ყვითელი საღებავი...
ვინსენტ ვან გოგი ყვითელ საღებავს ჭამდა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს ფერი ბედნიერებას შეიტანდა მის სხეულში და იქიდან - სულში. ბევრი ადამიანი თვლიდა, რომ მხატვარი გიჟი და ჭკუასუსტი იყო - როგორ აბსურდულად ჟღერდა ის, რომ საღებავის ჭამა კორელაციაში მოდიოდა ბედნიერებასთან. სხვა თუ არაფერი, ნივთიერება ტოქსიკური იყო, რაც მის ჯანმრთელობასაც ავნებდა. მაგრამ თუ ადამიანი ისეთი უბედური იყო, რომ დაუშვა რეალურობა ისეთი გიჟური იდეასაც კი, როგორიც არის შიდა ორგანოების ყვითელ ფრად შეღებვა, რა გასაკვირია, რომ ეს გაეკეთებინა კიდეც. განა საღებავის ჭამა ბევრად განსხვავებულია ვინმეს შეყვარების ან ნარკოტიკების მიღებისგან? ყოველთვის არის რისკი, რომ გულს იტკენ ან ზედმეტი დოზა მოგივა, თუმცა ადამიანებს მაინც ყოველდღე უყვარდებათ და ყოველდღე იკეთებენ ნარკოტიკებს, იმ მცირედი შანსის იმედით, რომ გრძნობებს ან წამლებს შეუძლიათ ცხოვრება ცოტათი მაინც უკეთესი გახადონ. ყველას აქვს თავისი ყვითელი საღებავი. ვუყურებდი შენს ოთახში ობლად დაკიდებულ ‘მზესუმზირებს’ და ვფიქრობდი ვან გოგზე. ვარსკვლავებიანი ღამის მეოცნებე მხატვარზე, რომელსაც სიგიჟეს აბრალებდნენ. ჩემზე არავინ იტყვის, რომ გიჟი ვარ, იმიტომ რომ სიყვარული ლეგალიზებული და სოციალურად მიღებული სიგიჟეა. ხველებით ვებღაუჭები უკვე გაციებული ყავის ჭიქასდა სიბნელეში ხელის ცეცებით ხელსახოცს ვეძებ, მეშინია, არ გაგაღვიძო, შენ ხომ ასე მშვიდად გძინავს. დღეს მითხარი, რომ მოწევა ერთ დღეში მიატოვე და გაგიკვირდა, რატომ შემეშინდა ამის ასე ძალიან. მე კი გითხარი, რომ ადამიანი, რომელიც სიგარეტს ერთ დღეში ‘გადააგდებს’, ერთ დღეს უკანმოუხედავად მიატოვებს ნებისმიერს. დილის ოთხი საათია და იმის ნაცვლად, მეც მეძინოს, შენს მაისურში გახვეული ყავის არომატს ვისუნთქავ და იმაზე ვფიქრობ, როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ასეთი თბილი ხელები და ასეთი ცივი გული. დღეს პირველად მოვედი შენს სახლში. შემოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ ბიჭის სახლი იყო - ქსოვილებისა და აქსესუარების სიმწირე, არასათანადო ადგილას მიყრილი ტანსაცმლის სიჭარბე და ცარიელი ლუდის ბოთლი უზარმაზარი ‘დინამიკის’ გვერდით. ვან გოგის ‘მზესუმზირები’ ერთადერთი შტრიხი იყო, რომელიც მაფიქრებინებდა, რომ ამ სახლის დიზაინის შექმნაში ოდესღაც მდედრობით სქესსაც მიუღია მონაწილეობა. ალბათ დედამ დაკიდა ნახიტი შენი კარადის თავზე, მცირედი ხელოვნება რომ შეეტანა ამ უაღესად მატერიალისტურ ოთახში. ვიცი, რომ ძალიან გიყვარს სახლში ბევრი დროის გატარება. ალბათ იმიტომ, რომ აქ ყველაფერი ნაცნობი და შენეულია, აქ თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობ. მეც მიყვარს ჩემი სახლი. მე შენ გაქციე ჩემს სახლად, მერე რა, რომ შენ არ გინდა, შემომიშვა. მე მაინც შენში დავიდე ბინა ჯიუტად. მელანქოლიურია ეს ღამე. მელანქოლიური ვარ მე. მელანქოლიურია ჩვენი სიყვარული, უფრო სწორად, ჩემი სიყვარული. მელანქოლიური იყო ჩვენი გაცნობაც. მალე დარჩენილ იოტისოდენა ადამიანობასაც გადაგერეცხება სულიდან მე კი დავრჩები უიმედო ბრძოლაში შენს გაყინულ გულთან, რომელსაც ვერასოდეს გავალღობ. ყოველთვის დავცინოდი გოგოებს, რომლებიც ბიჭებს ებღაუჭებოდნენ და არ მიდიოდნენ, მიუხედავად უხეში სიტყვებისა, უყურადღებობისა და სიცივსა. მე შეიძლება ყველაფერი გაპატიო, მაგრამ იმას არასოდეს გაპატიებ, მეც ასეთ გოგოდ რომ მაქციე. დილის ოთხი საათია და კვამლისფერ ოთახს მარტო ვან გოგის „მზესუმზირები“ აფერადებს. მე შენს სუნთქვას ვუსმენ და ვხვდები, რომ შენ ჩემი ყვითელი საღებავი ხარ. მოვლენ ხოლმე ადამიანები, შემოვლენ შენს ცხოვრებაში, იხმაურებენ, შეეხებიან ყველაფერს, იცოცხლებენ შენს სივრცეში. მერე კი ადგებიან და წავლენ, გაიხურავენ კარს, ისე, ვითომც არაფერი, და დარჩები არეული სახლივით. ხედავ, არცერთი ნივთი თავის ადგილას აღარ დევს და აღარ იცი, საიდან დაიწყო დალაგება. ზოგი ასეთი სტუმრობის შემდეგ ხვდები, რომ ძველი წესრიგის აღდგენა აღარ შეგიძლია, და დროა სახლი გამოიცვალო. უბრალოდ დატოვო ეს შენი თავი, აი ასეთი, საგიჟეთად ქცეული, კარი გამოკეტო, გასაღები გადააგდო და ახალ თავში გადასახლდე. ზუსტად ეს დროა. ნუ მოხვალ ჩემს საშველად, შენს გადასარჩენად მოდი, ნუ მოხვალ ჩემს წასაყვანად. მე არ ვარ დიდი მიზნებისთვის მოვლენილი, ჩემს სულში მხოლოდ იდეები იბადებიან. ეს სიბნელე არ ღირს შენი თვალების გახელად. ზოგი ისეთია - მთელს ოკეანეს გადაირბენს და იტყვის, რომ სასწაულები არ ხდება. ზოგს კი ის ჰყოფნის - ბორდიულზე მჯდარს, გაწვდილ ხელში, ხურდის ნაცვლად ხელს რომ ჩაუგდებ, წამოაყენებ და ჩაიხუტებ. რთულია, საკუთარი ადგილი იპოვო დედამიწაზე, როცა ხვდები, რომ ყველაზე საყვარელი ქალაქებისკენ გახედვა ისეთი მტკივნეულია, გირჩევნია, თვალები დახუჭო და სულ სხვა მიმართულებით განაგრძო გზა, რადგან ქალაქებიც სრულიად არაფერი ყოფილა ადამიანების გარეშე. აღარ თოვს შეწყდა, ვერ მოვასწარი დამერეკა და მაშინ მეთქვა, თუ რა ძნელია გაშიშვლებული ხეების როლი, როდესაც ათოვთ, და შავ ტოტებზე, ფენა ფენად ედებათ, თოვლი. ამ ბოლო დროს თავს მაღლა ავწევ ხოლმე და ვცდილობ ცაში ისეთი რამე მოვძებნო, გუგებით რომ ჩამოვეკიდები ზედ, გუგებით რომ მოვებღაუჭები და თვალებს ჩავკიდებ, მაგალითად ღრუბლები, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ან ფრინველები, მაშინ როცა ფრენა არ სწყინდებათ, რომ აღარ ჩამომივარდეს თავი დაბლა და ვიოცნებო. არა, ღმერთს ცაში არ ვეძებ, ვიცი იქ ყოველთვის დამხვდება, ღმერთს შეშლილი თვითმკვლელის შეურაცხადობაში ვეძებ, აქ ამ დაწყევლილ პლანეტაზე, როცა ტერფებს გულაღმა წოლა უნდებათ და მე არ ვჩერდები, არ ვწვები ფანჯარასთან მიდგმულ ტახტზე და რაფაზე არ ვალაგებ ფეხებს, პირით ქუჩისკენ. ათიდან ცხრას ფეხებზე ჰკიდიხარ და ის დარჩენილი ერთი - თვითონ ხარ. მიხედე საკუთარ თავს. შენ თვითონაც რომ ყელში გაქვს საკუთარი თავი გაჩხერილი, ეგ არის ცუდი, თორემ ცხრა რომ ცხრაზე გამრავლდეს, მაინც გადარჩები, თუ თვითონ არ დაუშვებ ხელებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.