შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი 8)


გუშინ, 22:25
ავტორი თინათინი10
ნანახია 26

მანქანა მთელი სისწრაფით მიიწევდა გუგასკენ.
- ნიკოლასსსს! გააჩერეეეე!! - ნინის გამაყრუებელმა კივილმა მანქანა თითქოს გააპო, გუგას თვალებში შიში ასახულიყო, მანქანა სულ რამდენიმე მეტრში იყო, ნიკოლასმა ფეხი მუხრუჭს მთელი ძალით დააჭირა, საბურავების საშინელმა ხრჭიალმა ქუჩა გააყრუა, მანქანა სრიალით გაჩერდა, ზუსტად გუგას ფეხებთან, მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი აშორებდა მას მანქანისგან,
ყველაფერი ერთ წამში გაჩუმდა, ნიკოლასი საჭესთან ჩაბღაუჭებული იჯდა და გაშტერებული უყურებდა საქარე მინიდან გუგას, გუგაც გაქვავებული იდგა,
ნინი შოკირებული და სუნთქვა აჩქარებული იყო
- გუგაა! - მან კარი სწრაფად გააღო და მანქანიდან თითქმის გადმოხტა. გუგასკენ გაიქცა, ორივე ხელი შემოხვია და გულში ჩაიკრა.
- ღმერთო ჩემო... გუგა - რამდენჯერმე სახეზე აკოცა, თმაზე ხელი გადაუსვა, თითქოს საკუთარი თვალით უნდა დარწმუნებულიყო, რომ ცოცხალი და უვნებელი იყო.
- კარგად ხარ? სადმე გტკივა? მითხარი!
- კარგად ვარ, ნინი... - გუგა ჯერ კიდევ შოკში იყო, ნიკოლასი მათ აღარ უყურებდა, მან საჭეს დახედა, ხელები უკანკალებდა, რამდენიმე წამი ასე იჯდა,
შემდეგ მანქანა დაქოქა და ადგილიდან მოწყვეტით დაიძრა, ცოტა მოშორებით მანქანა გააჩერა.
- რას აკეთებ, რას აკეთებ?! - კბილებში გამოსცრა საკუთარ თავის მიმართ, ორივე ხელი საჭეს დაჰკრა.
- ლამის ბავშვი მოკალი! - კიდევ ერთხელ დაარტყა საჭეს.
- გაგიჟდი?! იდიოტო! - სუნთქვა მძიმე ჰქონდა, თვალები დახუჭა და რამდენიმე წამით თავი საჭეს მიადო..მის გონებაში ისევ ის წამი ტრიალებდა - გუგას სახე, მანქანის წინ გაშეშებული სხეული და ის რამდენიმე სანტიმეტრი, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა.
- ჯანდაბა... - მის ხმაში ამჯერად ბრაზი აღარ იყო, მხოლოდ სინანული..მან მანქანა დაძრა და უკან დაბრუნდა, მაგრამ გუგასა და ნინისგან მოშორებით გააჩერა, იქ აღარ მისულა, მხოლოდ შორიდან უყურებდა.

ნინი კი ჯერ კიდევ გუგას ეფერებოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა დარწმუნდა, რომ მას არაფერი სჭირდა, მოულოდნელად ყურში ხელი წაავლო.
- ახლა კი მითხარი, როდემდე უნდა მანერვიულო, გუგა?! როდემდე?!
- მეტკინა, ნინი...
- უნდა გეტკინოს!! რა ჯანდაბა მოხდა კიდევ?!
- მაპატიე... მე და ჩემმა ძმაკაცებმა ვიჩხუბეთ და...
- მერე?!
- ისეთი არაფერი... ერთ-ერთმა დანა მომიქნია... მე გამოვიქეცი და... - ნინის თვალები გაუფართოვდა
- ერთმა დანა მოგიქნია და „ისეთი არაფერი“ არ მომხდარა?! შენ გააფრინე?!
- კარგად ვარ, ხომ ხედავ. არაფერი მომხდარა.
- მაგრამ რომ მომხდარიყო?! მერე რა მექნა, გუგა?! რა მექნა?! ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ?! - გუგამ თავი დახარა.
- მაპატიე... - ნინიმ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა, ბრაზზე მეტად ახლა შიში ახრჩობდა.
- სახლში წამოდი! - ტაქსი გააჩერა.
- დღეიდან სახლიდან ფეხს ვერ გაადგამ! ან ჩემს წესებს დაემორჩილები, ან საერთოდ მიბრძანდები ჩემი ცხოვრებიდან! - გუგამ აღარაფერი თქვა, ორივე ტაქსიში ჩაჯდა, რამდენიმე წუთი სრული სიჩუმე ჩამოწვა..გუგა ფრთხილად იჯდა მის გვერდით და რამდენჯერმე გახედა ნინის, ბოლოს ძლივს გაბედა.
- ნინი...
- რა გინდა?
- ის ბიჭი...- ნინის თვალები მაშინვე გამკაცრდა.
- რა ბიჭი?
- ის... საიდან აღმოჩნდა იქ? ან შენთან ერთად რა უნდოდა? ის ხომ ისაა მე რომ.. - ნინიმ ნელა მოაბრუნა თავი მისკენ, მის თვალებში ისეთი ბრაზი გაჩნდა, რომ გუგამ მაშინვე ინანა კითხვის დასმა.
- კი, ისაა! - ნინის ხმაში ზიზღი და ბრაზი ერთმანეთში აირია
- ისაა, შენი წყალობით ჩვენს მოუშორებელ ჭირად რომ იქცა! - გუგამ ცოტა ხანს ხმა ვერ ამოიღო.
- და იქ როგორ აღმოჩნდა? - ნინიმ ფანჯარაში გაიხედა.
- ნუღარ მეკითხები, გუგა.. უბრალოდ დამასვენე ცოტახანს - ნინის გონებაში
ნიკოლასი ტრიალებდა, ხელები მუშტად შეკრა, ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა, ნიკოლასს რომ შეხვდებოდა, საერთოდ არ იცოდა, შეძლებდა თუ არა თავის შეკავებას, იმ წამს ისეთი ბრაზი ჰქონდა, რომ გულში მხოლოდ ერთი სურვილი უტრიალებდა - საკუთარი ხელით დაეხრჩო.


- ხაჭაპურიც მზადაა, შეგვიძლია დავსხდეთ! - გამოსძახა ბებომ სამზარეულოდან, რამდენიმე წუთში ოთხივე სუფრას მიუსხდნენ - ბებია, ბაბუა, გიორგი და მეგი. მეგის სახეზე ჩვეული, თავდაჯერებული ღიმილი ჰქონდა აკრული, თითქოს ამ სახლში მოსვლა და გიორგის გვერდით ჯდომა ყველაზე ბუნებრივი რამ იყო მსოფლიოში, გიორგი კი სრულიად საპირისპიროდ გამოიყურებოდა. ცივი, უჟმური სახით იჯდა და საჭმელს თითქმის მექანიკურად ეხებოდა. ამ საღამოს სულ სხვა რამ ჰქონდა დაგეგმილი, ნინის ელოდა.
ახლა კი მის ნაცვლად მეგი იჯდა მის გვერდით.
- ნინი არ მოვა? - იკითხა ბაბუამ, მეგიმ უპასუხა გიორგის ნაცვლად
- ვერა... ნინიმ სამსახურის გამო ვერ შეძლო მოსვლა. ამიტომ, თქვენთან უხერხულად რომ არ გამოსვლოდა, მე მთხოვა მოვსულიყავი - გიორგიმ თვალები აატრიალა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- შენც საკონდიტროში მუშაობ, შვილო? - დაინტერესდა ბებია.
- დიახ, მეც იქ ვმუშაობ.
- ნიკოლასის ბიძაშვილია - ჩაერთო გიორგი მშრალი ხმით
- ქალბატონი შორენას ძმისშვილი.
- ოოო, მართლა? - ბებიას გაუხარდა
- ნიკოლასი ძალიან გვიყვარს. გიო და ნიკოლასი ბავშვობიდან მეგობრობენ.
- დიახ, ვიცი - გაიღიმა მეგიმ და გიორგის გადახედა, მის მზერაში აშკარა კეკლუცობა იყო, გიორგიმ ისე შეხედა, თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდა. მეგი, რა თქმა უნდა, ვერ ჩერდებოდა, ხან რაღაცას ეხმარებოდა ბებიას, ხან გიორგისკენ იხრებოდა, ხან მხარზე მსუბუქად ეხებოდა, თან ისეთი ღიმილით ესაუბრებოდა, თითქოს ამ ოჯახში წლებია დადიოდა.
- ბებო, ეს ხაჭაპური თქვენ გააკეთეთ? საოცრად გემრიელია. გიორგის ნამდვილად გაუმართლა ასეთი ბებია რომ ჰყავს.
- ჰოო, ბავშვობიდან ვანებივრებ!
- ეტყობა - გაეღიმა მეგის და გიორგის გადახედა, რომელმაც უსიტყვო უემოციო მზერა ესროლა გოგონას.. ცოტა ხნის შემდეგ მეგი საპირფარეშოში გავიდა,
როგორც კი კარი დაიხურა, ბებიამ გიორგის გადახედა.
- რატომ ეუხეშები, შვილო? - გიორგიმ ამოიოხრა.
- იმიტომ, რომ თავხედი და უზრდელი გოგოა. არ მიყვარს ასეთი უტიფარი გოგოები! - ბაბუამ უცებ მკაცრად შეხედა.
- ის წითური გირჩევნია? - გიორგი დაიბნა.
- რა შუაშია ნინი?
- გეკითხები, ის გირჩევნია? - გიორგიმ რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოიღო,
შემდეგ მშვიდად, მაგრამ უყოყმანოდ უპასუხა:
- კი! - ბაბუამ წარბი ასწია
- ნინისთან მისი შედარებაც კი არ შეიძლება - ზუსტად ამ დროს საპირფარეშოს კარი გაიღო, მეგი ოთახში შემოვიდა, ყველა უცებ გაჩუმდა, მეგიმ ყველას სათითაოდ გადახედა.
- რა მოხდა?
- არაფერი შვილო, მოდი დაჯექი - მაშინვე უპასუხა ბებიამ, მეგის ოდნავ დაეჭვებულს გაეღიმა, მაგრამ აღარაფერი უკითხავს, რამდენიმე წუთში ფეხზე წამოდგა.
- კარგი, მგონი უკვე წასვლის დროა -
გიორგი მაშინვე წამოდგა.
- უკვე მოვიდა დრო? ვერ დაგაყოვნებ, ძვირფასო - ბებიამ მაგიდის ქვეშ ფეხზე მსუბუქად უჩქმიტა, გიორგიმ მისკენ გაკვირვებულმა გაიხედა,მეგის კი გაეცინა.
- არ გამაცილებ, ძვირფასო?
- გთხოვთ... - გიორგი კარისკენ გაჰყვა,
როგორც კი გარეთ გავიდნენ, მეგი გაჩერდა.
- თუ გინდა, გავისეირნოთ სადმე - თითებით საყელოსთან წაეთამაშა
- არ მინდა!
- ნაწყენი ხარ, შენი სტუმარი რომ არ მოვიდა? - გიორგიმ თვალები მოჭუტა.
- მეგი, ნუ ბოდავ. მიდი, წადი - მეგიმ რამდენიმე წამით ჩუმად უყურა, შემდეგ ნელა მიუახლოვდა, გიორგიმ უკან დახევა არ სცადა, მეგის მზერა მის თვალებს ჩამოსცდა და ტუჩებზე შეჩერდა, ღიმილი შეეპარა.
- თუ წასვლა არ მინდა? - გიორგის სახე დაეძაბა.
- მეგი... - მაგრამ გოგო უკვე ძალიან ახლოს იდგა, ჯერ მხოლოდ ლოყასთან აკოცა, გიორგი გაქვავდა. შემდეგ მეგიმ ტუჩებით მის ყურთან გადაინაცვლა და ჩუმად, თითქმის ჩურჩულით უთხრა:
- ასე უფრო საინტერესო ხარ... - გიორგიმ თვალები დახუჭა, მეგიმ აკოცა, თავიდან გიორგი არ განძრეულა, შემდეგ თითქოს თავისივე ნების წინააღმდეგ უპასუხა კოცნას, მეგის ღიმილი კოცნის დროსაც კი არ გამქრალა, თითქოს ზუსტად ამას ელოდა..მაგრამ მალევე გიორგიმ გონს მოეგო, უცებ უკან დაიხია და მეგი ფრთხილად მოიშორა.
- საკმარისია - მეგი გაჩერდა, მის სახეზე კმაყოფილი ღიმილი გაჩნდა.
- მაინც ვერ გაძელი, ვერ ჩააბარე ტესტი! - გიორგიმ არაფერი უპასუხა, უბრალოდ შეტრიალდა, სახლის კარი გააღო და შიგნით ბურტყუნით შევიდა
- ეს გოგო ჩვეულებრივი მოძალადეა! ავადმყოფი! - მეგი რამდენიმე წამით ისევ იქ იდგა, შემდეგ კმაყოფილს გაეღიმა, საჭეს მიუჯდა, პომადა შეისწორა, სარკეში საკუთარ თავს გადახედა და კმაყოფილმა ჩაიღიმა.
- ვნახოთ, რამდენ ხანს გამექცევი, გიორგი...

ნიკოლასი სახლში თითქმის სირბილით შევიდა, სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა.
კარი ძლიერად მიიჯახუნა და რამდენიმე წამით ზურგით მიეყრდნო კედელს,
თვალები დახუჭა..ისევ ის კადრი დაინახა, გუგა..მანქანის წინ, მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი...ნიკოლასმა თვალები გაახილა და ოთახში წინ და უკან დაიწყო სიარული.
- რას აკეთებდი, ნიკოლას?.. - ჩაილაპარაკა თავისთვის. თითები თმაში შეიცურა.
- რას აკეთებდი, შე იდიოტო.. - მაგრამ პასუხი არ ჰქონდა, იმ წამს გონებაში მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა, მუხრუჭზე ერთი წამით გვიან რომ დაეჭირა რა მოხდებოდა...ნიკოლასმა თავი გააქნია.
- ჯანდაბა!! - სავარძელში მძიმედ ჩაეშვა, თითქოს ერთიანად გამოეცალა ძალა, რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ პულტი აიღო და ტელევიზორი ჩართო. ეკრანზე, როგორც ყოველთვის, ფეხბურთი იყო, მის სახლში თითქმის ყოველთვის ფეხბურთი გადიოდა. მწვანე მოედანი, სტადიონით სავსე ხალხი,
ბრბოს ყვირილი..მოთამაშეები, რომლებიც ერთმანეთს სწრაფად გადასცემდნენ ბურთს, ნიკოლასი თავიდან უემოციოდ უყურებდა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ მისი მზერა შეიცვალა..ბურთი ფლანგიდან ცენტრში გადავიდა, ერთი პასი, მეორე..შემდეგ თავდამსხმელმა ბურთი მიიღო, ნიკოლასმა უნებურად წინ გადაიწია.
- მიდი!.. - ფეხბურთელი მეტოქის საჯარიმოში შევიდა.
- მიდი, მიდი...ახლა უნდა დაარტუა! - დარტყმის მომენტი, ნიკოლასმა სუნთქვა შეიკრა.
- დაარტყი! - ფეხბურთელმა დაარტყა, ბურთმა კარს რამდენიმე სანტიმეტრით ჩაუარა.
- არააა! - ნიკოლასი ფეხზე წამოიწია.
- ააცილა, კრეტინმა! - მაგრამ მისი ხმა უცებ ჩაწყნარდა, ეკრანს მიაშტერდა და სადღაც, ძალიან ღრმად, უკვე სხვა მოედანი დაინახა..სხვა დრო..საკუთარი თავი, ბურთი ფეხებთან, სტადიონი, ხალხის ყვირილი, მეგობრები, მწვრთნელი..ის შეგრძნება, როცა იცი, რომ ახლა შენზეა ყველაფერი დამოკიდებული.
- მე...- ტუჩებზე მწარე ღიმილი შეეპარა.
- მე იქ რომ ვყოფილიყავი... - ნიკოლასმა თითქმის ჩურჩულით დაამატა:
- აუცილებლად გავიტანდი.. - რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა, შემდეგ გაეცინა.
თავიდან მსუბუქად, შემდეგ უფრო ხმამაღლა.
- აუცილებლად გავიტანდი... - თვალები აენთო, სახეზე ტკივილი გამოესახა და თითქოს თვითონაც ვერ მიხვდა, როდის გადაეზარდა სიცილი თითქმის ტირილში,
თავი უკან გადააგდო და ხმამაღლა გაიცინა.
- რა სასაცილოა... - ხმა ჩაეხლიჩა.
- მართლა რა სასაცილოა.. - თვალები დახარა, ეკრანზე ფეხბურთი ისევ გრძელდებოდა, მაგრამ ნიკოლასი აღარ უყურებდა, ნელა წამოდგა, ღრმად ჩაისუნთქა ერთხელ, მეორედ, შემდეგ მთელი ძალით დაავლო ხელი გვერდით მდგარ მძიმე სკამს და მთელი ძალით მოიქნია.. სკამი პლაზმურ ტელევიზორს მოხვდა, ეკრანი სულ ჩაიფშვნა..თითქოს არ ეყო, შემდეგ მეორედ დაარტყა, მინის ნამსხვრევები იატაკზე მიმოიფანტა, ნიკოლასი კი შუა ოთახში იდგა, სწრაფად სუნთქავდა, ყვიროდა, მაგრამ თითქოს თვითონაც აღარ იცოდა, ვის ეჩხუბებოდა.
ცხოვრებას? საკუთარ თავს? წარსულს? იმ დღეს? გუგას? თუ იმ ადამიანს, ვინც ოდესღაც თვითონ იყო?!

იმავე წამს სადარბაზოში ნინი და გუგა შემოვიდნენ, მოულოდნელმა მტვრევის ხმამ ორივე შეაკრთო
- რა ხმებია? რა ხდება? - გუგამ შეშინებულმა შეხედა, ნინიმ რამდენიმე წამით კარისკენ გაიხედა, მის თვალებში ჯერ კიდევ ის ბრაზი იდგა, რომელიც ნიკოლასის მიმართ გზიდან მოჰქონდა.
- სახლში შედი და დამელოდე.
- სად მიდიხარ? - ნინიმ უკვე ნაბიჯი გადადგა კარისკენ.
- სახლში დამელოდე, გუგა! - ნინი ნელა მიუახლოვდა კარს..

ნინიმ სახელურს ხელი მოჰკიდა, ნელა, ძალიან ნელა ჩამოსწია. შიგნიდან კიდევ ერთი მძიმე ხმა გაისმა, ნინიმ ღრმად ჩაისუნთქა და კარი უცებ გააღო, ოთახში შევარდა. ნიკოლასს ამ დროს სკამი უკვე ჰაერში ჰქონდა აწეული, ნინის დანახვაზე ხელი გაუშეშდა, რამდენიმე წამით ორივე ერთმანეთს მიაშტერდა, ნინის თვალები ბრაზისგან ელავდა, არ უფიქრია, არც ის გახსენებია, ვის წინაშე იდგა. მისკენ მივარდა და ხელი ძლიერად ჰკრა.
- რას აკეთებ?! - ნიკოლასი წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა, ნინიმ მეორედ ჰკრა ხელი, სკამი ხელიდან გაუვარდა,
კედელს მიანარცხა.
- რას აკეთებ, რას?! - იღრიალა ნინიმ
- ადამიანი ხარ თუ ცხოველი?! - ნიკოლასმა გაოგნებულმა შეხედა, მაგრამ ნინის საერთოდ არ აინტერესებდა, მის წინ ვინ იდგა.
- ჩემი ძმა ლამის მოკალი! გესმის?! ლამის მოკალი!
- წადი აქედან! - დაუღრიალა ნიკოლასმა.
- შენი საქმე არ არის!
- ჩემი საქმეა! ის ჩემი ძმაა! - ნინი ერთი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა.
- ჩემი ძმაა! ჩემი ოჯახია! მე მის გარდა არავინ მყავს! და შენ... შენ მანქანით გინდოდა მოგეკლა!! მას რომ თმიდან ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს ჩემი ხელით მოგკლავ!! - ნიკოლასმა კბილები ერთმანეთს დააჭირა.
- არ მინდოდა!
- მაგრამ გააკეთე!
- ბრაზმა შემიპყრო! - უღრიალა
- თავი ვერ გავაკონტროლე! იცი რა არის ყველაზე სასაცილო?! მისი ბრალია! დღეს ამ ყველაფერს რომ ვაკეთებ და ბისკვიტებსა და კრემებში ვტრიალებ.. ტორტებს ვითვლი, რამდენი კილოგრამი ფქვილი გვაქვს საწყობში! ვფიქრობ სად ვიშოვოთ ინგრედიენტები ნატურალური პროდუქტები.. ვისმენ, რამდენი ნაჭერი უნდა იყოს, რამდენი კრემი წავიდა.. -
მისი ხმა სულ უფრო მაღლა იწევდა.
- აი, ჩემი ცხოვრება! ბისკვიტები! კრემები! ტორტები! საწყობის ანგარიშები! შეკვეთები! საკონდიტრო! - ნიკოლასმა მუშტი მაგიდაზე დაარტყა.
- მე წესით მოედანზე უნდა ვიყო!
- შენ როგორი ცუდი ადამიანიც ხარ, ისეთივე ცუდი ფეხბურთელიც იქნებოდი!-თავი ვერ შეიკავა ნინიმ, ნიკოლასი გაჩერდა, ეს სიტყვები ბოლო წვეთი აღმოჩნდა
- დიდად ნუ დაიწყვეტ გულს! - ნიკოლასის სახიდან ყველაფერი გაქრა, შემდეგ მის თვალებში ისეთი რამ აინთო, რომ ნინიმ უნებურად უკან დაიხია, ნიკოლასი მისკენ ელვის სისწრაფით მივარდა, ნინის ზურგი კედელს მიეჯახა..ნიკოლასმა ხელი მის გვერდით კედელს დაარტყა და მეორე ხელით მაჯაში ჩაავლო.
- შენ რა იცი?! - მისი ხმა მთელ ოთახში გაისმა
- შენ რა იცი, მე როგორი ფეხბურთელი ვიყავი?! - ნინის თვალები გაუფართოვდა,
ნიკოლასი სულ უფრო ახლოს იწევდა თან ხმას უმატებდა
- საიდან იცი, მე რამხელა პოტენციალი მქონდა?! - ნინიმ ხმა ვერ ამოიღო,
ნიკოლასის სახე სულ რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული მისგან..
მათი თვალები ერთმანეთს შეეჯახა,
ნინის თვალებში შიში ჩანდა, მაგრამ უკან დახევას მაინც არ აპირებდა
- არ იცი! არაფერი იცი! - იღრიალა მან,
ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა, თუმცა მალევე თითქოს თვითონვე შეეშინდა საკუთარი ძალის.
- ეს აღარ გაიმეორო... - ხმა ჩაეხლიჩა,
მაგრამ შემდეგ ისევ მთელი ძალით დაიყვირა:
- მე ვარსკვლავი უნდა ვყოფილიყავიიი! -
მისმა ხმამ კედლები თითქოს შეაზანზარა,
ნინი კედელთან მიკრული იდგა, პატარა, მობუზული..ეშინოდა, მაგრამ ცდილობდა, ეს შიში თვალებში არ გამოსჩენოდა..უცებ კარის ზღურბლთან მოძრაობა გამოჩნდა, ორივემ ერთდროულად გაიხედა..გუგა იდგა, ნიკოლასის მზერა მის მზერას შეხვდა, რამდენიმე წამით არც ერთს ხმა არ ამოუღია, შემდეგ ნიკოლასმა ნინის მაჯას ხელი უხმოდ გაუშვა, ნინიმ მაშინვე უკან დაიხია, გუგასკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა, ხელი ჩაავლო და კარისკენ წაიყვანა.
- წავედით.
- ნინი...
- ახლავე! - კარში გავიდნენ, ნინის უკან ერთხელაც აღარ მოუხედავს, კარი დაიხურა..

ნიკოლასი ოთახის შუაში მარტო დარჩა,
რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა.
შემდეგ ნელა დახედა საკუთარ ხელს..
მის მზერას იატაკზე დაყრილი ნამსხვრევები მოხვდა, დანგრეული ტელევიზორი, კედელთან მიყუდებული სკამი, ყველაფერი ქაოსში იყო.. მძიმედ ჩაეშვა სავარძელში, თავი საზურგეს მიადო და თვალები დახუჭა..გონებაში ისევ გაისმა ნინის სიტყვები:
„ისეთივე ცუდი ფეხბურთელი იქნებოდი.“ -
თვალები გაახილა, რამდენიმე წამი ჭერს უყურებდა..შემდეგ ჩუმად, თითქმის ბავშვური წყენით ჩაილაპარაკა:
- არ იცი...საერთოდ არაფერი იცი...

- ნინი... - გუგას ფრთხილმა ხმამ სიჩუმე დაარღვია, ნინი ფანჯარასთან იდგა და ხელებს ნერვიულად ისრესდა.
- რა არის?
- ის... ჩვენს გვერდით ცხოვრობს? -
ნინიმ მაშინვე გაიხედა მისკენ.
- გუგა, წადი დაიძინე.
- მიპასუხე, ნინი.
- გუგა... - მის ხმაში დაღლილობა და გაღიზიანება ერთმანეთში აირია
- აღარ გამამეორებინო! დაიძინე! -
გუგა რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა დას. მიხვდა, რომ ახლა კითხვას აზრი აღარ ჰქონდა..თავი უხმოდ დაუქნია და ოთახისკენ წავიდა.
- ღამე მშვიდობისა... - ნინის პასუხი აღარ გაუცია, როგორც კი გუგა ოთახში გაუჩინარდა, ნინიმ ღრმად ამოისუნთქა..
რამდენიმე წამი ერთ ადგილზე იდგა,
შემდეგ ისევ დაიწყო სიარული,
მისაღებიდან სამზარეულოში,
სამზარეულოდან უკან..ხელები ერთმანეთში ჰქონდა ჩაჭდობილი და სახეზე აშკარა ნერვიულობა ეტყობოდა,
ნიკოლასის ყვირილი ისევ ყურებში ჩაესმოდა, მისი თვალები..მისი სიტყვები...
„მე ვარსკვლავი უნდა ვყოფილიყავი!“
ნინიმ თავი გააქნია:
- იდიოტი... - მაგრამ ამჯერად ეს სიტყვა ისე მტკიცედ ვეღარ თქვა, როგორც ადრე..
ტელეფონი აიღო, რამდენიმე წამი ეკრანს უყურებდა, შემდეგ გიორგის ნომერი მოძებნა და დაურეკა, რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა.
- ნინი?
- მაპატიე, ასეთ დროს რომ გირეკავ, გიო.. -
გიორგიმ მაშინვე შეამჩნია მისი ხმა.
- აღელვებული ხმა გაქვს... მშვიდობაა? -
ნინის ტუჩები აუკანკალდა, ცრემლები თვალებში მოადგა.
- შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? ძალიან ცუდად ვარ... - ამ სიტყვებთან ერთად ცრემლები ლოყებზე ჩამოუგორდა,
გიორგი სავარძლიდან მაშინვე წამოხტა.
- ახლავე მოვდივარ, თხუთმეტ წუთში შენთან ვიქნები - ქურთუკი აიღო, ბებია და ბაბუა გაოგნებული უყურებდნენ, როგორ გაიქცა მათი ბიჭი კარისკენ.
- სად წავიდა? - გაკვირვებულმა იკითხა ბებიამ..ბაბუამ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა:
- ვერ გაიგონე? იმ გოგომ დაურეკა... -
ცოტა ხანს ჩუმად იყო, შემდეგ თავი გააქნია.
- მე საერთოდ არ მომწონს იმ გოგოს და ჩვენი ბიჭის სიახლოვე, ნელიკო!! საერთოდ არა - ბებიამ ჩუმად შეხედა ქმარს, მაგრამ ვერაფერი უთხრა..


თხუთმეტი წუთიც არ გასულა, როცა ნინის კარზე კაკუნი გაისმა, ნინი კართან მივიდა.
როგორც კი გააღო და გიორგი დაინახა, მთელი ის ძალა, რომლითაც ბოლო საათების განმავლობაში თავს იკავებდა, ერთიანად გამოეცალა.. თვალები ისევ ცრემლებით აევსო.
- გიო... - მასთან მივიდა და პირდაპირ გულში ჩაეკრა, გიორგიმ გაოცებულმა შემოხვია ხელები.
- რა დაგემართა? - ნინი არაფერს ამბობდა,
უბრალოდ ტიროდა.
- ნიკოლასმა გაწყენინა რამე? მითხარი, ნინი..
- რამე თუ დაგიშავა, სათანადოდ გავცემ პასუხს.
- არ არის საჭირო... - ნინიმ ძლივს ამოილაპარაკა.
- მართლა არ არის საჭირო. უბრალოდ... ძალიან ცუდად ვიყავი - ცრემლები ისევ ჩამოუგორდა.
- მინდოდა ვინმესთვის გული გადამეშალა... - გიორგიმ უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში.
- შენთან ყველაზე მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს - ნინიმ თავი მკერდზე მიადო, გიორგის სახეზე რაღაც ძალიან თბილი გამოესახა.
- დაწყნარდი, ძვირფასო... - თმაზე ხელი გადაუსვა, ნინი თვალებდახუჭული ჰყავდა გულთან მიხუტებული და ზუსტად იმ წამს...დერეფნის მეორე ბოლოში კარი გაიღო, ნიკოლასი გამოვიდა, გაჩერდა..
მისი მზერა მაშინვე მათზე შეჩერდა..გიორგის მკლავები ნინის გარშემო..ნიკოლასი რამდენიმე წამი სრულიად უძრავად იდგა, სახეზე ჯერ გაკვირვება დაეტყო, შემდეგ გაურკვეველი გაღიზიანება, თვალები შეეკუმშა, თავადაც ვერ გაეგო, რატომ აღიზიანებდა ეს სანახაობა ასე..ნინიმ ნელა ასწია თავი გიორგის მკერდიდან,
ჯერ კიდევ ცრემლიანი თვალებით შეხედა მას, მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent