შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ დრო დაგვრჩა ნაწილი 3


დღეს, 10:07
ავტორი Khatiat162
ნანახია 26

****განაჩენი****
​პარიზის ერთ-ერთი კლინიკის კაბინეტში საშინელი, სტერილური სისუფთავე და სიჩუმე იდგა. ფანჯრიდან მზის სხივები შემოდიოდა, მაგრამ ანასთვის სამყარო თეთრ-ნაცრისფერ ფერებში გაყინულიყო. იჯდა ხის სავარძელში, ხელები მუხლებზე დაეწყო და მშვიდად უყურებდა მის წინ მჯდომ შუახნის ფრანგ ონკოლოგს. ექიმი ფრთხილად, თითქოს ყოველი სიტყვის სიმძიმეს ზომავსო, ფრანგულად, რბილი აქცენტით საუბრობდა, თუმცა ანასთვის ეს სიტყვები თარგმანის გარეშეც აბსოლუტურად გასაგები იყო.
​— მადამ ანა... სამწუხაროდ, ანალიზების პასუხები იმაზე ცუდია, ვიდრე ველოდით, — ექიმმა სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დადო. მის თვალებში პროფესიული სიცივის მიღმა ადამიანური სიბრალული გამოსჭვივოდა. — მეტასტაზები უკვე გავრცელებულია. დაავადება იმ სტადიაშია, რომ ქიმიოთერაპიას ან ქირურგიულ ჩარევას... პირდაპირ გეტყვით, აზრი აღარ აქვს. ორგანიზმი ზედმეტად დასუსტებულია.
​ანას სახეზე კუნთიც არ შეტოკებია. თითქოს ამ სიტყვებს დიდი ხანია ელოდა. პარიზში გატარებულმა ოთხმა წელმა მას ვერც შვება მოუტანა და ვერც სიმშვიდე. ის ყოველდღე ნელ-ნელა კვდებოდა შიგნიდან, დარდისა და მარტოობისგან, და ახლა ეს სენი უბრალოდ მისი შინაგანი მდგომარეობის ფიზიკური გაგრძელება იყო.
​— ვიცი, — ჩუმად, ფრანგულადვე უპასუხა ანამ. — მკურნალობას არც ვაპირებდი, ექიმო.
​ექიმმა გაკვირვებით შეხედა. მას ბევრი პაციენტი უნახავს — ზოგი ტიროდა, ზოგი სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა, ზოგიც ბოლო წამამდე იბრძოდა. ანას თვალებში კი მხოლოდ ერთი რამ იყო: აბსოლუტური, ყრუ სიმშვიდე.
​— მადამ, მე ვალდებული ვარ რეალობა გითხრათ, — ექიმმა ხმა ჩაიწმინდა. — თქვენ მაქსიმუმ სამი, შესაძლოა ოთხი თვე დაგრჩათ. ტკივილები გაძლიერდება, ამიტომ ძლიერ გამაყუჩებლებს გამოგიწერთ. ჩემი რჩევა იქნება, თუ შესაძლებელია, დაბრუნდეთ თქვენს ქვეყანაში. გაატარეთ ეს დრო იმ ადამიანებთან, ვინც გიყვართ. ოჯახი, მეგობრები... ახლა მათთან ყოფნა ყველაზე მეტად გჭირდებათ.
​ანამ მწარედ ჩაიღიმა. მის ტუჩებს სიმწრის ღიმილმა გადაუარა.
​„იმ ადამიანებთან, ვინც მიყვარს...“ — გაიმეორა გონებაში.
​საქართველოში მას აღარავინ ეგულებოდა. ნათესავებთან კავშირი დიდი ხანია გაეწყვიტა, მეგობრებს თავად ჩამოშორდა, ხოლო კაცი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და რომლის ყურებაც ტკივილის გარდა არაფერს ჰგვრიდა, საკუთარი ხელით გააგდო ცხოვრებიდან. თბილისში მისთვის ცოცხალი ადამიანი არ არსებობდა. იქ მხოლოდ ერთი პატარა, მიწის ნაკვეთი იყო, სადაც მისი გული სამუდამოდ დარჩა.
​— მადლობა, ექიმო, — ანა წამოდგა, რეცეპტი გამოართვა და ჩანთაში ჩადო. — მე აუცილებლად დავბრუნდები. მაგრამ არა ადამიანების სანახავად.
​კლინიკიდან გამოსული, პარიზის ხმაურიან ქუჩას გაჰყვა. ირგვლივ ხალხი იცინოდა, ჩქარობდა, ცხოვრება დუღდა, ანა კი გრძნობდა, რომ მისი დრო ქვიშასავით იცლებოდა. სიკვდილის შიშს საერთოდ არ შეუწუხებია. პირიქით, პირველად ამდენი წლის განმავლობაში, მის გულში რაღაც თბილმა და ნაცნობმა გაიღვიძა. ეს იყო იმედი.
​ის მიხვდა, რომ ეს სენი სასჯელი კი არა, განთავისუფლება იყო. გზა, რომელიც მას ელენესთან მიაყვანდა.
​მან ტელეფონი აიღო და თბილისის რეისზე ბილეთი დაჯავშნა. მას უნდა მოეკრიბა უკანასკნელი ძალა, გამბედაობა, გადაელახა ის შიში და ტკივილი, რის გამოც ოთხი წლის წინ სამშობლოდან გაიქცა. უნდა დაბრუნებულიყო იქ, სადაც მისი შვიდი წლის გოგონა სამუდამოდ განისვენებდა. მას სჭირდებოდა, რომ სიკვდილის წინ ელენეს საფლავზე დაედო თავი, მის მიწას მოფერებოდა და ჩუმად ჩაეჩურჩულებინა, რომ სულ მალე, ძალიან მალე, ზეციურ სამყაროში ისინი კვლავ შეერთდებოდნენ და ამჯერად მათ ვეღარანაირი ავარია, ვეღარანაირი უფსკრული და ვეღარანაირი დედამიწისეული ტკივილი ვეღარ დააშორებდ
ოთხი წელი ნანგრევებში.
​ანას წასვლის შემდეგ ნიკას ცხოვრებიდან ფერები საბოლოოდ გაქრა. სამყარო უფორმო, ნაცრისფერ მასად იქცა, სადაც დღეები და ღამეები ერთმანეთს მხოლოდ საათის ისრების მოძრაობით ჰგავდნენ. ნიკამ
​ერთადერთი გამოსავალი იპოვა, რომ არ გაგიჟებულიყო — მუშაობა. ნიკა მუშაობაში გადაეშვა ისეთი გააფთრებით, თითქოს საკუთარ თავს სჯიდა.მუშაობდა დღეში თექვსმეტი საათი, უძილო, გადაღლილი, ხშირად საკვების გარეშეც კი. მეგობრები ეუბნებოდნენ, რომ ასე თავს მოიკლავდა, მაგრამ ნიკას სწორედ ეს უნდოდა — ფიზიკური გადაღლილობით ჩაეხშო ის ყრუ, გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც შიგნიდან ღრღნიდა. მას ეშინოდა იმ მომენტის, როცა სამსახურიდან სახლში დაბრუნდებოდა, სიჩუმეში მარტო დარჩებოდა და ფიქრები მოეძალებოდა.​გარეგნულადაც საოცრად შეიცვალა. თვალების გარშემო ღრმა, მუქი ხაზები გაუჩნდა, შავ თმაში კი, რომელიც ანას ასე ძალიან უყვარდა, ნაადრევი ჭაღარა შემოეპარა. ახლა ის იყო მამაკაცი, რომელსაც ზურგით უზარმაზარი, უხილავი გლოვა დაჰქონდა.
​ნიკა არავის ადანაშაულებდა. არც ანას. მას ესმოდა მისი. იცოდა, რომ ანას წასვლა ერთადერთი გზა იყო, რათა ქალს გადარჩენა ეცადა. მაგრამ ყოველ ღამე, როცა ქალაქს ჩაეძინებოდა, ნიკა ტელეფონს იღებდა, ანას ძველ ფოტოებს უყურებდა და გულში ათასჯერ უმეორებდა იმ სიტყვებს, რომელთა თქმაც აეროპორტში ვერ გაბედა: „მაპატიე, ანა. მაპატიე, რომ ვერ დაგიცავით. მაპატიე, რომ გაგიშვი...“
​საქართველოში მისთვის მხოლოდ ერთი წმინდა ადგილი დარჩა — ელენეს საფლავი. ნიკა იქ თვეში რამდენჯერმე მიდიოდა, ძირითადად გვიან საღამოს, როცა სასაფლაო სრულიად ცარიელი იყო. ის საათობით იჯდა ცივ მარმარილოზე, ეფერებოდა შვილის პატარა ფოტოს და ელაპარაკებოდა. უყვებოდა, როგორ ენატრებოდა, უყვებოდა დედაზე, რომელიც ასე შორს იყო. ის ფაქტი, რომ საფლავზე ანას მიერ დატოვებული ყვავილები დიდი ხნის გამხმარი და დამჭკნარი იყო, ნიკას გულს კიდევ უფრო უგლეჯდა. მან იცოდა, რომ ანა იქ არ იყო და ეს საფლავიც კი, მათ საერთო ტკივილთან ერთად, ახლა მხოლოდ მასზე იდგა.
​ამ ოთხი წლის განმავლობაში ნიკამ რამდენჯერმე სცადა ანას შესახებ რამის გაგება საერთო ნაცნობებისგან, მაგრამ ანა საფრანგეთში სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა, არავის ეხმიანებოდა. ნიკა ფიქრობდა, რომ იქნებ ანამ იქ, შორს, მაინც იპოვა სულის სიმშვიდე. ფიქრობდა, რომ იქნებ დრომ მისი ჭრილობები მოაშუშა და სუნთქვა ასწავლა. ის მზად იყო, მთელი ცხოვრება მარტოობაში, ამ სინდისის ქენჯნაში გაეტარებინა, ოღონდ სცოდნოდა, რომ ანა სადღაც, დედამიწის მეორე მხარეს, ცოტათი მაინც ბედნიერი იყო.
****შეხვედრა უფსკრულის პირას****
​ივნისის ბინდი თბილისის სასაფლაოზე ნაცრისფერ, მძიმე საფარველად ეშვებოდა. ოთხი წელი. ანასთვის ეს დრო პარიზის ცივ, უცხო ქუჩებში გატარებულ უსასრულო წრეებად იქცა, სადაც ის საკუთარ თავს გაურბოდა. და აი, ახლა ის კვლავ აქ დგას. ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთული აღმოჩნდა. ჰაერი თითქოს ტყვიასავით დამძიმდა, ფილტვებში აღარ ჩადიოდა.
​როდესაც თეთრ მარმარილოს მიუახლოვდა, ანა უცებ მიხვდა, რატომ ვერ ბედავდა ოთხი წლის განმავლობაში აქ მოსვლას — შიშის გამო კი არა, იმ საშინელი რეალობის გამო, რომელსაც ეს ქვა უსიტყვოდ ადასტურებდა. ის ნელა დაეშვა მუხლებზე. ხელისგულები ცივ, პრიალა ზედაპირს შეახო. ელენეს ფოტოდან ისევ ის შვიდი წლის გოგონა უყურებდა, უცვლელი, მარადიული, მაშინ როცა თავად ანა ამ ოთხ წელში საუკუნით დაბერებულიყო.
​— დედიკო... — ამოიოხრა მისი ბაგეებიდან. ეს არ იყო ტირილი. ეს იყო ყრუ, შინაგანი ყვირილი, რომელიც გარეთ ვერ გამოდიოდა. ანამ შუბლი მიადო ქვას, თვალები დახუჭა და მიწის სურნელი შეისუნთქა. ამ მიწაში ეძინა მის ერთადერთ შვილს, მის ბედნიერებას. — მაპატიე... მაპატიე, რომ ოთხი წელი მარტო დაგტოვე. მეგონა, თუ გავიქცეოდი, ამ ქვას დავაღწევდი თავს, მაგრამ ჩემი ციხე მე თან წავიღე. ახლა კი მოვედი. ამჯერად სამუდამოდ, ჩემო პატარა. ძალიან მალე...
​ის იჯდა ასე, გაქვავებული, დროის შეგრძნებადაკარგული. ზურგს უკან ნაბიჯების ხმა რომ გაისმა, არც კი განძრეულა. სასაფლაოს მუდმივ მაცხოვრებლებს შორის ცოცხლების გამოჩენა ანას აღარ აინტერესებდა. მაგრამ ნაბიჯები ზუსტად მის უკან შეჩერდა. ჰაერში ნაცნობი, თამბაქოსა და მენთოლის სუნი დატრიალდა — სუნი, რომელიც ანას მეხსიერებაში ყველაზე ღრმა უჯრედში იყო ჩაკეტილი.
​ანამ ნელა, თითქოს ეშინოდა, რომ მკვეთრი მოძრაობით ილუზიას დააფრთხობდაო, თავი მიაბრუნა.
​მის წინ ნიკა იდგა.
​დრომ მასზე უცნაურად იმოქმედა. ფიზიკურად თითქოს უფრო მიმზიდველი, უფრო მამაკაცური გამხდარიყო — მხრები გაშლოდა, ნაკვთები უფრო გამოკვეთილი და მტკიცე ჰქონდა, შავ თმაში ნაადრევად გაპარული ჭაღარა კი განსაკუთრებულ, თავშეკავებულ სიმწიფეს აძლევდა. ის აღარ იყო ის ბიჭი, რომელიც ემოციებს ვერ მალავდა. ნიკას სახეზე არცერთი კუნთი არ შერხეულა. ის არ ტიროდა. მის თვალებში არ იყო ცრემლი. მაგრამ სწორედ ეს თვალები გასცემდნენ ყველაფერს — მათში იკითხებოდა ისეთი ყრუ, გაყინული, გამოზამთრებული ტკივილი, რომელიც სიტყვებზე ბევრად საშინელი იყო. ეს იყო კაცის მზერა, რომელიც ოთხი წელია ცოცხლად დამარხული ცხოვრობდა.
​ხელში თეთრი ვარდები ეჭირა. ნიკამ თითები მოუშვა და ყვავილები მიწაზე დაეშვნენ, ანას მუხლებთან.
​— ჩამოხვედი, — თქვა ნიკამ. ხმა ჰქონდა დაბალი, მშვიდი, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. ეს არ იყო კითხვა, ეს იყო უბრალო ფაქტის აღიარება.
​— ჩამოვედი, — უპასუხა ანამ. ის წამოდგა, მაგრამ ფეხები იმდენად უცახცახებდა, რომ იძულებული გახდა მარმარილოს კიდეს დაყრდნობოდა.
​ისინი იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, ორ ნაბიჯში. მათ შორის არ ყოფილა დრამატული ჩახუტება, არც ერთმანეთისკენ გადადგმული ნაბიჯები. ოთხმა წელმა მათ შორის უფსკრული კი არ გააქრო, არამედ ორივე ამ უფსკრულის კიდეზე დააყენა. ნიკა არ ცდილობდა მის დაბრუნებას. მის მზერაში არ იყო კითხვა: „დაბრუნდები ჩემთან?“. მან იცოდა, რომ რაც ერთხელ დასრულდა, იმას მკვდრეთით ვერ აღადგენდა. არც ანას უცდია მასᲗან მიახლოება.
​— შეიცვალე, — ჩუმად თქვა ანამ და ნიკას ჭაღარას შეხედა.
​— შენც, — უპასუხა ნიკამ. მისი მზერა ანას გამხდარ, თითქმის გამჭვირვალე ხელებს და სახის უცნაურ ფერს შეეხო, მაგრამ არაფერი უკითხავს. მან პატივი სცა ანას დუმილს, როგორც ყოველთვის.
​ანამ ღრმად ჩაისუნთქა. მან იცოდა, რომ დრო ცოტა იყო. ის აქ ნიკასთან შესარიგებლად და ძველი ცხოვრების აღსადგენად არ მოსულა. ეს იყო მისი აღსარება — უკანასკნელი, რაც ამ დედამიწაზე უნდა გაეკეთებინა, რათა სული მშვიდად დაელია.
​— ნიკა, მომისმინე, — ანას ხმა ახლა უფრო მტკიცე გახდა, თუმცა შიგნიდან კანკალებდა. — მე აქ იმიტომ არ ვდგავარ, რომ წარსული დავაბრუნო. ჩვენი წარსული იმ დღეს დასრულდა, როცა ელენე წავიდა. მაგრამ მე ოთხი წელი ვიცხოვრე ტყუილში. მეგონა, რომ ჩემი გლოვა ყველაზე წმინდა იყო, ჩემი ტკივილი — ყველაზე დიდი. მე შენ დაგტოვე, ნიკა. მარტო დაგტოვე ამ საშინელებასთან. ჩემმა დარდმა ისე დამიბინდა გონება, რომ ვერ დავინახე, როგორ გიგლეჯდა სულს სინდისის ქენჯნა. მე შენგან გაქცევით საკუთარი თავი კი არ გადავარჩინე, უბრალოდ პასუხისმგებლობას გავექეცი. გაგწირე იმისთვის, რომ ყოველდღე მარტოს გეყურებინა ამ ცარიელი სამყაროსᲗვის. მე შენ დღემდე მიყვარხარ... ეს სიყვარული ჩემი ნაწილია, მაგრამ მე საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ იმას, რომ ელენეს დაკარგვამ ისე დამაბრმავა, შენც დაგკარგე. მინდოდა, ეს გცოდნოდა. უბრალოდ მინდოდა, სიმართლე მეთქვა, სანამ... სანამ ყველაფერი დასრულდება.
​ნიკა უსმენდა. მისი სახე ისევ ისეᲗი ცივი იყო,ითქოს ქვებისგან იყო გამოკვეთილი, უემოციო რჩებოდა, მაგრამ თვალებში იმ გაყინულმა ტკივილმა დნობა დაიწყო. ნიკამ ნელა ასწია ხელი, თითები ჰაერში შეაჩერა, თითქოს ყოყმანობდაო, და ბოლოს ანას ლოყაზე მიეფერა, ეს შეხება არ ყოფილა ვნებიანი, ეს იყო უსიტყვო პატიება. უფსკრულზე გადებული უხილავი ხიდი.
​— მე არასდროს დამიდანაშაულებიხარ, ანა, — თქვა მან დაბალი ხმით. — მე შენი მესმოდა. მაშინაც და ახლაც.
​ანამ გაიღიმა. ეს იყო მისი უხილავი, საბოლოო გამომშვიდობება. მან მიიღო ის, რისთვისაც ათასობით კილომეტრი გამოიარა — შენდობა კაცისგან, რომელიც მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული იყო.
​მაგრამ სწორედ ამ მომენტში, როდესაც სულმა სიმშვიდე იპოვა, სხეულმა საბოლოოდ თქვა უარი ბრძოლაზე. უზარმაზარმა ემოციურმა მუხტმა, რომელიც ანამ ამ წუთებში გადაიტანა და ორგანიზმში ფესვგადგმულმა, მომაკვდინებელმა სენმა ერთდროულად გაიღვიძეს. ანამ იგრძნო, როგორ დაუარა ტანში ჯერ უცნაურმა, ყინულოვანმა სიცივემ, რომელსაც წამში მოჰყვა ფილტვებში მჭრელი, აუტანელი ტკივილი. ჰაერი უცებ გაქრა, თითქოს სასაფლაოზე ვაკუუმი შექმნილიყო.
​თვალთ დაუბნელდა. ნიკას სახე ნელ-ნელა ბურუსში გაეხვია, მისი მწვანე თვალები კი შორეულ, მბჟუტავ წერტილებად იქცნენ. ანას მუხლები ჩაეკეცა. ბალანსი დაკარგა და მიწისკენ წავიდა.
​— ანა! — ნიკას ხმამ პირველად დაკარგა სიმშვიდე და მასში საშინელმა, ცხოველურმა შიშმა გაიღვიძა. ის წამში მივარდა, ხელი წელზე მოჰხვია და მიწაზე დაცემამდე დაიჭირა.
​ანას სხეული მის მკლავებში საოცრად მსუბუქი, თითქოს უწონო და ცივი იყო. მისი თავი ნიკას მხარზე გადავარდა. ანა კიდევ ცდილობდა თვალების გახელას, მისი ტუჩები უხმოდ მოძრაობდნენ, თითქოს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ბგერები აღარ იბადებოდნენ. ნიკა გრძნობდა, როგორ უცახცახებდა ქალს მთელი სხეული, როგორ უმცირდებოდა სუნთქვა, რომელიც ნელ-ნელა ხრიალში გადადიოდა.
​— ანა, შემომხედე! რა გჭირს? ანა, გაახილე თვალები! — ნიკას ხმა უკვე ყვირილში გადადიოდა,ცდილობდა მისი გონზე მოყვანას, მაგრამ ანას ხელები, რომლებიც წეღან მის ქურთუკს ეჭიდებოდნენ, უსიცოცხლოდ დაეშვნენ მიწაზე, თეთრი ვარდების გვერდით.
​ანასთვის სამყარო საბოლოოდ ჩაქრა. ხმები გაქრა — ნიკას შეშინებული ყვირილი, ხეების შრიალი, შორეული ქალაქის გუგუნი... ყველაფერი ერთ დიდ, აბსოლუტურ სიჩუმედ იქცა. ის ჩაიძირა წყვდიადში, მაგრამ ამჯერად ეს წყვდიადი არ ყოფილა საშინელი. ეს იყო სიჩუმე, რომელიც მას ელენესთან შეხვედრას ჰპირდებოდა.
​ნიკა მუხლებზე იდგა, ანას უგონო სხეული გულში ჩაეკრა და მისი სასოწარკვეთილი, განწირული ყვირილი ღამის წყვდიადში ექოდ გაიფანტა, სასაფლაოს ცივ ქვებს შორის.
****განაჩენის ექო****
​საავადმყოფოს თეთრი, ნეონის ცივი შუქით განათებული დერეფანი ნიკას ფეხქვეშ ირწეოდა. მას ხელში აყვანილი ჰყავდა ანა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გული ეკუმᲨებოდა იმის გააზრებით, თუ რამდენად მსუბუქი, თითქოს სიფრიფანა ფაიფურისგან ნაძერწი იყო მისი სხეული. ოთხი წლის წინანდელი ანასგან მხოლოდ აჩრდილი დარჩენილიყო.
​— ექიმო! ვინმე დამეხმარეთ! — ნიკას ხმა საავადმყოფოს კედლებს აწყდებოდა.
​მედპერსონალი წამში მიცვივდა, ანა საკაცეზე გადააწვინეს და ინტენსიური თერაპიის პალატისკენ გააქანეს. ნიკა იქვე, კედელთან დარჩა. ხელები უცახცახებდა, თითებზე ანას კანის ყინულოვანი სიცივე ისევ შერჩენოდა. ის დადიოდა დერეფნის ერთი ბოლოდან მეორეში, თითქოს გალიაში გამოკეტილი ცხოველი ყოფილიყო. საათნახევარი საუკუნედ იქცა.
​ბოლოს პალატიდან მორიგე ექიმი გამოვიდა, ხელთათმანებს იძრობდა და სახეზე სერიოზული, შეშფოთებული გამომეტყველება ჰქონდა. ნიკა მაშინვე წინ გადაუდგა.
​— როგორ არის? რა დაემართა? — ნიკამ სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი.
​— გონზე მოვიყვანეთ, სტაბილურად არის, თუმცა ორგანიზმი უკიდურესად დასუსტებულია, — ექიმმა ჯიბიდან გამჭვირვალე პარკში ჩადებული ფრანგულწარწერიანი ამპულები და აბების კოლოფი ამოიღო. — მის ჩანთაში ეს პრეპარატები ვიპოვეთ. ზუსტად ვერ გეტყვით, სანამ სრულ ანალიზებს არ ავიღებთ, მაგრამ მე, როგორც ონკოლოგს, ეს წამლები კარგად მეცნობა. ამას პაციენტები სიმსივნის, კერძოდ კიბოს შორეულ სტადიებზე, ძლიერი ტკივილების დასაყუჩებლად იღებენ. თქვენ მისი მეუღლე ხართ? არაფერი იცოდით?
​ეს სიტყვები ნიკას თავში ტყვიასავით გასკდა. „კიბო... შორეული სტადია...“ სამყარომ წამით ბრუნვა შეწყვიტა. მან ექიმს პასუხიც კი არ გასცა, გვერდი აუარა და მძიმე, ავბედითი ნაბიჯებით პალატისკენ წავიდა.
​კარი შეაღო. ანა საწოლზე იწვა, გადასხმა ჰქონდა მიერთებული. მისი სახე ისეთივე თეთრი იყო, როგორც ბალიში, რომელზეც Თავი ედო. ნიკას დანახვაზე ანას თვალებში შიშმა გაირბინა, მერე კი მაშინვე ცივი, თავდაცვითი ნიღაბი აიფარა.
​— რატომ ხარ აქ? წადი, ნიკა, გეხვეწები, — ჩუმად თქვა ანამ და მზერა აარიდა.
​ნიკა საწოლთან მივიდა, ორივე ხელით რკინის მოაჯირს დაეყრდნო და ზემოდან დააცქერდა. მისი თვალებიდან წეღანდელი სიმშვიდე სრულიად გამქრალიყო, იქ ახლა გიჟური, საშიში ნაპერწკლები ცეკვავდნენ.
​— სიმართლე მითხარი, ანა, — მისი ხმა დაბალი, მაგრამ ბოხი და მუქარით სავსე იყო. — რა წამლებია შენს ჩანთაში? ექიმმა რა თქვა? სიმართლე მითხარი!
​— არაფერია, ნიკა! უბრალო გამაყუჩებლებია, პარიზში გადავიღალე, ხომ გითხარი, სუსტად ვარ... წადი, შენი საქმე არ არის! — ანამ ხმას აუწია, სურდა ნიკა როგორმე გაეშორებინა, რადგან ხედავდა, რომ კაცი უფსკრულის პირას იდგა.
​— ჩემი საქმე არ არის?! — ნიკამ ვეღარ გაუძლო, მისი თავშეკავება ერთ წამში დაინგრა. — ოთხი წელი მემალებოდი! დღეს საფლავზე მოდიხარ, სამუდამოდ გამომშვიდობასავით მელაპარაკები და მეუბნები, Შენი საქმე არ არისო?! რა გჭირს, ანა, მითხარი, თორემ გავგიჟდები! ხომ ხედავ, რომ ვკვდები, მითხარი სიმართლე!
​— კიბო მაქვს, ნიკა! კიბო! — დაუყვირა ანამაც, მის თვალებიდან სიმწრის ცრემლები გადმოცვივდა, სახე ტკივილისგან დაემანჭა. — ჰოდა, მორჩა! მკვდარი ვარ, გესმის?! რამდენიმე თვე დამრჩა და არ მინდოდა, რომ გაგეგო! არ მინდოდა, შენი სიბრალული დამენახა! არ მინდოდა, კიდევ ერთხელ გეყურებინა ჩემი სიკვდილისთვის!
​პალატაში წამით საშინელი, დამანგრეველი სიჩუმე ჩამოვარდა. ნიკა გაშეშდა. სიტყვებმა „კიბო მაქვს“ მისი გონების უკანასკნელი საღი უჯრედი ჩააᲦწიეს. ოთხი წლის განმავლობაში ნაგროვები ყოველი ტკივილი, ელენეს სიკვდილი, მარტოობა, უსამართლობა — ყველაფერი ერთ უზარმაზარ, ბინძურ ტალღად ამოზვირᲗდა მისი სულიდან.
​ნიკამ სახეზე ხელები ჩამოისვა, მერე უცებ თვალები გაუფართოვდა და მისი სახე ცხოველურმა ბრაზმა შეცვალა. ის აღარ იყო ადამიანი, ის იყო დაჭრილი, განადგურებული მხეცი.
​— არა... არა! არა!!! — იღრიალა ნიკამ ისეთი ხმით, რომ ფანჯრის მინები აზანზარდნენ.
​მან ხელი ჰკრა საწოლის გვერდით მდგარ ლითონის მაგიდას. მაგიდა იატაკზე დაენარცხა, ზედ დაწყობილი წამლები, შუშის ჭიქები და სამედიცინო ხელსაწყოები ნამსხვრევებად იქცნენ. ნიკა პალატაში ყველაფერს ლეწავდა, რაც ხელში ხვდებოდა.
​— რატომ?! რატომ?!რატომ?! — ნიკამ თავი ზემოთ ასწია, ჭერს უყურებდა და ღმერთს, ცხოვრებას, ბედისწერას მთელი ხმით უყვიროდა. მისი ყვირილი საავადმყოფოს მთელ სართულზე ისმოდა. — ყველაფერი წაიღე! შვილი წამართვი! ცხოვრება წამართვი! ახლა ესეც?! ესეც უნდა წაიყვანო?! რაღა გინდა ჩემგან?მეც მომკალი, მეც წამიყვანე!!!
​— ნიკა, გაჩერდი! ნიკა, გემუდარები! — ტიროდა ანა საწოლში, გადასხმის მილი გასკდა და სისხლი წამოვიდა, მაგრამ ნიკა ვერაფერს ხედავდა.
​მან ხელით ჰაერი გააპო, კედელს მთელი ძალით დაარტყა მუშტი, სანამ კანი არ გასკდა და სისხლმა არ იფეთქა. ის ლეწავდა, იგინებოდა, საშინელ, მკვეთრ სიტყვებს ისროდა. ეს იყო კაცის აგონია, რომელსაც ღმერთმა ბოლო იმედიც გამოჰგლიჯა ხელიდან. პალატა ნანგრევებად იქცა — გადაყირავებული სკამები, დამსხვრეული შუშა, იატაკზე მიმოფანტული წამლები.
​— მძულს... მძულს ეს სამყარო... — ჩურჩულებდა ნიკა, სუნთქვა უჭირდა, სახე სისხლითა და ოფლით ჰქონდა დასვრილი.
​მან ანასკენ გააპარა შეშლილი, ტკივილით სავსე მზერა. ანა საწოლში აკანკალებული იჯდა და ტიროდა. ნიკამ ვეღარ გაუძლო ამ მზერას. მან ვერ გაუძლო იმის გააზრებას, რომ საყვარელი ქალი მის თვალწინ უნდა მომკვდარიყო და თავად ვერაფერს შეცვლიდა.
​უკანასკნელი იმედგაცრუებითა და ბრაზით სავსემ, ნიკამ პალატის კარს ხელი ჰკრა, ისე რომ ანჯამებიდან კინაღამ მოგლიჯა, და გააფთრებული, სრულიად განადგურებული, დერეფანში გაიქცა. მედდები და ექიმები შიშით უთმობდნენ გზას ამ შეშლილ კაცს, რომლისგანაც მხოლოდ ბრაზი და სისხლიანი ხელები დარჩენილიყო. ის გარბოდა საავადმყოფოდან, გარბოდა იმ რეალობისგან, რომელმაც ის კიდევ ერთხელ, საბოლოოდ მოკლა.
****შეუვალი****
​ღამის თბილისი ცივი და გულგრილი იყო. ნიკა საათების განმავლობაში დააბიჯებდა ქალაქის ქუჩებში, სისხლიანი მუშტი ქურთუკის ჯიბეში ჩაეყო და სხეულში გაფანტულ ნამსხვრევებს აგროვებდა. ბრაზი, რომელმაც წეღან საავადმყოფოს პალატა ნანგრევებად აქცია, ნელ-ნელა მძიმე, გაყინულ მტკიცებულებად გადაიქცა. მან ოთხი წელი დაკარგა. ოთხი წელი გაატარა ილუზიაში, რომ ანას სადღაც სუნთქვა მაინც შეეძლო. ახლა კი, როცა რეალობამ სახეში მუშტი უთავაზა, გაქცევას აღარ აპირებდა.
​საავადმყოფოᲨი გვიან ღამით დაბრუნდა. დერეფნებში უკვე სრული სიჩუმე იდგა. პალატის კარი, რომელიც ანჯამებიდან კინაღამ მოგლიჯა, ოდნავ ღია დახვდა. ნგრევის კვალი მედდებს ნაწილობრივ აელაგებინათ, იატაკი მოეწმინდათ, მაგრამ ჰაერში ისევ ტრიალებდა წამლებისა სუნი.
​ანა საწოლზე იჯდა, მუხლები მკერდთან მიეტანა და ხელები შემოეხვია. ისეთი პატარა და უმწეო ჩანდა ამ უზარმაზარ თეთრ საწოლში, რომ ნიკას გულში რაღაც საბოლოოდ ჩაწყდა. კარის გაღების ხმაზე ანამ თავი ასწია. მისი თვალები ჩაწითლებული, დაცარიელებული იყო, მაგრამ ნიკას დანახვაზე სახეზე ისევ ის ცივი, ეკლიანი ჯავშანი აიფარა.
​— ისევ აქ ხარ? — ამოიᲩურᲩულა — რა ვერ გაიგე, ნიკა? ხომ გითხარი, წადი-მეთქი. შენი ყურება არ შემიძლია.
​ნიკამ არაფერი უპასუხა. ჩუმად შემოვიდა, კარი ზურგსუკან მყარად დაკეტა და ზურგით მიეყრდნო. მისი მზერა იყო მშვიდი, მძიმე და აბსოლუტურად შეუვალი.
​— არსადაც არ წავალ, ანა, — თქვა მან დაბალი, მტკიცე ხმით. — აქ ვრჩები. დარჩენილ დროს ჩემთან ერთად გაატარებ.
​ანამ სიმწრით ჩაიცინა, თავი გაიქნია და საწოლიდან ფეხები იატაკზე ჩამოუᲨვა.წამოდგა, თუმცა ბალანსის დასაჭერად საწოლის კიდეს ჩაეჭიდა.
​— შენ რა, სულ გააფრინე?! — დაუყვირა ანამ, ხმა აუკანკალდა ბრაზისგან. — ვინ გკითხავს შენ?! ჩემი ცხოვრებაა, ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი დღეებია! არ მჭირდება შენი გმირული გამოხტომები და არც შენი დამპალი სიბრალული! გგონია, ვერ ვხვდები, რასაც აკეთებ? ჩემი შეცოდება დაიწყე?! გინდა, სამი თვე თავზე დამადგე, მომიარო, რომ მერე საკუთარ სინდისთან ქულები დაიწერო? წადი, სანამ მართლა შემიძულებიხარ!
​— იყვირე, რამდენიც გინდა, — ნიკამ ნაბიჯი გადადგა მისკენ. სახეზე არცერთი ძარღვი არ შეტოკებია. — სიბრალული არაფერ შუაშია. მე შენ არ მებრალები ანა. მე შენ მჭირდები. და მე მჭირდება, რომ ჩემთან იყო.
​— მე არ მჭირდები! — მიახალა ანამ, მის წინ დადგა და ნიკას ქურთუკის საყელოში ხელი წაავლო, მთელი ძალით შეანჯღრია, თუმცა მისმა დასუსტებულმა მკლავებმა კაცს ძვრაც ვერ უყო. — ვერ გიტან, გესმის?! ყოველი შენი შემოხედვა მახრჩობს! გგონია, ოთხი წლის წინ რატომ გავიქეცი? იმიტომ, რომ შენი დანახვა აღარ შემეძლო! და ახლაც არაფერი შეცვლილა!
​ანამ უკან დაიხია, ჰაერი დააკლდა, ღრმად ჩაისუნთქა და ნიკას თვალებში ჩახედა. მან იცოდა, რომ ნიკას მხოლოდ ერთი რამ გაატეხდა, მხოლოდ ერთი დარტყმა აიძულებდა წასვლას. მან მთელი ძალები მოიკრიბა, სახეზე სრული გულგრილობა გამოიხატა და სასტიკი, გააზრებული ტყუილი წარმოთქვა:
​— აღარ მიყვარხარ, ნიკა. მორჩა. დიდი ხანია, აღარ მიყვარხარ. პარიზში სხვანაირად ვცხოვრობდი, შენი სახელიც კი არ მახსენდებოდა. დღეს სასაფლაოზე რაც გითხარი, უბრალო სისუსტე იყო, სიკვდილის წინ სინდისმა შემაწუხა და მეტი არაფერი. ჩემს გულში შენთვის ადგილი აღარ არის. წადი და შენს თავს მიხედე, მე საერთოდ აღარ მაინტერესებ.
​ეს სიტყვები პალატაში ყინულივით ჩამოეკიდა. ნიკა უყურებდა მის აკანკალებულ ტუჩებს, მის თვალებს, რომლებიც ამ ტყუილის თქმისას წამითაც არ დახუჭულან. ნებისმიერი სხვა კაცი შებრუნდებოდა და წავიდოდა. მაგრამ ნიკამ ოთხი წელი გაატარა ამ თვალების ყურებაში საკუთარ ფიქრებში. მან ზეპირად იცოდა ანას ყოველი ჟესტი, მისი თავდაცვის ყოველი მექანიზმი.
​ნიკამ ნელა ასწია ხელები, ანას მაჯებში ჩაავლო თითები, მისი ჩაფრენილი ხელები საყელოდან მოაცილა და ძალდატანების გარეშე, მაგრამ მყარად დაუჭირა. ზემოდან დააცქერდა, მისი მზერა ისეთი ბასრი იყო, თითქოს ანას სულში იხედებოდა.
​— ცუდი მსახიობი ხარ, ანა. საშინელი, — თქვა ნიკამ და მისკენ გადაიხარა. ხმაში ბრაზიც შეერია, მაგრამ ეს იყო მზრუნველი, მტკიცე მამაკაცის ბრაზი. — გგონია, ამ ნაგავს დავიჯერებ? გგონია, ეგრე ადვილად მომიშორებ თავიდან? ოთხი წლის წინ შენ მიიღე გადაწყვეტილება. ადექი, ჩემოდანი ჩაალაგე, ზურგი შემაქციე და გაიქეცი. მე მაშინ უფლება მოგეცი, ჩემ მაგივრად გადაგეწყვიტა, იმიტომ რომ მეგონა, ასე გადარჩებოდი. მაგრამ ახლა? ახლა ამის უფლებას აღარ მოგცემ!
​— ნიკა, გამიშვი, მტკენ! — ანა ცდილობდა ხელების გათავისუფლებას, მაგრამ ნიკას თითები მარწუხებივით ჰქონდა შემოჭერილი.
​— არ გაგიშვებ! — უᲩურᲩულა ნიკამ.
​და უცებ, სანამ ანა კიდევ ერთი სიტყვის თქმას მოასწრებდა, ნიკამ ის თავისკენ მთელი ძალით მოქაჩა, მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დაეწაფა.
​ეს არ იყო ნაზი კოცნა. ეს იყო ოთხწლიანი წყურვილის, ბრაზის, სასოწარკვეთისა და უსაზღვრო მონატრების აფეთქება. ნიკა მას ისე კოცნიდა, თითქოს ამ კოცნით ცდილობდა ანას სხეულიდან ის დამპალი სენი ამოეგლიჯა. ანა წამით გაშეშდა, სცადა მისი ხელების მოშორება,მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის ძალა წამში გამოელია. მისი ბაგეები გაიხსნა და მანაც ზუსტად იმავე გააფთრებით, იმავე სიმწრითა და სიყვარულით უპასუხა.
​კოცნაში იგრძნობოდა ანას ცრემლების მლაშე გემო, ნიკას ტუჩებიდან წამოსული სისხლის სიმლაშე და ის საშინელი რეალობა, რომ მათ ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ დარჩენილი. ეს იყო კოცნა უფსკრულის პირას, სადაც სიკვდილიც კი წამით უკან იხევდა მათი სიყვარულის წინაშე.
​როდესაც ნიკამ ნელა დაუშვა ხელები და მის ბაგეებს მოცილდა, ორივე მძიმედ სუნთქავდა. ანა სრულიად დაუცველი და განადგურებული იდგა.
​— რატომ ხარ ასეთი სასტიკი?! — ამოიოხრა ანამ, ძალა გამოელია და ნიკას მკერდზე ჩამოეკიდა. — რატომ არ მიშვებ?! მე შენი დანგრევა აღარ მინდა, ნიკა... ერთხელ უკვე გაგანადგურე, ჩემმა წასვლამ მოგკლა, ახლა ჩემს სიკვდილს როგორ გაყურებინო?! ვერ გაუძლებ... ვერც შენ გაუძლებ და ვერც მე...
​ნიკამ ხელები ზურგზე მოჰხვია და მთელი ძალით მიიკრა გულზე. ანა მის მკერდს მიკრული ტიროდა,მაგრამ ნიკა ადგილს არ იცვლიდა. ის იდგა მყარად, როგორც კედელი, რომელსაც ანას შტორმი ვეღარაფერს აკლებდა.
​— გავუძლებთ, — ჩაუჩურჩულა ნიკამ და მის თვალებში პირველად გამოჩნდა ერთი თბილი, მაცოცხლებელი ცრემლი. — ამჯერად ერთად გავუძლებთ ანა. ოთხი წლის წინ მარტო დაგტოვე და წაიქეცი. ახლა აღარ წაიქცევი. მე აქ ვარ.
​ანა მის ქურთუკს ჩააფრინდა, მისი ტირილი ნელ-ნელა ყრუ სლუკუნში გადაიზარდა. მან იცოდა, რომ წააგო ეს ბრძოლა, მაგრამ ამ წაგებაში, პირველად ამდენი წლის განმავლობაში, მისმა დატანჯულმა სულმა უდიდესი, გაუსაძლისი შვება იგრძნო.
****​უკანასკნელი ვედრება****
​ანას,ემოციებისგან სრულიად დაცლილს, ნიკას მკლავებში ჩაეძინა. მისი სუნთქვა იყო ზედაპირული, წყვეტილი, ხელი კი ისევ ნიკას ქურთუკის სახელოზე ჰქონდა ჩაფრენილი. ნიკამ ფრთხილად, თითქოს შუშის ნაკეთობას ეხებაო, მოაშორებინა თითები, საბანი მკერდამდე გადააფარა და შუბლზე ნაზად აკოცა. პალატიდან უხმოდ გავიდა. მას ახლა პასუხები სჭირდებოდა. სასტიკი, პირდაპირი პასუხები.
​ექიმის კაბინეტში ნათურა ბჟუტავდა. ნიკა შევიდა, კარი მიხურა და სკამზე მძიმედ დაეშვა. ექიმმა სათვალე მოიხსნა და დაღლილი თვალებით შეხედა.
​— ექიმო, მითხარით სიმართლე, — ნიკას ხმაში წეღანდელი ბრაზის ნაცვლად ახლა მხოლოდ ყრუ სასოწარკვეთა ისმოდა. — რამდენად ცუდად არის საქმე? რა შეიძლება გავაკეთოთ? საზღვარგარეთ... პარიზში ხომ იყო, სხვაგან რომ წავიყვანო? გერმანიაში, ისრაელში? ოღონდ მითხარით, რომ გზა არსებობს.
​ექიმმა ღრმად ამოიოხრა, მაგიდაზე დოკუმენტები გადააწყო და თავი გაიქნია.
​— ნიკა, დამშვიდდით და მომისმინე, — თქვა მან დაბალი ხმით. — აქ ფული და კლინიკები უკვე ვეღარაფერს შეცვლის. მე გადავხედე მის ფრანგულ სამედიცინო ისტორიას. მეოთხე სტადიაა. მეტასტაზები უკვე ყველგანაა გავრცელებული. პარიზში ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მაგრამ ორგანიზმი აღარ რეაგირებს მკურნალობაზე. ის საქართველოში იმიტომ კი არ ჩამოვიდა, რომ გზა ეძება... ის აქ დასასრულისთვის ჩამოვიდა.
​ნიკას ყელში ბურთი გაეჩხირა. ხელები მუხლებზე დააწყო და მუშტები ისე შეკრა, რომ ფრჩხილები კანში ჩაესო.
​— ანუ... სრულიად არაფერი? — ჩაიჩურჩულა მან. — ასე უნდა ვუყურო, როგორ კვდება?
​— ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ქიმიოთერაპიის ახალი კურსი დავუწყოთ. ეს მას ვერ განკურნავს, მაგრამ სიმსივნის ზრდას ოდნავ შეანელებს. შესაძლოა ოდნავ მეტი დრო მოგცეთ. რამდენიმე თვე. და რაც მთავარია, ტკივილებს შეუმსუბუქებს. თუმცა, როგორც ვიცი, მან საფრანგეთში კურსზე თავად თქვა უარი. თუ გსურთ, რომ ცოტა ხანს კიდევ იცოცხლოს, უნდა დაარწმუნოთ, რომ მკურნალობაზე დათანხმდეს.
​ნიკა ფეხზე წამოდგა. სახეზე ცივმა გამომეტყველებამ გადაჰკრა.
​— დავაძალებ, — თქვა მან მტკიცედ. — არ მივცემ უფლებას, რომ უბრალოდ დანებდეს.
​როცა ნიკა პალატაში დაბრუნდა, ანას უკვე ეღვიძა. საწოლზე ზურგით მიყრდნობილი იჯდა და ფანჯრიდან ღამის თბილისს უყურებდა. ნიკა მის წინ დადგა, ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
​— ექიმს ველაპარაკე, ანა. ხვალვე იწყებ ქიმიოთერაპიას. კლინიკაში დარჩები მანამ, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება.
​ანამ ნელა მოაბრუნა თავი. მის თვალებში არ ყოფილა არც შიში და არც გაკვირვება. მხოლოდ უსაზღვრო, ცივი დაღლილობა.
​— არა, — თქვა მან მშვიდად. — არანაირი ქიმიოᲗერაპია.არანაირი საავადმყოფოები. მე აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ დარჩენილი დღეები ამ თეთრ კედლებსა და წამლების სუნში გავატარო.
​— შენ რა, საერთოდ გააფრინე?! — ნიკას ბრაზი ისევ აენთო, ნაბიჯი გადადგა საწოლისკენ. — ეს ქიმიოᲗერაპია დროს მოგცემს, ანა! გესმის, რას გეუბნები?! დროს! ტკივილებს დაგიყუჩებს, ცოტა ხანს კიდევ იცოცხლებ!
​— ვიცოცხლებ?! — ანამაც აუწია ხმას, თვალებიდან ბრაზის ნაპერწკლები გადმოსცვივდა. — შენ მაგას სიცოცხლეს ეძახი, ნიკა?! თმების ცვენას, ყოველდღიურ გულისრევას, იმას, რომ საწოლიდან ვეღარ ავდგე და შენ ხელში ჩაგაკვდე?! მე ეს გამოვიარე პარიზში! მარტომ გამოვიარე და ვიცი, რა ჯოჯოხეთიცაა! აღარ მინდა! არ მიღირს ეგ ორი თვე იმ წამებად, რაც უნდა გადავიტანო!
​— ანუ უბრალოდ სიკვდილს ელოდები?! — უყვირა ნიკამ, სახეზე ძარღვები დაეჭიმა, ხელები საწოლის კიდეს დასცხო. — ასე ადვილად ნებდები?! ოთხი წელი გაურბოდი ყველაფერს და ახლა სიკვდილსაც ეგრე მარტივად უშვებ შენს სხეულში?! ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ, ანა?! ახლა მაინც არ გაინტერესებს, მე რა დამემართება, როცა ჩემს თვალწინ დახუჭავ თვალებს და მე ცოტაოდენი დროც კი არ მექნება შენთან ყოფნისᲗვის?! ეგოისტი იყავი ყოველთვის და ეგოისტად რჩები!
​— ჰო ეგოისტი ვარ! — იღრიალა ანამ, ცრემლები წამოუვიდა, მკერდი მძიმედ აუტოკდა. — წადი მერე! ვინ გეხვეწება აქ ყოფნას?! მე ჩემი არჩევანი გავაკეთე! მინდა, რომ ადამიანად მოვკვდე და არა მილებზე მიერთებულ გვამად! შემეშვი, ნიკა! წადი!
​მათი ყვირილი პალატის კედლებს აწყდებოდა. ნიკა უყურებდა მას — გაავებულს, აცრემლებულს, დასუსტებულსა და მაინც ჯიუტს. და უცებ, თითქოს ნიკას სხეულში რაღაც სიმი გაწყდა. მთელი ეს ბრაზი, სიამაყე, მამაკაცური სიმტკიცე წამში აორთქლდა. დარჩა მხოლოდ პატარა, შეშინებული ბიჭი, რომელსაც სამყაროში ერთადერთ საყრდენს აცლიდნენ.
​ნიკას მხრები დაეშვა. მისი სახე წამში შეიცვალა, ნაკვთები მოეშვა და თვალებიდან უზარმაზარი ცრემლები გადმოგორდა. მან ხმა ვეღარ ამოიღო.
​ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს, მუხლებზე დაეშვა, თავი ანას მუხლებში ჩარგო და ატირდა. ისე ატირდა, როგორც არასდროს ცხოვრებაში. მისი სხეული მთლიანად ზანზარებდა, გულამომჯდარი, ხმამაღალი ტირილით, რომელიც წლების განმავლობაში ნაგროვებ ყოველ ტკივილს იტევდა.
​ანას სიტყვები პირში გაუშრა. ის გაშეშდა, როცა იგრძნო, როგორ დაუსველა ნიკას ცრემლებმა საავადმყოფოს თხელი ხალათი. ნიკამ ხელები ანას წელს მოჰხვია, მთელი ძალით ჩაეხუტა მის მუხლებს, თითქოს ფსკერისკენ მიექანებოდა და ანა იყო მისი გადარჩენის ერთადერთი იმედი.
​— გეხვეწები... — ამოიკვნესა ნიკამ, მისი ხმა ტირილისგან სრულიად ჩახლეჩილი და შეცვლილი იყო. — ანა, გეხვეწები... ნუ გააკეთებ ამას. ნუ მიმატოვებ. მე ვერ გადავიტან ამას... ელენეს სიკვდილმა მომკლა, შენმა წასვლამ გამანადგურა... ახლა რომ სამუდამოდ წახვიდე, მე საერთოდ ვეღარ ვიცოცხლებ. გემუდარები, ანა... ცოტა დრო მაინც მომეცი. დამთანხმდი ამ მკურნალობაზე. ოღონდ ჩემთან იყავი, ოღონდ სუნთქავდე, ოღონდ შენი ხელების სითბოს ვგრძნობდე... ნუ დამტოვებ ამ წყეულ სამყაროში მარტოს. მე შენს გარეშე არავინ ვარ... არავინ...
​ის ტიროდა ბავშვივით, უმწეოდ, სახეს ანას მუხლებში მალავდა და მისი ხელები უფრო და უფრო მაგრად უჭერდნენ ქალის სხეულს, თითქოს ფიზიკურად ცდილობდა მის აქ დაკავებას.
​ანას გული ნაკუწებად იქცა. ნიკას ბრაზთან ბრძოლა შეეძლო, მის ყვირილს ფარიᲗ ხვდებოდა, მაგრამ ამ გატეხილმა, მუხლებზე დაცემულმა და მტირალმა კაცმა მისი თავდაცვაც კი მიწასთან გაასწორა. ანამ ნელა ასწია აკანკალებული ხელები და ნიკას ჭაღარაშერეულ თმებზე დააწყო. თითები თმებში შეუცურა, მისი თავი მკერდზე მიიკრა და თავადაც ხმამაღლა ატირდა.
​პალატაში აღარ იყო ბრაზი, აღარ იყო წყენა. იყო მხოლოდ ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ჩახუტებულები ტიროდნენ საკუთარ, გარდაუვალ ტრაგედიაზე.
****ბურუსი და მარადისობა****
​ექთნებმა პალატაში დამამშვიდებლის ამპულა შემოიტანეს. ანა აღარ ᲨეწინააᲦმდეგებია, მისი სხეული ისედაც დაცლილიყო ენერგიისგან. წამალმა წამში იმოქმედა. ნიკა უყურებდა, როგორ მოეშვა ქალის აცრემლებული ნაკვთები, როგორ დაეხუჭა თვალები და როგორ ჩაიძირა ხელოვნურ, უშფოთველ ძილში. ნიკა წამოდგა, სახიდან ცრემლები მოიწმინდა, პალატის კარი მიხურა და საავადმყოფოდან გამოვარდა.
​ჰაერი არ ყოფნიდა. ის, რაც შიგნით დატოვა, იმაზე ბევრად მძიმე იყო, ვიდრე კაცის გონებას შეეძლო დაეტია. მისი ცხოვრება, რომელიც ოთხი წელი ნანგრევებად იყო ქცეული, ახლა საბოლოოდ, მტვრად იქცეოდა.
​უახლოეს ბარში შევიდა. არც გარემოსთვის შეუხედავს, არც ხალხისთვის. ბარმენს უბრალოდ უთხრა, ყველაზე მაგარი ალკოჰოლი დაესხა, რაც ჰქონდა. სვამდა გაუჩერებლად, ჭიქას ჭიქაზე ცლიდა, თითქოს ცდილობდა, შიგნიდან ცეცხლით დაეწვა ის საშინელი სიმართლე, რომელიც ონკოლოგმა უთხრა. მაგრამ რაც უფრო მეტს სვამდა, მით უფრო მკაფიოდ ესმოდა ანას სიტყვები: „მკვდარი ვარ, გესმის?!“
​ბარიდან გვიან ღამით გამობარბაცდა. ფეხები არ ემორჩილებოდა, თავში ყველაფერი ტრიალებდა, ქალაქის შუქები ერთ დიდ, მღვრიე მასად ქცეულიყო. ის ფეხით მიჰყვებოდა მტკვრის სანაპიროს, სანამ ერთ-ერთ ხიდზე არ ამოყო თავი. ხიდის შუაგულში გაჩერდა, მოაჯირს ორივე ხელით ჩაეჭიდა და ქვევით, შავ, მღვრიე წყალს გადახედა.
​წყალი თითქოს ეძახდა. სთავაზობდა ყველაფრის დასრულებას. აღარანაირი ტკივილი, აღარანაირი საავადმყოფოები, აღარანაირი მოლოდინი იმისა, თუ როგორ ამოხდებოდა სული მის ერთადერთ სიყვარულს. ნიკამ ცალი ფეხი აიტანა მოაჯირზე, მერე მეორეც. ის უკვე კიდეზე იდგა. ივნისის თბილი ქარი პერანგს უფრიალებდა. საკმარისი იყო უბრალოდ სხეული წინ გადაეხარა და ეს გაუსაძლისი ჯოჯოხეთი წამში დასრულდებოდა.
​მან თვალები დახუჭა. ის-ის იყო უნდა გადამხტარიყო, რომ უცებ, დაბინდულ გონებაში მჭრელმა, ცივმა ფიქრმა გაუელვა.
​„თავს თუ მოვიკლავ... იქ ვეღარ მოვხვდები. სამოთხეში ცოდვილებს არ უშვებენ...“ — გაიფიქრა ნიკამ და სუნთქვა შეეკრა.
​თვითმკვლელობა ნიშნავდა, რომ ის საკუთარი ხელით იტყოდა უარს იმ უკანასკნელ შანსზე, რისთვისაც საერთოდ კიდევ ითმენდა ამ წუმპეს. თუ თავს მოიკლავდა, ის ელენეს ვეღარასდროს ნახავდა. მარადისობაში მისი პატარა გოგონას სულთან შეხვედრა სამუდამოდ გადაიდებოდა.
​— არა... არა, მამა... — ამოიხოხა ნიკამ, სხეული უკან გადაქაჩა, მოაჯირიდან გადმოხტა და ასფალტზე მძიმედ დაენარცხა. ის იჯდა ხიდზე, მუხლებში თავჩარგული, ალკოჰოლისგან და შიშისგან აკანკალებული.
​როგორ წამოვიდა იქიდან, როგორ გაიარა კილომეტრები, ნიკას აღარ ახსოვდა. მის მეხსიერებაში ეს გზა საერთოდ არ არსებობდა. როდესაც გონება ოდნავ გაუნათდა, მიხვდა, რომ ნაცნობ ადგილას მიაბიჯებდა. გარშემო საფლავის ქვები იდგნენ, როგორც მუნჯი მოწმეები. მან თავადაც ვერ გაიგო, როგორ მიიყვანა ინსტინქტმა ელენეს საფლავამდე ამ შუაღამისას.
​მთვრალი, ძალაგამოცლილი კაცი შვილის თეთრ მარმარილოსთან მივიდა და პირდაპირ მიწაზე დაეშვა. ხელები ქვას შემოხვია, სახე ცივ ზედაპირს მიადო და ფოტოს დააშტერდა.
​— ელენე... ჩემო პატარა, — მისი ხმა ალკოჰოლისგან ჩახლეჩილიყო. — მამა მოვიდა... მამა მოვიდა, ჩემო გოგო.
​მან სლუკუნით ჩაისუნთქა მიწის სუნი და ქვაზე გამოსახულ პატარა სახეს თითები გადაუსვა.
​— ელენე, მომისმინე, მა.. დედა მალე მოვა შენთან. ძალიან მალე. ექიმმა თქვა, რომ ვეღარაფერს შევცვლით... მე ვერ გადავარჩინე, მამა, ვერც შენ გადაგარჩინე და ვერც დედა... — ნიკას ცრემლები მარმარილოზე ეცემოდა. — რომ მოვა, გეხვეწები, კარგად დახვდი, ჩაეხუტე... მჭიდროდ ჩაეხუტე. მას ძალიან სტკიოდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. სულ შენზე ფიქრობდა, სულ ტიროდა... იქ, პარიზში, მარტო იყო თავის ტკივილებთან. მე ვერ მოვუშუშე ეგ იარები, მამა... ვერ შევძელი. შენ მოუშუშე, კარგი? იქ ხომ აღარაფერი გტკივათ... იქ ხომ ერთად იქნებით. შენ მიხედე დედას, სანამ მეც მოვალ.
​ნიკამ თავი ქვაზე დადო, თვალები დახუჭა. სიმთვრალე და ემოციური განადგურება მის სხეულს საბოლოოდ თიშავდა.
​— ძალიან მალე გნახავთ... ორივეს, — ჩაჩურჩულა მან ღამის სიჩუმეში. — ძალიან მიყვარხართ... და ისე მენატრები, რომ გული მეგლიჯება. მალე მოვალ, მამა. მალე...
​ის იწვა ცივ მიწაზე, შვილის საფლავზე ჩახუტებული, და თბილისის თავზე ვარსკვლავებიანი ღამე ისეთივე მდუმარე და მარადიული რჩებოდა, როგორც მისი უსაზღვრო ტკივილი.
​დილით საავადმყოფოს ფანჯარაში შემოჭრილი ივნისის მკვეთრი მზის შუქი ანას თვალებს სჭრიდა. დამამშვიდებლის მოქმედება ნელ-ნელა გადიოდა. მან ნელა მიაბრუნა თავი კარისკენ და სუნთქვა შეეკრა.
​ნიკა პალატის კუთხეში, ძველ სკამზე იჯდა. თავი კედელზე ჰქონდა მიყრდნობილი და თვალები დაეხუჭა. მისი სახე ნაცრისფერი, დაღლილი და გამოფიტული ჩანდა. პერანგი დაჭმუჭნული ჰქონდა, მარჯვენა მუშტზე კი გამშრალი სისხლისა და მიწის კვალი ეტყობოდა — წინა ღამის სასაფლაოზე გატარებული საათების მუნჯი მოწმე. მას თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნესტიანი მიწის სუნი ასდიოდა. მიუხედავად ამისა, ის აქ იყო. არსად წასულა.
​ანას განძრევაზე ნიკამ მაშინვე გაახილა თვალები. მისი მზერა უკვე სრულიად ფხიზელი, დაწყნარებული და საოცრად ღრმა იყო. მასში აღარც გიჟური ბრაზი ჩანდა და აღარც ის უმწეო ცრემლები. ნიკა წამოდგა, საწოლთან მივიდა და სკამი ახლოს მიაჩოჩა.
​— როგორ ხარ? — ჰკითხა დაბალი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით.
​— კარგად, — ჩუმად უპასუხა ანამ. მან შეხედა კაცის დასივებულ მუშტს, მის თვალებში ჩამდგარ უძილობას და მიხვდა, რომ ამ კაცს ვეღარანაირი ტყუილით, ვეღარანაირი ყვირილით ვეღარ განდევნიდა თავისი ცხოვრებიდან. ჯავშნის ტარებას აზრი აღარ ჰქონდა. — წუხელ... სად იყავი? საშინელი სუნი აგდის, ნიკა.
​ნიკამ სუსტად ჩაიღიმა, თავისი მარჯვენა ხელი ანას ცივ, გამხდარ ხელს ზემოდან დაადო და თითები ნაზად მოუჭირა.
​— მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიყავი. მთავარია, რომ ახლა აქ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ, — მან ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ძალებს იკრებდაო. — ანა, მოდი, შევთანხმდეთ. მე ექიმს ველაპარაკე. ქიმიოთერაპიას არ დაგაძალებ. თუ შენ გინდა, რომ ეს დრო საავადმყოფოს გარეთ გაატარო, ასეც იქნება. ოღონდ ერთი პირობით — იმ მედიკამენტებს მიიღებ, რომლებიც ტკივილს შეგიმსუბუქებს. კლინიკიდან დღესვე გაგწერენ.
​ანამ გაოცებულმა შეხედა. ის ელოდა, რომ ნიკა ისევ ყვირილს იძულებას დაიწყებდა, მაგრამ კაცის ამ მშვიდმა, მის არჩევანზე მორგებულმა გადაწყვეტილებამ ქალს გულზე ლოდი მოაშორა.
​— მართლა? — ამოიხოხა ანამ.
​— მართლა, — ნიკამ ხელი უფრო მაგრად მოუჭირა. — დღესვე მივდივართ ჩემთან. სახლში. ოთხი წელია, იქ ყველაფერი ისეა, როგორც დატოვე. არაფერი შემიცვლია. ელენეს ოთახიც... ზუსტად ისეა. დარჩენილ თვეებს ერთად გავატარებთ, ანა. ვივლით ყველგან, სადაც მოგინდება. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აქამდე ვერ მოვასწარით. არანაირი საავადმყოფოები. მხოლოდ მე და შენ.
​ანას თვალებიდან ცრემლი გადმოგორდა, მაგრამ ეს აღარ იყო სიმწრის ან თავდაცვის ცრემლები. ეს იყო უდიდესი სიმშვიდის გამოხატულება. მან თითები შეატყუპა ნიკას ხელში.
​— ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ნიკა... ექიმმა ხომ გითხრა? მაქსიმუმ სამი, ან ოთხი თვე. მერე ტკივილები გაძლიერდება და...
​— გვეყოფა, — მკვეთრად გააწყვეტინა ნიკამ, მისი ხმა შეუვალი გახდა. — ოთხი წელი დავკარგეთ უაზროდ. ახლა ეს სამი თვე ჩვენი მთელი ცხოვრება იქნება. ყოველ დღეს საუკუნედ ვაქცევთ. დღეიდან სიკვდილზე აღარ ვლაპარაკობთ, ანა. ვლაპარაკობთ იმაზე, დღეს რას გავაკეთებთ. ხვალ რას გავაკეთებთ.
​ანა საწოლზე წამოიწია, ნიკას მხარზე დაადო თავი და თვალები დახუჭა. ნიკამ ხელი გადახვია, თავისკენ მიიზიდა მისი სიფრიფანა, დასუსტებული სხეული და თმებზე დაუწყო ფერება. პალატაში დილის მზე სულ უფრო და უფრო მეტ სივრცეს იკავებდა. ბრძოლა დასრულებული იყო. მათ წინაშე მათი უკანასკნელი, ყველაზე სევდიანი და ამავდროულად, ყველაზე ნამდვილი თვეები იწყებოდა.
​— წავიდეთ სახლში, ნიკა, — ჩუმად თქვა ანამ.
​— წავიდეთ ანა, — უპასუხა კაცმა და ფანჯარას გახედა, სადაც ქალაქი უკვე იღვიძებდა, მათთვის კი დრომ სვლა შეანელა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent