ოთხი დღე (სრულად)
ნაწარმოები არის პლუს-მინუს დღიურის სტილში. ფაქტობრივად, ესაუბრებით პერსონაჟს. მრავლადაა ჟარგონი, ბარბარიზმები და სხვა მისთანანი. ნაწარმოებში აღწერილია რეალური ამბავი. დიალოგები შეიძლება ცოტა შეცვლილი იყოს, სიტუაციები ერთი ერთშია. ... ნუ გამოკეტავ ადამიანს ხორცის კედელში! მაგრამ თუ ეს კედელი ბაცი პასტელისებური იასამნისფერია… ოთხი დღით ღირს. ჰო, ყველას ჰგონია, რომ ფსიქიატრიულში კედლები თეთრი, თეთრი და კიდევ ერთხელ თეთრია, თუმცა ვისაც ასე გგონიათ - დაგიმსხვრევთ ამ "სტერეოტიპს". პალატაში იასამნისფერი, დერეფანში ყვითელია. მძაგს ყვითელი, თუმცა დერეფანშიც ბაცი პასტელისებურია, ამიტომ დიდად არ მაღიზიანებდა. მეტსაც ვიტყვი - მეორე დღეს შევამჩნიე. ამიტომ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ფსიქიატრიულში! … სანამ საერთოდ გადაწყდებოდა, რომ უნდა დავწოლილიყავი, ფსიქიატრიულის რეგისტრატურასთან შეტევა დამეწყო. დისოციაციური გულყრა, პანიკური შეტევა… რა მნიშვნელობა აქვს?! და ამ მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - თვით დედაჩემი, ჩემ გვერდით იდგა, რაზეც კიდევ უფრო ვღიზიანდებოდი და აღუწერელი შიშის გრძნობა მეუფლებოდა. საკუთარ თავს ვიკაწრავდი უკიდურესად გრძელი ფრჩხილებით, რომლებსაც ცოცხალი თავით არ ვიჭრიდი და… გადაწყდა. კოვიდის სწრაფი ტესტის პასუხიც მოვიდა და დაცვის თანამშრომლებმა ამიყვანეს პალატაში, რომელშიც რაღაც დრო უნდა გამეტარებინა, თუმცა არ ვიცოდი, რომ ოთხი დღე. როდესაც თვალები გავახილე, პირველ რიგში, დავინახე ჭერი და ვიგრძენი საოცარი დაღლა, რომელიც მთელ სხეულში ელვის სისწრაფით გადაადგილდებოდა, თუმცა მაჯებში გავლა უჭირდა. რატომ? დამაფიქსირეს. ჰო, აქ დაფიქსირებას თოკით დაბმას ეძახიან. თავად საწოლებს ორივე მხრიდან აქვთ სამ-სამი რკინის, მართკუთხა ჩანართი, რომელზეც უნდა "დამაგრდეს" პაციენტი. ვერ გავიგე - რაში იყო საქმე, ამიტომ ვცადე წამოვწეულიყავი. ისტერიკული სიცილი ამიტყდა, როდესაც დავაფიქსირე, რომ დამაფიქსირეს და შემდეგ უკიდურეს სევდაში გადამივიდა. როგორ მივედი ამ დონემდე ? რამდენი ვიცურე და მაინც ვერ გავცდი ემოციების ოკეანის ფსკერს. ლამაზია, ძალიან ლამაზიც კი, თუმცა ვერავინ გაუძლებს მას მთელი ცხოვრება, შესვენების გარეშე, მაგრამ იქნებ… ჰო, ნარცისიზმი და იქნებ, მე გამომივიდეს. ტვინში ნათურა ამენთო და მსწრაფლ ჩაქრა, აქვს კი აზრი ცდას, კიდევ ერთხელ?! ვინ იცის… იქნებ, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი, სხვა გარემოებებით. ბავშვისთვის ყველაზე დიდი ტრავმა დაბადებაა, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩასახვა, უჯრედების გამრავლება და ფორმირება ბევრად რთულია რიგ შემთხვევებში. დედა ეწევა, როდესაც ფეხმძიმედაა, სვამს, ნერვიულობს იმდენად, რომ დამამშვიდებლებზე ზის… ნუთუ, ეს არანაირად არ მოქმედებს ნაყოფის ფსიქიკაზე? იქ, სადაც უნდა იყოს სრულ კომფორტში, დედის გულის ქვეშ, სინამდვილეში სულ სხვა რეალობა ხვდება. წამოვჯექი და გაწეწილი თმების გვერდებზე გადაყრა ვცადე, რომ ხელი არ შემშლოდა აქაურობის შესწავლაში. ჰო, ზუსტად ამ დროს გავიაზრე, რომ ბაცი პასტელისებური იასამნისფერი კედლებით ვიყავი გარშემორტყმული. მესიამოვნა და ორიოდ წუთი გაღიმებული ვუმზერდი მათ. მახსენდებოდა სტერეოტიპი თეთრი კედლების შესახებ და სიამოვნებისგან მაჟრჟოლებდა. მე უკვე ვიცოდი - რა ფერის იყვნენ ისინი სინამდვილეში. არ მესმის მწერლების მიერ ამ ადგილის რომანტიზირება. შეშლილი ადამიანები ნორმალური არიან, ჩვენ, უბრალოდ, მათი არ გვესმის… ჩემი რომანტიკა კარის ხმამ დამირღვია და დაცვის თანამშრომელი დავლანდე, რომელიც თავიდან სანიტარი მეგონა. - აგხსნა? - იყო კითხვა. - კი. - იყო პასუხი. - ცოტა ხანი იყავი კიდევ. - აჰამ. - თავი დავუქნიე. ამ მომენტში მივხვდი, რომ აქ ჩემს სურვილებს აზრი არ ჰქონდა. მან ამხსნა მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნდა, რომ აზრზე ვიყავი და არავის არაფერს დავუშავებდი, მათ შორის საკუთარ თავსაც. ცინიზმი თარეშობდა ჩემს გონებაში და ლამის, გულის წასვლამდე მსურდა ავხარხარებულიყავი, რათა მეგრძნობინებინა, რომ ეს არარაობა ადამიანებს არ იცნობდა. ირონიის გვირგვინი მედგა თავზე, თუმცა რომ შეემჩნია, ადეკვატური ნამდვილად ვერ გამოვჩნდებოდი, ამიტომ მორჩილად დაველოდე. ადეკვატურობას ნამდვილად ვერ დამწამებდა იმის შემდეგ, რაც ჩემი დაბმა მოუწია, მაგრამ მაინც. ამხსნა. ხელები ეგრევე მაჯებისკენ წავიღე. მტკივნეულია, როდესაც დაბმული ხარ და ამავდროულად, ეწინააღმდეგები ამ დაბმას. როდესაც გსურს, რომ საკუთარი თავი დააზიანო, რადგან ჰალუცინაციები გაქვს, გეშინია… რისი გეშინია?! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოჯახის წევრების სილუეტები გიდგას თვალწინ, რომლებიც დაგცინიან, შენი წაყვანა უნდათ და… არ მინდა ამაზე საუბარი, რომც ვთქვა - არ დამიჯერებთ. იტყვით, რომ ბრაზილიური ან სულაც, ინდური სერიალის სიუჟეტს ვყვები და ინტერესს დაკარგავთ. მე კი, ჩემდა სამწუხაროდ, ამ სერიალში ვცხოვრობ, დაბადებიდან. - რატომ მოგიყვანეს აქ ? - საწოლის კიდეს დაეყრდნო ორივე ხელით და მიყურებდა. - დისოციაციური გულყრები მაქვს. - მარტივად ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე. - შენი დაბმა მოგვიწია. - ჰო, მესმის. - რატომ გაქვს გულყრები? - გავღიზიანდი, რატომ ჩამეძია? - როდესაც საკუთარი მამა გეუბნება, "მოკვდი, შენი დედამოვტ'ყანო", ცოტა რთულია საღი აზრის შენარჩუნება. - არა, არც ერთ მშობელს არ უნდა, რომ შვილი მოკვდეს. პირიქით, მათი კარგად ყოფნა უნდათ. - შემეპასუხა. მე კი გავიფიქრე - შენ რა იცი?! - მაშინ რატომ თქვა ? - მარტივი კითხვა დავუსვი. - არის ასეთი მდგომარეობა, როდესაც ვერ ვაკონტროლებთ, რას ვაკეთებთ და ვამბობთ… - ბლუკუნით დაიწყო საუბარი აფექტის მდგომარეობაზე, რაზეც გამეცინა და შევაწყვეტინე. - ვიცი, აფექტის მდგომარეობა. - ჰო, ზუსტად. აფექტის მდგომარეობაში ნათქვამზე და გაკეთებულზე ადამიანს პასუხი არ უნდა მოსთხოვო. - ღმერთმანი, ნეტავ, ჩემს ტვინში ჩაგახედათ იმ მომენტში. ენ რაოდენობის არგუმენტი მიტრიალებდა თავში, თუმცა ვხვდებოდი - აზრი არ ჰქონდა. - ჰო, გასაგებია. - მიხვდა, რომ საუბრის გაგრძელებას არ ვაპირებდი, ამიტომ ამაზე ლაპარაკი შეწყვიტა. - ეწევი? - კი. - ეხლა მოწევა თუ გინდა, მიდი მოწესრიგდი და გამოდი. - მითხრა და გავიდა. პალატას თვალი მოვავლე და მისმა ფერმა რაღაცნაირი სითბო ჩამიღვარა სულში. თუმცა, ეს სითბო ყოველ შემდეგ დღეს კვდებოდა და ბოლო, მეოთხე დღეს საბოლოოდ მოკვდა. ავდექი. ზეწარი და გადასაფარებელი ჩემი მქონდა წამოღებული, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ყველაფერს ბოლომდე შევიგრძნობდი, ამიტომ არაფერი შემიცვლია. ნუ გაგეცინებათ, მეც ვიყავი იმ მწერალთა რიგში, რომელიც არომანტიზირებდა ფსიქიატრიულს. მუქი ვარდისფერი გადასაფარებელი და ღია ვარდისფერი ზეწარი თავი ადგილზე დავტოვე და საათის წინ ნაყიდ, თითქმის სავსე კოლოფს დავწვდი. რა თქმა უნდა, წითელი მალბორო იყო, სხვას პირს არც დავაკარებდი, თუთუნის გარდა, ინტენსიურად მოსაწევად. ერთი ღერი ამოვაძვრინე, ჩუსტებში ფეხები ჩავყავი და გასვლა დავაპირე. კარში სანიტარმა შემოიჭყიტა. დაბალი, ფუმფულა ქალი იყო, რომელსაც თანაგრძნობის ნატამალს ვერ შეამჩნევდით. რამდენი წელია ხედავდა ერთსა და იმავეს? - გოგონი, ეს შენი ნივთებია? - მკითხა და მართლაც ჩემი ნივთები ამიფრიალა თვალწინ. - დიახ. - მივუგე. - მითხარი აქ რომელი გჭირდება და დანარჩენს გავიტან. ჰოდა, გამოვიდა ისე, რომ მისი მტკიცე ლოგიკით, ჩანთა უნდა მქონოდა კარადაში, რომელიც ღმერთმა იცოდა - სად იყო. და იქედან მხოლოდ ბლოკნოტის და კალმის დახსნა შევძელი. ჯანდაბა! ახლა უფრო მტკიცე ნაბიჯებით წავედი მოსაწევად და იგივე დაცვას ვთხოვე, რომ მოეკიდებინა ჩემთვის. უი, თქმა დამავიწყდა. აქ სანთებელა, ასანთი და მსგავსი რამ პაციენტებში აკრძალული იყო, კატეგორიულად. თავიდან პროტესტის გრძნობა მქონდა, მაგრამ შემდეგ შევეჩვიე. ოოჰ, რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს მარტივად ეჩვევა. ჰოდა, ე.წ. "კურილკისკენ", ანუ მოსაწევი ოთახისკენ დავიძარი. დაცვის მეორე თანამშრომელი მითითებდა სად უნდა შემეხვია და ა.შ. მივაგენი. აქ დაიწყო ჩემი ურთიერთობა პაციენტებთან… ... ვარდისფერი, გრძელმკლავიანი მაისური ეცვა, რომელიც მის მკერდს კარგად გამოკვეთდა. კოჭებამდე შავი კაბა და სობრანიეს წვრილი სიგარეტი. ერთი შეხედვით საოცრად ელეგანტური იყო, არისტოკრატული ბუნების, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. - გამარჯობა. - მომესალმა და ის-ის იყო მეგონა, რომ ამ ჯურღმულში ყველაფერი ისე არ იყო, როგორც აღწერდნენ და თითო-ოროლა კარგი მოსაუბრე მეყოლებოდა, რომ თავს დატეხილი მეხივით გავიაზრე - ეს ყველაფერი ჩემი ილუზია იყო. ცხოვრებაში არსებულ ჩემ მიერ შექმნილ ილუზიებსაც ასე მარტივად რომ ვიაზრებდე, ალბათ, პრობლემათა რიცხვი ბევრად შემცირდებოდა, თუმცა არ მიყვარს "იქნებ-ს" თამაში. - გამარჯობა. - მორცხვად მივესალმე და მის წინ ძლივს ცოცხალ პუფზე დავჯექი. ხანში შესული იყო, თუმცა საერთოდ არ მეგონა, რომ ორმოცდა ცხრამეტის იქნებოდა. - ორმოცდა ცხრამეტი წლის ვარ, მაგრამ თმას თუ შევიღებავ ოცდახუთისას ვგავარ. - ოოჰ, რა შეცდომა დავუშვი, როდესაც ეს ხუმრობა მეგონა. გამეცინა, თუმცა მისი სახე მამცნობდა, რომ ამაოდ. - სერიოზულად გეუბნები. რა გქვია ? - დაინტერესდა ჩემი პიროვნებით. - კატერინე. - მე მაია, სასიამოვნოა შენი გაცნობა. - ჩემთვისაც. - გავეცი პასუხი, მაგრამ თან ვფიქრობდი, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია-მეთქი. - ოღონდ მაიკო არ დამიძახო, არ მომწონს. - კარგი. - ჰო, ასე მეძახდნენ და არასდროს მომწონდა. - არც მე მომწონს "კო". - მე აქ დიდი ხანია ვარ, აქაურობა მომწონს. - მომიგო და ნაფაზი დაარტყა. - აქ რატომ ხარ? - მეჭაშნიკა ამ კითხვის დასმა, მაგრამ გავბედე. - კარგ ხასიათზე ვარ, უბრალოდ და ჰგონიათ, რომ გიჟი ვარ, უკვე ოცდაათი წელია. - გასაგებია. - თავი დაანებე, მაია, ნუ აწუხებ. - კურილკაში მაღალი ბიჭი შემოვიდა, ხშირი წვერით და ჩაფართხუნებული ტანსაცმლით. - არ ვაწუხებ, უბრალოდ, ვსაუბრობთ, ჰომ ასეა? - ინტერესით ჩამაკვირდა. - ჰო, არ მაწუხებს, ვლაპარაკობთ. - თავი დავუქნიე. - მე დათო მქვია. - ხელი გამომიწოდა და ჩამოვართვი. გავიცანი, მაია, დათო, გიორგი, ნანიკო, ნანა და ბევრი სხვა, რომელთა სახელებიც ახლა არ მახსოვს. ბევრი ვილაპარაკეთ და სიმართლე ვთქვა, გარტყმაში არ ვარ - რაზე. ვიღაცამ რაღაც ისტორია მოყვა, ვიღაცამ მუსიკა ჩართო და ამ მუსიკაზე მაიამ ცეკვა დაიწყო სტრიპტიზის მოცეკვავესავით. ზოგს ეცინებოდა, ზოგი კი დასცინოდა, ზოგს ფეხზე ეკიდა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საზოგადოებისგან არაფრით განსხვავდებოდა აქაურობა. მერე, რა, რომ ზოგს ხელები ჰქონდა დასერილი, ზოგი კი თავისთვის ჩუმად იჯდა და არავის სცემდა ხმას. ყველას აერთიანებს ის, რომ არის რაღაც, რაც ძალიან სტკივა. … სადილის დრო მოვიდა და მე მივხვდი, რომ აქაურ რეჟიმს დიდხანს ვერ გავუძლებდი. გულმკერდზე დავიხედე და ჩემი მორიელის ყელსაბამი რომ ვერ დავინახე, მომსახურე პერსონალს შევუკურთხე. გამახსენდა, რომ დაცვის თანამშრომელმა ჩამომართვა, შეიძლება შენ არ დაიზიანო თავი, მაგრამ სხვამ კიო, ჰოდა, ჩავაბარე. წავბაჯბაჯდი სასადილოდ და წვნიანი შემრჩა ხელში, რომელსაც ვერ ვიტანდი, მითუმეტეს უგულოდ გაკეთებული ამაზრზენი იყო. რკინის ჭურჭელი, რომლიდანაც ჭამის დროს რკინის გემო დაჰყვებოდა საჭმელს, მხოლოდ კოვზები, რადგან თავი არ დაეზიანებინათ. რკინის ჭიქები ან არა, არც კი ვიცი რკინის იყო თუ არა, უბრალოდ მეტალისას ვიტყვი. ეგრევე ბაბუაჩემი გამახსენდა, რომელიც ყოველთვის ასე მიირთმევდა საჭმელ-სასმელს. გამახსენდა, ბოლოს რომ წელმოწყვეტილი ჩავარდა ლოგინად და წყეული ბებიაჩემი "უვლიდა". ცემა-ტყეპას და დედის ტ'რაკის დაფარებას თუ ჩავთვლით მოვლად და ანგარებიან ქცევებს, კი ბატონო. ბაბუაჩემი ბებიაჩემის მოკლულია და ამაში ეჭვი ერთი წამითაც კი არ მეპარება. ბევრჯერ შემინიშნავს, რომ თავში ურტყამდა. ერთი, ალბათ, გვერდებში არ ჩაუზილავს წიხლი, თორემ ყველაფერი გაუკეთა. ან, შეიძლება, ესეც, როდესაც არავინ ხედავდა. ტვინში სისხლი ჩაექცა საწყალს და ვეღარ გადაიტანა. ეს თვალთმაქცი ქალი კი სხვათა დასანახად ტიროდა, კიდევ ცოტა ხანი მაინც გეცოცხლაო. ბაბუ, მიხარია, რომ მოკვდი და მეტის ატანა არ მოგიწია. მართალია, შენს გასვენებაში ვერ ვიტირე, მაგრამ ბევრჯერ დამსიზმრებიხარ. უგემურად, ოღონდ კუჭში რამე ჩასულიყოს გამო ვჭამე და პალატაში გავედი. იქ მაია დამხვდა და მახარა, რომ ახლა ჩემი ახალი მეზობელი იქნებოდა. ცოტათი გამიხარდა, რადგან უკვე ვიცნობდი და ვიცოდი, რაც მელოდა. სამი საათი… ზუსტად სამი საათი ვხარხარებდი მის მოყოლილ ანეკდოტებზე ისე, რომ ვერ ვარჩევდი ვერც ერთ სიტყვას. ცრემლებამდე ვიცინოდით ორივე და მე პირადად ვერ ვხვდებოდი - რა მაცინებდა. ამასობაში წამლების დასალევად დაგვიძახეს. თუ სწორად მახსოვს დილის ათზე, ორზე, ხუთზე და ისევ ათზე ვსვამდით წამლებს. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რამდენიმე ხანი გავიდა მას შემდეგ. რიგში ვიდექი, როდესაც ერთ-ერთი დაცვა გამომელაპარაკა, თითქოს დიალოგი ავაწყვეთ, მაგრამ… - აქ ყველა ერთი და იგივე წამალს სვამს. - მე კი, მინდა გითხრათ, ცოტაოდენი რამ ფსიქოლოგიაში გამეგება და ვიცი, რომ სხვადასხვა კლინიკური სურათი სხვადასხვა მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებს. - ბატონო? - როდესაც ჩემი სახის გამომეტყველება დააფიქსირა და მიხვდა, რომ ეს სულ მთლად "გიჟიც" არ უნდა იყოს და ზედმეტი წამოვროშეო, გადააკეთა. - ნუ, არა რა თქმა უნდა, ყველას თავისი დანიშნულება აქვს, მაგრამ ძირითადად, ყველას მაინც ესენი სჭირდებაო. - თავი მოვიკატუნე, თითქოს, გავიგე და წამლები დავლიე. ღმერთმა იცის - რა ჯანდაბა დავლიე, მაგრამ ერთ ჯერზე, სამ წამალზე ნაკლებს არ ვსვამდი. იმ ღამეს კი ვერ დავიძინე, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი აბი საძილე იყო. ვიწრიალე, ვიფიქრე, წამოვდექი, ავდექი… ტვინში ათასი ჯურის ფიქრი ერთმანეთს ებრძოდა და ვერ ვხვდებოდი, კაკლის ოდენა ტვინი როგორ არ ამიფეთქდა ამ ყველაფრის შემდეგ. ვფიქრობდი იმაზე, რის გამოც აქ ვიყავი. ვის გამოც ვიყავი აქ… ბრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მშობლობის უფლება, თუ ბავშვთა ფსიქოლოგიის მცირე კურსი მაინც არ აქვს გავლილი. ყველა მშობელი უსახიჩრებს შვილს ფსიქიკას, მაგრამ დაზიანების დონეს გააჩნია. მე არ მითხოვია დაბადება და მადლობა უნდა ვთქვა, რომ ამქვეყნად მომავლინეს და ნაჩუქარ სიცოცხლეს მიმწარებენ? რატომ უნდა მიყვარდეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემი სისხლით ნათესავია? დედაა მაინც, მამაა მაინც… მერე რა, რომ მამა სიკვდილს გისურვებს, დედა კი ცდილობს შეინარჩუნოს შენთან ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ, რომ დედაა და არაფრის შეცვლას არ აპირებს? … ბევრი ვიწრიალე საწოლში და ფხიზლად მეძინა. ზოგადად, ატომური ბომბიც რომ აფეთქდეს, არ გამეღვიძება-მეთქი ვიძახდი, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს შეიცვალა. ექვსი საათი იყო, როდესაც ავდექი, პალატიდან გავედი და დაცვას მივადექი. მომიკიდა და კურილკაში გავედი, მოვწიე, ჩავფიქრდი ამ ცხოვრების ამაოებაზე და ნახევრად ჩამწვარ მალბოროს ღერს შევხედე. ის გამახსენდა და სისხლი სახეზე მომაწვა. გამაკანკალა და ზიზღმა მომიცვა, სიყვარულთან ერთად. ნოემბერი… ვხვდებოდი, ცოტაც და ცუდად გავხდებოდი, ამიტომ ისევ დაცვას მივადექი, წამალი მინდა, შეტევა მეწყება-მეთქი. ისევ ის დაცვა და მისი ზედმეტი ყურადღება, გული კინაღამ ამერია და ლამის, ვლოცულობდი, რომ გათრეულიყო პალატიდან და ცუდად ყოფნა ეცდია ჩემთვის. თავბრუ მეხვეოდა, თვალები მიელამდებოდა და ვერ ვსუნთქავდი. მთელი სხეულის ცახცახზე კი არაფერს ვიტყვი, ჩემი ცხოვრების თანმდევი იყო წლების განმავლობაში. მაიას არ გაუღვიძია. მე კი დავცურავდი ოცნების უზარმაზარ ოკეანეში და ნოემბერი მედგა თვალწინ. რა საოცარია, არა? ჩემს წარმოსახვაშიც არ შემეძლო შევხებოდი და ვაღმერთებდი. ის ჩემი რელიგია იყო, მე კი მისი ფანატიკოსი მიმდევარი, რომელსაც სურდა მხოლოდ ერთხელ, სულ ერთი წამით მაინც გაებედა და შეჰხებოდა მას, თუნდაც სიზმრად… ახლა მეცინება. ადამიანს შეუძლია მოუღოს საკუთარ თავს ბოლო უბრალო ან ბრალიანი ფიქრებით. მაშინ, როცა რეალურ ფსკერს მიაღწევ, მიხვდები, რომ ზედაპირისკენ სწრაფვის გარდა გზა აღარ გაქვს. ამოყვინთავ და პირველი ჩასუნთქვა იმდენად მწარე, მაგრამ ამავდროულად, შვების მომგვრელი იქნება, რომ გაოცების მოლეკულები ცეკვას დაიწყებენ ორგანიზმშივე. ... საბოლოოდ გათენდა და წამლების მიღების დრო მოვიდა. ახლა უკვე ოთხი ტაბლეტი იყო და ცოტა არ იყოს არ მეჭაშნიკა. ჩემი ძვირფასი ფსიქიატრი, რომელთანაც დავდიოდი სტაციონარამდე და მას შემდეგაც, არასდროს მინიშნავდა ამდენს, რაც არ უნდა მომხდარიყო. მეზედმეტა და საუზმის შემდეგ მეგობარმაც დამირეკა, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდი. - აბა, როგორ ხარ? - რავიცი, არც ისე კარგად. - რა გჭირს, შეტევა გქონდა? - კი, დილით. - მერე? - წამალი დამალევინეს და არ გავთიშულვარ. - კაია, გოგო, დედაშენი მოდის შენთან? - რა? - ჰო, დედაჩემმა უთხრა შენთან ერთად წამოვალო, მაგრამ დაასწრო. - აუ, ეგღა მაკლდა. - დამშვიდდი, არ ამოუშვებენ. - დარწმუნებული ხარ? - ჰო, კორონას გამო შეხვედრები აკრძალულია. - ეგეც კაია. ფანჯარა არ იღება აქ. - აბა, იგუდებით? - არა, ანუ, დამაგრებულია, სულ ოდნავ იღება, ხელსაც ვერ გაყოფ, ისე. - ვინმეს რომ არ მოუნდეს გადახტომა, ალბათ. - ჰო… ეს დაცვა არ მომწონს. - რატომ? - რაღაც ზედმეტ ყურადღებას იჩენს ჩემდამი. დღეს შემოვიდა და მითხრა, ყურადღება ვერ მოგაქციე სათანადოო, როგორ ხარო, რამე თუ დაგჭირდეს მოდიო… - მაგას შ'იგ ჰომ არ აქვს?! - დაწყნარდი, შეიძლება მეჩვენება და უბრალო თავაზიანობის თემაა. - ყველასთან ეგრე შედის? - არ ვიცი, არამგონია… - არ მიაქციო ყურადღება, ცივად მოიშორე ხოლმე. თუ რამეა და მითხარი და წამოგიყვან მაქედან. - კარგი. საათნახევარი, ორი საათის შუალედში დედაჩემიც მოვიდა. დამირეკა და ფანჯრიდან ველაპარაკე, მითხრა რომ მიდიოდა და როცა გამომიშვებდნენ ისევ ჩამოვიდოდა. გული მერეოდა, როდესაც თბილ სიტყვებს მეუბნებოდა და ვცდილობდი თავი ამერიდებინა დიალოგისგან. იმდენად დიდი ზიზღის გრძნობა მეუფლებოდა მასთან საუბრისას, რომ გულისრევის შეკავება მიჭირდა. მახსენდებოდა ყველა ის დეტალი, რომლის გამოც მძულდა და თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ერთადერთი რამ, რაც მიხაროდა "ოჯახში" იყო ის, რომ მე, დედაჩემს და ჩემს ძმას შეგვეძლო ისტერიულად გვეცინა გაუგონარ სისულელეზე დიდი ხნის განმავლობაში. აი, ამ დროს არ ვფიქრობდი არაფერზე, სხვა დანარჩენი კი ბოღმად იქცა ჩემში და მიზანმიმართულად მახრჩობდა. ერთი მომენტი მშვენიერი იყო, ფუნთუშა და ცივი ჩაი მომიტანა და გემრიელადაც შევექეცი. მაიასაც ვუწილადე და ხუთ საათამდე კურილკაში ვიჯექი. აქ კედლები სხვადასხვა ნახატებითა და წარწერებით იყო მოხატული. ლექსები ეწერა, სასიყვარულო წერილები და სახელები… კედელზე ერთი ცოცხალი ადგილიც კი არ იყო, მაგრამ როდესაც თავი დავიხსენი ამ ადგილიდან მივხვდი, რომ ჩემი იქ ყოფნის სადმე დაფიქსირების სურვილიც კი არ გამჩენია. არ მსურდა, რომ ჩემი სახელი ფსიქიატრიულის პატელისებურ ყვითელ კედელზე ამოტვიფრულიყო, ან ჩემი ღმერთის სახელი, ანდაც კიდევ რამე სხვა… სულ ტყუილად დავიტოვე ჩემთან ბლოკნოტი და კალამი, რადგან ერთი სიტყვის დაწერაც კი ვერ შევძელი ზედ. წლები გამოხდა მას შემდეგ და მხოლოდ ახლა გავბედე ამაზე წერა და ვიცი, რომ ნაწერსაც ეტყობა, თითქოს, ფეხებზე დ ვწერ. კი, ეს განსხვავდება ჩემი სხვა მხატვრული ნამუშევრებისგან, აქ უფრო მარტივი ენით ვწერ და თითქოს, ვსაუბრობ. ყველანაირი მეტაფორების, ჰიპერბოლებისა და ალეგორიების გარეშე გესაუბრებით და მინდა, რომ უბრალოდ, წაიკითხოთ. თუ ადამიანი სულ ცოტათი მაინც არის ადეკვატური გთხოვთ, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ სტაციონარში განათავსოთ. მე ვიწექი იმ ფსიქიატრიულში, რომელშიც ამ ქალაქის მასშტაბით ყველაზე "მაგარი" პირობები აქვს. აქ სისუფთავეა, აქ დროულად იღებენ წამლებს, მაგრამ… - დაცვა ოცდაოთხსაათიანი სმენით მუშაობს? - ჩავეკითხე დათოს. - ჰო. - ახლა ვინ იქნება? - სხვა ორი… - - გასაგებია. - ამასობაში მაია შემოვიდა და გიორგიც სწრაფად წამოხტა, რომ მისთვის ადგილი დაეთმო. გიორგი ოცი წლის ბიჭი იყო, რომელმაც პირველივე დღეს სცადა ჩემთან დაახლოება, მე კი ექსპერიმენტის ჩატარების მძაფრმა სურვილმა შემომიტია. გამიზნულად დაურეკა თავის შეყვარებულს, რათა მე ვეჩვენებინე და ეჭვიანებინა იგი. იმ გოგოს სახე არ მახსოვს, მაგრამ მიმიკა რომ მსწრაფლ შეეცვალა დავაფიქსირე. ვერთობოდი, სანამ დაცვის თანამშრომელი არ მოვიდა. აი, ის, რომელიც ზედმეტ ყურადღებას მაქცევდა და არ დაგვშალა. აქაოდა, ბიჭის პალატაში ყოფნა არ შეიძლება, წესია ასეთიო. მან რა იცოდა, როცა სექ’სის საშიშროებას გულისხმობდა, რომ ჩემი ლიბიდო მარიანის ღრმულში განისვენებდა. მაია სწრაფად ჩაერთო ჩვენს საუბარში და ისეთი რამ თქვა - ადგილზე გავშრი. - დღეს ზაზა იქნება? - ჩემი ანთებული სიგარეტიდან თავისას გადაუკიდა. - არა, გოჩას ჯერია. - უპასუხა დათომ. - შენ იცი? - მომიბრუნდა. - ზაზამ ერთხელ გამჟ’იმა. - თვალები გამიფართოვდა და პირიც გავაღე გაოცების ნიშნად. დათოს გადავხედე და თავი გააქნია - აქაოდა, სისულელეებს როშავსო. რატომ მიწა არ გამისკდა, როცა ლოთ და ნარ’კომანს დავუჯერე მაშინ?! - მერე? - ამოვიკნავლე. - მერე პატარა ჰქონდა, თითქმის ვერ ვიგრძენი. - თქვა და კისკისი დაიწყო. მეც გამეცინა და ხუმრობაში გავატარე. ალბათ, მართლა ვერ არის-მეთქი, ვიფიქრე. იმ დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანი მოიყვანეს. უმრავლესობა საკუთარ პალატაში იჯდა და არ გამოდიოდა. ან რა უნდა ეკეთებინათ, როცა არ ეწეოდნენ? ისხდნენ თავიანთ საწოლებზე და ოცნებობდნენ, რომ ეს ტანჯვა რაც შეიძლება სწრაფად დასრულებულიყო. ახალმოსულებს შორის იყო ბორია. დაბალი, სუსტი, წვერგაბურძგნული… მუქი ფერის კანი ჰქონდა და კოკაინზე შემჯდარივით სულ ცხვირზე იკიდებდა ხელს და ისუნთქავდა დიდი რაოდენობით ჰაერს. ძალიან სპეციფიკური სუნი ჰქონდა. ვერც იმას ვიტყვი, რომ არასასიამოვნო, მაგრამ სასიამოვნო არომატისგან ნამდვილად შორს იყო. ახლა ვხვდები, რომ მსგავსი სუნი შეპყრობილ ადამიანებს აქვთ. თუმცა ეს სხვა საკითხია. კურილკაში ვიჯექით, როცა მოვიდა და რამდენიმე თბილადაც კი შეხვდა. ალბათ, ხშირი სტუმრები არიან და უკვე კარგად გაიცნეს ერთმანეთი-მეთქი. ბორია და ნანიკომ “ციკლადოლზე” დაიწყეს საუბარი და გაირკვა, რომ ნანიკო თავისი ფეხით მოვიდა, მოიტყუა, იფარისევლა, რათა აქ მოხვედრილიყო და ეს მედიკამენტი მიეღო. არ გამკვირვებია, თუმცა არ მესიამოვნა. არც ბორია იყო ნაკლები, უფრო მეტად დამოკიდებულს ჰგავდა. ყველა გავიდა და ბორიამაც დამიმარტოხელა. - შენ ჩემიანს ჰგავხარ! - მომმართა და სახეში ჩამაკვირდა. - რას გულისხმობ? - ეშმაკთან რამე საერთო გაქვს? - მკითხა და თვალი თვალში გამიყარა. ეშმაკთან საერთო ბევრი მქონდა, მაგრამ თავი მოვიკატუნე, რომ ვერ ვხვდებოდი ვერაფერს. - არა, საიდან მოიტანე? - მე ვგრძნობ ეგეთებს. ბევრი რამე გამომივლია და ბევრსაც შევხვედრივარ. თუ შენ ახლა ვერ ხვდები, მერე მიხვდები. მე ეშმაკი ვარ. - სიამაყით წარმოთქვა. - ჰოო? რა საინტერესოა. - საინტერესო და სახიფათოც. ამის გამო ბევრჯერ უნდოდათ ჩემი მოკვლა, მაგრამ არ გამოუვიდათ და აქ ჩამკეტეს. - თუ ეშმაკი ხარ, რანაირად ჩაგკეტეს? - ვერ მოვითმინე. - იმნაირად. შენ ხო იცი, ღმერთს ეშმაკი არ უყვარს და დევნის. ხოდა, ანგელოზები ნადირობენ ჩემზე. მაგრამ, არაუშავს, დედასაც მოვუტ’ყნავ მაგათ. შენ არ შეგეშინდეს. - როგორ იზამ მაგას? - მსგავსი თუ არა, ამავე თემის ირგვლივ საუბარი მქონია და მაინტერესებდა ბორია რას მეტყოდა. - როგორ და ჩავალ ჯოჯოხეთში, იქ არმიას შევკრებ. იცი, რამდენი ლეგიონია? - არა. - ვიცოდი. - ბევრია. სამოცდაათზე მეტია და თითოში ათასობით დემონია. ხოდა, დედას ვუტირებ. შენც წაგიყვან, არ დაგტოვებ. - მითხრა და ხელი ხელზე დამადო. - სიგარეტი გაქ? - კი, მოვიტან. - ვთქვი და ავდექი. პალატისკენ დავიძარი და მეგობრის გამოგზავნილი თუთუნი ავიღე. დავბრუნდი კურილკაში და შეკეთება დავიწყე. უამრავი რამ მომიყვა, რამაც დამარწმუნა, რომ ის ან მართლა გიჟი იყო, ან გენიოსი. ჩემი ცხოვრებიდან რამდენიმე დეტალი ისეთი თქვა, გაარტყა-მეთქი ვერ ვიტყვი, მეტისმეტად დეტალურად მოყვა. მენტალიზმს კი ბორიას ნამდვილად ვერ დავწამებდი. მე და მაია ღამღამობით ბევრს ვლაპარაკობდით, მაგრამ წამლის ყლაპვით, იმდენად მოდუნებული ვიყავი, რომ რამდენიმეჯერ გულიც წამსვლია და ვერ გამეგო. საწოლზე ვატარებდი უმეტესად დროს და საჭმელად გავდიოდი ან მოსაწევად. გასართობ ოთახში, სადაც ტელევიზორი იდგა და მუსიკის ჩართვა შეიძლებოდა, არაფერი მესაქმებოდა. რამდენიმეჯერ ვიყავი და ისიც ნანასთან სასაუბროდ. ნანა და მარი დამეგობრდნენ აქ ყოფნის დროს. პირველ დღეს კი ნანას ისიც ვკითხე - შენ აქ მუშაობ? - რაზეც გაეცინა და მიპასუხა: გიჟს არ ვგავარ, ხო? უბრალოდ, არ მიშვებენ. ექვსი დღეა უკვე აქ ვარ. გამიკვირდა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის აქ ძალით გაჩერების უფლება არავის ჰქონდა. მაგრამ როდესაც საქმე ფსიქიატრიულ სტაციონარს ეხება, მანდ მარტივად დაგიმტკიცებენ, რომ სიჯანსაღე რა ხილია არ იცი. მარის მივუბრუნდი და ვკითხე. - შენ აქ რატომ ხარ? - დედაჩემის გამო. - რა მოხდა? - მე… სასწრაფომ მომიყვანა აქ. - თქვა და შეიშმუშნა. კიდევ რამდენიმე წუთი ვცადე ამელაპარაკებინა, მაგრამ მეტისმეტად უცნაური იყო. ნანამ მანიშნა არ გინდაო და მარიც გავიდა. - რა სჭირს? - ნანას მივუბრუნდი. - რა და… დრამა ქვინია. წუწუნა, პატარა, ეგოისტი ბავშვი. სუ’იციდის მცდელობა ჰქონდა და დედამისმა სასწრაფო დააყენა თავზე და ძალით მოიყვანეს აქ. - გასაგებია. - ყველაფერს მე მთხოვს, დავიღალე დედიკოს როლის შესრულებით. - მესმის. კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ. მასთან საუბრისას გავიგე, რომ აქ აბაზანა დაკეტილი იყო და წინასწარ უნდა გაგეფრთხილებინა დაცვა, რომ გებანავა. მე კი მესამე დღე იყო, რაც არ მიბანავია და სასწრაფოდ მჭირდებოდა შხაპი. ნანამ შამპუნი მიწილადა და დაცვის გასაფრთხილებლად წავედი. გზად კი ნათია შემხვდა. მოსიარულე ძვალი და ტყავი, რომელიც სულ ტირის და სახესაც არ იწმენდს. პირველივე დღეს გავიცანი და დათომ მითხრა, რომ ქმარი ჰყავს და სულ მასთან უნდა ყოფნაო, ამიტომაც ტირისო. ახლაც ტიროდა, გულამოსკვნილი ტიროდა და მიდიოდა. სად? არავინ იცის. დაძრწოდა უმისამართოდ, ეძებდა ქმარს, საკუთარ თავს, გამაყუჩებელს, მაგრამ ვერ პოულობდა. ამაოების წნეხის ქვეშ ცდილობდა ერთი ყლუპი ცხოვრების აზრი მიეწოდებინა თავისი მოსიარულე გვამისთვის, თუმცა არ გამოსდიოდა. ვკითხე - რამე ხომ არ გინდა-მეთქი, პასუხად კი თავი გააქნია და თქვა, რომ მხოლოდ მისი მეუღლე. გული მომეწურა, მაგრამ ვერაფრით დავეხმარებოდი და გზა გავაგრძელე. დაცვამ მითხრა, ჯერ სანიტართან შედი, ექთანიც მანდაა, მერე გაბანავებთო და დავუჯერე. სისხლი უნდა აეღოთ ანალიზებისთვის და ცენტრალური ვენის ნაცვლად, გვერდითა ვენას დაუმიზნა ექთანმა. რამდენიმეჯერ გავუმეორე, ცენტრალურიდან აიღე, მანდ ვერ იზამ, მაგრამ ვინ დამიჯერა? შედეგად მეორე დღეს უზარმაზარი ჩალურჯება მქონდა და მტკიოდა. როგორც იქნა, სააბაზანოს კარი გაიღო და კატეგორიულად გამაფრთხილეს, კარი არ ჩაკეტოო, მე კი დავფრთხი. იმის გამო, რომ ვიღაც საკუთარ თავს აზიანებს, მე რატომ უნდა ვიბანაო კარჩაუკეტელმა? მერე გამახსენდა, რომ არც მე ვიყავი ნაკლები და საკუთარ თავთან კამათი წავაგე. ბანაობისას ყოველ ნახევარ წუთში ვუყურადებდი ნებისმიერ ფაჩუნს, ვინმე არ შემომივარდეს-მეთქი და თხუთმეტწუთიანი რიტუალი ნახევარ საათს გამიგრძელდა. გამოვედი თუ არა, ბორია შემეჩეხა. - თუთუნი გაქ? - კი. - მომე, რა. - წამო. აქ დამელოდე. - ვუთხარი და პალატის კართან დავტოვე. არ მინდოდა რამე ეეჭვათ და ამის გამო არ გავეშვი. მეგობარს ვესაუბრე და დეტალურად აღვუწერე სიტუაცია, რომლის ნახევარიც ახლა არც კი მახსოვს. მან კი კატეგორიულად მომთხოვა, ხვალ ელაპარაკე მკურნალ ექიმს და გამოგიშვასო. თუ არა ავწევ მაგ სტაციონარს ჰაერშიო. დავთანხმდი. ის-ის იყო თუთუნი უნდა გამეტანა, რომ ბორია პალატაში შემოვიდა. - გადი, თორე მე მომხვდება მერე. - ჭამენ, არ სცალიათ. მოდი აქ დავტენოთ. - თქვა და დასწვდა გილზებს. - კაი. - შენა და ქალიშვილი ხარ? - მოულოდნელად წამოიწყო. - არა. - მერე მოგწონს სექ'სი? - კი, მაგრამ ახლა სურვილი არ მაქვს. - ისა და, ჩემთან რომ რამე გექნებოდა? - არა. - რატო? - არ მომწონხარ. - კაი. - თქვა, რამდენიმე ღერი დატენა და გავიდა. - ღმერთებო, ტაბურეტკა მესროლეთ! - ხელები მაღლა აღვაპყარი და წამოვწექი. რამდენიმე საათი წავუძინე და გაბრუებული გავედი კურილკაში. ნათია ისევ ტიროდა. ზაზა გაეხუმრა, რომ თუ ასე იტირებ, ხვალ ქმარს ვერ ნახავო. რასაც უარესი ცრემლისღვრა მოჰყვა. გავღიზიანდი და ისევ პალატაში შევედი. ვიღაცის ერთი ხუმრობა სხვისთვის უზარმაზარი ტკივილის ტოლფასია. - კატერინე! - მაიას ხმამ გამომაფხიზლა. - წამოდი, წამლები დავლიოთ. - უკვე ათია? - ზლაზვნით წამოვჯექი. - კი, მოდი დროზე. - თქვა და გავიდა. ორიოდე წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ დახლთან მივსულიყავი, სადაც წამლებს არიგებდნენ. ბორია უკვე იქ იყო და თავისი ჯერი როცა დადგა - გააჩერეს. - პირი გააღე. - კაი, რა, ტო. რა პირი გააღე. - ხელი აიქნია. ამ დროს კი დაცვა დაინახა ზურგსუკან და დაემორჩილა. - არ დაგილევია. აჰა, წყალი და დალიე. შევამოწმებ იცოდე. - ლამის, თითისქნევით უთხრა ქალმა. ასეც მოიქცა. პირში შეუყო თითები და პატარა ფანრით მოატარა ყველგან, სადაც მიუწვდებოდა. ბორია კი გაწბილებული, სულ გინებ-გინებით დაიძრა თავისი პალატისკენ. დავხედე წამლების გროვას, რომელიც ხელში მეკავა და რომელიც მაზომბებდა. ამ დაწესებულებაში, მიუხედავად კარგი სახელისა, მაინც ფეხზე ეკიდათ ადამიანის გამოჯანმრთელება. მთავარი იყო არავის არაფერი დაეშავებინა, ხმაური და ჩხუბი არ აეტეხათ. ღამღამობით ატეხილი შემზარავი კივილი, რომელიც გვერდითა პალატებიდან ისმოდა და აუტანელ ტკივილზე მეტყველებდა, რამდენიმე წუთში წყდებოდა და ისადგურებდა მომაკვდინებელი სიჩუმე, რომელიც ძარღვებში სისხლს მიყინავდა. მეც გაბრუებული ვიყავი და უმეტესწილად არც მეღვიძებოდა, სხვებისგან ვიგებდი ამ ამბებს. მორჩილად წავედი ჩემი საწოლისკენ და დასაძინებლად მოვემზადე. რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ მე და მაიამ და ვიფიქრე, რომ ჩაეძინა. ნახევრად მინის კარიდან შემოდიოდა სინათლე და მხოლოდ ეს მამცნობდა, რომ თორმეტს ჯერ კიდევ არ გადაცდენილიყო. გვერდი ვიცვალე და რამდენიმე წუთში კარის ჭრიალის ხმა გავიგონე. სმენითი ჰალუცინაციები არ მქონია, ამიტომ ვენდე საკუთარ სმენას. ვიფიქრე, ალბათ, გვამოწმებენ და გავლენ ახლავე, თუმცა შევცდი. ნაბიჯების ხმას თან მოყვა საწოლზე დაწოლის ხმა და შემეშინდა. ავწრიალდი, რომ მენიშნებინა - არ მეძინა. იქნებ, უკან დაეხია, იქნებ, შეშინებოდა… ხმა ვერ ამოვიღე. წამლებისგან ენა დამბუჟებოდა და ხრიალიც ვერ ამოვუშვი პირიდან. გავხედე მაიას სილუეტს, რომელიც ორჯერ მაღალი გამხდარიყო და გავიგონე სპეციფიკური, ძალიან ჩუმი ხმა, რომელიც თან სდევს ტანსაცმლის გახდას. გამახსენდა, რომ მესამე დღეს ზაზა იყო სმენაში და ყურებში ზანზარებდა მაიას ხმა - “ზაზამ ერთხელ გამჟ’იმა.” გავითიშე. ვერ შევუშალე ხელი. ვერ ამოვიღე ხმა. არ დამემორჩილა ორგანიზმი. ან ვინ დამიჯერებდა? მეორე დღეს კუშტად ვუყურებდი მხიარულ მაიას. - მაია, შენა და, გუშინ ჩვენთან ვინმე ხომ არ შემოსულა? - სასხვათაშორისოდ ვკითხე. - არ ვიცი, მეძინა. - ჩვეულებრივ მითხრა და მივხვდი, აღარაფერს ჰქონდა აზრი. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მეოთხე დღეს უნდა წავსულიყავი და რიგი დავიკავე ნინო ექიმის კაბინეტთან. უამრავი ადამიანი იყო, ვისაც ძალიან სურდა მასთან საუბარი, მათ შორის ნანიკოსაც, მარისაც და ნათიასაც. მე მათ შემდეგ ვიყავი. დიდხანს ველოდი. დააგვიანა ნახევარი საათით, შემდეგ კიდე სამჯერ ამდენივე ვიცადე. შემაძრწუნებელი კივილი მოისმა ნინო ექიმის კაბინეტიდან. “მიშველეთ, მიშველეთ, მიშველეთ!” აჩოჩქოლდა ყველა, კივილი კი არ ჩერდებოდა. შაკო, რომელიც ზაზასთან ერთად იყო სმენაში სწრაფად შევარდა მის კაბინეტში. შემდეგ კი გაირკვა. ერთადერთი ადგილი, სადაც ფანჯარა ნახევრად მაინც იღებოდა, ექიმის კაბინეტი იყო. ნათია კი, რომელიც საოცრად სუსტი იყო, მარტივად გაძვრა ფანჯარაში, როცა ნინო ექიმი შებრუნდა. ეს ყველაფერი კი გამოიწვია ზაზას სიტყვებმა - ასე თუ იტირებ, ქმარს ვერ ნახავ. მოასწრო ქალმა ნათიასთვის ხელის ჩავლება. მეორე სართულზე ვიყავით და მეუღლე გამოიძახეს. იქამდე კი ხელით ეჭირათ ნათია. გადარჩა. მე კი შევძრწუნდი. საღამო ხანი იყო, როცა შევძელი ნინოსთან დალაპარაკება. მარტივად გამომიშვა. შენ უკვე გამოჯანმრთელდიო. მაგრამ მან რა იცოდა, რომ აქ ყოფნამ უარესად დამტრავმა. მაიას ბოლოჯერ შევხედე და სინდისის ქენჯნამ შემაწუხა. დამირეკე ხოლმეო, არადა ტელეფონი არ ჰქონდა. აუცილებლად-მეთქი ვუპასუხე და წამოვედი. მას შემდეგ წლები გავიდა. მახსოვს მათი სახელები, სახეები, ტკივილი. ზოგი წამლისთვის, ზოგი ძალით, ზოგი შველას ეძებდა… მაგრამ ვერავინ ვერაფერი მიიღო იქედან, რაც სურდათ. ადამიანი სულ ოდნავ ადეკვატური თუა, მისი მსგავს ადგილას გამოკეტვა არ შეიძლება. უარესად შეიშლება. დედაჩემი როგორც შემპირდა, ჩამოვიდა ჩემი გამოსვლიდან მეორე დღესვე. “გამოჯანმრთელებულმა” მემ რამდენიმე დღეში ორჯერ სცადა თვითმკ’ვლელობა. ორივეჯერ გადარჩა. ფსკერს მიაღწია და ახლა ღრმად და თავისუფლად სუნთქავს. გამოსავალი თავად ადამიანშია. ბოლომდე უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება, რომ დაიფერფლო, რათა ფერფლიდან აღდგე. პ.ს. წლების წინ დავიწყე წერა, მაგრამ ვერ შევძელი. ამ ნაწარმოების გავრცობაც შეიძლებოდა, მეტის დაწერაც, მაგრამ... ოდესმე, ალბათ, მივცემ საბოლოო სახეს, მაგრამ ახლა ვერ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.