შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტომის კაფე (სრულად)


26-09-2022, 01:00
ავტორი Loey
ნანახია 14 654

იმ დღეს, წვიმისგან დანისლულ ამინდში, ტომის კაფეს არც ერთი კლიენტი სწვეოდა. ასაკოვანი მეპატრონე დახლის უკან იდგა და მომლოდინე თვალებით გასცქეროდა ერთადერთ მანქანას, რომელიც მოპირდაპირე ქუჩაზე მაკდონალდსთან გაჩერებულიყო და შეკვეთას ელოდა. ახალგაზრდა ქალმა ღიმილით გამოწვდილი პაკეტი მანქანის სალონში დაასვენა და გაუჩინარდა. გაუჩინარდა ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელსაც შესაძლებელი იყო ღმერთის წყალობითა და ცოტაოდენი იღბლით შეემჩნია კუთხის კაფე, რომელიც ერთგული ძაღლივით ელოდა ნებისმიერ შემომსვლელს.

მეპატრონეს არ გაუმართლა. კედელზე დაკიდებული ძველი საათი აუწყებდა, რომ მალე დაღამდებოდა და დრო იყო, კაფე დაეკეტა. ამოოხვრით გადახედა დახლზე დაწყობილ ახალთახალ ორცხობილებსა და სხვადასხვა საჭმელს, რომელიც იმ დილით დიდი სიამოვნებით მოამზადა მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა. სამწუხაროა, გამოდის ვერც დღეს მიიტანს სახლში პურის ფულს. კაფეს ფლობა სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მოხუც კაცს ოჯახისთვის დამატებითი ფული არ სჭირდებოდა. რჩენა უნდა შვილს, უმუშევარ სიძეს, საწოლს მიჯაჭვულ ცოლსა და რადენიმე შვილიშვილს, რომლებიც ყოველ საღამოს ელიან მოწყალე ბაბუსგან ტკბილეულს.

მოსახვევში მანქანამ შემოუხვია. იქნებ ჩემთან გაჩერდესო, გაიფიქრა და თავზე შერჩენილი თმის რამდენიმე ღერი ისე შეისწორა, თითქოს გადავარცხნილი თმა კლიენტს მოიზიდავდა.
მართლაც, მანქანა შენობასთან გაჩერდა. ელეგანტურად ჩაცმულმა ახალგაზრდა ყმაწვილმა კაფე გულგრილად შეათვალიერა და გვერდით მჯდომ ქალს რაღაც გადაულაპარაკა. ქალს წითელი თმა მხრებზე ჰქონდა დაფენილი, მზისგან შეფერადებული კანი უბზინავდა და ღიმილისას უნაკლო კბილები უჩანდა. სანამ მანქანას დაქოქავდნენ და წავიდოდნენ, კაცი ქალისკენ გადაიწია და მხარზე კოცნა დაუტოვა.

ალბათ შესვლა იმიტომ გადაიფიქრეს, რომ ქარიშხლის მიერ რამდენიმე თვის წინ დანგრეული ექსტერიერი ტომის ჯერაც ვერ შეეკეთებინა. საკუთარ თავს შეუკურთხა და გაუკვირდა, მოხუც ხალხს გინება გულშიც კი აღარ უხდებათო. ამასობაში, ცხრა საათი გახდა. ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა და იქაურობა მიალაგა. მრგვალი ჭურჭლიდან ხურდები ამოკრიფა და ახალთახალ ორცხობილებს გადასწვდა. რამდენიმე ჩანთაში ჩააწყო, დანარჩენს ნაჭერი გადააფარა და სახლისკენ მიმავალ გზას გაუდგა.

მეორე დღეს გამოიდარა. მზის სხივებით შემთბარი ქალაქი გამოცოცხლებულიყო. კაფეს კართან უკვე ელოდა ნაცნობი მათხოვარი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ფილტვების ანთებით მიაკითხა და დახმარება სთხოვა. ჩამოძონძილი ტანსაცმლით საავადმყოფოში არ შეუშვებდნენ, ამიტომ მოხუცმა თავისი ტანსაცმელი ჩააცვა, ექიმთან წაიყვანა, იქიდან წამოსვლისას კი გზაში წამლები უყიდა და წვნიანზე დაპატიჟა. მოხუცმა მათხოვარმა თავი გაიკლა, სიკეთეს სიკეთით უნდა ვუპასუხოო და ცოცხს დასწვდა, მივალაგებო. ტომმა იცოდა, რომ ამის შემხედვარე, კლიენტები ნამდვილად აღარ მიიხედავდნენ კაფესკენ, ამიტომ მოხუცი ზრდილობიანად გაისტუმრა და უთხრა, ყოველ დილით მოდი და რაიმე გემრიელს გაჭმევო. ის იყო და ის, იმ დღის შემდეგ მოხუცი მათხოვარი ტომის კაფეს აღარც მოშორებია.

მეპატრონემ მხრები აიჩეჩა, ხალხი მაინც არ მოდის და სიკეთის კეთებისგან თავი რაღატომ შევიკავოო. მოხუცს კაფეში შეუძღვა, ფანჯარასთან კომფორტულად მოაკალათა, ცოტა ხნით დამელოდეო, უთხრა და სამზარეულოში გაუჩინარდა. ხუთ წუთში საჭმელებით დახუნძლული ლანგრით დაბრუნდა.
- არ გეგონოს, წინა დღის საჭმელებია. ჩემი ქალიშვილი ყოველ დილით სხვადასხვა კერძს ამზადებს. კი მეუბნება, შენც ტყუილად წვალობ და მეც სულ ტყუილად მაწვალებო, მაგრამ მაინც აკეთებს. აბა, როგორ გინდა, კაცო. ამ ასაკში სახლში ჯდომა საშინელებაა. ისიც მეყოფა, ჩემი ცოლი ფეხზე რომ ვერ დგება. ეგეთ სიბერეს სიკვდილი არ ჯობს? - ჰკითხა და ლანგარი მაგიდაზე დადო.

მოხუც მათხოვარს ერთი სიტყვაც არ გაუგია. ყურადღება მთლიანად საჭმლით სავსე თეფშისკენ ჰქონდა მიმართული და ნერწყვს ხმამაღლა, დაუფარავად ყლაპავდა. ერთი სული ჰქონდა, კოვზი აეღო ხელში და ყველაფრისთვის ბოლო მოეღო. წინასწარვე წარმოიდგენდა, როგორ გადაუვიდოდა გემრიელად შეკმაზული საუზმე საყლაპავ მილში და მერე კუჭში დაიდებდა ბინას. იქამდე კი, მთელ ორგანიზმს ისეთი საოცარი შეგრძნებებით აავსებდა, რომელიც მათხოვარს დიდი ხანი იყო არ ეგრძნო.

ტომიმ გაიფიქრა, ნეტავ დღეს თუ მაინც შევძლებ, ხალხს საჭმლით გავუმასპინძლდეო და ის იყო, დახლის უკან უნდა გაუჩინარებულიყო, რომ კარს ზემოთ დამაგრებული ზარი აწკრიალდა. ზარის ხმა ექოსავით მოედო მთელ შენობას და ტომს იავნანასავით ჩაესმა. მიტრიალებამდე გაიფიქრა, იქნებ ამ მათხოვარს კარგი ფეხი აქვსო და რაც შეეძლო გულწრფელად გაიღიმა.

ღიმილი ისე შეახმა სახეზე, ვერც გაიაზრა. კარში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი იდგა და სადღაც იყურებოდა. ტომიმ მის მზერას თვალი გააყოლა და ისეთ სურათს გადააწყდა, რომელზეც სხვა დროს ალბათ გულიანად იცინებდა: მოხუც მათხოვარს თეფში ჰაერში აღემართა და წაყირავებული თეფშიდან ბოლო ლუკმას პირდაპირ პირში ისხამდა.
- დიახ, გისმენთ, - ხმა აუკანკალდა კაფეს მეპატრონეს.
- ამ შენობის მეპატრონე ბრძანდებით? - ახალგაზრდა კაცმა ქუდი მოიხადა და მაგიდას მიუჯდა.

ჩაახველა, ხმა ჩაიწმინდა და გახლავართო, შედარებით მტკიცე ხმით მიუგო.

- საუზმის მენიუ, თუ შეიძლება, - თბილად გაუღიმა მოხუცს.

ტომი დაიბნა. ახალგაზრდა კაცის მანტოზე მიკრული ბეიჯი კარგად გადმოსცემდა მის რეგალიას. ნეტა გამაგებინა, როდის მერე დადიან ესენი ასე ღიადო, გაიფიქრა და მენიუ მიაწოდა.

- სანამ აარჩევთ, რაიმე სასმელს ხომ არ ინებებთ? - ყოველი შემთხვევისთვის ჰკითხა. კაცმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ცხვირი მენიუში ჩარგო. ტომიმ ამით ისარგებლა, უკვე კარგად ნაჭამ-ნაკვები მათხოვარი ჩუმად ააბრძანა და გააპარა. გასვლამდე მათხოვარმა მადლიერების ნიშნად მხარზე ხელი დაჰკრა და თვალი ჩაუკრა. ტომიმ გაიფიქრა, ნეტა ამით გამამხნევა თუ იმას შემპირდა, ხვალაც გეახლებიო?

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა ჩაახველა. ტომი მაშინვე მასთან გაჩნდა.

- მწვანე ჩაის და ახალ ფუნთუშებს დავჯერდები, თუ შეიძლება.

რა პრობლემააო, მაშინვე დაფაცურდა მეპატრონე. დახლიდან დილით გამომცხვარი ფუნთუშა ამოაძვრინა, ხოლო ჩაიდანი გაზზე შემოდგა და ლოცვა დაიწყო, მალე ადუღდესო. ჩამოვარდნილ უხერხულ სიჩუმეს თვალის ცეცებით უმკლავდებოდა. რამდენჯერმე ჩუმად გააპარა მზერა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლისკენ, რომელიც კაფეს ათვალიერებდა და ტომისთვის სულაც არ ეცალა.

მალევე ჩაი და ფუნთუშა ლანგრით მიართვა სტუმარს. ახალგაზრდა კაცმა მადლობა გადაუხადა, ფუნთუშა თეფშიდან აიღო და მადიანად ჩაკბიჩა. ტომი გულისყურით აკვირდებოდა მის მოქმედებებს. ისიც კი დათვალა, რამდენჯერ დაღეჭა სტუმარმა ლუკმა გადაყლაპვამდე და რამდენჯერ გამოუშვა სიამოვნებისგან მიგვრილი უცნაური ხმა ღეჭვის პროცესში. ისე გაერთო სანახაობით, ვერც მიხვდა, როგორ ეწვია ტომის კაფეს კიდევ ერთი კლიენტი.

- მგონი, უნდა მოემსახუროთ, - ფიქრებიდან გამოარკვია სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა.

ტომი უხერხულად შეიშმუშნა. არ უნდოდა, ახალგაზრდა კაცს უპასუხისმგებლო და გონებაგაფანტული ჰგონებოდა, ამიტომ ფეხზე წამოიჭრა და ღიმილაკრულმა ახალ სტუმარს შეავლო თვალი. სახეზე ღიმილი დღეს უკვე მეორედ შეახმა.

- დილით რომ ტკბილეული გამაკეთებინე, ის მოგიტანე, - უკმაყოფილოდ მიუგო შვილმა და აქაოდა, სახლში როგორ დაგრჩა და ამისთვის როგორ შემაწუხეო, წარბი აუწია.
- მოდი, მოდი, - სამზარეულოსკენ გაუძღვა და ჩურჩულით აუხსნა, ახლა ამის დრო არ არის, მგონი შარში ვართო.

- კარგი, რა, მამა, ადამიანია ისიც, მგელი ხომ არა, - ხელი აუქნია და თმების ფრიალით გავიდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელს საუზმობა დაემთავრებინა და მეპატრონეს ელოდა.

- გადავიხდი, თუ შეიძლება.

აქეთ მობრძანდითო, ხელით ანიშნა ტომიმ და დახლისკენ გადაინაცვლა. ახალგაზრდა კაცს თავდახრილმა, ორი ხელით გამოართვა ფული და ხურდაც ასეთ მდგომარეობაში დაუბრუნა.

- მშვენიერი გარემოა, საუზმეც მომეწონა. იმედი მაქვს, აქაურობის დახურვა არასდროს მომიწევს, - მხარზე ხელი დაჰკრა მოხუცს, ქუდი მოირგო და გაუჩინარდა.

ტომი ადგილიდან არ იძვროდა. სიამაყით შემოავლო თვალი თავის კაფეს, რომელიც აგერ უკვე მესამე წელი იყო, თავისთვის იდგა და ხალხს ელოდა. რადგან თავიდანვე ამ საქმეში მარტო იყო, ინტერიერი თავადვე შეარჩია. კედლები ყავისფრად შეღება და თავისი საყვარელი მუსიკოსების პოსტერებით გაავსო. ერთი კუთხე წიგნებს დაუთმო. როგორც თვითონ ამბობდა, უკვდავ კლასიკას, რომელიც ნებისმიერ ტილიან მკითხველსაც კი შოკში ჩააგდებდა ან წიგნმოძულე ადამიანს კითხვას შეაყვარებდა. ფანჯარასთან თავისუფალი ადგილები თავისი ცოლის ყვავილებით შეავსო. ლოგინს მიჯაჭვულს მცენარეები აღარც ახსოვდა. ორ კუთხეში სანათი და რამდენიმე პუფი დადგა. ახლა ახალგაზრდობას ასეთი ადგილები ურჩევნიაო, თავისმა შვილმა ურჩია, თუმცა ამ ადგილს არც ერთი ახალგაზრდა ჯერ არ სწვეოდა. მერე სახლიდან ძველისძველი პიანინოც წამოიღო. სახლში მაინც აღარავინ უკრავდა, ამიტომ სივრცეს შევავსებ და ასე მაინც გავამრავალფეროვნებ იქაურობასო, იფიქრა და მანდ დამთავრდა. სამი წელი იყო, ამ ადგილს არაფერი ახალი არ შესძენოდა და ტომის ვერ გაეგო, ასე რა მოეწონა ახალგაზრდა კაცს. თუმცა, ახლა იდგა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ვინ დაიჯერებს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი სამუშაო საათებში შემოვიდა, ისაუზმა, კომპლიმენტი მითხრა და ისე წავიდა, ერთი სიტყვაც არ დასცდენია სამზარეულოს შემოწმებაზეო,

- ხომ გითხარი, - ფიქრებიდან დააბრუნა მისმა ერთადერთმა შვილმა, რომელიც ორცხობილას დასწვდა და პირისკენ გაიქანა, - ეგენიც ადამიანები არიან. ყოველთვის სანადიროდ კი არ დადიან. ისე, მე ავდგებოდი და ჩავუშვებდი. უნდა მუშაობდეს, ყბებს კი არ უნდა იქნევდეს, - უკმაყოფილოდ გააქნია თავი. ენა ჩაიგდე, ვერ ხედავ, ღმერთმა გადაგვარჩინაო, მუჯლუგუნი გაჰკრა შვილს.

- ღმერთმა, ჰო, ღმერთმა, - გამოაჯავრა, - სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელს ქერი ურჩევია.

საღამომდე კიდევ რამდენიმე ადამიანი ესტუმრა ტომის კაფეს. მოხუცი მეპატრონე ციბრუტივით ტრიალებდა და ბედნიერებისგან არ იცოდა, რა გაეკეთებინა. გულში სულ იმ მათხოვარს ლოცავდა და აი, სიკეთე თუ არ დამიფასდაო, თავისი თავით ამაყობდა.

სახლში წასვლის დრო რომ დადგა, იმ მრგვალი ჭურჭლიდან, რომელშიც უმეტესად სულ რამდენიმე თეთრი თუ ჩავარდება ხოლმე, საკმაოდ კარგ თანხას ჯიბეში მიუჩინა ადგილი და ღიღინ-ღიღინით დატოვა შენობა. გზად სათამაშოების მაღაზიას გვერდი ვერ აუარა. ბედნიერად შეაბიჯა, ბავშვებისთვის რამდენიმე თოჯინა იყიდა და მოხუცი ცოლისთვის ახალი გაზეთები გააყოლა ხელს. ამით მაინც შეიქცევს თავსო, გაიფიქრა.
სახლში ჟრიამული დახვდა. სავახშმოდ მაგიდას მისხდომოდნენ შვილი, სიძე და შვილიშვილები. სუფრაზე თავს იწონებდა ბოსტნეულში შემწვარი ქათამი და სახლური ღვინო.

- დედამ უკვე ჭამა, - ცოლის ოთახისკენ მიმავალს დააწია შვილმა და მაგიდის თავში სკამი გამოუწია, აქ დაჯექიო. იმ საღამოს კარგად მოილხინეს და დასაძინებლად მალევე დაიშალნენ. ტომის ერთი სული ჰქონდა, დილა როდის გათენდებოდა.

საშინელი დილა გათენდა. ტომი წვიმისგან გადანისლულ გზებს ძლივს იკვალავდა და ჩანთაში ჩაწყობილ ახალთახალ ფუნთუშებს მთელი ტანით ეფარებოდა. იცოდა, საწოლიდან სულ ტყუილად წამოდგა, რადგან მზიან ამინდშიც კი ტომის კაფე კლიენტებით არ გამოირჩეოდა. კაფეს კართან მოხუცი მათხოვარი არ დახვდა. კი გაიფიქრა, ალბათ სადმე თავს აფარებს და რომ გადაიღებს, მერე მოვაო, მაგრამ ტომიმ იცოდა, მათხოვარი ასეთ ამინდშიც კი ცხელ წვნიანზე უარს არასდროს ამბობდა. კარგად ვერ ენიშნა მისი გაქრობა, მაგრამ ბევრი აღარ უფიქრია. დაბრუნდება, აბა სად წავაო, ჩაიდუდღუნდა და კარზე მიკრული ნიშანი შემოაბრუნა. ტომის კაფე მზად იყო ნებისმიერი სტუმრისთვის.

სიცივისგან გააკანკალა. პატარა შენობაში სუსხი უფრო მეტად შეიგრძნო და ძველებურ ღუმელს რამდენიმე შეშა შეუნთო. შემოდგომა ხომ ახლახან დადგა, რა დროს ამის დანთებააო, გონებაში გაუელვა, მაგრამ ბებერ ძვლებს ვერაფრით ითბობდა, ფილტვების ანთების და საერთოდ, გაციებისაც კი იმდენად ეშინოდა, რომ მზად იყო, შეშის ნაცვლად თავად შემჯდარიყო გამათბობელში.

საკუჭნაოში პლედი მოიძია. ცეცხლთან ახლოს დაჯდა, ზედ მადუღარა შემოდგა ჩაისთვის და პატარა მაგიდაზე ჯერ კიდევ თბილი ფუნთუშები დააწყო. ის იყო, ჭიქაში წყალი ჩაასხა და სული შეუბერა გასაგრილებლად, რომ კარზე ჩამოკიდულმა ზარმა სტუმრის მოსვლა აუწყა. ჭიქა ხელში გაუშეშდა. ნეტავ, რომელი გიჟი გამოვიდა ახლა გარეთო, ფეხზე წამოდგა. კართან ახალგაზრდა ქალი ატუზულიყო. ქალს მხრები უცახცახებდა და წყალი წურწურით გასდიოდა. ლამაზად შეღებილი სახე ჩამორეცხვოდა, გულზე ჩანთა მიეხუტებინა და დამფრთხალი თვალებით უყურებდა მეპატრონეს.

- შეიძლება? - წვრილი ხმით იკითხა. მერე რამდენჯერმე ჩაახველა და ახლა უხმოდ ანიშნა, შემოსვლა თუ შეიძლებაო.

- მობრძანდით, რა თქმა უნდა, - მაშინვე გამოცოცხლდა მოხუცი. მხრებიდან პლედი მოიხსნა და ახალგაზრდა ქალს გაუწოდა, - აქეთ დაჯექით, ახლახან დავანთე, - ცეცხლზე მიანიშნა, - ჩაის ხომ ინებებთ? ამწამს ავადუღე.

პასუხს აღარ დალოდებია. სამზარეულოდან ჭიქა გამოიტანა ჩაისთვის და ცხელი სითხე მიართვა. მერე ფუნთუშები მიუწია, ესეც მიირთვიო და თვითონ ოდნავ მოშორებით ჩამოჯდა.

ქალმა გაყინული ტუჩები მოკუმა. ხელები მჭიდროდ შემოაჭდო ცხელ ჭიქას. სიამოვნებისგან გააკანკალა და ჩაი მოსვა.

- გემრიელია, დიდი მადლობა , - ახლაღა შეხედა მოხუცს.

რა პრობლემააო, თბილად გაუღიმა ტომიმ და შეშის შესაკეთებლად წამოიმართა.

- თქვენი შეწუხება არ მინდოდა, უბრალოდ ახლომახლო ეს ერთი კაფე შევნიშნე, - მოუბოდიშასავით ქალმა.
- რას ბრძანებთ, რა შეწუხებაა. არ მეგონა, დღეს ამ წვიმაში ვინმე თუ მესტუმრებოდა. ზოგადად, კარგ ამინდშიც კი არ ველი ხოლმე ვინმეს და თქვენმა გამოჩენამ ისე გამაკვირვა, - გამოუტყდა ტომი.
- წარმომიდგენია, - კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.

ტომიმ ქალი ახლა უფრო დაკვირვებით შეათვალიერა. თითქოს ეს წითელი თმა სადღაც უკვე ენახა. ისე დამიბერდა გონება, რა გასაკვირია, ვერც გავიხსენოო, გაიფიქრა და ამოიოხრა. სიბერეზე არასდროს უოცნებია.

- გარეთ კაფეს სახელის ნახევარი ჩამონგრეულია, - სხვათაშორის აღნიშნა ქალმა.
- შელახული ექსტერიერი, - გონებაში ნათურასავით აენთო ტომის, - აი, საიდან მახსოვხართ. მთლად არ გამოვჩერჩეტებულვარ, - ბედნიერმა დაურთო.

ქალმა მხრები აიჩეჩა, ვერ მიგიხვდითო.

- ამ რამდენიმე დღის წინ დაგინახეთ. კაფეს წინ მანქანით გაჩერდით. თან კაცი გახლდათ, ახალგაზრდა. მეგონა შემოხვიდოდით, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრეთ. მაშინ გავიფიქრე, ალბათ შელახული ექსტერიერის გამო-მეთქი.
- აჰ,- მხოლოდ ესღა თქვა ქალმა და ფუნთუშას ხელი დაავლო. ტომის ახედა.

მიირთვით, მიირთვითო, ხელით ანიშნა. ჯერ კიდევ იმით იყო ბედნიერი, ქალის სახე რომ აღიდგინა.

- მგონი თქვენი დამხმარეები აგვიანებენ, - საათს დახედა.
- დამხმარეები? -გაუკვირდა ტომის, - მარტო ვმუშაობ. ბევრი კლიენტი ისედაც არ მყავს, ამიტომ დახმარება დიდად არც მჭირდება.
- აჰ, - გაიმეორა ქალმა.
კაფეში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. რახანია ტომის ახალგაზრდა ქალთან დიალოგი არ ჰქონია. გადაეჩვია სიტყვების შერჩევას, თავაზიანობას, ლამაზ საუბარს. ახლა მის მიმართ იჩენდნენ ისეთ დამოკიდებულებას, როგორიც ოდესღაც თავად ჰქონდა მოხუცი ხალხის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დღეში ერთ-ორ უცხო ადამიანს გამოელაპარაკებოდა ხოლმე, მათი საუბარი მხოლოდ მენიუს შეეხებოდა და ტომიმ თითქოს უკვე გაიზეპირა კიდეც ის, რაც შემომსვლელებთან უნდა ეთქვა. ახლა კი, მის წინ ქალი იჯდა, ახალგაზრდა ქალი. საკმაოდ მომხიბვლელი, კარგი მოსაუბრე. თუმცა სასაუბრო თემა მაინც და მაინც არ ჰქონდათ და არ იცოდა, ამ უხერხულ სიჩუმეს რითი გამკლავებოდა. რამდენჯერმე ჩაახველა. ამანაც რომ არ უშველათ, სამზარეულოში გავალ ცოტა ხნით, პროდუქტებს დავხედავო, მოიმიზეზა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.

სამზარეულოში საქმე არ ჰქონდა. გაზი რამდენჯერმე აანთო და ჩააქრო. მერე სუნი დადგა და შეეშვა, არ ავფეთქდეთო. პროდუქტებს ადგილი მიუჩინა, თაროებიდან ჭურჭელი გადმოაწყო და თავიდან შეალაგა. ხუთჯერ მაინც გამოაღო და დახურა მაცივრის კარი. ბოლოს ცოცხს დასწვდა და დასუფთავება დაიწყო. გუშინ კი გადავურჩი იმ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ შემდეგში სულაც აღარ იყოს ეგეთ კეთილ განწყობაზეო, იფიქრა. საგულდაგულოდ გაასუფთავა ყველა კუთხე-კუნჭული, სველი ტილო მოუსვა იატაკს და ხელები თეძოზე შემოიწყო. გასაკეთებელი აღარაფერი დარჩენოდა. კიდევ ერთხელ დავაორგანიზებ თაროებსო, გაიწია და საკუთარ თავზე გაეცინა.

- დავაორგანიზებ, - გულში გამოაჯავრა თავის თავს. სულ გადამრია ჩემმა შვილმა, რა სიტყვებს ვიყენებო. თაროდან სამარილე გადმოდგა და ფიქრებში გართულმა ვერც შენიშნა, როგორ შეიჭრა გონებაში სასიამოვნო ჰანგები. მოულოდნელად გამოფხიზლდა. აქეთ-იქით მიმოიხედა, ხომ არ მელანდებაო. არაფერიც არ ელანდებოდა. კაფე ულამაზეს ხმას მოეცვა და ეს ხმა მოხუცს შემოსასვლელისკენ მიარბენინებდა.

ტომის მეტად სასიამოვო სანახაობა დახვდა: წითელთმიანი ქალი მის დაძველებულ პიანინოს მისჯდომოდა და ვნებამორეული, თვალდახუჭული უკრავდა. თავი გვერდით გადაეგდო, ხელ-ფეხს რიტმში აცეკვებდა. ტომის სუნთქვა შეეკრა. დავიწყებოდა, როგორ ჯადოსნურ ხმას გამოსცემდა მისი საკრავი ადრე, ახალგაზრდობაში, როცა თითებს ჯერ კიდევ შესაშურად იმორჩილებდა და ფორტეპიანოს კლავიატურაზე მოქნილად დააცურებდა. ამ უცნობი ქალის მიმართ უსაზღვრო მადლიერებით აღივსო, რადგან დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ახალგაზრდობა გახსენებოდა.

ქალი მალევე მორჩა. პლედი ტანზე კიდევ უფრო მჭიდროდ მოიხვია და ტომისკენ შემობრუნდა.

- დამხმარე მართლა არ გჭირდებათ?

ტომი ვერ მიხვდა, რატომ სთხოვდა ახალგაზრდა ქალი სამუშაოს, როცა ერთი შეხედვით მეტად მდიდარი ვინმე უნდა ყოფილიყო. ადამიანების განსჯა მისი საქმე არ არის. ტომის მხოლოდ კაფეს მართვა და ოჯახში ფულის შეტანა ევალება, ამიტომ უაზრო ფიქრები მალევე ამოიგდო თავიდან და მომლოდინედ გაყურსულ ქალს შეხედა.

- დამხმარე რომც მჭირდებოდეს, ახლა ისეთ მდგომარეობაში არ ვარ, ვინმეს ფული გადავუხადო. კაფე კარგად ვერ მუშაობს, - დანანებით უთხრა და ცეცხლს კიდევ ერთი შეშა მიუგდო.
- ფული არ მჭირდება, - მხრები აიჩეჩა, - შემიძლია კარგი რეკლამა გაგიკეთოთ და კაფეს ამით დავეხმარები. უფლება მომეცით, რამდენიმე დღე აქ ვიმუშაო.

მხრები აიჩეჩა ტომიმაც. რადგან ფულს არ თხოულობს, შეუძლებელი არაფერია იმაში, აქ იმუშავოსო.
იმ დღეს ქალმა საკუჭნაოში შეტანილ დივანზე დაიძინა. არაფრით გაჰყვა ტომის სახლში, მეტად ვეღარ შეგაწუხებთ, ისედაც დისკომფორტს გიქმნითო. მეპატრონემ აუხსნა, სახლში შენხელა შვილი მყავს, მას მაინც გამოელაპარაკები, აქ მარტომ რა უნდა აკეთოო, მაგრამ ქალმა არაფრით ქნა და მოხუცი კაცი სახლში გაუშვა.
მეორე დილით შეაგვიანდა. ცოლს წამლები გამოლეოდა და აფთიაქში შეირბინა. ცოტა ფული გადანახული ჰქონდა, ამიტომ მხნედ შეუხსნა თავი ნაჭრის ქისას და სახლში პროდუქტებიც მიიტანა. შვილიშვილებმა ღრიალი მორთეს, ცოტა ხნით გვეთამაშეო. ჯერ თამაშს მოუნდა, მერე შვილი აავსო საყვედურებით, ფუნთუშები დაგწვიაო. არც სიძეს მოერიდა და როდემდე უნდა იყო ასე უსაქმურადო, გალანძღა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, დილა ასე როგორ დაიწყო.
სამსახურის გზაზე გააანალიზა, რომ გუშინ შესრულებულმა მელოდიამ ახალგაზრდობის მორევში ჩაითრია და იქიდან ჯერაც არ ამოსულიყო. რა იქნებოდა, ცოტა სხვაგვარად რომ ეცხოვრა. არ ჰყოლოდა ხეიბარი ცოლი, ცოლზე უფრო ხეიბარი სიძე და მუდამ წუწუნში გართული შვილი. იქნებ მასაც უნდოდა უზრუნველი სიბერე, ტკბილი წლები, რომლებსაც დაჯდებოდა და შვილიშვილებს მოუყვებოდა. იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, კაფე რომ არ გაეხსნა და მთელი დანაზოგი არ დაეხარჯა. ახლაც კი, სამი წლის შემდეგ, კაფე უფრო მეტად აზარალებდა, ვიდრე ახეირებდა, მაგრამ მისი დახურვა საწყისი იქნებოდა იმ წლების, რომლებსაც მოხუცი ტომი სახლში გამოკეტილი გაატარებდა. რომელიც აუცილებლად მოუღებდა ბოლოს მის ოჯახს და სამ წელში გახარჯულ შრომას.

კაფესთან ხალხმრავლობა შენიშნა. ხალხი კართან არ ჩერდებოდა, შედიოდნენ და გამოდიოდნენ. შიგნიდან ისეთი ხმაური ისმოდა, აქამდე ჯერ რომ არ სმენოდა მოხუცს.
დახლთან წითელთმიანი ქალი დახვდა. ღიმილით ასხამდა ჭიქაში ყავას და ვიღაც ახალგაზრდას აწვდიდა.

- შუადღე მშვიდობისა, - ხალისიანად მიესალმა ქალი, - კაფე უთქვენოდ გავაღე. ჩემ რამდენიმე მეგობარს დავურეკე და ვთხოვე, ახლობლებთან ერთად მოსულიყვნენ. მგონი, დღეს კარგი დღე გვექნება, - ეს უკვე წაუჩურჩულა და თვალი ჩაუკრა.

ტომი მაშინვე მუშაობის განწყობაზე მოვიდა. ჩანთიდან ახალი ფუნთუშები ამოაწყო და სტუმრებს შესთავაზა, ამ დილითაა გამომცხვარიო. ხალხი ღიმილით უყურებდა მას და ტომი ფიქრობდა, რომ სამი წლის შემდეგ, როგორც იქნა, ბედნიერი დილა გაუთენდა. მისი კაფე მიიღებდა იმ ყურადღებას, რომელსაც იმსახურებდა და აღარ იქნებოდა უბრალო კუთხის შენობა, რომელსაც ხალხი ყოველთვის თვალს არიდებდა.

- გადავრეკე და მალე მუშები მოვლენ. გარეთ ყველაფერი შევაკეთოთ, - ახალი ამბავი ახარა ქალმა.

ტომის უხაროდა, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგად ვერ იგებდა, რატომ ან საიდან დაიმსახურა ამდენი სიკეთე. საიდან გაჩნდა ეს უცხო ქალი მის კაფეში, მის ცხოვრებაში და რატომ ეხმარებოდა სრულიად უანგაროდ, როცა არც ერთი დალაგებული ადამიანი ამას არ გააკეთებდა? ამაზე პასუხი საღამოს მიიღო, როცა ტომის კაფე დაიკეტა და მხოლოდ ორნიღა შემორჩნენ იქაურობას.
ტომიმ გამათბობელი აანთო, ღამით ქალს რომ არ შესცივნოდა და ყოველი შემთხვევისთვის, რამდენიმე ნაჭერი შეშა იქვე დააწყო.

- გუშინ ყველაზე მძიმე დღე მქონდა. ცხოვრებაში ადამიანების სიმრავლით ისედაც ვერ დავიკვეხნი, ჰოდა თქვენ დახმარების ხელი სწორედ მაშინ გამომიწოდეთ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი. თქვენ კაფეში ფეხის შემოდგმა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან აქ სითბო კედლებიდანაც კი იღვრება. სხვაა, როცა გააზრებულად გეხმარებიან, თქვენ კი გაუაზრებლად დამეხმარეთ. იქნებ თქვენს ადგილას ვინმეს გარეთაც კი გავეგდე, თქვენ კი თქვენი წილი პლედი და ჩაი დამითმეთ, - გაიღიმა, - ამას ვერასდროს დავივიწყებ. ფული ჩემთვის პრობლემა არასდროს ყოფილა, უაზროდ ფლანგვამაც თავისი ხიბლი დაკარგა. მე თქვენ ყველაფერში დაგეხმარებით, სანაცვლოდ კი უფლება მომეცით, რომ საღამოობით თქვენი სტუმრებისთვის დავუკრა. ეს სრულიად საკმარისი იქნება.

ტომიმ თავი დაუქნია. მხოლოდ ახლა მიხვდა, რას გრძნობდა ის მოხუცი მათხოვარი, როცა სრულიად უცხო ადამიანისგან სითბო და მზრუნველობა მიიღო.
ტომი უკვე მოხუცდა. აღარაა იმ ასაკში, დასახმარებლად გაწვდენილ ხელს ზურგი აქციოს და თავადვე შეეჭიდოს სიძნელეებს. ახლა დახმარება მასაც ისევე სჭირდება, როგორც ყველა ადამიანს დედამიწაზე. იქნებ მათზე მეტადაც კი.
ტომის კაფეში ხშირად იმართება თბილი საღამოები. ამ თბილ საღამოებს წითელთმიანი ქალი, მოხუცი მათხოვარი და თავად ტომი აფერადებენ. არის დღეები, ადამიანის ჭაჭანება არაა კუთხის კაფესთან, მაგრამ ყოველ დილით, მაინც იმავე მონდომებით ცხვება ახალი ფუნთუშები. ვინ იცის, იქნებ, ერთ წვიმიან დღეს, კიდევ ერთმა ადამიანმა შეაღოს კაფეს კარი დახმარების სათხოვნელად.



№1  offline წევრი ლილა ნესი

ძალიან კარგი იყო relaxed

 


№2 სტუმარი Ana-maria

გული გამითბა. წარმატებები და ველი ახალ ისტორიებს

 


№3  offline წევრი Loey

ლილა ნესი
ძალიან კარგი იყო relaxed


მააადლობა დიდი ❤️

Ana-maria
გული გამითბა. წარმატებები და ველი ახალ ისტორიებს


მადლობა დიდიიი ❤️

 


№4 სტუმარი Alamaria

სიკეთე გადამდებია

 


№5  offline წევრი Loey

Alamaria
სიკეთე გადამდებია


ნამდვილად ❤️

 


№6  offline წევრი ელენე (ნენე)

თვალები ამიცრემლიამდა... დამიჯერეთ, ეს იმის ბრალი არაა, გაციებას რომ ვებრძვი.
წარმატებები!

 


№7  offline წევრი Loey

ელენე (ნენე)
თვალები ამიცრემლიამდა და დამიჯერეთ, ეს იმის ბრალი არაა, გაციებას რომ ვებრძვი.
წარმატებები!


მადლობა ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ნონა

ძალიან სასიამოვნო მოთხრობაა, მადლობა????

 


№9  offline წევრი Loey

სტუმარი ნონა
ძალიან სასიამოვნო მოთხრობაა, მადლობა????


მადლობა თქვენ ❤️❤️

 


№10  offline წევრი L-1485

მოᲗხრობა Ძალიან Თბილი და სასიამოვნოდ წასაკიᲗხია ❤
რაც ᲨეგეხებაᲗ Თქვენ, საიტის დაარსებუს დᲦიდან ისტორიებს ვკიᲗხულობ აქ, მაგრამ მხოლოდ დᲦეს, მხოლოდ Თქვენმა სახელმა მაიᲫულა დარეგისტრირება, რაᲗა კომენტარი დამეწერა ????❤
Თქვენი სახელი Ძალიან ბევრს ნიᲨნავს ᲩემᲗვის, იყო დრო ᲗიᲗქმის ყველა პლაᲗფორმაზე და სოციალურ ქსელᲨი მეც მაგ ნიკს ვიყენებდი (დᲦესაც არაერᲗგან ᲨემომრᲩა ❤).
პატივს გცემᲗ Თქვენი ნაწარმოების გამო დ ამიყვარხარᲗ Თქვენი სახელის გამო ????❤

 


№11  offline წევრი Loey

L-1485
მოᲗხრობა Ძალიან Თბილი და სასიამოვნოდ წასაკიᲗხია ❤
რაც ᲨეგეხებაᲗ Თქვენ, საიტის დაარსებუს დᲦიდან ისტორიებს ვკიᲗხულობ აქ, მაგრამ მხოლოდ დᲦეს, მხოლოდ Თქვენმა სახელმა მაიᲫულა დარეგისტრირება, რაᲗა კომენტარი დამეწერა ????❤
Თქვენი სახელი Ძალიან ბევრს ნიᲨნავს ᲩემᲗვის, იყო დრო ᲗიᲗქმის ყველა პლაᲗფორმაზე და სოციალურ ქსელᲨი მეც მაგ ნიკს ვიყენებდი (დᲦესაც არაერᲗგან ᲨემომრᲩა ❤).
პატივს გცემᲗ Თქვენი ნაწარმოების გამო დ ამიყვარხარᲗ Თქვენი სახელის გამო ????❤


heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent