შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი მთაში (თავი 1)


30-10-2024, 04:35
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 2 253

სახლი მთაში
თავი 1
სისხამი დილა იყო. ვარდისფერი აისი. ნამიანი ფოთლები, ცვარ მოკიდებულ ბალახზე აკიაფებული მზის პირველი სხივები. ბალახის, ყვავილების და ჯერ კიდევ უმწიფარი ხილის სურნელით გაჟღენთილი გარემო. უკიდეგანო, სიმწვანეში ჩაფლული მთების კონტურები ოთხსავე მხარეს და მთის გრილი სიო. მანქანა გააჩერა. უყურებდა, როგორ იწვერებოდა მზე, როგორ იკვეთებოდა კონტურები და ფართოფოთლოვან ტყეს, როგორ ცვლიდა ნაძვნარის სიმუქე.
შორ გზაზე წამოვიდა ერთი დღისთვის და უნდოდა არც ერთი სანახაობა არ გამოეტოვებინა. აუქციონზე შეძენილ სახლს ვარაუდით მიაკვლია და სანახევროდ მორღვეულ ღობეს დანანებით გახედა. ფოტოებში ეზოც სხვანაირი ჩანდა, ღობეც და სახლიც. იმედი არც ქონდა უკეთესის, მაგრამ თუ მთლად ბებერი კუდიანის ნასახლარს ემსგავსებოდა არც ეს ეგონა. მორყეული ჭიშკრის გაღება სცადა, მაგრამ ის ისე უწევდა წინააღმდეგობას თითქოს ვიღაცამ ჯადო გაუკეთა და უხილავი ფარი აღმართა მასა და სახლს შორის. მალევე დანებდა და ქუჩის მხრიდან გაუყვა ღობის ნარჩენებს. წელამდე ბალხს დაეფარა სახლამდე მისასვლელი გზაც და ეკალ-ბარდებს გადაევლო ყორეებისთვის. მხოლოდ ბებერი კაკლის ხეების ქვეშ ეყარა გამხმარი ტოტები და ნეშომპალას ნარჩენები. რამხელა და რა ლამაზი ხეები იყო. რა ჯობდა მათ ჩრდილში ზაფხულის დღეების გატარებას. წარმოიდგინა, როგორ გააბამდა ხეებს შორის ჰამაკს. ვაკიან ადგილზე ხის მორებისგან შეკრულ მაგიდას და სკამებს დადგამდა. ყორეების გასწვრივ დეკორატიულ ბუჩქებს გააშენებდა. უკანა ეზოში აუზის გაკეთებაც შეიძლებოდა. სახლს გონებაშივე მოხსნა სიძველისგან ჩამოშლილი დარაბები და ფანჯრებში შემოჭრილი მზის სითბო ისე ცხადად იგრძნო, თითქოს მართლა სახლში ყოფილიყო, როდესღაც მომავალ დროში, მაგრამ სახლში. მეორე სართულის აივნის დრომოჭმული ფიცრებიც შეეცვალა და პირველ სართულზე ქვის უშველებელი კედლებიც რიყის ქვებით მოეპირკეთებინა. აგიზგიზებული ბუხარიც წარმოიდგინა და ის ჟრიამულიც, რომელიც მეგობრების შეკრებას ახლავს ხოლმე.
- რომელი ხარ ბაბუა შენ? - მოხუცის სიტყვებმა მომენტალურად დააბრუნეს რეალობაში. ის აქ იყო, მისთვის სრულიად უცნობ გარემოში, ცნობისმოყვარე მზერით გარშემორტყმული და მაინც ყველაფერი ახლოს იყო მის სულთან.
- ამ სახლის პატრონი ვარ - ხელი გაიშვირა სახლისკენ.
- თორნიკეს შვილიშივილი ხარ შენ თუ იუზასი? - კითხა მოხუცმა - კარგი ხალხი იყვნენ, მაგრამ შენი დიდი ბაბუა რომ იყო იმისთანა კაცი იშვიათად. სულ ჩამოხვედი შვილო?
- ჯერ არა, მაგრამ ერთხელაც სულ ჩამოვალ - ჩაფიქრებით თქვა ანდრეამ.
- ასე, შვილო ასე, კერას არ უხდება გაციება. უნდა ჩამოხვიდეთ აბა რა უნდა ქნათ. არ გითქვამს შვილო რა გქვია შენ?
- ანდრეა
- მე გურამი მქვია შვილო, აგერ იმ სახლში ვცხოვრობ თუ რამე დაგჭირდა არ მოგერიდოს, შორებლები კი არ ვართ ბაბუიშვილები ვართ. ახლა საქონელს გავდენი და მობრუნებულზე გადმოდი ჩვენთან დავილაპარაკოთ.
- მთლად ასე არ არის საქმე გურამი ბაბუა, ამ ფუძის არ ვარ. ეს სახლი სამი კვირის წინ ვიყიდე...
- ესეც გაყიდეს?! - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა მოხუცმა - კარგი შვილო აღარ შეგაწყენ თავს. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენ სოფელში. - ეტყობოდა როგორ უმძიმდა მოხუცს. თვალებში ჩამდგარი ნაღველი ალბათ ცრემლადაც იქცეოდა კიდევ, რომ გაეგრძელებინა საუბარი.
ანდრეა დიდხანს უყურებდა მიმავალს. გულში რაღაც ჩასწყდა, მაგრამ ნეგატიურ ფიქრებს უფლება არ მისცა პირველი დღე გაეფუჭებინა. იფიქრა ეზოში კარიდან თუ არა ღობიდან მაინც გადავალო, მაგრამ ბედმა აქაც უმუხთლა, ალბათ ეს ჭინჭრებიც იმ მოხუცმა ალქაჯმა გაამრავლა ღობის ძირში ამ სახლში, რომ ცხოვრობდა. არა, ასე მარტივად ვერ დაამარცხებდა ანდრეას. ასე მარტივად ხელს ვერ ჩააქნევინებდა. დააცადოს, მაგისთვისაც მოიცლის და ერთ დღეს გათიბავს მთელ ეზოს, ან ვინმეს იპოვის ვინც გაუთიბავს, თორემ ცელი ცხოვრებაში ერთხელაც არ ჭერია ხელში. სახლი თითქოს შორიდან უყურებდა და დასცინოდა მის ფიქრებს და წარმოდგენებს ბებერ კუდიანზე. არა, ახლა ამის დრო არ აქვს, რა დროს ეზოს დასუფთავებაა. დღესვე უნდა დაბრუნდეს უკან. მთავარია მოვიდა, ახლა გადაიღებს ყველაფერს, კარგად დათვალიერებს, ნახავს რა სჭირდება და შემდეგ დაბრუნდება ხელოსნებთან და სახლის შეკეთებისთვის საჭირო მასალებთან ერთად.
სახლის კარიც ისევე იყო ჩაჭედილი როგორც ჭიშკარი. დარაბას უფრო მარტივად გაუმკლავდა და საკუთარ სახლში ქურდივით შეიპარა.
- პირველ რიგში შენ გამოგცვლი - დაემუქრა ხის კარს და მობილურის ფანარი გაანათა. ყველაფერი აბლაბუდებსა და მტვერს დაეფარა, მაგრამ კედლიდან მაინც უყურებდა ვიღაც ულვაშებიანი კაცი და ალბათ ის ჯადოქარი თავის დროზე, აქ რომ ცხოვრობდა.
- რას აიკვიატე ეს კუდიანები და ჯადოქრები - გაუბრაზდა საკუთარ თავს - ეს შენი სახლია, სახლი მთაში, სახლი რომელიც სულ გინდოდა. ახლა დარაბებს გახსნი, სინთლეს შემოუშვებ და მიხვდები რა გჭირდება ნორმალურად, რომ მოეწყო. - მტვრის და სიძველის სუნი ახრჩობდა, მაგრამ უკან დახევას მიჩვეული არ იყო. ხველებ-ხველებით გახსნა ფანჯრები და დარაბები. ალბათ რამდენი წელი არ ენახა მზის შუქი საცოდავ კედლებს.
- ჰაერი გაივლის და უფრო ადვილი გახდება, მეც დავისვენებ და შენც - ისე ელაპარაკებოდა სახლს თითქოს სულიერი არსება ყოფილიყო. - ამ ძველმანებსაც მოგაშორებ და ამოვისუნთქავთ. ახლა თუ მთლიანად ვერ შევძლებ გაისად მაინც შეგავლებ ხელს და მერე ზამთარშიც დავრჩები ხოლმე. ამ ზაფხულს კი მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. ყოველ შაბათ-კვირას ამოვალ და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება. ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვოთ შენი არსებობა, ჩემთვისაც ასე ჯობია და შენთვისაც, ასე უფრო მშვიდად ვიქნებით.
თითქოს სახლიც უთქმელად დაეთანხმა. მეც მივეჩვიე სიმშვიდეს და ასე მირჩევნიაო.
პირველი სართული მთლიანად ქვით იყო ნაშენი. კედლები ნორმალურად გამოიყურებოდა, ამიტომ ვერ მიხვდა ნესტის სუნი წყლის ბრალი იყო თუ წლობით გამოკეტილი კარის. მეორე სართულზე მიმავალი კიბეები სიფრთხილით აიარა და საძინებლების თვალიერებას შეუდგა.
- ნივთები მაინც წაეღოთ - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და ძველმანებით გამოტენილ კარადებს მტრულად გადაავლო თვალი. საძინებლების ფართი და წყობა მოეწონა,
- კარგია, აქ ბევრის არაფრის შეცვლა მომიწევს. - ჩაილაპარაკა თავისთვის - მაგრამ საიდან დავიწყო? პირველ რიგში ეს ძველმანები უნდა მოვაშორო და ის სურათები კედლიდან! - მომენტალურად მიიღო გადაწყვეტილება და კიბეებს დაუყვა. ულვაშებიანი კაცი სურათიდან ისე მტრულად უყურებდა უთუოდ გაიგო მისი ნათქვამი და ის ქალიც, ის ბებერი კუდიანი, ყველაფერი მისი თვალის ბრალი იყო. ანდრეას ფეხი დაუცდა კიბეზე და შუა ზალაში მოადინა ზღართანი. სიმწრით ჩაეცინა და თვალი სურათებს გაუსწორა - ასე არა?! კარგი ბატონო! ვნახოთ ვისი აჯობებს! - დაექადნა სურათებს და წამით მოეჩვენა, რომ ორივე მათგანს ჩაეღიმა. გაჭირვებით წამოდგა, მტვერი ჩამოიფერთხა და ხველებ-ხველებით გამოეცალა იქაურობას. მზე უკვე ზენიტში იდგა. ცხელოდა, მაგრამ აქ არც სიცხე იყო შემაწუხებელი. უკანა ეზოდან საოცარი ხედი იშლებოდა. უკიდეგანო მთები და მთებში მიმალული, კილომეტრებზე გადაჭიმული წყალსაცავი. ლურჯის და მწვანის საოცარი შერწყმა იყო უღრუბლო ცასთან. უყურებდა ხედს და ფიქრობდა, რომ ნამდვილად სწორ ადგილზე იყო. საკუთარი ქაოსური სამყაროსგან შორს. მერე რა თუ მისი ახალი სახლი პირქუში და ცოტა მტრულად განწყობილი იყო. ყველაფერს მოაგვარებდა.
- ანდრეა - მოესმა ქალის ხმა.
-"ნუთუ ის ალქაჯია"- გაიფიქრა თავისთვის. რაც აქ ჩამოვიდა ისედაც უცნაური ფიქრები აეკვიატა და ახლა ეს ხმა კიდევ. იმედი ქონდა, რომ გონება ეთამაშებოდა, ნელა მიბრუნდა და სანდომიანი სახის, ხანში შესული ქალი, რომ დაინახა რაღაცნაირად გულზე მოეშვა. -"ერთ დღეს ეს ფიქრები ნამდვილად გამაგიჟებს" -ჩაილაპარაკა თავისითვის და მოხუცი ქალბატონისკენ გაეშურა.
- მოდი შვილო გურამიმ მითხრა, ახალი მეზობელი ყოფილხარ, ნამგზავრი და მშიერი იქნები ახლა შენ. ისეთი ლობიანები მაქვს დამცხვარი თითებს მიაყოლებ. - არ ჩერდებოდა ქალი და თავის სახლისკენ მიუძღვოდა ახალ მეზობელს. სოფელს მაინც სხვა პეწი აქვს. ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი ის სითბო, რომელიც ყველას გვჭირდება და დღეს ასე იშვიათია.
- მე გულიკო ბებია ვარ შვილო - უთხრა ქალმა და კისრამდე შეკრულ, კოჭებამდე კაბაზე იქვე მიკიდებული ფართუკი გადაიცვა. - გურამიც ახლავე მოვა, იქით მეზობელთანაა, შარშან ერთად დავზარდეთ ღორები და ისეთი ვიჩინები გამოვიდა, რომ არ გამოსულა აქამდე. შენ საიდან ხარ ბებია?
- გვარის ფუძე აქედან მაქვს, გავაშელი ვარ გვარად.
- ჩვენებური ყოფილხარ. - რაღაცნაირი სიხარულით შემოკრა მოხუცმა ტაში და თითქოს ანდრეამ მეტი სითბო იგრძნო.
- ასე გამოდის - გაიღიმა მან და განაგრძო - ჩემი დიდი ბაბუის მამა ხის ხელოსანი ყოფილა. მაშინ დიდი მშენებლობები ყოფილა აფხაზეთში, ცოლშვილიც წაუყვანია და იქ დასახლებულა. მამაჩემი აფხაზეთში დაიბადა, მეც იქ დავიბადე, მაგრამ სულ მინდოდა აქ რამე მქონოდა. უფრო მთის კაცი ვარ.
- ჩვენიდან ბევრი წავიდა აფხაზეთში შვილო, ბიძაჩემიც სოხუმში ცხოვრობდა. ბაბუას ძმა იყო ასე წასული და იქ დაფუძდნენ, ძველი კინო იცი ბებია სად იყო? მაგი ბიძაჩემის სახლი ყოფილა და კომუნისტებს ჩამოურთმევიათ. დიდი სახლი იყო და კინო გააკეთეს მერე თურმე. ახალგაზრდობაში ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, ხან ისინი ჩამოდიოდნენ, ხან ჩვენ მივდიოდით. გურამი ქუთაისში მოეწყო "ზავოდში" და "პუწიოვკებს" გვიწერდნენ ხოლმე. მოსკოვშიც გაგვზავნეს ერთხელ. ლენინგრადშიც დავდიოდით. მაშინ ყველაფერი ფასობდა ბებია, გეგმა გვქონდა და სულ გადაჭარბებით ვასრულებდით. შრომის გმირია ჩემი გურამი აბა?! ჩემზეც დაწერეს ერთხელ გაზეთში. ფერმაში ვმუშაობდი მაშინ მწველავად. სურათიც გადამიღეს. საწყალი დედაჩემი ყველას აჩვენებდა, მრცხვენოდა ხოლმე სტუმრების. მამა ომის გმირი იყო, ჩემი ძმა რაიკომში მუშაობდა, ამაყი ქალი იყო დედაჩემი, გაუმართლა შვილებში. - გაუთავებლად ლაპარაკობდა ქალი და სუფრას აწყობდა. ანდრეა მაგიდასთან იჯდა, მოხუცს თვალს არ აშორებდა და გონებაში პარალელს საკუთარ ბებიებთან ავლებდა. ნეტავ რომელიმე მაინც მგვანებოდა...
- შეგიწუხა ბაბუა გული ხო? ასე იცის ამან, მოგიყვება ცისას და ბარისას.
- არა, რას ამბობთ - იუხერხულა ანდრეამ. - ძველ ამბებს ვიხსენებდით.
- აფხაზეთიდან ყოფილა გურამი - რაღაცნაირი სიხარულით უთხრა ქმარს - ჩვენებური გვარისაა, მაგრამ საწყალი ბიძაჩემივით დაუტოვებიათ აქაურობა და იქ გადასულან.
- კაი ქალო, სულ ტირილი შეიძლება? შეარგე ადამიანს სტუმრობა.
- როგორ გეკადრებათ... - ისევ უხერხულად შეიშმუშნა ანდრეა.
- კაი, გურამი კაი, რანაირად იცი ხოლმე აღარ მომანატრებინო ჩემები.
- შენები თუ გენატრება აიღე ტელეფონი და დაურეკე, ახლა მაინც ჩანან ყუთში. დაინახავ და ხმასაც გაიგონებ, გადამრევს ეს ქალი. - ბუზღუნებდა კაცი და თან ლორის მოზრდილ ნაჭერს ანაკუწებდა.
ისეთი უცხო იყო ანდრეასთვის ეს უშუალო გარემო, ეს საუბარი, ეს სითბო, ეს სურნელი, მაგრამ ისეთი ახლობელი აღარ ეთმობოდა. გენეტიკის რომელიღაც კოდი მაშინვე გააქტიურდა, როცა პირველად დადგა მიწის ამ ნაწილში ფეხი და მიძინებას აღარ აპირებდა. ალბათ სწორედ ეს იყო სისხლის ყივილი.
- ამაღამ ჩვენთან დარჩი - შესთავაზა გურამიმ სტუმარს - მეც მოგეხმარები, მეზობლებსაც დავუძახოთ და უცებ მივხედავთ ყველაფერს.
დაუგეგმავი ვიზიტი იყო, იმ დღესვე უნდა დაბრუნებულიყო თუ უნდოდა, რომ შეუმჩნევლად ჩაევლო სახლის ამბავს. თუმცა გურამი ბაბუას წინადადებაც მომხიბვლელად ჟღერდა. რა მოხდებოდა თუ დარჩებოდა და ნელ-ნელა მოაწესრიგებდა ყველაფერს? ისარგებლებდა მათი კეთილგანწყობით და ცოტა ხნით მაინც მოსწყდებოდა ქაოსსა და სიცივეს? წესით არაფერი უნდა დაშავებულიყო. ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ დედა და ბებია შოპინგ ტურიდან დაბრუნდებოდნენ. მამა კი იქამდე ვერ შეამჩნევდა მის გაუჩინარებას, სანამ ჩინურ მხარესთან კონტრაქტების განახლება არ გახდებოდა საჭირო. გადაწყდა, ანდრეა რჩებოდა.
ახლა მხოლოდ ის იყო გადასაწყვეტი რას მოუხერხებდა იმდენ ძველმანს.
- გურამი ბაბუა რამდენი ხანი იყო სახლი დაკეტილი? - კითხა მოხუცს.
- ბევრი შვილო, ბევრი. შეიძლება 15 წელიც გავიდა ან მეტი უკვე ასაკში ვარ და წლებს ვეღარ ვიმახსოვრებ. ბოლოს თორნიკეს რძალი იყო ჩამოსული ბავშვთან ერთად იმის მერე აღარავის გაუხსნია მაგ სახლის კარი. გულიკო, რა ერქვა ქალო თორნიკეს რძალს?
- მაგი რამ დაგავიწყა შე კაცო - შეიცხადა ქალმა - მაგნაირი მშრომელი გოგო მეორე არ იყო. ბავშვსაც მაგი უვლიდა და ამხელა ეზო-კარსაც. სულ დაწკრიალებული ქონდა ყველაფერი. გახსოვს რა ცელქი იყო მარიამი?
- მახსოვს, მახსოვს... - წამით თითქოს ფიქრებში წავიდა მოხუცი, მაგრამ მალევე გამოერკვა - სახელი გკითხე ადამიანო, ისტორია მოყევითქვა კი არ მითქვამს.
- მაია ერქვა, ნეტა სად არიან ახლა - სახლს დანანებით გახედა ქალმა - მაგათმა გაყიდეს ბებია ეს სახლი თუ იუზას მონაგარმა?
- რა იცის ახლა ამან ვინ ვისი მონაგარია შენ კიდე, გაანებე კაცს თავი, რანაირ კითხვებს უსვამ.
- რას გაცხარდი კაცო, შენ რომ გკითხოს ადამიანმა ხმა ვერ უნდა ამოვიღო.
- სინამდვილეში მეც არ ვიცი ვინ გაყიდა, აუქციონზე ვიყიდე და მათ არასდროს შევხვედრივარ - საუბარის განმუხტვა სცადა ანდრეამ.
- მნიშვნელობა არ აქვს ბაბუა, სახლს პატრონი უნდა! ხო ხედავ ეზოც გავერანებულია და სახლიც რას გავს, კიდევ რამდენიმე წელი და ესეც ჩამოიქცეოდა. - ხელი ჩაიქნია კაცმა - კარგია, რომ პატრონი გამოუჩნდა და მეც გამომიჩნდა მეზობელი. ხანდახან დავილაპარაკებთ მაინც სხვა თუ არაფერი.
- მეც მიხარია თქვენი გაცნობა - გაიღიმა ბიჭმა და მის ღიმილში იმდენი გულწრფელობა იყო, რამდენიც აქამდე არასდროს ყოფილა.

***
- ასე ბაბუა ჩემს ხნობამდე კი ვერ მოაღწევ - უთხრა მოხუცმა, როცა უკვე მეორედ კინაღამ მიაყოლა ანდრეამ ფეხები მოჭრილ ბალახს. - დაანებე თავი მაგას, მიშიკოს დავუძახებ საღამოს და გაგვათიბინებს. შენი ტოლი ბიჭია, წესიერი ადამიანი, რაიონში მუშაობს და რომ მოვა გადმოვიყვან, თან გაიცნობთ ერთმანეთს და თან მოგვეხმარება. მანამდე ჩვენ ესენი მოვჭრათ. - ყორეებზე მოდებულ ეკალ-ბარდებზე ანიშნა მოხუცმა.
- ამას საუკუნე ვერ მოვრჩებით - ჩაილაპარაკა ანდრეამ თავისთვის. მას არც წალდი კავებია ხელში როდესმე და ნაჯახიც ღრმა ბავშვობის მერე თვალით არ ენახა, მაგრამ მაინც მორჩილად გაყვა მოხუცს. თუ აქ ცხოვრება უნდოდა ყველაფერი უნდა ესწავლა. მომავალ წელსაც ამოვიდოდა ბალახი და რა ექნა, ისევ მეზობელების იმედად დარჩენილიყო?! არა! სხვის იმედზე ყოფნა მისი ცხოვრების წესი არ იყო. ყველაფერს ისწავლიდა და თავად მიხედავდა. სხვას თუ შეეძლო თავად რატომ ვერ შეძლებდა?! ყველაფერს შეძლებდა! ეზოსაც მიხედავდა და სახლსაც! ანდრეამ თვალი ისევ სახლისკენ გააპარა. რატომღაც აღარ მოეჩვენა, რომ მტრულად უყურებდა, მაგრამ როგორც კი ჭინჭრები დაინახა ისევ ბებერი კუდიანი წარმოუდგა თვალწინ. არა, ეს ქალიც დანებებას არ აპირებდა. ყველგან ეკლები და ჭინჭრები მოემრავლებინა, თითქოს წინასწარ განეჭვრიტა მომავალი და მახეები დაეტოვებინა. ამ ჭინჭრებში ყორეებიდან ჩამოშლილი ქვები ეყარა. ასკილისა და კუნელის ბარდები კი ისე შეზრდილიყო ერთმანეთში თავი და ბოლო არ უჩანდა.
საღამოს ანდრეა უკვე კარგად დაღლილი იყო მოხუცს კი დაღლის არაფერი ეტყობოდა. ისე გამოიყურებოდა თითქოს ცხოვრების რუტინისთვის არც კი გადაეხვიოს. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მისი ასაკის კაცს სუნთქვა მაინც უნდა გახშირებოდა სხვა თუ არაფერი. თვითონ კი ძლივს სუნთქავდა და გულში შეიძლება საკუთარ სიჯიუტესაც ლანძღავდა. ახლა წესით საკუთარ პენტჰაუსში უნდა ყოფილიყო, მეგობრების გარემოცვაში და დრო ნაჯახთან და ეკალ-ბარდებთან კი არა, მათთან ერთად გაეტარებინა.
- გამარჯობა გურამი ბაბუა - ჭიშკარს ჩამოეყრდნო ახალგაზრდა. - გავიგე ახალი მეზობელი გვყოლია.
- შემოდი მერე შე კაი ადამიანო, რავა შორიდან იძახი.
ახალგაზრდამ ერთხანს უშედეგოდ უტრიალა ჭიშკარს, მაგრამ მანაც ვერაფერი მოუხერხა და ისიც ღობიდან შევიდა ეზოში.
- გამარჯობა - მიესალმა ანდრეა მოსულს და ხელი გაუწოდა - ანდრეა გავაშელი.
- მიშიკო ვაჩაძე - მყისიერად შეაგება ხელი ანდრეას გაწვდილ ხელს მოსულმა.
- მოდი ბაბუა სანამ დღის შუქია ეს მაინც გავთიბოთ - წინა ეზოზე ანიშნა მოხუცმა მიშიკოს - მერე ჩემთან ვივახშმოთ და წელი დავასვენოთ ცოტა.
წელის დასვენება კარგად ჟღერდა. არც ვახშამი იყო ურიგო, მაგრამ წინა დღის ღამე ნათევს და მთელი დღის გადაღლილს ყველაზე მეტად ცხელი შხაპი და რბილი საწოლი უნდოდა.
საქმე, რომელიც ეგონა საუკუნე არ დასრულდებოდა, რეალურად ერთი დღეც არ დასჭირვებია. ბოლო აკორდი მოჭრილი ეკალ-ბარდების ერთ ადგილზე შეგროვება იყო და ამასაც შეძლებისდაგვარად ვაჟკაცურად გაუმკლავდა. არც დაკაწრულ-დასისხლიანებული მკლავები შეუმჩნევია, არც გადატყაული ხელები და არც ჭინჭრისგან დასუსხული ფეხები. არა, ზოგი მაინც რა მწარედ ისუსხებოდა ეს ოხერი. ახლა მაინც ხო მოსპო ყველაფერი, ხვალ ქვებსაც დააბრუნებდა თავის ადგილზე და ეზოს მაინც დაამსგავსებოდა ეზოს, სახლს თუ ვერ მოუხერხებდა ვერაფერს.
- რაღაცნაირი აქცენტით საუბრობს თუ მე მეჩვენება?- კითხა მიშიკომ მოხუცს.
- აფხაზეთიდანაა, გასაკვირი ის არის ასე კარგად, რომ ლაპარაკობს ქართულად - თქვა მოხუცმა და ანდრეას ანიშნა მოდიო - წამოდი შვილო, გამზადებული ექნება გულიკოს ვახშამი, ხვალინდელი დღეც ამ თვისაა.
ხელ-პირი ეზოშივე გადაიბანეს, ცივი წყალი იყო. უჩვეულოდ ცივი და გემრიელი. ან ანდრეას ეჩვენებოდა ასე. საღამოს აგრილდა კიდეც. იმდენად, რომ უსიამო გახდა ის არსაიდან მოსული ნიავი მთელ დღეს, რომ ახალისებდა. გულიკო ბებიას ცხელ-ცხელი ლობიანები კი ყველაზე გემრიელი რამ სამყაროში.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა - გამოემშვიდობა მიშიკო ახალ მეზობელს. - მე, იმ სახლში ვცხოვრობ - ანიშნა გადაღმა ეზოზე - თუ რამე დაგჭირდა არ მოგერიდოს.
- ვფიქრობ არც თუ იშვიათად შეგაწუხებ - გულწრფელად გაიცინა ბიჭმა და სახლს გახედა. ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი, მაგრამ სიბნელეშიც იმედისმომცემად ჩანდა მთელი დღის შრომის შედეგი.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგი იყო. იმედია ბევრს არ გვალოდინებ.

 


№2  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი ნინო
ძალიან კარგი იყო. იმედია ბევრს არ გვალოდინებ.

მართალია ეს ისტორია წერის პროცესშია, მაგრამ დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ, ყოველ მეორე დღეს ავტვირთავ ახალ თავს blush

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან მიხარია თქვენი გამოჩენა. მომწონს ანდრიას გმირი. განსხვავებული და საინტერესოა. წატმატებებს გისურვებთ

 


№4  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი ნინო
ძალიან მიხარია თქვენი გამოჩენა. მომწონს ანდრიას გმირი. განსხვავებული და საინტერესოა. წატმატებებს გისურვებთ

;P
დიდი მადლობა, ყოველთვის ვცდილობ ერთმანეთისგან განსხავავებული და სახასიათო გმირები შევქნა blush

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიკა

საინტერესოა, იმედია ასეც გაგრძელდება. წარმატებები ❤️

 


№6  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი მარიკა
საინტერესოა, იმედია ასეც გაგრძელდება. წარმატებები ❤️

იმედია გაგიმართლებთ იმედებს ????????

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

რაღაც საოცრად კარგია :)

 


№8  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი ნინო
ძალიან კარგი იყო. იმედია ბევრს არ გვალოდინებ.

შეძლებისდაგვარად ინტენსიურად ვდებ, წერის პროცესშია და ვერ დაგპირდეპირდებით, რომ კვირაში სამ თავზე მეტს დავდებ blush

სტუმარი ნათია
რაღაც საოცრად კარგია :)

დიდი მადლობა heart_eyes

 


№9 სტუმარი სტუმარი მაია

ძალიან კარგია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent