ერკე მიდასი - ორმაგი თამაში (თავი 5)
-როგორ ხარ? - უმალ მის წინ გაჩნდა ნიკო და გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა. -უკეთ. -ბარი-ბარში ვართ? - გაეღიმა ბიჭს და თვალები შეანათა ქალბატონს. ცხოვრება მარადიული რომ ყოფილიყო, მარად მისი თვალების მზერაში გაატარებდა. -დიახ. - უპასუხა მიამ და წამოჯდომა სცადა. ჯერ კიდევ სუსტად იყო, თუმცა მაინც მოახერხა ადგომა ნიკოს დახმარებით. გაუღიმა მამაკაცს და ჰაეროვანი კოცნა აჩუქა, ბიჭმაც დაიჭირა და გულზე მიიდო მისი კოცნა. საოცარი სურნელება სუფევდა მიას გარშემო. მას თაფლის, მარწყვისა და ხასხასა ბალახის სურნელი ერთად ასდიოდა. მისი აყვავებული სახე მხოლოდ ღიმილს სტყორცნიდა ნიკოს. ერთად ბევრ რამეს სწავლობდნენ. ერთმანეთის დახმარების სურვილს აღავლენდნენ და ნიკო ცდილობდა ეზრუნა ქალბატონზე ისე, როგორც ამას მია აკეთებდა იქამდე, სანამ ფეხზე გაჭირვების გარეშე ადგებოდა. ერთმანეთისგან სწავლობდნენ უამრავ რამეს, თუ როგორ უნდა მოპყრობოდნენ ახლობლებს, როგორ ეზრუნათ ერთმანეთზე. ნიკო როდესაც მთელ დღეებს სახლში ატარებდა არასდროს უტოვებდა გოგონას ჭურჭელს დასარეცხს და ვახშამსაც მომზადებულს, გაშლილს ახვედრებდა. ამით ცდილობდა მადლიერება გამოეხატა ყველაფრისთვის, რაც მან უბოძა. უფალმა უბოძა თავშესაფარი, რასაც სთხოვდა მას და მადლიერი იყო ყველაფრისთვის. ერთ შაბათ საღამოს ფილმის საღამოც კი მოიწყვეს, მთელი დღეები რეცეპტებისა და მომზადების საიდუმლოს დახსომებაში ატარებდა ნიკო, გადიოდა დრო და უფრო ხელოვნდებოდა სამზარეულოს საქმეებში. ბატი-ბუტს აკეთებდა ტაფაზე უეცრად მიამ რომ შეძახილით შეაღო სამზარეულოს კარი, ნიკოს გული გაუსკდა ხელი აიქნია და სიმინდის უმეტესი ნაწილი ძირს გადმოეყარა, ჯერ განცვიფრდა, შემდეგ გუნება უნდა წახდომოდა, თუმცა ამის ნაცვლად სიცილი დაიწყო. გაეცინა მიასაც და სადღაც ნახევარი საათი გაუჩერებლად იხარხარეს. მხოლოდ მუცლების ტკივილმა შეაწყვეტინეს სიცილი და მისაღებში ტახტზე ჩამოსხდნენ. -მოდი ვნახოთ რა გადის ამ დიდ შავ ყუთში. - შესძახა ნიკომ და ხელი მოჰკიდა მიას. გოგონამ მას შეხედა, სითბოთი სავსე მზერა შეანათა მამაკაცს და თავი მხარზე დაადო. ნიკომ არ შეიმჩნია, ისე მიიღო ეს ჟესტი და ფილმის ყურებას შეუდგნენ. სასიყვარულო რომანი გადიოდა, ცოტა სახალისოც, ცოტა სევდიანიც. ყველა საჭირო ელემენტს შეიცავდა. წყვილს გული დაუთბა, გრძნობებს ძლივს აკავებდნენ რომ გარეთ არ გამოტყორცნილიყვნენ. ყველაზე მეტი მაინც ნიკოს სულში ხდებოდა, თითქოს აქამდე მსგავსი რამ არ განეცადა, თითქოს პირველად იყო ასე სითბოთი დაკავშირებული ადამიანთან, ვისი ხელიც ეჭირათ და მხარზე თავი დაედოთ. ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს. თითქოს უცხო იყო, თითქოს არასდროს განუცდია მსგავსი შეგრძნებები, თუმცა იმით ამართლებდა რომ არ ახსოვდა, მხოლოდ არ ახსოვდა. ფიქრობდა რომ ყველაფერს გაიხსენებდა და დაიბრუნებდა კვლავ იგივე შეგრძნებებს. ტრაგიკულმა დასასრულმა სულ შეაშფოთა მია და ძლიერ მიეკრა ნიკოს. თუმცა მალევე გაიაზრა მისი ქმედება და გაშორდა. ნიკო დატოვა აღტყინებული სიცოცხლით და სიხარულით სავსე, შოკირებულ მდგომარეობაში. ფიქრებს ვერ წყვეტდა ნიკო თავის ადრინდელ ცხოვრებაზე. არ შეეძლო გაეხსენებინა ვინ იყო და ვერც ახერხებდა მცირეოდენი სურათის აღდგენას, რათა გონებაში დაეხატა თავისი წარსული. ძლიერ აინტერესებდა თუ ვინ იყო სინამდვილეში და რა ადგილი ეკავა ამ სამყაროში. გულს ტკენდა ის ფაქტი რომ მათხოვრად აღიქვამდნენ, როგორც ეს ბიჭებმა თქვეს, თუმცა იქნებ მართლებიც იყვნენ? სასწრაფოდ უკუაგდო ეს ფიქრები და მიას მიუბრუნდა ღიმილით. -მგონი ძილის დროა, გაგიშლი საწოლს. - უხმოდ გავიდა ოთახიდან და ნიკოს საძინებლისკენ გაეშურა მია. მცირე ხნით მალულად კედელს აყუდებული ნიკოს სურნელზე ფიქრობდა, მის მამაკაცურ სურნელზე, კაცურ გამოხედვასა და სურვილებზე. თუმცა რაშიც მია არ იყო დარწმუნებული ეს ნიკოს სურვილი იყო მის მიმართ. თითქოს სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ვერ იაზრებდა რაოდენ ჭეშმარიტი იყო ეს ერთმანეთს მიჯრით მიწყობილი მოვლენები, კატაკლიზმებამდე რომ მიიწევდა. ცდილობდა არ შეემჩნია თუ როგორ სტკიოდა გული უყურადღებობისა თუ სხვა ფაქტორებისგან, მაგრამ ბოლომდე არ გამოსდიოდა და საწოლის გაშლის შემდეგ პირდაპირ ემოციურად შევიდა მისაღებში. - მზადაა! კიდევ რამე ხომ არ მოგართვათ მი ლორდ? -ნუ შეწუხდებით მილედი. - თავი დაუკრა ნიკომ და დასაძინებლად გაემზადა. ოთახისკენ, რომელიც არავის ეკუთვნოდა, როგორც შეიტყო მისი და რჩებოდა ხოლმე ამ ოთახში, როდესაც იტალიიდან ეწვეოდა ხოლმე რამდენიმე დღით. - მე დაგტოვებთ და წავალ, რათა სიმშვიდე მოგაპოვებინოთ. - გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. -ერთი წუთით. - შუა გზაში დაიჭირა მიამ. - მე მგონი რაღაც გრჩებათ მი ლორდ. - ჯაგრისს აწვდის და ანიშნებს რომ კბილების გასუფთავების დროა. მიუხვდება ნიკო და გამოართმევს ჯაგრისს. სააბაზანოში ყოფნისას ფიქრობდა რომ გაუმართლა, რა კარგად ექცეოდნენ, აქამდე ალბათ არ უგრძვნია მსგავსი სითბო და არ ღირდა ამ ქალბატონის სადმე მარტო გაშვება. არ ღირდა მისი დაკარგვა. ძლივს იპოვა ის ადამიანი, ვინც ასე თუ ისე ისეთი მიიღო, როგორიც იყო და არ აშინებდა არაფერი. მართალია არ ახსოვდა ვინ იყო, არ ახსოვდა საიდან იყო და რა დაემართა საერთოდ, თუმცა ადამიანს ტვინში დალექილი ინსტიქტები და ქმედებები იგივე რჩება და ამას ვერაფრით შეცვლიდა. ფიქრობდა ასევე თუ რა იქნებოდა მალე რომ გახსენებოდა ყველაფერი, ნუთუ რომ აღმოჩენილიყო რომ მართლა არაფერი ებადა თავის გზაზე გაუშვებდა მია მას? თუ დაეხმარებოდა, დაიტოვებდა, იზრუნებდა მასზე იქამდე სანამ ფეხზე არ წამოდგებოდა, საკუთარ სამსახურს არ იშოვნიდა და საკუთარ ბინას. დიდ ხანს მოუწევს ლოდინიო, გაიფიქრა და ჩაეღიმა ცოტა ბოროტად, თუმცა სარკის წინ ძალზე შემაშფოთებლად მოეჩვენა და მაშინვე გვერდით გაიხედა. -აბა ღამე მშვიდობის. - უთხრა ნიკომ მიას და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა შორიდან. მიას რეაქცია გვიან შეეტყო, მიიღო კოცნა და ასევე უპასუხა ყმაწვილს. -ტკბილი ძილი, საყვარელო. - ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი გამომშვიდობება მათთვის, რადგან არც ერთს არ სურდა თავის ოთახში შესვლა და ორივეს კვლავ ამ ღამის სასიამოვნო გაგრძელება ეწადა. თუმცა დაშორდნენ საბოლოოდ ერთმანეთს და ცალ-ცალკე ოთახებში განაწილდნენ. რამდენჯერმე გაიელვა და განათდა ცა. მიყოლებით დაიქუხა და ხმაურიანად შეძრა ყველაფერი. ჭექა-ქუხილთან ერთად მიას კივილის ხმა ისმოდა. მართალია ძლივს შესამჩნევად ისმოდა ძლიერი ქუხილის ფონზე, თუმცა ნიკომ ცოტა ხნის შემდეგ შენიშნა და მიას ოთახისკენ გაიქცა. დრო არ ითმენდა, ისეთი კივილის ხმა ესმოდა, თითქოს ვიღაც ახრჩობდა ან რაღაც უარესს უკეთებსო, ამიტომ პირდაპირ შევარდა საწოლ ოთახში და გოგონასთან მიიჭრა. მია ჯერ კიდევ იწვა. -როგორ ხარ? შენი ყვირილის ხმა გავიგე. - თითქმის ღრიალით ესაუბრებოდა ნიკო მას. გოგონას გაფითრებული სახე მაშინვე შენიშნა და აქეთ-იქით მოატარა თვალი ვინმე ხომ არ არის ოთახშიო. -ვის ეძებ? - ჰკითხა მიამ. -შენი შიშის მიზეზს. -ჩემი შიშის მიზეზი ეს ქუხილია. - უპასუხა ოდნავ დამშვიდებულმა, თუმცა გულიდან ხელს ვერ იშორებდა. კვლავ იქუხა და მაშინვე შეხტა გოგონა, წამოვარდა საწოლიდან და ნიკოსთან მიიჭრა ჩასახუტებლად. ყმაწვილს ხმა არ ამოუღია, თავზე ხელს უსვამდა გოგონას და ცდილობდა მისი გულისცემის მწყობრში მოყვანას. რამდენჯერმე კვლავ იქუხა და რამდენჯერმე შეხტა მია, თუმცა მალევე ამშვიდებდა ძლიერი მამაკაცის ხელში ყოფნა. ცდილობდა თავი ხელში აეყვანა, თუმცა დამოუკიდებლად არ გამოსდიოდა. ყვირილს ვერ წყვეტდა და მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ გადაღლილობისგან ჩაეძინა. ნიკოც გვერდით მიუწვა რათა მშვიდად ყოფილიყო და მეტად აღარ შეშინებოდა. გრძნობდა რომ იქ უნდა ყოფილიყო სადაც ახლა იყო და სწორად იქცეოდა, თითქოს თავის შინაგანი მე რაღაცას ჰკარნახობდა. იელვა. მიას მშვიდად ეძინა ნიკოს მკერდში ჩაკრულს. ყმაწვილი ხვდებოდა რომ ასე მარტივად ვერ დააღწევდა თავს გოგონას კლანჭებს და მოუწევდა მთელი ღამე მასთან ერთად ყოფნა. და როგორ სიამოვნებდა ამაზე ფიქრი? როგორ მოსწონდა ის აზრი რომ მარტო არ მოუწევდა ძილი ცივ ლოგინზე? სასიამოვნო იყო, საოცარი. გრძნობდა როგორ აღტყინებულად სიამოვნებდა ეს აზრი. ცდილობდა არ განძრეულიყო, რათა ოდნავ მოძრაობაშიც არ გაღვიძებოდა მას, ცდილობდა ისე ესუნთქა თითქოს საერთოდაც არ სუნთქავდა, სანაცვლოდ მიას სუნთქვა ისმოდა და ნიკოს ძლიერ ეცემოდა ყელში. იმდენად სასიამოვნო შეგრძნება იყო ლამის გააფთრებული სცემოდა გოგოს, თუმცა მსგავს რამეს ის არასდროს იკადრებდა და ეს თუ მოხდებოდა თავისთავად უნდა მომხდარიყო. უსაზღვროდ პატივს სცემდა მიას. უსაზღვროდ მადლიერი იყო მისი და თავის შეკავებას იქამდე აპირებდა, სანამ თავად არ მიხვდებოდა რომ ნამდვილად ამის დრო იყო. „დრო და განგება, ეს არის ორი ურთიერთ დამაკავშირებელი ცნება, რაც ამ ცხოვრების ფორმულას თავდაყირა აყენებს. ვიღაცას სჯერა განგების არსებობის, ვიღაცა გმობს მას, დრო მიდის, მიედინება სწორხაზოვნად და სადმე გადახვევის, ანომალიის შანსი მხოლოდ ფილმებში აქვს. როგორც მიდის დრო, ისე აღვიქვამთ ჩვენც უსათუო მოსახდენ მოვლენებს ერთმანეთის მიყოლებით, რასაც განგებას ვუწოდებთ და გვგონია რომ ეს ისედაც გვეწერა.“ - ფიქრებში შეყვა ნიკო და მიას ლამაზ წარბებს, საუცხოო წამწამებს აკვირდებოდა. – „სინამდვილეში დროის იმ სწორხაზოვან მონაკვეთს მივყვებით, რასაც ჩვენი სურვილები, ჩვენი ქმედებები ეკვეთება და იქმნება ერთი უსათუო მომავალი. ესეთ მომავალში წამით სასიამოვნო იქნებოდა გაჭყეტა, წიგნის ფინალით დაწყებას დაემგვანებოდა. შეგეძლებოდა დაგენახა რა მოყვებოდა შენს ქმედებას.“ ცოტა შეიშმუშნა ძილში მია, რამაც ფიქრი გააწყვეტინა. თავის თავზე ეცინებოდა, სამეცნიერო ფანტასტიკაში გავიჭერიო, თუმცა მაინც არ წყვეტდა ამაზე ფიქრს. ფიქრობდა ყოველ შესაძლო ვარიანტზე, განიხილავდა გონებაში ყველა ქმედებას თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო, თუმცა მოქმედებისკენ საკუთარ თავს არ უბიძგებდა. ერჩივნა იმედები გაემართლებინა ყველასთვის და მალე გახსენებოდა საკუთარი ვინაობა, წასულიყო მათგან და გაეგრძელებინა საკუთარი ცხოვრება, ვიდრე აქ დარჩენილიყო და ყველას კისერზე ჩამოკიდებოდა. ყველანაირად უნდოდა აეცილებინა ეს ტვირთი მიასთვის, რასაც გულისხმობდა სრულიად უცხო ადამიანზე ზრუნვა, ვისაც საერთოდ არ იცნობდა. ასე გულწრფელად მიიღო იგი, ენდო, გული გადაუშალა და ყველაზე გულწრფელადაც კი ისაუბრეს, მიამ მოუყვა თავის წარსულზე. როგორ გაუტეხეს გული და რატომ იყო მარტო. თუმცა ყველაფერს ლაღად და ბედნიერი სახით უყვებოდა, რაც აფიქრებინებდა ნიკოს რომ უკვე კარგა ხნის დავიწყებული იყო ეს ადამიანი მიას ცხოვრებიდან. ბოლოს მასაც ჩაეძინა. მშვიდად ეძინა. არაფერს გაუღვიძებია მთელი ღამე და დილით რომ გაახილა თვალი მია საწოლში აღარ დახვდა, სამსახურში წასულიყო. ემოციები დიდი იყო იმ ღამის, თუმცა გამხელა არავისთვის შეეძლო. საკუთარ თავში ჩაკეტა და გასაღები შორს მოისროლა, სადღაც წყლის ფსკერზე. მეორე ღამით არაფერი შეუნიშნავთ. ორივემ თითქოს დავიწყების ტილო გადააფარა და მეხსიერებიდან სამუდამოდ ამოშალეს ეს ღამე. ძველებურად ზრუნავდა ნიკო სახლზე. ძველი ტელეფონიც ეგულებოდა მიას თავის ნაქონი, რომელსაც სხვა ნომერი უყიდა, ნიკოს რომ შესძლებოდა მასთან დაკავშირება. ყმაწვილიც ურეკავდა საღამოობით და მარკეტიდან წამოსაღებ პროდუქციას აბარებდა. როდესაც ბიჭებიც მოდიოდნენ და კვლავ ერთად შეიყრებოდნენ, მათთან ხუმრობდა კიდეც, ზოგჯერ მავიწყდება რომ კაცი ვარო და მიას შეხედავდა. -რასაც დააბარებ, სახლში ყველაფერი მოაქვს და შემაწუხებელ დედაკაცად ვგრძნობ ამ დროს თავს. საკუთარ თავზე მეცინება. -კარგი რა ნიკო, - ანდრემ გადახედა. - ნუთუ შემაწუხებლად ითვლებიან ის ქალბატონები, რომ გვირეკავენ და სახლში რაც არ გვაქვს იმის მოტანას გვთხოვენ? - მაქსიმალურად ცდილობდა სახეზე ღიმილს არ გადაეკრა. -არა, მაგრამ... მე რომ მიწევს ამის გაკეთება... მე რომ მიწევს სახლში ჯდომა, არა მგონია მიასთვისაც ეს ყველაფერი მოსაწონი იყოს. -აბა რას ამბობ, ნიკო. - ჩაერთო მია ბიჭების საუბარში. - ჩვეულებრივი მომენტია, რას ვიზამთ. წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ ბედი რას გვიმზადებს. შესაძლოა მე აღმოვჩენილიყავი ქუჩაში, ამას ვერ გაიგებ, რა მოხდებოდა თუ... -კი, თუმცა ძლიერ მიჭირს იმისთვის თვალის გასწორება რომ გიყურებ როგორ შრომობ, მუშაობ და არაფერს ვაკეთებ შენს დასახმარებლად. მინდა მუშაობა დავიწყო. -ხო? - ერთხმად შესძახეს ანდრემ და ლაშამ. -დიახ. მუშაობის დაწყება მინდა და დღეიდან შევეცდები შესაფერისი სამსახური ვეძებო. -აი ეს სწორი და კაცური ნაბიჯია. - დააყოლა ბაჩომ. -რა თქმა უნდა, - სწრაფად მიუახლოვდა საბა მას და ხელი გაუყარა. - მომისმინე ძამიკო, - ცალკე გავიდნენ და კუთხეში ჩამოსხდნენ. - თუ სამსახური გინდა ძმაო, ბენზინ გასამართ სადგურზე შემიძლია გიშოვნო ადგილი, თან კადრები სჭირდებათ როგორც ვიცი და დაველაპარაკები უფროსობას. დარწმუნებული ვარ ცუდად არ მიიღებენ, პირიქით რომ გაგიცნობენ მოეწონები და მარტივად აგიყვანენ. -სადგურზე მუშაობ? -კი ამჟამად ცვლის უფროსი გახლავართ. - შესძახა მარჯვედ და თვალებში კობრასავით ჩახედა. -საინტერესოა, ხელფასი და გრაფიკი? -რავი ძმაო, სამ დღეში ერთხელ იქნები ოცდაოთხი საათით, ხელფასი კი იმდენია შენ ნამდვილად გეყოფა, დროებით მაინც. - ირგვლივ მყოფთ გადახედა საბამ. ანდრე უყურებდა ცოტა ეჭვის თვალით, თუმცა დანარჩენებს არც აინტერესებდათ სადგურის ამბები. -რას იტყვი ანდრე, რას მირჩევ? -მე მხოლოდ ერთს გეტყვი, - უპასუხა ანდრემ და მიუახლოვდა. - რასაც ამ პერიოდის განმავლობაში მივხვდი ისაა რომ არ უნდა თქვა უარი არანაირ შანსზე თუნდაც ოდნავ უკეთესი გახადო შენი ცხოვრება. მე ეს შანსი მომეცა, ჩემი ძმა გამოვიდა ციხიდან, ლაშას კი შვილის ყოლის შანსი გაუჩნდა და უარი არც ერთს არ გვითქვამს. დამიჯერე, შეგიძლია სცადო და თავად დარწმუნდე გიღირს თუ არა. -მადლობა. დღეიდან ყველაფერი შეიცვლება მია, აი ნახავ. იგრძნობ რომ ამ სახლშიც არის კაცი, ვისზე დაყრდნობაც შეგეძლება. - გაეღიმა მიას, ნიკომ კი ფიქრი განაგრძო. – „იგრძნობ, რომ გვერდით გყავს მამაკაცი, ვინც ზრუნავს შენზე, ვინც სითბოსა გაჩუქებს, ვისაც უყვარხარ.“ - ღიმილი არ შორდებოდა ნიკოს, თითქოს ამ ღიმილის მიღმა ძლიერ ლტოლვას, ძლიერ გრძნობას მალავდა. ყველაფერს იზამდა მიას გულისთვის და მის სურვილთა ტყვეობაში ჩაიკარგებოდა. - თანახმა ვარ, მინდა მუშაობა დავიწყო. გარეშე პირები ყველაფერს ხვდებოდნენ. მიას თვალებშიც სიყვარულის განთიადი ენთებოდა და ნიკოს გამომეტყველებაც გასცემდა. თუმცა მხოლოდ გარეგნულად აღენიშნებოდათ, თავად დაბრმავებულები ვერაფერს ხედავდნენ. მათთვის დალუქული იყო მთავარი ჭიშკარი. -ჯერ ბოლომდე რომ არ გაგხსენებია ვინ ხარ? გონებას კიდე უნდა ძალა დაატანო? - ჩაერთო ქალბატონიც ბიჭების საუბარში. -გპირდები მია, რომ მეორედ არავის არ ჩავუვარდები ბორბლებქვეშ. საზოგადოება გაამხიარულა ნიკოს სიტყვებმა. -მადლობა ამ დაპირებისთვის. აღარ ვინერვიულებ მაშინ, - თვალი ჩაუკრა გოგონამ. - არა, გვანც, ამ კაცებს ტვინის ნაცვლად მართლა ქვა უდევთ თავში. მართალი იყო დედაშენი. - უთხრა ბავშვს სიცილით მიამ და თავზე ხელი გადაუსვა. გვანცა მიას მეზობელი იყო, ხანდახან შემოდიოდა ხოლმე და მია მეცადინეობაში ეხმარებოდა, როდესაც დედამისს არ ეცალა. მიას მოსწონდა ბავშვები, ძლიერ მოსწონდა მათთან დროის გატარებაც და ბავშვობაში დაბრუნება და ასევე მოსწონდა როცა ცოდნას გადასცემდა მათ. -დედაჩემი მარტო მამაზე იძახის ასე. - შეუსწორასავით გვანცამ და გაეღიმა. -ხედავ? საერთო პრობლემა ყოფილა ასე რომ სანამ გათხოვებას გადაწყვეტ რომ გაიზრდები, კარგად დაფიქრდი, კარგი? ბავშვმა თავი დაუქნია. -გპირდები მია. შენ გარეშე საერთოდ არ გავთხოვდები. -ჩემი ჭკვიანი გოგო. - შუბლზე ეამბორა ბავშვს და ძლიერად ჩაეხუტა. ცალკე განმარტოვდა მია. გვანცაც წავიდა და ყველასგან მარტო სხვა ოთახში გავიდა. ნიკომ შეამჩნია მისი ნაღვლიანი სახე და თან გაჰყვა. დაინახა როგორ შევიდა ნიკოც ოთახში და ღრმად ამოისუნთქა გოგონამ. -ეჰ, ნიკო, ნიკო. - ჩაილაპარაკა თავისთვის და გვერდზე მიატრიალა თავი. -გისმენ. -ხანდახან ადამიანს მარტო დარჩენაც უნდა აცადო, საკუთარ ფიქრებთან. -ნუთუ? -დიახ. -შენი ფიქრები მე უნდა ვიყო. შენი სადარდებელიც მე უნდა ვიყო. ასე არ ფიქრობ შენ? -რა სისულელეა. - თავი გაასწორა და მის წინ ღია ფანჯრიდან ცქერა დაიწყო. -ცხოვრება სამარისებურად შესაძლოა გადაგეფაროს ხანდახან, და საკუთარი საბურველი შემოგახვიოს. შესაძლოა საკუთარ ნისლში ჩაგახრჩოს და ვერც მიხვდე თუ საით გაქვს გზა. დანამდვილებით ვერ გეტყვი, თუმცა რთულია, საკმაოდ რთულია როდესაც ცხოვრება ფსკერზე მოგისვრის და წაგართმევს ძალას წამოდგომის. სწორად მინდა გამიგო, ვცდილობ წამოვდგე, ძალა მოვიკრიბო და... -და როდესაც ყველაფერი გაგახსენდება? - ნაღვლიანად შეხედა გოგონამ. -ეგ გადარდებს? სუ არ გავიხსენებ წინა ცხოვრებას, რადგანაც თავს იდეალურად ვგრძნობ ამ ცხოვრებაშიც - შენთან. -თვალი უნდა გავუსწოროთ იმას რომ გაგახსენდება, გაიხსენებ შესაძლოა სხვა ოჯახიც გყავს და გელოდება, გეძებს. -ჰმ. ოჯახი? ოჯახი რომ მყოლოდა ქუჩაში ვიქნებოდი? -არ ვიცი, ნიკო. ვერ გეტყვი. ყველაფერს ვუშვებ გონებაში, ყველაფერზე ვფიქრობ. ოჯახი ყველას ჰყავს. ვინც გარეთ ზიან და მათხოვრობენ იმათაც კი. ამიტომ ოჯახის გარეშე შენც არ იქნები დამერწმუნე. და მერე რა იქნება? -არ ვიცი. - მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა და მიამ ზურგი შეაქცია მას. -მარტო დამტოვე. ძალიან გთხოვ. -მაპატიე, თუმცა ამ სურვილს ვერ შეგისრულებ. -რატომ? -რადგანაც შენ ამ მცირე ხანში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდი და მარტო ვერაფრით დაგტოვებ. -ჰმ... მნიშვნელოვანი? - ცინიკურად იკითხა მიამ. -ძალზედ მნიშვნელოვანი. თუ გაინტერესებს შეგიძლია ეკლებიც დაყარო შენს წინ და გამომცადო ფეხშიშველი თუ გავივლი. - ნიკოს გაეღიმა და თითოეულ ქმედებას აკვირდებოდა გოგონასას. ჯერ თვალებში შეხედა, შემდეგ ხელი მოისვა მკლავზე და ასევე ცრემლთა დამალვის მიზნით ხელი აიფარა სახეზე. - სტირი? რა გაქვს სატირალი ჩემო ლამაზო? გულზე თითქოს მალამოდ მოხვდა ნიკოს ნათქვამი „ჩემო,“ თუმცა ხმა არ გაუღია და არანაირი რეაქცია არ ჰქონია. თითქოს კლდესავით მაგრად იდგა და არანაირ ქმედებას არ ავლენდა, საერთოდ არც მოძრაობდა. სამწუხაროდ პირადი საუბარი საბამ გააწყვეტინა, როდესაც ოთახში შევიდა. -ნიკო, აქ ხ... უპს... მაპატიეთ ახალგაზრდებო, ხელი შეგიშალეთ? -არა, მოდი. - უთხრა მიამ და სასწრაფოდ გადაისვა თვალებზე ხელი. - უკვე გავდიოდი, საჭმელი მაქვს გაზზე დასადგამი, თქვენთვის აღარ მცალია ვაჟბატონებო. - გაეღიმა და ოთახიდან გავიდა. -აჰაააა, ეს რა იყო? - მხარზე დაარტყა ხელი საბამ. -რა იყო? -რაღაც ნუთუ არ იგრძენი? -რა უნდა მეგრძნო? - ჩვეულებრივად ჰკითხა ნიკომ. -მუხტი ნიკო, მუხტი? -ნწაჰ. -კარგი რა! -გეშლება, მეგობარო, გეშლება. აბა გისმენ, რა ხდება? -კარგი ჰო... დავრეკე სადაც საჭირო იყო და ხვალ უკვე გელოდებიან, გაგესაუბრებიან და გადაწყვეტენ, აგიყვანონ თუ არა. -ვა, ასე უცებ? -აბა რა! ვინც საბას სიტყვას მისდევს, არც ნანობს შემდეგ! -ჯიგარ, რით გადაგიხადო მადლობა. -ერთი კარგი გოგო შენზე იყოს. -შენით ვერ ჩალიჩობ არა? - გაეღიმა ნიკოს. -ბიჯო, რა არის იცი? ვცდილობ მაგრამ არ გამოდის. რამდენჯერ არ ვცადე გოგოს გაცნობა ჩვენში რომ დარჩეს, თუმცა არაფერი გამომდის, გოგოებს მანიაკი ვგონივარ და ნახევრად უკვე საპატრულოში რეკავენ მიტაცებენო. - ეღიმება საბას და ნიკოც მას ბაძავს. მხარზე ხელს ურტყამს მეგობარს და აგრძელებს: - ამას წინ ისე ვესაუბრებოდი ერთ უცნობ ქალბატონს, ულამაზესი გოგონა იყო, ვეუბნებოდი რა ლამაზი ხარ, თქვენი გაცნობა შეიძლება-თქო? ჯერ მიღიმოდა, მერე რამდენიმე ხუმრობა მოვიშველიე, ცოტა გავუგრძელე საუბარი და უცებ სახეში ლაწანს ვიღებ, მერე ჩანთას მირახუნებს თავში და მტოვებს საკუთარ თავთან მარტო, გაურკვევლად. -ეგეთების მეტი რა ვიცი ძმაო, მაგათ გამო ხომ არ დანებდები არა? -არა, რა თქმა უნდა, თუმცა შენ დაგეჯახნენ თუ არა, ეგრევე სახლში წამოგიყვანეს და იქნებ რჩევებიც მომცე. -ჯერ მოდი სამსახურის თაობაზე გავერკვეთ და მაგ საკითხს აუცილებლად გაგაცნობ, რაც ვიცი და მესმის იმას მაინც. - დაამშვიდა საბა და ოთახიდან გამოვიდნენ. უკვე მიდიოდნენ ბიჭები, გვიანი იყო, დაემშვიდობა ნიკო მათ, საბას კი შესძახა ხვალამდეო და კარი მოხურა. ყველაზე მეტად კარის მოხურვის შემდეგ დაითრგუნა. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, პირდაპირ ესაუბრა მიასთან იმ თემაზე რაზეც აუცილებელი იყო, თუ ჯერ დამშვიდება ეცადა. აფორიაქებული იყო გოგონა. გრძნობების დამალვას ცდილობდა, თუმცა მისი გაღიზიანება მარტივად აღსაქმელი იყო. უნდოდა რამის თქმა, თუმცა სიტყვებს ვერ პოულობდა საუბრის დასაწყებად. უნდოდა რამით დაემშვიდებინა ადამიანი, ვინც ისე შეიფარა არ უკითხავს ვინ იყო, რას წარმოადგენდა და საიდან იყო, ვერც ჰკითხავდა... ადამიანი, ვინც მცირე ღიმილითაც კი საოცარი სანახავი იყო და მისი გაღიმება ზეციურ აკორდეონს მოაგონებდა ნიკოს. თითქოს სულის იმ ნაწილში ჩაუსახლდა, საიდანაც ძნელად თუ ამოიშლება და მის ფიქრებს მხოლოდ ერთი მიმართულებით თუ ჰქონდა გასაქანი, მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა მის მჭევრმეტყველებასა თუ გრძნობათა ნაკადს. -ოთახი შეგეშალა. - ცივად მოუჭრა მიამ. -არ შემშლია. - მოკლედ უპასუხა ნიკომ. - შენთან მოვედი. -ჩემთან? კი მაგრამ რატომ? -რათა ყველაფერს წერტილი დავუსვა. -მაინც? -ცხოვრებაში მე არ ვიცი რისთვის მაქვს მიღწეული, არ ვიცი საერთოდ ვინ ვარ და არც ვიცი შევძლებ თუ არა გავიხსენო, ამიტომ რაც ზუსტად ვიცი და რაც დანამდვილებით შემიძლია ახლა გავაკეთო ეს არის... - დადუმდა ნიკო და მიას მიუახლოვდა, თვალებში უყურებდა გოგონას, ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას თუმცა ვერ ახერხებდა. გული იმდენად ჰქონდა აჩქარებული, თითქოს მთელი დედამიწა სირბილით მოევლო. უეცრად დაიხარა გოგონასკენ, ორივე ხელით მაგრად დაუჭირა მისკენ მომზირალი სახე და ულამაზეს, მარწყვისფერ ბაგეებს ეამბორა. მია გახევდა, ჯერ ვერ ხვდებოდა მის თავს რა ხდებოდა, ნიკო კოცნიდა და გული ხელით ეჭირა. მისი ვნებიანად მომზირალი თვალები კიდევ უფრო მეტად ათბობდა მიას გულსაც, თუმცა გოგონამ არც იცოდა რა რეაქცია უნდა გამოეხატა, როგორ უნდა მოქცეულიყო, თითქოს ხელის გაშვებასაც ცდილობდა, თავის დაღწევას ლამობდა, მაგრამ ნიკოს ტუჩებს გამოემწყვდიათ და ჩაენთქათ მათში. ნიკოს ბაგეებს მთლიანად შეევსოთ თავისუფალი ადგილები მიას გულში, სრულ ქაოსს სიმშვიდე მოსდევს, სიმშვიდე კი კვლავ ატრიალებს ქაოსს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.