შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი 12)


გუშინ, 22:47
ავტორი თინათინი10
ნანახია 530

ნიკოლასი სულ უფრო და უფრო მიიწევდა ნინისკენ, თითქოს მის სულში რაღაც ეშმაკისეული ჩასახლებულიყო. წითურის დანახვაზე მასში ავტომატურად ირთვებოდა უცნაური სურვილი, როგორმე გაებრაზებინა, მოთმინება დაეკარგვინებინა და თავისი ცინიკური გამოხტომებით ჭკუიდან გადაეყვანა..თუმცა, სადღაც ამ გაუგებარი სურვილის მიღმა, რაღაც სხვა იმალებოდა, რასაც თავადაც ვერ ხსნიდა. ნინის აწითლებულ ლოყებს, გაბრაზებისგან აციმციმებულ თვალებსა და ჯიუტად მოკუმულ ტუჩებს ისეთი ყურადღებით აკვირდებოდა, თითქოს მისგან თვალის მოწყვეტა უჭირდა.
- მითხარი, რატომ გვითვალთვალებდი ასე დაჟინებით? - ჩაეკითხა ღიმილით
- ხომ არ შეგშურდა მისი? თუ გინდა, გულს არც შენ დაგწყვეტ... - სიტყვები ბოლომდე არ ჰქონდა დასრულებული, ისე დაიხარა ნინისკენ, მის თვალებში გამომწვევი ნაპერწკლები ღვიოდა, ტუჩებზე კი ისეთი თავდაჯერებული ღიმილი დასთამაშებდა, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ გოგონასთვის უნდა ეკოცნა.. გოგონა ერთიანად აფეთქდა, სილა ისეთი ძალით გააწნა, ნიკოლასს ლამის თვალთ დაუბნელდა..დარტყმის ხმა საკონდიტროში მკაფიოდ გაისმა.. ნიკოლასს ღიმილი სახეზე შეეყინა, ხოლო რამდენიმე წამით ადრე გამომწვევად მოელვარე თვალებში სრული გაოცება ჩაუდგა.. ლოყაზე ხელი მიიდო და ნინის შეხედა, თითქოს ვერ დაეჯერებინა, რომ ვიღაცამ მართლა გაბედა და ასე მწარედ გაარტყა.
- რას ბოდავ, თავხედო?! რას აკეთებ?! - მთელი ხმით უყვირა და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა, ხელი ძლიერად ჰკრა, გამწარებული გოგო არ ჩერდებოდა
- შენ მე ვინ გგონივარ?! რა საქმე მაქვს მე შენთან და შენს ვიგინდარა ქალებთან?! რაში მაინტერესებს, ვისთან ერთად იქნები?! გაგიჟდი?! - მის ხმაში ბრაზი, აღშფოთება და შეურაცხყოფილი სიამაყე ირეოდა, ნიკოლასი დაიბნა, ასეთ რეაქციას არ ელოდა. ჩვეულებრივ, ნინის გაბრაზება მისთვის გასართობი იყო, მაგრამ ახლა მის წინ თითქოს სულ სხვა ადამიანი იდგა..ნიკოლასმა პირი გააღო, თუმცა სათქმელი ვერ მოიფიქრა.
- მე შენ... - ძლივს დაიწყო.
- თავი ვინ გგონია, რომ ასეთი რაღაცების თქმის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?! ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე შენი პირადი ცხოვრება საერთოდ არ მაინტერესებს! - ყვირილით წარმოთქვა, უეცრად სახეზე უცნაური ცვლილება დაეტყო..ნინიმ მოულოდნელად შეწყვიტა საუბარი და თავი ოდნავ გვერდზე მიაბრუნა.. ცხვირში დარიჩინის მძაფრი სურნელი დაეტაკა.. აქამდე გაღიზიანებისგან ვერც კი ამჩნევდა, რამდენად გამძაფრებულიყო ის სუნი სამზარეულოში, მაგრამ ახლა ყელში უსიამოვნო ქავილი იგრძნო..ხველა აუტყდა. ჯერ ერთხელ, შემდეგ რამდენჯერმე ზედიზედ.. ნინიმ ღრმად ჩასუნთქვა სცადა, თუმცა სუნთქვა უცნაურად გაუძნელდა. ყელში მოჭერის შეგრძნება გაუჩნდა, თვალები ცრემლებით აევსო, სახეზე კი ბრაზისფერი სიწითლის ნაცვლად სულ სხვა, შემაშფოთებელი სიფერმკრთალე გადაეფინა..ნიკოლასის გამომეტყველება მაშინვე შეიცვალა.
- რა დაგემართა? - გოგონამ პასუხის ნაცვლად ხელი აუქნია, თითქოს ეუბნებოდა, ახლოს არ მოხვიდეო, და ისევ დაახველა.
- რა გჭირს? - ნიკოლასი მისკენ დაიძრა.
- არაფერი... - ძლივს ამოთქვა ნინიმ, თუმცა ხმაში უკვე აშკარად იგრძნობოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო..მან მაგიდას ხელი ჩაავლო, თითები ცომითა და ფქვილით ჰქონდა მოსვრილი, ჰაერის ჩასუნთქვას ცდილობდა, თუმცა ყოველი ჩასუნთქვა უფრო რთული ხდებოდა..
ნიკოლასს სახიდან ფერი დაეკარგა..
- ნინი, შემომხედე. რა გემართება?
- არ მომეკარო! - ძლივს გამოსცრა გოგონამ.. ნინის ხველება უფრო გაუძლიერდა, ყელში რაღაც უხილავი მარყუჟივით უჭერდა, სუნთქვა უჭირდა და ყოველი ჩასუნთქვა უფრო და უფრო მტკივნეული ხდებოდა.. მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა, მაგრამ თითებში ძალა ეკარგებოდა, თვალებში ყველაფერი აერია..ფეხები მოეკვეთა..
- ნინი! - ნიკოლასი მისკენ სწრაფად გაიჭრა, გოგონას მუხლები მოეკეცა და იატაკისკენ დაეშვა, მაგრამ დაცემამდე დაიჭიერა, ერთი ხელი ზურგს უკან შეუცურა, მეორე კი მუხლების ქვეშ ამოსდო და ხელში აიტაცა.. ნინის თავი მის მხარზე უღონოდ გადავარდა, ჩამოშლილი წითური თმა კი მკლავზე დაეფინა.
- ნინი! გესმის?! - ნიკოლასმა შეშფოთებული მზერით დახედა მის ფერმკრთალ სახეს.. რამდენიმე წუთის წინ ამ გოგომ ისე მწარედ გააწნა, ლოყა ჯერ კიდევ უხურდა. ახლა კი მის მკლავებში სრულიად უგონოდ იწვა.
- ჯანდაბა, ნინი... თვალები გაახილე! - სწრაფად გავიდა საკონდიტროდან, კარი მხრით გააღო.. გარეთ გრილ ჰაერზე გაიყვანა.. ნიკოლასი განათებულ შესასვლელში სკამთან ჩაიმუხლა და ნინი ფრთხილად დააწვინა, წითური თმა სახეზე ჩამოშლოდა.. ნიკოლასმა რამდენიმე ღერი ფრთხილად გადაუწია..
- წითურო, გესმის ჩემი? - ამჯერად უფრო მშვიდად სცადა, თუმცა ხელები მაინც უკანკალებდა..მისი მზერა სახეზე შეაჩერა, მკაფიოდ გამოკვეთილი ცხვირი, გრძელი წამწამები, გაფითრებული ტუჩები...
- რა ჯანდაბა დაგემართა, წითურო? - მისი მზერა მხარზე ჩამოცურებულ ბრეტელზე შეჩერდა. მაისურის კიდესთან რამდენიმე პატარა ჭორფლი მოჩანდა, ნიკოლასს უნებურად ჩაეღიმა.
- ჭორფლებიანი შტერი - ჩაილაპარაკა ჩუმად
- ნინი! - მხარზე მსუბუქად შეეხო
- გამოფხიზლდი ახლა, როდემდე უნდა გატარო ხელით - თითქოს მის ხმას გამოეხმაურაო, ნინის ქუთუთოები ოდნავ შეირხა. გოგონამ დაბნეულად გაახილა თვალები, რამდენჯერმე დაახამხამა და ღრმად ჩაისუნთქა, ნიკოლასმა შვებით ამოისუნთქა.
- აი, ასე... ნელა.. უცებ არ წამოდგე, კარგი?- მაგრამ ნინიმ როგორც კი გააცნობიერა, რომ ნიკოლასის მკლავებში იწვა, მაშინვე წამოხტა და სწფაფად თავი გაითავისუფლა მისგან
- ხელი არ დამაკარო! - ნიკოლასი უკან დაიხია და ხელები უდანაშაულოდ ასწია.
- როგორც ჩანს, უკვე კარგად ხარ - მის ტუჩებზე ღიმილი დაბრუნდა, თუმცა თვალებში ჯერ კიდევ შფოთვა ეტყობოდა.
- შენს სახეს როცა აღარ დავინახავ, მაშინ ვიქნები ყველაზე კარგად! - შეუღრინა ნინიმ.
- კარგი, ასე იყოს - ნიკოლასმა წარბი ასწია.
- შეგიძლია, შიგნით შეხვიდე და ფუნთუშების ცხობა განაგრძო - ნინიმ პირი გაოცებისგან დააღო
- იცი, რა?! ჭირს წაუღიხარ შენი ფუნთუშებიანად და შენი საკონდიტროიანად! შეგიძლია, შენ თვითონ შეხვიდე და განაგრძო! მთელი ღამე იქ იჯექი და დარიჩინის სუნში დაიხრჩვი! - ნიკოლასს გაეცინა.
- მე არ მაქვს დარიჩინზე ალერგია ძვირფასო
- იცოდი და ამიტომ აიკვიატე არა? ნაგავი ხარ! - ნინიმ წინსაფარი უხეშად გახსნა, გადაიძრო და მთელი ძალით ესროლა, ფქვილიანი წინსაფარი ნიკოლასს პირდაპირ მკერდზე მოხვდა და მხარზე ჩამოეკიდა
- აუტანელო! - ჩაიბურტყუნა ნინიმ და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა.
- ნინიკოო! ხვალ დილით თუ ფუნთუშები მზად არ იქნება, დედაჩემი გაგიჟდება! მე კი, როგორც გენერალური დირექტორი, იძულებული ვიქნები, სამსახურიდან გაგათავისუფლო! ძალიან არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მექნება! - მიაძახა ნიკოლასმა სიცილით, სკამზე ჩამოჯდა და ფქვილით მოსვრილ წინსაფარს დახედა.
- ნიკოლას... - ჩაილაპარაკა თავისთვის
- ხვალ დაგერხევა.. - წარმოიდგინა შორენას სახე, როცა დილით გაიგებდა, რომ ფუნთუშები მზად არ იყო, წარმოების მენეჯერი კი შუა ღამით გაიქცა.. დედამისის რისხვა თვალწინ დაუდგა და სიცილი ისევ აუტყდა.
- დედაშენი მოგკლავს, შე იდიოტო. ეს სულელი რომ გააქციე - წინსაფარი გვერდით გადადო, საკონდიტროში დაბრუნდა და ქაოსურად მიმოფანტულ პროდუქტებს თვალი გადაავლო.. ღრმად ამოიოხრა.
- რა მშვენიერი საღამოა! და კიდევ უფრო მშვენიერი ხვალინდელი დღე იქნება..

ნიკოლასს მაღვიძარამ ჩვეულ დროს დაურეკა.. თვალები ზანტად მოიფშვნიტა, ბალიშში სახე ჩარგო და რამდენიმე წამით კიდევ აპირებდა ძილს, მაგრამ უცებ რაღაც გაახსენდა - დედამისის გამაყრუებელი კივილი არ ისმოდა.. წარბები შეკრა და საწოლიდან წამოხტა, ფანჯარასთან მივიდა. ქვემოთ, საკონდიტროში, თანამშრომლები უკვე ჩვეულებრივ ფუსფუსებდნენ. არავითარი ქაოსი, არავითარი შეშლილი შორენა.. ნიკოლასმა ეჭვით მოჭუტა თვალები..
მოწესრიგებას დიდი დრო არ მოუნდომებია. მუქი შარვალი, თეთრი, ოდნავ გახსნილი საყელოს მქონე პერანგი, რომლის სახელოებიც იდაყვებამდე აიკეცა, და მაჯაზე ძვირადღირებული საათი.. თითქოს ჩვეულებრივ დილას კი არა, მოდის ჟურნალის გარეკანზე გადასაღებად ემზადებოდა. თმა ხელით გადაივარცხნა, სარკეში საკუთარი თავი კმაყოფილმა შეათვალიერა და ტუჩის კუთხეში ირონიული ღიმილი გაეპარა.
- ვნახოთ, რა ხდება - ქვემოთ ჩავიდა და საკონდიტროს კარი შეაღო..პირველი, რაც შეამჩნია, დამწვარი ფუნთუშების სუნის არარსებობა იყო. არც ფქვილით იყო ყველაფერი მოთხვრილი, არც სამუშაო მაგიდები გამოიყურებოდა ბრძოლის ველივით.. ანანო ვიტრინასთან დესერტებს აწესრიგებდა და თითოეულს პაწაწინა დეკორაციებს უსწორებდა, თამარი კი მიქსერით კრემს თქვეფდა და თან კოლეგასთან ერთად რაღაცაზე იცინოდა. უკანა მაგიდასთან კიდევ ერთი თანამშრომელი უკვე შეკვეთებისთვის განკუთვნილ ყუთებში ნამცხვრებს ფრთხილად ალაგებდა.. გაკვირვებულმა ნიკოლასმა წარბები შეკრა - ნუთუ ეს ის საკონდიტრო იყო, რომელიც წინა საღამოს დატოვა? თუ ღამით ვიღაცამ ყველაფერი თავიდან ააწყო?სამზარეულოში შევიდა და მაშინვე წითელი თმები მოხვდა თვალში..ნინის თავზე თეთრი ქუდი ჩამოეფხატა, რამდენიმე წითური ღერი კი საფეთქელთან გამოპარვოდა.. ფქვილისგან ოდნავ გათეთრებული ლოყებითა და ცხვირზე მოფენილი ჭორფლებით, ისე გულმოდგინებით მუშაობდა, თითქოს გარშემო არავინ არსებობდა.. სამუშაო მაგიდაზე კი უკვე გამზადებული დესერტების მთელი კოლექცია ელაგა..მან ჯერ თხელი, ნაზი ბლინები გამოაცხო, ელასტიკური და ფაფუკი გამოუვიდა, ადვილად შეძლო მათი გადაკეცვა და შიგთავსის მოთავსება.. ცალკე მოამზადა ჰაეროვანი, მსუბუქი კრემი, შემდეგ კი თითოეულ ბლინში კრემი და ახალი მანგოს წვნიანი ნაჭრები მოათავსა და რულეტივით ფრთხილად გადაახვია.. მანგოს ვარიანტს ზემოდან მანგოს თხელი, ოქროსფერი ფენა გადააკრა, რომელმაც დესერტს პრიალა, მზისფერი იერი შესძინა.. ასევე მარწყვის ვარიანტიც მოემზადებინა. ბოლოს ორივე სახეობა შუაზე გაჭრა, რათა ფუმფულა თეთრი კრემი და ხილის ფერადი შიგთავსი ლამაზად გამოჩენილიყო..
ყველაფერი მოწესრიგებულად და პროფესიონალურად გამოიყურებოდა
- ნიკოლას, მოდი! ნახე, რა მაგარი რაღაც მოამზადა ნინიმ! - შორენას მხიარულმა ხმამ სამზარეულოში გაიჟღერა, ნინიმ მხოლოდ მაშინ გაიხედა, მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და რამდენიმე წამით ორივე გაჩერდა. გოგონამ თავდაჯერებულად ჩაიღიმა, თითქოს მთელი დილა სწორედ ამ მომენტისთვის ემზადებოდა. ნიკოლასსაც გაეღიმა, იმ თავისებური ღიმილით, რომლის მიღმაც ყოველთვის რაღაც ეშმაკური იმალებოდა.
- მე ფუნთუშების ამბავი უფრო მაინტერესებდა, დედა.. მზად არის? ჩვენი დარიჩინიანი ფუნთუშები? - შორენამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო.
- რა თქმა უნდა, მზად არის! - ნინიმ სიტყვა არ დააცადა
- მე როცა საქმეს ხელს ვკიდებ ბატონო ნილოლას, დაუსრულებელს არასდროს ვტოვებ, რომ იცოდეთ! შეგიძლიათ, დააგემოვნოთ - ის ნიკოლასისკენ დაიძრა და ლანგარი პირდაპირ ცხვირწინ მიუტანა. ზედ ფუმფულა, ოქროსფრად დაბრაწული ფუნთუშები ეწყო - ზოგი ფორთოხლის არომატითა და ციტრუსის მსუბუქი მინანქრით, ზოგი მანგოს ტკბილი, ხავერდოვანი შიგთავსით, დანარჩენი კი მარწყვის ნაზი კრემით. თითოეულს საკუთარი ფერი და ხასიათი ჰქონდა, დარიჩინის სურნელი კი მთელ ლანგარს ერთიანად აერთიანებდა, ნიკოლასმა ცალი წარბი ასწია. მზერა ჯერ ფუნთუშებს შეავლო, მერე ნინის და ბოლოს ისევ ლანგარს დაუბრუნდა.
- ეს... რანაირად? - ჩუმად ჩაილაპარაკა, ნინი ოდნავ დაიხარა, თითქოს მისთვის განსაკუთრებული საიდუმლოს გაზიარებას აპირებდა.
- როცა ომში შევდივარ, ბოლომდე ვიბრძვი! სანამ შენ არხეინად გეძინა, მე მანამდე ყველაფერი მოვასწარი - ჩასჩურჩულა ნიშნისმოგებით და ისევ თამამად შეხედა თვალებში, ნიკოლასმა რამდენიმე წამით უხმოდ უყურა. აშკარა იყო, ასეთ შედეგს ნამდვილად არ ელოდა..
- გამაოცე, წითურო... ნამდვილად გამაოცე- თქვა ბოლოს და ყავა მოსვა
- მეგონა, დანებდებოდი.
- შენს განზრახვას მშვენივრად ვხვდები! - ნინიმაც ჩურჩულითვე უპასუხა.
- მაგრამ იმის საშუალებას არ მოგცემ, რომ ჩემი გამწარებით სიამოვნება მიიღო!-
ისინი ისე ჩურჩულებდნენ, თითქოს სამზარეულოში მათ გარდა არავინ იყო. ნიკოლასი ფინჯანს ტუჩებთან იჩერებდა, ნინი კი გამომწვევად უღიმოდა; მათი საუბრის ტონი უფრო პირად დაპირისპირებას ჰგავდა, ვიდრე უფროსისა და თანამშრომლის ჩვეულებრივ დიალოგს.. ანანო, რომელიც რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა, ჯერ ერთს შეხედავდა, მერე მეორეს. ბოლოს შორენას მიუბრუნდა და ჩუმად გადაუჩურჩულა:
- დედა, შენ ნანკაზე გაქვს პრეტენზიები, ჩემს შვილს დასდევსო... მგონი, ამათ უნდა მიაქციო ყურადღება. - შორენამ წარბები ასწია და ნიკოლასისა და ნინისკენ გაიხედა. ერთი წამით მათ დაძაბულ, ერთმანეთზე მიპყრობილ მზერას დააკვირდა, შემდეგ კი გულიანად გაეცინა.
- ერთმანეთი ეზიზღებათ, შვილო! -
ანანომ ეჭვით გააქნია თავი.
- რავიცი... ასე ნამდვილად არ გამოიყურება - ამასობაში ნიკოლასმა ლანგარიდან მანგოს დესერტი აიღო და ინტერესით შეათვალიერა.
- ეს ახალი დესერტია?
- დიახ! - მოკლედ უპასუხა ნინიმ, ნიკოლასმა კოვზით პატარა ნაჭერი გასინჯა
- მოკლედ, მანგო შენი სავიზიტო ბარათია.. მანგოს დანახვაზე უკვე ავტომატურად შენ მახსენდები, წითურო -
ყავის ჭიქით ხელში კაბინეტისკენ დაიძრა და კიბის პირველ საფეხურზე ასულმა უკან გადმოიხედა.
- სხვათა შორის, ძალიან გემრიელია. უნდა ვაღიარო! - ნინის სახეზე უნებურად გაეღიმა, მაგრამ მაშინვე სცადა მისი დამალვა, თავი გააქნია და ჩაიბურტყუნა
- იდიოტი!

მეგი კაბინეტში იჯდა და მონიტორს უინტერესოდ უყურებდა.. ჩვეულებისამებრ არც ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და არც რამე ირონიული კომენტარის გაკეთების ხასიათზე ჩანდა.. თითები საფეთქლებზე მიეჭირა და თვალები რამდენჯერმე დახუჭა, თითქოს თავის ტკივილის მოშორებას ამ გზით ცდილობდა,
კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა და ოთახში ნინი შემოვიდა.
- მეგი, რატომ არ ჩამოხვედი ჩემი ახალი დესერტის გასასინჯად? - მხიარულად ჰკითხა და მაგიდას მიეყრდნო.
- მოგვიანებით გავსინჯავ, ნი... თავი მტკივა - უპასუხა მეგიმ ისე, რომ ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია, ნინიმ წარბები შეჭმუხნა და დაკვირვებით შეათვალიერა.
- უხასიათოდ ხარ. რა გჭირს? დაიღალე?
- არაფერია..
- ასეთი უხასიათო მეგი უცნაურია! - ნინიმ ეშმაკურად ჩაიღიმა
- შენ აშკარად გიორგის არყოფნას განიცდი. ნერვებს რომ ვეღარ უშლი, მაგიტომ ხარ ასე? - მეგიმ თვალები გადაატრიალა, თუმცა პასუხის ნაცვლად ოდნავ ჩაეღიმა.
- ჰო, მართლა, სად არის? არც დღეს მოსულა სამსახურში
- სიცხე აქვს და არ იქნება..
- გასაგებია... ფუნთუშები გავსინჯე და უგემრიელესია! განსაკუთრებით მანგოსი... საოცრებაა!
- დარიჩინის გარეშე ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ შენმა იდიოტმა - მამიდაშვილმა მოინდომა ასე!
მეგის პირველად გაეღიმა გულწრფელად.
- წუხელ რა მოხდა? მაინც ვერ მივხვდი
- არ გამახსენო გუშინდელი ღამე! ლამის მოვკვდი! შენ რომ არ დამხმარებოდი, ვერაფერს მოვასწრებდი. ისე ცუდად ვიყავი...
- მომიყევი, რა მოხდა - მეგი სკამის საზურგეს მიეყრდნო და ინტერესით მიაჩერდა.
- დარიჩინზე ალერგია მაქვს, ხომ იცი?თავიდან როგორღაც ვიმუშავე, მაგრამ მერე ვეღარ გავაგრძელე.. ყველაფერი მივყარე და წავედი, მაგრამ სინდისმა არ მომცა იმის უფლება, ქალბატონი შორენა დამეღალატებინა.. თან იმ ავადმყოფსაც ზუსტად ეგ უნდოდა, რომ ჩავფლავებულიყავი! ამიტომაც დაგირეკე შუაღამეზე.. მარტო ვერაფერს მოვასწრებდი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მეგი!
- ისე იყავი შეფუთული, ძლივს გიცანი! - მეგის სიცილი აუტყდა.
- სუნის გამო! ხომ გეუბნები, მძაგს დარიჩინი!.. მეგი, რაღაც მინდა გთხოვო.
- მთხოვე რაც გინდა
- შეგიძლია, სამსახურის შემდეგ მანქანის მართვა მასწავლო? ძალიან მჭირდება... -
მეგიმ ისე შეხედა, თითქოს რაღაც წარმოუდგენელი სთხოვეს.
- მეზარებააა...
- გთხოვ! სხვას ვერავის ვთხოვ.
- გიოს რატომ არ სთხოვ? თქვენ ხომ...
- ნუ დაიწყებ ახლა! - ნინიმ ხელები აიქნია
- გიო თან ავადაა. მასწავლი თუ არა? - მეგიმ ვითომ მძიმედ ამოიოხრა და თავი გადააქნია.
- გასწავლი, გასწავლი!
- მიყვარხარ! - გახარებული ნინი მისკენ გადაიხარა და მაგრად ჩაეხუტა
- მაშინ პირველი გაკვეთილი დღეს გვექნება! - გამოაცხადა მეგიმ
- სამსახურის შემდეგ ლისის ტბის მიმდებარე გზებთან შევხვდეთ.. იქ რამდენიმე შედარებით მშვიდი მონაკვეთია, სადაც დამწყებს საჭესთან შეგუება შეუძლია
- დღეიდან? - ნინის სახე გაუბრწყინდა.
- ჰო, დღესვე დავიწყოთ.. ოღონდ წინასწარ გაფრთხილებ, მანქანა სადმე არ მიაჯახო! - ნინიმ გადაიკისკისა
- მიყვარხარ, მეგი! - კიდევ ერთხელ გაუმეორა ნინიმ და კარისკენ გაემართა.
- ჰო, ჰო, წადი ახლა, სანამ არ გადავიფიქრე! - ნინი სიცილით გავიდა კაბინეტიდან, მეგი კი რამდენიმე წამით კარს უყურებდა. სახეზე ღიმილი ისევ შერჩენოდა, თუმცა როგორც კი მარტო დარჩა, ნელა მიიდო ხელი საფეთქელზე და თვალები დახუჭა..


მოსაღამოვებულიყო.. ცა ნელ-ნელა მუქდებოდა და ქუჩის განათებები ერთმანეთის მიყოლებით ინთებოდა. ნინი დანიშნულების ადგილთან იცდიდა და საათს ყოველ ნახევარ წუთში ერთხელ დაჰყურებდა.
- მეგი, სად დაიკარგე, გოგო... - ჩაიბურტყუნა თავისთვის
- შენ თვითონ შემომთავაზე დღესო, ახლა კიდევ მე უნდა გელოდო?! - როგორც იქნა, ნაცნობი მანქანაც გამოჩნდა, ნინის სახე გაუნათდა. მეგის მანქანა მის გვერდით გაჩერდა, დაბურული მინები ნელა ჩამოიწია და საჭესთან... - ნინის ღიმილი სახეზე შეეყინა..საჭესთან მეგის ნაცვლად ნიკოლასი იჯდა, ისე თავდაჯერებულად იღიმოდა, თითქოს მსოფლიოში ყველაზე ბუნებრივი რამ ყოფილიყო, რომ ამ საღამოს, ის გამოჩნდა მის წინაშე..ნიკოლასმა ერთი ხელი საჭეზე ჩამოდო, მეორე კი ფანჯრის კიდეს ჩამოაყრდნო.
- საღამო მშვიდობისა, ძვირფასო მოსწავლევ! - ნინიმ ჯერ მას შეხედა, მერე მანქანას, ისევ მას და ბოლოს ცას ახედა.
- არა... არა, არა და არა! - თავი გააქნია
- ეს უკვე აღარ არის სასაცილო. ეს დევნაა! შენგან თავის დაღწევის რა წყევლა მადევს?! - ნიკოლასს გაეცინა
- აქ რას აკეთებ?! მეგი სად არის?!
- დაჯექი, ძვირფასო. დღეს მე ჩაგიტარებ გაკვეთილს - ნინის რამდენიმე წამით პირი ღია დარჩა, მერე ხმამაღლა გაეცინა
- მეხუმრები?!.. არა, მართლა, მითხარი, ეს რა ახალი სიგიჟეა?
- ზოგადად ხუმარა ვარ და როგორც ამბობენ, იუმორის საკმაოდ კარგი გრძნობაც მაქვს, მაგრამ ახლა არ გეხუმრები. მე ვარ შენი მასწავლებელი -
ნინის სიცილი მყისიერად შეწყდა.
- მეგი სად არის-მეთქი?! - ამჯერად თითოეული სიტყვა მკაფიოდ გამოთქვა.
- შეუძლოდ იყო. ხათრი ვერ გაგიტეხა და მე მთხოვა, მის ნაცვლად მოვსულიყავი.
- აჰა!.. ძალიან კარგი! როგორც მობრძანდი, ზუსტად ისე შეგიძლია წაბრძანდე! - შეტრიალდა და ფეხით გაუყვა გზას, ნიკოლასმა რამდენიმე წამი გაკვირვებულმა უყურა, შემდეგ კი ტუჩის კუთხეში გაეღიმა და მანქანა მის უკან ნელა დაძრა.
- სად მიდიხარ, წითურო?!
- იქ, სადაც შენ არ იქნები!
- საინტერესო მიმართულებაა
- თავიდან მომწყდი!
- მეც ძალიან მეზარება შენთან ერთად საღამოს გატარება, სხვათა შორის! - დაუყვირა ღია ფანჯრიდან
- ნუ გგონია, ამას სიამოვნებით ვაკეთებდე! - ნინი მკვეთრად შეჩერდა,
ნელა მიუბრუნდა და ისეთი ზიზღით გადახედა, ნიკოლასს ეგონა, გოგონა თვალებით განადგურებას უპირებდა
- ხოდა, დაიკარგე აქედან! არაფერი მჭირდება შენგან! უკვდავების წყალიც რომ გქონდეს, შენგან იმასაც არ ავიღებდი!
- რა დრამატული ხარ, ღმერთო ჩემო! - ნიკოლასმა თავი გააქნია
- უკვდავების წყალზე ჯერ არ მიმუშავია, მაგრამ თუ დავიწყებ, პირველ ნიმუშს აუცილებლად შენ გამოგიგზავნი.
- შენგან მიღებულს თუ დავლევ, უკვდავების ნაცვლად ალბათ სამუდამოდ დავიძინებ! - ნინიმ ზურგი აქცია და ჯიუტად განაგრძო გზა..ნიკოლასი მანქანით მიჰყვებოდა, ორივე ისეთი მონდომებით აგრძელებდა კამათს, თითქოს რომელიმე მათგანისთვის უკან დახევა პირადი ღირსების საკითხი ყოფილიყო.. ამ დროს ცაზე ელვამ გაიელვა..ნინი ადგილზე შეხტა, ნიკოლასმა გადაიხარხარა..ამასობაში წვიმის პირველი წვეთები წამოვიდა, სულ რამდენიმე წამში გახშირდა.. ნინის თმები ნელ-ნელა სველდებოდა..
- დაჯექი, სახლამდე მაინც მიგიყვან, სულელო, თუ მეცადინეობა არ გინდა -
- წადი შენს გზაზე! - ნინი გაბრაზებული შემობრუნდა
- არ გეგონოს, დამავიწყდა გუშინ რაც გააკეთე! - ნიკოლასს ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა.
- ვნახოთ, რა პასუხს გასცემ მაგასთან დაკავშირებით გიორგის! შენი უმსგავსო საქციელი პასუხგაუცემელი არ დარჩება! -
ამ სიტყვებმა თითქოს ნიკოლასი გამიაფხიზლა, პირველად აღარ აპირებდა საპასუხო ხუმრობის მოფიქრებას..გიორგი, მისი საუკეთესო მეგობარი.. ნინის სახე გაახსენდა - ჯერ გაოცებული, შემდეგ განრისხებული, ბოლოს კი შეურაცხყოფილი..გაიხსენა ისიც, როგორ მოიქცა თავად, იმ წამს ყველაფერი უწყინარ ხუმრობად მოეჩვენა, ახლა კი, როცა წარმოიდგინა, გიორგი ამ ამბავს რომ გაიგებდა, ხალისი საერთოდ დაეკარგა.
- ჯანდაბა.. მართლა ზედმეტი მომივიდა - გაიფიქრა მან, მით უმეტეს, რომ ნინი ის გოგო იყო, რომელიც გიორგის აშკარად მოსწონდა..ნიკოლასმა ღრმად ამოისუნთქა და გაზს ფეხი დააჭირა. ნინი უკვე საკმაოდ შორს წასულიყო, როცა მანქანით დაეწია და ფეხებთან გაუჩერა, წვიმა უფრო ძლიერად ასხამდა.. ცა ისევ ძლიერად განათდა, გრუხუნიც მოისმა, ქუჩაში კაციშვილი არ ჩანდა.
- გაჩერდი, დამელოდე! - დაუძახა ნიკოლასმა, ნინიმ ნაბიჯს კიდევ უფრო აუჩქარა..
- წითურო, გეუბნები, გაჩერდი! - ნიკოლასი მანქანიდან გადავიდა, რამდენიმე ნაბიჯში დაეწია და მკლავში ჩაავლო ხელი, ნინი მკვეთრად შემობრუნდა..
მის შიშველ მკლავზე შეხებისას ნიკოლასს თითებქვეშ უჩვეულოდ ცივი კანი შეხვდა.. წვიმისგან უკვე დასველებულიყო, ნინი მაშინვე გაუსხლტა ხელიდან
- არ მომეკარო! ნუ მახებ შენს საზიზღარ ხელებს! - ნიკოლასმა ხელები ასწია.
- კარგი, კარგი! ღმერთო, თითქოს ყაჩაღი ვიყო!
- ჩემთვის უარესიც ხარ!
- კარგი! ვაღიარებ, მართლა ზედმეტი მომივიდა და ბოდიშს გიხდი - ამჯერად მის ხმაში ხუმრობა აღარ ყოფილა, ნინი გაჩუმდა..წვიმის წვეთები სახეზე ჩამოსდიოდა, წითელი თმა კი ლოყებზე მიწებებოდა, რამდენიმე წამი ისე უყურებდა, თითქოს ცდილობდა გაერკვია, კიდევ რა ხაფანგს უმზადებდა.
- რა თქვი? - ბოლოს იკითხა, ნიკოლასმა თვალები აატრიალა.
- ბოდიში მოგიხადე.. ქართულად ვთქვი, წესით უნდა გაგეგო.
- შენგან ბოდიშის მოხდა იმდენად იშვიათია, გამეორება მომინდა.
- აი, ხედავ? გულწრფელად ვცდილობ ადამიანური საქციელი ჩავიდინო და შენ მაშინვე ყველაფერს აფუჭებ!
- მე ვაფუჭებ?!
- ჰო, შენ! - ნიკოლასმაც აუწია ხმას
- არ ვიცი, რა დამემართა გუშინ.. უბრალოდ შენი გაღიზიანება მინდოდა..
- მსგავსი ამაზრზენი ქმედებით?! - ნინის ხმაში წყენა კვლავ მკაფიოდ ისმოდა.
- შენ მართლა გგონია, რომ შეგიძლია ადამიანს ასე მოექცე და მერე ორი სიტყვით ყველაფერი გამოასწორო?! -
ნიკოლასი გაჩუმდა, ამჯერად პასუხი არ ჰქონდა.
- მართალი ხარ - თქვა ბოლოს
- ზედმეტი მომივიდა.. არ მინდა გიოსთან პრობლემები, ძმასავითაა ჩემთვის. არც შენ გერჩი არაფერს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს საკონდიტროს მართლა სული შთაბერე.. პატარა ბავშვები აღარ ვართ, რომ მთელი ცხოვრება ერთმანეთის გამწარებაში გავატაროთ - ნინიმ ცხვირი აიბზუა.
- შენი არ მჯერა, რაც არ უნდა თქვა! წინაზეც ასე მითხარი, მაგრამ შანსი არ გაგიშვია ხელიდან, რომ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად გექცია!
- იმიტომ, რომ შენც უხეშად მექცევი!
- იმიტომ, რომ შენ მაძლევ ამის მიზეზს! -
ისინი უკვე იმდენად იყვნენ კინკლაობაში ჩაფლულები, წვიმა საერთოდ აღარ ახსოვდათ. ნიკოლასს პერანგი დასველებოდა და თმაზე წყალი ჩამოსდიოდა, ნინის კი წითელი თმა ზურგზე ეკვროდა. ორივე ხმამაღლა ლაპარაკობდა, ორივე ხელს იქნევდა და ორივე ჯიუტად ცდილობდა, ბოლო სიტყვა თავად ეთქვა..ცაზე კიდევ ერთხელ გაიელვა, ნინი კივილით შეხტა
- კარგი, წითურო, საკმარისია. წამოდი, დაჯექი.. სახლში წაგიყვან... - ნინიმ ამრეზით შეხედა.
- შენთან ერთად არსად წამოვალ!
- კარგი, დარჩი. ოღონდ გაცივდები და მერე შენი გენიალური დესერტების გარეშე დარჩება ბონ-ბონი - მანქანისკენ წავიდა და კარი გამოაღო, შემდეგ უკან მოიხედა და ნინის ანიშნა, რომ დამჯდარიყო.
- წამოდი, მართლა.. საკმარისია.. სახლში დაგტოვებ.. მიდი, გეყოფა, წამოდი - ნინიმ თვალები მოჭუტა.
-მაინც ვერ გიტან!
- ვიცი, ძვირფასო.. ახლა დაჯექი
მანქანაში რამდენიმე წუთის განმავლობაში სრული სიჩუმე ჩამოვარდა.. ნინი ფანჯარასთან იყო მიჩოჩებული, ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და წვიმით დაფარულ მინას უყურებდა.. ნიკოლასმა
ბოლოს მოთმინება დაკარგა.
- არ გინდა, გაკვეთილი ჩავატაროთ?
- არა!
- რა პირდაპირი უარი იყო! რა შანსს კარგავ,ჩემზე უკეთეს მასწავლებელს ვერსად ნახავ. ბავშვობიდან საჭესთან ვზივარ - ნინიმ ნელა მოაბრუნა თავი მისკენ.. ტუჩები ირონიულად მოპრუწა, წარბები ასწია და თავი რამდენჯერმე დაუქნია.
- ჰო, როგორ არა... ყველაფერში საუკეთესო ხარ. ყველაზე გენიოსი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე აუტანელი... -
ნიკოლასს გაეცინა, მაგრამ მალევე სერიოზული სახე მიიღო და წინა მინას გახედა.
- კარგი, ახლა მომისმინე. მანქანის მართვისას პირველი, რაც უნდა ისწავლო, მანქანის შეგრძნებაა და არა უბრალოდ საჭის ტრიალი. ჯერ სავარძელი და სარკეები ისე უნდა მოირგო, რომ გზას კარგად ხედავდე და პედლებთან ფეხი თავისუფლად მიგიწვდებოდეს. მარცხენა ფეხი მექანიკურ კოლოფში გადაბმულობის პედლისთვისაა, მარჯვენა კი მუხრუჭისა და აქსელერატორისთვის.. დაძვრისას ყველაფერი მშვიდად და თანმიმდევრულად უნდა გააკეთო, ზედმეტი აჩქარების გარეშე. საჭე ორივე ხელით უნდა დაიჭირო, შორს გაიხედო და არა მხოლოდ მანქანის ცხვირის წინ. და რაც მთავარია, თუ დაიბენი, პანიკაში არ ჩავარდე, სიჩქარეს ამცირებ, ამუხრუჭებ და უსაფრთხოდ ჩერდები.
- მორჩი? - იკითხა ბოლოს.
- ჯერ მხოლოდ შესავალი იყო.
- ღმერთო, რამდენი რამ იცის...
- ვიცი, აღფრთოვანებული ხარ..კარგი, ქალბატონო მძღოლო, ახლა მითხარი, მუხრუჭი რისთვისაა?
- ნიკოლას!
- რა იყო? ცოდნა უნდა შევამოწმო.
- მანქანის გასაჩერებლად!
- ყოჩაღ. შემდეგი კითხვა: საჭე?
- ნიკოლას, კიდევ ასეთ სულელურ კითხვებს თუ დამისვამ, მაგ საჭეს თავზე დაგამხობ!
- მგონი, მართვის მოწმობას კი არა, საბრძოლო ხელოვნების კურსს გადიხარ -
ნინის გაეცინა, თუმცა მაშინვე შეეცადა, სახე დაესერიოზულებინა. ცოტა ხანში მისმა მზერამ ინსტრუმენტების პანელზე გადაინაცვლა.
- ისე, ეს ყველაფერი მეც ვიცი, სხვათა შორის.
- მართლა?
- ჰო! - ამაყად ასწია ნიკაპი
- და მართვაც ვიცი. უბრალოდ ისე კარგად არა, რომ მარტო გავბედო დაჯდომა - ნიკოლასს ღიმილი გაუფართოვდა.
- ანუ თურმე მოსწავლე კი არა, გამოუვლენელი ტალანტი მყოლია! კარგი, მაშინ საქმეზე გადავიდეთ. მოდი, დაჯექი!
- ახლა?
- არა, შობას. რა თქმა უნდა, ახლა! გადმოდი..თუ არ გაბედე, ვერასდროს შეძლებ. მოდი, ადგილები გავცვალოთ -
ნინი რამდენიმე წამით ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს კარი გააღო. წვიმისგან ჯერ კიდევ სველი ასფალტი ფეხქვეშ ოდნავ პრიალებდა. ორივე მანქანის წინა მხარეს შეხვდა ერთმანეთს და ნიკოლასმა გზა დაუთმო.
- ქალბატონო, თქვენი ადგილი..
- ზრდილობიანი ხარ, როცა გინდა!
- მაინც და მაიმც ნუ მიეჩვევი - ნინი მძღოლის სავარძელში ჩაჯდა, ღვედი გადაიკრა და საჭეს ორივე ხელით ჩაეჭიდა. სახეზე ისეთი დაძაბული გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ახლა მანქანა კი არა, კოსმოსური ხომალდი უნდა აეყვანა ორბიტაზე..ნიკოლასი მის გვერდით მოთავსდა, ღვედიც შეიკრა და მისკენ შემობრუნდა.
- ჯერ ღრმად ჩაისუნთქე - ნინიმ ჩაისუნთქა.
- ახლა ამოისუნთქე - ნინიმ ამოისუნთქა.
- ახლა სახე მოადუნე
- კარგი, ახლა რა ვქნა? - ნიკოლასმა მშვიდად აუხსნა, როგორ დაექოქა მანქანა და როგორ დაეწყო მოძრაობა.. ნინიმ ყურადღებით მოუსმინა, სარკეებში ჩაიხედა და ნელა დაძრა მანქანა.. პირველი რამდენიმე მეტრი გასაოცრად მშვიდად გაიარეს.
- ხედავ? - ნიკოლასმა კმაყოფილად დაუქნია თავი
- მშვენივრად გამოგდის.
- ვიცი! - მანქანა ნელა მიუყვებოდა გზას. ცოტა ხანში დაღმართზე გავიდნენ და ნინიმ ფეხი აქსელერატორს ფრთხილად დააჭირა, ძრავამ უცნაური ხმა გამოსცა, მანქანა კი ისეთი ხრიგინით დაეშვა, თითქოს ასი წლის ტრაქტორი ყოფილიყო, ნიკოლასმა წინ გაიხედა, მერე ნინის შეხედა.
- რა გააკეთე?
- რა ვქნა?! ჩემი ბრალი იყო? - ნინი საჭეს ჩაებღაუჭა
- ალბათ მანქანას შენი ხასიათი გადაედო და პროტესტი გამოხატა.. - დაღმართი მშვიდობით ჩაიარეს, ნინი ძალიან ნელა მოძრაობდა.. ნიკოლასმა სიჩქარის მაჩვენებელს დახედა.
- წითურო, ასე თუ გააგრძელებ, სახლში ვერასდროს მივალთ.
- დამაცადე! ჯერ სწრაფად არ გამომდის!
- კუ უფრო სწრაფად დადის, მგონი! -
ნინიმ თვალები აატრიალა და აქსელერატორს ოდნავ მეტად დააჭირა, მანქანა უცებ აჩქარდა, ნიკოლასი სავარძელში გასწორდა.
- აი, ასე, ოღონდ ნელა... - ნინიმ კიდევ მოუმატა..
- საკმარისია..
- წეღან კუსავით დადიხარო, ახლა კიდევ ნელაო! - ნინიმ გაბრაზებულმა გადახედა. - საერთოდ, შენ თვითონ იცი, რა გინდა?!
- კი, მინდა, რომ სახლში ცოცხლები მივიდეთ! - მანქანა უფრო სწრაფად მიდიოდა, წვიმა კი საქარე მინას ისე ეცემოდა, რომ საწმენდები გამალებით მუშაობდნენ. ნიკოლასმა სავარძლის სახელურს ჩაავლო ხელი და ფეხები იატაკს მიაჭირა, თითქოს ამით მანქანის სიჩქარის შემცირება შეეძლო.
- სიჩქარეს დაუკელი! - მკაცრად უთხრა.
- გზა სველია, ასე რამეს მიენარცხები!
- ხომ არ გეშინია გენიოსო?
- მუხრუჭს ნელა დააჭირე და სიჩქარე შეამცირე!
- ნუ მიყვირი!
- არ გიყვირი, გიხსნი, რომ შეიძლება...
- ვხედავ, რასაც ვაკეთებ! - ნინიმ გაბრაზებულმა პირი გააღო, რომ კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ უცებ ფარების შუქზე რაღაც მოძრაობა შენიშნა,
მან საჭე ინსტინქტურად შეასწორა და მუხრუჭს დააჭირა.. მანქანა მკვეთრად შენელდა და გაჩერდა, რამდენიმე წამით ორივე გაშეშებული იჯდა, ნიკოლასმა ნელა მოაბრუნა თავი მისკენ.
- რა ხმა იყო? - ნინი წინ იყურებოდა, გაფითრებული, ნიკოლასმა უკანა სარკეში ჩაიხედა, შემდეგ კი გვერდითა მინიდან გაიხედა
- მგონი, ძაღლს დაეჯახე.
- რააააა?! - სწრაფად ღვედი შეიხსნა, კარი გააღო და წვიმაში გადახტა
- რა გავაკეთე?! - გოგონა გზის პირას მყოფ პატარა ძაღლთან ჩაიმუხლა, ცუგა წკმუტუნებდა და ცდილობდა, წამომდგარიყო, მაგრამ ერთი თათი უძლურად ჰქონდა მოკეცილი.. ნინი მის წინ მუხლებზე დაეშვა. წვიმა სახეზე ეცემოდა, თმა თვალებზე ჩამოშლოდა, მაგრამ ვერც ამჩნევდა. ფრთხილად მიახლოებულმა ხელი გაუწოდა, შემდეგ კი, როცა ძაღლმა ტკივილისგან დაიწკმუტუნა, უკან შეხტა.
- ღმერთო ჩემო... ღმერთო, რა ჩავიდინე... - ხმა აუკანკალდა
- ცუგა, მაპატიე, გთხოვ... მე ვერ დაგინახე... ვერ დაგინახე! - ნიკოლასი რამდენიმე წამით გაშეშებული უყურებდა. არასდროს ენახა ნინი ასეთი.. გოგონა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მზად იყო, მისთვის თავი გაეტეხა, ახლა პატარა ძაღლის წინ იჯდა და ისე ტიროდა, თითქოს მთელი სამყაროს ტკივილი საკუთარ თავზე აეღო.
- ნინი, დამშვიდდი... - მიუახლოვდა და მის გვერდით ჩაიმუხლა.
- ხომ არ მოკვდება? - ნინიმ ცრემლიანი თვალები მიაპყრო
-ნიკოლას, მითხარი, ხომ არ მოკვდება?! -
ნიკოლასმა ძაღლს დახედა. ცუგა ცოცხალი იყო, სუნთქავდა და წკმუტუნებდა. ერთი თათი აშკარად დაზიანებული ჰქონდა..
- ნუ განიცდი ასე.. ვერ დაინახე, ძალით ხომ არ გინდიდა..
- ჩემს გამო დაემართა! - ნინიმ სახე ხელებში ჩარგო
- ჩემს გამო სტკივა... არ მინდა, რომ მოკვდეს, ნიკოლას... არ მინდა! -
მისი ხმა სულ უფრო მეტად წყდებოდა, ნიკოლასმა ხელი გაუწოდა, თითქოს მხარზე შეხება უნდოდა, მაგრამ წამით შეყოვნდა, გაახსენდა, როგორ გაექცა სულ ცოტა ხნის წინ მის შეხებას. ამიტომ ჯერ მხოლოდ რბილად უთხრა:
- ნინი, შემომხედე - გოგონამ თავი გააქნია.
- ნინი...
- ვერ ვუყურებ! - ამოიტირა მან
- ვერ ვუყურებ, როგორ სტკივა! - მორიგი გრუხუნის ხმამ ცა შეაზანზარა, ნინი შეკრთა და ინსტინქტურად ნიკოლასისკენ მიიწია. შემდეგ, თითქოს ვეღარ გაუძლო ვერც შიშს, ვერც დანაშაულის გრძნობას, ორივე ხელით ჩაეჭიდა მის სველ პერანგს და გულზე მიეკრა, ნიკოლასი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა მოულოდნელ პოზიციაში, რამდენიმე წამით ხელები ჰაერში გაუშეშდა..ნინი მის მკერდთან იყო მიყრდნობილი, მხრები უცახცახებდა, თითებით კი პერანგს ისე ჩააფრინდა, თითქოს ერთადერთი საყრდენი, რაც ამ წუთას ჰქონდა, სწორედ ის იყო. მისი სლუკუნი ნიკოლასს მკერდში აღწევდა და რაღაც უცნაურს უღვიძებდა, ისეთ გრძნობას, რომლისთვისაც სახელი არ ჰქონდა და რომლის არსებობასაც, სიმართლე რომ ეთქვა, არც ელოდა..
ნელა შემოხვია ხელები, ერთი ხელი გოგონას ზურგზე დაადო, მეორე კი ფრთხილად შემოაჭდო მხრებზე.. ნინის სველი თმა მის ნიკაპს ეხებოდა, ნიკოლასმა იგრძნო, როგორ კანკალებდა სიცივისა და ტირილისგან, და უნებურად უფრო ახლოს მიიზიდა.
- კარგი... კარგი, დამშვიდდი - ჩასჩურჩულა
- მე აქ ვარ - ეს სიტყვები თავადაც უცნაურად მოეჩვენა.. "მე აქ ვარ" თითქოს რამე განსაკუთრებული პირობა მიეცა,
ნინიმ კიდევ უფრო მაგრად ჩაეხუტა,
ნიკოლასმა თვალები დახუჭა და ფრთხილად გადაუსვა ხელი მის სველ თმას.. თითები წითურ ღერებში გაეხლართა, შემდეგ კი ნაზად ჩამოუსვა თავზე, თითქოს პატარა ბავშვს ამშვიდებდა..



№1 სტუმარი სტუმარი ელენე

🥰🥰🥰მალე დადეეე🥰🥰

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent