ერკე მიდასი - მეტრო (2)
კიბეებს ჩაუყვა და იმ მისტიურ მოვლენაზე ფიქრობდა, რასაც შუადღემდე ძილი ერქვა. საკმაო ხანს ფიქრობდა, უკვირდა, არასდროს დასძინებოდა ისე, რომ ვერც მაღვიძარას გაეღვიძებინა. თუმცა უკვე იმდენად იყო შეჩვეული ერთიდაიმავ დროს ადგომას, ეს ოცდაშვიდი წლის კაცი, რომ თითქმის დარობოტებულივით ყოველთვის ეღვიძებოდა შვიდ საათზე. გაღვიძებისთანავე მის გვერდით მწოლიარე ცოლს რამდენჯერმე ვნებიანად კოცნიდა, დგებოდა, იცვამდა, საუზმობდა, თავი წესრიგში მოჰყავდა და თავისი ხელჩანთით, რაც არასდროს ავიწყდებოდა სახლს დროულად ტოვებდა და სამსახურში წასვლისგანაც კი სიამოვნებას ღებულობდა, რადგან გულის სიღრმეში წასვლა კი არა, შინ დაბრუნება და ცოლ-შვილის დახვედრა, ღიმილი, გადახვევა და მონატრებული ხმით ამოტყორცნილი სიტყვების თამაში ახარებდა. მაშინ გრძნობდა რომ ბედნიერი იყო, გრძნობდა მის სიცოცხლეს აზრს არა სამსახური, არა სხვა უამრავი მოვლენა, არამედ მისი საყვარელი ადამიანები აძლევდნენ, რომელნიც ყოველთვის სახლში გულმოდგინედ ელოდნენ და მისი ტვირთის აზიდვაში ეხმარებოდნენ. ყოველდღიური სტიმულის ქონა მისთვის უზადოდ მშვენიერების ნაწილი იყო და ბედნიერების განუსაზღვრელი ჭეშმარიტების საზიდარი კი საოცრად პოზიტიურს ხდიდა. -გამარჯობა, მაყვალა ბებო! - აღტყინებით მიესალმა მეზობელს მეორე სართულიდან, რომელიც თავისი კარის წინ გვიდა და წმენდდა ნოხს, თან თითქოსდა სიხარულის ინტონაციით ილანძღებოდა და ლანძღავდა ნაგვის დამყრელ და უმაქნის თაობას, რომელიც გულგრილად ჩაუვლიდა სიბინძურეს და არც კი იფიქრებდა, რომ ძირს, არასათანადო ადგილას დაგდებულ ნივთისთვის ხელი დაეტაცებინათ და სათანადო ადგილი მიეჩინათ. -უმაქნისი თაობა მოდის, უმაქნისი, აღარ შემიძლია... - მყისიერად მიჩუმდა და გულზე ხელი დაიდო შეშინებულმა, რასტის უეცარი გამოჩენით. - გამარჯობა, გამარჯობა, შენ არ გაიხარე შვილო. - ისე მარტივად და ხმის აუკანკალებლად მიაძახა, რომ რასტი შეჩერდა. -როგორ ბრძანდებით მაყვალა ბებო, გავიგე შვილიშვილი გითხოვდებათ, მართალია? - ღიმილიანი მზერა სტყორცნა და ამ სიტყვებზე თავისი შერა წარმოუდგა თვალწინ. რას იზამდა, როცა ისიც გათხოვდებოდა და მისგან წავიდოდა, როგორ გაუძლებდა და შეეგუებოდა ამ ფაქტს არც იცოდა და ამაზე ფიქრიც არ ამაზრზენი ეჩვენებოდა. - არადა როგორ გთხოვდით მის ხელს, რა ბიჭს გააყოლებდით ახლა, აქვე გეყოლებოდათ თან სულ კანფეტივით იცხოვრებდა თქვენ კი ვის გაატანეთ. - თავში ნამდვილი მსახიობივით, ზუსტი ჟღერადობით იტკიცა ხელი და ტკივილისა და იმედგაცრუებისგან, თითქოსდა სიმართლეს ღაღადებდა სახეზე ნაღველი გამოსახვოდა და მთლიანად დამანჭვოდა. -დაიკარგე აქედან! - გაცხარდა ქალი და უკანასკნელი ძალები, რაც შერჩენოდა იმითაც კი ცოცხი მოუქნია და სტყორცნა შუბოსანივით. გვერდზე გაიწია რასტი, რომ არ დასვროდა ახლად შეძენილი ლურჯი ხავერდის პერანგი და შავი შალის შარვალი, რომელშიც საკმაო თანხა გადაიხადა. ეს ნამდვილად სამუშაო დღის საშინელ დასაწყისად ჩაითვლებოდა, საპასუხოდ გაეღიმა და გულს გადააყოლებსო გაიფიქრა. მოსწონდა, როცა ამ ქალბატონთან ასეთ ურთიერთობაში იყო. მისი ცხარე და ელდანაკრავივით ნასროლი პაპანაქება ლანძღვა რასტის გულს მალამოდ ედებოდა, მოსწონდა მისი სიფიცხე და განგებაც აღიზიანებდა ხოლმე, თუმცა დღეს უჩვეულოდ გამოიყურებოდა მაინც და მისი სიფიცხე იმდენად არ ჩანდა, რამდენადაც არსებული ყოფილიყო. თითქოს ტკბებოდა და შაქრდებოდა მაყვალა ბებოც, როგორც კი თავისი შვილიშვილის ბედნიერების მომსწრე გახდაო. არადა ყოველთვის უკმაყოფილო ადამიანს რით გინდა კმაყოფა მიანიჭო. -კარგი, კარგი. - გადაიხარხარა, მაგრამ სრული სერიოზული გამომეტყველება მიიღო უმალვე. გაიფიქრა, მასთან ხუმრობა დღეს კარგად არ დამიმთავრდებაო და გზა განაგრძო. - მშვიდობით მაყვალა ბებო და კეთილი მგზავრობა ზევით. აბა ბედნიერად. - ჩაიდუდღუნა ბოლოს და ისე გაქუსლა მდევარიც კი ძნელად თუ შეამჩნევდა მის ჩაქროლილ სილუეტს. კორპუსს გაცდა თუ არა ნაცნობი ხმები მოესმა, ერთსა და იმავეს რომ იმეორებდნენ და გადაუცინებდნენ ერთი მეორეს. თავი ჩაღუნა სირცხვილისგან რასტიმ და ესღა მაკლდაო სრული ბედნიერებისთვისო გაიფიქრა. ავტოსადგომის წინ შეგროვილი ახალგაზრდობა, რომელთა შორისაც მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა ჰქონდა გატარებული ერთსა და იმავეს ჰარმონიკული მუსიკის ფონზე აქოშინებულები ჰყვიროდნენ და რიტმს არ არღვევდნენ. „ზდრასტი, რასტი, პიდარასტი“ - ისე აპირებდა ჩავლას, თითქოს არც ესმოდა რაიმე და თავისთვის რაღაცაზე ფიქრობდა, თუმცა გაკვირვებით კი არ გაჰკვირვებია. ყოველი დღე ხომ, თითქმის ასე იწყებოდა რა გინდ ადრეც არ უნდა გამოსულიყო სახლიდან აუცილებლივ იქნებოდა მისი ერთი ორი ნაცნობი და კარგად დაახლოებული მეგობარი, რომელიც მის სულს სწვდებოდა და ყველაზე ახლოს იცნობდა და იწყებდა ღიღინს. შემდგომში ეს ღიღინი სიმღერაში გადაიზრდებოდა და ბოლოს: „ზდრასტი, რასტი, პიდარასტი“ - გარდაიქმნებოდა რაღაც საშინელებად, რომლისაც ნამდვილად რცხვენოდა. თუმცა ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ მათ საახლობლო წრეში არც შეიმჩნევდა, მაგრამ ქუჩაში, ყველას გასაგონად რომ დაიწყებდნენ და ერთხმად მთელ უბანს შეყრიდნენ სწორედ ეს აგიჟებდა. მიუხედავად ამისა, თავის ბიჭებს მაინც ძმებად და ახლობლებად მიიჩნევდა და როცა კი დრო ჰქონდა მათთან აუცილებლად ატარებდა დროს, რომელთა ერთადერთი გასართობი დალევა იყო და არაფერი ახლის სწავლის სურვილი არ ჰქონდათ, რასტი მაინც ცდილობდა რამე დაენახვებინა მათთვის, ცხოვრებისთვის სხვა თვალით შეეხედებინა, მაგრამ ბოლოს მაინც ფუჭად სრულდებოდა მისი მცდელობა და ისიც ალკოჰოლში ჩამხრჩვალი და შემთვრალი თავის სახლს ბარბაცით და უკვე ყელში ამოსული, გაბანალურებული სიტყვებით ასრულებდა - „მეზობლებო, გამოდით უნდა დაგთვალოთ.“ - გაიძახოდა მთელი ძალით, რის საფუძველზეც კაირა უკვე მის მესამე სართულზე ყოფნისას ხვდებოდა, ქმრის დაბრუნებას და სასწრაფოდ გავარდებოდა გარეთ დასამშვიდებლად და მშვიდობით შემოსაყვანად სახლში. „ზდრასტი, რასტი, პიდარასტი.“ გამაყრუებელმა ხმამ წალეკა მთელი ქუჩა. ფხიზელი რასტი ყოველთვის დიდი მოთმინებით და პოზიტიურობით გამოირჩეოდა, უყვარდა ყველა, ვინც კი იმსახურებდა, ან არ იმსახურებდა ამას, მაინც შეძლებდა და გამოუნახავდა ხოლმე მიზეზს, რის საფუძველზეც ადამიანის შეყვარება შეიძლებოდა, თუნდაც სულ მცირეს და მასაც დადებითი ემოციებით ავსებდა მისადმი. ასეთი იყო რასტი, თუმცა შემთვრალს ყველაფერი ავიწყდებოდა და სიგიჟის განსახირება ხდებოდა. ჩხუბისთავად და ულმობლად ნამდვილად არ იქცეოდა, მაგრამ ჰქონდა თავისებური გამოხტომები რის გამოც ზოგს შეიძლებოდა არაკეთილგანწყობილებად მიეღო და ჩხუბი მოსვლოდა. როგორიც იყო მისი ცნობილი და უკვე კარგად დაცდილი ტერმინი, რომელსაც მუდამ გაჰყვიროდა სიმთვრალეში და რის გამოც შარშან, გაზაფხულის პერიოდში სერიოზული პრობლემა შეექმნა. კიბეებს მოუყვებოდა, როცა ორი ყმაწვილი, საკმაოდ მოზრდილი ახალგაზრდა შეხვდა და არ მოეწონათ მისი სიტყვები, მიუხედავად იმისა, რომ აზროვნება უჭირდა იმდენად იყო ნასვამი, საქმის გარჩევის მიზნით გააჩერეს, რასტი შეეწინააღმდეგა და ერთი ორი კარგი სიტყვაც უთხრა ორივეს, რამაც კიდევ უფრო მეტად გაამწვავა სიტუაცია, ხელი ჰკრა ერთ-ერთმა და კედელს მიახეთქა საფეთქელით. იგი დაეცა და შემდგომში კი წიხლების რტყმა დაუწყეს გვერდებში, მანამ სანამ თავად არ გადაწყვიტეს ეყოფაო, გული ვერ იჯერეს და იქვე მიატოვეს გათიშული. ბიჭები კი, როგორც აღმოჩნდა, მის ძმაკაც, კანფეტასთან იყვნენ ორი სართულით ზემოთ რომ ცხოვრობდა, სწორედ იმ კანფეტასთან ახლა რომ სიშმაგით გაჰყვიროდა სიტყვებს. – „ზდრასტი, რასტი, პიდარასტი.“ „ზდრასტი, რასტი, პიდარასტი“ - დაუყვავეს დანარჩენებმაც და ხელი ჩამოართვეს მეგობარს. -ზდრასტი ბიჭებს, რად არ იხეხავთ კიჭებს? - მანაც ტოლი არ დაუდო უბნელებს. საათზე ანიშნა მათ და კიბეებს დაუყვა სასწრაფოდ, სარაჯიშვილის მეტროს რომ ჩაუყვებოდა. მეტროს მომლოდინე კი ყოველ წამს ითვლიდა. „რამდენი მჭირდება თავისუფლებამდე? დაახლოებით ოცდაორი წუთი, შემდეგ ავტობუსი, აჰამ, აჰამ, კიდევ თერთმეტი წუთი, იქ შესაძლოა ლოდინი დამჭირდეს, მაქსიმუმ ოთხი-ხუთი წუთი და ორმოც წუთში სამსახურში ვარ. ღმერთო, ეს რა დამემართა, როგორ ჩამეძინა. არა, მანქანა მჭირდება სასწრაფოდ!“ „გულმა რეჩხი მიყო, შენ ხარ ჩემი მიხო.“ - უნებურად დაუტრიალდა გონებაში და ღიმილი დაებერტყა მაშინათვე სახეზე. ეს რა იყო არ იცოდა, მუზების უეცარი გამობრწყინება? არადა არასდროს გასჩენია რამის წერის სურვილი და დღეს რა ხდებოდა? ყველაფერი უცნაური დღეს ხდებოდა. „რა რიცხვია დღეს?“ - ჩაუფიქრდა საკუთარ თავს და ამასობაში მის წინ მატარებელი გაჩერდა. „ოცდაოთხი? ღმერთო ჩემო, ხვალ შობაა მე კი არაფერი შემირჩევია ჩემებისთვის სიურპრიზად. ეს რა თავქარიანი გამოვდექი!“ - მატარებელი დაიძრა და რასტი კვლავ ფიქრებს მიეცა, თითქოს უეცარი გასხივოსნების ნაპერწკალი ეწვია, რაც მის ცხოვრებაში იშვიათი იყო. – „ანგელოზი დამაფრინდა მხარზე? სწორად ვიქცევი? რაიმე მისტიურ დღესთან ხომ არ მაქვს საქმე, ან რამე ხდება სამყაროს ზედა შრეებზე, კოსმოსური ხომალდები მოქრიან და დიდ გამოსხივებას ავრცელებენ თუ რა ხდება? ნუთუ ჩვენ პლანეტას საფრთხე ემუქრება?“ - კომიკურ აზრებს ვერ წყდებოდა და ასე ტოვებდა სადგური სადგურს. როცა ღია სივრცეში გაიჭრა მატარებელი და გვირაბიდან გამოვიდა ცას ახედა რასტიმ, რომ თავისი ფიქრების დამადასტურებელი ნიშანი ეპოვა, რაიმე მბრწყინავი ნივთი ცაში, დღის ვარსკვლავი ან მზის დისკოს ჩამოვარდნა დედამიწაზე. რამე უცნაური და ალოგიკური, რამაც უბიძგა ყველა ამ მოვლენას მიყოლებით მომხდარიყო. თუმცა არაფერი, ღრუბლები გადაჰკვროდა მშიერ ცას და მზის სხივიც კი არ ატანდა. თოვლის ერთი ფიფქიც კი არ ჩამოვარდნილა ციდან მთელი დეკემბერი, რაც თბილისში ნორმალურ მოვლენად ითვლებოდა, განსაკუთრებით ისეთ მიყრუებულ და მიგდებულ ადგილას, სადაც თავად ცხოვრობდა. გონებაში სცენა ამოუტივტივდა ბავშვობიდან, როდესაც შვიდი წლის იყო და ჯერ კიდევ ჰყავდა მამა. გაუკრთა, როგორ ეთამაშებოდა მის ხელებს, როგორ ეხუტებოდა და ეფერებოდა მის წვერს. გულში იკრავდა მის თბილ და დიდ ხელებს და მისი გულის ცემის მოსმენით სიგიჟემდე ცას ეწეოდა. რასტი უფროსი ძალიან უყვარდა, მაგრამ ამავე აზრზე არ იყო მისი ძმის მიმართ, რომელთანაც უწევდა მამის სიყვარულის გაყოფა და მისი მხოლოდ ნახევარის მიღება. მაშინ არ ესმოდა სიყვარულის ცნების ბოლომდე, ვერ გაეგო როგორ შეიძლებოდა ჰყვარებოდა კაცს ორი თუნდაც მეტი ვინმე თანაბრად. როგორ შეიძლებოდა სიყვარული ამხელა ძალის ყოფილიყო, რომ არ მცირდებოდა რაოდენობასთან ერთად. სიგიჟე იყო, მაგრამ მისი ერთ-ერთი ნაკლი სიყვარულის მესაკუთრეობა იყო. ეგოისტურად უყვარდა მამა, მისი გამომეტყველება ესაკუთრებოდა და ვერავის უთმობდა. ერთ საღამოს კი სამსახურიდან როცა მთვრალი დაბრუნდა მამამისი, მიუცუცქდა რასტი, ძმა თავიდან მოიშორა და ოთახში ჩაკეტა, თავად კი გვერდით მიუწვა და კითხვებს უსვამდა. ახსოვდა, როგორ ჰკითხა სამყაროს შექმნის შესახებ, რაზეც ნამთვრალევმა ზერელედ უპასუხა, ერთ შორეული გალაქტიკებიდან სპილომ ხორთუმით ისროლა სიცოცხლეო. ახლა კი დედამიწაც სპილოს ზურგზე დგასო. სპილო რაზე დგასო ჰკითხა პატარა რასტიმ. სპილო კუზე დგასო, უთხრა და ხელი გადაუსვა თავზე, რაც ძალზედ ესიამოვნა ბიჭს. „სიყვარული მამა რამდენია მსოფლიოში?“ - გაფითრდა რასტი უფროსი ამ კითხვის გაგონებაზე და მისტიკური პასუხი დაუბრუნა შვილს. „იმდენია რამდენიც შეგიძლია შენ წარმოშვა საყვარელო.“ მისი თმა ხელში ჰქონდა მოქცეული და ეთბილებოდა გრძნობა, რომლითაც ბიჭი იყო მამისადმი განმსჭვალული. დედა საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ რამდენიმე წლით წასული და უკვე მეხუთე წელი იყო რასტი და მისი ძმა, კობარი, უდედოდ იზრდებოდნენ, დედის სითბოს გარეშე კი უფრო რთული აღმოჩნდა მათთვის სამყაროს საიდუმლოების შეცნობა და სითბონაკლულებს ერთმანეთს სიყვარულს ართმევდნენ. შემდეგ ვარსკვლავებზე ჰკითხა, მათ ურთიერთქმედებასა და მიზიდულობაზე დედამიწისადმი. ეს საიდან გაიგე შვილოო, კითხვა დაუბრუნა მამამ და ძალზედ გაოცებული იყო ამ პატარა ბავშვის გასაოცარი აზროვნების უნარისა. საკაბელოზე ამბობდნენ რაღაცას, დაუბრუნა პასუხი შვილმა და რასტი უფროსი დაფიქრდა. თითქოს გაიჭედა და არ იცოდა რა ეპასუხა ბიჭისთვის, ის კი იცოდა, მშობლის ყოველ ნათქვამს გაფაციცებით უგდებდა ყურს და რამე გადაბრუნებულად რომ ეთქვა, როგორც სპილოსა და კუს ამბავი, არასწორადვე ჩაებეჭდებოდა გონებაში და დარჩებოდა მანკიერ სულისმიერ ხმად. ამავდროულად არც იცოდა რა უნდა ესაუბრა ვარსკვლავებზე, გაჩუმდა და რასტიმ მის მდუმარებას შეჰღაღადა. ერთხანს თვალი გაუშტერდა ერთ წერტილზე და დუმილს არ არღვევდა, რასტი კი გულისყურით უსმენდა ამ სიჩუმეს და ფიქრობდა, ახლა მიპასუხებს... არა ახლა... აი ახლა მეტყვის რამესო, ბოლოს კი მისი თვალები მოსწყდა მზერის საგანს, დაიხუჭა, რასტი უფროსი გადატრიალდა და მისტიური ძალის ზემოქმედებით, ყოველშემთხვევაში ასე მიაჩნდა მაშინ ყმაწვილს, ჩაეძინა. „ერთი ვარსკვლავთცვენას მომასწრო.“ - გაივლო გაუაზრებლად გონებაში და დღის სინათლე კვლავ მეტროს ზუზუნმა და გვირაბის სიბნელემ შეცვალა. მხოლოდ ამის შემდეგ გაახილა თვალი რასტიმ და მგზავრებს შეხედა. უმეტესობას ჩაძირული თვალები სადღაც გონებრივ სივრცეებს არღვევდა და სულიერ ტყეებში გადასხვაფერებულიყო. ზოგს წიგნი გადაეშალა და მას ჩაჰკირკიტებდა, მაგრამ ისეთი უგულისყურო მზერით, იფიქრებდი კი არ კითხულობს ჭკვიანი რომ გამოჩნდეს იმის გამო უჭირავს ხალხში წიგნი, აქაოდა განათლებული ვარ და შემომხედეთო. ერთი გოგონა დაბეჯითებით უყურებდა ფეხზე მის წინ მდგარ ყმაწვილს ისე, რომ არავის შეენიშნა, თავად მზერის ობიექტსაც კი. არადა, ისეთი დაშტერებით მიჰპყრობოდა, რომ მარტივი იყო აღმოსაჩენად, თუმცა რასტის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ხედავდა რომ ბიჭი, რომელსაც უყურებდნენ ვერაფერს ხედავდა, ან ხედავდა მაგრამ არც აქცევდა ყურადღებას. – „აი, ნამდვილი შტერი...“ უეცრად შებორძიკდა. თითქოს სიზმარში ყოფილიყოს და ვიღაც გამოღვიძებას ცდილობსო. რამდენიმე წამში მატარებელი კვლავ შექანდა და ფიქრი გაუწყდა საოცრად მღელვარი. მგზავრებს გადახედა, რომლებსაც არაფერი შესტყობიათ. თვალი არ დაუხამხამებია არავის, ის გოგონა ისევ დაჰპატრონებოდა მისი მზერის ობიექტს მთელი სინაზით. ყმაწვილი კვლავ წიგნს ჩაჰყურებდა დაჟინებით, სხვა ხურდას ითვლიდა და დანარჩენი კი ვითომც არაფერიო უმოძრაოდ ჩაფიქრებულიყვნენ. წამიც და აფეთქების მაგვარი ხმა გაისმა. BOOOOOOM... სრულიად გააჟრჟოლა რასტის და შეშინდა. მატარებლის მგზავრებს კი არავის ოდნავადაც არ შესტყობია ამდაგვარი რამ. რა ხდებოდა? თითქოს სამყაროს აღსასრული დგებოდა და მხოლოდ იგი გრძნობდა, ან ყველა საქმის კურსში იყო და სწორედ ამის გამო ჩასხდნენ ამ მატარებელში, რათა დაღუპულიყვნენ. ან სხვა რამეში იყო საქმე, თუმცა სხვა ახსნას ვერ პოულობდა აღელვებული ყმაწვილი, რომელიც ფიქრებით მხოლოდ სიკვდილზე და საშინელ სიცარიელეზე ფიქრობდა. ასევე თავის უძვირფასეს მეუღლეზე, როგორ გადაიტანდა მის დაღუპვას კაირა, ბავშვები? ხელებს დახედა და ისეთმა ცახცახმა აიტანა, თავად სიკვდილის მომლოდინე მებრძოლსაც კი რომ არ უგრძვნია. დუელში უსათუოდ დაღუპულს, შემართების და გამარჯვების იმედი ამოძრავებს და ასულდგმულებს, ხოლო რასტის კი ბედუკუღმართობის ფიქრები სტანჯავდა. მატარებელი გაჩერდა. არა სადგურზე, არამედ შუა გვირაბში, რუსთაველამდე არ მისული გაჩერდა. ტკბილი მოგონებები გვერდზე გადააწყო, კომბლესავით ჭერში შეაწყობდა, მაგრამ არ დასცალდა. თავის დამშვიდებას იმით ცდილობდა, რომ შიდა მოძრაობის წესების მიხედვით, გზაჯვარედინზე მოხვდა ზუსტად მოწინააღმდეგე მატარებლის სიარულის ჟამს და გზა დაუთმოო, როგორც ამას ბავშვობაში უხსნიდნენ როცა მილიონში ერთხელ სწორედ გვირაბში შეჩერდებოდა მატარებელი და ბავშვი შიშისგან კანკალს და ყვირილს იწყებდა. დღემდე სწამდა, ღრმად სწამდა რომ ეს სიმართლე იყო და ახლა თავად აჯერებდა საკუთარ თავს ამის რეალურობას. უეცრად ყველა ვაგონში სინქრონული მოქმედებით ჩაქვრა შუქი. რასტი პანიკამ მოიცვა. სასწრაფოდ წამოხტა სავარძლიდან და ხელის ცეცებით კართან მივიდა, სადაც გონების თვალით დანახული წარწერა „ნუ მიეყრდნობით“ ამოიკითხა და მუშტები დაარტყა. -გამიღეთ! - იღრიალა. - არავის გესმით? კარი გააღეთ! - ათრთოლებული, პანიკამოცული და გადარეული ეხეთქებოდა კედლებს, ურტყამდა შუშის კარებს და მის გაღებას ცდილობდა. - ხალხო! - მგზავრებს უნიათოდ ცხელ გულზე მიმართა. - ხმა ამოიღეთ, რას მიჩუმებულხართ ეს რა ხუმრობაა? ჰეიიი, თქვით რამე ენა გადაყლაპეთ? თქვენი... დასრულება აღარ დასცალდა, რომ კვლავ ბიძგი მიეცა ტრანსპორტს, სინათლეც წამიერად აკაშკაშდა და ისე სწრაფად მოსწყდა ადგილს რასტი გადაქანდა და დაეცა. გაოგნებულებმა შეხედეს. გიჟია რას სჩადისო - ეწერათ მათ სახეებს და უგულებელყვეს ფიქრი, თავიანთ საქებარ გამომეტყველებას დაუბრუნდნენ და იგივე მდგომარეობას, რასაც რასტი უყურებდა. თავს ვერ თოკავდა, რომ ყველასთვის არ ჩამოევლო და ამ სიჩუმისთვის ერთი კარგად არ ეგებინებინა პასუხი, მაგრამ კიდევ დროულად შეიკავა თავი სიგიჟის ჩადენისგან. მისი წყნარი, სიყვარულით სავსე თვალები აბობოქრებულ გამძვინვარებას აფრქვევდა, რაც ნამდვილად უჩვეულო იყო მისგან. ამ დღის უცნაური დასაწყისი უკვე ტვინს ურევდა და მთლიანად ცვლიდა მის წარმოდგენას სამყაროზე. „ბოლო გაჩერება, მომავლის თბილისი.“ - დიქტორმა წარმოთქვა. -რა? - გაჰყვირა რასტიმ. „ნუთუ მომესმა? ეს რა იყო?“ გაიფიქრა და საკუთარ თავს ბოლო დროს მომხდარი მოვლენების საფუძველზე არც ენდო. „ბოლო გაჩერება, მომავლის თბილისი.“ - გაიმეორა იგივე ხმამ, რომელიც თითქოსდა მის თავში ტრიალებდა. „შემდეგი გაჩერება, თავისუფლების მოედანი“ - მხოლოდ ამ ხმაზე გამოერკვა და სასწრაფოდ ჩამოვიდა სადგურზე. მიმოიხედა და ფიქრობდა სწორად ჩამოვედი თუ არაო, რადგან ყველაფერი შეცვლილი ეჩვენებოდა. „პარანოია.“ - საკუთარ თავს სიგიჟის დაწყებითი მდგომარეობის დასკვნა დაუდგინა. „დამამშვიდებელი აბები, მხოლოდ ექიმის რეცეპტის საფუძველზე. რა დრო მოვიდა.“ ხელი ჩაიქნია, ყველაფერს გადააგორებდა, უბრალოდ გადაღლილობას დააბრალა ბოლოს და ესკალატორზე ფეხი შედგა. საათს დახედა მაჯაზე, რომელიც გაჩერებულიყო, ტელეფონი ამოიღო და მას თუ დაუჯერებდა, უკვე საღამოს ექვსის ნახევარი იყო და სამსახურიც დაკარგული ჰქონდა. „ეს მაგნიტური ველები ყველაფერზე ვრცელდება. ვარსკვლავების ზემოქმედება დღეს ისე დაემთხვა, რომ მზის დაბნელების კი არა ვფიქრობ დედამიწის გაჩერების ან რაღაც ამდაგვარის მომსწრე შევიქენი. აბსურდია, მაგრამ რეალობასთანაც ახლოსაა ვგონებ. საოცარია. სიგიჟეა და საოცარია, რას მოვესწარი... იქნებ ვგიჟდები?“ - ამ ფიქრებში მყოფი მეტროდან გამოვიდა და დაუყოვნებელმა უეცარმა რეაქციამ სამყაროს აღქმისამ ფეხი ადგილიდან ვერ მოაცვლევინა. გაშეშდა. პ.ს. დაინტერესდით? იმედია იმდენად, რომ საკუთარი აზრი გამოთქვათ. არ დამაღალატოთ, თორემ მერე მე ვიცი როგორ შეგაშინოთ... მადლობა ჩემთან ყოფნისთვის. თქვენი გულისხმიერი მეგობარი. ვერსიებიც შეგიძლიათ დააყოლოთ, როგორ გაგრძელდება თქვენი აზრით? ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ ორი დღე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.