შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიტის (თავი V)


20-05-2024, 21:30
ავტორი Ketevann
ნანახია 441

”გამოღვიძება”

სახლიდან 15-20 წუთის სავალზე ჩემს ახალ ოჯახს მიწის ნაკვეთი ჰქონდა. საუზმის შემდეგ, როცა ელენემ თავისი ფრიალა კაბითა და გრძელი ნაწნავით ქალაქის დასათვალიერებლად წამიყვანა, ის ადგილები მაჩვენა, რომელიც მათ ეკუთნოდათ. თან, თავის ყოველდღიურობაზე მიყვებოდა: მუსიკისა და ფრანგული ენის გაკვეთილებზე, მე კი ჩემსაზე: ნათესებსა და ვენახზე. ჩვენს ცხოვრებას საერთო არაფერი ჰქონდა. მას ნათესებისა არა გაეგებოდა რა, მე კი ფრანგულად სიტყვაც არ ვიცოდი.
იმ უზარმაზარ ნაკვეთებზე, სადაც ელენეს მივყავდი, გლეხები დაესაქმებინათ. მიწას ამუშავებდნენ და საქმეში ჩაფლულებს, შუბლი ოფლით დანამვოდათ. მათი ყოველდღიურობა კი ნამდვილად მომაგონებდა ჩემსას.
მრავალი მიწა ვნახეთ, მე კი, ის ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. სიდიდით მთელი ჩემი სოფლის ზომისა იქნებოდა. რომ მოენდომებინათ, ქალაქს გააშენებდნენ. იქ არავინ იყო, მხოლოდ შემაძრწუნებელი სიცარიელე და მარტოობა.
მე ბუნებაში წერა მიყვარდა. აზრებს მაშინ ვიკრებდი, როცა ჩემი თავი ღრუბლებში ცურავდა. ამ სახლში კი, მიუხედავად მისი ზომებისა, თავს ვერსად დაიმარტოხელებდით. მსახურთა აურაცხელი რაოდენობის გამო, განმარტოება შეუძლებლად მეჩვენებოდა.
იმ დღეს, როცა საათი ხუთს უჩვენებდა, გასეირნება გადავწყვიტე. ნინო სადილის შემდეგ სადღაც წასულიყო და საღამომდე არ დავბრუნდებიო, დაებარებინა. ერეკლე კი, როგორც ყოველთვის, საქმეებში ყელამდე ჩაფლულიყო. მართას და ელენეს მუსიკის გაკვეთილი უტარდებოდათ. როიალზე სასიამოვნო ჰანგებს აჟღერებდნენ და მუსიკაში დაკარგულებს, ჩემთვის არ ეცალათ. ბიჭები კი საუზმის შემდეგ თვალით არ მენახა, ისევე როგორც კიტი.
ამიტომ, არავისთვის მითქვამს, ისე ჩავბღუჯე სამელნე და ქაღალდები, გრილი წყლით სავსე დოქი წავიღე და გზას გავუდექი. სწრაფი ნაბიჯით, 15 წუთში ნაკვეთს მივადექი, ფიცრულს ქვეშ გავუძვერი და ტრიალ მინდორზე შევაბიჯე.
ირგვლივ შიშის მომგვრელი სიჩუმე ჩამოწოლილიყო.
ჰაერში პიტნის სუნი იდგა. ნაცნობმა სურნელმა ოცნების გუნებაზე დამაყენა. გამვმხიარულდი.
საამური დღე იყო, მზე ხან იმალებოდა, ხანაც გამოანათებდა. პატარა ხანს გავიარ-გამოვიარე, კიდეს კი ვერ მივაგენი. დახუნძლული ზეთისხილის ქვეშ ფეხმორთხმით ჩამოვჯექი და მომნუსხველ მარტოობაში ძავიძირე.
რამდენ რამეზე მინდოდა, დამეწერა. რამდენი აზრი ირეოდა ჩემს თავში. ფურცლები მოვიმარჯვე. ფიქრები ერთი მეორის მიყოლებით გადმომქონდა ქაღალდზე. სრულ აგონიას მოვეცვი. აღარც საკუთარ თავს ვეკუთნოდი და აღარც სამყაროს. ვიღაც სხვა ვიყავი. ამაზე ბევრად მეტი. ამ სამყაროზე უფრო დიადი და საკუთარ თავზე უფრო გაბედული.
ხელი გამირბოდა. ვწერდი, ვწერდი და აღარაფერი არსებობდა ჩემს ირგვლივ. დიდი ხნის ნანატრი სიხარული ვიგემე. სურვილებისგან დავიცალე. სურნელოვანი ბალახი ჩემს ზმანებად გადაიქცა, შიშველმა გორამ კი ოცნებების ფერი მიიღო.
სიტყვებში დატყვევებული ჩემი სული ფურცლებს ერთი მეორის მიყოლებით ავსებდა. შიგადაშიგ სამხრეთის ქარი უბერავდა და ღრუბლებს მიერეკებოდა, ქაღალდებს ჩემი ფიქრებივით აშლიდა და ისევ დაალაგებდა.
იმ სამყაროზე ვწერდი, რომელსაც არ ვეკუთნოდი. იმ სიყვარულზე ვწერდი, რომელიც არასდროს გამომეცადა. იმ თავისუფლებაზე, ჯერ რომ არ მეგემა. იმ დარდებზე, ჩემს სხეულში ფესვებს რომ იდგამდნენ და ფორმა ჯერ კიდევ არაფრისა ჰქონდათ. იმ თვალებზე ვწერდი, სულს რომ ირეკლავდნენ. იმ ქალებზე ვწერდი, ბოშებად რომ იბადებოდნენ და არ არსებობდა მათთვის საზღვრები. ზღვაზე ვწერდი, რომელიც არასდროს მენახა და მის ზვირთებში ჩაკარგულს, წყლის გუგუნით გაბრუებულს ... თავისუფლება მეპოვნა.
ქაღალდებიდან თავი ფლოქვების ხმამ ამომაწევინა.
ხელი გამშეშებოდა და თითებს ვეღარ ვშლიდი. მზე ჩასვლას აპირებდა. “ღმერთო, რა დრო გავიდა?” გავიფიქრე და ცას ავხედე, რომელიც ისე მოქუფრულიყო, ირგვლივ ყველაფერი ჩაეშავებინა.
აგრილდა. ფურცლები გვერდით გადავდე და კაბა ფეხებზე მოვიხვიე. გავირინდე. ფლოქვების ხმა კვლავ ყრუდ ჩამესმოდა. ირგვლივ შეშინებული ვიყურებოდი, როცა შევნიშნე, სადღაც შორს როგორ დაქროდა წაბლისფერი ულაყი. თვალი ძლივს სწვდებოდა, გარკვევით ვერაფერი გავარჩიე და ცხენიც სწრაფადვე გაქრა ჰორიზონტიდან.
ცას ავხედე. ირგვლივ ყველაფერი სიშავეს მოეცვა. შიშმა ამიტანა. სახეზე მსხვილი წვეთი დამეცა და ის იყო ქალაღლდებისთვის ხელი უნდა დამევლო, რომ წაბლისფერი ულაყი კვლავ გამოვარდა ქვეყნის დასალიერიდან. გზას ჩემკენ მოიკვლევდა. მე კი, შეძრწუნებული თვალებს ვაფახურებდი და ვერ დამეჯერებინა, რასაც ვხედავდი. მასზე კიტი ამხედრებულიყო. ცხენზე ენით აუწერელი მოხდენილობით იჯდა. აბრეშუმივით თმა მხრებზე ჩამოჰყროდა და ქარი დაუდევრად უფრიალებდა.”ბოშაა”- გავიფიქრე ჩემთვის. თავიდან ფეხებამდე სველი იყო ისიც და მეც. ერთ ადგილს მილურსმულივით ვიდექი და მაშინღა შევამჩნიე, ისეთი ძლიერი წვიმა წამოსულიყო, გეგონებოდათ ვიღაც წყალს სათლით გვასხამსო. შიშისგან სხეული ამითრთოლდა.
ულაყი ჩემს ფეხებთან შეხტა და მერე, მკვეთრად შედგა. კიტის მოუსვენარი თვალები აელვარებოდა. თეთრი კაბა, რომლითაც დილით ვნახე, მთლიანად დასველებოდა და სხეულზე შემოჰკვროდა.
წვიმა თავს იგიშებდა, თითქოს ყველაფერს ჩანთქმას უპირებსო.
-ხელი მომეცი. - თავისი გრძელი, ნატიფი თითები გამომიწოდა მან. წყალი თვალებში ჩასდიოდა და მგონი, ცოტას ყლაპავდა კიდეც. ცა თავზე ჩამოგვექცა.
ხმის ამოღებას შევეცადე, მაგრამ თავი ვერ მოვაბი და გავჩუმდი.
-ამოხტი, რაღას უცდი? - ლურჯ თვალებში ჭინკები დასთამაშებდნენ, მისი ხმა კი მშვიდი იყო, მღელვარება არ ეტყობოდა.
ვცდილობდი რაიმე მეპასუხა, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ხმას დავიმორჩილებდი და არ ამითრთოლდებოდა.
-რა იყო? ლაპარაკი არ იცი? - გაბრაზდა ის.
საქმე იმაში იყო, რომ ჩვენ, ქალებს, ცხენზე ჯდომას არავინ გვასწავლიდა. სოფელში გავიზარდე, თუმცა ულაყს მივუახლოვდებოდი თუ არა, მამა მეტყოდა “ცხენები და ქალები ერთად ვის გაუგონია, შვილო” , მერე საქსოვ ჩხირებს მომაჩეჩებდა და ზურგს მაქცევდა. ასეთ ვითარებაში კი, ქსოვა მაინც და მაინც ვერ გვეხმარებოდა.
-მე ... ვერ ამოვალ, - აღმომხდა როგორც იქნა. ჩემი ხმა კატის კნავილს ჰგავდა, - ცხენზე არასდროს ვმჯდარვარ ...
კიტის თითქოს ახლაღა გაახსენდა, რომ ჩვენ, დანარჩენები, მას არ ვგავდით. გონს მოსული კი სასწრაფოდ ჩამოხტა ძირს. ღმერთო, რა ლამაზი იყო.
-მე დაგეხმარები, - მითხრა მან და ცხენს უნაგირი შეუსწორა, - მოდი, ხელი მომეცი.
-ვერა. ვერ ავალ. - შიშისგან ისტერიკას მოვეცვი. გარშემო ვეღარაფერს ვხედავდი და აღარაფერი მესმოდა.
კიტიმ ხელები უკმაყოფილოდ გადააჯვარედინა, ერთი ამათვალიერ-ჩამათვალიერა და გამომიცხადა:
-ვითომ რატომ? მე ხომ ავდივარ, ესეიგი - შენც ახვალ.
ამის გახსენებისას, ახლაც მეღიმება. კიტი თვალწინ მიდგას. “მე თუ შემიძლია, შენც შეძლებ.”- მეუბნებოდა ყოველთვის, როცა დაეჭვებას შემატყობდა. ვინ მოთვლის, შიშისგან დაპატარავებული და აკანკალებული რამდენჯერ წავუქეზებივარ.
ბევრი ვიყვირე თუ ცოტა, კიტი რისი კიტი იქნებოდა, ცხენზე რომ არ შემოვესკუპებინე.
-ფეხები რომ არ გექნია, ახლა სახლში ვიქნებოდით, - მითხრა მან, როცა თავისი გაიტანა და ულაყზე წამომჯდარი დამიგულა.
-გადავვარდები, გეფიცები, გადავვარდები! - თვალები მაგრად დამეხუჭა და სასოწარკვეთილი ვკიოდი.
-შენ იმასაც ამბობდი ვერ დავჯდებიო, მაგრამ ხომ ხედავ, ზიხარ. - თქვა მშვიდად და ცხენზე ერთი მოძრაობით ამოხტა. მართალი იყო.
სხეულს ძლივს ვიმაგრებდი. შიშსა და სიცივეს ერთდროულად ავეტანე და ერთიანად ვძაგძაგებდი, თვალებს კი არაფრის დიდებით არ ვახელდი.
-ძალიან, ძალიან ნელა ვივლით. კუს ნაბიჯებით. - დამამშვიდა მან, - ეცადე სხეული შეიმაგრო. მაგრად ჩამეჭიდე.
კიტიმ აღვირი მოსწია და ცხენი დაიძრა, რასაც ჩემი განწირული კივილი მოჰყვა. ჩემი ხმა დაჭრილი ცხოველის ღმუილს წააგავდა. ისე ვძრწოდი, კინაღამ ცხენიდან გადმოვფრინდი და კიტიც თან გავიყოლე.
მან ცერად გადმომხედა. სხეული ისე მიკანკალებდა, თვითონაც გრძნობდა და მობეზრებული გამომეტყველება შემთვის მოებყრო.
-ასე ნამდვილად გადავარდები, - თქვა მან და ისე ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს სამყაროს შესუნთქვას ლამობსო, - წარმოიდგინე, რომ გამოცდილი მხედარი ხარ.
მთელი ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ქაღალდზე დავტოვე. ახლა მხოლოდ გვირაბის ბოლოს თეთრი შუქის წარმოდგენაღა შემეძლო.
-წარმოიდგინე? - მკითხა მან რამდენიმე წამში.
ჩემს გამო, მართლაც კუს ნაბიჯებით მივდიოდით. წარმოდგენა არ მქონდა, ასეთ ამინდში ცხენი როგორ უნდა ემართა. ამასობაში მზე ჩასულიყო და გზა ძლივსღა განირჩეოდა. თუმცა, თვითონ არ ღელავდა. ისეთივე უდარდელი და ლაღი იყო, როგორც მანამდე. ეტყობოდა, წვიმა უყვარდა.
-წარმოიდგინე-მეთქი? - მხარი მსუბუქად მომკრა მან.
-წარმოვიდგინე ... - ვუთხარი და წარმოსახით შთაგონებული წელში ოდნავ გავიმართე. მე თავადის ქალს ვგავდი, რომელიც ისე გაზარდეს, ცივი ნიავი არ მიჰკარებია. კიტი კი, ველურ ბოშას მაგონებდა. არაფრისა ეშინოდა და არაფერი ადარდებდა. საერთოდ, იმ დღესაც და მერეც, ყოველ დღე ვრწმუნდებოდი, რომ ის ყველაზე თავისუფალი სული იყო, ვინც კი ოდესმე მენახა. მისი წყალობით, სამყაროზე გაბედულად ფიქრი დავიწყე.
კმაყოფილმა გადმომხედა. იგრძნო, რომ სხეული დამიმშვიდდა და ხელები მისი კაბიდან ოდნავ შევუშვი. ის-ის იყო, თავი მართლაც გამოცდილი მხედარი უნდა მგონებოდა, რომ ცხენმა სისწრაფერს უმატა, მე კი კიტის ისე ჩავებღაუჭე, მისი თმა თითებს შორის მომყვა.
-ღმერთო ჩემო! - ვკიოდი სასოწარკვეთილი.
ბრინჯაოსფერი ხუჭუჭები ჩემი თითებიდან დაიხსნა და გაოგნებულმა გადმომხედა. მისი სახე ასე ახლოს აქამდე არ მენახა. იდეალურად გლუვი, მზემოკიდებული კანი ჰქონდა. წამით მომეჩვენა, რომ მის თვალებში ჩემს ანარეკლს ვხედავდი.
-საკუთარი თავის ოდნავადაც არ გჯერა? - ჩემს ისტერიკას გაეოცებინა ის. მართლაც უკონტროლო ვიყავი.
თვითონ კი, მართალი იყო. არ მჯეროდა. ჩემმა დამარხულმა, საკუთარ თავად ყოფნის შიშებმა ზედაპირზე ამოცურეს. “ნუთუ, ასეთი შესამჩნევია?” გავიფიქრე და ბრაზი მომერია. სადაცაა ცრემლები წამომცვივდებოდა.
წვიმა ძლიერდებოდა. მიწაზე ნიაღვრებად მოედინებოდა.
გავყუჩდი. მე საკუთარ თავში დავიკარგე, ის კი ... ის - არ ვიცი. კიტის ციტრუსის სუნი ასდიოდა. ჯირითში დახელოვნებული, მხრებში გამართულიყო და ულაყს უბადლოდ მიაჭენებდა.
საჯინიბოსთან შევჩერდით. ცხენიდან საჩქაროდ ჩამოხტა. მერე, როგორღაც მეც ჩამომიყვანა. აქ დამიცადეო, დამიბარა და წაბლისფერი შიგნით შეიყვანა.
ნაღველმა მომიცვა. ფიცრულს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. ჩემს დარდებს, თითქოს ფორმა მიეღოთ. მიწას დავცქეროდი და ქუთუთოზე მომდგარ ცრემლს უკან ვაბრუნებდი, როცა საჯინიბოდან გამოვიდა. სახეს ხელით იწმენდდა და ცდილობდა შუბლზე მიკრული, სველი თმა უკან გადაეწია. ბედნიერი ჩანდა.
-წავიდეთ, - თქვა მან და სახლისკენ გაიქცა. მე უკან ავედევნე. მისგან განსხვავებით, ბედნიერად სულაც არ გამოვიყურებოდი. წვიმა არც მასსავით მიხვდებოდა. ის ქალღმერთს ჰგავდა, მე კიდევ - გაწუწულ ქათამს.
სახლში ერთიანად გალუმპულები შევცვივდით და ის იყო კარი უნდა დამეხურა და შვებით ამომესუნთქა, რომ ჩემს ყურთასმენას მართას განწირული კივილი მისწვდა.
-დედა! დაბრუნდნენ!
ამის თქმა იყო და არსაიდან ნინო გამოჩნდა, ჩემკენ გამოიქცა და მიუხედავად იმისა, რომ წყალი წუწებად გამდიოდა, ოხვრით გადამეხვია.
-ლილია! როგორ შემაშინე! მეგონა რაღაც დაგემართა ... - სველ სახეზე ხელებს მისვამდა ის, - სად იყავით? ვერ გადამირჩები, კიტი! - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, - შენ წაიყვანე, არა? ასეც ვიცოდი! წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, როგორ შემეშინდებოდა? გარეთ ნამდვილი წყალდიდობაა, ლილია კი ოთხი დღეა რაც ჩვენთან არის, აქაურობას არ იცნობს, რა პასუხი გამეცა დედამისისთვის?
სირცხვილისგან ენა ჩამივარდა. კიტის სახეზე უცნაური ღიმილი მოერგო, თავისი ღვინისფერი ტუჩები ოდნავ ჩაეტეხა და მე მიყურებდა.
”რატომ არ პასუხობს? ის ხომ ყოველთვის, ყველას ეპასუხება! მაინც და მაინც ახლა რატომ არ იღებს ხმას? უთხრას, რომ მას არსად წავუყვანივარ. თუ არაფერს იტყვის, ასე ხომ იძულებულს გამხდის სიმართლე მე ვთქვა!”
-ბავშვო, რას გავხარ? - ეცინებოდა ტეოს.
კიტის ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თვალები გადაატრიალა და წასვლა დააპირა.
-შეჩერდი, ქალბატონო! - გააჩერა ნინომ, - ძალიან გაბრაზებული ვარ. ისე ვბრაზობ ... ისე, რომ ... ისიც არ ვიცი, რა ვთქვა! შენი თავნებობის ატანა უკვე შეუძლებელია!
დანაშაულის შეგრძნება ცოცხლად მჭამდა. ვგრძნობდი, როგორ ვპატარავდებოდი.
კიტი ალბათ თვლიდა, რომ ხმის ამოღებას აზრი არ ჰქონდა. ასეც იყო. რომ ეთქვა, მე არსად წამიყვანიაო, ნინო რასაკვირველია არ დაუჯერებდა. მას სახელი საკმარისად ჰქონდა გატეხილი. თუ შორიახლოს რამე ფუჭდებოდა, ყველაფერს მას მიაწერდნენ ხოლმე. მაგრამ თუ ამას მე ვიტყოდი ...
საქმე იმაში იყო, რომ ვერაფერს ვამბობდი. არ ვიცი, რა ეშმაკი ჩამიგდებდა ხოლმე ენას მაშინ, როცა ხმის ამოღების აუცილებლობა იდგა. ეს მდუმარება საკუთარ თავს იმაზე მეტად მაზიზღებდა, ვიდრე ამის ატანა შემეძლო.
კიტი კიბეებს აუყვა, მეც მას მივყევი. ჩვენი კაბებიდან წყალი მოწურწურებდა.
ოთახებამდე უხმოდ მივედით. თავი დამეხარა და ვგრძნობდი, როგორ ვპატარავდებოდი. ვერაფრის თქმა ვერ გავბედე. მას კი, ჩემთვის არც შემოუხედავს. მხოლოდ ბოლოს, როცა სახელური ჩამოსწია, მშვიდად მომიბრუნდა:
-ლაპარაკი მართლა არ გცოდნია. - თქვა მან და კარი შეიკეტა.
ოთახში შესული საწოლზე პირქვე დავემხე, თავი ბალიშში ჩავყავი და დავიკივლე. ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა. ზიზღს ვგრძნობდი.
მართალია, საგანგაშო არაფერი მომხდარა და საერთოდაც, კიტის ჩემი დაცვა არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ მე მჭირდებოდა ... მე უნდა მესწავლა ხმის ამოღება. საკუთარი თავისა და სხვების სიმართლე უნდა დამეცვა. ნაჭრის თოჯინას ვგავდი, რომლის ხელებიც თოკებზე ჰკიდია და ისე აათამაშებ, როგორც მოგინდება.
ჩემი თავისუფლება ქაღალდზე იწყებოდა და ქაღალდზევე მთავრდებოდა. არავინ ვიყავი, ფურცლებს, სამელნესა და საკუთარ გონებაში გამოკეტილი უსუსური არსების გარდა. უტყვ, მორჩილ დედაჩემს დავმსგავსებოდი, ცხოვრების დინებას დაუეჭვებლად რომ მიჰყვებოდა და გარშემო არც-ერთხელ მიმოუხედავს.
ტირილს რომ მოვრჩი, წვიმას გადაეღო და მხოლოდ სახურავებიდანღა წვეთავდა. მე სიქა გამომცლოდა და გამოვფიტულიყავი. აივანზე გავედი. ჰაერს სიგრილისა და მიწის სუნი ასდიოდა.
გულმკერდში რაღაც უცნაურს ვგრძნობდი. ყურებში კი საკუთარი გულისცემა მესმოდა.



№1 სტუმარი სტუმარი Maia

Kitib dzalian momwons

 


№2  offline წევრი Ketevann

სტუმარი Maia
Kitib dzalian momwons


<3 <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ველოდები შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი Ketevann

სტუმარი ანი
ველოდები შემდეგ თავს


მალე იქნება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent