შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროსფერი რეცეპტი (ნაწილი 14)


დღეს, 22:32
ავტორი თინათინი10
ნანახია 218

ნინი სიბნელეში ძლივს არჩევდა რაიმეს. მის წინ მხოლოდ ნიკოლასის ბუნდოვან სილუეტს ხედავდა, გრძნობდა მის თითებს საკუთარ თმაში და სუნთქვას, რომელიც იმდენად ახლოს იყო, რომ ყოველი ამოსუნთქვა სახეზე ეხებოდა, რამდენიმე წამი ასე გაუნძრევლად დარჩა.
- რას აკეთებ? - ხმადაბლა ამოიჩურჩულა,
მხოლოდ ამ სიტყვებზე მოვიდა ნიკოლასი გონს..თითქოს ვიღაცამ უცებ გამოაფხიზლა და იმ რეალობაში დააბრუნა, რომლისგანაც რამდენიმე წამით სრულიად მოწყვეტილი იყო..
- რას ვაკეთებ? - მზერა ნინის თვალებიდან ნელა გადაიტანა, ხელი ფრთხილად მოაშორა მის თმას და ოდნავ უკან დაიხია.
- მართლა რას აკეთებ, ნიკოლას? რას?! -
საკუთარ თავს უსაყვედურა გონებაში, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ გაეფიქრებინა გოგონასთან, რომელიც მის საუკეთესო მეგობარს მოსწონდა?
- მე... არაფერს... - დაბნეულად ამოილაპარაკა და ყელი ჩაიწმინდა
- უბრალოდ ვცდილობდი, დამემშვიდებინე. უკეთ ხარ? - ნინიმ თავი დაუქნია, ჯერ კიდევ უცნაურად გრძნობდა თავს, თუმცა სუნთქვა უკვე დალაგებოდა.
- ჰო... უკეთ ვარ.
- კარგია. წამოდი, წავიდეთ - ნიკოლასი წამოდგა და ხელი გაუწოდა, ნინი წამით შეყოყმანდა, შემდეგ მის ხელს დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა.
- შუქი? რატომ ჩაქვრა? - იკითხა გოგონამ და ირგვლივ მიმოიხედა.
- ყველგან ჩაქვრა.. როგორც ჩანს, მთელი უბნის პრობლემაა. ამაღამ მაცივრებს ტემპერატურა ეყოფა, თუ დილითაც არ მოვიდა, გენერატორზე გადავიყვანთ.
- კარგი... წავედით - ნინი წინ წავიდა, კარისკენ მიმავალს ჯერ კიდევ ოდნავ უკანკალებდა ფეხები, თუმცა ცდილობდა, ეს არ შეემჩნია..ნიკოლასი კი რამდენიმე წამით ისევ იქ იდგა, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
- იდიოტი ხარ, ნიკოლას! - საკუთარ თავს კიდევ ერთხელ უსაყვედურა, ღრმად ჩაისუნთქა და ნინის უკან გაჰყვა.

გიორგი უკვე რამდენიმე წუთი იყო, რაც მეგის სახლთან ელოდებოდა. საჭესთან იჯდა, ერთი ხელი საჭეზე დაედო, მეორე კი სავარძლის სახელურზე ჩამოედო. სახეზე ჩვეული სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა. ტელეფონს დახედა, შემდეგ საათს და უკმაყოფილოდ ამოიოხრა.. სწორედ ამ დროს კარი გაიღო, მეგი გამოჩნდა.. გრძელი, ელეგანტური პალტო ეცვა, შიგნით ტანზე ლამაზად მომდგარი, სადა კაბა, რომელიც მის ფიგურას ბუნებრივად უსვამდა ხაზს. ფეხზე დახვეწილი ჩექმები ეცვა, თმა თავისუფლად ჩამოეშალა მხრებზე, მსუბუქად დახვეული ბოლოებით..მაკიაჟიც ზომიერი ჰქონდა, გამოკვეთილი თვალები, ნაზი ტუჩსაცხი და სახეზე ბუნებრივი სიხალისე. არანაირი ზედმეტი ეფექტი, არანაირი ვულგარულობა. უბრალოდ ლამაზად, ქალურად და გემოვნებით გამოიყურებოდა..გიორგიმ რომ დაინახა, რამდენიმე წუთით თვალი ვერ მოწყვიტა,
თავდაპირველი უკმაყოფილო გამომეტყველება შეუმჩნევლად შეეცვალა, მანქანის კარი გააღო და ნელა გადმოვიდა..მეგი მისკენ თავდაჯერებული ნაბიჯებით წამოვიდა.
- გილოცავ კიდევ ერთხელ... - უთხრა გიორგიმ და მანქანის კარი გაუღო.
- როგორი პატივია! - თავი ოდნავ ასწია მეგიმ და წარბი ეშმაკურად აუთამაშა,
მანქანაში ჩაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და სავარძელში კომფორტულად მოკალათდა..გიორგიმ კარი მიუხურა და საჭეს მიუჯდა.
- აბა, წავედით?
- საით?
- საგურამოს ტყის მხარეს. იქ ერთი კარგი ადგილია, ტყის პირას პატარა მინდორი. კარვებს გავშლით, მწვადებს შევწვავთ...
- კარვები? — ინტერესით შემობრუნდა გიორგი.
- კი! ჩანთაში მაქვს, არაყიც მომაქვს! მთვრალები ხომ არ წამოვალთ?
- მე არ ვაპირებ დალევას.
- კარგი რაა, ერთხელ მაინც გაგვისწორე ხასიათი. ნუ გეშინია, მთვრალს არ შეგაცდენ! - გიორგის გაეღიმა.
- შეშლილი ხარ... - თავი გადააქნია,
რამდენიმე წუთი ჩუმად იმგზავრეს, შემდეგ მეგის მუცელმა საკმაოდ ხმამაღლა დაიბუყბუყა, გოგონა შეიშმუშნა.. გიორგიმ გვერდულად გადახედა.
- რა გჭირს? - მეგიმ მუცელზე ხელი დაიდო და უკმაყოფილოდ მოიღუშა.
- მთელი დღეა არაფერი მიჭამია... მომშივდა - მეგიმ გზას გახედა და უცებ წამოიძახა:
- აი, აქ საშაურმეა! გამიჩერე!
- რა საშაურმე, დაგვაგვიანდება!
- არა, ისინი ჯერ წამოსულებიც არ იქნებიან. მანამდე მოვკვდები მშიერი! მიდი, გამიჩერე! - გიორგიმ უკმაყოფილოდ ამოიოხრა, მაგრამ მანქანა მაინც გააჩერა..მეგი თითქმის სირბილით გადმოხტა და საშაურმის წინ მდგარ საკმაოდ გრძელ რიგში ჩადგა, გიორგიმ მანქანიდან გადახედა და ღიმილი ვერ შეიკავა..მეგის აშკარად შიმშილიც აწუხებდა და სიცივეც.. რამდენიმე წუთის შემდეგ მოთმინება საბოლოოდ ამოეწურა.
- რა უბედურებაა! - წამოიძახა ხმამაღლა.
- ქალს ადგილს არავინ დაუთმობს? მით უმეტეს, დაბადების დღე მაქვს და ძალიან მშია! - რიგში მდგომებმა მისკენ მოიხედეს. ზოგს გაეცინა, ზოგმა კი გზა დაუთმო.
- მობრძანდი, ლამაზო! - გამოეხმაურა ახალგაზრდა ბიჭი
- ადგილსაც დაგითმობ და შაურმაზეც დაგპატიჟებ! - მეგის სახე მაშინვე გაუნათდა.
- მართლა? - ღიმილით გაუწოდა ხელი,
თუმცა შაურმა ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამორთმეული, როცა მის გვერდით წამში
გიორგი გაჩნდა..მან მეგის მაჯაში ხელი ჩაავლო და რიგიდან გამოსწია.
- წამოდი!
- გიორგი! რას აკეთებ?! - ახალგაზრდა ბიჭმა გაკვირვებით შეხედა.
- რას აკეთებ, ძმაო? გოგოს შაურმას ვთავაზობდი - გიორგი მისკენ შებრუნდა, მზერა სასტიკად ცივი ჰქონდა, ღრმად ჩაისუნთქა.. ბიჭისკენ გაიწია თუმცა მეგიმ მკლავში მოქაჩა და ძალით წამოიყვანა
- წამოდი სწრაფად! ნუ ჩამამწარებ დღევანდელ დღეს! - მანქანაში ჩასვა.. ძრავა დაქოქა და ადგილს სწრაფად მოსწყდა..მეგი გაბუტული იჯდა, ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა.
- ეს რა იყო?! მშიერი დამტოვე!
- რას ჰგავდა შენი საქციელი?!
- ჩემზე ხომ არ იეჭვიანე? - სიცილით მიუბრუნდა.
- ნუ სულელობ! როცა ჩემს გვერდით ქალია, მას სხვანაირად ვერავინ მოექცევა! - მეგიმ გაოცებით შეხედა, შემდეგ კი ფართოდ გაეღიმა.
- ღმერთო, როგორი ჯენტლმენი ხარ! და როცა შენს გვერდით მშიერი ქალია, მაგას რა მოვუხერხოთ? - გიორგიმ არაფერი უპასუხა, სათავსო გახსნა და იქიდან რამდენიმე შოკოლადის ფილა, ბაუნტი და სნიკერსი ამოიღო. ყველაფერი მეგის კალთაში ჩაუყარა.
- აჰა და მოისვენე! - მეგის თვალები გაუბრწყინდა.
- ეს ყველაფერი ჩემთვისაა?!
- არა, მეზობლისთვის მქონდა გადანახული.
- ძალიან სასაცილო ხარ! - გოგონა მაშინვე ტკბილეულს დაეძგერა, ჯერ სნიკერსი გახსნა, ერთი დიდი ლუკმა მოაკბიჩა და კმაყოფილმა თვალები დახუჭა.
- მმმ... ღმერთო, რა გემრიელია! - გიორგიმ გვერდულად გახედა.
- ნელა ჭამე, არავინ გართმევს.
- შენ არ იცი, რას ნიშნავს შიმშილი! -
მეგიმ მეორე ფილაც გახსნა, შემდეგ ბაუნტს დასწვდა. შოკოლადის გემო აშკარად სიამოვნებდა. ხან ერთს აგემოვნებდა, ხან მეორეს, თან კმაყოფილი ბუტბუტებდა, თითქოს დიდი ხნის ნანატრი ნადიმი მოეწყო..გიორგი გზას უყურებდა, თუმცა პერიოდულად მისკენ აპარებდა მზერას..რამდენიმე წუთში მეგის ტუჩის კუთხესა და ნიკაპზე შოკოლადის კვალი გაუჩნდა.
- მეგი...
- ჰო - პირი სავსე ჰქონდა, გიორგიმ ხელსახოცი გაუწოდა.
- სახე მოიწმინდე - გოგონამ ხელი მოისვა, მაგრამ შოკოლადი კიდევ უფრო გადაისვა, გიორგიმ თავი გადააქნია.
- არა, ასე არა. მოიცადე! - წითელ შუქნიშანზე გააჩერა, ხელსახოცი გამოართვა და ნიკაპთან ფრთხილად მიადო.
- აქ გაქვს - მეგი გაუნძრევლად იჯდა და თვალებში უყურებდა, გიორგიმ სწრაფად მოაშორა ხელსახოცი და ისევ საჭეს მიუბრუნდა..გოგონამ კოკა-კოლას ქილა გახსნა და რამდენიმე დიდი ყლუპი მოსვა, ბოლოს ქილა ბოლომდე დაცალა, კმაყოფილმა ამოისუნთქა და ცარიელი ქილა უკანა სავარძელზე მოისროლა.
- აჰ! ახლა უკვე თვალებში ვიხედები! -
გიორგის გაეცინა, მეგი სავარძელში კიდევ უფრო ღრმად ჩაჯდა და გამძღარი ბავშვივით მოიკალათა, გიორგიმ ისევ ჩაიცინა. უკანა სავარძელზე ხელი გადაწია, იქვე დადებული პატარა წელის ბალიში აიღო და მეგის მიაწოდა.
- აჰა, ზურგს უკან დაიდე, უფრო კომფორტულად იქნები
- ოჰ, რა ყურადღებიანი ხარ! - მეგიმ ბალიში წელთან მოათავსა, სათვალე ამოიღო და გაიკეთა. შემდეგ თავი საზურგეს მიაყრდნო, თვალები დახუჭა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- არ გამაღვიძო, სანამ არ მივალთ! -
გიორგიმ თავი გააქნია, მანქანა ქალაქს თანდათან შორდებოდა. გზის ორივე მხარეს ხეები და მწვანე ფერდობები ჩნდებოდა, საღამოს მზის უკანასკნელი სხივები კი საქარე მინაზე ირეკლებოდა..

სუფთა ჰაერის სიგრილემ ნინის დაავიწყდა ლიფტში გაჭედვის უსიამოვნება.. შედარებით დაწყნარდა, ნელნელა დამშვიდდა.. ნიკოლასი
აუღელვებელი გამომეტყველებით უყურებდა..
- აბა, ძვირფასო მოსწავლე, დავიწყოთ გაკვეთილი? მზად ხარ? შეძლებ? - ჰკითხა მან და საათს დახედა.
- დღეს არა.. - ნიკოლასს გაეღიმა.
- კარგი ეხლა.. რამ შეგაშინა ორი წუთი ლიფტში გაჭედვამ? ეს ხარ სულ? ტყუილად ბაქიბუქობ, ერთი მშიშარა გოგო ხარ! - ნინიმ წარბი ასწია
- არა! კარგი, დავიწყოთ! მე არ მეშინია არაფრის!
- მშვენიერია, მოსწავლე, მაშინ საჭესთან დაჯექი - ნინი მძღოლის მხარეს მოთავსდა, საჭეს ორივე ხელი მოჰკიდა და ისეთი სერიოზული სახე მიიღო, თითქოს რამდენიმე წუთში საერთაშორისო ავტორბოლაში უნდა მიეღო მონაწილეობა..ნიკოლასი მის გვერდით მოთავსდა, კარი მიხურა და ყურადღებით შეათვალიერა.
- მოიცა, მოიცა... ასე აპირებ მართვას?
- რა არის?
- ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, მანქანას მართავ თუ დაკითხვაზე ხარ, მხრები ჩამოუშვი, წითურო.
- მხრები ნორმალურად მაქვს!
- ნორმალურად კი არა, ყურებთან გაქვს ატანილი, ცოტა მოდუნდი.
- შენ რომ არ მიკეთებდე უაზრო კომენტარენს, ბევრად უფრო მოდუნებული ვიქნებოდი - ნიკოლასმა თავი გააქნია და სავარძლისკენ მიუთითა.
- კარგი, პირველ რიგში, სავარძელი უნდა მოირგო. ფეხი მუხრუჭზე მიიტანე - ნინიმ მუხრუჭს დააჭირა.
- ახლა ნახე, ფეხი ბოლომდე უნდა წვდებოდეს პედალს ისე, რომ მუხლი ოდნავ მოხრილი გქონდეს. ზედმეტად წინაც არ უნდა იყო და არც ისე შორს, რომ პედალამდე ძლივს აღწევდე.
- ვიცი ეგ ყველაფერი!
- მაშინ რატომ ზიხარ ისე, თითქოს საჭესთან ვიღაცამ ძალით მოგათრია?
- იმიტომ, რომ ვიღაცამ მართლაც ძალით მომათრია - ნიკოლასმა გაიცინა.
- კარგი, კარგი. ახლა ცოტა უკან გასწიე სავარძელი - ნინიმ ბერკეტს ხელი მოჰკიდა, მაგრამ სავარძელი თითქმის არ დაძრულა.
- არ მუშაობს.
- მუშაობს, უბრალოდ არასწორად აკეთებ.
- აბა, შენ სცადე, გენიოსო - ნიკოლასი მისკენ გადაიხარა.
- ხელი აქ უნდა ჩაავლო... - მისი მხარი ნინის მხარს შეეხო, ნიკოლასმა ერთი ხელით სავარძლის ქვემოთ არსებული ბერკეტი ასწია, მეორე კი სავარძლის საზურგეს მიადო. მანქანის ვიწრო სივრცეში მისი სიახლოვე უცებ ძალიან შესამჩნევი გახდა..ნინიმ თავი ოდნავ მისკენ მიაბრუნა.
- ასე?
- ჰო... ახლა უკან გასწიე - სავარძელი დაიძრა, ნიკოლასი ჯერ კიდევ მისკენ იყო გადახრილი. სახეებს შორის მანძილი მცირე იყო, ნინი მის სუნთქვასაც კი გრძნობდა..
- კიდევ? - ჩუმად იკითხა ნინიმ,ნიკოლასმა თვალები მის თვალებზე შეაჩერა.
- არა.. ახლა კარგია.. - სულ ერთი წამი გაგრძელდა ეს უცნაური სიჩუმე, სანამ ნიკოლასმა მზერა საჭეზე გადაიტანა და სავარძელში გასწორდა.
- ახლა სარკეები - ნინიმ ღრმად ჩაისუნთქა..
- აი, ასე? სწორად მაქვს? - ნიკოლასმა გვერდითი სარკისკენ გაიხედა.
- ოდნავ დაბლა. ჰო, ეგაა. ახლა უკანა ხედვის სარკე და ხელები საჭეზე.. ოღონდ არ ჩაეჭიდო ისე, თითქოს ბოლო იმედი იყოს - ნინიმ ხელები საჭეზე დააწყო.
- ასე? - ნიკოლასმა მის თითებს დახედა
- არა, ძალიან დაჭიმული გაქვს ხელები.
- ნორმალურად მიჭირავს!
- ნორმალურად არა, შეხედე.. - მან ხელი ფრთხილად დაადო ნინის მტევნებს და საჭეზე მათი მდებარეობა შეუცვალა.. თითები ერთმანეთს შეეხო, ნინის მზერა მის თითებზე შეჩერდა.. გოგონა შეხტა..
ნიკოლასმაც შენიშნა, მაგრამ ხელი მაშინვე არ აუღია.
- აი, ასე...საჭე უნდა აკონტროლო, მაგრამ არ უნდა ებრძოლო - თქვა უფრო დაბალი ხმით
- კარგი, წითურო. ახლა ვნახოთ, რამდენად კარგი მძღოლი ხარ.. დაქოქე! - ნინიმ გასაღებს ხელი მოჰკიდა.
- იცოდე თუ რამე შემეშალა არ დამცინებ!
- ნუ გეშინია, შენ საუკეთესო მასწავლებელი გყავს! აბა, წითურო, მიდი.. გამაოცე. - მანქანა ნელა დაიძრა, ნინი საჭეს ორივე ხელით ებღაუჭებოდა და წინ იყურებოდა..სახეზე ისეთი კონცენტრაცია ჰქონდა, თითქოს გზაზე თითოეული ორმო პირადად მის წინააღმდეგ იყო მოწყობილი..ნიკოლასი გვერდით მჯდომი აკვირდებოდა და ღიმილს ძლივს იკავებდა.
- ცოტა მოეშვი, წითურო. მანქანა არ გაიქცევა.. - რამდენიმე მეტრი მშვიდად გაიარა, მაგრამ შემდეგ ნინიმ საჭე ოდნავ მკვეთრად მოაბრუნა - ნიკოლასი ინსტინქტურად სავარძელს ჩაეჭიდა.
- მოიცა, მოიცა! რას აკეთებ? სად მივდივართ?!
- გზაზე!
- და რატომ გადავწყვიტეთ მეზობელ ზოლში გადასახლება?
- მოსახვევი იყო! ძალიან ნუ აზვიადებ!
- ღმერთო! მგონი შენგან არაფერი გამოვა! შენი მართვის სტილი შემაშფოთებელია!-ნინიმ ამოიხვნეშა, რამდენიმე წუთის განმავლობაში შედარებით მშვიდად იარეს..ნიკოლასი პერიოდულად აძლევდა მითითებებს, ნინი კი უკვე უფრო თამამად მოქმედებდა. ერთხელ სიჩქარესაც მოუმატა, მაგრამ მისმა მასწავლებელმა მაშინვე შენიშნა.
- ნელა, ნელა... აქ სიჩქარის რეკორდის დამყარებას არ ვაპირებთ.
- ძალიან ნელა დავდივარ! მგონი შენ საერთოდ არ გინდა, რომ მართვა ვისწავლო.
- პირიქით, უბრალოდ მინდა, რომ ხვალინდელ დღესაც შევხვდეთ - ნინიმ თავი მისკენ მიაბრუნა.
- რა?! - ნიკოლასმა ღიმილი შეიკავა და მხრები აიჩეჩა.
- გაკვეთილზე, წითურო. ხვალაც გაკვეთილი გვექნება, თუ დღეს მანქანას არ დამიმტვრევ - ნიკოლასს გაეღიმა.
- სხვათა შორის, ხელებს ისევ ძალიან დაჭიმულად უჭერ, მოადუნე მტევნები.
- ასე?
- ჰო, ოდნავ. საჭეს ნუ ებრძვი..
- აი, ახლა?
- უკეთესია.. ცერა თითი აქ უნდა გქონდეს.. ასე უფრო მყარად დაიჭერ საჭეს - მისი თითები ნინისას შეეხო.. ნიკოლასი მშვიდად უხსნიდა, მაგრამ ნინიმ იგრძნო, როგორ შეეცვალა სუნთქვა. წამით მის ხელს დახედა, შემდეგ კი სახე ოდნავ შეატრიალა.
- გასაგებია? - ჰკითხა ნიკოლასმა.
- კი..
- მაშინ რატომ მიყურებ ისე, თითქოს რაღაც ახალი აღმოაჩინე?
- მე..მე.. - გოგონა დაიბნა
- კარგი, წითურო. გააგრძელე. ვნახოთ, კიდევ რამდენჯერ დამაკარგვინებ სიმშვიდეს.. ჰო მართლა, ასე ძალიან რატომ შეგეშინდა ლიფტში? არ გიყვარს ჩაკეტილი სივრცეები? -ნინიმ გზას თვალი არ მოაშორა.
- არა.. ბავშვობიდან მეშინია.. - სახეზე ღიმილი გაუქრა და თვალებში სევდა გამოესახა..
- საინტერესოა.. რატომ? ვინმემ სადმე ჩაგკეტა? - ბიჭმა სიცილი დაიწყო, ნინის მწარედ ჩაეღიმა..
- შეიძლება ადეც ითქვას.. - შეუმჩნევლად მოიწმინდა თვალზე გადმოგორებული ცრემლი.. - ნიკოლასმა სავარძელში უფრო მოხერხებულად მოიკალათა..
- სხვათა შორის ახლა კარგად მიდიხარ.. აი ასე თუ განაგრძობ მართვის მოწმობას მალე ავიღებთ
- რას ვეღირსე.. შენ ახლა მაქებ?
- სიმართლეს ყოველთვის ვამბობ.. მაშინაც კი ვამბობდი სიმართლეს როცა ვ3რ გიტანდი, რომ კარგ დესერტებს აკეთებდი
- ახლა მიტან? - გოგონას გაეცინა
- ამაზე არ დავფიქრებულვარ, მაგრამ მგონია რომ ძველებური ზიზღი აღარ მაქვს შენს მიმართ..
- ხედავ? მგონი მოლაპარაკება გამოგვდის.. - ნინის ტელეფონი სწორედ ამ დროს აწკრიალდა..ეკრანს დახედა და ოდნავ გაეღიმა.
- მოიცა, გავაჩერებ - მან სიჩქარე შეანელა და მანქანა გზის უსაფრთხო, თავისუფალ მონაკვეთზე გააჩერა
- გისმენ, ზურა - ნიკოლასის სახეზე ღიმილი ნელ-ნელა გაქრა..ნინიმ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და საუბარი გააგრძელა.
- ჰო, ახლა გარეთ ვარ... არა, არ მცალია, მართვის გაკვეთილზე ვარ... - გაეცინა
- მართლა? ეგ არ ვიცოდი - ნიკოლასი გაუნძრევლად იჯდა. მზერა ჯერ ნინის სახეზე ჰქონდა, შემდეგ საქარე მინას მიაშტერდა..
- კარგი, მერე მომწერე და ვნახავ... ჰო, მადლობა, ზურა. აბა, დროებით - ნინიმ ზარი დაასრულა და ტელეფონი ჩანთაში ჩადო.. მანქანის დაძვრას აპირებდა, როცა ნიკოლასის ხმამ შეაჩერა.
- გადმოდი!
- რა? - გოგონამ გაკვირვებისგან წამოიყვირა.
- გადმოდი-მეთქი! საჭესთან დამსვი! -
ნიკოლასმა ღვედი შეიხსნა, კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა, გოგონას ხელი ჩაავლო
- ნიკოლას, რას აკეთებ?!
- გადმოდი!
- ხელი გამიშვი! გააფრინე?! - მაგრამ ნიკოლასს მისი პროტესტი თითქოს არც გაუგია, ნინი მანქანიდან ჩამოსვა, კარი მიხურა და თავად დაიკავა მძღოლის ადგილი.
- რა გჭირს?! - გაბრაზებულმა ჰკითხა ნინიმ და მის გვერდით დაჯდა.
- საშინლად ატარებ! ასე სადმე დამამტვრევ! მე დავჯდები საჭესთან!
- ავადმყოფი ხარ! შენ არ მითხარი, კარგად ატარებო?!
- გადავიფიქრე!
- რა?!
- კარგი მძღოლი არ ხარ! საერთოდაც, შენგან არაფერი გამოვა! ვერც მართვის მოწმობას აიღებ! შენგან მძღოლი არასდროს დადგება! - ნინი გაოგნებული უყურებდა. რამდენიმე წუთის წინ თავადვე აქებდა, ახლა კი ასეთი სიტყვებით ამკობდა..
- შენ... - დაიწყო მან, მაგრამ ნიკოლასის სახეს რომ შეხედა, სიტყვა ვეღარ გააგრძელა.. დაძაბულობა ეტყობოდა, თითებით საჭეს ისე ჩასჭიდებოდა, თითქოს მისი დამტვრევა უნდოდა.. თვალებში ბრაზი ჩასდგომოდა და ეს ბრაზი ნინისკენ იყო მიმართული, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა, საიდან მოდიოდა..ნიკოლასმა გაზს მკვეთრად დააჭირა და მანქანამ სიჩქარე აკრიფა.
- ასე თუ აპირებ, მგონი, შენი წყალობით მოვხვდებით ავარიაში!
- გაჩუმდი! ნუ მასწავლი, რა უნდა ვქნა! -
ნინის ხმა აღარ ამოუღია, ხელები გადაიჯვარედინა და სავარძელში მოკალათდა.. სახე ფანჯრისკენ მიაბრუნა და გარეთ ყურება დაიწყო..

გიორგიმ მანქანა ტყის პირას, პატარა გაშლილ მინდორთან გააჩერა. ირგვლივ მაღალი ხეები შრიალებდა, ჰაერი გრილი იყო, სასიამოვნოდ გრილი.. შორს ჩიტების ხმა ისმოდა, ახლომახლო კი პატარა ნაკადულის ჩხრიალი არღვევდა სიჩუმეს.
- ეს არის? - იკითხა გიორგიმ და ფანჯრიდან გადაიხედა.
- კი, აქ - მანქანა ჯერ ბოლომდე არც იყო გაჩერებული, რომ მეგი უკვე კარს აღებდა.. ბავშვივით გადმოხტა, უკანა სავარძლიდან ზურგჩანთა გადმოიღო და აღტაცებით მიმოიხედა.
- ზუსტად ასეთი ადგილი მინდოდა! -
გიორგიმ ძრავა გამორთო და მის მოძრაობებს ღიმილით ადევნებდა თვალს.
- ჯერ მოიცადე, ყველაფერი წინ გაქვს.
- სამწვადე, მგონი, ნიკოლასის მანქანაშია, მანამდე შეშები მოვაგროვოთ.
- მოიცადე ერთი წუთით, თავბრუ დამეხვა.
- მალე მოვლენ, მანამდე შეშები მოვიტანოთ.
- მეგი, ერთი წუთით-მეთქი... - გიორგიმ ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა,
მეგი მოულოდნელად მის მკერდს შეეჯახა.. ზურგჩანთა მხარზე ჩამოუცურდა, ხელები კი ინსტინქტურად გიორგის მხრებზე შემოხვია..მეგის მოულოდნელობისგან ხველა დაეწყო
- რა გჭირს?
- არაფერი... - მეგიმ ამოისუნთქა, გიორგიმ კიდევ ერთხელ შეათვალიერა, შემდეგ მანქანისკენ შებრუნდა, უკანა კარი გააღო, სავარძელზე დადებული დიდი თაიგული აიღო და მეგის მიუბრუნდა.
- ეს იუბილარს
- ეს მეე?! - გიორგიმ ყვავილები გაუწოდა.. თაიგულში სხვადასხვა ფერის ვარდები იყო, ლამაზად შეკრული, დახვეწილი შეფუთვით..მეგიმ ჯერ ყვავილებს დახედა, შემდეგ გიორგის. თვალები სიხარულისგან გაუბრწყინდა.
- გილოცავ კიდევ ერთხელ.
- რატომ ვერ შევნიშნე, მანქანაში გქონდა?
- იმიტომ, რომ პირი სავსე გქონდა ტკბილეულით!
- ვქნა, მშიერი ვიყავი! - მეგი მოულოდნელად მივარდა და გიორგის კისერზე ჩამოეკიდა. თაიგული ერთ ხელში ეჭირა, მეორეთი კი მაგრად ჩაეხუტა.
- მადლობა! მართლა ძალიან მომეწონა! -
გიორგიმ ხელები წელზე მოხვია და ოდნავ გაიღიმა.
- მიხარია.. - მეგიმ თაიგული მანქანის კაპოტზე ფრთხილად დადო და კვლავ მისკენ შებრუნდა.
- დღეს ძალიან მომწონხარ ბატონო გიორგი - გიორგის ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
- მხოლოდ დღეს?
- დღეს განსაკუთრებით! - მეგი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.. გიორგიმ უკან დაიხია, მაგრამ მანქანის კარს მიეყრდნო და გასაქცევი სივრცე აღარ დარჩა.
- ისევ იწყებ?
- რას?
- ამ თამაშს.
- მე არაფერს ვთამაშობ - მეგიმ მზერა მის თვალებსა და ტუჩებს შორის გადაიტანა, ფეხისწვერებზე აიწია და ტუჩებთან ახლოს, ტუჩის კუთხეში აკოცა..გიორგიმ თვალები დახუჭა.. მეორე კოცნაც მოჰყვა, უფრო ნელი და ხანგრძლივი.
- შენ... გეყოფა, მეგი - ჩაიჩურჩულა მან, როცა მათი ტუჩები თითქმის ერთმანეთს ეხებოდა..
- აღიარე, რომ მოგწონს ჩემთან ყოფნა.
- ძალიან თავდაჯერებული ხარ.
- შენ კი ძალიან ბევრს ფიქრობ -
მეგი ისევ დაიხარა მისკენ, გიორგიმ ამჯერად აღარ დაიხია.. ხელი თმაში შეუცურა, თითები ნაზად ჩამოუსვა და კისერთან ახლოს სახე მიიტანა, თვალები დახუჭა, შემდეგ კი უკან დაიხია და გოგონას თვალებში ჩახედა..მის სახეზე იშვიათი, თბილი ღიმილი გაჩნდა.
- შენ რომ ასეთი თავქარიანი არ იყო... - მეგის გაეცინა.
- მაინც და მაინც უნდა დავჭკვიანდე?
- ცოტა მაინც.
- და თუ არ მინდა?
- მაშინ რთული შემთხვევაა.. - მეგიმ თავი მის მკერდზე მიადო და თვალები დახუჭა.
- შენც ხომ იცი, რომ ასეთი უფრო მოგწონვარ.. - გიორგის გაეცინა.. მოულოდნელად ტყის სიჩუმე ძრავის ხმამ დაარღვია. მოსახვევიდან შავი მანქანა გამოჩნდა და საკმაოდ სწრაფად შემოვიდა გაშლილ ტერიტორიაზე.. საბურავების ქვეშ ხრეში გაიშალა, მანქანა კი რამდენიმე მეტრში მკვეთრად გაჩერდა..მანქანის კარი გაიღო და ნიკოლასი გადმოვიდა.
- რას შვრებით, ხალხო?! - ხმამაღლა დაიძახა მან..გიორგიმ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მისი სახე ჩვეულებრივ, თავშეკავებულ გამომეტყველებას დაუბრუნდა.. თითქოს რამდენიმე წამის წინ მეგი მის მკერდზე არ ყოფილიყო მიყრდნობილი..ნიკოლასმა ორივეს გადახედა. ჯერ მეგის ყვავილებს მოჰკრა თვალი, შემდეგ გიორგის სახეს.
- ოჰოო... ყვავილებიც ყოფილა! - თქვა მან და ეშმაკურად გაიღიმა
- გიორგი, ეს შენ მოიტანე? - მეგიმ თაიგული ხელში აიღო და ამაყად ასწია.
- დიახ, ჩემთვის მოიტანა! - ამაყად უპასუხა მეგიმ და თაიგულს დახედა
- თქვენ სად ხართ აქამდე?
- ჩემმა უნიჭო მოსწავლემ ბევრი მაწვალა გზაში და ამიტომ დაგვაგვიანდა! - ნიკოლასმა ნინისკენ გაიხედა და ღიმილით განაგრძო მისი გაღიზიანება, ნინიმ თვალები აატრიალა.
- აუტანელი... - კბილებში გამოსცრა ჩუმად.
- კარგი, გვეყოფა ახლა! - მეგიმ ტაში შემოჰკრა
- საქმე გავინაწილოთ. მწვადი ხომ შენს მანქანაშია, ნიკოლას?.. გიო წამოდი, შეშა მოვიტანოთ. თქვენ მანამდე კარვები გაშალეთ - მეგიმ გიორგის ხელი ჩაავლო და პასუხის მოსმენას არ დაელოდა, ისე გააქანა ტყისკენ.
- მეგი, მოიცადე! - ჩუმად უთხრა გიორგიმ, როცა ცოტა მოშორდნენ დანარჩენებს.
- უხერხულია, რას იფიქრებენ?
- ვინ რას იფიქრებს? - ერთ ხესთან გაჩერდა, გიორგისკენ შემობრუნდა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
- საუბარი ვერ დავასრულეთ! - გიორგიმ ამოიოხრა
- მეგი, გთხოვ, რაღაცებს ნუ აურევ ერთმანეთში... დასასრულებელი არაფერია. მე და შენ შეგვიძლია ძალიან კარგი მეგობრები ვიყოთ და მორჩა! - მეგიმ წარბი ასწია.
- მეგობრები? რამდენიმე წუთის წინ მეგობარივით არ იქცეოდი!
- აი, ნახე... უბრალოდ გავიცინეთ, ერთმანეთს გავუღიმეთ და შენ უკვე სხვა ფიქრებში წახვედი.
- კარგი... კარგი... საკმარისია.. აღარ არის საჭირო.. არც მეგობრობა მინდა შენგან და არც არაფერი. გავიგე! - მეგი მოტრიალდა და წინ წავიდა, მიწაზე მიმოფანტული ტოტების შეგროვება დაიწყო, თან ისეთი გაბრაზებული გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს თითოეულ ტოტს გიორგის გამო უსწორდებოდა..
- მოიცადე, მოგეხმარები
- არ მჭირდება.
- მეგი, მარტო ვერ წაიღებ ამდენს.
- არაუშავს მეგობარო, შენ მომეხმარე.. მეგობრები ხომ ამისთვის არსებობენ! -
ცოტა ხანს ჩუმად აგროვებდნენ შეშას..
მეგიმ ტოტის გამოქაჩვა სცადა, მაგრამ ფეხი სველ ფოთოლზე დაუცდა, მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და უკან გადაიხარა..გიორგიმ ინსტინქტურად მკლავში ხელი ჩაავლო.. რამდენიმე წამით ორივე გაუნძრევლად იდგა.
- ფრთხილად - ჩუმად უთხრა გიორგიმ..
მეგიმ თავი ასწია, მათი სახეები ძალიან ახლოს იყო.
- გამიშვი... - გაბრაზებულმა მოიშორა, მეგიმ თმა შეისწორა და ვითომ არაფერი მომხდარა, ისევ შეშის შეგროვებას მიუბრუნდა.


- ბუზების თვლას თუ მორჩენი წითურო, შეგიძლია კარვების აწყობაში დამეხმარო!
- რასაც ოდნავ კარგს ვფიქრობდი შენზე ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაანადგურე! - ნიკოლასმა უხმოდ კარვის ერთი ნაწილი გაშალა და ნინისკენ გადააგდო.
- ეს დაიჭირე.
- ასე?
- არა, მეორე მხრიდან!
- ორივე მხარე ერთნაირია! - ნინიმ თვალები აატრიალა და ქსოვილი ხელახლა გაშალა. ნიკოლასი ცდილობდა, საყრდენი ღეროები ერთმანეთთან შეეერთებინა, თუმცა აშკარად არ იყო საუკეთესო განწყობაზე. რამდენჯერმე ხელიდან გაუსხლტა ერთი ღერო, ბოლოს კი ისეთი ძალით მოქაჩა, რომ კარვის ქსოვილი თითქმის ნინის თავზე დაეცა.
- ფრთხილად! - წამოიყვირა გოგონამ და ქსოვილი სახიდან მოიშორა
- კარავს შლი თუ ომში მიდიხარ?!
- თუ ხელს არ შემიშლი, მალე დავასრულებ!
- მე გიშლი ხელს? შენ თვითონ ებრძვი ამ კარავს, თითქოს შენი მოსისხლე მტერი იყოს - ნიკოლასმა ამოიოხრა და ღეროები მიწაზე დადო.. ნინი რამდენიმე წამით აკვირდებოდა, შემდეგ ხელები წელზე შემოიწყო.
- რა ბზიკმა გიკბინა ამ საღამოს?
- სულელი და ჩერჩეტი ხალხი მაღიზიანებს უბრალოდ!
- სულელში და ჩერჩეტში მე მგულისხმობ?
- როგორ მიხვდი?! - ნინიმ გაოცებული სახით შეხედა.
- ნიკოლას, რამე ცუდი ჩავიდინე?
- კი! - წამოიყვირა ნიკოლასმა.
- რა?! შეგიძლია მითხრა?! - ასევე ყვირილით უპასუხა ნინიმ..ნიკოლასი მისკენ შემობრუნდა, სახეზე აშკარა გაღიზიანება ეტყობოდა.
- ძალიან ბევრს საუბრობ! უკვე ძალიან დამღალე! - გამაფრთხილებლად თითი აუწია და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა..
ნინიმ ზურგი შეაქცია და კარვის მეორე მხარეს გადავიდა, ნიკოლასმა კბილები ერთმანეთს დააჭირა.. გონებაში ისევ ზურას ხმა ჩაესმოდა, ნინის ღიმილი და ის აუღელვებელი ტონი, რომლითაც ტელეფონში ესაუბრებოდა. ყველაზე მეტად კი ის აღიზიანებდა, რომ ამაზე ფიქრს ვერ წყვეტდა..
- ღერო მომაწოდე! - მკაცრად დაუძახა ნინის.
- აჰა! - ესროლა გოგონამ..რამდენიმე წუთში კარავი უკვე თითქმის მზად იყო..

მეგი უკმაყოფილო სახით მოათრევდა შეშის შეკვრას. როგორც იქნა, კოცონთან მიაღწია, შეშა ხმაურით დაყარა და გვერდით ჩამოჯდა. ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს მთელი საღამო პირადად მის წინააღმდეგ იყო მოწყობილი..ნიკოლასიც იქვე იჯდა, ოდნავ მოშორებით. სახეზე ზუსტად ისეთივე უკმაყოფილება ეხატა..ნინიმ ჯერ ერთს შეხედა, შემდეგ მეორეს და ჩუმად გადაიხარა გიორგისკენ.
- რა სჭირს ამათ? - გიორგიმ მათკენ გაიხედა, ღიმილი ძლივს შეიკავა და ასევე ჩურჩულით უპასუხა:
- მე რა ვიცი, შეშლილები არიან... - ორივეს გაეცინა.. ნიკოლასმა გიორგისა და ნინის ერთმანეთთან სიახლოვე შეამჩნია და მზერა მაშინვე მათკენ გადაიტანა.. წარბები შეკრა
- გიორგი, არ გინდა, მწვადი შამფურებზე ააწყო? მე კოცონს დავანთებ! - შესთავაზა ნიკოლასმა, გიორგი წამოდგა.
- კარგი, მოვამზადებ - ნიკოლასმა შეშა მოიმარჯვა, რამდენიმე მშრალი ტოტი ქვემოთ მოაქცია და სანთებელა აანთო. პატარა ალი წამით გაჩნდა, შემდეგ კი ჩაქრა
- ჯანდაბა! - მეორედ სცადა. ამჯერად ცეცხლი ქაღალდს მოედო, მაგრამ ქარმა კვამლი პირდაპირ სახეში ესროლა.
- ოხ, შენი.. - ნიკოლასმა თავი გვერდზე გასწია და ხელით კვამლის გაფანტვა სცადა.
- ნიკოლას, კარგად ხარ? - ჰკითხა გიორგიმ, თან შამფურზე ხორცს აცვამდა.
- შესანიშნავად! - გამოსძახა მან გაღიზიანებულმა..მესამედ სანთებელა აანთო და შეშასთან მიიტანა, ცეცხლი თითქოს აინთო, მაგრამ მაშინვე ჩაქრა, გაბრაზებულმა სანთებელა ძირს დააფერთხა
- ეს შეშა ნესტიანია! - გამოაცხადა ბოლოს,
მეგიმ გვერდიდან გადახედა სიცილით..
ნიკოლასმა შეშის რამდენიმე ნაჭერი გადააწყო და კიდევ ერთხელ სცადა.. ამჯერად იმდენი კვამლი ამოვიდა, რომ თვალები აეწვა. სახე მოარიდა, ხელით დაინიავა და ჩაახველა..ნინი, რომელიც მეგის გვერდით ჩამომჯდარიყო, უკვე სიცილს ძლივს იკავებდა.
- იქნებ დახმარება სჭირდება? - გადაუჩურჩულა მეგის.
- არა, აცადე. მგონი, შეშასთან პირადი ანგარიშსწორება აქვს - ნიკოლასმა მათი საუბარი გაიგონა.
- ძალიან მხიარულობთ, როგორც ვხედავ!
- საოცრად! - უპასუხა ნინიმ და გაეღიმა,
ამასობაში მეგიმ ჩანთიდან არაყის ბოთლი ამოაძვრინა და თვალები აათამაშა.
- მგონი, ვიცი, რა გვჭირდება..
- რა?
- განწყობის ამაღლება! - ბოთლი მაღლა ასწია და ნინის თვალი ჩაუკრა, შემდეგ ნიკოლასთან მივიდა.
- აბა, მომეცი, ვნახოთ, რა ვერ გააკეთე
- მე ყველაფერი გავაკეთე, უბრალოდ შეშაა ცუდი.
- ჰო, რა თქმა უნდა, ალბათ ქარიც შენ წინააღმდეგ შეთქმულებაშია - მეგი მის გვერდით ჩაიმუხლა და შეშის გადაწყობა დაიწყო.
- ეს აქ უნდა იყოს, ეს - აქ... ახლა სცადე -
ნიკოლასმა სანთებელა აანთო, ორივე დაიხარა, რომ ქარისგან დაეცვათ პატარა ალი.. კვამლი ამოვარდა და პირდაპირ ორივეს სახეში შეეყარა.
- აჰ! - წამოიყვირა მეგიმ და თვალები მოისრისა.
- ჯანდაბა! - ჩაახველა ნიკოლასმა, ნინიმ ვეღარ მოითმინა, წამოდგა, მათკენ გაემართა და თავი ღიმილით გადააქნია.
- ღმერთო ჩემო, ორი ზრდასრული ადამიანი და კოცონის დანთება ვერ მოახერხეთ!
- აბა, მოდი, გვაჩვენე შენი შესაძლებლობები!
- სიამოვნებით - ნინი ჩაიმუხლა, შეშა გადააწყო, მშრალი წვრილი ტოტები ქვემოთ მოათავსა და მათ შორის ჰაერისთვის ადგილი დატოვა. შემდეგ ქაღალდს ცეცხლი მოუკიდა და ხელით ქარისგან დაიცვა..პატარა ალი გაჩნდა, ჯერ წვრილ ტოტებს მოედო, შემდეგ უფრო მსხვილ შეშას გადაედო. ცეცხლმა ნელ-ნელა ძალა მოიკრიბა და ბოლოს აგისგიზდა.. ნარინჯისფერი ალი შეშას შემოეხვია, ნაპერწკლები ჰაერში აიჭრა და ტყის ბინდში ოქროსფერ წერტილებად აციმციმდა..ცეცხლის შუქი ნინის სახეს დაეცა, მისი ოქროსფერი თმაც აელვარდა..ნინი წამოდგა, ხელები გაიწმინდა და გამარჯვებული ღიმილით გადახედა ორივეს.
- აი, ასე!
- ვაუ, წითურო, ყოჩაღ! - თქვა ნიკოლასმა.
- ჩვენს ნინის ყველაფერი გამოსდის! - მხიარულად დაამატა გიორგიმ
- ჰო, რა თქმა უნდა... ის საუკეთესოა. კოცონის დანთებაც შეუძლია, შეშასთან მოლაპარაკებაც და, ალბათ, ხვალ მზის ამოსვლასაც თავად უზრუნველყოფს - ირონიულად აგრძელებდა ნიკოლასი
- შურიანობა ცუდი თვისებაა, ბატონო ნიკოლას!
- შურიანობა? - ხმამაღლა გაეცინა, ჭიქაში ჩამოსხმული არაყი გემრიელად გადაჰკრა
- რა თქმა უნდა, კარგად იცი რომ ასეა, ყველაფერი იდეალურად გამომდის!.. - ნიკოლასმა კიდევ ერთი ჭიქა ჩამოისხა
- რას აკეთებ? მთლიანად შენ გინდა დაცალო? მხოლოდ ეს ერთი ბოთლი წამოვიღე ! - მეგიმ არაყის ბოთლი ხელიდან გამოგლიჯა და გულში ჩაიხუტა
- მაინც თქვენ ორს მოგიწევთ მაგის დალევა, ასე რომ გეყოფათ
- რატომ ჩვენ ორს? თქვენ?
- მე არ ვსვამ.. და როფორც ვიცი არც ნინი..
- ჰო.. არც მე არ ვსვამ
- დღეს აქ ყველა დავლევთ! რადგან ეს დღე ჩემია და მე ასე მინდა! - ფეხი დააბაკუნა მეგიმ..გიორგის უკვე შამფურებზე აეწყო ხორცი, გოგონებმა პატარა მაგიდა გაშალეს..ბიჭები შამფურებს ატრიალებდნენ
- ღმერთო, რა კარგი სუნია! როდის იქნება?
- როცა მზად იქნება - უპასუხა გიორგიმ.
- ძალიან კონკრეტული პასუხია - ნიკოლასმა სიცილით გადახედა.
- დაბადების დღის გოგო მშიერია, გიორგი. იჩქარე, თორემ შეიძლება შენც შეგწვას მალე - ცოტა ხანში პირველი შამფურები მზად იყო.. ნიკოლასმა მწვადი დიდ ლანგარზე გადაიტანა, ნინიმ გვერდით პური და ბოსტნეული დაუდო, მეგიმ კი საწებლები მოიტანა..სუფრა უკვე სრულად გაშლილიყო. კოცონის შუქი მაგიდას ანათებდა, ჰაერში ახლად შემწვარი მწვადის სურნელი ტრიალებდა.
- ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ საღამო დაიწყო! - გამოაცხადა მეგიმ, შემდეგ მოულოდნელად წამოდგა.
- ერთი წუთით! ჩემი ფოტოაპარატი!
- ფოტოაპარატი?
- აბა, ასეთი საღამო როგორ უნდა გავატაროთ, რომ არაფერი შევინახოთ? -
მეგი მანქანისკენ გაიქცა და რამდენიმე წამში პატარა ფოტოაპარატით დაბრუნდა. კამერა ხელში დაიჭირა, პარამეტრები შეამოწმა და მაშინვე ნინის მიუბრუნდა.
- შენ აქ დადექი, კოცონთან. არა, ცოტა მარცხნივ... ჰო, ზუსტად! - ნინიმ გაიღიმა და თმა მხარზე გადაიწია, მეგიმ რამდენჯერმე გადაიღო. ფოტოებზე ნინის ოქროსფერი თმა ცეცხლის შუქზე ბრწყინავდა, შემდეგ მეგიმ გიორგი გადაიღო, რომელიც მწვადს ატრიალებდა.
- გიორგი, გაიღიმე!
- მეგი, საქმეს ვაკეთებ.
- სწორედ ამიტომ გეუბნები, გაიღიმე! -
ნიკოლასმა გვერდიდან ჩაიცინა.
- ღიმილი არ გამოსდის მეგი მაგას
- შენ გაჩუმდი და აქ მოდი! - კამერა მისკენ მიმართა მეგიმ, ნიკოლასი მხრებში გასწორდა და ისეთი სერიოზული სახე მიიღო, თითქოს ოფიციალურ ფოტოს იღებდნენ.
- ღმერთო, რა ჯიუტი ხარ! - გაეცინა მეგის.
- ნორმალურად დადექი! - მეგიმ ბევრი ფოტოები გადაიღო, ხან ნინი და გიორგი, შემდეგ ნინის გვერდით დადგა.
- ახლა ჩვენ ორნი! - გოგონებმა ერთმანეთს მხრები მიადეს.. ნინი მეგის ჩაეხუტა, მეგიმ კი ფოტოაპარატს გაუღიმა. რამდენიმე კადრი გადაიღეს, შემდეგ ბიჭების ჯერი დადგა.
- გიორგი, ნიკოლას, ერთად დადექით! -
გიორგი ნიკოლასს გვერდით დაუდგა და მხარზე ხელი გადახვია.
- აი, ასე! ახლა გაიღიმეთ ჩიტი გამოფრინდება - ნიკოლასმა გიორგის გადახედა.
- შენ გაიღიმე, მე ისედაც კარგად გამოვიყურები.
- რა თავმდაბალი ხარ - ჩაიცინა გიორგიმ.
მეგიმ ფოტო გადაიღო.
- შესანიშნავია! ახლა ყველანი ერთად!
ოთხივე კოცონის წინ დადგა. ნინი და მეგი შუაში მოექცნენ, გიორგი ერთ მხარეს, ნიკოლასი - მეორე მხარეს.
- ნიკოლას, ცოტა ახლოს დადექი!
- სად ახლოს, ნინის ხომ არ ჩავეხუტები?!
- გასწორდიი და გაიღიმეთ, ნუ ჩამოგტირით თავ-პირი! - დაიძახა მეგიმ, ნიკოლასი ძალით იცინოდა, ნინი კი გულწრფელი, ბავშვური ღიმილით..
- ნახეთ რაა კარგი ფოტოები გამოვიდა!
- მაჩვენე - ნიკოლასმა კამერა გამოართვა, ფოტოები უცებ გადაათვალიერა..
ყველაზე მეტად მხოლოდ ოქროსფერთმიანი გოგონას ღიმილი ხვდებოდა თვალში, ყველაზე მეტად სწორედ მას აკვირდებოდა ფოტოებზე.. ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად შეერხა,
მომდევნო ფოტოზე ნინი მეგის მხარზე იყო მიყრდნობილი და რაღაცაზე გულიანად იცინოდა. კიდევ ერთში კამერისკენ იყურებოდა, ცხვირი ოდნავ შეეჭმუხნა და ტუჩები სასაცილოდ მოეკუმა..ნიკოლასმა უნებურად ჩაიღიმა.
- რა იყო, ნიკოლას? - მეგი მის გვერდით მოექცა
- ასე ყურადღებით რას ათვალიერებ?
- ფოტოებს, მეგი. ჩვეულებრივ, ასე ხდება, როცა ფოტოაპარატს ხელში იღებ.. - ნინიც მიუახლოვდა და კამერაში ჩაიხედა.
- აბა, მაჩვენე, როგორ გამოვედი -
ნიკოლასმა ეკრანს დახედა, შემდეგ გოგონას გადახედა.
- განსაკუთრებულს რას ელოდები წითურო.. ფოტოაპარატს ჯადოსნური შესაძლებლობები არ აქვს - თვალი ჩაუკრა ცალყბად, ირონიულად
- რა თქმა უნდა, შენს ქარიზმას ვერავინ დაჩრდილავდა! - ნინიმ თვალები მოჭუტა, ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა. მისი გამომეტყველება იმდენად ბავშვური და გულწრფელი იყო, ნიკოლასს ღიმილის შეკავება გაუჭირდა..

- გეყოფათ ამდენი ცანცარი, მწვადი უკვე მზადაა! - უფროსივით გამოაცხადა გიორგიმ და შამფურები მაგიდასთან მიიტანა.
- ძალიან კარგი! უკვე მეც მომშივდა! - ნინი მაშინვე მაგიდას მიუჯდა, დანარჩენებიც მიყვნენ.. ნინიმ ხელი ერთ-ერთ შამფურს გაუწოდა, მაგრამ იმავე წამს ნიკოლასმაც მისკენ წაიღო ხელი.
- აიღე, მიდი! - უთხრა მან.
- არა, შენ აიღე - ორივემ ერთდროულად ისევ შამფურისკენ გაიწია. თითები თითქმის შეეხო, მაგრამ ორივემ უკან დაიხია.
- არა, შენ აიღე!
- არა, შენ! - მეგიმ ჯერ ერთს შეხედა, მერე მეორეს და ამოიხვნეშა
- ღმერთო ჩემო, თუ ვერ ჩამოყალიბდით, მე ავიღებ! - შამფურს აღტაცებით დასტაცა ხელი და პირველი ლუკმაც თვითონ გასინჯა.
- მმმ... აი, ეს მესმის! - კმაყოფილმა თვალები დახუჭა
- გიორგი, შენზე უნდა გავთხოვდე!
- არა! მადლობა! - მშრალად მიუგო გიორგიმ.
- რა უჟმური ხარ! კომპლიმენტიც კი ვერ მიიღე ნორმალურად.
- კომპლიმენტი იყო ეგ?
- რა თქმა უნდა! თან ძალიან გულწრფელი- დაუბღვირა მეგიმ და მწვადი კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა, ნინიმ სიცილი ვერ შეიკავა, მეგიმ არყის ბოთლი ამოიღო და მაგიდაზე ხმაურით დადგა.
- მწვადს დასალევი უხდება!
- მე არ მინდა - სრული სერიოზულობით უპასუხა გიორგიმ.
- არც მე - მაშინვე დაამატა ნინიმაც. მეგიმ ჯერ გიორგის შეხედა, შემდეგ ნინის.. ბოლოს მან და ნიკოლასმა ერთმანეთს გადახედეს
- ჩამოასხი, მეგი, მე მინდა! ესენი ინვალიდები არიან!
- აი, ეს უკვე სხვა საქმეა! ვის გაუმარჯოს?
- პირველ რიგში იუბილარს! - უპასუხა ნიკოლასმა.
- აბა, დავარდნილებო, მეგის სადღეგრძელოს ნუთუ არ დალევთ?! -
ნინიმ ყელი ჩაიწმინდა.
- მე უბრალოდ დავლოცავ, დალევით ვერ დავლევ.
- რატომ, წითურო? ნუ გეშინია, სამსახურში თუ დაგაგვიანდება, არ გისაყვედურებ.
- არ მინდა დალევა.
- ასეთი ცუდი სიმთვრალე გაქვს? - ცინიკურად გაუღიმა ნიკოლასმა.
- მთვრალი არასდროს მინახავს ჩემი თავი. საერთოდ არ ვსვამ ალკოჰოლს, არც სურვილი მაქვს.
- იქნებ მოგეწონოს! - მეგიმ ჭიქა ნინის ცხვირთან მიუტანა
- გასინჯე, ნინი, ჩემი ხათრით. ერთი ჭიქა. იცი, რა გემრიელი არაყია? - ნინიმ ჭიქისკენ დაიხედა, მაგრამ როგორც კი სუნი იგრძნო და მაშინვე ხველება დაეწყო..
- მართლა ინვალიდია! - ნიკოლასი ხმამაღლა ახარხარდა..ნინიმ ისეთი გაბრაზებული მზერით შეხედა, სიამოვნებით ესროდა რამეს.
- გეყოფათ! - გიორგიმ ხმა გაიმკაცრა
- არ უნდა და მორჩა. ვისაც გინდათ დალევა, იმათმა დალიეთ.
- შენ მაინც რა გჭირს? რატომ არ სვამ? - მიუბრუნდა გიორგი
- ხვალ ცუდად ვიქნები.
- არაუშავს, ამაღამ მაინც აქ ვრჩებით. ხვალ ისედაც ბევრი საქმე არ არის საკონდიტროში. ასე რომ, შენ მაინც ნუ გამიცრუებ იმედს, ძმაო - ნიკოლასმა ნინის გადახედა
- ჩემი მოსწავლისგან იმედის გაცრუებას უკვე მიჩვეული ვარ.
- აი, გამოცდას რომ ჩავაბარებ, შენს სიტყვებს უკან წაიღებ!
- შენგან მძღოლი არასდროს დადგება!
- დადგება! თან როგორი!
- ჯერ ის მოახერხე, რომ ძაღლს მანქანა ღარ დაატაკო
- ნიკოლას!! - ბიჭმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს საერთოდ არაფერი უთქვამს.
საღამო ნელ-ნელა ხმაურიან და მხიარულ სუფრად გადაიქცა.. მეგი და ნიკოლასი პერიოდულად ჭიქებს ავსებდნენ, ერთმანეთს სადღეგრძელოებში ეჯიბრებოდნენ და სულ უფრო ხშირად იცინოდნენ. გიორგის თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, არ დაელია, თუმცა მეგის თვალს არ აშორებდა.. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გოგონა უკვე ზედმეტად თამამად იქცეოდა.
მეგი წამოდგა, გიორგისთან მივიდა და ისე ახლოს ჩამოუჯდა, თითქმის კალთაში ჩაუჯდა.
- რას აკეთებ, მეგი? სირცხვილია! - თვალები დაუბრიალა გიორგიმ.. მეგის კი მისი სერიოზული სახე კიდევ უფრო აცინებდა.
- ერთი ჭიქა დალიე და შენც კარგ ხასიათზე დადგები, გიო - ჭიქა პირთან მიუტანა.
- არ მინდა, ხომ გითხარი! - ხმამაღლა უპასუხა გიორგიმ, მეგი მისკენ დაიხარა, გამომწვევად ჩახედა თვალებში და ჩუმად, თითქმის ყურთან ჩასჩურჩულა:
- იცი, რატომ არ გინდა? - გიორგი დაიძაბა
- იმიტომ, რომ გეშინია, მერე ჩვენს შორის რამე ისეთი არ მოხდეს... - გიორგიმ მკლავში ხელი ჩაავლო და კბილებში გამოსცრა:
- ჩვენს შორის ისედაც არაფერი მოხდება!
- მაშინ ნუ გეშინია. დალიე! - მეგი ისევ გამომწვევად უყურებდა..გიორგიმ რამდენიმე წამით თვალებში უყურა, შემდეგ ჭიქა გამოართვა და ერთიანად გადაკრა.
- აი, ასე! - ტაში შემოჰკრა მეგიმ
- ვაშა! ნავსი გატეხილია! ნინი დარჩა!
- ტყუილად ნუ დამსდევ, მეგი. მაინც არ დავლევ - მშვიდად მიუგო ნინიმ.

საღამოს უფრო და უფრო აცივდა. მთებიდან წამოსული ცივი სიო ხეებს არხევდა და მაგიდაზე დადებულ ხელსახოცებს აქეთ-იქით აფრიალებდა.
ნინი აიბუზა და სკამზე უფრო მოხერხებულად მოკალათდა. შემდეგ კოცონთან ახლოს მიიწია და ხელები ცეცხლისკენ გაშალა.
- ნინი, სხვათა შორის, გასათბობადაც გამოდგება - კვლავ ასწია არყის ბოთლი მეგიმ..ნინიმ თვალები აატრიალა.
- მეგი, შენ მართლა არ იღლები?
- არასდროს! - ნიკოლასიც კოცონთან მიჩოჩდა და ხელები ცეცხლს მიუშვირა.
- მართლა აცივდა.
- მანქანაში პლედები მაქვს - თქვა გიორგიმ, წამოდგა და მანქანისკენ წავიდა.. ცოტა ხანში ოთხივე კოცონის გარშემო ისხდნენ, პლედებში გახვეულები, ხელებს კი ცეცხლთან ითბობდნენ. ცეცხლის ალი პერიოდულად მაღლა იჭრებოდა, ნაპერწკლები ჰაერში იფანტებოდა და მათ სახეებს თბილ ოქროსფერ ელფერს აძლევდა..მეგიმ პლედი მხრებზე მოიხვია, ცეცხლს მიაჩერდა და უცებ გაეღიმა.
- ბავშვობაში მე და ნიკოლაშკ ხშირად ვრჩებოდით სოფელში ბებოსთან და პაპასთან. იქ შეშის ფეჩი გვქონდა. მაშინაც ასე მივუცუცქდებოდით ხოლმე, ბებო კი მოხარშულ სიმინდებს მოგვიტანდა. გახსოვს ნიკოლას? -
ნიკოლასს სახეზე ღიმილი გადაეფინა.
- მახსოვს. ეგეც და ისიც, რომ სულ შენ ჭამდი იმ სიმინდებს და მე არ მიტოვებდი!
- სამაგიეროდ მერე თმებს მაწიწკნიდი! თავიდანვე ვირი იყავი! თამაშის დროს ყოველთვის პროვოკაციებით იგებდი! ყოველთვის უსამართლოდ თამაშობდი!
- რა უსამართლოდ? უბრალოდ შენზე სწრაფი ვიყავი.
- სწრაფი კი არა, ცბიერი! - ნინის გაეღიმა.
- სოფელი სად გაქვთ?
- გუდამაყრის ხეობაში.. იქ ჩვენი ბებიისა და პაპის სახლი იყო.
- მანდ ხომ ჩვენი ფილიალიც გვაქვს? - გაიხსენა ნინიმ.
- კი, ჩვენი ფილიალია.. დეიდაჩემი ცხოვრობს იქ, თავის ოჯახთან ერთად. სოფელი ურჩევნია ქალაქს. სხვათა შორის, დიდი ხანია იქ არ ვყოფილვართ მეგი.
- წამოდი, თუ გინდა, დღესვე წავიდეთ მამიდასთან! - მაშინვე გამოცოცხლდა მეგი.
- დღეს არა, სხვა დროს იყოს.
- რა კარგ დღეებს ვატარებდით იქ! მდინარეზე დავდიოდით, ცხენებით ვსეირნობდით. მშობლებს თავს რომ ვაბეზრებდით, სულ იქ გვაგზავნიდნენ.. ერთხელ მთელი დღე ნიკოლასს ვეძებდით, თურმე პაპაჩემის ბეღელში დამალულიყო და იქიდან ერთობოდა, როგორ ეძებდა მთელი ოჯახი
- შენ კი ერთხელ მდინარეში ჩამაგდე!
- შემთხვევით!
- შემთხვევით კი არა, განზრახ!
- კარგი, კარგი, ახლა მაინც ნუ მაბრალებ ყველაფერს
- არ ვიცოდი ეს ყველაფერი. ესე იგი, ამიტომ გვაქვს მანდ ბონ-ბონის ფილიალი?
- კი. დედაჩემმა დეიდაჩემს სახლთან ახლოს გაუხსნა. სხვათა შორის, ძალიან კარგად მუშაობს. ტურისტული ადგილია, ბევრი ხალხი მოძრაობს. ზოგჯერ ქალაქის რამდენიმე ფილიალსაც კი ჯობნის.
- საინტერესოა..
- იცით, ერთხელ ნიკოლასმა ეზოში ცხენზე შეჯდომა მოინდომა, ცხენმა კი პირდაპირ ტალახში გადააგდო! თან ისეთი სისწრაფით, რომ ნიკოლასი რამდენიმე წამი გაუნძრევლად იწვა და მერე ადგა, ვითომ არაფერი მომხდარა -
ნინიმ სიცილი ვეღარ შეიკავა.
- მართლა?
- მართლა! - დაუდასტურა მეგიმ
- ორივე ძალიან ცელქები ვიყავით. სულ ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვცემდით, მაგრამ უერთმანეთოდაც ვერ ვძლებდით.
- ძალიან კარგია, ასეთი სახალისო ისტორიები რომ გაქვთ ბავშვობიდან შემორჩენილი - თქვა ნინიმ..მის ხმაში მოულოდნელად რაღაც სევდიანი გაისმა.
- მე, ფაქტობრივად, ბავშვობა არ მქონია... დედა ადრეულ ასაკში დავკარგე - გიორგის სახე შეეცვალა.. ცეცხლს მიაჩერდა, თითქოს უცებ იქ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაინახა.
- რა დაემართა დედაშენს, გიო? როგორ დაიღუპა? - ფრთხილად ჩაეკითხა ნინი,
გიორგიმ რამდენიმე წამით დააყოვნა.
- გრძელი ამბავია... არ გვინდა ახლა ამაზე საუბარი - ჭიქა აიღო და კიდევ ერთხელ დალია, სუფრასთან უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.. ცეცხლის ტკაცუნი და ქარის შრიალი უფრო მკაფიოდ ისმოდა, ნიკოლასმა სიჩუმის გაფანტვა გადაწყვიტა. ნინისკენ შემობრუნდა და ცინიკური ღიმილით უთხრა:
- შენ, წითურო? შენ როგორი ბავშვი იყავი? მოიცა, არ გინდა, მე გამოვიცნობ... შენ იქნებოდი ჭირვეული, აუტანელი, კაპრიზა, მშობლების პრინცესა, რომლისთვისაც ყველაფერი უნდა შეესრულებინათ! -
ნინი რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა. სახეზე ღიმილი შეაშეა.. თვალებში სევდა ჩაუდგა.
- დაახლოებით... - მშრალად უპასუხა..
ნიკოლასმა მისი გამომეტყველება შეამჩნია, მაგრამ ჯერ ვერ მიხვდა, რა შეიცვალა.. ამ დროს მეგიმ ჩანთაში ხელი ჩაიყო და პატარა ფოტო ამოიღო.
- ეს ნახეთ! მე და ნიკოლასი ბაღში! -
ფოტოზე ორი პატარა ბავშვი იდგა.. მეგის ორი კიკინა ჰქონდა შეკრული, ხელში უზარმაზარი თოჯინა ეჭირა და კამერას უკმაყოფილო სახით უყურებდა, მის გვერდით პატარა ნიკოლასი იდგა, პერანგის საყელო აჩეჩილი, თმა აბურდული და მუხლებზე ტალახის ლაქებით. ერთი ხელი მეგის მხარზე ჰქონდა გადახვეული, მეორე კი ჯიბეში ჩაეყო. სახეზე თავდაჯერებული გამომეტყველება ჰქონდა..
- ნახეთ, რა ამპარტავანი ბავშვი იყო! - სიცილით თქვა მეგიმ.
- შენ ახლაც ისეთივე საზიზღარი სახე გაქვს მეგი!
- მე მაინც ლამაზი ვიყავი! მაშინაც და ახლაც! - გიორგიმაც ამოიღო ტელეფონი და რამდენიმე წამში ძველი ფოტო იპოვა.
- მეც მაქვს ერთი - ეკრანზე პატარა გიორგი გამოჩნდა, ბებია-ბაბუასთან ერთად გადაღებულ ფოტოში. პატარა, მოწესრიგებულ შარვალ-კოსტიუმში იყო გამოწყობილი, თეთრი პერანგის საყელო ზედმეტად დიდი ჰქონდა, ხელები წინ დაეწყო და ისეთი სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ოჯახის უფროსის როლი უკვე ბავშვობიდანვე მოერგო - მეგიმ ფოტო დაინახა და სიცილი ვერ შეკავა.
- ღმერთო ჩემო, გიო! პატარა მინისტრი ხარ! ნინი, ახლა შენი ბავშვობა გვაჩვენე! - გახალისებულმა მეგიმ მისკენ გადმოიწია..ნინის ღიმილი ოდნავ შეეცვალა.
- მე არ მაქვს ბავშვობის ფოტოები.
- რატომ?
- არ მაქვს და იმიტომ... არც ბავშვობაზე მიყვარს დიდად საუბარი - მის ხმაში გაღიზიანება იგრძნობოდა. თვალები წამით აუწყლიანდა, თუმცა მაშინვე გაიღიმა, თითქოს საკუთარი ემოციის დამალვა სურდა..ნიკოლასი ყურადღებით აკვირდებოდა. რამდენიმე წუთის წინ სიცილით სავსე გოგონა ახლა უცნაურად დაძაბულიყო. მის თვალებში ისეთი სევდა დაინახა, რომელსაც ვერაფრით უკავშირებდა მის ჩვეულ, ჯიუტ და ცოცხალ ხასიათს..გიორგი გაჩუმდა, ნინისკენ არც გაუხედავს, ხელები უფრო მჭიდროდ შემოეხვია პლედისთვის.
- კარგი, მე ბოდიში - ხელები აწია მეგიმ
- არაფერია.. - რამდენიმე წამით ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მეგიმ სიტუაციის განმუხტვა გადაწყვიტა
- ჰო, კიდევ ერთი რამ უნდა აღვნიშნო! ამ ვაჟბატონს ხახვიანი საჭმელები არ უყვარდა. თეფშიდან იღებდა და ჩუმად ჩემს თეფშში ყრიდა! თავიდანვე ონავარი და მაიმუნი!
- იმიტომ, რომ შენ ჩქარა ჭამდი ყველაფერს, მე კი ვერ ვასწრებდი!
- მე კი წვნიანებს ვერ ვიტანდი - ჩაერთო გიორგი
- ბებია ძალით მაჭმევდა. რომ არ ვჭამდი, ღამის მოჩვენებებით მაშინებდა.
- მერე? - დაინტერესდა მეგი.
- ზრდასრულ ასაკამდე მეგონა, თუ წვნიანს არ შევჭამდი, ღამით გუდიანები მომაკითხავდნენ და წამიყვანდნენ.
- ღმერთო ჩემო! - გადაიხარხარა ნიკოლასმა.
- ჩემი ბავშვობის ტრავმაა, მართლა - სერიოზული სახით დაამატა გიორგიმ.
- ჩემი ბავშვობის ტრავმა კი სოფლის მამალია!
- ღმერთოო, ეს რა გამახსენე! - ნიკოლასმა გადაიხარხარა
- მეგის ისე გამოეკიდა მამალი, ლამის ისტერიკაში ჩავარდა!
- დღემდე მეშინია მამლების! - სიცილით აღიარა მეგიმ.
- სერიოზული ტრავმები გქონიათ გადატანილი - ნინისაც გაეღიმა, თუმცა ხასიათი ბოლომდე მაინც ვერ გამოუკეთდა.. ნიკოლასმა მისკენ გაიხედა.
- შენ? შენ რისი შიში გქონდა, ბატონო ნიკოლას, საინტერესოა?
- მე? არ ვიცი, არ მახსენდება. ბავშვობაში არაფრის მეშინოდა... - ცოტა ხნით გაჩუმდა, მზერა ცეცხლის ალს მიაპყრო.
- სულ ერთი რამის მეშინოდა... მაგეამ უფრო მოზარდობაში.. იმის, რომ ფეხბურთს ვეღარასდროს ვითამაშებდი.. მაგრამ, როგორც ხედავ, შიში რეალობად მექცა. - ნიკოლასმა მალევე იგრძნო, რომ საუბარი არასასიამოვნო მიმართულებით წავიდა.. თავი გააქნია და ნინისკენ შემობრუნდა.
- შენ, წითურო? მე ვიცი, რისიც გეშინია!
- რისი? - ჩაეკითხა გიორგი.
- ჩაკეტილი სივრცის. ხომ ასეა? -
ნინის სახე შეეცვალა.
- სასაცილო სულაც არ არის ეს!
- კარგი, კარგი... კიდევ რისი გეშინია? - ნიკოლასი კვლავ ღიმილით უყურებდა, თუმცა მისი გამომეტყველება უკვე უფრო დაკვირვებული იყო..ნინი ცეცხლს მიაჩერდა. თითქოს რაღაც გაახსენდა. თვალები გაუშტერდა, თითებით პლედის კიდეს ჩაეჭიდა.
- სიბნელის... - ჩუმად დაიწყო
- ჩაკეტილი სივრცის... ტარაკნების... თაგვებისაც - თითოეული სიტყვის წარმოთქმისას სახეზე უფრო და უფრო ეცვლებოდა გამომეტყველება. ღიმილი ნელ-ნელა უქრებოდა
- ხმაურისაც მეშინია... როცა უცებ რაღაც ეცემა, ან კარს ძლიერად აჯახუნებენ. მაშინვე მგონია, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.. და კიდევ... გუგას დაკარგვის -
მეგი დაინტერესებული სახით მიაჩერდა.
- გუგას დაკარგვის? გუგა რატომ უნდა დაკარგო?
- არ ვიცი... სულ მქონდა ამის შიში -
მის ხმაში რაღაც აუხსნელი სიმძიმე იგრძნობოდა. შემდეგ მხრები აიჩეჩა და საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა.
გიორგიმ მის ხელს დახედა
- არ მოიწყინო, კარგი? - ჩუმად უთხრა და ხელი ხელზე დაადო, ოდნავ მოუჭირა.
ნინიმ მისკენ გაიხედა და სუსტად გაუღიმა..ეს პატარა ჟესტი ნიკოლასს არ გამოჰპარვია. მზერა ჯერ გიორგის ხელზე შეაჩერა, შემდეგ ნინის სახეზე გადაიტანა, მეგიმაც შენიშნა. ორივეს სახეზე თითქმის ერთნაირი უკმაყოფილო გამომეტყველება გაჩნდა..
- ნინი! ' უცებ წამოიძახა მეგიმ და ფეხზე წამოხტა.
- რა მოხდა? — გაკვირვებით შეხედა ნინიმ.
- წამოდი, ჩქარა!
- მოიცადე, სად გეჩქარება, გადარეულო? -
მეგიმ ნინის ხელი ჩაავლო და წამოაყენა, გიორგის ხელიც გააშვებინა.
- მანქანაში ბურთი მაქვს, უნდა ვითამაშოთ!
- ბურთს მარტო ვერ მოიტან?
- ვერა! - უპასუხა მეგიმ და ლოყაზე სწრაფად აკოცა
- წამოდი, ნუ ზარმაცობ! - ნინიმ სიცილით გააქნია თავი.. მეგი მანქანისკენ გაიქცა და რამდენიმე წუთში ბურთით დაბრუნდა.
- აი, ახლა კი გავერთობით! — გამოაცხადა და ბურთი ხელში ააგდო.
- ამ სიცივეში? - იკითხა გიორგიმ.
- დიახ, ბატონო გიორგი! მოძრაობა გაგვათბობს!
- კარგი, ვითამაშოთ. მე და ნინი ერთად, თქვენ ერთად.
- არა! - მაშინვე გააპროტესტა მეგიმ
- რატომ ასე? კენჭი ვყაროთ და იმის მიხედვით დავწყვილდეთ!
- რა მნიშვნელობა აქვს? - ჰკითხა გიორგიმ.
- ძალიან დიდი! სამართლიანი უნდა იყოს!-
მეგიმ ოთხი პატარა ქვა იპოვა, ერთმანეთისგან ზომით განსხვავებული. თითოეულს ხელისგულში მალავდა და ყველას სათითაოდ მიაწოდა.
- ვინც ერთნაირ ქვას ამოიღებს, ერთად ითამაშებს! ნინიმ ქვა აიღო და ხელი გაშალა. პატარა, ბრტყელი კენჭი აღმოჩნდა..ნიკოლასმაც გაშალა ხელი, მასაც იგივე ამოუვიდა
- ნინი და ნიკოლასი ერთად.. ჩვენ კი ერთად.. როგორც ჩანს, ბედს ჩვენი ერთად ყოფნა უნდა - კმაყოფილმა თქვა მეგიმ.
- ბედს თუ შენ? - ჩაიბურტყუნა გიორგიმ..
- რა უნდა ვითამაშოთ? - ნინი სიცივისგან იბუზებოდა
- წითურო, იმედია, ბურთის დაჭერა მაინც გამოგდის.
- ძალიან სასაცილოა! - გათამაშებისას ნიკოლასმა ბურთი დაიჭირა და ნინისკენ გადააწოდა.
- დაიჭირე! - რამდენჯერმე ერთმანეთს შეეჯახნენ, რამდენჯერმე ერთდროულად გაიწიეს ბურთისკენ
- წითურო, შენთან ერთად თამაში უფრო რთულია, ვიდრე მანქანის მართვის სწავლება!
- შენთან ერთად თამაში კი უფრო რთულია, ვიდრე შენი ატანა!
- ანუ ორივე რთული საქმეა.
- განსაკუთრებით მეორე! - ნიკოლასს გაეცინა, კოცონის შუქზე მათი სახეები ხან მკაფიოდ ჩანდა, ხანაც ჩრდილებში იკარგებოდა..ნიკოლასმა ბურთი ხელში დაიჭირა და მეორე მხარეს გაიქცა
- ნიკოლას! ბურთი გადმომიგდე!
- რატომ? თავად წამართვი, თუ შეგიძლია!- გადმოსძახა მან და ეშმაკურად გაუღიმა..
ნინი სირბილით მიუახლოვდა და ბურთისკენ ხელი გაიწოდა, მაგრამ ნიკოლასმა სწრაფად გადაიტანა მეორე ხელში და სხეულით გზა გადაუკეტა.
- ასე არა, წითურო!
- გვერდზე გაიწიე!
- ჯერ მთხოვე!
- ნიკოლას, ბურთი!
- რა ზრდილობიანი ხარ... - ნინიმ მოულოდნელად მეორე მხრიდან შემოუარა და ბურთს ორივე ხელი ჩაავლო. ნიკოლასიც არ აპირებდა დათმობას.. ორივეს ხელები ბურთზე აღმოჩნდა, ნინი მთელი ძალით ექაჩებოდა, ნიკოლასი კი სიცილით უყურებდა მის გაბრაზებულ სახეს.
- გაუშვი!
- შენ გაუშვი! - ნინიმ კიდევ ერთხელ მოქაჩა, მაგრამ ნიკოლასმა ბურთი თავისკენ მიიზიდა. გოგონა წინ გადახრილი აღმოჩნდა, მხრით მის მკერდს მსუბუქად მიეყრდნო..ნინის თმა სახეზე ჩამოშლოდა, თვალები კი ჯიუტად ჰქონდა მოჭუტული. მათი ხელები კვლავ ბურთზე იყო ჩაჭიდებული.
- რას აკეთებ, სულელო რას? - ჩაეცინა მას. - მე და შენ ერთ გუნდში ვართ, იმათ უნდა შევებრძოლოთ, ერთმანეთს კი არა! - ნინიმ ბურთი ხელიდან გამოსტაცა და უკან დაიხია.
- აი, ასე! - გამარჯვებულის გამომეტყველებით შესძახა, გოგონა სწრაფად შემობრუნდა და კალათისკენ გაიქცა..ბურთი მაღლა ასწია და ისროლა.
ბურთი რგოლს შეეხო, წამით კიდეზე შეჩერდა და ბოლოს შიგნით ჩავარდა.
- ჩააგდოოო! - იყვირა მეგიმ..ნინიმ ხელები მაღლა ასწია და ნიკოლასს გამარჯვებული ღიმილით შეხედა.
- აბა, ყოვლისმცოდნევ? რას იტყვი?
- შემთხვევით გაგიმართლა.
- რა თქმა უნდა. შენსავით ნიჭიერი რომ არ ვარ, იღბალით მოვიპოვებ ქულებს!


კალათბურთის თამაში ნიკოლასისა და ნინის გუნდის სრული გამარჯვებით დასრულდა.. ყოველი მოპოვებული ქულის შემდეგ ნინი და ნიკოლასი ერთმანეთს გახარებული სახეებით გადახედავდნენ, თითქოს თითოეული ჩაგდებული ბურთი მათთვის გადამწყვეტ გამარჯვებას ნიშნავდა.. რამდენჯერმე სიხარულისგან ლამის ერთმანეთს გადაეხვივნენ კიდეც, თუმცა ბოლო წამს ახსენდებოდათ, ერთმანეთისადმი აუტანლობა..
- კალათბურთში გავანადგურეთ ესენი და ფეხბურთი რომ ვითამაშოთ, წარმოდგენაც არ მინდა, რა ანგარიშით დასრულდება! - სიცილით თქვა ნიკოლასმა და ბურთი ხელში შეათამაშა.
- ბედი არ მაქვს, მაინც და მაინც მეგისთან მომიწია თამაში
- რა ჩემი ბრალია, შენ თუ მოუხერხებელი ხარ? - ნიკოლასმა და ნინიმ ერთმანეთს გადახედეს და ჩუმად ჩაიცინეს.
- რა გაცინებს?
- არაფერი, არაფერი - მხრები აიჩეჩა ნიკოლასმა.
- მე უკვე დავიღალე... - ნინი კოცონს მიუბრუნდა და ხელები ცეცხლისკენ გაშალა.
- კარგი რაა, რა დროს დაღლაა! დალიე და ენერგიაზე მოხვალ! - ჭიქა გაუწოდა მეგიმ.
- მეგი, მოძალადე ხარ!
- ასეთ კარგ დროს კიდევ როდის გავატარებთ? როცა სამსახურს დავუბრუნდებით, ისევ იგივე დაიწყება: კრემები, ბისკვიტები, ფირფიტები... არა, რა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დღევანდელი საღამო!
- შენ როგორც გინდა, მეგი. მე უკვე მეძინება - ნინიმ დაამთქნარა და პლედი უფრო მჭიდროდ შემოიხვია.
- რომელ კარავში უნდა დავწვე?
- სულერთია
- და როგორ უნდა გადავნაწილდეთ? - გულუბრყვილო სახით იკითხა ნიკოლასმა,
სამივემ ერთდროულად გადახედეს
- რა იყო? რა ვთქვი?
- როგორ უნდა გადავნაწილდეთ, რა დიდი ფილოსოფოსობა უნდა მაგას? შენ და გიორგი ერთად, მე და მეგი ერთად - მეგიმ კიდევ ერთი ჭიქა ჩამოისხა და ამჯერად მარტომ დალია
- მეგი უკვე ძალიან ბევრი მოგდის
- შენ ჩემი მომვლელი ხარ, გიო?
- არა, შენთვის გეუბნები! ნიკოლას, უთხარი რამე.
- რა ვუთხრა? გოგოს დაბადების დღე აქვს, შეარგე დღევანდელი დღე.
- ამიტომ მიყვარხარ! - წამოიძახა მეგიმ და მანქანისკენ გაიქცა..მანქანის კარი გამოაღო, მუსიკა ხმამაღლა ჩართო და რამდენიმე წამში უკვე ცეკვავდა.. ნიკოლასმაც სიცილით დაუჭირა მხარი, ჯერ ხელები მაღლა ასწია, შემდეგ მეგის მიჰყვა და ორივე მუსიკას აჰყვა..გიორგი და ნინი კოცონთან ისხდნენ და მათ ღიმილით უყურებდნენ.
- ერთი ამათ შეხედე - ჩაიცინა ნინიმ.
- მეგი ძალიან მთვრალია უკვე.. ჩვენ არ ვიცეკვოთ? - მოულოდნელად ჰკითხა გიორგიმ და ხელი გაუწოდა.. ნინიმ გაუღიმა.
- შეიძლება - გიორგიმ ფრთხილად მოხვია ერთი ხელი წელზე, მეორე კი მის ხელს ჩასჭიდა. ნინი თავიდან ოდნავ მორიდებული იყო, მაგრამ მუსიკის რიტმს ნელ-ნელა აჰყვა. ისინი მშვიდად ცეკვავდნენ, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე. გიორგის სახეზე იშვიათი ღიმილი დასთამაშებდა, ნინი კი თავს ოდნავ უკან სწევდა და სიცილით რაღაცას ეუბნებოდა.
- ნახე ნახე, ინვალიდები ფეხზე წამოდგნენ! - გადაიხარხარა მეგიმ,
ნიკოლასის მზერა ნელ-ნელა გიორგისა და ნინისკენ გადავიდა. ღიმილი ნელ-ნელ გაუქრა.. თვალები ოდნავ მოჭუტა და მათ მოძრაობას აკვირდებოდა..გიორგი ნინის რაღაცას უყვებოდა, გოგონა კი სიცილით თავს უქნევდა. მათი სიახლოვე რატომღაც უსიამოვნოდ მოხვდა თვალში.
ნიკოლასმა ჭიქა მაგიდაზე დადგა.
- აბა? ნინი, მეწყვილეები გავცვალოთ? - წამოიძახა მეგიმ და ნინის პასუხს არც კი დაელოდა, გიორგი ჩამოაშორა და თავად დაუწყო ცეკვა.
- მეგი, რას აკეთებ? - გაეცინა გიორგის.
- ვცვლი პარტნიორებს! ასე უფრო სახალისოა! - გიორგიმ თავი ღიმილით გადააქნია..ნინი მარტო დარჩა..ნიკოლასს გახედა, ბიჭიც მას უყურებდა.. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და ნინი ოდნავ დაიბნა. ვეღარ გაეგო, უნდა ეცეკვა თუ არა მასთან, ბოლოს მხრები აიჩეჩა და კოცონთან დაბრუნდა..ნიკოლასიც რამდენიმე წამში მის გვერდით ჩამოჯდა.
ცოტა ხანს ჩუმად უყურებდა. სახეზე კვლავ ჩვეული ირონიული გამომეტყველება ჰქონდა.
- რა იყო, ჩემთან ცეკვა რატომ არ მოგინდა, წითურო? - ნინიმ კოცონს თვალი მოაშორა და გადახედა.
- თითქოს შენ გიჟდებოდე ჩემზე -
ორივეს გაეცინა.
- რას მალავ? - მოულოდნელად ჰკითხა ნიკოლასმა.
- ვერ გავიგე?
- ცოტა ხნის წინ, ბავშვობაზე რომ ვსაუბრობდით, ხასიათი შეგეცვალა. რას მალავ-მეთქი?
- არაფერს! - მოკლედ და უხეშად უპასუხა ნინიმ.
- შენი ბავშვობა შემთხვევით იმ შენს მოჩვენება-აჩრდილს ხომ არ უკავშირდება?
- არა!
- რატომ განერვიულდი? რა იყო, რა ბავშვობა გქონდა ასეთი, შენს მშობლებს შენი ძმა უფრო უყვარდათ, ვიდრე შენ? - სიცილით იკითხა ბიჭმა, ნინი სწრაფად შემობრუნდა. თვალებში ბრაზი ჩაუდგა, წამში წამოიწია და ნიკოლასის პერანგის საყელოში ჩაავლო ხელი.
- ჩემს მშობლებს მე საერთოდ არ ვყვარებივარ! - მისი ხმა იმდენად მკვეთრი და მტკივნეული იყო, ნიკოლასი ადგილზე გაშეშდა..რამდენიმე წამით ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ.
ნინის სახეზე წამიერად ისეთი ტკივილი გამოჩნდა, თითქოს თავადაც ვერ გაეაზრებინა, რა წამოსცდა. ხელი გაუშვა, უკან დაიხია და ფეხზე წამოდგა.
რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა კოცონს, ცალკე დადგა და ღრმად ჩაისუნთქა. ხელები გულზე გადაიჯვარედინა, თითქოს ცდილობდა, საკუთარი ემოციები დაემალა..ნიკოლასი გაუნძრევლად იჯდა..
პირველად დაინახა, გოგონას ჯიუტი ხასიათის მიღმა რაღაც ტკივილი იმალებოდა, რომლის შესახებაც წარმოდგენაც არ ჰქონდა..ცოტა ხანში წამოდგა, მაგიდასთან მივიდა და არაყის ჭიქა აიღო. ნინისკენ გაემართა.
- მგონი გაგანერვიულე... - ჭიქა გაუწოდა
- მართლა არ მინდოდა - ნინიმ ჯერ ჭიქას დახედა, შემდეგ მას.
- მაგრამ ამოუცნობი ადამიანი ხარ, წითურო. მისტიკური. ხან მგონია, რომ ყველაფერი ვიცი შენზე, ხან კი ისეთ რამეს ამბობ, საერთოდ ვეღარ ვხვდები, ვინ ხარ - ნინიმ ჭიქა გამოართვა.
- არაფერი განსაკუთრებული არ არის ჩემში.
- კარგი, აღარ გეკითხები - ხელები ასწია,
ნინი ჩუმად იდგა.. ჭიქას თითებით ატრიალებდა..
- არასდროს დამილევია.. - თქვა ბოლოს.
ნიკოლასმა წარბი ასწია.
-მაშინ ეს შენი პირველი შემთხვევა იქნება.. აბა? რას აპირებ? კიდევ რამდენ ხანს უნდა უყურო ჭიქას? მიდი დალიე.. მოგეშვება - ნინიმ თვალები მოჭუტა, ღრმად ჩაისუნთქა, ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და ერთიანად დალია.. პირველივე წამს სახე შეეჭმუხნა. ყელში ისეთი სიმწარე იგრძნო, რომ უნებურად თვალები დახუჭა. რამდენიმე წამით სუნთქვა შეიკავა, შემდეგ კი ხველება აუტყდა.
- ღმერთო ჩემო! - ამოილაპარაკა და ტუჩები მოიკვნიტა
- ეს რა იყო?!
- ღმერთოოო, ახლა სუპერ წითელი ხარ! -
ნინის ლოყები აუღაჟღაჟდა.. სახეზე ალმური გადასდიოდა, თვალებიც ოდნავ აწყლიანებოდა.
- მგონი, სასმელმა ალერგია მომცა! მთელი სახე მეწვის! - აფორიაქებულმა აქეთ-იქით დაიწყო სიარული, ნიკოლასს მაშინვე დაუსერიოზულდა სახე
- მოიცა.. - ხელში ფრთხილად ჩაავლო და შეაჩერა.. რამდენიმე წამით თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს.
- მართლა გეწვის?
- კი! ლოყები მიხურს! - ბიჭმა თავისუფალი ხელი ნელა ასწია და თითი მის ლოყას შეახო.. ნინის კანი ლამის იწვოდა..
- მართლა გაწითლებულხარ... - ჩაილაპარაკა მან და მზერა მის თვალებზე გადაიტანა
- ალბათ იმიტომ, რომ ალკოჰოლს არ ხარ მიჩვეული, მაგრამ თუ თავს ცუდად გრძნობ, აღარ დალიო..კარგად ხარ ? - კიდევ ერთხელ ხელისგულებში მოიქვია მისი წითელი ლოყები - ნინიმ თავი დაუქნია..
- ნამდვილად დასამახსოვრებელი სანახაობა იყო - ღიმილს მაინც ვერ მალავდა ნოკოლასი
- საერთოდ არ უნდა დამელია.
- ნუ დრამატიზებ, წითურო. ერთი ჭიქა დალიე მხოლოდ.. თავი მაგარი გგონია.. ერთჭიქიანი ხარ - ნიკოლასმა ჭიქა ასწია.
- მოდი, შენ გაგიმარჯოს! ჩემო საზიზღარო წითურო... ისე, რაღა დაგიმალო და მოგეჩვიე - ნინის მოულოდნელობისგან სლოკინი აუვარდა, შეკრთა და მაშინვე პირზე ხელი აიფარა.. ნიკოლასმა გაკვირვებით შეხედა, შემდეგ ორივეს ერთდროულად გაეცინა.
- რა იყო, წითურო? ესეც სასმელის ეფექტია?
- გაჩუმდი! - სიცილით მიუგო ნინიმ.
- რას ნიშნავს, მომეჩვიე? - უცებ დაუბრუნდა წინა ნათქვამს..
- აი, ასე... ხომ მეზიზღებოდი? ახლაც მეზიზღები, განა მიყვარხარ...მაგრამ რაღაც განსაკუთრებული გაქვს.. უბრალოდ იმდენად ვერ გიტან, რომ შენს გარეშე ყოველდღიურობაც კი ვეღარ წარმომიდგენიაა - ნინი რამდენიმე წამით უყურებდა, შემდეგ თავი გააქნია.
- სერიოზულად შეშლილი ხარ.
- უფროსს როგორ ელაპარაკები?
- როგორც იმსახურებს, ისე! - ნიკოლასს გაეღიმა.
- შენ გაგიმარჯოს, წითურო - ნინიმ ირონიულად შეხედა.
- სიყვარულით?
- სიძულვილით, წითურო - თვალი ჩაუკრა,
ჭიქა ასწია, ნინიმაც შეივსო, ჭიქა მიუჭახუნა და კიდევ ერთი დალია..
- აი ეს მომწონს.. მაგრამ მერე არ თქვა, რომ მე დაგათვრე.
- შენს გამო დავლიე ისედაც!
- იხტიბარს არასდროს იტეხ!
- რა თქმა უნდა! - ორივეს ისევ გაეცინა..
კოცონის ალები მათ სახეებს ანათებდა. ნინი ჯერ კიდევ გრძნობდა ლოყებზე სიმხურვალეს, ნიკოლასი კი მისკენ იყურებოდა და ღიმილს ვერ იშორებდა..
ნინის თვალები უბრწყინავდა და ყოველი წინადადების ბოლოს ისე გულიანად კისკისებდა, თითქოს ამ ღამეს საერთოდ არაფერი შეეძლო მისი განწყობის გაფუჭება.. ნიკოლასიც აჰყვა, ერთმანეთს გადახედავდნენ, რაღაც უმნიშვნელოზე ისევ სიცილი უტყდებოდათ და ძველ, გადაფსკვნილ მეგობრებს ჰგავდბენ..
- რა უცნაურია ცხოვრება... - ნინიმ თავი ოდნავ უკან გადასწია და სიცილით ამოიოხრა
- მე და შენ ახლა აქ ვზივართ და ვიცინით, როცა შენი მოკვლის სურვილიც კი მქონდა - ნიკოლასმა ჭიქა ხელში შეათამაშა და თვალებში ჩახედა.
- რა დამთხვევაა... - ორივეს ერთდროულად აუტყდა სიცილი. ნინი სიცილისგან წინ გადაიხარა, მხარი ნიკოლასის მკლავს მიადო. ნიკოლასმა ინსტინქტურად ხელი მოხვია, თითქოს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა, მაგრამ როცა ნინიმ თავი ასწია, მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. რამდენიმე წამით ასე დარჩნენ. ნინის თვალებში სიცილისგან ცრემლები ჩასდგომოდა, ნიკოლასს კი ღიმილი სახეზე შერჩენოდა.
- აქ რა ხდება? - მათკენ მომავალმა გიორგიმ წარბები შეკრა.
- ნინი, მთვრალი ხარ?
- გიოო, ვიცეკვოთ რააა! - მეგი მის ხელს ექაჩებოდა
- არა! მოიცა...
- ნინი, მთვრალი ხარ?
- მგონი... - უპასუხა ნინიმ და ისევ სიცილი აუტყდა..მეგიმ ნინის ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე ხმამაღლა გადაიხარხარა.
- რატომ დაალევინე, ნიკოლას?! - გიორგის ხმაში გაღიზიანება შეერია.
- ძალით კი არ დამიჭერია და ჩამისხამს პირში არაყი! - მხრები აიჩეჩა ნიკოლასმა.
- ჩშშ! - ნინიმ საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა და გიორგის სერიოზული სახით შეხედა
- მე მინდოდა! ის არაფერ შუაშია! ნუ უყვირი ჩემს უფროსს - სამივემ სიცილი დაიწყო, გიორგის ყველაზე ნაკლებად ეცინებოდა. ნინის აწითლებულ სახეს და დაბნეულ გამოხედვას აკვირდებოდა და აშკარად არ მოსწონდა მისი მდგომარეობა.
- მიდი, კარავში შედი და დაიძინე!
- გიორგი, რა მშობელივით ტუქსავ? - ჩაერია ნიკოლასი
- დააცადე ადამიანს.
- ნიკოლას, გაჩერდი! რამდენი დაალევინე?
- მხოლოდ ორი ჭიქა... და ორ ჭიქაში დათვრა.
- თავს დავდებ, ზოდიაქოთი ტყუპები იქნები, ნინი!
- არ ვიცი... - ნინიმ სიცილით ჩაილაპარაკა.
- როდის გაქვს დაბადების დღე?
- არც ეს არ ვიცი... - თავიდან ისევ აკისკისდა, მაგრამ ბოლო სიტყვების შემდეგ ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა.. თვალები აუწყლიანდა და მზერა კოცონს მიაშტერა.. თითქოს უცებ სადღაც სხვაგან აღმოჩნდა..ნიკოლასს ეს ცვლილება არ გამოჰპარვია. მისი სახე ყურადღებით შეათვალიერა, თითქოს ცდილობდა გაეგო, რა იმალებოდა იმ მოულოდნელი სევდის მიღმა.
- უკვე იმდენად მთვრალია, საკუთარი დაბადების დღეც დაავიწყდა! - სიცილით თქვა მეგიმ.
- არა, აუტანელია ეს... - ჩაიბურტყუნა გიორგიმ და მათ გაეცალა.
- გიოოო, დამელოდეეე! - მეგი მაშინვე უკან გაჰყვა..გიორგი სწრაფი ნაბიჯით მიემართებოდა ტყისკენ, მეგი კი უკან მიჰყვებოდა..ნიკოლასი და ნინი ისევ ცეცხლთან დარჩნენ, ხანდახან რაღაცას ჩაიბუტბუტებდა, მერე საკუთარ ნათქვამზე თვითონვე ეცინებოდა..
ნიკოლასი ჩუმად აკვირდებოდა. მისი ყოველი პატარა მიმიკა, თვალების მოჭუტვა, ტუჩების დაბრეცა და ბავშვური გაბრაზება ღიმილს ჰგვრიდა. ნინის თმა მხრებზე ჩამოშლოდა, რამდენიმე წითური ღერი სახეზე ჩამოჰფენოდა. ცეცხლის ალის შუქი მის ჭორფლიან ლოყებს ოქროსფერ ელფერს აძლევდა..ნინიმ დაამთქნარა და პლედი მხრებზე შემოიხვია.
- მგონი დავიღალე... - ჩაილაპარაკა და საძილე ტომარაზე წამოწვა.
- უკვე?
- ჰო... ყველაფერი ძალიან სწრაფად ტრიალებს... - ცას ახედა
- ვარსკვლავებიც კი... მეძინება...
- მაშინ დაიძინე.
- არა, არ მეძინება... - ჩაიბუტბუტა, თუმცა თვალები უკვე ეხუჭებოდა..ნიკოლასს გაეღიმა, მის გვერდით უფრო ახლოს მიუცუცქდა.
- წითურო...
- ჰო... - ნინიმ წამით გაახილა თვალები.
- გეძინება? გინდა, ზღაპარი მოგიყვე? -
ნინიმ ბავშვური ინტერესით შეხედა.
- მინდა... - ნიკოლასმა ყელი ჩაიწმინდა და საზეიმო ტონით დაიწყო:
- იყო და არა იყო რა... იყო ერთი წითური გოგონა... უფრო სწორად, ერთი წითური, აუტანელი გოგონა, რომელსაც ეგონა, რომ მთელ სამყაროში ყველაზე მაგარი იყო, მაგრამ.. - ნიკოლასს გაეცინა და ნინის გადახედა, მაგრამ გოგონას უკვე აღარაფერი ესმოდა. თვალები დაეხუჭა, სახეზე მშვიდი ღიმილი დასთამაშებდა და ჩასძინებოდა
- წითურო... - ჩურჩულით დაუძახა, პასუხი არ ყოფილა, ნიკოლასმა თავი ოდნავ დახარა და სახეზე ღიმილი შეეპარა.
- მართლა დაგეძინა? - რამდენიმე წამი გაუნძრევლად უყურებდა. შემდეგ ფრთხილად წამოიწია და პლედი, რომელიც მხრებიდან ჩამოსცურებოდა, ისევ დააფარა, ახლოდან მისი სახე უფრო კარგად დაინახა. გრძელი წამწამები, ცხვირის წვერი ოდნავ აწითლებოდა, ჭორფლები კი ლოყებზე ისე ეფინა, თითქოს ვიღაცას პატარა ოქროსფერი წერტილები დაებნია. ტუჩებზე ჯერ კიდევ შერჩენოდა ის ღიმილი, რომლითაც რამდენიმე წუთის წინ იცინოდა.. ნიკოლასმა მზერა მის სახეს მოაშორა, მაგრამ მალევე ისევ იქ დაბრუნდა,
მზერა ახლა უკვე თმაზე შეაჩერა, წითური ღერები პლედზე მიმოფანტულიყო, რამდენიმე კი ლოყაზე ჩამოჰფენოდა. ხელის გაწევა მოუნდა, რომ სახიდან გადაეწია, მაგრამ წამით შეყოვნდა..ბოლოს ძალიან ფრთხილად შეეხო ერთ ღერს და ყურის უკან გადაუწია.
ნინი ოდნავ შეირხა, რაღაც გაურკვევლად ჩაიბუტბუტა და ისევ მშვიდად განაგრძო ძილი..ნიკოლასს უნებურად გაეღიმა.
- რა საყვარელი ხარ...წითურო.. - ძალიან ხმადაბლა ამოილაპარაკა.. მის მზერას ახლა ნინის ხელები იპყრობდა.. პლედის კიდე თითებში მოექცია და ისე ჩაებღუჯა, თითქოს ძილშიც არ უნდოდა მისი გაშვება. ნიკოლასმა ფრთხილად გაუსწორა პლედი, მხრებზე უკეთ შემოახვია და ცოტა ხნით ისევ მის გვერდით დარჩა, საოცარი იყო, როგორ შეეძლო ერთსა და იმავე ადამიანს დღისით მისი მოთმინებიდან გამოყვანა, საღამოს კი ერთი უბრალო ღიმილით მთელი ყურადღების მიპყრობა.
- წითურო... - ისევ ჩუმად დაუძახა, თითქოს პასუხის გაგონება სურდა..ნინისგან მხოლოდ მშვიდი სუნთქვა ესმოდა, ნიკოლასმა თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და ღიმილით დააკვირდა. მერე საკუთარი თავი გამოიჭირა ამ უცნაურ მდგომარეობაში და ჩუმად გაეცინა.
- რა გემართება, იდიოტო?..

გიორგი სწრაფი ნაბიჯით მიემართებოდა ტყისკენ.. აშკარად ცდილობდა, რაც შეიძლება მალე გასცლოდა კოცონთან დარჩენილ ხმაურსა
- გიოო! მოიცადე! - უკან მიჰყვებოდა მეგი,
ბოლოს დაეწია და ხელი ჩაავლო.
- მოიცადე, გიორგი! რა დაგემართა?! -
გიორგი შეჩერდა, მეგის ხელი მოიშორა, თუმცა გოგონამ უკან დახევა არ ისურვა და ხესთან ახლოს მიიმწყვრია.
- მეგი, შემეშვი!
- არა! ჯერ მითხარი, რა დაგემართა? რატომ გაბრაზდი? პატარა გოგო ხომ არ არის ნინი, რომ ასე ნერვიულობდე?
- ვერ შეხედე, რას ჰგავდა?
- რას ჰგავდა? - მეგიმ წარბი ასწია
- ნასვამ ადამიანს ჰგავდა, გიორგი. ნუ აზვიადებ ყველაფერს.
- შენთვის ყველაფერი ხუმრობაა, არა?
- არა, უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ გინდა ყველას მაგივრად გადაწყვიტო, რა უნდა გააკეთოს.
- იმიტომ რომ..
- რატომ?! - მეგი უფრო მიუახლოვდა, ხელის თითები ნელა გაასრიალა გიორგის მკერდზე, პერანგის ქსოვილს ოდნავ შეეხო და თვალებში შეხედა.
გიორგის მზერა უნებურად მის თითებს გაჰყვა. შემდეგ მზერა სახეზე შეაჩერა, მეგის სიახლოვე, მისი სურნელი, ოდნავ აჩქარებული სუნთქვა... ყველაფერი ერთდროულად მოქმედებდა მასზე.
- მეგი... - ჩუმად ამოილაპარაკა.
- რა, გიორგი? - მეგი ფეხის წვერებზე აიწია და ტუჩებთან ახლოს მიუტანა სახე.
- მეგი, არ გინდა...
- რატომ? რატომ არ გვინდა? - ჩასჩურჩულა ყურთან
- შენც გინდივარ, აშკარაა - გიორგიმ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.
- არა... ეს არ იქნება სწორი.
- რატომ? - მეგიმ ოდნავ უკან დაიხია და პირდაპირ თვალებში შეხედა
- ვგრძნობ, ჩვენს შორის ვნებას - მისი ტუჩები გიორგის ტუჩებს მსუბუქად შეეხო.. თითქოს პასუხს ელოდა, გიორგიმ კიდევ რამდენიმე წამი გაძლო, მაგრამ შემდეგ მოთმინება დაკარგა, ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. კოცნა თავდაპირველად მოულოდნელი და ფრთხილი იყო, თუმცა მალევე აშკარა გახდა, რამდენად დიდხანს აკავებდა ამ სურვილს გიორგი.. მეგიმ ხელები კისერზე შემოხვია, გიორგიმ კი უფრო მჭიდროდ მიიკრა სხეულზე. მისი თითები მეგის ზურგზე შეაცურა, პალტოს კიდეს შეეხო და წელზე შეჩერდა..მეგი ოდნავ მოშორდა, მხოლოდ იმისთვის, რომ კვლავ ეკოცნა. გიორგიმ მისი სახე ხელებში მოიქცია და ისევ დაეწაფა ტუჩებზე. რამდენიმე წამით თითქოს ყველაფერი დაავიწყდა - ისიც, სად იყვნენ..მეგის პალტო მხრებიდან ოდნავ ჩამოსცურდა, მაგრამ სწორედ მაშინ გიორგი უცებ გაჩერდა..მძიმედ სუნთქავდა, შუბლი მეგის შუბლს მიადო და თვალები დახუჭა.
- არა... ასე არ შეიძლება.
- შეიძლება... შეიძლება, გიორგი... - მეგიმ ისევ მისკენ გაიწია..ტუჩებით ყელთან შეეხო, შემდეგ ლოყაზე აკოცა. გიორგიმ თვალები დახუჭა, თითქოს კიდევ ერთხელ ცდილობდა თავის შეკავებას. მისი ხელები კვლავ მეგის წელზე ჰქონდა შემოხვეული, მაგრამ რამდენიმე წამში მკვეთრად მოიშორა.
- არა! გვეყოფა! - უკან დაიხია
- ეს არ იქნება სწორი! - მეგი გაშეშდა, თვალებში წყენა და გაბრაზება ერთდროულად ჩაუდგა.
- რა ადამიანი ხარ, გიორგი?! - ხმას აუწია
- რანაირად შეგიძლია ასე მოიქცე? რატომ მექცევი ასე?! - გიორგიმ პერანგი გაისწორა, ღრმად ჩაისუნთქა და მზერა აარიდა.
- მეგი, ჩვენს შორის არაფერი სერიოზული არ მოხდება. არ მინდა ტყუილად დაგაიმედო.
- და ეს ახლა გაგახსენდა? - მწარედ გაეცინა მეგის
- ხუთი წუთის წინ არ გახსოვდა?
- მეგი...
- არა, აღარაფერი თქვა! - გიორგი აღარ შეჩერებულა, უკან შებრუნდა და კოცონისკენ დაიძრა. მეგი რამდენიმე წამი ადგილზე იდგა, შემდეგ ფეხი გაბრაზებით დააბაკუნა ფეხი და უკან გაჰყვა.
- რა საშინელი ადამიანი ხარ! - გზაში ისევ ეჩხუბებოდა
- ჯერ ისე იქცევი, თითქოს მეც გინდივარ, მერე კი უცებ გახსენდება, რომ არ შეიძლება! - გიორგის პასუხი არ გაუცია,
როცა კოცონთან დაბრუნდნენ, ნიკოლასი ნინისთან ჩამომჯდარიყო ისევ და უყურებდა მშვიდად მძინარე ნინის,
გიორგი მაშინვე მისკენ წავიდა.
- ჩაეძინა? - იკითხა ჩუმად
- ჰო... ჩაეძინა - გიორგი მის გვერდით ჩაიმუხლა, ნინის სახეს დახედა და უნებურად გაეღიმა..
- ნინი... - ნინიმ ოდნავ შეირხა, თვალები ნახევრად გაახილა და გიორგის დანახვისას თბილად გაუღიმა.
- გიო...
- დაიძინე, კარგი? - გიორგიმ თმაზე ფრთხილად გადაუსვა ხელი..ნინიმ ისევ თვალები დახუჭა, გიორგი დაიხარა, ფრთხილად მოხვია ხელები და ხელში აიყვანა. ნინი ძილბურანში ოდნავ მიეკრო მის მხარს, თავი მკერდზე მიადო და მშვიდად განაგრძო ძილი.
- ფრთხილად - ჩუმად თქვა გიორგიმ და კარავში შეიყვანა.. ნიკოლასი ამ სცენას თვალს ვერ აშორებდა, ხედავდა, როგორ გაუღიმა ნინიმ ძილში გიორგის, როგორ გადაუწია მან თმა სახიდან და როგორ მიეფერა თავზე..ნიკოლასს სახეზე ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა, ჭიქას ისე ძლიერად მოუჭირა, რომ თითები გაუთეთრდა.. სახე დაეჭიმა, კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. თვალები გიორგისკენ ჰქონდა მიპყრობილი, მაგრამ სახეზე არც ერთი ემოცია არ ეტყობოდა, მხოლოდ დაძაბულობა, რომელიც წამითაც არ ნელდებოდა..
გიორგი კარავიდან გამოვიდა და ნიკოლასისკენ გამოიხედა, მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა.. ნიკოლასს არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი ოდნავ გადააქნია, შემდეგ მანქანის კარი გააღო, ჩაჯდა და ძრავა ჩართო.
- ჰეი, ნიკოლას! რა მოხდა? სად მიდიხარ? - დაუძახა გიორგიმ.. მანქანა უკვე ადგილიდან დაიძრა.
- ნიკოლას! - კიდევ ერთხელ დაუძახა მეგიმ, მანქანა სწრაფად მოსწყდა ადგილს და რამდენიმე წამში სიბნელეში გაუჩინარდა..გიორგი გაოცებული დარჩა.
- ეს რა იყო? ასე სად წავიდა? ნასვამია! -
მეგიმ მხრები აიჩეჩა.
- არ ვიცი!
- როგორ თუ არ იცი? ან რატომ წავიდა ასე უცებ?
- არ ვიცი-მეთქი! - დაუყვირა მეგიმ,
გიორგი გაკვირვებული მიუბრუნდა.
- რა გაყვირებს?
- რა მაყვირებს?! ეჭვიანობა, იდიოტო! ეჭვიანობა მაყვირებს! - მეგის თვალები ცრემლებით აევსო
- ხუთი წუთის წინ ვნებიანად მკოცნიდი და ახლა რა სცენის მომსწრე გამხადე?! -
გიორგის სახე შეეცვალა.
- მეგი, მე ხომ გითხარი, რომ ჩვენს შორის არაფერი იქნებოდა! ნუ ეჭვიანობ
- მეზიზღები! - მეგიმ მხარი გაჰკრა და პასუხის დალოდების გარეშე კარავში შევიდა, ნინის გვერდით დაწვა, ზურგი შეაქცია და პლედი თავამდე გადაიფარა.
გიორგი რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა, შემდეგ მძიმედ ამოიხვნეშა და ცას ახედა.
- რა ჯანდაბაა... ამან იეჭვიანა, იმას რაღა დაემართა? - მან კარავს გახედა, შემდეგ იმ გზას, რომელზეც ნიკოლასი გაუჩინარდა.
- ოხ, ნიკოლას... ნუთუ ნინი მოგწონს, შე სულელო..

ნიკოლასი სახლში შემოვარდა, კარი ისეთი ძალით მიაჯახუნა, რომ დერეფანში ექო გაისმა. ქურთუკი მხრებიდან უხეშად მოიგლიჯა და პირდაპირ სავარძლისკენ მოისროლა, თუმცა მიზანს ასცდა და იატაკზე დაეცა.. ფეხი იქვე მდგარ სკამს ჰკრა..სკამი იატაკზე ხმაურით გაცურდა, ნიკოლასი ოთახში წინ და უკან დადიოდა. პერანგის ზედა ღილები შეეხსნა, მკლავები კი იდაყვებამდე აეკეცა. სუნთქვა გახშირებოდა..თვალწინ ისევ და ისევ ერთი და იგივე კადრები უტრიალებდა..გიორგი როგორ იხრებოდა ნინისკენ... როგორ იღიმოდა გოგონა, როცა მისი სახე დაინახა... როგორ აიყვანა ხელში... როგორ მიიკრა ნინი მკერდზე, ნინიმ კი თავი ისე მშვიდად და ნდობით დაადო მის მხარზე, თითქოს იქ ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო..ნიკოლასმა თვალები მაგრად დახუჭა, კბილებში გამოსცრა..ხელები მუშტებად შეკრა და მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა. რამდენიმე წამი ასე იდგა, შემდეგ მკვეთრად გასწორდა.
- რა მემართება?! - ხმამაღლა წამოიძახა.
პასუხი არ ჰქონდა.. ან ჰქონდა, მაგრამ საკუთარ თავთანაც კი არ აპირებდა მის აღიარებას.
- გიორგი ჩემი მეგობარია. ნინისთან რაც უნდა, ის გააკეთოს. საერთოდ არ მაინტერესებს - თავი დაუქნია, თითქოს საკუთარ თავს ეთანხმებოდა, თუმცა მომდევნო წამს ისევ ის სურათი წარმოუდგა თვალწინ.. ნინის ღიმილი გიორგის დანახვაზე.
- რა თქმა უნდა... - ჩაიცინა ირონიულად,
ოთახში კიდევ ერთხელ გაიარა, შემდეგ სამზარეულოსკენ გაემართა. მაცივარი გამოაღო და წყლის ბოთლის ძებნა დაიწყო, მაგრამ თვალი მაშინვე მანგოს ნამცხვარზე შეაჩერა.. შუაზე გაჭრილი, ოქროსფერი ზედაპირით, პრიალა მინანქრით დაფარული ნამცხვარი თაროზე იდო. მანგოს ნაზი ფერი ცეცხლის შუქზე ნინის მბზინავ წითურ თმას აგონებდა.. ნიკოლასი გაშეშდა.
- აჰა... შენც აქ ხარ? - ჩაილაპარაკა და ნამცხვარს ხელი დაავლო, სამზარეულოს კუნძულთან მივიდა და პირდაპირ სანაგვე ურნაში ჩააგდო.
- დამაცადე! მე შენ გაჩვენებ! შენც ასე მოგისვრი სანაგვეში! - ურნის თავსახური ხმაურით დახურა..
- ხვალ ვნახოთ, რამდენად გაგეცინება -
მერე სავარძელში მძიმედ ჩაეშვა, მაგრამ მოსვენება მაინც არ ჰქონდა.. წამითაც ვერ ჩერდებოდა. ისევ წამოდგა, წყალი დაისხა, ერთი ყლუპი მოსვა და ჭიქა მაგიდაზე უხეშად დადგა.
- ხვალიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება, წითურო... - ჩაილაპარაკა ჩუმად,
თუმცა ჯერ თვითონაც არ იყო დარწმუნებული, ნინის დასჯა რატომ უნდოდა..

დილით პირველი ნინის გამოეღვიძა..
რამდენიმე წამი გაუნძრევლად იწვა, თვალები მოიფშვნიტა და მიმოიხედა. ღამის ამბები ნელ-ნელა ახსენდებოდა, თუმცა თავში ჯერ კიდევ მსუბუქი სიმძიმე ჰქონდა. უცებ გაახსენდა, რომ დღეს საკონდიტროში გადაღება უნდა ყოფილიყო..სწრაფად წამოჯდა, მეგის მიუბრუნდა, რომელიც საძილე ტომარაში ისე იყო გახვეული, სახის ნახევარიც კი არ უჩანდა.
- მეგი! გაიღვიძე! - რამდენჯერმე შეანჯღრია.
- რა იყო, ნინი? - ამოიბუზღუნა მეგიმ და თავი ბალიშში ჩარგო.
- ნახე, რომელი საათია! დროულად უნდა წავიდეთ. დღეს საკონდიტროში ჩაწერაა, ჟურნალისტები უნდა მოვიდნენ! - მეგიმ ერთი თვალი გაახილა, შემდეგ მეორე და მძიმედ წამოჯდა.
- თავი მტკივა...
- მეც! მაგრამ ახლა თავის ტკივილის დრო არ არის. ადექი, ჩქარა! - ნინი უკვე ფეხზე იყო, სწრაფად მოიწესრიგა თავი, თმა შეიკრა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ნივთების შეგროვებას შეუდგა. მეგი კი ჯერ კიდევ ცდილობდა, ბოლომდე გამოფხიზლებულიყო.. გარეთ გასულებს გიორგი დახვდათ, მისი კარავი უკვე დაეშალა და ნელ-ნელა ემზადებოდა
- დილა მშვიდობისა გიო
- დილა მშვიდობისა - მეგის მისთვის არაფერი უთქვამს, უხმოდ ჩაუარა გვერდი, ცივად შეავლო თვალი უპასუხა.
გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა, მაგრამ არაფერი უთქვამს.. ნინიმ ჯერ ერთს შეხედა, მერე მეორეს.
- რა გჭირთ? - იკითხა ღიმილით.
- არაფერი - ერთდროულად უპასუხეს ორივემ, ნინის გაეცინა. ნივთები მანქანაში ჩაალაგეს და ნინი უცებ გაჩერდა.
- ნიკოლასი? სად არის? - გიორგიმ მხრები აიჩეჩა.
- წუხელ წავიდა.
- სად წავიდა? რატომ?
- არ ვიცით. ადგა და მოულოდნელად წავიდა - უპასუხა მეგიმ და ზურგჩანთა მანქანაში მოათავსა.. ნინის სახეზე გაკვირვება გამოესახა..
- მეგონა აქ იყო..კარგი, წავიდეთ ჩვენც უკვე, თორემ ვერაფერს მოვასწრებ - სამივე გიორგის მანქანაში ჩაჯდა და საკონდიტროსკენ გაემართნენ..

ბონ-ბონში დილიდანვე ხმაური იყო.. თანამშრომლები დარბოდნენ, დარბაზს ალაგებდნენ, პროდუქტებს ამზადებდნენ. სათათბირო ოთახში კამერები უკვე დამონტაჟებული იყო, განათებაც ჩართული ჰქონდათ. ჟურნალისტების ჯგუფი მოსალოდნელზე ადრე მოსულიყო.
ნიკოლასი შემოსასვლელთან იდგა და თანამშრომლებს მკაცრი ტონით აძლევდა მითითებებს.
- ეს მაგიდა აქედან გაიტანეთ! განათება მარჯვნივ გადაიტანეთ! ჟურნალისტებს ყავა მიუტანეთ?
- დიახ, ბატონო ნიკოლას.
- კარგი. ნანკა მზად არის? სად წავიდა?
- რამდენიმე წუთში ჩამოვა - სწორედ ამ დროს კარი გაიღო და ნინი შემოვიდა.. სახეზე ღიმილი ჰქონდა, თვალები სიხარულით უბრწყინავდა, აშკარად აღტაცებული იყო დღევანდელი დღით.
- ვაუ! აი, უფროსიც მესმის! - სიცილით უთხრა ნიკოლასს
- ამიტომ წამოხვედი ასე ადრე, რომ ყველაფერი შენ თვითონ გაგეკონტროლებინა? - ნიკოლასმა ნელა მოაბრუნა თავი, მის სახეზე ღიმილის კვალიც არ იყო.
- ძალიან დაიგვიანეთ! დროულად ვერ მორჩით საქმეებს?!
- რა საქმეებს?
- ხვევნა-კოცნას!
- ვერ გავიგე?
- არაფერი, დაივიწყე! - მკვეთრად მოუჭრა ნიკოლასმა და ისევ თანამშრომლებისკენ შებრუნდა
- ნანკა სად არის? მზად არაა? - ნინი რამდენიმე წამი უყურებდა. ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა
- ჟურნალისტებს ყავა მიუტანეთ ხომ? - იკითხა ნიკოლასმა.
- დიახ, ყველაფერი მზად არის.
- ჟურნალისტები უკვე მოსულები არიან?
- კი ნინი, სათათბირო ოთახში არიან
- ღმერთო, ახლავე გამოვიცვლი და მოვალ - თქვა ნინიმ და ჩანთას ხელი დაავლო, ნიკოლასი მისკენ შებრუნდა.
- სად მოხვალ? - ნინიმ გაკვირვებით შეხედა.
- ინტერვიუ ხომ უნდა ჩავწეროთ?
- შენ არა! - ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა ნინის სახიდან.
- რა? - ამ დროს თანამშრომლებიც უკვე შემოსასვლელში იკრიბებოდნენ.. მეგი და გიორგი მათ უკან იდგა და დიალოგს ყურადღებით უსმენდნენ.
- ოქროსფერი ტორტები ხომ უნდა გადაიღონ? - ჰკითხა ნინიმ, თითქოს იმედოვნებდა, რომ რაღაც არასწორად გაიგო.
- არა!
- ნიკოლას, რა არა? - ჩაერია შორენა, რომელიც ახლახანს შემოვიდა საკონდიტროში, ნიკოლასმა დედას შეხედა და მშვიდი, თუმცა კატეგორიული ტონით განაგრძო:
- ოქროსფერ ტორტებს არ ვიღებთ. ჩვენი საკონდიტრო მხოლოდ ახლა არ დაარსებულა. ორი თვეა, ეს ტორტები ბაზარზე გამოვიდა. მათი გადაღება აუცილებელი არ არის. - შორენამ წარბები შეკრა.
- გააფრინე? ეგ თუ არა, რაზე უნდა გააკეთონ სიუჟეტი?! ეგ ტორტებია უკვე ჩვენი სავიზიტო ბარათი!
- იმაზე, რასაც აქამდე ვყიდდით, დედა! მე ასე გადავწყვიტე, ამ ტორტებზე არაფერს ჩავწერთ. ინტერვიუს მე და ნანკა მივცემთ. შეგიძლია დაუბრუნდე საქმეს, ნინი. ზემოთ საჭირო არ იქნები - ნინი გაშეშდა, თვალებში ჯერ გაკვირვება ჩაუდგა, შემდეგ კი წყენა და სევდა.. როგორ ემზადებოდა ამ დღისთვის. ფიქრობდა, რა ეთქვა, როგორ წარედგინა ახალი დესერტები, როგორ ესაუბრა საკუთარ ნამუშევრებზე. უკვე წარმოედგინა, როგორ იდგებოდა კამერის წინ და ბონ-ბონის სახელით ილაპარაკებდა..ახლა კი ყველაფერი რამდენიმე წინადადებით დასრულდა.
- კარგი... გასაგებია - ჩუმად თქვა.. თავი ოდნავ დაუქნია, შემოტრიალდა და სამზარეულოსკენ წავიდა, გიორგი ადგილზე გაშეშებულიყო. ნიკოლასს ისეთი მზერით უყურებდა, თითქოს მალე ფეხქვეშ გაიგდებდა
- დაუბრუნდით სამუშაო სივრცეს! - ხმამაღლა თქვა ნიკოლასმა
- ნანკა, წავედით სათათბირო ოთახში, გველოდებიან - ნანკა კიბეზე ჩამოვიდა, ნიკოლასთან მივიდა და მკლავი გამოსდო, ორივე სათათბირო ოთახისკენ გაემართა.


ინტერვიუ დაიწყო.
ნიკოლასი მაგიდასთან იჯდა, მის გვერდით ნანკა მოთავსებულიყო. ჟურნალისტი კითხვებს სვამდა, ოპერატორი კი კამერის კუთხეებს ცვლიდა.
- პირველ რიგში, მადლობა, რომ დრო გამონახეთ ჩვენთვის. ბონ-ბონი უკვე დიდი ხანია მომხმარებლებისთვის საყვარელ საკონდიტროდ იქცა. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
ნიკოლასმა მშვიდად გაიღიმა.
- ბონ-ბონი ჩვენთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის. ეს არის საქმე, რომელსაც დიდი ხანია ვემსახურებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა აქ მოსვლისას არა მხოლოდ გემრიელი დესერტი, არამედ ხარისხი და განსაკუთრებული გარემოც მიიღოს. მუდმივად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ის გემოები, რომლებმაც მომხმარებლების ნდობა მოგვიტანა.
- ბოლო დროს თქვენი ახალი დესერტები ნამდვილი აღმოჩენაა მომხმარებლებისთვის - განაგრძო ჟურნალისტმა.
- მე ასე ვერ ვიტყოდი - ჩაერია ნანკა,
ჟურნალისტმა ინტერესით შეხედა.
- რატომ?
- ცხადია, ყველას მაინც ძველი გემო ურჩევნია. მომხმარებლებს კარგად ნაცნობი დესერტები ყოველთვის განსაკუთრებულად უყვართ.
- მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვინდა, ოქროსფერ ტორტებზეც ჩავწეროთ. ვხედავთ, რომ აქ წარმოდგენილია თითქმის ყველა სახეობა, მათ გარდა.
- არ ჩავთვალეთ საჭიროდ - უპასუხა ნიკოლასმა
- განსაკუთრებული მართლაც არაფერია.
- დესერტების ხაზზე და ზოგადად ამ ყველაფერზე თქვენ მუშაობთ, ნანკა?
- იცით, მე...
- დიახ, აქ ყველა სილამაზეს ნანკა ქმნის.. მისი წვლილი უდიდესია ჩვენი საკონდიტროსთვის, ასე რომ ვთქვათ ნანკა ჩვენი ხერხემალია, ნანკამ კმაყოფილი ღიმილით შეხედა.
- ამ სილამაზის გარდა! მისი შემქმნელი ნანკა არ არის! - ყველამ ერთდროულად კარისკენ გაიხედა, კარი გაიღო და ოთახში ნინი გამოჩნდა.. სტელაჟით დიდი, ორსართულიანი ტორტი მოჰქონდა, რომელიც სპეციალურ სადგამზე იყო მოთავსებული. ოქროსფერი ზედაპირი სინათლეზე ბრწყინავდა, გლუვი მინანქარი თითქოს თხევად ოქროს ჰგავდა. ზედა იარუსი დახვეწილი მანგოს დეკორაციებით იყო გაფორმებული, გვერდებზე კი ნაზი, თხელი შოკოლადის დეტალები და ხილის პატარა ელემენტები ამშვენებდა. ტორტი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ოთახში არსებული სხვა დესერტები ერთიანად დაჩრდილა.. ნინი თავდაჯერებული ნაბიჯით მოდიოდა, სახეზე უკვე აღარ ეტყობოდა რამდენიმე წუთის წინ განცდილი წყენა. თმა ლამაზად დაევარცხნა, წინ ჩამოშლილი წითური ღერები სახეს უმშვენებდა. მისი მზერა პირდაპირ ჟურნალისტისკენ იყო მიმართული, კამერა მაშინვე ტორტისკენ შემობრუნდა.
- საოცრებაა! - წამოიძახა ჟურნალისტმა
- აი, სწორედ ეს მინდოდა, რომ დამეფიქსირებინა! - ნიკოლასმა წარბი ასწია, ნინი კი ტორტის გვერდით გაჩერდა
- სხვათა შორის, მალე ჩემი ქორწილია და სწორედ ეს ტორტი მინდა, თქვენგან შევუკვეთო! - აღტაცებით განაგრძო ჟურნალისტმა
- ნინი, თქვენზე ბევრი მსმენია და ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა. ორიოდე სიტყვას თქვენგანაც ჩავიწერთ - ნინიმ გაუღიმა.
- დიდი სიამოვნებით - ნიკოლასს სახე დაეძაბა, ნინი ტორტის გვერდით დადგა. კამერა მისკენ მიმართეს, ჟურნალისტმა კი ჩანაწერების ფურცელი მოიმარჯვა.
- ნინი, პირველ რიგში, გვიამბეთ, როგორ გაჩნდა ამ ტორტის შექმნის იდეა? - ნინიმ ტორტს გადახედა და ღიმილით დაიწყო:
- მინდოდა შეგვექმნა დესერტი, რომელიც ერთი შეხედვითაც მიიქცევდა ყურადღებას, მაგრამ მხოლოდ გარეგნული სილამაზე არ იქნებოდა მისი მთავარი ღირსება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზუალურ ეფექტს გემოც შეესაბამებოდეს. ამიტომ არჩევანი მანგოზე შევაჩერე. მას საკმაოდ გამოკვეთილი, ტროპიკული არომატი აქვს, თუმცა სწორად დაბალანსების შემთხვევაში ძალიან ნაზი და დახვეწილი გემო გამოდის.
- საინტერესოა. და როგორ იქმნება ასეთი ტორტი? ალბათ საკმაოდ რთული პროცესია.
- გარკვეულ სიზუსტეს ნამდვილად მოითხოვს. პირველ რიგში, ვამზადებთ ბისკვიტის ფენებს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი თანაბრად გამოცხვეს,შეინარჩუნოს სინაზე და ზედმეტად მშრალი არ გამოვიდეს. შემდეგ ვამზადებთ მანგოს მუსს, რომელსაც განსაკუთრებული ტექსტურა უნდა ჰქონდეს, მსუბუქი, ჰაეროვანი
- შიგთავსშიც მანგოა?
- დიახ. შიგნით მანგოს ნაზი კრემი და ტროპიკული ხილის შიგთავსი გვაქვს. ასევე ვამატებთ ხრაშუნა ფენას, რომელიც რბილ ტექსტურებს სასიამოვნოდ აბალანსებს. თითოეულ ფენას თავისი დანიშნულება აქვს. არ მინდა, რომელიმე გემო მეორეს ფარავდეს, მთავარი სწორედ მათი ჰარმონიაა.
- ძალიან საინტერესოა. ხოლო ეს ოქროსფერი ზედაპირი? - ნინის გაეღიმა.
- ესეც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ტორტი ჯერ სათანადოდ უნდა გაცივდეს და ფორმა მიიღოს, შემდეგ კი სპეციალური სარკისებრი მინანქრით იფარება. ტემპერატურას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ სწორ დროს არ წაუსვამთ, ზედაპირი ისეთ სიგლუვესა და ბზინვარებას ვერ მიიღებს, როგორიც გვჭირდება.
- ანუ ეს ყველაფერი მხოლოდ გემოს შექმნა არ არის, ეს უკვე ხელოვნებას ჰგავს.
- შეიძლება ასეც ითქვას - გაეღიმა ნინის
- რამდენი ხანი დაგჭირდათ ამ რეცეპტის სრულყოფისთვის?
- რამდენიმე ცდა დამჭირდა. ზოგჯერ ერთი ინგრედიენტის რაოდენობის მცირედი ცვლილებაც კი საბოლოო შედეგს ცვლის. რამდენჯერმე შევცვალე მანგოს კრემის კონსისტენცია, შემდეგ კი ხრაშუნა ფენის სისქეც. მინდოდა, თითოეული ლუკმა დაბალანსებული ყოფილიყო. საბოლოოდ მივიღეთ ის გემო, რომლის წარდგენაც მომხმარებლისთვის თამამად შემიძლია.
- როგორც ვხედავთ, შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მომხმარებლის შეფასება?
- ძალიან. შეიძლება თავად კმაყოფილი ვიყო ჩემი ნამუშევრით, მაგრამ საბოლოო შეფასებას მაინც მომხმარებელი გვაძლევს. ჩვენთვის თითოეული გამოხმაურება მნიშვნელოვანია. თუ ადამიანს ჩვენი დესერტი მოეწონა და კიდევ დაბრუნდა, ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია - ჟურნალისტმა კიდევ რამდენიმე კითხვა დაუსვა ახალ დესერტებზე, საკონდიტროს სამუშაო პროცესსა და გუნდურ მუშაობაზე. ნინი თითოეულს თავდაჯერებულად პასუხობდა. საუბრისას ხშირად იყენებდა პროფესიულ ტერმინებს, ხსნიდა ტექნოლოგიურ დეტალებს და კამერასაც ისე უყურებდა, თითქოს მთელი ცხოვრება ინტერვიუებს იძლეოდა. ნიკოლასი კი ჩუმად იჯდა, თავიდან ცდილობდა, სახეზე უკმაყოფილება შეენარჩუნებინა, მაგრამ ნინის საუბრის მომენტში თვალს ვერ წყვეტდა. გოგონა იმდენად თავისუფლად და თავდაჯერებულად საუბრობდა, რომ ოთახში მყოფი ყველა ადამიანის ყურადღება მისკენ იყო მიმართული.
ჟურნალისტმა ბოლოს კიდევ ერთხელ გადახედა ტორტს.
- დიდებული გამოგივიდათ ყველაფერი. საოცრებაა! ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ თქვენი ჩაწერის საშუალება მოგვეცა. ინტერვიუ კვირას საღამოს გავა ეთერში - ნინიმ მადლობა გადაუხადა და ჟურნალისტებს შემოსასვლელამდე გაჰყვა, მათი ჯგუფი შენობიდან გავიდა..ნინი ჯერ კიდევ კართან იდგა, როცა ზურგს უკან სწრაფი ნაბიჯების ხმა გაიგონა, ნიკოლასი კიბეზე თითქმის ჩამორბოდა. სახე აწითლებული ჰქონდა სიბრაზისგან, თვალებიც ბრაზით უელავდა. რამდენიმე წამში ნინის მიუახლოვდა და მკლავში ჩაავლო ხელი.
- რა იყო ეს?! - მკვეთრად დაუყვირა
- რატომ მიეცი შენს თავს ამდენის უფლება?! ხომ ვთქვი, რომ ამ ტორტზე არ უნდა გაკეთებულიყო სიუჟეტი?! ჩემი სიტყვა ასე უმნიშვნელოა?! რატომ შემოიჭერი სათათბირო ოთახში?! -
ნინის სახე შეეცვალა, თანამშრომლები გაოცებულები შეჩერდნენ. მეგი და გიორგი რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგნენ.
- გამიშვი, ნიკოლას! - მკაცრად უთხრა ნინიმ და ხელი გასათავისუფლებლად გაიქნია, მაგრამ ნიკოლასი არ ჩერდებოდა.
- ასე გაუზრდელი, გაუნათლებელი და ტუტუცი ადამიანები იქცევიან! რაღაცას რომ გეუბნები, უნდა გაიგო და შეიგნო! საერთოდ ოჯახში ხარ გაზრდილი?! ჭკუას არავინ გარიგებს?! ასე თვითნებურად რატომ მოქმედებ?! რატომ გამომეცხადე შიგნით?! ეს რა უკულტურობაა?!
- არააა! - ნინის ყვირილმა მთელი შემოსასვლელი გააყუჩა, ყველა გაშეშდა,
ნიკოლასიც..ნინის თვალები ცრემლებით აევსო
- არა! არ ვარ ოჯახში გაზრდილი! გასაგებია?! - ბოლო ხმაზე დაიყვირა
- მე არ გავზრდილვარ ოჯახში! არასდროს მყოლია ოჯახი! გასაგებია?! - მის ხმაში ტკივილი იგრძნობოდა, ნინიმ ნიკოლასს ხელი უხეშად ჰკრა, მკლავი გაითავისუფლა და ცრემლიანი თვალებით შეხედა.
- კმაყოფილი ხარ?! - შემდეგ შემოტრიალდა და საკონდიტროდან გაიქცა..ნიკოლასი ადგილზე გაშეშდა,
მისი ბოლო სიტყვები გონებაში ექოდ ჩაესმოდა
"არასდროს მყოლია ოჯახი..." -
რამდენიმე წამი ვერ ინძრეოდა, თითქოს მხოლოდ ახლა მიხვდა, რა თქვა და ვის უთხრა, მაგრამ ამ ფიქრის დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ გიორგი დაეტაკა.
- შე არამზადა! - საყელოში სწვდა და გარეთ გაათრია, ნიკოლასმა წონასწორობა დაკარგა, მაგრამ მაშინვე შემობრუნდა, გიორგიმ ხელი მოუქნია და სახეში გაარტყა, ნიკოლასი უკან გადაქანდა, თუმცა მალევე წამოიწია და საპასუხოდ თავადაც დაარტყა, ორივე ერთმანეთს დაეტაკა.
- გიორგი! გაჩერდი! - ყვიროდა მეგი და მათ შორის ჩადგომას ცდილობდა.
- გამიშვი, მეგი! - გიორგის ხმა ბრაზისგან ჩახლეჩოდა.
- ნიკოლას! გაჩერდით! - მაგრამ ბიჭები არავის აღარ უსმენდნენ, ბავშვობის მეგობრები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით იდგნენ, ახლა ისე ჩხუბობდნენ, თითქოს მოსისხლე მტრები ყოფილიყვნენ.. მეგიმ როგორღაც მოახერხა მათ შორის ჩადგომა და ორივე უკან გასწია.
- გეყოფათ! ასე რომელიმეს შემოგაკვდებათ ერთმანეთი! - უყვიროდა ორივეს
- გიორგი, უკან დაიხიე! ნიკოლას, შენც! - გიორგი მძიმედ სუნთქავდა, მუშტები ისევ შეკრული ჰქონდა. მეგიმ ორივე გვერდზე გაიყვანა, შემდეგ თანამშრომლებს მიუბრუნდა.
- დანარჩენები შიგნით შედით! არაფერი საყურებელი აქ არ არის! - შორენა უკმაყოფილო სახით გამოვიდა.
- რა ხდება აქ?!
- მამიდა, შენც შედი, მოგვარდებიან -
შორენამ ორივეს გადახედა, თავი უკმაყოფილოდ გააქნია და შენობაში დაბრუნდა, როცა მათ გარშემო ხალხი აღარ დარჩა, გიორგი ისევ ნიკოლასისკენ შეტრიალდა.
- ეს როგორ გააკეთე?! რატომ?! რა მიზანი გქონდა?! რატომ დაამცირე ასე და რატომ მოექეცი ასე ცუდად?! რა დაგიშავა ამ გოგომ ასეთი?! - გიორგიმ კიდევ ერთხელ დაარტყა მკერდზე მუშტი, შემდეგ საყელოში სწვდა.
- ის ბავშვთა სახლში გაიზარდა! გესმის?! ბავშვთა სახლში! და შენ რა უთხარი?! ოჯახში გაზრდილი ხარო?! შენ საერთოდ ხვდები, რა ადგილას დაარტყი?! -
ნიკოლასი გაშეშდა.
- მე... მე არ ვიცოდი...
- რატომ გააკეთე ეს?!რატომ გინდოდა მისი გამწარება?! - ნიკოლასმა ტუჩი მოიკვნიტა, რამდენიმე წამი დუმდა, შემდეგ კი თითქოს საკუთარ თავთან ბრძოლა შეწყვიტა.
- იმიტომ, რომ არაკაცი ვარ! დამარტყი, მიდი! ღირსი ვარ! - ნიკოლასმა ხელები გაშალა
- იმიტომ მინდოდა, რომ ვერ შევეგუე! ვერ ავიტანე თქვენი სიახლოვის დანახვა! არაკაცი ვარ, გიორგი! მე ვიეჭვიანე გოგოზე, რომელიც ჩემს ძმაკაცს უყვარს! თავი დავკარგე! არ ვიცი, რა მემართება! ყველაფრის ღირსი ვარ შენგან! -
მეგი გაოგნებული უსმენდა, ნიკოლასის სიტყვებმა თითქოს ყველა სხვა ხმა ჩაახშო.. საბოლოოდ როგორც იქნა ამოხეთქა..გიორგი რამდენიმე წამი ჩუმად იდგა. შემდეგ მძიმედ ამოისუნთქა, ნიკოლასს კიდევ ერთხელ ჩაავლო საყელოში ხელი და თვალებში ჩახედა.
- შე იდიოტო...ნინი ჩემი და არის! - სიჩუმე ჩამოვარდა, გიორგის ხმა აუკანკალდა
- ღვიძლი დაა! ისე არ მიყვარს, როგორც შენ ფიქრობ! ჩემი და არის! და-ძმანი ვართ! - მეგი თვალებგაფართოებული იდგა, ჯერ გიორგის შეხედა, შემდეგ ნიკოლასს.
- მოიცა... რა? - ძლივს ამოთქვა, ნიკოლასი თითქოს ადგილზე გაიყინა, სახე შეეცვალა. ჯერ გაოცება, შემდეგ სრული დაბნეულობა დაეტყო..გიორგის მზრუნველობა... მისი მუდმივი ყურადღება... ნინის დაცვა... მისი შფოთვა, როცა გოგონას რამე ემუქრებოდა...ის ყველაფერი, რაც ნიკოლასს ეჭვიანობის საბაბად მიაჩნდა, სულ სხვა რამ ყოფილა.. ჩუმად იდგა. მუშტები ნელ-ნელა გახსნა, ტუჩთან სისხლის კვალი ეტყობოდა, მაგრამ თითქოს საერთოდ ვერ გრძნობდა ტკივილს.
- ანუ... შენ და ნინი...
- დიახ, მეგი. მე და ნინი და-ძმანი ვართ.. ოღონდ მან ჯერ არ იცის
- მოიცა... მოიცა, ანუ... - ნიკოლასმა გიორგის შეხედა, თითქოს კიდევ ერთხელ სჭირდებოდა დარწმუნება
- შენს და ნინის შორის... სხვა გრძნობა არ ყოფილა?!
- არა! - გაღიზიანებით უპასუხა გიორგიმ
- რამდენჯერ უნდა გაგიმეორო?! - ნიკოლასს სახე წამში გაუნათდა.
- ეს... ეს ძალიან, ძალიან კარგია!- მომდევნო წამს გიორგისკენ გაიწია, ორივე მხარზე ჩაავლო ხელი და ისეთი სიხარულით შეანჯღრია, თითქოს რამდენიმე წუთის წინ ერთმანეთს კი არ სცემდნენ, არამედ ერთად მოეგოთ ჩემპიონატი.
- ძმაო! ეს ხომ... ეს ხომ შესანიშნავია!
- რა არის შესანიშნავი, შე იდიოტო?!
- რა და... ანუ...ჯანდაბა, გიორგი! რატომ არ მითხარი აქამდე?! - ნიკოლასმა სახეზე ხელი ჩამოისვა, თუმცა ღიმილს მაინც ვერ იშორებდა
- უნდა მოვძებნო! სად წავიდა? საით წავიდა ნინი? აუცილებლად უნდა მოვძებნო! უნდა დაველაპარაკო! - თითქმის სირბილით გაემართა მის მოსაძებნად..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent