შეცდომა ( სულ)
შეცდომა _ იაკო მაგას თუ აირჩევს, უბრალოდ დაივიწყოს, რომ ოჯახი ჰყავს! გასაგებია მანანა?! გასაგებად ვამბობ?!_ მამაჩემის ნათქვამი, ყოველთვის კანონი იყო ოჯახში. იტყოდა და მის ნათქვამს წყალი არ გაუვიდოდა. დედა, რაც არ უნდა სდომებოდა ჩვენთვის მხარის დაჭერა, ამას უბრალოდ ვერ გაბედავდა. კაცმა რომ თქვას, ტყუილად არასდროს იცოდა მამამ გაჯიუტება, მაგრამ ჩვენ მაშინ არანაირი ცხოვრებისეული გამოცდილება არ გვქონდა და ამიტომ ვერ ვხვდებოდით, მისი სიმკაცრის ნამდვილ მიზეზს. იაკოს თავი ჩემს კალთაში ედო და გულამოსკვნილი ქვითინებდა. მე თმაზე ვეფერებოდი და თან ფანჯრიდან მოფარფატე ფანტელებს გავცქეროდი. თოვდა, შეუჩერებლად თოვდა. ასეთი თოვლი ჩვენს პატარა ქალაქს წლებია არ ახსოვდა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ალბათ იმაზე ვიტირებდით, თუ ეზოდან ნაადრევად ამოგვიყვანდნენ გაციების საბაბით, მაგრამ ახლა უკვე იმ ასაკში ვიყავით, რომ სიყვარულის გამო ვტიროდით. მე არა, იაკო ტიროდა, მე კი მხოლოდ მხარს ვუჭერდი, რადგან ვხვდებოდი, თუ ახლა მამა თავისას გაიტანდა და ჩემს დას თავის შეყვარებულთან დააშორებდა, ერთ დღეს შესაძლოა მეც იაკოსავით მომიწევდა ტირილი. მამაჩვენისთვის ბიჭის გარეგნობას საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა, არც იმას, თუ როგორი ოჯახი იდგა ახალგაზრდა კაცის ზურგს უკან. მამა მხოლოდ პიროვნული თვისებებით აფასებდა ადამიანს. რამდენად ძლიერი იყო ადამიანი სულიერად, თუ რა შეეძლო მხოლოდ საკუთარი თავის იმედად და რისი გამკეთებელი იყო ცხოვრებაში. თავად ობლობაში გაზრდილი ბიჭი იყო. ფეხზე დადგომა მხოლოდ საკუთარი ძალებით შეძლო. ოჯახი წელში გამართა და ყველა ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რაც მამაკაცს ოჯახის მიმართ ჰქონდა, კარგად იაზრებდა. დასანახავად ვერ იტანდა დედიკოს და მამიკოს ბიჭებს. და მისი აზრით გეგა სწორედ ასეთი ბიჭი იყო. 27 წლის უმუშევარი, განებივრებული, გაზულუქებული. მშობლების ფულით წელში გამართული. და რაც ყველაზე მთავარია, მამა ფიქრობდა, რომ გეგას იაკო არ უყვარდა. რომ დაეჯერებინა მისი სიყვარულის კიდევ დაფიქრდებოდა ალბათ, მაგრამ რატომღაც მიუხედავად გეგას მიერ გამოხატული მზრუნველობისა, უამრავი ლამაზი და არც თუ იაფი საჩუქრებისა, თვლიდა, რომ ეს სიყვარული არ იყო. უბრალოდ იაკო იყო საოცრად ლამაზი. შეიძლება ითქვას ქალაქის თვალი. რომ გაივლიდა ყველას თვალი მას მიჰყვებოდა. გეგას კი სწორედ ის სურდა, რაც ყველასთვის ასე მიუწვდომელ ოცნებას წარმოადგენდა. ასე ფიქრობდა მამა და ამ ფიქრებს არც მალავდა დანახვის წამიდან აითვალწუნა გეგა. _ ნუ ტირიხარ იაკო! კარგი რა დაიკო!_ გადავუსვი მოცახცახე გამხდარ ბეჭებზე ხელი._ ყველა მამა ასეთია! უბრალოდ ეშინია შენს გამო! _ არა! მამას არ ვუყვარვარ! რომ ვუყვარდე ჩემს ბედნიერებას ხელს შეუშლიდა? შეხედე, ნახე, თუ არ ვუყვარვარ ასე რატომ გადამყვება თან?_ ხელი გაშალა და წინა საახალწლო საჩუქარი დამანახა. მის წვრილ მაჯაზე გაიბრჭყვინა ოქროსა და ზურმუხტის საკმაოდ დახვეწილმა ნაკეთობამ. _ არ ვიცი დაიკო! _ ამოვიოხრე და საჩუქრის მშვენიერების წინ უკან დავიხიე._ ალბათ არის მიზეზი, რის გამოც მამა გეგას ვერ იტანს! _ კი არის! და ეს მიზეზი ისაა, რომ მე არ ვუყვარვარ! პირველი ბიჭი უნდოდა და მე ოცნება დავუნგრიე ჩემი გაჩენით!_ ახლა კი აშკარად ამეტებდა იაკო, მაგრამ მას ბრაზი და წყენა ალაპარაკებდა მხოლოდ. მამას მეც და ჩემი დაც ძალიან ვუყვარდით. ამბობდა ხოლმე, ჩემი სიამაყის და ღირსების საზომი თქვენ ხართო! მაგრამ უზომოდ მკაცრი და ხისტი ადამიანი იყო და დედის თქმისა არ იყოს: აწი ვეღარაფრით შეიცვლებოდა. ამიტომ ისეთი უნდა მიგვეღო, როგორიც იყო. ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები, და მამაჩემის უარყოფითი მხარე, ალბათ სწორედ გადამეტებული სიჯიუტე და სიმკაცრე იყო! სიმკაცრისა რა გითხრათ,მაგრამ სიჯიუტეშო აშკარად ჰგავდა იაკო მამას. _ არა! არ მივცემ უფლებას, ცხოვრება დამინგრიოს!_ ამომხედა იაკომ ტირილისგან დაოსებული, მაგრამ მაინც საოცრად ლამაზი ლურჯი თვალებით. _ რას აპირებ?_ ვკითხე შეშფოთებულმა._ ხომ იცი, თუ მამას სიტყვას გადაუვლი, შეიძლება სახლშიც აღარ მოგიშვას! _ვის საჭირდება მაგის სახლი?_ თვალები სიცხიანივით უელავდა იაკოს._ იცი რამხელა სახლი აქვს გეგას? _ იაკო გამოფხიზლდი რა! სახლი მარტო კედლები ხომ არაა? სახლი ხალხია ვინც მის კედლებში ვცხოვრობთ! ჩვენ? მე და დედა არაფერს ვნიშნავთ შენთვის?_ ახლა უკვე მეც შემეპარა ბრაზი. _ შენ ჩემი ყველაფერი ხარ! აი დედას კი მამაც ეყოფა ბედნიერებისთვის!_ მითხრა მტკიცედ. წამოხტა და პატარა სამგზავრო ჩანთას ხელი დაავლო. პირადი რამდენიმე ნივთი ჩააგდო შიგ. ორი ხელი ტანსაცმელი და გეგას ნაჩუქარი ძვირფასი მობილური მოიმარჯვა. _ გეგა შენი წინადადება ძალაშია? ხოდა ერთ საათში შენობის კუთხეში დამელოდე! მალე ერთად ვიქნებით საყვარელო!_ გაიღიმა ბედნიერმა. ისე ჰქონდა თვალები სიყვარულით დაბრმავებული, რომ ზედაც აღარ მიყურებდა. აღარ მისმენდა. _ იაკო დამშვიდდი, ჯერ პირველ კურსზე ხარ,სწავლა მაინც დაამთავრე! სად გეჩქარება?_ წინ გადავუდექი და პალტოზე დავებღაუჭე. _ გამატარე ნინი, გამატარე! თუ გიყვარდე დამიფარე და სანამდე შეძლებ, არ გამამხილო! ცოტა დრო მომეცი! _ შემომხედა, ზერელედ ჩამეხუტა. მერე ხელი გამიშვა და ისე წავიდა, უკან ერთხელაც არ მოუხედავს. იმ საღამოს,სავახშმოდ რომ გავედი ოთახიდან, ურცხვად მოვიტყუე, რომ იაკოს ეძინა, რადგან ბევრი ინერვიულა. დედამ ხმა არ ამოიღო. საერთოდ არაფერი უთქვამს. მამამ კი მხოლოდ ის თქვა, რომ ოდესმე ამისთვის მადლობას ეტყოდა იაკო. მე ჩემი ტყუილის მრცხვენოდა, მაგრამ დას ვერ ვუღალატებდი. და მიცემულ პირობას ვერ დავარღვვდი. დილით კარის ხმაზე გამეღვიძა. მამა იყო. ლანგარზე იაკოს საყვარელი ნამცხვარი და ჩაი დაედგა და შესარიგებლად მოჰქონდა. ცარიელი საწოლის დანახვისას გაშრა. მე დამნაშავესავით წამოვდექი ფეხზე. დამალვას და ტყუილს აზრი აღარ ჰქონდა. _ სად არის შენი და?!_ ისეთი ხმით მკითხა მამამ მუხლებში ჟრუანტელმა დამიარა. _სად არის ია?_ გამიმეორა ყვირილით. ოთახში დედაც შემოვარდა გაფითრებული. ვიფიქრე, მანაც იცოდა იას გაპარვის შესახებ, რადგან არ გაკვირვებია, მხოლოდ ეშინოდა. _ გეგასთან წავიდა!_ ვუთხარი მამას ხმა ჩამწყდარმა. მამა გაგიჟდა, ლანგარი კედელს შეალეწა. აფექტისგან წამით ხელიც კი მომიღერა, მაგრამ გონზე მოსვლა მოახერხა. _ ფეხი აღარ იქნება მისი ამ სახლში!_ საჩვენებელი თითი მუქარასავით აღმართა. _ მე შვილი, სახელად ია, აღარ მყავს!_ ოთახიდან გავარდა, სახლიდანაც და კარი გაიჯახუნა. დავრჩით მე, დედა და ახალ წლამდე დარჩენილი ორიოდე კვირა. ია ალბათ თავს კარგად გრძნობდა, რადგან რამდენიმე დღის მანძილზე ტელეფონი არც კი ჩაურთავს, არათუ დაურეკია. მამამ კი გიგას ოჯახში მისვლა სასტიკად აგვიკრძალა. გარშემო ახალი წელი ბრდღვიალებდა, მთელი ქალაქი ციმცემებდა. მარტო ჩვენი სახლი გლოვობდა, რადგან მამამ გამოაცხადა, რომ უფროსი ქალიშვილი მოუკვდა და ისე იქცეოდა, როგორც მგლოვიარეს შეეფერება. ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ახლა საახალწლო განწყობაც და ყველა სხვა ბედნიერი გრძნობაც იმდენად შორეულად მეჩვენებოდა, თითქოს მე სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობდი და არა ამავე გაბრდღვიალებულ ქალაქში. ავდექი, მოწყენილმა მოვავლე თვალი ფანჯრიდან გადაშლილ ხედს. _ იმედია ბედნიერი ხარ დაიკო!_ გავეჩურჩულე სიცარიელეს და ფანჯარას ფარდა ჩამოვაფარე. იაკოს სანახავად მისვლას ვერ ვბედავდი. მე მხოლოდ მეთერთმეტე კლასელი გოგო ვიყავი. მამაჩემის სიტყვა კი ჩემთვის კანონი იყო. თუნდაც არ მომწონებიდა, ანდაც სხვა აზრზე ვყოფილიყავი, მაინც ვერ გადავდიოდი მის ნათქვამს. თანაც იაკოს ნაბიჯის შემდეგ მკაცრად მაკონტროლებდა. დიდად არც იაკო აქტიურობდა, რამდნმე თ ის მანძილზე სულ რამდენჯერმე დამირეკა ეს იყო და ეს. მითხრა, რომ კარგად იყო, რომ პრინცესასავით ცხოვრობდა და არაფერი აკლდა. მამა ერთხელაც არ მოუკითხავს, არც დედა. მე კი ჩემი უფროსი და სიგიჟემდე მენატრებოდა. რამდენჯერმე მის უნუვერსიტეტში მივედი, მაგრამ როცა ვიკითხე მითხრეს, რომ ახალი წლის შემდეგ არც კი გამოჩენილაო. დავიბენი. იაკოს სწავლა უყვარდა, ექიმობაზე ოცნებობდა. სურდა პედიატრი ყოფილიყო, რადგან ბავშვები სიგიჟემდე უყვარდა. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. ბოლო დროს დედაც უჩვეულოდ სევდიანი და გაცრეცილი დადიოდა. აშკარად რაღაც აწუხებდა. მხოლოდ მამა ცდილობდა ძველი რიხის შენარჩუნებას. მაგრამ ხანდახან ვხედავდი, როგორ იჯდა აივანზე სრულ სიმარტოვეში შუაღამისას და სიგარეტს მძიმედ აბოლებდა. ვხვდებოდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ერთ დღეს, როცა მამა ჯერ კიდევ არ იყო სახლში დაბრუნებული, დედასთან მივედი და იაკოზე სიტყვა ჩამოვუგდე. მისი გაპარვიდან უკვე მეექვსე თვე იწურებოდა. ზაფხული ძალას იკრებდა. _ დედა ასე გაგრძელება აღარ შემიძლია! იაკო უნდა ვნახოთ!_ ვამცნე ჩემი გადაწყვეტილება._ ასე უმოქმედოდ როგორ ხარ დედა? რამ გაგაშეშა, კრუხიც კი იცავს თავის წიწილებს! იმედგაცრუებას გულში ვეღარ ვიტევდი. _ გათხოვდა ბოლოს და ბოლოს, ვინმე ხომ არ მოუკლავს?! რით ვეღარ მოინელეთ?! კაი მამას დავანებოთ თავი და შენ? შენ როგორ იძინებ, როცა შვილი ნახევარი წელია არ გინახავს? გაჩუმება აღარ შემეძლო, დაგროვილი ტკივილისგან ცრემლებთან ერთად ვიცლებოდი. დედამ მუჭები უღონოდ შეკრა და ყელზე ძარღვები დაეძაბა. ბოლოს კი ისიც გატყდა, ვეღარ მოითმინა ჩემი ბრალდება. _ მერე ვინ გითხრა რომ არ ვნახე? ვინ გითხრა, მითხარი? ქუჩის ძაღლივით გამომაგდო შენი დის ძვირფასმა დედამთილმა სახლიდან! ჩემს რძალს შენი ნახვა არ უნდაო, გესმის?! შენს შვილს კი არა, ჩემს რძალსო! ვეძახე, ვიყვირე, მაგრამ არც კი გამომხედა! ჩემმა გაზრდილმა შვილმა ფუფუნებაზე გამცვალა! ალალი დედა გულიდან ამოირეცხა! _ გამწარებული და სასიწარკვეთილი აყვირდა დედაჩემი. მერე ხელები საფეთქლებზე შემოიჭირა და სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა. სახე ხელებში ჩამალა და მხრებაცახცახებული ატირდა. _ რა გავზარდე ამისთანა უგულო?! როგორ შეიცვალა ასე? არ მესმის, არაფერი არ მესმის!!!_ასეთი გატეხილი რომ დავინახე, შემეცოდა დედაჩემი. _ მაპატიე დედა, დედიკო მაპატიე!_ მის წინ დავიმუხლე და კალთაში ჩავუდე თავი. თან იაკოზე საშინლად გავბრაზდი. ასე როგორ მოექცა დედას. ასე როგორ გაიმეტა?! თან აღარც მესიჯებზე მპასუხობდა და ბოლოს სულაც სულ გამორთული ჰქონდა, რომ ვურეკავდი. ნეტა რა ხდეოდა მის თავში. ვერაფრით დავიჯერე, რომ მას ასე უგულოდ შეეძლო მოქცეულიყო. ატირებული დედა სამზარეულოში დავტოვე. ოთახში გავედი, ჩანთა ავიღე და მის ჩემი უფროსი დის სანახავად წავედი. გადავწყვიტე, მამაჩემს სულ რომ მოვეკალი, ის მაინც მენახა. ფეხით ავიარე აღმართი და მოზრდილი წითელი აგურით აშენებული კედლის წინ გავშერდი. ზარის დარეკვას აზრი არ ჰქონდა. ალბათ მეც დედაჩემივით გამომაგდებდნენ გარეთ. დედა თუ არ ნახა, არც ჩემზე გადაირეოდა ქალბატონი ია. დავფიქრდი, რა შეიძლებოდა მექნა. შიგნით როგორ შემეღწია. გზის გადაღმა ბორდიურზე დავჯექი , ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ რაღაც ჩემთვის უცნობი მარკის მანქანა მოსისინდა. ჩაწეულ მინაში ჩემი სიძე ამოვიცანი. ვიღაცას რაღაცას ეჩხუბებოდა. იგინებოდა უშვერი სიტყვებით და ხელს ვიღაც შიგნით მჯომს მუქარით უღერებდა. ნანახით გაოგნებული ფეხზე წამოვდექი. მოულოდნელად გეგა მანქანიდან გადმოხტა, მოუარა წრე, მეორე კარი გააღო შიგნიდან ჩემი და რასაც ქვია გადმოათრია და სახლისკენ უბიძგა. იაკომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. წაიფორხილა და კინაღამ წაიქცა. გეგამ კი უდარდელად ისევ საჭსთან დაიკავა ადგილი: _ სახლში შეეთრიეო!_ იაკოს მიაყვირა და მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა. გაოგნებული და გაშეშებული ვიდექი და მოპირდაპირე მხარეს მდგომ ატირებულ ჩემს დას გაფართოებული თვალებით მივჩერებოდი და კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ნამდვილად ის იყო. იაკომ თვალები ამოიწმინდა და თავი მოიწესრიგა. მერეღა შემამჩნია და მიხვდა, რომ ყველაფერი დავინახე. ნელა მივუახლოვდი, თვალებდასიებულ, ჩემს გაფითრებულ დას. _ იაკო, რა ხდება შენს თავს?_ ვკითხე ხმა აკანკალებულმა. _ არაფერი ნინიკო, უბრალოდ ვიკამათეთ!_ გაღიმება სცადა იაკომ._ ცოლ_ქმარი ჩხუბობს ხოლმე. დავაკვირდი და აშკარად დავინახე სილურჯე თვალის უპესთან, არც გახეთქილი ტუჩი გამომრჩენია და არც ის დალურჯება ყელზე ხელით რომ ცდილობდა დაფარვას. _ ეს რა ჯანდაბაა გოგო? ეს მაგან გიქნა?_ სისხლი ყელში თავში და თვალებში ერთდროულად მომაწვა. _ არა ჩემი გოგო, რას ამბობ გეგას ვუყვარვარ. ჩემი ბრალია კიბეზე დავგორდი!_ ვიცოდი აშკარად მატყუებდა. ერთად გავიზარდეთ და მის ტყუილებს კარგად ვცნობდი. _ მატყუებ, სულელი კი არ ვარ! წამოდი, ახლავე წამოდი სახლში! აქ არ დაგტოვებ! _ მაჯაში ხელი ჩავავლე და დაღმართისკენ დავქაჩე. მაგრამ ადგილიდან არ დაიძრა. _ წამოდი! წამოდი მეთქი! მაგ მხეცთან ტოგორ რჩები გოგო?!_ დავიწყე ტირილი. იდგა და დაღლილი , ამოღამებული, სევდიანი თვალებით მიყურებდა, თუმცა ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა. _ ნინი მამამ ასე რომ მნახოს რას უზამს გიგას?_ მკითხა ჩამწყდარი ხმით. პასუხი ვერ გავეცი, მამას ეს რომ გაეგო უეჭველად მოკლავდა სიძეს. _ხვდები არა? ხომ ხვდები ახლა?!_ გავშეშდი. გავიყინე. აბა რა უნდა მექნა, აქ დამეტოვებინა?ძველი იაკოსგან ნახევარიღა იყო დარჩენილი და ეს მხოლოდ ექვს თვეში. _ თან შენ ვერ მიხვდები, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს მისი შეცვლის იმედი! უნდა დამიჯერო დაიკო!_ ხელით მუცელთან ამოჩევილი მაისური გაისწორა. _ წადი სახლში დაბრუნდი და არავის არაფერი უთხრა! ეს ჩემი საზღაურია დაშვებული შეცდომის გამო და მარტო მე უნდა ვაგო ამაზე პასუხი! მამას ამაში ვერ გავრევ! წადი ნინიკო!_ ხელი მკრა და გამშორდა. _ წადიმეთქი და აქ აღარ დაბრუნდე! იცოდე, მამას თუ რამე მოუვა ჩემ გამო არასდროს გაპატიებ!_ რკინის კარი გააღო და ასე ნახევრად მკვდარი დამტოვა ქუჩაში. გამწარებული ვეცი ჭიშკარს და მუჭები დავუშინე. ვკიოდი, ვყვიროდი ვილანძღებოდი და ვიმუქრებოდი, მაგრამ არავის გამოუხედავს. ბოლოს, როცა მივხვდი იქ ყვირილს აზრი არ ჰქონდა სახლში დავბრუნდი. სამსახურიდან დაბრუნებული დაღლილი მამა დივანზე თვლემდა, ვითომ ფეხბურთს უყურებდა. დედა სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და ფანჯრიდან გასცქეროდა თბილისს. მაგრამ აშკარა იყო ქალაქის ხედის ნაცვლად საკუთარ ქალიშვილს ხედავდა. აი რატომ არ გამოვიდა დედასთან, დედას რომ ენახა ის, რაც მე ვნახე.... ოთახში შევედი და იაკოს საწოლზე ჩამოვჯექი. _ რა გავაკეთო? _ვკითხე საკუთარ თავს_ რით გიშველო დაიკო? გავმწარდი იმაზეც, რომ ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი. ალბათ გადაწყვეტილებასაც კი ვერ მივიღებდი სწორს. არადა ასე გაჩერებაც ხომ არ შეიძლებოდა?! არა, დედისთვის უნდა მომეყოლა. ისიც საკმარისი იყო მაშინ გაპარვაში რომ დავეხმარე. ახლა მარტო ვეღარ მივიღებდი გადაწყვეტილებას, მშობლები მჭირდებოდნენ. როცა მამა დასაძინებლად გავიდა დედასთან შევიპარე სამზარეულოში. კარები კარგად დავხურე და ყველაფერი ვუამბე. ისიც ვუთხრაი, რა მიზეზით არ გამომყვა იაკო. დედაჩემი შებარბაცდა. ხელი შევაშველე და სკამზე ჩამოვსვი. _ მართალი უთქვამს, ჯაბა მოკლავს იმ ცოდვისშვილს! წარმოდგენა არა აქვს, თორემ აქამდეც არ აცოცხლებდა!_ თავში შემოიკრა დედაჩემმა ხელი._ მაგრამ ამ ამბის დამალვა არ შეიძლება, რამე რომ მოსწიოს ბავშვს რა წყალს მივცე მერე თავი?! წყალი დავუსხი და წინ დავუდგი. დედაჩემმა წყალი დალია. ჰაერი ჩაისუნთქა, ძალა და გამბედაობა მოირიბა და საძინებლისკენ ისე გაემართა, როგორც დასაკლავი ხარი საკუთარი ჯალათისკენ. გული მომეწურა. აღარ ვიცოდი სწორად მოვიქეცი თუ არა, ვაითუ იაკო მართალი ყოფილიყო და მამა რამე უბედურობას გადაჰკიდებოდა?! მერე რა ჯანდაბა მექნა?! იმ ღამეს ვერაფრით დავიძინე. თვალიც ვერ მოვხუჭე. ალბათ ჩემს საწყალ დასაც არ ეხინა იმ ღამეს, ან კაცმა არ იცის იმ წყეულ სახლში საერთოდ თუ ეძინა წესივრად... ისე დამათენდა არაფერი გამიგია, მშობლების საძინებლიდან გამომავალი მოგუდული ხმების გარდა... როდის ჩამეძინა არ გამიგია. დილით უკვე დაღლილმა გავიღვიძე. მამა და დედა უკვე სამზარეულოში ისხდნენ, სახემოქუფრულ მამაჩემს საუზმეზე ხელიც არ უხლია. ვუყურებდი და მეშინოდა, ვაითუ მართლა რამე გამოუსწორებელი დავატრიალე ჩემი გტძელი ენით. ვაითუ იაკო მართალი აღმოჩნდებოდა?! მამა მალევე ადგა და უსიტყვოდ გავიდა სახლიდან. გაცრეცილი დედაჩემი, რომელიც მხოლოდ მამაჩემის დასანახად იკავებდა თავს, დივანს დაემხო და გულამოსკვნილი აქვითინდა. _ ოჯახი მეღუპება, რა ვქნა, რა გავაკეთო?!_ ტიროდა და ვერაფრით დავამშვიდე. მამა მთელი დღე არ გამოჩენილა. დაღამდა,ჩამობნელდა და ის მაინც არ სჩანდა. გული გახეთქვას მქონდა. ვურეკავდი და არ მპასუხობდა. დედაჩემს, როგორც იქნა ყველა ცრემლი დაუშრა და ახლა სრულიად ამომხმარი წლობით მოურწყავი ყვავილის ქოთანივით გაშეშებული იჯდა მისაღებში. კარის ხმაზე ორივე ერთდროულად წამოვხტით ფეხზე, მაგრამ ჰოლში გასასვლელად ძალა აღარ გვეყო. მამა ნათლიაჩემმა შემოიყვანა და დივანზე მიაწვინა. ასეთი მთვრალი არასდროს მინახავს მამაჩემი. ასეთი განადგურებული და გათელილი არასდროს ყოფილა. _ რა მოხდა მირზა!_ აკანკალებული შეეკითხა დედა ნათლიას. _ ისეთი რამე მოხდა, რომ ყველაფერი შეცვალა. ია არ გამოგვყვა, თურმე ორსულადაა, შენი სიძე ცოცხალ_მკვადარი გააგდო ჯაბამ ხელიდან, მაგრამ მოსაკლავად ვერ გაიმეტა შვილიშვილის მამა. ახლა კი, არც ვიცი, რა იქნება! იმედია არ უჩივლებს ის არაკაცი! ნათლიაჩემის სიტყვებზე მამას გავხედე, ახლაღა დავინახე ცაცია ხელის მტევანი გადაგლეჯილი და სისხლიანი ჰქონდა. გული ყელში მომებჯინა. გავმწარდი. _ ყველაფერი ჩემი ბრალია! მე რომ იმ დღეს ია არ გამეშვა დღეს ასეთ დღეში არ ვიქნებოდით!_ მამაჩემს მივუჯექი და ნატკენ ხელზე მოვეფერე. _ არა შვილო, მოსახდენს ვერავინ შეცვლის! არც ახლა იყო გვიანი, იას წამოსვლა შეეძლო, მაგრამ არ წამოვიდა! არ მესმის ის ნაგავი როგორ უყვარს? ან უყვარს კიი?_ ხელი ჩაიქნია ნათლიაჩემმა. მამას თანაგრძნობით გახედა და წავიდა. დედა რეტდასხმული იჯდა. ხმას არ იღებდა. მამას არაფერი მოუყოლია, არც აუხსნია. მხოლოდ ის თქვა, რომ საკუთარ შეცდომბზე ყველას მოგვიწევდა პასუხისგება და ამით დაასრულა. მაშინ პირველად გავიაზრე, რომ იმას, ვისაც დახმარების მიღება არ უნდა და საკუთარ პრობლემას საირაქლემასავით მიწაში თავის ჩარგვით ემალება, ვერავინ დაეხმარება. სწორედ ასე ვხედავდი იას. რა ეგონა, რომ გეგა ამ ამბის შემდეგ შეიცვლებოდა? რა თქმა უნდა არა! ჩივილით ვერ უჩივლა მამას, რადგან მაშინ საკუთარი არაკაცობაც ხმამაღლა უნდა ეღიარებინა, მაგრამ მთელი ბრაზი და ბოღმა ჩემს საწყალ დაზე ანთხია. რაც უფრო დიდ ხანს რჩებოდა ია მის სიახლოვეს, მით უფრო ღრმად ეფლობოდა ძალადობის ჭაობში. ხშირად მივდიოდი და შორიდან ვუთვალთავალებდი. ძალიან ხშირად ეკეთა იაკოს მზის მუქი სათვალე. ხან სიცხე_პაპანაქების მიუხედავად გრძელ მკლავიანი მაისურით ფარავდა საყვარელი ქმრისგან დატოვებულ სიყვარულის ნიშნებს. ერთ დღეს, როცა ასე შეფუთული გამოვიდა სახლიდან და ფეხით დაუყვა გზას, ვეღარ მოვითმინე და წინ გადავუდექი. თავალებში შეემჩნა, რომ გაუხარდა ჩემი დანახვა. მაგრამ ახლოს არ მოსულა, არ გადამხვევია. _ როდემდე აპირებ ასე ცხოვრებას დაო?_ ვკითხე ხმაგაბზარულმა. ხანდახან მეგონა, რომ ჩემი და მძულდა. მძულდა იმ სიჯიუტისთბის, მძულდა სისუსტისთვის, მძულდა ყოველი მისი სილურჯის გამო, რომელსაც ასე საგულდაგულოდ ნიღბავდა. _ მე შვილს ველოდები ნინი, რა ვქნა? _ მიპასუხა და თვალი ამარიდა. _ შვილის გაჩენას მაგ ჯოჯოხეთში აპირებ მერე?_ ხმა არ გამცა. _ საკითხავია ჯანმრთელი მაინც გაჩნდება ეს საწყალი ბავში?_ მინდოდა გამებრაზენინა და ამ სიბრაზით გამომეღვიძებინა. _ მაგას როგორ ამბობ?_ თავალები აუცრემლიანდა. _ ოჰ, როგორ ვამბობ თორემ ვიგონებ რამეს! ხომ ისევ გცემს შენი ძვირფასი ქმარი?!_ უარის ნიშნად თავი გააქნია. ძალა აღარ ეყო მოსატყუებლად. _ არა, არა? აბა გცივა და ეს შარფი იმიტომ გიკეთია ხო ამ სიცხეში? _ გარიდება ვერ მოასწრო, ყელზე შემოხვეულ შარფს ხელი წავავალე და მოვაცალე. გავშრი, გავშეშდი. _ ეს რა ჯანდაბაა ია! ეს მან გააკეთა ხომ?_ ყელზე აშკარად ემჩნეოდა ხელის თითების ანაბეჭდი. თითქოს ვიღაც ახრჩობდა და ბოლო წამს გადაიფიქრა. იაკო მოიკუნტა, დაპატარავდა. კანკალი დამაწყებინა ბრაზისგან. _ მოვკლავ მაგ უბედურს!_ ამოვიხრიალე და მისი სახლისკენ გავიწიე. _ გაჩერდი დაიკო!_ წინ გადამიდგა შეშინებული ჩემი და_ გაჩერდი! უარესად ნუ გამამწარებ? ნუ გააგიჟებ! გთხოვ! _ გეშინია მისი? გეშინია ხომ? ახლავე წამოდი სახლში!_ მაჯაში ხელი წავავალე და იქვე მდგარი ტაქსისკენ წავათრიე ძალით. _ არ შემიძლია, ვერ მივატოვებ! მას მე ვჭირდები გესმის?!_ წინააღმდეგობას მიწევდა. არ მომყვებოდა. მაშინ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. _ რისთვის სჭირდები? რომ ერთ დღეს ცემაში მოგკლას? შენი თავი თუ არ გეცოდება, ეგ შენი მუცლად მყოფი შვილი მაინც შეიბრალე!_ არ მისმენდა. ცდილობდა ჩემთვის ხელი წაერთმია. მასზე და მის უგონო სიჯიუტეზე ისე გავბრაზდი, ჩემდა მოულოდნელად ლოყაში ხელი მთელი ძალით გავაწანი. ადგილზე შეხტა და ლოყაზე ხელი იტაცა. ლამაზი თვალები ცრემლით აევსო. გული დამეწვა, ჩემგანღა აკლდა ცემა. _ მანქანაში ჩაჯექი იაკო! ჩაჯექი, თორემ გეგიცები დავივიწყებ, რომ ორსულად ხარ და თმით გითრევ ამ ქუჩაში!_ ხელი ისევ მაღლა აღვმართე მუქარით და იამ პატარა დედინაცვლისგან ცემასშეჩვეული ბავშვივით ხელი იფარა სახეზე. იმ წამს მოვკვდი და აღარ დავრჩი. ჩემი ყველაზე მხიარული, მეოცნებე და ლაღი და ისე დაებეჩავებინა ცემას, რომ ხელის აწევაზე უკვე ინსტიქტური თავდაცვის პოზას იღებდა. ტაქსში ძალით ჩავსვი და გვერდით მივუჯექი. _ არ შეგეშინდეს იაკო! მე შენთან ვარ! ყველაფერი კარგად იქნება!_ ვუთხარი და მთელი ძალა მოვიკრიბე, რომ არ მეტირა. თავი კალთაში ჩამიდო და თავად ატირდა. მზრებზე ხელი გადავუსვი. სიმწრით გამაკანკალა. ისეთი მყიფე და ფარატინა გამხდარიყო შეგრძნება მქონდა , რომ ოდნავ რომ მომეჭირა თითები, მისი ნეკნები ხელებში ჩამსხვრეოდა. სახლშის სადარბაზოსთან კიდვ შეყოყმანდა. ფანჯრებისკენ აიხედა და ამოისუნთქა. _შემომხედე!_ ვუთხარი და მისი სახე ხელებში მოვიქციე._ ყველაფერი კარგად გექნება, გესმის? თავი დამიქნია. კიბეები სწრაფად ავატარე. მეშინოდა ბოლო წამს გამბედაობას არ ემტყუნა და უკან არ გაქცეულიყო. მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით, როცა ზურგს უკან სახლის კარი დავკეტე და ჩემი და ჩემს სახლში დავიგულე. სამზარეულოდან გამოსულმა დედამ ერთი შეკივლა მის დანახვაზე და გამოიქცა. გულში ჩაიკრა და დიდხანს კოცნა მონატრებული შვილი საჭმელი თავისი ხელით აჭამა ისე, როგორც ბავშვობაში. არაფერი უკითხავს, ხმა არ ამოუღია, მაგრამ თვალს ხშირ_ხშირად აპარებდა მისი დალურჯებული ყელისკენ და შეკავებულ ცრემლებს ჩემსავით უსიტყვოდ ყლაპავდა. საღამოს ემოციებისგან დაღლილი იაკო საძინებელში გავიყვანე. საკუთარ ჯერ ისევ პრინცესის გვირგვინებმიკრული საწოლში ჩავაწვინე და საბანი ჩემი ხელით ამოვუგე. ლოყაზე ვაკოცე და მარტო დავტოვე, რათა დაესვენა. მე კი მამასთან შესახვედრად გავედი მისაღებში. მამა ჩვეულად სახემოღუშული დაბრუნდა. იმ დღის შემდეგ, რაც მასსა და გეგას შორის მოხდა, წარბგაუხსნელი დადიოდა. თითქმის არ ჭამდა და არ საუბრობდა. მხრებჩამოყრილი შემოვიდა და დივანზე დაწვა. ჭერს მიაჩერდა დაღლილი. _ მამა!_ შევეხმიანე და გვერდით დავუჯექი. _ ჰოო!_ გამომხედა და ძალად გამიღიმა. _ მამა რაღაც უნდა გითხრა და გთხოვ ამ ამბავს მშვიდად შეხვდი._ თვალებში უცნაური შიში გაუკრთა. _ რა მოხდა?_ მძიმედ წამოჯდა და ცუდი ამბისთვის შეემზადა. _ მამა, დღეს იაკო დაბრუნდა სახლში! გთხოვ ...._ მოულოდნელად მამაჩემი , ეს გოროზი, ჯიუტი და მთასავით ძლიერი კაცი, პატარა ბავშვივით ატირდა. სიტყვა შუაზე გამიწყდა. მეგონა იჩხუბებდა, იყვირებდა, მაგრამ ის იჯდა და ბავშვივით ტიროდა. წარმოიდგინეთ რა გრძნობებს დაატარებდა და ებრძოდა ამ ხნის მანძილზე, რომ ახლა ასე ამ გზით იცლებოდა მათგან. იმ დღეს პირველად ვნახე კაცის ცრემლები და შემზარა მათმა ნახვამ. დამიჯერეთ არაფერი ყოფილა იმაზე საზარლად მშვენიერი, ვიდრე ატირებული მამაა. წამოდგა და ნელა გაემართა საძინებლისკენ. უკან გავყევი მონუსხული. კარი ჩუმად შეაღო. მიუახლოვდა მძინარე შვილს და ინტერესით დააჩერდა. თითქოს პირველად ხედავდა. მის წინ ისე, როგორც რაღაც სიწმინდესთან, მუხლებზე დაიჩოქა და მხარზე გადახდილი პლედი შეუსწორა. სახეზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია და მასაც ისევე, როგორც დედას, თვალში მოხვდა იაკოს ყელზე აღბეჭდილი იმ არაკაცის ნათითურები. სახე შეეცვალა წამიერად. თვალები გიჟივით აუელვარდა. რომ ვერ მოთოკა თავი მუჭი კბილებში მოიქცია და სიმწრით აღმუვლდა. მივხვდი გაგიჟებას წამიღა აშორებდა. მივედი და მხრებზე მოვეხვიე. _ დამშვიდდი მამა! ყველაფერი დამთავრდა! იაკო სახლშია!_ ვგრძნობდი შინაგანად როგორ კანკალებდა ამხელა კაცი. ახლაღა ვიაზრებდი , თუ რამხელა და რა ყოვლისმომცველი იყო მამაჩვემის სიყვარული ჩვენსმიმართ. რამდენიმე დღე მშვიდად გავიდა. იაკო ოთახიდან თითქმის არ გამოდიოდა, მით უფრო მაშინ, როცა მამა სახლში იყო. მამაც ცდილობდა ზედმეტად არ ეხმაურა და ჩემი და არ გაეღიზიანებინა. მხოლოდ ერთხელ შევესწარი აივანზე როგორ ესაუბრებოდა მამა ნათლიაჩემს. _მე რა კაცი ვარ, მოსაკლავი რომ დადის ეგ არაკაცი ამის შემდეგო! _ ჯაბა, ჭკუა არ დაკარგო! ჯერ არ მოსულა სისულელეების დრო! ბავშვს მიხედე! სამშვიდე და სიყვარული სჭირდება ახლა იას!_ ამშვიდებდა ნათლიაჩემი. რომელსაც მამაჩემზე არანაკლებ სურდა შურისძიება, მაგრამ რაციონალურობას ინარჩუნებდა მაინც. ასე გავიდა დაახლოებით ერთი თვე. იაკო ნელ_ნელა მოძლიერდა. დამშვიდდა და ამოისუნთქა. ისეთი გამხდარი იყო, თუ კარგად არ დააკვირდებიდი ოთხი თვის ორსულს მუცელიც კი არ ემჩნეოდა. არავის მოუკითხავს, არავინ მოსულა ჩვენთან. არავინ შეგვხმიანებია. ვიცოდი მამაჩემი დინაგანად ელოდა, რომ ვინმეს ფეხი მოუცდებოდა და იაკოს მოაკითხავდა, მაგრამ ჩვენდა ბედად ეტყობა დიდად არავის ანაღვლბდა იაკოს სახლში დაბრუნება. დედა ცდილობდა სახლიდან ყველა ერთად არ გავსულიყავით. ვიღაც მუდმივად რჩებოდა ჩემს დასთან. თითქოს არ ენდობოდა. ალბათ გული უგრძნობდა, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ და ვერ მოგვარდებოდა. ერთ საღამოს, როცა აბაზანიდან გამოსულმა მოულოდნელად დაუკაკუნებლად შევაღე ოთახის კარი, დავინახე, რომ ჩემმა დამ რაღაც სწრაფად შემალა ბალიშის ქვეშ. ეჭვმა გამკრა გულში, რომ რაც ჩემმა დამ დამალა არანაირად არ მომეწონებოდა, მაგრამ არც ისეთი ჭკვიანი აღმოვჩნდი, რომ წარსულ შცდომაზე ჭკუა მესწავლა და ახლა ცოტა მეტი ყურადღება გამომეჩინა იმ ყველაფრის მიმართ, რაც იაკოს თავს ხდებოდა. ერთ დღეს, როცა მეგონა, რომ ყველაფერმა ჩაიარა და ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, სკოლიდან მომავალმა ქუჩის კუთხეში დავინახრ, როგორ ისხდნენ ია და მისი ბედოვლათი ქმარი მის ძვირფას მანქანაში. ჩემი სულელი და ისე შესციცინებდა თვალებში იმ არაკაცს, ისეთი სიყვარულით უყურებდა, თითქოს ცოტა ხნის უკან ცემით არ ხდიდა სულს. თითქოს მისი ნათითურები ყელზე სამკაულად არ ჰქონდა დამჩნეული. ბრაზმა ყელში მომიჭირა. ჩვენ, მთელი ოჯახი, ადამიანებს აღარ ვგავდით მასზე დარდით და ეს კიდე ... სიბრაზემ გონებაში საღი აზრი გადაფარა, მძიმე ნაბიჯით გავემართე მანქანისკენ და სკოლის ჩანთა გამეტებით დავცხე ცხვირზე. გაოცებულმა გამომხედა ჩემმა "ძვირფასმა" სიძემ. ჩემმა დამ შეჰკივლა და პირზე ხელები მიიფარა. აფექტში ვიყავი ალბათ, თორემ ბავშვს ამდენი გამბედაობა საიდან მექნებოდა ისე?! ჩანთა მოვიქნიე და ისევ გადავცხე მანქანას. რკინის ბალთებმა პრიალა საღებავი გაკაწრეს. _ რას შვება ეს გიჟი? მე ამის....._ გინება როგორღაც ენის წვერზე შეიკავა, მაგრამ დაბოლოება რა საჭირო იყო, ისიც საკმარისი იყო, რომ ცოლის დას თუნდაც გულში მაგინებდა. _ გადმოეთრიე იაკო მანქანიდან!_ ვუყვირე ჩემს უფროს დას. წესით მას უნდა ეზრუნა ჩემზე და არა მე მასზე. მას, როგორც უფროსს უნდა ენერვიულა უმცროს თინეიჯერ დაზე. სიგარეტის მოწევა უნდა დაეშალა, ცუდი ნიშნების გამო დამმუქრებოდა, ანდაც სულელურ სასიყვარულო ამბებზე მოეცა სასარგებლო რჩევები. მაგრამ ჩემს დას ჩემთვის სად ეცალა?! საკუთარი თავისთვის და არდაბადებული შვილისთვის არ ეცალა და ჩემთვის როგორ მოიცლიდა?! მიმოვიხედე, ჩანთა გვერდით მივაგდე და იქვე დაგდებულ უზარმაზარ ქვას დავავლე ხელი. ახლა ის ქვა დავცხე მანქანას გამეტებით. _ გიჟია ამის..._ კარი გამოხსნა ჩემმა სიძემ. ამან უარესად გამაცოფა. პირდაპირ მისკენ გავემართე ქვამოღერებული. _ გადმოეთრევი მანქანიდან და თუ თავი არ გაგიხეთქო ამ ქვით ადამიანი არ ვიყო ნაგავო!_ ვუღრიალე გაცოფებულმა. _ მანქანიდან გადმოდი ია!_ ისევ ჩემს გაშეშებულ დას დავკივლე შეშლილი სახით. ალბათ მიხვდა, რომ გაგიჟებას წამებიღა მაშორებდა და მანქანიდან გადმოსვლა იკადრა. _ სად დაკარგე თავმოყვარეობა შენ? ასე რამ დაგაბეჩავა გოგო!_ აღარც უცნობი ხალხის მერიდებოდა, აღარც ჩემი ორსული და მეცოდებოდა. გეგამ ისევ გადმოსვლა მოინდომა. _ წაეთრიე და ამ ქუჩაზე არ გამოიარო, თორემ ნახავ რასაც გიზამ! ახლავე პატრულში დავრეკავ და ჩემი ხლით დავაჭერინებ შენს დამპალ თავს!_ აღარ მიფიქრია მეტი. ამნაირ ლაჩრებს ყველაზე მეტად შეტევის ეშინოდათ. იმ ქვით უკანა შუშა ჩავუმსხვრიე, სანამ მოასწრებდა და მანქანს დაქოქავდა. ვიდექი და ლაჩარივით მიმავალ "სიძეს " გავყურებდი. მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე გამოვფხიზლდი. ჩემს ატირებულ დას გავხედე და სახე ზიზღით მომექცა. _ უბრალოდ მერე, როცა მოგკლავს ცემით, ვერაფერს შევცვლი და ისევ საკუთარ თავს გავიმტყუნებ. ამიტომ, მხოლოდ ამიტომ ვიბრძვი ახლა შენ გამო. თორემ მართლა ღირსი ხარ ყველაფრის, რაც მის გვერდით მოგივა!_ კბილებში გამოვცერი. ქვა გადავაგდე და აკანკალებული, გაყინული ხელი დაჭიმულ და ჩახლეჩილ ყელზე მოვისვი. ჩანთა ავიღე და სახლისკენ წავლასლასდი. უკან აღარ მიმიხედავს, ვიცოდი იაკო უპატრონო ლეკვივით მომდევდა უკან. დედას ყველაფერი მოვუყევი. ვეღარაფერს ვეღარ დავუმალავდი, ის პირველი შცდომაც კი არ მქონდა ჯერ მონელებული. ახალ ტყუილებს ვეღარ დავამატებდი. ვხედავდი ჩემი დის თვალებში გაელვებულ ბრაზს და იმედგაცრუებას, მაგრამ ეს არაფერი არ იყო წაშლილ დედაჩემთან შედარებით. _ რა გინდა შვილო? თავს რატომ იუბედურებ?_ ჰკითხა ხმააკნკალბულმა. _ მიყვარს! მაგრამ თქვენ რას გაიგებთ?! მიყვარს, გსმით?!_ ატირდა ია. _ მაშინაც გიყვადა, როცა გახრჩობოდა? თუ ზუსტად მაგის მერე შეგიყვარდა ჰა?! მაშინაც გიყვარდა ძაღლივით რომ გადმოგაგდო მანქანიდან სახლის წინ? იქნებ მაშინ გიყვარს, როცა წამალს შენს გვერდით იშხაპუნებს ვენაში? მითხარი, ხმა გაიღე!!_ ვუყვირე იაკოს. გაოცებულმა გამომხედა. _ რაო, გაგიკვირდა არა? გეგონა ვერაფერს გავიგებდით არა? ნათლიამ ყველაფერი გაიგო მაგ შენ ბედოვლათ ქმარზე! ისიც კი, რომ სინამდვილეში მისი კანონიერი ცოლიც კი არ ხარ! ყოჩაღ, წყალწაღებულ ნარკომანს უზიხარ საყვარლად დაო! აი ესაა სიმართლე! _ მე მისგან ბავშვს ველოდები!_ როგორც წყალწაღებული ხავსს, ისე ებღაუჭებოდა ჩემი და შვილს. _ დამპირდა ვიმკურნალებო! დამპირდა გესმით? საფრანგეთში წავალ და იქ ვიმკურნალებო! _ ხელწერილიც ხომ არ დაგიდო?!_ ირონიას ვერ ვერეოდი. ნუთუ ამდნად სულელი იყო ჩემი და? ნუთუ ამდენად ბრმა იყო? _ მე ერთი ვიცი დედა! სანამ ადამიანი თვითონ არ მიხვდება, რა ჭაობში ზის, სანამ ეს ჭაობი სიკეთედ ეჩვენება, ვერვინ დაეხმარება!_ ხელი ჩავიქნიე და სამზარეულო დავტოვე. ვგრძნობდი, დღეს თუ არა ხვალ, ჩემი და ისევ გაიპარებოდა. გეგა ნარკომანი იყო, ხოლო ჩემი და კი მასზე იყო დამოკიდებული. რა განსხვავება იყო გეგას ნარკოტიკებსა და ჩემი დის მისით ავადმყოფურ აკვიატებას შორის?! დიახაც გეგა იყო ჩემი დის მომაკვდინებელი ნარკოტიკი. მისი გონება დახშული იყო. ვერაფერს ხედავდა, ესმოდა და გრძნობდა მის გარდა. და მართლაც ორ კვირაში იაკომ ისევ იგივე შეცდომა დაუშვა და სახლიდან გაიპარა. მამამ ერთი სიკვდილი კიდევ მოასწრო, ეს როცა გაიგო. ეხვეწა, ემუდარა, მაგრამ ვერაფერი შეასმინა. თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა ჩემი დის "ბედნიერი" ცხოვრება, სამ თვეში საავადმყოფოდან დაგვირეკეს. ჩემმა დამ მორიგი ცემის, თუ ცემების, ნერვიულობის და სტრესის ფონზე შვიდ თვიანი ბავშვი გააჩინა. სულ რაღაც რვაასი გრამი წითელი, მოჭმუჭნული არსება. და სამშობიაროშიც სრულებით მარტო აღმოჩნდა, რადგან მშობიარობა მორიგი ცმისგან თავის გადასარჩენად ქუჩაში გამოქცეულს დასწყებია. როცა ჩემი დიშვილი პირველად ვნახე, შემეშინდა. მერე როცა კნუტივით წამოიკნავლა, გულში ტკივილი ვიგრძენი. საკუთარმა უმწეობამ მომკლა. ვერ შევძელი , ვერ მოვახერხე და ვერ დავეხმარე, რომ სხვა ბავშვებივით ისიც ჯანმრთელი დაბადებულიყო. რომ სახლში დაბრუნებულს სიყვარული, სიმშვიდე და პრინცის შესაფერისი გარემო დახვედროდა. ხო, ჩემი დიშვილი ბიჭუნა იყო. რამდენისთვის ნანატრი და სასიხარულო, მაგრამ ჩემი სიძისთვის სრულებით არასასურველი, ზედმეტი ბარგი. იმ დღეს კი არა, საერთოდ არ მოსულა სამშობიაროში. არც კი შეხმიანებია თავის თვალდალურჯებულ ცოლს. ექიმების კითხვებზე, იყო თუ არა ძალადობის მსხვერპლი. ჩემმა დამ ხელები გაასავსავა. _ კიბიდან დავგორდი!_ ისე ურცხვად მოიტყუა, მსახიობს შეშურდებოდა. აშკარა იყო, პირველად რომ არ იტყუებოდა, და მგონი თავადაც სჯეროდა უკვე ამ ტყუილის. ყველა ყველაფერს მიხვდა, მაგრამ რადგან დახმარებას არავინ ითხოვდა, არც არავის გამოუწვდია მისთვის დასახმარებლად ხელი. ჩემი და მალე გაწერეს. ოთხ დღეში. აი პატარა კი სამშობიაროში დარჩა, თანაც დედის გვარზე რეგისტრირებული. რადგან იმ დაწყევლილი ოჯახიდან არათუ გეგა, არამედ დედამისიც არ მიახლოვებია ჩვილს. არც იაკოს წასაყვანად მოსულა ვინმე. ტაქსის ფული გამომართვა, მასესხეო, გესმით? მასესხე ოცი ლარი და უკან მოგცემო, სწორედ ასე მითხრა ჩემმა ღვიძლმა დამ. პალატის კართან მხრებჩამოყრილ მამას ვერც კი გაუბედა თვალებში შეხედვა. ყველაზე სასაცილო რა იყო იცით? ბავშვს თამაზი დაარქვა, თავისი მამათილის სახელი. მინდოდა მეყვირა, მეკივლა და თმები გამეცალა მისთვის, მაგრამ დედამ ძალით გამიყვანა ოთახიდან. ყოველ დღე მივდიოდი ბავშვის სანახავად. და ვერაფრით ვაიძულე საკუთარი თავი, რომ იმ პატარა არსებისთვის თამაზი მეწოდებინა. ფულს, რომელიც ბავშვის მკურნალობას, ჰიგიენის საგნებს და საჭმელს უნდოდა მამა მაძლევდა. უხმოდ და უსიტყვოდ. მაგრამ თვალები ჰქონდა ჩამქრალი ჯაბას. არადა სხვა სიტუაციაში, ალბათ როგორი ბედნიერი იქნებოდა ამ ბიჭუნას დაბადებით?! ერთი თვის შემდეგ პირველად დავიკავე ხელში ჩემი დიშვილი და მაშინღა გავიაზრე, რომ უზომოდ მიყვარდა. ალბათ ამ ბავშვის გამო იაკოს ყველა ჩადენილ თუ ჩაუდენელ შეცდომას ვაპატიებდი. იმ დღეს კიდევ ერთხელ ვთხოვე: _ დაო დაბრუნდი სახლში! ჩვენ დაგეხმარებით! არაფერს მოგაკლებთ!_ ისე გამომხედა, როგორც რაღაც ზღაპრულ არსებას და თავი უარის ნიშნად გააქნია. _ მე გეგას ვჭირდები! მე თუ არ ვეყოლები დაიღუპება. რატომ ვერ იგებ?! _ თუ ვინმე უნდა მოკვდეს იაკო, შენს დაღუპვას, მისი სიკვდილი მირჩევნია! შენ რატომ არ გესმის?!_ ყელში მომაწვა ბოღმა. _ უნდა იმკურნალოს, მერე ყველაფერი გამოსწორდება! ნახავ, როცა დავბრუნდებით, ყველაფერი როგორ კარგად იყოს!_ მითხრა და თვალი ამარიდა. ვერც მაშინ გავიაზრე მისი ნათქვამის აზრი, არადა ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. იმ დღეს, როცა პატარა გამოწერეს, იაკომ საფენებში გახვეული გამომიწოდა. _ ნინი აქ დამელოდე, ბავშვის ჩანთა დამრჩა პალატაში!_ მითხრა და სამშობიაროს ეზოში სკამზე დამჯდარი დამტოვა. დაახლოებით ნახევარი საათი ველოდე და ბოლოს მოშიებულმა ბავშვმა რომ ტირილი დაიწყო, ავდექი და ისევ შენობაში დავბრუნდი. ჩემი და იქ არ დამხვედრია. მხოლოდ ბავშვის ჩანთა და მასში წერილი, აი ეს გადმომცეს. "ნინი, ჩემო დაიკო, ჩემო სიხარულო, ჩემო ერთადერთო, მაპატიე, რასაც ახლა ვაკეთებ! ვიცი, რომ თავად ბავშვი ხარ, მაგრამ მე სხვა გზა არ მაქვს, როცა ვინმე შეგიყვარდება, მხოლოდ მერე მიხვდები და მერე მაპატიებ. გიტოვებ ჩემს თაზოს, გიტოვებ იმედით, რომ უდედობას არ აგრძნობინებ. მე კი მამამისის გადასარჩენად მივდივარ. მამიკოს უთხარი მაპატიოს, თუ არ მაპატიებს , თუ ვერ შესძლებს, მხოლოდ მე შემიძულოს. მაგრამ ჩემს ბიჭუნას მისცეს ის სიყვარული, რაც ჩემთვის ემეტებოდა. დედას უთხარი, რომ ახლა მესმის მისი ყველა ცრემლის გემო და სიმძიმე. მე აუცილებლად დავბრუნდები. და დავბრუნდები გამარჯვებული. ახლა კი მშვიდობით. ნეტავ ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო და არა ასე. მაპატიეთ ჩემი შეცდომა...." წერილი რამდენიმეგან გადღაბნილი იყო, ალბათ იაკოც ჩემსავით ტიროდა, როცა ამ სიტყვებს წერდა. ვიჯექი სამშობიაროს ეზოში, მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე და ცალ ხელში უდღეური, კილონახევრიანი დიშვილი მეჭირა, რომელიც ტირილისგან იჭაჭებოდა და დედამისს ითხოვდა. მეორეში კი დედამისის გამოსამშვიდობებელი წერილი და მხრებზე იმ სიმძიმე ტვირთი მეკიდა, რომ მისი წონა მიწას მასრესდა. ვიდექი და ცრემლები ღაპა_ღუპით მცვიოდა. სწორედ მაშინ, იქ იმ სიცოცხლის დაბადების სასახლის წინ გამოვიტირე და დავმარხე ჩემ საყვარელი და. არ ვიცოდი ოდესმე ვნახავდი თუ არა მას ცოცხალს, მაგრამ ეს ბავშვი ვერასდროს გაიგებდა, როგორ მიატოვა დედამ და როგორ არჩია მის თავს მოძალადე, ლოთი და ნარკომანი საყვარელი. სახლში მძიმე ნაბიჯებით დავბრუნდი. ეს ნაბიჯები აღარ ჰგავდა 17 წლის გოგონას ფარფატა უდარდელ სიარულს. მე სულ რაღაც რამდენიმე საათში შინაგანად დავბერდი. მაგრამ თან უცნაური ახალი ძალით ავივსე. ახლა მე დედა ვიყავი, ეს პატარა კი ჩემი შვილი. ვიცოდი, რომ მე ამ ბავშვის გამო სამყაროს განადგურებაც შემეძლო. _ რა ხდება?!_ მკითხა შეშფოთებულმა დედაჩემმა, როცა კარი გამიღო და ბავშვით ხელში მარტო დამინახა._ სადაა დედამისი?! _დღეიდან მე ვარ მისი დედა! _ ვუპასუხე დედაჩემს მტკიცე ხმით. _ დღეიდან, ამ წამიდან მე მისი დედა ვარ და თუ არ გინდათ, რომ მეც დავტოვო ეს სახლი, მიიღეთ ჩემი შვილი!_ მამაჩემი უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე. _ ჯაბა ბაბუა, გაიცანი შენი შვილიშვილი, პატარა თაზო! ადამიანები სრულყოფილებისგან ძალიან, ძალიან შორს ვართ. ამიტომ შეცდომებს ხშირად ვუშვებთ. მაგრამ რატომღაც სხვისი შეცდომა ყოველთვის ჩვენსაზე ბევრად მუქ ფერებში გვესახება ხოლმე. საკუთარი ნაკლის დასამალად სხვის ნაკლს გამეტებით ვიფარებთ ფარად. აზრი არ აქვს ვინაა ეს სხვა. მეგობარი, ნათესავი, მეზობელი თუ უცნობი ადამიანი. ზოგჯერ მოთხრობის გამოგონილი პერსონაჟიც კი ისე გვითრევია მისი გამოგონილივე შეცდომიანად ტალახში, თითქოს სამყაროს მთელი ბოღმა და ტკივილი მასზე ვანთხიეთ და ცოდვები შვმსუბუქეთ. ასე სულ ცოტა ხნით მაინც საკუთარ თავებს იმაზე უკეთესაებად წარმოვიდგენთ, ვიდრე ვართ და ეს მცირეხნიანი შვება სწორედ ისეთივე ყალბ სიამეს გვგვრის, როგორსაც ნარკოტიკი გვრიდა ჩემს წამალდამოკიდებულ სიძეს. ჩემი დის წასვლიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე მივხვდი, რომ ჩემი ბიჭუნა ამ ჭორიკანა ქალაქისგან, ფარისეველი ხალხისგან და დედამისის შეცდომისგან რაც შეიძლება შორს უნდა გაგვეზარდა. თბილისის დატოვებაზე უარი არც მამას უთქვამს და მით უფრო არც დედას, რომელსაც კეთილისმსურველი ნათესავებისა, მეზობლებისგან შვება აღარ ჰქონდა უკვე. არის ხოლმე ჭრილობები, რომლებსაც რაც უფრო მოვარიდებთ დღის სინათლეს, მით უფრო მალე შეხორცდებიან. წასვლამდე მამა ჩვენი თაზოს სეხნია ბაბუამისს ესტუმრა და ესაუბრა. მე კი ვიცოდი, რომ აზრი არ ჰქონდა მის მცდელობას, მაგრამ მამა სხვა ყაიდის კაცი იყო. _ მოვუსმენ იქნებდა სათქმელი ჰქონდეს რამეო!_ დაიჟინა. იქიდან დაბრუნებულმა კი. "ბარგი ჩაალაგეთო" გამოგვიცხადა. სახლი გავყიდეთ და მისი კარი ისე გამოვიხურეთ, არავისთვის დაგვიბარებია ჩვენი მომავალი საცხოვრებლის მისამრთი. თბილისი დავტოვეთ და საცხოვრებლად დასავლეთის ერთ_ერთ რაიონში გადავედით. პატარა კერძო სახლი შევიძინეთ და ახალი ცხოვრება ახალი ფურცლდან დავიწყეთ, სადაც მე თაზოს დედა ვიყავი და არა დეიდა. თავიდან იშვიათად, მაგრამ მაინც გვწერდა იაკო. ჩვენს გადაცხოვრებაზე ყველაფერი მოვუყევი. მას კი ისიც კი არ უკითხავს, თუ სად გადავცხოვრდით. არ უკითხავს და აღარც მე მითქვამს აღარაფერი. ერთ დღესაც, იმ დღიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე იაკომ უკანასკნელად მომწერა. _ნინი, დაიკო, გეგამ ისევ აუშვა ძველებურად, ან უფრო უარესადაც. უკვე ძალიან უკონტროლო გახდა. აღარც ცენტრს ეკარება. დედამისი ფულს აღარ აგზავნის. ჩემი ხელფასი კი არაფერში გვყოფნის. ახლა კიდევ ერთხელ ვიაზრებ, რომ თაზოს თქვენთან დატოვება. ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია. კიდევ კარგი ბავშვი ამ ბუნაგში არ ცხოვრობს.ალბათ გულიც გამისკდებოდა და დავისვენებდი! არ ვიცი დაო რამდენ ხანს გავუძლებ ამ მდგომარეობას. შენ რომ განახა, რას კადრულობს ამ დასაწვავი წამლის გულისთვის გეგა. რაც გინდა მითხარი, ყველაფერში მართალი იყავით. მაგრამ თავს რას გაცოდებ ნინი?! ვიცი თქვენგან პატიების ღირსი ვარ. ამის და ამაზე უარესის ღირსიც კი ვარ. ხანდახან მეშინია კიდეც, რომ ერთ დღეს ჭკუიდან გადასულს შემოვაკვდები. იქნება ასეც ჯობდეს ჩემთვის? დავისვენებ ამ ჯოჯოხეთისგან. სულ ცოტაც მოვიცდი. ერთ უკანასკნელ შანსს კიდევ მივცემ, მას არა საკუთარ იმედს და მერე... მერე იმას გავაკეთებ, რაც დიდი ხნის წინ უნდა მექნა. შენ მართალი იყავი. ჩემი ბიჭი არ იმსახურებს ჩემნაირ სამარცხვინო დედას, და ამ... გეგასნაირ მამას. იქნებ ჯობდეს ნურასდროს გაიგებს ჩვენს არსებობას?! სადამდე დავეცი დაო? როგორ დავიბეჩავე თავი?! მაგრამ საყვედურს ვერავიზე ვიტყვი, საკუთარი თავის გარდა. რამ დამაბრმავა? რამ შემშალა ასე? ახლა უნდა წავიდე, არ მინდა მომისწროს და ეს ტელეფონიც წინასავით დამიმტვრიოს. მეტს ვეღარც ვიყიდი ალბათ. მევალეებს სად და როგორ დავალო ვერ გამიგია. ან როგორ ახერხებს და რომელ სულელს აშტერებს ასე? ახლაც ერთი გადაიკიდა, განახა რა საშიში კაცია. ისე მიყურებს ხოლმე რომ, სულ ძვლები მიკანკალებს. დროებით დაო. მოგწერ როცა შევძლებ!" აი ეს იყო ბოლო მესიჯი იასგან. როცა იმაზე მეტი დრო გავიდა, ვიდრე გაუჩინარება სჩვეოდა, შევშფოთდი. ვიცოდი, საცხოვრებლებს ხშირად იცვლიდნენ მევალეების შიშით. ქალაქსაც ასევე. სახლსაც ვერ დააქმევდით იმ სოროებს, სადაც ჩემი უტვინო და ათევდა მის უვარგის გეგასთან ერთად ღამეებს. თხოვნის მიუხედავად არც სურათს მიგზავნიდა, არც ვიდეო თვალს რთავდა როცა რეკავდა. ვხვდებოდი, საკუთარი დაბეჩავებული სახის გამოჩენის რცხვენოდა. რამდენჯერმე გულმა არ მომითმინა და თავად შვთავაზე თანხის გადარიცხვა, მაგრამ სასტიკი უარი მითხრა. ხოდა ბოლოს სულაც გაუჩინარდა. თუ ადამიანს გამოჩენა არ სურს, აქვე საკუთარ ქალაქში გაჭირდება მისი პოვნა, ართაუ საფრანგეთში. მე უკვე სტუდენტი ვიყავი. თაზო ბებია ბაბუასთან იზრდებოდა. მე კი თბილისში ვცხოვრობდი. რაც შემეძლო შორს ძველი მისამართიდან. ბოლოს იმდენხანს გაიწელა ჩემი დისგან სიჩუმე, ავდექი და საფრანგეთის საელჩოს მივადექი. რაღაც ხომ უნდა გამეგო. იქ მცხოვრები ერთი ორი ნაცნობიც მოვიძიე და მათაც შევეხმიანე. საელჩოდან დამაიმედეს, რომ ყველაფერს იღონებდნენ მის მოსაძებნად. ნაცნობების იმედი კი დიდად არც მქონდა. ასე იაკოს ძებნაში გავიდა კიდევ წელიწადნახევარი. გაგეცინებათ და საელჩოს პასუხი ასეთი იყო. _ გადაცვლილი რომ იყოს, აქამდე ვიპოვნიდითო! ალბათ თავად არ სურს, რომ მისი ადგილსამყოფელი იცოდეთ და იმალებაო!_გაგიჟებული წამოვედი სახლში. მამა რამდნჯერმე მისული იყო გეგას მშობლების სახლში. იქნებ მათ სცოდნოდათ შვილის ასავალ_დასავალი, მაგრამ ვერაფერი საიმედო ვერ გაიგო მათგან. ან მართლა არ იცოდნენ, ან შვილს ხელს აფარებდნენ. პოლიციაშიც დავწერეთ განცხადება, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ?! იქამდე მივედი, რომ თავად გადავწყვიტე პარიზში გამგზავრება. დასაბმელ გიჟს ვგავდი ბოლოს. მაშინ გავიაზრე, რომ მერჩივნა იაკო ცოცხალი ყოფილიყო და უვნებელი, თუნდაც შორს ჩვენგან და თაზოსგან, მაგრამ მცოდნოდა, რომ ჩემი და ამ დედამიწაზე სუნთქავდა. დედა იმ ერთ წელში სრულებით გაჭაღარავდა. და რომ არა ბავშვი, ალბათ შეიწირავდა ეს ამბავი. ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რომ გეგას გამო მევალეებს ემალებოდნენ, ალბათ ვისგანაც წამალს ყიდულობდა ისინი დასდევდნენ ორივეს, მაგრამ ერთ დღეს ისეთი რამ მოხდა, რომ ყველა ჩემი ფიქრი თავდაყირა დადგა. უნივეტსიტეტის ეზოდან გამოსულმა გზის საპირისპირო მხარეს გეგას მოვკარი თვალი. ვიფიქრე მომეჩვენა, რადგან საერთოდ არ ჰგავდა ძველ გეგას. გაოგნებისგან, სანამ გონზე მოვედი მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა. მაშინვე ტაქსი გავაჩერე და მისი წყეული სახლისკენ გავემართე სუნთქვაშეკრული. კარზე ლამის ოცი წუთი ვაბრახუნე და მანამ არ გამიღეს, სანამ პოლიციის გამოძახებით არ დავიმუქრე. _ რა მოუშორებელი ჭირი ხართ მთელი ოჯახი?_ მოპუდრული ცხვირი გამოყო ოჯახის დიასახლისმა. _ რით ვეღარ მოგიშორეთ? _ დაუძახეთ გეგას!_ გეგას ხსენებაზე შეცბა._ დაუძახეთ თქვენს არაკაც შვილს! თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! _ რა არ იცი, გეგა საფრანგეთშია!_ მაინც სცადა თავის დაძვრენა. _ ქალბატონო ელენე დაუძახეთ გეგას, თორემ ახლავე დავრეკავ პატრულში და ადამიანის გატაცებაში დავდებ ბრალს! და ვინ იცის, კიდევ რას ამოუქექავენ მერე! ხვდებით მგონი რაზეც ვარ წამსვლელი!_ კარის მოხურვა სცადა და საშუალება არ მივეცი. ასეთი თავხედი და უგულო ადამიანის მნახველი არ ვიყავი. ცოტა ხანს იფიქრა და მერე შემოდიო მანიშნა. _ გეგა ოთახშია, ახლახანს მოვიდა, ისვენებს!_მწარედ ჩამეცინა. რისგან ისვენებდა ნეტავ? ალბათ შვილზე და ცოლზე დარდით და ზრუნვით იყო დაღლილი! ოთახის კარი დაუკაკუნებლად შევაღე. საწოლზე მჯდარმა, სანამ მოიხედავდა მანამ მიმალა რაღაც ბალიშის ქვეშ და ცალ ხელზე ამკლავული მაისური ინსტიქტურად გაისწორა. ესეც შენი მკურნალობა! გავიფიქრე გულში და საოცრად ცუდი წინათგრძნობით ავსილმა შევაბიჯე ამ სატანის საძინებელში. გაოცებულმა გამომხედა. აშკარად ვერ მიცნო. ან რას მიცნობდა, ბოლოს ლამის ორი წლის წინ მნახა. _ გამარჯობა გეგა!_ ვუთხარი რაც შემეძლო მშვიდად და მის წინ მდგარ სკამზე დავჯექი. _ გამარჯობა!_ ისე მომესალმა დიდად არც ანაღვლებდა ვინ ვიყავი. თვალი ბალიშისკენ გააპარა. აშკარად ერთი სული ჰქონდა მარტო დამეტოვებინა. სახეზე დავაკვირდი. გამხდარიყო, განაცრისფერებულიყო თითქოს. თანაც ძალიან. ის ლამაზი სახე, ჩემი და რომ გადარია, თითქოს მობერებოდა. აჩეჩილი თმა შუბლზე უსწორმასწოროდ ეყარა. თვალები ამღვრეული და დაბინდული ჰქონდა. მოუთმენლობა ემჩნეოდა. არაფერს მეკითხებოდა, მაგრამ არა იმიტომ რომ მიცნო და პასუხის გაცემის ერიდებოდა. არა! მისი საფიქრალი ამ წამს მხოლოდ გადამალული რეზინი და წამლით სავსე შპრიცი იყო. _ სად არი იაკო გეგა?_ აზრი არ ჰქონდა მასთან სულერებაზე და ადამიანობაზე საუბარს. ამიტომ პირდაპირ დავუსვი ის კითხვა, რაც მინტერესებდა. _ შენ ვინ ხარ?_ ახლაღა დამაკვირდა. მიცნო._ ნინი? ვაა ცოლისდა? ვითომ გახუმრება სცადა, მაგრამ მისი სიცილი ხიხინს უფრო ჰგავდა. მერე ხველა აუტყდა. ყელი ქციანი ძაღლივით მოიქექა რამდენჯერმე. სახე ზიზღით დამეღრიჯა. მთლად წასულიყო ხელდან. _ გეგა სადაა ია?_ ვცადე ისევ ჩემზე გადმოეტანა ყურადღება. ისე იყო არეული, სადღაც გამიკვირდა კიდეც ცოტა ხნის უკან მანქანას როგორ მართავდა. ნუთუ მის მშობლებს სულ არ ადარდებდათ მისი სიკვდილი ან სიცოცხლე? მაშინ რა იყო მათთვის ამაზე უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი?! _ ჰმ, მიმატოვა მაგ კახპამ, ბლეიზთან ერთად გაიქცა!_ისე გულდაწყვეტით ჩაიბურტყუნა ვიფიქრე, რომ მომესმა. მაგრამ ვერაფრით დავიჯერე, რომ იაკომ გეგა ვიღაც ფრანგის გამო მიატოვა. მან ამ უღირსი კაცის გამო საკუთარ შვილზე და საკუთარ თავზეც კი თქვა უარი და ახლა ვიღაც ბლეიზის გამო მიატოვებდა?! ან თუ მიატოვა კონტაქტზე რატომ აღარ გამოდიოდა? ისე ხომ არ მოუვიდა: ვაის გავეყარე ვუის შევეყარეო?! _ ბლეიზი ვინაა გეგა?_ გამოვაფხიზლე რაღაც მხოლოდ მისთვის ხილულ ბურანში წასული. _ ბელიზ შენი დედაც შე ახვ...რო!_შეუკურთხა ჩემდა მოულოდნელად. ოდნავ წამოიწია კიდეც, თითქოს საცემრად იწევდა._ ბლეიზ ფაბრონი, აი ვისში გამცვალა შენმა დამ! ამ არაკაცი ბარიგის გამო ძაღლვით მიმაგდო! საჭმლის ფულიც კი არ დამიტოვა, ისე წავიდა. მუშტი მოუღერა და მოუქნია წარმოსახვით მტერს. _ სად ცხოვრობს ბლეიზი გეგა? როგორ ვიპოვნო?_ ველაპარაკებოდი და ის თავისას უბერავდა მაინც. ბალიშის ქვეშიდან კი ჯერ ისევ მოჩანდა წამის წინ მკლავზე მოჭერილი რეზინის წკვერტი. შეუძლებელი იყო მასთან აზრიანი საუბარი. ან იმის თქმა როგორ მოახერხა, რაც მითხრა, მაგრამ ეტყობა იმ ვიღაც ბლეიზზე ძალიან იყო აღრენილი და სიბრაზე არ ავიწყებდა მის თავს. თაზო არც კი უხსენებია. მგონი მისი არსებობა აღარც ახსოვდა. ნამდვილად ასეც სჯობდა! ოთახიდან წელმოთრეული გამოვედი. სად იყო ჩემი და? რამდენად სანდო იყო გეგას სიტყვები და ვინ ჯანდაბა იყო ბლეიზ ფაბრონი?! აკანკალებული ხელით თმა შევიკარი. ისიც კი მაღიზიანებდა სახეზე რომ მედებოდა საკუთარი თმები. ჩემთვის საძულველ ადამიანთან შეხვედრა, თანაც ფაქტობრივად არაფრისმომცემი საუბარი ძალიან მაღიზიანებდა. კართან დედამისი იდგა აწურული. _ ახლა ბედნიერი ხართ ქალბატონო ელენე? ეს გსურდათ თქვენი შვილისთვის? _ ვკითხე და თავით ოთახის სიღრმისკენ მივანიშნე. _ სანამ შენს დას გაიცნობდა, გეგა თითით საჩვენებელი ბიჭი იყო! ყველაფერი შენი საძაგელი დის ბრალია!_ მომახალა უტიფრად. _ იცით, მეცოდებით ქალბატონო ელენე! სულ მალე, ალბათ ისევ მარტო დარჩებით, ვატყობ თქვენს ვაჟს საკუთარი თუ არა ჩემი დის ცოდვები წამოეწევიან და წირვას გამოუყვანენ!_ ზურგი ვაქციე და კიბეზე დავეშვი. _ მოიცადე!_ დამიძახა წამის შემდეგ და კიბის თავზე ჩამოაბიჯა. გავჩერდი და ქვემოდან ამოვხედე. კიდევ რა უნდა ეთქვა? _ ბავშვი?_ ტუჩები მოიკვნიტა, ვერ ბედავდა თაზოზე კითხვის დასმას, მაგრამ აშკარად აინტერესებდა._ ბავშვი როგორაა? _ მასაც ისევე არ აინტერესებს მამამისი და მისი საშინელი ოჯახი, როგორც თქვენ ის!_ ზურგი ვაქციე და მათი ფუფუნებით სავსე, მაგრამ ამავდროულად უბედურებაში ჩაძირული სახლი უკანმოუხედავად დავტოვე. მეორე დღესვე დავბრუნდი ჩემებთან და მამას ყველაფერი მოვუყევი. გადაწყდა, რომ ის და ნათლიაჩემი მირზა იაკოს საძებნელად საფრანგეთში გაემგზავრებოდნენ. იმედი იყო იპოვნიდნენ და დაარწმუნებდნდნ, რომ დაბრუნება და ცხოვრების თავიდან დაწყება ღირდა. იმედი მქონდა, მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი, რომ იაკოს რაღაც ჩემგან ამოუცნობი მიზეზის გამო, თავად არ სურდა უკან დაბრუნება. მე მხოლოდ ვარაუდი შემეძლო, თუ რა საშინელ თავგადასავალში უნდა ყოფილიყო გახვეული, რომ ოჯახთან კავშირის სრულებით გაწყვეტა გადაეწყვიტა. ჩემი ბიჭი კი იზრდებოდა და მშვენდებოდა. უკვე ლაპარაკიც კი დაიწყო. იჯდა ხალიჩაზე და ჩემ ნაყიდ საჩუქრებს გულმოდგინედ ათვალიერებდა. ახლა კიდევ ადვილი იყო, მაგრამ დრო დადგებოდა და მისთვის ყველაფრის მოყოლა მომიწევდა და არ ვიცი, ამ ამბავს როგორ ვუამბობდი ისე, რომ მისთვის ტკივილი არ მიმეყნებინა. მალე გამოცდები იწყებოდა, დიდი ხნით ვერ დავრჩებოდი ჩემებთან. სულ ცოტაც და სწავლას დავასრულებდი. სამსახურსაც აქვე რაიონში ვიპოვნიდი და ცხოვრება კალაპოტში ჩადგებოდა. თანაც იქნებ ბედს გაეღიმა და მამას იაკოს სახლში დაბრუნება მოეხერხებინა. ბლეიზ ფაბრონი ინტერპოლით ძებნილი ავაზაკი აღმოჩნდა. საფრანგეთის პოლიციისთვის კარგად ცნობილი ნარკოდილერი და ეგრეთ წოდებული "სუტენიორი. " ამის გაგებამ გამანადგურა. დედას დავუმალე. ჯობდა არაფერი სცოდნოდა, ვიდრე სიმართლის თქმას გადაჰყოლოდა თან. მე კი ხსნა თაზოში ვიპოვნე. ჩემი დაკარგული დის ნაწილზე გადამქონდა მთელი ჩემი ემოციები. ბავშვს ისე დავფოფინებდი თავს, როგორს ბროლის ვაზას. მეშინოდა რამე უბედური შემთხვევის გამო იასთან ეს ერთადერთი კავშირიც არ დამეკარგა. ისე ვიყავი თაზოთი შეოყრობილი, რომ საკუთარი თავისთვის და პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარც მრჩებოდა და აღარც მსურდა. მამაჩემის და მირზას გამგზავრებიდან ორ თვეში გეგა ავარიაში მოყვა. ასეც იყო მოსალოდნელი, რომ თავისი ცოდვები შეიწირავდნენ, მაგრამ თან გაიყოლა სხვა უბრალო ადამიანის სიცოცხლეც. ცხრა თვის ორსული გოგო გაიტანა და ამით კიდევ უფრო დაიმძიმა სული. საავადმყოფოდი იწვა, უიმედო კომაში და ხელოვნურად ასუნთქებდა აპარატი. ბევრი ფიქრის შემდეგ, თაზო წავიყვანე საავადმყოფოში. არ მინდოდა ისე წასულიყო ის ცოდვიანი, რომ ბავშვი არ დამშვიდობებოდა, დამშვიდობებოდა კი არადა, რომ არ გაეცნო მამამისი. წარმოგიდგენიათ? თაზო ღვიძლ მამას სიკვდილის სარეცელზე მყოფს შეხვდა პირველად. პალატის კუთხეში იჯდა გამჭვირვალე ლანდადქცეული დედამისი. როგორც სჩანდა მხოლოდ ამ მომენტში დაიჯერა, რომ მისი შვილის თავს ნამდვილი უბედურება ტრიალებდა. იჯდა განადგურებული და მგონი აღარც სუნთქავდა. ჩვენ რომ შევედით აზრდაკარგული თვალებით ამომხედა. მერე თაზოს გაუსწორა თვალი. ბავშვი მამამისს ჰგავდა. ასლი იყო მისი. მასავით ლამაზი ცისფერი თვალები და ქერა თმა ჰქონდა. იმედია მხოლოდ გარეგნობით ჰგავდა და მეტით არაფრით. _ თაზო?_ მკითხა თუ შემევედრა, არ ვიცი, გული ჩამწყდა მისი ხმა რომ გავიგონე. _ მოიყვანე შვილო? მაინც მოიყვანე?_ უვარგისი და საძულველი ადამიანიდან წამში ვიქეცი "შვილოდ". _ გვაპატიე შვილო, გვაპატიე! არ ვიცი, რა გითხრათ! არ ვიცი,..._გულამოსკვნით ატირდა. _ მე არც თქვენი პატიების თხოვნა მჭირდება ქალბატონო ელენე, არც თქვენთან მომიყვანია თაზო და არც მებრალებით! თქვენ როცა ვაჟი მოგიკვდებათ საფლავი მაინც დაგრჩებათ, მე დედჩემი მეცოდება, ვერც ცოცხალს რომ ვერ ნახულობს თავის შვილს და მისი საფლავიც რომ სანატრელად ექცა! თქვენმა ვაჟმა წამალში გაყიდა ჩემი და! იცოდით ქალბატონო ელენე? ნარკობარიგას წამლის გამო დაუთმო ცოლი ვალებში და თავად საქართველოში გამოიძურწა ლაჩარი! მეცოდებით და გაპატიეთ კი არადა, საკუთარი თვალით მინდა დავრწმუნდე, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვით და იდაგებით ყველანი! _ არ ვიცი, ცუდად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ რაც გეგას სჭირდა და რაც იაკოს დაემართა სულ ამ უგულო ცოლ_ქმრის დამსახურება იყო. ამიტომ თავი ვერ შევიკავე და ყველაფერი ამოვანთხიე. ამ შხამისგან თუ არ განვთავისუფლდებოდი , დიდი შანსი იყო თავადვე მოვიწამლულიყავი. გეგას საწოლს მივუახლოვდი. ამ ორ წელიწადში იმ ბიჭისგან ქალაქის თვალი რომ იყო, მხოლოდ მომწვანო კანგადაკრული ჩონჩხიღა დარჩენილიყო. ჩაცვენილი თვალის უოპეები და გადახვეული თავი. კიდევ უფრო საშინელს ხდიდა მას. ნეტავ ახლა იაკოს შესძლებოდა მისი დანახვა, რათა გაეაზრებინა ეს ანგელოზი შვილი რის გამო მიატოვა. ვის კი არა, სწორედ რის გამო. რადგან გეგა ადამიანის გარდა ყველაფერი იყო. მეტს ვეღარ გავუძელი. ზურგი ვაქციე და პალატა დავტოვე. პალატის კართან თაზოს სეხნია ბაბუამისი შემეფეთა. გავშრი, ტიროდა ეს ერთდროს ამაყი და ქედმაღალი კაცი. ცა ქუდად რომ არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად! ასე შეუძლია უვარგის შვილს გაანადგუროს მშობელი. და არშემდგარ მშობელს კი შვილი. მათი ოჯახი იმ გველს ჰგავდა საკუთარ კუდს რომ სჭამს. ხელი თაზოს მოსაფერებლად გამოსწია. _ არ შეეხოთ თქვენი ბინძური ხელებით! არ გაბედოთ! ჩემს ბავშვს არ გააკაროთ თქვენი საცეცები! ისიც იკმარეთ, მამამისი რომ მოინელეთ!_ ვუთხარი ავად. არც ის დავინდე. თაზოს ხელი დავტაცე გულში ჩავიკარი და საავადმყოფოს კიბეებზე დავეშვი საკუთარი უგულობით განადგურებული. იმ საღამოს გეგა დაიღუპა. ექვსი თვე ეძებდნენ მამა და ნათლია იაკოს. მაგრამ მისი კვალიც კი ვერ იპოვნეს. ამასობაში ფაბრონიც დაიჭირეს ფრანგმა სამართალდამცველებმა. თავიდან ვერაფრით გაიხსენა ვის ეძებდნენ, ან იქნება იტყუებოდა კიდეც. შემდეგ კი თქვა, რომ მორიგი ჩხუბისას მაგრად მიბეგვა და მარსელის სადღაც მიყრუებულ კუთხეში მიატოვა ის კახპა, რათა ჩაძაღლებულიყო. აი აქ დაიკარგა იაკოს კვალი. აორთქლდა, გაუჩინარდა. ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი ვერ მიაგნეს. ნახევარი ადამიანი დაბრუნდა მამა. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ თავს იდანაშაულებდა და ჩამოიშალა მთასავით კაცი. კაცი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ნოლიდან აიწყო და აგურ_ აგურ ციტადელად ააშენა. ახლა ჩამონგრეულ ციხეს ჰგავდა. წელთასვლისაგნ გაოხრებულს და გავერანებულს. მხოლოდ თაზოსთან თამაშში პოულობდა მცირე შვებას. დედაჩემმა ერთ დღეს შვილის გადიდებული სურათი მოიტანა და მისაღებში კედელზე დაკიდა. ხმა ვერ ამოვიღეთ ვერცერთმა. იაკოს დაკარგვიდან კი ცხრა წელი გავიდა.... როგორც ხდება დრო ტკივილთან, დანაკარგთან და სიკვდილთან შეგუებას გვასწავლის. ყველაფერი ნელდება, და ადრე თუ გვიან სიცოცხლე სიკვდილზე მაინც იმარჯვებს. ასე მოხდა ახლაც. ჩემი თაზო გაიზარდა და ხვალ ათი წლის ხდება. ვუყურებ და მის ნაკვთებში მოულოდნელად იაკოს ვპოულობ. უცებ ისე გამომხედავს, რომ ჩემი და ცოცხლდება ჩემს მოგონებებში. ამ დროს ცრემლებს ვერ ვიკავებ ხოლმე. და ისევ მეათასედ მიელავს ის ფიქრი, იმ დღეს რომ ხელი შემეშალა და არ გამეშვა ჩემი საწყალი და, რა მოხდებოდა? როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი ცხოვრება? _ რა გატირებს დედა?_ მეკითხება ჩემი ვაჟკაცი. _ დავითმა ხომ არ გაწყენინა? გაბედოს და გაწყენინოს! მარტო გაბედოს! მუჭებს კრავს ჩემი პატარა ბიჭი. დავითი ჩემი საქმროა, ოცდარვა წლის ვარ და ადრე თუ მამისგან მჭირდებიდა ნებართვა ახლა შვილს უნდა მოვუფრთხილდე. ვერაფრით მიიღო და შეეგუა მას. არადა დავითი გეგას სულ არ ჰგავს. გეგას და იაკოს ამბავმა ისეთი ფობია გამიჩინა, რომ საკაცეთი შემაძულა. ყველა ჩემს თაყვანისმცემელში გეგას არაკაცულ თვისებებს ვეძებდი და ოდნავი მსგავსების აღმოჩენისთანავე უკან ვიხევდი შეშინებული. მიზეზები კი არ მელეოდა , ლურჯი თავალებიც კი კმაროდა, რომ კაცისგან თავი შორს დამეჭირა. დამაკომპლექსა საკუთარმა განცდილმა და გადატანილმა უბედურებამ. სანამ დავითს არ შევხვდი. ბევრი მოთმინებით და საკუთარი უნიკალური თვისებებით შეძლო ის, რაც მეგონა, რომ არავის შეეძლო. მე მას ვენდე! თუმცა ჩემი დედისერთა და ეგოისტი ბიჭი ვერ მიეჩვია იმ აზრს, რომ დედის გაყოფა სხვასთან მოუწევდა. თუმცა ვიცოდი, ეს მისი სიყვარულის გამოხატვა იყო ჩემდამი და მეტი არაფერი. თაზომ არაფერი იცოდა. არ იცოდა, რომ ის ნაზი და ლამაზი ქალი სურათიდან მისი ნამდვილი დედა და ჩემი და იყო. უბრალოდ იმ სურათს ისე იყო მიჩვეული, რომ კითხვის დასმა აზრად არ მოსდიოდა. ან უბრალოდ არ იყო იმ ასაკში, რომ ამაზე დაფიქრებულიყო. მაგრამ ადრე თუ გვიან, მოვიდოდა ის დღე, რომლისაც სიკვდილივით მეშინოდა. დღესაც კი არ ვიციდი, როგორ მომეყოლა მისთვის თუ რა და რატომ შეემთხვა დედამისს? ამიტომ ამ ამბის მოყოლას, რაც შემეძლო ვავადებდი და ვავადებდი. მიუხედავად წლების გასვლისა თბილისში არ დავბრუნებულვართ. რადგან ისედაც პატარა საქართველოში არ მსურდა ვინმე "კეთილმოსურნეს" გადავყროდი ვინც " უი არ ვიცოდის" საბაბით ჩემს ბიჭს გონებას მოუშხამავდა. მხოლოდ დავითს გავანდე ჩვენი ამბავი და მისგან ამაშიც სრული მხარდაჭერა მივიღე. _ დაბადების დღეზე რა გაჩუქო ბაბუას კაცო?_ ხელი გადახვია მამამ თაზოს. _ დედა არ მყიდულიბს და შენ მაინც ამისრულე რა სურვილი!_ კატასავით განაბა თვალები თაზომ. როცა სჭირდებოდა შეეძლო თავი შეეცოდებინა ბაბუამისისთვის. _ რას არ ყიდულობენ ჩემს იმედს?_ ხმა გაიმკაცრა მამამ. _ ფლეისთეიშენი მინდა ბაბუ! _ ეგ რაღაა?_ ვერ მიხვდა მამაჩემი. _ აი ეგ არის, რაც ბავშვებს აზარმაცებს და სწავლაზე ხელს აღებინებს!_ გამეცინა მე. _ არა, თაზო მაგის კაცი არაა! ხომ მართალი ვარ ბაბუკა? მე ვუყიდი მაგ რაღაცას და ნახავთ თუ ამან სწავლას მოუკლოს!_ მამა თაზოს ყველა სურვილს უსრულებდა, ვხვდებოდი იაკოსთან დაშვებული შცდომის კომპენსირებას ცდილობდა ასე და უარს ვერ ვეუბნებოდი. გულს ამით იოხებდა და ამ პატარა სიამოვნებაზე ხელს ვერ ავაღებინებდი. _ წამო აბა ბაბუკა! ვიყიდოთ ეგ ეშმაკის მანქანა!_ მხიარულად წამოხტა ფეხზე თაზო. _ შენც წამოდი მამი, დედაც წამოვიდეს! რა ხანია არსად გავსულვართ! დავითსაც დაურეკეთ! ავღნიშნოთ ჩვენი ბიჭის დღეობა! დავითის ხსნებაზე სახე კი შეეჭმუხნა თაზოს, მაგრამ ფლეისთეიშენის ხათრით აღარ გაუპროტესტებია. ქალაქის ყველაზე დიდი მოლისკენ გავემართეთ ერთად. თაზოს საყვარელი პიცა ვჭამეთ და იქიდან კი თაზო გულში ჩაკრული ნანატრი სათამაშოთი გამოვიდა. კი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მისმა ბედნიერმა ღიმილმა მაინც გამახარა. ყველას რაღაც გვიყიდა მამამ. ყველა გაგვახარა. თაზო პირველი გავიდა გარეთ. ერთი სული ჰქონდა მანქანაში ჩაჯდომისთანავე მოსიყვარულებოდა საჩუქარს. დედას პროდუქტის საყიდლად გავყევით ჩვენ. დაახლოებით ოც წუთში მივედით მანქანასთან. გამაოცა თაზოს სიწყნარემ. იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა უხმოდ. იმის ნაცვლად ეხტუნა ეჟრიამულა იჯდა და დუმდა. სახლში მისვლისთანავე, მანქანიდან გადახტა და სახლისკენ გაიქცა. საჩუქარი არც კი გახსენებია. უკან გავყევი გაოცებული. იაკოს სურათთან მივიდა. მის წინ გაჩერდა და დააკვირდა. მამა და დავითი ოროდუქტებს ეზიდებოდნენ სამზარეულოში. დედას კი თაზოს სათამაშო მოქონდა. _ დედა ვინ არის ეს ქალი?_ მკითხა ისე , რომ თვალი არ მოუშორებია დედამისის პორტრეტისთვის. გავშრი. ვერ მივხვდი რატომ მეკითხებოდა. გული ამიჩქარდა. სამზარეულოდან მამა და დავითი გამოვიდნენ. დედაჩემი დივანზე დაეშვა. _ ვინ არის ეს ქალი?_ ისევ მკითხა და თავისი ლამაზი თავლები მომანათა. _ რატომ მეკითხები თაზო?_ შევუბრუნე კითხვა. _ დღეს ვნახე ეს ქალი! მაღაზიასთან მოვიდა, დაბადების დღე მომილოცა, მერე იტირა. ჩამეხუტა და წავიდა! ჯერ გავიყინე, მერე ხელები და მუხლები ერთდროულად ამიკანკალდა. _ რას ამბობ თაზო? იქნებ გეშლება?_ შევაჩერდი ჩემს ბიჭს. ბავშვმა კიდევ ერთხელ დაკვირვებით შეხედა სურათს და თავი უარის ნიშნად გადააქნია. _ არა! არ მეშლება! ცოტა სხვანაირად გამოიყურებოდა, თმაც მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, უფრო დიდს ჰგავდა, მაგრამ ის იყო! დავიჯერე, ეჭვიც არ შემპარვია, რომ იაკო იქნებოდა. სხვა ვინ, თუ არა ჩემი დიდი ხნის წინ დაკარგული და გამოტირებული და?! დედაჩემს რომ გავხედე, მაშინ გავაცნობიერე პირველად, თუ რა ფერია მიტკალი. ხომ გაგიგიათ მიტკლის ფერი დაედოო?! _ დედა არ ინერვიულო, დედიკო! გესმის თაზომ რა თქვა? ია დაბრუნდა! დაბრუნდა გესმით?_ ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი, ხან ვტიროდი, ხან ვიცინოდი. _ მამა! მამა მონახე ია. დავით, თუ გიყვარდე, იაკო იპოვნე!_ ხან მდუმარე მამას ვთხოვდი, ხან ჩემი მდგომარეობით ანერვიულებულ საქმროს. _ დამშვიდდი ნინი! დაწყნარდი!_ ხელი მომხვია დავითმა და დივანზე დამსვა_ თაზოს აშინებ! თაზოს ხსენებამ გამომაფხიზლა. ბავშვს გავხედე. გაოცებული მიყურებდა. _ შენ და გყავს? რატომ არ ვიცნობ? სად იყო აქამდე?_ ბავშვური გულუბრყვილობით მეკითხებოდა და მამამისის ლურჯი თვალებით მიყურებდა. მაშინ მივხვდი, რომ სწორედ ის წამი დადგა, რომელსაც ასე გავურბოდი. _ შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ!_ ვუთხარი მტკიცე ხმით თახლზოს._ დრო მოვიდა, ყველაფერი მოგიყვე ჩემო ბიჭო! _ იქნებ ვცდებით?_ ჩაილაპარაკა მამამ რაღაცნაირად უიმედოდ და დაღლილად. _ ვაითუ ტყუილი იმედია ისევ?! მამაჩემს გავხედე და გამეღიმა. _ვგრძნობ, მალე ყველაფერი დასრულდება მამა! სიმართლის დროც დადგა! დაჯექი თაზო და მომისმინე_ ვთხოვე შვილს. შვილს დიახ! და არა დიშვილს! მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც დღეების თაზოს ღამე უთია. ვინც მასთან ერთად გაიზარდა. ვინც სიცხიანს ძმრიან ტილოს ადებდა შუბლზე. მე ვიყავი ის, ვინც მისი პირველი სიტყვა გაიგონა! ვინც პირველი მოცვლილი კბილი ბალიშის ქვეშ რკინის ფულით შეუცვალა. კი იაკომ გააჩინა, მაგრამ მისი გაზრდის მთელი ვალდებულება მე დამაკისრა. მუდმივად განვიცდიდი არ მომხდარ უბედურ შემთხვევებს. წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ბიჭზე სათანადოდ ვერ ვიზრუნებდი და ოდესმე დაბრუნებული ჩემი და საყვედურით სავსე მზერით შემომხედავდა. მკითხავდა: _ ერთ ბავშვს ვერ გაუფრთხილდი ნინი?!_ აი ამ შიშით ვსაზრდოობდი და ვსულდგმულობდი მას შემდეგ, რაც სკოლა დავამთავრე. ახლა კი, ამ სათუთად გაზრდილი შვილისთვის ჩემივე პირით უნდა მეთქვა, რომ დედამ ნარკომანი მამის გულისთვის მიატოვა და მისი თავი, ჯერაც სრულებით ბავშვს, მომიგდო საპატრონოდ?! არა, არ გეგონოთ ბოღმა ან შური მამოძრავებდა და მალაპარაკებდა. უბრალოდ ეს იყო ის რეალობა, რომელსაც დედაქალაქიდან მთელი ოჯახით გამოვექეცით. დიდხანს ვუყვებოდი იმ ღამეს თაზოს სიმართლეს საკუთარ მშობლებზე. ვცდილობდი ობიექტური ვყოფილიყავი. ვცდილობდი ზიზღის ან უარყოფის გრძნობა არ გასჩენოდა მათ მიმართ. _ მამა? ის ლამაზი კაცი საფლავის ქვაზე მამა იყო ჩემი?_ გეგას დაბადების დღეზე ამყავდა ხოლმე თაზო მამის საფლავზე. ვიცოდი, მისი ბებია და ბაბუა სადღაც შორიდან გვხედავდნენ და მიუხედავად მათი წარსული ცოდვებისა, მაინც ვაძლევდი უფლებას შვილის სისხლი და ხორცი წელიწადში ერთხელ მაინც ენახათ, თუნდაც შორიდან. და როგორც სჩანს სწორედ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი, როცა დრო დადგა. არ ვიცოდი იაკო რას მოყვებოდა. იქნებ ჯობდა სულაც არაფერი მოეყოლა? მაგრამ ახლა მასაც დასჭირდებოდა სიმამაცის გამოჩენა, რადგან გაბედა და თაზოს წინ გამოჩნდა. ხმა არ ამოუღია ბავშვს. იჯდა და უსიტყვოდ მისმენდა. ერთი პატარა ცრემლიც კი არ ჩამოვარდნია. ბოლოს, როცა მოყოლა დავასრულე, სევდიანად მკითხა: _ ახლა ჩემი დედა აღარ ხარ? _ მე სულ შენი დედა ვიქნები, ამას ვერაფერი შცვლის! შენ იცი ეს და დამტკიცება აღარ სჭირდება! მაგრამ იაკოს უნდა მოუსმინო, თუკი შენთვის სათქმელ სიტყვებს იპოვნის! ხომ იცი ერთ შანსს ყველა იმსახურებს! მათ შორის იაც!_ თაზო გულში ჩავიხუტე._ მან მთელი ეს დრო შენს გარეშე გაატარა და მგონი, ამით ისედაც დაისაჯა თავისი თავი, ასე არ ფიქრობ? თავი დამიქნია და ხელები მომხვია. _ მგონი მართლა ტიროდა იცი? მართლა სწუხდა, რომ მიმატოვა!_ ჩაილაპარაკა თაზომ. გულზე მომეშვა. ვიცოდი ჭკვიანი შვილი მყავდა, და ეჭვი არ მეპარებოდა, ჩემს გაგებას შეძლებდა, შეეცდებოდა მაინც. თაზოს დაძინებას დაველოდე და შემდეგ მშობლებთან გამოვედი. ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ საკუთარ საერთო საფიქრალში ჩაფლულები. _ სად შეიძლება იყოს?_ გამომხედა დედაჩემმა _ ვისთან იქნება? ამდენი წელი გავიდა, ვინ გაუღებდა სახლის კარს? _ მირზას უნდა დავურეკო!_ მამა ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა. დავფიქრდი. ნეტავ დაბრუნება როგორ მოახერხა? ან რამდენი ხანია დაბრუნდა? როგორ არის? თავს რით ირჩენს? იმაზე არ მიფიქრია, სახლში რატომ არ დაბრუნდა, ვხვდებოდი, სინდისის ქენჯნა არ აძლევდა სახლში მოსვლის უფლებას. იმიტომ რომ როგორც დაიქადნა წასვლისას, გამარჯვებული არ დაბრუნებულა. მისგან ჩვენთვის თავის არიდების ერთადერთი ახსნა სწორედ მისი დამარცხება იყო. რადგან, როგორც წესი, გამარჯვება ადამიანს ათამამებს, აგულიანებს, ძალას აძლევს და თავდაჯერებას. აი იაკოს კი პირიქით, ეს ყველაფერი არ ჰქონდა, რადგანაც საკუთარ თავთანაც და მთელ სამყაროსთანაც აღიარა საკუთარი მარცხი, დანებდა და ქედი მოიხარა. _ თბილისში მივდივარ! მირზას ბიძაშვილი გვაპოვნინებს იაკოს!_ მამას უცნაური ხმა ჰქონდა თოთქოს შეშინებული. სიხარულს არ ჰგავდა მისი ემოცია. _ ნუთუ არ გიხარია მამა? _ ჩემი გაოცება არ დამიმალავს. _ მედინია შვილო! დაჯერების მეშინია! ვაითუ მორიგი იმედგაცრუებაა? ვაითუ თაზოს მოეჩვენა?_ მიპასუხა მამაჩემმა. საოცარი რა იყო ამ ამბავში იცით? ახლა მამა მზად იყო, მიეღო საკუთარი დაკარგული შვილი ისეთად, როგორიც იყო. თავმოყვარეობაშელახული, დაცემული, სულგაბზარული და ღირსებაწართმეული. ახლა ერთადერთი ფასეულობაღა ადარდებდა მამას. ეს მისი ქალიშვილის სუციცხლე იყო. ახლა მხოლოდ ამას ჰქონდა მნიშვნელობა. არადა სინამდვილეში მართლა ესაა მნიშვნელოვანი, ეს და პირადი ბედნიერება, რომელიც იაკოს არც არასოდეს ჰქონია. განვიცდიდი იმ ცვლილებას რაც იაკოს თავს შეიძლებოდა მომხდარიყო. ათი წელი ხომ საოცრად ბევრი დროა ადამიანისთვის მუდმივად ფსკერზე საყვინთად. რად აქცია ცხოვრების ფსკერმა იაკო? ვინ იყო ახლა? აი ეს კითხვები არ მასვენებდა და გონებას მიმღვეევა. გაგონილ მქონდა, რომ მაგალითად ემიგრაციაში წასულ ადამიანს, რომელიც წლების შემდეგ დაბრუნდა ქვეყანაში საკუთარი ოჯახი, ერთდროს ახლობელი ადამიანები, გაუცხოვებული დაუხვდა, ანდაც თავად ვეღარ შეიგუა ისინი. ეს გასაკვირად სულაც არ მეჩვენებოდა, რადგან ადამიანები მუდმივად იცვლებიან, რაც არ უნდა სცადონ ერანეთთან კავშირის შენარჩუნება მაინც, ხოდა რა გასაკვირი იქნებოდა, თუ ჩემს დას, რომელმაც ამ ათწლიანი დაშორების დროს, კაცმა არ იცის რა გასაჭირი გადაიტანა, ჩვენთან ურთიერთობის აწყობა გასჭივებოდა? ამ ყველაფერს თან ერთვოდა დანაშაულის გრძნობა, რომელიც თითეულ ჩვენგანს სტანჯავდა, რომ თავისდროზე რაღაც შეგვეშალა მასთან, რომ სათანადოდ არ მოვინდომეთ, რომ ვერ გავუძელით. არ ვიცი ათასი რომ, მაგრამ, იქნებ და ნეტავ გვჭამდა და გვხავდა შინაგანად ჩვენც და ალბათ იაკოსაც. ჩვენ ერთმანეთის მაინც გვყავდა და ერთამანეთით ყველაფერს გავუძელით ასე თუ ისე, მაგრამ იაკოს არავინ ჰყავდა, მას სრულ სიმარტოვეში მოუწია თავის გადასარჩენად ბრძოლა. ვისი ბრალი იყო, რატომ მოხდა და როგორ, განა ამას ახლა აზრი ჰქონდა, როცა ათი წლის წინ გამოტირებული ადამიანის დაბრუნების სულ უმცირესი შანსი მაინც გამოჩნდა?! მამას მეც გავყევი, თაზო გაოგნებულ დედას დავუტოვეთ და ორივე დავითთან ერთად თბილისში ჩამოვედით. საკუთარ თავს დავპირდი თუ იაკოს ვიპოვნიდი წასვლის,, გაქცევის და მით უფრო თვითგვემის უფლებას აღარ მივცემდი. ნათლიაჩემმა თავისი კონტაქტები ჩარია და ერთ საღამოსაც დაფიქრებული დაბრუნდა სახლში. _ რა ხდება მირზა?_მამა მაშინვე მიუხვდა ერთგულ მეგობარს, რომ ახალი ამბავი ჰქონდა სათქმელი. _ ჯაბა, მოსმინე!_ მამის წინ დაჯდა და ხელები მაგიდაზე დააწყო._ ია ვიპოვნეთ! მაგრამ გაოცდები, როცა გაიგებ ვისთან მივაგენით! მამას ცალყბად ჩაეცინა, _ ყველაფრისთვის მზად ვარ ჩემო მირზა! აღარ მგონია აწი რამემ გამაოცოს! _ ჯაბა, იაკო მისი ქმრის მშობლების სახლში ცხოვრობს!_ ამის გაგონებამ პირდაპირ მომცელა. ნუთუ კვლავ ისინი არჩია საკუთარ შვილს და ოჯახს? ყველაფერ იმის შემდეგ, რაც გეგამ დამართა, ტკივილმა, ბრაზმა და ბოღმამ ყელში ისე მომიჭირა სუნთქვაც კი დამავიწყდა. _ ღმერთო, ფერი არ გადევს ნინი!_ მაჯებში მეცა დავითი._ დამშვიდდი, ისუნთქე! მაწყნარებდა, მაგრამ მე ვეღარ ვაზროვნებდი. ყველაფერს ვიფიქრებდი, ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამას?! _ მასთან წამიყვანეთ ახლავე!_ ამოვილაპარაკე, როგორც კი ოდნავ დავმშვიდდი._ ან თქვენ წამიყვანთ, ან მე თავად წავალ! _ წავედით!_ მცირეოდენი ფიქრის შემდეგ დამთანხმდა მამაც. _ ახლა ჩხუბის დრო არ არის ნათლი!_ მარიგებდა გზაში მირზა_ ჯერ გავიგოთ რა მოხდა და შემდეგ... მე აღარ მესმოდა მისი სიტყვები, მინდოდა იაკო შუაზე გამეგლიჯა. ათი წელი ველოდე ის დაბრუნებას, იმასაც კი შევეგუე, რომ შეიძლებოდა ცოცხალი ვეღარ მენახა, მისი ვაჟიც შვილივით გავზარდე და თავად ასე როგორ იქცეოდა?! ნუთუ იმდენი შეგნება და გაგება, ღირსება და ადამიანობა აღარ ჰქონდა დარჩენილი, რომ სწორედ იმ აფთრებს მიეკედლა უპატრონო მათხოვარივით?! ან მკვდარი, მოღალატე ნარკომანის სახელი მეტს ნიშნავდა მისთვის, ვიდრე ათი წლის ვაჟი და ოჯახი?! მანქანა გაჩერებული არ იყო, რომ გადმოვხტი და გიჟივით ვეცი ჭიშკარს. კარში შვაბჯე და სახლისკენ წავედი, ისეთ აფექტში ვიყავი, რომ შემეძლო ხელით შევხებოდი ჩემს მკვდრეთით აღმდგარ მოღალატე დას. _ ნინი შვილო შენ ხარ?_ კარი ელენემ გამიღო. მიუხედავად ჩემი სიბრაზისა მაინც შევამჩნიე მასში მომხდარი ცვლილება. სადღა იყო ის პომპეზური ქალი, აბულულებული ვარცხნილობით და სახლისთვის შეუფერებელი გამომწვევი სამოსით. ჩემს წინ უბრალო დიასახლისი იდგა, შავ ჯინსის შარვალსა და მუქ ნაცრისფერ მაისურში. უბრალოდ ჩამოვარცხნილო ქერა თმით და სახლის ჩუსტებით. ერთი კი შევათვალიერე გაოცებულმა და ცივად ვკითხე. _ ის აქ არის ხომ?_ წამით შეყოყმანდა. კიბეს ახედა. მივხვდი სახლში ბრძანდებოდა. _ უნდა ვნახო!_ მისი პასუხისთვის არ დამიცდია, ისე შევედი მათ სახლში. _ შვილო ჯერ დამშვიდდი!_ სამზარეულოდან ზუსტად ცოლივით სადად და უბრალოდ ჩაცმული თმაგაჭაღარავებული თამაზი გამოვიდა. _ შვილო? ახლა შვილო ვარ არა? _ მოვუბრუნდი ორივეს გაცოფებული._ დიდი ხანია იმ ოჯახის წევრი აღარ ვარ თავიდან რომ ვეაფრით იშორებდით? დიდი ხანია მდაბიო აღარ ვარ? უკვე თავსმიყადრებთ არა? რაო რა მოხდა, დაეშვით ბოლოს და ბოლოს დედამიწაზე? _ შვილო, რაც გინდა ის გვითხარი, ყველაფრის ღირსები ვართ შენგან, მაგრამ გთხოვ ჩვენს გოგონას ნუ დაელაპარაკები ასე?_ ხმა აუკანკალდა ელენეს. სწორედ ამ დროს შემოაბიჯა მამაჩემმაც სახლში. _ ვის ნუ დაელაპარაკება?_ იფეთქა გაოგნებულმა_ თქვენ წამართვით შვილი! ათი წელია ცოცხალ შვილს მკვდარივით ვგლოვობ! თქვენ რა ხალხო ხართ საერთოდ? _ მამა!_ მოისმა კიბის ზემოდან ნაცნობი ხმა და ჩვენ ყველამ ერთდროულად ავიხედეთ მაღლა. კიბის თავში საოცრად გამხდარი, ბიჭივით თმაშეჭრილი გოგო იდგა. ერთდროულად საოცრად ნაცნობი და თან ძალიან უცხო. _ მამა!_ ისევ უღონო და სუსტი ხმით თქვა და მამაც და თამაზიც ერთდროულად დაიძრნენ მისკენ. შემდეგ ერთდროულად შეჩერდნენ და ერთმანეთს გახედეს. იამ კიბე ჩამოიარა და მამაჩემის წინ შეჩერდა. _ არ ვიცი პატიება რა პირით გთხოვო!_ თვალები ცრემლებით აევსო._ არ ვარ შენი ხმის გაგონების ღირსი! არ ვარ დედიკოს ნახვის ღირსი! ნინისგან გარტყმული სილის ღირსიც კი არ ვარ! მით უფრო თაზოს არ ვიმსახურებ! ეს ვიცი და ამიტომ ვერ მოვედი! ვერ მოვედი! მე იქ ვარ, სადაც ყოფნას ვიმსახურებ! თვალები დავხუჭე გულს მოწოლილი ტკივილისგან. აღარ შემეძლო მისი მწუხარების გაძლება. არ შემეძლო ამ ყველაზე გულწრფელი აღიარების, თუ ბოდიშის მოსმენა. მერჩივნა თუ სულ არაფერს იტყოდა. მერჩივნა თუ იტირებდა, ან გარეთ გამოგვყრიდა. არ ვიცი, ყველაფერი მერჩივნა, ვიდრე იაკო ასეთი დამარცხებული და გატეხილი მენახა. _ ია, ჩემო პატარა გოგო. მამიკოს პრინცესა!_ ჩემს ნაცვლად მამაჩემი ტიროდა. ათი წლის უთქმელს, ათი წლის ნაგროვებს, ახლა ამ წამს ანთავისუფლებდა და არაფერი არ იყო ამაზე საშინელი დასანახავი. მამას მთელი ეს წლები საკუთარი დაშვებული შეცდომები სტკიოდა, საკუთარი უაზრო სიმკაცრე, პრინციპები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს.იმის გაცნობიერება, რომ კარგი მამაობა მხოლოდ ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფას არ ნიშნავდა, რომ არასდროს ყოფილა თავის შვილებისთვის მეგობარი, რომ არადროს მოუსმენია მათთვის, რომ არ იცოდა რა და რატომ უყვარდათ ან სძულდათ მის შვილებს. რომ ოჯახი მხოლოდ საჭმელი, ჩასაცმელი და სუფრასთან წარმოთქმული სადღეგრძელო არ იყო. რომ შვილები საკუთრება და მამის საამაყო ქმნილებები კი არა ინფივიდუალური არსებები არიან, საკუთარი საწუხარით, საფიქრალით, შცდომებით და ეს ყველაფერი მხოლოდ თაზოსთან ურთიერთობის დროს გაიაზრა მამამ. ის ყველაფერი, რასაც თაზოს აძლევდა, ჩვენ ყოველთვის გვაკლდა. თაზოს ბაბუამისის არასდროს შინებია, ჩვენგან განსხვავებით, მისი დიდი ნდობა ჰქონდა. მამა თაზოს მეგობარი, მრჩეველი და უახლოესი ადამიანი იყო. ჩვენთვის კი მხოლოდ მკაცრი მამა, რომლის სიტყვაც კანონი იყო და სწორედ ამან დაგვაშორა მასთან. დიდხანს ნელა და ლამის ყველა ბნელი და მტკივნეული დეტალით გვიყვებოდა იაკო საკუთარ, ნორმალური ადამიანისთვის წარმოუდგენელ და გაუსაძლის, ისტორიას. გვიყვებოდა ფანჯარაზე თვალგაშტერებული. ისე, თითქოს რომელიღაცა ჰოლივუდის ფილმის სცენარს. ყვებოდა ტკივილზე, დამცირებაზე, მონატრებაზე, გასაჭირზე, მარტოსულობაზე და საკუთარ დაცემაზე. ყვებოდა ჭაობზე, სადაც თავისგადასარჩენად მთლად ფსკერზე უწევდა ხოხვა. ყვებოდა მუქარაზე, იძულებაზე, ყვებოდა და ცარიელდებოდა თავად, ყვებოდა ვუსმენდი და მერჩივნა დავყრუებულიყავი, რათა არასდროს მომესმინა ყველა ის საშინელება, რისი გადატანაც იას სრულ სიმარტოვეში მოუწია. ყვებოდა იაკო და მონათხრობის დასტურად საკუთარ სხეულზე არსებულ იარებს გვაჩვენებდა. ყვებოდა, როგორ ძალადობდნენ მასზე, როგორ ჰყავდათ ჯაჭვით დაბმული, რადგან მუდამ გაქცევას ცდილობდა. ყოველთვის როცა დასაბრუნებელ გზებს ეძებდა, როგორ ახალ და ახალ საწამებელ გზებს იგონებდა ფაბრონი მის შესაჩერებლად. ყვებოდა წამალზე, რომელიც მის გასატეხად გამოიყენეს და ბოლოს იმ დანებებაზც მოყვა, რომელიც ძალიან ჰგავდა სიკვდილს. და სწორედ მაშინ, როცა ეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, როცა მზად იყო საკუთარი ტანჯვა თვითმკვლელობით დაესრულებინა, რადგან გადარჩენის ვერავითარ გზას ვეღარ ხედავდა , ხსნად სწორედ ელენე და თამაზი მოევლნენ. გაოცებულმა გავხედე გვერდიგვერდ მჯდარ ცოლ_ქმარს და მათ სახეზე ჩემთვის მოულოდნელი ემივოა ამოვიკითხე, ისინი ჩემს დას სიყვარულით და სევდით შეჰყურებდნენ. კინაღამ თვალები მოვიფშვნიტე გაოცებისგან. ეს ის ხალხი არ იყო, დასანახავად რომ ვძულდით?! ისინი თვეების მანძილზე საკუთარი თვალით უყურებდნენ იაკოს ცემას, ტირილს და დახმარების ხელი ერთხელაც არ გაუწოდეს. ესენი არ იყვნენ სამშობიაროშიც კი რომ არ მოვიდნენ, რომ ჩემი და და დიშვილი წაეყვანათ? ნუთუ აუცილებლი იყო მათი ვაჟის სიკვდილი, რათა ეს ყველაფერი დაეფასებინათ?! _ მათ მიპოვნეს იმ ჯურღმულში, სადაც ხსნას აღარავინ ელოდება! ხელი მომკიდეს და ზედაპირზე ამომიყვანეს! წელიწად ნახევარი მთელი ჩემი რეაბილიტაციის მანძილზე არცერთი წამით არ მივუტოვებივარ და მხოლოდ ჩემი თხოვნის გამო დუმდნენ ამდენ ხანს! მე საკუთარ თავს არ ვთვლი თქვენთან ყოფნის ღირსად! მხოლოდ ერთხელ გულმა არ გამიძლო,ხოლოდ ერთხელ მოვისურვე მას... ჩემს შვილს მოვხვეოდი. არ მინდა ისე მოვკვდე, რომ მის სურნელს არ ვიცნობდე! მე არავინ ვარ ახლა. არც შვილი, არც და, არც დედა. ახლა მე მხოლოდ შეცდომა ვარ და მეტი არაფერი!_ ჩაილაპარაკა სევდიანად და გაჩუმდა. არც საუბრის დასრულების შემდეგ მოუცილებია თვალი ფანჯრისთვის. ვერ გვიყურებდა. არ სურდა, იმედგაცრუების და სიბრალულის დანახვა ჩვენს სახეზე. _ ქალბატონო ელენე წყალი დამალევინეთ!_ ვთხოვე და სამზარეულოსკენ მიმავალს უკან გავყევი. _ რას ნიშნავს 'არ მინდა ისე მოვკვდე"?_ მოულოდნელად გავიაზრე მისი ნათქვამი. და ელენეს ვკითხე. _იაკოს ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა, და ის ღვიძლის დონორს საჭიროებს, და უკვე დონაციის სიაშია!_ ამოიოხრა ელენემ. _ რას ქვია ელოდება? არ შეიძლება, რომ ღვიძლი ჩვენ გადავუნერგოთ?_ პირველი მაშინვე ეს მომივიდა თავში. _ რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ მას კატეგორიულად არ სურს, რომ კიდევ ერთხელ გახდეს თქვენი ტკივილის მიზეზი! ვწუხვარ, მაგრამ არც მეც და არც ჩემი ქმარი არ აღმოვჩნდით მასთან შეთავსებადი, ჩვენ მხოლოდ ოპერაციის სრული დაფინანსება შეგვიძლია! მეტი არაფერი! არადა მთლიან ღვიძლს დავუთმობდი, ნეტავ კი შესაძლებელი ყოფილიყო. ია და თაზო მხოლოდ ისინი დაგვრჩნენ ჩვენი საცოდავი ვაჟისგან! ვეღარ გავუძლებ ჩემმა გოგონამაც რომ მიმატოვის. _ ატირდა ელენე და ხელები სახეზე აიფარა. მისგან ნათქვამი "ჩემმა გოგონამ" ისე ჟღერდა, როგორც უკანასკნელი მოსანანიებელი ლოცვა, რომელსაც მათი სულის ხსნა და მათი ვაჟის ცოდვების გამოსყიდვა შეეძლო. სკამზე დავჯექი და ვცადე დავმშვიდებულიყავი. არ გამიგია, როგორ გავიდა ელენე და როგორ შემოვიდა ია. მაშინ გამოვფხიზლდი ფიქრებისგან, როცა ჩემმა დამ ჭიქით ცივი წყალი მომიჩოჩა მაგიდაზე. მის ხელის თითებს დავაკვირდი. გათხელებული, ოდნავ შეყვითლებული ფრჩხილები. ლამის ძვალზე დაკრული კანი. ხო, მხოლოდ ძვალი და ტყავი, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი მოყვანილობის, გრაციოზულობამდე მისული თითები ჰქონდა. ამ თითებს ძვირფასი საქორწინო ბეჭედი დაამშვენებდა, ლამაზი ფერადი ლაქი, ერთი ღერი წითელი ვარდი, მაგრამ არაფერი ამის მსგავსის კვალიც კი არ ეტყობოდა. მის მაჯას ავაყოლე თვალი და ჯერ ისევ მუქი იარის კვალს დავაჩერდი. "გაქცევის გამო რამდენიმე კვირა საწოლის ფეხზე ვიყავი გამობმული ფაბრონეს ბუნაგში..."გამახსენდა მისი სიტყვები და სიმწრის და უძლურების ცრემლები უბრალოდ ვეღარ შევიკავე. მან კი მხოლოდ გაიღიმა. იარის დაფარვა არც უფიქრია. _ რას იზამ დაო ყველა არ იმსახურებს ლამაზ სამკაულს, მე მათი ტარების პატივი მხვდა წილად!_ ღიმილით მანიშნა იარისგან დაზიანებულ მაჯაზე. გამახსენდა ის დრო, როცა ჩემი და გეგასგან ნაცემი, ცემის კვალს შარფით და მკლავიანებით მალავდა. ახლა კი, ან სიმართლეს გაუსწორა თვალი, ან მისთვის ყველაფერი უკვე სულ ერთი იყო. _ უფლება მომეცი შენთვის ეს ერთი რამ გავაკეთო!_ ვუთხარი მშვიდად. მხოლოდ უტეხად მიყურებდა და არ მთანხმდებოდა. _ ივი, მე თაზოს ყველაფერი მოვუყევი! _ მივხვდი, მხოლოდ ბავშვის დახმარებით თუ ვაიძულებდი ოპერაციაზე დათანხმებას. ისეთი დაღლილი მზერა ჰქონდა, თითქოს სიცოცხლე აღარ სურდა. მაგრამ თაზოს ხსენებამ წამში აუნთო ჩამქრალი თვალები. _ რა ვუთხრა?! რა ვუთხრა, როცა შევხვდები?! რა ვუთხრა, როცა გაიზრდება? არც კი ვიცი, შევძლებ თუ არა ამას! იქნებ ჯობია ყველაფერი უბრალოდ დასრულდეს ნინი? _ სულ გაგიჟდი არა? როგორ ხარ ასეთი ეგოისტი?! შენ ჩვენზე საერთოდ არ ფიქრობ ია? ალბათ არც არასდროს გიფიქრია! გეგაზეც კი არ ფიქრობდი სინამდვილეში!_ თვალები ტკივილებმა დაუღარა._ ხო! რატომ გიკვირს? შენ საკუთარი თავისთვის გსურდა იმის დამტკიცება, რომ არ ცდებოდი! შენც, ისევე როგორც მამას, გსურდა მაგ საწამლავი სიტყვების თქმა: "ხომ გეუბნებოდით!" მაგრამ არ გამოგივიდა არა? ახლა რის დამტკიცებას ცდილობ? რა გინდა იაკო? მითხარი, როგორ ვიცხოვრო იმის ცოდნით, რომ შენი გადარჩენა შემეძლო?! და ეს არ გავაკეთე? ან დედაზე სულ არ ფიქრობ? არც შვილზე? მიყურებდა და ვიცოდი ვტკენდი ჩემი სიტყვებით, მაგრამ მაცოფებდა მისი ეგოისტობა. თითქოს არ სურდა დახმარების მიღება სწორედ ჩემგან. ამის უფლებას არ მაძლევდა და ამით თითქოს კიდევ ერთხელ ეწირებოდა მსხვერპლად საკუთარ გაუაზრებელ სიჯიუტეს. ახლა ამის უფლებას ვეღარ მივცემდი. _ მიპასუხე იაკო!_ ვუყვირე ბოლოს მისი დუმილით გაცოფებულმა. _ მეშინია ნინი! _ მიპასუხა და თვალი ამარიდა._ ვაითუ შენ რამე დაგემართოს, მე კი გადავრჩე! საკუთარი თავის მეშინია! მათ თვალებში დანახული სიძულვილის მეშინია! თაზოს ზიზღის მეშინია! შენი დაკარგვის მეშინია! ალბათ ჯობდა თუ არ დავბრუნდებოდი! _ არა, ეს უკვე მეტისმეტია!_ მობილური ავიღე და დედაჩემის ნომერი ავკრიფე. _ ხო დედა! რა ქენით დე?_ იპოვეთო? ვერც კი გაბედა ამის კითხვა. ისე ეშინოდა უარყოფითი პასუხის გაგონების. _ კი, და შენ უნდა ჩამოხვიდე!_ ვუთხარი სერიოზულად. _ ღმერთო ჩემო! ხომ ცოცხალია დედა? არაფერი დამიმალო? მოუკვდეს უბედური დედა!_ ხმამაღალზე ჩავრთე და იაკოს რეაქციას დავაკვირდი. _ ნუ გეშინია დედა! ყველაფერს აქ მოგიყვები! მაგრამ აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ! ორივე!_ დავამშვიდე გაგიჟებამდე მისული შეშინებული დედაჩვენი. _ დღესვე მოვდივართ შვილო! თაზო გაემზადე ბები, მივდივართ!_ გასძახა ბავშვს და ტელეფონი გამითიშა. _ აბა საკმარისად განიცდის შენს ამბავს, თუ დავუმატოთ კიდევ?_ ვკითხე მუქარით იაკოს. _ გგონია მარტო შენ ხარ ცუდად? დედას მაღალი წნევები დასჩემდა, როცა შენს ამვავს გაიგებს ნეტავ მერამდენედ მოკვდება შენ გამო?! _ როდის გახდი ასეთი სასტიკი ნინი?_ მკითხა სევდიანად. გამეცინა. _ მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ ბავშვი, უფროსი დის უკანონო შვლით ხელში, აღმოვჩნდი სამყაროს პირისპირ! იმ მშობლების პირისპირ, რომლებსაც შენ გაექეცი! ხედავ, თურმე ყველაფერი შეგვძლებია ადამიანებს! მოძალადე ნარკომანი ქმრის სახლში დაბრუნებაც კი , მას შემდეგ, რაც კახპასავით გაგვყიდა სადღაც დასაკარგავში! ამაზე უარესად შეგილახავდა ღირსებას საკუთარი მშობლების სახლში დაბრუნება? ოღონდ ახლა იმას ნუ იტყვი, რომ იქ ხარ, სადაც დაიმსახურე! თავს ამით ნუ გაიმართლებ იაკო! ამათ აპატიე და ჩვენ ვერა? _ თქვენ რა გჭირდათ ვერ საპატიებელი ნინი? მე მხოლოდ საკუთარ თავს ვერ ვაპატიე! შენ რომ იცოდე... რომ იცოდე რისი გაკეთება მიწევდა.._ ხელები უძრავად ედო მაგიდაზე, მხოლოდ ნიკაპი უცახცახებდა. _ ხოდა მომიყევი, მომიყევი და განთავისუფლდი! მერე კი ცხოვრება იქიდან გააგრძელე, სადაც გაჩერდი! ძალა მოიკრიბე და საკუთარ თავს აპატიე! ერთად დავივიწყოთ ყველაფერი! საკუთარ თავსაც და ჩვენც მოგვეცი შანსი, რომ წარსული დავივიწყოთ._ გაცრეცილ ხელებზე ხელები მოვკიდე. ათი წლის შემდეგ საკუთარ დას პირველად ვეხებოდი. ჟრუანტელმა დამიარა და ეს მანაც იგრძნო. _ გახსოვს ქუხილის რომ მეშინოდა და შენთან ვძვრებოდი საწოლში?_ გავახსენე ბავშვობა._ ახლა თაზოსთან ვიძინებ, როცა ქუხს! მეც მეშინია დაო. სინამდვილეში მეც ძალიან მეშინია. _ შენ რისი გეშინია ნინი? შენ რა კოშმარებს ხედავ ხოლმე! _ მე თაზოს დაკარგვის მეშინია ია, მეშინია რომ შენ აგირჩევს, შენ ხომ დედა ხარ მისი?! ნამდვილი დედა და გინდა, არ გინდა თქვენს შორის ძლიერი კავშირია! მან მაშინვე გიცნო, იცი? მაშინვე იგრძნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყავი! მეშინია, რომ ერთ დღეს დედას კი არა დეიდას დამიძახებს!_ეს სიტყვები ამოვთქვი და გულიც შემომსუბუქდა. ამოვთქვი და ვიგრძენი, ჩემი დის მიმართ არსებულმა ფარულმა ბრაზმა ერთიანად დამტოვა. ათი წლის შემდეგ, როგორც იქნა, შვებით ამოვისუნთქე. _ მეც მაგის მეშინოდა ძალიან დიდხანს!_ ამოიოხრა იაკომ. _ ახლა რა შეიცვალა?_ ვკითხე გაკვირვებულმა. _ ახლა, როცა ვნახე, მისი სურნელი რომ შევიგრძენი, ღმერთო რა ლამაზია! ხოდა, მივხვდი, მთავარია ბედნიერი იყოს, მთავარია ჯანმრთელი და თავისუფალი იყოს და თუ უნდა დედას ნურასოდეს დამიძახებს. ჩემთვის, ჩემი ბედნიერებისთვის მისი არსებობა სრულებით საკმარისია._ გაოგნებისგან თავი ავწიე და მის მშვიდ, გულწრფელ ღიმილიან მზერას შევეჩეხე. მე ხომ მთელი ამ დროის მანძილზე სულ ვფიქრობდი, რომ იაკო ეგოისტი და საკუთარ სურვილებს ადევნებული ქალი იყო და რა? ახლა აღმოჩნდა, რომ ამ ამბავში ყველაზე ეგოისტი მე ვიყავი თავად?! თითქოს მისი შეცდომის არსებობით ჩემს უშცდომობას ვუსვამდი ხაზს. თითქოს მისი გაქცევით ჩემს თავგანწირულობას ვკვებავდი? და მისი სისხლით და ხორცით ვიამებდი დედობის ეგოისტურად აკვიატებულ სურვილებს. დავფიქრდი. სინამდვილეში რატომ მსურდა მისი დაბრუნება? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ნაკლის ფონზე საკუთარი უნაკლო ადამიანობა ალამივით მეფრიალებინა? "ღმერთო! ეს რად ვიქეცი?" გავიფიქრე და მის მწუხარებით სავსე ლამაზ თვალებში საკუთარი თავის ძებნა დავიწყე. და შევცბი როცა ვიპოვნე. მე ლამაზი, მოვლილი, სუფთა, სავსე, წყნარი, ზრუნვით გამთბარი, ვჩანდი მისი ცრემლიანი თვალების წუხილის, ტკივილის, მარტოობის უძირო ოკეანეში შეცურებული იახტასავით.. ოკეანეში, რომელიც სულ ახლახანს დაცხრა. და მე კი... _ მაპატიე!_ ვუთხარი ჩურჩულით._ თუ შეგიძლია მაპატიე ია! მაპატიე, რომ იმ ღამეს არ შგაჩერე! მაპატიე, რომ უკან არ გამოგყევი! მაპატიე, რომ არ დავანგრიე ამ სახლის გალავანი მაშინ, როცა ის პირუტყვი გცემდა! მაპატიე იაკო! ამდენი წლის ნაგროვები ცრემლი ერთიანად დაიძრა ჩემს სხეულში. ერთიანად მიაწყდა თვალებს. ხელები მომხვია და მხრებზე მომეფერა. და იმ წამს ის ისევ უფროსი და იყო, და, რომელსაც არასდროს მივუტოვებივარ. ერთი სიტყვით, იაკომ ოპერაცია გაიკეთა და ჩემმა სისხლმა და ხორცმა ჩემივე სხეულის ნაწილი წარმატებით მიიღო. სულ მალე გამოეწერა და გამოჯანმრთელების ხანგრძლივ გზას დაადგა. ჩვენ თბილისში დავბრუნდით. თაზო თანდათან მიეჩვია იას. და ბოლოს, როგორც უნდა მომხდარიყო კიდეც, მამამისის სახლში დაბრუნდა. მაშინ გავიაზრე იაკოს არჩევანი, ბავშვს ბაბუის სახელი რატომაც დაარქვა. რადგან სინამდვილეში სწორედ იქ იყო მისი ადგილი. ელენე და თამაზი, მამაჩემისგან და დედაჩემისგან განსხვავებით მკაცრი და მომთხოვნი ბებია და ბაბუა იყვნენ, რომლებმაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად შეიყვარეს მათი უკანასკნელი იმედი და გვარის გამგრძელებელი. მე და დავითი დავქორწინდით და ვცადეთ არასდროს დაგვეშვა იგივე შეცდომები. თუმცა სხვისი შეცდომა არასდროს გამოგადგება ადამიანს მაგალითად, ან თითქმის არასდროს. ამიტომ არ უნდა გეშინოდეს შეცდომების დაშვების. პირიქით, გახსოვდეთ, რომ შეცდომებს მხოლოდ სიცოცხლეში უშვებს ადამიანი, ამიტომ სანამ ცოცხლები ვართ, ვისწავლოთ საკუთარი შეცდომების წარმატებებად გადაქცევა. შეცდომის დაშვებას არაუშავს, მთავარია თავად არ იქცეს ადამიანი გამოუსწორებელ შეცდომად. სანამ ცოცხლები ვართ, ყველა შეცდომას ეშველება. ამას ნურასდროს დავივიწყებთ. დასასრული ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.