ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი 13)
წვიმა არ წყდებოდა. მსხვილი წვეთები ნინის წითელ თმაზე, სახესა და წამწამებზე ეცემოდა. ჯერ კიდევ ნიკოლასის მკერდზე მიყრდნობილს, ნელა აეწია თავი და თვალებში შეხედა..
ნიკოლასი მის წინ იდგა, სველი თმა შუბლზე ჩამოშლოდა, პერანგი კი მთლიანად ტანზე მისწებებოდა.. უცნაურად იღიმოდა, არა თავისი ჩვეული, ირონიული ღიმილით, არამედ უფრო მშვიდად, თითქმის შეუმჩნევლად.. ნინის სახეზე ჩამოგორებულ წვიმის წვეთს მზერას აყოლებდა, შემდეგ კი ისევ მის თვალებს უბრუნდებოდა, ნიკოლასს გაეღიმა.. თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ უყურებდა ასე..ნინი ოდნავ დაიძრა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვები ვერ იპოვა. მათი მზერა კიდევ რამდენიმე წამით გადაიკვეთა...უცებ ძაღლის წკმუტუნმა ორივე გამოაფხიზლა, ნინი მაშინვე მოშორდა ნიკოლასს და ძაღლისკენ დაიხარა. - ჩქარა! სწრაფად უნდა წავიყვანოთ! - სად უნდა წავიყვანოთ? - ნიკოლასმა თვალები გააფართოვა. - აქ ხომ არ დავტოვებ, შუა ქუჩაში?! საავადმყოფოში სადმე! - მეხუმრები?! სად ვარბენინო ახლა ეს ძაღლი? გაუშვი, ხომ ხედავ, კარგადაა, უბრალოდ თათი აქვს მოტეხილი. - არა! წავიყვანოთ! გთხოვ! - ნინი ისე ეხვეწებოდა, პატარა ბავშვს ჰგავდა, ნიკოლასმა ამოიხვნეშა და თვალები აატრიალა. - ღმერთო ჩემო... ახლა სად მიგყავს? ნახე, რომელი საათია. ვეტერინარი არ დაგხვდება არსად. - სახლში წავიყვანოთ! მე მოვუვლი! - შენ? - ნიკოლასს გულიანად გაეცინა, ნინიმ შეუბღვირა. - რა იყო, ხომ არ დაგავიწყდა, რომ მედდა ვიყავი?! და, სხვათა შორის, შენი წყალობით აღარ ვარ! - ეგ ცხოველია და არა ადამიანი! - არაუშავს, თათის შეხვევას მაინც მოვახერხებ! წავედით! - ნინი მანქანისკენ გაემართა. ფრთხილად აიყვანა ძაღლი, გულზე მიიხუტა და წინა სავარძელზე მოკალათდა.. ნიკოლასი რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა და უყურებდა. - ნამდვილად გიჟია... ღმერთო, ეს ვინაა... - ჩაილაპარაკა თავისთვის, თავი გააქნია, მანქანას შემოუარა და საჭეს მიუჯდა.. ნინის კმაყოფილი სახე ჰქონდა, ძაღლი ფრთხილად ჰყავდა გულზე მიხუტებული და პერიოდულად თავზე ეფერებოდა.. ნიკოლასმა გვერდულად გახედა, რამდენიმე წამით მზერა მასზე შეაჩერა, ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა და თავი ოდნავ გააქნია. - რა იყო? - ჰკითხა ნინიმ, როცა მისი მზერა შენიშნა. - არაფერი... უბრალოდ ვფიქრობ, როგორ მოახერხე, რომ ვერ დაინახე და დაეჯახე - სხვათა შორის ეგ შენი ბრალია! როცა ჩემს სიახლოვეს ხარ, იმდენად ვარ გაღიზიანებული ვერაფერს ვამჩნევ! - ნიკოლასს ჩაეცინა, ძაღლმა თავი ასწია და მისკენ გაიხედა, კბილები გამოაჩინა და ჩუმად შეუღრინა. - ნახე რა! ესეც რა უმადურია... შენსავით.. - ნინიმ მაშინვე ძაღლის თავი თავისკენ მიაბრუნა და ფრთხილად მოეფერა. - ნუ უსმენ, პატარავ. ცუდი ადამიანი გყავს წინ.. - მე რატომ ვარ უმადური?! - ნინიმ წარბი ასწია. - რა გამიკეთე ისეთი, რომ შენი მადლიერი უნდა ვიყო? რა დამსახურება გაქვს?! შენს გამო ჯოჯოხეთად მექცა ყოველი დღე და თურმე მადლიერი უნდა ვიყო?! - რა დამთხვევაა... - ჩაიცინა ნიკოლასმა. - თურმე მადლიერი უნდა ვიყო ადამიანის, რომელიც შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ სისხლი გამიშროს! - ამჯერად ძაღლს მიმართა ნინიმ, თითქოს მისგან ელოდა მხარდაჭერას, ნიკოლასს ხმამაღლა გაეცინა. - საწყალი ძაღლი.. ჯერ ფეხი მოსტეხე და ახლა შენი საჩივრების მოსმენაც უწევს.. - გაჩუმდი! - იცი, რა არის ყველაზე საინტერესო? იმის გამო, რომ შენთვის მანქანის მართვა მესწავლებინა, უარი ვთქვი ამ საღამოს გართობაზე, უ მა დუ რო! - ბოლო სიტყვა გარკვევით დაუმაეცვლა, თან ირონიულად გადახედა ისევ გვერდულად - მერე ვინ გთხოვა?! მანქანის მართვა, თორემ შენც არ მყავდე პროფესიონალი! - მე ვარ პროფესიონალი. მაგრამ შენ ხარ შტერი, რომელიც ვერასდროს ვერაფერს ისწავლის - ნინის გაეცინა, თავი ოდნავ გადახარა და ინტერესით შეხედა. - ანუ პროფესიონალი ხარ? - კი - თავდაჯერებით უპასუხა - და მე შტერი ვარ? - ნამდვილად! - კარგი... - ნინიმ ვითომ დაფიქრება დაიწყო - იცი, პროფესიონალი როდის იქნები? - როდის? - როცა შენი წყალობით შტერი შეძლებს მართვის მოწმობის აღებას. აი, მაშინ იქნები ნამდვილი პროფესიონალი.. თორემ ეს ფუჭი ლაყბობა, თითქოს რამე იცი, არაფერს ნიშნავს! - ნიკოლასმა წარბები აზიდა - მიწვევ? ანუ გინდა, რომ დაგეხმარო მართვის მოწმობის აღებაში? - მე არაფერი მითხოვია.. უბრალოდ ფაქტს გეუბნები - შეძლებ მოწმობის აღებას? ხარ დარწმუნებული შენს თავში? - მე საკუთარ თავში ეჭვი არასდროს მეპარება! მთავარია შენ თუ შეძლებ რომ "პროფესიონალურად" მასწავლო.. - როგორ ოსტატურად მისრულებ.. კარგი, წითურო, შევთანხმდით - ნინიმ ინტერესით შეხედა. - რაზე? - გასწავლი.. თავიდან ბოლომდე.. პარკირებას, აღმართზე ასვლა-ჩასვლას, ისე რომ ძაღლები არ იმსხვერპლო, ქალაქში მოძრაობას... ყველაფერს.. გამოცდისთვის მოგამზადებ.. ვნახოთ.. თუ ჩააბარებ პირველივე ჯერზე - და თუ ვერ შევძელი? - მაშინ აღიარებ, რომ შტერი ხარ! - და თუ შევძელი? - ნიკოლასმა მზერა მისკენ შეაბრუნა. რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა, შემდეგ ღიმილით უპასუხა: - მაშინ ვაღიარებ, რომ ჩემი საუკეთესო მოსწავლე ხარ - ნინიმ კმაყოფილი სახით ჩაიცინა - კარგი. შევთანხმდით! - ხელი გაუწოდა, ნიკოლასმა ჯერ მის ხელს დახედა, შემდეგ სახეს. ტუჩის კუთხეში ისევ ის ირონიული ღიმილი გაუჩნდა და ხელი ჩამოართვა - ოღონდ ერთი პირობით. - ვიცოდი, რომ რაღაცას მოიფიქრებდი. რა პირობით? - გაკვეთილებზე არ მეკამათები - ნინის გაეცინა - ვერ დაგპირდები, ეს შენზეცაა დამოკიდებული.. - კარგი, მაშინ ასე იყოს: შეგიძლია მეკამათო, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა მანქანა გაჩერებული იქნება.. უსაფრთხოება ჩემთვის პირველ ადგილზეა - პირველად გავიგე შენგან რამე გონივრული. - ნუ მიეჩვევი, იშვიათად ხდება - ორივეს გაეცინა.. ნიკოლასმა ისევ გზას გახედა, თუმცა რამდენიმე წამში კვლავ ნინის თვალებს გადააწყდა.. - გზას მიხედე, პროფესიონალო - ჩაილაპარაკა ნინიმ.. თან ჩუმად ეღიმებოდა.. - ვუყურებ, ვუყურებ... - უპასუხა ნიკოლასმა და ღიმილი ვერ დამალა..რამდენიმე წუთში მანქანა მათ კორპუსთან გაჩერდა, წვიმას უკვე გადაეღო, თუმცა ჰაერი საგრძნობლად აცივებულიყო. ნიკოლასი გადმოვიდა, ნინის კარი გაუღო და დაეხმარა, ძაღლი ფრთხილად გადმოეყვანა. ნინის პატარა არსება მკერდზე ჰყავდა მიკრული, თავად კი სიცივისგან აკანკალებდა. - გცივა? - არა! - რა თქმა უნდა, არა. შენ ხომ ყინულის დედოფალი ხარ - სადარბაზომდე ერთად მივიდნენ. ნინი ძაღლს უფრო მჭიდროდ იკრავდა გულზე, თითქოს ეშინოდა, არ გასცივებოდა. ნიკოლასი უკან მიჰყვებოდა და პერიოდულად ეღიმებოდა მის ასეთ გულმოდგინებაზე, კარი ნინიმ გასაღებით გააღო და სახლში შევიდა. - გუგა, სახლში ხარ? - მისაღებიდან გუგა გამოჩნდა. ჯერ ნინის შეხედა, შემდეგ მის უკან მდგომ ნიკოლასს, ბოლოს კი გოგონას ხელებში მოქცეულ ძაღლს.. რამდენიმე წამით გაშეშებული უყურებდა ამ უცნაურ სანახაობას. - გამარჯობა - მიესალმა ნიკოლასი. - გამარჯობა... - დაბნეულმა უპასუხა გუგამ და ისევ ნინის გახედა..ნინის მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, ძაღლი ფრთხილად დივანზე დასვა, ახლოს პატარა ბალიში ამოუდო და დაზიანებული თათის დათვალიერება დაიწყო. სველი ბეწვი პირსახოცით შეუმშრალა, შემდეგ პატარა აფთიაქიდან საჭირო ნივთები გამოიტანა. ძალიან ფრთხილად, რომ ზედმეტი ტკივილი არ მიეყენებინა, თათი მსუბუქად შეუხვია და ყოველ მოძრაობაზე ძაღლს დამამშვიდებლად ეფერებოდა. - რა ხდება? - იკითხა გუგამ და მათ მიუახლოვდა, ნინის თავი არ აუწევია. - წყალი დამალევინე, რა... - გუგამ წყალი მიაწოდა ნიკოლასს, გემრიელად ჩაცალა ჭიქა - რა ხდება და, შენმა დამ გმირობა ჩაიდინა. ჯერ საწყალ ძაღლს დაეჯახა, ფეხი დაუზიანა, მერე გული აუჩუყდა და სახლში წამოიყვანა. ახლა კი ვეტერინარის ნაცვლად თვითონ აპირებს მის მკურნალობას- გუგამ გაკვირვებულმა შეხედა ნინის. - მართლა დაეჯახე? - ვერ დავინახე... მანქანის მართვას ვსწავლობდი - ჩაილაპარაკა ნინიმ და ძაღლს ფრთხილად გადაუსვა ხელი. - საწყალი... - გუგა მის გვერდით ჩაიმუხლა და ძაღლს თავზე მოეფერა, ძაღლმა კუდი ოდნავ გააქნია. გუგას გაეღიმა და თამაში დაუწყო, ნინიმ კი კმაყოფილი მზერით გადახედა. - მაგრამ მე, როგორც შენი დის ერთადერთი იმედი, აუცილებლად ვასწავლი მანქანის მართვას პროფესიონალივით და მოწმობასაც ავაღებინებ! - ჩაერთო ნიკოლასი, ნინის გაეცინა. - ერთადერთი იმედი? ნუ იოცნებებ! - კარგია, რომ წამოიყვანე, ნინი.. აუ, დავიტოვოთ რაა... აღარ გავუშვათ! - ნინის თვალები აუციმციმდა. - სწორედ ამას ვაპირებდი! ეს სად უნდა გავუშვა? - ღმერთო, გული ამიჩუყდა... - ნიკოლასმა ხელები გულზე მიიდო - რა კეთილშობილი ხარ, წითურო! უპატრონო ძაღლი უნდა აღზარდო? - ასეა... ჩემს დას უზარმაზარი გული აქვს. შეუძლია, უპატრონო და მიტოვებულზე თავად აიღოს პასუხისმგებლობა - ნინიმ შეწყვიტა ძაღლის მოფერება, მზერა გუგასკენ გაექცა, შემდეგ კი ძმას თმებში თითები შეუცურა და შუბლზე აკოცა. - ჰო, აბა რა... ისე, მაგრები ხართ. ერთი ცხოველებს ამტვრევს ფეხებს, მეორე ადამიანებს - ნიკოლასმა საკუთარი თავი იგულისხმა და ირონიულად ჩაიცინა, გუგას სახე შეეცვალა.. ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა - კარგი, კარგი... ნუ ჩამოუშვი ცხვირი - თქვა ბოლოს ნიკოლასმა და მხარზე მსუბუქად ხელი დაჰკრა გუგას. - შენ კიდევ ყველაფერს ნუ აყრანტალებ, რაც ენაზე მოგადგება! - შეუბღვირა ნინიმ. ძაღლი ფრთხილად დასვა, ფეხზე წამოდგა და სველი ტანსაცმლის გამოსაცვლელად ოთახისკენ გაემართა. - და რა ვთქვი ასეთი? - ჩაილაპარაკა ნიკოლასმა, გუგას არაფერი უპასუხია, მხოლოდ ძაღლს დახედა და ისევ მოფერება დაუწყო. რამდენიმე წუთში ნინი ოთახიდან დაბრუნდა. მშრალი, თავისუფალი მაისური და სპორტული შარვალი ეცვა, თმა კი პირსახოცით ჰქონდა შეფუთული, მისაღებში შესვლისთანავე ნაბიჯი შეანელა, დივანზე გუგა და ნიკოლასი გვერდიგვერდ ისხდნენ, ხელში ჯოისტიკები ეჭირათ და ტელევიზორის ეკრანს ისეთი დაძაბული სახეებით შეჰყურებდნენ, თითქოს ჩემპიონატის ფინალში იყვნენ. გუგა რაღაცას ხმამაღლა ყვიროდა, ნიკოლასი კი სიცილით ცდილობდა მისთვის თამაშის მოგების საშუალება არ მიეცა. - მარცხნივ, მარცხნივ! რას აკეთებ, ბიჭო?!- გაიძახოდა ნიკოლასი. - შენ მიხედე შენს თავს! ახლავე მოგიგებ! - ჯერ თამაში ისწავლე ბავშვო! - გუგამ ჯოისტიკს თითები უფრო სწრაფად ააყოლა, ნინი გაკვირვებული უყურებდა..ისე იყვნენ გართული, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ყოფილიყვნენ. - თქვენ... რა ხდება აქ? - იკითხა ღიმილით, ნიკოლასმა თავი მოაბრუნა. პირში ჩებურეკი ჰქონდა ჩატენილი, ერთ ხელში ჯოისტიკი ეჭირა, მეორით კი თეფშიდან კიდევ ერთის აღებას ცდილობდა. - სხვათა შორის, წითურო, უგემრიელესი ჩებურეკებია! - თქვა სავსე პირით - ყველაზე მეტად მიყვარს! შეგიძლია, როცა მართვის მოწმობას აგაღებინებ, ბევრი გამიკეთო მადლობის ნიშნად.. ასეთი გემრიელი ჩებურეკი არსად მიჭამია! - სხვათა შორის, შენთვის უნდა გამეტნია სკოლაში გუგა... ამან კი სულ შეგიჭამა! - გუგა ლობიანს იყიდის, არაუშავს! - უპასუხა ნიკოლასმა და ჩებურეკს კიდევ ერთხელ უკბიჩა. - უუგემრიელესია! - დაამატა..გუგასაც გაეცინა. - ჰო, მართლა კარგია. კიდევ გაქვს? - არა რაც იყო სულ შეჭამე! გეყოფათ ახლა, დაიშალეთ! ნახეთ, რომელი საათია, დაძინების დროა. - რა დროს ძილია? - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნიკოლასმა. - ისეთი საშინელი უფროსი მყავს, დილით სამსახურში რომ დავიგვიანო, შეიძლება ვიკამათოთ კიდეც. - მე ვფიქრობ, ასეთი საშინელი უფროსი არ გეყოლება, როგორსაც შენ აღწერ - ნიკოლასმა ჯოისტიკი გვერდით გადადო და ნინის გამომწვევად შეხედა. - შენ არ იცი, როგორი საზიზღარი და აუტანელია! - ნინის თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები აუთამაშდა, ნიკოლასმა ტუჩის კუთხე ასწია. - მართლა? ასეთი აუტანელია? - აუტანელი კი არა, კატასტროფაა! - განაგრძო ნინიმ და მკლავები გადაიჯვარედინა - სულ ბრძანებებს გასცემს, ყველას ჭკუას არიგებს და ჰგონია, რომ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანია. - საშინელებაა, ალბათ ძალიან რთულია მასთან მუშაობა - დაეთანხმა ნიკოლასი სრულიად სერიოზული სახით - ვერც კი წარმოიდგენ! - იცი რა? ჩებურეკები მიუტანე და ვფიქრობ, მოლბება. - ასე გგონია? - ნინიმ თავი ოდნავ დახარა, ტუჩებზე ღიმილი შემოერია - დარწმუნებული ვარ! - ნიკოლასმა თვალი ჩაუკრა, თეფშზე დარჩენილი ბოლო ჩებურეკი აიღო, ჩაკბიჩა და თან წამოდგა. - კარგი, მგონი დღეს საკმარისი გავაკეთე. ძაღლი გადავარჩინე, მოსწავლე შევიძინე, ჩებურეკებიც გავსინჯე...საკმაოდ პროდუქტიული საღამო იყო - კარისკენ წავიდა, თუმცა გასვლამდე ერთხელ კიდევ მიუბრუნდა. - ღამე მშვიდობისა, წითურო! - ღამე მშვიდობისა, მასწავლებელო! - ხვალ ახალ დესერტებს ველოდები - ნინი რამდენიმე წამით კარს უყურებდა, შემდეგ თავისთვის გაეღიმა და მაგიდაზე დარჩენილი ჭურჭლის ალაგება დაიწყო. - იდიოტი! - ჩაილაპარაკა ჩუმად ღიმილით, სადარბაზოში ნიკოლასიც ღიმილით მიდიოდა. ჯიბეში ხელი ჩაიწყო, თავი გააქნია და კარისკენ კიდევ ერთხელ გაიხედა. - შტერი... - ჩაილაპარაკა თავისთვის, თუმცა სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. ნინი სამზარეულოში ჭურჭელს ალაგებდა, ბოლოს ნიჟარა გაწმინდა, წყალი გადაკეტა და შუქის ჩასაქრობად შემობრუნდა, როცა მოულოდნელად ოთახის კართან მდგარი გუგა შენიშნა. შეხტა - გუგა, შემაშინე! რა მოჩვენებასავით დამდგარხარ?! - გუგა უხმოდ უყურებდა, სახეზე რაღაც უცნაური სერიოზულობა დასთამაშებდა. რამდენიმე წამს ადგილიდან არ დაძრულა, შემდეგ კი ნელა მიუახლოვდა და ნინის მაგრად ჩაეხუტა, გოგონას გაეღიმა. ხელები მის ზურგს შემოხვია და თმაზე გადაუსვა. - რა იყო, სულელო? - შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ მთელ დედამიწაზე, ნინი... - ჩუმად ჩაილაპარაკა გუგამ - უდიდესი გული გაქვს - ნინიმ ოდნავ უკან დაიხია, რომ მისთვის სახეში შეეხედა. - ნუ გამაბრაზებ, ჩემო ბიჭო. ჭკვიანად მოიქეცი და ყოველთვის ასე ვიქნები. თორემ ხომ იცი, გულთან ერთად მუშტიც უდიდესი მაქვს! - ორივეს გაეცინა, გუგამ თავი ისევ მის მხარზე ჩამოდო. - გპირდები, აღარ გაგაბრაზებ... ვეცდები მაინც. - აი, ეს უკვე მომწონს. - შენ რასაც ჩემთვის აკეთებდი და აკეთებ, ფასდაუდებელია. დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდი ამაზე... რამდენი რამ გადაიტანე ჩემს გამო, რამდენჯერ დაგითმია საკუთარი თავი... - ხმა ოდნავ ჩაუწყდა - მით უმეტეს, რომ მე ვინ ვარ შენთვის... არც არავინ... - ნინის სახიდან ღიმილი მაშინვე გაქრა, რამდენიმე წამით ბიჭს ჩუმად უყურებდა, შემდეგ ორივე ხელი სახეზე მოჰკიდა და თავი ოდნავ ააწევინა. - ეს მეორედ აღარ გაიმეორო! - შეაწყვეტინა, თუმცა ხმაში სიბრაზე კი არა, წყენა უფრო იგრძნობოდა - შენ ჩემი პატარა ცელქი ძმა ხარ! გაიგე? და ამას ვერაფერი შეცვლის - გუგამ თვალები დახარა. - ვიცი... - არა, არ იცი. თორემ ასეთ სისულელეს აღარ იტყოდი - ნინიმ ისევ გულში ჩაიკრა და შუბლზე აკოცა, გუგამაც ხელები მაგრად მოხვია, თვალები დახუჭა და რამდენიმე წამით ასე დარჩა. - ძალიან მიყვარხარ, ნინი - ჩაიჩურჩულა ბოლოს. - მეც, ჩემო ბიჭო. იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენია.. დილა ნელ-ნელა იღვიძებდა.. ნიკოლასმა გარდერობის კარი გამოაღო, რამდენიმე წამით ტანსაცმელს გადახედა და ბოლოს შავი, ოდნავ თავისუფალი შარვალი და მუქი, წვრილად მოხატული პერანგი შეარჩია. პერანგის ზედა ღილები გახსნილი ჰქონდა, მკლავები კი იდაყვებამდე აეკეცა. მუქი თმა მოწესრიგებულად, თუმცა ბუნებრივად აევარცხნა, სახეზე მოკლე, მოვლილი წვერი ამშვენებდა. შავი სათვალე გაიკეთა, მაჯაზე საათი შეისწორა და სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა. - მშვენიერია... - ჩაილაპარაკა ღიმილით და ოთახიდან გავიდა..საკონდიტროს კარი რომ შეაღო, მაშინვე ახალი დესერტების სასიამოვნო სურნელი შეეგება. ვანილის, კარამელისა და ახლად მომზადებული შოკოლადის არომატი ერთმანეთში ირეოდა. ნიკოლასს სახეზე უნებურად ღიმილი მოეფინა. ბოლო დროს ეს ადგილი სულ უფრო ხშირად ახერხებდა მის გაოცებას, თუმცა ამას ხმამაღლა, რა თქმა უნდა, არ აღიარებდა. სამზარეულოსკენ გაემართა, იქ უკვე დილის ფუსფუსი დაწყებულიყო. ნინი თეთრი შეფის ქუდითა და წინსაფრით სამუშაო მაგიდასთან იდგა. წითელი თმის რამდენიმე ღერი საფარის ქვეშიდან გამოპარულიყო, ლოყაზე კი შოკოლადის პატარა ლაქა შესჩენოდა.. ყურადღებით აწყობდა დესერტებს, თითოეულს ცალკე უვლიდა და საბოლოო დეტალებს ამოწმებდა..მაგიდაზე რამდენიმე დიდი ლანგარი ელაგა, შუაში მუქი, პრიალა ალუბლის ფორმის დესერტები იყო განლაგებული, თითოეულს ზედ პატარა ნამდვილი ალუბალი ამშვენებდა, შოკოლადის თხელი გარსი კი ისე ბზინავდა, თითქოს ლაქით დაეფარათ. გვერდით ვარდისფერი, ნაზი ფერის მომრგვალებული ნამცხვრები ეწყო, ხოლო მეორე ლანგარზე ოქროსფერი, კარამელისფერი დესერტები ბრწყინავდა. მათი ზედაპირი გლუვი და იდეალურად თანაბარი იყო..შორენა სათითაოდ სინჯავდა ყველაფერს. ჯერ ერთ დესერტს გასინჯავდა, შემდეგ მეორეს, თვალებს ხუჭავდა და აშკარად ცდილობდა გემოები ერთმანეთისგან გაერჩია. - საოცარია, ნინი... უგემრიელესია ყველა! ერთმანეთზე უკეთესია! აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ნინის გაეღიმა. - კიდევ უფრო მრავალფეროვნება გვაქვს.. რომლის გასინჯვას მირჩევ დედა? - ღიმილით შემოვიდა ნიკოლასი, რომელიც ყველაფერს გულისყურით ათვალიერებდა - ყველა კარგია, მაგრამ გირჩევ, ჟოლოსა და ფისტის დესერტი გასინჯო. ჟოლოს ოდნავ მომჟავო გემო ფისტის კრემის სიტკბოს ძალიან კარგად აბალანსებს. ვფიქრობ, მომხმარებელს ძალიან მოეწონება. - ჰო, მეც მგონია რომ კარგი კომბინაცია იქნება..მაგრამ მანგო? - შორენამ ოქროსფერი დესერტებისკენ გაიხედა - ძალიან მაცდურად გამოიყურება - ამ დროს ნინის გადახედა ღიმილით. - მანგო ხომ იცი, ისედაც ნინის იარაღია! მანგოზე საუბარს აღარ დავიწყებ - ამ დროს ნიკოლასი მიუახლოვდა მაგიდას, მზერა პირდაპირ ოქროსფერ დესერტებზე შეაჩერა.. ერთ-ერთ ოქროსფერ დესერტს დასტრიალებდა თავს. მისი ფორმა პატარა, ელეგანტურ გუმბათს ჰგავდა. ზედაპირი ოქროსფრად ბრწყინავდა, შიგნით კი მანგოს მუსი და ტროპიკული ხილის ნაზი შიგთავსი იმალებოდა. ძირში თხელი, ხრაშუნა ფენა ჰქონდა, რომელიც კრემის სინაზეს სასიამოვნოდ ერწყმოდა..ნინიმ შეამჩნია მისი ინტერესი. - მანგოს ახალი დესერტია. ჯერ არ გაგისინჯავს - ნინიმ პატარა ჩანგალი აიღო, ოქროსფერი დესერტი ოდნავ გაჭრა და შიგნით მოთავსებული მანგოს კრემის ფენები გამოაჩინა, ნიკოლასმა ნაჭერი გასინჯა. ჯერ ჩუმად დაღეჭა, შემდეგ კიდევ ერთხელ დახედა დესერტს. - ძალიან კარგია, ნინი.- ნინის ოდნავ გაუფართოვდა თვალები, ასეთი პირდაპირი კომპლიმენტი მისგან იშვიათად ესმოდა. - მადლობა - უპასუხა ღიმილით და ისევ საქმეს მიუბრუნდა.. შორენა ორივეს აკვირდებოდა, თუმცა არაფერი უთქვამს. მხოლოდ კმაყოფილმა გადახედა მაგიდაზე ჩამწკრივებულ დესერტებს. - კარგი, ახლა კი შენთან ორი კარგი ამბავი მაქვს, შვილო - ნიკოლასმა დედას შეხედა და მაგიდას მიეყრდნო. - გისმენ, დედიკო. - პირველი ის არის, რომ დღეს კიდევ ერთი სიახლე დაგვემატება. მანგოს ტორტს ნაჭრებადაც გავყიდით და რეალიზაციაში ჩავუშვებთ. იმდენად დიდია მოთხოვნა და კმაყოფილება მთლიან ტორტებზე, რომ ვფიქრობ, ნაჭრებშიც გაამართლებს. - კარგი იდეაა. - ნინის ყველაფერი უკვე მზად აქვს. ბისკვიტები ცხვება, კრემიც მისი საიდუმლო რეცეპტით მომზადდება. დღეს პირველ ნაჭრებს დავჭრით, დავაგემოვნებთ და ხვალიდან გაყიდვაშიც გავუშვებთ - ნიკოლასმა ნინის გადახედა. - კარგი.. და მეორე ამბავი? - იკითხა ნიკოლასმა და დედას მიუბრუნდა. შორენას სახე ოდნავ შეეცვალა. ახლა მის ხმაში უფრო სერიოზული ტონი იგრძნობოდა. - მეორე ის არის, რომ ექიმი ვიპოვე, როგორც დაგპირდი. დღეს საღამოს ერთად გავესაუბროთ. ტელეფონით უკვე ვესაუბრე, მაგრამ მირჩევნია, შენთან ერთად განვიხილო ყველაფერი - რა გითხრა? ვინ არის ეგ ექიმი? - ძალიან ძლიერი სპეციალისტია.. სპორტსმენებთან მუშაობის გამოცდილება აქვს და შენი ტრავმის ისტორიაც გავაცანი. მითხრა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ გარკვეული იმედები ნამდვილად არსებობს, თუმცა საბოლოო შეფასებისთვის თავად უნდა გაგსინჯოს და ძველი გამოკვლევებიც ნახოს - ნიკოლასი ყურადღებით უსმენდა. მის თვალებში ინტერესმა ნელ-ნელა სხვა, დიდი ხნის წინ ჩამქრალი ემოცია გააღვიძა. - და რეაბილიტაცია რას გულისხმობს? - პირველ რიგში, ყველაფერს თავიდან შეაფასებს. ნახავს, რამდენად აღდგენილია დაზიანებული ფეხის მოძრაობა, კუნთის ძალა, სახსრის სტაბილურობა და რამდენად შეგიძლია დატვირთვის ატანა. მერე ეტაპობრივ გეგმას შეგიდგენს.. ფიზიოთერაპია, მოძრაობის დიაპაზონის აღდგენა, კუნთების გაძლიერება, წონასწორობისა და კოორდინაციის ვარჯიშები. თავიდან დატვირთვა მსუბუქი იქნება, შემდეგ კი ნელ-ნელა გაიზრდება. მითხრა, რომ შეიძლება წყალში თერაპიული ვარჯიშებიც დაგჭირდეს. - წყალში? - ნიკოლასმა წარბები აზიდა. - ჰო. წყალში სხეულის წონა ნაკლებად აწვება სახსრებს, ამიტომ გარკვეული მოძრაობების შესრულება უფრო მარტივია. - მისმინე შვილო, ყველაფერს სპეციალისტის მეთვალყურეობით გააკეთებ. თავიდანვე მოედანს არავინ დაგაბრუნებს. ჯერ სხეული უნდა მოამზადო, შემდეგ უფრო რთული ვარჯიშები, ბურთთან მუშაობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სპორტულ დატვირთვაზე საუბარი, მთავარია, არაფერი დააჩქარო - ნიკოლასი ჩაფიქრდა. თვალებში ისეთი ინტერესი ჩაუდგა, თითქოს გონებაში უკვე მწვანე მოედანი, ბუცები და ხალხის ხმა ტრიბუნებიდან დაბრუნებოდა. - ამ ყველაფერს როდის დავიწყებთ? - შორენას გაეღიმა - შვილო, ახალი წელი და მოახლოებული სადღესასწაულო დღეები გადამატანინე და ხომ დაგპირდი, გაგათავისუფლებ ამ საკონდიტროსგან - ნიკოლასმა ამოიოხრა. - კარგი, კარგი... - ნუ მებუზღუნები, ხომ იცი, მარტო შენზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. ჯერ ექიმს შევხვდეთ, მისი აზრი მოვისმინოთ და მერე გადავწყვიტოთ - რა საჭირო ვარ საერთოდ ახალ წელს საკონდიტროში? ჩემს გარდა უამრავი ადამიანია... ვითომ რამეს გიკეთებდე! - ჩაიბურტყუნა ნიკოლასმა და კაბინეტისკენ დაიძრა, შორენან სიცილი ვერ შეიკავა - მოიცადე, კიდევ ერთი ამბავი მაქვს! - გაახსენდა შორენას და ნიკოლასს კიბეზე დააწია სიტყვა - საინტერესოა... კიდევ რა არის? - ტელეკომპანიიდან დამიკავშირდნენ. ჩვენი საკონდიტროს გადაღება და ჩაწერა სურთ, თან გადაცემაში გვპატიჟებენ, პატარა რეპორტაჟი უნდა მოამზადონ ჩვენზე - ნიკოლასმა წარბები შეჭმუხნა. - და? - ხომ იცი, მსგავსი რაღაცები როგორ მეზარება...ჩემი სტილი არ არის.. კამერების წინ ჯდომა, ერთსა და იმავე კითხვებზე პასუხის გაცემა, ღიმილი, პოზირება... მოკლედ, შენ წახვალ. შენ მაინც არ გეზარება ასეთი ამბები. - კარგი, წავალ.. ხომ იცი როგორი ვარსკვალვი შვილი გყავს დედა - მაგრამ მეორეც უნდა წამოგყვეს. ისეთი ადამიანი, ვინც კომპანიას სათანადოდ წარმოაჩენს, წარმოების პროცესზე ისაუბრებს და მაყურებელს ჩვენს დესერტებს გააცნობს. - მაშინ ანანო ან მეგი ალბათ - არცერთი! - მაშინვე შეაწყვეტინა შორენამ - მეგი ცანცარს დაიწყებს და სერიოზულ კითხვასაც კი ხუმრობაში გადაიყვანს, ანანო კი ხმას არ ამოიღებს.. ნინი წაგყვება, მასზე უკეთ ვერავინ დაგიმშვენებს გვერდს. ბოლოს და ბოლოს, წარმოების მენეჯერია, სიტყვა-პასუხიც ძალიან კარგი აქვს და ყველაფერზე კომპეტენტურად ისაუბრებს- ნინის, რომელიც ამ დროს სამუშაო მაგიდასთან რაღაცას ალაგებდა, ხელში ჩარჩენილი პატარა ლანგარი თითქმის გაუვარდა. - მე? ტელევიზიაში? - გაკვირვებულმა იკითხა და შორენას შეხედა. - კი, შენ! - გაეღიმა შორენას - თუ გზაში ერთმანეთს არ დაჭამთ, რა თქმა უნდა - ნიკოლასს გაეცინა, ნინისკენ შებრუნდა და მხრები აიჩეჩა. - სხვათა შორის, არა... მე და წითურმა ცოტათი მეგობრობისკენ გადავდგით ნაბიჯი. არა? - ნინიმ მისკენ მიიხედა. - ასეა? - ნელა ჩაილაპარაკა ნინიმ, თითქოს საკუთარ თავს ეკითხებოდა. რამდენიმე წამით დაფიქრდა. ბოლო დღეებმა გონებაში სწრაფად გადაურბინა: მართვის გაკვეთილები, წვიმიანი საღამო, ძაღლი, გუგასთან გატარებული დრო, ჩებურეკები... და ის უცნაური სიმშვიდე, რომელიც ბოლო დროს ნიკოლასის გვერდით ზოგჯერ ეუფლებოდა.. - კი, ასეა... - თქვა ბოლოს და თვითონვე გაკვირვებულმა ჩაიღიმა, ნიკოლასმა მის პასუხზე კმაყოფილად ასწია წარბები. თითქოს ასეთ აღიარებას სულაც არ ელოდა. - ძალიან კარგი! - გახარებულმა თქვა შორენამ - ჰოდა, ორივე წახვალთ და ჩვენს საკონდიტროზე ისაუბრებთ. გადაცემის გუნდს დღესვე დავუდასტურებ. თქვენი იმედი მაქვს! - შორენამ ორივეს გაუღიმა და სამზარეულოდან გავიდა, ნიკოლასი ნინისკენ დაიძრა. მის წინ გაჩერდა, ოდნავ დაიხარა და თვალებში ჩახედა, ეშმაკური ღიმილი უთამაშებდა. - რა იყო, წითურო? ტელევიზიაში გამოჩენამ ასე გაგახარა? - ნინი აშკარად აღფრთოვანებული იყო. თვალები უბრწყინავდა, ტუჩებზე კი ფართო ღიმილი დასთამაშებდა. - წარმოიდგინე, რამდენ ადამიანს გავაცნობთ ჩვენს დესერტებს! შეიძლება ახალი მომხმარებლებიც მოვიზიდოთ. თან გადაცემაში არასდროს ვყოფილვარ... საინტერესო იქნება! უკვე იმასაც ვფიქრობ რა ჩავიცვა, როგორ გამოვეწყო - დაუფიქრებლად წამოსცდა ნინის, შემდეგ კი გაეცინა - არ მეგონა, ასე თუ გაგიხარდებოდა. - რატომ არ უნდა გამხარებოდა? - არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ აქამდე ჩემთან ერთად სადმე წასვლას სასჯელად აღიქვამდი. - შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის მარტივი არ არის! - მაგრამ ახლა მეგობრები ვართ, როგორც თავად აღიარე - ნინიმ თვალები მოჭუტა. - მე არ მითქვამს, რომ საუკეთესო მეგობრები ვართ. - ჯერ პატარა ნაბიჯებით მივდივართ, ხომ ასეა? - ნინიმ სიცილით თავი გააქნია, ნიკოლასი გასწორდა, შემდეგ კი გამომწვევი გამომეტყველებით დაამატა: - იცოდე, წითურო, თუ ნერვებს მომიშლი ან გამაბრაზებ, ტელევიზიაში არ წაგიყვან. ასე რომ, ჭკვიანად იყავი - ნიშნისმოგებით და ღიმილით გააფრთხილა, თვალი ჩაუკრა და კიბისკენ გაემართა. სამზარეულოში ტკბილი არომატები ირეოდა, მაგიდებზე ფერადი დესერტები და ახლად გამომცხვარი ბისკვიტები ელაგა.. შემოსასვლელ კარში გიორგი გამოჩნდა, მის დანახვაზე ყველას სახე გაუნათდა, მანაც ღიმილით მოიკითხა თითოეული თანამშრომელი, ნინი მისკენ თითქმის სირბილით გაემართა. - გიოო! - გიორგიმ ხელები გაშალა და ნინი გულში ჩაიკრა. - უკეთ ხარ? - ჰკითხა გოგონამ და ოდნავ უკან დაიხია, რომ სახეში შეეხედა - გამიხარდა შენი დანახვა! - უკეთ ვარ, უკეთ. დაგიბრუნდით! მომენატრა აქაური ქაოსი - გაეღიმა გიორგის - ჩვენც მოგვენატრე! - აბა, რა ხდება? - გიორგიმ სამზარეულოს მოავლო თვალი - სიახლეები გვაქვს, როგორც ვატყობ. - კიი! ახალი დესერტების ხაზი და მანგოს ტორტი უკვე ნაჭრებში გაგვაქვს! - ნინიმ ბისკვიტებისკენ მიუთითა და თვალები აათამაშა - მაგარია! ვფიქრობ, კარგად გაიყიდება - გიორგიმ მაგიდაზე დალაგებულ დესერტებს გადახედა - სხვა რა ხდება? ვინმე ხომ არ გაბრაზებს?-წარბი ოდნავ ასწია, ნინის გაეცინა. - შენ წარმოიდგინე, არა... ყველაფერი რიგზეა, სხვათა შორის ჭკვიანადაა - ამ სიტყვებზე ნინიმ უნებურად ნიკოლასის კაბინეტისკენ გაიხედა..მეორე სართულზე, შუშის ვიტრინასთან მდგარი ნიკოლასი ამ ყველაფერს უკვე კარგა ხანს ადევნებდა თვალს, ხელში ყავის ჭიქა ეჭირა, თუმცა ყავა კარგა ხნის გაციებული ჰქონდა.. გიორგისა და ნინის შეხვედრისას მისი მზერა ჯერ გოგონას გახარებულ სახეზე შეჩერდა, შემდეგ კი იმაზე, როგორ ჩაეხუტა გიორგის..გიორგი რაღაცას ეუბნებოდა, ნინი კი სიცილით პასუხობდა. შემდეგ გოგონამ მხარზე მსუბუქად დაჰკრა ხელი და ისევ რაღაც უთხრა, ნიკოლასი თვალს ვერ აშორებდა. სახეზე არაფერი ეტყობოდა, მხოლოდ ყავის ჭიქას თითები ოდნავ მოუჭირა.. უცნაური იყო.. გიორგი მისი საუკეთესო მეგობარი იყო, თითქმის ძმასავით ახლობელი. ნინისთან მისი ასეთი ურთიერთობა წესით სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც, მათი სიახლოვის დანახვაზე რაღაც უსიამოვნოდ შეეკუმშა გულში.. მზერა ბოლოს და ბოლოს მოაშორა მათ, ქვემოთ კი ნინიმ გიორგის კიდევ ერთხელ გაუღიმა. - კარგი, წავალ, ჩემს სამუშაოს დავუბრუნდები. იმდენი რამ მაქვს მოსასწრები, ვერც კი წარმოიდგენ. - მიდი, მიდი, აღარ შეგაფერხებ. მერე ყველაფერს მომიყვები - ნინი სამუშაო მაგიდისკენ დაბრუნდა, დესერტების გაფორმებას შეუდგა, სახეზე კვლავ ის კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა, რომელიც გიორგის დაბრუნებამ მოუტანა, ნიკოლასმა ვიტრინიდან კიდევ ერთხელ გახედა. ახლა ნინი უკვე საქმეში იყო ჩართული, წითელი თმის რამდენიმე ღერი სახეზე ჩამოშლოდა და თითებით ფრთხილად ასწორებდა დესერტის ზედაპირს..ნიკოლასმა მზერა რამდენიმე წამით შეაჩერა, შემდეგ ყავა მაგიდაზე დადო და კაბინეტიდან გავიდა. გიორგი საკუთარი კაბინეტის კართან გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა წინასწარ, მეგისთან გასამკლავებლად, სახელურს ხელი მოჰკიდა და კარი შეაღო..თუმცა ოთახში არავინ იყო. - მეგი? - დაუძახა, მაგრამ პასუხი არ მიუღია..სამაგიეროდ, თვალწინ ისეთი სურათი გადაეშალა, რომ ადგილზე გაშეშდა..კაბინეტი თავდაყირა იყო, მაგიდაზე ფურცლების უზარმაზარი გროვა ეყარა, რამდენიმე საქაღალდე იატაკზე გადმოვარდნილიყო, სკამზე ტანსაცმელი იყო მიყრილი, მაგიდის კუთხეში ცარიელი ყავის ჭიქაც იდგა..გიორგიმ ოთახს მზერა კიდევ ერთხელ მოავლო, შემდეგ თვალები აატრიალა. - ღმერთო ჩემო... - ამჯერად უფრო ღრმად ჩაისუნთქა - მეგი, შენთან სერიოზული საუბარი მჭირდება... - გიორგიმ პიჯაკი გაიხადა, სკამის საზურგეზე გადაკიდა და მაგიდისკენ გაემართა. - ჯერ არ დამიწყია მუშაობა და უკვე დამღალე... - ჩაიბურტყუნა თავისთვის, ფურცლების ალაგებით დაიწყო ოთახის მოწესრიგება.. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ კაბინეტის კარი ხმაურით გაიღო და მეგი ქარიშხალივით შემოვარდა. - შენ? უკვე დაბრუნდი სამსახურში? - უხასიათოდ ჰკითხა გიორგის და პალტო სკამის საზურგეზე მიაგდო.. ხელში დაჭერილი ფურცლები მაგიდაზე დაუდევრად დაყარა და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა..გიორგიმ ჯერ ფურცლებს დახედა, შემდეგ კი მეგის.. ნელა შეკრა მუშტი და გოგონას მკაცრი მზერა მიაპყრო. - ვერაფერს ამჩნევ?! - რას? - უკმეხად მიუგო მეგიმ. - შენი აოხრებული ოთახი ვერ იცანი? - მეგიმ მხოლოდ ახლა მოავლო თვალი კაბინეტს. მაგიდაზე ყველაფერი მოწესრიგებულად ეწყო, საქაღალდეები თავის ადგილას დაებრუნებინათ, იატაკიც სუფთა იყო. - შეგახსენებ, რომ ამ კაბინეტში მეც ვზივარ. უწესრიგობას ვერ ვიტან. რას ჰგავდა აქაურობა?! - დემაგოგობას ნუ დამიწყებ, გიორგი! - სამსახურშიც იგვიანებ. შეხედე, რომელი საათია! ამ დროს ყველაფერი გამზადებული უნდა იყოს, რომ ფილიალებში პროდუქცია დროულად დარიგდეს! - ვასწრებ ყველაფერს ისედაც! - რას ასწრებ? სამგორის ფილიალიდან დილიდან რეკავენ, თაროები ცარიელი აქვთ, პროდუქციას ითხოვენ! - ახლავე გავამზადებ! - უკვე გავამზადე! - მეგი წამოიწია, აშკარად არ აპირებდა მისთვის დათმობას. - ხმის ტონს დაუწიე, გიორგი! შენი თავი ვინ გგონია? არავინ ხარ საერთოდ! - ბოლო სიტყვები მკვეთრად წარმოთქვა, ორივე გაჩუმდა.. მეგის თვალები აემღვრა, შემდეგ კი ცრემლები მოულოდნელად გადმოსცვივდა. სწრაფად წამოდგა და კარისკენ გაემართა, გიორგი მაშინვე მიჰყვა და მკლავში ჩაავლო ხელი. - მოიცადე! - მეგი შეჩერდა, მაგრამ არ შეტრიალებულა. - გამიშვი! - ჯერ მითხარი, რა გჭირს? - არაფერი! - მაშინ რატომ იქცევი ასე? - მეგი სწრაფად შემობრუნდა. თვალებში ბრაზი და ცრემლები ერთდროულად ჩასდგომოდა. - იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება, მთელი დღე ჭკუა მარიგოს! - გიორგი რამდენიმე წამით უხმოდ უყურებდა, მეგისგან მსგავსი რეაქცია უჩვეულო იყო. ჩვეულებრივ, ყველაზე მკაცრ შენიშვნასაც ხუმრობით ან ირონიით პასუხობდა. ახლა კი თითქოს უმნიშვნელო სიტყვაზეც ფეთქდებოდა. - მეგი... - შედარებით მშვიდად დაუძახა, გოგონამ პასუხი არ გასცა. მისი ხელი ჯერ კიდევ გიორგის თითებში იყო მოქცეული. გიორგიმაც თითქოს მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რამდენად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან. ხელი ნელა გაუშვა, თუმცა მეგი არ განძრეულა..რამდენიმე წამით ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, მეგის სუნთქვა აჩქარებოდა, გიორგის კი მზერა მის დასველებულ თვალებზე შესჩერებოდა..მათ შორის მანძილი შეუმჩნევლად შემცირდა..სწორედ ამ დროს კარის გაღების ხმა გაისმა. - დილა მშვიდობისა... - ორივე მაშინვე მოშორდა ერთმანეთს, ნიკოლასი კართან იდგა. მზერა ჯერ გიორგიზე გადაიტანა, შემდეგ მეგიზე, ბოლოს კი მათ შორის დარჩენილ უცნაურ დაძაბულობას დააკვირდა. წამით წარბი ასწია, თუმცა მალევე ჩვეულ ღიმილს დაუბრუნდა. გიორგის მხარზე ხელი დაჰკრა და მეგობრულად მიესალმა. - უკეთ ხარ? - გიორგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - კი, უკვე კარგად ვარ - ნიკოლასი შემდეგ მეგისკენ შებრუნდა, გოგონა ჯერ კიდევ მოღუშული იჯდა სავარძელში, თუმცა ნიკოლასის სახეზე ღიმილის დანახვისას მის მზერაშიც რაღაც შეიცვალა.. ნიკოლასმა ზურგს უკან დამალული ვარდების თაიგული გამოაჩინა და მისკენ გაემართა. - ჩემო მეგან! დაბადების დღეს გილოცავ! - მეგის სახე მაშინვე გაუნათდა,წამოდგა, თაიგული გამოართვა და ნიკოლასს ისე ძლიერად ჩაეხუტა, თითქოს მთელი დილა სწორედ ამ მომენტს ელოდა. - ჩემო საოცარო! ვგიჟდები შენზე! - ლოყაზე აკოცა და ვარდებს დახედა. - რა ლამაზია! შენ მაინც გახსოვდა! - აბა, როგორ! ასეთი მნიშვნელოვანი დღე როგორ უნდა გამომრჩენოდა? - გიორგი უხერხულად იდგა და ამ სცენას ჩუმად ადევნებდა თვალს. - გილოცავ... არ ვიცოდი, თუ... - მადლობა! - უხეშად გააწყვეტინა მეგიმ - მხოლოდ შენ გაგახსენდა ჩემი დღე. არც დედაჩემს, არც მამაჩემს... მაგრამ არაუშავს. მეც ისინი! - ნიკოლასმა წარბები ოდნავ შეკრა, თუმცა არაფერი შეიმჩნია. - სადმე ხომ არ აღვნიშნოთ შენი დღე, მეგან? რესტორანში ან.. - არ მინდა რესტორანი! კარგი პიკნიკი მოვაწყოთ. მე, შენ... ნინისაც ვეტყვი, თუ პრობლემა არ გექნება. - რატომ უნდა მქონდეს? - გაეცინა ნიკოლასს. - გიოც წამოვა, ხომ წამოხვალ, გიო? - გიორგიმ პასუხის გასაცემად პირი გააღო, მაგრამ მეგიმ მაშინვე დაამატა: - ვფიქრობ, საჭირო არ არის მისი წამოსვლა. თავისი უჟმური ხასიათით ყველაფერს გააფუჭებს! - ნიკოლასს ჩაეცინა.. ამ დროს კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა და ოთახში ნინი შემოვიდა. ხელში პატარა, ლამაზად გაფორმებული ტორტი ეჭირა. - აი, მეც მოვედი! - მეგი მაშინვე მისკენ შემობრუნდა. - გილოცავ, მეგი! - ნინიმ ტორტი მაგიდაზე დადო და დაბადების დღის სიმღერა ღიმილით წაუმღერა. - გეგონა, დამავიწყდებოდა? - მეგი ნინის ჩაეხუტა. - მადლობა, ნინი, რომ ასეთი კარგი ხარ! - ტორტს დახედა და აღტაცებით დაამატა: - რა ლამაზია! - შენი საყვარელი არომატებითაა. ჟოლოს მსუბუქი მუსი და ვნების ხილის კრემი, ოდნავ მომჟავო გემო აქვს, მაგრამ თეთრი შოკოლადის ფენა ყველაფერს აბალანსებს. - ღმერთო, უკვე მინდა გავსინჯო! - ჯერ სანთლები უნდა ჩავაქროთ - გაეცინა ნინის. - აბა, დღეს მივდივართ? - ნიკოლასი მაშინვე საქმეზე გადავიდა - საპიკნიკოდ ყველაფერი უნდა მოვამზადოთ. გიო, სუპერმარკეტში წამომყევი, რაღაცები ვიყიდოთ. - პიკნიკი? - გაკვირვებით იკითხა ნინიმ. - ჰო! მე, შენ, ნიკოლასი და აი, ეს უჟმური კაცი! - გიორგისკენ გაიშვირა თითი, რომელიც დინჯად იდგა ხელებგადაჯვარედინებული. - ხომ წამოხვალ, ნინი? - სიმართლე გითხრა, არ ვიცი... - მეგიმ თვალები აატრიალა. - იცი რა? შენ და ეს კაცი მართლა ერთნაირები ხართ! ფერი ფერს და მადლი ღმერთს! ორივე მოსაწყენი! წავიდეთ, ჩემი დაბადების დღეა, ნუ მაწყენინებ! - კარგი, კარგი... - სიცილით დანებდა ნინი - დღეს მართვის გაკვეთილის შემდეგ წავიდეთ, წითურო - ჩაერთო ნიკოლასი. - გაკვეთილის? რა გაკვეთილის? - გიორგიმ წარბი ასწია. - არ იცი? - ნიკოლასმა მხრები აიჩეჩა - ნინისა და მე გამოწვევა გვაქვს მიღებული. მართვის მოწმობა უნდა ავაღებინო. - არ ვიცოდი... - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გიორგიმ - კარგი, წავედით მარკეტში. წამოდი, გიო, სამწვადე ვიყიდოთ და კიდევ რაღაცეები-გიორგიმ ვერ მოითმინა და მაინც ჰკითხა ნიკოლასს: - ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდით და რა ხდება? - მის ხმაში უკვე სერიოზულობა იგრძნობოდა - იცოდე, თუ რამე გაქვს ჩაფიქრებული... - ნიკოლასმა მეგობარს გადახედა - მისმინე, ვიცი, რომ ამ გოგოს მიმართ გულგრილი არ ხარ.. თან უკვე მივეჩვიე იმას, რაც მოხდა. დედაჩემი რეაბილიტაციის ჩატარებას მიპირებს, ნინიც ისე შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, შენც და დედაჩემიც თავისი „ოქროს რეცეპტებით“ ისე მოგნუსხათ, რომ მასთან ვერაფერს გავხდები. შენს გამო უფრო მინდა, ნორმალური ურთიერთობა მქონდეს მასთან.. - ნინის რამე რომ აწყენინო, ძალიან ვიჩხუბებთ, ნიკოლას. - დამშვიდდი. არ ვაპირებ მისთვის რაიმეს დაშავებას. - იმედია! - ნიკოლასმა მეგობარს რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ ოდნავ ჩაიღიმა. - იცი, რა მაინტერესებს? ნინი მოგწონს? - გიორგიმ თვალები მოჭუტა. - რას ამბობ? - დღეს დილით რა სცენასაც შევესწარი მეგისთან, ეგ რას ნიშნავდა? - გიორგის სახე შეეცვალა. - მისმინე, თუ ნინი მოგწონს, მეგის თავი დაანებე. მით უმეტეს, შენც ამჩნევ, რომ მეგი გულგრილი არ არის შენს მიმართ.. არც არასდროს დაუფარავს ეს. ტყუილად ნუ მისცემ იმედს, თუ ნინი არის შენი რჩეული. - მე... ნინი... ანუ მე და ნინი... - შენ ნინი მოგწონს, გასაგებია - სიტყვა გააწყვეტინა ნიკოლასმა - ამიტომაც გეუბნები, მეგის ტყუილი იმედი არ მისცე. - შენ ვერ გამიგე! მე ნინი... - მოგწონს, ვიცი. სულელი და ბრმა უნდა იყო, ამას რომ ვერ ამჩნევდე. ჰოდა, იყავი იმ შენს ნინისთან - გიორგიმ გაოცებით შეხედა. - ნიკოლას, მომისმენ საერთოდ?! - წავედით ჯერ სუპერმარკეტი გამოვიტანოყ და მერე მეგობარო!.. - მხარზე ხელი დაჰკრა და მარკეტში შევიდნენ ამასობაში ნინი და მეგი სამზარეულოში დაბრუნებულიყვნენ.. ნინი ტორტის გაფორმებისთვის საჭირო ნივთებს ალაგებდა - მეგ... - ჰო - იცი, ხვალ ტელევიზიაში ინტერვიუ უნდა მივცეთ. - ჰო, ეს უკვე გავიგე - მეგიმ ინტერესით შეხედა - ლამაზად უნდა გამოეწყო.. მე მსუბუქ მაკიაჟს გაგიკეთებ და ლამაზ კაბას შეგარჩევინებ - ნინის გაეცინა. - შენი „მსუბუქი მაკიაჟი“ და "ლამაზი კაბა" ვიცი მე! - აბა, ასე აპირებ წასვლას? უარაფროდ?! - რატომაც არა? - ისე ეშხიანი უნდა იყო რომ თვალი ვერ მოგაშორონ.. ისეთი ლამაზი ხარ და ჩაცმის სტილი საერთოდ არ გივარგა, ნინი! - ნინიმ თვალები აატრიალა. - არა, კმაყოფილი ვარ იმით, როგორც გამოვიყურები. - ღმერთო, რა ჯიუტი ხარ! - მეგი, ინტერვიუზე მივდივარ და არა სილამაზის კონკურსზე. - სწორედ ამიტომ უნდა გამოიყურებოდე კარგად! ხალხმა ჩვენი დესერტებიც უნდა დაინახოს და ისიც, ვინ დგას მათ უკან! საღამოს პიკნიკისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობდა.. ნიკოლასი საკუთარ კაბინეტში, კომპიუტერთან იჯდა და რამდენიმე დოკუმენტს ამოწმებდა. საქმე რომ დაასრულა, მონიტორი გამორთო, ყავის ჭიქა აიღო და კაბინეტიდან გამოვიდა. შემოსასვლელთან დივანზე მოკალათდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ყავა მოსვა. რამდენიმე წამში მისი მზერა სამზარეულოსკენ გაიქცა..ნინის ხელში პატარა ფურცელი ეჭირა, ხან დესერტების თაროსთან მიდიოდა, ხან თეონას რაღაცას უხსნიდა.. საუბრისას სახეზე ხან ღიმილი გადაურბენდა, ხან კი ისეთი სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მთელი საკონდიტროს ბედი მის გადაწყვეტილებაზე ყოფილიყო დამოკიდებული.. ნიკოლასი გაუცნობიერებლად იღიმოდა, ყავის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, თუმცა მზერა კვლავ ნინიზე ჰქონდა გაჩერებული.. გოგონამ რაღაც სასაცილო თქვა და თანამშრომლებთან ერთად გადაიხარხარა, ნიკოლასსაც გაეღიმა, თავი ოდნავ გადახარა და კიდევ რამდენიმე წამით უყურა. - რას აკეთებ, ყმაწვილო? - მეგის ხმამ გამოაფხიზლა..ნიკოლასმა მზერა მისკენ გადაიტანა. - არაფერს - ყავა მოსვა - სახლისკენ უნდა წავიდე და გამოვიცვალო.. ყველა ერთად წავიდეთ? - თხოვნა მქონდა შენთან - გისმენ გულისყურით, ძვირფასო - მეგი მის გვერდით ჩამოჯდა. - მე, როგორც იუბილარს, ერთი სურვილი მაქვს... - ოჰ, დაიწყო - მინდა, გიორგისთან ერთად ვიმგზავრო, მარტო.. იქნებ ისე მოვახერხოთ, რომ მე და გიო ერთად წავიდეთ? - ნიკოლასმა ყელში ყავა გადააგორა და ჩაახველა. - მეგი... ხომ იცი, ჩემი დისგან არ განსხვავდები. გიოც მიყვარს ძმასავით, მაგრამ მას ნინი მოსწონს. რა აზრი აქვს მასთან ერთად წასვლას? - ბოლო სიტყვებზე სახე ოდნავ მოეღუშა - მაგრამ ნინის არ მოსწონს! - მხრები აიჩეჩა მეგიმ, ნიკოლასმა მაშინვე შეხედა. - შენ საიდან იცი? - თავად ამბობს.. სულ იმას იძახის, რომ გიო მისი მეგობარია და არ მოსწონს.. - ნიკოლასის სახე უნებურად გაუნათდა, ყავის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, თითქოს ამ ღიმილის დამალვა უნდოდა, თუმცა უკვე გვიანი იყო. - ჰო? საინტერესოა... - უდარდელად იკითხა, მეგიმ ეჭვით შეხედა. - შენიც გამკვირვებია. ამ დილით ეჩხუბებოდი, ახლა კი... - დილით იმ განწყობაზე ვიყავი და ახლა ამ განწყობაზე ვარ, ნიკოლას! - სიტყვა შეაწყვეტინა მეგიმ და თვალები აახამხამა - გთხოვ, რა... ნინი შენ წამოიყვანე, მე და გიო ერთად ვიმგზავრებთ - ნიკოლასმა რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ ამოიოხრა. - კარგი, მოვაგვარებ ახლავე - ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და გიორგის დაურეკა.. - გისმენ, ნიკო. - რას აკეთებ? - სოსოს ვეხმარები რაღაცაში და მერე უკვე მომზადებას დავიწყებ, ნინის გავუვლი და წამოვალთ. - ზუსტად მაგიტომ გირეკავ. ნინის დღეს ცოტახნით ვამეცადინებ მანქანაზე, რაღაცეებს ავუხსნი. შენ მეგი წაიყვანე, მე მას საჭესთან დავსვამ და ერთად ამოვალთ. - დღეს რა საჭიროა? ანდაც მე ვამეცადინებ. - არა! ჩემს მოსწავლეზე მე ვარ პასუხისმგებელი - მეორე მხარეს მცირე პაუზა ჩამოვარდა. - კარგი, კარგი... ანუ მეგისთან ერთად წამოვიდე? - გიორგის ხმაში რაღაც შეიცვალა - კი, შეგიძლია სახლში გაუარო და წამოიყვანო. დაახლოებით საათნახევარში შეგიძლია მიაკითხო. - კარგი - ზარი დასრულდა. - ჩემი გმირი ხარ! - მეგი მაშინვე წამოიწია და ბიძაშვილს მკლავზე მოეხვია, ნიკოლასმა სიცილით გადახედა. - იცოდე, ზედმეტად ნუ დაიმედებ თავს. - ნუ გეშინია! - ორივე იცინოდა, როცა ნიკოლასს მზერა მოულოდნელად შეეცვალა.. სახეზე ღიმილი გაუშეშდა, რამდენიმე მეტრში ზურა იდგა და ნინის რაღაცას უხსნიდა. ზედმეტად ახლოს იყო მასთან.. ნინი ხელში დაჭერილ ფურცელს უყურებდა, ზურა კი მისკენ ოდნავ დახრილიყო და რაღაცაზე მიუთითებდა, ნიკოლასმა თვალები მოჭუტა. - ამას რა უნდა?! - მოულოდნელად წამოდგა, ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა და წარბებშეკრული სამზარეულოსკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა. - ზურა! - ყველა მის ხმაზე შემობრუნდა. - შენ საქმე არაფერი გაქვს? მორჩი ყველაფერს? - ნინი გაკვირვებული შეტრიალდა - კი, ყველაფერი დავარიგე უკვე, თავისუფალი ვარ. - ყუთებიც მოაწესრიგე?! - კი, მზადაა ყუთებიც. - მაშინ ახლა წადი და დიდი მანქანა სამრეცხაოში წაიყვანე! - ზურამ უკმაყოფილოდ შეკრა ტუჩები, თუმცა არაფერი უპასუხია. ნინისკენ ერთხელ კიდევ გაიხედა და გასასვლელისკენ წავიდა. - მეორედ არ დავინახო, რომ თანამშრომლები შეაწუხო! - მიაძახა ნიკოლასმა..ზურამ მუშტი შეკრა, მაგრამ უხმოდ დატოვა საკონდიტრო და კარი ხმაურით მიიხურა, რამდენიმე წამით ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. - საქმეს დაუბრუნდით ყველა! - მკაცრად თქვა ნიკოლასმა..თანამშრომლები ისევ თავიანთ საქმეს მიუბრუნდნენ, თუმცა მეგი გაოცებული უყურებდა ბიძაშვილს, ნინი აშკარად გაღიზიანებული ჩანდა. - რას გიშავებდა? - ჰკითხა ნინიმ, ნიკოლასი მისკენ შებრუნდა - მგონი გიორგიმ გასაგებად აგიხსნა ამ ბიჭზე ყველაფერი. არ მგონია, მოეწონოს, როცა გაიგებს, რომ ისევ შენს სიახლოვეს იყო! - ნინიმ წარბები შეკრა - მეორედ აღარ მოგეკაროს! - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია, ნინის სახე შეეცვალა.. გაბრაზებულმა ხელები წელზე შემოიწყო. - შენ რატომ ერევი? ჩემს თავს თავად მივხედავ! - იმიტომ ვერევი, რომ... - ნიკოლასი წინ გადადგა ნაბიჯი, ხმა კვლავ მკაცრი ჰქონდა, მზერა კი ნინის სახეზე გაეყინა. - იმიტომ, რომ... - სიტყვა გაუწყდა, თითქოს თავადაც მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ პასუხი არ ჰქონდა.. - იმიტომ, რომ გიოს გამო - ბოლოს შედარებით მშვიდად თქვა - არ მინდა, ჩემს მეგობარს შენ გამო პრობლემები შეექმნას - ნინიმ ირონიულად ჩაიცინა. - რა მზრუნველობაა! მაგრამ ძალიან გთხოვს ჩემსა და გიოს ურთიერთობაში ცხვირი აღარ ჩაყო! ნურც მის მაგივრად იღებ გადაწყვეტილებებს! თუ რამე პრობლემა მექნება, თავად მივხედავ. - საქმეს მიხედე, წითურო! - შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა კაბინეტისკენ - ნიკოლას, გაჩერდი! - სიცილით დაუძახა მეგიმ და უკან გაჰყვა, კაბინეტში შესულმა ნიკოლასმა კარი მიხურა და სავარძელში მოწყეტით ჩაეშვა. მეგი მის წინ გაჩერდა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და რამდენიმე წამი ჩუმად აკვირდებოდა. - ეს რა იყო? - რა? - ნიკოლასმა სრულიად ჩვეულებრივი გამომეტყველება მიიღო. - რა გააკეთე შენ ახლა? - რა გავაკეთე, მეგან? - ეჭვიანობის სცენას წააგავდა... - ნიკოლასმა ხმამაღლა გაიცინა და თავი უკან გადააგდო. - მე? ეჭვიანობა? ვისზე? ჭორფლიან წითურზე? ჰო, როგორ არა! არ მიცნობდე მაინც, მეგი... - რომ გიცნობ, მაგიტომ ვამბობ ზუსტად. - ნუ სულელობ. როგორც გითხარი, გიორგის გამო - წამოდგა და მაგიდასთან მივიდა - ბევრს ლაპარაკობ.. სახლში დროზე, მოემზადე.. გიორგი მალე გამოგივლის - მეგიმ თავი გააქნია, ღიმილი ვერ შეიკავა. - კარგი, კარგი... როგორც იტყვი, ბატონო ნიკოლას - კარისკენ წავიდა, თუმცა გასვლის წინ კიდევ ერთხელ მოიხედა. - სხვათა შორის, წითური საკმაოდ ლამაზი გოგოა. - მეგი! - კარგი, გავჩუმდი! - მეგიმ სიცილით გაიხურა კარი, ნიკოლასი რამდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა. შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და ქვემოთ, სამზარეულოსკენ გაიხედა.. ნინი ისევ თავის საქმეს აკეთებდა, ნიკოლასმა ამოიოხრა, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და თავის თავს ჩუმად უთხრა: - ეჭვიანობა... რა სისულელეა! - თუმცა ამჯერად ღიმილი ვეღარ დამალა.. საღამოსთვის მზადებას ნიკოლასი განსაკუთრებული ყურადღებით შეუდგა. მუქი, ტანზე მომდგარი შარვალი და შავი პერანგი შეარჩია, მაჯაზე ძვირადღირებული საათი გაიკეთა და სარკეში საკუთარ გამოსახულებას კმაყოფილმა გადახედა.. თმა თითებით ოდნავ აიჩეჩა, მოკლე წვერი შეისწორა და გასაღები აიღო..კარიდან გასვლამდე ტელეფონსაც დახედა. მეგისგან შეტყობინება დახვდა - უკვე მზად იყო და გიორგის ელოდებოდა,ნიკოლასს გაეღიმა, ნინის კართან შეჩერდა, ზარი დარეკა, თავისუფალი ხელით პერანგის სახელო შეისწორა..კარზე კიდევ ერთხელ დააკაკუნა. - წითურო, გელოდები! - კარი გაიღო, თუმცა მის წინ ნინი კი არა, გუგა იდგა, ნიკოლასმა ჩაახველა, სერიოზული სახე მიიღო - სად არის შენი და? - საკონდიტროშია. - საკონდიტროში რაღა უნდა? არ მოემზადა? - მზად იყო, მაგრამ რაღაც დამავიწყდაო და ახლახან წავიდა - ნიკოლასმა თვალები აატრიალა. - შესანიშნავია! - ჩაიბურტყუნა, ნიკოლასი კიბეს ჩაუყვა ბურტყუნით.. შენობა ჩაბნელებული იყო. ვიტრინები აღარ ანათებდა, შიგნით კი სრული სიჩუმე ტრიალებდა.. ეტყობოდა, შუქი გამორთული ჩამქვრალიყო..კარი შეაღო და შიგნით შევიდა - წითურო, აქ ხარ? - პასუხი არ ყოფილა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. - წითურო! - ამჯერად ზედა სართულიდან მოულოდნელი ბრაგუნის ხმა გაისმა. - ნიკოლააას! - ნიკოლასს სახე შეეცვალა, ხმა ლიფტის მხრიდან მოდიოდა, კიბეს სწრაფად აუყვა და მესამე სართულზე აღმოჩნდა. - აქ ხარ? - ლიფტის დახურულ კარზე დააკაკუნა. - აქ ვარ! გავიჭედეე! შუქი ჩაქვრა! გამომიყვანე აქედან, გთხოვ! სული მეხუთება! - ნიკოლასმა ყური კარს მიადო. - დამშვიდდი, გამოგიყვან! - დროზეე! მალე გული წამივა! მეშინია დახურული სივრცის! ჰაერი არ მყოფნის! - მის ხმაში პანიკა იგრძნობოდა - ვერ ვსუნთქავ! გესმის? ვერ ვსუნთქავ! - შენც მაგარი ხარ! თუ გეშინოდა, ლიფტში რაღას შედიოდი?! - მაცივარში კრემის შედგმა დამავიწყდა! ვჩქარობდი და... ღმერთო, რას აკეთებ?! მალე გააღე ეს წყეული კარი! გონებას ვკარგავ.. ნიკოლას, გთხოვ სწრაფად - ბოლო სიტყვა უკვე თითქმის ჩურჩულად გაისმა..ნიკოლასმა ხელსაწყოები მოიმარჯვა - მალე გონებას დავკარგავ! - ოღონდ ისევ არა.. დავიღალე უკვე შენი ხელში ტარებით, წითურო. ორი წუთი მომეცი! - ნიკოლას... - აქ ვარ! - ძალიან მეშინია... - ამ სიტყვებმა თითქოს უფრო ააჩქარა. კიდევ ერთხელ სცადა, ამჯერად საკეტი გაიხსნა და კარის მძიმე ფრთები ნელა დაიძრა. ნიკოლასმა მთელი ძალით გასწია და ლიფტის კარი გააღო, გოგონა იატაკზე იყო ჩამომჯდარი, კედელს მიყრდნობოდა. სახე გაფითრებოდა, წითელი თმა სახეზე ჩამოშლოდა, ხელები კი ისე უკანკალებდა, თითქოს სიცივისგან ვეღარ აკონტროლებდა..როგორც კი ნიკოლასი დაინახა, წამოდგომა სცადა, მაგრამ ფეხები მოეკვეთა. - ფრთხილად! - ნიკოლასმა სწრაფად მოხვია ხელები და მისკენ გადმოვარდნილი გოგონა მკერდზე მიიკრა. - მშვიდად, მშვიდად... დაგიჭირე - ნინის თითები მის პერანგს ჩაეჭიდა..ძლივს სუნთქავდა, თვალები კი შიშით ჰქონდა გაფართოებული. - ჰაერი... - ძლივს ამოთქვა. - ყველაფერი კარგადაა. გამომყევი, აქედან გავიდეთ - ნიკოლასმა ფრთხილად წამოაყენა, თუმცა ნინის ფეხები ჯერ კიდევ უკანკალებდა. ერთი ხელი წელზე შემოხვია, მეორე მხრებზე მოხვია და ნელა გაიყვანა ლიფტის სივრციდან. - დამეყრდენი - გოგონამ თავი დაუქნია და მის მკლავს ჩაეჭიდა..ნიკოლასმა იქვე, სამაცივრე ოთახში შეიყვანა, სადაც ჰაერი შედარებით გრილი და სუფთა იყო. სკამზე ჩამოსვა და მის წინ ჩაიმუხლა. - შემომხედე - ნინიმ ძლივს ასწია თვალები. - წყალი - ნიკოლასმა იქვე ბოთლი აიღო, თავსახური მოხსნა და ხელში მიაწოდა. - ნელა დალიე, არ იჩქარო - ნინიმ რამდენიმე ყლუპი მოსვა, ხელები ჯერ კიდევ უკანკალებდა, ბოთლიდ დაკავებაც კი უჭირდა, ნიკოლასმა ფრთხილად გამოართვა და გვერდით დადო. - კარგი... მორჩა, დამთავრდა. ახლა ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე - გოგონა ცდილობდა, მაგრამ სუნთქვა ისევ აჩქარებული ჰქონდა. ნიკოლასმა ცივი წყლით დასველებული ხელი სახეზე ფრთხილად გადაუსვა. - ასე უკეთესია? - ნინიმ თვალები დახუჭა და ოდნავ დაუქნია თავი. - ძალიან შემეშინდა... - ამოიჩურჩულა, ნიკოლასს სახე შეეცვალა, კიდევ ერთხელ გადაუსვა ცივი ხელი ლოყაზე, შემდეგ კი მის წინ ჩაიმუხლა. - ახლა ჩემთან ერთად ისუნთქე, კარგი? ნელა... აი ასე - ნინის სუნთქვა თანდათან დალაგდა, თუმცა კანკალი ჯერ კიდევ არ შეწყვეტოდა. ნიკოლასმა ხელი გაუწოდა და გოგონას თითებზე ფრთხილად შეეხო. - ნინი, შემომხედე - ამჯერად გოგონამ თვალები გაახილა..ნიკოლასი უფრო ახლოს დაიხარა, ხელისგულებში მისი სახე მოიქცია, ცხვირი ფრთხილად მიადო მის ცხვირს, თითქოს ამით უნდოდა, ყურადღება გაეფანტა მისთვის და შიში მოეშორებინა - ჩემთან ხარ. აღარ ხარ იმ ლიფტში. გაიგე? - ნინიმ თავი ოდნავ დაუქნია, ოთახში სიჩუმე ჩამოწვა..გარეთ, სადღაც შორიდან, ქალაქის ხმაური ისმოდა, მაგრამ მათ ირგვლივ თითქოს ყველაფერი გაჩერებულიყო. მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ.. ნიკოლასი მის სახეს ახლოდან აკვირდებოდა.. სიბნელეშიც არჩევდა რომ წითელი თმის რამდენიმე ღერი ნინის ლოყაზე ჩამოშლოდა.. თვალები ჯერ კიდევ სველი ჰქონდა, თუმცა შიშისგან გაფართოებული მზერა ნელ-ნელა მშვიდდებოდა. - უკეთ ხარ? - ჩურჩულით ჰკითხა, ნინიმ უხმოდ დაუქნია თავი. - კარგია... - ნიკოლასს ხელი ჯერ კიდევ მის ხელში ჰქონდა მოქცეული, რამდენიმე წამი ასე დარჩა, თითქოს ეშინოდა, ოდნავი მოძრაობითაც არ დაეფრთხო. შემდეგ თავისუფალი ხელი ნელა ასწია და თმაში შეუცურა..თითები მის წითელ თმაში გაებლანდა, ნიკოლასმა თავადაც ვერ გაიაზრა, რატომ მიუახლოვდა კიდევ უფრო, მათი სახეები თითქმის ერთმანეთს ეხებოდა. ნინის სუნთქვა უკვე თანაბარი იყო, თუმცა ახლა სხვა მიზეზით აჩქარებოდა გული.. ნიკოლასმა მზერა მის თვალებზე შეაჩერა, შემდეგ წამით ტუჩებისკენ გადაიტანა, ნინი გაუნძრევლად იდგა, მათი ცხვირები ერთმანეთს მსუბუქად შეეხო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


