შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი სახლის ლანდები (თავი V)


დღეს, 14:36
ავტორი Whosavesyou
ნანახია 40

მაისის მცხუნვარე მზე ცის თაღზე კაშკაშებდა. გამჭვირვალე, უნისლო ჰაერში მთების შორეული, ყინულოვანი მწვერვალების დაკბილული სილუეტები სილურჯეში გეომეტრიული სიზუსტით იკვეთებოდნენ. ჰაერში საუკუნოვანი მუხებისა და წიწვოვანი ტყის გამომშრალი ქერქის, მიწისა და ბალახის სუნი იდგა.
თავლაში ბუცეფალისთვის ახალ ნალებს ჭედავდნენ ილდანები. ღია კარიდან გავარვარებული ლითონისა და ნამწვის მძაფრი სუნი გამოდიოდა. შუადღის ხვარტთან გასამკლავებლად, წელს ზემოთ შიშვლები იდგნენ ბიჭები. ბასილი, მაღალი, მხარბეჭიანი ფიგურით, მასსავით გიგანტურ შავ ულაყს თაზე წამოდგომოდა. ფართო ზურგი და დაკუნთული მკლავები ოფლისგან უპრიალებდნენ, მზის სხივები კი ხორბლისფერ კანზე ოქროსფერ ზოლებად თასმაშებდნენ. ბუცეფალის უკანა ფეხს თავის მუხლებს შორის მყარად იჭერდა.ძველ ჩლიქზე ნალის დასასმელ ზღვარს ავლებდა ბასილი.
უმართლებდათ. მშვიდი იყო იმ დღეს ბუცეფალი.
იქვე, მუხის დიდ მორე, გრდემლთან იდგა იდგა თარაშიც. მხრებამდე დაფენილი, ხშირი ხუჭუჭები დასველებოდა და გარეული ცხოველის ფაფარივით მიჰკვროდა შუბლზე. ხელში მძიმე, ლითონის უროს ათამაშებდა და გავარვარებულ, წითლად მოგიზგიზე რკინის ზოლს მძლავრად ურტყამდა. ნაპერწკლები გრიგალივით იფანტებოდნენ ჰაერში. მძიმედ ეზნიქებოდა დაკუნთული მკერდი თარაშს ყოველ დარტყმაზე.
კართან რაღაც აჭრიალდა. ბუცეფალის მძიმე ფეხი მუხლებიდან ნელა გაათავისუფლა ბასილმა, გასწორდა და ხმაურზე, თითქოს რაღაცის მოლოდინში, თავლის ღია კარისკენ გაიხედა. ურო გრდემლზე მიაგდო თარაშმა, შავი ხუჭუჭები მხრებზე გადაიყარა და ბასას დაჟინებულ, მზერას საკუთარი შეაგება.
-ვინმეს უცდი? - ჰკითხა თარაშმა გამომცდელად. მშვიდი იყო მისი ხმა და რიტმულად აუდ-ჩაუდიოდა ოფლით დანამული გულ-მკერდი.
ბასილი კაკიმ იხსნა, ზღურბლზე რომ გამოჩნდა მთელი ზარ-ზეიმითა და ახლად გამომცხვარი ხაჭაპურებით.
-აბა, ხელოსნებო, - კარგ ხასიათზე ჩანდა ის, - შეისვენეთ, სანამ ცხელია!
ბასამ ხელები ტილოს ნაჭერზე შეიმშრალა და ყველაზე დიდ ნაჭერს დასწვდა. თარაშს გაეცინა.
-ბუცეფალს დღეს რა სჭირს? ასეთი მშვიდი არასდროს მინახავს, - დაარღვია დუმილი თარაშმაც და ცხენს კისერზე ხელი მეგობრულად დაჰკრა, - ერთი-ორჯერ კი შეტოკდა, მაგრამ ბოლოს რომ ვნახე, ჩლიქებს სახეში მირტყამდა.
-დაღლილია, - გაიღიმა კაკიმ, - კასიანა ყოველ ღამით ტყეში არბენინებს. ჰგონია, არ ვიცი.
-იცი? - გაეცინა ბასილს.
-ვიცი, - თავი დააქნია კაკიმ, - ვიცი.
მთელი დღე ოთახიდან არ გამოსულა კასიანა. არ ანაღვლებდა, რომ ნალებს ჭედავდნენ ბიჭები და ფრუტუნით ელოდა ბუცეფალი. კარი საგულდაგულოდ ჩაეკეტა. მთელი დღე, თვალებით დაეძებდა კაკი. აკლდა, მისი ოქროსფერი დალალები და მხიარული შეძახილები. უნდოდა ეკითხა, ხომ არაფერი უჭირდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ჯერ ასე ახლოს არ იყვნენ.
ბოლოს, გრძელ მუხის მაგიდასთან მარტო მჯდარ ლენას მიუჯდა დაეჭვებით.ლენას მღელვარებისა არაფერი ეტყობოდა. ნაირას მოდუღებული შავი ყავის ფინჯანი ედგა წინ და აციებდა.
-ლენა, ბავშვს რა სჭირს? - იკითხა მშვიდად კაკიმ. მკაცრი იყო მისი ხმა. ლენა თითქოს წამით შეკრთა, მზერა სახეში შეაფეთა, მაგრამ თავი მწყობრში მალევე მოიყვანა და მამას გაუღიმა:
-არაფერია, - თავი გააქნია დარწმუნებით და თვალი კედელს გაუშტერა, - ასე ... იცის ხოლმე.
-რა იცის? - ვერ გაიგო კაკიმ, - გუშინდელს აქეთია ლუკმა არ ჩასვლია პირში.
-ხვალ შეჭამს. - მშრალად უპასუხა ქალმა. ჩანდა, საუბარი არ უნდოდა. სინამდვილეში კი, არ იცოდა, რა ეთქვა.
-ხვალ? - მთლად დაიბნა მოხუცი, ნაკვთები წამით დაეძაბა, - ხვალ ახალი დღე იქნება, ლენა. ადამიანი დღეს ცხოვრობს.
ლენამ ერთხელ, ნაღვლიანად ამოიხვნეშა და ყავის ფინჯანს თითები მჭიდროდ შემოაჭდო. კაკი პირდაპირ თვალებში აშტერდებოდა ლენას. იმ ნაცრისფერ, ჯიუტ თვალებში, რომლებიც ასე მტკივნეულად ჩამოჰგავდა მის თავისას.
-აღარ იტყვი, ბავშვს რა სჭირს? - მომთხოვნი გახდა მისი ხმა, როგორც იმ ღამეს ჭიშკართან.
-მამა, ხანდახან... კასიანა ... ის კარგად არ არის. და ეს ნორმალურია. ჩვენ ამას ვეგუებით. - ხმაში უმწეობა გაერია ლენას. ვერ გაეგო, ამ ამბისთვის თავი და ბოლო როგორ მოება.
-შევამჩნიე, - კაკიმ ხელით ჭერისკენ ანიშნა, სადაც ოთახში კასი შეკეტილიკო, კარზე კი არავინ უკაკუნებდა, არავინ აწუხებდა, არავინ აძალებდა ჭამას და არავინ ცდილობდა მის გამოცოცხლებას. - ვხედავ, ლაპარაკი გიმძიმს. მაგრამ მე .. ჩვენ ახლა ერთ ჭერ ქვეშ ვცხოვრობთ და მე უნდა ვიცოდე, რა ხდება მის თავს.
-მოგიყვები, რომელიმე საღამოს, როცა გოგონები აქ არ იქნებიან, დავჯდები და ყველაფერს მოგიყვები, მხოლოდ ერთს გთხოვ, ახლა არა.
კაკიმ უხმოდ დაუქნია თავი. სხვა რა დარჩენოდა.

888

საღამოს, როცა მთის მწვერვალებს მაისის ბინდი ეფინებოდა, ილდანებს კი სამუშაო კარგა ხნის წინ დაესრულებინათ, კასიანა, როგორ იქნა, გარეთ გამოვიდა. სიქა გამოსცლოდა და გამოფიტულიყო. სხეულს ძლივს მოათრევდა. ხორბლისფერი, გლუვი კანი ერთიანად გაფერმკრთალებოდა და მკვდარი, ნაცრისფერი ელფერი დაჰკრავდა. ლოყები საგრძნობლად ჩავარდნოდა და ყვრიმალები არაბუნებრივად ეკვეთებოდა. იფიქრებდით, რამდენიმე დღე აშიმშილესო. ოკეანისფერი თვალები აღარ უნათებდნენ. სივრცეს ბრმა მზერით მისჩერებოდა. წარბები ქუთუთოებზე ჩამოჰყროდა და მის სახეს საუკუნოვანი სიმძიმე შეეძინა. უსიცოცხლოდ მოეკუმა სავსე ბაგეები.ოქროსფერი კულულები სახეს უფარავდნენ. რაღაც ძველი, გაცრეცილი პერანგი მოეცვა კაკის გარდერობიდან და მხრებზე ტომარასავით ჩამოჰკიდებოდა. სხეული ძლივს გამოათრია. გეგონებოდათ, საკუთარი თავი მთლიანად დათმო რაღაცისთვის და ახლა მორჩილად ელოდება, როდის ჩაყლაპს მთის ნისლიო.
ხეივნის თაღის ქვეშ მძიმედ ჩამოჯდა. კაკის შორიდანვე შეემჩნია. სახლის ზღურბლთან იდგა, თავისი ნაცრისფერი შალის ჟილეტითა და მძიმე ჩექმებით. ფიქრი მეტად დამძიმებოდა. უყურებდა, როგორ ქრებოდა კასიანა და ბრაზობდა. ბრაზობდა საკუთარ თავზე, ლენას თავისი რომ გაატანინა და ამ ასაკამდე ისე მოვიდა, გოგონებს არ იცნობდა. ახლა კი, კასიანა თვალწინ ელეოდა და უფლება არ ჰქონდა, ეკითხა. ბრაზობდა ლენაზე, რომელმაც შვილებს სათანადად ვერ მოუარა და ბრაზობდა ვასილზე, რომელსაც ტყვიას ისე დაახლიდა, თვალს არ დაახამხამებდა.
ნელი, მტკიცე ნაბიჯებით მიუახლოვდა მაგიდას. ხელში ნაირას მიერ საგულდაგულოდ შეფუთული თიხის დიდი თეფშები ეჭირა და ბევრი ფიქრის შემდეგ, შვილიშვილთან გამოსალაპარაკებელი, გადასარევი მიზეზიც მოეფიქრებინა. გოგონას გვერდით ამოუდგა და თავისი მელოდიური, ღრმა ბასით მშვიდად უთხრა:
-კასი, წამყევი, ბაბუ. ბეზობელთან გადავიდეთ. აქვე, ხეობის პირას. ნაირას გადმოტანილი თეფშები დავაბრუნოთ. ცოტას გაივლი, ჰაერს ჩაისუნთქავ.
კასიმ ნელა, უზარმაზარი ფიზიკური ძალისხმევის ფასად ასწია თავი. ჩამქრალი თვალებით კაკის მიაჩერდა. ეღიმებოდა, ამ მზრუნველობაზე, სახეზე კი ნაკვთი არ შესტოკებია. არაფერი უპასუხია, ისე წამოდგა მორჩილად და მოხუცს აედევნა. სახლიდან მეზობლის კარამდე ხუთი წუთის სავალი გზა იყო. მთის ვიწრო, დაკლაკნილ ბილიკზე, საუკუნოვანი მუხებისა და წიწვოვანი ხეების უღრან კიდეზე რომ გადიოდა. ნისლი ახლაღა იწყებდა ხეობიდან ამოცოცებას, ხეების დაბალ ტოტებს ლანდებივით ეკვროდა და ბალახზე ნესტად ჯდებოდა. გამომშრალი ფიჭვის ქერქისა და ველური ბალახების სუნი მოჰქონდა ნიავს. ესიამოვნა კასიანას. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მხრებში გაიშალა. ღვინისფერი უბრუნდებოდა გამშრალ ბაგეებზე.
კაკი წინ მიაბიჯებდა ჩექმების ბარტყუნით და უკან ლანდივით მიჰყვებოდა კასიანა.
უმალვე დიდ, თხელი ფიქალით ნაშენებ სახლს მიადგნენ, რომლის ჭიშკარიც მუხის მძიმე ფიცრებისგან გამოეთალათ. კაკიმ რკინის ურდული შინაურულად გადასწია და ეზოში შეაბიჯეს. იმავე წამს დიასახლისი შემოეგებათ. წელზე საოჯახო წინსაფარი მოეხვია, ხელში პირსახოცი ეჭირა. სახე გაებადრა, თვალები სიხარულითა და გაოცებით აუციმციმდა.
-ეს ვინ მომიყვანე, კაკი? - გახარებულმა ერთი გემრიელად შემოსძახა, - ეს რა საოცრება გყავს გვერდით? ლენას გოგოა, ხომ? მარიამმა თქვა, ისეთი ლამაზები არიან, თვალი ვერ მოვწყვიტეო, მაგრამ ეს... ეს მთლად ხატი გყოლიათ!
კასი ძალიან ცდილობდა, გაეღიმა, მაგრამ არ გამოსდიოდა და ფერმკრთალ სახეს კაკის ჟილეტის უკან მალავდა.
-შემოდით, შემოდით, ცხელი ჩაი მაქვს მოდუღებული, - არ ცხრებოდა ქალი. კაკის სასწრაფოდ გამოართვა თეფშები და ორივეს სახლისკენ წარუძღვა.
კასი მორჩილად იდგა კაკის გვერდით და მიწას დაჰყურებდა. ერთხელ გადმოხედა მოხუცმა, იცოდა, ჩაის წრუპვის და საუბრის ღონე კასიანას ახლა არ ჰქონდა და სასწრაფოდ იუარა:
-დარეჯან, ჩემს ულვაშს გეფიცები, ხვალ სამივე გოგოს გადმოგიყვან, ოღონდაც ახლა უნდა წავიდეთ. - მეგობრულად უცინოდა მოხუცი.
დარეჯანი რაღაცას ეჩიჩინებოდა სტუმრებს, კასიანა თვალებით პირველი სართულის დაბალ, ხის აივანზე მხრით მიყრდნობილ თარაშს რომ გადააწყდა. მზერით ბურღავდა თარაში. ისე ათვალიერებდა, გეგონებოდათ, პირველად ნახაო. მართლაც პირველად ხედავდა.
გონება აერია ილდანს. ვერ გაეგო, რა ხდებოდა. რატომ იყო კასის მზერა ასეთი ცარიელი, რატომ დაშრობოდა თვალებში ოკეანე. რატომ აღარ ანათებდნენ მისი ოქროსფერი კულულები. გულში რაღაცამ უსიამოდ გაჰკრა - უცნაურმა, წინათგრძნობით სავსე ყრუ შიშმა ტანში ჟრუანტელად დაუარა. ხედავდა, რაღაც რიგზე არ ჰქონდა კასიანას.
არ უფიქრია, თუ ოდესმე ასეთს ნახავდა. მის შემხედვარეს, სახე დაურბილდა, მტკიცე ყბის ხაზი მოეშვა, პირქუში სერიოზულობა წამში გაუქრა და გაფაციცებით, თითქმის სასოწარკვეთილი ინტერესით დააჩერდა კასის სახეზე. იმ ნაპერწკალს ეძებდა, მხოლოდ მას რომ ჰქონდა, მელოდიურ ჩაცინებას, რომლითაც ნაბოლარა თავლაში იწვევდა, მაგრამ სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა კასიანას.
თარაშს შინაგანად ყოველი უჯრედი აუჯანყდა. უნდოდა იქიდან გადამხტარიყო, მისი მიტკლიფერი სახე ხელისგულებში მოექცია და ხმამაღლა ეყვირა: „რა გჭირს? რა დაგემართა?!“ კასიმ იგრძნო, ეს უსიტყვო თანაგრძნობა და გაღიზიანდა. თავი სასწრაფოდ ჩახარა და თარაშს ზურგი აქცია. არ მოსწონდა, როცა უყურებდნენ.
-თავლაში საქმე კარგად დავასრულეთ, - თარაშს მიმართავდა მოხუცი, - უკანა ნალები საიმედოდ ზის, მაგრად იმუშავეთ. მაგრამ წინა მარცხენა ნალს რაღაც უჭირს, ხვალ დილით კიდევ ერთი დარტყმა დასჭირდება გრდემლზე.
-ვიცი, კაკი. დილითვე მოვალ და დავასრულებ. ტყეში სირბილს მყარი ჩლიქი უნდა.
„ტყეში სირბილზე“ თარაშს მუქ, თაფლისფერ თვალებში რაღაც გაუკრთა.
თითქოს ახსენებდა კასიანას, ვინც იყო სინამდვილეში და მასაც წამით აუკიაფდნენ ჩამქრალი ირისები. ღრმად ამოისუნთქა თარაშმა. რაღაც მოეხსნა მკერდიდან. მშვიდად ჩატეხა ტუჩის კუთხე და მხრებში გაიმართა.
კაკიმ თავი უსიტყვოდ დაუქნია და კასიანას მიუბრუნდა:
-წავიდეთ? - ისე თბილად ჟღერდა მისი ხმა, კასის ეგონა, რომ მოესმა. თავი მსუბუქად დაუქნია და ჟილეტის ჯიბეზე ხელი თავისდა უნებურად ჩაჰკიდა. კაკის გაეღიმა, მასპინძელს საჩქაროდ დაემშვიდობა, თეფშებისთვის მადლობა გადაუხადა და სახლის გზას დაადგა.
კედელივით ჩამოწოლილიყო ნისლი ხეობაში. ტოტები წყვდიადში უხმოდ ირხეოდნენ.
ჩუმად აკვირდებოდა კაკი კასიანას. ისე უნდოდა დახმარებოდა, ისე უნდოდა სცოდნოდა ...
ბოლოს, როცა ძველი ვენახის ხეივნის თაღი და მათი წითელი აგურის სახლის სილუეტი ნისლში გამოიკვეთა, მოხუცმა ნაბიჯი შეანელა და გაბედა:
-ეს მთები საუკუნეებია აქ დგას. მინახავს ზვავები, რომლებსაც მთელი ხეობები მიწასთან გაუსწორებიათ, მინახავს მეწყერი, რომელსაც საუკუნოვანი მუხები ფესვებიანად ამოუგლეჯია. მაშინ გგონია, რომ სიცოცხლე დასრულდა და ამ უდაბნოს ვეღარაფერი ეშველება, - ამოიგმინა მან, - მაგრამ მოდის გაზაფხული, მაისის მზე ამოანათებს და იმ ნანგრევებზე ხასხასა, ახალი ბალახი და ველური იები კიდევ უფრო მძლავრად იწყებენ ყვავილობას.
კასიმ თავი ფრთხილად მიაბრუნა მისკენ. უღიმოდა. თქმით კი არაფერი უთქვამს, ისე შეაღო მძიმე ჭიშკარი და სახლისკენ მიმავალ ბილიკს უხმოდ დაადგა.
კაკის წამით მოეჩვენა, რომ კასიანას შინაგანი ქარიშხალი იმაზე სახიფათო იყო, ვიდრე ნებისმიერი მთის ზვავი რომელიც უნახავს. უსიამო ჟრუანტელმა გაუარა. ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. მისი ბებერი გული კი თითქმის არასდროს ტყუოდა.

* * *

მეგობრებო, მოგწონთ? <3



№1 სტუმარი მე

ამ გოგოს ეტყობა დიდი უბედურება შეემთხვა,რადგან ასე ექევა საკუთარ თავს და სხეულს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent