წითელი სახლის ლანდები (თავი I)
საათი 12-ს უჩვენებდა, წითელი აგურის სახლთან შავი ვრანგლერი მუხრუჭების ღრჭიალით რომ ჩამოდგა და იქაურობა სიგნალით აიკლო. ხმა ხეობის კლდეებს ექოდ ასკდებოდა. ისე ჩამოჰგავდა ძველი გემის განგაშის ზარს ღია ოკეანეში, გეგონებოდათ, მთებს თავს რაღაც გარდაუვალი ატყდებაო. ჰაერში სველი მიწის და პიტნის სუნი იდგა. მაისის ღამე იყო, თუმცა მთას გაზაფხულისა არაფერი ეტყობოდა. ნისლი მიწას მძიმედ დასწოლოდა და მთელი ხეობა მაცდურ სახვევში გაეხვია. სოფელს კარგა ხანი იყო, ეძინა. კარ-ფანჯარა მაგრად ჩაეკეტათ. ხის ძველი მესრები და ერთმანეთზე მიჯრილი ქვითკირის სახლები ერთიან მასად ქცეულიყო. არც-ერთი ქუჩის ლამპიონი. გეგონებოდათ, საუკუნოვანი მყუდროება ირღვევაო, ისე ნელ-ნელა, უხალისოდ იღვიძებდა მთელი სოფელი. რამდენიმე წამში ათობით სახლის ფანჯარა ყვითლად აციმციმდა, ჩუმად აჭრიალდნენ დარაბებიც შორეულ ქოხებში. წითელი აგურის სახლის მძიმე, რკინის ჭიშკარმა დაიჭრიალა და ეზოდან მაღალი, ხმელ-ხმელი მოხუცი გამოვიდა. თვალებზე ბინდი გადაჰკვროდა. ჩანდა, ძილიდან ვერ გამორკვეულიყო. ფარების სინათლე პირდაპირ სახეში სცემდა და თეთრ ნისლში ხელების ფათურით, უსინათლოსავით მოაბიჯებდა. მხრებსა და თმაზე ხავსივით ეკიდებოდნენ ნისლის ნატეხები. -რა ამბავია? - ხმა მკერდის სიღრმიდან ამოუვიდა მოხუცს. თითქოს უხილავ ბრძანებას დაემორჩილაო, ჯიპის მჭახე, გაბმული საყვირი ერთბაშად ჩაწყდა. სოფელმა ამოისუნთქა. ახლაღა გაისმა მდინარის გუგუნი, ნისლი ხმას რომ ურბილებდა და ჰაერში ექოდ ფანტავდა. მანქანიდან ქალი გადავიდა. 45 წლისა თუ იქნებოდა. იმ იშვიათი კატეგორიის ქალებს მიეკუთნებოდა, რომლის სილამაზეც ასაკს კი არ ეწირება, პირიქით, უფრო იხვეწება. თხელი ნაკვთები, მკაცრად გამოყვანილი წარბები, ხარისხიანი ფერუმარილი და იდეალური ლაქი ფრჩხილებზე იმ ფუფუნებაზე მეტყველებდა, რითაც ამ წუთამდე თავს ინებივრებდა. ახლა, მთაში, მაისის ყინულიან ღამეში, ეს დახვეწილობა ისეთივე უადგილო იყო, როგორ მისი დაბალძირიანი ფეხსაცმელი, სველ ბალახზე რომ უცურავდა და შესამჩნევად ბორძიკობდა. . ეტყობოდა, სახლიდან საჩქაროდ გამოქცეულიყო. ძვირფასი, აბრეშუმის კაბა ემოსა, რომელზეც მძიმე, გრძელი მანტო ნაუცბათევად შემოეგდო და ღილები არასწორად, აცდენით შეეკრა. ყურს ცალი, მძიმე ბრილიანტის საყურე უმშვენებდა. მეორე სადღაც დაეკარგა, ანდაც გაკეთება დავიწყებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ საიდანღაც თავქუდმოგლეჯილი გამოვარდნილიყო. ცხრა საათიანი მგზავრობა ქალაქის მაგისტრალებიდან მთლის ბილიკებამდე, სახეზე ეხატა. კანი მიწისფერი ჰქონდა, თვალის უპეებზე კი, საჭესთან ნერვული დაძაბულობისგან, ნაცრისფერი ჩრდილები ჩამოსწოლოდა, მის ისედაც გამოკვეთილ ყვრიმალებს თითქმის ავადმყოფურ იერს რომ სძენდა. ტუჩებზე სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა და დაღლილი ქუთუთოები საცოდავად უცახცახებდა. რაღაც ეშმაკის მანქანებით, შეეძლო წელში გამართული მდგარიყო. დაღლილ თვალებში საშინელი სიჯიუტე ჩასდგომოდა. მოხუცს თვალები ერთიორად გაუფართოვდა. თეთრი, უხეში წარბები ერთმანეთს დასცილდა და კანი ისე მოეჭიმა, წამით გეგონებოდათ, ნაოჭები გაუსწორდაო. -მამა. - ხმას არ უღალატია ქალისთვის. ყელში გაჩხერილ ცხრა საათიან დაღლილობას და გზის მტვერს ყლაპავდა. თითო ბგერაში ისეთი სიცივე იგრძნობოდა, გეგონებოდათ, აი, სადაცაა ომს გამოაცხადებსო. უცნაური შეხვედრა იყო. უძღები შვილის დაბრუნებას არაფრით ჰგავდა. კაცი ბედნიერი არ ჩანდა და არც ქალიშვილი აპირებდა ბოდიშის მოხდას. მისი ფიგურა თეთრ წყვდიადში იდღაბნებოდა, მოხუცი კი, მაღალი, ხმელ-ხმელი სხეულითა და გაქვავებული გამომეტყველებით ქვითკირის გალავნის გაგრძელებას წააგავდა - ცივს და საუკუნოვანს. ნისლს ქარი მათ ფეხებთან, ზვირთებივით მიაგორებდა. დუმილი ხელშესახები გამხდარიყო. სადღაც შორიდან მოისმოდა ღამის ფრინველის ფრთების ფართხალი. სივრცეს კვეთდა და მაისის სველ წყვდიადში იძირებოდა. -მანქანაში სამი ქალიშვილი მიზის, - ტყვიასავით გავარდა ქალის სიტყვები, - წასასვლელი არსად აქვთ. მთელმა სამყარომ ზურგი გვაქცია. მარტონი ვართ. - მიაყარა სწრაფად, თითქოს ეშინოდა, ტექსტი არ დავიწყებოდა, - საზღვარს ვერ გადავკვეთთ, ასე გამოვა, რომ გავრბივართ, - თავი გააქნია მან, - უდანაშაულოები კი არ გარბიან, - მთის ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა, თითქოს ჟანგბადს მისთვის გამბედაობა უნდა მიეცა, - ამიტომ, აქ ვართ და არსად წავალთ. - თქვა მტკიცედ და საკუთარი სიტყვების დასტურად, მხრებში გაიმართა. ერთი ნაბიჯით უკან გადგა, პალტოს უხეში საყელო მის ყელთან გასწორდა, ნატიფი ნაკვთები გაუქვავდა და ფარების შუქზე მისი ცალი ბრილიანტის საყურე ავბედითად აციმციმდა. -ლენა, - მოხუცმა სახელი ისე წარმთქვა, თითქოს უცხო, აკრძალული სიტყვა ყოფილიყოს, - რას ამბობ? ქალს ყველა აზრი გაეფანტა, რომელსაც 9 საათის განმავლობაში აკოწიწებდა და გაუთავებლად ატრიალებდა გონებაში. პატარა, დამფრთხალ გოგოდ გადაიქცა, რომელსაც ვერ გადაეწყვიტა, მამას შევედრებოდა თუ ბავშვური სიჯიუტით გაეტანა თავისი. -ყველაფერი ვიცი, - დაიწყო მან, - ვიცი რომ არ არსებობს სამყაროში ჩემზე უარესი შვილი და რომ არ მაქვს უფლება პატიება ვითხოვო. არც გთხოვ, - მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა ქალმა, - მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ჩემი გოგონები ... - ხმა გაებზარა, მაგრამ თავს წამში მოერია, - მე და ჩემი გოგონები ცოტა ხანს აქ დავრჩებით. -გამორიცხულია. - სიტყვა კლდის ნატეხივით დაუნარცხა შვილს ფეხებთან და ხელები ზურგს უკან, ერთმანეთს მჭიდროდ გადააჭდო. ლენასთვის კარგად ნაცნობი ჟესტი იყო, აბსოლიტურ შეუვალობას ნიშნავდა. ასე აცხადებდა, რომ ამ გალავნის შიგნით მისი ნების გარეშე ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა. -მამა, ხომ იცი, ვერსად იქნებიან ისე უსაფრთხოდ, როგორც აქ! - ლენას ხმაში სასოწარკვეთა სიჯიუტეს ებრძოდა. -ეს ჯუნგლები არ არის, ლენა. ცივილიზაცია აქაც აღწევს. მალე აქაურობა ტურისტებით გაივსება. მაისია. გგონია, ეს მთები სამყაროს დასასრულია? -არ ვიმალებით, კაკი! - ქალს მოთმინების ძაფი საბოლოოდ გაუწყდა. კაცი შეცბა, ლენა იმაზე ცუდად იყო, ვიდრე თვითონ წარმოიდგენდა, - მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ თვალში არავის მოვხვდეთ. ცოტა ხანს მაინც. ხომ გესმის, საზღვარს ვერ გადავკვეთთ! - არ ნებდებოდა ლენა, ნაბიჯი წინ გადმოდგა და სველი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. - უბრალო ახლობლებს დახმარებას ვერ ვთხოვ, ოჯახის წევრის გარდა, თავს შარში არავინ გაყოფს. შენ კი... შენ ეს არ გადარდებს! შენ ხომ არაფერი გადარდებს, დასაკარგიც არაფერი გაქვს! პანიკას მოეცვა მისი სხეული, მისი ხმა კი საყვირზე უფრო მჭახედ იკაფავდა გზას ღამის მყუდროებაში. ხელები უცახცახებდა, სახეზე მგზავრობის მტვერი და ცრემლები ერთმანეთში ეზილებოდა, ხოლო ყურზე შერჩენილი ცალი ბრილიანტი მისი ყოველი თავგამეტებული მოძრაობისას ავბედითად ციმციმებდა. - შენ საკუთარ შვილიშვილებსაც კი არ იცნობ! - განაგრძო მან და ხელი ჯიპის ჩამქრალი სალონისკენ გაიშვირა, - ნინა ბოლოს მაშინ ნახე, როცა ხუთი წლისა სრულდებოდა... ახლა ოცდასამის არის! შენ დასაკარგი არაფერი გაქვს, კაკი, მხოლოდ შეგიძლია, რამე შეიძინო! მე კი, ყველაფერს დავკარგავ. მე თუ არა, მათ დაეხმარე. მე არაფერს გთხოვ, მხოლოდ უსაფრთხო ადგილს მათთვის. მიიღე ეს როგორც საშუალება, რომ გაიცნო საკუთარი სისხლი და ხორცი! დედის ამ განწირულ ყვირილზე, ჯიპის უკანა კარები გაიღო და მანქანიდან გოგონები ერთი მეორეს მიყოლებით გადმოლაგდნენ. ნისლსა და წრიულ ფარებში მათი ფიგურები უმწეო ლანდებად გამოიკვეთნენ. უკანასკნელი ორი კვირა - განყოფილების ცივი დერეფნები, ტელევიზიით გამოჭენებული საოჯახო ფოტოები და ყოველ კუთხე-კუნჭულში ჩასაფრებული ჟურნალისტები სამივეს სახეზე ეხატა. მოხუცს უსიამოდ გაჰკრა გულში რაღაცამ - თითქოს წლების წინ საგულდაგულოდ დაგმანულმა სინდისმა მკერდში მყიფე ბზარი გაუჩინა. აქამდე როგორ მივიდა? თავი ნელა ასწია და გოგონებს გადახედა. ლენას წასასვლელი ბევრგან ჰქონდა, მაგრამ ყველგან მიგნებადი იყო. ყველა სახლი თუ აგარაკი, რომელიც მისი, ან მისი ქმრის სახელზე ფიქსირდებოდა, სახელმწიფო სტრუქტურების ბაზებში წითლად ციმციმებდა. ყველა კუთხეში ჟურნალისტები ჩასაფრებოდნენ, ყველა არხზე მისი ქმარი გამოეჭენებინათ. აქ კი, ამ გადაკარგულში, ძველ გალავანს მიღმა, თვალში არავის გაეჩხირებოდნენ. მოხუცის ზურგს უკან მყარად გადაჭდობილი ხელები ნელ-ნელა განეშვნენ. ლენამ იცოდა, ეს რკინის ურდულის გადაწევას ნიშნავდა. ქალიშვილებს გადახედა, მის ზურგს უკან ვიწრო ბილიკზე რომ ჩამწკრივებულიყვნენ. -ეს ნინაა, - ხელით მიუთითა უფროს გოგონაზე, რომელიც მას ყველაზე მეტად ჰგავდა, - ბოლოს მაშინ ნახე, როცა ხუთი წლისა იყო. შემდეგ ანიკაა, - საჩქაროდ მომდევნოზე გადავიდა ის. კაკიმ ისიც წამსვე მიამსგავსა ლენას. თვალ-წარბითა და სახის სინატიფით დედას ძალიან ჩამოჰგავდა, - მასაც იცნობ. კასი კი... - ლენას ხმა ოდნავ შეიცვალა, როცა მესამე ქალიშვილზე მიუთითებდა, რომელიც მას საერთოდ არ ჰგავდა და, საერთოდ, არავის ჰგავდა დედამიწის ზურგზე მოსიარულეს, - მას არასდროს შეხვედრიხარ. კასიანა უცნაური, თითქმის გამოუცნობი გამომეტყველებით ათვალიერებდა წითელი აგურის სახლსაც და მის წინ აზიდულ მოხუცსაც. მის სახეს არც კმაყოფილება ეტყობოდა, არც უკმაყოფილება და, საერთოდ, არანაირი მიწიერი ემოცია. -ვასილს არცერთი ჰგავს, პრობლემებს არ შექმნიან, - საჩქაროდ დაამატა ლენამ, თითქოს თავს იმართლებსო და კასიანას ლურჯ-მწვანე თვალებს მომთხოვნად ჩააშტერდა წამით. მუნჯი მზერით აფრთხილებდა რაღაცას. ამ მზერას კარგად იცნობდა კაკი. მოხუცმა სამივე გულდასმით შეათვალიერა. სამი წყვილი ცისფერი მზერა მისჩერებოდა მომლოდინედ. ბებერი გული მოეწურა. უფროსი, ნინა, სულ პატარა ახსოვდა . მხიარული ბავშვი იყო, ჯერ არ იცოდა, რას უმზადებდა ცხოვრება. ახლა მის წინ ოცდასამი წლის ქალი იდგა. მუქი ქერა თმა შუბლზე დაუდევრად ჩამოჰყროდა, შიშველ მხრებზე კი პლედი მოეხურა. დედამისს მზრუნველი თვალებით აკვირდებოდა და ცდილობდა გამოეცნო, აქ საერთოდ რა ხდებოდა. ნინა გაცოცხლებულ კლასიკურ პორტრეტს ჰგავდა. შუათანა, ანიკა, წესით ოცდაორი წლისა უნდა ყოფილიყო. მთელი გზა ტირილისგან თვალები ჩასწითლებოდა და საკუთარი სისუსტის დასამალად, მიწას დაჰყურებდა ჯიუტად. ისეთი ნაზი იყო, კაკის ეგონა, რომ სადაც იყო, დაიმსხვრეოდა. მესამე კი, ნაბოლარა - კასიანა, რომელიც კაკის არასდროს ენახა, ლენას არაფრით ჰგავდა. ნესტისგან დანამული, ღია ჩალისფერი კულულები მხრებზე დაუდევრად ჩამოჰყროდა. კაკის დასჩერებოდა დიდრონი, გაურკვეველი ფერის თვალებით. ეს მზერა არც მტერს ეკუთვნოდა და არც მოყვარეს - მასში საერთოდ არ ტრიალებდა ადამიანური ემოცია, რაც მოხუცს ტანში საზარელ ჟრუანტელად უვლიდა. ამ ასაკამდე ისე მოეღწია, მსგავსი სილამაზის არასდროს არაფერს შეხვედროდა. ისეთს, პირველყოფილი შიშის გრძნობა რომ გაეჩინა მისთვის. წამით, ერთი ნაბიჯით უკანა დაიხია ინსტიქტურად. არ იცოდა, რას უყურებდა. დებისგან განსხვავებით, მხნედ გამოიყურებოდა უმცროსი.. ის რომ დაიბადა, ლენა უკვე კარგა გვარიანად აპროტესტებდა კაკის არსებობას მის ცხოვრებაში, ამიტომ მოხუცი გოგონას პირველად ხედავდა. კასიანაც ისეთივე ეჭვის თვალით ათვალიერებდა კაცს, როგორც მას კაცი. მაისის ნელი ქარის ყოველ ქროლვაზე ნისლის მასები სახეზე აწყდებოდა და მისი ნაკვთებიც თეთრ წყვდიადში წამდაუწუმ იშლებოდა და თავიდან იხატებოდა. რაც მის არსებობას კიდევ უფრო მისტიურს ხდიდა, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო. იდგა ყოველგვარი შიშისა თუ მოწიწების გარეშე, როგორც ქანდაკება, რომელსაც საერთოდაც არ ეხებოდა მიწიერი კანონები .. და არც ხვათა ცოდვები. ორი უკიდურესობა - საუკუნოვანი, გაქვავებული მოხუცი და ეს უცხო, ციური სილამაზის ნაბოლარა - ნისლში ერთმანეთს უსიტყვოდ სინჯავდნენ. -ზემოთ ადით, - თქვა კაკიმ ბოლოს, როცა მათი თვალიერებით გული იჯერა. ხედავდა, დაჟინებული მზერით უფროსებს მისდა უნებურად აფრთხობდა, - ოთახებს მოვამზადებინებ. -არ არის საჭირო, ერთადაც დაიძინებენ, - თავდაცვით პოზიციაში იდგა ლენა, პალტოს საყელოზე ხელები ჩაებღუჯა. უკანასკნელი ორი კვირა მასაც კარგა გვარიანად დამჩნეოდა. სურდა შვილები თავისთან ახლოს, ერთ სივრცეში ჰყოლოდა და თითოეულს მხოლოდ მის თვალწინ ეტრიალა. ეჩვენებოდა, რომ ჭკუიდან იშლებოდა. -ადგილი არ გვიჭირს, ლენა, - გაღიზიანდა მოხუცი. ხმელი ხელები კვლავ ზურგს უკან წაიღო, თუმცა ამჯერად არ გადაუჭდია, - ადით და რომელი ოთახიც მოგესურვოთ, ის დაიკავეთ. სახლი ცარიელია. „სახლი ცარიელია“ - მთის ნესტიან ჰაერში სევდიან, მიტოვებულ ექოდ გაიფანტა. კაკიმ ხელით ჭიშკრისკენ ანიშნა გოგონებს და ის იყო წინ უნდა წაძღომოდა, რომ სქელი ნისლით დაფარული მეზობელი ბილიკიდან მამაკაცის ხმამაღალი, ეჭვით სავსე ხმა გაისმა. ეს ხოზრე იყო, გვერდითა სახლის მოხუცი გამგებელი, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იქაურობისთვის თვალი არ მოუცილებია. -კაკი! მშვიდობაა, კაცო? ხომ არაფერი გიჭირს ამ შუაღამეს? - ხმა ნისლში უცნაურად ექოდ გაიფანტა და გალავნის კედლებს მიეხეთქა. კაკი წამით შეტოკდა. ისე, რომ გოგონებისთვის მზერა არ მოუცილებია, ხმამაღლა, მკაცრად გადასძახა წყვდიადს: -მშვიდობაა, ხოზრე, მშვიდობა. ჩემები ჩამოვიდნენ ქალაქიდან. შენს სახლს მიხედე. -ჰო, კეთილი, კეთილი... - ჩაიბუტბუტა შორს ლანდმა. დარაბის ხელახალი, უხალისო ჭრიალი გაისმა და შუქები ჩაქრა შორეულ ქოხებშიც. -როგორი შეუმჩნევლები ვართ, დედა, - უკმაყოფილოდ გადაულაპარაკა ანიკამ დედამისს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ნამდვილი ტანტრუმი მოაწყო. წინ, ეზოს სიღრმისკენ გაურკვეველი ნაბიჯებით დაიძრნენ. სიბნელის გამო, თითქმის არაფერი განირჩეოდა უზარმაზარი, წითელი შენობის გარდა, უკუნითში გოლიათივით რომ აღმართულიყო. სახლი მთის ფერდობზე ისე მყარად იდგა, თითქოს მიწიდან ამოზრდილი კლდის გაგრძელება ყოფილიყო. საძირკველი გიგანტური, ნაცრისფერი ველური ქვებით მოეპირკეთებინათ, რომელზეც საუკუნის წინანდელი, ხელით ნაშენი წითელი აგურის ორი სართული აღმართულიყო. სახლს პატრონის მზრუნველი, მკაცრი ხელი დასტყობოდა: აგურებს შორის ხაზები ხელახლა, სუფთად გამოეყვანათ, ხოლო მუქი ხის მძიმე კარ-ფანჯარა, რომლებსაც მთის მკაცრი წვიმები წლების განმავლობაში აწყდებოდა, ახლად გამოცვლილი ლაქით ბზინავდა. სახლის მთავარი, ორფრთიანი კარი შავი, საუკუნოვანი მუხისგან გამოეთალათ, ფანჯრებზე კი წაბლის ხის სქელი, მუქი დარაბები ეკიდა. მეორე სართულის აივანს, რომელიც კედლიდან გადმოკიდებულიყო და რომლის მოაჯირზეც ცარიელი ქოთნები მწკრივში ჩაელაგებინათ, პირველი სართულიდან ამოზიდული ორი თლილი ბაზალტის სვეტი იჭერდა. სახლს თავზე მძიმე, მუქი თუნუქის ორქანობიანი სახურავი ეხურა, რომლის ჟანგისფერ ფურცლებსაც ნისლის სველი წვეთები უხმოდ ეცემოდნენ. იმ ღამით, და ყოველ შემდგომ ღამეს, სახლი საგუშაგო კოშკს წააგავდა. უზარმაზარი ეზო, რომელსაც თვალი ბოლომდე ვერ სწვდებოდა, სახლს ყოველი მხრიდან აკრავდა, თუმცა სიბნელის გამო, დიდად არაფერი განირჩეოდა. სახლის მთავარი, მძიმე მუხის კარიდან პირდაპირ უზარმაზარ მისაღებ ოთახში შეაბიჯეს. კედლების წითელი აგური და სპილოსძვლისფერი ბათქაში ტელეფონის ფანრის შუქზე, რომელიც ნინას აენთო, გზად შემთხვევით რომ არ წამოსდებოდა რამეს, რბილ, გეომეტრიულ ჩრდილებს ხატავდა. ოთახის სიღრმეში, თლილი ქვის უზარმაზარ ბუხარში, ნაკვერჩხლები ჯერ კიდევ ჩუმად ღვივოდნენ - დამხმარე ქალს საღამოს დიდი მორები შეეკეთებინა, რომ კედლებს სითბო შეენარჩუნებინათ. ბუხრის თავზე, მუხის განიერი თარო მოეწყოთ, ზედ სპილენძის სასანთლეები და მაისის ველური ყვავილების თიხის ლარნაკები იდგა, რომელთა ჩრდილებიც კედლებზე გოლიათებივით აზიდულიყვნენ. ბუხრის წინ ორი რბილი, მყუდრო, შოკოლადისფერი სავარძელი და დიდი, ხელით ნაქსოვი ჭრელი ხალიჩა ეგო, რომელზეც ცეცხლის ოქროსფერი ნაპერწკლები ირეკლებოდა. ფანჯრებზე ჩამოკიდებული რბილი, თეთრი ფარდები ღამის სიბნელეში თოვლის ფიფქებივით ანათებდნენ. თაღოვან გასასვლელში, რომელიც დიდ სასადილო ოთახსა და სამზარეულოში გადიოდა, სიჩუმე სუფევდა. გრძელი მუხის მაგიდა თავისი თორმეტივე სკამით, ნიშნად იმისა, რომ ოდესღაც ეს სახლი ხალხმრავლობას იყო ჩვეული, და თოვლივით ქათქათა, სახამებლით გათეთრებული სუფრით, სიბნელეში იდუმალ კუნძულს წააგავდა. სამზარეულოს თაროებზე მწკრივში დალაგებული თიხის ქოთნები და სპილენძის ჭურჭელი ბუხრის მკრთალ შუქზე ყრუდ ბზინავდნენ. ჰაერში ნესტის ნაცვლად ახლად გამომცხვარი პურის, გამხმარი პიტნისა და ყავის თბილი, ნაცნობი სურნელი ტრიალებდა. მეორე სართულზე მიმავალი ფართო ხის კიბე კაკის მტკიცე ნაბიჯების ქვეშ ყრუდ გუგუნებდა, ხოლო გოგონების ფეხქვეშ რიტმულად ჭრიალებდა. კიბის თავში დიდი ჰოლი იშლებოდა. მისი განიერი ფანჯრიდან ნაცნობი თეთრი ნისლი მოჩანდა, რომელიც მინას ზვირთებივით აწყდებოდა. კედლებზე ჩამოკიდებული წინაპრების შავ-თეთრი ფოტოები მუქ ჩარჩოებში ჩამალულიყვნენ. ჰოლის ცენტრში, მრგვალ მაგიდაზე დატოვებული ახლად მოწყვეტილი იასამნების მძაფრი, ნაზი სურნელი ჰაერში ტრიალებდა და ნერვულ დაძაბულობას ნელ-ნელა აქრობდა. გრძელი დერეფანი ფიჭვის ღია ფერის ხის პანელებით იყო მოპირკეთებული. გოგონებმა ოთახები შემთხვევითობის პრინციპით ამოარჩიეს, ერთმანეთს გადახედეს და სამი ხის კარი ერთმანეთის მიყოლებით შეხსნეს. თითოეულ მათგანს იდეალური წესრიგი დახვდა. სამივე ოთახში იდგა შავი ლითონის მყარი საწოლი, თოვლივით ქათქათა, თბილი თეთრეულითა და ბებიის ნაქსოვი მძიმე, ჭრელი შალის გადასაფარებლებით. იატაკზე დაფენილ ადგილობრივ ფარდაგებს სიბნელეში თავისი ორნამენტები დაემალათ, ხოლო კარადების დიდ სარკეებში მხოლოდ გოგონების შეშინებული სილუეტები ირეკლებოდა. ნინამ ფანჯრის რაფაზე მდგარ, გაპრიალებულ ნავთის ლამპას ასანთი გაუკრა და პატარა, ყვითელი ალიც წამში აციმციმდა. საწოლში ტანსაცმლიანად შეწვა. მძიმე შალის საბანს ნიკაპამდე იზიდავდა, მაგრამ სხეულში გამჯდარ სიცივეს ვერაფრით უმკლავდებოდა. ცისფერი თვალები სიბნელეში არაბუნებრივად უფართოვდებოდა ყოველ ჯერზე, როდესაც პირველი სართულიდან მოხუცის დაბალი ბარიტონი ამოიგუგუნებდა. “ბაბუა”, ეს სიტყვაც კი ეუცნაურებოდა ნინას, რომ არაფერი ვთქვათ იმ საწოლზე, რომელშიც იწვა. ეჭვებით გაძეძგილს, პოლიციის ციმციმები და მამის სახე ელანდებოდა გაზეთის პირველ გვერდებზე. ყოველი წამი უსასრულო მოლოდინად გადაექცა. ორი ოთახის იქით, გაურკვეველ ჩურჩულს ჭკუიდან გადაჰყავდა ანიკა. ემბრიონის პოზაში მოკუნტული ბალიშს ჩაფრენოდა და მოუსვენრად ტოკავდა. მისი სხეული დაჭიმულ სიმს ჰგავდა, რომელიც ნებისმიერ წამს მზად იყო გასაწყვეტად. კასიანას ოთახი მეორე სართულის კიდეში მდებარეობდა. მისგან კარი იმ აივანზე გადიოდა, კედლიდან რომ გადმოკიდებულიყო და თლილ ბაზალტის სვეტს ეყრდნობოდა. აივნის მძიმე, წაბლის ხის კარი მშვიდად გამოაღო და მაისის ნისლის პირისპირ აღმოჩნდა. აივნის უხეშ, რკინის მოაჯირს ხელის გულებით დაეყრდნო. მეტალის სველმა ბრწკნამ თითის წვერებში გაუარა. სხეული არ შეტოკებია. ამ აივნიდან უზარმაზარი, თვალუწვდენელი ეზო ხელისგულზე იშლებოდა. ღრმად ჩაისუნთქა. ბაღი გიგანტურ, მორევში ჩაძირულ ოკეანის ფსკერს მიამსგავსა. ეზოს სიღრმეში, ვაშლისა და მსხლის ხეების სილუეტები ლანდებივით ირხეოდნენ. მათი თეთრ-ვარდისფერი ყვავილები ქარის ყოველ ქროლვაზე წყდებოდნენ ტოტებს და სიბნელეში უჩინარდებოდნენ. ხეებს მიღმა, იქ, სადაც ეზო მთავრდებოდა, შავი, მრისხანე მთების მასივები კი ცას აწყდებოდნენ, გეგონებოდათ, სახლს ყოველი მხრიდან გალავანივით კეტავენო. მანქანიდან ჯერ კიდევ ისმოდა ცხელი ძრავის წკაპუნი და დამწვარი რეზინის მჟავე სუნი სუფთა მთის ჰაერს წამლავდა. მოეჩვენა, რომ ამ მთებში სამუდამოდ გამოიკეტა. გაეღიმა. ნელი ქარის ყოველ ქროლვაზე ნისლი მის სახეს აწყდებოდა, ღვთაებრივი ნაკვთები თეთრ წყვდიადში ეშლებოდა და ახლიდან ეხატებოდა. ჯინსის ჯიბიდან წვრილი სობრანიე ამოაცურა, კუთხეში მიდგმულ, ხის ტაბურეტზე ჩამოჯდა და გრძელი ფეხები სველ მოაჯირზე შემოაწყო. წამით მოეჩვენა, რომ ყველაფერი, აქ, ამ გადაკარგულში, თვითონ იყო. ეს საუკუნოვანი წითელი აგურის სახლიც და ის ნისლიც, ვაშლის ხის ტოტებს შორის რომ ცეკვავდა, ის იყო. თავი გააქნია. აქ ზედმეტი არაფერი დასჭირდებოდა. შეეძლო უბრალო, სურვილებისგან დაცლილი, თავისუფალი სული ყოფილიყო. ისეთი, როგორიც იყო კიდეც სინამდვილეში. თავს უჩვეულოდ გრძნობდა. ისე, როგორც აქამდე არასდროს. რამდენიმე წუთში მძიმე გადასაფარებლის ქვეშ შეცურდა. როგორც კი მისი ჩალისფერი თმა თეთრ, ქათქათა ბალიშზე გაიშალა და ქუთუთოები დაეშვა, მისი გონება აბსოლუტურმა სიშავემ მოიცვა. ქვემოდან ამომავალი ყრუ ექო ერთფეროვან იავნანად ქცეულიყო. * * * რას იტყვით, მეგობრებო, განვაგრძოთ? :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



