მე - ორი [ სრულად ]
მთელი ცხოვრება გავლიე იმ გრძნობასთან ერთად, რომელსაც სიცარიელე ჰქვია. დიახ, სიცარიელეც გრძნობაა, სისავსესთან ერთად. როდესაც გვამი არსებობს და დააბიჯებს ქუჩებში, მას კი თან დაჰყვება სიცოცხლის აყროლებული სუნი, როგორც სამარშრუტო ტაქსიში უკანა სავარძელზე მჯდომ მოხუც ქალბატონს, რომელმაც იაფფასიანი სუნამოს ნახევარ ფლაკონში იბანავა… ვერ ვიტყვი, რომ არაფერი მაკლდა, თუმცა არსებობისთვის და ფუნქციონირებისთვის ნამდვილად საკმარისი იყო. მშობლები, ძმა, დეიდები, ბიძები… ჭერი, საკვები, განათლება… თუმცა ეს მახრჩობელა გველივით კისერზე შემოხვეული ვეებერთელა მარტოობა არასოდეს მტოვებდა. სარკეში ვიყურებოდი და სხვას ვხედავდი. ეს სხვაც ისეთივე ცხოვრებაზე გაბოროტებული, ათას ჭირ-ვარამ გამოვლილი იყო, როგორც მე. მაგრამ მაინც სხვა იყო. არა მე. მაისის უმშვენიერესი, თბილი დღე იდგა. კვირტებაფეთქებული ტოტები ნიავის ზომიერ ტალღებს ხალისით ეთამაშებოდნენ და გაზაფხულის საოცარ, მათრობელა სურნელში ახვევდნენ სკვერის სტუმრებს. მერე, რა, რომ სკვერი ქალაქის ცენტრში იყო და ირგვლივ მანქანების კუპრივით შავი კვამლი შემოჰკვროდა. ის მაინც უდაბნოში მყოფ ღვთაებრივ ოაზისს მოგაგონებდათ. ოდნავ მორყეულ, გრძელ ხის სკამზე ვიჯექი და ლექსოს ველოდებოდი. განსაკუთრებით მიყვარდა თბილისი ამ დროს. სხვადასხვა არომატი ტრიალებდა ქალაქში, სხვადასხვა ჯურის ადამიანები ნელ-ნელა იყრიდნენ თავს დედაქალაქში და ამრავალფეროვნებდნენ მას. თუმცა ჯერ კიდევ არ იყო ხალხმრავლობა და ქალაქით ტკბობა ძვირადღირებული კონიაკის დაგემოვნებას ჰგავდა. ქართული სული, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი ინგრედიენტი იყო, ჰაერშივე იგრძნობოდა და თუ გულისყურით მოუსმენდით, წინაპრების ჩურჩულსაც გაიგონებდით, რომელიც ნიავს მოჰყვებოდა. ნეტავ, რას იტყოდა ვახტანგი, ამჟამინდელი თბილისი რომ ენახა? ფიქრებს ჩემს გონებაში შემგლისფერებური ღრუბლებივით მოეყარათ თავი და ნერვების დასამშვიდებლად ღერს ღერზე ვეწეოდი, ლექსო კი აგვიანებდა. გავიდა ხუთი, ათი, თხუთმეტი წუთი, ის კი არა და არ ჩანდა. შფოთვა შემიძვრა კანქვეშ და ასკინკილის თამაში დაიწყო. ათასმა ფიქრმა ერთდროულად შემიპყრო და ავწრიალდი. მას არ ჩვეოდა დაგვიანება, მეტისმეტად პედანტური ბუნება ჰქონდა და პერფექციონისტი იყო. ისე იქცეოდა, თითქოს, სამყაროს კანონზომიერება დაირღვეოდა, ერთი წუთითაც რომ გადაეცილებინა დათქმული დროისთვის. მახსოვს, ერთხელ, წყლის მილი გაუსკდა და იძულებული გახდა შეყოვნებულიყო, დააგვიანა ჩვენს პაემანზე და იმ საღამოს ყოველ ხუთ წუთში მიბოდიშებდა. სკვერში ხალხმრავლობა იყო, ბავშვების რაოდენობაც საკმარისზე მეტი და ერთად აყრუებდნენ ისინი არემარეს. თვალებს გამალებით ვაცეცებდი, რათა ლექსო ამომეცნო ვინმეში, თუმცა იგი არსად იყო. ნელ-ნელა ცამ კოპები შეკრა და ნარნარა ნიავი გოროზმა ქარმა ჩაანაცვლა. აირეკლა, თითქოს, ზეცამ ჩემი განწყობა და მხარდაჭერა გამომიცხადა. ზარი კი გადიოდა. მესიჯები უპასუხოდ რჩებოდა. დრო ნელა, მაგრამ უდრეკად მიიზლაზნებოდა და ყოველი წამი კანს მიწვავდა მოუთმენლობისგან. შიშმა ბორკილები დამადო და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. “ნუთუ, რამე დაემართა? ავარია? ჩხუბი? დაჭრეს? გულის შეტევა?” ათასი ფიქრი ერთდროულად არბევდა ჩემს შინაგან სამყაროში ძლივძლივობით დამკვიდრებულ სიმშვიდეს. მან კი პირველივე შეტევისას არ დააყოვნა და უბრალოდ, აორთქლდა. ყველანაირი საზარელი სცენარი წარმოვიდგინე გონებაში, რომელიც ისედაც დაღლილი იყო ჩემი ყოვედღიურობის სისასტიკისგან. გული ყელში მომებჯინა, წინ და უკან დავდიოდი და ხალხის ყურადღება მივიპყრე. ალბათ, იფიქრეს - გიჟიაო, როგორც სჩვევიათ ხოლმე, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? ქართული სული და ქართული საზოგადოება, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, არ მოდიოდნენ თანხვედრაში. აქ განსჯა, გაკიცხვა და გაქილიკება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. როცა ყველა ემოცია ერთდროულად მოასკდა ჩემს ვენებს, გადავწყვიტე ლექსოს მეგობრისთვის დამერეკა. ერთად მუშაობდნენ, დიდ დროს ატარებდნენ სამსახურსგარეთაც და ერთადერთი, ვისაც შეიძლება სცოდნოდა - რა მოხდა, იყო რომა. - რომა, როგორ ხარ? - აშკარად მეტყობოდა ნერვიულობა, თუმცა მან, როგორც სჩანს, ვერ შეამჩნია. - კარგად, ნიკე, შენ? - მხიარული ტონით მიპასუხა. - მისმინე, ლექსოს ვერ ვუკავშირდები და რამე ჰო არ იცი? - დღეს ველაპარაკე, რავი. ვროძე, ყველაფერი კარგად იყო. - ლამის დავინახე მხრები როგორ აიჩეჩა. - ვაფშე, არ გპასუხობს? - ჰო, ზარი გადის და არ მპასუხობს. მესიჯებს არ ხსნის. იქნებ, შენ სცადო კიდევ დარეკვა? - კაი, ნუ ნერვიულობ. დავრეკავ ახლა. - მადლობა. ის ორწუთნახევარი საუკუნეებს უდრიდა. “რატომ არ რეკავს? ნუთუ, ამბის გაგება ამდენად დიდხანს გრძელდება?” ლოგიკას მოკლებული ფიქრები იშანთებოდნენ ჩემს ტვინში და მაშინ სულაც არ ვთვლიდი, რომ სულელური იყო. “გაწვიმებამდელი” სურნელი მოელამუნა ჩემი ცხვირის ნესტოებს. ასე ვეძახდი სუნს, რომელიც წვიმის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გვამცნობდა ცის ატირებას. მობილურის ეკრანი განათდა და ლექსოს სახელი რომ დავინახე, თვალებიც გამინათდა. ნაჩქარევად ვუპასუხე. - ალექსანდრე, რა ხდება? ხო მშვიდობაა? რატო არ მპასუხობდი? - ვლუღლუღებდი მე. - ნამუსი მართლა არ გაწუხებს, ასე რომ მელაპარაკები? - ხმა უფრო მეტად დაბოხებოდა ჩემს ლექსოს. - რა? რას ბოდავ? - აგრესიამ და შეცბუნებამ უეცრად დუეტში დაიწყეს მოქმედება, რამაც ჩემივე გაოცება გამოიწვია. - კიდე მე ვბოდავ, გოგო? - ცოტაღა აკლდა ღრიალს. - რა გაყვირებს, ნორმალურად ლაპარაკი არ იცი?! - ტონს მეც ავუწიე. - შენ გგონია, რომ ნორმალური ლაპარაკის ღირსი ხარ? - ლექსო ჭკუიდან არ გადამიყვანო, ინანებ იცოდე! - კბილებს შორის გამოვცერი. - შენთან ყოფნა უკვე სანანებელი გამიხადე, ნიკე! - კიდევ ერთხელ გეკითხები, რას ბოდავ? - ჩუმ კივილში გადამეზარდა უკვე საუბარი. მთელი სხეული მიცახცახებდა ბრაზისგან. - იმ *ლის მერე ჩემთან რომ მოხვედი, მაშინაც მე ვბოდავდი? - სინანულის ნოტები ისმოდა მის ხმაში. - ბატონო?! - სახტად დავრჩი. ურცხვად მწამებდა ცილს ჩემი ლექსო. - ვინ *ლის? რას ამბობ? წესიერად ამიხსენი! - ცივი გონების შენარჩუნებას ვცდილობდი. - ვინ *ლის? აჰაა, სულელი გოგოს როლის მორგებაც გცოდნია, არ ვიცოდი! - საზიზღრად ჩაეცინა. - ლექსო! - აჰა! მერე რომ პრეტენზია არ გაგიჩნდეს, საიდან მოთხარეო. - ეს წინადადება ამოფურთხებას უფრო ჰგავდა, ვიდრე საუბარს. მრისხანებისგან სახეზე სისხლძარღვები დამებერა, თუმცა პასუხი და ამონთხევა ვერ მოვასწარი - გამითიშა. გადარეკვას ვაპირებდი, როცა მისგან მესიჯი მომივიდა. ფოტო. “სელფი”. ვიღაც კაცი და… ნახევრად შიშველი მე. ცივმა ოფლმა დამასხა. თავბრუ დამეხვა და წონასწორობა ვერ შევინარჩუნე. მოწყვეტით დავეცი და ტელეფონი ხელიდან გამივარდა. “ეს რა არის? ეს ვინ არის? რა ხდება? რატომ ვარ შიშველი? ეს ტიპი ვინაა? რა ხდება? რა ხდება? რა ხდება?” ღრმად ვსუნთქავდი. იმდენად ღრმად, რომ ლამის, ბუნებამ პრეტენზია გამოთქვა - სხვის წილ ჰაერს ისუნთქავო. არ მინდოდა მიმეღო ის ინფორმაცია, რაც გონებამ აღიქვა. პირველ, უარყოფის სტადიაზე ვიყავი. ეს მე ვერ შემემთხვეოდა, ნუთუ მართლა მე ვარ. არა, ეს შეუძლებელია… ადამიანებს ზოგჯერ არ სჯერათ იმის, რასაც ნათლად ხედავენ და ჯიუტად დგანან ბრმა პოზიციაზე. ფეხს არ იცვლიან და არაფერს აკეთებენ. შუაში არიან გაჩხერილნი. თუმცა ზოგჯერ ადამიანს თვალიც ატყუებს… სიცარიელე და სისავსე ერთდროულად დაეძგერა ჩემს რაობას და დერეალიზაცია დამემართა. ვცდილობდი გონებაში აღმედგინა ბოლოდროინდელი წარსული, თუმცა აშკარად ვიცოდი, რომ ადამიანი, რომელიც ფოტოზე იყო გამოსახული - არასოდეს მინახავს. საიდან მოვიდა ეს ფოტო? ფოტოშოპია? ვის დასჭირდა ამის გაკეთება? წარმოდგენაც არ მქონდა - რამდენი ხანი ვიჯექი გაუნძრევლად და დავცქეროდი ორიოდე მეტრში დავარდნილ ტელეფონს. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როცა მხარზე შეხება ვიგრძენი. შევკრთი და ზემოთ ავიხედე. ჩვიდმეტი ან თვრამეტიოდე წლის ბიჭი დამყურებდა. მე კი სახეზე, ალბათ, შიში გამომესახა. - ვოუ, ვოუ, ნუ გეშინია! არაფერს გავნებ! დღეა, მზეა, ხალხია… - თავი იმართლა თითქოს. - დახმარება მინდა შენი. ხუთი წუთია უკვე ეგრე ზიხარ და… ჰეი, კარგად ხარ? - თვალები დაუმრგვალდა. - ა? - ცხვირიდან სისხლი გდის! - თქვა და თავის უზარმაზარ ზურგჩანთაში დაიწყო ქექვა. უამრავი რამ ამოალაგა, სანამ ხელსახოცს მიაგნო. - აჰა! სასწრაფოს გამოვუძახო? - არა. - დარწმუნებული ხარ? - კი. - ნამდვილად? - კი-მეთქი. - ხელსახოცი ცხვირზე მივიდე და თავი უკან გადავწიე. - არა, არ ქნა ეგრე. თავი სწორად გეჭიროს ჯობია. - მთელი ცხოვრებაა ასე ვაკეთებ. - ყრუდ ვუპასუხე. - ხოდა, არასწორია. - შენ რა იყო, ექიმი ხარ? - პირველ კურსზე ვარ. - სამედიცინოს? - თითქოს, წამით დამავიწყდა ჩემი გასაჭირი. - ჰო. - შარიანი ხარ, ვიღაცა ხარ. - რა პონტში? - თავს მო’იკლავ და მე დამაბრალებ. - ხელი ავუქნიე. - საიდან მოიტანე? - წარბი ასწია. - აბა, თავისი ნებით სამედიცინოზე ვინ მიდის? - რატო, ტო? - ეცინებოდა. - ეს “ტო” გაკლდა, რა! - რა არ მოგწონს, სიმონ? - მიხვდა, რომ ნორმალურად ვიყავი და საფრთხე არ მემუქრებოდა. ოდნავი მოდუნება შევატყვე. - ბოლობოლო “ტო”, “სიმონ” თუ “ძამა”? - მეც გამეცინა. - რა იქნა, ჯო, და! - ხმამაღლა გადავიხარხარე და კიდევ ერთი კაპილარი მიჰყვა აწ უკვე გამსკდარს. ვიქტორია და ანხელი მიმიქარავს ისეთი ნაკადით წამოვიდა თბილი, წითელი სითხე ჩემი ცხვირიდან. - პახოდუ, შარიანი შენ ხარ. - თავი გააქნია, როცა როგორც იქნა სისხლდენა შემიწყდა. - კი. - ჰოდა? - რა ჰოდა? - რატო იჯექი ასე? - ამ კითხვის შემდეგ გულმკერდის ღრუში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. - უბრალოდ. - ხმა მომენტალურად ჩამეხლიჩა. - იცი, სამედიცინოს რომელი განხრა მაინტერესებს? - სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა. - აბა? - ფსიქიატრია. - ხომ ვთქვი, ვერ არის-მეთქი. - ჩემთვის ჩავიბურტყუნე. - არც შენ ჰგავხარ დალაგებულს. ჰოდა, შეგიძლია გამიზიარო რა გაწუხებს. ჩემი პირველი პაციენტი იქნები. - გაიკრიჭა. - შვილო, იმდენი ფსიქიატრი და სტაციონარი მაქვს მოვლილი, ორივე ხელი არ გეყოფა დასათვლელად. - წავკბინე. - ხოდა, ვერც ერთმა რომ ვერ გიშველა, კიდევ უნდა სცადო! - თითქოს, გაუხარდა კიდეც. - არ მინდა. - და მოიცა, რა შვილო, ტო! რამდენი წლის ხარ? - აღშფოთება დაეტყო სახეზე. - ბებერი ვარ, გენაცვა. - სკამის საზურგეს მივებჯინე. - მაინც? - ოცდაექვსი. - უი, ბოდიში, დეიდა! - აცუნდრუკდა და ხელები გაასავსავა. - არაუშავს, დეი, შემდეგისთვის გაითვალისწინე! - ორივემ გულიანად გადავიხარხარეთ და დუმილმა დაისადგურა ჩვენ შორის. ალბათ, სამიოდე წუთი გაგრძელდა ეს დუმილი, მე კი შფოთვამ მსწრაფლ შემომახვია ტკივილნარევი გაუგებრობის ნაბადი და სხეულის ყველა კუნთი ერთიანად შემეკუმშა. “რა ჯანდაბა ხდება?” გაბზარული ტელეფონი ხელში ავიღე და იმედი მქონდა, რომ რაც ვნახე, უბრალოდ, სიზმარი იყო და მეტი არაფერი. ჰალუცინაცია და ჩემი ლექსო ისევ ჩემი იყო. რომ ეს არ მომხდარა, რომ ეს ჩემი გონების ხუმრობა იყო, რომ… რომ… რომ… განვბლოკე თუ არა ეკრანი, მომენტალურად შემეფეთა ფოტო, რომელზეც მე ვიყავი და რომელიც მე არ გადამიღია. გაქვავებული ვუმზერდი მას და ვგრძნობდი წნევა როგორ მაწვებოდა თვალებში. ნელ-ნელა ორი სფეროსებრი მლაშე სითხით ამევსო და თავი ვეღარ შევიკავე. ვუმზერდი ამაზრზენ ფოტოს და გულამოსკვნილი ვტიროდი. სასოწარკვეთამ გაუვალი ნისლივით მომიცვა და გაურკვევლობის უსიერ ტყეში ამომაყოფინა თავი. რატომ? რა არის ეს? რატომ? მხრებზე მოხვეული ხელიდან წამოსული სითბო ვიგრძენი და თავი რაღაც მყარს მივაბჯინე. გულისცემა ერთვოდა თან. მშვიდი, აუჩქარებელი გულისცემა და მეც ისტერიკიდან გამოსასვლელი გზა მისი წყალობით ვიპოვე. - ინტიმური ფოტოს გავრცელებით გაშანტაჟებენ? - მკითხა, როცა გონს მოვედი. - არა! - ლამის, ვიკივლე მე. - ეს მე არ ვარ! - მივუთითე ტელეფონზე, რომელიც ხელში ეჭირა. ჯერ მე შემომხედა, მერე ფოტოს და ასე რამდენჯერმე. - არ გჯერა, ჰო? - ყბები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს. - სიმართლე გითხრა, რთული დასაჯერებელია. - ღმერთებო გადმომხედეთ! - ვთქვი და იმედგაცრუების უზარმაზარმა ტალღამ ჩემი სიმტკიცის კლდე ჩამოანგრია. - მართლა არ ხარ? - ეჭვნარევი ხმით მკითხა. - არა! - ამას ხედავ? - სკამზე დადებულ დიდ ფოტოაპარატზე მიმითითა. - მერე? - ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული. - ჯეკპოტი მოვიგე. - ისტერიკულად გამეცინა. - გადმომიგზავნე ეს ფოტო. - მშვიდად მითხრა. - ჩემს ფეიქ ვერსიაზე რომ ჩამოკრა? - ბრაზისგან ანთებული თვალებით შევხედე. - შენზე ჩამოკვრა რომ მომინდეს, ისე გადაგიღებ რეალურ ფოტოს გონზე ვერ მოხვალ. - სიგარეტი გამომიწოდა, როცა შეამჩნია, რომ მე დამიმთავრდა. - რაში გჭირდება? - ამოვისრუტუნე. - რაღაცები გამეგება ფოტოგრაფიაში და თუ ეს მართლა არ ხარ შენ, ამას გავარკვევ. - შენ… შენ ასეთები გეხერხება? - თურმე იმედის ნაპერწკალი ბოლომდე არ ჩამქრალა. - პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ვეცდები. - შემომხედა და ფართოდ გამიღიმა. - რა გქვია? - უხერხულად ვკითხე. - ოჰ, გაგვახსენდა, რომ ერთმანეთის სახელები არ ვიცით? - ჩაიხითხითა. - ნუ მიშლი ნერვებს, ბავშვო და მითხარი შენი სახელი. - საჩვენებელი თითი ავწიე და სახესთან დავუტრიალე. - კაი, კაი, ბებერო დეიდა, ოღონდ არ დამტუქსო! - ვინაა ბიჭო ბებერი?! - შენ არ თქვი, ბებერი ვარო? - მერე, შენ არ იცი, რომ ქალს ეგეთი რამე არ უნდა უთხრა? - მე ხო ბავშვი ვარ, საიდან უნდა ვიცოდე? - თქვა და თავი მოისაწყლა. - შრეკის კატამდე ბევრი გაკლია კიდევ. - ჩავიფრუტუნე. - ვუა, მოხუცებმა დაჟე შრეკი იცით? - ისეთი გაწიწმატებული მივუბრუნდი, რომ მომენტალურად სცადა სიტუაციის განმუხტვა. - კაი, კაი, დეი, რაო რა თქვი რა მქვიაო? - ნიკე. - ვთქვი თუ არა, ჯერ გაწითლდა, მერე ლოყები დაებერა და ფხუკუნი აუტყდა. - რა ვთქვი სასაცილო? - წამოვხტი მე. - შენ რა გქვია ერთი, ასე რომ დასცინი ჩემს სახელს ? - ნი… კა… - თქვა თუ არა, მის ბავშვურ ჭკუას გავუგე და მეც მასთან ერთად ვკისკისებდი. ნიკე და ნიკა. რას ინატრებ უკეთესს? … - სად ცხოვრობ? - ვკითხე, როცა მეტროსკენ გზას დავადექით. წვიმის წვეთები სასიამოვნოდ მეცემოდა სახეზე და ცრემლების მიერ გაჭრილ კალაპოტში თამამად მიიკვლევდა გზას. თავით ფეხებამდე გალუმპული ვიყავი. - მარჯანიშვილზე. შენ? - საბურთალო. - მარტო ხარ? - სასხვათაშორისოდ ვკითხე. - კი. - თქვა თუ არა დავიძაბე. შევხედე და ახლაღა შევამჩნიე, რომ სველი მაისური შემოტმასნოდა და მის ნავარჯიშებ სხეულს მკვეთრად აჩენდა. ოდნავ მოგრძო დატალღული თმა სახეზე ეკვროდა, წყლის წვეთები მარცვლებივით ეყარა სხეულზე, ეს პატარა ბიჭი ჟურნალის გარეკანიდან გამოპარულს ჰგავდა. იგი ჩემზე მინიმუმ ერთი თავით მაღალი იყო. უკან დახევის მძაფრი სურვილი გამიჩნდა, უფროსი მე ვიყავი, მაგრამ აშკარად ის ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იყო. - მგონი, ჯობია დავიშალოთ. - ამოვიკნავლე და მეტროს შესასვლელთან გავჩერდი. გვერდულად გამომხედა და სახე დაუსერიოზულდა. - პატარა და მყავს და ძალიან ლამაზი დედა. შენი შიში კი არ მომწონს. ძალადობის მსხვერპლი იყავი? - უნდა წავიდე. - ავწრიალდი და უკან გადავდგი ნაბიჯი. - მე შემიძლია ვცადო შენი დახმარება, მაგრამ ჩემთან ერთად წამოსვლას ვერ და არ დაგაძალებ. - თვალები ჩაუმუქდა. ლამის, კუნაპეტი შავი გახდა მისი ორი სფეროსებრი. ოკეანის ფსკერის სიბნელე აღიბეჭდა მათში… ზურგი მაქცია და მეტროში შევიდა. მისი აუღელვებელი ნაბიჯები და მხრების რიტმული რხევა მამცნობდა, რომ უკან მობრუნებას არ აპირებდა. ერთი წუთი დაველოდე, სანამ თვალს მოეფარებოდა და მეც შევედი. მექანიკურად ვმოძრაობდი, რადგან ზედმეტად დიდი რაოდენობის ინფორმაცია იხარშებოდა ახლა ჩემს არაცნობიერში. ცნობიერად კი მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებდა - გავრისკო თუ არა? მანიაკს არ ჰგავდა, მაგრამ განა, ყველაზე, რასაც ვხედავთ, შეესაბამება რეალობას? იმდენად აქვთ ადამიანებს შეზრდილი ამაზრზენი ნიღაბი, რომ საკუთარ თავებს არათუ კარგავენ, არამედ არც კი იცნობენ. ესკალატორს გამოვცდი და მატარებელიც მაშინვე მოვიდა. საღამოს ექვსი საათი იყო და რა თქმა უნდა, ტრანსპორტში ხალხმრავლობა არ გამიკვირდა. ვაგონს თვალი მოვავლე, რამდენადაც ამის საშუალება მქონდა და ნიკა ვერ შევამჩნიე. ძლივ-ძლივობით ჩავჭიდე ხელი ძელს და ვცდილობდი თავის შეკავებას, როცა წელზე შეხება ვიგრძენი. ოდნავ გავიწიე, მაგრამ ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იყო, ამიტომ თავი უცნობის ხელს ვერ დავაღწიე. სუნთქვა ამიჩქარდა და გულმკერდი საოცარი სისწრაფით ადი-ჩამომდიოდა. ლამის, ჭიასავით ვიკლაკნებოდი, რომ ეს ხელი მომეშორებინა, მაგრამ ამით მხოლოდ გვერდზე მდგომების უკმაყოფილება გამოვიწვიე. უცნობის ხელი კი უკვე ჩემს უკანალზე დათარეშობდა… თვალები ცრემლით მევსებოდა და ტუჩს სისხლამდე ვკბენდი. ჰო, უნდა შევბრუნებულიყავი და ის ხელი იქვე მომეტეხა, უნდა მეყვირა, უნდა მეკივლა, მაგრამ სასოწარკვეთა იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერაფერი გავაკეთე. მოგონებებმა აიტაცეს ეს საზიზღარი ხელების ფათური და იმ დღეს დამაბრუნეს, როცა ადამიანმა, რომელიც მიყვარდა… უეცრად, ხელი მომშორდა და კაცის ღრიალი გავიგონე. ხალხი აჩოჩქოლდა და მეც უნებურად თავი იქეთკენ მივატრიალე. - კიდევ ერთხელ რომ დაგინახო, რომ ამ *ლეობას აკეთებ, მარტო ხელის მოტეხვას არ დავჯერდები, გაიგე, ნაბ*ზარო? - ნიკა იდგა ჩემ უკან და მის წინ ვიღაც კაცი იყო ჩამუხლული. ცალი ხელით მეორეს ეჭიდებოდა და ღმუოდა. ნიკამ მე გადმომხედა და ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი. არაფერი უთქვამს, ზედაც არ მიყურებდა. გულგრილობის მკრთალი არომატი თან ერთვოდა სუნამოს სურნელს. მისკენ შევტრიალდი და შუბლი მის მკერდს მივაბჯინე, ცოტაც და ძალა გამომეცლებოდა. თავისი უზარმაზარი ხელი თავზე დამადო და მთელი გზა თავზე მეფერებოდა. ხალხი აჩოჩქოლდა, უკმაყოფილებას გამოხატავდა, ამართლებდა და ამტყუნებდა - მე კი არაფერი მესმოდა. რა მარტივია განსჯა, როდესაც მთავარი მოქმედი პირი არ ხარ… დატუქსული ბავშვივით გავყევი უკან, როცა მარჯანიშვილზე მოვხვდით. მთელი გზა მის სახლამდე ხმა არ ამოგვიღია. მე კი მრცხვენოდა ნიკას წინაშე, თან არც. პოტენციურ საფრთხეს გავურბოდი, რადგან წინასწარ ვერ განსაზღვრავ ადამიანი ჩაიდენს რაიმეს თუ არა. სამწუხარო რეალობა კი ისაა, სულ რომ წლები ვიყოთ ერთმანეთის გვერდით, სიყვარულს ვეფიცებოდეთ, მაინც არ ვიცით - ვინ რისი გამკეთებელია. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ და ვენდოთ, მაგრამ დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ შავი შავია და თეთრი თეთრი. ილუზიების შექმნა და ამასთანავე, მათი მსხვრევა ადამიანების ყოველდღიური ჰობია, რომელსაც ისეთი აზარტითა და მონდომებით აკეთებენ, რომ ღმერთებს შეშურდებოდათ. … ერთი ჩვეულებრივი, ცხრასართულიანი კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობდა. ზღურბლზე გადავაბიჯე თუ არა, საღებავის სუნმა ცხვირი ამიწვა. ოროთახიანი ბინა იყო. მისაღებში უამრავი პუფი, სხვადასხვა სახის ატრიბუტი და ერთი ფუმფულა სავარძელი იდგა. კუთხეში მინი მაგიდა და ლეპტოპი, რომელიც ანათებდა. მერე შევამჩნიე, რომ ეს ლეპტოპის განათება კი არა, ცალკე განათება იყო, რომელიც ფერს იცვლიდა და კედელზე არსებულ ნახატებს სხვადასხვა ხასიათს სძენდა. აბსტრაქცია, პორტრეტი, პეიზაჟი და ნატურმორტი… რას არ ნახავდით მის კედლებზე. მოხატულ იატაკზევე ეყარა ფუნჯები, საღებავები, ფანქრები და ფოტოები. უამრავი ფოტო, სხვადასხვანაირი. ისევე, როგორც ნახატები. - მაპატიე. - თავი ჩავქინდრე და თითების წვალება დავიწყე. - საპატიებელი არაფერია. - მართლა არ… - მე ისედაც ვიცი, რომ კაი ტიპი ვარ. - შემომხედა და თვალი ჩამიკრა. - ჰო, კაი ტიპი ხარ. და… - ა? - რომ გიჩივლოს? - მიჩივლოს, თვითონვე დაზარალდება. - უდარდელობა მკაფიოდ ისმოდა მის ხმაში. - კი, მაგრამ… - შეჭამ რამეს? - თქვა და სამზარეულოში გავიდა. - ჭამის ხასიათზე ხარ? - თვალები შუბლზე ამივიდა. - შენ არა ? - რავი. - ჰოდა, წამო. მადა ჭამის დროს მოდის! - მრავალფეროვანი ასორტიმენტი გაქვს? - გამეცინა და უკან გავყევი. - რა თქმა უნდა! კარაქიანი პური, ტოსტი, დამწვარი ტოსტი და გახუხული ტოსტი. - ჩამოარაკრაკა თავისი მენიუ. - გახუხული იყოს. - ოჰ, გახუხულსა და დამწვარს შორის ბეწვის ხიდია გასავლელი! - თქვა და ამოიხვნეშა. - ნუ კვნესი, ტოსტერს ვხედავ მანდ. - ვთქვი და სკამზე ჩამოვჯექი. - მკითხე მერე მუშაობს? - აღშფოთდა. - მუშაობს? - კი. - ხოდა, გამიხუხე ტოსტი. - გავიკრიჭე. თვალს ვადევნებდი მის თითოეულ მოძრაობას. მშრალი მაისური გადაიცვა და მეც მიწილადა თავისი ტანსაცმელი. - გოჭივით ჭყავი, რა უბედურებაა. - ბიჭო! - უი, ბოდიში, გოჭი მეტისმეტი ახალგაზრდაა თქვენთვის, ბებო? - თქვა და ტოსტის კეთებას შეუდგა. - ორი საათია გიცნობ და უკვე შენი მოკვლა მინდა. - ორი საათი მხოლოდ და წარმოიდგინე მთელი ცხოვრებაა ვინც მიცნობს, ეგ რა დღეშია! - ბოროტულად გადაიხარხარა, როგორც მულტფილმებშია. - შენა და რამდენი წლის ვარო, რა მითხარი? - ორის! - გაგლახავ. - რა გინდა, ტო, ორის ვარ! - შემობრუნდა და ქვედა ტუჩი ამობურცა. - ნიკოლოზ! - ნიკელოზ! - თქვა და ჩაიხითხითა. - ნუ მეძახი ეგრე. - კაი, ხო, კაი. ოცდაორის ვარ. - მიუბრუნდა ტოსტს და თეფშზე გადმოიღო. - კაი? - მაგიდაზე, ცხვირწინ დამიდო და მუცელი ამიბუყბუყდა. - ორსულად ხარ? - შეიცხადა. - კი, გუშინდელი საჭმელი კომპანიონს ითხოვს. მართლა ოცდაორის ხარ? - რატო გიკვირს? - ჩვიდმეტისას ჰგავხარ. არ მჯერა შენი. - თავი გავაქნიე და მადიანად ჩავკბიჩე. - გინდ გაქაჩე, გინდ გამოქაჩე, მაინც ოცდაორის ვარ. - პირველ კურსზე ვარო, აბა? - ჩავაბარე და აკადემიური ავიღე პირველივეზე, ხოდა ვარ პირველკურსელი. - გაიკრიჭა. - მაინც არ მჯერა. - ანუ ახლა გგონია პასპორტს მოგირბენინებ? - წარბი ასწია და ერთი ლუკმით ნახევარი ტოსტი შესანსლა. - არაა. - მე მაინც ვიზამ! - თქვა და უკანა ჯიბიდან საფულე ამოაძვრინა, საფულედან კი აიდი ბარათი. - აჰა! - აბაა… - თვალები დამიმრგვალდა, როცა ფოტოს შევხედე. წვერიანი, სიმპათიური კაცი მიმზერდა აიდი ბარათიდან. ნიკას ავხედე, შემდეგ ფოტოს დავხედე. ნიკას, ფოტოს, ნიკას, ფოტოს… - ღადაობ? - ეე, არ გინდა ეხლა კაიფი, რომ ჩვილი ბავშვის *რაკს მიგავს სახე, როცა წვერს ვიპარსავ. - თქვა და ტოსტის მეორე ნახევარი ჩაიტენა პირში. - ნუ, რადგან იცი, აღარ გეტყვი. - მხრები ავიჩეჩე და ნელ-ნელა შევძელი ნიკაში ამ მამაკაცის ნაკვთების პოვნა. - ნამუსი არა გაქვს შენ, რა! - თქვა თუ არა ტანში გამცრა. “ნამუსი მართლა არ გაწუხებს, ასე რომ მელაპარაკები?” ყურებში ლექსოს ხმა ჩამესმოდა. ისევ დავუბრუნდი იმ დიალოგს და იმ ფოტოს არსებობას. გული მეგლიჯებოდა, როცა ვიაზრებდი სიტყვებით ვერაფერს გავხდებოდი. - ჰეი, ჰეი! - ნიკამ შემანჯღრია. - კარგად ხარ? - მე… - ჰო, შენ ნიკელოზ. - კარგად ვარ. - მომიყვები რა მოხდა? და მოვუყევი. პერიოდულად სიტყვა მიწყდებოდა და თითქოს, ტრანსში გავდიოდი. რეალობის აღქმა დაკარგული მქონდა. ვერ ვიაზრებდი სად ვიყავი და რა მინდოდა იქ, სადაც ვიყავი. ვტიროდი და ჰაერს ხარბად ვისრუტავდი. მერე რა, რომ მეგონა ვიხრჩობოდი, მერე, რა… ერთადერთი, რაც პერიოდულად მაფხიზლებდა, იყო მშვიდი, აუღელვებელი გულისცემა. #2 - ანუ, ეს შენ არ ხარ, ამ ტიპს არ იცნობ და შეყვარებულმა მიგატოვა ამ ფოტოს გამო. - მთელი სერიოზულობით ჩაჰყურებდა გაბზარული ტელეფონის ეკრანს და პერიოდულად მე შემომცქეროდა. - ჰო, არ ვიცი ვინ გაუგზავნა, რაში სჭირდებოდა, ან ვის არ დაეზარა ფოტოშოპში ჩემი სახის აწყობა. - ამოვიხვნეშე. - მე მტრები არ მყავს. - ეს ფოტოშოპი არაა. - თქვა და დავიძაბე. - ანუ, გგონია, რომ გატყუებ? - იმედგაცრუება გავურიე ხმაში. განა, არ უნდა გამკვირვებოდა, რომ უბრალო გამვლელი არ მიჯერებდა, მაგრამ… - არა. - აბა ფოტოშოპი? - არა. - ნიკა, რებუსებით ნუ მელაპარაკები, გთხოვ. - შევევედრე. - 99%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფოტოშოპი არაა. შენი ფოტოები გიდევს სოც. ქსელში? - წამოდგა. - არა, არ მიყვარს ფოტოს გადაღება. - რამე ფოტო გაქვს შენი? - წარბი შეკრა. - ასე ოთხი წლის წინანდელი მაქვს. - ანუ, ვაფშე არ იღებ ფოტოს? ნუ გადამრიე. - აღშფოთდა. - არა, კი მესმის ფოტოგრაფის აღშფოთება, მაგრამ რა ჩემი ბრალია თუ არ მომწონს საკუთარი თავის ყურება? - წამოვხტი და გავეჭიმე. - სულელი ხარ, ხოდა. ძაან ლამაზი ხარ და ამის ყურება რომ არ მოგწონს, თან უგემოვნოც ყოფილხარ! - ხელი აიქნია და მისაღებ ოთახში გავიდა. - დამელოდე! და ვის დაუძახე უგემოვნო, ღლაპო! - გავწიწმატდი მე. - კომპლექსები გაქვს? - მოულოდნელად შემოტრიალდა და კინაღამ დავეჯახე. - ეგ ყველას აქვს. - ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი. - დავიჯერო, არავინ გყავს, ვინც გეტყვის, რომ ლამაზი ხარ? - ცალი წარბი ასწია. - მყავს. - შევიშმუშნე. - ცუდად მუშაობს მერე. - თვალები აატრიალა. - ზოგჯერ არაა საკმარისი, რომ სისტემატიურად გიმეორონ, რომ ლამაზი ხარ. - სევდა ამოვისუნთქე ჟანგბადთან ერთად და თითოეულ ბგერას შევუზავე. გამახსენდა ლექსო, რომელიც განუწყვეტლივ მიმეორებდა, რომ საოცრად ლამაზი და მშვენივრად ვიყავი, მაგრამ… არ მჯეროდა. ჰო, აი, ასე უბრალოდ, არ მჯეროდა. - დადექი. - თქვა და ოთახის შუაგულში მდგარ თეთრ ფონზე მიმითითა. - რა ხდება? - უნდა გადაგიღო. - პარალელურად განათებებს აწყობდა. - არ მინდა! - გინდა! - არ მინდა! - გოგო, ხო გინდა გაარკვიო ნამდვილად ფოტოშოპია თუ არა?! - მინდა, მაგრამ… - ხოდა, დადექი, რა. სხვა გზა არ მქონდა. თეთრ ფონს მივუახლოვდი და უბრალოდ, დავდექი. ფოტოაპარატი გაჩხაკუნდა და ნიკამ სხვადასხვა რაკურსის აღება სცადა. - ერთი საკმარისი არაა? - გავღიზიანდი. - არა და ნუ დგახარ ხესავით, რამე პოზა მიიღე. - ცხოვრებაში პირველად მეუბნებიან, რომ ხე ვარ. - ტირილის იმიტაცია გავაკეთე და გვერდულად შემოვბრუნდი, ფეხი კი წინ გავწიე. მახსოვდა, ჩემი კლასელები სულ ამ პოზაში იღებდნენ ფოტოს. - ჰო, ამ გარეგნობის პატრონი რომ ხე იქნება, დასანანია. - მეტისმეტად სერიოზული იყო. - არ ვარ მე ხე! - ნერვები მომეშალა და გულზე ხელები დავიკრიფე. - არა, კაცო, ცხრაასხუთში პოპულარულ პოზაში რომ მიდგახარ… - საკმარისია?! - მოთმინების ფიალა მევსებოდა. - ერთიც, პროფილში. - ჩემი გაბუშტული ცხვირი… - ჩავიბურტყუნე და შევტრიალდი. - არაა აუცილებელი, რომ ყველა ანჯელინა და ადრიანა იყოს, შენი გაბუშტული ცხვირი შენი სახის პროპორციულია. - თქვა და ლეპტოპს მიუბრუნდა. არ ვიცი - რას აკეთებდა. მაგრამ საკმაოდ დიდხანს რომ გაგრძელდა - ფაქტია. პუფი მივაჩოჩე მის გვერდით და მოხერხებულად მოვკალათდი. სანამ თავის საქმეს აკეთებდა, მე ისევ ფიქრთა ბურუსში გავეხვიე. ვიხსენებდი სასიამოვნო მომენტებს ჩემი და ლექსოს ცხოვრებიდან და ვცდილობდი გულისგამაწვრილებელი კივილი ჩამეხშო, რომელიც მახსენებდა დღევანდელ მოვლენებს. ორი წელიწადია ერთად ვართ. ვიყავით… ერთად ვმუშაობდით ბანკში, შემდეგ კი ის დააწინაურეს, მე კი წამოვედი. ოფისის ადამიანი არ ვარ, დილით ადგომა, მოწესრიგება, საათობრივი მუშაობა… ეს ჩემი არაა. და ალბათ, რამდენი ასეთი ადამიანია იძულებული იცხოვროს ისე, როგორც არ სურს ცხოვრება? გარემოფაქტორები, ადამიანები, რეალობა… სასტიკია, თუმცა დაუმარცხებელი მეტოქე ნამდვილად არ არის. მე გამომივიდა და მათაც გამოუვათ. ადამიანებს იმაზე მეტი ძალა აქვთ, ვიდრე წარმოუდგენიათ, თუმცა მასვე გაურბიან კისრისტეხით, რადგან ამ ძალას, თან უზარმაზარი პასუხისმგებლობა მოყვება. მათ კი პასუხისმგებლობის სიმძიმის მიღება არ შეუძლიათ, რადგან აწ უკვე არიან დამძიმებულნი ფსევდო-უსუსურობის სენით. პარადოქსია იყო ერთდროულად საოცრად ძლიერი და უკიდურესად სუსტი არსება, რომლის პირველი და ერთადერთი მტერი მხოლოდ საკუთარი თავია. იმდენად მივეჩვიეთ მე და ლექსო ცხოვრების მსგავს რეჟიმს, რომ გაგვიჭირდა იმ პერიოდის გადალახვა, როცა გავცალკევდით. ასე ხდება ხოლმე. შემუშავებული ქცევის პატერნებზე უარის თქმა, ყველას უჭირს. ჩემი ოცნება კი თიხაზე მუშაობა იყო, ამიტომ მთელი ჩემი დანაზოგი კურსებს და ატრიბუტებს შევალიე. გატაცებული ვიყავი იმდენად, რომ გათენება-დაღამებას ვერ ვამჩნევდი. მიხაროდა, ვმწუხრდებოდი, ვტიროდი და აჟიტირებული დავხტოდი… ალბათ, ლექსოს ადგილას სხვა იეჭვიანებდა, გაბრაზდებოდა, გაღიზიანდებოდა და სკანდალს მოაწყობდა - აქაოდა, ყურადღება მომაკლდაო და ა.შ. მაგრამ ლექსო სხვა იყო. ლექსოს ჩემი ესმოდა, ლექსო ყოველთვის მხარს მიჭერდა. მაშინაც, როცა არ გამომდიოდა, მაშინაც, როცა ვნერვიულობდი, პირველ მომხმარებელს რომ სხვა, ჩემი საყვარელი ნამუშევარი გავუგზავნე. ჩემ გვერდით იყო ყოველთვის. მუშაობისას, უბრალოდ, იჯდა და მიყურებდა. მზერა კი ისეთი სითბოთი და სიყვარულით ჰქონდა სავსე, არემარეს ასხივებდა და ათბობდა. ასეც ვეძახდი - მზე. ჰო, ის ჩემი მზეა. იყო. ვერ ვიტევ ამ სიტყვას, მეტისმეტად დიდია. “იყო”. მომენტალურად შემძაგდა მთელი ჩემი არსებით. უსამართლოა ცხოვრება, ვიცი. უსამართლოდ დამშორდა, ვიცი. მაგრამ ყველაზე უსამართლო ისაა, რომ მე ჩემს უდანაშაულობას ვერ დავამტკიცებ, რადგან ერთი შეხედვით, მეტისმეტად “უტყუარი” ფაქტი ჰქონდა ხელთ. ჯანდაბა! - ნახე. - მითხრა და ლეპტოპი ჩემკენ შემოაბრუნა. ორი ფოტო იყო ერთი ჩემი და მეორე… ჩემი, მაგრამ თან არც. - მერე ? - ჰგვანან ერთმანეთს? - სისულელეს მეკითხები, რა თქმა უნდა. - ახლა ? - რაღაცას ხელი დააჭირა და ახალგადაღებული ფოტო შეიცვალა. წამით მეგონა, რომ ორი სხვადასხვა ადამიანი მიყურებდა, მაგრამ შემდეგ მაინც საკუთარი თავი დავინახე ორივე ფოტოში. - რა? ეს რა არის? ვერ გავიგე ვერაფერი. - ფეხზე წამოვხტი და დავაკვირდი ეკრანს. აშკარად აქაც და იქაც მე ვიყავი. - ამ ფოტოში, - შიშველზე მიმითითა. - როგორც გითხარი, ფოტოშოპი არაა. უბრალო ფილტრიც კი არ ადევს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არსებობს. და არა, ეს არაა ხელოვნური ინტელექტი, თუ ამის კითხვა გინდა. - სიტყვა ეგრევე მომიჭრა. - რისი თქმა გინდა? - ვერ ვიაზრებდი. - რამდენიმე ვარიანტია. ან ადამიანმა სპეციალურად გაიკეთა მილიონი პლასტიკური ოპერაცია, რომ შენ დაგმსგავსებოდა, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ დონის მსგავსებას ვერ მიაღწევ ვერანაირი ოპერაციით. - მშვიდად მიხსნიდა ნიკა. - ან? - ან უბრალოდ შენი ასლია, რომელიც, შენგან ოდნავ განსხვავდება. - ანუ? - იმდენად მიჭირდა ამ ინფორმაციის გადახარშვა, რომ სულელურ კითხვებს ვსვამდი. - შეხედე. აქ თვალის ჭრილი და აქ თვალის ჭრილი, განსხვავდება. აქ, - თქვა და “ფეიქ” ფოტოზე მიმანიშნა. - ამ გოგოს ვიწრო და ოდნავ გრძელი თვალის ჭრილი აქვს. შენ უფრო მეჩხერი და წვრილი წამწამები გაქვს. ვეჭვობ, რომ წამწამების ლამინირების ეფექტია ვიზუალურად თვალის ჭრილის ცვლილება. - მელას თვალი თუ რაღაცა. - კვერი დავუკარი მე. - შენ ამდენი საიდან იცი? - მას მივუბრუნდი. - პატარა და და ძალიან ლამაზი დედა მყავს-მეთქი, ხო გითხარი. - გაეცინა. - აქ ნახე, ფილერის კვალია უეჭველი. - თქვა და ოდნავ ამობურცულ ტუჩზე მიმანიშნა. - ფილერი, ბოტოქსი გაგიკეთებია? - არა, არასოდეს. - თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად. - ამას აშკარად გაუკეთებია. ალბათ, უკვე გაიწოვა, რადგან ამ ფოტოზე ძალიან მცირე კვალი დატოვა. - როგორ ხვდები? - მისი სახის ნაკვთები შენს სახეზე გადმოვიტანე და შემდეგ უკან დავაბრუნე. მომენტალური ცვლილების გამო, განსხვავება დაინახე. - ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი თავით და საოცარი გატაცებით მიხსნიდა თითოეულ დეტალს. ეტყობოდა, რომ თავისი საქმე სიგიჟემდე უყვარდა. როცა ადამიანი ბოლო ატომამდე უძღვის საკუთარ თავს საყვარელ საქმეს, მისი თვალები განსაკუთრებულ სინათლეს ასხივებენ, სიტყვების ჟღერადობა კი სიმფონიად იღვრება სივრცეში. იგივე ხდებოდა ნიკას თავს ახლა. - ანუ ახლა შემიძლია დავამტკიცო, რომ მე ეს არ ვარ ? - თვალები გამიბრწყინდა და ადგილზე ცქმუტვა დავიწყე. - დარწმუნებული ხარ, რომ დაგიჯერებენ და თითიდან გამოწოვილიაო არ გეტყვიან? - თქვა და თვალი თვალში გამიყარა. ლექსოს უკიდურესად პედანტური ბუნება გამახსენდა, რომელიც სიჯიუტის დიდი დოზით იყო შეზავებული. ამ მხრივ კოკა-კოლის დიდი რაოდენობით გაფუჭებულ ძვირადღირებულ ვისკის მოგაგონებდათ. ეს ადამიანი ყველაფერს ისე ამოატრიალებდა, როგორც თავად ხედავდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს მას აწყობდა თუ არა, ატკენდა საკუთარ თავსვე, მაგრამ დაინახავდა მხოლოდ ნეგატივს. ყველასა და ყველაფერში ეძებდა ბნელ მხარეს და რა გასაკვირია, რომ პოულობდა? ადამიანი ინ-იანის პრინციპითაა შექმნილი. არ არსებობს სინათლე და სიბნელე ერთმანეთის გარეშე, მათ ნაზავს კი ჩვენ ადამიანს ვუწოდებთ. - მართალი ხარ. - სახე მომენტალურად მომეღრუბლა და ისევ პუფში ჩავესვენე. - ამით ვერაფერს დავამტკიცებ. - ამ ადამიანის პოვნა მოგიწევს. - სავარძელზე გადაწვა და ზემოდან ქვემოთ დამხედა. მისი მზერა გამჭოლი და მატყვევებელი იყო. თავიდან ბოლომდე შემათვალიერა, თითქოს, სულში ცდილობდა ჩაძვრომას და ჩემი არქივის გადაქექვას. - გამომძიებელიც ხომ არ ხარ შემთხვევით? - უკბილოდ ვიხუმრე, რათა დაძაბულობა განმემუხტა. - მისმინე… - სიმძიმის მუხტი შეჰპარვოდა ხმაში. - ჰო? - არ შეგეშინდეს ოღონდ. - უკვე მაშინებ. - კუნთები დამეჭიმა. - მკერდის ქვეშ, ნეკნებზე ხალი გაქვს? - თავზარი დამეცა. - ს-ს-საიდან იცი? - ხელები მოვმუშტე, მზად ვიყავი წინააღმდეგობის გასაწევად. მიუხედავად მეტროში მომხდარისა და დადებითი განწყობის მის მიმართ, მაინც უნდობლობის ბასრი კლანჭების ამოძრავება ვიგრძენი. - ამასაც აქვს. - თქვა და ლეპტოპს გახედა. - ჰა? - შეხედე ფოტოს, მანდ აქვს, მარცხენა მხრიდან ხალი. - თითით მანიშნა ფოტოზე. - არა, არა, არა. - წინ და უკან დავდიოდი და ადგილს ვერ ვპოულობდი. - შეუძლებელია! ასეთი დამთხვევების არ მჯერა! არ მჯერა! ეს, უბრალოდ, შეუძლებელია! - ეს ან ის ადამიანია, რომელმაც დანამდვილებით იცის, რომ ეს ხალი გაქვს, ან შენი ასლი. - თქვა და დაჟინებით ჩამაცქერდა სახეში. - გამორიცხულია, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის, ამ ხალის არსებობის შესახებ. - რომელწლიანი ხარ? - 97-იანი. რატო მეკითხები? - მე ვიცი, რომ მაგ პერიოდში ჩვილ ბავშვებს ჰყიდნენ. - რისი თქმა გინდა?! - მხრებში ჩავაფრინდი. - მე არაფრის, მაგრამ სასურველია, რომ ეგ ვარიანტიც გამოირიცხოს. - მშვიდი და აუღელვებელი იყო. - დედაჩემი შვილს არ გაყიდდა! - გავკაპასდი. - არაა აუცილებელი დედაშენს გაეყიდა. ეტყოდნენ გარდაიცვალაო და გაყიდდნენ. - დედაჩემს არასოდეს უთქვამს, რომ ორზე იყო ორსულად. - ხელები ჩამოვუშვი და იატაკს მივაპყარი მზერა. - ნიკე. - მე… მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ოჯახის ვარ. დედაჩემის ვარ და იმ კაცის. - სვენებ-სვენებით ვლაპარაკობდი. - მესმის, რომ დაჯერება რთულია, მაგრამ აქ აუცილებელი არაა, რომ შენი ოჯახი შენი არ იყოს, გესმის? - თქვა და მომიახლოვდა. ხელები სახეზე შემომაჭდო და ცერა თითებით ყვრიმალებზე მომეფერა. მისი სანდომიანი ღიმილი მამშვიდებდა. - შესაძლებელია, რომ თუ ორნი ხართ, ის მოწყვიტეს თქვენს ოჯახს, ხვდები? - ჩემი და? - ძლივს გასაგონად ვთქვი. - ჰო, მაგრამ მაინც დავტოვოთ 1% ალბათობა იმისა, რაც შეიძლება არ ვიცოდეთ, კარგი? - თქვა და კიდევ ერთხელ გამიღიმა. მუნჯურად დავეთანხმე და მის მხარზე მივესვენე. ათიოდე წამში ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და მეგობრის სახელის დანახვისას შვება ვიგრძენი. ხელი დავტაცე და ვუპასუხე. ერთი სული მქონდა, როდის მოვუყვებოდი ყველაფერს. - ანა! - ქალო, ფული რომ არ გქონდა, რატომ არ მითხარი? - ისე სწრაფად და ხმამაღლა მომაყარა, ცოტა არ იყოს გამიკვირდა. - რას გულისხმობ? რა ფული? საიდან მოიტანე? - კარგი, ხო იცი, რომ მე არ გაგამტყუნებ. - ანა, თუ ღმერთი გწამს, ამიხსენი რა ხდება! - არ მწამს. - ჩაიხითხითა. - ათეისტობას გაფიცებ! - ჩემი ნერვული სისტემის დაზიანება, ერთი მხრივ, მისი ბრალი იყო. - ონლიფანსზე როგორ დარეგისტრირდი? საქართველოდან როგორც ვიცი შეუძლებელია. - სიგარეტს მოუკიდა. - არსად არ დავრეგისტრირებულვარ! - აბა, ღია პროფილი გაქვს და თან რომ ვუყურებ, აშკარად შენ ხარ. - რაო? - ხო, ჩემს ნაგავ ქმარს ვუპოვე ლეპტოპში. ამ ბიჭმა, მგონი, არ იცის ინკოგნიტო რეჟიმი რა არის. - ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა. - ანა, ეს მე არ ვარ. - ვთქვი და ტირილი წამსკდა. თავის შეკავება უკვე შეუძლებელი ხდებოდა. ერთიანად თავს დამტყდარი ბუნებრივი კატაკლიზმებივით იყო ყოველი მომდევნო სატელეფონო ზარი. - ნიკე, რა ხდება? ტირი? კარგი, გაჩერდი, არ იტირო. გაგიჩალიჩეს? - მომენტალურად დასერიოზულდა და ხმაში შფოთვის ნოტები გაუკრთა ანას. - მე, მე არ ვარ, ანა, მე არ ვარ. არ ვარ… - ვიმეორებდი განუწყვეტლივ. - ნიკე, ნიკე, მომისმინე, ყველაფერი კარგადაა, გესმის? ნიკე? - ვერაფერს ვპასუხობდი, ტელეფონი კი ნიკამ გამომართვა და საუბარი დაიწყო. - ანა, გამარჯობა! - ლექსო, შენ ხარ? - არა, მე ნიკა ვარ, ნიკეს… მეგობარი. - ცოტათი შეყოყმანდა, მეტისმეტად დიდი ეჩვენა ეს სიტყვა. - მოკლედ, სიტუაცია ასეთია ლექსოს გაუგზავნეს ნიკეს შიშველი ფოტო ვიღაც ტიპთან ერთად და ლექსო დაშორდა. ფოტოზე ნიკე არაა, ეს უკვე გავარკვიეთ. დიდი ალბათობით, ან პლასტიკური ოპერაციით დაემსგავსა ვიღაც, ან ასლია მისი. - მოკლედ, კონკრეტულად და ლაკონურად ჩამოუყალიბა მთელი სიტუაცია. - ღმერთო, ტაბურეტკა მესროლე! - იკივლა ყურმილის მეორე ბოლოს ანამ. - რავი, მე მეგონა ათეისტი იყავი. - სიტუაციის განმუხტვა სცადა ნიკამ და გამოუვიდა. ოდნავ მოვდუნდი და გამეღიმა კიდეც. - სად ხართ? მოვალ, ან თქვენ მოდით! ალლაჰ, კრიშნა, ბუდდა, პრომეთე! ეს რა ხდება! - ანას ხმა ხმამაღალი რეჟიმის გარეშეც მესმოდა. - პრომეთემ მე აქ ზედმეტი ვარ და თქვენს threesome-ს უბრალოდ ვუყურებო! - გადაიხარხარა ბიჭმა. - კაი, ახლა! გამოიყვანა ეხლა უმანკო ბაბუაწვერა ეს ჩვენი პრომეთე! - არც ანამ დააკლო. - გიჟები! - ჩემთვის ჩავილაპარაკე და სიცილი ამიტყდა. შემდეგ კი ტირილი წამსკდა. აი, ასე ცვლიდნენ ერთმანეთს სიცილ-ტირილი. ხელჩაკიდებულნი ცეკვავდნენ ხან სიხარულის, ხან კი მწუხარების ვალსს ჩემი სამყაროს ნანგრევებზე და მოხერხებულად უსხლტებოდნენ კონტროლის მათრახს. მათი შეჩერება უკვე შეუძლებელი ჩანდა. შემდეგ კი სიბნელის მარწუხებმა ძლიერად ჩამავლეს ხელები და თავის სამფლობელოში გადამიყვანეს. ირგვლივ ისე ბნელოდა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. მაგრამ მე ჩემ წინ მდგარ შემაძრწუნებელ სარკეს მაინც ვხედავდი. გარშემო შავი, ამაზრზენი გველები ეხვეოდნენ და საზარლად სისინებდნენ. ჩემი ანარეკლი კი საზიზღრად მიღიმოდა. თვალები, ლამის, შავი სისხლით ჰქონდა სავსე, ხოლო ღაწვები ხასხასა წითლად დასერვოდა. იღიმოდა და ძლივს გასაგონად ჩურჩულებდა. შიშმა კი თავისი ბასრი ეშვები ჩამასო და განძრევას ვერ ვახერხებდი. მხოლოდ ჩურჩული მესმოდა… ეს შენი ცხოვრება არაა. შენ მე წამართვი. შენ სიცოცხლის ღირსი არ ხარ. ვერაფერს გახდები. არავინ დაგეხმარება. შენ შენ არ ხარ. შენ მე ვარ. სარკიდან გამოსული ხელები ჩემკენ მოემართნენ, მე კი ვერ ვირხეოდი. მთელი სხეული მიცახცახებდა და თითების ბოლოებში პულსაციას ვგრძნობდი. ისინი კი მხრებზე ჩამაფრიდნენ და მომენტალურად შევიცვალეთ ადგილები. ახლა მე აღმოვჩნდი ყინულივით ცივი სარკის მიღმა, ჩემი ანარეკლი კი იქ იდგა, სადაც რამდენიმე წამის წინ მე. ბოლოჯერ ჩაიჩურჩულა. ახლა ანარეკლი შენ ხარ! და გაუჩინარდა. მე კი ვკიოდი, ვყვიროდი ხმის ჩახლეჩამდე, მაგრამ ერთი ნოტიც კი არ გაისმა რეალობაში. სარკის გატეხვა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ლექსო! ანა! ნიკა! მიშველეთ! … გონს მაშინ მოვედი, როცა ნიშადურმა ცხვირი ისე ამიწვა, რომ ლამის, ნიანგის ცრემლები გადმოვყარე. შეწებებული ქუთუთოები, განწირული საყვარლებივით, ძლივს დავაშორე ერთმანეთს და ჯერ ნიკა დავინახე, შემდეგ ანა და კოსტა. ტანში მტეხდა და რის ვაი-ვაგლახით შევძელი წამოჯდომა. ნიკას საიძინებელში ვიყავი. ცისფერ და ლურჯ ფერებში იყო მოწყობილი. მისაღებისგან განსხვავებით, აქ მინიმალისტური სტილი ფიგურირებდა. არაფერი ზედმეტი. კარადა, კომოდი, საწოლი და ფარდა. ამ გარემომ ოდნავ დამამშვიდა. - რა მოხდა? - ამოვიკნავლე და ჩემმა ხმამ გამაოცა. - გონება დაკარგე და ყვიროდი. - თქვა ანამ და გვერდით მომიჯდა. - ეგ ორი ერთდროულად შესაძლებელია? - ჩაეკითხა კოსტა. - არ ვიცი, მაგრამ ამას ჰგავდა. - შეუღრინა ცოლმა. - რა მოხდა, ანა? - მიხვდა, რომ სულ სხვა რამ მაინტერესებდა. მეგობარმა თავის ქმარს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა. - მოკლედ. ონლიფანსზე შევედი. - მძიმედ დაიწყო კოსტამ. - მერე? - მერე ისტორიის წაშლა დამავიწყდა და ანამ იპოვა. - დარცხვენილი იდგა კაცი. კოსტა პოლიციის თანამშრომელი იყო. ის და ანა ერთ სკოლაში სწავლობდნენ და ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, უამრავი დაშორება-შერიგების მომსწრე ვიყავი. ხან ერთი მაწუწუნებოდა, ხან მეორე. - ანუ ჯერ შენ ნახე და არაფერი გითქვამს? - ცხვირის ნესტოები დამებერა. - არა. არ მინახავს. როცა ანა შევიდა… - მე როცა ვნახე, ხუთი წუთის დადებული იყო. ეს კიდე გუშინ საღამოს ერთობოდა. - დაასწრო ანამ. - მანდ ჰო ზედაპირზე არაფერი დევს, როგორც ვიცი? - ნიკამ კოსტას შეხედა. - ჰო, უნდა შეხვიდე, ნახო და მთელი ამბავი. - ანა? - გავხედე მეგობარს. - ჰო, რა იყო? შიშველი ქალები მარტო ამას კი არ მოსწონს. - ხელები გულზე დაიკრიფა და მოიბუზა. - ჰო, არაა? - ახლა უკვე კოსტაც გათამამდა. - მომწყდი თავიდან! - ხოდა! - ხოდა, მანდ ვნახე ერთი არხი, თუ რაც ქვია. შენი ფოტოები იდო. ნუ… ხვდები, ალბათ, როგორ ფორმაშიც. - ღმერთო! - ისევ საწოლზე მივესვენე. - კონკრეტულად რომელს მიმართავ? - ანა! - კაი, ხო. - ნიკე, ელზას ხომ არ დაურეკავდი? - ფრთხილად შემაპარა კოსტამ. - მეშინია. - ნიკამ ანას კითხვის ნიშნებით სავსე მზერა მიაპყრო და მანაც ანიშნა დედამისიაო. - სიმართლის გაგება სჯობს. ფაქტობრივად, ამ ადამიანის გამო ცხოვრება თავზე გენგრევა. - საუბარში ნიკა ჩაერია. აშკარად დახმარება უნდოდა, თუმცა არამკითხე მოამბის ნაბადი მოირგო მომენტალურად. - არა, ტელეფონზე ვერ დაველაპარაკები. არა! - მაშინ მიდი და ნახე. - თქვა და ანა და კოსტაც კი დაიძაბნენ. - არაა ასეთი მარტივი. - ყბები ამიმჟავდა. - დედასთან მისვლა და საუბარი არაა მარტივი და ცხოვრების ნგრევა მარტივია?! - პირველად შევატყვე მას გაღიზიანება. - შენ არაფერი იცი! - შევუღრინე მას და გვერდზე გავიხედე. მაინც შევამჩნიე, რომ შეცბა და ანას შეხედა. მან თავი გააქნია და ანიშნა - არ გინდაო. … ანამ და კოსტამ მანქანით სახლში წამიყვანეს. მეგობარმა დაიჟინა - გინდა თუ არა ჩემთან წამოდიო, მაგრამ ვიუარე. იმდენად დავიღალე და გამოვიფიტე, რომ ერთადერთი, რაც მსურდა უსიზმრო ძილი იყო. ყველა კუნთი აუტანლად მტკიოდა და დასვენება მჭირდებოდა. ბინის კარი შევაღე თუ არა, ეგრევე საძინებლისკენ დავიძარი და საწოლზე დავეხეთქე, ფეხსაცმელიც კი არ გამიხდია. დიდხანს ვიწექი ასე, ბალიშში ჩამხობილი. დაძინებას ვცდილობდი, მაგრამ ორგანიზმმა კატეგორიული უარი მტკიცა. იატაკზე დაგდებულ ჩანთას გადავწვდი და ტელეფონი ამოვაძვრინე. მეც გამიგია, რომ წლების წინ ჩვილი ბავშვების გაყიდვა “ნორმა” იყო, მაგრამ არასოდეს მეგონა, რომ ეს, ოდესმე, მე შემეხებოდა. ახლაც მეპარებოდა ეჭვი, თუმცა სხვა ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობდი. სოციალურ ქსელში დიდხანს ძებნა არ დამჭირვებია, ამ თემატიკის ჯგუფი მალევე ვიპოვე და პოსტების კითხვას შევუდექი. ამა და ამ წელს დაბადებულს ვეძებ, ამა და ამ საავადმყოფოში, ესა და ეს პიროვნება… შვილო გამოჩნდი… მეგონა მოკვდი, მე არ გამიყიდიხარ… ტესტი გაიკეთეთ… შვილი მომიკლეს, დახურული კუბო გამომატანეს… მითხრეს, რომ მოკვდა და თავად დამარხავდნენ. დედა, ნუთუ გამყიდე? დედა, გამოჩნდი, გაპატიე! დედი, ნუთუ, არ გიყვარდი? შვილო, მიყვარხარ, ვიტანჯები, გამოჩნდი, გთხოვ… ტესტი გაიკეთეთ! ორმოცი წელი გავიდა… მშობლები ვიპოვე… დედა… შვილო… ათასობით ადამიანის გულისტკივილი გავატარე საკუთარ სხეულში და უამრავი ცრემლი დავღვარე, სანამ ვკითხულობდი. იმდენად განვიცადე, რომ კარგად ხანი მიჭირდა დამშვიდება. მათი ტანჯვა გავრცელდა ჩემს შინაგან სამყაროში, ვით გველის შხამი ედება სუსტ ორგანიზმს და წამლავს მას. მოვიწამლე იმ მწუხარებითა და სევდით, რომელსაც თურმე ნახევარი საქართველო ატარებს გულით. როგორ იტევს ეს პაწია ქვეყანა ესოდენ ვეებერთელა დარდს? ნუთუ, შესაძლებელია იყო ამდენად სასტიკი? დედას შვილი წაართვა და ამით ფული იშოვო? ამ საძაგელი მეთოდით ნაშოვნით, ლუკმა როგორ გადასდის ამ ხალხს ყელში? ამდენი წყევლა-კრულვით ცოცხლები არიან, ნეტავ? რატომ არ ისჯებიან? შვილმკვდარი დედის სტატუსი მიაწერო ოცი წლის გოგოს, რომელიც დამფრთხალი, დაბნეული დააბიჯებს საავადმყოფოს დერეფნებში და თავის პაწია ბარტყს ეძებს… ამის შემყურეს, ნუთუ, გული რეჩხს არ უყოფდა ამ საზიზღრებს და არ სტკიოდათ? ნუთუ, ათი წლის ნანატრ შვილს რომ აცლიდნენ დედის ძუძუს და მათი განწირული კივილი ესმოდათ, არ აწუხებდათ სინდის-ნამუსი? განა, რა სინდისზეა საუბარი, როცა ადამიანს უბრალოდ აზრად მაინც მოგივა, პატარა უმწეო ბავშვის დედის კალთიდან მოწყვეტა?! გაუგონარ საზიზღრობებს ვკითხულობდი და რაც უფრო მეტი მსგავსი ისტორია აღიქმებოდა ჩემი გონების მიერ, მით უფრო მძულდებოდა რეალობა, რომელშიც მიწევდა ცხოვრება. იქნებ, ის მართლაც ჩემი დაა? და, რომელსაც დედაჩემის სითბო აკლდა, რომელიც გრძნობდა ჩემს არსებობას და ისევე სტკიოდა სიცარიელე, როგორც მე? ალბათ, რამდენად უჭირდა, რომ თავისი სხეულის გაყიდვა მოუწია თავის სარჩენად? ალბათ, ეგონა, რომ დედამ მასზე უარი თქვა, ალბათ, ალბათ… ამ და სხვა ფიქრებში შემომათენდა. არა და არ მიიღო ჩემმა უმანკო გონებამ ძილის უგემური ალერსი. გადავწყვიტე შხაპი მაინც მიმეღო და ძლივძლივობით მოვწყვიტე სხეული საწოლს. შევლაზლაზდი საშხაპეში და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი. ორიოდე წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ დენდარტყმულივით გამოვვარდი და ტელეფონს დავტაცე ხელი. ლექსოს ნომერი ვიპოვე და რეკვა დავიწყე. ვიცოდი, რომ პირველივე ჯერზე არ მიპასუხებდა, ამიტომ ვცადე თავი ხელში ამეყვანა და მოთმინება, რომელიც კუთხეში მიმწყვდეული თაგვივით გამირბოდა, კბილებით დამეჭირა. “ეს აქამდე აზრად როგორ არ მომივიდა?!” ვბრაზობდი საკუთარ თავზე. როგორც იქნა, მეათე ზარზე მიპასუხა. - რა გინდა?! - ძილისგან დაბოხებული და გაღიზიანებული ხმა ჰქონდა. ახლაღა შევხედე საათს და დილის ექვსის ნახევარი იყო. - ლექსო, მომისმინე… - შენგან არაფრის მოსმენა არ მინდა! - შემიღრინა. - როგორც ლექსოს ისე თუ არ გსურს მოსმენა, როგორც ადამიანმა მომისმინე. - შევევედრე მე. - ადამიანის სახეც დაკარგე ჩემ თვალში! - ლექსო, გთხოვ! - ნიკე, არ მეგონა, თუ ოდესმე მე და შენ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. - არც მე მეგონა, ლექსო… - არ გეგონა? მაშინ რატომ? - ალექსანდრე, ძალიან გთხოვ! - ვქოშინებდი, ჰაერი არ მყოფნიდა. - ერთი წუთი გაქვს. - ვგრძნობდი მის დაძაბულობას. - უბრალოდ, მითხარი, ვინ გამოგიგზავნა ეგ ფოტო. - ჩამშვები ვინ არის, ეგ გაინტერესებს?! - დამცინა მან. - მე არაფერი მსგავსი არ გამიკეთებია, ეს ერთი. მერე… - მერე იმის თქმა გინდა, რომ ფოტოშოპია? - ამაზე უარესად ახარხარდა ლექსო. - არა, ფოტოშოპი არაა… მაგრამ არც მე ვარ. - ვცდილობდი ამეხსნა. - მთვრალი ხარ ? - არა! - აბა, გონზე მოდიხარ რას მეუბნები? - კი, მომისმინე. ეს სხვა ადამიანია, რომელიც ძალიან მგავს, ჯერ არ ვიცი ვინაა და მინდა გავარკვიო. - არა, ნამდვილად მთვრალი ხარ. - დაასკვნა მან. - არაფერი მიმიღია! - ჩემს ლექსოს ჩემი არ ესმოდა, ეს კი მზეს მიბნელებდა და სიგიჟის ზღვარზე მაყენებდა. - აბა, იმის თქმა გინდა, რომ ვიღაც გაჭრილი ვაშლივით გგავს და აზრზე არ ხარ ვინაა? - ისტერიკაში გადაუვიდა სიცილი. - კი, კი, ხო! ეგრეა. უბრალოდ, მითხარი ვინ გამოგიგზავნა ეგ ფოტო და დაგიმტკიცებ, რომ მე არ ვარ და შენთვის არასოდეს მიღალატია. - წამიერმა დუმილმა დაისადგურა ჩვენ ორს შორის. - რატომ მიკეთებ ამას, ნიკ? - ასე მხოლოდ ის მეძახდა. ხმაში ისეთი დარდი და სევდა ამოვიკითხე, რომ გული შემეკუმშა. - მე, ჰომ, მართლა მიყვარდი… - მეც და ახლაც მიყვარხარ, ლექსო. - ცრემლები ღაპაღუპით წამომცვივდა. - არა, ნიკ. არ გიყვარვარ. ვისაც უყვართ, მათ არ ღალატობენ. - არასოდეს, გესმის? არასოდეს მიღალატია შენთვის, წამითაც არ გამივლია გონებაში სხვა ადამიანი! - აბა, ეს რა არის, ნიკ? - არ ვიცი! არ ვიცი! გავარკვევ, ლექსო, გეფიცები გავარკვევ, ოღონდ შენი დახმარება მჭირდება. მითხარი ვინ გამოგიგზავნა ეგ ფოტო. - ტუჩებს ვიკვნეტდი, რომ არ გაეგო ჩემი ტირილი, მაგრამ არ გამოვიდა. - ნუ ტირი, ხომ იცი ვერ ვიტან, როცა რამე ტირილს გაიძულებს. - თქვა და გამითიშა. მალევე მომივიდა მესიჯი. ტელეგრამის ანგარიში იყო, უსახელო, ფოტოს გარეშე და ნომერთან წვდომა შეზღუდული ჰქონდა. თუმცა ესეც უკვე საქმე იყო. #3 ლექსოს მიერ გამოგზავნილ, ტელეგრამის ექაუნთზე რამდენჯერმე დავრეკე და მესიჯებიც გავაგზავნე. პასუხი კი არა და არ იყო. დილის ექვს საათს დავაბრალე და ფიქრთა მორევში ჩავიძირე. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ ეს ადამიანი რეალური პიროვნება იყო და არა ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიური განვითარების ნაყოფი. ყურებში დაფდაფების ხმასავით ჩამესმოდა ლექსოს სიტყვები: “მე, ჰომ, მართლა მიყვარდი…” წარსულ დროში წარმოთქმულმა სიტყვამ რეალობას ელვის სისწრაფით მომწყვიტა და საკუთარი სხეულის აღქმა დავკარგე. არ ვიყავი იქ, სადაც ვიყავი. არ ვიყავი ის, ვინც ვიყავი. მოგონებების ქარიშხალმა ამიტაცა და წარსულის ღრუბლებზე რამდენიმე სალტოც გამაკეთებინა. ცხვირი ამიწვა ლექსოს კანის სურნელმა, რომელსაც მკრთალად დაჰკრავდა მისი სუნამოს სუნი. ფანტომურმა არომატმა ოთახის ყველა კუთხე-კუნჭული შეავსო და ამ უსახურ გალაქტიკას მომწყვიტა. აქ ყველაფერში მის სახეს ვხედავდი. გაბუშტულ ტუჩებს, ძილის დროს რომ ახასიათებდა… აწეულ წარბს, რომელიც ნერვების მოშლას ახლდა თან… ღიმილს და გაბრწყინებულ თვალებს, როცა, უბრალოდ, მიყურებდა… ამ სახლში ყველაფერს ლექსოს სახელი ერქვა. - არ გამომდის! - თიხაში ამოთხვრილმა ამოვიტირე, თავი ჩავქინდრე და ხელები ჩამოვუშვი. - რას აკეთებ, ნიკ? - მისაღებიდან გამომძახა ლექსომ. სამსახურს მორჩა და შემომიარა. - ქოთანს და არ გამომდის. - ვსრუტუნებდი. - რა იყო, ტირი? - სწრაფად შემოვიდა ოთახში და ე.წ. ქოთანს დახედა. - ჰო… - არ გამომდის! - აცრემლებული თვალები შევანათე ლექსოს. - დედაც არ ვატირე ამისი? ნუ ტირი, გთხოვ. - სახეზე შეწუხება გამოესახა და თმაზე მომეფერა. - შეხედე! - მოთხვრილი თითი წინ გავიშვირე და მიბრტყელებულ ქოთანზე ვანიშნე. - ნიკ, მღალატობ? - წარბი ასწია და მწვანე თვალები შემომანათა. - არა, რატო? - ვერ გავიგე მისი სიტყვები. - აბა, ეს გარშოკი ისე რატო იყურება, ვითო, კისერში აკოცე და შეეღუტუნა? - მთელი სერიოზულობით მკითხა და რამდენიმე წამი სახეში მივჩერებოდი. სანამ ტუჩის კუთხეში ღიმილის ერთ-ერთი მცველი არ გაეპარა, იქამდე ვერ მივხვდი - რა ხდებოდა. - დეგენერატო! მოდი აქ! - ავხტი, იდაყვებამდე თიხით “შელამაზებული” ხელები წინ გავიშვირე და გავეკიდე. - ნიკ, გაჩე. არ მომიახლოვდე! - ეცინებოდა და სკამის უკან იმალებოდა. - კისერში ვაკოცე არა?! მოდი აქ-მეთქი! - ადგილზე სდექ, პატარა ქალბატონო! გაფრთხილებ! - თავისი ბოხი ხმით შემომძახა და საჩვენებელი თითი დემონსტრაციულად ასწია. - თორე, რა? - დოინჯი შემოვირტყი. სამუშაო ტანსაცმელი მეცვა, ამიტომ არ მომერიდა. - თორემ… - თორემ, რა? - თვალები დავაწვრილე და თეძო ჩავტეხე. - თორემ… - ცხვირი ასწია და ზემოდან შემომხედა. - ლექსო… - სიტყვა გამიწყდა, როცა მის თვალებში ათამაშებული ჭინკები დავინახე, რომელნიც ვნების ნაპერწკლიდან კოცონს აღვივებდნენ. - თორემ უახლოესი რამდენიმე საათი მუშაობას ნამდვილად ვერ შეძლებ. - უნდა დავამთავრო… - მოდი ჩემთან. - ალმოდებული სიტყვები ამოთქვა და ტაომ დამაყარა. ცოტათი წავეთამაშე, მაგრამ მალევე დამიჭირა და ცხელი ტუჩები კისერზე მომაწება. ჟრუანტელი ტალღებად ესხმოდა თავს ჩემს სხეულს და გამოფხიზლების საშუალებას არ აძლევდა. სინაზე გამოკრთოდა მის თითოეულ შეხებაში. ხელი თეძოზე შემიცურა და ტანზე მიმიკრა. ხელები მხრებზე დავალაგე და მისი ყბის ძვალზე აურაცხელი რაოდენობის კოცნა დავტოვე. თავი ამაწევინა და თვალი თვალში გამიყარა. უჩვეულო ბრწყინვალება მის უძირო მზერაში სიყვარულისფრად ელავდა, გახშირებული სუნთქვა კი გაშმაგებულ სურვილზე მეტყველებდა. - ძალიან მიყვარხარ, ნიკ! - ჩურჩულებდა ჩემს ტუჩებთან და მთელი მისი არსება ასხივებდა ამ სიტყვების რეალურობას. თუმცა, ახლა… ახლა დარჩა მხოლოდ - “მე, ჰომ, მართლა მიყვარდი…” … - დედა! - მომხდარიდან მეორე დღესვე გავბედე მასთან დარეკვა. მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი რეალობას გავმკლავებოდი, რომელიც შიმშილისგან გათანგულ მხეცს ჰგავდა, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი, რომ ჩემით პირი ჩაეტკბარუნებინა. რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა, იმის გაკეთება მომიწევდა. “სახლში” უნდა მივსულიყავი. იმ სახლში, რომელიც კარგა ხნის წინ ჩემთვის მტრის ტერიტორია გახდა. - ჰო, დედი. როგორ ხარ? - თბილად მომიკითხა ელზამ. - არამიშავს, დე, შენ? - მისი ხმის გაგონებისას, სულში სითბო ჩამეღვარა და წამით ყველაფერი დამავიწყდა. მხოლოდ ერთი მსურდა, რომ მის სახეზე სულ ღიმილი დამენახა და არასოდეს, არასოდეს აღბეჭდილიყო მასზე მწუხარება. რაც გადაიტანა, ისიც საკმარისზე მეტი იყო. - მეც, რა ვქნა, აბა. ვიღებ ბავშვებს და ვარ. - ელზა ბიოლოგიის მასწავლებელი იყო და ამით გაჰქონდა თავი. საჯარო სამსახურში მუშაობით, ნამდვილად ვერ შეინახავდა ჩემს პატარა ძმას და ლოთ ქმარს. - გჭირდება რამე? მოვიტან. - ფრთხილად შევაპარე, რომ მისვლა მინდოდა. - რამე ხდება? - არა, რატო? - მოსვლას აპირებ? - არ შეიძლება? - რა თქმა უნდა, შეიძლება. მოდი, დედი. ყველას გაუხარდება შენი ნახვა. - ხმაში სიხარული შეეპარა. - აბა, კი. ყველას. - უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე, მეგონა ვერ გაიგებდა. - უყვარხარ, დე, მასაც უყვარხარ. - სევდაში აზელილი სინანული ამოვიკითხე და გული შემეკუმშა. - კაი, არ გვინდა მაგაზე. - თემის გადატანა ვცადე. - აბა, რა მოვიტანო? - რადგან მოდიხარ, პური ამოაყოლე ხელს, მეტი არაფერი მინდა. - თქვა და ლამის, დავინახე როგორ შეხტა სიხარულისგან. მაოცებდა ამ ქალის განწყობის მომენტალური ცვლილება. თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებდი, რომ სიხარულის და სევდის პოლუსები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ყურმილი დავკიდე თუ არა, სარკეს გავხედე. ის საზიზღარი სახე თვალებიდან არ ამომდიოდა. ტანში გამცრა, მაგრამ საკუთარ თავს დავაჯერე, რომ ეს უბრალოდ ჩემი ფსიქიკის თამაში იყო და რეალურად სარკიდან არც არავინ ჩამავლებდა ხელს. გული ყელში მიცემდა, მაგრამ მაინც მივუახლოვდი მას. რაღაც გრანდიოზულის მოლოდინი მქონდა და… არაფერი. ასე ხდება, არა? გვგონია, ველოდებით, ვიმედოვნებთ, შემდეგ კი ფაიფურის თოჯინასავით იმსხვრევა ყველა ჩვენი იმედი და ვეებერთელა ბზარი უჩნდება ჩვენი რაობის საყრდენს. ამაში კი დამნაშავე მხოლოდ ადამიანია. ადამიანი, რომელსაც იმაზე მეტი ეგონა, ვიდრე სინამდვილეშია… სარკეში კი მხოლოდ მე ვიყავი. ერთ დღეში თითქოს ათი წელიწადი მომემატა. თაფლისფერი, ამოღამებული თვალებით და უკიდურესად დაღლილი სახით ვუყურებდი საკუთარ თავს. გრძელი თმებს თავისი ხიბლი დაეკარგათ, ხორბლისფერი კანი კი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა. რამდენიმე მოძრაობა გავაკეთე, რომ დავრწმუნებულიყავი - ანარეკლში ჩემ გარდა არავინ იყო. შვებით ამოვისუნთქე და სახის წესრიგში მოყვანას შევუდექი. ელზას ამ დღეში რომ ვენახე, ალბათ, ნერვიულობისგან გული შეუწუხდებოდა… ყოველთვის ზედმეტად “დედიკო” იყო, რომელიც ერთ უბრალო დაცემინებაზე ცალ ხელში პარაცეტამოლს დაიჭერდა ცალი ხელით კი თაფლისა და ლიმონის დამატებას ეცდებოდა ჩაის ჭიქაში. მეტისმეტად მგრძნობიარე იყო და მარტივად ექცეოდა შთაბეჭდილების ქვეშ. ერთ საათში სახლიდან გავედი, ტაქსიში ჩავჯექი და გლდანისკენ ავიღე გეზი. ანა პარალელურად მელაპარაკებოდა, მამშვიდებდა და მარიგებდა - როგორ უნდა წამომეწყო ეს საუბარი დედაჩემთან. როგორ სჯობდა დამეჭირა თავი მის ლოთ ქმართან, რომელიც წესით მამაჩემი იყო. - მისმინე, რომ შეხვალ, იმას ზედაც არ შეხედო, უბრალოდ შენთვის იყავი და თავი მოიკატუნე, თითქოს, არ არსებობს. - სათქმელად მარტივია. - ამოვიხვნეშე. - ძალიან კარგად მესმის, ეს საკითხი აუცილებლად გაქვს დასამუშავებელი საკუთარ თავში, ნიკე. შენვე გამძიმებს, თორემ იმას არ გავკარი?! - ესმოდა, მართლა ესმოდა ჩემი. ეს იყო ადამიანი, რომელმაც წლების განმავლობაში იმდენად კარგად შემისწავლა, რომ ზოგჯერ, თქმის გარეშეც იდეალურად ხვდებოდა ყველაფერს. - ჰო, ვიცი. მაგრამ აგრესიის კონტროლი მაინც ჩემი სუსტი წერტილია. - ერთი ორჯერ თუ წაკბენ, არაფერი დაშავდება. თან კარგა ხანია ჭკვიანი ბიჭივით იქცევა. - კარგა ხანი ვერ გადაფარავს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა! - ტონს უნებურად ავუწიე. - ბოდიში, შენ არაფერ შუაში ხარ. - ანას წინაშე თავი დამნაშავედ ვიგრძენი. - არაუშავს, კარგადაა ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ვერ გადაფარავს მის ადრინდელ საქციელს, მაგრამ მთავარია ახლა შენებთან სიმშვიდეა. - დამიყვავა მან. - კი, ვიცი. მაგრამ… - წარსული გამძიმებს, არ გაძლევს საშუალებას აწმყოთი იცხოვრო, თან როგორ გითხრა ფსიქოლოგმა? ეს ელზას არჩევანია. კი, საშინელი, მაგრამ მაინც არჩევანი, რომელიც თავის ცხოვრებაში გააკეთა. - უჭირდა ამ სიტყვების თქმა, ხვდებოდა რამდენად მტკიოდა და ეს სიტყვები, მიუხედავად იმისა, რომ უნდა მომესმინა, მაინც მისერავდა გულს. - ჰო, მისი არჩევანია. ადამიანი სანამ თვითონ არ მოიტეხავს კისერს, იქამდე არ ესმის, რას ეუბნებიან. - ხმა მითრთოდა. - მართალია. - მაგრამ, მაინცდამაინც, უნდა მოკლას, რომ გაიგოს?! - ყელში ბურთი გამეჩხირა. - ამას არ დავუშვებთ! - სიმტკიცე გაისმა მის ხმაში და მეც იმედი მომეცა. - ელზას კიდე შეაპარე, პირდაპირ არ უთხრა. - ხო, სუსტი გული აქვს, პირდაპირ ვერ ვაჯახებ ისედაც. - ის ჯგუფები რომ იპოვე… რა საშინელებები წავიკითხე, ეს რა უბედურებაა. - შიშმა და ძრწოლამ ანას ტალღებად დაუარა. - ჰო, საზიზღრები. - მანდედან სჯობს დაიწყო ელზასთან ლაპარაკი. - კარგი იდეაა, ეგრე ვიზამ. - ნიკამ მოგიკითხა, როგორ არისო. - სასხვათაშორისოდ მითხრა ანამ. - უი, ეგ სულ გადამავიწყდა. როდის მოასწარი მისი კონტაქტის აღება? - მესიამოვნა მისი ყურადღება. - გუშინ, რეალობას ვერ აღიქვამდი, როცა მოვდიოდით უკან და მაგ დროს ავიღე. - ეს გოგო ყველგან და ყველაფერს ასწრებდა. მისი ექსტრავაგანტული ბუნების გააზრებისას უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა სხეულში. იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნებოდი, რომელთაც ხალხმრავლობა დასანახად ეზიზღებოდა. - გადმომიგზავნე მეც, მადლობა უნდა ვუთხრა აუცილებლად. თორემ სინდისი შემჭამს. - მკრთალად გამეღიმა. - ჰო. კაი ბიჭია, ისე. მართლა გულით მოგიდგა, დაგიჯერა და დაგეხმარა კიდევ. ზოგ-ზოგიერთებივით ისტერიკაში არ ჩავარდნილა. - უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი ანამ. - ლექსოს გულისხმობ, არა? - დანანებით ვთქვი მე. - დიახაც! ისტერიკაში ჩავარდა, საქმეში არ გარკვეულა და ასე მოიქცა! - ჰო, მაგრამ მის ადგილას მეც ჩამექცეოდა ტვინში სისხლი. - გავამართლე მე. - გეთანხმები, მაგრამ მეორეჯერ რომ ურეკავ და ეუბნები, რომ ასე და ასე, მე არ ვარ, გავარკვევ და აუცილებლად დაგიმტკიცებო, მანდ ცოტა გონს უნდა მოხვიდე, ნიკე. იმაზე უნდა დაფიქრდე ჩემი საყვარელი ადამიანის ღირსება ვინ შებღალა და არა იმაზე, რომ ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა - მატყუებსო. - ცოფებს ყრიდა და ლამის, ღრენაში გადაუვიდა ბრაზი. - ჰო, მაგრამ ხო იცი როგორ ვუყვარვარ. - ნიკე, ვიცი და ვხედავდი, როგორ გაღმერთებდა და მართლაც გულწრფელად უყვარდი. ყოველი შემთხვევისთვის, ასე ჩანდა. მაგრამ კაცს ერთხელ რომ მოკლავ, სულ რომ აქამდე მილიონი სიცოცხლე გადაარჩინო, მაინც მკვლელი ხარ! სადღაც ვეთანხმებოდი, მაგრამ სადღაც ლექსოსიც მესმოდა. მის ადგილას რომ წარმოვიდგინე თავი, ალბათ, უარეს ისტერიკაში ჩავვარდებოდი და დავლეწავდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა. შემდეგ, ალბათ, გადავხარშავდი, ვეცდებოდი სიტუაციაში გარკვევას, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა. სიმართლე ითქვას, ლექსოს მიმართ ბრაზი მართლაც მწვავდა გულის სიღრმეში. არ ვუტყდებოდი საკუთარ თავს, რომ ეჭვის თესლი უკვე ღვივდებოდა და ფესვს იდგამდა ჩემში - ღირს კი, ლექსოს რამე ვუმტკიცო? რეალობას რომ შევხედოთ, უბრალო გამვლელმა მეტი ყურადღება გამოიჩინა და დახმარების ხელი გამომიწოდა, ვიდრე საყვარელმა ადამიანმა, რომელიც მისივე თქმით, სიცოცხლეს არ დაზოგავდა ჩემთვის. მან კი სიცოცხლე არა, დრო დაზოგა და ერთი წუთი გამომიყო ასახსნელად. ჩემმა მზემ თავისი სხივები მხოლოდ ერთი წუთით მარგუნა… გზად მაღაზიაში შევიარე და დაბარებულ პურთან ერთად სხვადასხვა ტკბილეული და სასუსნავი ვიყიდე. ვიცოდი, ელზა გამიწყრებოდა, მაგრამ ხელცარიელი ამდენი ხნის შემდეგ ვერ მივიდოდი. ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იმ სახლში ფეხი არ მიმიდგამს. ექვსი წელია, რაც მამაჩემისთვის ხმა არ გამიცია. მიუხედავად იმისა, რომ ელზა მას ყველა ხერხით იცავდა ჩემთან, ბოლოს მაინც ჩამოუშვა ხელები და შეეგუა, რომ ჩვენი შერიგება არც ერთი რელიგიის არც ერთ ღმერთს შეეძლო. უყურებდე როგორ სცემს მამა დედას? შეურაცხყოფას აყენებს? შენ გირტყამს? არა. არავინაა ვალდებული ეს ყველაფერი ითმინოს მხოლოდ იმიტომ, რომ მამაა, დედაა, ძმაა, სისხლით ნათესავია, ქმარია. არავის არასოდეს უნდა მიეცეს საშუალება იძალადოს. მოძალადე კი უნდა დაისაჯოს. თუმცა კახა ბერულავა, ჩემი ბიოლოგიური მამა არ დასჯილა. მხოლოდ იმიტომ, რომ შუბლგატეხილი და თვალჩასიებული დედაჩემი ფეხქვეშ ვედრებით გამეგო, როცა პოლიციაში დარეკვას ვაპირებდი. “დაქალთან ამდენი ხანი რა გინდოდა, შე ნაბ*ზარო!” წყლის ჭიქა მიფრინავდა დედაჩემის მიმართულებით, გაუხეთქა წარბი… შემდეგ მუშტის მძლავრი მოქნევა და თვალიც ჩაუსივდა. კახას თავში ჩემგან მთელი ძალით მოქნეული ტაფა მოხვდა და თვალებიდან ნაპერწკლების სროლა დაიწყო. ელზას შემაძრწუნებელმა კივილმა კი არემარე გააყრუა. თავში ხელებშემორტყმულმა კახამ ცალი, გახელილი თვალით შემომხედა და ბარბაცით წამოვიდა ჩემკენ. მთვრალი იყო. ეს ყოველთვის მაშინ ხდებოდა, როცა იგი მთვრალი იყო. სწრაფად ავიღე ტელეფონი და აკანკალებული ხელებით ძლივს ავკრიფე 112. კახა შეკრთა. მის სახეზე შიშის მძვინვარება აშკარად შესამჩნევი იყო. ელზა კი ფეხებში ჩამივარდა და გულზე მჯიღის ცემით მთხოვდა არ დამეტოვებინა უქმროდ და არ გამეხადა სანათესაოში სალაპარაკო. მე კი ამ სცენის შემხედვარე - დავნებდი. სასო წარმეკვეთა და ბოლო იმედი გადამეწურა. ბეწვის ხიდზე ელზას სიმძიმე ვერ ვატარე და იგი ჩაწყდა. მე კი უფსკრულის ყბადაღებულმა ნაპრალმა ტაშისკვრით მიმიღო. რამდენიც არ უნდა მელაპარაკა, მეთხოვა, მუხლმოდრეკილი შევვედრებოდი ელზას - ჩამოშორებოდა იმ კაცს, რომელმა მთელი ცხოვრება გაუმწარა… არაფერი ჭრიდა. კითხვაზე “რატომ” პასუხად ვიღებდი - “მიყვარს”. რა სიყვარულია, დედა, ეს? ავად ხარ… დამფრთხალ კახას მივუახლოვდი. ხელში ჯერ კიდევ მეჭირა ტაფა და იმდენად ვუჭერდი ხელს, რომ წამით ჩემი სხეულის გაგრძელება მეგონა, ლამის, შევისისხლხორცე. - შენ თუ კიდევ ერთხელ გაბედავ და ხელს ასწევ დედაჩემზე, მე მე არ ვიყო, ჩემი ხელით ყელი თუ არ გამოგჭრა! - ბრაზისა და მრისხანების მძლავრი ნაკადისგან სხეული მიცახცახებდა, თუმცა სიამოვნება მაინც ვიგრძენი, როდესაც მის სახეზე ამოვიკითხე დაუძლეველი შიში - სიკვდილის შიში. ეს აღარ იყო ის კახა, რომელიც დარწმუნებული იყო თავის სისწორეში და ფიქრობდა, რომ ყოველთვის თავისას გაიტანდა. ეს იყო პატარა, გასრესამდე მიყვანილი ტარაკანი, რომელმაც იცოდა, თუ კიდევ ერთხელ დააშავებდა, მას ბოლომდე გასრესდნენ და მისი მზე საბოლოოდ ჩაქრებოდა. ეს მოხდა ექვსი წლის წინ. ექვსი წელია დედაჩემის სხეულზე ერთი ჰემატომაც არ შემიმჩნევია. მაგრამ მართალია ანა, სულ რომ მილიონი გადაარჩინო და ერთი მოკლა, მაინც მკვლელი ხარ! … ნაცნობ კორპუსთან როგორც კი შევუხვიეთ, მანქანიდან გადმოვედი. რამდენიმე წუთი ვიდექი და ვუმზერდი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ კორპუსს, რომელმაც მაიძულა აურაცხელი რაოდენობის მოგონებების მტვერმოდებული არქივი გამეხსნა და ისევ ისე დავძიმებულიყავი, როგორც აქ ცხოვრების პერიოდში. რამდენი ოჯახი, რამდენი ადამიანია ამ უსახური კორპუსების მიღმა, რომელიც თავის ტკივილს გარშემომყოფებისგან მალავს. სტკივა, ტირის, უხარია, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა და უბედურების ფსკერს აღწევს… ვინ იცის, ვინ რას დაატარებს გულით? არავინ არაფერი იცის, რადგან არავინ არავის იცნობს. ჩემი მეზობელი ნუნუ, რომელიც დღე და ღამე ფანჯარაზეა გამოკერებული და ყველას ლანძღავს - “ბ*ოზია, რადგან მოკლე კაბა აცვია! ეს კიდევ უეჭველი ნარკ’ომანია, შეხედე როგორ ჩამოხმა! იმას კი შვილი ჰყავს პიდ’არასტი, ჩემი თვალით ვნახე როგორ კოცნიდა კაცს!” მასაც სტკივა. ერთადერთი შვილი აფხაზეთის ომში დაკარგა და ქმარი სიმსივნემ წაართვა. ნუნუს მარტოობა ალაპარაკებს, ნუნუს ყურადღება უნდა და სხვა ხერხი ვერ იპოვა ამისთვის. გვერდით უბანში მყოფი ოლეგი ბიძია? ყველა “ბომჟს” ეძახის, მაგრამ განა, ვინ იცის, რომ ნათელამ მას ყველაფერი წაართვა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ შვილიც არაა მისი… არავინ იცის, სხვის გულში რა ცეცხლი ტრიალებს. არავის აქვს გაკიცხვის უფლება. მათ შორის არც ნუნუს, ოლეგს, მე და თქვენ. ადამიანები კი იმ დონემდე მიდიან, რომ ჩიტებსაც აუკრძალავენ მალე ჭიკჭიკს, აქაოდა, არასწორად გალობენო… ნახევარი სიცოცხლის ფასი დამიჯდა სადარბაზოში შესვლა და მესამე სართულზე ასვლა. თითოეული საფეხური იმდენად მამძიმებდა, რომ ყოველ მომდევნოზე სხეულის აზიდვა უაღრესად დიდ ტკივილს მაყენებდა. ექოდ ისმოდა დედაჩემის კივილი, ტირილი და ვედრება, რომელიც ამ სადარბაზოს უგემოვნოდ მოხატულ კედლებს შეებჟნა და ლეშის მძაფრი სუნი დაუტოვა. გულისრევას ვერ გავუმკლავდი და ჩავიმუხლე. ვქოშინებდი და გულის არეში ხელი მოვმუშტე. ყოველი სილის გაწვნა, მუშტის მოქნევა და წიხლი მახსენდებოდა, რომელიც იგემა დედაჩემმა. არც მე დამკლებია, მაგრამ აუტანელი იყო იმის ყურება, რომ ასწლოვან მუხას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჟანგბადს მაძლევდა, ჯერ ფოთლებს აცლიდნენ, შემდეგ ტოტებს სტეხდნენ. მას კი ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ დუმდა. მაინც აგრძელებდა ჟანგბადის ფრქვევას და იქვე მყოფ ნერგს ეფარებოდა, რათა იგი არ შეემჩნიათ. ალბათ, ოცი მტანჯველი წუთი მაინც დამჭირდა ასასვლელად. ელზა უკვე მელოდებოდა ღია კარში, როცა დანიშნულების ადგილამდე მივაღწიე. - რა იქნა, დედი, ამდენი რატო მოიტანე?! ამოსვლა გაგიჭირდა, ვერ უყურებ?! - აღშფოთდა ქალი და ფაცხა-ფუცხით გამომართვა ტკბილეული. თუმცაღა ორივემ კარგად ვიცოდით, რა იყო ჩემი შეყოვნების მიზეზი. - სადაა? - ყრუდ ვკითხე მე. - დივანზე წევს, როგორც ყოველთვის. - ჰო, როგორც ყოველთვის. - ვთქვი და ჩამეცინა. - თორნიკე? - სკოლაშია, მალე მოვა. - თქვა და სახლში შევიდა. - ნერვებს მიშლის ეგ ბავშვი! - რა იყო, არ სწავლობს? - გამეცინა მე და შევყევი. - სწავლობს, მაგრამ თავისი ბინძური ნასკების აკრეფა ვერ ვასწავლე, გადამრია! - ქოთქოთებდა ელზა. - ოჰ, თორე ყველა თორმეტი წლის ბავშვი იდეალურად ალაგებს თავის ტანსაცმელს! - ყველა რაში მაინტერესებს, მთავარია ჩემმა ქნას! - ვერ ჩერდებოდა ქალი. სამზარეულოში გავედით და პატარა მაგიდასთან დავჯექი. აქ ყველაფერი ისევ ისეთი იყო. შაქარიც იქვე იდგა, კარადის ზედა უჯრაში მარჯვენა მხარეს და მარილიც მის გვერდით, ოდნავ მარცხნივ. სურნელიც კი იგივე იყო. ელზას კივილთან, ჩემს ტირილთან და კახას ყვირილთან შეზავებული სურნელი… - ჰო, ეგრე არ გაინტერესებდა სხვები, როცა მარიამს მადარებდი ათიანები ჰყავსო. - ჩამეცინა და ფეხი ნერვიულად ავათამაშე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი მოსვლა გაიგო და წამი წამზე ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა. - ოჰ, ეგ სხვაა, კაცო! სხვაზე უკეთესი უნდა იყო, უარესი კი არა. - თქვა და თეფშზე სადილის გადმოღება დაიწყო. - ეგეთი შედარება ძალიან აგდებს მოტივაციას, ელზა. - არ ეჭაშნიკა, როცა სახელით მივმართე. - პირიქით, უნდა სცადო, რომ სჯობდე იმას, ვისაც გადარებენ თუ შედარება არ მოგწონს. - წარბშეკრული მიყურებდა. ელოდებოდა, რომ მის მხარეს დავიჭერდი. - არა, ამ დროს პროტესტი იწყება და შენი სიტყვები საპირისპიროდ მოქმედებს. შედარების შემდეგ უკეთ დავიწყე მე სწავლა? - გავუღიმე. - არა. - ჰოდა, სხვა ხერხი იპოვე სამოტივაციოდ, რომ თავისი წინდები ასე არ მიყარ-მოყაროს. - ვთქვი და ნერვულად გავიხედე მისაღების მხარეს. - ეს ახლანდელი თაობა გადამრევთ, რა! - მამათა და შვილთა ბრძოლა, ძვირფასო! - სახის ნაკვთების დამორჩილება უკვე მიჭირდა. - აჰა, შენი საყვარელი გავაკეთე. - თქვა და წინ თეფშით ოჯახური კარტოფილი დამიდგა. - არ არსებობს! - ვთქვი და წამით ჩემი გასაჭირი დამავიწყდა. - დედაა! - მიდი, მიდი, ჭამე. ის არ გამოვა, ნუ გეშინია. - თქვა და მისაღებზე მიმითითა. - აქ მე კი არა, მას უნდა ეშინოდეს. - გამოვცერი კბილებში და კერძზე გადავიტანე ყურადღება. ელზამ ღრმად ამოიხვნეშა და თემა თორნიკეზე გადაიტანა. მიყვებოდა მის წარმატებასა და პრობლემებზე და მეც გავერთე. პატარა ნათელი წერტილი ჩემი ძმის სახით ჩვენს ცხოვრებაში საოცარი შვება იყო. მისი ერთი ჩახუტება სიცოცხლის ათი წლის მომატებას უდრიდა. ცოტა ხანში თორნიკეც მოვიდა და ძალიან ბევრი მეტიტინა თავის გატაცებაზე, კლასელებსა და გოგოზე, რომელიც მოსწონდა. მთელი სულით და გულით უნდოდა ფეხბურთელობა. კვარაცხელიაზე საუბრით არ დაიღლებოდა, რამდენჯერაც არ უნდა გეთხოვა მომიყევიო. ბოლოს ერთი კვირის წინ შევხვდი და ახლაც იგივე მომიყვა, რაც მაშინ. მთელი ენთუზიაზმითა და აღტკინებით… მეღიმებოდა და ყოველ მის მიხვრა-მოხვრაზე ვრწმუნდებოდი, რომ მისთვის მკვლელიც გავხდებოდი და სიცოცხლესაც დავთმობდი. ნეტავ, მართლა მყავდა თორნიკეს მსგავსად ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებდი? - მომენატრე, ნიკი. - ბოლოს თქვა და ჩამეხუტა. გული შემეკუმშა და მთელი ძალით მოვხვიე ხელები. - მეც მომენატრე, პატარავ. - არ ვარ მე პატარა! - ტუჩები მოკუმა და ბრაზით სავსე თვალები შემომანათა. კუპრივით შავი ჰქონდა, როგორც ნიკას. მიუხედავად იმისა, რომ შავი ფერის თვალები არ არსებობს… პატიება მინდოდა მეთხოვა მისთვის, რადგან დავუშვი ის, რომ ექვსი წლის ასაკში იგი შეესწრო სცენას, რომელიც არასოდეს დაავიწყდება არც მას, არც მე და კახას გონებაშიც კი იქნება ამოტვიფრული სიცოცხლის ბოლომდე. მინდოდა ისე გაზრდილიყო, რომ ტრავმების შედეგებს არ დაეხრა მისი ფსიქიკა წლების შემდეგ. თუმცა ეს დედის პოზიციაა… ჩემი ძმისთვის დედა მსურდა გახდარიყავი, ეს კი ყოვლად დაუშვებელია ოჯახურ იერარქიაში. - კარგი, ეხლა. გეყოფა, მიდი გაკვეთილებს მიხედე. - დაუცაცხანა ელზამ. - დე, გთხოვ, რაა! - არანაირი “გთხოვ”, ჯერ საქმე, მერე დასვენება. - იქნები კიდე ცოტა ხანი? - ვედრებით აღსავსე ხმით მკითხა თორნიკემ. - კი, ვიქნები, ნუ ღელავ. - ვუთხარი და თმა ავუჩეჩე. - კაი, მალე მოვრჩები, გპირდები. - თქვა და შურდულივით გავარდა გაკვეთილების მოსამზადებლად. - გიჟია, გეფიცები! - მე კი სიტყვებს ვეძებდი, რომ ის საუბარი წამომეწყო. ვცადე სახეზე არ დამტყობოდა ნერვიულობა და ვფიქრობ, გამომივიდა კიდეც. - დე… - ჰო, დედი. - ჭურჭელს რეცხავდა პარალელურად. - რაღაც ჯგუფი ვნახე, დედები შვილებს ეძებდნენ და შვილები ოჯახებს. - ვერ გავიგე? - წყლის შიშინმა ჩემი ხმა გადაფარა. - ანუ, ოთხმოცდაათიანებში და უფრო ადრე ბავშვებს ასხვისებდნენ. გავგიჟდი, ისეთები წავიკითხე. - შევალამაზე მე. - არ გადამრიო! - ჰო, თურმე ასეთებიც ხდებოდა. - კი ვიცოდი, რომ ხდებოდა ეგეთები, მაგრამ მე არ შევხვედრივარ მსგავსს, ღმერთს მადლობა! - პირჯვარი გადაიწერა ელზამ. - დარწმუნებული ხარ? მე ვფიქრობ ტესტი გავიკეთო, იქნებ ვინმეს დავეხმარო… - რა სისულელეა, გონზე ვიყავი მე და შენ თავს ვის გავატანდი, არ გადამრიო?! - თვალები აუელვარდა. - ანუ ორზე ნამდვილად არ იყავი ორსულად, ხო? - ვკითხე და მისი სახის ყველა ნაკვთის მოძრაობას ვაკვირდებოდი. - არა, დე, მაშინ ექოსკოპია არ იყო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მარტო შენ იყავი. - აგრძელებდა ჭურჭლის რეცხვას. - აბა, გართულება მქონდაო? - გულისფანცქალით ჩავეკითხე. - კი, გართულება მქონდა, არ გამოვიდა ბუნებრივი მშობიარობა და საკეისროზე გამიშვეს, მარა მამაშენი იქვე იყო. - თქვა და გაეღიმა. - სად იყავით თქვენ, როცა მე ოთხმოცდაათიანებში უკვე პარტნიორული მშობიარობა მქონდა! - ეგ არ მოგიყოლია, ე! - ვთქვი და ამოვისუნთქე. - ხო, გადადგა მამაშენმა საავადმყოფო, არ დაგანებებთ ჩემს ცოლს, ყველაფერი უნდა გავაკონტროლოო! - მორცხვად ხითხითებდა ელზა და მე მიკვირდა მისი რეაქცია. ნუთუ, შეიძლება ასე თბილად გახსენდებოდეს ადამიანი, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოგატარა? - დაიცა, ეს უნდა გაჩვენო! - თქვა და ხელები ნაჩქარევად შეიმშრალა. ბინის მეორე ბოლოსკენ გავარდა. უკან გავყევი და მისაღებში აღმოვჩნდი, დედა კი საძინებელში შევიდა. დივანზე იწვა, როგორც ყოველთვის. დაბერებული, გაჭაღარავებული და დასუსტებული იყო. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და სახეზეც ეტყობოდა, რომ ცხოვრება თაფლით ნამდვილად არ უმასპინძლდებოდა. - გამარჯობა, შვილო. - ისე მითხრა, ზედაც არ შემოუხედავს. - შენი შვილი უკვე მკვდარია! - მაქსიმალურად ვცდილობდი თავის შეკავებას. - ჰო, ერთი მკვდარია, ორი ცოცხალი. - მითხრა და თვალი თვალში გამიყარა. მაოცებდა ეს მსგავსება ჩვენს მზერას შორის და მაზიზღებდა საკუთარ თავს. - რა? - ვერ გავიაზრე რა მითხრა. - ერთი მკვდარია, - საჩვენებელი თითი ასწია. - ორი ცოცხალი. - შუა და არათითი მიაყოლა. - სამი?! - ჰო. - შენ, რა. დედას გარდა, სხვა ქალთანაც შვილები გყავს?! - წამის მეასედში მის გვერდით აღმოვჩნდი და პერანგის საყელოში ჩავაფრინდი. - არა. - აბა, რას ნიშნავს ეს? მეთამაშები კახა?! - მშვიდად. თქვენი საუბარი გავიგონე. დედაშენმა ყველაფერი არ იცის. - მისი სიმშვიდე ჭკუიდან მშლიდა. სიგარეტის ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან და გაუკიდა. - დიდხანს გელოდო?! - თავი საძინებლისკენ მივაბრუნე, დედა ჯერ კიდევ აშრიალებდა რაღაცებს და ეძებდა. - მე ვიყავი იქ. ორი ბავშვი ამოიყვანეს მუცლიდან, ორივე გოგო. სანამ დედაშენი გონს მოვიდა საკეისროს მერე, ექიმმა მითხრა, მეორე სუსტი იყო და მოკვდაო. - სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა, მასაც უჭირდა ამის გახსენება. - მოკვდა თუ გაყიდე?! - თვალები ჩამისისხლიანდა. - მისმინე, შეიძლება ცუდი ადამიანი ვარ, მაგრამ ამდენად ნამდვილად არა, რომ ჩემი სისხლი და ხორცი გამეყიდა. - თვალი თვალში გამიყარა და დავრწმუნდი, რომ არ იტყუებოდა. ეს ის სპეციფიკური და იშვიათი მომენტი იყო, როცა მისი მჯეროდა. - სადაა? გამოგატანეს? დაასაფლავეთ? - ავნერვიულდი, რადგან ელზას ხმა მომესმა, რომელიც მეძახდა. - არა, ხელი მომაწერინეს და თვითონ დაასაფლავეს. - ამოიხვნეშა. - რატომ უნდა დაგიჯერო?! საკეისროზე არ უშვებენ შიგნით! - ფული ჯოჯოხეთს ანათებს, ნიკე. - ელზამ რატომ არ იცის? - ნაკეისრალი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი დედისთვის მეთქვა, რომ შვილი მოგიკვდა-მეთქი? - სახეზე ცინიზმი უხტოდა ერთი ნაკვთიდან მეორეზე. - ერთი ცოცხალი იყო, ესეც საკმარისია. - ცხოველი ხარ, კახა! - ეს სიტყვები სახეში შევაფურთხე და ელზასთან გავედი. #4 ის დღე რის ვაი-ვაგლახით გადავაგორე. დრო დავუთმე ელზასაც, რომელმაც ძველისძველი ფოტოალბომი იპოვა და ჩემი ჩვილობის ფოტოებს მაჩვენებდა - ნახე, რა საყვარელი იყავიო, და თორნიკესაც, რომელიც დაბღვერილი გამოვიდა ოთახიდან - ეს დავალება ვერ გავიგეო. ერთდროულად, ავივსე და დავცარიელდი. წამოსვლისას ორივეს ისე მოვეხვიე, თითქოს, ბოლოჯერ ვეხებოდი და ელზა დაეჭვდა - აქაოდა, რაღაც ხდება და არ მეუბნებიო. ძლივს დავამშვიდე და ვუხსნიდი, რომ არაფერს ვუმალავდი. სახეში ვუყურებდი და უტუხად ვატყუებდი ქალს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. გული მეწურებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ძლივძლივობით შეკოწიწებულ ე.წ. ცხოვრებას კარტის სახლივით, ერთი სულის შებერვით, ვერ დავუნგრევდი დედაჩემს. ვერ გადაიტანდა ეს თითისტოლა ქალი. ძლიერი იყო, ძალიან ძლიერი, მაგრამ ამას ვერ გადაიტანდა… კახასთვის კი ხმა აღარ გამიცია. თავის დროზე მას პრეტენზია ჰქონდა “მოშავო ელემენტობაზე” და იქაჩებოდა, რომ ქურდების გარემოცვაში ყოფილიყო. სხვადასხვა ძარცვებზე დადიოდა და ხშირად უწევდა დამალვა სამართალდამცავებისგან. იმ პერიოდში მოხდა მისი და ელზას შეუღლება და მაშინ ფული მისთვის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენდა. ამიტომ საფუძველი არ მქონდა მის სიტყვებში ეჭვი შემეტანა. ამასთანავე, მზერა… ამ მზერაში აშკარად იკითხებოდა სინანულთან შეზავებული ტკივილი, რომელიც ცდილობდა ჩვენ შორის გაჩენილი უძირო უფსკრულის შევსებას. როგორმე ყურადღება უნდა გადამეტანა და ტელეფონში ქექვა დავიწყე. - გისმენთ. - ნიკას ხმის გაგონებამ შვება მომგვარა. - მე ვარ. - ძველი მეგობარივით ვუთხარი, თითქოს წლებია ერთმანეთს ვიცნობდით და ხმაზე უნდა ვეცანი. - ვუა, ნიკელოზ, დეი, შენა ხარ? - ახლაღა შევამჩნიე მისი სასიამოვნო ტემბრი. - ჰო, მე ვარ და ნუ მეძახი ეგრე! - შევუბღვირე. - ნუ ნერვიულობ, შენთვის არ შეიძლება, წნევა დაგარტყამს. ბოლობოლო აღარ ხარ უკვე ახალგაზრდა. - სერიოზული ხმით მითხრა და თავიდან ვერ გავიაზრე მისი სიტყვები. - ღლაპო! - ავკივლდი, როცა ჩემმა გონებამ გადახარშა ნათქვამი. - დამშვიდდი, ბები, ვიცი, რომ შენზე ახალგაზრდა ვარ! - ერთობოდა. - ნეტა, ამ იდიოტს ვინმე თუ შეხედავს. - თვალები ავატრიალე. - ჩემზე ამბობ? - ჩვენ ორს შორის იდიოტს სხვას ხედავ? - ოო, ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა. - რა? - სათვალე გჭირდება უკვე, თორე ვინ ვინაა ვეღარ არჩევ. - ფხუკუნი აუტყდა. - შემომეკვლევინები! - სწორია შემომეკვლები! - ტვინი ამირიე, დამავიწყდა რისთვის დავრეკე! - უუ, უკვე ტვინს გირევ და გულის ძგერას გიწიოკებ? - თეატრალურად დაიბოხა ხმა. - ჯერ მკითხე, ჰეტერო ვარ? - მოიცა, გეი ხარ? - ყბა ჩამომივარდა. - არა! მე ვარ არიული რასის ტრანსცენდენტური მუტაციის შედეგად ჩამოყალიბებული აგენდერი პანსექსუალი! - შენს ლექსიკონში არსებული ყველა “ჭკვიანური” სიტყვა დახარჯე? - გამეცინა. - თითქმის! კიდევ ვიცი გნოზისი, არტიკულაცია, რეადსორბცია და დეზოქბონუკლეინის მჟავა! - ხმაზე ღიმილი ეტყობოდა. - კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი? - ეგ რა არი, იჭმევა? - ისე მკითხა, წამით დავიჯერე, რომ არ იცოდა. - გადაბრუნდა ვაჟა საფლავში! - ახლა მე ავხარხარდი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ ადამიანს გამოსდიოდა ჩემი გამხიარულება, მიმდინარე მოვლენების მიუხედავად. - ლუკა ერქვა მაგას! - ბოლობოლო გეი ხარ? - რა გეი, ტო! ვერ დაინახე, შენს ფეიქ ფოტოზე, ბნედა რომ დამემართა? - აღშფოთება და პრეტენზია ერთდროულად გამოხატა. - ნიკა! - კარგი, ჰო. გაარკვიე რამე? - ამჯერად სრული სერიოზულობით მიუდგა დიალოგს. - კი. თურმე დედაჩემი ტყუპებზე იყო ორსულად და… - ჩასუნთქვა გამიჭირდა. - ისუნთქე, მშვიდად, ღრმად. აი, ასე. კარგი გოგო ხარ. - შეატყო, რომ მძიმე იყო ჩემთვის და დისტანციურად რაც შეეძლო ის გააკეთა. - ჰო… მოკვდაო უთხრეს. დედამ არ იცის, არ უთქვამთ მისთვის. - კარგი, გასაგებია. არ ინერვიულო. ძაან ბანალურ ფრაზას გეტყვი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. - ჰო, ალბათ. - თავი ჩავქინდრე და ცრემლი მომერია. - ჰეი, ნიკელოზ! ნუ ტირი, რა. ხო იცი, კაცები ვიბნევით, როცა ქალები ტირიან. - დამიყვავა და სითბო, რომლითაც მისი ხმა იყო გაჯერებული, შემოდგომის სუსხიან დღეს თბილი პლედივით შემომეხვია მხრებზე. - მადლობა, ნიკა. - რისი მადლობა, ტო! ჯერ ადრეა მადლობები. შენს დას რომ ვიპოვით, ხინკალზე უნდა დამპატიჟო! - იღიმოდა და მეც გამეღიმა. - თავი დაიპატიჟე? - ვსრუტუნებდი. - ჰო, აბა? ხო იცი, შენ თუ არ შეაქებ საკუთარ თავს, არავინ შეგაქებსო, თუ ეგ ხინკალზე არაა? - მწვადზეა, შეგეშალა. - ბრატები არიან მაინც, სადაც ხინკალი, იქ მწვადიც! - ოჰ, ბავშვო! - ტესტს როდის გაიკეთებ? - რა ტესტს? - დავიბენი. - ორსულობის, ალბათ, ჩემი გახუხული ტოსტი უკვე გაიზარდა! - ხარხარებდა ნიკა და ხმაური გავიგონე. - აი, აი, აი… - ამას ქვია მომენტალური კარმა! - ნიშნისმოგებით ვუთხარი მე. - ამას ქვია დისტანციური თვალის ცემა, სკამიდან გადმოვყირავდი. - აწუწუნდა ბიჭი. - ასეც მოგიხდება! - ბებო… - არ ვიცი, ტესტი როგორ გავაკეთო… - დაგეხმარები, ნუ გეშინია! და ნიკა დამეხმარა. იუსტიციიდან და არქივიდან საბუთები გამოვითხოვე. ტესტი შევუკვეთე და საჭირო ადგილას გავაგზავნე, პასუხები კი ავტვირთე ბაზებში, სადაც ერთმანეთს ეძებდნენ. ნიკა ყველგან დამყვებოდა, სადაც საჭირო იყო. ჩემი ინტროვერტული ბუნება, რომელიც ლამის, სოციოფობიაში იყო გადასული, არ მაძლევდა საშუალებას, რომ თავადვე მომეგვარებინა ყველა ნიუანსი. ხუთ კვირაზე მეტი გავიდა, სანამ ამ ყველაფერს თავი მოვაბით. შემდეგ კიდევ ხუთი, მაგრამ უშედეგოდ. ვიცოდი, რომ ხალხი წლობით ეძებდა თავის სისხლს და ხორცს, მაგრამ მე ამდენი დრო არ მქონდა. ნერვიულობისგან სამ თვეში თორმეტი კილოგრამი დავიკელი. ლუკმა ყელში არ გადამდიოდა, როცა ვიცოდი - ჩემი და მელოდებოდა, ჩემს დას ვჭირდებოდი; ლექსოსთვის კი ყოველი დღე წარმოქმნიდა ჩვენ შორის ბარიერს, რომელიც ცოტაც და გადაულახავი შეიქნებოდა. რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი მქონდა და ვიზუალურად ოდნავ მეტყობოდა კიდეც, თუმცა სამ თვეზე ნაკლებ დროში ჩამოვდნი. ჩავარდნილი თვალის უპეები, რომელშიც სევდამ დაიდო ბინა… ლოყები აორთქლდნენ და კოსტა, რომელსაც ჩქმეტა უყვარდა, დაბღვერილი დადიოდა და ხან ჩახოხბილს მთავაზობდა, ხან ხაჭაპურს - ჭამე რამე, თორემ ვეღარ გჩქმეტო. ცალკე ანა თავისი რეპლიკებით - ქალს ხორცი უნდა ჰქონდეს და შენ ძვალი და ტყავი დარჩიო! ვერ ვუძლებდი ემოციურ წნეხს, რომელიც ცუნამივით დამატყდა თავს და ჩემი ძლივს შეკოწიწებული და აშენებული ქალაქი წალეკა. ვიდექი ამ ქალაქის ნანგრევებზე და ერთი შენობის აღდგენისას, დანარჩენები იქცეოდნენ კოსმიურ მტვრად. მხოლოდ მე ვიცოდი, რა ფასად დამიჯდა ამ კონსტრუქციის აშენება და რამდენი ცრემლი და ოფლი დავღვარე ამისთვის, მაგრამ ახლა დავიკარგე. საკუთარ თავში დავიკარგე. ვერც მე ვცნობდი საკუთარ თავს და ვერც გარშემომყოფები. შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ლამის, ყოველ მეორე დღეს სასწრაფოს ეკიპაჟი იდგა ჩემს კორპუსთან. - აბა, დღეს სად წავიდეთ? - დაუკითხავად შემოგრიალდა ჩემს ბინაში და საწოლზე ტანსაცმლიანად გაგორდა. შავი ფერის ჯინსის შარვალი ეცვა, მოკლემკლავიანი შავი მაისური, რომელიც ვერ იტევდა მის დაკუნთულ სხეულს. დატალღული თმა კიდევ უფრო წამოზრდოდა და კულულები უსწორმასწოროდ ეყარა სახეზე. - დაუპატიჟებელ სტუმარზე გსმენია რამე? - თვალები ავატრიალე და ფეხდაფეხ გავყევი. - უი, ვინმე სტუმრად მოვიდა ჩვენთან? - თქვა და ყვავის ბახალასავით დაიგრძელა კისერი. - ჩვენი არა კვახი! როდის მერეა ისაკუთრებ ჩემს ბინას? - დოინჯი შემოვირტყი. - იმის მერე, რაც სასწრაფოების არმია გყავს და ყოველდღე მარჯანიშვილიდან მიწევს ჩამოთრევა. - ყოველდღე არ მყავს! - ხოდა, გამოსასწორებელია ეგ ამბავი, დღე ჩაგივარდა, ბები. წნევა ხომ არ გაქვს? შაქარი ხომ არ დაგივარდა? ართრიტი? მენჯის ძვალი ამოიგდე? - წამოხტა და ბუზივით მოუსვენრად დადიოდა. ხან ჩემთან მოვიდოდა, ხან გვერდით ოთახში. - გეყოფა! - არ მესიამოვნა ამგვარი მოვლენების განვითარება. ძალიან კარგად ვხვდებოდი შეფარულ ირონიას, რომელი ბუდობდა ნიკას სიტყვებში. ის ღელავდა და ბრაზობდა ჩემზე. მის თვალში მე ვიყავი დამნაშავე, რომ საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში ჩავაგდე და რაღაც მხრივ, მართალიც იყო. - ჰა, რა იყო, გული გაქვს ცუდად? - მოირბინა ჩემთან და ჩემი ხელები თავისაში მოიქცია. - გამოვუძახო სასწრაფოს? - ნიკა! - გავცეცხლდი. - კაი, ჰო. თუ სასწრაფოს გამოძახება არ გინდა, მაშინ წამო. - თქვა და კარისკენ წამათრია. - გამიშვი, ღლაპო, არსად წამოსვლას არ ვაპირებ! - ავფართხალდი, მაგრამ ამ მოზვინულ არსებასთან ვერაფერს გავხდი. - დე ვიტამინი გაკლია, დეიდა ნიკელოზ, ამიტომ ცოტა უნდა გავისეირნოთ, თორე მერე რაქიტიანიც იქნები და ცოლად არავინ მოგიყვანს. - არ ვაპირებ არავის ცოლობას! - აბა, ჩვენი შვილი! - მოულოდნელად გაჩერდა და ახლოს მოიწია. მისი კანის არომატმა სასიამოვნოდ შემიღიტინა ცხვირში, მაგრამ როგორც კი გადავხარშე - რა თქვა, თვალები შუბლზე ამივიდა. - შენ რა იყო, სიცხე გაქვს? - არა. - აბა, რა ბავშვი? რა გესიზმრა? - ოოო, სიზმრები ძალიან მრავალფეროვანი მაქვს, დეი. შენი ფოტოს მონაწილეობით, იფ, იფ… - თქვა და სიამოვნების იმიტაციისგან თვალები მილულა. მომენტალურად მიიღო მუჯლუგუნი ღვიძლის არეში და სუნთქვა შეეკრა. - შენ არ იცი, რომ ბავშვებისთვის ეგ არ შეიძლება? - თვალები დავაკვესე. - არც ჩვენი ბავშვის არსებობა შეიძლება მაშინ. - წარბი შეკრა. - რა ბავშვი, ნიკა, რა ბავშვი! - ჩემი გახუხული ტოსტით ორსულად არ ხარ? - გულუბრყვილოდ მკითხა და წამით დავიჯერე, რომ სერიოზულად იკითხა. - ნიკოლოზ! - ნიკელოზ! მაინც შეძლო და ერთ საათში უკვე მთაწმინდის პარკში ვსეირნობდით და ბამბის ნაყინს შევექცეოდით. იქამდე რესტორანში შემიყვანა და ხაჭაპური ძალით მაჭამა. მემუქრებოდა, რომ თუ არ შევჭამდი, საცვლებისამარა სამჯერ დაარტყამდა წრეს რესტორანს და იყვირებდა “ხაჭაპური ჩვენი არსობისაო”. თავიდან არ დავუჯერე, მაგრამ როცა ქამარი შეიხსნა, ღილი და ელვაც თან მიაყოლა, ხელები გავასავსავე და დავთანხმდი. ნიკასთან ყოფნისას სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა და სასიამოვნო განწყობაც დიდი ხნით მინარჩუნდებოდა. იმ ჭაობს თავს ვაღწევდი, რომელშიაც ქვის ლოდივით ვიძირებოდი ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავთან და ანარეკლთან ვრჩებოდი მარტო. - მაინც არ შეჭამე ბოლომდე ხაჭაპური. - უკმაყოფილება იგრძნობოდა ნიკას ხმაში. - ბამბის ნაყინს, ხომ, ვჭამ! - შევუტიე. - მერე ერთი მოცუცქნული ნაჭერი ხაჭაპური და ბამბის ნაყინი რა არი, ქალო, ბეღურა ხარ?! - არც ქალო ვარ, არც ბეღურა! - შევუბღვირე და წინ გადავუდექი. - ოჰ, კაი, დეი, ბოდიში. ჩამოგართვი დეიდის სტატუსი უცებ. - გაიღიმა და ნიავმა კულულები შეუთამაშა. გულწრფელობის არომატი მოედო ჩემს ნესტოებს და ფილტვებს პლევრასავით. ის-ის იყო რაღაც უნდა მეთქვა, რომ… - ფრთხილად! - დაიგრგვინა ნიკას ხმამ და დამეძგერა. გონს მაშინ მოვეგე, როცა გაზონზე დავეცი, ნიკა კი ზემოდან მომექცა. თავი წამოვწიე, რომ რაიმე დამენახა და ველოსიპედისტი შევნიშნე, რომელიც ჯიუტად არ იმჩნევდა, რომ ცოტაც და გაგვიტანდა და გზა გააგრძელა. მზერა ნიკაზე გადავიტანე, რომელიც იმავე მიმართულებით იყურებოდა, მოშიშვლებულ კისერზე კი მყესი დასჭიმვოდა. მისი მკერდის ასვლა-ჩამოსვლა ძალიან მკვეთრად ჩანდა და მომინდა შევხებოდი. - კარგად ხარ? - ჩემკენ შემოაბრუნა თავი და თვალი თვალში გამიყარა. დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე. გაუაზრებლად წავიღე ხელი მისი მკერდისკენ და გულის ადგილას დავადე. აჩქარებული გულისცემა გასცემდა მის ემოციურ ფონს. - რა ხდება, დეი, ძუძუებზე მეფათურები? - იდიოტო! - ვთქვი და ხელი ვკარი. - ავდგეთ! - ვიყოთ, კაცო. არ ვარ წინააღმდეგი, მეფათურე. - თავისი ჭკუით ნება დამრთო. - რა ვიყოთ, გაზონზე, ხალხი გვიყურებს, თან სველია! - მერე, რა? - ხმა დაუსერიოზულდა და სახე ახლოს მომიტანა. - გვიყურონ. - თქვა და მისი სუნთქვა სახეზე მომეფინა. მისი ძლიერ მხრები ბარიერს ქმნიდნენ ჩემსა და დანარჩენ სამყაროს შორის და მეგონა, რომ ვერავინ და ვერაფერი მომწვდებოდა. წამიერად ვიფიქრე, რომ მართალი იყო და არ მაინტერესებდა სხვების აზრი, რომ აქ და ახლა ყოფნა უაღრეს სიამოვნებას განმაცდევინებდა, მაგრამ მოულოდნელმა შხაპმა გამომაფხიზლა. - ფუ, შენი! - ორივე ელვის დროს წამოვხტით და მოსარწყავ აპარატურას შევუკურთხეთ. შევხედეთ თუ არა ერთმანეთს ორივეს ხარხარი აგვიტყდა. … - შვილო, მომისმინე. სახეზე რომ გვცნობ უკვე, ამჩნევ ამას? - ერთ-ერთი ექიმი უკვე მეტისმეტად განერვიულებული ჩანდა ჩემი მდგომარეობით. ნიკასთან მთაწმინდაზე გატარებული დროიდან, რამდენიმე დღეში ისევ დამჭირდა სასწრაფოს ეკიპაჟის გამოძახება. - ჰო, ლალი დეიდა, ნამდვილად გცნობთ. - ვთქვი და გამეცინა. - არაა ეს სასაცილო, შვილო. ასე თუ გააგრძელებ სავალალო შედეგამდე შეიძლება მიხვიდე. - თვალს არ მაშორებდა და მე მზერა ავარიდე. - მესმის… - არა, შენ რომ გესმოდეს, ასე არ მოიქცეოდი. რა გაწუხებს მითხარი. - ჩამაჯინდა ქალი. - მე… არა, არაფერი. - ამ ქალის თვალებში, რომელნიც ოკეანისფრად იწონებდნენ თავს, დავიკარგე და დავიბენი. ისინი, ერთდროულად, ნდობასაც იწვევდნენ და შფოთვას ბადებდნენ ჩემში. - მე არც შენი ოჯახის წევრი ვარ, არც შენი მეგობარი და შეყვარებული. მომიყევი და თუ ვერ დაგეხმარები, შვებას მაინც იგრძნობ, რომ გაუზიარე ვიღაცას. - თავისი ასაკისთვის საკმაოდ სპეციფიკურად აზროვნებდა ქალი. იქნებოდა ასე, სამოც წლამდე. ეტყობოდა - ბევრი რამ გამოუვლია თავისი ცხოვრების განმავლობაში. - ქალბატონო ლალი… - მოწოლილი ცრემლების გამო, ხორხი ყელში მემტვრეოდა. - ჰო, შვილი, ნუ გეშინია. - დამიყვავა მან. - მე დას ვეძებ, ქალბატონო ლალი. გაშვილებულ დას, ჩემებს უთხრეს მოკვდაო და… - ვქოშინებდი მე, ჰაერს ბლომად ვყლაპავდი და ლალიმ ჩანთას სწრაფად დასტაცა ხელი, წამალი ამოიღო და მომცა. - თქვეს რომ… თვითონ დამარხავდნენ, მაგრამ ჩემი და ცოცხალია. ვერ ვპოულობ, არ ვიცი სადაა, ყველგან ვთქვი, ყველგან დავპოსტე, ტესტი ჩავაბარე, არსადაა, ქალბატონო ლალი, არსად! - ვსლუკუნებდი და სხეულს ძალა გამოეცალა. ნემსის გაკეთება მოუწიათ და თხუთმეტიოდე წუთში ოდნავ დავმშვიდდი. - სად იმშობიარა დედაშენმა? - სასხვათაშორისოდ მკითხა ლალიმ. - თბილისის პირველ სამშობიაროში. - რომელ წელს? - 97-ში. - ოხ, როზა, როზა! - კბილების ღრჭიალი გავიგონე და კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით შევხედე ქალს. - როზა? - ეგ განაგებდა მანდ ყველაფერს მაგ წლებში. - მშრალად მითხრა მან. - თქვენ რამე იცით? - თვალები გამიფართოვდა. - მე არა… 54 წლის ვარ და უშვილო ვარ. ჩემი ქმრის გარდა არავინ და არაფერი მაბადია. თვრამეტის ვიყავი, საშვილოსნო რომ ამომჭრეს და რომ გავიგე, დედებს შვილებს ართმევდნენ იმ ადგილას ისეთი ამბავი ავტეხე. როზამ სასწრაფოდ გადამიყვანა სხვა საავადმყოფოში, ხელს შემიშლისო. - თვალები ჩაუმუქდა ქალს. ეტყობოდა ბრაზი ასკდებოდა. ცოტაც და კანსაც დაუხეთქავდა. - ქალბატონო ლალი, ცოცხალია როზა? - ცრემლები გათავისუფლებული ტყვეებივით ცვიოდნენ თვალებიდან. - ცოცხალია, ლოგინადაა ჩავარდნილი, როგორც ვიცი. - ამოიხვნეშა ქალმა. - გთხოვთ… გემუდარებით, შემახვედრეთ! რასაც მთხოვთ, გავაკეთებ, ოღონდ და მაპოვნინეთ! - ხელებში ჩავაფრინდი და სახეში შევაჩერდი. მარილიანი ბურთულები არ მაძლევდნენ იმის საშუალებას, რომ მისი სახე დამენახა, თუმცა, მგონი, გაეღიმა. - ეს რომ მოგიყევი, ამის შემდეგ ჩემს სინდისზე იქნება თუ დარდისგან მოკვდები, შვილო. რის გაკეთებასაც შევძლებ, გავაკეთებ! - მითხრა და შუბლზე მაკოცა. ანგელოზად მომევლინა ქალბატონი ლალი და ძალიან მძაფრად ვიგრძენი შინაარსი ფრაზისა “ყველაფერში არის თავისი პლუსი”. ადამიანებს უჭირთ ნეგატივში დაინახონ მცირე პოზიტივი და ეს ბუნებრივია, თუმცა თუ ამ ჩვევას გამოიმუშავებენ, შეცვლიან სიტუაციის აღქმას, ცხოვრება ბევრად მარტივი მოეჩვენებათ. ჩემს ლექსიკონში არსებული ყველა სამადლობელო სიტყვა ვუთხარი. ის კი შემპირდა, რომ როგორც კი მოახერხებდა, მაშინვე დამირეკავდა. თავის კოხტა ბლოკნოტში ჩაიწერა ჩემი ნომერი და წავიდა. … - აბა, თვითმფრინავი მოფრინავს, ბჟჟჟ! გააღე პირი! - კარტოფილი ფრი ეჭირა ხელში და ჩემკენ მოჰქონდა. - ნიკა, თავი დამანებე! არ მშია! - საწოლის მეორე მხარეს გადავგორდი, მისგან შორს. - დედიკოს ხათრით! - ჩემკენ გადმოიწია. - არა! - ბებოს ხათრით! - არა! - მარიო ჩიმაროს ხათრით! - რას გავს ეგ! - სახე დავმანჭე. - ათიანი წლების ყველა ქალის კუმირია, ტო! რა რას გავს, სიმპაწიჩნია! - გულწრფელად გაუკვირდა და თვალები დაუმრგვალდა. - კარგი, რა. უტრირებულია მისი ე.წ. სიმპატიურობა. - თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად. - აბა, რომელი მსახიობი მოგწონს? - წამოწვა, ჩემს საპირისპირო მხარეს. - მაგალითად… მმმ… - ზემოთ ავიხედე, თითქოს ვკითხულობდი. - ნიკოლას კეიჯი. - რამსიგრძე სახე აქვს და ჩაცვენილი ლოყები. შემდეგი! - მადს მიკელსენი! - მოსიარულე ყბა. - რობერტ პატინსონი! - შუბლა ვამპირი. - რა არავინ მოგწონს, კაცო! - შევიცხადე და ხელები გავასავსავე. - როგორ არა, მომწონს. - თქვა და წარბები აათამაშა. - ვინ? - ტომ კრუზი. - მოძალადე ბაბნიკი. - ჯონი დეპი. - ჰო, კაი დავუშვათ. - ვენთვორთ მილლერი. - ნიკა, ხომ იცი, არ გაგგკიცხავ… - მივიჩოჩე, ხელი ხელზე დავადე და სერიოზული სახით ვუთხარი. - ჰა? - იყო გეი, ძალიან ნორმალურია, შეგიძლია არ დამალო ჩემთან. - სახეზე მობეზრება და გაღიზიანება ერთდროულად გამოესახა და დამეძგერა. - ვინაა გოგო გეი! - იმდენი მიღუტუნა, სანამ პომიდორივით არ გავწითლდი. - ცხოველო! - ვქოშინებდი მე. სახის კუნთები მტკიოდა სიცილისგან. ზემოდან დამყურებდა, ხელებით კი საწოლს ეყრდნობოდა. ცოტაოდენი დრო დამჭირდა გონს მოსასვლელად. ნიკა კი მიყურებდა. მზერით მბურღავდა და ამოუხსნელი შფოთვა დაიბადა ჩემს სხეულში. უმისამართოდ ეხეთქებოდა ჩემი ცნობიერების კედლებს და ბზარის გაჩენას ცდილობდა. ახლაღა დავაკვირდი მის სახეს. წვერი ოდნავ წამოზრდოდა და აღარ ჰგავდა პატარა ბიჭს. გამოკვეთილი ყვრიმალები და ყბის ძვალი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. სწორი ცხვირი და ხშირი წარბები ამშვენებდნენ კოსმიურ თვალებს. მისი ხასიათისა და თავდაპირველი შთაბეჭდილების მიუხედავად, ახლა ზრდასრული მამაკაცი მიმზერდა. ჩემკენ დაიხარა და მისი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი. თაფლისფერი თვალები ისევ ჩაუმუქდა და კუნაპეტი შავი გაუხდა. მუხტმა კი, რომელიც მათგან მოდიოდა, საოცრად მარტივად დამაჰიპნოზა. რამდენიმე წამით რეალობის აღქმა დავკარგე. ბამბასავით მსუბუქად ვგრძნობდი თავს და ჩემი არსებობა ირეალური მეჩვენა. უნდა ითქვას, ეს მდგომარეობა მომეწონა კიდეც. გულის სიღრმეში მინდოდა, რომ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო. მაგრამ როგორც კი მისი ცხვირის წვერი ჩემსას შეეხო, თმა კი სახეზე მომეფინა, ხმა ამოვიღე. - რას… - სიტყვის დასრულება ვერ მოვასწარი, რომ კარტოფილი პირში ჩამჩარა. - თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა. - სერიოზული, ოდნავ ჩახრინწული ხმით თქვა, ტუჩის კუთხე შეუტოკდა ღიმილის სახით და საწოლზე დაჯდა. სახტადაც დავრჩი, ბრაზისგან კვამლიც გამოვუშვი ყურებიდან და ბროწეულისფერიც დამედო სახეზე სირცხვილისგან. - ნიკოლოზ! … ტელეგრამის ანგარიში, რომელიც ლექსომ გამომიგზავნა დუმდა. მესიჯებისა და ზარების აურაცხელი რაოდენობა გავგზავნე, სიტუაციაც ავუხსენი იქვე, მაგრამ პასუხი არა და არ მოდიოდა. არც კი კითხულობდა ჩემს მინაწერს. ალბათ, ბლოკიც კი ედო ჩემს ნომერს, ტელეგრამში ამის გარკვევა ჭირდა. - ლალი არ შეგხმიანებია? - მკითხა ანამ. - არა, მისი ნომერი უნდა ამეღო. - თავი გავაქნიე. - მისმინე, კიდევ ერთხელ რომ გამოიძახო სასწრაფო? იქნებ, ლალი მოვა ისევ? - საოცარი იდეა მოუვიდა თავში. - ორჯერ მყავდა მას მერე სასწრაფო, ლალი არ იყო. - ამოვიხვნეშე და იმედგაცრუების საფარი გარს შემოეხვია ჩემს ძლივს გაღვივებულ პოზიტივის ნაპერწკალს. ნელ-ნელა რწმენა, რომ დის პოვნას შევძლებდი იცრიცებოდა და ქვიშასავით, თითებს შორის მეპარებოდა. - კაი, არაუშავს, შეგპირდა და შეასრულებს… - სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. უცნობი ნომერი იყო. - გისმენთ. - ნიკე, შვილო, შენ ხარ? - დიახ და თქვენ… - ლალი ექიმი ვარ. - ლალი დეიდა, როგორ ხართ? - გამოცოცხლება დამეტყო და ანაც წამოხტა. ტუჩების მოძრაობით მანიშნებდა - ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიკავეო. - კარგად, შენ როგორ ხარ? კიდევ იძახებ სასწრაფოს? - იღიმოდა ქალი. - მე… ჰო… - ეჰ, არ უვლი შვილო შენ თავს, არ შეიძლება ეგრე. - დარდის ელფერი დაჰკრავდა მის ხმას. - ლალი დეიდა, როზა… - ვცადე ყურადღება ჩემთვის საინტერესო თემატიკაზე გადამეტანა. - ჰო, როზა… როზა სულს ღაფავს, თავისი ცოდვების გამო. ძლივს ლაპარაკობს თურმე, ვესტუმრე. - ზიზღის დაფარვა არც უცდია. - თქვა რამე? - ვცქმუტუნებდი, ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას. არც ანა იყო უკეთეს დღეში, ათჯერ მაინც მიმითითა - ხმამაღალზე ჩართეო. - არა, შენ არ გეტყვი არაფერსო. - ლამის, დავინახე თავი როგორ გააქნია. - ანუ იმედი აღარ არის… - ყელში მოწოლილი ბურთი იზრდებოდა. - არის, შვილი, არის. - გამამხნევა. - იქნებ, შენ რომ მიხვიდე, მოგიყვეს რამე. - მისამართს მომცემთ? - ცრემლებს ვყლაპავდი. ვერ გამეგო მიხაროდა თუ მტკიოდა ის ფაქტი, რომ ეს ყოველივე ჩემს თავს ხდებოდა. - კი, აუცილებლად, რა კითხვაა? მიდი ჩაიწერე. წამოვხტი და ძლივს ვიპოვე ფურცლის ნაგლეჯი და კალამი, რომ ჩამეწერა მისამართი. ანამ შემდეგ წამითაქა, ტელეფონი ხელში გეჭირა და მანდვე შეგეძლო ჩაგეწერაო, მაგრამ იმდენად ვიყავი ანერვიულებული, რომ ვერ მოვიფიქრე. ზოგჯერ ემოციების აფეთქება იწვევს ალოგიკურ ქცევებს ადამიანში და სიგიჟის ზღვარზე აყენებს მას. რთულია ჩაწვდე ამა თუ იმ ადამიანის ქცევას, მითუმეტეს, როცა მისი ემოციური ფონი შენთვის უცნობია. დიდხანს არ მიყოყმანია და იმავე დღეს გადავწყვიტე როზასთან მისვლა. სანამ მოვწესრიგდი წნევამ ორჯერ მიმტყუნა და მედიკამენტებით გაბრუებული ვიყავი, როცა ნიკას მანქანაში ჩავჯექი. ანამ ეგრევე შეატყობინა და ნიკამაც თავი გამოიდო, მე გაგიყვანთ, აქვე ვარო. - ნიკსონ, რა თქვი რამდენი წლის ვარო? - ჰკითხა ანამ, როცა ავტომობილში ჩავჯექით. - იმდენის, რომ თქვენ დეიდები დაგიძახოთ. - თქვა და მანქანა დაქოქა. - მერე, როგორ მოხდა, რომ დეიდებს მანქანა არ ჰყავთ და შენ გყავს? - უკანა სავარძლიდან წინ გადაიხარა და საჩვენებელი თითი ცხვირწინ დაუტრიალა. - როგორ და დედიკომ მაჩუქა. - პრანჭია გოგოსავით უპასუხა კითხვაზე. - მართლა? - ეჭვის თვალით ათვალიერებდა ანა ბიჭს. - ჰო, დედაჩემის ძველი მანქანაა, თვითონ ახალი იყიდა და მე ეს გადმომილოცა. - გაეღიმა ნიკას. - რას საქმიანობს დედა? - ვკითხე მე. - ფსიქოლოგია, საზღვარგარეთ კონფერენციებზე იწვევდნენ ხოლმე და… - არა, რა, ნიკე, უნდა გავყოლოდით ჩვენც ფსიქოლოგიას! - დანანებით ამოთქვა ანამ და საზურგეს მიეყრდნო. - რაღა დროს მაგაზე ფიქრია! - სახეზე წესით ღიმილი უნდა გამომსახვოდა, მაგრამ ანას გამომეტყველებით, რომელსაც სახეზე შეწუხება გამოსახვოდა, მივხვდი, რომ უბრალოდ დავიმანჭე. - რა სახე ჩამოგტირით, წინ მივიწევთ, პირიქით, უნდა გაგვიხარდეს! - გვამხნევებდა ნიკა, მაგრამ არ გამოსდიოდა. როცა მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა, ცანცარი შეწყვიტა. ათიოდე წუთი ჩუმად ვიჯექით. ბიჭი პერიოდულად სარკიდან მიყურებდა, მე კი მკრთალად ვუღიმოდი, რამდენადაც შემეძლო. ყველას თავისი საფიქრალი ჰქონდა და არც ერთს დაგვირღვევია ერთმანეთისთვის საკუთარ თავში ხეტიალის იდილია. გონებაში ვალაგებდი, როგორ და რა უნდა მეთქვა ამ ქალისთვის, რომლის ხელიც ერია ჩემი დის გაუჩინარებაში. მრისხანების ღმერთი ელვას გამატებით მესროდა და რამდენად ოსტატურადაც არ უნდა მეცადა მათი ასხლეტა, ბოლომდე უვნებელი ვერ დავრჩი. ჰო, ვბრაზობდი. რამდენადაც დამამშვიდებლები მაძლევდნენ ამის საშუალებას - ვბრაზობდი. ძალიან მინდოდა ამომენთხია მთელი ჩემი ტკივილი, რომელიც ამ სამი თვის განმავლობაში დღითიდღე გროვდებოდა ჩემში, იზრდებოდა და იკვებებოდა ჩემი სულის ნატეხებით. მინდოდა მეყვირა, მეტირა და მეღრიალა ამ ქალისთვის, რომ მან პატარა უვნებელი ბავშვი და ოჯახი გასწირა და სასტიკი ტანჯვისთვის გაიმეტა. რომ ამაზრზენი, საზიზღარი არაადამიანი იყო… თუმცა ვერ მოვახერხე. იქნებ, ჩემს დას ჩემზე უკეთესი ცხოვრება ჰქონდა და უბედურება, რომელიც დაძრწოდა ჩვენი სახლის ოთახებში, მან აირიდა თავიდან, რადგან სხვის ოჯახში გაიზარდა? ვიდექი როზას წინაშე და ვუყურებდი ქალს, რომელიც დაისაჯა თავისი უგულობისა და სიხარბის გამო. გრძელ, დამჭკნარ სახეზე მიტკალისფერი ედო. მოძრავი, ჭაობისფერი თვალები რომ არა, უსიცოცხლო სხეულს მოგაგონებდათ. ბინაში არავინ იყო მისი და მომვლელის გარდა. ქალი ძალიან გაოცდა, როდესაც სამი ახალგაზრდა ესტუმრა როზას, თავიდან ჩვენი შეშვებაც არ უნდოდა. - უმშვენიერესო ქალბატონო, - მიმართა მას ნიკამ და მისი ხელი თავისაში მოიქცია. - ჩვენ როზა ექიმის ერთ-ერთი პაციენტის შვილები ვართ, დიდი ხნის წინ, მან დედაჩვენი გადაარჩინა და მოგვინდა მადლობა გვეთქვა მისთვის. - მრავალმნიშვნელოვნად გადმოგვხედა და თვალი ჩაგვიკრა. ანამ უცებ აიტაცა და როლი მოირგო. - დიახ, დიახ, ქალბატონო. როზა ექიმი საოცარია და აუცილებლად უნდა გამოვხატოთ მადლიერება! - როზა ათი წელიწადია უკვე ლოგინადაა ჩავარდნილი, რას მეუბნებით? - ეჭვის თვალით გადმოგვხედა ქალმა. - იცით, საქმე იმაშია, რომ დედაჩვენმა უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და ქირურგმა გვითხრა, რომ რომ არა ის პროცედურა, ქალბატონმა როზამ რაც ჩაუტარა ოცი წლის წინ, ახლა ვერ გადარჩებოდაო. - თვალზე მომდგარი ცრემლი რომ დავუნახე ანას, ყბა ჩამომივარდა. - აი, ხედავთ? ჩვენმა დამ მეტყველების უნარიც კი დაკარგა ნერვიულობისგან! - ჩემზე მიუთითა ქალს და აგრძელებდა მის თაფლვას. მომვლელი შეყოყმანდა, თუმცა მაინც შეგვიშვა. - ჰო, კარგი. მაგრამ დიდხანს არა, ვერ გრძნობს თავს კარგად. - სახლში შეგვიძღვა. მის წინ ვიდექი და ფაქტობრივად, უსიცოცხლო სხეულს ვუყურებდი. ვხედავდი როგორ იხრწნებოდა ცოცხლად და ვერ მეცოდებოდა. დაძაბულობა პიკს აღწევდა, ანა ნერვიულად იჭამდა ტუჩებს, ნიკას კი გულზე ხელები დაეკრიფა და იქვე, კედელს მიყრდნობოდა. - საუბარი შეგიძლიათ? - ხმალივით ბასრი გახდა ჩემი ხმა. - ვინ ხართ? - ძლივს ამოთქვა ქალმა და წამით მეგონა, რომ ეს მისი ბოლო ამოსუნთქვა იყო. - 97-ში გაყიდული ბავშვის და ვარ. - მოკლედ მოვუჭერი და დავაკვირდი. მისი თეთრი და ქათქათა თმები ერთმანეთში ახლართულიყვნენ. აურაცხელი რაოდენობის ნაოჭები კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ - აქაოდა, მე უფრო ღრმა ვარო. - რომელი ერთის? - მკითხა და წამით მეგონა, რომ დამცინოდა. შურისძიების ცეცხლი აალდა ჩემს თვალებში და მისკენ დავიხარე. მზერა გავუსწორე და დამარცვლით ვკითხე. - რამდენი იყო? - ქალმა პასუხი ვერ მოასწრო, რომ მომვლელი ოთახში შემოვიდა. წამლის მოსატანად იყო გასული. - ქალბატონმა როზამ წამალი უნდა მიიღოს. - მითხრა და შორიახლოს გადავინაცვლე. ნიკამ და ანამ ორივე მხრიდან ხელი ჩამჭიდეს, რომ დავმშვიდებულიყავი და არ დავცემულიყავი. სხეულის სისუსტე აშკარად ხელს მიშლიდა თავის დაჭერაში. - მომიტანე. - თაროებისკენ გაიწვდინა აკანკალებული ხელი როზამ, წამლის მიღების შემდეგ. მომვლელს წამით სახეზე გაოცება გამოეხატა, თუმცა მაინც ადგა და თაროსკენ დაიძრა. - რა მოგიტანოთ? - დოსტოევსკი მომიტანე. - ახლავე. - თქვა და უამრავთაგან ერთ-ერთი წიგნი გამოაძვრინა. მიურბენინა და ქალმა ძლივს შეძლო წიგნის ხელში დაჭერა. დიდხანს უყურებდა და დუმდა. მისი შენელებული მოძრაობები გაღიზიანების საბაბი ხდებოდა და ვეღარ მოვითმინე. - ქალბატონო როზა… - სიტყვა გამაწყვეტინა და წიგნი გამომიწოდა. - წაიღე. - წარბი შევჭმუხნე, მაგრამ გამოვართვი. “დანაშაული და სასჯელი” მეჭირა ხელში. - ეს? - წაიღე და წადი. - მითხრა და ხელი ამიქნია. - კი, მაგრამ… - სუნთქვა გამიხშირდა. - წადი. - თვალები დახუჭა და მომვლელმა, ლამის, კინწისკვრით გამოგვაგდო. თხოვნას აზრი აღარ ჰქონდა. ამ ქალმა, ფაქტობრივად, პირდაპირ მითხრა, რომ დავაშავე და დავისაჯე კიდეცო. სხვა არაფრის თქმას არ აპირებდა. რაც ყველაზე საშინელი იყო - მის სახეზე წლობით გაგრძელებულ ტანჯვასთან ერთად, სინანულის მკრთალი ანაბეჭდი შევამჩნიე. თუმცა ახლა ამას უკვე აზრი აღარ ჰქონდა… - ნუთუ, ბოლო იმედიც მომიკვდა? - გარეთ გამოვედი თუ არა, ეს კითხვა დავსვი. - არავითარ შემთხვევაში! ეს თუ არა, სხვა იქნება ვინმე, ვისაც ეცოდინება. ლალი დეიდას ვთხოვთ და იქნებ, გაიხსენოს სხვა თანამშრომლებიც. - ანამ შემომხედა და სცადა დადებითად დავემუხტე, თუმცა მის პოზიტივსაც დაჰკრავდა თავისებური, ყბების ამამჟავებელი სიმძიმე სასოწარკვეთილების არომატით. - ჰო, ნამდვილად. დანებებას არ ვართ! - ნიკამ ხელი ჩამკიდა. - ახლა წავალთ, ღომს და ყველს შევჭამთ და გავაგრძელოთ ძებნა. - თქვა მან და მანქანისკენ წამიყვანა. - არ მშია. - თავი გავაქნიე და სიცარიელემ სხეული ამიწვა. ჰო, ეს შიმშილი იყო. საკუთარი სისხლის და ხორცის მონატრება, რომელიც ისე გაიზარდა, რომ მთელი ჩემი შინაგანი სამყარო შეავსო, სიცარიელედ მესახებოდა და მშიერ, დაუძლურებულ მხეცს ვგავდი, რომელიც ნებდებოდა. - ნიკე, გთხოვ, ორი ლუკმა მაინც შეჭამე. დედაშენმა ასეთი რომ გნახოს, გაგიჟდება. - თვალი თვალში გამიყარა და მზრუნველობის საბურველში გამახვია ამ ღრმა მზერამ. ყბებამდე წამოზრდილ, ტალღოვან თმას ნიავი ეთამაშებოდა და მის სურნელს ირგვლივ თამამად ავრცელებდა. - კარგი. - არ ელოდა, რომ ასე მარტივად დავთანხმდებოდი. მიხვდა, რომ იმაზე ცუდად ვიყავი, ვიდრე ჩანდა. ანას ტელეფონზე კი ზარი გაისმა და მისმა ჩუმმა კივილმა ჩვენი ყურადღება მიიქცია. - არ არსებობს! როგორ თუ მშობიარობს? ჯერ ადრეა… რვა თვეა მარტო! … ჰო, კარგი… სად არის? რომელ სამშობიაროში? - რა ხდება? - ვკითხე, როცა საუბარს მორჩა. - ნინოს, კოსტას დას მშობიარობა დაეწყო. - სახეზე ფერი არ ედო. - უი, ადრე არაა? - გადავერთე მე. - კი, ადრეა. თან გამიგია რვათვიანს შვიდიანი სჯობსო და… ნიკე… - დარცხვენილი მიყურებდა და თვალს ვერ მისწორებდა. - წავიდეთ! - რამდენადაც შემეძლო ომახიანად ვთქვი. - ნიკე… - უაღრესი მადლიერება გამოსახვოდა ანას სახეზე. - მინდა შენ გვერდით ვიყო ახლა… - ჯანდაბას ჩემი დიეტა, გოგო მშობიარობს, მე გადავიტან როგორმე. - ვთქვი და მივეხუტე. - წამო, გაგიყვანთ. სად არის? - თქვა ნიკამ და მანქანისკენ დაიძრა. - არა, არ გინდა. ახლა საცობებია, მეტროთი უფრო სწრაფად გავალ, თან ნიკეს მიხედო სჯობს. - რას ქვია? მეც მოვდივარ! - ვიუარე მე. - არა, ნიკე. შენ შენს თავს უნდა მიხედო, ღომი და ყველი უნდა ჭამო და მოძლიერდე. - მხარზე წამიტყაპუნა ანამ. - კი, მაგრამ… - აღშფოთება ვერ დავმალე. - აბა, ჰე… რამდენიმე საათში ბიცოლა გავხდები და რომ ჩამთავრდება ყველაფერი, შენთან ვარ, იცოდე! - თვალი ჩამიკრა და ლამის, კისრისტეხით გაიქცა მეტროს მიმართულებით. - ანა! - მისკენ წავედი, მაგრამ ნიკამ გამაჩერა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ გააზრება ვერ მოვასწარი. - ნიკე, წავიდეთ. - ხელზე მომქაჩა ნიკამ. - უნდა გავყვე, ასე არ შეიძლება, ვერ დავტოვებ! - თვალები ბუდეებიდან, ლამის, გადმომცვივდა. - ხომ ხვდები, რატომ არ გაგიყოლა? - სერიოზული ხმით მითხრა მან. - მე… კი, მაგრამ, არ შეიძლება ასე! - ვუძალიანდებოდი მას და ფეხდაფეხ მივყვებოდი ანას. - გაჩერდი! - გზა გადამიღობა ნიკამ. ცოტაც და ცხვირით შევეჯახებოდი მის დაკუნთულ მკერდს. - შენ რომ კარგად ყოფილიყავი და საკუთარი თავი ასე არ დაგესუსტებინა, მასთან ერთად წახვიდოდი. - მტკივნეულ ადგილზე ჩამაჭირა. - გაჩუმდი. - გვერდზე გავიხედე და აცრემლებული თვალების დამალვა ვცადე. - ნიკე, - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თავისას გაუსწორა. - შენი მდგომარეობა ხელს გიშლის, რომ მეგობართან ერთად იყო, რომ აკეთო ის, რაც გინდა. ნუთუ, ეს ისაა, რაც შენ გსურს? ნელი ხერხით თავს ი’კლავ… - ყბის კუნთი უთამაშებდა ნიკას. - არა, არ მინდა. - ლიბრი გადამეკრა. - ჰოდა, დაუჯერე შენს მეგობარს, გონს მოდი და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. შენთან ვართ, გესმის? - ხმა დაუთბა და გულწრფელად გამიღიმა. თეთრი კბილები შემომანათა და ვერ მოვითმინე. - ნიკა… - ჰო? - შენ რა, გეი ზვიგენი ხარ? - თვალები გაუფართოვდა. - ბატონო? - ოცდათორმეტზე მეტი კბილი გაქვს აშკარად, დანარჩენ ორ რიგს სად მალავ? - ისეთი სახით ვკითხე, რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რაც ვუთხარი. - ნიკელოზ! - ნიკოლოზ! - ვის ეღადავები შენ? - ქუჩაშივე დამიწყო ღუტუნი და წიგნი ხელიდან გამივარდა. - გეყოფა! - სულს ვერ ვითქვამდი და მას ვეჭიდებოდი, რომ არ წავქცეულიყავი. - მოიცა, ეს რა არის… - მოულოდნელად გაჩერდა და დავარდნილ წიგნს მიაშტერდა. - რა არის? - ვკითხე და მისი მზერის გასწვრივ გავიხედე. - შეხედე. - დასწვდა წიგნს და გადაშლილ გვერდზე მანიშნა. ხელნაწერი იყო. სახელები, გვარები, ასაკი, თანხა, დაბადების თარიღები, ნომრები… - შენც იმას ხედავ, რასაც მე? - აკანკალებული ხმით ვკითხე ნიკას. კვერი დამიკრა და ჩემივე ფიქრები გააჟღერა. - გაყიდული ბავშვების მონაცემებია. #5 თვალებს ვერ ვუჯერებდით, როცა ხელში დოსტოევსკის წიგნის ნაცვლად, როზას ჩანაწერები ვნახეთ. ჩანაწერები, სადაც აღწერილი იყო ჩვილი ბავშვების მდგომარეობა, ასაკი, მშვილებელი და “გამშვილებელი” ოჯახები… მთელი სხეული შიშისა და ბრაზის ტანდემისგან ამიკანკალდა და წიგნზე ჩაფრენილმა რეალობის აღქმა დავკარგე. თვალზე ლიბრი გადამეკრო და ნისლსა და ბურუსში გავეხვიე. გარეშე ხმები ყრუდ მესმოდა და ირგვლივ ყველაფერი იცრიცებოდა. ეს რა არის? ვუმზერდი ჯოჯოხეთში დაწერილ წიგნს და ასოები ერთმანეთში ირეოდნენ. “დანაშაული და სასჯელი”... ხორცშესხმულმა ბოროტებამ, რომელმაც გამოვლინება ჰპოვა ამ წიგნის ავტორში, გავარვარებული ჯაჭვი შემოაჭდო ჩემს ბზარშეპარულ ცნობიერებას, რომელიც ნელ-ნელა სულს ღაფავდა სისასტიკის ვნებიანი ტანგოს შემყურე. რომ არა ნიკა, ალბათ, გონსაც დავკარგავდი. თუმცა როცა მხრებში ჩამაფრინდა და უხეშად შემანჯღრია, გამოვფხიზლდი. - ნიკე, ნიკე, კარგად ხარ? - მიყურებდა და ტუჩები უთრთოდა. - ჰო, კარგად ვარ. - ამოვილუღლუღე. - ყველაფერი კარგადაა, კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა მოგვეცა, ხედავ? - ჩავარდნილ უპეებზე ცერა თითებით მომეფერა და ახლაღა გავიაზრე, რომ ცრემლები დაუკითხავად მოედინებოდნენ საცრემლე ღარიდან. რა საოცარია ადამიანი… ზოგი ნეგატივში იხრჩობა, ზოგი კი, ცამ რომ პირი დააღოს და წარღვნა იწინასწარმეტყველოს, იტყვის - რა ლამაზი ხედიაო! - მართალი ხარ. - თვალები დავახამხამე. მის თითებს მარილიანი ბურთულები შემოეხვივნენ და დაასველეს. - ძალიან მაბნევ, როცა ტირი. - მართლაც ეტყობოდა დაბნეულობის ჩრდილები შეჭმუხნულ ხშირ წარბებზე. - ბოდიში, ამ საქმეში საერთოდ არ უნდა გამეხვიე… - გვერდზე გავიხედე. - კიდევ ერთხელ იტყვი ასეთ სისულელეს და ჭკვიანი დეიდის სტატუსს ჩამოგართმევ. - გამიწყრა ნიკა. - მაგრამ ეს სიმართლეა, ამხელა ტვირთი უნდა ატარო ჩემთან ერთად! ჩემი ბრალია, არ უნდა ჩამერიე! - ჯიუტად შევხედე თვალებში და შევუტიე. ოდნავ შეცბა. სხეული დაეჭიმა და ლამის, ჩურჩულით თქვა. - ასეთი რამ არასოდეს აღარ თქვა. - რა? - აღარასოდეს თქვა, რომ როცა ადამიანს შენთან ერთად ატარებს ტვირთს, ეს არ უნდა მექნა და არ უნდა ჩამერიეო. ტვირთის სიმძიმის მიუხედავად, როცა ადამიანი მაინც შენთანაა, დასკვნები უნდა გამოიტანო და არა ხელი ჰკრა! - ტონს აუწია და ბრაზის შეკავებას ცდილობდა. პირველად ვხედავდი ნიკას ამ მდგომარეობაში და ვერ გამეგო - მაღიზიანებდა მისი ქცევა თუ მნუსხავდა. - მე… - ჩემს მზერაში გაოცება და სითბო შეერწყნენ ერთმანეთს და ვენური ვალსის ცეკვა დაიწყეს. - ჰო, შენ! რა გგონია, ახლო ადამიანი რომ არ იყო ჩემთვის, ყურს მაინც გავიბარტყუნებდი შენს პრობლემაზე? - აგრძელებდა. - ალბათ, არ იცი, მაგრამ მაგარი ეგოისტი და ფეხებზე მ’კიდია ტიპი ვარ, როცა საქმე ჩემიანებს არ ეხებათ! - ანუ მე შენიანი ვარ? - ამოვიკნავლე. - შენ სულელი ხარ! - შემომიბღვირა და თავისკენ მიმიზიდა. გულში ჩამიკრა და ორიოდე წუთი მის მკლავებში გავატარე. მეც მოვხვიე ხელები და ნიკამ უფრო ძლიერად მომიჭირა. ენით აუწერელ სიმშვიდეს ვგრძნობდი, რომელიც ბოლო სამი თვეა ცხრა მთას იქით გადაიხვეწა და ჩემს ვედრებაზე რეაგირება არ ჰქონია. მოვიდა ჩემთან და ღიმილის მიერ შეკერილ კაბაში ჩაცმული ჰარმონიაც თან მოიყვანა. ნიკასთან თავს დაცულად ვგრძნობდი. მისი სუნამოს სურნელს ამჯერად გულწრფელობის მძლავრი არომატი დაჰკრავდა და სასიამოვნოდ მაბრუებდა. რაც შეიძლება დიდხანს მინდოდა გამეწელა ეს მდგომარეობა… თუმცა სიმშვიდე, რომელიც დიდი ხნის შემდეგ მესტუმრა, ტაშის მჭახე ხმამ დააფრთხო. - ვაუ… - გრძელდებოდა ტაშისკვრა და თან ერთვოდა სტვენაც. ნიკას მოვშორდი და იქეთკენ გავიხედე. - ლექსო! - აღმომხდა და გული შემეკუმშა. დარდისა და სევდის მძიმე საბურველი კვლავ დამიბრუნდა. - რაო, ნიკ? - ხელგაშლილი იდგა. წვერი ოდნავ წამოზრდოდა, რაც ასაკს მატებდა. მისი მწვანე თვალები კი ჭაობისფრად ელავდნენ. - აქ რას აკეთებ, ლექსო? - ყველაზე სულელური კითხვა დავსვი და მისკენ გადავდგი ნაბიჯი. - რას ვაკეთებ? ვსეირნობ და მორიგი სექსუალური რომანის დასაწყისს ვუმზერ. - თავი ზემოთ ასწია და ოდნავ გვერდზე გადახარა. ასე თავის უპირატესობას ამტკიცებდა ხოლმე. - რას გულისხმობ? - ჩავეკითხე. - ა, არ იცის? - ჩურჩულის იმიტაცია გააკეთა. - კაი, თუ არ იცის არ ჩაგიშხამებ ცეცხლოვან ღამეს. - ნიკაზე მიმითითა. უნდოდა დამცინავი ტონი შეენარჩუნებინა, მაგრამ ბრაზის ნოტები მაინც აპობდა არემარეს. - რას ბოდავ? - მაისურზე ჩავაფრინდი და თვალი თვალში გავუყარე. მინდოდა, რომ ეს უბრალო ჰალუცინაცია ყოფილიყო. - რას ვბოდავ? შენ არ იყავი, ორი კვირის წინ ბარში რომ ფეხები გამიშალე და ახლა კისერზე ეკიდები ამ საწყალ ბიჭს? - შემომიტია და რეტი დამესხა. - სიტყვები შეარჩიე, ქალს ასე არ ელაპარაკებიან! - განრისხებამ ხელი დარია ნიკას. - გეთანხმები! - კვერი დაუკრა ლექსომ. - ქალს ასე არ ელაპარაკებიან, მაგრამ, ძმაო, განა, ყველა ქალი ქალია და ყველა კაცი კაცი? - ნიკას მიუბრუნდა და თავით ჩემზე ანიშნა. - ყველა ადამიანია, რაც მთავარია. ზოგი კიდევ სულელი, რადგან ენას მხარზე იკიდებს, როცა საქმეში გარკვეული არაა. - ლექსოს უახლოვდებოდა ბიჭი. - ამაშიც აბსოლუტურად მართალი ხარ! - ლექსოც დაიძრა მისი მიმართულებით. გული ცუდს მიგრძნობდა. როცა ერთმანეთს გაუსწორდნენ, მან გააგრძელა. - ახლა შეიძლება კისერზე გეკიდება და ამაღამ შეიძლება მოგცეს კიდეც, თუ კარგა ხანია გაწვალებს. ორი კვირის წინ კი ბარში გალეშილი მთვრალი იყო და ტუალეტშივე… - სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, რომ ნიკამ ყბაში მუშტი უთავაზა. - ეს არ უნდა გექნა! - სისხლი გადააფურთხა და ის-ის იყო პასუხი უნდა დაებრუნებინა, რომ მათ შორის ჩავდექი და კივილი დავიწყე. - ალექსანდრე ჩხენკელო! საზიზღარი ადამიანი ხარ! - როდესაც ჩემმა გონებამ ინება ლექსოს სიტყვების გადახარშვა, ვულკანს, რომელიც დიდი ხანია ემზადებოდა, ამოფრქვევა დავანებე. - არ გრცხვენია, ასე უნამუსოდ რომ მწამებ ცილს? საკუთარ გრძნობებს მაინც არ სცემ პატივს, ასე რომ ლაპარაკობ? რა ადამიანი ხარ შენ? ეს რა ადამიანი მიყვარდა? ნუთუ, ეს ჩემი ლექსოა? ნუთუ, ესაა ჩემი მზე? ნუთუ, ამას ვიმსახურებ შენგან? - კივილი ღრიალში გადამეზარდა. საკუთარ ხმას ვერ ვცნობდი და გარშემომყოფების აზრიც არ მაინტერესებდა, რომელნიც სეირის საყურებლად შეკრებილიყვნენ. - მე არ ვცემ პატივს, გოგო? - ახლა ლექსო აფეთქდა. - მაინცდამაინც დამადასტურებელი ვიდეო უნდა გავაძრო, რომ ეგ საშინელი ნიღაბი მოიშორო? შენ სცემდი პატივს გრძნობას, როცა მიღალატე, ბარში კაცებს კერავდი და ახლა ვიღაც ს*რს ეხუტები ქუჩაში დემონსტრაციულად? - გავეშებულ მხეცს მიუგავდა სახე. - რა დამადასტურებელი ვიდეო, შენ ხო არ გძმარავს?! არ არსებობს ბუნებაში მსგავსი, არ არსებობს! - თავზე ხელები შემოვირტყი და თმების ქაჩვა დავიწყე. - მე ვიყო არაკაცი, თუ ეგეთი ვიდეო არ გავაძრო! ამ ბიჭისთვის გონების არევის უფლებას არ მოგცემ, ნახოს თავისი თვალით ვის იწვენს ლოგინში! - ჩაისისინა ლექსომ და წასვლა დააპირა. - გაჩერდი! - დაიგრგვინა ნიკას ხმამ და ჩხენკელიც გაჩერდა. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და თვალი თვალში გაუყარა. - რა იყო, ვიდეოს არსებობამ დაგაინტერესა? - დამცინავი ტონით მიმართა კაცმა. - არა. მე მინდა რაღაც გაჩვენო. - თქვა და დოსტოევსკის წიგნი მიაწოდა. - რა არის ეს? - წარბს ქვემოდან ამომხედა და წიგნი გადაფურცლა. - ნახე. - მოკლედ მოუჭრა ნიკამ და ჩემკენ წამოვიდა. მიწაზე ვიყავი დამხობილი და ჩემთვის ვიმეორებდი, რომ ეს ყველაფერი რეალობა ვერ იქნებოდა. იღლიებს ქვემოთ ამომდო თავისი დიდრონი ხელები ნიკამ და პატარა ბავშვივით ამიტაცა. გულზე მიმიკრა და ნელი ნაბიჯით დაიძრა ლექსოსკენ. ის კი ნერვიულად ფურცლავდა, მის სახეზე გაოცება, დაბნეულობა და დაძაბულობა პირველობისთვის იბრძოდნენ, თუმცა გაურკვევლობა ყველა მათგანს სჯაბნიდა. - ეს რა არის? - მიმართა ისევ ნიკას, როცა მივუახლოვდით. - ესაა 97 წელს, თბილისის პირველ სამშობიაროში გაყიდული ჩვილი ბავშვების სია. - ყინულივით ცივი და ხმალივით ბასრი იყო მისი ხმა. - გაყიდული? - გაყიდული. - მე რაში მჭირდება ეს? - ვერ ხვდებოდა ლექსო. - ადამიანი სულელია, როცა საუბრობს მაშინ, როცა საქმეში გარკვეული არაა. - თავისივე სიტყვები გაუმეორა ნიკამ და წიგნი გამოართვა. - რა რებუსებით მელაპარაკები?! - მოთმინების ფიალა ევსებოდა მას. - დედაჩემი ტყუპებზე იყო ორსულად… - ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე მე. ნიკას მკლავს ვიყავი ჩაფრენილი, თორემ წავიქცეოდი. - მეღადავები? - ეჭვები არ ტოვებდა ლექსოს. - არა. - აქამდე რატომ არ ვიცოდი? - მეც ახლახან გავიგე. - ვთქვი და ხველა ამიტყდა. - ვახ, ჩემი! - სახეზე ხელები ჩამოისვა კაცმა და ჩაიმუხლა. ნიკამ ზურგჩანთიდან წყლის ბოთლი ამოიღო და თვითონვე დამალევინა. სული მოვითქვი და მადლიერებით სავსე მზერა შევანათე. - ნუ ღელავ, დეი. ხო იცი, შენს ასაკში არ შეიძლება. - მკრთალად გამიღიმა და თმა ამიჩეჩა. დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, გამეცინა. - შენ იმის თქმა გინდა, რომ არც იმ ფოტოზე, არც ბარში შენ არ იყავი? - ჯერ კიდევ ჩამუხლულმა ლექსომ მომმართა. - არა, არ ვიყავი. - თავი გავაქნიე. - ვახ, ჩემი! - წამოხტა და წინ და უკან სიარული დაიწყო. - ახლა გაერკვიე საქმეში? - სიმწრით ჩავიცინე მე. - ეს ვინ არის? - ყურად არ იღო ჩემი სიტყვები და ნიკაზე მიმითითა. - ეს? ეს არის უბრალო გამვლელი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მეხმარებოდა მაშინ, როცა ეს შენ უნდა გაგეკეთებინა! ესაა ადამიანი, რომელიც იმ დღეს გავიცანი, როცა შენ ჩემი მოსმენაც არ ინებე და ახლა იგი იმაზე ახლოსაა ჩემთან, ვიდრე შენ, რომელიც სიყვარულს მეფიცებოდი. სიცოცხლეს არ დავზოგავო შენთვისო მეუბნებოდი, გახსოვს? - ტონს ავუწიე და რის ვაი-ვაგლახით მის წინ დავდექი. - ნიკ… - აღარასოდეს, გესმის? აღარასოდეს დამიძახო ეგრე! - კბილებში გამოვცერი მე. - მაპატიე… - თავი ჩაქინდრა და ხმა მიუსუსტდა. - რატომ, ლექსო? შენივე გრძნობას რატომ უღალატე? - ცრემლი ისევ მომერია. - მაპატიე, მაპატიე, მაპატიე… - იმეორებდა. არაფერი ჰქონდა სათქმელი. - ერთი წუთი, არა? ერთი წუთი გაიმეტე მხოლოდ… - ნიკე! - ვედრებით სავსე, დასევდიანებული მზერა მომაპყრო. - ჰო, ალექსანდრე. ჰო… - კვერი დავუკარი და ვაგრძნობინე, რამდენად მატკინა. - ხედავ, რას დავემსგავსე? ხედავ? - მაისური ისე ავიწიე, რომ ნეკნები გამოჩენილიყო. - ხედავ? - ჩავარდნილ ლოყებზე და ამოღამებულ თვალებზე მივუთითე. - ხედავ, რას ვგავარ? მარტოს უნდა მებრძოლა ამ ომში, ლექსო? - მაპატიე, ვიცი, რომ დროს უკან ვერ დავაბრუნებ. მაგრამ ახლა შენ გვერდით ვიქნები, არ დაგტოვებ არც ერთი წამით, გპირდები. აღარ იქნები მარტო, შენ გვერდით ვიქნები, ვფიცავ. გთხოვ, ამის უფლება მომეცი. - ჩემკენ გამოიწია, მაგრამ გავაჩერე. - იცი? გამიმართლა. ძალიან გამიმართლა, რადგან მარტო არ ვყოფილვარ. შენ მიმატოვე, მაგრამ მყავდა გვერდით ხალხი, რომელთაც პირობის მოცემაც არ სჭირდებათ, ისე არიან ჩემ გვერდით. - ნიკას შევხედე, რომლის დაძაბულობაც ზურგს მიწვავდა. - დაგეხმარები, ვიპოვით იმ გოგოს, კამერებს ამოვაღებინებ, ყველაფერს გავაკეთებ… - ამდენად გასაცოდავებულ ლექსოს პირველად ვხედავდი. - ამას ისედაც გააკეთებ! - ნიკას სიტყვებმა დაიგრგვინა და ლექსო შეკრთა. - მაპატიე, ნიკე… - ამოიჩურჩულა და გამტყდარ ხმაზე შევამჩნიე, რომ ცრემლი მოერია. - ოდესმე, ალბათ… - ვუთხარი და ზურგი ვაქციე. ბრაზი, რომელსაც მის მიმართ ვაგროვებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, მრისხანებად გადაიქცა და სისასტიკეს ძალზედ ოსტატურად შეერწყა. პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა და ზიზღის შხამის მახვილები ისროლა ლექსოს მიმართულებით. ლექსო მოიწამლა არამხოლოდ ჩემი გრძნობით, არამედ საკუთარი სინდისის ქენჯნითაც, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაამწარებდა მას. … ნიკამ მანქანით გამიყვანა სახლში. სრულიად დაცლილი ვიყავი ემოციებისგან და სიცარიელემ შეავსო მთელი ჩემი არსება. გზაში ხმა არც ერთს აღარ ამოგვიღია. სრულ სიჩუმეში გავლიეთ ეს დრო. ალბათ, მეჩვენებოდა, მაგრამ მაინც მესმოდა ნიკას მოზომილი გულისცემა, რომელიც ებრძოდა ჩემში არსებულ სიცარიელეს და რაღაც დოზით გამოსდიოდა კიდეც. ლექსო თავისი მანქანით უკან მოგვყვებოდა, თუმცა ვერაფერს ვგრძნობდი. მესმოდა, მისიც მესმოდა. რთულია დაუჯერო ადამიანს, როდესაც, ერთი შეხედვით, უტყუარი მტკიცებულება გიჭირავს ხელთ და ამას ზემოდან კიდევ სხვა ემატება. ალბათ, რამდენად სტკიოდა მასაც ეს სიტუაცია… - ნეტავ, იცოდე, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. - თვალებში მიყურებდა და აფრქვევდა მისი სიტყვების სადარ არომატს. - არც შენ იცი, თავს დავდებ. - გავუღიმე და მოვეხვიე. - სიცოცხლესაც დავთმობ შენთვის, ნიკ. - შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა. - დათმობა არ მინდა, მოდი ერთად გავატაროთ ის დრო, რაც დაგვრჩა. - ჩავჩურჩულე და ჩემმა მზემ ბედნიერების სხივები მტყორცნა. ერთი წუთი… ეჭვები… ცილისწამება… გარიყვა… მზე ჩაქრა… აი, რა მივიღე სიცოცხლის დათმობის ნაცვლად, რომელსაც მთავაზობდა ლექსო. აი, რა მივიღე ერთგულების, წრფელი სიყვარულის და ბედნიერების სანაცვლოდ. რამდენად ამოუცნობია ადამიანი საკუთარი თავისთვისაც კი. ჩვენ ვერ ვიტყვით სხვის გულში რა ტრიალებს და საკუთარსაც ვერ აღვწერთ ასოთა წყობით ისე, როგორც საჭიროა, რადგან განსხვავებულ ენებზე ვსაუბრობთ. ვფიქრობთ ერთს, ვამბობთ მეორეს, ვაკეთებთ სულ სხვას… ნეტავ, შეესაბამებოდა ლექსოს სიტყვები რეალობას? თავის დროზე შეიძლება, მაგრამ ახლა… როგორ უნდა ვენდო ხელახლა ადამიანს, რომელმაც ტოტალური უნდობლობა გამომიცხადა, ლაფში ამომსვარა და ფეხქვეშ გათელა ჩემი ღირსება? შეუძლებელი არაფერია, მაგრამ… ბინის კარამდე ფეხდაფეხ მოგვყვებოდა ლექსო. არ გამიპროტესტებია და ნიკაც ჩუმად იყო. როცა შიგნით შესვლა დავაპირეთ, ყოყმანით შემომხედა. არ იყო დარწმუნებული ჰქონდა თუ არა შემოსვლის უფლება. იმის შემდეგ, რაც გააკეთა - არ ჰქონდა. მაგრამ ახლა ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუ რა იცოდა მან ჩემი დის შესახებ, ვიდრე ჩვენი ურთიერთობის გარჩევა. დუმილით ვანიშნე შემოსულიყო. კარის გაღებისთანავე ნესტოები ამიწვა სიცარიელის სუნმა. მივლასლასდი საწოლამდე და მოწყვეტით დავეცი ზედ. ფეხსაცმელი გავიხადე და საბნის ქვეშ შევძვერი. - დეი… - მომმართა ნიკამ და გავხედე. - ა? - ისე და, ჩვენში რომ დარჩეს, ზაფხულია უკვე. - სასხვათაშორისოდ მითხრა. - მერე? - ტემპერატურა იმატებს… - ხოდა? - ცხელა… - და? - წამოვჯექი და გაბრაზებულმა შევხედე. - მესმის ასაკი და რამე, ძვლებში გტეხს, ალბათ. მაგრამ გაფიცებ, მუხლუხოსავით რომ ხარ გახვეული ამ ადიალაში, სული არ გეხუთება? - სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ თავში ჩემ მიერ ნასროლი ბალიში მოხვდა. - აუ, მეტკინა! - ასეც მოგიხდება! - შენ რა იყო, გვარად ჯორდანი ხარ? - სახელად კობი მქვია! - და ჯეიმსის ასული ხარ, ალბათ, ხო? - სიცილი აუტყდა, მე კი ვერ გავიგე რა აცინებდა. - რა გაცინებს, ღლაპო? - მაიკლ ჯორდანმა კობი ბრაიანტს გადახედა, ეს ლებრონა ვინ შემოგვტენაო! - აგრძელებდა ხორხოცს. - ფუ, შენი! - რომ მივხვდი, სად დავუშვი შეცდომა, მეც ამიტყდა სიცილი. ჰო, ამ ადამიანს გამოსდიოდა ჩემი ხასიათის გამოკეთება, ყველაფრისდა მიუხედავად. ორიოდე წუთში კარზე ზარი გაისმა. არავის ველოდებოდი და გამიკვირდა. ის-ის იყო უნდა ავმდგარიყავი გასაღებად, რომ ნიკამ დაიყვირა. - სდექ, ბებო, შენი ბებერი ძვლები გაითბე მანდ, მე კარს გავაღებ. - თქვა და ელვის სისწრაფით გავარდა შემოსასვლელში. - რა ეტაკა? - ლექსოს გავხედე. წამით დამავიწყდა ის, რაც მოხდა. მან მხრები აიჩეჩა - “არ ვიცი-ს” ნიშნად. მე კი გამახსენდა ყველაფერი და გვერდით გავიხედე. - აბა, ვის უნდა ცხელ-ცხელი ღომი და ყველი?! - დემონსტრაციულად შემოვიდა ოთახში და შეფუთვა ხელში აათამაშა. - როდის შეუკვეთე? - ყბა ჩამომივარდა. - გზაში. - არ მინდა. - გინდა. - არ მინდა. - გინდა! - არ მინდა-მეთქი! - უკვე ყვირილში გადამეზარდა. - კაი, ტო, პირობას რა პონტში მიტეხ? - პრეტენზია გამოესახა სახეზე და თვალი თვალში გამიყარა. - რა პირობას? - ანაა მოწმე, მინდაო რომ თქვი! - მდა… - ტუჩები გავაწკლაპუნე და მის მბურღავ მზერას ვერ გავუძელი. - მოიტა აქ. - შენთვისაცაა! - გაუწოდა ულუფა ლექსოს ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს მისთვის. მან კი უხმოდ გამოართვა. - ვაი, ცხელია! - ვთქვი და დამწვარ თითებს სული შევუბერე. - სულელო, თითებს კი არ უნდა შეუბერო, ღომს შეუბერე. - თქვა და თავზე მომიკაკუნა. - შენ შეუბერე თუ კაია, მე ძალა არ მაქვს. - ოჰ, ოჰ, დრამა ქვინმა გაიღვიძა. შენ რა, გგონია, მაგ მიზეზით დაგანებებ თავს, რომ არ ჭამო? - ირონია შეეპარა ხმაში და წარბები აზიდა. - აბა, თვითმფრინავი მოფრინაავს! - სიტყვის სათქმელად გაღებულ პირში ყველიანი ღომი ჩამჩარა. - ხო, ეხლა დაღეჭე, თუ დაღეჭილი უნდა ჩამედო? - იდიოტო! - გატენილი პირით რამდენადაც შევძელი, მკაფიოდ გამოვთქვი. - ჰო, ჰო… - ყურიც არ გაიბარტყუნა ჩემს სიტყვაზე. ამ სცენის მომსწრე ლექსოს მთელი სხეული დასძაბვოდა და ჩასისხლიანებულ თვალებზე ეტყობოდა - უფლება რომ ჰქონოდა, ნიკას ცხვირ-პირს დაუნაყავდა. მაგრამ ლექსომ ეს უფლება თავისი ნებით დათმო. მართალია, ადამიანი ვერ იქნება ბოლომდე დარწმუნებული შედეგში, რომელიც მოყვება მის ქცევას. მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან, რომელიც თან ახლავს ჩადენილ ქმედებებს. - აი, ახლა კი… - თქვა ნიკამ, როცა ჭამას მოვრჩით. - შეგიძლია დაიწყო. - მიუბრუნდა ლექსოს. კაცი შეცბა. მეტსაც ვიტყოდი, დაიბნა კიდეც. თუმცა მაინც დაიწყო მოყოლა… … იმ მტანჯველი სამი თვის განმავლობაში, რაც ნიკეს ე.წ. ღალატის შესახებ შეიტყო, ტკივილის ატომები გავრცელდნენ მის სისხლძარღვებში, ყოველდღე ორმაგდებოდნენ და ლაშქრავდნენ მის ორგანიზმს. განსაკუთრებით მწვავდებოდა მისი მდგომარეობა ღამის საათებში. როცა ვეებერთელა, კეკლუცი მთვარე უწილადებდა დედამიწას თავის მაჰიპნოზირებელ, ვერცხლისფერ ნათებას… ლექსო იდგა აივანზე და ღერს ღერზე ეწეოდა. არ სურდა რეალობისთვის თვალის გასწორება. არ სჯეროდა, რომ მისმა პაწაწინა ვარსკვლავმა მზეს არჩია მეზობელ გალაქიკაში მყოფი უსახური ასტეროიდი. - იქნებ, სულაც არ ვყვარებივარ? - ძლივს გასაგონად ჩურჩულებდა თავისთვის. სხეული ერთდროულად ბუმბულივით მსუბუქი და ტყვიასავით მძიმე ეჩვენებოდა. დერეალიზაციამ დარია ხელი და ვერ ხვდებოდა სად იყო და რისთვის… ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა, რომელშიც ყინული უკვე ჩამდნარიყო. ზიზღით გახედა ჭურჭელს. არ ეტანებოდა ლექსო სასმელს, არ მოსწონდა მისი ზემოქმედება, სუნი, გემო… თუმცა ახლა… არა, არც ახლა მოსწონდა, მაგრამ უკიდურესად სუსტ ადამიანად ესახებოდა საკუთარი თავი და ასევე იქცეოდა. თავისი დარდის ჩახშობა ალკოჰოლში გადაწყვიტა. ე.წ. მარტივი ხერხი, რომელიც ტკივილის გაყუჩების ილუზიას ქმნის, მაგრამ მიზეზს არ მკურნალობს… - ალბათ, ახლა რომ მხედავდეს, აწრიალდებოდა და ეცდებოდა ჭიქა ხელიდან გამეგდო. - ღიმილმა წამით ბაგე გაუპო, თუმცა სწრაფადვე მოეღუშა სახე და ყბები დაეძაბა. - აბა, კი. მთელი ეს დრო გატყუებდა, შე’ჩემა, თამაშობდა ერთგული ადამიანის როლს და შენ გინდა თქვა, რომ ახლა, როცა გამოააშკარავე, იგივენაირად მოიქცევა, როგორც ყოველთვის?! - შესძახა საკუთარ თავს და ახარხარდა. - რა საცოდავი ხარ, ჯერ კიდევ რომ გჯერა… - ჭიქა იატაკს შეაფშვნა და ხელები სახეზე ჩამოისვა. სიმწრით აგრძელებდა სიცილს, რომელსაც ნაკადულივით უწყვეტი ცრემლები შეუერთდნენ - აქაოდა, წვეულება ჩვენ გარეშე არ იქნებაო. ერთადერთხელ იტირა ცხოვრებაში - დედის გარდაცვალების დღეს, როცა სიმსივნემ სიცოცხლის დინებას გამოსტაცა იგი… და ახლა, როცა ყველანაირი იმედი გადაეწურა, ჟანგბადი ატმოსფეროში პირადად მისთვის, უბრალოდ, განახევრდა… მესამე თვის ათვლა დაიწყო, რაც ნიკესგან არაფერი გაუგია. არც მესიჯი, არც ზარი, ქუჩაშიც კი არ შეხვედრია შემთხვევით. ლექსო კი სამსახურისგან თავისუფალ დროს ქალაქში, კერძოდ კი იმ ქუჩებში დაძრწოდა, სადაც ყველაზე ხშირად უწევდა გასვლა ნიკეს. საღამო იყო. თბილისს ბინდის საბანი გადაჰფარვოდა, თავგანწირული დედის მსგავსად და იცავდა მზის მწველი სხივებისგან. ასფალტს წვიმის მათრობელა არომატი ასდიოდა, ლექსო კი ქუჩებში გონარეულივით დაძრწოდა. უმისამართოდ აცეცებდა თვალებს იმ იმედით, რომ თვალს მოჰკრავდა საყვარელ ქალს, რომელიც, უბრალოდ, ლამაზი და კარგად შეფუთული თოჯინა აღმოჩნდა. სისხლი აუდუდღა, როცა ნაცნობ სილუეტზე შეუჩერდა მზერა. გულის ბაგაბუგი ყურებში ესმოდა და ადგილს დაუფიქრებლად მოსწყდა. “სულ ერთი წუთით, სულ ერთი წუთით მაინც შევხედავ…” მიწისქვეშა ბარში ჩავიდა ქალი. ლექსო წამით შეყოყმანდა, არ სჩვეოდა ნიკეს მსგავს ადგილებში სიარული. არ იყო ის ადამიანი, რომელსაც ამ ტიპის გართობა უყვარდა. სახლი, საწოლი და თბილი პლედი იყო მისი ცხოვრების სტილი. იშვიათად გადიოდა ქალაქში, ძირითადად შეკვეთების დასარიგებლად… ნელი ნაბიჯებით ჩაიარა კიბე და შეაღო კარი. მიუხედავად იმისა, რომ თავად ადგილი არც ისე შესამჩნევი იყო, ბარში ხალხი ირეოდა. სხვადასხვა ჯურის, სტილის და ტიპის ადამიანები. თბილისის მრავალფეროვნების აშკარა მაგალითი იყო ეს დაწესებულება. გემოვნებიანად მოწყობილი, თავისი მაცდუნებელი აურით ქმნიდა მაგნიტურ მიზიდულობას. შესვლისთანავე შეამჩნია ლექსომ ქალი. ბარის მაგიდასთან იჯდა და შეკვეთას ელოდებოდა. “დასუსტებულა… თან ეს კაბა…” ფიქრობდა იგი. ლექსოსკენ ზურგით იჯდა. მოკლე კოქტეილის კაბა ეცვა, წითელ და ნარინჯისფერ ტონალობაში. მაღალქუსლიანი, შავი ფეხსაცმელი ამშვენებდა მის გრძელ ფეხებს. უცხოობის მჭრელმა განცდამ დაუარა სხეულში, თუმცა მაინც მისკენ წავიდა. გადაწყვიტა ცოტა ხანი მოშორებით მჯდარიყო და დაკვირვებოდა. იგივე თვალ-წარბი, ცხვირი, ტუჩები, ლოყები… მაგრამ ამ სახეზე კოსმეტიკის დიდი რაოდენობა შენიშნა კაცმა. “თითქმის, არ იყენებდა ამ ყველაფერს…” იმედგაცრუება შეუერთდა უცხოობას და ერთად უმზერდნენ ისინი ლექსოს. თითქოს, ელოდებოდნენ - როდის გატყდებოდა… ნახევარი საათი გავიდა, ბარში შესვლის მომენტიდან და ქალმა უკვე მოასწრო ოთხი ჭიქა მარტინის დალევა. შეფაკლულ ღაწვებსა და ნახევრად დახუჭულ თვალებზე ეტყობოდა, რომ კარგა გვარიანად მოეკიდა. ბოლო ათი წუთის განმავლობაში მას გვერდს მამაკაცი უმშვენებდა, რომელსაც აშკარად სურდა ქალის დათრობა და მასთან ვნებიანი ღამის გატარება. წელზე, მხარზე, თეძოზე ეხებოდა… ქალი კი მას წინააღმდეგობას არ უწევდა. მის მზერაში აშკარა სიამოვნება და ამპარტავნება იკითხებოდა. არ აინტერესებდა კაცი, აინტერესებდა მხოლოდ მისი ყურადღება, რათა საკუთარი ეგო მოეფხანა და სითბოს დანაკლისი შეევსო, რაც მთელი ცხოვრება აკლდა. ასე უნდა შეებღალა ნიკეს თავისი სიყვარული? იქნებ, სულაც ილუზია იყო მისი გრძნობები? ფიზიკურ ტკივილში გადაეზარდა ლექსოს ემოციური მდგომარეობა. გულის არეში სიცარიელეს გრძნობდა და ეს სიცარიელე სტკიოდა. სხეული დაუბუჟდა და ძალა გამოეცალა. “ნუთუ, ამის ღირსი ვარ? ნუთუ, ასე უნდა მომქცეოდა? ნუთუ, მისი ცრემლები სიცრუე იყო? იყო. სიმართლის ნატამალი არ სცხია, ასე მაინც არ მოიქცეოდა, რომ ნანობდეს. რა სინანული? სულელი ვარ, მეტი არაფერი.” ვერ გაუძლო ლექსომ იმედგაცრუების ინტენსიურ წნეხს და მიუახლოვდა ქალს. სიცარიელემ პიედესტალი მრისხანებას დაუთმო და რაც ხელში მოხვდა, ყველაფრის ნგრევა დაიწყო. - ამ სი’რში გამცვალე? - გვერდით მიუჯდა და ლამის, ყურში ჩასძახა. - რა გაღრიალებს? - მისკენ შებრუნდა და სახეში ჩააცქერდა. ქალის სუნთქვა ლექსოს სახეზე მოეფინა, ალკოჰოლისა და ტკბილ-მჟავე პარფიუმის სურნელმა ნესტოები აუწვა კაცს. - ამ სი’რში გამცვალე-მეთქი? ვინმე წესიერი მაინც მოგეძებნა, პლანკა დაწიე? - დასცინოდა. პარალელურად მის გონებაში ფიქრები ირეოდნენ - “არასოდეს მოსწონდა ტკბილი სუნამოები, სულ კაცის გრილ სუნამოს ყიდულობდა…” - უი, რა იყო, ლექს, თავმოყვარეობა შეგელახა? - გაუცინა და მისკენ ახლოს მიჩოჩდა. მხარს უკან გაიხედა და ჩურჩულით ანიშნა მამაკაცს, დაგირეკავო და ისიც უსიტყვოდ აორთქლდა. - ვა, სიტყვა თავმოყვარეობის მნიშვნელობა იცი? - არ დააკლო ცინიზმი. “ლექს? როდის იყო ასე მეძახდა?” - აქ ერთადერთი ხარ, ვინც აზრზე არაა, რას ნიშნავს თავმოყვარეობა. - თქვა და ჩაიხითხითა. - საკუთარი თავის მოღალატე ადამიანი ამბობს ამას. - უუ! საკუთარი თავის მოღალატე! რა მხატვრული გამოთქმაა! - თქვა და თვალი თვალში გაუყარა. - ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც უღალატეს, მის თვალწინ ეფლირტავებოდნენ სხვას და მაინც ვერ ივიწყებს თავის პატარა გოგოს! - აგრძელებდა სიცილს. ლექსოს კი თვალთ დაუბნელდა. “ყველა სიტყვა, ყველა ფერი ტყუილი იყო! არ შევარჩენ!” - თავისი პატარა გოგო? ნუ მაცინებ. აქ სექსის გარდა არაფრისთვის მოვსულვარ. - რა კარგია, არც მე! იქნებ, დავეხმაროთ ერთმანეთს?! - მსწრაფლ შეეცვალა განწყობა და ხელი ხელზე დაადო კაცს. - რატომაც არა, ბოლოჯერ მაინც მოგ***ავ. - თქვა და ხელი ჩასჭიდა. საპირფარეშოში შევიდნენ და სექსით დაკავდნენ. ლექსოს გონებაში კი მთელი ამ დროის განმავლობაში იშანთებოდა ფიქრი: “არაფრის ღირსი არაა, გარდა ხმარებისა. ზოგი ქალი ქალი არაა! მივუზღობ იმას, რაც საჭიროა!” #6 - ანუ შენ ნიკეს დასთან იწექი? - მჭახედ გაისმა ანას კითხვა. ნინომ მარტივად იმშობიარა და ანამ ლექსოს მონაყოლის მეორე ნახევარს მოუსწრო. - ანა… - რა, ანა? რა, ანა? ანუ გამოდის, რომ ნიკემ კი არა, შენ უღალატე. თან ვისთან? საკუთარ დასთან! - თვალი თვალში გაუყარა ლექსოს. ის-ის იყო კაცს ხმა უნდა ამოეღო, რომ ნიკამ დაასწრო. - ღალატის ტკივილით დაბრმავებული ადამიანი, პირდაპირი მნიშვნელობით ხდება ბრმა. - ლექსომ მზერა ნიკაზე გადაიტანა და ეჭვი ძალიან მკაფიოდ ეწერა სახის თითოეულ ნაკვთზე. აქაოდა, შენ ადგილას რომ ვყოფილიყავი, არ დაგეხმარებოდიო. - მეღადავები? რა ღალატი? - გაცეცხლდა ანა. - ლექსოს ვინმესთან უღალატე და მე არ ვიცი? - მომმართა. მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრო ჯერ ლექსოს, შემდეგ ნიკას. - ანა, როგორაა ბავშვი? - თემის გადატანა ვცადე. ძალიან მიჭირდა იმის გააზრება-გაანალიზება, რომ ლექსოს, ჩემს მზეს, ერთადერთ ვარსკვლავს ჩემს გალაქტიკაში, სექსი ჰქონდა ჩემს ღვიძლ დასთან. ჩემი შინაგანი, მრავალფეროვანი და ოდესღაც დიადი სამყაროს უსახური და შემგლისფერებური ნანგრევები მახრჩობელა მტვრად იქცა, რომელიც თითოეულ ნატანჯ ატომს შეერია და შიგნიდან გამაქვავა. ვიდექი ურწყულ უდაბნოში და თაკარა მზე როგორც ადრე კი არ მათბობდა, ცოცხლად მწვავდა გეენის ცეცხლში. - ვაიმე, იცი როგორი მახინჯია? - მომვარდა და თვალები დაჭყიტა. - აი, რომ ამბობენ, ჩვილები მახინჯები არიან, მაგრამ ჩემი ძალიან ლამაზი გამოვიდაო, არ დაუჯერო! - ვაი, ანუ ტიპი ორი საათის დაბადებულია და ამან უკვე გააპარტახა. - ახორხოცდა ნიკა. - მისთვის არ მითქვამს, რომ მახინჯია! - გაწიწმატდა ანა. - აა, მას უთხარი - ულამაზესი ხარ, ბიცო გენაცვალოს კუტუნებშიო? - უარესად ახარხარდა. - გოგოა! - მითუმეტეს! - ახლა თუ არ გაჩერდები, გისვრი ფორთოჩკიდან! - საჩვენებელი თითი მოუღერა. - მანდ ცალი ბაყვი არ გამეტევა, ტო. რანაირად მისვრი? - მთავარია სხვა რამე გაშპება, როგორც დაგიბარებია! - ჩემს პატარა ნიკოლოზზე ამბობ? - თქვა ნიკამ და მზერა შარვალზე გადაიტანა. - ნიკე! - შემომჩივლა ანამ. - რა დაარქვეს? - გავიღიმე რამდენადაც შემეძლო. - ოლივია. - ლამაზი სახელია. - კი, ნამდვილად. - თავი დამიქნია ნიკამ. - მასკოვსკი სალათს რომ დაუძახებენ სკოლაში, ამაზე არ უფიქრიათ მშობლებს. კიდევ დიდხანს ბჭობდნენ ბავშვზე, მის სახელსა და გარეგნობაზე. ლექსო კი რაღაც მომენტში აორთქლდა. ნახევარი საათის განმავლობაში არ ჩანდა, დაბრუნებისას კი მომმართა. - კამერების ჩანაწერები ამოვაღებინე. რა პერიმეტრზეც აქვს ამ ბარს ყველაფერი გამოგიგზავნე. - შენ ბანკირი ხარ თუ ძაღლი? - მიუბრუნდა ანა. - პრეზიდენტი. - გაღიზიანდა ლექსო. - მადლობა. - ამოვიკნავლე. მბგერი იოგები არ მემორჩილებოდნენ. - მადლობა… - ჩაეცინა. - უნდა მლანძღავდე, რომ მეტის გაკეთება არ შემიძლია. - აზრი აქვს? - მართალი ხარ, არ აქვს. - თავჩაქინდრული იდგა. სიკვდილმისჯილს ჰგავდა, რომელიც ელოდებოდა ჯალათი გილიოტინას როდის აამუშავებდა. - ნიკ, გთხოვ… - მეხის დაცემას ჰგავდა მისი სიტყვები. თავი მისკენ შევაბრუნე და თვალები დავუბრიალე. - აღარასოდეს-მეთქი! - შეკრთა. ხელები მომუშტა და კარისკენ დაიძრა. - აქვე ვარ. - მოკლედ მომიჭრა და გავიდა. - წიგნში რა წერია? - დავასწარი ანას, რომელსაც ლექსოს გასალანძღად ხმალივით აელესა ენა და მორიელის შხამში ამოევლო. 06.07.97 გამშვილებელი კახა და ელზა ბერულავები - ტყუპი გოგონები. უმცროსი გაშვილდა. გამოცხადდა მკვდრადშობილად. გართულება არ მოჰყოლია. მშვილებელი იენიფერ და ბობი თომპსონები (კანადა) ცხრა წელი უშვილოდ. მიიღეს ბავშვი. იციან, რომ ბავშვის დედა გადაყვა მშობიარობას. კურატორი: როზა ზედგინიძე. - ოხ, როზა! რა დონის ნაბი’ჭვარი უნდა იყო, რომ ასე და თან ამდენი?! - სხეული უთრთოდა ბრაზისგან ანას. - ათეულობით არიან, ასეულობით თუ არა… - დაძაბული ხმა გასცემდა ნიკას შინაგან ფორიაქს. - ვიდეოზე რა არის? - მკითხა ანამ. სტრესის ინტენსივობიდან გამომდინარე, ვიდეოს არსებობა დამვიწყებია. ვით ასწლოვან მუხას შემოაძარცვეს დამცავი ქერქი, ვგრძნობდი დაუცველობას, სიშიშვლეს. ჩემი ტკივილის კარტის სახლი ბევრად მყარად იდგა, ვიდრე შეჰფერვოდა. ურყევი, დაუნგრეველი კონსტრუქცია იყო, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა და არ უდრკებოდა ჩემს უბადრუკ შეტევებს. ხელში მეჭირა მახვილი, რომელზეც ამოტვიფრული იყო “ყველაფერი კარგად იქნება”, თუმცა მათი სიმრავლის მიუხედავად, ასანთის ღერებივით ტყდებოდნენ ისინი შეჯახებისას. ვხედავდი ჩემს დას, რომელიც ბარში შევიდა. ლამაზი იყო, საოცრად ლამაზი. ვერ ვხედავდი ჩვენ შორის მსგავსებას, იდენტური ტყუპობის მიუხედავად. გამომწვევად ეცვა, მიმზიდველი იყო. აი, ისეთი, ნებისმიერს რომ აურევს თავგზას, ვენებში სისხლის აუდუღებს და თითოეულ ატომს აღაგზნებს, რომელიც ორგანიზმში უმისამართოდ დაძრწის. სული უმოწყალო სიცარიელით ამევსო. იმ სიცარიელით, რომელიც მთელი ცხოვრება ფეხდაფეხ მომდევდა, მოსვენებას არ მაძლევდა და კანს მიხეთქავდა სხეულზე, როცა სისავსეს ერწყმოდა და იღვრებოდნენ ისინი ვნებიან ტანგოში. ამ პერფორმანსის შემყურე, ჟანგბადი ატმოსფეროში ნახევრდებოდა, ფერები იცრიცებოდნენ, სიშმაგე კი გამალებით ძიძგნიდა ჩემს ნახევარგვამს. ვუყურებდი ჩემს სისხლს და ხორცს და ახლა ვხვდებოდი, რას ნიშნავდა - გენატრებოდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ, თვალით არ გინახავს და მის არსებობაზეც არ გაქვს არანაირი წარმოდგენა. ყოველთვის მეგონა, რომ ნახევარი ვიყავი. ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა. მყავდა მშობლები, ძმა, მეგობრები, საყვარელი ადამიანი, სამსახური… მაგრამ სარკეში ჩახედვისას ამ მწველ განცდას ვერაფერს ვუხერხებდი. ყოველთვის ცოცხალი მეგონა ანარეკლი, რომელიც მიმზერდა და თვალებით მჭამდა. ზოგჯერ, მეგონა, რომ არ იმეორებდა იგი ჩემს მოქმედებებს და შიშის ხითხითი ისმოდა, ექოს სახით, ჩემში. ახლა ვიგრძენი ეს მძაფრი შიმშილი ესოდენ ნათლად. აქამდე ვერ ვიაზრებდი ბოლომდე - რა ხდებოდა. მაშინ, როცა ლექსო გვერდით მიუჯდა, მაშინ, როცა ლექსომ იგი გაიყვანა, მაშინ, როცა შელახული კაბითა და გადღაბნილი ტუჩსაცხით გამოვიდა საპირფარეშოდან და ამრეზით უყურებდა ჩემს მზეს… ვიგრძენი, რომ მძულდა და მიყვარდა, ერთდროულად. მაცარიელებდა და მავსებდა, ერთდროულად. მისი დანახვა ჩემში სევდასა და სიხარულს, ერთდროულად, იწვევდა. “ნეტავ, რა გქვია? როგორი ხარ? მართალია, რომ ტყუპები მაინც ერთნაირები არიან, თუნდაც ათასობით კილომეტრი აშორებდეთ? შენც გიყვარს ბამბის ნაყინი? შენც გრძნობდი ამდენი ხანი სიცარიელეს? ოცნებობდი ხელოვნებაზე? ერთნაირად ვგრძნობთ ემოციებს? არსაიდან მოსული სევდა, რომელიც პერიოდულად მიპყრობდა შენი იყო, დაო? ნეტავ, რის მიღწევას ცდილობ?” ვუმზერდი მას და თვალზე ლიბრი მეკვრებოდა. “როგორ ვუთხრა დედას შენი არსებობის შესახებ? როგორ ვუთხრა, რომ მთელი ცხოვრება იტანჯებოდი, დედი და აჰა, შენ კიდევ ერთი სატანჯველი-მეთქი? როგორ ვუთხრა, რომ დედის კალთას მოსწყვიტეს შვილი და ოცდაექვსი წელიწადია სხვაგან იზრდება, სხვას ეძახის დედას, სხვა უყვარს, სხვანაირია… პირველი “დედა”, პირველი კბილი, პირველი დაცემა და ადგომა, პირველი კლასი, მეგობარი, სიხარული, სევდა, დარდი… როგორ ვუთხრა დედაჩემს, რომ ეს ყველაფერი გამოტოვა? რომ ვიღაც ექიმის ხელის მოთბობა იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დედისა და შვილის ერთიანობა! ჩემივე ხელით და პირით, როგორ მივცე დედას სიკვდილის მიზეზი, მითხარი!” - ანა, ორგანიზატორებს დაუკავშირდი, გთხოვ და გადავცეთ ეს წიგნი. ჩემს მონაცემებს ამოვიწერ და დანარჩენი ოჯახები გავაბედნიეროთ. - კარგი, ფურცელი და კალამი სად გაქვს? - წამოხტა ანა და უჯრებში ქექვა დაიწყო. - ვიპოვე! - როგორ ხარ? - რიტორიკული კითხვა დამისვა ნიკამ. - როგორ ვარ? ჰო, როგორ ვარ… როგორ ვარ! ყველაზე კარგად! ტყუპი და მყოლია, დედაჩემმა არ იცის, ლექსომ ჩემს დასთან მიღალატა, ონლიფანსზე არ წყდება ჩემი შიშველი ფოტოების ფრიალი, ცხოვრება თავზე მენგრევა და შენ მეკითხები - როგორ ვარ! რას ნახავ უკეთესს! - ნერვიულად მეცინებოდა, ხელებს აქეთ-იქით ვიქნევდი და ცრემლები თვალებიდან ღაპაღუპით მცვიოდა. - როგორ ვარ, ნიკა! როგორ! - ჩუ, მოდი ჩემთან. - ჩემკენ გამოიწია და გულში ჩამიკრა. თმაზე მეფერებოდა და ჩემს სლუკუნს უსმენდა. მე კი ვიმეორებდი… - როგორ ვარ? კარგად ვარ. ყველაფერი კარგადაა. კარგად. - ანამ პიტნის ჩაი გამიკეთა და გვერდიდან არ მომშორებია. მე კი ეს სიტყვა შემზიზღდა. როგორ უნდა იყო კარგად, როცა ცუდად ხარ? ან ეს კარგი და ცუდი რა არის? ვინ მოიფიქრა? რატომ უნდა ვიყო ან კარგად, ან ცუდად? თან ყველას თავისი წარმოდგენა აქვს თითოეულ ცნებაზე. რა აბსურდია! ჩემ მიერ წარმოდგენილი სკამი ზურგიანია, სხვა უზურგოს წარმოიდგენს! ჰო, შეიძლება დააკონკრეტო, მაგრამ ამ კონკრეტიკისთვისაც საჭიროა იმ სიტყვათა წყობის გამოყენება, რომელთაც თავად სჭირდებათ კონკრეტიკა. მაშინ რაღა აზრი აქვს საუბარს, თუ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ იმას, რასაც რეალურად ვგულისხმობთ? რა აზრი აქვს ასოების სიტყვებად ამოქარგვას? მითუმეტეს, როცა გრძნობებს აღწერ? როგორ შეიძლება შებღალო დიადი გრძნობები აზრსმოკლებული, ცარიელი სიტყვებით? რაღა აზრი აქვს სიცოცხლეს თუ ვერ შევწვდებით ერთმანეთს? ნიჰილიზმმა დამრია ხელი და მექანიკურად ვმოქმედებდი. ნიკაც და ანაც ჩემ გვერდით იყვნენ მთელი ღამე, საღამოსკენ კოსტაც შემოგვიერთდა. შოკში იყო, ჩამოყალიბებული სიტუაციიდან გამომდინარე. დიდხანს ვბჭობდით და ღამის სამისკენ დასაძინებლად წავედით. ცოლ-ქმარი მომცრო საძინებელში დავაწვინე, მე და ნიკა კი დიდში დავრჩით. ვიწექი და ვერ ვაანალიზებდი - რა ხდებოდა. გონებაში ფიქრთა უწყვეტი ნაკადი ეხეთქებოდა ცნობიერების უზარმაზარ გალავანს, თუმცა ვერ აღწევდა მიზანს. ვფიქრობდი, მაგრამ რაზე? ვერ გამერკვია. ვერ ვიჭერდი ვერც ერთ მათგანს, უხილავი და ონავარი ფერიებივით იყვნენ, რომელნიც ცელქობდნენ და შეუმჩნეველი რჩებოდნენ. - რაზე ფიქრობ? - ნიკას ხმა დაბოხებოდა. ზურგზე ვიწექით და ჭერს მივშტერებოდით. ერთადერთი სინათლის წყარო ძლივს მბჟუტავი სიგარეტის ალი იყო, რომელიც ნიკას ეჭირა ხელში. - არ ვიცი. - თავი გავაქნიე. - ვფიქრობ, თან ვერც. - სავსე ხარ და ცარიელი თან, ხო? - შევატყვე, ცალყბად იღიმოდა. - ჰო. შენ გქონია ეგეთი რამე? - კი. - მომიყვები? - უარესად გინდა, რომ დაგგრუზო? - თქვა და პერიფერიული მზერით შევატყვე, რომ ჩემკენ გადმობრუნდა. - ახლა ყურადღების გადატანა, წამალი იქნება ჩემთვის. - თავი მისკენ შევატრიალე. თითქმის, ვერ ვხედავდი. ერთადერთი, მისი თვალები იყო, რასაც უკიდეგანო სიბნელეშიც კი დავინახავდი. მისი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა და მამშვიდებდა. - იცოდი, რომ ფსიქოლოგები არ ცხოვრობენ იდეალურად სწორად? - მაგრამ ისინი ნაკლებ შეცდომებს უნდა უშვებდნენ. - გააჩნია, ვინ რას თვლის შეცდომად. - მისი ხმა ნელ-ნელა სევდის ტყვეობაში ვარდებოდა. - გეთანხმები. მაგრამ მათივე გადმოსახედიდან უნდა უშვებდნენ ნაკლებს. - როდის ხვდება ადამიანი, რომ შეცდომა დაუშვა? - ნაფაზი დაარტყა. - მაშინ, როცა დაუშვებს. - ვერ ვხვდებოდი, რატომ მამეორებინებდა ამას. - ბინგო! მაშინ, როცა დაუშვებს. ანუ, ჯერ უნდა გააკეთო, რომ მიხვდე სწორია თუ არა, შედეგიდან გამომდინარე. - გაეცინა. უხერხულად შევიშმუშნე. თავი სულელი მეგონა, რომ ვერ ჩავწვდი ასეთ ელემენტარულ ლოგიკას. - და? - და… მე პირველად მაშინ დავცარიელდი, როცა მამინაცვალმა დედაჩემზე ხელი ასწია. თორმეტის ვიყავი. პირველად მაშინ ავივსე, როცა ვცემე. მაგრამ, ერთდროულად, ეს ორი გრძნობა მაშინ ვიგრძენი, როცა ჩემი და დავინახე გვერდებდალურჯებული. აი, მაშინ მოვკვდი მე. - ისე ყვებოდა, ვითომც არაფერი. არ სტკიოდა, არ დარდობდა, თამაშობდა… - ვწუხვარ… - კაი, არ გვინდა. იცი, რა ლამაზი და მყავს? - თქვა და ტელეფონს დასწვდა. - აი. - ფოტო მაჩვენა და მართლაც, ძალიან ლამაზი გოგო მიმზერდა ეკრანიდან. კუნაპეტი შავი, ხავერდის თმა ჰქონდა, თლილი თითები და მოღერებული ყელი. თვალები ჰქონდა ოღონდ სხვა… ნიკას არ ჰგავდა. - მართლაც, ძალიან ლამაზია. - ვუთხარი და თვალი გავუსწორე. - ჰო, უბრალოდ, არ აღიარებს თავის სილამაზეს, შენსავით. სულელები ხართ, ოდინს გეფიცები. - თქვა და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა. - მე ადეკვატურად ვაფასებ, აი, შენი და ცდება. - გამეღიმა. - ადეკვატურობა რა ხილია ეგეც არ იცი შენ და გაჩე. - კბილებს შორის მოიქცია სიგარეტი. ტელეფონის მკრთალი შუქი ეცემოდა სახეზე და მის მომნუსხველ ნაკვთებს საოცრად მიმზიდველად აჩენდა. სახეზე ჩამოვარდნილი ორიოდე კულული მეტისმეტად მომხიბლავს ხდიდა. - ხო, განსაკუთრებით ახლა ვარ ულამაზესი პრინცესა ჩავარდნილი თვალებით, დათვლილი ნეკნებით და ავიტამინოზით დამტვრეული ფრჩხილებით. - თვალები ავატრიალე და ის-ის იყო ზურგზე უნდა გადავბრუნებულიყავი, რომ ნიკას გავარვარებული ხელი ვიგრძენი გაყინულ სახეზე. მომიახლოვდა და თვალი თვალში გამიყარა. ცხვირის წვერები ერთმანეთს ეხებოდნენ და მისი გრილი სუნამოს სურნელი მოხერხებულად ერწყმოდა მისი კანის სუნს. ერთად კი ქმნიდნენ ისინი მათრობელა არომატს, რომელმაც გამაბრუა. - მზერა უძირო, ასე მგონია, დიდხანს რომ გიყურო თვალებში, დავიკარგები. როცა წითლდები თინეიჯერ გოგოს ჰგავხარ, როცა იცინი ლოყები საყვარლად გეჩვრიტება, ფერმკრთალი ტუჩებიც კი მარწყვივით გაქვს და… - თვალები გამიფართოვდა. არ ველოდი ნიკასგან ამ სიტყვებს. - ისე ლამაზად გაქვს გამოკვეთილი ლავიწის ძვალი, მისი ფოტო პინტრესტზე უნდა იყოს გამოჯგიმული! - რამდენიმე წამი სერიოზული სახით მიყურებდა, შემდეგ კი ლოყები დაებერა და ფხუკუნი ატეხა. - იდიოტო! შენ ოღონდ ფოტო გადაუღო ყველაფერ უცნაურს! - ვთქვი და მეც გამეცინა. - უცნაურს არა, ლამაზს! სილამაზის ხამი ვარ! - თქვა და ლოყაზე მომეფერა. - ოჰ, ღმერთებო! არაა ეს ბიჭი ნორმალური! - არც შენა ხარ დალაგებული, დეი! … ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ლექსომ მიღალატა. ჩემი დის ასავალდასავალი არ ვიცოდი. კამერების ჩანაწერები არაფრისმომცემი აღმოჩნდა, მათგან არანაირი სარგებელი მიმიღია. მხოლოდ ის დავაფიქსირე, როგორ მდგომარეობაში გამოვიდა ჩემი და, ლექსოსთან გატარებული დროის შემდეგ. ყოველ დილით იჯდა სადარბაზოში, შემოსასვლელ კართან. ყოველ საღამოს სამსახურიდან მოდიოდა და უბრუნდებოდა თავის ადგილს. არ ცდილობდა გამოლაპარაკებას, სახლში შემოსვლას და თავის გამართლებას. ხვდებოდა, რომ აზრი არ ჰქონდა. მიცნობდა და ვიცნობდი. - არ გეცოდება? - მკითხა ნიკამ და მარილიანი ჩხირი ჩაკბიჩა. - ვინ? - შენი ტურფა. - არ არის ჩემი ტურფა. - მაგრამ მაინც მიხვდი, ვისზეა საუბარი. - ნიშნისმოგებით მითხრა. - ფაქტია, იყო. - მხრები ავიჩეჩე და მუხლებს მოვეხვიე. - ე.ი. ძალიან სასტიკი დეიდა ყოფილხარ. - ზაზუნას ჰგავდა, წინა კბილებით ღეჭავდა. - რომ გაიზრდები მიხვდები, ბავშვო. - მუხლზე თავი ჩამოვდე და გავუღიმე. - არ იცოდა. - ამართლდებდა ლექსოს და ამ ფაქტმა გამაღიზიანა. კოსტაც ცდილობდა ლექსოს პოზიცია ეჩვენებინა ჩემთვის სხვა რაკურსით, თუმცა მისი სიტყვები ამდენად არ მოქმედებდა ჩემზე, რამდენადაც ნიკას. - ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩემს დასთან ჰქონდა სექსი! - ამოვიღრინე. - მესმის, თუმცა მან რა იცოდა? ჰგავხართ ერთმანეთს. - შენ შეგეშლებოდა? - შევუტიე. - ა… - თუმცა, რას გეკითხები. ორი წელიწადი ლექსოსთან ვიყავი და ეგეც ვერ მიხვდა. - დანანებით ამოვილაპარაკე. - მითუმეტეს, თუ ორწლიანი ურთიერთობის შემდეგაც ვერ მიხვდა ე.ი. თითქმის შეუძლებელი იყო თქვენი გარჩევა. - ჯიუტად აგრძელებდა მტკიცებას. - უკეთ უნდა გავეცანი! - ადამიანმა სამ თვეში სტილი თავისუფლად შეიძლება შეიცვალოს. - გეთანხმები, მაგრამ… - ჰოდა… - ჰოდა, არ ცვლის ეგ იმას, რომ უბრალო გამვლელმა მეტი თანაგრძნობა გამოიჩინა ჩემ მიმართ, ვიდრე ლექსომ. - შენ არ დაშორდებოდი, შიშველ ქალთან ერთად რომ გენახა ფოტოზე? - თვალებში ჩამაშტერდა. - გავბრაზდებოდი, ვიკივლებდი, სახეს ავახევდი, მაგრამ მერე მოვუსმენდი! - ეგ შენ ხარ, მაგრამ მასაც სავსებით ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. - მხრები აიჩეჩა ნიკამ. - ადეკვატური რეაქცია ჰქონდა ანას, გქონდა შენ. - ლამის, დუჟმორეული ვუმტკიცებდი. - ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდი, რომელიც, გავიმეორებ, იყო უბრალო გამვლელი! - ახლა, ხომ, არაა უბრალო გამვლელი? - გაიკრიჭა. - ნუ ამართლებ! ლექსო ჩემთვის შენზე ახლო ადამიანია და უნდა დამდგომოდა გვერდით! - ვეღარ ვაკონტროლებდი სიტყვებს. - მართალი ხარ. - ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა. - უფრო ახლოა და როგორც მინიმუმ, უნდა დაელაპარაკო. - არ მინდა! - კუთხეში მიმწყვდეული მხეცს ვგავდი. - საჭიროა. გიყვარს. - კიდევ ერთი მარილიანი ჩხირი შესანსლა უგემურად. - მე… - სახტად დამტოვა მისმა სიტყვებმა. გამაბრაზა, მაგრამ ვერ მივხვდი - რატომ. ნუთუ, ისევ შემრჩა სიყვარული ლექსოს მიმართ? - ჰო, შენ. ის, ვინც ფეხებზე ჰ’კიდიათ, ამდენ ემოციას არ იწვევს. არათუ სხვა, ვინც მასზე ნაკლებს ნიშნავს შენს ცხოვრებაში. - თქვა და წამოდგა. მის ხმაში წყენის მკრთალი ნოტები შევამჩნიე და მივხვდი, რომ ზედმეტი წამოვროშე. - ნიკა, მე… - და’იკიდე. ყველაფერი კარგადაა. დაელაპარაკე და მოგვარდით, თორე მალე ზამთარი მოვა, შენს ბებერ ძვლებს ეს ადიალა ვეღარ გაათბობს. - ბინიდან გავიდა და მარტო დამტოვა. გასვლისას მის სახეზე იმედგაცრუება შევამჩნიე, რომელსაც ზოლად გასდევდა გაურკვევლობისა და სევდისფერი. დაჭიმული ყბების თამაშს, თან ერთვოდა ჩამუქებული თვალები, თუმცა ვერ გავიგე მისი ხასიათის მყისიერი ცვლილების მიზეზი. რატომღაც, მომინდა, რომ დაბრუნებულიყო და ფაცხაფუცხით გავყევი უკან, თუმცა საუბარი მომესმა და მივაყურადე. - უნდა დაილაპარაკოთ. - შენ რა იყო, მშვიდობის მტრედი ხარ? - უხეშად უპასუხა ლექსომ. - არა. ჩემი ნება რომ იყოს, მისი ცხოვრებიდან საერთოდ ამოგშლიდი, მაგრამ ამის უფლება არ მაქვს. - ნამდვილად, - თავი დაუქნია. - არ გაქვს. - კარის ვიწრო ჭრილიდან ვხედავდი მათ. - მაგარი სულელი როჟა ხარ, ასეთ ქალს რომ უშვებ ხელიდან. - კბილებს შორის გამოსცრა ნიკამ. - შენ გგონია, რომ მე მინდა მისი გაშვება? - თვალები ბრაზისფრად აუელვარდა კაცს. - გგონია, ჩემივე ხელით მოგიყვან და დაგითმობ? - საყელოში ხელი წაავლო. ცოტაც და მრისხანების ნაპერწკლები აალდებოდნენ ლექსოს ხორბლისფერ კანზე. - ახლა რას აკეთებ, შენი აზრით? - დამცინავი მზერა შეანათა ნიკამ. - ახლა? ახლა არ ვეპყრობი ნივთივით, არ ვუძვრები სულში და არ ვაწუხებ ზედმეტად, მინდა დაინახოს, რომ საქციელით ვამტკიცებ და არა უბრალო სიტყვებით. - თვალი თვალში გაუყარა. - არ ეპყრობი ნივთივით? შენ არ თქვი, ჩემი ხელით არ მოგიყვან და დაგითმობო? მართლა გგონია, რომ ადამიანი შეიძლება მისი ნების გარეშე აიღო, წაიღო და ვინმეს დაუთმო? - ჩაეცინა. - საქციელით ამტკიცებ? აქ ჯდომით და პირში წყლის დაგუბებით მე ვარ დაკავებული? - შენ პატარა ბიჭო, რომ გესმოდეს და იცნობდე ნიკეს ისე, როგორც მე ვიცნობ, ამ *ლეობას ნამდვილად არ მეტყოდი. - ამას მეუბნება ადამიანი, რომელმაც ნიკე და თავისი და ვერ გაარჩია ერთმანეთისგან. - ხელი აუქნია და გზიდან ჩამოიშორა. - ბარემ, ისიც თქვი, მე გავარჩევდიო. - დაცინვა სურდა, თუმცა მწარე ჩაცინება გამოუვიდა. - გავარჩევდი. მე არ შემეშლებოდა. - კიბეებს მიუყვებოდა ნიკა, თუმცა მისი ხმა მაინც გავიგე. - წადი შენი! - მიაძახა ლექსომ და საფეხურზე ისევ ჩამოჯდა. ეს ადგილი დაისაკუთრა და შეეზარდა თითქოს მას. უკან დავიხიე და შევტორტმანდი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და თავბრუსხვევას ორგანიზმმა ვერ გაუძლო - იატაკზე მოწყვეტით დავემხე. ეს დიალოგი არ უნდა მომესმინა… თითოეული ბგერის გაჟღერების შემდეგ, სხეულში ემოციების სიმები იჭიმებოდნენ და საბოლოოდ, ვერ გაუძლეს წნეხს, რომელიც უმოწყალოდ წყვეტდა სათითაოდ ყველას. აქაფებული ტალღებივით ეხეთქებოდნენ ჩემი სიმტკიცის კლდეს მათი ახლართული წინადადებები და ჩამოშალეს იგი. - ნიკ, ნიკ, ნიკი… - მესმოდა ლექსოს ხმა, რომელიც სახეში მირტყამდა გამოსაფხიზლებლად. - გამიშვი. - უხეშად მოვიშორე მისი ხელი და რის ვაი-ვაგლახით წამოვდექი. - კარგად ხარ? - ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი. - კარგად ვარ. - გავაჩერე და შევუღრინე. - აქ შემოსვლის უფლება ვინ მოგცა? - გრუხუნი გავიგონე და მეგონა დახმარება გჭირდებოდა, ჰოდა არ შევმცდარვარ. - შეცდი! არ მჭირდება შენი დახმარება. - როდემდე უნდა მაწვალო? - ყველა ნაკვთი ასხივებდა დაძაბულობას მის სახეზე. - გაწვალო? აბა, წვალება? - ხელები დემონსტრაციულად გავშალე. - ირონია საჭირო არაა, ისედაც ხვდები, რომ შენთვის და შენთან მოვდივარ ყოველდღე, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევ. - შემომიტია. - ვაი, ვაი, საწყალი ლექსო, ყურით მოგათრიე ხო და დაგსვი სადარბაზოში, ატატა, აქ უნდა იჯდე, რომ გაპატიო-მეთქი? - ცინიზმმა იფეთქა ჩემში და მოიცვა ყველა ატომი. - ნიკე, მესმის შენი მდგომარეობა, შენც გამიგე… - იცი, რა, პატარა ბიჭო? არ მინდა შენი გაგება, არც ის მინდა, შენ მიგებდე, გზა ოთხივ კუთხით ხსნილია. - ვთქვი და ტუმბოზე ჩამოვჯექი. - ახლა ბრაზი გალაპარაკებს. - ჯიუტად არ სურდა გაეგო ის, რასაც ვეუბნებოდი. თუმცა კი მიხვდა, რომ მათი საუბარი მოვისმინე. - რაც არ უნდა მალაპარაკებდეს, ეს შენი საქმე უკვე აღარაა. - აბა, იმისაა? - სახე ცალყბა ღიმილში მოეღრიცა. ნიკაზე მიმითითებდა. - თქვენ ორს გგონიათ, რომ თქვენ გარდა ქვეყნად კაცი აღარ დადის? - გადავიხარხარე. - აბა, მოდი ადეკვატურად დავილაპარაკოთ. - ადეკვატურად გელაპარაკები, ალექსანდრე. მე აქ ნადავლი არ ვარ, რომ საბოლოოდ ან ერთს დაგრჩეთ, ან მეორეს. ამიტომ, აიკარი გუდა-ნაბადი და როგორც კახი იტყოდა, დაეშვით ორივე მთაწმინდიდან! - სახეში მოხვედრილი ცინიზმით გაჟღენთილი სველი ტილოსავით ვესროლე ეს სიტყვები და კარისკენ მივუთითე. - ვიცი, რომ არასწორები ვართ, მაგრამ… - არასწორების მერე “მაგრამ” არ უნდა დაისვას, შენ ვითომ მოშავო ელემენტო! - ვხითხითებდი. - ნიკ, ვეღარ გცნობ, რა დაგემართა? - ვგრძნობდი ლექსოს შინაგან დუღილს. - უი, პატარა ბიჭმა დეიდა ვეღარ იცნო, რა სევდიანია! - ხელის ზურგი შუბლზე თეატრალურად მივიდე და თავი უკან გადავაგდე. - აჰ, ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი… - ნიკე! - აფეთქდა და ბინგო, ეს იყო ის, რასაც ველოდი. - ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ ხმას უწევ და ღრიალებ ჩემს სახლში? - ახლა მე ავუწიე ტონს, რასაც ლექსო აშკარად არ ელოდა. - გაეთრიე ჩემი სახლიდან და ახლოს მოსული არ დაგინახო, თორემ თავ-ბედს გაწყევლინებ, ჩხენკელო! - შენ სულ შეიშალე? - სახტად დარჩენილმა ლექსომ მხოლოდ ესღა ამოთქვა და ხელები ჩამოუშვა. - გაეთრიე-მეთქი! - ვთქვი და პირველი, რაც ხელში მომხვდა მისი მიმართულებით ვისროლე. მერეღა გავაანალიზე, რომ ჩემი და ლექსოს სიყვარულის სიმბოლო იყო ის თიხის ნაკეთობა, რომელიც ლექსოს გვერდით კედელს შეეფშვნა და ათას პატარა ნაწილაკად დაიმსხვრა. - მიცნობს თურმე ბიჭი! - კარში გასულს მივაძახე და გინებაც გავიგონე. #7 მსგავს რეაგირებას საკუთარი თავისგან არ ველოდი. მე, ხომ, ასეთი არ ვიყავი… ყოველთვის მქონდა გარკვეული იმიჯი საკუთარ თავთან. თეთრი და ფუმფულა გოგო ვიყავი, რომელიც სიკეთის უმაღლესი გამოვლინებით იყო გაჟღენთილი. უნდა ვყოფილიყავი “კარგი” ამ სიტყვის მაქსიმალურად დადებითი არსით. საუკეთესო მოსწავლე, შვილი, უფროსი და, სტუდენტი, მეგობარი, შეყვარებული…. “ორიანი მიიღე? ახლა გასწავლი მე შენ ჭკუას!” “ჭურჭელი არ დარეცხე? მხოლოდ ეს დაგავალე და ესეც ვერ გააკეთე, ინვალიდი ხარ?” “რა სულ არაფერი იცი, როცა დავალების გაკეთებაში დახმარებას გთხოვ!” “ნიკე, რეფერატი გადამაწერინე, რა!” “უი, გუშინდელი სთორი? ხო, ასე გამოვიდა, რომ წავედით, ძალიან სწრაფად მოხდა, თორემ დაგიძახებდით შენც!” “სხვა ქალები უთმენენ კაცებს, შენ ესეც არ შეგიძლია!” საკუთარი ინტერესების ხარჯზე შემეძლო ირგვლივ მყოფი ადამიანებში აღმეძრა ის შეგრძნება, რომ ვიყავი საოცრად კეთილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის დაეხმარებოდა მათ, თავის მხარს შესთავაზებდა საყრდენად და გამომდიოდა კიდეც. იდეალურად ვქმნიდი ამ საოცრად მიმზიდველ და უმაღლესი ხარისხის ღვინოსავით მათრობელა ილუზიას, რომელიც ნარკო’ტიკივით იზიდავდა ადამიანებს და ისინი ჩემზე დამოკიდებულნი ხდებოდნენ. ჟანგბადის ატომებივით ვიყავი მათთვის, რომელთა გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. ცივი წყალივით უდაბნოს გავარვარებულ დიუნებში და ძილივით, რომლის გარეშეც ადამიანი ჭკუიდან შეიშლებოდა… ჰო, ვთამაშობდი. მაგრამ რა იცოდნენ, რომ მათ საჭიროებას მე ბევრად უფრო მძაფრად ვგრძნობდი, ვიდრე ისინი ჩემსას. ყოველთვის მჭირდებოდა სხვა იმისთვის, რათა მეგრძნო, რომ რაღაცად ვღირვარ. მთელი ჩემი რაობა მთხოვდა ყოველ ჯერზე მემტკიცებინა მისთვის, რომ ფასი მაქვს. და ამ ირაციონალური იდეის დევნაში ვერ შევამჩნიე, რომ სინამდვილეში სრულიად გავუფასურდი… წითელი, ლოყებღაჟღაჟა ვაშლი, რომელიც შიგნიდან დალპა - აი, ვინ ვიყავი სინამდვილეში. მაგნიტივით მიმიზიდა სარკის პრიალა და გლუვმა ზედაპირმა. თითის წვერებით შევეხე და გაუგებარმა ჟრჟოლამ ამიტანა. ეკლებმა დამაყარა ხერხემლის გასწვრივ და თმები ყალყზე დამიდგა. ქუთუთოები დავაშორე ერთმანეთს და დრო შენელდა. არსაიდან მესმოდა შემაძრწუნებელი ხარხარი და შიშის ხითხითი ადრენალინის მოლეკულების სახით მოედო ჩემს სხეულს. თუმცა არა… ეს არ იყო მხოლოდ შიში. როგორც კი თვალი თვალში გავუყარე საკუთარ თავს, საზარელი ღიმილიც დავლანდე, რომელიც უაღრესი ბოროტებისა და ცინიზმის დაუღალავი ცეკვის სიმბოლოდ აღბეჭდილიყო ჩემს სახეზე. შიში შეერწყა სიამოვნების ექსტაზს, რომელიც დაძრწოდა ჩემს ორგანიზმში და თავი ყველაფრის ბატონ-პატრონი ეგონა. განა, არ იყო? თითოეული ემოცია იბრძოდა ჩემში პირველობის მოსაპოვებლად, მე კი უბრალო დამკვირვებელი ვიყავი. მტვრის ნაწილაკებად დაშლილი ნიკე, რომელიც კარგად შეფუთული, უგემური კანფეტი იყო. ყველაფერში არ ცდებოდა ლექსო. მართლა ვთამაშობდი, ოღონდ იმ სცენარით არა, რომელიც ჩემმა დამ გადაწყვიტა. სინამდვილეში მისი გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში, ჩვილი ბავშვის პირველ ჩასუნთქვას ჰგავდა. ბოროტულად გამიხარდა, რომ მარტო არ ვიყავი ამ სიყალბის შეგრძნებასთან, როცა საკუთარ ანარეკლს ვუმზერდი. მზერა ამემღვრა და სარკეში მეორე ადამიანი გამოჩნდა. ჩემი იდენტური ტყუპი… შეხებაც კი ვიგრძენი… ვიგრძენი როგორ მომეკრო ზურგზე და მხრებზე მომეხვია. ბუმბულივით მსუბუქი, ფარფატა სხეული ჰქონდა. თხელი, თლილი თითები და გამოკვეთილი ლავიწის ძვალი, რომელსაც ნებისმიერი ფოტოგრაფი დახამდებოდა. საოცრად ლამაზი იყო, ჩემი დის მსგავსად. ლოყა ლოყაზე მომადო და სარკეში ახლა უკვე გვერდიგვერდ ორი ერთნაირი სახე აირეკლებოდა. ისიც იღიმოდა და მეც. ერთადერთი, რაც განგვასხვავებდა ერთმანეთისგან იყო მისი სისხლით სავსე თვალები… - აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე! - გაფერმკრთალებული დიდრონი ტუჩებით ყურის ბიბილოზე შემეხო, მისმა ჩურჩულმა კი კედლები ააზანზარა და მე აღვიგზენი. კიდურები დამიბუჟდა, დროსა და სივრცეს ვეღარ აღვიქვამდი. გავხევდი. მოძრაობა ყოვლად შეუძლებლად მესახებოდა, შენელებული კადრები ამძაფრებდნენ შეგრძნებებს, ფეხებშორის წარმოქმნილი მძლავრი პულსაცია კი უფრო და უფრო მახელებდა. ვცდილობდი იმიჯის დაბრუნებას, მაგრამ არ დამანება. - შეხედე! - თითი სარკეს მიადო. ჩემს ანარეკლს ეხებოდა, მე კი ფიზიკურ შეხებას ვგრძნობდი. შუბლის გასწვრივ, ცხვირზე, შემდეგ კი ტუჩებზე ჩამოატარა საჩვენებელი… ჩემს შიგნით არსებული ყველა ემოცია ერთდროულად აჯანყდა და სულისა და სხეულის დამორჩილება უკვე შეუძლებელი გახდა. - შეხედე! - ჩურჩულებდა იგი, მე კი მზერას ვერ ვწყვეტდი საკუთარ თავს. გულის ბაგაბუგი, რომელიც მესმოდა და სისხლის გაშმაგებული მოძრაობა, რომელსაც ინტენსიურად ვგრძნობდი, შესუსტდა, ბოლოს კი სულაც ხმაურიანმა სიჩუმემ დაისადგურა… მხოლოდ მისი მაჰიპნოზირებელი ხმა მესმოდა. მხოლოდ მე და ის ვიყავით ამ სამყაროში. სხვა არაფერი არსებობდა. - ეს შენ ხარ! - აგრძელებდა გზას. ყელს ჩამოუყვა და მკერდსშუა მოექცა. ღრმა სუნთქვას კვნესა ერთვოდა თან. - ყველგან შენ ხარ! - მუცელს მიუყვებოდა. - ნამდვილი ხარ! შენ ხარ სამყაროს ცენტრი! - გენიტალიებს მიუახლოვდა და პულსაციამ იმატა. სუნთქვა გამიხშირდა და გავარვარებული ლავასავით ჩამეღვარა ორგანიზმში აჟიტირება. - მე შენ ვარ! - ბოლო შეხება და ორგაზმის ტალღამ ატომური ბომბივით იფეთქა ჩემში. სხეული ამიცახცახდა სიამოვნებისგან და თვალები ავატრიალე. მიტოკავდა ორგანიზმი, მასთან ერთად კი ყოველი გრძნობა, რომელიც ოდესმე განმიცდია. გულისამაწვრილებელი სიცილი ამიტყდა. რა საოცარი, შემაძრწუნებელი და აღმაფრთოვანებელი შეგრძნებაა იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ! ავივსე და დავცარიელდი, ერთდროულად. გავაცნობიერე, რომ არც ერთი ჩემი სიტყვა თუ ქცევა ყალბი არ ყოფილა, ყველა მე ვარ. ყველა ფერი მე ვარ! … - ნიკე, ნიკე, გამოფხიზლდი! ნიკე! - სახეში მირტყამდა ანა და ხელისგულებს მიზელდა. - კაი, კაი, გეყო… - ხელი ავუქნიე და ვერ მოვზომე. იატაკს მივარტყი და მეტკინა. - აი, აი, აი… - ხო, ახლა მჯერა, რომ ცოცხალი ხარ. ასე უნდა შემაშინო, ქალო? რა მოხდა? - რანაირად შემოხვედი? - წარბი ავწიე და ეჭვის თვალით შევხედე. - რანაირად და საკეტი გავტეხე ყურის ჩხირით! გამობრდღვნილი გქონდა შემოსასვლელი კარი, დაძებნე ყველაფერი, იქნებ, ქურდს შეეცოდე და ორი ლარი გაიმეტა! - აქოთქოთდა ანა. - კაი, გავიგე. - ვთქვი და წამოვდექი. - შენ რაღაც ჯანზე ხარ იმის კვალობაზე, რომ გულწასული ეგდე. - ახლა ეჭვის ანცი ქვეშევრდომები ანას სახეზე ხტოდნენ წინ და უკან. - ჰო, მეც მიკვირს. - ვუთხარი და გავიკრიჭე. - რამე მოხდა? - რა უნდა მომხდარიყო? - ასეთ დროს კიბეზე ზის ხოლმე. - ვინ? - რა ვინ, ერთი თვეა არ მოშორებია შენს კარს. - ხელები გულზე დაიკრიფა. - წარმოდგენა არ მაქვს, ვისზეა საუბარი. - მხრები ავიჩეჩე და ტუმბოზე დადებულ წყლის ბოთლს დავწვდი. - შენ ან თავი დაარტყი, ან… ლექსოზე ვამბობ, ლექსოზე. - ლამის, ყურში ჩამყვირა. - ეგ ვინაა? - უცოდველი კრავის როლის თამაში იდეალურად გამომივიდა. - როგორ თუ ვინაა, ამნეზია გაქვს? ლექსო! - ეგ ვინაა-მეთქი? - ცალყბა ღიმილი დამთამაშებდა სახეზე. - რამე უქენი? - ანას სახეზე შიშის ლანდმა გაირბინა. - კიდევ ერთხელ გეკითხები, ვის? - სიგარეტს მოვუკიდე. - არავის. არა, არავის. - ცივმა ოფლმა დაასხა ანას. დაცვარულ შუბლზე და წარმოქმნილ ნაოჭებზე ეტყობოდა, რომ შფოთვამ ბორკილები დაადო მას. მე კი შემეცოდა იგი ამგვარი ემოციისთვის, ამიტომ ვუთხარი. - მაქსიმეს ბედი არ გაუზიარებია, ნუ ღელავ. - ხელი ავუქნიე და ანამაც ამოისუნთქა. - კარგა ხანი გავიდა… - ბლუკუნით ამოთქვა ანამ. - ჰო… მაქსიმე ჩემი პირველი შეყვარებული იყო. სამ წელიწადზე მეტი ვიყავით ერთად და ბედნიერად თავი მასთან არც ერთხელ მიგრძვნია. რატომ ვიყავი მასთან? დაბალი თვითშეფასება, რომელსაც ვკვებავდი იმ ადამიანის ხარჯზე, რომელსაც ნარცისიზმი სისხლში ჰქონდა. და როგორც სჩვევიათ ხოლმე, ისინი შთაგაგონებენ, რომ ყველაფერს შენთვის აკეთებენ, რათა შენ იყო კარგად, რადგან თავად არაფერი შეგიძლია, ის კი შენი მხსნელი და ძალიან მაგარი ადამიანია, რადგან შენნაირ უგუნურზე ხარჯავს დროს. შენ კი ფიქრობ, რომ რადგან ამდენად კარგმა ადამიანმა შენ მოგაქცია ყურადღება ე.ი. რაღაცად ღირხარ. ჰო, სულელი ვიყავი. იმ დონემდე, რომ მის სისტემატიურ ძალადობას ვამართლებდი იმით, რომ ის ამას ჩემთვის აკეთებდა. ფაქტობრივად, დედაჩემის ბედი გავიზიარე, თუმცაღა მაშინ გეტყოდით - “ეს სულ სხვაა, სხვა სიტუაციაა და ასეა საჭირო”. სრული აბსურდი! სამი წელიწადის განმავლობაში არ გათენებულა ისეთი დღე, როცა სხეულზე ერთი ჩალურჯება მაინც არ მქონოდა. ანას აურაცხელი მოწოდებისდა მიუხედავად, ჯიუტად ვაგრძელებდი მცდელობას, რომ მაქსიმე იმ ჭაობიდან ამომეყვანა, რომელში ნებივრობაც მისთვის სიამოვნება იყო და არა ტანჯვა. მანიპულირებდა სისუსტით, თავისი წარსულით, რომელიც ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ იყო. თუმცა ფაქტი იმაში მდგომარეობდა, რომ ის არც კი ცდილობდა ემუშავა საკუთარ თავზე, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. პირიქით, ამდაბლებდა სხვებს, რომ თავად გამოჩენილიყო მათზე უკეთესი. მასაც ჩემსავით სჭირდებოდა სხვები, რათა თავისი ღირებულება დაენახა. მაგრამ რეალურად, გახვრეტილი “ხუთკაპიკიანის” ფასიც კი არ ჰქონდა. - შენ თუ კიდევ ერთხელ გაბედავ და ხელს ასწევ დედაჩემზე, მე მე არ ვიყო, ჩემი ხელით ყელი თუ არ გამოგჭრა! - ბრაზისა და მრისხანების მძლავრი ნაკადისგან სხეული მიცახცახებდა, თუმცა სიამოვნება მაინც ვიგრძენი, როდესაც მის სახეზე ამოვიკითხე დაუძლეველი შიში - სიკვდილის შიში. ეს აღარ იყო ის კახა, რომელიც დარწმუნებული იყო თავის სისწორეში და ფიქრობდა, რომ ყოველთვის თავისას გაიტანდა. ეს იყო პატარა, გასრესამდე მიყვანილი ტარაკანი, რომელმაც იცოდა, თუ კიდევ ერთხელ დააშავებდა, მას ბოლომდე გასრესდნენ და მისი მზე საბოლოოდ ჩაქრებოდა. - ტაფა დადე, ნიკე. - ათრთოლებული ხმით მითხრა. - აღარასოდეს გავიმეორებ ამას, შემდეგში უკვე გაუფრთხილებლად გადავალ მოქმედებაზე. - სახეში შევაფურთხე სიტყვები და ტაფა მისი მისამართით ვისროლე. კისრისტეხით გამოვიქეცი სახლიდან ისე, რომ დედაჩემზეც არ მიფიქრია და მაქსიმესთან ავედი. - მართალია მამაშენი, არაა საჭირო ქალი დატრაშუნობდეს დაქალებში საჭორაოდ. - გალეშილი მთვრალი იყო და ჭიქა ეჭირა ხელში. - შენ კი ხარ ყოჩაღი, რომ დედა დაიცავი, მაგრამ კაცს ეგრე არ უნდა ელაპარაკო, ჩემთან ეგეთები არ გაგივა! - ტონს აუწია და შემომიბღვირა. - აჰაა! - ვიგრძენი მრისხანების თარეში სისხლძარღვებში და მზერა დამებინდა. მხოლოდ ის მახსოვს - როგორ დავტაცე ხელი მაგიდაზე მდგარ ბოთლს… ანას კივილმა მომიყვანა გონს. ჩამუხლული ვიჯექი მაქსიმეს გვერდით იატაკზე, ანა კი მას უმზერდა და შემაძრწუნებლად კიოდა. - ნიკე! შენ, რა, მოკალი?! - მოვკალი?! - თვალები გამიფართოვდა და ანას შევხედე. მუშტად შეკრული ხელები დასისხლიანებული მქონდა, მინის გატეხილი ბოთლი კი ჩემ გვერდით ეგდო. - მოვკალი?! ვინ? ვისზე ამბობ? - მზერა მაქსიმეზე გადავიტანე. - მაქსიმეზე ნიკე! - ვინ არის მაქსიმე? - ანას შევხედე. სახეზე ფერი არ ედო და მთელი სხეული უცახცახებდა. - ეს, ეს არის მაქსიმე! - გაშლილი ხელით მიმითითა. - წარმოდგენაც არ მაქვს, ვისზეა საუბარი. - ოცდათორმეტივე კბილით საზარლად გავუღიმე ანას. ის არ იყო მკვდარი. პირველმა დარტყმამ იგი გათიშა, შემდგომი დარტყმები კი სასიკვდილო ნამდვილად არ იყო. ვერ აღიარა, რომ ქალმა სცემა და ქურდის ისტორია გამოიგონა, რათა არ შერცხვენილიყო ხალხში. თუმცა არ ვიცი, რა ბედი მეწეოდა, მაქსიმე მთვრალი რომ არ ყოფილიყო. ალბათ, მკვლელობა მოხდებოდა და მკვლელი მე ნამდვილად არ ვიქნებოდი… - ანუ, გამოდის ვერ გაგიყვეს და შენ ეს მოისმინე? - წამოიწყო საუბარი ანამ, როცა სიმშვიდე მოკალათდა მისი სახის თითოეულ ნაკვთზე. - ჰო. თავი ერთსაც და მეორესაც ჩემი ბატონ-პატრონი ჰგონია. - ხელი ავიქნიე და ყავის პირველი ყლუპი საყლაპავში სიამოვნებით გადავუშვი. - ნიკა არაა ცუდი ბიჭი. - ცალი თვალი მოჭუტა ანამ. - ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ საკუთარ თავზე ზედმეტს იღებს. დედა ტერეზას როლი მოირგო და თავის ინტერესებს ერთ ადგილას იკეთებს. - მესმის, თუმცა რაღაც მხრივ მართალია. ახლა რომ დაეწყო შენი შებმა, არც ისე სწორი საქციელი იქნებოდა ეგ. - საქმე იმაშია, რომ თუ გადაწყვიტე, რომ შენს ინტერესებს ხაზი უნდა გადაუსვა, მაშინ ბოლომდე უნდა გაჩუმდე. მეზიზღება ეს შუაში გაჩხერილი მდგომარეობა. - ტუჩი ზიზღის დაკრული ნოტების რიტმში ამიცახცახდა. - არ ვფიქრობ, რომ ეს იმდენად დიდი ტრაგედიაა, რომ ხაზი გადაუსვა. - მხრები აიჩეჩა ანამ. - ხაზის გადასმაზე აქ არავინ საუბრობს, წარმოდგენა შემეცვალა ამ ადამიანზე. ესაა და ეს. - ხომ ხვდები, რომ უმადური გამოხვალ. - თვალი თვალში გამიყარა ანამ. - გაქნეულზე რომ არ მეკიდოს, ალბათ, სინდისი შემაწუხებდა. თუ ადამიანი რაღაცის გულისთვის აკეთებს სიკეთეს, მის სიკეთეს ფასი არ აქვს. - მაგრამ ყველას უნდა, რომ დაუფასდეს მაინც და ადამიანი ხედავდეს მის გაკეთებულს. - პატარა გულუბრყვილო გოგოს მაგონებდა. - ძალიან კარგად ვხედავ და უაღრესად მადლიერი ვარ, რომ ასე დამეხმარა. ბევრჯერ თავისი ხელითაც უჭმევია კიდევ ჩემთვის, რასაც ზოგი მშობელი დედა არ გააკეთებს. თუმცა ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლებას არ მივცემ არავის. მას უნდა თავი გამოიდოს, ვითომდა ჩემი კეთილდღეობისთვის ლექსოსთან ერთად, მაგრამ არ ითვალისწინებს ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩემს აზრს. - ლამის, დუჟმორეული ვუმტკიცებდი მეგობარს. - ერთი მხრივ ფატალური შეცდომაა, მაგრამ მეორე მხრივ ისევ შენზე ფიქრობს და შენი კარგად ყოფნა უნდა. - ამართლებ? - არ ვამართლებ, თუმცა მთლად ისიც არ მგონია, რომ თოჯინად აღგიქვამს და უნდა, რომ გმართოს. - არც მე მინდა ეგრე ფიქრი. - თვალები ხელისგულებით მოვისრისე და მაგიდას ჩავაშტერდი. - ნიკ… - ჰმ? - წარბს ქვემოთ ავხედე. - რას გრძნობ ლექსოს მიმართ? - მოულოდნელი კითხვაა. - პასუხი? - ზიზღით არ მეზიზღება, უფრო ვბრაზობ, რომ ამდენი გაბედა. - გიყვარს? - ახლოს მოიჩოჩა და სახეში ჩამაშტერდა. - არა. უკვე კარგა ხანია არა. - თავი გავაქნიე. - ნიკა? - რა ნიკა? - ნიკას მიმართ რას გრძნობ? - იგივეს, ვბრაზობ, რომ ასე მოიქცა. - გიყვარს? - ვინ? - ნიკა. - ნიკა? - ჰო, ნიკა… - რამდენჯერ უნდა გაიმეორო მისი სახელი?! - გავღიზიანდი და სიგარეტს მოვუკიდე. - მიმზიდველია, ფაქტია. პატარა ღლაპი რომაა, ესეც ფაქტია. თვალები რომ აქვს კოსმოსივით, კულულები ხავერდივით და სურნელი ტვინს რომ აგირევს ეგეთი, ესეც ფაქტია. მეტი რა გითხრა? - მითხარი, გიყვარს? - ჩამაჯინდა ანა. - რატომ მეკითხები? ეგ კი არაა მნიშვნელოვანი, ისაა მთავარი, რომ ჩემი და თბილისში დატრაშუნობს, ჩემზე იცის და ხმას არ იღებს. - ცოფების ყრა დავიწყე, მაგრამ ანა რის ანა იქნებოდა, ამით რომ შეშინებულიყო და უკან დაეხია? - გიყვარს?! - არ ვიცი! არ ვიცი, გაიგე?! რომ მეხება, გამოშტერებული ცამეტი წლის გოგოსავით ვბლუკუნებ! რომ იღიმის, ვდებილდები და უბრალოდ, მინდა, რომ ვუყურო. ნერვებს რომ მიშლის, მინდა მოვკლა, როცა არ მიშლის, მინდა, რომ მომიშალოს, რომ მერე მოვკლა! - წამოვხტი და მთელი სხეულით ვლაპარაკობდი. - გასაგებია. - კმაყოფილი, ეშმაკი მელას ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე ანას. - რა არის გასაგები? - მივვარდი და მხრებში ჩავაფრინდი. - გიყვარს. - ხითხითებდა ანა. - არ მიყვარს. - ვაჯანჯღარებდი, ის კი იცინოდა. - გიყვარს, გიყვარს. - ანა! - ნიკასაც მოსწონხარ, ხომ ხვდები? - თავი გამანებე, ბუდას გაფიცებ, რა! … ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ლექსოს ვეჩხუბე და ნიკას ვაგრძნობინე, რომ ის ჩემგან ლექსოზე შორს იყო. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც არც ერთი მინახავს, არც მეორე. ნიკა საფრანგეთში გაემგზავრა თავისი დისა და დედის მოსანახულებლად. როდის ჩამოვიდოდა არ უთქვამს და არც მე მიკითხავს მისთვის. კომუნიკაცია არ გვქონია, სოც. ქსელში აქტიური არ იყო და მეც დრო მჭირდებოდა ყველაფრის გადასახარშად. ლექსოს არარსებობას ჩემს ცხოვრებაში ნიკა მივსებდა თავისი მუხტითა და ენერგიით, რომელსაც აქტიურად ასხივებდა და ყველაფერს ავსებდა ჩემ ირგვლივ. თუმცა ახლა არც ლექსო იყო, არც ნიკა… სიცარიელემ შეავსო ყველა კუთხე-კუნჭული ჩემს რაობაში და მარტოსულობა მოკალათდა ჩემს სასთუმალთან. ერთგული მეგობარივით იყო, რომელიც კუბოს კარამდე გამომყვებოდა და საიქიოშიც არ დამტოვებდა. ამ პერიოდს კი სიმბოლურად წვიმიანი ამინდები დაემთხვა. ზეცა დევნიდა თავის ქვეშევრდომებს დედამიწის დასალაშქრად, თუმცა არ იცოდა, რომ დედამიწის სიკეთე მარტივად თაფლავდა წვიმის პაწია ჯარისკაცებს და ნავსაყუდელს სთავაზობდა მათ. რაზეც ზეცა უარესად ბრაზდებოდა და ელვის ღმერთს სთხოვდა დახმარებას, აქაოდა ღალატის მსხვერპლი გავხდიო. მე კი ანც ფიქრთა კასკადის წინააღმდეგ მარტო ვიყავი… რას ვგრძნობდი ამ პატარა ბიჭის მიმართ? ვერ ვხსნიდი. მახსენდებოდა მისი მიმიკა, ჟესტები, ქცევები… მონატრების კლანჭები იმდენად ღრმად ჩაესო ჩემს ცნობიერებას, რომ ფიზიკურ ტკივილსაც ვგრძნობდი. - შოკოლადი მაინც ჭამე, ბებერო! - თავი დამანებე, ღლაპო, არ მშია! - შენ არა, მაგრამ შენს ტვინს შია, ვერ ხედავ უკვე გლუვდება მისი ზედაპირი, სასიცოცხლო საწვავზე უარს რომ ამბობ! - ამბობდა და სნიკერსს მჩრიდა პირში. - მორჩი ჩემს გაპარტახებას, ვის აქვს აქ გლუვი ტვინი! - სოს, სოს, გამოიძახეთ დეიდა გლუკოზა, თორემ დეიდა ნიკელოზს თითქმის ყველა ნაოჭი გაუსწორდა, ვეღარ ხვდება ვის უგლუვდება ტვინი! - რუპორის იმიტაციას აკეთებდა და ჩემგან კარგა გვარიანი მუჯლუგუნიც მიიღო. - სოს, დეიდა გლუკოზა, ბარტყი ნიკოლოზი თქვენს დახმარებას მეტად საჭიროებს. საუბრისას საფრთხის განჭვრეტის უნარი დაკარგა! - ნიშნისმოგებით ვუთხარი და გავიჯგიმე. გაფუჭებული ფირივით ვატრიალებდი გონებაში დიალოგს, რომელიც მოვისმინე და ნელ-ნელა აზრი, რომ ნიკა დამნაშავე იყო, ცამტვერდებოდა. ვცდილობდი მტკიცედ დავმდგარიყავი და არ მიმეცა საშუალება ემოციისთვის ჩამოენგრია კედელი, რომელსაც ვაშენებდი ჩემსა და ნიკას შორის, თუმცა რამდენად გამომდიოდა - არ ვიცი. მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ თუ ყველაფერი ისე დარჩებოდა, როგორც აქამდე იყო, ჩემს სიტყვას აღარ გადავიდოდი. საკმარისი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, როცა თავადვე დავთმე ჩემი პრინციპები სხვათა გამო. რამდენჯერაც ეს გავაკეთე, იმდენჯერვე კისერი მოვიტეხე და აღარ მსურდა ძლივს შეხორცებული ჭრილობების ისევ გახსნა. ანასთან საუბარმა ლომის წვლილი შეიტანა იმაში, რომ ასწლოვანი მუხის მსგავსად მყარად მდგომი ჩემი აზრი შერყეულიყო. მწერივით შემომიძვრა იგი კანქვეშ და ფუღუროს კეთება დაიწყო. ყველა არგუმენტს, ყველა სიტყვას თუ ბგერას ღრღნიდა და უგზოუკვლოდ აქრობდა. თვალები მივლულე და ვცადე ძილის სამყაროსთან შერწყმა. კარგა ხანი იყო, რაც ინსომნია ცდილობდა დავეტანჯე, მაგრამ იმ იმუნიტეტს, რომელიც ფორმირდა ბოლო დროის მოვლენებიდან გამომდინარე, ვერ ძლევდა და მეც ჩამეძინა. თუმცა მალევე მხარზე შეხება ვიგრძენი და მსწრაფლ გამოტყორცნილმა ადრენალინმა მომენტალურად გამომაფხიზლა. გვერდზე გავიხედე და ნიკას სახე დავლანდე. თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა, ზედა ტუჩი პეპლის ფრთასავით უთრთოდა, ხოლო ჩვეულებრივ გავარვარებული ხელები, ყინვაში გათოშილს მოგაგონებდათ. - ნიკე… - აქ რას აკეთებ? - ტუჩები ერთმანეთს დავაშორე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ხმა სივრცეში არ გაჟღერებულა. - ნიკე… - … - ნიკე, გთხოვ. - … - ნიკე! - ნიკა! - ადგილს ვიყავი მილურსმული. მთელი ჩემი არსებით ვცდილობდი თითი მაინც ამემოძრავებინა, თუმცა ამაოდ. სხეული ერთ უზარმაზარ ციხედ იქცა ჩემთვის, რომლის მკვიდრი მხოლოდ მე ვიყავი. კარცერში გამოკეტილს ვგავდი, სადაც არც სარკმელი იყო, არც კარი, საიდანაც გასვლა შემეძლო. ჰაერის ჩასუნთქვა ვცადე, თუმცა ცუნამივით დამეჯახა შეგრძნება, რომ წყალქვეშ ამოვყავი თავი, ნიკას ხმა კი ყრუდ მესმოდა. - მოდი. - ცრემლის თხელი პლევრა გადაეკრო ნიკას ორ სფეროსებრს. გული შემეკუმშა ამის შემყურეს. ოღონდ მას არ სტკიოდეს… - სად მოვიდე?! - ვყვიროდი, მაგრამ ხავილის გარდა მბგერი იოგები ვერაფერს ახერხებდნენ. საუბრის მცდელობა ოკეანის ფსკერზე წყლის ყლაპვას ჰგავდა. - ნიკე, მოდი, გთხოვ… - თქვა და ნელ-ნელა გაქრობა დაიწყო. შემეშინდა. იმის გაფიქრებაც კი, რომ ამ ადამიანს დავკარგავდი ძარღვებში სისხლს მიყინავდა. ნიკას სილუეტი ნელ-ნელა იდღაბნებოდა, ათრთოლებული ტუჩი აორთქლდა, სხეული ბინის ინტერიერს შეერწყა, მხოლოდ მისი თვალები ჩანდა მკაფიოდ, რომელნიც მთხოვდნენ… მაგრამ რას? ქოშინით გავიღვიძე და ელვის სისწრაფით წამოვდექი. სხეული დაბუჟებული მქონდა, თითის წვერებზე კი უამრავი ნემსის ჩხვლეტას ვგრძნობდი, მაგრამ ამან წინააღმდეგობა ვერ გამიწია. წამოვხტი და მთელი ბინა მოვიარე. მეტისმეტად ცხადად ვგრძნობდი ყველაფერს და იმის გასააზრებლად, რომ სიზმარი იყო ის, რაც ვნახე, დიდი დრო დამჭირდა. მაისური, რომელშიც მეძინა ცივი ოფლის ზღვაში ამოვლებულს ჰგავდა. თავისუფლად შემეძლო იგი გამეწურა. თმები აჩეჩილი, სველი და შუბლზე მქონდა მოწებებული. ხელები გამთეთრებოდა, სისხლის მიმოქცევა დარღვეულიყო, ყურებში კი ნიკას ხმა გაისმოდა ექოსავით - ნიკე, მოდი, გთხოვ… - სად მოვიდე, ნიკა? - ხავილით ამოვთქვი და საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. გაყინული ხელი შუბლზე მოვისვი და უცნაურმა ხმამ მიიქცია ჩემი ყურადღება. შეტყობინება მივიღე. ტელეფონს დავწვდი და ველოდი, რომ ნიკამ მომწერა, თუმცა შევცდი. ჩემმა დამ დნმ-ის ანალიზი გაიკეთა და ბაზაში ატვირთა… #8 ათიოდე წამის შემდეგ კიდევ ერთი შეტყობინება მივიღე, ამჯერად ტელეგრამზე. ანგარიში, რომელიც “ჩემი” შიშველი ფოტოს წყარო იყო გააქტიურდა და ლოკაცია გამომიგზავნა. სუნთქვაშეკრული ვუმზერდი და უეცრად მოვარდნილმა წნევამ მზერა დამიბინდა. სარკეს თვალი შევავლე და სახეზე ლურჯად შეღებილმა კანმა მაიძულა ჩამესუნთქა. ჟანგბადის ატომებთან ერთად სიხარული, სასოწარკვეთა და რისხვა შევუშვი სხეულში, რომელნიც ფილტვების დახეთქვას მიქადნენ, თუმცა არ დასცალდათ. - ანა, ლოკაციას გადმოგიგზავნი და იქ მოდი. - ქოშინით ვჯებოდი ტაქსიში. - რა ხდება? - ახსნის დრო არ მაქვს, რაც შეიძლება სწრაფად მოდი. - მოკლედ მოვუჭერი და გავუთიშე. ვიცოდი, რომ ამ ადამიანთან ახსნა-განმარტება არ მჭირდებოდა, ჩემი ხმის ტემბრითა და მუხტით გრძნობდა ყველაფერს და აუცილებლად მოვიდოდა. თხუთმეტი წუთი მჭირდებოდა გზაში. ლოკაცია მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმითითებდა, მე კი, ლამის, გადმოვმხტარიყავი მანქანიდან და ფეხით დამეფარა ეს დისტანცია. ადგილზე ვცქმუტავდი, ყველა და ყველაფერი დამავიწყდა. ამქვეყნად ვარსებობდით მხოლოდ ორი “მე” და მეორეს ახლა უნდა შევხვედროდი. რატომ ახლა? რატომ თავიდანვე არ გამოჩნდა? რა სჭირდებოდა? რა თამაშს თამაშობდა? რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს? ვერაფერს ვხვდებოდი და ამ ყველაფერზე ფიქრი ბორკილებს მადებდა და არსებობას მიზღუდავდა. ყბებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერდი და კბილების ღრჭიალი მესმოდა. ნიკე, რომელიც მივიღე ისეთად, როგორიც იყო, ამოანთხევდა ყველა გრძნობას ერთიანად და შეაზავებდა ცინიზმის დიდი დოზით ამ კერძს, რომელიც ბოროტების პიკანტური სურნელით გააჯერებდა არემარეს. - ეს გზები, ხომ, ვერა და ვერ გააკეთეს. - დაიწყო მძღოლმა. - ამ მთავრობის ხელში, არ მიკვირს. - ჩემდა გასაკვირად ავყევი. მას კი მეტი რა უნდოდა… - არ თქვა მოკლედ, რა. ამ მერმა მარტო თავისიანების დაზარალება იცის. - დახელოვნებულია უკვე! თხუთმეტი წუთი სახელმწიფოს, ამჟამინდელი და წინა მთავრობის, პოლიტიკისა და პოლიტიკოსების ძაგებაში გავატარეთ. გავერთე და ვეცადე ყურადღება გადამეტანა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გაქაფებული ვმსჯელობდი ილია და დავითი რომ წამოვაყენოთ საფლავიდან, ახლა თავს მოი’კლავდნენ, საქართველოს მდგომარეობა რომ ენახათ-მეთქი, მაინც ვგრძნობდი გავარვარებული ლავასავით როგორ დუღდა ჩემში მოუთმენლობისა და ბრაზის უფორმო ნარევი. რომელიღაც სადარბაზოსთან შემიჩერა და მანქანიდან დამფრთხალი შველივით გადმოვხტი. ვუმზერდი ცხრასართულიან, ძველ აშენებულ კორპუსს და ტკივილამდე მეცნობოდა, თუმცა ვერ ვიხსენებდი - საიდან? ლოკაციას დავხედე და ვცდილობდი გამეგო, ახლა საით უნდა წავსულიყავი. ყველა ბინაში ვერ დავაკაკუნებდი და ვერ ვკითხავდი - ჩემნაირი გოგო აქ ხომ არ არის-მეთქი… ტუჩების კვნეტით ვიყავი დაკავებული, რომ, მოულოდნელად, გონებაში სიზმარი ამომიტივტივდა. “ნიკე, მოდი, გთხოვ…” შევკრთი და ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა. “- სად ცხოვრობ? - მარჯანიშვილზე, შენ?” - ბინგო! შენ თუ ლექსოს მიადექი, ნიკასაც შეწვდებოდი, დაიკო. - ვთქვი და სადარბაზოში შევვარდი. ორ-ორი საფეხურის გამოტოვებით, ავირბინე კიბეები და ნიკას ბინას მივადექი. ჩემდა გასაკვირად, კარი ღია იყო. ნიკა, წესით, საფრანგეთში უნდა ყოფილიყო დედასთან და დასთან ერთად, ამიტომ ეს ლოკაცია და ნიკას ბინის ღია კარი მეტისმეტად საეჭვო მეჩვენა. მომენტალურად აღვიდგინე გონებაში ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც ძალიან უცნაურად დაემთხვა შიშველი ფოტოს გამოგზავნას და თითოეულ ატომს ჩემს ორგანიზმში ნიკას მიმართ ბრაზის ლიანები ოსტატურად შემოეხვია. ყოყმანის გარეშე შევაღე კარი და უხმაუროდ, კატის მოქნილობით შევედი. ორიოდე ნაბიჯის გადადგმა დამჭირდა, რომ საინტერესო სურათი დამენახა. ნიკა ფოტოაპარატით ხელში, ირგვლივ, კედლებზე კი უამრავი ფოტო. ყველა მათგანზე მე ვიყავი აღბეჭდილი, ძირითადად მძინარე მდგომარეობაში… ზოგი უჩუმრად იყო გადაღებული, თუმცაღა მე არ შემიმჩნევია, რომ ნიკას ოდესმე გადაეღოს ჩემთვის. თვალები შუბლზე ამივიდა და გაოცებამ ყბა კლდის უზარმაზარი ნაპრალივით დააღო. ის-ის იყო ნაბიჯი უნდა გადამედგა, რომ ქალის ხმამ შემაჩერა. - ნიკუ, ასე, ხომ, არ ჯობია? - ძალიან ნაცნობი, მაგრამ, ამასთანავე, სრულიად უცხო ხმა იყო. მე კი ინტერესმა შემიპყრო. კედლის გვერდიდან შევიხედე ოთახში, რათა დამენახა ამ ხმის პატრონი და გავხევდი. მოზრდილი ნერწყვი საყლაპავში ძლივს გადავაგორე და ხორხი ყელში მომებჯინა. ჩემი და იდგა მის წინ, ქვედა საცვლებისამარა და პოზირებდა. - ცოტა გვერდზე გაიწიე და დაიხარე. არა, ეგრე არა, მაგიდას დაეყრდენი იდაყვებით და ობიექტივში არ შემოიხედო. - უპასუხა ნიკამ და ფოტოაპარატის ჩხაკუნმა გამაყრუა. “ნუთუ…” ამ საზარელი აზრის გონებაში გაელვებისთანავე დარდი მხრებზე სუდარასავით შემომეხვია, ვით თოვლის ქათქათა საფარი კავკასიონის ბუმბერაზ მთებს. “ნუთუ, ნიკა და ჩემი და… ეს ყველაფერი დადგმულია? ნიკაც გეგმის ნაწილია?” ჩემს სამყაროში შფოთვის ფიფქებით ბარდნა დაიწყო, მე კი დედიშობილა ვიდექი ცხოვრების გზაჯვარედინზე. მზერა ქალზე გადავიტანე და მისი შესწავლა დავიწყე. ნავარჯიშები სხეული ჰქონდა, მაგრამ ამავდროულად, ფაიფურის თოჯინას მოგაგონებდათ, აქაოდა, რომ შევეხო გატყდებაო. გრძელი, წაბლისფერი თმა წელამდე ჩამოშლოდა და უფორმო ვარცხნილობა ძალიან ბუნებრივ შარმს სძენდა. ბროწეულის ფერი ტუჩსაცხი მწიფე ნაყოფს მოგაგონებდათ, რომელსაც თავადვე სურდა იგი დაეგემოვნებინათ. ნიკას მითითება შეასრულა, მაგიდას დაეყრდნო და საჯდომი მადისაღმძვრელად გასწია უკან. - ახლა კედელთან დადექი. - მითითებებს არ წყვეტდა კაცი. - აი, ასე, კარგია. - თქვა და გადაღება შეწყვიტა. - კარგი, მაჩვენე აბა. - ფეხის წვერებზე მიირბინა მასთან. მკლავზე მოშიშვლებული მკერდით მიეკრო და ჩაიჭყიტა. - ხომ იცი, რომ ჯერ მზად არაა. - თავი გააქნია. - საწყისი ვარიანტებიც მაინტერესებს. - ქვედა ტუჩი ააკანკალა. - კარგი, ნახე. - ვაუ… იდეალურია! - სხვანაირებს მე არ ვიღებ. - გაიკრიჭა ნიკა. - ნიკუ… - ხელი ლოყაზე მიადო. - მხოლოდ იდეალურს აღიარებ, არა? - თქვა და ტუჩი მოიკვნიტა. - ნამდვილად. - მისი ხმა ყინულივით ცივი იყო, ან მეჩვენებოდა. - მაშინ… - ხელები მის კისერზე დააწყო. - მეც იდეალური ვარ, არა? - არა, შენ იდეალური არ ხარ. შენ სრულყოფილი ხარ. - ეს გააჟღერა თუ არა, გულის სალ კლდეს აქაფებული ტკივილის ტალღა დაეჯახა. - უუ, ე.ი. სრულყოფილი? - მაცდურად გაიღიმა და საკოცნელად გაიწია. გული შემეკუმშა და თვალები დავხუჭე. არ მინდოდა ამ სანახაობისთვის მეცქირა. სუნთქვასა და კანკალს ვერაფერს ვუხერხებდი. - გეყოფა. - მოულოდნელად გააპო ნიკას ხმამ სივრცე და კედლები ააზანზარა. - რა მოხდა? - შეშფოთებულმა ფსევდო “მემ” გულზე ხელები დაიდო შეშინების გამოსახატად. - არ მოგბეზრდა ეს ცირკი? - უხეშად მოიშორა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. - რა ცირკი, რას ამბობ? - ნიკამ მომუშტული ხელი ცხვირიწინ აუფრიალა. - პირველი - ნიკე არასოდეს მთხოვდა ფოტოს გადაღებას, მეორე - ნიუ სტილის ფოტოს მითუმეტეს, მესამე - ნიკე ნიკუს არ მეძახის, მეოთხე - ნიკე ფოტოსთვის პოზირების გარტყმაში არაა, გავაგრძელო? - პუნქტების შესაბამისად მუშტი იხსნებოდა და თითებს შლიდა. - ჰო, მაგრამ ვისწავლე, ხედავ? - გაეკეკლუცა ქალი. - მეხუთე - ნიკე კისერზე არ ჩამომეკიდებოდა. არა, უარს კი არ ვიტყოდი, სიამოვნებით დავუკოცნიდი მარწყვივით ტუჩებს და ვისიამოვნებდი ავიტამინოზით დატეხილი ფრჩხილების კვალით ჩემს ზურგზე, მოვეფერებოდი დასათვლელ ნეკნებზე, მაგრამ… - აქ ვარ, ჰოდა. - ტონს აუწია ქალმა. - ვინ ხარ? - ხმა ბასრი ხმალივით გაუხდა ნიკას. - ნიკე ვარ, რა სულელური შეკითხვაა. - გულზე ხელი დაიკრიფა. - შენ ნიკე არ ხარ. რატომ ემალები შენს დას ? - ხელი მაჯაში ჩაავლო და ახლოს მიიწია. - ნიკუ, ვერ გცნობ! - ხმა აუკანკალდა. დიდი სიამოვნებით დავუკრავდი ტაშს ამ მსახიობურ ნიჭს, რომელიც ვიხილე, თუმცა არ მინდოდა ჩემი ადგილსამყოფელი შეემჩნიათ. - შენ იდეალური არ ხარ, შენ სრულყოფილი ხარ. სრულყოფილება კი უკიდურესად მოსაწყენია, ქალბატონო! - ლექსთან ბევრად მარტივი იყო ყველაფერი. - ტუჩები გააწკლაპუნა ქალმა, როცა მიხვდა, რომ თამაშის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. - მე ლექსო არ ვარ. - ამოიღრინა ნიკამ. - ეს, ჯობია, ჩემს დას უთხრა. - თქვა და პუფში მოხერხებულად მოკალათდა. - არა, დაიკო? - დამცინავი ხმით გვერდულად გამოიხედა ჩემი მიმართულებით და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მართლაც იდეალურად დადგმული სპექტაკლი იყო. - ჯერ შენ თქვი - ვინ ხარ, რატომ ცდილობ ჩემი ცხოვრების დანგრევას და ეს უნიჭო მსახიობური ნიჭი ვისგან გერგო? - ქედმაღლურად ვუპასუხე და ნელი ნაბიჯით გამოვედი სამალავიდან. ვერ ვაღიარებდი, რომ ცოტაც და გამაცურებდა. - ნიკე… - ნიკა გაოცებული მიმზერდა და ალბათ, გონებაში ათასი ფიქრი ერეოდა, ვერ მიმხვდარიყო - რა ხდებოდა. - ჩუ, შენ მერე მოგივლი. - ზედაც არ შემიხედავს მისთვის. ჩემი დის წინ დავდექი. ზემოდან ქვემოთ შევხედე და თვალი თვალში გავუყარე. - ჰაჰა, მოგივლიო, უკვე აქციე შენს სათამაშოდ? - თავი გვერდზე გადასწია და ტუჩის კუთხეში ამაზრზენი ღიმილი “გაეპარა”. - აქ ფსევდო-მოთამაშე მხოლოდ შენ ხარ. დანარჩენები რეალობით ვტკბებით. - წარბი არ შემტოკებია. თუმცა გულის სიღრმეში ფოიერვერკები ათას ფერად ნაწილაკად იშლებოდნენ და სხვადასხვა ემოციებს ასხივებდნენ. - ოჰ, რა სიტყვებია, რა სიტყვები… ხომ გაინტერესებდა, ვინ ვიყავი, რა ვიყავი, ხოდა, აი, ვდგავარ შენ წინ. მოდი, ჩამეხუტე და ვიცხოვროთ ბედნიერი ცხოვრებით, როგორც სხვა დები ცხოვრობენ. - თქვა და ხელები გაშალა. - შენ მართლა გგონია, რომ იმის მერე, რაც გააკეთე, ასე მარტივად მოაგვარებ ყველაფერს? - სიცილი ამიტყდა. - იმის მერე, რაც გავაკეთე? - მრისხანების მჭახე ნოტებმა ჰაერი დაძაბულობით დამუხტა. - შენ გგონია, ეს საკმარისია? იმასთან შედარებით, რაც შენ გააკეთე, ეს უღიმღამო ყვავილებია, ნიკე! - წამოხტა და წინ ამესვეტა. მის სუნთქვას ვგრძნობდი, რომელშიც აშკარად იკითხებოდა, რომ ხარის წინ წითელი ნაჭერი ავაფრიალე და მწყობრიდან გამოვიყვანე. - ჰო, არა? - დავცინე. - მიდი, მომიყევი - ასეთი რა გავაკეთე? ძალიან მაინტერესებს! - გეცინება, არა? კაიფობ, არა? მთელი ცხოვრებაა კაიფობ, სხვები იტანჯებიან და შენ შოკოლადში ცხოვრობ! - სიმწარემ, რომელიც იგრძნობოდა თითოეულ სიტყვაში, მთელი სხეული შემიმოსა ეკლიანი ბადით. რატომღაც ვიგრძენი მისი ტკივილი, რომელიც დაუკითხავად, უცხო სხეულივით შემოიჭრა ჩემს სულში და არ მესიამოვნა. ის-ის იყო პირი გავაღე პასუხის, დასაბრუნებლად, რომ შემაწყვეტინა. - იცი, რა? როგორც შენ მოიპარე ჩემი ცხოვრება, ისე ვიზამ მეც. დედაშენთან მივალ და შენს ადგილს დავიკავებ. - თქვა, იქვე იატაკზე დაგდებული მოსაცმელი აიღო და კარში შურდულივით გავარდა. - ამის უფლებას ნამდვილად არ მოგცემ. - ამოვიღრინე და დავედევნე. ნიკაც დაუფიქრებლად გამომყვა უკან და სამივენი მივქროდით კიბეებზე. - გაჩერდი! - ვუყვიროდი, მაგრამ პასუხად მხოლოდ გულისამაწვრილებელი ხარხარი მესმოდა. დრო შენელდა და მე ფიქრი უმანკო შველივით გამექცა და უსაზღვრო ფანტაზიის უკიდეგანო ოკეანეში ისკუპა. წარმოვიდგენდი - როგორ ვაცნობდი ელზას თავისივე შვილს, როგორ მიმქონდა კისრისტეხით მასთან ნიშადური და ვუნიავებდი, რომ გონს მოსულიყო. სანამ კიბეზე ჩავრბოდი, სანუკვარმა სიუჟეტმა ჩამირბინა თვალწინ შენელებული კადრივით, თუმცა… ნახევარი წუთში გარეთ ვიყავით და ჩემი და შეყოვნდა. ჩემკენ გამოიხედა და მეც დრო ვიხელთე. მხრებში ჩავაფრინდი და სახეში შევაფურთხე სიტყვები. - იმის ნაცვლად, რომ ასე კუდამოძუებული დატყდე, გირჩევნია დამელაპარაკო! - იმედი მქონდა, ძალიან მინდოდა… - შენ ვინ უნდა გელაპარაკოს? სიტყვის თქმის ღირსი არ ხარ! - იკივლა და შუბლი მძლავრად მომიქნია. დარტყმას თან ცხვირის არეში მწვავე ტკივილი მოჰყვა და სისხლი თქრიალით წამომივიდა. რატომღაც არ გამკვირვებია, მისი მსგავსი ქცევა. რაღაც დოზით, თითქოს, მზად ვიყავი კიდეც. - ჯანდაბა! - არც ვაციე, არც ვაცხელე, მუშტი მუცელში ვუთავაზე და ჩაიკეცა. გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. კოდალას რიტმული კაკუნივით პულსირებდა სისხლძარღვებში ადრენალინი, ხოლო აზარტის უჩვეულო შეგრძნება ცვრიან ბალახზე ფეხშიშველ სიარულს მოგაგონებდათ. - აბა, ახლა გაჩერდით ორივე! - ნიკა ჩადგა ჩვენ შორის და გაშველება დაიწყო. - მოშორდი! - ორივემ ერთხმად შევყვირეთ და ხელი ვკარით. ნიკა ცოტა არ იყოს დაბნეული გვიყურებდა და ვერ გაეგო, რა იქნებოდა სწორი. ხელს ჩვენზე ვერ ასწევდა, გაშველების უფლებას არ ვაძლევდით, ამიტომ გადაწყვიტა ორიოდე წუთი მაინც მოეცა ჩვენთვის. - ან წესიერად ამოთქვამ იმას, რასაც ამბობ, ან… - ან რა? ან რა? შენ გგონია, ასეთი გაძვალტყავებული სხეულით მომერევი? - თვალები ჩამუქებოდა, თეთრი გარსი კი ჩასისხლიანებოდა. წამით, ანარეკლი გამახსენდა, რომელიც ცოტაოდენი ხნის წინ სარკეში ვნახე. - ღმერთებო! - თვალები ავატრიალე. - ვერც ერთი ღმერთი ვერ გიშველის, მთელ ცხოვრებას გაგიმწარებ! - თქვა და ელვის სისწრაფით დამეძგერა. მუშტი ყბაში მითავაზა და როცა წავიქეცი ზემოდან მომექცა. რამდენიმე დარტყმა და მზერა დამებინდა. ვცდილობდი წინააღმდეგობა გამეწია, თუმცა მართალი იყო - ამ სხეულით ნამდვილად ვერ მოვერეოდი ნავარჯიშებ ადამიანს, თუნდაც მეორე მეს. თითო დარტყმა თითო გამოხატულ ღიმილის ჯარისკაცს უდრიდა, ცინიზმის პერანგში გამოწყობილს. - ქალურად მაინც იჩხუბეთ, ტოო! - თქვა ნიკამ, იღლიაში ხელი ამოსდო და გვერდით გაათრია. ერთი-ორი ყბაში მასაც მოხვდა. - პი*დეც, დეი, ეს რა თხა და გყოლია! - შემომჩივლა და ბრაზით სავსე მზერა ვტყორცნე. რის ვაი-ვაგლახით წამოვდექი და ამჯერად ტუჩიდან წამოსული სისხლი ხელის ზურგით მოვიწმინდე. მიკვირდა ამხელა დავიდარაბის ატეხვის შემდეგ, ჩვენ ირგვლივ ხალხი რატომ არ შეიკრიბა, თუმცა მივხვდი, რომ მაცხოვრებლებს ფანჯრები ჩაერაზათ, ყურებში თითები დაეცოთ და თვალზე სახვევი აეფარებინათ. ჩვენ სამის გარდა კორპუსის ეზოში არავინ იყო. რა თქმა უნდა, ვის რაში ადარდებს ორი ქალის ჩხუბი მაშინ, როცა მათ გვერდით კაცია, არა? ეს ამაზრზენი საზოგადოება და მასზე ხავსივით მოდებული დოგმები, რომელნიც ენასა და კბილებს ილესავენ, რათა იკვებონ და უფრო მეტად გაიზარდონ… - გამიშვი! - ფართხალებდა მოძრაობაშეზღუდული. ნიკა ფრთხილობდა, არ სურდა გადაეჭარბებინა და ტკივილი მიეყენებინა ჩემი დისთვის. - გაუშვი! - ბარემ, ის მითხარი - ეს მხოლოდ ჩემი ბრძოლაა, ასეთია ჩემი ნინძობის გზაო! - ნიკა! - უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც გაუშვა, ჩემი და კი ისევ ჩემკენ წამოვიდა. - იცი, რა? - საზარელი ღიმილით მოდიოდა. - იდეალური ვარიანტი მაქვს, როგორ შეიძლება მოვგვარდეთ. - ორი ნაბიჯის მოშორებით დადგა ჩემგან. - ვაჰ, საუბარზე გადავედით, ეს უკვე მიღწევაა. - ჩამეცინა. - აბა, მიდი, დაფქვი. - შენ უნდა მოკვდე. - თვალის გუგები გაფართოებული ჰქონდა, სუნთქვა ქშენაში გადაეზარდა და სახეზე სიგიჟე დაუხტოდა ერთი ნაკვთიდან მეორეზე. - არა, აბა, სხვა ვარიანტი შემოაგდე. - არ შევიმჩნიე, მაგრამ მისი ნათქვამი მაინც სერიოზულად აღვიქვი. - ეს ერთადერთი სწორი გზაა. - ლეოპოლდი იცი ვინაა? - რა შუაშია ახლა ვიღაც ლეოპოლდი? - კატა იყო ერთი, მოდი ყველამ ერთად ბედნიერად ვიცხოვროთო ამბობდა, ჰოდა… - და ამ კატის როლი უნდა მოირგო და მითხრა “მოდი ერთად ბედნიერად ვიცხოვროთო”? - სიცილი აუტყდა იმდენად, რომ მუცელზე ხელი შემოიჭდო. სულს ვერ ითქვამდა. - არ გაჭრა, ხო? - გამეცინა. - არა. იმისთვის, რომ ერთი მაინც იყოს ბედნიერი, მეორე უნდა მოკვდეს და ეს მეორე შენ იქნები! - რატომ ასეთი რადიკალური დასკვნა. - ტუჩები გავაწკლაპუნე. - ასეა ბედი დაწერილი! - თქვა და წამის მეასედში ყელზე ხელები შემომაჭდო. - ჯან-და-ბა! - ვცდილობდი მისი კიდურები მომეშორებინა, მაგრამ არ დამანება. თვალებით ნიკას ძებნა დავიწყე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მისი უგონო სხეული დავლანდე მიწაზე გართხმული. რამდენიმე წამის წინ შეუშვა ხელი ჩემს დას, ახლა რა სჭირს?! - ნი-კა… - მას ზემოდან შავებში ჩაცმული პირბადიანი მამაკაცი დაჰყურებდა, რომელიც ჩვენი მიმართულებით მოდიოდა. - მოკვდი! - მიკიოდა ჩემი და, მე კი ვცდილობდი მიმენიშნებინა, რომ საფრთხეში იყო. - როგორც იქნა გიპოვე! - რუსულად თქვა მამაკაცმა და ბეისბოლის ბიტა ჩემს დას მოუქნია. იქვე მოწყვეტით დაეცა და ხელები შემიშვა. ხროტინი ხველამ ჩაანაცვლა და ვცდილობდი დისტანცია დამეჭირა ამ მასთან. - მოიცა, ნუთუ, შემეშალა? - მე შემომხედა და ბიტა ხელში შეათამაშა. - ბეა შენ ხარ? - მკითხა. როცა პასუხი არ დავუბრუნე სახით მიწისკენ შებრუნებულ ჩემს დას თმაში დასწვდა და თავი ააწევინა. - არა, ესაა ბეა ნამდვილად. შენ ვინ ხარ? - მე… - ჯერ კიდევ ვახველებდი. - თავი დაანებე… - ჰაერს ხარბად ვყლაპავდი. - გაუშვი… - აზრი არ აქვს, ორს თუ მივუყვან, პრემიას გამომიწერს. - ჩაიცინა და ჩემკენ წამოვიდა. რამდენად სწრაფადაც შემეძლო მისი საპირისპირო მიმართულებით გავიქეცი. ვერ ვყვიროდი, დახმარებას ვერავის ვთხოვდი. მბგერი იოგები დამორჩილებაზე უარს ამბობდნენ. ცხვირიდან და ტუჩიდან ჯერ კიდევ სისხლი მდიოდა, მუხლები მეკვეთებოდა და თავ-ბედს ვიწყევლიდი, რომ არ ვჭამდი და ამდენად დავაუძლურე ჩემი სხეული. ნელი ნაბიჯით მომყვებოდა, თითქოს, მხეცი იყო, რომელმაც ერთი მსხვერპლი უკვე მოკლა და მეორეზე გასართობად ნადირობდა იმ ფიქრით, რომ მაინც ვერსად გამექცევაო. ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და სწრაფად დავწვდი. ანა იყო… - ანა… - რა ხმა გაქვს, რა ხდება? - მიშ… - სად ხარ? - ნიკას კორპ… - გხედავ! - თქვა და კორპუსის მეორე ბოლოდან გამომავალი ავტომობილი დავინახე. ხელი ავწიე თუ არა, თავში ყრუ ტკივილი ვიგრძენი და ბუნდოვნად გავიგონე ანას ყვირილი, რომელიც ჩემს სახელს იძახდა. … თვალი გავახილე თუ არა უკუნით სიბნელეს შევეჩეხე. უმთვარო ღამეც კი ბევრად ნათელი იქნებოდა იმ ადგილთან შედარებით, სადაც მე ვიყავი. ბუნებრივი რეაქცია ამ დროს იქნებოდა შიშის ლაშქრის შეტევა, მაგრამ უჩვეულო სიმშვიდეს ვგრძნობდი. თითქოს, იმ ადგილას მოვხვდი, სადაც ვბუდობდი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ არ ვუტყდებოდი საკუთარ თავს. რის ვაი-ვაგლახით წამოვჯექი. ხელი თავისკენ წავიღე, მაგრამ ვერ დავძარი, რაღაც მიშლიდა. თავის ტკივილმა, რომელიც ჩაქუჩის რიტმულ ჩარტყმებს ჰგავდა, გამომაფხიზლა. ნელ-ნელა ვეჩვეოდი სიბნელეს და გარემოს შესწავლა დავიწყე. ძალიან პატარა ოთახი იყო. როგორც მივხვდი, ხელებით გამათბობელზე მიმაბეს, ამიტომ ვერ მივწვდი თავს. თავის ქალა სველი მქონდა. ალბათ, დარტყმისგან სისხლი წამომივიდა. ტუჩებსა და ცხვირის ქვეშ ასევე შემხმარი სისხლის სუნს ვგრძნობდი. - ესღა მაკლდა. - ამოვიოხრე და სიტყვები მოვაყოლე. - შენ ცოცხალი ხარ? - “ჩემი” ხმა გაისმა ოთახში. - ვა, შენც, ბეაჩკა? - გამეცინა და თავი გამათბობელს მივადე. - საიდან იცი რა მქვია? - შეცბა. - იმ *ლემ მითხრა. - დაივიწყე. - ჰა? - დაივიწყე რა მქვია, მაინც აქ მოკვდები. - ძალიანაც არ მაინტერესებდა, სანამ შენ არ გამოჩნდი და არ დაიწყე ჩემი ცხოვრების ნგრევა. - ტუჩები გავაწკლაპუნე და ავწრიალდი. ვცდილობდი როგორმე ხელები დამეხსნა, მაგრამ არ გამომდიოდა. მხოლოდ ენერგიას ვკარგავდი, რომელიც უჭმელობის გადამკიდე, ისედაც მიზერული რაოდენობით მქონდა. - მართალს ამბობენ, ყველას თავისი სიმართლე აქვსო. - ჩაიფრუტუნა. - მაგრამ ჭეშმარიტება მაინც ერთია! - ჭეშმარიტება და სხვა ზღაპრები ბაღის ბავშვებს მოუყევი. სამყაროში, სადაც ადამიანების მოგონილი ცნებებით ვცხოვრობთ, ჭეშმარიტება არ იარსებებს. - ვაგრძელებდი მცდელობას, მაგრამ ფრჩხილსაც ვერაფერს გამოვდებდი, არ მქონდა. - შენ აღიარება არ გინდა, უბრალოდ. - ნიშნისმოგების ისარი მესროლა, თუმცაღა ამაცილა. - შენ ის მითხარი, ამ ს*რებს შენი დაჭერა რატომ უნდათ? - თემა გადავიტანე. - არაა ეგ შენი საქმე. - ვიცი, რომ ჩემი საქმე არაა, მაგრამ კი გამრიე და კეთილი ინებე, ამოღერღე. - გაღიზიანება შემეტყო ხმაში. - მაინც მოვკვდებით და რად გინდა? - სიკვდილის წინ ერთი სურვილი ყველას აქვს. - თვალები მივლულე და გამეღიმა. მისი ხმა ისე მესმოდა, დიდი ალბათობით, პირისპირ ვისხედით. - მე არ ვარ კეთილი ფერია. - ჰო, შენ დედას არ ჰგავხარ. - დედაჩემი კეთილი ფერია ნამდვილად არაა. - ტუჩები გააწკლაპუნა უკმაყოფილომ. - საიდან იცი? - როგორ თუ საიდან ვიცი? - დედაშენს არ იცნობ და საიდან იცი? - მე… - დაიბნა. - მე… - რა მე-მე, მართლა თხა ყოფილხარ. - თვალები ავატრიალე და ნიკას სიტყვები გამახსენდა. - მომიყევი… - სევდის ნისლში გაეხვა ბეა. - რა? - როგორია დედაჩემი? - ხმა დაუწვრილდა და პატარა, დატუქსულ ბავშვს ჰგავდა. - ჯერ მე დავსვი კითხვა, ამიტომ სანამ არ მიპასუხებ, არც მე გეტყვი. - გავიკრიჭე ისე, თითქოს შეეძლო ჩემი დანახვა. - ფული. - ჰა? - ფული უნდათ ჩემგან. - რა იყო, კანადიდან აქ მოგაგნეს მიკროსაფინანსოებმა? - სიცილი წამსკდა. - მოვიპარე. - მასაც გაეცინა. - ვის მოპარე ამისთანას? - ერთ გავლენიან ტიპს. - ლამის, დავინახე როგორ შეიშმუშნა. - რა იყო, საყვარელი გაქურდე, დაია? - ჩავიხითხითე. - ახლა ჩემი ჯერია! - კაი, ხო. დედა… დედას ელზა ჰქვია. ულამაზესი ზღვისფერი თვალები აქვს, პატარა კოხტა ცხვირი, ულამაზესი გრძელი თითები... მე და შენ მამად წოდებულის გენები გვერგო. - მამად წოდებულის? - ეჭვნარევი ხმით მკითხა. - ჰო. ელზა არის უსპეტაკესი, უნაზესი არსება, რომელსაც სული სალი კლდესავით მყარი აქვს. რამდენიც არ უნდა დააშავო, სულ გაპატიებს. სულ შენთვის კარგი უნდა, მაგრამ თავისი მეთოდებით. - მეღიმებოდა მასზე საუბრისას. - პატარა რომ ვიყავი, ცეცხლის ფეჩზე თითები დავიწვი, ელზამ ჯერ ქოქოლა დამაყარა, მაზი წამისვა და მერე ატირდა - ვაი, ეს რა დაემართა ჩემს შვილს, ალბათ, როგორ სტკივაო. ასეა ქუჩის კატებთანაც. შანსი არაა, როცა სამსახურში მიდის საჭმელი არ დაუყაროს და თან ეჩხუბება ხოლმე, რა არის ამდენს რომ მრავლდებით, თავის დაცვა არ იცითო? - თუ ასეთი კარგია, მაშინ რატომ დატოვა თავისი შვილი? - ცინიზმის ცელი მოიქნია, მაგრამ ჩემმა ბრაზის მუზარადმა მედგრად გაუძლო. - არ იცის! ახლაც კი არ იცის შენი არსებობის შესახებ! ისიც არ იცოდა, რომ ორზე იყო ორსულად! მამაშენს უთხრეს, რომ მოკვდი და იქვე დაგასაფლავეს! - არ მჯერა! - აკივლდა. - არ გჯერა და ნუ გჯერა, ასეთი შვილის ყოლას, ალბათ, ჯობია საერთოდ არ ყავდეს მესამე! ელზა ამას ვერ გაუძლებს, მე კი მიყვარს დედაჩემი. შენ, ალბათ, შენი გეზიზღება, რადგან ასეთი ხარ! - ავყვირდი. - ხო! მეზიზღება! მძაგს! მძულს! მთელი ცხოვრებაა ის მესმის, რომ საუკეთესო უნდა ვიყო, რომ იდეალური უნდა ვიყო. სამი წუთით დააგვიანებ და ქამრით გცემენ, უმაღლეს ქულას არ მიიღებ და წიწიბურაზე დგახარ მუხლებით სამი საათი, არც მეგობრები, არც ახლო ადამიანები, არც არავინ! გესმის? იმდენი რამ გადავიტანე, რომ შენ არც დაგსიზმრებია და ყველაფერი შენი ბრალია, შენ რომ წაეყვანეთ! შენ რომ ყოფილიყავი ჩემ ადგილას! შენ წამართვი მე უფლება ვყოფილიყავი ელზასთან, მეყურებინა მის ზღვისფერ თვალებში და დამეწვა ხელი ცეცხლის ფეჩზე! შენ ხარ ამ ყველაფრის მიზეზი, შენ რომ არა, მე ახლა ჩემს ოჯახთან ბედნიერი ვიქნებოდი! შენ უნდა მოკვდე! მოკვდე! მოკვდე! - ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. სიბნელეშიც კი გავარჩიე მათი გულწრფელი ბრწყინვალება. ხმა არ ემორჩილებოდა და ხაოდა. მე კი ვერაფერს ვგრძნობდი. სიცარიელემ შეავსო ყველა ჩემი ატომი. - მართლა გგონია, რომ ბედნიერი იქნებოდი? - ზანტად დავუსვი კითხვა და ვცადე ცივი, ბეტონის იატაკზე მოხერხებულად მოკალათებულიყავი. - დარწმუნებული ვარ! ამ ცხოვრებას მაინც არ ვიცხოვრებდი! - შემომიღრინა. - ოჰ, როგორ ცდები. - დანანებით გავაქნიე თავი. - არაა საჭირო ეს სპექტაკლი! ცხოვრების ქურდი ხარ შენ! უსაზიზღრესი არსება, რომელიც არაა ღირსი იყოს ელზას გვერდით! - შენ თუ გგონია, რომ ბედნიერი იქნებოდი, მაშ, მომისმინე. - ვთქვი და მოყოლა დავიწყე. მოვუყევი, რომ ექვს წლამდე ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თუმცა ეს ბედნიერება გამოწვეული იყო სიბრმავით, რომელიც ახასიათებთ პატარა ბავშვებს და სიფრთხილით, რომელიც აქვთ ხოლმე მშობლებს. ვერ ვხედავდი იმ პრობლემებს, რაც რეალურად იყო ჩვენს ცხოვრებაში და პირველი თვალის ახელა ჩემთვის შოკი იყო. ექვსი წლის ასაკში პირველად მოვკარი თვალი, რომ მამამ დედას სილა გააწნა და დაუფიქრებლად ჩავდექი მათ შორის, დედის დასაცავად. ადამიანებს ინსტინქტები არ აქვთო ამბობენ, მაგრამ არ ვიცი - რა ძალამ მაიძულა პატარა ღლაპი ორ მოზვინულ უფროსს შორის ჩავმდგარიყავი. ზრდიან ბავშვებს, ჯერ აჩვენებენ და აჩვევენ იდეალური ნახატის ყურებას, შემდეგ კი უმოწყალოდ ასხამენ საზიზღარ, აყროლებულ საღებავს ამ სრულყოფილ სურათს და უნგრევენ შვილებს იდეალურ ილუზიას, რასაც თან მათი ფსიქიკის მსხვრევა მოჰყვება… იმ დღეს ჩხუბი არ გაუგრძელებიათ. შემდეგ იყო სმა-ჭამა-წივილ-კივილი და ცემა-ტყეპა. ერთი ჰემატომა ვერ ასწრებდა ფრონტის დატოვებას ელზას სხეულზე, რომ მეორე ჩნდებოდა და ამას ყოველთვის ჰქონდა “მიზეზი”. დაქალებთან ყავის სმა, ბავშვთან ზედმეტად დიდხანს სეირნობა, ბავშვის გაციება, უგემური ხარჩო, ფულის ხარჯვა, არსაიდან მოტანილი ფლირტი, ძმაკაცებში “მაპაზორებ” და სხვა მსგავსი… არასოდეს ელეოდა კახას მიზეზი, რომ დაელია და დედაჩემი ეცემა. ყოველთვის მთვრალ მდგომარეობაში კარგავდა საკუთარ თავს, ან პოულობდა… ვინ იცის? ასეთაც იგი თავისმა მშობელმა შექმნა, ის კი თავისმა, თუმცა ყველაფრის თავი და თავი საზოგადოების აზრია, რომელზე დამოკიდებულებაც ნარკ’ოტიკისაზე უარესია, რადგან საზოგადოების აზრი უფასოა. ისინი ანთხევენ ისე, რომ არ კითხულობენ საჭიროა თუ არა. მეზობელი ნანიკო შევიდა და გააკრიტიკა “რა ცუდად გარეცხე, ნონა, ტრუსიკი! სირცხვილია, ჩამოხსენი!” და ნონა რას აკეთებს? უკმაყოფილოდ ხსნის საცვალს, ხელახლა რეცხავს და ნანიკოს წყევლა-კრულვაშია, აქაოდა რა მისი საქმეაო, მაგრამ განა, ნონა არ იყო - სამი დღის წინ რომ ნანიკოს უშვილობაზე ჭორაობდა მეზობლებში? “მე იდეალური ვარ, სხვა უვარგისი!” - ესაა ამჟამინდელი საზოგადოების დევიზი. მოვუყევი ჩემს დას თორნიკეს შესახებ, იმ საბედისწერო საღამოს შესახებ, როცა კახამ შეწყვიტა დედას ცემა, მაქსიმესთან ურთიერთობაზეც არ დამვიწყებია თქმა და შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავდი ამ კუნაპეტ სიშავეში, რომ გაოგნების, სევდისა და ბრაზის ძაფებით შეკერილი კაბა ჩაიცვა მისმა სულმა. - შენ ტყუი… - ჩურჩულებდა იგი. - ჰო, სხვანაირ პასუხს არც ველოდი. - მხრები ავიჩეჩე და ამოვიოხრე. - მე… - სლუკუნებდა. - მე… - არა, რა. ნიკა მართალი იყო, თხა რომ დაგიძახა. - თოთხმეტ წლამდე ვცხოვრობდი იმ ფიქრით, რომ დედაჩემი დედაჩემია და მამაჩემი მამაჩემი. მერე საბუთები ვიპოვე, ჩანაწერები და დღიური, სადაც დედაჩემს თავისი ხელით ჰქონდა ჩაწერილი ყველაფერი, ჩემი შვილად აყვანის შესახებ. - ამოხეთქა და სვენებ-სვენებით დაიწყო გახსენება. მის ხმაში დაძაბულობას ვგრძნობდი და ცხვირის ნესტოებს მოელამუნა მწკლარტე არომატი, რომელიც ტკივილს მოგაგონებდათ სასოწარკვეთილებასთან შებჟნილს. - თოთხმეტ წლამდე ვიყავი საუკეთესო მოსწავლე, საუკეთესო შვილი, ნათესავი… თუ არ ვიქნებოდი, კარადის ზედა უჯრაში მამას ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ქამარი სპეციალურად ჩემთვის. წარმოგიდგენია? ქამარი სპეციალურად შვილის საცემრად. სამნი ვცხოვრობდით და არც ერთი ვატარებდით ქამარს, ის მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებდა - დამსჯელს. - ცრემლებს მის სახეზე მდინარე გაეჭრათ და კალაპოტიდან გამოდიოდნენ კიდეც. სიმწრით ეცინებოდა კიდეც მოყოლისას. - მეც ასე მეგონა წესი. თან ვიცოდი, რომ ცხრა წელი მელოდებოდნენ და იმედს ვერ გავუცრუებ-მეთქი ვფიქრობდი. ეჰ, როგორ ვცდებოდი. ძალიან შემთხვევით ვიპოვე საბუთები და ჩანაწერები. ვალაგებდი, როგორც ყოველთვის და ღმერთი გამიწყრა, დედას კარადის თავზე მტვრის გადაწმენდა მომინდა. აქამდე ამას არასოდეს ვაკეთებდი, მაგრამ იმ დღეს თავის გამოდება მომინდა, რომ შევექე, რომ ეთქვათ რა კარგი გოგო ვიყავი და ტკბილეული, რომელიც კვირაში ერთხელ შემეძლო მეჭამა, თამამად მომეთხოვა. - ამოუხსნელი შფოთვა შემიძვრა კანქვეშ, მეტისმეტად ნათლად ვგრძნობდი მის სიტყვებს,. რომელნიც ხატავდნენ ამ ამაზრზენ სურათს. მე კი ამ სურათზე ვმოგზაურობდი ჩემს დასთან ერთად. - ცნობისმოყვარეობამ მძლია და შემთხვევით აღმოჩენილ საბუთებში ჩავიხედე. იმწამსვე მივხვდი სიტუაციას. სულელი ბავშვი არ ვყოფილვარ, იმდენი კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა მიწევდა, რომ სხვა არაფრისთვის მქონდა დრო. არც მეგობრები მყავდა, არც კლასელებს ვიცნობდი წესიერად, არც, არც და არც… როგორც კი ჩემი ტვინის ნაოჭებს მისწვდა ინფორმაცია, რომ ნაშვილები ვარ, რომ ეს ადამიანები ჩემი ღვიძლი მშობლები არ არიან, შემძულდნენ ისინი. მცემდნენ, მსჯიდნენ, სუნთქვასაც კი მიკონტროლებდნენ - აქაოდა, ზედმეტი ჟანგბადი არ ჩაისუნთქოო. მივხვდი, რომ ცხოვრებას მიმწარებდნენ ის ადამიანები, ვინც ჩემი სისხლი და ხორციც კი არ ყოფილა. განა, არც სისხლს და ხორცს ეპატიება, მაგრამ… იმ დღესვე წამოვედი სახლიდან. ერთი-ორი მომხვდა, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა, ხვეწნაზე გადმოვიდნენ. დედაჩემი ფეხებში ჩამივარდა, მამაჩემი მუხლებზე დადგა. არც ამან გაჭრა. მერე სცადეს ძალით დავეჭირე, დაბმას ცდილობდნენ, მაგრამ არ დავანებე. ცოფიანი ძაღლივით ვიკბინებოდი და როგორც იქნა წამოვედი. რამდენიმე დღე ისე გავიდა, სად ვათენებდი, რას ვჭამდი და პოლიციას როგორ ვემალებოდი არ მახსოვს. - ხმა ცოტათი დაუშვიდდა. - იმ დღეს, ტალახში ამოგვანგლული, მშიერ-მწყურვალი და დაღლილი ფასთ-ფუდთან მივედი იმ იმედით, რომ ერთ ჰოთ-დოგს მაინც გადმომიგდებდნენ. მაგრამ კინწისკვრით გამომაგდეს. ამ სცენას ერთი კაცი შეესწრო. მოკლედ რომ ვთქვა, თავისი ჰოთ-დოგი მომცა, მაჭამა და შემპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. გული გადავუშალე და შემომთავაზა რუსეთში წასვლა მასთან ერთად. ჭკვიანი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი - რაში ვყოფდი თავს. არ ვიცი როგორ, მაგრამ საზღვრის გადაკვეთისას არასრულწლოვნის გადაყვანაზე პრობლემა არ შეგვქმნია და რუსეთში ამოვყავი თავი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე… მერე პაშამ ჩემით მანიპულირება დაიწყო, რომ უფასოდ არაფერი ხდება ამქვეყნად, რომ უნდა გადამეხადა და თუ არ გადავიხდიდი, უკან დამაბრუნებდა. ასე მოვხვდი პროსტი’ტუციის ბიზნესში, რომელსაც პაშა ხელმძღვანელობდა. - ნაბი’ჭვარი! - ყბები ამიმჟავდა ამის მოსმენისას და კბილები ამიკაწკაწდა. - ძირითადი ნაბი’ჭვრობა იმაში მდგომარეობდა, რომ სისტემატიურად ძალადობდა ჩემზე და კლიენტებისგან აღებული შემოსავლიდან მხოლოდ გროშებს მაძლევდა. ამას იმით აპრავებდა, რომ გადასახდელი კიდევ ბევრი იყო. - ამოიოხრა. - ვეღარ გავუძელი. ვიცოდი სად ინახავდა ფულს, ვიცოდი სეიფის პაროლი, რომელიც მთვრალმა თქვა ნახევრადხუმრობით. კაცი ამხელა ბიზნესს ფლობდა და ეს შეცდომა გაეპარა, წარმოგიდგენია? მოვიპარე და გამოვიქეცი. მაშინ, როცა შენ, ლამის, სიკვდილამდე ცემე მაქსიმე, მე პირველად ჩამოვედი თბილისში. - ასე ზუსტად როგორ გახსოვს დრო? - ეჭვის თვალით შევხედე სიბნელეს, სადაც წესით ჩემი და უნდა მჯდარიყო. - ფულიანი ტიპი კი ვიყავი, მაგრამ მართლა გგონია, რომ ოცი წლის გოგო, რომელმაც ქართული არ იცის, ბორდელის და გრეჩიხაზე დგომის გარდა ცხოვრებაში არაფერი უნახავს, თვითონ გიპოვიდა? - გაეცინა. - იმის თქმა გინდა, რომ ვიღაც დაგეხმარა? - წარბი შევკარი. - თბილისის ქუჩებში დავბოდიალებდი და ერთ ბარში შევედი. იქ კი ერთი ტიპი ამიშარდა, იმიტომ რომ შენი ასლი ვარ. როგორ გაბედე და მცემეო. - მაქსიმე? - სიცილი ამიტყდა. - ჰო, როგორც აღმოჩნდა, შენი ყოფილი იყო. ხოდა, მთვრალს დავცინცლე ინფორმაცია. მერე მოპარული ფულით, დეტექტივი დავიქირავე და შენი ყველა ფეხის ნაბიჯი ვიცოდი. რა უინტერესო ცხოვრება გაქვს ისე, სახლიდან თითქმის არ გადიოდი. - უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი. - ინტროვერტი ვარ, არ მომწონს ხალხის გარემოცვაში ყოფნა. - მხრები ავიჩეჩე. - მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი, სახლში მხოლოდ დასაძინებლად მოვიდოდი. - ამოიხვნეშა. - ტყუილია ე.ი. რომ ტყუპებს მსგავსი ხასიათი აქვთ. - არსაიდან მოსულმა სინდისის ქენჯნამ შემიპყრო. დავფიქრდი… მე რომ აღმოვჩენილიყავი მის ადგილას, მე რომ მეცხოვრა იმ ცხოვრებით, რა ცხოვრებითაც ის ცხოვრობდა, ისევე გავბოროტდებოდი და შურისძიების სურვილი შემიპყრობდა, როგორც მას? თუმცა ამაზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა… ვერასოდეს შევამოწმებდი ჩემს ვარაუდს. - როცა მაქსიმე მომიყვა, როგორ სცემე, შენი შემეშინდა და ვარჯიში დავიწყე. - გულუბრყვილოდ მითხრა. - შეგეშინდა, რომ გაგლახავდი? - გამეღიმა. - რა ვიცი, შეყვარებული, თან კაცის გალახვა თუ შეძელი, მე ერთ ლუკმად არ გეყოფოდი. ნუ, ასე მეგონა. - ჰოდა, შეგრჩა ძვალი და ტყავი ხელში. - ჰო… - აბა, დავატოლეთ ჭუჭუები, ვინ უფრო მეტად იტანჯებოდა? - წინ წამოვიწიე და ნორმალურად დაჯდომა ვცადე. - ვის აქვს უფრო დიდი? - ხმაზე ეტყობოდა ღიმილი. - ხო გაგიგია, ზომას მნიშვნელობა არ აქვს, როგორ იყენებ ეგაა მთავარიო. - სინქრონში ავხარხარდით. - აქედან როგორმე უნდა დავტყდეთ. - პაშა ჭკვიანია, გათვლილი ექნება ყველაფერი. - დანანება და ბრაზი იგრძნობოდა მის ხმაში. - მერე, რა. ასე მარტივად ნებდები? ჩემი და ხარ თუ აპენდიქსი?! - იმის მერე, რაც გავაკეთე, კიდევ გიტრიალდება ენა და დამიძახო? - სახტად დარჩა. - რა გააკეთე? შეყვარებულის რეალური სახე მაჩვენე და ზედმეტი კილოგრამები დამაკლებინე? - ნიკე… - არ უნდა მაგას ნიკე, აწიე და ვქნათ რამე. #9 - ვქნათ, მაგრამ რა? - სინანულის ქურთუკი მოეგდო მხრებზე ბეას. - პირველ რიგში ის მითხარი, ხედავ რამეს? - თვალები შეეჩვია სიბნელეს, მაგრამ შენც ვერ გხედავ. - გამოსწიე ფეხი. - ვუთხარი და ჩემიც გავწიე. სიცარიელეს შევეჩეხე მეც და ისიც. - რაზე ხარ მიბმული? - არ ვიცი, რაღაც ძელია. შენ? - გამათბობელზე. მიდი, გაწექი და რამდენადაც შეგიძლია გაიწელე. - ვუთხარი და მეც მივეკარი იატაკს, რამდენადაც მაძლევდა საშუალებას შეკრული ხელები. - ცოტაც! - მბგერი იოგების დაჭიმულობა აშკარად იგრძნობოდა. - გგრძნობ, გგრძნობ! - ხმაში სიხარული შეეპარა. - მეც! - გამეღიმა. - რამდენად ხარ გაწოლილი? - ნახევარზე ცოტა მეტი, ზურგსუკან მაქვს შეკრული, მეტად არ მიშვებს. - ფეხისგულები ერთმანეთზე საკმაოდ მჭიდროდ გვქონდა მიდგმული. - მე ნახევარზე ცოტა მეტი. სიმაღლეში რამდენი ხარ? - ამას მართლა მეკითხები? - გაოცება ისმოდა, მაგრამ ვერ გამეგო - რატომ. - რატო გაგიკვირდა, მაინტერესებს რა მანძილი გვაშორებს ერთმანეთს, რამხელა ოთახია. - ტყუპები ვართ, იდიოტო. - ლამის, დავინახე თვალები როგორ აატრიალა. - ფუ, შენი! - შევუკურთხე და სიცილი ამიტყდა. სულ გადამავიწყდა, რომ ერთნაირები ვიყავით. - მეტრა სამოცდაათი ვარ. ნახევარზე ვარ გაწოლილი, შენ ცოტა მეტი. გაქაჩე, გამოქაჩე, ყველაზე დიდი, ორი მეტრია სიგრძე. - შენს უკან კედელია? - ასე თხუთმეტ-ოც სანტიმეტრში. - თან რემონტის სუნია, შენ არ გცემს? - კი. მარა თან, სიძველის სუნიც აქვს, არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ მიტოვებულ შენობაში ვართ. პაშას სტილია ასეთ ადგილებში ხალხის… - მოულოდნელად გაჩუმდა. - რა იყო, ტ*ნავს, აწამებს და კლავს ასეთ ადგილებში? - მრისხანების მუხტი გავრცელდა მთელ ოთახში. - რაღაც მაგდაგვარი. - მოკლედ მომიჭრა. - თუ მართლები ვართ და აქ სარემონტო სამუშაოები იყო, მაშინ რაღაც მაინც უნდა შემორჩენოდა აქაურობას. - სინათლის წყაროს გარეშე, გამორიცხულია რამე ვიპოვოთ. - ხელებზე იმდენად ძლიერად მქონდა მოჭერილი, რომ სისხლის მოძრაობა შეწყდა. კიდურები გამეყინა, რაღა ჰიმალაის მთებში ასვლა დედიშობილა და რაღა ეს. - ეწევი? - სიგარეტი კი გაასწორებდა ახლა. - ანუ ეწევი. - ხო, რა იყო? - კოლოფი თან გაქვს? - კი. - სანთებელა? - გენიოსი ხარ! - ვთქვი და მოსაცმელის კბილებით დაჭერა ვცადე. რამდენიმე ცდა კრახით დასრულდა, მაგრამ არ დავნებდი. ვცადე მუხლით წამომედო ქურთუკის კიდე და ასე უფრო გამიმარტივდა საქმე. ის-ის იყო ჯიბეს მივწვდებოდი, რომ მძიმე ნაბიჯების ხმა მომესმა. - გაჩერდი! - ჩურჩულით დამიცაცხანა ბეამ. მძიმე ნაბიჯების ხმა ცოტა ხანში შეწყდა. ის რამდენიმე წამი სიჩუმე კი ქაოსური ვიბრაციით გავრცელდა მთელ სხეულში. ყურებში დამიგუბდა უნოტო მელოდია და ტანში უსიამოვნოდ გამცრა. კარის სახელურს ვიღაც დასწვდა და მტანჯველად ნელი მოძრაობით გააღო, რომელსაც თან აუტანელი ჭრაჭუნი დაერთო. ეს ხმა სიკვდილის საზარელ მუსიკად დაიღვარა შიშით გაჟღენთილ ბნელ სივრცეში. დაუპატიჟებელმა სტუმარმა ჩამრთველს ხელი გაჰკრა და ძლივს ცოცხალმა ნათურამ გაანათა ოთახი, სადაც მე და ჩემი და ვიჯექით. მიუხედავად მბჟუტავი სინათლისა, მაინც მომჭრა თვალი და უნებურად დავხუჭე. - ტაკ, ტაკ, ტაკ! - გაისმა არასასიამოვნოდ ბოხი ხმა. - აბა, ეს ვინარისო? - რუსულად იკითხა. თვალები ძლივძლივობით გავახილე და დავინახე მაღალი, სუსტი მამაკაცი. გრძელი სახითა და ჩავარდნილი უპეებით, რომელთაც “ამშვენებდნენ” თევზივით უემოციო ნაცრისფერი თვალები. - პაშა! - ბრაზის ლიანები სწრაფად შემოეხვია ჩემი დის მბგერ იოგებს. - ბეაჩკა, როგორ ხარ, ძვირფასო! - ხელები მოიფშვნიტა და მის წინ ჩაიმუხლა. - ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით ბეტონის იატაკზე. მიმოვიხედე და მართალი აღმოვჩნდით, რამდენიმე ტომარა, სხვადასხვა ხელსაწყო, სახაზავი და საკანცელარიო დანა იყო ჩვენ ირგვლივ. მტვრიანი, ცივი და აყროლებული პატარა ოთახი… სავარაუდოდ, კარგა ხანია მიტოვებული იყო. ხელები თოკით მქონდა შეკრული, ამიტომ ვიფიქრე, რომ დაჟანგული საკანცელარიო დანის ხელში ჩაგდება, კარგი ვარიანტი იყო. სანამ პაშა ჩემკენ ზურგით იყო მოქცეული, როგორმე უნდა მივწვდენოდი. - უკეთესს რას ინატრებ! - მიმართა ბეამ. - მაშ, მაშ! ამაზე უკეთესი ნამდვილად არ გეკუთვნის იმისთვის, რაც გააკეთე. - თქვა და თვალი თვალში გაუყარა. - გირჩევნია გამიშვა, პაშა, თორემ… - თორემ, რა? შენივე ტრუსიკით დამახრჩობ? უარს ნამდვილად არ გეტყვი. - თქვა და საკოცნელად გაიწია. მომენტალურად მოხვდა შუბლი ცხვირში და ტკივილისგან დაიყვირა. გაწვდენილი ფეხი ელვის სისწრაფით დავაბრუნე უკან, სულ ცოტაც და დანას შევეხებოდი. ბეამ ჩემი მოძრაობა დააფიქსირა, კითხვის ნიშნით სავსე თვალები შემომანათა ჯერ მე, შემდეგ მზერა დანაზე გადაიტანა. თავი დამიკრა და პაშას მიმართა. - შენ თვითონ მასწავლე ეს ილეთი და ახლა არ მოგწონს? - ცინიკურად ჩაიცინა. - არ შეიძლება, ბეაჩკა. - სისხლი მოიწმინდა და თითის ქნევით მიუბრუნდა. - არ შეიძლება… - თქვა და მთელი ძალით გააწნა სილა. - იმ ხელის კბენა, რომელიც გაჭმევს! - იღრიალა, ხელი ყბაზე ჩასჭიდა და თითებით ლოყებზე მოუჭირა. - სადაა ფული? - ბეამ კი საპასუხოდ შეაფურთხა. - დავხარჯე! ესეც შენ მასწავლე! - ცდილობდა რაც შეიძლება ხმამაღლა ეყვირა, რომ შემძლებოდა შეუმჩნევლად მომეჩოჩებინა ინსტრუმენტი ჩემკენ. პაშამ ნელი მოძრაობით მოიწმინდა სახე მეორე ხელით და ამჯერად უკვე მუშტი უთავაზა ჩემს დას. ყბის ძვალი მომეღრიცა, მზად ვიყავი შუაზე გამეგლიჯა ეს კაცი, მაგრამ სანამ დაბმული ვიყავი, ამის შანსი არ მომეცემოდა. - მთავარი არ მისწავლებია შენთვის, პატარავ! - თქვა და წამოდგა. ბეა თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და დარეტიანებული უყურებდა მას. მე უკვე მომესწრო დანის ზურგს უკან შეჩურთვა, ამიტომ უმოძრაოდ ვიჯექი. - ეს ვინ არის? შენი შემცვლელი? - ჩემკენ შემობრუნდა და ნაბიჯი გადმოდგა. უტუხად ვუყურებდი თვალებში და მზერა არ ამირიდებია. ამჯერად ჩემთან მოვიდა, ჩაიმუხლა და ნახევრად ბეასკენ გაბრუნდა. - დაიკოა შენი? - დაიკო არა კვახი! მთელი სულით მეზიზღება ისევე, როგორც შენ! - წინ წამოიწია რამდენადაც აძლევდა საშუალებას შეკრული ხელები. - რატო, რა დაგიშავა? - ცხოვრება წამართვა! - ანუ არ იქნები წინააღმდეგი, რომ მასთან გავერთო, არა? - თქვა, მეც ბეას მსგავსად მომიჭირა ლოყებზე ხელი და ენა ამისვა. ზიზღისგან გამაჟრჟოლა და თავის დაღწევა ვცადე, მაგრამ ამაოდ. - ფრთხილად, საყვარელო, რამეს დაიზიანებ. - სარკაზმი ინთხეოდა მისი თითოეული ქმედებიდან. - რაც გინდა უქენი, სულ ცალ ფეხზე მ’კიდია! - თავი ქედმაღლურად ასწია ზემოთ და თავდაჯერებულობა შეჰმატა ხმას. - შენ მართლა გგონია, რომ ასე მარტივად გამოძვრები? - გავიღიმე, რამდენადაც მისი კიდური მაძლევდა ამის საშუალებას. - ოჰ, ოჰ, შენ ლაპარაკიც იცი? ხმა რატომ არ ამოიღე, როცა გავარტყი? - ირონია იგრძნობოდა მის ხმაში. - ნუთუ, შენც არ გაინტერესებს, რა ბედი ეწევა შენს დაიკოს? - დაიკოს, რომელმაც ჩემი ცხოვრების დანგრევა სცადა და მისი წყალობით ვარ ახლა აქ? კარგი, რა, პაშა, დიდი ბიჭი ხარ უკვე, ზღაპრების არ უნდა გჯეროდეს! - ვაი, ვაი, რა სასტიკია ცხოვრება, სისხლს და ხორცს აპირისპირებს ერთმანეთს! - თავი გააქნია და მოჩვენებითი სევდა გაავრცელა ოთახში. - როგორც ვხვდები, თქვენ რაღაც საერთო თემა გაქვთ, მე კიდევ აქ ზედმეტი ვარ. - მენამიოკები, რომ გაგიშვა, პატარავ? - თვალი თვალში გამიყარა და ამაზრზენად გაეცინა. - მართლა გგონია, რომ იმის მერე, რაც ჩემი სახე დაინახე, აქედან გაგიშვებ? - ნუ, რა თქმა უნდა, შენნაირი პატარა ჭუჭუს მქონდეს ტიპებს ძალიან ეშინიათ ხოლმე ასეთ სიტუაციებში. - ტუჩის კუთხე ჩავტეხე. - როგორც ვხედავ, ძალიან გაინტერესებს ჩემი ღირსების ზომა, ამიტომ არ გაწყენინებ, ფისო. - თქვა და ცერა თითით ლოყაზე მომეფერა. - ოღონდ, ცოტა მოგვიანებით. - ადგა და ბეასკენ წავიდა. ხელები შეუხსნა და წამოაყენა. ბეამ კი დრო იხელთა და გაიბრძოლა, მუხლი მუცელში დაარტყა, შემდეგ კი ორივე ხელი ჰკრა, თუმცა ამან პაშა კიდევ უფრო გაახელა. - იგორ! - დაიგრგვინა მისმა ხმამ და კარში ნიღბიანი კაცი შემოვიდა, რომელშიც ამოვიცანი ადამიანი, რომელმაც აქ მოგვიყვანა. წამის მეასედში იატაკს მიკრული აღმოჩნდა ჩემი და და ხელები ისევ ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. - შენ დამელოდე! - მომმართა პაშამ და ჩემს დასთან ერთად სამივე გაუჩინარდა. ძალიან გამიმართლა, რომ სინათლე დატოვეს ოთახში და მეც შევუდექი თავის დაღწევის გეგმას. ნებისმიერ აკრობატს შეშურდებოდა ჩემი მონდომების, იმდენნაირი პოზა მივიღე იმისთვის, რომ ჟანგიანი დანა მომექცია ხელთ. პერიოდულად ბეას განწირული კივილი მესმოდა, რაც გულს მიკლავდა და სუნთქვას მიხშირებდა. ვცდილობდი არ მეფიქრა იმაზე, თუ რას უკეთებდნენ და რას განიცდიდა ახლა ჩემი და. ის სიმწარე, რაც მის ხმაში მკაფიოდ იგრძნობოდა მიღვიძებდა სურვილს, რომ პაშა სასტიკად მეწამებინა. მისი ე.წ. ღირსება მომეკვეთა და მისთვისვე ჩამეტენა პირში. როგორც იქნა ტერფებშუა დავიჭირე და ვცადე პირით მივწვდენოდი, მაგრამ ამაოდ. გულში შევუკურთხე საკუთარ თავს, რომ არასაკმარისად გაწელილი მქონდა სხეული, ამიტომ ვცადე ცალი ფეხით მეორეზე ამეცოცებინა ინსტრუმენტი. რის ვაი-ვაგლახით გამომივიდა და მუხლამდე ავიტანე, სადამდეც პირით მარტივად მივწვდებოდი და ტუჩებით პლასტმასიდან ბასრი მხარე გამოვდევნე გარეთ. კბილებით დავწვდი და ხელებისკენ წავიღე. თავს ზემოთ მქონდა ხელები შეკრული, მაგრამ ადგომას ვერ ვახერხებდი მაინც. ვხეხე პირში გაჩრილი ბლაგვი დანით თოკი, ყბის კუნთები დამეძაბა, სახის ნაკვთები მომეღრიცა, უამრავჯერ დავისვი თითებზე და ნაკაწრები ამეწვა, მაგრამ მაინც შევძელი ცალი ხელის გათავისუფლება. ოფლში გახვითქულს შვების ღიმილით გამინათდა სახე და ახლა მეორე ხელი თავისუფლად დავიხსენი ტყვეობისგან. წამოვდექი. ტანში აუტანლად მტეხდა, თავი დარტყმისგან გაუსაძლისად მტკიოდა და გულისრევის შეგრძნება მტაცებელი ცხოველივით დამეძგერა ფეხზე დადგომისას. ალბათ, ტვინის შერყევა მაქვს-მეთქი ვიფიქრე. მაგრამ მაინც არ დავნებდი. ირგვლივ მიმოვიხედე, ტომრებში ჩავძვერი, ყველაფერი გავქექე, მაგრამ ისევ და ისევ ჟანგიანი ხერხის გარდა ვერაფერი ვიპოვე. სულ არაფერს სჯობდა. ერთ ხელში საკანცელარიო დანა მეჭირა, მეორეში მომცრო ზომის ხერხი და კართან ვიდექი. ვიცოდი, რომ გადარჩენის შანსი მინიმალური მქონდა, მაგრამ ჩემი დის კივილი იმდენად სულისშემძვრელი იყო, რომ უკან ვერ დავიხევდი. ტანზე კანი მისკდებოდა ტკივილისგან, რომელიც გადმომეცემოდა მასთან დაკავშირებული უხილავი ძაფით. სისხლი მიდუღდა ვენებში და თვალები იმდენად დამანგრეველი სიძულვილით მქონდა სავსე, ტაიფუნი ვერ შეედრებოდა, რომელსაც ქალაქის გაცამტვერება შეეძლო. იმ მცირე დროის განმავლობაში, რაც ერთად გავატარეთ, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ტკივილი, იმდენად ახლო ადამიანი გახდა ჩემთვის, რომ მზად ვიყავი გამერისკა და სიცოცხლე სასწორზე დამედო, ოღონდ გადამერჩინა. მიუხედავად აღტკინებისა, კარი ნელა შევაღე. მაქსიმალურად ვეცადე ჭრაჭუნი არ გამომეწვია და ბედმა გამიღიმა. ელზას უჩვეულო სიახლოვეს ვგრძნობდი, რომელიც ფარივით შემომეხვია და მიცავდა. “მადლობა, დე. ცოტაც მოითმინე, ორივე შვილს ჩაიკრავ მალე გულში” - ჩავიჩურჩულე და წავედი. კატის მოქნილობით, უჩუმრად და ლანდივით გადავადგილდებოდი მიტოვებულ, მტვრიან დერეფანში. ყველგან ბზარები, ჩამონგრეული კედლის ნატეხები, ტომრები… ორიენტირი კი ბეას ხმა იყო, რომელის გაჟღერებამდეც ჯერ მათრახის მოქნევა წვდებოდა ჩემს ყურთასმენას. ორსართულიანი შენობა იყო, პირველ სართულზე ჩავედი და სვეტების უკან დავიმალე. უზარმაზარ დარბაზში ამოვყავი თავი, მის შუაგულში კი დავინახე… ბეა, რომელიც საცვლებისამარა, შეკრული ხელებით კაუჭზე იყო ჩამოკიდებული. იგორი ტყავის მათრახით ხელში იდგა მის ზურგსუკან, მის წინ კი გასაშლელ სკამზე მოკალათებულიყო პაშა. ცალი ფეხის კოჭი მეორეს მუხლზე შემოედო, იდაყვები სახელურებზე, ხელის თითები კი წვერებით ერთმანეთთან ჰქონდა დაკავშირებული. - ჩუ, ნუ კივი. სჯობს მითხრა, ფული სად წაიღე. - ყინულივით ცივი ხმა ჰქონდა, თუმცა მასშიც შეგეძლოთ ამოგეკითხათ ის სიამოვნება, რომელსაც ანიჭებდა თითოეული ბგერა, რომელიც წყდებოდა ბეას ბაგეს. - იდი ნა ხ*ი! - იგორ! - მათრახის მოქნევა, დარტყმა, გამსკდარი კანი და ბეას კივილი. - სადაა ფული? - იდი ნა ხ*ი! - იგორ! - მათრახის მოქნევა, დარტყმა, გამსკდარი კანი და ბეას კივილი. და ასე მეორდებოდა დაუსრულებლად. ზურგი ამეწვა, თვალები ამიცრემლიანდა. შეგრძნება, რომ ჩემი სულის ნაწილს აწამებდნენ - არ მტოვებდა. თითოეული დარტყმა მტკიოდა, სუნთქვას მიკრავდა და სხეულს მიუძლურებდა. ბუნებრივი კატაკლიზმის წინააღმდეგ ამბოხებულ პეპელას ვგავდი, რომელსაც ცალი ფრთა ჰქონდა მოტეხილი. ხორხი ყელში გამეჩხირა, მაგრამ უნდა მემოქმედა, სხვაგვარად არ შეიძლებოდა. იქვე ჩამოტეხილი კედლის ნაწილი ავიღე და დერეფანში ვისროლე. ვარდნის ხმა ექოდ გავრცელდა მთელ შენობაში. - რა არის? - დაეჭვდა პაშა. - კედლები ტყდება. - მიმართა იგორმა. მეორე ნატეხი ვისროლე და კვლავ განმეორდა ხმაური. - მიდი, შეამოწმე. - არის, უფროსო. - თქვა და ჩემი მიმართულებით წამოვიდა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, აღარ ვსუნთქავდი. თითოეული მისი ნაბიჯი, რომლითაც მიახლოვდებოდა მტანჯველად იწელებოდა. სვეტს ვიყავი აკრული მთელი ტანით, ხელში მეჭირა ხერხი და დანა, რომელიც შეეზარდნენ ჩემს სხეულს და კიდურების გაგრძელებად მეჩვენებოდნენ. შავებში ჩაცმულმა სხეულმა გვერდით ისე ჩამიარა, ვერც კი შემამჩნია და როგორც კი ჩემთვის მოსახელთებელ ადგილას ვიგულე, ერთ ნახტომში აღმოვჩნდი მის ზურგს უკან, მარჯვენა მხრიდან ღვიძლში დანა გავუყარე, იქვე ჩავტეხე და მის ღმუილს სიამოვნებით მოვუსმინე. გააფთრებულმა ჩემკენ შემობრუნება სცადა. ამისთვის მზად ვიყავი, ვიცოდი, რომ ადრენალინი მისცემდა საშუალებას დაებლაგვებინა ტკივილის შეგრძნება, ამიტომ სანამ შემობრუნდებოდა ზურგზე შევახტი და კისერზე ხერხი დავუსვი. თბილი სისხლის ნაკადმა მარცხენა ხელი დამისველა, ხერხიც სულ სისხლში იყო, მაგრამ ამან არ შემაფერხა. მუხლებზე დავარდნილ იგორს ავაცალე მათრახი, რომლითაც ჩემს დას აწამებდა და თვალებდამრგვალებულ პაშას მივუბრუნდი. - აბა, პაშა, მაჩვენე შენი ღირსება, თორემ ვეღარ ვითმენ. - საზარლად გავიცინე და სისხლიან ხერხს ენის წვერი ავუსვი. რკინის გემომ ყბები ამიმჟავა და კიდევ უფრო გამახელა. - ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ქვეშევრდომი მოკალი. - ცივად წარმოთქვა. - იქნებ, მისი ადგილის დაჭერა მინდა. - ნელი ნაბიჯით ვუახლოვდებოდი. - შენთვის სხვა თანამდებობა მაქვს. - ღიმილი დასთამაშებდა წვრილ ტუჩებზე. ბეა ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებდა, ღონემიხდილმა ამოიხავლა. - გაიქეცი! - და თავი ჩაქინდრა. გაითიშა და მე წნევა საფეთქლებში მომასკდა. - მაინც, რა თანამდებობა? - მივმართე პაშას და მის ზურგსუკან ლანდი შევნიშნე. - ჩემი პირადი საყვარლის პოზიციას გთავაზობ, ვერავინ შეგეხება ჩემ გარდა, ვერც ვერაფერს გავნებს… - ისევ შენ გარდა? - ჩამეცინა. მზერა უჩუმრად პაშადან ლანდზე გადავიტანე და ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ არ შემტყობოდა ემოცია. ნიკა იდგა პაშას უკან და საჩვენებელი თითი ტუჩზე ჰქონდა მიდებული, მამცნობდა, რომ ჩუმად ვყოფილიყავი. - ჰაჰ, რა ჭკვიანი გოგო ხარ შენ. - ჩემკენ დაიძრა პაშა. - კიდევ ერთი ნაბიჯი და ტრუპი ხარ. - შევუღრინე. - მშვიდად, პატარავ. მათრახი შენ გაქვს, ხერხიც შენ გაქვს. სად იშოვე? - დამცინოდა, ვგრძნობდი. გზას მაინც აგრძელებდა და ნიკას მინიშნების მიუხედავად, რომელიც ცდილობდა მიახლოვებოდა ზურგიდან, მაინც მოვიქნიე მათრახი პაშას მიმართულებით. მეგონა გაჩერდებოდა და შეყოვნდებოდა ერთ ადგილას, მაგრამ შევცდი. ხელი ჩასჭიდა და თავისკენ მიმიზიდა. წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და სხეულზე მივეხეთქე. მან კი დრო იხელთა, მათრახიც და ხერხიც ხელიდან გამაგდებინა და ზურგით ამაკრო მის სხეულს. ხელი კისერზე შემომაჭდო და ხმამაღლა დაიძახა. - პატარა ბიჭო, მართლა გგონია, რომ ზურგიდან მომეპარები? - ნიკასკენ შებრუნდა, რომელსაც ხელკეტი ეჭირა და ნახევარი გზა უკვე გაევლო პაშას მიმართულებით. - ეჰ, მეთქი, ტრილერში მივიღებ მონაწილეობას, გოგოს გადავარჩენ და პრიზს მივიღებ, მაგრამ რად გინდა. - მხრები აიჩეჩა, მაგრამ არ აპირებდა გაჩერებას. - გირჩევნია გაჩერდე. - თქვა პაშამ და შარვალში ჩაჩურთული იარაღი ამოიღო. ყბის ძვალზე მომადო და გაყინული ლულის შეგრძნებაზე ტაომ დამაყარა. ვერ ვხვდებოდი ეს შიში იყო თუ აზარტი, რომელიც სიკვდილის ყბადაღებული ნაპრალიდან სი’რინოზის მაბრუებელი ხმით მეძახდა. - თორემ, რა? გოგოც შენ გყავს, პისტოლეტიც შენია. - არ წყვეტდა მოძრაობას. პაშამ გაისროლა და შევკრთი. მთელი სხეული დამეძაბა და ძარღვებში სისხლი გამეყინა. ნიკა, ნიკა, ნიკა! - აფსუს! ნუ ისვრი, თორემ რიკოშეტით შენ რომ მოგხვდეს, მერე სად მიდიხარ, ბებერო? - თვალზე ლიბრგადაკრულს ნიკას ხმამ მომიყვანა გონს. - შენ კიდე, დროზე ადრე მიწაში ნუ მდებ, დეი! - მე მომმართა. - ნიკა… - ახლა არ მთხოვო წადიო, თორემ გავბრაზდები! - წყრომა გაკრთა მის ხმაში. - არსად წახვალ, სანამ დატეხილ ფრჩხილებს ზურგზე არ დაგატყობ! - შევძახე. იმ წამის მეასედში, როცა მეგონა, რომ ტყვია ნიკას მოხვდა, მივხვდი, რომ ამ ადამიანისთვის სიცოცხლის დათმობაც ჩემთვის არ იქნებოდა საკმარისი. - გულის ძგერა აგიწიოკე, დეი, როგორც იქნა? - გაეცინა. - ძალიან არ მინდა ორ მტრედს ხელი შევუშალო, მაგრამ… უნდა წავიდეთ, პატარავ. - თქვა და ენა ისევ ამისვა სახეზე. - გამიშვი! - ავწრიალდი და ნიკაც უფრო სწრაფად წამოვიდა ჩვენი მიმართულებით. ის-ის იყო პაშას ჩახმახზე კიდევ ერთხელ უნდა გამოეკრა ხელი, რომ უცნაური ბიძგი ვიგრძენი, რომელსაც თან პაშას დაცემა მოჰყვა და მეც მისი მარწუხებიდან გავთავისუფლდი. წამიერად მოვტრიალდი და ანა დავინახე, რომელსაც ხელში აგური ეჭირა, რომელსაც გამალებით ჩაფრენოდა და სხეულს უყურებდა, რომელიც ერთი დარტყმით გათიშა. - აუფ! - ერთხმად შევყვირეთ მე და ნიკამ. - აგი რაია, სიმონ! - პოლიციელის ცოლი ვარ, ბოლობოლო! - მხრები აიჩეჩა, აგური გადააგდო და ზიზღით სავსე მზერა მიაპყრო პაშას. … გონს საავადმყოფოში მოვედი. მედიკამენტების საზიზღარმა სუნმა ცხვირი ამიწვა, თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება კვლავ ჩემთან იყვნენ. - გონს მოხვედი? - ნაცნობმა ხმამ გამომაფხიზლა. ნელა შევაბრუნე თავი და ის ადამიანი ამოვიცანი, რომლის ნახვასაც ნამდვილად არ ველოდი. - ლალი დეიდა! - აღმომხდა. - ჰო, შვილო. სასწრაფოდან აქ გადმოვედი და ბედზე შენ მოგიყვანეს. - სადაა? - ავწრიალდი. - მშვიდად. აი, აქვეა. - გვერდზე გაიწია და გვერდითა საწოლზე მუცელზე მწოლიარე ჩემი და დავინახე. - იპოვე. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა. - ვიპოვე! - ვთქვი და თვალები ამიცრემლიანდა. ზურგი შეხვეული ჰქონდა, მშვიდად სუნთქავდა, მაგრამ სახეზე ტანჯვის ნაკვალევმა მაინც მამცნო, რომ მძიმედ იყო. - შენები არიან გარეთ. - სასხვათაშორისოდ მითხრა. - ნიკა და ანა? - და ელზა. - ყრუდ დაამატა. დენდარტყმულივით წამოვჯექი და ჩემი აჩქარებული გულისცემა აპარატმა გასცა. - დამშვიდდი, ოდნავ შეგეხიდე. - დარცხვენილმა თავი დახარა. - უთხარით? - ხმა ამიკანკალდა. - საერთო ჯამში აღვუწერე სიტუაცია. - როგორ არის? - წარმოვიდგინე ელზა, რომელიც სახეს იხოკავდა გაგებისას. - გული წაუვიდა, პალატაშია, მაგრამ გონს უნდა მოსულიყო. - წავალ! - ვთქვი და ადგომა დავაპირე. - მანდ თუ არ იწვები, იცოდე ელზას ვეტყვი, რომ არ მიჯერებ! - თვალები დამიბრიალა და რატომღაც ძალიან სერიოზულ არგუმენტად აღვიქვი ის, რაც მითხრა. ლალი დეიდა გავიდა და მე თვალწინ ჩამირბინა მთელმა ცხოვრებამ. ელზას ყველა ღიმილმა, ცრემლმა თუ გაჯავრებამ. ბედნიერება და უბედურება ერთდროულად დაატყდა თავს დედას. დედას, რომელსაც შვილი წაართვეს. დედას, რომელსაც შვილის არსებობის შესახებაც არ უთხრეს, უმოწყალოდ გაუყიდეს ბავშვი. წაართვეს მას იმის უფლება, რომ შვილის სურნელი შეეგრძნო დილაობით გაღვიძებისთანავე, გაეგონა მისი პირველი სიტყვები, მისი კისკისი. გახარებოდა პირველი კბილი, არ დაეძინა ღამით შვილის ტირილის გამო. არ ეგემა მისი მოფერება, ვერ ეგრძნო თავი ყოვლისშემძლედ, როცა პაწაწინა ხელი შეეხებოდა სახეზე და დაუძახებდა დედას. მოესმინა ღამღამობით მისი მშვიდი სუნთქვა და ეგრძნო, რომ მას სჭირდებოდა… პალატის კარი ნელი მოძრაობით გაიღო და ელზას შეშლილმა სახემ გული მომიწურა. რას არ დავთმობდი ახლა, რომ ეს არ განეცადა მას… განადგურებული შემოვიდა. წამის მეასედში დაპატარავებულიყო და დაბერებულიყო დედაჩემი, რომელსაც ყველაფრისდა მიუხედავად, სიცოცხლე უხაროდა. ელზა გატყდა. ელზა დაიფერფლა. ელზა ელზა უკვე აღარ იყო. - შვილო… - აკანკალებული ხმით მომმართა და მოლასლასდა. - როგორ ხარ? - ხელი სახეზე ჩამომისვა და ისევ ვიგრძენი მისი სითბო და სიყვარული. ის სითბო, რომელსაც აკვნიდან მოყოლებული არ მაკლებდა, ის სიყვარული, რომელიც ორზე უნდა გაყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ ჩემი იყო. მივისაკუთრე და შემრცხვა. შემრცხვა იმის, რომ დედაჩემს ვუყვარდი, შემრცხვა იმის, რომ დედაჩემს დავუმალე. მე მქონდა უფლება ვყოფილიყავი მასთან, ბეას კი არა. ბეას არასოდეს ურგძვნია ელზას სხეულის სითბო, არასოდეს ჩახუტებია მას, როცა გულამოსკვნილი ტიროდა, არ უგემია ელზას სიყვარულით შეზავებული კერძები, როცა ხიდის ქვეშ მშიერი ათევდა ღამეს. ელზას მისთვის თავზე ხელი არასოდეს გადაუსვია და უთქვამს - ყველაფერი კარგად იქნება, შვილო, შენთან ვარ. ბეას ღვიძლი დედისგან არასოდეს მოუსმენია სიტყვები - მე შენ მიყვარხარ. - მ-მ-მაპ-ატ-იე… - გულამოსკვნილი ვტიროდი და თვალს ვერ ვუსწორებდი. - ნუ, დედი, ნუ… - მამშვიდებდა ელზა. - ნუ… - გ-გთხო-ოვ… - ერთიანად მომსკდარი ემოციები არ მტოვებდნენ. - ნუ, დედი, ნუ… - აგრძელებდა ელზა. გულში ჩამიკრა და თავზე ხელი გადამისვა. - დე-დი… - მიყვარხარ, დედი, ხო იცი… - რა ხდება? - მიკნავლებული ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას და ვიგრძენი როგორ გაუქვავდა სხეული დედაჩემს. ფრჩხილები მკლავებში ჩამასო და ნელი მოძრაობით შეაბრუნა თავი ბეასკენ. - ნიკე, ნიკე, ცოცხალი ხარ? - წამოიწია, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და საწოლს დაენარცხა. - ბეა… - ცრემლები მუჭით მოვიწმინდე და ის-ის იყო მისკენ უნდა წავსულიყავი, რომ ელზამ ხელის მოძრაობით გამაჩერა. წამოდგა და სვენებ-სვენებით ბეასკენ წავიდა. მესმოდა მისი ქოშინი და უეცარი ჩასუნთქვები, რომელსაც თან კვნესა მოჰყვებოდა. ბეას ვერ გაეგო რა ხდებოდა, მაგრამ მაინც ჩუმად იყო. მორცხვად, მაგრამ მძიმედ ჩამოუჯდა სასთუმალთან და დააკვირდა. - მაპატიე, შვილო… - ცრემლებმა გაჭრეს კალაპოტი მის სახეზე და მარილიანი ბურთულები ერთმანეთს ასწრებდნენ თვალებიდან გამოქცევას. ბეას სახეზე ელზას ცრემლებით გაწვიმდა. - მაპატიე, რომ არ ვიცოდი შენი არსებობის შესახებ. მაპატიე, რომ არ ვიბრძოლე შენთვის, მაპატიე მამაშენის არსებობა, რომელმაც არ მითხრა, რომ დაიბადე. მაპატიე, რომ არ ვიყავი შენ გვერდით, არ გაწოვე ძუძუ, არ გეფერებოდი და არ გიმღეროდი იავნანას. მაპატიე, რომ ასეთი უვარგისი დედა გყავს და არ იყო შენ გვერდით, როცა პირველი ნაბიჯი გადადგი, პირველად თქვი დედა, ისწავლე ლექსი და პირველად წაიქეცი. ჭრილობაზე არშებერილი სული მაპატიე, შვილო. დედის კალთას მოწყვეტა, ძილის წინ არწაკითხული ზღაპრები, პირველი დატუქსვა და პირველი სიყვარული… მაპატიე, რომ დაუბანელი ხელებისთვის არ გიჯავრდებოდი და სკოლაში ათიანებისთვის არ გაქებდი. ეს ქვეყანა და ხალხი, ჩემ გარეშე გაზრდა, უჩემობა მაპატიე და რომ ვსუნთქავდი შენ გარეშე, ეგეც მაპატიე. - მის წინ მუხლებზე დაემხო და აკანკალებული მხრები გასცემდნენ მოშლილ სულიერ სიმტკიცეს. - ჩემი თავი მაპატიე, დე! - თავის აწევა ვერ გაბედა და გულზე მჯიღების ცემა დაიწყო. - დედა… - ჩურჩული ისე გავრცელდა ექოდ, რომ ელზას სულში იპოვა სავანე. - დედა, დედა, დედა, დედა, დედა… - იმეორებდა და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. - შვილო… - გამოწვდენილ ხელს ჩააფრინდა ელზა და კოცნა დაუწყო. თითების ბალიშები, ფალანგები, მთელი ხელი დაუკოცნა და შემდეგ სახეზე გადავიდა. - მითხარი, დე, რა… - სლუკუნებდა ბეა. - მითხარი, დედიკო, გთხოვ… - მიყვარხარ, დედი, მიყვარხარ, შვილო, მიყვარხარ. - ჩურჩულებდა ელზა და ეალერსებოდა შვილს. - მეც მიყვარხარ, დე! და ელზა ფენიქსივით აღდგა ფერფლიდან. … - როგორც იქნა გამოფხიზლდი, დეი! - პალატაში გადაგვიყვანეს და ახლობლებს დართეს უფლება, რომ ვენახეთ. - კარგად ხართ თქვენ ? - საწოლიდან წამოვიწიე და კარში შემოსულ ანას, ნიკას და კოსტას შევხედე. - ჩვენ კი ვართ კარგად, შენ როგორც ვხედავ უკვე ჯანზე ხარ. - მომადგა ანა და გადამეხვია. ძალიან ფრთხილობდა, ჩვეული სიგიჟით არ ჩამხუტებია. - აბა, გმირო, როგორ გრძნობ თავს? - კოსტაც მომეხვია. - გმირი შენი ცოლია, კირპიჩით რომ გათიშა მთავარი ბოროტმოქმედი. - გამეცინა. - აბა, დაგახლიდა ტყვიას და მერე ძიძად ვინ ამეყვანა? - ტუჩები გააწკლაპუნა ანამ. - ძიძად? - სამივემ ერთდროულად მივაბრუნეთ თავები მისკენ. - ხო, მე ამის მარტო გაზრდას არ ვაპირებ. - თითი მუცელს მიუშვირა და ბოროტულად ჩაიცინა. - ეე, პატარა ანუკი გვეყოლება? - ნიკა პირველი მოვიდა გონს. - ანა! - აღმოხდა კოსტას და ცოლს მიუბრუნდა. - ეს თუ მორიგი შუტკაა, აღარ გამდის, იცოდე! - ოოფ, მერე, რა, რომ ფეიქი ორსულობის ტესტით გაგეღადავე, ეხლა მართალს ვამბობ. - ხელები გულზე დაიკრიფა ანამ. - არ მჯერა! - აჰა, თუ არ გჯერა! - ბიუსჰალტერში ჩატენილი ექოსკოპიის სურათი მოხერხებულად ამოაძვრინა და მიაჩეჩა ქმარს. - ანა! - თვალები გაუბრწყინდა კოსტას და ცოლი ხელებში აიტატა. - უბედნიერესი კაცი ვარ ახლა! - შენ სულ უბედნიერესი უნდა იყო, ამისთანა ქალი რომ გყავს გვერდით! - დაიჭყივლა ანამ და მხურვალე კოცნა აჩუქა ქმარს. - ანიკო. - მიმართა ნიკამ, როცა მილოცვებს მოვრჩით. - შენი ბავშვიც მახინჯი უნდა დაიბადოს? - გაეთრიე ახლა აქედან, ნიკოლოზ! - კარგა გვარიანი მუჯლუგუნი მოხვდა ფერდში. - მახინჯი არა, მარა ბაეცი ნამდვილად იქნება. - მოჩვენებითი ტკივილისგან სახე დამანჭა ნიკამ. - მაშ, მაშ! … ორ კვირაში გამოგვწერეს და მე ჩემს ბინას დავუბრუნდი. ბეას ისტორიამ შეძრა ელზა და მოყოლისას რამდენიმეჯერ მოსასულიერებელი გაგვიხდა. ჩემს დას დედაჩემისთვის არაფერი დაუმალავს. ბევრჯერ ვიტირეთ კიდევ ერთად, ვიცინეთ და ვიმხიარულეთ კიდეც. თორნიკეს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ორი ნიკე დაინახა და დიდი ხანი იფშვნეტდა თვალებს, აქაოდა, მეჩვენებაო. პერიოდულად საჩვენებელი თითით ეხებოდა მას, რომ დარწმუნებულიყო მის რეალურობაში და ბეას ეს ამხიარულებდა. მართალია, რომ ტყუპები ერთნაირები არიან. მასაც უყვარდა ბამბის ნაყინი, გული მიუწევდა ხელოვნებისკენ, არსაიდან ატყდებოდა სიცარიელე და გრძნობდა, რომ ნახევარი იყო… ელზა კახას საბოლოოდ დაშორდა და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. არ მეცოდებოდა. მან მიიღო ის, რაც დაიმსახურა და ელზა დარწმუნდა, რომ ეს ადამიანი მის ცხოვრებაში ზედმეტი იყო. მაგრამ არ ნანობდა იმას, რომ პატიობდა. ერთადერთი, რაც ინანა იყო ის, რომ შვილი ვერ დაიცვა და მის გვერდით არ იყო, როცა ბეას ეს ამდენად სჭირდებოდა. მაგრამ ჩემი დის გულში არსებული ბოღმა და ღვარძლი იმ მომენტში გაიფანტა, როცა ელზამ მას პირველად უთხრა მიყვარხარო და ხშირად, ძალიან ხშირად უმეორებდა. თითქოს, სურდა ართქმული აენაზღაურებინა და ბეას ეს აბედნიერებდა. ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, მე კი ვიუარე. ძალიან მომენატრა ჩემი ბინა და იქ, სადაც ამდენი ტანჯვა და დარდი ეკრო კედლებს, ვერ დავბრუნდებოდი. ელზამ გამიგო. ფერფლიდან აღმდგარი ელზა ყველას და ყველაფერს უგებდა და გაუგებდა მომავალშიც… პირველივე დღეს ჩემთან შეიკრიბა ყველა. ნიკა, კოსტა და ანა… ადამიანები, რომელნიც სულ ჩემ გვერდით იყვნენ. - რა არის ეს, რამდენს ჭამ? - მიმართა მას ნიკამ. - თავი დამანებე, ახალ ადამიანს ვაკეთებ, ბევრი ენერგია მჭირდება! - მაიონეზში ამოვლებული ლეღვის მურაბა და შემწვარი მარწყვი?! მე მეგონა ორსულები სიმულიანტობდნენ! - შენ კიდე ის არ იცი, შუაღამე ცარცის საყიდლად რომ გამაგზავნა, პატარა მეჩურჩულება მაჭამეო. - თვალები აატრიალა კოსტამ. - შენ რამე პრეტენზია გაქვს? - გაწიწმატდა ანა. - არა, კაცო, რა პრეტენზია. დამარილებული ქაშაყი შოკოლადში აუცილებელია ჩვენი შვილის გასაზრდელად! - დიახაც! - რამდენიმე წამი თვალებს უბრიალებდნენ, შემდეგ თვალებითვე ანიშნეს ერთმანეთს რაღაც. - ნიკე, ჩვენ წავალთ. - მოულოდნელად დაიწყო კოსტამ. - ჰო, დაუგეგმავი საქმე გამოგვიჩნდა. - დასტაცა ხელი ქმარს და გასასვლელისკენ წაათრია. - რა სჭირთ ამათ? - კითხვის ნიშნებით სავსე მზერა მივაპყარი ნიკას, რომელსაც უჩვეულოდ სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა. - ნიკე… - ჰმ? - უნდა ვილაპარაკოთ. - კიდევ რამე ხდება? - შევშფოთდი. - არა, დამშვიდდი. - აბა? - მოკლედ… არ მინდა იფიქრო, რომ გიმტყუნე და ბეას მხარეს გადავედი. - საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. - აჰ… ამაზე გინდოდა ლაპარაკი. - ირონიამ შემიპყრო, როცა გამახსენდა, რომ ნიკა შიშველ ბეას ფოტოებს უღებდა. - აბა, გისმენ. როგორ აღმოჩნდა იგი შენს ბინაში და დიდის ამბით ფოტოების გადაღება რატომ დაუწყე. გამახსენდა თუ არა ეს ინციდენტი, ბრაზი კვლავ ჩემს სულში დაბრძანდა. - შეტყობინება მივიღე ტელეგრამის ექაუნთიდან, სადაც შენი… უფრო სწორად შენი დის ფოტო ეყენა, რომელიც მთხოვდა ფოტოსესიას… - როგორც მახსოვს, საფრანგეთში უნდა ყოფილიყავი შენ. - ვიყავი კიდეც, მაგრამ პირველივე რეისით წამოვედი. - რომ ჩემი დისთვის შიშველი ფოტოები გეღო. - დავასკვენი და გულზე ხელები გადავიჯვარედინე. - არა, რომ გამეგო ვინ იყო შენი და. - იუარა. - მაგრამ რატომღაც შენგან არ გამიგია მე, თუ ვინ იყო ჩემი და. - ბოლომდე ვაჭერდი, რომ გამტყდარიყო. - გახსოვს, მაშინ მითხარი, რომ ლექსო ჩემზე ახლოა შენთვის? - შავი თვალები შემომანათა და ის საუბარი თვალწინ დამიდგა. თითები მკლავებს მოვუჭირე და თავი დავუქნიე. - ბავშვურად მომხვდა გულზე და საფრანგეთშიც მაგიტომ წავედი. - მერე? - მერე ის, რომ იმდენად მომენატრე, რომ შენს დაში მინდოდა შენი პოვნა. - სუნთქვა აუჩქარდა. - იპოვე? - სხეული დამეძაბა. - ვერა. ვერ ვიპოვე. - ნიკამ თავი გააქნია და სინანულის სურნელი გაფანტა სიცარიელის სუნით აყროლებულ ბინაში. - ჰოდა… - ფოტოებს გიღებდი დაუკითხავად, რისთვისაც პატიებას არ გთხოვ. იმდენად ახლო გახდი ჩემთვის, რომ ყოველთვის შენ გვერდით მინდოდა ყოფნა და ასე ვცდილობდი შენი წყურვილის მოკვლას. ილუზიას მიქმნიდა ფოტოები, რომ ჩემ გვერდით იყავი და თითოეული მათგანი ათასჯერ მაინც მყავს შესწავლილი, მაგრამ… ფოტოგრაფია იმიტომ მომწონს, რომ ერთმა ფოტომაც შეიძლება გადმოსცეს ადამიანის მთელი შინაგანი სამყარო, მაგრამ შენი სამყაროს გადმოცემა ვერა და ვერ შევძელი. იმდენად უცნაური და საოცარი ხარ, მაშინაც კი, როცა გძინავს, ბრაზდები, იღიმი… ვერ შევძელი, ნიკე. ყოველ ჯერზე უფრო მეტი და მეტი მინდოდა. არ მყოფნიდი. მინდოდა შეგხებოდი, მოგფერებოდი… შენ გვერდით ძილი აუტანელი იყო ჩემთვის, რადგან შეხების უფლება არ მქონდა. ვერ ჩაგიკრავდი გულში, ვერ გაკოცებდი, ვერ მოგეალერსებოდი, რადგან იყო ლექსო, რომელიც ჩემზე ახლოს იყო შენთან. რომლამდეც მილიონი კილომეტრი მაშორებდა და შეგრძნება, რომ ვერასოდეს მოგწვდებოდი… ამიტომ დავთანხმდი ფოტოსესიას. იმის თქმას, რომ აუცილებლად გეტყოდი შენს დაზე, რომ შეგახვედრებდი და სხვა მრავალი, საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ამას ვერ დავამტკიცებ. გთხოვ, რომ ჩემი სისუსტე მაპატიო, რომელსაც შენი სახელი ჰქვია. - ჩამუქებული შავი თვალები ისევ შემომანათა და გულწრფელობის ტკიბილი სურნელი ქურთუკივით მხრებზე მოვიგდე. რამდენიმე წუთი აზრზე მოსვლა ვერ შევძელი მისი სიტყვების შემდეგ. - არაფერს მეტყვი? - იმედგაცრუების ნოტები გაჟღერდა მის ხმაში. ძალიან მიმზიდველი იყო ახლა. ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე გადიოდა. მხრები სუნთქვის რიტმში მოძრაობდა, დაცვარული შუბლი მის ნერვიულობას ჯაშუშივით მამცნობდა, ხოლო მომუშტული ხელები, რომელზეც ვენები მკაფიოდ ეტყობოდა, დაძაბულობის ნიშანი იყო. - გეტყვი. - სუნთქვა შეეკრა. - ოღონდ ახლოს მოიწიე. წარბი შეჭმუხნა, მაგრამ დამემორჩილა. ჩემს პირისპირ დაჯდა და სახე ახლოს მომიტანა. - ვზროსლი დამები მოგწონს, ღლაპო? - ტუჩის კუთხეში ღიმილი გამეპარა. სახტად დარჩენილ ნიკას არც ვაციე არც ვაცხელე, ვუთხარი. - პატარა ბიჭები დეიდასაც მოსწონს. - ვთქვი და ცხვირი ცხვირზე გავუხახუნე. ეს მისთვის ბოლო წვეთი იყო. ხელი ყურსუკან თმებში შემიცურა და ახლოს მიმიზიდა. დიდრონი ტუჩები ჩემსას მოაწება და ვნებიანი კოცნით დამაჯილდოვა. ნაზი და მომთხოვნი იყო ერთდროულად. ტუჩები კბილებს ენაცვლებოდნენ, კბილები კი ენას და მთელ სხეულზე მისი შეხებისგან ტაო მაყრიდა. მთელი სახე დამიკოცნა, ყბის ძვალზე მსუბუქი კბენა დამიტოვა და ნელ-ნელა მთელ სხეულს დაეპატრონა. ის დაღლილობა, ტკივილი და შფოთვა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში განვიცადე, ერთი ხელის მოსმით მომაშორა და დედიშობილა წარვსდექი მის წინაშე. სხეულებთან ერთად სულების შერწყმაც განვიცადე და ეს ყველაზე საოცარი ორგაზმი იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც კი ოდესმე მიგემია. სარკეში ჩახედვისას აღარ მქონდა შეგრძნება, რომ ანარეკლი მე ვიყავი. საკუთარი თავის მთლიანობას ვგრძნობდი და შევიყვარე იგი ისეთი, როგორცაა. ნიკასთან თამაში არ მჭირდებოდა, ეს კი ადამიანურ ურთიერთობებში ყველაზე მთავარია. … - უამრავ ფოტოს გადაგიღებ! - არ მინდა! - მე მაინც გაგაგიღებ! - არ მინდა-მეთქი, ღლაპო! - მაინც ვერ გამექცევი შენი ბებერი ძვლებით, დეი! - ნიკოლოზ! - ნიკელოზ! პ.ს. და გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა... ალბათ, მერე დავარედაქტირებ მთლიანად, უფრო შევავსებ, გავამრავალფეროვნებ უფრო, ოდესმე... მაგრამ მე მაინც ასეთიც მიყვარს ეს ნაწარმოები)) გამიზიარეთ შთაბეჭდილებები, ველოდები თქვენს შეფასებას. პ.ს.ს. ბოლო თავი გადაბმულად ვწერე ოთხსაათნახევარი და "მაზოლები" მაქვს ტელეფონის ჭერით :დდდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.