მთქნარების თეორია (სრულად)
-ტაი, - ყურმილის მეორე მხრიდან მთელი ძალით ჩამძახა ჩემმა მეგობარმა, - სიმართლე აღმოჩნდა რასაც ამბობდი. - მე ბევრ რამეს ვამბობ ხოლმე, - წარბი ავქაჩე, - რამ აგაღელვა? - თეორია რომ გაქვს დამთქნარებაზე, სიმართლე აღმოჩნდა-მეთქი, - კიდევ ერთხელ დაიყვირა და დავიფიცებ, ტაში შემოჰკრა. - გამოსცადე? - ორი წუთის წინ, გეფიცები. ეგრევე გამახსენდი. აუ, ტაი, რა ქალი ხარ, რა, - აკისკისდა და გათიშა. სიამაყისგან გავიჯგიმე. დრო მოვიდა, შენი თეორიები სერიოზულად მიიღონ-მეთქი, სარკეში ჩემ თავს შემოვუძახე და აფორიაქებული მეგობრის დასამშვიდებლად გავემართე. მინდოდა კიდევ ერთხელ მომესმინა, როგორ გაამართლა ჩემმა თეორიამ. - აი, ვზივარ და ბოლო ხმაზე ვუკივი სუჰეის. ისევ დაავიწყდა ძაღლის ეზოში ჩაყვანა და მთელი სახლი გალამაზებული დამხვდა. კინაღამ შევღონდი. ხომ იცი, ახალი წლისთვის სახლი უკვე გავაწკრიალე და ახლა ამ სუნს რა გაიყვანს აქედან. ახალი წელი კი არა, პირდაპირ პანაშვიდი მომიწყვეს. ჰოდა, იმას ვამბობდი, შუა კივილ-წივილის დროს უცებ დამამთქნარა. ეგრევე ხომ მოვეშვი, მაგრამ ამ ჩემ დაფჩენილ პირზე სუჰეის ისეთი სიცილი აუტყდა, თავი ვერ შევიკავე და ავყევი. ჰოდა, რომ ავყევი, უცებ გამახსენდა, როგორ მიმტკიცებდი რაღაცას დამთქნარებაზე და მაშინვე დაგირეკე. ტაი, გაფიცებ, საიდან იცოდი ან საიდან მოიტანე? უეჭველი სადღაც წაიკითხე, ჰო? - ნამცხვარი ჩაიტენა პირში და ეჭვისთვალით შემომხედა. - ეგრეა, რა. სანამ საქმე საქმეზე არ მივა, არავინ გიჯერებს. მეტს კი არაფერს ამბობდა ქრისტე, ურწმუნო თომა რომ ხარ. - გაჩუმდი, ტაი, რას ამბობ, - პირჯვარი გადაიწერა, - ღმერთმა არ გიწყინოს. გამეცინა მის გულუბრყვილობაზე. მოკლედ, რა ხდება: ერთი საღამოა. უმშვენიერესი ზაფხულის უმშვენიერესად თბილი საღამო. ოღონდ ისეთი, გაზაფხულს+ზაფხულის ამინდს რომ უფრო უწოდებ, ვიდრე სიცხისგან გადაბუგულ ზაფხულს. მეზიზღება სიცხე და კიდევ უფრო მეტად მეზიზღება მაგ სეზონის ტანსაცმელი. ...მივსეირნობ რუსთაველზე და ვფიქრობ, რა ჯობს სიცივეს. აი, ასატან სიგრილეს, რა. კაშნე რომ გაქვს შემოხვეული და ცხვირს მალავ. თუ ცხვირი არ მოგწონს, ეს კაშნე ხომ მთლად დალოცვასავითაა. ნაცნობებსაც კი რომ ეზარებათ სასაუბროდ გაჩერება და ამინდის გამო, ზრდილობიანად რომ იშორებ ყველას, ვისთან ლაყბობაც მომავალი სამი წელი მაინც ისედაც არ მოგიწევს. ჰოდა, მივდივარ და უცებ მახსენდება, რომ იქვე სადღაც ძალიან ლამაზი და მყუდრო კაფე აღმოვაჩინე ამ რამდენიმე ხნის წინ. ეგრევე მაჟრიალებს ყავის არომატის წარმოდგენაზე, საჩემო სიმყუდროვეზე და საქმე მაინც არ მაქვს-მეთქი, მხრებს ვიჩეჩავ და კაფეს ვსტუმრობ. აი, ცხვირწინ მიდევს უგემრიელესი ყავა, რომელსაც ჯერ ვერ ვსვამ. ველოდები, ოდნავ შეგრილდეს და ამასობაში მახსენდება, როგორ მიყვარდა ასეთი ადგილების აღმოჩენა ჩემ ადამიანთან ერთად. მიყვარდა-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ჩემი ადამიანი ჩემი აღარაა და მეც იმ რამდენიმე კვირის შემდეგ, პირველად გამოვედი გარეთ, გულის გადასაყოლებლად. ზოგადად, ვინმესთან ერთად კამპანიაში ჯდომას ასე მარტო ყოფნა მირჩევნია. თითქოს უფრო უკეთ ვფიქრობ იმ რაღაცებზე, რასაც სახლში ყოფნის დროს ყოველთვის გავურბივარ. მართალია, არასდროს მშორდება ხალხის მზერა, რადგან საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია იმას, რომ ადამიანს სიმარტოვეც ძალიან შეშვენის, მაგრამ უკვე წლებია მე ეს ხალხის აზრი ძალიან უკან, მტვრით დაფენილ თაროზე მაქვს შემოდებული და ვცხოვრობ თავისუფლად. იმდენად თავისუფლად, რამდენადაც შემიძლია. ჰოდა, მოკლედ, ვზივარ, უკვე ყავასაც ვსვამ და სხეული ერთიანად მეშვება. ვზივარ მარტო, გარს ხალხი მარტყია და მეძინება. აი, ლამისაა თავი ჩამოვდო მაგიდაზე და ერთი გემრიელად გამოვიძინო, მაგრამ, აბა, როგორია ასეთ ადგილას ფშვინვას რომ ამოუშვებ. პრინციპში, მაგას რა უჭირს და ხვრინვა რომ ამიტყდეს, მერე სად წავიდე. ბოლოჯერ ვიმაგრებ აკონწიალებულ თავს და უცებ მამთქნარებს. დამთქნარებისას ვგრძნობ, როგორ მიცახცახებს ყვრიმალები, ცხვირი მეწვება და თვალებიდან რამდენიმე წვეთ ცრემლს ვაგდებ. მოდუნებულ სხეულს ისიც ემატება, რომ განწყობა მეშხამება და გასაქცევად ვემზადები. ასეთ დროს კი ერთადერთი ადგილი, სადაც გაქცევა მინდა, სახლია. სახლში არავინ მხვდება. თვეებია, მარტო ვცხოვრობ. ჩემნაირი ინტროვერტი ადამიანებისთვის სიმარტოვეს ერთი კარგი თვისება აქვს: ემოციის შეკავება არ გჭირდება. მეტირება და ვტირი. ერთიანად მაკანკალებს, ლამისაა ღნავილი მოვრთო. ყველანაირი ცუდი და ზედმეტი განცდისგან დასაცლელად ტირილი ყველაზე კარგი გამოსავალია ჩემთვის. ამიტომ, ხელსახოცს ვიმარაგებ და ის-ისაა, ჭერი უნდა დავიმხო თავზე, რომ დღეს უკვე ხელმეორედ მამთქნარებს. ამჯერად, დაჭიმულ სხეულში ისეთ შვებას ვგრძნობ, მაშინვე ვმშვიდდები და ტირილსაც ვწყვეტ. ვზივარ, კედელს შევყურებ და ვერ ვიგებ, ნახევარ წამში ტირილის სურვილი სად გამეპარა. გონებაში ინფორმაციას ვქექავ და მახსენდება, რომ კი, ადამიანმა შეიძლება ძლიერი ემოციური დაძაბულობის დროს დაამთქნაროს, მაგრამ რა შედეგი მოჰყვება ასეთ დროს დამთქნარებას, არასდროს გამიგია. მაშინვე აიკოს ვურეკავ და სრუტუნით ვეუბნები, ყველაფრის გამოსავალი ვიპოვე-მეთქი. აიკო, რა თქმა უნდა, ვერაფერს იგებს. აბა, წარმოიდგინეთ, შუაღამისას ტელეფონზე თქვენი ისედაც უცნაური მეგობარი გირეკავდეთ და კიდევ უფრო უცნაურ თეორიებზე გელაპარაკებოდეთ. ეს თეორია კი, არც მეტი და არც ნაკლები, მთქნარებას ეხებოდეს. - გინდა მითხრა, რომ თუ ემოციები შემჭამს, უნდა დავამთქნარო და ყველაფერი გამივლის? - ალმაცერად მიყურებს აიკო და შემიძლია დავიფიცო, უკვე იმაზე ფიქრობს, ფსიქოლოგი ხომ არ მჭირდება. - ძალით კი არა, თავისით უნდა დაგამთქნაროს, - ვუსწორებ, - ხომ გქონია ისეთი შემთხვევა, ბევრს რომ ტირი და ვერაფრით ჩერდები. თავის შეკავება არ შეგიძლია. ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, „ტორმუზი“ არ გაქვს. - ტაი, ჩემი აზრით, ტორმუზი შენ და შენ ფანტაზიებს არ გაქვთ. მაგისთვის მცალია? - ბრაზდება და თვალებს მიბრიალებს, - გამაგიჟა სუჰეიმ და შენც ნუ დამიმატებ. ისე, კი მაგარი უცნაურები ხართ ეს უცხოელები, მაგრამ შენნაირი ჯერ არავინ მინახავს. - სხვათა შორის, აქ უცხოელი შენ ხარ, - მწყინს. რა უფრო მწყინს, ვერ ვიგებ. ის, რომ არ მიჯერებს თუ ის, ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი გიჟად რომ მთვლის. - ჰო, ეგეც მართალია, - მეთანხმება. - კარგი, მომისმინე. სუჰეი რომ გაბრაზებს ხოლმე, ხომ ტირი? თავს მიქნევს. - ჰოდა, წარმოიდგინე, ტირილის დროს რომ დაგამთქნაროს. ტირილს ხომ შეწყვეტ? - ალბათ, - ეჭვით მპასუხობს და ჩუმდება. მიხარია, იქნებ ცდილობს გაიხსენოს, ასეთი რამ თუ შემთხვევია-მეთქი. - ახლა ისიც წარმოიდგინე, რომ ჩხუბობ და უცებ გამთქნარებს. ყველა ვარიანტში, რაღაცნაირი შეგრძნება გრჩება ადამიანს. სიცარიელის ალბათ. ჩხუბიც და ტირილიც ჩვენი ემოციური მდგომარეობის გამოხატვაა, ჰოდა დამთქნარება საშუალებას არ გაძლევს, ეგ ყველაფერი ბოლომდე გამოხატო. თუ ტირილის დროს დაგამთქნარებს, მოგიწევს რამდენიმე წამით ტირილი შეწყვიტო და სიჩუმეში დარჩე. სწორედ მაშინ ხვდები, რომ ტირილი რომც გააგრძელო, ისე ვეღარ იტირებ, როგორც იქამდე. იგივეა ჩხუბზეც. რაღაცაზე გაბრაზებული რომ ყვიროდე და უცებ დაამთქნარო, აზრი გაგიწყდება და რამდენიც არ უნდა აგრძელო მერე, იგივე შემართებით ვეღარ იქნები. აი, რთულია ასე ახსნა, თუ არ გამოგიცდია, რა. აიკო გაფართოებული თვალებით მიყურებს. ლამისაა სიცილი ატეხოს. სახის მიმიკებზე ვხვდები, თავს რა ძალით იკავებს. ალბათ ფიქრობს, რომ გავგიჟდი და მეტი სადარდებელი არ მაქვს, მაგრამ არ უნდა ჩემ აზრებსა და გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენოს, ამიტომ ფეხზე დგება, მხარზე ხელს მადებს და მეუბნება, შენ თუ გჯერა, ჩათვალე, მეც მჯერაო. - ეგრე არ მინდა, რა, - ვიბუტები. პატარა ბავშვებმა ხელების გადაჯვარედინება და ფეხების ბაკუნი რომ იციან, ზუსტად ისე. ჩემ საქციელზე აიკოს ეცინება და ყავის გასაკეთებლად მიდის. იმ საღამოს, როცა აიკომ ტელეფონზე დამირეკა და გახარებულმა ჩამძახა, შენი თეორია მართალი აღმოჩნდაო, გვიანობამდე შემოვრჩი იქაურობას. მერე სუჰეი მოვიდა თავის რამდენიმე მეგობართან ერთად და მაგიდის გაშლა ითხოვა. ხილის კალათიდან ვაშლი ამოაძვრინა, ჩაკბიჩა და გამოვსებული პირით შემომჩივლა, შენ რომ აფრენდი ვიცოდი, მაგრამ ეს ცოლი რაღას გამიგიჟეო. - ეს რა თეორიებს ასწავლი, ტაი. რამე ნორმალურზე ვერ საუბრობთ ხოლმე? - შენ რა გინდა, - კოპებს კრავს აიკო, - ძალიანაც რომ ნორმალურია. შენ რომ არ გაინტერესებს, იმას კი არ ნიშნავს, რომ უინტერესო ხალხი ვართ. აბა, შენ მეგობრებს ჰკითხე, რაიმე თეორია თუ აქვთ თავიანთი. აი, ტაის, ბევრი ეგეთი თეორია აქვს, - ამაყად მიყურებს. ჩავიფხუკუნე. მართალი რომ აღმოვჩნდი კი კარგია, მაგრამ ეგეთი გაფანატებაც არ მინდოდა-მეთქი. - ბიჭებო, - მისაღებში გასძახა სუჰეის მეგობრებს, - აქეთ მოდით, რა. - რა არ გასვენებს, აიკო, - თვალებს ვუბრიალებ, მაგრამ ხელის აქნევით მახვედრებს, სუჰეის ვერ გავამარჯვებინებო. - მოკლედ, არსებობს ასეთი თეორია, - სეროიოზული ტონით იწყებს აიკო, - დამთქნარების თეორია ჰქვია. ჩემმა მეგობარმა დაამტკიცა, - ჩემკენ ანიშნებს. სამი წყვილი თვალი მე მპოულობს. ლამისაა სიცხვილისგან მაგიდის ქვეშ შევძვრე. - არაფერი დამიმტკიცებია, აიკო აბუქებს. - არ დაუმტკიცებია, მაგრამ ამართლებს. რა ხდება ახლა. თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, ემოციების გამოხატვის დროს რომ დაგემთქნარებინოთ? - ბიჭებისკენ გადაიწია აიკო და მთელი საღამო ჩემი თეორიის მტკიცებაში გაიყვანა. დარჩა სუჰეი საჭმლის გარეშე. იჯდა მოშორებით დივანზე და მესამე ვაშლს ჭამდა. თვალებით მბურღავდა და უხმოდ მადანაშაულებდა ყველაფერში. რა მექნა, მეც ასე უხმოდ ვიტანდი ბრალდებას. რამდენიმე დღეში ჩემი სახლის სიახლოვეს ერთი ლიტერატურული კაფე იხსნება. გახსნაზე მივდივარ, ჯერ ინტერიერს ვათვალიერებ, მერე ყველაზე კარგ ადგილზე ვჯდები და მიმტანს ველოდები. განსაკუთრებული შეკვეთა არ მაქვს, ამიტომ მენიუს არც ვეხები და მიმტანს თავის აუწევლად ვეუბნები, ორმაგი ესპრესო მომიტანეთ-მეთქი. - შენ სუჰეის და აიკოს მეგობარი არ ხარ? - ყურში მხვდება მეტად არაქართული აქცენტი. ვიხედები და სუჰეის მეგობარს ვცნობ. - ჰარუ, არა? - მარტივად ვიხსენებ მის სახელს. - შენ კი... - დაბნეული მომჩერებია. ვხვდები, აზრზე არაა, რა მქვია, - გოგონა, რომელსაც თეორიები უყვარს, - იცინის. - ტაი, - ხელს ვუწვდი. მართალიაო, თავისთვის ბუტბუტებს. - ანუ, ორმაგი ესპრესო, - შეკვეთას აზუსტებს. - ნამდვილად. - ახლავე მოგიტან, - მპირდება და უჩინარდება. „ახლავე“ 20 წუთის შემდეგ დგება. შეწუხებული სახით მიახლოვდება და მებოდიშება, ყავის აპარატს ჯერ ვერაფერი გავუგეო. ვამშვიდებ, პრეტენზიული კლიენტი არ ვარ-მეთქი და თეფშზე დაბრძანებულ დაუპატიჟებელ სტუმრებს დავყურებ. - ეს ნამცხვრები ჩემგან. დაგვიანების გამო, - მხრებს იჩეჩავს, თავის ულამაზეს კბილებს მაჩვენებს და ისევ უჩინარდება. ტკბილეული არ მიყვარს. ის კი არა, შაქარსაც კი გვერდით ვდებ და ყავას ერთი გადაკვრით ვსვამ. ცოტა ხანს კიდევ ვრჩები. მომწონს აქაურობა. მართალია, ეტყობა ჯერ ახალი რომ არის, მაგრამ ისეთ შეგრძნებას მიტოვებს, თითქოს მთელი ცხოვრებაა აქ დავდივარ. ჰარუ ჭიქის წასაღებად ბრუნდება და ხელუხლებელი შაქრის ორ შეკვრას ეჭვისთვალით დასცქერის. - თეორიები ხომ გიყვარს შენ. ჰოდა, იცი, რომ არსებობს ეგეთი თეორია, რომ ადამიანი როგორ ყავასაც სვამს, ისეთი ხასიათი აქვს,- ისევ მიღიმის, თვალს მიკრავს და დახლის უკან ბრუნდება. მინდა მივაძახო, ეგ შოკოლადზეა-მეთქი, მაგრამ მეზარება დიალოგის გამართვა და უკვე სახლისკენ გზაზე ვხვდები, რომ სრულიად უცხო ბიჭმა ჩემი გემოვნების გამო ჩემ ხასიათს ხაზი გადაუსვა. იქნებ, ეგეთი მწარე გოგოები მოსწონს-მეთქი, თავს ვინუგეშებ, მაგრამ მახსენდება იმ საღამოს აიკოსთან ჩაი რომ მოითხოვა სამი კოვზი შაქრით და მაშინვე მიქრება იმის ილუზია, რომ ჩემი მწარე გემოვნებით რაიმე შთაბეჭდილებას მოვახდენდი. - იქნებ ის ტკბილეული სულაც იმიტომ მომიტანა, რომ ჩემი დატკბობა უნდოდა? - მორიგი აზრი მიჩნდება, - არადა, ვგიჟდები ისეთი ლამაზი სახელი აქვს, - დაწყებამდე ვეთხოვები შეუმდგარ ურთიერთობას და გულში ყველა არსებულ თუ არარსებულ თეორიას ვლანძღავ. მერე უკვე სახლში, ხმამაღლა ვილანძღები აიკოს მიმართულებით, იმ ღამით უხერხულ მდგომარეობაში რომ ჩამაგდო და შუა ლანძღვის დროს დაბარებულივით მამთქნარებს. დამთქნარებას უკმაყოფილება მოაქვს ჩემამდე და ვგრძნობ, როგორ მეპარება ბრაზი ემოციების ჩამხშობ თეორიაზე. მაგრამ ბრაზი მაშინვე ქრება, როცა კიდევ ერთხელ ვაღებ პირს და ვნებდები. პირდაფჩენილი დასაძინებლად მივდივარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.