფე მალე მიხვდება თქვენს უდანაშაულობას. მოთმენაც ზეცის გაკვეთილია, დედოფალო. ყველაფერს უწევს დასასრული.
კასალანდრამ უიმედო და გადაღლილი მზერით თვალები დახუჭა.
- ჩვენს მხარეში გაზაფხული დიდი ხანია მოვიდა. ვილოცოთ, რომ აქაც შემოაღწიოს მისმა სინათლემ.
დედოფალი კოშკის სიბნელეში ჩაიძირა და საკუთარი ბედი ზეცასა და განგებას მიანდო.



№1 სტუმარი სტუმარი ვიპნი

ასე დამთავრდა ?

 


ეს დიდი ისტორიის სულ მცირედი ნაწილია..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent