ღამისფერი განთიადი (ნაწილი-3)ნაწილი III - ცასა და მიწას შორის. 8 8 8 8 მზიანი დილა იყო. შემოდგომის ნარინჯისფერ-ოქროსფერ ფოთლებს ნაზად არწევდა ოქტომბრის თბილი სიო. იგი თითქოს რაღაცას ნაზად ეჩურჩულებოდა ხეებს, რომლებიც ფოთლების მელოდიური შრიალით უბრუნებდნენ პასუხს. ანდროს და ვლადს საუზმე აუზის სიახლოვეს ჰქონდათ გაწყობილი. ლურჯ ცაზე გაბნეული ღრუბლები და ახლომდებარე ხეები ლამაზად ირეკლებოდნენ მის კამკამა წყალში. ჰაერში ცხელი ყავის და ახლადგამომცხვარი კრუასანების ტკბილი სურნელი ტრიალებდა, თუმცა საუზმობით დიდად არც ერთი იწუხებდა თავს. ანდრო, ლეპტოპის განათებულ ეკრანს მიშტერებოდა, ხოლო ვლადს, წინ კროსვორდი გაეშალა და ფიქრის პარალელურად, კალმისტარს ატრიალებდა თითებს შორის. – ღარიბთა დასახლება ბრაზილიაში, რომელსაც პოლიცია ვერ აკონტროლებს. ექვსი ასოა, – უფროს ძმას გახედა ბიჭმა, თან დაჭრილი მარწყვი აიღო ხილის თეფშიდან. რამდენიმე წამში, პასუხიც მიიღო: – ფაველა სინჯე. – სწორია... მოქმედი ვულკანიც მაინტერესებს სიცილიაში, ოთხი ასოა. – მაგ ვულკანი საკუთარი თვალით გაქვს ნანახი, ვლად. – ცუდი დახვედრა მომიწყო, ამიტომ სახელი არ დამიმახსოვრებია. ანდროს გაეღიმა. პასუხი, კვლავ ისე დაუბრუნა, მისთვის სახეში არც შეუხედავს: – ეტნა. – ჩაჯდა... ახლა მითოლოგიური არსების სახელი მითხარი, რომელსაც თავზე გველები ეზრდება და ადამიანის ქანდაკებად ქცევა შეუძლია. – გორგონი... საერთოდ, რომელიმე გრაფა შენით შეავსე? – კი. ასეთი კითხვა იყო — ქალი, ვინც ანდრო ბარათაშვილი მუხლებზე დააჩოქა. ხუთი უჯრისგან შედგებოდა და ლინდა ჩავსვი. მამაკაცი, რომელიც აქამდე საქმეში იყო ჩაფლული, მომენტალურად მოწყდა ლეპტოპის ეკრანს და მზერა უმცროს ძმაზე გადაიტანა. – ადამიანი, ვისი ენაც ჩინეთის კედელზე გრძელია — ნახე გრაფაში ვლადი თუ ჯდება. – კარგი, კარგი, არ გვინდა დილიდან ეს ინტელექტუალური იუმორი, – გაეცინა ბიჭს, სკამს მოხერხებულად მიაწვა და ლურჯ ცას ახედა. – ისე უკვე ერთი კვირა ხდება, რაც შენ და ის გოგო ერთად ხართ. მე როდის უნდა გამაცნო? ზეგ ექსკურსია იგეგმება და რომ ჩამოვალ... – რა ექსკურსია? – გააწყვეტინა. – უნივერსიტეტი აორგანიზებს ყაზბეგის ორდღიან ტურს. ჰეროდოტეს და ჰიპოკრატეს სასტავები ვიკრიბებით. – ვინ? – ანუ ისტორიულის და სამედიცინოს სტუდენტები... ლინდაზე გკითხე და თემა ნუ გადაგაქვს. პასუხის გაცემა აღარ დასცალდა ანდროს. ყურადღება ჯერ ვლადის ტელეფონზე მოსული შეტყობინების ხმამ გაუფანტა, შემდეგ უმცროსი ძმის მომენტალურად შეცვლილმა გამომეტყველებამ. თვალები, რომელიც წამების წინ ანათებდა, ერთიანად ჩაქრა და იმ დილეგს დაემსგავსა, სადაც სინათლის პატარა სხივიც ვერ აღწევს. შეკითხვების დასმაში დრო აღარ დაუკარგავს ანდროს. არჩია თავად ენახა რა ხდებოდა, ამიტომ ლეპტოპი დახურა, წამოდგა და ვლადის სკამს მიუახლოვდა. ტელეფონის ეკრანზე, სიძე-პატარძლის ფოტო იყო გამოსახული, ლამაზ ბუნებაში. სურათს, ქვემოთ შეტყობინებაც ჰქონდა დართული შემდეგი ტექსტით: “ცუდია, რომ ქორწილში არ დაგპატიჟეს. ლოლა საუცხოო პატარძალი იყო.” ანდრომ წამით თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. ინსტინქტურად დაადო მხარზე ხელი უმცროს ძმას, რომლის სხეულიდანაც, შინაგანი ტკივილი თითქოს ხმამაღლა ვიბრირებდა. ვლადი ისე იჯდა, როგორც გაყინული ქანდაკება — არც ერთი კუნთი არ ერხეოდა, გარდა თვალებისა, რომლებიც ჯიუტად მიშტერებოდნენ თოვლისფერ კაბაში გამოწყობილ პატარძალს. – მალე გადაუწყვიტავთ ქორწილი, – აღმოხდა ბიჭს გაყინული ხმით. მისი ირონიული ღიმილი, დამცავ ბარიერად აფარებოდა გულში ამოვარდნილ ქარბუქს. – სოფია ამ ფოტოს რა მიზეზით გიგზავნის? – დილის პოზიტივს მჩუქნის. ხომ იცი, როგორი ყურადღებიანია? შინაგანად განცდილი ბრაზის გამო, მუშტი იმდენად ძლიერად შეკრა ანდრომ, კანის ქვეშ ვენებიც კი გამოეკვეთა. ცხადი იყო, რომ ვლადი ამ ამბავს როგორმე ისედაც გაიგებდა, მაგრამ ის ფაქტი აცოფებდა, რომ სოფია, სპეციალურად ცდილობდა მისი ძმის სულიერად განადგურებას. – თავს ნუ შეიკავებ. ასეთ დროს ერთი-ორი თეფშის დალეწვა იდეალური თერაპიაა. ბიჭმა ეკრანი ჩააქრო. იმ მომენტში, მთელი სხეული სთხოვდა გრძნობების გარეთ გამოშვებას, მაგრამ მაინც მშვიდად წამოდგა ფეხზე და უფროს ძმას ძალით გაუღიმა. – უჩემოდ გააგრძელე, მე ოთახში ავალ. – იმედია ლოლასთან დარეკვას არ აპირებ, – ცალი წარბი აზიდა ანდრომ. – ეგ რატომ იფიქრე? – ვნახე შენი რეაქცია იმ ფოტოზე და ამიტომ, – გაფრთხილებასთან ერთად, თანაგრძნობაც იკვეთებოდა მამაკაცის ხმაში. – ის უკვე სხვისი ცოლია, ვლად. დღეიდან მასზე ფიქრიც კი არასწორია, ხომ ხვდები? – ვხვდები, – დასტურის ნიშნად დაუქნია თავი ბიჭმა. მერე მაგიდაზე დადებულ მობილურს დასწვდა, ხელში შეათამაშა და ბოლოს, შეუბრალებლად მოისროლა აუზში. – ესეც ასე, ხომ დავამტკიცე, რომ არსად ვაპირებ დარეკვას? ახლა, შენის ნებართვით, ოთახში ავალ. თვალი მდუმარედ გააყოლა მამაკაცმა. კარგად იცოდა, რომ ვლადის შიგნით, ემოციები ვულკანის ლავასავით დუღდა, თუმცა უკან მაინც არ გაჰყოლია. იყო რაღაცები, რაც ადამიანს მარტოს უნდა გადაეტანა და ეს სიტუაციაც ერთ-ერთ მათგანად მიაჩნდა. რაღაც დროის განმავლობაში, კიდევ იმუშავა ლეპტოპთან, თუმცა მალევე მიხვდა, რომ საქმეს გულს ვეღარ უდებდა. ამის აღარც სურვილი ჰქონდა, ამიტომ სკამიდან წამოდგა და აუზის კიდეს მიუახლოვდა. ფსკერზე, უწინდებურად ეგდო ვლადის ტელეფონი. მას სულ რამდენიმე წამით უყურა ანდრომ. მერე საუზმისთვის გაშლილი მაგიდა ხელუხლებლად მიატოვა და თვითონაც სახლში შევიდა. პირველ სართულზე, ვლადის საძინებლის კარი, უნებართვოდ შეაღო მამაკაცმა. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ მის ძმას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ბიჭი ხალიჩაზე, თავზე ჩამოსაცმელი ყურსასმენებით გაწოლილი დაუხვდა. თვალები დახუჭული ჰქონდა, მუსიკა კი იმდენად ხმამაღალზე ჩაერთო, საძინებლის ყველა წერტილში გარკვევით ისმოდა. ზღურბლთან დიდხანს არ გაჩერებულა ანდრო. კარები მანამ გამოიხურა, სანამ ვლადი შენიშნავდა და პირდაპირ სამზარეულოსკენ გასწია. შიგნით, წინსაფრიანი ბელა ფუსფუსებდა, რომელიც დიდი მონდომებით დასტრიალებდა თავს, გამოსაცხობად შედებულ კაკაოს ნამცხვარს. გრძელ, პრიალაზედაპირიან მაგიდაზე, ხილით სავსე თასი იდგა. სწორედ იქიდან ამოიღო მამაკაცმა ერთი ცალი მწვანე ვაშლი და როგორც კი ჩაკბიჩა, ქალის ყურადღებაც მაშინვე მიიქცია. – ანდრო, შენ ხარ? – მოტრიალდა ბელა და გვირილებით მოხატული წინსაფარი შეისწორა. – ვერ გავიგე როდის შემოხვედი. – ვლადისთვის აცხობ? – ნამცხვარზე ანიშნა მამაკაცმა. ამჯერად, მაგიდაზე მკლავებით დაყრდნობილი განაგრძობდა ვაშლის ჭამას. – ჰო, შაქრის ნაცვლად ეორიტროლს ვიყენებ. პირველად რომ გავუკეთე, ძალიან მოეწონა და ახლაც ვუცხობ. – ერთი ნაჭერი მეც შემინახე, გემრიელი სუნი აქვს, – თვალი ჩაუკრა მამაკაცმა, თუმცა სახე მალევე დაუსერიოზულდა. – შაქარი ბოლოს როდის გაუზომე? – ორი საათის წინ და ნორმაში ჰქონდა. რამე მოხდა? – გთხოვ, ცოტა ხანში კიდევ გაუზომე და თუ რამე მოხდება, მაშინე დამირეკე. შეიძლება სახლიდან გასვლაც მოუნდეს. ასეთ შემთხვევაში, ეცადე გითხრას სად მიდის. – მშვიდობაა, შვილო? – აღელვება შეეტყო სახის თითოეულ ნაკვთზე. მამაკაცს გაეღიმა და ლოყაზე აკოცა წარბშეკრულ ქალს. – კი, ნუ გეშინია... მე ერთი პატარა საქმე მაქვს და მალე დავბრუნდები. ხუთი წუთის შემდეგ, უკვე საჭესთან იჯდა და დაცვის ბიჭების მიერ გაღებულ ჭიშკარში გადიოდა. მობილური, მანქანის სპეციალურ სათავსოში ჰქონდა მოთავსებული. სახლის დატოვების შემდეგ, სწორედ მასზე გადაიტანა ყურადღება ანდრომ, გამოტოვებული ზარებიდან საჭირო ნომერი ამოარჩია და ზარი ხმამაღალ კავშირზე ჩართო. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. ყურმილში მალევე გაისმა ნაცნობი ხმა, რომელსაც გაოცება და სიხარული ერთობლივად ეტყობოდა. – სოფია, შენთან მოვდივარ, სახლში ხარ? – მისი მოსალმებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია ანდროს, ისე ჰკითხა. – ჩემთან? – ორმაგად დიდი დოზით გამოიკვეთა სიხარული ქალის ხმაში. – კი, კი სახლში ვარ... უკვე გამოხვედი? სიგნალების ხმა მესმის. – მალე მანდ ვიქნები. როცა მოვალ, დაგირეკავ. ყურმილი რომ დაკიდა, სიჩქარე ოდნავ გაზარდა. შემოვლითი გზებით, სადაც ერთი საცობიც არ შეხვედრია, ოც წუთში უკვე დანიშნულების ადგილას იყო. დრო აღარ დაუკარგავს. როგორც კი მანქანა დააპარკინგა, მაშინვე გადარეკა სოფიასთან და მკაცრი ტონით სთხოვა, გარეთ გამოსულიყო. – შიგნით არ შემოხვალ? ჩემები წასულები არიან და... – გარეთ გელოდები! – მოუჭრა ხაზგასმით. ასეთი კატეგორიული ტონის ფონზე, აღარც სოფიას გაუწევია წინააღმდეგობა. მხოლოდ ის უთხრა, ხუთი წუთი მომეციო და კავშირი გაწყვიტა. კარის ზღურბლზე, მართლაც დათქმულ დროს გამოჩნდა ქალი. თამამად ეცვა — მოკლე ქვედაბოლოსთვის, ნახევრად გამჭვირვალე, მკერდამოღებული მაისური შეეხამებინა და კიბეებზე მეტად მხიარული სახით ჩამორბოდა. მანქანაში რომ ჩაჯდა, მისასალმებლად აკოცა ლოყაზე მამაკაცს. ქვეცნობიერით გრძნობდა, რომ რაღაც მთლად რიგზე ვერ იყო და ფამილიარული ქცევებით ცდილობდა სიტუაციის დათბობას. – კვირაზე მეტია ზარებზე არ მპასუხობ და გამიკვირდა შენი გამოჩენა, – საჭეზე მოუსვენრად ათამაშებულ ანდროს თითებს შეხედა ქალმა. მამაკაცის სახეზე კეთილგანწყობის მცირედი ნიშანწყალიც არ იკვეთებოდა, რამაც კითხვის დასმისკენ უბიძგა: – რა იყო, მოხდა რამე? – უბრალოდ მაინტერესებდა, ამ ბოლო დროს, სხვის ჭრილობებში დანის ტრიალით ერთობი? სოფიას ირონიულად ჩაეცინა. მისთვის უკვე ბოლომდე გასაგები იყო ანდროს უეცარი სტუმრობის მიზეზი და გულში ძალიან მძიმედ ჩასწყდა რაღაც. – აი თურმე რატომაც დამდე პატივი... რა მალე მოუტანია ენა. – ენა არავის მოუტანია, იმ დროს მეც მასთან ვიყავი. – მხოლოდ მაგაზე სალაპარაკოდ მოხვედი აქ? – სავარძელს ზურგით მიეყრდნობილმა, ღრმად ამოიხვნეშა. – არა, ჩემი ძმის მაგივრად ლაპარაკს არ ვაპირებ. მარტო ერთი რამის სათქმელად შემოვიარე — სამუდამოდ დაივიწყე, რომ ჩვენს ოჯახს ოდესმე იცნობდი, გასაგებია? – ანდრო... – შეეწინააღმდეგება არც გაბედო! ისედაც ძლივს ვიკავებ თავს, რომ რამე ცუდად არ გითხრა. – ანუ ახლა ასე ვართ? – ნიკაპში ხელის ჩავლებით, თავი მოაბრუნებინა მამაკაცს. შინაგანად ერთიანად კანკალებდა. დაძაბულობისგან, კისრის ძარღვებიც კი დასჭიმვოდა, მაგრამ მაინც ცდილობდა სიმშვიდის ნიღაბი არ ჩამოვარდნოდა. – ბარემ ისიც მითხარი, რომ მიგიფურთხებია იმ წლებისთვის, რაც ერთად გავატარეთ. – ის წლები, რომელიც ერთად გავატარეთ, ჩემთვის არასწორ ადამიანზე დაკარგული დრო იყო. სოფიას ტუჩებზე სევდიანი ღიმილი აირეკლა. სწორედ ისეთი, რომელიც უფრო მეტად გამოხატავდა ტკივილს, ვიდრე სიტყვები. – და სწორი ადამიანი ვინაა, ის გაურკვეველი წარმომავლობის გოგო? ისიც კი არ იცი, ბავშვს ნამდვილად შენგან ელოდება თუ არა. ყბების ერთმანეთზე მაგრად დაჭერით, ანდრომ გაჭირვებით გაანეიტრალა ის ბრაზი, შხამიანი ბადესავით რომ შემოეხვია გულზე. – მგონი უფრო თავაზიანად უნდა ილაპარაკო იმაზე, ვის ფრჩხილადაც არ ღირხარ. – სერიოზულად? – სიმწრით ჩაეცინა სოფიას. ცრემლების მოჭარბებისგან, თვალებიც კი დაბინდული ჰქონდა იმ მომენტში. – ამას ჩემზე ამბობ, თანაც ისე, რომ წარბიც არ გიტოკდება? – თავად მაიძულე ამის თქმა... ახლა გადადი მანქანიდან და ისე განაგრძე, თითქოს არასდროს ვყოფილვარ. ეს თხოვნა კი არა, მოთხოვნაა! – ანდრო... – სოფია, გადადი მანქანიდან! – კატეგორიული ტონით გააწყვეტინა მამაკაცმა. მის თვალებში ანთებული ცეცხლი იმდენად საშიშად გამოიყურებოდა, ქალმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ გაბედა. გარანტირებული დასასრულის მოახლოებას ისე გრძნობდა, როგორც არასდროს ცხოვრებაში. შვიდი წლის წინ, დაშორებისას, ანდროს გამოხედვაში ტკივილსა და სიყვარულსაც ხედავდა, თუმცა ახლა ერთიც გამქრალიყო და მეორეც. ამჯერად, მამაკაცის მზერა ცივ სიცარიელეს მოეცვა. იმ სიცარიელეს, რომლის ამოსავსებად, საკუთარ თავში ძალას ვეღარ პოულობდა სოფია. – კარგი, წავალ, – თქვა მან სუსხიანი ხმით, აცრემლებული თვალები კი თავის გვერდზე მიბრუნებით დამალა. – მგონი მართლა დროა შევწყვიტო მკვდარი ყვავილის მორწყვა, მაგრამ მანამდე ერთი რამ მითხარი — მაგ გოგოსთან უფრო ბედნიერი ხარ, ვიდრე ჩემთან იყავი? – მიცნობ და კარგად იცი, რომ ასეთ უაზრო კითხვებს პასუხს არ გავცემ. – თუ ბოლოჯერ გხედავ, ამაზე მაინც მიპასუხე. მითხარი, ჩემზე კარგია? მასთან თავს უკეთ გრძნობ? ანდრომ ამოიხვნეშა და თვალებდახუჭულმა, მძიმედ ჩამოადო თავი საჭეს. იმ მომენტში, ყველაზე მეტად უნდოდა საუბარი რაც შეიძლებოდა მალე დასრულებულიყო, ამიტომ მანქანიდან თავად გადავიდა, გარშემო მოუარა და სოფიას მხარეს კარი გამოაღო. თვითონაც იქვე გაჩერდა და გულგრილად დაიწყო ლოდინი, თუ როდის გადმოვიდოდა ქალი. ცდამ დიდხანს არც მოუწია. სოფიას რამდენიმე წამი დასჭირდა სალონიდან გადმოსვლის გადაწყვეტილების მისაღებად. მერე მამაკაცის ცხვირწინ დადგა და გამჭოლი მზერით შეხედა ყინულივით გაცივებულ თვალებში. – მართალია არ მიპასუხე, მაგრამ შენი ქმედება უკვე არის პასუხი, – ქვედა ტუჩს ნერვიულად უკბინა სოფიამ. – ხომ ხედავ, ბრაზს ძლივს თოკავ, როცა მასზე ცუდად ვსაუბრობ. ეს ხუმრობა აღარაა, ეს უკვე სერიოზულია. მეტად აღარაფერი უთქვამს ქალს. არც ანდროს დაუძრავს სიტყვა. კედელი, რომელიც მათ შორის აქამდეც იყო აღმართული, უფრო გამყარდა და ორი ადამიანი სამუდამოდ გამიჯნა ერთმანეთისგან. თავისი სახლის ჭიშკართან დარჩენილმა სოფიამ, ნაღვლიანი მზერა გააყოლა შავ გელენდვაგენს. მის სწრაფად მოძრავ ბორბლებს, უკლებლივ მიჰყვა თან წარსულის ის მოგონებები, ჯერ კიდევ ტკბილად რომ ახსენდებოდა ქალის ქვეცნობიერს. თითქოს დიდი, ბნელი ფარდა ჩამოეფარა მათ ისტორიას, რომლის იქითაც აღარაფერი ჩანდა და აღარც რაიმეს ჰქონდა აზრი. ურთიერთობას საბოლოო, გადამწყვეტი წერტილი დაუსვა ამ საუბარმა. ყოველი გზის ბოლოს, უზარმაზარი, ხახადაღებული უფკრული მოჩანდა, შიგნით კი, მხოლოდ შემაძრწუნებელი წყვდიადი… სახლისკენ მიმავალ გზაზე, დასაშვებზე მაღალი სიჩქარით იარა მამაკაცმა. სურდა შინ რაც შეიძლებოდა მალე მისულიყო. რაღაც კუთხით, სინდისი ქენჯნიდა სოფიას ცრემლიანი თვალების გამო, მაგრამ ამაზე მეტად, უმცროსი ძმის მდგომარეობა აფიქრებდა. როდესაც სახლამდე მიაღწია და შიგნით შევიდა, ინსტინქტურად დაიწყო მისი თვალებით ძებნა. პოვნა არ გასჭირვებია. მისაღებში, ხმელი შეშით აგიზგიზებული ბუხრის წინ იჯდა ვლადი, ხელში ფოტოები ეჭირა და ერთმანეთის მიყოლებით ყრიდა მათ ცეცხლში. ანდრო უხმაუროდ მიუახლოვდა, ნახევრად დამწვარ შეშას გახედა და მოპირდაპირე სავარძელში დაიკავა ადგილი. ფოტოებზე ვლადისა და ლოლას ბედნიერი სახეები იყო გამოსახული, სხვადასხვა ადგილებში. ბიჭი მათ მხოლოდ წამიერად დახედავდა და ცივი მზერით ყრიდა ბუხარში. თვალებსაც არ ახამხამებდა, მაგრამ დაძაბული სუნთქვა ცხადყოფდა, რომ ყოველი დამწვარი სურათი, კიდურებზე წაკიდებული ცეცხლივით მოქმედებდა მასზე. – როგორც ჩანს, ზოგი ადამიანი მხოლოდ მოგონებებისთვისაა და არა, მომავლისთვის, – მუხლზე დაადო ძმას ხელი ანდრომ. იმ წამს ყველაზე მეტად იგრძნო ბიჭის შინაგანი დაძაბულობა. ნერვული ფონისგან, ფეხის კუნთებიც კი ჰქონდა დაჭიმული. – ახლა ზუსტად მაგ მოგონებებს ვწვავ. – შენმა გონებამაც უნდა დაწვას, თუ გინდა ბოლომდე გათავისუფლდე. – მაგისთვის ცოტა დრო დამჭირდება, – მტკივნეულად ჩაეცინა ვლადს. მისი ამჟამინდელი გამომეტყველება, რადიკალურად განსხვავდებოდა ფოტოებში გამოსახული ბედნიერი სახისგან. – ნუ ღელავ, აბების გარეშეც მოვაგვარებ ამას. – მპირდები? – ჩვენს ძმობას გეფიცები… ეს საკმარისია? – საკმარისზე მეტიცაა. – მკრთალად გაეღიმა მამაკაცს და როგორც კი ვლადმა უკანასკნელი სურათიც ჩააგდო ბუხარში, მზერა ცეცხლზე გადაიტანა. იმ ცეცხლზე, რომელიც თავისი სიმხურვალით გარდაქმნიდა ფერფლად კადრებზე ასახულ ღიმილიან სახეებს... * * * * შუადღე ხანი იდგა. ლინდა და ლილე კუს ტბაზე სარბენად გამოსულიყვნენ, თუმცა გოგონებიდან, ფიზიკური აქტივობით მხოლოდ ლილე იყო დაკავებული. რაც შეეხება ლინდას — ის ძელსკამზე გაწოლილიყო, ყურსასმენები მოერგო და საყვარელი მელოდიის მოსმენის პარალელურად, ხელში იმ სამაჯურს ატრიალებდა, ანდრომ რომ დაუტოვა ადიშიდან წამოსვლის ღამეს. ეს ნივთი ყველაზე მეტად აგრძნობინებდა მასთან სიახლოვეს. სწორედ ამიტომ აღარ დაუბრუნებია უკან და სწორედ ამიტომ ინახავდა ძვირფასი სამკაულივით, კვირების მანძილზე. რამდენიმე დღის წინ, როდესაც პირველად შეხედეს მონიტორზე ერთად ბავშვის გამოსახულებას, მამაკაცთან ბევრად უფრო მეტად იგრძნო სულიერი სიახლოვე, ვიდრე ოდესმე. ის, რაც მათ აკავშირებდათ ერთ დღეს ამ ქვეყანას უნდა მოვლენოდა და კიდევ უფრო ძლიერი კავშირის წინაპირობა უნდა გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ლინდას სქესის გაგება კატეგორიულად არ სურდა, მაინც წარმოიდგენდა სხვადასხვა სურათებს, სადაც ის, ანდრო და მათი პატარა ფიგურირებდნენ. წარმოსახვითი მომავლის კადრები იმდენად ლამაზად იყო დახატული მის გონებაში, ბედნიერებისგან სუნთქვა ეკვროდა და ცხოვრებასაც უფრო ნათელ ფერებში ხედავდა. ანდროზე ფიქრისას, გამუდმებით ერთი ფრაზა უტივტივებდა გონებაში — “არასწორ მატარებელს შეუძლია სწორ სადგურზე მიგვიყვანოსო” და ამ სიტყვებს, მთლიანად საკუთარ ცხოვრებაზე მორგებულად თვლიდა. უეცრად იგრნო, როგორ მოუჩრდილა ვიღაცამ მზის შუქი. თავდაპირველად იფიქრა, რომ ლილე დაადგა თავზე, თუმცა სუნამოს სურნელი, აშკარად მამაკაცის იყო და არა, ქალის. როდესაც ეს გააანალიზა, სწრაფად წამოდგა ფეხზე. გაკვირვებისგან ლამის გაშეშდა, როდესაც იმ ადამიანის სახე დაინახა, ვინც მისი მყუდროება დაარღვია. ზუსტად ერთ ნაბიჯში, დიდი ხნის უნახავ უფროს ძმას — ლეონს ხედავდა, რომელიც, ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებდით, ოდნავადაც არ ჰგავდა იქ სავარჯიშოდ გამოსულს. მამაკაცმა ერთხანს თვალმოუშორებლად უყურა გაოცებული სახით მჯდომ დას. მერე დაუკითხავად ჩამოჯდა მის გვერდით, კეფაზე ორივე ხელი გადაისვა და იდაყვში მოხრილი მკლავებით ჩამოეყრდნო მუხლებს. დაძაბულობა თითქოს მძიმე, უხილავ ნისლად იქცა და მათ გარშემო ქაოსურად დატრიალდა. ლინდას ძალიან მოუნდა ადგომა და იქიდან უკანმოუხედავად გაქცევა, თუმცა უეცარი სტრესისგან კიდურებიც კი დაბუჟებოდა. ლეონის დანახვამ, წარსულის ის კარი გახსნა, რომელიც მაგრად ჰქონდა დალუქული და დროებით მივიწყებული იარებიც თავიდან აატკივა. – ყველაზე ნაკლებად ველოდი შენს აქ დანახვას, – საუბარი მამაკაცმა წამოიწყო. ტანში ჟრუანტელმა დაუარა გოგონას. რამდენი ხანი იყო, რაც ეს ხმა აღარ გაეგო. – მეც, – არც კი შეუხედავს ისე მიუგო, მოხსნილ ყურსასმენებს კი ძელსკამზე მიუჩინა ადგილი. – ბებიას სერიალებში რომ სულელური დამთხვევები იყო, რაღაც ისეთი დაგვემართა. – მამა როგორაა? – თემა შეცვალა. – როცა ნახავ, ჩემგან მადლობა გადაეცი. ისეთი მშიშარა ვიყავი, სახლიდან რომ არ გავეგდე, ვერასდროს გავბედავდი დამოუკიდებლად ცხოვრებას. პასუხად, ხანგრძლივი დუმილი მიიღო ძმისგან. ეს ყველაფერი ოდნავ საეჭვოდ მოეჩვენა და მთელი საუბრის განმავლობაში, პირველად გაიხედა ლეონისკენ. სწორედ იმ მომენტში ამოიღო ხმა მამაკაცმაც: – მამა გარდაიცვალა, ლინდა... კვლავ დუმილი ჩამოწვა. ამჯერად გაცილებით უფრო ხანგრძლივი და დაძაბული. გოგონამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. მოულოდნელობის ეფექტმა რამდენიმე წამით წაართვა მეტყველების უნარი. ყელში ცრემლის ბურთი გაეჩხირა. სასოწარკვეთამ აიძულა ერთი კარგი მოგონება მაინც გაეხსენებინა მამასთან დაკავშირებით და ამან ორმაგად ატკინა, რადგან მსგავსი ვერაფერი გაიხსენა. – დიდი ხანია? – ჰკითხა ძმას გატეხილი ხმით. – ერთი თვის წინ... გირეკავდი, მაგრამ ძველი ნომერი აღარ გაქვს და არც ის ვიცოდი სად მეპოვე. – რა დაემართა? – ზუსტად იგივე ინტონაციით დასვა მორიგი შეკითხვაც. – ეპილეფსიის შეტევა. ინსულტის შემდეგ განუვითარდა და საჭესთან ჯდომის დროს დაემართა. დანარჩენს მიხვდები. – ინსულტის შემდეგ? – ჰო, – თავი ჩახარა ლეონმა. – ცუდად იყო მას შემდეგ, რაც წახვედი და... – არც გაბედო! – სანამ წინადადებას დაასრულებდა, მანამ გააწყვეტინა ლინდამ. – ისედაც უზარმაზარი ტვირთით ვცხოვრობ. არ გაბედო და ესეც მე არ დამაბრალო! კარგად იცი, რომ არსად წავსულვარ და სახლიდან თქვენ გამაგდეთ. – არაფერს გაბრალებ, – სრულმა გულწრფელობამ გაიჟღერა მამაკაცის ხმაში. – მალე აქ აღარ ვიქნები და მიხარია, რომ გნახე. დაუმშვიდობებლად წასვლა არ მომიწევს, – მერე მუცელზე შეხედა და გაეღიმა. – ფიგურაზე ცვლილებას ვერ გატყობ. ხომ ყველაფერი კარგადაა? – კარგადაა... შენ სად მიდიხარ? – ბავშვის მამა მხარში გიდგას? – პასუხის გაცემის ნაცვლად, თავისი შეკითხვა დაახვედრა ლეონმა. – ჰო, საქმის კურსშია. – მხოლოდ საქმის კურსშია, თუ მეტიც ხდება? – ერთად ვართ. – ძალიან მიხარია, – მკრთალად გაეღიმა და თმაზე გადაუსვა ხელი დას. ლინდა შეკრთა. იმდენად უცხო იყო მისთვის, ძმისგან მსგავსი დამოკიდებულება, ეგონა რაღაც ეჩვენებოდა. – იმედია იმ სიყვარულს გაჩუქებს, რასაც ჩვენთან ვერ ეღირსე. – ოჯახისგან დაკლებულ სიყვარულს, ვერაფერი ანაცვლებს, ლეონ... შეიძლება დედა ჩემს სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს შეეწირა, მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლიდა, რომ შენთვის და ვიყავი, მამასთვის კი შვილი, – უნებლიედ გადმოუვარდა თვალიდან ცრემლი. და არა მარტო მას — ლეონსაც. – რაც გინდა ის თქვი, მაგრამ მაგ ადამიანის საფლავზე მისვლას არ ვაპირებ. ჩვენ შორის მამა მხოლოდ შენ გარდაგეცვალა და თვითონ იგლოვე. – დედას გვერდით დავკრძალეთ... მაინც იცოდე, თუ ერთ დღეს მისვლა მოგინდება. – არ მომინდება. მისთვის სათქმელი არაფერი მაქვს. – რაც არ უნდა იყოს, ის მამაშენიც იყო, ლინდა. – მაშინ არ იყო მამაჩემი, სახლში ნასვამი რომ მოდიოდა და უმიზეზოდ მცემდა?! ან მაშინ, კარადაში რომ საათობით მკეტავდა, შენი სახის დანახვა გულს მირევსო?! ბებიას გარდაცვალების შემდეგ, ხელსაც აღარავინ უშლიდა ჩემს წამებაში და შენც სამი მაიმუნის პოზიციაში იყავი ასეთ დროს. – პატიების თხოვნას ჩემგან ნუ ელი, ლინდა, ეს არასდროს გამომდიოდა... უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ისეთი ცუდი ადამიანიც არ ვარ, როგორიც გგონია. – ჰო, გეთანხმები, გაცილებით უარესი ხარ. აღარაფერი უპასუხა ლეონმა. უბრალოდ თავი ჩახარა და ღრმად ამოიხვნეშა. დაახლოებით ორი წუთით იყვნენ ჩუმად. ბოლოს დუმილი გოგონას ინიციატივით დაირღვა: – თქვი მივდივარო... სად აპირებ წასვლას? – ავსტრიაში. კარგი სამსახურის ვარიანტი ჩამივარდა და ხელიდან გაშვება არ მინდა. სწორედ იმ მომენტში, ძელსკამზე დადებულ ყურსასმენებში ყრუდ გაისმა ორივესთვის კარგად ნაცნობი მელოდია. ლეონს გაეღიმა, გოგონამ კი დაძაბულობისგან დაჭიმული თითები მოათავსა მუხლებს შორის. – სამუდამოდ მიდიხარ? – ჰო, სამუდამოდ... მგონი სიმღერის თემატიკაც განშორებას ეხება. ლინდა უპასუხოდ წამოდგა და ყურსასმენებს დასწვდა. ძელსკამმა მსუბუქად დაიჭრიალა, თითქოს იმ დუმილს ეწინააღმდეგებოდა, რომელიც მათ შორის ჩამოწვა. აღარ სურდა ამ საუბრის გაგრძელება გოგონას. არც სათქმელი ჰქონდა რამე. ძმის სიახლოვეს ყოფნა უკვე სულს უხუთავდა და აღელვებული გონებას, ერთადერთ გამოსავლად იქაურობის სასწრაფოდ დატოვება ესახებოდა. – მშვიდობიანი მგზავრობა, ლეონ. თუ ოდესმე დაბრუნდები, არ მომძებნო. შენს დანახვაზე ბევრი ცუდი რამ მახსენდება. – მეც გთხოვ ერთ რამეს. – წასასვლელად მომზადებული, მისმა სიტყვებმა შეაყოვნა. – რას? – დამპირდი, რომ შემისრულებ, – ფეხზე წამოდგა მამაკაცი ამის თქმისას. – მითხარი და თუ ისეთი არაფერია, ვეცდები შეგისრულო. – საკუთარ თავს დააჯერე, რომ ძმა მაშინ დაკარგე, როცა შვიდი წლის იყო... ისეთი დამიმახსოვრე, როგორიც ბავშვობაში ვიყავი შენს მიმართ. გაიხსენე როგორ გჩუქნიდი ჩემს საყვარელ სათამაშოებს, როგორ გიცავდი მეზობელი ბიჭებისგან, როცა კანფეტებს გართმევდნენ. არც ის დაივიწყო, შენთვის თმის დავარცხნას რომ ბებიას არაფრით ვუთმობდი. გთხოვ, ასეთად დამიმახსოვრე და დანარჩენი აღარაფერი გაიხსენო. გოგონამ კვლავ ზურგი აქცია. არ უნდოდა ლეონს ის ცრემლები დაენახა, თვალებზე რომ მოაწვა იმ მომენტში. არც ხმაზე უნდოდა დასტყობოდა რამე, ამიტომ პასუხის გაცემამდე შეკრულ მუჭში ჩაახველა. – კარგი... მეც მაწყობს რომ ასეთად დაგიმახსოვრო. გზა ისე განაგრძო, მეტად აღარაფერი უთქვამს ლინდას. მხრები ერთიანად დამძიმებოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სახელდახელოდ გაკერილი იარები თავიდან აღებდნენ პირს და იქიდან სისხლი იწყებდა ჟონვას. ორი ძელსკამის მოშორებით ლილე შენიშნა. მხოლოდ მაშინ გაახსენდა ვისთან ერთად იყო აქ მოსული და შეეცადა სახისთვის ისეთი გამომეტყველება მიეცა, რომ მეგობრისგან ზედმეტი კითხვები არ წამოსულიყო. – რამე ხდება? – დაუჯდა თუ არა გვერდით ლინდა, მაშინვე ლეონისკენ გააპარა მზერა ლილემ. მამაკაცი კვლავ უძრავად იჯდა იმავე ადგილას, თვალებით კი სადღაც უსასრულობაში იყურებოდა. – აღარ მოვედი, ვიფიქრე ნაცნობი შევხდა-მეთქი. ვინ არის ის ტიპი? – ჩემი ძმაა, ლეონი. – შენი ძმა?! – კვლავ მამაკაცისკენ გაიხედა. ამჯერად იგი ფეხზე წამომდგარიყო და მძიმე ნაბიჯებით მოუყვებოდა გზას. – რა გითხრა, გაწყენინა?! თუ გინდა დავეწევი და იმ ლამაზ სახეს მივუნგრევ! – მოიცადე, – აცრემლებულს, ღიმილი მოჰგვარა ლილეს გამომეტყველებამ და ტონმა. მამის გარდაცვალებაზე სიტყვაც არ დაუძრავს. მისი გონება ჯერაც არ იყო მზად ამ ინფორმაციის ბოლომდე მისაღებად, მით უმეტეს, ამაზე ხმამაღლა სასაუბროდ. – არავის ცემა არაა საჭირო. თუ ვარჯიში დაამთავრე წავიდეთ, კარგი? – კარგი, როგორც გინდა, – როცა ლინდასაც შეატყო მღელვარება, მალევე დანებდა, თუმცა მსწრაფლ დაამატა: – მაგრამ იცოდე, იმ ტიპს ისე ვიმახსოვრებ, როგორც ფილმებში იმახსოვრებენ დამნაშავის მანქანის ნომრებს. ლინდამ ხელი მზრუნველად გადახვია და საფეთქელზე აკოცა აღელვებულ მეგობარს. – საჭირო აღარაა, დღეს უკანასკნელად ვნახე... წავედით, ჩემო სტაჟიორო რემბო? – ნუ დამცინი. – მაშინ, ნურც შენ იბრალებ იმას, რისი თავიც არ გაქვს, – კვლავ გაუღიმა ლინდამ, თუმცა ეს მოჩვენებითი ღიმილი მხოლოდ მის სახეს აეფარა ნიღბად. რაც შეეხება სულში გაჩენილ ხვრელებს, ისინი კვლავ დაუსრულებლად ჩურჩულებდნენ წარსულის ტკივილებზე და სრულად განკურნების საშუალებას არაფრით აძლევდნენ. * * * * “შავი ყუთი.” გვიანი ღამე იდგა. ძილის ნაცვლად, ანდრო, სახლის დახურული აუზების განყოფილებაში ფხიზლობდა და უკვე მეოთხე წრეს აკეთებდა აუზის ერთი ბოლოდან, მეორისკენ. ცურვისას სუნთქვის შეკავება, სიჩქარე, კუნთების ძლიერი დატვირთვა — ყველაფერი ეს ფიქრებს ბოლომდე დევნიდა მისი გონებიდან და თავს ცოცხლად აგრძნობინებდა. მამაკაცმა ფსკერზე ჩაყვინთა და ამჯერად წყლის ქვეშ განაგრძო ცურვა. დაახლოებით წუთნახევარი დაჰყო ამ მდგომარეობაში. როდესაც ზედაპირზე ამოვიდა, შენიშნა, რომ შეზლონგზე დატოვებული მისი მობილურის სენსორი ანათებდა. ჩაბნელებულ ოთახში, სადაც მხოლოდ გარე განათების შუქი აღწევდა ეს გაცილებით ადვილი შესამჩნევი იყო, ამიტომ მამაკაცი სწრაფად ამოვიდა წყლიდან, ხელები პირსახოცით გაიმშრალა და მობილური აიღო. თავდაპირველად ეგონა ვიღაც ურეკავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ შეტყობინება იყო მოსული. მისი წაკითხვისას, იგრძნო როგორ დაიძაბა მთელი სხეულით. შეტყობინების ველში მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა — “მჭირდები”, ხოლო მისი გამომგზავნი ლინდა იყო. პასუხი არ გაუცია ანდროს. ამის ნაცვლად, სასწრაფოდ გადარეკა მის ნომერზე და მოლიდინის რეჟიმში აუზების ოთახიც დატოვა. მოცდა დიდხანს არ დასჭირვებია. ყურმილში მალევე ჩაესმა გოგონას ხმა, რომლის ჟღერადობამაც უფრო გაამყარა მამაკაცის ცუდი წინათგრძნობა. – მოხდა რამე, ლინდა?! – ტელეფონით არ გვინდა, გთხოვ… – მითხარი წყნეთში რა მისამართზე ხარ და მოგაკითხავ! – წყნეთში არ ვარ, ანდრო, – დანაშაულის გრძნობა გამოიკვეთა გოგონას ხმაში. – მოგატყუე, როცა გითხარი, რომ მე და ლილე საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე მივდიოდით. ტყუილის ხსენებამ მამაკაცის გონებაში უამრავი კითხვა გააჩინა, თუმცა მათგან მხოლოდ ისინი დასვა, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებდა: – სად ხარ ახლა? ლილე შენთანაა? – ლილე სახლშია... მე სასაფლაოზე ვარ. – სასაფლაოზე?! – ხმა საგრძნობლად დაეძაბა ანდროს. – ამ შუაღამით მანდ რა გინდა?! – დანარჩენზე შენი მოსვლის მერე ვილაპარაკოთ, გთხოვ. – ზუსტი ადგილმდებარეობა გამომიგზავნე, მალე გამოვალ! გოგონას პასუხი აღარ გაუგონია, რადგან უკვე სწრაფი ნაბიჯებით მიემართებოდა თავისი საძინებლისკენ, ფეხისგულებით კი მთელ იატაკზე სველ ნაკვალევს ტოვებდა. საძინებლამდე მისულმა რეკორდულ დროში ჩაიცვა. შუქები მთელ სახლში გამორთული იყო, ამიტომ, დერეფნებში გზა მობილურის ფანრით გაიკვლია, ეზოში გასული კი მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად მოსწყვიტა იგი ადგილს. მთელი გზის განმავლობაში, საჭეს ხელს ნერვიულად უჭერდა და დაძაბული მიჰყვებოდა ლინდას გამოგზავნილ ადგილმდებარეობას. იქამდე ოდნავ შორი იყო, ამიტომ მოუწია დასაშვები სიჩქარისთვის გადაეჭარბებინა. საბედნიეროდ, გზა თითქმის თავისუფალი იყო და საცობების გამო არსად შეფერხებულა. ზუსტად ამიტომ უყვარდა გვიან ღამით სიარული — მსგავსი პრობლემა თითქმის არასდროს აწუხებდა ხოლმე. დაახლოებით ნახევარ საათში მიაღწია ნავიგატორზე მონიშნულ მისამართს. ლინდა სასაფლაოს შესასვლელშივე შენიშნა — ორ ხეს შუა გადებულ ძელსკამზე იჯდა, თითები მუხლებს შორის მოეთავსებინა და სიცივისგან მხრები უკანკალებდა. გარშემო სხვა არავინ იყო. ხეებს სუსხიანი ქარი არხევდა. ჰაერში აფრიალებული ხმელი ფოთლები, ფარფატით ეშვებოდნენ მიწაზე, შორიახლოს კი კატების ჩხავილი ისმოდა. მანქანიდან გადმოსულმა ანდრომ, დაუფიქრებლად გაიხადა ტყავის ქურთუკი და გოგონასთან მიახლოებულმა, გაყინულ მხრებზე მოაცვა მას. მამაკაცის სახეზე გამკიცხავი მზერა ჩანდა. ლინდა მშვენივრად ხვდებოდა ამის მიზეზს. თითქოს მისი თვალები ეკითხებოდნენ, შენს მდგომარეობაში სიფრთხილეს რატომ არ იჩენო და უნდა ეღიარებინა, მართლაც თვლიდა თავს დამნაშავედ. – წამოდი, მანქანაში ჩავსხდეთ და გათბობას ჩაგირთავ, – უთხრა მშვიდად. არაფერი უკითხავს იმის შესახებ, თუ რატომ მოატყუა წყნეთის შესახებ, ან რას აკეთებდა სასაფლაოზე. ხვდებოდა, რომ გოგონასთვის გარკვეული დრო უნდა მიეცა, მანამ, სანამ თავად მოუნდებოდა ყველაფრის ახსნა. როგორც კი სალონში ორივე სავარძელი შეივსო, ძრავა მაშინვე ახმაურდა და მანქანა იქაურობას მოშორდა. ხუთი წუთის განმავლობაში, ხმაამოუღებლად იარა მამაკაცმა. არც ლინდა საუბრობდა და მხოლოდ იმ სითბოთი ტკბებოდა, ასე ძალიან რომ ესიამოვნა მის გაყინულ სხეულს. როდესაც ავტომობილმა ერთ პატარა სკვერთან შეანელა სვლა, გოგონამ მხოლოდ მაშინ გაიხედა ფანჯარაში. იქაურობას ლამპიონების მკრთალი შუქი ანათებდა. გარშემო ხალხი თითქმის არ მოძრაობდა და მახლობელ კორპუსებშიც ჩაბნელებული ფანჯრები სჭარბობდა განათებულს. – რამე ცხელ სასმელს გიყიდი და დავბრუნდები, – უთხრა ანდრომ ისე, რომ სახეში არც შეუხედავს. ლინდამ დაინახა, თუ როგორ გაემართა იგი დაახლოებით ხუთ მეტრში მდებარე Drive-ს შენობისკენ და მის თვალებში უნებურად აირეკლა ღიმილი. ამ ღიმილმა, გოგონას ტუჩებზეც გამოანათა, როცა მამაკაცი ცხელი შოკოლადით ხელში დაბრუნდა უკან და ქაღალდის ჭიქა მას მიაწოდა. – მადლობა... შენ არ დალევ? -არა. – რატომ? – პრევენციის მიზნით, – ღიმილით გახედა მამაკაცმა. – უცებ რომ მითხრა, სასაფლაოზე კატის შეწირვის რიტუალს ვატარებდიო, შეიძლება ზედ გადამესხას. ლინდას სიცილი წასკდა და ფრთხილად მოსვა ცხელი შოკოლადი. ხვდებოდა, რომ ანდროს ხუმრობა ერთგვარი მინიშნება იყო, რათა მომხდარზე საუბარი დროულად დაეწყო და დიდხანს აღარც გაუჭიანურებია: – მამაჩემის საფლავზე ვიყავი... ცოტა ხნით მარტო მინდოდა დარჩენა და ამიტომ არ გითხარი. – მამაშენის საფლავზე? მეგონა ცოცხალი იყო. – მეც ასე მეგონა, სანამ დღეს შემთხვევით ჩემს ძმას არ შევხვდი. თურმე ერთი თვის წინ დაუკრძალავთ. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ, რომელიც დაბნეულობამ გამოიწვია, მამაკაცი ლინდას ხელს დასწვდა, კალთაში ჩაიდო და ოდნავ მოუჭირა. – თუ გინდა, რამე გაიხსენე მასზე. ის, რაც ყველაზე კარგად გაგონდება. – სამწუხაროდ, ასეთი მოგონება არ არსებობს, – კიდევ ერთხელ მოსვა ჭიქიდან გოგონამ. სწორედ ეს იყო, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა — წარსულის ისეთი ეპიზოდის არარსებობა, რომელიც ხელჩასაჭიდი იქნებოდა მისთვის, მამასთან ურთიერთობაში. – სასაფლაოზეც იმიტომ მივედი, რომ მაინტერესებდა რას ვიგრძნობდი, მაგრამ ცრემლიც არ გადმომივარდა. შენი აზრით, გულქვა ადამიანი ვარ ამის გამო? მამაკაცმა ჯერ თავი გააქნია, შემდეგ კი სიტყვიერადაც გასცა პასუხი: – ცრემლებით გაცილებას, მხოლოდ კარგი მშობლები იმსახურებენ. ბუნებრივია, რომ ახლა მხოლოდ სიცარიელეს გრძნობ და არა, ტკივილს. – მართლა ასე ფიქრობ? ანდრომ თავი გოგონასკენ მიაბრუნა. ლამპიონის მკრთალ შუქზე, მამაკაცის მუქი თვალები უჩვეულოდ მშვიდი და გულწრფელი ჩანდა. – მე, მამა ხელებში ჩამაკვდა, ლინდა, – თქვა მან ისე, თითქოს უბრალო ამბავს ყვებოდა, თუმცა ხმაში ძველი ნაიარევის სიმლაშე გაეპარა. – გვერდით ვედექი, როცა ესროლეს და ამის გამო ძალიან დიდხანს ვიყავი ცუდად. მაგრამ იცი რატომ? იმიტომ, რომ საუკეთესო მამობა გამიწია, შენ კი საკუთარ თავს იმ ადამიანის გლოვას აიძულებ, ვინც მხოლოდ ბიოლოგიური მოცემულობა იყო შენს ცხოვრებაში. ლინდამ იგრძნო, როგორ ერთიანად მოეშვა დაძაბულობა მხრებში. ანდროს სიტყვები არ იყო მხოლოდ ცარიელი ნუგეში, ეს არგუმენტირებული დასტური იყო იმისა, რომ “უცრემლობა” ყოველთვის არ ნიშნავდა ადამიანის გულქვა ბუნებას. ამის გაცნობიერებამ, უებარი წამლის მსგავსად იმოქმედა მის შინაგან ფორიაქზე. – შეგიძლია სახლამდე მიმიყვანო? – ჭიქა მანქანის სპეციალურ სათავსოში ჩადო და მკლავზე მიეხუტა იგი, მამაკაცს. – ლილესთვის არაფერი მომიყოლია, ჰგონია, რომ უნივერსიტეტის მეგობართან ვარ. ალბათ ახლაც არ სძინავს და მელოდება. – ლილეს მისწერე და გააგებინე, რომ ამ ღამეს სახლში არ გაათევ. – სადმე აპირებ ჩემს წაყვანას? – მამაკაცის ქურთუკში გახვეულმა, ღრმად შეისუნთქა მატერიაზე შერჩენილი მისი სურნელი. – გინდა წაგიყვანო? – ზედმეტად ალფა ბუნება გაქვს. მაშინ მეკითხები მინდა თუ არა წამოსვლა, როცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვს. ანდროს გაეცინა. – ჩავთვალე, რომ ერთი ღამით, ორივემ დავიმსახურეთ ამ ქალაქისგან დასვენება, რას იტყვი? – მომენატრა შენთან ერთად ქალაქგარეთ, სიმშვიდეში ყოფნა. აქაურობა მეც ძალიან მღლის. – მაშინ, გავიქცეთ, – ღიმილით დახედა მასზე მიხუტებულ გოგოს. მისგან მზერითი თანხმობის მიღების შემდეგ, ძრავაც აამუშავა და ნელი სვლით გადავიდა მანქანების სავალ ნაწილზე. ნახევარსაათიანი მგზავრობის განმავლობაში, სალონში ძირითადად წყნარი მუსიკა ისმოდა. როდესაც ქალაქის განათებები უკან მოიტოვეს, გზა შედარებით ჩაბნელდა. ხეების ჩრდილები, მანქანის ფარების შუქზე, გიგანტური ხელებივით გადაურბენდნენ ხოლმე კაპოტს. გზა ნაწვიმარი იყო, რის გამოც, ჰაერში ჩამქრალი კოცონის კვამლივით გაბნეულიყო ნისლი. – კიდევ ცოტაც და მივალთ, – მუხლზე ხელი დაადო მამაკაცმა, ქურთუკში ჩამალულ გოგონას. ამ უკანასკნელს, თავი საქარე მინაზე ჰქონდა მიდებული და გაუცნობიერებლად აყოლებდა ტუჩებს მაგნიტოფონში აჟღერებულ სიმღერას. – არ ვიცოდი, საგურამოშიც თუ გქონდა სახლი. – დედაჩემის სახლია. შენ რომ გიყვარს, ზუსტად ისეთი წიგნების კოლექცია დაგხვდება. ძველი მუსიკალური ფირფიტებიცაა, ბუხარიც და შავ-თეთრი ტელევიზორიც. იქ რომ მივდივარ, მგონია ოთხმოცდაათიანი წლების კარს ვაღებ. – საერთოდ არაფერი შეგიცვლია? – არაფერი, – დაუმოწმა. – ბითლზების პლაკატისთვისაც კი არ მიხლია ხელი, დედას საძინებელში რომ კიდია. ლინდას სასიამოვნოდ გააჟრჟოლა ტანში. ანდროს მონათხრობმა, მძაფრად აგრძნობინა, რომ ასეთი გარემო, მისთვის ზედგამოჭრილი თერაპია იქნებოდა, თუმცა ფაქტის წინაშე აღმოჩენამ, საგრძნობლად გადააჭარბა გოგონას მოლოდინებს. როდესაც მანქანა ბოლოს და ბოლოს გაჩერდა და პატარა, ორსართულიანი სახლის პირისპირ აღმოჩნდა, მაშინვე იგრძნო მისდამი გამორჩეულად თბილი დამოკიდებულება. სალონიდან გადასულებს სუსხიანი, ფიჭვისა და ნესტიანი მიწის სურნელით გაჯერებული ჰაერი შეეგებათ. იქ, ღამე გაცილებით უფრო შავი და ვარსკვლავებით მოჭედილი იყო, ვიდრე ქალაქში. სახლის პატარა, საგულდაგულოდ მოვლილი ეზო ნამდვილ თავშესაფარს ჰგავდა, რომელიც ჭიშკრის იქით ტოვებდა ყოველგვარ ტკივილსა თუ დარდს. უზარმაზარი მსხლის ხის ქვეშ საქანელა იყო ჩამოკიდებული. მისგან ოდნავ მოშორებით, მთვარის შუქით განათებულ მოჩუხჩუხე შადრევანში, შემოდგომის ფოთლები დაცურავდნენ, ხოლო ზედა და ქვედა სართულის აივნები, ვაზის სუროებით ისე იყო გარშემორტყმული, მზიან ამინდში იდეალურ ჩრდილსაც კი შექმნიდა. – იმაზე ლამაზია, ვიდრე ველოდი, – დაკვირვებით ათვალიერებდა ორსართულიან ქვის ნაგებობას ლინდა. ყველაზე მეტად ის მოსწონდა, რომ იქაურობა მოკრძალებულობისა და მომხიბვლელობის შესანიშნავი ნაზავი იყო. სწორედ ეს სჭირდებოდა ახლა — ქალაქისგან მოშორებით, მშვიდ ადგილას განმარტოება და გვერდით იმ ადამიანის ყოფნა, ვის ჩახუტებასაც ზურგს უკნიდან გრძნობდა. – შენს ხასიათს ძალიან შეეფერება ეს სახლი. – ჰო... თან, აქაურობამ ადიშიც მომაგონა. იქაც ასეთი სიმშვიდე იყო. – მე კიდევ, შენი დახვედრა მომაგონდა, – ღიმილი შეეპარა ანდროს. – ლამის სოფლის გამგეობაში მიჩივლე, რომ იქიდან წავსულიყავი. – გინდა ერთი საიდუმლო გითხრა? – მიდი. – მაშინ, ხეზე რომ მიპოვე და გითხარი ძაღლის შემეშინდა-მეთქი, სინამდვილეში შენს ოთახში შემოხედვა მინდოდა. რამდენიმე წამით არაფერი უთქვამს ანდროს, თუმცა მერე ხმამაღლა გაეცინა და გოგონა თავისკენ მიატრიალა. – ბედი შენი, რომ ჩაცმული ვიყავი, თორემ ხიდან გადმოვარდნა გარანტირებული გქონდა. – არ გამოვრიცხავ, – ღიმილით ჩაჰკიდა ხელი ლინდამ და შესასვლელი კარისკენ მასთან ერთად წავიდა. ათი წუთის შემდეგ, უკვე მკრთალად განათებულ მისაღებში, ბუხრის წინ მოთავსებულ პუფებში ისხდნენ. ლინდა, რემარკის — “სამი მეგობრის” გაყვითლებულ ფურცლებს დაჰყურებდა, ანდრო კი უბრალოდ იჯდა და მის ხმას უსმენდა. თვალს წამითაც არ აშორებდა გოგონას. მონუსხული უყურებდა, როგორ ანათებდა ბუხრის ნარინჯისფერი შუქი მის სახეს, ხაზს უსვამდა ტუჩის კონტურებს და მოშიშვლებულ მკლავებზე ჩამოყრილ თმასაც სხვანაირ სხივს აძლევდა. ლინდამ რომ კითხვისას უნებურად მოიკვნიტა ქვედა ტუჩი, იგრძნო როგორ შეეხუთა სული და სასწრაფოდ აარიდა მზერა. ყურადღების გადასატანად, პუფს თვალებდახუჭული მიეყრდნო. სცადა წიგნიდან ამოკითხულ სიტყვებზე მოეხდინა კონცენტრირება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ყოველი წინადადება, დაშლილი პაზლის ნაწილივით გროვდებოდა მის თავში და საბოლოო სურათის აწყობას ვერაფრით ახერხებდა. მისი მზერა უწინდებურად დაუბრუნდა ლინდას. იმ მომენტში თითქოს დამკვირვებელი გახდა — სწავლობდა გოგონას თითოეულ ნაკვთს, ჟესტს, კითხვის პროცესში ცვალებად მიმიკებს და მთელი არსებით გრძნობდა, რომ იგი მისთვის ყოველთვის წყურვილივით იქნებოდა მარილიან ზღვაში — როცა სვამ, სვამ და უფრო მეტად გწყურია. – შენი მზერა აზრებს მიფანტავს, – თუ ამდენ ხანს თავს იკავებდა, ახლა უკვე ღიმილი შეეპარა გოგონას. უნებურად მოსწყვიტა მზერა წიგნის გაყვითლებულ ფურცელს. კითხვის გაგრძელება უკვე აღარ გამოსდიოდა. – მაინტერესებს, ჩემამდე თუ გაუფანტავს ვინმეს შენთვის აზრები? – და შენთვის? – შანსი ოსტატურად გამოიყენა გოგონამ. ანდრო საკუთარი ფეხით მისდგომოდა იმ თემას, ასე ძალიან რომ აინტერესებდა. – ვიღაც აუცილებლად იქნებოდა ჩემამდე. – მოდი გამოვიცნობ — გინდა იმ ქალზე მკითხო, ვისთან ერთადაც ლილემ მნახა ბარში. აღარაფერი უთქვამს ლინდას. პასუხად მხოლოდ წიგნი დახურა და ნიკაპი შეკრულ მუშტს ჩამოაყრდნო, იმის ნიშნად, რომ სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის მოსმენა სურდა. ანდროს გაეცინა. – ის ქალი ჩემი წარსულია. სანერვიულო არაფერი გაქვს. – მისთვის თუ ხარ წარსული? ანდრომ, ხმის ამოღება ცოტა ხნით გააჭიანურა, რამაც ლინდას გონება თვითონ მიიყვანა სწორ პასუხამდე. – მგონი აქ ყურადღებას მარტო იმას უნდა აქცევდე, ჩემთვის ვინაა, – თქვა ბოლოს მამაკაცმა. – სხვისი აზრები და ილუზიები ჩემი პასუხისმგებლობა აღარაა. – მის გარდა, კიდევ რამდენი მეტოქე მყავს? – მოჩვენებითი მხიარულებით ჰკითხა გოგონამ. შინაგანად, ეს საკითხი მძიმე ლოდივით აწვებოდა გულზე, თუმცა ამის გამომჟაღვნება ყველაზე ნაკლებად სურდა. ანდრო ოდნავ წინ გადაიხარა. ცეცხლის შუქმა მისი სახის ნაკვთები უფრო ნათლად გამოკვეთა. – მეტოქე არ გყავს, – მიუგო დამაჯერებლად, თან თითებით ნაზად მიეფერა გოგონას ტუჩებს. – მხოლოდ ერთხელ რომ დაგანახა საკუთარი თავი ჩემი თვალით… ალბათ, აღარასდროს იფიქრებდი, რომ შეიძლება ოდესმე მეტოქე გამოგიჩნდეს. მამაკაცის სახიფათოდ დაჟინებულ მზერას, ასეთივე მზერით “შეერკინა” ლინდა. აქედან რამდენიმე წამში ფეხზეც წამოდგა, ანდროს კალთაში ყოველგვარი კომენტარის გარეშე მოთავსდა და მაისურის ქვემოთ დაწევით, მთლიანად მოიშიშვლა ლავიწის ძვალი. – მინდა აქ მაკოცო, – თვალებში უყურებდა ამის თქმისას და იმასაც კარგად ხედავდა, როგორ ნერვულად პულსირებდა არტერია ანდროს კისერზე. მამაკაცს დიდხანს არ ულოდინებია. გოგონას თამამი მზერა და მისი სიახლოვე, სურვილებში ახრჩობდა, ამიტომ მალევე ასწია ხელი და ცერა თითი ზუსტად იმ ადგილას გადაატარა, სადაც მკაფიოდ იკვეთებოდა ლავიწის ძვალი. – რა ლამაზი ხარ. – ჩაიჩურჩულა ანდრომ ისე მაცდურად დაბალი ხმით, რომ გოგონას კანქვეშ გაუჯდა ეიფორიული მღელვარება. მერე თავი დახარა და ის მოთხოვნა, რომელიც ლინდამ ასე გაბედულად გააჟღერა, შეასრულა. მისი ტუჩების შეხება გოგონას კანზე თავიდან ფრთხილი იყო, მაგრამ რამდენიმე წამში მონადირულმა ინსტიქტმა გაიღვიძა და ყველაფერი უფრო თამამი და მომთხოვნი გახდა. ლავიწიდან რომ ყელზე გადაინაცვლა მამაკაცმა, ლინდამ თავი ოდნავ უკან გადააგდო და თვალებიც უნებურად დახუჭა. ანდრო ნელ-ნელა, მიზანმიმართულად მიიწევდა ზემოთ და როდესაც გოგონამ ნიკაპზე იგრძნო ტუჩების შეხება, უკვე იმ კოცნისთვის მოემზადა, რომლის სურვილსაც ყველაზე მძაფრად მისი არეული სუნთქვა ცხადყოფდა. წყვილს შორის გაბმული ეიფორიის ძაფების გადასაჭრელი მაკრატელი, მოულოდნელი და ძლიერი კაკუნი გახდა კარზე. ანდრომ, უკმაყოფილო ამოსუნთქვით მოადუნა ლინდას წელზე მჭიდროდ შემოხვეული მკლავები, მერე კი ოდნავშესამჩნევად გაუღიმა გოგონას. – დაიმახსოვრე სად გავჩერდით. – ვინმეს ელოდები? – წამოდგა და კარისკენ გააპარა თვალი ლინდამ. – მხოლოდ ახსნა-განმარტებას, რატომ შემიშალეს ხელი ასეთ დროს. გოგონა ღიმილით მოთავსდა თავის პუფში და ცეცხლის მოცეკვავე ალებს მიაშტერდა, თუმცა რატომღაც, მალევე წამოდგა და ფეხდაფეხ მიჰყვა ანდროს. როდესაც კარი გაიღო, ზღურბლთან შვიდიოდე ახალგაზრდა ბიჭი შენიშნა ლინდამ. ჭიშკართან მათი მანქანაც იდგა, თუმცა მოულოდნელ სტუმრობაზე მეტად, ანდროს რეაქციამ გააკვირვა იგი. როგორც კი მამაკაცმა ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გაიგო, დაძაბული სახით მოტრიალდა და ჩვეულებრივზე მაღალი ტონით დაელაპარაკა გოგონას: – ლინდა, ახლავე საძინებელში ადი და კარი ჩაკეტე! – რა ხდება, ანდრო?! – გააკეთე რასაც გეუბნები! – უფრო აუწია ხმას მან, მერე კი ზღურბლს გადააბიჯა და აგრესიულად შეხედა უეცარ სტუმრებს. – რა გინდათ?! ბიჭების შვიდკაციან ჯგუფს დაბნეული სახით გამოეყო ერთ-ერთი მათგანი. ჯერ ანდროს ზურგს უკან მდგომი ლინდასკენ გააპარა მზერა. მერე თავად მამაკაცს შეხედა და ხმაც ამოიღო: – ჩვენ... უბრალოდ დახმარების თხოვნა გვინდოდა, – მანქანისკენ გაიშვირა ხელი ამის თქმისას. – ლაშქრობიდან მოვდივართ, საწვავი გვითავდება და არც ბენზინგასამართი სადგურია ისე ახლოს, რომ იქამდე მივაღწიოთ. ვიფიქრეთ… ცოტაოდენი საწვავით დაგვეხმარებოდით. დავინახეთ, სახლში შუქი ენთო, თორემ ასეთ დროს არ შეგაწუხებდით. თუკი ანდრო აქამდე მტრულად იყო განწყობილი, ამ სიტყვებმა დაძაბულობა მის სახესაც მოაშორა და მხრებსაც. ის აგრესიული მზერაც უკვალოდ გაქრა, რომლითაც საუბრის დასაწყისი უყურებდა ბიჭებს. – დაგეხმარებით. – თქვა მან მოკლედ და გადაჭრით, მერე კი თავის ზურგს უკან მდგომ ლინდას მიუტრიალდა. – მისაღებში დამელოდე, მალე დავბრუნდები. – ხომ ყველაფერი კარგადაა? – კარგადაა. – წამიერად შეეხო ხელზე, ხელით გოგონას, მერე კი ბიჭებს შეერია და ყველანი ერთად გაემართნენ ჭიშკრისკენ. ლინდა გაურკვევლობაში მყოფი დაბრუნდა ბუხართან და მის წინ, ჩაფიქრებული ჩამოჯდა. ფიქრობდა, მაგრამ ვერაფრით ხსნიდა ანდროს ასეთ მოულოდნელ აფეთქებას, შემდეგ კი ასეთივე უცნაურ დამშვიდებას. გონებაში უამრავი კითხვა უტრიალებდა. ხვდებოდა, რომ მათი განსაკუთრებული სიახლოვის მიუხედავად, ეს ადამიანი მაინც გამოცანად რჩებოდა. თითქოს აისბერგის ზედა ნაწილს ჰგავდა ანდრო. გოგონას შეეძლო იგი დაენახა, შეხებოდა, ეგრძნო, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა იმალებოდა მის ქვემოთ და ეს გაურკვევლობა, ზოგჯერ აშინებდა კიდეც. ცეცხლი უკვე იმდენად მხურვალე აღარ იყო, როგორც თავდაპირველად. როგორც კი ეს იგრძნო, ბუხარს შეშის კიდევ ორი ნაჭერი დაამატა ლინდამ და ჭერს ახედა. ახლა ზუსტად შესაფერისი დრო იყო ანდროსთან ყველაფერზე გულწრფელად ელაპარაკა. ამაზე უკეთესი შანსი აღარც მიეცემოდა, ამიტომ, როგორც კი მისაღების კარის ხმა გაიგო, მაშინვე წამოდგა და თავში აზრების დალაგება დაიწყო, როგორ სჯობდა საუბრის წამოწყება. – მორჩა, უკვე წავიდნენ. – თითქოს არაფერიო, ისე იღიმოდა შინ შემოსული ანდრო. სრულებით აღარაფერი დარჩენილიყო იმ მტრულად განწყობილი ადამიანისგან, რომელიც რამდენიმე წუთის წინ იხილა ლინდამ. – და? – კითხვის ნიშნებით სავსე მზერით მიუახლოვდა გოგონა. – ჩემთვის არაფრის თქმა არ გინდა? – რისი თქმა უნდა მინდოდეს? – ანდრო, თავი არ ამარიდო, კარგი? – ორივე ხელი მკლავებში ჩაავლო გოგონამ და აიძულა მისთვის სახეში შეეხედა. – მსგავსი რეაქცია, ისე უბრალოდ არ გექნებოდა. ზუსტად ვიცი, ამას რაღაც ახსნა აქვს. – გეჩვენება… – ისიც მომეჩვენა, რომ ხმას აუწიე და ოთახში გამოკეტვას მთხოვდი? – ჰკითხა დაეჭვებით. – მე, შენთან აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, თვითონ კი პატარა ბავშვი გგონივარ, ვისაც ნეგატიურ თემებზე საუბარი ფსიქიკას დაუნგრევს. – საქმე მაგაში არაა. – აბა რაშია? მამაკაცი, მოულოდნელად მოშორდა ლინდას, უხმოდ ჩამოჯდა თავის პუფში და ნიკაპი ერთმანეთში გადაჯვარედინებულ თითებს ჩამოაყრდნო. გოგონა მზერას არ აშორებდა ცეცხლის ალებით განათებულ მის პროფილს. ქვეცნობიერად ხვდებოდა, რომ ამგვარი რადიკალიზმით ზეწოლას ახდენდა მამაკაცზე, თუმცა მიზნები კეთილი ჰქონდა და ცდილობდა საკუთარი მიდგომა ამით გაემართლებინა. – ლინდა... როცა ის ტიპები მოვიდნენ, სხვა რამ წარმოვიდგინე, – რამდენიმეწამიანი მდუმარების შემდეგ, ანდროს სიტყვებიც მოესმა. ახლა თუ ჭკვიანურად იმოქმედებდა, ნელ-ნელა იმ შავ ყუთშიც ჩაიხედავდა, რომლის შიგთავსიც ასე ძალიან აინტერესებდა. – რა წარმოიდგინე? ასეთი რა იფიქრე, რომ მზად იყავი ყველანი შუაზე გაგეფატრა? – ეს... არაა მარტივი თემა... – მაგრამ მაინტერესებს. – შეგიძლია დაჯდე? ლინდა რამდენიმე წამით შეყოყმანდა. დაფიქრდა, ღირდა თუ არა მისი მცდელობები, როდესაც მამაკაცი ასე გაურბოდა ამ თემას. მეორეს მხრივ, არც ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა შეეძლო. სურდა გაეგო, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში, რათა საჭირო შემთხვევაში, შესაბამისად დადგომოდა გვერდით და მუდმივ გაურკვევლობაში არ ეცხოვრა. – ანდრო, ყველაფრის მერე რაც მოხდა, ვიმსახურებ პასუხს. – იმსახურებ. გოგონა მის პირდაპირ ჩამოჯდა, პუფი უფრო ახლოს მისწია და ხელზე, ხელი მოჰკიდა. ეს ერთგვარი, უსიტყვო შეგულიანება იყო, რომელმაც მალევე შეასრულა თავის ფუნქცია და მამაკაცი არსებული თემის ირგვლივ აალაპარაკა: – ჩემს ძმას, დანიელს... ერთ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა, – დაიწყო პუფის საზურგეს ჩაფიქრებული სახით მიყრდნობილმა. – იმ ღამით, როდესაც საკუთარი თავი დაკარგა, ზუსტად მასთან ერთად იყო, დასახლებული პუნქტებისგან მოშორებულ კოტეჯში. უნდოდა ხელი ისეთ ადგილას ეთხოვა, სადაც სრულიად იზოლირებულები იქნებოდნენ ყველაფრისგან, მაგრამ ზუსტად მაგ გადაწყვეტილებამ დაღუპა. – რამე ცუდი მოხდა იქ? – ცუდი რბილი ნათქვამია... ღამით, ხუთი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ტიპი შეუვარდათ კოტეჯში. თავიდან მხოლოდ გაძარცვა უნდოდათ, მაგრამ ელა ძალიან ლამაზი გოგო იყო.… რაღაც არამიწიერი სილამაზე ჰქონდა და შანსი ხელიდან არ გაუშვეს. ლინდა ერთიანად დაიძაბა. უკვე ხვდებოდა, როგორი იქნებოდა ამ ამბის გაგრძელება და გაახმოვანა კიდეც ხმამაღლა თავისი ფიქრები: – მასზე იძალადეს? – ხუთივემ ერთმანეთის მიყოლებით, – აუხსნელი მრისხანება ჩადგა ანდროს თვალებში ამის თქმისას. – დანიელს, ჯაკუზის ონკანზე მიბმულს აყურებინეს ყველაფერი. წარმოიდგინე, უყურებდა როგორ მხეცურად აუპატიურებდნენ მის საცოლეს და ვერაფერს აკეთებდა. თქვენ ქალები... ბოლომდე ვერასდროს გაიგებთ კაცისთვის ეს რა არაადამიანური ტანჯვაა. – და ელა? – იკითხა თვალებაწყლიანებულმა. – ახლა სად არის? – თავი მოიკლა, – ჩამქრალი ხმით მიუგო მამაკაცმა. – როცა იმ ნაძირლებმა თავისი გაისწორეს და წავიდნენ, აბაზანის სარკე გატეხა და მისი ნამსხვრევით გადაიჭრა ვენები. სისხლისგანაც ბორკილით დაბმული დანიელის თვალწინ დაიცალა. მოსმენილმა ისტორიამ, ფაქტობრივად დაამუნჯა ლინდა. არ იცოდა რა ეთქვა, ან რა გაეკეთებინა. ახლა უკვე ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი, თუმცა მაინც თავბედს იწყევლიდა, რომ ეს თემა წამოჭრა და ანდროს აიძულა წარსულის საზარელი კარი შეეღო. – როცა ის ბიჭები მოვიდნენ ჩვენს კართან, თან ასეთ დროს... შენ ისტორიის გამეორების საფრთხე დაინახე, არა? ამიტომ მითხარი ოთახში ავსულიყავი და კარი ჩამეკეტა? პასუხი ძალიან გააჭიანურა ანდრომ, თუმცა მის თვალებში, უპასუხოდაც ყველაფერს ნათლად ხედავდა გოგონა. – როცა გიყურებ, ეს ისტორიაც წყევლასავით დამყვება უკან, – ხელი გაიწვდინა და მის სახეს ნაზად შეეხო მამაკაცი. – ქალისთვის სილამაზე ან საჩუქარია, ან სასჯელი. ელასთვის საბოლოოდ სასჯელად იქცა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენთვის მხოლოდ საჩუქარი იყოს. – ჩემთვის საჩუქარი ის იქნება, თუ ძველი ისტორიის გამეორების საფრთხეს აღარ დაინახავ და მშვიდად იქნები. – რა ირონიულია, არა? – მწარედ ჩაეცინა მამაკაცს. – აქ განწყობის გასაუმჯობესებლად მოგიყვანე და სიტუაცია უარესად დავძაბე. გოგონა, ანდროზე მზერამოუშორებლად წამოდგა პუფიდან, მის ფეხებთან მოხერხებულად მოკალათდა და კალთაში თავი ისე ჩაუდო, როგორც პატარა, დაუცველმა ბავშვმა. – ჩემი ბრალია, თვითონ მოგთხოვე ყველაფრის მოყოლა, – თვალები დახუჭა ამის თქმისას, მერე კი ჰკითხა: – შეგიძლია თმაზე მომეფერო? ანდრომ ღიმილი ვერ შეიკავა. უჩვეულოდ თბილი მზერით დახედა ზემოდან ლინდას, მერე კი ხელი აიღო და მის გაშლილ თმაში ნაზად შეასრიალა. ბუხარში კვლავ საამოდ ტკაცუნებდა ხმელი შეშა. ირგვლივ სრული სიმშვიდე სუფევდა. მისაღების დიდი ფანჯრიდან ნათლად ჩანდა, როგორ ნელ-ნელა იკვეთებოდნენ ცაზე ახალი ვარსკვლავები და თავიანთი მხიარული ციმციმით, თითქოს ვიღაცის ჩუმად ჩაფიქრებულ სურვილებს პასუხობდნენ. 8 8 8 8 – ბელა, თბილ წინდებს არ წავიღებ და მორჩა! – გაისმა ვლადის კატეგორიული ტონი, მისსავე საძინებელში. ირგვლივ სრული ქაოსი იყო. საწოლზე ტანსაცმელების გროვა და დიდი ჩემოდანი იდო, რომელთაგან, საჭირო რამებს შიგნით ალაგებდა ბიჭი, დანარჩენები კი კვლავ გარდერობის საკიდისკენ მიჰქონდა. – ბავშვობიდან ასეთი იყავი, თბილად ჩაცმას ვერ იტანდი, მაგრამ ახლა ყაზბეგში მიდიხარ, შვილო. იცი იქ ღამით როგორ ცივა? – ჯიუტად ცდილობდა მის დარწმუნებას ქალი, თან უკმაყოფილოდ უყურებდა იმ თხელი მატერიის ტანსაცმელს, რომელთაც ბიჭი ტენიდა ჩემოდანში. – მერე, რომელი გასათხოვარი გოგო მე მნახე, ფეხები რომ თბილად უნდა მქონდეს? – ეს ყელიანი სვიტერი მაინც ჩადე. – ჯანდაბას, კარგი, ეგ მომეცი, – ამჯერად გადაწყვიტა არ ეწყენინებინა და დათმობაზე წასულიყო, რადგან იცოდა მას მაინც არ ჩაიცვამდა. – რამე წიგნსაც ხომ არ წაიღებ? ბუნებაში კითხვა ამშვიდებს. – ბელა, ახლა უკვე ზედმეტს ითხოვ, – გაეცინა ვლადს. – თუ წიგნი კარგია, მასზე დაყრნობით ფილმიც ექნებათ გადაღებული და პირდაპირ მას ვნახავ. ქალმა ღიმილით გადააქნია თავი, თუმცა აღარ შეწინააღმდეგებია. ამის ნაცვლად, საწოლზე დაყრილი ტანსაცმლის მილაგებაში გაუწია დახმარება. ისიც შეახსენა, რომ საექსკურსიო გასვლა გამთენიისას ჰქონდა და ღამით, ძილის წინ მაღვიძარა დაეყენებინა. უკვე გასვლას და ვლადის მარტო დატოვებასაც აპირებდა, მაგრამ ოთახში, კედელზე დამონტაჟებული მოწყობილობის წრიპინის ხმამ შეაფერხა. ბიჭმა ჩემოდანი შეკრა და კედელს სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა. ციფერფლატზე, ციფრი “სამი” ანათებდა, რამაც მაშინვე მიახვედრა, რომ დაცვის ბიჭები ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას და მწვანე ღილაკს დაუფიქრებლად დააწვა. – გისმენთ! – ბატონო ვლად, დილა მშვიდობის! – თავაზიანად მიესალმა ახალგაზრდა მამაკაცის ხმა. – ბატონი ალექსანდრე გელოვანი გესტუმრათ, თქვენი და თქვენი ძმის ნახვა უნდა. როგორ მოვიქცე, შემოვუშვა? ვლადმა გაკვირვებული სახით გახედა კარებთან ატუზულ ბელას. ქალს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მოსმენილის რეალურობას ვერ იჯერებსო. – ანდრო ღამით საგურამოში დარჩა და ჯერ არ დაბრუნებულა. მეც დაკავებული ვარ და მასაც ასე გადაეცით, – ცივად გასცა პასუხი ბიჭმა. – ვუთხარით, რომ შინ არაა, მაგრამ თქვენთან საუბარს ითხოვს დაჟინებით. – იქნებ მოგესმინა? – ხმადაბლა შეაპარა კართან მდგომმა ბელამ. – შეიძლება იმ ბელგიელი ფსიქიატრის თემაზე აქვს რამე ახალი. – მასზე, რაც საჭირო იყო ანდრომ უკვე გაიგო. ალექსანდრეს დახმარება აღარაფერში გვჭირდება. – როგორ მოვიქცეთ, ბატონო ვლად? – კვლავ გაისმა მოწყობილობიდან დაცვის თანამშრომლის ხმა. თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა ბიჭმა. საშინლად არ უნდოდა ახლა ალექსანდრეს ნახვა, თუმცა ბელას სახეს რომ უყურებდა, ხვდებოდა მაინც არ შეეშვებოდა, ამიტომ თეთრი დროშის აფრიალება ამჯობინა. – შემოუშვით და უთხარით ბაღში დამელოდოს. რამდენიმე წუთში ჩამოვალ! – მიღებულია, ბატონო ვლად! – იცოდე რამით არ გაუმასპინძლდე, თორემ ერთი თვე ხმას აღარ გაგცემ! – კავშირის დასრულების შემდეგ, ქალს მიუტრიალდა ბიჭი. ამ უკანასკნელს, გვერდულად ჩაეღიმა. – კარგი, გპირდები არაფერს ვიზამ, ოღონდ ყურადღებით მოუსმინე რა უნდა. – რა უნდა არ ვიცი, მაგრამ ხასიათი რომ გამიფუჭა ეგ აშკარაა. – იქნებ ნანობს რაც გააკეთა? – ასეც რომ იყოს, რა?! – წამიერად, ბრაზი გაკრთა ბიჭის თვალებში. – თითქმის სამი წელია ჩვენით ერთხელაც არ დაინტერესებულა. ელას დაკრძალვაზეც კი არ მიგვიშვა. ზრდასრულმა ადამიანმა ისიც ვერ გაიაზრა, რომ რაც მის ბიძაშვილს დაემართა, დანიელის ბრალი არ ყოფილა. – მაგრამ... – აქ არანაირი “მაგრამ” არ არსებობს, ბელა! თუ ჩემთვის ადამიანი მოკვდა, მას საფლავიდან ვეღარავინ და ვეღარაფერი ამოთხრის! – ვიცი... – კარგი, ჩავალ, ვნახავ რა უნდა. საძინებლიდან გასასვლელ კარამდე, ქალის უტყვმა მზერამ მიაცილა ვლადი. მერე უკვე ცნობისმოყვარეობა მიჰყვებოდა ხელჩაკიდებული, სანამ ბაღში არ ჩავიდა და ქოლგიანი მაგიდის ქვეშ მჯდომი, ერთ დროს კარგად ნაცნობი ადამიანი არ შენიშნა. თითქოს წარსულის ყუთიდან კადრები პეპლებივით ამოცვივდნენო, მაშინვე თვალწინ დაუდგა მხიარული, მუდამ მომღიმარი ალექსანდრე, დანიელთან ერთად რომ ველოსიპედით სეირნობდა, ამ ბაღში. მოგონებები, სევდიანი ღიმილის სახით აირეკლა მის სახეზე, თუმცა როგორც კი მაგიდასთან მჯდომი სტუმრის მზერა დააფიქსირა, სენტიმენტები მაშინვე მოიშორა და თოვლივით ცივი მზერით გაეშურა მისკენ. – რამე დასალევს შემოგთავაზებდი, მაგრამ დაუპატიჟებელ სტუმრებთან ნაკლებად თავაზიანი ვარ, – თვალი, თვალში გაუყარა, როგორც კი პირისპირ ჩამოუჯდა. ალექსანდრემ თავი ჩახარა და ჩაეღიმა. ეს ღიმილი მელანქოლიითა და ნოსტალგიით იყო სავსე. – არც მომესალმები, არა? – აქ რომ შემოგიშვი, მოსალმებაზე მეტი იყო... რისთვის მოხვედი? – გაზრდილხარ და დახვეწილხარ. – აღნიშნა მამაკაცმა თბილი ტონით. – აღარ ხარ ის თექვსმეტი წლის ბიჭი, ქალებთან ურთიერთობაში რომ რჩევებს მეკითხებოდა. ვლადმა მაქსიმალურად შეიკავა თავი, რომ კვლავ არ გაღიმებოდა. – რომ იცოდე, შენი რჩევები საერთოდ არ გამომადგა. ვისთანაც მომავალი დავგეგმე, ზუსტად მან გადაუხვია რელსებიდან. – ლოლას დაშორდი? – უეცრად გაიღვიძა და მიხვდა, რომ სხვას უნდა გაჰყოლოდა ცოლად. სამაგიეროდ, პატარძლის თაიგული მე დავიჭირე და ახლა მორიგი სიყვარულის ლოდინში ვარ. ამ სიტყვებში, ალექსანდრემ მარტივად ამოიცნო ტკივილის შესანიღბი ირონია და გამამხნევებლად გაუღიმა. – ვწუხვარ... უხდებოდით ერთმანეთს. – რისთვის მოხვედი? – კვლავ გაუმეორა შეკითხვა ბიჭმა. ამჯერად უფრო ცივად და მკაცრად. ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. მის გასაფანტად, თითქოს სპეციალურად დაუბერა ქარმა და ხის ტოტებთან ერთად, მაგიდის თავზე დამაგრებული დიდი ქოლგაც შეარხია. – გავიგე, რომ... დანიელი ჯერ კიდევ სახლში გყავთ, – თითები ერთმანეთში გადახლართა მამაკაცმა. რამდენიმე წამით, პაუზაც გააკეთა, თითქოს საუბრის გასაგრძელებლად შესაფერის სიტყვებს ეძებსო. – უბრალოდ მინდა გავიგო, იმ ფსიქიატრთან თუ აპირებთ მის გაშვებას, რომელიც გირჩიეთ. და… თუ შესაძლებელია მინდა ცოტა ხნით მოვინახ… – არ არის შესაძლებელი, – წინადადება შუა გზაზე გააწყვეტინა ბიჭმა. – რაღაც პერიოდით, ნაცნობებისგან და ოჯახისგან იზოლირებულად ყოფნა მოუწევს. – ასე მისმა ახლანდელმა ფისიქიატრებმა გადაწყვიტეს? – ჰო. – და ჩემი რეკომენდაციის თემაზე რას იტყვი? – მხოლოდ იმას, რომ ჩვენს რიგს ველოდებით, დანიელის ბელგიაში გადასაყვანად, – მაგიდას მოკლავებით დაეყრდნო ვლადი და თვალი, თვალში გაუყარა ალექსანდრეს. – თუ ყველა კითხვას ვუპასუხე, სახლში შევალ, შენ კი იცი გასასვლელი საითაცაა. – გეყოფა, ვლად... რაც ელას დაემართა, იმდენად შემზარავი იყო, მეც დამიკარგა საღად აზროვნების უნარი! – რამდენი ხნით დაგიკარგა?! ორი წლით?! სამით?! – ირონიის ზღვა გადმოიფრქვა ვლადის თვალებიდან. – აქამდე როგორღაც ვძლებდით შენს გარეშე და არც ახლაა საჭირო სუპერმენივით არსაიდან გამოხტომა. – კარგად იცი, რომ ელა ადრიანად დაობლდა და ჩემმა მშობლებმა სათბურის ყვავილივით გაზარდეს! მხოლოდ ბიძაშვილი კი არა, ჩემთვის ის და იყო, რომელიც არასდროს მყოლია! უნდა გესმოდეს რა ვიგრძენი, როცა მითხრეს, რაც გაუკეთეს! – არც ჩემთვის ყოფილა მარტივი მისი ნაწამები სხეულის დანახვა! – ხმას საგრძნობლად აუწია ბიჭმა. – ვიღაც გარეწრებმა თავისი გაისწორეს და წავიდნენ, მე და ანდროს კი ხელში ორი გვამი შეგვრჩა. აქედან ერთი დღემდე სუნთქავს, მაგრამ ყოველი ამოსუნთქვა სტკივა! ალექსანდრემ თავი ჩახარა და კეფაზე ნერვიულად გადაისვა ორივე ხელი. ხვდებოდა, რომ მისი არგუმენტები, ოკეანეში ჩაგდებული საცოდავი წვეთი იყო, ვლადის სიტყვებთან შედარებით და სწორედ ეს უმძაფრებდა უმწეობის შეგრძნებას. – ბედი მაგ ნაბი*ვრების, რომ ჩემზე ადრე პოლიციამ იპოვა, – მოულოდნელად, სრულიად სხვა კუთხით წაიყვანა საუბარი ალექსანდრემ. – მაგრამ ეგ არაფერი... არც მაშინ დამავიწყდება მათი მოკვლა, როცა ციხიდან გამოვლენ. – მაშინ მხოლოდ სამი ტყვია შეინახე და ჩვიდმეტი წლის გასვლას დაელოდე. – სამი? – საქართველოში არ იყავი და ვერ გაიგებდი. ნახევარი წლის წინ, ორი მათგანი ციხეში მოკლეს, პატიმრებმა. მანიაკალური სიამოვნება აირეკლა მამაკაცის თვალებში ამის მოსმენისას. შინაგანად, ვლადიც იგივეს გრძნობდა, თუმცა გარეგნულად არ გამოხატავდა. – როგორ მოკლეს? – იკითხა კმაყოფილი ღიმილით. – იმედია ორივეს წამებით ამოხადეს სული. – ისეთ დღეში იყვნენ, ალბათ მშობელი დედაც ვერ ამოიცნობდათ. ალექსანდრეს თვალებში ელვასავით გაიკლაკნა პატარა ეჭვი, რომელიც სწრაფადვე გადააქცია შეკითხვად: – შემთხვევით, მათ სიკვდილში ანდროს ხელი ხომ არ ურევია? – ანდროსი? – ხმამაღლა გაეცინა, თუმცა სწრაფადვე დასერიოზულდა ვლადი. – ჩემმა ძმამ ყველაფერი გააკეთა, რომ იმ გარეწრებს მაქსიმალური სასჯელი მიეღოთ, რადგან ოცწლიანი პატიმრობა სიკვდილზე უარეს სასჯელად ჩათვალა მათთვის. – სულელური კითხვა დავსვი. ვიცი, რომ ანდრო ასეთი წესებით არ ითამაშებდა. – მერე სახეში შეხედა და ხვნეშით დაამატა:– ისიც ვიცი, რომ გეზიზღები და ერთი სული გაქვს როდის დავახვევ. – შენ წარმოიდგინე, არ მეზიზღები, – დაუფიქრებლად გააქნია თავი ბიჭმა. – მაგრამ ვერც იმის მიზეზს ვხედავ, რომ უწინდებურად გცემდე პატივს, ან შენი აქ დანახვა მინდოდეს. სიჩუმე კიდევ ერთხელ ჩამოწვა. ყურთასმენას მხოლოდ შიშველი ტოტების მელოდიური შრიალი სწვდებოდა. მზე ფეხის წვერებზე იდგა. მისი ოქროსფერი სხივები, ტოტებს შორის მიიკვლევდნენ გზას და ცის კაშკაშა სილურჯეში ირეკლებოდნენ. – სამივე ძმა ასეთები ხართ, – უეცრად, სევდიანი ღიმილით ამოილაპარაკა ალექსანდრემ. თვალები მაგიდისკენ ჰქონდა დახრილი და დაჟინებით უყურებდა მარმარილოს მაგიდაზე ამოტვიფრულ რომბის ფორმის ფიგურებს. – რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, თქვენთან მეორე შანსი არ არსებობს. – ჰო, არ არსებობს და იცი რატომ?! მეორე შანსის მიცემა იგივეა, რაც კიდევ ერთხელ ჩახტე იმ ორმოში, საიდანაც ერთხელ ძლივს ამოგათრიეს. მეტად აღარაფერი უთქვამს ვლადს. ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე წამოდგა ფეხზე, სკამი კვლავ საწყის პოზიციაში დააბრუნა და ალექსანდრეს ზურგი ისე აქცია, ზედაც აღარ შეუხედავს. მამაკაცი ოდნავადაც არ განძრეულა. ეძნელებოდა ფეხზე წამოდგომა, რადგან იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში იმ ჭიშკრისკენ უნდა აეღო გეზი, რომელშიც მეტად ვეღარასდროს შემოვიდოდა. უბრალოდ ამის საშუალებას სირცხვილის გრძნობა აღარ მისცემდა... * * * * ლინდა და ლილე, მისაღების დივანზე მოკალათებულიყვნენ, ფეხები დივნის საზურგეზე გადაედოთ, თავი კი იატაკისკენ ისე ჰქონდათ გადმოხრილი, რომ მათი გაშლილი თმა ფუმფულა, კრემისფერ ხალიჩას ეფინებოდა. ლილე ყელზე დაკიდებულ უსასრულობის ფორმის გულსაბნევს აწვალებდა, თან ჩაფიქრებული მიშტერებოდა ჭერს. ღია ფანჯარას, ქალაქისთვის დამახასიათებელი ხმაური შემოჰქონდა ბინაში. მალე ამ ხმაურს წყვეტილი სიგნალების ხმაც შეერწყა, რომელსაც რამდენიმე მანქანა გამოსცემდა ერთდროულად. ამის გაგონებაზე ღრმად ამოიხვნეშა ლილემ. გულსაბნევის წვალებაც შეწყვიტა და თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა. – ყოველთვის მაღიზიანებდა ეს საქორწინო სიგნალების ტრადიცია, – ჩაილაპარაკა მან ხმადაბლა. – იქნებ სხვას სულაც არ ეზეიმება და ნერვებს უშლის ეს იდიოტური ხმაური? – ჩემზე თუ ამბობ, პრობლემა არ მაქვს. – დავიჯერო მართლა კარგად ხარ? – ჰკითხა შეპარვით გოგონამ. – როცა მოხვედი, ისე ჩვეულებრივად მითხარი გუშინ ლეონისგან მამაჩემის გარდაცვალების ამბავი გავიგეო, არ ვიცი… მგონია, ჯერ კიდევ შოკში ხარ. – კარგად… არ ვარ, მაგრამ, – აქ ლინდა ცოტა ხნით შეჩერდა, მეგობრის სახეს გახედა და მის ტუჩებზე სევდიანი ღიმილი აირეკლა. – გულახდილად რომ ვთქვათ, მამა არც არასდროს მყოლია, ლილე. სიჩუმეს, რომელიც გოგონებს შორის ჩამოვარდა, რამდენიმე წამის განმავლობაში ებრძოდა ქუჩიდან შემოსული სიგნალების ხმა. როცა ისიც მიწყნარდა და მხოლოდ შორეული ექოს სახითღა შემორჩა, კვლავ ლილე ალაპარაკდა: – ანდროსთან ერთად საგურამოში დარჩენა კარგად მოიფიქრე. ქალაქგარეთ ყოფნა მოგიხდებოდა. – მომიხდა, მაგრამ… – მაგრამ, რა? ლინდამ კვლავ ჭერს ახედა. პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ გასცა: – ხანდახან მგონია, რომ ანდრო ჩემთვის მაინც მიუწვდომელია. – და ეგრე რატომ ფიქრობ? – არ ვიცი, ლილე, – თვალებზე ხელი აიფარა გოგონამ. წოლის მანერის გამო, თავში უკვე ძლიერ პულსაციას გრძნობდა, ამიტომ ფრთხილად წამოიწია და დივანზე ფეხებმოკეცილი დაჯდა. მალე ლილემაც მას მიბაძა. – ვიცი, ჩემთან ყოფნა უნდა, მაგრამ ბოლომდე ახლოს მაინც არ მიშვებს. შენ წარმოიდგინე, ერთხელაც კი არ მინახავს ის სახლი, სადაც ცხოვრობს. – მე მშვენივრად ვხვდები მაგის მიზეზს. – რას ხვდები? – ლინდა, მის ფსიქიკურად დაავადებულ ძმას, სახლის მესამე სართული რომ უჭირავს დაგავიწყდა? – ისეთი ტონით ჰკითხა, თითქოს ეუბნებოდა, ამას შენით როგორ ვერ ხვდებიო. – თქვენი ურთიერთობა ახალი დაწყებულია და პირდაპირ თავისი ოჯახის ნანგრევებში ვერ შეგაგდებს. – იქნებ თვითონ მინდა, რომ შემაგდოს?! – ვერც კი გაიაზრა ისე აუწია ხმას. – თუ ამას იზამს, ვიგრძნობ, რომ ბოლომდე ჩემია და… ჯანდაბა! უბრალოდ იმდენად მიყვარს, მინდა მისი ყველა მხარე ვიცოდე! ისიც კი, სად უყვარს დროის გატარება, რომელია მისი საყვარელი კუთხე სახლში, ან… როგორია მისი საძინებელი და გარდერობი. მაინტერესებს როგორ აქვს განლაგებული ტანსაცმელი, პირადი ნივთები, ჰიგიენის საშუალებები! აბსოლუტურად ყველაფერი მაინტერესებს მასზე! ლილე თვალებდაუხამხამებლად უსმენდა მთელი ამ დროის განმავლობაში მის სიტყვებს. როცა დაასრულა, ღიმილი ვერ შეიკავა და მხარზე ხელი დაადო მეგობარს. – ყოჩაღ მაგ ბიჭს, მშვენივრად უმუშავია! კარგად მახსოვს ის დრო, კუდაბზიკა მდიდრად რომ მიგაჩნდა, ახლა კი მისი ყველაზე შიშველი ზონებიც შეპყრობილივით გაინტერესებს. თავი ბალიშზე უღონოდ მიდო და თვალები დახუჭა ლინდამ. ემოციურად ისე იყო გადაღლილი, საუბრის თავიც აღარ ჰქონდა. – იმედია ეს დიალოგი ჩვენ შორის მოკვდება, ლილე. – გპირდები საფლავში ჩავიტან, – ფიცის ნიშნად, საჩვენებელი და შუანა თითი გადააჯვარედინა გოგონამ. შემდეგ, დივნის მეორე ბოლოში მიწვა, ტელეფონი ამოიღო და წვივში ფეხი მსუბუქად მიარტყა ლინდას. – ოდნავ შევიწროვდი რა, მეც დამაწვინე. – ცოტას დავიძინებ და არ გამაღვიძო, კარგი? – ნუ გეშინია, ერთ საათში მაინც გასასვლელი ვარ. ხომ იცი, ხვალ ადიშში ვაპირებ წასვლას და ჩემს მოხუცებს საჩუქრები უნდა ვუყიდო. – ძალიან მომენატრნენ ორივენი… – მათაც, – ღიმილით ჩაილაპარაკა ლილემ, თან ინსტაგრამის “სქროლვა” დაიწყო. – ცუდია, რომ მეან-გინეკოლოგმა დიდ გზებზე მგზავრობა აგიკრძალა, რამდენიმე დღით შენც წამოხვიდოდი… 8 8 8 8 ლინდა, ანდროს მანქანაში, მარჯვენა სავარძელზე მოთავსდა და ვინაიდან სალონში ცხელოდა, გარედან მოცმული ნაცრისფერი მანტო გაიხადა. სხეულს თოვლივით თეთრი, სხეულზე გამოყვანილი მატერია უფარავდა, რომელსაც თავისი სინაზე და სიმარტივე ხდიდა საოცრად მიმზიდველს. მოკლე, უსახელო კაბა იდეალურად კვეთდა გოგონას სხეულის ყოველ კონტურს, მსუბუქ ტალღებად ჩამოშლილი თმა კი ისეთ იერს აძლევდა, ანდროს წამიერად სუნთქვა შეუგუბდა. უნდოდა ხმამაღლა ეთქვა, თავბრუდამხვევად გამოიყურებიო, თუმცა ემოციურ ფონზე ყველა სიტყვა თითქოს ყელში გაეჩხირა. მისი მზერა უნებურად მიჰყვა გოგონას ყელისა და მხრების ხაზს, რომელიც კაბის ღია ჭრილს ასე ეფექტურად გამოეკვეთა. ეს რეაქცია აღარ იყო მხოლოდ აღტაცება. ეს იყო მომენტი, როცა ანდროს, სურვილისგან ხელისგულებიც კი აეწვა და მღელვარების დასაფარად, საჭეს თითები გამეტებით მოუჭირა. – ცოტაც და ასეთ კაბებში მუცელი დამეტყობა, ამიტომ დღეს აუცილებლად უნდა ჩამეცვა, – თქვა თუ არა, მაშინვე მამაკაცს გახედა ლინდამ, თუმცა მეტად ვეღარაფრის თმა ვერ მოასწრო, რადგან ანდროს თითის ბალიშები საკუთარ შიშველ მხარზე იგრძნო და მთელი ყურადღება ამ შეგრძნებაზე გადაიტანა. სულ მალე, მამაკაცის ცერა თითი მის ქვედა ტუჩს დააწვა, ბაგეები ორად გაუხსნა და ისე ველურად დაეწაფა მათ, სასიამოვნო სიმხურვალე მთელ სხეულში რეკორდული სიჩქარით გაეფანტა გოგონას. როდესაც მამაკაცის მკლავი ლინდას წელს შემოეხვია და თავისკენ დაქაჩა, მათ შორის არსებული უკანასკნელი სანტიმეტრებიც გაქრა. ანდრო ისეთი გაშმაგებით კოცნიდა, თითქოს მისი სულის დალევა სურდა, ლინდა კი თითებით მამაკაცის თმას ჩაფრენოდა და კოცნაში მთელი მონდომებით ჰყვებოდა. ანდროს ხელი რომ ლინდას შიშველ ფეხზე, კაბის კიდესთან აცოცდა, გოგონას მძიმე სუნთქვის ხმა მთელ სალონში გაიფანტა. ნაზად დაწყებული ალერსი, წამებში გადაიზარდა ისეთ სიტუაციაში, სადაც ორივე ერთდროულად იყო ნანადირევიც და მონადირეც. – ანდრო, ვახშამზე დავაგვიანებთ, – კოცნებს შორის შუალედში, ჩურჩულით ამოთქვა ლინდამ და თავი უკან გადააგდო, რათა მამაკაცს უკეთ შესძლებოდა ყელში კოცნა. მისი ტუჩები მოშივებული დაცოცავდნენ გოგონას კანზე და იქ თავიანთ მწველ კვალს ტოვებდნენ. მართალია, ვახშამის ხსენებამ ცივი შხაპივით იმოქმედა იმ ცეცხლზე, რაც მათ შორის ენთო, თუმცა რეალობაში დაბრუნება მაინც ძალზედ რთული აღმოჩნდა. – გთხოვ, ეგ მანტო მოიხურე, თორემ თავს ვერ ვაკონტროლებ! – ღრმად ჩაისუნთქა ლინდას თმის სურნელი მამაკაცმა და ნელა, თითქოს უდიდესი ძალისხმევის ფასად, ხელები კვლავ საჭეზე გადაიტანა. მისი ამღვრეული მზერა გოგონას აწითლებულ, ოდნავ დასიებულ ბაგეებზე შეჩერდა, იქ, სადაც კოცნის კვალი ჯერ კიდევ ნათლად შეიმჩნეოდა. ლინდამ აკანკალებული თითებით მოიხურა მხრებზე ნაცრისფერი მანტო, თუმცა გრძნობდა, რომ ეს მხოლოდ სიმბოლური ბარიერი იყო. ავტომობილის სალონში ჰაერი ისეთივე სახიფათო მუხტით იყო გაჯერებული, როგორც თავდაპირველად. – ეს ყველაზე ორიგინალური “კარგად გამოიყურები” იყო, რაც შეიძლებოდა მოგეფიქრებინა, – ქვედა ტუჩს მსუბუქად უკბინა გოგონამ. შეხვედრამდე სულ რაღაც ნახევარი საათი რჩებოდათ, თორემ პირველ რიგში თავად გახდებოდა იმის გაგრძელების ინიციატორი, რაც ანდრომ დაიწყო. – ანუ კარგად გადმოვეცი სათქმელი, – მაშინვე აამუშავა ძრავი მამაკაცმა. სურდა მანქანის მართვაზე ყურადღების გადატანა დახმარებოდა ცოტა ხნის წინანდელი ეიფორიის ჩაცხრობაში. – იმდენად რომ… მათზეც კი ვბრაზობ, ვისთვისაც ოდესმე გიკოცნია. – რას წარმოვიდგენდი ამხელა ეჭვიანობის ბრჭყალებს თუ გამოაჩენდი, – სიცილით გახედა და ამჯერად იმ ხელზე აკოცა, რომელიც თავისაში ჰქონდა გადახლართული. – და თუ შენც ეჭვიანი არ ხარ, დღევანდელ ვახშამზე რატომ მომყვები? – ირიბი მზერით უყურებდა გოგონა. – ჩემმა მომავალმა უფროსმა გასაგებად ამიხსნა, რომ თანამშრომლებთან არაოფიციალურ გარემოში ურჩევნია გასაუბრება და არა, კაბინეტში. – ეგ კარგი, მაგრამ რატომ აქვს უკვე გადაწყვეტილი შენი აყვანა, როცა თვალითაც არ უნახიხარ? ეს ასე არასდროს ხდება ხოლმე. – მითხრა, რომ ჩემი სივი მოეწონა. ანდრო, სპორტ-კლუბის მენეჯერობა ჩემთვის ძალიან კარგი შანსია ფინანსური დამოუკიდებლობისთვის. იმედია ეს გესმის. – იმედია თვითონაც გესმის, რომ შენს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს, მაგრამ რატომღაც ეს სიტუაცია მაეჭვებს, – შუქნიშანზე გაჩერდა ანდრო და მოლოდინის რეჟიმში საჭეზე თითების კაკუნს მოჰყვა. – ნუ ღელავ, მაგიდას მოშორებით ავიღებ, ამიტომ ყველასთვის უბრალო კლიენტი ვიქნები. – მაგიდას აიღებ?! მეგონა უბრალოდ მიმიყვანდი და უკან წამომიყვანდი. – ასეც იყო, მაგრამ ცოტა მომშივდა. მგონი აქ კარგ სტეიკს ამზადებენ, უნდა გავსინჯო. – ანდრო! – დამშვიდდი, იმიტომ არ შემოვდივარ, რომ გულუბრყვილოდ გთვლი, უბრალოდ მართლა მშია. ჭკვიანი ხარ და როცა შეხვდებით, თვითონაც მიხვდები სერიოზული ადამიანია, თუ ის, ვინც მხოლოდ ლამაზ ქალებს ასაქმებს თავის ირგვლივ. – და რა მოხდება, თუ საქმიან საუბარს გადაუხვევს? – მისი გამოწვევა სცადა და ეშმაკური ღიმილით დაიწყო მამაკაცის რეაქციებზე დაკვირვება ლინდამ. – თუ ძალიან მოვეწონები და დავუშვათ, რამე ლამაზ მელოდიაზე საცეკვაოდ გამომიწვევს? – თუ ეგრე იზამს, დათანხმდები? – ანდროსაც გაეღიმა. – ზრდილობის გამო, ალბათ კი… შენ რას იზამ ამ დროს? მაგიდიდან მშვიდად უყურებ ყველაფერს, თუ? – სიტყვებს დაუკვირდი, – კვლავ ეღიმებოდა მამაკაცს. – უკვე ხელი გამირბის, რომ მანქანა უკან მოვატრიალო და ცეცხლზე ნავთს ნუ მისხამ. – იცი რას ვამჩნევ? – რას? – წამიერად გამოხედა ანდრომ და როგორც კი შუქნიშანზე მწვანე აინთო, მანქანაც დაძრა. – კონტროლი გიყვარს, მაგრამ ესეც კი რაღაცნაირად შენებურად გამოგდის და არა, სტერეოტიპულად. გინდა დამოუკიდებელი ვიყო, გადაწყვეტილება თვითონ მივიღო და სიტუაციაც თვითონ შევაფასო, მაგრამ თუ ვინმე ზღვარს გადავა, ახლოს უნდა ტრიალებდე, როგორც უსაფრთხოების გარანტი. – ლინდა, ძალიან ბევრი ცუდი მსმენია და ბევრი საკუთარ თავზეც გამომიცდია, – გათბობა გათიშა და საქარე მინა ოდნავ ჩამოსწია მამაკაცმა, რადგან სალონში უკვე საშინლად ცხელოდა. – თუ ოდესმე იფიქრებ, რომ რამის კონტროლს ვცდილობ, ეს შენდამი უნდობლობას არადროს მიაწერო. უბრალოდ ადამიანებს არ ვენდობი… იმის გამო, რომ იმ ნაწილში მოძრაობა ნაკლებად იყო გადატვირთული, რესტორნამდე მისასვლელ გზაზე არსად შეფერხებულან. ლინდა მანქანაშინვე შეუთანხმდა ანდროს, რომ შიგნით ცალ-ცალკე შევიდოდნენ, ამიტომ, როდესაც დანიშნულების ადგილს მიაღწიეს, პარკინგზევე დაშორდნენ ერთმანეთს. მამაკაცმა გვერდითა შესასვლელი გამოიყენა, ხოლო ლინდამ მთავარი შესასვლელით შეაბიჯა ოქროსფრად განათებულ დარბაზში, სადაც მაშინვე შემოეგება სასიამოვნო მუსიკა და ძვირფასი სუნამოების სურნელი. ცდილობდა ყურადღება არ გაფანტვოდა იმაზე ფიქრით, რომ ანდროც შორიახლოს იყო, ამიტომ თვალებით დაიწყო იმ მაგიდის ძებნა, სადაც პოტენციური უფროსი ელოდა და როგორც კი შენიშნა, მაშინვე გაემართა იქითკენ. შეგრძნება, რომ ეს ადამიანი საიდანღაც ეცნობოდა მაშინვე გაუჩნდა, როგორც კი მას სამიოდე ნაბიჯის დაშორებიდან შეხედა. ოფიციალურად ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ტელეფონში ერეკლე გაბაშვილის სახელით გაეცნო, ღიმილიანი სახით წამოდგა ფეხზე მის შესაგებებლად. სახეზე ისეთი ღიმილი დასთამაშებდა, თავიდანვე ზედმეტ თვითდაჯერებას რომ უსვამდა ხაზს. – მიხარია, რომ პუნქტუალური აღმოჩნდით, ლინდა. – ოდნავ წინ გადაიხარა იგი და გოგონას ხელი ჩამოართვა, თან მზერა ისე შეავლო, თითქოს მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილი იშვიათი ანტიკვარი ყოფილიყო. ლინდამ სკამი გამოსწია, მანტო მხრებიდან მოიშორა და მის პირდაპირ ჩამოჯდა. ირაკლის ჯერ არაფერი შეეკვეთა. მენიუსთან ერთად მაგიდაზე მხოლოდ ორი ბოკალი ღვინო იდო. – იმედია შემომიერთდები და ცოტას დალევ, – რატომღაც ძალიან სწრაფად გადავიდა შენობით ტონზე ერეკლე, რაც ყურში ცოტა არ იყოს, ცუდად მოხვდა გოგონას. – მადლობა, მე არ ვსვამ. – ერთი ჭიქა არაფერს გავნებს, – გამომცდელად უყურებდა მის სახეს მამაკაცი. – თუ მალე თვრები, შემიძლია სახლამდეც მიგიყვანო, უპატრონოდ არ დაგტოვებ. – ჯობია საქმეზე გადავიდეთ, – უხერხული ღიმილი მოადგა გოგონას. – ტელეფონში არაფერი გითქვამთ, რადგან გინდოდათ პირადად შევხვედროდით. სიმართლე გითხრათ, სანამ რამეს გადავწყვეტ, ჯერ პირობები და გრაფიკი მაინტერესებს. მამაკაცმა ჭიქიდან ოდნავ მოსვა. მერე მენიუ გადაშალა და წამით გოგონას შეხედა. – ვისაუბრებთ, მაგრამ ჯერ რამე შევუკვეთოთ. რა თქმა უნდა, მე გეპატიჟები. – მხოლოდ ლიმონიანი წყალი ყინულით, მეტი არაფერი მინდა. – ნამდვილად? – ეჭვნარევად ამოიხედა მენიუდან ერეკლემ. – ღვინოს რამე ხორცის კერძი მოუხდებოდა, მაგალითად… – უკვე გითხარით, რომ არ ვსვამ, – ოდნავ გაღიზიანდა და ტონიც გაუმკაცრდა, თუმცა თავი მალევე დაიმშვიდა და თავაზიანად დაამატა: – თქვენ ის შეუკვეთეთ, რაც გინდათ, მე მხოლოდ ლიმონიანი წყალი და მეტი არაფერი. ერეკლემ უხმოდ დახურა მენიუ და სულ მალე ხელის აწევით უხმო ოფიციანტს. სანამ იგი შეკვეთას აძლევდა, ლინდამ ფარულად დაიწყო თვალებით ანდროს ძებნა. რამდენიმე მაგიდის მოშორებით დაინახა კიდეც. მამაკაცი მობილურს ჩაჰყურებდა და თითების მოძრაობით თუ ვიმსჯელებდით, რაღაცას წერდა. როდესაც დაასრულა და თავი ასწია, ლინდამ ძლიერი ვიბრაცია იგრძნო წინ დადებულ მობილურზე. მალევე მიხვდა, რომ ეს შეტყობინების მოსვლის ხმა იყო, რომელსაც თავად ანდრო უგზავნიდა. “ძალიან დაძაბული მეჩვენები… თუ ჩემი ყოფნა გიქმნის დისკომფორტს, გავალ.” “დარჩი… მინდა, რომ აქ იყო.” – სწრაფად მისწერა პასუხად და მზერა კვლავ თავის წინ მჯდომ მამაკაცზე გადაიტანა, რომელსაც სწორედ იმ წამს დაესრულებინა ოფიციანტისთვის შეკვეთის მიცემა. – ცუდია, რომ არაფერი შეუკვეთე, მარტო ჭამა არ მიყვარს. – იმედგაცრუება იგრძნობოდა ერეკლეს ხმაში, რაც ნამდვილად არ გამოჰპარვია გოგონას. – ბოდიში, მაგრამ მართლა არაფერი მინდა. – მერე ხელები ერთმანეთში გადააჭდო და მაგიდას მკლავებით დაეყრდნო. უნდოდა თავის ორსულობაც ეხსენებინა და ეკითხა, ხომ არ შექმნიდა ეს რაიმე პრობლემას სამსახურში აყვანასთან დაკავშირებით, თუმცა საუბარი მამაკაცმა არ დააცადა: – უკვე ამდენი ხანია აქ ხარ და ნუთუ ვერ მიცანი? – ჰკითხა მან გამომცდელი ტონით. მზერა ისეთი გამოუცნობი და დაჟინებული ჰქონდა, როგორც თავის საქმეში კარგად გამოცდილ გამომძიებელს. – უკაცრავად?! – მართლა აღარ გახსოვარ? – ერეკლეც დაეყრდნო მაგიდის ზედაპირს, მარჯვენა ხელის არათითი დემონტრაციულად ასწია და მასზე გამოსახული ჭადრაკის მეფის ფიგურის ტატუირება დაანახა. – ახლაც ვერაფერს იხსენებ? ლინდამ თვალები დააწვრილა და სვირინგს რამდენიმე წამით დააკვირდა. თითქოს რაღაც ნაცნობი და ამაზრზენი ამოტივტივდა მის ტვინში იმ წამს. გონებამ წარსულის კადრებში დაიწყო მოგზაურობა. მოაგონდა დღე, როცა რესტორანში, კლიენტის ფიზიკური დაზიანების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. მოაგონდა მამაკაცის თავზე გადამტვრეული საჭადრაკო დაფა, ყვირილი, აურზაური, ალიაქოთი და უზარმაზარი ზიზღი მოაწვა იმის გაცნობიერებისას, რომ ამდენი ხნის შემდეგ, მაინცდამაინც იმასთან გადაიკვეთა მისი გზა, ვის ნახვასაც ყველაზე ნაკლებად ისურვებდა. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ორიოდე მეტრში საყვარელი მამაკაცი ეგულებოდა. – გაგახსენდი, არა? – გვერდულად ჩაეღიმა ერეკლეს. – სივის ფოტოზე რომ დაგინახე, მაშინვე გიცანი. მას შემდეგაც მინდოდა მეპოვე, რაც თავი გამიტეხე, მაგრამ რესტორნის მენეჯერმა მითხრა გასაუბრებაზე სივი არ მოუტანიაო და შენი პირადი მონაცემები ვერ მომცა. მხოლოდ ტელეფონის ნომერი ჰქონდათ, მაგრამ სამწუხაროდ გამოგიცვლია. – სერიოზულად?! – ბრაზმა ყელში იმდენად ძლიერად წაუჭირა, წამით ღვინის ბოკალისკენაც კი გასწია ხელი, რომ ბოლომდე დაელია, თუმცა დროულად გააცნობიერა რას აკეთებდა. – იცოდი ვინც ვიყავი და ამიტომ ამიყვანე სამსახურში ასე უპრობლემოდ? – როცა შენი განცხადება ვნახე, სხვა კანდიდატურა აღარც განმიხილავს… იმედია ამჯერად მძიმე საგნებს მოვერიდებით და ცივილურად ვისაუბრებთ. ლინდას სუნთქვა შეუგუბდა. იმ მომენტში ძალიან მოუნდა ამდგარიყო და უკანმოუხედავად გაქცეულიყო იქიდან, მაგრამ ახსოვდა, რომ ანდროც დარბაზში იყო და ესეც რომ არა, ნაკლებად სურდა გარშემო მყოფთა ყურადღების მიქცევა. – ნუ იძაბები, ლინდა, – ღვინის ჭიქა აიღო ერეკლემ, სითხე შიგნით დაატრიალა და ნებიერად შეისუნთქა მისი სურნელი. – იცი, როცა შენი მონაცემები ვნახე, წამით ვიფიქრე, რომ მომეჩვენა. მაგრამ ეს თვალები... ასეთ მზერას კაცი ერთხელ თუ ნახავს, ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. – კარგად იცი, რომ აქ სამსახურის გამო მოვედი და არა შენთან საფლირტაოდ, – ცივად მიუგო გოგონამ. – სამსახურის გამო? – სკამის საზურგეს იდუმალი ღიმილით მიყრდნობოდა მამაკაცი. – მოდი, გულწრფელები ვიყოთ. შენნაირი გოგო სპორტ-კლუბის მენეჯერად, მხოლოდ ორიათასლარიან ანაზღაურებაზე? ეს ხომ ნიჭის კვლაა? – ერეკლეს მზერა ლინდას ყელიდან ნელა დაეშვა დაბლა, იქ, სადაც ლავიწის ძვლები იკვეთებოდა. – მაშინ, რესტორანში, მიმტანის ფორმაშიც კი ისეთი სექსუალური იყავი, თავი ბოლომდე დამაკარგვინე. მაგრამ ახლა… ახლა ბევრად უფრო დახვეწილი ხარ. უფრო... მიმზიდველი… იდეალური კარიერის აწყობა შეგიძლია, თუ ტვინს გაანძრევ და დამყოლი გოგო იქნები. – დამიჯერე, ახლა რომ მაგიდაზე ჭადრაკის დაფა გედოს, არც კი დავფიქრდებოდი ისე გავიმეორებდი იგივეს. ერეკლეს გულიანად გაეცინა. ლინდას სიტყვებმა, მის მზერაში ვნების ცეცხლი ჩაქრობის ნაცვლად, უფრო მეტად ააგიზგიზა. – ნუ ჩქარობ. მაშინ, იმ დარტყმამ ცოტათი დაგვაშორა ერთმანეთს, მაგრამ დაუმორჩილებელი და ველური ქალები ყოველთვის უფრო აზარტული გასახედნია. – მართლა მებრალები. – მე კი შენ მებრალები, – მაგიდას მკლავებით დაებჯიჯა მამაკაცი. – ის უბანი, სადაც ცხოვრობ, ნამდვილი უბადრუკების თავშესაფარია, მე კი ისეთ ცხოვრებას გთავაზობ, აქამდე რომ არც დაგსიზმრებია. ერთი ჩემი სიტყვა და შენს კარიერას ფრთები შეესხმება. სანაცვლოდ, მხოლოდ ცოტაოდენი სითბო მჭირდება. ლინდამ იგრძნო, როგორ მოაწვა ბრაზი და ზიზღი ერთდროულად. ერეკლეს ყოველი სიტყვა შხამიანი ლორწოსავით ეკვროდა მის კანს. – საერთოდ არ შეცვლილხარ, – ამოთქვა გოგონამ და ხელები მუცელზე გადაიჯვარედინა, თითქოს ქვეცნობიერად თავის შვილს იცავდა ამ სიბინძურისგან. – არც შენ და ეს მახარებს, – კმაყოფილებით ჩაეღიმა მამაკაცს. – მინდა ისევ ისეთივე ველური იყო, ოღონდ ამჯერად ჩემს საწოლში. – ანუ კარიერული წინსვლის აუცილებელი პირობა შენთან დაწოლაა? – ირონიული ღიმილით გააწყვეტინა გოგონამ. – მაინტერესებს, ეს შენი ბიზნესის ოფიციალური პოლიტიკაა თუ მხოლოდ პირადი კომპლექსია, რომ ქალებს სხვანაირად ვერ უახლოვდები? – სარკაზმს შეეშვი! – ბოლომდე გამოცალა ღვინო ერეკლემ. მის თვალებში მტაცებლური სიველურე და მოუთმენლობა იკითხებოდა. – მოდი იმ სულელ ქალებს ნუ დაემსგავსები, ვინც სიამაყეს ირჩევს და მერე იმაზე წუწუნებს, რომ ანაზღაურება არაფერში ჰყოფნის. დამიჯერე, თუ მასიამოვნებ, შენს ცხოვრებას ბოლომდე შევცვლი. სწორედ ამ დროს, მიმტანმა ლინდასთვის განკუთვნილი ლიმონიანი წყალი დადგა მაგიდაზე, ერეკლეს კი თავაზიანი ღიმილით აცნობა თქვენი შეკვეთა ათ წუთში იქნებაო და იქაურობას გაეცალა. ამასობაში გოგონამ მაგიდიდან თავისი ხელჩანთა აიღო, წამოსადგომად სკამი უკან გასწია და მამაკაცს თვალებში ჩახედა. უკვე მოფიქრებული ჰქონდა, რაც უნდა გაეკთებინა. თავისი მობილურისა და მანტოსთვისაც კი არ უხლია ხელი, რომ ერეკლეს რამე ეჭვი არ გასჩენოდა. – საპირფარეშოში გავალ და ტუჩსაცხს დავიმატებ, – ზემოდან დახედა მაგიდასთან მჯდომ მამაკაცს, მან. – საუბარი ცოტა ხანში გავაგრძელოთ. ვაღიარებ, ძალიან სიმპათიური მამაკაცი ხარ და იქნებ, შევთანხმდეთ კიდეც. ერეკლეს მზერაში ჯერ გაურკვევლობა გაჩნდა, მერე გაკვირვება, ბოლოს კი ფარულმა კმაყოფილებამაც გამოანათა. – როგორც ჩანს, ნელ-ნელა წინ მივდივართ. – გამორიცხული არაფერია… – მაშინ, მოუთმენლად დაგელოდები, – ღვინო კიდევ ერთხელ ჩამოისხა და როგორც კი გოგონა დარბაზიდან გასასვლელი კარისკენ დაიძრა, მეტად დაჟინებული, თავხედური მზერით აათვალიერა მოკლე კაბაში გამოყვანილი მისი სხეულის უკანა ხედი. ლინდამ შვებით მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როცა მაგიდას რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა და ანდროს, რომელსაც მისი წამოდგომა არ გამორჩენია, თვალებით ანიშნა გამომყევიო. მამაკაცმა მაშინვე მიანება თავი სტეიკით ვახშმობას. სინამდვილეში, ისედაც ძალიან უჭირდა საკვებზე კონცენტრირება, რადგან შორიდანვე ამჩნევდა რაღაც საეჭვოს. მართალია ადამიანი, ვისაც ლინდა ესაუბრებოდა მისგან ზურგით იჯდა და დარწმუნებული არაფერში იყო, მაგრამ გოგონას მოულოდნელმა მინიშნებამ მისი ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა. დარბაზიდან რომ გამოვიდა, ლინდა იქვე, კართან მომლოდინე დაუხვდა. მოჰკრა თუ არა თვალი მამაკაცს, მაშინვე ჩაჰკიდა ხელზე, ხელი და სცადა უდარდელად გაეღიმა. – გთხოვ, კითხვები არ დამისვა და აქედან წავიდეთ, კარგი? ჩემს ნივთებზე მოგვიანებით დავრეკავ და გამომიგზავნიან. – იქნებ ჯერ გეთქვა რა მოხდა? – ცივად გააპარა მზერა ანდრომ რესტორნის დარბაზში შემავალი კარისკენ. – რამე ისეთი გითხრა, რაც არ მოგეწონა? – ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, მაგრამ თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს, ჯერ აქედან წავიდეთ. მიუხედავად შინაგანი ბრაზისა, გოგონას მუდარით სავსე თვალებს, ემპათიის გარეშე ვეღარ შეეხედა ანდრომ. საკუთარ ემოციებზე მეტად, ის მასზე და იმ პატარა არსებაზე ნერვიულობდა, რომელიც ჯერ კიდევ უხილავი იყო, მაგრამ უკვე ყველაფერს ცვლიდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ უხმოდ დაჰყვა ლინდას სურვილს, შიშველ მხრებზე თავისი მოსაცმელი მოახურა და რესტორნიდან გასული, მანქანაში, იმ გრძნობით აღსავსე ჩაჯდა, თითქოს რაღაც უხილავი ძალა მის სხეულს უკან ექაჩებოდა. ძრავა მექანიკურად აამუშავა ანდრომ. შინაგანი სიმშვიდის დასაბრუნებლად, სალონში წყნარი მუსიკაც ჩართო და სავალ ნაწილზე გასულმა, გოგონას მომლოდინე მზერით გახედა. – რა გითხრა? – ჰკითხა მოუთმენელი, ოდნავ მკაცრი ტონით. – ისე სწრაფად წამომიყვანე, ალბათ რაღაც საზიზღრობა. – დამპირდი, რომ არ მიბრუნდები და მე და შენ, სადმე განვმარტოვდებით, – ღრმად ამოიხვნეშა გოგონამ. – ამაღამ შენთან ყოფნა მჭირდება. – ანუ საქმე ისეა, რომ შეიძლება უკან მიბრუნება მომინდეს? – ანდრო დამპირდი, – ხელს, რომელიც საჭეზე არ ედო, თავისი ჩაჰკიდა ლინდამ და იგრძნო, რამდენად ცივი იყო მამაკაცის კანი იმ მომენტში. – მომიყევი… დღეს ღამით აღარსად მივბრუნდები და ჩემს საბურთალოს ბინაში დავრჩეთ, ოღონდ მომიყევი. გოგონას მეტად აღარ გაუჭიანურებია. მართალია იმის გახსენებაც კი ნეგატივად იღვრებოდა მის სხეულში, რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა, მაგრამ იმასაც იაზრებდა, რომ ანდრო იმსახურებდა სიმართლის ცოდნას. – გახსოვს, ადიშში ყოფნისას რომ ერთ რესტორნის კლიენტზე მოგიყევი, ვის გამოც სამსახურიდან გამომაგდეს? – ის, ვისაც ჭადრაკის დაფა ჩაარტყი თავში? – ჰო. – და ეგ რა შუაშია? – იმ შუაშია, რომ… – აქ ლინდა ცოტა ხნით გაჩუმდა, თითქოს საუბრის გასაგრძელებლად ჟანგბადის ჩასუნთქვა სჭირდებაო. – მოკლედ… ერეკლე გაბაშვილი, რომელსაც დღეს შევხვდი და ის კაცი, ვის გამოც სამსახური დავკარგე ერთი და იგივე ადამიანია. რამდენიმე წამის განმავლობაში საეჭვოდ დუმდა ანდრო. მის სახეზე, გზაზე მოძრავი მანქანების წითელი შუქები მორიგეობით გადადიოდნენ. – და სანამ პირადად გნახავდა, უკვე იცოდა, ვინც იყავი, არა? – ჰკითხა ძლივსშესამჩნევი ღიმილით. – ამიტომ შეგპირდა სამსახურში გარანტირებულ აყვანას? – ასეა… – კიდევ რა გითრა? – თქვა, რომ იდეალურ კარიერას ამიწყობს, თუ დამყოლი გოგო ვიქნები და ასეთი სისულელეები… გთხოვ, შევეშვათ ამაზე ლაპარაკს. ამ წინადადების დასრულებისას, ანდროს რეაქცია მეტად მოულოდნელი იყო. მას ხმისთვის ოდნავადაც არ აუწევია. არც ბილწსიტყვაობას ჰქონია ადგილი, ერეკლეს მისამართით. პირიქით, საეჭვოდ მდუმარედ გამორთო მუსიკა, მანქანა გზიდან გადაიყვანა, საჭეს ხელები მოაცილა და სავარძლის საზურგეს თვალებდახუჭული მიეყრდნო. მამაკაცის სიცილი, რომელიც სიჩუმეში გაისმა, უფრო მეტად ჰგავდა მტაცებლის ღრენას, ვიდრე ნებისმიერი ხმამაღალი სიტყვა. – ანუ, მთელი ეს დრო ჩემს თვალწინ გაბამდა და მე ამ დროს სტეიკს ვჭამდი. – ანდრო… – თავიდანვე ეჭვი მქონდა, – სიტყვა გააწყვეტინა მამაკაცმა. – მისნაირ დამშეულ ტიპებს პროფესიული შესაძლებლობები ფეხებზე ჰკიდიათ. მხოლოდ გარეგნობას და სხეულს უყურებენ, თან აფასებენ რამდენად მარტივად გამოუვათ ქალისთვის ტანსაცმლის შემოხევა. – შენ იცი, რომ იქ სამსახურის გამო მივედი, – ღრმად ამოიხვნეშა გოგონამ. – კარგი, გულუბრყვილობა გამოვამჟღავნე, ვაღიარებ. – შენ არც გადანაშაულებ, – წამიერად გამოხედა მან. ყველანაირად ცდილობდა ბრაზი მოეთოკა, თუმცა მის თვალებში იგი მაინც აზვირთებული ტალღებივით მძვინვარებდა. – ჰო, ახლა გამოექეცი, მაგრამ ასე მარტივად არ გაჩერდება. შენი პირადი მონაცემები, მისამართი, ყველაფერი ხელში აქვს და უკვე დროა ჩავერიო. – თვითონაც გავუმკლავდები, – ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ. – დამიჯერე, მისთვის ახლა აზარტული თამაშივით ხარ და სანამ არ გაიმარჯვებს, გაჩერება თავში აზრადაც არ მოუვა. გასაგებად უნდა აუხსნან, სად ეკრძალება ნადირობა. – არ კი იცი როგორ მეზიზღება მსგავსი სიტუაციები! – მე კი ის მეზიზღება, როცა ვინმე თვალებში გიყურებს და შიშველს წარმოგიდგენს, თავის ლოგინში. ლინდას აღარაფერი უთქვამს. არ სურდა ისედაც დაძაბული სიტუაცია უფრო მეტად დაეძაბა და ანდროს მოსაცმელში გახვეულმა თვალები დახუჭა. მანქანა ადგილს საბურავების წივილით მოწყდა. სალონში მომაკვდინებელი სიჩუმე ჩამოწვა. მამაკაცის მზერა გზას მიჰყვებოდა, მაგრამ ფიქრებით უკვე სადღაც სხვაგან იყო — იქ, სადაც ერეკლე გაბაშვილის სახელი უკვე მის „შავ სიაში“ ეწერა. კორპუსამდე რომ მიაღწიეს და ბინაში შევიდნენ, ლინდას იქაურობა არც კი მოუთვალიერებია. თავისსა და ანდროს შორის ჩამოვარდნილი მდუმარება, ყველაფრის სურვილს უკარგავდა. მართალია მამაკაცს საყვედურიც არ დასცდენია მისი მიმართულებით, თუმცა ხვდებოდა როგორ იყო გაღიზიანებული მომხდარის გამო და ეს სურვილს უჩენდა ერეკლე გაბაშვილი საკუთარი ხელით დაეხრჩო. – შენ კომფორტულად მოეწყვე, – მისაღებში რომ გადაინაცვლეს, ლოყაზე აკოცა მამაკაცმა და სცადა ბუნებრივად გაეღიმა. – მე წყალს გადავივლებ და ცოტას გამოვფხიზლდები. – იმედია როცა გამოხვალ, ისევ ჩუმად ყოფნას არ აპირებ, – მშვიდად ჩაილაპარაკა გოგონამ, თან სცადა კაბის ელვა-შესაკრავს მისწვდენოდა, თუმცა არ გამოუვიდა. – ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ნაჭერი მახრჩობს. შეგიძლია გამიხსნა? – და რას ჩაიცვამ? – გახდას არ ვაპირებ, – მის ღიმილზე ლინდასაც გაეღიმა. – უბრალოდ შესაკრავს გამიხსნი და მორჩა. ანდრომ აღარაფერი უპასუხა. უბრალოდ ნელა მიუახლოვდა — როგორც მტაცებელი, მსხვერპლს, ზურგით შეაბრუნა და მისი კაბის ელვა-შესაკრავს დასწვდა. იმდენად ახლოს იყო, რომ ლინდა საკუთარ ზურგზე მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა. შემდეგ ამ სუნთქვამ ყელზე გადაინაცვლა და ანდროს ტუჩების შეხების მოლოდინში თვალებიც დახუჭა, თუმცა ამის ნაცვლად უეცარი სიცივე იგრძნო. მამაკაცი მოულოდნელად გატრიალდა, მაისური იქვე გადაიძრო და სააბაზანოსკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა. მიზეზს მალევე მიხვდა გოგონა. ანდროს უჭირდა მსგავსი სიახლოვის ფონზე თავის გაკონტროლება. მას ბევრად მეტის სურვილი ჰკლავდა და როცა მოთმინების უნარს კარგავდა, ცდილობდა თავი შორს დაეჭირა. მარტო დარჩენის შემდეგ, ლინდა რამდენიმე წუთის მანძილზე გაუნძრევლად იწვა დივანზე, მისაღების დიდი ფანჯრიდან მრავალსართულიან კორპუსებს გაჰყურებდა და გაუჩერებლად ფიქრობდა ყველაფერზე. ფიქრობდა დღევანდელ ვახშამზე, ანდროსთან ურთიერთობაზე და მასთან გატარებულ იმ ღამეზე, რომელიც გაფუჭებული კინო-კადრივით ახსენდებოდა. მერე ტუჩის კუთხეში იდუმალი ღიმილი გაუკრთა. დივნიდან ნელა, თითქმის მექანიკურად წამოდგა, ზურგზე გახნილი თეთრი კაბა სხეულს მოაშორა, ჰოლი მიღებულ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა გაიარა და სააბაზანოს კართან მისულმა, იგი ნაჩქარევად შეაღო. კაბინა ორთქლით იყო გაჯერებული. შუშის მიღმა ანდროს ბუნდოვანი სილუეტი მოჩანდა, რომელიც თავაწეული იდგა ცხელი წყლის ქვეშ. ლინდამ ჯერ დიდ სარკეში შეავლო თვალი საკუთარ შიშველ ანარეკლს, თავდაჯერებულად გაუღიმა, მერე კი შუშის კარი უხმაუროდ გასწია და შიგნით დაუფიქრებლად შეაბიჯა. ანდროს უკან არც კი გაუხედავს. მხოლოდ მხრები დაეძაბა, როცა სხვისი სხეულის სიგრილე იგრძნო. გოგონა უკნიდან მიეკრა მის სველ, ცხელ ზურგს, ხელები წელზე შემოხვია და ლოყა მის ხერხემალს მიაყრდნო. წყალი უკვე ორივეს ერთდროულად ასველებდა. – მეგონა დაიძინებდი, – დაბალი ხმით თქვა ანდრომ, თუმცა არ შემობრუნებულა. მისი ხმა წვეთების წკაპუნში იკარგებოდა. – ვერ დავიძინებდი, — ჩაიჩურჩულა ლინდამ, თან მამაკაცის მკერდზე აასრიალა ხელები. – მინდა, რომ ეს საღამო სხვანაირად დასრულდეს. მინდა, რომ ჩემს მეხსიერებაში მხოლოდ შენი შეხება დარჩეს. ანდრომ თითები ნელა დაუჭირა გოგონას და უკან მოტრიალდა. მისი თვალები ახლა უფრო მშვიდი იყო, თუმცა მათში ისევ ელავდა ის ვნება, რომელიც მანქანაში გაჩნდა მოულოდნელი, მაღალი ძაბვასავით. – აქამდე არ შემიმჩნევია, რომ მზად იყავი კიდევ ერთხელ მოგკარებოდი. – სველი თმა შუბლიდან გადაუწია მას, მამაკაცმა. – ალბათ არც ვიყავი… ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღემდე. – ახლა უბრალოდ განერვიულებული ხარ. – ფეხებზე მ’კიდია ერეკლეც და მისი მენეჯერის ვაკანსიაც! მართლა მინდა შენთან! – ყველაფერი გააზრებული უნდა გქონდეს და იმპულსებს არ აჰყვე. – წელზე ორივე ხელი მოხვია და ოდნავი ღიმილით დახედა. – ჰო, ძალიან რთულია ვერაფერს ვაკეთებდე, როცა შენი სხეულის ყველა მილიმეტრი მახსოვს, მაგრამ თუ მოცდაა საჭირო... ლინდა, საჩვენებელი თითით ანდროს ტუჩებს მიაწვა და ამ გზით გააწყვეტინა დაწყებული საუბარი. – გთხოვ, აღარაფერი თქვა… არც ერთი წამით არ მინდა მოცდა, – ხმა დაიდაბლა მან და თვალებში გამომწვევად ჩახედა. – პირველ ჯერზე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. მინდა, რომ თავიდან განმაცდევინო ყოველი წამი… ყოველი შეხება… მამაკაცის მზერა მყისიერად გამუქდა და ლინდა საშხაპე კაბინის კედელს ააკრა. წყლის ჭავლი პირდაპირ მათ შორის ეცემოდა და ორთქლში ერთმანეთის სუნთქვას ძლივს აუდიოდნენ. – თავიდან? – გაიმეორა ანდრომ და მისი ტუჩები ლინდას ყურთან შეჩერდა. – მაშინ დარწმუნებული იყავი, რომ რაც ამჯერად მოხდება, ჟრუანტელის გარეშე ვერ გაიხსენებ. – ეგ ისედაც ვიცი… საუბრისთვის მეტი დრო აღარ დაუთმია მამაკაცს. ამის ნაცვლად, უხმოდ დაიჩოქა მის წინ, მარჯვენა ფეხი ბარძაყის ქვეშ ხელის ამოდებით აუწია და თავდაპირველად მუხლისთავზე შეახო ტუჩები. მერე ნელ-ნელა ზემოთ აუყვა, მუცელთან მისულმა კი წყლის წვეთები კოცნით შეისრუტა პირდაპირ მისი კანიდან. შხაპის ქვეშ, სადაც მხოლოდ წვეთების წკაპუნს შერეული ლინდას მძიმე, სიამოვნებაში ჩაძირული სუნთქვა ისმოდა, ანდრომ ბოლომდე გამოათავისუფლა თავისი სურვილები. მისი შეხება პროფესიონალურად გათვლილი და ამავდროულად მფლობელური იყო — თითქოს ყოველი მოფერებით გოგონას კანზე თავის ხელმოწერას ტოვებდა. ლინდას თითები, გამეტებით ჩაფრენოდნენ ანდროს სველ თმას. თვალებდახუჭულს, კისერი უკან გადაეწია და ეიფორიაში ჩაძირული ჰყვებოდა მამაკაცის თითოეულ მოქმედებას. ყოველი შეხება, რომელსაც ანდრო სხეულზე უტოვებდა, თითქოს შლიდა იმ უსიამოვნო კვალს ერეკლესთან საუბარმა რომ დაუტოვა. როდესაც მამაკაცმა ხელში აიტაცა, გოგონამ ინსტინქტურად შემოაჭდო ფეხები მის წელს. ამ წამს საშხაპე კაბინა მათთვის მთელ სამყაროდ იქცა — დაცულ, თბილ და უსაფრთხო სივრცედ, სადაც მხოლოდ ერთმანეთით იღებდნენ სიამოვნებას და გარეთ დარჩენილი მანკიერებებიც სულ ერთი გამხდარიყო. * * * * დილის შვიდი საათი სრულდებოდა. ანდრო, აბრეშუმის თეთრეულში მწოლიარე ლინდასთან ახლოს, სავარძელში იჯდა, ხელში მობილურს ათამაშებდა და დაჰიპნოზებულივით ადევნებდა თვალყურს გოგონას თითოეულ ამოსუნქვას. მამაკაცის მთელი სამყარო თითქოს იმ რამდენიმე კვადრატულ მეტრზე იყო ფოკუსირებული, რომელსაც საწოლი იკავებდა. აბრეშუმის ზეწარი თითქმის არაფერს მალავდა — პირიქით, ზედმიწევნითი სიზუსტით კვეთდა ლინდას სხეულის თითოეულ კონტურს. ყოველ ჩასუნთქვაზე ქსოვილი მის მკერდზე იჭიმებოდა, მერე კი ნელა ეშვებოდა და მუცლის გლუვ ზედაპირს ეკვროდა. მამაკაცის რეაქციას აღარ ერქვა მხოლოდ ქალით გამოწვეული აღტაცება. ეს იყო მტაცებლური სურვილისა და იმ უცნაური შიშის ზღვარი, როცა იცი, რომ შენს წინაშე არსებული სილამაზე შენივე განაჩენია. სავარძელში ერთიანად დაჭიმული მჯდომი, მძიმედ სუნთქავდა ანდრო და თვალმოუშორებლად უყურებდა ლინდას თმას, რომლის ნაწილიც გოგონას შიშველ ზურგზე, ხოლო ნაწილი კი ქათქათა ბალიშზე იყო გაბნეული და ტუჩებზე ირიბი ღიმილი დასთამაშებდა. წარმოიდგენდა რა სასიამოვნოდ თბილი იქნებოდა ეს სხეული ამ ქსოვილის მიღმა და სურვილი უჩნდებოდა ნაკუწებად ექცია ზეწარი, რომელიც გოგონას კანს ფარავდა. უნდოდა არსად წასულიყო და კვლავ ესიამოვნა მისით, თუმცა მობილურის შეტყობინებების ველში, თითქოს წითლად ციმციმებდა რამდენიმე წუთის წინ, სანდო პიროვნების მიერ მოწერილი ერეკლე გაბაშვილის მისამართი. გოგონამ ძილში ოდნავ ამოიხვნეშა და ფეხი ისე გადასწია, რომ ზეწარი თეძომდე აუცურდა. აქ უკვე მამაკაცმა ინსტინქტურად მომუშტა მარჯვენა ხელი, სასწრაფოდ წამოდგა სავარძლიდან და ლინდას სხეულის ინტიმური ნაწილები ისეთი სიფრთხილით დაფარა, თითქოს სახიფათო ნამსხვრევებს ეხებოდა. კედლის საათის ისრები შეუჩერებლად წიკწიკებდნენ. დრო აღარ ითმენდა. რაც შეიძლებოდა მალე უნდა წასულიყო, რათა ყველაფერი ლინდას გაღვიძებამდე მოეგვარებინა და შემდეგ კვლავ მასთან დაბრუნებულიყო. ყოველი შემთხვევისთვის, გოგონას ბალიშზე წერილიც დაუტოვა, სადაც უხსნიდა, რომ აუცილებელ საქმეზე მოუწია გასვლა, ძალიან მალე დაბრუნდებოდა და სთხოვდა ცოტა ხნით დალოდებოდა. ბინიდან გასვლის წინ, კარები კოდური საკეტით ჩაკეტა მამაკაცმა. მართალია კორპუსი პრესტიჟულ უბანში მდებარეობდა და კარგადაც იყო დაცული, თუმცა ჩათვალა, რომ სიფრთხილეს თავი მაინც არ სტკიოდა. ერეკლე გაბაშვილის საცხოვრებელი ბინა, ანდროს იმჟამინდელი ლოკაციიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარეობდა. ვინაიდან ადრიანი დილა იყო, გზად დიდად არსად შეფერხებულა. არ აინტერესებდა რა დრო იყო, ან ეღვიძებოდა თუ არა მის მასპინძელს. უბრალოდ სურდა ეს საკითხი უმოკლეს ვადებში გადაეწყვიტა და შემდეგ კვლავ უკან, ლინდასთან დაბრუნებულიყო. ერეკლეს მისამართზე მისვლამდე, ანტიკვარიატის მაღაზიაში შეიარა და იქიდან ქაღალდის დიდი პარკით ხელში გამოვიდა. მაღაზიიდან, დანიშნულების ადგილამდე ერთი კილომეტრიც აღარ იყო, ამიტომ, დარჩენილი მანძილი სულ რაღაც სამ წუთში დაფარა, მანქანა დააპარკინგა და კორპუსამდე მისასვლელი ქვაფენილიანი გზა აჩქარებული ნაბიჯებით გაიარა. ბოლო სართულამდე, ლიფტის გამოყენებით ავიდა. მუხისფერი, დიდი კარი, რომელსაც ციფრი ოცი ჰქონდა მიმაგრებული, პირდაპირ შეეჩეხა გახსნილი კაბინიდან გამოსულს. თვალებში ანთებულ ბრაზის ცეცხლს, თითქოს საწვავი გადაესხა და უფრო ძლიერად ააგიზგიზა. იმის წარმოდგენამ, რომ ამ ხის ბარიერის მიღმა იმ ადამიანს იხილავდა, ვინც მისთვის საყვარელ ქალზე ილესავდა კბილებს, სხეული ერთიანად დაუჭიმა. ზარის ღილაკი არ გამოუყენებია. ამის ნაცვლად, რამდენჯერმე, ძლიერად დააკაკუნა კარზე. არ უფიქრია, რომ მალევე გაუღებდნენ. ფიქრობდა, გარკვეული დროით კიდევ მოუწევდა კართან დგომა, თუმცა თავისდა გასაკვირად, მალევე გაიგო ნაბიჯების ხმა ზღურბლის საპირისპირო მხრიდან. ერეკლე გაბაშვილი, პირსახოცის ლურჯი ხალათით წარსდგა მის თვალწინ. ნამძინარევი სახე სულაც არ ჰქონდა. სველი თმა და შხაპის გელის სურნელი, იმაზე მიანიშნებდა, რომ აბაზანიდან სულ ახალი გამოსული იყო, თანაც ნახევრად მოუწესრიგებელი. – დიახ?! – დაკვირვებით აათვლიერა მასპინძელმა, უეცარი სტუმარი, თან სველ თმაზე გადაისვა ხელი. პირსახოცის ხალათი მკერდზე ჰქონდა გადაღეღილი და იქიდან, რაღაც გაურკვეველი სვირინგის საწყისიც მოუჩანდა, რომლის გაგრძელებაც უკვე ქსოვილით იყო დაფარული. რამდენიმეწამიანი მზერითი კონტაქტის შემდეგ, კარის ჩარჩოს ცალი მკლავით მიეყრდნო ანდრო. მერე, ხელში დაჭერილი ქაღალდის დიდი პარკი, საკიდით ოდნავ ზემოთ ასწია და ერეკლეს ყალბად გაუღიმა. – საჩუქრით მოვედი, შეიძლება შემოვიდე? მასპინძელმა გარკვეული დროით არაფერი უპასუხა. მისი რეაქციებით თუ ვიმსჯელებდით, უეცარი სტუმარი სახეზე ძალიან ეცნობოდა და ცდილობდა გაეხსენებინა, ვინ იდგა მის წინ. – ერთი წუთით, ერთი წუთით, – ხელისგული ასწია მან და შუბლი ორი თითით მოისრისა, თითქოს ეს, მის ტვინს გაძლიერებულ ტემპით მუშაობაში უნდა დახმარებოდა. – ანდრო… ბარათაშვილი, არა? შენს ტყუპისცალს პირადად ვიცნობ, მაგრამ შენ მხოლოდ შორიდან. – ადრე საერთო საზოგადოებაშიც მოვხვედრილვართ ერთად, მაგრამ პირადად გაცნობა საბედნიეროდ ვერ მოვასწარით, – ცივად მიუგო მამაკაცმა. მერე გვერდზე გასწია ერეკლე და მისი ბინის ზღურბლს უბოდიშოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე გადააბიჯა. რამდენიმე წამში, კარის დახურვის ხმაც მოისმა. ერეკლე გაოცებული შესცქეროდა დაუპატიჟებელ სტუმარს და თავში უამრავი კითხვა უტრიალებდა, თუმცა რატომღაც არც ერთი მათგანი არ დაუსვამს. ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი მოიცდიდა, ამიტომ ღია ფერის, დახურული კარისკენ ანიშნა მამაკაცს. – იმ ოთახში ჩემი კაბინეტია, შეგვიძლია, იქ ვისაუბროთ, – თქვა მან მშვიდად, თან დასძინა: – ბიზნეს-წინადადებით თუ ხარ მოსული, პარალელურად უნდა დავლიოთ კიდეც. – მე ვიცი, რომ დალევა შეთანხმების შემდეგ ხდება, ამიტომ ნუ ჩქარობ… კაბინეტში უხმოდ შევიდნენ და მაგიდის საპირისპირო მხარეებიც უხმოდ დაიკავეს. ერეკლეს სავარძლის უკან, დიდი, წიგნების თარო იყო დადგმული, სადაც კლასიკოსი მწერლების ნამუშევართა პირველი გამოცემებიც მრავლად ელაგა. იქაურობა ვინტაჟურ სტილში იყო გადაწყვეტილი. მუქი ფერის ტყავის ავეჯი და ჟალუზით ნახევრად ჩაბნელებული ფანჯრები საერთოდ ვერ ეხამებოდა ერეკლეს ბინის თანამედროვე სტილს. სწორედ ამიტომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ამ კარის გაღებისას, ადამიანი ძველ დროში ხვდებოდა. – სასმელი კარგი, მაგრამ სხვაც არაფერი გინდა? – თავაზიანი ღიმილით ჰკითხა ერეკლემ. – მოახლე წუთიწუთზე მოვა და… – არაფერი მინდა, – წინადადება შუა გზაზე გააწყვეტინა ანდრომ. შემდეგ ქაღალდის პარკში ჩაიხედა და სულ მალე იქიდან დიდი, დახვეწილად მოჩუქურთმებული საჭადრაკო დაფა ამოიღო. – ეს საკმაოდ იშვიათი ნაკეთობაა. ქვებიც სპილოს ძვლისგანაა დამზადებული, ოღონდ დღეიდან ჭკვიანი ბიჭი უნდა იყო, რომ თავზე აღარავინ გადაგალეწოს, კარგი? – უკაცრავად?! – შუბლზე ორი ხაზი გამოეკვეთა ერეკლეს. გაურკვევლობაში ჩავარდა. საჩუქრით გამოწვეული აღფრთოვანებაც იმ კითხვებით დამძიმებულმა გონებამ გადაწონა, რომლებიც ჰაერში ავარდნილი მტვრის ნაწილაკებივით ტრიალებდნენ. თვალმოუშორებლად უყურებდა როგორ გახსნა ანდრომ თავისი მოტანილი ჭადრაკის დაფა, როგორ შემოდო იგი მაგიდაზე და როგორ დაიწყო მასზე ლამაზად გამოთლილი ფიგურების დალაგება. – ჰო, რა იყო? – რამოდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ, მხრები აიჩეჩა მამაკაცმა. – ამბავი მომივიდა, რესტორნებში მიმტან გოგოებს უ*რაკებსო და წლების შემდეგ, თურმე იმ მიმტანებს ბრწყინვალე კარიერის აწყობასაც ჰპირდები, შენთვის ფეხების გაშლის სანაცვლოდ. ერეკლეს მზერა წამებში შეიცვალა ცნობისმოყვარეობიდან, დაძაბულობამდე. მის შუბლზე, ორი ნაკეცი უფრო ნათლად გამოიკვეთა, ვიდრე აქამდე და მკერდზე გადაღეღილი ხალათი ისე შემოიჭირა, თითქოს თავს რაღაც სახიფათოსგან იცავსო. თვალებით კვლავ საჭადრაკო დაფას დაუბრუნდა მამაკაცი, სადაც ანდროს, თითქმის დაესრულებინა ფიგურების განლაგება. – ვითამაშოთ? – ჰკითხა მან. ერეკლესთვის ეს ტონი გამოწვევასავით ჟღერდა. ახლა უკვე აცნობიერებდა, რომ ამ უეცარი სტუმრობის მიზეზი, არანაირი ბიზნეს-მოლაპარაკების მცდელობა არ ყოფილა. ახლა უკვე ბევრ რამეს ხვდებოდა და ეს საეჭვო სიმშვიდე ისე ძაბავდა, როგორც შტორმამდე დარჩენილი ბოლო წამები. – ვითამაშოთ, მაგრამ… ჯერ ის მითხარი, ვინ არის შენთვის ის გოგო, ვისზეც ირიბად მიმანიშნებ. ანდროს ჩაეღიმა, თუმცა პასუხის გაცემა არ უჩქარია. მისი მზერა რამდენიმე წამით დაფაზე გაჩერდა. შემდეგ, ისე, რომ თვალი არ მოუცილებია ერეკლესთვის, ხელი ნელა ასწია, დაფიდან ლაზიერის ფიგურა აიღო და რამდენიმე წამში, კვლავ უკან, უჯრაზე დააბრუნა. – გასაგებია, – ფართედ ჩაეღიმა ერეკლეს. მისი ღიმილი, გულწრფელობაზე მეტად, შურსა და ბოღმას ანთხევდა. – წარმოდგენა არ მქონდა, თუ შენთან იყო. ყოჩაღ, კარგად უმუშავია და დიდი თევზი გაუბიხარ ბადეში. – ეგ შენ არ გეხება! მიდი დაიწყე, იქნებ ჩემთან მაინც გააკეთო შამათი, თორემ გუშინდელი საღამო ისე დასრულდა, საწოლში ნანადირევის გარეშე დაბრუნდი. – რა იცი, რომ ერთ დროს მაგ გოგოსთანაც არ გავაკეთე შამათი? – მეტად დამცინავი გახდა ერეკლეს გამოხედვა. – უბრალოდ მე უკვე გავცვითე და მომბეზრდა. სამსახურშიც იმიტომ ამყავდა, რომ შემეცოდა, მაგრამ თურმე ახალი სპონსორი უპოვნია და ცდილობს წესიერი ქალის როლი ითამაშოს. ანდროს სახეზე კუნთიც არ შეტოკებია. მხოლოდ მზერა გაუცივდა, რაშიც უზარმაზარი ზიზღი აირეკლა. – შენნაირი პირველყოფილი ნეტავ კიდევ ბევრი დარჩა ამ ქვეყანაში? – პირველყოფილში რას გულისხმობ? – ეჭვნარევად ჩაეკითხა ერეკლე. – აი, გოგოს რომ ვერ დაითრევენ და მისთვის სახელის გატეხვით ცდილობენ შურისძიებას, – ირონიული ღიმილი მოსდგომოდა ანდროს. – ერთადერთი, რაშიც შეიძლება მას შამათი გაუკეთო, ჭადრაკია. ის კატეგორია ხარ, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანს. სახეზე უკმაყოფილება აღებეჭდა ერეკლეს. ასეთ რეაქციას არ ელოდა. ეგონა, თავისი სიტყვებით ლინდას გუშინდელ საქციელზე იძიებდა შურს და მცირედ ეჭვს მაინც დათესდა, თუმცა ფაქტები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებდნენ. – ბრმა ყვავივით გჯერა მისი ტყუილების, – გესლიანად განაგრძო მან. – ქალზე ცბიერი არსება არ არსებობს, შენ ეს უკვე კარგად უნდა იცოდე. ანდროს მოთმინება უკვე ბეწვზე ეკიდა და ნელ-ნელა უახლოვდებოდა საგანგაშო წითელ ნიშნულს. გრძნობდა, რომ მალე ვულკანივით ამოხეთქავდა, თუმცა თავის შეკავებას არც ცდილობდა. – ფრთხილად! უკვე მხეცის გალიასთან დგახარ და საკეტს ეთამაშები. – ირონიული მეტაფორებისგან თავი შეიკავე, – არანაკლებ გაცხარებული იყო ერეკლეც. – შეიძლება არ გჯერა, მაგრამ ეგ ლინდა, უბრალოდ ფულიან კაცებზე მონადირე ძუ*ნაა და მეტი არაფ… სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო მამაკაცმა, რადგან ანდრომ, ერთი მკვეთრი მოძრაობით ააყირავა ჭადრაკის დაფა და სანამ იატაკზე ფიგურების დაცემის ხმა ისმოდა, მაგიდაზე გადაწეული, ორივე ხელით ჩააფრინდა ხალათის საყელოში ერეკლეს. – მოკლედ გეტყვი, – მრისხანებისგან ყბებდაჭიმული ალაპარაკდა იგი. – გარეგნულად მშვიდად გამოვიყურები, მაგრამ თუ რაღაც არ მომწონს, აგრესიას ვერ ვაკონტროლებ! მოდი ახლა ხმამაღლა და გამოთქმით მითხარი, რომ დღეიდან ჭკვიანი ბიჭი იქნები და აღარავის დააბრალებ იმას, რაც მარტო შენს საცოდავ ფანტაზიებში მოხდა! – გა… მიშვი… – ხმამაღლა და გამოთქმით-მეთქი! – ხელისგულები მთელი ძალით დაატაკა მის გულ-მკერდს, ანდრომ. მამაკაცი ინერციით უკან გადაქანდა და ხის თაროს დაეჯახა, რომლიდან გადმოცვენილი წიგნების დიდი ნაწილი, წაქცეულს პირდაპირ თავზე დაეყარა. ანდრო წამებში გაჩნდა მასთან და კვლავ ხალათის საყელოში ხელების ჩავლებით წამოაგდო ფეხზე. ამჯერად წინააღმდეგობა ერეკლემაც გაუწია და სცადა მოწინააღმდეგისგან სახეში გარტყმით დაეცვა თავი, თუმცა მუშტი ბოლო მომენტში აიცდინა ანდრომ და ამჯერად შუბლის ცხვირში დაჯახებით დაახევინა უკან. კაპილარებიდან სისხლი ნიაღვარივით წასკდა ერეკლეს. მის შესაჩერებლად, მაგიდიდან სასწრაფოდ აიღო ხელსახოცი და ცხვირზე ძლიერად მიიჭირა. პირიც გააღო ანდროსთვის რაღაცის სათქმელად, თუმცა ხელი კაბინეტის კარის უეცარმა გაღებამ შეუშალა. მამაკაცებმა მომენტალურად გაიხედეს ხმის მიმართულებით. ზღურბლზე მოახლის უნი-ფორმაში გამოწყობილი, შუახნის ქალბატონი იდგა და დამფრთხალ გამომეტყველებაზე ეტყობოდა, რომ კაბინეტიდან გამომავალი ხმაურის გამო შემოსულიყო დაუკაკუნებლად. მისმა გამოჩენამ, თეთრი მანდილის ჩაგდებასავით იმოქმედა ორივეზე. ანდრომ, სხეულში დაგროვებული ბრაზი უზარმაზარი ნებისყოფის ფასად გამოკეტა შიგნით, ერეკლე კი სავარძელში ჩაესვენა და ზღურბლზე აყუდებულ, დაბნეულ ქალს მიმართა: – ყველაფერი რიგზეა, თამარ. შეგიძლია სამზარეულოში გახვიდე და საუზმის მომზადება დაიწყო. – ბატონო ერეკლე, თქვენ… – ყველაფერი რიგზეა-მეთქი! – კვლავ გაუმეორა, ამჯერად უფრო მკაცრად. – სტუმარიც უკვე წასვლას აპირებდა. ანდრომ კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში, ტკივილისგან სახეშეცვლილ ერეკლეს. მერე ძირს დაყრილ წიგნებსა და ჭადრაკის ფიგურებს შეავლო მზერა, ბოლოს კი მოახლე ქალბატონს და თავის მსუბუქი დაკვრით დაუდასტურა, რომ ნამდვილად აპირებდა წასვლას. უბრალოდ არ უნდოდა იქაურობა ბოლო სიტყვის უთქმელად დაეტოვებინა ამიტომ გაიხურა თუ არა კარი მოახლემ, ზემოდან დახედა სავარძლის საზურგეზე მიწოლილ მამაკაცს. – იცოდე, მის ცხოვრებაში აღარასდროს გამოჩნდე, თორემ ბოლო ამოსუნთქვამდე დაბლენდერებული საჭმლის ჭამა მოგიწევს! – შენზე გამიგია თავის სიტყვას არასდროს გადადისო. – ყალბად ჩაეღიმა ერეკლეს. ცდილობდა ტკივილი არ შეემჩნია და ყველაფრისდა მიუხედავად მაინც ამაყი გამოჩენილიყო, თუმცა დიდად არ გამოსდიოდა. – სწორად გაგიგია… დღეს კიდევ, შენს დამხმარე ქალს უმადლოდე ეგრე იოლად გამოძრომას. – დამშვიდდი, საერთოდ აღარ ვაპირებ შენი გოგოს ცხოვრებაში გამოჩენას, – ცხვირზე მიდებული ხელსახოცი გამოცვალა მამაკაცმა, რადგან ძველი უკვე სისხლით იყო გაჟღენთილი. – მასზე ასჯერ უკეთესები ნატრულობენ, ყველაფერი გააკეთონ რასაც ვისურვებ! – ჰოდა მშვიდობაში მოიხმარე ის ასჯერ უკეთესები, – ირონიულად მიუგდო ანდრომ, კიდევ ერთხელ შეავლო ზიზღით სავსე მზერა და ერეკლეს კაბინეტიდან გამოსასვლელი კარი ფაქტობრივად ჯახუნით გამოიხურა. მისი გასვლის შემდეგ, რამდენიმე წუთის განმავლობაში უმოძრაოდ იჯდა და იატაკზე გაბნეულ ჭადრაკის ფიგურებს დაშტერებოდა ერეკლე. ეფიქრებოდა ყველაფერზე — ანდროზე, ლინდაზე და გასული ღამის ვახშამზე, საიდანაც მეტად გაღიზიანებული დაბრუნდა შინ. ფიქრების ქაოსიდან მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როდესაც გააცნობიერა, რომ ცხვირიდან სისხლდენა ბოლომდე შეჩერებული ჰქონდა. ტყავის სავარძლიდან წამომდგარმა, სარკეში საკუთარ გამოსახულებას შეავლო მზერა. ცხვირს ოდნავი ჩალურჯება ეტყობოდა, ხალათზე კი ნათლად იკვეთებოდა სისხლისგან დატოვებული ლაქები. სამზარეულოდან გემრიელი სუნი შემოვიდა. როგორც ჩანდა, თამარს უკვე დაეწყო საუზმის მზადება და მიღებული ნეგატივისგან ყურადღების გადასატანად, ერეკლეც იქითკენ გაემართა. ქალმა მაშინვე შეამჩნია მისი მიახლოვება. უკან რომ მოიხედა და მამაკაცის ჩალურჯებულ ცხვირს შეხედა, ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდა, თუმცა მათგან ერთიც არ დაუსვამს და მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: – უკვე ათი წელია თქვენთან ვმუშაობ და გიცნობთ… გამიკვირდა, ის ადამიანი რომ სახლიდან უპრობლემოდ გაუშვით და პოლიციაც კი არ გამოიძახეთ. – ძველი ვალის ამბავია, – სამზარეულოს მაგიდასთან დაიკავა ადგილი ერეკლემ. თამარი სოკოს კერძს ამზადებდა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა და ამან ცოტათი გამოუკეთა მოშხამული გუნება. – ძველი ვალის? – ჰო, თამარ, ძველი ვალის, – გონების თვალით, წარსულის მტკივნეულ ეპიზოდებს გადასწვდა მამაკაცი. – ძალიან ადრე, მისმა ტყუპისცალმა, დანიელმა, ქუჩაში ძაღლივით სიკვდილისგან გადამარჩინა, როცა ნარკოტიკული ზედოზირების ქვეშ ვიყავი. ახლა შეუძლია ჩათვალოს, რომ მისი ვალი უკვე გასტუმრებული მაქვს. ქალს სახეზე გაოცება აღებეჭდა. – თქვენ?! და ნარკოტიკები?! – იყო ასეთი დროც, – თავი დამძიმებული მზესუმზირის ყვავილივით ჩახარა. – ყოველთვის ასეთი უზრუნველი ცხოვრება არ მქონია, ეს შენც კარგად იცი. – ჰო, მაგრამ… – ქალი ცოტა ხნით მოწყდა გაზქურას, რათა ერეკლესთვის სახეში შეეხედა. რამდენიმე წამით იმაზეც ჩაფიქრდა, ღირდა თუ არა ენის წვერზე მომდგარი შეკითხვის დასმა, თუმცა ბოლოს, მაინც სძლია ცნობისმოყვარეობამ და ფრთხილად შეაპარა: – ის ბიჭი ასე გაბრაზებული რატომ იყო? თუ მისმა ძმამ სიკვდილს გადაგარჩინათ, თვითონ მას რა აქვს თქვენი საწინააღმდეგო? მამაკაცს გესლიანად ჩაეცინა. – ასე ვთქვათ, პრემიუმ-კლასის ქალი ჩაიგდო ხელში, რომელიც მინდოდა ჩემი გამხდარიყო… მაგრამ ეს უკვე დასასრულია. – ნებდებით? – უნებლიედ გაეღიმა თამარს. – ვხვდები, როცა ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ აქვს, – მშვიდად მიუგო მამაკაცმა, უკმაყოფილოდ დახედა სისხლით დალაქავებულ ხალათს და ზანტად წამოდგა სკამიდან. – წავალ, ჩავიცვამ და მოვწესრიგდები. მანამდე საუზმეც მზად იქნება… 8 8 8 8 – დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო პატარა! – მხიარულად ჩასძახა ტელეფონში ლინდამ და ეკრანზე მომღიმარი ლილეს თვალწინ, პატარა კექსში ჩარჭობილი სანთელი ჩააქრო. სამზარეულოს მაგიდას, სადაც გოგონა იჯდა, ღია ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივები ეფინებოდნენ და მასზე მხიარულად ლიცლიცებდნენ. გარედან ქალაქის ხმაურიც შემოდიოდა. მანქანები უკვე მრავლად მოძრაობდნენ ქუჩაში, თუმცა წინა ღამის ნაწვიმარი ჰაერი, მაინც უჩვეულოდ სუფთა და სასიამოვნო იყო. – რომ იცოდე, უკვე სრულწლოვანი ვარ და ამიერიდან შეგიძლია ყველაფერი მომიყვე ხოლმე, – ეშმაკურად ჩაეცინა ლილეს. – თუნდაც ის, გუშინწინ რომ ანდროს საბურთალოს ბინაში დარჩი, რა გააკეთეთ. – კრიკეტი ვითამაშეთ, – თვალები აატრიალა ლინდამ. – კარგი რა, დღესაც სქვიდვარდივით ნუ მოიქცევი! მინდოდა გუშინვე მეკითხა, მაგრამ დაბადების დღეს ველოდებოდი. ვიფიქრე, 18-ის რომ გახდები, მაშინ მაინც აღარ დამიდებს ტაბუს ინტიმურ დეტალებზე-მეთქი. ლინდამ დანანებით გადააქნია თავი. – არადა როცა კექსზე შენს მაგივრად ვაქრობდი სანთელს, ჩავიფიქრე ცოტა დასერიოზულებულიყავი. როგორც ჩანს, ჯერ არ ასრულებულა. – კარგი, კარგი, უთქმელადაც ვიცი იმ ბინაში რაც მოხდა. ახლა ის მითხარი, დილით ლოგინში საუზმე თუ მოგართვა? შხაპი ერთად მიიღეთ? რამდენ ქულას დაუწერდი? რამე თქვი, დღეს იუბილარი ვარ და არ მაწყენინო! – იუბილარი რომ ხარ, ზუსტად მაგიტომ არ ვკიდებ ყურმილს, თორემ უკვე კარგა ხნის გათიშული მექნებოდა, – გაეცინა ლინდას. – ანუ არ მომიყვები. – შეიძლება რაღაცები მოგიყვე კიდეც, თუ ადიშიდან ნინიას მომზადებულ გემრიელობებს ჩამომიტან. – რამდენიმე დღეში ჩამოვალ და ჩამოგიტან, მაგრამ მხოლოდ მაშინ მიიღებ, როცა ყველა კითხვას უპასუხებ, – ირიბი ღიმილით გადახარა თავი გვერდზე ლილემ, მერე კი მეტად სწრაფად შეცვალა საუბრის თემა. – ჰო მართლა, შენს სამსახურზე კიდევ არაფერი ისმის? – ჯერჯერობით არც ერთ გასაუბრებაზე აღარ ვყოფილვარ, იმ ამბის მერე, – უსიამოვნოდ გააჟრჟოლა ტანში ერეკლესთან შეხვედრის გახსენებაზე გოგონას. – ვერ გამიგია, ანდროს რატომ არ სთხოვ რამე შესაფერისი გიპოვოს? ორ წუთში მოაგვარებდა მაგ პრობლემას. – მას რომ ვთხოვო, ეგ უკვე ჩემი მიღწევა აღარ იქნება ლილე, – სვედიანად ამოისუნთქა გოგონამ. – არ მინდა მდიდარი კაცის ზურგს ვიყო ამოფარებული. ანდროს დახმარების გარეშე მინდა წარმოვადგენდე რაღაცას და კარგია, რომ ამას ისიც უთქმელად ხვდება. – იმედია იმასაც მიხვდა, რომ იმ თავხედ ერეკლესთან მისულიყო და ერთი კარგად შეელამაზებინა. ლინდამ თვალების უკმაყოფილო ტრიალით ამოიხვნეშა. – ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც გააკეთა. იმ დილით, უთქმელად წავიდა სადღაც და ჩემი გაღვიძებიდან ერთ საათში დაბრუნდა, მაგრამ კითხვები არ დამისვამს. – რატომ? – ლამაზი დილა იყო, განწყობა აღარ გავიფუჭე, – კვლავ სასიამოვნოდ გასცრა ტანში იმ ყველაფრის გახსენებაზე ლინდას. ანდროს ბინაში დაგროვებული მოგონებები იმდენად ეძვირფასებოდა, მათში მცირედი ნეგატივის შეტანაც არ სურდა. ცხოვრებაში პირველად ფიქრობდა ძალიან ცოტას და საკუთარ თავს ბოლომდე აძლევდა იმ ბედნიერების უფლებას, რომელიც აქამდე უცხო ხილი იყო მისთვის. – რაღაც აუცილებლად მოხდებოდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, ერეკლეს სერიოზულს არაფერს დაუშავებდა, ამიტომ ამ თემას არ ჩავუღრმავდები. – ძალიან კარგსაც იზამ, – ჩაეცინა ლილეს. – რატომ უნდა გაინტერესებდეს სხეულის რომელ ნაწილში გაულაწუნეს მაგ კაზანოვას? მე პირადად ფეხებს შორის ამოვცხებდი, რომ ცოტა დაესვენა და რაღაც დრო სულიერი განვითარებისთვისაც დაეთმო. გოგონებმა ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს, თუმცა როდესაც ლილეს ეზოში, თანაკლასელების დაბადების დღის მისალოცი სიმღერა გაისმა, ერთმანეთს სწრაფად დაემშვიდობდნენ და ლინდაც თავის საქმეს — საუზმის მზადებას მიუბრუნდა. ტაფაზე კარტოფილის შიშხინმა და ახლადდაწურული მწვანე ვაშლის წვენმა შიმშილის გრძნობა გაუმძაფრა, თუმცა მისი ფიქრები მაინც სულ სხვაგან დაფრინავდნენ. იცოდა, რომ ანდრომ, ოჯახური მდგომარეობის გამო, წინა დღეს თანაშემწე შვებულებაში გაუშვა და ახლა მისი გასაკეთებელი საქმეებიც თავზე ეყარა, თუმცა მაინც წამდაუწუმ დაჰყურებდა მობილურს მამაკაცის ზარის მოლოდინში. საუზმე ისე დაასრულა, მისი გემო ბოლომდე ვერც აღიქვა. სხეულითაც და გონებითაც მოუსვენრად იყო, ამას კი ვერაფერს უხერხებდა. ერთხანს, აივანზეც დაჰყო და საყვარელი წიგნის წაკითხვა სცადა, თუმცა როცა იგრძნო შინაარსზე ვერ კონცენტრირდებოდა, ისიც უკმაყოფილოდ გადადო გვერდზე. ანდროსთვის ხელის შეშლა ნამდვილად არ სურდა, თუმცა აღარც ასე ყოფნა შეეძლო. ბოლოს გადაწყვიტა მისთვის მხოლოდ შეტყობინება მიეწერა და გაგზავნამდე ეკრანზე მხოლოდ ერთი სიტყვა — “მაკლიხარ” აკრიბა. პასუხს უკვე თავის საძინებელში, საწოლზე გულაღმა გაწოლილმა დაუწყო ლოდინი. დიდად იმედი არც ჰქონია, რომ მამაკაცი ამას წაიკითხავდა, თუმცა როდესაც მობილურზე შეტყობინების ნაცვლად გაბმული ვიბრაციის ხმა გაიგონა, ღიმილმა უნებურად გამოანათა მის სახეზე. ვიდეო-ზარს რამდენიმე წამის დაყოვნების შემდეგ უპასუხა გოგონამ. მობილურისთვის ხმა ბოლომდე ჰქონდა აწეული და სულ მალე, მთელ საძინებელში გაისმა ანდროს ხმა: – არ მახსენდება ერთსიტყვიან შეტყობინებას ჩემთვის ასე აერიოს ტვინი. – ეკრანზე, მამაკაცის ირიბი ღიმილი გამოისახა. მისი სახის დანახვისას, ლინდამ ორმაგად იგრძნო დანაკლისი. ძალიან მოუნდა უბრალოდ მის გვერდით ყოფილიყო, ხმა არ ამოეღო და მხოლოდ ეყურებინა. – სუსტ წერტილებს ნუ ამჟღავნებ, შეიძლება ისევ შენს წინააღმდეგ გამოვიყენო. – მართლა? – კვლავ გაეღიმა მამაკაცს. – მაშინ, კიდევ ორ სუსტ წერტილს დავამატებ. პირველი — ემოციებს ვერ ვაკონტროლებ, როცა ყელზე მკოცნი და მეორე — როცა დილით ჩემს მაისურში გამოწყობილს გხედავ. ლინდამ იგრძნო როგორ დაუარა სხეულში მხურვალე იმპულსებმა. უყურებდა რა მოუსვენრად ათამაშებდა ხელში კალამს მამაკაცი, პერიოდულად კი მის ტუჩებზე გადაჰქონდა მზერა და როცა მათი ვნებიანი შეხება ახსენდებოდა, პულსიც გაორმაგებულ ტემპში იწყებდა “ცეკვას”. – როგორ მინდა ახლაც გაკოცო ყელზე. – ხმადაბლა ამოთქვა გოგონამ, თან სასიამოვნოდ დაძაბული სუნთქვაც ამოაყოლა ამ სიტყვებს. – ვგიჟდები შენს რეაქციებზე, როცა ამას ვაკეთებ. მამაკაცმა კალამი გვერდზე გადადო და სავარძელში ისე გასწორდა, თითქოს ფიზიკურად ცდილობდა ლინდას სიტყვებისგან დისტანცირებას, რათა ემოციებს მისთვის ზვავივით არ გადაევლო. მერე თვალები მოჭუტა და ეკრანს დააშტერდა. – მოხვალ საღამოს ჩემთან? – ხმა დაუბოხდა, მზერა კი იდუმალი გაუხდა. ზუსტად ისეთი, უამრავ ფარულ სურვილს რომ აერთიანებდა. – სად, შენს სახლში? – ჩემს ბინაში… ვლადი ყაზბეგშია, მაგრამ დანარჩენები სახლში არიან, მე კიდევ მინდა მთელი სამყარო კარს იქით დავტოვოთ. შემოთავაზება იმდენად მაცდური აღმოჩნდა, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ დასჭირვებია ლინდას. უკვე იცოდა, რასაც უპასუხებდა, თუმცა რამის თქმამდე ღიმილით დააკვირდა ანდროს მომლოდინე სახეს. – სამყარო მოიცდის, – თქვა ბოლოს ხმადაბლა… * * * * საღამო ხანი იდგა. ლინდა და ანდრო, გაშლილი მაგიდის წინ, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ. გოგონას დანთებული სურნელოვანი სანთლების ციმციმი, კედელზე ჩრდილებად გადადიოდა და მისაღებში თბილ, მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდა. გრძელ მუხის მაგიდაზე ღვინის ორი ბოკალი იდგა. მათი შიგთავსი თითქმის შეუმჩნეველი იყო მკრთალ განათებაზე, მაგრამ ცეცხლის ენები მაინც აძლევნდნენ მათ განსაკუთრებულ ელფერს. სახლის პანორამულ ფანჯარაში, ქალაქი უკვე ბნელდებოდა. ინტიმურობას ისიც ამძაფრებდა, რომ ხმის გამაძლიერებლებში, ძალიან დაბალ ტონალობაზე ჟღერდა გოგონას შერჩეული ნაზი მელოდია. ლინდა ბოკალის ზედაპირზე დაატარებდა საჩვენებელ თითს, თან ზედმიწევნით იხსენებდა ყველაფერს, რამაც აქამდე მოიყვანა. მის თვალებში, სანთლის მკრთალი შუქი ირეკლებოდა, გრძელი თმა კი იმდენად ბუნებრივად ეყარა მოშიშვლებულ მხრებზე, ანდრო იჯდა და უბრალოდ სიამოვნებას იღებდა ამ სანახაობით. – ბავშვობაშიც ასეთი ლამაზი იყავი? – ჰკითხა მან უეცრად. ტუჩებზე ოდნავშესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა, თან სვენებსვენებით სვამდა ბოკალში ჩარჩენილ სითხეს. – ეს შეკითხვა იყო თუ კომპლიმენტი? – მგონი, ცოტ-ცოტა ორივე. – კარგი, რადგან ამაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მეც მაინტერესებს შენი ბავშვობა. რატომღაც მგონია, რომ ძალიან დინჯი იქნებოდი. – დინჯი? – მხიარული გამომეტყველებით გააქნია თავი ანდრომ. – ორი წლის ასაკში, საბავშვო ბაღის მასწავლებლებმა მეტსახელად ვიკინგი შემარქვეს. დანარჩენს თვითონაც მიხვდები. – ყოჩაღ, სერიოზული მიღწევები გქონია, – სიცილი წასკდა. მხიარულება დიდხანს არ გაგრძელებულა. აქამდე ღიმილიანი ანდროს მზერა, რატომღაც უეცრად ჩაანაცვლა სერიოზულმა. მან ბოკალი მაგიდაზე დადგა და სკამის საზურგეს ნელა მიეყრდნო. გოგონამ იგრძნო, როგორ შეიცვალა ოთახში ჰაერის სიმკვრივე. სიცილი ნელ-ნელა ჩაუცხრა და ისიც ინსტინქტურად გაირინდა. ამის შემდეგ, დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში ორივენი დუმდნენ. ლინდამ სალათი თითქმის ძალით გასინჯა. უნდა ეღიარებინა, სულაც არ შიოდა, უბრალოდ ყურადღების გადატანას ცდილობდა იმ მზერისგან, რომლითაც თითქოს ვენებში სისხლს უდუღებდა მამაკაცი. – ჩაფიქრებული სახე გაქვს… მოხდა რამე? – ვნების მუხტებით გაჯერებულ სიჩუმეს რომ ვეღარ გაუძლო, მისი დარღვევა გადაწყვიტა გოგონამ. მოცემულ მომენტში, თითქოს ენდორფინი მიედინებოდა სისხლის ნაცვლად მის ძარღვებში. პატარა დეტალებიც კი სიამოვნებას ჰგვრიდა. მაგალითად ის, რომ საყვარელ ადამიანთან სრულიად მარტო იყო და ხელს არავინ შეუშლიდა. – რა უნდა მომხდარიყო? – ხმაც ისეთივე იდუმალი ჰქონდა ანდროს, როგორიც მზერა. – უბრალოდ ისე მიყურებ, თითქოს… ხელოვნების ნიმუში ვიყო. – გინდა გავჩერდე? – არა, არ მინდა, – თავი გააქნია. სკამის საზურგეზე მიყრდნობილმა, ბოკალში ღვინის სურნელი შეისუნთქა. დალევა არ შეეძლო, მაგრამ სურნელიც კი თავისებურ თრობის ეფექტს აძლევდა. – პირიქით, მინდა სულ ასე მიყურებდე. – ხელოვნების ნიმუშებს მხოლოდ შორიდან უყურებენ, – ნელა წამოდგა ფეხზე ანდრო. მისი ყოველი მოძრაობა გათვლილი და აუჩქარებელი იყო. მან მაგიდას შემოუარა და გოგონას ზურგს უკან გაჩერდა. – მე კიდევ, ამ წამს, ყველაფერი მინდა დისტანციის გარდა, – მამაკაცის ხელები ფრთხილად დაეშვა ლინდას მხრებზე. თითების შეხებაზე ამ უკანასკნელს ძლიერმა ჟრუანტელმა დაუარა, მალინისფერი საცხით დაფარული ქვედა ტუჩი უნებურად მოიქცია კბილებში და თვალები დახუჭა. – როცა ასე მიყურებ ხოლმე... თავში რა აზრები გიტრიალებს? – ძლივსგასაგონად იკითხა მან. – აზრები არა… უფრო ის მიტრიალებს, რისი გაკეთებაც მინდება, – სახიფათოდ ახლოს გაისმა ანდროს სუნთქვა, ლინდას ყურთან. მერე გოგონასთან ახლოსაც დაიკავა ადგილი და მის სკამს მკლავი გადაადო. – ეს ვახშამი უკვე ჩემს მოთმინებას ცდის. იქნებ მოგვიანებით დავასრულოთ? – პირდაპირ ტუჩებზე უყურებდა ამის თქმისას. ცხელმა ტალღებმა მთელ ტანში სინათლის სიჩქარით დაუარა გოგონას. არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რა იმალებოდა ამ სიტყვების მიღმა და თავისი ვარაუდის დასტური, მამაკაცის ამღვრეულ თვალებშიც ამოიკითხა. – ასეთ დროს… საჭმელზე კონცენტრირება… რთულია, – ამოთქვა ჩუმად. სუნთქვას უკვე ნათლად აჩნდა ემოციური ფონის კვალი. მანძილი ნელ-ნელა მცირდებოდა მათ შორის და იმ სახიფათო ზღვარს კვეთდა, საიდანაც, უკანდახევა უკვე შეუძლებელი იყო. – ძალიან დაძაბული ხარ… მოეშვი. – არ მინდა, რომ მოვეშვა, – პერანგის ორი ღილი შეუხსნა და ხელისგულით შეეხო მკერდზე მამაკაცს. – მსიამოვნებს ასეთი დაძაბულობა. შენც მსიამოვნებ ჩემთან ასე ახლოს. – რამდენად? – იმდენად, რომ ცოტა სახიფათოც კია… შენთვის… – მიზიდავს ხიფათი, – ქვემოთ ჩასრიალდნენ მამაკაცის ხელები, მაისურის დაბოლოებას მისწვდნენ, შემდეგ კი ფრთხილად მოაშორეს იგი გოგონას სხეულს. სანამ მათ შორის არსებული ბოლო სანტიმეტრიც გაქრებოდა, ლინდას თვალებში კიდევ ერთხელ ამოიკითხა უთქმელი თანხმობა და მის მხრებზე ჩამოყრილ გრძელ თმაში ცხვირი ისე ჩარგო, რომ საყვარელი სურნელი ღრმად ჩაესუნთქა. გოგონა შემცივნულივით მიეკრა ანდროს ნახევრად შიშველ გულ-მკერდს, მერე კი ყელიდან, კოცნით აუყვა ტუჩებამდე. ამით, თითქოს ზღვარი საბოლოოდ წაიშალა. აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, გარდა იმ სიახლოვისა, რომელიც მაგნიტური მუხტივით იზიდავდათ ერთმანეთისკენ. კოცნის პარალელურად, შეუჩერებლად დაასრიალებდა ხელებს ანდრო, ლინდას კანზე, სწავლობდა ყველა შტრიხს, იმახსოვრებდა თითოეულ რეაქციას, ოთახი კი მშვიდ მელოდიას შერწყმული, მათი მძიმე სუნთქვის ხმებით იყო სავსე. თითოეული კოცნა წყურვილის მოკვლას ჰგავდა. მამაკაცი არ ჩქარობდა, ყოველი წამით ტკბებოდა და ლინდას ნაზი სურნელით გაბრუებული, ისე ერწყმოდა მის სუნთქვას, თითქოს მხოლოდ ამ სიახლოვისთვის არსებობდა. – ჩემში ყველაფერს თავდაყირა აყენებ, ამის დე*აც! – ჩაიჩურჩულა მან, როდესაც გოგონა მაგიდაზე შემოსვა. მერე თმაში შეუცურა ხელი, თავისკენ მიიზიდა და კვლავ გაუმაძღრად დააცხრა ბაგეზე. იმ ღამით, თითქოს იქ გადაინაცვლეს, სადაც რეალური სამყაროს ხმები აღარ ესმოდათ. იმ ღამით, ორივენი ბოლომდე გაიხსნენ, ერთმანეთში დაიშალნენ და დაპირებისამებრ, დროებით კარს მიღმა დატოვეს მთელი სამყარო… 8 8 8 8 ყაზბეგის საუნივერსიტეტო ტურზე ჩაწერა ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება გახდა ვლადისთვის, რომელიც ავტობუსში ასვლიდან სულ რაღაც ხუთი წამის შემდეგ გაუხდა სანანებელი. სტუდენტები თავიანთ ადგილებზე ნაწილდებოდნენ, იცინოდნენ, ხმაურობდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ, რაც დაუსრულებელ ხმაურს იწვევდა, თუმცა ბიჭისთვის ეს ნამდვილად არ გამხდარა დისკომფორტის გამომწვევი. ის, ვინც ვლადში ეს გრძნობა გააღვიძა მისკენ მომზირალი, მეოთხე სავარძელში მჯდომი ადამიანი იყო. ბოლო მოგონებად მასზე, თეთრ კაბაში გამოწყობილი ფოტო ქცეულიყო, სადაც ბედნიერი უღიმოდა კამერას გოგონა და სხვისი ცოლის სტატუსითაც კი ყველაზე ლამაზი და სასურველ ქალად რჩებოდა ვლადისთვის. ერთმანეთში მზერები ისე გაცვალეს, თავის დაკვრითაც არ მისალმებიან. პირველი, ვინც თვალი აარიდა, ეს ვლადი იყო, რომელიც თითქოს არაფერიო ისე მიესალმა ყველას, პირადი ნივთებით სავსე ზურგჩანთა სპეციალურ საბარგო თაროზე შემოდო და მობილურში ჩამძვრალ თანაკურსელ გოგოს მიუჯდა გვერდით. – რას ამბობენ, მალე გავალთ? – ჰკითხა მშვიდად, თუმცა მხოლოდ მან თუ იცოდა, რის ფასად უჯდებოდა ის აპათია, უკან მჯდომი ადამიანის გამო რომ იფარებდა ნიღბად. გოგონამ სწრაფად მოიხედა ვლადისკენ. როგორც ჩანდა, მობილურით გართულს სრულებით ვერ შეემჩნია გვერდითა სავარძლის შევსება. – თქვეს ათ წუთშიო… რამე მოხდა? – რა უნდა მომხდარიყო, ნატა? – ისეთი სახე გაქვს, თითქოს ყაზბეგში კი არა, სობიბორის ბანაკში მივყავდეთ ყველანი. – რაღაც პონტში გაასწორებდა კიდეც მანდ. სანამ გაზი გამგუდავდა, თითქმის ყველა კურსელ გოგოს ვნახავდი შიშველს. – რა იდიოტი ხარ, – შუბლზე ხელი შემოირტყა ნატამ, თუმცა ბოლოს მაინც წასკდა სიცილი, რაშიც ბიჭიც აიყოლია. – ყველაზე მეტად, მაინც რომლის შიშველი ნახვა გინდა? – მგონი შენც გამოდგებოდი. ნატას და ვლადს კარგი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ და ერთმანეთს ხშირად ეხუმრებოდნენ თამამი, პირდაპირი ხუმრობებით. სწორედ ამიტომ არ გაუბრაზებია გოგონა ამ უხამს რეპლიკას. – ჩემზე არა, მაგრამ უკან რომ შენი გათხოვილი ყოფილი ზის, ალბათ მასზე ათასობით ფანტაზია გაწვება. – ხომ არ იცი აქ რას აკეთებს? – გულგრილად იკითხა ვლადმა. – არც სამედიცინოზე სწავლობს და არც ჩვენს ფაკულტეტზე. – როგორც გავიგე, სამედიცინოს ერთ-ერთ სტუდენტთან მეგობრობს და მან დაპატიჟა. აი, იმ გოგოსთან, ვის გვერდითაც ზის. – მაგათ უკან კიდევ შენი კაზანოვა ყოფილი ლაყბობს და საერთოდ არ გიმჩნევს, – გამოაჯავრა ვლადმაც. გულწრფელად გაამხიარულა იმ მომენტში ნატას ბრაზისგან აპრეხილმა ცხვირმა. – წინ რომ მარტო გოიმები სხედან თქვენ ორისთვის არ უსწავლებიათ? – უკნიდან სიცილით მოადგათ მაღალი, ლურჯმაისურიანი ბიჭი. ამ უკანასკნელს ხელში გახსნილი შოკოლადი ეჭირა და თუ ზომით ვიმსჯელებდით, ნახევრად უკვე შეეჭამა კიდეც. – სანდრო, დაიკარგე რა! – ახლა მას დაუბღვირა ნატამ, ვლადმა კი ხელი ჩამოართვა ახლადმოსულ თანაკურსელს. – გახსოვდეს, ერთ კვირაში შუალედურები გვეწყება და თავს ნუ ამომაშლევინებ იმ სიიდან, ვისაც კონსპექტებს ვურიგებ. – მღუპავ გოგო?! – გააჩნია როგორ მოიქცევი, – მიუგო თუ არა, მალულად გაიხედა იქითკენ, სადაც ლოლას წითური თმის უკან, მისთვის სასურველი ადამიანი მოჩანდა. ტუჩებზე სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა ნატას. ბიჭებს ეს ნამდვილად არ დარჩენიათ ყურადღების მიღმა. – გენატრება, – აღნიშნა ორივემ ერთდროულად. – საკუთარ თავებს მიხედეთ, okay? და ეგ შოკოლადი ცოტა მეც მომეცი! – დარჩენილი ფილა ხელიდან აართვა სანდროს, გოგონამ და ანერვიულებულმა მოკბიჩა. ავტობუსი მართლაც დათქმულ დროს დაიძრა საწყისი ლოკაციიდან. მძღოლმა თავიდანვე განაცხადა, რომ მგზავრობას დაახლოებით სამი საათი დასჭირდებოდა და Wi-fi-ს პაროლიც გაანდო სტუდენტებს, თუკი ვინმეს გზაში ინტერნეტის საშუალებით მოუნდებოდა დროის გაყვანა. უკანა რიგებიდან ხმაური და ღრიანცელი მოდიოდა. ვლადი და ნატაც ბევრჯერ გადაიპატიჟეს თავისთან. სანდრომაც უამრავჯერ სთხოვა საერთო მხიარულებაში ჩართულიყვნენ, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს, ამ თხოვნებს რომ დასასრული არ გამოუჩნდა, ორივემ შეთანხმებულად მოიმიზეზა, შორ გზებზე მგზავრობა გვწყენს, ამიტომ წინ უნდა ვისხდეთო და ამით მოიშორეს არასასურველი ხალხი. სინამდვილეში, მათაც სურდათ უკანა რიგებში გართობა, თუმცა ცდილობდნენ იმ ადამიანებისგან დაეჭირათ თავი შორს, რომელთა იქ ყოფნაც მთავარი საფიქრალი და დისკომფორტის წყარო გამხდარიყო. შიგადაშიგ, ლოლას ხმაც ესმოდა ვლადს. გოგონა კარგ ხასიათზე ჩანდა და აქტიურად იყო ჩართული საერთო მხიარულებაში. მისი უდარდელი ხმის მოსმენა უფრო მეტად აღიზიანებდა, ვიდრე შექმნილი სიტუაცია. ბოლოს, როდესაც საერთო ხმაურში ლოლას სიცილი გაიგო, დაუკითხავად აართვა ნატას ცალი ყურსასმენი, სწრაფად მოირგო და თავი გოგონას მხარს ჩამოაყრდნო. – გთხოვ, ეს დღეები გადამატანინე, ნატა… არ მინდა ცხელ გულზე ვინმე შემომაკვდეს! გოგონას სევდიანად გაეღიმა. – ყაზბეგში რომ ჩავალთ, ამათ გავეპაროთ და სადმე მაგრად გამოვთვრეთ. – დიაბეტი მიტრა*ებს, თორემ სიამოვნებით. – ეგ სულ დამავიწყდა… კარგი, მაშინ მე გამოვთვრები და შენ იმაზე იზრუნე, რომ ნასვამმა ჩემი იდიოტი ყოფილი არ ავკუწო. – Deal, – ხმადაბლა ამოთქვა ბიჭმა. მერე სავარძელს მოხერხებულად მიეყრდნო და როგორც კი გოგონამ წყნარ მუსიკაზე გადართო, თვალები უნებურად დახუჭა… ავტობუსი სწრაფი სვლით მიემართებოდა დანიშნულების ადგილისკენ. ვინაიდან დილით ადრიანად გავიდნენ, მოძრაობის დროს არსად შეფერხებულან. ფანჯრიდანაც მეტად ლამაზი ხედები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ოქტომბრისგან გაშიშვლებულ ხეებს აქა-იქ მაინც შერჩენოდათ შემოდგომისფერი ფოთლები, რომელთა შორის ანცად იჭყიტებოდნენ მზის ნარინჯისფრად მანათობელი სხივები. ტურის ორგანიზატორის თხოვნით, გზად მძღოლმა გუდაურის პანორამასთანაც გააჩერა და ერთი საათი გამოუყო ბავშვებს სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად. ერთადერთი, ვინც ავტობუსში დარჩა, ეს ლოლა იყო, რომელიც ფანჯრიდან ათვალიერებდა გვერდიგვერდ მიმავალ ვლადსა და ნატას და საკუთარ თავზე საშინლად ბრაზობდა იმ გრძნობის გამო, რასაც მათი ერთად ხილვისას განიცდიდა. დაინახა, როგორ გაუწოდა ვლადმა ხელი ნატას შემაღლებულ ადგილზე ასასვლელად, როგორ დაეყრდნო გოგონა სიცილით და სავარძლის ტყავის კიდეს ისე მაგრად ჩაებღაუჭა, თითის ბალიშებიც კი გაუთეთრდა. სხვისი ცოლი იყო, თითზე ოქროს რგოლი უბრწყინავდა, მაგრამ ამ წამს, ამ ავტობუსში, მხოლოდ იმის გააზრება გუდავდა, რომ ვლადს მის გარეშეც შეეძლო სუნთქვა. ერთ საათში, ყველანი უკლებლივ დაბრუნდნენ ავტობუსში და საკუთარ ადგილებზე გადანაწილდნენ. გარეთ მოსეირნე მძღოლმაც დაგეგმილზე ადრე ჩააქრო ანთებული სიგარეტი და მკვირცხლად დაიკავა კუთვნილი ადგილი, საჭესთან. ძრავა ხრინწიანად ამუშავდა. ასფალტს მოწყვეტილი ბორბლები კვლავ ყაზბეგის გზას გაუყვნენ, უკანა რიგები კი უწინდებურად მოიცვა ხმაურმა. ავტობუსის დაძვრიდან ნახევარი საათიც არ იყო გასული, ნაცნობი სურნელი რომ თავისთან ძალიან ახლოს იგრძნო ვლადმა. ამ სურნელის გამორჩევა, მილიონობით ადამიანშიც კი შეეძლო, ამიტომ ეჭვიც არ ეპარებოდა ლოლას ახლომახლო ყოფნაში. მართლაც — როდესაც გვერდზე ირიბად მიიხედა, რძისფერ მხრებზე ჩამოყრილ, გოგონას ჟღალ თმას მოჰკრა თვალი და მალე მისი ხმაც მოესმა: – შეგიძლია ადგილი გამიცვალო? – ვლადის გვერდით მჯდომ ნატას უყურებდა იგი ამის თქმისას. ბიჭისკენ სპეციალურად არ გაუხედავს. თითქოს მის რეაქციასაც კი უფრთხოდა იმ მომენტში. ვლადი არც კი განძრეულა. მხოლოდ პერიფერიული მხედველობით გახედა თავისზე მიშტერებულ ნატას, რომელიც პასუხს განზრახ აჭიანურებდა და თითქოს თვალებით ეკითხებოდა ბიჭს, რა ვქვნაო? – სულ რაღაც ხუთი წუთით, კარგი? – ამდენივე გაშლილი თითი დაანახა ლოლამ, გოგონას. – მერე ისევ შენს ადგილას დაბრუნდები. ვლადის დუმილმა და სრულმა ურეაქციობამ, ნატაც მიახვედრა, რომ დიდად თავადაც არ იყო ამ ყველაფრის წინააღმდეგი. ზუსტად ამიტომ, უხერხული ღიმილით წამოდგა ფეხზე, თავისი სავარძელი დათმო, თვითონ კი ლოლასი დაიკავა. როგორც კი სასურველ ადგილას მოთავსდა გოგონა, ერთმანეთზე შეტყუპებული თითები მუხლებს შორის მოათავსა. იქ მისვლამდე კარგად ჰქონდა მოფიქრებული რა უნდა ეთქვა, თუმცა ვლადთან ამდენად ახლო დისტანციაზე ყოფნამ, ქარის დაბერვისგან ავარდნილი მტვრის ნაწილაკებივით გაფანტა სიტყვები მისი გონებიდან. მდუმარებამ რომ ორ წუთზე დიდხანს გასტანა, ვლადს ჯერ ირონიულად ჩაეცინა, შემდეგ კი გადაწყვიტა დაესწრო და თავად გამხდარიყო საუბრის წამოწყების ინიციატორი: – რა იყო, გინდა შენს ოჯახურ ცხოვრებაზე მეჭორავო და ლამაზ სიტყვებს არჩევ? კალთაში მოქცეული თითები სწრაფად გაითავისუფლა ლოლამ. ყველაზე ნაკლებად ის სურდა, მისი შინაგანი დაძაბულობა სხვისთვისაც ყოფილიყო ხილული. – ცინიზმის გარეშე, კარგი? უბრალოდ მითხარი, აქ რატომ ხარ? – შენც ცინიზმის გარეშე მითხარი, აქ რატომ არ უნდა ვიყო? – პირველ კურსზე, არც ერთ საუნივერსიტეტო ტურზე არ ჩაწერილხარ. არც კი მოგწონდა ასეთი რამები. ვლადს კვლავ ირონიულად ჩაეცინა. ამჯერად სახეში შეხედა გოგონას და როდესაც იგრძნო, რომ მზერა მის შინდისფრად მბზინავ ტუჩებზე ეყინებოდა, სასწრაფოდ გააბრუნა თავი წინ. – მოდი გამოვიცნობ, ფიქრობ, რომ ვიცოდი შენი წამოსვლის შესახებ და ამ ავტობუსშიც მაგიტომ ვზივარ, არა? – არაფერი გამიკვირდება მას შემდეგ, რაც ჩემს ნიშნობაზე მანქანით შემოვარდი და ყველაფერი დალეწე. – სხვათა შორის, ქორწილშიც ეგრე ვაპირებდი, მაგრამ ანდროსთან რომ ჩამიშვი, უკანალზე მომცხო და მას შემდეგ ჭკვიანად ვიქცევი. – სარკაზმი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა. ვლადმა ღრმად ამოიხვნეშა. – სადაც იჯექი იქ დაბრუნდი, ლოლა, – უთხრა მან მშვიდად და ხაზგასმით. – გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს, ვიდრე შენს ცხოვრებაზე შეშლილი გოლდბერგივით ჩასაფრებაა. – თავი მასზე ნაკლებად შეშლილი გგონია? – რადგან შენი ქმრის გვამი ბენზო-ხერხით დანაწევრებული არ განისვენებს სანაგვე ტომარაში, ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ნაკლებად შეშლილი ვარ. ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა მათ შორის. ნატა უკნიდან აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას. მართალია, საუბრიდან ერთი სიტყვაც არ ჰქონდა გაგონილი, მაგრამ ვლადის სხეულის ენით თუ იმსჯელებდა, ბიჭი სიტუაციას თავს კარგად ართმევდა. – იმედია, შენს გამო აქ წამოსვლას არ ვინანებ და ნორმალურად მოიქცევი, – ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა ლოლამ. აცოფებდა ის თავდაჯერება, რომელსაც ვლადის სახეზე ხედავდა. ხვდებოდა, რომ ამ დიალოგის გაგრძლებით შეიძლებოდა თავად შერყეოდა ემოციური წონასწორობა. ასეთ დამარცხებას ნამდვილად ვერ აიტანდა, ამიტომ, სანამ ბიჭი პასუხის გაცემას მოასწრებდა ფეხზე წამოდგა და უკან მჯდომ ნატას ანიშნა, შეგიძლია კვლავ შენს ადგილს დაუბრუნდეო. სავარძლები უხმოდ გაცვალეს გოგონებმა. ნატას ვლადისთვის არ შეუხედავს, თუმცა დაძაბულმა ატმოსფერომ ინსტინქტურად წააღებინა ხელი ბიჭის მიმართულებით. მან თითები ვლადის მუხლზე მოათავსა, ოდნავ მოუჭირა და უსიტყვოდ აგრძნობინა, რომ გვერდით ედგა. ბიჭის ტუჩებზე მსუბუქი ღიმილი გაკრთა. სახეში არც მას შეუხედავს, თუმცა პასუხად, თავისი ხელისგული გადააფარა გოგონას თითებს და ფანჯრიდან გაიხედა. უყვარდა, როცა ზედმეტი საუბრის გარეშე გრძნობდა ადამიანის მხარდაჭერას. უპირველესად, სწორედ ამ თვისების გამო ირიცხებოდა ნატა მის ახლო მეგობართა სიაში. ყაზბეგი მზიანი ამინდით შეეგება მის მოსანახულებლად თავმოყრილ სტუდენტებს. ავტობუსის კარის გაღებისთანავე, სალონში მთის მჭრელი, ნესტიანი ჰაერი შემოიჭრა, რამაც ერთიანად გამოაფხიზლა გრძელი გზისგან დაქანცული მგზავრები. ტურის ორგანიზატორს, პირველი დღისთვის საკმაოდ საინტერესო განრიგი ჰქონდა შედგენილი, თუმცა დასაწყისისთვის, ყველა თავის კოტეჯში უნდა განთავსებულიყო და ბარგი ოთახში შეეტანა. ვლადმა თავისთვის ყველაზე პატარა, ორადგილიანი კოტეჯი შეარჩია, რომლის რემონტიც ნახევრად დაუსრულებელი იყო და მის გარდა არც არავის გამოუთქვამს იქ დარჩენის სურვილი. სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში, არც თავად იზამდა ამას, თუმცა ახლა ისეთ განწყობაზე იყო, პირად სივრცეში თანამოზიარე ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა. ზუსტად ამიტომ, ღამის გასათევად ისეთი ადგილი შეარჩია, სადაც მის გარდა ფეხს არავინ შეადგამდა. ბარგის დაბინავებისას საშინლად უნდოდა ცოტაოდენი დასვენების საშუალება ჰქონოდა, თუმცა ამის უფლება ტურის ორგანიზატორის ხმამაღალმა შეძახილმა არ მისცა. პირველი დღის პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო: დასაწყისისთვის, ჯგუფი დარიალის ხეობისკენ უნდა დაძრულიყო. ოქტომბრის მზე, სანახევროდ, ბამბასავით ფუმფულა ღრუბლებს ამოჰფარებოდა, მაგრამ მისი ნათება მაინც საოცრად უხდებოდა ნისლის ფარდით შემოსილ ყაზბეგის მთებს. ვლადი, მოსაცმლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიჰყვებოდა ჯგუფს. მიუხედავად ამისა, რომ თანაკურსელებთან მუდმივ კომუნიკაციაში იყო, მისი მზერა მაინც უნებურად ეძებდა ლოლას. როდესაც მთებიდან წამოსულმა სიომ სუსხი მოიკიდა, ორგანიზატორებმა სტუდენტები გველეთის ჩანჩქერისკენ წაიყვანეს. გრძელმა გზამ ყველა საკმაოდ გადაღალა, თუმცა სანახაობამ ყოველგვარი დაღლილობა გადაწონა. კლდიდან გადმოვარდნილი ჩანჩქერის ყინულივით ცივი შხეფები და ჰაერში დატრიალებული ნისლი იდეალური გამომაფხიზლებელი აღმოჩნდა. სწორედ აქ, ჩანჩქერის ძირში, ვლადის მხარი უნებლიეთ შეეხო ლოლას მხარს. გოგონა შეიშმუშნა, სველ ქვაზე ფეხი უნებურად დაუცურდა და ინსტინქტურად ჩაებღაუჭა ვლადის მაჯას. რამდენიმე წამით მათი მზერები ისევ გადაიკვეთა. ბიჭმა არაფერი თქვა, უბრალოდ ხელი შეაშველა, სანამ გოგონა წონასწორობას აღიდგენდა, მერე კი ისე ჩაუარა, თითქოს სრულიად უცხო ადამიანს დახმარებოდა. – ვლად, შეგიძლია ჩანჩქერის ფონზე სურათი გადამიღო? – ფოტო-აპარატით ხელში წამოეწია მას ერთ-ერთი თანაკურსელი გოგონა. ამ უკანასკნელს, თვალებზე მზის სათვალე მოერგო, თავზე თეთრი კეპი ეხურა წარწერით — New York, ცხენის კუდად შეკრული თმა კი კეპიდან ჰქონდა გადმოშვებული და ლამის წელამდე ჩამოსდიოდა. – შემიძლია, – ხმადაბალი, მშვიდი ტონით მიუგო ვლადმა, კამერა გამოართვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, რომ ჩანჩქერის ნაკადი კადრში უკეთ გამოჩენილიყო. – გაითვალისწინე, შეყვარებულთან ვარ ნაჩხუბარი და ფოტო ისეთი უნდა გამოვიდეს, რომ როცა ავტვირთავ, ვეღარ გაუძლოს და შერიგება მთხოვოს. ბიჭმა სიცილით ჩამოსწია ძირს კამერის ობიექტივი, გოგონას შეხედა და თვალები ეჭვით დააწვრილა. – თუ ჩემმა გადაღებულმა ფოტომ შეგარიგათ, ჯილდო რა იქნება? – რამე კონკრეტული გინდა? – ორ კვირაში რომ სლაიდი გვაქვს ჩასაბარებელი, იმის გაკეთება მაგრად მეზარება, – უთხრა თუ არა, კამერა გაასწორა და გოგონას ხელით ანიშნა ოდნავ მარჯვნივ გაწეულიყო, რათა კადრში რაღაცაზე მხიარულად მოსაუბრე ნატა და სანდრო არ გამოჩენილიყვნენ. – შეგიძლია მეორეც გააკეთო და ერთ-ერთს ჩემი სახელით წარვადგენ. – გაიძვერა ხარ, ბარათაშვილო, – გაეცინა მას და სურათის გადასაღებად ისეთი პოზა მიიღო, თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ვინმე უღებდა. – ეგ კი-ს ნიშნავს, თუ არა-ს? გოგონამ პოზა არ შეიცვალა, მხოლოდ ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი და სათვალე ცხვირზე ოდნავ ჩამოწია. – ეგ იმას ნიშნავს, რომ თუ გეგმა გაამართლებს, ლექტორი ფეხზე წამომდგარი დაუკრავს ტაშს შენს პრეზენტაციას. – მაშინ, ხელშეკრულება გაფორმებულია, – თვალი ჩაუკრა ვლადმა და თითი ღილაკს რამდენჯერმე დააჭირა. ლოლამ, რომელიც რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგომი, კლდიდან გადმოვარდნილი ჩანჩქერის ნაკადს აკვირდებოდა, უნებურად თავი მოაბრუნა. თვალები წამიერად შეავიწროვა, როცა დაინახა, როგორ აწვდიდა ვლადი კამერას თანაკურსელს და როგორ იღიმოდნენ ორივენი გადაღებული კადრების დათვალიერებისას. დაისის ცას ფორთოხლისფერი შეჰპარვოდა. ჩამავალი მზის სხივები ლამაზად გაფანტულიყვნენ ფუმფულა ღრუბლებს შორის, ჰაერის ტემპერატურა კი ნელ-ნელა ეცემოდა და სუსხს იკიდებდა. ვინაიდან უკვე ბინდდებოდა, სნოს ციხის დათვალიერება მომდევნო დღისთვის გადაიდო. ტურის ორგანიზატორმა სტუდენტებს უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა და საღამოს გეგმაც გამოაცხადა: კოცონის დანთება და მის გარშემო შეკრება, მობილურების გარეშე. ტექნიკა ყველას საძინებელში უნდა დაეტოვებინა, რადგან ორგანიზატორს სჯეროდა, რომ ციფრულ ეპოქაში, ჯანსაღი კომუნიკაციის გადასარჩენად ეს ერთადერთი გზა იყო. მისი თქმით, „ტექნიკური პაუზა“ ბავშვებს ერთმანეთთან დაახლოებაში უნდა დახმარებოდა, თუმცა ჯგუფის ნაწილისთვის ეს წესი უფრო სასჯელს ჰგავდა, ვიდრე ჯანსაღ კომუნიკაციას. ჩანჩქერთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებას რომ მორჩნენ, ბავშვები ნელ-ნელა ერთად შეგროვდნენ და მხიარული საუბრის თანხლებით დაადგნენ უკანა გზას. ვლადიც მათ შორის იყო, თუმცა თანაკურსელებში გარეულს, მოულოდნელად ნატა წამოეწია. ამ უკანასკნელმა, მაჯაზე ხელის ჩავლებით შეაჩერა, თავისკენ დაქაჩა და ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა. – დანარჩენებს ჩამოვრჩეთ, რაღაც იდეა მაქვს, – უთხრა მან უცნაურად იდუმალი ტონით. ბიჭს შეკითხვების დასმა და მიზეზების გარკვევა არც უცდია. მხოლოდ ერთხელ შეხედა ნატას ეშმაკურად აციმციმებულ თვალებს, გვერდულად ჩაეღიმა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, მორჩილად დაჰყვა მის სურვილს. სტუდენტები ორგანიზატორს მიჰყვნენ ფეხდაფეხ, მხოლოდ ნატა და ვლადი გაჩერდნენ მოშორებით. გოგონა, პერიოდულად, წინ მომავალი ლოლას მზერასაც გრძნობდა და ამაზე გულში ირონიულად ეღიმებოდა. – შენს ყოფილს უკვე მესამე ყვითელ ბარათს ვაძლევ, – უკმაყოფილოდ გადაულაპარაკა მან, ვლადს. – არ აქვს უფლება ასე აინტერესებდეს ხდება თუ არა რამე ჩვენ შორის, როცა თითზე ქორწინების ბეჭედი უკეთია. ბიჭმა სტუდენტებს შორის მომავალ ჟღალთმიანს გახედა. იმდენად ლამაზი ეჩვენებოდა სპორტულ შორტსა და მოკლე ჰუდში გამოწყობილი, თვალს სპეციალურად არიდებდა, რომ მოწოლილ სურვილებს კვლავ ჭკუიდან არ გადაეყვანა. – დაიკიდე... შენ ის მითხარი, რა იდეა გაქვს? – ჰკითხა მოჩვენებითი უდარდელობით. – გზაში რომ დალევა შემოგთავაზე, იმაზე ბევრად უკეთესი. თან, ტურის ორგანიზატორი მამაჩემის ბავშვობის მეგობარია და ბევრი თხოვნის შემდეგ დავითანხმე. – რაზე დაითანხმე? – მოვატყუე, თითქოს ხვალ დაბადების დღე გაქვს და თორმეტ საათს ჩემთან ერთად გინდა შეხვდე, ჩანჩქერთან. უფლება მოგვცა დავრჩეთ და გვიან დავბრუნდეთ. ტაქსსაც თვითონ გამოგვიგზავნის. ვლადი კარგა ხანს უყურებდა გოგონას გაკვირვებული თვალებით. თავში კითხვები ფუტკრის სკასავით ხმაურობდნენ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მალევე იპოვა მათზე პასუხი. – გინდა ის ტიპი ჩემი გამოყენებით გადაიყვანო ჭკუიდან, არა? – ქვაზე ჩამოჯდა და გამომცდელი მზერით ახედა თავზე წამომდგარ გოგოს. – მინდა კითხვები გაუჩნდეს, მე კიდევ პასუხი არ გავცე. გაურკვევლობა ყველაზე აუტანელი სასჯელია. – მის დავიწყებაზე იმუშავე, მე ამას გირჩევ. რაღაც პონტში უყვარხარ, მაგრამ ერთგულება მისი საქმე არაა, არ გამოსდის. – ეგრე მარტივი არაა, – გვერდით მიუჯდა ნატა და პლასტმასის პატარა ბოთლიდან წყალი მოსვა. – ჩემთვის პირველი იყო. ყველაფერი პირველი მას უკავშირდება. დუმილი ჩამოვარდა. ვლადი მზერამოუშორებლად აკვირდებოდა ერთმანეთის კვალდაკვალ მიმავალ სტუდენტებს. უყურებდა, როგორ პატარავდებოდნენ მისთვის ნაცნობი თუ უცნობი სახეები და თანდათან უფრო მეტად მოსწონდა ჩანჩქერზე გვიანობამდე ყოფნისა და ლოლასგან იზოლირების იდეა. – აქ დარჩენის გადაწყვეტილება ისე მიიღე, ჩემთვის არაფერი გიკითხავს, მაგრამ ჩემი სოციალური ელემენტი უკვე სულს ღაფავდა და გპატიობ. შორიდან, ორგანიზატორის მკაცრი ხმა მოისმა, რომელიც ჩამორჩენილ სტუდენტებს უხმობდა. ყველანი ცდილობდნენ, წასვლამდე რაც შეიძლება მეტი ფოტოს გადაღება მოესწროთ, ამიტომ ვლადის და ნატას არყოფნა არავის შეუმჩნევია. მხოლოდ ლოლა იყო ის, ვინც ერთი შეხედვით უდარდელად მიიწევდა წინ, თუმცა ფეხები უკან რჩებოდა იმის ინტერესით, თუ რატომ ჩამორჩა ვლადი დანარჩენებს, თანაც ნატასთან ერთად. – მე ჭკუას მარიგებ, მაგრამ თვითონ ოდნავადაც არ დაგვიწყებია, – ნატას ხმამ გამოაფხიზლა ბიჭი. ეს უკანასკნელი ისე უყურებდა, თითქოს მისი ყოველი ფიქრისა და გულისნადების რენტგენულ სხივებში გატარება შეეძლო. – არ მითხრა, რომ ეგ ასე თვალშისაცემია. – არა, თუმცა… – აქ გოგონა ჩაფიქრდა, თითქოს საუბრის გასაგრძელებლად შესაფერის სიტყვებს ეძებსო. – ცხოველების იმიტირების უნარზე თუ გსმენია რამე? აი, მაგალითად ქამელეონი აიღე. ბუნებაში გადასარჩენად იმ ფერს იღებს, რომელიც გამოადგება. შენც ასე ხარ, მასთან თავის მოჩვენებას ცდილობ, მაგრამ მე მაინც ვერ მომატყუებ. – არც ვცდილობ მოგატყუო, – ხმა იცვალა ვლადმა. ტონიც გაუცივდა, თითქოს იმ თემას შეეხნენ, რომელსაც თავის შავ ყუთში მალავდა, ბოქლომდადებულს. ნატას მიერ წამოჭრილ თემაზე საუბრის გაგრძელება აღარ სურდა, ამიტომ გადაწყვიტა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. – შენი აზრით, ამ წყლის ტემპერატურა რამდენი იქნება? – ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ აქედანაც ეტყობა, რომ ძალიან ცივია. – არა უშავს, თუ რამე, ბელას რეცეპტებით მალე დავამარცხებ ბოროტ ვირუსს. – არც იფიქრო, ვლად, წყალი გაყინულია! – წამოიძახა ნატამ, როცა ბიჭმა მაისური თავზე გადაიძრო და პირდაპირ ქვაზე მიაგდო. – გვიანია, უკვე ვიფიქრე… შემომიერთდები? – გაგიჟდი?! გამორიცხულია! – პასუხს ეგრე ძალიან ნუ იჩქარებ. – გამომწვევად შეხედა, როდესაც შარვალიც მაისურის გზას გაუყენა. – მახსოვს ერთხელ მითხარი, რომ იმ სიგიჟეების სია გაქვს, რისი გაკეთებაც ამ ცხოვრებაში უნდა მოასწრო. – მაგ სიაში გაყინულ ჩანჩქერში ბანაობა არსად წერია! – ჰოდა ჩაამატე, – მიუგო თუ არა, წყლისკენ უკუსვლით წავიდა ვლადი, თან გოგონას არ აშორებდა მზერას. შიგნით შესულს, ყინულივით ცივმა ნაკადმა სუნთქვა ისე შეუკრა, თითქოს ათასობით წვრილი ნემსი ერთდროულად შეესო კანში, თუმცა ზემოთ მაინც არ ამოსულა. ნატა ისევ ნაპირიდან აკვირდებოდა ბიჭის ნახევრად შიშველ სხეულს და გამომეტყველებაზე ემჩნეოდა, რომ ჯერ კიდევ ყოყმანობდა. – ძალიან ბევრს ფიქრობ! დატოვე შენი კომფორტის ზონა და მოდი ჩემთან! – დაუძახა ვლადმა და ჩანჩქერთან უფრო ახლოს მიიწია. – ჩემი კომფორტის ზონის დატოვება კარგად არასდროს სრულდება ხოლმე! – გპირდები, თუ ავად გახდები ჩემთან წაგიყვან და ბელა ორივეს ამოგვადენს ყელში ქათმის ბულიონს! – არ ვიცი… ძალიან ცივია? – ერთმანეთს თუ გავათბობთ და სიცივეზე ბევრს არ ვილაპარაკებთ, უფრო ასატანი იქნება. გოგონამ ღრმად ამოისუნთქა. შემდეგ ღიმილით გადააქნია თავი, თვალები დახუჭა და ისე, რომ ზედმეტად აღარ უფიქრია, ტანსაცმლის გახდა დაიწყო. მხოლოდ შიდა თეთრეულისამარა დარჩენილი, კიდევ ერთხელ დაფიქრდა იმაზე, რასაც აპირებდა, თუმცა როდესაც ვლადის მომლოდინე მზერას გადააწყდა, გადაწყვიტა კონტრარგუმენტები ფეხებზე დაეკიდებინა და წყალში სუნთქვაშეკრული შევიდა. სიცივისგან აკანკალებულმა, ინსტინქტურად გაიწია მეგობრისკენ და ბიჭმაც მაშინვე შემოხვია წელზე მკლავები. ნატას თითები, მის სველ მხრებს ეჭიდებოდა, აკანკალებული ტუჩებიდან გამოსული სუნთქვა კი პირდაპირ ყელზე ეცემოდა ვლადს. – ამ სიგიჟეს მხოლოდ შენ თუ მოიფიქრებდი, – ამოილაპარაკა ნატამ უკმაყოფილოდ, თუმცა გოგონას ტუჩები მაინც ვერ იკავებდნენ ღიმილს. – და მხოლოდ შენ თუ ამყვებოდი, – სველ თმაზე ხელი გადაისვა ბიჭმა. – ქარაფშუტა შურისმაძიებელი რომ ვიყო, დღეს კიდევ ერთ სიგიჟეს ჩავიდენდი, – სიცივისგან აკანკალებულმა, კისერზე მოხვია ხელები ბიჭს, რათა სხეულზე უფრო მოხერხებულად მიკრობოდა. – რა სიგიჟეს? – რას და დღეს ღამით, აქ, შენთან სექსი მექნებოდა და ასე გადავუხდიდი სამაგიეროს ჩემს ნაბი*ვარ ყოფილს. ვლადს ხმამაღლა გაეცინა. ჩანჩქერის ჩხრიალმა მისი სიცილის ხმა ნაწილობრივ გადაფარა. ნატამ ინსტიქტურად შეკრა წარბები. – რა გაცინებს? – ის, რომ მაგას თუ შემომთავაზებდი, გეტყოდი, პატივს გცემ და ასე ღრმად არ შევტოპავ-მეთქი. – მე კი გეტყოდი, რომ უკან გაგეკეთებინა ეგ შენი პატივისცემა, რადგან ნერვები მექნებოდა მოშლილი. ერთმანეთს რომ თვალებში შეხედეს, ორივეს ხმამაღალი სიცილი აუტყდა. ჩანჩქერთან მარტო დარჩენილებმა, სრულ სიმშვიდეში, პირველად გაიაზრეს ასე მძაფრად, რომ მათ შორის არანაირი უხერხულობა არ არსებობდა. პირიქით, შეეძლოთ ყველაზე ზღვარგადასულ თემაზეც კი ისე ეხუმრათ, რომ ურთიერთობა არ გაეფუჭებინათ. წყლის სიცივე რომ ორივესთვის აუტანელი გახდა, გადაწყვიტეს სასწრაფოდ დაესრულებინათ ბანაობა. ასეც მოიქცნენ — ზემოთ ამოსულები და ჩაცმულები, იქვე, ნაპირთან ჩამოსხდნენ, ერთმანეთს ზურგებით მიყრდნობილები. ვლადმა შარვლის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი და სანთებელა ამოიღო. თითები ეყინებოდა, თუმცა მაინც მოახერხა ცეცხლის ანთება. პირველი ნაფაზი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში და სიგარეტი ნატას გაუწოდა. – აჰა, გათბი, – უთხრა ხმადაბლა. გოგონამ სიგარეტი გამოართვა, ნაფაზი დაარტყა, თან ვლადის კეფას მიაყრდნო თავი და ცას ახედა. მასზე ნელ-ნელა უფრო მკაფიოდ იკვეთებოდა ნამგალა მთვარის გამოსახულება. – რაღაც უნდა გითხრა, – თქვა ნატამ უეცრად. ჩაფიქრებული გამომეტყველება ცხადყოფდა, რომ ახლა მისი გონება რაღაც არსებითად მნიშვნელოვან საკითხს დასტრიალებდა. – რასთან დაკავშირებით? – გახსოვს, წინა კვირაში გითხარი ათი დღით მამაჩემთან და მის ცოლთან მივდივარ მალიორკაზე-მეთქი? – მერე? – მამა უკვე თხუთმეტი წელია იქ ცხოვრობს და ესპანეთის მოქალაქეობაც აქვს. მას და მის ცოლს ძალიან კარგი სანაცნობო ჰყავთ მაღალ ეშელონებში და დამეხმარებიან, რომ სწავლა ბარსელონაში გავაგრძელო. უბრალოდ ჩემი თანხმობაა საჭირო და ყველაფერი უმოკლეს ვადებში მოგვარდება. გამოწვდილი სიგარეტი, ორი თითით ჩამოართვა ბიჭმა, ნატას და ძლიერად მოქაჩა. გულში რაღაცამ უსიამოვნოდ გასწიწკნა. ვერ იტანდა იმ ადამიანებისგან შორს ყოფნას, ვისთან ურთიერთობაც მისთვის სასიამოვნო იყო, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ სხვის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არ უნდა ეცადა. – ესპანეთში სწავლა მართლა გინდა, თუ უბრალოდ აქედან გაქცევით ცდილობ ვიღაც-ვიღაცებისგან ტვინის გასუფთავებას? – ჰკითხა რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ. გოგონას სახეს ვერ ხედავდა, თუმცა მისი სხეულის დაძაბულობას გრძნობდა. იცოდა, ნატა კარგად არ იყო. ისიც იცოდა, თავისი წარსული ურთიერთობიდან შემორჩენილ ფოტოებსა და მიმოწერებს ჯერ კიდევ ტელეფონში რომ ინახავდა. აცნობიერებდა, რამდენად სჭირდებოდა ამ ყველაფრისგან გათავისუფლება ნატას, თუმცა სურდა ეს დაბრკოლება სხვაგვარად გადაელახა და არა გაქცევით. – ეგ რა შუაშია? – თავშია… შენი ცხოვრება, შენი გადაწყვეტილებების შედეგი უნდა იყოს და არა შენი შიშების. – კარგად ჟღერს, მაგრამ თავად თუ ასრულებ იმას, რაც თქვი? – სევდიანი ღიმილით ჩამოართვა გოგონამ გამოწვდილი სიგარეტი. მის ღიმილზე ვლადსაც გაეღიმა. – სხვა, სხვის ომში ბრძენიაო, ხომ გაგიგია? შენ მაინც იცხოვრე ისე, რომ ცხოვრების ბოლოს საკუთარი თავით იამაყო. – დამშვიდდი, ესპანეთში სწავლა გადაწყვეტილი არ მაქვს, ჯერ კიდევ ვფიქრობ. აი, მალიორკას კი ნამდვილად არ გავმაზავ. იქაურობა ძალიან მიყვარს. – არც უნდა გამაზო, – თავი დაუქნია. – რა იცი, იქნებ ვინმე სიმპათიური, გარუჯული მეთევზეც გაიცნო, ცოტა ხნით მაინც გადაიტან ყურადღებას. – შენც ხვდები, რომ ეგრე მარტივი არაა. – მართალი ხარ… ერთი მაგისიც! საერთოდ არაა მარტივი, – მტკივნეულად ამოთქვა ვლადმა და მისი სიტყვები, სიგარეტის კვამლთან ერთად გაიფანტა სუსხით გაჯერებულ ჰაერში. * * * * ჩანჩქერიდან საკმაოდ გვიან დაბრუნდნენ ვლადი და ნატა. იმის გამო, რომ ღამის სუსხისთვის ორივეს შეუფერებლად ეცვა, ერთმანეთს მალევე გამოემშვიდობნენ და ორივენი თავ-თავიანთ კოტეჯში შეიკეტნენ. შიგნით შესულმა ბიჭმა რომ კედლის მოწიკწიკე საათს ახედა, თავი ოდნავშესამჩნევი ღიმილით გადააქნია. თითქმის გამთენიის სამი იყო. ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმოდა. ისრების წიკწიკა ხმა ერთადერთი იყო, რაც გარშემო გამეფებულ მყუდროებაში უხეშად იჭრებოდა. თხელი ფარდა ოდნავ გადასწია და ფანჯრიდან უხალისოდ გაიხედა ბიჭმა. ვერცხლისფრად მოელვარე მთვარის შუქზე, ჩამქრალი კოცონის კვალი იკვეთებოდა, რომლისგანაც მხოლოდ გაცივებული ნახშირიღა დარჩენილიყო. ელექტროენერგია ყველა კოტეჯში გაეთიშათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ დანარჩენებს უკვე ღრმა ძილით ეძინათ. ფანჯარაში ყურება რომ მობეზრდა, ჯერ თბილი შხაპი გადაივლო ვლადმა, შემდეგ კბილები გაიხეხა და აბაზანიდან გამოსული, წელზე მოხვეული პირსახოცით ჩამოჯდა საწოლზე. სველ სხეულზე აქა-იქ შერჩენილ წყლის წვეთებს, ციტრუსების გრილი, სასიამოვნო სურნელი ერეოდა. ტელეფონს უინტერესოდ დახედა. რამდენიმე ზარი და შეტყობინება ჰქონდა გამოტოვებული, თუმცა ყველაზე მეტად მათგან ერთმა მიიქცია ყურადღება. ვლადს სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა. ინსტინქტურად შეკრულ მუშტზე ძარღვები ისე ნათლად გამოეკვეთა, როგორც ვულკანური ლავისგან დატოვებული ღარები. შეტყობინების ტექსტი თავიდან გადაიკითხა და ისიც შეამჩნია, რომ იგი ხუთი წუთის წინ იყო გამოგზავნილი. ფანჯარასთან კიდევ ერთხელ მივიდა და გარეთ გაიხედა. ჩამქრალ კოცონთან ახლოს, ღამის ბადისებრი ფანრისა და მთვარის ერთობლივ შუქზე, მკრთალად იკვეთებოდა კაპიუშონიანი მოსაცმელიდან გადმოყრილი ლოლას წითური თმა. გოგონა ჩაფიქრებული სახით იჯდა, მუხლებში მოხრილი ფეხებისთვის ნიკაპი ჩამოეყრდნო და დროის გასაყვანად, წვრილი ჯოხით ქექავდა გაცივებულ ნახშირს. ვლადის მობილურის ანთებულ ეკრანზე, თითქოს წითლად ციმციმებდა და საგანგაშო სიგნალებს გამოსცემდა სამი სიტყვა — “გარეთ გამოდი, გელოდები!”. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სმარტფონი მის ხელში ნაკვერჩხალივით ხურდა. საფეთქლებზე პულსი ნერვიულად უკაკუნებდა, შიგნით დაგროვილი ბრაზი კი თვალშისაცემად დაჭიმული ყბებით იკვეთებოდა მის სახეზე. ბიჭს დიდხანს აღარ დაუყოვნებია. მრისხანებამ იმდენად შეიპყრო, გარდერობიდან ის გამოიღო, რაც ხელში პირველად მოხვდა, სწრაფად ჩაიცვა, სველ თმაზე კეპი დაიხურა და კოტეჯიდან კარის ჯახუნით გავარდა. ამ ხმაზე, ლოლამ მომენტალურად ასწია თავი. ვლადის გამომეტყველებამ ისე შეაკრთო, წამით ინანა კიდეც, რომ მისწერა, თუმცა კითხვები, რომლებიც გოგონას თავში ტრიალებდნენ, მოუსვენრობიდან, არითმიულ ფონში გადაზრდილიყო. დაძინებას ვერაფრით ახერხებდა. რამდენჯერაც თვალი მოხუჭა, იმდენჯერ ნატა და ვლადი წარმოუდგა თვალწინ, რომლებიც ჩანჩქერის ქვეშ ერთმანეთს კოცნიდნენ, ეალერსებოდნენ, ეხუტებოდნენ. ამ დროს, ჰაერიც კი არასაკმარისი ეჩვენებოდა. უნდა სცოდნოდა რატომ გაქრნენ ეს ორნი საეჭვოდ და რატომ დაბრუნდნენ ასე გვიან. ვერ იტანდა საკუთარ თავს ამის გამო. მთელი გულით ეზიზღებოდა. ხვდებოდა, არანაირი უფლება არ ჰქონდა მსგავსი რამებით დაინტერესებულიყო, როცა გათხოვილი ქალი ერქვა, თუმცა იმის წარმოდგენაც კი ზარავდა, რომ ოდესმე ვლადს მუდმივი პარტნიორი შეიძლებოდა ჰყოლოდა, შეჰყვარებოდა და ბოლოს ცოლის სტატუსით შეეყვანა თავის საძინებელში. – იმედია რაღაც სერიოზული მიზეზი არ გაძინებს, ასეთ დროს რომ შეხვედრას მინიშნავ, ნაცარქექეია! – კვლავ გაბრაზებული გამომეტყველება ჰქონდა ვლადს. გოგონამ მაშინვე აარიდა თვალი. უარესად დაითრგუნა, როდესაც ბიჭი მის გვერდით ჩამოჯდა და გამჭოლი მზერა ესროლა. გარეგნულად, სიმტკიცის ნიღაბს ეფარებოდა ლოლა, თუმცა ან ნიღაბს იქით გამეფებული ქარიშხალი, გულს აიძულებდა გაორმაგებული ტემპით გაეგრძელებინა მუშაობა. უკვე სურდა ის თითები დაემტვრია, რომლითაც შეტყობინება აკრიფა და გაგზავნა. ახლა რა უნდა ეთქვა? მას ხომ არანაირი საფუძვლიანი მიზეზი არ გააჩნდა, ბიჭისთვის შეხვედრის დასანიშნად? როგორ დაეძვრინა თავი ამ უხერხული სიტუაციიდან? – თვითონ რატომ არ გძინავს ასეთ დროს? – გადაწყვიტა სათქმელისთვის გვერდიდან მოევლო. – როგორც მახსოვს, აქ ყველანი გაცილებით ადრე დავბრუნდით, ვიდრე შენ და შენი ახალი გოგო. – რას ვიზამთ, ჩანჩქერში ჭყუმპალაობას შევყევით, – ცალყბად ჩაეცინა ვლადს. – ახალ გოგოს რაც შეეხება, მაგ სიტყვებს მასთან ნუ გაიმეორებ, თორემ შეიძლება ცხვირი გაგიტეხოს. – ჰოო? – წარბები მაღლა აზიდა ლოლამ. დაჭიმული სხეული ოდნავ მოუდუნდა. საუბარი სრულიად შემთხვევით, ახსნა-განმარტების გარეშე მიდიოდა იქითკენ, რაც მას აინტერესებდა, თანაც ისე, რომ ზედმეტი საუბარი აღარ დასჭირვებია. – დავიჯერო მხოლოდ თანაკურსელად გთვლის? ან შენ არ გდომებია მისნაირი სექსუალური გოგო შენი გამხდარიყო? მიმზიდველად არ თვლი? – მიმზიდველადაც ვთვლი და სექსუალურადაც, მერე? – ანუ არ უარყოფ თქვენს ურთიერთობას, – კვლავ განაგრძობდა ნაცრის ჯოხით ქექვას გოგონა. ცდილობდა ყურადღება ამ საქმიანობაზე გადაეტანა. ეს ნაწილობრივ ეხმარებოდა იმაში, რომ ბიჭის სიტყვების გამო ცუნამივით მოვარდნილი ნეგატივი, გამომეტყველებაზე არ არეკლილიყო. ვლადი რამდენიმე წამით ჩუმად იჯდა. შემდეგ ლოლას შეხედა, თავი ოდნავ ჩახარა და ხმამაღალი სიცილი აუტყდა. დიდხანს იცინოდა და სპეციალურად აიგნორებდა გოგონას გაბრაზებულ მზერას. ბოლოს, როცა სული მოითქვა, ღრმად ამოისუნთქა და ისე სწრაფად მიიღო სერიოზული გამომეტყველება, თითქოს ფილმის ერთი კადრი, მეორეთი ჩაანაცვლესო. – წარმოუდგენელი ეგოისტი ხარ, – აშკარა ბრაზი და იმედგაცრუება იკითხებოდა მის ხმაში. – მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ოჯახი გაქვს, გინდა მთელი ცხოვრება შენზე ფიქრში გავატარო და ახლოს არავინ გავიკარო. ლოლას სახეზე წამიერად ყოველგვარი ფერი გაქრა. ჯოხი, რომლითაც გაცივებულ ნახშირს ქექავდა, ხელიდან გაუსხლტა და მტვერში დაეცა. – ეგოისტი? – ჩურჩულით გაიმეორა გოგონამ მზერა გაუსწორა. თვალებში ცრემლი მოაწვა, თუმცა სიამაყე არ აძლევდა უფლებას, ვლადის წინაშე ეტირა. – რატომღაც გგონია, რომ უდარდელი ცხოვრება მაქვს და მინდა შენ იყო უბედური, მაგრამ ასე არაა. ჯერ კიდევ ვერ ვეჩვევი ჩემს ახალ სტატუსს, იცი ეს?! – და მე რა შუაში ვარ?! – ტონს აუწია ვლადმა. გოგონა ინსტინქტურად შეიშმუშნა და თვალები დახარა. – თვითონ აირჩიე ეგ ცხოვრება. თვითონ გაიკეთე ეგ ბეჭედი. ახლა კი გინდა, რომ მაგ არასწორი არჩევანის საფასური მე გადავიხადო. გინდა, რომ შენს რეზერვში ვიყო — თბილი, ერთგული ვლადი, რომელიც ყოველთვის ელოდება, როდის მოგინდება მასთან დაბრუნება, მაგრამ არა! შეიძლება ისევ მიყვარხარ, მაგრამ არ ვაპირებ ამ სიყვარულის ჭკუაზე ვიარო! – ნუ ამბობ, რომ გიყვარვარ… ეს ძველ დროს მახსენებს და არ მინდა… – არ ინერვიულო, ამას მეტად აღარ გაგიმეორებ. ბოლომდე შენი ქმრისთვის გადამილოცია ეგ უფლება. – ჩემი ქმარი, – სევდიანად ჩაეღიმა გოგონას ამ სიტყვებზე და სახეზე ხელები ჩამოისვა. ვლადმა ცოტა ხნის წინ მასთან ისეთი რამ აღიარა, აღარც თავად აპირებდა თვალთმაქცობას, ამიტომ გადაწყვიტა ნიღაბი ბოლომდე ჩამოეხსნა. – ის… შენგან განსხვავებით არასდროს ყოფილა ჩემი აჩქარებული პულსის მიზეზი… ამის გამო ძალიან ვბრაზობ საკუთარ თავზე. ვლადს ხმა არ ამოუღია, თუმცა იგრძნო როგორ აუწვა შინაგანად ყველაფერი რაღაც უხილავმა ძალამ. ლოლას სიტყვებმა ისე დაამძიმა, როგორც იმ მთების სიმძიმემ, ღამის სიბნელეში რომ ბუნდოვნად იკვეთებოდნენ. – ვიცი ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ… – ჰო, არ უნდა ამბობდე! – უხეშად გააწყვეტინა ბიჭმა. – თითზე ბეჭდით და მაშინ, როცა სხვა კაცის ლოგინში გძინავს, მაგ სიტყვებს არ უნდა მეუბნებოდე! – ვლად… – იცი მაგის თქმის უფლება როდის დაკარგე? – ჰკითხა ისეთი ხმით, რომელშიც ტკივილზე მეტად დაღლილობა იგრძნობოდა. – მაშინ, როცა თეთრი კაბა ჩაიცვი და ჩემს ნაცვლად, სხვა კაცს დაუდექი გვერდით. ყველა ოცნება, რაც შენთან დაკავშირებით მქონდა, მის მკლავებში მოკალი, შენს საქორწინო ღამეს! ლოლამ მუხლებზე ხელები შემოიხვია, თავი ჩახარა და ოდნავ გვერდზე მიიწია, თითქოს ბიჭისგან მომავალი სიცივე აფრთხობდა. – შენ მე მიღალატე, ვლად… – ერთადერთი, ვინც ჩვენს ურთიერთობას უღალატა, თვითონ ხარ! – საჩვენებელი თითი გულზე მიადო და მსუბუქად უბიძგა. – მაგრამ კარგი, გააგრძელე საკუთარი თავის იმაში დარწმუნება, რომ მოღალატე ვარ. იქნებ მერე მაინც აგიჩქარდეს პულსი შენი ქმრის უღიმღამო მოფერებისას. – მტკივნეულ ადგილას მაჭერ. ვლადს ირონიულად ჩაეცინა. – ნაცნობი გრძნობაა. – ახლა მაინც აღარ აქვს აზრი დამალვას, ხომ ხვდები? – ხმა უკანკალებდა გოგონას. სასოწარკვეთა და დაძაბულობა თითოეულ მიმიკაზე თვალნათლივ ეტყობოდა. – ჩვენ შორის უკვე იმხელა კედელია, ვეღარაფერი დაანგრევს, ამიტომ მითხარი, მაგ ღამით იმ გოგოს მართლა არ შეხებიხარ? – არ შევხებივარ, არა! – გააწყვეტინა ვლადმა მეტად მკაცრი, მტკიცე ხმით. – თითიც კი არ დამიკარებია. ჩემთვისაც ისეთივე სიურპრიზი იყო რაც იმ დილით ნახე, როგორც შენთვის! – ვერ ხვდები, რომ რასაც მიყვები ძალიან სულელურად ჟღერს?! – კი, სიმართლე ზოგჯერ მართლა ჟღერს სულელურად, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს… წავიდა ის დრო, როცა საერთო მომავალს ვგეგმავდით და იმაზე ვკამათობდით, შინაურ ცხოველად ძაღლი უნდა გვყოლოდა, თუ კატა. ვლადის სიტყვებმა ჰაერი ისე გაკვეთა, თითქოს მწვერვალებიდან ზვავი დაეშვა და ყველაფერი ცოცხლად დამარხა. ლოლა გაქვავდა. ის „სულელური სიმართლე“, რომელსაც ბიჭი ასე მშვიდად, თითქმის უემოციოდ ამბობდა, მისთვის მთელი ცხოვრების ნგრევას ნიშნავდა. არ უნდოდა იმის დაჯერება, რაც ცოტა ხნის წინ მოისმინა. მის სიმშვიდეს აწყობდა, რომ ვლადი მოღალატე ყოფილიყო, თუმცა ეჭვები მაინც პარაზიტულად უღრღნიდა გულს. – გთხოვ, ნუ ამბობ, რომ მე შევცდი, – ინსტინქტურად ჩასჭიდა ბიჭის გაყინულ მარჯვენას თავისი თითები. ვლადი შეკრთა, მაგრამ ხელი არ გამოუწევია. მისი ყბის ძვალი ნერვიულად თამაშობდა. არ უნდოდა დაენახა ლოლას თვალებში ჩამდგარი ის სასოწარკვეთა, რომელიც ახლა მასშიც ყველაფერს ვულკანური ლავასავით სწვავდა. – წადი, დაიძინე… ხვალინდელი დილა გათენდება და ისევ ისინი ვიქნებით, ვინც ვართ. შენ სხვისი ცოლი, მე კი მოღალატე ნაგავი. – არ შემიძლია დაძინება, გესმის?! – იფეთქა უცებ ლოლამ და მხრებში ორივე ხელით ჩააფრინდა ვლადს. – შენ ვერასდროს მიხვდები რა რთულია, როცა ათასი მიზეზის მოგონება გიწევს, ცოლ-ქმრული ურთიერთობისგან თავის ასარიდებლად. საკუთარ თავს მუდამ ვუმტკიცებ, რომ სწორად მოვიქეცი, იმიტომ რომ ნაბი*ვარი ხარ! ახლა კი მეუბნები, რომ... რომ ყველაფერი ჩემი ბრალია? ვლადი მკვეთრად შემობრუნდა. ლოლას ხელები მის მოსაცმელზე მჭიდროდ იყო ჩაბღუჯული. ბიჭის თვალებში წამიერად ისეთი ტკივილი გაკრთა, რომელსაც ვერანაირი ირონია ვეღარ ფარავდა. – ჩემი ბრალიც იყო, – ამოიჩურჩულა მან და ნაზად ჩამოატარა ხელი გოგონას სახეზე. მისი თითები ყინულივით ცივი იყო, მაგრამ ლოლას კანს მაინც ცეცხლივით წაეკიდა ეს შეხება. – ჩემი ბრალი იყო, რომ ზედმეტად ამაყი აღმოვჩნდი. მეგონა, თუ მიცნობდი და მენდობოდი, უნდა გცოდნოდა, რომ ამას არ ვიზამდი. – გთხოვ, მითხარი, რომ მასთან იწექი! ძალიან მტკივა, გთხოვ მითხარი და დავასრულოთ… გევედრები თქვი! ლოლას მთელ სხეულში შეამცივნა. ვერ ხვდებოდა მთიდან მონაბერი სუსხი იყო ასეთი ცივი, თუ ნერვულ ფონზე უკანკალებდა ტუჩები. მისი უმწეო მდგომარეობის შემყურე ვლადმა უმოქმედოდ ჯდომა ვეღარ შეძლო და სრულიად მოულოდნელად, თავისთან ძალიან ახლოს მიიზიდა ცრემლმომდგარი გოგო. – არ იტირო, – ჩაიჩურჩულა ბიჭმა პირდაპირ მის თმასთან. საყვარელი სურნელის შეგრძნებამ, კვლავ უწინდელივით დაახვია თავბრუ. იმ მომენტში საბოლოოდ დარწმუნდა, რომ გრძნობა ერთი პროცენტითაც არ განელებულიყო და ჯერ კიდევ უცვლელად ინახებოდა მის გულში. – დაივიწყე ჩვენი დღევანდელი საუბარი და… ბიჭს სიტყვა გაუწყდა. ლოლას ტუჩების მოულოდნელმა შეხებამ, მათ შორის დუმილი ჩამოაგდო და იქაურობა სახიფათოდ დამუხტა. კოცნა წყურვილის მოკვლას ჰგავდა. გოგონას, ხელები მის კისერზე ჰქონდა მოხვეული და მთელი სხეულით ეკვროდა, მონატრებული სიახლოვისგან კი, სულისშემძვრელი ჟრუანტელი უვლიდა. როდესაც კოცნაში ვლადის აქტიური აყოლა იგრძნო, ბიჭის კალთაში გადაინაცვლა, წამით თვალებში ჩახედა და შუბლზე, შუბლი მიაყრდნო. – გთხოვ, ამაღამ ხელი არ მკრა, – ღამის სიბნელეში ვედრებასავით გაისმა მისი ხმა. – მხოლოდ ერთხელ… მჭირდება ვიგრძნო, რომ ისევ ცოცხალი ვარ. ვლადი დაიძაბა. ლოლას სიტყვებმა მის თავშეკავებაში უზარმაზარი ბზარი გააჩინა. გრძნობდა გოგონას სხეულის სიმხურვალეს, მის აჩქარებულ გულს, რომელიც ახლა მკერდზე ებჯინებოდა და თითქოს პასუხს სთხოვდა ყოველი წამისთვის, რაც ერთმანეთის გარეშე გაატარეს. – ლოლა… ამას ნურც შენს თავს გაუკეთებ და ნურც, მე… – დახშული ხმით ამოთქვა ბიჭმა. სცადა მისი ხელები მხრებიდან მოეცილებინა, თუმცა ეს უფრო საკუთარი თავის მოტყუებას ჰგავდა, ვიდრე რეალურ წინააღმდეგობას. – ორივეს სანანებელი გვექნება, თუ ამას ვიზამთ. – ხვალინდელ დღეზე ნუ ფიქრობ, – მუცელზე გაუბედავად გადააჯდა გოგონა. მისი ტუჩები ვლადის ყურთან ისე ახლოს აღმოჩნდა, ბიჭს სუნთქვა დაუმძიმდა და უნებურად დახუჭა თვალები. – მჭირდები! თითქმის ყოველ ღამით მესიზმრება შენი მოფერება… ყველაზე ცუდი ისაა, რომ ზუსტად ვიცი, იგივეს ვერავინ განმაცდევინებს. ვლადმა ღრმად ამოისუნთქა. ცდილობდა გაეხსენებინა, ის სიმწარე, რომელიც ლოლას ქორწილის დღეს იგრძნო, მაგრამ გოგონას თითები მის თმაში ისე ნაზად და ამავდროულად სასოწარკვეთილად დაცურავდნენ, ყველანაირ ბრაზს აბათილებდნენ. თვითკონტროლის უნარი, რომელიც მისი გადარჩენის ერთადერთი გარანტია იყო, ახლა უსარგებლო ნივთივით მიიწევდა უფსკრულში გადასაჩეხად და უკან მხოლოდ პრიმიტიულ, მშიერ ლტოლვას ტოვებდა. ხელები, რომლებიც წამით ადრე ლოლას მოგერიებას ცდილობდნენ, ახლა ინსტინქტურად, თითქმის ცხოველური სიმძაფრით მოეჭდნენ მის წელს. ბიჭმა უფრო მჭიდროდ მიიზიდა იგი, თითქოს სურდა მასში ჩაღვრილიყო და ის სიცარიელე ამოევსო, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უღრღნიდა გულს. – ჯანდაბას... – თითქოს უსიამოვნო ფიქრებს იშორებსო, თავი გააქნია ვლადმა და ლოლას ნიკაპს თითები ჩაავლო. – ჯანდაბას ყველაფერი! ეს ჩემი არც პირველი შეცდომა იქნება და არც, ბოლო! ორი წუთის შემდეგ, უკვე ვლადის კოტეჯის დახურულ კარს მიღმა ეალერსებოდნენ ერთმანეთს. ბიჭის კოცნა უკვე აღარ იყო ფრთხილი. ეს იყო შურისძიებაც, ბრაზიც და უსაზღვრო მონატრებაც. ვლადი ისე ეხებოდა ლოლას, თითქოს სურდა დაემახსოვრებინა მისი კანის ყოველი სანტიმეტრი, რათა მერე, მარტოობის გრძელ ღამეებში, ეს მოგონება საგზლად გაჰყოლოდა. ბიჭის ყოველი შეხება ლოლას აიძულებდა, საკუთარი სხეული თავიდან აღმოეჩინა. გოგონას თვალები დახუჭული ჰქონდა და ხელებს ბიჭის გულ-მკერდზე დაასრიალებდა. მას ახლა არ სჭირდებოდა მორალი, არ სჭირდებოდა იმის გარჩევა რა იყო სწორი და რა, არასწორი. მას სჭირდებოდა ეს დაცემა, რათა მიმხვდარიყო, რომ ისევ ცოცხლობდა და ისევ შეეძლო შეცდომების დაშვება. როდესაც ვლადმა მაისურის ქვეშ შეუცურა ხელები და მისი თითები მკერდს შეეხო, გოგონამ ქვედა ტუჩზე ისე იკბინა, რომ სისხლის გემოც კი იგრძნო. დანაშაულის გრძნობა წამიერი ტალღასავით მოაწვა, მაგრამ ბიჭის კოცნამ ეს ტალღა კვლავ უკან გადაისროლა. – მინდა ვუყურო, როგორ კანკალებ ჩემს ქვეშ! ამის ყურებას არაფერი მერჩივნა! ლოლას უკვე თავბრუ ეხვეოდა. ვლადის კომპლიმენტები არ იყო დახვეწილი ან პოეტური. ისინი იმდენად შიშველი, უხეში და პირდაპირი იყო, რომ გოგონას სისხლს უდუღებდა. – ვლად, მგონი შეცდომას ვუშვებთ... – ამოთქვა სუსტად, მაგრამ მისი ხელები უკვე ბიჭის პერანგს გლეჯდნენ. ეს იყო ბრძოლა საკუთარ თავთან, რომელიც ლოლას წინასწარვე ჰქონდა წაგებული. ვლადმა ის საწოლზე დააგდო და სწრაფად გაათავისუფლა სამოსისგან. შემდეგ მის ზემოთ მოექცა, ხელები უხეშად დაუჭირა და მისი სხეულის თვალიერება დაიწყო. – შეხედე შენს თავს... – ჩასჩურჩულა მან და მზერით გოგონას მოშიშვლებულ მუცელსა და მკერდს აუყვა. – იდეალური ხარ და მაინც სხვისი! ამის დედ*ს შ*ვეცი! – მოკეტე და მაკოცე! – სამაგიეროს გადაგიხდი იმისთვის, რაც გამიკეთე. არ დაგზოგავ! ვლადი კოცნა ლოლას სხეულზე ცეცხლის კვალივით რჩებოდა. ის მართლაც არ ზოგავდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და ბოლომდე იღებდა იმას, რაც სურდა. ლოლამ იგრძნო, როგორ ჩაესო კბილები მხარზე და ტკივილმა, სიამოვნებასთან ერთად ისეთი სიმძლავრით დაარტყა, რომ თვალთ დაუბნელდა. ბიჭის ხმა მბრძანებლური იყო, მისი ქმედებები კი უხეში. ხელებს ისე მჭიდროდ უჭერდა ქვეშ მოქცეული გოგონას თეძოებს, ალბათ სამახსოვროდ ლურჯ ლაქებსაც დაუტოვებდა, მაგრამ ლოლას ეს არ აინტერესებდა. მას ახლა სჭირდებოდა ეს სიმძიმე, ეს სიცხე და ეს ქაოსი. ოთახში ჰაერი აღარ იყო, მხოლოდ მათი სხეულების შეჯახების ხმა და ლოლას წყვეტილი აღიარებები ისმოდა იმის შესახებ, თუ როგორ ენატრებოდა ეს ყველაფერი. გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა, ფრჩხილები ბიჭის მხრებში ჩაასო და ტუჩებზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა. – ჩემი ხარ! – მოესმა ვლადის სიტყვები ყურთან ძალიან ახლოს. – ამაღამ მაინც, ბოლომდე ჩემი ხარ და ჯანდაბაშიც წასულა ყველაფერი დანარჩენი! იმ წამს, ორივემ ზუსტად იცოდა, რომ ხვალინდელი დილა მათ ცხოვრებაში ყველაზე რთული იქნებოდა, მაგრამ ახლა... ახლა მხოლოდ მძიმე სუნთქვა და სიბნელე არსებობდა, რომელშიც ისინი საკუთარ თავებსა და საღად აზროვნების უნარს კარგავდნენ. * * * * ყაზბეგის დილა ისეთივე დაუნდობელი აღმოჩნდა, როგორც ის რეალობა კარს მიღმა რომ ელოდა კოტეჯში განმარტოებულ, ღამეული ცოდვით შეპყრობილ წყვილს. მზე ნახევრად ჯერ კიდევ მთებს მიღმა იმალებოდა, მაგრამ ცივი, ლიმონისფერი ნათება მყინვარწვერის თეთრ კალთებს უკვე ლამაზად აბრჭყვიალებდა. ვლადი მხოლოდ ჯინსის შარვლით იდგა გაღებულ ფანჯარასთან, თითებს შორის სიგარეტი ჰქონდა მოქცეული და დილის სუფთა ჰაერს შერეულ, ნაცრისფერ კვამლს ისე აყოლებდა მზერას, თითქოს მასში რაღაც პასუხის ამოკითხვას ცდილობდა. ზურგის კუნთები ყოველი ჩასუნთქვისას ნერვიულად უთამაშებდა, კანზე კი აქა-იქ ისევ ჩანდა ლოლას ფრჩხილებისგან დატოვებული მკრთალი კვალი, როგორც წინა ღამით მომხდარის ერთ-ერთი მტკიცებულება. მთის მწვერვალები ღამის ნისლს თანდათანობით იშორებდნენ. სანახაობა იმდენად ლამაზი იყო, ბიჭი თვალს ვერ აშორებდა, მაგრამ ბუნების ეს უტყვი დიდებულება ახლა მასში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევდა. მთების სიმშვიდე აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ ქაოსთან, რომელიც ახლა მის შიგნით ტრიალებდა. ყელში საშინელი სიმწარე ჰქონდა გაჩხერილი. დანაშაულის გრძნობა, რომელსაც ღამით ირონიითა და ვნებით ახშობდა, ახლა ცივ, გამჭვირვალე ლოგიკად ქცეულიყო. საღ გონებაზე უკვე კარგად ხვდებოდა, რომ სისუსტის გამოჩენით მან ლოლასთან ერთად, საკუთარ თავსაც მიაყენა ზიანი. ჩამწვარი სიგარეტი, ფანჯრის რაფაზე დადებულ საფერფლეში ჩააჭყლიტა ბიჭმა და მძიმე ნაბიჯით გადაინაცვლა იმ საწოლისკენ, რომელშიც ღამით საკუთარი პრინციპები მოკლა. მზის ნაზი, ოქროსფერი შუქი ლოლას სახეს მომაჯადოებელ ბზინვარებას აძლევდა. პლედში გახვეული და მშვიდად მძინარე იმდენად ლამაზი იყო, ვლადს სურვილი გაუჩნდა მაგრად მოხვეოდა და დაეცვა იმ რეალობისგან, რომელიც კარს მიღმა ელოდათ, მაგრამ ეს სურვილი მალევე ჩაახშო. ამის ნაცვლად ცივად, ყოველგვარი ემოციის გარეშე შეეხო მხარზე, გასაღვიძებლად მსუბუქად შეარხია და კვლავ უწინდელ ადგილს დაუბრუნდა. ახსოვდა, რომ ლოლას ფხიზელი ძილი ჰქონდა და უფრო ძლიერი მცდელობა აღარ დასჭირდებოდა. მართლაც — გოგონამ სწრაფად დაიწყო მოფხიზლება და პირველი, რაც თვალების გახელისას დაინახა, ეს ფანჯარასთან მდგომი ვლადის ზურგი იყო. საწოლზე ზანტად წამოჯდა ლოლა, თან მჭიდროდ შემოიხვია პლედი შიშველ მკერდზე. ნასიამოვნებ სხეულს თანდათანობით ააცოცდა დანაშაულის სიმძიმე. დაინახა კედელთან მიმოფანტული თავისი ტანსაცმელი, ხალიჩაზე დაყრილი გამჭვირვალე საცვლები და სინდისის ქენჯნით აღსავსე, კვლავ ბალიშებს მიაწვა. – ვლად… – დაიძახა ჩურჩულით რამდენიმე წამის შემდეგ. სურდა მისგან მაინც გაეგო რამე ისეთი, რაც ორი მამაკაცის წინაშე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს მხრებიდან მოხსნიდა და პასუხისმგებლობას ცოტათი მაინც მოაშორებდა, თუმცა ბიჭი არც განძრეულა და არც ხმა გაუცია. – ვლად, ოღონდ ახლა ნუ გაჩუმდები და როცა გინდა. გთხოვ, მითხარი, რომ ამას დაჩის… ჩემს ქმარს არ მოუყვები… თუ ბიჭი აქამდე ფანჯარასთან, მისგან ზურგშექცევით იდგა, ამ სიტყვებზე მკვეთრად შემობრუნდა უკან. მის თვალებში ტკივილი და საკუთარი თავის მიმართ ზიზღი ისე იყო არეული, რომ გოგონას წამიერად შეეშინდა კიდეც. – რას მოვუყვები ლოლა?! – მეტად ირონიულად ჟღერდა მისი ტონი. – ვეტყვი ღამით, მთვარის შუქით განათებულ კოტეჯში შენს ცოლთან ვერთობოდი და ორივეს მაგრად გაგვისწორდა-მეთქი?! ლოლას სახე წამებში გაფითრდა და ლამის ცარცისფერი გახდა. ბიჭის ხმაში იმოდენა სიმკაცრე იგრძნობოდა, გოგონას შეგრძნება გაუჩნდა, რომ მის წინ სულ სხვა ადამიანი იდგა — არა ის, ვინც რამდენიმე საათის წინ ვნებიანად ეფერებოდა, არამედ უცხო, ცივი მოსამართლე. – მე... მე მეგონა, ეს შენთვისაც ნიშნავდა რაღაცას, – ჩაილაპარაკა ლოლამ და თვალი აარიდა ვლადის დაუნდობელ მზერას. – არ მეგონა მხოლოდ გართობად თუ ჩათვლიდი. – აბა რად ჩავთვალო?! შენი აზრით რომელიმე ჩვენგანი ახლა ბარგის ჩალაგებაზე და ერთად გაქცევაზე ფიქრობს, რომ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვროთ, როგორც დისნეის იდიოტურ მულტფილმებშია?! – მესმის, რასაც ამბობ, – თავი ისე ჩახარა გოგონამ, თითქოს წინ ირონიულად მომღიმარი რეალობა ედგა და მისთვის თვალის გასწორებას გაურბოდა. – მე დაჩისთვის გულის ტკენა არ მინდა, შენ კი მეორე შანსს ვერ გაიმეტებ, თუნდაც იგი დღესვე მივატოვო… ასე არაა? – არავისაც არ მიატოვებ! – სწრაფად აიღო საწოლიდან თავისი პერანგი ბიჭმა და სხეულზე მოიცვა. მასზე რამდენიმე ღილი აწყვეტილიყო და ბოლომდე შეკვრა ვერ მოახერხა. – რაც გუშინ მოხდა, ჩვენი იმპულსურობის ბრალია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მოდი მიწაზე დავეშვათ და რომანტიკულ ილუზიებში ნუ გადავვარდებით. – დაჩიმ რომ ეს გაიგოს… არც კი ვიცი რას იზამს. – თუ გულწრფელობის სურვილი გაგიჩნდება, შეგიძლია ნებისმიერ დროს მოუყვე. პირიქით, გამიხარდება, თუ შენი ქმარი ბოლო ძვლის ჩალეწვამდე მცემს. ხელსაც კი არ შევუბრუნებ. – არა, დაჩი ამას ვერასდროს გაიგებს! – საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული ტონით წამოიძახა ლოლამ. – ეს საიდუმლო აქ მოკვდება, ვლად… ოჯახის დანგრევაც რომ გადავწყვიტო, იმას ნამდვილად ვერ მოვუყვები, რა გავაკეთე წინა ღამით. – შენი გადასაწყვეტია… მაგრამ როცა აქედან წავალთ, ჩვენ ორნი ერთმანეთს აღარსად უნდა გადავეყაროთ. რამდენიმე წამის განმავლობაში გოგონა ჩუმად იყო და არც განძრეულა. შემდეგ თავი აიღო და ფეხზე ისე წამოდგა, ვლადისთვის შეგნებულად აღარ შეუხედავს. ბიჭიც სავარძელში ჩაესვენა და თვალები ჭერს მიაპყრო. არ უყურებდა, თუმცა ესმოდა როგორ იცვამდა ლოლა ტანსაცმელს და ყოველი მისი მოძრაობა, გულში ალესილი დანასავით ესობოდა. როდესაც გოგონამ ჩაცმა დაასრულა, ვლადს ისეთი მზერით გახედა, თითქოს მისგან მოელოდა, რომ შეაჩერებდა და არსად გაუშვებდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. – შხაპს არ მივიღებ, – თქვა მან, როდესაც კარის სახელურისკენ ხელი წაიღო. – მინდა შენი სურნელი კიდევ დიდხანს გამყვეს. – გაჩუმდი… – თუ აქედან წასული ვეღარასდროს გნახავ, არ გავჩუმდები და გეტყვი, რომ გუშინდელი ღამე ჩემთვის ყველაზე დაუვიწყარი შეცდომა იქნება. მაგრამ ჩემმა სხეულმა ეს ისედაც გითხრა. – გაჩუმდი-მეთქი! – რატომაა ისე, რომ შენთან ადამიანმა მეორე შანსზე არც კი უნდა იოცნებოს? ახლა რომ ავმდგარიყავი და მეთქვა, შენი მჯერა და მოდი თავიდან ვცადოთ-მეთქი, დარწმუნებული ვარ ხელს მკრავდი. იქნებ, ჩემდამი იმდენად ძლიერი გრძნობები არასდროს გქონია, როგორც მეუბნებოდი? – რაც უფრო მეტად მიყვარს ადამიანი, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ მეორე შანსს მიიღებს, – ცივად მიუგო ვლადმა. მთელი ძალით ცდილობდა გულგრილობის ნიღაბი სახიდან არ ჩამოვარდნოდა და ნამდვილი გრძნობები არ გაეშიშვლებინა. – არადა გულის სიღრმეში ალბათ მინდოდა გეთქვა არ წახვიდეო… შეიძლებოდა ყველაფერი ფეხებზე დამეკიდებინა, ავმდგარიყავი და მართლა გავქცეულიყავი შენთან ერთად, დიდხანს და ბედნიერად საცხოვრებლად. – კარგად იცი, რომ მაგას არ ვიზამ, ლოლა! შენ მაშინ მიმატოვე, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი! სხვისი გახდი, თითზე მისი ნაჩუქარი ბეჭედი გიკეთია და მისი ცოლი გქვია. ეს ჩემთვის უკვე წითელი ზონაა! – ის არაა წითელი ზონა, როცა წარმოიდგენ, რომ წინა ღამის შემდეგ ისევ დაჩისთან დავბრუნდები და ის შემეხება? ამის წარმოდგენა არ გიჭირს? რამის შეცვლის სურვილი არ გიჩნდება? – გაჩუმდი, წყეულიმც იყოს! – მოულოდნელი აფეთქებისგან ხმას საგრძნობლად აუწია და გაბრაზებულმა, სავარძლის სახელურს მუშტი მთელი ძალით დასცხო. ნიღაბი, რომელსაც აქამდეც ძლივს იჭერდა, საბოლოოდ ჩამოუვარდა და ათას წვრილ ნამსხვრევად დაიფშვნა. – გთხოვ, გააღე ეგ დაწყევლილი კარი და ისე წადი, რომ აღარაფერი თქვა. მეტი აღარ შემიძლია ამის დ*დაც! ლოლამ პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ მალევე გააცნობიერა, რომ ნებისმიერი სიტყვა ახლა მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა. მან აკანკალებული ხელებით აიღო იატაკიდან აქამდე მივიწყებული თავისი მოსაცმელი, კარის სახელური ნელა დასწია და როგორც კი ბიჭს ბოლოჯერ შეავლო მზერა, კოტეჯიდან თვალცრემლიანი გავიდა. აქამდე ისედაც დაჭიმული სხეული, უფრო მეტად დაეჭიმა ვლადს. მან თავი სავარძლის საზურგეზე გადააგდო და ჭერს უაზროდ მიაშტერდა. მოუნდა მეორე ღერი სიგარეტისთვისაც მოეკიდებინა, თუმცა ნერვულ ფონზე, სანთებელაც კი ვერ აანთო და გაცეცხლებულმა შეახეთქა იგი კედელს. ოთახში ჯერ კიდევ ტრიალებდა გოგონას პარფიუმის არომატი. ეს სურნელი იმდენად ძაბავდა, რომ სანამ ბოლომდე განიავდებოდა, თავადაც გავიდა კოტეჯიდან, მის ერთ-ერთ საფეხურზე მოწყვეტით ჩამოჯდა და მაშინვე იმ ადგილს შეხედა, სადაც გასულ ღამით, ლოლამ მოულოდნელად აკოცა. – ოცი წლის ხარ, ვლად... – ჩაილაპარაკა ჩუმად, რამდენიმე წამში კი სიმწრითაც ჩაეცინა. – ოცი წლის და უკვე ასეთი დანგრეული… 8 8 8 8 კლუბის წითელი და ლურჯი ნეონის განათებები თვალისმომჭრელად ციმციმებდნენ, მძიმე ბასები კი იატაკს აზანზარებდნენ. დარბაზში მდგომი ანდრო ყველაფერს ნათლად ხედავდა, თუმცა აჩრდილივით მილურსმოდა ერთ ადგილს, თითქოს რაღაც საშინელ განაჩენს ელისო. იქ, ხალხმრავლობის ცენტრში, გამომწვევად მოცეკვავე ლინდას ხედავდა. გოგონას თვალშისაცემად მოკლე, სხეულზე მჭიდროდ მომდგარი, თეთრი კაბა ეცვა. ქსოვილი თითქოს მეორე კანივით ეკვროდა მის სხეულს, რძისფერ მხრებსა და ყელს სრულიად აშიშვლებდა და საოცარ, მაგრამ ამავდროულად, სახიფათო მიმზიდველობას ჰმატებდა მას. ლინდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ნახევრად უგონო მდგომარეობაში იყო, თავი უკან გადაეგდო და მუსიკის რიტმს აყოლილს, თაფლისფერი თმა ქაოტურად ეფინებოდა სახეზე. მისი გონება ბურუსს მთლიანად მოეცვა, თვალები კი ნახევრად დახუჭვოდა. უცებ ჰორიზონტზე უცნობი მამაკაცის ფიგურა გამოიკვეთა. იგი თვალებში ანთებული ჟინით უახლოვდებოდა ბრბოში მოცეკვავე გოგონას. დაუფარავი სურვილით უყურებდა მის ნაზ, რძისფერ კანს, რომელიც ნეონის შუქზე თითქოს მისტიკურად ანათებდა. გოგონას სრული უმწეობა და ნაწილობრივ გათიშული გონება კაცისთვის ნამდვილ სატყუარად ქცეულიყო. ის ხედავდა კლუბური განათებებით მოცულ სილუეტს, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა და ეს მასში კიდევ უფრო აძლიერებდა მესაკუთრეობისა და ფლობის ველურ სურვილს. მამაკაცმა ნელა, თავდაჯერებულად გადადგა ნაბიჯი, ლინდას წელზე უხეშად მოჰხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა. ანდროს გულში ბრაზის მჭრელმა სამართებელმა გაიარა, როცა დაინახა, როგორ დაემორჩილა გოგონას გათიშული სხეული ამ უცხო კაცის ხელებს. კაბის თეთრი ნაჭერი უფრო მაღლა აიწია, როცა მამაკაცმა ლინდას ხელები კისერზე შემოიხვია, თავად კი თავხედურად აატარა ტუჩები მის ყელზე. კადრი სწრაფად შეიცვალა. ახლა ისინი უცხო, მდიდრულ ბინაში იყვნენ. ლინდა ნახევრად უგონოდ იწვა დიდ, რბილ საწოლზე. ღამის სანათის მკრთალ შუქში მისი თეთრი კაბა თითქოს ანათებდა. ისეთი უმწეო და წარმოუდგენლად ლამაზი იყო ამ მდგომარეობაში, რომ ნებისმიერი მამრობითი სქესის წარმომადგენლის გონებას გადააქცევდა მღელვარე ზღვად. უცნობი მამაკაცი საწოლის კიდესთან იჯდა და თვალს ვერ აშორებდა მის სახეს. გოგონას თაფლისფერი თმა არეულად გაფანტულიყო თეთრ ზეწარზე, ძლივსშესამჩნევად გაპობილი ტუჩებიდან კი სუსტი, წყვეტილი სუნთქვა ისმოდა. ლინდას სრული დაუცველობა და მოდუნებული სხეული, კაცს მაგნიტივით იზიდავდა. აიძულებდა ყოველივე რაციონალური დაევიწყებინა და მხოლოდ ამ ნადავლის დაუფლებაზე ეფიქრა. ვნებისგან ათრთოლებული თითები ნელა ჩააყოლა ლინდას რძისფერ ყელს უცნობმა, შემდეგ კი მხრებზე გადაინაცვლა. მოფერება თავიდან ფრთხილი იყო, მაგრამ თანდათან უფრო მომთხოვნი და მესაკუთრული ხდებოდა, თითქოს სურდა, ეს სხეული მთლიანად მის ნებას დამორჩილებოდა. გოგონას კანი მის თითებქვეშ საოცრად რბილი და მაცდური იყო. კაცმა ვეღარ გაუძლო მიზიდულობას, უფრო ახლოს მიიწია, ცალი ხელით ლინდას თმა მოიქცია მუჭში და მისკენ გადაიხარა. მამაკაცის ტუჩები უხეშად, მაგრამ დაუოკებელი ჟინით შეუერთდა ნახევრად შეღებულ, უგონო ბაგეებს. ის კოცნიდა მას გააფთრებული, თავდავიწყებით, თითქოს სურდა ბოლო წვეთამდე შეესვა. ყოველი შეხება, ყოველი მოფერება და ეს თავხედური კოცნა ანდროს თვალწინ ხდებოდა, როგორც მისი უდიდესი მარცხი და ტანჯვა. მამაკაცმა თვალები მკვეთრად გაახილა და საწოლში დენდარტყმულივით წამოხტა. ახმაურებული გული ლამის საგულეს გლეჯდა, შუბლი კი ცივი ოფლის წვეთებს დაეფარა. ოთახში სრული სიჩუმე მეფობდა. ბნელით შემოსილ კედლებს, მხოლოდ ფარდებს შორის გაჩენილი ნაპრალიდან შემოპარული, მთვარის მკრთალი შუქი ანათებდა. ძილიდან სპონტანურად გამორკვეულმა ანდრომ, ცალი ხელი ისეთ მყარ მუშტად შეკრა, საკუთარი ძვლების ტკაცუნიც კი ჩაესმა. ფხიზელი გონება უკვე კარგად ხვდებოდა, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო, მისივე ქვეცნობიერის მიერ მოწყობილი ბინძური ხაფანგი, მაგრამ ეჭვიანობისა და მესაკუთრეობის იმოდენა ტალღა უვლიდა სხეულში, სუნთქვაც კი დამძიმებოდა. საწოლიდან მარჯვენა თვალის სრესით წამოდგა და აივნის კარი ფართოდ გამოაღო. შიშველ გულ-მკერდს მაშინვე დაეჯახა ცივი ჰაერის ნაკადი, რამაც უკვე საბოლოოდ გამოაფხიზლა. იმ მომენტში, არანორმალურმა სურვილმა შეიპყრო ლინდას ხმა გაეგონა, თუმცა საათს რომ შეხედა, დასარეკად მომზადებული მობილური უკმაყოფილო სახით დააბრუნა კომოდზე. აღარც საწოლში დაბრუნება სურდა. სიზმარში ნახულმა კადრებმა გონება ისე აურია, ძილის შებრუნებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. თავში სრული ქაოსი უტრიალებდა. მთელი ორგანიზმი სთხოვდა ეს ყველაფერი გარეთ გამოეშვა, თუმცა არ იცოდა როგორ. ბოლოს კვლავ კომოდს მიადგა, პირველივე უჯრიდან დიდი წიგნაკი და ფანქარი ამოიღო, მერე კი სავარძელში მოთავსდა და ქაოტურად დაიწყო ქაღალდზე ხაზების გავლება. ფანქრის მიერ დატოვებულმა კვალმა ნელ-ნელა მიიღო ქალის სხეულის ფორმა, რომელიც საწოლში შიშველი იწვა, თვალები დაეხუჭა, გრძელი თმა კი ბალიშზე ჰქონდა გაბნეული. შემდეგი ნახატი უკვე შხაპის ქვეშ მდგომ ქალს გამოსახავდა, ამის შედეგი კი იმავე ქალს, სექსუალურ პენუარში, აივნის მოაჯირთან მდგომს. მიუხედავად დაღლილობისა, ხატვას მაინც არ წყვეტდა. ხატავდა გაჩერებლად, აკვიატებულად, თითქოს თითოეული შტრიხით ცდილობდა ლინდას სხეული ქაღალდზე მაინც გამოეკეტა და მხოლოდ თავისთვის დაეტოვებინა. ათამდე ნახატი დაგროვდა. მთელი ღამე გაათენა. როცა ბოლოს და ბოლოს ფანქარი გვერდზე გადადო და გადაშლილ ალბომს თვალი შეავლო, ფანჯრიდან უკვე დილის პირველი, მკრთალი შუქი შემოპარულიყო. ნახატებიდან საყვარელი ქალი უყურებდა, ათას სხვადასხვა ამპლუაში — შიშველი, დაუცველი, მაცდური. ანდროს სიმწრით ჩაეცინა და დამძიმებული თავი სავარძლის საზურგეს გადაადო. – მგონი სულ შევიშალე, ამის დედაც! – ამოილაპარაკა ჩახრინწული ხმით. უძილარი და ერთიანად გამოფიტული, ზანტად წამოდგა ფეხზე, მაგიდის უჯრიდან ინიციალებიანი სანთებელა ამოიღო და სავარძელში დაბრუნებულმა, მის ბორბალს ცერა თითი ჩამოუსვა. პატარა, ნარინჯისფერი ცეცხლი მაშინვე აგიზგიზდა. ანდრომ მხოლოდ რამდენიმე წამით უყურა ალბომის პირველ ფურცელს, მერე კი ცეცხლის ენა პირდაპირ ქაღალდის კუთხეს მიუშვირა. შავმა, დამწვარმა ნაპირმა სწრაფად იწყო გავრცელება, ნახატზე გამოსახული ლინდას სილუეტი ნელ-ნელა ამოწვა და ოთახი ცეცხლმოკიდებული ქაღალდის მძიმე სუნით აავსო. * * * * – ვლად, შენით ამოღერღავ რატომ გადაწყვიტე თბილისში დაბრუნება, თუ ჩემი ელექტრო-შოკი დაგახმარო?! – უკმაყოფილოდ უყურებდა ნატა საწოლზე გაშლილ ჩემოდანს, რომელშიც ბიჭი დაუდევრად ტენიდა თავის ტანსაცმელს. ვლადი არც ერთ შეკითხვას არ პასუხობდა. მომხდარის გახსენებაზე, საკუთარი თავის მიმართ უზარმაზარ ზიზღს გრძნობდა და ყველაზე ნაკლებად ამ თემის წამოჭრა სურდა. ეგონა ისე წავიდოდა, რომ ვერავინ შეამჩნევდა, თუმცა ნატას უეცარმა შემოჭრამ მის კოტეჯში, გეგმები აურია და იძულებული გახადა არასასურველი კითხვები ესმინა. – ვლად, ილაპარაკებ?! – არ ეშვებოდა გოგონა, თუმცა ცნობისმოყვარეობაზე მეტად, ამას ნერვიულობის გამო აკეთებდა. – გუშინ მთელი დღე უცნაურად იქცეოდი, დღეს კიდევ ადექი და გადაწყვიტე, რომ ტურის დასრულებამდე წახვიდე. – ყაზბეგის ჰაერი არ მომიხდა, ნატა! წადი შენს კოტეჯში და ჩალაგება მაცალე! – ხმას დაუწიე, თორემ მე შენზე მაღალი ტონით შემიძლია საუბარი! – ტოლი არ დაუდო გოგონამ, ჩემოდანი ბრაზიანი სახით დახურა და ზედ შემოჯდა. – დიდი ხანია არაა, რაც ვმეგობრობთ, მაგრამ როცა რაღაც გიჭირს და არ ვიცი რა, ვერც მე ვისვენებ. – ნატა, ისეთი არაფერი ხდება, ჩამოდი ჩემოდნიდან, – ამჯერად უკვე მშვიდი ტონი ჰქონდა ბიჭს, ტუჩებზე კი მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა. – უბრალოდ ეს ექსკურსია ისეთი საინტერესო არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. – ჰო, მე კიდევ იდიოტი ვარ და დაგიჯერე. – ნატა… – ვლად, რა ხდება? – მისი სახე, ხელისგულებში მოიქცია გოგონამ, თან ისე ჩახედა თვალებში, თითქოს იქ სიმართლე დიდი, წითელი ასოებით ეწერებოდა. ჩემოდანს ჯერ კიდევ ზემოდან აჯდა, რადგან არ სურდა ბიჭს კვლავ გაეგრძელებინა ნივთების ჩალაგება. ვლადი მზერას არ აშორებდა გოგონას. მისგან პასუხს ელოდნენ, თუმცა ეჩვენებოდა, რომ სიმართლის თქმაც კი მლაშე გემოს დაუტოვებდა პირში. არც აპირებდა რამის გამხელას, ამიტომ ნატას მობეზრებულად ამოსდო ხელები მუხლების ქვეშ და ჩემოდნიდან, საწოლზე გადასვა. – არ მინდა ამაზე ლაპარაკი, გესმის?! კითხვები აღარ დამისვა, ნატა, ნერვები ისედაც კბილით მიჭირავს! – გხედავ… ზუსტად ამიტომ ვნერვიულობ. გოგონას მზერაში სუფთა, გულწრფელი დარდი შენიშნა ვლადმა. ეგოისტურად ესიამოვნა, რომ მასზე ასე ღელავდა, თან თავი დამნაშავედ იგრძნო, მისი ასეთი განერვიულებისთვის. დეტალების მოყოლას კვლავ არ აპირებდა, თუმცა მეგობრის გამომეტყველებამ აიძულა ზედაპირულად მაინც ეთქვა სიმართლე: – ლოლასთან დამოკიდებულებაში ჩავფლავდი, ნატა… კაცობაშიც ჩავფლავდი და ადამიანობაშიც, მეტი არაფერი მკითხო, კარგი? ამ სიტყვების მოსმენისას, მწარედ ჩაეცინა გოგონას. დუმილმა, რომელიც ჩამოწვა, თითქოს ეკლის ფორმა მიიღო და ყოველი მხრიდან ეჩხვლიტა ბიჭს. ნერვებმოშლილმა ღრმად ამოისუნთქა და როგორც კი ნატამ თვალი გაუსწორა, მის მზერას თავის გვერდზე მიბრუნებით გაერიდა. – გუშინ დილით დავინახე, როგორ გამოდიოდა ლოლა შენი კოტეჯიდან, – ღრმად ამოიხვნეშა ნატამ ამის თქმისას, თან შუბლი მოისრისა. – ვიფიქრე ვლადი ამას არ გააკეთებდა, უბრალოდ ისაუბრეს-მეთქი. თურმე… კარგი, აღარ გავაგრძლებ. უხმოდ მიუჯდა გვერდით ბიჭი და თავი ჩაქინდრა. ნატას იმედგაცრუებულმა მზერამ, კიდევ ერთხელ აგრძნობინა, თუ რა ბინძურ ჭაობში შეუცურა წუთიერი სიამოვნების გამო. ბრაზისგან ყბები დაეჭიმა და ინსტიქტურად შეკრა მარჯვენა მუშტი. ყველაზე მეტად საკუთარი თავი იმის გამო სძულდა, რომ ისევ უწინდებურად უყვარდა ქალი, რომელსაც უკვე სხვისი ცოლი ერქვა. – მიდი, მითხარი ნავი*ვარი ხარო, ვიცი ამას ფიქრობ. – მაგას არ გეტყვი, – მკრთალი ღიმილით გამოეპასუხა მის სიტყვებს გოგონა. – უბრალოდ ის მაინტერესებს რას აპირებ. ანუ… ანუ ამას გაგრძელება ექნება? – არ ექნება! – მოკლედ და გადაჭრით უპასუხა ვლადმა. არადროს ყოფილა საკუთარ თავში ასეთი დარწმუნებული. – ჰო, ჩემი გახდა, გრძნობებს ავყევი და შემეშალა, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც მეჩვენება, რომ ერთმანეთს მილიონი კილომეტრი გვაშორებს. – ვერ პატიობ და ამიტომ. – მე სერიოზული შეცდომების პატიება არ შემიძლია, ნატა. ყოველთვის ასეთი ვიყავი. – როგორი? – გაეღიმა გოგონას. – რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, მით უფრო მომთხოვნი ხარ მასთან, არა? რადგან შენთვის საყვარელ ადამიანებს ყოველთვის აიდეალებ და ამ იდეალების მსხვრევას ვერ ეგუები. ვლადს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს მისი სულიერი სამყარო წიგნივით გადაშალეს და ზედმიწევნით ამოიკითხეს. ესიამოვნა. მოსწონდა, როცა ადამიანები ისე უგებდნენ, რომ ბევრი ლაპარაკი არ სჭირდებოდა. – მე შენც გაიდეალებ და გთხოვ, ეს იდეალები არ დამიმსხვრიო. – შენ უკვე დამიმსხვრიე, იმ წითურ თხასთან სექსით, – წარბები შეკრა და მხარზე უჩქმიტა გოგონამ. – ამის გამო შენთან კავშირი უნდა გავწყვიტო? ვლადმა ნატკენ მკლავზე ხელი მოისვა და ღიმილი ვერ შეიკავა. უკვირდა კიდეც, თუ როგორ შეეძლო გოგონას ასეთ მომენტებშიც კი მისი გამხიარულება. – კავშირი მაშინ გაწყვიტე, როცა პირადად შენთან დამოკიდებულებაში დავუშვებ შეცდომას. მანამდე არსად გაგიშვებ. – არც მე… რა იდიოტიც არ უნდა იყო. ვლადმა თავი დაუქნია და კვლავ წამოდგა, რათა ჩემოდნის ჩალაგება გაეგრძელებინა. გულის სიღრმეში ზუსტად იცოდა, რომ სახლში დაბრუნება დიდად ვერაფერში დაეხმარებოდა. ჭაობი, რომელშიც თავისი სურვილით ჩაეფლო ყველგან თან გაჰყვებოდა, რამდენად შორსაც არ უნდა წასულიყო. – თბილისში რომ ჩავალ, დაგირეკავ, – უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა და როგორც კი დარწმუნდა ელვა კარგად იყო შეკრული, ბარგს ხელი მოჰკიდა. – ჰო მართლა, მადლობა, რომ ადამიანობის და ზნეობის ლექცია არ წამიკითხე. დამშვიდობების ნიშნად, სევდიანი ღიმილით აუწია ხელი ნატამ. რამდენიმე წამიც და სრულიად მარტო დარჩა, ცარიელ ოთახში. წარბეშეკრულმა დახედა საწოლს, სადაც იჯდა. წარმოიდგინა, თუ როგორ ეფერებოდა იქ ვლადი, ლოლას სხეულს და დენდარტყმულივით წამოდგა ფეხზე. უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. ბრაზი, სიბრალული და იმედგაცრუება ერთმანეთს შეერია, რამაც ლოყაზე დადენილი ეული ცრემლით იჩინა თავი. სწრაფად მოიწმინდა იგი გოგონამ. მერე სავარძელში ჩაეშვა, ჭერს ახედა და თვალები დახუჭა. ზუსტად იცოდა, ვლადის გარეშე აქ ისე მხიარულად ვეღარ გაატარებდა დროს, როგორც აქამდე. კოტეჯიდან გასულ ბიჭს, სახეზე მაშინვე დაეჯახა მთის მსუსხავი ჰაერის ნაკადი. ვინაიდან სტუდენტები ლაშქრობის შემდეგ ისვენებდნენ, გარეთ არავინ იყო და შეძლებდა ისე წასულიყო, რომ ზედმეტი კითხვები არავისგან ესმინა. მანქანა უკვე ელოდებოდა, კოტეჯებიდან ოციოდე მეტრში. სწორედ ამ ოცმეტრიან გზის მონაკვეთზე გაახსენდა მამის სიტყვები — “როდესაც შენს განვლილ ცხოვრებას თვალს გადაავლებ, არ უნდა შეგრცხვესო” და ცაში ისე მორიდებით აიხედა, თითქოს იქ მშობლის იმედგაცრუებულ სახეს დაინახავდა. – მე ალბათ ძალიან ბევრჯერ შემრცხვება, მამა – თქვა მან ჩურჩულით. დანაშაულის გრძნობით მოშხამულმა, თვალები წამიერად დახუჭა და მძიმე ნაბიჯებით გააგრძელა გზა. არ შეუმჩნევია ერთ-ერთი კოტეჯის ფანჯრიდან, ცრემლიანი თვალებით მომზირალი ლოლა, რომელიც მზერით ეფერებოდა დაკრგულ სიყვარულს და გულდამძიმებული ატრიალებდა გონებაში იმ მოგონენებს, რომელიც მათ ბედნიერ წარსულს ასახავდა. * * * * – ორ თვეში ისევ ზღვაში გავდივარ, – ანდროს ხელებში მოქცეულ შტანგას, ათკილოგრამიანი დისკები დაამატა რატიმ და დაორთქლილი ბოთლიდან ცივი წყალი მოსვა. შუადღე იდგა. უქმეების გამო სპორტ-დარბაზი ხალხით იყო სავსე. მათი უმეტესობა ყურსასმენების თანხლებით ვარჯიშობდა. ანდრო, რატი და არჩილი ერთ-ერთი იყვნენ იმ მცირერიცხოვანთაგან, რომლებიც ფიზიკური დატვირთის პარალელურად, მუსიკას არ უსმენდნენ და ერთმანეთთან საუბრით იყვნენ გართულები. – ჰოო? და ამჯერად რამდენი ხნით გვემშვიდობებით, კაპიტანო ნემო? – თვალების მობეზრებული ტრიალით იკითხა არჩილმა. – იმედია როცა დაბრუნდები, ხელჯოხიანი ბაბუა არ დაგხვდები. – მთლად ეგრეც არა, მაგრამ ბარათაშვილი ნამდვილად დამხვდება ბავშვით ხელში. დაახლოებით ერთი წლით მივდივარ. ანდრომ შტანგა ზედიზედ კიდევ ხუთჯერ ასწია, მერე კი იგი თავის ადგილას დააბრუნა, წამოჯდა და პირსახოცით სახე შეიმშრალა. მეგობრებისთვის არ შეუხედავს. მზერა ერთ კონკრეტულ წერტილს გაუშტერა და წყალი თავადაც მოსვა. – არ ვიცი ბავშვთან რა და როგორ გამომივა, – თქვა ჩუმად. – მამობა ეს… ლინდასთან ყოფნაზე გაცილებით უფრო დიდი გამოწვევაა. – და ლინდასთან ყოფნა რატომაა გამოწვევა? – დაინტერესდა რატი. – მეგონა ყველაფერი კარგად გქონდათ. – კარგად გვაქვს და ზუსტად ამიტომ მშლის ჭკუიდან, რომ ყველგან კაცების დამშეული მზერა დაჰყვება. ვერ ვიტყვი ამას თავად ცდილობს-მეთქი, მაგრამ… – მაგრამ ზედმეტად კონკურენტუნარიანი გარეგნობა აქვს, – ღიმილით გააწყვეტინა წინადადება არჩილმა, თან დასძინა: – უნდა შეეგუო, სხვა რა გზაა. ერთ დღეს შენი ცოლი გახდება, მაგრამ ყველასთან ეგ სტატუსიც ვერ მოგიგვარებს პრობლემას. – მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ლინდასაც უნდა უჭირდეს შენთან ყოფნა, – აღნიშნა რატიმ. – თუნდაც წინა თვის ამბავი გაიხსენე, რის გამოც თანაშემწედ ქალები აღარ აგყავს. არჩილს მკრთალად გაეღიმა. – ისე ანდრო, მართლა რა პონტში დაითხოვე სამსახურიდან ის მდივანი გოგო? – ჰკითხა ინტერესით. – გეთქვა მეორედ ზღვარს აღარ გადახვიდე-მეთქი და გაეგრძელებინა მუშაობა. – სამსახურში საქმის გამკეთებელი ხალხი მჭირდება. თანაშემწე, რომელიც მაგიდაზე შემომიჯდება და წელს ზემოთ ყველაფერს გაიხდის, ცოტა სცდება ჩემს მოთხოვნებს. – ვააჰ, წელს ზემოთაც გაიხადა? – ცალი წარბი აზიდა რატიმ, რაზეც მოგუდული სიცილით დაუბრუნა პასუხი არჩილმა: – კი, თან იცი რა სხეული ჰქონდა? ჩემს მაგიდაზე რომ შემომჯდარიყო… კარგი, აღარ გავაგრძელებ. – შენ საიდანღა იცი მისი სხეული? – ანდროს კაბინეტში დაუკაკუნებლად შევედი და პირდაპირ ფაქტზე წავასწარი, – იატაკს ორივე ხელით დაებჯინა და აზიდვების კეთებას მოჰყვა. – ისე, ლინდა რომ არა, მაგ გოგოს ხელიდან გაუშვებდი? – ხელიდანაც გავუშვებდი და სამსახურიდანაც, არჩი. – საოფისე რომანები სძულს, თორემ სასმელების განყოფილებასთან გაცნობილ გოგონებს, ერთღამიანი ურთიერთობის შემდეგაც წითელი ცირკულარით ეძებს. – ჰო, ბატონ ბარათაშვილს მანქანაში უფრო უსწორდება, ვიდრე საოფისე მაგიდაზე, – დაამატა რატიმ. ანდროს ღიმილი მოადგა. – წადით თქვენი! ხმაურმა სპორტ-დარბაზში თანდათანობით იმატა. ტრენაჟორების ბაგა-ბუგი საერთო, მონოტონურ გუგუნად ქცეულიყო, რომელიც დაუსრულებელი ქაოსის ილუზიას ქმნიდა. სპორტულ სამოსში გამოწყობილი ქალები და მამაკაცები სარბენ ბილიკებზე გამეტებით დარბოდნენ, თითქოს ერთმანეთს პირველობას ეცილებიანო. ამასობაში არჩილიც გადაიღალა აზიდვების კეთებით, ზურგზე გადაბრუნდა და სუნთქვის აღსადგენად ხელები თავქვეშ ამოიდო. მხოლოდ რატი განაგრძობდა პრესის ვარჯიშებს, დანარჩენი ორი კი უკვე დასვენების რეჟიმზე იყო გადასული, თან მას აკვირდებოდა. – ანდრო, მგონი შენი ტელეფონი რეკავს. – წამით გაჩერდა და მზერით ანიშნა რატიმ იატაკზე დატოვებულ, აზუზუნებულ მობილურზე. ირგვლივ გამეფებულ ხმაურში დიდად არაფერი ესმოდა, უბრალოდ განათებული ეკრანისთვის მოეკრა თვალი. ყურმილის ასაღებად განცალკევებით არ გასულა მამაკაცი. შემომავალ ზარს, რომელსაც ლათინური ასოებით ეწერა “ბელა”, მეგობრების თანდასწრებით უპასუხა და კიდევ ერთხელ მოსვა ბოთლიდან ცივი წყალი. – ანდრო, სად ხარ, შვილო?! – ჩაესმა მობილურში ქალის აღელვებული ხმა. ამან მაშინვე მიახვედრა, რომ რაღაც მთლად რიგზე ვერ იყო. – არჩილის სპორტ-დარბაზში… მოხდა რამე? – ვლადი დაბრუნდა ყაზბეგიდან, რამდენიმე წუთის წინ. – ვლადი? – სახე შეეცვალა. – მე მითხრა, რომ უნივერსიტეტმა, ტურის ხანგრძლივობას კიდევ ორი დღე დაამატა. დღეს არ ველოდებოდი. – ზუსტად ეგ გამიკვირდა. უხასიათოდ მეჩვენა და ამ ზაფხულს რომ დაბადების დღეზე, ჩემს გამომცხვარ დიაბეტურ ნამცხვარზე გაგიჟდა, ისევ ის გამოვუცხვე, მაგრამ არც კი მიეკარა. ახლა თქვენი მშობლების ოთახშია. ძალიან ვნერვიულობ, იქნებ ცოტა ადრიანად მოხვიდე? – კარი ჩაკეტილი აქვს? – უმალვე წამოდგა ფეხზე მამაკაცი. მეგობრების ინტერესიანი მზერა წამითაც არ შორდებოდა. – არა, მაგრამ მთხოვა არავინ შემაწუხოსო. ხომ მოხვალ, ანდრო? – მოვალ, დამშვიდდი… წყალს გადავივლებ და დაახლოებით ერთ საათში ვიქნები. – რა ხდება, ვლადს დაემართა რამე? – სატელეფონო საუბარი ნორმალურად დასრულებულიც არ ჰქონდა არჩილმა რომ იკითხა. – იმედია სერიოზული არაფერია. მივალ და გავიგებ. – უკვე მიდიხარ? – ჯერ წყალს გადავივლებ, რატი. ჩემი მანქანა საბურავების შესაცვლელად დავტოვე და ტაქსის ლოდინიც არ მინდა. შენსას წავიყვან, კარგი? – წაიყვანე, გასაღები მეათე კარადაშია, ქურთუკის ჯიბეში. – თუ რამეა, დაგვირეკე, – მიაძახა არჩილმა, რაზეც მხოლოდ თავის დაქნევით უპასუხა ანდრომ და აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა გასახდელისკენ. სავარჯიშო ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ საშხაპე კაბინაში გადაინაცვლა, გრილი წყალი მოუშვა და თვალდახუჭულმა შეუშვირა სახე. იცოდა, რომ ვლადისგან “არავინ შემაწუხოს” კარგს არაფერს მოასწავებდა, ამიტომ ცდილობდა ყველაფერი უმოკლეს დროში გაეკეთებინა. ათ წუთში უკვე თავის მანქანაში იჯდა და შინისკენ მიუყვებოდა გზას. თბილისის ქუჩებში მოძრაობა გადატვირთული იყო, რაც ანდროს კიდევ უფრო მეტად აღიზიანებდა. ვლადის ყაზბეგში წასვლა თავიდანვე არ მოსდიოდა თვალში, თითქოს გრძნობდა, რომ იქ, მთებში, მისი ძმა სიმშვიდეს კი არა, ახალ ქაოსს იპოვნიდა. როგორც ელოდა, შინ მისულს, მისაღებშივე დაუხვდა ბელა. ქალი დივანზე იჯდა, მუხლებზე პატარა ბალიში დაედო და თითებით ნერვიულად ეთამაშებოდა მის კუთხეს. ფიქრებში ჩაძირულს, ანდროს შემოსვლა არც გაუგია. თავი მხოლოდ მაშინ მოაბრუნა, როდესაც ძალიან ახლოდან მოესმა ნაბიჯების ხმა და მამაკაცის დანახვამ, მხრებიდან თითქოს ერთიანად ჩამოხსნა დაძაბულობის მძიმე ლოდი. – რომ დაგინახე, მომეშვა, – ბალიში დადო და ღიმილით წამოდგა ფეხზე ბელა. – დანიელიც ახლახანს წაიყვანეს ორგანოების წლიურ შემოწმებაზე და სულ მარტო ვიყავი. – თან ვინ ახლავს? – ორი ფსიქიატრი და მძღოლი. კარგად ვერ გავიგე, ეს რა შემოწმებაა? – ფსიქიატრიულში რომ იწვა მაშინაც ვუკეთებდით. გამოიკვლევენ და გაიგებენ პრეპარატები რამე უარყოფით გავლენას ხომ არ ახდენს მის რომელიმე ორგანოზე… ვლადი ისევ ოთახშია? – ზედა სართულისკენ მიმავალი კიბისკენ აიხედა ამის თქმისას. – კი, და იმედია შენ მაინც გეტყვის რამეს. ანდრომ უბრალოდ მკრთალად გაუღიმა, ზურგი აქცია და კიბეები სწრაფად აირბინა. როგორც ბელამ უთხრა, საძინებლის კარი ღია დაუხვდა, ამიტომ გადაწყვიტა შიგნით უკითხავად შესულიყო. მალევე მიხვდა, რომ ნებართვის აღებას აზრი არც ჰქონდა, რადგან საწოლზე გულაღმა გაწოლილ, თვალებდახუჭულ ვლადს, თავზე დიდი ყურსასმენები ჰქონდა ჩამოცმული და მუსიკას ძალიან ხმამაღლა უსმენდა. მამაკაცი საწოლს მიუახლოვდა, ზედ უკითხავად დაწვა და მუცელზე ხელები დაიწყო. ვლადი მხოლოდ საწოლის მეორე მხარის ჩაზნექვით მიხვდა, რომ ოთახში მარტო აღარ იყო, ამიტომ ყურსასმენები სწრაფად მოიხსნა და თვალებგახელილს, ჭერზე თვალმოუშორებლად მიშტერებული უფროსი ძმა შერჩა ხელში. – აქ როდის შემოხვედი? – ჰკითხა თუ არა, მაშინვე დაუწია მუსიკას ბიჭმა. ანდრო არც განძრეულა. ზემოთ ისე დაჟინებით იყურებოდა, თითქოს იქ ძალზედ საინტერესო რამეს ხედავსო. – ზუსტად ვიცი, ყაზბეგში რომ რამე შარს არ გადაყროდი, ტურის დასრულებამდე არ წამოხვიდოდი, – თქვა მან მშვიდად. – თუ გინდა ვილაპარაკოთ. – ბელას მოგზავნილს ჰგავხარ. – ბელას გარეშეც დამაინტერესებდა, რა ბზიკმა გიკბინა. ძმის მსგავსად, მზერა ჭერს გაუშტერა ვლადმა. საუბარი დიდად არ სურდა. არც იმის გახსენება, რაც ყაზბეგში გადახდა, თუმცა მეორეს მხრივ, იმის უგულებელყოფაც არ შეეძლო, რომ მასზე ნერვიულობდნენ. სწორედ ამან აიძულა, თავისთვის უსიამოვნო თემაზე მოკლე კომენტარით შემოფარგლულიყო: – ტურზე ლოლაც იყო ჩაწერილი. – ლოლა?! ეგ ხომ… – კი, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს, – გააწყვეტინა ბიჭმა. – მაგრამ თურმე ტურზე ჩაწერილ ერთ-ერთ სტუდენტთან მეგობრობს და მან დაპატიჟა. – მერე? – მერე ის, რომ გადავწყვიტე სხვა უნივერსიტეტში გადავიტანო საბუთები. აღარ მინდა სადმე კიდევ გადავეყარო. – იმის გამო, რომ ერთმანეთს ტურზე შეხვდით, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდი, – ღრმად ამოიხვნეშა მამაკაცმა და უმცროს ძმას გახედა. – მოხადე თავი წყეულ პანდორას ყუთს და სათქმელი დაასრულე. თქვი, ყაზბეგში ყოფნისას თქვენ შორის რამე მოხდა?! – ანდრო… – კი, თუ არა?! ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ვლადმა თვალები დახუჭა. მის გონებაში მყისიერად ამოტივტივდა ყაზბეგის კოტეჯი, ხის კედლების სუნი, ლოლას ცხელი, აკანკალებული სხეული და ის საშინელი, ცხოველური სიამოვნება, რომელმაც ყველაფერი დაავიწყა. ამ მოგონებასთან ერთად, სულ მალე გულისრევის მსგავსი, მომწამვლელი სინდისის ქენჯნაც ეწვია. – პირველი ნაბიჯი მან გადმოდგა და მორალის კითხვა არ დამიწყო, გაიგე?! – ამოთქვა გაღიზიანებულმა, რითაც უნებურად გასცა დადებითი პასუხი ანდროს შეკითხვას. – გაიხსენე, რომ ლინდა ნახევრად გათიშული იყო და ვერ აზროვნებდა, როცა სიტუაციით ისარგებლე. მზერა სწრაფად აარიდა ანდრომ. მის თვალებში უცნაური, თითქმის მტკივნეული თანაგრძნობა გამოჩნდა. – მაგაში გეთანხმები… წმინდანები არც ერთი არ ვართ. – მე თუ მკითხავ, ორივე მაგარი ნაბი*ვრები ვართ. დანიელი ჩვენნაირ შეცდომებს არასდროს დაუშვებდა. – არ დაუშვებდა, – მძიმედ ამოთქვა და მუცელზე დაიწყო ხელები მამაკაცმა, თუმცა მალევე გაეღიმა. – მაგრამ ბავშვობაში თვითონაც მაგარი ნაბი*ვარი იყო. – რატომ? – ძმის ღიმილი ვლადსაც გადაედო. – მდიდარი ფანტაზიის უნარი ჰქონდა და ჩემს წინააღმდეგ იყენებდა ხოლმე. მაბოლებდა, სხვენში ბასრკბილებიანი ზომბი ცხოვრობს და იმ ბავშვების ტვინებს ჭამს, ვისაც ანდრო ჰქვიათო. სანამ ჭჯუა არ მომემატა, იქაურობას ერთი მეტრის რადიუსითაც ვერ ვეკარებოდი. ვლადს ხმამაღლა გაეცინა და ამჯერად მისი სიცილი ანდროსთვის აღმოჩნდა გადამდები, თუმცა ძალზედ ცოტა ხნით, რადგან რამდენიმე წამში მზერა ისევ მოეღუშა. – მისმინე… თუ ეგ ამბავი გასკდება… – ვიცი, შეიძლება მისმა ქმარმა მომკლას, – წინადადება დასრულებამდე გააწყვეტინა ბიჭმა. – ყოველი შემთხვევისთვის, წინასწარ მითხარი მშობლებს შენგან რა გადავცე. – სისულელეებს შეეშვი! იმის გამო, რომ ლოლა თავის ქორწინებას პატივს არ სცემს, სიცოცხლით არ უნდა აგო პასუხი, – ხმა ისე დაუდაბლდა, როგორც ბრაზის დროს სჩვეოდა ხოლმე. – ბეჭედი თითზე მას უკეთია და არა შენ! კი, სი*ულად მოიქეცი, მაგრამ ძალა არავისზე გიხმარია. არც ინიციატორი ყოფილხარ. – ჩემს გამართლებას ცდილობ? – სიმწირით ჩაეცინა ბიჭს. – აშკარად არ ველოდი. – გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ უმცროს ძმას, ვისაც სიარულის ჩათვლით ყველაფერი თვითონ ვასწავლე, მაგ მიზეზით არავის მოვაკვლევინებ. მაქსიმუმ მაგრად მივაბეგვინო. დუმილი ჩამოწვა ოთახში. მუსიკის ბასები აღარ გუგუნებდა, თუმცა ყურსასმენებიდან მაინც ისმოდა დაბალი შიშინი — ისე, როგორც ტალღების ხმაური ზღვისპირა სახლის აივნიდან. ორივენი მდუმარებაში ჩაძირული უგდებდნენ ყურს ამ ხმას. ვლადის გონება კვლავ ყაზბეგში მომხდარს დასტრიალებდა თავს, ხოლო ანდროს ქვეცნობიერი იმ სიზმარს დაბრუნებოდა, ჯერ კიდევ გუშინ ღამით რომ აურია ტვინი. იმის წარმოდგენაც კი, რომ ლინდას ვინმე ხელს ახლებდა, იმ სხეულს შეეხებოდა, რომელზეც თვითონ კარგავდა ჭკუას, თავს ადუღებულ წყალში ჩაგდებულად აგრძნობინებდა. რეალურად სტკივდებოდა ყველაფერი, როდესაც ამაზე იწყებდა ფიქრს და ამ შეგრძნებას ზოგჯერ წყობიდანაც გამოჰყავდა. კარის ხმაურიანმა, სასოწარკვეთილმა შემოღებამ თითქოს ქარისგან აფრიალებული ბაბუაწვერას ბუსუსებივით გაფანტა საწოლზე უხმოდ მწოლიარე ძმების ფიქრები. ზღურბლზე ბელას დანახვა არც ერთს არ გაჰკვირვებია, თუმცა მისი სახის გამომეტყველება რომ სასიკეთოს არაფერს მოასწავებდა, ამას ორივე კარგად მიხვდა და თითქმის ერთდროულად წამოჯდნენ საწოლზე. – ბიჭებო, – ხმის კანკალით დაიწყო ქალმა. მის თვალებში შიში ჩამდგარიყო, ხოლო თითებს ისე იმტვრევდა, სიჩუმეში ძვლების ტკაცუნის ხმაც კი ისმოდა. – დანიელი… – ახლა რაღა მოხდა?! – ვერც კი გაიაზრა, ისე აუწია ხმას ანდრომ. ვლადმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. დარწმუნებული არ იყო, უნდოდა თუ არა იმის მოსმენა, რის თქმასაც ქალი წამი-წამზე აპირებდა. – დამირეკეს და მითხრეს, რომ კლინიკის გზაზე მანქანა პატარა ავარიაში მოყვა, – განაგრძო ბელამ, შეკავებული ცრემლების თანხლებით. – ფსიქიატრებმა და მძღოლმა, მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მხოლოდ გონება დაკარგეს ცოტა ხნით. – თვითონ დანიელი როგორაა?! – გაყინული ხმით იკითხა ვლადმა. – სერიოზულად დაშავდა? – დანიელს არაფერი მოსვლია, უბრალოდ… ვლადს მოთმინების ფიალა ამოეწურა და ეს აფეთქება, ბოლომდე ჩააქსოვა საგრძნობლად აწეულ ხმაში: – ბელა თქვი! რა სჭირს ჩემს ძმას?! – სანამ… მანქანაში სხვები უგონოდ იყვნენ… დანიელმა გაქცევა მოასწრო, ბიჭებო… იმის გამო, რომ არ მინდა ძალიან დიდხანს დამიგვიანდეს, ვერ ვდებ ისე საფუძვლიანად რედაქტირებულ ვერსიას, როგორიც საჭიროა. ისტორიის დასრულებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვაპირებ სრულად ავტვირთო და შეგიძლიათ იქ წაიკითხოთ უფრო გამართული ვერსია პ.ს ვინც მხოლოდ გაგრძელების თარიღს კითხულობთ კომენტარებში და მეტს არაფერს, ძალიან გთხოვთ სულ ნუ დაწერთ კომენტარს და როცა გაგრძელდება, მაშინ წაიკითხეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



