შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - ორმაგი თამაში (თავი 3)


29-08-2024, 21:34
ავტორი ერკე
ნანახია 665

მეოთხე დღეს ცოტა უკეთ იყო, ძალა მომატებოდა და შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილებაც, თუმცა რაღაცაზე დაყრდნობით. ექიმების დაკვირვების ქვეშ კვლავ გადაუღეს ყველაფერი რაც საჭირო იყო, თავის ტომოგრამა, რენდგენი ნეკნებთან ახლოს, დაზიანებების მკურნალობის პროგრესირების გასაგებად. თავზე ყველაფერი რიგზე ჰქონდა, დროის ამბავი იყო როდის დაუბრუნდებოდა მეხსიერება. როგორც მთავარმა ექიმმა თქვა მეტი დასვენება და საჭიროებისამებრ, ზომიერად გარეთ სეირნობა. მიას კარგი ფსიქოლოგის ნომერი ჩააწერინა, ვინც შესაძლოა ამ ამბავში უკეთ დახმარებოდა.
გამოწერის დღეს საწოლთან ეტლი მიუყვანა მიამ და თვალი ჩაუკრა.
-აბა, ამხედრდები?
-ასე მიშვებენ? ისე რომ ჩემი ძალების არ სწამთ არა?
-ასე გამოდის, თუმცა ნუ გამოცდი. სუსტად ხარ და მეტი დასვენებაო ექიმმა. ამიტომ დაგეხმარები დაჯდომაში და წავედით.
-ყველაფერი რიგზეა?
-კი, რაზე მეკითხები?
-საავადმყოფოს ხარჯები მარტო შენი დასაფარი არაა. - უთხრა მამაკაცმა და წვერზე მოისვა ხელი.
-ხარჯები? არაფერია, ყველაფერი კლინიკამ დაფარა.
-რატომ? - განცვიფრდა იგი და მიას ხელი გაუწოდა რომ ჩასჭიდებოდა.
-არ ვიცი, დიდი როლი ალბათ იმან ითამაშა, რომ ყველას უსახლკარო ჰგონიხარ. სახელიც არ გახსოვს საკუთარი, არც ვინაობა და შესაძლოა ვერც გაიხსენო.
-ეე, ეე. რას ქვია ვერ გავიხსენო. - ხელი მაგრად ჩასჭიდა და უმტკივნეულოდ, ვითომ ურტყამდა, მუშტი მოუღერა და ნაზად შეახო სხეულზე. მამაკაცმა იგრძნო რაღაც, რასაც ვერ ხსნიდა, თითქოს სიამოვნებდა მასზე ბავშვივით რომ ზრუნავდნენ და ეს ყველაზე დიდ შვებად მიაჩნდა.
-მე მჯერა შენი. - გაუღიმა მიამ და როგორც კი ჩასმა მოახერხა მისი ეტლში პალატიდანაც ერთად გავიდნენ. ერთი დერეფანი გაიარეს, ლიფტამდე მივიდნენ და ლიფტით პირველ სართულზე ჩავიდნენ. ხელი მოაწერინეს კიდევ რამდენიმე საბუთზე მიას, რის შედეგადაც განუცხადეს რომ პაციენტზე სრულად იღებდა პასუხისმგებლობას და დაკვირვების ქვეშ უნდა ყოფილიყო, თუკი რაიმეს შეამშნევდა, რაც ექიმებს შესაძლოა გამოეპარათ, ან მომავალში გაუჩნდა სხვა უცნაური სიმპტომები, მაშინვე კვლავ აბრუნებს კლინიკაში.
-ახლა კი ჯობია მაინც უკვე წაიყვანოთ, - ექიმი გულმოდგინედ ესაუბრებოდა და ხელები ხალათის ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი. - აქ დატოვებას აზრი არ აქვს, უფრო გავუმწვავებთ მის მდგომარეობას. მისთვის სასიკეთო ნაცნობ გარემოში ყოფნაა, ანუ კლინიკის კედლებს გარეთ, თუ მართლაც ქუჩაში ცხოვრობდა, ხშირად ასეირნეთ იქნებ რამე გაიხსენოს, ან ნაცნობმა გარემომ თერაპიასავით იმოქმედოს.
-აუცილებლად. - ყველაფერზე თავს უქნევდა მია და გულისყურით უსმენდა. - ვფიქრობ ჩემთან კარგად იქნება.
-ძალიან კარგი! აბა, - ეტლში მჯდომს მიუბრუნდა, მოიხარა რომ რაც შეიძლებოდა ახლოს მიეტანა სახე და მხარზე ხელი დაადო. - არ მანერვიულო კარგი?
-კარგი რა ექიმო, ბავშვივით მექცევით. - მიას სიცილი წასკდა, ექიმიც მას აჰყვა. - ბავშვი ხომ არ ვარ!
-ბავშვი არ ხარ, თუმცა გონება გაქვს ბავშვივით. - აუხსნა ექიმმა და თავზე ხელი გადაუსვა. რაზეც მამაკაცის სწრაფი რეაქცია მიიღო და მაშინვე გაწია თავი, ექიმს თვალებში ჩახედა და თითი დაუქნია...
-აქ მეტად აღარ მომიწევს მოსვლა! საკუთარ ცხოვრებას თავად გავიხსენებ და მერე მოვალ, გინახულებთ და ისე დაგენახვებით. ამ სიტყვებს კი აუცილებლად გაგახსენებთ. ბავშვიო. ჰმ... - ჩაიცინა და მძღოლს შესძახა წავედითო.
გასასვლელში, მკივანა ქალს ჩაუარეს, შემდეგ გავიდნენ დიდ დარბაზში, სადაც მომლოდინეები თავის რიგის ნომერს ელოდნენ. სენსორიანი კარი ავტომატურად გაიღო, მზის სხივებმა შეანათა სახეზე ეტლში მჯდომს და თვალი დაუბრმავა. მიაც ვერაფერს ხედავდა ირგვლივ, წინ იყურებოდა, როცა უცნობმა მამაკაცმა გვერდი გაკრა და მაგრად დაეჯახა.
-ჰეი შენ! - წამოიყვირა მიას დამცველმა. - რას აკეთებ, მეგობარო!
-მაპატიეთ, მაპატიეთ. - შემოტრიალდა მათკენ ბრალდებულიც და უეცრად სახე ეცვალა. ჯერ ვერ მიხვდა თითქოს, ბუნდოვანი მზერა ესროლა მამაკაცს, რომელიც რქებით იცავდა ქალს, შემდეგ უფრო გაუნათდა სახე და ბოლოს ყველაფრის აღქმა მოახერხა. - ნიკო? - შესძახა მან იმედიანად. - ნიკო ხარ არა? ბოლოს რომ შეგხვდი დიდი წვერი გქონდა და მზერაც სხვაგვარი, მაგრამ გიცანი, ნიკო ხარ!
-უკაცრავად ვინ? იცნობთ ამ ადამიანს? - მიამ სიხარულით დაიწყო ხტუნვა.
-რას ნიშნავს ვიცნობ. იდეალური პიროვნება, საოცარი ადამიანი, დღემდე მახსოვს მისი სიტყვები და გულით დავატარებ, რაც ბოლოს მითხრა. მოიცა - „სამყარო იმას აძლევს ადამიანს, რისიც ნამდვილად სწამს და სჯერა. გულით უნდა იწამო ყოველივე და მთელი სამყარო დაიწყებს შენს სურვილის ახდენაში მონაწილეობას.“ მართალია სიტყვა სიტყვით არ მითქვამს, თუმცა მას მერე ამ აზრს, ამ იდეას გულით დავატარებ.
-ვა, ესე იგი ადამიანებს ეხმარებოდი ნიკო, არა? - მიუტრიალდა მია მამაკაცს და სათნო ღიმილი შეანათა.
-არ გახსოვარ? - ეწყინა თითქოს. - ისეთი საქმე გამიკეთე, არ გახსოვარ? - ნიკოდ წოდებულს სახე არ ეცვლებოდა, ერთი მზერით უყურებდა მხოლოდ და ეს მზერა არაფერს გამოხატავდა წასვლის სურვილის გარდა. - აქ რა გინდა ნიკო? რა დაგემართა? ან ეტლში... რატომ ზიხარ? - ბოლოს კითხვებით აავსო გაოგნებულმა და თავზარდაცემულივით უყურებდა.
-არა. - უპასუხა მოკლედ და კონკრეტულად.
-აპატიეთ ჩემს ახლობელს, - მამაკაცს სიტყვა ახლობელი გულზე მალამოდ მოხვდა და ესიამოვნა. - მანქანა დაეჯახა და ტვინის ტრავმის გამო არაფერი ახსოვს. ვინ ბრძანდებით? თუ მართლა ის ადამიანია იქნებ გაგიხსენოთ ან დაეხმაროთ მას გახსენებაში.
-ერთი წუთით, ახლავე... დამელოდეთ... არსად წახვიდეთ. ჩემს ცოლს ვნახავ და ახლავე დავბრუნდები. დიდი იმედი მაქვს აქ დამხვდებით, მართლა.
-აუცილებლად.
-წავიდეთ რა, ნიკო არა ფეხები. ვინ დამარქმევდა ნიკოს. - დაიჯღანა და მიას შეხედა.
-რატომ? ნიკო კარგი სახელია, ბევრს ჰქვია. თან ნიკო უფრო მომწონს ვიდრე ნიკა ახლა ყველაზე გავრცელებული რომ არის.
-კარგი რა! ალბათ ნიკო რომ მრქმეოდა ბავშვობაში ყველასგან გარიყული ბავშვი ვიქნებოდი, ყველას მოვატყუებდი რომ სხვა სახელი დაეძახათ ან მთელი ბავშვობა მარტო გავიზრდებოდი. შემრცხვებოდა.
-ლამაზი სახელია. - ჩაილაპარაკა კვლავ მიამ და ოცნებებში გაიქცა. კლინიკის წინ ჩამოჯდა და ელოდნენ. ნიკომ, ან იმან ვისაც ნიკო დაუძახეს, კვლავ რამდენჯერმე დაიწუწუნა წასვლაზე, თუმცა მია არწმუნებდა, რომ თუკი მართლა იმ ადამიანს შევხვდით ვინც გიცნობს დიდი შანსია დაგვეხმაროს. იცოდეს სად ცხოვრობ, იცოდეს შენი ახლობლების შესახებ და ასე გაურკვევლობაში არ იყო.
საათნახევრის ლოდინის შემდეგ ის კაცი კვლავ გამოჩნდა. მიას ერთი წამითაც არ დაჰკარგვია იმედი. მის თვალებში დაინახა რამდენად ძვირფასი იყო ეს ადამიანი მისთვის და რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა.
-მაპატიეთ. ძალიან გაიწელა პროცედურები და ამბები. მოდი გავისეირნოთ. ნუთუ მართლა არ გახსოვარ ნიკო? ლაშა... მე ლაშა ვარ. ჩემს მეგობრებთან ერთად შეგხვდი 1 წლის წინ. ასე ძაან შევიცვალე? თუმცა თქვენზე მომიყევით... რა მოხდა? რა მოუვიდა ნიკოს?
-შემთხვევით დავეჯახე. მსუბუქად დაშავდა, თუმცა თავის ტრავმა მაინც მიიღო და არაფერი ახსოვს, მართლა... არ იგონებს და თქვენგან თავის დაღწევისთვის არ მარიაჟობს... 4 დღეა საავადმყოფოში წევს და ახლა მოგვცეს უფლება სახლში წასვლის.
-დაეჯახეთ?
-კი.
-ვინ ხართ მისი?
-არავინ. იქნებ თქვენ გვითხრათ თუ იცნობთ ახლობლები თუ ჰყავს ან სად ცხოვრობს?
-სამწუხაროდ ეგ ინფორმაცია ჩემთვის მიუწვდომელია. შესაძლოა არ მოგეწონოთ, თუმცა უნდა იცოდეთ. ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს 25 მაისი იყო ხო? მგონი კი... საოცრად დაემთხვა ისე, ან შესაძლოა მე მახსოვს ბუნდოვნად თარიღი და უბრალოდ მაისი იყო, რიცხვს კი ვერ ვიხსენებ, ქუჩაში დახმარებას ითხოვდა, მე და ჩემმა ძმაკაცებმა კი სახინკლეში დავპატიჟეთ. შიოდა და დავაპურეთ. ეგ დღე არ დამავიწყდება, რადგან ყველა საუკეთესო ცვლილებამ ჩემს ცხოვრებაში მაგ დღის შემდეგ აიდგა ფეხი. მე და ჩემს ცოლს მკურნალობა ერთი კვირის თავზე დაგვინიშნეს, უცნობმა ინვესტორმა დაგვაფინანსა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდით უიმედოდ, რაიმე სასწაულს, შენთან შეხვედრის შემდეგ მოხდა. ახლა კი მამა გავხდი.
-გილოცავთ! - გაუხარდა მიას და გადაეხვია. ეტლიდან ეჭვიანი მზერა შეაფეთეს, თუმცა შეუმჩნევლად და მალევე გაიღიმა მანაც სიხარულის ნიშნად.
-ანდრეს უნდა დავურეკო, არ დამიჯერებს.
ტელეფონზე საუბრობდა და ოდნავ მოშორებით გავიდა მათგან, თან გამოხედავდა ხოლმე წყვილს და გაუღიმებდა.
-ანდრე, ბიჭო... ბიჭები წამოიყვანე და მოდი. სად და გუდამაყრის ქუჩაზე ღრმაღელესთან, სად უნდა მოხვიდე ბიჭო არ იცი? იმშობიარა მაიამ. მამა ვარ.
სასწრაფოდ ორი მანქანა მოადგა კლინიკის ჭიშკარს და გადმოვიდნენ ბიჭები, მათ შორის ერთი იყო გამოკვეთილად განსხვავებული. იერზე ეტყობოდა როგორი სხვაგვარი იყო, უყურებდა ეტლიდან მამაკაცი და ხვდებოდა, თითქოს აქამდეც ჰყავდა ნანახი, მხარბეჭიანი, ამავდროულად გალეული და სუსტი, მაღალი მამაკაცი რომ უახლოვდებოდათ ნელ-ნელა სხეულში ჟრუანტელი უვლიდა. როგორც ჩანს სხეულმა იცნო, თვალებმა იცნეს, თუმცა გონებამ ვერა.
-ნიკო! - გაეღიმა მამაკაცს. - გადაეხვია, ისე რომ თითქმის ეტლიდან ააყენა.
-ნიკო ეს ანდრეა, ჩვენი ყველაზე დიდი ძმა. საოცარი ადამიანი, ვინც შენი დახმარებისკენ მოგვიწოდა. დიდსულოვნება ბავშვობიდან თან სდევს.
-მოიცა რას აცნობ ჩემ თავს, აღარ ვახსოვართ?
-ამნეზია, მეგობარო, ამნეზია. - ჩაიდუდღუნა ნიკომ და თვალზე ცრემლი მოაწვა. - ძალიან მინდა მახსოვდეთ, თუკი ნამდვილად ის ვარ ვინც გგონიათ, თუმცა არ მახსოვხართ. რა გამოდის, თუკი ნიკო ვარ, ანუ მაწანწალა და მათხოვარი ვიყავი, რომელიც ქუჩაში იპოვეთ, არა?
-კი ასეა, თუმცა ამით არ განისაზღვრება შენი ადამიანობა. - დაამშვიდა ანდრემ. - საუკეთესო ადამიანი ვიპოვეთ შენით და საოცარი მჭევრმეტყველი. თოკოც ჩვენთან ერთად იყო მაშინ. ეს საბა და ბაჩო არიან, ლეო ცოტა ხანში შემოგვიერთდება ყვავილებით და რამით. ხოლო ამ ადამიანს რომ ხედავ, ცოტა მორცხვად რომ დამდგარა, აპატიე, რადგან არ გიცნობს და არც ისეა დიდი მოსაუბრე, ჩემი ძმაა, მათე. ახლახანს გამოვიდა ციხიდან, ორი თვის წინ სასამართლო მოვიგეთ.
-ვაჰ, გილოცავთ, ძმებო. - გაუხარდა ნიკოს. - არ მახსოვს ეს ყველაფერი, თუმცა თქვენი ბედნიერება ჩათვალეთ ჩემიცაა, ძალიან მიხარია.
-გაიხარე, ნიკო. ძალიან კარგი კაცი ხარ, ამას ჩვენ პირველივე შეხვედრისთანავე მივხვდით. მათე, ეს ნიკოა. ჩამოართვი ხელი, ბიჭო. აპატიეთ, ჩემს ძმას, ზრდილობა ციხეში დატოვა. - გაიღიმა ანდრემ და თვალებით უბიძგა მოქმედებისაკენ.
-ჩემს ძმას საოცრად მლაშე ენა აქვს. არ მიაქციო ყურადღება ნიკო, შორიდან გიცნობ. ბევრს მიყვებოდა შენზე ანდრე, ნუ მხოლოდ იმ ერთ დღეზე და თითქმის ყოველ შეხვედრაზე გიხსენებდა. ლამის კულტად ექეცი, ნიკომ ეს თქვა, ნიკომ ის თქვა. ჩემს გათავისუფლებასაც შენ გაწერდა...
-არ ვიცი, მთლად წმინდანად ნუ შემრაცხავთ. - გაეცინა ნიკოს და ეცადა წამოდგომას. - მინდა თქვენთან ვიყო ძმები, მეც მინდა შემოვიდე თქვენი ბედნიერების წილად და ვიგემო ის დიდი სიხარული რასაც ახლა განიცდით. მეც ბედნიერი ვარ, რადგან თუ არ მყოლია ოჯახი, ვგრძნობ რომ ვიპოვე. - მიას გადახედა, შეეცადა წამოდგომას, ბიჭებიც მოეხმარნენ და ფეხზე გაჭირვებით, თუმცა დადგა. ანდრეს ეჭირა ხელით და თავს ერთი წლის ბავშვად გრძნობდა, რომელსაც ახლახან ასწავლიდნენ სიარულს. - აბა რას არქმევთ გვრიტებო? ბიჭია თუ გოგო?
-გოგოა და ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს სახელი თაია, ამასაც დავარქმევთ აუცილებლად. ისეთი საოცარი, პატარა გოგოა, ხელში ვერ დავიჭირე. ძალიან შემეშინდა. ერთი ციცქნა ხელში არ შემომეფშვნას-თქო, ხომ გესმით?
-გვესმის აბა არ გვესმის?
-საოცარია. - დასჭექეს ბიჭებმა. აღტყინებული იყვნენ ახალი ამბით, ასევე ნიკოს აღმოჩენით თუმცა ანდრეს წამითაც არ გამოპარვია როგორ გახედავდნენ ხოლმე ნიკო და მია ერთმანეთს. როცა მია ჰორიზონტს გახედავდა და ჩაფიქრდებოდა, ნიკო ეშხით შესციცინებდა, ხოლო როდესაც ნიკო ბიჭებთან ერთად ხალისობდა მია უყურებდა იმედიანად. არაფერი შეიმჩნია, თუმცა ამ წყვილს ისე უყურებდა თითქოს ახალ ღუმელიდან ახალ გამოღებულ პეროგებს, თითების ჩატკბარუნების სურვილით რომ ტკბებოდა.
-ნუღარ ვაყოვნებთ. - შესძახა ლაშამ. - ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ჩემ გოგოებს კვლავ.
-სად მირბიხარ, ლეო? - შეუღრინა ანდრემ. - ცოტა ხანიც დაიცადე. ეს ბიჭი კი სად გაქრა, როცა არ გჭირდება დღედაღამ შენთანაა და როცა რამე საჩქაროა მაშინ აგვიანებს.
-დაურეკე სად არის, რამე ხომ არ შეემთხვა? - ანერვიულდა ლაშა და ნიკოს გადახედა.
-მეიცათ, მეიცათ. მოვა სად წავა. - თოკო ჩაერთო საუბარში.
-კაი რა თოკიჩ, დაურეკე, სალაპარაკო მგონი მარტო შენ გაქვს.
-არ გადის. - ზარის მოლოდინში გაუბედავად თქვა თოკომ.
-ვახ.
-დამშვიდდით. - დაიწყო ნიკომ. - ლოდინი ხშირად კარგი რამეა. როცა რაიმეს ელი, გულით გწადია და როდესაც შემდეგ გამოჩნდება უფრო მეტი აღტყინებით იღებ მას.
-აჰა! - გადახედა ბიჭებს ანდრემ. - მგონი დაგვიბრუნდა ჩვენი ნიკო. გითხარით ან გენიოსია ან ფილოსოფოსი, ან ამ სამყაროზე ყველაფერი იცის-თქო.
-კარგი, ნუ აჭარბებ.
-არა, მართლა მასეა ნიკო. - მიიჭრა მასთან ანდრე და შეახედა ბიჭებს. - ესენი და თუ გინდ ნებისმიერი სხვა აიღე, როდესაც რაღაც გაუჭირდებათ მაშინვე თავში ხელს იკრავენ და ეს რა დავაშავეთო სამყაროს, ღმერთს ეკითხებიან. ლამისაა მუხლებზეც დადგნენ და თავები დაძირონ, მაგრამ შენ, მიუხედავად იმისა რომ არაფერი გახსოვს შენი ცხოვრებისა, მსჯელობა მაინც იგივე დაგრჩა და ზუსტად ამას ველაპარაკებოდი ყოველდღე ჩემს ძმას. თითქოს ამ ქვეყნიდან არ ხარ.
-აბსურდია! - შესძახა თოკომ.
-ბიჭებო ჩხუბს დიდხანს აპირებთ? - ჩაერთო მია. - დარწმუნებული ვარ მაია გელოდებათ, თან გვერდში დგომა ნამშობიარები ქალისთვის ყველაფერია. ლაშა ადი შენ და ბიჭები დაელოდებიან ლეოს და მალე ამოვლენ. ასე ჯობია.
-ზუსტად! - განაცხადა ლაშამ და ხელი ასწია. - ძლივს ნორმალურად მოაზროვნე.
ლაშა კლინიკაში შევიდა და შესვლის წინ ბოლოჯერ მოიხედა უკან. ბიჭები კვლავ კინკლაობდნენ, მხოლოდ მია და ნიკო იყვნენ განცალკევებით მათგან და ერთმანეთს ჩუმად უმზერდნენ. რაღაც ტკბილი და საამო შენიშნა მათში.
-ანდრე, რას ფიქრობ აბა? - ჩაეძია თორნიკე.
-რაზე?
-რა გასწავლა ცხოვრებამ?
-მე? ბევრი რამ ჩემო ძმაო. პირველ რიგში ის რომ ლეოს არ უნდა ანდო არაფერი!
გაეცინა.
-თუმცა საბოლოოდ მეგობრობას არავითარი ჯაჭვები არ უნდა არღვევდნენ და მარად ერთად უნდა იყვნენ. ესაა ცხოვრების მთავარი ხიბლი.
-აკი შენც შეგძლებია, - უთხრა ნიკომ და მხარზე მაგრად მოეჭიდა, რომ არ წაქცეულიყო.
-ათასში ერთხელ ჩემი იარაღიც ისვრის. - გაეღიმა ანდრეს და თბილად, გულმხურვალედ შეხედა გვერდით მდგომს.
-აჰა, ლეოც! - საბამ დაიძახა შორიდან. როგორც კი საბას მიუახლოვდა მაშინვე კეფაში აფეთა სად დაიკარგე ამდენი ხანიო.
-თაიგულს ვარჩევდი ვაჰ! - დაიღრინა ლეომ. - მაიას უბრალო თაიგული ეკუთვნოდა?
-არა, თაიგული მართლაც შესანიშნავია? რა ყვავილებია? თეთრი ვარდები ხო?
-გვირილები შე ყოჩივარდა. - მუშტი მოუღერა ლეომ ბაჩოს და მკერდში ჩაარტყა. - გვირილების, ტიტების და ქრიზანთემების საუცხოო შეხამებაა. ეს ყვავილი მეც არ ვიცი, რაღაც უცხოური ყვავილია, სახელი თავადაც დამავიწყდა.
-ნაკითხი უნდა იყო ჩემო ლეო, ნაკითხი.
-შენ შენს დოცენტს მიხედე! - ლეოს მზერაში ეტყობოდა გამძვინვარებული ლომი ბუდობდა. ხელები ამიწევიაო საბამ და ლეოს გზა დაუთმო.
-წამო ლეო, წამო, ამ გიჟებს ნუ უსმენ. - ანდრე მასაც გადაეხვია მეორე მხრიდან და ბიჭებს ხელით ანიშნა დამშვიდდით ყველაფერს ვაკონტროლებო. სამწუხაროდ ლეო დღის მთავარი თემა იყო, რადგანაც დააგვიანა და ამიტომ ყველა მისთვის გახუმრებას ცდილობდა. ყველანი კლინიკაში შევიდნენ. ნიკოც კი თავისი ფეხით დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა, უჭირდა და ნელა დგამდა ნაბიჯებს, თუმცა წონასწორობას აღარ კარგავდა და ცდილობდა ასე გაეგრძელებინა.
ნიკოს სულ უფრო მეტი ეჭვი უჩნდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად ის იყო ვინც ამ ბიჭებს ეგონათ? იმედი ჰქონდა, მათთვისაც და მისთვისაც, მათთვის იმიტომ რომ იმედი არ გაეცრუნებინა სხვა არ აღმოჩენილიყო, მისთვის კი რადგან სცოდნოდა ვინ იყო. სტანჯავდა ფაქტი, რომ არაფერი ახსოვდა, მაგრამ მოსწონდა ის რომ მაშინვე გამოუჩნდა ადამიანი, ვინც მასზე იზრუნებდა. თუ მართალი იყო და არავინ ჰყავდა, ახლა მარტო აღარ იყო და ამისთვის ამ მსხვერპლის გაღება ღირდა.
ანგელოზს შეაკითხეს. საოცარ ქმნილებას ღვთისას, პატარა თაიას, ბაჩო უკან ამომდგარი ვიდეოს იღებდა, თაიგული ანდრეს ეკავა და იმ მომენტში პატარა თაიას დაჭერას ცდილობდა მამა, რომელიც უზომოდ ბედნიერი ჩანდა. კამერამ დააფიქსირა როგორ უღიმოდა გოგონას ლაშა და ცდილობდა მოფერებას. ისეთი ციცქნა იყო თითს ადებდა მხოლოდ ცხვირზე, ამასაც ვერ ახერხებდა, ესოდენ პატარა ცხვირი ჰქონდა ეშინოდა ძაან არ ჩაეჭირა და არ სტკენოდა, თუმცა როგორც შეეძლო ისე ეფერებოდა. თბილი გამოხედვით, სიყვარულით სავსე მზერით და ღიმილით. ლაშა ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი მამა გახლდათ რადგან ოცნება აუხდა და პირველი საოცარი გოგონა ეყოლა, მამას გოგო.
როგორც კი მიაც და ნიკოც შევიდნენ ჭიშკარში და ღიმილით მილოცვა დაიწყეს მაიას სახე ეცვალა და ლაშას გადახედა, მერე ბიჭებს და შემდეგ ისევ ახალშემოსულებს შეავლო თვალი.
-ნიკო? - დაუძახა მაიამ და ყველამ ლაშას ცოლს შეხედა.
-მოიცა მოიცა, მაიკო იცნობ ამ ადამიანს?
-არ ვიცი ლაშ, იქნებ მივამგვანე ვიღაცას წარსულიდან.
-ნიკო ქვია, ზუსტადაც რომ...
-ნიკო შენ ხარ? - კვლავ ჰკითხა მაიამ მას.
-ქალბატონო არ ვიცი, საქმეც მაგაშია. ყველა მეუბნება ნიკო ნიკო, მე კი რეალურად არც ვიცი ვინ ვარ.
-რას ქვია არ იცის.
-ნიკო, ჩვენი ძმა, ის ადამიანია მაია მე ანდრეს და თოკოს რომ შეგვხვდა რუსთაველზე. არაფერი გააჩნდა დახეული ტანსაცმლისა და საკუთარი თავის ამარა. შიოდა. ჩვენ კი სახინკლეში წავიყვანეთ. თუმცა მგონი ეს ისტორია შენთვის არც მოგვიყოლია, ამიტომ საიდან იცნობ?
-ლაშ, გახსოვს გეუბნებოდი მეოთხე კლასში ბიჭს მოვწონდი-თქო? გულებს მიხატავდა სახლის წინ, ცეცხლით ანთებდა და სერენადის სიმღერებს მირთავდა მაგნიტოფონებში თუ ხმის გამაძლიერებლებით. მოკლედ გადარეული იყო ჩემზე, თუმცა თქვენ ვიზეც მელაპარაკებით და მე ვიზეც ვსაუბრობ არ შეიძლება იყოს ერთი და იგივე პიროვნება.
-რატომ? - განცვიფრდა ლაშა. - მის დანახვაზე ხომ...
-იმიტომ რომ ჩემი ნიკო...
-შენი ნიკო? - ალმოდებული მზერა შეანათა ლაშამ მაიას.
-ანუ ჩემი ნიკო და თქვენი ნიკო, - ხელი გაიწვდინა იმ ადამიანზე, ვინც უხმოდ იდგა და აკვირდებოდა სიტუაციას. ლაშა თაიას დაძინებასაც ცდილობდა. - გათიშე ეგ კამერა გეყოფა, აღარაა ამის გადაღება საჭირო. - ბაჩოს შეუღრინა ქალმა. - ის ნიკო, ვისაც ვიცნობდი მდიდარი ოჯახიდან იყო. აქამდე ვერ დაეშვებოდა, გამორიცხულია. შესაძლოა მივამგვანე და მეტი არაფერი.
-კარგი ძვირფასო. ახლა ნუ ვიჩხუბებთ. - დაატარებდა თაიას ლაშა. - ჩვენ საოცარ გოგოს ნუ გავაგებინებთ როგორ ჩხუბობენ მისი მშობლები და როგორ ეჭვიანობს მამა. - ბოლო სიტყვა ცოტა ხმამაღლა და გამოკვეთილად თქვა. - ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარხარ. ორივე მიყვარხართ. ძლიერ... ჩემი გოგოცუნები.

პ.ს.

მადლობა მეგობრებო, გვერდში დგომისა და დაფასებისთვის. მეც ვეცდები იმავით გიპასუხოთ და დაგაფასოთ, არ გალოდინოთ და დაგატკბოთ ჩემი ჰანგებით. მართლა მახარებს თითოეული თქვენი სიტყვა და მადლობა.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, კარგი სიუჟეტია, ეცადეთ დიდხანს არ გვალოდინოთ.

 


№2  offline წევრი Linda Gavasheli

შენ მოგეცა ჩემი ცოდვა ???????? ელოდე ახლა შემდეგ თავს ????????
გადავდოთ ხუმრობა და მართლა კარგია ❤️ ძალიან ბევრი დამთხვევა თუ შემთხვევაა ნიკოს ირგვლივ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მგონი მეოთხე თავიდან უფრო მოეფინება ნათელი ნიკოს ვინაობას, თუ რა თქმა უდნა მაიას ნიკო და ჩვენი ნიკო ერთი და იგივე პიროვნებაა.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

ყველაფერი კარგად იქნებაა ???? მთავარია დაგაბით ვსო აწი ნახეთ რა გიყოთ ????❤️
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4 მოდერი Maiaabuladze

ერკე
ყველაფერი კარგად იქნებაა ???? მთავარია დაგაბით ვსო აწი ნახეთ რა გიყოთ ????❤️

გინდა ხალხს ფინალი მოვუყვე? ????

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

Maiaabuladze
ერკე
ყველაფერი კარგად იქნებაა ???? მთავარია დაგაბით ვსო აწი ნახეთ რა გიყოთ ????❤️

გინდა ხალხს ფინალი მოვუყვე? ????

სად შემოიპარა ეს, აბა გაჩუმდი :D უყურე ამას. რო გიყვებოდი იმიტომ კი არა რომ ჩამიშვა. :დდ არ დაასპოილერო ეს ხალხი :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent