წითელი სახლის ლანდები (თავი IV)
12-ს უჩვენებდა საათი, თავლაში მხოლოდ ცხენების მძიმე, რიტმული სუნთქვა ისმოდა, ჰაერში კი გამომშრალი თივის მტკნარი, თბილი სუნი იდგა. ლენას და კაკის კარგა ხანი იყო, ეძინათ, გოგონები კი შავთვალა მარიამის წვეულებაზე თვრებოდნენ. პირველ ბოქსს მიყრდნობოდა კასიანა. თავადაც ვერ შეემჩნია, ისე მიჰკედლებოდა ბუცეფალს. მოსწონდა მისი დიდრონი, თაფლისფერი თვალები. ზურგზე ოქროსფერ ჩანჩქერად დაჰფენოდა გრძელი ხუჭუჭები. მისი სუნთქვა კი თავისთავად ერწყმოდა ცხენის რიტმულ ფრუტუნს. საწყის წერტილთან აბრუნებდა ბუცეფალი. ნატიფი თითებით ეფერებოდა შავი, გიგანტური ულაყის დაკუნთულ ყელს და სიმშვიდის ილუზიას მოეცვა ირგვლივ ყველაფერი, ყრუ ჭრიალით რომ გაიღო თავლის მძიმე, ფიჭვის კარი. არ მიბრუნებულა კასიანა. ზურგი აუწვა უცხო მზერამ. ენერგიას გრძნობდა. პირქუშს, უცნაურს, მტაცებლურს, სახიფათოს. ზღურბლზე თარაში იდგა. კარის ჩარჩოს მხრით მიყრდნობოდა. ამ მთებივით ლამაზი იყო თარაშ ილდანი. მხრებამდე დაფენილი, ხშირი, ხუჭუჭა თმა ნესტიან ნიავზე მსუბუქად ერხეოდა. ბუცეფალისას მიუგავდა ზეთისხილისფერი თვალები. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო. მტაცებელივით ზვერავდა კასის მაღალ, ნატიფ ფიგურას. სიბნელის შვილს ჰგავდა თარაში. მდუმარედ იდგა. ჩამი-ჩუმი არაფრისა ისმოდა. მხოლოდ ხის კედლებს აჭრაჭუნებდა ღამის ნიავი. ჯიბიდან ხელები ნელა ამოიღო, კარს მოშორდა. მისი მძიმე, ტყავის ჩექმები სველ თივაზე ყრუდ გაშრიალდა. კასი გრძნობდა ამ ანერგიას მის სიახლოვეს. არ დამფრთხალა, არ გატოკებულა. იდგა მშვიდად, მიუკარებლად და თამამად, როგორც სჩვეოდა. ისეთი სიმსუბუქით, თითქოს მხოლოდ ის ყოფილიყოს ამ სამყაროში. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა თარაშ ილდანი. გოლიათივით აწვებოდა ბოქსის ხის ტიხრებს მისი ჩრდილი. თარაში ისე ახლოს იყო, რომ მის ცხელ სუნთქვას კისერთან გრძნობდა კასიანა. დაძარღვული, ძლიერი მკლავი ბუცეფალის გვერდით, ხის ტიხარს მყარად დააყრდნო და კასიანას უკან დასახევი გზა უსიტყვოდ გადაუკეტა. ”შეაშინებ” - გაახსენდა, როგორ აფრთხილებდა ბასილი. კასის დააკვირდა. არ უნდოდა, მისი შეშინება. არც შეშინებია. მშვიდად ამოხედა ერთი თავით მაღალ სხეულს და წარმოუდგენელი ფერის თვალები უტიფრად გაუსწორა. ნაპერწკლები უღვიოდნენ თვალებში თარაშს. -მაინც ვინ ხარ? - ჰკითხა დაბალი, მტკიცე ხმით. ყოველი ბგერა ხის კედლებს ყრუდ მიენარცხა. ბუცეფალის ყელს ხელები ფრთხილად მოაცილა კასიანამ. აუჩქარებლად შემობრუნდა და დაჟინებით ჩააშტერდა თაფლისფერ ირისებში. -არ ვიცი, - მხრები მსუბუქად აიჩეჩა გოგონამ, ნაზმა ღიმილმა გადაურბინა ბაგეზე, - იქნებ .. შენი ღამის კოშმარი. ანკარა წყაროსავით მოჩხრიალებდა მისი ხმა სიჩუმეში. ისეთი მელოდიური იყო, ისეთი მსუბუქი. მზერა დაუმძიმდა თარაშს. თვალები მის ტუჩებზე შეეყინა, წამის წინ ირონიულმა ღიმილმა რომ გაუპო. -უკან დაიხიე, თარაშ, - ნაბიჯი წინ გადადგა კასიანამ, - შენ არაფერს იზამ, სანამ თვითონ არ მენდომება. მისი სახელი იცოდა. რეტი დაესხა თარაშს. იმაზე თამამი იყო, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა. ნელა, აუჩქარებლად გადადგა ნაბიჯი უკან. გოგონას სხეულს მოშორდა და იქვე, ბოქსის პირისპირ, თივით საგულდაგულოდ გატენილ, ხის ძველ გოდორზე ჩამოჯდა. ზურგი თავლის მყარ ფიცრებს მიაყრდნო, გრძელი ფეხები წინ თავისუფლად გაშალა და ხელები მუხლებზე დააწყო. უსიტყვოდ განაგრძო კასის ყურება. ინტერესით აკვირდებოდა მის ყოველ შეტოკებას, ჩალისფერი თმის ტალღებს, ნათურის სუსტ შუქზე რომ უბზინავდნენ. პირქუში კაცი იყო თარაშ ილდანი. თავისუფალი, ძლიერი და თავდაჭერილი. ძალის დემონსტრირება არ სჭირდებოდა, რადგან არავის უყურებდა, როგორც თანასწორს. მაგრამ ახლა, ამ თავლაში ... -აღარ იტყვი, ვინა ხარ, ბავშვო? იმ ნახევრად ბნელ სივრცეში, ყველა უჯრედით გრძნობდა მის მზერას კასი. პასუხის გაცემას კი არ სთოვდა, მოითხოვდა. ეს აღიმებდა კასიანას. მობეზრებულად, ხანგრძლივად ამოისუნთქა. ცხენს ხელი უხალისოდ მოაცილა და მისკენ უხეშად შემობრუნდა. ის ისევ იქ იჯდა, თივის გოდორზე, ზურგით მიყრდნობილი, ძველებურად ლამაზი და უტიფარი. ნათურის მკრთალ შუქზე, ჩრდილებად ათამაშდნენ კასის კულულები. გრძელი, თეთრი სარაფანი ეცვა, თხელ მკლავებზე კი შალის პერანგი მოეხვია. უბრალო იყო. და იმაზე უფრო ლამაზი, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა. თვალებიი ერთმანეთს მაგრად დააჭირა თარაშმა. -რა არ გასვენებს? - გამომწვევად ჟღერდა კასის ხმა სიჩუმეში. -ოქროსფერი ხუჭუჭები, - მშვიდად, აუჩქარებლად განაგრძობდა თარაში. მისი დაბალი, მელოდიური ბასი თავლის სიჩუმეში ნელ ტალღად დაიღვარა. ნაკვთები ოდნავადაც არ შეტოკებია. ისეთივე შეუვალი იყო, როგორც აქამდე, - ხორბლისფერი კანი... და შენი თვალები, - სიტყვებს შორის მცირე პაუზის შემდეგ მზერა კასიანას ლურჯ-მწვანე ირისებს მიალურსმა. სიმშვიდე არ დარღვევია კასიანას. იდგა ხის ტიხართან, უზარმაზარ, შალის პერანგში გახვეული, და მკრთალ შუქზე უბზინავდნენ ალუბლისფერი, სველი ტუჩები. მოსწონდა, რომ პირდაპირ საუბრობდა თარაში. ნამდვილი იყო. ხელშესახები. ნელა მოშორდა ხის გოდორს, ფეხზე წამოდგა და მისი მაღალი ფიგურა თავლის წყვდიადში გოლიათივით აღიმართა. ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად წავიდა კასისკენ. თარაშმა ზუსტად იცოდა, იწვევდა კასიანა. ამას ხედავდა მის ყოველ მზერაში, მის ხმაში. ამას აკეთებდა განზრახ, მოურიდებლად და ისეთი თავდაჯერებით, რომ ძარღვებში სისხლი უდუღდა თარაშს. მათ შორის მანძილი იმდენად მცირე იყო, რომ მის თბილ სუნთქვას სახეზე გრძნობდა კასიანა. თარაშს კი, ციტრუსის გრილი სუნი ცხვირს უწვავდა. ხელი ფრთხილად ასწია და გოგონას სახეზე ჩამოვარდნილ, ჩალისფერ ცალ კულულს ნაზად ჩამოუსვა. აბურდული თმა გაუსწორა და გრძელი თითები ხორბლისფერ, ნამიან კანზე ოდნავ შეახო. თარაში გრძნობდა მისი სხეულიდან წამოსულ ტალღებს. თვითონაც, წამით სხეული დამყოლი გაუხდა, გონებით კი კასის ტალღების რიტმს აჰყვა. გახურებული შუბლი კასისას მიადო და სახე სწრაფად წაიღო მისი ბაგეებისკენ. ყველაფრისთვის მზად იყო, ოღონდაც ახლა ეკოცნა მისთვის. -არ მაკოცებ, - სახე მოულოდნელად, მკვეთრად აარიდა კასიანამ. თარაშს სუნთქვა წამით ყელში გაეჩხირა, - არც ახლა და არც არასდროს, - დაამატა მშვიდად. მისი სიტყვები მუნჯი ბრძანებასავით გამოეკიდა ჰაერში. თარაშს გულში რაღაცამ გაჰკრა. განიარაღდა. ლტოლვა და განცვიფრება ერთიანად მორევად იქცა მის თვალებში. უკან დახევის ნაცვლად, კასიმ კვლავ შეცვალა თამაშის წესები. გრძელი, თლილი თითები ნაზად წაიღო მისი პერანგისკენ და რამდენიმე ღილი ფრთხილად შეუხსნა. რეტი დაესხა თარაშს წამით. ერთი სული ჰქონდა, როდის იგრძნობდა. ყელი გაუშრა. დაუჯერებლად ლამაზი იყო კასიანა. ელვასავით გაუარა ცივი თითების შეხებამ ცხელ, დაძარღვულ მკერდზე. რაღაც უნდოდა მისგან კასიანას და იმ წამს, იმ წითელი სახლის ბნელ თავლაში, მზად იყო თარაში მთელი ცხოვრება ამ არამიწიერი სილამაზის ფეხებთან ფერფლად ექცია. მიეცა ყველაფერი, რაც იმ წამს მისგან უნდოდა გოგონას. კაბა სხეულზე ნაზად ჩამოუცურდა კასიანას. მარმარილოს ქანდაკებას ჩამოჰავდა მისი სხეული - უბადლო, თხელი ფორმებით, საოცრად წვრილი წელითა და გრძელი, ნატიფი ფეხებით. კანი ხორბლისფრად უელავდა ნესტიან ჰაერში, ყოველი ნაკვთი კი იმდენად სრულყოფილი ჰქონდა, რომ თარაშს თვალები წამით დაუბნელდა. კასიანამ სველი, ალუბრისფერი ტუჩები თარაშის მაღალ ყელს გამომწვევად მიაკრო. მზერა გაუსწორა. გაცვიფრება და ველური აღფრთოვანება ერთმანეთს ცვლიდნენ ილდანის სახეზე. ხელები მის თხელ წელს მყარად შემოაჭდო, იგრძნო გოგონას აჩქარებული, მაგრამ მაინც მშვიდი სუნთქვა და მთლიანად ჩაიძირა ციტრუსისა და თივის სურნელში, იმ საღამოს მის ნეტარებად რომ ქცეულიყო. სანამ მათი სხეულები ერთმანეთს გამალებით ერწყმოდნენ, კასის სახეს გამუდმებით აკვირდებოდა თარაში. უემოციოდ, ინსტიქტურად მოძრაობდა კასიანა. იქ იყო, მაგრამ მასთან არ ყოფილა. კასი მას ვერ ხედავდა. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისთან გააკეთებდა ამას, მაგრამ იმ წამს, იქ თარაში იყო. თარაში, თავისი სხეულით, ბოლომდე ეკუთნოდა გოგონას, კასი კი წამითაც არ ყოფილა მისი. ჭერზე მიშტერებული, დაღლილი, რაღაცაზე ფიქრობდა კასიანა და თვალს არ აშორებდა თარაში. ჩანდა, ძილს და ღამის ნაღველს ებრძოდა. ერთი სიამოვნება იყო ახლა მისი ყურება. წუთის წინანდელ ველურ ვნებას კასის სახეზე შფოთვის ან სინანულის უმცირესი კვალიც კი არ დაეტოვებინა. აკვირდებოდა თარაში. ხელები თავქვეშ ამოედო და მის სხეულზე მზერას კვლავ უტიფრად დააცოცებდა. მოსწონდა, რომ არ ნანობდა. -მოწევ? - ჰკითხა კასიანამ და სრულიად შიშველმა, იქვე მიგდებული შალის პერანგის ჯიბიდან სობრანიეს კოლოფი ამოაცურა. თავი დაუქნია თარაშმა. ვერ სუნთქავდა. სიგარეტი ღმერთკაცსს გაუწოდა და თივის ზვინზე მსუბუქად გადაწვა. დახვეულ კვამლებს ჰაერში უშვებდა კასიანა და მშვიდად უყურებდა თარაში. -გიჟი ხარ, ბავშვო? - ჰკითხა თარაშმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ინტერესით და მშვიდად ჩაეცინა. სასიამოვნო სიცილი ჰქონდა, მელოდიური. კასის გაეღიმა, მისკენ გადაბრუნდა, თავი სასაცილოდ დაუქნია და სიგარეტს ღრმა ნაფაზი ამოარტყა. სიამოვნებდა, ბიჭის სხეულის სითბო მის სიახლოვეს. ყველაფერი ისეთი უჩვეულო იყო, ისეთი უცნაური. მხოლოდ ორნი იყვნენ და თარაშს ეჩვენებოდა, რომ მაინც მარტო იყო კასიანა. არაფერი ხდებოდა კარს იქით და პირველსაწყისს უბრუნდებოდა თითქოს სამყაროც. გარდა სილამაზისა, იყო მასში რაღაც, რაც ასე აფორიაქებდა თარაშს. -გვიანია, - მკლავზე თარაშის საათს დახედა კასიანამ, - უნდა წავიდე. სასწრაფოდ წამოხტა, თეთრი სარაფანა უცბად გადაიცვა. აბურდული თმა წინ გადაყარა, თავი ერთი მსუბუქი მოძრაობით მოიწესრიგა და თავლიდან ისე გავარდა, დამშვიდობება ვერ მოასწრო ილდანმა. სინამდვილეში, არც უცდია. თივის ზვინზე მძიმედ გადაწვა და ცხენების ფრუტუნში, ერთხელ ღრმად ამოიხვნეშა. რაღაც აკლდა. 888 მოომდევნო დღეს, ნაშუადღევს, მაისის მზეს სახლის წითელი აგურის კედლები კაშკაშა, ოქროსფერ შუქში გაეხვია. კიბის უჯრედზე იდგა ლენა და კასის უყურებდა. ჰოლის უზარმაზარი, პრიალა სარკის წინ ტრიალებდა და კუთხეში მიმდგარ, მუხის სავარძელში მთელი სხეულით გადაწოლილ კაკის გულიანად აცინებდა.რაღაცას უყვებოდა კასიანა. იმდენი ხანი გასულიყო მას შემდეგ, რაც ლენასთვის არაფერი მოეყოლა, მასთან ერთად არ უცინია. გულში უსიამოდ გაჰკრა რაღაცამ. -კასი! - დაუძახა ლენამ. დაღლილი, მაგრამ მომთხოვნი ხმა ჰქონდა. ისეთი, როგორიც სჩვეოდა. -გისმენ, ლენა, - აუჩქარებლად შემობრუნდა დედისკენ კასი. ციტრუსის სურნელს აფრქვევდა უწინდებურად. -დღეს გოგონებს გაჰყვები კოცონთან და შენს თანატოლებს გაიცნობ, - თქვა ლენამ, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ზურგით ხის კედელს მიეყრდნო. წინააღმდეგობის გასაწევად წინასწარ ემზადებოდა. -რისთვის? - მშრალად, ყოველგვარი ინტერესის გარეშე იკითხა კასიმ. -აქ მარტო როდემდე უნდა დაეხეტებოდე? - გაღიზიანდა ლენა. ბოლო დროს, ნერვები აღარაფრად უვარგოდა. თანაც, აგიჟებდა უმცროსის ეს აბსოლუტური იზოლაცია, მისი ღამის გაუჩინარებები და ის ფაქტი, რომ ისე იქცეოდა, თითქოს მას არასდროს არაფერი ეხებოდა. -ვინ თქვა, რომ მარტო დავეხეტები? - კასიანამ ნატიფი წარბი ზევით ოდნავ აზიდა. ბაგეზე ღიმილმა გადაურბინა. -აბა, ვისთან ერთად დაეხეტები, კასიანა? - თვალები მობეზრებულად აატრიალა ლენამ. -ჩემს თავთან ერთად, ღმერთმანი, - გრაციოზულად მიუგო გოგონამ და თავისი გრძელი, ნატიფი თითებით მწვანე ქუდი თავიდან დემონსტრაციულად მოიხადა. თმა ერთიანად, ოქროსფერ გრიგალად გადმოეფრქვა მხრებზე. ჰოლის კუთხეში, მუხის დიდ სავარძელში მჯდარი, გულიანად ხარხარებდა მოხუცი. საკუთარ თავზე ხუმრობის გამბედაობა კასის სულ ჰქონდა. სწორედ ეს შეუყვარდა მასში პირველად. ლენამ მამას უკმაყოფილოდ გადახედა და ისევ ქალიშვილს მიუბრუნდა. თავდასაცავი ჯავშანი ერთბაშად ჩამოიშალა, მხრები უმწეოდ დაუშვა და ხმაში ბრაზის ნაცვლად დედობრივი სასოწარკვეთა გაერია: -კასი, სერიოზულად... შენთან ჩხუბის ძალა აღარ შემრჩა, - ამოიოხრა მან, - ძალიან გთხოვ, შეგიძლია მხოლოდ დღეს, გოგონებს კოცონთან გაჰყვე? თუ არ მოგეწონება, აღარავინ დაგაძალებს. კასიანამ უსიტყვოდ, ნელა აათვალიერა დედამისი. ხან და ხან ძალიან ეცოდებოდა, მისი დედობა რომ უწევდა. მსუბუქად გაუღიმა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და იატაკის ფიცრების ჭრიალში, კიბეზე სწრაფად დაეშვა. ესეიგი, საღამომდე ბევრი რამ უნდა მოესწრო. მართლაც, შებინდებისას ნინას და ანიკას გაყვა კასიანა. წინასწარ ძალიან ეზარებოდა და ისეთი განწყობით მიათრევდა გრძელ ფეხებს, ცხადი იყო, იქაურობა არ მოეწონებოდა. ნინას თავისი მუქი ქერა თმა იდეალურ ტალღებად დაეფინა მხრებზე, ტანზე კი ნაზი, კრემისფერი ნაქსოვი კაბა ეცვა. ანიკას კი ფირუზისფერი, თხელი სვიტერი მოერგო, რომელიც მის დიდ ცისფერ თვალებს კიდევ უფრო კაშკაშას ხდიდა. გოგონები მზეთუნახავებს ჰგავდნენ. კასიანამ დებს უცნაურად გადახედა, თუმცა არაფერი უკითხავს. მხრები უდარდელად აიჩეჩა და ბილიკს მათთან ერთად გაუყვა. -ნამდვილად კოცონთან მივდივართ? - იკითხა ბოლოს, როცა შეამჩნია, რომ გოგონები თმებს გამუდმებით ისწორებდნენ და საკუთარ მუქ, ლურჯ ჯინსის შარვალსა და განიერ, თეთრ მაისურს დახედა. უბრალო იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ ამ სამოსში უბადლოდ გამოიყურებოდა მისი ნატიფი სხეული. თავი მდუმარედ დაუქნიეს, თქმით კი არაფერი უთქვამთ. ონიანების ლურჯი სახლის უკან, საუკუნოვანი მუხების ძირას, განსაკუთრებული მხიარულება იგრძნობოდა იმ საღამოს. გიგანტური კოცონის ნარინჯისფერი ალმური გზას ცისკენ მიიკვლევდა, ნაპერწკლები წყვდიადში ვარსკვლავებივით წყდებოდნენ შეშას და მათ სახეებს ოქროსფრად აელვარებდნენ. კოცონის გარშემო ოცზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა შეკრებილიყო, ხის უხეშ მორებზე ჩამომსხდარიყვნენ. მათ რიტმს ხეობა ხმამაღალი სიცილითა და შეძახილებით ექოდ პასუხობდა. მართლაც, თითქოს განზრახ, ყველა განსაკუთრებით გამოწყობილიყო იმ საღამოს. ლაშა თავისი ფართო მხრებით ცენტრში იჯდა და ამბებს ჰყვებოდა. -აბა, გიორგი, ცეცხლს შეშა დაუმატე, ნისლი გვიახლოვდება, არ შემოგვეპაროს! - გამოსძახა მორებიდან ნიკომ და ხელში თიხის დიდი ჭიქა შეათამაშა. -ნისლი კი არა, ამაღამ კაკის სტუმრები გვათბობენ! - ხმამაღლა გაიცინა გიორგიმ და სასწრაფოდ შეეგება გოგონებს. ნინას და ანიკას თბილად გადაეხვია, კასიანას კი ხელი ჩამოართვა, თავი მსუბუქად დაუკრა და ფართოდ გაუღიმა. შეშის უზარმაზარი ნაჭერი ცეცხლის შუაგულში ჩააგდო ნიკომ და ჰაერში ნაპერწკლების ახალი ტალღა ააფრქვია. -მარიამ, გადმოაწოდე მანდ ხორცის ღვეზელები, სანამ გაციებულა! მარიამმა, თავისი გრძელი შავი ნაწნავით, გოგონებს ადგილი დაუთმო მორზე და ხალისიანად აათვალიერა: -დედოფლებივით ხართ! -გმადლობ, მარიამ, - გაუღიმა ნინამ და სიხარულით აუციმციმდა ცისფერი თვალები. იქვე ჩამოჯდა კასიანაც, ხელები ჯინსის ჯიბეებში ჩაიწყო და კოცონის ალს მიაშტერდა. სივრცეს ათვალიერებდა ანიკაც. მშვიდი და უდარდელი იყო. მოპირდაპირე მხარეს, ხის ჩრდილში, თარაში იჯდა. პირქუში, სერიოზული, როგორც ყოველთვის, მხრებამდე დაფენილი ხშირი შავი ხუჭუჭა თმითა და მუქი თაფლისფერი თვალებით აჩრდილს ჩამოჰგავდა. -შეხედე, - მხარი ჰკრა ნინამ კასიანას, - აი, ის ხუჭუჭა, ნინას რომ ვეუბნებოდი! კასიანამ ინსტიქტურად გაიხედა, სადაც ანიკა მიუთითებდა და მისი თვალები წამით წააწყდნენ თარაშის თაფლისფერებს. თავი სწრაფად ჩახარა. თარაში უყურებდა. აკვირდებოდა, როგორ უჯდებოდა გოგონას ჩალისფერ თმას კოცონის ნარინჯისფერი ალი. მის გვერდით, კასიზე ლაპარაკობდნენ ბიჭებიც: -ანიკას დაა? - კითხულობდა დათა ინტერესით. -ნინასიც, შე/ჩემა, - იცინოდა გიორგი. -მე არ მომწონს! - გამოაცხადა და ხელები დაიკრიფა ანანომ, წითელი თავსაფარი რომ მოეხვია და ზამთრის სუსხს ემალებოდა. -რა დაგიშავა? - ვერ გაიგო გიორგიმ. -შეეშვი, ეგეთ ქალებს ქალები არ სწყალობენ. ვერ ხედავ, რა ლამაზია? - ხელი ჩაიქნია დათამ. -იდიოტო! - კეფაში მსუბუქად მოსდო ანანომ, - ბოროტო! კი არ მშურს! -რა ქალი, ბიჭო, ბავშვია, ოცისაც არ იქნება. -ცხრამეტის არის, გოგონებმა ასე თქვეს, და საერთოდ არ მშურს! - დააზუსტა ანანომ. რაღაცას უყვებოდა გოგონებს მარიამი და ისე კისკისებდა კასიანა, კოცონის მეორე მხარეს, მხოლოდ მისი ხმა სწვდებოდა თარაშის ყურღასმენას. უდარდელი, ლაღი. ნუთუ შეეძლო, ასეთიც ყოფილიყო? თვალები ოდნავ მოჭუტა თარაშმა. ბასას ახლაღა შეემჩნია კასი და მძიმე ნაბიჯით მიდიოდა მისკენ. -აქ რა ეშმაკის მანქანებმა მოგიყვანა? - ისე უთხრა, მხოლოდ მას რომ გაეგო და გვერდით მიუჯდა. უღიმოდა ბასა. მისი ხმა მთის ღამის მუსიკაში მელოდიურად ჩაიღვარა. -ოჰო, ბასილ ილდანი, - ხალისიანი ღიმილი შეაგება კასიანამ. მასთან საუბარი მოსწონდა, - სუფთა მაისურით! რაღაც ჰქონდა ბასას, რაც აინტერესებდა კასიანას. მასთან ერთად, ცხოვრება მსუბუქ ნიავს ჰგავდა. -ჩემმა დამ დათრობა ჯერ ვერ მოასწრო, თუ? - იცინოდა კასი. -ხომ გითხარი, სუფთა კაცი ვარ-მეთქი, წუხელ უბრალოდ ფორსმაჟორი იყო, - ხუმრობით უპასუხა ბასამ და კასისკენ ოდნავ გადაიხარა, - ხვალ ბუცეფალისთვის ახალი ნალები უნდა გამოვჭედოთ. თავლაში შემოიარე. -ძველი ვინ გაცვითა, აბა, ვერავინ ეკარებაო? - იკითხა მოჩვენებითი ინტერესით მან და ღვინო ფრთხილად მოსვა. -მერე ერთი გოგო ჩამოვიდა და ... ორივეს გაეცინა. ნათელი აურა ჰქონდა ბასას და ეს მოსწონდა მასში კასიანას. ასეთ დეტალებს ყოველთვის გრძნობდა. -რადგან ბუცეფალიც იქ იქნება, შეიძლება შემოვიარო. - თვალები სასაცილოდ დააწვრილა კასიმ, თეფშიდან ველური კენკრა აიღო და პირში გაიქანა. -ესეიგი, ბუცეფალი .. - ჩაეღიმა ბასას. კასიანა მხოლოდ მასთან იყო ასეთი ცოცხალი. ამას ხედავდა და ეს უნდოდა. ახალგაზრდები ხმამაღლა მღეროდნენ ძველ სიმღერებს. ჭკუიდან იშლებოდა ლაშას გარმონი. ნინა მორებზე იჯდა, ტაშს აყოლებდა მუსიკას და იცინოდა. ანიკა კი უყურებდა, ძველი ნაცნობებივით როგორ საუბრობდნენ მისი და და ბასილ ილდანი. გვერდით ფრთხილად მიუჯდა და ხმამაღლა წამოიყვირა: -რაზე საუბრობთ? -შენზე. - იცრუა კასიმ და თვალი ჩაუკრა ბასილს. -მასზე? - ინსტიქტურად გაიმეორა ბასამ. -შენზე, შენზე, - ისეთი თავდაჯერებული იყო კასიანა, კინაღამ დაიჯერა ბასილ ილდანმა, -ბასა მიყვებოდა, რომ დიდებული სიმთვრალე გაქვს და თან, რა გადასარევად მღერი. -იდიოტო! - გადაიხარხარა ანიკამ და დას მხარზე მაგრად მიჰკრა ხელი, - ბასა? - სიმართლის მოლოდინში, თვალები დააკვესა მან. -იგონებს. - გაიცინა ბასამაც და მუხლებს დაეყრდნო. უჩვეულოდ მხიარული იყო იმ საღამოს. -ძალიან გაგაწამე? - ლოყები შეეფაკლა ანიკას და სახეზე ხელები აიფარა. -საერთოდ არა. - თავი უხერხულად გააქნია ილდანმა. -ზუსტად ვიცი, სიმართლეს გეუბნება. - გაეცინა კასიანას. ბასამ ხმამაღლა გადაიხარხარა და თავი გააქნია. ლაშას გარმონს ისეთი რიტმი აეღო, ნისლს ახლოს არ იკარებდნენ. მიწა ზანზარებდა მათ ფეხქვეშ. -ლამაზი კია , ღმერთმანი, მაგრამ ზედმეტად უცნაურია, - დაამატა თამუნამ, რომელიც ლაშას გარმონის რიტმს მხრებს აყოლებდა, თუმცა მზერას კასის არ აშორებდა, - ილდანს რა სჭირს? უხეშად რატომ არ იცილებს? სიბნელე სქელდებოდა, კოცონი ხურდებოდა და გოგონები ვერ ამჩნევდნენ, როგორ იკვრებოდა უხილავი ქსელი მათი წითელი აგურის სახლის გარშემო. * * * მეგობრებოოოოოოოოოოო! თარაშ VS ბასა? დავიტანჯე! მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


