ხელოვნური სუნთქვა
ხელოვნური სუნთქვა ყველაფერი რასაც ხედავ შენი წარმოსახვაა,ყველაფერი რასაც ხედავ ტყუილია. ეძღვნება ნუცას,გოგოს რომელსაც ბედნიერება უნდოდა. “ეს ჩვენი სახლია,ჩემი და შოთასი,დღეიდან გათხოვილი ქალი მქვია. კედლებს,ამ ოთახებს,მალე ჩემი კვალი დაეტყობა. თანდათან ყველაფერი შეიცვლება და ჩემი გახდება. იმ ტახტზე ერთად დავსხდებით და გვიან ღამემდე ვუყურებთ,სულელურ ფილმებს,ფანჯრიდან გავხედავ ეზოში მოთამაშე მეზობლის ბავშვებს და მერე ჩვენი შვილიც აქ ითამაშებს. ჩემი სხეული თითქოს უშველებელი გახდა და მთელი სახლი დაიკავა,ყველა კუთხე_კუნჭული,ჩემმა სიხარულმა აქაურობა აავსო. თანდათან დავიჩუტე,დავპატარავდი,ჯერ ერთი ოთახი დავცალე,შემდეგ მეორე. მალე ერთადერთ პატარა კუთხეში შევიყუჟები,ჩემთვის და შეუმჩნეველი გავხდები. შოთა ვერ მამჩნევს,თვალებში მიყურებს და თითქოს გამჭირვალე ვიყო,ვერაფერს ხედავს. ხშირად მესიზმრება რომ,სადღაც გაშლილ მინდორში ვარ,მზიანი ამინდია,მელანო თავისთვის თამაშობს,მზე ლამაზად ჩადის,მერე უცებ საშინელი ქარი ამოვარდება და ყველაფერს თან გაიტაცებს. მარტო ვარ. ვიღვიძებ და მთელი დღეები ვერ ვიშორებ ამ განცდას,შოთა სახლში არ არის,მელანოს სძინავს,ნეტავ მალე გაიზრდებოდეს და ლაპარაკს ისწავლიდეს. დღეს პირველად გავხდი ისე ცუდად რომ,ფეხზე ვეღარ დავდექი,სადღაც მუცლის სიღრმეში იწყება ეს სიმძიმე,მერე მაღლა ამოდის,იზრდება,ძლიერდება და ყელში მეჩხირება. სუნთქვა მიჭირს. შოთა მამშვიდებს,შოთა ექიმია,და უკეთ იცის,შოთა დარწმუნებულია რომ არაფერი მჭირს და უბრალოდ ვიგონებ. არა შოთაც მე გამოვიგონე,ავიკვიატე და ისეთ კაცად წარმოვიდგინე როგორიც სინამდვილეში არასოდეს ყოფილა. მელანო სულ მაგიდის ქვეშ იმალება,შეუძლია საათობით იჯდეს და არც გამოვიდეს,მე მგავს,დამალვა და გაუჩინარება უყვარს. ლაპარაკს თანდათან სწავლობს,მაგრამ თითქოს არ ჩქარობს,იხანგრძლივებს დროს,სანამ სრულებით თავისუფალია,შეუძლია გაუაზრებლად იყოს ბედნიერი. ხშირად მიფიქრია როგორი იქნებოდა ჩემი სიკვდილი,ფეხის თითებიდან შემოვა სხეულში,მუხლებამდე ამომაცოცდება,ტანს მთლიანად ჩამიყლაპავს და თვალებამდე ამოღწეულს,უკან ვეღარ გავაგდებ,ვერ მოვიშორებ,საათებს ვითვლი. ეს გოგო მე არ მგავს,ეს მე არ ვარ. ხვალ ჩემი დაბადების დღეა,სარკეში საკუთარ თავს ვერ ვცნობ. ოცდახუთი წლის. ვუყურებ და არ მომწონს,არ მიყვარს. ვისი ბრალია ?! რა მნიშვნელობა აქვს ვისი ბრალია. ბოლოს მაინც მე ვიქნები ის ვინც უნდა იტვირთოს ყველა ცოდვა,ყველას ნაცვლად უნდა აგოს პასუხი. სადღაც წავიკითხე,ვერაფრით ვიხსენებ ვინ არის ავტორი,ან რა წიგნი იყო. მოკლე შემზარავი ფრაზა ვნახე : “სახეზე ჩამოაფარეთ,რა ახალგაზრდა მოკვდა.” ეს ფოტო სადაც მე,შოთა და მელანო ვართ,მზეზე დებისგან გაყვითლდება,გაიცრიცება,მაგრამ მაინც ჩემზე დიდხანს იცოცხლებს. ეს ბედნიერების ილუზიაა,სადაც ახალგაზრდა ქმარი,ახალგაზრდა ცოლი და მათი პატარა გოგონა,უდარდელები უყურებენ კამერას. ეს დიდი ტყუილი რომელიც ძალიან გავს სიმართლეს,ჩემზე დიდხანს იცოცხლებს,და სიკვდილის შემდეგ ვერავინ გამიგებს. რატომ ვთქვი უარი ?! რატომ ვერ გავუძელი ?! სად გავიქეცი?! ან ვის გავექეცი?! იტირებენ,გამლანძღავენ,გამიბრაზდებიან,შევეცოდები,მაგრამ არავინ ეცდება,გამიგოს. ვერავინ დაუშვებს რომ მიზეზი სულ სხვაა” დავხურე ნუცას იასანმისფერი დღიური,მტვრიანი,გახუნებული,რომელიც როიალში ვიპოვე და მერე ისევ უკან დავაბრუნე. ცრემლი მოვიწმინდე. მე,აჩრდილმა,მათ სახლს ბოლოჯერ მოვავლე თვალი,ხის კარები გამოვიხურე და ეზო ნელი ნაბიჯებით დავტოვე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.