შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი 11)


გუშინ, 20:38
ავტორი თინათინი10
ნანახია 951

ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოწოლილიყო..
ნინი დივანზე იჯდა, გვერდით კი გუგა ჩამომჯდარიყო. ორივე ჩუმად იყო.. გუგა იატაკს დაჰყურებდა, ნინი კი ხელებს ისე ძლიერად უჭერდა ერთმანეთს, თითები გაუთეთრდა, ნიკოლასი მათ მონაცვლეობით უყურებდა, მისი მზერა ბოლოს მაგიდაზე დადებულ, მოკუჭულ ფურცელზე შეჩერდა
- ისევ "13"? რა ჯანდაბას ნიშნავს ეს? ! -
პასუხი არავის გაუცია, ნიკოლასმა ჯერ ნინის შეხედა, შემდეგ გუგას. ორივე დუმდა, თითქოს მის კითხვა საერთოდ არ გაუგონიათ
- კარგი, გასაგებია - ჩაიბურტყუნა მან და ტელეფონი ამოიღო
- მაშინ პოლიციას გამოვიძახებ - ტელეფონზე ნომრის აკრეფაც ვერ მოასწრო, ნინი დივნიდან წამოხტა და ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა.
- არ არის საჭირო! - ნიკოლასმა გაოცებულმა შეხედა.
- უკაცრავად?
- პოლიციის გამოძახება არ არის საჭირო-მეთქი! - გაიმეორა ნინიმ და ტელეფონი ზურგს უკან დამალა
- და საერთოდ, რატომ ერევი ჩვენს საქმეში?! გული შეგტკივა ჩვენზე?! -
ნიკოლასმა წარბი ასწია.
- რა თქმა უნდა, არა! უბრალოდ, ვიფიქრე, რომ ადამიანს, რომელსაც ვიღაც აშინებს და ემუქრება, პოლიცია გამოადგებოდა, ვცდები?!
- შეგიძლია მიბრძანდე! რაც არ არის შენი საქმე, იმაში ცხვირს ნუ ყოფ! - ნიკოლასს
ნინის უხეშობა აშკარად არ მოეწონა. ყბა დაეჭიმა, მზერა გაუცივდა და რამდენიმე წამით ისე უყურებდა, თითქოს პასუხს არჩევდა - ისეთი მწარე რამ ეთქვა, რომ ნინის თავისი სიტყვები სანანებლად გახდომოდა, მაგრამ გოგონას სახეს რომ შეხედა, გაბრაზების მიღმა აშკარა შფოთვა დაინახა..ნინი იმდენად იყო განერვიულებული, რომ ხელები უკანკალებდა, თუმცა ამას ჯიუტად მალავდა, ნიკოლასმა ღრმად ამოისუნთქა.
- ჯანდაბაში წასულხარ! - ბოლოს მაინც ვეღარ შეიკავა თავი
- მხოლოდ გიოს გამო ჩავთვალე თავი ვალდებულად, დაგხმარებოდი! დაუნახავო! - ნინიმ ტუჩები მოკუმა, მაგრამ პასუხი არ გაუცია.
- რა გგონია, მართლა მაინტერესებს შენი საიდუმლოებები? - ნიკოლასმა თავი გააქნია და კარისკენ წავიდა.
- დახმარება მინდოდა, ღმერთო ჩემო! დახმარება! - ბუზღუნებდა გზაში
- მაგრამ არა, ქალბატონი ნინი ყველაფერს თვითონ მოაგვარებს! პოლიცია არ უნდა, კითხვები არ უნდა, დახმარება არ უნდა... აბა, რა უნდა?!თურმე მე ვყოფ ცხვირს სხვის საქმეში! ჭირს წაუღიხარ წითურო! უტაქტოო! - ჩაიბურტყუნა გაბრაზებულმა
- ჯერ ადამიანმა მადლობა უნდა თქვას, ელემენტარული აღზრდაა, წითურო, ელემენტარული! სულელო! ჩერჩეტო! თავქარიანო! - აგრძელებდა ლანძღვას, თითქოს ნინი ისევ მის წინ იდგა..ბოლოს საკუთარი თავის ბუზღუნიც მობეზრდა და გაჩუმდა..
- ჯანდაბა, ნიკოლას, შენ რა გინდა საერთოდ?! - შეუღრინა საკუთარ თავს
- ხომ გამოგაგდო?! ხომ გითხრა, შენი საქმე არ არისო?! ჰოდა, წადი სახლში და დაიძინე! - სწრაფად განაგრძო გზა.

ნინი რამდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა, შემდეგ მძიმედ ამოისუნთქა.
- ნინი, რა გააკეთე... მას ხომ დახმარება უნდოდა - ჩუმად თქვა გუგამ, ნინიმ მაშინვე შეხედა.
- გაჩუმდი, გუგა! ეგ ყეყეჩი რით უნდა დამეხმაროს?! თავისი თავი მაგარი ჰგონია! რა შეუძლია, ერთი მითხარი? იმ ამოუცნობ არსებას მოგვაშორებს? რას გამიკეთებს?!
- ხო, მაგრამ იქნებ...
- გეყოფა, გუგა! ეგ მაგარი დედამისის ფულებითაა, ვითომ კაცუნა - მკაცრად შეაწყვეტინა
- წამოდი, დავიძინოთ. ხვალ ისევ ადრე უნდა ავდგე, საკონდიტროში იმდენი საქმე მაქვს, თავზე საყრელად მეყოფა.-
გუგამ მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა, გატეხილი მინა ღამის სიბნელეში უსიამოვნოდ მოჩანდა.
- ფანჯარა? - ნინიმ ფანჯრისკენ გაიხედა და დაღლილმა შუბლზე ხელი გადაისვა.
- გიორგის ვთხოვ და ხვალ რამეს მოვუხერხებთ.. წავედით.. - გუგა უხმოდ გაჰყვა, ნინიმ ოთახი მოაწესრიგა, ფანჯარასთან ახლოს ფარდა ჩამოაფარა და კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა. სანამ საძინებელში შევიდოდა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ბინას - მისაღებს, დერეფანს, სამზარეულოს ჩაბნელებულ კუთხეს..თვითონაც არ იცოდა, რას ეძებდა..საწოლში დაწვა, საბანი მხრებამდე აიფარა, ჭერს უყურებდა და გონებაში დღის ამბებს ატრიალებდა. გატეხილი ფანჯარა, წერილი, გუგას შეშინებული სახე... შემდეგ კი ისევ ის შემზარავი ციფრი ამოუტივტივდა გონებაში..ნინიმ თვალები მაგრად დახუჭა.. რატომ ცამეტი? რატომ მაინცდამაინც ეს რიცხვი? და ყველაზე მნიშვნელოვანი - რომელ ცამეტში?
ხვალ? მომავალ თვეში? რამდენიმე თვეში? გულმა უცნაურად დაუწყო ცემა. საბანი უფრო მჭიდროდ შემოიხვია და გვერდი იცვალა, მას არ ეშინოდა მხოლოდ სიკვდილის. ეშინოდა იმის, რომ არ იცოდა, საიდან მოვიდოდა საფრთხე. არ იცოდა, ვინ იმალებოდა იმ მუქარების მიღმა, როგორ პოულობდა მის კვალს და რატომ არ ანებებდა თავს. არ იცოდა, სად უნდა დამალულიყო, ვის უნდა ნდობოდა ან როგორ დაეცვა გუგა, თუ ის უცნობი ადამიანი მათთან მისვლას კიდევ ერთხელ გადაწყვეტდა.. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა..არაერთხელ მიუღია მუქარა, არაერთხელ გაუღვიძია ღამით საკუთარი გულის გამალებული ცემისგან.. საწოლში წამოჯდა და სიბნელეში ოთახს გახედა, ყური მიუგდო სიჩუმეს, ცდილობდა გაერჩია, ხომ არ ისმოდა სადმე ნაბიჯები, კარის სახელურის მოძრაობა ან რაიმე უცხო ხმა..
- არაფერი მოხდება... - ჩაიჩურჩულა თავისთვის, თითქოს ამ სიტყვებით თავის დარწმუნებას ცდილობდა..ბოლოს, ვეღარ გაუძლო დაღლილობას და მძიმე, მოუსვენარ ძილს მიეცა, თუმცა მის სახეზე სიმშვიდის ნიშანიც არ ჩანდა, ხვალ ახალი დღე გათენდებოდა - კიდევ უფრო მეტი შეკვეთით, პასუხისმგებლობითა და აურზაურით საკონდიტროში..

დილა ნელ-ნელა იღვიძებდა..ნიკოლასმა ბინის კარი გამოიხურა და გასაღები ჯიბეში ჩაიცურა, როგორც ყოველთვის, გარეგნობისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცია. მასში რაღაც უცნაურად მიმზიდველი იყო, თითქოს ძალისხმევას საერთოდ არ ხარჯავდა, მაგრამ მაინც ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა..დღეს ღია ზეთისხილისფერი პერანგი ეცვა, რომლის ზედა ღილებიც თავისუფლად დაეტოვებინა გახსნილი. ქსოვილი მის განიერ მხრებსა და მკლავებს ბუნებრივად ერგებოდა, სახელოები კი იდაყვებამდე აეკეცა. ღია ფერის შარვალი, ძვირადღირებული საათი მაჯაზე და მოვლილი, ოდნავ არეული თმა მის იერს ერთდროულად ელეგანტურსა და უდარდელს ხდიდა. სახეზე მსუბუქი წვერი კიდევ უფრო გამოკვეთდა მის მკვეთრ ნაკვთებს..ნიკოლასს არასდროს უყვარდა ზედმეტი მორთულობა, მისი ჩაცმულობა ისეთივე თავდაჯერებული იყო, როგორიც თავად - თავისუფალი, დახვეწილი და ოდნავ გამომწვევი.
მეზობელი კარიდან ჩანთამოკიდებული გუგა გამოვიდა..ბიჭმა ნიკოლასს მოჰკრა თვალი, წამით შეყოვნდა და მორიდებით დაუქნია თავი მისალმების ნიშნად.
- დილა მშვიდობისა - ჩუმად თქვა,
ნიკოლასმა თავი დაუქნია.
- დილა მშვიდობისა - გუგამ მზერა აარიდა და კიბეზე სვლა განაგრძო, მის ყოველ მოძრაობაში იგრძნობოდა, რომ ნიკოლასთან თავს თავისუფლად ვერ გრძნობდა. რამდენიმე საფეხურიც არ ჰქონდა გავლილი, როცა ნიკოლასმა ვეღარ მოითმინა.
- გუგა! - ბიჭი შეჩერდა და ნელა შემობრუნდა, ნიკოლასი რამდენიმე წამით აკვირდებოდა, თითქოს სიტყვებს არჩევდა.
- ხომ ყველაფერი რიგზეა? კიდევ რამე ხომ არ მომხდარა?
- კი... ყველაფერი რიგზეა
- დარწმუნებული ხარ?
- დიახ - ნიკოლასმა წარბები ოდნავ შეკრა.
- ის ადამიანი... იცი, ვინ არის? რა უნდა თქვენგან? - გუგამ მხრები აიჩეჩა და მზერა იატაკისკენ დახარა.
- ჩვენც არ ვიცით.. ბოლო ერთი წელია ხშირად ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში..ასე გვაშინებს და გვემუქრება - ნიკოლასის გამომეტყველება მაშინვე შეიცვალა, სახიდან უდარდელი იერი გაუქრა, მზერა კი სერიოზული გაუხდა.
- ერთი წელია? - გაიმეორა ჩუმად
- და პოლიციას არ მიმართეთ? - გუგამ თავი გააქნია.
- არ ვიცი... - ნიკოლასს კიდევ ბევრი კითხვა ჰქონდა.
- თქვენი მშობლები სად არიან? შენ და ნინი სულ ასე მარტო ხართ?
- ჩვენ...
- გუგა! - დერეფანში ნინის ხმა გაისმა,
გოგონა ბინიდან ქარიშხალივით გამოვარდა, ჩანთა მხარზე გადაეკიდა და ძმას ისეთი მზერა ესროლა, რომ ბიჭმა მაშინვე დახურა პირი.
- სკოლაში დაგაგვიანდება! - გუგა უხმოდ შეტრიალდა და კიბეზე დაეშვა.
- ნახვამდის, ნიკოლას - მიაძახა წასვლისას.
- კარგად - უპასუხა ნიკოლასმა და თვალი გააყოლა, ნინის ირონიულად გაეღიმა
- ნეტავ, როდის დამეგობრდით ასე ძალიან? რა საინტერესოა! - მიაძახა კიბეზე გუგას, შემდეგ ნიკოლასს მიუბრუნდა, ნიკოლასმა წარბი ასწია.
- რას ცდილობ? ბავშვისგან გინდა ინფორმაციის გამოტყუება?! -
ნიკოლასს სახიდან ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა.
- უბრალოდ ვკითხე, ყველაფერი რიგზე გქონდათ თუ არა.
- ჩემი ცხოვრება შენი საქმე არ არის! საერთოდ არაფერი არ არის შენი საქმე ჩემი ოჯახის შესახებ! არ გენდობი, გესმის?! - ხმას აუწია ნინიმ
- მეტიც, ვერ გიტან! ყველა უბედურება, რაც ბოლო დროს თავს დამტყდომია, შენი ბრალია! - ნიკოლასს ყბა დაეჭიმა.
- ჩემი ბრალია? - გაიმეორა მან.
- დიახ, შენი! - ნიკოლასს მოთმინება ამოეწურა, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და ნინი კედელთან მოიმწყვდია, გოგონამ თავი მაღლა ასწია და თვალებში შეუპოვრად შეხედა, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიახლოვე აშკარად აღიზიანებდა.
- ჯერ ერთი - თქვა ნიკოლასმა დაბალი, მკაცრი ხმით
- თქვენობით მესაუბრე. მე შენი ხელმძღვანელი ვარ და არა ძმაკაცი! -
ნინიმ წარბები შეკრა.
- მეორეც, ტონი შეარჩიე ჩემთან საუბრისას, თავხედო გოგო!
- შენ თვითონ შეარჩიე ტონი! - მაშინვე შეუბრუნა სიტყვა ნინიმ
- და არც ის დაგავიწყდეს, რომ დედაშენმა შენს თავს მე მამჯობინა! მან მთხოვა სამსახურში დარჩენა! არ გამოგივიდა ჩემი თავიდან მოშორება, ხომ ასეა? -
ნიკოლასის მზერა უფრკ გამკაცრდა,
ნინი კი უკვე ვეღარ ჩერდებოდა.
- ჩემს დაკნინებას ნუ ცდილობ! რამდენიც უნდა ეცადო, შენს წინაშე თავს არ დავხრი!
ბოლო სიტყვები სიმტკიცით წარმოთქვა,
ნინიმ ჩანთა მხარზე შეისწორა, გვერდი აუარა და კიბისკენ წავიდა.
- კარგი დღეს გისურვებთ, ბატონო ხელმძღვანელო! - ირონიულად მიაძახა ისე, რომ უკან არც მოუხედავს, ნიკოლასი ადგილზე დარჩა, რამდენიმე წამი მის მიმავალ ფიგურას უყურებდა, შემდეგ კი მუშტი შეკრა და კედელს მთელი ძალით დაარტყა.
- უტეხი! გაუზრდელი! - გამოსცრა კბილებში, ხელი ჩამოუშვა და გაბრაზებულმა თმა აიჩეჩა.
- დაკნინებას აწი განახებ, წითურო! - ჩაიბურტყუნა
- გიორგის ხათრითაც აღარ დაგინდობ! -
კიბისკენ შეტრიალდა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ისევ გაჩერდა, ნინის ბოლო სიტყვები გონებაში ჩაესმოდა.
„დედაშენმა შენს თავს მე მამჯობინა!“
ნიკოლასს ტუჩის კუთხე ირონიულად შეერხა.
- ვნახოთ, რამდენ ხანს გაძლებ, საძაგელო.. - და კიბეზე დაეშვა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამჯერად ნინის ცხოვრებას მშვიდად ნამდვილად არ გაატარებდა.


ნინი სადარბაზოდან გამოვიდა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა, პერანგის სახელოები შეისწორა და ღრმად ჩაისუნთქა.
- დღეს მშვიდად უნდა ვიყო.. არ ვეკამათები, არაფერს ვუპასუხებ! საერთოდ არ შევიმჩნევ! - საკონდიტროს წინ, თავის ლურჯ პორშესთან მიყრდნობილი, მისი "ბოსი" შენიშნა.. რომელსაც რამდენიმე წუთის წინ მწარედ ეკამათა და რომელიც ისეთი მზერით მიეგება გოგონას რომ აგრძნობინა ომის დაწყება.. ნახევრადგაღიმებულმა ნინის თვალი ჩაუკრა და უფრო ღრმად და მზაკვრულად გაეცინა..
- აი, ღმერთო, უკვე დაიწყო! - ნიკოლასი მანქანის გასაღებს თითზე ატრიალებდა და იმ აუტანელი ღიმილით უყურებდა, რომელიც ნინის ყოველ ჯერზე მოთმინების უკანასკნელ ნარჩენებსაც ართმევდა. ღია ფერის პერანგი, აკეცილი სახელოები და უდარდელი გამომეტყველება ჰქონდა - თითქოს დილით მისი მთავარი საზრუნავი ის ყოფილიყო, როგორ გაეღიზიანებინა მეზობელი..ნინიმ თვალები აატრიალა და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა, მინის კარებიდან უკვე ჩანდა განათებული დარბაზი, ვიტრინებში დალაგებული დესერტები და თანამშრომლები, რომლებიც დღის სამუშაოსთვის ემზადებოდნენ..ნიკოლასი აუჩქარებლად მიჰყვებოდა ნინის. მისი ნაბიჯები მშვიდი და თავდაჯერებული იყო, თითქოს არსად ეჩქარებოდა, მაშინ როცა ნინი აშკარად ცდილობდა, რაც შეიძლება სწრაფად შესულიყო შენობაში და ეს შემაწუხებელი დილა დაესრულებინა.
- სხვათა შორის, დღეს ბევრი საქმე გვაქვს- გამოაცხადა ნიკოლასმა.
- რა გასაკვირია, საკონდიტროში ვართ! თანაც მე საქმე არ მაშინებს ბატონო ნიკოლას!
- მომწონს, როცა თანამშრომელი ხვდება, სად მუშაობს!
- რამდენიმე ახალი დავალება მაქვს შენთვის - ნინიმ ნაბიჯი შეანელა
- რა დავალება?
- შევიდეთ და გაიგებ.. სად გეჩქარება?
- ახლავე მითხარი!
- რატომ ნერვიულობ?
- არ ვენრვიულობ! ალბათ რამე ისეთი მოიფიქრე რითაც ცდილობ გამამწარო!
- რა მნიშვნელობა აქვს, როდის გაიგებ?! - ნინიმ ღრმად ჩაისუნთქა, პასუხის გაცემა უნდოდა, მაგრამ გაახსენდა დილით მიცემული პირობა საკუთარ თავთან და ტუჩები მჭიდროდ მოკუმა, ნიკოლასმა მისი დუმილი გამარჯვებად ჩათვალა.

-გთხოვთ.. მიბრძანდით, შეგიძლიათ მუშაობას შეუდგეთ ქალბატონო ნინი - ნიკოლასმა ხელით ანიშნა რომ კარში შესულიყო, გოგონა წინ წავიდა..
საკონდიტროს კარში შესვლისთანავე ჰაერში ახლად გამომცხვარი ბისკვიტის, ვანილისა და გამდნარი შოკოლადის ტკბილი არომატი დატრიალდა, რომელსაც ციტრუსის მსუბუქი სურნელი ერეოდა. თუმცა ამ დილას ყველაზე გამორჩეულად ეგზოტიკური მანგოს სურნელი იგრძნობოდა.. მწიფე, მზიანი და საოცრად ნაზი, თითქოს ტროპიკული ბაღის მთელი სიტკბო ერთ პატარა ოთახში მოექციათ.. მათ დანახვაზე შორენა ღიმილით გამოჩნდა.
- მოხვედით? კარგი ამბავი მაქვს! ჩვენი დესერტები უკვე დანიშნულების ადგილასაა. ყველაფერმა საუცხოოდ ჩაიარა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ნინი, ყველაფრისთვის! იდეალური გამოსულა, სანამ გავგზავნიდით, თავად შევამოწმე და ძალიან მომეწონა! - აღტაცებით საუბრობდა შორენა, თვალები სიხარულით უბრწყინავდა.
- ოქროს ხელები გაქვს, ნინი! - ბოლოს განსაკუთრებული სიამაყით დაამატა.
- თმები ხომ აქვს ოქროსი... ხელებიც.. - ირონიულად ჩაიცინა ნიკოლასმა და მაშინვე ჩაახველა, თითქოს საკუთარი ნათქვამი სრულიად უწყინარი ხუმრობა ყოფილიყო..ნინის კისერზე ძარღვი დაეჭიმა.
- ისე დედა.. უსამართლობა მგონია, მხოლოდ ნინის რომ აქებ.. მეც აქ ვიყავი და მინდა გითხრა, რომ ეს ყველაფერი სხვა თანამშრომლების დამსახურებითაც გაკეთდა. იმას არ ვამბობ, ნინის თავისი როლი არ უთამაშია-მეთქი, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე, სხვებმაც რამდენი იშრომეს. მაგალითად, ნანკამ, თამუნამ, ელისომ... რატომ მხოლოდ ნინი?! - ნანკას ღიმილი კიდევ უფრო გაუფართოვდა, აშკარად არ ელოდა ნიკოლასისგან ასეთ მხარდაჭერას და ახლა კმაყოფილი სახით იდგა, თითქოს მისმა ყველა დამსახურებამ ერთბაშად იჩინა თავი,
შორენას გაეღიმა.
- მე ყველას შრომას პატივს ვცემ, შვილო! ყველას მადლობას ვუხდი და ამას არავინ უარყოფს. მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ის სიახლეები, რომლებიც გუშინ მომზადდა და ბოლო დროს ჩვენს მენიუში ჩნდება, დიდწილად ნინის დამსახურებაა. მისი იდეები, გემოვნების შეგრძნება და შრომა ამ შედეგში აშკარად ჩანს - ნიკოლასმა თავი ოდნავ გადახარა, ტუჩის კუთხეში ნელა გაეპარა ის აუტანელი ღიმილი, რომლის დანახვაც ნინის ყველაზე მეტად სძულდა.
- მე კი ვფიქრობ, ქალბატონი ნინი წუხელ სულ სხვა რამით იყო დაკავებული... არა, ნინი? რას იტყვი?! - მის ხმაში ისეთი უწყინარი ჟღერადობა იყო, რომ უცხოს შეიძლება საერთოდ ვერაფერი შეემჩნია, მაგრამ ნინიმ მშვენივრად იცოდა, რას გულისხმობდა.. გუშინდელი საღამოს მოულოდნელი კოცნა, ის მოძრაობა, ყოველი დამამცირებელი ნიუანსი ხელახლა გაუცოცხლა და ახლა ამ ყველაფერს ეს თავხედი ბიჭი ისე იხსენებდა, თითქოს მათ შორის არაფერი მომხდარიყო..ნინის თითები ნელა შეეკრა მუშტებად, სახეზე ჯერ ლოყები აეწვა, შემდეგ სიწითლემ ყელამდე ჩააღწია, სურვილი გაუჩნდა, მას საყელოში სწვდომოდა და ის ცინიზმით სავსე სახე ერთიანად დაეკაწრა..რა აკავებდა, თვითონაც ვერ გაეგო. იქნებ ის, რომ თანამშრომლების წინაშე თავის კონტროლის არ სურდა დაეკარგა; იქნებ ის, რომ ნიკოლასს სწორედ ასეთი აფეთქება უნდოდა და ნინი არ აპირებდა მისთვის ამ სიამოვნების მინიჭებას..ამიტომ მხოლოდ შეხედა,
ისეთი თვალებით, რომ ნაკლებად გამძლე ადამიანს, ალბათ, ადგილზე გააქვავებდა..ნიკოლასს კი, პირიქით, თითქოს ხასიათი გამოუკეთდა. ნინის მზერა პირდაპირ მიიღო, წარბი ოდნავ ასწია და კიდევ უფრო უდარდელად გაიღიმა, ზუსტად მოარტყა! ზუსტად იქ დააჭირა ფეხი, სადაც ყველაზე მეტად გააღიზიანებდა..შორენას, რომელმაც ამ უხილავი დაპირისპირების ნამდვილი მიზეზი არ სცოდნოდა, ხელები შემოჰკრა და საუბარი გააგრძელა.
- სხვათა შორის, რადგან შეკვეთებმა ასე ძალიან იმატა, კიდევ უფრო უნდა გავფართოვდეთ. თანამშრომლებსაც დავიმატებთ და ახლომდებარე რამდენიმე რაიონში ფილიალების გახსნასაც ვგეგმავ. წინ ბევრი საქმე გვაქვს და ყველას თანადგომის იმედი მაქვს! ბათუმშიც უნდა გავხსნათ დიდი საკონდიტრო! - თანამშრომლებს შორის მაშინვე ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაცამ სიხარულით ტაში შემოჰკრა, ვიღაცამ გვერდით მდგომს გადაულაპარაკა, ვიღაცამ კი უკვე დაიწყო მსჯელობა, რომელ რაიონში აჯობებდა ახალი ფილიალის გახსნა.
- ასევე, მინდა ერთი სიახლეც გაგიზიაროთ - განაგრძო შორენამ და ღიმილით მიმოიხედა
- ვაანონსებ კორპორატიულ საღამოს! მინდა, „ბონ-ბონსის“ გუნდი ერთ დიდ ოჯახად იქცეს. რთულ და დამღლელ სამუშაოს განტვირთვაც სჭირდება!
- ძალიან კარგი აზრია, ქალბატონო შორენა! - მაშინვე გამოეხმაურა თამუნა.
- რა ხანია, კორპორატიული საღამო არ გვქონია! - დაამატა ელისომ.
- მით უმეტეს, ამდენი ახალი თანამშრომელი გვყავს. კიდევ უფრო დაგვაახლოვებს! - აჰყვა სხვა თანამშრომელიც, ნანკა უკვე განიხილავდა, რა უნდა ჩაეცვა საღამოსთვის, თან დროდადრო ნიკოლასისკენ აპარებდა მზერას.. ნინის კი ამ ყველაფრის მოსმენა საერთოდ არ უნდოდა, მთელი ყურადღება ნიკოლასზე ჰქონდა გადატანილი, რომელიც ახლა ვითომ ინტერესით უსმენდა თანამშრომლებს და სახეზე უდანაშაულო გამომეტყველება მიეღო.
- კარგი, საქმეს შევუდგეთ! - ბოლოს შორენამ ტაში შემოჰკრა
- შეკვეთებია გასამზადებელი ფილიალებისთვის. აბა, გვეყოფა ჭორაობა! ყველა გადანაწილდით! -
ნიკოლასი მხრებში გამართული დაიძრა კაბინეტისკენ, კართან მისულმა ერთხელ კიდევ მოიხედა, ნინის მზერას შეეჩეხა და ისეთი ღიმილი აჩუქა, თითქოს რაღაც საიდუმლო ხუმრობა მხოლოდ მათ ორს ესმოდა.. შემდეგ კაბინეტის კარი მშვიდად მიხურა, ნინის მოთმინებამაც ზუსტად ამ დროს ამოწურა რესურსი..
სამზარეულოში სწრაფი ნაბიჯით შევიდა, წინსაფარი წელზე შემოიკრა და პირველივე მაგიდაზე დაწყობილ კრემის ტომრებს დასწვდა.
- თავხედი! ამაზრზენი! - ჩაიბურტყუნა კბილებში
- როგორ ბედავს იმ სირცხვილის შეხსენებას, ვითომც არაფერი მომხდარა?! უსირცხვილო! თავში ავარდნილი, საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი! - თასი აიღო, მასში უკვე აწონილი ინგრედიენტები ჩაყარა და მიქსერის ქვეშ შეაცურა. აპარატი ხმაურით ამუშავდა, მაგრამ ნინის ბრაზს მაინც ვერ აჯობა.
- ნეტავ ერთხელ მაინც დაინახოს ვინმემ შენი ნამდვილი სახე! ყველას წინაშე ისეთი ზრდილობიანი და ყურადღებიანია, დედამისიც აღფრთოვანებულია, თანამშრომლებიც პირში შესციცინებენ... სინამდვილეში კი ერთი უზრდელი, გათამამებული... - წინადადება შუაზე გაწყვიტა, რადგან მიქსერში კრემის ტექსტურა შეამოწმა.. კოვზით ცოტაოდენი ამოიღო, თითებს შორის ფრთხილად გასრისა და კმაყოფილმა თავი დააქნია კრემი იდეალური იყო..
შემდეგ მანგოს პიურეს ქილას დასწვდა, სახურავის მოხსნისთანავე ოთახში ისევ ის ტკბილი, ეგზოტიკური არომატი გაიფანტა. ნინიმ პიურე ფრთხილად გადაიტანა ჯამში, დაამატა საჭირო ინგრედიენტები და ათქვეფა დაიწყო. მანგოს მკვეთრი, ხილისებრი სურნელი ვანილის ნაზ არომატს შეერია, მაგრამ ნინის გუნება ამჯერად ამ სურნელმაც ვერ გამოასწორა..ჯამს ისეთი ენერგიით ურევდა, თითქოს იქ მანგოს პიურეს ნაცვლად ნიკოლასს ურტყამდა.. უცებ მიხვდა, რომ ზედმეტად ძლიერად ურევდა. კოვზი გააჩერა, ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა..
- დამშვიდდი, ნინი... დამშვიდდი. შენ სამსახურში ხარ! შენ პროფესიონალი ხარ! შენ აქ დესერტების გასაკეთებლად ხარ და არა იმისთვის, რომ ერთ თავხედ კაცს კისერი მოუგრიხო! თუმცა სიამოვნებით მოვუგრეხდი!

ერთი საათის შემდეგ:
ნინი ხელში კრემით სავსე თასით გამოვიდა სამზარეულოდან და პირდაპირ მაცივრებისკენ გაემართა. დერეფანში ნიკოლასი იდგა, კედელს მიყრდნობილი..
- გზას დამითმობ? - შეუბღვირა ნინიმ
- მეც მიხარია შენი დანახვა წითურო!
- გვერდზე გაიწიე!
- რა აგრესიული ხარ დილაობით. ყავას ტკბილი მანგოს ნამცხვარი მიაყოლე ხოლმე და ხასიათი გამოგიკეთდება -
ნინიმ თვალები გადაატრიალა და გვერდის ავლა სცადა, მაგრამ ნიკოლასმა ფეხი ოდნავ წინ გაწია. ნინის ფეხის წვერი მის ფეხსაცმელს წამოედო, გოგონა წაბორძიკდა და კრემის თასი ძლივს დაიჭირა..ნიკოლასმა მაშინვე ხელი შეაშველა, თასი დაუჭირა, თვითონ კი ისეთი უდარდელი სახე მიიღო, თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარიყო.
- ცოტა ფრთხილად, ნინი.. - უდანაშაულო სახე მიიღო, ნინიმ თასი გამოსტაცა და გზა გააგრძელა..ნიკოლასს ჩაეცინა.

ერთი საათის შემდეგ:
ნინი საქორწილო ტორტის ზედაპირს ასწორებდა.. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, სანამ გვერდით ნაცნობი ხმა არ გაისმა.
- ეს რა არის?
- ტორტია, ვერ ხედავ რა არის?! - უკმეხად უპასუხა
- როგორი მწარე ენა გაქვს. იმედია კრემიც ასეთივე მწარე არ არის - ნელა მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და თითით გალესილი ტორტიდან კრემი ააცალა, ნინიმ თვალები გააფართოვა
- რას აკეთებ?! ეს ხომ გალესილი იყო!
- თავიდან გალესე, რა პრობლემაა! - უდარდელად განაგრძო გზა
- ღმერთო მოთმინება მომეციიი!! - ჩაიხრიალა თავისთვის და ფეხები დააბაკუნა, ნიკოლასმა მოაძახა
- გემრიელი კრემი იყო, წითურო! ყოჩაღ!
ერთი საათის შემდეგ:
ნინი გამზადებულ ტორტებს იარლიყებს აკრავდა, თითოეულ შეფუთვაზე შემადგენლობას ამოწმებდა და თარიღებს აწერდა..ნიკოლასი არსაიდან გამოჩნდა
- დახმარება ხომ არ გჭირდება? -
ნინიმ ეჭვით შეხედა.
- შენგან დახმარება რომ დამჭირდეს, სამყაროს აღსასრული უნდა დადგეს!
- იცი რა ? მე შენი უფროსი ვარ, ასე რომ მინდა რაღაც დოზით საქმეში ჩავერთო, ასე რომ მომეცი მე დავაკრავ -ნიკოლასმა იარლიყები აიღო და ტორტებს არეულად მიაკრა, ყველა სხვადასხვა ტორტს ერთი და იგივე მიაწება
- რას აკეთებ?! - დაუყვირა ნინიმ
- გეხმარები! ვერ ხედავ?
- ეგ მარწყვის დესერტია, შენ კი მანგოს იარლიყი მიაკარი! აქაც, შოკოლადია და რა დააკარი?
- მართლა? არაუშავს წითურო მაშინ შენ გააგრძელე, ააცალე და თავიდან გააკეთე
- შენ... შენ ამას განზრახ მიკეთებ!
- რას ამბობ, ნინი. მე ხომ შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ..
- შენ ჩემი ყველაზე დიდი დაბრკოლება ხარ!

ერთი საათის შემდეგ:
სამზარეულოში ნინი კრუასანების საცდელ პარტიაზე მუშაობდა, ფქვილი უკვე გაცრილი ჰქონდა, საფუარი მომზადებული, შაქარი აწონილი. ხელები ცომით ჰქონდა დასვრილი, ამიტომ თმის უკან გადაწევასაც ვერ ახერხებდა..ნიკოლასი კარში გამოჩნდა და რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა.
- როგორი შრომისმოყვარე ხარ, წითურო.
- ახლა რაღა გინდა?
- იცი? უბრალოდ მაინტერესებს, ოდესმე თუ იღიმი.. თითქოს პანაშვიდზე ხარ, სახე ჩამოგტირის სულ
- შენ რომ არ არსებობდე, გაცილებით ხშირად გავიღიმებდი! - ნიკოლასმა მაგიდაზე დადებულ შაქრის ფხვნილის საცერს დახედა.
- მდაა.. ეს რისთვისაა წითურო?
- იცოდე, არ გაბედო! - მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბიჭმა საცერი აიღო და ოდნავ შეანჯღრია. შაქრის ფხვნილი ჰაერში აიფანტა და ნინის შავ წინსაფარს თეთრი ლაქები დაედო..თმები სულ გაუთეთრდა.. სიჩუმე ჩამოვარდა, ნინიმ ნელა ასწია თავი..ნიკოლასი მის წინ იდგა, ტუჩებზე იკბენდა, რომ არ გასცინებოდა.
- საოცრად გიხდება, თითქოს თოვლში მოყევი.. - ნინიმ ხელები წელზე შემოიწყო.
- სამი წამი გაქვს!! - კბილებში გამოსცრა ნინიმ
- რისთვის?
- გასაქცევად! - ნიკოლასმა ერთი ნაბიჯი უკან გადადგა.
- ერთი...
- წითურო, მოდი, გონივრულად მოვიქცეთ...
- ორი...
- შენ ხომ ზრდილობიანი გოგო ხარ!
- სამი! - ნიკოლასი კარისკენ გავარდა, ნინი კი უკან გაჰყვა, თუმცა სამზარეულოს გასასვლელთან გაჩერდა, რადგან ცომიანი ხელებით დევნა არ შეეძლო..
- სადისტო!

ერთი საათის შემდეგ:
სამზარეულოს ერთ კუთხეში მანანა დეიდა დიდი ჯამის თავზე იდგა და ცომს ზელდა..გვერდით დარიჩინით სავსე თასი ედგა, საიდანაც მძაფრი, თბილი სურნელი მთელ ოთახში ვრცელდებოდა.
ნინი კარში შევიდა, ორი ნაბიჯი გადადგა და მაშინვე ცხვირი შეჭმუხნა.
- ეს რა სუნია? მანანა დეიდა, რას ამზადებ?
- დარიჩინიან ორცხობილებს, შვილო.. ცომი ამოვიდა, ახლა შიგთავსს ვამზადებ -
ნინიმ ცხვირზე ხელი აიფარა და სახე მოჭყანა
- აი, ამიტომ გავხდი ცუდად! ვერ ვიტან დარიჩინის სუნს! გთხოვ, როცა გავალ, მერე გააგრძელე. ანდაც, იცი რა? წავალ, ცოტას დავისვენებ.. მოაშორე ეს დარიჩინი აქედან, გეხვეწები! საერთოდ არ არის საჭირო დარიჩინიანი რაიმე მოვამზადოთ!
- კარგი, შვილო, კარგი - გაეცინა მანანას, გოგონა სამზარეულოდან სწრაფად გავიდა..კარის მიღმა, დერეფანში, ნიკოლასი იდგა, ნინის შეწუხებულ სახეს რომ იხსენებდა, ტუჩის კუთხეში ნელა გაეპარა მზაკვრული ღიმილი.
- დარიჩინი არ გიყვარს ესეიგი, წითურო! - ჩაილაპარაკა თავისთვის და მაშინვე დედამისისკენ გაექანა, შორენა კაბინეტში შეკვეთებს ამოწმებდა, როცა კარი სწრაფად გაიღო და ნიკოლასი შემოვიდა.
- დედა! ერთი ბრწყინვალე იდეა მომივიდა! - შორენამ სათვალე მოიხსნა და ღიმილით შეხედა.
- რა მოხდა, შვილო? კიდევ რა მოიფიქრე? -
ნიკოლასი მის წინ ჩამოჯდა, იდაყვები მაგიდაზე დააწყო და ისეთი საქმიანი გამომეტყველება მიიღო, თითქოს საკონდიტროს მომავალი ახლა მის ხელში ყოფილიყო.
- ბევრი ვიფიქრე და მგონია, ჩვენი პროდუქციის გაფართოება უნდა დავიწყოთ. მხოლოდ დესერტები კი არა, ფუნთუშების ხაზიც უნდა გამოვუშვათ -
შორენა დაინტერესდა.
- ფუნთუშები?
- დიახ. ნახე, მანგოს დესერტები როგორ აიტაცა ხალხმა. შეგვიძლია მანგოს შიგთავსიანი გავაკეთოთ, შოკოლადის, მარწყვის ჯემით... სხვადასხვა გემო, ლამაზი შეფუთვა. დილით ყავასთანაც იდეალური იქნება. ახალი პროდუქტი.. აუცილებლად დარიჩინის არომატული სურნელით! იდეალური იქნება! დარიჩინი ძალიან მოსწონს ხალხს! - შორენა ჩაფიქრდა.
- ვითომ იმუშავებს?
- რა თქმა უნდა! ხალხს სიახლეები მოსწონს. თან უკვე გვყავს გუნდი, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია.
- კარგი აზრია... - ნელა დაუქნია თავი შორენამ
- ვცადოთ, გავტესტოთ.. იქნებ გაამართლოს, თან შენი იდეაა -
ნიკოლასმა თავი ისე დაუქნია, თითქოს საკუთარი გენიალურობა მისთვისაც კი მოულოდნელი ყოფილიყო.
- ზუსტად.. ოღონდ ჯერ ინგრედიენტები უნდა ჩამოვწეროთ და საწყობში არსებული მარაგი გადავამოწმოთ. რაც არ გვექნება, უნდა შევიძინოთ.
- მართალია.. ახლავე ჩამოვწერ, რა დაგვჭირდება.
- ნინი გავგზავნოთ საყიდლად - შორენამ თავი ასწია.
- ნინი?
- ჰო, ნინი. აქამდე სალომე აკეთებდა ამას, მაგრამ სალომე აღარ გვყავს. თან, დედა, მხოლოდ ქება არ სჭირდება მაგ გოგოს. ახლა წარმოების მენეჯერია და სწორედ ეს არის მისი საქმე - შორენას სახეზე მცირედი ყოყმანი გამოესახა.
- კი, მაგრამ სალომეს მანქანა ჰყავდა. ნინი როგორ მოიტანს ამდენ პროდუქტს?-
ნიკოლასმა მხრები აიჩეჩა.
- ეს მისი პრობლემაა. მთლად თავზე ნუ გადაუსვამ ხელს. რაც ევალება, უნდა გააკეთოს. აქამდე არ დაგვჭირვებია მარაგის შევსება, რადგან ყველაფერი გვქონდა, მაგრამ როცა მარაგები ამოიწურება, ხომ მაინც მოუწევს საყიდლებზე წასვლა? ის მართავს საწარმოს, უნდა იცოდეს კიდეც, რა სჭირდება..შორენა რამდენიმე წამი ჩაფიქრდა, მერე თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- კარგი.. თანხით უზრუნველყავი.. მანამდე ჩამოვწერ, რა იქნება საჭირო, და გავუშვებ საყიდლად, ნიკოლასმა კმაყოფილმა გაიღიმა.
- შესანიშნავია, დედა - ნიკოლასი კაბინეტიდან გამოვიდა და კარი ფრთხილად მიხურა, დერეფანში მარტო რომ დარჩა, ღიმილი ვეღარ დამალა.
ფუნთუშები, დარიჩინი და ჩვენი ძვირფასი წარმოების მენეჯერი...უკვე წარმოედგინა ნინის სახე, როცა სიახლეს გაიგებდა.
- აბა, წითურო - ჩაილაპარაკა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო
- ვნახოთ, რამდენად გიყვარს შენი ახალი თანამდებობა - და მხიარული სტვენით გაემართა სამზარეულოსკენ, სადაც ნინი ჯერ კიდევ მანგოს კრემით მუშაობდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა „სიურპრიზს“ უმზადებდა მისი "საყვარელი" ხელმძღვანელი..


ნინის მობილური აწკრიალდა..გოგონამ ხელები წინსაფარზე შეიმშრალა და ეკრანს დახედა
- გამარჯობა, გიო... დღეს არ მინახიხარ
- გამარჯობა.. დღეს დასვენების დღე ავიღე, რაღაც ვერ ვიყავი კარგად.
- რა დაგემართა?
- მგონი გავცივდი. მანდ ხომ არის ყველაფერი რიგზე? დახმარება ხომ არ გჭირდება?
- არა, ვუმკლავდები... - ამოიხვნეშა ნინიმ და დაღლილი მზერა სამზარეულოს მაგიდაზე დაწყობილ პროდუქტებს მოავლო.
- ნინიიი... წითუროოო! სად ხარ, დაკარგულო?! - გაისმა დერეფნიდან ნიკოლასის მხიარული ხმა, ნინიმ თვალები დახუჭა.
- ღმერთო ჩემო... არა, ისევ გამოჩნდა!
- ვინ? - გაუკვირდა გიორგის.
- დაგირეკავ, გიო - ყურმილი გაუთიშა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა და ღრმად ჩაისუნთქა. რამდენიმე წამი საკუთარ თავს ამშვიდებდა, შემდეგ მხრებში გაიმართა და კარისკენ დაიძრა.
- მშვიდად, ნინი. მშვიდად. დღეს არანაირი მკვლელობა. სამსახურში ხარ და სამსახურში ადამიანებს არ კლავენ... სამწუხაროდ - ნიკოლასი დერეფანში გამოჩნდა, თუმცა მარტო არ იყო, გვერდით დედამისი ედგა. ნინიმ მაშინვე დამალა სახეზე აღბეჭდილი გაღიზიანება და მათ წინ გაჩერდა.
- გისმენთ - თქვა მშვიდად და ნიკოლასს თვალი თვალში გაუყარა, ნიკოლასმა ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა. აშკარად შეამჩნია, როგორი ძალისხმევა დასჭირდა ნინის ამ სიმშვიდის შესანარჩუნებლად.
- ნინი, ნიკოლასს ახალი იდეა მოუვიდა თავში და, სხვათა შორის, ძალიან მომეწონა. შენი აზრიც მაინტერესებს - საუბარი შორენამ დაიწყო.
- რა იდეა?
- ფუნთუშების ხაზი. მანგოს, მარწყვის კონფიტით, შოკოლადით, ფისტის კრემით... მგონი, ცუდი არ იქნება. რას ფიქრობ?
- შეიძლება კარგი გამოვიდეს..
- მეც ასე ვფიქრობ. ოღონდ ერთი ნიუანსია, ძვირფასო. ინგრედიენტების შესყიდვაზე შენ მოგიწევს ზრუნვა. ამას ადრე სალომე აკეთებდა, ახლა კი შენ ხარ მის ადგილას. ყველაფერი, რაც დაგვჭირდება, უნდა მოიმარაგო. გარდა ამისა, ღამით ცხობის პროცესსაც უნდა დაესწრო, მცხობელთან ერთად, რომ ახალი პროდუქციის ხარისხი პირადად გააკონტროლო - ნიკოლასმა თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და ნინის სახეს დააკვირდა. ელოდა, როდის დაკარგავდა მოთმინებას.
- არ არის პრობლემა. რაც ჩემს მოვალეობაში შედის, იმას გავაკეთებ! - უპასუხა ნინიმ მტკიცედ.
- შესანიშნავია! - გაუხარდა შორენას
- აი, ეს მომწონს შენში!პასუხისმგებლობას არ გაურბიხარ -
შორენამ ფული და პროდუქტების სია აიღო და ნინის გაუწოდა.
- ეს ფული აიღე. ყველაფერში გეყოფა. აქ წერია, რა რაოდენობის პროდუქტები დაგვჭირდება. მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს... მანქანა არ გყავს. თუ გინდა, კომპანიის მანქანა წაიყვანე.. - ნინიმ უხერხულად ჩაიღიმა.
- მაგრამ... მე მანქანის მართვა არ ვიცი, ქალბატონო შორენა - შორენა რამდენიმე წამით ჩაფიქრდა, შემდეგ კი ისე ბუნებრივად მიუბრუნდა შვილს, თითქოს ამაზე უკეთესი გამოსავალი არც არსებობდა.
- მაშინ ნიკოლას, შენ წაიყვანე!
- მე?! - ერთდროულად აღმოხდა ორივეს,
ნინიმ მაშინვე ნიკოლასს გახედა, რომელსაც მოულოდნელობისგან წარბები აეწია, თუმცა გაოცება მალევე ჩაენაცვლა მისთვის დამახასიათებელ ირონიულ ღიმილს.
- ამან?! არა! ტაქსით წავალ! არ არის საჭირო! - წამოიძახა ნინიმ.
- ტაქსით გაგიჭირდება, პროდუქტები ბევრი იქნება.. ტაქსით ყველაფრის წამოღება მოუხერხებელია
- დამიჯერეთ, ქალბატონო შორენა, თქვენს შვილთან ერთად უფრო გამიჭირდება! ტაქსით მირჩევნია! -
ნიკოლასმა გულზე ხელი მიიდო და ნაწყენი გამომეტყველება მიიღო.
- დედა, გაიგე? თურმე ასეთი საშინელი ადამიანი ვარ.
- პირველად გაიგე? - ცივად მიუგო ნინიმ.
- არა, მაგრამ შენგან განსაკუთრებით მტკივნეულია, წითურო.
- მშვენიერია. კიდევ რამე ხომ არ გტკივა? იქნებ ექიმთანაც გაგიყოლო?
- მხოლოდ გული.. შენ მტკენ..
- მაგასაც როგორმე გადავიტანთ! - ორივე იმდენად შევიდა როლში შორენას არსებობა დაავიწყდათ..
- კარგი, კარგი! მორჩით ახლა. ნინი მოკლედ.. დღეს ვიწყებთ ახალ ხაზს!..

საკონდიტროს ვერანდაზე მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა.. ნიკოლასი მოწნულ სავარძელში მოკალათებულიყო, ყავას ნელა სვამდა და ისეთი კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მთელი დილა სასარგებლო საქმის კეთებაში გაეტარებინოს..ტუჩის კუთხეში მზაკვრული ღიმილი უთამაშებდა..
- ამ ღიმილის უკან რაღაც იმალება! - გამოაცხადა მეგიმ და მის მოპირდაპირე სკამზე მოკალათდა
- ამ ღიმილს ვიცნობ - ნიკოლასმა ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა.
- რა ღიმილს, თოჯინა?
- აი, მაგას! როცა რაღაც სისულელე გაქვს ჩაფიქრებული და ფიქრობ, რომ ყველაზე ჭკვიანი ხარ მთელ სამყაროში.
- სად ხარ შენ დღეს მთელი დღე დაკარგული? ვერსად მოგკარი თვალი.
- არსად. ოთახში ვიყავი და ვმუშაობდი.
- ასე წყნარად? მშვიდობა გაქვს? - სიცილით მიადო ნიკოლასმა შუბლზე ხელი
- სიცხე ხომ არ გაქვს?
- არა! - უახასიათოდ ჩაილაპარაკა მეგიმ და მისი ხელი მოიშორა, ნიკოლასმა ფინჯანი მაგიდაზე დადგა და უფრო ყურადღებით შეხედა.
- მეგი, რა გჭირს? ასეთი უცნაური ხარ.
- როგორი?
- არ იცინი, არ დახტიხარ, არ ცელქობ. შენ ხარ და შენს გარშემო ჩვეულებრივ ერთი პატარა ცირკი ტრიალებს ხოლმე. დღეს კი ისეთი სახე გაქვს, თითქოს პანაშვიდი იყოს
- არაფერია, ნიკო...
- აბა, მოუყევი შენს მამიდაშვილს, რა გჭირს. მიდი, ჩემო თოჯინა - ნიკოლასმა ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა, შემდეგ კი კალთაში ჩაისვა
- არაფერი, ნიკოლას..მართლა არაფერია.
- ასეთი არ ხარ ხოლმე.
- უბრალოდ უხასიათოდ ვარ... ნინის რას უჩალიჩებ? - ნიკოლასს თვალები აუციმციმდა.
- ისეთს არაფერს, ცოტას გავაწვალებ. რქებს მოვატეხავ! - ჩაიცინა
- კაი რა, ცოდოა. ნუ დატანჯე. არ არის ცუდი გოგო.
- უზრდელი და თავხედია! ჭკუას ვასწავლი! - თქვა ნიკოლასმა და ყავა მოსვა
- მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მოსწონს, მაინც უნდა ისწავლოს, როგორ უნდა მოექცეს ადამიანებს - ამ სიტყვებზე მეგიმ თავი უფრო მეტად დახარა..
- შეეშვი, ნიკო. მასე გიოსთანაც გექნება პრობლემები.
- რა მოეწონა ამ ქაჯში, ვერ ვხვდები! - ჩაიბურტყუნა ნიკოლასმა
- გიო ჭკვიანი ბიჭია, ნორმალური გემოვნება აქვს და უცებ...
- ფაქტია, მოსწონთ ერთმანეთი... - ჩუმად თქვა მეგიმ და მზერა ქვემოთ გადაიტანა..
- თოჯინა, დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი ხდება?
- კი, ნიკო.. უბრალოდ დავიღალე.. -
მაგრამ ნიკოლასს პასუხის გაცემა აღარ დასცალდა..მისი მზერა მოულოდნელად საკონდიტროს შესასვლელისკენ გაიქცა,
იქ ზურა გამოჩნდა, კაცი მანქანასთან მივიდა, მგზავრის კარი გაუღო და ნინის რაღაც ღიმილით უთხრა. ნინიმაც უპასუხა, შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა. ზურამ კარი ფრთხილად მიუხურა, საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილიდან დაიძრა.
ნიკოლასის სახიდან ღიმილი სწრაფად გაქრა.
- ეს ზურა არ არის?სად მიდიან?
- არ ვიცი - ჩაილაპარაკა ჩუმად ნიკოლასმა
- მაგრამ გავარკვიოთ - ნიკოლასი უცებ წამოდგა, მაგიდას ხელი დაჰკრა და კიბეებისკენ დაიძრა.
- ნიკო, სად მიდიხარ?! - მაგრამ პასუხი არ გაუცია. რამდენიმე წამში კიბეებზე ჩაირბინა და საკონდიტროს შესასვლელთან გაჩერდა.. მანქანა უკვე შორს იყო წასული..ნიკოლასმა გზას გახედა, შემდეგ კი იქვე მდგარ ასაკოვან თანამშრომელს მიუბრუნდა
- სად წავიდნენ ნინი და ზურა? - იკითხა ბოხი, უჩვეულოდ სერიოზული ხმით,
ქალმა გაკვირვებით შეხედა.
- მგონი, პროდუქტებისთვის, ბატონო ნიკოლას. თქვენ რომ გაგზავნეთ, ზურამ წაიყვანა.
- ზურამ რატომ წაიყვანა?! - ხმას აუწია ნიკოლასმა
- ზურას თავისი საქმე არ ჰქონდა?! - ქალი დაიბნა.
- არ ვიცი... ნინიმ თქვა, საყიდლებზე მივდივარო, ზურამ კი მანქანის გასაღები აიღო და წაიყვანა - ნიკოლასი გაშეშდა.. მერე ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და ნერვიულად გადაიტარა ხელი თმაში.
- კარგი... უბრალოდ შესანიშნავია! -
ტელეფონი ამოიღო და გიორგის ნომერი მოძებნა..
- გისმენ, ნიკოლას.
- იცი, ახლა შენი გოგო სად არის და ვისთან ერთად?!
- ვინ „ჩემი გოგო“?
- ნინი!
- სად არის?
- ზურასთან ერთად წავიდა.
- ზურასთან ერთად რატომ?
- დიდუბის მხარეს, იმ საბითუმო ბაზრობაზე წავიდნენ, სადაც საკონდიტროსთვის პროდუქტებს ყიდულობენ..
- ზურასთან ერთად რატომ წავიდა? - გიორგის ხმაში გაღიზიანება აშკარად იგრძნობოდა
- შენ არ იცი, ზურა რა ადამიანია? რატომ მიეცი მაგის უფლება? სამსახურში არ ვარ, შეუძლოდ ვიყავი, ახლა მირეკავ და ამას მეუბნები... ახლა რა ვქნა, მითხარი?! -
ნიკოლასი გაჩუმდა.
- გეუბნები იმიტომ, რომ იცოდე, ვიცი, ეგ გოგო მოგწონს, ამიტომაც გაფრთხილებ.
- კრეტინო, მომისმინე! მე არავინ არ მომწონს! მაგრამ ზურასთან ნინი კი არა, არავინ არ უნდა დადგეს გვერდით, ვინ გემეტება ზურასთვუს? მე წავალ და წამოვიყვან იქიდან! - ზარი გაწყდა..
- შენ რა, გული გიწუხს მაგათზე? - გაისმა ზურგს უკან ნანკას ხმა..ნიკოლასმა თავი მოაბრუნა, ნანკა ხელებგადაჯვარედინებული იდგა
- რას დაეძებ, ნინი ვისთან ერთად წავა?!
- გიორგის გამო დავეძებ! - მკვეთრად მიუგო ნიკოლასმა.
- გიორგის გამო? - ნანკამ წარბი ასწია
- თუ იმიტომ, რომ ზურასთან ერთად წავიდა და შენ არ გესიამოვნა? - ნიკოლასს სახე შეეცვალა.
- რა სისულელეა!
- ხომ არ მოგწონს ის გოგო? - რამდენიმე წამით ნიკოლასი ხმას არ იღებდა, შემდეგ სიცილი აუტყდა, ჯერ ჩუმად ჩაიცინა, მერე ხმამაღლა გადაიხარხარა, თავი უკან გადასწია და ხელიც კი აიქნია, თითქოს ნანკას ისეთი აბსურდი ეთქვა, პასუხის ღირსადაც არ ღირდა..ზედმეტად ხმამაღლა იცინოდა, ზედმეტად დიდხანს.
თითქოს რაც უფრო მეტად ცდილობდა საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ ეს სასაცილო იყო, მით უფრო აშკარა ხდებოდა, რომ სინამდვილეში სულაც არ ეცინებოდა.
- ნანკა, შენ მართლა გააფრინე? - ბოლოს ამოისუნთქა და კიდევ ერთხელ ჩაიცინა
- მე და ნინი? სერიოზულად?
- ნიკოლას! იცოდე, ჩემი ხელით მოგკლავ, იმ გოგოსკენ რომ გაიხედო!
- ნანკა! რა ხდება აქ?! - შორენას მკაცრმა ხმამ ორივე გააჩუმა, ქალი მათკენ მოდიოდა.
- არაფერი, ქალბატონო შორენა - მაშინვე შეიცვალა ტონი ნანკამ.
- მაშინ შედი საკონდიტროში და საქმეს დაუბრუნდი! - მკაცრად უთხრა შორენამ, ნანკამ ნიკოლასს ისეთი მზერა ესროლა, თითქოს სიტყვებით ნათქვამი მუქარის გაგრძელებას თვალებით აპირებდა, შემდეგ კი უხმოდ გაეცალა..შორენა შვილს მიუბრუნდა.
- რა უნდა ამ გოგოს?
- არაფერი, დედა.
- არაფერი? გარეთ დგას, ხმას უწევს, შენ გეჩხუბება და ეს ყველაფერი არაფერია? -
ნიკოლასმა მხრები აიჩეჩა.
- დედა, ჩემსა და ნანკას შორის სერიოზული არაფერია. უბრალო ფლირტია. ზედმეტ ყურადღებას ნუ აქცევ -
შორენას სახე უფრო დაეძაბა.
- უბრალო ფლირტიც არ უნდა იყოს! -
ნიკოლასმა წარბები ასწია.
- უკაცრავად?
- ვის უყადრებ თავს, ნიკოლას?! - ქალის გულწრფელი აღშფოთება გაისმა,მისთვის ნიკოლასი უბრალოდ შვილი არ იყო. ის საუკეთესო იყო - ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე გამორჩეული.
- ადამიანი არ არის?
- არ შეგეფერება! ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, ვინ ხარ. შენ ჩემი შვილი ხარ, ნიკოლას! შენ სხვა მომავალი გაქვს, სხვა შესაძლებლობები, სხვა ცხოვრება! და არ ვაპირებ, ვიღაცამ, ვისაც შენს ცხოვრებაში ადგილი არ აქვს, ეს ყველაფერი აგირიოს!
- დედა, ნანკა უბრალოდ...
- საერთოდ არ მომწონს, რომ დაგდევს! - შეაწყვეტინა შორენამ.
- არც ის და არც ვინმე სხვა შენს სიახლოვეს არ დავინახო, გასაგებია? არ მინდა, შენი სახელი ასეთ სისულელეებთან იყოს დაკავშირებული. მით უმეტეს ახლა!
- და მაინც, რა არის ასეთი საშინელი? ნანკა რომ მომწონდეს, ქვეყანა დაიქცეოდა?
- ნიკოლას! - შორენა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
- შენ თვითონაც კარგად იცი, რა გჭირდება და რისთვის იბრძვი. კარიერაში დაბრუნება გინდა, არა? - ამ სიტყვებზე ნიკოლასს სახე შეეცვალა.
- როდის?! - მოულოდნელად იფეთქა მან
- როდის დავუბრუნდე კარიერას? როდის მოვა ეგ დღე, დედა?! რამდენი ხანია, ამას მეუბნები! „ცოტაც მოითმინე“, „ცოტაც მოიცადე“... რამდენ ხანს უნდა ველოდო?! -
შორენა წამით გაჩუმდა. შვილის ხმაში დაგროვილი ბრაზი და იმედგაცრუება იგრძნო, თუმცა უკან დახევას არც აპირებდა.
- მალე! - თქვა მტკიცედ
- საუკეთესო სპეციალისტებს მიგაბარებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სათანადოდ მოგამზადონ. უბრალოდ, კიდევ რამდენიმე თვე მჭირდება. ახალ წლამდე ჩემს გვერდით უნდა იყო, ნიკოლას. მერე შენს საქმეს დაუბრუნდები. ხომ დაგპირდი? - ნიკოლასმა მზერა აარიდა..
- მაგრამ მანამდე, საკონდიტროს გოგოებს ნუ დასდევ. ნანკა იქნება თუ სხვა ვინმე, შენი ყურადღება ახლა სულ სხვა რამეს უნდა ეთმობოდეს. გასაგებია?! - შორენა შებრუნდა.

- რატომ ხარ ასეთი მორცხვი? - ზურა მაცდური ღიმილით უყურებდა ნინის.
ნინი უხერხულად შეიშმუშნა და მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა. თითები ჩანთის სახელურზე შემოეჭდო, თითქოს ამ პატარა მოძრაობით მაინც შეძლებდა იმ უხერხულობის დამალვას, რომელსაც ზურას დაჟინებული მზერა უქმნიდა.
- უბრალოდ ასეთი ვარ...
- ცოტა გაიხსენი, ლამაზო. უფრო თამამი იყავი, ბევრად მოგიხდება - უთხრა ზურამ და მზერა კვლავ მისკენ გააპარა.
- გზას უყურე, ზურა! - მკაცრად მიუგო ნინიმ.
ზურას ჩაეცინა.
- არადა, ჩვენს „უფროსს“ სიტყვას არ უთმობ. მას რომ ეჩხუბები, თითქოს კლანჭებს აჩენ. ჩემთან კი ხმას ძლივს იღებ.
- ის სხვა ფენომენია! - წამოსცდა ნინის.
- აჰა, ანუ ნიკოლასთან თამამი ხარ, ჩემთან კი მორცხვი? - ზურამ ეშმაკურად ჩაიღიმა
- მგონი, შენ უბრალოდ მამაკაცებთან ურთიერთობა გიჭირს... ნამდვილ მამაკაცებთან, რა თქმა უნდა - ნინიმ თვალები აატრიალა.
- ზურა, გთხოვ, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ.
- რატომ? კომპლიმენტების მიღებაც უნდა ისწავლო - მანქანა გზის განაპირას შეაჩერა. ნინიმ გაკვირვებულმა გადახედა, ზურა მისკენ გადაიხარა და სახესთან ახლოს მივიდა. ნინის თმა ყურთან ჩამოშლოდა, ზურამ კი ხელი მოჰკიდა და ყურს უკან გადაუწია..ნინის სხეული მაშინვე დაეძაბა, მისმა სიახლოვემ უსიამოვნო შეგრძნება დაუტოვა და ინსტინქტურად უკან დაიხია.
- რას აკეთებ?! - მკვეთრად შეუყვირა.
- ისეთს არაფერს, ლამაზო. უბრალოდ მინდა, უფრო დაგიახლოვდე.
- მე არ მინდა! - ნინის ხმაში უკვე აშკარა ბრაზი იგრძნობოდა
- ან წამიყვანე იქ, სადაც მივდიოდით, ან გადავალ და ტაქსით წავალ!
- კარგი, ნუ ურჩობ, რა აგრესიული ყოფილხარ... - ჩაიცინა ზურამ, თუმცა სიტყვების დასრულებისთანავე ისევ მისკენ გადაიხარა. ამჯერად ნინის პირადი სივრცის დარღვევას არ დასჯერდა, ხელი წელთან მოხვია და თავისკენ მოქაჩა, თითქოს გოგონას უარი საერთოდ არ გაუგონია, ნინი ერთიანად აფეთქდა.
- ხელი გამიშვი!!! - მკლავზე ძლიერად ჰკრა ხელი, მისგან თავი დაიხსნა და მანქანის კარი გააღო. ზურა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ნინი უკვე გარეთ იყო.
- თავხედო იდიოტო! - უყვირა მან, კარი მიაჯახუნა და მანქანას რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა
- მეორედ აღარ გაბედო მსგავსი რამ! შენ მე ვინ გგონივარ?! - მისი ხმა მთელ ქუჩაში ისმოდა. ნინი სიბრაზისგან კანკალებდა, თვალები კი ბრაზისა და დამცირების განცდისგან აემღვრა..სწორედ ამ დროს მის გვერდით მანქანა გაჩერდა, გიორგის სახე წამში შეეცვალა, საჭეს ხელი გაუშვა, კარი გააღო და სწრაფად გადმოვიდა.
- ნინი! მანქანაში დაჯექი! - დაუძახა მკაცრად, ნინის ერთი წამითაც არ უყოყმანია. მაშინვე გიორგის მანქანისკენ წავიდა, ჩაჯდა და კარი მიიხურა. სავარძელში მოკალათებულმა ფანჯრიდან ზურას გახედა - თვალებში ჯერ კიდევ ბრაზი ედგა.გიორგი ზურას წინ დადგა
- რა დღეში ხარ?! რატომ წამოიყვანე? -
ზურამ მხრები აიჩეჩა და თავის მართლება სცადა.
- თვითონ არ უთქვამს უარი. ჩავთვალე, რომ...
- რა ჩათვალე?! - გიორგიმ სიტყვა გააწყვეტინა
- შენ საერთოდ რას ფიქრობ, ზურა?!
- გიორგი, დამშვიდდი. არაფერი ისეთი არ მომხდარა.
- არაფერი ისეთი?! - გიორგის ხმა უფრო გამკაცრდა
- დაიკარგე აქედან და ნინის სიახლოვეს აღარ დაგინახო! ნინი ქუჩის ქალი არ გეგონოს, რომ შენი სურვილისამებრ მოექცე! - ზურას სახე შეეცვალა.
- შენ რატომ ერევი საერთოდ? შენ ვინ ხარ, რომ მითითებებს მაძლევ? - გიორგი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და საყელოში სწვდა.
- იმიტომ, რომ ასე მსურს! - გამოსცრა კბილებში
- ერთი კილომეტრის რადიუსზეც არ მიუახლოვდე! ნუ მაიძულებ, სამსახური დაგაკარგვინო! არც ის დაგავიწყდეს, ვისი წყალობით მუშაობ აქ. შეირგე, სადაც ხარ, და ისწავლე ადამიანებთან მოქცევა! -
ზურამ ხელი გააშვებინა და გაბრაზებულმა შეხედა
- ეს საუბარი აქ მთავრდება - ცივად დაამატა გიორგიმ
- მეორედ გაფრთხილება არ დაგჭირდება -
ზურას პასუხს აღარ დალოდებია, შეტრიალდა, მანქანაში ჩაჯდა და კარი დახურა. ღვედი შეიკრა, ძრავა დაქოქა და ადგილიდან დაიძრა..რამდენიმე წუთის განმავლობაში არც ერთს ხმა არ ამოუღია..გიორგი საჭეს მჭიდროდ ჩასჭიდებოდა. წარბები შეკეული ჰქონდა.. თითქოს ჯერ კიდევ ზურას წინ იდგა. ნინი ფანჯარაში იყურებოდა და ცდილობდა, მომხდარი თავიდან ამოეგდო, ბოლოს სიჩუმე გიორგიმ დაარღვია.
- მე ხომ გაგაფრთხილე, ამ ტიპს ერიდე-მეთქი! - ნინიმ უხერხულად შეიშმუშნა.
- არ ჩანდა ცუდი ადამიანი... -
გიორგიმ ისეთი მზერა ესროლა, რომ ნინიმ წინადადების დასრულებაც ძლივს მოახერხა.
- არ ჩანდა ცუდი ადამიანი?! ნინი, მართლა ამას მეუბნები?!
- საიდან უნდა მცოდნოდა, ასეთი თუ იყო?- თავი იმართლა გოგონამ
- სამსახურში ნორმალურად იქცეოდა.
- მაგრამ ცუდია! - მკაცრად მიუგო გიორგიმ
- თუ ასეთი საშიშია, რატომ მუშაობს ჩვენთან? - გიორგიმ ამოისუნთქა.
- შორენას დაქალის შვილია და მაგიტომ. თან... - წამით შეყოვნდა, თითქოს არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ბოლოს მაინც განაგრძო
- ციხეში იჯდა ქალის გაუპატიურების გამო. ეს კაცი ნორმალური არ არის, ნინი. ამიტომ გეუბნები, მოერიდე - ნინის სახე შეეცვალა.
- რა?! - აღშფოთებით წამოიძახა
- თუ ასეა, როგორ შეიძლება, ისევ მუშაობდეს? ასე როგორ შეიძლება?!
- კერძო კომპანიაა. შორენას ვისაც უნდა, იმას დაასაქმებს. მე გითხარი, რაც ვიცოდი, დანარჩენი შენზეა! უბრალოდ, მისგან თავი შორს დაიჭირე - ნინი ფანჯარას მიეყრდნო და ჩუმად ამოისუნთქა. მომხდარი თავიდან გაახსენდა და უსიამოვნო შეგრძნება კვლავ დაუბრუნდა, გიორგიმ გვერდულად გადახედა.
- რამე ხომ არ გააკეთა?
- არა... ანუ... ვერ გამიბედავდა ზედმეტს - ხმა ოდნავ აუკანკალდა
- მაგრამ ძალიან დაძაბული ვიყავი.
- მთავარია, ახლა კარგად ხარ - ნინიმ მადლიერი მზერით შეხედა.

ცოტა ხანში გიორგიმ მანქანა ახლომდებარე საბითუმო მაღაზიასთან გააჩერა, ნინი ნელ-ნელა დამშვიდდა და საქმეზე გადაერთო. თაროებიდან ფქვილი, შაქარი, საფუარი, კარაქი, რძე და ვანილი შეარჩიეს..
- ამდენი რაღაც რა საჭირო იყო? მარაგები ახალი შევსებული ჰქონდა სალომეს
- ეს ყველაფერი ფუნთუშებისთვისაა - თვალები აატრიალა ნინიმ.
- კიდევ ახალი რამე მოიგონე?
- მე არა, იმ სულელმა მოიგონა! და დედამისმა აზრი მოუწონა! - გაღიზიანებით ჩაილაპარაკა ნინიმ
- იცი, რა თქვა? „წითურო, მინდა, მეტი კრეატიულობა გამოვიდეს, ვცადოთ ფუნთუშების მომზადება!“ - ნიკოლასის ხმა საოცარი სიზუსტით გაიმეორა, ნიკაპი მაღლა ასწია, პერანგის სახელოები წარმოსახვით აიკეცა და ისეთი ამაყი გამომეტყველება მიიღო, თითქოს მთელი საკონდიტრო პირადად მისი აშენებული ყოფილიყო.
- მერე ასე შემოვა -განაგრძო ნინიმ, გაჯგიმული გაიარა რამდენიმე ნაბიჯი, ხელები ზურგს უკან დაიწყო და თანამშრომლებს წარმოსახვითი უფროსივით გადახედა.
- „აბა, რას ვაკეთებთ დღეს? იმედია, ჩემი მოსვლის გარეშე არაფერი გაგიფუჭებიათ!“ - ბოლოს წარბი ასწია, ტუჩის კუთხე ჩატეხა და თავი ისე გადააქნია, თითქოს მთელი მსოფლიო იმედს უცრუებდა, გიორგი უკვე ხმამაღლა იცინოდა.
- ნინი, გთხოვ, გააგრძელე!
- არა, მოიცა, საუკეთესო ახლა მოდის! - ნინიმ წარმოსახვითი ბლოკნოტი აიღო, ჰაერში რაღაც ჩაინიშნა და ვითომ კრემის თასს დახედა.
- „ეს კრემი რატომ არის ასეთი? წითურო, თავიდან გააკეთე!“
- ანდაც ეს.. რასაც გაფუჭებული რადიოსავით იმეორებს "მე ხელმძღვანელი ვარ, შენ კი წარმოების მენეჯერი!“
- ღმერთო ჩემო - ძლივს ამოისუნთქა გიორგიმ
- ისეთი თავდაჯერებით დადის, თითქოს მოდის ჩვენებაზე იყოს და მთელი მსოფლიო მის შესახედად შეკრებილიყოს! თან თავისი დამცინავი, ამაზრზენი ღიმილი აქვს... - გიორგი ნინის ასეთ ხასიათზე იშვიათად ხედავდა
- რა გაცინებს?! მართლა ასეთი აუტანელია, მთელი დღე ამ ყველაფერს ვუძლებდი გიორგი, სპეციალურად მამწარებს
- წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ასეთი ნიჭიერი მსახიობი იყავი.
- ძალიან სასაცილოა! - ჩაიბურტყუნა ნინიმ და პროდუქტების ჩანთას ხელი დაავლო
- წამოდი, სანამ კიდევ რამე არ მოიგონა იმ გიჟმა - საკონდიტროს კართან მისულებს შიგნიდან ნიკოლასის ხმა შემოესმათ..ნინი მაშინვე გაჩერდა, თვალები დახუჭა და ღრმად ამოიოხრა..
უკვე მოსაღამოვებული იყო.. საკონდიტროში სიმშვიდე ნელ-ნელა ისადგურებდა, ძირითადი თანამშრომლები სამუშაოს ასრულებდნენ და სათითაოდ მიდიოდნენ. ნიკოლასი კი, როგორც ყოველთვის, უფროსის როლში იყო შესული. სახელოებაკაპიწებულ პერანგში გამოწყობილი, ხელში ფურცელი ეჭირა და ახლად მოტანილ პროდუქტებს ისეთი სერიოზული სახით ამოწმებდა, თითქოს რომელიმე დიდი კომპანიის მილიონიანი შეკვეთის ბედს წყვეტდა. ხან ერთ პროდუქტს დახედავდა, ხან მეორეს, თავს დამაკმაყოფილებლად დაუქნევდა და ისეთი გამომეტყველებით გასცემდა მითითებებს, თითქოს მასზე უკეთ ამ საქმეში სხვა არავინ ერკვეოდა.
- ძალიან კარგი, ეს არის... ესეც არის... მშვენიერია - თქვა ბოლოს და ფურცელი დაკეცა
- შეგიძლია ცხობას შეუდგე. რაც მალე დაიწყებ, მით მალე დაასრულებ - ნინიმ გაკვირვებულმა შეხედა.
- შევუდგე? მცხობელები სად არიან? -
ნიკოლასმა ამოიხვნეშა და თვალები ჭერს მიაპყრო
- სამწუხაროდ, ინგა შეუძლოდ იყო და გავუშვი. თამარის შვილს სიცხე ჰქონდა და ისიც გავუშვი... - მცირე პაუზა გააკეთა, შემდეგ კი მზერა ნინის მიაპყრო
- მხოლოდ შენ დარჩი - ნინის სახე ნელ-ნელა შეეცვალა. ჯერ წარბები შეკრა, შემდეგ ტუჩები ისე მოკუმა, თითქოს საკუთარ თავს აიძულებდა, იმ წამსვე არ ეყვირა. ნიკოლასი კი მის რეაქციას კმაყოფილი, ძლივს შესამჩნევი ღიმილით აკვირდებოდა, აშკარად სიამოვნებდა იმის ყურება, როგორ ეწურებოდა მოთმინება.
- ანუ მე უნდა დავაცხო, ამის თქმა გინდა?
- არ გამოგივა? - უდარდელად მიუგო ნიკოლასმა
- შენ ხომ წარმოების მენეჯერი ხარ? - ნინის ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ახლა ერთ-ერთი ფქვილის ტომარა უნდა აეღო და თავზე ჩამოეცვა მისთვის.
- მე დავრჩები და მოგეხმარები, ნინი - ჩაერთო გიორგი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა, ნინიმ მაშინვე მისკენ მიიხედა.
- სად დარჩები, გიორგი? მგონი, სიცხე გაქვს. არ მინდა, წადი, დაისვენე. მარტოც შევძლებ.
- შენ მართლა სიცხე გაქვს, გიო - ამჯერად ნიკოლასი მეგობრისკენ შეტრიალდა, სახიდან ირონიული გამომეტყველება გაუქრა და გიორგის ყურადღებით დააკვირდა
- წამოდი, მე წაგიყვან სახლში..
- ნინის დატოვება არ მინდა.
- არა, გიო, მართლა წადი, გთხოვ - ნინი მის წინ შეჩერდა და შეწუხებული მზერით შეხედა
- თავს მიხედე. თუ რამე დამჭირდება, დაგირეკავ. გპირდები, ყველაფერს მოვერევი.
- დარწმუნებული ხარ?
- კი, აბსოლუტურად.
- წამოდი - ნიკოლასმა მეგობარს მხარზე ხელი დაადო
- დაგტოვებ სახლში და თუ საჭირო იქნება, მერე მეც მოვეხმარები.
- არა! - მაშინვე წამოიძახა ნინიმ, ნიკოლასმა ნელა მიაბრუნა თავი მისკენ.
- რა არა?
- მთელი ღამე რომ გადავათენო, მარტო მირჩევნია მუშაობა! არავის დახმარება არ მინდა! - რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ, ნინის მზერა მრისხანებით იყო სავსე, ნიკოლასის თვალებში კი ნაცნობი, გამაღიზიანებელი ირონია დაბრუნდა.
- კარგი! არ გინდა და ნუ გინდა! - მხრები უდარდელად აიჩეჩა მან. შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდა, თითი ასწია და საქმიანად დაამატა
- ოღონდ არ დაგავიწყდეს, დარიჩინის მკვეთრი გემო უნდა ეტყობოდეს ფუნთუშებს.
- გასაგებია!! - კბილებში გამოსცრა ნინიმ,
ნიკოლასი კმაყოფილი იყო იმით, რომ კიდევ ერთხელ მოახერხა მისი გაბრაზება. გიორგის მხარზე ხელი მოხვია და გასასვლელისკენ წაიყვანა, ნინი სამზარეულოსკენ გაემართა.
- აუტანელი! - ჩაიბურტყუნა, როგორც კი დარწმუნდა, რომ აღარავინ უსმენდა
- იმედია, ამ წყეული დარიჩინის სუნზე არ გავიგუდები! რას აიტეხა მაინც და მაინც დარიჩინი?! თითქოს სხვა რამე არ არსებობს ამ ქვეყანაზე! - წინსაფარი გაღიზიანებით მოირგო, თმა უკან შეიკრა და პროდუქტებს გადახედა.
- ოდესმე მაინც მოვა დღე, როცა ამ ბიჭის გარეშე გავატარებ ერთ ნორმალურ სამუშაო დღეს? - ამოიოხრა და ფქვილის ტომარას ხელი დაავლო..

ნიკოლასი გიორგის სახლში დატოვებიდან რამდენიმე წუთში საკონდიტროსთან დაბრუნდა.. შუშის ვიტრინასთან შეჩერდა და შიგნით შეიხედა, ნინი წინსაფარშემოხვეული მაგიდასთან იდგა, ცომს ენერგიულად ზელდა და რაღაცას თავისთვის ბუტბუტებდა.. ფქვილი ლოყაზე და ცხვირის წვერზე მოსცხებოდა, ხანდახან ცომს გაბრაზებით ურტყამდა ხოლმე ხელს.. ნიკოლასს ჩაეღიმა, ცოტა ხანს უყურა, თვალებში რაღაც უცნაური კმაყოფილებით აკვირდებოდა მის ყოველ მოძრაობას.. მერე თავი ოდნავ გადახარა, თითქოს რაღაც მოაფიქრდა, და კარისკენ დაიძრა, ნინის ნერვების მოშლა ჯერ კიდევ შეეძლო და ამაზე უკეთესი გასართობი იმ საღამოს არაფერი ჰქონდა.
- საით? - მოულოდნელად მოესმა ზურგს უკან, ნიკოლასი შემობრუნდა. ნანკა მისკენ სწრაფად წამოვიდა, მიეტმასნა და კისერზე ჩამოეკიდა.
- არსად. აქ რა გინდა?
- შენთან მოვედი, ცეცხლოვანი საღამოს გასატარებლად - ჩასჩურჩულა ნანკამ და ტუჩის კუთხესთან აკოცა, ნიკოლასს ღიმილი გაუფართოვდა.
- მართლა?
- წავედით? - ნიკოლასმა ხელი წელზე მოხვია და სახლისკენ წაიყვანა..ნინიმ მათ თვალი ვიტრინიდან მოჰკრა, რამდენიმე წამით გააყოლა მზერა, სანამ ნანკა ნიკოლასს უფრო მჭიდროდ მიეკვროდა. შემდეგ თავი გააქნია, თითქოს საკუთარ თავს უბრძანა, ეს სანახაობა არ აინტერესებდა, და ისევ ცომს მიუბრუნდა.
- შენი საქმე აკეთე, ნინი - ჩაიბურტყუნა თავისთვის

სახლში შესვლისთანავე ნიკოლასმა შუქი აანთო, მაგრამ ნანკამ მოსვენება არ აცალა, მკლავები კისერზე შემოხვია და ტუჩებზე ვნებიანად დაეწაფა, ნიკოლასმაც წელზე შემოხვეული ხელით თავისკენ მიიზიდა, სანამ მათი სილუეტები ფანჯრის მინასთან თითქმის ერთ მთლიან ჩრდილად არ იქცა..საკონდიტროში კი ნინის ხელში მოზელილი ცომი მოულოდნელად გაჩერდა..თვალი თავისით გაექცა ფანჯრისკენ, მერე მაშინვე მოარიდა მზერა დარცხვენილმა..რამდენიმე წამში ისევ გახედა, ნანკა კვლავ მის მკლავებში იყო მოქცეული, ნიკოლასის სახე კი მისკენ დახრილიყო.. ნინი გაშეშდა, თითები ცომში ჩაეფლო და ისე მიაშტერდა მათ, თითქოს საკუთარი თვალებით დანახულს ვერ იჯერებდა, მაგიდაზე ჯამს ხელი წამოკრა, ფქვილი მაგიდაზე გაიფანტა.
- ჯანდაბა! - ნინიმ ჯამი გაასწორა, მაგრამ უკან დახევისას სკამის ფეხს წამოჰკრა და კინაღამ წაიქცა.
- მშვენიერია! უბრალოდ მშვენიერია! ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა!! -
გაბრაზებულმა აქეთ-იქით დაიწყო სიარული, მერე კი უცებ გაჩერდა და საკუთარ თავს ეჭვით შეხედა.
- მოიცა... მე რატომ ვბრაზდები? - უცებ თავისივე დასმულ კითხვას არგუმენტირებული პასუხი გასცა
- ამდენი ფუნთუშის კეთებისგან გადავირიე! - გადაწყვიტა ბოლოს
- დიახ, ზუსტად ასეა! თან ეს დარიჩინის სუნიც ტვინში ამივიდა. წყეული დარიჩინი! - ცომს მიუბრუნდა და მთელი ძალით განაგრძო ზელა. თუმცა რამდენიმე წუთიც არ გასულა, რომ მზერა ისევ ფანჯრისკენ გაექცა..ამჯერად ოთახში შუქი აღარ ენთო, ნინი წელში გასწორდა, რამდენიმე წამით ჩაბნელებულ ფანჯარას უყურა და ბოლოს შვებით ამოისუნთქა.
- როგორც იქნა... - მობრუნდა და სამუშაოს გაგრძელება სცადა, სწორედ მაშინ გაისმა წინ რაღაცის დაცემის ხმა..ნინი ადგილზე გაშეშდა, ხმა მთავარი შესასვლელის მხრიდან მოდიოდა, ნელა მიაბრუნა თავი. საკონდიტროს დარბაზში სიჩუმე ჩამოწოლილიყო, მხოლოდ მაცივრის ერთფეროვანი ზუზუნი ისმოდა. კარის მინაზე ვიღაცის ჩრდილი გამოჩნდა, გაუნძრევლად იდგა, თითქოს შიგნით იყურებოდა და შესაფერის მომენტს ელოდა. ნინის სახიდან ფერი გადაუვიდა.
- არა... ოღონდ ისევ არა... - უკვე ერთი წელი იყო, რაც შიშით ცხოვრობდა, ერთი წელი გაურბოდა უცნობისგან მუქარებს, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველ მოულოდნელ ხმაზე გული ყელში ებჯინებოდა..ნინი ფრთხილად დაიძრა, ხელში არაფერი ეჭირა, ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ვერაფერი იპოვა, რითაც თავს დაიცავდა. კართან მიახლოებისას კედელს აეკრა და კარის უკან შეაფარა თავი, ჩრდილი დაიძრა, ნინის სუნთქვა გაუხშირდა, ხელები უკანკალებდა . უცებ ჩანთას წააწყდა, სწრაფად ჩაავლო ხელი და გახსნა.. შიგნით მხოლოდ ტელეფონი, საფულე და სუნამო ჰქონდა..სუნამო ამოიღო, თვალები მაგრად დახუჭა და კარისკენ მიმართა, საკეტი გაიწია, კარი გაიღო.
ნინიმ ხელი წინ გაიშვირა, მზად იყო, პირველი მოძრაობისთანავე სუნამო სახეში შეეშხურებინა შემოსულისთვის.
- გადაწყვიტე, სუნამო დამასხა? -
ნაცნობი, უდარდელი ხმა გაისმა, ნინიმ თვალები გაახილა, მის წინ ნიკოლასი იდგა.
- შენ?! შენ ხარ, იდიოტო?! - აღმოხდა ნინის,
ნიკოლასმა ჯერ მის ხელში მოქცეულ სუნამოს დახედა, შემდეგ კი გაფითრებულ სახეს. ტუჩის კუთხე ნელა აეწია.
- სხვა გეგონე? ამიტომ კანკალებ ასე? ვინ გაშინებს ასე ძალიან? - იკითხა უდარდელად, ნინიმ სუნამო დაბლა დაუშვა, თუმცა თითები ჯერ კიდევ უკანკალებდა. ცდილობდა, სახეზე შიში არ დასტყობოდა, მაგრამ ნიკოლასის დაკვირვებულ მზერას არაფერი გამოჰპარვია.
- აქ რა გინდა? შენ ხომ... - სიტყვა შუაზე გაუწყდა, ნიკოლასმა თავი ოდნავ გადახარა.
- მე ხომ რა?
- არაფერი..
- არა, არა - ნიკოლასი ღიმილით მიუახლოვდა.
- ახლა უკვე მაინტერესებს. თქვი, რის თქმას აპირებდი? - ნინიმ ნიკაპი მაღლა ასწია და პირდაპირ თვალებში ჩახედა.
- შენ ხომ დაკავებული იყავი?! - ნიკოლასის ღიმილი გაფართოვდა.
- ვიყავი. მაგრამ ჩემი სტუმარი გავუშვი. იცი, რატომ? - ნელა გადადგა ნაბიჯი მისკენ, ნინი უნებურად უკან დაიხია.
- რატომ? - ძლივს ამოილუღლუღა.
- იმიტომ, რომ შევნიშნე, როგორ მითვალთვალებდა ვიტრინიდან ერთი ცნობისმოყვარე წითური გოგონა - ნინის თვალები გაუფართოვდა.
- რას სულელობ?!
- დაგინახე! - ნიკოლასის ხმაში დამცინავი სიმშვიდე გაისმა
- ჯერ მიყურებდი, მერე თავს იბრუნებდი, შემდეგ ისევ იყურებოდი... - ნიკოლასმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ნინის უკან მაგიდა იყო, ზედ ფქვილი, ჯამები და ცომის ნაჭრები ეწყო. უკან დასახევი ადგილი თითქმის აღარ დარჩა.
- რატომ მიყურებდი ასე დაჟინებით? - ჩუმად ჰკითხა მან
- აქ ვარ, წითურო. შეგიძლია მკითხო ყველაფერი, რაც გაინტერესებს. ან იქნებ სცენა მოგეწონა?
- შენ მართლა ავად ხარ! - ნინიმ გვერდის ავლა სცადა, მაგრამ ნიკოლასმა მკლავზე ხელი მოჰკიდა.
- მოიცა, სად გეჩქარება?
- გამიშვი! გააფრინე?! - ნიკოლასი არ განძრეულა, მისი მზერა ნინის სახეზე დასრიალებდა.. ფქვილით მოსვრილ ლოყებზე, აწითლებულ ცხვირზე, ჭორფლებზე, რომლებიც გაბრაზებისგან უფრო მკაფიოდ გამოსჩენოდა, შემდეგ თვალებში შეხედა და ღიმილი ოდნავ შეეცვალა..იქ რაღაც ველური, გამომწვევი სიჯიუტე აუკიაფდა.
- აშკარად მოგეწონა ის სცენა - ჩაილაპარაკა მან
- ან იქნებ... - პაუზა გააკეთა და ნინის სახეს დააკვირდა.
- იქნებ ნანკასი შეგშურდა? - ნინის სუნთქვა შეეკრა, შემდეგ გაეცინა
- რა სისულელეა!
- მაშინ რატომ გაწითლდი?
- იმიტომ, რომ ნერვებს მიშლი!
- საინტერესოა - ნიკოლასი კიდევ უფრო დაიხარა მისკენ
- შენ... შენ...
- მე რა? - ნიკოლასს ჩაეღიმა, მისი ხელი ჯერ კიდევ ნინის მკლავზე იყო,
ნინი გრძნობდა მის სუნთქვას. ნიკოლასი კი მის სახეზე თითოეულ ცვლილებას აკვირდებოდა - როგორ უთრთოდა წამწამები, როგორ ეჭიმებოდა ყბა, როგორ ცდილობდა, არ ეჩვენებინა, რომ ამ სიახლოვემ წონასწორობა დაურღვია..მათ შორის მანძილი სულ უფრო მცირდებოდა..



№1 სტუმარი Sirena

როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო ნაწილი იყო. მოუთმენლად ველი გაგრძელებას და მოვლენების განვითარებას✨

 


№2 სტუმარი LAmi

როგორ მომწონს ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent