პიროვნების სიღრმე - თავი პირველი (ნაწილი II)
რორის მეორე სამყარო მისი მეგობრები არიან. რას იზამდა მათ გარეშე ვერც კი წარმოუდგენია. ბავშვობიდან ერთად გამოიარეს ყველაფერი, რაც მათ ცხოვრებაში მოხდა. ყველაფერი ერთად გადალახეს. რა გითხრა მკითხველო? ასეთი მეგობრობა იშვიათად თუ მინახავს. მათ ისევე სწყინდათ ერთი-მეორის გასაჭირი, როგორც საკუთარი და ისევე ახარებდათ ერთმანეთის სიხარული, როგორც თავიანთი. ლექსი, მათ შორის ყველაზე პატარა იყო. სკოლაში ნაადრევად მიიყვანეს მშობლებმა მისი ადრეული განვითარების გამო, ამიტომ კლასელებს ერთი წლით ჩამორჩებოდა. ტანითაც დაბალი იყო, თუმცა გამხდარი და პროპორციული. სახე მთლიანად ბავშვური ჰქონდა. მისი ძველი ფოტოებისთვის რომ გადაგეხედა იფიქრებდი, რომ საერთოდ არ შეცვლილა წლების განმავლობაში. ლექსის სპორტი ძალიან უყვარდა. მისი დაბალი ტანადობიდან გამომდინარე სხარტი და მოქნილი იყო ბავშვობიდან. თუმცა სიმაღლე თავის საყვარელ სპორტში მოღვაწეობისთვის სულაც არ უწყობდა ხელს. რამდენჯერ მოუსმენია გარშემომყოფებისგან, ნათესავებისგან, მასწავლებლებისგან, ბავშვებისგან და ჟიურისგანაც კი, რომ ის ზედმეტად დაბალი იყო და ფრენბურთში წარმატებული ვერასდროს იქნებოდა. ნუ ბრაზდები მკითხველო, ეს ხალხის დაავადებაა. განსჯა სენია, რომელიც ყველა ჩვენგანს მოჰყვება მუცლიდან და ღვივდება სოციუმთან ურთიერთობის დროს. თუმცა ღვივდება ჩვენში იმ დოზით რა დოზითაც ჩვენი გონება სხვისი შეფასებითაა დაკავებული. ჩემი მოკრძალებული ანალიზი განსჯასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ასოცირდება ოჯახში, ან ადამიანების სხვა ჯგუფში მიმდინარე საკითხებთან, მათი განხილვის ფორმებთან და პრიორიტეტებთან, ვისთანაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ბავშვობის ტრავმების შედეგად გაღვივებული ბევრი სახის კომპლექსი, რომელიც აპროვოცირებს ჩვენში სხვისი შეფასების საჭიროების შეგრძნებას. ასე რომ ცუდი მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რომ ადამიანებს უყვართ სხვისი შეფასება და შესაბამისად განსჯაც. ზოგჯერ ისეთი ფორმით და იმ ინტენსივობით, რაც ადრესატისთვის შესაძლოა ძალიან დამაზიანებელიც კი იყოს. ლექსიზე ამ შეხედულებებმა და დამოკიდებულებებმა მისი ცხოვრებისეული მისწრაფებისა და არჩევანის შეცვლა განაპირობა. მარტივია შეხედო მესამე თვალით და თქვა - მაინც არ უნდა შეეცვალა თავისი სურვილი და უნდა მიჰყოლოდა იმას რასაც უნდოდა-ო - მაგრამ ჩვენ ვერასდროს გავიგებთ თუ რამდენად რთულია დააიგნორო ყველა გარე ფაქტორი, გეყოს ნებისყოფა და სცადო ხალხისთვის შეუძლებლის დამტკიცება. ამასაც თავისი წინაპირობები სჭირდება, ის წინაპირობები რაც ჩვენს ძლიერ ფსიქიკას აყალიბებს. ლექსი ფეხბურთს გაჰყვა. ისაა ამისი მაცოცხლებელი. ხანდახან კი გაჰკრავს ხოლმე გულში იმაზე ფიქრი, რომ შეეძლო გამხდარიყო ისეთი ფრენბურთელი როგორიც იყო დებორა გრინი, ჯემ ფერერი, თუმცა მაშინვე იშორებს, რადგან ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, იმდენად ჩაფლულია ფეხბურთში. - აუ როგორ მეზარება, დასწრება აუცილებელია? - კითხა ლექსიმ გოგოებს. ესიკვდილებოდა იმ ფორუმზე წასვლა. რამდენი უინტერესო რამ უნდა მოესმინა იმ დღეს რომ წარმოიდგენდა უცებ გული ერეოდა და იმაზე ფიქრს იწყებდა იმ დროს თუ ვარჯიშს დაუთმობდა რამდენად წაადგებოდა საკლუბო ტურნირისთვის. - კარგი რა! გეყოფა. - თვალები გადაატრიალა რორიმ - ისე ვნერვიულობ! ბოლო 4 თვის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ამაზე ამაღელვებელი მგონი არც არაფერი მომხდარა. - დამშვიდდი მალე დამთავრდება რა იყო, 1 საათიც ვერ გაძლებ? მოდი და წადი მერე... - ჩაერთო საუბარში ტანია. - ვის რა აწუხებს რაა... - ჩაიცინა რორიმ და გრძელ სკამზე წამოწვა. - შეიძლება ამან გადაწყვიტოს ჩემი მომავალი კარიერა. - ათასჯერ გექნება კიდევ ეგეთი შანსი და ნუ ნერვიულობ, თორემ ისე დაგემართება, როგორც მაშინ იმ მოწვეულ ლექტორთან, ენა რომ დაგება. - წამოიძახა ლექსიმ და მაშინვე ინანა. გამხნევება უნდოდა, მაგრამ მგონი პირიქით უფრო გამოუვიდა. - აუ რეებს მახსენეეებ!!! - სახეზე ხელები აიფარა რორიმ. - კაი დაანებე თავი ისედაც ნერვიულობს კიდე ეგ უნდა? - დაუცაცხანა ტანიამ. ტანია სრულიად განსხვავებოდა ორივესგან. როგორც გარეგნულად ისე შინაგანად. ხასიათიც სრულიად სხვანაირი ჰქონდათ. რორი ზედმეტად ნერვიული და მშფოთვარე იყო, ამავდროულად ლაღი და მხიარული. ლექსი გულჩაკეტილი იყო და ძირითადად თავის თავზე არ საუბრობდა, მეგობრების დამშვიდებაც ნაკლებად შეეძლო, თუმცა კარგ რჩევას მოგცემდა. თუ ნამდვილად სიმართლის მოსმენა გინდოდა ლექსისთვის უნდა მიგეკითხა და ის პირდაპირ პირში მოგახლიდა მწარე ჭეშმარიტებას. ხოლო ტანია, ის ორივესგან განსხვავებული იყო - დამყოლი ხასიათის, ემპათიური ადამიანი გახლდათ. მასთან სიმშვიდეს პოვებდი. შეეძლო საერთოდ არ ამოეღო ხმა და მთელი დღე და ღამე შენთვის ესმინა. რჩევას თუ ჰკითხავდი შესაძლოა არც კი ეპასუხა იმიტომ, რომ კარგად ესმოდა სხვა სხვის საქმეში ვერასდროს ვერ იქნებოდა ვერც ბრძენი და ვერც მართალი. ის ამ სამეულში მშვიდობის მტრედი იყო. რა იქნებოდა მომავალში არავინ იცის. თუმცა იმ ეტაპისთვის ეს სამი ადამიანი ერთმანეთს ავსებდა და ეს სრულიად საკმარისი იყო მათთვის, რომ ჯანსაღი ფსიქიკა შეენარჩუნებინათ. კარგი მეგობარი წამალია ადამიანისთვის. მაშინ, როცა გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, ვისაც ყველაფერს გაუზიარებ - შენს ტკივილს, სიხარულს, იმედგაცრუებას, აღფრთოვანებას, მოლოდინებს... ყველაფერს, შენ მდიდარი ხარ. შენ ის გაქვს, რაც დედამიწაზე მცხოვრებ უმეტეს ადამიანს არ გააჩნია - წრფელი სიყვარული, რომელიც არც სისხლით ნათესაობიდან გამომდინარეობს და არც სექსუალური და რომანტიკული მოთხოვნილებებიდან. ფორუმის დაწყებისას რორი უკვე ისე ნერვიულობდა, რომ 3 აბი დამამშვიდებელი ჰქონდა დალეული, თუმცა არაფერი შველოდა მაინც. ორგანიზატორებმა ივენთის დაწყება ამცნეს დამსწრეებს და პატარა წარდგენა გაუკეთეს, როგორც მოწვეულ ბიზნესმენებს ასევე სტუდენტებს. მიუხედავად დიდი ღელვისა, ფორუმმა წარმატებით ჩაიარა. რორიმ ბევრი კარგი და წარმატებული ადამიანი გაიცნო, ბევრიც არ მოეწონა მათი ხასიათიდან ან საუბრის მანერიდან გამომდინარე. თავის გულში ფიქრობდა, რომ მათნაირი არასდროს გახდებოდა, გულქვა და ცივი არასდროს იქნებოდა. რორის ოცნებები მხოლოდ კარიერას არ მოიცავდა, რა თქმა უნდა. მას უნდოდა, რომ ლამაზი ოჯახიც ჰყოლოდა, ბევრი შვილები. სხვადასხვა წრეებზე ეტარებინა ისინი. ესწავლებინა, რაც თვითონ იცოდა. სიყვარული გაეზიარებინა მის მეორე ნახევართან ერთად. უნდოდა მის შვილებს მისით ეამაყათ, უნდოდა სამაგალითო ყოფილიყო მათთვის. ან ვის არ უნდა? შენ არ გინდა მკითხველო, რომ საამაყო იყო შენი შვილებისთვის ახლა ან მომავალში? რორი სხვის მაგალითზე სწავლობდა, აფასებდა გარემოს, აფასებდა სხვა ოჯახებს და ადამიანებს, რომლებმაც უკვე მესამედი ცხოვრება განვლეს, აკვირდებოდა როგორ კონდიციაში იყვნენ ისინი და საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ ის მათზე უკეთესი უნდა ყოფილიყო. თავის ოჯახზე უკეთესიც. დედაზე, მამაზე, დეიდაზე, მამიდაზე, ბიძებზე... ის მათზე უკეთესი უნდა ყოფილიყო, რადგან ხედავდა მათ ნაკლებს, ხედავდა მათ რა აკლდათ ცხოვრებაში, რა ვერ შეძლეს, როგორ უნდა ეცხოვრათ და არ მოინდომეს, ან თუნდაც რაიმემ ხელი შეუშალათ, რა მნიშვნელობა აქვს? რორის ეს ყველაფერი თავიდან უნდა აერიდებინა... ნუ ეცადა მაინც. ის ხვდებოდა, რომ ეს მისი დასაწყისი იყო. დღევანდელმა ფორუმმა აჩვენა, რომ ის წარმატებული ადამიანებიც ისეთივეები არიან, როგორიც ყველა. ისევე უშვებენ შეცდომებს, როგორც ყველა. ისევე იღებენ არასწორ და სწორ გადაწყვეტილებებს, როგორც ყველა. ასე რომ რორის აღარ ეშინოდა მომავლის, ის პირიქით მისი წყურვილით კვდებოდა, მისკენ ისწრაფოდა. მოუთმენლად, საოცარი მოლოდინით, აღფრთოვანებით. ის საკუთარ თავს ეძებდა. თავს, რომელიც უნდა ყოფილიყო და იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. მკითხველო, რორის, და მისი სახით ყველა ადამიანის ცხოვრება დახუნძლულია ბევრნაირი მოლოდინებით. ნათქვამია, რომ - ადამიანი იმედით ცოცხლობს, ჩემი ნება, რომ იყოს მე ამას ასე შევცვლიდი - ადამიანი მოლოდინებით ცოცხლობს. ეს მოლოდინი კი ყოველთვის იმედი არ არის. ეს მოლოდინი შიშიცაა, მოუთმენლობაც, სევდაც, ტკივილიც, თუმც მხოლოდ იმედი არა. მე ძალიან არ მინდა მკითხველო შენი დაბნევა. კარგად მოგეხსენება, რომ ადამიანები ისე ხედავენ საკუთარ თავს, ცხოვრებასა და მომავალს, როგორც თავად უნდათ, რომ ეს ყველაფერი გამოიყურებოდეს. თუმც იქ ბევრი სხვა გარე ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებებზე, მათ აზროვნებაზე, მათ მისწრაფებებზე და სურვილებზე. და საბოლოოდ მაინც ისე ხდება, როგორც ამას ცხოვრება მოგვიწყობს. მთავარია მიმართულება, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ საკუთარ მას, მთავარია ის სიძლიერე, რომელსაც კრიტიკულ მომენტებში ვიჩენთ საკუთარი თავი მიმართ, და მთავარია ის ნებისყოფა, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და მის განხორციელებაში გვეხმარება. ცხოვრება ჩვენი სისუსტეებისა და სიძლიერეების ანარეკლია. იქ იკითხება ჩვენი გულის ტკბილი და მწარე საიდუმლოებანი. ისინი, რომელსაც არავის ვუმხელთ, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ხვდება, თუნდაც ამას ხმამაღლა ვყვიროდეთ. ჩვენი გონება იმპულსურია, სული კი პრაგმატული. და რადგანაც ჩვენ არ შეგვწევს ძალა, რომ ჩვენი პირადი საიდუმლო სივრცე დავიცვათ მავნე გარემოსგან, ჩვენი სული იცავს მას და არ გვაძლევს საშუალებას სიტყვებით გამოვხატოთ, რაც ქვეცნობიერში მყარად გაქვს ჩამარხული. ყველას ცხოვრებაშია ის ნათელი პერიოდი, რომელმაც მას რამე ღირებული დაუტოვა. და აი რორის ნათელი დროის ნაგლეჯიც. ბავშვობა მისი სიძლიერეა. თითქოს დიდობაში უკვე ბუნდი, უკვე მივიწყებული, უკვე მქრქალი, როგორც ძველი ნახატი, თუმცა ამ ძლიერმა მომენტებმა აჩუქა მას სულიერი სიძლიერე. ამას მომავალში ვერასდროს შეიძენდა იგივე ცხოვრებით რომ ეცხოვრა, როგორითაც მან დანარჩენი 10 წელი განვლო. 10 წელი ხომ თითქოს არაფერია? ერთი შეხედვით მარტივი და მოკლე მათთვის, ვისი ცხოვრებაც დინებას მიჰყვება და მნიშნელოვანი არაფერი იცვლება, თუმცა არა რორისნაირი ადამიანებისთვის. ჩვენ ვერ ვაფასებთ ხშირად უფლისგან ბოძებულ იმ დროსა და გარემოს, რაც ყველა პირობას გვაძლევს იმისათვის, რომ ცხოვრება ჩვენს გემოზე მოვიწყოთ. ჩვენ გვაბრმავებს ჩვენი სურვილები და მხოლოდ მომავლით ვცხოვრობთ, მხოლოდ მოლოდინებით. არ ვუსმენთ აწმყოს, არ შევიგრძნობთ მის სიტკბოს და არ ვეფერებით, არ ვესაუბრებით. მხოლოდ გვერდით ვწევთ და მომავალს ვუყურებთ, როგორც პატარა გოგონები უყურებენ დიდ გოგონებს და საკუთარ თავს არაფრად აგდებენ, როგორც დამწყები პროფესიონალები უყურებენ თავიანთ იდეალებს და საკუთარ პროფესიონალიზმს არ აფასებენ. ჩვენი დროის ფლანგვაც ესაა - აწმყოს გახანგრძლივებას არასდროს ვცდილობთ, მხოლოდ მომავლის მალე დადგომა გვსურს. მკითხველო, ეს პირველი თავის დასასრულია. გთხოვთ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება ისტორიასთან დაკავშირებით და გამიზიაროთ. ეს დამეხმარება, როგორც ხარვეზების გამოსწორებაშ და ისტორიის უფრო საინტერესოდ ქცევაში, ასევე დამამოტივირებს, რომ გავაგრძელო წერა, თუნდაც ერთი ადამიანის ინტერესიდან გამომდინარე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.