წითელი სახლის ლანდები (თავი IX-X)
თავი 9 დილით სხვა სიხალისით გაიღვიძა სოფელმა - ცხენების თქარათქურით, ხალხის ხმაურით, ყრუდ რომ აღწევდა ეზოებიდან, ძაღლების ყეფით და ბავშვების ცხარე კამათით, ვისი ცხენი იქნებოდა დღეს ყველაზე სწრაფი. ამაზე ფსონებს დებდნენ ზრდასრულებიც. დღეს ჯირითის დღე იყო - ის დღე, რომელსაც მთელი წელი ელოდებოდნენ სვანები. როცა სოფლის ყველაზე სწრაფი ცხენები მდელოზე იკრიბებოდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ახალგაზრდები. ემ დღეს, კაკის თქმით, საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ყოველ წელს კვლავ მეორდებოდა, გაზაფხულის უკანასკნელ დღეს, თაობიდან თაობამდე და ასე, დაუსრულებლად. ბუცეფალი ისე მოუსვენრობდა ეზოში, რომ კასიანას ორივე ხელი დასჭირდა გასაკონტროლებლად. ცხენი თავს იქნევდა, ფლოქვებს ურტყამდა მიწს, ცხვირს აქშენდა გამეტებით, თითქოს თვითონაც გრძნობდა, რას მოუტანდა დღევანდელი დღე. მუქი, კუპრივით შავი თმა უბრწყინავდა მზეზე და მსუბუქ ნიავზე ცეკვავდა მისი ფაფარი. -წყნარად, - ჩასჩურჩულა კასიანამ, ყელზე დაუსვა ხელი და მის თმაში ახლართა ნაზი თითები, - დღეს შენი დღეა, შემოინახე ენერგია. კაკი თავლის კართან იდგა, ფიცრულს მცრით მიყრდნობოდა და ხელები ჯვარედინად შემოედო მკერდზე, სახეზე ის ნაცნობი, ნახევრად მკაცრი, ნახევრად ამაყი ღიმილი გადაჰფენოდა, რომელსაც კასის თუ სჩუქნიდა მხოლოდ. -ნუ მიიღებ მონაწილეობას, თუ მტკიცედ არ ზიხარ, - უთხრა მან, ხმაში სერიოზულობით, - ხომ იცი, არასოდეს დაქვემდებარებია ვინმეს, ვინც მისი ენით ვერ ლაპარაკობს. -მე და ბუცეფალი ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, - თქვა კასიანამ, ხმაში ისეთი დარწმუნებით, რომ ჩაეღიმა მოხუცს, - ხომ ასეა, ბუცეფალ? -შენი მჯერა, მაგრამ იმედებს ნუ დავამყარებთ, გამოცდილი მხედრები შეიკრიბებიან დღეს მინდორზე. ბუცეფალი პატარაა, მისი ზომების მიუხედავად. ისევე, როგორც შენ. ეს ხომ გესმის? -ვიღაც ნერვიულობს! - გადაიკისკისა კასიანამ. საკუთარი იმედებისგან იცავდა კაკი გაუცნობიერებლად, - დამშვიდდი და მინდორზე თვალი არ მომაცილო, - თვალი ჩაუკრა მოხუცს. მდელო, სადაც ჯირითი იმართებოდა, სოფლის ბოლოს, მდინარის გასწვრივ იყო გადაჭიმული - გრძელი, ბრტყელი, მწვანე ზოლი მთებს შორის, რომელიც დილის ნისლში ნათლად ჯერ კიდევ არ ჩანდა. მზე ნელ-ნელა იწვერებოდა, ალაგ-ალაგ ჭრიდა ნისლს, ისე რომ პირველად მთის წვერები გაანათა ოქროსფრად, ხეობა კი ნაცრისფერ ბურუსში დატოვა გახვეული. ხალხი უკვე იკრიბებოდა მდელოს კიდეებზე - ვიღაც ბალახზე იჯდა, ვიღაც ბაგირთან იდგა, ვიღაცას ბავშვები შემოესვა კისერზე, უკეთ რომ დაენახათ. ვაჭრები ღვინოს და ყველს ყიდდნენ იქვე, პატარები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხელჯოხებით, თითქოს ცხენებზე ისხდნენ თვითონაც. ნიკო, ლაშა და გიორგი თავიანთ ცხენებთან იდგნენ, აღჭურვილობას ამოწმებდნენ საგულდაგულოდ - უნაგირი, აღვირი, საბმელები. მარიამი და ანანო ბავშვებივით ხტოდნენ მღელვარებისგან, ხელჩაკიდებული, ცხენებს უვლიდნენ გარშემო. გიორგი თავის ცხენს, ჭრელს და ოდნავ მოხუცებულს, არ აკლებდა საქებარ სიტყვებს და ალერსით უსვამდა ხელებს ფაფარზე. -ეს ცხენი ჩემთან ერთად, ერთხელ მაინც გავა მესამე ადგილზე, - თქვა ისე, თითქოს თვითონაც არ სჯერაო საკუთარი სიტყვების. ნინამ და ანიკამ ბილიკზე ჩამოირბინეს, თმაში ყვავილები ჰქონდათ ჩამაგრებული. ბავშვებს ჩამოჰგავდნენ, მოლოდინით რომ გაბრწყინებოდათ ლურჯი თვალები. -ვერ ვიჯერებ, ჯირითში რომ ერთვება, - ნერვიულობდა ანიკა, - ერთადერთი გოგო რომ არის, ეს არაფერს გეუბნებათ? ნინას ნერვები მოუშალა დის პესიმიზმმა და ხელი აუქნია გასაჩუმებლად. -მიჰყევი, უბრალოდ, - არიგებდა კაკი კასიანას, - მიეცი საშუალება, რომ გაშალოს ფრთები ისე, როგორც უნდა. -არჩევანს ისედაც არ მიტოვებს, - უპასუხა კასიანამ, ცხენს ყელზე გადაუსვა ხელი, - თვითონ ირჩევს. მე მხოლოდ ვცდილობ, არ ჩამოვრჩე. ნინამ გაიცინა დაძაბულობის განსამუხტად. კაკი ზედმეტად დარდობდა, იმედები რომ არ გასცრუებოდა კასიანას და გოგონებისთვისაც გადაედო თავისი მღელვარება. -დღეს მაგრად გავერთობით, - ცქმუტავდა მარიამი, - მთავარია, თარაშმა არ გაიმარჯვოს. -რატომ? - გაუკვირდა კასიანას. -მისი გამარჯვება ისეთი ჩვეულებრივი იქნება, ვერავინ შემჩნევს. მიზეზიც არ გვექნება, აღსანიშნავი, - აუხსნა მშვიდად, - მინდა დღეს რაღაც მოხდეს, რაღაც განსაკუთრებული. თარაშს გახედა ნინამ. მოშორებით იდგა, საკუთარ ცხენთან - მუქი, თითქმის შავი ულაყი, ყველა "აჩრდილს" რომ ეძახდა, მშვიდად ქშენდა თარაშის ხელის ქვეშ, პატრონის ხასიათი გადასდებოდა თითქოს - არ ცახცახებდა, არ ღელავდა, უბრალოდ იდგა, თვალები ნახევრად მიეხუჭა, თითქმის ეძინა. ბასა ცხენს უნაგირს უმოწმებდა, ბალთებს ხელით ცდიდა. ჯერ კიდევ ბრაზობდა თავის წაბლისფერზე და დოღში მონაწილეობას არ იღებდა ამიტომ. არ იყო დარწმუნებული, რომ ისევ შეეძლო მისი ნდობა. -ნორმალურად იჯირითები დღეს? - ჰკითხა ბასამ, ნახევრად ხუმრობით. საბრძოლო განწყობაზე არ ეჩვენებოდა ბიძაშვილი. -ყოველთვის ნორმალურად ვჯირითობ, - უპასუხა თარაშმა, ხმაში ჩვეული სიმშვიდით. -ცხენიდან არავინ გადააგდო, თარაშ, იცოდე, - ბასამ თვალები მდელოს მეორე ბოლოს მიაპყრო, სადაც კასიანა იდგა დებთან ერთად, - დღეს ბევრი თვალია მდელოზე. -არავინ არ არის დღეს ჩემი პრობლემა, ბასა. თქვა თარაშმა და მისმა მზერამ უნებურად მდელოს გადაურბინა - კასისკენ, ბუცეფალს რომ კაზმავდა მშვიდად და მზის შუქზე ოქროსფრად უელავდა ხშირი ხუჭუჭები. ნერვები მოეშალა, ეს თავის ტკივილი ბავშვი როგორღაც დღესაც რომ აჰკიდებოდა მხრებზე. ვერ ხვდებოდა, საკუთარ პასუხისმგებლობად რატომ თვლიდა კასის და ყველაფერზე ბრაზობდა უნებურად. ბასამ ეს შენიშნა, ჩაიღიმა, თქმით კი არაფერი უთქვამს. ბალთების შეკვრა განაგრძო მდუმარედ, თითქოს დროს აძლევდა თარაშს დასაფიქრებლად.თარაშს დასაფიქრებლად დრო ისედაც ბევრი ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით მოეფიქრებინა, რატომ ანიჭებდა კასიანას არსებობას ამხელა მნიშვნელობას გონებაში. -იცი, - დაიწყო ბასამ ცოტა ხანში, უფრო ხმადაბლა, - გური ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ვის გადასცემს გამარჯვებული მოგებულ ლენტს. -ვიცი, რასაც ამბობს გური, - ბიძამისის გახსენებამ ხასიათზე მოიყვანა წამით თარაში, - რატომ არ მოვიდა? -მოიცა, გელაპარაკები, - ხელი აიქნია ბასამ, - ერთხელ, ბაბუაჩვენს რომ ჰქონდა ეგ ლენტი, თავისი ცოლისთვის მიუცია, სანამ შეუღლდებოდნენ, - გააგრძელა ბასამ, ხმაში ეშმაკური ღიმილით, - ამბობენ, ერთგვარი ნიშანი იყოო. ხომ გესმის, რასაც გელაპარაკები. -ბასა, - შეუბღვირა თარაშმა, - ჯირითზე ვფიქრობ ახლა, ლენტებზე არა. მით უმეტეს, ცოლებზე. -ხეპრე ხარ, ამხელა კაცი. - ბასამ გაიცინა, ხელები მაღლა ასაწია, დანებების ნიშნად. -რა მოლოდინები გაქვთ, ბიჭებო? - მეზობლებს მიუახლოვდა დავითი. ზედმეტად სერიოზულად უდგებოდნენ იმ დოღს სოფელში. -აჩრდილის იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა, - ხელი კისერზე სიცილით დაჰკრა ბიძაშვილის ცხენს ბასამ, - მაგრამ უფრო სწრაფია ბუცეფალი. კაკის ისეთი ცხენი ჰყავსო, ლეგენდად დადიოდა მთელს მესტიაში. -მაგრამ მასზე გოგო ზის. - ჩაეცინა დავითს. -კარგი მხედარი ჰყავს ბუცეფალს, მასში ეჭვი არ შეიტანო, - გაეღიმა თარაშს ცალყბად, - იმედები გაგიცრუვდება მხოლოდ. კაკიმ ჯირითის წესები რომ გამოაცხადა, ისეთი აურზაური ატყდა მაყურებელში, ხმა ძლივსღა ისმოდა მოხუცის, - სამი წრე მდელოს გარშემო, ვინც პირველი მოვა, ის გაიმარჯვებს. ცხენები რიგში ჩადგნენ, ცხრა ცხენი, ცხრა ახალგაზრდა, თითოეული თავის ცხენზე, თითოეული მზადყოფნაში საწყისი ხაზისკენ. კასიანა ბუცეფალზე იჯდა მარჯვენა ბოლოში, თარაში - მარცხენა მხარეს, შორს მისგან, ისე, რომ ერთმანეთს ვერც ხედავდნენ კარგად. ნიკო, ლაშა, გიორგი და დანარჩენები შუაში გაენაწილებინათ. ზოგს არც იცნობდა კასიანა, თვალით არ ენახა არასდროს. -მოემზადეთ! - ხმამაღლა გამოაცხადა კაკიმ, ხელი ცისკენ აიშვირა. ცხენები ცახცახებდნენ, ფლოქვებს ცვლიდნენ გამუდმებით, ნესტოები გაჰფართოვებოდათ მღელვარებისგან. ბუცეფალი მზადყოფნაში ისე იჭიმებოდა, კასიანას ფეხებით გრძნობდა მის გულისცემას. შეუძლებელი იყო ბუცეფალის ტემპერამენტს აჰყოლოდა ვინმე, თუ არა ის. სინამდვილეში, ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. -დაიწყეთ! - გასძახა კაკიმ და სასტვენს ჩაჰყვირა ძლიერად. პირველი წამები ქაოსს მოეცვა მხოლოდ - ცხენების თქარათქური, ხალხის ყვირილი, მტვერი. ისეთი ამბავი დატრიალდა, კასიმ ვერც კი გაიგო, ბუცეფალმა საწყისი ხაზი როდის გადაკვეთა. ოდნავ მისცა ბიძგი ცხენს და ისე გავარდა ბუცეფალი, რომ რამდენიმე კაცი პირველ წამებშივე ჩამოტოვა უკან. ნიკო პირველი წრის ნახევარზე უკვე წინ იყო, მაგრამ ლაშა ახლოს მისდევდა, ხმამაღლა იცინოდა, ცხენს კისერზე ეფერებოდა. გიორგის ცხენი ოდნავ ნელი აღმოჩნდა, მაგრამ არ ნებდებოდა არაფრით, თვალები წინ მიემართა და მკაცრად შეეკრა ბაგეები. კასიანამ ბუცეფალს თავისუფლება მისცა - არც ისე ბევრი, რომ ცხენი დაღლილიყო, მაგრამ არც ისე ცოტა, რომ უკან ჩამორჩენოდა ვინმეს. ისინი მესამე ადგილზე იყვნენ, თარაშისა და აჩრდილის უკან, რომელიც წყნარად, თითქოს ძალდატანების გარეშე, იოლად მიიწევდა წინ. ჰაერში დაფრინავდა აჩრდილი და თარაში იჯდა მასზე ისე მსუბუქად, ისე ბუნებრივად, თითქოს ერთნი ყოფილიყვნენ - ზურგი სწორი, თავი წინ მიმართული, ხელები აღვირზე მტკიცედ, მაგრამ ფაქიზად. -სიჩქარე ააკრეფინე, კასიანა! - ხმამაღლა გასძახა ნიკომ, რომელიც ახლა მის გვერდით მიქროდა, თარაშს გადაესწრო რამდენიმე მეტრით, - არ მინდა, თარაშმა რომ მოიგოს! -ძალა დაზოგე, ნიკო, ჯერ პირველ წრეზე ვართ. - ჩამოსძახა კასიანამ და ბუცეფალს შემოჰკრა მათრახი ძლიერად. ბუცეფალმა გაუგო, წინ წავიდა, ნიკოს გადაუსწრო მკვეთრად, ისე გათამამდა, თითქოს მისთვის ეს ჯირითი მთელი ცხოვრების ბრძოლა ყოფილიყოს. მეორე წრეზე საერთოდ ისეთი სისწრაფე აკრიფა, კასიანას ქარმა ქუდი მოჰგლიჯა და ლაშას ცხენს აებლანდა ფეხებში, თვალები ცრემლით აევსო. წარბები შემართული, ტუჩები მკაცრად შეკრული. თარაშს ამოუდგა გვერდით, თითქმის თანაბრად, ბუღი ასდიოდა მიწას და აჩრდილებივით იკვეთებოდა მათი სხეულები მტვერში. თარაშმა ცერად გადახედა კასიანას, სახეზე უყურებდა, რომელზეც გამოწვევა და სიხარული ერთდროულად დასთამაშებდა, თვალები ცეცხლით ჰქონდა სავსე, ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული, ისეთი ცოცხალი, როგორიც თარაშს ჯერ არასოდეს ენახა მისი სახე. -კარგად მართავ, - გადმოსძახა ღიმილით და ხმაში პატივისცემით. ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ცხვირში სცემდა თარაშს ციტრუსის სუნი. -ეჭვი გეპარებოდა? - გაუცინა კასიანამ. უხდებოდა მხედრობა. უხდებოდა ყველაფერი, რასაც აკეთებდა, როგორც მოძრაობდა, როგორც იჯდა, როგორც ამხნევებდა ბუცეფალს უკნიდან. ღიმილს ვერაფრით იკავებდა თარაში. წინ წაიწია აჩრდილმა და ჩამორჩენა ვერ აიტანა ბუცეფალმა - თითქოს თვითონ გადაწყვიტა, უფრო სწრაფად გაჭრილიყო წინ. კასიანამ ფეხები შემოხვია ძლიერად, წონასწორობას ინარჩუნებდა მთელი ძალებით, ხელები ცხენს ყელზე შემოაჭდო, თითქმის მოეხვია. ისეთი ლამაზი იყო, შეუძლებელი იქნებოდა ამაზე მეტი. კვლავ გვერდიგვერდ მიაჭენებდნენ. თარაშს სახეში სცემდა კასიანას ჩალისფერი ხუჭუჭები. ორი ცხენი, ორი მხედარი, ერთმანეთს არ ნებდებოდნენ არაფრით. ნიკო და ლაშა დიდი ხანი იყო, ჩამორჩენოდათ და მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ. ნიკო კი იცინოდა, მაგრამ არ ეცინებოდა ნამდვილად, ამ წელსაც ასწრებდა თარაში და ცდილობდა ცხენი დაეჩქარებინა მთელი ძალებით. ბოლო წრეზე ხალხის ყვირილი ისეთი ხმამაღალი გახდა, რომ ცხენები აცახცახდნენ. გიოს ულაყმა, საერთოდ გეზი იცვალა და ტყეში შევარდა დაფეთებული. ნინა და ანიკა ყვირილით ხტოდნენ, მარიამი ხელებს იქნევდა, ანანო ხმამაღლა გაჰკიოდა: "კასიანა! კასიანა!", მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოსწონდათ თუ არა კასი, მაინც ყველას უნდოდა, გოგოს რომ გაემარჯვა ამ წელს. კასიანა და თარაში ფინიშის ხაზთან ერთად მიდიოდნენ. თითის სიგანეც ვერ გაარჩევდა, ვინ იყო წინ. ორივე ცხენი ისე ეშვებოდა, ფლოქვებს ისე სწრაფად ჰკრავდნენ მიწას, რომ თითქოს არც ისმოდა ცალ-ცალკე ბგერა, არამედ ერთიანი, უწყვეტი გრუხუნი. ბუცეფალმა ბოლო რამდენიმე მეტრში ისეთი ენერგია გამოიჩინა, კასიც გაოცებული დააჩერდა ზემოდან. ქარი სუნთქვას უკრავდა. ფეხები კიდევ უფრო სწრაფად დაჰკრა მიწას ცხენმა, კუნთები ისე გამოეკვეთა, თითქოს კანი შემოასკდებოდა სადაც იყო და ფინიშის ხაზი ნახევარი თავის სიგრძით ადრე გადაკვეთა, ვიდრე აჩრდილმა. მდელო ერხმად აყვირდა. ნიკომ, რომელიც მესამე მივიდა ფინიშის ხაზთან, ხელები ცაში აღაპყრო გახარებულმა, თითქოს თვითონ იყო გამარჯვებული. მარიამი, ანიკა, ნინა - ყველა ცხენებისკენ მირბოდა, მინდვრის ცენტრისკენ, ბავშვები ხტოდნენ, ქალები კიოდნენ. კასიანამ შეაჩერა ბუცეფალი. ცხენი ისე ქშენდა, თითქოს გული უნდოდა გარეთ რომ გადმოეგდო, ორთქლი ასდიოდა გახურებულ კანზე, ფეხები ჯერ კიდევ უცახცახებდა, მაგრამ ამაყად ეჭირა თავი. კასი თვითონაც ხვნეშოდა, ვერაფრით მალავდა კმაყოფილ ღიმილს, თარაში რომ დაამარცხა. სახეზე ჩამოშლოდა ქარისგან აბურდული კულულები. თარაშმა მის გვერდით შეაყენა აჩრდილი, სწრაფად ჩამოხტა, ცხენის სუნთქვის შენელებას დაელოდა წამით და ნელა შებრუნდა კასისკენ. -გილოცავ, ბავშვო, - თქვა მან მშვიდად. “სიკვდილი თუ გინდა ასე ძალიან, წადი და თავი დაიხრჩე.” -ნახევარი თავის სიგრძით, თარაშ, - უპასუხა კასიანამ, სუნთქვა ჯერ კიდევ ხშირი ჰქონდა,- ნახევარი თავის სიგრძით, - დაამატა ბოლოს და ცხენს ხელი ცხვირზე გადაუსვა ღიმილით. -ნახევარი თავის სიგრძეც საკმარისია, - იმ დღეს პირველად გაცვალეს გულწრფელი ღიმილები, ან ასე მოეჩვენა თარაშს. ხელი გაუწოდა, რომ ჩამოსვლაში დახმარებოდა, თუმცა ეს არ იყო საჭირო, ცხადია, - კასიანა მარტოც კარგად ახერხებდა. მაგრამ ის ხელი მაინც მიიღო, დასახმარებლად გამოწვდილი. ფაქიზად შეეხო თარაშის გრძელი თითები ხელისგულზე. -მადლობა, - თქვა, ცხენიდან ჩასვლისას. ხელი ერთხანს არ გაუშვია თარაშს, მერე კი, დენდარტყმულივით შეუშვა უცებ. ვერ გაიგო კასიანამ, ეს შერეული ემოციები რას ნიშნავდა მისგან. ეუცნაურა იმ დღეს თარაში. დღის დანარჩენი ნაწილი დღესასწაულის სახეს ატარებდა - ჯილდოები გადაეცათ, კაკიმ კასიანას თავის ხელით მიართვა ის ლენტი, ვინმესთვის რომ უნდა ეჩუქებინა თვითონ. -დღეიდან შენია ბუცეფალი, - ჩასჩურჩულა კაკიმ ისე, მას რომ გაეგო მხოლოდ, - სინამდვილეში, ყოველთვის შენი იყო. სოფლის ხალხმა ლხინი მოაწყო, ცეცხლი დაანთეს, ღვინო ჩამოასხეს, საჭმელი მაგიდებზე გაშალეს - ხორცი, ყველი, ბადრიჯანი, ახალი ბოსტნეული. კაკის ულოცავდნენ მეზობლები, არ იშურებდნენ საქებარ სიტყვებს კასისთვის. ხელახლა დაიბადა იმ დღეს კაკი ჯაჭვლიანი. ლაშამ გარმონი ამოიღო, დაკვრა უფრო კარგად გამომდის, ვიდრე ჯირითიო, გამოაცხადა და ააცეკვა ხალხი ძველ, მივიწყებულ ჰანგებზე. ცეკვავდა ყველა, ვისაც კი ფეხი უმუშავებდა. ნიკომ ნინა გაიწვია საცეკვაოდ, ანანომ გიორგი, ანიკას კაკიმ ჩაჰკიდა ხელი და მუსიკას სასაცილოდ ააყოლა ბებერი მუხლები. “სიკვდილი თუ გინდა ასე ძალიან, წადი და თავი დაიხრჩე.” კასიანა და თარაში დღის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე გადაეყარნენ ერთმანეთს - ხან წყალს რომ სვამდნენ, მაშინ, ხან ცხენებს რომ უვლიდნენ, ხანაც უბრალოდ, შემთხვევით, ხალხის ტალღაში. ყოველ ჯერზე რაღაც პატარა სიტყვა გაცვალეს, რაღაც პატარა ღიმილი, ცალმხრივი ან ორმხრივი, ტყუილი ან მართალი. -ცეკვავ? - ჰკითხა ბასამ კასიანას, ცეცხლის გასწვრივ, ხელი გაუწოდა, ნახევრად ხუმრობით. -დღეს საკმარისი ვივარჯიშე, ბასა, - გაიცინა კასიანამ, - ფეხები მიკანკალებს. -ჯერ დაისვენე, - დაუთმო ბასამ, - მაგრამ უარი არ მიიღება, იცოდე. -ნახევარი თავის სიგრძით, - გასძახა მას კასიანამ, მაჯაზე შებმული წითელი ლენდისკენ მიუთითებდა ღიმილით,- ბასა, გესმის? ნახევარი თავის! გაეცინა ბასილს, ხელი ასწია, დანებების ნიშნად. ბედნიერი იყო კასი. “სიკვდილი თუ გინდა ასე ძალიან, წადი და თავი დაიხრჩე.” საღამოს მზე ჩადიოდა, ცის ფერი ნელ-ნელა ვარდისფერ-ნარინჯისფრად იცვლებოდა, როცა ბუცეფალი აშფოთდა დილანდელივით. კასიანამ შეამჩნია ცხენის მოუსვენრობა - ფეხებს ცვლიდა წამდაუწუმ, თავს იქნევდა, თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, ისე ქშენდა, თითქოს რაღაც სუნი ეგრძნო ჰაერში. ისე იქცეოდა, როგორც ბასას წაბლისფერი იქ, იმ ტყეში. -რა გჭირს? - ჰკითხა კასიმ, ცხენს ყელზე ხელი დაუსვა, რომ დაემშვიდებინა როგორღაც. ბუცეფალმა მოულოდნელად, ერთი მკვეთრი მოძრაობით, თავი ასწია და გარბენა დაიწყო, არა გიჟური სისწრაფით, არამედ მტკიცე, განზრახული ნაბიჯებით, სოფლის გარეთ, ტყისკენ. -ბუცეფალ! - ფეხდაფეხ მიჰყვა კასიანა, აღვირი ხელიდან თითქმის გაუცურდა. სწრაფად მოახტა ბუცეფალს, ახლა თუ გაუშვებდა ხელიდან, ვეღარც იპოვიდა, ალბათ. არ ღელავდა, ცხენი ჯერ ისევ აღვირზე ჰყავდა. ეცადა, შეეჩერებინა, მაგრამ ბუცეფალი მკაცრად განაგრძობდა სვლას ტყისკენ და კასიმაც გადაწყვიტა მას მიჰყოლოდა, ვიდრე თვითონ არ გადაწყვეტდა გაჩერებას. აზრი არ ჰქონდა ბუცეფალთან ჭიდაობას და თანაც, იყო ამაში რაღაც სახალისო და ცოცხალი. “სიკვდილი თუ გინდა ასე ძალიან, წადი და თავი დაიხრჩე.” -ყოველთვის იმას ვერ იზამ, რაც შენ გენდომება, ბუცეფალ, ასე არ გამოდის, ხომ ხედავ! - ეუბნებოდა ცხენს, ცდილობდა მისი დამშვიდებას, მაგრამ თავისი მიზანი ჰქონდა ბუცეფალს. ისე მოძრაობდა, ვიღაც ეძახდა თითქოს და მხოლოდ მისი ესმოდა. ტყის პირას, ხალხმა ვერ შენიშნა გამარჯვებულების გაქრობა - ლხინი იმდენად ხმაურიანი იყო, ცეცხლის შუქი ისეთი ნათელი, რომ ბნელ ხეებში აბლანდული ცხენისა და მხედრის ჩრდილი არავის შეუნიშნავს. ცხენი ღრმად შევიდა ტყეში, ბილიკზე, რომელსაც კასიანა აქამდე არ იცნობდა. სიბნელე ნელ-ნელა მკვრივდებოდა, ხეების ფოთლები მთვარის შუქს ჭრიდნენ ვიწრო ზოლებად, მიწაზე ვერცხლისფერ ლაქებად რომ ეცემოდა. -ბუცეფალ, - ჩაიბუტბუტა კასიანამ, ხმაში შფოთვა გაერია, - სად მიგყავარ? ცხენმა სიჩქარეს ოდნავ მოუკლო, თითქოს ახლოვდებოდა ის დაღქმული ადგილი. ბოლოს, პატარა მინდორზე, ტყეში მოულოდნელად რომ გადაიშალა, შენელდა და გაჩერდა საბოლოოდ. კასიანა ჩამოხტა სასწრაფოდ, გარშემო მიმოიხედა - ხეები ყველა მხრიდან, მაღალი, ძველი, და უცხო, ხავსი შემოჰხვეოდა ფესვებზე. მთვარის შუქი ცაზე, თითქმის სავსე, ჰაერი ცივი და სუფთა, ქალაქის ჰაერისგან სრულიად განსხვავებული. -სად მოვედით? - ჩაილაპარაკა თავისთვის, ცოტა გაოცებული და სულ ოდნავ, ნასიამოვნები ხმით. ბუცეფალმა ცხვირი ააქშინა, თითქოს ეუბნებოდა, ნუ მკითხავ, შენც იციო. “სიკვდილი თუ გინდა ასე ძალიან, წადი და თავი დაიხრჩე.” კასიანამ ამოისუნთქა, ცხენს თავზე მოეფერა და ირგვლივ მიმოიხედა, ცდილობდა გამოეცნო, საით უნდა წასულიყო უკან დასაბრუნებლად, თუმცა ყველა მიმართულება ერთნაირად ბნელი და ერთნაირად უცნობი მოეჩვენა. სწორედ მაშინ, მინდვრის ცენტრში უმიზნოდ რომ ტრიალებდა, ცხენის ფლოქვების ხმამ დაურღვია სიმყუდროვე. იგრძნო თითქოს, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის ერთადერთი, მის გაუჩინარებას რომ შეამჩნევდა წამში და სუნთქვა შეუმსუბუქდა, თარაშის ჩრდილი მინდვრის სიბნელეში გოლიათივით რომ ამოიმართა, ჩამოხტა ცხენიდან მოუსვენარი სისწრაფით, ისე მკვეთრად, აჩრდილი წაბორძიკდა კიდეც მსუბუქად. -ბავშვო! - ხმაში ისეთი მობეზრებული ტონი გარეოდა, კასი მიხვდა, რისი მოლოდინიც უნდა ჰქონოდა წინასწარ, - რას აკეთებ აქ? -ნუ მეძახი ასე, დიდი ხანია, ბავშვი აღარა ვარ. -მაინც რამდენი ხანია, ბავშვო? - მიუახლოვდა თარაში. ბნელში უნათებდა ზეთისხილისფერი თვალები. -ადრე გავიზარდე, თარაშ, - ნაზი ღიმილი მოეფინა კასის, - ასე გამოვიდა. - ძალიან ახლოს იყო თარაშის ტუჩები მისასთან. მიუხედავად მათი ღამეებისა, რომლებსაც ვეღარ ითვლიდა უკვე, კოცნის უფლება არც-ერთხელ მიუცია მისთვის. ”სიკვდილი თუ გინდა ასე ძალიან, წადი და თავი დაიხრჩე.” ბრაზი მოერია, უკან გადგა ერთი ნაბიჯით. -და აქ რას აკეთებ მაინც, გაზრდილო? -ბუცეფალმა მომიყვანა, - მხრები აიჩეჩა, არ იცოდა თვითონაც, რატომ იყო იქ, - არ ვიცი, რატომ. ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევაჩერე, - თითქოს თავი იმართლაო წამით. -გიყურებდი, ბავშვო, - კბილებს შორის გამოსცრა თარაშს, - თვითონ შემოახტი და აღვირსაც მხოლოდ ერთხელ მოჰქაჩე. არ უპასუხია კასიანას. მართალს ამბობდა და იმიტომ. ”სიკვდილი თუ გინდა ასე ძალიან, წადი და თავი დაიხრჩე.” ცხენების ქშენის გარდა, ერთადერთი ხმა მინდორზე, თარაშის მძიმე სუნთქვა იყო. -ეს ბილიკები, შინ არასდროს ბრუნდებიან, - მზერა სახეზე დაასო კასიანას, - თუ ბედი არ გაგიღიმებს. -ბედი მქონია, მაშინ, - უპასუხა კასიმ ირონიით, - რადგან აქ ხარ. ბუცეფალს ხელი გადაუსვა თარაშმა. კასის უყურებდა , თავი ოდნავ გადაეხარა უკან, ძლივს განირჩეოდა მისი ფიგურა სიბნელეში. -ჩემი გადარჩენა შენი ჰობია, თარაშ? - ჰკითხა კასიმ, - არ ვიცოდი, ასეთი მოსიყვარულე მეზობელი თუ მყავდა, თორემ მეტჯერ დავიკარგებოდი. -ეს მადლობის მაგიერია, გაზრდილო? -რისთვის გინდა, მადლობას რომ გიხდიდე? ჩემი არსებობა ასე თუ გაწუხებს, არ მესმის, თავს რატომ არ დამანებებ უბრალოდ, - გაღიზიანდა კასიანა, - დამაცადე, რომ ჩემთვის დავეხეტებოდე ტყეში, დამაცადე, რომ ვერ მოვაგნო სახლის გზას, თარაშ, დამაცადე, რომ მგელმა გამომჭრას ყელი, გესმის? დამაცადე! რატომ არ მაცდი? რატომ მოდიხარ ყოველ ჯერზე? ყოველ ჯერზე! თარაშმა ღრმად ამოისუნთქა. არ ჰქონდა ამაზე პასუხი. ისიც ცდილობდა გაეგო, რატომ მოაგდო ყველაფერი და ერთ წამში რატომ აედევნა. რატომ ცდილობდა ასე ძალიან მის გაგებას. რატომ ანიჭებდა მნიშვნელობას მის ყველა გადაწყვეტილებას. რატომ აანალიზებდა საერთოდ, მთლიანად. -იმიტომ, - თქვა ბოლოს, ხმაში იმ სიცივით, რომ სხეული გაეყინა კასის, - იმიტომ, რომ ახლა ჩემი პრობლემა ხდები. თუ ცხვარი ღობეს გადაევლო, ეს იმას ნიშნავს, რომ ღობეა დაბალი. -უბრალოდ შემეშვი, თარაშ, არც შენ ხარ ღობე და არც მე ვარ ცხვარი. რატომ გადამეკიდე? -შენ ცხვარი ხარ, თანაც ჩემს ეზოში, - ოდნავ უკან დაიხია თარაშმა, გაიზარდა დაწყევლილი მანძილი მათ შორის, - ახლა ცხენს მოახტები და სახლში დაბრუნდები. დასრულდა შენი ღამის თავგადასავალი, ბავშვო. -ეს ბრძანებაა? - ყურებს ვერ დაუჯერა კასიანამ. -ფაქტის კონსტატაცია. -განსხვავება? - ხელები დაიკრიფა გულზე, - თუ მე ცხვარი ვარ მხოლოდ, შენს ღობეზე გადმოვლებული, თუ იმდენად სულ ერთია შენთვის, რომ “თუ ასე ძალიან მინდა სიკვდილი, წავიდე და თავი დავიხრჩო”, რატომ არ მიყურებ მაშინ თვალებში? -სულ ერთია, - მიუახლოვდა იმ წამს კასიანას და ჩაიძირა წამით მის ოკეანეში, არ ადარდებდა, სუნთქვა რომ გაუხშირდა ასე ძალიან, - თუ რამეს გიბრძანებ, დაგიცდი კიდეც, რომ შეასრულო. ახლა, ამის დრო არა მაქვს, რომ გიცადო. ჩემი ბიძაშვილი, ალბათ, ჭკუიდან იშლება. სწრაფად, მოახტი ბუცეფალს კასიანა. “სიკვდილი თუ გინდა ასე ძალიან, წადი და თავი დაიხრჩე”. თავი 10 ცხოვრება წითელი აგურის სახლში, გაზაფხულის დნობით დაღლილ მიწაზე, ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. დილაობით, როცა ნისლი ჯერ კიდევ ეხვეოდა სახლის სახურავებს, ჩვეული რიტმით მიდიოდა საქმე თავლაში ... ფლოქვების ბაკუნი, თივის სუნი და სუფთა ჰაერი. შუადღისას, მზე რომ ვენახის ფოთლებს დაეცემოდა, ჭადრაკს მოუსხდებოდნენ აივანზე. საღამოს, როცა მთა ჩრდილად დააწვებოდა მთელს სოფელს, ცეცხლის შუქზე ხმაურობდნენ ახალგაზრდები. ღამით - თარაში, ზეთისხილისფერი თვალებით, კუპრივით შავი ხუჭუჭებით, ბალიშზე არეულად რომ ეფინა და უზადო სხეულით, სიმტკიცეს რომ ასხივებდა ყველა მოძრაობით. ვაშლის ხეებს პაწაწინა, მწვანე ნაყოფები გამოეღოთ, ცის ფერი კი ყოველ დღეს უფრო ღრმა ლურჯ ფერს იღებდა, ზაფხული კართან მომდგარიყო. ხუთშაბათს დილას, როცა მზე შუბის ტარზე იდგა, სოფლის გზაზე მტვრიანი, შავი სედანი გამოჩნდა - ისეთი მანქანა, სვანეთის ვიწრო სერპანტინებზე რომ არასდროს ატარებდნენ სვანები და არც ვინმე ჭკუათმყოფელი ტურისტი გაბედავდა ამგვარ სისულელეს. ორი კაცი იჯდა შიგნით. მძღოლი მსხვილი, ბოტოტა ხელებით და სახეზე ძველი ნაწიბურით ცხვირქვეშ. მეორე თხელი, გრძელი ფიგურით და ლანჩას ტანსაცმლით, უცნაურად სუფთა და უადგილო ამ მიწაზე. დუქანთან შეჩერდნენ. ხოზრეს შვილიშვილს, პატარა თენგოს, კითხვები დაუსვეს - ხომ არ იცნობდა ვინმე ლენა ჯაჭვლიანს და თუ იცოდა, სად იდგა ჯაჭვლიანების სახლი. თენგომ თავისებურად, ბავშვურად უპასუხა, როგორც შეეძლო, მაგრამ იმდენი მაინც გაიგეს, გზა რომ გაეგნოთ. სოფელს ეჭვმა გადაუარა. ჰაერი დამძიმდა. ამბავი მალე ხოზრესთანაც მივიდა, ხოზრემ კი პირდაპირ ეზოში, კაკის მოახსენა: -ორი კაცი გაჩერებულა დუქანთან, - უთხრა შეშფოთებულმა, - ერთი ლანჩას ტანსაცმელში, მეორე ხარივით. ლენას და თქვენს გოგონებზე გამოჰკითხეს ხალხს. იციან, ჩვენგან რომ ვერაფერს გაიგებენ და ბავშვებს დაერიენ. ზოგს კანფეტს ჩუქნიან, ზოგს ცემით ემუქრებიან, ოღონდაც რამე შეიტყონ თქვენზე. კაკის სახეზე ფერი წაერთვა. იცოდა, ეს დღე ადრე თუ გვიან რომ მოვიდოდა. ვასილს, ლენას ქმარს, მტრები ბევრი ჰყავდა და ციხის კედლები ყველას ვერ აკავებდა. ლენას არაფერი უთხრა, არ სურდა, გოგონები კვლავ იმ პანიკას მოეცვა, საიდანაც ძლივს გამოეღწიათ, მაგრამ იმ საღამოდან, სახლის კარს ღამით თვითონვე ამოწმებდა ხოლმე, ორჯერ. ილდანებს მოახსენა ნიკომ ეს ამბავი. სოფელში შავი სედანი დადის და გოგონებს ეძებს, სიტყვა არ დაგცდეთ მათზე, იცოდეთო. არავის ენიშნა კარგად. -ვიცნობ ასეთ ხალხს, - ღელავდა ნიკო, - ხელს სანამ არ გამოჰკრავენ რამეს, არ წავლენ აქედან. -რას ვშვებით? - მიუტრიალდა ბასა თარაშს, ცხენს უნაგირს რომ ხსნიდა მდუმარედ. -ველოდებით. - უპასუხა თარაშმა, ხმაში ისეთი სიმკაცრით, რომ ბასას ისღა დარჩენოდა, დასთანხმებოდა. იმ ღამით შეამჩნია კასიანამ, ფიქრებში რომ ჩაეფლო თარაში. არ ასვენებდა, რაღაც. ჭრაქის შუქზე ნათლად არჩევდა მის შეწუხებულ და აფორიაქებულ თვალებს. არ უკითხავს არაფერი, არ უნდოდა, ზედმეტი რომ სცოდნოდა. არც თარაშს გაუმხელია რამე, ერთი კი იყო, საძოვარზე წასვლა მოიმიზეზა გამთენიას და კასის მიჰყვა სახლამდე. არ იფუქრია ამაზე დიდად. ბოლო დროს ისედაც არეული ეჩვენებოდა თარაში. 888 მდინარისკენ მიმავალი ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ბილიკი თავშესაფრად ქცეულიყო კასიანასთვის. აქ მიდიოდა შებინდებამდე, როცა სახლის ხმაური მობეზრდებოდა და ნინას და ანიკას ყურებაც მაინც და მაინც აღარ შეეძლო. ნაპირზე ჩამოჯდებოდა, სადაც ტყის სუნი სველ მიწას და მდინარის სიგრილეს ერეოდა. წყალს დაჰყურებდა, ქვებზე დანატყორცნ სინათლეს რომ სთელავდა დინება. იმ დღესაც, როცა საღამოს ბინდი ჩამოდგა ჰორიზონტზე, ჩვეულებრივ წავიდა იქით. ხელში წიგნიც არ აუღია, მხოლოდ სიგარეტის კოლოფი ჰქონდა თან, შარვლის ჯიბეში. მდინარის ხმაურს მოეცვა ირგვლის ყველაფერი და მისი ფიქრებიც, წყლის სიღრმეში ჩაიკარგა. არაფრის ხმა არ გაუგონია, სანამ კაცის ჩრდილი წყლის პირს არ დაეცა. -შენ უნდა იყო, ვისაც ვეძებ, - თავზე წამოსდგომოდა უცნობი. ხმა ბოხი ჰქონდა, უცხო აქცენტით, - კასიანა. ხომ მართალს ვამბობ, კასიანა? ნელა შემობრუნდა კასი მისკენ. თხელი, გრძელი მამაკაცი ედგა ცხვირწინ, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი. თვალებს ისე დააცოცებდა მის სახეზე, ტანში ჟრუანტელმა დაუარა ზიზღისგან წამით. უადგილო იყო ეს კაცი. უადგილო და პედანტურად სუფთა. -ვინ ჯანდაბა ხარ? - ჰკითხა მშვიდად, ზიზღით ხმაში. სახე მიუტანა ძალიან ახლოს და ისე დააჩერდა უშნო ნაკვთებზე. გაეცინა უცნობს. ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც აფრთხილებდნენ, რომ იქნებოდა. ლამაზი და უტიფარი. პირველად ხედავდა და მაინც, მილიონ კაცში გამოარჩევდა, ზუსტად ის რომ იყო, ვისაც ეძებდა. ვერ დაიმალებოდა ვერსად, იმდენად ლამაზი იყო კასიანა, ვერაფრით დარჩებოდა შეუმჩნეველი. -ჩემს ვინაობაზე ნუ იღელვებ, - ცხენივით კბილები გადმოყარა უცნობმა, - მამაშენს უნდა გადავცე რაღაც. თუ გინდა, გულწრფელად გეტყვი: ცხოვრებაში ხანდახან, ვალი ბოლომდე უნდა დააბრუნო, შენს ოჯახს რომ არ მიადგნენ მერე. კასის ხელი უნებურად ჯიბისკენ გაექცა, სადაც სობრანიეს კოლოფი ედო, მოწევა მოუნდა ძალიან. მამაკაცი უკან გადგა ინსტიქტურად. გადაიხარხარა კასიანამ. იმაზე უფრო არაფრის მქნელი იყო ეს კაცი, ვიდრე მას წარმოედგინა. -ისეთს ვერაფერს გამიკეთებ, მამაჩემი რომ შეაწუხო რამენაირად, - თქვა მშრალად, - ვერც ისეთს, თვითონ რომ არ ჰქონდეს ჩემთვის გაკეთებული. მიუახლოვდა უცნობი. ცხვირით ეხებოდა მის სახეს თითქმის. ხელით წაეტანა კასის მკლავზე. ცივმა, უცხო თითებმა კანზე ისე გაუარა, კასიმ ინსტიქტურად აიქნია ხელი. ისე მაგრად შემოაჭდო თითები უცნობმა, თვალებში დაუბნელდა წამით. -წყნარად, - თქვა მან, ხმაში მუქარა გაერია და ხელი დაუჭირა მაგრად, - არსად არ წახვალ, სანამ საუბარს არ დავასრულებთ მე და შენ. მამაშენმა ბევრი რამ დაივიწყა, რასაც შეჰპირდა ჩვენებს. -მე საერთოდ არ მადარდებს, რას შეგპირდათ ვასილი შენ და შენნაირებს, - წყალმა ქვებზე ერთხმად ჩაიჩურჩულა, გუგუნი კლდეებს დაასკდა და მდინარის ხმა კასის სუნთქვას შეერწყა. ეგონა მოეჩვენა, ტყის პირას თარაშის მაღალ სხეულს რომ ჰკიდა თვალი, მისკენ სწრაფად მომავალს. საძოვრებიდან ბრუნდებაო, ალბათ, ამ დროს, გაიფიქრა და წამით დაუმშვიდდა ანთებული თვალები, - არც შენი ვინაობა მაღელვებს დიდად. არ ვიცი, თავი სად გგონია, მაგრამ აქ ტლიკინის გარდა ვერაფერს გახდები, ჩემს ტერიტორიაზე ხარ და იმიტომ. ასი მეტრის მოშორებით ჩემი ცხენი აბია, ორას მეტრში ჩემი მეგობარი დგას და თოფის ლულიდან გიყურებს, რომ ტყვია დაგახალოს შუბლში და მერე თქვას, რომ ნადირში აერიე. პასუხს არ მოსთხოვენ, მართლა ძალიან ჰგავხარ. - ჩაეცინა ოდნავ. უცნობმა მაგრად მოჰქაჩა მკლავზე და თავისკენ მიზიდა წამიერად, ბრაზისგან კბილები მაგრად დაეჭირა ერთმანეთისთვის, რომ დასცინოდა ასე უტიფრად. საფეთქელთან დამჩნეოდა სიბრაზის ძარღვი. -მომაშორე ბინძური ხელები, - დასჩურჩულა კასიმ ყურთან, ხმაში ისეთი სიმშვიდით, კაცს რომ გააოგნებდა. -თორე, რა? - ჩაეცინა უცნობს. პასუხი აღარ დასჭირვებია. ხის ჩრდილიდან ისეთი სისწრაფით, რომ კასის თვალმაც ვერ მოასწრო გარჩევა, თარაში ამოიმართა. ხელი კისერში ჩაავლო უცნობს და ისე მოიქნია, ორი ნაბიჯით უკან წაფორხდა კაცი და ქვებზე დაეცა სახით. ვერ დაფარა თვალებში მუქარა თარაშმა, კასის წინ გადაუდგა, მარჯვენა ხელი ისევ დაძაბულს შეემართა ჰაერში, მარცხენათი კასის მკლავს შეეხო ფრთხილად, კანზე დარჩენილ წითელ ნაკვალევს რომ დაჰკვირვებოდა. -არ მტკენია, - თქვა კასიანამ. შეუვალი იყო, უშფოთველი, როგორც სჩვეოდა. ფეხზე წამოდგა უცნობი, ბალახი ჩამოიფერთხა ტანსაცმლიდან, გეგონებოდათ, სირცხვილს იფერთხავსო და თარაშს მიანათა ლურჯი თვალები. მერე, ოდნავ წაბორძიკდა და ქვაზე მოჯდა ისევ. ტვინის შერყევა არ ასცდებოდა არაფრით. -ამას ვიღა ჰკითხავს? - თარაშისკენ გამოსცრა კბილებში, - შენი საქმე არ არის, აქედან დაიკარგე! -ჩემი საქმეა ყველაფერი, ამ ხეობაში რაც ხდება, - თქვა თარაშმა. ტონი დაბალი ჰქონდა, თითქმის მშვიდი, მაგრამ ღრიალზე უფრო მკაცრად ჟღერდა ახლა მისი ხმა, - თუ არ იცოდი, ახლა შეიტყე. -მსმენია შენნაირებზე, - წელში გაიმართა უცნობი, - მთის ველური ცხენოსანი, საკუთარ ეზოს კარგად რომ იცავს. მაგრამ ეს ამბავი, შენ არ გეხება არსაიდან. ჩვენ საქმე გვაქვს ვასილთან, შენთან არა. -ვასილთან საქმე გქონდეთ ქალაქში, - თქვა თარაშმა, - აქ, ამ მთაში, საქმე მე მაქვს. და ჩემი საქმეა, არავინ სუნთქავდეს მისგან ას მეტრში, - კასისკენ მიახედა დაძალებით, - ხომ კარგად გესმის, რასაც ვლაპარაკობ. უცნობმა სისხლი მოიწმინდა, ცხვირიდან წამსკდარი. -აეთრიე, - მაისურში ჩაავლო ხელი თარაშმა და წამში წამოაყენა ფეხზე, - იარე. -მაგრად განანებთ, ამას! - გაიბრძოლა უცნობმა, ისეთი სუფთა რომ ვეღარ იყო რაღაცნაირად. -ვგრძნობ, როგორ მაჭრიან ყურებზე ხახვს! - თქვა თარაშმა და ბილიკისკენ ფორთხვით წაათრია კაცი, - იარე მეთქი. ისე მიფორთხავდა უცნობი ქვებზე, კმაყოფილ ღიმილს ვერ იკავებდა კასიანა. -ვასილი მომიკითხე, - მიაძახა კასიმ, არ დაძრულა ადგილიდან, - მოგაფურთხა თქო, შენმა შვილმა, გადაეცი. -შენ ვინღა გკითხავს, ბიჭო, რატო ერევი, სადაც აზრს არ გეკითხებიან, - კასის თავი აღარ ჰქონდა, თარაშისკენ გაიწია უცნობმა, ცალი ხელით რომ მიათრევდა ბილიკისკენ. იმდენი სირცხვილი ჰქონდა ნაჭამი, საუკუნე ვერ ჩამოირეცხავდა ალბათ. -ბილიკზე გაეთრიე, “ბიჭო”, რომ გაჩვენო ვინ მკითხავს, - ხელი ჰკრა თარაშმა, - ქალების თვალწილ არ ვარჩევთ აქ საქმეებს. ხომ კარგად გახსოვს, სადაც ხარ, მიიხედ-მოიხედე, აბა, ხომ არ აგრევია გზა და კვალი? აღარაფერი გაუგია კასიანას, მხოლოდ ის დაინახა შორიდან, როგორ შეუშვა თარაშმა ხელი და სახით დაანარცხა ქვაზე მეორედ. -ეს ამბავი აქ არ დამთავრდება. - თქვა ბოლო სიტყვა კაცმა და მდინარესავით მომდინარი სისხლი გადაყლაპა ხმაურიანად. -ეს ამბავი, სულ სხვანაირად დამთავრდება, თუ კიდევ ერთხელ გამოჩნდები. - კბილებში გამოსცრა თარაშს. -თავს შარში რისთვის ჰყოფ, მეზობელზე მეტი ხომ არ არის შემთხვევით, ის გოგო შენთვის? - თვალები აუციმციმდა უცნობს, - ლამაზია, წარმომიდგენია, როგორ ერთობოდა მასთან მამამისი. კასი შორიდან უყურებდა, როგორ ურტყამდა თარაში უცნობს გამეტებით და ხომ არ მივიდეო, გაიფიქრა წამით, როცა ეგონა, რომ შეიძლებოდა მოეკლა თარაშს. სახე შეშლილი ჰქონდა, ისე იქნევდა მუშტებს. საკუთარი თავის გამო არ შეშინებია არასდროს კასიანას, მაგრამ სხვის გამო შეეშინდა პირველად. თარაშისკენ მიდიოდა უკვე, მუცელში მუხლი ერთხელაც რომ ამოარტყა უცნობს და ისე ჩატენა თავისივე მანქანაში. მაგრად მიუჯახუნა კარი და წიხლიც მიაყოლა ერთხელაც. სწრაფად მოსწყდა ადგილს შავი სედანი და მისკენ წამოვიდა თარაში. სახე ჰქონდა ძალიან არეული და მუშტები სულ სისხლიანი. -ახლა თუ უნდა იყვირო და მითხრა როგორი დესტრუქციული ვარ, მაშინ .. -არ ვაპირებ, რომ ვიყვირო. კასიანამ ჯიბიდან სობრანიეს კოლოფი ამოაცურა, ერთი ღერი თითებს შორის მოატრიალა, მაგრამ არ მოუწევია. თარაშს მიაწოდა. ქარს ხელი მოაფარა ილდანმა, ცეცხლი აანთო, ჯერ მას მოუკიდა, მერე - თავის ღერს. არ უკითხავს არაფერი. მდინარემ განაგრძო დინება, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, თითქოს სამყარო ცოტა ხნით არ გაჩერებულა, ორი ადამიანის მდუმარე მზერას შორის. *** იმედია, მოგწონთ, მეგობრებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


