შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამსახურდიები (სრულად)


28-11-2023, 16:20
ავტორი Loey
ნანახია 13 641

- 45 გრადუსი სიცხეა გარეთ, ნინა. გამაგებინე, რანაირად გაცივდი? - ტელეფონში მიყვირის ანიკო და მანქანას ქოქავს. ჯაბახანას ღმუილის ხმა ყურს მიგუბებს.
- რანაირად ცივდებიან ადამიანები დღისით-მზისით, დარში და ავდარში? - ვსრუტუნებ, - მოსვლა არ გაბედო. გადმოგედება და მერე შენც ვეღარ ახვალ აგარაკზე.
- მოიცა, - ეჭვნარევი ხმა ავად ქუხს. ჯაბახანა ჩუმდება, სამაგიეროდ, ლამისაა პატრონი გამოძვრეს ყურმილში, - არ მითხრა, რომ ყველაფერს იმიტომ იგონებ, საღამოს რომ არ წამოხვიდე.
- არ გრცხვენია, ანიკო? - ნამუსზე ვაგდებ მეგობარს და ყოველი შემთხვევისთვის თერმომეტრს ცხელ წყალს ვუშვერ.
- მე კი არა, შენ არ გრცხვენია? - არ ჭრის მოგუდული ხმა, - თუ მატყუებ, ხმას აღარ გაგცემ. ფოტო ჩააგდე, ახლავე. დაგვიანებების გარეშე, - მემუქრება და თიშავს.

დანანებით დავყურებ თითქმის 42-მდე ასულ ვერცხლისწყალს და რამდენჯერმე ვფერთხავ, შედარებით რეალურ რიცხვამდე რომ ჩამოვიყვანო. ფოტოს ვაგზავნი და აქეთ-იქით მიმოფანტულ ხელსახოცებს იატაკიდან ვკრეფ.

მატყუარა ადამიანი არ ვარ. პირიქით, ტყუილის თქმას თუ ვცდილობ, სიმართლე ყოველთვის სახეზე მაწერია. სწორედ იმიტომაც გავურბივარ ანიკოსთან პირისპირ შეხვედრას. რომ მოვიდეს, აუცილებლად დარწმუნდება, რომ ჩემი გაციების ამბავი წმინდა წ*ლის სიცრუე და ჩემი ლაჩრული ხასიათის შესანიღბად გამოგონილი საჭიროებაა. ტყუილი, რომელიც არც იმდენად ცუდია, თუ კი იცი, რატომ გახდა საჭირო მისი მოფიქრება. საქმე ისაა, რომ აგარაკზე, რომელზეც ამ რამდენიმე დღის წინ ძველმა კურსელებმა დიდი პატივით დაგვპატიჟეს, ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება და ჯერ კიდევ მოუნელებელი ურთიერთობის მთავარი პირი - კიტა გამსახურდია იქნებოდა. კიტას ჩამოსვლა მთელმა სამეგობრომ ერთდროულად მახარა და რადგანაც ამ დიდ დაბრუნებას აღნიშვნის გარეშე ვერ გაატარებდნენ, ერთ კვირაში ხალხმრავალ შეკრებას თავი მოაბეს და მოსაწვევი შეტყობინების სახით გამომიგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ წლები იყო გასული ჩვენი ბოლო შეხვედრიდან, მე ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად, რომ იმ ბიჭის არსებობა შემემჩნია, რომელმაც ბოლო საუბრისას, საქართველოდან გადახვეწამდე, მომახალა, ჩვენი ურთიერთობა ერთი დიდი შეცდომა იყოო.

დაშორება ადამიანის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ კიდევ შეყვარებული ხარ. მე კიტა მაშინაც და მერეც ძალიან დიდხანს მიყვარდა და ვერ ვივიწყებდი, რომ ჩემთვის საყვარელი ადამიანი შეცდომად მთვლიდა. მარტივი ხასიათი არც არასდროს ჰქონდა, მაგრამ ადამიანებს შეცდომებს ვერ პატიობდა და ალბათ მაშინ ეგ ყველაზე მეტად უნდა გამეთვალისწინებინა. უნდა გამეთვალისწინებინა იმ ღამეს, როცა ჩვენ ორივემ ერთმანეთის გულები სამუდამოდ დავამსხვრიეთ. ღამეს, როცა კიტა ცოცხლად მოვკალი და მასთან ერთად ჩვენი ურთიერთობაც დავასამარე.

ანიკო რამდენიმე წუთის მერე ვიდეო ზარით რეკავს. იმასღა ვასწრებ, პლედში ვეხვევი და სითხით სავსე ჭიქას კამერას ვაფარებ.

- მჯერა, კარგი, მთლად თავს ნუ მოიკლავ. უბრალოდ, რამდენი წელია სულ მარტო მიწევს შეკრებებზე სიარული. დავიღალე, რა, ნინა. სპეციალურად აკეთებ?
- სპეციალურად როგორ უნდა გავცივდე, ნუ გამაგიჟებ, - სახეს პლედში ვმალავ.
- არადა, რა მაგრად ვაპირებდით გართობას. გეგამ ისიც კი თქვა, წლის სიურპრიზს გიმზადებთო.
- წასვლა თუ არ გინდა, არ წახვიდე. გაძალებს ვინმე?
- მეც თუ არ წავედი, მერე სულ აღარ დაგვპატიჟებენ და ახალ-ახალ ამბებს ვინ მოგიყვება? - ოხრავს და ისე მიყურებს, თითქოს მთელი მსოფლიოს პრობლემები მხრებზე აქვს შემოგდებული, - ამას ჩვენთვის ვაკეთებ, გაიგე?!
- მე მსგავსი არაფერი მითხოვია, ამიტომ ნუ მაბრალებ და თავი დამანებე ახლა, უნდა დავიძინო.

გათიშვამდე მპირდება, ყველა ჭორს დავიმახსოვრებ და სიტყვა-სიტყვით მოგიყვებიო. მეცინება და დაგელოდები-მეთქი, მეც ვპირდები.

მოსაღამოვებულზე პროდუქტების საყიდლად კუთხის მაღაზიაში ჩავდივარ. სახლურად მაცვია და ვლოცულობ, არავინ შემხვდეს. კორპუსის გამოსასვლელში ერთადერთი ლამპიონი საცოდავად ბჟუტავს. უბნის ბირჟიდან მოხუცები ხელს მიწევენ და ნარდი გვეთამაშეო, მეპატიჟებიან. ბოდიშებით ვშორდები, ლამისაა კუჭი გამიხმეს და რამე თუ არ ვჭამე, ტვინი გამეთიშება-მეთქი. სიცილით მაცილებენ და მოგება-წაგებაზე კამათს ხმამაღლა აგრძელებენ. თითქმის ბოლომდე ჩასული მზის სხივები მემშვიდობებიან და მაღალი კორპუსის უკან უჩინარდებიან. მაღაზიამდე სირბილით მივდივარ. სიცხისგან ახურებულ ლოყებზე კონდიციონერის სიგრილე მსიამოვნებს. ნაცნობი მოლარე თავის დაკვრით მესალმება. ღიმილით მიყურებს აწეწილ კოსაზე და თვალს მიკრავს. ვიცი, რომ მეფლირტავება უკვე წლებია, მაგრამ მის გემოვნებაში ეჭვი ჩემ ყოველ გამოჩენაზე მეპარება, ამიტომ — უშანსოა.

სექციებს შორის საჭირო პროდუქტებს მარტივად ვპოულობ. რამდენიმე ადამიანს ვხედავ მოშორებით და ვკრუგავ, ვინმეს რომ არ გადავაწყდე. სალაროსთან რიგში ვდგები. ჩემ წინ სულ სამ ადამიანს ვითვლი. ტელეფონზე შეტყობინება მომდის. ანიკო იწერება, ისეთი მოწყენილობაა, ლამისაა აუზში გადავხტეო. ხმამაღლა მეცინება, იმიტომ, რომ ანიკოს წ*ლის სიგიჟემდე ეშინია და მაშინვე პირზე ვიფარებ ხელს, რადგან ჩემ უკან რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი დგება. ძალიან დიდი სიმაღლიდან არ გადახტე-მეთქი, წერილს ვაგზავნი მეგობართან და ისევ ძალიან მეცინება წარმოდგენილ სიტუაციაზე.
- ნინა, მოდი, - მოლარეს ხმა მაფხიზლებს. ბოდიშებით მივიწევ წინ და პროდუქტებს დახლზე ვალაგებ.
- პარკიც მინდა, - ვახსენებ ყოველი შემთხვევისთვის. თავს მიქნევს და მაწვდის.
- ამ საღამოს განსაკუთრებით კარგად გამოიყურები, - თვალს აპარებს ჩემკენ და თან მთელი ძალისხმევით ცდილობს მიწებებული ცელოფნის გახსნას. სანამ ხმას ამოვიღებდე, ფხუკუნი მესმის. ვხვდები, რომ ჩემ წინ უხერხულად აწურულ მოლარეს კი არა, მე დამცინის ვიღაც და საჩხუბრად ვბრუნდები. ასეთ ფორმაში გამოწყობილს, ჩემი გაგიჟება მაინც ვერავის გააკვირვებდა.
- რა გაცინებს, - ვეღრინები ჩემ უკან მდგომს და როგორც კი მის საშინლად ნაცნობ თვალებს ვაფიქსირებ, პირი მიშრება.
- ამას ვის ვხედავ, - ბედნიერად მიღიმის კიტას ძმა, თორნიკე გამსახურდია. სათვალეს თავზე იმაგრებს, გვერდით მდგომ უცხო სხეულს ხელში მოქცეულ ალკოჰოლის ბოთლებს აჩეჩებს და დაუკითხავად მწევს ჰაერში. რამდენჯერმე მატრიალებს, მაგრამ ისეთ შოკში ვარ, დაყვირებასაც ვერ ვახერხებ. მიწაზე რომ მაბრუნებს, თავზე მკოცნის ძველი სითბოთი და გული ახლა უკვე სინანულით მიფრთხიალებს. ეს ადამიანი, ჩემ წინ აღმართული ეს მეტად საყვარელი ადამიანი, ჩემი ოჯახი უნდა ყოფილიყო.
- როგორ ხარ, ნინა? - თმას მიჩეჩავს ძველებურად, - ვერასდროს ვიფიქრებდი, აქ თუ გნახავდი.
- კიტას არ უთხრა, რომ ერთმანეთს შევხვდით, - ამის თქმასღა ვახერხებ და მოლარისკენ ვბრუნდები. შებრუნებამდე ვხედავ, როგორ ერეცხება სახიდან ღიმილი თორნიკეს, მაგრამ ვერ ვიდარდებდი იმ წამს სხვის გრძნობებზე, ამიტომ თანხას ვიხდი და სახლამდე ისევ მივრბივარ.
ვერ ვმშვიდდები. წრეებს ვურტყამ მისაღებ ოთახს და ვცდილობ იმ თვალებზე არ ვიფიქრო, ასე ძალიან რომ ჰგავს კიტასას.

მე რომ გამსახურდიები გავიცანი, ჯერ კიდევ 20 წლის ვიყავი. ანიკოსგან განსხვავებით, აქტიური სტუდენტი არ ვყოფილვარ. ანიკო არასდროს აკლდებოდა საუნივერსიტეტო შეკრებებს, ექსკურსიებს, ღონისძიებებს, დაგეგმილ თუ დაუგეგმავ გასვლებს. სანამ შემეძლო, წინააღმდეგობას ვუწევდი. მერე მიდიოდა ნამუსზე აგდებები, ჩხუბი, წუწუნი, დაყვედრება, რომ მე რანაირი უჟმური მეგობარი ვარ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ამას არც არასდროს ვითხოვდი, ის ჩემ გამო კლდიდანაც კი დაუფიქრებლად გადაეშვებოდა, მე კიდევ ორი ნაბიჯის გადადგმა არ მინდოდა ზედმეტად. საქმე იმაში სულაც არ იყო, რომ რამე მეზარებოდა. იმ პერიოდში მამაჩემთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მქონდა და მანერვიულებდა ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა სადმე გასულს ნასვამ მდგომარეობაში დაერეკა. წლების მანძილზე საკუთარი ემოციურობა ერთადერთი იყო, რასაც ვერაფრით ვერეოდი.
- ახლა თუ წამოხვალ, შემდეგი რამდენიმე გასვლა აღარც კი გთხოვ გამოყოლას. გაწყობს? - უნივერსიტეტის კიბეზე გვერდით მომყვება.
- არ მაწყობს. უჩემოდ წადი, რა.
- ნინა, მე კი წავალ უშენოდ, მაგრამ მოკვდები შენ ეგრე ცხოვრებით, - სერიოზულად ბრაზდება, - მეგობარი ვარ თუ ტოლმა? რომ გთხოვ, არ შეგიძლია, შემისრულო?

ძალიან მინდა ვუთხრა, რომ არ შემიძლია, მაგრამ მაშინ საკუთარი პრობლემები იმდენად მაკომპლექსებდა, მკეტავდა და ისე განვიცდიდი, მეგონა, თუ დაველაპარაკებოდი, ვერ გაიგებდა. თან, არ მინდოდა, ჩემი ცხოვრება ასეთი კუთხით დაენახა, ამიტომ პირველად დავთანხმდი საღამოს შეკრებაზე წასვლას. იმისთვის, რომ საკუთარი პრობლემები კიდევ ერთხელ შემენიღბა და კიდევ იმიტომ, რომ ანიკო ცოტა ხნით მაინც დამეკმაყოფილებინა.

საღამოს სახლიდან გასვლამდე კარგად დავრწმუნდი, რომ მამაჩემი მინიმუმ 2 საათი მაინც არ მომიკითხავდა, ანიკოს შევეხმიანე და დათქმულ ადგილზე ნახევარი საათის დაგვიანებით მივედი. ტაქსის მძღოლმა მიტოვებულ შენობასთან რომ ჩამოგვსვა, მაშინ მივხვდი, რომ საკუთარმა მეგობარმა ტყუილის ქსელში გამაბა. ის, რომ საღამოს მშვიდ გარემოში, ძალიან მოკლე წრეში და თითქმის ჩემნაირი ადამიანების გარემოცვაში გავატარებდი, ილუზია იყო ყველაზე ხმაურიანი, ჩემთვის მიუღებელი და უცხო რეალობის შესანიღბად.
- სულ გააფრინე შენ? - ღრიალით გადავხედე ახითხითებულს. ბოლო ხმაზე ამღერებული როკ მუსიკა შენობის კედლებს ანგრევდა და კიდევ ერთხელ მარწმუნებდა, რომ იქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევსულიყავი.
- რომ მეთქვა, არ გამომყვებოდი.
- რა თქმა უნდა, არ გამოგყვებოდი, - უკან დავედევნე შესასვლელისკენ წასულს, - თავს იტყუებ, თუ გგონია, რომ მანდ შემოვალ.
- ცოტა ხნით შევიდეთ და მალე წამოვიდეთ, რა, - ხვეწნაზე გადავიდა.
- შანსი არაა, ანიკო, უკან მივდივართ, - ხელზე დავქაჩე.
- აი სულ 2 წუთით, მართლა. აქამდე მოვედით და როგორ არ შევიდეთ?
- როგორ და ჭრელად. სადაც გინდა, იქ წადი. სახლში მივდივარ მე, - ვნებდები და ხელს ვუშვებ. რამდენიმე წამს მიყურებს. დარწმუნებული ვარ, არ სჯერა, რომ წავალ და მარტო დავტოვებ. გზისკენ ვბრუნდები და ტაქსის მოლოდინში ტელეფონს ვანათებ.
- არ ხუმრობ? მართლა წახვალ?
- არ ვხუმრობ. სანამ მომიყვანდი, უნდა გცოდნოდა, რომ ასეთ რამეს არასდროს დავთანხმდებოდი. შეეშვი ჩემ შეცვლას, კარგი? ასეთი ვარ და ასეთ ადამიანს ემეგობრები ამდენი წელია. ან მიიღე ეგ ფაქტი, ან თავი დამანებე, - წყენას ვერ ვმალავ. ანიკო ხმას აღარ იღებს, ბრუნდება და შენობაში შედის. წასვლამდე რამდენიმე წუთი ვფიქრობდი კიდეც, რომ ჩემთან ერთად დაბრუნდებოდა უკან, მაგრამ მიყრუებულ ადგილას მარტო რომ დავრჩი, მაშინ მივხვდი, რამდენად განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან.

ტაქსიმ ნახევარი საათის შემდეგ ძლივს ჩამოიარა. ის იყო, კარი უნდა გამეღო და ჩავმჯდარიყავი, რომ ვიღაცამ უკნიდან ხელი მკრა და გვერდით გადამაგდო. ყურთასმენას გინების ხმა მისწვდა და გული კინაღამ გამისკდა, როცა წამოდგომამდე მანქანა დაიძრა და გვერდით ჩამიარა. გინება არ ვიცოდი, ამიტომ სალანძღავი სიტყვები მოვიშველიე და ანიკოდან დაწყებული ყველა ხმამაღლა გავლანძღე.
- წაგიყვან, თუ გინდა, - სპექტაკლს მაწყვეტინებს არსაიდან მოსული უცხო ადამიანი.
ვუყურებ. შავები აცვია, თმა აქვს მოზრდილი და სიგარეტს ეწევა. ნაფაზის მოქაჩვისას თვალებს აწვრილებს, თავს გვერდით ატრიალებს და ბოლს ისე უშვებს. იმდენად ახლოს დგას, ვრწმუნდები, მთვრალი არაა. ალკოჰოლის სუნის ნაცვლად სასიამოვნო სუნამოს სუნი ასდის. მომლოდინე თვალებს არ მაშორებს. ამ თვალებში ვხედავ, მისი ნდობა შეიძლება, მაგრამ პირს ვაღებ და მაშინვე მუქარაზე გადავდივარ.
- იცოდე, ხელს თუ დამაკარებ, თავს გაგიტეხავ, - ვიხრები და გრძელ ჯოხს გამაფრთხილებლად ვუქნევ. შეკრული შუბლი ეხსნება და ისეთ ხარხარს იწყებს, მრცხვენია კიდეც.
- მანიაკი კი არ ვარ. უნივერსიტეტელი ხარ ჩემი, შემჩნეული მყავხარ. მივდივარ და თუ გინდა, გაგიყოლებ-მეთქი, - მიმეორებს კიდევ ერთხელ. სიგარეტის ნამწვს ფეხით სრესს.
- რა გქვია? მე რატომ არ მახსოვხარ? - მაინც ვერ ვიშორებ უცნაურ შეგრძნებას. ტვინში შემოსახლებული ჭია მეუბნება, რომ უცხო ადამიანის ნდობას, ჯობს, ანიკოს საძებნელად წავიდე.
- თორნიკე გამსახურდია, - ხელს მიწვდის ჩამოსართმევად, - ზედა კურსზე ვარ.
- მაინც არ მეცნობი, - ფარხმალს არ ვყრი. ის ისევ იცინის, მაგრამ ყურადღება ამღერებულ ტელეფონზე გადამაქვს. ტელეფონის ეკრანს დიდად აწერია მამაჩემის სახელი. აი, ახლა დასრულდება ჩემი 20-წლიანი ცხოვრება-მეთქი, ვფიქრობ და გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ: ვუპასუხო, თუ - არა?
- გირეკავენ, - თავით მანიშნებს ტელეფონზე გამსახურდია.
- სხვათა შორის, შენც, - მის განათებულ მოწყობილობას თვალს ვაშორებ. მამაჩემი თიშავს და მერე ახლიდან რეკავს. ვნერვიულობ და ტუჩების დაჭმაზე გადავდივარ. ახლა რომ ვუპასუხო, აუცილებლად გაიგებს მუსიკის ხმას, მე კიდევ ვუთხარი, რომ ჯგუფელთან ვიკრიბებოდით სამეცადინოდ. დებილი ხარ, ნინა, გულში ვილანძღები.
- შემოუხვიე და ორ წუთში გამოვჩნდები, - მითითებებს იძლევა თორნიკე ტელეფონზე. ამასობაში, მამაჩემი ისევ თიშავს და ამჯერად შეტყობინებას მიგზავნის. ხელის კანკალით ვხსნი ესემესს და პირველი რაც თვალში მხვდება, არეული ასოებია. ვხვდები, ან ძალიან მთვრალია, ან ძალიან მოწეული. მუქარითა და გინებით სავსე ტექსტი ცუდად მხდის. მთელი სხეული მიკანკალებს. საშინელი სანახავი უნდა ვიყო, რადგან თორნიკე ჩემკენ ბრუნდება თუ არა, შეშინებულს თვალები უფართოვდება, მხრებზე ხელებს მაწყობს და ჩემ დამშვიდებას ცდილობს.
- რამე მოხდა? ვინმეს რამე მოუვიდა? - აფორიაქებული მაყრის კითხვებს. თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად და რეტიანივით ვბუტბუტებ, უნდა წავიდე-მეთქი.
- მოიცადე, მანქანა მოვა ახლა და წავალთ, - თავზე ხელს მისვამს, მეფერება და იქვე მკოცნის,- სულ კანკალებ.

თორნიკეს ხმა ძალიან შორიდან მესმის. გონებით ისევ იმ შეტყობინებას ვიმეორებ და ცხოვრებაში პირველად ვერ ვპატიობ დედაჩემს, ამ მდგომარეობაში რომ ჩამაგდო. ვერ ვპატიობ, რომ მიმატოვა და იმდენად სუსტი აღმოჩნდა, შვილისთვის არ იბრძოლა. ვერ ვპატიობ ჩემ აკანკალებულ, შიშისგან გაყინულ სხეულს, რომელსაც გამსახურდია თავისი ხელებით მითბობს. ამდენი წლის შემდეგ ვიღაცის ზრუნვა გულს მიჩუყებს და შეკავებულ ცრემლებს ისეთ ხმაურიან ჯღავილთან ერთად ვუთავისუფლებ გზას, რომ წამით ჩემ წინ აღმართულ სხეულს ენა უვარდება და ხელს მიშვებს. ამასობაში, გზის პირზე მანქანა უხვევს და პირდაპირ ჩვენ ფეხებთან ჩერდება. თავს ვერ ვაიძულებ, რომ ტირილი შევწყვიტო. გამოსახულება მებინდება, მარილიანი სითხით სავსე თვალებიდან ძლივს ვიყურები, მაგრამ თითქმის 8 წელია გასული იმ დღიდან და მე დღემდე კარგად მახსოვს ზამთრის ღამესავით ცივი და სუსხიანი ხმა, რომელმაც მაშინ გაჩუმება მაიძულა.
- ცუდად ხომ არაა? - მანქანას მიყრდნობილი სხეული თორნიკეს მიმართავს.
- უცებ ატირდა, აზრზე არა ვარ, რა დაემართა, - ხელებს იქნევს გამსახურდია და ორი ნაბიჯით მშორდება. თითქოს ცდილობს ასე დაამტკიცოს, რომ ის არაფერ შუაშია.
- წყალი გინდა? - მეკითხება უცხო ადამიანი. უეცრად დადუმებულს მასლოკინებს. გული ყელში მიჭერს და უბრალოდ თავს ვუქნევ. ახალმოსული მანქანაში უჩინარდება, ორ წამში ისევ ჩნდება და წ*ლის ბოთლით ხელში მიახლოვდება. თავსაფარს ლამაზი თითებით ატრიალებს, ბოთლის თავს ჩემკენ წევს და ისე, რომ ხელს არ უშვებს, წყალს მასმევს. გაშტერებული ვუყურებ ჩემზე ერთი თავით მაღალ სხეულს და უცებ ვხვდები, რომ შავი თვალებით საშინლად ჰგავს თორნიკეს.
- უკეთ ხარ, ნინა? - ისევ მიახლოვდება გამსახურდია. უცნობი ნიკაპზე ჩამოსხმულ წვეთებს თითით მიმშრალებს, ტუჩის კუთხეს ღიმილის ნიშნად პრეხს და ანერვიულებულ თორნიკეს ჩემთან უშვებს. ტელეფონი ჯიბეში ისევ ხმაურს იწყებს.
- სასწრაფოდ უნდა წავიდე, - პირველად ვიღებ ხმას. ორივე მე მიყურებს. თორნიკე შექმნილი სიტუაციის გამო გაოცებული. მეორე, უბრალოდ, მაკვირდება.
- ჩაჯექი, მოდი, - ხელით მანქანისკენ მივყავარ. მერე კარს მიღებს და თვითონ წინ ჯდება. ტელეფონს ჯიბიდან ვიღებ და ვამოწმებ. რამდენიმე გამოტოვებული ზარი და კიდევ ერთი შეტყობინება მხვდება მამაჩემისგან. შეტყობინებას წაუკითხავად ვშლი, მოვდივარ-მეთქი ვწერ და ტელეფონს ხმას ვუთიშავ. მოსალოდნელი კამათის გამო ლამისაა სისხლი ჩამექცეს. ცხვირი მეწვის და ვიცი, სადაცაა ისევ ღნავილს ამოვუშვებ. თავს თორნიკეს სკამის საზურგეს ვადებ და ისე ხმამაღლა ვოხრავ, გამსახურდია საჭესთან მოთავსებულ სხეულს ეღრინება, სწრაფად იარეო.
- მეჩქარება სადმე? - სიგარეტს უკიდებს მძღოლი.
- შენ არა, ამას ეჩქარება, - ჩემკენ ანიშნებს თავით, - მიაწექი, რა, კიტა.

კიტა, კიტა, კიტა. ჩასაფრებულივით იჭერს ჩემი გონება, რამდენჯერმე ვიმეორებ მის სახელს. თითქოს მამშვიდებს კიდეც მისი სახელი და თვალები მეხუჭება, გადაღლილი გონება ძილს მთხოვს.
- სად მივდივართ? - გათიშულს მესმის ჩემი მისამართით დასმული კითხვა. პასუხს ვერ ვუბრუნებ. თორნიკე სავარძლებს შორის თავს ჰყოფს და ზემოდან დამყურებს.
- გეძინება, ნინა?

არა-მეთქი, მინდა ვუპასუხო, მაგრამ ენას ვერ ვაბრუნებ. ისევ თმაზე მეფერება, ისევ იხრება და მკოცნის. მეც ისევ გული მიჩუყდება მის თბილ დამოკიდებულებაზე და რამდენიმე ცრემლი დაუკითხავად მივარდება.
- არ იტირო, - გულწრფელად მთხოვს გამსახურდია, - პრობლემები თუ გაქვს, მითხარი, მოგიგვარებ.
- შენ ვის რა უნდა მოუგვარო, ბავშვო, - კიტას ხმა მანქანის კედლებს ეხლება.
- შემეშვი, რა, - პატარა ბავშვივით ეჯუჯღუნება თორნიკე. თავს ვწევ და სარკიდან მომზირალ კიტას თვალებს ვეჩეხები. თავის ოდნავი გაქნევით რაღაცას მანიშნებს. ვერ ვხვდები და მხრებს საპასუხოდ ვიჩეჩავ.

ნახევარი საათის შემდეგ სანაპიროზე მივდივართ. კიტას ჩემ მისამართს ვკარნახობ და ტელეფონზე საათს ვამოწმებ. შუაღამესაა გადასული და ეკრანზე ისევ მამაჩემის სახელი ეწერება. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ამჯერად ვპასუხობ.
- გისმენ, - მოგუდულ ხმას ძლივს ვუშვებ.
- მისმენ კი არა, შენი თავი ვინ გგონია, შე ლაწირაკო, - ბოლო ხმაზე ღრიალებს მამაჩემი.
- მოვდივარ, - ტირილის ნოტები მეპარება ხმაში. წინ მჯდომი ორივე სხეული ჩუმდება და დაძაბული მისმენს.
- ორ წუთში აქ გაჩნდი, ნინა, - არ წყნარდება, - დედაც მოვ**ან. დედაშენის გზაზე უნდა გამეშვი, შენ რა დასატოვებელი და მისახედი იყავი.

მე უკვე ისტერიკა მაქვს და ტელეფონს იქამდე ვთიშავ, სანამ კიდევ რაიმეს მეტყოდეს. თორნიკე ხმას არ იღებს. ალბათ გუმანით გრძნობს ჩემ მდგომარეობას და ზედმეტად არ ერევა. კიტა გაზის პედალს ფეხს ძლიერად აჭერს და ძრავთან ერთად მოგუდულად ღმუის.
მანქანა ჩემი სახლის წინ 15 წუთში ჩერდება. გადასვლას არ ვჩქარობ, არც წინ მსხდომები მაჩქარებენ. კიტა მეორე ღერს ეწევა მიყოლებით. თორნიკე თვალს ხან მისკენ აპარებს, ხან ჩემკენ ბრუნდება და უხერხულად მიღიმის. ვხვდები, პირველი დღისთვის ზედმეტად მძიმე ამბავში რომ გავხვიე ორივე და სახელურს ძლიერად ვეჭიდები.

- მადლობა, რომ წამომიყვანეთ. არც კი ვიცი, რამდენ ხანს მომიწევდა იქ დგომა.
- არ გრცხვენია, ნინა? - ისევ მიღიმის თორნიკე. ისევ უხერხულად.
- უნივერსიტეტში გნახავ, - საპასუხოდ ძლივს ვუღიმი მეც და გადავდივარ.
კორპუსამდე მისასვლელ დროს იქამდე ვწელავ, სადამდეც შემიძლია. თუ მამაჩემი მთვრალია და, რა თქმა უნდა, მთვრალია, იქნებ დაეძინოს კიდეც და ჩხუბი დილამდე გადაიდოს. უკვე შესასვლელთან ღრმად ვისუნთქავ აგვისტოს ცხელ ჰაერს და ფეხი უნდა შევდგა, თორნიკეს ხმა რომ მესმის უკნიდან.

- ჩემი ნომერი ჩაიწერე, - ქოშინით ძლივს აბამს ორ სიტყვას, - რამე თუ დაგჭირდება, მაშინვე დამირეკე. იცოდე, არ მოგერიდოს.

ნომრებს ვცვლით და ხელმეორედ ვემშვიდობები. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას, ის კიდევ იხრება და, დღეს უკვე მესამედ, თავზე მკოცნის. ჩუმად ვაპარებ თვალს პირველი სართულის ფანჯრებისკენ. ვამოწმებ, მამაჩემი რომ არ წამოგვადგეს, მაგრამ შეღებული კარის მიღმა სრული სიბნელეა. დაიძინა იქნებ უკვე, მიხარია კიდეც.
თორნიკე ხელის ქნევით ბრუნდება მანქანასთან. კიტა ზის საჭესთან და მოჭუტული თვალებით ისევ სიგარეტს აბოლებს. დაწვრილებული თვალებით კიდევ უფრო საშინლად ჰგავს თორნიკეს.
პირველი სართულის კიბეებზე შესაშური სიჩუმით ავდივარ. გასაღებს ღრიჭოში ვათავსებ და დაჟანგებამდე მისული კარი ღრიალით იღება. ფეხსაცმელს იქვე ვიხდი და კუს ნაბიჯებით ვფარავ მისაღებ ოთახს. ჩართული ტელევიზორის წინ დივანზე უხერხულ პოზაში მწოლიარე მამაჩემი მხვდება. ღმერთს ვევედრები, რომ არ გაიღვიძოს და ეს ღამე მშვიდობიანად გადამაგორებინოს. პულტისკენ წაღებულ ხელს უკან ვაბრუნებ. ზურგით ვბრუნდები და ჩემი ოთახის კარის დანახვაზე ბედნიერებისგან მეღიმება. კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ და მშვიდ ძილს წინასწარ ვულოცავ საკუთარ თავს.
- თუ გგონია, რომ მძინავს, ძალიან ცდები, - სხეულის მოძრაობის ხმა ნათქვამ წინადადებაზე ადრე მესმის. წამში მძიმდება ჰაერი, ფილტვები მიშრება და პირს ვაღებ, უჰაერობისგან რომ არ გავიგუდო. არც კი ვფიქრობ მიბრუნებაზე, ოთახისკენ გავრბივარ და კარს ვეჯაჯგურები. ნესტის გამო აწეული იატაკი კარის მარტივად შეხსნაში ხელს მიშლის, მაგრამ მამაჩემი რამდენიმე ნაბიჯს დგამს და დივნიდან სულ ახლოს იატაკზე მთელი სიმძიმით ეცემა. იფურთხება და იგინება ყველაფერს, რაც პირზე ადგება. მემუქრება, მაგრამ სიტყვებს ტვინამდე არ ვუშვებ, თეძოთი ვეხლები კარს და უსაფრთხო ოთახში ვუჩინარდები. იმ ღამით მამაჩემი იატაკზე იძინებს, მე გადასაფარებლის ქვეშ მოკუნტული ვწევარ. ოდნავ ხმაურზეც კი გული საშინლად მიფრთხიალებს და ცოცხალი თავით არ ვიხდი თავიდან ცხელი ზაფხულისთვის შეუფერებელ სქელ გადასაფარებელს.
იმ ღამეს, ძალიან, ძალიან გვიან, ტელეფონზე უცხო ნომრისგან შეტყობინება მომდის.

„კარგად ხარ, ნინა?“

დიდხანს დავყურებ სულ სამ სიტყვას და გულის სიღრმეში ზუსტად ვიცი, რომ კიტა უნდა მწერდეს. გული მეკუმშება მთელ ამ სიტუაციაზე და წამოსულ ცრემლს უხეშად ვიწმენდ. კარგად ვარ-მეთქი, მხოლოდ ამას ვწერ და ტელეფონს ვთიშავ.
იმ დღის შემდეგ, კიტა და თორნიკე გამსახურდიები ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და გამანადგურებელი ქარიშხალივით შემოიჭრნენ.

გამთენიისას ტელეფონზე ანიკოს ზარი შემომდის. გინებით ვპასუხობ აჟიტირებულ დაქალს და არ ვიმჩნევ, რომ ისევ ხმაური მესმის მეორე მხრიდან.
- ნინა, შოკი ამბავი მაქვს შენთვის, - ჩურჩულზე გადადის, - მზად ხარ? იცოდე, მაგრად დაჯექი.
- შოკ ამბავს ცოტა მერე ვერ მეტყოდი? გვძინავს ნორმალურ ხალხს ამ დროს, - არ ვიმჩნევ ცნობისმოყვარეობა როგორ მაფორიაქებს. საწოლზე ვსწორდები და თვალებს ვიფშვნეტ. გადაწეული ფარდებიდან მზის პირველი სხივები იპარებიან.
- კიტა ხომ იცი, გამსახურდია. ჩვენი თორნიკე რომ იყო, იმის ძმა, - მოგუდული ხმით წივის ანიკო. კიტას სახელის ხსენებაზე გული უცნაურად მეკუმშება. არ მომწონს, მხოლოდ მისი ხსენებაც კი ასე რომ მოქმედებს ჩემზე ისევ და ყველანაირად ვცდილობ, ხმაში დაინტერესება არ შევიმჩნიო.
- კიტას ვინ არ იცნობს? რა ხდება, მალე თქვი, უნდა დავიძინო.
- ჩამოვიდა. ჩამოვიდა და თან რა ჩამოვიდაააა, - სიტყვებს წელავს და ნერვებს კიდევ უფრო მეტად მიშლის.
- მერე რა, რომ ჩამოვიდა, ანიკო, მაგისთვის გამაღვიძე?
- ხომ გახსოვს, ყველას ძალიან რომ უყვარდა და ყოველი მეორე ადამიანი შორიდან რომ ეტრფოდა? - ხარხარებს ბოროტულად, - დაუმთავრა ყველას ეგ ამბავი. წერტილი დაესვა პლატონურ სიყვარულობანას, ნინააა, - ისევ იწელება ტელეფონის მეორე მხრიდან.

უცნაური შეგრძნება, რომელიც დიალოგის დაწყებისთანავე მუცელში გამიჩნდა, კიდევ უფრო იზრდება, ზემოთ მოიწევს და გულის გავლით ყელში მებჯინება. მოსალოდნელი ამბის გაგებამდე მევსება თვალები ცრემლებით და წლების შემდეგ პირველად, კიტას არსებობის გამო, კიტას დაბრუნების გამო, შეუმდგარი ურთიერთობისა და დანგრეული მომავლის გამო, იმ ამბის გამო, რომელიც, ვგრძნობდი, საბოლოოდ გამანადგურებდა, ბღავილი მინდება.

- ანუ? - აკანკალებულ ხმას ვეღარ ვიმორჩილებ.
- რაღა ანუ, ნინა, ცოლი მოჰყავს, ცოლი. საცოლით გამოგვეცხადა ბიჭი. ვიღაც შხვართი გოგოა, ქერა და ოდნავ დაზაგრული. უნდა გენახა სხვების სახე, როცა... - უკვე შორიდან მესმის ანიკოს აღფრთოვანებული ხმა. ტელეფონი ხელიდან მივარდება და ვგრძნობ, როგორ მიმძიმდება მარცხნივ მფეთქავი ორგანო. ერთიანად ნადგურდება ჩემში ყველაფერი წმინდა, რასაც ამდენი წელი უხმოდ ვინახავდი და საბოლოოდ ვხვდები, რომ კიტა ჩემ ცხოვრებაში ყველანაირი ფორმით დამთავრდა. იმ გზით, რა გზითაც წლების წინ ერთმანეთს შევპირდით, რომ ვერავინ დაგვამთავრებდა.

ის დღე როგორ გადავაგორე, ნორმალურად არც მახსოვს. ზომბივით, დამძიმებული სხეულით დავდიოდი ოთახიდან ოთახში. მერე დალაგება გადავწყვიტე. გულს გადავაყოლებ და ნაკლებს ვიფიქრებ-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ გათენდა თუ არა, ანიკო დამადგა თავზე. სველი იყო მთლიანად, მიწის სუნი ასდიოდა და ისე იცინოდა, თითქოს ამაზე ბედნიერი არასდროს ყოფილიყო.
- მაგრად დაუშვა, - პირსახოცი გამოაძრო გარდერობიდან.

ფანჯრები გამოვაღე. არ მახსოვდა, როდის დავხურე, მაგრამ წვიმისგან დაგუდული ჰაერი ოთახში შემოიჭრა და გაგრილების ნაცვლად, უარესად დაგვაცხუნა. ანიკო თმის გამშრალებას რომ მორჩა, უკმაყოფილოდ გადახედა არეულ სახლს და თავის ქნევას მოჰყვა.
- ცუდად იქნები, აბა რა იქნება. შეხედე, რანაირ სახლში ზიხარ. შენ არ იცი, ნინა, რომ გარემო ადამიანზე მოქმედებს?
- ადამიანებიც მოქმედებენ გარემოზე. ბალანსია, ხვდები? - სიუჟმურეს ვერ ვმალავ.
- მიდი, ყავა გამიკეთე, - ჩემ განწყობას არ იმჩნევს, - მაგარი რაღაცები უნდა მოგიყვე.
- ყავას გაგიკეთებ, - სამზარეულოსკენ მივდივარ, - მაგრამ არაფერი მომიყვე. გთხოვ.
ანიკო ჩუმდება და უხმოდ მაკვირდება. რაღაც შენ თავს არ გავხარო, უკან მომყვება. სამზარეულოში მაგიდის მოპირდაპირე მხარეს ჯდება და თვალს არ მაშორებს.
- იტყვი, რა გჭირს თუ სიტყვები უნდა ამოგქაჩო?
- არაფერი არ მჭირს. სიცხის ბრალია, - ყავის მანქანას ვაღრიალებ.
- აპარატის ყავა არ მიყვარს, დაგავიწყდა? რა გჭირს? - ნერვები ეშლება მასაც.
- მთელი ღამე არ მეძინა, - ჭიქას ვუდგამ წინ, - სოფელში ვაპირებ წასვლას რამდენიმე დღით.
ანიკო უგემრიელეს ყავას ჯღანვით სვამს და მერეღა მეკითხება, იმ გადაკარგულში რა დაგრჩენიაო.
- სიმშვიდე დამრჩენია, ანიკო. იწვის მთელი თბილისი, ვერ ხედავ?
- თბილისი კი არა, შენ რომ იწვი, მაგას ვხედავ.

პასუხს არ ვუბრუნებ. საუბრის განწყობა ისედაც არ მაქვს. მისაღებში მიყრილ ნივთებს თავიანთ ადგილზე ვაბრუნებ. ოთახებს ვანიავებ, მტვერს ვწმენდ, იატაკს ვაპრიალებ. ანიკო ზის და უხმოდ განმსჯის. ცუდი მეგობარი ვარ, გაურკვევლობაში რომ ვამყოფებ, მაგრამ ის პერიოდი, როცა გამსახურდიები ჩემ ცხოვრებაში სხვა სტატუსით არსებობდნენ, ანიკომ საზღვარგარეთ ყოფნის გამო გამოტოვა. მე ისედაც არ მიყვარდა ყველაფერზე ღიად საუბარი და რადგან მაშინ კიტასთან ურთიერთობა ბევრს არც არაფერს ნიშნავდა, ჩავთვალე, რომ საჭირო არ იყო, ვინმესთვის რამე მეთქვა. უკვე მერე, როცა ყველაფერი სერიოზულ ურთიერთობაში გადაგვეზარდა, უკან მივიხედე და მივხვდი, ძალიან დიდი დრო გასულიყო. რამდენიმეწლიანი დაშორების გამო, მე და ანიკო ისე ვეღარ ვმეგობრობდით, როგორც იქამდე და სწორედ ამიტომ, მან ჩემსა და კიტაზე არაფერი იცოდა. ჩვენ დაშორებას დაემთხვა ჩემი მეგობრის საქართველოში ჩამოსვლაც და რადგან რეალობა რადიკალურად შეცვლილიყო, ჩუმად დავრჩი. ახლა როგორ უნდა მეთქვა მისთვის, რომ ის კაცი, რომელზეც ასე აღფრთოვანებით საუბრობს უკვე მეორე დღეა და რომლის საცოლეზეც, პირდაპირი მნიშვნელობით, დორბლები გასდის, ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია?
- წასვლა მართლა აუცილებელია? - დალაგებისგან დაღლილს დივანზე გვერდით მიჯდება.
- აუცილებელია. თუ არ წავალ, არც კი ვიცი, ამ აგვისტოს გადავიტან თუ არა.
- გინდა წამოგყვე?
- ამჯერად მარტო მირჩევნია. რომ დავბრუნდები, სანამ შვებულება დამთავრდება, სადმე წავიდეთ, - თავს ვადებ მხარზე. წუწუნებს, ამ სიცხეში რას მეხუტებიო, მაგრამ ქვემოთ იწევა, უფრო კომფორტულად რომ მოვთავსდე და საყვარლად ხითხითებს.

ზურგჩანთაში ბევრს არაფერს ვდებ. სოფელში ყოველი შემთხვევისთვის დატოვებული ტანსაცმელი ერთ კვირას მაინც მეყოფოდა. დიდხანს დარჩენას არც ვგეგმავდი. ტვინის განიავება მჭირდებოდა. ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადამეტანა, თორემ გამუდმებით კიტაზე ფიქრი კარგს არაფერს მომიტანდა. წასვლის დღეს, დილაუთენია, ნაცნობ მძღოლს დავურეკე, ადგილი შემინახე-მეთქი. დიდუბემდე ძლივს გავაღწიე. ისედაც დასიცხულ ქალაქს ხალხმრავლობა კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა. უძილობისგან, უჰაერობისგან, კიტას მომავალი ქორწინებისგან დამძიმებულ ხასიათს ის დაემატა, რომ ადგილზე მისულს მარშუტკა წასული დამხვდა.
- უკვე წახვედით? - ტელეფონში ჩავყვირე მძღოლს.
- მალე გაივსო და მომიწია. არ არის ხოლმე ხალხი, დღეს რა დაემართათ, არ ვიცი. დაელოდე, სხვაც მალე მოვა.
- მალე, კი. 2 საათში. ამ სიცხეში დიდუბეში დგომას ეხუმრებით? ხომ გთხოვეთ, ადგილი შემინახეთ-მეთქი.
- გზაზე პატრულია, უნდა გავთიშო.

ტელეფონის ჩაბნელებულ ეკრანს ისე დავხედე, თითქოს მას ეღალატოს ჩემთვის. კივილი მომინდა. დამძიმებული ჩანთა მხრებიდან მოვიხსენი და ჩრდილში გადავინაცვლე. ნახევარი საათის შემდეგ უკვე ბუღი ამდიოდა. ფეხის ტერფები გაცხელებულ ფეხსაცმელში საშინლად მეწვოდა. გონებაში გადავთვალე ბარათზე შერჩენილი ბიუჯეტი და სანამ ძალიან ბევრს ვიფიქრებდი, ავდექი და ტაქსის გაჩერებისკენ წავედი. რაც იქნება, იქნება, - თავს ვიმშვიდებ გონებაში, - ერთხელ ვცხოვრობ. ამ ფულს საფლავში არავინ ჩამაყოლებს.
ორმა ტაქსისტმა უარით გამისტუმრა, შორია და მაგდენს ვერ ვივლითო. მესამემ ისეთი თანხა მომთხოვა, საერთოდ გადამაფიქრებინა სადმე წასვლა. თქვენ რომ ამდენი გადაგიხადოთ, რომ ჩავალ, ქვები ვჭამო-მეთქი? გაბრაზებულმა მივუჯახუნე მანქანის კარი. ქართველების გაღორება ყელში იყო უკვე და იმდენად მაწუხებდა ფულზე ასეთი დახამება, რომ მოვკვდებოდი და შესაბამის თანხაზე მეტს არავითარ შემთხვევაში არ გადავიხდიდი.
ჩემ წინ ვიღაც მანქანას აჩერებს და შუშას სწევს ქვემოთ.
- გაგიყოლებ, თუ გინდა, - ნაცნობი სიტყვები წამიერად წარსულში მაბრუნებს. ოდნავ ვიხრები, ფანჯარაში თავს ვყოფ და საყვარლად მომღიმარ გამსახურდიას ვესალმები.
- შორს მივდივარ. მადლობა, მაინც, - რამდენიმე ნაბიჯით ვშორდები მანქანას და უკან მომდგარ ტაქსის ლამის ვეხვეწები, სოფლამდე წამიყვანე-მეთქი.
- არ დავდივარ მე სოფლებში. თბილისში თუ გინდა სადმე, კი ბატონო, - სათვალის ზემოდან გადმომყურებს.
- თბილისში რომ მინდოდეს, გეტყოდით, თბილისში მინდა-მეთქი, - ნერვებმოშლილი ხმას ვერ ვიმორჩილებ. ტაქსისტი ერთი-ორს იგინება და მიდის. გვერდით ვიხედები და მანქანაზე მიყრდნობილ თორნიკეს თვალს ვუსწორებ.
- რამე დაგიშავე, ნინა? - შორიდან მეძახის. უკვე აღარ იღიმის. ხმა აქვს ზედმეტად სერიოზული და თვალებს აწვრილებს ზუსტად ისე, როგორც მოწევის დროს. კიტას მსგავსად.
- რა უნდა დაგეშავებინა? რა შუაშია? - ვერ ვიგებ მე.
- გუშინაც გაიქეცი, პირდაპირი მნიშვნელობით. დღესაც გარბიხარ, - მხრებს იჩეჩავს.
- არ გავრბივარ. წასვლას ვცდილობ, სანამ დაბნელებულა, - რატომღაც თავს ვიმართლებ მე.
- ჰოდა, დაჯექი, მიგიყვან სადაც გინდა, - მანქანას კრუგს ურტყამს და გამოღებულ კარზე თავით მანიშნებს, ჩაჯექიო.
- მართლა შორს მივდივარ, თორნიკე. არ შეგაწუხებ, ვიზამ რამეს, - პანიკაში მაგდებს მისი დაჟინებული თხოვნა.
- შენ არც არასდროს შემაწუხებ. ჩაჯექი, რა, ნინა. არ შეგჭამ.
ერთი წამით ისევ ვტრიალდები უკან. ახლა თუ რამე გამოივლის, რამდენიც არ უნდა მოითხოვონ, მაშინვე გავყვები-მეთქი, ვფიქრობ, მაგრამ, ჩემ ჯინაზე, ჰორიზონტზე ერთი ტაქსიც კი არ ჩანს.
- ნინააა, - სიმღერით მიხმობს თავისკენ.
- მოვდივარ, მოვდივარ, - ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები, ზურგჩანთას უკან ვაგდებ და მე წინ ვჯდები.
- საით მივდივართ, აბა, - ჩაჯდომისთანავე მეკითხება.
- ქალაქიდან გადი და მიგასწავლი, - ვპასუხობ მოკლედ.

თითქმის ნახევარი გზა სიჩუმეში გავლიეთ. დაბალ ხმაზე ჩართული რადიოდან ნაცნობი სიმღერა იღვრებოდა. ვერაფრით ვიშორებდი დაძაბულობას და სკამზე ისეთი დაჭიმული ვიჯექი, ძვლები მტკიოდა. მეგონა, თორნიკე ლაპარაკს თუ დაიწყებდა, აუცილებლად განმსჯიდა ჩემი წარსულის გამო, აუცილებლად ახსენებდა კიტას, ჩვენ ურთიერთობას, მერე დაშორებას და ახლა უკვე მცდელობას, ოჯახი შეექმნა სხვა ქალთან ერთად. წლები იყო გასული, მაგრამ მაინც ვერ შევძლებდი მის ძმაზე ისე საუბარს, თითქოს არაფერი მომხდარა. ისედაც არ მინდოდა კიტაზე საუბარი. თორნიკესთან, მით უმეტეს.
- რამე დავლიოთ, რა, - გორის გზატკეცილზე „სმარტის“ წინ აპარკინგებს. გაპროტესტებას ვაპირებ, რადგან მზე უკვე ჩასვლას იწყებს და გვიგვიანდება, მაგრამ სანამ ხმას ამოვიღებდე, მანქანიდან გადადის და შესასვლელთან ჩერდება. ფეხს ვითრევ, მირჩევნია, გზას ვაგრძელებდეთ, მაგრამ ვირივით ჯიუტი ადგილიდან არ იძვრის. თვალებით მანიშნებს, რომ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. გადმოვდივარ და ვუახლოვდები. ტელეფონზე ურეკავენ და ხელით მაჩერებს. რამდენიმე წამს ეკრანს დაჰყურებს, მერე ჩემკენ აპარებს თვალს, მერე ისევ ტელეფონს უბრუნდება და სანამ უპასუხებდეს, ის ნაცნობი შეგრძნება, როცა ნერვიულობისგან მუცელში საშინელებები გემართება, მიბრუნდება.
- გისმენ, კიტა, - თვალს არ მაშორებს თორნიკე. ჰაერს ხარბად ვისრუტავ და ვცდილობ არ შევიმჩნიო, კარის გასაღებად გაწეული ხელი ავადმყოფურად რომ მიკანკალებს. იქიდან რას ეუბნება, არ ვიცი, მაგრამ დიალოგს დიდხანს არ აგრძელებენ. საქმე გამომიჩნდაო, ორი სიტყვით იშორებს თავიდან და ზარის დასრულების შემდეგ, დამნაშავესავით მაშტერდება.
- დაგვიგვიანდება, - კარს ვაღებ და შევდივარ.

ყავას ვყიდულობ ჩემთვის. თორნიკე სადღაც უჩინარდება და ცოტა ხანში პარკებით ხელში „ვენდისის“ შესასვლელთან მხვდება.
- ვჭამოთ და ისე წავიდეთ, - მეუბნება და შენობაში შედის.
ჩვენ გარდა კიდევ ორ ადამიანს ვხედავ. მოშორებით ფანჯარასთან ვჯდები და ტელეფონს ვამოწმებ. ანიკო მეკითხება, მშვიდობით ჩახვედიო? სიმწრისგან გადახარხარება მინდა, მაგრამ საჭმლით სავსე ლანგრით გამსახურდია მაგიდასთან ბრუნდება.
- რაც გიყვარს, ყველაფერი ვიყიდე.
მადლობას ვუხდი და ყავას ვსვამ. ჭამის პროცესში თორნიკე ხმას არ იღებს. თითქმის ყველაფერს სანსლავს და ბოლოს ისიც ყავას აყოლებს. ძველი დრო რომ იყოს, ბევრს დავცინებდი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ და ერთი სული მაქვს, ფეხზე წამოდგეს.
- ბოლოს შენზე რომ გავიკითხე, ასე მითხრეს, სოციუმს მოწყდაო, - მზერას აპარებს ჩემკენ.
- რამე თუ გაინტერესებდა, მე ვერ მკითხავდი? - აგრესიით ვნიღბავ ნერვიულობას.
- ასე მგონია, რაღაც გაწყენინე და არ მეუბნები. რამე მოხდა, ნინა?
- არაფერი არ მოხდა. ასე ხდება ზოგადად. გადის დრო, შორდები ადამიანს, წყვეტ ურთიერთობას და მერე ძველებურად ვეღარ ხარ. რა გინდა, რომ გავაკეთო? - მხრებს ვიჩეჩავ. თორნიკეს თვალებში წამით გაოცებას ვამჩნევ. ნეტავ ჩემი სიტყვები აკვირვებს თუ ჩემი ცვლილება?
- ჩემთან რატომ არაა ეგრე? ისედაც არაფერი მესმოდა, ახლაც ვერ ვიგებ.
- რის გაგება გინდა?
- ბევრი რაღაცის. მაგალითად, მაინტერესებს, დაბრუნდა თუ არა მამაშენი შენ ცხოვრებაში. ისევ ხომ არ გირღვევს ძლივს მოპოვებულ მშვიდ საღამოებს? ან გაიცანი თუ არა ახალი ხალხი, სამსახურში საქმე როგორ მიდის? რა ხდება პირადში? მე ეს ყველაფერი მაინტერესებს, შენ რატომ ხარ ისე, თითქოს გუშინ გაგიცანი?
- დროის ამბავია-მეთქი. ჩვენ რომ ერთმანეთის ცხოვრებაში რაღაც დოზით მაინც ვყოფილიყავით, ახლა ყველაფერი ალბათ ისე იქნებოდა, როგორც ადრე. მაგრამ ეგრე არაა და თავს ნუ აიძულებ, რამე გამოასწორო.
- რას მელაპარაკები, ნინა? რანაირად შეიცვალე ასე? ვმეგობრობდით მე და შენ. ვმეგობრობდით რამდენად ლაითი ნათქვამია, შენც ხომ იცი? ისე მიყვარდი, და მეგონე ჩემი. ყველაზე მეტად გგულშემატკივრობდით შენ და კიტას, თქვენმა დაშორებამ კი მეც უკან გამწია. ასეთი ურთიერთობა გვქონდა ჩვენ? ასე უნდა დაგემთავრებინა ყველაფერი? ნომერიც კი არ შემიცვლია, - ჩუმად ამატებს ბოლო სიტყვებს.
- ახლა არ გვინდა, რა, თორნიკე, - გული მეკუმშება მე, - სხვა დროს მისაყვედურე, სხვა დროს მეჩხუბე და საერთოდაც, სხვა დროს ვისაუბროთ, - თავიდან ვიშორებ ჩემი უბედური ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბედნიერებას და წასასვლელად ვდგები. გული მეკუმშება იმედგაცრუებით სავსე მის თვალებზე, მაგრამ ვიცოდი, მართალს ამბობდა, მე კიდევ ემოციები ყელში მიჭერდა და ვერ დავუშვებდი, რომ მის თვალწინ კიდევ ერთხელ დავცემულიყავი.

- იცოდი, რომ თინა მოკვდა? - ნაწყენი და გაბრაზებული, საყვედურითა და გულის ტკივილით სავსე ხმა გასასვლელთან მეწევა. ადგილზე ვშეშდები. ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ, მომენტალურად მიმძიმდება თავი და სკამს ვეყრდნობი ხელით, რომ არ წავიქცე. ვბრუნდები თორნიკესკენ და მე იქ ძველი ადამიანი კი არა, ნაწილებად დაშლილი სხეული მხვდება. დგას და სევდა შეპარული ღიმილით მიყურებს. თავს აქნევს დანანებით, რამდენიმე ნაბიჯს დგამს ჩემკენ და თითქოს მე კი არა, საკუთარ თავს ეჩურჩულება, - რა თქმა უნდა, არ იცოდი. არ გეტყოდა. ამაყია ზედმეტად.

მერე ძალიან ბევრი რაღაც თავის ადგილს უბრუნდება. კითხვას, თუ რატომ არასდროს დამირეკა კიტამ ერთხელ მაინც, პასუხი გაეცა. ფიქრს შელეული წლები მეტად გასაგები და ნათელი ხდება. ორმოები, რომლებიც მრავლად გაჩენილიყო ჩემი ცხოვრების ბოლო, ყველაზე რთულ პერიოდში, ნელ-ნელა ივსება და მხოლოდ მაშინ ვაანალიზებ, რომ კიტას მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად ჩემამდე კი არა, ჩემს შემდეგ იქცა.

გამსახურდიებმა ისე ამრიეს, ჩემ თავს ვერ ვცნობდი. ჯერ იყო, თორნიკე არ მშორდებოდა უნივერსიტეტში. გადამხვევდა ხელს და ყველგან ასე დამატარებდა. ხალხს ეუბნებოდა, ჩემი დაა, ოღონდ ნაშვილებიაო და მეგობრების გამოშტერებულ სახეზე კაიფობდა. უფრო ხშირად აკითხავდა კიტა დღის ბოლოს და უფრო მეტად მინდებოდა, ჩემთვის ერთი სიტყვა მაინც ეთქვა. ის კი იჯდა საჭესთან მშვიდად, სიგარეტს აბოლებდა ძალიან ხშირად. ჯერ მე მტოვებდა სახლში, მერე თორნიკე მიჰყავდა და ისე იქცეოდა, თითქოს ჩვენი დარიგება თავისი ერთადერთი საზრუნავი იყო. გამსახურდიები სულ რაღაც ორი ქუჩით ქვემოთ ცხოვრობდნენ. საღამოობით თორნიკე მაფეთქებდა ხოლმე, დავბირჟავდეთო, მაგრამ მამაჩემი იმ ხანებში განსაკუთრებულად ეტანებოდა ალკოჰოლს და მისი გაღიზიანება არ მინდოდა. მანქანით სახლამდე მიცილებასაც უარით ვპასუხობდი. დამინახავდა რომელიმე მეზობელი და მამაჩემამდე რომ მისულიყო ეს ამბავი, ვერც ავუხსნიდი, რომ უბრალოდ მეგობრები იყვნენ. თორნიკე წუწუნით ხვდებოდა შემოთავაზებაზე ჩემ ყველა უარყოფას, კიტა უსიტყვოდ გამომხედავდა ხოლმე და მხოლოდ თავის დაკვრით მესალმებოდა.

უმაღლესში სწავლის მესამე წელი იყო. თორნიკე ბოლო კურსს ხურავდა. უნივერსიტეტთან კიტას მანქანა კიდევ უფრო ნაკლებად ჩნდებოდა. საშინელი ამინდი იყო. უაზროდ ქროდა გაღიზიანებული ქარი და ისე ელავდა, წვიმაში მოყოლას ვერ ავცდებოდით. უშედეგოდ ვიქნიეთ ხელი ტაქსის გასაჩერებლად, ყველა დაკავებული იყო. ამასობაში, ისე გაწვიმდა, მივხვდი, გაციება არ აგვცდებოდა. ორი ტრანსპორტი გამოვიცვალეთ, სახლამდე რომ მიგვეღწია. გაჩერებაზე, გამსახურდიების სახლთან ახლოს, კიტა დავინახეთ ქოლგით ხელში. ორ წუთში კორპუსიდან შუახნის ქალი გამოვიდა და სიცილით ამოეფარა ქოლგას. კიტამ ხელი მოხვია მხრებზე და ასე წამოვიდნენ გაჩერებისკენ. მოახლოებისას თორნიკემ ქალი იცნო და ყვირილით გავარდა წვიმაში. ქალის სხეული ჰაერში აიტაცა და დაატრიალა. სიცილის ხმებს ჩხუბის ხმა მოჰყვა. მერე სამივე ჩემკენ შემოტრიალდა. გაშტერებულს არ ვიცოდი, თავი სად წამეღო, სად დავმალულიყავი. კიტას შავები ეცვა, თავისი აქსესუარები ჰქონდა ასხმული და თმა ჰქონდა ახალი შეჭრილი. იმდენად კარგად გამოიყურებოდა, თვალი ვერაფრით მოვაშორე. იმანაც, თითქოს ჩემი მდგომარეობა იგრძნო, თვალი ჩამიკრა, ოდნავ გამიღიმა და ისევ თავის დაკვრით, ისევ შორიდან მომესალმა.
- ეს ვინ არის? - თბილი ხმით იკითხა შუახნის ქალმა და თორნიკეს ჩემზე ანიშნა. ასე გავიცანი თინა - კიტა და თორნიკე გამსახურდიების დედობილი.

კიტას რომ თინა სიგიჟემდე უყვარდა, ამას თავიდანვე მივხვდი. განსაკუთრებული სითბოთი ექცეოდა ყოველთვის, არასდროს ზედმეტად არ ტვირთავდა და რა უნდა ყოფილიყო, ქალს მოენდომებინა და გამსახურდიას მისთვის არ გაეჩინა. დედასავით რომ ჰყავდა, მაშინაც ვიცოდი, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მე და კიტა სერიოზულ ურთიერთობას ვუყრიდით საფუძველს, ერთმა შემთხვევამ მიმახვედრა, რეალურად რამდენად მნიშვნელოვანი იყო ძმებისთვის ბიოლოგიური დედის ერთადერთი და. და, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ამ ორი ადამიანის აღზრდას დაუთმო.

იმ ღამით აღრიალებულმა დამირეკა. ტელეფონში რას მეუბნებოდა, ვერაფერს ვიგებდი. აუხსნელადაც ვხვდებოდი, რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო, თორემ სხვა შემთხვევაში, კიტა ასეთ მდგომარეობამდე არ მივიდოდა.
- ანალიზის პასუხები არაა კარგი, ნინა. ამ ცხოვრების დედაც რომ მოვტ*ან. თინას რამე როგორ უნდა დაემართოს. ეგ საერთოდ რანაირადაა შესაძლებელი.
- დამშვიდდი, რა, კიტა. კარგად იქნება ყველაფერი, - გული მერევა საკუთარ სიტყვებზე.
- კარგი, რა, - ირონიით მპასუხობს და იცინის. ჩვეულებრივი სიცილი არაა, ნერვებსაა აყოლილი.
- ჩემთან მოხვალ? - ფიქრის შემდეგ ვეკითხები. იქნებ კარგი აზრი არაა, იქნებ მარტო უნდა ყოფნა.
ტელეფონში ამოოხვრის ხმა მესმის.
- მოვალ, ნინა. კარი არ დაკეტო.

ადგილს ვერ ვპოულობდი. თინა მეც ძალიან მიყვარდა, მაგრამ კიტას მდგომარეობას უფრო განვიცდიდი. ვიცოდი, განადგურდებოდა რამე რომ მოსვლოდა. ისიც ვიცოდი, ყველაფერს იზამდა, რომ გადაერჩინა. შუაღამისას მოვიდა. თვალები ჰქონდა ჩაწითლებული და ალკოჰოლის სუნი ასდიოდა. კარის ჩარჩოს მიყრდნობილი რამდენიმე წუთს უსიტყვოდ მიყურებდა. მერე გადმოიწია და ჩამეხუტა. ძვლები მეტკინა, ისე მიჭერდა ხელს, მაგრამ მოვკვდებოდი და ხმას არ ამოვიღებდი. სჭირდებოდა, რომ ტკივილი ვინმესთვის გაეზიარებინა და უბრალოდ მადლიერი ვიყავი, ეგ ვინმე მე რომ ვიყავი.
- როგორ ფიქრობ, გადარჩება? სიმართლე მითხარი, ნინა. ის, რასაც მართლა ფიქრობ და არა ის, რაც გინდა რომ იფიქრო და მეც მაფიქრო.
საწოლზე ვიწექით. ზამთარი იყო და ციოდა. მე პლედში ვიყავი გახვეული, თვითონ მე მეხვეოდა და სიცივის მიუხედავად, საშინლად ცხელი იყო. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეპასუხა. მართლა სჭირდებოდა სიმართლე? და რა იყო სიმართლე?
- მჯერა, რომ კარგად იქნება. უბრალოდ არ დანებდე, კიტა, კარგი?
ხელები მოვხვიე და თავზე ვაკოცე. ყელში შემიძვრა. რამდენჯერმე მაკოცა. თითქოს ასე მიხდიდა მადლობას, რომ მარტო არ იყო. რომ ჩემთან მოსვლა შეეძლო ყოველთვის, როცა ენდომებოდა.
- თინა არ უნდა მოკვდეს, - ბუტბუტებდა თავისთვის. წელზე შემოხვეული დამძიმებული ხელით ვხვდებოდი, ეძინებოდა, - დედაჩემივით ისიც ვერ მოკვდება.

საქართველოში ექიმებს ვერ ვენდობიო, გაგიჟებული გვიმეორებდა. თურქეთში გადაგზავნა ანალიზები, იმათმა ჩამოდით, გიშველითო, შემოუთვალეს და ერთი თვის თავზე გამსახურდიები თინასთან ერთად სტამბოლში გადაფრინდნენ. მუდამ მოღიმარი, ფუმფულა და თავ მოვლილი ქალი ერთიანად ჩამოხმა. დიდხანს უმალავდნენ ძმები რეალურ დიაგნოზს, მაგრამ ეჭვობდა ჩვენი ზედმეტად აფორიაქების გამო და ერთ დღესაც კიტას ოთახში ანალიზის პასუხები იპოვა. ამბობდა, არ ვნერვიულობ, ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება ყველაფერიო, მაგრამ ხალხთან კონტაქტი და ჭამა შეწყვიტა. უფრო ნაკლებად გადიოდა გარეთ, უფრო ნაკლებ სტუმარს იღებდა.

თურქეთიდან გამოგზავნილმა პასუხმა ყველაფერი შეცვალა. იმედი, რომელსაც ძლიერად ვებღაუჭებოდით, უეცრად რეალური გახდა. წასვლამდე, წინა დღეს, კიტა გვიანობამდე დარჩა ჩემთან. დაისვენე-მეთქი, ვეხვეწებოდი, მაგრამ ისეთი აფორიაქებული იყო, თვალს ვერ ხუჭავდა.
- ტყუილი იმედი არ მინდა მქონდეს, ნინა. სანამ სრულიად არ გამოჯანმრთელება, ბოლომდე დარწმუნებული ვერაფერში ვიქნები.
- თინა ის ქალი არაა, ასე უცებ დანებდეს, - ვეხვევი. საშინლად მენატრება. კიტას ნაკლებობას განვიცდი რამდენიმე თვეა, მაგრამ ისეთი სიტუაციაა, ვერ ვეუბნები ვერაფერს.

გამსახურდია ჩემ მდგომარეობას მარტივად ხვდება. ცხვირის წვერით მეთამაშება ლოყაზე, იქვე მკოცნის და ხელს ძლიერად მიჭერს წელზე. კოცნით მიუყვება ყბის ძვალს და ტუჩებით ტუჩებთან მისწორდება. გახშირებული სუნთქვით ვხვდები, ოთახში ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს. წლების მერეც მის შეხებაზე ისეთივე რეაქცია მაქვს, როგორიც პირველად. გული ამომივარდეს ლამისაა, არადა ჯერ არც უკოცნია.
- რატომ კანკალებ, ნინა? - ჩახლეჩილი ხმით მეკითხება. ბოროტი კაცია, კარგად იცის, როგორც მოქმედებს ჩემზე.
ყელში მიძვრება და მკოცნის. მე მეტი მინდა, არ მყოფნის უბრალო კოცნები და ისაა უნდა გავაპროტესტო, რას მაწვალებ-მეთქი, რომ ხელს მაისურის ქვეშ მიცურებს და კანზე ნაზად მეფერება. გონება მეთიშება თითების შეხებაზე. თავს ვაწევინებ ზემოთ და ვკოცნი. ისე მოწყურებული, რომ კოცნებს შორის ეცინება. ყველა ამოოხვრას თავისი ტუჩებით ახშობს, უკან მწევს და მთელი სხეულით მფარავს.
დილით კიტა წასული მხვდება. გული მწყდება, რომ ვერ ვაცილებ, მაგრამ თავთან ახლოს მაღაზიის ქვითარზე მიწერილ რამდენიმე სიტყვიან წერილს ვპოულობ და ბედნიერებისგან პირი მეხევა.
„ძალიან ლამაზი ხარ, ნინა“.

თურქეთში ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა. თინა ექიმების დაკვირვების ქვეშ იყო, ოპერაციისთვის ამზადებდნენ და კიტას ხშირად ვერ ვესაუბრებოდი. სამაგიეროდ, თორნიკე მყავდა შეჭმული და ორ საათში ერთხელ ვეხვეწებოდი, შორიდან მაინც დამანახე-მეთქი. ისიც ჯერ უსიტყვოდ, მერე უკვე წუწუნით მისრულებდა თხოვნას. თითქმის ორი თვის შემდეგ ჩამოვიდნენ. ოპერაციის მერე თინას გადმოფრენა ცოტა ხნით გადადეს და ერთთვიანი რეაბილიტაციის დასრულებისთანავე საქართველოში დაბრუნდნენ. აეროპორტში კიტა რომ დავინახე, გული ლამის მომიკვდა. გამხდარი იყო, თვალები ჰქონდა ამოღამებული და ნელი ნაბიჯით მოდიოდა. გვიან შემამჩნია, ხალხის უკან ვიდექი და არ ვიცოდი, უნდა მივსულიყავი თუ არა. იქნებ თინას არავის ნახვა უნდა-მეთქი, გულში ვფიქრობდი, მაგრამ თორნიკემ გადამარწმუნა წინა დღეს, გაუხარდება შენი დანახვაო.
კიტამ ბარგს ხელი გაუშვა და ჩემკენ წამოვიდა. მომლოდინედ დადგა ჩემ პირდაპირ და დაელოდა, რას ვიზამდი. ხელები კისერზე შემოვხვიე, ძლიერად მოვწიე ჩემკენ. მინდოდა, მთელი სხეულით მეგრძნო, რომ დაბრუნდა და აღარ წავიდოდა. როგორც კი ცხვირის რეცეპტორებმა ნაცნობი სუნი აღიქვეს, გული ამიჩუყდა.
- ძალიან მომენატრე, ნინა, - ყურთან ახლოს ამოიჩურჩულა. საპასუხოდ კიდევ უფრო მივეხუტე. ჩაიცინა და ხელები ძლიერად შემომხვია.

ამის შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი, რადგან საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში მე და კიტა ერთმანეთს დავშორდით. ჩვენი დაშორება ყველაზე ჩუმი და უსიტყვო გამოდგა. მე მხოლოდ იმედგაცრუებულ თვალებს ვხედავდი, არაფრით რომ არ მშორდებოდა. მიყურებდა კიტა და ვიცოდი, ძველებურად აღარაფერი იქნებოდა.

...უხმოდ გალეული გზის შემდეგ სოფელში გვიან ჩავდივართ. დაჟანგულ კარს დიდხანს ვეჭიდავები. გამსახურდია ოხრავს და გასაღებს ხელიდან მაცლის. კარს მარტივად აღებს და პირველს მატარებს. თვითონ მანქანისკენ ბრუნდება, პროდუქტების გადმოსაღებად. მიტოვებული სახლი ნაომარი მხვდება. იმდენი რამაა დასალაგებელი, ლამისაა დარჩენა გადავიფიქრო. თორნიკე გამომცდელად მიყურებს. ელოდება, როდის ავფეთქდები. ვერ მივართვი!
- დღეს დარჩი, - საძინებლის კარს ვაღებ, - გვიანია უკან დასაბრუნებლად.
არ მეწინააღმდეგება, თავს მიქნევს, მერე ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს. ოთახებს შეძლებისდაგვარად ვალაგებ. თორნიკე მეხმარება, ლეიბებს მაბერტყინებს, მერე უკან აბრუნებს და საწოლს ასწორებს. მამაჩემის ნივთებს ვაძლევ, რომ გამოიცვალოს და ოთახში ვტოვებ. გვიან კარზე მიკაკუნებს. მოვიწყინეო, წუწუნებს და მთავაზობს, ცოტა დავლიოთო. უარს არ ვეუბნები. მისაღებში, ხალიჩაზე ვსხდებით და ჭიქიდან ღვინოს ვწრუპავთ. უცნაურად ცქმუტავს, ადგილზე ვერ ჩერდება. რაღაცის თქმა უნდა და ვღიზიანდები, თავს რომ ვერ აბამს.
- რამე პრობლემა გაქვს? - არაო, უარყოფის ნიშნად თავს აქნევს, - აბა, რა არ გასვენებს?
- მაპატიე, ნინა, - მეუბნება უეცრად, - ძალიან რომ მიყვარხარ, იმიტომაც ვაკეთებ ამას. არ გამიბრაზდე და რაც მთავარია, არ შემიძულო.

ნერვიულობის შეგრძნება მიბრუნდება. წარმოდგენა არ მაქვს, რას გულისხმობს, მაგრამ კარგი რომ არაფერია, მისი სერიოზული ხმით ვხვდები. რა ხდება-მეთქი, მინდა ვკითხო, მაგრამ ფანჯარას მანქანის შუქი ანათებს და რამდენიმე წამში კარის მიხურვის ხმა მესმის. თორნიკეს ვუყურებ. ვერ ვიჯერებ, რომ ამას მართლა მიკეთებს. თავი აქვს ჩახრილი და ცოცხალი თავით არ მიბრუნებს მზერას.
- არ მითხრა, რომ ის გააკეთე, რასაც ახლა ვფიქრობ, - ვეხვეწები. სევდა ყელში მაწვება. მიღალატეს მგონია. ლამისაა ავღრიალდე. საერთოდ არ ვარ მზად ამ შეხვედრისთვის. ღმერთო, არ მინდა შეხვედრა.

კარზე აკაკუნებენ. ჭიქაში მოქცეული სითხე კედლებს ასკდება. სხეულის კანკალს ვერ ვაჩერებ. არასდროს ვაპატიებ თორნიკეს, ამ მდგომარეობაში რომ ჩამაგდო. არასდროს ვაპატიებ, - გონებაში ვყვირი.
გამსახურდია ფეხზე დგება და კარის გასაღებად მიდის.
- თორნიკე, - ვყვირი უეცრად გამოფხიზლებული, - კარს თუ გააღებ, თვალით აღარ დამენახო.
- თუ ამით თქვენ რამე გამოგისწორდებათ, აღარ დაგენახები, - მობრუნების გარეშე მეუბნება და სახელურს სწევს.

ჩვენი სიყვარულის ამბავი უცნაურად დაიწყო. მაშინ, როცა მთვრალმა, ფაქტობრივად, გავლანძღე და თან, სიყვარული ავუხსენი. თითქმის ერთი წელი იყო გასული ჩვენი გაცნობიდან. ყველაფერი იმდენად ბუნებრივად მოხდა, ვერ გავიაზრე, როგორ დავიწყე ფანჯრიდან ყურება იმის იმედით, რომ მის მანქანას დავინახავდი. როგორ ვეძებდი ყველგან თვალებით, სახლთან ახლოს ყველა მაღაზიაში მის შემოსვლას ველოდებოდი. უბანში კუთხე არ მრჩებოდა, რომ არ დამეთვალიერებინა, მაგრამ კიტა გარეთ იშვიათად მხვდებოდა. უმეტესად, გვიან ბრუნდებოდა სახლში. ძალიან ბევრს მუშაობდა და სულ უხასიათოდ იყო. არ იღიმოდა თითქმის არასდროს და ზურგს უკან, თორნიკესთან, უჟმურს ვეძახდი ხოლმე. გამსახურდია სიცილით კვდებოდა ჩემ გატაცებაზე და შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ არ გავემასხარავებინე. თორნიკე ერთადერთი იყო, ვინც ჩემი გრძნობების შესახებ იცოდა. თავიდანვე მიხვდა, მაგრამ დამალვა არც მიცდია. ანიკო აღარ მყავდა ახლოს და ისედაც იმდენ რამეს ვინახავდი გულში, მეშინოდა, არ გამხეთქოდა.
ჰოდა, იმ საღამოს, როცა პირი მოვაღე და კიტას მთელი ჩემი გრძნობები გადმოვუშალე, თორნიკეს 23-ე დაბადების დღეს აღვნიშნავდით გამსახურდიების სახლში. იმდენ უცხო ადამიანში პირველად მოვხვდი. ხმის გამცემი არავინ მყავდა. სამზარეულოში ვიჯექი ჩემთვის, ლუდს ვსვამდი და იმაზე ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა, საზღვარგარეთ წასვლა მეც რომ შემძლებოდა. კიტამ რომ შემომისწრო, მესამე ჭიქას ვცლიდი და ისეთი მთვრალი ვიყავი, საპირფარეშოში გასვლასაც ვერ ვახერხებდი. ჩემ იქ ყოფნას არ ელოდა. აშკარა იყო, იმ წამს დაბრუნებულიყო სამსახურიდან, რადგან მთელი საღამოს განმავლობაში ერთხელაც არ მენახა.
ერთჯერად, გამოყენებულ ჭიქებს ნაგვის ურნაში გადაუძახა და ჩემ წინ მაგიდას დაეყრდნო.
- დათვერი? - უჩვეულოდ თბილი ხმით მკითხა. გონება ისედაც დაბინდული მქონდა, მაგრამ იმდენად გამიხარდა რომ შემიმჩნია და ხმა გამცა, გული ამიჩუყდა და ტუჩი ამომიბრუნდა სატირლად.
- შენ საერთოდ ჩემი სახელი გახსოვს? ძალიან ვერ გიტან, - ნაწყენმა ვუსაყვედურე. გაუკვირდა. მუდამ ჩუმად ვიჯექი მის კამპანიაში და თვალში არასდროს ვეჩხირებოდი. რომ ეთქვა, შენი სახელი არ მახსოვსო, ფხიზელზე ვერც დავადანაშაულებდი. ახლა კიდევ, მის სახლში, მის სამზარეულოში ვიჯექი ძალიან ნასვამი და ფაქტობრივად, ვლანძღავდი.
- რა თქმა უნდა, მახსოვს. ნინა ხარ ჩელებაძე, - გაიცინა და ულამაზესი კბილები გამოაჩინა.
- პირველად ვხედავ შენ სიცილს, - მაშინვე გადამიარა გაბრაზებამ.
- დარწმუნებული ხარ, რომ ახლა საერთოს რამის დანახვა შეგიძლია? - ხაზი გაუსვა ჩემ სიმთვრალეს. გადმოიწია და ჩემი თმის ბოლო თითზე დაიხვია. სიახლოვისგან გული ამიჩქარდა. ვიგრძენი, სახეზე ვწითლდებოდი.
- კიტა, - გაპარული ხმით ძლივს ამოვილაპარაკე. ეს ბიჭი რაღაც განსაკუთრებულს მმართებდა უბრალო დგომით, თმაზე უბრალო შეხებით, უბრალო საუბრით და ძალიან ბრალიანი ღიმილით.
- ნინა, - ტუჩებით სულ ოდნავ შემეხო ლოყაზე. სიამოვნებისგან თვალები თავისით დამეხუჭა. ისე გავინაბე, ლამის მიმეძინა. როდის გავაღე პირი, აზრზე ვერ მოვედი.
- კიტა, მგონი, მიყვარხარ.
- ნინა, - ჩემ სახელს იმეორებს ისევ, - არ მაიძულო, რომ შენი სიტყვები დავიჯერო.
დაიძინებ და დილით აღარაფერი გემახსოვრება. ასე არ მაწყობს. ასეთ მდგომარეობაში - არა.

მეორე დღეს ჩემთვის არაფერი უთქვამს, მე კიდევ მთელი წინა საღამო ზედმეტად კარგად მახსოვდა. ისედაც ვერასდროს თვალს ვერ ვუსწორებდი და ახლა სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. ჩემი სიყვარულის ახსნის შემდეგ ორი კვირა გამსახურდიები უბნიდან აორთქლდნენ. უკვე სერიოზულ პანიკაში ვიყავი. მეგონა, რომელიმეს რაღაც მოუვიდა და ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა მანადგურებდა. იმ საღამოს ძალიან ბევრი ვიფიქრე და სალანძღავი ტექსტი თორნიკესთან უნდა გამეგზავნა, ტელეფონზე შეტყობინება რომ მომივიდა.
„თეთრი კაბა გიხდება. ძალიან ლამაზი ხარ, ნინა“.
ჭკუიდან კინაღამ გადავედი, ისე გავბედნიერდი. თვალებით ვეძებდი ყველგან, მაგრამ გვიანი საღამო იყო და ნორმალურად ვერაფერს ვხედავდი. ტელეფონი ხელმეორედ რომ განათდა, გული გადამიქანდა სიხარულისგან. ეგ სიხარული მაშინვე გაქრა, როგორც კი ეკრანზე მამაჩემის სახელი ამოვიკითხე.
- სახლში, ახლავე, - თითქმის ყვირილით ჩამძახა. იქვე, პარკში ვიჯექი და მისვლა არ დამგვიანებია. შიშით ჩამოვწიე სახელური და ფეხაკრეფით შევიპარე. მისაღებში დივანზე იჯდა, ნახევრად ჩაცლილი ლუდის ბოთლი ეჭირა და ტელევიზორს უყურებდა. შორიდანვე ვხვდებოდი, ძალიან მთვრალი და გაბრაზებული იყო.
- სახლში ვარ, - ძლივს ამოვთქვი. საკუთარი თავი მეზიზღებოდა, 22 წლის ასაკში ასე შიშით რომ ვძრწოდი საკუთარი მამის წინ.
- სად დადიხარ, ნინა, - ღიღინით ამბობს ჩემ სახელს. ბოთლს სწევს და კიდევ ერთ ყლუპს სვამს. პირიდან გადმოსული სითხე მაისურზე ეწვეთება.
- პარკში ვიჯექი, ჰაერზე.
- ჰაერი სახლში არ გვაქვს? - ბოლომდე ცლის სასმელს და ფეხზე ბარბაცით დგება.
- ცხელა აქ.
- ძალიან გათავხედდი, ხვდები? - მიახლოვდება. უკან ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს, მაგრამ გულით რომც მინდოდეს, ვერ გავიქცევი.
- ხვალ ვილაპარაკოთ, რა, მამა, - ვთხოვ და გაწევას ვცდილობ. ხელს იქნევს აღრიალებული და სახეში მარტყამს. ადრე ამის გამო ბევრს ვიტირებდი, ახლა ვბრაზდები და ოთახისკენ გავრბივარ. ყვირილით მომდევს უკან და დაკეტილ კარზე დიდხანს აბრახუნებს. მერე ბეზრდება და გინებ-გინებით მიდის.

ცივის დადება მინდა ლოყაზე, მაგრამ ოთახიდან გასვლას ვერ ვბედავ. თავი მისკდება საშინლად. დაძინებას ვერ ვახერხებ. გამთენიისას, ოთახიდან ჩუმად ვიპარები და აფთიაქში ჩავდივარ გამაყუჩებლის საყიდლად. გახეთქილ ტუჩზე შემხმარ სისხლს ენით ვარბილებ. სისხლის გემო მთელ პირს ედება და გულის რევის შეგრძნება მუცელს მიწრიალებს. ფარმაცევტი გაკვირვებული მიყურებს. წამლის მოსატანად ტრიალდება და მეორე ოთახში უჩინარდება. გვერდით მჯდომი თანამშრომელი თვალს არ მაშორებს. მერე ამჩნევს, მის მზერას რომ ვაფიქსირებ და ტელეფონში ჰყოფს თავს. აზრზე არ ვარ, ასეთ ყურადღებას რატომ იჩენენ, მაგრამ ტკივილის სიძლიერით ვხვდები, სახეზე კარგი არაფერი უნდა მჭირდეს.
აფთიაქიდან თავჩახრილი გამოვდივარ. გამოსვლისას კარს მოძრავ სხეულს ვარტყამ და ის-ისაა, ბოდიშის მოსახდელად პირს ვაღებ, რომ მზერას ნაცნობ სახეს ვუსწორებ. გამსახურდია ჩემ დანახვაზე პირიდან უცნაურ ხმებს უშვებს.
- ეს რა ჯანდაბა გჭირს სახეზე, ნინა, - ღმუის და ლოყაზე მეხება. გრილი ხელი აქვს და თითების შეხება მსიამოვნებს. უნებურად ვადებ ხელს ხელზე, ვაშლევინებ და ლოყაზე ვიფარებ. გახურებული კანი ოდნავ მიწყნარდება. შეხება ორმაგად მსიამოვნებს, როცა ვიცი, კიტაა ჩემი მშველელი და მთელი ღამის ნაგროვებ ბრაზს ცრემლების სახით ვუშვებ. კიტა ჭკუიდან გადადის. მარცხენა ხელს ჰაერში იქნევს, მთელი უბნის გასაგონად ღრიალებს და ფაქტობრივად მეხვეწება ვუთხრა, ხელი ვინ დამარტყა.
- არაფერია, კიტა, - მის დამშვიდებას ვცდილობ.
- რა არაფერია? - უარესად ბრაზდება. ხმას უწევს გაუაზრებლად, - ვინ რა უფლებით გეხება, ნინა, არ გამაგიჟო. მითხარი ვინაა, ცოცხალს არ დავტოვებ. დედას შევე*ი, ეს რა გჭირს სახეზე, - ნიკაპზე მავლებს ხელს და თავს აქეთ-იქით მატრიალებინებს.
- წამალი უნდა დავლიო, თავი მტკივა, - ხელში ჩაბღუჯულ შეკვრაზე ვანიშნებ. თავს მიკრავს და ოდნავ მშორდება. სანამ მე წამალს ვსვამ, ტელეფონზე ურეკავენ.
- მალე მოვალ, - ღრენით პასუხობს, - ტვინს ნუ შეჭამ, თორნიკე, მალე მოვალ-მეთქი. აფთიაქთან ვდგავარ.
გათიშული არ აქვს, თორნიკე რომ გვიახლოვდება ჩხუბით, რა ვით დამაყუდე მანქანაშიო. კიტა ყურადღებას არ აქცევს, ისევ მე მიყურებს და ცერა თითით ლოყაზე ოდნავ მეფერება.
- რას აკეთებ, , - ზურგიდან წინ გადმოდის და ჩემ დანახვაზე კიტასავით თვალები უმუქდება.
სინქრონში აღრიალებულ გამსახურდიებს ვერ ვაწყნარებ. ყვირილს თუ აპირებთ, სადმე სხვაგან მაინც წავიდეთ-მეთქი, ვეუბნები და ცნობისმოყვარე ფარმაცევტებისკენ ვანიშნებ. მათთან სახლში ავდივართ. დივანზე მსვამენ, თვითონ გაბრაზებულები აქეთ-იქით დადიან და კრუგს მირტყამენ. თავბრუ მეხვევა მათ შემყურეს და ოდნავ უკან ვიწევი. ამასობაში, თენდება. მზის შუქი ოთახს უფრო მეტად ანათებს. თორნიკეს ვთხოვ, სარკე მომიტანე-მეთქი. ცოტა ხანს ერთმანეთს უყურებენ, მერე კიტა ოდნავ უკრავს თავს და თორნიკეს სარკე შემოაქვს. ნანახი არ მაოცებს, უარეს მდგომარეობაშიც ვყოფილვარ. ჩემ სიმშვიდეს კიტა კიდევ უფრო დიდი აგრესიით ხვდება. ხმამაღლა აგინებს ხელის გამომქნევს და იმუქრება, თუ გავიგებ ვინაა, არ ვაცოცხლებ იმ ნაბი*ვარსო.
- ის მაინც მითხარი, როგორ ხარ? - გვერდით ჯდება შედარებით დამშვიდებული და ჩემი სიჩუმით შეშინებული, თვალებში მაშტერდება. აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე, რომ ეს ბიჭი ზედმეტად თბილი ადამიანია-მეთქი, საკუთარ თავს ვეკითხები. თავს გვერდით ვწევ და მხარზე ვადებ. შეშდება. ოდნავადაც აღარ ინძრევა. ის კი არა, ერთ მომენტში, მგონია, სუნთქვასაც წყვეტს.
- კარგად ვარ, კიტა. ეგრე ძალიანაც ნუ ნერვიულობ, რა.
- რანაირად არ ვინერვიულო? ტუჩი გაქვს გახეთქილი. იცი რა ძალა სჭირდება, სახე რომ მაგ დღეში ჩაგივარდეს? - უჩვეულოდ სევდიანი ხმით მეკითხება. თავს ოდნავ ზემოთ ვწევ და ქვემოდან მის იდეალურ ყბას ვუყურებ. საუბრისას ტუჩები სინქრონულად, ლამაზად მოძრაობენ. საშინლად მინდა, მაკოცოს. ახლა ამ ტუჩებისთვის სულსაც გავყიდდი.
- გირეკავენ, - თორნიკეს ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან. ჩემ წინ დგას და ტელეფონს მაწვდის. სანამ დავბლოკავდე, კიტა თვალს ავლებს და მეკითხება, მამაშენს რატომ არ პასუხობო.
- არ მინდა მასთან საუბარი, - ხმა მივარდება ლაპარაკისას. თავს ისევ მის მხარზე ვაბრუნებ და თვალებს ვხუჭავ. რამდენიმე წუთს უხმოდ ზის. სხეული აქვს საშინლად დაჭიმული და ისე სუნთქავს, ცეცხლს გამოუშვებს მგონია.
- ამის დედაც, ნინა, - ჩემ გასაგონად, ჩამწყდარი ხმით ჩურჩულებს, - მამა რანაირად მოგიკლა.

5 წლის უნახავი კიტა სულ სხვანაირია. თმა აქვს ოდნავ წამოზრდილი, გრძელ წვერს ატარებს და წონაშია დაკლებული. ჩემ დანახვაზე თვალები უმუქდება, მე ჭიქა მივარდება ხელიდან და მზერას ვერ ვაშორებ. არც ერთ რეალობაში არ მეგონა, მე და გამსახურდია ერთი ჭერის ქვეშ თუ აღმოვჩნდებოდით კიდევ. არადა, კიტა ახლა ძალიანაც რომ რეალურია. რეალურად აქვს გაკვირვებული სახე, ბრაზი რომ უვლის მომენტებში და რეალურად კრავს შუბლს ჩემი და თორნიკეს ერთად დანახვისას. ნეტავ, როგორ ჩამოიტყუა აქამდე? ნეტავ იცოდა, ჩემ სანახავად რომ მოდიოდა?

კიტა სახლში შემოდის, ჩემგან ზურგით დგება და თორნიკეს რაღაცას ეუბნება. მე უკვე აღარაფერი მესმის. გონებაში ვუკივი გაშეშებულ სხეულს, ადექი და გაიქეცი-მეთქი. ისიც ფხიზლდება, ბრძანებას ემორჩილება და მეორე სართულზე გიჟივით გავრბივარ. თითქოს ასე გადავრჩები მხოლოდ. თითქოს, ასე შევძლებ, საკუთარ გრძნობებს გავექცე. თითქოს ისევ 22 წლის ვარ და მამაჩემის გავურბივარ. საწოლში გადასაფარებლის ქვეშ ტანსაცმლიანად ვწვები. იმედს ვიტოვებ, რომ კიტა თორნიკეს კარგად მიალანძღავს და ორივე დამტოვებს, რომ ჩემი კუთვნილი დასვენება სიმშვიდეში გავატარო.

მანქანის დაქოქვის ხმა ზედა სართულამდე აღწევს. ფეხზე ვდგები, ფარდას სულ ოდნავ ვწევ და ვხედავ, როგორ გადის მანქანა ჩემი სახლის ეზოდან. ისაა, ვერ ვცნობ, ვისი მანქანა უჩინარდება.
კიბეზე ამოსვლის ხმა რეალობაში მაბრუნებს. ვიღაც ნელი ნაბიჯით უახლოვდება ოთახს. კართან მივდივარ ფეხაკრეფით და ჩუმად ვაწვები შიგნიდან, რომ არ გააღონ. შუბლით კარს ვეყრდნობი. მეორე მხრიდან ნაცნობი ამოოხვრის ხმა მესმის. შიში ისევ ბრუნდება, მთელ სხეულზე მედება და ავადმყოფურად მაკანკალებს. არ ვარ მზად მასთან შესახვედრად. არც მასთან პირისპირ დასარჩენად ვარ მზად და საერთოდ არ ვარ მზად იმისთვის, რომ კარი გავაღო. წადი-მეთქი, გონებით ვუგზავნი შეტყობინებას, მაგრამ ის სიგნალს ბლოკავს და კარზე მსუბუქად აკაკუნებს.

- ნინა, - თითქმის ჩურჩულით მეძახის. წლების შემდეგ მის ბაგეებს ჩემი სახელი პირველად სწყდება. იმდენად მტკენს გულს მისი პირიდან ამოსული ეს ერთი სიტყვა, რომ უხმო ქვითინი მივარდება.
- ნინა, - მეძახის ისევ. ჯანდაბას შენი თავი, ნუ ამბობ ჩემ სახელს, ვუყვირო მინდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ, - გამიღებ კარს?
კარს ვერ ვუღებ. სახელურისკენ წაღებული ხელი ყოველ ჯერზე უკან მიმაქვს.
ძალიან გვიან თენდება.

გამთენიისას, როცა სახლში უჩვეულო სიჩუმეს მხოლოდ ჩემი კუჭის ღმუილის ხმა არღვევს, ოთახიდან ფეხაკრეფით გავდივარ. ვლოცულობ, რომ სამზარეულოდან საჭმლის აღება და ოთახში დაბრუნება ისე მოვახერხო, კიტას არ გადავეყარო.
გამსახურდია მისაღებ ოთახში დივანზე წევს და სძინავს. დილის სუსხისგან შეციებული ბალიშს ეხუტება. ძილშიც კი არ ხსნის მუდამ უკმაყოფილოდ შეყრილ კოპებს. სხვანაირია ძალიან და გული მეკუმშება. ტუჩები აქვს სასაცილოდ გამობერილი, მშვიდად სუნთქავს და ასე უბრალო მდგომარეობაშიც კი საშინლად ლამაზია. მთელი სხეულით ვებრძვი მიახლოების იდეას. ომი მაქვს გამართული საკუთარ თავთან. ჩემში ვერ ვაკავებ მონატრების თითოეულ წელს. კანი მეწვის, ისე მინდა, თავისუფლად შეხება შემეძლოს, მაგრამ სულ ოდნავ ვუახლოვდები, ძალიან ჩუმად, რომ არ გაეღვიძოს და დივნის წინ ვიმუხლები.
- შენ რომ წარმოდგენა მაინც გქონდეს, რამდენად მტკივა შენი აქ ყოფნა, ალბათ არც არასდროს მოხვიდოდი. არა, კიტა?
ჩამოყრილ თმას მსუბუქი შეხებით შუბლიდან ვაშორებ. ოდნავ ირხევა, მე სუნთქვა მეკვრის და უკან ვიხევ. სულ რომ არაფერი, მასთან სიახლოვის უფლებაც კი აღარ მაქვს.
- არ მოვიდოდი, - სამზარეულოში შესვლამდე მეწევა ხმა. ვშეშდები, ქუთუთოებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ. თითქოს ეს მიშველის. თითქოს ეს გააქრობს ნაბიჯების ხმას, ნელ-ნელა რომ მიახლოვდება. თითქოს ეს დაამშვიდებს გასკდომამდე აჩქარებულ გულს, მონატრებისგან ათრთოლებულ სხეულს. თითქოს ეს წამართმევს იმ ტკივილს, რომელიც არა და არ ქრება. თითქოს თუ არ შევხედავ, კიტას რეალობა მწარე სიზმრად იქცევა.
- მობრუნდი, ნინა, - ყურთან ახლოს მესმის მისი სუნთქვა. თითქმის შეუმჩნევლად მეხება თმაზე.
- არ შემეხო, - ფეთიანივით ვხტები წინ და ვტრიალდები.
- გამარჯობა, - ძველი მეგობარივით მესალმება. ისაა, ხმაში სევდა ეპარება და მე მისი ტონის ცვლილებაზეც კი თვალები ცრემლებით მევსება.
- წადი, - მისალმებაზე არ ვპასუხობ. თავს აქნევს.
- არ წავალ.
- კიტა, წადი. სერიოზულად.
- სერიოზულად, ნინა. არ წავალ, - ხელებს შარვლის ჯიბეში იწყობს და გამომწვევად მიყურებს.
- აქ რას აკეთებ საერთოდ?
- თორნიკემ მომიყვანა.
- ჰოდა, წავიდა თორნიკე. შენ რატომ არ მიდიხარ?
- მშია, - პირს აწკლაპუნებს, - გაქვს რამე, რომ ვჭამოთ?
- შენ სულ გააფრინე? - სამზარეულოში შესულს უკან მივდევ, - დაქალებივით ყავაც ხომ არ დაგველია და გვეჭორავა?
- რატომ დაქალებივით? - უკვირს, - ისე დავლიოთ, როგორც შეგვეფერება. ყოფილებივით.
- კიტა, ძალიან დილაა და ძალიან არ მაქვს ამ ყველაფრის თავი, - სადღაც ქრება ჩემი სისუსტე, მასთან რომ იჩენს ხოლმე თავს.
- ამიტომაც, ახლა მე და შენ რამეს შევჭამთ, თუ გინდა ყავასაც დავლევთ და მერე ვისაუბრებთ.
- კიდე რა გინდა? - გაღიზიანებას ვერ ვმალავ. არ მომწონს, ასე თავისუფლად რომ იქცევა ჩემ გარშემო. მინდა, ჩემსავით დაძაბული იყოს, სიტყვას ვერ აბამდეს თავს, თვალს ვერ მისწორებდეს.
- ვჭამოთ.
მაცივრიდან წინა დღეს შეწყობილი პროდუქტები გამოაქვს და ყველაზე მარტივად მოსამზადებელ საჭმელს აკეთებს. მერე ის გემრიელად ჭამს, მე მას ვჭამ თვალებით, მაგრამ არ მიმჩნევს და ლამისაა თავი გამისკდეს ფიქრისგან.
- ხომ იცი, რომ არ მიყვარს, ჭამის დროს რომ მიყურებენ, - თავაუღებლად მეუბნება.
- საერთოდ არ მაინტერესებს, შენ რა გიყვარს და რა არა. და სულაც არ გიყურებ, - ვეჯღანები.

საუზმობის შემდეგ ჭურჭელს თავადვე რეცხავს. კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი შორიდან ვუყურებ და სადღაც გულის სიღრმეში უზომოდ მშურს იმ ადამიანის, ვისაც მასთან გარანტირებული მომავალი ელის. მომავალი, რომელიც ჩემი უნდა ყოფილიყო.
- რაზე ფიქრობ, ნინა? - ხელებს იმშრალებს, მაგიდას ეყრდნობა და მიყურებს.
- იმაზე, რომ შენ ძმას არასდროს ვაპატიებ ამ ყველაფერს.
- თორნიკე ერთადერთია, ვისთანაც ბოლომდე მტყუანი ხარ. ეგ ხომ იცი? - იცინის.
- მორჩი, რა.
- ერთი ზარი. აი რა იყო საჭირო იმისთვის, აქამდე რომ არ მისულიყავი. ერთი დაწყევლილი ზარი, რომ თორნიკესთან მისვლა თავისუფლად შეგძლებოდა. არ დაიმსახურა?
- თორნიკეს შენი გამოსარჩლება არ სჭირდება, კიტა. შენ თავზე იფიქრე.
- რომელ ჩემ თავზე?
- იმ თავზე, სულ მალე ცოლიანი რომ იქნება.
ყავის ჭიქაზე შემოჭდობილი თითები უწითლდება. სახის ნაკვთები უმკაცრდება. უხმოდ გადის მისაღებში და დივანზე ჯდება. მეც უხმოდ ვტოვებ სამზარეულოს და მორიდებით ვიკავებ ადგილს მის პირდაპირ. შეგრძნება, რომ საკუთარ სახლში თავს სტუმარივით ვგრძნობ, ნერვებს მიშლის. დემონსტრაციულად ვაწყობ ფეხებს დაბალ მაგიდაზე და თავს უკან ვწევ. ყავის სურნელი მთელ ოთახში იშლება. მსიამოვნებს სითბოს შეგრძნება, არადა პაპანაქება სიცხეა გარეთ. უჩვეულოდ გაყინულ თითებს ჭიქაზე ვითბობ. ახლა საუბარი კი არა, ასეთი სიჩუმე, ასეთი სავსე და უსიტყვო სიჩუმე მჭირდება. გრძნობა, რომ მარტო არ ვარ. გრძნობა, რომ ჩემთან ვინმე კი არა, კიტაა გამსახურდია.
- თბილისში ამბები სწრაფად ვრცელდება, არა? - ამბობს ცოტა ხნის შემდეგ. ირონიას ვერ მალავს მისი სიცილი.
- თუ გინდა, რომ ხალხმა რამე ვერ გაიგოს, უფრო კარგად უნდა დამალო.
- არაფერი მაქვს დასამალი, ნინა.
- ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს მაშინ, თბილისში ამბები როგორ ვრცელდება?
- არანაირი, ალბათ.
- ძალიან შეცვლილი ხარ, - ხმას ვერ ვიმორჩილებ მე.
- შენ კიდევ, ისევ ისეთი ხარ. ცოტა წონაში მოგიმატია, - დაკვირვებით მათვალიერებს.
- თავხედი ხარ ძალიან, - ვბრაზდები მის პირდაპირობაზე.
- გიხდება, ნინა. ლამაზი ხარ ძალიან.
ხმას ვეღარ ვიღებ. საუბრის ასეთ განვითარებას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მეგონა, ნივთი არ დარჩებოდა მთელი ოთახში, ჩვენ კიდევ მართლა ადამიანებივით ვისხედით, ყავას ვსვამდით და ყოველგვარი ხმამაღალი სიტყვის გარეშე ვესაუბრებოდით ერთმანეთს. იმდენი რამ იყო სასაუბრო და ვერც ერთი ვერ მივდიოდით მთავარ თემამდე. იმ ღამემდე, როცა ერთმანეთისგან წავედით. ღამემ, რომელმაც ამ რეალობამდე მოგვიყვანა.
- თინას ამბავი რატომ არ გამაგებინე?
- თორნიკემ გითხრა? - ხმა ეყინება მას.
- ყოველთვის მჭამდა შეგრძნება, რომ თორნიკე უფრო დიდ პატივს მცემდა და საერთოდ, უფრო დიდ პატივს სცემდა ჩემ არსებობას, ვიდრე შენ. ყოველ შემთხვევაში, ის საჭიროდ თვლიდა, რომ მე იმ ამბების მონაწილე და მოზიარე უნდა ვყოფილიყავი, რაც თქვენ ცხოვრებაში ხდებოდა ხოლმე. შენგან სიტყვების ამოქაჩვა მჭირდებოდა, არადა ერთადერთი რასაც ვითხოვდი გულწრფელობა და ნდობა იყო. მე ხომ არ მითქვამს, ძალიან შემიყვარე-მეთქი? - თვალს ვუსწორებ კიტას, - მე გთხოვე, ძალიან მენდე-მეთქი. როგორ ფიქრობ, მენდობოდი იმდენად, რომ დაწყევლილი ტელეფონი აგეღო და ეგ მეტად მნიშვნელოვანი ამბავი ჩემთვის გეთქვა? რომ ის მაინც შემძლებოდა, საფლავზე ყვავილები ამეტანა. მაგდენსაც არ ვიმსახურებდი შენი აზრით?
- ეგეთი მარტივი არაა, ნინა, - მზერას მიბრუნებს ისიც, - დავამთავრეთ მე და შენ ურთიერთობა. ვერ მოგთხოვდი, მოდი და ჩემ ტკივილს უყურე-მეთქი, - ხმას იმაღლებს. მომენტალურად ვსწორდები დივანზე, - გაიზიარე და მიშველე-მეთქი. დახმარება მჭირდება და შენ გარდა არავინ მყავს-მეთქი. იმდენად ცუდად ვარ, გული გამისკდება და ცოცხალს მომისწარი-მეთქი. ვერ დავამარცხე სიკვდილი, თინას ვერ ვუშველე-მეთქი. ვერ გეტყოდი, გესმის? არ გეტყოდი. მე ჩემი ტკივილიც მტკიოდა, შენ ვერ დაგტანჯავდი უფრო მეტად.
- ეგ შენი გადასაწყვეტი არ ყოფილა. ზუსტად იქ შეცდი, როცა იფიქრე, ჩემ ნაცვლად უნდა გეფიქრა. შენ გვერდით უნდა ვყოფილიყავი, თორნიკეს გვერდით უნდა ვყოფილიყავი. ეგოისტი ხარ, კიტა. ამდენი წლის მერეც საშინლად ეგოისტი ხარ, იმიტომ რომ ჩემ წინ ზიხარ, წარბშეუხრელად მელაპარაკები და ისე იქცევი, თითქოს აქედან რამდენიმე კილომეტრში საცოლე არ გელოდებოდეს, - ხმა მიტყდება. არ ვიტირებ-მეთქი, გულში ვბობოქრობ, - ხუთი წელი გავიდა და წერტილი ვერ დავუსვი ამ ურთიერთობას. ხუთი წელი მეგონა, რაღაც გამოსწორდებოდა. ვფიქრობდი, კიტა დამირეკავს, შეცდომა ვის არ მოსდის, ადამიანები ვართ-მეთქი, მაგრამ ერთხელაც არ დარეკე. სერიოზულად ფიქრობ, რომ იმის უფლება გაქვს, ჩემგან პასუხი მოითხოვო თორნიკესთან უკონტაქტობაზე? მე თორნიკე კი არა, შენ გაგაქრე ჩემი ცხოვრებიდან. ვიცოდი, ტყავიდან გავძვრებოდი და შენ არსებობას ჩემ ცხოვრებაში მაინც შევინარჩუნებდი. ვერ დავუშვებდი, რომ საიდანმე შენზე ამბები გამეგო. ამიტომაც მოვიჭერი ყველა გზა ჩვენ ყველა საერთო ნაცნობთან. ამიტომაც არ ვიცოდი, თინა რომ აღარ გვყოლია. ხუთი წელი ვებრძოდი საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს. ერთადერთი ადამიანი იყავი, ვისთან ყოფნაც გავბედე და შენც უკანმოუხედავად წახვედი. მეგონა, შენ არ მატკენდი და ყველაზე მეტად შენ მატკინე. უშენობით მატკინე, გაიგე? რომელ ყავის სმასა და ადამიანურ საუბარზეა ლაპარაკი? ხუთი წელი წერტილი ვერ დავსვი და შენ ყველაზე არაადამიანური საქციელით ერთ ღამეში გამანადგურე. სუნთქვა ვეღარ შევძელი იქ, სადაც ვიცოდი, შენც იყავი და გამოვიქეცი. დამაცადე, რომ ამ ყველაფერს შევეგუო, ცხოვრება თავიდან ვისწავლო. სუნთქვა დამაცადე, კიტა. არ გეყო, რაც მატკინე?
- ბევრი დავაშავე, არ გეწინააღმდეგები, მაგრამ შენი დანაშაული ნუ გავიწყდება, ნინა, - სისინებს ავად. ორივე ფეხზე ვდგავართ მოწოლილი ემოციებისგან და ადგილს ვერ ვპოულობთ, დამშვიდება რომ შევძლოთ. ეჭვი მიჩნდება, ოთახში ნივთების მსხვრევის ილუზია რეალობად იქცევა, - ცხვირმოუხოცავ ჟვანიას რომ გადააყოლე მთელი ჩვენი ურთიერთობა, დაგავიწყდა ეგ? - ხმა ეხლიჩება ყვირილისგან.
- არავისაც არ გადავაყოლე. დღემდე საკუთარი თავის დადანაშაულება არ შემიწყვეტია. ვფიქრობდი, კიტამ თუ დააშავა, მე ორმაგად დამნაშავე ვარ, იმიტომ, რომ ჩემ გამო მოხდა-მეთქი, მაგრამ გრძნობა არ გამნელებია ერთი წუთითაც კი. შენ კიდევ წახვედი, ცხოვრება გააგრძელე და ახლა აქ დგახარ, პასუხს მოითხოვ თითქოს ჩემგან. იმ წარსულში გავიჭედე მე. ისევ იქ ვცხოვრობ, ჯერ კიდევ ვერ დავეწიე რეალობას. რა გაინტერესებს, კიტა? ჟვანია იყო მთელი ჩვენი პრობლემა? შენ რომ გიჟივით ეჭვიანობდი და ძალადობაზე გადადიოდი, ეგ არაფერი იყო?
- ვისი ბრალი იყო, ვისი? გაფრთხილებდი მე შენ. კეთილი იყავი, ყველას ენდობოდი და ვერ ამჩნევდი, ხალხს საერთოდ რომ ეკიდა ეგ შენი მეგობრული დამოკიდებულება. მე ბრმა არასდროს ვყოფილვარ, ნინა. მოვედი და გითხარი, არ გემეგობრება ეგ ბიჭი შენ, სხვა რაღაც უნდა-მეთქი. სანამ მე მომიწევს ჩარევა, იქამდე შენით მოაგვარე-მეთქი. არ გეუბნებოდი? გეუბნებოდი. აღმოჩნდა ბოლოს ეგრე? აღმოჩნდა. შენ, რომელიც ყველაზე ახლო ადამიანებსაც კი არ დაჰყვებოდი გასართობად, მირეკავ მივარდნილი ადგილიდან, კლუბიდან, ნინა და ღრიალით მეუბნები, რომ შენმა თანამშრომელმა, იმ შენმა ძვირფასმა ჟვანიამ, გადაფხრეწილმა მთვრალმა, ხელები გიფათურა. და რა უნდა გამეკეთებინა მე? მადლობა გადამეხადა? ძალადობა, ნინა? ძვლები რომ დავუტოვე მთელი, მადლიერი არ ხარ?
- იცოდი, მოძალადესთან რომ ვიზრდებოდი, - ხმას ვეღარ ვიმორჩილებ და ცრემლები ღაპაღუპით მცვივა. აზრზე არ ვარ, რა მატირებს. იქნებ, წლების შემდეგ მისი პირიდან წარმოთქმული თითოეული სიტყვა უფრო მეტად ლოგიკურად ჟღერს? იქნებ მართლა მე ვიყავი ბოლომდე დამნაშავე და სწორედ მაგის გაანალიზება მანადგურებს ახლა.
კიტას ჩემი ცრემლები აკვირვებს და მომენტალურად მშვიდდება.
- მეშინოდა მამაჩემის მთელი ცხოვრება და იმ მომენტში, სწორედ იმ მომენტში, როცა ჟვანიას სხეული ხელებში გქონდა მოქცეული და გამეტებით ურტყამდი, შენი თვალები შენსას არ ჰგავდა. დანაშაული იყო, რომ შემეშინდა?
- დანაშაული ის იყო, რომ ვერ მიხვდი, მე შენ დაცვას ვცდილობდი. ერთი წამით რომ დაუშვი, შენთვის რამის დაშავება შემეძლო. მამაშენს რომ შემადარე და იმ მზერით შემომხედე, დღემდე რომ ვერ ვივიწყებ, ეგ იყო დანაშაული. ხელი რომ გამოგიწოდე და უკან დაიხიე შეშინებულმა, მაშინ დაგვესვა წერტილი, ნინა, - არანაკლებ სევდა შეპარული ხმით მპასუხობს.
- დანაშაული არაა, გეშინოდეს. მოძალადე ადამიანის შვილი ვერ ჩავკალი ჩემში და ყველაზე მეტად შენ უნდა გაგეგო ჩემი. ეგ არ იყო მიზეზი, ყველაფერი დაგემთავრებინა. ახლა ხომ დგახარ ჩემ წინ? დგახარ და ლაპარაკობ. რამდენი სიტყვა მითხარი ბოლო ნახევარ საათში? მაშინ კიდევ, ქვად იქეცი და საშუალება არ მომეცი, სიტუაცია გამეანალიზებინა. ჩვენ ურთიერთობას შეცდომა რომ უწოდე, ჩემი ბრალი იყო ეგეც? ადამიანის სიტყვით მოკვლა რა იყო, არ ვიცოდი იქამდე და ნაწილებად რომ დავიშალე შენ წინაშე, ვერ დაინახე? მე შენ ყველაფერზე მეტად მიყვარდი. მე შენთან მომავალი მინდოდა. არ ყოფილა ჩემთვის ეგ შეცდომა, - გულამოსკვნილი ვჯღავი უკვე, - არ მინდოდა, რომ მიგეტოვებინე. ჩემი მიტოვება რანაირად შეძელი? საკმარისად რომ გყვარებოდი, ვერ წახვიდოდი.

კიტა აღარაფერს მპასუხობს. თავს აქნევს მხოლოდ და იცინის. მე ამ სიცილში იმედგაცრუებასა და გულის ტკივილს ვკითხულობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაზე შეუგნებელ ადამიანად მთვლის იმ წამს. თითქოს იმას ვერ მაგებინებს, რაც ისედაც ნათელია. არადა, ჩვენი სიმართლე გვაქვს ორივეს და მაგის გააზრება არც ერთს არ გვინდა.
ნერვიულად ისვამს თმაზე ხელს. ფეხის კანკალს ვერაფრით აჩერებს. მე ფრჩხილი აღარ შემრჩა მთელი, სისხლი მდის ატყავებული ნუნებიდან.
- მე მეგონა, კარგად იყავი, - საუბარს აგრძელებს ცოტა ხნის შემდეგ, - არ მიფიქრია, უფრო სწორად, ვერ წარმოვიდგენდი, ხუთი წლის შემდეგ ისევ ასე ცუდად თუ იგრძნობდი თავს. ვფიქრობდი, რომ თუ აღარ გამოვჩნდებოდი, შენთვის უკეთესი იქნებოდა.
- აი, ისევ ეს, ჩემ მაგივრად ფიქრი, რომ თითქოს რასაც შენი ჭკუით ჩემთვის და ჩემი უკეთ ყოფნისთვის აკეთებ, ერთადერთი და სწორი გამოსავალია. საკმაოდ დიდი ვარ, შენი დაცვა, შენი ზრუნვა, ჩემ კეთილდღეობაზე ფიქრი ახლა აღარ მჭირდება, კიტა. როცა საჭირო იყავი, მაშინ წახვედი. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? წასვლა მარტივი გამოსავალია. დავიჯერო, სიძნელეებს შეუშინდი?
- შენ არ შეგეძლო, დაგერეკა? - მიახლოვდება, - კარგი, ვთქვათ, მე უსაშინლესი ადამიანი ვარ. ვერ ვიფიქრე და ვერ დავრეკე. შენ რამ შეგიშალა ხელი?
- შენ შემიშალე, - ქვემოდან ავყურებ აწყლიანებულ თვალებს. მე კიტა ასეთი ემოციური არ მახსოვდა. ერთადერთხელ წავიდა საკუთარი თავის, საკუთარი ხასიათის წინააღმდეგ და ისიც მაშინ, როცა თინას ამბავი გავიგეთ პირველად.
- მე რანაირად? - წარბები შეკრა გაკვირვებისგან.
- წასვლისას მითხარი, რომ ჩვენი ურთიერთობა ერთი დიდი შეცდომა იყო. იმ ადამიანს ვერ დავურეკავდი, ვინც შეცდომად მთვლიდა.

ხუთი წლის განმავლობაში ეს სცენა მილიონჯერ მაინც წარმომედგინა. ჩემ წარმოდგენებში მე და კიტა ძალიან ბევრს ვჩხუბობდით, მერე ვრიგდებოდით, მერე მშვიდად ვსაუბრობდით და ბოლოს მონატრებით გაჩენილ ორმოებს ერთმანეთით ვავსებდით. ის ბოდიშს მიხდიდა იმისთვის, რომ ადგა და წავიდა. მე იმისთვის, რომ აქამდე მივიყვანე სიტუაცია. ორივე გავაანალიზებდით, რომ დამნაშავე ერთი მხარე ვერ იქნებოდა. ვაღიარებდით ჩვენ წილ დანაშაულს და წლების წინ დანგრეული ურთიერთობის თავიდან შენებას დავიწყებდით. ახლა უფრო გულწრფელი, გულახდილი და პირდაპირი კომუნიკაცია გვექნებოდა. კითხვის ნიშნებს არ მივცემდით საშუალებას, ჩვენი საერთო მომავალი დაენგრია. მას მთელი ჩემი უარყოფითი თვისებებისა და შიშების მიუხედავად ვეყვარებოდი, მე კიდევ ისევ მისი თავშესაფარი გავხდებოდი. თინას დაკარგვით მიყენებულ ჭრილობებს მოვუშუშებდი, ტკივილებს დავუამებდი, სიყვარულსა და სიხალისეს შევიტანდი მის ცხოვრებაში. ის ჩემი საყრდენი, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, მესაიდუმლე, ტკივილების გამზიარებელი და ცხოვრების თანამგზავრი იქნებოდა. შეუზღუდავად მივცემდი მთელ ჩემ სიყვარულს და გრძნობების მორევში ყოველ დღე ჩავახრჩობდი. არც ერთი დღე დამეზარებოდა მეზრუნა მასზე. დავსხდებოდით საღამოობით, ერთმანეთს პრობლემებს, საფიქრალს გავუზიარებდით და წინაღობებს ერთიანი ძალებით შევუტევდით. არ მივატოვებდი არასდროს და არც მას მივცემდი მიზეზს, ჩემგან წასულიყო. მაგრამ ახლა ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში, სრულიად განსხვავებულ რეალობაში. ახლა კიტა თმის ერთი ღერითაც არ მეკუთვნოდა მე და ის საერთო მომავალიც, რომელიც ჩემ გონებაში ძალიან დიდხანს არსებობდა, იდგა წყალშემდგარი და ნელ-ნელა იძირებოდა. ერთ დროს ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი სრულიად უცხო გამხდარიყო. ერთმანეთის აღარ გვესმოდა და მაგას ისიც მოწმობდა, ორივე ჩვენ სიმართლეს რომ ვამტკიცებდით. არ გვინდოდა გვეღიარებინა, რომ ორივე შევცდით, ორივე ჩავფლავდით. ძლიერი გვეგონა ჩვენი გრძნობა და მაინც, გულმა ვერ აჯობა სიბრაზეს.
- მე არასდროს მითქვამს, რომ ჩემთვის შეცდომა იყავი, ნინა, - ხმა უკანკალებს ემოციებისგან, - შენ ყველაზე სწორი, ყველაზე ნამდვილი, გულიდან წამოსული გადაწყვეტილება იყავი. ცხოვრება მინდოდა შენთან ერთად. გაზიარებული დილები და სიგიჟე ღამეები. შვილები მინდოდა გვყოლოდა. მათთვის ცხოვრება უნდა მესწავლებინა. მუცელგაბერილი შენ უნდა ყოფილიყავი ჩემ გვერდით და არა სხვა. შენ უნდა შეგეწუხებინე გაუთავებელი წუწუნით, რომ თითქოს მომატებული კილოგრამების გამო ნაკლებად მიყვარხარ. ახლა ვდგავართ და იმაზე ვსაუბრობთ, რატომ არ გამოვიდა არაფერი, როცა სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ არც ერთს გაგვიკეთებია საკმარისი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. როდის იყო, ერთი კაცის მხრებზე შენდებოდა ორის მომავალი?

კიტა ჩუმდება. ზემოდან დამყურებს ისევ. მაპატარავებს იმედგაცრუებით სავსე მისი თვალები. პირსაც ვერ ვაღებ, რამე რომ ვუპასუხო. არადა, აშკარაა, პასუხს ელოდება. ვეღარ ვუძლებ და წასასვლელად ვბრუნდები. იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე კარგად გამომდის: ისევ გავრბივარ. აქამდე ის მაინც არსებობდა, რომ გულის სიღრმეში მეგონა, ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ, ჩემ სასიკეთოდ დამთავრდებოდა. ხუთი წელი ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ, კი, მართალია დრო გავიდა, მართალია თავის დროზე წერტილი დავსვით, მაგრამ იქნებ არსებობს რაიმე შანსი. შანსი, რომ დამინახავს და თავიდან შევუყვარდები. დამინახავს და მისი გული ისევ ჩემი იქნება. იმედი ბოლოს კვდებაო, ხომ ამბობენ? ჩემთვის ეგ ბოლო წლების წინ კი არა, ახლა დადგა.
- გაქცევით ვერაფერს უშველი. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებ, რომ მშიშარა ხარ.

კიბეზე შედგმული ფეხი მიშეშდება. ტანში მივლის სიბრაზე, ამდენ ხანს რომ მთელი ძალით ვკეტავდი. შეშლილივით მიცახცახებს მუხლები, ლამისაა მომეკვეთოს და წავიქცე. მშიშარა? მე? ცხოვრებაში ორად ორი რამის მეშინოდა: მამაჩემის, როცა მთვრალი იყო და კიტას დაკარგვის. მამაჩემისგან თავის დაღწევა კიტას დახმარებით, მისი მხარდაჭერითა და შეგულიანებით მოვახერხე, მაგრამ ამასობაში თავად გამსახურდია დავკარგე. ჩვენი ურთიერთობის დანგრევას მხოლოდ ერთი გამსახურდია არ გაუქრია ჩემი ცხოვრებიდან. მას გაჰყვა თორნიკეც, რომელიც ყველა სიტუაციაში იმედად მესახებოდა. ყველაფერი კარგი გავაყოლე პირველ და უკანასკნელ სიყვარულს და ამის შემდეგ კიდევ მე ვარ მშიშარა?
- რაღაცები გეშლება, კიტა, - ვბრუნდები მისკენ, - საერთოდ, გაიხურე კარი და წადი, რა. საცოლე არ გელოდება? როგორი საინტერესოა თქვენი ურთიერთობა, ერთხელაც არ დაურეკავს მოსაკითხად.
- ვერც დარეკავს, ნინა. არ მყავს საცოლე.

კიტამ სახლის კარი რომ გაიხურა, მე ისევ კიბის ბოლოში ვიდექი გაშეშებული და გამოძრავებას ვერ ვახერხებდი. ტვინი მქონდა დაბლოკილი, გიჟივით ვახვევდი მის სიტყვებს და ბოლომდე ვერც ვიგებდი, რეალობა იყო თუ ჩემივე გამოგონილი ფანტაზია. გულით მინდოდა ხმის ამოღება შემძლებოდა, რომ ათასჯერ მაინც მეკითხა მისთვის, რას ნიშნავდა „საცოლე არ მყავს“. ანიკოს მსგავსი რამ არ შეეშლებოდა. ისე იყო აღტაცებული გამსახურდიას ქერა გრძელფეხება საცოლით, რომ უბრალოდ მაგის შანსიც არ იყო.

გამოფხიზლება რომ შევძელი, ტელეფონში ანიკოს ნომერი მოვიძიე. აქოშინებულმა მეგობარმა რამდენიმე ზარის მერე მიპასუხა.

- ვვარჯიშობ, ცოტა ხანში გადმოგირეკავ, რა.
- ცოტა ხანში ფეხებს გავჭიმავ. სწრაფად მიპასუხე, იმ ღამეს აგარაკზე კიტას საცოლე მართლა გაიცანი?
- აჰა, მივიქციე თქვენი ყურადღება? - გადაიხარხარა, - მერე და როგორ გავიცანი. შენ რა გაინტერესებს, ის მითხარი.
- ვინაა, საიდანაა და რამდენად ზუსტად იცი, რომ კიტას საცოლეა?
- ისუნთქე, ნინაა, - იცინის ისევ. სუნთქვის დარეგულირებით ვხვდები, სარბენი ბილიკისთვის თავი მიენებებინა, - შენ საერთოდ რატომ ინტერესდები მაგ ამბით?
- მომისმინე, მაგის დრო არ მაქვს. უბრალოდ მიპასუხე, რა. დანარჩენი მერე იყოს.
- უბრალოდ გიპასუხებ და გეტყვი, რომ მაგ ღამეს კიტა და თორნიკე ძალიან გვიან მოვიდნენ. ვიღაც გოგო ახლდათ თან. იმ ქერაზე გეუბნები. ქართველი არაა, უკრაინელია. თორნიკემ მითხრა, ომის მერე ჩვენთანააო. ჰოდა, არც აცია და არც აცხელა, კიტას საცოლედ წარგვიდგინა. კიტას არაფერი უთქვამს, სვამდა უმეტესად. მაგრამ საცოლე რომ არ იყოს, თორნიკეს ნათქვამს ხომ უარყოფდა, არა?
- რამდენად გვიან ამოვიდნენ აგარაკზე? - თითქოს თავსატეხის ბოლო ნაწილს მივაგენი კიდეც.
- გამთენიისას რომ დაგირეკე, ხომ გახსოვს? ერთი-ორი საათის მოსულები იქნებოდნენ. რა ხდება, ნინააა? კიტას ამბები როდიდან გაინტერესებს?

გადმოგირეკავ-მეთქი, დავპირდი. აღრიალებულს გავუთიშე. დივანზე ვიჯექი გაშეშებული, სუნთქვაშეკრული, რეალობისგან ენა წართმეული. თორნიკე მჭირდებოდა სასწრაფოდ. ჩემ კითხვებს მხოლოდ ის თუ უპასუხებდა. გამსახურდიამ არ მიპასუხა. მთელი დღე ტელეფონზე ჩამოკიდებულმა გავატარე და ერთხელაც არ გადმომირეკა. ნაწყენი იყო ჩემზე, ვიცოდი, მაგრამ იმდენჯერ წაუყრუა ჩემ ზარს, ნერვები მომეშალა და აქეთ გავბრაზდი.
ის დღე ძლივს გავათენე. მეორე დილით, გამთენიისას, ამოულაგებელ ბარგს ხელი დავავლე და თბილისში დავბრუნდი. ადგილს ვერ ვპოულობდი სახლში. აღარ მაწყობდა მოშორებით ყოფნა. არაფრით შემერგებოდა დასვენება, როცა გონება კითხვის ნიშნებით მქონდა მოწამლული. მაინტერესებდა ყველაფერი და არ მოვისვენებდი, სანამ არ გავარკვევდი, რა ჯანდაბა ხდებოდა.
დიდუბეში ანიკო დამხვდა.
- ან წასვლა რა იყო, ან ჩამოსვლა? - გაბრაზებულმა აუქნია ტაქსის ხელი.
- გამსახურდია ხომ არ გინახავს?
- რომელი?
- თორნიკე.
- უბანში იყო გუშინ საღამოს.
- კიტა? - თვალი გავაპარე მისკენ.
- შენ რატომ ჩაიციკლე ამ კიტაზე, გამაგებინე ერთი.
- რა შუაშია? მაინტერესებს უბრალოდ.
- უბრალოდ არაფერი გაინტერესებს შენ. და თუ არ მომიყვები, რა ამბებია შენ თავს, გაქანებული მანქანიდან გადაგაგდებ.

ტაქსის მძღოლმა სარკიდან შეგვათვალიერა. ხელი წავკარი აღშფოთებულ მეგობარს და უსიტყვოდ ვანიშნე, მოკეტე-მეთქი. ანიკომ ჩაიფხუკუნა, გულზე ხელი დაიკრიფა და გზას გახედა. სახლამდე ხმა აღარ ამოუღია.

- ნივთებს დავაწყობ და უნდა გავიქცე, - სახლში შესვლისთანავე ვეუბნები, - დარჩები თუ ჩავკეტო კარი?
- სად მიდიხარ? - ეჭვით აწვრილებს თვალებს.
- თორნიკესთან.
- რა გინდა თორნიკესთან?
- მომენატრა.
- ვის ატყუებ? - ფხუკუნებს, - ამდენი წელია ერთი სიტყვაც არ გითქვამს მასზე.
- ჰოდა, აქამდე რომ არ მითქვამს, ის არ მეყოფა?
- დაიფიცე, აბა.
- რაზე?
- რომ მართლა არაფერი ხდება.
- მოგვიანებით მოგიყვები, ანიკო, მეჩქარება.
- დამპირდი, - კარში არ მატარებს ის.
- ორი წლისები ვართ? მოგიყვები-მეთქი. გამატარე ახლა.
თორნიკეს სახლის კარზე 10 წუთი უშედეგოდ ვაკაკუნებ. მომდევნო რამდენიმე წუთს იატაკზე მჯდომი ვატარებ. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება თორნიკესთან საუბრის შემდეგ, მაგრამ თუკი რაიმეს გამოსწორების საშუალება არსებობს, არ მინდა დარჩენილი ცხოვრება იმაზე ფიქრში გავატარო, რომ რაღაცის გაკეთება შემეძლო და მე არაფერი გავაკეთე.

ტელეფონის მოგუდული ზარი მაფხიზლებს. მეორე მხრიდან ამღერებულ მოწყობილობას თან ერთვის გამსახურდიას გინების ხმა. ახლა როგორღა დამემალები-მეთქი, ვუყვირი და კარს ფეხს ვურტყამ ძლიერად.
- თორნიკე, კარი გააღე. იცოდე, ხმა გავიგე შენი და ვერ დაიმალები.
- ვინ გითხრა, რომ ვიმალები? - აჩეჩილი თმა ჩნდება გაღებისთანავე. ტანს ზემოთაა შიშველი, თვალებს ძლივს ახელს და უბოდიშოდ მომჩერებია.
- რომ ჩაგეცვა და ისე გაგეღო, არა? - სახლში შევდივარ დაუპატიჟებლად.
- ჩემი სახლია და როგორც მინდა, ისე ვიქნები, - უკან მომყვება უკმაყოფილოდ. მერე ოთახში გადის და იქიდან ჩაცმული ბრუნდება.
- ტელეფონს რატომ არ პასუხობდი? - დივანზე ვჯდები მე.
- გამლანძღავდი და იმიტომ. მე კიდევ მაგის განწყობაზე არ ვარ. დალევ ყავას? - სამზარეულოში უჩინარდება.
- დავლევ. ასე უნდა გდიო? - სამზარეულოში გავდივარ მეც.
- ამ დილაუთენია რა პრეტენზიები გაქვს?
- იქნებ მოვკვდი, ადამიანო?
- ხუთი წელია არ დაგირეკავს, ნინა. შოკში ვიყავი და ვერ გიპასუხე, - ირონიას არ მალავს.
- მორჩი, რა. დარეკვა გდომოდა, გიჭერდა ვინმე?
- საერთოდ არ მომწონს ახლა სიტუაციის ასე შემოტრიალება.
- არასწორს ვამბობ რამეს? რას შემჭამეთ შენ და შენმა ძმამ, თითქოს რომელიმეს თითები არ გქონდათ დასარეკად, - ნერვები მეშლება და გაუაზრებლად ახალ მოდუღებული ყავის საკმაოდ დიდ ყლუპს საყლაპავ მილში ვუშვებ. მეწვება ყველაფერი: ენაც, ხახაც, ის საყლაპავი მილიც და ცოტა მერე - კუჭიც. თორნიკე უთქმელად მაწვდის ჭიქა წყალს. მადლიერი ვავლებ ხელს და ერთიანად ვსვამ. დამწვარ ენას ჰაერზე ვამზეურებ. ცრემლები მაწვება სიმწრისგან.
- რამ იცის ეგ თუ იცი?
- არ მითხრა ცოდვებმაო, თორემ მოგკლავ, გეფიცები, - ვჩლიფინებ.
- არ გეტყვი მაშინ. აბა, რამ შეგაწუხა?
- სალაპარაკო მაქვს შენთან. უფრო სწორად, რაღაც უნდა გკითხო და მოვითხოვ, სიმართლე მითხრა.
- უბრალო თხოვნაც გაჭრიდა. მოთხოვნები რა საჭიროა, ნინა? - თვალს არ მაშორებს.
- ხომ გახსოვს, მაღაზიაში რომ მნახე ღამე. რომ გთხოვე, კიტას არ უთხრა-მეთქი. მაინც უთხარი?
- ვუთხარი, - თავს მიქნევს მაშინვე.
- რატომ უთხარი?
- რატომ არ უნდა მეთქვა? - წარბებს სწევს გაკვირვებული.
- იმიტომ, რომ მე გთხოვე.
- კი არ მთხოვე, მომთხოვე, - იცინის.
- სასაცილოდაა საქმე?
- სასაცილოდაა საქმე, ზუსტადაც.
- იმიტომაც გააცანით ის უკრაინელი ყველას კიტას საცოლედ?
- ძალიან გვიან კი მიხვდი. დიახ, ნინა, ზუსტად იმიტომ, რომ ვიცოდი, შენი მეგობარი აუცილებლად გეტყოდა.
- და რა საჭირო იყო? - ყელში მაწვება ბრაზი. ხმამაღლა ავღრიალდე ლამისაა.
- აბა, სხვანაირად როგორ მიხვდებოდი, ისევ რომ გიყვარს? - ხმა უსერიოზულდება მას.
- მიყვარს კი არა, ვერ გიტანთ ვერც ერთს, - წასასვლელად ვდგები ფეხზე.
- ამისთვის მოხვედი? - სკამზე მაბრუნებს მისი ხმა.
- რა გინდა, თორნიკე? - ძალაგამოცლილი ვეკითხები. უეცრად მოწოლილი ემოციები კეფაში მირტყამს. თავი მიმძიმდება საშინლად და ძილი მერევა. ლამისაა, მაგიდაზე გადავწვე და აქვე ამოვუშვა ფშვინვა.
- აბარგული წახვედი სოფელში. მაქსიმუმ ერთი კვირა მაინც არ დაბრუნდებოდი და მეუბნები, რომ აქ მხოლოდ იმიტომ ჩამოხვედი, ჩემთვის გეკითხა, ვუთხარი თუ არა პირველ დღეს კიტას, მაღაზიაში რომ გნახე?
- აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ შენმა დეგენერატმა ძმამ სრულიად შოკურ მდგომარეობაში დამტოვა, მე კიდევ კითხვები მჭამდა.
- მერე? რას აპირებ? ხომ მიიღე პასუხი, ახლა რას იზამ?
- წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი, რა გავაკეთო. არ ვიცი, საერთოდ რამეს თუ აქვს აზრი. რა საჭირო იყო ამ საცოლის ამბის მოგონება? გული უნდოდა ჩემთვის ეტკინა?
- ნინა, სულ გამოშტერდი შენ ამ ხუთ წელში? - აღშფოთებას ვერ მალავს, - რა უნდა ექნა? ამდენი ხსნის მერე მოსულიყო და პირდაპირ ეთქვა, მოდი, ურთიერთობა აღვადგინოთო? იმან რა იცოდა, შენ ისევ გიყვარდა თუ არა? საიდან უნდა სცოდნოდა? ხომ უნდა დარწმუნებულიყო როგორმე? ჰოდა, მე ვუთხარი, ასე შევამოწმოთ-მეთქი. თუ ბრაზობ, ჩემზე გაბრაზდი.
- შენი დაცვა არ სჭირდება. რა გჭირთ ამ გამსახურდიებს? ერთმანეთის კუდები ხართ? ერთი დააშავებს და მეორე მოაგვარებს?
- ჩემი ძმაა, მაგის გარდა არავინ მყავს, არ იცოდე მაინც.
- არ იყო საჭირო ეს დებილობა თამაში, - ყურადღებას არ ვაქცევ მის სიტყვებს, - უნდა სცოდნოდა, რომ ისევ მეყვარებოდა. ერთადერთი იყო, ვინც სულ მიყვარდა. რა იფიქრა, წავიდოდა და მე ასე უბრალოდ დავივიწყებდი? ურთიერთობას სხვასთან გავაბამდი?
- არ გყავდა ის ჟვანია?
- მორჩი, რა. შენ მაინც ნუ ბოდავ. ჟვანიასთვის ერთხელაც არ შემიხედავს. მიზეზიც კი არ მიმიცია, ისე მოქცეულიყო, როგორც მოიქცა.
- ჰო, ვით, - თავს ვერ იკავებს თორნიკე.
- რაცაა. ერთადერთი რაც მინდოდა, იყო ის, რომ სამსახურში მაინც არ ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც მთელი ცხოვრება. დაკომპლექსებული, შეშინებული და მუდამ ვიღაცას მიკედლებული. მთელი შეგნებული ცხოვრება მამაჩემის ერთი ზარი მინგრევდა ბედნიერებას. ის ბავშვი უნდა მომეკლა ჩემში, რომელიც შეშინებული საბნის ქვეშ იმალებოდა ხოლმე. იმიტომაც წავედი იმ დღეს კლუბში. როგორმე ის რომ გამეანალიზებინა, ტელეფონის ზარზე გაქცევა აღარ მომიწევდა. მე რას ვიფიქრებდი, ადამიანი პირში რომ მიცინოდა და მეგობრად მიმაჩნდა, ასეთ რამეს იზამდა? დამესიზმრებოდა?
- არ დაგესიზმრებოდა, - მეთანხმება.
- არ დამესიზმრებოდა.
ცოტა ხანს ჩუმად ვსხედვართ. ვერაფერზე ვფიქრობ, ვერაფერზე ვკონცენტრირდები. თორნიკეც ხმას არ იღებს. თავი აქვს ჩახრილი, თითებს აწვალებს. ღრმად სუნთქავს, მომენტებში ისე ფრუტუნებს, ვხვდები, ყურადღება უნდა რომ მივაქციო.

- ესე იგი, მოგენატრე, - ჭიქის გასარეცხად ვდგები მე. ოსტატურად არ ვიმჩნევ ჩემზე მომართულ ულამაზეს თვალებს.
- მომენატრე, ნინა.
- გინდა, რამე ვჭამოთ? - ძველებური სითბოთი მევსება მთელი სხეული. მგონია, ის დრო დაბრუნდა, როცა მე და გამსახურდია თავისუფლად ვარსებობდით ერთ სივრცეში, ერთი ჭერის ქვეშ. როცა უბრალოდ ჭამა, საუბარი და ერთმანეთის კამპანიაში ყოფნა შეგვეძლო. თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. თითქოს ეს ხუთი წელი ერთ ღამეში გაქრა. თითქოს, თანხმობის ნიშნად დაქნეულ თავში არც არაფერი იყო გასაოცარი.

- შენ გაგიჟებული ხომ არ ხარ? - ფეხზე წამომართული ანიკო ცეცხლებს ისვრის. უშედეგოდ ვცდილობ, რომ ადგილზე დავაბრუნო. აღარაფერი ესმის.
- ნუ გადაირევი, დადე ეგ ჭიქა, - სასმლით სავსე ჭიქას ვართმევ ხელიდან.
- ნუ გადავირევი? - ყვირის, - მე ნუ გადავირევი? - უმატებს ხმას, - აქ ასეთი ამბები ტრიალებს და მე მძინავს, ნინა. გადავირევი კი არა, გადავიფხრიწები შუაზე ახლა.
- კაი, მიდი, ჰა, - ვნებდები, - გელოდები.
- რას ელოდები? - თვალებს აწვრილებს.
- როდის გადაიფხრიწები. მაინტერესებს, ეგ საერთოდ რას ნიშნავს.
- აუ, რანაირი ხარ, ნინა, - წამებში ცხრება და დივანზე, ჩემ პირდაპირ, თავის ადგილზე ჯდება. ჭიქაზე მანიშნებს, დამიბრუნეო და თეთრ ღვინოს ერთი ამოსუნთქვით სვამს.
- გალოთდები შენ.
- გავლოთდები კი არა, გავგიჟდები. ესე იგი, შენ და კიტა გამსახურდია ამდენი წელია სიყვარულობანას თამაშობთ და მე აზრზე არ ვარ. აი, მეგობრობაც ამას ჰქვია.
- არაფერსაც არ ვთამაშობთ, რა მოიგონე. და წასული იყავი შენ, როდის რა უნდა მეთქვა?
- წასული ვიყავი, მკვდარი კი არა, - მეორე ჭიქას ივსებს, - რომ მირეკავდი ყოველ დღე, გეთქვა მაშინ.
- არ მიცნობ? ჩემ პირადზე ვსაუბრობ ხოლმე, თუ როგორაა საქმე?
- არ საუბრობ, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ უნდა დამალო. მაგალითად ის, ყველასთვის სასურველ კაცს შენ რომ უყვარხარ. ერთ დღესაც რომ დამირეკავდი და ქორწილში დამპატიჟებდი, მაშინ უნდა გამეგო, ვისზე გათხოვდებოდი?
- აი, ძალიან აბუქებ. ეგ იყო ხუთი წლის წინ, სხვა საქმეა ახლა. მორჩა ყველაფერი, - გული მებჯინება ყელში. ერთ ყლუპს ვსვამ, ცრემლების გადაყლაპვაში რომ დამეხმაროს.
- თუ საცოლე არ ჰყავს, რა პრობლემაა? გააგრძელეთ ურთიერთობა. არც პირველი იქნებით, არც უკანასკნელი.
- ეგრე მარტივად არაა საქმე. ერთმანეთს გული ისე ვატკინეთ...
- შენ დაშორება კარგი და ლამაზი გინახავს სადმე? გაბრაზებულზე იღებენ წყვილები მაგ გადაწყვეტილებას, იმიტომაც მთავრდება უმეტესად ხმაურიანად.
- მართალია, მაგრამ კიტას მიმტევებლური ხასიათი ნამდვილად არ აქვს. არა მგონია, მარტივად წაგვივიდეს საქმე.
- ახლა რას აპირებ?
- წარმოდგენა არ მაქვს. ისიც არ ვიცი, იმის უფლება თუ მაქვს, რომ მოვძებნო და დავუკავშირდე. რომ ვიპოვო, მერე რა ვქნა? რა ვუთხრა, რატომ გეძებდი-მეთქი? მართლა ხვეწნაზე ხომ არ გადავალ, ისევ ერთად ვიყოთ-მეთქი. არ შემიძლია ეგეთი რაღაცები, რა. თავი მტკივა ამდენი ფიქრისგან. გამისკდეს სადაცაა.
- გიყვარს ისევ? - ეშმაკურად უციმციმებს თვალები.
- თან ძალიან, - ოხვრას ვაყოლებ გულის ტკივილს. ანიკო ცქმუტავს. აღარ იცის, რა თქვას და რა გააკეთოს.
- ღმერთო ჩემო, ნინა, - ყვირის უეცრად, - შენ შეყვარებულზე დაქრაშული ვიყავი ადრე.
ორივე გულიანად ვიცინით. იმ ღამეს ჩემთან რჩება. ორ ბოთლს ვცლით, ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და გამთენიისას მისაღებ ოთახში გვეძინება.
მეორე დილით ყველანაირ ძალას ვიკრებ და თორნიკესთან ვრეკავ. ორი ზარის მერე გამსახურდიას ნამძინარევი ხმა სინდისს მიფორიაქებს.
- ალერგია გაქვს რომ მძინავს?
- კიტა სადაა?
- დილა მშვიდობისა, ნინა. არაუშავს, რომ გამაღვიძე. გაპატიებ, კაცო, მაგისთანები მიპატიებია?
- ნუ მასხარაობ, რა. სადაა შენი ძმა?
- სად უნდა იყოს? სახლშია.
- ჰოდა, სადაა სახლი?
- ჩამოყალიბდა შენი არეული გონება, ჩელებაძე? გადაწყვიტე, რა გინდა ბოლოს და ბოლოს?
- ახალ გაღვიძებულის კვალობაზე ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ.
- მიდი, ფურცელი და კალამი მოიმარჯვე.
- ფურცელი და კალამი რათ მინდა, თორნიკე?
- მისამართი გიკარნახო.
- დავიმახსოვრებ, გამოუშვი.
- თქვენ შერიგებას ხმაურიანად აღვნიშნავ, იცოდე, - გათიშვამდე მაფრთხილებს.
- დაიძინე. ძილი გაკლია შენ, - ვუთიშავ ტელეფონს.

კიტა კერძო სახლში, ლამაზად გაწყობილი ბაღის ბოლოში ცხოვრობს. ეზოში მიმოფანტული ყვავილები, ხეებს შორის მოქცეული ჰამაკი, ყავის ჭიქებით გაწყობილი პატარა მაგიდა, ორიოდე პუფი და შესაშური სისწორით გაკრეჭილი ბუჩქები მაფიქრებინებს, რომ აქაურობის მოვლაში ძალიან ბევრს უნდა იხდიდეს. ეზოდან გავყვირი მის სახელს, მაგრამ გამსახურდიას ნაცვლად ძაღლი გამოდის შეღებული კარიდან. ის ბილიკის თავში დგას, მე ბოლოში და აქაც კი მესმის, როგორ ავის მომასწავებლად მიღრენს. პირჯვარს ვიწერ გამწარებული, კიდევ უფრო მაღალ ტონალობაში ვჩხავი კიტას სახელს, მაგრამ მშველელი არ ჩანს. ძაღლს, რომელიც ძალიან ჰგავს გერმანულ ნაგაზს, ღრენა ყეფაში გადასდის და ჩემკენ მორბის. შესარიგებლად მოტანილი ტკბილეული, რომელიც ძლივს ვიშოვე უბნის მაღაზიაში და რომელიც, ზუსტად ვიცოდი, კიტას ძალიან უყვარდა, ხელიდან მივარდება. ყეფის ფონზე მეც ვყვირი და გავრბივარ. შიში ოხერიაო, მახსენდება და გაქანებული ვახტები ჰამაკ შებმულ მსხვილ ხეს. უაზროდ ვიქნევ ფეხებს, ვცდილობ, უფრო ზევით ავძვრე. ხის ძირში გერმანული ნაგაზი მშვიდად ზის და კუდს აქიცინებს. ასე მგონია, დამცინის, რადგან ჩემი შემხედვარე, მაშინვე ჩუმდება.
- არ შეგჭამს, ნუ გეშინია, - ზურგს უკან მესმის კიტას ხმა. დაძაბული ხელ-ფეხი მომენტალურად მიდუნდება და ჩამოცურებას ვიწყებ. ჩემ დანახვაზე ძაღლი ყეფას აახლებს. მაშინვე ვშეშდები.
- კიტა, გაიყვანე, რა, - ვეხვეწები. წარმოდგენაც არ მინდა, კოალას პოზაში მყოფი მისი თვალით დანახული რას ვგავარ.
- არადა, ძალიან მეგობრული ძაღლია, - ჩაფიქრებული მეუბნება. რაღაცნაირად მწყინს, კიტას მეგობრული ძაღლი ჩემთან ძალიან არამეგობრული რომ არის.
- ჩამოდი, დავაბი.
- ვერ ჩამოვდივარ, - ტირილი მეპარება ხმაში. ხელები მტკივა ძალიან, კუნთებს ვეღარ ვგრძნობ.
კიტა ოხრავს, ხელს მხვევს წელზე და გაშეშებულს მიწაზე მაბრუნებს. გასწორებას ვერ ვახერხებ, მუხლები მიკანკალებს.

- სიარული შეგიძლია?

უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ. კიტას ხმაში სიცივეს ვგრძნობ და მაშინვე იმაზე ვიწყებ ფიქრს, რომ აქ მოსვლა საშინელი აზრი იყო. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ახლა, ჩემი საყვარელი ადამიანის მკლავებში მოქცეული, ძალიან სუსტი, ძალიან სულელი ვჩანვარ. არადა, ვფიქრობდი, ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. ჩემი გეგმა კი დასაწყისშივე ბრუტალურად ჩაფლავდა.
- წყალს მოგიტან, - დივანზე მსვამს ფრთხილად. ენა გადავყლაპე თითქოს, ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ. გული მაქვს გაბერილი, სუნთქვა მიმძიმს. ეჭვი მაქვს, ლაპარაკს თუ დავიწყებ, გავსკდები და ამ ლამაზ სახლს ცრემლების მდინარით წავლეკავ.
ჭიქას ერთი მოყუდებით ვცლი.
- აქ საიდან მოხვდი? - ჩემ წინ ჯდება კიტა.
- თორნიკეს გამოვართვი შენი მისამართი, - ყელს ვიწმენდ ჩახველებით.
- ეგ ბიჭი, - თავს აქნევს უკმაყოფილოდ. მე კიდევ ერთხელ მეუფლება ის შეგრძნება, რომ აქ მოსვლა შეცდომა იყო.
- არ გინდოდა, რომ ეთქვა?
- რისთვის მოხვედი, ნინა? - თვალს მისწორებს. ვერ ვუძლებ მის შეცვლილ, გაციებულ მზერას. არ უნდა დამეჯერებინა თორნიკესთვის. იქნებ, მართლა აღარ ვუყვარვარ. აქ საერთოდ რისთვის ვარ?
- შენი საყვარელი ტკბილეული მოვიტანე. ძაღლი რომ გამომეკიდა, ხელიდან გამივარდა.
- ვნახე. არ უნდა შეწუხებულიყავი.
- არ ვწუხდები, - ნერვულად ვიჭერ მუხლებზე ხელებს. თითები მითეთრდება და მეყინება.
- რამე ხომ არ იტკინე? - ჩემ შეწუხებულ სახეს არასწორად იგებს. უარყოფის ნიშნად ვაქნევ თავს. ნაპირზე ამოვარდნილი თევზივით პირს ხან ვაღებ, ხან ვკუმავ.
- რატომ მომატყუე საცოლეზე? - გააზრებამდე ვეკითხები. სირცხვილისგან ვპატარავდები. როდის მერე გავხდი ასეთი მშიშარა, აზრზე ვერ მოვდივარ.
- მოგატყუე? - თვალებს აწვრილებს, - არ მახსოვს, მაგ თემაზე გველაპარაკოს ჩვენ.
- გეგმა ხომ იყო, რომ უნდა მოგეტყუებინეთ? ჰოდა, რატომ?
- არანაირი გეგმა არ ყოფილა. თორნიკემ რაღაც თქვა, მე, უბრალოდ, წინააღმდეგობა არ გამიწევია.
- ჰოდა რატომ, კიტა? - ნერვები მეშლება უარაფრო დიალოგზე.
- მაინტერესებდა, - ხელებს ატყუპებს და წინ იწევა.
- რა გაინტერესებდა?
- შანსი ისევ მქონდა თუ არა.
- მერე, რა გაარკვიე? - ნერწყვს ვყლაპავ ხმაურიანად.
- დარწმუნებული არ ვარ, - ზურგით ეყრდნობა დივანს, ფეხს ფეხზე იდებს, გამომცდელად მიყურებს. მისი გამომეტყველებით ვერაფერს ვხვდები, სადაცაა პანიკაში ჩავვარდები.
- მეთამაშები?
- რა სისულელეა, ნინა. პატარები ხომ არ ვართ.
- მემგონი შენ ისევ პატარა ხარ.
- აქ რისთვის მოხვედი?
- უკვე ვნანობ, - ფეხზე ვდგები გაწბილებული. საერთოდ არ მომწონს ეს სიტუაცია. როგორც არ უნდა მიყვარდეს, უფლებას ვერ მივცემ ჩემ თავს, გრძნობების მათხოვარი გავხდე.
- მიდიხარ? - თვალს მაყოლებს.
- მივდივარ.

ამაყად ვდგამ ნაბიჯებს. ვერანაირი ძალა ვერ დამტოვებს იქ, სადაც თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებენ, ვბობოქრობ გულში და ფეხი არ მაქვს გადგმული კარიდან, ძაღლის ყეფის ხმა ადგილზე რომ მაშეშებს.
- ჯანდაბას ეს დებილი ძაღლი.
- ხომ არ გაგაცილო? - სიცილით მიახლოვდება კიტა. ბოლო ერთი საათის განმავლობაში პირველად ვხედავ მის სახეზე ბედნიერების ნიშნებს. ანც ბავშვს მაგონებს ძალიან.
- აი, საერთოდ არ მჭირდება შენი დახმარება, რა, - აგრესიას ვერ ვაოკებ. ჩემში ერთდროულად ფეთქდება ყველაფერი: უარის შიში, კიტას საბოლოოდ დაკარგვის შიში, ღრმა ძილიდან გამოღვიძებული სიამაყე და დამცირების მოლოდინი, გრძნობების უარყოფის შესაძლებლობა. ყველაზე ინტიმური ღამეების მეორე ნახევარი იდგა ჩემ წინ და მაინც ისე ძალიან ვიყავი შერცხვენილი, თითქოს ყველაზე სამარცხვინო მომენტებშიც კი, ჩემ გვერდით კიტა გამსახურდია არ ყოფილიყო.
- გამიბრაზდი?
- ადამიანზე რომ გაბრაზდე, რაღაცას მაინც უნდა გრძნობდე მის მიმართ. მე კიდევ, საერთოდ არ მაინტერესებ.
- სახეზე გაწერია ყველაფერი, ნინა. ნუ ცდილობ ჩემ მოტყუებას, მაინც არ გამოგდის.
- არ ვცდილობ არაფერს. რატომ ფიქრობ, რომ რამეს ვცდილობ?
- ჩემ მიმართ რამეს რომ არ გრძნობდე, აქ არც მოხვიდოდი, არა? - სახეს მისწორებს. მენთოლის სუნი ცხვირში მიღიტინებს. გული მიფრთხიალებს ისე, მეშინია ბაგაბუგის ხმა არ გაიგოს.
- ნუ იგონებ, - თავის გატრიალების მცდელობა მიფლავდება, როცა თავისი ლამაზი თითებით ყბაზე მეხება და თვალით კონტაქტს არ მაწყვეტინებს.
- მოგენატრე, ნინა? - დაბალ ხმაზე ჩურჩულებს. გამომწვევი ნოტები მიძინებულ ჰორმონებს მიფორიაქებს. ცივი ოფლი მასხამს. თვალები მეხუჭება. გასკდომამდე მისული გული მეუბნება, რომ რამდენიმე წამიც და ხუთი წლის შემდეგ კიტას ტუჩებს ვიგრძნობ. ბოლოს მომიღებს შეკავებული გრძნობების ერთიანად ამოხეთქვა, ჩემი სიყვარული წაგვლეკავს სიამოვნების მორევში გადაშვებულებს. ორმაგ ბედნიერებას მოგვიტანს წლების შემდეგ შეხება, ერთმანეთის სხეულზე გადმოღვრილი ვნება. ხუთი წლის შემდეგ მაკოცებს და ეს იქნება პირველი კოცნასავით ტკბილი და მშვენიერი. ეს იქნება გაგრძელება დაუსრულებელი ურთიერთობის. მაგრამ კოცნის მოლოდინი ჰაერში ორთქლდება, როგორც კი გამსახურდია ხელს მიშვებს და ჩვენ შორის შევსებულ მანძილს ერთი ნაბიჯით არღვევს. უკმაყოფილების შეგრძნებას გულის რევის შეგრძნება ცვლის. ჩემი თვალებიდან ცეცხლი იფრქვევა, იმედგაცრუებით მოგვრილი ცეცხლი. კიტას თვალები სითბოს ასხივებს, მონატრებას და შეწყვეტილის გაგრძელების დაუშრეტელ სურვილს, მაგრამ ჩვენ სხეულებს შორის გაჩენილი სივრცე დამანგრეველი ქარივით ავად სისინებს. გონებას მირევს ჩამოუყალიბებელი მოქმედებები, ფიქრის გარეშე გადაწყვეტილი უნებართვო შეხებები.
- მოდი, ჯერ ყველაფერი მოვაგვაროთ, - ძლივს მეუბნება სათქმელს. გამომშრალ პირს ჭიქა წ*ლით ისველებს. ჩანთა მივარდება ხელიდან. ნაბიჯის გადადგმის ძალაც აღარ მაქვს.

დახლის მიღმა მდგარი მიმტანი ღიმილით მესალმება და ხელის მოძრაობით მიმანიშნებს ჩემთვის განკუთვნილ ადგილზე. ორმაგ ესპრესოს ვუკვეთავ და ყვავილებით გაფორმებულ მაგიდას მარტო ვუჯდები. ჩემ გვერდით მოკალათებულ ახალგაზრდა წყვილს შუაში საერთო ნაყინი ჩაუდგამს და ერთმანეთის მონაცვლეობით აგემოვნებენ დადნობამდე მისულ ტკბილეულს. სკამის გვერდით დაგდებული ჩანთიდან ტელეფონის ზუზუნის ხმა ისმის. არავისთან საუბარს არ ვაპირებ, დასვენება მაქვს გადაწყვეტილი. ხმას ვუთიშავ, ფურცელსა და კალამს ვიღებ და ჩანთას ძირს ვაგდებ ისევ. ფანჯრიდან შემოდგომის ბათუმი მიღიმის. აღელვებული ზღვა სანაპირომდე აღწევს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს სითხედ ქცეული ადამიანი ძლიერად ეჭიდება მიმოყრილ კენჭებს, თავს ვერ იმაგრებს, ძალა არ ჰყოფნით უსულო საგნებსაც, ნებდება და თავის ადგილს უბრუნდება ბრაზმორეული ტალღა. თეთრ ფურცელზე ერთი წვეთი მელანი იღვრება და მრგვლად დაჩნეული ლაქა ორჯერ უფრო დიდი ხდება. მიდი, რა, თავი კიდევ ერთხელ აიძულე-მეთქი, ვფიქრობ და მორთმეულ ყავას ერთი გადაკვრით ვსვამ. მიმტანი გაოცებით მიყურებს. ჭიქის წასაღებად ბრუნდება და თან ხელუხლებელი შაქრის ორ შეკვრას ეჭვის თვალით დასცქერის.
- ესპრესო? ორმაგი? თანაც უშაქროდ?
- ესპრესო, ორმაგი და თანაც, უშაქროდ, - ღიმილით შევყურებ. ახალგაზრდა ბიჭია, მაქსიმუმ 25 წლის იქნება. უხერხულად იფხანს კეფას და სკამს ეყრდნობა ხელით. ცალ თვალს დახლისკენ აპარებს, მის მზერას მივყვები და ბართან ატუზულ შუახნის ქალს ვამჩნევ.
- მგონი, მენეჯერთან პრობლემები შეგექმნება.
- ჰო, ვერ იტანს, როცა კლიენტს ვესაუბრები.
- წვენი მომიტანე და იქნებ გაპატიოს.
კარგიო, მიცინის. რამდენიმე წუთი გადის შეკვეთის მოტანამდე. ამ რამდენიმე წუთში ცა იღრუბლება, იკუმშება და ისეთი ძალით იწყებს წვიმას, თითქოს ზედა მეზობელს წყალი გაუსკდა. ტელეფონი ისევ არ ჩუმდება. ამჯერად, ანიკოს შეტყობინებები არ მასვენებენ. შეტყობინებებს ვკითხულობ, ჩემზე ნერვიულობს და აინტერესებს, ცოცხალმა თუ ჩავაღწიე ბათუმამდე. რა მომკლავდა-მეთქი, მინდა, მივწერო, მაგრამ ხუმრობის განწყობა არ მაქვს, ამიტომ შეტყობინების გაგზავნა საღამოსთვის გადავდე და ფურცელს მივუბრუნდი ისევ. ამასობაში, მელნის პატარა ლაქა გადიდებულიყო და ფურცლის მესამედი დაეჭირა. იქნებ, ასეც სჯობდეს, მეტად მხატვრული და დრამატული წერილი გამომივა-მეთქი, მაგრამ ასეთი შელახული წერილის გაგზავნას სულ სხვა ახსნას მოუძებნიდნენ. მაგალითად, ადრესატი იფიქრებდა, რომ ცრემლებად დავიღვარე და სწორედ ამიტომ შეიღება თეთრი ფურცელი ცისფრად. ვითომ სიტყვები იქცნენ ფერებად და მე ყველაზე ემოციურ ადამიანად. არ მაწყობდა, რომ ვინმეს ასე ეფიქრა. უნდა ვყოფილიყავი გაწონასწორებული, მშვიდი და რაც მთავარია, რაციონალური. ჰოდა, როცა ახალგაზრდა მიმტანმა წვენი მომიტანა და თან მოაყოლა ფურცლის ნაგლეჯზე მიწერილი თავისი ნომერი, მივხვდი, რომ დიდხანს აღარ უნდა მეფიქრა. ამიტომ, ყავის გემოს გადასაფარად ტკბილი სითხე მოვსვი და ახალ ფურცელზე წერას შევუდექი.

„ ბოლოს ერთმანეთი რომ ვნახეთ, გითხარი, ილოცე, გზები აღარასდროს გადავკვეთოთ-მეთქი. გახსოვს, რა მიპასუხე? დრო მოვა და ინანებ, ყველა ნაბიჯს, ყველა გადაწყვეტილებას, ყველა დილას, როცა გაიღვიძებ და მიხვდები, მარტო ხარ ამ სამყაროშიო. არ დამვიწყებია შენი სიტყვები, ყოველ ჯერზე მახსენდებოდა და თითქოს არც მინდოდა, დამვიწყებოდა. უფრო მეტად არ მინდოდა, დამვიწყებოდა ის გრძნობა, რასაც მაშინ განვიცდიდი და რაც მერე, ძალიან, ძალიან დიდხანს არ გამნელებია. ასე შევძელი, ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ ამომეკვეთე. თითქოს კიბო იყავი და მე დიდი ბედნიერებით დაგემშვიდობე. არადა, ეგრე არ ყოფილა. მიჭირდა დილით მარტოს საუზმობა, შუადღისას მარტოს სადილობა. ვახშმად ერთ მაგიდას თითქმის არასდროს ვუსხდებოდით, შენ ჩემთვის არ გქონდა დრო, მე კი იმ კამათებისთვის, რომლებიც ჩვენ ერთად ყოფნას ყოველთვის თან სდევდა. გაიაზრე მაინც, როგორ შემოგვეძარცვა დრო თვალსა და ხელს შუა? რამდენი წელი გავიდა? ბოლოს როდის იფიქრე ჩემზე? გახსენდებოდა მაინც, რომ სადღაც არც ისე შორს, მე ვარსებობდი? გახსოვს, ჩვენი ბოლო საუბარი? თუკი შეიძლება მაგას საუბარი ეწოდოს. მე კარგად მახსოვს. შავი პიჯაკი გეცვა, ზედმეტად კარგად გამოიყურებოდი. თვალს ვერ გაშორებდი, რადგან ვერ ვიხსენებდი, ასეთი ოდესმე თუ მენახე. შენ რაღაცას მეუბნებოდი, მაგრამ სრულებითაც არ გისმენდი. თვალი მქონდა გაშეშებული შენს გადავარცხნილ თმაზე, ოდნავ წარმოზრდილ წვერზე, ჩაცვენილ ლოყებზე. სითბო არ მოდიოდა შენგან და არ გამკვირვებია, რომ ვეღარ ვიგრძენი ის კავშირი, რომელსაც, რაღაც ძალით, იქამდე ყოველთვის ვგრძნობდი. თავი გქონდა დახრილი, რამდენჯერმე გითხარი, შემომხედე-მეთქი, მაგრამ, თითქოს ჯინაზე აიგნორებდი ჩემ სიტყვას. არ მეგონა, ჩახუტების გარეშე თუ წახვიდოდი. კატეგორიული იყო ყველა ჩემი ბოლო სიტყვა მაშინ, მაგრამ რაღაც მომენტში მაინც მეგონა, გადააბიჯებდი იმ ყველაფერს, იმ წარსულს, რომელსაც არასდროს ვიხსენებდი და ბოლოჯერ ჩამეხუტებოდი. ვფიქრობდი, რომ თუ მე მჭირდებოდა, ეს სიახლოვე შენც აუცილებლად დაგჭირდებოდა, მაგრამ მე ჩემი სათქმელი გითხარი თუ არა, შენ შებრუნდი და წახვედი. მას მერე იმდენჯერ დამესიზმრე. ყველა სიზმრის ბოლოს ისე ბრუნდებოდი და მიდიოდი, როგორც ცხადში. ერთხელაც არ გამოგიხედავს უკან. არ დაგინახავს, რომ ჩემივე ნაშენები თავმოყვარეობა ხელებში შემომეფშვნა და განადგურდა. ერთხელ მაინც რომ დაგეძლია ეგ შენი საშინელი ხასიათი, რომელიც უხვად დაგაფერთხა ღმერთმა, მოტრიალდებოდი და დაინახავდი, რომ ცოცხლად მმარხავდა შენი არსებობა და შენი წასვლაც კი ვერ შველიდა იმ მოუშუშებელ იარებს. მერე ვიტირე. ძალიან ბევრი ვიტირე. ასეთია ადამიანი, ტკივილის მიუხედავად, მაინც იმ უაზრო იმედს ეჭიდება და ბოლომდე სჯერა, ყველა ამბავს კეთილი დასასრული აქვს. მე სულ ვოცნებობდი, რომ შენთან ერთად ზღვისპირა ქალაქი მენახა. ადრე მშურდა ხოლმე ისეთი ხალხის, ახლო ურთიერთობები რომ არ უჭირდათ, მაგრამ თითქოს ჩვენმა ცხოვრებამ შემცვალა. ისეთად მაქცია, როგორიც შენ შემდეგ ძალიან დიდხანს ვიყავი. მე არ მომწონდა საკუთარი თავი. სულ ვიბრძოდი, ისეთად არ დავრჩენილიყავი, როგორიც შენ იყავი. არ მინდოდა, ვინმეს შემოეხედა და ეთქვა, რომ ძალიან გგავდი. მკლავდა ყველაფერი შენთან დაკავშირებული და გულის სიღრმეში, ძალიან, ძალიან და კიდევ უფრო ძალიან ღრმად, მთელი არსებით მიყვარდი. ან ის ადამიანი მიყვარდა შენში, რომელიც არასდროს ყოფილხარ.

ახლა ბათუმში ვარ. იმ კაფეში ვზივარ, რომელზეც დედა მიყვებოდა ბავშვობაში. ბათუმს შემოდგომა არ უხდება, მაინც ზაფხულის ქალაქია. ცივა და სასტუმროც არ მიპოვია. უკვე მოვასწარი აქაურების გაოცება, ისინიც მაოცებენ თავიანთი განსხვავებული გემოვნებით. აი, მაგალითად, სულ რაღაც ათი წუთის წინ, წყვილმა მოპირდაპირე მაგიდიდან პირდაპირ საერთო ჭიქიდან მიირთვა ზაფხულის ტკბილეული. იმათ მაგივრად მე გამეყინა კბილები. მაგრამ, მომწონს წესების წინააღმდეგ წასვლა, მეამბოხე ხალხზე ჭკუა მეკეტება პირდაპირ. ეგ წესები არავის დაუწერია, გეთანხმები, მაგრამ, მოდი, ნუ ვიკამათებთ იმაზე, რომ შემოდგომის მიწურულს უკვე აღარ უხდება ნაყინის ტლოკვა.

იფიქრებ ალბათ, ახლა რატომ მწერსო. მართალიც იქნები, არაა ჭკუას მოკლებული შენი გაოცება. ამ რამდენიმე დღის წინ, სრულიად შემთხვევით, ძველ სახლში გადანახულ ალბომს წავაწყდი. ჩემი საწოლის ქვეშ ვიპოვე, დამტვერილი და შელახული. რომ გითხრა, სიხარულით ცას ვეწიე-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ კარგი და ძლიერი გამოგონებაა ფოტოები, ისე შეასკდები რაღაც ძველს, მივიწყებულსა და მტვერდადებულს, რომ ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებს. ფიქრი ხანდახან კარგია, თუკი ეგ ფიქრი რამე კარგ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანს, მთლად უკეთესი. წლებია, არ გვისაუბრია. და არც ვისაუბრებდით, რომ არა ერთი ფაქტი: კვირის ბოლოს ქორწილი მაქვს. დიახ, სწორად კითხულობ და არაფერიც არ გეჩვენება. რამდენჯერმე თუ თავიდან გადაიკითხავ მაგ წინადადებას, მაინც არაფერი შეიცვლება. ვთხოვდები. უფრო სწორად, ვქორწინდები. მოულოდნელი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ყველაფერი დიდხნიანი საუბრებისა და მომავლის აწონ-დაწონის შემდეგ გადაწყდა. მე მგონია, რომ ამაზე სწორ გადაწყვეტილებას ვერც ვერასდროს მივიღებდი. და რადგან ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებ, რადგან ბოლო რამდენიმე თვემ მიმახვედრა, რომ ადამიანები შეცდომებს ძალიან ხშირად ვუშვებთ და ჩვენ პატიება მაინც უნდა შეგვეძლოს, გაძლევ ბოლო და უკანასკნელ შანსს. შანსს, რომელიც, მგონია, საბოლოოდ გადაწყვეტს ჩვენი ურთიერთობის ბოლოს. მე არ ვიცი, როგორ შეიცვალა შენი არსებობა იმ წლებში, როცა ერთმანეთის ცხოვრებაში არ გვიცხოვრია, მაგრამ არ მინდა, რომ კიდევ უფრო დიდი დრო გავიდეს და როცა დავბერდები, როცა ცხოვრება ჩემთვის ნელ-ნელა დაიხურება, უკან მოვიხედო და ვიფიქრო, რომ უფრო მეტად ადამიანური შემეძლო ვყოფილიყავი და არ ვიყავი. თუ გინდა, წყალობად მიიღე ჩემი ეს წერილი და თითოეული სიტყვა, რომელსაც იმ გულით ვწერ, ახლა სიყვარულით რომ მიძგერს. დაბრუნდი და მიხვდები, რამდენად გავიზარდე. დაბრუნდი და მიხვდები, შენც შეგიძლია ცხოვრებას სხვანაირად შეხედო. მე გპატიობ. ახლა, მთავარია, საკუთარ თავს აპატიო.

დაბრუნდი, მამა. ამის იქით მეტი გზა აღარ იქნება“.

იმ დილით, როცა თორნიკე გამსახურდიამ ოთახის კარი დაუკაკუნებლად შემომიხსნა და გაოცებული ადგილს მიეყინა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქორწილო კაბად ყველაზე გემოვნებიანი მოდელი ამერჩია. ლამის იყო, მეც პირი დამეღო საკუთარი თავის დანახვისას. თუმცა, მე ის უფრო მაკვირვებდა, რომ ეს დღე დადგა. ჩუმი დაშორებისა და მეტად ხმაურიანი შერიგების შემდეგ, რომელსაც, დაპირებისამებრ, თან ახლდა უმცროსი გამსახურდიას მიერ ცაში გაშვებული ათობით ფეიერვერკი, გააზრებულად, დარწმუნებით და გადაჭრით დავაქნიე თავი კითხვაზე, გავყვებოდი თუ არა ცოლად კიტა გამსახურდიას. ამას მოჰყვა ანიკოს გლოვად ქცეული ბედნიერი საღამოები, ერთმანეთის ცხოვრებაში გამოტოვებული წლების შევსების მცდელობები, საუბრები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელი ყველაზე მეტად მაკლდა და თავად ის ადამიანი, ამ ყველაფერს რომ აერთიანებდა. ჰოდა, როცა თორნიკემ ინება და პირი მოკუმა, სარკის წინ კიდევ ერთხელ დავტრიალდი და იმით კმაყოფილმა, რომ დღეს ორ გამსახურდიას გარანტირებულად დავაღებინებდი პირს, ოთახის კარი გამოვხურე.



№1 სტუმარი სტუმარი ლუსი

ძალიან კარგი იყოო!

 


№2  offline წევრი Annia

სანამ არ წავიკითხე “დაბრუნდი მამა, ამის იქეთ მეტი გზა აღარ იქნებაო” მანმდე უკვე ხასიათი წამიხდა რადგან მეგონა საბოლოოდ დაშორდნენ. გამიხარდა ფინალი და კარგი იყო ისტორია, რეალობასაც ასახავდა, თავისი რომანტიკაც ჰქონდა და გაზვიადებაც. ყველაფერი ზომა წონაში იყო და არაფერს გავუღიზიანებივარ, ნიჭიერი ადამიანი ხარ და მთელი კვირაა ვცდილობ რაიმე ისტორიის წაკითხვას, ახლა ისევ დამიბრუნდა ხალისი ამ საიტზე კითხვის. მადლობა და წარმატებები.

 


№3 სტუმარი Ana-maria

მომეწონა. კარგად იკითხებიდა.ძალადობა,ცრემლები,სიყვარული,განშორება და ისევ შეხვედრა. მაგრამ სიყვარული ხომ ყველა იარას ამრთელებს. წარმატებები ❤❤❤

 


№4 სტუმარი ნანამია

მომეწონა... ყველაფერი საკმარისი იყო ... ზოგჯერ მკითხველებს,, გვჭირდება ""ზედმეტად,,დაუძაბავი"ისტორიები... მადლობა

 


№5  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერესო და ემოვიებით სავსე ისტორია იყო.

 


№6  offline წევრი Loey

სტუმარი ლუსი
ძალიან კარგი იყოო!


მადლობა ❤️

Annia
სანამ არ წავიკითხე “დაბრუნდი მამა, ამის იქეთ მეტი გზა აღარ იქნებაო” მანმდე უკვე ხასიათი წამიხდა რადგან მეგონა საბოლოოდ დაშორდნენ. გამიხარდა ფინალი და კარგი იყო ისტორია, რეალობასაც ასახავდა, თავისი რომანტიკაც ჰქონდა და გაზვიადებაც. ყველაფერი ზომა წონაში იყო და არაფერს გავუღიზიანებივარ, ნიჭიერი ადამიანი ხარ და მთელი კვირაა ვცდილობ რაიმე ისტორიის წაკითხვას, ახლა ისევ დამიბრუნდა ხალისი ამ საიტზე კითხვის. მადლობა და წარმატებები.


წერილს ის ეფექტი მოუხდენია, რაც მინდოდა ❤️ მადლობა.

Ana-maria
მომეწონა. კარგად იკითხებიდა.ძალადობა,ცრემლები,სიყვარული,განშორება და ისევ შეხვედრა. მაგრამ სიყვარული ხომ ყველა იარას ამრთელებს. წარმატებები ❤❤❤


მადლობა ❤️

ნანამია
მომეწონა... ყველაფერი საკმარისი იყო ... ზოგჯერ მკითხველებს,, გვჭირდება ""ზედმეტად,,დაუძაბავი"ისტორიები... მადლობა


მადლობა ❤️ ❤️

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან საინტერესო და ემოვიებით სავსე ისტორია იყო.


❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ემოციები მოზღვავებული იყო ზღვასავით,მომეწონა ძალიან საინტერესო წასაკითხი ძალიან კარგი წყვილი მომეწონა თორნიკეს გულწრფელობა ველური დები ახალი ნაწარმოებს ნაკლები დაძაბულობით კარგი დასასრულით მადლობა წარმატებები

 


№8  offline წევრი Loey

სტუმარი ნესტანი
ემოციები მოზღვავებული იყო ზღვასავით,მომეწონა ძალიან საინტერესო წასაკითხი ძალიან კარგი წყვილი მომეწონა თორნიკეს გულწრფელობა ველური დები ახალი ნაწარმოებს ნაკლები დაძაბულობით კარგი დასასრულით მადლობა წარმატებები


მადლობა ❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

რა კარგი იყო❤️ გული გამითბა თორნიკეს და ნინას ურთიერთობაზე, არ მინდოდა დასრულებულიყო. მადლობა მადლობა თქვენ კარგა ხანია ესეთი საყვარელი და გულის ამაჩქარებელი ისტორია აღარ წამიკითხავს აქ❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი Loey

სტუმარი მარიამი
რა კარგი იყო❤️ გული გამითბა თორნიკეს და ნინას ურთიერთობაზე, არ მინდოდა დასრულებულიყო. მადლობა მადლობა თქვენ კარგა ხანია ესეთი საყვარელი და გულის ამაჩქარებელი ისტორია აღარ წამიკითხავს აქ❤️❤️❤️


მადლობა ❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ტატა

ძალიან კარგია!

 


№12  offline წევრი Loey

სტუმარი ტატა
ძალიან კარგია!

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№13 სტუმარი სტუმარი მერი

ემოციების ზღვა კარგი დასასრულით კარგია მადლობა

 


№14 სტუმარი მიმოზა

ძალიან კარგია...წარმატებები თქვენ

 


№15  offline წევრი Loey

სტუმარი მერი
ემოციების ზღვა კარგი დასასრულით კარგია მადლობა

heart_eyes heart_eyes

მიმოზა
ძალიან კარგია...წარმატებები თქვენ

heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent