შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი კაბა (სრულად)


1-09-2023, 16:28
ავტორი Loey
ნანახია 13 417

იმ მომენტში, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, დაყვირებაც ვერ მოვასწარი. ვატოს ვხედავ კადრებად, ხიდის მეორე მხარეს გადამძვრალ ეკეს უყვირის. ეკე ჩემი ბავშვობის სიყვარულია. ქერა, დახვეული თმა აქვს, ბრეკეტები უკეთია და ღიმილის დროს თვალები უცინის. საშუალოზე მაღალია, გამხდარი და თითქმის ყველა ძვალი თვალსაჩინოდ ეტყობა. სკოლის პერიოდში ჩემ გვერდით იჯდა ბოლო რიგში. არასდროს დავალება არ მოჰქონდა და ყოველთვის ყველაზე მარტივად იმახსოვრებდა კლასშივე წაკითხულ გაკვეთილს. პატარაობაში უშნო იყო, მერე გაიზარდა და მთელი სკოლა დასდევდა. მე იმ პერიოდიდან მიყვარდა, როცა სახეზე გარდატეხის ნიშნები აჩნდა და ამიტომაც მთელი სკოლა მძულდა. ადრე მხიარული იყო, ხშირად სვამდა ლუდს, უყურებდა ფეხბურთს და ბიჭებთან ერთად ბევრს ერთობოდა. უყვარდა მუსიკა, გრძელფეხება გოგოები და მე. მე იმიტომ, რომ მისი წარსული და აწმყო ვიყავი. საუბრობდა ძალიან ცოტას და ძალიან ბევრს სიმთვრალეში. მერე, ერთ მომენტში, ეკე შეიცვალა. ასაკის მატებასთან ერთად უმატა სმასაც. რეალური მეგობრები ალკოჰოლით სავსე ბოთლებით ჩაანაცვლა. ურთიერთობა გაწყვიტა ყველასთან. დავრჩით მე, ეკე და ვატო. დეპრესიის ფონზე ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. ერთხელ მე მივუსწარი, მეორედ თავისმა პატარა დამ. დაუნიშნეს ფსიქოლოგი და აღმოჩნდა, რომ ეკე სუიციდისტია. მისთვის ერთადერთი გამოსავალი თვითდაზიანებებია. არ უნდა სიცოცხლე, ჩვენ კი წლებია სუნთქვას ვაძალებთ.

ჰოდა, იმ მომენტში, თითქმის ვერაფერს ვხედავ. მესმის, ვატო ყვირის და ხიდის მეორე მხარეს გადამძვრალ ეკეს ეხვეწება, უკან გადმოდიო. გულის სიღრმეში ვიცი, რომ ეს საბოლოოა და ვეღარ გადავარჩენთ. რომ ეკე, მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარული, სულ იმ ხიდს მიღმა დარჩება და ვეღარასდროს შევძლებ მისთვის ხელის გაწვდენას. ვხვდები და ნაბიჯსაც ვერ ვდგამ. ეკე ბრუნდება და მიყურებს. ტუჩების მოძრაობით რაღაცას მეუბნება, მაგრამ იმდენად მაქვს გონება დაბინდული, ვერაფერს ვხვდები. ძალიან სევდიანად მიღიმის, მერე ხელს სწევს, თითქოს უნდა დამიქნიოსო და თვალებატრიალებული ხიდიდან ეშვება. მიფრინავს ქვემოთ, მკვდარი სხეულებით სავსე მდინარისკენ. მე კი, ისე მეშინია წ*ლის, თავს ვერ ვაიძულებ, გადავიხედო.

ვატო მომაკვდავივით ღმუის, ტელეფონს იღებს და სასწრაფოში რეკავს. რამდენჯერმე ხელს მიქნევს, მაგრამ მე ეკეს ხატება არ ამომდის თვალებიდან. სასწრაფო როდის მოდის, უკვე აღარ მახსოვს. მახსოვს სირენების ხმა, ვატოს ხელები ჩემ მხრებზე, ტელეფონი, რომელიც არა და არ ჩერდება. მერე აღარაფერი.

რომ ვფხიზლდები, ეკე უკვე სახლში ჰყავთ დასვენებული. სასახლის გარშემო შემოკრებილი ხალხი თვალს არ მაშორებს. მომსვლელი ბევრი არავინაა. თითო-ოროლა ადამიანი თუ დაილანდება ეკეს მშობლების სახლის ეზოში.

ეკეს დედა ორ მოხუც ქალს შორის ცივი სახით ზის. არავის ესაუბრება, არავის უყურებს. არც სამძიმარს იღებს. ზის უმეტესად თავჩახრილი და ფიქრებშია გადავარდნილი. შავ მოსაცმელზე თავისი შვილის ფოტო აქვს დამაგრებული. დროდადრო ხელს უსვამს, ეფერება და მერე ისევ პირვანდელ სახეს იბრუნებს.


ოთახში ვატო შემოდის და მე მეძებს. თვალით მანიშნებს, გარეთ გამოდიო. დამძიმებულ სხეულს ძლივს მივათრევ. ასე მგონია, მთელი მდინარე მე დავლიე, ეკემ კი არა.

ვატო ჩვენ საერთო კლასელებთან ერთად დგას. მინიმუმ 7 წელია, არც ერთი მათგანი აღარ მინახავს. ყველა სათითაოდ მეფერება ზურგზე თანაგრძნობის ნიშნად და ოთახში შეკრებილი ხალხისგან განსხვავებით, თვალს ვერც ერთი მისწორებს.

- იანო, ვიზიარებთ, - ჩუმად მეუბნება ჩემი ყოფილი მეგობარი და ვატოს ბავშვობის გატაცება, ნია ბარბაქაძე.
- რა არის 26 წელი. არც არაფერი. ცხოვრება ახლა უნდა დაეწყო.
- მორჩი, რა, საბა. ბებერი ქალივით ნუ ლაპარაკობ, - ხელს იქნევს ვატო და სენტიმენტებს ჰაერში ფანტავს.
- ვიცი, რომ ძალიან გიყვარდა, - ისევ მეჩურჩულება ნია.
- ძალიან არა, მთელი ცხოვრება მიყვარდა, - ვპასუხობ მეც.

მოსაღამოვებულზე ხალხი მიდის და ეკეს დედასთან მე და ვატო ვრჩებით. ქვადქცეული ქალი ერთხანს კიდევ ჩუმად ზის, მერე თვალები ცრემლებით ევსება და ტირის. მე ვატოს ვუყურებ, ვატო - მე. არც ერთი არ ვიღებთ ხმას და დარწმუნებული ვარ, ორივე ოთახიდან გაპარვაზე ვფიქრობთ.

5 წუთის შემდეგ მოსაწევად აივანზე გავდივართ.

- როგორ გგონია, გადაიტანს? - თავით ოთახისკენ მანიშნებს.
- ჯერ ქმარი, ახლა შვილი. იმედია, გადაიტანს. ნანას გულისთვის, უნდა გადაიტანოს, - ეკეს პატარა და მახსენდება.
- შენ როგორ ხარ? - მაკვირდება და ბოლს უშვებს.
- თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სახლთან მომაკითხა მანქანით. ნასვამი იყო და საკუთარი თავი თუ არ გიყვარს, სხვა მაინც შეიცოდე და მთვრალი ნუ დადიხარ-მეთქი, ვიჩხუბეთ. მანქანიდან რომ გადმოვედი, კარი ისე მივუჯახუნე, მეგონა შუშა ჩაიმტვრეოდა. სახლში ასვლამდე შეტყობინება დამაწია ტელეფონზე, - ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და ეკეს მოწერილს ვპოულობ. ვატო სიგარეტს სწრაფად აქრობს, ჩემკენ იხრება და ჩუმდება, - „იცი, მანქანის კარს როგორც მიუხურავ მანქანაში მჯდომ ადამიანს, შინაგანად ამ ადამიანის მიმართ რასაც გრძნობ, კარის დაკეტვის სიძლიერით განსაზღვრავ. გაბრაზების დროს კარს აჯახუნებ და უკანმოუხედავად მიდიხარ. არ ინტერესდები, ადამიანს მანქანაში როგორ მდგომარეობაში ტოვებ. იმედგაცრუების დროს, კარს ნელა ხურავ და ისე გადმოდიხარ, იმ ადამიანს ურჩევნია, ის კარი თავში გაარტყა. ნელა მიუყვები გზას და ფეხის ყველა გადადგმაზე უკან მოტოვებულ ადამიანს კლავ. ბედნიერი როცა ხარ, კარს აღელვებული კეტავ, აუცილებლად ბრუნდები უკან, ჩაწეულ ფანჯარაში თავს ჰყოფ და კიდევ ერთხელ ემშვიდობები. მერე მიდიხარ და შუა გზაზე ისევ ჩერდები, ისევ ბრუნდები და ღიმილიანი სახით, ისევ ემშვიდობები. გაბრაზდი, ვიცი, მაგრამ ერთხელ მაინც მობრუნებულიყავი“.


ვატო ტელეფონს დიდხანს დასცქერის. ერთსა და იმავეს რამდენჯერმე კითხულობს. მერე ტელეფონს მიბრუნებს, მიყურებს და სწორედ იმ მომენტში ხვდება, რომ ეკეს ამბავი ჩემ ცხოვრებას ყველაზე დიდ და მოუშორებელ ლაქად დააჩნდება. ლაქა, რომელიც კარგად ცხოვრების საშუალებას არ მომცემს და ყოველდღე მაფიქრებინებს, რომ მე იმ დღეს ერთხელ მაინც რომ მივბრუნებულიყავი ეკესკენ, ბრაზი გადამეყლაპა და უბრალოდ ხელი დამექნია, ბევრი რამ ისე აღარ იქნებოდა, როგორც ამ საღამოსაა. ეკე აუცილებლად იჯდებოდა ჩვენთან ერთად, მოჭუტული თვალებით გააბოლებდა ტვინისთვის სასიამოვნო ნიკოტინს და იმაზე იწუწუნებდა, როგორ არაადამიანურად გააღვიძა დილით ნანამ. ეკე რომ აქ ყოფილიყო, მე აუცილებლად მოვიკრეფდი ძალას და ერთხელ და სამუდამოდ ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს. მთელი ცხოვრებაა მიყვარს და ვაგრძნობინებდი, რომ მარტო აღარასდროს იქნებოდა. მე მოვერეოდი მის სურვილს, თავი მოეკლა ყოველ შესაძლებლობაზე და ვიცხოვრებდით ისე ბედნიერად, როგორც ამას სულ იმსახურებდა.

- თავი არ დაიდანაშაულო, იანო. შენი ბრალი არაა, - მეორე ღერ სიგარეტს უკიდებს ვატო და თითქოს ჩემ აზრებს ხვდებაო, მზერით მანუგეშებს, - დროის ამბავი იყო. მამამისის სიკვდილმა საბოლოოდ მოშალა. სასაფლაოზე ვპოულობდით ხოლმე შუაღამისას, არ გახსოვს? დაგღალა მაგ ბიჭმა შენ. არ იმსახურებდი, ყველაზე კარგი წლები მის დევნაში გაგეტარებინა.
- მაგას ჩვენ არ ვირჩევთ, ვატო. მე კარგად მახსოვს ძველი ეკე და მახსოვს ის მომენტი, ჩემმა გულმა მისი შეყვარება პირველივე დღეს რომ გადაწყვიტა. მარტო იმიტომ, რომ ისეთი აღარ იყო, როგორიც იყო, ვერ გადავიყვარებდი.


ვატოს აღარაფერი უთქვამს. სიგარეტი ჩაწვა, ხელი გადამხვია და ოთახში დავბრუნდით.

მეორე დღეს ეკეს შორეული ნათესავები ჩამოფრინდნენ უცხოეთიდან. დამხვდა ხალხით გავსებული, მოზუზუნე ეზო, უცხო სახეები, უმეტესად ხანშიშესული და რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი. მე ეკეს ნათესავებს არ ვიცნობდი, ამიტომ პირდაპირ მეორე სართულზე ავედი. ოთახიდან ტირილის ხმა გამოდიოდა. ეს არ იყო ეკეს დედის ხმა. გუშინდელმა დღემ დამარწმუნა, რომ ის სხვების წინაშე არასდროს იტირებდა.

ოთახი უცხო სახეებით გავსებულიყო. მოტირალ ხალხს შორის მაშინვე ვიცანი ეკეს გარდაცვლილი მამის უცხოეთში გადაცხოვრებული მშობლები. ვატომ ხელი დამიქნია, გვერდით მდგომ ახალგაზრდა გოგოს რაღაც უთხრა და ჩემკენ წამოვიდა.

- დილით რომ მოვედი, იმდენი ადამიანი დამხვდა, ცხრაჯერ შევამოწმე, სახლი ხომ არ ამერია-მეთქი, - გადმომიჩურჩულა.
- ყველას ახლა გაახსენდა ეკე? - ბრაზი ვერ დავმალე მე.
- ჯერ სად ხარ. იმას ხომ ხედავ, - ახალგაზრდა გოგოსკენ მანიშნებს. იმ გოგოს ქერა თმა აქვს, სათვალე უკეთია და ეკეს დედას უზის გვერდით. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, - ჯერ მაგისი ოჯახი არ მოსულა. ეკეს შორეული ნათესავები არიან. მამის მხრიდან, მგონი. როგორც ვიცი, უზარმაზარი ოჯახია და ყველა საზღვარგარეთ ცხოვრობს. წეღან მეუბნებოდა, მთელი ბავშვობა ეკესთან ერთად მაქვს გატარებულიო, მაგრამ რატომღაც არ მახსოვს, ეკეს ოდესმე ეხსენებინოს ან მის გვერდით მენახოს. შენ ხომ არ გეცნობა?
- პირველად ვხედავ. ალბათ, სანამ ჩვენ სკოლაში გადმოვიდა, ეგ იქამდე იყო.

საღამოს ის უცხო ოჯახი მართლა ჩამოვიდა. სულ 5 ადამიანი. მე და ვატო ოთახის შესასვლელთან ვიდექით და ვუყურებდით, როგორი ძლიერი ნაბიჯებით მოდიოდნენ ყველანი. გვერდით რომ ჩაგვიარეს, ცხვირში სიმდიდრისა და გემოვნებიანი სუნამოს სუნი ერთდროულად მომხვდა. ერთი სანახაობა იყო, როგორ მედიდურად მიაბიჯებდა ხანშიშესული ქალი ყველას წინ, თითქოს ოჯახის უფროსობა ეკისრა და ამას ყველას თვალნათლივ გვაჩვენებდა. როგორ დაიხარა ეკეს დედასთან და რაღაც უჩურჩულა, მერე როგორ მიუჩინა ადგილი მეტად გემოვნებიან თაიგულს ეკეს სასახლის გვერდით და ფეხი-ფეხზე გადადებული როგორ ჩამოჯდა იმ ახალგაზრდა გოგოს გვერდით, ვატოს რომ ესაუბრებოდა.

ხმა არავის ამოუღია. ოჯახი გვიანობამდე შემორჩა იქაურობას. ხალხი ნელ-ნელა დაიშალა. ხვალ ეკეს დავკრძალავდით.

დაკრძალვამ იმაზე მტკივნეულად ჩაიარა, ვიდრე ველოდი. იმის გააზრებამ, რომ ეკეს ვეღარასდროს ვნახავდი, ბოლო მომიღო. მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი. ამოთხრილი ორმო, ხალხი, რომელთაც ეკეს სასახლე თოკებით ეჭირათ, ჭიქით ხელში მოლაპარაკე ოჯახის თავკაცი, სუფრის გაშლით გართული ეკეს უცხოელი ნათესავები, თვალცრემლიანი ფსევდო მეგობრები. ვერ გავუძლებდი ამ ყველაფერს, ვერ გავუძლებდი ეკეს დედის გაყინულ თვალებს. ჰოდა, მიწის მიყრამდე მოვბრუნდი და წამოვედი. იქ ყოფნას აზრი აღარც ჰქონდა და ზუსტად ვიცოდი, არც ეკეს ენდომებოდა, ამ მასკარადში მონაწილეობა მიმეღო.

სასაფლაოდან გამოსვლამდე ჭიშკართან მოსაუბრე ადამიანები შევნიშნე. შორიდანვე ეტყობოდათ, რაღაცას აეღელვებინათ. გასვლისას გავიგე, როგორ გადაულაპარაკა უცხოეთიდან ჩამოსული ოჯახის თავმა გვერდით მდგომ ახალგაზრდა ბიჭს, რას ჰქვია, მოსვლაზე უარი განაცხადაო, მაგრამ იმდენად არ მომწონდა მათი მცირერიცხოვანი ოჯახი, რომ ყურადღება აღარც მიმიქცევია, როგორ დადუმდნენ ჩემი მიახლოებისას.

იმ დღის შემდეგ, ყოველ თვე, მე და ვატო ერთმანეთის მონაცვლეობით ავდიოდით საფლავზე ყვავილების ასატანად. ეკე ვერ იტანდა ყვავილებს. ამბობდა, ჩემ თავს მახსენებსო, მაგრამ მე უყვავილო საფლავის არსებობა იმდენად მაწუხებდა, რომ ვატოს დავემუქრე, ხმას აღარ გაგცემ, თუ ეკეს საფლავზე ყვავილი გაქრება-მეთქი. იცოდა, ვატყუებდი, მაგრამ არ გაუპროტესტებია. სანამ ქვეყანას დატოვებდა, პირნათლად ასრულებდა თავის პირობას. მერე, ეკეს გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე, თვითმფრინავში ჩაჯდა და გაფრინდა. მაგრამ, ეკეს საფლავზე ყვავილები მაინც მხვდებოდა ხოლმე. ერთხანს ვფიქრობდი, ალბათ დედამისს თუ მიაქვს-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, ასეთ მდიდრულ თაიგულებს უცხოეთიდან ჩამოსული ის ოჯახი თუ „გაიმეტებდა“.

- როდის ჩამოხვალ? - ვატო მიღიმის ტელეფონის მეორე მხრიდან.
- ჩამოვიდე და შენსავით ყველაფერი მივატოვო? - წყენას ვერ ვმალავ, - შენ როდის ბრუნდები?
- ჯერ ახლა არ წამოვედი? - ისევ იღიმის.
- მოგიხდა უცხოეთი.
- ეჭვიანობ, იანო?
- მშურს, - ვუღიმი მეც, - მიხარია, კარგად რომ ხარ.
- სხვა გზა არაა, - მხრებს იჩეჩავს და რამდენიმე წამით ეკრანიდან ქრება. მეორე ადამიანის ხმა ტელეფონში აღწევს. გოგოა. რაღაცაზე გულიანად კისკისებს. მესმის, რამდენჯერმე ვატოს სახელს რომ იმეორებს და ვხვდები, დროა, გავთიშო.

საღამოს ნია მოდის ჩემთან. ეკეს სამძიმრის შემდეგ ძველ მეგობრებთან ურთიერთობა და თითქმის ყოველდღიური კონტაქტი უნებურად აღდგა. მეც ჩემი წილი ტკივილის გაზიარება დავიწყე სხვებისთვის და ნელ-ნელა ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდი. რაც ვატო წავიდა, მარტოსულობას ნიას არსებობით ვებრძვი. მართალია, ჩემი მეგობარი იმაზე უფრო ჭკუამხიარული აღმოჩნდა, ვიდრე მახსოვდა და ხანდახან ზღვარსაც ცდებოდა ცხოვრებისადმი მისი დამოკიდებულება, მაგრამ, შინაგანად ვგრძნობდი, ეს ყველაფერი გადარჩენისთვის მჭირდებოდა. იმისთვის, რომ შემეწყვიტა წარსულით ცხოვრება, ყველა ადამიანში ეკეს ძიება, სინანული, რომ მე ვსუნთქავდი და იშვიათად, მაგრამ მაინც, ვიცინოდი კიდეც.

- იანო, ჩაცმული დამხვდი, - ტელეფონში მიყვირის ბარბაქაძე.
- კიბეზე შენი ფეხის ხმა მესმის, ნია? - შემოსასვლელ კარს ვაღებ და სამზარეულოში ყავის გასაკეთებლად შევდივარ.
- ჩემია, - იცინის და შემოდის კიდეც.

ყავას ახალი ამბების ფონზე ვსვამთ. ნია მეუბნება, დღეს თუ დაბადების დღეზე არ წამომყვები, იმედგაცრუებისგან სულს გავაფრთხობო.

- არ გბეზრდება ამდენი გართობა? შაბათი საღამოა, დასვენება შეირგე, რა. დავსხდეთ და ფილმს ვუყუროთ. მეზარება ხმაური, - ვწუწუნებ.
- გპირდები, ბოლოა. გამომყევი, რა. იუბილარის გარდა არავის ვიცნობ. ვის ველაპარაკო?
- იქნებ, ზემოდან გამოგზავნილი ნიშანია? ვიღაც გეუბნება, ნია ბარბაქაძე, დროა, ახალი და შენი შესაფერისი მეგობრები იშოვოო.
- ჰო, ეკეს გამოგზავნილი ნიშნები იქნება, - ამბობს და მაშინვე ჩუმდება. ზურგით ვდგავარ, მაგრამ მაინც ვგრძნობ, მე მიყურებს.
- არაუშავს, ნია, - ვამშვიდებ, ჭიქას ვრეცხავ და ვბრუნდები.
- არ მინდოდა, რა. მართლა, - ხმაში ტირილის ნიშნები ეპარება.
- არ გადამრიო და ახლა არ იტირო. კარგად ვარ. ადექი, წავიდეთ იმ შენ დაბადების დღეზე.

ნია მთელ გარდერობს თავდაყირა აყენებს და ჩემი ტანსაცმლის ნახევარს დაუფიქრებლად იწუნებს. ბებერი ხარო, დამცინის და მორიგ კაბას ოთახის კუთხისკენ ისვრის.

- აქაურობას შენ დაალაგებ? - ვიღრინები.
- შენ ვერ დაალაგებ? - ღიმილით მიყურებს და იმ კაბას მესვრის, არასდროს რომ არ მცმია.
- ამას ვერ ჩავიცვამ, რა, ნია. სხვა ვნახოთ რამე.
- სხვაც ვნახე, მაგრამ ის უარესია. ჩაიცვი, შევაფასოთ.

ნია კაბას ცერის აწევით აფასებს. გაბრწყინებული თვალებით მიყურებს და ტუჩებს სასაცილოდ აცმაცუნებს. ვხვდები, უნდა რომ დაუსტვინოს, მაგრამ მხოლოდ იდორბლება.

- იცი ამ კაბის პრობლემა რა არის? - ვეკითხები და სარკეში საკუთარ თავს ხელმეორედ ვათვალიერებ. ნერვიულობისგან მოკლებული კილოგრამებისა და თითქმის დაკარგული ფორმების ფონზე, კაბა მაინც მიხდება.
- ის, რომ ზედმეტად იდეალურია?
- ის, რომ წითელია. ნია, არ შემიძლია, რა.
- იანო, 2 წელი გავიდა. 2-ჯერ 365 დღე. ძალიან ბევრია იმისთვის, რომ შავ ტანსაცმელს გადააყოლო მთელი ცხოვრება. 28 წლის არ ხარ? კიდევ რამდენხანს აპირებ ცხოვრებას? სულ ასე უნდა იყო? მესმის, გიყვარდა და მესმის, მთელი შენი ცხოვრებაა ეგ ბიჭი, მაგრამ მოგონებებით ცხოვრებას შეეშვი, ჩაიცვი ეს დაწყევლილი კაბა და ერთხელ მაინც ისე მოიქეცი, როგორც შენ ასაკში იქცევიან გოგონები. ხომ არ გთხოვ, სტრიპ კლუბში გამომყევი-მეთქი, - თვალებს მიბრიალებს, ფეხსაცმელს მაწვდის და სკამზე მანიშნებს, დაჯექი, მაკიაჟს გაგიკეთებო.

ვნებდები.

დაბადების დღე მეტად ხმაურიანად მიმდინარეობს ერთ ახლად გახსნილ ღამის კლუბში. შესვლისთანავე ვგრძნობ, რომ ჩემი ადგილი იქ არაა, მაგრამ ხელზე ჩამოკონწიალებული ნია მარტო ორი წუთითაც არ მტოვებს. გუმანით თუ გრძნობს, რომ ნებისმიერ შესაძლებლობაზე გავიქცევი. შესასვლელთან ახლოსვე, დაახლოებით, 10-კაციანი მაგიდა სხვადასხვა სასმლით გადაჭედილი გვხვდება. იუბილარი ნიას კისერზე ეხვევა და ლოყებს უკოცნის. უხერხულად ვდგავარ წითელ კაბაში გამოკვანწული და ვლოცულობ, საუბარი არ გამიბას.
- ეს ვინაა? - ხმამაღალი მუსიკის ფონზე გაჰყვირის და ჩემკენ იყურება.
- გაიცანი, იანო, - ღიმილით მწევს ახლოს, - ჩემი ბავშვობის მეგობარი. ადრე მოგიყევი კიდეც.
იუბილარი ღიმილით მიწვდის ხელს და თავის გაქნევით მპატიჟებს მაგიდასთან.
- არ მითხარი, იცის შენც რომ მიმყავხარო? - ლამისაა ბოლი გავუშვა ყურებიდან, ნიას ვეღრინები და ისე ძლიერად ვჩქმეტ, მაგიდის ქვეშ ფეხები ეკლაკნება.
- ასე დამალურჯებ, იანო, - თვალებს მიბრიალებს.


ხმის ამოუღებლად ვპირდები, ამაზე პასუხს მოგვიანებით მოგთხოვ-მეთქი და მაგიდის გარშემო შემომსხდარ ადამიანებს თვალის ერთი შევლებით რენტგენში ვატარებ. გული მეწურება, როცა ვაანალიზებ, რომ თითქმის ყველა შავი ტანსაცმლითაა შემოსილი. ახლა უფრო მეტად მინდება, ნია გავწეწო, მაგრამ მოპირდაპირე მხრიდან იუბილარის მზერა კანს მიწვავს. უხერხულად ვუღიმი და გამოწვდილ ჭიქას თავის დაკვრით ვართმევ. ისიც მიღიმის, თუმცა უფრო ლაღად და გვერდით მჯდომ ბიჭს მხარზე თავს ადებს. ბიჭი იხრება და შუბლზე კოცნის, ხელს მხრებზე ხვევს და ძლიერად იხუტებს. მარცხენა ხელზე უცნაური ფორმის ტატუს ვამჩნევ, მარჯვენა ხელით ჭიქა მიაქვს ტუჩებთან და ლაზერების სინათლის ფონზე არათითზე მორგებულ საქორწილო რგოლს ვამჩნევ.

- საპირფარეშოში გამომყვები? - ნიას ხმა მაფხიზლებს. თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად და ფეხზე კაბის სწორებით ვდგები.
- შენი მეგობარი რამდენი წლისაა? - მოხატულ კედელს მხრით ვეყრდნობი. ნია ხელებს იმშრალებს და სარკიდან მიყურებს.
- 25-ის გახდა. რა ხდება?
- დიდი ხანია, გათხოვდა?
- ვინ თქვა, რომ გათხოვილია? - სიცილით მიყურებს.
- გვერდით რომ ბიჭი უზის, თითზე ბეჭედი შევნიშნე. მეგონა, ქმარი იყო, - ვერ ვხვდები სიტუაციას.
- საყვარელია, - მხრების აჩეჩვით მეუბნება, - თითქმის ერთი წელია, ერთმანეთს ხვდებიან.
- კაიიი? - თვალები შუბლზე ამდის, - არა, კი აღარაფერი მაკვირვებს, მაგრამ ასე ღიად რანაირად?
- ეჰ, იანო, ყველა შენნაირი კი არაა, - იცინის და საცეკვაო მოედნისკენ მიმათრევს. ფაქტობრივად, ვჭიდაობთ, მაგრამ ერთი ვიცეკვოთო, მთხოვს და საიდანღაც გაჩენილ ლუდის ჭიქას ხელში მაჩეჩებს. ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი თანხვედრაა. წითელ კაბასა და ქუსლიან ფეხსაცმელში, მეტად პომპეზური დაწესებულებისთვის გამოწყობილი მე ვდგავარ ღამის კლუბის საცეკვაო დარბაზის შუაგულში, ათასნაირი ხალხის გარემოცვაში, ხელში ლუდის ჭიქა მიჭირავს და ისე უხერხულად ვმოძრაობ, ნია სიცილისგან იგუდება.
- აღარ მინდა აქ ყოფნა, - უკმაყოფილოდ ჩავყვირი ყურში, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევს, მატრიალებს და ისეთ სასაცილო მოძრაობებს აკეთებს, უნებურად პირი ღიმილით მეხევა. ვცდილობ, ცეკვის პარალელურად ალკოჰოლს გემო გავუსინჯო, მაგრამ ჭიქის ფართო პირიდან სასმელი მეღვრება და ყელის გავლით კაბა მისველდება.
- გინდა, უკან შევბრუნდეთ? - ბნელი საპირფარეშოსკენ მანიშნებს.
- მინდა, რომ სახლში წავიდეთ, ეს ფეხსაცმელი გავიხადო და მთელი კანი გავიხეხო. ვყარვარ, ნია.
- კარგი, ჰო, - თვალებს ატრიალებს და მაგიდასთან ვბრუნდებით. იუბილარი მთვრალია, საყვარელს კალთაში უზის და ყურში რაღაცას ეჩურჩულება. კაცი კი, რომელსაც, წესით, ახლა ცოლი სახლში უნდა ელოდებოდეს და წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეს, თავისი ქმარი რამდენად გარეწარი ტიპია, უკანალზე ხელებს უფათურებს. იუბილარი კისკისებს, თავს სწევს და გვიყურებს. ნია თავით ანიშნებს, მივდივართო და ჩანთას იღებს სკამიდან.
- არ წახვიდეთ, რა. ჯერ ყველაფერი ახლა იწყება. სხვებიც მოვლენ. რომ იცოდეთ, ჩემ კაცს რა მეგობრები ჰყავს, - უსტვენს და კარში გასვლისას წინ გვიხტება, - მიდით, რა. ნუ იქნებით მოსაწყენი ახალგაზრდები.
- მე მართლა უნდა წავიდე, - უხერხულად ვიშმუშნები, როცა კისერზე ხელებს მხვევს. ალკოჰოლის სუნი ცხვირის ნესტოებს მიწვავს. ამის საყვარელს დაუძახე-მეთქი, ნიას ვუბარებ და სანამ ცოცხალ-მკვდარ, შარფივით კისერზე შემოხვეულ სხეულს კისრიდან მოვიხსნიდე, იუბილარი მძიმდება, ხვნეშის და იმ ღამის მენიუთი ჩემ წითელ კაბას ღებავს. თავიდანვე ვიცოდი, ეს კაბა ცუდი გადაწყვეტილება იყო.
ნიას მთვრალი საყვარელი მოჰყავს, იუბილარს ჩემი სხეულიდან უბოდიშოდ მგლეჯს და მიდის. ნია თვალს აყოლებს, მერე ჩემ კაბას უყურებს და დანანებით აქნევს თავს.
- არადა, როგორ გიხდებოდა.
- გადავაგდებ ამ კაბას მე, - ამრეზით დავყურებ შემხმარ ნარწყევს.
- მოგიწევს. კარგს მაინც არაფერს გაგახსენებს.

სახლში მისვლისთანავე კაბას ცელოფანში ვდებ და ნაგვის ურნაში ვტენი. შხაპის მისაღებად შევდივარ და შემოსასვლელში დივანზე გაჭიმულ ნიას ვუბარებ, ფილმი აარჩიე-მეთქი. სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ ყავას ვაკეთებ, ტკბილეულს ლანგარზე ვაწყობ და ნიას გვერდით ვჯდები, იატაკზე.

ფილმი საშინელებაა, მაგრამ ნია ერთობა, ბევრს იცინის და მომწონს მისი ყურება. შიგადაშიგ ჩემკენ იყურება, განწყობას მიმოწმებს და მერე ისევ ფილმს უბრუნდება.
- პოპკორნი გინდა?
- მინდა.
თაროდან ერთი შეკვრა სიმინდი გადმომაქვს და ზუსტად ისე ვაკეთებ, როგორც რამდენიმე წლის წინ ეკემ მასწავლა. ეკე ყველაზე გემრიელ პოპკორნს აკეთებდა და როგორც არ უნდა მეცადა, ისეთი მაინც არასდროს გამომდიოდა. სამაგიეროდ, გემოს რეცეპტორებს წლების მერეც შემორჩენოდა ის შეგრძნება, პირველად გასინჯვის დროს რომ დამეუფლა. მაშინ ეკე შემპირდა, ხშირად გაგაკეთებინებ და ბოლოს შენც აუცილებლად გამოგივაო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოვახერხეთ ერთად მომზადება.
- იანო, - შემოსასვლელიდან ყვირის ნია, - ტელეფონზე გირეკავენ.
- უპასუხე, რა. ქვაბის თავსაფარს ვერ ვპოულობ.
- ვატოა. აინტერესებს, ეკეს დედასთან ხომ არ გილაპარაკია.
- არ დამირეკავს. რა ხდება, ჰკითხე.
- აჰა და შენ ჰკითხე, - სამზარეულოში შემოდის და ტელეფონს მაწვდის.

- ვატო, რა ხდება?
- ნანამ დარეკა, მთელი დღეა ვერ ვუკავშირდებიო. არ შეგხმიანებია?
- არა, კლუბში ვიყავით მე და ნია. ახლა დავბრუნდით სახლში.
- კლუბში იყავი? - გაოცება ვერ დამალა.
- ჰო, ეგრე გამოვიდა. ხომ იცი, ბარბაქაძე რა ჯიუტია. რაღაც თუ უნდა, უარს არ იღებს.
- მე წლების წინანდელ ნიას ვიცნობდი, მაგრამ მომწონს, სახლში რომ აღარ ზიხარ. იანო, მიხარია შენ გამო, - სითბო ეღვრება თვალებიდან.
- ნუ აზვიადებ, უბრალოდ ერთხელ გავყევი. წითელი კაბა მეცვა, ვატო, წარმოგიდგენია? დისკომფორტისგან ლამის გული გამისკდა.
- წარმომიდგენია, როგორ მოგიხდებოდა. რაღაცები გიყიდე, გამოვგზავნი ამ დღეებში. მოგერგება იმედია. თუ შეგიძლია, დილით ეკეს დედას მიაკითხე და გამაგებინე, ტელეფონს რატომ არ პასუხობს, თორემ ამაფეთქა ნანამ. დააჯდება თვითმფრინავს და ჩამოვა უკან, არადა რამდენი ვიწვალეთ, მანდედან რომ გაგვეშვა, არ გახსოვს?
შეგეხმიანები-მეთქი, დავამშვიდე და ის იყო, ტელეფონი გავთიშე, თავში სიმინდის მარცვალი მომხვდა. ვატოსთან საუბარმა სულ გადამავიწყდა, გაზზე თავსაფრის გარეშე შემოდგმული სიმინდით სავსე ქვაბი.
- ნია, დავიღუპეთ, - ვყვირი და ორ წუთში სამზარეულო თეთრად იფარება.

ეკეს დედა კარს ღიმილით მიღებს.
- შემოდი, იანო. ამ კვირა დილით რამ შეგაწუხა?
- როგორ ხართ? - დივანზე ვჯდები. ეკეს დედას შავები აცვია და შესაღები თმის ძირები ვერცხლისფრად უელავს. ყავას მთავაზობს და მაშინვე სამზარეულოში უჩინარდება. იქიდან მპასუხობს, არამიშავს, როგორ ვიქნებიო.
- ვატომ დარეკა, ნანა ნერვიულობს, ვერ უკავშირდება, ტელეფონი აქვს გათიშულიო, - ხმამაღლა ვეუბნები და მისაღები ოთახის დაბალ მაგიდაზე ნახევრად დაცლილ ყავის ჭიქებს ეჭვის თვალით ვუყურებ. სულ სამია. გამოდის, სტუმრები ჰყავს.
- უი, რას ამბობ, - შეშფოთებული მიახლოვდება, ჭიქას მაწვდის და თაროზე შემოდებული ტელეფონის გაშავებულ ეკრანს დაჰყურებს, - გაითიშა, როგორც ჩანს. სტუმრები მყავს და ტელეფონი არც გამხსენებია. როგორ ინერვიულებდა, ჩემი საწყალი გოგო, - ოხრავს და ტელეფონს დასატენად აერთებს.
- თუ დაკავებული ხართ, წავალ. რადგან არაფერი გიჭირთ, მეც დავმშვიდდი და იმათაც დავამშვიდებ, - წასასვლელად ფეხზე ვდგები.
- რას ამბობ, იანო, - ფეხზე დგება ისიც, - ყავა დალიე, რა, გთხოვ. ტკბილეულიც მაქვს, ახლავე გამოვიტან. ჩემი სტუმრები აივანზე არიან, ეწევიან და ისინიც ახლავე შემოვლენ. ორი წუთით დამელოდე და არსად წახვიდე, - ისევ სამზარეულოში უჩინარდება.

მისაღებ ოთახში, სარკიანი კომოდის თავზე, ეკეს სურათებს ვხედავ. ყველა ფოტო, რაც თავის დროზე ალბომებში გაენაწილებინათ, ახლა აქ ეწყო. წლების მიხედვით დაწყობილი ჩარჩოებიდან ეკეს 26-წლიანი ცხოვრების ამბავი იკითხებოდა. აქ ვიყავით ჩვენც - მე და ვატო. ჩვენი კლასელები, უნივერსიტეტის მეგობრები, ეკე თავის გარდაცვლილ მამასთან, ნანასთან და უცხოელ ნათესავებთან ერთად. ეს მცირერიცხოვანი ოჯახი დასაფლავების შემდეგ აღარც მენახა. მახსოვს, იმ გოგოს ჩათვლით, ეკესთან ერთად ბავშვობა რომ გაეტარებინა, სულ ექვსნი იყვნენ, მაგრამ ფოტოდან შვიდი წყვილი თვალი მიმზერდა. ორ სხეულს შორის მდგომ ეკეს ერთი მხრიდან ის გოგო ამოსდგომოდა, მეორე მხრიდან მათზე ორი თავით მაღალი და შავგვრემანი ბიჭი.
- ამ ფოტოებს რომ ვუყურებ, მგონია, ეკე არსად წასულა და ისევ ჩვენთან ერთადაა, - ხელიდან სურათს მართმევს და სევდიანად მიღიმის. სულ მინდა ვკითხო, როგორ ახერხებს, რომ თავს არასდროს კარგავს და ყოველთვის ცდილობს, სხვებისგან თავისი ტკივილი დამალოს? მაგრამ ახლა მაგის კითხვა თავხედობაა და მეტი არაფერი და, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემთვის დედასავითაა, ჯობს მოვკეტო და უაზრო კითხვები ჩემ თავში შევინახო.
- ეს რომელ წელსაა გადაღებული? - ვიღაც ზურგზე მსუბუქად მეხება და ეკეს დედას სურათს ართმევს. შეტრიალებამდე ვგრძნობ პარფიუმის ნაცნობ სუნს. ასეთ სუნამოს ეკე ხმარობდა წლების წინ, როცა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში დავდიოდით.
- ეკე დაწყებით კლასებში უნდა იყოს. იანო, ყავა გაგიცივდება, - მიყურებს და მაგიდასთან მეპატიჟება. შორიდან გავყურებ ჩემ ჭიქას და ფეხს ვერ ვდგამ. მთელი ზურგი მეწვის, ცხვირის რეცეპტორებს ვერაფრით ვამშვიდებ, გულის ხმას ყურებში ვგრძნობ და ვხვდები, მაკანკალებს.
- კარგად ხართ? - დაუკითხავად მეხება წელზე მამაკაცის ხელი. უარესი მემართება და ვიბნევი. თავსაც ვერ ვაბრუნებ, რომ ვუსაყვედურო, ასე თავისუფლად რომ იქცევა.
- ახლავე წყალს მოვიტან, - შიშისგან ხმა უკანკალებს ეკეს დედას. იქნებ ჰგონია, ხელებში ჩავაკვდები.
უცნობი კაცი ხელით დივნისკენ მიბიძგებს და მეც მოწყვეტით ვეშვები. ამასობაში, ეკეს დედა ერთი ხელით წ*ლის დალევას მაიძულებს, მეორე ხელს შუბლზე მადებს. ცივი მსიამოვნებს და რამდენიმე წამით თვალებს ვხუჭავ, მაგრამ მერე კარის გაღების ხმა მესმის და შემოდგომის გრილ ნიავს ჩემამდე გოგოს წვრილი ხმა მოაქვს.
- ეს ეკეს შეყვარებული არაა? - ვუყურებ. ვცნობ. ისაა, სამძიმარზე ეკეს დედის გვერდით რომ იჯდა. უცხოეთიდან ჩამოსული ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
- ეკეს შეყვარებული? - გაკვირვებას ვერ მალავს კაცის ხმა და უკნიდან წინ გადმოდის. ჯერ მაგიდაზე შემოდგმული ჭიქიდან გაციებულ ყავას სვამს, მერე დივანზე, ჩემ წინ ჯდება და მაკვირდება.

გადაპარსული თავისა და ოდნავ წამოზრდილი წვერის მიუხედავად მაინც საშინლად ჰგავს სურათზე გამოსახულ ახალგაზრდა შავგვრემან ბიჭს. თითქოს, ფოტოდან გადმოვიდა და პირდაპირ ჩემ წინ დაჯდა. ყავისფერ თვალებს უბატონოდ დაატარებს ჩემ სახეზე. მეუხერხულება, ასე დაჟინებით რომ მიყურებს, მაგრამ, ვხვდები, იმის ბრალი უნდა იყოს, ეკეს შეყვარებულად რომ მომნათლეს. ხელს სწევს და სახეზე იტარებს. ძველისძველი ბეჭედი და თანამედროვე საათი ამშვენებს. ვენები აქვს დაბერილი და შორიდანვე ვხვდები, ღრმად უნდა სუნთქავდეს. გაბრაზებულია, ვითომ?

- შენ და ეკე შეყვარებულები იყავით? - დასაზუსტებლად მეკითხება ეკეს დედა და შუბლიდან ხელს მაშორებს. ვფხიზლდები. ახლა სამი წყვილი თვალი მე მიყურებს და აჩქარებული გული ლამისაა გამისკდეს. წასვლა მინდა, ტირილიც მინდა.
- უნდა წავიდე, - საიდანღაც ამომდის გაპარული ხმა. წამოდგომაში მეხმარებიან. არავინ ეწინააღმდეგება ჩემ გადაწყვეტილებას. ეკეს დედა კარამდე მაცილებს, მხარზე მეფერება და ისევ მიღიმის.
- თუ მართლა ეგრე იყო, ახლა უფრო მეტად ვწუხვარ, იანო, - ცრემლი ეპარება თვალებში. ახლა თუ იტირებს, ჭკუიდან გადავალ და ვერავინ მომატრიალებს ამქვეყნად. უხმოდ ვტრიალდები და გავდივარ.
კიბეზე ჩასვლისას ვგრძნობ, ყველაფერი ასე მარტივად არ დამთავრდება და იმ კაცში აუცილებლად იჩენს თავს ქართული გადამეტებული თავაზიანობა, ვალდებულება, რომ სახლამდე ცოცხალი მიმიტანოს, გადაჭარბებული ყურადღება და მოთხოვნილება, რომ დაამტკიცოს, რამდენად ზრდილობიანი შეუძლია იყოს. ჩავდივარ და ვგრძნობ, როგორ იწყებს ჩემი ზურგი წვას, ცხვირის რეცეპტორები კვლავ გამოღვიძებას და საშინლად მინდა, დავაცემინო. ვღიზიანდები, რომ ეკეს სუნს სხვა ითვისებს, ეკეს არსებობასთან ასოცირებულ სულ უმნიშვნელო მოგონებებსაც კი ვიღაც უხეშად და დაუკითხავად ეხება.
- გაგიყვან, თუ გინდა, - გვერდით მისწორდება, მერე ერთი ნაბიჯით მისწრებს, ჩემკენ ტრიალდება და ჩერდება. ვჩერდები მეც და თავს ძლივს ვიკავებ, ინერციით წინ რომ არ გადავვარდე. დგას ერთი საფეხურით ქვემოთ, თავისი ყავისფერი თვალებით მიყურებს და შუბლს ჭმუხნის.
- ცუდად ხარ?
- ისე რატომ მელაპარაკებით, თითქოს ბავშვობის მეგობრები ვიყოთ?- ვღიზიანდები.
- ბავშვობის მეგობრები ფიზიკურად ვერ ვიქნებით. სულ მცირე, 5 წლით დიდი მაინც ვარ შენზე, - იცინის. თვალს ისევ არ მაშორებს. არ მომწონს, ასე თავისუფლად რომ შეუძლია გაიცინოს. ეკეს ნათესავი არაა? თუ ორი წელი მართლაც ბევრია იმისთვის, რომ ერთნაირად იგლოვო საყვარელი ადამიანი?
- წავალ ჩემით, - გვერდს ვუვლი და შენობიდან გავდივარ.
როგორც გინდაო, მეუბნება და საპირისპირო მიმართულებით მიდის. როცა მის ჯენტლმენობაზე და თავის გამოჩენის დაუოკებელ სურვილზე ვფიქრობდი, ის აღარ გამხსენებია, რომ დიდი ხანია საქართველოში აღარ ცხოვრობს და ალბათ, ქართველობაც დავიწყებული აქვს.
- ვირი ნამდვილი, - ვბობოქრობ და მეტრომდე ფეხით მივდივარ. სუფთა ჰაერი მშველის. ხარბად ვისუნთქავ ჟანგბადს. მინდა, რომ ის სუნამოს სუნი, სხვა სხეულს რომ ამშვენებდა, როგორმე გავაქრო.

სახლში ფეხი არ მაქვს შედგმული, ნია რეკავს და თავისთან მეპატიჟება, ფილმის საღამო მოვაწყოთო. ვკვდები, ისე მეზარება, მაგრამ ის უფრო არ მინდა, კვირა საღამო სახლში ჩამჯდარმა გავატარო. საერთოდ, არსად ყოფნა არ მინდა. ასე მგონია, ოთხ კედელში გამომწყვდეული სუნთქვას ვერ შევძლებ. ასე მგონია, ზურგიდან იმ კაცის ხელების კვალს, იმ გრძნობას, იმ წამებს ვერ მოვიშორებ.
- ცოტა გვიან გამოვალ, - ვპირდები.
- მარტო არ ვიქნებით, - მაპარებს, - დიკო მოვა.
- დიკო ვინაა?
- გუშინ ვის დაბადების დღეზეც ვიყავით.
- კარგი, რა, ნია. მაგ ღამის გახსენებაც არ მინდა. დიკო და მაგის საყვარლები ამატანინე ახლა, - ვწუწუნებ, მაგრამ, ვხვდები, ნიას მეგობარია და უფლება არ მაქვს, ასე ვილაპარაკო, - ჯანდაბას. გამოვიცვლი და ცოტა ხნით გამოვალ.

ნიასთან სუფრა მხვდება გაშლილი. მაგიდაზე თავს იწონებდა შემწვარ-მოხარშულ-მოხრაკული საჭმელები, ქართულ-ამერიკული მენიუ, ტკბილ-მწარე სოუსები, სხვადასხვა სახის ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები. სუფრის თავში დიკოდ წოდებული გოგოს საყვარელი იჯდა, გვერდს, ერთი მხრიდან, დიკო უმშვენებდა, მეორე მხრიდან ახალგაზრდა ჯეელი, რომელიც საიუბილეო საღამოდან არ მახსოვდა. მერე იჯდა ნია, ნიას პატარა და და კიდევ ორი უცხო ადამიანი. აქედან ერთი გოგო, მეორე კი - ბიჭი.

ასეთ შეკრებას არ ველოდი, ჰოდა, როცა მოსაცმელი მივაბინავე და კარიდან უკან შემოვტრიალდი, მოულოდნელობისგან სახლიდან საგულდაგულოდ წამოღებული სიმინდით სავსე ცელოფანი გამივარდა და პატარა რგოლები მისაღები ოთახის ყველა კუთხეში მიმოიფანტა. ვერ ვხვდებოდი, ასეთი შეკრება რატომ მოეწყოთ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი: ნიას ამჯერად მაინც მოვკლავდი.
- იანო მოვიდა, - ბედნიერი გამოიქცა ჩემკენ და მომეხვია. დამძიმებული სუნთქვით და ალკოჰოლის საშინელი სუნით, რომელსაც ღია პირიდან უხვად აფრქვევდა, მივხვდი, ზედმეტად დამთვრალიყო.
- სად მოასწარი ასე გალეშვა, ნია, - სახე ამეჭრა მე.
- დიკომ სტუმრები მოიყვანა და გადავწყვიტეთ, რომ ბარემ გვექეიფა.
- მეგონა მშვიდი საღამო გვექნებოდა. ფილმის საღამო უნდა ყოფილიყო, დაგავიწყდა? - კბილებში ვცრი. ყველა ჩვენ გვიყურებს, მაგრამ არავის აინტერესებს ჩვენი დიალოგი. მთვრალია ყველა და მიბნედილ თვალებს ძლივს ასწორებენ.
- დამავიწყდა. ესენი რომ დავინახე, ყველაფერი დამავიწყდა, - იცინის.

საღამო ხმაურიანად სრულდება. საყვარლად წოდებული (რომელსაც მერეღა გავიგე, რომ თურმე ლადო ჰქვია) ვიღაცას გამწარებით ეპატიჟება. იქიდან არ მესმის, რას პასუხობენ, მაგრამ უარზე უნდა იყვნენ, რადგან ლადო ბრაზდება და ჭიქას მაგიდაზე ანარცხებს. მე ბავშვობიდან ვერ ვიტან ნასვამ ხალხს, მთვრალს და თან უცხო საზოგადოებას ხომ, მით უმეტეს. ჰოდა, შიშისგან ლამისაა სკამიანად გავიპარო. დიკო საყვარელს ხელზე ეხვევა, მხარზე კოცნის და ამშვიდებს. ისიც, პატარა ბავშვივით, იტრუნება და უკვე დაწყნარებული იხვეწება, ორი წუთით მაინც ამოირბინეო. მალევე ტელეფონს გაბადრული სახით თიშავს და დიკოს თმაზე ეფერება. შანსი არაა, არ უყვარდეს. ასე უბრალოდ ვნების გამო არ იქცევიან. მისი ცოლი მეცოდება და ვფიქრობ, სულგრძელობა ხომ არ გამოვიჩინო და ერთი კარგი ფოტოს საშუალებით სიბნელიდან გამოვიყვანო. იქნებ იმასაც ჰგონია, რომ ქმარს მაგრად უყვარს და უზრუნველყოფილი მომავლის შესაქმნელად დღეს და ღამეს მუშაობაში ასწორებს. ვერასდროს ვიტანდი ასეთ არასწორ ადამიანებს. საერთოდაც, ყველას თავიდანვე ეტყობა, როგორია და რას უნდა ელოდო მისგან. ამიტომაც მიყვარდა მთელი ცხოვრება საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მხოლოდ ორი ადამიანი: ვატო და ეკე. ორივემ იცოდა ქალის პატივისცემა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არასდროს არაფერი შეშლიათ და შესაბამისად, ზუსტად ვიცოდი, სხვასთანაც ასე იქნებოდნენ. ეკე გოგოს პატივისცემას თავისი დის არსებობით საზღვრავდა. ისე უყვარდა ნანა, წარმოუდგენლად მიმაჩნდა, სხვანაირად ყოფილიყო. სხვანაირად არც შეიძლებოდა.
ნანაზე დედამისი და ვატო მახსენდებიან. უნდა დამერეკა და ამ ამბავში გადამავიწყდა კიდეც. ვდგები და სამზარეულოში გავდივარ.
- ვატო, - ბედნიერებისგან პირი მეხევა, - ვიყავი ეკეს დედასთან. დაამშვიდე ნანა, კარგადაა, ტელეფონი დაუჯდა უბრალოდ.
ვატო თვალებს იფშვნეტს, ამთქნარებს და ისე არეული მიყურებს, თითქოს ისიც მთვრალი იყოს. მაშინღა მახსენდება დროის სხვაობა ჩვენ ქვეყნებს შორის და სახე მეღრიცება სიბრალულისგან.
- შუადღისას დარეკა. დაგაგვიანდა, იანო, - იცინის და საწოლში სწორდება.
- არ მინდოდა შენი გაღვიძება. საათისთვის არც შემიხედავს.
- არაუშავს. რა ხდება? - ფონზე უცხო გარემოს უყურებს, - სახლში არ ხარ?
- არ ვარ. ნიასთან ვარ. ფილმის საყურებლად გამოვედი, ამან კიდე მთელი სუფრა ხალხი დამახვედრა. გათხლეშილი მთვრალია ყველა.
- წადი მერე სახლში, - არ სიამოვნებს შექმნილი სიტუაცია და თვალები შუბლზე ასდის, როცა მისაღებ ოთახში სტუმრები ყვირილს იწყებენ. შიშით ვბრუნდები კარისკენ, მაგრამ ყვირილს სიცილის ხმები მოსდევს და ვმშვიდდები.
- იანო, რა ხდება მანდ?
- წარმოდგენა არ მაქვს. სულ არ მომწონს ამათი კამპანია. უცნაური ხალხია, მაგრამ ახლა ვერ წავალ. ნია ძალიან მთვრალია, მარტო ვერაფერს მოახერხებს.
- ატყობ, რომ რაც აქ წამოვედი, ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდი?
- ეჭვიანობ, ვატო?
- ვეჭვიანობ, - ხარხარებს.

სამზარეულოს კარი იღება. პატარა ოთახში ნაცნობი სუნამოს სუნი მაშინვე ტრიალდება. გაუაზრებლად მეხუჭება თვალები, ზურგის წვას ვგრძნობ და სხეული მიმძიმდება.
- ეკე, - დაუფიქრებლად ვამბობ მის სახელს და ვტრიალდები.
შეღებულ კარში ეკეს ნათესავი დგას. ნათესავი, რომელიც არც სამძიმარზე მინახავს, არც დასაფლავებაზე. თეთრი პერანგი აცვია, თავისუფალი სტილის კლასიკური შარვალი და უაზროდ კარგად გამოიყურება. ჩემ დანახვაზე წარბებს კრავს, თავიდან ბოლომდე ურცხვად მათვალიერებს და წყალი დამალევინეო, მთხოვს. ვატოს ხმა რეალობაში მაბრუნებს.
- იანო, კარგად ხარ?
- კარგად ვარ. გადმოგირეკავ, - ვეუბნები და საჩქაროდ ვუთიშავ.
- ხელის შეშლა არ მინდოდა, - რამდენიმე ნაბიჯს დგამს და მაგიდას უახლოვდება. წყალს გამჭირვალე ჭიქაში ვუსხამ და ვუწვდი. გამორთმევისას თითებით მეხება და მადლობას მიხდის. სულ ორ ყლუპს სვამს, ჭიქას მაგიდაზე დგამს და ისევ მიყურებს.

- სახეზე რამე მისვია?
- არაფერი.
- აბა, რატომ მაშტერდებით? - ვღიზიანდები და საერთოდაც, ერთი დღის გაცნობილი ადამიანი პირველად მაღიზიანებს ამდენად.
- მართლა ეკეს შეყვარებული იყავი? - თვალებს აწვრილებს.
- როგორ ფიქრობთ, თქვენი საქმეა?

მხრებს იჩეჩავს და ხელს მიწვდის.
- ლეო ჩრდილელი.
- უკაცრავად?
- ჩემი სახელი და გვარი.
- ჩრდილელი? - მეცინება, - დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი მოგონილი არაა?
- დარწმუნებული ვარ, - იცინის ისიც. თუმცა მას გულწრფელად ეცინება, მე კიდევ ირონია ყელში მაწვება.
- კარგი, ჩრდილელო. იანო ჩელებაძე, - ხელს ვუწვდი მეც.
- სასიამოვნოა, იანო. ყოველთვის მსიამოვნებს ეკეს ახლობლების გაცნობა.
- ხელს გამიშვებთ? - ძლიერად შემოჭდილ მტევანზე ვანიშნებ.
- გაგიშვებ, - ისევ იღიმის. სულ იღიმის. სულ რატომ იღიმის? - მაგრამ თქვენობით ნუ მომმართავ, იანო. ტყუილად არ გაგეცანი.
- შენი სახელი და გვარი ჩემთვის არაფერს ამბობს, - მაშინვე ვივიწყებ ზრდილობიან ფორმებს. ეს კაცი საშინლად მაღიზიანებს. ეს კაცი ეკეს სუნს დაატარებს. ეს კაცი ეკეს მაგონებს. და მისი ნახვა მახსენებს იმას, რამდენი ხანია საფლავზე არ ავსულვარ. ნეტავ, ყვავილები შემორჩა იქაურობას? გული მეწურება და ლამისაა პირი მოვაღო. ლეო ჩემი განწყობის ცვლილებას ამჩნევს და მხარზე მეხება.
- სულ ნუ მეხები, - ვიღრინები.
- შენ კიდევ, სულ ნუ იღრინები, - მპასუხობს და სანამ რაიმეს ვეტყოდე, სამზარეულოს კარი ხელმეორედ იღება და ნია შემოდის. უფრო სწორად, ცდილობს, შემოვიდეს. არეული ნაბიჯებით უახლოვდება მაგიდას, ზედ ეყრდნობა და ძლივს გვეუბნება, ვიშლებითო. მე და ლეო ერთმანეთს ვუყურებთ, მერე ნიას ხელს ვკიდებ და დასაძინებლად მიმყავს.

საძინებლიდან გამოსულს მაგიდა ნახევრად ალაგებული მხვდება. სამზარეულოში, ჩემგან ზურგით, ლეო დგას და ჭურჭლის მანქანის ჩართვას ცდილობს. პერანგის მკლავები საქმიანი ქალივით აქვს აკეცილი და მანქანის ყველა ღილაკს ერთად აწვება.
- გააფუჭებ მასე, - მეცინება მის უსუსურობაზე და ვეხმარები.
- მგონი, თანამედროვეობის ყველაზე ცუდი გამოგონებაა, - გაბრაზებული წუწუნებს.
- რამდენი წლის ხარ?
- რატომ მეკითხები? - მაგიდაზე ხელებს აწყობს და ოდნავ წინ იხრება. შეხსნილი ღილების წყალობით ნათლად ვხედავ მის მკერდს. ვგრძნობ, ლოყები მიწითლდება. თავი გარყვნილი ადამიანი მგონია.
- წუწუნი არ გიხდება და იმიტომ, - ნაჩქარევად ვტოვებ სამზარეულოს და მაგიდას ვასუფთავებ.
- არ ვწუწუნებ, იანო, - უკან მომყვება.
- საერთოდ, აქ რას აკეთებ? - ახლაღა მახსენდება, არც ერთ ვარიანტში აქ რომ არ უნდა იყოს.
- ნასუფრალის ალაგება კარგი და სასიამოვნო საქმე არაა. დახმარება მინდოდა, - მხრებს იჩეჩავს, - თან დილით კარგად არ გამოიყურებოდი.
- ნიას იცნობ?
- ლადოს გარდა არავის არ ვიცნობ, - სკამზე ჯდება, მაგიდიდან ვაშლს იღებს და ჭამს.
- შენ მეც არ მიცნობ, ჰოდა, არამგონია, სწორი იყოს, აქ რომ ხარ.
- გეშინია? - უცნაურად სერიოზულდება და ხმა უბოხდება. მტევანში მოქცეულ ნახევრად შეჭმულ ხილს ვუყურებ. ვხედავ, როგორ მიაქვს ვაშლი ტუჩებთან, კბეჩს და წვენი ბაგეების გასაყარზე ეღვრება. ენის წვერით იწმენდს შერჩენილ წვეთებს და ცერა თითით პირს იწმენდს. იმხელა ნერწყვს ვყლაპავ, ვიხრჩობი. სწორი არაა, ის რაც ახლა ჩემ თავში ხდება და მაშინვე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ სახლი სასწრაფოდ უნდა დავტოვო. ჰაერი მჭირდება.
- მივდივარ, - ხელიდან ვაგდებ მაგიდის საწმენდ ტილოს, კარისკენ გავრბივარ, ჩემ ნივთებს ვიღებ და კიბეზე ფეთიანივით ვეშვები. ყურთასმენას ფეხის ხმა სწვდება. სადარბაზოდან გასვლამდე უკნიდან ხელს მკიდებს, მატრიალებს და ხელებს შორის მიმწყვდევს.
თავს ვერ ვწევ. აქეთ-იქით ვიყურები და ხმასაც ვერ ვიღებ, რომ ვუბრძანო, ახლავე გამიშვას. სუნთქვას ძალიან ახლოს ვგრძნობ. ეკეს სუნამოს სუნს ახლა მისი კანის ბუნებრივი სუნი ახშობს. ამ სუნს ხელებიდან ვგრძნობ, ღრმად სუნთქავს და წინ ჩამოვარდნილ თმას ერთი თითით, ისე, თითქოს არც მეხება, ყურს უკან მიწევს.
- გეშინია ჩემი, იანო? - მეჩურჩულება. მისი არ მეშინია, მაგრამ ის არ მომწონს, მის გვერდით თავს როგორც ვგრძნობ. არ მომწონს, რომ ისე მექცევა და ისე მესაუბრება, როგორც უნდა. არ მომწონს, რომ ვერ ვიგებ, რატომ მიყურებს ყოველთვის დაჟინებით. არ მომწონს, რომ გული მიმძიმდება მასთან ყოფნისას და სუნთქვა მავიწყდება მაშინ, როცა ჟანგბადი ერთადერთია, რაც მჭირდება.
- გამიშვი, რა, - პატარა ბავშვივით ვეხვეწები. ვერ ვეხები, რომ გავწიო. ჯერ ისევ არ გამნელებია მისი ხელების კვალი, კიდევ ერთ ფიზიკურ კონტაქტს ვერ გადავიტან.
- მე შენ არაფერს დაგიშავებ, იანო. ეგეთ ცუდ შთაბეჭდილებას ვტოვებ? - წყენა უკრთება ხმაში. საერთოდ რატომ ადარდებს, როგორ შთაბეჭდილებას დატოვებს ჩემზე? ერთი დღეა, რაც მნახა და ერთი დღეა, რაც ჩემ რეალობაშია. გიჟია, თუ რა სჭირს? ვფიქრობ და მზერას ვუსწორებ. სიბნელის გამო მის გამომეტყველებას ვერ ვხედავ. მინდა, თვალებში ჩავხედო და გავიგო, საერთოდ რა ჯანდაბას ცდილობს, მაგრამ შუქი ჩვენამდე ვერ აღწევს.
- მართლა ეკეს შეყვარებული იყავი? - მეკითხება და კიდევ უფრო მიახლოვდება. ცხვირის წვერით ლოყაზე მეხება, რამდენიმე წამს ჩერდება და სუნთქვის მიხედვით ვხვდები, ჩემ სუნს ისრუტავს. ლამისაა გული გამიჩერდეს, ვერ ვმოძრაობ და 28-წლიანი არსებობის განმავლობაში, პირველად ვერ ვიგებ, რას ვგრძნობ. ლეო ოდნავ ირხევა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც მეხებოდა, ტუჩებს თითქმის შეუმჩნევლად მადებს და მკოცნის. მერე მშორდება. თან მიაქვს კანის ბუნებრივი სურნელი, რომელმაც, რაღაც მომენტში, ეკეს არსებობაც კი დამავიწყდა. ჩემი ტელეფონი რეკავს. ხელში აზუზუნებულ მოწყობილობას დავყურებთ ორივე. ვატო რეკავს. ალბათ, აინტერესებს, სახლამდე ცოცხალი თუ მივედი, მაგრამ საუბრის თავი არ მაქვს. ხმას ვუთიშავ, ვსწორდები და სწორედ მაშინ, ეკეს არსებობა ჩემ ცნობიერებაში იჭრება. გულისრევის შეგრძნება ყელში მიჭერს, ჩემ წინ აღმართულ სხეულს ხელს ვკრავ და გავრბივარ.

სად გავრბივარ, აზრზე არ ვარ, იმიტომ, რომ სიბნელეა და ლამპიონების შუქზე გზას ძლივს ვაგნებ. ტაქსის მესამე ცდაზე ვაჩერებ. აკანკალებულ სხეულს ვერ ვიმორჩილებ. მინდა, რომ ნია მოვკლა და ძალიან მინდა, ბოლო ორი დღე ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალო. იმ წითელი კაბის, დიკოსა და თავისი საყვარლის, ეკეს უცხოელი ოჯახის და ლეო ჩრდილელის დავიწყება მინდა. ტაქსიდან გადავდივარ. უკვე კართან მისულს ვატო ხელმეორედ მირეკავს. ამჯერად ვპასუხობ და ვცდილობ არ შემეტყოს, ადამიანს რომ არ ვგავარ.
- ახლა მიხვედი?
- დავალაგე და ისე წამოვედი. ძლივს დაიშალნენ, - ფეხსაცმელს ვიხდი და მისაღებში დივანზე ვწვები.
- თუ ეგ ყველაფერი არ მოგწონს და დისკომფორტს გიქმნის, ნიას დაელაპარაკე და უთხარი, უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩაგაყენებს, - აივანზე გადის და სიგარეტს აბოლებს.
- არაუშავს, ვატო. ცოტა გამოფხიზლება არ მაწყენდა. კი ვწუწუნებ, მაგრამ ნია მეხმარება, ხალხს რომ არ ჩამოვშორდე და სულ სახლში არ ვიჯდე. შევეჩვევი ნელ-ნელა.
- იმას ნუ შეეჩვევი, რაც არ გინდა, იანო, - მარიგებს. ვიცი, რომ ჩემზე ნერვიულობს და ღმერთია მოწმე, რამდენად მადლიერი ვარ, მანძილის მიუხედავად, ჩემზე ზრუნვას რომ არ წყვეტს.
- კვირის ბოლოს ეკეს საფლავზე ვაპირებ ასვლას, - მოსაწევად გავდივარ მეც. გათენებას იწყებს და ახლაღა ვხვდები, რამდენი დრო გასულა დაუგეგმავ ქეიფში.
- სამსახურში არ დაბრუნდი?
- დავბრუნდი. სამსახურის მერე წავალ. დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ყვავილებს მაინც ავუტან.
- გვიან მარტო ნუ დადიხარ, იანო, რა.
- თუ ეგრე ნერვიულობდი, რას წახვედი, - შანსს არ ვუშვებ, რომ არ წავკბინო.
- კარგად იცი, ჩემი სიამოვნებისთვის რომ არ წავსულვარ, - მსაყვედურობს და ვიცი, სწყინს.
- ბოდიში, რა, ვატო. ცოტა განწყობაზე ვერ ვარ და შენ რას გერჩი, არ ვიცი, - სიგარეტს ვაქრობ და ოთახში ვბრუნდები. ახლა რომ დავიძინო, აუცილებლად დამეძინება და სამსახურში დამაგვიანდება. ისედაც ისე დავდივარ, როგორც გამიხარდება და მთლად ასე უნამუსოდაც ვერ მოვიქცევი.
- მოხდა რამე?
- ეკეს უცხოელი ნათესავები ხომ იცი? სამძიმარზე რომ გამოელაპარაკე, ის გოგო ვნახე დღეს ეკეს დედასთან. ვიღაც კაცთან ერთად იყო. ჰოდა, არ მესიამოვნა მაგათი ნახვა. ხომ იცი, არ მომწონს ეგ ოჯახი, - ნახევარ ამბავს ვუყვები. ახლა ვატომ რომ გაიგოს, როგორ მოქმედებს ჩემზე ლეო ჩრდილელი, ნამდვილად ფეხით ჩამოვა საქართველოში და მინდა მე ახლა დრამები და საქმის გარჩევები? ჩემი თავი ვერ მომიყვანია გონს.
- რას ერჩი მაგ ოჯახს? - უკვირს, - დაანებე თავი. წავლენ თავიანთ უცხოეთში და უკან ჩამომსვლელები მაინც არ არიან.
- ვიცი, მაგრამ უნდობლობას იწვევენ ჩემში. ის კაცი ჩრდილელია გვარად. საერთოდ, ეგეთი გვარი გაგიგია? ან ეკეს ოდესმე უხსენებია?
- გამიგია, მაგრამ ეკესგან არა. საქართველოში უცნაურ გვარებს რა დალევს. შეიძლება, გაიზარდა და თვითონ შეიცვალა.
- შეიძლება, მაგრამ მაინც არ მომწონს.
- შენც ყოველ დღე არ ნახულობდე მაგათ. დაისვენე ახლა, ცოდო ხარ. დაგირეკავ მერე, - მემშვიდობება და თიშავს.

სამსახურში დროზე ადრე მივდივარ. დაგროვილ წერილებზე პასუხებს ვამზადებ და შესვენებამდე თითქმის ყველას ვაგზავნი. უფროსი თავის კაბინეტში მიბარებს და მსაყვედურობს, სულ დაგვივიწყეო. ვპირდები, ამიერიდან ყველაფერ სხვანაირად იქნება-მეთქი და ყავის დასალევად საერთო ოთახში გავდივარ. უფროსის მდივანი და ჩემი განყოფილების ერთ-ერთი ახალი თანამშრომელი რაღაცაზე ჩურჩულებენ, მაგრამ ჩემ დანახვაზე ჩუმდებიან და სინქრონში მიღიმიან.
- კეთილი იყოს შენი მოსვლა, იანო, - ზურგზე ხელს მითათუნებს მდივანი, - აღარც გვეგონა, თუ გამოჩნდებოდი.
- იმედები ხომ არ გაგიცრუვდა? - ყავას ვასხამ და ახალ თანამშრომელს ვათვალიერებ. უხერხულად დგას და დარწმუნებული ვარ, ერთი სული აქვს, როდის გაიქცევა.
- აბა, რას ამბობ. აქ ყოველთვის ხელგაშლილი მიგიღებთ, ეგ ხომ იცი? - მიღიმის.
- ნუ გავიწყდება, რომ შენზე დიდი ხანია, რაც აქ ვმუშაობ, - ვუღიმი მეც და ყავის ჭიქიანად გავდივარ. ახალი თანამშრომელი თვალს მაყოლებს, მერე მდივანს უბრუნდება და ისევ ჩურჩულს განაგრძობენ.

სამსახურიდან მოსაღამოვებულზე გამოვდივარ. ჩემი თანამშრომელი სასაფლაოსთან ახლოს მტოვებს და მიდის. შესასვლელში მოხუცი ქალისგან ყვავილებს ვყიდულობ. ეკეს საფლავს შორიდანვე ვხედავ. გული უცნაურად მიფრთხიალებს, მუცელი მტკივდება. თითქოს დიდი ხნის უნახავ შეყვარებულს ვხვდები და ნერვიულობისგან, ლამისაა, სული გავაფრთხო.

სასაფლაოზე რამდენიმე თაიგული მხვდება. სულ ახლებია. გამოდის, ვიღაც ჩემამდე უნდა ამოსულიყო. მაგრამ ეს ყვავილები ძველებს არ ჰგავს. უფრო ჩვეულებრივია და ეჭვი მაქვს, იმ მდიდარი ოჯახისგან არ უნდა იყოს.

საფლავი მოვლილია. ერთი ბალახიც არაა ამოსული, ქვა გადაწმენდილია და სუფთა. ქვიდან ეკეს ის სურათი მიყურებს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უნივერსიტეტის დასასრულს გადავუღე. ბევრი იწუწუნა, რას ვგავარ, რა სურათები აგიტყდაო, მაგრამ ხათრს ვერასდროს მიტეხდა ხოლმე და მეც ხშირად ვსარგებლობდი იმით, რომ ყველაფერი შემეძლო, რასაც მოვისურვებდი. ეკე ხშირად მაბნევდა. უფრო სწორად, ის დამოკიდებულება, რაც ჩემ მიმართ ჰქონდა და საერთოდაც ჩვენი ურთიერთობაც ერთი დიდი არეულობა იყო, რადგან, რამდენიც არ უნდა მეფიქრა ან დამეჯერებინა, მხოლოდ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. იყო რაღაცები, რაც მეგობრობის ფარგლებს სცდებოდა და იქიდან გამომდინარე, რომ ღიად მასთან საუბარს ვერ ვახერხებდი, ჩუმად ვიყავი და უბრალოდ მეგობრობით ვნიღბავდი იმას, რაც იყო. თუნდაც გადამეტებულ ყურადღებას, ეჭვიანობას, უცნაურ მოკითხვებს, კიდევ უფრო უცნაურ საუბრებს, რომლებიც ეკეს ხშირად ახასიათებდა და ალბათ ეს უფრო მოქმედებდა ჩემზე ცუდად. გაუგებრობა, როცა ვერ ვიგებდი, რა უნდოდა ჩემგან ან რა გვინდოდა ერთმანეთისგან.

- თავის დაბრმავება კარგი გადაწყვეტილება არ იყო, არა, ეკე? - ახლოს ვჯდები, ყვავილებს ვაწყობ და მიწას ხელით ვეფერები. მიწა ცივი არაა, მაგრამ ცუდი სუნი აქვს და მაგ სუნს ხელიდან ვერ ვიშორებ. ასე მგონია, სიკვდილი ამეკიდა ხელზე.
- წყალი მაინც წამომეღო, - ამრეზით დავყურებ ჭუჭყიან თითებს. მიწა ფრჩხილებს შავად მიღებავს.
- წყალი მე მაქვს, - ხმა მესმის უკნიდან. შეუტრიალებლად, ზურგით ვგრძნობ, რომ ლეო მოვიდა. კანით ვგრძნობდი, რომ მოვიდოდა კიდეც. გუმანით გრძნობ ადამიანი ეგეთ რაღაცებს, მე კიდევ დამთხვევების ძალიან მჯერა.

ლეოს შავი სპორტულები აცვია და ერთ მომენტში მგონია, სასაფლაოზე სარბენად ხომ არ გამოვიდა-მეთქი. თან წ*ლის ბოთლიც ისე უჭირავს. ხელებს ვუწვდი და ველოდები. ბოთლს თავსაფარს ხსნის, იხრება და ხელს თვითონვე მბანს. წყალი თბილია ან მისი ხელებია თბილი. ყოველ შემთხვევაში, მთელი სხეული მითბება. თვალი ეკეს საფლავის ქვისკენ მეპარება. იქნებ ზემოდან განმსჯის, მის განსასვენებელზე ლამისაა ხელებში რომ ჩავეღვენთო ამ უცხო კაცს.
- დღეს შენ აქ ნახვას არ ველოდი, - თითებს მიმშრალებს და მიყურებს.

რატომ-მეთქი, ვეკითხები.

- დაღლილი ჩანხარ.
- გეჩვენება.
- დარწმუნებული ხარ, იანო? - თბილად წარმოთქვამს ჩემ სახელს. რატომ მომწონს, ჩემ სახელს ასე რომ ამბობს? რა გჭირს, იანო.
- ყვავილები შენ ამოიტანე? - საუბრის თემას ვცვლი.
- მე ამოვიტანე, - გვერდით ჯდება და ისიც ეკეს უყურებს.
- სულ შენ ამოგაქვს ხოლმე?
- სულ მე არ ამომაქვს ხოლმე.
- არც სამძიმარზე ყოფილხარ, არც გასვენებაში. მე არ მახსოვხარ, ყოველ შემთხვევაში.
- არ ვყოფილვარ, - გვერდულად მიყურებს, - არ მიყვარს ასეთი რაღაცები. გასვენებაში უნდა მოვსულიყავი, მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე. ბებიაჩემი ჭკუიდან ლამის გადავიდა, - იცინის.

მახსენდება, დასაფლავებიდან გამოსვლისას აღშფოთებული და გაბრაზებული ოჯახის თავი ვიღაცას რომ ეკითხებოდა, რას ჰქვია, არ მოდისო და მეც მეცინება.
- ესე იგი, შენ გამო აფრქვევდა ბებიაშენი ცეცხლს იმ დღეს.
- შეესწარი?
- რამდენიმე წამით. დიდხანს მეც არ გავჩერებულვარ.
მერე ჩუმად ვსხედვართ. ამასობაში, ღამდება და სიცივისგან მაკანკალებს. ლეო ამჩნევს და ჩემთან ახლოს ჯდება, ხელს სწევს და მხრებზე დაუკითხავად მეხვევა. ორ დღეში მის ასეთ თავხედობას ვეჩვევი კიდეც, მაგრამ ამ ადგილას მსგავსი ქცევა ნერვებს მიშლის და ვანიშნებ, ხელი გასწიოს.
- გაიყინები, იანო. წავიდეთ მაშინ, - ასადგომად ემზადება, მაგრამ მე წასვლა არ მინდა და ვეჯაჯგურები, რომ უკან დაჯდეს.
- ჯერ არ წავიდეთ.
- ცუდად რომ გახდე, ვინმე მოგხედავს? - მეკითხება და სიგარეტს იღებს ჯიბიდან. მოწევა მეც მინდა, მაგრამ არ ვეუბნები.
- საკუთარ თავს მე ვერ მივხედავ?
- ცუდად რომ ხარ, ვინმე უნდა გყავდეს, ვინც მოგივლის. ასეთი ზრუნვა მარტო ფიზიკურად კი არა, სულიერადაც გეხმარება.
- არავინ მყავს და საკუთარი თავიც მყოფის. თან არც ისეთი სუსტი ვარ, უბრალო ნიავმა რამე მიქნას.

კარგიო, მთანხმდება. მადლიერებით ვივსები, ჩემ მარტოსულობაზე კითხვებს რომ არ მისვამს და ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტის ღერს ვაშტერდები. ძლიერად ქაჩავს და სასიამოვნო სუნს ჰაერში ფანტავს. სხვა შემთხვევაში, ამაზეც გავბრაზდებოდი, მაგრამ უკვე იმდენ რამეზე ვბრაზდები, ეჭვი მაქვს, ლეო არაფერ შუაში უნდა იყოს.
- ეკეს რამდენი ხანია, რაც იცნობ? - მეკითხება და კიდევ ერთ ნაფაზს არტყამს. ვაფიქსირებ, რომ მოწევის დროს თვალებს საყვარლად აწვრილებს. ასე შვრებოდა ხოლმე ეკეც. ამბობდა, ასე ბოლი თვალებს არ მიწვავსო.
- ბავშვობიდან. უფრო ზუსტად, მეორე კლასიდან, - ეკეს გაცნობის დღე მახსენდება და მეღიმება. მოგონებები ერთადერთია, რაც დამრჩა. ადრე გული მტკიოდა, ახლა მსიამოვნებს მათზე ფიქრი.
- საინტერესოა, ერთხელაც არ უხსენებიხარ.
- სხვათა შორის, არც შენ. და არც ის გოგო, ეკეს დედასთან რომ იყო სახლში, - ის დღე მახსენდება. თითქოს ძალიან ბევრი დრო გავიდა.
- ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა.
- ძალიანაც უყვარდა, - ვებღვირები, - ეკე კომუნიკაბელური ადამიანი იყო. მოსწონდა ახალი ადამიანების გაცნობა. იუმორი ჰქონდა კარგი და სულ ახერხებდა, მის გარშემო ყველა ბედნიერი ყოფილიყო. ამდენი წელია ვიცნობ და ერთხელ არ მახსოვს, ვინმესთვის ეწყენინებინოს. ეგ მერე იყო, რომ შეიცვალა, თორემ ეკესნაირ ადამიანებს ყველგან ვერ შეხვდები. როგორი განსაკუთრებულიც იყო, ეგეთი განსაკუთრებული ცხოვრება ჰქონდა. ყველას რომ არ ჰგავდა, იმიტომაც დაასრულა ისე, როგორც დაასრულა.
- მოგწონს მისი დასასრული? - მეკითხება და სიგარეტის ნამწვს შორს აგდებს.
- რა შუაშია? მე ეკე მომწონდა და მომწონს. ყოველთვის პატივს ვცემდი მის გადაწყვეტილებებს. სუსტი არ იყო, დანებება არ უყვარდა. ჰოდა, რადგან ასე დაამთავრა, ესე იგი, ყველაფერი სცადა, რაც შეეძლო. ვერ ვუშველეთ ჩვენ. მე ვერ ვუშველე, - ვგრძნობ, პანიკა ყელში მიჭერს. ის ბოლო შეტყობინება მახსენდება, ეკესგან რომ მივიღე. შეტყობინება, რომელსაც 2 წელია ყოველ ღამე ვკითხულობ. რეალობიდან, თავიდან, არსებობიდან ვერ ვშლი. შეტყობინება, რომელიც მარწმუნებს, მე მისი გადარჩენა შემეძლო და არაფერი გავაკეთე. ბრაზს გადავაყოლე იმ ადამიანის სიცოცხლე, მთელი ცხოვრება რომ მიყვარდა.
- რას ამბობ, იანო. შენ რა შუაში ხარ, შენ რა შეგეძლო? - ისევ ხელებს მხვევს ლეო და ცდილობს, როგორმე დამამშვიდოს.
- შემეძლო. ერთხელ ხომ გადავარჩინე, მეორედაც უნდა გადამერჩინა. 2 წელია ნორმალურად არ მძინებია. 2 წელია ვფიქრობ, რატომ არ მოვბრუნდი იმ ღამეს, - ტირილი მივარდება. ერთი მხრიდან უსიცოცხლო ეკე მიყურებს, მეორე მხრიდან გაგიჟებამდე მისული ლეო. მგონია, ორივე განმსჯის. მგონია, ორივე უხმოდ მეთანხმება, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია.
- შეწყვიტე, იანო, - მეხუტება და უფლებას არ მაძლევს, საკუთარ თავს რამე დავუშავო. მისი სუნი ცხვირში მიძვრება, ტვინს მიწამლავს და ნელ-ნელა მამშვიდებს, - იმას ვერ უშველი, ვისაც გადარჩენა არ უნდა.
- მე შემეძლო, მართლა შემეძლო, - ვბოდავ უკვე. თვალები მეხუჭება, სხეული მიდუნდება. იქნებ, არც ისეთი ძლიერი ვარ, როგორც მგონია.

უცხო საწოლში ვიღვიძებ. ბალიშის გადასაფარებელს ლეოს სუნი ასდის. დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ მის სახლში, მის ოთახში ვარ. ფანჯრიდან მზის სინათლე იპარება. სამსახურში ისევ ვერ წავედი. ვოხრავ. ასე აღარ შეიძლება. საფლავზე ჩემი მდგომარეობა მახსენდება და სირცხვილისგან ერთიანად ვიწვი. აუცილებლად ასე უნდა შემერცხვინა თავი? ვბობოქრობ და ფეხის ხმა მესმის. თვალებს ვხუჭავ, შეხედვას მაინც ვერ გავბედავ. კარზე აკაკუნებს, მერე სახელურს ატრიალებს და შემოდის. ფეხაკრეფით უახლოვდება საწოლს. სახეზე მიყურებს, ვგრძნობ. მთელი სხეული მიცხელდება. დამეფიცება, ლოყები მიწითლდება. საწოლის კიდეზე ჯდება, ჩემკენ იხრება და თითით ლოყაზე მეფერება. შეხებისგან ტანი მეხორკლება, გული მიჩქარდება. სუნთქვა მეცვლება და სიცილის ხმა მესმის. მისი მოსმენა მსიამოვნებს, მაგრამ თვალს მაინც არ ვახელ. იქნებ გავიდეს-მეთქი, ვფიქრობ, მაგრამ ლოყაზე მჩქმეტს და ფეხზე დგება.
- ყავას დალევ თუ ჩაის? - მეკითხება.
- ყავას, - თვალს ვახელ და საწოლზე ვჯდები. გადასაფარებელს ცხვირამდე ვიფარებ და მაშინ ვხვდები, ტანსაცმლის გარეშე რომ ვწევარ.
- მიწიანი იყავი და სხვა გზა არ მქონდა, - სიტუაციას მიხსნის, - არ შემომიხედავს, გეფიცები.
- მჯერა, კი, - ბოლი ამდის სირცხვილისგან, ბრაზისგან და კიდევ იმისგან, რომ ვერ ვიხსენებ, ფეხები გაპარსული მაქვს თუ არა.
- მე გავალ, შენ ესენი ჩაიცვი, - საწოლის ბოლოში დაწყობილ სპორტულებს მაჩვენებს, - შენები ჯერ ისევ სველია.
გადი-მეთქი, ოთახიდან ვაგდებ და მაშინვე სპორტულებს ვიცვამ. სხეულზე ამოსულ ღინღლებს ყურადღებას არ ვაქცევ. სააბაზანოში თავს ვიწესრიგებ. აწეწილ თმას ძლივს ვიმორჩილებ და სამზარეულოს მოსაძებნად გავდივარ.
მისაღებში უგემრიელესი სუნი ტრიალებს. მიკვირს, მზარეულობა რომ შეუძლია, რადგან მე კვერცხის შეწვაც კი არ გამომდის. ბავშვობაში ბებია ხშირად მლანძღავდა ხოლმე, ასე ხელთუპყარი რომ ხარ, რომელი ოჯახი მიგიღებსო. არადა, ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რაც არ გამომდიოდა, არ გამომდიოდა.

სახლი დიდია და ნათელი. კედლებზე ნახატებია გამოფენილი, ავეჯით გადატვირთული არაა და ერთი ადამიანისთვის მშვენიერი საცხოვრებელია. მისაღებ ოთახში ერთ-ერთ თაროზე ეკესთან ერთად გადაღებულ ფოტოს ვხედავ. ეს ფოტო, რომელზეც ძალიან პატარა ეკეა გამოსახული, ადრეც ნანახი მაქვს. ეკეს სახლში სტუმრობისას დედამისმა ალბომები გადმოგვიწყო დასათვალიერებლად და მაშინ იმდენად მომეწონა პატარა, მომღიმარი ბიჭი, რომ ფოტო მოვიპარე და დღემდე სახლში მაქვს. არასდროს მიმიქცევია ყურადღება მის გვერდით მწოლიარე შედარებთ დიდი ბავშვისთვის. ის კი არა, ფოტო გადავკეცე კიდეც და მხოლოდ ეკეს გამოსახულება დავტოვე. დამთხვევაზე გამეცინა. ახლა ლეოსთვის რომ მეთქვა, შენი ბავშვობის ფოტო სახლში მაქვს-მეთქი, გამოშტერდებოდა.

- გაცივდება, - მეძახის.

სამზარეულოს მაგიდაზე საუცხოო საუზმე მხვდება. კვერცხის შეწვაზეც კი ეტყობა, საქართველოში რომ არ იზრდებოდა. მეცინება მის მონდომებაზე, რომ მასიამოვნოს და მინდა, ხმამაღლა დავცინო, მაგრამ მეუხერხულება ასე გაშინაურება. ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც ვიცნობ.

საჭმელი არის უგემრიელესი. არასდროს რომ არ გამისინჯავს, ისეთი. წარმოუდგენლად ბევრს ვჭამ. ლეო ხელზე დაყრდნობილი ზის და უხმოდ მიყურებს. შიგადაშიგ იღიმის და კარგი გოგო ხარო, მეუბნება.
- გოგოს გარდა უკვე ყველაფერი ვარ. რამდენი წლის გგონივარ?
- ჩემთვის გოგო ხარ. თან, ზედმეტად ლამაზი.
- ცოტა უცნაური სიტუაციაა, - ხილს ვიღებ და ვჭამ. ის ჩემ თეფშს იღებს და რეცხავს. მრცხვენია, ჩემ მაგივრად რომ აკეთებს, მაგრამ ხელს არ ვუშლი, - საერთოდ არ მომწონდი და ბოლო პერიოდია სულ შენ რატომ გხედავ, ვერ ვიგებ.

ჩემი გულწრფელობისგან ცოტა შოკში ვარდება. რეცხვას წყვეტს, მიყურებს და ქაფს მესვრის.
- ანუ, არ მოგწონვარ.
- ანუ, არ მომწონდი. ამ საჭმლის მერე ცოტა ახლა გული მილღვება.
- სამაგიეროდ, ეკე ხომ მოგწონდა? - მეუბნება და თეფშს თავის ადგილად დებს. არ აწუხებს ის ფაქტი, რომ მისი ტონი რატომღაც მწყინს. საერთოდ არ მიყურებს და მაცივარში საჭმლის ნარჩენებს აწყობს. მერე ყავის აპარატს უბრუნდება და ისე, რომ არც მეკითხება რომელი ყავა მინდა, რაღაც ღილაკს აწვება, ჭიქას დგამს და უყურებს, როგორ ეშვება სურნელოვანი სითხე გამჭირვალე შუშაში.
- რატომ მეკითხები? - რამდენიმე წუთის მერე ვიღებ ხმას. ყავა კეთდება, წინ მიდებს და თვითონაც ჩემ პირდაპირ ჯდება. მხრებს იჩეჩავს და მწვანე ვაშლს ხელებში ათამაშებს.
- სასაფლაოზე თქვი, მომწონდა და მომწონსო. ჩემი აზრით, შეყვარებულები არ ყოფილხართ, მაგრამ შენ გულგრილი არ უნდა ყოფილიყავი. ასე არაა? - ახლაღა მისწორებს თვალს. თვალები ჩაწითლებული აქვს, ხელებზე ვენები ებერება ისევ.
- რატომ ბრაზდები?
- ვინ გითხრა, რომ ვბრაზდები? - თვალს მარიდებს.
- კარგად არ გიცნობ, მაგრამ ვხვდები. მარტივი ფსიქოლოგიაა. ადამიანის წაკითხვა არც ისე რთულია.
- არ ვბრაზდები, იანო. უბრალოდ, რამდენჯერმე გკითხე უკვე, შენ და ეკე ერთად იყავით თუ არა, მაგრამ შენ პასუხს გაურბიხარ. რატომ?
- არ ვყოფილვართ ერთად. კმაყოფილი ხარ? - ვბრაზდები და ვდგები. ყავას არ ვეკარები. ჩემი ტანსაცმელის გაშრობასაც კი არ ველოდები, სკამიდან ჩანთას ვიღებ და კარს ვეჯაჯგურები რომ წავიდე.
- რატომაა ჩაკეტილი? - ვეკითხები და ხელებს ვიჯვარედინებ.
- იმიტომ, რომ ვიცოდი აფეთქდებოდი და გაქცევას გადაწყვეტდი, - მშვიდად მპასუხობს და მიახლოვდება, - შეიძლება რამდენიმე დღეა რაც გიცნობ, მაგრამ ეგეც საკმარისია, იანო, - თმას ყურს უკან მიწევს.
- ხვდები, რომ უკვე ჩვევად გექცა უნებართვოდ შეხება? მაგის უფლება მოგეცი? - ენა მერევა.
- უფლება არ მოგიცია, მაგრამ წინააღმდეგობასაც არ მიწევ.
- არ კი არა, ვერ. გაიწიე, ლეო, თორემ ვიჩხუბებთ, - ვაფრთხილებ.

უცნაურად მიღიმის, თვალები უბრწყინავს. ცხვირის წვერით ამჯერად ყელში მიძვრება. სიამოვნებისგან ვბუჟდები, ფეხებში ძალა მეცლება და ლამისაა იატაკზე გავწვე.
- რა გაცინებს? - ძლივს ვეკითხები.
- სახელით პირველად მომმართე.
- გაკლია, რა, - დაუფიქრებლად ვეუბნები.
- რამდენიმე დღის კვალობაზე ენა ძალიან შემაჩვიე, არა? - ჩემ ყელში ცხვირჩარგული იცინის.
- შენ თუ ხელები შემაჩვიე, მე არ შემიძლია?
- შეგიძლია, შეგიძლია, - მშორდება.
- კარს არ გამიღებ? - უკვე მშვიდად ვეკითხები, მაგრამ დარწმუნებული არც ვარ, რომ ეგ ისევ მინდა.

ჩემი ტელეფონი ხმაურობს. ლეო უარყოფის ნიშნად თავს აქნევს და სამზარეულოში გადის, ყავას გამოგიტანო. ტელეფონს დავყურებ, ვატო რეკავს. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვუთხრა, მაგრამ ჩრდილელი მეუბნება, დილიდან რამდენჯერმე დარეკაო. ახლა რომ არ ვუპასუხო, ამაფეთქებს.
- გისმენ, ვატო, - ვპასუხობ და ლეოს ხელით ვანიშნებ, ხმა არ ამოიღოს. არაფერს მეუბნება, მაგრამ ისევ ღიზიანდება, ატრიალებული თვალებით ვხვდები.
- გამაგიჟებ, იანო. დილიდან ვრეკავ. არ უნდა გეპასუხა?
- ბოდიში, ხმა არ მესმოდა, - ცხოვრებაში პირველად ვატყუებ და თავს საშინლად ვგრძნობ.
- კარგი, დღეს ვერ გაგიბრაზდები. დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ერთადერთო, - ბედნიერი ყვირის და საიდანღაც ჩემთვის გამზადებულ ნამცხვარს აძრობს ანთებული სანთლით, - შენ მაგივრად ჩავაქრობ, მაგრამ სურვილი შენ ჩაიფიქრე, - მეუბნება და სამამდე ითვლის. გაშტერებული ვდგავარ და აზრზე ვერ მოვდივარ. ვატო ალბათ ფიქრობს, რომ სურვილი უკვე ჩავიფიქრე და სანთელს აქრობს. მერე ტაშს უკრავს და რაღაცას მეუბნება, მაგრამ მე აღარაფერი მესმის. ჩემი დაბადების დღეა. 29 წლის გავხდი.

თვალის კუთხიდან ლეოს ვხედავ. ჩემ რეაქციას აკვირდება. ვატოს მადლობას ვუხდი და სასწრაფოდ ვუთიშავ. ვპირდები, გადმოგირეკავ-მეთქი და ამიტომ მარტივად მთანხმდება.

- დაბადების დღე გაქვს, იანო? - ლეო ისევ მიახლოვდება. ხელში შერჩენილ ტელეფონს მართმევს, მერე მეხვევა და მილოცავს.
- არ მახსოვდა, - ვეუბნები და გაუაზრებლად ხელებს ვხვევ.
- ასე როგორ შეიძლება? - მსაყვედურობს.
- არავინ მყავს, ვინც გამახსენებდა, - გული მეწურება საკუთარ მდგომარეობაზე. რატომ ვუკეთებ ამას საკუთარ თავს? - უფრო სწორად, ვატო მყავს. ჰო, ახლა ის მყავს.
- მართლა სულ მარტო ხარ? - ოდნავ მშორდება, მაგრამ ხელს მაინც არ მიშვებს.
- საკუთარი თავი მყავს.
- ჰო, საკუთარი თავი გყავს, - მეფერება და შუბლზე მკოცნის, - 29 წლის გახდი, იანო? დიდი გოგო ხარ უკვე.
- დიდი გოგო ვარ, - ვეთანხმები და მეცინება.

მერე ნია რეკავს. ტელეფონში ყვირის, ხტუნავს, ცეკვავს. აქ ვგრძნობ, როგორ ირყევა მისი სახლი. ვცდილობ, დავამშვიდო, მაგრამ არაფერი არ ესმის.

- დღეს რას ვაპირებთ? არ მითხრა, რომ ისევ სახლში აპირებ ყოფნას. შარშანაც არ გადაიხადე, ხომ გახსოვს. იმ ერთხელ გაპატიე, იცი რატომაც. ახლა ვერ გამოძვრები. გაიგე, ჩელებაძე?
- მეც გავიგე და ქვეყნის მეორე ბოლოში ვატომაც. დამშვიდდი ცოტა, - ყვირილზე გადავდივარ მეც და ტელეფონს ვუთიშავ. რომ დაწყნარდები, მერე გადმორეკე-მეთქი.

ორ წუთში რეკავს.
- მშვიდად ვარ, მართლა. თუ გართობა არ გინდა, უბრალოდ ყავა მაინც დავლიოთ, - მთხოვს და ტუჩს აბრუნებს.
- კარგი, ნია. მოვიფიქრებ რამეს, - მეორედ ვუთიშავ და ჩუმად მჯდომ ლეოს ვუყურებ.

- შეიძლება რაღაც გკითხო? - მეკითხება. მეცინება, რომ წინასწარ მითანხმებს, მაგრამ, შეიძლება-მეთქი, ვპასუხობ. - ვატო ვინაა და მისი ერთადერთი რატომ ხარ? ან დღეში მილიონჯერ რატომ რეკავს? - კეფას უხერხულად იფხანს, თვალს ვერ მისწორებს და თითებს მაგიდაზე ათამაშებს. ახლა ვამჩნევ, რომ სულაც არ აქვს ისეთი თითები, ჩემ გემოვნებაში რომ ჯდება ხოლმე, მაგრამ მომწონს. თითებიც, ფრჩხილის ფორმაც, ბეჭედიც და დაბერილი ვენებიც, რომლებიც ყოველთვის მაშინ ჩნდებიან, როცა ლეო რაღაცაზე ღიზიანდება ან ბრაზდება.

მეცინება. რა დროს ასეთი დიალოგია, გიჟია ნამდვილად.
- არ მითხრა, რომ ეჭვიანობ, თორემ ძლიან დაგცინებ, - ვაფრთხილებ. ლეო წარბებს კრავს, თავს აქნევს და ფეხზე დგება.
- ან შენ უნდა მიეჩვიო იმას, რომ ერთხელ დასმულ კითხვაზე პირდაპირ პასუხი გამცე, ან მე უნდა მივეჩვიო იმას, რომ შენთან ყველაფერი ყოველთვის ასე რთულად იქნება.
- საერთოდ არაფერს რომ არ მივეჩვიოთ, ეგრე არ შეიძლება?
- ეგრე არ შეიძლება. მე შენთან დიდი და გრძელვადიანი გეგმები მაქვს, იანო. პირველივე დანახვისას ძალიან მომეწონე, - ნიკაპის ქვეშ თითს მიცურებს, თავს მაწევინებს და მიყურებს. ყავისფერი თვალები უელავს. ისაა, ვერ ვიგებ, სიბრაზისგან თუ ბედნიერებისგან.
- მგონი, ძალიან შეტოპე. მე არაფერს მეკითხები? - ვბრაზდები.
- მომიწევს, იმასაც შევეჩვიო, ფეთქებადი რომ ხარ, - იცინის. - დღეს რა გეგმები გაქვს?
- არ მაქვს, მაგრამ ნია არ მომასვენებს, - წინასწარ ვიღუშები მოსალოდნელი უბედურების გამო.
- გინდა, გადაგარჩინო?- თვალები უციმციმებს.
- ეგ როგორ?
- სადმე წავიდეთ, - ვითომც არაფერიო, მხრებს იჩეჩავს.
- ჰო, ეგღა მაკლია. ჯერ ის არ დამვიწყებია, შენ საწოლში რომ გავიღვიძე ერთი საათის წინ, ახლა ერთად გავიპაროთ სადმე. ლეო, გასაგებია, რომ უცხოეთში ცხოვრობდი, მაგრამ აქ ეგრე მარტივად არ ხდება ყველაფერი. საქართველოა, დაეშვი.
- საქართველო რა შუაშია? პრობლემა შენშია. ყველაფერს ართულებ. არ მითქვამს, მე და შენ წავიდეთ მარტო-მეთქი. შენი დაბადების დღეა, ჩემთან ერთად მოიწყენ. მეგობრები ხომ გყავს? უთხარი და სადმე წავიდეთ.
- მეგობრები არ მყავს, - ვწითლდები ჩემი ფიქრების გამო, - ნია მყავს მარტო.
- მაშინ, უთხარი ნიას და ის მოიფიქრებს რამეს.
- კი, ვიცი ნია რასაც მოიფიქრებს. დიკოს და თავის საყვარელს წამოიყვანს. ის სუფრა მოგონება იქნება.
- მიზეზობ, იანო. ის ხალხი ეგეთი ცუდიც არაა. ჩამოყალიბდი, რა გინდა. მარტო ყოფნა თუ გინდა და ეგრე უფრო კომფორტულად თუ იქნები, არც ეგაა პრობლემა. მე არ მეწყინება.
- შენ თავი რატომ დაიპატიჟე საერთოდ?
- დიალოგს შევესწარი და იმიტომ, - მიცინის, ლოყაზე მკოცნის და სააბაზანოსკენ მიდის. შუა გზაში ჩერდება, ჩემკენ ბრუნდება და თითს მიქნევს, - ახლა შეიძლება არ მპასუხობ, მაგრამ მომავალში მაინც მოგიწევს ამიხსნა, ვინაა ვატო და რატომ გეძახის თავის ერთადერთს.

იმიტომ რომ ერთადერთი ვარ-მეთქი, კარის მიხურვის მერე ვუყვირი. მესმის, ხმამაღლა ხითხითებს. მეც მეღიმება.

საღამოს ნია ვიდეო ზარით მირეკავს და მეუბნება, ყველაფერი მოვაგვარე, შენ სადარდებელი აღარ გაქვსო. სანამ გავარკვევ, რა მოაგვარა და საერთოდ, რა ხდება, ტელეფონს თიშავს. მერე შეტყობინების სახით მწერს, რაც გინდა, ის ჩაიცვი, შენი დღეა და მე არ ჩავერევიო, მაგრამ უკვე ყველაფერში ჩარეულია და მე კიდევ ამ ბოლო რამდენიმე დღეში ნერვები იმდენ რამეზე ავიშალე, მოწყვეტით ვეცემი საწოლზე და ლეოზე ვფიქრობ. მერე ლეპტოპს ვხსნი და მის გვარს ვგუგლავ. ვერაფერს ვპოულობ, რამდენიმე ადამიანის გარდა. უკმაყოფილება შუბლში მირტყამს. ვდგები და წ*ლის გადასავლებად შევდივარ. რაც იქნება, იქნება.

- აი, ორ წუთში მანდ ვარ. გამოდი უცებ, - ტელეფონში მიყვირის ნია. როდის უნდა გადაეჩვიო-მეთქი ყვირილს, მეც ვუყვირი და კიბეზე ჩავრბივარ.

მანქანაში ნიასთან ერთად დიკო და ლადო მხვდებიან. ნეტავ, რატომ არ მიკვირს-მეთქი, ვფიქრობ და უხერხულად ვჯდები წინ, ნიას გვერდით. რაღაც მომენტში გულიც კი მწყდება, ლეო აქ რომ არაა, მაგრამ იქნებ ასე უკეთესიცაა-მეთქი, ვფიქრობ. ბარბაქაძე აჟიტირებულია, ორი წუთით ვერ ჩუმდება. თან ბოლო ხმაზე აჯღავლებს რადიოს, რომელიც დრო და დრო საცოდავად შიშხინებს და ისედაც სიგიჟე სიტუაციას უფრო ამწვავებს. ნახევარ გზაზე ნერვები მღალატობს და ყვირილზე გადავდივარ, თუ არ გაჩუმდები, მანქანიდან გადავხტები-მეთქი. ნია ჩუმდება, ბოდიშებს მიხდის და თავის რადიოსაც ხმას აწყვეტინებს. უკანა სალონიდან ხითხითის ხმა მესმის. ვიხედები და გამხიარულებულ დიკოს თვალებით ვკლავ. ეგღა მაკლია, ამის დასაცინი გავხდეთ რომელიმე. დიკო ჩემ მზერაში მუქარას კითხულობს, ხელებს დანებების ნიშნად სწევს და საყვარელს ყელში უძვრება. ლამისაა, ვარწყიო. ღმერთს ვევედრები, გაგიჟებულმა დღეს იმდენი სასმელი არ დავლიო, ლადოს ცოლს მართლა დავურეკო და სიმართლე პირდაპირ პირში მივახალო. საწყალ ქალს, იქნებ გული გაუსკდეს ამ საშინელი რეალობისგან. მერე მთელი ცხოვრება დანაშაულმა უნდა მომკლას, თითქოს სანერვიულო მეტი არ მქონდეს. მაგრამ, ყოველ ჯერზე, როცა ამ კაცს ვხედავ და მასთან ერთად ერთ სივრცეს ვინაწილებ, მგონია, მისი დანაშაულის და საშინელი საიდუმლოს მონაწილე ვხდები და მეც ისეთივე დამნაშავე ვარ, როგორც - ის. არადა, ვზივარ ჩემთვის და, საკუთარ დაბადების დღეზე, წარმოდგენაც არ მაქვს, სად მივდივარ.

- ნია, იტყვი სად მივდივართ?
- ვიტყვი, თუ არ იჩხუბებ, - ჩემკენ ტრიალდება რამდენიმე წამით და მერე გზიდან უხვევს. მივდივართ სადღაც სიბნელეში, ტყეში, ცივილიზაციისგან მოშორებით და ისევ იმ აზრზე ვარ, რომ ეს საღამო იმ ქეიფზე უარესი იქნება. დავრჩენილიყავი სახლში, ვინ მექაჩებოდა.

რამდენიმე კილომეტრის შემდეგ ორსართულიანი სახლის წინ ვჩერდებით. ნიასგან ვიგებ, რომ ლადომ მოწყალება გაიღო და თავისი სახლი დაგვითმო. ჯერ წამოსვლას არ აპირებდა, მაგრამ, რომ გაიგო, დიკო მიგვყავდა, ჩაალაგა ბარგი და აგვეკიდაო. პრინციპში, თავისი სახლია და ხომ არ გავაგდებდით.
- კარგი, ნია და რა უნდა ვაკეთოთ ახლა ჩვენ ოთხმა? - ვეკითხები და პატარა ჩანთიდან კბილის ჯაგრისს და სახის კანის მოვლის საშუალებებს ვაძრობ.
- მოვიფიქრებთ რამეს. ახლა ქვემოთ ჩავალთ, რაღაცებს გავამზადებთ, მერე მუსიკას ავუწევთ, მაგრად დავლევთ და გავერთობით, - მპირდება და ტანსაცმელს იხდის. ნიას შესანიშნავი ტანი აქვს. ბიჭი რომ ვიყო, მისი ფორმების გამო დორბლიც კი გამივიდოდა, მაგრამ ეგ იყო, სერიოზულად არავის აღიქვამდა და სულ ცალ ფეხზე ეკიდა ბიჭებიც და ურთიერთობებიც. თავს ვერავის შევაზღუდინებო, სულ მაგას ამბობდა.
- ჩემი აზრით, დიკო ყველაზე კარგად გაერთობა, - მახსენდება, კისერზე ჩამოკიდებული რომ შეიყვანა ლადომ ოთახში, - მადლობა ღმერთს, პირველ სართულზე არიან.

ნიას კისკისებს, ბალიშს მესვრის და ოთახიდან გადის, მომზადებას დავიწყებო. ნახევარი საათის მერე მეც ჩავდივარ. მაგიდაზე უკვე აწყვია რამდენიმე სახის ყველი, სახლური სენდვიჩები, სოუსები და დაჭრილი ლიმონი, გვერდით დამშვენებული არყით.
- არაყს ვსვამთ? - ვეძახი ნიას.
- ღვინოც გვაქვს, - თეთრი ღვინის ბოთლებით გამოდის სამზარეულოდან.

ღვინო კარგია. თეთრი, მით უმეტეს. იმდენი ხანია, ალკოჰოლი არ მიმიღია, მეშინია, პირველივე ჭიქაზე სხეული შოკში არ ჩამივარდეს.
გვიანობამდე ვსვამთ. რამდენჯერაც დიკო თავის საყვარელს გადასწვდება და ჩვენ თვალწინ მთელ სახეს გაულოკავს, იმდენ ჭიქას ვსვამ. ღვინო რომ მთავრდება, რამდენიმე ჭიქა არაყსაც ვაყოლებ. მერე ცუდად ვხდები და სააბაზანოდან დიდხანს ვერ გამოვდივარ. არავინ მაკითხავს. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემზე უარეს მდგომარეობაში არიან.
მოსაწევად აივანზე გავდივარ. ვქანაობ და ნაპირთან ახლოს არ მივდივარ, არ გადავიჩეხო შემთხვევით. იქვე პუფებია დაწყობილი. კუთხისკენ მიმაქვს ერთ-ერთი და შიგ ვეშვები. ერთი ღერის მერე მეორეს ვეწევი, მესამეზე სიგარეტი მიმთავრდება. საკუთარ თავს ვლანძღავ, მაღაზიაში შესვლა რომ დამავიწყდა.

ტელეფონზე მოსალოცი ორიოდე შეტყობინება მომდის. ერთი ნანასია, ეკეს დის, მეორე ეკეს დედის. ისეთი მთვრალი ვარ, იმ ორ საპასუხო, სამადლობელ შეტყობინებასაც ძლივს ვაგზავნი. რამდენიმე წუთს სოციალურ ქსელში ვატარებ, მერე ჰაერი უფრო მეტად მიწამლავს ალკოჰოლით დამძიმებულ თავს და ვფიქრობ, რა იქნება, ლეოს რომ დავურეკო.

- თუ მთვრალზე გახსენდება და მასთან საუბარი გინდა, ესე იგი, შარში ხარ, იანო, - მეცინება. დარეკვის იდეა გონებიდან არ ამომდის. აი, რა მოხდება, უბრალოდ დავურეკო და არაფერზე ველაპარაკო. ან ყველაფერზე ველაპარაკო და ნერვები მოვუშალო. ან მე მომეშალოს, გავბრაზდე და პირდაპირ აივნიდან გადავხტე.

გადახტომაზე ეკე მახსენდება და ვბრაზდები, ეგეთი აზრები მომდის. მერე ის დაბადების დღე მახსენდება, რამდენიმე წლის წინ ულამაზესი მოლოცვით რომ გამილამაზეს ეკემ და ვატომ. შუაღამისას ბებიაჩემის სახლში უშველებელი ტორტით რომ დამადგნენ და ეზოში იმდენი იღრიალეს, მეზობლის ქალმა პოლიციას გამოუძახა, მთვრალები გვატერორებენ და არ გვაძინებენო. იმ ღამის გატარება პოლიციის შენობასთან მომიწია, ხვეწნა-მუდარით, რომ ორივე კარგი ადამიანი იყო და უბრალოდ სიყვარულისგან ცოტა ზედმეტი მოუვიდათ. მორიგე პოლიციელმა, რომ გაიგო, დაბადების დღე მქონდა, ბიჭები რამდენიმე საათში გამოუშვა და მითხრა, რადგან ახლა შენ გამო ვუშვებ, შემდეგზე შენ დაგიჭერო. ლამის გადავიფიქრე და უკან ჩავაბარე ორივე, მაგრამ ბიჭებმა ხელი დამავლეს და საჭმელად წამიყვანეს. ის ბედნიერი პერიოდი იყო, კარგად ვერთობოდით და ბევრიც არაფერი გვაწუხებდა.

იმ ზაფხულს 19 წლის გავხდი. მერე მალევე ბებიაჩემი გარდაიცვალა და ის სახლი, რომელშიც ერთი წელი ერთად ვცხოვრობდით, მე დამრჩა. ბებიაჩემს დიდად არ ვუყვარდი, მაგრამ როცა მშობლები დამეღუპნენ და თავშესაფრის სათხოვნელად მივადექი, სხვა გზა არ დარჩა და შემიფარა. ყოველთვის ვმუშაობდი და თითქმის არასდროს ვაწუხებდი ჩემი არსებობით. ისედაც მარტოობას იყო მიჩვეული და ოდნავ მაინც თუ ავხმაურდებოდი, მაშინვე ჩხუბს იწყებდა. მე დაძაბულობა და არეულობა არ მიყვარდა, ჰოდა ყველანაირად ვცდილობდი, მადლიერი დავრჩენილიყავი და ხელი არ შემეშალა მისი მარტოსულობისთვის. რომ გარდაიცვალა, როგორც ხდება ხოლმე, მისმა დებმა მთელი ქონების მითვისება გადაწყვიტეს, მაგრამ ანდერძი, რომელიც აზრზე არ ვარ, როდის შეადგინა, მოწმობდა, რომ ახლა ყველაფერი მე მეკუთვნოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რადგან თბილად არასდროს მექცეოდა. მერე ყველა ცუდი აზრი და ბრაზი ვინანე, რომელიც მის მიმართ შემომრჩენოდა. თავი ცოტა უკეთ რომ მეგრძნო, თვეში ერთხელ საფლავზე ავდიოდი და მის საყვარელ ყვავილებს ვუტოვებდი. რამდენიმე ხანში სახლს შემორჩენილმა აურამ შემაწუხა, ამიტომ გავყიდე და მოშორებით სხვა ბინაში გადავედი. კერძო სახლს მიჩვეული კორპუსში გამოკეტვამ ერთხანს დეპრესიაში ჩამაგდო, მაგრამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და რამდენიმე თვის მერე დამოუკიდებლობით ტკბობა დავიწყე. ეს იყო იქამდე, სანამ წლები არ გავიდა და ეკემ თავი არ მოიკლა. ეკეს სიკვდილმა სამუდამო ტკივილისთვის გამწირა.

ჰოდა, მიჭირავს ტელეფონი და ვერ ვრეკავ. იმიტომ არა, რომ მრცხვენია. იმიტომ, რომ მისი ნომერი არ ვიცი და ვერც ფეხზე ვდგები, ლადოს კონტაქტებიდან რომ ჩუმად მოვიპარო ინფორმაცია. ვზივარ, ჰაერი გულს მიჩქარებს, ლოყებს მიგრილებს და უფრო მათრობს. ოთახიდან ხმაური გამოდის, ვიღაც ბოლო ხმაზე მღერის. კიდევ კარგი, გარშემო ტყეა, თორემ ეს დაბადების დღეც იმას დაემსგავსებოდა.
- იანო, - ყვირის ბედნიერი ნია, - იანო, სტუმარი გვყავს.
სტუმარი კარგია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ვერ ვდგები. ხელებით ვეჭიდები გვერდებს, მუხლებზეც ვდგები, მაგრამ ტანს ვერ ვიმორჩილებ. აი, ასე ხდება, სასმელს რომ აურევ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე გაქვს დალეული.
- იანო, გამოდი, - მეძახის ისევ.
ვერ გამოვდივარ, ამის დედაც, ვუყვირი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩემი ხმა იმ ხმაურში უჩინარდება.
- გინება არ გიხდება, - ლეოს ხმა მესმის. თავს ვწევ და კარში დგას. ხაკისფერი ზედა აცვია, შავი შარვალი და კედები. ისე გამოიყურება, ტუჩებს თავს ვუყრი და ძლივს ვუსტვენ. ფხიზელზე ალბათ ძალიან შემრცხვებოდა, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ აქაა და შემიძლია, ჩემი მარტოობა ვინმეს გავუნაწილო. იმიტომ, რომ ვიცი, ეს ბიჭი აქ ჩემ გამო მოვიდა, ჩემთვის მოვიდა და ჩემთან მოვიდა. მე ერთადერთი მიზეზი ვარ და რამდენად ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, საშინლად მიხარია ეგ ფაქტი.
- ლეო, - თვალებში შევციცინებ. მიღიმის. ულამაზესი კბილები აქვს. სიბნელეში თეთრად უელავს.
- მთვრალი ხარ, იანო? - წამოდგომაში მეხმარება და ძლივს მასწორებს.
- მთვრალი ვარ. დღეს 29 წლის გავხდი, - ვცდილობ, თითებით ვაჩვენო ჩემი ასაკი.
- საჩუქარი არ მიყიდია, - უხერხულად იშმუშნება, - ვერ მოვასწარი. არ მიწყინო, აუცილებლად გიყიდი.
- ჩემი აზრით, ახლა საჩუქარი შენ ხარ, - ვეუბნები და ყელში ვუძვრები. ლეოს ხელზე ტაო აყრის, ღრმად სუნთქავს და ხელებს მხვევს. ზუსტად ვიცი, საშინლად ვყარვარ, მაგრამ მას კარგი სუნი აქვს. მთვრალ გონებაში ეკეს სუნამოს სუნი აღარ მიძვრება.
- სხვა სუნამოა? - თავაუღებლად ვეკითხები.
- შეამჩნიე?
- მადლობა, რომ შეცვალე, - ვეხვევი მეც.

ასე რამდენ ხანს ვდგავართ, არ ვიცი. მეძინება, ფეხებში ძალა მერთმევა და ლეოს ხელში ავყავარ. მსიამოვნებს, ჩემზე რომ ზრუნავს და ისიც მსიამოვნებს, სულ ასე რომ ვამთავრებ. მეორე სართულზე რა ძალით ავყავარ, არ ვიცი. მოკლებული კილოგრამების მიუხედავად, სიგამხდრით ვერ დავიკვეხნი. საწოლამდე მივყავარ, ნაზად მაწვენს, ფეხსაცმელს მხდის და არეული თვალების მიუხედავად, მაინც ვხედავ, რომ მიყურებს.
- შეგიძლია გამხადო, - სიცილით ვრთავ ნებას. ახლა ზუსტად ვიცი, მთელი ტანი იდეალურ მდგომარეობაში რომ მაქვს. ჩანთიდან ჩემ საღამურებს იღებს და გაჭირვებით მაცმევს. წამომჯდარი ვერ ვჩერდები, ამიტომ ხელს მიშვებს თუ არა, მაშინვე საწოლზე ვვარდები. ბევრს იცინის და მეც იმდენს მაცინებს, ცრემლები მდის. მერე საბანს მაფარებს, შუბლზე მკოცნის და გასასვლელად ემზადება.
- აქ დაწექი, რა, - გვერდით ცარიელ ადგილზე ხელს ვუტყაპუნებ. გაოცებული მიყურებს. იქნებ ჰგონია, მახეს ვუგებ და ვამოწმებ, შეცდება თუ არა.
- იანო, შენ, მგონი, მართლა ძალიან მთვრალი ხარ.
- მე მართლა ძალიან მთვრალი ვარ და მართლა ძალიან მინდა, რომ აქ დაწვე. თუ არ დაწვები, მეც ავდგები, - საბანს ვიხდი და ის-ისაა, უნდა ავდგე, მაჩერებს და უკან მაბრუნებს. სიცილით მთანხმდება. დამელოდეო, მეუბნება. ოთახიდან გადის და რამდენიმე წუთში მაისურით ბრუნდება. იქვე იცვლის. ყურადღებას არ აქცევს, ლამისაა საბანი რომ შემომეჭამოს და მიახლოვდება. დაწოლამდე მეკითხება, დარწმუნებული ხარო, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ და უბრალოდ თავს ვუქნევ.
- ხელს რომ გკიდებ, იმაზეც კი პანიკაში ვარდები. რას ვიფიქრებდი, - ბურდღუნებს და საბნის ქვეშ ძვრება. ნახევარ ტანზე საბანს მაძრობს, თვითონ ეხვევა და ჩემგან ზურგით ტიალდება. მთვრალი ვარ, მაგრამ რეალურად ვგრძნობ სირცხვილს მთელ ტანზე.
- თუ არ გინდა, არავინ გაძალებს, - ვეჩხუბები, საბანს ვეჭიდები, ვაძრობ და მთლიანად ვართმევ, - უბრალოდ დაწოლა გთხოვე, რა აზრები გაწუხებს.
- ნუ ბრაზდები, - ჩემკენ ტრიალდება.
- შეგიძლია გადაბრუნდე ან საერთოდ, ადექი და წადი, - ხელს ვკრავ, მაგრამ მიჭერს, ახლოს მწევს თავისთან და ცხვირით ლოყაზე მეთამაშება.
- სასმლის სუნი აგდის.
- რას მელაპარაკები, - ბრაზს ვერ ვიკავებ მე.
- იანო, - უცნაურად უბოხდება ხმა და ჩუმად იწყებს საუბარს, - მთვრალიც რომ ძალიან ლამაზი ხარ, იცი?
- არ ვიცი, - გული მიჩქარდება და საბანს კიდევ უფრო მჭიდროდ ვიხვევ. ხვდება, ჩვენ შორის ბარიერს რომ ვქმნი და დამცინის.
- არ ინერვიულო, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ.
- საერთოდ არ ვნერვიულობ, - არ ვიმჩნევ მე და საბანს ვასწორებ. ნაწილს მე ვიფარებ, ნაწილს მისკენ ვწევ. შიგნით ძვრება და ხელით ხელზე მეხება. ორივე გულაღმა ვწევართ, ხმას არ ვიღებთ. ოთახში სუნთქვის ხმა ისმის მხოლოდ და ისიც ისეთი სუნთქვაა, მაშინვე მიგახვედრებს ადამიანს, არც ერთი არ ვართ კარგ დღეში.
- აქამდე არავისთან ერთად არ ვწოლილვარ, არავისთან ერთად არ მძინებია, - ვეუბნები და თავს მისკენ ვაბრუნებ. ისიც მიყურებს, მერე ხელს თავქვეშ მიცურებს და თავის მკერდზე მიკრავს.
- დაიძინე, იანო. გამოძინება გჭირდება, - თავზე ხმაურით მკოცნის.
- მადლობა, რომ აქ ხარ. ამდენი ხნის შემდეგ, თავს არც ისე მარტო ვგრძნობ. მადლობა, რომ დღეს არ მიმატოვე.
სუნთქვა რომ მიმძიმდება და თვალების გახელა მიჭირს, მაშინღა ვგრძნობ, კარგი გამოძინება რამდენად მჭირდება. ვინ იცის, ბოლოს როდის მეძინა უშფოთველად, უდარდელად, სინდისის ქენჯნის გარეშე.
- ლეო, გახსოვს რომ მითხარი, რომ დაგინახე, მაშინვე მომეწონეო? - მის სახლში ნათქვამი სიტყვები მახსენდება მე.
- მახსოვს, მერე?
- რა მეცვა?
- რა? - უკვირს და თავს მაწევინებს. თვალებს ვერ ვახელ, მაგრამ ვიცი, ყავისფერი თვალები უელავს.
- იმ დღეს, პირველად რომ მნახე. ხომ მითხარი, პირველივე დანახვისას მომეწონეო. ჰოდა, რა მეცვა?
- წითელი კაბა, - ფიქრის შემდეგ მეუბნება, - თმა ჩამოშლილი გქონდა, ხელში ლუდის ჭიქა გეჭირა და ნიასთან ერთად ცეკვავდი. უფრო სწორად, ცეკვას ცდილობდი. შეწუხებული სახე გქონდა და ისეთი განცდა დამრჩა, თითქოს ფეხსაცმელი გიჭერდა ძალიან, - ვიბრაციით ვხვდები, იღიმის, - მერე, ერთ მომენტში, გაიცინე და ვიფიქრე, ამაზე ლამაზი არაფერი მინახავს-მეთქი. ვერასდროს ვიფიქრებდი, მეორე დღეს ეკეს სახლში თუ გნახავდი.
- წითელი კაბა? - ის საღამო მახსენდება მე.
- შენი ძალიან ლამაზი წითელი კაბა. სასწაულად გიხდებოდა, იანო, - ისევ თავზე მკოცნის და ისე ძლიერად მიჭერს ხელებს, საუბრის გაგრძელებას ვერ ვახერხებ.

ის წითელი კაბა, სახლში მისვლისთანავე რომ გადავაგდე. ის ღამე, ამდენი ხანია დავიწყებას რომ ვცდილობ. იმ ღამეს, ლეოს დავუნახივარ. იმ ღამეს, მე რომ სამყარო და ნია ყველაზე მეტად მეზიზღებოდა, ლეოს მოვწონებივარ. ღმერთო, იმ აღარც თუ ისე წყეულ ღამეს.

გამთენიისას უფროსთან ვრეკავ და იმდენ ბოდიშს ვუხდი, შეწუხებული ყველაფერს მპატიობს და დაბადების დღის საჩუქრად, ამ დღესაც გჩუქნიო, მეუბნება. მადლიერი და ბედნიერი ვთიშავ ტელეფონს, სახეს ვიბან და ისევ საძინებელში ვბრუნდები. თავი მისკდება, გაორებულად ვხედავ ყველაფერს და ახლა უფრო მთვრალი ვარ, ვიდრე გუშინ.

ლეოს ისევ სძინავს, ჩემ ბალიშზე აქვს ხელები შემოხვეული და ღრმად სუნთქავს. ჯერ დილის 7 საათია, ამიტომ გასაღვიძებლად მეცოდება. ფეხაკრეფით გავდივარ ოთახიდან ყავის გასაკეთებლად. ახლა თუ კოფეინის დიდი დოზა არ მივიღე, მოვკვდები.

სამზარეულომდე მისაღებ ოთახში შევდივარ. ერთმანეთზე გადაწოლილი დიკო და ლადო დივანზე საწყლად იშმუშნებიან, ნიას მაგიდის მეორე მხარეს, ბუხრის წინ, პირდაპირ იატაკზე სძინავს. არყის ბოთლი აქვს ამოდებული თავქვეშ და დამეფიცება, ხვრინავს. ასე გულიანად ძილს ასეთ ფორმაში როგორ ახერხებს, მართლა ვერ ვხვდები. სამივესი მადლიერი ვარ, გუშინ მარტო რომ არ დამტოვეს, ამიტომ ძილს ვაცდი, გამოვდივარ და ყავის გამზადებამდე ფანჯრიდან ულამაზეს ხედს ვუყურებ. შუაღამისას წარმოდგენაც კი არ მქონდა, ასეთ სილამაზეში თუ გავიღვიძებდი. საერთოდაც, სახლიც ისეთი ლამაზი და კომფორტული იყო, გული მომეწურა, მე რომ არასდროს მექნებოდა ასეთი. ლადომ უნდა თქვას, ცხოვრება მაქვსო. ორი ქალის და შესანიშნავი სახლის მფლობელია. როცა განმარტოება მოესურვება, ადგება და აქაურობას შეაფარებს თავს. მე ჩემი ბინის გარდა გზა არსად მაქვს.
- ლადოსი მშურს, არც კი მჯერა, - აღშფოთებული ვასხამ ყავისფერ სითხეს ჭიქაში და სიამოვნებით ვისუნთქავ უგემრიელეს არომატს.
- ლადოსი რატომ გშურს? - მესმის ლეოს ხმა. ვტრიალდები. სამზარეულოს შემოსასვლელში, კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი, ნახევრად შიშველი ჩრდილელი დგას და მიღიმის.
- შენი გაღვიძება არ მინდოდა, - ვეუბნები. ჩემკენ მოდის, ხელებს მხვევს და ზურგით მაგიდას ეყრდნობა. დილითაც კი შესანიშნავად გამოიყურება. თმა აქვს ოდნავ აწეწილი და სველი.
- ცუდია, რომ არ გამაღვიძე. ბალიშთან ერთად გავიღვიძე, იანო, - მსაყვედურობს და ჭიქიდან ყავას მპარავს. უშაქრო სითხეზე სახეს ჭმუხნის, თვალებს სასაცილოდ აელმებს და ხელს მიშვებს, - აი, თურმე რატომ ხარ ასეთი მწარე. მაგას რა გასმევს? - ჭიქით წყალს სვამს და უნდობლად მიყურებს, თითქოს მართლა უშაქრო ყავის ბრალი იყოს, მე რომ ასეთი ხასიათით დავიბადე.
- სხვის ჭიქაში იმიტომაც არ უნდა ჩაყო ცხვირი ან ენა, - ენას ვუყოფ და თინეიჯერი გოგოსავით ვეკრიჭები.
- ჰოდა, ლადოსი რატომ მშურსო, რას ამბობდი? - პირვანდელ კითხვას უბრუნდება.
- ასეთი სახლი რომ აქვს. შეხედე, რა მაგარი ხედია, ლეო, - ფანჯრისკენ ვაბრუნებ. ვდგავართ ორივე მაგიდაზე მიყრდნობილები, ვუყურებთ ჩვენ წინ გადაშლილ ულამაზეს სანახაობას და ვტკბებით. მე ყავის ჭიქა მიჭირავს ხელში, ის ისევ მწარე გემოს გაქრობას ცდილობს ცივი წ*ლით.
- ვინ თქვა, რომ ლადოს სახლია? - ზემოდან დამყურებს. ზედმიწევნით ვიხსენებ წინა დღის დიალოგს და ვეუბნები, ნიამ თქვა, ლადომ თავისი სახლი დაგვითმოო, - ჩემი სახლია, იანო. უბრალოდ, ვიფიქრე, ეგ რომ გცოდნოდა, თავს არაკომფორტულად იგრძნობდი, ამიტომ ნიას ვუთხარი, რომ ლადოს სახლში მიდიოდით, - მხრებს იჩეჩავს, წინ მწევს და უკნიდან მეხუტება.
- რა ბოროტი ბიჭი ხარ, - ხუმრობით ვბწკენ ხელზე. ისიც, ვითომ ძალიან ეტკინა, წუწუნს იწყებს და ცხვირს ჩემ კისერში რგავს.
- ესე იგი, ჩემი სახლი მოგწონს.
- სახლიც კარგია, მაგრამ ხედი უფრო მაგარია, - ვაბრაზებ და დავცინი, - ამ ფანჯრის რაფას გავადიდებდი და დასაჯდომს გავაკეთებდი. ამ ხედის ფონზე წიგნის კითხვა და ყავის სმა დღის იდეალური დასაწყისი იქნებოდა.

ლეო ხითხითებს, კისერში ხმაურიანად მკოცნის. სიამოვნებისგან თავი უკან მივარდება და თვალებს ვხუჭავ, ტუჩების სითბო უკეთ რომ შევიგრძნო. ლეოს ჩემი მდგომარეობა მოსწონს და უფრო თამამდება. ჯერ ლოყაზე მკოცნის, მერე ყბის ძვალზე მიტოვებს მსუბუქ კოცნას და მერე ვიღაცის ჩახველების ხმა რეალობაში გვაბრუნებს. ორივე ერთდროულად ვტრიალდებით კარისკენ და ნიას ვხედავთ.

- უკაცრავად, მაგრამ გაზიანი სასმელი მჭირდება. ახლავე, - ჩახლეჩილი ხმით გვეუბნება, - დამავიწყდა, რომ მეყიდა. მიშველეთ რომელიმემ.

ლეო გამოსაცვლელად ოთახში ბრუნდება. მე ყავას ვამთავრებ, ნიას კითხვის ნიშნებით სავსე თვალებს ოსტატურად გავურბივარ და გადარჩენის მიზნით ლეოს მივყვები. მაღაზია რამდენიმე კილომეტრში გვხვდება. საჭირო პროდუქტებს მალევე ვპოულობთ, რადგან დროის დაზოგვის მიზნით სიას გზაშივე ვწერ. ლეო მპირდება, უგემრიელეს საუზმეს გავაკეთებო. მეც მიხარია, სახლში ერთმა ადამიანმა რომ მაინც იცის, როგორ უნდა დაგვაპუროს ნორმალურად.
სახლში სიმშვიდეა. მისაღები ოთახი დალაგებული, ხოლო წინა ღამის ნივთ მტკიცებულებები უკანა ეზოში გატანილი გვხვდება. ბუხართან ლადო დგას და უშედეგოდ ცდილობს ცეცხლის ანთებას. რამდენიმე ცდის მერე გინების კორიანტელს აყენებს და შეშას გაბრაზებული ისვრის. ლადოს წამალი დიკო მალევე ჩნდება მასთან, მხრებზე ეხვევა და კოცნის. ლადოსაც ბუხრის არსებობა მაშინვე ავიწყდება და ლამისაა დიკოთი ისაუზმოს.
- თავი შეიკავეთ, რა, - საყვედურობს ლეო. მერე მე მიყურებს, თვალს მიკრავს და სამზარეულოში გადის საჭმლის გასაკეთებლად. უკან მივყვები მეც. ამ საყვარლებთან მარტო დარჩენას ყველაფერი მირჩევნია.

ლეო ხელის მარტივი მოძრაობით ფცქვნის ხახვს, ჭრის წვრილად და გახურებულ ტაფაზე კარაქთან ერთად შუშავს. მერე ხეხავს ყველს, კუბიკებად ჭრის პურსა და პომიდორს. მოთუშულ ხახვს სუნელებით კმაზავს, უმატებს პომიდორს და წვენის დაშრობის შემდეგ, ბრაწავს პურს. ბოლოს, გათქვეფილ კვერცხს ტაფაში ასხამს, ზემოდან ყველს აყრის და მწვანილით ალამაზებს. ვუყურებ და არ მჯერა, რომ ეს კაცი ასე მონდომებით აკეთებს საჭმელს, რომლისგანაც სულ ცოტა ხანში არაფერი დარჩება. ვუყურებ და ვერ ვიჯერებ, რომ ასეთ კაცს მე მართლა შეიძლება მოვეწონო. მე, მთელი ჩემი ფსიქოლოგიური პრობლემებითა და მეტად პრობლემატური ხასიათით. ვუყურებ და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მომწონს.
ლეო კიდევ რამდენიმე მარტივ კერძს ამზადებს. რომ რწმუნდება, ყველას გვეყოფა დასანაყრებლად, სამზარეულოდან გადის და დიკოს და ნიას სთხოვს, მაგიდა გაშალეთო. უკან რომ ბრუნდება, ისევ გაშეშებული ვდგავარ და ფიქრებში გადავარდნილი ათასნაირ სცენას წარმოვიდგენ.
- იანო, - ხელს მიქნევს სახის წინ, - ბლინებს ხომ შეჭამ?

თავს გაუაზრებლად ვუქნევ. ბლინებს კი არა, შენ შეგჭამ-მეთქი, მინდა რომ ვუთხრა, მაგრამ მალევე ვფხიზლდები და იმას ვეკითხები, რაც ყველაზე ლოგიკური მგონია.
- ცოლი რატომ არ გყავს?
ლეო კვერცხის თქვეფას თავს ანებებს და მიყურებს.
- ვინ გითხრა, რომ არ მყავს, - ვითომც არაფერიო, ისე მპასუხობს. ენა მივარდება. ამაზე აქამდე რატომ არ მიფიქრია? თითქმის 36 წლისაა. ჩამოყალიბებულია, მდიდარი, შემდგარი ადამიანი. საჭმლის კეთება იცის უმაღლეს დონეზე. თავისი საქმიანობა აქვს, სახლი აქვს ასეთი მაგარი და უცხოეთში ცხოვრობს. ბოლოს და ბოლოს, ლადოს მეგობარია. ლეოს კიდევ არასდროს გამოუხატავს უარყოფითი აზრი ან დამოკიდებულება თავისი მეგობრის ღალატის ამბავზე. რა თქმა უნდა, ჰყავს ცოლი. დებილი ხარ, იანო, დებილი. ვილანძღები და მახსენდება, რომ წინა ღამით ცოლიან კაცთან ერთად მეძინა. გულის რევის შეგრძნება ყელში მიჭერს და თვალებიდან ლამისაა ცრემლების მდინარე გადმოვღვარო.
- ღმერთო, არც კი მინდა გავიგო, ახლა რაებს ფიქრობ ჩემზე, - იცინის და ცხვირის წვერზე მკოცნის, - მოღალატე ადამიანს ვგავარ, იანო? ცოლი რომ მყავდეს, შენთვის ბლინებს გავაკეთებდი ამ დილაუთენია?

ვბრაზდები. ლამისაა იმ კვერცხიან ჯამში თავი ჩავაყოფინო. ჩემ გაღიზიანებას ამჩნევს და ბოდიშს მიხდის, ვიხუმრე უბრალოდო.
- მაგრად ხუმრობ, აი, - თვალებს ვატრიალებ.
- შენ რატომ არ ხარ გათხოვილი? - მიბრუნებს კითხვას.
- კარგი, რა. ეგ რა წესია. შეხედე შენ თავს, - თავის ნახელავზე ვანიშნებ, - ოჯახის კაცი ხარ. ოჯახი უნდა გყავდეს, ლეო.
- ოჯახი მეყოლება, როცა ცოტა დრო გავა, მე და შენ ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ და ორივე საჭიროდ ჩავთვლით, რომ ურთიერთობა გავაოფიციალუროთ.
- რას იძახი? ჩემთან ერთად აპირებ ოჯახის შექმნას? - ვერ ვიჯერებ გაგონილს.
- წინააღმდეგი ხარ? - იღიმის და ისევ კვერცხს უბრუნდება.
წინააღმდეგი? წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ჯეკპოტი მოვიგე თუ რა ხდება ჩემ თავს? საერთოდ, რა ამბებში ვარ ბოლო რამდენიმე დღეა? ან ეს ერთი კვირის გაცნობილი ადამიანი უკვე ოჯახზე რატომ მელაპარაკება? რა ხდება საერთოდ, - ვფიქრობ და ლამისაა ტვინი ამიფეთქდეს.
- დრო რომ გავა-მეთქი, - თითქოს ჩემ აზრებს ეხმაურება და აზუსტებს, - ახლა ნუ ჩავარდები პანიკაში.

გემრიელად ვსაუზმობთ. ნია ლამის თეფშიანად ჭამს თავის ულუფას. მერე მაგიდას ვალაგებთ, საქმეს ვინაწილებთ და სახლს პირვანდელ მდგომარეობას ვუბრუნებთ. ლეო ბუხარს ანთებს და მოსაღამოვებულზე, წასვლამდე, მის წინ ვიკრიბებით ჭიქა ღვინით ხელში. დიკო გვეხვეწება, რამე ვითამაშოთო და გამოცარიელებულ ღვინის ბოთლს ჩვენ შუა ატრიალებს. ძალიან მინდა, იმდენი გამბედაობა მქონდეს, ავდგე და ლადოს პირდაპირ ვკითხო, შენი ცოლი რას ფიქრობს შენ საქციელზე-მეთქი, მაგრამ საკმარისი ალკოჰოლი არ გვაქვს მაგისთვის და ლეოც თითქოს ჩემ სურვილებს ხვდება, თვალებს მიბრიალებს.

- იანო, კაცთან ურთიერთობა ბოლოს როდის გქონდა? - მეკითხება დიკო და მთლიან ჭიქას ერთი მოყუდებით ცლის. გაბოროტებული დავყურებ ღვინის ბოთლის თავს, ჩემკენ რომ შემოტრიალებულა. ვგრძნობ, ოთხი წყვილი თვალი მაკვირდება და ჩემგან პასუხს ელიან.
- საერთოდაც არ მქონია, - ვპასუხობ ზეციდან მოვლენილი სიმშვიდით და ერთ ყლუპს კიდევ ვსვამ.
ლადოს გაკვირვებისგან ყბა უვარდება, დიკო უზრდელურად უსტვენს და თვალებს ატრიალებს. ნია ბოთლის დასატრიალებლად იწევა წინ. მარტო ლეო ზის მშვიდად და ღიმილით მიყურებს. მერე ჭიქა მიაქვს ტუჩებთან და თვალს მიკრავს.
- ეგ როგორ? - არ ნებდება დიკო და ნიას შენიშვნას, რომ მეტი კითხვის დასმის უფლება არ აქვს, ყურადღებას არ აქცევს, - ურთიერთობა არავისთან გქონია? შეყვარებული არ გყოლია? ან უბრალოდ კაციც არ გყოლია? - ხმას ამაღლებს თითოეულ კითხვაზე, - შენ რა, ქალიშვილი ხარ?
მისი პირდაპირობისგან გაოცებულს ხველა მიტყდება.
- კარგი, რა, დიკო, მოეშვი, - საუბარში ებმება ნია, - ვისთან რა უნდა ჰქონოდა, მთელი ცხოვრებაა ეკე უყვარს.
ვგრძნობ, როგორ იბურება გარშემო ყველაფერი შავად და როგორ მეწვის მთელი კანი სიბრაზისგან. ნელ-ნელა სამი ადამიანის სახე ქრება ჩემი მხედველობიდან და ვხედავ მხოლოდ ლეოს, რომელსაც ის ლამაზი ღიმილი სახიდან უქრება და მიუხედავად იმისა, რომ თავჩახრილი ზის, ვიცი, ბრაზობს. უბრალოდ, დარწმუნებული არ ვარ, ჩემზე თუ ნიაზე.
ნია ხმას აღარ იღებს. ძლიერად უჭერს ხელს ჭიქის ბოლოს და დაბნეული აქეთ-იქით იყურება.
- იანო, არ მინდოდა, - დამწუხრებული ხმით მეუბნება, მაგრამ საშუალებას არ ვაძლევ, რომ შემეხოს. ფეხზე ვდგები და ოთახში ავდივარ.

საქმე ის არაა, 29 წლის ასაკში ისევ ქალიშვილი რომ ვარ. ჩემთვის ეგ პრობლემა არასდროს ყოფილა. ვერ ვიქნებოდი ვინმესთან გრძნობების, სიყვარულის გარეშე, მე კიდევ, მართლა მთელი ცხოვრება ეკე მიყვარდა. არც ნიას უთქვამს რაიმე ახალი და ცუდი და არც დიკოა დამნაშავე, თავიდანვე რომ არ ასწავლეს, რომ ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს. პრობლემა ისაა, რომ ვიცოდი, ეკეს ასეთ კონტექსტში ხსენებით ლეოს გული ეტკინებოდა, მე კიდევ არ მინდოდა, მისი განწყობა გაფუჭებულიყო. არ მინდოდა, ჩემი და ეკეს გაუგებარ ურთიერთობას მისთვის ზიანი მიეყენებინა. არ მინდოდა, ვინმეს მის თვალწინ სხვა ადამიანთან მიმართებით ვეხსენებინე. თანაც, ისინი ხომ ნათესავები არიან. რა მნიშვნელობა აქვს, როგორი. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ვდარდობ იმ ადამიანის გრძნობებზე, ვისაც მხოლოდ ერთი კვირაა ვიცნობ, მაგრამ ფაქტია, ეკეს უბრალოდ სახელის ხსენებაც კი უკვე სხვანაირად მოქმედებს.

კარზე კაკუნის ხმა მესმის. საწოლზე ვზივარ, გადასაფარებელი მაქვს ჩაბღუჯული და კბილებს ისე ვაკაწკაწებ, წუთი წუთზე ჩამემტვრევა.
- იანო, შეიძლება, შემოვიდე? - მესმის ლეოს ხმა.
- შეიძლება, - ვპასუხობ და რამდენიმე წამში კარიც იღება.
ლეო უჩუმრად მიახლოვდება, ჩემ გვერდით ჯდება და გადალურჯებამდე მისულ თითებს ნელ-ნელა მითავისუფლებს. მერე თავის ხელში იქცევს, მეფერება და მკოცნის.
- რაზე დარდობ, იანო?
- ნიას სიტყვები არ მაინტერესებს, - გულწრფელად ვეუბნები, - პრობლემა არ მაქვს, მართლა. საქმე სხვა რამეშია. 2 წელია ნორმალურად არ მიცხოვრია და ასე მგონია, ახლა დანაშაულს ჩავდივარ. ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს თავში, ბევრ რამეზე ვფიქრობ. სანამ ჩემ თავთან არ მოვაგვარებ მაგ ყველაფერს, არ მინდა, რომ თქმა მაიძულო. კარგი?

თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად.
- სხვათა შორის, ძალიან მახარებს ის ფაქტი, თუ არავისთან გქონია ურთიერთობა, - თვალები ისევ უციმციმებს.

ბედნიერებისგან ვიბერები. ვცდილობ, არ შევიმჩნიო, მისი სიტყვები ჩემზე რომ მოქმედებს. ზუსტად ვიცი, რასაც გულისხმობს და ისიც ზუსტად ვიცი, ქალის პატიოსნებას საქალწულე აპკით რომ არასდროს განსაზღვრავს. თავიდანვე ეტყობოდა, რომ მეტად თავისუფალი და ჩვენგან, ყველასგან განსხვავებული კაცია. ხანდახან მომწონს კიდეც, უცხოეთში რომ გაიზარდა და მენტალობით ბევრ ქართველს არ ჰგავს.
- გინდა, დღესაც აქ დავრჩეთ? - მთავაზობს.
- ხვალ სამსახურში რომ არ მივიდე, ჩემი უფროსი სულ დაივიწყებს, ასე ძალიან რომ ვუყვარვარ, - ვდგები და ჩანთის ჩალაგებას ვიწყებ.
კარზე ხელმეორედ აკაკუნებენ. შემოდი-მეთქი, ოთახიდანვე გავძახი და ოთახში თავს ნია ჰყოფს.
- იანო, მაპატიებ? ცუდი მეგობარი ვარ? - აცრემლებული თვალებით მიყურებს და გული მიგრძნობს, მალე ცრემლად დაიღვრება.
- სისულელეს ნუ ამბობ, ნია. შენ არაფერ შუაში ხარ.
- დარწმუნებული ხარ?
- დარწმუნებული ვარ, - ხელებს ვხვევ და ვეხუტები.
- კარგი, მაშინ, წავალ, მეც ჩავალაგებ. ტელეფონი გამომართვი, - უკანა ჯიბიდან ჩემ ტელეფონს იღებს და მაწვდის. მერე თვალს საწოლზე წამომჯდარი ლეოსკენ აპარებს, - ლილი რეკავდა, - ეკეს სახელის ხსენების გარეშე მეუბნება.
- მადლობა, ნია. მალე ჩამოვალ.
- როგორი მოთხოვნადი ხარ. შენი ტელეფონი არასდროს ჩერდება, - ცდილობს წამკბინოს.
- ნუ იტყუები, რა. სულ ორი ადამიანი რეკავს ჩემ ტელეფონზე. ერთი ლილი დეიდა, მეორე ვატო.
- დაურეკე, გავიგოთ, რა უნდა ეკეს დედას, - მეუბნება და ტელეფონზე მანიშნებს.

ეკეს დედა თავის დაბადების დღეზე მეპატიჟება. ძალიან ცოტანი ვიქნებით და გამიხარდება, თუ შემომივლიო. დაბადების დღე თითქმის ერთი თვის მერეა და მიკვირს, ასე ადრე რომ მითანხმდება, მაგრამ ვპირდები, თუ მოვახერხებ, აუცილებლად მოვალ-მეთქი და მოკითხვის შემდეგ ვუთიშავ.
- დარწმუნებული ვარ, იმიტომ დაგპატიჟა, რომ ჰგონია, შენ და ეკე ერთად იყავით, - მეუბნება და ბალიშს ისწორებს. მე ჩალაგებას ვამთავრებ და ხელით ვანიშნებ, რომ ადგეს.
- იმიტომ დამპატიჟა, რომ ბავშვობიდან ვიცნობ და დედასავით მყავს.
- მის დაბადების დღეზე ოდესმე ყოფილხარ?
- არა, მაგრამ ახლა ბევრი არავინ შემორჩა. ნუ ბოროტობ, ლეო, - ვაფრთხილებ და საწოლს ვასწორებ.
- კი არ ვბოროტობ, იმას გეუბნები, რასაც საკუთარ თავთან არ აღიარებ.
- იცი რას გეტყვი? გაეჩუმებინა იმ გოგოს ენა, რომ წამოაყრანტალა, ეკეს შეყვარებულიაო და არაფერიც არ მოხდებოდა.
- ჩემი დის ბრალი ყოფილა, - ოხრავს და კარისკენ მიდის. ახალი ინფორმაციისგან შოკი მემართება.
- შენი დაა? - ვცდილობ, გაოცება ჩავახშო ხმაში.
- ქვემოთ დაგელოდები. მალე ჩამოდი, თორემ ღამდება და გზაზე განათება არაა.
გადის და ასე გაშეშებულს მტოვებს.

ეკეს დედის დაბადების დღეზე მართლა მივდივარ. ლეო ტელეფონით მითანხმდება, უხერხულობას თუ იგრძნობ, მაშინვე წამოდიო. ვპირდები, ეგრე ვიზამ-მეთქი და კარზე ზარს ვრეკავ. ერთ მომენტში ვნატრობ, ნეტა ლეოც აქ იყოს-მეთქი.
- იანო, მოხვედი, - კარის გაღებისთანავე ხელებს მხვევს ლილი. მეც ვეხუტები და მერე საჩუქარს ვუწვდი, - არ უნდა შეწუხებულიყავი. შენ რომ აქ ხარ, ისედაც საჩუქარია.

მისაღებში გაშლილი სუფრა და გარშემო შემომსხდარი ხალხი მხვდება. სუფრის თავში ლეოს ბებია ზის. მის გასწვრივ, ერთ მხარეს, ლეოს და და ახალგაზრდა უცნობი გოგო, მეორე მხარეს წყვილი, რომელიც ეკეს გასვენებიდან მახსოვდა. შესვლისთანავე ყველა მე მიყურებს. ვგრძნობ, როგორ მიწითლდება მთელი სახე ნერვიულობისგან, მთელი სხეული მეჭიმება და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ. ყველაფერი მაშინ უარესდება, როცა ლილი მხარზე ხელს მხვევს, მეფერება და სტუმრებს ეუბნება, რომ მე და ეკე შეყვარებულები ვიყავით. უხერხული ღიმილი სახეზე მახმება. ლეოს ბებია წარბ აწეული მიყურებს, ხელებს ერთმანეთს აჭდობს და ზედ ნიკაპით ეყრდნობა.
- ვიცოდი, რომ მართალი ვიყავი, - მესმის ლეოს დის ხმა. ვუყურებ. ამაყად ზის. პატარა უნდა იყოს ჩემზე. საქციელზევე ეტყობა, დიდი რომ არაა.
- ეკეს არასდროს უხსენებია, - ლეოს ბებია თვალს არ მაშორებს. ისეთივე ხმა აქვს, როგორიც გარეგნობა. უხეში და შავ-ბნელი. ვგრძნობ, მეშინია. ლეო მჭირდება სასწრაფოდ ან ვინმე მჭირდება, ვინც ახლა აქედან დამიხსნის.
- დაჯექი, იანო, ფეხზე ნუ დგახარ, - ლეოს დის გვერდით, ერთადერთ ცარიელ ადგილზე ვჯდები.
ლუკმა არ გადამდის ყელში. არადა, დილიდან უჭმელი ვარ. ნებისმიერ მიზეზს ვეძებ, მაგიდიდან რომ ავდგე და ნერვები მეშლება, ვატო მაინც და მაინც ახლა რომ არ რეკავს. ეს ქალიც ისე მიყურებს, ლამისაა მაგიდის ქვეშ შევძვრე.
- იანო, არა? - თითქმის ერთი საათის შემდეგ ლეოს ბებია ხმას იღებს და მომმართავს. შავ თვალებს არ მაშორებს, ხელებს იმავე პოზიციაზე ათავსებს და ელოდება, როდის დავუდასტურებ ჩემ სახელს. თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავს ვუქნევ. ხმის ამოღება კარგი გადაწყვეტილება არ მგონია.
- დასაფლავების დღეს მახსოვხარ. არ გიტირია.
- როგორც მახსოვს, არც თქვენ, - გაღიზიანებას ვერ ვმალავ, - ყველას არ შეუძლია, შინაგანი მდგომარეობა ცრემლებით გამოხატოს.
- მაგრამ, შენ მისი შეყვარებული იყავი, - არ მეთანხმება ლეოს ბებია.
- თქვენ კი, როგორც ვიცი, მისი ნათესავი, მაგრამ ეგ რამეს ნიშნავს?
- იანო, ჭამე, რა, - სიტუაციის განმუხტვას ცდილობს ეკეს დედა. ძალიან ცუდად ვექცევით ამ ქალს საკუთარ დაბადების დღეზე. ეკეს ხსენება და იმის განსჯა, ვინ როგორ გამოიგლოვა მისი შვილი, ყველაზე შეუფერებელი საკამათო თემაა ამ სუფრაზე. მაგრამ ეს ქალი ერთი წამითაც არ მაშორებს თვალს. ლამისაა, შუბლი გამიხვრიტოს შავად მოელვარე თვალებით და ისაა, ყველანაირი ზრდილობა უნდა დავივიწყო და მაგიდა დავტოვო, რომ კარზე ზარს რეკავენ. ლილი ფეხზე ბოდიშის მოხდით დგება და ორ წუთში ლეოსთან ერთად ბრუნდება. ბედნიერებისგან და ნერვიულობისგან ლამისაა გული გამისკდეს, მაგრამ ვგრძნობ, დაძაბულობა მაშინვე მეხსნება. ლეო რამდენიმე წამით აჩერებს ჩემზე მზერას, შეუმჩნევლად მიკრავს თვალს და ტუჩის კუთხე ეპრიხება. როგორც ყოველთვის, სასწაულად კარგად გამოიყურება. თეთრი პერანგი აცვია ისევ და ვხვდები, ლეოს საყვარელი ფერი თეთრი უნდა იყოს.


- საღამო მშვიდობისა, - დაბოხებული ხმით ესალმება სტუმრებს. ჩემ გვერდით მოუსვენრად მჯდარი ფეხზე ხტება, ლეოსკენ გარბის და კისერზე ეხვევა. ლოყებს გემრიელად უკოცნის, მერე თმას უჩეჩავს ხელით და თვალებში შესციცინებს. ერთ მომენტში ისე მშურს, მე რომ არ შემიძლია იმავეს გაკეთება, რომ წ*ლით სავსე ჭიქას ერთი ამოსუნთქვით ვცლი.
- ლეო, მოდი, დაჯექი, - ჩემ გვერდით სკამზე ანიშნებს ლილი. ლეო თავის დას ხელს ხვევს, ადგილზე აბრუნებს და მერე გვერდით მიჯდება. ჰაერი მისი კანის სუნით იწამლება, ცხვირის ნესტოები მითამაშებს და გაუაზრებლად ვიწევი მისკენ. ღიმილით აბრუნებს თავს ჩემკენ. დანაშაულზე წასწრებულივით ვიხრები უკან და ნერწყვს ისე ხმამაღლა ვყლაპავ, მგონია მთელ სუფრას ესმის ხმა.
- დღეს არ გელოდი, - ბებიამისის ხმაზე ყველა ერთი მიმართულებით ვტრიალდებით.
- შენთან არ მოვსულვარ, - ღიმილით აჩუმებს, - ლილის დაბადების დღეა. საჩუქარი შემოსასვლელში დავტოვე. იმედია, მოგეწონება.
ლილი ნაზად ეფერება ხელზე და არ უნდა შეწუხებულიყავიო, ეუბნება.
- არ ვწუხდები, ხომ იცი. აბა, ჩემ მოსვლამდე რა ხდებოდა?
- იანოს უკეთ გაცნობას ვცდილობთ, - ეშმაკურად უღიმის ძმას ჩემ გვერდით მჯდომი. ნეტავ, სახელი მაინც ვიცოდე-მეთქი, ვფიქრობ, - ის ხომ ეკეს შეყვარებული იყო. გვაინტერესებს, ვინ არის და რას წამოადგენს.
- ნუ უხეშობ, მეგი, - წყნარად ეუბნება თავისი ძმა. აი, მისი სახელიც. როგორ მინდა, ამ მეგის თავი თეფშში ჩავაყოფინო.
- კარგი, რა, ძმაო. შენ არ იყავი, რომ ამბობდი, ეკეს გემოვნების გოგო არააო? არ გაინტერესებს, რანაირად მოახერხა ეკეს გულის მოგება?
- საერთოდ არ მაინტერესებს, - ჩემკენ თვალს აპარებს ლეო. ესე იგი, ეკეს გემოვნებას ვერ ვემთხვეოდი? ლამისაა, ის აწეწილი თმა დავაპუტო. ამ და-ძმას ერთმანეთზე უარესი ენა აქვთ.
- თემა შევცვალოთ, - ყელში ამომდის ჩემზე საუბარი, - დაბადების დღეზე ვართ. ჩემი გაცნობა თუ გინდა, სხვა დროს იყოს, - უხეშად ვპასუხობ მეგის. ისიც ჩუმდება და თავს ბებიამისისკენ ატრიალებს. ის ქალი თვალებით ანიშნებს, რომ შეწყვიტოს.

მთელი საღამო დაჭიმული ვზივარ. ლეოს მოსვლისას მოგვრილი სიმშვიდე ნახევარ საათში ჰაერში ქრება. ლეო ისე ზის, ჩემ არსებობასაც არ იმჩნევს. ღიმილით აჯილდოვებს ყველას, დიალოგში ებმება, ჭამს, სვამს, მე კიდევ კუჭი მიხმება და ნერვები მეშლება, ჩემკენ ერთხელაც რომ აღარ ტრიალდება. ესაა, მომწონხარო? მოწონება და გრძნობები სხვანაირი ვიცი მე, ვბობოქრობ შიგნიდან და საშინლად მინდა წასვლა.
- მე დაგტოვებთ, - სკამს ვწევ და ვდგები.
- ადრეა ჯერ, იანო, - ჩემ დატოვებას ცდილობს ლილი, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი მაქვს და მაგიდას ვშორდები.
- დილით საქმეები მაქვს, ადრე უნდა ავდგე. დაპატიჟებისთვის მადლობა, ლილი დეიდა, - ვეხვევი და ვკოცნი.
- მადლობა რომ მოხვედი, იანო. ეკეს შემდეგ მისი მეგობრები განსაკუთრებულად მაბედნიერებენ.

მის სითბოზე მეღიმება. კიდევ ერთხელ ვხვევ ხელებს, მთელ სიყვარულს კანით ვისრუტავ და წასვლამდე თვალს მისაღები ოთახისკენ ვაპარებ. დარწმუნებული ვარ, ლეო მარტო არ გამიშვებს, მაგრამ გამოსვლას აგვიანებს და უსიამოვნო გრძნობა მთელ ტანში მივლის.
- კიდევ გელოდები, - უკვე კარში გასულს მაწევს ლილი. კიბეზე კუს ნაბიჯებით ჩავდივარ. თან საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, ასეთი დამოკიდებული რომ გავხდი ადამიანზე და გადაწყვეტილი მაქვს, შინაგან ხმას ვუბრძანო, მოეშვას ლოდინს.
- უჩემოდ მიდიხარ? - ზემოდან მესმის ხმა. ზედა სართულზე ლეო დგას. თავი აქვს გადმოყოფილი და სიგარეტს აბოლებს.
- დარჩენას არ აპირებ? - არ ვიმჩნევ, მისი დანახვა თან რომ მახარებს და თან რომ მაბრაზებს.
- უშენოდ აქ რა ვაკეთო, იანო? - მიღიმის და კიბეზე ნელა ჩამოდის.

მხრებს ვიჩეჩავ.

- აშკარად კარგად ერთობოდი. თან, ლილისთან აქამდეც ხომ დადიოდი?
- პატარა ბავშვივით რომ მებუზღუნები, ხვდები? - მიახლოვდება, წელზე ხელს მხვევს და მეხუტება, - შენი სუნი მომენატრა.
- ადამიანი რომ გენატრება, იმასთან დისტანციაზე არ ზიხარ, ლეო, - ხელებს ვხვევ მეც და მთელი საღამოს სურვილს ვისრულებ: ყელზე ტუჩებით ვეწებები.
- გინდოდა, ყველას გაეგო?
- არ მინდა, ყველამ ყველაფერი იცოდეს, - ხელს ვაშვებინებ უკმაყოფილოდ, - ვისი რა საქმეა, მაგრამ ბოროტი ხარ. ერთხელ მაინც გეცადა რამე და თუ არ მომინდებოდა, წინააღმდეგობას გაგიწევდი.
- ტიპური გოგოსავით იქცევი, იანო, - იცინის, - საყვარელი ხარ, მაგრამ ჩამეხუტე, რა.
- ტიპური გოგოსავით იქცევი, იანო, - გამოვაჯავრე. შემომხედა და გულიანად გადაიხარხარა. გამეღიმა, მაგრამ მაშინვე დავსერიოზულდი. იმას ხომ არ ვაფიქრებინებდი, ერთი გაცინებით მოვალბეო. კედელს მივეყუდე. უჩვეულოდ დასერიოზულებული ლეოც რამდენიმე ნაბიჯით დამშორდა და ჩემ პირდაპირ, ისიც კედელს მიეყრდნო.
- ასე შენ გამო ვიქცევი, იანო. მეგონა, თავს უხერხულად იგრძნობდი, თუ იმას გავაკეთებდი, რაც ნამდვილად მინდოდა. კანი მეწვის, როცა გვერდით ხარ და ვერ გეხები. სხეულის ყველა უჯრედი შენ შეხებას ითხოვს. მე ასეთი გრძნობა არასდროს მქონია და გამოგიტყდები, მეშინია. არ მინდა, შეცდომა დავუშვა. შენ თავს ვერ გავრისკავ, ჩემი გესმის?
დამუნჯებულმა თავის დაქნევაღა მოვახერხე.
- გეწყინა მართლა? - ნაბიჯი გადმოდგა ისევ ჩემკენ.
- დაივიწყე. რაღაც მხრივ, მართალიც ხარ, - ამოვიოხრე, - ბებიაშენმა ის რომ გაიგოს, მის საყვარელ შვილიშვილს ჩემთან ურთიერთობა აქვს, ცოცხლად შემჭამს ალბათ. ეკესთვისაც კი არ ვემეტებოდი, აშკარად.
- ბებიაჩემის საყვარელი შვილიშვილი სულაც არ ვარ, ნუ იკბინები და იანო, - ლოყაზე მკოცნის. მემილიონედ გამიჩერდა გული, - ეგ ამბავი მოვაგვაროთ, თორემ მე შეგჭამ ცოცხლად. ვეჭვიანობ, გაიგე?
- შეიძლება, გაკოცო? - ქვემოდან ავხედე. ლეომ ნერწყვი გადაყლაპა. ურწმუნოდ შემომხედა, თითქოს არ სჯეროდა, კოცნას მართლა რომ ვთხოვდი.
- ჩემი გაგიჟება გინდა? - რამდენჯერმე ჩაახველა, - მართლა მეკითხები?
- ლეო, - კისერზე შემოვხვიე ხელი, - შეიძლება, გაკოცო?
არ უპასუხია, გაიღიმა და თმაში ხელი შემიცურა. წამის იმ მეასედებში, სანამ ლეოს ტუჩები ჩემსას შეხვდებოდა, გავაანალიზე, რომ ამაზე ბედნიერი ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ. და ეს ბედნიერება იმდენად მაშინებდა, რომ გაუაზრებლად ვებღაუჭებოდი ყველა მომენტს, რომელშიც ვცოცხლობდი და რომელშიც ვცოცხლობდი სინდისის ქენჯნის გარეშე. რომ მე ცოცხალი ვიყავი, ეკე კი აღარ იყო.

- ბედნიერი ვიქნები, გგონია? - ჩემ სამზარეულოში მჯდომ ნიას ვეკითხები.
- რა კითხვას სვამ? - ვაშლის თლას თავს ანებებს და მიყურებს, - შენ ყველაზე ბედნიერი უნდა იყო. სხვანაირად არ გამაგონო არაფერი. იცოდე, იანო, - დანას მიქნევს მუქარით, - ამ ვაშლებივით დაგთლი.
- ღმერთო ჩემო, რა სადისტი ხარ, - ვხარხარებ.
- უფრო რეალისტი.
- ეკეს სასაფლაოზე უნდა ავიდე ამ დღეებში. ყვავილები მაქვს ასატანი, - გული მეწურება მე.
- შენი აზრით, ლეო ისაა, ვინც გაგაბედნიერებს? - მეკითხება მოულოდნელად.
- საერთოდაც მგონია, ლეო ერთადერთია, ვინც მაგას შეძლებს. ხომ ხვდები, ყველაფერი სხვანაირადაა. ურთიერთობაში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, მახსოვს როგორ მძაბავდა და მაბნევდა ყველაფერი ეკეს დროს. მუცელში უცნაურ შეგრძნებებს ვერაფერს ვუხერხებდი ხოლმე. ახლაც მაქვს ეგ გრძნობა, მაგრამ ბედნიერებისგან. ლეოს ჩემთან ოჯახი უნდა და ამაზე ხმამაღლა და თავისუფლად, გულწრფელად მელაპარაკება. დასაფასებელია, არა?
- ეგრეა. გეუბნები, ეგ ბიჭი არაფრის დიდებით არ გაუშვა. სადღა იპოვი მასეთ ჩამოყალიბებულს მეორეს? იმბეცილებითაა სავსე ქვეყანა.
- შენ ნამეტანი ხარ, ნია, - ვხარხარებ ისევ.
- წავიდა ის დრო, ქუჩაში გამომდგარი, გრძელთმიანი და მზესუმზირა ფურთხია მოძველბიჭო ბიჭები რომ მოსწონდათ გოგოებს. არა, ეგეთი გემოვნების ხალხი კი შემორჩა, მე არაფერს ვერჩი პირადად, მაგრამ ერთი ცხოვრება გაქვს და ისიც შეუმდგარ, უმუშევარ, უპერსპექტივო ადამიანს როგორ უნდა გადააყოლო? ეგაა დღის სინათლე რომ ვერ იხილა სწორმა აზროვნებამ. დედიკოს კალთას გამობმული მამას ვაჟკაცი ბიჭები და უბნის ხულიგნები ვსო, ჩავაბარეთ წარსულს. ახლა ლეოს მსგავსი ხალხის ჯერია. დაუგვიანდა კიდეც მაგ შენ ჯეელს.
- რომელი ჯეელი, ნია, - ავყირავდე ლამისაა, - 36 წლისაა. დაეშვი. ადრე მაგის ასაკის ხალხს შვილიშვილები ჰყავდა.
- გაგიგოს ნეტა. რას დასცინი, 20 წლის ბიჭს ჰგავს.
- შენახულია, შენახული.
- შენა და, მაგისმა ოჯახმა იცის, გრანდიოზული გეგმები რომ აქვს ჩრდილელების ბიჭს?
- საჭიროდ რომ ჩათვლის, ეტყვის, ალბათ. დიდად არ ვერევი მაგათ ოჯახურ დრამებში. კარგი ურთიერთობა რომ არ აქვს ოჯახთან, ეგ კი ვიცი, მაგრამ უტაქტობა იქნება, კითხვები დავაყარო.
- და შენ გაქვს თანხმობა, ლამისაა უღელში რომ შეება?
- საიდან რა მოგაქვს, ყველაზე თავისუფალი მგონია თავი. რა უღელი ან ვისგან უნდა ავიღო თანხმობა? ალო, ნია, მარტო ვარ ამ ქვეყანაზე, დაგავიწყდა?
- ვატო? - უცხოეთში გადახვეწილ ჩემ მეგობარს მახსენებს, - ვატომ თუ იცის?
- არ იცის, - ტუჩს ვიკვნეტ ნერვიულობისგან. ვატოს რეაქცია ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - წინააღმდეგი არ იქნება, არა? - იმედით ვუყურებ ვაშლის ჭამაში გართულს.
- რატომ უნდა იყოს? მაგას ვინ ეკითხება?
- ძალიანაც რომ ეკითხება. ვატო ჩემთან მაშინ იყო, როცა არავინ მყავდა. ვატოს თუ არ ეკითხება, აბა ვის ეკითხება? მარტო ეგ რომ არსებობს, იმიტომ მგონია, უპატრონო არ ვარ. არ მინდა, ეწყინოს და იფიქროს, რამე დამიმალაო.
- ჯანსაღად მოაზროვნე ზრდასრული ადამიანია. მე ეგ ისეთი არ მახსოვს, რამეზე ცუდი რეაქცია ჰქონდეს. მადლობელი უნდა იყოს, რომ ძლივს გამოჩნდა ვიღაც, ვინც შენ შინაბერა ხასიათს უშველის.
- ძალიან მწარე ხარ. მაგ მჟავე ვაშლს თავი დაანებე და რამე ტკბილზე გადადი.

საღამოს ლეო მირეკავს, კამპანია გამიწიე ვახშამზეო. დაუგეგმავ რაღაცებთან კარგი ურთიერთობა და დამოკიდებულება ვერ მაქვს, ამიტომ ბევრს ვწუწუნებ. ლეო მპირდება, როგორც კი მეტყვი, მაშინვე სახლში დაგაბრუნებო. გონებაში ტელეფონის გათიშვამდე ვავლებ თვალს მთელ ჩემ გარდერობს და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ვახშმის იდეა კარგი სულაც არაა.
- ჩასაცმელი არ მაქვს. წინასწარ მაინც გეთქვა.
- ის წითელი კაბა ჩაიცვი, - ხმა უბოხდება საყვარლად.
- აღარ არსებობს ის წითელი კაბა, ლეო, - დანაშაულზე წასწრებულივით ვპასუხობ, - გადავაგდე იმ ღამეს.
- ეს არის ჩემი გრძნობების, ჩვენი ურთიერთობის და პირადად ჩემი ღალატი, - აღშფოთებული ოხრავს, - როგორ გიხდებოდა, იანო, რანაირად გაიმეტე.
- ჯერ ერთი, საშინელი კაბა იყო. ნიამ ჩამაცვა ძალით. სიამოვნებით მოვიფრიალე. გული მარტო მაშინ დამწყდა, რომ გავიგე, მაგ კაბით მოგწონებივარ. თან, დიკომ დამარწყია ზედ, - სახე მეჯღანება იმ მომენტის გახსენებაზე.
- არაადეკვატურია ეგ გოგო.
- რომელი?
- ორივე, - იცინის, - საჭირო არაა, განსაკუთრებული ჩაიცვა რამე. საერთოდაც, მე შენ სახლის ფორმაში ყველაზე მეტად მომწონხარ.
- სპორტულები და კოსა თავზე? - ვიცინი მეც.
- ერთი სული მაქვს, ერთად როდის ვიცხოვრებთ, - გული მიფრთხიალებს მის სიტყვებზე. ბედნიერება ყელში ისე მიჭერს, ლამისაა ვიყვირო.
- შენ ძალიან მაგარი ბიჭი რომ ხარ, თუ იცი? - სიხარულს ვერ ვმალავ.
- მე 36 წლის ძალიან მაგარი კაცი ვარ, - ხარხარებს.
- ნია ჯეელს გეძახის, - ვყვები მეც და ოთახში შევდივარ ტანსაცმლის შესარჩევად.
- ხომ გეუბნები, არაადეკვატურია-მეთქი.
- კომპლიმენტად უნდა მიიღო, ლეო, შეეგუე.
- ჰა, რამდენ ხანში გამოგიარო?
- შევარჩევ რამეს და მოგწერ. სადმე სასწაულ ადგილას მივდივართ?
- არა, სახლია.
- და სახლში სავახშმოდ თუ მიგყავარ, რატომ ვიპრანჭები? ან ვის სახლში მივდივართ? - უკან ვაბრუნებ თითქმის საბანკეტო კაბას.
- მეც მაგას გეუბნები, არ გჭირდება გამოწყობა. მე, მაგალითად, სპორტულებზეც თანახმა ვარ.
- ნუ ბოროტობ, ვიპოვი რამეს. ვთიშავ, წავედი.

კაბებში ვერაფერი ხელმოსაჭიდი რომ ვერ ვიპოვე, შარვლებზე გადავედი და წლების წინ ნაყიდ კლასიკურ კომბინიზონს იმედიანად დავავლე ხელი.
- ახლა ოღონდ შენ ჩამეტიო, მეტი არაფერი არ მინდა.

იდეალურად მომერგო. ოდნავ მიჭერდა, მაგრამ მუცელს თუ შევწევდი, პრობლემა არ იქნებოდა. ფეხზე თეთრი კედები ჩავიცვი. ყოველთვის მაშინებდა ის მომენტი, ზედმეტად გადაპრანჭული რომ მიდიხარ ისეთ ადგილას, სადაც ყველა ნორმალურ ფორმაში გხვდება და შენ თავზე ან ფარშევანგი გაზის, ან თავად ხარ ფარშევანგი. ჰოდა, ოქროს შუალედს ვიჭერდი თითქმის ყოველთვის და კლასიკური კომბინიზონისთვის უბრალო კედი ყველაზე მაგარი შეხამება იქნებოდა. თმას ვისწორებ, სახეზე კრემს ვისვამ მხოლოდ და ლეოს ვწერ, გამოდი-მეთქი.
- შენ წარმოდგენა თუ მაინც გაქვს, რამდენად ლამაზი ხარ? - მანქანიდან გადმოდის და მეგებება. წელზე ხელს მხვევს, მეხუტება და მხარზე მკოცნის.
- ნუ აჭარბებ, რა.
- გეფიცები, იანო, ტყუილი არ მიყვარს, ხომ კარგად იცი? - უკან იხევს, ჩემ ხელს თავისში აქცევს და მატრიალებს, - simple, but effective.
- მორჩი, თორემ გავწითლდები.

გზაში ათას თემაზე ვსაუბრობთ. ლეო მეუბნება, ქორწილის მერე იმ სახლში გადავიდეთ, შენ რომ ძალიან მოგეწონაო.
- ასე ბავშვები სუფთა ჰაერზე გაიზრდებიან, ხვდები? - მარწმუნებს.
- მაგას კი ვხვდები, მაგრამ ძალიან ადრე ხომ არაა ქორწილზე და მით უმეტეს, ბავშვებზე საუბარი?
- ადრეა, მაგრამ წინასწარ რომ იცოდე, გითანხმებ.
- წინასწარ რომ ვგეგმავ რაღაცებს, არაფერი ისე არ გამოდის, როგორც მინდა ხოლმე. ამიტომ, ნურაფერს მითანხმებ, - თითის ქნევით ვემუქრები. თავს მიქნევს სიცილით.
- გირეკავენ, მგონი, - ჩანთაზე მანიშნებს. აზუზუნებულ ტელეფონის ეკრანს ვატოს სახელი აწერია. ვუთიშავ და ვწერ, მერე გადმოგირეკავ-მეთქი. ლეო წარბებს კრავს უკმაყოფილოდ.
- რატომ არ უპასუხე?
- შენთან ერთად ვარ და იმიტომ.
- ჩემთან ერთად ტელეფონზე საუბარი არ შეგიძლია?
- შემიძლია, უბრალოდ ვატოს ბევრი საუბარი უყვარს, ათას კითხვას დამაყრიდა, მე კიდევ ჯერ ისიც არ მითქვამს, ურთიერთობაში რომ ვარ.
- ჰოდა, გეპასუხა და ერთად ვეტყოდით ბარემ. და საერთოდ, ვინაა ეგ ვატო? - ადრინდელ თემას იხსენებს ის.
- ვატო ისაა, ვის გარეშეც მე დღეს სრულ ჭკუაზე ალბათ არ ვიქნებოდი. კარგი იქნებოდა, აქ ყოფილიყო და გაგეცნო.
- ნამდვილად კარგი იქნებოდა. მიხარია, ცხოვრებაში ეგეთი ადამიანი რომ გყავს, მაგრამ გადაეცი, რომ ზედმეტად დაშაქრულ საუბარს შეეშვას.
- ეჭვიანობ? - სიცილს ვერ ვიკავებ მე.
- საერთოდ არაა სასაცილო, - ბურდღუნებს და გზიდან უხვევს.


ნახევარი საათის შემდეგ უზარმაზარი სახლის წინ ვჩერდებით. ეზოც კი ლამის ჭაღებითაა განათებული.
- რაო, ვისთან მოვედითო? - მანქანიდან გადასვლისას ვეკითხები.
- იანო, ახლა პირობა მომეცი, რომ შოკში და პანიკაში არ ჩავარდები, კარგი? - სერიოზული ხმით მეუბნება.
- ეგრე მაქვს საქმე? - შიში მიპყრობს რატომღაც.
- რა თქმა უნდა, არა. როცა მე ვარ შენ გვერდით, იცოდე, რომ სიმშვიდის გარდა არაფერს უნდა გრძნობდე. ყველაფერი უარყოფითი გარეთ უნდა დატოვო. მაგრამ, ვიცი მე შენი ხასიათი და მოკვდებოდი, წინასწარ რომ მეთქვა, ბებიაჩემთან მიმყავდი სავახშმოდ.

თითქოს მეხი გავარდა ცაზე, წამიერად გამუქდა ყველაფერი. ლეო სახის წინ ხელს მიქნევდა, მაგრამ აზრზე ვერ მოვდიოდი. ხან იმ სახლს ვუყურებდი, რომელიც ლამაზად სულაც აღარ მეჩვენებოდა და ხან ლეოს, რომელსაც სიამოვნებით დავამიწებდი ამ უზარმაზარი კაკლის ხის ქვეშ.
- მოგკლავ, - ვიღრინები რამდენიმე წუთის შემდეგ, - მე მიკეთებ ამას?
- ერთი საღამო გადაიტანე, კარგი? როგორც კი მეტყვი, მაშინვე წამოვალთ.
- ჰოდა, წავედით. არ მინდა აქ ყოფნა, - მანქანის კარს ვაღებ.
- მომისმინე, - კარს ხურავს, - მართლა ქორწილში ხომ არ გავაგებინებ, ოჯახს ვისთან ვქმნი. თან, შენი და ეკეს ამბავიც მოსაგვარებელია. იცი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, ჩვენზე ვინ რას იტყვის და მინდა, შესვლამდე პირობა მომცე, რომ შენთვისაც ეგრე იქნება.
- ლეო, ბებიაშენს არ მოვწონვარ. არც შენ დას მოვწონვარ, - პანიკა მიტევს გახსენებაზე, - თვეების წინ ერთ მაგიდასთან რომ აღმოვჩნდით, თვალებით კინაღამ დავხოცეთ ერთმანეთი.
- ვიცი, მაგრამ ერთი საღამო. შანსი მომეცი, ყველაფერი დავალაგო. თან ჩემი და პატარაა, გაიზრდება და მიხვდება, რომ შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ, კარგი? უფლება მიეცი, გაიგოს, სინამდვილეში როგორი ხარ. ის წითელი კაბა რომ გცმოდა, ხმის ამოღებაც არ დაგჭირდებოდა, - იცინის.
- კარგი, რა, - ხელს ვურტყამ მხარზე. შეგუებული ვარ უკვე, აქედან გაქცევის შანსი რომ არ მაქვს, ამიტომ ლეოს ხელს ძლიერად ვეჭიდები და სახლისკენ მივდივართ.

კარი რომ იღება, თავი მულტფილმში მგონია. სახლის ინტერიერი ეჭვს მიჩენს, რომ ლეოს სამეფო ოჯახი უნდა ჰყავდეს.
- დამშვიდდი, ბებიაჩემია სიმდიდრეზე გაგიჟებული, - მეჩურჩულება, - მე ასეთი მდიდარი არ ვარ, იანო. აქედანვე იცოდე, ძლიერად უნდა ვიმუშაოთ, კარგი მომავალი რომ გვქონდეს.

მიყვარს, ჩემ დამშვიდებას რომ ცდილობს და ოდნავ ვეხუტები.
- მოსამსახურე რომ არ შეგვეგება, უცნაურად ვიგრძენი თავი, - ვეუბნები ლეოს, - ახლა ნივთები უნდა გაცოცხლდნენ და სიმღერა დაიწყონ, - ვამძაფრებ სიტუაციას. ლამისაა გადაბჟირდეს. რამდენიმე წამს უზარმაზარი კარის წინ ვჩერდებით, ადამიანური სახე რომ დავიბრუნოთ. მერე კარს მხრით აწვება და სასადილო ოთახში შევდივართ. სუფრა მაგიდის ნახევარზეა გაშლილი. თავში ლეოს ბებია ზის და გაფართოებული თვალებით გვიყურებს. ხმას ვერ იღებენ საღამოს დანარჩენი წევრებიც, რომელთაგანაც მე მხოლოდ ეკეს დედას და მეგის ვცნობ.
- საღამო მშვიდობისა, - თავის დაკვრით ვესალმებით ყველას. პირველი მეგი ფხიზლდება, ფეხზე დგება და ლეოს კისერზე ეკიდება. ერთი რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ ამ გოგოს თავისი ძმა ძალიან უყვარს.
- ეს რა სიურპრიზია, ლევან, - ჩვენ ჩაკიდულ ხელს უყურებს ბებიამისი. პირველად ვიგებ, ვინმე სრული სახელით მიმართავდეს და ცოტა მიკვირს, მის ხმაში სიმკაცრესა და სიცივეს რომ ვიჭერ.
- შემოგიერთდებით, - სიმშვიდეს არ კარგავს. მაგიდასთან ეკეს დედის წინ ვჯდები. გაოცებას ვერ მალავს მისი თვალები. თავს ახლა უფრო უხერხულად ვგრძნობ, ვიდრე აქამდე.
- იცოდი, რომ აქ იქნებოდა? - შეუმჩნევლად ვანიშნებ ლილისკენ. უარყოფის ნიშნად თავს აქნევს და მაგიდის ქვეშ ჩემ ხელს პოულობს.
- როგორ ხარ, იანო? - მეკითხება ეკეს დედა. თბილი და მშობლიური ხმა აქვს. თანაგრძნობის ნიშნად მიღმის.
- თქვენ როგორ ხართ? - მხრებს იჩეჩავს.
- ლევან, აგვიხსნი, რა ხდება? - მკაცრ ტონს არ კარგავს ლეოს ბებია.
- რა უნდა ხდებოდეს? სავახშმოდ მოვედით. იანოს ხომ იცნობთ?
- და თქვენ ერთად საიდან? - ახლა მეგი გვიყურებს დაკვირვებით. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, მეტად თავშეკავებულია.
- ჩემი საცოლეა, - ვითომც არაფერიო, მხრების აჩეჩვით პასუხობს. რამდენიმე ჩანგალი თეფშზე ხმაურით ეცემა. თვალები გადმომცვივდეს ლამისაა. ლეო ხელს ძლიერად მიჭერს.
- ეს რა უგუნურებაა? - ფეხზე დგება ოჯახის თავი.


ლეო სიმშვიდეს არ კარგავს. თითქოს არც იმჩნევს იმ დაძაბულობას, მთელ ოთახს რომ მოსდებია. ჩემ თეფშს დაჰყურებს და რამე ჭამეო, მეუბნება. ვერ ვიჯერებ, რომ ამდენად თავისუფლად იქცევა, როცა მე ლამისაა შიშისგან თავი შევირცხვინო.
- ვის ველაპარაკები მე? სულ დაკარგე ოჯახის პატივისცემა?
- უპატივცემულოდ ვიქცევი?
- ეს გოგო შენი საცოლე რანაირადაა? როდის მოხდა? ჩვენ რატომ არაფერი ვიცოდით?
- და ჩემ ცხოვრებაში რაც ხდება, ყველაფერი იცი თუ? - ხმა უმკაცრდება.
- ლევან, ზედმეტი მოგდის, - გამაფრთხილებელი ტონები ეპარება ბებიის სიტყვებს.
- უბრალოდ მადლობა თქვი, რომ იმდენად კარგად გამზარდა დედაჩემმა, ადამიანად გთვლი და სანამ ცოლს მოვიყვანდე, იქამდე გაგებინებ ამ ამბავს.

თვალები მექაჩება გაკვირვებისგან. ლეოს და ბებიამისს კარგი ურთიერთობა რომ არ აქვთ, ამას ნებისმიერი მარტივად მიხვდებოდა, მაგრამ ამ გამოსვლის მერე ვხვდები, რომ უბრალოდ ცუდი ურთიერთობა კი არა, საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ აქვთ.


ბებიამისი აღარაფერს ამბობს. სხვები ხმის ამოღებას ისედაც ვერ ბედავენ. ვახშამი წარმატებით ჩაიშალა, საჭმლისკენ გახედვა აღარავის აღარ უნდა. არადა მშია მე, მაგრამ ლუკმა რომ არ გადამივა ყელში, სახლში შემოსვლისთანავე ვიცოდი.
- გინდა, ჩემი ოთახი დაგათვალიერებინო? - ბრუნდება ჩემკენ ცოტა ხნის შემდეგ. ბებიას მზერა ჩემზე გადმოაქვს, ტუჩები ებრიცება ზიზღით. თავს ვუქნევ. აქედან უნდა გავსულიყავი. ფეხზე ძლივს ვდგები. ლეოს ვეყრდნობი, აკანკალებულმა მუხლებმა რომ არ მიმტყუნოს.
- ეს გოგო, ეკეს შეყვარებული იყო, - ოთახის დატოვებამდე გვეწევა ხმა, - წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რამდენად საზიზღრულად გამოიყურება თქვენი ურთიერთობა?

ვბრუნდები და ლილის ვუყურებ. მისი სახის დანახვაზე, ტირილი მინდება. უკვე მერამდენედ უნდა ვატკინოთ გული ამ ქალს თავისი შვილის სახელის ხსენებით მეტად შეუფერებელ ადგილას. რატომ არც ერთი ვითვალისწინებთ, რომ ამით მასაც ვაწუხებთ და ეკეს სულსაც?
- ჰო, რაც შეეხება მაგ თემას. მადლობა, რომ გამახსენე. მეგობრობის გარდა, არანაირი ურთიერთობა არ არსებულა. მაინც, რომ იცოდეთ და ზედმეტ საუბარს მოეშვათ.
- მართლა, იანო? - ახლაღა იღებს ხმას ლილი. გული მტკივა მის ხმაზე, თითქოს მის შვილთან დაკავშირებული ლამაზი მოგონება წავართვი.
- ბოდიში, რა, ლილი დეიდა. ვერანაირად მოვახერხე სიტუაციის თქვენთვის ახსნა. მე ეკე ძალიან მიყვარდა და თქვენ ეგ ყველაზე კარგად იცით. ეკე მთელი ჩემი ცხოვრებაა, ჩემი ბავშვობა და აწმყოა. დღე არ გადის, მასზე რომ არ ვიფიქრო. საშინლად მენატრება და ვისურვებდი, ახლა ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ მეგობრობას არასდროს გავცდენილვართ, - ხმა მეპარება საუბრისას.

ლილი უხმოდ მიყურებს. ვამჩნევ, როგორ უწყლიანდება თვალები. მერე ფეხზე დგება და მიახლოვდება. მინდა, რომ ოთახიდან გავქრე, მაგრამ ლეოს ჩემ ხელს ართმევს, გულში მიკრავს და თმაზე მეფერება.
- ხომ იცი, რომ ეკეს ძალიან უყვარდი?
- მეც ძალიან მიყვარდა და მიყვარს.
მერე შუბლზე მკოცნის, დედა-შვილურად მეფერება მხრებზე და ლეოს ბებიისკენ ბრუნდება.
- დაანებე თავი, დაჯი. მე ბავშვობიდან ვიცნობ იანოს და მისნაირი კარგი და კეთილი ადამიანი იშვიათად შემხვედრია. ლეო ბედნიერი იქნება, მთავარი ეგაა. შენც ბედნიერი იყავი.


ლეოს ოთხის დათვალიერება სხვა დროისთვის გადავდეთ. სასწრაფოდ მჭირდებოდა ამ სახლიდან გასვლა და თავისუფლად სუნთქვა. ერთი საღამოსთვის ისედაც ბევრი გადაგვეტანა.
- რაღაცას გთხოვ, რა, - სახლისკენ მიმავალ გზაზე ვეუბნები.
- მთხოვე, - იცინის.
- სადმე ვჭამოთ.

- თეთრ კაბაში უნდა გნახო, გოგო? - ემოციებს ვერ იკავებს ნია, იცრემლება და საშინლადაა აჟიტირებული.
- არ ვთხოვდები ჯერ, სულ გააფრინე მგონი.
- რას ჰქვია, არ თხოვდები? შენ შენი ბიჭი, კაცი, უკაცრავად, 20 წლის ხომ არ გგონია? შვილიშვილების ასაკში შედის უკვე.
- გაგიგოს, - დავცინი და ამღერებულ ტელეფონს დავყურებ. ვატო რეკავს.

- აბა, როგორაა ქვეყნის მშვენება და ჩემი სიყვარული?
- ჩამოხვალ ოდესმე? - მონატრება მაწვება ყელში.
- მე კი ჩამოვალ, მაგრამ შენ რატომ ვერ ჩამოგიყვანე ვერასდროს?
- იმიტომ, რომ პატრიოტობა თავს არ მანებებს. აეროპორტის დანახვაზეც კი გული მიწუხდება, ვატო. მეშინია სიმაღლის, ახალი ამბავია?
- არსებობს წამლები, რომლებიც ისე გაგთიშავენ, ვერ გაიგებ ვერაფერს.
- შენ თავი დაანებე მაგას და პირდაპირ მითხარი, როდის ჩამოხვალ. სერიოზული საქმე მაქვს.
- აქედან ვერ მოვაგვარებთ? - ხმა უსერიოზულდება.
- ვერ მოვაგვარებთ, აქ ხარ საჭირო.
- რა ხდება, მშვიდობაა? - კამერის მიღმა ვეღარ ჩერდება.
- გოგო გვითხოვდება, გოგო, - ყვირილით მართმევს ხელიდან ტელეფონს ნია და ოთახიდან გარბის.
- სისულელეებს ნუ ეუბნები, ნია. გააფრენს იცოდე, - თვალებს ვუქაჩავ, მაგრამ ვატო ყვირის მეორე მხრიდან და ვეღარაფერს ვაგებინებ.
- რას თხოვდები, გოგო, ვის მიჰყავხარ? გამაგიჟო გინდა?
- ვატო, აბუქებს ეს, ნუ უჯერებ. არ ვთხოვდები ჯერ.
- ჯერ? ჯეერ? როდის რა მოხდა, იანო, მაგ ამბამდე რანაირად მიხვედი?
- თუ ჩამოხვალ, ყველაფერს მოგიყვები.
- ჩამოვალ, - თითს მიქნევს, - ჩამოვალ და გირჩევნია, იქამდე არაფერი გაბედო. ჩემგან თანხმობა გჭირდება, გაიგე? - ყვირის აღშფოთებული.

ყავის სმის პროცესში ვართ, ლეო რომ მოდის. პროდუქტებითაა დატვირთული და ისეა გადამწვარი, ძლივს სუნთქავს.
- იწვის ყველაფერი გარეთ, - მაგიდაზე აწყობს პარკებს, - სადმე ხომ არ წავსულიყავით?
- არ მუშაობ შენ? - ჭიქის გასარეცხად დგება ნია.
- შვებულება მაქვს. ჰა, წავიდეთ სადმე?
პასუხის გაცემამდე ტელეფონზე ვატოსგან შეტყობინება შემომდის:
„ხვალ საღამოს მანდ ვარ. იცოდე, არ შემშალო, იანო და ქორწილში წინააღმდეგი ვარ არ მაძახებინო“
შეტყობინებას თან ახლდა თვითმფრინავის ბილეთი და ტანსაცმლის გროვაში მწოლიარე ვატოს ფოტო.
ისე გადავიხარხარე, ლეომ და ნიამ საუბარი შეწყვიტეს.
- რა გაცინებს? - ეჭვის თვალით მიყურებს ლეო და მერე ტელეფონზე გადააქვს მზერა.
- მოემზადე, ლეო, - სიცილს ვერ ვწყვეტ მე.
- რისთვის უნდა მოვემზადო?
- ვატოს უნდა სთხოვო ჩემი ხელი.



№1  offline წევრი დარინა

ერთი ლეოსნაირი კაცი ყველას უნდა გვყავდეს სახლში, სააიამოვნო წასაკითხი იყო მთელი დღრ ვკჯთხულობდი დამღლელი მგზავრობა გადამატანინა და სასამოვნო ემოციებით დამმუხტა, მხოლკდ იმას ვერ ვგებულობ ადამიანი როგორ მიდის იმ უკიდურესობამდე რომ თავი მოიკლას.

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან მომეწონა ბევრი ემოცია იყო. წარმატებები

 


№3  offline წევრი Loey

სტუმარი ლილე
ძალიან მომეწონა ბევრი ემოცია იყო. წარმატებები


მადლობა ❤️

დარინა
ერთი ლეოსნაირი კაცი ყველას უნდა გვყავდეს სახლში, სააიამოვნო წასაკითხი იყო მთელი დღრ ვკჯთხულობდი დამღლელი მგზავრობა გადამატანინა და სასამოვნო ემოციებით დამმუხტა, მხოლკდ იმას ვერ ვგებულობ ადამიანი როგორ მიდის იმ უკიდურესობამდე რომ თავი მოიკლას.


მადლობა დიდი ❤️

 


№4 სტუმარი ეთო

ძალიან მომეწონა, საინტერესო, გამართული და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიაა.მადლობა და წარმატებები ❤️

 


№5  offline წევრი Loey

ეთო
ძალიან მომეწონა, საინტერესო, გამართული და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიაა.მადლობა და წარმატებები ❤️


დიდი მადლობა ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საოცრება იყო მომეწონა ეს წყვილი ბებია კი აუტანელი იყო თავის გამოხტომებით გაგძელებასაც წაიკითხავდა კაცი მადლობა წარმატებები

 


№7  offline წევრი Loey

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საოცრება იყო მომეწონა ეს წყვილი ბებია კი აუტანელი იყო თავის გამოხტომებით გაგძელებასაც წაიკითხავდა კაცი მადლობა წარმატებები


მადლობა თქვენ ❤️

 


№8 სტუმარი მე❤

ძალიან საყვარელი ისტორიაა❤

 


№9  offline წევრი Loey

მე❤
ძალიან საყვარელი ისტორიაა❤


მადლობააა ❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი თამარა

საინტერესოა, კარგად წერთ და გელოდებით სიახლეებით❤️

 


№11  offline წევრი Loey

სტუმარი თამარა
საინტერესოა, კარგად წერთ და გელოდებით სიახლეებით❤️


❤️❤️❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი სოფი

ისტორია ძალიან ლამაზია მაგრამ არ მეყო, გაგრძელება მოუხდებოდა, აშკარად ითხოვს

 


№13  offline წევრი Loey

სტუმარი სოფი
ისტორია ძალიან ლამაზია მაგრამ არ მეყო, გაგრძელება მოუხდებოდა, აშკარად ითხოვს


გაგრძელებაზე დავფიქრდები. მადლობა ❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი თეო

სასიამოვნო წასაკითხი იყო, თუმცა არ მეყო დასასრული,წარმატებები თქვენ????

 


№15  offline წევრი Loey

სტუმარი თეო
სასიამოვნო წასაკითხი იყო, თუმცა არ მეყო დასასრული,წარმატებები თქვენ????


მადლობთ ❤️

 


№16 სტუმარი Ნინა

გაგრძელება გვინდა!???? თორემ არ ჩაგეთვალა. Სასიამოვნო წასაკითხი ნოველაა.

 


№17  offline წევრი Loey

Ნინა
გაგრძელება გვინდა!???? თორემ არ ჩაგეთვალა. Სასიამოვნო წასაკითხი ნოველაა.


:ddd ❤️❤️❤️ მადლობა

 


№18  offline წევრი ქეთუშა

ძალიან მომეწონა და გაგრძელე

 


№19  offline წევრი Loey

ქეთუშა
ძალიან მომეწონა და გაგრძელე


ვნახოთ ❤️❤️❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან მომეწონა.სიამოვნებით წავიკითხე.შემეცოდა ეკე.

 


№21  offline წევრი Loey

სტუმარი მარინა
ძალიან მომეწონა.სიამოვნებით წავიკითხე.შემეცოდა ეკე.

heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent