შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიტის (თავი VIII)


25-05-2024, 20:28
ავტორი Ketevann
ნანახია 621

”ოცნებები”

კიდევ ერთი დილა გათენდა იმ სახლში, რომელიც ასე შემიყვარდა, თუმცა რომლისაც ჯერაც არა გამეგებოდა რა. რამდენიმე დღე არ ეწვიმა და მიწას ბუღი ასდიოდა.
მზე შუბის ტარზე იდგა.
წინა საღამოს სიხარული გამომყოლოდა. თავს მსუბუქად და მჩატედ ვგრძნობდი. კარგ გუნებაზე ვიყავი, ვღიღინებდი და აივანზე პერანგის ამარა დავიარებოდი, რადგან ეზოში ჯერ კიდევ არავინ იყო.
ელენეს მომავალ საქმროზე ფიქრს შევყევი. მეჯლისზე დავინახე, როგორ ესაუბრებოდა ერეკლეს. მართლაც დიდებული ყმაწვილი იყო. თუმცა, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს გიორგი იაშვილი კიტის თვალიერებით მეტად გახლდათ გართული, ვიდრე მომავალ საცოლესთან დიალოგით. რამდენჯერმე შევამჩნიე, როგორ სცადა კიტისთან საუბრის წამოწყება, თუმცაღა ამ უკანასკნელის მოუსვენრობის გამო, ვერ მოახერხა. კიტი ციბრუტივით ტრიალებდა და ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდებოდა. დიალოგში არავისთან შედიოდა საკუთარი და-ძმების გარდა და მეტიც, თავსაც არავის უკრავდა.
“ვაჭარბებ, ისიც ისევე უყურებდა კიტის, როგორც ყველა დანარჩენი.” - გავიფიქრე და აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად თავი გავაქნიე.
სახე მზეს შევუშვირე და სხეულს მოდუნების საშუალება მივეცი. მოუთმენლად ველოდი ხუთ საათს, როცა ჩემი ოჯახის წევრები საქმეში ჩაეფლობოდნენ, მე კი საკუთარი თავისა და წერისთვის დროს ვიხელთებდი და სამელნეჩაბღუჯული, გრილი წყლითა და ცოტა საგზლით გზას გავუდგებოდი.
მართლაც, 5 სრულდებოდა, როცა იმ მიწას მივადექი, რომელიც ნავსაყუდელად მექცია .. სადაც მე ვწერდი, კიტი კი ჯირითობდა.
სურნელოვან ბალახზე ფეხმორთხმით ჩამოვჯექი და გავყუჩდი.
ფლოქვების ხმა არსაიდან ისმოდა. წაბლისფერი ულაყი და მისი მხედარიც არსაით ჩანდნენ. რა გაეწყობოდა, ქაღალდები გავშალე და ფიქრებს გზა გავუხსენი. ადამიანური სევდითა და ამასთან სრულიად შეუთავსებელი მოულოდნელი სიხარულით გაჟღენთილი, ეშხში შევსულიყავი. გონება ისეთი სისწრაფით მიმუშავებდა, ხელს აყოლა უჭირდა, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრიდი.
თამამი ვიყავი. ვამჩნევდი, კიტის წყალობით ცხოვრებას ახლებურად ვუყურებდი. გაბედულად. საკუთარი აზრებსა აღარ მეშინოდა.
იმ ნირვანაში, რომელიც ასე საამო და ნაცნობი იყო, ბოლომდე ჩავიკარგე. გონს კი, მაშინ მოვედი, როცა მზე უკვე ჩადიოდა.
ჩამავალი მზის სხივებით გადაწითლებულ ველზე წაბლისფერი ულაყი მოაბიჯებდა. მომეჩვენა, რომ კიტის სხეული ცხენისას შერწყმოდა. ერთნი გამხდარიყვნენ. მითოლოგიურ არსებას მომაგონებდა. შემაჟრჟოლა.
კიტიმ საბელი მოქაჩა, ცხენი შეაყენა და ძირს სწრაფად ჩამოხტა. ისეთი ცოცხალი იყო, ისეთი მოუსვენარი, თვალებში ჭინკები დაუხტოდნენ.
ცხენი ფიცრულს მიაბა და თავზე წამომადგა. ხელები დაიკრიფა. მაკვირდებოდა.
ყველგან ფურცლები ეყარა, თუმცა დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან რაღაც ეშმაკის მანქანებით მან მაინც ყველაფერი იცოდა.
-შეიძლება, რაღაც გკითხო? - ვუთხარი მაშინ, როცა მივხვდი, რომ არსად წასვლას აღარ აპირებდა.
მე ისიც არ ვიცოდი, აქ როგორ აღმოჩნდა, რადგან ერეკლე ჭიშკარს ჯერ ისევ ყარაულობდა.
-რა თქმა უნდა. - მშვიდი იყო მისი ხმა, სახე კი კეთილგანწყობილი. ტუჩები ნაზ ღიმილს გაეპო, თმაზე მზის შუქი ეცემოდა და ოქროსფრად უელვარებდა.
უჩველო სიმშვიდე მოჰფენოდა სახეზე.
ვცდილობდი გამბედაობა მომეკრიბა. მასთან საუბარი მინდოდა.
ბევრი კითხვა დამგროვებოდა, პასუხების მიღება კი უსიკვდილოდ მჭირდებოდა, რადგანაც მე მასზე ვწერდი და არ შემეძლო მეწერა იმაზე, რისიც არ მესმოდა.
-რატომ მიდიხარ ყოველთვის ყველას წინააღმდეგ? - ვიკითხე და გავჩუმდი. გული შემიტოკდა. კიტი არაპროგნოზირებადი იყო. წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავდით რას იტყოდა და როგორ მოიქცეოდა. ამიტომ, ვღელავდი.
-ყველას? - კითხვა გაიმეორა მან და ჰორიზონტს გახედა.
ცოტა ხანს ხმა არ ამოუღია. მსუბუქი ნიავი თმას უწეწავდა. მომეჩვენა, რომ თვალებში ნაღველი ჩაუდგა. თუმცა კი არ ვნანობდი, რომ ვკითხე.
დუმილს ჩემთვის კარგი არასდროს არაფერი მოუტანია.
-მე მხოლოდ იმას ვიცავ, რისიც მჯერა. - მიპასუხა რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ, რომელიც მე საუკუნედ მომეჩვენა და სახეზე დამაჩერდა. გაღიზიანება არ ეტყობოდა.
-მაგრამ ... - ავღელდი მე, - ხომ კარგად იცი, შენს ყოველ გამოსვლას რა შედეგიც მოაქვს?
-რა თქმა უნდა, ვიცი, - თავი დამიქნია მან, - მაგრამ რას მთავაზობ?
მე არ ვიცოდი რას ვთავაზობდი. სინამდვილეში, მხოლოდ ის მინდოდა მცოდნოდა, რა ხდებოდა მის თავში.
-მე უბრალოდ ... მე ამაზე ბევრს ვფიქრობ. შენს ქცევებზე, სიტყვებზე, აზრებზე. მე ძალიან მინდა მესმოდეს, - მღელვარება ხმაზეც დამეტყო. მან შეამჩნია და გამიღიმა, - მინდა გავერკვიო. მაგრამ ... არაფერი მესმის.
კიტის ხმამაღლა გაეცინა, გულიანად. ისე, როგორც სჩვეოდა. სიცილმა გულმკერდიდან ამოხეთქა და იქაურობას მოედო.
თვალებში სითბო ჩასდგომოდა და ისე მიყურებდა. მე კი, ათრთოლებული ვცდილობდი მისთვის ჩემი ცნობისმოყვარეობის მიზეზი გამემხილა.
-შეგიძლია, რომ უბრალოდ ამიხსნა? მითხრა ... მაინც რისთვის იბრძვი ... - ახლაღა ვაცნობიერებ, რომ სინამდვილეში, მე მისი პასუხების მეშინოდა. კარგად შევგუებოდი იმ ჩარჩოებს, რომელშიც ვიჯექი. ნაცნობი გარემო ხომ ყოველთვის ხელსაყრელი და კომფორტულია.
კიტი ცოტა ხანს დუმდა. ხელები დაეკრიფა და მზერა სივრცისთვის მიებყრო.
-იდეებისთვის, - მშვიდი იყო მისი ხმა, - და თავისუფლებისთვის.
-აურზაურს აწყობ, ადამიანებს უხეშად ესაუბრები და ყველაზე უარესი რაც შეიძლება ამისთვის მიიღო ის არის, რომ დასჯილი ხარ, შენ კიდევ გზა მაინც გიპოვნია და აქ დაიარები, - გამეცინა, - გგონია, თავისუფალი არ ხარ?
საკუთარი გამბედაობა მაკვირვებდა.
-ამას არ ვგულისხმობ, ლილია. - ამოიხვნეშა მან, - ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მე მსურს. არსებობს ამაზე ბევრად დიდი რამეები. არსებობს იდეები, რისთვისაც ბრძოლა ღირს.
-არაფერი მესმის. - ვთქვი და თავი ჩავხარე.
ის იდეები, რაზეც მაშინ კიტი საუბრობდა, ჩემთვის უცხო იყო.
-აი მაგალითად, - ხელები გაშალა მან, - მითხარი, ცხოვრება გინდა თუ არსებობა?
მე მივხვდი, კიტი რასაც გულისხმობდა, თუმცაღა მაშინ ჩემთვის ცხოვრება და არსებობა ერთი იყო. ერთმანეთისგან არაფრით განირჩეოდა.
-მაგრამ მე ასეც კარგად ვცხოვრობ. - ვთქვი და მისი პასუხის მოლოდინში, გავყუჩდი.
-იმიტომ, რომ არ იცი ამის იქით რა ხდება!
კატეგორიული იყო. დარწმუნებული იმაში, რასაც ამბობდა.
-სად, კიტი? - შემრცხვა, თითქოს ტვინი დამხშობოდა, მაგრამ შევტოპე და უკან გამობრუნებას აღარ ვაპირებდი, - ამის იქით, სად?
-იმ ეტიკეტებს მიღმა, რომელშიც ვცხოვრობთ. ამ წესებს, სურვილებს, დოგმებს და კანონებს მიღმა. და რაც მთავარია, იმ აზრებს მიღმა, რომელიც თავს გვახვევია და ვერც კი ვხვდებით, რომ ეს აზრები ჩვენიც კი არ არის.
მე ბრინჯივით დავიბენი. ფიქრებს თავს ვეღარ ვუყრიდი.
-შენ რა, იცი? - წამოვდექი მე, - რა იცი, რა ხდება ამის იქით?
მღელვარებისგან ერთ ადგილას ვეღარ გავჩერდი. წამოვხტი და პირისპირ დავუდექი.
-მე ის ვიცი, რომ ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგიძლია, ნამდვილია.
მიპასუხა მან და მე თავი ჩავხარე. მისი სიტყვები ჩემს გონებაში ექოდ გაისმოდა. “წარმოიდგინე, რომ გამოცდილი მხედარი ხარ”, “წარმოიდგინე, რომ ყველა შენ გიყურებს”.
თავბრუ დამეხვა და თავი გავიქნიე.
-თუ ეს აზრები ჩვენი არ არის, მაშ ვისია? - ვიკითხე ბოლოს.
-დედაშენის, დედაჩემის, მათი დედების, მამების, ბებიების და ბაბუების, ლილია. იმ თავადების, ვისთანაც ყოველ კვირა დღეს ვატარებთ. ეს აზრები ყველასია, ოღონდ ჩვენი არა.- მითხრა მან და თვალი ჩამიკრა, - აქ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია. შენ კი, ლილია, დროც არ გქონია იმის გასარკვევად, სინამდვილეში რა გსურს.
მე გავჩუმდი. შემაჟრჟოლა. მუცელში რაღაც უცნაურს ვგრძნობდი. აზრები შუბლზე მასკდებოდნენ და საფეთქლებში ელვა მივლიდა. მთელი ეს დიალოგი ცუდად მენიშნა.
-ცხოვრება ერთი გაელვებაა, ლილია. მას სხვის აზრებში ჩაკარგული არ გავლევ, თუნდაც ამისთვის საკუთარი სიცოცხლით ვზღო. - თქვა მან და გაჩუმდა.
მე შემეძლო დამეფიცა, რომ კიტის სიკვდილის სუნი ასდიოდა. ციტრუსისა და პიტნაშერეული. თუ სადღაც, იმ ბნელი გვირაბის ბოლოს, რაიმე არომატი იდგა, ეს სწორედ ის იყო.
-არაფერი მესმის! - ვთქვი შეშინებულმა და კიტის, რომელიც კვლავ ღიმილით შემომცქეროდა, თვალებში ჩავხედე.
არაფერი უთქვამს. ვაშლი აიღო, რომელიც საგზლად წამომეღო და პირში გაიქანა.
ნამდვილი იყო, მასში ყველაზე მეტად ეს მიყვარდა.
-იფიქრე ამაზე. - მითხრა ბოლოს, ცხენს თვალის დახამხამებაში შემოახტა, ისე, რომ სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი და სახლისკენ გასწია.

888

იმ ღამით, როცა მთვარე ცას თილისმასავით ჩამოჰკიდებოდა და ღრუბლებში ნაზად დაცურავდა, მე არ მძინებია. საკუთარ აზრებთან ჭიდაობით ქანცგაწყვეტილი, საწოლზე მივგდებულიყავი და კუნაპეტ ღამეში თვალი ერთი შავი წერტილისთვის გამესწორებინა.
ფიქრებს ჩემთვის თავ-გზა აებნიათ.
წერით დაღლილს, ფარ-ხმალი დამეყარა და დავმარცხებულიყავი.
გათენებას ველოდი, რომ ჩემი ნავსაყუდელისთვის მიმეშურებინა და კიტის შევხვედროდი, წაბლისფერ ულაყთან შეზრდილს, გაკენტავრებულს.
მასთან საუბარი ჩემს დახშულ გონებას წყალივით სჭირდებოდა, ეს ვიცოდი. რაღაცის მოლოდინი მქონდა. რაღაც ახლის და დიდებულის. თვალის ახელის, გამოღვიძების იმედი, რომელიც ასე ტკიბილი იყო.
სახლიდან გამოსვლამდე, მისაღებში თავად გიორგი იაშვილს ვკიდე თვალი, მამამისთან ერთად. არ ვიცოდი, რა ხდებოდა, თუმცა არც მაღელვებდა, რადგან იქით მივიჩქაროდი, საითაც გული მიმიწევდა.
მართლაც, ისევ იგივე დროს, იმავე ადგილას, კიტის შევხვდი.
-ვიფიქრე შენს სიტყვებზე. - ვუთხარი მაშინ, როცა ცხენიდან ჩამოხტა და თვალი გამისწორა.
მოთმინება დამეკარგა, ვღელავდი. საკუთარი ხმა გამცემდა.
-რა მოიფიქრე? - გამიღიმა. მისი სიმშვიდე გადამდები იყო.
ამქვეყნიური სურვილებისგან დაცლილი, ნათელი და უბრალო ადამიანის სიმშვიდე.
-მე ვიცი, რასაც ამბობ. - ვთქვი საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ისე, რომ პირველად, მისთვის მზერა არ ამირიდებია, - მხოლოდ .. მე .. მე როცა თვალებს ვხუჭავ, იქ არაფერია სიბნელის გარდა. როცა რაღაცის წარმოდგენას ვცდილობ, თვალწინ მხოლოდ ის წარმომიდგება, რასაც შენ სხვის აზრებს ეძახი. მე აქაურობას ვხედავ. თქვენ გხედავთ. ჩემს მომავალს, ოჯახს, რომელსაც შევქმნი და დედაჩემს, რომელიც შვებით ამოისუნთქებს, - ცრემლი მომერია, - მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს ის არ არის, რასაც შენ გულისხობდი. ეს ის იდეები არ არის, რომელზეც შენ საუბრობდი და ეს არც ...
-ლილია, - შემაჩერა მან, - ლილია ... დამშვიდდი. რატომ ღელავ?
მე სხეული მიკანკალებდა. თეთრად დათენებული ღამე სახეზე მეხატა. ეს ჩემთვის დიდი რამე იყო.
ის, რასთან შეჭიდებასაც კიტი მთხოვდა, ეს ჩემთვის .. და მაშინ, იმ დროში, ნებისმიერი ჩვენგანისთვის მეტისმეტი იყო.
-თვალები დახუჭე, - მითხრა მან. გრძელი ფეხები შეკეცა და ჩემს პირისპირ, ბალახზე ჩამოჯდა, - მიდი, დახუჭე, ნუ გეშინია.
მე ცოტა ხანს გაოცებული მივჩერებოდი. საკუთარ გულისცემას მთელს სხეულში ვგრძნობდი. ყველა უჯრედი მიფეთქავდა, თმა კი მღელვარებისგან ყალყზე დამდგომოდა.
თვალები დავხუჭე და კიტის მივენდე. სიშავეში ჩაკარგულს, თვალწინ არაფერი მედგა.
-წარმოიდგინე ის, რაც ბოლოს ნახე, - მისი მელოდიური ხმა მამშვიდებდა, - მაგალითად, ჩემი წაბლისფერი ულაყი. წარმოიდგინე, თავისი მოხდენილი ფლოქვებით შენკენ როგორ მოირხევა.
მე ვცდილობდი. მთელი გულით ვცდილობდი, რომ მისთვის და საკუთარი თავისთვის იმედები არ გამეცრუებინა.
ვიცოდი, კიტი ჩემში რაღაცას ხედავდა. რაღაც პატარა, მბჟუტავ ნაპერწკალს, რომელზეც ფიქრობდა, რომ გაღვივებად ღირდა და ამაში არ ცდებოდა.
-ახლა წარმოიდგინე, რომ მხედარი შენ ხარ. - თქვა მან და გაჩუმდა.
ჩემს წარმოსახვაში, სადაც წაბლისფერი ჩემკენ მოაბიჯებდა, მასზე კი მე ვიჯექი, მკვეთრად არაფერი ჩანდა. კონტურები გადღაბნილიყო, ჩემი სახე კი არ განირჩეოდა. თუმცა ვიცოდი .. ის ხომ მაინც ვიცოდი, რომ მასზე მე ვიჯექი. მნიშვნელოვანი მხოლოდ ეს იყო.
თვალები გახარებულმა გავახილე.
-წარმოვიდგინე, - ვუთხარი კიტის, რომელიც მომლოდინედ შემომცქეროდა.
-ისევ დახუჭე, - გაიცინა მან. მე ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და ვცადე მოვდუნებულიყავი, - მითხარი, რაზე ოცნებობ? - მკითხა კიტიმ.
-არ ვიცი ... - წამოვიყვირე, ხმა არ მემორჩილებოდა, - მე ... მე არ ვიცი!
-იფიქრე, ლილია, არსად გვეჩქარება, - მისი სიმშვიდე გადამდები იყო, - მითხარი, რა განიჭებს სიამოვნებას? იმის იქით, რაც ბავშვობიდან იცი, რომ უნდა გსიამოვნებდეს. მეჯლისები, კაბები და კაცები ... ეს გასაგებია. მაგრამ მათ მიღმა რაღაც ხომ არის, ის, რაზეც არასდროს გიფიქრია. ის, რაც სიხარულს გგვრის .. სადაც იმაზე ნამდვილი ხარ, ვიდრე ოდესმე.
კიტი გაჩუმდა. მე ემოცია სხეულზე ტალღებად მეხეთქებოდა და ტირილი მინდებოდა. ჩემი გულის ყველაზე ბნელ კუნჭულამდე ჩაღწეულს, სუნთქვა მეკვროდა და ვცახცახებდი.
ახლაც, დიდი ხნის შემდეგ, ამის გახსენება ჟრუანტელს მგვრის.
-მე ჩემს თავს ვხედავ, - ვთქვი მაშინ, როცა რამდენიმე წუთიანი დუმილისა და ბევრი მცდელობის შემდეგ, ჩამოწოლილ სიბნელეში რაღაც გამოიკვეთა, - ხელში რაღაც მიჭირავს.
-რა? - მკითხა მან მომლოდინედ, - რა გიჭირავს?
-მე აქ ვდგავარ , - შევკრთი, როცა გარემო ვიცანი, - ამ მინდორში. გრძელ სახელოებიანი, გრძელი, შავი კაბა მაცვია. ხელში კი წიგნი მიჭირავს. - ვთქვი და გავჩუმდი.
გულისრევის შეგრძნება მომწოლოდა. სხეულზე ჭიანჭველები დამდიოდნენ. კანი მეწვოდა და ყელში ბურთი გამჩხეროდა.
-წიგნი? რა წიგნი?
მე ვერაფერს ვხედავდი. მთელი ძალით ვცდილობდი, რამე გამერჩია. ჩემი გულის კუნჭულის ამოძახილი, რომელზეც ისე ვიცნებობდი, რომ ამ სამყაროს ამაოებაში ჩაკარგულს, სხვის აზრებში პურის მარცვლებივით გაბნეულს, არც არასდროს გამიაზრებია.
-წიგნი, რომელიც მე დავწერე, - წამოვიყვირე მე, - სქელი, ტყავის ყდა აქვს, რომელზეც ჩემი სახელი წერია! წიგნი დავწერე! - თვალები გავახილე და ფეხზე დაფეთებული წამოვხტი, შუბლი ოფლით დამნამვოდა, - სუყვარულზეა, კიტი! რომანი დავწერე! მწერალი ვარ, ჩემს ოცნებებში, კიტი, მწერალი ვარ! - ვყვიროდი და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა. არასდროს მეგონა, თუ ასეთი მძაფრი ემოციის განცდა საერთოდ შესაძლებელი იყო. მე ვკანკალებდი.
კიტიც წამოდგა, ხმამაღლა იცინოდა და ჩემი სიხარულით ხარობდა. ისეთი ნამდვილი იყო, ისეთი სათნო. იმ გოგოს აღარ ჰგავდა, რომელთან მიახლოებაც მაშინებდა.
იმ წამს, ის ჩემთვის ყველაზე ახლობელი იყო. დაზე უფრო ახლობელიც.
ჩემი ოცნებები მომაგონდა, დახეულ ზეწრებში გამოხვეული პატარა ლილიასი, სადაც კიტის საკუთარ დად წარმოვიდგენდი და მასთან ერთად მინდორში დავხტუნავდი.
“ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგიძლია, ნამდვილია.” - ექოდ გაისმა ჩემს გონებაში.
-მითხარი, ბედნიერი ხარ? - მკითხა კიტიმ.
-ბედნიერი ვარ, ბედნიერი! - ვყვიროდი მე და წრეზე ვხტუნავდი, - სული სიხარულით მევსება. ისეთი სიხარულით, როგორიც აქამდე არასდროს შემიგრძვნია.
კიტის გარშემო დავრბოდი, სიხარულის ცრემლები სახეს მისველებდა. მეგონა, ფრთებს გამოვისხამდი და მაღლა ავფრინდებოდი.
ნეტავ, მას შემდეგ რაიმე მსგავსი, ამასთან მიახლოებული მაინც თუ შემიგრძვნია ... ვფიქრობ, არა, რადგან არაფერია საკუთარ თავში გამორკვევაზე უფრო საკვირველი და სასიამოვნო.
აგონიაში ვიყავი, როცა შევამჩნიე, როგორ შეეცვალა სახე კიტის. მოიღუშა. ზღვასავით კამკამა თვალებში ნაღველი ჩაუდგა და მოწყვეტით დაეშვა სურნელოვან ბალახზე.
შემეშინდა. მისი განწყობა ერთიანად ამობრუნდა.
-რა მოგივიდა? - ვკითხე შეშინებულმა.
ცოტა ხანს არაფერი უთქვამს. სახეზე მომშტერებოდა. მე გული დამიმძიმდა, ჩემში რაღაც ძალიან ბნელის შემოსვლა ვიგრძენი.
-როგორ გგონია, - დაიწყო მან, - ოცნებას აიხდენ, თუ იმ გზას გაჰყვები, რომელსაც გთავაზობენ? მითხარი, გამოცდი იმ სიყვარულს რომელზეც წერ, თუ საქმროს დედაჩემი შეგირჩევს, ლამაზად შეგიფუთავს და ისე გაგაყოლებს, იმის საშუალებაც არ დაგიტოვებს, რომ გაიცნო, - კიტი ტონს უწევდა, - და დავუშვათ გამოსცადე. შეგიყვარდა ეს შენი ქმარი. მითხარი, ამ სამყაროში რომელშიც ვცხოვრობთ, შენ ... ქალს ... იმის უფლებას მოგცემენ, რომ წიგნი გამოსცე? დავუშვათ, გამოეცი, გგონია შენი სახელით დაიბეჭდება? კარგი, ისიც დავუშვათ, რომ დაიბეჭდა. გგონია, წიგნს, ქალის ავტორობით, ვინმე წაიკითხავს? - ის უკვე ყვიროდა, - და რომც წაიკითხონ და გადაირიონ, გგონია აღიარებენ, რომ ამ სამყაროში ქალს ცოლობის გარდა სხვა რამეც შეუძლია? - კიტი ფეხზე წამოხტა. ემოციას ვეღარ იტევდა. ბრაზისგან სული ელეოდა, - და თუ ძალიან გინდა, თუ ამისთვის ცხოვრობ, რომ წერდე .. მითხარი, დათანხმდები იმას, რასაც გთავაზობენ? ლილია, იპოვი გზას, რომ ამ ლაბირინთიდან გამოძვრე, თუ იმ არსებობაში ჩალპები, რომელიც არასდროს გითხოვია...ხომ გინდა, გრძნობდე, რომ ცოცხალი ხარ ... და მე? მე რა მექნება, თუ იმაზე ვიფიქრებ, მშობლები და და-ძმები არ გავანაწყენო მეთქი. მე რა მექნება, ლილია, თუ იმისთვის არ ვიბრძოლებ, რისიც მჯერა ... სხვა როგორ დავადანაშაულო, თუ სიმართლის მხარეს თვითონ არ დავდგები ... შენ რა, გგონია, ელენეს ის ცხოვრება მართლა უნდა, რომელსაც გიორგი იაშვილი სთავაზობს? მან უბრალოდ არ იცის, რომ ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეუძლია, ნამდვილია!
მე მახსოვს, როგორ ვუსმენდი კიტის.
მისი ემოცია გადმომდებოდა და ამ სამყაროზე ჩემს სიცოცხლეში პირველად ვბრაზობდი. ეს ბრაზი იმხელა იყო, ჩემში ისე სწრაფად გაედგა ფესვები ... იმ წამს პირველად მივხვდი, რას გრძნობდა კიტი მაშინ, როცა საკუთარი იდეების სადარაჯოზე იდგა.
ვბრაზობდი და იმ ოცნებას მივტიროდი, რომელიც სულ ახლახანს აღმომეჩინა. ოცნებას, რომელმაც ჯერ აღმაფრენა შემაგრძნობინა, მერე კი მიწაზე დამანარცხა.
მე ყოველთვის ვწერდი.
რაც თავი მახსოვდა, სამელნე და ქაღალდები ჩამებღუჯა და რაღაცას ვჯღაბნიდი. ეს მხოლოდ ჩემთვის იყო. არასოდეს მიფიქრია, რომ შემეძლო ხალხისთვის მეწერა. ეს რომ დამეშვა, საკუთარი თავის იოტისოდენა რწმენა მაინც უნდა მქონოდა, რაც ცხადია, არ მქონია მანამ, სანამ კიტის არ შევხვდი.
მე ის ოცნება გამოვიგლოვე, რომლის არსებობაზეც აქამდე არა ვიცოდი რა. ძრწოლას ავეტანე.
ის ცეცხლი მწვავდა, რომელიც ჩემში კიტიმ გააღვივა. გულმკერდში მის სიმხურვალეს ვგრძნობდი , ყელში ბურთი გამჩხეროდა.
იმ წამსაც კი, როცა მინდორში შეძრწუნებული ვიდექი, კიტის მივჩერებოდი და საკუთარ ზმანებას ცრემლით ვალპობდი, ერთი წუთითაც არ მდომებია იმ რეალობაში დაბრუნება, სადაც მე არ ვიცოდი, რა მსურდა.
ახლა, როცა ყავას ვწრუპავ, ფრანგულ კრუასანს შევექცევი და ჩემი პირველი წიგნის სქელ, ტყავის ყდას ჩუმად ვეფერები, მისი მადლიერი ვარ. ამ წამს და ყველა დანარჩენ წამებს, მე მადლიერი ვარ გოგოსი, რომელმაც შემქმნა.



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

ჩვეულებრივი მედიტაცია ჩაუტარა ???? ვაფრენ კიტიზე კიდე ერთხელ ვიტყვი . I’m in loveee !!!!

 


№2  offline წევრი Ketevann

სტუმარი ლიკა
ჩვეულებრივი მედიტაცია ჩაუტარა ???? ვაფრენ კიტიზე კიდე ერთხელ ვიტყვი . I’m in loveee !!!!


heart_eyes ძალიან, ძალიან, ძალიან მიხარია :) !

 


№3 სტუმარი სტუმარი Maia

Rogor velodebodi lilia nelnela gons modis. Dzalian sasiamovno wasakitxavia moutmenlad velodebi

 


№4  offline წევრი Ketevann

სტუმარი Maia
Rogor velodebodi lilia nelnela gons modis. Dzalian sasiamovno wasakitxavia moutmenlad velodebi


kissing_heart kissing_heart დიდი მადლობა

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგი იყო. ოცნებებისთვის ყოველყვის ღირს ბრძოლა???? წარმატებები

 


№6  offline წევრი Ketevann

სტუმარი მარიამი
ძალიან კარგი იყო. ოცნებებისთვის ყოველყვის ღირს ბრძოლა???? წარმატებები


ნამდვილად ასეა heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი Nata

ძალიან კარგი საკითხავია, კარგად წერ, თავიდან მეგონა რაღაცა ბრიჯერტონის მსგავსი იქნებოდა მაგრამ არც კი შევადარებ, ძალიან კარგია. რაღაცა იქეთკენ მიდის საქმე კიტის პერსონაჟს კარგი დასასრული არ უწერია და ძალიან დამწყდება გული ეგ ველური გოგო თავისი თავის რეალიზებას ვერ მოახდენს.

 


№8 სტუმარი სტუმარი ანი

გაგიჟებული ვარ, ჯერ ხო საოცრად წერ ანუ ისე სასიამოვნოდ იკითხება რო აქამდე სად იყავი მართლა მაინტერესებს?? ზემოთ დაწერეს ბრიჯერტონის მაგავსი მეგონაო და მეც მაგ აზრზე ვიყავი და ხოტა მობეზრებული მქონდა ეს ლამაზი ისტორიები მაგრამ !!!! მაგრამ !!!! სულ სხვა რამე დამხვდა და მთხრობელის გარდატეხა არის საოცარი . მნიშვნელოვანია როგორ გავლენას ახდენენ ჩვენზე ადამიანები რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში ვუშვებთ
აღფრთოვანებული ვარ

 


№9  offline წევრი Ketevann

სტუმარი Nata
ძალიან კარგი საკითხავია, კარგად წერ, თავიდან მეგონა რაღაცა ბრიჯერტონის მსგავსი იქნებოდა მაგრამ არც კი შევადარებ, ძალიან კარგია. რაღაცა იქეთკენ მიდის საქმე კიტის პერსონაჟს კარგი დასასრული არ უწერია და ძალიან დამწყდება გული ეგ ველური გოგო თავისი თავის რეალიზებას ვერ მოახდენს.


ჩემო კარგო, დიდი მადლობა, მიხარია თუ იმედები სასიამოვნოდ გაგიცრუვდათ:)

სტუმარი ანი
გაგიჟებული ვარ, ჯერ ხო საოცრად წერ ანუ ისე სასიამოვნოდ იკითხება რო აქამდე სად იყავი მართლა მაინტერესებს?? ზემოთ დაწერეს ბრიჯერტონის მაგავსი მეგონაო და მეც მაგ აზრზე ვიყავი და ხოტა მობეზრებული მქონდა ეს ლამაზი ისტორიები მაგრამ !!!! მაგრამ !!!! სულ სხვა რამე დამხვდა და მთხრობელის გარდატეხა არის საოცარი . მნიშვნელოვანია როგორ გავლენას ახდენენ ჩვენზე ადამიანები რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში ვუშვებთ
აღფრთოვანებული ვარ


კი, ამიტომ მინდა რომ ლილიას პერსონაჟიც ისე გიყვარდეთ, როგორც მე მიყვარს heart_eyes დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent