მე - ორი [ თავი I ]
მთელი ცხოვრება გავლიე იმ გრძნობასთან ერთად, რომელსაც სიცარიელე ჰქვია. დიახ, სიცარიელეც გრძნობაა, სისავსესთან ერთად. როდესაც გვამი არსებობს და დააბიჯებს ქუჩებში, მას კი თან დაჰყვება სიცოცხლის აყროლებული სუნი, როგორც სამარშრუტო ტაქსიში უკანა სავარძელზე მჯდომ მოხუც ქალბატონს, რომელმაც იაფფასიანი სუნამოს ნახევარ ფლაკონში იბანავა… ვერ ვიტყვი, რომ არაფერი მაკლდა, თუმცა არსებობისთვის და ფუნქციონირებისთვის ნამდვილად საკმარისი იყო. მშობლები, ძმა, დეიდები, ბიძები… ჭერი, საკვები, განათლება… თუმცა ეს მახრჩობელა გველივით კისერზე შემოხვეული ვეებერთელა მარტოობა არასოდეს მტოვებდა. სარკეში ვიყურებოდი და სხვას ვხედავდი. ეს სხვაც ისეთივე ცხოვრებაზე გაბოროტებული, ათას ჭირ-ვარამ გამოვლილი იყო, როგორც მე. მაგრამ მაინც სხვა იყო. არა მე. მაისის უმშვენიერესი, თბილი დღე იდგა. კვირტებაფეთქებული ტოტები ნიავის ზომიერ ტალღებს ხალისით ეთამაშებოდნენ და გაზაფხულის საოცარ, მათრობელა სურნელში ახვევდნენ სკვერის სტუმრებს. მერე, რა, რომ სკვერი ქალაქის ცენტრში იყო და ირგვლივ მანქანების კუპრივით შავი კვამლი შემოჰკვროდა. ის მაინც უდაბნოში მყოფ ღვთაებრივ ოაზისს მოგაგონებდათ. ოდნავ მორყეულ, გრძელ ხის სკამზე ვიჯექი და ლექსოს ველოდებოდი. ღერს ღერზე ვეწეოდი დროის გასაყვანად, ლექსო კი აგვიანებდა. გავიდა ხუთი, ათი, თხუთმეტი წუთი, ის კი არა და არ ჩანდა. შფოთვა შემიძვრა კანქვეშ და ასკინკილის თამაში დაიწყო. ათასმა ფიქრმა ერთდროულად შემიპყრო და ავწრიალდი. მას არ ჩვეოდა დაგვიანება, მეტისმეტად პედანტური ბუნება ჰქონდა და პერფექციონისტი იყო. ისე იქცეოდა, თითქოს, სამყაროს კანონზომიერება დაირღვეოდა, ერთი წუთითაც რომ გადაეცილებინა დათქმული დროისთვის. სკვერში ხალხმრავლობა იყო, ბავშვების რაოდენობაც საკმარისზე მეტი და ერთად აყრუებდნენ ისინი არემარეს. თვალებს გამალებით ვაცეცებდი, რათა ლექსო ამომეცნო ვინმეში, თუმცა იგი არსად იყო. ნელ-ნელა ცამ კოპები შეკრა და ნარნარა ნიავი გოროზმა ქარმა ჩაანაცვლა. ზარი კი გადიოდა. მესიჯები უპასუხოდ რჩებოდა. დრო ნელა, მაგრამ უდრეკად მიიზლაზნებოდა და ყოველი წამი კანს მიწვავდა მოუთმენლობისგან. შიშმა ბორკილები დამადო და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. “ნუთუ, რამე დაემართა? ავარია? ჩხუბი? დაჭრეს? გულის შეტევა?” ათასი ფიქრი ერთდროულად არბევდა ჩემს შინაგან სამყაროში ძლივძლივობით დამკვიდრებულ სიმშვიდეს. მან კი პირველივე შეტევისას არ დააყოვნა და უბრალოდ, აორთქლდა. ყველანაირი საზარელი სცენარი წარმოვიდგინე გონებაში, რომელიც ისედაც დაღლილი იყო ჩემი ყოვედღიურობის სისასტიკისგან. გული ყელში მომებჯინა, წინ და უკან დავდიოდი და ხალხის ყურადღება მივიპყრე. ალბათ, იფიქრეს - გიჟიაო, როგორც სჩვევიათ ხოლმე, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? როცა ყველა ემოცია ერთდროულად მოასკდა ჩემს ვენებს, გადავწყვიტე ლექსოს მეგობრისთვის დამერეკა. - რომა, როგორ ხარ? - აშკარად მეტყობოდა ნერვიულობა, თუმცა რომამ, როგორც სჩანს, ვერ შეამჩნია. - კარგად, ნიკე, შენ? - მხიარული ტონით მიპასუხა მან. - მისმინე, ლექსოს ვერ ვუკავშირდები და რამე ჰო არ იცი? - დღეს ველაპარაკე, რავი. ვროძე, ყველაფერი კარგად იყო. - ლამის დავინახე მხრები როგორ აიჩეჩა. - ვაფშე, არ გპასუხობს? - ჰო, ზარი გადის და არ მპასუხობს. მესიჯებს არ ხსნის. იქნებ, შენ სცადო კიდევ დარეკვა? - კაი, ნუ ნერვიულობ. დავრეკავ ახლა. - მადლობა. ის ორწუთნახევარი საუკუნეებს უდრიდა. “რატომ არ რეკავს? ნუთუ, ამბის გაგება ამდენად დიდხანს გრძელდება?” ლოგიკას მოკლებული ფიქრები იშანთებოდნენ ჩემს ტვინში და მაშინ სულაც არ ვთვლიდი, რომ სულელური იყო. მობილურის ეკრანი განათდა და ლექსოს სახელი რომ დავინახე, თვალებიც გამინათდა. ნაჩქარევად ვუპასუხე. - ალექსანდრე, რა ხდება? ხო მშვიდობაა? რატო არ მპასუხობდი? - ვლუღლუღებდი მე. - ნამუსი მართლა არ გაწუხებს, ასე რომ მელაპარაკები? - ხმა უფრო მეტად დაბოხებოდა ჩემს ლექსოს. - რა? რას ბოდავ? - აგრესიამ და შეცბუნებამ უეცრად დუეტში დაიწყეს მოქმედება, რამაც ჩემივე გაოცება გამოიწვია. - კიდე მე ვბოდავ, გოგო? - ცოტაღა აკლდა ღრიალს. - რა გაყვირებს, ნორმალურად ლაპარაკი არ იცი?! - ტონს მეც ავუწიე. - შენ გგონია, რომ ნორმალური ლაპარაკის ღირსი ხარ? - ლექსო ჭკუიდან არ გადამიყვანო, ინანებ იცოდე! - კბილებს შორის გამოვცერი. - შენთან ყოფნა უკვე სანანებელი გამიხადე, ნიკე! - კიდევ ერთხელ გეკითხები, რას ბოდავ? - ჩუმ კივილში გადამეზარდა უკვე საუბარი. მთელი სხეული მიცახცახებდა ბრაზისგან. - იმ *ლის მერე ჩემთან რომ მოხვედი, მაშინაც მე ვბოდავდი? - სინანულის ნოტები ისმოდა მის ხმაში. - ბატონო?! - სახტად დავრჩი. ურცხვად მწამებდა ცილს ჩემი ლექსო. - ვინ *ლის? რას ამბობ? წესიერად ამიხსენი! - ცივი გონების შენარჩუნებას ვცდილობდი. - ვინ *ლის? აჰაა, სულელი გოგოს როლის მორგებაც გცოდნია, არ ვიცოდი! - საზიზღრად ჩაეცინა. - ლექსო! - აჰა! მერე რომ პრეტენზია არ გაგიჩნდეს, საიდან მოთხარეო. - ეს წინადადება ამოფურთხებას უფრო ჰგავდა, ვიდრე საუბარს. მრისხანებისგან სახეზე სისხლძარღვები დამებერა, თუმცა პასუხი და ამონთხევა ვერ მოვასწარი - გამითიშა. გადარეკვას ვაპირებდი, როცა მისგან მესიჯი მომივიდა. ფოტო. “სელფი”. ვიღაც კაცი და… ნახევრად შიშველი მე. ცივმა ოფლმა დამასხა. თავბრუ დამეხვა და წონასწორობა ვერ შევინარჩუნე. მოწყვეტით დავეცი და ტელეფონი ხელიდან გამივარდა. “ეს რა არის? ეს ვინ არის? რა ხდება? რატომ ვარ შიშველი? ეს ტიპი ვინაა? რა ხდება? რა ხდება? რა ხდება?” ღრმად ვსუნთქავდი. იმდენად ღრმად, რომ ლამის, ბუნებამ პრეტენზია გამოთქვა - სხვის წილ ჰაერს ისუნთქავო. არ მინდოდა მიმეღო ის ინფორმაცია, რაც გონებამ აღიქვა. პირველ, უარყოფის სტადიაზე ვიყავი. ეს მე ვერ შემემთხვეოდა, ნუთუ მართლა მე ვარ. არა ეს შეუძლებელია… ადამიანებს ზოგჯერ არ სჯერათ იმის, რასაც ნათლად ხედავენ და ჯიუტად დგანან ბრმა პოზიციაზე. ფეხს არ იცვლიან და არაფერს აკეთებენ. შუაში არიან გაჩხერილნი. თუმცა ზოგჯერ ადამიანს თვალიც ატყუებს… სიცარიელე და სისავსე ერთდროულად დაეძგერა ჩემს რაობას და დერეალიზაცია დამემართა. ვცდილობდი გონებაში აღმედგინა ბოლოდროინდელი წარსული, თუმცა აშკარად ვიცოდი, რომ ადამიანი, რომელიც ფოტოზე იყო გამოსახული - არასოდეს მინახავს. საიდან მოვიდა ეს ფოტო? ფოტოშოპია? ვის დასჭირდა ამის გაკეთება? წარმოდგენაც არ მქონდა - რამდენი ხანი ვიჯექი გაუნძრევლად და დავცქეროდი ორიოდე მეტრში დავარდნილ ტელეფონს. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როცა მხარზე შეხება ვიგრძენი. შევკრთი და ზემოთ ავიხედე. ჩვიდმეტი ან თვრამეტიოდე წლის ბიჭი დამყურებდა. მე კი სახეზე, ალბათ, შიში გამომესახა. - ვოუ, ვოუ, ნუ გეშინია! არაფერს გავნებ! დღეა, მზეა, ხალხია… - თავი იმართლა თითქოს. - დახმარება მინდა შენი. ხუთი წუთია უკვე ეგრე ზიხარ და… ჰეი, კარგად ხარ? - თვალები დაუმრგვალდა. - ა? - ცხვირიდან სისხლი გდის! - თქვა და თავის უზარმაზარ ზურგჩანთაში დაიწყო ქექვა. უამრავი რამ ამოალაგა, სანამ ხელსახოცს მიაგნო. - აჰა! სასწრაფოს გამოვუძახო? - არა. - დარწმუნებული ხარ? - კი. - ნამდვილად? - კი-მეთქი. - ხელსახოცი ცხვირზე მივიდე და თავი უკან გადავწიე. - არა, არ ქნა ეგრე. თავი სწორად გეჭიროს ჯობია. - მთელი ცხოვრებაა ასე ვაკეთებ. - ყრუდ ვუპასუხე. - ხოდა, არასწორია. - შენ რა იყო, ექიმი ხარ? - პირველ კურსზე ვარ. - სამედიცინოს? - თითქოს, წამით დამავიწყდა ჩემი გასაჭირი. - ჰო. - შარიანი ხარ, ვიღაცა ხარ. - რა პონტში? - თავს მო’იკლავ და მე დამაბრალებ. - ხელი ავუქნიე. - საიდან მოიტანე? - წარბი ასწია. - აბა, თავისი ნებით სამედიცინოზე ვინ მიდის? - რატო, ტო? - ეცინებოდა. - ეს “ტო” გაკლდა, რა! - რა არ მოგწონს, სიმონ? - მიხვდა, რომ ნორმალურად ვიყავი და საფრთხე არ მემუქრებოდა. ოდნავი მოდუნება შევატყვე. - ბოლობოლო “ტო”, “სიმონ” თუ “ძამა”? - მეც გამეცინა. - რა იქნა, ჯო, და! - ხმამაღლა გადავიხარხარე და კიდევ ერთი კაპილარი მიჰყვა აწ უკვე გამსკდარს. ვიქტორია და ანხელი მიმიქარავს ისეთი ნაკადით წამოვიდა თბილი, წითელი სითხე ჩემი ცხვირიდან. - პახოდუ, შარიანი შენ ხარ. - თავი გააქნია, როცა როგორც იქნა სისხლდენა შემიწყდა. - კი. - ჰოდა? - რა ჰოდა? - რატო იჯექი ასე? - ამ კითხვის შემდეგ გულმკერდის ღრუში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. - უბრალოდ. - ხმა მომენტალურად ჩამეხლიჩა. - იცი, სამედიცინოს რომელი განხრა მაინტერესებს? - სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა. - აბა? - ფსიქიატრია. - ხომ ვთქვი, ვერ არის-მეთქი. - ჩემთვის ჩავიბურტყუნე. - არც შენ ჰგავხარ დალაგებულს. ჰოდა, შეგიძლია გამიზიარო რა გაწუხებს. ჩემი პირველი პაციენტი იქნები. - გაიკრიჭა. - შვილო, იმდენი ფსიქიატრი და სტაციონარი მაქვს მოვლილი, ორივე ხელი არ გეყოფა დასათვლელად. - წავკბინე. - ხოდა, ვერც ერთმა რომ ვერ გიშველა, კიდევ უნდა სცადო! - თითქოს, გაუხარდა კიდეც. - არ მინდა. - და მოიცა, რა შვილო, ტო! რამდენი წლის ხარ? - აღშფოთება დაეტყო სახეზე. - ბებერი ვარ, გენაცვა. - სკამის საზურგეს მივებჯინე. - მაინც? - ოცდაექვსი. - უი, ბოდიში, დეიდა! - აცუნდრუკდა და ხელები გაასავსავა. - არაუშავს, დეი, შემდეგისთვის გაითვალისწინე! - ორივემ გულიანად გადავიხარხარეთ და დუმილმა დაისადგურა ჩვენ შორის. ალბათ, სამიოდე წუთი გაგრძელდა ეს დუმილი, მე კი შფოთვამ მსწრაფლ შემომახვია ტკივილნარევი გაუგებრობის ნაბადი და სხეულის ყველა კუნთი ერთიანად შემეკუმშა. “რა ჯანდაბა ხდება?” გაბზარული ტელეფონი ხელში ავიღე და იმედი მქონდა, რომ რაც ვნახე, უბრალოდ, სიზმარი იყო და მეტი არაფერი. ჰალუცინაცია და ჩემი ლექსო ისევ ჩემი იყო. რომ ეს არ მომხდარა, რომ ეს ჩემი გონების ხუმრობა იყო, რომ… რომ… რომ… განვბლოკე თუ არა ეკრანი, მომენტალურად შემეფეთა ფოტო, რომელზეც მე ვიყავი და რომელიც მე არ გადამიღია. გაქვავებული ვუმზერდი მას და ვგრძნობდი წნევა როგორ მაწვებოდა თვალებში. ნელ-ნელა ორი სფეროსებრი მლაშე სითხით ამევსო და თავი ვეღარ შევიკავე. ვუმზერდი ამაზრზენ ფოტოს და გულამოსკვნილი ვტიროდი. სასოწარკვეთამ გაუვალი ნისლივით მომიცვა და გაურკვევლობის უსიერ ტყეში ამომაყოფინა თავი. რატომ? რა არის ეს? რატომ? მხრებზე მოხვეული ხელიდან წამოსული სითბო ვიგრძენი და თავი რაღაც მყარს მივაბჯინე. გულისცემა ერთვოდა თან. მშვიდი, აუჩქარებელი გულისცემა და მეც ისტერიკიდან გამოსასვლელი გზა მისი წყალობით ვიპოვე. - ინტიმური ფოტოს გავრცელებით გაშანტაჟებენ? - მკითხა, როცა გონს მოვედი. - არა! - ლამის, ვიკივლე მე. - ეს მე არ ვარ! - მივუთითე ტელეფონზე, რომელიც ხელში ეჭირა. ჯერ მე შემომხედა, მერე ფოტოს და ასე რამდენჯერმე. - არ გჯერა, ჰო? - ყბები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს. - სიმართლე გითხრა, რთული დასაჯერებელია. - ღმერთებო გადმომხედეთ! - ვთქვი და იმედგაცრუების უზარმაზარმა ტალღამ ჩემი სიმტკიცის კლდე ჩამოანგრია. - მართლა არ ხარ? - ეჭვნარევი ხმით მკითხა. - არა! - ამას ხედავ? - სკამზე დადებულ დიდ ფოტოაპარატზე მიმითითა. - მერე? - ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული. - ჯეკპოტი მოვიგე. - ისტერიკულად გამეცინა. - გადმომიგზავნე ეს ფოტო. - მშვიდად მითხრა. - ჩემს ფეიქ ვერსიაზე რომ ჩამოკრა? - ბრაზისგან ანთებული თვალებით შევხედე. - შენზე ჩამოკვრა რომ მომინდეს, ისე გადაგიღებ რეალურ ფოტოს გონზე ვერ მოხვალ. - სიგარეტი გამომიწოდა, როცა შეამჩნია, რომ მე დამიმთავრდა. - რაში გჭირდება? - ამოვისრუტუნე. - რაღაცები გამეგება ფოტოგრაფიაში და თუ ეს მართლა არ ხარ შენ, ამას გავარკვევ. - შენ… შენ ასეთები გეხერხება? - თურმე იმედის ნაპერწკალი ბოლომდე არ ჩამქრალა. - პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ვეცდები. - შემომხედა და ფართოდ გამიღიმა. - რა გქვია? - უხერხულად ვკითხე. - ოჰ, გაგვახსენდა, რომ ერთმანეთის სახელები არ ვიცით? - ჩაიხითხითა. - ნუ მიშლი ნერვებს, ბავშვო და მითხარი შენი სახელი. - საჩვენებელი თითი ავწიე და სახესთან დავუტრიალე. - კაი, კაი, ბებერო დეიდა, ოღონდ არ დამტუქსო! - ვინაა ბიჭო ბებერი?! - შენ არ თქვი, ბებერი ვარო? - მერე, შენ არ იცი, რომ ქალს ეგეთი რამე არ უნდა უთხრა? - მე ხო ბავშვი ვარ, საიდან უნდა ვიცოდე? - თქვა და თავი მოისაწყლა. - შრეკის კატამდე ბევრი გაკლია კიდევ. - ჩავიფრუტუნე. - ვუა, მოხუცებმა დაჟე შრეკი იცით? - ისეთი გაწიწმატებული მივუბრუნდი, რომ მომენტალურად სცადა სიტუაციის განმუხტვა. - კაი, კაი, დეი, რაო რა თქვი რა მქვიაო? - ნიკე. - ვთქვი თუ არა, ჯერ გაწითლდა, მერე ლოყები დაებერა და ფხუკუნი აუტყდა. - რა ვთქვი სასაცილო? - წამოვხტი მე. - შენ რა გქვია ერთი, ასე რომ დასცინი ჩემს სახელს ? - ნი… კა… - თქვა თუ არა, მის ბავშვურ ჭკუას გავუგე და მეც მასთან ერთად ვკისკისებდი. ნიკე და ნიკა. რას ინატრებ უკეთესს? … - სად ცხოვრობ? - ვკითხე, როცა მეტროსკენ გზას დავადექით. - მარჯანიშვილზე. შენ? - საბურთალო. - მარტო ხარ? - სასხვათაშორისოდ ვკითხე. - კი. - თქვა თუ არა დავიძაბე. შევხედე და ახლაღა შევამჩნიე, რომ მაისური შემოტმასნოდა და მის ნავარჯიშებ სხეულს მკვეთრად აჩენდა. ჩემზე მინიმუმ ერთი თავით მაღალი იყო. უკან დახევის მძაფრი სურვილი გამიჩნდა, უფროსი მე ვიყავი, მაგრამ აშკარად ის ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იყო. - მგონი, ჯობია დავიშალოთ. - ამოვიკნავლე და მეტროს შესასვლელთან გავჩერდი. გვერდულად გამომხედა და სახე დაუსერიოზულდა. - პატარა და მყავს და ძალიან ლამაზი დედა. შენი შიში კი არ მომწონს. ძალადობის მსხვერპლი იყავი? - უნდა წავიდე. - ავწრიალდი და უკან გადავდგი ნაბიჯი. - მე შემიძლია ვცადო შენი დახმარება, მაგრამ ჩემთან ერთად წამოსვლას ვერ და არ დაგაძალებ. - თვალები ჩაუმუქდა. ლამის, კუნაპეტი შავი გახდა მისი ორი სფეროსებრი. ზურგი მაქცია და მეტროში შევიდა. ერთი წუთი დაველოდე, სანამ თვალს მოეფარებოდა და მეც შევედი. მექანიკურად ვმოძრაობდი, რადგან ზედმეტად დიდი რაოდენობის ინფორმაცია იხარშებოდა ახლა ჩემს არაცნობიერში. ცნობიერად კი მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებდა - გავრისკო თუ არა? ესკალატორს გამოვცდი და მატარებელიც მაშინვე მოვიდა. საღამოს ექვსი საათი იყო და რა თქმა უნდა, ტრანსპორტში ხალხმრავლობა არ გამიკვირდა. ვაგონს თვალი მოვავლე, რამდენადაც ამის საშუალება მქონდა და ნიკა ვერ შევამჩნიე. ძლივ-ძლივობით ჩავჭიდე ხელი ძელს და ვცდილობდი თავის შეკავებას, როცა წელზე შეხება ვიგრძენი. ოდნავ გავიწიე, მაგრამ ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იყო, ამიტომ თავი უცნობის ხელს ვერ დავაღწიე. სუნთქვა ამიჩქარდა და გულმკერდი საოცარი სისწრაფით ადი-ჩამომდიოდა. ლამის, ჭიასავით ვიკლაკნებოდი, რომ ეს ხელი მომეშორებინა, მაგრამ ამით მხოლოდ გვერდზე მდგომების უკმაყოფილება გამოვიწვიე. უცნობის ხელი კი უკვე ჩემს უკანალზე დათარეშობდა… თვალები ცრემლით მევსებოდა და ტუჩს სისხლამდე ვკბენდი. ჰო, უნდა შევბრუნებულიყავი და ის ხელი იქვე მომეტეხა, უნდა მეყვირა, უნდა მეკივლა, მაგრამ სასოწარკვეთა იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერაფერი გავაკეთე. მოგონებებმა აიტაცეს ეს საზიზღარი ხელების ფათური და იმ დღეს დამაბრუნეს, როცა ადამიანმა, რომელიც მიყვარდა… უეცრად, ხელი მომშორდა და კაცის ღრიალი გავიგონე. ხალხი აჩოჩქოლდა და მეც უნებურად თავი იქეთკენ მივატრიალე. - კიდევ ერთხელ რომ დაგინახო, რომ ამ *ლეობას აკეთებ, მარტო ხელის მოტეხვას არ დავჯერდები, გაიგე ნაბ*ზარო? - ნიკა იდგა ჩემ უკან და მის წინ ვიღაც კაცი იყო ჩამუხლული. ცალი ხელით მეორეს ეჭიდებოდა და ღმუოდა. ნიკამ მე გადმომხედა და ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი. არაფერი უთქვამს, ზედაც არ მიყურებდა. გულგრილობის მკრთალი არომატი თან ერთვოდა სუნამოს სურნელს. მისკენ შევტრიალდი და შუბლი მის მკერდს მივაბჯინე, ცოტაც და ძალა გამომეცლებოდა. თავისი უზარმაზარი ხელი თავზე დამადო და მთელი გზა თავზე მეფერებოდა. ხალხი აჩოჩქოლდა, უკმაყოფილებას გამოხატავდა, ამართლებდა და ამტყუნებდა - მე კი არაფერი მესმოდა. რა მარტივია განსჯა, როდესაც მთავარი მოქმედი პირი არ ხარ… დატუქსული ბავშვივით გავყევი უკან, როცა მარჯანიშვილზე მოვხვდით. მთელი გზა მის სახლამდე ხმა არ ამოგვიღია. მე კი მრცხვენოდა ნიკას წინაშე, თან არც. პოტენციურ საფრთხეს გავურბოდი, რადგან წინასწარ ვერ განსაზღვრავ ადამიანი ჩაიდენს რაიმეს თუ არა. სამწუხარო რეალობა კი ისაა, სულ რომ წლები ვიყოთ ერთმანეთის გვერდით, სიყვარულს ვეფიცებოდეთ, მაინც არ ვიცით - ვინ რისი გამკეთებელია. … ერთი ჩვეულებრივი, ცხრასართულიანი კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობდა. ზღურბლზე გადავაბიჯე თუ არა, საღებავის სუნმა ცხვირი ამიწვა. ოროთახიანი ბინა იყო. მისაღებში უამრავი პუფი, სხვადასხვა სახის ატრიბუტი და ერთი ფუმფულა სავარძელი იდგა. კუთხეში მინი მაგიდა და ლეპტოპი, რომელიც ანათებდა. მერე შევამჩნიე, რომ ეს ლეპტოპის განათება კი არა, ცალკე განათება იყო, რომელიც ფერს იცვლიდა და კედელზე არსებულ ნახატებს სხვადასხვა ხასიათს სძენდა. აბსტრაქცია, პორტრეტი, პეიზაჟი და ნატურმორტი… რას არ ნახავდით მის კედლებზე. მოხატულ იატაკზევე ეყარა ფუნჯები, საღებავები, ფანქრები და ფოტოები. უამრავი ფოტო, სხვადასხვანაირი. ისევე, როგორც ნახატები. - მაპატიე. - თავი ჩავქინდრე და თითების წვალება დავიწყე. - საპატიებელი არაფერია. - მართლა არ… - მე ისედაც ვიცი, რომ კაი ტიპი ვარ. - შემომხედა და თვალი ჩამიკრა. - ჰო, კაი ტიპი ხარ. და… - ა? - რომ გიჩივლოს? - მიჩივლოს, თვითონვე დაზარალდება. - უდარდელობა მკაფიოდ ისმოდა მის ხმაში. - კი, მაგრამ… - შეჭამ რამეს? - თქვა და სამზარეულოში გავიდა. - ჭამის ხასიათზე ხარ? - თვალები შუბლზე ამივიდა. - შენ არა ? - რავი. - ჰოდა, წამო. მადა ჭამის დროს მოდის! - მრავალფეროვანი ასორტიმენტი გაქვს? - გამეცინა და უკან გავყევი. - რა თქმა უნდა! კარაქიანი პური, ტოსტი, დამწვარი ტოსტი და გახუხული ტოსტი. - ჩამოარაკრაკა თავისი მენიუ. - გახუხული იყოს. - ოჰ, გახუხულსა და დამწვარს შორის ბეწვის ხიდია გასავლელი! - თქვა და ამოიხვნეშა. - ნუ კვნესი, ტოსტერს ვხედავ მანდ. - ვთქვი და სკამზე ჩამოვჯექი. - მკითხე მერე მუშაობს? - აღშფოთდა. - მუშაობს? - კი. - ხოდა, გამიხუხე ტოსტი. - გოჭივით ჭყავი, რა უბედურებაა. - ბიჭო! - უი, ბოდიში, გოჭი მეტისმეტი ახალგაზრდაა თქვენთვის, ბებო? - თქვა და ტოსტის კეთებას შეუდგა. - ორი საათია გიცნობ და უკვე შენი მოკვლა მინდა. - ორი საათი მხოლოდ და წარმოიდგინე მთელი ცხოვრებაა ვინც მიცნობს, ეგ რა დღეშია! - შენა და რამდენი წლის ვარო, რა მითხარი? - ორის! - გაგლახავ. - რა გინდა, ტო, ორის ვარ! - შემობრუნდა და ქვედა ტუჩი ამობურცა. - ნიკოლოზ! - ნიკელოზ! - თქვა და ჩაიხითხითა. - ნუ მეძახი ეგრე. - კაი, ხო, კაი. ოცდაორის ვარ. - მიუბრუნდა ტოსტს და თეფშზე გადმოიღო. - კაი? - მაგიდაზე, ცხვირწინ დამიდო და მუცელი ამიბუყბუყდა. - ორსულად ხარ? - შეიცხადა. - კი, გუშინდელი საჭმელი კომპანიონს ითხოვს. მართლა ოცდაორის ხარ? - რატო გიკვირს? - ჩვიდმეტისას ჰგავხარ. არ მჯერა შენი. - თავი გავაქნიე და მადიანად ჩავკბიჩე. - გინდ გაქაჩე, გინდ გამოქაჩე, მაინც ოცდაორის ვარ. - პირველ კურსზე ვარო, აბა? - ჩავაბარე და აკადემიური ავიღე პირველივეზე, ხოდა ვარ პირველკურსელი. - გაიკრიჭა. - მაინც არ მჯერა. - ანუ ახლა გგონია პასპორტს მოგირბენინებ? - წარბი ასწია და ერთი ლუკმით ნახევარი ტოსტი შესანსლა. - არაა. - მე მაინც ვიზამ! - თქვა და უკანა ჯიბიდან საფულე ამოაძვრინა, საფულედან კი აიდი ბარათი. - აჰა! - აბაა… - თვალები დამიმრგვალდა, როცა ფოტოს შევხედე. წვერიანი, სიმპათიური კაცი მიმზერდა აიდი ბარათიდან. ნიკას ავხედე, შემდეგ ფოტოს დავხედე. ნიკას, ფოტოს, ნიკას, ფოტოს… - ღადაობ? - ეე, არ გინდა ეხლა კაიფი, რომ ჩვილი ბავშვის *რაკს მიგავს სახე, როცა წვერს ვიპარსავ. - თქვა და ტოსტის მეორე ნახევარი ჩაიტენა პირში. - ნუ, რადგან იცი, აღარ გეტყვი. - მხრები ავიჩეჩე და ნელ-ნელა შევძელი ნიკაში ამ მამაკაცის ნაკვთების პოვნა. - ნამუსი არა გაქვს შენ რა! - თქვა თუ არა ტანში გამცრა. “ნამუსი მართლა არ გაწუხებს, ასე რომ მელაპარაკები?” ყურებში ლექსოს ხმა ჩამესმოდა. ისევ დავუბრუნდი იმ დიალოგს და იმ ფოტოს არსებობას. გული მეგლიჯებოდა, როცა ვიაზრებდი სიტყვებით ვერაფერს გავხდებოდი. - ჰეი, ჰეი! - ნიკამ შემანჯღრია. - კარგად ხარ? - მე… - ჰო, შენ ნიკელოზ. - კარგად ვარ. - მომიყვები რა მოხდა? და მოვუყევი. პერიოდულად სიტყვა მიწყდებოდა და თითქოს, ტრანსში გავდიოდი. რეალობის აღქმა დაკარგული მქონდა. ვერ ვიაზრებდი სად ვიყავი და რა მინდოდა იქ, სადაც ვიყავი. ვტიროდი და ჰაერს ხარბად ვისრუტავდი. მერე რა, რომ მეგონა ვიხრჩობოდი, მერე, რა… ერთადერთი, რაც პერიოდულად მაფხიზლებდა, იყო მშვიდი, აუღელვებელი გულისცემა. პ.ს. თავები დაიდება კვირაში ერთხელ. შეძლებისდაგვარად უფრო ადრეც. ჩემი წერის სტილისგან ცოტათი განსხვავდება, მაგრამ ძირითადი ატმოსფერო მაინც შენარჩუნებულია, გაითვალისწინეთ. ველოდები შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.