მე - ორი [ თავი III ]
#3 ლექსოს მიერ გამოგზავნილ, ტელეგრამის ექაუნთზე რამდენჯერმე დავრეკე და მესიჯებიც გავაგზავნე. პასუხი კი არა და არ იყო. დილის ექვს საათს დავაბრალე და ფიქრთა მორევში ჩავიძირე. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ ეს ადამიანი რეალური პიროვნება იყო და არა ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიური განვითარების ნაყოფი. ყურებში დაფდაფების ხმასავით ჩამესმოდა ლექსოს სიტყვები: “მე, ჰომ, მართლა მიყვარდი…” წარსულ დროში წარმოთქმულმა სიტყვამ რეალობას ელვის სისწრაფით მომწყვიტა და საკუთარი სხეულის აღქმა დავკარგე. არ ვიყავი იქ, სადაც ვიყავი. არ ვიყავი ის, ვინც ვიყავი. მოგონებების ქარიშხალმა ამიტაცა და წარსულის ღრუბლებზე რამდენიმე სალტოც გამაკეთებინა. ცხვირი ამიწვა ლექსოს კანის სურნელმა, რომელსაც მკრთალად დაჰკრავდა მისი სუნამოს სუნი. ფანტომურმა არომატმა ოთახის ყველა კუთხე-კუნჭული შეავსო და ამ უსახურ გალაქტიკას მომწყვიტა. აქ ყველაფერში მის სახეს ვხედავდი. გაბუშტულ ტუჩებს, ძილის დროს რომ ახასიათებდა… აწეულ წარბს, რომელიც ნერვების მოშლას ახლდა თან… ღიმილს და გაბრწყინებულ თვალებს, როცა, უბრალოდ, მიყურებდა… ამ სახლში ყველაფერს ლექსოს სახელი ერქვა. - არ გამომდის! - თიხაში ამოთხვრილმა ამოვიტირე, თავი ჩავქინდრე და ხელები ჩამოვუშვი. - რას აკეთებ, ნიკ? - მისაღებიდან გამომძახა ლექსომ. სამსახურს მორჩა და შემომიარა. - ქოთანს და არ გამომდის. - ვსრუტუნებდი. - რა იყო, ტირი? - სწრაფად შემოვიდა ოთახში და ე.წ. ქოთანს დახედა. - ჰო… - არ გამომდის! - აცრემლებული თვალები შევანათე ლექსოს. - დედაც არ ვატირე ამისი? ნუ ტირი, გთხოვ. - სახეზე შეწუხება გამოესახა და თმაზე მომეფერა. - შეხედე! - მოთხვრილი თითი წინ გავიშვირე და მიბრტყელებულ ქოთანზე ვანიშნე. - ნიკ, მღალატობ? - წარბი ასწია და მწვანე თვალები შემომანათა. - არა, რატო? - ვერ გავიგე მისი სიტყვები. - აბა, ეს გარშოკი ისე რატო იყურება, ვითო, კისერში აკოცე და შეეღუტუნა? - მთელი სერიოზულობით მკითხა და რამდენიმე წამი სახეში მივჩერებოდი. სანამ ტუჩის კუთხეში ღიმილის ერთ-ერთი მცველი არ გაეპარა, იქამდე ვერ მივხვდი - რა ხდებოდა. - დეგენერატო! მოდი აქ! - ავხტი, იდაყვებამდე თიხით “შელამაზებული” ხელები წინ გავიშვირე და გავეკიდე. - ნიკ, გაჩე. არ მომიახლოვდე! - ეცინებოდა და სკამის უკან იმალებოდა. - კისერში ვაკოცე არა?! მოდი აქ-მეთქი! - ადგილზე სდექ, პატარა ქალბატონო! გაფრთხილებ! - თავისი ბოხი ხმით შემომძახა და საჩვენებელი თითი დემონსტრაციულად ასწია. - თორე, რა? - დოინჯი შემოვირტყი. სამუშაო ტანსაცმელი მეცვა, ამიტომ არ მომერიდა. - თორემ… - თორემ, რა? - თვალები დავაწვრილე და თეძო ჩავტეხე. - თორემ… - ცხვირი ასწია და ზემოდან შემომხედა. - ლექსო… - სიტყვა გამიწყდა, როცა მის თვალებში ათამაშებული ჭინკები დავინახე, რომელნიც ვნების ნაპერწკლიდან კოცონს აღვივებდნენ. - თორემ უახლოესი რამდენიმე საათი მუშაობას ნამდვილად ვერ შეძლებ. - უნდა დავამთავრო… - მოდი ჩემთან. - ალმოდებული სიტყვები ამოთქვა და ტაომ დამაყარა. ცოტათი წავეთამაშე, მაგრამ მალევე დამიჭირა და ცხელი ტუჩები კისერზე მომაწება. ჟრუანტელი ტალღებად ესხმოდა თავს ჩემს სხეულს და გამოფხიზლების საშუალებას არ აძლევდა. - ძალიან მიყვარხარ, ნიკ! - ჩურჩულებდა ჩემს ტუჩებთან და მთელი მისი არსება ასხივებდა ამ სიტყვების რეალურობას. თუმცა, ახლა… ახლა დარჩა მხოლოდ - “მე, ჰომ, მართლა მიყვარდი…” … - დედა! - მომხდარიდან მეორე დღესვე გავბედე მასთან დარეკვა. მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი რეალობას გავმკლავებოდი, რომელიც შიმშილისგან გათანგულ მხეცს ჰგავდა, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი, რომ ჩემით პირი ჩაეტკბარუნებინა. რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა, იმის გაკეთება მომიწევდა. “სახლში” უნდა მივსულიყავი. იმ სახლში, რომელიც კარგა ხნის წინ ჩემთვის მტრის ტერიტორია გახდა. - ჰო, დედი. როგორ ხარ? - თბილად მომიკითხა ელზამ. - არამიშავს, დე, შენ? - მისი ხმის გაგონებისას, სულში სითბო ჩამეღვარა და წამით ყველაფერი დამავიწყდა. მხოლოდ ერთი მსურდა, რომ მის სახეზე სულ ღიმილი დამენახა და არასოდეს, არასოდეს აღბეჭდილიყო მასზე მწუხარება. რაც გადაიტანა, ისიც საკმარისზე მეტი იყო. - მეც, რა ვქნა, აბა. ვიღებ ბავშვებს და ვარ. - ელზა ბიოლოგიის მასწავლებელი იყო და ამით გაჰქონდა თავი. საჯარო სამსახურში მუშაობით, ნამდვილად ვერ შეინახავდა ჩემს პატარა ძმას და ლოთ ქმარს. - გჭირდება რამე? მოვიტან. - ფრთხილად შევაპარე, რომ მისვლა მინდოდა. - რამე ხდება? - არა, რატო? - მოსვლას აპირებ? - არ შეიძლება? - რა თქმა უნდა, შეიძლება. მოდი, დედი. ყველას გაუხარდება შენი ნახვა. - ხმაში სიხარული შეეპარა. - აბა, კი. ყველას. - უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე, მეგონა ვერ გაიგებდა. - უყვარხარ, დე, მასაც უყვარხარ. - სევდაში აზელილი სინანული ამოვიკითხე და გული შემეკუმშა. - კაი, არ გვინდა მაგაზე. - თემის გადატანა ვცადე. - აბა, რა მოვიტანო? - რადგან მოდიხარ, პური ამოაყოლე ხელს, მეტი არაფერი მინდა. - თქვა და ლამის, დავინახე როგორ შეხტა სიხარულისგან. მაოცებდა ამ ქალის განწყობის მომენტალური ცვლილება. თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებდი, რომ სიხარულის და სევდის პოლუსები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ყურმილი დავკიდე თუ არა, სარკეს გავხედე. ის საზიზღარი სახე თვალებიდან არ ამომდიოდა. ტანში გამცრა, მაგრამ საკუთარ თავს დავაჯერე, რომ ეს უბრალოდ ჩემი ფსიქიკის თამაში იყო და რეალურად სარკიდან არც არავინ ჩამავლებდა ხელს. გული ყელში მიცემდა, მაგრამ მაინც მივუახლოვდი მას. რაღაც გრანდიოზულის მოლოდინი მქონდა და… არაფერი. ასე ხდება, არა? გვგონია, ველოდებით, ვიმედოვნებთ, შემდეგ კი ფაიფურის თოჯინასავით იმსხვრევა ყველა ჩვენი იმედი და ვეებერთელა ბზარი უჩნდება ჩვენი რაობის საყრდენს. ამაში კი დამნაშავე მხოლოდ ადამიანია. ადამიანი, რომელსაც იმაზე მეტი ეგონა, ვიდრე სინამდვილეშია… სარკეში კი მხოლოდ მე ვიყავი. ერთ დღეში თითქოს ათი წელიწადი მომემატა. თაფლისფერი, ამოღამებული თვალებით და უკიდურესად დაღლილი სახით ვუყურებდი საკუთარ თავს. გრძელი თმებს თავისი ხიბლი დაეკარგათ, ხორბლისფერი კანი კი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა. რამდენიმე მოძრაობა გავაკეთე, რომ დავრწმუნებულიყავი - ანარეკლში ჩემ გარდა არავინ იყო. შვებით ამოვისუნთქე და სახის წესრიგში მოყვანას შევუდექი. ელზას ამ დღეში რომ ვენახე, ალბათ, ნერვიულობისგან გული შეუწუხდებოდა… ერთ საათში სახლიდან გავედი, ტაქსიში ჩავჯექი და გლდანისკენ ავიღე გეზი. ანა პარალელურად მელაპარაკებოდა, მამშვიდებდა და მარიგებდა - როგორ უნდა წამომეწყო ეს საუბარი დედაჩემთან. როგორ სჯობდა დამეჭირა თავი მის ლოთ ქმართან, რომელიც წესით მამაჩემი იყო. - მისმინე, რომ შეხვალ, იმას ზედაც არ შეხედო, უბრალოდ შენთვის იყავი და თავი მოიკატუნე, თითქოს, არ არსებობს. - სათქმელად მარტივია. - ამოვიხვნეშე. - ძალიან კარგად მესმის, ეს საკითხი აუცილებლად გაქვს დასამუშავებელი საკუთარ თავში, ნიკე. შენვე გამძიმებს, თორემ იმას არ გავკარი?! - ესმოდა, მართლა ესმოდა ჩემი. - ჰო, ვიცი. მაგრამ აგრესიის კონტროლი მაინც ჩემი სუსტი წერტილია. - ერთი ორჯერ თუ წაკბენ, არაფერი დაშავდება. თან კარგა ხანია ჭკვიანი ბიჭივით იქცევა. - კარგა ხანი ვერ გადაფარავს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა! - ტონს უნებურად ავუწიე. - ბოდიში, შენ არაფერ შუაში ხარ. - ანას წინაშე თავი დამნაშავედ ვიგრძენი. - არაუშავს, კარგადაა ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ვერ გადაფარავს მის ადრინდელ საქციელს, მაგრამ მთავარია ახლა შენებთან სიმშვიდეა. - დამიყვავა მან. - კი, ვიცი. მაგრამ… - წარსული გამძიმებს, არ გაძლევს საშუალებას აწმყოთი იცხოვრო, თან როგორ გითხრა ფსიქოლოგმა? ეს ელზას არჩევანია. კი, საშინელი, მაგრამ მაინც არჩევანი, რომელიც თავის ცხოვრებაში გააკეთა. - უჭირდა ამ სიტყვების თქმა, ხვდებოდა რამდენად მტკიოდა და ეს სიტყვები, მიუხედავად იმისა, რომ უნდა მომესმინა, მაინც მისერავდა გულს. - ჰო, მისი არჩევანია. ადამიანი სანამ თვითონ არ მოიტეხავს კისერს, იქამდე არ ესმის, რას ეუბნებიან. - ხმა მითრთოდა. - მართალია. - მაგრამ, მაინცდამაინც, უნდა მოკლას, რომ გაიგოს?! - ყელში ბურთი გამეჩხირა. - ამას არ დავუშვებთ! - სიმტკიცე გაისმა მის ხმაში და მეც იმედი მომეცა. - ელზას კიდე შეაპარე, პირდაპირ არ უთხრა. - ხო, სუსტი გული აქვს, პირდაპირ ვერ ვაჯახებ ისედაც. - ის ჯგუფები რომ იპოვე… რა საშინელებები წავიკითხე, ეს რა უბედურებაა. - შიშმა და ძრწოლამ ანას ტალღებად დაუარა. - ჰო, საზიზღრები. - მანდედან სჯობს დაიწყო ელზასთან ლაპარაკი. - კარგი იდეაა, ეგრე ვიზამ. - ნიკამ მოგიკითხა, როგორ არისო. - სასხვათაშორისოდ მითხრა ანამ. - უი, ეგ სულ გადამავიწყდა. როდის მოასწარი მისი კონტაქტის აღება? - მესიამოვნა მისი ყურადღება. - გუშინ, რეალობას ვერ აღიქვამდი, როცა მოვდიოდით უკან და მაგ დროს ავიღე. - გადმომიგზავნე მეც, მადლობა უნდა ვუთხრა აუცილებლად. თორემ სინდისი შემჭამს. - მკრთალად გამეღიმა. - ჰო. კაი ბიჭია, ისე. მართლა გულით მოგიდგა, დაგიჯერა და დაგეხმარა კიდევ. ზოგ-ზოგიერთებივით ისტერიკაში არ ჩავარდნილა. - უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი ანამ. - ლექსოს გულისხმობ, არა? - დანანებით ვთქვი მე. - დიახაც! ისტერიკაში ჩავარდა, საქმეში არ გარკვეულა და ასე მოიქცა! - ჰო, მაგრამ მის ადგილას მეც ჩამექცეოდა ტვინში სისხლი. - გავამართლე მე. - გეთანხმები, მაგრამ მეორეჯერ რომ ურეკავ და ეუბნები, რომ ასე და ასე, მე არ ვარ, გავარკვევ და აუცილებლად დაგიმტკიცებო, მანდ ცოტა გონს უნდა მოხვიდე, ნიკე. იმაზე უნდა დაფიქრდე ჩემი საყვარელი ადამიანის ღირსება ვინ შებღალა და არა იმაზე, რომ ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა - მატყუებსო. - ცოფებს ყრიდა და ლამის, ღრენაში გადაუვიდა ბრაზი. - ჰო, მაგრამ ხო იცი როგორ ვუყვარვარ. - ნიკე, ვიცი და ვხედავდი, როგორ გაღმერთებდა და მართლაც გულწრფელად უყვარდი. ყოველი შემთხვევისთვის, ასე ჩანდა. მაგრამ კაცს ერთხელ რომ მოკლავ, სულ რომ აქამდე მილიონი სიცოცხლე გადაარჩინო, მაინც მკვლელი ხარ! სადღაც ვეთანხმებოდი, მაგრამ სადღაც ლექსოსიც მესმოდა. მის ადგილას რომ წარმოვიდგინე თავი, ალბათ, უარეს ისტერიკაში ჩავვარდებოდი და დავლეწავდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა. შემდეგ, ალბათ, გადავხარშავდი, ვეცდებოდი სიტუაციაში გარკვევას, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა. სიმართლე ითქვას, ლექსოს მიმართ ბრაზი მართლაც მწვავდა გულის სიღრმეში. არ ვუტყდებოდი საკუთარ თავს, რომ ეჭვის თესლი უკვე ღვივდებოდა და ფესვს იდგამდა ჩემში - ღირს კი, ლექსოს რამე ვუმტკიცო? რეალობას რომ შევხედოთ, უბრალო გამვლელმა მეტი ყურადღება გამოიჩინა და დახმარების ხელი გამომიწოდა, ვიდრე საყვარელმა ადამიანმა, რომელიც მისივე თქმით, სიცოცხლეს არ დაზოგავდა ჩემთვის. მან კი სიცოცხლე არა, დრო დაზოგა და ერთი წუთი გამომიყო ასახსნელად. ჩემმა მზემ თავისი სხივები მხოლოდ ერთი წუთით მარგუნა… გზად მაღაზიაში შევიარე და დაბარებულ პურთან ერთად სხვადასხვა ტკბილეული და სასუსნავი ვიყიდე. ვიცოდი, ელზა გამიწყრებოდა, მაგრამ ხელცარიელი ამდენი ხნის შემდეგ ვერ მივიდოდი. ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იმ სახლში ფეხი არ მიმიდგამს. ექვსი წელია, რაც მამაჩემისთვის ხმა არ გამიცია. მიუხედავად იმისა, რომ ელზა მას ყველა ხერხით იცავდა ჩემთან, ბოლოს მაინც ჩამოუშვა ხელები და შეეგუა, რომ ჩვენი შერიგება არც ერთი რელიგიის არც ერთ ღმერთს შეეძლო. უყურებდე როგორ სცემს მამა დედას? შეურაცხყოფას აყენებს? შენ გირტყამს? არა. არავინაა ვალდებული ეს ყველაფერი ითმინოს მხოლოდ იმიტომ, რომ მამაა, დედაა, ძმაა, სისხლით ნათესავია, ქმარია. არავის არასოდეს უნდა მიეცეს საშუალება იძალადოს. მოძალადე კი უნდა დაისაჯოს. თუმცა კახა ბერულავა, ჩემი ბიოლოგიური მამა არ დასჯილა. მხოლოდ იმიტომ, რომ შუბლგატეხილი და თვალჩასიებული დედაჩემი ფეხქვეშ ვედრებით გამეგო, როცა პოლიციაში დარეკვას ვაპირებდი. “დაქალთან ამდენი ხანი რა გინდოდა, შე ნაბ*ზარო!” წყლის ჭიქა მიფრინავდა დედაჩემის მიმართულებით, გაუხეთქა წარბი… შემდეგ მუშტის მძლავრი მოქნევა და თვალიც ჩაუსივდა. კახას თავში ჩემგან მთელი ძალით მოქნეული ტაფა მოხვდა და თვალებიდან ნაპერწკლების სროლა დაიწყო. ელზას შემაძრწუნებელმა კივილმა კი არემარე გააყრუა. თავში ხელებშემორტყმულმა კახამ ცალი, გახელილი თვალით შემომხედა და ბარბაცით წამოვიდა ჩემკენ. მთვრალი იყო. ეს ყოველთვის მაშინ ხდებოდა, როცა იგი მთვრალი იყო. სწრაფად ავიღე ტელეფონი და აკანკალებული ხელებით ძლივს ავკრიფე 112. კახა შეკრთა. მის სახეზე შიშის მძვინვარება აშკარად შესამჩნევი იყო. ელზა კი ფეხებში ჩამივარდა და გულზე მჯიღის ცემით მთხოვდა არ დამეტოვებინა უქმროდ და არ გამეხადა სანათესაოში სალაპარაკო. მე კი ამ სცენის შემხედვარე - დავნებდი. სასო წარმეკვეთა და ბოლო იმედი გადამეწურა. ბეწვის ხიდზე ელზას სიმძიმე ვერ ვატარე და იგი ჩაწყდა. მე კი უფსკრულის ყბადაღებულმა ნაპრალმა ტაშისკვრით მიმიღო. რამდენიც არ უნდა მელაპარაკა, მეთხოვა, მუხლმოდრეკილი შევვედრებოდი ელზას - ჩამოშორებოდა იმ კაცს, რომელმა მთელი ცხოვრება გაუმწარა… არაფერი ჭრიდა. კითხვაზე “რატომ” პასუხად ვიღებდი - “მიყვარს”. რა სიყვარულია, დედა, ეს? ავად ხარ… დამფრთხალ კახას მივუახლოვდი. ხელში ჯერ კიდევ მეჭირა ტაფა და იმდენად ვუჭერდი ხელს, რომ წამით ჩემი სხეულის გაგრძელება მეგონა, ლამის, შევისისხლხორცე. - შენ თუ კიდევ ერთხელ გაბედავ და ხელს ასწევ დედაჩემზე, მე მე არ ვიყო, ჩემი ხელით ყელი თუ არ გამოგჭრა! - ბრაზისა და მრისხანების მძლავრი ნაკადისგან სხეული მიცახცახებდა, თუმცა სიამოვნება მაინც ვიგრძენი, როდესაც მის სახეზე ამოვიკითხე დაუძლეველი შიში - სიკვდილის შიში. ეს აღარ იყო ის კახა, რომელიც დარწმუნებული იყო თავის სისწორეში და ფიქრობდა, რომ ყოველთვის თავისას გაიტანდა. ეს იყო პატარა, გასრესამდე მიყვანილი ტარაკანი, რომელმაც იცოდა, თუ კიდევ ერთხელ დააშავებდა, მას ბოლომდე გასრესდნენ და მისი მზე საბოლოოდ ჩაქრებოდა. ეს მოხდა ექვსი წლის წინ. ექვსი წელია დედაჩემის სხეულზე ერთი ჰემატომაც არ შემიმჩნევია. მაგრამ მართალია ანა, სულ რომ მილიონი გადაარჩინო და ერთი მოკლა, მაინც მკვლელი ხარ! … ნაცნობ კორპუსთან როგორც კი შევუხვიეთ, მანქანიდან გადმოვედი. რამდენიმე წუთი ვიდექი და ვუმზერდი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ კორპუსს, რომელმაც მაიძულა აურაცხელი რაოდენობის მოგონებების მტვერმოდებული არქივი გამეხსნა და ისევ ისე დავძიმებულიყავი, როგორც აქ ცხოვრების პერიოდში. რამდენი ოჯახი, რამდენი ადამიანია ამ უსახური კორპუსების მიღმა, რომელიც თავის ტკივილს გარშემომყოფებისგან მალავს. სტკივა, ტირის, უხარია, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა და უბედურების ფსკერს აღწევს… ვინ იცის, ვინ რას დაატარებს გულით? არავინ არაფერი იცის, რადგან არავინ არავის იცნობს. ჩემი მეზობელი ნუნუ, რომელიც დღე და ღამე ფანჯარაზეა გამოკერებული და ყველას ლანძღავს - “ბ*ოზია, რადგან მოკლე კაბა აცვია! ეს კიდევ უეჭველი ნარკ’ომანია, შეხედე როგორ ჩამოხმა! იმას კი შვილი ჰყავს პიდ’არასტი, ჩემი თვალით ვნახე როგორ კოცნიდა კაცს!” მასაც სტკივა. ერთადერთი შვილი აფხაზეთის ომში დაკარგა და ქმარი სიმსივნემ წაართვა. ნუნუს მარტოობა ალაპარაკებს, ნუნუს ყურადღება უნდა და სხვა ხერხი ვერ იპოვა ამისთვის. გვერდით უბანში მყოფი ოლეგი ბიძია? ყველა “ბომჟს” ეძახის, მაგრამ განა, ვინ იცის, რომ ნათელამ მას ყველაფერი წაართვა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ შვილიც არაა მისი… არავინ იცის, სხვის გულში რა ცეცხლი ტრიალებს. არავის აქვს გაკიცხვის უფლება. მათ შორის არც ნუნუს, ოლეგს, მე და თქვენ. ადამიანები კი იმ დონემდე მიდიან, რომ ჩიტებსაც აუკრძალავენ მალე ჭიკჭიკს, აქაოდა, არასწორად გალობენო… ნახევარი სიცოცხლის ფასი დამიჯდა სადარბაზოში შესვლა და მესამე სართულზე ასვლა. თითოეული საფეხური იმდენად მამძიმებდა, რომ ყოველ მომდევნოზე სხეულის აზიდვა უაღრესად დიდ ტკივილს მაყენებდა. ექოდ ისმოდა დედაჩემის კივილი, ტირილი და ვედრება, რომელიც ამ სადარბაზოს უგემოვნოდ მოხატულ კედლებს შეებჟნა და ლეშის მძაფრი სუნი დაუტოვა. გულისრევას ვერ გავუმკლავდი და ჩავიმუხლე. ვქოშინებდი და გულის არეში ხელი მოვმუშტე. ალბათ, ოცი მტანჯველი წუთი მაინც დამჭირდა ასასვლელად. ელზა უკვე მელოდებოდა ღია კარში, როცა დანიშნულების ადგილამდე მივაღწიე. - რა იქნა, დედი, ამდენი რატო მოიტანე?! ამოსვლა გაგიჭირდა, ვერ უყურებ?! - აღშფოთდა ქალი და ფაცხა-ფუცხით გამომართვა ტკბილეული. თუმცაღა ორივემ კარგად ვიცოდით, რა იყო ჩემი შეყოვნების მიზეზი. - სადაა? - ყრუდ ვკითხე მე. - დივანზე წევს, როგორც ყოველთვის. - ჰო, როგორც ყოველთვის. - ვთქვი და ჩამეცინა. - თორნიკე? - სკოლაშია, მალე მოვა. - თქვა და სახლში შევიდა. - ნერვებს მიშლის ეგ ბავშვი! - რა იყო, არ სწავლობს? - გამეცინა მე და შევყევი. - სწავლობს, მაგრამ თავისი ბინძური ნასკების აკრეფა ვერ ვასწავლე, გადამრია! - ქოთქოთებდა ელზა. - ოჰ, თორე ყველა თორმეტი წლის ბავშვი იდეალურად ალაგებს თავის ტანსაცმელს! - ყველა რაში მაინტერესებს, მთავარია ჩემმა ქნას! - ვერ ჩერდებოდა ქალი. სამზარეულოში გავედით და პატარა მაგიდასთან დავჯექი. აქ ყველაფერი ისევ ისეთი იყო. შაქარიც იქვე იდგა, კარადის ზედა უჯრაში მარჯვენა მხარეს და მარილიც მის გვერდით, ოდნავ მარცხნივ. - ჰო, ეგრე არ გაინტერესებდა სხვები, როცა მარიამს მადარებდი ათიანები ჰყავსო. - ჩამეცინა და ფეხი ნერვიულად ავათამაშე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი მოსვლა გაიგო და წამი წამზე ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა. - ოჰ, ეგ სხვაა, კაცო! სხვაზე უკეთესი უნდა იყო, უარესი კი არა. - თქვა და თეფშზე სადილის გადმოღება დაიწყო. - ეგეთი შედარება ძალიან აგდებს მოტივაციას, ელზა. - არ ეჭაშნიკა, როცა სახელით მივმართე. - პირიქით, უნდა სცადო, რომ სჯობდე იმას, ვისაც გადარებენ თუ შედარება არ მოგწონს. - წარბშეკრული მიყურებდა. - არა, ამ დროს პროტესტი იწყება და შენი სიტყვები საპირისპიროდ მოქმედებს. შედარების შემდეგ უკეთ დავიწყე მე სწავლა? - გავუღიმე. - არა. - ჰოდა, სხვა ხერხი იპოვე სამოტივაციოდ, რომ თავისი წინდები ასე არ მიყარ-მოყაროს. - ვთქვი და ნერვულად გავიხედე მისაღების მხარეს. - ეს ახლანდელი თაობა გადამრევთ, რა! - მამათა და შვილთა ბრძოლა, ძვირფასო! - სახის ნაკვთების დამორჩილება უკვე მიჭირდა. - აჰა, შენი საყვარელი გავაკეთე. - თქვა და წინ თეფშით ოჯახური კარტოფილი დამიდგა. - არ არსებობს! - ვთქვი და წამით ჩემი გასაჭირი დამავიწყდა. - დედაა! - მიდი, მიდი, ჭამე. ის არ გამოვა, ნუ გეშინია. - თქვა და მისაღებზე მიმითითა. - აქ მე კი არა, მას უნდა ეშინოდეს. - გამოვცერი კბილებში და კერძზე გადავიტანე ყურადღება. ელზამ ღრმად ამოიხვნეშა და თემა თორნიკეზე გადაიტანა. მიყვებოდა მის წარმატებასა და პრობლემებზე და მეც გავერთე. ცოტა ხანში თორნიკეც მოვიდა და ძალიან ბევრი მეტიტინა თავის გატაცებაზე, კლასელებსა და გოგოზე, რომელიც მოსწონდა. მთელი სულით და გულით უნდოდა ფეხბურთელობა. კვარაცხელიაზე საუბრით არ დაიღლებოდა, რამდენჯერაც არ უნდა გეთხოვა მომიყევიო. ბოლოს ერთი კვირის წინ შევხვდი და ახლაც იგივე მომიყვა, რაც მაშინ. მთელი ენთუზიაზმითა და აღტკინებით… - მომენატრე, ნიკი. - ბოლოს თქვა და ჩამეხუტა. გული შემეკუმშა და მთელი ძალით მოვხვიე ხელები. - მეც მომენატრე, პატარავ. - არ ვარ მე პატარა! - ტუჩები მოკუმა და ბრაზით სავსე თვალები შემომანათა. კუპრივით შავი ჰქონდა, როგორც ნიკას. მიუხედავად იმისა, რომ შავი ფერის თვალები არ არსებობს… პატიება მინდოდა მეთხოვა მისთვის, რადგან დავუშვი ის, რომ ექვსი წლის ასაკში იგი შეესწრო სცენას, რომელიც არასოდეს დაავიწყდება არც მას, არც მე და კახას გონებაშიც კი იქნება ამოტვიფრული სიცოცხლის ბოლომდე. მინდოდა ისე გაზრდილიყო, რომ ტრავმების შედეგებს არ დაეხრა მისი ფსიქიკა წლების შემდეგ. თუმცა ეს დედის პოზიციაა… ჩემი ძმისთვის დედა მსურდა გახდარიყავი, ეს კი ყოვლად დაუშვებელია ოჯახურ იერარქიაში. - კარგი, ეხლა. გეყოფა, მიდი გაკვეთილებს მიხედე. - დაუცაცხანა ელზამ. - დე, გთხოვ, რაა! - არანაირი “გთხოვ”, ჯერ საქმე, მერე დასვენება. - იქნები კიდე ცოტა ხანი? - ვედრებით აღსავსე ხმით მკითხა თორნიკემ. - კი, ვიქნები, ნუ ღელავ. - ვუთხარი და თმა ავუჩეჩე. - კაი, მალე მოვრჩები, გპირდები. - თქვა და შურდულივით გავარდა გაკვეთილების მოსამზადებლად. - გიჟია, გეფიცები! - მე კი სიტყვებს ვეძებდი, რომ ის საუბარი წამომეწყო. ვცადე სახეზე არ დამტყობოდა ნერვიულობა და ვფიქრობ, გამომივიდა კიდეც. - დე… - ჰო, დედი. - ჭურჭელს რეცხავდა პარალელურად. - რაღაც ჯგუფი ვნახე, დედები შვილებს ეძებდნენ და შვილები ოჯახებს. - ვერ გავიგე? - წყლის შიშინმა ჩემი ხმა გადაფარა. - ანუ, ოთხმოცდაათიანებში და უფრო ადრე ბავშვებს ასხვისებდნენ. გავგიჟდი, ისეთები წავიკითხე. - შევალამაზე მე. - არ გადამრიო! - ჰო, თურმე ასეთებიც ხდებოდა. - კი ვიცოდი, რომ ხდებოდა ეგეთები, მაგრამ მე არ შევხვედრივარ მსგავსს, ღმერთს მადლობა! - პირჯვარი გადაიწერა ელზამ. - დარწმუნებული ხარ? მე ვფიქრობ ტესტი გავიკეთო, იქნებ ვინმეს დავეხმარო… - რა სისულელეა, გონზე ვიყავი მე და შენ თავს ვის გავატანდი, არ გადამრიო?! - თვალები აუელვარდა. - ანუ ორზე ნამდვილად არ იყავი ორსულად, ხო? - ვკითხე და მისი სახის ყველა ნაკვთის მოძრაობას ვაკვირდებოდი. - არა, დე, მაშინ ექოსკოპია არ იყო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მარტო შენ იყავი. - აგრძელებდა ჭურჭლის რეცხვას. - აბა, გართულება მქონდაო? - გულისფანცქალით ჩავეკითხე. - კი, გართულება მქონდა, არ გამოვიდა ბუნებრივი მშობიარობა და საკეისროზე გამიშვეს, მარა მამაშენი იქვე იყო. - თქვა და გაეღიმა. - სად იყავით თქვენ, როცა მე ოთხმოცდაათიანებში უკვე პარტნიორული მშობიარობა მქონდა! - ეგ არ მოგიყოლია, ე! - ვთქვი და ამოვისუნთქე. - ხო, გადადგა მამაშენმა საავადმყოფო, არ დაგანებებთ ჩემს ცოლს, ყველაფერი უნდა გავაკონტროლოო! - მორცხვად ხითხითებდა ელზა და მე მიკვირდა მისი რეაქცია. ნუთუ, შეიძლება ასე თბილად გახსენდებოდეს ადამიანი, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოგატარა? - დაიცა, ეს უნდა გაჩვენო! - თქვა და ხელები ნაჩქარევად შეიმშრალა. ბინის მეორე ბოლოსკენ გავარდა. უკან გავყევი და მისაღებში აღმოვჩნდი, დედა კი საძინებელში შევიდა. დივანზე იწვა, როგორც ყოველთვის. დაბერებული, გაჭაღარავებული და დასუსტებული იყო. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და სახეზეც ეტყობოდა, რომ ცხოვრება თაფლით ნამდვილად არ უმასპინძლდებოდა. - გამარჯობა, შვილო. - ისე მითხრა, ზედაც არ შემოუხედავს. - შენი შვილი უკვე მკვდარია! - მაქსიმალურად ვცდილობდი თავის შეკავებას. - ჰო, ერთი მკვდარია, ორი ცოცხალი. - მითხრა და თვალი თვალში გამიყარა. მაოცებდა ეს მსგავსება ჩვენს მზერას შორის და მაზიზღებდა საკუთარ თავს. - რა? - ვერ გავიაზრე რა მითხრა. - ერთი მკვდარია, - საჩვენებელი თითი ასწია. - ორი ცოცხალი. - შუა და არათითი მიაყოლა. - სამი?! - ჰო. - შენ, რა. დედას გარდა, სხვა ქალთანაც შვილები გყავს?! - წამის მეასედში მის გვერდით აღმოვჩნდი და პერანგის საყელოში ჩავაფრინდი. - არა. - აბა, რას ნიშნავს ეს? მეთამაშები კახა?! - მშვიდად. თქვენი საუბარი გავიგონე. დედაშენმა ყველაფერი არ იცის. - მისი სიმშვიდე ჭკუიდან მშლიდა. სიგარეტის ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან და გაუკიდა. - დიდხანს გელოდო?! - თავი საძინებლისკენ მივაბრუნე, დედა ჯერ კიდევ აშრიალებდა რაღაცებს და ეძებდა. - მე ვიყავი იქ. ორი ბავშვი ამოიყვანეს მუცლიდან, ორივე გოგო. სანამ დედაშენი გონს მოვიდა საკეისროს მერე, ექიმმა მითხრა, მეორე სუსტი იყო და მოკვდაო. - სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა, მასაც უჭირდა ამის გახსენება. - მოკვდა თუ გაყიდე?! - თვალები ჩამისისხლიანდა. - მისმინე, შეიძლება ცუდი ადამიანი ვარ, მაგრამ ამდენად ნამდვილად არა, რომ ჩემი სისხლი და ხორცი გამეყიდა. - თვალი თვალში გამიყარა და დავრწმუნდი, რომ არ იტყუებოდა. ეს ის სპეციფიკური და იშვიათი მომენტი იყო, როცა მისი მჯეროდა. - სადაა? გამოგატანეს? დაასაფლავეთ? - ავნერვიულდი, რადგან ელზას ხმა მომესმა, რომელიც მეძახდა. - არა, ხელი მომაწერინეს და თვითონ დაასაფლავეს. - ამოიხვნეშა. - რატომ უნდა დაგიჯერო?! საკეისროზე არ უშვებენ შიგნით! - ფული ჯოჯოხეთს ანათებს, ნიკე. - ელზამ რატომ არ იცის? - ნაკეისრალი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი დედისთვის მეთქვა, რომ შვილი მოგიკვდა-მეთქი? - სახეზე ცინიზმი უხტოდა ერთი ნაკვთიდან მეორეზე. - ერთი ცოცხალი იყო, ესეც საკმარისია. - ცხოველი ხარ, კახა! - ეს სიტყვები სახეში შევაფურთხე და ელზასთან გავედი. პ.ს. ტადადადააამ! უნდა გენახათ - რამდენად შოკში ვიყავი წერის პროცესში. ზოგადად, მახასიათებს წერისას ესეთი რამ - არ ვიცი როგორ განვითარდება სიუჟეტი. ჰოდა, ჩათვალეთ მეც თქვენთან ერთად ვკითხულობ:დდ და კიდევ... ვინც არ უნდა იყოს მოძალადე, არავინ დაინდოთ. მილიონში ერთი თუ ისწავლის ჭკუას, მე კი არ გირჩევთ მარჩიელობას, იქნებ, ჩემს შემთხვევაში ზუსტად ის მემილიონე ანგელოზია და გამოსწორდებაო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.