შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნანგრევებს მიღმა (თავი 4)


23-04-2025, 22:08
ავტორი Daisyd
ნანახია 595

_მაგარ შარში ხარ, ძმაო!_რამდენიმეწუთიანი დუმილი კვლავ უფროსმა მელიქიშვილმა დაარღვია. ბიძაშვილები ოთახის საპირისპირო მხარეს, იატაკზე ისხდნენ და ერთმანეთს არ უყურებდნენ.
_გგონია, არ ვიცი?_გგონია, არ მიცდია დამევიწყებინა? გგონია, მისი ხმას არ ჩამესმის, მაშინაც კი, როცა ჩემს გვერდით არაა?
_მაშინ ისევ რატომ ატყუებ?
_იმიტომ, რომ ამ სიმართლეზე უკეთესს იმსახურებს._ყბები დაეჭიმა.
_არა, სიმართლეს იმსახურებს! მას არ ვიცნობ, მაგრამ მინახავს, შენ როგორი ხარ მის გვერდით. თითქოს ყოველი კუნთი გაიძულებს, რომ მისი შეხებისგან თავი შეიკავო. გეშინია, რომ შეგხედავს და ყველაფერს მიხვდება.
_ჩემზე კარგ ადამიანს იმსახურებს.
_მაშინ უნდა ეცადო, ის ადამიანი გახდე.
სანდროს აღარაფერი უთქვამს.
_გულწრფელად მიპასუხე._მიშომ ღრმად ჩაისუნთქა._მაშინ, ბანკეტზე...შურისძიება გინდოდა?
სანდრომ თავი ნელა ასწია, რათა ბიძაშვილისთვის თვალებში ჩაეხედა.
_თავიდან...კი.
_ჯანდაბა!
_ნორმალურად არც კი ვიცნობდი...მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მამამისი გამო ჩემს ოჯახს საშინელი პრობლემები ჰქონდა. ის კი იქ იყო, თითქმის მთელი საღამოს განმავლობაში მარტო იდგა, მთვრალი...დაგეგმილი არაფერი მქონია, მაგრამ რაც მოხდა...არც შემიჩერებია.
_ღმერთო!_მიშო სუნთქვაშეკრული უსმენდა._და ახლა?
_მეგონა, ვეღარასოდეს ვნახავდი. მეგონა, დანაშაულის გრძნობა ოდესმე შემსუბუქდებოდა, მეგონა დამავიწყდებოდა.
_მაგრამ ვერ დაივიწყე.
_ვერაფრით. და ღმერთო, როცა იმ დღეს ჩემს ბინაში დავინახე, მეგონა სამყარომ მეორე შანსი გამომიგზავნა, პანდორას ყუთში გახვეული.
_და უფლება მიეცი შენს ცხოვრებაში გამოჩენილიყო სიმართლის გამხელის გარეშე?
_საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვექნებოდა.
_და როგორ მიდის?
_ხომ ხედავ!_უგრძნობი სახით მიაჩერდა._კმაყოფილი ხარ?
_მთელი ცხოვრება სიბნელებში ვერ დატოვებ. სიმართლე მასთან მისასვლელ გზას ოდესმე მაინც იპოვის და პატიების შანსსაც დაკარგავ.
_და რა ვუთხა? „მე ის ბიჭი ვარ, მამაშენისგან გამწარებული შენთან რომ იწვა–მეთქი?“ შენ ეტყოდი?
_არ ვიცი, მაგრამ ერთხელ უკვე გამოიყენე, თუ არ მოუყვები, გამოდის, ახლაც იმავეს აკეთებ.
_ასე არ არის!
_ჰოდა, დაამტკიცე._კარგი გაიხურა და სანდრო მარტო დატოვა ყველა იმ არჩევანთან ერთად, რომელთა გაკეთებასაც ნანობდა...

ნატალი კვლავ თავით იყო გადაშვებული საქმეში. სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდებოდა — ყოველი ახალი დეტალი ბინას უფრო სრულყოფილს ხდიდა, და ამავდროულად, იმის მიუხედავად რომ საკუთარ თავთან ბოლომდე არ აღიარებდა, სანდროსთანაც აახლოებდა.
მიშოსთან ბოლო საუბრის შემდეგ რამდენიმე კვირა გასულიყო და მიუხედავად უხერხულობისა, მათ შორის აშკარა ცვლილება იგრძნობოდა. სანდრო, თავისი ჩვეულ რიტმში, დაკავებული იყო, თუმცა მაინც ახერხებდა ზოგჯერ გამოჩენას. თავდაპირველად თითქოს მხოლოდ ბინაზე საუბრობდა — კითხულობდა, როგორ უნდა დალაგებულიყო თაროები ან შეესაბამებოდა თუ არა შემოსასვლელის ფერი იმ ტონალობას, რაზეც შეთანხმებულიყვნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში მისი შეკითხვები დიზაინს გასცდა — უფრო მას ეხებოდა.
_ყოველთვის ღიღინებ, როცა მუშაობ?_ჰკითხა იმ დღეს, კარის ჩარჩოზე მიყრდნობილმა, როცა ნატალი მისაღებში ფარდებს ასწორებდა.
_არა_უპასუხა მან, თვალები არ მოუშორებია საქმისთვის, თუმცა ტუჩის კუთხეში ღიმილი გაპარულიყო._მხოლოდ მაშინ, როცა კარგ განწყობაზე ვარ.
_ეს… კარგია, მგონი.
_ზედმეტად ნუ ჩაუღრმავდები. შეიძლება, უბრალოდ ყავის ბრალია.
_კრუასანსაც არა უშავდა...შემეცოდნენ მუშები, ისე დაცოფე, თორემ შენ არ დაგიმსახურებია.
_რა ვქნა, ყველა დეტალი თუ არ გავაკონტროლე, ჭკუიდან გადამიყვანენ._დააიგნორა მისი კომენტარი, თუმცა გულში ყოველთვის ეღიმებოდა, როცა ბიჭი შეუმჩნევლად ცდილობდა მის კვებაზე ზრუნვას.
_პერფექციონიზმი ცოტა მოსაწყენია, არა?
_ბოდიში, თავი თუ მოგაბეზრეთ._თვალები გადაატრიალა._ცოტაც და აღარ მოგიწევს ჩემი გაძლება.
_შენთან არასდ..._სიტყვა ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. ნატალი აივანზე გავიდა, სანამ კარლოსს უპასუხებდა.
_Hola tú... ¿cómo estás?
_ვცოცხლობ, შენს გარეშე რამდენადაც შესაძლებელია._სიცილით უთხრა, იცოდა, როგორ „გიჟდებოდა“ მსგავს ბანალურ ფრაზებზე.
_გადარჩი? მე კი ვგლოვობდი, მეგონა, უფრო მეტად გიყვარდი.
_ოფისში არ იყავი, დაკავებული ხარ? მინდა გნახო, სანამ წავალ. უბრალოდ, დასამშვიდობებლად.
_რა თქმა უნდა, სადაც გინდა. ლოკაციას მე შევარჩევ, ძალიან კარგი ადგილი აღმოვაჩინე ამას წინათ. სამზე რომ შევხვდეთ?
_შევთანხმდით, დროებით.
_დროებით, გკოცნი._მექანიკურად წამოცდა და უცებ გათიშა. „იდიოტო, ვის კოცნი?“–თავისთვის ჩაბიურტყუნა და კარისკენ შემობრუნებული პირდაპირ სანდროს დაეჯახა.
_აუჩ, ფრთხილად._ხელები მკლავებში ჩასჭიდა, რათა წონასწორობა არ დაეკარგა._სად გეჩქარება?
_საქმე გამომიჩნდა.
_გასაგებია._მოკლედ მოუჭრა, მაგრამ ხელს არ უშვებდა.
_არაფერს მკითხავ?
_რისთვის? მერე „რა შენი საქმეა“ კომენტარები რომ ვისმინო?
_საზღვრების დაცვა გისწავლია, ყოჩაღ.
_ნატალია, ვცდილობ უკეთესი ადამიანი გავხდე, მეგონა შენც ეს გინდოდა, მაგრამ რაღაც კმაყოფილი არ ჩანხარ.
_დაივიწყე, ნამდვილად არ გეხებოდა...
_ისევ იგივე._ხელი ოდნავ უფრო ძლიერად მოუჭირა._არ ვიცი, რას მეთამაშები, მაგრამ მე ის ადამიანი არ ვარ, მშვიდად რომ დაგელოდება, სანამ ყოფილთან ურთიერთობას არკვევ. უკვე დაგპირდი, რომ შენი სურვილის გარეშე აღარ შეგეხები და ახლა დროა, საკუთარ თავთან გაარკვიო, რა გსურს.
უკვე ცეცხლი ეკიდებოდა. არაფრის გასარკევად არ იყო მზად. ჯერ არა.
_უნდა წავიდე.
_რა თქმა უნდა._გვერდზე გაიწია, რათა მისთვის გზა გაეთავისუფლებინა._გაქცევა კარგად გამოგდის!
სანდროს სიტყვები მთელი გზის განმავლობაში თავში უტრიალებდა. მამაკაცი მართალი იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა ეგონა წინ მიდიოდა, თავისუფლებასა და სიმშვიდეს ირჩევდა, რეალურად – გარბოდა, ტკივილისგან, პასუხისმგებლობისგან, საკუთარი თავისგან. ეგონა, დრო ყველაფერს მოაგვარებდა, მაგრამ ყველა სირთულე რომელსაც გაექცა, დაბრუნებულს ზუსტად იგივე ადგილზე დახვდა და გაიაზრა, რომ დრო იყო, გაქცევა შეეწყვიტა...

მშრალ ხიდთან ახლოს, ულამაზეს პატარა კაფეში შეხვდნენ. რამდენიმე წუთით ადრე მისული ნატალი უკვე ფანჯარასთან იჯდა და ქუჩაში გამვლელებს აკვირდებოდა, როცა მამაკაცი თავზე დაადგა – ჯინსებსა და მუქ ლურჯ მაისურში გამოწყობილი.
_შენთვის გამოსათხოვარ საჩუქარ ვყიდულობდი და მაგიტომ დამაგვიანდა._მის წინ ღიმილით დაჯდა და პატარა ყუთი გაუწოდა.
_არ იყო საჭირო.
_მინდოდა.
შიგნით პატარა მინის ფიგურა იყო, გედის ფორმის. გული აუჩუყდა.
_რა თქმა უნდა, გახსოვდა._ალბათ ერთ წელზე მეტი იყო იყო გასული, რაც სხვათა შორის უთხრა, რომ ეს ფრინველები უყვარდა. ისინი სიმშვიდეს განასახიერებდნენ, მაგრამ ამავდროულად ფეხების განუწყეტლივი მოძრაობა უწევდათთ წყლის ქვეშ, რომ არ ჩაძირულიყვნენ.
_ბევრი რამ მახსოვს. მაგრამ არანაირი დრამატიზმი, უბრალოდ სამახსოვროდ.
_მადლობა, ულამაზესია...აბა, ფრენა რომელზეა?
_ბარსელონაში დილით გავფრინდები, დანიელა რომ არ ვნახო, ალბათ მომკლავს. პრინციპში სიკვდილი მაინც არ ამცდება, როცა გაიგებს, რომ დამშორდი. მგონი, ჩემზე მეტად უყვარხარ.
_მეც ძალიან მიყვარს, ხომ იცი...შენც. უბრალოდ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვართ და ჯობია, სანამ სიყვარული გაქრება, საკუთარი გზები ავირჩიოთ.
_ამიტომაც გაძლევ დარჩენის უფლებას. სიამოვნებით ვიქნებოდი ეგოისტი და დაგაძალებდი, ჩემთან ერთად დაგეწყო ცხოვრება, სამყაროს მეორე კუთხეში...
_მაგრამ?
_გიცნობ, ნატალი და ვხვდები, რომ დიდი დრო არ დაგჭირდებოდა, სანამ თავს ხაფანგში გამომწყვდეულად იგრძნობდი და ეჭვები გაგიჩნდებოდა, რა მოხდებოდა, საკუთარი თავი რომ აგერჩია. მინდა იპოვო, რაც გაბედნიერებს. მაშინაც კი, თუკი ეს ჩემს გვერდით სამუდამოდ ყოფნა არაა.
_შენს გარეშე ზრდასრულ ცხოვრებას არ ვარ მიჩვეული.
_არაა საჭირო, ყველაფერი წინასწარ იცოდე. უბრალოდ, დაიწყე._სახეზე ჩამოყრილი თმა ღიმილით გადაუწია._და არავის მისცე უფლება შენში ის ნაწილები გაანადგუროს რომელიც ყოველთვის მიყვარდა.
ნატალის თვალებზე ცრემლები ჰქონდა მომდგარი და თავის შეკავებას მაქსიმალურად ცდილობდა. იმის მიუხედავად, რომ მამაკაცს უყურებდა და მასში თავისი ცხოვრების სიყვარულს ვეღარ ხედავდა, გული საშინლად ტკიოდა – იმის გააზრებით, რომ ეს ულამაზესი მონაკვეთი სრულდებოდა...

რამდენიმე დღის განმავლობაში სამსახურში აღარ გამოცხადებულა, განიავება სჭირდებოდა. კახეთში სასტუმრო დაჯავშნა და მთელი კვირა სეირნობაში, ჯირითში, ცურვასა და წიგნის კითხვაში გაატარა. უკან ახალი ენერგიით დაბრუნდა და როგორც სანდრომ აღნიშნა, სამშენებლო ჯგუფი მაგრად გადარჩა, ყველა მითითება ზედმიწევნით შესრულებული რომ დახვდა.
_აბა, მარტოები ვართ და გულწრფელად მითხარი, როგორ მოგწონს!_დამღლელი დღის ბოლოს მაგიდაზე ბოლო ლარნაკიც დადგა და ხელები წელზე შემოიწყო. მამაკაცს ეცინებოდა, სახლში სუვენირებიც კი არ იყო მისი გემოვნებით შერჩეული, თუმცა ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა.
_შესანიშავად იმუშავე, იმაზე უკეთესია, ვიდრე წარმომედგინა.
_მიხარია, რომ მოგწონს. საერთოდ აღარ ჰგავს იმ ბინას, რომელშიც რამდენიმე თვის წინ შემოვაბიჯე.
_ნამდვილად, სულ სხვანაირია...შენეული.
_მგონი, მომენატრება, ძალიან შევეჩვიე!_გულწრფელად თქვა.
სანდროს თავიდან არაფერი უპასუხია, სივრცეში იხედებოდა, თითქოს სიტყვებს არჩევდა.
_მეც მომენატრები._რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ უთხრა და თვალი გაუსწორა.
_იმედია, ახალსახლობაზე დამპატიჟებ..._გოგონამ არ შეიმჩნია, სუნთქვა რომ უჭირდა._ერთ ჭიქას დავლევდი გამოსამშვიდობებლად.
_და თუ არ მინდა გამომშვიდობება?
ნატალიმ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი — ემოციების ტალღამ მყისვე წალეკა. ვერ უარყოფდა მათ შორის არსებულ კავშირს. მასთან ყოფნისას თავს ისე ცოცხლად გრძნობდა, როგორც არასდროს.
სანამ პასუხს მოიფიქრებდა, სანდრო უკვე ახლოს იყო, ზედმეტად ახლოს. მისი ხელები სახეზე ნაზად ეხებოდნენ, თვალები კი ბაგეებზე უმზერდნენ და ნებართვას უსიტყვოდ თხოვდნენ.
გონება ეუბნებოდა, რომ უნდა შეეჩერებინა, მაგრამ არ შეეძლო, უფრო სწორად, არ უნდოდა.
თავად გადადგა ნაბიჯი, თითის წვერებზე აიწია და მოწყვეტით აკოცა. სანდროს ტუჩებს ჰქონდა გემო რაღაც ნაცნობისა — იმ გრძნობის, რომელიც ნატალიმ დიდი ხნის წინ ღრმად დაემარხა. მისი შეხება ნაზი იყო, მაგრამ ამავდროულად იმდენად მომთხოვნი, რომ გული გაგიჟებით უფეთქავდა.
ადრეც ეკოცნათ – წლების წინ, პატარებს, მთვრალებს, გამოსაშვებ საღამოზე, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირი იყო – ორივენი ხვდებოდნენ, რომ ზღვარზე იდგნენ, რომლის გადალახვის შემდეგაც უკან დასახევი გზა აღარ ექნებოდათ.
და მაინც, არ გაჩერებულან, არ უყოყმანიათ.
სხეულებს უფრო მეტი ახსოვდათ, ვიდრე წარმოედგინათ. ყოველი შეხება მიზანმიმართული, აუჩქარებელი იყო – თითქოს მოგონებას აცოცხლებდნენ და ხვდებოდნენ, რომ ეს — რაც არ უნდა ყოფილიყო — სინამდვილეში არასდროს გამქრალიყო. მათი გულები ერთ რიტმში ფეთქავდნენ. თითქოს გარშემო არსებული სამყარო ქრებოდა და მხოლოდ მათი შეხება რჩებოდა რეალური. აღარ იყო ფიქრი, აღარ იყო შეკითხვები—მხოლოდ გრძნობათა მძაფრი ნაკადი, რომელმაც წლების სიჩუმე ერთ წამში ჩაანაცვლა. ოთახი, ავეჯი, წარსული—ყველაფერი გაფერმკრთალდა. მხოლოდ სანდროს ჩურჩული და ნატალის აჩქარებული სუნთქვა დარჩა…
_ახლა ზუსტად ვიცი, რომ არ მინდა დამშვიდობება!_ღიმილით უთხრა მკერდზე მიკრულ გოგონას რამდენიმე წუთის შემდეგ. ამ უკანასკნელმა ვერაფერი უპასუხა, უბრალოდ მისკენ გადაბრუნდა და კვლავ ტუჩებზე შეეხო. არ სურდა მომავალზე ფიქრით მომენტის გაფუჭება. მხოლოდ იმაში იყო დარწმუნებული, რომ ის, რასაც ახლა განიცდიდა, ნამდვილი იყო. ბედნიერებისთვის ესეც კმაროდა…

დილის მზე ნახევრად ჩამოწეული ჟალუზიდან იფანტებოდა და ოთახს თბილ, ოქროსფერ ელფერს ანიჭებდა. ნატალი ოდნავ შეიშმუშნა და თვალები მოჭუტა, სანამ სინათლეს შეეგუებოდა. სანდრო მის გვერდით ეწვა, ხელი წელზე მოხვეული, სუნთქვა კი მშვიდი და სანდო — თითქოს დრო გაყინულიყო. ნატალიმ მზერა მასზე შეაჩერა და გაეღიმა, შემდეგ კი გადაბრუნდა, რომ ტუმბოზე დადებული მობილურისთვის დაეხედა. რა თქმა უნდა, გათიშულიყო.
ფრთხილად წამოდგა და დამტენზე შეაერთა, თვითონ კი აბაზანაში შევიდა. — წყალმა ძილი საბოლოოდ გაფანტა. საკუთარ ანარეკლს რომ შეხედა სარკეში, უცნაურად ბედნიერი მოეჩვენა.
მობილურის ჩართვისთანავე დაინახა უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება დედამისისგან და ლიკუნასგან. თვალები გადაატრიალა_ჩანდა, თეონას დედობრივი ინსტიქტი შუაღამეს გაღვიძებულიყო და ქვეყანა აეწრიალებინა. მაშინვე დაურეკა.
_სად ჯანდაბაში იყავი?_მაშინვე გამოისახა ეკრანზე ქალის გაცეცხლებული სახე.
_მეძინა, მშვიდობაა?
_ათ საათზე როდის იძინებდი, მთელი ღამეა გირეკავ. უკვე მეგონა გაზი ან უთო დაგრჩა ჩართული და სასწრაფო უნდა გამომეძახებინა...მოიცა, სად ხარ?
_მეგობართან დავრჩი._რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ უპასუხა.
_ვინ მეგობართან? ხომ ვიცი, რომ არავისთან მეგობრობ თბილისში...რატომ მატყუებ ნატალია?
_ღმერთო, მაინცდამაინც უნდა მათქმევინო, რომ ბიჭთან ერთად ვიყავი?_ქალმა სახე დამანჭა._ხომ ხედავ, გიფრთხილდები, არა მგონია, გსიამოვნებდეს ამის მოსმენა.
_რა ხდება, კარლოსია ჩამოსული?
_ორ თვეში რომ არ მკითხულობდე, გეცოდინებოდა. არანაირი უფლება არ გაქვს, რამეზე მიბრაზდებოდე.
_ნატალი ანდრონიკაშვილო, მანდ არ ჩამომიყვანო, იცოდე...
_ტყუილად რატომ იმუქრები, ხომ ვიცი, რომ არსად ჩამომსვლელები არ ხართ..._თვითონაც შეტევაზე გადავიდა.
_ხომ იცი, რომ მხოლოდ შენთვის ვმუშაობთ._უცებ შეეცვალა ქალს ტონი._ასე ნუ იქცევი.
სუნთქვა შეეკრა. არ იყო ახლა ამის განხილვის დრო. ახლა არა._კარლოსს დავშორდი...ცოტა ხნის წინ.
_ვწუხვარ, მე. მართლა არ ვიცოდი. რატომ არ მითხარი?
_სხვა დროს ვილაპარაკოთ რა, შეიძლება გვისმენს ადამიანი.
_კარგი ბიჭია?_შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა სცადა თეონამ._ასე მალე რომ დაიმსახურა შენი მოწონება. ან როდის მოასწარი?
_რა უშავს რა ბიჭია._გაეცინა._ვიცნობდი ადრე, ზაზა ხომ გახსოვს, მელიქიშვილი, მისი შვილია._თან, თეონასთან არაფერი ჰქონდა დასამალი – მას წარმოდგენა არ ჰქონდა მისი და სანდროს ურთიერთობაზე.
_ვინ?_ქალს ღიმილი სახეზე შეახმა.
_რა რეაქციაა, ზაზას შვილია, მამაჩემის ხომ არა?
_შვილო..._სიტყვების შერჩევას ცდილობდა._თემურს მაგ კაცთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს.
_რატომ, რა მოხდა?_საერთოდ არ გაკვირვებია. მამამისს, რბილად რომ ვთქვათ, რთული ხასიათი ჰქონდა.
_არაფერი...ისეთი. თემურს ბევრთან შეეშალა...გაფრთხილდი რა, არ მინდა, შენც გადაგეკიდოს მის გამო.
_რას იგონებ, რა საქმე მაქვს ზაზა მელიქიშვილთან?_ყურად არ უღია მისი სიტყვები._წავედი, მერე დაგირეკავ_პასუხის გაცემა არ აცადა, ისე გათიშა და ყავის აპარატი ჩართო.
სანამ ჭიქა ცხელი სითხით ივსებოდა, დედამისის ხმა გონებაში უტრიალებდა. თითქოს წამების წინ მისი ტვინი რეალობისგან იცავდა და ახლა, ნელ–ნელა, ფხიზლდებოდა.
აპარატმა დაიწრიპინა. ყავა მზად იყო. მის ცნობიერებაშიც უცებ ყველაფერი დალაგდა.
მამამისის ვალები, მუდმივი ჩხუბი, შუაღამის ზარები, მუქარები, ქვეყნიდან გაქცევა და...სანდრო.
იმ წამს შემოვიდა სამზარეულოში, მხოლოდ შარვალი ეცვა და ნამძინარევ თვალებს ისრესდა.
ჭიქა, რომელიც ხელში ეჭირა, მის წინ დაახეთქა.
_შენც დილა მშვიდობისა!_ბიჭმა გაოცებისგან წარბები აზიდა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.
პასუხი არ გაუცია. ეგონა რომ მალე გული აერეოდა.
_სარკასტულ კომენტარსაც კი არ აკეთებ, მგონი ძალიან დაგღალე._თვითკმაყოფილი ღიმილით ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა.
ისევ არაფერი.
_იტყვი, რა მოხდა?
_შეგიძლია, შეწყვიტო წარმოდგენა._როგორც იქნა, ხმის ამოღება შეძლო.
_რა...ზე ლაპარაკობ?_სანდროს ღიმილი სახეზე შეახმა.
_რამდენი ხანია იცი?
_რა?
_ჩემზე. ჩემს ოჯახზე. მამაჩემზე...თქვენი ვალი ჰქონდა, არა?
აი ისიც.
პაუზა, რომელმაც ბოლო ნაპერწკალი გაუქრო იმედისა, რომ არასწორი დასკვნა გამოიტანა.


მადლობა, რომ კითხულობთ. ვეცდები, შემდეგი თავიც მალე დავდო, ცოტაც დარჩა დასრულებამდე.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგი ისტორიაა.მიხარია რომ არ წელავთ. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ დასასრულს

 


№2  offline წევრი 592981414

გული რო მოგეწურება კითხვისას ისეთი ისტორიაა. ძალიან მაინტერესებს მის ფეხმძიმობას რაბედი ეწია.

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა, აი ისეთი ერთი სული რომ გაქვს გაგრძელებას როდის წაიკითხავ. მეც ძალიან მაინტეტესებსნატალის ფეხმძიმობას რა ბედი ეწია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent