შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქ, სადაც შიში მთავრდება (სრულად)


1-08-2026, 19:06
ავტორი Ottery
ნანახია 15

ივლისის მზე ჯერ კიდევ დილის საათებში ახერხებდა ქალაქისთვის ჩვეული სიმშვიდის დარღვევას. ჰაერი მძიმე იყო, ასფალტი კი ისეთი გახურებული, თითქოს მთელი ღამე სიცხე არ განელებულიყო. თბილისი ნელ-ნელა იღვიძებდა, აივნებზე გაფენილი სარეცხი მსუბუქ ნიავს მიჰყვებოდა, ეზოებიდან ბავშვების სიცილი ისმოდა, სადღაც ახლოს კი ყავის არომატი ზაფხულის სითბოს ერეოდა.
ლილე ლომიძე ავტობუსის ფანჯარასთან იჯდა და გზას უხმოდ გაჰყურებდა. ხელში საგამოცდო ჩანაწერები ეჭირა, თუმცა უკვე მეხუთედ კითხულობდა ერთსა და იმავე გვერდს ისე, რომ ვერც ერთ სიტყვას ვერ იმახსოვრებდა. მეორე დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა ჰქონდათ. მანუჩარ ალფაიძემ წინა კვირას გადაწყვიტა, რომ ყველას ერთად უნდა ემეცადინათ.
—ჩვენთან წამოდით, ლისზე. სახლში მშვიდად ვისხდებით, აუზიც გვაქვს, თუ ძალიან დავიღლებით, ცოტა შევისვენებთ,— გამოაცხადა ყველას წინ. ეს წინადადება ყველამ სიხარულით მიიღო.
ლილე მთელი ღამე ფიქრობდა საერთოდ წასულიყო თუ არა. ტანსაცმლის კარადა დილით დიდხანს ჰქონდა გაღებული, თუმცა არჩევანი მაინც სტანდარტული აღმოჩნდა. ღია ცისფერი, უკვე ოდნავ გახუნებული კაბა, რომელიც მუხლებს ქვემოთ სწვდებოდა და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი, რომელზეც დროს თავისი კვალი აშკარად დაეტოვებინა. შავი თმა თავისუფლად ჰქონდა ჩამოშლილი.
ტელეფონი უხმოდ აციმციმდა. "მანჩი" დაეწერა ძველი ტელეფონის ეკრანზე.
—სად ხარ ლილე? უკვე ყველა მოვიდა. არ იჩქარო, ყავა შენთვისაც დავტოვე,— გაიგო ბიჭის სიცოცხლით სავსე ხმა. ლილეს გაეღიმა. მანუჩარი ერთადერთი ადამიანი იყო უნივერსიტეტში, ვის გვერდითაც არასოდეს გრძნობდა თავს ზედმეტად.
ლისისკენ ასასვლელი გზა თანდათან ვიწროვდებოდა. ქალაქის ხმაური უკან რჩებოდა, მის ადგილს კი ნიავის შრიალი და ფიჭვების სურნელი იკავებდა. ავტობუსიდან ჩამოვიდა და მარტივად მიაგნო დეტალურად ახსნილ მისამართს. ფართო რკინის ჭიშკართან გაჩერდა და ინტერესით მოავლო თვალი გარემოს. ჭიშკრის მიღმა უზარმაზარი ეზო იშლებოდა. მწვანე გაზონი, ძველი ზეთისხილის ხეები, ქვის ბილიკები.
აუზში მზის სხივები ციმციმებდნენ, თითქოს წყლის ზედაპირზე ასობით პატარა სარკე დაეყარათ.
სამსართულიანი, თანამედროვე სტილის სახლი მთელ ეზოს გადაჰყურებდა. დიდი შუშის ვიტრაჟები მზეს ირეკლავდა, ფართო აივნები კი ლისის ტბისკენ იყურებოდა.
ლილეს ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს აქ ყველაფერი ზედმეტად იდეალური იყო.
თითქოს თვითონ ამ სურათს საერთოდ არ ეკუთვნოდა. ზარი დარეკა და იმავე წამს ჭიშკარი გაიღო, თითქოს ვიღაც ელოდა.
—ლილე!
მანუჩარი თითქმის სირბილით ჩამოვიდა კიბეებზე. მაღალი, ქერა, მუდამ ღიმილიანი მანუჩარი ლილესთვის სუფთა ჰაერივით იყო. ბიჭმა მკლავები ფართოდ გაშალა და ჩაიხუტა გოგონა. ლილე თავს ყოველთვის უხერხულად გრძნობდა, მაგრმ უარს არასოდეს ეუბნებოდა.
—როგორც იქნა! მეგონა გადაიფიქრე ამოსვლა.
—საცობი იყო,— აუხსნა მოკრძალებით ლილემ. მანჩიმ კარგად იცოდა, გოგონა ავტობუსით ავიდა, ტაქსის გამოძახების უფლებას ვერ მისცემდა თავს, ამიტომ აღარ განავრცო თემა.
—მოდი, ყველანი გელოდებიან,— გაუღიმა ბიჭმა.
სახლში გრილოდა. კონდიციონერის მსუბუქი სიგრილე, ახლად დაფქული ყავის სურნელი და ხის იატაკის სასიამოვნო სითბო ერთმანეთს საოცრად ერწყმოდა. მისაღებში უკვე ისხდნენ მათი კურსელები - ნათია, თაკო, სანდრო, ირაკლი და ნინო. რამდენიმემ მხოლოდ თავი დაუქნია. ნათიამ კი ლილეს თავიდან ფეხებამდე შეავლო თვალი.
—ვაუ... ეს კაბა ისევ გაქვს?— ნათიას უტაქტო შენიშვნები ყველას, განსაკუთრებით კი მანუჩარს ყელში ჰქონდა ამოსული. ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ლილემ მხოლოდ თვალები დახარა,— რატომ?— განაგრძო ნათიამ ღიმილით,— მგონი პირველ კურსზეც ეს გეცვა,— ამ სიტყვებს თაკოს ჩუმი სიცილი მოჰყვა,— ვიფიქრე, დღეს მაინც ჩაიცვამდი რამე ახალს,— აიჩეჩა მხრები ისე, თითქოს არაფერს განსაკუთრებულს არ ამბობდა.
მანუჩარმა ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო. მისი სახიდან ღიმილი უცებ გაქრა.
—ნათია,— ბიჭის ხმაში გაფრთხილება ისმოდა.
—რა?— გაიკვირვა გოგონამ.
—თუ მოდის კრიტიკის სწავლა გინდოდა, ალბათ სხვა ფაკულტეტზე უნდა ჩაგებარებინა,— ნათიას სახეზე ღიმილი შეეყინა.
—ხუმრობა იყო,— უთხრა გოგონამ ნაწყენი ხმით. არ მოსწონდა მანუჩარი ლილეს მხარეს რომ იჭერდა.
—არა,— მანჩის ხმა მშვიდი დარჩა და სწორედ ამიტომ ჟღერდა უფრო მკაცრად,— ხუმრობა მაშინ არის, როდესაც ყველა იცინის. აქ მხოლოდ შენ გაგეცინა.
რამდენიმე წამით ყველამ თავი დახარა.
სანდრომ სწრაფად შეცვალა თემა.
—კარგი, დავასრულეთ. თუ მართლა ხვალ ჩაჭრას არ ვაპირებთ, დავიწყოთ.
მანჩიმ ლილეს შეხედა.
—წამოდი, აქ დაჯექი,— საკუთარი ადგილი დაუთმო ფანჯარასთან. იქ, სადაც მზის სხივები მხოლოდ თეთრ ფარდებს ეხებოდა და არა ადამიანებს. ლილე ჩუმად დაჯდა. გული ისევ უსიამოვნოდ უცემდა. მაგრამ პირველად იგრძნო, რომ მარტო არ იყო. მანჩის ერთი ჩვეულებრივი ჟესტიც კი საკმარისი იყო, რომ თავი უცხოდ აღარ ეგრძნო.
გარეთ ქარი ხეების ფოთლებს არხევდა.
შორს, ლისის ტბას მზის სხივი გადაჰკრავდა, თითქოს ვერცხლის თხელი ზოლი გადაევლო.
დრო შეუმჩნევლად გადიოდა. მისაღების დიდ ფანჯრებში შემოსული მზე იატაკზე ნელ-ნელა იცვლიდა ადგილს, ხოლო თეთრ დაფაზე შავი მარკერის კვალი სულ უფრო მეტ ადგილს იკავებდა. ხის თაროებზე ჩამწკრივებული წიგნები, მაგიდაზე მიმოფანტული რვეულები და ერთმანეთში არეული ფურცლები მოწმობდა, რომ აქ ნამდვილად გამოცდისთვის ემზადებოდნენ, თუმცა ზაფხულის შუადღე თავისას მაინც აკეთებდა, კონცენტრაცია თანდათან ყველას ეფანტებოდა.
მანჩი დაფასთან იდგა და მარკერით თარიღებს წერდა. ხანდახან ჯგუფელებსაც უყურებდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ყველა მიჰყვებოდა.
—თუ ხვალ ვინმე ამ პერიოდს გამოტოვებს, პირადად მოვალ და დიპლომს წაგართმევთ,— თქვა სიცილით.
—ჯერ აგვაღებინე და მერე წაგვართვი,— სანდრომ კალამი მაგიდაზე დააგდო,— ტვინი უკვე გაფიცვას მიწყობს.
ოთახში მსუბუქი სიცილი გაისმა. ლილესაც გაეღიმა. თუმცა ეს ღიმილი დიდხანს არ გაგრძელებულა. ნათიამ თვალი გააპარა და ტუჩის კუთხე ოდნავ ასწია.
—ლილე, შენ მაინც თქვი. შენ ხომ ყოველთვის იცი პასუხი.
ლილემ თავი ასწია.
—რომელი პერიოდი?
—ეს,— ნათიამ დაფისკენ გაიშვირა ხელი,— იქნებ ჩვენც გაგვინათლო გონება.
ლილემ რამდენიმე წამი დაფას უყურა, მერე მშვიდად დაიწყო პასუხის გაცემა. არც ხმას უწევდა, არც ჩქარობდა, მისი ხმა ისეთი რბილი იყო, თითქოს თითოეულ წინადადებას განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევდა.
ოთახში აღარავინ ლაპარაკობდა.
ყველანი უსმენდნენ. მანჩი კი ღიმილით უყურებდა. როდესაც ლილემ პასუხი დაასრულა, მან მარკერი მაგიდაზე დადო.
—ზუსტად ასე,— თქვა კმაყოფილმა მანჩიმ,— მე რომ ამეხსნა, ალბათ ასე კარგად ვერ გამოვიდოდა.
—გადაჭარბებულია,— ჩუმად ჩაილაპარაკა ლილემ.
—სულაც არა,— მანჩი არ დანებდა. ნათიამ ირონიულად გადაიქნია თმა.
—რა თქმა უნდა... ლილე ხომ ჩვენი ფაკულტეტის სიამაყეა,— მანჩის ღიმილი შეეყინა სახეზე.
—ნათია,— ისევ დაიძაბა ბიჭი.
—რა?
—სულაც არ არის აუცილებელი, ყველა წინადადებას ირონია დაურთო.
—კი მაგრამ...— სცადა გოგონამ თავის დაცვა, მაგრამ თაკომ ხელზე ხელი მოუჭირა და გააჩერა.
შუადღის ორი საათის შემდეგ რვეულები უკვე ერთმანეთში ირეოდა, ვიღაც კალამს ეძებდა, ვიღაც ყავას ამატებდა, ვიღაც ჩუმად ამთქნარებდა. გარეთ კი სიცხემ უფრო დააჭირა. აუზის წყალი მზის სხივებს თვალისმომჭრელად ირეკლავდა, ეზოში მდგარ ზეთისხილის ხეებს კი თითქმის არ ეტყობოდათ, რომ ნიავი ოდნავ, მაგრამ მაინც უბერავდა.
მანჩიმ საათს დახედა.
—კმარა,— გამოაცხადა მანჩიმ,— კიდევ ნახევარი საათი თუ ვისწავლეთ, ხვალ ყველას საკუთარი სახელიც კი დაგვავიწყდება.
—ესე იგი ვჭამთ?— მაშინვე იკითხა ირაკლიმ.
—სწორედ ამიტომ მიყვარხარ,— გაეცინა მანჩის,— სწავლაზე მეტად ყოველთვის საჭმელი გაინტერესებს.
ეზოში, ხის გრძელ მაგიდაზე, უკვე ყველაფერი მზად იყო. თეთრ სუფრაზე ფერად-ფერადი თეფშები ელაგა. ახლად დაჭრილი ბოსტნეულის სურნელს გრილზე შემწვარი ქათმის არომატი ერეოდა. მინის დოქში ჩასხმული ალუბლის წვენი მზეზე მუქ ლალისფრად ბრწყინავდა. ლილე ჩვევისამებრ მაგიდის ბოლოში დაჯდა. ისეთი ადგილი აირჩია, საიდანაც ყველას ხედავდა, მაგრამ თვითონ ნაკლებად ექცეოდა ყურადღების ცენტრში. მანჩი მის პირდაპირ მოთავსდა.
—ქათამი აიღე,— თეფში გაუწოდა,— დილიდან მხოლოდ ყავა დალიე, არა?
ლილემ გაკვირვებულმა შეხედა.
—საიდან მიხვდი?
—როდესაც ღელავ, ჭამას ყოველთვის ივიწყებ,— მხრები აიჩეჩა ბიჭმა. გოგონას ოდნავ გაეღიმა.
—ყველაფერს ამჩნევ?
—სამწუხაროდ,— შეჰღიმა მანჩიმ. ნათიამ თვალები გადაატრიალა.
—რა მზრუნველი მეგობარია.
მანჩიმ პასუხიც არ გასცა. ლილემ კი ისევ უხერხულობა იგრძნო. უნდოდა, საუბარი სხვა თემაზე გადაეტანათ, არ მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. იმავე წამს ნათიამ ხელი დოქისკენ წაიღო.
—ვინმეს კიდევ უნდა წვენი?— დოქი ოდნავ ასწია. თითქოს სრულიად შემთხვევით მაჯა შეუტოკდა, მძიმე მინის ჭურჭელი თითქოს ხელიდან გაუსხლტა. მუქი წითელი ალუბლის წვენი თხელ ნაკადად გადმოიღვარა და პირდაპირ ლილეს კაბას დაესხა. რამდენიმე წვეთი კალთიდან მუხლებამდე ჩამოცურდა. ქსოვილზე ლაქა წამებში გაიშალა. მაგიდასთან სიჩუმე ჩამოვარდა.
—უი,— ნათიამ ისეთი ხმით თქვა, რომელშიც სინანული ძნელად იგრძნობოდა,— მართლა შემთხვევით მომივიდა.
ლილემ კაბას დახედა. ერთი წამით თითქოს ვერ გაიაზრა, რა მოხდა, მერე კი ძალიან ფრთხილად წამოდგა.
—არაუშავს,— ხმა ისევ ისეთი მშვიდი ჰქონდა. მხოლოდ თითები აუკანკალდა, როდესაც სველი ქსოვილი კანს მოშორდა. მანჩიც წამოდგა ფეხზე. სახეზე ღიმილის ნასახიც აღარ ეტყობოდა. რამდენიმე წამს მხოლოდ ლილეს უყურებდა, მერე მშვიდად უთხრა:
—მეორე სართულზე ადი,— ლილემ დაბნეულმა შეხედა,— მარჯვენა მხარეს პირველი საძინებელია. კარადა გახსენი და რაც მოგეწონება, ჩაიცვი.
—არა,— თავი გააქნია გოგონამ,— არ შემიძლია.
—რატომ?
—სხვის ნივთებში...— დაიწყო გოგონამ, მაგრამ მანჩიმ რბილად გააწყვეტინა.
—ლილე, ტანსაცმელია, მეტი არაფერი. წადი.
გოგონა ისევ ყოყმანობდა.
—მართლა არ მინდა შეგაწუხო,— წარმოთქვა ჩურჩულით გოგონამ.
—არ მაწუხებ,— მის ხმაში ისეთი სიმშვიდე იყო, რომ უარის თქმა თითქმის შეუძლებელი ხდებოდა. ლილემ ძლივს შესამჩნევად დაუქნია თავი და სახლისკენ წავიდა. კიბეებზე ასვლისას უკან აღარ მოუხედავს. ვერც შეამჩნია, როგორ გაჰყვა მანჩის მზერა, სანამ მისი შავი თმა მეორე სართულის დერეფანში არ გაუჩინარდა.
ნათიამ ჩანგალი მაგიდაზე დადო.
—ასეთი რა იყო? ერთი კაბაა,— მანჩიმ პირველად შეხედა ისე, რომ ღიმილი საერთოდ აღარ ეტყობოდა.
—ზოგჯერ ერთი კაბაც საკმარისია იმისთვის, ადამიანს დღე გაუფუჭო,— მაგიდასთან ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
ხოლო მეორე სართულზე, მზის შუქით განათებულ გრძელ დერეფანში, ლილე უკვე იმ კარისკენ მიდიოდა, რომელიც მანჩიმ უთხრა.
მეორე სართული გაცილებით მშვიდი იყო. ქვემოდან მხოლოდ ჩახშობილი ხმები აღწევდა. ხანდახან ვიღაცის სიცილი ამოიტივტივებდა, მერე ისევ ყველაფერი წყნარდებოდა. კონდიციონერის ერთფეროვანი ჩუმი ზუზუნი დერეფანში ისმოდა, ხოლო ნახევრად ღია ფანჯრიდან შემოსული თბილი სიო თეთრ, გრძელ ფარდას ნელა არხევდა.
ლილემ კაბას კიდევ ერთხელ დახედა.
ალუბლის მუქი ლაქა თითქმის მთელ წინა მხარეს გაშლილიყო. თითქოს რაც უფრო დიდხანს უყურებდა, მით უფრო თვალშისაცემი ხდებოდა.
მანჩის სიტყვები გაახსენდა: "მარჯვენა მხარეს პირველი საძინებელი..."
დერეფნის ბოლოში ორი კარი ერთმანეთის პირდაპირ იყო. აივნიდან რომ შესულიყავი, მარჯვენა მხარე სხვა გამოდიოდა, ამიტომ ლილე წამით შეყოვნდა. მერე მისგან მარჯვენა კარს ნელა მიადო ხელი. კარი უხმაუროდ გაიღო.
ოთახში სასიამოვნო სიგრილე იდგა.
პირველი, რაც იგრძნო, სურნელი იყო. არა მძაფრი და შემაწუხებელი. პირიქით, თითქოს ოთახს საკუთარი, უხმო სუნთქვა ჰქონდა. სუფთა პერანგების, ახლად გარეცხილი თეთრეულის, კედარის ხისა და ციტრუსის თითქმის შეუმჩნეველი ნოტები ერთმანეთს ისე ერწყმოდა, რომ ვერც ერთს ცალკე ვერ გამოარჩევდი.
ლილე გაუნძრევლად იდგა, თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ. ეს სურნელი უცნაურ სიმშვიდეს ჰგვრიდა. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ამ ოთახში პირველად კი არ იყო, არამედ დიდი ხნის ნაცნობ ადგილას შესულიყო. ფანჯრებიდან შემოსული სინათლე მუქ ხის იატაკზე იღვრებოდა. ერთ კედელს მთლიანად წიგნების თარო იკავებდა. არქიტექტურის, ისტორიის, ბიზნესის, ფოტოგრაფიისა და ხელოვნების ალბომები ერთმანეთის გვერდით ელაგა. მაგიდაზე რამდენიმე ფურცელი და დახურული ლეპტოპი ეწყო. ყველაფერი მოწესრიგებული იყო, ზედმეტადაც კი.
ლილემ უნებურად გაიფიქრა, რომ ეს ოთახი ძალიან ჰგავდა ადამიანისას, რომელსაც წესრიგი უყვარდა. მანჩის შესახებ კი ზუსტად საპირისპირო იცოდა.
ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი.
—უცნაურია,— თითქმის ჩურჩულით თქვა. კარადასთან მივიდა და კარი ფრთხილად გამოაღო.
რამდენიმე წამს გაუნძრევლად უყურებდა.
შიგნით ჩამოკიდებული ტანსაცმელი თითქმის ერთ ტონალობაში იყო: თეთრი, ღია ცისფერი, ნაცრისფერი. ყველა პერანგი იდეალურად იყო დაკიდებული, თითქოს მათ შორის მილიმეტრიც კი გათვლილი იყო.
ლილეს გაეღიმა.
—მანჩი, როდის გახდი ასეთი მოწესრიგებული?— ჩუმად ჩაილაპარაკა. ხელით ერთ-ერთ თეთრ პერანგს შეეხო. რბილი ქსოვილი თითებში სასიამოვნოდ გაიშალა.
"ეს საკმარისი იქნება,"— გაიფიქრა გოგონამ. კაბის სველი ქსოვილი უსიამოვნოდ ეკვროდა სხეულზე. სწრაფად გაიხადა კაბა, ფრთხილად გადაკეცა და სავარძლის საზურგეზე გადადო. შემდეგ პერანგი მხრებზე მოისხა. პერანგის მხრები ბევრად განიერი აღმოჩნდა, ხოლო სახელოები თითებს გადასწვდა. კალთა კი მუხლებს გაცდა და თითქმის კაბას დაემსგავსა.
ლილემ საკუთარ ანარეკლს სარკეში შეხედა. წამით ჩაეცინა.
—ნუთუ ამდენად დიდია მანჩი ჩემზე,— გაეცინა გოგონას. ხელები სახელოებში დაიმალა.
პერანგი ისეთი დიდი იყო, თითქოს პატარა გოგონა უფროსის ტანსაცმელში გახვეულიყო. ღილებს იკრავდა და სწორედ იმ დროს კარის სახელური ძალიან ფრთხილად ჩამოიწია. ლილეს არაფერი გაუგია, კარი კი უხმაუროდ გაიღო.
ოთახში მაღალი მამაკაცი შემოვიდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შეჩერდა. მის წინ სრულიად უცნობი გოგონა იდგა.
მის თეთრ პერანგში გამოწყობილი. შავი, წელამდე ჩამოშლილი თმით. გოგონამ მოძრაობა იგრძნო და ნელა შემობრუნდა.
მათი თვალები პირველად შეხვდა ერთმანეთს.
რამდენიმე წამით ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს გარე სამყარომ არსებობა შეწყვიტა.
მამაკაცი მანჩი არ იყო, მაგრამ ძალიან ჰგავდა. მისი ფართო მხრები თითქმის კარს ფარავდა, სიმაღლითაც გაცილებით მაღალი იყო მის მეგობარზე. თითქოს მანჩის უყურებდა 10-15 წელში. მამაკაცს ღია ცისფერი პერანგის სახელოები იდაყვამდე ჰქონდა აკეცილი. მის მზერაში გაკვირვების გარდა არაფერი ჩანდა, უხერხული ინტერესიც კი არა. სხვათა შორის, არც ბრაზი, მხოლოდ გაოცება.
მერე, თითქმის იმავე წამს, მზერა გვერდზე გადაიტანა. ისე ბუნებრივად, თითქოს უნდოდა, გოგონას უხერხულობა კიდევ უფრო არ გაეძლიერებინა.
—ბოდიშს გიხდით,— მშვიდად წარმოთქვა,— მგონი, ჩემს ოთახში შემოხვედით.
მისი ხმა დაბალი და მშვიდი იყო. არც მკაცრი და არც ზედმეტად რბილი. უბრალოდ ისეთი, რომელსაც ყურადღების მიქცევა არ სჭირდებოდა, რომ დაგემახსოვრებინა. ასეთი ხმა მსოფლიოს ცნობილ ლიდერებს აქვთ, ასეთი ხმით ხალხი ომში მიჰყავთ და ყველა უსიტყვოდ ემორჩილება.
ლილეს სახეზე სისხლი მოაწვა. ღილზე გაყინული თითები ძლივს დაემორჩილა.
—მე...— სიტყვები თითქოს ერთბაშად დაავიწყდა,— უკაცრავად...— თავი დახარა,— მანუჩარმა მითხრა... მარჯვენა კარი...
მამაკაცს სახე გაუნათდა. ღიმილი უფრო თვალებში გამოეხატა, ვიდრე სახეზე.
—მაშინ ეს გაუგებრობა მისი ბრალია.
ლილემ პირველად გაბედა და ისევ შეხედა. ახლოდან კიდევ უფრო მაღალი ჩანდა. იმდენად, რომ მისი სახის დასანახად თავი ოდნავ უკან უნდა გადაეწია. უხერხულობა წამით ისევ დაბრუნდა.
—მართლა ძალიან მრცხვენია,— აღიარა გოგონამ,— უნდა მივმხვდარიყავი, რომ ასეთი იდეალური წესრიგი მანჩის ოთახში არ იქნებოდა.
—თქვენ არ გაქვთ მოსახდელი ბოდიში,— მშვიდად უპასუხა მამაკაცმა,— ეს სახლი ზოგჯერ ოჯახის წევრებსაც კი აბნევს.
მათ შორის ისევ სიჩუმე ჩამოწვა. არც ერთმა არ იცოდა, კიდევ რა უნდა ეთქვა. ლილე ისევ პერანგის ბოლო ღილს იკრავდა. ნერვიულობისგან არაფერი გამოსდიოდა. მამაკაცმა ეს შეამჩნია, თუმცა არაფერი უთქვამს. უბრალოდ ფანჯრისკენ შებრუნდა. თითქოს ამ რამდენიმე წამის განმავლობაში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გოგონას თავი კიდევ უფრო უხერხულად არ ეგრძნო.
სწორედ ამან გააკვირვა ლილე ყველაზე მეტად, ასეთ თავშეკავებულ ადამიანს არასოდეს შეხვედროდა.
—მე... წავალ,— წარმოთქვა გოგონამ და კარისკენ გადადგა ნაბიჯი.
—რა თქმა უნდა,— წარმოთქვა მამაკაცმა და კარი გაუღო.
ლილემ გვერდით ჩაუარა და მაშინვე იგრძნო ის უცნაური, მშვიდი სურნელი. ახლა უკვე მიხვდა, ოთახის სურნელი არ ყოფილა, მისი იყო. სულ ერთი წამით შეჩერდა.
—მადლობა,— უთხრა ხმადაბლა, თუმცა თვითონაც ვერ მიხვდა, რისთვის გადაუხადა მადლობა. ალბათ იმისთვის, რომ არ შეარცხვინა.
მამაკაცმა მხოლოდ ოდნავ დაუქნია თავი.
ლილე დერეფანში გავიდა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. გული ისე ძლიერ უცემდა, თითქოს რამდენიმე სართული სირბილით აერბინა.
კარის მეორე მხარეს კი გეგი ალფაიძე რამდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა. მისი მზერა ისევ კარისკენ იყო მიმართული. გონებაში კი ერთი უცნაური დეტალი ტრიალებდა.
"რა მშვიდი ხმა ჰქონდა..."
სხვა ვერაფერი გაიხსენა. არც სახის ნაკვთები, არც თვალები, არც ის, როგორი იყო გოგონა, რომელმაც მისი თეთრი პერანგი ჩაიცვა და მისი საძინებელი დატოვა. მხოლოდ ის ხმა, რბილი, ფრთხილი. თითქოს ყოველ სიტყვას იმის შიშით ამბობდა, რომ ვინმე არ შეეწუხებინა.
გეგიმ გაუცნობიერებლად ჩაიღიმა.
—უცნაური გოგოა,— თავისთვის ჩაილაპარაკა და კარადის კარი გამოაღო.

...

აგვისტოს დასაწყისში თბილისი კიდევ უფრო მძიმე სიცხეს ებრძოდა. ქალაქი დილიდანვე გახურებულ ქვას ჰგავდა. მზის სხივები მინის ფასადებს ეცემოდა და თვალს აჭრელებდა, ჰაერი კი ისეთი უძრავი იყო, თითქოს ქარიც დაღლილიყო მოძრაობისგან.
ლილე ავტობუსიდან ნელა ჩამოვიდა.
ხელში საქაღალდე ეჭირა. შიგნით რამდენიმე დოკუმენტი, სტუდენტური ცნობა და უნივერსიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაცია ეწყო.
წინა კვირას ფაკულტეტზე გამოაცხადეს, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამშენებლო კომპანიაში სტაჟირების პროგრამა იწყებოდა. კონკურსში სულ ექვსი სტუდენტი შეარჩიეს. მანუჩარმა იმდენი ილაპარაკა, იმდენჯერ შეავსო და გადააკეთა განაცხადი მისი ნაცვლად, რომ ბოლოს ლილეს უარის თქმის მიზეზი აღარ დარჩა.
—ცუდი გამოცდილება მაინც არ იქნება,— ეს იყო ბოლო არგუმენტი, რომელმაც გადააწყვეტინა.
ახლა კი უზარმაზარი მინის შენობის წინ იდგა და საკუთარ ანარეკლს უყურებდა. ღია ნაცრისფერი ქვედაბოლო, თეთრი, სადა პერანგი, თმა ისევ თავისუფლად ჩამოშლილი. ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებული იყო, თუმცა ისეთი უბრალო, რომ მის გვერდით გამვლელი კოსტიუმიანი ადამიანები კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ.
ლილემ ღრმად ამოისუნთქა, მერე კი მძიმე მინის კარი შეაღო. შენობაში სასიამოვნო სიგრილე იდგა. გარედან შემოსული სიცხე თითქოს კართანვე რჩებოდა. ჰაერში ახალდაბეჭდილი ქაღალდის, ყავისა და ხის ავეჯის მსუბუქი სურნელი ტრიალებდა. ფართო ჰოლი დღის შუქით იყო სავსე, იატაკზე კი ადამიანების ნაბიჯების ჩუმი ექო ისმოდა.
—დილა მშვიდობისა,— მიმღებში მჯდომმა გოგონამ თბილად გაუღიმა.
—სტაჟირებაზე მოვედი,— უთხრა ლილემ.
—სახელი და გვარი?
—ლილე ლომიძე.
გოგონამ კომპიუტერში რაღაც გადაამოწმა.
—მესამე სართული. ქალბატონი მარინა დაგხვდებათ.
ლილემ მადლობა გადაუხადა და ლიფტისკენ წავიდა. კარები უხმოდ დაიხურა, პანელზე კი სართულები სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს. სარკეში საკუთარი ანარეკლი კიდევ ერთხელ დაინახა. ნერვიულობისას ყოველთვის ერთსა და იმავე ჩვევას იმეორებდა. მარჯვენა ხელის თითებს ერთმანეთში ხლართავდა. ახლაც ასე ჰქონდა თითები და მაშინვე გაასწორა.
სტაჟიორებს საკონფერენციო ოთახში ელოდნენ. ოთახი ნათელი იყო, დიდი ფანჯრებიდან ქალაქი ხელისგულივით ჩანდა. რამდენიმე ახალგაზრდა უკვე მისულიყო. მანუჩარმა ლილე დაინახა თუ არა, ხმამაღლა შესძახა:
—როგორც იქნა!— ფეხზე წამოდგა და ფართოდ გაუღიმა,— ვიცოდი, რომ ბოლო წუთამდე იფიქრებდი მოსულიყავი თუ არა.
—მართალი ხარ,— გაეცინა გოგონას. ამ უცნაურმა ბიჭმა ძალიან მალე შეისწავლა მისი ჩვევები.
—ვიცი,— აიქნია ხელი ბიჭმა და ჩანთა გამოართვა,— არ ინერვიულო. პირველ დღეს არავის ათავისუფლებენ.
ლილეს ჩაეცინა.
—დიდი იმედი მაქვს.
დრო სწრაფად გადიოდა. სტაჟიორებს სხვადასხვა განყოფილებას აცნობდნენ.
უხსნიდნენ, როგორ მუშაობდა კომპანია, როგორ ნაწილდებოდა პროექტები, ვინ რას ხელმძღვანელობდა და რაზე იყო პასუხისმგებელი.
ლილე ყურადღებით უსმენდა. ერთ სიტყვასაც არ ტოვებდა. რვეულის თითოეული გვერდი მოწესრიგებული ხელნაწერით ივსებოდა.
მანუჩარი კი მის გვერდით მოთმინებით იჯდა, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ უკვე მობეზრებული ჰქონდა ეს ყველაფერი.
—შენ მართლა ყველაფერს იწერ?— ჩურჩულით ჰკითხა.
—მერე აღარ დამავიწყდება.
—მე რომ ვიყო, ამდენს არასოდეს ვიწვალებდი.
ლილემ ღიმილით შეხედა.
—ვიცი.
შუადღისთვის სტაჟიორები სხვადასხვა განყოფილებაში გადაანაწილეს. ლილე პროექტების ადმინისტრაციულ გუნდში მოხვდა. ოთახში დაახლოებით ათი ადამიანი მუშაობდა. კომპიუტერების მონოტონურ ხმას კლავიატურების ჩხაკუნი ერეოდა. ფანჯრებიდან მზის შუქი შემოდიოდა, მაგრამ ჩამოფარებული ჟალუზები ოთახს სასიამოვნო სიგრილეს უნარჩუნებდა.
ლილეს ადგილი ფანჯარასთან მიუჩინეს. პირველი დავალებაც მარტივი ჰქონდა, დოკუმენტების გადამოწმება, ხელმოწერების შედარება და თარიღების მიხედვით დალაგება. ისეთი საქმე, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება არ სჭირდებოდა, მაგრამ ყურადღებას მოითხოვდა. ლილეს სწორედ ასეთი საქმეები უყვარდა, ყველაფერი, რასაც მოთმინება სჭირდებოდა.
დაახლოებით ერთ საათში ოთახის სიმშვიდე მძიმე ხმამ დაარღვია. კაბინეტის კარი სწრაფად გაიღო. ორმოცდაათ წლამდე მამაკაცი გარეთ გამოვიდა. ხელში საქაღალდე ეჭირა, ხოლო უკან ახალგაზრდა თანამშრომელი მოჰყვებოდა. სახეზე აშკარა დაბნეულობა ეწერა.
—რამდენჯერ უნდა გითხრა,— მამაკაცის ხმა არც მაღალი იყო და არც მკვეთრი, მაგრამ თითოეული სიტყვა ყინულივით ცივად ჟღერდა,— ჯერ კარგად წაიკითხე, სანამ ხელს მოაწერ.
ოთახში ყველა გაჩუმდა.
—ერთი შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ ერთი და იგივე შეცდომა, ეს უკვე დაუდევრობაა.
ახალგაზრდა ბიჭმა თავის მართლება სცადა.
—ვიფიქრე...
—ზუსტად ეგ არის პრობლემა. იფიქრე, მაგრამ არ გადაამოწმე.
ლილეს, რომელიც ოთახის შესასვლელთან იდგა, თითები ფურცელზე შეეყინა. მისი სუნთქვა ნელ-ნელა დამძიმდა. მამაკაცი კიდევ რაღაცას ამბობდა, მაგრამ ლილეს უკვე აღარ ესმოდა.
სხვა ხმა ჩაესმოდა, უფრო მძიმე, გაბრაზებული და ტკივილამდე ნაცნობი.
"რამდენჯერ უნდა გითხრა, საჭმელი ცხელი უნდა დამხვდეს, როდესაც სახლში მოვდივარ!"
თითქოს ისევ ბავშვი იყო. სამზარეულოში იდგა და ქვაბიდან ორთქლი ამოდიოდა, დედას კი ხელები უკანკალებდა. კედელს მიხეთქებული თეფშის ხმა დღემდე ისევე მკაფიოდ ახსოვდა, როგორც იმ საღამოს.
"რამდენჯერ უნდა გითხრა..."
ლილემ ძლივს ჩაისუნთქა. თვალები აემღვრა. არ უნდოდა, ვინმეს დაენახა, ამიტომ დერეფანში ფანჯარასთან მივიდა და ხელები ერთმანეთს ძლიერად მოუჭირა.
"არა... ახლა არა..." გაიფიქრა, მაგრამ პირველი ცრემლი უკვე ლოყაზე ჩამოსცურდა. გოგონამ სწრაფად მოიწმინდა ცრემლი. არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია.
ფანჯრის მიღმა ქალაქი ჩვეულ რიტმში ცხოვრობდა. ქვემოთ მანქანები ერთმანეთის მიყოლებით მიიწევდნენ, მზის სხივები მინის შენობებს ირეკლავდა, სადღაც შორს კი ამწის გრძელი ისარი ნელა ტრიალებდა. სამყარო ისევ თავის გზას მიჰყვებოდა. მხოლოდ ლილეს შიგნით იყო ყველაფერი თავდაყირა.
ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გაისმა. ნელი, აუჩქარებელი. ლილეს არ მოუხედავს. იფიქრა რომელიმე თანამშრომელი იქნებოდა. ნაბიჯები მის გვერდით შეჩერდა. რამდენიმე წამი არავის არაფერი უთქვამს. ეს სიჩუმე უცნაურად მშვიდი იყო, არა ისეთი, რომელიც უხერხულობას ქმნის, უფრო ისეთი, რომელიც ადამიანს სუნთქვის საშუალებას აძლევს.
—კარგად ხართ?— ჩუმად ჰკითხა უცნობმა. ისე მშვიდად, რომ ლილეს პასუხის გაცემა მაშინვე არ შეეძლო. თვალები დახუჭა. ხმა... სადღაც ჰქონდა მოსმენილი, მაგრამ ვერ გაიხსენა სად.
ნელა შებრუნდა. მის წინ ის მაღალი მამაკაცი იდგა. მუქი ლურჯი პიჯაკი უკვე გაეხადა. თეთრი პერანგის სახელოები იდაყვამდე ჰქონდა აკეცილი, ჰალსტუხი ოდნავ შეესუსტებინა. სახეზე დაღლილობა ეტყობოდა, მაგრამ მზერა ისევ ისეთი მშვიდი ჰქონდა, როგორიც იმ დღეს, ლისზე.
ლილემ უნებურად იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული.
—დიახ,— ძლივს ამოთქვა,— უბრალოდ...— სიტყვა ვეღარ დაასრულა.
მამაკაცს აღარაფერი უკითხავს, ჯიბიდან დაკეცილი, თოვლივით თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო და უხმოდ გაუწოდა. ლილემ გაკვირვებით შეხედა. რამდენიმე წამი მხოლოდ იმ ცხვირსახოცს უყურებდა.
—აიღეთ,— მამაკაცის ხმაში ისევ ის სიმშვიდე იგრძნობოდა. ლილემ ფრთხილად გამოართვა.
—მადლობა,— თითქმის ჩურჩულით თქვა.
მამაკაცი რამდენიმე წამს ჩუმად იდგა, მერე კი ფანჯრის მიღმა გაიხედა.
—ზოგჯერ ადამიანები საკუთარი სიტყვების ძალას ვერ აცნობიერებენ,— თქვა მშვიდად,— არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა.
ლილემ თავი ოდნავ დახარა. "თქვენ რომ იცოდეთ..." გაიფიქრა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
—თუ რამდენიმე წუთი მარტო დარჩენა გინდათ,— განაგრძო მან,— ჩემი კაბინეტი თავისუფალია.
ლილემ გაოცებით შეხედა.
—არა... მართლა კარგად ვარ.
—არ გაჩქარებთ, უბრალოდ ხანდახან საჭიროა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა იმისათვის, რომ დამშვიდდე,— პირველად იყო, როდესაც ეს სიტყვები ვინმესგან ესმოდა. არავინ აძალებდა მაშინვე დამშვიდებულიყო. არავინ ეუბნებოდა, რომ "არაფერია". უბრალოდ აძლევდა დროს.
მამაკაცმა კარი გააღო და შიგნით შეუშვა. თავად ბართად მივიდა და წყალი დაასხა ორ ჭიქაში. ერთი გოგონას გაუწოდა, მეორედან კი თავად მოსვა.
ლილემ იგრძნო, რომ ნელ-ნელა უმშვიდდებოდა სუნთქვა. მამაკაცის გვერდით დგომა უცნაურად უსაფრთხო იყო. არც კითხვები, არც ზედმეტი თანაგრძნობა, არც სიბრალული. მხოლოდ მშვიდი თანდასწრება.
გეგი ალფაიძე გოგონას აკვირდებოდა. სახე თითქოს სადღაც ჰქონდა ნანახი, მაგრამ ვერ იხსენებდა. მხოლოდ ერთი რამ არ ასვენებდა.
ხმა.
ის მშვიდი, თითქმის ჩურჩულივით რბილი ხმა.
"სად მსმენია...", გონებაში ისევ და ისევ ტრიალებდა.
გოგონა ისევ ჩუმად იდგა. თითებს ერთმანეთში ნერვიულად ხლართავდა. მერე ძლივს შესამჩნევად ამოისუნთქა.
—უკვე შემიძლია დავბრუნდე.
და სწორედ იმ წამს გეგიმ გაიხსენა. "ეს ის ხმაა..." ლისი, თეთრი პერანგი, არასწორი კარი.
—თქვენ...— სიტყვა ბოლომდე ვერ თქვა.
კარზე მსუბუქად დააკაკუნეს. არც პასუხს დალოდებიან ისე შეაღეს.
—მამა, თავისუფალი ხარ?— მანუჩარი ოთახში ისეთი უშუალობით შემოვიდა, თითქოს მთელი ოფისი მისი სახლი ყოფილიყო. ერთი ნაბიჯი გადადგა, მერე კი ლილე დაინახა.
—ლილე?— გაოცებულმა ჯერ მას შეხედა, მერე მამას,— თქვენ ერთად ხართ?— საკუთარ კითხვაზე თვითონვე გაეცინა,— აქ რას აკეთებ?
ლილე უხერხულად გასწორდა.
—უბრალოდ...— დაიწყო გოგონამ, მაგრამ მანჩიმ უცებ შუბლზე ხელი მიირტყა.
—მოიცა,— სახეზე ფართო ღიმილი გადაეფინა,— თქვენ ხომ უკვე იცნობთ ერთმანეთს!
გეგიმ მშვიდად შეხედა შვილს.
—როგორც სჩანს, ვიცნობთ.
—ის არასწორი კარი,— მანჩიმ სიცილი ძლივს შეიკავა,— ღმერთო, სულ დამავიწყდა, რომ აივნიდან რომ შემოდიხარ, მარჯვენა სულ სხვა მხარეა.
—მართლა ძალიან უხერხულად გამოვიდა, უკაცრავად,— ლილე ისევ გაწითლდა.
—უკვე მეორედ იხდით ბოდიშს იმის გამო, რაშიც ბრალი არ მიგიძღვით,— მშვიდად შეაწყვეტინა გეგიმ. მანუჩარმა ჯერ მამას შეხედა, მერე ლილეს.
—მოიცა... თქვენ მართლა არ გიჩხუბიათ?— გეგიმ თავი გააქნია.
—უნდა გვეჩხუბა?
—არა, უბრალოდ, შენთან ოთახში რომ ვიღაც უცხო შევიდეს და ასე მშვიდად გამოვიდეს... უცხო კი არა, მეც კი არ მიშვებ.
—მანუჩარ,— გეგიმ ხმა გაიმკაცრა.
—კარგი, კარგი,— ოთახში პირველად გაისმა მსუბუქი სიცილი. ძალიან ხანმოკლე, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ რამდენიმე წუთის წინ არსებული მძიმე სიჩუმე საბოლოოდ გამქრალიყო. გეგიმ ლილეს კიდევ ერთხელ შეხედა. ახლა უკვე იცოდა, ვინ იყო. მანუჩარის მეგობარი და საოცრად შრომისმოყვარე სტაჟიორი, რომლის საქმეც დილიდან რამდენჯერმე მოხვდა თვალში.
უცნაური იყო, იმდენად ჩუმი ადამიანი აღმოჩნდა, რომ მისი არსებობა თითქმის შეუმჩნეველი რჩებოდა, მაგრამ როდესაც ლაპარაკობდა, იმ ხმის დავიწყება შეუძლებელი იყო.
ლილე და მანუჩარი ერთად გამოვიდნენ კაბინეტიდან. დერეფანში რამდენიმე ნაბიჯი უხმოდ გაიარეს. ბოლოს მანუჩარმა გვერდულად გახედა.
—კარგად ხარ?— ლილემ ოდნავ გაუღიმა.
—ახლა კი,— არ დაუმატებია, რომ ამ "ახლას" მიზეზი სწორედ ის ადამიანი იყო, რომლის კაბინეტიდანაც რამდენიმე წამით ადრე გამოვიდა. არც თვითონ იცოდა, რატომ.
უბრალოდ პირველად ცხოვრებაში იგრძნო, რომ მამაკაცის გვერდით შეიძლებოდა შიშის გარეშე მდგარიყო. არა იმიტომ, რომ ის ძლიერი იყო, არამედ იმიტომ, რომ მის ძალას სხვის დასამცირებლად არ იყენებდა.

...

აგვისტოს ბოლო დღეები ნელ-ნელა კარგავდნენ ზაფხულის სიმძაფრეს. ჰაერში ჯერ კიდევ იდგა ბუღი, მაგრამ დილაობით ქალაქს უკვე სხვა სუნი ჰქონდა. თითქოს ზაფხულსა და შემოდგომას შორის უხილავი ზღვარი გაჩენილიყო. შუადღის მზე ისევ მწველი და კაშკაშა იყო, თუმცა საღამოები უფრო გრილი ხდებოდა. ლილესთვის კი ყველაფერი შეცვლილი იყო. არა გარედან, არამედ შიგნიდან.
რამდენიმე კვირის წინ მისი სამსახურის შენობა მისთვის უცხო, დიდი და ცოტა საშიში ადგილი იყო. ახლა კი უკვე იცოდა, რომელ საათზე მოდიოდა ყავის აპარატის მწმენდავი. იცოდა, რომ დერეფნის ბოლოში არსებული ფანჯარაში დილით მზე ყველაზე მეტად ანათებდა. იცოდა, რომ მეოთხე სართულზე მყოფი თანამშრომელი ყოველთვის ჩქარი ნაბიჯებით დადიოდა და ყოველ დილით ერთსა და იმავეს ამბობდა:
—დღეს ნამდვილად დროზე წავალ,— და არასოდეს მიდიოდა დროზე.
პატარა დეტალები, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ სწორედ ისინი აქცევდნენ უცხო ადგილს ნაცნობად.
იმ დილით ლილე კომპანიაში სხვებზე ადრე მივიდა. ეს უკვე ტრადიციად იქცა. არა იმიტომ, რომ ვინმე აიძულებდა, არც იმიტომ, რომ განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა სურდა. უბრალოდ დილა უყვარდა. ის დრო, როდესაც ოფისში ჯერ კიდევ სიჩუმე იყო, როდესაც კომპიუტერების ეკრანები ერთმანეთის მიყოლებით ინთებოდა, როდესაც ადამიანების ხმაურამდე რამდენიმე წუთით ადრე სივრცე საკუთარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
მაგიდასთან დაჯდა, ჩანთა გვერდზე გადადო. შემდეგ საქაღალდეები დაალაგა, ყველაფერი თავის ადგილზე.
—თქვენ ისევ პირველი მოხვედით,— ლილემ თავი ასწია.
გეგი კაბინეტის კართან იდგა. გოგონამ არ იცოდა, რამდენი ხანი იყო იქ კომპანიის დირექტორი. მამაკაცს მუქი ნაცრისფერი პიჯაკი ეცვა, ხელში კი ყავა ეჭირა. მისი იერი განსხვავდებოდა იმ ადამიანისგან, რომელსაც პირველად შეხვდა. მაშინ ის მხოლოდ მაღალი, უცხო მამაკაცი იყო. ახლა კი ლილემ უკვე იცოდა მისი ჩვევები. იცოდა, რომ ყოველთვის მარცხენა ხელით იკრავდა საათს. იცოდა, რომ დილით ყავას უშაქროდ სვამდა. იცოდა, რომ სანამ კაბინეტში შევიდოდა, რამდენიმე წამით აუცილებლად გადახედავდა სამუშაო სივრცეს. ამ პატარა დეტალების ცოდნა თვითონაც ცოტა უცნაურად ეჩვენებოდა.
—დილა მშვიდობისა,— მშვიდად უპასუხა ლილემ. გეგიმ საათს დახედა.
—რვის ნახევარია.
—დიახ.
—სამუშაო ცხრა საათზე იწყება,— ლილემ თვალები დახუჭა სულ რამდენიმე წამით.
—ვიცი.
რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. გეგის ტუჩის კუთხე თითქმის შეუმჩნევლად შეირხა.
—მაშინ კითხვას სხვანაირად დაგისვამთ,— გეგი არ ნებდებოდა. ლილემ ინტერესით შეხედა,— რატომ ხართ ყოველთვის ადრე?
კითხვა მარტივი იყო, მაგრამ პასუხი რთული. გოგონამ ფანჯარაში გაიხედა.
—მომწონს, როდესაც აქ სიმშვიდეა,— უპასუხა დინჯად.
გეგის აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ თავი ოდნავ დაუქნია. თითქოს ეს პასუხი საკმარისი იყო.
—კარგი,— და კაბინეტში შევიდა.
ლილე ფანჯარაში იყურებოდა და გეგიზე ფიქრობდა. სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, გეგი ყოველთვის თითქოს ნახევარი ნაბიჯით უკან იდგა. არ ცდილობდა, ზედმეტი გაეგო, არ ცდილობდა, მის ცხოვრებაში შეჭრილიყო. უბრალოდ... იყო იქ და სწორედ ეს იყო ყველაზე დამაბნეველი.
რამდენიმე საათის შემდეგ ლილემ ახალი დავალება მიიღო. კომპანიის ერთ-ერთი დიდი პროექტის დოკუმენტების მოწესრიგება. საქმე მარტივი არ იყო, ათობით ფაილი, ხელშეკრულებები, დანართები, თარიღები, ხელმოწერები, მაგრამ ლილე არასოდეს ჩქარობდა. ჯერ კითხულობდა, შემდეგ ამოწმებდადა ჩანაწერებს აკეთებდა. შესაძლოა ამიტომაც არ უშვებდა თითქმის არასოდეს შეცდომას.
შუადღისას გეგიმ მისი მაგიდის გვერდით გაიარა, რამდენიმე წამით შეჩერდა და გოგონას მაგიდაზე კოხტად დაწყობილ დოკუმენტაციას შეხედა.
—ეს დოკუმენტები უკვე გადაამოწმეთ?
—დიახ.
—ყველა?
—დიახ.
მან საქაღალდე გახსნა, რამდენიმე გვერდი გადაათვალიერა და დახურა.
—კარგია,— ერთი სიტყვა რომელიც ლილესთვის უცნაურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. არა იმიტომ, რომ უფროსმა შეაქო, არამედ იმიტომ, რომ გეგისგან ნებისმიერი შეფასება იშვიათი იყო. ის არ იყო ადამიანი, რომელიც ბევრს ლაპარაკობდა, მაგრამ როდესაც რამეს ამბობდა, მის სიტყვას ფასი ჰქონდა.
საღამოს ექვს საათზე ოფისში ხმაური თანდათან მცირდებოდა და ლილე ამით ხვდებოდა, რომ სხვები უკვე მიდიოდნენ.
გოგონამ საათს დახედა, არც ამჯერად შეცდა. მას კი კიდევ რამდენიმე გვერდი ჰქონდა დარჩენილი. არც უფიქრია ადგომა, უბრალოდ გააგრძელა მუშაობა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კაბინეტის კარი გაიღო და გეგი გამოვიდა.
მისი მზერა მაშინვე ლილეს მაგიდისკენ მიიმართა. გოგონა ისევ იქ იჯდა და ისევ მუშაობდა. გეგიმ არაფერი უთხრა ამჯერად, მაგრამ პირველად გაუჩნდა კითხვა, რომელიც კოღოსავით მომაბეზრებლად დასტრიალებდა თავში.
"რატომ რჩება ყოველთვის?"
მანამდე პასუხი მარტივი ეგონა: მონდომებულია ან/და პასუხისმგებლიანია ან/და ამბიციურია...
მაგრამ ახლა უკვე აღარ იყო დარწმუნებული, თითქოს გრძნობდა, რომ სხვა მიზეზიც არსებობდა.
ლილემ თავი ასწია.
—კიდევ აქ ხართ?— კითხვა ისე დაუსვა, თითქოს თავადაც გაოცდა. გეგიმ ოდნავ გაიღიმა.
—ეს კითხვა მე უნდა დამესვა,— ლილემ საათს შეხედა.
—ერთი ფაილი დამრჩა,— ანიშნა გოგონამ ფაილზე, რომელიც ხელში ეკავა.
გეგი რამდენიმე წამი ჩუმად იდგა, მერე კი მშვიდად თქვა:
—ერთი რჩევა მაქვს,— ლილემ ინტერესით შეხედა,— სამსახურს ნუ გადააყოლებთ ცხოვრებას.
სიტყვები მარტივი იყო, მაგრამ ლილემ უცნაურად იგრძნო თავი. თითქოს ეს ფრაზა მხოლოდ სამსახურს არ ეხებოდა. თითქოს გეგიმ რაღაც დაინახა. რაღაც, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ.
—მადლობა,— მხოლოდ ეს თქვა. გეგიმ თავი დაუქნია და კაბინეტში დაბრუნდა. ლილე კი დიდხანს უყურებდა დახურულ კარს.
იმ საღამოს ლილემ პირველად გაიფიქრა, რომ გეგი ალფაიძე მხოლოდ ის ადამიანი არ იყო, რომელსაც პატივს სცემდა. ის იყო ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს ნაკლებად მარტო გრძნობდა და ამ ფიქრმა თვითონვე შეაშინა.

...

სექტემბერი თითქმის შეუმჩნევლად მოვიდა. დილით ჰაერი ოდნავ გრილდებოდა, თუმცა შუადღის მზე ჯერ კიდევ ჯიუტად ინარჩუნებდა ზაფხულის სითბოს. ოფისის წინ დარგულ ნეკერჩხლებს ფერი ჯერ არ ეცვლებოდათ, მაგრამ ფოთლები ქარში სხვანაირად შრიალებდნენ. თითქოს ქალაქიც გრძნობდა, რომ ერთი სეზონი ნელ-ნელა მეორეს უთმობდა ადგილს.
ლილეს სტაჟირებიდან ერთი თვე სრულდებოდა. იმ ერთ თვეში ბევრი არაფერი მომხდარა და ამავე დროს, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ახლა უკვე გეგის კაბინეტის წინ მდებარე პატარა სამუშაო სივრცე მისი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. დილას კომპიუტერს რთავდა, დღის გეგმას იწერდა, ფანჯარას რამდენიმე წუთით აღებდა, რომ ოთახში სუფთა ჰაერი შემოსულიყო, შემდეგ ისევ ხურავდა, რათა კონდიციონერის სიგრილე სწრაფად არ გაფანტულიყო.
პატარა ჩვევები ნელ-ნელა რიტუალებად იქცა.
ერთ დილით კაბინეტში შესვლისას ყურადღება პატარა ქოთნის მცენარემ მიიქცია. ფოთლები ჩამოყრილი ჰქონდა, ხოლო მიწა გამომშრალიყო. ლილემ სამზარეულოდან წყალი მოიტანა და ნელა დაუსხა. მერე ფანჯარასთან, უფრო განათებულ ადგილას გადადგა.
—ალბათ აქ უფრო მოეწონება,— ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ. საკუთარ საქციელზე თვითონვე გაეღიმა, ვერ იტანდა, როდესაც მცენარეები ხმებოდნენ.
იმავე დილით გეგი ჩვეულზე ცოტა გვიან მივიდა. კაბინეტის კარი გააღო, შიგნით შევიდა, პიჯაკი სკამის საზურგეზე გადაკიდა, ხოლო თვალი უნებურად ფანჯრისკენ გაექცა. ქოთანი ადგილზე აღარ იდგა, ახლა მზის სხივებთან ახლოს იყო. მამაკაცი გაჩერდა, რამდენიმე წამი მცენარეს უყურებდა, შემდეგ კი ოთახიდან გამოვიდა.
—ლომიძე,— ლილე მაშინვე წამოდგა.
—დიახ?
—ეს თქვენ გადადგით?— გოგონამ ქოთანს გახედა.
—დიახ... თუ არ შეიძლებოდა, ახლავე დავაბრუნებ.
—რატომ?
—მომეჩვენა, რომ სინათლე აკლდა.
გეგიმ მცენარეს კიდევ ერთხელ შეხედა. ფოთლები იმ რამდენიმე წუთში მართლაც უფრო გამართული ჩანდა.
—არა. კარგი ადგილი შეგირჩევიათ,— სხვა არაფერი უთქვამს, ისევ კაბინეტში შევიდა.
ლილეს კი უცნაურად გაუხარდა. არა იმიტომ, რომ შეაქეს, არამედ იმიტომ, რომ არ უსაყვედურეს.
შემდეგი რამდენიმე დღე სამუშაო ჩვეულ რიტმში მიდიოდა.
საღამო იყო, ოფისი თითქმის დაცარიელებულიყო, გარეთ უკვე ბინდდებოდა. ლილე ერთ-ერთ ხელშეკრულებას ამოწმებდა, ბოლო გვერდზე ხელმოწერაზე უნდა გადაეხედა. მარცხენა ხელით ფინჯანს მისწვდა, მაგრამ იმავე წამს საქაღალდის კუთხეს გამოედო. ფინჯანი მაგიდიდან გადავარდა. თეთრი ფაიფური იატაკზე დაეცა და მშრალ სიჩუმეში მსხვრევის ხმა განსაკუთრებით მკაფიოდ გაისმა. ლილე გაშეშდა, გული თითქოს ყელში აუვარდა. დაბლა დაიხარა და ხელების კანკალით სცადა ნამსხვრევების აღება.
—ღმერთო,— ჩურჩულით წარმოთქვა.
ზუსტად ამ დროს კაბინეტის კარი გაიღო და გეგი გამოვიდა. ჯერ იატაკზე მიმოფანტულ ნატეხებს შეხედა, მერე კი ლილეს. გოგონა ნატეხების შეგროვებას ცდილობდა.
—არ შეეხოთ,— ლილე მაშინვე გაჩერდა.
—მე... მაპატიეთ...
—ხელი არ გაიჭრათ, ფრთხილად,— გააფრთხილა მამაკაცმა.
—ახალს ვიყიდი...
—ლომიძე,— მისი ხმა ისევ მშვიდი იყო. ლილემ თავი ასწია. სახეზე ისეთი გულწრფელი შიში ეწერა, თითქოს ფინჯანი კი არ გაეტეხა, არამედ გამოუსწორებელი შეცდომა დაეშვა. გეგიმ ნელა ამოისუნთქა.
—ფინჯანი იყო. მეტი არაფერი,— ლილე დაბნეული უყურებდა.
—მაგრამ...
—ფინჯნები იმისთვის არსებობს, რომ ხანდახან გატყდეს,— გააქნია თავი გეგიმ. რამდენიმე წამი არც ერთს არ ამოუღია ხმა. ლილეს ყელში რაღაც მოებჯინა, ასეთ პასუხს არ ელოდა. არ ახსოვდა, ბოლოს როდის გაუფუჭებია რამე ისე, რომ ამის გამო არავის ეყვირა.
გეგი თავად დაიხარა, ერთი დიდი ნატეხი აიღო და ქაღალდების გროვაზე დააგდო, მერე მეორეც. ასე აიღო ყველაზე მცირე ნაწილიც კი, სქელი ქაღალდების გროვაში გაახვია და ისე ჩააგდო ნაგვის ყუთში.
—ასე მიუსაფარი ცხოველები თუ გაქექავენ ნაგავს, არ დაზარალდებიან,— აუხსნა ღიმილით თავისი ქცევა,— ახლა უკვე შეგიძლიათ იმუშაოთ. ისე ბუნებრივად თქვა, თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა.
იმ საღამოს, სახლში დაბრუნებისას, გეგის უცნაურად ახსენდებოდა ლილეს სახე. არა მაშინ, როდესაც ბოდიშს იხდიდა, არამედ იმ წამს, როცა ფინჯნის ნატეხებს შეხედა. გოგონას მზერაში შიში იყო, არა ფინჯნის გამო, რაღაც უფრო ღრმა, სხვა შიში. გეგიმ მანქანის ფანჯარა ოდნავ ჩამოწია და მანქანაში გრილი ჰაერი შეუშვა.
"რატომ ეშინია ასე ძალიან შეცდომების?"— კითხვა უნებურად დაებადა, პასუხი კი არ ჰქონდა.
სახლში მისულს მანუჩარი მისაღებში დახვდა. დივანზე იჯდა და ხელში ტელეფონი ეჭირა.
—დღეს ადრე მოხვედი.
—შიგადაშიგ ასეც ხდება,— უპასუხა სიცილით. პიჯაკი სკამზე გადაკიდა და სამზარეულოსკენ წავიდა. ყავის აპარატი ჩართო, რამდენიმე წუთი მხოლოდ წყლის ჩუმი შხუილი ისმოდა.
—ლილე როგორ სწავლობს?— იკითხა და თავადაც გაუკვირდა საკუთარი კითხვის.
მანუჩარმა ტელეფონიდან თავი ასწია.
—ლილე?
—ჰო.
—კარგად. რატომ?
—უბრალოდ ვიკითხე,— უპასუხა გეგიმ და ჭიქა აიღო. მანუჩარს გაეღიმა.
—ფაკულტეტზე ერთ-ერთი საუკეთესოა. გამოცდებისთვის არასოდეს ემზადება ბოლო წუთს ჩვენგან განსხვავებით. თუ რამე არ იცის, არ ისვენებს, სანამ არ გაიგებს,— გეგი ჩუმად უსმენდა,— ძალიან ჯიუტიცაა,— სიცილით დაამატა მანუჩარმა,— თუ გადაწყვეტს, რომ რაღაც უნდა გააკეთოს, ვეღარ გადააფიქრებინებ.
—გასაგებია,— უპასუხა მოკლედ მამამ, მაგრამ ყავის ფინჯნით ხელში მდგარი გეგი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, "რატომ მაინტერესებს?" მერე თავი ოდნავ გააქნია, თითქოს ამ ფიქრის თავიდან მოშორებას ცდილობდა, "კარგი თანამშრომელია." საკუთარ თავს სწორედ ასე აუხსნა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში უკვე გრძნობდა, რომ პასუხი ამაზე ცოტა უფრო რთული იყო.

...

შემოდგომა ქალაქში ჯერ მხოლოდ დილაობით იგრძნობოდა. მზე ისევ თბილად ანათებდა, მაგრამ ჰაერში უკვე ის სუსხი გაჩენილიყო, რომელიც ზაფხულს არ ახასიათებს. ოფისის ეზოში დარგული ხეები ჯერ კიდევ მწვანედ ბიბინებდა, თუმცა ზოგიერთ ფოთოლს კიდეები ნელ-ნელა უყვითლდებოდა. დღეები ერთმანეთს ჰგავდა და მაინც, ყოველი დღე რაღაც უმნიშვნელო დეტალს ტოვებდა, რომელსაც ვერც ლილე ამჩნევდა ბოლომდე და ვერც გეგი.
გეგი ადამიანების დაკვირვებას წლების განმავლობაში სწავლობდა, ბიზნესში ეს აუცილებელი იყო. ზოგი თანამშრომელი პირველივე შეხვედრაზე ცდილობდა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, ზოგი ბევრს ლაპარაკობდა, ზოგი კი პირიქით, ძალიან ცოტას.
ლილე არც ერთ მათგანს არ ჰგავდა. ის არასოდეს ცდილობდა, ვინმეს ყურადღება მიექცია, თუ საქმეს აძლევდნენ, აკეთებდა, თუ არ აძლევდნენ, სხვის დახმარებას იწყებდა, თუ რამე არ იცოდა, ჩუმად სწავლობდა. და რაც ყველაზე უცნაური იყო, არასოდეს არაფერს ითხოვდა.
იმ დილით გეგიმ კაბინეტის კარი ნახევრად ღიად დატოვა. ოთახში ისეთი სიჩუმე იდგა, რომ დერეფნიდან კლავიატურის მსუბუქი ჩხაკუნიც კი გარკვევით ისმოდა. რამდენიმე წუთში ეს რიტმული ხმა შეწყდა. გეგიმ უნებურად თავი ასწია. ლილე ფრთხილად შევიდა, ხელში საქაღალდე ეჭირა.
—შეიძლება?
—შემოდით.
გოგონა მაგიდასთან მივიდა და საქაღალდე ფრთხილად დადო.
—ეს დოკუმენტები მზად არის,— გეგიმ გადაშალა. რამდენიმე გვერდი ყურადღებით გადაათვალიერა და ერთ ადგილას გაჩერდა. ლილეს გულმა უცებ უფრო ძლიერად დაიწყო ცემა.
"შეცდომაა?"— გაიფიქრა თავისთვის. რამდენიმე წამის განმავლობაში სიჩუმე იდგა, შემდეგ გეგიმ ფურცელი დახურა.
—კარგად იმუშავეთ,— უთხრა მშვიდად. ლილემ შვებით ამოისუნთქა, თუმცა თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ იყო გეგის შეფასება მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი.
—მადლობა,— თავი ოდნავ დაუკრა და ზურგი აქცია, რათა ოთახი დაეტოვებინა.
—ლომიძე,— გოგონა გაჩერდა და ისევ გეგისკენ შებრუნდა.
—დიახ?
—ყველაფერს ორჯერ ამოწმებთ?— კითხვა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ლილესთვის.
—დიახ.
—რატომ?— ლილემ პასუხი მაშინვე ვერ იპოვა, რამდენიმე წამი დაფიქრდა.
—მირჩევნია, შეცდომა მე ვიპოვო, ვიდრე სხვამ,— უპასუხა ღიმილით. გეგი ჩუმად უყურებდა, ამ პასუხში რაღაც იყო, რაღაც ისეთი, რასაც სრულყოფილებასთან საერთო არ ჰქონდა. ეს უფრო შიშს ჰგავდა.
—ზოგჯერ,— უთხრა გეგიმ,— ერთი შეცდომა სამყაროს არ ანგრევს,— ლილემ მსუბუქად გაიღიმა.
—ვიცი,— მაგრამ იმ ღიმილში ისეთი სევდა ჩანდა, რომ გეგიმ მაშინვე იგრძნო, არ იცოდა.
იმავე საღამოს, თითქმის ყველა თანამშრომელი უკვე წასული იყო, ოფისში მხოლოდ რამდენიმე ოთახში ენთო შუქი. ლილე ისევ კომპიუტერთან იჯდა, ეკრანის თეთრი სინათლე სახეზე ეცემოდა. ფანჯრის მიღმა ქალაქი ნელ-ნელა ინთებოდა.
—შეიძლება?— გეგიმ შეიხედა გოგონას ოთახში.
—რა თქმა უნდა,— უპასუხა ლილემ და თვალები ოდნავ მოჭუტა. გეგი შევიდა და მაგიდაზე დადებულ დოკუმენტებს დახედა.
—ეს ყველაფერი დღეს უნდა დასრულდეს?— ჰკითხა ინტერესით.
—არა,— გააქნია თავი ლილემ.
—მაშინ რატომ ჩქარობთ?— ხანდახან გულწრფელად აკვირვებდა ეს გოგონა. ლილემ მხრები ოდნავ აიჩეჩა.
—ხვალ ნაკლები საქმე მექნება,— გეგიმ რამდენიმე წამი დუმილში გაატარა, შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და ქალაქს გახედა.
—იცით, კარიერის დასაწყისში მეც ასე ვფიქრობდი,— ლილე ყურადღებით უსმენდა,— მეგონა, რაც უფრო მეტს ვიმუშავებდი, მით უკეთესი ვიქნებოდი,— პატარა პაუზა ჩამოვარდა,— მერე მივხვდი, რომ ადამიანს დასვენებაც სჭირდება. თორემ ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ მხოლოდ სამსახური დარჩა, მეტი არაფერი,— ლილემ თვალები დახარა.
—თუ სახლში წასვლა არ გინდა?— თქვა ჩუმად გოგონამ და მაშინვე შეშინებულმა აიფარა პირზე ხელი. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. გეგი მხოლოდ ინტერესით უყურებდა,— უკაცრავად... მე...
—არ არის საჭირო ბოდიში,— მისი ხმა ისევ მშვიდი იყო. არც ამჯერად უკითხავს არაფერი, მხოლოდ რამდენიმე წამი უყურებდა, შემდეგ ძალიან წყნარად თქვა:— მაშინ მით უფრო არ უნდა დარჩეთ ოფისში ყოველ საღამოს,— ლილემ პირველად შეხედა პირდაპირ თვალებში.
—რატომ?
—იმიტომ, რომ ადამიანი იმისგან, რისიც ეშინია, ყოველთვის ვერ გაიქცევა,— უპასუხა გეგიმ.
ორივეს შორის თითქოს უხილავი ძაფი გაიჭიმა. არც ერთს აღარაფერი უთქვამს, გეგიმ მხოლოდ საათს დახედა.
—უკვე ცხრა საათია,— სჯობს წახვიდე.
ლილეც დაემორჩილა. კომპიუტერი გამორთო, პიჯაკი და ჩანთა აიღო და ჩვეულებრისამებრ ოთახს თვალი მოავლო. გეგი არ გასულა, რატომღაც კართან ელოდა.
—ნახვამდის,— დაემშვიდობა გოგონა.
—ხვალამდე,— უპასუხა გეგიმ. ლილეს უცნაურად აუჩქარდა გული, არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს, მხოლოდ ერთი რამ იცოდა, ამ მამაკაცის გვერდით ყოფნისას, პირველად მრავალი წლის შემდეგ, აღარ გრძნობდა, რომ მუდმივად თავდაცვისთვის უნდა ყოფილიყო მზად.
იმავე საღამოს, ცარიელ კაბინეტში დაბრუნებულმა გეგიმ პიჯაკი სკამის საზურგეზე გადაკიდა და ფანჯარასთან გაჩერდა. გონებაში ისევ ერთი წინადადება უტრიალებდა.
"თუ სახლში წასვლა არ გინდა?"
ეს სიტყვები შემთხვევით არ თქმულა და
მან ეს ძალიან კარგად იცოდა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა და ფანჯარაში საკუთარ ანარეკლს უყურებდა. შემდეგ ჩურჩულით წარმოთქვა:
—რა დაგემართა, ლილე ლომიძე?
და პირველად, იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც კარი გააღო და უცნობი გოგონა დაინახა თავის ოთახში, მიხვდა, რომ მის მიმართ ინტერესი მხოლოდ კარგი თანამშრომლის შეფასებას უკვე გასცდენოდა.
მაგრამ იმავე წამს საკუთარ თავს მკაცრად შეახსენა კიდევ ერთი რამ, ის მანუჩარის მეგობარი იყო და ამ ფაქტის დავიწყების უფლება საკუთარი თავისთვის არასოდეს უნდა მიეცა.

...

ორშაბათის დილა უჩვეულოდ დატვირთულად დაიწყო. ოფისში შესვლისთანავე ლილემ იგრძნო, რომ ჩვეულებრივი დღე არ იქნებოდა.
დერეფანში თანამშრომლები ჩქარი ნაბიჯებით დადიოდნენ. ტელეფონები თითქმის უწყვეტად რეკავდა, საკონფერენციო დარბაზის კარი რამდენჯერმე გაიღო და დაიხურა. ჰაერში ახლად დაფქული ყავის სურნელს დაძაბულობა შერეოდა.
ლილემ ჩანთა მაგიდასთან დადო და კომპიუტერი ჩართო, ეკრანი ჯერ კიდევ იტვირთებოდა, როდესაც გეგის კაბინეტის კარი გაიღო.
—ლომიძე.
—დიახ?
—შემოდით.
გეგის კაბინეტი ყოველთვის ერთნაირად მოწესრიგებული იყო, ყველა საქაღალდე თავის ადგილზე იდო, კალამიც კი ზუსტად იმ კუთხით იდო, როგორც წინა დღეს. ლილემ უკვე იცოდა, რომ გეგი ყველაფერს განსაკუთრებული სიზუსტით აწყობდა, თითქოს უწესრიგობა ფიზიკურ დისკომფორტს უქმნიდა.
გეგიმ მაგიდიდან ერთი საქაღალდე აიღო.
—სტაჟირება ოფიციალურად მომავალ კვირას გიმთავრდებათ,— დაიწყო შესავლის გარეშე.
—დიახ.
—ქალბატონ მარინასთან და განყოფილების ხელმძღვანელებთან ვისაუბრე,— ლილე ყურადღებით უსმენდა, ხვდებოდა, რომ მისი ბედი წყდებოდა,— თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ მუშაობა გააგრძელოთ.
გოგონა რამდენიმე წამით გაშეშდა.
—რა თქმა უნდა,— გაიბადრა ლილე.
—მშვენიერი. დღეიდან ჩემი ადმინისტრაციული ასისტენტი იქნებით,— დაასრულა გეგიმ. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ლილე აშკარად დაიბნა.
—მე?
—დიახ.
—მაგრამ...
—რატომ გიკვირთ?
გოგონამ ვერაფერი უპასუხა, გეგიმ საქაღალდე დახურა.
—ერთი თვის განმავლობაში არც ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაგიშვიათ.
ყოველი დავალება დროზე ადრე შეასრულეთ. თანამშრომლებისგანაც კარგი შეფასება მივიღე, ეს სრულიად საკმარისია.
—მადლობა ნდობისთვის,— მხოლოდ ეს ამოთქვა ლილემ.
გეგიმ ოდნავ დაუქნია თავი.
—იმედია ასეთივე შემართებით განაგრძობთ მუშაობას,— უთხრა გეგიმ,— შენი ადგილი იქ იქნება,— აჩვენა ხელით.
ახალი სამუშაო ადგილი გეგის კაბინეტის პირდაპირ აღმოჩნდა, პატარა, მაგრამ ნათელი სივრცე. ფანჯრიდან ქალაქი ჩანდა, მაგიდაზე ახალი კომპიუტერი იდგა.
ლილემ ფრთხილად გადაუსვა ხელი მაგიდის ხის ზედაპირს და უცნაური განცდა დაეუფლა, თითქოს ვიღაცამ ირწმუნა მისი შესაძლებლობები მაშინ, როდესაც თავად ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა საკუთარი თავის ბოლომდე ნდობას.
შუადღისას მანუჩარი შემოვარდა, როგორც ყოველთვის, კარზე დაუკაკუნებლად. ხელში სამი ყავის ჭიქა ეჭირა.
—დღეს მე გიმასპინძლდებით,— გამოაცხადა ბიჭმა. ლილეს გაეცინა.
—რა მოხდა?
—არაფერი. უბრალოდ ორშაბათია და ყველა ცუდ ხასიათზეა,— ერთი ჭიქა ლილეს დაუდო, მეორე გეგის კაბინეტისკენ წაიღო. კარზე დააკაკუნა.
—შეიძლება?
—შემოდი.
რამდენიმე წამში ისევ გამოვიდა.
—მამაჩემმა ისევ ხუთჯერ მკითხა, შაქარი ხომ არ ჩავყარე.
ლილემ სიცილი ვეღარ შეიკავა.
—და?
—მთელი ცხოვრება უშაქროდ სვამს ყავას. ვკითხე, როდის მასწავლა რომ ყავაში შაქრის ჩაყრა საერთოდ შესაძლებელი თუ იყო.
გეგის კაბინეტის კარი ისევ გაიღო.
—მანუჩარ.
—დიახ?
—თუ უკვე დაასრულე ჩემი განხილვა, იქნებ იმ პროექტსაც მიხედო, რომელიც დილით უნდა ჩაგებარებინა?— მანუჩარმა თეატრალურად ამოიოხრა.
—აი, ხომ ვამბობ, მუშაობის დროს საერთოდ არ მაცდიან ღიმილს.
გეგის თვალებში წამით ღიმილი გაკრთა.
—იმუშავე.
—დიახ, უფროსო.
მანუჩარმა ლილეს თვალი ჩაუკრა და დერეფანში გაუჩინარდა. ლილეს გაეღიმა. ამ ბიჭში თითქოს მზე ცხოვრობდა, სადაც ჩნდებოდა, იქ სიჩუმეც კი უფრო მსუბუქი ხდებოდა.
საღამოს ერთ-ერთ კონტრაქტზე მუშაობდნენ, ლილემ დოკუმენტები მაგიდაზე დააწყო. გეგი ყურადღებით კითხულობდა. უცებ გაჩერდა.
—ეს ფაილი სად იყო?
—მარცხენა საქაღალდეში.
—არა. ყოველთვის მარჯვენაში ვდებ.
ლილე დაიბნა.
—ვიფიქრე...
—ნუ იფიქრებთ. სისტემა თუ არსებობს, ამის მიზეზიც არის. ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ლილემ უსიტყვოდ აიღო საქაღალდე და უკან გადააწყო. რამდენიმე წამში გეგიმ ხელმოწერა დაასრულა და კალამი დადო. მხოლოდ მაშინ გააცნობიერა საკუთარი ტონი.
—ლომიძე.
გოგონამ თავი ასწია.
—დიახ?
—ცუდად გამომივიდა,— თქვა და გაჩერდა,— უბრალოდ... მიჩვეული ვარ, ყველაფერი ჩემი ლოგიკით იყოს დალაგებული.
ლილემ პირველად დაინახა, რომ გეგი საკუთარ თავსაც ისეთივე სიმკაცრით ეპყრობოდა, როგორც სხვებს, არ ამართლებდა საკუთარ ხასიათს, უბრალოდ აღიარებდა.
—არაუშავს,— გააქნია თავი გოგონამ,— მესმის და გავითვალისწინებ.
გეგიმ რამდენიმე წამი უყურა.
—არა. თუ ჩემთან მუშაობას აპირებთ, ჩემი ხასიათიც უნდა იცოდეთ. ზედმეტად მიყვარს კონტროლი და ეს თუ პრობლემაა...
ლილეს ღიმილი უნებურად გაეპარა.
—ეგ უკვე შევამჩნიე,— ორივე წამით გაჩუმდა. პირველად, იმ მოკლე ხანში, რაც ერთმანეთს იცნობდნენ, გეგის მშვიდი, გულწრფელი სიცილი გაისმა. ძალიან ხანმოკლე, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ლილეს გაჰფიქრებოდა:
"სიცილი უხდება" და რატომღაც, ეს აღმოჩენა მთელი დღის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი იყო.

...

ახალ თანამდებობასთან ერთად ლილეს დღეებიც შეიცვალა. გეგის სამუშაო გრაფიკი თითქმის წუთების სიზუსტით იყო გაწერილი.
შეხვედრები.
ხელშეკრულებები.
ზარები.
მოლაპარაკებები.
საქალაქთაშორისო მივლინებები.
და ამასთან ათობით ისეთი წვრილმანი, რომელსაც სხვა ვერავინ ამჩნევდა. სწორედ ამ ყველაფერს უყრიდა თავს ახლა ლილე. თავიდან ეშინოდა, რამე არ შეშლოდა, რამდენჯერმე ერთი და იმავე ჩანაწერს ამოწმებდა, კალენდარსაც კი ხელახლა ათვალიერებდა, სანამ შეხვედრას დაადასტურებდა. გეგი არაფერს ამბობდა, მხოლოდ აკვირდებოდა.
—ლომიძე.
—დიახ?
—სამ საათიანი შეხვედრა გადაიტანეთ.
—ხუთ საათზე?
—არა. ოთხის ნახევარზე.
—მეორე შეხვედრა?
—ოცდაათი წუთით გადასწიეთ.
ლილემ კალენდარს დახედა. რამდენიმე წამი ჩუმად ითვლიდა, შემდეგ თავი ასწია.
—თუ ნებართვას მომცემთ, უკეთესი იქნება ოთხის ნაცვლად ოთხსა და ორმოცზე.
გეგიმ წარბი ოდნავ ასწია.
—რატომ?
—პირველი შეხვედრა ყოველთვის იგვიანებს. წინა სამი საშუალოდ თხუთმეტი წუთით გვიან დასრულდა. თუ ოთხის ნახევარზე დანიშნავთ, ისევ დაგვიანდება. ოთხსა და ორმოცზე კი დრო საკმარისი იქნება.
გეგი რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა, მერე კალენდარს დახედა. მართალი იყო.
—კარგი შენიშვნაა. ასე გააკეთეთ.
ლილემ მხოლოდ თავი დაუქნია, მაგრამ გულში პატარა სითბო იგრძნო. პირველად არ შეასრულა უბრალოდ მითითება, არამედ საკუთარი აზრი გამოთქვა და მოუსმინეს.
მანუჩარი თითქმის ყოველდღე შემოდიოდა. ხან ხუთი წუთით, ხან ოცით. ხშირად მხოლოდ იმისთვის, რომ მამა გაეღიზიანებინა.
—მამა.
—გისმენ.
—თუ ოდესმე პენსიაზე გახვალ...
გეგიმ სათვალის ზემოდან შეხედა.
—არ ვაპირებ.
—ზუსტად ვიცოდი.
ლილემ სიცილი შეიკავა.
—რატომ იცინი?— მაშინვე მიუბრუნდა მანუჩარი,— შენ არ იცი, ერთხელ სიცხე ჰქონდა ოცდაცხრამეტი და მაინც ოფისში მოვიდა.
—ოცდათვრამეტი და შვიდი,— მშვიდად შეუსწორა გეგიმ.
—ხედავ?— მანუჩარმა ხელები გაშალა,— ამიტომაც არასოდეს ვეკამათები. ყველაფერი ახსოვს.
გეგის ჩაეღიმა.
—შენც თუ ერთხელ მაინც დაიმახსოვრებდი რამეს, გამიხარდებოდა.
—მე სხვა ნიჭი მაქვს.
—მაინც?— მარცხენა წარბი ასწია მამაკაცმა.
—ხალხს კარგ ხასიათზე ვაყენებ,— უპასუხა სიცილით მანჩიმ. ამჯერად გეგიმ პასუხი აღარ გასცა, უბრალოდ თავი გააქნია.
ლილეს კი ისევ გაეღიმა. მანუჩარი მართლაც ისეთივე იყო, როგორიც მზიანი დილა, ხმაურიანი, უშუალო და საოცრად თბილი.
რამდენიმე დღის შემდეგ, გვიან საღამოს, ოფისი თითქმის დაცარიელებული იყო. გარეთ მსუბუქად წვიმდა. წვიმის წვეთები ფანჯრის მინას ნელა ეშვებოდა და ქალაქის შუქებს ბუნდოვან ლაქებად აქცევდა.
ლილემ ბოლო წერილიც გაგზავნა, კომპიუტერი გამორთო და ჩანთა აიღო. სწორედ ამ დროს კაბინეტის კარი გაიღო და გეგი გამოვიდა.
—დღეს მაინც დროზე მიდიხართ?— ჰკითხა ღიმილით. ლილესაც ჩაეღიმა.
—ალბათ, თქვენი რჩევა დავიმახსოვრე.
—კარგია.
ორივე ერთად ლიფტისკენ წავიდნენ. დერეფანში მხოლოდ მათი ნაბიჯების ხმა ისმოდა. ლიფტთან მისულებს გეგის ტელეფონმა დარეკა. მამაკაცმა ეკრანს დახედა და სახე ოდნავ შეეცვალა.
—ბოდიში,— უთხრა და ზარს უპასუხა.
—ჰო, მანჩი...
რამდენიმე წამი უსმენდა, მერე გაეღიმა.
—არა, არ დამვიწყებია... კი, მოვდივარ... ათი წუთი.
ტელეფონი გათიშა და ლიფტში შევიდა. ლილეც შეჰყვა.
—რამე მოხდა?
—არა. დღეს მისი დაბადების დღეა. დილიდან ვერ მოვახერხე დალაპარაკება.
ლილეს გაუკვირდა.
—დაბადების დღე?
—ოცდასამის გახდა,— მის ხმაში ისეთი სითბო იგრძნობოდა, რომელიც სამსახურში არასოდეს ჩანდა,— ბავშვობიდან ერთი ტრადიცია გვაქვს,— დაამატა ღიმილით,— რაც არ უნდა მოხდეს, ამ დღეს ერთად ვვახშმობთ.
ლილეს უნებურად გაახსენდა თავისი დაბადების დღეები, რომლებიც სახლში ყოველთვის ჩვეულებრივ დღეს ჰგავდა. ხშირად ჩხუბითაც მთავრდებოდა. სახეზე ჩრდილმა გადაურბინა და გეგიმ ეს შეამჩნია. თუმცა ისევ არაფერი უკითხავს.
პირველ სართულზე რომ ჩავიდნენ, შენობის წინ უკვე ნესტის სურნელი იდგა. წვიმა გაძლიერებულიყო. გეგიმ მანქანის გასაღები ამოიღო, მერე ცას ახედა.
—ქოლგა გაქვთ?
ლილემ თავი გააქნია.
—არა.
უცებ ძლიერმა ქარმა დაუბერა და ლილეს თმა სახეზე ჩამოეშალა.
მანქანასთან რომ მივიდნენ, გეგიმ კარი გამოაღო.
—სახლამდე მიგიყვანთ,— ლილე გაჩერდა, რამდენიმე წამის განმავლობაში დუმდა. შემდეგ ძალიან მშვიდად უპასუხა:
—მადლობა, მაგრამ დღეს ფეხით წავალ.
გეგიმ აღარ დაიჟინა, მხოლოდ თავი დაუქნია.
—მაშინ ფრთხილად.
ლილე ნელა შორდებოდა, გეგი კი კიდევ რამდენიმე წამს უყურებდა, როგორ მიდიოდა წვიმაში. რაღაც უცნაურად არ ესიამოვნა, თუმცა ვერ ხვდებოდა, რა. მხოლოდ ერთი აზრი არ ასვენებდა, ვიღაც, ვისაც სახლში დაბრუნება არ უნდა, წვიმაში ფეხით წასვლას რატომ ამჯობინებდა მანქანას?

...

მთელი საღამო გადაუღებლად წვიმდა. ქალაქის ქუჩები სველი ასფალტის სუნით გაიჟღინთა. მანქანების ფარები გუბეებში ირეკლებოდა, ტროტუარებზე კი ნესტიანი ქარი ფოთლებს დააფრიალებდა.
ლილე ნელა მიდიოდა. მართალია ქოლგა არ ჰქონდა, მაგრამ წვიმა უკვე აღარ აწუხებდა. თითქოს სხეულზე დაცემული ცივი წვეთები იმაზე ნაკლებად მტკივნეული იყო, ვიდრე ის, რაც სახლში ელოდა.
ძველი, ოთხსართულიანი კორპუსის სადარბაზოში შესვლისთანავე ნაცნობი სუნი იგრძნო. ნესტი, ძველი კედლები და სიგარეტის კვამლი.
მესამე სართულზე ასვლისას ნაბიჯები უნებურად შეუნელდა. კარის მიღმა ხმები ისმოდა. გასაღები ფრთხილად გადაატრიალა და კარი შეაღო. სამზარეულოში შუქი ენთო. დედა გაზქურასთან იდგა და ქალს თვალები მაშინვე კარისკენ გაექცა. იმ მზერაში შვებაც ჩანდა და მისი უკიდეგანო შიშიც.
—მოხვედი?
—კი,— დედამ საათს დახედა.
—დაგაგვიანდა.
ლილემ სველი ჩანთა სკამზე დადო.
—სამსახურში საქმე მქონდა.
სიტყვა ბოლომდე არც ჰქონდა ნათქვამი, რომ მისაღებიდან მძიმე ხმა გაისმა.
—საქმე,— მამამისი ნელა გამოვიდა. სახეზე დაღლილობას ალკოჰოლის სუნი ერეოდა. ხელში ნახევრად ცარიელი ჭიქა ეჭირა,— დიდი ქალბატონი დაბრუნებულა.
ლილემ თვალი აარიდა. არ პასუხობდა. წლების განმავლობაში ისწავლა, რომ დუმილი ყველაზე უსაფრთხო იყო, მალე მობეზრდებოდა თავისთვის ლაპარაკი.
—რამდენჯერ უნდა გითხრა,— კაცმა ირონიულად ჩაიცინა,— სახლში რომ შემოდიხარ, ზრდილობა მაინც გამოიჩინე.
—გამარჯობა,— ჩუმად თქვა ლილემ.
—აი, თურმე ლაპარაკიც შეგძლებია.
დედამ უხერხულად გადმოდგა ნაბიჯი.
—გურამ...
—შენ ნუ ერევი.
ერთი წინადადება საკმარისი აღმოჩნდა, ქალი მაშინვე გაჩუმდა. ლილე ნელა დაიძრა თავისი ოთახისკენ.
—სად მიდიხარ?
გოგონა გაჩერდა.
—დავიღალე.
—მე რომ დაგელოდე?
ლილემ თვალები დახუჭა.
—არ ვიცოდი.
—რა არ იცოდი?
—რომ...
—რა?
მისი ხმა სულ უფრო მკვეთრი ხდებოდა. დედა უკვე ტუჩებს იკვნეტდა. ლილემ იცოდა, ეს რას ნიშნავდა. ისევ იწყებოდა. უცებ, სრულიად უმიზეზოდ, ბავშვობის ერთი სურათი გაახსენდა.
რვა წლის იყო, მათემატიკის რვეული სამზარეულოს მაგიდაზე ედო. ერთი მაგალითი არასწორად ჰქონდა ამოხსნილი. მამამ რვეული აიღო, ნახა და მაგიდაზე დაანარცხა.
—რამდენჯერ უნდა გითხრა, სანამ რამეს დაწერ, დაფიქრდი!
მაშინ მხოლოდ რვეული იყო, დღეს კი...
ლილემ თვალები გაახილა. მამა უკვე მის წინ იდგა.
—გელაპარაკები!
—მესმის.
—არ გეტყობა.
—გურამ, გთხოვ...— დედას ხმა აუკანკალდა.
შემდეგ ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ლილემ რეაგირებაც ვერ მოასწრო. მამამისის ხელი ჰაერში აიწია, მომდევნო წამს ძლიერი დარტყმა იგრძნო ლოყაზე. თავი გვერდზე გადაუვარდა.
რამდენიმე წამით ოთახი დადუმდა. ჭიქიდან რამდენიმე წვეთი იატაკზე დაეცა.
ლილეს არაფერი უთქვამს, არც კი უტირია. ნელა გასწორდა, თუმცა თვალები ისევ დაბლა ჰქონდა დახრილი. დედა მისკენ დაიძრა.
—ლილე...
—არაფერია,— თქვა ჩურჩულით. მის ხმაში ემოცია აღარ იგრძნობოდა. ეს იყო ხმა ადამიანისა, რომელსაც ტკივილის გამოხატვის ძალაც გამოელია. ის უხმოდ შევიდა თავის პატარა ოთახში, კარი ფრთხილად მიხურა, როგორც ყოველთვის.
ოთახში მხოლოდ პატარა სანათი ენთო. ლილემ სარკეში ჩაიხედა. მარცხენა ლოყა უკვე აწითლდებოდა. თითები ფრთხილად მიადო. ტკიოდა, მაგრამ არა იმდენად, როგორც ის სიჩუმე, რომელიც კარის მიღმა დარჩა. დედას ხმა აღარ ისმოდა. პროტესტიც კი არ გამოუთქვამს.
ლილე საწოლზე ჩამოჯდა, მუხლები მკერდთან მიიკრა, თვალები დახუჭა და პირველად ამდენი წლის განმავლობაში, სრულიად მოულოდნელად, სხვა ადგილი გაახსენდა...
დიდი ფანჯრები, ხის იატაკი, ახლად დაფქული ყავის სურნელი და კაცი, რომელიც არასოდეს უწევდა ხმას.
"ფინჯნები იმისთვის არსებობს, რომ ხანდახან გატყდეს."
სიტყვები ისე ნათლად ჩაესმა, თითქოს ისევ ოფისში იჯდა. უცნაური იყო. ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე თვეა იცნობდა, მისთვის უსაფრთხოების შეგრძნებას უფრო მეტად ნიშნავდა, ვიდრე სახლი, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა და ამ ფიქრის შეეშინდა. სწრაფად გაახილა თვალები.
—არა...— თავისთვის ჩუმად თქვა,— ასე ფიქრი არ შეიძლება.
მაგრამ პასუხად მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა, რომელიც ფანჯრის მინას ისევ მონოტონურად ეცემოდა.

...

იმ დღეს სამუშაო ჩვეულებრივზე გვიან დასრულდა. სექტემბრის ბოლო დღეები უკვე ნამდვილ შემოდგომას ჰგავდა. საღამოს ფანჯრებს წვიმის წვეთები ეცემოდა, ცა კი ისეთი ნაცრისფერი იყო, თითქოს ქალაქს მთელი დღის დაღლილობა ერთად დასწოლოდა.
ლილემ კომპიუტერი გამორთო, ჩანთა აიღო და სარკეში უნებურად ჩაიხედა. დილით გულდასმით წასმული ტონალური კრემი თითქმის აღარ ფარავდა ლოყასთან გაჩენილ მოლურჯო კვალს. თმა ოდნავ ჩამოიშალა და ლოყაზე გადაიწია.
—არ გამოჩნდება,— თავისთვის ჩაილაპარაკა.
—ლომიძე,— მოესმა გეგის ხმა კაბინეტიდან.
—დიახ?
—დღევანდელი ხელშეკრულებები გამომიგზავნეთ და შეგიძლიათ წახვიდეთ.
—უკვე გამოგიგზავნეთ,— უპასუხა გოგონამ მშვიდად. გეგიმ კომპიუტერს დახედა, მართლა გაგზავნილი იყო.
—კარგი,— ლილე კარისკენ შებრუნდა,— და კიდევ...
გოგონა გაჩერდა, გეგი რამდენიმე წამს უყურებდა. დღის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე მოჰკრა თვალი იმ უცნაურ ჩრდილს ლოყასთან. თავიდან იფიქრა, სინათლის ბრალი იყო, ახლა კი დარწმუნდა. ეს სინათლის თამაში არ იყო.
—დღეს მე მიგიყვანთ სახლში,— უთხრა მტკიცედ. ლილე დაიბნა.
—არ არის საჭირო.
—საჭიროა.
—მართლა...
—ლომიძე,— მისი ხმა ისევ მშვიდი იყო,— ამჯერად უარს არ მივიღებ.
რამდენიმე წამის შემდეგ კარზე დააკაკუნეს და მანუჩარმა თავი შემოყო.
—წავედით?
—კი,— უპასუხა გეგიმ.
მანუჩარმა მაშინვე ლილეს შეხედა.
—შენც მოდიხარ?
—არა, მე...
—მამას თუ რამე აქვს გადაწყვეტილი,— სიცილით გააწყვეტინა,— სჯობს, არ შეეკამათო. ოცდასამი წელია ვცდილობ. ჯერ ვერ გავიმარჯვე.
ლილეს გაეცინა.
—ხედავ?— მანუჩარმა მხრები აიჩეჩა,— მეც შენს მხარეს ვარ.
გეგიმ თავი ოდნავ გადააქნია.
—მანუჩარ.
—კარგი, კარგი... აღარ ვლაპარაკობ.
თბილისში გადაუღებლად წვიმდა. მანუჩარი მეგობრებთან უნდა წასულიყო, ამიტომ შუა გზაში ჩამოვიდა. მანქანის კარი დახურა, მაგრამ ისევ გააღო.
—მამა.
—დაგრჩა რაიმე?
—ნუ მუშაობ ძალიან ბევრს,— შესცინა ბიჭმა.
—ვეცდები,— გააქნია თავი მამაკაცმა.
—არ ეცადო. მართლა ქენი,— მანუჩარმა გაიღიმა, ლილეს ხელი დაუქნია და წვიმაში სირბილით გაუჩინარდა.
მანქანაში სიჩუმე ჩამოწვა. რადიო ძალიან დაბალ ხმაზე უკრავდა, საქარე მინაზე კი წვიმა მონოტონურად აკაკუნებდა.
—რომელი გზით?
ლილემ მისამართი ჩუმად უკარნახა.
გეგიმ პირველად შეხედა.
—იქ ცხოვრობთ?
—დიახ.
მეტი აღარაფერი უკითხავს. რაც უფრო უახლოვდებოდნენ, ქუჩები მით უფრო ვიწროვდებოდა. ახალი შენობები ძველმა კორპუსებმა ჩაანაცვლა. ეზოებში ჟანგიანი საქანელები იდგა, ირგვლივ კი არავინ იყო. ლამპიონებიც კი აქა-იქ ანათებდნენ. გეგი ჩუმად მართავდა მანქანას, ლილე კი სულ უფრო იძაბებოდა. ხელები ჩანთაზე ისე ძლიერად მოეჭირა, თითები გასთეთრებოდა. გეგიმ ეს მოძრაობა შეამჩნია, მაგრამ ისევ არაფერი უთქვამს.
მანქანა იმ კორპუსთან გააჩერა, რომელზეც გოგონამ მიუთითა.
—მადლობა,— უთხრა გულწრფელად ლილემ და ღვედი სწრაფად შეიხსნა. კარს ხელი მოჰკიდა და გააღო. გადავიდა თუ არა, ეზოდან გაისმა.
—ლილე!
გოგონა ადგილზე გაშეშდა, გეგიმ კი ინსტინქტურად გაიხედა იქით, საიდანაც ხმა მოესმა. კიბესთან შუახნის მამაკაცი იდგა, წვიმის მიუხედავად, ხელში ისევ ბოთლი ეჭირა.
—ახლა გაგახსენდა სახლი?— ცარიელ ეზოში მისი ხმა ზედმეტად მკაფიოდ გაისმა.
—მოვედი.
—მოვედი,— გამოაჯავრა კაცმა,— დიდი ქალბატონი მუშაობს თურმე.
გეგი მანქანიდან გადმოვიდა. კარი უხმოდ მიხურა და უბრალოდ ლილეს გვერდით დადგა.
მამაკაცმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ მისი ქალიშვილი მარტო არ იყო. რამდენიმე წამით გაჩუმდა, თან გეგის ათვალიერებდა.
—სტუმარიც მოგიყვანია,— მის ხმაში ცინიზმი ისევ იგრძნობოდა, მაგრამ შესამჩნევად დამშვიდდა. გეგიმ მშვიდად დაუქნია თავი.
—საღამო მშვიდობისა,— მეტი არაფერი უთქვამს. სიჩუმე რამდენიმე წამს გაგრძელდა. ლილეს მამამ მზერა პირველმა აარიდა, ვერ გაუძლო გეგის მტკიცე გამოხედვას.
—კარგი, შედი,— უთხრა ლილეს. გოგონამ უნებურად შეხედა. ვერ გაიხსენა, ბოლოს როდის გაჩუმდა მამა ასე სწრაფად. გეგი კი ისევ მშვიდად იდგა. არც გამარჯვების გამომეტყველება ჰქონდა, არც აგრესიის. უბრალოდ ლილეს გვერდით იდგა.
—მადლობა,— ჩურჩულით თქვა ლილემ. გეგიმ მხოლოდ თავი დაუქნია.
—ხვალამდე.
—ხვალამდე.
ლილე სადარბაზოში შევიდა და კარი ნელა დაიხურა.
მანქანაში დაბრუნებულმა გეგიმ ძრავა მაშინვე არ დაქოქა, ორივე ხელი საჭეზე დააწყო და შეამჩნია რომ ოდნავ უკანკალებდა.
წვიმის წვეთები მინაზე ისევ რიტმულად ეცემოდა. გონებაში ერთმანეთის მიყოლებით ამოტივტივდა ბოლო რამდენიმე კვირის ყველა პატარა დეტალი... გოგონა, რომელიც არასოდეს მიდიოდა დროზე სახლში. გოგონა, რომელსაც შეცდომების ეშინოდა. გოგონა, რომელიც ბოდიშს მაშინაც კი იხდიდა, როდესაც არაფერში იყო დამნაშავე.
და ახლა...
გოგონა, რომელიც საკუთარი სახლის კართან მისვლისას ერთიანად შეიცვალა.
გეგიმ ნელა ამოისუნთქა. ახლა კითხვები აღარ ჰქონდა, ყველა თავის კითხვაზე მიიღო პასუხი. და ეს პასუხები იმაზე მეტად არ მოეწონა, ვიდრე ელოდა.
ძრავი დაქოქა, მანქანა ნელა დაიძრა, მაგრამ მალევე მოუმატა სიჩქარეს. ფანჯრებს მიღმა თბილისის მაღალსართულიანი შენობები ცვლიდნენ ერთმანეთს, გეგის კი ერთი აზრი აღარ ტოვებდა.
ამიერიდან ვეღარ შეძლებდა ამ ყველაფრის არშემჩნევას.

...

კვირა უჩვეულოდ მშვიდად დაიწყო. წვიმიანი შაბათ-კვირის მერე, ქალაქს თითქოს ჯერ კიდევ არ გამოღვიძებოდა. ოფისშიც ნაკლები ხმაური ისმოდა, დერეფანში მხოლოდ ქუსლების რიტმული ხმა და კლავიატურების ჩუმი ჩხაკუნი არღვევდა სიჩუმეს.
ლილე ჩვეულ დროს მივიდა, მაგიდაზე დღიური დადო, კომპიუტერი ჩართო, ღრმად ჩაისუნთქა და მხოლოდ მაშინ გაბედა სარკეში ჩახედვა.
ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, მარცხენა მხარეს წვრილი, მუქი ნაპრალი ჯერ კიდევ აშკარად ჩანდა, დილით რამდენჯერმე სცადა ტონალურით და პომადით დაფარვა, მაგრამ უშედეგოდ.
გახეთქილ კანს ვერაფერი მალავდა.

პარასკევი საღამო...

მამამისი თითქმის არაფრის გამო გაბრაზდა, სუფრაზე დადებული თეფში ხმაურით გადააგდო. დედა ისევ ჩუმად იდგა, ლილემ კი მხოლოდ ერთი ფრაზა თქვა.
—დედას ნუ უყვირი,— მეტი არაფერი. სხვა დროს ასეთ სიტყვებს ვერასოდეს ბედავდა. ალბათ იმიტომ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში პირველად იგრძნო, როგორი იყო, როდესაც ადამიანი ყოველდღე ყვირილს არ უსმენდა.
ეს ერთი წინადადება საკმარისი აღმოჩნდა, მამამისმა ხელი ჰკრა, გოგონამ კი წონასწორობა ვერ შეინარჩუნა. მაგიდის კუთხეს დაეჯახა. ტკივილი მაშინვე იგრძნო, მაგრამ პირში მეტალის საზიზღარმა გემომ ტკივილიც დაავიწყა.
ამის შემდეგ აღარაფერი უთქვამს.

...

—დილა მშვიდობისა,— მანუჩარის მხიარულმა ხმამ ფიქრები გააწყვეტინა.
—დილა მშვიდობისა,— მიესალმა ლილე ღიმილითმ ბიჭი მაშინვე გაჩერდა და სახეზე ღიმილი ნელა გაუქრა.
—ლილე...— გოგონამ ინსტინქტურად ხელი ტუჩთან მიიტანა.
—არაფერია.
—დაეცი?— ერთი წამით შეყოვნდა, შემდეგ ძალიან მშვიდად გაიღიმა.
—კი, კიბეზე ფეხი დამიცდა,— უპასუხა გოგონამ მაქსიმალურად მშვიდად. მანუჩარი დიდხანს უყურებდა, ბიჭმა არ დაუჯერა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მხოლოდ ჩუმად ამოიოხრა.
—თავს გაუფრთხილდი.
—ვეცდები.
ათი წუთის შემდეგ კაბინეტის კარი გაიღო.
გეგი მოვიდა. ჩვეულებრივად მიესალმა თანამშრომლებს, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და უცებ გაჩერდა. ლილეს შეხედა, გოგონაც მაშინვე წამოდგა.
—დილა მშვიდობისა,— გეგიმ პასუხი არ გასცა, მისი მზერა გოგონას ტუჩზე შეჩერდა. რამდენიმე წამი სრულ სიჩუმეში გავიდა, შემდეგ თითქოს ძალდატანებით მოაშორა თვალი.
—ჩემი კალენდარი მომიტანეთ,— მხოლოდ ეს თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ხმა სრულიად მშვიდი ჰქონდა, ლილემ უკვე იცოდა მისი გამომეტყველების კითხვა. იმ დღეს გეგი თითქმის არ გამოსულა კაბინეტიდან, ყველა მითითებას ელექტრონული ფოსტით აგზავნიდა, საუბარიც მხოლოდ აუცილებელ საკითხებზე გადაჰქონდა. ლილე ვერ ხვდებოდა. სადმე შეცდა ან რამე ზედმეტი თქვა?
თითქოს ისევ იმ პირველ დღეს დაბრუნდნენ, მხოლოდ ცივი, ოფიციალური და დისტანციური ურთიერთობა.
სამაგიეროდ, გეგი ადგილს ვერ პოულობდა, ვერც კონცენტრირებას ვერ ახდენდა ვერაფერზე. ხელშეკრულება უკვე მესამედ წაიკითხა და ვერც ერთი წინადადება ვერ გაიაზრა. ფანქარს თითებს შორის ატრიალებდა და გონებაში კი მხოლოდ ერთი სურათი უტრიალებდა — ლილეს გახეთქილი ტუჩი.
მუშტი უნებურად შეკრა. ამას აღარანაირი მტკიცებულება აღარ სჭირდებოდა, მან უკვე იცოდა და ყველაზე მეტად სწორედ ეს აღიზიანებდა. არა ის, რომ ვიღაცამ დაარტყა, არამედ ის, რომ თვითონ ვერაფერს აკეთებდა. არ ჰქონდა უფლება, არც როგორც უფროსს და არც როგორც კაცს, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო მეტად ცდილობდა საკუთარ გრძნობებთან ბრძოლას. თვალები დახუჭა.
პირველად ძალიან მკაფიოდ აღიარა ის, რასაც უკვე რამდენიმე კვირა გაურბოდა. ლილე ლომიძე მისთვის აღარ იყო უბრალოდ თანამშრომელი და სწორედ ამიტომ, უნდა გაშორებოდა. იმ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება, მხოლოდ სამუშაო, მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა და სხვა არაფერი. უფრო სწორედ, სხვა ვერაფერი.
მაგრამ იმავე წამს საკუთარ თავსაც აღარ დაუჯერა,რადგან უკვე იცოდა — თუ ერთხელ ადამიანს ტკივილს შეამჩნევ, მერე მის არშემჩნევას ვეღარასოდეს შეძლებ.

...

მომდევნო ორი კვირა ყველაზე გრძელი აღმოჩნდა ორივესთვის. არა იმიტომ, რომ ბევრი საქმე იყო, არამედ იმიტომ, რომ ორივე შეგნებულად გაურბოდა იმას, რასაც სიტყვები და თვალები უკვე ვეღარ მალავდა. გეგი ზუსტად ისეთივე თავაზიანი და სამართლიანი დარჩა, მაგრამ მის ხმაში რაღაც გაქრა. აღარ ეკითხებოდა, დაღლილი ხომ არ იყო, აღარ აჩერებდა საღამოს, რომ ერთად გადაეხედათ დოკუმენტებისთვის. თუკი რამის მიწერა შეეძლო ელექტრონული ფოსტით, აღარ ეძახდა კაბინეტში.
ლილემ პირველად იგრძნო, რომ სიჩუმესაც შეუძლია ადამიანს ტკივილი მიაყენოს.
ერთ დილით მანუჩარმა ისევ შეირბინა მათთან ოფისში. ბიჭი როგორც ყოველთვის, ენერგიით სავსე იყო. ხელში ქაღალდის პარკი ეჭირა.
—ხაჭაპური მოვიტანე,— გამოაცხადა ხმამაღლა. ლილეს გაეცინა.
—დილიდან?
—საუკეთესო გადაწყვეტილებები ცარიელ კუჭზე არასოდეს მიიღება,— გეგიც სწორედ იმ დროს გამოვიდა კაბინეტიდან. მანუჩარმა მაშინვე გაუწოდა პარკი.
—შენთვისაც არის.
—მადლობა.
—არ მითხრა, ისევ მხოლოდ ყავას დალევ.
—ამის თქმას ვაპირებდი.
—ჰოდა, აღარ გაბედო.
ლილე ჩუმად აკვირდებოდა მათ სიტყვიერ ქიშპობას. გეგიმ საბოლოოდ მაინც აიღო ერთი ნაჭერი.
—კმაყოფილი ხარ?
—ძალიან.
მანუჩარმა გაიცინა.
—ხანდახან მგონია, რომ მე ვარ შენი მამა,— გეგიმ პირველად ამდენი დღის შემდეგ გაიღიმა. ლილემ თვალი სწრაფად აარიდა. გეგის ღიმილის დანახვა ისევ ისეთივე ადვილი იყო, მისი დავიწყება — სულ უფრო რთული.
იმავე საღამოს თითქმის ყველა თანამშრომელი წასული იყო. ლილემ გეგის კაბინეტის კარზე მსუბუქად დააკაკუნა.
—შემოდი,— უთხრა გეგიმ ისე, რომ თავი არც აუწევია.
—ხელმოწერისთვის ბოლო დოკუმენტია,— საქაღალდე მაგიდაზე დადო. გეგიმ კალამი აიღო, ხელი მოაწერა და საქაღალდე გაუწოდა.
—მადლობა.
ლილე არ განძრეულა. რამდენიმე წამი მხოლოდ საათის წიკწიკი ისმოდა.
—რამე მოხდა?— ჩუმად იკითხა გეგიმ. ლილემ ღრმად ჩაისუნთქა.
—დიახ,— ამ პასუხის მერე გეგიმ ინტერესით ახედა. გოგონა აშკარად ღელავდა, თითები ერთმანეთში ჰქონდა გადახლართული.
—რამე დავაშავე?— კითხვა ისეთი გულწრფელი იყო, რომ გეგის მზერა დაუმძიმდა.
—არა.
—მაშინ...— დაიწყო და გაჩერდა. ისევ ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო,— ორი კვირაა თვალსაც აღარ მისწორებთ. თუ რამე არასწორად გავაკეთე... მითხარით. გამოვასწორებ.
გეგიმ თვალები დახუჭა. ზუსტად ამ საუბარს გაურბოდა ყველაზე მეტად. რამდენიმე წამი ისე გავიდა, არაფერი უთქვამს. შემდეგ ძალიან ნელა წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
—სწორედ ეგ არის პრობლემა. არაფერი დაგიშავებიათ.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
—მაშინ რატომ...
გეგიმ პირველად შეხედა პირდაპირ. მის მზერაში დაღლილობა იგრძნობოდა.
—იმიტომ, რომ ყოველდღე საკუთარ თავს ვუხსნი, რატომ არ უნდა მომწონდეთ.
ლილეს სუნთქვა შეეკრა. სიტყვები თითქოს ვერ გაიგო ან ზედმეტად კარგად გაიგო. გეგიმ კი საუბარი გააგრძელა.
—თქვენ ჩემი თანამშრომელი ხართ, მანუჩარის საუკეთესო მეგობარი, ჩემზე თექვსმეტი წლით პატარა. უამრავი მიზეზი არსებობს, რომ ეს გრძნობა არ უნდა მქონდეს და არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რომ მქონდეს.
ლილეს თვალები ცრემლით აევსო. დიდხანს დუმდა, შემდეგ ძლივს გასაგონად ჰკითხა:
—ესე იგი... თქვენც იგივეს გრძნობთ?
გეგიმ მწარედ ჩაიღიმა.
—სამწუხაროდ.
ეს ერთი სიტყვა მძიმედ დაეკიდა მათ შორის. ლილემ თავი დახარა. ტუჩზე ისევ ეტყობოდა პატარა ნაპრალი.
—მეგონა მარტო მე ვიყავი ასე.
გეგიმ თვალები დახუჭა.
—ლილე...— მისი სახელი პირველად წარმოთქვა ისე, როგორც უფროსი თანამშრომელს არასოდეს მიმართავს,— ეს აქ უნდა დასრულდეს.
ლილემ ნელა დაუქნია თავი, ცრემლი ლოყაზე ჩუმად ჩამოუგორდა.
—ვიცი.
—ეს სწორი გადაწყვეტილებაა.
—ვიცი.
ლილემ საქაღალდე აიღო და კარისკენ წავიდა.
—ხვალამდე,— ჩუმად თქვა.
გეგიმ პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გასცა, როდესაც კარი უკვე დაკეტილი იყო.
—ხვალამდე,— ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოწვა.

...

ოქტომბრის მზე ჯერ კიდევ თბილი იყო, თუმცა ოფისის ფანჯრებიდან ეზოში ჩამოცვენილი პირველი ფოთლები ჩანდა. ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა, ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე სჩანდა. გეგისა და ლილეს შორის ისევ მხოლოდ სამუშაო დარჩა.
მოკლე კითხვები და მოკლე პასუხები, ხელმოწერები და შეხვედრები. ორივემ ზუსტად იცოდა, რომ ეს დისტანცია ხელოვნური იყო, მაგრამ არც ერთს აღარ უცდია მისი დარღვევა. ყველაზე მეტად ეს ყველაფრი მანუჩარს აკვირვებდა.
—თქვენ ორნი რატომ გახდით ასეთი სერიოზულები?— ერთ დილით სიცილით იკითხა,— რამე გამომრჩა?
ლილემ მხოლოდ გაუღიმა.
—ბევრი საქმეა.
—ეს პასუხი მამას უფრო შეეფერება. შენგან არ მივიღებ,— გააქნია თავი მანჩიმ. გეგიმ თვალები დაქაჩა.
—მანუჩარ.
—აქ ვარ,— სკოლის მოსწავლესავით აწია ხელი.
—თუ უკვე დაასრულე ფსიქოლოგის როლი, იქნებ შეხვედრის პრეზენტაციაც მოამზადო.
—კარგი,— ჩაიბურტყუნა ბიჭმა,— ორივე უცნაურები ხართ.
საღამოს, სამუშაოს დასრულების შემდეგ, მანუჩარი ლილეს მაგიდასთან ჩამოჯდა, ხელში ყავის ქაღალდის ჭიქა ეჭირა.
—ცოტა ხანი გცალია?
—კი.
რამდენიმე წამი ჩუმად იჯდა, რაც მისთვის უჩვეულო იყო. შემდეგ ფანჯარას გახედა. ამ დროს ტკივილამდე ჰგავდა გეგის.
—იცი, ბავშვობაში სულ ერთი შიში მქონდა,— ლილემ ინტერესით შეხედა. იშვიათად იყო მანჩი სერიოზული.
—რისი?
—რომ მამა მარტო დარჩებოდა,— გოგონა ჩუმად უსმენდა,— მამა ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც გავუჩნდი. თვითონაც ფაქტობრივად ბავშვი იყო. დედაჩემი მასზე სამი წლით უფროსი იყო,— ლილეს პირველად ესმოდა ეს ამბავი. იცოდა რომ მაუჩარს დედა არ ჰყავდა, მაგრამ არა დეტალები,— რომ დავიბადე... დედაჩემი წავიდა. იცი, ყველაზე უცნაური რა არის?
—რა?
—მამას ერთხელაც არ უთქვამს დედაჩემზე ცუდი. მხოლოდ მეუბნებოდა "ზოგჯერ ადამიანები ერთად ცხოვრებას ვერ ახერხებენ", მეტი არაფერი,— რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იყო. შემდეგ მანუჩარს გაეღიმა,— საკუთარ თავზე კი სულ ცუდი წარმოდგენა ჰქონდა. ფიქრობდა, რომ სულ რაღაცას მაკლებდა. სკოლის ყველა ღონისძიებაზე მოდიოდა, ყველა დაბადების დღეზე თუ ფეხბურთის ყველაზე უმნიშვნელო მატჩზეც კი. ღამეებს ათენებდა, რომ ემუშავა, დღეს კი ჩემთან ატარებდა.
ლილეს ყელში რაღაც მოებჯინა. უცებ ძალიან ნათლად დაინახა პატარა ბიჭი, რომელსაც ახალგაზრდა მამა, თვითონაც ბავშვი, ზრდიდა.
—რამდენჯერ ვცადე ვინმესთან შემეხვედრებინა, იცი?— მანუჩარმა სიცილით გააგრძელა,— არავის უყურებდა. მეუბნებოდა "ჯერ შენ უნდა გაიზარდოო", ახლა კი მგონია, პირველად აღარ ვნერვიულობ.
—რატომ?
—იმიტომ, რომ გავიზარდე. ახლა თუ ვინმე შეუყვარდება, ყველაზე ბედნიერი მე ვიქნები.
ლილემ უნებურად თვალები დახარა.
—ნამდვილად?
—რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი პირობით.
—რა პირობით?— ინტერესით შეხედა გოგონამ.
მანუჩარმა მხიარულად გაიღიმა.
—უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც მეც შევიყვარებ,— შემდეგ ყოველგვარი დაფიქრების გარეშე დაამატა,— შენნაირი, მაგალითად.
ლილეს თვალები გაუფართოვდა. ზუსტად იმ წამს კაბინეტის კარი გაიღო. გეგი ზღურბლთან იდგა ისეთი სახით, რომ აშკარა იყო, საუბრის ბოლო ნაწილი მოისმინა.
სამივე რამდენიმე წამით გაჩუმდა. მანუჩარმა ჯერ ლილეს შეხედა, მერე მამას და წარბები შეკრა.
—რა იყო? ასე რატომ მიყურებთ? რამე სისულელე ვთქვი?
გეგიმ ძლივს შესამჩნევად გაიღიმა.
—არა. არაფერი.
მანუჩარმა მხრები აიჩეჩა.
—უცნაურები ხართ ორივე.
ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სტვენით გავიდა დერეფანში. ოთახში კი სიჩუმე ჩამოწვა.
გეგი და ლილე ერთმანეთს მხოლოდ რამდენიმე წამით უყურებდნენ, არც ერთს არაფერი უთქვამს, მაგრამ იმ რამდენიმე წამში ორივემ ერთი და იგივე რამ გაიფიქრა, მანუჩარი არასოდეს ყოფილა მათთვის დაბრკოლება.

...

იმ საღამოს ლილე ჩვეულებრივზე გვიან დაბრუნდა სახლში. კიბეებს ნელა აუყვა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კარი გააღო. სახლში უჩვეულო სიჩუმე იდგა. ერთი წამით გაიფიქრა, იქნებ მამა არ იყო სახლში. მაგრამ შემდეგ მისაღებიდან ნაცნობი ხმა გაისმა.
—ახლა მოხვედი?
ალკოჰოლის სუნი დერეფანშიც იგრძნობოდა. დედა კედელთან იდგა და სახეზე შიში ეწერა. ლილემ ჩანთა იატაკზე დადო.
—სამსახურში ვიყავი.
—მე კი გელოდებოდი.
—არ ვიცოდი.
—არ იცოდი,— კაცმა ჩაიცინა,— რამდენჯერ უნდა გითხრა, ჯერ ოჯახია და მერე დანარჩენი ყველაფერი.
ლილემ დედას გახედა, ქალს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
—გურამ...
—გაჩუმდი!
დედა შეხტა, ლილემ კი ინსტინქტურად წინ გადადგა ნაბიჯი.
—ნუ უყვირი.
ეს ორი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა, მამამ ხელი ძლიერად ჰკრა. ლილემ წონასწორობა დაკარგა და ზურგით სკამის კიდეს დაეჯახა. შემდეგ გვერდით,
მკერდში ისეთი ტკივილი იგრძნო, რომ სუნთქვა შეეკრა. იატაკზე მუხლებზე დაეცა.
—ლილე!— დედა მისკენ გაიქცა.
კაცმა ისევ რაღაც დაიყვირა, მაგრამ ლილეს აღარ ესმოდა. ყურებში უსიამოვნოდ უწუოდა, სუნთქვის ყოველი მცდელობა დანის დასმას ჰგავდა. გოგონამ გაიგო როგორ გამოიძახა დედამ სასწრაფო და გონება დაკარგა.

...

მეორე დილით ოფისში ლილეს ადგილი ცარიელი იყო. გეგიმ საათს დახედა.
ცხრა საათი.
ცხრა და ათი წუთი.
ცხრა და ოცი.
გოგონა არასოდეს აგვიანებდა, მით უმეტეს მისი ხასიათით, რაიმე რომც მომხდარიყო გზად, აუცილებლად შეატყობინებდა.
ტელეფონი აიღო და გოგონას ნომერი აკრიფა. არავინ უპასუხა. მეორე და მესამე მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.
დილა უჩვეულოდ გრძელი აღმოჩნდა. გეგი უკვე მეხუთედ რეკავდა ლილესთან, მაგრამ პასუხს ისევ არავინ სცემდა. მეექვსედ უფრო ინსტინქტუტად დარეკა და რამდენიმე გრძელი ზარის შემდეგ უცნობი ქალის ხმა გაისმა.
—გისმენთ.
გეგი ერთ წამს გაჩუმდა.
—ლილე ლომიძეს ვურეკავ,— ქალი ჯერ გაჩერდა, მერე კი ჰკითხა.
—თქვენ ვინ ბრძანდებით?
—მისი... უფროსი,— ეს სიტყვა პირველად მოეჩვენა არასაკმარისად გეგის. ეს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი თანამდებობა იყო, მეტი არაფერი.
—ქალბატონი ლომიძე ამჟამად პალატაშია,— გეგის თითები ტელეფონს ძლიერად შემოეჭიდა.
—რა მოხდა?
—ღამით სასწრაფომ შემოიყვანა. რამდენიმე ნეკნის მოტეხილობა აქვს, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია. თუ ოჯახის წევრი არ ბრძანდებით, მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.
—მხოლოდ ერთი რამ მითხარით, რომელ საავადმყოფოშია?
რამდენიმე წამი გეგი გაუნძრევლად იდგა პასუხის მიღების მერე, შემდეგ კი გასაღები აიღო.
არც არავისთვის უთქვამს რამე, არც შეხვედრები გაუუქმებია. უბრალოდ წავიდა. პირველად ცხოვრებაში მიატოვა სამუშაო ადგილი და წავიდა.

...

პალატაში სიჩუმე იდგა. ფანჯრიდან შემოდგომის რბილი მზე შემოდიოდა. ლილეს მშვიდად ეძინა, სახე უჩვეულოდ გაფითრებოდა. ხელზე კი გადასხმის სისტემა ეკიდა.
გეგი კართან რამდენიმე წამით გაჩერდა, შემდეგ ნელა მივიდა საწოლთან და ჩამოჯდა. გოგონას ხელს ძალიან ფრთხილად შეეხო, თითქოს ეშინოდა, ტკივილი არ მიეყენებინა.
რამდენიმე წუთში ლილემ თვალები გაახილა. რამდენიმეჯერ დაახამხამა და როგორც კი ფოკუსი გაასწორა, ჯერ ჭერს შეხედა, შემდეგ კი გეგის.
—არ უნდა მოსულიყავით,— ჩურჩულით თქვა.
გეგიმ თავი ოდნავ გააქნია.
—უნდა მოვსულიყავი.
—ყველაფერი უფრო გართულდება.
—უკვე გართულებულია,— უპასუხა გეგიმ.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ამ სიჩუმეში აღარ იყო უხერხულობა. მხოლოდ დაღლილობა საკუთარ თავთან ბრძოლისგან.
ლილემ ძლივს გაიღიმა.
—მაინც ვერ მოვახერხე, რომ პრობლემა არ ვყოფილიყავი.
გეგიმ კი შეაწყვეტინა.
—აღარასოდეს თქვა ეგ,— მის ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა, მაგრამ არა ბრაზი,— პრობლემა არასოდეს ყოფილხარ.
ლილეს თვალები ცრემლით აევსო.
—მაშინ რატომ მეშინია სულ?
გეგი დიდხანს დუმდა, შემდეგ ძალიან მშვიდად უთხრა:
—იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება გასწავლიდნენ, რომ მარტო უნდა გებრძოლა,— მისი ხელი ისევ ლილეს ხელზე იდო,— ამჯერად მარტო აღარ დარჩები.
ლილემ თვალები დახუჭა, ერთი ცრემლი ჩუმად ჩამოუგორდა ლოყაზე. პირველად არ რცხვენოდა საკუთარი სისუსტის.
—მართლა?— კითხა ისე, როგორც ბავშვი ეკითხება ადამიანს, რომლისაც პირველად დაიჯერა. გეგიმ მხოლოდ თავი დაუქნია.
—მართლა.
გეგიმ შუბლი მის შუბლს მიადო და თვალები დახუჭა.
—დანარჩენს ერთად მოვაგვარებთ.

...

გაზაფხული ისევ დაბრუნდა ქალაქში, ხეები ისევ აყვავდა და ქალაქიც თითქოს უფრო ნათელი გახდა.
ლილე უნივერსიტეტს ამთავრებდა და სამსახურსაც აგრძელებდა, ოღონდ უკვე სხვა ბინიდან დადიოდა.
იმ სახლში, სადაც შიშში ცხოვრობდა, აღარ დაბრუნებულა. დედამაც ბოლოს გაბედა და ისიც წამოვიდა. მამა მარტო დარჩა ზუსტად იმ სიჩუმესთან, რომელსაც მთელი ცხოვრება სხვებს უტოვებდა.
ერთ შაბათს მანუჩარმა ისევ მთელი ოჯახი თავის სახლში შეკრიბა, ეზოში მწვადი იწვებოდა, მუსიკა კი ხმამაღლა უკრავდა.
როგორც ყოველთვის, ყველაზე ხმამაღლა თვითონ იცინოდა. გეგი გრილს უვლიდა, ლილე კი გვერდით ედგა და ინტერესით უყურებდა.
მანუჩარი მოულოდნელად მათ შორის ჩადგა, ორივეს მხარზე ხელი გადახვია.
—ახლა მაინც მეტყვით ამდენი თვე რას მიმალავდით?
გეგიმ და ლილემ ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ ერთდროულად გაეცინათ. მანუჩარმა გაოცებულმა წარბები აზიდა.
—მოიცა... მართლა?
არც ერთმა არაფერი უპასუხა, პასუხი არც იყო საჭირო. მანუჩარმა ჯერ მამას შეხედა, შემდეგ ლილეს და ისე ფართოდ გაიღიმა, როგორც მხოლოდ მას შეეძლო.
—კარგი. მაშინ ერთი რამ იცოდეთ, თუ ვინმე გაწყენინებთ, ჯერ ჩემთან ექნება საქმე.
სამივეს გაეცინა.
გეგიმ ხელი ლილეს ხელში ჩააცურა, ამჯერად აღარ დაუმალავს, თუმცა აღარც იყო საჭირო, რადგან სიყვარული, რომლისაც ამდენი ხანი ეშინოდა, მასაც ეწვია. მანაც იპოვა ის, რასაც ყოველთვის ეძებდა - სახლი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent